არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 Elisso Bolkvadze

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: Elisso Bolkvadze   Thu Oct 15, 2009 2:23 pm



ელისო ბოლქვაძე ცნობილი პოეტის, ზაურ ბოლქვაძის შვილია და ისეთი მუსიკოსი, რომლის თბილისში ჩამოსვლა ზეიმად გადაიქცევა ხოლმე ჩვენთვის...
ამ სრულიად დამსახურებული დიდებისკენ მიმავალი გზა თავის დროზე ტარიელ ჭანტურიამ დაულოცა და დიდი მომავალიც უწინასწარმეტყველა ჟურნალ "ცისკრიდან", როცა ელისო ჯერ კიდევ ფორტეპიანოს კლასის მოწაფე იყო...
ასე რომ, ელისო მწერლების და ლიტერატორების ოჯახიდან არის მისული დიდ მუსიკაში, ანუ ჩვენიანია...
ჰოდა, მოვუსმინოთ ხოლმე, აუცილებლად და ყოველმიზეზგარეშე მოვუსმინოთ...




www.elisso-bolkvadze.com - ელისო ბოლქვძის საიტი



http://www.facebook.com/inbox/readmessage.php?t=178259278427#/profile.php?id=1119800825 - ელისო ბოლქვაძე "ფეისბუკზე"



http://www.facebook.com/inbox/readmessage.php?t=178259278427#/group.php?gid=56824319907&ref=mf - ელისო ბოლქვაძის ფან-კლუბი

Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: Elisso Bolkvadze   Mon Feb 28, 2011 9:47 pm

მზეხა მახარაძე


როიალის ლედი



24 საათი 27.02.11


"ის ბრწყინვალე პიანისტია შესანიშნავი მუსიკალური გამომსახველობით, ექსპრესიულობითა და შესრულების მანერით. მისი ვარსკვლავი ამოვა და მთელი მსოფლიოს საკონცერტო დარბაზები მიესალმებიან..."

- თქვა ლეგენდარულმა ვან კლაიბერნმა, როცა ელისო ბოლქვაძეს პირველად მოუსმინა, მაშინ, სანამ ევროპის მუსიკალურ ცენტრებში როიალის ლედის საშემსრულებლო უნივერსალიზმს აღიარებდნენ. გენიალური პიანისტი, რომელიც ასეთ ეპითეტებს იშვიათად, ან სულაც არ ამბობდა ხოლმე, არ შემცდარა - ელისო ბოლქვაძე გახდა ის ვარსკვლავი, რომელიც მუსიკაში კონცეპტუალურად აზროვნებს, სოლოთი "მართავს" ევროპის ფილარმონიულ ორკესტრებს, შესრულებისას კლასიკის მონოგრაფიულ სიუჟეტში ქალური ხელწერა შეაქვს, ფლობს ბგერის ესთეტიკას კრისტალური ლირიზმით სავსეს, ბგერას, რომელსაც უსმენ და გგონია, რომ ლეგატოზე პიანისტი ფრაზებს აძლევს არა მარტო "სუნთქვის უფლებას", არამედ "ელეგანტური ტემბრის" ქვეშ განსხვავებულ ინტერპრეტაციას, თუმცა ცდილობს ორიგინალის ერთგული დარჩეს.

ბახის (ლაიფციგი), ვიანა და მოტას (ლისაბონი), ვან კლაიბერნის (ფორტ-უერთი), მარგარიტა ლონგის (პარიზი) საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი ქართული შარმით, უკვე წლებია პარიზშია, თუმცა მისი საკონცერტო ვოიაჟი მსოფლიოს მუსიკალური ცენტრებია, იქ, სადაც უკრავს კიდევ სხვა მუსიკალური ბეგრაუნდით, სადაც იკრიბება ის ელიტა, რომელსაც გარდა იმისა, რომ კლასიკა "შიგნიდან" ესმის, იცის, რომ მოცარტის, ბეთჰოვენის, ბრამსის, ბახის, შუბერტის, პროკოფიევის, რაველის და... შოპენის შედევრების ირგვლივ აგებული ცხოვრებით ელისო ბოლქვაძის საფორტეპიანო "სიმფონია" იკვრება.

მუსიკაში "სონატური ალეგროდან" იწყებს ცხოვრებას, იქ, სადაც ყველაფერი უკვე თავისით ხდება... ის პოეტური შესრულება, რომელშიც მუსიკის ლედი თავის შინაარს დებს, მის 70 ათას ევროდ დაზღვეულ თითებს მოაქვს... პარიზში, სადაც ამბობს, რომ დაიწყო მისი კარიერის მეორე ისტორია, ელისო ბოლქვაძის საკონცერტო ჩანაწერები გარდა იმისა, რომ ფრანგულ მუსიკალურ ტელეარხ MEZZO -ზე ტრიალებს, შვეიცარიის ხმისჩამწერმა კომპანიამ CASCAVELLE გამოსცა ალბომი, რომელიც 2009 წლის ყველაზე წარმატებულ დისკებს შორის დაასახელეს. ასე იყო CD "სენ-სანსის N2 კონცერტის" შემთხვევაშიც.

ვაშინგტონის Kennedy Center, ვენის Schubert Saal, პარიზის Theatre des Champs-Elysees, St. Louis des Invalides, Salle Pleyel, Salle Gaveaui, ინსბრუკის Congress Hall, ჟენევის Victoria Hall, მილანის Theatro Manzoni გამართული სერიული კონცერტების მერე, კალიფორნიის Pasadena Auditorium-ში სოლო გამოსვლაზე Los Angeles Times-ში მუსიკის კრიტიკოსი დენიელ კარიაგა წერდა: "განსხვავებულად გარდამავალი ჟღერადობის გამო ელისომ “პასადენა ჰოლი” შტურმით აიღო..." ელისოს "იმპოზანტური პიანისტი" უწოდეს, მსოფლიო მაესტრომ ძუბინ ეჰტამ კი ასეთი ავტოგრაფი დაუტოვა: "უზომოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ელისოს მუსიკალურობამ და იმან, თუ როგორ სრულყოფილად ფლობს ინსტრუმენტს".

- ინსბრუკის “კაზინო ინსბრუკში” იმართება კლასიკური მუსიკის საღამოები ანტერპრიზის ქვეშ "ელისო ბოლქვაძე და მეგობრები". ამ კონცერტზე თქვენთან და ნორჩ ქართველ ჯაზშემსრულებელთან, ბექა გოჩიაშვილთან ერთად დაუკრავს ცნობილი კლასიკური გიტარისტი ემანუელ როზფელდერი, პიანო კაროლინ მურატ ჰაფნერი და ასევე კვარტეტი “სედაჯ” ავსტრიიდან. განსხვავებული იქნება ეს კონცერტი თავისი პროგრამული დრამატურგიით?

- ჩემი აზრით, ეს განსაკუთრებული კონცერტი იქნება თავისი კონცეფციით, რადგან ამ ანტერპრიზით Elisso Bolkvadze & Friends პირველად იმართება, თან წარმატებული მუსიკოსების ანსამბლით, პროგრამა ძალზე საინტერესოა... გარდა იმისა, რომ დავუკრავ შოპენის სკერცოს N4, ასევე პროკოფიევის N2 სონატას, კვარტეტთან ერთად მომიწევს ფრანკის f moll კვინტეტის შესრულებაც. ძალიან მინდოდა, მიშელ სონისთან ერთან დამეკრა ლისტის რაფსოდიები ოთხი ხელისთვის, მაგრამ მიშელ სონის გადატვირთული გრაფიკის გამო ეს ვერ მოხერხდა ისევე, როგორც ვერ ჩამოდის ქეთევან ქემოკლიძე და ამაზე ძალიან მწყდება გული. ამერიკიდან ბექა გოჩიაშვილს აქვს ჯეი ლივინგსტონის და რეი ევანსის კომპოზიციები, რაზეც თავისუფალი არჩევანი ჰქონდა, შოპენის ბალადებით გამოვა კაროლინ მურატ ჰეფნერი, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს, ის საქართველოშიც არის ნამყოფი და იცნობს ჩვენს კულტურას.

- მოცარტი? მოცარტის გარეშე თქვენთვის არსებობს კონცერტი? წლების წინ პარიზში მარგარიტა ლონგის კონკურსზე მაესტრო მიშელ სონიმ თქვენს მიერ შესრულებულ მოცარტის ფრაზებს უწოდა "ინტელექტუალური აკორდები"... ამ კონკურსზე ლაურეატობასთან ერთად მიიღეთ სპეციალური პრიზი ფრანგული მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის, რაც პარიზისგან იყო პირველი სიხარული?

- მოცარტი, საერთოდ, ჩემი კარიერის ლაიტმოტივია, პარიზიდან კი იწყება ჩემი მეორე ცხოვრება. მიშელ სონი, - ჩემი მენეჯერი, სულ მეუბნება, რომ მოცარტის გარეშე შენ კონცერტი არ უნდა დაუკრაო... და სწორია! პარიზის კონკურსზე ფსიქოლოგიურად ჩემით ვემზადებოდი, ზუსტად ვიცოდი, რომ აქ რაღაც უნდა მომხდარიყო, - ისეთი რამ, რაც ჩემთვის გადამწყვეტი იქნებოდა, ამას ინტუიციურად ვგრძნობდი. პარიზში რომ ჩავედი, მახსოვს, კონკურსის ნომრების მიხედვით, გამოსვლა მქონდა სადღაც, მეორე დღეს საღამოს 9 საათისთვის, მაგრამ უცბად დამირეკეს დილით, სასწრაფოდ მოდი, უნდა დაუკრაო. გავგიჟდი, - არც რეპეტიცია მქონდა, არც ინსტრუმენტს "ვიცნობდი", ისიც არ ვიცოდი, რომელ დარბაზში უნდა დამეკრა. ძალიან ვნერვიულობდი, მით უმეტეს, რომ უნდა დამეკრა შოპენის b moll სონატის მხოლოდ I და IV ნაწილი. ეს უცნაური პროგრამაა, რომელიც მარგარიტა ლონგმა ყველა კონკურსანტისთვის დააწესა და იმდენად რთულია დასაკრავად, რომ პირველ ტურში თითქმის ყველა პიანისტი ვარდება.

- რატომ?

- იმიტომ, რომ შოპენის b moll სონატა არის ოთხნაწილიანი ფორმა, რომელშიც დევს მთელი ფილოსოფია. მის სიუჟეტს ნელ-ნელა უნდა გაჰყვე, - აქ არის ადამიანის სული, გარდაცვალება, მერე მარში... და ეს ყველაფერი შესრულების დროს მოითხოვს აზროვნებას, ემოციებს, ლოგიკურ განვითარებას... მაგრამ როცა პირველი ნაწილის მერე ყველაფერს ტოვებ და, უცბად გადადიხარ ფინალზე, ეს "ნახტომი" საშინელ ვაკუუმს გიტოვებს... ისე ვღელავდი, რომ არაფერი არ მესმოდა - არც ერთი ბგერა, არც ერთი აკორდი... მეორე ტურზე დავრჩით უკვე "დაცხრილული" 45 კონკურსანტი, მაგრამ სანამ ამას გავიგებდი, ვიფიქრე, ამ შესრულებით მეორე ტურში, ალბათ, არ დამიშვებენ-მეთქი და, ისე დავწყნარდი, ისე დავწყნარდი, რომ... და აი, მეორე ტურზე იყო, მოცარტის სონატას როცა ვუკრავდი, ისეთი მისტიკური რამ მოხდა ჩემში, რომ სადღაც, სხვა სივრცეში გავედი, იქ, სადაც არ არსებობს რეალობა, ყველაფერი გექვემდებარება - ყველა ნოტი, ყველა ფრაზა, ვერ გრძნობდი ხელის მოძრაობას, ვიყავი მხოლოდ მუსიკასთან და ვიყავი მუსიკის გამტარი. ეს იმდენად შესამჩნევი იყო, იმდენად დიდი რეაქცია მოჰყვა ჩემს შესრულებას, რომ ჟიურის ის ათი პიანისტი ფეხზე წამოდგა და ტაში დამიკრა. ამ დროს დარბაზში იყო მიშელ სონიც, ამიტომაც თქვა ჩემს შესრულებაზე "ინტელექტუალური აკორდები".

- ახლაც ასე უკრავთ?

- არა, არა, გეტყვით: ეს მეტამორფოზა მე სულ სამჯერ გამოვცადე - მარგარიტა ლონგის კონკურსზე, LA-ის კონცერტზე და ერთხელ კიდევ პარიზში... იცით, ეს ისეთი აუხსნელი რაღაცაა, რომ თავისით არ მოდის, ეს შეიძლება გამოიწვიოს დიდმა სტრესმა. რატომ? LA-ში ზუსტად კონცერტის წინ, სრულიად შემთხვევით გავიგე ჩემი ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, რამაც ლამის ჭკუიდან გადამიყვანა და, იქვე მივიღე ისეთი სტრესი, რომ შოპენის f moll სონატის III ნაწილზე, ჩემში კიდევ სხვა ძალა შემოვიდა, ისევ სადღაც, მისტიკაში გავედი... მაგრამ ახლა, პარიზში შოპენის ფესტივალზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საინტერესო გამოსვლა მქონდა, ასეთივე მეტამორფოზა არ მომსვლია.

- 2011 წელს მარგარიტა ლონგის კონკურსზე ჟიურის ერთ-ერთ წევრად ხართ მიწვეული, რამდენად მკაცრი იქნებით?

- რა გითხრათ, ჯერ არ ვიცი... ისე, მკაცრი მსმენელი ვარ, ძალიან მომთხოვნი.

- გიყვართ კონკურსები?

- ვერ ვიტან, მაგრამ მე არ მიყვარს კონკურსები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გავსულიყავი, ხომ?!

- კონკურსების გარეშე იქნებოდა თუ არა თქვენი კარიერა ასეთივე წარმატებული?

- იცით რა, ეს ფაქტორები ჩემთვის დღესაც მნიშვნელოვანია. კონკურსზე დაკვრა, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, ობიექტურობაც ძალიან რთულია მუსიკაში, რადგან გემოვნებაზე დაობენ და ყოველთვის არსებობს კიდევ უკეთესი შესრულება, ხომ?! თან კონკურსში გამარჯვება არ არის იმის გარანტი, რომ შენ აუცილებლად დაიმკვიდრებ ადგილს მუსიკის სამყაროში, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას მოიტანს ეს კონკურსი, კონკურსს გარეთ როგორ მოახერხებ მუსიკაში შენი აზროვნების გატარებას... ამას იმიტომ ვამბობ, რომ როცა მსოფლიოში ასე გაფართოვდა პიანისტური გეოგრაფია, როცა არსებობდა ჰოროვიცი, გლენ გულდი, ბაირონ ჯანისი, სამსონ ფრანსუა, რიხტერი, - ასეთი გრანდები, რომლებმაც ეპოქები შექმნეს, რითი უნდა გააკვირვო მსმენელი? - საინტერესო ინტერპრეტაციით, ანუ შენი ძალა უნდა იყოს შენი მუსიკა, მერე არაჩვეულებრივად გახსნილ პიანიზმთან ერთად, აუცილებელია ქარიზმა...

- არტისტისტული ტემპერამენტი?

- ესეც მნიშვნელოვანია და ამაზე სულ უნდა იფიქრო, თუ გინდა, რომ წარმატება არ გაწყდეს.

- რატომ არ გიყვართ დაკვრა "ბისზე"?

- იმიტომ, რომ კონცერტებზე იმდენად ვიხარჯები, სულ მგონია, "ბისზე" ძალა არ მეყოფა. დამიჯერეთ, კონცერტის მერე, ჩემი "მექანიზმი" ავტომატურად ირთვება და მინდა დასვენება, თუმცა არიან პიანისტები, რომლებიც "ბისზე" ისე იხსნებიან, რომ იქიდან იწყებენ ცალკე იმპროვიზაციებს. აი, შოპენის ფესტივალზე ისეთი უხერხული სიტუაცია შეიქმნა, კონცერტის მერე "ბიიის", "ბიიიის" - კულისებში მესმოდა, არ გავდიოდი, მაგრამ იძულებული გავხდი, დამეკრა. ინვალიდების სასახლეში? ბეთჰოვენის N1 კონცერტის მერე ლორან პეტიჟირარმა სცენაზე მითხრა: ელისო, მიდი, კიდევ დაგვიკარიო! - ასე დამაყენა ფაქტის წინაშე.

- როგორ გაიცანით ცნობილი დირიჟორი ლორან პეტიჟირარი?

- პარიზში ჩემს კონცერტზე მომისმინა და ამის შემდეგ აეწყო ყველაფერი. ის ძალიან კარგი მუსიკოსია, არაჩვეულებრივი დირიჟორი, საინტერესო პიროვნება და რაც მთავარია, ისეთი კომფორტია მასთან დაკვრა, რომ... ასეთივე განცდა მქონდა ხოლმე პიტერ ალტრიხტერთან და ჯანსუღ კახიძესთან ერთად რომ გამოვდიოდი. ინვალიდების სასახლის მერე ჩვენ დავგეგმეთ სენ-სანსის N2 კონცერტი, რომელიც 2010 წლის ოქტომბერში Salle Pleyer-ში და Salle Gaveau-ში დავუკარით კოლონის ორკესტრის თანხლებით.

- Wonderful Tone - ვან კლაიბერნის ასეთი შეფასება, ალბათ სულ ეპიგრაფად გაყვება თქვენს შესრულებას?

- კარგად მახსოვს, როცა ვან კლაიბერნმა მომისმინა, აქცენტი ჩემს ბგერაზე გააკეთა...

- შეიცვალა ის ბგერა?

- ის ბგერა დაიხვეწა, გახდა კიდევ უფრო მსუბუქი, თბილი, უფრო მეტად ზუსტი...

- როგორია თქვენი ურთიერთობა ბგერის დრამატურგიასთან?

- როგორ აიღებ პირველ აკორდებს, ეს საოცარი გრძნობაა. მართალია, ის სიჩუმე რაღაცნაირად მედიტაციურია, გეხმარება ბგერასთან მიახლოებაში, თუმცა მთავარი მაინც ბგერაა, ამიტომაც ამაზე სულ ვფიქრობ, როგორ უნდა დავიწყო დაკვრა, როგორ შევიდე მუსიკაში...

- დაგიკრავთ ღელვის გარეშე?

- ამდენი წელია სცენაზე ვარ, მაგრამ ამ ემოციების გარეშე ვერასოდეს ვერ დავუკრავ, რადგან ჩემში ყოველდღიურად იზრდება პასუხისმგებლობის მომენტი... ამიტომაცაა, რომ ყოველი კონცერტის დღეს ადრე მივდივარ დარბაზში, ფსიქოლოგიურად იქ ვემზადები... არის ასეთი ძალიან დიდი პიანისტი გრიგორი სოკოლოვი, რომელიც ამბობს, მე ვუკრავ ზუსტად ისე, როგორც ვემზადებიო და სწორია, უფრო მეტს გეტყვით, ის ყოველი კონცერტის დამთავრების შემდეგ იწყებს მეცადინეობას, ასწორებს იმას, რაც კონცერტზე თავის შესრულებაში არ მოეწონა. იგივეს აკეთებდა რიხტერიც... ეს ჩემთვის არის მნიშვნელოვანი მაგალითები, თუმცა მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ყოველ დღე კონცერტის დაკვრა გამართლებულია, - არა, არა, ეს ჩემთვის იმდენად მიუღებელია, რომ... და რატომ? ამერიკაში მახსოვს, პრაღის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად რომ ვუკრავდი, ჯონ ლილიმ 15 კონცერტი დაგეგმა ზედიზედ და პირველი, მეორე კონცერტის მერე აღარ მინდოდა დაკვრა, გამოვიფიტე, ანუ ის ენერგია, ის სტიმული, რაც კონცერტებისთვის მჭირდებოდა, ჩემგან წავიდა და ამიტომაც იყო, რომ მერე რაღაც მექანიკურად ვიწყებდი დაკვრას. გარედან ეს შეიძლება არ ჩანდა, მაგრამ... ყველა კონცერტი ჩემთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. აი, როგორ გითხრათ, ლორან პეტიჟირართან ერთად რომ დავუკარი, თბილისის კონცერტზეც ძალიან ვღელავდი, თან ამდენი ხნის მერე - 12 წელი დიდი დროა იმისთვის, რომ მე ქართველ მსმენელთან დავბრუნებულიყავი. საკმაოდ თბილად შემხვდნენ, კარგად მისმენდნენ, მაგრამ ჩემთვის ემოციურად მაინც ძნელი იყო... იგივეს ვგრძნობდი ინვალიდების სასახლეში სიმებიან კვარტეტთან, ეს იყო ჩემი დიდი ხნის ოცნება, მე მახარებდა ის, რომ პარიზის ძალიან პრესტიჟულ კათედრალში, სადაც ნაპოლეონის ნეშტია დაკრძალული და ამ ძეგლს ფრანგებისთვის კიდევ სხვა კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ჟღერდა ქართული მუსიკა.

- სხვადასხვა პრესტიჟულ მუსიკის ცენტრებში ეხებით თქვენთვის უცხო ინსტრუმენტებს, მაგრამ მაინც, რომელი ფირმის როიალზე ირჩევთ დაკვრას?

- ხშირად გვხვდება ხოლმე ისეთი როიალი, რომელსაც ალბათ ვერასდროს მოერგები, რა ვქნათ? - პიანისტებს ასეთი ბედი გვაქვს. ჰოროვიცივით მეც დიდი სიამოვნებით მოვიკიდებდი ჩემს როიალს, რომელიც გარდა იმისა, რომ ცალკე მუზას მაძლევს, იმდენად მანებივრებს თავისი ჟღერადობით, რომ ძალიან მიჭირს სხვა ინსტრუმენტზე გადასვლა. პარიზში მაქვს ძველი ფრანგული Steinway, ხელით ნაკეთი, რომელიც იმითიც არის განსხვავებული, რომ აქვს სპილოს ძვლის კლავიატურა, არის ძალიან მგრძნობიარე, ძალიან ცოცხალი ინსტრუმენტი... როიალი ორგანიზმია, რომლითაც ხდება სულის სუბლიმაცია, მოდის ენერგეტიკა, რომელიც ყველაფერს "ანგრევს", ამ მხრივ დიდი ძალა გვაქვს მუსიკოსებს. ბოლოს კონცერტი Bezendorf-ზე დავუკარი ჟენევაში და შევწუხდი, ძალიან არ მიყვარს ეს ინსტრუმენტი იმიტომ, რომ მარცხენა მხარეს აქვს ზედმეტი ერთი ოქტავა, თან შავი კლავიშები თეთრის მაგივრად, რომელიც სასწაულად მაბნევდა. საერთოდ, როგორც კი როიალს ვეხები, ზუსტად ვგრძნობ, როგორ დავუკრავ, მერე ფერსაც აქვს მნიშვნელობა, - თეთრი როიალი სასიამოვნოა, მაგრამ ჩემთვის არ ჟღერს, შავ Steinway-ს არაფერი არ მირჩევნია.

- რა მიგაჩნიათ თქვენს მუსიკალურ კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებად?

- ვერ გეტყვით, რადგან კარიერა ზოგადად ეფემერულია, წარმატება მიდის-მოდის, მაგრამ მუსიკის სიყვარული მე კიდევ სხვანაირად მესმის. რომ არ დავუკრა, ცუდად ვარ, მუსიკა მაძლევს სულიერ სიმშვიდეს, სიძლიერეს... ჩემი კარიერა ჩემთვის მხოლოდ ამის შემდეგ დგას. ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გასული წელი, გამოვედი რაველის საერთაშორისო ფესტივალზე, სოფიას საერთაშორისო ფესტივალზე... მე მინდა, რომ ანტერპრიზა "ელისო ბოლქვაძე და მეგობრები" ყოველ წელს გაკეთდეს. მაქვს გეგმა, ჩემი სახელობის ფესტივალი გავაკეთო ინსბრუკის მერიის ორგანიზებით, ამის გარდა წლევანდელი წელი მაქვს დატვირთული კონცერტებით, ჩემი უსაყვარლესი კონცერტები უნდა დავუკრა - მოცარტის N21, რაველის G dur კონცერტი.

- თქვენი მეუღლეც პიანისტი უნდა იყოს?

- არავითარ შემთხვევაში! ორი პიანისტი ერთად უკვე ბევრია, მაგრამ ის, ვინც იქნება ჩემს გვერდით, მას უნდა უყვარდეს მუსიკა და უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს ქალი პიანისტი.

- რომ არა პიანისტი, ვინ იქნებოდით?

- ჟურნალისტი.


სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/music/2011-02-27/14410.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
Elisso Bolkvadze
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: მუსიკა არმურზე: ხმა - სინათლეა...-
Jump to: