არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ვაჟა გიგაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ვაჟა გიგაშვილი   Thu Oct 01, 2009 10:36 am


Vaja Gigashvili

ვაჟა გიგაშვილიhttp://ka.wikipedia.org/wiki/ვაჟა_გიგაშვილი

დაიბადა 1936 წლის 15 ოქტომბერს, თბილისში. 1943 – 1954 წლებში სწავლობდა თბილისის მე-7 ვაჟთა სკოლაში, ხოლო 1953- 1954 წლებში იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. 1955 – 1961 საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე (მისმა სადიპლომო ნამუშევარმა გაიმარჯვა საკავშირო (სსრკ) კონკურსში).

მუშაობდა "ქალაქპროექტში" (შოთა ყავლაშვილთან და ლადო მესხიშვილთან); სამხატვრო კომბინატში (ზურაბ წერეთელთან).

მონაწილეობდა მრავალ ეთნოგრაფიულ, ალპინისტურ და ზოოლოგიურ ექსპედიციებში - კავკასიონზე, ჩრდილოეთის ზღვებზე, კოლის ნახევარკუნძულზე, შუა აზიაში, ტიან-შანსა და პამირზე.

1971 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" (რეზო თაბუკაშვილთან), "მწერალთა კინო-გაერთიანებაში".

1991-94 წლებში იყო გაზეთ "მამულის", 1999-2003 წლებში "განახლებული ივერიის" მთავარი რედაქტორი.

წერდა სკოლის ასაკიდან. 1953-54 წლებში ჟურნალ "დილაში" იბეჭდებოდა მისი პატარა მოთხრობების სერია ცხოველებსა და ფრინველებზე. ზოგი მათგანი შეტანილია უმცროსკლასელთა სახელმძღვანელოებში.

პირველად, 1957 წელს ჟურნალ "ცისკრის" პირველ ნომრისათვის წარდგენილი მოთხრობა "დღე და ჟამი" არ დაიბეჭდა საბჭოური ცენზურის გამო.
1970 წლიდან სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში - "ცისკარი", "მნათობი", "ლიტერატურული საქართველო", "XX საუკუნე", "ქომაგი", ასევე რუსული თარგმანები - "ლიტერატურნაია გრუზიასა" და "დრუჟბა ნაროდოვში".
გამოცემული აქვს მოთხრობების რამდენიმე კრებული. არის თორმეტი მხატვრული ფილმის სცენარის ავტორი.
მიღებული აქვს ლიტერატურული ჯილდო "პენ-კლუბის ოქროს მედალი".

წიგნები:
* დღე და ჟამი : [მოთხრობები]. - თბ. : მერანი, 1987 (სტ. N1). - 262გვ. ; 20სმ.. - 1მ.10კ., 15 000ც.

* მოთხრობები პოეტზე, რომელიც იშვიათად წერდა ლექსებს / [რედ.: დათო აბულაძე ; მხატვ.: ზურაბ მიმინოშვილი]. - თბ. : საარი, 2001. - 114გვ. ; 16სმ.. - (უბის წიგნები). - ISBN: 99928-39-21-X

* თბილი ლოგინი და ცივი ღამე / [რედ.: მილიცა ჯაფარიძე ; მხატვ.: გიორგი წერეთელი]. - თბ. : მერანი, 2006. - 48გვ. ; 17სმ.. - (ერთი მოთხრობა). - ISBN: 99940-589-7-2

* ნადირობა ჩონ-ტაშში : დოკუმენ. მოთხრობა. - თბ. : ნაკადული, 1976. - 97გვ. ; 19სმ.. - 20კ., 10000ც.

* ნადირობა ჩონ-ტაშში : [დოკუმენტ. მოთხრობა] / ვაჟა გიგაშვილი. - თბ., 2009. - 128გვ. : ფოტ. ; 18სმ.. - ISBN: 978-9941-0-1431-4

* ერთი ვინმე ყაფლანიშვილი : რომანი / ვაჟა გიგაშვილი ; [სარედ. ჯგ.: ზურაბ აბაშიძე, მანანა ჯანელიძე, ირმა ხარშილაძე]. - თბ. : [პალიტრა L], 2010. - 304გვ. ; 20სმ.. - (ქართული პროზის საგანძური, ISSN 1987-8850 ; ტ. 40). - ISBN: 978-9941-19-035-3

ბმულები:
* Vaja Gigashvili - http://www.imdb.com/name/nm0315740/
* ეროვნული ფილმოგრაფია – http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=194
* https://youtu.be/06k6DLf40e0
* გაზაფხულის საღამო 1972 - https://youtu.be/2G9cOPIds68
* ანთიმოზ ივერიელი - პირველი ნაწილი - https://youtu.be/4QzDw_vSvk8
* ანთიმოზ ივერიელი - მეორე ნაწილი - https://youtu.be/dsOK-jxyxwU

study


Last edited by ბობო on Thu Oct 01, 2009 10:42 am; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ვაჟა გიგაშვილი   Thu Oct 01, 2009 10:38 am



ვაჟა გიგაშვილი

მთიულეთი. ცეცხლიჯვარი


თერთმეტ-თორმეტი წლისა ვიყავი, როცა პირველად აქ მოვხვდი... შუა ზაფხულში... დიდი, მწვანე ქედი იყო და კეხზე კოშკი იდგა - ცეცხლიჯვარი... მთის ძირებში რაღაც ლურჯი ყანა მოჩანდა... მწყრები იძახოდნენ: «ქვით-ქვილიტ!.. ქვით-ქილიტ!...», ერთი ჩემგან მარცხნივ იძახოდა, ყანის ბოლოში... მეორე ზემოთ, ზედ მთის ძირში... ყანის გადაღმა, დაბალი ხევიდან მოგუდული სიმღერა ამოდიოდა:
«სანადიროდ წასულიყვნეენ ამირან და ძმანი მიისნიი...
ჰარი, ჰარალი-ჰარალეე, ჰარი-ჰარალუ, ჰარულალოო...…»
და მერე:
«ამირანმა მუხლი დაჰკრაა, იქ შეიბა კარი მისიი...
შიგ იწვა მკვდარი ცამცუმიი, თავთით ეჯდა ცოლი მიისიი...
გულს ეძო ანდერძ-ქაღალდი, დაწერილი ცამცუმიისიი...
ვინც მოჰკლავს დევსა-ბაყბაყას, ჩემი ცოლი ალალალ მიისიი...
ჰარი, ჰარალი-ჰარალეე, ჰარი, ჰარალუ-ჰარულაალოო...»
ორმა ორბმა ჩაიარა ზედ ცხვირწინ... ასე ახლოს, გაფრენილები არასოდეს მენახა... გარკვევით ჩანდა აღერილი, ნაოჭებიანი კისრები და შეკეცილი შავი ფეხები... სახეზე შემეხო ფრთებით მოქნეული ჰაერი...

ოცდაათი წლის შემდეგ. ისევ
ცეცხლიჯვარი.
...მაგიდისაკენ ნახევრად ზურგშექცეული ვზივარ და ეხლა კისრის მოუღრეცავად გავყურებ ცეცხლიჯვარს... ყურებში ოდნავ გახმიანდა ის ძველიძველი სიმღერა... შორეული, მოგუდული, გაწელილი...
«...სანადიროოდ წასუულიყვნეენ ამირან და ძმანი მიისნიი…» - ფანდურის ერთ ტონში ჩხაკუნი და მერე: «... ჰარი, ჰარალი-ჰარალუუ, ჰარი-ჰარალუ-ჰარულაალო-დაა...»
… მართლა მღეროდა მაშინ ვიღაც, სადღაც, გამოუცნობ სივრცეში ( ახლოს?.. შორს?.. უსასრულობაში?..) ამ სიმღერას?.. მაშინ, ოდესღაც, ბუნდოვან ბავშვობაში, როცა მარტოკა მოვხვდი აქ და ამ არემარის პირველი დანახვისთანავე გავიგონე ეს სიმღერაც... არ ვიცი... მაგრამ სხვაგან რომ არსად გამიგონია, არასდროს?...
უთქმელად ავდექი სუფრიდან და სახლს უკან გავედი... სპანიელი სანჩო კისრისტეხით გამომიდგა და ხელში თხილამურის რკინის ჯოხითა და კისერზე დურბინდით რომ დამინახა, ჩემს გარშემო საზეიმო ხტუნვა-ცეკვის წრე შეასრულა...
...წავედით...
... აჰა, ბოლო-ბოლო დამთავრდა დიდი აღმართი, გამოვედით კეხზე... შემომსისინა გადაღმის ნიავმა (მსუბუქი ეიფორია) და ქვემოთ გაიხსნა ხეობა, ხადა... «ხადა სამოცკოშკოვანი», როგორც ვახუშტის უწერია... სამოცის რაღა მოგახსენოთ, მაგრამ ოცამდე კოშკი კიდევ შეიძლება დაითვალო ხეობის შეყოლებაზე... მივდივართ მარჯვნივ, ცეცხლიჯვარისაკენ...

... კოშკის ძირსა და ტინის გიგანტური კვადრებით ნაგები კვრივის კედელს შორის ვიწრო გასასვლელში ჩავჯექი... გავაბოლე... ოდნავ უსისინებს ნიავი ვიწროში და თიშავს სამყაროს ხმიანობას... აი, ისევ მოაღწია ამ სიმღერამ... ძალიან შორიდან, მოგუდულად... აქ ყოველთვის ისმის ეს სიმღერა... ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის!.. ვიწყებ ჩაძირვას... იწყება გადასახლება...
...მაგრამ ამეებზე ლაპარაკი არ მინდა... ამეებზე არასოდეს არ ვლაპარაკობ... არა ღირს, არ გამოდის... ლაპარაკი გამოდის მაშინ, როცა არ იცი და ინტერესი და ფანტაზია გალაპარაკებს... მაგრამ თუ ერთხელ გამოსცადე სინამდვილეში, სრულიად კარგავ ლაპარაკის სურვილს... უკვე იცი, რომ ამაზე ლაპარაკი შეუძლებელია... შეუძლებელია...
ამოვიყურყუმელავე...
...და კეხზე სამი თეთრი, უზარმაზარი ნაგაზი დავინახე... სანჩო არ დაბნეულა, მაგრამ არც თავმოყვარეობა-ვაჟკაცობაზე გამოუდვია თავი... შემოტრიალდა და პირდაპირ ჩემკენ მოცოცხა... ზედ მკერდზე შემომაფრინდა და მეც ოპერატიულად მივიღე პატარა ყუმბარასავით მკვრივი სხეული... ხელდახელ მოერგო პოზიციას, უკვე თავდაჯერებულად გადახედა მოახლოებულ ნაგაზებს და გააფთრებული ღრენა-მუქარა გადაანთხია თავზე... ნაგაზებმა საკმაოდ მჭიდრო წრე შეკრეს ჩემს გარშემო...
სანჩოსაგან განსხვავებით მე მაგრად მაწუხებდა ღირსების შენარჩუნების საკითხი და ვცდილობდი არხეინად დამეჭირა თავი ჩვენკენ ზლაზვნით მომავალი ორი მწყემსის თვალწინ... ერთი, ბოხოხიან-ბუშლატიანი, წინწამოხრილი, ახმახი ბებერი... მეორე - ახალგაზრდა ბიჭი, ორივე გრძელი კომბლებით... ბებერი ძლივს მოჩოლახობდა ფერდობში, ახალგაზრდა კი დარბაისლურად, ოდნავ უკან და გვერდით, ყოვნებით მოჰყვებოდა, რათა უფროსისათვის წინ არ გაესწრო... რაღა ეხლა აუტყდა ამ ჩემისას გამორჩეული ზრდილობა და სუბორდინაცია?...
... ბოლო-ბოლო მოაღწიეს მწყემსებმა, ალყა მოიხსნა, საომარი სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ სანჩოს ძირს ჩაშვება მაინც არა ღირს... ვესალმებით ერთმანეთს... ბებერი უნდობლად მათვალიერებს... რაღაცა აწუხებს ჩემში, არ მოსწონს... რა?.. რა ვიცი?.. მაგრამ უცებ ვხვდები: გალიფე!.. გალიფე და ჩექმები... ალბათ, რაღაც ძველ ასოციაციებს იწვევს... მაგრამ ასოციაცია დამატება-დასრულებას მოითხოვს: კოკარდიან ქუდს ჩემს თავზე... იქ კი შალის ნაქსოვი ჩაჩი ეჩხირება თვალში... ამას ემატება მკერდზე ატატებული ხუჭუჭა, გრძელყურებიანი არსება, რომელიც არც ბავშვია და არც ბატკანი...
«...ეგ რაია?..» - მეკითხება ბებერი...
«ძაღლია...» - ვეუბნები.
«ძაღლიიი?..» - კითხულობს რაღაცნაირად შეძრწუნებული... ლაპარაკი არ გამოდის... ვცდილობ ძაფის გაბმას... ვახსენებ ცხავატს, ღუდას, წამალაიძეებს, მიდელაურებს... ცალყბად მპასუხობს, არ უნდა, არ გამოდის... კავშირები გაწყვეტილია... მე მისთვის იმდენად უცხო ვარ და გაუგებარი, რომ ღია კონტაქტში შემოსვლა მის ძალებს აღემატება... აღარ უნდა... აღარც მე მინდა და - «აბა წავედი!.. კარგად იყავით!..» - ვიძახი და გადაღმა ფერდობზე გადავდივარ...
«საით მიხვალ?..» - მადევნებს დაეჭვებულ კითხვას
«ქოროღოს!.. საყდარს დავხედავ!..»
...მივერეკები ქვევითკენ... უკან ავხედე... აგე, დგას კეხზე, ახმახი, წამოკაკული, ბოხოხ-ჩამოფხატული, შეფიქრიანებული...
... ვითომ მართლა გაწყვეტილია კავშირები ჩვენს შორის?.. თითქოს... მაგრამ ჩემგან არა... მე არასოდეს არაფერი გამიწყვეტია... მე ხომ ყველაფერი ვიცი მისი... ყოველთვის ვიცოდი და ყოველთვის მეცოდინება... რა გაწყვეტს, რა წაშლის?... იმისგან ჩემკენ კი კავშირი გაწყვეტილია... იმან ჩემზე აღარაფერი აღარ იცის და აღარც აღარასოდეს გაიგებს...
ქვემოთ, კეხის ბოლოს, კონცხზე საყდარი გამოჩნდა... მის გვერდით ფერდას ორი-სამი ორბი და ყვავებისა და ჭკების გუნდები დასტრიალებს... ალბათ ხატობა იყო ამ დღეებში და შეწირული საკლავის თავ-ფეხი და შიგნეულობა ჰყრია... სანჩო თამამად მიჰქრის ქვემოთკენ ყვავ-ყორნების დასაწიოკებლად...
...ალბათ წელსაც წავალ სეთურებში, ავალ ცეცხლიჯვარზე... მოვისმენ...


გადმოტანილია აქედან - http://shokoladi.ge/node/60

study


Last edited by ბობო on Thu Oct 01, 2009 11:03 am; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ვაჟა გიგაშვილი   Thu Oct 01, 2009 10:45 am



ვაჟა გიგაშვილი - კაცი, რომელმაც ასაკი დაკარგა...

07:00 / 30-03-2011

ტყუილი არ მითქვამს, როცა ვაჟა გიგაშვილს ვუთხარი, ასე მგონია, მიუხედავად ასაკისა, თქვენში ბიჭი გადაარჩინეთ-მეთქი...

მართლაც გადაარჩინა! ამიტომაც არის, არც ასაკი აწუხებს, არც პატივმოყვარეობის ტყვეა და არც საკუთარი ნიჭის მეხოტბე... მეგობრობაშიც ალალია და შემთხვევით ურთიერთობაშიც...

ლამაზად თქმისა და შთაბეჭდილების მოსახდენად არასდროს უთქვამს სიტყვა, ისე დაგელაპარაკება, გეგონება, მეგობრების წრეში შეხვდი, მასთან ერთად ეს-ესაა ჭიქა ღვინოც დააჭაშნიკე, მერე ცხოვრებას გადახედეთ და ნახევარი სიტყვითაც გაუგეთ ერთმანეთს. ამიტომაცაა, შენს წინ ორატორი კი არ ზის, არამედ ადამიანი, რომელიც "საორატოროდ" არასოდეს გარჯილა. როდის იყო, მეგობრობას მჭევრმეტყველება სჭირდებოდა...


ჩემი გარიჟრაჟი

3-4 წლის ვიქნებოდი, ბაბუასთან ვიყავით მარჯანიშვილზე, ბიძაჩემს - ბიძინა გოგოძეს, ჯერ ცოლ-შვილი არ ჰყავდა... ელექტროინჟინერი იყო, ტრამვაი-ტროლეიბუსების პარკის დირექტორი... მაშინ წესი გახლდათ - თანამდებობის პირებს იარაღის ტარების უფლება ჰქონდათ. სამსახურიდან რომ მოვიდოდა, ამოიღებდა თავის ბრაუნინგს, ამოაცლიდა ტყვიებს და გვაძლევდა... მახსოვს, რა დიდი და მძიმე იყო ის იარაღი. ამ დროს პატარა იარაღია...

მახსოვს ბაბუას თეთრბალნიანი, დამჭკნარი მკერდი. ძალიან მიყვარდა ამ მკერდში ჩახუტება. მერე, როცა მასთან აღარ ვცხოვრობდი, კვირა არ გავიდოდა, ორ-სამჯერ არ მენახა...

კობის ქუჩაზე ვცხოვრობდი, ახლა იმ ადგილას, სადაც ჩვენი სახლი იდგა, სასტუმრო "საქართველოა". მერე მარჯანიშვილზე გადავედით. დავდიოდი მე-7 ვაჟთა სკოლაში...


ჩემი დილა

მამაჩემი სულ შეწუხებული იყო, რომ აქეთ-იქით დავეხეტებოდი. ერთი მეგობარი მყავდა, მეჩიტე იყო, მგალობელ ჩიტებს იჭერდა. ეს სერიოზული ხელობაა... ბადე ჰქონდა დასაგები და ჰყავდა დამძახებელი - სხვადასხვა ჯიშის ჩიტები: ჩიტბატონა, ჟივჟავი, მწვანულა... დაყრიდა მზესუმზირის ნაქურჩალს, იქვე ძაფით დაბმული ჰყავდა დამძახებელი ჩიტი... მეორე - ხეზე, ბუდეში ეჯდა... დამძახებელსაც გააჩნია. თუ მაგარი ხმა აქვს, შეიძლება ჩიტების მთელი გუნდი მოაბრუნოს... რომ დასხდებოდნენ ფრინველები, ჩასაფრებული მეჩიტე თოკს მოქაჩავდა და ბადეში მოაქცევდა - შეიძლებოდა ხუთი, ათი ან მეტი ჩიტი გაბმულიყო. აარჩევდა მგალობელ ჩიტებს, დანარჩენს გაუშვებდა... მერე მომღერალ ჩიტებს ყიდდა...

მამაჩემის მეგობარი იყო ბორის კალანდარიშვილი, ცნობილი გეოლოგის - აკადემიკოს თვალჭრელიძის სიძე. მან უთხრა მამაჩემს: სულ რომ ნერვიულობ და ბრაზობ, სად დადის შენი შვილი არ იცი, მოდი, გეოლოგებთან ერთად გაუშვი და მშვიდად იქნები, გეცოდინება, ცუდს არაფერს აკეთებსო.

გამიშვეს გეოლოგიურ პარტიაში აფხაზეთში, ანტყელის ხეობაში. წასვლის წინ დედამ კექსი გამომიცხო, - წაიღეო... ცხადია, ვითაკილე. ამას როგორ გამოვაჩენ სადმე-მეთქი. ამოვიღე ჩანთიდან, მაგრამ დედას უკან ჩაუბრუნებია... უკვე აფხაზეთში აღმოვაჩინე, რომ კექსი თან მქონდა. ძალიან შემრცხვა და გადავწყვიტე, რომ სხვებს არ დაენახათ, ისე გადამეგდო... უპოვიათ უფროსებს და დამცინიან: - ეს ვაჟა რა წუწკი ყოფილა, ნამცხვარი აქვს და თავისთვის ინახავსო. გავწითლდი, გავყვითლდი, რა მეთქვა, აღარ ვიცოდი... მერე დაჭრეს და ჭამეს... ძალიან ისიამოვნეს. მე რა ვიცოდი, თუ ასე მოეწონებოდათ. თურმე რას მალავ...

გაუვალი ტყე იყო ანტყელში, აქ დავყვებოდი გეოლოგებს, ვეხმარებოდი სინჯების აღებაში, მათ წამოღებაში. იქ ვნახე პირველად ცოცხალი დათვი. საწყობის გამგე გვყავდა - უსაქმურად იყო ხოლმე. მხოლოდ ამონალი და საკვები უნდა მიეცა გეოლოგებისთვის. ერთხელ ერთად წავედით საკალმახოდ. საგუბარს გავაკეთებდით, ამოვკრეფდით 10-15 კალმახს და წამოვიდოდით. მე ჩანთა მომქონდა, იმას კიდევ ცალლულიანი თოფი ეკიდა.

თანაც მონადირეობაზე დებდა თავს - მწყერზე ენადირა კახეთში. მოშიშვლებულ ადგილზე გავედით. კორდივით იყო. ვხედავთ, ზის დიდი დათვი. ეტყობა, ბებერი იყო... ზის და მოგვჩერებია. ჩვენც ვდგავართ და შტერებივით ვუყურებთ. სრულიად გაგვეთიშა ტვინი. მერე ადგა დათვი - მაშინღა ვნახეთ რამხელა იყო! წაბაჯბაჯდა ნელა ტყეში. თოფი რისთვის წამოიღე-მეთქი, - დავუყვირე საწყობის გამგეს... აუ, ბიჭო, სულ დამავიწყდაო. მერე ვფიქრობდი, კიდევ კარგი, რომ დაავიწყდა. ეს დათვის მომკვლელი არ იყო და ის კი გაბრაზდებოდა და ორივეს დაგვხოცავდა-მეთქი...

მახსოვს, სოფელ აბლუხვარაში ყაბარდოში ნაყიდი ცხენები ჰყავდათ მორეკილი, იქაურ მეგრელებს ახედნინებდნენ... არ დამავიწყდება ეს სანახაობა, ხან თოკით მეჭირა ცხენი, ხან რას მავალებდნენ, ხან - რას. ქვებით სავსე ტომარას გადაჰკიდებდნენ ცხენს და არბენინებდნენ. ერთი ტანჩიორა, მხრებგანიერი, ფეხებგაღუნული მეგრელი ჭინკასავით მოახტებოდა ხოლმე ცხენს და იყო ერთი ამბავი...

მერე პიონერთა სასახლეში დავდიოდი ალექსანდრა ჯაფარიძის და მზია ერისთავის სექციაში. იქიდანაც წავედით ხევში, თრუსოს ხეობაში... მთაში რომ დავდიოდი, ეს მაგარ უპირატესობის გრძნობას მიჩენდა. ჩემს კლასელებს აბა, სად ჰქონდათ ნანახი ამდენი საინტერესო რამ?

სკოლა კარგად დავამთავრე, მედალი უნდა ამეღო, მაგრამ ოთხიანები დამიწერეს ქართულ წერასა და ფიზიკაში... მერე მისაღები გამოცდები რომ ჩავაბარე, ფიზიკაში ისე კარგად ვუპასუხე, დაუძახეს კომისიის თავმჯდომარეს, - უსმინეთ, რა კარგად იცისო... მართლა კარგად ვიცოდი ფიზიკა. ლიტერატურაც...
იოლად ვსწავლობდი...

მახსოვს ოლია მასწავლებელი - ზურაბ მიქელაძის დედა. ჯადოს ვეძახდით. დაფისკენ რომ იყო მიბრუნებული, მაშინაც კი ზუსტად გრძნობდა, ვინ რას აკეთებდა... გვიკვირდა, ზურგიდანაც ხედავს, თუ რა არისო... ისიც ვიცოდით, რომ შვილი ჰყავდა ციმბირში გადასახლებული. წლების მერე ვნახე ზურაბ მიქელაძე... ვუყურებდი: ეს არის ოლია მასწავლებლის შვილი-მეთქი და მიხაროდა...


ჩემი შუადღე

პროფესია უცნაურად ავირჩიე... დედაჩემის დეიდის ქმარი იყო მოსე თოიძე. საოცარი კაცი იყო... დაჯდებოდა საღამოობით და ალბომებს მათვალიერებინებდა... მასწავლიდა ხატვას. მისი ნაჩუქარი დიურერის ალბომი ახლაც მაქვს.

აკადემიისთვის ვემზადებოდი. X კლასში ვიყავი, მოსე რომ გარდაიცვალა. ამ დროს გადავეკიდე ბელკას "კამანდას" (მერე მოთხრობაც დავწერე ამაზე)... მივატოვე ხატვა... შინ ერთი ამბავი იყო, დარდობდნენ...

2 წელი ფანქარს არ გავკარებივარ. მეორე დეიდის ქმარმა, დემნა შენგელაიამ წამიყვანა სამხატვრო აკადემიის მაშინდელ რექტორთან - სერგო ქობულაძესთან. ქობულაძე ძალიან მკაცრი იყო. კარგი ბიჭი ხარ, ხატავ, მაგრამ სპორტსმენი რომ იყო, შეჯიბრებაზე როგორ გამოხვალ, თუ ორი წელი ხელი არ გაგინძრევიაო. ასეა აქაც... არ გივარჯიშიაო...

არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე... ისე ვაბარებდი, თითქოს ფეხზე მეკიდა... ასე მივედი ინსტიტუტშიც, მაგრამ მერე ჩამითრია, დავინტერესდი. ახლა ძალიან მადლობელი ვარ. ლიტერატურაშიც გამომადგა არქიტექტურაში ნასწავლი.

პირველი მოთხრობა როდის დაიბეჭდა? - დედაჩემის მეგობარი, მაყვალა მრევლიშვილი ჟურნალ "დილას" რედაქტორობდა. იცოდა, ცხოველები და ფრინველები მიყვარდა და შემომთავაზა, პატარა მოთხრობები დაწერე ცხოველებზეო. დავწერე... დაიბეჭდა. წერა სერიოზულად სტუდენტობისას დავიწყე.

ვმუშაობდი ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში. ხევსურეთში პირველად გურამ რჩეულიშვილმა წამიყვანა. გურამმა ყველა გადარია, ისე ჯირითობდა ცხენით. გურამთან ერთად ჩხუბში თუ მოვხვედრილვარ? ბევრჯერ! მაგრამ ისეთი განცდა მქონდა, რადგან გურამი იქ იყო, ცუდი არაფერი შემემთხვეოდა. არ მეშინოდა!

ინსტიტუტის დამთავრების მერე არქიტექტორმა შოთა ყავლაშვილმა წაგვიყვანა ოთხი ბიჭი თავის სახელოსნოში. გავაკეთებდი საქმეს და წავიდოდი მთაში...



ჩემი საღამო

ზედიზედ ბევრი ცუდი რამ მოხდა. თორმეტჯერ მაინც ჩამიფლავდა საქმე, დავრჩი ასე... არსაიდან არაფერი ჩანს...
სულ რამდენიმე წლის წინ, 68-69 წლისა, სულ არ ვგრძნობდი ასაკს. წიწამურში ბოქლომის გაღება რომ მეზარებოდა, ავხტებოდი ხის ტოტზე, გავქანდებოდი და გადავევლებოდი რკინის ღობეს!

ბოლო ოთხ წელიწადში ძალიან მოვშალე საკუთარი თავი...
ჩემთვის ძალიან კარგი როლი ითამაშა იმან, რომ ასაკი მავიწყდებოდა.

ლიძავაში დავდიოდი დასასვენებლად. იქ რეზო თაბუკაშვილს სახლი ჰქონდა და ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდნენ, 16 წლის იყო ლაშა თაბუკაშვილი, მოვიდა და მომეწება. თამამი ბიჭი იყო, ტოლად მივიღე... არადა, უკვე ინსტიტუტი დამთავრებული მქონდა, ვმუშაობდი...

ლაშასთან დამეგობრებამ გადამიყვანა მის ასაკში... მერე ლაშას შვილს - რეზოს დავუმეგობრდი... იმასთანაც დავკარგე ასაკი...
მიყვარს ახალგაზრდებთან მეგობრობა. კოტე ჯანდიერი, ზაალ სამადაშვილი, დათო აგიაშვილი, გიგი სულაკაური, ბაადურ ბალარჯიშვილი და კიდევ სხვები ჩემი მეგობრები არიან...

მათ აღარც ახსოვთ, რომ ასაკით უფროსი ვარ... მეც აღარ მახსოვს.
რა მენატრება? - მენატრება ადგილები, სადაც ადრე ვყოფილვარ, მენატრება ადამიანები, რომლებიც აღარ არიან და დრო, რომელშიც ხან 13 წლის ვიყავი, ხან 25-ის...

ლელა ჯიყაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”
(გამოდის ორშაბათობით) - http://www.ambebi.ge/sazogadoeba/34241-vazha-gigashvili-kaci-romelmac-asaki-dakarga.html

study
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა გიგაშვილი   Sun Sep 12, 2010 12:51 pm



სოფიო ნავდარაშვილი

„გიგაშას“ მასტერკლასი

"ახალი შვიდი დღე", 9-09-2010, 21:38

ის ისევე კარგად ნადირობს, როგორც წერს. მის ცხოვრებაზე უამრავი ლეგენდა დადის. არის ავტორი არაერთი დასრულებული თუ დაუსრულებელი ფილმის სცენარისა. ხატავს კიდეც და, საერთოდ, ბავშვობიდან მხატვრობას აპირებდა, თუმცა, საბოლოოდ, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა. ეს ვაჟა გიგაშვილია, ყველასთვის საყვარელი „გიგაშა.“ როცა მის შემოქმედებას გავეცანი, სხვების მსგავსად, ჩემი წილი, რაღაც ჩემეული მეც დავინახე... ეს ის მწერალია, ერთი წაკითხვით რომ შეგაყვარებს თავს. ვურეკავ და ინტერვიუსთვის შეხვედრას ვთხოვ, მთანხმდება. ბატონი ვაჟა ამჯერად პირადად მიყვება არა თავისი გმირების, არამედ თავის თავგადასავალს.

უჩინარი სიახლოვე

ბუნებასთან სიახლოვე ბავშობიდან გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ არც დედის და არც მამის მხრიდან მონადირე და ბუნების მოყვარული არავინ მყოლია. პირველად მთაში პიონერთა სასახლიდან მოვხვდი, სადაც შევხვდი ალექსანდრა ჯაფარიძეს ,რომელიც ერთადერთი ალპინისტი ქალი იყო საქართველოში. სამი ძმა ჰყავდა, სამივე ალპინისტი. აქვე ერთ–ერთი თანამშრომელი იყო მზია ერისთავი, მათთან ურთიერთობა მთელი სკოლა იყო. დავყვებოდი ხევსურეთში, ფშავში, თრუსოს ხეობაში... მეცხრე კლასში ვიყავი, როცა პირველად მყინვარწვერზე ავედით. ხელმძღვანელები არქიტექტორი გივი მელია და ჯუმბერ მეძმარიაშვილი იყვნენ. მყინვარზე ასვლა მხოლოდ ექვსმა კაცმა შევძელით... მეორედ მთაში მამაჩემის მეგობრის, ბორია კალანდარიშვილის, წყალობით მოვხვდი, იგი პროფესიით გეოლოგი იყო. მამას უთხრა, მაინც ტყუილად დაყიალობს აცაბაცა ადგილებში, შენ კი ნერვიულობ, გამატანე ზაფხულში და ნამდვილ მთას ვაჩვენებო. აფხაზეთში წამიყვანა, ანტყელის ხეობაში. აქ რკინის საბადოების ექსპედიცია ჰქონდათ და მუდმივად იყო საჩალანდრო კავშირი, დატვირთულ ცხენებს მოჰქონდა ექსპედიციისთვის აუცილებელი ხელსაწყოები. აქ მივეჩვიე ცხენებს და მათთან ურთიერთობაც ვისწავლე. ყაბარდოდან გასაწვრთნელი ცხენებიც ჩამოჰყავდათ და წვრთნიდნენ. აქ ვნახე პირველად დათვი. მე და ერთი ახალგაზრდა კახელი კაცი, ირაკლი, ვიყავით, რომელიც აქ საწყობს განაგებდა. ჩავიდოდით ხოლმე მდინარეზე, დავაგუბებდით წყალს, მიგვქონდა ასაფეთქებელი მასალები, ჩავაგდებდით ზემოდან და დაგუბებულ ადგილებში დახოცილი კალმახი ჩამოჰქონდა. ერთხელაც გავედით, ირაკლის თოფი ჰქონდა ცალლულიანი, სასაცილო, არ ვიცი, რად უნდოდა. იქვე კონცხი იყო, როდოდენდრომით დაფარული და ზედ უზარმაზარი დათვი იჯდა, დიდხანს ვუყურებდით, მერე წამოდგა და წავიდა. შემეშინდა მისი დანახვისას. მერე ირაკლის ვკითხე, რატო არ ესროლე–მეთქი. არ გამხსენებიაო, – მითხრა მორცხვად. კიდევ კარგი არ ესროლა, თორემ ვეღარც გავექცეოდით, ალბათ, იმ დათვს.

ნადირობის ორი სკოლა

ერთი მოხუცი კაცი იყო, ივანე მალიევი, გეოგრაფიას ასწავლიდა რუსულ სკოლაში. ცხაკაიას ქუჩაზე ცხოვრობდა. ბორიამ მას მიმაბარა და ისიც ნელ-ნელა მასწავლიდა, თუ როდის, სად და რაზე უნდა მენადირა. სოლოლაკიდან ტაბახმელაზე ავდიოდით და მწყერზე ვნადირობდით . მერე იყო კაკაბი, იხვი, კურდღელი... პატარა სამეგობრო შევკარით: გურამ ასათიანი, შალიკო ცაგარეიშვილი და მე. სხვებიც გვიერთდებოდნენ ხანდახან. დანგრეულ „სამასვალს“ მივყვებოდით ხოლმე ორთაჭალიდან. გვრიტზე სანადიროდ კახეთში დავდიოდით.

ერთხელაც ერთი მაგარი კაცი გამოჩნდა. ომში ნამყოფი, ყოფილი ფეხბურთელი, ბელკას ეძახდნენ. ომის მერე მრეკავი მონადირე, პროფესიონალი ბრაკონიერი გახდა და ამ გზით ცხოვრობდა. ასეთი მონადირეები მხოლოდ ციმბირში არიან. რამდენიმე დღით მიდიოდნენ ხოლმე აზერბაიჯანში და იქ ნადირობდნენ. საფანტს მისგან ვყიდულობდი მალულად. ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, რომ მათთან სიარულს მოვუხშირე. ბელკას ერთი პოლონელი მეგობარი ჰყავდა ნახშირივით შავი კაცი. ჩაასხავდა „კრუშკაში“ არაყს, შიგ ბოსტნეულს ჩაყრიდა და ამბობდა: ჩემი „ბორშიაო“. ამერიკული ჯიპი ჰყავდა, ერთად აგროვებდნენ ნანადირევს და რესტორნებში ყიდდნენ. მივეჩვიე ბელკასა და მის მეგობრებთან სიარულს და როცა თავიანთ თავგადასავლების მოყოლას იწყებდნენ, მოჯადოებულივით ვუსმენდი, ვოცნებობდი, ნეტავ, ერთხელ ამათთან მანადირა–მეთქი. ისინი კი მეუბნებოდნენ: შენ ისევ აქ ხარ, არ წასულხარო? ვთხოვდი, წამიყვანეთ, ყველაფერში მოგეხმარებით–მეთქი, თავი დამანებე, შენი ხათაბალის თავი არ მაქვსო, – მეუბნებოდა ბელკა, სკოლას გააცდენ და შენი მშობლები მილიციას დამაყენებენო. არ მოვეშვი და არჯიბეთში წამიყვანეს სანადიროდ. სულ სხვა იყო ბელკას სკოლა, ყაჩაღური ვარიანტებით.

ნადირობა მთაში

მერე იყო მწვერვალები და ჯიხვი.... ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლისას, ალპინისტურ ორგანიზაციაში შევედი. ერთხელ ექსპედიციაში წავედით, მწვერვალი უნდა დაგვეპყრო და „გეპეის“ სახელი დაგვერქმია. ჩვენს ჯგუფს ჩვენი ფიზკულტურის ლექტორის, დათა სულხანიშვილის, მეგობარი ვახტანგ ქორქიშვილი უძღვებოდა. დიდი მეჯიხვე და საოცარი მონადირე იყო. ნადირობდა და ჩვენთვის ჯიხვი მოჰქონდა. მეც მინდოდა წავყოლოდი, მაგრამ მეუბნებოდა, შენი მწყერის თოფით სად წაგიყვანოო. მას იშვიათი თოფი, კარაბინი, ჰქონდა. ერთხელაც წავედით. ვახომ ახალგაზრდა ჯიხვების გუნდი დაინახა ცალკე მოსიარულე, მე ჩასაჯდომი ადგილი მანიშნა და მითხრა, უყარაულეო, თავად კი იქით წავიდა, საითკენაც, სავარაუდოდ, ნადირი მიდიოდა. მიკვირდა, ნეტავ საიდან ხვდება, საით წავლენ–მეთქი. მოუარა იქედან და ერთი მოკლა კიდეც. დანარჩენები კი აქეთ გამოცვივდნენ. ერთს მე მოვარტყი. ეს იყო ჩემი პირველი ნადირობა მთაში. ამის მერე ხშირად დავდიოდი ვახტანგთან, მეც ვიშოვნე კარაბინი და ვნადირობდი არჩვებზე. იღბლიანი მონადირე არ ვარ, ხან იმდენი მიწვალია იმისთვის, რაც სხვებს საჩუქარივით დასცემია თავზე.

„პროფესორას“ ტრიუკები“

ცხოველები ბავშვობიდან მიყვარდა. ცხოველს ან ფრინველს რომ დავინახავდი, ვგიჟდებოდი მათ მოსაფერებლად. ძალიან ლამაზი მიმინო მყავდა, მანამდე კი შაშვი, რომელსაც ძეხვი აჭამეს და მომიკვდა. რვა წლის ვიყავი მაშინ და ამის გამო ორი დღე უსირცხვილოდ ვბღაოდი. ახლა მხოლოდ ორი კატა მყავს, ძაღლს გაცილებით მეტი მოვლა სჭირდება და დიდი ხანია აღარ მყოლია. არადა, ყოველთვის კარგი ძაღლები მყავდა, განსაკუთრებული კი ერთ–ერთი – სანჩო იყო, „პროფესორას“ ვეძახდით, თავად შეიმუშავებდა ხოლმე მოქმედების გეგმას. როცა კაკაბს მისდევდა და ჯაგნარს მიადგებოდა, ჯერ შემოუვლიდა ხოლმე და ისე შედიოდა. მაგარი ტიპი იყო. აფხაზეთში, ლიძავაში, მივდიოდი ხოლმე ხშირად. სანჩოც სულ მიმყავდა. დილაობით გავდიოდით მეზობელ აფხაზებთან ლიძავას გარშემო და მწყერზე ვნადირობდით. ერთ წელიწადს ძალიან მაღალი სიმინდი იყო. აფხაზების პოინტერები მიადგებოდნენ ხოლმე მწყრის ბუდეს სიმინდებში და იდგნენ. სანჩო მწყერს კი არ მიადგებოდა, შემოუვლიდა და ისე აფრთხობდა, მე გარედან ვიდექი და ვესროდი. როგორ ასწავლეო, უკვირდათ აფხაზებს, არ სჯეროდათ, თავისით რომ ისწავლა. დაგვითმეო, მთხოვეს კიდეც. ჩემი გაზრდილი როგორ გავყიდო, კავკასიელი კაცი ამას როგორ მეუბნები–მეთქი. მერე სანჩოზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ და სხვა მონადირეები მის სანახავად მოდიოდნენ. ერთხელ ოპერაციაც გავუკეთე, კლანჭი ჰქონდა შებრუნებული და ხორცში ჩაზრდილი. სტკიოდა, მაგრამ იწვა და მოთმინებით იცდიდა, ერთხელაც არ დაუწკმუტუნია.

ის, რაც ვერ შეძლო

მწერლობა ბავშვობიდანვე იყო ჩემი ნაწილი. დედაც და მამაც ლიტერატორები იყვნენ. უამრავი წიგნი გვქონდა. დეიდის ქმარი დემნა შენგელაია იყო. საოცარი ბიბლიოთეკა ჰქონდათ. აქ ისეთ რაღაცებს ვკითხულობდი, რაც სხვაგან არსად იყო. შვილივით ვყავდი, რადგან მათი შვილი, რომელიც ჩემი ძუძუმტე იყო, შვიდი წლის დაიღუპა და მთელი ამაგი ჩემზე გადმოიტანეს. დედას დეიდის ქმარი კი მოსე თოიძე იყო. ის, რენესანსიდან მოყოლებული, ყველა მხატვარზე მესაუბრებოდა. მასწავლიდა მხატვრობის ტექნიკას დიურერისა და სხვების. მასწავლიდა, მაგალითად, ერთი და იგივე ტანისამოსის ნაოჭის სხვადასხვაგვარად დახატვას. ლიტერატურას, რომელსაც ვკითხულობდი, თან ვხატავდი და მოსე ამასაც კურირებდა. რომ გარდაიცვალა, მეცხრე კლასში ვიყავი. ამას დაემთხვა ჩემი „აცვენილი“ პერიოდი, ბელკასთან ურთიერთობა და ხატვა სულ მივატოვე. მშობლები, რა თქმა უნდა, მეჩხუბებოდნენ. ეშინოდათ, წელი არ გამცდენოდა. ამ დროს მამას მეგობარი ლონგო სუმბაძე გამოჩნდა. მისი იდეა იყო, რომ არქიტექტურულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა „გეპეიში“, სადაც სულ ადვილად მოვხვდი. რაც შეეხება წერას, სკოლიდანვე დავიწყე, ნადირობის ამბებს ვწერდი ხოლმე, რაც ამ ცხოვრებისგან საოცრად ამაღელვებელი და განსხვავებული იყო. სურვილი გამიჩნდა, ჩემი მეგობრებისთვის, რომლებიც ამ ყველაფერს ვერ ხედავდნენ, ნადირობის ამბები მომეყოლა. მაშინ დაიბეჭდა კიდეც პატარ– პატარა რაღაცები ჟურნალ „დილაში“, რომლის რედაქტორი მაყვალა მრევლიშვილი იყო. მერე უკვე ამ საქმემ სერიოზულად გამიტაცა და სხვანაირი მოთხრობების წერა დავიწყე. მეგობრებს ვაჩვენებდი ხოლმე, მათ შორის გურამ რჩეულიშვილს. გურამი მაშინ არ წერდა, წერა 1956 წლის 9 მარტის შემდეგ დაიწყო. 1957 წელს კომკავშირის კომიტეტმა ჟურნალ „ცისკრის“ გამოცემა დაიწყო. „ცისკარი“ ახალგაზრდების ლიტერეტურული ჟურნალი უნდა ყოფილიყო, სადაც ახალგაზრდა მწერლები გამოვლინდებოდნენ. ამისთვის იყო ასეთი განყოფილება – “ჭაშნიკი”. გურამმა მითხრა, მივიტანოთ ჩვენი მოთხრობები და დავბეჭდოთო. უარზე ვიყავი, მაგრამ დავთანმხდი. აქ პროზას გიორგი შატბერაშვილი ხელმძღვანელობდა. როცა ჩემი „დრო და ჟამი“ წაიკითხა, მითხრა, – შენი პერსონაჟი დღევანდელი მოთხოვნილებებიდან ამოვარდნილია, არადა, ძალიან მომეწონაო. რამე ახალი მოთხრობა დაწერე კომკავშირელ ბიჭზე და გოგოზე და ამ მოთხრობას იმას მივაყოლებო. ვეცადე, მაგრამ ასეთი მოთხრობა ვერ დავწერე, მიუხედავად იმისა, რომ წერა მსიამოვნებდა, რაც ჩემეული არ იყო არ გამომივიდა. ამის გამო ჩემი მოთხრობები 1970 წლამდე არ დაბეჭდილა, მიუხედავად იმისა, „დრო და ჟამი“ ძალიან ბევრმა წაიკითხა და კარგი შეფასებაც მიიღო. ლანა ღოღობერიძეს მასზე ფილმის გაკეთებაც უნდოდა.

ცხოვრების ხელოვნება

გონებიდან წამოსულ კონცეფციას ყოველთვის ვერიდები, ხელოვნება ისეთი რამეა, რომ მხოლოდ ინტუიციას უნდა მიჰყვე. ასე ყოველთვის სხვანაირი გამოვა და არა რაღაც შეთითხნილი. არ დავასახელებ მწერლებს, მაგრამ ოთარ ჭილაძის გარდა ასეთი პრიმიტიული დამოკიდებულება თითქმის ყველა მწერალთან მხვდება. ახლა მოთხრობების ციკლს ვაკეთებ, „მოთხრობები პოეტზე, რომელიც იშვიათად წერს ლექსებს.“ აქ მოგროვდა ძალიან ბევრი ციკლი მოთხრობებისა. ეს არის ადამიანის პიროვნების შინაგანი სირთულეები, რომელშიც ცხოვრობს, ზოგი ესმის, ზოგი არა, ზოგში გადის და ზოგში კი იბლანდება. მაგრამ ხასიათი ისაა, რომ ამისგან ცხოვრება იქსოვება. სწორედ, აქ ვლინდება თვისებები, ჩვევები, უცნაურობები ამ ადამიანებისა და ერთმანეთს უკავშირდება. ცხოვრების ქსოვილის გაკეთება გამომდის და ეს მინდა კიდეც. მიზნად არ მაქვს დასახული, უბრალოდ, გამომდის და ვიცი, რომ ასე უნდა იყოს. ვეღარ დავამთავრე, ცხრა მოთხრობა მაქვს დაბეჭდილი და კიდე ცამეტი თუ თოთხმეტი მოთხრობაა დასამთავრებელი, რომ ციკლი შეიქმნას.

გმირები

ძალაუნებურად, რაღაც შინაგანი და დაფარული, ისე რომ შენც ვერ ხვდები, გმირთან ყოველთვის გაქვს. მე, ძირითადად, სხვადასხვა ადამიანებისგან მიგროვდება, მაგალითად, ბაადურ ბალარჯიშვილი ძალიან კარგი პოეტია, ახლა თელავში ცხოვრობს. იგი ძალიან ცოტას წერს და ეს მოთხრობების ციკლი, ნაწილობრივ, მასზეც არის. თუმცა, მასში ჩემი სხვა მეგობრებიც არიან გაერთიანებულნი . გმირებს, გარკვეულწილად, ჩემი თვისებებიც აქვთ, ვერ ვიტყვი, რომ ისინი ვინმეს ძალიან ჰგვანან, მაინც პერსონაჟები არიან. ბევრი საინტერესო ძმაკაცი მყავდა, ლევიკო თურმანიძე, გურამ ბახტაძე,რომელსაც ყველა “რიჟას” ეძახდა, ჯემალ გოლეთიანი, ამოვარდნილი, არაორდინალური ხალხი. მათ იმდენად ძლიერი, საინტერესო და აუხსნელი თვისებები ჰქონდათ, რომ საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. აუხსნელის ახსნა არც მიცდია და არც სჭირდება, შთაბეჭდილებაც საკმარისია.

გაქცეული დრო...

დრო ახლა გამექცა, დეპრესიაში ვიყავი. ჭაბუას გაზეთს რომ ვაკეთებდით და ფინანსები გაგვითავდა, დაიჭერდა ხოლმე ჯოხს ჭაბუა, სათითაოდ მიდიოდა ბიზნესმენებთან და ფულს აგროვებდა. მერე ესეც აღარ იყო და გაზეთი დაიხურა, ამას თითქოს კარგი ამბები მოჰყვა. ჯერ კიდევ გაზეთში მუშაობისას, ჩემთან ოთარ შამათავა მოვიდა და „დათა თუთაშხიას“ თანამედროვე რემიქსულ ვარიანტზე მთხოვა, ჭაბუა დავითანხმოთო. თუ სცენარს შენ დაწერ, თანახმა ვიქნებიო, თქვა ჭაბუამ. მართალია, მაშინ ფული ვერ იშოვნეს, მაგრამ ამასობაში „იმედის“ ტელევიზია გაიხსნა, ოთარი მთავარ პროდიუსერად დაინიშნა და გვახარა, ფილმს მოსკოვი დააფინანსებსო. ორი სერია გავაკეთეთ, მაგრამ მოსკოვმა დაფინანსებაზე უარი თქვა. ფილმის რეჟისორი გოგა ხაინდრავა იყო, სულ 12 სერია უნდა ყოფილიყო, აქ, ძირითადად, აფხაზეთის ამბები, ინტერპოლი იყო, აქედან ჩამოდიოდა მუშნი ზარანდია… მერე „იბერიის“ ტელევიზიაში მოვიგე ტენდერი 40–სერიანი სცენარისა. ჩახლართული ამბები ხდებოდა, ცოტა მისტიკურიც, „ხელჩაქნეულთა თავშესაფარი“ ერქვა და ქალაქში განცხადებით იწყებოდა – მათ, ვისაც ხელი ჰქონდა ცხოვრებაზე ჩაქნეული, ერთ კომპლექსში იცხოვრებდნენ, ვისაც არ მოეწონებოდა, უკან დაბრუნება შეეძლო. ამ კომპლექსში სხვადასხვა ხალხი მოხვდება. გოგონა, რომელსაც ჰგონია, რომ დიდი შეცდომა დაუშვა, ძველი პროკურორი ჩეჩნეთის პოლიტპატიმრებიდან, ჰომოსექსუალი, რომელმაც თავისი „ ნაპარნიკი“ დაღუპა, ღორმუცელა გამუდმებით, რომ „თოხლაობს“ – ისინი ერთ დარბაზში იკრიბებიან და თავიანთ ამბებს ჰყვებიან. როგორც კლიენტი, ერთი ფსიქიატრი ქალი მონაწილეობს და ყველას სათითაოდ აამბობინებს სიმართლეს. ამბის ერთი ვერსია სხვა ვერსიით იცვლება, ერთმანეთში იბლანდება და ა.შ. მხოლოდ ოთხი სერიის გადაღება მოვასწარი და ეს სცენარიც გაიყინა. 12 პროექტი ჩამივარდა და ამას ფინანსური კრიზისიც დაემთხვა. წიწამურში სახლის გაყიდვამ მომიწია. სახლი, რომელიც ჩემი ბუნაგი იყო. აქ მიდიოდნენ მეგობრები, როცა უნდოდათ და რჩებოდნენ. აქვე ინახებოდა ჩემი და მამას არქივი, წიგნები, თოფები, ახლა ეს ყველაფერი, ხევსურული და დაღესტნური სპილენძის კოლექციები, მეზობლის სხვენში ინახება. ამან სერიოზულად იმოქმედა ჩემზე, თავს ვსაყვედურობდი, ხალხი ყველაფერს კარგავს და მე რა მემართება–მეთქი. სმაც დავიწყე, რაც მშველოდა, რომ რაღაც საშინელება არ გამეკეთებინა, ახლა ამ მდგომარეობიდან გამოვდივარ. ესაა ჩემი გაქცეული დრო, სიცოცხლის დაკარგული წლები, თუმცა ვიცი, რომ „ხვალ“ ბევრი რამ უნდა გავაკეთო ... არ მინდა, რაღაც გავაფუჭო, ველოდები, რომ რაღაც მუსიკალური ნოტი მოვა, რომელიც მიკარნახებს, თუ როგორ წავიყვანო ტექსტი. ამის გარეშე არ დავწერ, მაკულატურა ხომ ისეც ბევრია.

თანამედროვე მსოფლიო და ქართული ლიტერატურა

ინგლისურად ვკითხულობ, რაც წამიკითხავს, მაგალითად, თომას პინჩონი, ირვინგი, რომელიც ვთარგმნე კიდეც, ასევე ვთარგმნე კასტანედადან, ძალიან საინტერესო იყო. მათ თხრობის თავისებური, უცნაური სტილი აქვთ, რომელიც გიტაცებს, გიპყრობს. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ქართველებიდან ყოველთვის გამოვყოფ აკა მორჩილაძეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხალტურა აქვს, უნიჭიერესი მწერალია, განუსაზღვრელი ფანტაზიით. რაც შეეხება მეოცე საუკუნის ქართულ რომანს, ოთარ ჭილაძის, ჭაბუა ამირეჯიბისა და გურამ დოჩანაშვილის შემდეგ არ განვითარებულა. თუმცა, რომანი, შეიძლება, დღეს უკვე ბევრ რამეს დაარქვა. მაგალითად, ერთი სერბი მწერალია, რომელმაც ხაზარული ლექსიკონი გააკეთა, ესაა უცნაური წიგნი, რომელიც შეგიძლია შუიდანაც წაიკითხო. ის იმდენად დიდია, რომ მისი წაკითხვისას შთაბეჭდილება გრჩება, რომ რაღაც დიდ ტაძარში ხარ, რომელსაც არ აქვს დასასრული და გინდა, რომ აქ უსასრულოდ იბოდიალო. ამასაც რომანი ჰქვია. ახალგაზრდებს, ასე თუ ისე, თავლს ვადევნებ. ძირითადად, მოთხრობებს წერენ, მომწონს ბექა ქურხული, ანა კორძაია, რეზო თაბუკაშვილი, არჩილ ქიქოძე.

„გიგაშას“ მასტერკლასი

მთავარია, თავში არ ჩაიბეჭდო, საუბრით კი ისეც ვსაუბრობთ ხოლმე, ხშირად შუაღამითაც მოდიან ჩემთან: ბექა ქურხული, რეზო თაბუკაშვილი და ლიტერატურაზე ვსაუბრობთ. ამას რომ ოფიციალური სახე მიეცეს, გულწრფელი აღარ იქნება, ამიტომ ჯობს საუბრები. ჩემს მასტერკლასზე კი ერთი კარგად დავლევდით და მოვყვებოდით ხოლმე ტყუილსა და მართალს. ზოგჯერ ტყუილის მოყოლაც კარგი და სახალისოა, მერე წავიდოდა გარჩევა, აქეთური და იქითური. შეიძლება, ტყუილი და მართალი ერთმანეთშიც აერიოთ.

Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა გიგაშვილი   Mon Jan 21, 2013 12:20 pm



ვაჟა გიგაშვილი

ახალი ქალი
(მოთხრობა)

... ირინას "ატსტავკა" მივეცი... არა, მე თვითონ კი არაფერზე გავქაჩულვარ, მაგრამ ასე გამოვიდა: ეს ახალი ქალი იყო ჩემთან ლოგინში (სახელს არ ვახსენებ, "ვაჟნი" ქალია და არ შეიძლება)... უთენია რამ მოაბორიალა ეს ირინა?.. აბრახუნა და აბრახუნა, იყვირა და იყვირა... ჩაბრუნდა და ფანჯრებს ქვემოდანაც იყვირა... აღარ გაჩერდა!.. პანიკა მოაწყო მთელ უბანში... რამ გადარია?!. ასეთი რამ არასოდეს უქნია... თითქოს რაღაცა ისუნთქა თავისი ქალური ყნოსვით... მერე ისე გაიგიჟა თავი, რომ სერიკას გრძელი კიბე მოატანინა, მოადგა ქვემოდან შუშაბანდის ფანჯარას (მეორე სართულია) და ამოდის!.. არადა, ფანჯარა ღიაა... თან იძახის:

"დიმო!.. დიმო!.. სადა ხარ?.. კონიაკი მოგიტანე - "ენისელი!.."

"ვაჟნი" ქალმა თავზე ზეწარი გადაიფარა და სისინით მეუბნება:

"ეგ ვიღაცა თუ აქ შემოვიდა, იცოდე, დავლეწავ აქაურობას!.. შენც მოგკლავ და მაგასაც!.."

დავაპირე შეკითხა: "რითი?" - მაგრამ სახეზე რომ შევხედე, ჩავისვარე: ისეთი მკვდრისფერი ედო, თვალები ისეთი გამხვრეტი გაუხდა... ეს მართლა რაღაცას იზამს... არა მოკვლაზე კი არ ვამბობ, მაგრამ თვითონვე რომ გული გაუსკდეს ან რამე?.. წამოვვარდი დედიშობილა და ფანჯარას ვებდღვენი... ირინასაც, ეგ იყო და, ხელი უკვე რაფაზე ეკიდა... დამინახა, გიჟივით მიყურებს და... "აჰა, კონიაკი მოგიტანეო!" - მიყვირის და ბოთლს მაწვდის... ბოთლი გამოვართვი და ვაჩერებ კიბეზე:

"ჩადი! ჩადი!.. ეხლავე ჩადი!.. მეც ჩამოვალ-მეთქი!.." ის ცდილობს, უფრო ამოიწიოს და ოთახში შემოიხედოს. მე კიდე თავზე ხელით ვაწვები და - "ჩადი! ჩადი!.. ეხლავე ჩამოვალ-მეთქი!" - ვიმეორებ ფსიხივით... არ ჩადის!..

"ხაშზე მინდა წასვლა!.." - მეუბნება. გაწეწილია, თმა აქეთ-იქით უფრიალებს, გიჟსა ჰგავს (ანუ მთვრალია), მაგრამ მაინც ძაან ლამაზია ეს შობელძაღლი... თავისი უნიკალური, კოხტა კურტუმო ქვევითკენ გადაუშვერია და ქვემოდან სერიკა შესჩერებია თავდავიწყებით... პირი დაუღია და თვალებით პირდაპირ შიგაა შემძვრალი... თან კიბეც უჭირავს!.. ვერაფერს ეტყვი, კიბეს ნაღდად უნდა დაჭერა, ისე ყანყალებს და კოჩავს...

"ჩადი, სერიკა შიგ ტრაკში გიყურებს-მეთქი!" - ვეუბნები ირინას და თავზე ვაწვები... იწყებს ჩასვლას, თან უკან იხედება.

"ხაშზე მინდა წასვლა!.. ფულიცა მაქვს... წამოდი ეხლავე ხაშზეო!..", იძახის.

... ვაჰ! ფულიცა აქვს. კონიაკიც, ღამენათევია... სად იყო ეს ჩემისა?!. "მოვდივარ-მეთქი!.." - ვეძახი და ფანჯარასა ვკეტავ.

... ეს ჩემი "ვაჟნი" ქალბატონი კრიჭაშეკრული ("ვეფხი პირგამეხებული"), უკვე იცვამს...

"ამას გავიყვან და ეხლავე მოვბრუნდები-მეთქი", - ვეუბნები.

"არ დამენახო, შე დეფექტუროო!..", ცრის კბილებში...

რა ვქნა?.. ჩავდივარ ქვემოთ...

* * *

ირინამ უდურთა და უდურთა ნიორი მათლაფაში... ერთი, სამი, ოთხი კოვზი და ისე საქმიანად და მონდომებით, ხარბად ურევს, რომ ვიფიქრე, ეხლა დააცხრება და გამხეცებული დაიწყებს ხვრეპას-მეთქი და ამან უცებ ჩააგდო კოვზი მათლაფაში და ისეთი ჯღავილი მორთო, რომ მთელი დილის ხაშის კლიენტურა ჩვენ შემოგვცქერის...

... ერთი სიტყვით, იმ დილას "ატსტავკა" მივეცი ირინას...

არადა, ის "ვეფხიც" რომ დავკარგე!... არადა, მაგრად მევასებოდა... ვზივარ ეხლა სახლში გამოსირებული.

... ჰო, ეს ქალი რომ შემხვდა...

... არა, უფრო სწორედ, ბარემ თავიდან დავიწყებ...

... მომივიდა რაღაც მოსაწვევი, კონვერტში და რამე... იქ ეწერა, რომ საფრანგეთის საელჩო, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკასთან ერთად, აფუძნებს დიუმას საზოგადოებას... იმართება პრეზენტაცია და ასე შემდეგ... ვინ დამპატიჟა?.. რატომ?.. რომელი დიუმისტი მე ვარ?.. თუმცა, რა მაქვს დიუმას საწინააღმდეგო?.. ძალიანაც ჯიგარი კაცი იყო, ოღონდ სულ მიკვირს, ამდენს რა აწერინებდა?.. მაგრამ ეგ არაფერი... წავედი... ცოტა შეყვანილი კი მქონდა, მაგრამ ისე, ჩვეულებრივად... ვხედავ, ერთი უზარმაზარი, მხარბეჭიანი, სათვალიანი ქალი დგას შუაში და ფრანგულად ლაპარაკობს. თარგმნიან, მაგრამ მაინც არაფერის ისმის. ...მთელი "ვაჟნი" ხალხი ახვევია და, რა თქმა უნდა, ჟურნალისტ-ლაწირაკების ხროვები თავიანთი რამერუმეებით... საფრანგეთის ელჩი ეგა ყოფილა... მალადეც!.. - გავიფიქრე მე, დიმომ... და ვხედავ, იქით-აქეთ მუქთა ბარებია სახელდახელოდ მოწყობილი... ასხამენ შამპანურსა და წითელ ღვინოს - "ბალანჩინი"... "ბალანჩინი" ძალიან მესიამოვნა და დიდი ფუჟერით ხელში გავიარ-გამოვიარე... სულ ძალიან ზრდილობიანი ნაცნობები მხვდებოდნენ...

... მესამე ბართან დასაჯდომიც აღმოჩნდა... კიდეში იჯდა... დავინახე ლამაზად მოხაზული წელი და ზურგი (პანტერა), ზედ ჩამოგდებული, ძუასავით შეკრული შავი, მბზინავი თმის გროვა... კარგია!.. ისე, არაფერი - რამე იდეები კი არ დამბადებია, მაგრამ ისე მომეწონა, მესიამოვნა მის გვერდით დაჯდომა... მშვენიერი ანტურაჟი, კარგ ადგილას რომ დაჯდები, რა... ჰოდა, რომ დავჯექი, კი არ მიმიხედავს, ეგრევე დავასხმევინე წითელი "ბალანჩინი" და ვაჰ!.. ეს ქალი ჩემკენ შემობრუნდა და უცებ შევცბი, ისეთი ყვითელი და გამჭოლი თვალები ჰქონდა... მომარჭო და რაღაცნაირი მკვახე ხმით, ინგლისურად რაღაცას მეკითხება... შემეშინდა, მე ვთქვი, რაღაცა ვაწყენინე (მივქარე), რა იყო?.. მერე გავარჩიე:

"თქვენზე მითხრეს, რომ პოეტი ხართ... ისეთი, არა?.."

"ჰო, კი-მეთქი", - დავეთანხმე, მაგრამ ვფიქრობ "ისეთი" რაღას ნიშნავს-მეთქი, მაგრამ რომ მეკითხა... ინგლისურად ვეღარ მოვუყარე სიტყვებს თავი.

... მეკითხება, დიუმა როგორ მოგწონთ საერთოდო, და მოაყოლა რაღაცეები... ნახევარს ვერ ვიგებ... იმას კი მივხვდი, რომ ინგლისურს ესეც მაგრად ამტვრევს, ეჭიდება... ფრანგია, რა... ფრანგულის კი მე ბაიბურში არა ვარ... მიაწვა და მიაწვა - რემბო, მალარმე, ლოტრეამონი, არტო, ანრი დე რენიე, კოკატო და... მეც მივაწექი ერუდიციას და ჟან ჟენემდე მივედი... ჟან ჟენემ ისე ააღელვა, რომ სიტყვები ვეღარ მონახა და უცებ რუსული ფრაზაც შეაშველა... ბიჭოს!.. რუსული იცი-მეთქი?.. კიო, ოღონდ ცუდადო... გადავედით რუსულზე... ერთი სიტყვით, მაგარი მატრაკვეცობა გავახურეთ ანრიმიშოებით და სხვა ამისთანებით... თანაც ვხედავ, რამდენიც მე "ბალანჩინი" დავურტყი, იმან იმდენი შამპანური ჩაწრუპა... თანაც ვატყობ, მაგრამ ყელში ამომივიდა მთელი ფრანგული ლიტერატურა და უკვე გალაყებულ, შეღონებულ ტვინში ვეძებ, რაზე გადავერთო და სხვა იდეებიც იწყებენ გამოჩხრეკას... ამ დროს ვიღაც ქალებმა რაღაცეები დაუძახეს კარებიდან... ამან ხელი აუწია და წამოხტა... აქ მოხდა უცნაური რამე: როცა ეს ქალი თავის მოკლე დაქნევითა და ღიმილით, სწრაფი მოძრაობით კარებისაკენ გაქანდა (გაცურდა, გასხლტა, გასრიალდა), მე, სრულიად გაუგებრად და აუხსნელად, გაფიქრების გარეშე და ანგარიშმიუცემლად, ასევე ღიმილით და ზუსტად იმავე ტემპში, რატომღაც კუდში მივყევი... გეგონება, ზედ ვიყავი გამობმული და მან ეგრევე თან გამათრია... კარებთან ძლივს დავმუხრუჭდი და თითქოს თოკი ჩამეხსნა... ის რომ კარებში გადიოდა, კიდევ ერთხელ გავუღიმე და ხელიც დავუქნიე...

... რა იყო ეს?.. არავითარი გადარევა, ჭკუის დაბნელება ამ ქალისაგან არ მომსვლია... რატომ უნდა მომსვლოდა?.. ვერაფრით ვერა ვხარშავდი, რა მოხდა?.. რანაირად მოხდა, რომ ზედ გამობმულ თოჯინასავით თან წამათრია?.. როგორღაც ვგრძნობდი, რომ აქ გამორიცხული იყო რაიმე ფსიქიკური ზემოქმედება(?)... ეს უფრო რაღაც მექანიკურ ტრიუკსა ჰგავდა... კინეტიკური ზემოქმედება მანძილზე?.. რა ჯანდაბა იყო?.. რამდენიმე წამს კიდევ ვიდექი კარებთან და ბრიყვივით ვიღიმებოდი... ვეე!..

... მოვბრუნდი "ბალანჩინთან", ჩავუჯექი... ათასი ნაცნობი გამოჩნდა. ყველა აღგზნებულია (ანდა აშკარად სიაბანდობს, რომ სულაც არაა აღგზნებული), ყველა საშინლად მატრაკვეცობს (ანდა აშკარად, დემონსტრაციულად ისეთი უჭირავს, რომ "ვააბშჩე" არაფერი აინტერესებს და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია)... აზრადაც არ მომსვლია, იმ ქალის ვინაობა გამეგო... აეგეთი "ტუპიაკი" ვარ!..

... მერე დამავიწყდა. რა ვიცი, რამდენი დრო გავიდა... მოვდივარ რა, და უცებ ვხედავ, "ბაბილონის გოდოლის", თუ რაღაც დიდი შუშის კარებიდან ვიღაც სწრაფად გამოვიდა... მოძრაობით ვიცანი, თორემ იმოდენა ბალახონი ეცვა (ზამთარი იყო) და იმოდენა ჩანთა ეჭირა, რომ არაფერი უჩანდა... "ეგ ის ქალი არაა-მეთქი?", - ის იყო, გავიფიქრე და... ბრაახ!.. იმისთანა ბრაგვანი მოვადინე... რა იყო?.. რას წამოვკარი ასე ფეხი?.. ფეხის თითები მტკივა... ვაჰ!.. ეს ქალი ზედ მადგას და მკაცრად, მკაცრი შეშფოთებით მეკითხება, აქცენტიანი რუსულით:

"რა მოგივიდათ?.. რამე ხომ არ მოიტეხეთ?!." - ჩანთა დადგა და ჩემ გვერდით ჩაცუცქდა. მიყურებს ყვითელი, გამჭოლი თვალებით... ისე იყურება, რომ მე მაგრად შემრცხვა და თავი დამნაშავედაც ვიგრძენი... რაღაც მოუხერხებლად წამოვიზლაზნე. ამან ხელი მტაცა და ისე მძლავრად მომქაჩა, რომ უცებ ცუდ ხასიათზე დავდექი...

"არაფერი, არაფერი-მეთქი!", - და ხელი გავაშვებინე, ვიტკეპნები... მერე აზრი მომივიდა: დავწვდი მის ჩანთას და მივაწოდე... კაი მძიმე იყო...

"წავედით!.. მანქანით მიგიყვანთ!.." - მკაცრად მეუბნება, მკლავში ხელი ისე ღონივრად მტაცა და გამქაჩა, რომ გავბრაზდი, მკლავი გავიქნიე, გავითავისუფლე და:

"არა, მე აქვე საქმე მაქვს-მეთქი!"

მერე, მანქანაში ჩამჯდარი, უცებ იღიმება და:

"რა კარგი შამპანური ჰქონდათ არა?.." - მეკითხება. მე მის გვერდით "ბალანჩინის" მეტი არაფერი დამილევია, მაგრამ ეგ არაფერი... "ჰო-მეთქი!", ვეუბნები. ის კიდევ რაღაც ქაღალდს მაწვდის მანქანის ფანჯრიდან და ერთ წუთს გავიფიქრე: "ამას შიგ ხომ არა აქვს?!.. ჰუმანიტარულ დახმარებაზე გადავიდა-მეთქი? დროზე გავარჩიე, სავიზიტო ბარათი იყო... გამოვართვი და ჯიბეში ჩავიტენე... წავლაყუნდი ვერის ბაღისკენ...

* * *

მერე ისევ როგორღაც დამავიწყდა... ერთხელაც მაგარ "პრიხოდში" ვარ და ტელევიზორს ვუყურებ... თVE-ე არხია... მე რა ვიცი, რა არი, ოღონდ ერთი ქალი მოძრაობს მაგრად... ნაღდი პანტერაა რა, ოღონდ რატომღაც ძალიან დიდფარფლებიანი შლაპა ახურავს თავზე... გუნებაში ეს შლაპა მოვხადე და ის ტიპი გამახსენდა ყვითელთვალებიანი... მაგისი სავიზიტოც ხომ სადღაც აქ გდია, ვითომ რატომაც არ უნდა დავურეკო-მეთქი... ბინის ნომერზე დავურეკე... ხელად მიცნო და საქმიანი ტონით მეკითხება: სად ცხოვრობო?.. მერე: თუ ძალიან "ბაზარნი" სიტუაცია არაა შენთან და შენს გარშემო, მოვალო... ვაჰ?". მე სერიკას ეზოში გდებას ხომ ვერ ავუკრძალავ, მაგრამ ჯანდაბას!.. ... ჭაჭანება არაა-მეთქი, ვეუბნები... დაკიდა... გავედი და კარები შეღებული დავტოვე, თან გული მისკდება, ვინმე არ შემოეხეტოს-მეთქი...

... მოვიდა... შემოვიდა, კარი მიაჯახუნა და "პირგამეხებული" მეუბნება: ეგაა, არავინააო?.. ეზოში მთელი მიტინგია და არც ეგ გითქვამს, რომ კიბეები ეზოდან ამოდისო... რა უნდა ვთქვა?.. ვდგავარ სულელის პოზაში... "წეღან არავინ იყო-მეთქი", ვბურტყუნებ სრულიად არადამაჯერებლად... პლაშჩი გაიხადა, მიაგდო და საქმიანად მიიარ-მოიარა ჩემი ბუნაგი... კომენტარები არ გაუკეთებია... დასალევი მომთხოვა... მე ვუთხარი, ერთი საწამლავი არაყი მაქვს, "საშა"-მეთქი... ბუხართან დავსხედით და თითო ჩავყლაპეთ... ვუყურებთ ერთმანეთს იდიოტებივით... აზრზე არა ვარ, რაზე დაველაპარაკო, პედარასტი და "უბიიცა" ჟან ჟენეს შემოქმედების განხილვის აღარავითარი ხოში აღარა მაქვს... მიყურა, მიყურა, უცებ გაიცინა, წამოვარდა და ამბობს:

"აბა, წავედი!.. გუნებაზე რომ იქნები, დამირეკე და თუ მეც ხასიათზე ვიქნები, შევხვდეთო"...

უცებ გავბრაზდი, ჩემს თავზედაც და საერთოდ... მეც წამოვვარდი და ხელი ვტაცე. გაიქაჩა და მეც გამოვქაჩე... დავიწყეთ იდიოტური ჭიდაობა, ჩუმად... ორივე გავმხეცდით... წავიქეცით სავარძელზე, მერე იატაკზე გადმოვცვივდით... და დაიწყო!.. ვჭიდაობთ, თან ერთმანეთს რაღაცეებსა ვხდით... ომია, რა!.. ვხედავ, ეს ქალი, რასაც უნდა იმას მიშვება, როგორც თვითონ უნდა, სულ ისე გამოდის... მხმარობს რა!.. ვაჰ!.. მეც მომინდა, რომ პირიქით ჩემი გავაკეთო, როგორც მე მინდა და როგორც მე წამომივლის... გადავედი იერიშზე... ჰოდა, გაჩაღდა ნამდვილი ომი... ეხლა ბოდიში და, დაწვრილებით პორნოგრაფიას არ მოვყვები... არ მიყვარს მოყოლა... ერთი სიტყვით, ის კი უნდა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში ძალიანაც გამოვიდა... შემდეგშიაც სულ ძალიან კარგად გამოდიოდა... მაგრამ თან ყოველთვის რაღაც გაღიზიანებული ვრჩები ხოლმე და სულ ახალ შეტაკებებზე ვფიქრობ...

... მაგრამ, აი, იმ დღეს მოვიდა ირინა და ეგეთი ამბავი გამოვიდა...

* * *

... სამი დღის შემდეგ დამირეკა და ისე, მკაცრად, "ვაჟნი" ხმით მეუბნება: "მოდი ტაგოს ბარში-ო!"... გავედი... რომ დამინახა, "ვა-ჰა-ჰა-ჰა!" - მოკვდა სიცილით... თან ორ "ფიფა" დაქალთან ერთადაა. ესენიც მიყურებენ წარბებაწეულები და ძალიან იღიმებიან... "ხაში ჭამე-ო?" - მეკითხება და - "ვა-ჰა-ჰა-ჰა!.." - კვდება სიცილით. "კარგი იყო?.." - ისევ მეკითხება და ისევ კვდება სიცილით... მე ჩუმად ვჯდები. ტაგო არაყს მისხამს და შიგ ყინულებსა და ლიმონის ნაჭრებს ჰყრის... ვურტყამ...

* * *

... ერთი სიტყვით, გავაგრძელეთ... მაგრამ...


ბმული - http://georgian-press.net/index.php?m=28&y=2002&art=10392
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა გიგაშვილი   Thu Feb 25, 2016 4:48 pm



,,ბალიაური’’ (პროდიუსერი - შპს „სტუდია - 99" დირექტორი - კარინე სარდლიშვილი, სცენარის ავტორები - ვაჟა გიგაშვილი, დავით ჯანელიძე)


ქართველი გმირები - თომა ბალიაურის ისტორია


თომა ბალიაური 1934 წლის იანვარში ს. ამღაში სტუმრად მყოფი ტახტზე წამოწოლილი ფანჯრიდან მიპარვით მოკლეს. ამ ამბის გაგების შემდეგ ლენინგრადში სასწავლებლად მყოფი, თომას ბიძაშვილი, ლადო ბალიაური (ნათლა ბალიაურის ძმა) დაბრუნდა და სისხლი აიღო.
ეს წერილი თომას ბოთლში ჩადებული სახლის კედელში ჩაუშენებია და დაუბარებია - ჩემი გარდაცვალების შემდეგ, როცა შესაფერისი დრო დადგება, მაშინ გაიხსნასო.




„დავიბადე 1896 წ. სოფ. ახიელში. ვსწავლობდი 1913 წ. ვლადიკავკავში, გიმნაზიაში, საიდანაც დამითხოვეს უხეირო ყოფაქცევის წყალობით, რასაკვირველია, მაშინდელი რუსოფილი მასწავლებლების შეხედულებით. თუმცა ჩემს წარსული წლების სიცელქეს დღესაც გაოცებაში მოჰყავს ნაცნობები. მოუსვენარი ხასიათი დამყვა ბოლომდის.

გიმნაზიიდან დათხოვნილი ვცხოვრობდი ალვანში, ოჯახში. 1914 წ. გამიცნო მარჩევსკიმ, რომელმაც შვილად ამიყვანა და გამგზავნა გორში. აქ ვცხოვრობდი პოეტ ია ეკალაძესთან. პირველის და მეორეს გაცნობამ აღმიძრეს და გააღვიძეს ჩემში ეროვნული ძარღვი, რის შემდეგ გავხდი უკიდურესი პატრიოტი და ყოველი ჩემი მოქმედება იყო დაკავშირებული სამშობლოს კეთილდღეობასთან, რასაც ბოლომდე შევსწირე ჩემი თავი. შესაძლებელია ეს თვალსაჩინოდ განვავითარე და ფართე მოქმედებისთვის არ მექნა გასაქანი.

თფილისში რუსოფილ პაპეჩიტელმა არ მომცა ნება გამოცდების ჩაბარების. დავბრუნდი თიანეთში. ვცხოვრობდი მარჩევსკისთან, საიდანაც 1914_15 წწ. ვიყავ მოხალისედ ოსმალის ფრონტზე პირველ თფილისის ქართულ დრუჟინაში (დ.ჯანდიერი მეთაურობდა). ავადმყოფობის წყალობით გავთავისუფლდი. ჩამოვედი მშობლებთან. გარდავიტანე მძიმე ავადმყოფობა(პლევრიტი). ვიწექი 6 თვე. გამორჩენის შემდეგ ვმსახურობდი ენისელში (სამომხმარებლო ამხანაგობაში), შემდეგში ყვარელში საქმის მწარმოებლად. აქედან ვაჭრობის მინით წავედი რუსეთში. ვაჭრობის მიზნები ჩაიფუშა. შეველ სამსახურში, ადმინისტრაციაში დონის ოლქში, სადაც მომისწრო რუსეთის რევოლუციამ. ბოლშევიკების დაჭერის შემდეგ გადმოველ ეკატერინოსლავში, გუბერნიის კომისიაში კესელის განკარგულებაში, სადაც მყვანდა ჩეჩნების და თერგის ოლქის ქისტების შემადგენლობით რაზმი, მიმართული ქალაქის სიმშვიდის დასაცავად, განსაკუთრებით ბოლშევიკების წინააღმდეგ, რომელთათვისაც საშინელებად გარდავიქეც.

გადატრიალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სახლს დაჰკრეს ორმოცმა წითელარმიელმა ობისკი, მეძებდნენ დასახვრეტად, გაუსხლტი ხელიდან და ჩამოველ ს. ჟერებეცში. აქ შევაფარე თავი მდიდარ ებრაელს ზასლავსკის. ვცხოვრობდი სხვის გვარზე. გამოსვლა ვერ მოვახერხე, რადგანაც რუსეთი გახვეული იყო სამოქალაქო ომში. წამოსულ ამხანაგებს მოასწრეს და დახვრიტეს როსტოვში.

ჟერებეცში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ ღამე გამოველ და რკინის გზით გამოვსწიე საქართველოსკენ. დავტოვე მტირალი უკრაინელი ქალი ლიზა, რომელსაც ვუყვარდი და მიყვარდა გაგიჟებით. დამაპატიმრეს ქისტ აბდულრახმან ბადხიევთან ერთად. გამძარცვეს. გამოარკვიეს ვინაობა და დასახვრეტად გამზადებულნი გამოვიქეცით. გავჩერდით კერჩში. გვიშველა ყალბმა ბოლშევიკურმა მოწმობებმა. ჩამოველ თფილისში. შეველ მოხალისედ ფურჩელაძის რაზმში. ვიყავ ოსების წინააღმდეგ. დავინიშნე ხევსურეთში და ფშავში კომისრად. შემდეგ შეველ მოხალისედ ლეო კერესელიძის რაზმში. ვიყავ სომხების წინააღმდეგ შულავერში; ვმსახურობდი ბორჩალოს მაზრაში რაიონის კომისრად. გადმოველ თფილისში სისხლის სამმართველოს ინსტრუკტორად და ამავე დროს ვიყავ მივლინებული ოსმალურ მისიასთან. ბოლშევიზაციის შემდეგ გავიქეცი ბათუმისკენ. გზაში გავაცილე საქართველოს სიმდიდრე... ბათუმიდან დავბრუნდი გრემში. დამშვიდების შემდეგ შეველ ისევ სისხლის სამმართველოში. ვიღებდი მონაწილეობას არალეგალურ მუშაობაში. გამიგეს. დაპატიმრებამდე რვა კაცით შეიარაღებული 1921 წ. ბზობა ღამეს გამოველით თფილისიდან ერწოს მიმართულებით. ერწოში დავყავი ერთი თვე. ამხანაგებს გული გაუტყდა და რაზმი ჩაიშალა. გადმოველით მე და სულხანიშვილი აწყურში. გავიგეთ ჩოლოყაშვილის გასვლა, შეუერთდით ალვანის თავში. ვიღებდი მხურვალე მონაწილეობას ხევსურეთის აჯანყებაში 1924 წ. ვხელმძღვანელობდი მოხევეებს. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ხევსურეთმა მოსთხოვა ჩემთვის პატიება. გზა აღარსაით იყო, ან თვითმკვლელობა, ან შერიგება. მთელმა კომისართა კრებამ აღუთქვა პატიება. ჩაველ. მოვტყუვდი. მიპირებდნენ დახვრეტას. მეორე დღესვე გამოველ თფილისიდან. აღარ ჩავსულვარ.

ამავე წელს ხანჯლით მოვკალ ჩიქოვანი ასის ხეობაში, რომელიც იყო მთავრობისგან გამოგზავნილი ხევსურეთის დასამორჩილებლად და ბოლშევიკური მოძრაობის გასაღვივებლად. ისევ გაველ. მთავრობა შეშფოთდა. შემომითვალეს არ გავსულიყავ. ჩავრჩი არხოტში. მდევნიდნენ ყოველ მხრივ, ვერ ჩამიგდეს ხელად. ბოლო რითი დამთავრდა არ ვიცი. ვსწერ 1930 წლის მაისის 30.

მადლობელი ვარ არხოტის, განსაკუთრებით ლელასი, რომელმაც შემინახა როგორც შვილი. თუ მოვკვდი, ვერ ვეღირსე საქართველოს განთავისუფლებას, ამის შემხვედრმა მომიგონოს, რომ იყო ვიღაც დევნილი და სამშობლოს კეთილდღეობას შესწირა თავი. ჩემი სალამი ჩოლოყაშვილს, რომლის, როგორც ბელადის სახელისათვის არ შემირცხვენია და არ დამიყრია იარაღი და არც დავყრი იარაღს სიკვდილამდის.
იყავ ძლიერი ქართველო ერო, მომავალი შენია. სამუდამო ხსოვნა ქართველ მებრძოლთა.

თომა ბალიაური
დაბადებიდან 33 წ.
სოფ. ახიელი“.

Arrow


Last edited by Admin on Wed Jan 03, 2018 5:24 pm; edited 8 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა გიგაშვილი   Mon Oct 17, 2016 3:01 pm



წიგნის დასახელება - „მოთხრობები პოეტზე, რომელიც იშვიათად წერდა ლექსებს“
ავტორი - ვაჟა გიგაშვილი
კატეგორია - თანამედროვე ქართული პროზა
რედაქტორი - ირმა ჩინჩალაძე
გამომცემლობა – ინტელექტი
ISBN 978-9941-466-67-0
ყდა - რბილი
გვერდების რაოდენობა - 220
ფორმატი - 12.5x19
გამოცემის წელი – 2016
ფასი - 12 ლ.

ლაშა თაბუკაშვილის წინათქმა

პამირის მთებში, ფორტანბეკის მყინვარის მორენაზე, ედელვაისებით გაბიბინებულ მინდორზე წამოგორებული, თოფის წმენდით გართულ ვაჟას ვუყურებ და გულში მეღიმება, აბა, რომელი მწერალი გაბედავდა, იდუმალ და საოცნებო ყვავილზე დაეწერა, ედელვაისი კი გარშემო იმდენი იყო, რომ ვირი იბალახებდაო!

16 წლიდან ვძმაკაცობ ვაჟასთან, ხოლო მას შემდეგ, რაც გოგი ოჩიაურმა გაგრა-თბილისის მატარებელში ვაჟას „თბილი ლოგინი და ცივი ღამე“ წამაკითხა, ჩემს მასწავლებლადაც ვთვლი და დღესაც, სამოცდახუთს მიკაკუნებულს, არ გამნელებია მოსწავლის მოწიწება და აღფრთოვანება მისი დაწერილის მიმართ, მით უმეტეს, როცა ტექსტსაც და ავტორსაც ერთ ორგანიზმად აღვიქვამ!

სამ მუშკეტერად შერაცხულთა შორის უმცროსი (გურამ რჩეულიშვილი, გურამ გეგეშიძე, ვაჟა გიგაშვილი) მათში ყველაზე გვიან დაიბეჭდა.

მოვიდა მწერალი, რომელიც ცოტას წერდა, მაგრამ რასაც წერდა, ერთი კაშხალის ენერგეტიკას უდრიდა და განცვიფრებას იწვევდა ის ფაქტი, რომ მეოცე საუკუნის 50-იანი წლების იდეოლოგიურ გაზის კამერაში სულის ასეთი ამოტყორცნა მოხდა. მე კი ყმაწვილ კაცს, ბუნებრივია, რომ ესოდენ მხიბლავდა პიტალო შეუგუებლობა სიყალბის და სილაჩრის მიმართ, ბედისწერასთან დუელში გასვლა და პიროვნების თავისუფალი ნების აბსოლუტში აყვანა! ამიტომაცაა, რომ დღევანდელი გადასახედიდან მისი გმირი ზოგმა შეიძლება სოციოპათადაც აღიქვას, ახლად დაჭერილ მხეცივით რომ აწყდება ჩარაზულ გალიას!

უმიზეზო მეამბოხედ შერაცხულ გოდარის საკულტო ფილმის გმირს „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“ თემატურად ვაჟას მოთხრობებმა დაასწრეს. ახალგაზრდა რეჟისორს, ლანა ღოღობერიძეს ფილმის გადაღებაც სურდა მაშინ, მაგრამ ცენზურა არ თვლემდა და ეს ჩანაფიქრიც განუხორციელებელი დარჩა. თან, მთლად უმიზეზოც არ გახლდათ გიგაშვილისეული პერსონაჟების ფსიქოპათურობამდე მისული პროტესტი: 1937 წელი გუშინდელი დღე იყო მათი მამებისთვის და თავზარდაცემული, მუდმივ მონანიებაში გადავარდნილი საუკეთესო ნაწილი ქართული ინტელიგენციისა მხოლოდ სახლის კედლების გარემოცვაში ბედავდა მოთქმა-გოდებას (ვაჟა გიგაშვილი კი სწორედ რჩეულთა შორის იზრდებოდა), რაც ყმაწვილი მუშკეტერებისთვის, მათი ასაკობრივი მაქსიმალიზმისა და გარკვეული ექსტრემიზმის გათვალისწინებით, მიუღებელი იყო.

…ისინი კი არ ამტყუნებდნენ მამებს, უბრალოდ არ უნდოდათ ეცხოვრათ შიშში და მხოლოდ გადარჩენის ინსტინქტით შეპყრობილებს. ის მცირე ნაწილი უფროსი თაობისა, ვინც ქედი არ მოიხარა და იპოვა საკუთარი გზა იმ კაფკასეულ ლაბირინთში, მართლაც რომ მცირე ნაწილი აღმოჩნდა.

დღეს, როცა კომფორტი და წარმატებულობა მთავარ ღირებებულებად იქცა, მკითხველს ვურჩევდი, დათმოს „თბილი ლოგინი“ და ვაჟა გიგაშვილს გაჰყვეს „ცივ ღამეში“, რომელიც, მწერლის უნიკალური ხატვის წყალობით, აწკრიალებს დაღლილ და გათხვრილ სულიერებას, როცა თითქოსდა უცხო რეალობა შენს წარმოსახვაში კი არა, არამედ ჭეშმარიტ რეალობაში შებიჯების შანსს გაძლევს, სადაც ხევსურეთისა და თუშეთის მთები პამირისა და ტიან-შანის მთებს ეხმიანებიან, სადაც „ნადირობა ჩონ-ტაშში“ თამამად ეტოლება ტურგენევისა და ჰემინგუეის მონადირულ თხრობას, როცა თბილისური მიეთმოეთი ბუნების იდუმალების მინდიასებურ ამოცნობას ენაცვლება, სადაც სისასტიკე და სისხლი ცალთვალა ბებიის ცრემლით ირეცხება. და რაც აქამდე ვთქვი, მხოლოდ დეტალია იმ უზადო „რაღაცის“, რასაც ვაჟა გიგაშვილის სამყარო ჰქვია, თორემ „მაგრობისთვის“ ერთი პატარა შედევრიც იკმარებდა, გურამ რჩეულიშვილზე დაწერილი მოთხრობა, სადაც ძმაკაცის სიკვდილის არმიღება და მისი დაბრუნების მოლოდინი ასე შეგაყვარებს ვაჟა გიგაშვილის მწერლობას!“




ვაჟა გიგაშვილი

მგელი
ციკლიდან: „მოკლე მოთხრობები“, 1980

...მგელი!.. მძაფრად, მოუშორებლად იზიდავს მზერას მკაფიოდ მოხახული კონტური ნაცრისფერი, ჩამოხურული ზეცის ფონზე, ყვითელ-ჟანგისფერი, შორეული ბორცვის თავზე...
დურბინდში ვხედავ მის წაძაგრულ სილუეტს, რაღაცითაა დაინტერესებული იქით, ჩემგან იქით... ვიშორებ დურბინდს და ვწყნარდები... დურბინდში უცებ გამიჩნდა უაზრო შიში, რომ იმასაც ისევე შეუძლია დამინახოს, როგორც მე ვხედავ... პანიკური შეგრძნება, რომ საკმარისია თავი ოდნავ მოაბრუნოს და ისიც ასევე მკაფიოდ დამინახავს, როგორც მე ვხედავ... ამიტომ მოვიცილე დურბინდი... ვგრძნობდი, რომ აი, ეხლა, საცაა მიაღწევს მგლამდე ის იმპულსი, რომელსაც ჩემდა უნებურად ვაგზავნი და გამოვახედებ ჩემსკენ... მოვასწარი და მოვხსენი იმპულსი... ჩავირბინე ფერდა და... დავიწყე მიპარვა მოფარებულიდან... ვერც ის მხედავს და ვერც მე ვხედავ, ასე დაფარულად მივაღწევ სასროლ მანძილამდე... მაგრამ მაწუხებს მუდამ ჩემგან დამოუკიდებელი, ჩემგან მოურეველი რამ: სუნი!.. სუნს მიუტანს ოდნავი წაქროლვაც, ჰაერის ოდნავი დინებაც, რომელიც ყოველწუთას შეიძლება წარმოიშვას ხეობის ამ ჩამოჩეხილ ფერდობებზე... საიდან რა წამობერვა წარმოიშვება, როდის, ან რატომ, ვერავინ გაიგებს... იქნებ როდისმე შესაძლებელი შეიქმნას ამისი გამოთვლა ოცდაოთხი სხვადასხვა ფაქტორის გაანგარიშებით: ფერდობების დახრისა და ურთიერთ მიმართების კუთხეების რთული კომბინციების საერთო მაჩვენებელი, სიმაღლე, ტემპერატურათა სხვაობები ხეობის ძირსა და კეხებს შორის, ღრუბლების მოძრაობა ზემოთ, ატმოსფეროში და კიდევ სხვა, რამდენიმე... მაგრამ ეხლა ეს, ჯერჯერობით ისევ მხოლოდ იღბალის კატეგორიაში განიხილება... ამიტომ ფიქრობ: „ღმერთო, ჩემგან არ დაუბეროს!..“ - გულწრფელად ახსენებ ღმერთს, ინსტინქტურად შესთხოვ შემწეობას, ოღონდ კი იმ წერილს მიაღწიო, საიდანაც შეძლებ გააგზავნო სასიკვდილო ტყვია მიზანში: ცოცხალ მგელში... იგივე ღვთის მიერ შექმნილ ცოცხალ არსებაში!.. ...რატომ ვთხოვ ღმერთს შემწეობას მის მიერ შექმნილი არსების მოკვლაში?.. აქაც, ალბათ, ღვთის განგება მოქმედებს... იმიტომ, რომ იგივე მგელი, როცა თავის მსხვერპლე ეპარება, ასევე ნატრობს, ესე იგი, მეც მართალი ვარ ამ მგელთან, როგორც ისაა მართალი თვის მსხვერპლთან?.. მეც ღმერთმა შემქმნა და მეც ჩამრთო ამ შეჯიბრში...
მაგრამ... რაღაც არ არის მთლად ასე... რაღაც არა ჯდება... გიშლის, გამუხრუჭებს, გბორკავს, გაგდებს ჰაზარტიდან... ვეღარა ხარ ერთი ვნებით შეკრული, ერთი სწრაფვით ატანილი... რაღაცა ხდება... თითქოს რაღაც ქსელში იბლანდები... ეს ქსელი შენი საკუთარი თავიდან მოდის... შენდა უნებურად იწელებიან ფიქრები და ქსლად იბლანდებიან, შენს მოძრაობას ქსელში ბლანდავენ, ანელებენ...
...ჰო, მართალია, რომ ჩვენც დასაბამიდანვე ჩაგვრთო ამ შეჯიბრში, მაგრამ დღეს აღარა ვართ ისინი, ვინც ღმერთმა ამ შეჯიბრში ჩართო... ცოცხალ არსთა შორის მხოლოდ ჩვენა ვართ, ვინც თვითონვე ვიგონებდით ახალ-ახალ ხერხებს და რაღაც ზღვრამდე ეს ხერხები არ არღვევდა მუდმივი შეჯიბრის კანონებს... მაგრამ ზღვარს გადავცდით, სატანამ გადაგვხარა და შეჯიბრის მონაწილისგან გადავიქეცით მტარვალად... მტარვალად, რომელიც შეჯიბრს კი არ იგებს, არამედ ანადგურებს...
...მე ისა ვარ, ვისი მოდგმაც ანადგურებს მგლისა და ყველა სხვა არსისაც სასიცოცხლო გარემოს... მე იმ მოდგმისა ვარ, ვინც არნახული ჭირი შეჰყარა დედამიწას... მე იმ მოდგმისა ვარ, ვინც მგელთან შეჯიბრში მხოლოდ ჯობნის მეთოდები კი არ მოიგონა, არამედ მოიგონა ისიც, რაც წაშლის მგლების მოდგმის მომავალს, რის გამოც აღარ დაიბადებიან, აღარ გაიზრდებიან მგლის ლეკვები... რაღა უფლება მაქვს მე მგელთან პატიოსან შეჯიბრში ჩაბმისა?..
...ქსელში გაბლანდული მოძრაობა შეწყდა... ვდგავარ... ამ ცოდნამ სრულიად დამცალა სურვილისა და ქმედებისაგან... არა, ამ შეჯიბრის სიხარული ჩვენ აღარ გვიწერია!.. ეხლა რაღა ვქნა?.. არაფერი!!.. უნდა დაჯდე აგერ იმ დიდ ქვაზე, ამოიღო სიგარეტი და სანთებელა და გააბოლო... და თუ სიო თამბაქოს სიყრალეს სწრაფად მიუტანს მგელს და გააფრთხილებს, ეს უკვე შენი საქმე აღარ იქნება...


ბმული -- http://www.intelekti.ge/book_ge.php?id=533

Arrow


Last edited by Admin on Wed Jan 03, 2018 11:02 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა გიგაშვილი   Wed Dec 21, 2016 10:16 am

ვაჟა გიგაშვილი

დაიბადა 1936 წ. 15 ოქტომბერს, თბილისში.

განათლება:
1943 – 1954 მე-7 ვაჟთა სკოლა;
1953- 1954 ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი;
1955 – 1961 საქ. პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (სადიპლომო ნამუშევარმა გაიმარჯვა საკავშირო (სსრკ) კონკურსში;

სამუშაო გამოცდილება:
1961 -1965 „თბილქალაქპროექტში“ შოთა ყავლაშვილისა და ლადო მესხიშვილის სახელოსნოები. (პროექტები: ავლაბრის კომპლექსის დაგეგმარება, გმირთა მოედნის რეკონსტრუქცია, მოგებული კონკურსი - „ინტურისტის“ ოტელი სოხუმში);
1965 – 1971 მხატვ. კავშირის „სამხატვრო კომბინატი. ზურაბ წერეთლის ჯგუფიში (პროექტები: ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსის სრული დიზაინი, სოჭის სასტუმროები, სსრკ საელჩო არგენტინაში, „ტყის მუზეუმი“, რესტორანი „არაგვი“ და სხვ.
1955 – 1978 ალპინისტური, ეთნოგრაფიული, სანადირო ექსპედიციები: კავკასიონზე, ჩრდილოეთის ზღვაზე, კოლის ნახევარკუნძულზე, შუა აზიაში, პამირსა და ტიან-შანში...;
1971 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეზო თაბუკაშვილის დაარსებულ „მწერალთა კინო გაერთიანებაში“
განხორციელებული ფილმები: „გაზაფხულის საღამო“ (რეჟ. გ. ჭოხონელიძე), „მტრედი“ (რეჟ. ზ. თუთბერიძე), „მწვერვალი“ (რეჟ. მ. კოკოჩაშვილი), „იმედის მწვანე კუნძული“ (რეჟ. ომ. გვასალია), „სურამის ციხე“ (რეჟ. ს. ფარაჯანოვი), „ერთი კოვზი ღვინო“ ზ. თუთბერიძე), „სპირალი“(რეჟ. გ. ჭოხონელიძე), „ნიკა მთაში“ (რეჟ. ზ. თუთბერიძე), „ანთიმოზ ივერიელი“ (რეჟ. გ. ჭოხონელიძე).
1992 – 1994 კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
1990 – 1994 რუსთაველის საზოგადოების გაზეთ „მამულის“ მთავარი რედაქტორი;
1998 – 2002 ჭაბუა ამირეჯიბის დაარსებული გაზეთის „განახლებული ივერია“ - მთავარი რედაქტორი;
2007 – 2008 არჩილ გელოვანის “IKP” სტუდიის სამხატვრო საბჭოს წევრი;
სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ლიტერატურული კონკურსების ჟიურიში („საბა, „თრიალეთი“ და სხვ.);
2002 წლიდან თანამშრომლობდა ტელევიზიებთან...

მოგებული ტენდერები:
ტვ. „იბერია“ ფილმი „ხელჩაქნეულთა თავშესაფარი“ (30 სერია), ტვ. „მე-9 არხი“ - ფილმი „წყეული კუთხე“ (12 სერია);

შეკვეთები:
ტვ. „იმედი“ – „დათა თუთაშხია“ (გათანამედროვებული ვერსია, რეჟ. გ. ხაინდრავა), „ჯაყო“(გათანამედროვებული ვერსია, რეჟ. დ. ჯანელიძე), დოკ. ფილმი „საქართველო. 20 წელი“ (20 სერია , რეჟ. გ. ხაინდრავა). (2003 წლიდან ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო ყველა ეს პროექტი ჩაიშალა, დარჩა დაწერილი ზოგან 6 და ზოგან 4 სერია...
2014 მუშ. ისტ. ფ.-ის სცენარზე - „გორგასალი“ გ. შენგელაიასთან ერთად. ამჟამად დაწერილია სცენარის ნახევარი, მაგრამ მუშ. შეჩერებულია;

ლიტერატურული საქმიანობა:
1955 წელს ჟურნალ „დილაში“ იბეჭდება მოთხრობების სერია. შემდეგ იყო პერიოდი, როცა უარი თქვა რედაქციებთან ურთიერთობებზე იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო, თუმცა მისი მოთხრობები ხელნაწერების სახით ტრიალებდა საკმაოდ ფართე წრეში...;
1970 წლიდან რეგულარულად იბეჭდება ჟ. გაზ.-ში: „ცისკარი“, „მნათობი“, „განთიადი“, „ლიტერატურულ საქართველო“, XX საუკუნე“, „ქომაგი“, „ახალი შვიდი დღე“, „ლიტერატურული გაზეთ“, „ლიტერატურული პალიტრა“. თარგმანები: „Литературная Грузия», «Дружба народов»
გამოცემული წიგნები: „ნადირობა ჩონ-ტაშში“, „დღე და ჟამი“, „თბილი ლოგინი და ცივი ღამე“, „მოთხრობები პოეტზე, რომელი იშვიათად წერდა ლექსებს“, რომანი „ერთი ვინმე ყაფლანიშვილი“, მოთხრობათა კრებულები...;
მიღებული აქვს ლიტერატურული ჯილდო „პენკლუბის ოქროს მედალი“ (2000 წ.).



წიგნის დასახელება – "მოთხრობები პოეტზე, რომელიც იშვიათად წერდა ლექსებს"
ავტორი – ვაჟა გიგაშვილი
რედაქტორი - დავით აბულაძე
მხატვარი - ზურაბ მიმინოშვილი
გვერდების რაოდენობა – 144
ყდა – რბილი
ISBN – 99928-39-21-X
პროექტი – "უბის წიგნები"
გამომცემლობა - "საარი"
გამოცემის წელი - 2001



წიგნის დასახელება – "თბილი ლოგინი და ცივი ღამე"
ავტორი – ვაჟა გიგაშვილი
რედაქტორი - მილიცა ჯაფარიძე
მხატვარი - გიორგი წერეთელი
კომპიუტერული უზრუნველყოფა - ირაკლი ხუციშვილი
გვერდების რაოდენობა – 48
ყდა – რბილი
ISBN – 99940-859-7-2
პროექტი – "ერთი მოთხრობა"
გამომცემლობა - "მერანი"
გამოცემის წელი - 2006




პროზა 40ტ ვაჟა გიგაშვილი - ერთი ვინმე ყაფლანიშვილი
ავტორი : გიგაშვილი ვაჟა
ნომერი : 000000012326
ISBN : 9789941190353
გამომცემლობა : პალიტრა L
სტატუსი : გაყიდვაშია
გვერდების რაოდენობა : 304
ყდა : რბილი
გამოშვების წელი : 2010
ფორმატი : 13.5x20
ფასი : 6 ლარი

აღწერა : ვაჟა გიგაშვილს ლოზუნგებით ლაპარაკი არც უყვარს, არც შეუძლია. ან რა საჭიროა? როდის, რომელ ლოზუნგს მიუტანია სიმართლე კაცთა გულებამდე? სულ სხვაა, როცა მაგიდას მეგობრები უსხედან, ის კი სიგარეტის კვამლში გახვეული ლაპარაკობს. მეგობრები თავისას ამბობენ, ის - თავისას ჰყვება და ყველას ყველაფერი ესმის. აი, ასეთი ტონით იწერება ვაჟა გიგაშვილის მოთხრობები, ასეთია "ერთი ვინმე ყაფლანიშვილი", ამგვარ წიგნებს ერთი ამოსუნთქვით კითხულობენ... აქ ტრიბუნიდან არავინ გელაპარაკებათ, არც წარსულს მისტირის ვინმე აშკარად.

ბმული:
* http://www.biblusi.ge/item/seria-prozis-saganZuri/9149-proza-40t-vaJa-gigaSvili---erTi-vinme-yaflaniSvili.html?lang=ka-GE

Arrow


Last edited by Admin on Thu Jan 04, 2018 9:08 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა გიგაშვილი   Wed Oct 04, 2017 8:40 pm



ვაჟა გიგაშვილი

იანვარა და კარო
სერიიდან „ძველი ფოტოები“

გიამბობთ, რაც ამ ძველმა, 1959 წელს გადაღებულმა ფოტომ გამახსენა...
ჯერ წარმოგიდგენთ იმავე 59-ში დაწერილ ფრაგმენტს... დაბეჭდილი კია ჟურნალშიაც და მერე წიგნებშიაც, მაგრამ აქვე გადაკითხვა ჯობს გარემოებაში გასარკვევად...
„...სამჯერ შევკარით მოსარეკი დილიდან და სამჯერვე ჯოგი ჩვენგან ზემოთ გავიდა... მესამედ უკვე ქედზე გავედით და იქ შევკარით... აქ ტყე მეჩხერდებოდა და თავდებოდა, მხოლოდ დიდი გვიმრები იყო და ჩანდა დაღესტნის მთების მყინვარებიანი ჯაჭვი და აქაც ისე გავიდა ჯოგი, რომ არცერთი არ დაგვინახავს...
მეოთხედ, ისევ ტყიან ფერდობზე გავაკეთეთ მოსარეკი... ბექზე ადგილი მოვტკეპნე და ზურგით ხავსიან ლოდს მივეყუდე... ქვევით ღელე ჩადიოდა და კალაპოტი ღრმად ჰქონდა ჩახრამული... გაღმა ფერდა გაშლილი იყო, აქეთა კი _ მთლად დაკიდებული... ზემოთ კალაპოტი სწორდებოდა და ყელი ჩანდა... ვფიქრობდი: გაღმა ფერდაზე თუ დათვი გამოვიდა, სანამ ამ ხრამს გადმოივლის, ორჯერ სროლას და გადატენასაც მოვასწრებ-მეთქი... ღორებზე რატომღაც აღარ მიფიქრია და როცა ჯოგი გამოვარდა, პირდაპირ ყელისაკენ გაქანდა... დავაგვიანე... მაგრამ ბოლო, ჩამორჩენილ ნეზვს მაინც სამიზნოთი გადავასწარი და ვესროლე... დავინახე, როგორ მოხვდა თავში, გაქანებული წაემხო ნეშოში და ყირაზე გადავიდა... მისვლა დავაპირე, მაგრამ ზემოდან ორჯერ გავარდა და შემოტრიალებული ჯოგი ისევ ყელში გამოჩნდა... ისევ მოვასწარი ერთის სამიზნოზე დასმა და გავარტყი... ამჯერად მსხვილი ტახი იყო... რომ მოხვდა, „უჰ!..“-ო დაიძახა და ცერად გაქანდა აღმართზე, თან ტანის ყოველ შეკუმშვაზე გვერდიდან სისხლი ასხამდა... მეც გავვარდი აღმართში გზის მოსაჭრელად, მაგრამ ამ დროს მოაწიეს ძაღლებმა და დაასხდნენ ღრიალით... შვიდივე დაასხდა და ტახი აღარცა ჩანდა... ერთი კი შემოიფერთხა აქეთ-იქით, მაგრამ
სროლა ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად შეასხდნენ ისევ... ისევ დაიმალა ტახი შვიდი ძაღლის ქვეშ... გააჩერეს... ის იყო, ყელსაც მივატანე, რომ ტყიდან გამოვარდა იანვარა... დავინახე, რომ ნახტომშივე გააძრო თავისი მოკლე, ფართე, სამკუთხა ხანჯალი, ტახს ძაღლებიანად ზედ მოექცა, დინგზე ხელი უტაცა და ერთი დარტყმით გამოსჭრა ყელი და ტახი, ძაღლები და იანვარა ერთად გადაყირავდნენ და ისეთი ყეფა, ჯღავჯღავი, ჭყივილი, გინება და ორომტრიალი იდგა, კაცი ვერ
გაიგებდა, რა ხდებოდა...“

...ჰოდა, ეს არის ჩვენი იანვარა, გვარად ბაირამოვი, თავისი ძველი, გარეჩახმახებიანი, თექვსმეტყალიბიანი „ტულკითა“ და მოკლე, სამკუთხა ხანჯლით წელზე... გვერდით უზის მისი ზორბა ქოფაკი, სახელოვანი კარო, ღორების (გარეულებისა და შინაურებისაც) მძვინვარე მტერი...
...იმ შემოდგომაზედაც მე და შალვა ცაგარეიშვილი რიგით ნადირობაზე გავემგზავრეთ
აზერბაიჯანში...
...გადავუხვევ და ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი შალვაზე... გურამ ასათიანმა გამაცნო ყარაიაზე ნადირობისას... მაშინ რეგულარულად დავდიოდით გურამთან ერთად და სწრაფად დავახლოვდით... ტოლები ვიყავით, ორივე სპი-ის სტუდენტი...ის გვირაბმშნებლობას, მე არქიტექტურას ვსწავლობდი... ძლიერი, სპორტული აღნაგობის ბიჭი იყო, ბავშვობიდან ნადირობდა მამამისთან ერთად და კარგი სკოლა ჰქონდა გავლილი... მაგარი მსროლელი იყო, უკვე მიღებული ჰქონდა სპორტის ოსტატის თანრიგი სტენდზე სროლაში... ერთი საერთო „ბზიკი“ აღმოგვაჩნდა: ხეტიალის სიყვარული... მუდამ დაუოკებელი ინტერესი გვექაჩებოდა ახალ-ახალი სანადირო ადგილების მოძიება-მოკვლევისაკენ... ასე მოვიარეთ წლების განმავლობაში ნახევარი
აზერბაიჯანი... ფოილო, ყაზახი, ევლახიდან მოყოლებული, უჯარი, ზარდობი, აღჯიბედი, ქიურდამირი... ერთხელ ალი-ბაირამლიმდეც ჩავაღწიეთ... უნდა მოგახსენოთ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი და დღევანდელობისათვის ძნელად წარმოსადგენი, პრინციპულად განსხვავებული რამ: მაშინ არ არსებობდა საკუთარი მანქანით სანადიროდ სიარულის ფუფუნება...
ჩვენი ტრანსპორტი იყო მატარებელი („აღსტაფა_ თბილისი“ ან „ბაქო _ თბილისი“), მერე გზადგამყოლი, რომელიმე სატვირთოთი ჯანჯღალი და მერე _ ფეხით... თანაც მუდმივად ზურგზე აკიდებული საკუთარი ბარგით, მორგებული ზურგჩანთით („მე ვარ და ჩემი ნაბადის“ პრინციპზე)...
ზოგჯერ ათეულობით კილომეტრის გავლაც გვიწევდა სანადირო ადგილებში გასვლამდე... სროლაც ხომ ზურგჩანთიანად გვიწევდა... მიჩვეულები ვიყავით... დაბრუნებისას ბარგს ნანადირევიც ემატებოდა... ზურგით თრევა ერთია და ეხლა ასეთი სცენაც წარმოიდგინეთ: დღევანდელ მატარებელში ვინმემ რომ ამოათრიოს სისხლიანი ტომრები მოკლული ღორებით და ტამბურში დაალაგოს, რა მოხდება?.. მაგრამ მაშინ რა აღარ დაჰქონდა ხალხს ამ მატარებლით: კასრები, დიდი ფიცრის ყუთები ბოსტნეულითა და ხილით, ცოცხალი ქათმები, ინდაურები, ბატკნები, თხები და რა ვიცი...
...ამისთანა „საძიებო-კვლევით“ ექსპედიციებში ძირითადად ჩვენ ორნი დავდიოდით... ზოგჯერ ვინმე მესამე გვიერთდებოდა, მაგრამ მეორედ ის აღარ წამოგყვებოდა... არ აწყობდათ გრძელი და
ზოგჯერ ფუჭად დამთავრებული, ქანცგამწყვეტი ხეტიალები... ღადაობდნენ _ ჩვენ ნადირობა გვინდა, ლივინგსტონობა* არ გვინდაო!..
...თუ მართლაც „კაი ადგილს“ აღმოვაჩენდით, გურამ ასათიანის გარშემო შემოკრებილი მონადირეების სამეგობრო ჯგუფი ერთად ვსარგებლობდით, სანამ ისევ არ გაგვქაჩავდა ახალი ჟინი მე და შალვას...
მაშინ ლიაქის სადგურზე ჩამოვედით, გადავბარგდით აგდაშში და ჩრდილოეთისაკენ მიმავალ გზატკეცილზე დაველოდეთ გამვლელ მანქანას...
...ამჯერად მესამეც გვახლდა, ჩემთვის უცნობი, შალვას წამოყვანილი გივი აზიზოვი, კინოსტუდიის ფოტოგრფი... სხვათა შორის, ეს ფოტოც მისი გადაღებულია... უამრავი ფოტო გადაიღო მაშინ და დასანანია, რომ ჩემს ქაღალდებში მხოლოდ ეს ერთი აღმოჩნდა... შემდეგში ეს ადამიანი აღარსად მინახავს და არც რაიმე მსმენია...
აგდაშიდან ორმოციოდე კილომეტრში ავტომანქანიდან უნდა ჩამოვსულიყავით და ფეხით გაგვეგრძელებინა გზა უდაბურ ველებზე... ეს ველები სოფელ ჰაჯალის დამუშავებული
სავარგულების ზოლს იქით იწყებოდა (სოფლის სახელის ტრანსკრიპციაზე თავს ვერ დავდებ, რადგან დაწერილი არსად მინახავს, ხოლო ზეპირ გამოთქმაში ხან „ჰაჯილი“, ხან „ჰაჯულუ“,
ხან „ჰაჯლ“ ისმოდა)... ამ ველებზე გნოლი იყო და უამრავი კურდღელი... გადაფრენისას
ჩნდებოდნენ სარსარაკის გუნდებიც...
ერთხელ თბილისელ მონადირეებს გადავეყარეთ... შუახანს გადაცილებული ჭარმაგი ძიაკაცები იყვნენ, ორი ახალგაზრდაც ახლდათ... ყველანი ორ-ორი, სამ-სამი კურდღლით იყვნენ დახუნძლულნი... ერთ ჭარმაგს კი რვა კურდღლისაგან შემდგარი გროვა ეკიდა ზურგზე...
გატანჯული სახე ჰქონდა, ძლივს მოდიოდა... ჩვენს მზერაზე გამოგველაპარაკა:
_ შევცდი, ბიჭებო!.. ეს ბებერი კაცი ლაწირაკივით დავხარბდი!.. ეხლა რა ვქნა?.. მოკვლა და მერე ტყუილად გადაგდება მონადირისაგან დიდი ცოდვა და უსინდისობაა!.. უნდა როგორმე გზატკეცილამდე ვზიდო!..
...შალვამ უსიტყვოდ ჩაკაფა რამდენიმე ტოტი ბუჩქებში, კონად შეკრა, ბოლოები ფოცხივით გაუშალა, ზედ კურდღლების გროვა დააკრა და თოკის ბოლო მხარზე გადაუდო...
_ ძირს თრევით ატარეთ, გზატკეცილამდე კიდევ შორია!.. – უთხრა...
_ აგაშენოს ღმერთმა!.. აგაშენოს ღმერთმა!.. – ილოცებოდა ჭარმაგი...
ეხლანდელივით ჯიპი რომ ჰყოლოდათ, ალბათ გაავსებდნენ კურდღლებით და წაიღებდნენ არხეინად... მაგრამ მაშინ ჯიპები არ იყო და ეხლა კი ის ველები აღარ არსებობს...
...ჩვენ კურდღლებს მხოლოდ უკან გამობრუნებისას, გზატკეცილს მიახლოვებულნი ვესროდით... გვქონდა ეგ გამოცდილება...
ამჯერად საერთოდ არ ვაპირებდით ნადირობას, სანამ ჩვენს ამოცანას არ შევასრულებდით... ამოცანა კი შემდეგი იყო: აქაურების ნაამბობით, ამ ველების ბოლოებში იწყება ბამბის პლანტაციები, პლანტაციების გადავლისას წავაწყდებით ხშირი, მაღალი შამბითა და მაყვლიანებით
დაფარულ ტერიტორიას... ესაა დურაჯის საბინადრო... ვარაუდით აქაა შემორჩენილი დურაჯის გარკვეული პოპულაცია... ჩვენ უნდა მიგვეგნო ამ ადგილებისათვის და გაგვერკვია, არსებობს თუ არა ეს პოპულაცია სინამდვილეში...
ავტომანქანის მოლოდინში ორი ჩვენხელა აქაური გაგვეცნო: იანვარა და ხანლარა
ბაირამოვები... „ძმები ხართ?..“ _ ვკითხეთ... „...არა!.. მხოლოდ მოგვარეები... მთელი ჩვენი სოფელი ბაირამოვები ვართ... ამბობენ, როდესღაც დაღესტნიდან გადმოვსულვართ ერთი ოჯახი... სოფელი ნოუშტაკ, კუტკაშენის რაიონი...“ _ და მოულოდნელდ ღორებზე სანადიროდ
დაგვპატიჟეს... უყოყმანოდ დავთანხმდით... ოპერაცია „დურაჯი“ შემდეგისთვის გადაიდო... ჯიბე-ქესატობის მიუხედავად, ორი ლიტრიანი ბოთლი პორტვეინი ვიყიდეთ... სატვირთოს ძარაში გამოვწრუპეთ კუტკაშენის გზაზე გაცნობა-ლაპარაკში... ორივე ჯარში სამსახურმოხდილი იყო და
კარგად ლაპარაკობდნენ რუსულს... კუტკაშენიდან ნოუშტაკში ფეხით ავედით... დავბინავდით იანვარას ფართე, ხალვათ ოთახებიან სახლში... ხელდახელ დაკლეს ინდაური და შეუდგნენ ფლავის მზადებას...
მერე, როცა უკვე ძირს, ხალიჩაზე გაშლილ სუფრასთან, ფეხსაცმელდახდილები, მოფრთხნით ვიჯექით ბალიშ-მუთაქებში ჩაფლულნი, ორმა გოგომ ტაშტები და თუნგები ჩამოატარა და ხელები დაგვაბანინა... იანვარამ რაღაც მოზრდილი ბოთლი მოიტანა, შეანჭყრია და ჯაჭვი გვაჩვენა... მერე მთელი ბოთლი დაგვანახა... ბოთლში, მოყვითალო არაყში პატარა, დაკლაკნილი გველი ტივტივებდა...
_ იშვიათი რამეა!.. თანაც სამკურნალო... თუ გინდათ, გაგასინჯებთ... _ თქვა იანვარამ...
შევცბით, კინაღამ დავიბენით... მე და შალვამ სწრაფადვე დავიბრუნეთ „ცივსისხლიანობა“ და წარბშეუხრელად, ვითომც გასაკვირიც არაფერი ყოფილიყოს, გავუშვირეთ ჩვენი სირჩები... იანვარამ და ხანლარამაც დაისხეს... ოჯახი დავლოცეთ. თავგანწირვით გადავცეცხლეთ და ერთმანეთს მივაჩერდით... ალბათ მოლოდინში, რა მოხდებოდა... არც არაფერი მომხდარა...
არც გემო მიგრძვნია, არც სხვა რამ, გარდა ძლიერი გრადუსისა... იანვარამ „მასკოვსკაიათი“ შეავსო გველიანი ბოთლი, კარგად დაასაცობა და თახჩაში შეინახა... გავაგრძელეთ სმა „მასკოვსკაიას“ ბოთლიდან და გივი აზიზოვიც შემოგვიერთდა...
დილაუთენია მაღლა მთაზე, ტყეში ვიყავით... იმ ფრაგმენტშიაც ნათქვამია, რომ მოსარეკი არ გამოგვდიოდა... აბა, რა მოსარეკი უნდა შეგვეკრა ხუთ კაცს?.. მაგრამ საკითხს წყვეტდნენ ძაღლები... ბაირამოვებს ახლდათ სოფლის ქოფაკებისაგან შემდგარი შვიდძაღლიანი ხროვა... ხროვის ბელადი და მამა-მასწავლებელი იყო იანვარას დიდი, ზორბა, ძლიერი ნაგაზი, ექვსი წლის ასაკის კარო... კარო არ იყო უბრალო ვინმე... კარო არავის დაუგეშავს (ჩვეულებრივ, ნაგაზები არ იგეშებიან)... იანვარას მხოლოდ ლეკვობიდან თან დაჰყავდა სანადიროდ... კარომ თავად გამოიმუშავა, საქმეში დახვეწა და გაიძლიერა მისი ჯიშისათვის არათანდაყოლილი თვისებები და უნარები... კაროს შეეძლო ყნოსვით კვალზე სიარული და კოლტის მიგნება... შეეძლო დაუღალავი, მოუშორებელი, სასტიკი აზარტით დევნა... შეეძლო ტახის გაჩერება თოფიანი პატრონის მოსვლამდე... შეეძლო კოლტის გეზის შეცვლაზე იძულება ადგილის რელიეფის გამოყენებით... „თვითნასწავლი პროფესორი“ იყო ამ საქმეში...
...მამობაზე რომ ვთქვი: ამისი მიღება პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება... ახალგაზრდა
ძაღლებში, ალბათ ერივნენ კაროს პირდაპირი ნაშიერებიც... აბა, ვინ რას გაიგებდა, რომელმა ძუკნამ ვისგან გააჩინა ლეკვები?.. ჰოდა, რომელიმე გამოჩნდებოდა კაროს გენის მატარებელი...
...რაც შეეხება „მასწავლებლობას“: ახალგაზრდა ძაღლებს სჩვევოდათ კაროზე აკიდება და ტყეში სასეირნოდ სირბილი... ვისაც მიდრეკილება, გამძლეობა და აზარტი აღმოაჩნდებოდა, კაროს „კუდები“ ხდებონენ, სულ უკან დასდევდნენ და აკეთებდნენ იმას, რასაც ხედავდნენ... ესე იგი, იმას, რასაც კარო აკეთებდა... ასეთები ერთ წელიწადში ჩამოყალიბებული მონადირეები ხდებოდნენ და „კაროს კამანდაში“ იწერებოდნენ... ეგეც შენი კაროს მიერ გაწვრთნილ-დაგეშილი თაობები და
ეგეც შენი კაროს მასწავლებლობა!..
...კაროს ბელადობა შეუვალი იყო... ნადირობის დაწყებამდე იანვარას კარო საბელზე ჰყავდა ხოლმე... მუშაობდა ხროვის კანონი და დანარჩენი ძაღლებიც ისხდნენ და უყურებდნენ ბელადს, უმისოდ არავინ ცდილობდა აქეთ-იქით სირბილს... ელოდნენ, რას მოიქმედებს ბელადი... ნადირობის დაწყებისას იანვარა ახსნიდა საბელს და იწყებოდა საქმე...
...იმ დღეს შალვამ მოკლა კიდევ ერთი ტახი და ნადირობაც დაიხურა... სამი გვქონდა და მეტს
ვერ წამოვიღებდით...
...ერთხელ შეგვაგვიანდა და კუტკაშენში ლიაქში მიმავალი ვეღარაფერი ვნახეთ... დავბინავდით იქაურ „სასტუმროში“, ფანერკებით აჭედებულ აივნებიან, ფარღალალა შენობაში... შემოსასვლელთან, ეზოში ეწყო ჩვენი ნანადირევი ღორები... სასტუმროს ბინადართაგან რამდენიმე უქმად მყოფი შეიკრიბა, ლაპარაკობდნენ, მსჯელობდნენ, რაღაცებს გვეკითხებოდნენ... წინ გამოხტა ერთი წითური, გამხდარი კაცი და გვეკითხება:
_ ა სკოლკო ზაპლატილ, აა?..
ჯერ ვერ მივხვდით, რას გვეკითხება... მერე აგვიხსნა, აინტერესებდა, რამდენად მოგვყიდა იანვარამ ეს ღორები?..
მაშინდელ აზერბაიჯანში ასეთი რამ ჯერაც გაუგონარი იყო... ეს იმას უდრიდა, კაცი სტუმრად დაგეპატიჟნა და მერე ფული გადაგეხდევინებინა... ამ წითურის აჩემება სამარცხვინო სიმდაბლის დაბრალება და შერაცხყოფა იყო... ბოლო-ბოლო გავერკვიეთ და გავბრაზდით... უცებ გამოიჭრა სასტუმროს „ადმინისტრატორი“, ცხრამეტი წლის ბიჭი ალადინა, წითური უკან გასწია და დაიყვირა:
_ და ნე სლუშაი ეგო, ნე სლუშაი!.. ონ არმიანკა, და!..
„არმიანკა“ სადღაც წაიყვანეს, გაგვარიდეს... ოთახში ავედით და ფეხდაფეხ მოგვყვა ალადინა, შემოვარდა და _ „ვოთ სმატრი!..“ _ გაშლილი პასპორტი მოგვაჩეჩა... წავიკითხეთ: ბაღდასაროვ გრანტ ვართანოვიჩ... ფოტოდან წითური „არმიანკა“ გვიყურებდა...
...ალადინა დიდი მონდომებითა და აკურატულობით ეკიდებოდა საქმეს: კლიენტებისაგან იბარებდა პასპორტებს, ავსებინებდა გრძელ ანკეტებს, წერდა ქვითრებს, ცალკე, დიდ დავთარში მკაფიოდ, ლამაზად იწერდა პასპორტების მონაცემებს... (?). მხოლოდ შემდეგ გაირკვა, რომ ალადინა თითონ არ ყოფილა „ადმინისტრატორი“... „ადმინისტრატორი“ იყო ბიძამისი, რომელიც
მეტწილად „ისვენებდა“ და ალადინა სიამოვნებითა და სიამაყით ენაცვლებოდა „თანამდებობაზე“...
_ სმატრი, ვიდიშ?!. ია სკაზალ არმიანკა!.. _ დაიყვირა ალადინამ და უცებ პასპორტი გადახია და ნაფლეთებად აქცია...
_ ეეე!.. ჩტო დელაეშ!.. _ ერთად ვიღრიალეთ მე და შალვამ...
_ ააა!.. სკაჟუ პატერიალსა, და!.. _ ხელის აქნევით გვიპასუხა ალადინამ...
...გავიდა წლები და აზერბაიჯანში ძველების გასაკვირად „ბაღდასაროვის კონცეფციამ“ გაიმარჯვა... თბილისელმა ჯიბესქელმა და ღიპიანმა ბიძიებმა ფულზე გარყვნეს აქაური მონადირეების მთელი ერთი ფენა და თავმომწონე, უანგარო მასპინძლები, ძმადნაფიცები და ნადირობის პარტნიორები (ნადირობაში პარტნიორობა ხომ ძმობის საუკეთესო ფორმაა) გამორჩენაზე გაწუწკებულ
მსახურებად აქციეს... შეგვიძლია ვიღადაოთ, რომ „ფეოდალური ხანის“ რაინდული ურთიერთობები შეცვალა „კაპიტალიზმის“ ვაჭრუკანულმა ურთიერთობებმა... ძველი თაობა ამ მოვლენას ზიზღით უყურებდა და ახლოს არ იკარებდა, მაგრამ ნათქვამია, ძალა (ესე იგი, ფული)
აღმართს ხნავსო და რას იზამ?..
ამით არ დამთავრებულა საინტერესო ამბები იმ საღამოს... მოწყენილები ვიჯექით, გასართობი არაფერი გვქონდა, დაძინება ადრე იყო...
_ დალევის დროა, ფული რომ გვქონდეს... _ თქვა შალვამ...
ამ დროს ისევ გამოჩნდა ალადინა, თან სამი კაცი მოჰყვა... ერთს სამვარსკვლავიანი კონიაკის ბოთლი ეკავა... ალადინამ გვითხრა: ესენი ჩემი მეზობლები არიან და გურჯებთან ძმობის სადღეგრძელოს დალევა უნდათო... კიდევ სამი კაცი მოვიდა და ორი ბოთლი არაყი მოიტანა... აზერბაჯანელები ძალიან აღელვებულები ლაპარაკობდნენ, გვაქებდნენ და გვაქებდნენ... ნახევარი არაფერი გვესმოდა, მაგრამ ტრიალებდა ერთი მორიგე ფრაზა: „კაგდა ვ ჩირავაბად ვაინა ბილ...“ (მაშინ განჯას კიროვაბადი ერქვა)... მაგრად დავიბენით... რის „ჩირავაბად“?.. რა „ვაინა“?.. კიროვაბადში ომს რა უნდა?.. შუა საუკუნეებზე ჰყვებიან?.. ჩვენ რა შუაში ვართ?.. საიდან სადაო?.. ალადინამ სასტუმროს ერთი კლიენტი მოიყვანა... კიროვაბადელი ბრძანებულა და, აი, რა გვიამბო:
...კიროვაბადში სომხების ერთი დიდი რაიონი ყოფილა, იქვეა სტადიონიც... სამი დღის წინ მატჩი გამართულა სომხებსა და აზერებს შორის... იგებდნენ სომხები, მსაჯობდა სომეხი... აზერები ჩაცვივდნენ მინდორზე და დაცხეს მსაჯსაც და ფეხბურთელებსაც... ჩამოცვივდნენ სომხებიც, ატყდა მასობრივი ცემა-ტყეპა, საქმეში გავიდა ქვები, კეტები, დანები... აზერბაიჯანელმა მილიციელებმა
დააძრეს „ტაბელნი“ იარაღები და ესროდნენ სომხებს...
_ ი ვ ეტო ვრემია, _ ჰყვებოდა კიროვაბადელი, _ პრიეხალ ადინნაცატ „ზიმ“** გიურჯი ნამ პამაგაც!.. ანი დრალის ვმესტე ს ნამი!..
...რუსების სამხედრო ნაწილმა სწრაფად აღკვეთა ინციდენტი, დარჩა რამდენიმე მკვდარი და უამრავი დაჭრილი... და დაიბადა და ქვეყანაში დატრიალდა ცხელცხელი ლეგენდა!.. თერთმეტი, გურჯებით გატენილი, „ზიმ“-ი!.. კიროვობადელების დასახმარებლად!.. რავარია?!.
...ისევ ატყდა აღტაცებული შეძახილები, გვეხვეოდნენ და გვკოცნიდნენ... ჩამოყალიბდა ვერსია, რომ ისტორიის მანძილზე, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხები მუდამ ერთად, მხარდამხარ იბრძოდნენ ყველა ჯურის საზიზღარ მტრებთან... ვერსია ყველამ უყოყმანოდ მივიღეთ და დავამტკიცეთ...
...ღამის პირველ საათზე ზოგს აქვე ეძინა, ზოგი მიბანცალებდა და ერთიც ისევ იდგა და კიდევ რაღაც ტირადას კითხულობდა... შიგადაშიგ დაჟინებით მოითხოვდა ყურადღებას და ბრაზობდა...
ერთხელაც ასეთი ამბავი მოხდა: ნადირობიდან ვბრუნდებოდით საღამოსპირზე... თოკებჩაბმულ ორ ნეზვს მოვათრევდით რიგრიგობით... დაღლილი ძაღლები ჩვენს გარშემო გაფანტულად, უხალისოდ მოჩანჩალებდნენ... უცებ იანვარას თითქოს დენმა დაჰკრა, ისე შედგა და მიიხედ-მოიხედა... ძაღლები აღარა ჩანდნენ... მეც იმ წუთში გამახსენდა: ამ ადგილას იანვარას ყოველთვის საბელზე აჰყავდა კარო... საქმე ის იყო, რომ ქვეით ხევში, სოფლიდან გარიდებულზე შინაური ღორების ფერმა ჰქონდათ ნოუშტაკელებს... მოგეხსენებათ, რომ იქაურები ღორის ხორცს არა სჭამდნენ და საერთოდ სოფელშიაც არ აჭაჭანებდნენ ღორებს... კოლმეურნეობის წესით კი ვალდებულები იყვნენ, ღორის ხორცის წლიური ნორმაც ჩაებარებინათ სახელმწიფოსათვის... ამიტომ იყო, რომ კარო და ძაღლები ღორებს არა ცნობდნენ „შინაურისა“ და „მეზობლების“ კატეგორიაში და მათზე თავდასხმა ისეთივე აუცილებლობად მიაჩნდათ, როგორც გარეულებზე... იანვარამ თოკი დააგდო და ხევისაკენ ფერდაზე გადაეშვა... ამ დროს გაისმა ყურისწამღები ჭყივილღრიალი და თოფიც გავარდა... განგაშმა დამკრა თავში და ფეხამდე გაიარა... გიჟივით გადავეშვი იანვარას კვალდაკვალ... ქვემოთ ვნახე: მუხლებზე მდგარ იანვარას ორივე ხელით ეკავა კაროს თავი და სახეში ჩასჩერებოდა... კაროს გვერდში ჰქონდა ნატყვიარი... ისე ახლოდან
იყო ნასროლი, რომ პიჟი შიგ ჭრილობაში იყო გაჩრილი... კარო მკვდარი იყო... ახლო-მახლო ეყარა სამი დაგლეჯილი ბურვაკი, ერთი ჯერ კიდევ ფხარკალებდა... იქვე ეგდო ყელგამოღადრული და ქეჩოგადაგლეჯილი დედაღორი... მეორე ფეხზე იდგა, ჭრილობებიდან სისხლი სდიოდა და ყანყალებდა... ფერდაზე აქა-იქ მოჩანდნენ დაბნეულად ატუზული ძაღლები... იანვარა უცებ წამოდგა და შეშლილი მზერა მოატარა.. კიდევ კარგი, სულიერის ჭაჭანება არ იყო არსად... ყველას პირწმინდად მოესწრო დათესვა... იანვარამ დასტაცა ხელი, ნიჩაბი იყო თუ თოხი
და ლეწვა-მტვრევით დაერია იქაურობას, მალევე მიაგდო და სათივეს ებდღვნა, გადმოშალა, მიაყარა და მიაყარა ფიცრის კედლებს და მისცა ცეცხლი... ამ დროს ჩამოცვივდნენ შალვა და ხანლარაც... ესენი შეძლებდნენ იანვარას შეკავებას, მაგრამ გვიანღა იყო _ ფერმა უკვე კოცონივით ბრიალებდა... მე კი რისი შემკავებელი ვიყავი, გამხეცებული ვეხმარებოდი იანვარას...
ის ღამე იანვარასთან გავატარეთ... ნახევარი სოფელი იქ მოგროვდა... იყო ყაყანი და განსჯა-მსჯელობა... არაფერი გვესმოდა, მაგრამ შიგადაშიგ ხანლარა გვითარგმნიდა... იანვარას ცოლს ამშვიდებდნენ: ნუ ინერვიულებ, ხანძრის ამბავს მთელი სოფელი ჩავფარცხავთო... იყო თათბირი, როგორ გაერიდებინათ მეღორეები აქაურობიდან, სანამ იანვარას ცოფი არ გაუნელდებოდა...
გათენებისას დავმარხეთ კარო... ყველანი მოწამლულები ვიყავით ცარელა არყისა და თაბაქოს გემოსაგან და ბოღმისაგან...
ძალიან დიდი დრო გავიდა... „ძაღლის საუკუნე“ (14 წელი) ოთხჯერ გასრულდა... ისე რომ, კარო თავისი სიკვდილითაც ოთხჯერ მოკვდებოდა ამ დროის მანძილზე... მაგრამ ისევ როგორღაც მტკივნეულია მისი უაზროდ, „ცუდად“ დაღუპვის გახსენება...

---
* დევიდ ლივინგსტონი _ სახელოვანი ინგლისელი მოგზაური და მკვლევარი, აფრიკის ტერიტორიების პირველგამვლელი.
** ზიმი _ იმდროინდელი საბჭოეთის ყველაზე დიდი და კომფორტული ლიმუზინი.

„ლიტერატურული გაზეთი“, 15 - 28 სექტემბერი, 2017 - http://www.culture.gov.ge/getattachment/51f58240-aff0-465d-aae5-aac9db4eb861/N-201.pdf.aspx

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა გიგაშვილი   Wed Jan 03, 2018 11:20 am



თეა ყიფშიძე

ვაჟა გიგაშვილი: „არაფერია წერის დროს შემზღუდავი და ანგარიშგასაწევი“

რამდენჯერ მსმენია ეს მოფერებითი სახელი - გიგაშა, ძირითადად, მისი ახალგაზრდა მეგობრებისგან, რომლებიც დაუღალავად ჰყვებოდნენ მასზე გასაოცარ ამბებსა და სათავგადასავლო ჟანრისთვის დამახასიათებელ ისტორიებს. მე შორიდან ვიცნობდი და ვოცნებობდი, მომცემოდა საშუალება გავსაუბრებოდი, ამეღო ინტერვიუ და დამეკმაყოფილებინა ის ცნობისმოყვარეობა, მონაყოლ ზღაპრულ ამბებს რომ ახლავს ხოლმე თან.
მას ერთი ციკლი აქვს - "მოთხრობები პოეტზე, რომელიც იშვიათად წერდა ლექსებს". იქნებ, მეც გამიმართლოს და ოდესღაც შევქმნა ციკლი "ინტერვიუ მწერალთან, რომელიც იშვიათად წერს მოთხრობებს". არ ვიცი, რა იქნება მომავალში, დღეს კი ამ ციკლის პირველ ნაწილს გთავაზობთ.


"...უცებ ვიგრძენი, რომ კმარა!.. რომ მინდა წამოვარდნა ამ ჩამთბარი, ჩამტკბარი, აშმორებული ლოგინიდან..."
- სხვადასხვა მწერალთან განსჯის შედეგად დავასკვენით - მუზები პოეტების შექმნილია, თავად პოეტები კი მუზებმა მოავლინეს. თუმცა, არსებობს იმპულსი, რომელიც არ გასვენებს და წერისკენ გიბიძგებს. რამდენად ხშირია ასეთი იმპულსები თქვენს ცხოვრებაში და ხშირად წამოუხტუნებიხართ ლოგინიდან?
- ეს ადამიანის ფიზიკური თვისება, ჩვეულებაა. როცა დიდხანს ზის, წამოხტომა უნდა, თუ ბევრს დადის, დაჯდომის სურვილი უჩნდება. ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდება. წერის პროცესი კიდევ სხვა, განსხვავებული პროცესია, რომელსაც წინ უძღვის კარგახნიანი მზადება. ესე უცებ, კი შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ წამებში არაფერი ხდება რა...
ერთი ცუდი თვისება მაქვს - თუ სახლიდან გავედი, რაღაც გავაკეთე, არ არსებობს, საღამოს ჩავუჯდე და რაღაც დავწერო. დავწერ საგაზეთო წერილს, გავაკეთებ სცენარს, მაგრამ მოთხრობას ვერა... მოთხრობისთვის სხვა განწყობილება, განწყობაა საჭირო, თითქოს რაღაც აპკში ექცევი, სხვა განზომილებაში ხვდები, სადაც სხვა ამბები იწყება. აი, მაშინ გამოდის ის, რაც გინდა. ახლა ამ ციკლის "მოთხრობები პოეტზე, რომელიც იშვიათად წერდა ლექსებს" 250 გვერდი მაქვს დაგროვილი - ფრაგმენტები, ნაწყვეტები, ჩანაწერები... მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ. "ბერლოგა" მაქვს ერთი, იქ თუ შევძვერი, შეიძლება რამე გამოვიდეს. სხვა გარემოა საჭირო. ბოლო ხანს სულ გაღიზიანებული ვიყავი, ფულსა და რაღაც ლარების დევნას გადავყევი, ათასგვარმა იდიოტურმა სისულელემ ნერვები დამაწწყვიტა, დამაავადა. ეს ყველაზე საზიზღარი მდგომარეობაა. ახალგაზრდობაში ყველაფერ ამას ყურადღებას არ აქცევს კაცი, ფეხებზე იკიდებს, ახლა, ასაკთან ერთად, აღარ გამოდის. ბრაზისგან ვერაფერს იზამ, რადგან იცი, რომც გააკეთო რამე, უარესია. არ გამოდის.

"...ვგრძნობ, როგორ მთავრდება ტოლერანტობის ეპოქა. ცხოვრების ბორბალი თავის ციკლში ტრიალს განაგრძობს და სხვა ზოდიაქოში შედის..."
- წერა XX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყეთ, როცა თვისობრივად სხვა ეპოქა იყო. შემდეგ დაიწყო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა და მოვიპოვეთ "ასე ნანატრი თავისუფლება". ახლა, XXI საუკუნეში რამდენად აისახება მწერალზე ამ ეპოქათა ცვალებადობა?
- ყველაფერი ეს ძალიან სუბიექტურია. ადამიანის ხასიათი, ბუნება შეიძლება სრულიად შეუსაბამო და მიუღებელი იყოს ამა თუ იმ თაობის ტენდენციების მიმართ. უცნაური კომბინაციები გამოდის ხოლმე. თითოეული პიროვნების, სუბიექტის დამოკიდებულება სულ სხვაგვარად ჩანს სხვების თვალში. იგივე ტოლერანტობა - ადამიანები ბუნებით ტოლერანტულები, ფიზიოლოგიურად კი კონფლიქტურები არიან, რომლებზეც თითქოს არანაირი ტენდენცია არ მოქმედებს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად გავრცელებული ტენდენციები რაღაც გავლენას მაინც არ ახდენენ.

"ესაა თავისუფლება?!. მთელი დღე იმაში გადის, რომ ვიღაცეებს კოჭს ვუგორებ, ხათრს ვუნახავ, ვუსწორებ... რაღაცას ანგარიშს ვუწევ, ვიღაცას რაღაცაში ვერიდები, ვიღაცისგან რაღაცაზე თავს ვიკავებ... ესაათავისუფლება?!.. რა თავისუფლება?!.. პირიქით!.."
- თავისუფლების ორ ტიპს განასხვავებენ - საზოგადოსა და პირადულს. რამდენად დიდია მათ შორის სხვაობა, ანდა მსგავსება და რა არის თქვენთვის მწერლური თავისუფლება (თუკი არსებობს ასეთი ცნება)?
- მწერლური თავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ იმ დროს არსებობს, როცა საკუთარ სამყაროში ახერხებ გადასახლებას. ძალიან სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ ჩემთვის და ჩემი აზრით, არაფერია წერის დროს შემზღუდავი და ანგარიშგასაწევი. მსგავსი რამ საერთოდ არც კი მახსოვს. სწორედ ასეთ მდგომარეობაში უნდა იყო, რომ გააკეთო ის, რაც გინდა, და გამოვიდეს ისე, როგორც გინდა. პირადი თავისუფლება მხოლოდ შენს ცნობიერებასა და წარმოსახვაშია. ბევრჯერ თქმულა და გარჩეულა, რომ თავისუფლება არჩევანისა უნდა გქონდეს, ხომ? მაგრამ მე რომ ვიღაცის სახლი ავარჩიო, დავიჩემო, მინდა-მეთქი, არაფერი გამოვა. ამიტომ თავისუფლება თავის ბალანსსაც მოითხოვს. შენი თავისუფლება შენთვის შეგიძლია ფანტაზიაში, ცნობიერებასა და წარმოსახვაში დაიტოვო.

"...სამუშაო მაგიდასთან... ვჯდები, ვაბუჯურებ დაგროვილ ქაღალდებს, ვასუფთავებ ადგილს, წინ ვიწყობპატარა ქაღალდების დასტას და ვიწყებ წერას..."
- სამუშაო მაგიდასთან... აქ თქვენ საკუთარ თავთან მარტო რჩებით. როცა ამ განსხვავებულ სივრცეს უახლოვდებით, უკვე იცით, რას დაწერთ?
- ზოგჯერ ერთი ფრაზა ვიცი ხოლმე. ძალიან ჩამთრევი პროცესია. ისე გაგიტაცებს... გიჩნდება აზარტი. დანამდვილებით შენც კი არ იცი, რა მოხდება. ნადირობაში არის ასეთი ტერმინი"ბრმად სიარული " - სადღაც ხარ, დაახლოებით იცი, რა ტიპის ტერიტორიაა და რა შეიძლება აქ მოხდეს, მაგრამ აბსოლუტურად სხვა სურათი შეიძლება დაიხატოს. ის ერთი ფრაზა გასაღებიცაა, რომელიც გაძლევს განწყობას. რაღაცაზე ამაწყობს და მივყვები. სწორედ ასეთი ბოდიალია საინტერესო. ზოგ მწერალს, და მათ შორის, მაგარ მწერლებსაც, დარიგებული ჰყავთ ახალგაზრდები - გინდათ თუ არ გინდათ, ყოველდღე უნდა დასხდეთ, აწვალოთ კალამი და თუნდაც ჯღაპნოთ ქაღალდიო. ეს, ალბათ, პროფესიული ჩვევის გამომუშავებაა, თუმცა - ინდივიდუალური. მე, მაგალითად, მსგავსი რამ არასდროს მიცდია. წინასწარ ვერ დავგეგმავ - ხვალ 10-დან 13 საათამდე უნდა ვწერო-თქო. არ გამოვა. ხანდახან ისე გადის კვირები, საწერ მაგიდასთან ვერც კი ვჯდები...

"ხდება ის, რომ ერთი სიბრტყიდან... უძრავ, დამბლა მდგომარეობიდან გადავდივარ სხვა სიბრტყეზე - წერის, ესე იგი მოძრაობის, დინების, რაღაცეების წარმოშობის, გამომჟღავნების, გაოცების, შეშფოთების, გზების გამონახვის და ისევ რაღაცეების გამორკვევის მდგომარეობაში..."
- რამდენად იოლი, ანდა ძნელია ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა? თუ ეს კანონზომიერია (მარტივი გამოვლინება - ადექი-დაწექი), ემორჩილება მას ყველა ადამიანი, განსაკუთრებით კი მწერალი?
- საერთოდ, ყველა ადამიანი, რაგინდ მობილური და მობილიზებული იყოს, ინერციით მიყვება ცხოვრებას და ძალაუნებურად, იქნებ, გაუთვითცნობიერებლადაც, ერთიდან მეორე მდგომარეობაში გადადის. როცა ამ მდგომარეობათა ცვალებადობა აზარტს ბადებს, როცა ჩნდება ამ აზარტის ელემენტი, უკვე პირიქით ხდება - ცხოვრება საინტერესო ელფერს იძენს. ამ ნახტომებით მიიჩქარი, რათა კიდევ ერთხელ გადააბიჯო რაღაცას იმ იმედით, რომ იმის მიღმაც დაინახავ... მოძრაობა გითრევს და უძრაობაც გავიწყდება.

"და სადაც მე დავბოდიალებ (და სხვა, ვინ იცის კიდევ რამდენი ჩემისთანა)... რაღაცა "კარგისა" და"ჯერარნახულის" პოვნის აზარტითა და იმედით შეპყრობილი ვაბუჯუნებ ამ ნაგავს: აზრებს, იდეებს, ფერებს, ფაქტებს, სახეებს, ჰანგებს..."

- მწერლობა, ალბათ, თავისთავად აზრტია - რა როგორ გამოვიდა. ხშირად გაგიმართლებიათ საკუთარი იმედები?
- რაღაც ზომამდე მიდიხარ, მეტი აღარ გამოგდის და არც გამოგივა. ჩერდები. "ეგრე იყოს, კარგია", - ფიქრობ და კმაყოფილების გრძნობაც გეუფლება, რომ უკვე დაამთავრე, მორჩი. დროთა განმავლობაში მას უკვე სხვა თვალით უყურებ. წერის დროს არასდროს გახსენდება მკითხველი ანდა ვინმე, ვისაც შეიძლება მოეწონოს ან არ მოეწონოს შენი ნაწერი. ამ დროს თავს იჩენს საკუთარი თავისუფლების ხარისხი. მოგვიანებით კი აღარ გინდა ეგეთი თავისუფლება, რადგან რაც გააკეთე, გინდა, რომ ვიღაცამ შეაფასოს, მოგიწონოს. თუმცა, ბუნებრივია, საამისოდ სპეციალურ მოქმედებებს არ მიმართავ. ყველაფერი თავისთავად ხდება.

"რაღაცეები სადღაც შეუმჩნევლად იძირებიან, ქრებიან... რაღაცეები ზოგჯერ ისევ ტივტივდებიან და სრულიად მოულოდნელად - ბრახ! - ისევ შენსცხვირწინ აღმოჩნდებიან ხოლმე (შეგიძლია ცხვირი გვერდზე მიაბრუნო და სულაც არ დაინახო, თუ არ გინდა)..."
- მწერალს დაკვირვებული თვალი და გამძაფრებული სმენა აქვს. თითქოს მონადირეს ჰგავს. არსებობს რამე, რისი დანახვაც არასოდეს მოგინდებათ და რასაც არასდროს გაიხსენებთ წერის პროცესში?
- შეიძლება, ქვეცნობიერად არსებობდეს. როგორია ადამიანის მეხსიერება? არჩევითი. ყოველთვის იმას ვიმახსოვრებთ, რაც მოგვწონს. ვიხსენებთ იმ სიტუაციებს, სადაც კარგად გამოვჩნდით, ვიღაც აღვაფრთოვანეთ, წარმატებას მივაღწიეთ - ყველაფერი ეს კარგად გვახსოვს. თუ სისულელე ჩავიდინეთ, ჩავფლავდით, ჩავისვარეთ - ნაკლებად რჩება, მეხსიერება მას უკან, ჩრდილში აგდებს. რაღაცების ქექვის დროს სწორედ პირიქით არის საინტერესო - გამოჩხრიკო ის, რისი დამალვაც გინდა. რამდენად ახერხებ ამას, ძნელი სათქმელია. სწორად ვერ შეაფასებ. წერის დროსაც შეიძლება იგივე გრძნობა გაგიჩჩნდეს - რაღაცის გახსენება არ გინდოდეს, მაგრამ სწორედ ამიტომ მას ჩაეჭიდო.

"საოცარი ამბავია: ზოგიერთი ადგილი ისე იბეჭდება ცნობიერებაში, რომ იშლება ზღვარი რეალურად დანახულსა და წარმოსახულს შორის..."
- მწერლობაში რეალურად დანახულსა და წარმოსახულს შორის არსებული ზღვარი სრულად იშლება. მკითხველი ვერ ხვდება, რაა მოგონილი და რა - ნამდვილი. ხშირად აღწერთ რეალურ ამბებს?
- ძალიან ხშირად. მოდი, ასე ვთქვათ - ამ ამბებს სათამაშო მასალას დავარქმევ. აი, მაგალითად, პასეანს რომ შლით, კარტები ხომ გაქვთ? ბავშვი კონსტრუქტორს რომ აწყობს, იქვე ხომ უწყვია მზა მასალა, რომლისგანაც უნდა ააშენოს ესა თუ ის სათამაშო? ყოველთვის ვამბობ ხოლმე, კარგი მწერალი არის ის, ვინც გამზადებული, სტანდარტული, კოლოფში ჩაწყობილი და ტირაჟირებული დეტალებისგან კი არა, თავისით დამზადებული დეტალებით იწყებს თამაშს და სხვანაირად აწყობს. მე ამას ვცდილობ ხოლმე. მასალა ყოველთვის ჩემია. ჩემგან განცდილი, ნანახი და გაკეთებული. ამეებით ვიწყებ თამაშსა და რაღაცის კონსტრუირებას.

"ადამიანები გამუდმებით ვაგზავნით გარემოში ინფორმაციებს - სიტყვით, ქმედებით, ფიქრით, მოძრაობით, სურვილებით... სხვადასხვანაირად... და ვართ ილუზიაში, რომ რახანგ ავაგზავნეთ, მიიღეს კიდეც ადრესატებმა... სივრცე სავსეა... სივრცეში ჩუმი ორომტრიალი დგას მიმღებსაცდენილიინფორმაციებისა... ვთქვათ, გაგეხსნა მეორე, ანდა მესამე მეხსიერება... მაშინ შეიძლება შენს ცხვირწინ ჩამოყალიბდეს შენივე ბიოგრაფიის ცხრა ანდათერთმეტი ისეთი ვერსია, რომლებზედაც წარმოდგენაც არა გქონია..."
- ხომ არ გაგეხსნათ მეორე მეხსირება? იქნებ ჩამოგიყალიბდათ თქვენივე ბიოგრაფიის სხვა, განსხვავებული ვერსია?
- ადამიანის მეხსიერებაზე რომ ვლაპარაკობდი, სწორედ ამას ვგულისხმობდი. კასტანედას წიგნები წაგიკითხავთ? "დონ ხუანის მოძღვრება"? მექსიკელ ინდიელებს სწავლულები, ჯადოქრები თუ შამანების მსგავსნი ჰყოლიათ, რომლებსაც სპეციალური ტერმინები აქვთ შემუშავებული - მეორე და მესამე მეხსიერება. უაღრესად საინტერესო წიგნებია. საოცარი განცდა გეუფლება, როცა იმას კითხულობ, რაზედაც თავად გიფიქრია, გიმსჯელია და თან ყველაფერი ეს ერთმანეთს ემთხვევა. შენ შენთვის გაქვს ჩამოყალიბებული შენი იმიჯი, სახე იმის მიხედვით, რაც შენს ცხოვრებაში მოხდა. ამ დროს შენმა არჩევითმა მეხსირებამ ისეთი რაღაცები გამოგიტოვა და შეინახა, რაც გგონია, რომ საერთოდ არ ყოფილა. თუ კარგად გაჩხრიკავ, აღმოჩნდება, რომ შენი სახეც, ბიოგრაფიაც, ტიპიც სხვანაირად ეწყობა. ძალიან საინტერესოა. აი, რომ ვახსენე დონ ხუანი - მოძღვარი, ის სწორედ ამას ასწავლიდა კასტანედას და ერთგვარ ვარჯიშად ჰქონდათ მიღებული. მწერალიც ასე უნდა იქცეოდეს. ბევრი უცხოსა და უცნაურის გახსნა შეიძლება.

"როგორც კი სადმე ალპურ ზონაში მოვხვდები, მაშინვე პირდაპირ "ქავილი" მიტყდება სიარულის... რომელიმე ქედს რომ ვუყურებ, როგორცწითელივაშლის ჩაკბეჩა, ისე ინსტიქტურად მინდება ზედ ასვლა და გადავლა..."
- რატომღაც მგონია, რომ ამგვარი განცდები პოეტებს ეუფლებათ ხოლმე, თქვენ კი მოთხრობებს წერთ. არასოდეს გიცდიათ ლექსების შეთხზვა?
- სხვათა შორის, არა. ლექსი არასდროს დამიწერია. შესაძლოა, როგორც ყველას, შორეულ ბავშვობაში თითო-ოროლა რაღაც გამიკეთებია, მაგრამ ისეთი არაფერი. არც კი მახსოვს.

(გაგრძელება ქვემოთ)

ბმული:
* http://old.press.tsu.ge/GEO/mimdinare%20kartuli/interviu%20mcerlebtan/mcerlebi/vaja%20grishashvili/vaja.html

Arrow


Last edited by Admin on Wed Jan 03, 2018 11:56 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა გიგაშვილი   Wed Jan 03, 2018 11:24 am



თეა ყიფშიძე

ვაჟა გიგაშვილი: „არაფერია წერის დროს შემზღუდავი და ანგარიშგასაწევი“

(გაგრძელება)

"...ემანსიპაცია!.. პროგრესი!.. ეგ ქაჯების და პროვინციალების კოზირებია!.. წავლენ სადმე!.. ამერიკაში და სადმე!.. კაგებეს "პუტიოვკით"... რაღაცას გაიგებენ, მერე გამორბიან და თავის უტუ ხალხთან იწყებენ თავის მოწონებას..."
- "...ემანსიპაცია!.. პროგრესი!.." ამ სიტყვებით ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი საუკუნის სივრცე გაიჟღინთა. ეს უბრალო ტერმინებია, თუ მის მიღმაც იმალება მწერლისთვის საინტერესო მოვლენები?
- ამ სიტყვებში ბანალური რამ იგულისხმება - ამა თუ იმ ამბის თავის მოწონების მიზნით გამოყენება. დღეს ეს წაიშალა. ვერავინ ვერაფერს გეტყვით გამაოგნებელს. უწინ კიდობანში თუ რაღაც მსგავში იჯექი, ის კი ნახულობდა მზეს, ზღვას, მთას და გიყვებოდა. ახლა რაღა უნდა გითხრას, რითი უნდა გაგაკვირვოს? ამასთან დაკავშირებით ერთ ამბავს გავიხსენებ. აღარ მახოსვს, მე-9 თუ მე-10 კლასში ვიყავი ერთ პროფესიონალ მონადირეს ( თუმცა, პროფესიონალი მონადირეები ჩვენში არ არსებობდნენ, ციმბირში იყვნენ მრეწავები) რომ მივეკედლე. მიდიოდა, ნადირობდა, ჩამოჰქონდა ბლომად ნანადირევი, რესტორნებთან იყო მოლაპარაკებული და აბარებდა. ფული გაუჩნდებოდა თუ არა, გააბამდა ლოთობას. მერე ისევ ნადირობდა. მოკლედ, ასეთი ტიპი იყო. ბელკას ეძახდნენ. ყოფილი ფეხბურთელი, მაგარი კაცი იყო, ალიოშა ვორონოვი. კალინინის ქუჩაზე ცხოვრობდა, მე -მარჯანიშვილზე. საფანტს ვყიდულობდი მისგან. ჩემთვის უცხო და უცნობ ადგილებში დადიოდა - აზერბაიჯანში, აღჯიბედში... ძმაკაცი ჰყავდა, პოლონელი, ლოთი საშინელი, თხორჟევსკი, რომელსაც ის ვილისი ჰქონდა, ამერიკელებმა რომ ჩამოიყვანეს ომის დროს. მაშინ ჩვენთვის პატარა ჯიპი უცხო ხილი იყო. ერთხელაც ამ მანქანით წავედით ჩათმას იქით, ჯეირანჩოლში, სადაც ჯეირნების ჯოგს გადავაწყდით. იმხანად ჯეირნებზე ნადირობა სასტიკად იყო აკრძალული, მაგრამ რადგან იმ დღეს ვერაფერი მოინადირეს და გასკდნენ გინებით, ჯეირნების დახოცვა გადაწყვიტეს. ამ ცხოველებს პირდაპირ ვერ მიუახლოვდები, ფხიზლები არიან. რომ გამოვედევნეთ ჩვენი ვილისით, სადღაც 70-75 კმ/სთ სიჩქარით, საოცარი სანახაობა გადაიშალა. ჩვენ მოტორით მივიწევდით წინ, მათ კი გულები ჰქონდათ. ვუახლოვდებოდით და ვხედავდით მათ გაფართოებულ თვალებს, დაბერილ ნესტოებს. ძალიან ლამაზები იყვნენ. კალიებივით დახტოდნენ, ერთმანეთის თავებზე გადადიოდნენ. წარმოიდგინეთ მე-10 კლასელის განცდები, რომელმაც ეს სანახაობა თავისი თვალით ნახა. ეს ერთგვარი კოზირი იყო - შემეძლო ისეთი რამ მომეყოლა სხვებისთვის, რაც არავის უნახავს. შემეძლო, დამეწერა კიდეც. დღეს ყველაფერი ეს აღარ არის აქტუალური. ახლანდელ თაობას რაც გინდა ის მოუყევი. რითი გააკვირვებ? ჟურნალ "ჯეოგრაფიკში" მთელი ფოტოსერიაა, როგორ მშობიარობს შუა ოკეანეში ვეშაპი. ამის მერე ვიზე რა შთაბეჭდილება უნდა მოახდინო?! დღევანდელი ადამიანის აზროვნება, დამოკიდებულება, განცდები, ემოციები მეორად ინფორმაციებზე ეწყობა, თუმცა ეს მაინც მეორადია და არა - საკუთარი, პირადი.
"პროგრესს", რა თქმა უნდა, უარყოფითი მხარეც ახლავს, თუმცა ამაზე დარდი და წუწუნი არ ღირს. როგორც მიდის ცხოვრება, ეგრეა და ეს გამოიწვევს კიდევ ერთ საფეხურს, რომელიც, შესაძლოა ახლა არ გვეჩვენებოდეს უკეთესად, მაგრამ აუცილებლად უკეთესი იქნება.

"მონადირეებს მოეხსენებათ, რომ დეკის დიდი გროვა უნდა ჩაიწვას, რომ მწვადის შესაწვავი ნაღვერდალი მიიღო..."
- საყოველთაოდ ცნობილია თქვენი გატაცება - ნადირობა. რამდენად ახლოს დგას ეს ჰობი მწერლობასთან?
- ტოლსტოის, და კიდევ ბევრ მწერალს, გადასარევად აქვს დაწერილი ნადირობის სცენები. ერთი მოთხრობა მაქვს "მგელი". ახლა აღარ მინდა ამაზე წერა, იმიტომ, რომ ისე დაირღვა შინაგანი ბალანსები... აზარტი, ტვინი მუშაობს იმაზე, როგორ უნდა მიეპარო, დაემალო და მოინადირო - ეს მთელი მექანიზმია და ამ დროს ამბობ: "ღმერთო, შენ მიშველე". მგელიც, ალბათ, ამას ფიქრობს, კურდღელს რომ მისდევს. რას თხოვ ღმერთს? მგლის მოკვლას? თუმცა, ეს მექანიზმი ღმერთისგან არის - ყველა ერთმანეთზე ნადირობს. მაგრამ შენ უკვე აღარა გაქვს ამის უფლება, რადგან ყველა წესი დაარღვიე, მოსპე მათი სასიცოცხლო არეალი. ტელევიზიით აჩვენებდნენ - გარბის ანტილოპა და მისდევს გეპარდი, იგივე ავაზა (სხვათა შორის, ავაზა ჰქვია მხოლოდ და მხოლოდ გეპარდს და არავითარ შემთხვევაში - ლეოპარდს. ლეოპარდი ქართულად ჯიქია. გეპარდი კი ისევე განსხვავდება ლეოპარდისგან, როგორც ძაღლი - კატისგან). ყველაფერი წამებში წყდება. ერთგვარი სპორტული შეჯიბრია. თუ ანტილოპამ თავის შედეგს წამის მეასედი დააკლო, გათავებულია მისი საქმე. ეს ალალი შეჯიბრია. ღმერთმა ასე დააწესა, მაგრამ ადამიანს იმხელა უპირატესობა აქვს, რომ მიდი და ჰა, მოკალი! ეს უკვე ჯობნა აღარ იქნება.
წერის პროცესიც, მანამდეც აღვნიშნე, რაღაცით ჰგავს ნადირობას, თუნდაც თავისუფალი ძებნის თვალსაზრისით. აქაც უცნობის და საინტერესოს მოპოვების პროცესი მიმდინარეობს.

"ათი ათასობით ადამიანები იბადებიან, ატარებენ ცხოვრებას და ისე კვდებიან, რომ არანაირი ისტორიის პერსონაჟი არა ხდებიან..."

- თქვენ, როგორც მწერალს, შეგიძლიათ, ადამიანები პერსონაჟებად აქციოთ. თქვენც ხომ აღმოჩნდით გურამ რჩეულიშვილის მოთხრობის პერსონაჟი?! არიან თქვენს გარშემო პიროვნებები, რომელთაც თქვენეული, ახალი ცხოვრება აჩუქეთ?
- პირდაპირ არც ერთი ადამიანის სახე არ გადამიტანია ფურცელზე. ოდნავ შევცვალე, გადავათამაშე, თუმცა ზოგიერთ მათგანს მაინც ცნობენ ხოლმე. ციკლის"მოთხრობები პოეტზე, რომელიც იშვიათად წერდა ლექსებს" პირველი მოთხრობის პერსონაჟი - ჩელენტანო, ყველაზე საცნობი იყო. აღარ არის საწყალი ცოცხალი. ბაადურ ბალარჯიშვილმა კი თავად ამოიცნო საკუთარი პერსონაჟი - ბუდა.

"დრო გარბის და გერეკება, ყველას თავისი აქვს მოსასწრები..."
- დროთა ცვალებადობასა და სისწრაფეში ადამიანი უძლურია, თუმცა ცდილობს, მაინც მოასწროს რაღაც. რა მოასწარით თქვენ და რისი მოსწრება გსურთ?
- რა ვიცი. მგონი, ვერაფერიც ვერ მოვასწარი. ადამიანს თავში რაღაც "შარიკები" უტრიალებს. იგონებს 50 რაღაცას და მომავალშიც მოიგონებს, მაგრამ აქედან დიდი-დიდი 10 შეასრულოს. სხვანაირად არც შეიძლება. ამას უნდა შეეგუო. ადამიანის ბუნება ტრაგიკულია. ყოველთვის ათი გზა აქვს. ათივეზე ერთდროულად ხომ ვერ წავა? ირჩევს ერთს, ესე იგი, ცხრა დაკარგა. ამ ცხოვრებაში სულ ასეთი დანაკარგებით მივდივართ. შეიძლება წარმოსახვის მორევში გადავვარდეთ და დავიწყოთ ფიქრი, რა მოხდებოდა, სხვა გზას რომ გავყოლოდით, სადაც აუცილებლად შეგვხვდებოდა კიდევ ერთი გზაჯვარედინი და კიდევ ათი გზა. ამიტომ, ადამიანი არასდროს იქნები მიღწეულით კმაყოფილი. ეს უნდა გესმოდეს და ტრაგედიად არ უნდა აქციო. თუ უფრო დავკონკრეტდებით სურვილებში, მინდა, მომეცეს საშუალება და ერთი წელიწადი ჩემს ნებაზე ვიყო, რათა დავამთავრო ციკლი "მოთხრობები პოეტზე, რომელიც იშვიათად წერდა ლექსებს."

"ობიექტური შეფასებისათვის მე სხვა კრიტერიუმი არ გამაჩნია, გარდა იმისა, რომ მომწონს!.."
- ხშირად სწორედ ეს ობიექტური შეფასებაა სანატრელი. ასაკის მატებასთან ერთად თითქოს კლებულობს ის, რაც მოგწონს. მავანნი მოწონება-არმოწონებას სადავო საკითხად მიიჩნევენ. როგორ ფიქრობთ, არის ეს ობიექტური შეფასების კრიტერიუმი?
- ყველაფერი შედარებითი და, ესე იგი, დაშვებადია. არ არსებობს უტყუარი არგუმენტები. ყველაზე ნამდვილი მაინც სუბიექტური შეფასებაა - როცა რაღაც მოგწონს, ვერავითარი არგუმენტი ვერ მოგყავს ამ შენი მოწონების დასამტკიცებლად, მაგრამ მაინც მოგწონს და მორჩა. როცა ამას გააცნობიერებ, მაშინ ხარ მართალი. თუ ხალხის მოტყუებას დაიწყებ, ამიტომ და ამიტომ მომწონსო, უკვე ყალბი ხარ.

"რას ვუყურებ?.. ძირითადად, რაც თვალში მხვდება, მაგრამ ისეცაა, რომ ზოგი რამ თვალშიაც მშვენივრად გხვდება, გეჩხირება კიდევაც, მაგრამ არუყურებ, არა ხედავ..."
- მოვლენები ელვისებური სისწრაფით იცვლება. იცვლებიან ადამიანები, მათ შორის, მწერლებიც. რის არდანახვას ისურვებდით თანამედროვე პროზასა და პოეზიაში?
- ძნელი სათქმელია, რადგან ასეთი გადამწყვეტი სიტყვის თქმის შინაგანი უფლება არა აქვს ადამიანს. შეიძლება, რაღაც მოგწონდეს ან არ მოგწონდეს. არ მომწონს ის მისწრაფება, რაც ძველებშიც ბევრს ჰქონდა, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, როგორღაცნაირად, მწერლები უნდა იყვნენ. ცდილობენ, დაახვავონ საკუთარი პროდუქცია, რომლის წაკითხვის შემდეგ აშკარად იგრძნობა, რომ მხოლოდ ამ მიზნისთვის დაიწერა. მწერალი ცოდოა. ბევრს წვალობს. სხვათა შორის, ამისთანა მწერლებსაც გამოსდით ხოლმე ბოლოს რაღაც კარგი... თუმცა, თავისთავად ტენდენცია არის უსიამოვნო. მიუხედავად ამისა, მაინც არასდროს არ ვეტყვი ამას ვინმეს და არც ჭკუას დავარიგებ, რადგან სხვების ჭკუის დარიგება მხოლოდ სულელებს სჩვევიათ.

"არც მიტინგსა ვმართავ, არც ტრიბუნაზე გამოვდივარ, არც ტელევიზორში... არა ვძალადობ თქვენ სასმენ აპარატებსა და ანთხლეულ ტვინებზე... ჩემთვის, ჩუმად რაღაცეებს ვამბობ, ვარკვევ, მაგრამ თან ქაღალდზე "ვაფიქსირებ"... იქნებ ესეც ცუდ კაცობაში ჩამითვალოთ?.. იქნებ ესეც ძალადობის ფორმაა?.."
- როგორ ფიქრობთ, დღეს, XXI საუკუნეში, რას უფრო მეტი ძალა აქვს - ქაღალდზე დაწერილ-დაბეჭდილ სიტყვასა თუ ტელევიზიით ყურმოკრულ ფრაზას? საზოგადოებრივად რამდენად აქტიური უნდა იყოს მწერალი?
- მგონი, წერის პროცესი და მექნიზმი ხელს არ უშლის ადამიანს, იყოს აქტიური ურთიერთობებში. აქტიურობის თვალსაზრისით, ყველას თავისი არეალი აქვს. მაგალითად, მე მიყვარს აქტიურობა ჩემს მეგობრებში, იგივე ახალგაზრდებთან. მათთან კარგად ვგრძნობ თავს (ზალიკო სამადაშვილი, აკა მორჩილაძე, გიკა მირზაშვილი, რეზიკო თაბუკაშვილი - ჩემი ძმაკაცი.). ასეთი აქტიურობა მიყვარს - რაღაცებზე ლაპარაკი, რაღაცების გარჩევა. ვიყავით წრე ადამიანებისა, რომლებიც ვცდილობდით, ამ ქვეყნის ცხოვრებაში საერთოდ არ ჩავრეულიყავით. გვსურდა, გავრიდებოდით ჩვეულ, ყოველდღიურ დინებას და არ შევხებოდით მას. ისე მოხდა, რომ ჩემს ცხოვრებაში სულ ისეთ რამეს ვაკეთებდი, რასაც денги на стол ჰქვია. კარიერაზე არასდროს მიფიქრია. არ არსებობდა ვარიანტი წინსვლისა - დღეს ათასი გაქვს, სამი-ოთხი წლის შემდეგ 4000 გექნება. თუმცა იყო დრო, ყველას ახსოვს ის არეულ-დარეული პერიოდი, როცა განზე ვერ გადგებოდა კაცი. ზოგისთვის ეს ცხოვრების გარემოა, იმაში უნდა იცხოვროს. ჩემთვის ეს მაინც გარეშე, იძულებითია. მირჩევნია ისე ვიყო, როგორც ვარ.
ტელევიზიით ნათქვამს მოკლე და ძლიერი შთაბეჭდილება აქვს. ქაღალდზე დაბეჭდილს კი გრძელი და ნელი ზემოქმედება ახასიათებს. გავიხსენოთ სერვანტესის "დონ კიხოტი". იმ დროს, როცა ეს ნაწარმოები შეიქმნა, ეგონათ, რაღაც სასაცილო, ვიღაცის გამასხარავების ამბავი. მერე კი მთელმა კაცობრიობამ "დონ კიხოტის" ცნობიერებაზე დაიწყო გადაწყობა. ამიტომ, მართლა დიდ ნაწარმოებს ხანგრძლივი გზა აქვს. დროთა განმავლობაში მისი ძალაც მატულობს. მე მაინც მგონია, რომ ნაბეჭდ სიტყვას ზეპირი ნათქვამი ვერ ცვლის. წიგნთან მიმართებაში ადამიანი უფრო თავსუფალია, ვიდრე ყურებისას. იგივე განსხვავებაა ფილმსა და ლიტერატურულ ნაწარმოებს შორის. კითხვისას შენ ხარ აქტიური, ფილმის ნახვისას კი პირდაპირ გატყეპებენ თვალებში იმას, რაც სურთ და მორჩა. თავისუფალი აზროვნებისთვის ტექსტი ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი.

"რაც შენ გინდა, ის უნდა აკეთო... თუ მერე ის "ხალხს გამოადგება", ეგ მერე გამოჩნდება... ან გამოადგება და ან არა... წინდაწინ რას ამადლი, შენთვის ვაკეთებო..."
- იყო დრო, მწერალს ერის წინამძღოლად მიიჩნევდნენ და მისგან იმ საქმის კეთებას ითხოვდნენ, ხალხს რომ გამოადგებოდა. ბევრი დღესაც ამას ითხოვს. თქვენ გკითხავთ - საჭიროა, მწერალმა სახალხო საქმე აკეთოს?
- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თავად მწერალს როგორ სურს. მე-19 საუკუნეში ქვეყნის მდგომარეობა იყო სავალალო. სიტყვას ჰქონდა გაერთიანების უნარი და ძალა. ვისაც ეს სიტყვა ემარჯვებოდა ყველაზე კარგად, სწორედ ის გახდა პროცესების, ადამიანის აზროვნების წარმმართველი ჴ ილია და აკაკი, მერე, ვაჟა... თუმცა, როგორ შეიძლება, პროფესიონალ მწერალს ეს მოთხოვო? ისევ სერვანტესი რომ გავიხსენოთ. შეეძლო, ვინმეს ეთქვა, რატომ არ გახდი ერის წინამძღოლიო? მან "დონ კიხოტი" შექმნა, რომელსაც იმხელა ძალა აქვს... წყალმა ჟონა, ჟონა, ვერავინ გააჩერა და მთელ მსოფლიოში გაჟონა...

"ეს არჩაბღაუჭება ალბათ მეტისმეტი ფუფუნებაა, რომლის უფლება სინამდვილეში არასოდეს არა გვაქვს, მაგრამ... არის ეჭვი... კვიმატი ეჭვი: რომ ეს არჩაბღაუჭება უდიდესი, უცნაური შვებისა და ნეტარების განცდის მომგვრელია... სახიფათო ეჭვია!.."

- ხშირად გაგჩენიათ კვიმატი და სახიფათო ეჭვები საწერ მაგიდასთან? დაგიხევიათ საკუთარი ნაწერები და მერე ოდესმე გინანიათ? თუ მსგავსი რამ თქვენთვის უცხოა?
- რამდენჯერმე მითქვამს მეგობრებისთვის - დაანებე თავი, რას ხევ, შეაგდე სადღაც-მეთქი. დახევაც ცოტა გიჟური ელემენტია. თითქოს რაღაცაზე გაბრაზდი. მართლა შეიძლება გაბრაზდე, მაგრამ ხელი არაფერს უნდა ახლო. იყოს, რა გინდა?! გკბენს, გჭამს თუ რა?! ყველაფერს ვინახავ. ათასნაირი ჩანაწერები მაქვს. გადის წლები. შესაძლოა, ვერც მოასწროს ადამიანმა მათი გადახედვა, მაგრამ იყოს...

"სულ რამდენიმე წიგნს წაიღებს. მათგან სამი-ოთხი პოეტები იქნება... კარგი პოეტების გადაკითხვა მრავალჯერ შეიძლება..."
- როცა სადმე მიემგზავრებით, როგორ წიგნებს ანიჭებთ უპირატესობას? ვინ არიან ის ავტორები, ვისი წაკითხვაც რამდენჯერმე შეგიძლიათ და შვებას გგვრით?
- სტანდარტულობას ვამბობ, მაგრამ გალაკტიონს აქვს ეს ძალა. უცნაურია, გადაშლი წიგნს. თითქოს ყველა ლექსი გახსოვს, ნაცნობია, მაგრამ ყოველ ჯერზე ფიქრობ, რომ არასდროს წაგიკითხავს. რომელიმე ფრაზას სხვანაირად იგებ. ეს მართლა ჯადოქრული თვისებაა. ისეთი რამ ვთქვი, რასაც, ალბათ, უმეტესობა გეტყოდათ, მაგრამ ასეა.
ჟანრობრივად, შესაძლოა, უპირატესობა საფიქრალ წიგნებს მივანიჭო. მაგალითად, ისევ და ისევ კასტანედას. კონცეფციაა უცნაური. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, კასტანედამ მოიგონა ყველაფერი ეს, თუ მართლა აქვთ ინდიელებს ასეთი ცოდნა?! ორივე შემთხვევაში საკვირველია. იმდენი ნიუანსია, რომ შეიძლება, ბევრჯერ უტრიალო, გაჩით-გადმოჩითო და აღმოაჩინო ბევრი ახალი რამ, უკეთ გაერკვე. ასეთი წიგნების წაღება სჯობს, დიდხანს გამოგადგება.

"თავისი საქმის კეთება, რომელიც მხოლოდ თვითონ აინტერესებს და მასში ფულს არავინ გადაუხდის, მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა თავისუფალი დრო მოუზომავად ექნება, თავისუფალი დროის ყიდვა კი ისევ ბევრი ფულით არის მხოლოდ შესაძლებელი..."
- ეს მოთხრობა 1965 წელს დაწერეთ - ანუ სხვა დროსა და სხვა ეპოქაში, როცა ფულზე ფიქრი კაპიტალისტური, ბურჟუაზიული ცნობიერების გამოვლინებად შეიძლებოდა ჩაეთვალათ. თქვენი მწერლური გამონათქვამების გამო გექმნებოდათ კომუნისტებისგან დისკომფორტი?
- გურამ რჩეულიშვილმა წერა ჩემზე გვიან, 1956 წელს დაიწყო. მანამდე ჩემს ნაწერებს სწორედ მას და ჩემს მეგობრებს ვაკითხებდი. 1957 წელს უნდა გამოსულიყო "ცისკარი". ეს იმხანად დიდი მოვლენა იყო - ახალბედა, დამწყები, ახალგაზრდა მწერლებისთვის ჟურნალი იხსნებოდა. გურამმა შემომთავაზა, ჩვენი მოთხრობები მივიტანოთო. ვიუარე: რა აზრი აქვს, რად უნდათ მაგათ ჩვენი მოთხრობები, მაინც არ დაბეჭდავენ, ხომ იცი, რაც ჭირდებათ - ამბავი, რომელიც მათ იდეოლოგიას ასახავს-მეთქი. არ დამიჯერა და საბოლოოდ დამიყოლია კიდეც. "დღე და ჟამი" და რამდენიმე სხვა პატარა მოთხრობა მქონდა. იმხანად პროზის განყოფილებას სათავეში ედგა კარგი ვაჟკაცი, ნიჭიერი კაცი, ლიტერატორი გიორგი შატბერაშვილი, არაჩვეულებრივი გულის პატრონი აღმოჩნდა. ჯერ ერთი, ისეთი რაღაცები მითხრა, რომ დავიჯერე, ჩემი ნაწერები მართლა მოწონებია. აშკარა იყო, კარგად ჰქონდა წაკითხული. პატიოსნად და ალალად ამიხსნა - ხომ იცი, ამას ვერ დავბეჭდავთ. აქ ვიღაც აცვენილი ახალგაზრდაა, რომელიც ამოვარდნილია ჩვენი ცხოვრებიდან და არ შეიძლება. იქნებ, დაწერო მოთხრობა კომკავშირელ, კარგ ბიჭზე, რომელსაც გოგო შეუყვვარდა და ამ მოთხრობებსაც მივაყოლებო. ამას მეუბნებოდა კაცი, რომელსაც პირველად ვხედავდი. თანაც რა დროს?! ჩეკისტურ პერიოდში, როცა დანამდვილებით არ იცოდა, რომ წავიდოდი, რას მოვროშავდი. თავად ნაჯდომი იყო პოლიტიკურზე. ასეთი რამ რომ მითხრა, ვიფიქრე, ასე მოვიქცევი-მეთქი, მაგრამ ვერ გავაკეთე, აზრი არ ჰქონდა. თუ რამეს ვწერდი, ვწერდი იმიტომ, რომ მსიამოვნებდა. საშინაო დავალებასავით რომ გამეკეთებინა, რად მინდოდა?! მოგვიანებით კიდევ ერთხელ სცადა ჩემი ჩათრევა. გურამი და მე მივლინებაში გაგვიშვა: გურამი - უფლისციხეში, მე კი - სოჭთან რაღაც ქართულ სოფელში. ისეთი სიტუაცია დამხვდა, სიტყვა არ დამიწერია, გურამმა კი შექმნა "უსახელო უფლისციხელი". ამის შემდეგ საერთოდ აღარ გავკარებივარ რედაქციებს. "ცისკარიც", არ ვიცი, რატომ და რისთვის, "დასაჯეს". 1971 წელს კი ჯანსუღ ჩარკვიანმა და ოტია პაჭკორიამ დიდი რეკლამა გამიწიეს - ისეთ რამეს ვბეჭდავთ, დღემდე რომ არავის დაუბეჭდავსო.

- თქვენია "მოთხრობები პოეტზე, რომელიც იშვიათად წერდა ლექსებს". ჩემია ინტერვიუ მწერალთან, რომელიც იშვიათად წერს მოთხრობებს. რა განაპირობებს იშვიათად წერის ფაქტორს?
- რაზეც ვილაპარაკეთ, ის. შეკვეთით და ძალდატანებით არაფერი გამოდის. განწყობაში ჩაჯდომაა მთავარი. შეიძლება, ესეც არაპროფესიონალიზმია. არ ვიცი. ვფიქრობ, სხვანაირად არც არის საჭირო. ისედაც უამრავი ტომია ამ ქვეყანაზე. ამიტომაც თუ არ გინდა, არ უნდა დაამატო ნაწერების გროვა. რა აზრი აქვს?!

(დასასრული)

ბმული:
* http://old.press.tsu.ge/GEO/mimdinare%20kartuli/interviu%20mcerlebtan/mcerlebi/vaja%20grishashvili/vaja.html

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა გიგაშვილი   Thu Jan 04, 2018 12:09 am



გიგაშა -- რომელიღაც მარტოხელა დიდი კატა
(გამოსათხოვარი)

ვაჟა გიგაშვილის ამბავი 2018 წლის ნაახალწლევს გავიგე შემთხვევით, -- 2017 წლის 31 დეკემბერს გარდაცვლილა და 2 იანვარს დაუმარხავთ მუხათგვერდის სასაფლაოზე...
რამდენადაც მე მესმოდა, არც ერთ საინფორმაციო საშუალებას ეს ამბავი არ უხსენებია...
ჰოდა, ჩემთვის ვიფიქრე, რომ გიგაშა ხომ თავის ჭკუაზე მცხოვრები რომელიღაც მარტოხელა დიდი კატა იყო, ვეფხვი თუ, სულაც, თოვლის ჯიქი... მაგას თავისი არეალი ჰქონდა თავისუფლებისა და იმ არეალში ვერც ადრინდელი კომუნისტები მოხვდებოდნენ, ვერც ახლანდელი მოკომუნისტო და ყალბ თავისუფლებაზე მოღაღადე იდეოლოგები... და გიგაშაზე ლაპარაკი არც ენდომებოდათ...
თანაც ეგ ხო არ იყო, არაფრით იყო „ბატონი ვაჟა“...
ჩვენი გიგაშა იყო, ჩვენი ვაჟა გიგაშვილი...
გურამ რჩეულიშვილის ერთ-ერთი უახლოესი მეგობართაგანი, ერლომ ახვლედიანთან და გურამ გეგეშიძესთან ერთად, - იმ მწერლებისა, რომლებმაც გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ბოლოდან, კომუნისტური იდეოლოგიის ზეობისას, თავიანთი თავისუფლების ძებნა დაიწყეს...
პროფესიონალი მონადირე, მთამსვლელი, არქიტექტორი, კინოსცენარისტი და კიდევ, რაც მთავარია, ინტუიტიური და ლამის მოუხელთებელი რამეების კატის მოქნილობით დამჭერი და გამომხატველი მოთხრობების განუმეორებელი და საუკეთესო მწერალი, რომელიც ჩვენ ყველას, ახალუხლებს, ტოლებივით გველაპარაკებოდა ხოლმე, არადა, მართლა მაგარი ოსტატი იყო, -- ისეთი ოსტატი, ნებისმიერი ქვეყნის მწერლობას რომ დაამშვენებდა და ბევრად დაფასებულიც იქნებოდა, ვიდრე ჩვენთან...
კაცი რომ ამქვეყნიდან მიდის, უფრო სრულად ჩანს ხოლმე, რა გაუკეთებია და რა ვერა და, -- იქნებ ახლა მაინც წავიკითხოთ გიგაშას ნაწერები...

მიხო მოსულიშვილი
2018 წლის 3 იანვარი

P.S. მეკითხებიან, გიგაშას წიგნები სად წავიკითხოთო:
თუ უცხოეთში ვართ, მისი წიგნების ელექტრონული ვერსიები უნდა შევიძინოთ აქ -- http://lit.ge/books/2-200709-vazha-gigashvili/
ან აქ -- https://saba.com.ge/books/shop#author:2177

ვინც საქართველოში ვართ, წიგნის მაღაზიებში უნდა მოვიკითხოთ:
1. https://www.intelekti.ge/book_ge.php?id=532
2. https://www.intelekti.ge/book_ge.php?id=533

სამი მოთხრობის წაკითხვა ამ საიტიდანაც შეიძლება -- http://armuri.4forum.biz/t479-topic#13843

Arrow


Last edited by Admin on Thu Jan 04, 2018 11:07 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა გიგაშვილი   Thu Jan 04, 2018 2:35 pm

ვაჟა გიგაშვილი

თხები

ციკლიდან: „მოთხრობები პოეტზე, რომელიც იშვიათად წერდა ლექსებს“

...გამაღვიძა „ვინტოვკის“ ბრაგვანმა... ერთი... მერე კიდევ ორი... ხდეში ვარ. უფრო სწორედ, ხდეს შესასვლელში, სამხედრო გზის პირას, ალპინისტების სახლში...
...რა იყო?.. რა ამბავია?!.. გამოვვარდი გარეთ. თან სვიტერი ჩამოვიცვი, კარგად გრილოდა... ვხედავ, გუჯაა, გიგაური... უჭირავს გრძელი „ნიკოლაევსკი ვინტოვკა“ და უბრახუნებს ზემოთ, კლდეებში.
„რა არი, ბიჭო!.. ჯიხვები დაგვეცნენ?!“ - ვუყვირი.
ის კიდევ აყოლებს ლულას (გრძელი შაშხანის ლულას) რაღაც გაქცეულ სამიზნეს, უბათქუნებს... გამოვრბივარ ეზოში და უკან, სახლის უკან ამოხვეწილ კლდეებს ვუყურებ... ვხედავ ქარაფებში შეკედლებულ სამ თხას, შინაურ თხას... უფრო სწორად, ერთი ვაცია და ორი თხა... შინაურები, წვრილადგრეხილრქიანები, მუცელზე ბალანმოზრდილები, ნაცარები...
„რა იყო, ბიჭო, რასა შვრები?!“ - ვკითხულობ გაღიზიანებული და თვალებს ვიფშვნეტ, ძილიდან ცუდად გამოსული, ცივმა ჰაერმა კი მიშველა, მაგრამ...
აღარ ესვრის. სავაზნეში პწკალა დაეცალა. ხუთი გაისროლა და ვერც ერთი ვერ მოარტყა. ნაგავი შაშხანა აქვს, ლულაგაცვეთილი... ტყვიები აცა-ბაცა მიდიან. მით უმეტეს, მესამე გასროლის შემდეგ... ლულა ცოტა რომ ხურდება, გაბნევა კიდევ უფრო იზრდება...
...თან ეს ბლინჯი, გრძელი (მოსინის, „ფრანტავოი“) შაშხანა!.. ამით ხელიდან სროლა როგორ შეიძლება? ეს თუ რამეზე არ ჩამოდე („ფრანტავოი“ სანგრის ბრუსტვერზე!), ისე იქნევს, რომ გაჩერებულ მიზანსაც ვერ მოარტყამ...
„რა გინდა, რასა შვრები? ამ თხებთან რა გინდა?.." - ვეკითხები ისევ.
...ახალ პწკალს აღარა სდებს. იცის, რომ აზრი არა აქვს... იცინის...
„ეგენი რა, ჯიხვზე ნაკლები გემრიელები კი არ არიან!..“ - ამბობს.
...ვერ გავიგე. ვუყურებ...
„ეგენი, კაცო, გაველურებულნი არიან!..“ - მეუბნება.
„ჰა?..“
„გაველურდნენ, კაცოო!.. სახლში აღარ მოდიან, ადამიანს აღარ იკარებენ, გაიგე?! ჯიხვობა მოინდომეს, რა!..“
„ვაა?..“ - ეს ამბავიც არ ვიცოდი.
„ჰოდა, მაგათზედაც ისე ვნადირობ, როგორც ჯიხვებზე...“ - მეუბნენა გუჯა...
...აქ კი მეცინება... მე აქ ქალაქიდან დავდივარ, ჯიხვებზე სანადიროდ... ეს აქაურია... კარგი მეცხვარეა, მაგრამ ჯერ არც მინხავს და არც გამიგონია, რომ ჯიხვი მოეკლას... არ არი, რა, მონადირე! ყველა მონადირე ხომ არ იქნება! კიდევ კარგი და მადლობა ღმერთს!..
...ჰოდა, ვფიქრობ ამ გაველურებულ თხებზე... საწყლები!.. ჯიხვობა მოინდომესო... გაიგე?! ჯიხვობა მოინდომეს!.. ესე იგი, აიწყვიტეს!.. აღარ უნდათ პატრონი!.. აღარ უნდათ ბაგა და თავშესაფარი... ახლა, ვისაც ხოში ექნება, შეუძლია ესროლოს...
...თან ჯიხვობამდე რომ ბევრი აკლიათ?.. არც სისწრაფე, არც ყნოსვა, არვ თვალის ჭრა, არც იმ სიმაღლეებში გაძლების უნარი, საცა ჯიხვები აფარებენ თავს... მაგრამ - აწყვეტა, თავზე ხელის აღება!.. „განწირული სულისკვეთება?!“ - ვა-ხა-ხა-ხა!.. რა კაი ტიპები არიან!.. მეცინება და თანაც უცნაური მოწონება და სითბო მიჩნდება ამ „დარტყმულების“ მიმართ... გაველდნენ!.. გაგრიალდნენ, „გაიგულავეს“ ფრიალო ორწოხებში!.. მიდი, აბა, დაიჭირე, თუ შნო გაქვს, მორეკე და შერეკე ბაგაზე!.. აღარაა „შინაური“ და აბა, მიდი, მოუარე!.. კიტეროზ!.. აპრუწუწუნ!.. აგე, აცვივდნენ ერთ შეკიდებულ კინჭუხზე და დადგნენ... ქვემოთ იყურებიან ყელმოღერებულები, თავები მედგრად, კოხტად უჭირავთ, ამაყად და უტეხად იყურებიან ზემოდან, მათი ყოფილი ბატონ-პატრონებისათვის მიუღწეველი სიმაღლიდან... იქ მხოლოდ ტყვია შეიძლება დაეწიოთ... მაგრამ გუჯასნაირი მსროლელისა და მისი თოფისნაირი ტყვიაც ვერ დაეწევათ... ხომ გადაურჩნენ?!.. ამისი შაშხანის ჭახაჭუხისა და აცაბაცა ტყვიების წუილის ქვეშ აგე, სად აცვივდნენ და გადმოსცქერიან ახლა ამაყად, მოგებულნი... აგე!.. ხომ დათოფეს!.. ხომ უწუილეს ტყვიები და ფეხებიც ვერ მოსჭამეს!.. აგე, თუ არა!.. ჯიხვობა!..
...მაგრამ ვაითუ კარგკარაბინიანმა, კარგმა მსროლელმაც მოინდომა ამათი დათოფვა? მაშინ ადვილი ნადავლი გახდებიან... ხელად ჩახოცავენ... რა დაუშლით, რა?.. მუქთა მორბენალი სამწვადე... ტყუილად დარბის... არც გარეული ნადირია და არც შინაური, პატრონიანი ცხოველი...
...მაგრამ მერე რა?.. მახლას, რაც არი, ეგ არი!.. რა მნიშვნელობა აქვს, კლდეზე გაქანებულს ტყვია დაგაგორებს თუ შენს პატრონს როცა მოეპრიანება, მაშინ გამოგისვამს ყელში დანას?.. რა ჯობია?..
...აბა, ვინ გაიგებს?!.. ადრე თუ გვიან პატრონი ხომ მაინც გამოგისვამს დანას ყელში?.. ჰოდა, „ჯიხვობანას“ გათამაშება, აზარტი და გაგრიალება სამ დღეს გასტანს თუ სამ თვეს, მაგას ხომ მაინც ვერ იანგარიშებს თხის ტვინი?..
...ჰოდა, რა არი, კაცმა რომ თქვას, დასაკარგი?.. „შინაურობაში“ ხომ ამ აზარტის წუთებსა თუ დღეებსაც ვერ იგრძნობდი, ვერც გაიგებდი დანის გამოსმამდე?.. ჰოდა, „მალადეც“ თხებო!.. ჯიგრები ხართ!.. ერთხელ მაინც ხომ გარეკეთ!.. ჯიგრები ხართ!.. ასე ვფიქრობ მე, დიმო, ჩემდათავად... და მგონია, რომ სადღაც, როგორღაც მესმის, გავუგე ამ თხებს... მაგრამ ისე, კაცმა რომ თქვას, აბა, მე რა ვიცი?.. რა უნდა ვიცოდე?.. რას გაიგებ ამ თხების ტვინისას?..

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ვაჟა გიგაშვილი   Fri Jan 12, 2018 3:19 pm

ვაჟა გიგაშვილი

სამშობლო – კრებითი ცნებაა

..სამშობლოა ერის ჯიში და ჯილაგი, მოდგმის უთვალავ თაობათა უწყვეტი ჯაჭვი, დინება... სიცოცხლის მუდმივი ესტაფეტა... სამშობლოა ამ თაობათა ნამოქმედარ-ნაღვაწი... ღვინო და პური, ნაფიქრი, ნათქვამ-ნაწერი, ნაშენები და დანახატი, ნამღერებ-ნამუსიკარი, ნაცეკვი, ნაჭედი ხმალი და გუთანი, მუდმივი შეუპოვარი ბრძოლა სამშობლოს შესანარჩუნებლად... და მიწა-წყალი... ადგილი, რომელიც უხსოვარი დროიდან მოგვანიჭა განგებამ და სადაც ცოცხლობს და ჰგიებს ყველაფერი ის, რასაც სამშობლო ჰქვია... ...ჩვენ, ქართველები, იმ ეროვნებათა რიცხვს ვეკუთვნით, რომლებიც ათადან-ბაბადან ერთ ადგილზე, თავის მიწაზე ცხოვრობს...
… რატომაა “თავისი”?.. არც სხვისთვის წართმეული, არც “საკუთრების შეძენა-გაფორმებით” მოპოვებული არაა “თავისი”... “თავისია” მიწა, რომელიც ერის თაობებისაგანაა შექმნილი... ეს არაა მეტაფორა... ეს მატერიალური რეალობაა... წინაპართა უთვალავი თაობა ჩადიოდა ამ მიწაში... ჩვენ ჩვენი წინაპრების მიწად ქცეულ ნეშტსა და ფერფლზე დავდივართ და ჩვენც იქ ჩავალთ... “მიწა ხარ და მიწად იქეცო” _ ეს წყევლა არაა, დალოცვაა... “დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო”... რას ითხოვს პოეტი?.. მხოლოდ და მხოლოდ განგების დიდი კანონის აღსრულებას _ თავის წიაღში დაბრუნებას... ეს წიაღი ჩვენთვის მხოლოდ აქაა... სხვაგან არ არსებობს და ვერც იარსებებს...
… ამ მიწა-წყალზე ჩვენ გარდა ხომ ცოცხლობენ და ჩვენსავით გადიან თაობათა ესტაფეტას სხვა ცოცხალი არსებები _ ნადირ-ფრინველი, მთელი ფაუნა... გავიხსენოთ, რომ ისინი ჩვენი სამშობლოს ნაწილს წარმოადგენენ...
...განგებამ შექმნა მუდმივი შეჯიბრი ცოცხალ არსებათა შორის... ამ შეჯიბრის მიზანია არა ვინმეს დამარცხება და განადგურება, არამედ პოპულაციათა სიჯანსაღისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება-გაძლიერება... განგებამ ჩვენც, ადამიანებიც, იმთავითვე ჩაგვრთო ამ შეჯიბრში... მაშინ დაიბადა ნადირობაც _ ადამიანის უძველესი პროფესია... მაგრამ ადამიანის გონება ისე განვითარდა, ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, ისეთი რამეები შექმნა და მოიგონა, რომ შეუძლია ამ შეჯიბრის წესისა და კანონის (რომელსაც ავტომატურად ემორჩილება ყველა – მგელიცა და ტურაც) წუთში გადათელვა... შეუძლია თავად შეჯიბრის მოსპობაც (აბა, რა შეჯიბრია, ჯეირანს სირბილში ვერტფრენით გაეჯიბრო?..) უარესიც!.. ადამიანს შეუძლია ამ ცოცხალ არსებათა თავად საარსებო გარემოს მოსპობა და ამას აკეთებს კიდეც!.. (მაგალითია პირწმინდად ამოჟლეტილი დურაჯი და ჯეირანი... ამოჟლეტის პირას მიყვანილი სხვა ნადირ-ფრინველი...)
...მაგრამ ადამიანს ისიც შეუძლია, რომ აღადგინოს, უმკურნალოს და მოაშუშოს ბუნების პირღია ჭრილობები, შექმნას შეუვალი დაცვისა და აღორძინების პირობები... საფრთხე დიდია და კარსმომდგარი... როცა სახლში ხანძარი იწყება, სიგიჟეა ჩაქრობაზე ზრუნვის სახვალიოდ გადადება... წამსვე უნდა აგუგუნდეს განგაშის ზარები...
...განგაშის ზარების შემოკვრაა ამ ჟურნალის მთავარი მიზანი... ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ყურისა და გულისათვის მიწვდენა განგაშის შინაარსის ახსნა გაცნობიერებისა...
… ამ ჟურნალმა უნდა შეასრულოს თავის გადარჩენის ინსტრუქციის როლი დამღუპველი ეპიდემიის დროს...
...გზა დავულოცოთ!..
... და გვახსოვდეს: პრობლემა გადაუჭრელია მხოლოდ სპეციალისტებისა და ენთუზიასტების ცალკეული ჯგუფების ძალისხმევით... მასშტაბი დიდია, ქვეყნის მომცველი... მხოლოდ მთლიანად სახელმწიფოს, მთელი ერის ბოლომდე გათვლილი და გაცნობიერებული ქმედებით შევძლებთ საფრთხის შეჩერებას...



ნაწყვეტი ვაჟა გიგაშვილის დოკუმენტური მოთხრობიდან „ნადირობა ჩონ-ტაშში“

...
წინა საღამოს ამინდი აირია. ძლიერი ქარი ამოვარდა. ქვემოდან შემორეკა ყომრალი ღრუბლები, ამოტენა და მთლად ჩააბნელა ხეობა. სწრაფად დაღამდა. დადგა უკუნეთი სიბნელე. დასცხო წვიმა და მერე ეს წვიმა ხორხოშელად გადაიქცა. ვიჯექი ბნელ კარავში ბაიყუშივით და ვუსმენდი ქარიშხლის ღრიალს. არც სანთელი მქონდა და არც ფანარი, დაძინება კი ძნელი საქმე იყო. კარავს დასავლეთიდან აწყდებოდა ქარიშხლის ტალღა. ერთი კალთა ისე ჩამოიბურთა, რომ თავზე დამეხურა. მეორე, პირიქით, გარეთ გაიბერა. კარავი ყველა ფოლაქსა და თასმაზე მქონდა შეკრული და კარგადაც დაჭიმული, მაგრამ ძონძივით ცახცახებდა და ფარფატებდა. ყოველ წუთს ველოდი, რომ მომგლეჯდა. ისეთი ღრიალი და ხრიალი იდგა, თითქოს კლდეები ირღვევა და შვავის ნიაღვარი თავზე გეხორავებაო. როგორც კი შენელდებოდა ქარიშხლის შემოტევა, გასარჩევი ხდებოდა უფრო შორეული ხმები: ხეობიდან მოდიოდა საზარელი კივილი, ჩხავილი და ღმუილი. უცებ ატყდებოდა უცნაური ხორხოცი და ჭახაჭუხი, მერე მას გულის გამყინავი მოთქმა და სასოწარკვეთილი წივილი ცვლიდა. ხორხოშელა ისე ურტყამდა კარავს, თითქოს ზედ ცოცხებს უბრახუნებენო. ქარიშხლის ამოსუნთქვის წამებში უცნაურად ჩაერთვებოდა ხოლმე მდინარის გახელებული ბურტყუნი და ხმამაღალი ოხვრა, კარვის გარშემო აწყვეტილი ზღაპრული ნადირივით დაჯლიგინებდა გრიგალი. ისეთი შთაბეჭდილება იყო, თითქოს უზარმაზარი ცოცხალი არსება მოძრაობსო: მკაფიოდ ისმოდა, როგორ გაიშლიგინებდა ხან კარვის წინ, ხან უკან. ხან კივილით დატრიალდებოდა ზემო ტერასებში, ხან ისევ კარავს დაებრდღვნებოდა შეშლილი ღრიალით და მაშინ ამ გამაყურებულ ღრიალში ინთქმებოდა ყველა სხვა ხმა.
ვიჯექი დაძაბული და ვფიქრობდი კოსტაზე: ვაითუ, გზაშია და ვეღარ მოაღწია აქამდე?!.. ამისთანა ჯოჯოხეთურ ღამეში სრულიად წარმოუდგენელია და უაზრო ყოველგვარი მოძრაობა. ალბათ სადმე ქვებში შეაფარებს თავს, როგორ გაძლებს დილამდე მშიერი და გზით დასუსტებული?...
განსაკუთრებით მაშინებდა ხეობიდან მომავალი გამყრუებელი ხრიალი და ჭახაჭუხი. ვინ იცის, მერცბახერის ტბამ გამოხეთქა და მისმა ნიაღვრებმა წალეკეს მთელი რიყე. ვინ იცის, კოსტა სწორედ სადმე მის ნაკადებს შორისაა? ვარაუდით, სწორედ ამ დროისათვის გამოაღწევდა მყინვარის ბოლო მორენებში და სადმე რიყეში უნდა გადმოდიოდეს...
მერცბახერის ტბა ინილჩეკის მყინვარზე ზედ შუა ქედის კიდეზე მდებარეობს. სიგრძით სამ კილომეტრს აღწევს, სიღრმით ორმოცი მეტრია.
ზაფხულობით, ცხელი დღეების შემდეგ, მყინვარის სხეულში დნება ტბის წყალქვეშა საცობები და წყლის გიგანტური მასა იძვრება მყინვარის ქვეშ მის მიერვე გათხრილ გვირაბში. სამ-ოთხ დღეში მთელი ტბა იცლება და ამ დროს საშინელი სისწრაფით წამოსული ნიაღვრები კიდით კიდემდე ავსებენ ინილჩეკის კილომეტრის სიგანე კალაპოტს. იქაურობა ერთ მთლიან კოშმარულ წისქვილად იქცევა. ნიაღვრებისაგან წამოღებული გოლიათური ლოდების ხეთქება და ტრიალი ქვებსა ფქვავს და უწმინდეს სილად აქცევს.
ამ ორომტრიალში გავიდა სამი საათი. განუწყვეტელმა დაძაბულობამ მომთენთა და არ ვიცი, რამდენი ხნის ჩათვლემილი ვიყავი, როცა ადამიანის კივილმა გამომაფხიზლა.
„კოსტა!“ - დავიყვირე და როგორ გავხსენი კარავი და გამოვვარდი გარეთ, აღარ მახსოვს...
„ეეეეეე!..“ - შეშლილივით ავღრიალდი ქარიშხალში. მერე გამოვათრიე თოფები და ავტეხე ბათქი.
არავითარი პასუხი. გარშემო ისევ გადარეული დოღია გამართული. გრიგალი ფეხზე არ მაყენებს. ჩაკუნტული ვტენი თოფს და ვისვრი. ისევ ვტენი და ისევ ვისვრი...
წვიმამ უკვე მოასწრო ჩემი თავიდან ფეხებამდე გალუმპვა. უკუნი სიბნელის გარდა ქარიშხალი საშუალებას არ მაძლევდა თვალები ღია მქონოდა გადაბმულად ერთი წუთის განმავლობაში.
ისევ კარავში შევძვერი. დაძაბული და აცახცახებული ვზივარ კარებთან. ვუსმენ. კივილი აღარ განმეორებულა.
მომეჩვენა?... მაგრამ ღრიალ-ყმუილის ამ ნაირგვარობაში ეს კივილი იმდენად განსხვავებული და აშკარად ადამიანისა იყო, რომ შეუძლებელია, მომჩვენებოდა. არადა, კივილი გარკვევით ზემო ტერასიდან მოვიდა. იქ რა უნდა კოსტას?... რაც გინდა გზა აბნეოდა, იქ მაინც ვერ მოხვდებოდა.
სიცივისგან ვძაგძაგებდი. გავიხადე სველი ტანსაცმელი და გერმის საძილე ტომარაში შევძვერი, ტომრიანად წამოვჯექი და ასეთ სულელურ პოზაში გავატარე ღამე. არაფრით არ შემეძლო დაწოლა და დაძინება. თითქოს ამითი აშკარად ვწირავდი და ვღალატობდი კოსტას.
გათენებისას მაინც ჩამთვლიმა და ამჯერად უეცრად დამყარებულმა დუმილმა გამომაფხიზლა.გარეთ ცრიატი შუქი და ღრუბლები ჩუმად, გამალებით გადადიოდნენ ქედებზე. წყნარი მზიანი დილა თენდებოდა. საჩქაროდ ჩავიცვი და გამოვედი. ორლულა თოფი და ბინოკლი ავიკიდე და მყინვარის ენისაკენ გზას დავადექი.
ძველ ნაბანაკართან წყაროსპირა ჯაგებიდან კაკბები წამოვაფრთხე და დუპლეტით ჩამოვყარე ორი ცალი. იქვე, მაღალ ბუჩქზე ჩამოვკიდე ისინი და გზა განვაგრძე. მყინვარის ბოლო მორენებში გავედი, ბევრი ვიყვირე და რამდენჯერმე გავისროლე. მერე გვერდის კულუარში გადავედი და იმ ღარში, მე და ჯოკიამ რომ ნანადირევი ჩამოვუშვით ნახევრად ავძვერი. აქედან კარგა ხანს ვათვალიერე მორენა. იქიდანაც ვისროლე და ვიკივლე, მაგრამ არავის უპასუხნია.
სუფთა, კრიალა დილა დადგა. მდინარეც წყნარად მოდიოდა. ნიაღვარი კი არა, თითქოს კიდევ დაეკლო წყალს. სიმშვიდე იყო. არსად ნაწვიმარი არ ეტყობოდა. ლამის იყო, ვიფიქრე, ღამით ყველაფერი მომეჩვენამეთქი.
ბანაკში დავბრუნდი. ცეცხლი გავაჩაღე. კაკბები გავბრტყვენი და შევწვი. ყავა მოვხარშე და ის იყო, საუზმეს შევუდექი, რომ ზემოდან ყვირილი მოისმა. ორი კაცი იდგა ლოდებიან კეხზე და ხელებს მიქნევდნენ. გამოვიტანე ბინოკლი, გავარჩიე ერთის შინდისფერი გერმის ქურთუკი და მივხვდი, რომ გივი იყო. სირბილით წავედი ზევით.
გივი მექარავნე ყირგიზებთან ერთად ტერასებზე მიგდებულ ძველ კოშში მოთავსებულიყო. თავი გადაპარსული ჰქონდა. მზეზე გარუჯულიყო. შეფერთხილი და გაახალგაზრდავებული ჩანდა. ამერიკული „ვესტერნის“ კინოვარსკვლავს ჰგავდა...
სეტყვასავით დავაყარეთ ერთმანეთს კითხვები და პასუხები. ნახევარი ვერაფერი გავარკვიეთ და დამშვიდების შემდეგ ისევ თავიდან ჩავატარეთ ერთმანეთის საფუძვლიანი გამოკითხვა. გუშინ საღამოს ჩამოსულან უღელტეხილიდან. „საშინელ ქარიშხალში მოვხვდით და ბანაკს ვეღარ მოვაგენით... რამდენჯერმე დავიკივლეთ და არავინ გვიპასუხა. მერე კოშს წავაწყდით და დავბინავდითო“...

The competition among all living beings was created by divine providence…the aim of this competition is not a defeat of someone, nor annihilation, but strengthening the health, maintaining vitality and wellness of population. God has drawn us humans in this competition as well, this where hunting takes origins – the oldest profession of a human being. However, human consciousness has evolved so fast, reached such grate heights, created and designed such things, that he can now crush all the rules of this competition and its laws. He can now cease the competition itself (is competition fair if one outruns a gazelle with a helicopter?), moreover, A man can destroy all conditions of these living beings and this is exactly what he does (completely exterminated gazelles and francolins can serve as a perfect example…other animals and birds near extinction…)
But a man can also revive, heal and soothe the open wounds of nature, create the unbreakable surroundings of protection and rebirth…the danger is huge and it is near. When fire bursts at your home, leaving the extinguishment for tomorrow is madness…alarm bells should ring instantly! The primary goal of this magazine is to ring these alarm bells…our objective is to reach as many hearts and ears as possible and make this urgency conscious and explain it.

ბმული:
* https://www.veluribuneba.ge/ka/httpwildlifegwebgemagazine1001433magazine59d62b6d5e8cdmobileindexhtmlp6/shemodgoma-2017/article/37612-samshoblo-krebithi-cnebaa

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ვაჟა გიგაშვილი   

Back to top Go down
 
ვაჟა გიგაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: