არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ც ი ფ ე რ ა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: ც ი ფ ე რ ა   Tue Dec 29, 2009 10:02 pm

ილტოსპირელი_მიხეილ ღანიშაშვილი

ილტოს ხეობის ხალხური სიტყვიერება - ციფერა

ვაგრძელებ ილტოს ხეობელი სახალხო მთქმელების ლექსების პუბლიკაციას. ამჯერად მკითხველს ვთავაზობ ციფერა უძილაურის შემოქმედებას.

ვისაც არ მოსწონს. არ აინტერესებს და არ ესმის ხალხური პოეზია, ტყუილად ნუ შემოვა ამ ნაკრძალში და ნუ ეცდება მის დანაგვიანებას!

ხოლო ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ხალხური საუნჯე, უმორჩილესი თხოვნა მექნებოდა მათთან: გთხოვთ, ყურადღებით და სერიოზულად წაიკითხოთ ნაწერი, გამოთქვათ თქვენი აზრი მის შესახებ შეძლებისდაგვარად ვრცლად და ობიექტურად. ავტორი დიდი სიამოვნებით მიიღებს ყველა საქმიან შენიშვნასა და წინადადებას.



ციფერა


ციფერა ბერიძეს ძე უძილაური, შთამომავლების გადმოცემით, დაახლოებით 1860-იან წლებში ყოფილა დაბადებული. ციფერაანთ ოჯახობას თავდაპირველად არაგვის ხეობის სოფელ წიფრანში უცხოვრია. წიფრანიდან ილტოს ხეობის სოფელ ჩაფართაში საცხოვრებლად გადმოსულ მშობლებს პატარა ციფერა თურმე აკვნით გადმოუყვანიათ. ბავშვობა და სიჭაბუკე მას ჩაფართაში გაუტარებია, გასული საუკუნის 30-იან წლებში კი, როდესაც ჩაფართელებმა მასიურად დაიწყეს ჩამოსახლება შახვეტილაში, ციფერა ყოფილა ლამის უკანასკნელი, ვინც მთიდან ბარად ჩასულა. თუმცა მას თავისი ყრმობის ადგილი საბოლოოდ მაინც არ მიუტოვებია და ზაფხულობით ყოველთვის ადიოდა თურმე იქ. გარდაცვლილა ციფერა საკმაოდ მოხუცებული, 100 წელს მიტანებული, შახვეტილაში. დაუკრძალავთ აქვე, სოფლის სასაფლაოზე.
ციფერა საშუალო სიმაღლის, ქერა, ჭრელთვალება კაცი ყოვილა. მესაქონლესა და მხვნელ-მთესველს, ქეიფი და პურისჭამაც ყვარებია. ერთხანად სოფლის მეწისქვილედაც მდგარა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მშრომელიც ყოფილა და წისქვილ-პურეულთანაც ქონია საქმე, მას მაინც ღარიბად უცხოვრია.
ციფერას შთამომავლები ამჟამად ს. შახვეტილასა და ახმეტის რაიონში ცხოვრობენ. წინაპრის პოეტურ გზას თითქმის არავინ გაყოლია.
ციფერა ჩონქარას, ბერი გედეხაურის, გოგას, ომას და ჭიპიტანას თანამედროვეა. ის საკმაოდ სიტყვამოსწრებული, სიტყვამახვილი და დაუნდობელი მოკაფიავე ყოფილა. ამბობენ, რომ არც ცხოვრებაში და არც ლექსობაში უწმაწური სიტყვის თქმას დიდად არ ერიდებოდა და პირზე სულ ლანძღვა-გინება ეკერაო. სამწუხაროდ, მისი ნალექსებ-ნაკაფიავების მხოლოდ რამდენიმე ნიმუშია ჩვენამდე მოღწეული.
არსებობს ერთი საკმაოდ გავრცელებული ლექსი, რომლის ორი ვარიანტიც ქართული ხალხური პოეზიის მრავალტომეულშიცაა შეტანილი და რომლის ადრესატიც ციფერა და იმისი სიღარიბე გამხდარა. ამ გალექსების ავტორობა ივრის ხეობელ სახალხო მთქმელს ყრუვ-გიორგის მიეწერება და კარგად გვიხატავს ჩვენი გმირის ფსიქო-სოციალურ პორტრეტს.:

ილტოზეით გადმოიდა ჩაბანოში ციფერაო,
ჩემს უარეს ღარიბია, დადის მშიერ-ტიტველაო.

(ქხპ, ტ.IX, გვ. 95, მთქმ: დ. ნავროზაშვილი, ჩამწ:
ე. ქიტიაშვილი, ს. ჩაბანო თიანეთის რ-ნი, ივლისი,
1961 წ. ჩამწერის განმარტებით ”კაფია ყრუვ
გიორგის ნათქვამია”)

ამ ლექსის ერთი ვარიანტი მეც ჩავიწერე თავად ციფერას შვილის, ალექსისაგან, რომელიც შედარებით ვრცელია:

ილტოზეით გადმოიდა ჩაბანოში ციფერაო,
ჩემს უარეს ღარიბია, დადის მშიერ-ტიტველაო,
დავაზღვევდი სიცოცხლითა, რო მჭარბობდეს კიდენ რაო,
მაგრამ ცოლ-შვილ ვერ გამიძღავ, არ მაბადავ იმთვენაო.

მთქმელის შენიშვნა: ”ეს კაფია ჩაბანოელ ბუთლა ალბუთაშვილს უთქვამს მამჩემზე. ძმობილები იყვნენ. ამას პასუხიცა ჰქონდა, მაგრამ არ მახსონ.”

(მთქმ: ალექსი ციფერას ძე უძილაური, ჩამწ:
მიხეილ ღანიშაშვილი, ს. შახვეტილა, 1999 წ.)

ციფერა ივრის ხეობისა და, კერძოდ, სოფელ ჩაბანოს არცთუ იშვიათი სტუმარი ყოფილა. ერთხელ ის აქ ქორწილში საკმარისზე მეტ ხანს დარჩენილა, რის გამოც ერთ-ერთ ადგილობრივ ფშავლის, ქალს, ჭირვეული სტუმრისთვის ლექსად შეუხსენებია, რომ დროა თავის სახლში წახვიდე, ქორწილი კაი ხანია დამთავრდაო:

ქალი: როდემდე აქ უნდა იყო, შინ რადარ წახვალ, ციფერავ?
ციფერა: მე შინ არაფერ მაბადავ, აქ ქორწილშიავ მირჩევნავ.
ქალი: ემანდ არავინ წაგარტყას, შუბლი რო გაქვის ტიტველა.
ციფერა: ქალო, ჭკვიანდ რო იყო, შენ იმას არა გირჩევნავ,
თუ არა, გადმოვფრინდები, მაღლა მე მოვალ, ძირს - შენა.

(გაზ. ახალი თიანეთ, 1964 წ. 8 მაისი, მთქმ: ს. წიკლაური,
ჩამწ: ვ. წიკლაური, ს. ლელოვანი (თიანეთის რ-ნი)

ციფერას ერთი მეტოქე იქვე, ჩაფართის მეზობელ სოფელ ბუხრევშიც ყოლია. ეს ივრისხეობელი გარა ქორეულაშვილი ყოფილა, რომელიც სოფელ ბაფხიხსხევიდან ჩამოსახლებულა აქ და, ეტყობა, ისიც შეუძლოდ თუ ცხოვრობდა. ერთხელ ამ გარას კარტოფილი გადაუცვლია ციფერასთვის პურზე (ხორბალზე) და ამაზე ასე ულექსიათ:

ციფერა: სუ შენ რად დახვალ პურობა, ჩემო ნატ..ნაო გარაო,
იქ მოხან ბაბხისხევშია, გან იქ არ მოდის ყანაო?
გარა: ჩვენცა ვართ ბაფხისხევშია, მაგრამ გვისეტყვავს ხანაო,
ან ეგ რა საყვედურია, ვყიდულობ, განა გპარაო,
ემაგის ფასი ჩემ ცხენმა კარებზე მოგიტანაო.

ჩამწერის შენიშვნა: ” ბაფხისხევი იორზეა. იქიდან კაცი წამოსულა. წამოუღია კარტოფილი. ცხენით ყოფილა. გადაუცვლია სიმინდზე. არაყი დაულევია. ციფერა ყოფილა მასპინძელი. იმ კაცს გარა რქმევია, ქორეულაშვილი ყოფილა.”)

(ლფა, კახეთის ფოლკლ. ექსპედიცია, 1961 წ.
ჩამწ: დ. წერედიანი, მთქმ: ნ. ვარდოშვილი)

ამ კაფიის ორი ვარიანტი მეც მაქვს ჩაწერილი ილტოს ხეობაზე. ერთ-ერთი მათ შორის ციფერას შვილმა, ალექსიმ ჩამაწერინა და ის იმითაა მნიშვნელოვანი, რომ შედარებით ვრცელიცაა და საბოლოო სიტყვასაც ციფერა ამბობს, აჩუმებს მეტოქეს:

ციფერა: სუ შენ რად დახვალ პურობა, ჩემონალაო გარაო,
იქ მოხან ბაფხისხევშია, გან იქ არ მოდის ყანაო.
გარა: ვხნავ, როგორ არა, მაგრამა მისეტყვავს მალი-მალაო,
საყვედურს რად მეუბნები, ვყიდულობ, განა გპარაო,
იქაურ ნათესისია, ჩემ ცხენმ რო მოგიტანაო.
ციფერა: ნეტავი შენფერიმც კაცი კარზე არ მამიყვანაო,
რაც მოგაქ, ორ იმდენსა სჭამ, მუცლითავ მიგაქ თანაო.

მთქმელის შენიშვნა: ” ეს გარა ქორეულაშვილი ბაფხისხეველი იყო, მერე ბუხრევში გადმოიდა საცხოვრებლად. იმას მეეტანა კარტოფილი პურზე გადასაცვლელად და მაშინ, სუფრასთან ჯდომისას, შეემღერნა მამაჩემს.”)

(მთქმ: ალექსი ციფერას ძე უძილაური, ს. შახვეტილა,
დაბ. 1929 წელს, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 1999 წ.

გარასთან ციფერას სხვა დროსაც გაუმართია კაფიაობა. გარა ერთხელაც თურმე ვიღაც დედაკაცს გაარშიყებია. ეტყობა გარას ცოლს კიდევ თავისმხრივ კავშირი ჰქონდა ვიღაც კაცთან და ამაზე მიულექსებია ციფერას, რომ ვითომ შენ ისეთი ბრუყვი ხარ, რომ მანამდე ვერ მიხვდები მაგ საქმეს, სანამ ცოლი საყვარელთან და ნაბიჭვართან ერთად არ დაგადგება თავზეო:

ციფერა: შენ ცოლს სხვები სტ..ვნენ, გარაო, შენ სხვებს უხუჭავ თვალათაო.
გარა: ჩემ ცოლ რო ეგეთა იყოს, გარა გაიგებს თავადაო.
ციფერა: გარა ვერაფერს გაიგებს, სანამ არ მოვლენ სამადაო

(მთქმ: ალექსი ციფერას ძე უძილაური, ს. შახვეტილა,
დაბ. 1929 წელს, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 1999 წ.

ილტოზე ერთი საწყალი კაცი ცხოვრობდა, სახელად ლეზო ერქვა. თურმე იმ ლეზოსთვის დაუცინია ერთხელ ციფერას: შენ ჩემი შვილი ხარ, იმიტომ გამოხვედი ჩემსავით საწყალი და ღარიბ-ღატაკიო, მაგრამ არც ლეზო დარჩენია თურმე ვალში, სიტყვა მოუჭრია:

ციფერა: ჩემთან გადმოხე, ლეზოო, მამა ენაცვლოს შვილსაო,
ჩემსავით ბეჩავაი ხარ, მებრალვი კი რაითაო.
ლეზო: სუ მამაჩემსა ჰგევიხარ, იმისამც წყალსა ზიდაო.
ციფერა: რამ გაგაბრაზა, ჯეილო, მითომ ცუდ არა მითქვაო.
ლეზო: რაც მითხარ, ისევ შენდ იყოს, მიიღე თავის მხრითაო.

(მთქმ: პავლე თიაყაშვილი, ახმეტის რ-ნი ს. ჭართალა,
59 წლის, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 1988 წ.)

სოფელ ბუხრევში ერთი კაცი ჩამოსახლებულა ივრის ხეობიდან და ქურდობა დაუწყია, ძროხების პარვისთვის მიუყვია ხელი. მიმხვდარა სოფელი ამ კაცის სიავეს და თიანეთის მილიციისთვის დაუჭერინებიათ. ციხისთვის, რომ თავი დაეღწია, ქურდის ჯალაბობას ოთხი ძროხის გაყიდვა დაჭირვებია. ეს ამბავი კარგად სცოდნია ციფერას და ერთხელაც, ქეიფობა-ლექსობაში რომ წაუსწრია ამ ხელმრუდისთვის, რომელიც თურმე გაეკაფიავა, დიდიხნის ნანახი სათქმელი ასე უთქვამს:

ქურდი: რა კარგია ე ბუხრევი, ველიანი, ტყიანიაო.
ციფერა: ი ნანას რო ფურ მაჰპარე, მაშინაოთ იარიაო.
ქურდი: შენ ქათამიც არ დაგიკლავ, მე ფურ შავაღრიალიაო.
ციფერა: ნაქურდალში გამოგართვეს ოთხ-ოთხ ძროხა რქიანიაო,
ან სირცხვილით როგორ მაჰკვეხ, თავს რად გაგდის ნიავიაო,
ივრის ხევსავ მიუბრუნდი, ჯერ არ არის გვიანიაო.

(მთქმ: პავლე თიაყაშვილი, ახმეტის რ-ნი ს.ჭართალა,
59 წლის, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 1988 წ.)

ერთხელ ციფერა, თანატოლებთან ერთად, მთაში მწყემსად ყოფილა. რაღაც შემთხვევიის გამო, ავდარში, ვიღაც უცხო ქალს მათი ბინისთვის შეუჰფარებია თავი. იმ დღეს კი ბინაზე ციფერა ყოფილა დარჩენილი, სხვებს სამწყემსური ყოლიათ გარეკილი იალაღზე. არავინ იცის, რა როგორ, მაგრამ საღამოთი ყველანი რომ დამსხდარან პურის საჭმელად და თითო ჭიქა არაყიც გადაუკრავთ, ციფერასა და იმ სტუმარ ქალს ასე ულექსიათ ერთმანეთში:

ციფერა: აქ რაად მოხველ, ქალაო, ბალღებთან, უმეცარია?
ქალი: ხო ხედავ არგასაზრდელო, როგორი ავი დარია!
ციფერა: ნაბადი მაქვის ისეთი, არ გაუვალის ნამია.
ქალი: მე იმით შამოეფარე, იქნება დავრჩე მშრალია.
ციფერა: დანდობით კი ვერ დაგინდობ, განა ფიც-ვერცხლი ვჭამია.
ქალი: ბიჭებთან წოლა-დგომასა არც მე არა ვარ ხამია.
ციფერა: ეტყობა შენ ძუძუებსა, თოვლივით ჩამომდნარია.

(მთქმ: ალექსი უძილაური, ახმეტის რ-ნი ს, შახვეტილა,
დაბ. 1929 წელს, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 2007 წ.)

ილტოზე ერთი უსახელო კაცი მისულა ზედსიძედ, გამოწერილის თიკუნით. მას თურმე ფშავში თავისი დეიდაშვილი შეეცდინა, გაებიჭიანებინა და იქიდან სოფელს მოეკვეთა. ეს გამოწერილი და ციფერა როგორღაც ერთად მოხვედრილან სუფრაზე. შექეიფიანებულები ყოფილან. ეტყობა ციფერამ გვარ-ჯილაგი თუ დაუმუნათა გამოწერილს. არადა, ციფერას გვარის კაცსაც, ვინმე ყოვას, თურმე, ცხენის ხმარებას დასცინოდნენ და ამაზე ასე უყლექსიათ:

გამოწერილი: ჩემ გვარს რა ეთქმის თქვენგანა, თავადაც კარგად იცითა,
პაპაშენ ყოვამ ცხენ მოტ..ნა, გადაშის ხევის იქითა.
ციფერა: შენ ის გერჩივნა, ძმობილო, ცხენიც მოგეტ..ნა, კვიციცა,
ამაკე დეიდაშვილი, ფშავს ვეღარ დახვალ შიშითა.

(მთქმ: ალექსი უძილაური, ახმეტის რ-ნი ს, შახვეტილა,
დაბ. 1929 წელს, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 2007 წ.)

ვინმე ფოცხვერი, ერთი ზორბა და ბევრი ჭამის მოყვარული კაცი სტუმრებია ციფერას. მოუხარშიათ ხინკალი. მადიან სტუმარს ხინკალიც ბარაქიანადაც უჭამია, რაზეც ციფერას უთქვამს:

რად არ შინ წახვალ, ფოცხვერო, ჩემანალაის ოხერო,
სუ შენ დასჭამე ხინკლები, მე სადღა რაღა მოვხელო!

(მთქმ: ალექსი უძილაური, ახმეტის რ-ნი ს, შახვეტილა,
დაბ. 1929 წელს, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 2007 წ.)

ციფერა ღარიბი კაცი კი ყოფიულა, მაგრამ არც იმას ერიდებოდა, რომ თავისი სიღარიბე ელექსა და არც იმას, რომ საკუთარი მექალთანეობა გაესასაცილოებინა:

პაპიათ ციფერაი ვარ, ოცდახუთ ფურსა ვწველაო,
მეზობლებ იმით მშურობენ, სუყველას მე რომ ვჩხვერაო.

(მთქმ: ალექსი უძილაური, ახმეტის რ-ნი, ს. შახვეტილა,
დაბ. 1929 წ. ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 2007 წ.)

თავისი საწაწლო-სარომანო თავგადასავალები სხვა დროსაც არაერთხელ გაუხდია ციფერას სალექსოდ. ერთი ასეთი შემთხვევის დროს ქალთან მყოფ ციფერას ტილები შესხდომიან და ეს ამბავი ისეთი სილაღითა და იუმორით აქვს გადმოცემული, თითქოს ვინმე სხვას, თავის დაუძინებელ მეტოქეს ალექსებდეს:

ილტოზე შამოიარე, ჯიბე ავივსე თხილითა,
ე ჩიხვათ ბებოქალაი რამრა გაავსო ტილითა?
სამ ღამე იმასთან ვიყავ, ერთხენ ვერ გავძეღ ძილითა.
ხუთი ჰქონიყო საკინძე, ხუთივ ჩავგლიჯე კბილითა,
ყურის ძირს რაიმ ამცოცდა მეოთხე დღესა, დილითა,
შავიშალ-გადავიხელთე, გამოისგნე იქითა.

(მთქმ: ალექსი უძილაური, ახმეტის რ-ნი ს, შახვეტილა,
დაბ. 1929 წ. ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 2007 წ.)

ჩაბანოში ხშირად დადენილა ციფერა. ერთხელაც, კუწაშვილებთან სტუმრობისას, მასპინძლის ქალი მოსწონებია და ასე ულექსია:

ლიტანია საღამოსა მაპატიჟეს ხინკალია,
კუწათ ქეთო გამამიჩნდა, როგორც დილის ცისკარია,
იმასთანამც დამაწვინა, არ მინდოდა ხინკალია.

(მთქმ: ალექსი უძილაური, ახმეტის რ-ნი ს, შახვეტილა,
დაბ. 1929 წ. ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 2007 წ.)
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
 
ც ი ფ ე რ ა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: