არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ბერი გედეხაური

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: ბერი გედეხაური   Sat Dec 19, 2009 7:39 pm

ილტოსპირელი_მიხეილ ღანიშაშვილი


ილტოს ხეობის ხალხური სიტყვიერება - ბერი გედეხაური

ბერი გედეხაური

ბერი გედეხაური XIX ს-ის დასასრულისა და XX ს-ის პირველი ნახევრის ილტოს ხეობელი სახალხო მთქმელია. ბერი ჩონქარას თანამედროვეა, უცხოვრია მასაც იმავე სოფელ ჩაფართაში, და იქვე გარდაცვლილა.
ბერის მეტოქეები ყოფილან: ჩონქარა, ხოხა (მწარია ხადილაშვილი - ს. ხევისჭალიდან), ბუთლა (გიორგი ალბუთაშვილი - ს. ჩაბანოდან), ჭიპიტანა (ფილიპე ღვინიაშვილი - ს. ბუხრევიდან) და სხვები.
ბიოგრაფიული ცნობები ბერი გედეხაურის შესახებ მწირია. ერთადერთი რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ის არის, რომ იგი 1945 წლისთვის უკვე აღრ არის ცოცხალი.* ასევე გარდაცვლილ მოლექსეებში მოიხსენიებს მას 1956 წლისთვის კრებული ”სახალხო მთქმელები”. ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია, რომ ბერი გედეხაურის სახით საქმე გვაქვს უაღრესად ნიჭიერ სახალისო მთქმელთან. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ ჩვენს დროშიც ბევრგან და ხშირად გაიგონებთ ბერის ლექს-კაიფიას ზეპირი სახით ნათქვამსა თუ ნამღერსა.
ბერი გედეხაურის შემოქმედების ზოგიერთი ნიმუში დაბეჭდილია ქართული ხალხური პოეზიის თორმეტტომეულში.* მისი რეპერტუარიდან უმეტესად კაფიებია შემორჩენილი, გვხვდება მილექსებანიც, თვითგალექსებანიც.


ჩაფართელთ ხანშალაი ვარ

ჩაფართელთ ხანშალაი ვარ, ვინ არის კაცი მცნობელი,
ჩაბანოს გადმოვეჩვიე, მოვხელე ოხერ-სოფელი,
მთელ სოფელს ვერ შესძლებიყო მაგ ყიდულაის ოდენი,
ჯერ დამაწვინა ქალთანა, მერმ თვითონ გახდა მთხრობელი.
ილტოზე კიდევ გადმოვა მაგის ფეხ გასახმობელი,
ნიგზურთ ბოლოში გავახმობ, როგორც საფარტნე ხოკერი.

ლექსს ახლავს მთქმელის განმარტება: ,,ბერი გედეხაური სოფ.ჩაფართოდან იყო. ჩაფართოელები შემდეგ შახვეტილაში (ახმეტის რ-ნი) გადავიდნენ; ხანშალა - ჩია, ბერის ზედმეტი სახელია; ჩაბანო სოფელია არტნის ხეობაში; მოვხელე - მოვძებნე, ვიპოვე; ყიდულამ ჯერ, ვითომ საქმე გაუკეთა და ქალთან(წაწალთან) დააწვინა, შემდეგ ამხანაგები შეჰყარა და კარებში ჯოხებით დაუდარაჯდნენ. ბერი უცბად გამოვარდა, იმათ ჯოხები ერთმანეთს დაჰკრეს. შემდეგ ბერმა ეს ლექსიც გამოუგზავნა; ნიგზური - მუგუზალი; ხოკერი - დაჩეჩილი მტყლის ჩასადები, ცაცხვის ქერქისაგან გაკეთებული მრგვალი კათხა, რომელიც მუდამ კერიასთან დევს და ნაჩეჩს ყრიან. ყიდულას ისე გავახმობ როგორც ხოკერია გამხმარი მუდამ კერიის პირას გდებითო.

(ქხპ. ტ IX, გვ.92. მთქმ. მ. ნადირაშვილი ჩამწ.
ა.ცანავა ს.კურდღელაური (თელავის რ-ნი1961წ.)


ბერი ვარ გედეხაური

ბერი ვარ გედეხაური, ჩაფართლელების სარქალი,
ჩაფ ერთ თუმნიან ღვინო მაქვს, პურსა ვჭამ როგორც ნაქარი,
ჩემ ხელთ არ გამაილევა ჩაი-შაქრიან სტაქანი.

ლექსს ახლავს შენიშვნა:,, ნაქარი- ძალიან თეთრი; ,,ჩემ ხელთ არ გამაილევა,, - არაფერი ჰქონდა, თავისთავს დასცინა”.

(ქ.ხ.პ. ტ IX, გვ.146, მთქმ. გ. ალბუთაშვილი, ჩამწ.
ა. ცანავა, სოფ. ჩაბანო(თიანეთის რ-ნი), 1955 წ.).


ბერმა თქვა გედეხაურმა

ბერამ თქვა გედეხაურმა, ენა მაქვს ბორკილიანი,
ქვრივ შარცხვეს ქმარსა ტიროდეს - წაწლიან-ძმობილიანი,
მერმე ისეთა კაციცა - წაწლობდეს ცოლ-შვილიანი!

(ქხპ, ტ. IX, გვ. 155, მთქმელი და
ჩამწერი მითითლებული არაა)


ბერი გედეხაური და ცოლისძმა

ც: - შენ თუ ხარ გედეხაური, ვირო, მჭამელო ნარისა,
ბ: - მენა ვარ, შენი კვნესამე, შენი დაც მენა მგავისა.
ც: - მაშ თუ შენა გგავ ჩემი და, რატო არ გვერდსა გყავისა?
ბ: - რად გეჩქარება, ძმობილო, იქნება გვერდსაც დავისვა.
ც: - ჩემი და იმას ამბობდა ეგ ეშმაკებსა ჰგავისა.
ბ: - შენ გათითბირეს, შე ყროლო, არც კი ვგონივარ თავისა.

ლექსს ახლავს ჩამწერის კომენტარები: ”ბერი-კაცისა სახელია; გათათბირებს - გარწმუნებს; ყროლი - ცუდი; ”არც კი ვგონივარ თავისა” - ისე ვუყვარვარ, რომ თავისი არ ვგონივარ, მისთვის მიუწვდომელი ვარო.”

(ქხპ, ტ. IX, გვ.196. მთქმ. მ.მთიბელაშვილი, ჩამწ. დ. წერედიანი,
სოფ. ლფანყური (თელავის რ-ნი, 1991 წ.)


ხოხა და ბერი გედეხაური

ბერი
ხოხავ, ხარებს რად იპარავ, თავის საქონს რად არ ული,
ლაშქარას ხარებ დაიპარე, რად რა გქონდა აგრე შური?
ხოხა
ამ ჩემ უარესს უყურე, რაით გამაცინა გულით,
შენ რაადღა მაიპარე, ტოლომანა, ფრთიან ცული?..

ბერი
გაინაპირა ხოხამა, არეულშია დგებაო.
იქისას ჩამოვიარე, იმის ცოლ მხალსა კრეფდაო,
დაჯდა და ტირილ დაიწყო, თხილივით აბნევს ცრემლსაო.
არ გვებადება დაფქული, აღარც მარილის წებაო,
მშიერაი მყავს ბალღები, მესამ-მეოთხე დღესაო;
ჩემ ქმარ საქურდლად დავალის, არცა გვაქვს კარზე შეშაო.
ხოხა
ნეტა რას გადამეკიდა გედეხაური წყეული!
თორმეტი დღისა მაუხნავ, გაზაფხული და სთვლეული.
გამართა საძნოვანშია თორმეტ ფრთებ გადაქცეული,
ერთ ბეღელ პურით სავსე აქ, სულ ხელით გადარჩეული.
მთხოვნელებისა ცალკე აქ, სულ ტაპკით გადახვეული;
დაუვა ერთა ცხენაი, სულ მუდამ გადაახრწნეული;
ავთარეთ სამი-ოთხჯერა ბაგაში გადაქცეული.

ბერი
კიდევ გალექსე, ხოხაო, შენც გეამება განაო,
უნდა დასწონოს ვაჟკაცმა მარტუას მარტუამაო.
ნურც ვის შენ მაიშველიებ, არც ვის მე, ჩემმა ჯანმაო.
იმას რად მეფიცებოდი, მე არა მამიპარაო,
შენ ცოლმა როგორ იხმარა, მინჯათ ჟულაკის ჯარაო.
რას გამარჩები ხე-ქვათა, რად გინდა ჯარათ პარვაო,
გერჩივნა ჯარათ პარვასა, ტარები დაგეპარაო.
”გასაყიდია”, გეძახა, ბაზარში გაგეტარაო.
ხოხა
მე შენ რაად მაშაირებ, შე ქურდო და კანტალაო,
მეზობლისა მოღალატევ, კუდათ თოხლის მამპარაო!
შალვა დადის ტირილითა: ვაჰმე, ჩემო ბატკანო.
სახალარჯობოდ მინდოდა მოკეთესთან წაყვანაო.
ბერ მე არ მიღალატებდა, მგელმ თუ სადმე შეჭამაო,
ღალატ რას გამაადგება დისწულს დედის ძმასთანაო.

(ქხპ, ტ. IX, გვ.163-164, მთქმ. გ. ალბუთაშვილი, ჩამწ. ა. ცანავა, სოფ. ჩაბანო (თიანეთია რ-ნი), 1995 წ.) ლექსს ერთვის ჩამწერის განმარტებანი: ”ფრთიანი ცული” - სათლელი ცული; არეული - ადგილია ს. ხაოშის ზევით; წება - პატარა , კვნიტი; გედეხაური - ბერის გვარია; სთვლეული - გადარჩეული; საძნოვანი - კალო; ტაბკი - პურის სარტჩევი ხის ფიცარი; გადარკვეული - გადარჩეული; ავთარეთ - ავაყენეთ; ჟულაკა - კაცის სახელია; ხე-ქვათა - ჯარახისა; კანტალა - უწესრიგო, მაწანწალა; კუდათ - გვარია; სახალარჯო - ქელეხისათვის.

(ქხპ, ტ. IX, გვ.163-164, მთქმ. გ. ალბუთაშვილი, ჩამწ.
ა.ცანავა, სოფ. ჩაბანო (თიანეთია რ-ნი), 1995 წ.)



ბერო, კი გაგითავდაა

მეტოქე: ბერო, კი გაგითავდაა, წამალი ჩემი ჩაყრილი?
შენ დახვალ წარამარადა, აქ დადის ირმის ნახირი.
ბერი: ახლა შენ მოკალ ძმობილო, თუ მოკვლა არი ადვილი.
მეტოქე: თუ წაველ, კიდეც მოგიკლავ, ტყეში უბრალოდ რად ვივლი?

მითითებულია მხოლოდ ორი შენიშვნა: "ბერი - სახელია; წამალი - თოფის წამალი."

(ქხპ, ტ.IX, გვ.225. მთქმ. ბ. ძამუკაშვილი, ჩამწ.
შ.კონსტანტინიდი, ს.საკობიანო (ახმეტის რ-ნი), 1961 წ.)


ეხლა ის მითხარ. ბიძაო

ბერი: ეხლა ის მითხარ, ბიძაო, ყევარ სადა გყავ კამეჩი?

მეტოქე: ნუ გამამლიე თავ-გონი, ბალღო, შამეშვი, რას მერჩი,
დელგმაში, თავსხმა წვიმაში რას ვიპოვიდი ღამეში?

ბერი: უნდა კი მაინც გეძებნა, გზას ხომ ნახავდი მტკაველში,
ერთ ზაქის ფასიც არა ხარ, ილტოს შენ უნდა დაერჩვი.

მთქმელის შენიშვნა: ,, ილტოზე ვიღაც კაცს კამეჩები ჰყოლიყო გარეთ დარჩენილი. ეძებნა, მაგრამ დაღამებულიყო, თან წვიმაც წამოსულიყო და დაენება თავი. იმ ღამეს წყალს დაეხრჩო იმისი კამეჩები. ამაზე შეელექსა ბერს.”

(მთქმ: ბეჟან ღანიშაშვილი, დაბ. 1925 წ. ახმეტის
რ-ნი ს. ჭართალა, ჩამწ: მ. ღანიშაშვილი 1999 წ.)



რარიგ კარგია ქეიფი

რა კარგია ქეიფობა, შაბათ როა, უქმაია,
ჭიქას რო დასცლი, ბიძაო, მიაყოლე ლუკმაია,
ნუ გეკუმება ე პირი, კლიტე ხვარ გძე, დუგმაია.

მთქმელის შენიშვნა: ,, ვიღაც კაცი ყოფილა, სმის დროს თურმე საჭმელს ხელს არ ახლებდა და იმისთვის ეთქვა ბერს”.

(მთქმ: ბეჟან ღანიშაშვილი, დაბ. 1925 წ. ახმეტის
რ-ნი ს. ჭართალა, ჩამწ: მ. ღანიშაშვილი 1999 წ.)


ბერო, როგორ რძალ ითხოვე

მეტოქე: ბერო, როგორ რძალ ითხოვე, წავიდეთ სანახავადა,
შენ სირმაიან ჩაიცვი, მე შამოიცომ ტყავათა,
რომელიც კაი ბიჭი ვართ შენ რძალ შაგვატყობს თავადა.

ბერი: არც სათვალზომოდ ვარგიხარ, არც საწონ-ასარწყავადა,
ჩემ რძალზე მაგას რად ამბობ, რძლებ ხო თქვენცა გყავთ თავადა,
მე უფრო თქვენთან მირჩევნავ, თქვენ რძლების სანახავადა,
ერთა ღამიაც მეყოფა აიმათ დასატ..ნავადა.

(მთქმ. ალექსი ციფერას ძე უძილაური, 82 წლის
ს. შახვეტილა, ჩამწ: მ.ღანიშაშვილი, 2007 წ.


ბერი და თათარა

ბერი: არაყთ რაზე მაყვედრი, ხვალ ჩვენებ გამახდიანო,
თათარა: აქ კი სუ გამამილიე, იქ სადღა-როგორ ვიარო
ბერი: რა ქოშებ შენ გაგიცვდება, იქაც რო ამაიარო?..

მთქმელის შენიშვნა: ,, უძილაური თათარა იყო. იმასთან მისულა ბერი სტუმრად. უქეიფიათ, არაყი თურმე უთავდებათ და დაუწუწუნია თათარას, მითავდება ე არაყი აღარა მაქო. ამაზე უთქომ ბერსა.”

(მთქმ. ალექსი ციფერას ძე უძილაური, 82 წლის
ს. შახვეტილა, ჩამწ: მ.ღანიშაშვილი, 2007 წ.


ბერმა თქვა გედეხაურმა

ბერმა თქვა გედეხაურმა: ჩემ გულ მოვღალე ფიქრითა,
სიყვარულს როგორ იძლებენ ჭირის საძრახის შიშითა.
სიყვარული და სურვილი ორივ ავწონე მისხლითა,
სიყვარულ მძიმე მოიდა, არა მინახავ ისითა,
ზოგ დედა თავის შვილთ მაჰკლავს, ხელებს დაიბანს სისხლითა.

(თსუფა, № 1945, მთქმ: თ. ნაყეური, 83 წლის ს. ქალილო,
დუშეთის რ-ნი. ჩამწ: მ. კენკებაშვილი, 1961 წ.)


ყური დამიგდეთ, ბიჭებო

ყური დამიგდეთ, ბიჭებო, რარიგ ლექსს გეტყვისთ თქვენ ბერი,
როცა დავწვები ქალთანა, ვერ მაისვენებს ჩემ ხელი,
ორ მუხლს შორის რო მოიგდებ როგორც საჩეჩელს მჩეჩელი,
მალი-მალ გადავეწვდები, როგორც კვერ-მარწუხს მჭედელი

(თსუფა № 4215, მთქმ: მიხეილ ნაყეური, ს. ჩარგალი,
დუშეთის რ-ნი. ჩამწ: ქსენია სიხარულიძე, 1966წ.)


ბერმა თქვა

ბერმა თქვა: ენა მწარე მაქვ, ენის წვერ ბორკილიანი.
მართალ სათქმელად მინდოდეს, ე ბორკილ მიშლის, ტიალი.
კაც მოკვდეს, სხვასა ყვარობდეს, რო იყოს ცოლშვილიანი,
ქვრივ მოკვდეს, ქმარსა ტიროდეს ორპირად ლოგინიანი,
ქალ მოკვდეს ქმარსა სწუნობდეს სურვილით ქორწილიანი.

(ლიფაკ, 103, გვ.105, ალ. დულუზაურის მასალები)



(მასალა გადმოტანილია "ურაკპარაკის" საიტიდან.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
 
ბერი გედეხაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: