არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 გ ო გ ა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: გ ო გ ა   Wed Dec 23, 2009 10:15 am

ილტოსპირელი-მიხეილ ღანიშაშვილი

ილტოს ხეობის ხალხური სიტყვიერება - გოგა

ვაგრძელებ ილტოს ხეობელი სახალხო მთქმელების ლექსების პუბლიკაციას. ამჯერად მკითხველს ვთავაზობ გოგა უძილაურის შემოქმედებას.
ვისაც არ მოსწონს. არ აინტერესებს და არ ესმის ხალხური პოეზია, ტყუილად ნუ შემოვა ამ ნაკრძალში და ნუ ეცდება მის დანაგვიანებას!
ხოლო ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ეროვნული ხალხური საუნჯე, უმორჩილესი თხოვნა მექნებოდა მათთან: გთხოვთ, ყურადღებით და სერიოზულად წაიკითხოთ ნაწერი, გამოთქვათ თქვენი აზრი მის შესახებ შეძლებისდაგვარად ვრცლად და ობიექტურად. ავტორი დიდი სიამოვნებით მიიღებს ყველა საქმიან შენიშვნასა და წინადადებას.


გ ო გ ა

გოგა, იგივე გიორგი ბეკურას ძე უძილაური, XX ს-ის პირველი ნახვრის ფშაველი მოლექსეა. იგი არაგვის ხეობაში, სოფელ უძილაურთას დაბადებულა, საიდანაც ერთი წლისა წაუყვანიათ ივრის ხეობაზე სოფელ ხუშხევში საცხოვრებლად გადასულ მშობლებს. ახალგაზრდობა გოგას იორზე გაუტარებია, მოგვიანებით კი ილტოს ხეობაში, სოფელ ჭართალაში გადასახლებულა და აქვე გარდაცვლილა. ჭართალაში მოუყვანია გოგას ცოლი - უკანაფშაველი ქალი, ნინო ბადრიშვილი, რომელთანაც ქვსი შვილი ყოლებია. ბუთლა, იგივე გიორგი ალბუთაშვილი, 1955 წელს მიუთითებს, რომ გოგა გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისისთვის გარდაცვლილა: ,, გოგა არტნელი მელექსე იყო. მე გოგას ვიცნობდი, კაი ხანია (20 წელზე მეტია) გარდაიცვალა”-ო. გოგას გარდაცვალების თარიღს უფრო გვიანდელ წლებს მიაწერს მისი უშუალო შთამომავალი, მისი ქალიშვილი, დღეისათვის სოფელ შახვეტილაში მცხოვრები, 84 წლის ეთერ ჩეკურიშვილი, თავადაც ნიჭიერი მოლექსე და უამრავი ხალხური ლექსის მცოდნე: ,, გოგა უძილაური ჭართალაში ცხოვრობდა, ომის დროს გარდაიცვალა” (პირადი არქივი - მ.ღ.) . ახმეტის რაიონის სახელმწიფო არქივის საკომლო წიგნის მიხედვით 1945 წლის პირველი ივლისისთვის ჭართალაში ჯერაც ისევ ცხოვრობს გიორგი ბეკურას ძე უძილაურის ოთხსულიანი ოჯახი*. ასე რომ, რაც არ უნდა ურთიერთგამომრიცხავი ცნობები არსებობდეს, ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: გოგა გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ბოლოსთვის უკვე გარდაცვლილია. გოგა ჭართალაში გარდაცვლილა და აქვე დაუკრძალავთ,
გოგა უსწავლელი, მაგრამ ნიჭიერი კაცი ყოფილა. გოგას ნიჭიერებასა და მაგარ მოლექსეობას მისი თანამედროვენიც აღიარებდნენ. შემთხვევითი არ არის ასევე ნიჭიერი მოლექსის ბუთლას სიტყვები: ,,გაქებენ ლექსობაშია, გამბობენ თავისწვერასა”-ო, რომ წერს ერთგან თავის დოსტსა და მეტოქეს. საერთოდ, ეს ბუთლა ომას დიდი მეგობარ-მალექსებელი ყოფილა. ერთხელ თურმე ქალაქში ბაზარზე სავაჭროდ წასულ გოგას, სხვებთან ერთად, ბუთლაც ხლებია, რომლისთვისაც გასაყიდად წაღებული კარაქი წინიდან აუცლიათ. ეტყობა სოფლიდან ჩასულებს მასობრივად ძარცვავდნენ. ბუთლას კიდევ ერთი გაქურდვის შესახებ გაუგია - ვინმე ლაზარესთვის ბაზარში ცხვრები დაეპარათ ქურდებს. ეს ორი ამბავი ბუთლას ერთმანეთისთვის გადაუბამს და ასეთი კაფია მიუწერია გოგასთვის:

დავბერდი ჩემო გოგაო, ვეღარ ვაუბნებ ენასა,
მანდ უნდა გადმოვიარო, უნდა გაცინო შენაცა,
გაქებენ ლექსობაშია, გამბობენ თავისწვერასა.
ორნივაც ერთფერები ვართ, ერთურთსამც მოვხდით წერასა.
შენი და ჩემ ქალაქს მგზავრობა გაგონილი აქ ყველასა.
შენ რო ნავაჭრებ წაგართვეს, მაშინ იქ ვიყავ მენაცა
წინ ნადებ კარაქ მამპარეს, არ მამიტანავ ჯერაცა.
აი, ლაზარეც წავიდა, არც ის მოსულა ჯერაცა,
წაასხა ჭედილეები, ფულს იგებს რამოდენასა!

(ქხპ, ტ. IX, გვ. 54, მთქმ: გ. ალბუთაშვილი, ჩამწ.
აპ. ცანავა, ს. ჩაბანო (თიანეთის რ-ნი), 1955 წ.)

გოგა სასურველი მეტოქე ყოფილა მოლექსეებისთვის. ამიტომ მას ხშირად უგზავნიდნენ თურმე კაფიებს. ამგვარი კაფია-გალექსებებიდან კარგად იკვეტება გოგას ხასიათი და ბუნება. შემორჩენილია ერთი ასეთი ნიმუში:

გოგას
ხუთშაბათს საღამოზედა თავქვე ჩარბოდა გოგაი:
ფულებით სავსე ჯიბე მაქვ, ხარი გავყიდე ორბაი,
სუ შენთვის იყოს, ქალთამზევ, დამამძლეინე ცოტაი!
-თავს შემოგევლე, დაიცა, ცეცხლზე გამოვდგა ქობაი,
ნავალ-ნატანჯი კაცი ხარ, პური შეჭამე ცოტაი.

(ქხპ, ტ. XII, გვ. 201, მთქმ. თ. აფციაური,
ჩაწ. თ ჟულაკაშვილი, სოფ. ბოტკო)

გოგას პორტრეტის უკეთ წარმოსასახავად აქვე მოვიყვან მისი ქალიშვილის მოგონებას მამაზე: ”გოგა დაიბადა უძილაურთას. იქიდან ხუშხევში ჩამოვიდა, იქიდან ჭართალაში. გარდაიცვალა ომის შემდეგ წლებში. მას არც სკოლა ჰქონდა დამთავრებული, არც-რა, მუშაობდა თავისთვი, სახლში, მაგრამ, სამაგიეროდ, ისე იტყოდა, რო ვერავინ აჯობებდა. მისი ხელობა იყო თოხი, ბარი, ცელი და გუთანი. ერთ მტკაველ ადგილ არა ჰქონდა და ხევსურებისკენ გააველა. სუ ლექსობდის , ხან ჩვენც წაგველექსებოდა. დედაჩვენს ექვივნა ნინო, უკანაფშაველი ქალი იყო, ბიჭურ ბადრიშვილის დისწული. წისქვილი ჰქონდა მამაჩემს. ქეიფი უყვარდა. საშუალო ტანის, სვილისფერი კაცი იყო. ჩამოვიდოდა შახვეტილაში, შემოეხვეოდნენ ახალგაზრდები, ხნიერები, ყველას იმისი ნათქვამი ლექსი და სიტყვა აინტერესებდა. ციხეგორობას ხატში ეგრე მიეხვეოდნენ, როგორც ფუტკრის გამონაყარი ჭანჭურის ტოტს, უყურებდნენ, ათვალიერებდნენ. გოგაის ხნისა იყო ჭიპიტანა, ლექსობდიან. წერ-კითხვა იცოდა გოგამ, სიპის ქვებზე ჰქონდა წერა-კითხვა ნასწავლი და ჩვენც ესევე გვასწავლიდა. სოკოზე რო წავიდოდით ტყეში, სიპ ქვებზე ვწერდით, ვსწავლობდით". (მთქმელი: თამარ ჩეკურიშვილი , ახმეტის რ-ნი ს.ჭართალა,ვიქნები 84 წლის ,ჩამწერი: მიხეილ ღანიშაშვილი , 2003 წ.)



გოგა -- იმედას

გალექსებდი, იმედაო, მაგრამ სხვებით მაშინებო,
არტანს რად გადმაეჩვიე, რაღა საქმეს აჭირვებო?
განა მე ბებერ გგონივარ, მანდ გადმოსვლას ვაპირებო,
წაწალს შაგირცხვენ, ბზუკასა, შენაც ცრემლით გატირებო...

(ქხპ, ტ.IX, გვ. 150. მთქმ: გ. ალბუთაშვილი, ჩამწ:
აპ.ცანავა, ს.ჩაბანო (თიანეთის რ-ნი ,1955 წ.)



ქალაქს რო იყავ გოგაო

მეტოქე: ქალაქს რო იყავ, გოგაო, რა უყავ ჭრელი საბანი?
გოგა: კიდევაც წავალ ქალაქსა, კიდევ იკრუტებს ქათამი.
მეტოქე: წახვალ, ისევაც გაგქურდვენ, ტიტველა მახვალ თავმკვდარი.
გოგა ჯერ შენ არტანში გაგძარცვეს, აქით ქალაქი სად არი?...
ყაჭ-აბრეშუმით აავსე, ბოდახევა და არტანი;
ცოლი ტიტველა დაგივა, თამარი ჩემ თავ მამკვდარი.

მთქმელის შენიშვნები : იკრუტებს - კრუხად დაჯდება; ბოდახევა და არტანი -- სოფლებია თიანეთში.

(ქხპ, ტ. IX, გვ.225, მთქმ: დ. ოთარაშვილი, ჩამწ: გ.შეთეკაური,
სოფ. ევჟენტი (თიანეთის რაიონი, 1961 წ.)

არსებობს ამ კაფიის სხვა ვარიანტიც ,რომელიც გოგას ქალიშვილმა ეთერ ჩეკურიშვილმა ჩამაწერინა. მთქმელის განმარტებით, ეს ლექსობა ჩონქარასთან გამართულა. გზად მიმავალი გოგა და ბეჟანი ჩონქარას თავისთან მიუბრუნებია, უქეიფებია და მერე უკაფიავიათ ერთმანეთში. გოგა ქალაქში გაუძარცვავთ, ბეჟანი კიდევ, ხორხში მიმავალი, ხაიშოსთან დაუყაჩაღებიათ - ტანსაცმელი, ქსელ- ჯარის მასალები მიჰქონდა თურმე და ყველაფერი პირწმინდად წაურთვიათ:

ბეჟანი და გოგა

ბეჟანი; ქალაქს რო იყავ, გოგაო, რა უყავ ი თხის საბანიო?
გოგა : მე კიდევ წავალ ქალაქსა კიდევ იკრუხებს ქათამიო
ბეჟანი: წახვალ და ისევ მოგპარვენ, ცარიელ მოხვალ თავმკვდარიო.
გოგა : შენ ემა არტანს გაგძარცვეს, ე ქალაქ საით სად არიო,
ყაჭ-აბრეშუმით გაავსე ბოდახევა დ’ არტანიო,
ცოლი ტიტველა დასწირე, გადაუთრიე კაბანიო
დილას წინ შამხვდა თამარი, ტიროდა ჩემ თავ მამკვდარიო.

(მთქმ: თამარ ჩეკურიშვილი , ახმეტის რ-ნი ს.ჭართალა,
84 წლის, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 2003 წ.)

გოგას ერთი ლექსის ფრაგმენტი ჩამაწერინა აგრეთვე მისმა ქალიოშვილმა ეთერ ჩეკურიშვილმა. ეს ლექსი კმაოდ ვრცელი ყოფილა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლომდის ვეღარ გაიხსენა 84 წლის მოხუცმა. ლექსში ქალის გათხოვება-გატაცებასთან დაკავშირებული ამბავი ყოფილა აღწერილი, რომელშიც ილტოს ხეობის კიდევ ერთი ცნობილი მოლექსის ციფერას სახელიც ფიგურირებს:

ამ ზაფხულს ჭართალაშია

- ამ ზაფხულს ჭართალაშია მალ-მალ ხაოდა მელაო,
მაგას რა მამაგონებდა, კითუ მიჰყვანდათ ქსენაო.
ბაჭყურამ, ხევსურის შვილმა, აიღო ფარი ძველაო,
უკვენ ჩამჰყვა თევდორე, ვაჟკაცი თავშიშველაო,
ციფერამ, ვაჟის მაყარმა, შაჰკაზმა თეთრა ცხენაო...

მთქმელის სენიშვნა: ეს დიდი ლექსი იყო, ცოტა მახსოვს. ეს ჭართალელი ქალის, ქსენას გატხოვება-გატაცების ამბავი აქ მამას გალექსილი. ბევრ ხალხ იყო მაგ ამბავსი გარეული. ხაოდა - ჩხაოდა.

(მთქმ: თამარ ჩეკურიშვილი , ახმეტის რ-ნი ს.ჭართალა,
84 წლის, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 2003 წ.)


გუთანაი დამიძალავს

გუთანაი დამიძალავს ამ მონდავსა ზაქარსაო,
სხვასწლისად სუ გამიმზადებს აჩაჩაის მასალსაო,
დაისწავლის ხვნა-თესვასა, პირქვე დასცემს ჭართალასაო.

მთქმელის შენიშვნა: ზაქარასა და გოგას ერთად ებათ ხარები გუთნეულში და და იმაზეა ლექსი ნათქვამი,. მონდავი - გუთნეულის შეამხანიგება, ერთად რო ხნავენ და თესავენ.

(მთქმ: თამარ ჩეკურიშვილი , ახმეტის რ-ნი ს.ჭართალა,
84 წლის, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 2003 წ.)


როგორ დაჰკვებე ძროხები

ხირჩლა: როგორ დაჰკვებე ძროხები, ჩემო ძმობილო გოგაო?
გოგა: არას ვემდური უფალსა, სანამ ტყეს წვერი ჰქონდაო.
ხირჩლა: ადე, წავიდეთ, გოგაო, მოვჭრათ მურყანი, წიფელიო
გოგა: შენ ჩემი ყ.ე ხო არ გინდა, თავგადაგლეჯილ, წითელიო
ხირჩლა: ე თხებ დაყიდე, გოგაო, კაბა უყიდე ეთერსაო.
გოგა: ე თხებსა გრიგოლს მივყიდი, აბეშიკს მივცემ ჩემ ყ..საო.


მთქმელის შენიშვნა: ერთ ახმეტელ ხევსურ იყო ხირჩლა, აბეშიკი. გოგას საქონის საკვები გასთავებია და ნეკერი უკაფია ძროხებისთვის.დაუჯარიმებია ამისათვის ამ აბეშიკს. ერთხელაც ერთად მოხვედრილან ეს ხირჩლა და გოგა პურის ჭამაზე და ქეიფისას შეუმღერებია ხირჩლას გოგასთვის.

(მთქმ: თამარ ჩეკურიშვილი , ახმეტის რ-ნი ს.ჭართალა,
84 წლის, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 2003 წ.)




წისქვილში ჩამიზიარე

წისქვილში ჩამიზიარე გადამესია ყინწაო
ხანდახან დაფქვი, ხევსურო, მეტი რა ჩემ ყ.ე გინდაო,
მაიტანოდი ცხენითა ზურგით თუ ვერა ზიდაო.

მთქმელის შენიშვნა: წისქვილი ჰქონდა გოგას. ერთ ხევსურ იყო, ყინწას ეძახდნენ და ის გადაეკიდა თურმე, ჩამიზიარეო . ამაზე გაბრაზებულ გოგას ეს ლექსი ეთქვა ყინწასთვის.

(მთქმ: თამარ ჩეკურიშვილი , ახმეტის რ-ნი ს.ჭართალა,
84 წლის, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი , 2003 წ.)


თხებ რო მოგე კოკებაო

თხებ რო მოგე, კოკებაო, არა ნახე მოგებაო?
გუგუდათ დეეფერები, შენ კარზე რო მოდგებაო,
ე იორღა ცხენ მე დამრჩა, რაით შამოგოგდებაო.

მთქმელის შენიშვნა: ერთ მატნელ კაც იყო, კოკება ექვივნა. გოგას ბევრ თხები ჰყვანდა და ი კოკება ევაჭრებოდა. ბოლოს ცხენზე გაუცვალა გოგას თხები, მაგრამ მალე ჭირი გასჩენია კოკებას თხებს და სუ დახოცილა. ამაზე ეუბნება, გულსა სდებს ზარალს გოგა კოკებას.

(მთქმ: თამარ ჩეკურიშვილი , ახმეტის რ-ნი ს.ჭართალა,
84 წლის, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი , 2003 წ.)

ხუმარაის ილდაკანი

ხუმარაის ილდაკანი, გლუვი არი, თოვლიანი
ზოგან ნამზვლევიანია, ადგილ-ადგილ ხოვლიანი
არ უხდება ილდაკანსა, რუსულ კრამიტ ფორმიანი.

მთქმელის შენიშვნა: ახმეტაში მოდიოდა ცხენით გოგა. ხევგრძელას რო გასულა, ცხენი შეუჩერებია, გაუხედია ილდაკანისკენ (დრევანდელი ვეძები--მ.ღ.) და ეს ლექსი უთქვამს.

(მთქმ: თამარ ჩეკურიშვილი , ახმეტის რ-ნი ს.ჭართალა,
84 წლის, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი , 2003 წ.)

ჩემანალასა ყოვასა

ჩემანალასა ყოვასა, რა საქმე უქნავ ჩემზედა,
გადაუყვანავ ჩემ ცხენი, უტ.ნავ გადაშის ხევზედა,
ვერა სწვდებოდა ალბათა, კუდით მიება ხეზედა,
წვალობდა ჩემ თავ-მამკვდარი, დგებოდა მუხლის კვრებზედა,
იმ დროს მიესწვრა მართასა მოკლედ აბამდა ხეზედა,
კუდ მხარზე გადაეხვია დგებოდა თითის წვერზედა,
მაგას რა მამაგონებდა კოპალის ხევისბერზედა,
თუ ხევისბერი არ არი , მაშ ჯვარ რად უძე ყელზედა?!

მთქმელის შენიშვნა: საფუტკრეში ხატის მეკურატე ყოფილა ეს ყოვა ჩორაული, ალბათ მაუგონეს ეს ამბავი და ის გაულექსია გოგას.

(მთქმ: თამარ ჩეკურიშვილი , ახმეტის რ-ნი ს.ჭართალა,
84 წლის, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი , 2003 წ.)

საწყლებო ჭართალელებო

საწყლებო ჭართალელებო, სუ შაგარცხვინათ ევამა,
ხაიშოს ავლა-გავლამა, იქით ხარების ვლევამა,
მა ყორანთხევის კუდაშია, წერების გამოდენამა...
............................................................................
არ უშვებთ დედაკაცებსა მა ყორანთხევის წყალზედა,
ჩასდიხართ თიანეთშია, სდგეხართ სამართლის კარზედა,
დახარჯეთ სამას თუმანი, ხარს დააჭედეთ რქაზედა...

მთქმელის შენიშვნა: კოფია ქივნილა კაცსა, წერობა გადმოსულა ყორანთხევზე, ამ ევას კიდე ხაიშოსკე ჰყოლია ძროხები გარეკილი და ნაყვრიანში შეხვედრიან ერთმანეთს, იქ დაუჭერია ი კოფას ე დედაკაცი მარტუაი და... იმაზე ულექსებია გოგას. კარგად აღარ მახსოვს.

(მთქმ: თამარ ჩეკურიშვილი , ახმეტის რ-ნი ს.ჭართალა,
84 წლის, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი , 2003 წ.)

რარიგირა ყანა მოვა

რარიგირა ყანა მოვა, ვამე ჩემო საფეტვეო,
ცოლ-შვილ მშიერაი მყავის, მე ეშმაკებ დავკვებეო,
რა ტყულად მოიშრიტე, რადარ სხვა რა ვაკეთეო.

მთქმელის შენიშვნა: საფეტვედ მიწა მოუხნავს გოგას, დაუთესია კიდეც, მაგრამ ყანა სუ გაჰფუჭებია, მომცდარა და ეს იმაზე უთქომ.

(მთქმ: თამარ ჩეკურიშვილი , ახმეტის რ-ნი ს.ჭართალა,
84 წლის, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი , 2003 წ.)


მოდი, ქალო მამეშველე

გოგა: მოდი, ქალო მამეშველე, ავწიოთ ე ბერ-ღარასა,
ე დაფქული თქვენაც გინდათ, განა მარტო თქვენ მამასა.
თამარი: ეხლა მანდ თუ ჩამოვხდები, ვწყვეტ ეშმაკის ბეგარასა
წისქვილ რა ჩემ საქმე არი, უნდა ვეჯდე ქსელ-ჯარასა.
გოგა: შენმა მზემა ქსელ-ჯარაით გააკვივებ ქვეყანასა.
თამარი: იმთვენას ხო მაინც მოვქსოვ, ეყოფინოს ჩემ კვალასა.

მთქმელის შენიშვნა: გოგა წისქვილს აკეთებდა, მითხრა დიდი ღარის აწევას მიშველაო და მაშინის ვილექსეთ მე და მამამა.

(მთქმ: თამარ ჩეკურიშვილი , ახმეტის რ-ნი ს.ჭართალა,
84 წლის, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი , 2003 წ.)



შახვეტილაში ნუ წახვალ

გოგა: შახვეტილაში ნუ წახვალ, ჩემო ქალო მარიამო,
მარიამი: ისეთ ჭკვა მაქ, მამაჩემო, ავიარო-ჩავიარო.
უნდა ჭრა-კერვა ვისწავლო, მუდამ სხვებთან სად ვიარო.

(ქხპ, ტ. XII, გვ. 163, მთქმ. მ. არაბული, საგარეჯოს
რ-ნი ს. პალდო, ჩამწ. უ. ცინდელიანი, 1961 წ.)

წაიყვანეს უთისქალი

წაიყვანეს უთისქალი, სოფელს გამასთხარეს თვალი,
რად უნდოდა კამისერსა ცარიელა ჩამადანი?
არცა-რა ქალ წაიყვანა, არცა-რა კი თავად არი!
ახლა ის ამბავ მოიდა: ქალთან წოლით ავად არი...

(მთქმ: ლუკა მჭედლური, დაბ. 1937 წ, ახმეტის რ-ნი
ს. ჭართალა, ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 1998 წ.)

ცუდადა ვარ

ივანე: ცუდადა ვარ, კუჭი მტკივა. რა ძნელია ავადობაო.
გოგა: ეხლა მოხვედ, გამიჭირდა, როგორ გიძლებს ჯალაფობაო.

მთქმელის შენიშვნა: ეს ივანე კუდოელი კაცი ყოფილა. სტუმრად მოსულა გოგასთან. თურმე შააწუხა თავის ავადმყოფობაზე ჩივილით და იმაზე ილექსეს.

(მთქმ: ალექსი უძილაური, ახმეტის რ-ნი ს. შახვეტილა,
82 წლის ჩამწ: მიხეილ ღანიშაშვილი, 2004 წ.)


. ქალო არშალო მარშალო

ქალო არშალო მარშალო, თმაყვითელო და თვალშავო,
შენი ლოგინი მასწავლე, ზედ ია-ვარდი გავშალო.

მთქმელის შენიშვნა: ეს გოგას ლექსია, იმას უთქვამს, მე ესე ვიცი

(მთქმ: ვალიკო ჩეკურიშვილი, ახმეტის რ-ნი ს. შახვეტილა,
1978 წ. ჩამწ: ტრისტან მახაური. 1988 წ.)

(გადმოტანილია "ურაკპარაკიდან")
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
 
გ ო გ ა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: