არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ბაღათერ არაბული

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ბაღათერ არაბული   Sat Sep 19, 2009 9:04 pm



ლექს-ანდრეზები

ციკლიდან: ”ხევსურეთს ამბად ნათქვამი”


თორღვა

... ჩოლოყაშვილნ წარმოშობით ხევსურნ ყოფილან...
მაგათ პაპას ჩოლოყა ხქმევივ,
შეთეკაურთ ამბობენ გვარად...

მუცოშიით ახმეტაში ჩასახლებულან,
მემრე კი, რა ვი, თავადებიც გამხდარან კახეთ...
ჰოდა, ამაგათ შთამომავალ ყოფილ ქაქუცა,
რუსების ჯარს რო შაღბრძოლებივ:
- აქ რა გინდათავ?
ჩემს მამულში რას აკეთებთავ?
- როგორ, რა გვინდავ?
თქვენ ქვეყანაიც ჩვენ გვეკუთვნისავ,
თქვენი ქალ-ძალივ,
საქონ-ნაქონივ ახლა ჩვენიავ...

კაი ვაჟკაც ყოფილ ქაქუცა,
არ მაუთმენავ რუსებისად,
ან რას მაუთმენდ?
ამტყდარას ბრძოლა,
ბევრნ დასევიან ის სულძაღლნი,
მაღრევიან მარტო ქაქუცას,
ამხანაგებსაც უღალატებავ...
გამაქცეულ ხევსურეთისკე, -
ჩემიანებ დამიცავენავ -
და თორღვასთან გაჩერებულას...
იმას კი ქისტეთ კაც გაუგზავნავ:
- არიქავ, ჩქარა მაგვეშველეთავ,
თორემ რუსის ჯარ მაგვერევავ,
უთქვენოდავ ვერას ვიზამთავ... -
ქისტებს ამაზე უარ უთქვამ:
- ჩვენ სისხლ გმართებსთავ,
დახმარებას როგორ ითხოვთავ?
(ხევსურთ იმათად კაც ჰყოლიათ ადრე მაკლული).
თორღვას თავის შვილ გაუგზავნავის:
- მაკალითავ და გავსწორდებითავ,
ოღონდავ მტერსთან ახლა სირცხვილს
ნუ შაგვაჭმევთავ...

ქისტებსა არ უქნავ კაცის მაკვლა:
- ეგეთ რამე სად გაგონილავ? -
და თორღვაის შვილთან ერთად
გადმოსულან დასახმარებლად...

ისრ ჩაუხოცავთ რუსების ჯარი,
ამბის მიმტან არ დარჩენილას...
Back to top Go down
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ბაღათერ არაბული   Sun Sep 20, 2009 12:19 am

ქუდნისლა ჩამაიშალა,
შიგ მაიყოლა მაღრანი;
მაღრანში, მარღის ციხეო,
კედლებ დაგეძრა მაღალი, —
წაიქცა შენი პატრონი,
ცხენიც წაექცა საღარი,
ღვარად ჩამოდის ჩაღმისკე
ცრემლების ჩამანაღვარი...

პ.ს. ეს რა კარგი კაცი და პოეტი მოუყვანიათ აქ. ჩემი უპირველესი მეგობართაგანი. მადლობა ბობოს ამისთვის
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ბაღათერ არაბული   Sun Sep 20, 2009 12:21 am

გაბურთ ეშმა


...ამღა-ჭიმღაში
დავით გაბურს ვერავინ ჯობნილ...
სილამაზით და ვაჟკაცობით
ტოლსწორებში ელვასავით ირჩეოდისავ...
ჰოდა, ეგ გაბურ ეშმასაც კი შაჰყვარებივას
და ქალის სახით თიბვა-მკაში გამასცხადებივ...
დაუჭერავის დავითს ეშმა
და... თავის სახლში წამაუყვანავ...
...თეთრ თმან ჰქონიან გაბურთ ეშმას,
მზის სხივს ჰგვანილან,
ტახტზე იწვისავ და თმათ გუბივ,
საწოლზეით გადმამდინარივ, ქაზდარს1 ავსებავ...
ფრჩხილებ დაუჭრავ ეშმაისად
და ქარქაშში დაუმალავის, —
ვეღარსად წავავ (უფრჩხილებოდ ძალა აღარ აქვ!)
ხოლო ხმალ-ხანჯარს
შიშით ახლოს არ ეკარების...
„— გამიშვივ, რაად მაწვალებავ“ —
დავითისად უხვეწნავ ეშმას, —
ისევ მამეცივ ჩემ ძალაივ,
ჩემ შაძლებაივ,
რა ცხვარ-საქონში მატარებავ,
რას მამწყემსებავ,
მამწყინდავ აქავ, თქვენთან ყოფნაივ,
დღე მუდამ თქვენთვის შამახედვნაივ...
დიაც რო მაინც არ გყვანდასავ,
არ გიყვარდასავ,
კიდევ გავძლებდივ,
შენთან დავლევდივ ჩემს ცხოვრებასავ,
სიხარულით ვიმუშავებდივ...
ახლა კი ცრემლად რაად მღვრიავ,
დარდს რად მაკვლევავ,
რა ჩემ ცოდვაში იდებავ წილსავ!..“
არ გაუშვავის გაბურს ეშმა, —
მოჯამაგირედ გამამადგებავ...

გასულას ხანი
და ერთ დღესაც გაბურთ სახლში რო არვინ ყოფილ,
ეშმას დავითის ბალღისად უთქვამ:
— უკვე დროიავ, აის ხმალივ ხელთ გეჭირასავ
და მტერ-დუშმანის დასახვედრად ემზადებოდავ,
რა ბალღბულღების საქმით ერთობივ!..
ჩამაუღავის გაბურთ ყმაწვილს კედლიდან ხმალი
და ამაუწვდავ გაგულისებულს...
გადამცვენილას ქარქაშიდან ეშმას ფრჩხილები...
წამაუკრეფავ სათითაოდ
და გაქცეულ აიქისკე, საითაც მასულ...
წასვლისას გაბურნ დაუწყევლიან;
„ჩემს წვალებისად ნუმც იმრავლებთავ,
ნუმც გასწყდებითავ,
(ეგ, ალბათ, იმად, გაბურ რო უყვარდ!)
ერთ ეგეთ ვაჟკაც გვარში ნუამც დაგელევისთავ,
ერთ გიჟ-უჭკუოიც მუდამ გყვანდასთავ“, —
ეგეც უთქვამს წასვლისას ეშმას...

მაგ ამბის შემდეგ ბევრ რაიმ მამხდარ,
ბევრ რაიმ შაცვლილ არხოტის თემში,
ბევრ კაი ვაჟკაც მასულ და წასულ...
გაბურთ კი... გაბურთ
რაკი იმისგან თუ რაისგან, ეეგრ ახდომივ...
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ბაღათერ არაბული   Sun Sep 20, 2009 1:52 am

ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა ამ პოეტის გვერდის გახსნა.
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ბაღათერ არაბული   Sun Sep 20, 2009 9:48 am


* * *

არეულია კეთილ-ბოროტი

გაუტანლობით, შურით, ღალატით, -

ვეღარ ვიცხოვრებთ, როგორც ვცხოვრობდით,

ვეღარ დავმალავთ,

რასაც ვმალავდით...

დღევანდელ დღისთვის პასუხს ვინ აგებს?

ან მომავლისგან მაინც რას ელი?

დაცემულია ციხე-სიმაგრე

და მეციხოვნეც - უკანასკნელი...

არც გამკითხავი და არც გამგები,

დიდი ხანია, არავინ არ ჩანს,

შენი კოშკები, ბროლით ნაგები,

დღეს სათარეშოდ ეშმაკებს დარჩათ...

უელავს ღამეს მთვარის ნისკარტი,

ცა გადაშლილა ულურჯეს მინდვრად,

მე კვლავ მიყვარხარ, როგორც მიყვარდი,

ასე დიადი და ასე წმინდა...


***

ჩახერგილია უკვე გზა-შარა,

გაავერანეს უღვთოდ ედემი,

შენი დიდებაც უკვე წაშალეს

და დღეს არავის არ ახსენდები...

ბევრი ჯამბაზი, ბევრი მასხარა

და კიდევ ბევრი გადამთიელი

შენი წარსულის ძვირფას ნამსხვრევებს

დაუნანებლად დღეს ფეხქვეშ თელავს...

მაგრამ ათასჯერ ნაწამებს, ნაგვემს,

კვლავ დაგადგება თავზე ნათელი

და იმ დიდების ბნელ ნანგრევებზე

სულ სხვა დიდებით აღიმართები!..



ღამე ქართლში


შენს შესახვედრად კვლავ ვბრუნდები დიდი ხნის შემდეგ,

ცაზე ვარსკვლავი ერთადერთი ბრწყინავს წვეთივით,

შავად ელავენ ღამეები და ქართლის ქედებს

აწყდება ქარი, მთებს აწყვეტილი...

შრიალებს ნისლიც და განფენილს სივრცეში მინდვრებს

აწევს დუმილი და ძილქუში განუკურნელი,

მე ვერსად წავალ, მეციხოვნედ აქ უნდა ვიდგე,

ვიდრე თავბრუს მხვევს შენი ცის და მიწის სურნელი...

მე ვერსად წავალ, ვიდრე ქარი დილის ნისლს გაშლის,

ვიდრე უკუნი გიფენია გზებზე ნარ-ეკლად,

არ აყვავდება ვიდრე მთებზე დილის რიჟრაჟი

და ვიდრე ღამის დამარცხების ზარს არ დარეკავს...

.....

შენს შესახვედრად კვლავ ვბრუნდები დიდი ხნის შემდეგ,

ცაზე ვარსკვლავი ერთადერთი ბრწყინავს წვეთივით,

შავად ელავენ ღამეები და ქართლის ქედებს

აწყდება ქარი მთებს აწყვეტილი...



* * *

ნადარბაზევი (ეტიუდი)

ივსება სივრცე მთვარის სხივთა ნათელ ხაზებით,

ბინდის დარბაზებს შერაზვია ნადარბაზევი...

იძინებს ქართლი,

ახლა ქართლში არ სძინავთ ქარებს

და ქართლის ქარი დასავლისკენ ნისლს მიაქანებს...

ქსნის ქედებიდან მარტოდმარტო მიფრინავს წერო,

რომ წეროვანში

შეეფაროს ღამეულ ჩეროს...

.....

ივსება სივრცე მთვარის სხივთა ნათელ ხაზებით,

ბინდის დარბაზებს შერაზვია ნადარბაზევი...


* * *

ეს ღამეც დღეა...

ეს ღამეც დღეა - უკვე დაღლილი,

ფერგადასული და გარდაცვლილი

და ამჩნევია ტანზე დაღივით

მთვარე - მზის სული და მზის ნაწილი...

ეს ღამეც დღეა - ხვალის დღისათვის

უარყოფილი და დალეული

და იდუმალი, შავი სინათლით

განათებულა მისი სხეულიც...

ეს ღამეც დღეა - მისი იერი,

მისი სახე და მისი არილი

და ვარსკვლავების ცივი ციაგი

მხრებზე აყრია ნაღვერდალივით...


***

ვინ ჩამოჰკიდა ამ ზეცასმთვარე? -

ჭაღი - ათასი სხივის ამნთები,

ანდა, ყინვებით მოხატულ ზამთარს

ვინ დაათოვა თოვლის ნათელი?..

ვინ?

ვინ აუშვა ქარები ღამით?

ვინ გადაჰფინა სივრცეს ქარიშხლად?

და ვინ აანთო დილა სისხამი?

ღამის უკუნი ვინ დაარისხა?..

ან ვარსკვლავები ჩუმი წკარუნით

ვინ მიაქარგა ზეცის ხალიჩას?

ვინ მომისაჯა ეს სიყვარული?

ეს სატანჯველი ვინ მომანიჭა?

.....

ვინ

ჩამოჰკიდა

ამ ზეცას მთვარე? -

ჭაღი - ათასი სხივის ამნთები,

ანდა ყინვებით მოხატულ ზამთარს

ვინ დაათოვა თოვლის ნათელი?..



* * *

გამოაღწიე ტკივილის ქვეყნებს, -

ცრემლის და დარდის ქვებით მოფენილს,

დღეს გულში დაჭრილს ეჭვის ეკლებით

თქვი, რას გპირდება წუთისოფელი?..

რას?

რას გპირდება? სიხარულს? ღიმილს?

თუ განუკურნელ წუხილს და ვარამს?

დღეებს - მოქარგულს ღვთაებრივ სხივით?

თუ ნისლით ავსილ ღამეებს წკვარამს?..

იქ, მომავალში, როცა გადახვალ,

დღეების უღრანს როცა გაივლი,

დრო რას გპირდება წლების გადაღმა?

ეკლის გვირგვინს თუ გვირგვინს ყვავილის?..

.....

გამოაღწიე ტკივილის ქვეყნებს, -

ცრემლის და დარდის ქვებით მოფენილს,

დღეს გულში დაჭრილს ეჭვის ეკლებით

თქვი, რას გპირდება წუთისოფელი?..




განშორება


მე ახლა გხედავ ცისკენ მიმავალს,

გაცისკროვნებულს მრავალ კელაპტრით

და დღეს, სიმართლეს არ დაგიმალავ,

შენს ბედნიერ ბედს ჩუმად შევნატრი...

მაგ მარადიულ სამყაროს კართან

დგახარ ამაყი და ვალმოხდილი,

შენ ტანჯვის გარდა არაფერს კარგავ,

მე კი მწუხარედ მაინც მოგტირი...

ჯერ კვლავ მაცდურად ყვავის ტყე-ველი,

კვლავ შიშს მგვრის ლეთეც გადასაცური;

შენ - ბედნიერი სასუფეველით,

მე - წუთისოფლის წამით, მაცთურით...


* * *
(ეტიუდი)


მოიღვენთება ცის პირიდან დილა სისხამი,

ამოქარგული მზის სხივებით და ქარიშხალით...

და მნათის შუქიც, ზეცის მაღალ ჭერს რომ ეკიდა,

მოიპარება ღრუბლის თეთრი ნაჭუჭებიდან...

მოიღვენთება, მოწანწკარებს,

მოდის, მოცურავს

და ყველაფერი იდუმალი შუქით მოცულა...



* * *

რა ხანია, ჩაიარა

იმ წადილმა და იმ ლტოლვამ;

შენ რაც გსურდა, თან წაიღო,

რაც არ გსურდა - დაგიტოვა...

რა ხანია, აღარ გატკბობს

ცაში ქროლვა ქარის ფრთებით

და კვლავ სიყვარულისათვის

ძველებურად არ ირთვები...

რა ხანია, ჩაქსნენ უკვე

ელვის მჩენი ჩანჩქერები

და დალეულ მდინარეში

ჩანავლული ჩანს ჩქერები...

რა ხანია, არ გიხმობენ

ის მინდვრები, ის ველები,

სადაც მზეზე გამოსული

ყვავილები ისვენებენ...

რა ხანია, ჩაქრნენ უკვე

ის დღეები, ის წუთები

და აქამდე გაუწვრთნელი

დღეს ადვილად იწურთნები...
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ბაღათერ არაბული   Sun Sep 20, 2009 10:40 am



ბაღათერ არაბული - Baghater Arabuli


სტამბული

გამოჩნდა ბოსფორი
და ვიწრო ყურეში
შევდივართ,
ჩვენ ზემოთ ხიდია გაბმული,
ფერდობი გადაშლილი მოჩანს ყურანივით,
ირგვლივ ილანდება ბებერი ისტამბული...
შენ იყავ პირველი მტერი მოსისხარი,
სხვაც ვინმე ამქვეყნად ყოფილა თუკი,
ყაყანებს,
ფუთფუთებს ქუჩებში ისლამი,
- სალამ ალეიქუმ! - ხელს მართმევს თურქი...
ქუჩა ჰგავს ამღვრეულ
და ფერად მდინარეს,
ჩადრიდან გოგო მიმზერს მოღიმარი,
სად ზეცა უკავია უთვალავ მინარეთს
და კრიალოსანით ერთობა იმამი...
მიპატიებია სისხლი
და ტკივილი,
ვივიწყებ, წარსულში რაც იყო,
რაც არი,
წინ მხვდება:
მოლების გაბმული კივილი
და თეთრი აია სოფიას ტაძარი...
ტრიალებს ბუღი სულის შემხუთავი,
მზის ცხელი დისკო ჰკიდია მაღლა,
შუადღის ლოცვანს აღავლენს სულთანი
და ხელაპყრობილი უჩოქებს მაჰმადს...
მთების გადაღმიდან მოცურავს ღრუბელი
და ქარი ქუჩის მტვერს სახეში მაშლის,
— ისტამბულ, მშვიდობით!
სისხლის აუღებლად,
მარჯვენის მოუჭრელად ვბრუნდები სახლში!..






მიხო მოსულიშვილი

ისევ გულს სჭირსა, ბაღათერო...

ეს ლექსი გვიყვარდა ზურა ნარმანიას და მე...
ზურა ხომ სულ მთვრალი იყო ბოლო წლებში...
მეც რომ როდის-როდის წამოვეწეოდი ხოლმე და ბაღათერი თუ შემოგვისწრებდა, ყოველ მიზეზ გარეშე, უსათუოდ ვათქმევინებდით ამ ლექსსა...
არა, კი არ გვიკითხავდა, გვეგონა, რომ ხანჯალივით გაგვიყრიდა ხოლმე გულებში ამ თავის ალესილ-აფხავებულ ლექსსა...
- ჰაი, დედასა!.. - ამოიგმინებდა ზურა და...
მეც ავუბამდი მხარსა:
- აფსუს, რამდენი ქართველის თავი დაგორებულა მაგათი დაპყრობილი კონსტანტინოპოლის მტვრიან მოედნებზე...
ბევრისა, ძალიან ბევრისა და...
მარჯვენის მოუჭრელად დაბრუნებულიყო ბაღათერაი შინა - ის დრო აღარ იყო უკვე და მაგიტომაცა, განა მარტო პატიებითა...
ახლა საბურთალოს სასაფლაოზე წევს ზურა ნარმანია... იმან გვაპატია ყველაფერი...
ბაღათერაიც დამეკარგა და...
ის დრო აღარ არი უკვე...
ჰოდა, ვზივარ ეულადა, მარტო ვიხსენებ ბაღათერაის წაკითხულ აემ ლექსსა და...
- ისევ გულს სჭირსა, ბაღათერო, გულს ხანჯლად სჭირსა აეს შენი ამონაკვნესი...

Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაღათერ არაბული   Sun Jan 09, 2011 9:43 pm

* * *
რისთვის ხმაურობ, მდინარის წყალო,
ან ჩქერალებით რისთვის ირთვები?
მაგ სილამაზის დღეებიც წავლენ,
შენც ჩახვალ ბარში და დამშვიდდები...
თავკომბალებით და ბაყაყებით
ამოივსება შენი ნაპირიც,
ან გაილევი, ან დამყაყდები,
ან ზღვა ჩაგყლაპავს გველეშაპივით...
და დაინთქმება შენი ჩქერების
ხმა და გუგუნი მთების მზარავი,
რადგან ბოლომდე ბედნიერება
ჯერ არ რგებია ქვეყნად არავის.

* * *
ლამპიონების გრძელი დერეფნით
ჩვენ ქალაქიდან გავყავდით გამზირს
და მონატრული ცა გათენების
იქ მიგველოდა სხვა სილამაზით...
ხოლო ქალაქი მაღალ სახლებით
დასახლებული იყო მინდორი,
მან არ იცოდა ჩვენი სახელი,
სულერთი იყო, სად წავიდოდით...
იგი ბორგავდა და ბრჭყვიალებდა
და ნებიერი, როგორც მორევი,
რომ ჩაეთრია, ახლა გარედან,
სხვებს მოუხმობდა განმეორებით...
იდგა ამაყად, სევდით ულევით,
გაუმხელელი ცოდვებით სავსე
და რეკლამების სამკაულები
უელვარებდა მაცდურად ტანზე.


* * *
ვინ გაგიყვანათ, მინდვრებო, ქარში?
ვინ დაგათოვათ თრთვილის ქვირითი?
შემოდით ჩემთან, ლოგინს გაგიშლით _
გაზაფხულამდე ტკბილი ძილისთვის...
თქვენაც, ხეებო, რომ გაწევთ სევდა
და სუსტი ტანი გიჩანთ შიშველი,
შემოდით ჩემთან, შემოდით ჩემთან,
ყველას უკლებლივ გეპატიჟებით!

* * *
ო, შადრევანო, რას შეგადარო,
შენ _ სევდიანი ბაღების მკვიდრო...
ოდეს ციური გერქვა ავდარი,
უკვე წასულა ის ჟამი, ის დრო...
დღეს კი გედივით ყელაწეული
და მოწკრიალე, როგორც ეჟვანი,
დგახარ და მზეზე გითრთის სხეული _
სავსე წუხილით და კაეშანით. . .

* * *
აყვავებული ტყემლების ნისლო _
საგაზაფხულო დედოფალო ამ ველ-მინდვრების,
საცდუნებლად რად მიხმობ ისევ,
ან ქალწულებრივ რისთვის ირთვები?..
ოდეს კვლავ გახსოვს უკვე ჩავლილი,
გაბრუებული მზისგან ალერსით,
ქარს გაყოლილი შენი ყვავილი,
შენი განძარცვა შესაბრალისი...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაღათერ არაბული   Sun Jan 09, 2011 9:45 pm



* * *
ლამპიონების ცივი თვალებით
თავისკენ გითრევს, როგორც მორევი,
ქალაქი, სავსე იდუმალებით,
ქალაქი, სავსე უცხო ჭორებით...
შენ კი ოცნებით სხვა მხარეს ელტვი,
როცა ჩაუვლი ქუჩებს, აივნებს
და შურთ მინდვრების ყვავილის ბედი
მაგ ჭრელ კაბაზე ნაქარგ ყვავილებს...


* * *
(ციკლიდან `დაცლილი სოფლები~)
დაშლილ ღობეზე იჯდა მამალი _,
(მამალი, რა თქმა უნდა, ამალით!)
ამალა ყველა მსხვილ-მსხვილ, წვრილ-წვრილით,
ყველა დედლით და ყველა წიწილით ...
ბევრის მომსწრე და ბევრის მომთმენი,
იქვე ღობესთან იჯდა თოთელიც ...
თოთელს გულ-ღვიძლში ეჯდა მაცილი,
თოთელს შვილ-ბოლო ჰყავდა გაცლილი ...
....
დაშლილ ღობეზე იჯდა მამალი,
(მამალი, რა თქმა უნდა, ამალით!)


* * *
... მე ვბრუნდებოდი შენი გულისთვის,
უბელო ცხენის ჭენებ-ჭებებით
და შემოდგომის ყვითელ ბურუსში
ენაცვლბოდნენ ჭალებს ჭალები ...
შორს კი, ღამეულ ნისლით და ქარით,
დასახლებული ქედები იწვნენ
და ფოთოლივით ფერმკრთალი მთვარეც
იდუმალებით ავსებდა სივრცეს.


* * *
ვინ რთავს ამ ღამეს ვარსკვლავებით?
ან ვინ რთავს მთვარით?
რომ ყველას ცისკენ გაგვირბის თვალი...
ვინ აფერადებს ამ სივრცეებს ფერით ულევით?
ანდა ზეცისკენ რად ილტვიან ჩვენი სულები?..
იქ ვინ მიგველის? ვინ მოგვიხმობს?
ან რა გვიზიდავს?
რად გვეჩქარება დაღლილ მგზავრებს
გასვლა მიწიდან?..
...
ვინ რთავს ამ ღამეს ვარსკვლავებით?
ან ვინ რთავს მთვარით?
რომ ყველას ცისკენ გაგვირბის თვალი...


* * *
(ეტიუდი)
უკვე გამოჩნდა დილის ნაპირი _
მთებს დაფენილი რიჟრაჟის კალთა,
დაშხეფებული თეთრი ქაფივით
ცისა და მიწის აღსავლის კართან ...
დაჩნდა მინდორიც უცხო არილით,
გამოღწეული ღამის ნისლოვნებს,
სადაც ალვისხე დგას ისარივით,
თითქოს ზეციდან გადმოისროლეს. . .
შორს კი, დაცვარულ სივრცის დასავლით,
მწვანე ბურუსად ტყეები გაკრთნენ
და დილის მნათმა სხივთა სავსავი
გადააფინა რიჟრაჟის კალთებს...


ქართლი

გათენდა, თითქოს გუნდი ქედნების
შემოფრთხიალდა ზეცის სარკმლიდან
და მზემ ქარიან ქართლის ქედებზე
ათიათასი სხივი დაჰკიდა. . .
შეგუბებულმა და შეჩვეულმა
ამ ამინდების უამინდობას,
გამოიტანა ყაყაჩოები
და გამოჰფინა მზეზე მინდორმა...
ისევ აჩქამდა მდინარის სიმიც,
ირგვლივ დაირხა საოცარ ხმებად
და განბანილმა მაისის წვიმით
ნამის მძივები აისხეს მთებმა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაღათერ არაბული   Sun Jan 09, 2011 9:48 pm

* * *
(ძველი რვეულიდან)

რუსუდან, შენი ღიმილით ავსილს
ამ იმერეთის ღამეებს ვითვლი
და მთვარე _ ოქროს ლამაზი თასი,
მე მომაქვს შენთვის და ხელზე მითრთის . . .
მე მომაქვს სევდის დამღლელი მძივი
და ჩემს ცხოვრებას ცრემლებად ვკიდებ,
მთვარე კი _შენი გულივით ცივი,
გვირილასავით უჭირავთ მინდვრებს. . .


* * *
ჩვენ კვლავ ვბრუნდებით ღამის დერეფნით
ქალაქში, სადაც მკრთალად დაფენილ
სინათლეს ისევ მოუჩანს ტერფი
და მდუმარეა სუყველაფერი ...
სდუმან ვარდები და ზამბახები,
სად მოუცვია ღამე იდუმალ
დუმილს და სდუმან ირგვლივ სახლები
და ჩათვლემილი ქუჩებიც სდუმან ...
და ჩვენ ვბრუნდებით თითქოს უხილავ,
ჯერაც გაუვალ გზებით ვბრუნდებით
და უძოს თავზე უცხო წუხილად
ჩამოძენძილი ჩანან ღრუბლები ...


* * *
მალე ჩაქრება ზეცის სარკმელი,
დადგება ჟამი გრძელი ზამთრების,
მოდი, ძვირფასო, უკანასკნელად,
ამ ერთ სიყვარულს ნუ დამზარდები ...
მოდი მილეულ მთვარის კელაპტრით,
ფოთოლდამჭკნარი სხივთა იელით;
ოდესღაც ჩემთან, ვით კლეოპატრა,
თქვი, ხომ იყავი შენც ბედნიერი?..
განქარდა ჟამი ვარდისფურცლობის,
ის თეთრი ცხენიც აღარ ჭიხვინებს
და გასავლელი გზები უცნობი
ჩამოღამდნენ და ჩამოიჭირხლნენ...
. . .
ნისლით ივსება ზეცის სარკმელი,
მზეც დასავლისკენ მისდევს ტრამალებს;
მოდი, ძვირფასო, უკანასკნელად
და შენი თმების ბინდში დამმალე...


მეუღლეს

ამღვრეულია უკვე ამინდი,
მხრებზე მოისხეს ნისლი ქედებმაც, _
ვერ მოგიტანე ქართლის მინდვრები,
ვერ ჩამოვკიდე ოთახს კედლებად ...
ვერც ღამეული მთვარის ნათელი
გამოვამწყვდიე სახლის წყვდიადში
და ვერ აგინთე სანთლად ზამთარიც
თავის სიწმინდით და სიდიადით.
ამოვსებული ტალღების ბორგვით
ვერ დაგიფინე კართან ზეფირი,
ვერ მოგილალე ირმების ჯოგი,
ვერც ვარსკვლავები, როგორც შეგპირდი ...
. . .
ამღვრეულია უკვე ამინდი,
მხრებზე მოისხეს ნისლი ქედებმაც, _
აყვავებული ქართლის მინდვრები
ვერ ჩამოვკიდე ოთახს კედლებად ...


* * *
ისევ ვბრუნდები და შენს კარებთან
ვდგავარ დაღლილი და მოთენთილი,
იღვრება შუქი სადღაც გარედან
და მოჩანს გუბე _ წვიმის წერტილი...
შრიალებს ბაღი ჩრდილდახუნძლული,
სადაც ოდესღაც ალერსს მაჩვევდი
და შენი სახლი, როგორც კუნძული,
განათებული იდგა ფანჯრებით...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ბაღათერ არაბული   Sun Jan 09, 2011 9:58 pm

ეტიუდი

თოვლი დაბერდა და იცრემლება,
ისევ უმატა ირგვლივ ჟინჟვლამაც,
მალე ყვავილი _ შუქი ტყემლების
შემოენთება ველს გარიჟრაჟად ...
და ბალახების მწვანე ღვართქაფი
გადითქრიალებს მინდვრებზე ისევ,
საგაზაფხულო ციდან ღმერთებიც
კვლავ გადმოჰფენენ მაისის ნისლებს...
და აიშლება შავად მდინარეც,
ბორგვით ჩაუვლის ძილგამკრთალ ნაპირს
და გრძელი ზამთრის ძილით მძინარი
ისევ აავსებს ხეობას ხაფით...
. . .
თოვლი დაბერდა და იცრემლება
ისევ უმატა ირგვლივ ჟინჟვლამაც,
მალე ყვავილი _ შუქი ტყემლების
შემოენთება ველს გარიჟრაჟად ...


ნუ გამოიყვანთ ბავშვებს ზღაპრიდან

გამომაძევეს მე ბავშვობიდან,
გადამიკეტეს კარი ურდულით,
დღეს შურით ვუმზერ სათამაშოებს,
როგორც დასჯილი და გაქურდული...
იქ დამრჩა ხმალი, ზღაპრის ქვეყნების
დევთან ბრძოლისთვის რომ მისახსოვრეს,
ახლა კი იმ დევს, ძალით თუ ნებით,
შევგუებულვარ, როგორც ახლობელს...
მისთვის ვარსებობ და მისთვის ვცხოვრობ,
მწარე ჭაპანსაც მისთვის ვეწევი;
მე ჩემი თავის ჩრდილი ვარ მხოლოდ,
ჩემი თავის და ბედის შეწევნით...
სასახლე ჩემი ქცეულა ყორედ,
ჩაჟანგულია ჩემი გუთანიც
და ცხრათავიან დევის შემყურეს
აღარაფერი მაქვს საკუთარი ...
თითქოს ჩამქრალა მომავლის შუქიც,
(ვაი, სოფელო, ბინდით მოცულო!)
დევის ნებაზე ვცეკვავ და ვბუქნავ
და ღმერთთან დევის ენით ვლოცულობ ...
წაშლილა ათას ფერით ნაფერი
ის დრო _ დიდების მზით რომ ბრწყინავდა,
შთამომავალთან და წინაპართან
ერთხელ ხომ უნდა წარვსდგე პირნათლად ...
გადარჩენის და დახსნის სიმბოლოდ,
ოცნების სხივით სავსე ნაპირთან,
ზღაპრის დევებთან მაინც იბრძოლონ,
ნუ გამოიყვანთ ბავშვებს ზღაპრიდან!..


სად მიხვალ, ქარო...

სად მიხვალ, ქარო,
ამ ნისლიან მთების გადავლით?
საითკენ გიხმობს ელვის შოლტით ღამის ავდარი?..
იქ ვინ მიგელის იმ შორეულ ცათა გადაღმა?
ან ვინ დაგვხვდება იმ სივრცეში როცა გადახვალ?..
სად თოვლიანი მწვერვალები წამომართულან
ვინ გელოდება?
ვინ გაგიშლის ბინდის სასთუმალს?
ან სად ტრამალთა იდუმალი ელავს სინათლე
ვინ შეგიფარებს უკვე დაღლილს?
ვინ მოგინატრებს?..
ვინ დაგიამებს სულს და სხეულს ქვებზე
დაფლეთილს?
თქვი, ვის მოუხმობ მაგ ბუკებით და დაფდაფებით?..
...
სად მიხვალ, ქარო,
ამ ნისლიან მთების გადავლით?
საითკენ გიხმობს ელვის შოლტით ღამის ავდარი?..


* * *
შავად გაფოთლილ ქართლის გორებზე
კვლავ ვიღაც გვიხმობს ქარის საყვირით,
თავზე დაგვბრუნავს ზეცის მორევი
და ღამეს უჩანს მთვარის საყელო ...
მივდივართ, შორით ჩნდება სურამი
ზურაბის დედის მარადი სევდით,
ასე ლამაზი და სასურველი
ცას შემსხვრეული ქედების ხედი...
მივდივართ, ქარზე წამოშლილ მინდვრებს
თითქოს ეზრდებათ ფრთები ალვების,
რომ ღამღამობით ცაში აფრინდნენ
მოცულნი უცხო იდუმალებით ...


გასაუბრება ლომთან
თამაზ ხმალაძეს

სალამი, ლომო,
ჩვენ შევხვდით კიდევ,
მდუმარედ წევხარ გალიის შიგნით,
დაღლილი თავი თათებზე გიდევს
დამძიმებული დარდით და ფიქრით....
სევდით იხსენებ დროს უნეტარესს,
ტყეებს მოხატულს ფერად ღრუბლებით,
ახლა კი ჩუმად ვუმზერთ ერთმანეთს,
ერთმანეთს ჩუმად ვესაუბრებით...
ჩვენ ერთნაირი გვერგო სვე-ბედი,
მეც მიმაჯაჭვეს დროის გალიას
და ამ დღეების გისოსებიდან
გაქცევას ვცდილობ, დიდი ხანია ...
შენც შორ სივრცეებს იმედით ზვერავ,
ზოგჯერ მოგივლის ბრძოლის სურვილი,
უდაბნოსავით მცხუნვარე მზერას
კედლებს მიაბჯენ ორლესულივით...
სიბრაზით ბრდღვინავ ფაფარაშლილი
და ელვასავით უვლი გისოსებს,
მაინც არ არის შენი საშველი
მაინც არავინ არ შეგიცოდებს...
ბრუნდები უკან ლომის აჩრდილი,
(ვინ განუგეშებს ბედის მომჩივანს?!)
განწირული და მწარედ დასჯილი
ისევ კუთხეში წვები მორჩილად...
სალამი, ლომო,
ჩვენ შევხვდით კიდევ,
მე _ გარეთ, შენ კი _ გალიის შიგნით,
დაღლილი თავი თათებზე გიდევს
დამძიმებული დარდით და ფიქრით...


მამელუქები
(ციკლიდან `აფრიკული დღიურები”)

თქვენ აქ ხართ სადღაც,
თქვენი ხმაც მესმის,
ბრძოლის ყიჟინაც მწვდება ფიცხელი,
ვინც ბედის მწარე სამსალა შესვით
და ამ ცხელ მიწას ჩაეფიცხენით...
აქ,
სადაც მომსწრე მრავალ ომების,
პირამიდები კვლავ ზეცას ჩხვლეტენ
და სადაც მძლავრი ფარაონები
ეჯიბრებოდნენ თვით მაღალ ღმერთებს...
გამახსენდებით უცხო მხარეში
და მწარე სევდა დამეუფლება;
თქვენ, ქართველებად დაბადებულნო
და გარდაცვლილნო მამელუქებად!..


ეგვიპტე

ბებერ ეგვიპტეს ადევს მგლისფერი,
ზეცა იმღვრევა და იქუფრება
და ფარაონთა ეტლების მტვერი
გაქვავებულა ცაში ღრუბლებად...
... ფლოქვებქვეშ ქვიშას გააქვს წკარუნი
და მიჰკაფავენ მტრის ჯარს უკლებლივ,
სხვის კარს იცავენ უსახლკარონი
და უმამულო მამელუქები...
წინ კი ... ათასი შუქი ინთება,
თითქოს სამყარო მოჩანს აქედან
და ჩვენ ავდივართ პირამიდებზე
იმ გარდასულში გადასახედად...


ეპიტაფია

შენ ჩემს საფლავზე
სანთლად უნდა ენთო, ბალახო,
ხვატი იქნება თუ ზამთარი მოთოვს ყინვებით
და ყველას შენი ერთგულება უნდა ანახო
ჩემზე წუხილით, ჩემზე ფიქრით და მოთმინებით ...



* * *
კვლავ გავექცევი დღეებს უნათლესს,
ავსილს ამ ქვეყნის ჯგლეთით, ხმაურით
და ბნელ ღამეებს მივაყურადებ,
სად ხმები მესმის არაქაური...
იქ, იმ უხილავ სამყაროს მიღმა,
როს ვარსკვლავები კრთიან წვეთებად
სხივის კიბეზე მიღოღავს ვიღაც
და აღსავლისკენ მიეხეტება...
თან მიაქვს სული, როგორც სასჯელი,
სული, რომელიც მტვერში ახვეტა
და აღებს მთვარეს _ ზეცის ფანჯარას,
სხვა სივრცეებში გადასახედად...


* * *
იყავი ბრძენი, ჩემო ტკივილო,
და უფრო მშვიდად გეჭიროს თავი,
უკვე ჩავლილზე არ იჩივილო,
ან მძიმე ხვედრზე არ დაგცდეს ავი...
შენ უფრო მწარე ბედიც გექნება
და სიხარულის ჟამიც _ უცვლელი!
დღეები _ სავსე მხოლოდ ეკლებით,
დღეები _ სავსე ვარდის ფურცლებით...
ხელის მოცარვის გელის დილეგიც
და შთაგონების წამიც _ ფერადი!
დღეები _ სავსე მხოლოდ ჩრდილებით,
დღეები _ სავსე სხივთა კელაპტრით...
...
იყავი ბრძენი, ჩემო ტკივილო,
და უფრო მშვიდად გეჭიროს თავი,
უკვე ჩავლილზე არ იჩივილო,
ან მძიმე ხვედრზე არ დაგცდეს ავი...


* * *
ნისლის ბურუსის მკრთალ სამოსელით
და მოხასხასე ცათა ფერივით
ჩანან მინდვრები _ ქართლის დროშები,
დასასვენებლად ძირს დაფენილი ...
ირწევა მტკვარი და მთათა გასწვრივ
გადაჭიმულა ვით სხივი მთვარის,
აწვიმს მთების ჩრდილს
და მტკვარსაც აწვიმს,
მთვარის სხივივით ცახცახებს მტკვარი ...
შორს ფრინველივით ისვენებს ჯვარი,
ცისკენ მზირალი ნისლით და ქარით
და მღვრიე ღრუბლით დაცვარულ ღამეს
უელავს ელვის კლაკნილი ბზარი ...
...
ნისლის ბურუსის მკრთალ სამოსელით
და მოხასხასე ცათა ფერივით
ჩანან მინდვრები _ ქართლის დროშები,
დასასვენებლად ძირს დაფენილი ...


ევა

ევა, შენ ახლა სახლში ბრუნდები,
სად ბალიშებზე სევდით ციმციმებ
და შენი კაბა _ თეთრი ღრუბელი,
ბნელ კარადაში ჩუმად იძინებს...
ათასი ფიქრი გეხვევა დარდად,
წევხარ და თრთოლვით სასთუმალს ავსებ,
კვლავ ეფერები ოცნებით ადამს
და მთვარის შუქი დაგნათის თავზე...
ხოლო ადამი (საბრალო ევა!)
სხვისი ვაშლით და ალერსით ტკბება
და მოღალატის შხამი ერევა
იმ პირველყოფილ ბედნიერებას...


სოფელში
(ეტიუდი)

ხევის გაღმა
ვიღაც ახმახს,
სადაც ბალახიც კი გახმა,
ცხენი ამოჰყავდა აღმა ...
ხოლო იმ მგზავრს, უკვე დაღლილს,
უკან მოჰყვებოდა ძაღლი,
ცოტა ზემოთ ჩანდა სახლიც ...
სახლის წინ კი ვიღაც მზისებრ,
ანდა როგორც სხივი, ისე
მომზირალი იდგა გზისკენ ...


გემი ბერმუდის სამკითხედში

ტალღების შრეზე შრიალებს ბინდი
და ქარში გემი ირწევა კენტად,
ამ ყიამეთში საითკენ მიდის?
ანდა ღამიდან ვის უხმობს ნეტავ?

ცა კი კრიალებს, როგორც ყინული _,
სავსე სხივების ცივი სავსავით,
გზააბნეული და განწირული
მიემართება, მიდის დასავლით ...

არგაგონილი ზათქით, ხმაურით
ზღვამ იგუგუნა და იწიაქა,
არც მგზავრი ვინმე, არც მეზღვაური,
ყველანი შთანთქა ბნელმა წიაღმა...

და გემბანს შავი ჩრდილი ებურვის,
სადღაც შორიდან ისმის ზარის ხმა, _
ის დაცლილი და მიტოვებული
დასაღუპავად მისდევს ქარიშხალს!..
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბაღათერ არაბული   Sun Jan 09, 2011 10:58 pm


ბაღათერ არაბული

ლექს-ანდრეზები
(ციკლიდან "ხევსურეთს ამბად ნათქვამი")


მამესწვერა

მამესწვერას მაწმაოში,
საბარუათ თავს, მიუვალ კლდეში
ჰქონივას ბინა...
ის ყოფალას სოფლის დამცველი,
ადგილ_მამულის შემნახველი, გამტკიცებელი,
მტერ_დუშმანისად მედგრად დამხვედრი, _
ხმალ_თოფ_ისრის მარჯვედ მხმარები, _
მოკეთისად სიკეთის მქნელი,
მასპინძლობით სახელგანთქმული, _
ლუდ_არაყით თავმომწონები...
რავი, რაისად,
მეზობელ სოფლელნი _ დათვისელებ შამასწყრომიან:
_ ჩვენს მდინარეზე
წისქვილის დადგმას გიკრძალავთავ, _
უთქვამ დათვისელთ, _
ეს მდინარეივ დათვისშიით მაედინებავ,
წყალიც, ჭალაც, ორივ ჩვენიავ,
ჩვენს მდინარეზე მაწმაველებს
რა წილ გიდევსთავ?!
გაბრაზებულას მამესწვერა,
ცოფებ უყრავის:
_ ეგ სულძაღლნივ, რამ გადარივნავ,
წყალს მიჭერენავ,
მდინარეზე არ მიშვებენავ!..
და გამწარებულს დათვისელთად დაუბარებავ:
_ მზეზე გასულნ არსად გნახნათავ,
საფქვავ_სარეცხ არ გაჰფინათავ,
თორემავ ყველას დაგთოფავთავ,
ყველას დაგხოცთავ;
თუ წყალ თქვენიავ,
მაშინავ მზეივ ჩვენ ყოფილავ, _
ჩვენი სოფლიდან ამოსულივ ჩვენ გვეკუთვნისავ!..
და მამესწვერას თავის ნათქვამ შაუსრულებავ, _
დათვისელთად მზის მიცემა აუკრძალავის,
მზე მაწმაველთად მიუკუთვნებავ...


ბუბა

დათვისელ ბუბას შვილ მაჰკდომივ, _
მწყემსობისას, სოფლის ჭალაზე
წყალს დაუხრჩვავის...
მწარედ უგლოვავ საწყალ ბუბას
თავის ყმაწვილზე, _
თმან დაუჭრიან,
სახე_თორპილნი დაუკაწრიან,
ზედ დარდისა დაუტირებავ:
_ ნეტავ სიკვდილსამც მისცა შვილიო,
იმის შვილს სხვა სიკვდილ შამაჰყარაო,
მემრ გაიგებდა ის სიკვდილი
ჩემს სიმწარესო...
და იმ დღიდან
წყლის დალევა აუკრძალავის;
_ მაგნავ ბეჩავ შვილ მამიკლავ,
ცოდვა დაიდვავ,
ცოდვიან წყალს კი მე ვერ შავსომავ!..
"სხვას კი რას გამაგაჯავრებ,
წყალო, არ შაგსომ, ტიალო!..."


თორღვა

...ჩოლოყაშვილნ წარმოშობით ხევსურნ ყოფილან...
მაგათ პაპას ჩოლოყა ხქმევივ,
შეთეკაურთ ამბობენ გვარად...
მუცოშიით ახმეტაში ჩასახლებულან,
მემრე კი, რა ვი, თავადებიც გამხდარან კახეთ...
ჰოდა, ამაგათ შთამომავალ ყოფილ ქაქუცა,
რუსების ჯარს რო შაღბრძოლებივ:
_ აქ რა გინდათავ?
ჩემს მამულში რას აკეთებთავ?
_ როგორ, რა გვინდავ?
თქვენ ქვეყანაივ ჩვენ გვეკუთვნისავ,
თქვენ ქალ_ზალივ,
საქონ_ნაქონივ ახლა ჩვენიავ...
კაი ვაჟკაც ყოფილ ქაქუცა,
არ მაუთმენავ რუსებისად,
ან რას მაუთმენდ?
ამტყდარას ბრძოლა,
ბევრნ დასევიან ის სულძაღლნი,
მაღრევიან მარტო ქაქუცას,
ამხანაგებსაც უღალატებავ...
გამაქცეულ ხევსურეთისკე, _
ჩემიანებ დამიცავენავ _
და თორღვასთან გაჩერებულას...
იმას კი ქისტეთ კაც გაუგზავნავ:
_ არიქავ, ჩქარა მაგვეშველეთავ,
თორემ რუსის ჯარ მაგვერევავ,
უთქვენოდავ ვერას ვიზამთავ... _
ქისტებს ამაზე უარ უთქვამ:
_ ჩვენ სისხლ გმართებსთავ,
დახმარებას როგორ ითხოვთავ?
(ხევსურთ იმათად კაც ჰყოლიას ადრე მაკლული).
თორღვას თავის შვილ გაუგზავნავის:
_ მაკალითავ და გავსწორდებითავ,
ოღონდავ მტერსთან ახლა სირცხვილს
ნუ შაგვაჭმევთავ...
ქისტებს არ უქნავ კაცის მაკვლა:
_ ეგეთ რამე სად გაგონილავ? _
და თორღვაის შვილთან ერთად
გადმოსულან დასახმარებლად...
ისრ ჩაუხოცავთ რუსების ჯარი,
ამბის მიმტან არ დარჩენილას...


ძილუა

...ჩუმად დაგვესხნეს იმ წელს ქისტები,
ღამით მთლიანად დაანგრიეს ამღა და ჭიმღა...
სოფლად ადინეს სისხლის ღვარები...
არვინ დაინდვეს, _
არც მოხუცი, არც ქალ_დიაცი,
ბალღ_ბულღებიც ცეცხლში ჩაბუგეს,
მარტო გაბურებ სამ ძმა მაკლეს, _
ერთმანეთზე მჯობნი ვაჟები,
ოჯახებით სუ ამაწყვიტეს...
იმათგან მხოლოდ
ხირჩლაის ცოლ ძილუა გადარჩ, _
ბალღასთან ერთად მწყემსობაში ყოფილიყვ წასული...
იმ ამბის მნახველ სუ შაიშალა,
თმან გაიშალნა,
მძივნ ჩაიშალნა,
სახე_პირი ჩამაიხოკა,
ბედ_იღბალიც მწარედ დასწყევლა, _
თემ_სოფელი ტირილით შასძრა...
_ რას სჩადივ, რასავ?
თავის მაკვლით რაღას უშველავ,
ჩვენაც მაგნაირ დღეში ორთავ, _ უთხრეს ქალებმა...
_ მამშორდითავ, არა მითხრათავ,
თქვენ ნაუბარ არა მამდისავ,
არავის ნახვა აღარ მინდავ,
ეეს ბალღიც რადარ მაკლესავ!..
_ რას ამბობავ, ხვარ აირიევ,
ამა ყმაწვილს რაღას ერჩივ,
ღმერთმ უშველავ,
გადაგირჩინავ!..
_ მაგის ყოფას რა აზრი აქვავ,
არც ბიძანივ, არც ბიძაშვილნივ
აღარვინ ჰყვანავ...
ხვალ ქისტებს უნდა წაუყვანავ,
იმათ მივუგდავ,
მამ_ბიძათავით ეგიც მაკლანავ,
იქნებ გაძღანავ ჩვენის სისხლითავ...
არ დაიშალა ძილამ ნათქვამი,
თავისი მაინც გაიტანა,
მეზობლებსაც არა უსმინა
და ბალღიანად ქისტეთ ჩავიდა...
_ ეეს დაგჩათავ მასაკლავივ,
მაგიყვანეთავ,
გულივ რასაც კი გიბრძანებსთავ,
ის უყავითავ!..
...გამოხდა ხანი...
ოცჯერ აენთო გაზაფხული
და ოცჯერ ჩაქრა,
ოცჯერ ზამთარმა გაანათა არხოტის მთები...
არც ძილუკა,
არც იმის ბალღი არ ახსოვდა უკვე არავის...
მხოლოდღა ზოგჯერ
ამვლელ_ჩამვლელი თვალს მოჰკრავდა
ჭერხოს კართან მჯდომარე დიაცს,
თვალცრემლიანი რო გასცქერდა
ქისტეთის მხარეს...
_ ადექივ, ქალო, შინ შაედივ,
მაგ ყინვაში რას უზიხარავ, _
შეუძახებდნენ მეზობლები...
_ ჯოჯოხეთში ვარ შასასვლელივ,
სახლში რა მინდავ,
მე, ცოდვიანმავ, შვილ დავჰკარგევ,
მასაკლავად ქისტებს მივუგდივ _
მწარე ცრემლით მოსთქვამდა ქალი...
. . .
ერთ დღესაც სოფლად ხმა გავარდა:
მთაზეით ქისტებ თეთრ დროშაით ჩამადიანავ,
თან ცხვარ_ძროხაიც მაუდისავ არხოტისკესავ...
ოცდამეერთე გაზაფხულზე გამაჩნდეს ქისტებ,
ცხენებით ჭალას ჩამაეფინნეს, _
ძილას მიგდებულ ბალღთან ერთად
ამღას მაადგნეს,
გაზრდილი შვილი, _ ცოლშართული,
სამი ვაჟით მგლოვიარე დედას მაჰგვარეს...
...ბევრა გვყოლია ეგეთა მტერიც...


მოსისხლეები

...შატილივნების კაც ჰყოლივას ღილღველებს
მაკლული
და შინშის სისხლის ასაღებად
ლეკო ქისტეთს მარტუა წასულ
და მთელ აულში გამორჩეულ
ვაჟკაცის სახლს მისდგომივ ღამით...
ბანზე მძინარ გაუკოჭავის
და ფეხშიშველა წინ წამაუგდავ...
ქვა_ღორღზე მავალს
ფეხისგულებ გადასტყავებივ
და სისხლმდინარს კოჭლობით უვლავ...
შასცოდებივ მოსისხლე ლეკოს:
_ ვაჟკაცს ღირსება ელახებისავ! _
გაუხდავ თავის ქალამნები
და იმისად ჩაუცმევავის...
ეგრე მასულან დილისპირს შატილ, _
ლეკო _ ფეხშიშველი,
იმის მტერ კი _ ქალამნებჩაცმული...


მურღვა

კა ვაჟკაც დამდგარ არდოტელ მურღვა, _
მიღმახევში გამორჩეული,
პურადობით და გულადობით სახელგანთქმული...
სამ ვაჟ გასჩენივ აიმის დიაცს, _
ერთმანეთის მჯობნი ბალღები...
მურღვას ძმადნაფიც ჰყანივას მუცოს, _
ბეწინათ ჯურხა, _
ქისტებთან საზღვრის
დამცველი და გამმაგრებელი,
თოფ_იარაღთან თანშეზრდილი, _
ომებიდან გამაუსვლელი...
ღილღველთ იმის გვარ ამაუწყვეტავ,
ერთ ბალღ დარჩომივ,
ისიც არდოტ,
ძმადნაფიცთან გადაუმალავ, _
გვარიშვილობა გადავარჩინავ...
გაუგავ ქისტებს
იმ ყმაწვილის ადგილ_სამყოფი
და მურღვას ციხეს თავს დასხმიან გამთენიისას...
_ ჯურხაის შვილის წაყვანა გვინდავ,
შენ და შენს ცოლ_შვილს
არას გერჩითავ, _
შაუთვალავ ქისტებს...
შაწუხებულ ძალიან მურღვა:
_ მიბარებულ ბალღს მტერ_მოსისხლეს როგორ
მივსცემავ?
ანდა მემრ ძმობილს როგორ შავხვდებივ?
_ შვილ მაგანდევივ,
შენის იმედით აქ მავიყვანევ,
ჩემ ჯიშ_ჯილაგის გამგრძელებელ შენ ჩაგაბარევ!
შენ კი რა ჰქენივ?
ყმაწვილ ურჯულოთ გადაუგდივ,
იმათ მიეცივ,
ბეჩავ სადამ გადამიკარგევ!..
_ არავ, მაგასავ ვერ ვიქამავ,
ვერც სისხლს დავღვრივ,
ბალღას ხიფათში ვერ გავხვევავ, _
უფიქრავ მურღვას
და... ქისტებისად
თავის ყმაწვილ შაუპარებავ:
_ აი, ესიავ ჯურხაის შვილივ,
სადაც გინდათავ, წაიყვანეთავ!..


ჩალხა

სამ შატილიონ შაუპყრავის
იმ ზაფხულს ქისტებს,
სამ რჩეულ ვაჟკაც წაუყვანავ მოსისხლეებს
თავის მკვდრების შასაწირავად,
იმათ საფლავზე დასაკლავად,
საიქიოში იმათ მეჯღნედ, იმათ მეპურედ,
იმათ სულის საყმოდ, სამონოდ...
მდევარიც ვეღარ დასწევივას
და ვეღარც ჯვარ_ხატ მიშველებივ ურჯულოთ
ხელში...
იმათში ყოფილ ჩალხა_ჩალხიაც,
ქისტებს რო ცალკე გამაურჩევავ:
_ ჩვენს მამკვდრებში ცოდვა არ გაქვავ,
შენ არავინ მაგიკლავისავ,
არც შენ მამ_პაპათ
არვინ ჰყავავ ჩვენივ მაკლულივ,
იმად გიშვებთავ, შაუცოდვავ არ შავსცოდათავ...
უარ უთქვამ ამაზე ჩალხას:
_ ჩემს ამხანაგებს ვერ გავსწირავავ,
მაგათ მარტოდ სასიკვდილოდ ვერ დავტოვებავ,
სადაც ეგენივ, მეც იქ ვიქნებივ!..
არ უქნავ ქისტებს:
_ სასიკვდილოდ არ გვემეტებივ,
მანამ კი შენებს დაემშვიდობევ!.. _
და ჩალხა თავის სოფლელებსთან მიუყვანავის...
_ მე მიშვებენავ, აღარ ვიცივ, როგორ მავიქცავ,
რასაც მეტყვითავ, იმას ვიქამავ! _
უთქვამ ჩალხას მეგობრებისად...
_ რა თქმა უნდავ,
უნდა წახვიდავ,
შენ თავ მაინც გადაარჩინავ,
ხევსურეთ ამბავ მიიტანავ ჩვენს სიკვდილზედავ...
გამწყრალას ჩალხა:
_ მაგას როგორ მეუბნებითავ?
გამოსაცდელად გითხარითავ, გაგეხუმრეთავ,
თქვენავ კი ცოცხლად მამკალითავ,
სასირცხვილოდ გამიმეტეთავ;
უთქვენოდ ხალხში როგორ გამოვჩნდავ,
ან ხევსურეთ როგორ მივიდავ,
რას იტყვიანავ: თავის მეგობრებს უღალატავ,
ქისტეთ გაწირავ,
ბეჩავ სიცოცხლე გადაირჩინავ!..
და... სასიკვდილოდ განწირულებს მისჯდომივ
გვერდზე...


უჭკუათ გოგოთური

კაცთ-კითხულ კაც ყოფილ გოგოთური, -
ყველას მეგზური და მეანდრეზე,
ხევსურთაზე მეტი სიმტკიცით, -
პურადობით,
პირდაპირობით,
გვარის, ოჯახის
და ჯვარ-ხატის წესების დაცვით...
დრო-ჟამის შაცვლით შაწუხებულს
ლექსებ უწერავ:
"დროება გამაიცვალა,
ჟამნი მაიქცნეს სხვაზედა,
ვინა-ღ ჩახედავს ფრანგულსა,
ვინა-ღ დაშინჯავს ფხაზედა?
სამკლავ-საფუხართ ვინ ღნახავს,
ხალხი რო ისხდას სმაზედა?
ქურდობ-ბოზობის მოქმედსა
იქავ დაისმენ ჯარზედა,
აღარც ვინ მოსჭრის კალთასა,
არც ვინ გაუვა ბანზედა..."
ერთ შვილ ჰყოლივას გოგოთურას - სულხანაური, -
მამის იმედი,
ჯიშის,
ჯილაგის გამგრძელებელი,
მტრის და მოკეთის დამხვედრი და გამსტუმრებელი,
ხევსურეთზე თავდადებული...
იმის ციხე-კოშკი
ეეხლადაც იქავ დგას ახოს, -
მტრის სამუქაროდ რო უშენებავ
და ციხის კედლები
მოსისხლეთა მოჭრილ მკლავებით
ყოფილ დაფარული...
"ბევრჯერ დალახა სულხანამ
ურჯულოს მთა და ველია,
აქუხა არშავიანი,
შაღება ხანჯლის წვერია,
აწვალა ქისტის შვილები,
ზიდა მარჯვენა ხელია..."
საბედისწეროდ სულხანაურს
მოგვარე ქალი, გუდანელ ლელა შაჰყვარებივას
და თიბაშიით მაუტაცებავ...
გვარის გატეხვას წინ აღდგომივ სანათესაო,
ხოლო მშობლებს კი
თავის შვილებ მოუკვეთავის
და ორი მოგვი, -
ბერი მძახლები - გოგოთურა და ნასთვლევა
ერთიმეორეს მტრად მოჰკიდებივ...
...ურჯულოს მდევარ სულხანაურს კი
ანატორთან
ქისტისჩოხიან შატილიონ შამაჰკდომივას...
"ნუ იცვამ, გიგიაშვილო,
დურსუბნის ტალავარსაო,
შაგხვდების სულხანაური
გაფერებს ქისტის ყმასაო..."
დასდევნებიან შატილივნები
ახლობლის მომკვლელს
და კისტანთან ჩაუცხრილავის...
"შაგიკვრენ, სულხანაურო,
მაღლა მთას, დაბლა ბარსაო,
დაგთოფენ კისტნის ჭალასა
მზე-ამადენის ხანსაო..."
შვილმკვდარ მამას ტკივილით უთქვამ:
- მტერს არ ინდობდავ,
მტრის ხელს ბოლოს ეს გამასდისავ...
და ქისტ-ხევსურთა შასარიგებლად,
მტერ-მოსისხლეთა გასასწორებლად
შვილიშვილები - სულხანაურის ობოლ ბალღები
ქისტეთ მძევლად გაუგზავნავის...
თაოდ კი... ჩუმად გამოწყობილ ჯაჭვის პერანგში,
ხმალ-ხანჯარში,
თოფ-იარაღში
და შაუყრავის სახლისკაცები,
ყმაწვილებიც მოუყვანავის
და ყველაისად ხევსურეთის ერთგულება,
სამან-სამძღვრის გამტკიცება დაუფიცებავ...
მემრე სუყველას დამშვიდობებივ:
- ნურას მიწყენთავ,
თქვენ იცითავ,
ხევსურეთ არა შაარცხვინათავ,
თემ-სოფლობა არ მაშალათავ...
მე კი აქ დამრჩომ აღარ ორავ,
ან რად ვღირორავ?
სულხანაურიც აღარ მყავავ,
ძმა-ბიძაშვილიც ჩემის ხნისა არავინ დარჩავ,
ყველამ გამასწვრავ, ყველამ გამწირავ...
ახლა კი მარტო დამტოვეთავ,
სახლში წადითავ...
გამთენიისას თოფის ქუხილს შაუძრავ მთები...

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ბაღათერ არაბული   Today at 8:43 am

Back to top Go down
 
ბაღათერ არაბული
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: