არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 კობა ჭუმბურიძე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Wed Aug 19, 2009 10:26 am

მოხუცი მთიელისა

თითქო ცას ძირი გავარდა,
ეგეთი მოსკდა თქეშელა,
დარი რად გამიავდარდა,
დარდი რად წამამეშალა.
ცამ ლოყა აიფერადა,
მალე ქუხილიც დატყვრება,
პეპერასაგან განცდილი
ნეტავ მე რად მენატრება.

ჰაი დედასავ, სიბერე
თურმე რარიგად მწარეა,
აღარც ჭაუხი მამიხმობს,
აღარც შინ მიმიხარია,
აფერუმ ჟიპიტაურო,
ამამაყმუვლე ჯავრია,
თორო მამაწვა გულზედა
მაჯლაჯუნების ჯარია,
გზაგასაყარზედ მიყელეს,
ერთურთს უჭირეს მხარია,
გამამიფიტეს ძვალი და
გამამისრუტეს ჯანია.

მამცნონ მაინცა, ჩემს გზაზედ
სამანის ლოდი ვინ დადო,
ავაი! კაცის სიცოცხლე
არ ღირებულა სკინტადო,
დარდებო, შაო ყორნებო,
შამამჩვევიხართ ფინთადო,
რად ეთელებით ამ გულსა,
რა დედითქვენის გინდათო.

Arrow

გადმოტანილია აქედან - http://alternativa.ge/2009/05/28/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90/
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 10:23 am

რუბიკონი
ჩემი მოგონებაა ჩემი დროის მაშინა

შენ დაგეძებ თბილისო, ნეტავ საით წახველი,
ყელზე მადგას ბურთივით შენი ნატვრის ნაღველი,
შაიცვალა ხალხი და შაიცვალა ფასადი,
ეხლა ვიღან გაიგოს ძველი შნო და ლაზათი,
თუმცა ჯერაც შემოგრჩა ეშხი ძველი ზღაპრისა,
მთვარეც თავზე გადნება, ვით კუსოკი საპნისა,
მე მას ვტირი, არასდროს რაც აღარ დაბრუნდება,
ვტირი, მოგონებები სინამ არ გახუნდება.
შენი შუშაბანდები, შენი ქუჩაბანდები,
დარაბები, ფარდები, ქალაქური დარდები,
თულუხჩები, ჩუხჩები, ნოქრები, ნალბანდები,
ზოგი ჰალალები და ზოგიც სიაბანდები,
კირაკოზას ბულკები, ფილდიკოსის ჩულქები,
აქეთ ყარაჩოღლები, იქეთ - ქოფაიოღლები,
ჯიგრები და ახვრები, მღიმრები და ბოღმები.
ვართაპედას დუქანი, შიგ ბოზბაში მსუქანი,
ზედაც რუმკა არაყი, როგორც ტუჩის ვარაყი,
სირაჯების ქარხანა, სარაჯი და თარხანი,
ჰამაც გლახოს ზურნა და ჰამაც საქოს არღანი,
ან ის ტკვარი სადღაა, მოდუდუნე, ანკარი,
ძლივას მეედინება ჩანაფს-ჩანაქაქარი,
მადათოვი, პესკები, მელნიცები, ტივები,
თევზი, წნელზე ასხმული, მითამ ვერცხლის მძივები,
თავადური ყაბახი, მებადურის თაბახი,
ჭონი, ჩარჩი, მეკურტნე, მაზმანი და დაბაღი,
კუკლა გიმნაზისტკები, ცანცარ გიმნაზისტები,
ერკემლები, ციკნები, მალაკნები, ციგნები,
ბანტიანი დამები, ქოლგები და წიგნები,
ვაჟნი ვაჟბატონები, წყალი ვაჟინიანი,
ესკიმო-მარუჟენი, კვასი ყინულიანი,
თხილი, შაქარყინული, ქადა, ნუგა, მამალო,
იეთიმ, იეთიმ სადა ხარ, დაჭრილ გულის წამალო,
თბილის-ქალაქელობის მოფრიალე ალამო,
მეგობრობის ხიდო და სიყვარულის მალამო,
საუკუნეს გაუძლო შენი სიტყვის ძალამო,
თბილისისთვინ მღერვაში დახარჯულო კალამო,
შენ როგორ დაგივიწყოს შენმა ნარიყალამო,
სოლოლაკმა, ზემელმა, ისანმა და კალამო,
ტიკი, კოკა, ყარყარა, ჩარექი და ჩეთვერი,
რაღას უცდი, აიღე, დალიე და შეთვერი,
ხილაბანდი, ფურაჟკი, ფაფახები, შლაპები,
ჩიხტიკოპი, ბაღდადი, დარაიას კაბები,
ხაჩიკ ტალგაუკოვი, დათა ზუბიაშვილი,
ზახაროვი, ქსოვრელი, ერთად ხმებში გაშლილი,
ფალავნები, ყოჩები, გულზედ დასაწერელი,
იქეთ კულა გლდანელი, აქეთ - შაშო ვერელი.
ზოგი რო ბემურაზი, ზოგიც – გულის მურაზი,
შირაზული ვარდები ქაშანურის სურაში,
ნახალოვკის ქოხები და მეიდნის ნოხები,
გამაშები, ქოშები, კორსეტები, ჩოხები,
მეთუნუქის ფეჩები, ეპოლეტის ფოჩები,
ყველაფერი თუ ვიტყვი, ვაბშე ვეღარ მოვრჩები,
კონკები და ფარნები, ფორნები და მარნები,
კუპეცების სახლები, მიკიტნების დახლები,
ფაეტონში დამები, გვერდით დარდიმანდები,
რუსის ჩინოვნიკების რიჟა ბაკენბარდები,
აქაც ჩემი მუშტრები - კინტო, გლეხი, თავადი,
სად არ მედგა სკამი და სად არ მედგა კრავატი,
მოვიარე სუყველა დუქანი და ბარდელი,
არ გამამიტოვნია ამქარი და არტელი,
ჩემმა ფეხმა გაცვითა მეიდანი, შარდენი,
შენთვის, ჩემო ქალაქო, ოფლი ვღვარე რამდენი,
ცრემლი ვღვარე რამდენი, ლექსი ვწერე რამდენი,
შენ კი მაინც ადგები და,
მავზალეუმს ვინ ჩივის,
მუხათგვერდში ჩამტენი…
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 10:24 am

ქუჯისა

ეგრისისთავს, ბრძენკაც ქუჯის, მკლავიც ერჩის, თვალიც უჭრის, მის ზეობას ხინჯი არ ჭირს, არც სამთავროს არა უჭირს.
მაშ რად უხმობს გარეთ ღამე, ღამისტეხად განა რა რჯის, ან რა სადარდელის გამო დასდგომია ჟამი განსჯის.
ქუჯის ფიქრი ცას ფენია ხვიჩა-ხვიჩა მურიცხებად, იწრო ქაშანს თუთა რჩელა უნათებს და მიუძღვება.
ეულ ღრუბელს მთვარის ქანდა ვერცხლად შემოუმაქმანდა, კრიამპოზე შედგა ქუჯი, გარამს ძირი არ უჩანდა…
და გაბრწყინდა თითქოს უნჯი, გული იჩქით შეუქანდა,
ათასწლეულს განსჭვრეტს ახლა გონი მისი გამჭრიახი, ამგვარ საქმეს არ უხდება ფორიაქი და კრიახი. შთამომავალს თუ საძირკველს განუმზადებს საიმედოს, ერთობისთვის, პირველყოვლის, ტახტი უნდა გაიმეტოს. ამერსა და იმერს შუა უნდა გადოს ამით ხიდი და მგლის მოდგმის ყველა მთავარს თვით აჩვენოს მაგალითი.
ქედმაღლობით ეგზომ ფუჭით, სიყოყოჩით ამაოთი, ვერ გახდება მოდგმა ქუჯის მტერთა მომრე და მაოტი.
ამ ერთობით შეადუღა კოლხ-იბერთა დიდი მიწა და ჭაბუკი ფარნავაზი მცხეთა-ქალაქს განამტკიცა.
მისი სისხლის ერთი წვეთი ჩვენს ძარღვებში კიდევ თუა, თუ შემოგვრჩა მისი სული, მისი ფხა და მისი ჭკუა, ხელისგულზე დავისვენოთ ოჯალეშით სავსე თასი, სიამაყით გავიხსენოთ საარაკო ღვაწლის ფასი ერთიანი საქართველოს ზნეკეთილი პირველბურჯის,
ცას ავხედოთ და ავძახოთ
– ქუჯის გაუმარჯოს! ქუჯის!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 10:25 am

სკამუნეთი

კაცის ბუნება ჭრელია, მისწრაფებანი – მრავალი,
თუმცა, მთავარი ის არის, რაა კაცისთვის მთავარი,
გული სიყვარულს დაეძებს, კუჭი მიილტვის ჭამისკენ,
გონება – შემეცნებისკენ, სული – მთვარიან ღამისკენ,
ფეხი მიილტვის იმისკენ, ხელი მიილტვის ამისკენ…
ტაკო კი, ბუნებრივია, ილტვის ფუმფულა სკამისკენ.
თვით სკამიც მრავალგვარია – ჯორკო, ბოკონა, სკამუნა,
სკამის მორგებით ქვეყანა მრავალმა შეახრამუნა,
ზოგი სკამია სამფეხი და ზოგიც ტაბურეტია,
იმისმა ეშხმა ძალზედ ბევრს თავს დაახვია რეტია,
თუმცაღა ზოგიერთისთვის სკამი თვით სკამზე მეტია,
და ეს ქვეყანა მარტოდენ საძოვარ-სკამუნეთია,
… საცა თხა არის დაბმული, ბალახი ქრება სრულიად,
სანამდეც ტუჩი მიწვდება, პირწმინდად მოპარსულია.
მოხელის საქმეც ასეა, (რაღა თქმა უნდა - ზოგისა)
პალო – მოხელის სკამია, სტატუსი - სიგრძე თოკისა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 10:26 am

წაბლისთაფლისფერთვალავ

მიყვარხარ, თუმცა ეს უკვე იცი,
მაგ ეშმაკუნა თვალებმა გაგცეს,
შეფეთებისას იწყებენ ციმციმს,
მაბეჩავებენ ვერსაით გამქცევს.
მე კი, მას აქეთ, რაც ეს დამმართე,
ლექსად დამჩემდა ფიქრის გამართვა.
და აღარ მახსოვს სხვა მისამართი,
შენი სახლისკენ სავალის გარდა.
ერთხელაც მოვალ და გაგენდობი,
რომ აღარ ძალმიძს ყოფნა უშენოდ,
რომ გაბლანდულან სულში ბინდები
და შენი შუქით უნდა უშველო.
მოვალ და ერთად მოგიძღვნი იმას,
რაც სამყაროა ოცნებით მთვრალის…
გაჩუქებ ვერცხლის წვიმას
და ტბაზე ბილიკს მთვარის,
ცისკრის ვარსკვლავის ციაგს,
ციმციმს კამკამა ჩქერის,
ნავარდით დაღლილ ნიავს,
ათინათსა და ჩეროს
და, უპირველეს ყოვლის,
ვაშლის ყვავილის თოვლის
ქარქარა ნამქერ–ნამქერ
ბილიკებს გაგიკვალავ…
ჩემი ოცნების ქალავ,
წაბლისთაფლისფერთვალავ…
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 10:26 am

ფარსმან მეფისა

ერთხელ, ოდეს სათარეშოდ მოგვაკითხა მტერთა დასმა, წუწკი ურდოს შესამუსრად ქუდზე კაცი აღიკაზმა.
ტრიამელზე აბანაკა უთვალავი სპაი სპარსმან.
უზანგებზე შემართული ჯარს მიმართავს მეფე ფარსმან:
- ლომნო ჩემნო, ერთი გახეთ ამ დასეტყვილ ცხვართა ფარას აღსასრულის საპოვნელად რა მანძილი დაუფარავს!
ატორტმანდა სპა იბერთა, შესარკენად მოიმართა, შორით უწევს კვესა თვალთა ჟინმორეულ მეომართა.
თვალუწვდენი მტრის ბანაკი ღიმილსა ჰგვრის იბერიონს: - პართის ჯარი, თუნდ ათმაგი, რაგვარ უნდა მოგვერიოს?
დავლურისთვის ემზადება ორთავე ფრთის სპასალარი, დაფეთებულ გადამთიელს რომ არ დარჩეს წასავალი.
მეწინავეც თავს იოკებს და ძლივასღა ბორკავს ჰუნეს, იერიშის მოლოდინში გული რისხვით უბაგუნებს.
ბორგავს რაზმი და გუგუნებს, ვიდრე ომში გაილაღებს, აჟღარუნებს ლაბარუმებს, აბრიალებს ბაირაღებს.
ბრაზი ემატება ხმაში ღოროტოტო-ქანარასა.
შეატოტა მეფემ რაში, შეუმზადა კამარასა.
სპერიმურზე დასცეს დრაში, დაიქუხეს: - ჰკა მაგასა!
ჰაი გიდი! ამ ჩვენს დროში რას იხილავ დამაგვარსა…
ჩემი ერის შვენიერი ხატი არის მეფე ფარსმან.
რა ამაგი დაგვდო კაცმან, ვერ ჯეროვნად დანაფასმან, რა ომები გარდიხადა უშიშმან და ბუმბერაზმან, ვერ თქვას მისი ღირსი აზმა ოქროპირმან ბარე ასმან.
საქმე მისი საოცარი სილაღეა ჩემი გენის, აწმყოსა და მომავალში მარგი კიდევ რაოდენის. იბერთათვის იმსიფართის გზასავალი გაუკვალავს, ორიათას წელს გამოღმა არ ასვენებს ფიქრს და კალამს.
მისი სიმხნე გამოვიხმე, რაიც ალბათ მომცემს ძალას, იმდაგვარი საქებარი ლექსი ვუმკო მტერთა მრეტებს, ქართველი რომ ერთ პატარა სადღეგრძელოდ დაიბედებს.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 10:27 am

მოუსვენარი ბუნება კაცის

ვერ ეგუება ნაცრისფერ ყოფას მოუსვენარი ბუნება კაცის, მიილტვის, სადაც მანანა ათოვს და ოქროსფერი წვიმები აწვიმს.
სულში ოცნების კელაპტარს ინთებს და წუთისოფელს ამსგავსებს ზღაპარს, მიტომ დაეძებს ჯადოსნურ ნივთებს, ნატვრისთვალსა თუ ჯინიან ლამპარს.
დაეძებს, რათა გაექცეს შიმშილს, გაექცეს ტანჯვას, სევდას და ხმაურს, უაზრო მტრობას, უიღბლო ტრფობას, დამღალავ ღელვას და აურზაურს…..
ვინ თასს დაეძებს, ვინ – ფრთოსან მერანს, ხალიჩას, წყაროს თუ თორღვას პერანგს, სარკეს, სალამურს, სუფრას, მალამოს, სამოთხის ჩიტს და დაუცლელ ქისას, ბორგავს და იღწვის, განიცდის, ლამობს, და ბოლოს მაინც მიაღწევს მიზანს.
მიზანს მიაღწევს ყოველი მათგან,
ანუ სიმშვიდეს იპოვნის, რადგან
ამ წუთისოფელს, აღსავსეს შფოთით, მარად სიმშვიდის ახლავს შიმშილი…
ალბათ სიცოცხლეც, დასაბამიდან, ამიტომ არის სიკვდილმისჯილი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 10:28 am

ვახტანგისა

იყო ერთი ხულგო სპარსი, ვინმე ვარან-ხვასრო-თანგი, სპარსელთაგან მიენიჭა საქართველოს მეფის რანგი, თუმცა, მალე, ამ მგელკაცის თვით იგემეს ბასრი ჭანგი.
ასეთია იბერიის კურთხეული მიწის ბანგი.
* * *
მეფე დადგა და რა მეფე მზე-ჭაბუკი გორგასალი, გულხარბი და მაშუღარი რაოდენი მოსრა სპანი, საარაკო შუბოსანი, მახვილოსან-მოისარი, გული მისი რკინის არი, ფარი მისი ვიგრის არი, მის ნაკრავზე მტერს გაუდის ბარგანი და გირგისალი,
ერთის დაყივლებით ძალუძს მომხდურისთვის ზაფრის დახლა,
ვერასოდეს ვერვინ ნახოს გორგასლიან დროშის დახრა.
ციდან ჩამოესმა რეკა, აიხედა წამით მაღლა, აჩხაბერი მოირგო და მგლისავ სული ჩაისახლა, გადასძახა ჯარს ხმამაღლა, ნუგეშინი განუახლა – რჯულისა და მამულისთვის არა ხამსო ომში დაღლა. ვანახოთო მოთარეშეს, რომ აქ ვეღარ იპარპაშებს!…
რაზმი მისი თოროსანი ჩაიგუბებს ახლა ვაშას,
პირზე პერი ადგათ რაშებს, ლაგამს ხრავენ, ღრეჯენ ლაშებს, ჟრჟოლა უვლის ყველას ტანში, მუხლი ავად უთამაშებს…
* * *
თითო კურცხლით მოვეფეროთ დანატოვარს ვახტანგისა, ვჭექოთ მრავალჟამიერი ამ მთისა და ამ ბარისა, ქედებისა თინთიკისა და ნისლისა ქარქარისა, ყაყაჩოთი წალეკილი ძოწეულა ველისაო, ტინებისა მავისაო, ჩაბარუხის ჩქერისაო, აფეისა ჭალისაო, იაკამი მთვარისაო,
სამშობლოსი შენის, ვეჟო, ჩინის ორთავ თვალისაო…
* * *
უფლის ნება იყო მართლა ვახტანგ მეფის მოვლინება, მძიმე ჯვარი დაენათლა და იობის მოთმინება, არ ეღირსა ამა სოფლად დადგომა და მოსვენება, მამლი, მუხას შესეული, სად აცდიდა, რომც ენება…
უღლით ქედი გადიყვლიფა და ბოლომდე გაიხარჯა.
ამიტომაც მისი ომი, მისი ლოცვა, მისი გარჯა, ქართველთათვის საუკუნო წესადა და ვალად დარჩა – რომ ნაღვაწი გორგასლისა ხატად გვედგეს მარადისად, რომ ლეკვები ალგეთისა ვზარდოთ ღირსად მამულისად,
გული ჩვენი – ხარკად მისად და თბილისი – ტახტად მისად,
ეს პატარა მოფერებაც ალალ მეფე ვახტანგისად.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 10:28 am

ატმის ყვავილი

როცა ვიგონებ შენს გაღიმებას, მარჯნის ბაგეში ჩამუხტულ ვნებას, კამკამა თვალთა უცხო საფირონს, ასე უძიროს და უნაპიროს, და გვირილების გვირგვინით შემკულს მაგ თმას, ჩამოღვრილს ოქროს ჩანჩქერად,
რა მანქანებით ვუბრძანო ჩემს გულს, რომ შეანელოს ძალუმი ძგერა.
არადა ბრძენთა მოგდევს კიჟინა, რომ სიყვარული არის ტკივილი და რომ როგორმე უნდა ჩაახშო ამ უგუნური გრძნობის ყივილი,
რომ თურმე უნდა იცხოვრო მშვიდად და დაიოკო სულის ქავილი, როდესაც აღარ გაღელვებს დიდად შაშვის სტვენა და ატმის ყვავილი.
და რომ ამგვარი გადარეცხილი რეალობისთვის უნდა გაწირო შეყვარებულის თავდავიწყება, ასე ლამაზი და სასაცილო.
ესაა გრძნობა, როდესაც გათოვს პირველი თოვლის თოთო ფანტელი, ღამე, როდესაც შენს სულში ათევს განცდათა მთელი კორიანტელი,
როცა ღრუბლები გვანან თოლიებს, როცა რითმები თავად მოდიან, ქარი რომ ტოტებს აიყოლიებს და მათი ვალსის ჟღერს მელოდია,
როცა შხაპუნა ქსოვს ცისარტყელას და შენ ამ კიბით ცისკენ აივლი და ოცნებაში სულ თან დაგყვება …
შაშვის სტვენა და ატმის ყვავილი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 10:35 am

Shocked

რა უნდოდა შენსავე გვერდში ახალი პოსტის გაკეთებას, რა უნდა და - დიდი არც არაფერი.
შედიხარ შენს გვერდზე, ნახულობ სუუუულ ბოლო პოსტს და ხელმარჯვნივ პოულობ ღილაკს წარწერით quote და დაჰკარი წკაპი ამ ღილაკს. გაიხსნა ფანჯარა - მარცხნივ ჩანს სმაილიკები და მეორე მხარეს, სადაც ცარიელი ადგილია, იქ უნდა ჩაწერო, რისი დადებაც გინდა. სულ ბოლოს ჩამოდიხარ დაბლა და რომ წერია ერთ ღილაკზე Send - აი, სწორედ ამ ღილაკზე უნდა დაჰკრა წკაპი და მორჩა, მზად არის...

ამაზე ადვილად როგორღა ავხსნა, უკვე აღარ ვიცი...


Question
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 12:03 pm

ლუარსაბ მეფისა

ბინდი ხუნდება, დილა ინთება, მტრით დატბორილა გარისის ველი, უკანასკნელად მოაფრინდება დღეს თავის ნისლას ბებერი მგელი.
ეს დროც დაუდგა მეფეს ჭაღარას, აწ ოდენ ცქერით გაართოს თვალი, იმის სამყოფი ჯანი აღარ აქვს, რომ კიდევ ერთხელ აშპუნოს ხმალი.

შუბის თამაშით დაუვლის ლაშქარს მემკვიდრე მისი, იმედი ქართლის, მტერს დათვლის ღირსად აროდეს არ თვლის, რამეთუ დროშა მიუძღვის მართლის.
სცეს ქართველებმა ბუკს და ნაღარას და ჩამოიმხეს თავსაბურები, აკინაკები ავად წახარეს, მიწას მოწყვიტეს ბედაურები.

წინ-წინ მიაფრენს თავის საღარას ჭაბუკი სვიმონ, გვირგვინის ხამსი, ბდღვირი ავარდა ტრიალ თაღარას და ნირწამხდარი უკურბის სპარსი.
ზაფრისმცემია იბერთ კართობა, ბრძოლასა შიგან მხნეთა და ცხართა, მათთვის ეს ომი არის გართობა, ვითარცა მგლისთვის დარბევა ცხვართა.

სერზე შემოდგა ფიცხელი ომის მოსეირეთა მცირე ამალა, მეფე, ჭარმაგი თანამყოლების და ორიოდე მცველის ამარა. შემორჩა ბრძოლის ჟინი ულევი, ძარღვებში სისხლი უყივის ჯერაც, გასცქერის გარჯას გოთაულების და სიამაყე უნამავს მზერას.

წესი არ არის ქართველ მეფეთა მამულისაგან დათმობა მისხლის და როს პირისპირ შემოეფეთა ლტოლვილი რაზმი, მწყურალი სისხლის, მომხდურებს თავი არ გაარიდა, ზედ შეალეწა შუბი და ხმალი, ბოლოს აკარხლა ბედაური და იმისი ნალით უნაყა ძვალი.

თანა ჰქონოდა ანამ ფარი და ანამ ჩაჩქანი, თავდასაფარი, სისხლი გადმოჩქეფს ნაგაზარიდან, ძოწით შემკულა ვერცხლის ფაფარი.

როს მატადორი დაქანცულ ხარს კლავს, სხივმეწამული ხდება ტაურუს, ებანს დაჰკარით, საომარ საკრავს, რომ გული რისხვით აახმაუროს…

* * *
შეუპოვრობით დაღალა მტერი გაუტეხელმა გვირგვინოსანმა, ზოგი დალეწა, ზოგი მოსარმა და კვლავაც სიმხნით აღავსო ერი.
ყველა კივერი და ყველა ჩალმა ერთად წაიღო არაგვის წყალმა.
დრომ მოხასხასე ყველა მუნდირი გაახუნა და დედა უტირა.
მოყანყალდა და სრულიად წახდა იმპერატორთა მრავალი ტახტი.
დაიხავსა და დანესტიანდა ფუყე დიდება დინასტიათა.

ერმა უარყო კერპი რამდენი და საარაკო საქმის ჩამდენი რამდენი გმირი გადააფასა, მაგრამ ნაომარს ლუარსაბისა აწ მეტი ჩაღი მოეფინება და ვერას ავნებს ჟამთა დინება.

მისი მასხალი მარადის გასხლავს, რამეთუ ახლავს ნათელი მართლის, გააკაშკაშებს თავის წილ ვარსკვლავს დელი სვიმონი, იმედი ქართლის.

* * *
ვის აღარ უდგას ამქვეყნად ძეგლი - ორგულს, ბაქიას, ლაქიას, ვერაგს, გმირებს კი რჩებათ გვირგვინი ეკლის, ასე იყო და ასეა ჯერაც.
ან იქნებ რვალში ვერ დაეტია მეფეო შენი სული მბორგალი და იქნებ ყველა ძეგლზე მეტია ხელში ჭიქა და ყელში გორგალი.


Last edited by კობა (მატეკარი) on Thu Aug 20, 2009 3:46 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 3:36 pm

ერკელია

ესეც კიდევ ტევრის კიდეე… მოარულო, აწი საით?
საცალფეხო ეს ქაშანი რახანია ჩაუქს ელის, სველი, როგორც ღაწვი შველის, არშავიანმინაშვერის.
რატომ გიხმობს, რას გიმზადებს, ანდა, თუკი სანდო არის, სამშვიდობოს თუ გაგიყვანს, ვით შიბ-თოკი იახსარის.
ხევის ხახა საზარელი ამოგცქერის როგორც არჩივს, აქ გუმანი თუ გიშველის და თამამი კვალი არჩვის.
ამ წავარნას რომ დალახავ, ჯილდოდ ნახავ, ცასთან ახლოს, ტინებს, ჯიქთა სათარეშოს და ორბების სამოსახლოს.
გლუ კოტორზე რომ შედგები, ხვდები, რატომ გინდა ფრთები.
ამ დროს გიჯობს იყო მარტო, მარტოობა არ იდარდო,
და ნურც ნურვის ნუ გაანდობ, ნუ გაუყოფ ქვეყნად ნურვის ამ ლიტაოს, ნისლით ბურვილს, სივრცის წყურვილს, დეკას სურნელს და გაფრენის გიჟურ სურვილს, სიკვდილამდე განუკურნელს.
***
თუმც ციცაბო ქარაფისკენ როდი არის გზა იოლი და ჭაუხის ირმიც შიბზე მიხვალ, როგორც მთვარეული.
იქ ოლე დგას, ხე ეული, შეუცნობი, შორეული, ობლისსევდამორეული შენი სულის ორეული, დროს შეუხრავს მისი გული სიცოცხლისჟამმოლეული, ფუტუროში მარჯვე ფუტკარს გაუმართავს გოლეული.
თუნდ გველფერნი განარისხო, შეუდექი ბილიკს მისკენ, რომ შეიცნო, რაა ის ხე, გახრეკილი სიბერისგან, ქარისა და გრიგალისგან წაფერდილი უფსკრულისკენ, ნატვრის ხეა, სიცოცხლის ხე, თუ კოპალას კიბე ცისკენ.
***
არ გეგონოს დაითარსე, სამიზნეში კარგად გახე, ამირანის ნატახტარზე რკოს მიირთმევს შავი ტახი. ახლა გინდა ორბის აღი, რომ დალაშქრო ზეცის თაღი, თორემ ტყეში წარამარა იკარგება ნიშანგეში.
და თუ ბედმა გაგიღიმა, იქნებ სადმე მოჰკრა თვალი, ნაკადულში, ქვაზე მჯდარი, ვით ივარცხნის დალალს ალი და კულული მისი, ჟღალი, ჩქერში როგორ ათინათობს და გრძნეული ხიბლი მისი როგორ გითრევს, როგორ გათრობს.
ალის ბებლით განათვალი წინ წახვალ და – ფაფუ ალი!
და ეს ბოლოც არის ახი – გახედავ და – ფაფუ ტახი!
***
ახლა ყოველ ნაბიჯს შენსას აყურადებს ალბათ დალი, ღიღილოსფერ მის თვალებში კვესავს ავი ნაპერწკალი.
გამოცდაა სიჩაუქის ხევის ფერდი და ფერცხალი.
თუმც გუმანი გაიმედებს, რომ ღმერთქალი, სარიდალი, არ გაგიშვებს ხელმოცარულს და რაიმეს გაიმეტებს…
გასწი ჯიხვო, რა ფეხს ითრევ, მიეფარე ა იმ გორას, თითქოს თავად ოჩოპინტრემ მოგაწება თოფის კორას, კამარა ჰკარ, განმერიდე, ჯანზე მყოფი თუ ხარ ხარი, თუ გივარგა ხორცი კიდევ, ან ტყავი გაქვს მოსახმარი.
***
დრო დამდგარა მზეჩაისი და ციბოლოც გაძლევს ნიშანს – გასრულდაო კოჭიმელზე კოტრიალი ბარბალისა.
სწორედ ამ დროს, შავი შაშვი დაისს გულს რომ მიაფიცხებს, ჩამავალ მზის ძველთა-ძველი საგალობლის სტვენას იწყებს.
უსიმღერებს, ყელს უღერებს და ისეთი ვნებით გალობს, თითქოს უნდა ამ ღვთაებრივ მელოდიით შეუთვალოს – მგალობელთა-მგალობელი მე ვარო თუ მაფშალია .
პირველობის რა მითქვამს და, ჰაუ რა ხნის მაშვრალია,
ახლა უნდა, რომ ბოლო სხივს გადაასკვნას თვისი ბგერა და ის სხივი მისმა მღერამ მგონი მართლა შეაჩერა…
და დასტურად მის ნისკარტზე გაკრთა დურცხი ათინათი…
… მეტოქეობს მაფშალიას მილიონი წელიწადი.
***
ვერცხლის შუქით დაფენილა მირა-მორა ყველა გორა.
გარინდულა იაკამი, მონუსხული ამგვარ ღამით, ჯერ დარია, ცა კამკამებს, თავს გახსენებს მხოლოდ ნამით.
ვარსკვლავებიც სარგებლობენ ცის ამგვარი სიკამკამით, ზიკზიკებენ, ციაგობენ არნახული სითამამით.
და ბარბალით მაძღარ მიწას მკერდი ხვატით თუ უხურდა, ახლა ყველა მის ნაპრალში სინოტივე ჩასადგურდა.
სადღაც, მყუდრო კადას ძირას შეაფარებს ფარას მწყემსი, ხმიადი და ხიწიწიც აქვს, მადიანად წასახემსი.
და სანამდის ძილს მიანდობს თაქნაბადის მყუდრო კალთებს, ფიჩხის გროვას უტრიალებს, გობრიალა კოცონს ანთებს.
***
იალკიალს ციცაგი ცვლის, პულას ემატება პულა, უჯმაჯურად შეიგრაგნა უწყინარი ღრუბლის ქულა.
მალე ალბათ ცის მჭედელი მოიმარჯვებს ზორბა უროს, ავდარი რომ გამოკვეროს, ქურა უნდა გაახუროს.
ახლა დროა მგელმა ბუნაგს, თაგვმა სოროს მიაშუროს, ბუკნაჭოტმაც წვიმის შრიალს ფუღუროდან მიაყუროს.
მანამდე კი მაცნე თქორი ეპკურება ფოთოლ-ღეროს, თითქოს უნდა სათითაოდ მოეფეროს, მიუმღეროს.
ზეცა მიწას აესვეტა, რას დაადგა ნეტავ თვალი, და ღრუბელიც აიჯაგრა, როგორც შარიანი მთვრალი, ულაყივით აღერღილი წაეფოფრა თავის რჩეულს, ჭალას, ცისნამმონატრებულს, მოფერებაგადაჩვეულს.
ხოლო ფიტი, ონავარი, სანამ კორტოხს დაჭანგავდა, გაღმა ღრუბელს მიაფრინდა, მასაც გაუმაჭანკალდა.
ვიდრე მიწა, მოწყურალი, დელგმის თასებს მოიყუდებს და რუკრუკა ნაკადულებს კალაპოტებს აუმტუტებს, რას განიცდის ნეტავ ჩიტი, წამხობილი თავის ბუდეს…
***
შენ კი დარანს შეეფარე, სხვა რა გზაა, დაიცადე, ანდაც სცადე, და ყოველი ცასთან ერთად განიცადე.
არმურს მიღმა ვარსკვლავები რახანია აღარ ჩანან, ქარი შფოთავს, მისმა ქსინვამ კედელს მიღმაც გაატანა.
დაიჭექა აქა-იქა, აფარფატდა ჭრაქის ალი, როგორც მოცეკვავე ქალი და ოთახიც, მის ლაციცში, შეფრთხიალდა ფერმიმკრთალი.
მიწამ ზეცა შეისრუტა, ზეცა მიწას ჩაეხუტა, ეს იმ მიწას ჩაეხუტა, დიდი ხნით რომ გაებუტა.
აქამომდე მოფაჩუნეს მისცემიათ გული რუებს, მალე ალბათ მათი ყეფა არე-მარეს დააყრუებს.
ამ ლელეხში თვით ეშმაკიც ეძებს თურმე თავშესაფარს, შენ კი გულში ღიღინს იწყებ, ამინდისთვის არშესაფერს:
– როცა სარკმელს წვიმა ლოკავს, ელვის შიშით ჩრდილი ტოკავს,
და საავდრო, ვეშა ღრუბელს ვნება ვეღარ მოუთოკავს,
ამ დროს ვერა შეედრება მონადირის მყუდრო სადგომს,
ჭრაქის შუქზე ჩამოჩხაპნილ სტრიქონს, გულით ამონათქომს,
ამ ღადარში შემწვარ სოკოს,
ოცნებაში – გაღმელ გოგოს…
ჰაიიი ჰაააა!
***
საჩალის წვერს პირიმზე ზის, კამარ-ქალის მამა ავი, აღერღილი, კოპშეკრული, საშინელი სანახავი, თითქოს ძილი არ აცალეს, უდროო დროს გააღვიძეს, დიდრონ თვალებს აღვარღვალებს, სამოსისხლოდ ეძებს სიძეს, რისხვას ანთხევს, ცაიერადს, აუწერავს კაცის ენით, ბასტის როკავს, მერეხს კაფავს მოელვარე ჯავარდენით.
აუშლია ღრუბლის ჯარი – ლეგა, ბენცი, თალხი, რუხი, არე-მარეს ატორტმანებს ზათქი, მათგან მონაქუხი.
ხოლო ქარი, ბობოქარი, ხევხუვებში დაშლიგინებს…
და ბუნებაც ამ საოცარ სახიობით გაგრძნობინებს – რა ფიორი და მინუნა არის თურმე შენი ნება…
შეხსენება უნდა ამის, განა შენი შეშინება.
***
თავზე ზვავი, ძირს – გვერძნელი, გზა გრძელი და ეგზომ ძნელი, ეს გზა მუდამ რჩეულს ელის, აქ ვერ ივლის ვინმე ტრელი, ჯინაგარი კაცის არის ეს გრძნეული იკანკელი, უთვალავჯერ გავლილი და უთვალავჯერ გასავლელი…
რატომ გიხმობს, არვინ იცის, გამოცანა ცის და მიწის, აქამომდე აუხსნელი სივრცე, სულის შესაძვრელი, ავგავანი უსამანო, სოფელს მიღმა გარესკნელი, ნადირის და მონადირის საზიარო სამყოფელი…
ანდა რატომ მეორდება ეს ამბავი, ძველზე ძველი…
იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი…
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 3:41 pm

თრიალეთის ვერცხლის თასისა

ელტვის ცნობისწადილი მოსილს იდუმალებით და ვერც ქავილს გენისას ვერსად დავემალებით. მხოლოდ ფერი იცვლება ჩვენი ფერისცვალებით, ისიც დიდი ომით და ცნობიერის წვალებით.

ჩემი ღამე უძილო, ჩემი ფიქრი უძირო, მაცდური და მაცილი, ჩემი სულის ნაწილი, არ მასვენებს, თუმცა კი ვიცი, რაიც მომელის, სევდა გარდასულის და დარდი მიუწვდომელის…

ცრემლით გაჟიებული ავი წუთისოფელი, გინდ დრო, შეუქცევადი, დრო - წარსულის მშობელი, ფეხს ვერ მომაცვლევინებს, ასრე გავიბოტები…
დროსაც ერკინებიან თურმე დონ კიხოტები.

მხოლოდ ის მსურს, წინაპარს მივეფერო აქედან, ვინც უთქმელი წვალებით ეს ქვეყანა აკეთა, ვისაც თავად სიცოცხლეც კი არ დაუნანია და ჩემამდე ზღაპრული ლელო მოუტანია, მინდა ხმა მივაწვდინო, განა ბევრი რა მინდა, ცალი თვალი შევავლო, მოვყვე სულ სათავიდან, და თუ მათი ხატება დროის ნისლმა დაბინდა, მათი სული იღვრება ახლა ჩემი კალმიდან.

მესმის შორი ძახილი, თუმცა თავად არ ჩანან, სულ პატარა სარკმელი, ერთი ციდა ფანჯარა, თუნდაც ჭუჭრუტანა და თუნდაც დროის მანქანა…
რათა დავამწყალობნო მიწყივ სულის ამწეწი, ჩემში გადმონახული მათი თითო ნამცეცი.

***
მგელბერიკა ტაძრელთა მიახლება მამბერთან… ცოტა ცნობა გაძნელდა, ისე გადასხვაფერდა, გარნა გარდაუვალი არის ერთი ზმანება, მთვარის ფერისცვალება, მისი თეთრი სანება, მისი ბიბა კარატი, ზეციური ნუგეში და მსახური მარადი, მგელი, ქსუ და უგეში.

ჰიპოსტასი არმასი, გარესკნელის ჩამრაზი, სავსე ბეღელ-ხულა და კერათბილი დარბაზი,
ქაშგი – ლუდი ხალასი, არამ-ხუტი და თასი,
ჰაუუუ, როგორ გაფრინდა წელი ხუთი ათასი…


Last edited by კობა (მატეკარი) on Mon Aug 24, 2009 12:19 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:01 pm

ტაში ბიჭო, გიორგუნა

ჰერი ბიჭო, გიორგუნა, მომხედე და გამიგონე, არ გაუშვა ეგ გოგონა, ხოხობივით მოგოგმანე, ალვისტანა, მაცქატუნა, ფითქინა და ლამაზუკა,
მიდი, ბიჭო, მიუცეკვე, რა ფეხები დაგებლუკა.
მიდი, ქალი იმის არის, პირველობას შენგან ელის, პირველ ნაბიჯს, პირველ სიტყვას და გამხელას გასამხელის.
მერე მისი დგება ჯერი – მოგაშუქოს თვალი შველის, ამის მერე, დამიჯერე, არასფერი არ გიშველის. ერთი შიშნარევი კოცნით ისე აგიდუღოს თავი, რომ ერთბაშად დაგავიწყოს წუთისოფლის ყველა ავი.
გოგოები კუჭკუჭებენ – საით გაშპა გულქანაო, ვინცხას ხო არ ელოდება სასიმინდეს უკანაო…
ნეტა შენ თუ გელოდება, მიდი ბიჭო გიორგუნა, მიდი, ბედმა თუ გარგუნა, ჩაიხუტე, ჩაიკონე, მერე ჯვარიც უნდა იფსკვნათ, აგერ არის ბარაკონი, მერე კიდო უნდა ის ქნათ, ჩუმად რო გაქვთ განაგონი,
რომ აკვანი, ხარატულა, ნაშიერით დაამშვენოთ, რომ ღუღუნა კერიასთან იმრავლოთ და ინაშენოთ თვალხატულა ფერიებად, ბოღორია ბოკვერებად,
აი მაშინ, დუნიაში, ვეღარავინ მოგერევათ.
ეგ წიფელა, ცაბიჯგელა, შიბაქებად დაგეთალოს, სიბერეში შვილთაშვილი გაჭირვებით დაგეთვალოს, გულქანამ კი კიდევ დიდხანს გიცხოს კვერი ბარბალისა, სანამ სრულად არ გაძღებით ცქერით მზიან ცარგვალისა.
მიდი, ბიჭო, გიორგუნა…
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:04 pm

სვიმონ მეფისა

ვინ არ იცის ამბავი ციხე ალამუთისა, ტინზე შემონადგამი მტაცებელის ბუდისა.
აქ დაირწა პირველად ჰაშიშინთა აკვანი, ზარსა სცემდა ჯვაროსანთ საბაჰის ძის ზაკვანი. სად არ გაიელვებდა გესლით გამონაკვები ავბედითად მკვესარი მათი აკინაკები.
ციხის ყრუ ტალანებში დაძრწოდა და ბორგავდა სული ნასირ ხოსროვის, მგოსნის და ღრიანკალის, მოძღვრის ცბიერ მულიდთა, შიშით შეუბორკავთა, აღმა-დაღმა მთესველთა ზაფრისა და კანკალის.
ფუთფუთებდა ბუნაგი, სიკვდილის საყუდელი, სანამ ხანმა ჰულაგუმ არ ულეწა ზღუდენი.
მაგრამ მოდი ამ ციხეს სულ სხვა თვალით შეხედე, დაივიწყე ერცახეს მულიდი და შახიდი, რადგან სწორედ აქ არი სვიმონ მეფის საკანი, ამ კედლებს ბინადარი არ ჰყოლია მაგვანი.
უკვე მეცხრე წელია შაჰი ვერ შეელია, მოძმეთაგან გაყიდულს ჭაღარაც შეერია, თუმცა, მიუხედავად ორგულობის, ღალატის, სამშობლოს დაჰფარფატებს მისი ფიქრი მარადის.
გარნა, ოდეს გაცხადდა სპარსის უილაჯობა, ოდეს ყველგან ოსმალომ დაჯაბნა და აჯობა, გაიხსენეს ლომგული, ალამუთს დახუნდული, უმალ ააღრჭიალეს ჟანგიანი ურდული.
თურმე ნიჭი ხალასი არც მათ თვალში ხუნდება, განუხვნიათ საკანი, აუხსნიათ ხუნდები, სამშობლოში სვიმონი თეთრი რაშით ბრუნდება, მტრის საკაფად ნაწაფი მკლავი არ უდუნდება.
ჩვენი ბედის ბორბალიც წაღმა ამობრუნდება, ქიტა აღიღინდება, გუთანს მიუბრუნდება, მარცვალი გაღვივდება, კერა გაღუღუნდება, კომლი ამოდინდება, ქვევრი აჩქაფუნდება, გადირწევა აკვანი, დროშა შეიკერება, კიდევ ბევრი მამაცი ხმალი გაიკვერება, კიდევ ერთი ლამაზი გვერდი დაიწერება, ხოლო სვიმონს ქართველი მარად მიეფერება.
თუ ამ ლექსით ახსენებთ, ვიამაყებ ჩემი სვით.
გულშიც თუ გაგიარათ, სადღეგრძელოდ შემისვით.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:07 pm

სოლომონ მეფისა

თენდება, ზამთრის ზოზინა წკვარამს არ ეჩქარება კალთის აკრეფა, თუმც რიბირაბო ცისკიდურს ჰპარავს, ცისკრის ვარსკვლავიც მალე ჩაქრება.
სოლომონ მეფის ოქროსფერ კარავს სულგანაბული გასცქერს ოკრიბა, მეფე განზრახვას აღარა ფარავს, კომლიდან კაცი ხრესილს მოკრიბა, რომ დღეს გველეშაპს, ხალხით მოვაჭრეს, სამიდღემჩიოდ კლანჭი მოაჭრას.
* * *
პაპუნა სარდალს, ომში სარიდალს, გამთენიისას ნიშანი მისცეს – შეუკრიათო ყველა ბილიკი აგიაშვილს და ლორთქიფანიძეს. ფოთს მიქელაძე შემოდგომია, ფიცისკაცები – აია-ქალაქს, ვისაც საერთოდ არ უომია, დღეს ერთი ხუთზე მოსინჯავს ძალას.
ღვინით დალოცა მეფემ ლაშქარი და მოაფრინდა უწუმ უნაგირს, შეუძახა და ხალხი აშალა ამოსაძირკვად აფთრის ბუნაგის.
მიდი სოლომონ, კაცო-არაკო, სიამაყეო მარად ქართველის, მწეო და ბურჯო ჩვენი ღირსების, ოსმალოთაგან ვერგანათელის.
სამშობლოს შენსას დღეს კიდევ ერთი საბედისწერო გამოცდა ელის, იშიშვლე ხმალი, ახსენე ღმერთი გადასარჩენად ქართული გენის. უნდა აღკვეთოს სირცხვილი ერის შეუპოვარმა შენმა ბრძოლამან, მიდი, ჭირიმე მაგ გულისძგერის,
მიდი სოლომონ.
* * *
მტრისკენ გაიჭრა რახსი ტაიჭი, ავად უღელავს ბაბრი ფაფარი,
- ქეჰაიაუუ! რახტი დაიჭი, ახლა იწყება მძაფრი ზღაპარი…
საიერიშოს უკრავს საყვირი, მტევებარებმა შეუწყეს ვაშა, შეათამაშა მეფემ მახვილი, უთავოდ დარჩა ბედკრული ფაშა.
ომი გახურდა, იმატა ბრაზმა, ქება და აზმა აფხაზ ვაჟკაცებს, სამურზაყანოს ლომგული რაზმი დამხვდურს პირველი შეაბარბაცებს. თვით ხუტუნიამ ცხენი გაქაფა, რვალად იქცია ბებერი ძვალი, გაღმა-გამოღმა მტერი გაკაფა, ბოლოს თავადაც დახუჭა თვალი.
ეს გაელვება მამულს დაშვენდა, გმირო მოხუცო, დიდება შენდა.
მტარვალი ჭარბი, ხარბი და ურჩი უკანდახევას ჯერ არ აპირებს, გარნა ბრძოლაში ავია გურჯი და ბოლოს მაინც გაინაპირებს. თითქოს შველა რომ აღარსად არი, ისმის გრუხუნი მეხის სადარი, ეს ურახუნე ბრეგვაძე არის, წიფლის წვეროზე გასულა ლამის: - მოგვეშველაო დიდძალი ჯარი, იმარჯვა მეფემ, წახდა თათარი.
დაფრთხა ოსმალო, შედრკა და იმწამს გურულთა გუნდი ჯიქურ მიჯარდა, ისმის კივილი იანიჩართა, დაოთხილები პოტნიან მიწას. იმათ კვალდაკვალ გრგვინავს ოტია, ჭოლაური ხმლით მარყუჟებს ხლართავს, მისი მხედრობა მტრის მაოტია და აგვირგვინებს ამ საქმეს მართალს…
* * *
ქვეყნიერებას ქართველი ერი შემორჩენია ნიჭად და წამლად, ხმალზე შეგვადნა ურიცხვი მტერი, იმპერიები განქარდა კვამლად.
ჩვენებური კი, ტრფიალი ლხენის, ერთგული თავის ჯიშის და რწმენის, იმასვე როკავს, იმასვე მღერის, უძლებს ჟამთასვლას, მიწყივ არეულს, კვლავაც დაიცავს მშობლიურ კერას და მოინელებს კიდევ ბარე ორს.
* * *
ერს უწინამძღვრა, მტერზედ აღლესილს, ჭაბუკმან, საქმით დევისტოლამან,
ასეთი ომი გარდახდა ხრესილს.
ასეთი ლომი გვყავდა სოლომონ.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:12 pm

ბახტრიონისა

გულღრძო შაჰ აბასის ნაზაკვარი სულს გვიხაშმავს, როგორც გესლი გველის, კახეთს მოსდებია თესლი ელის, ვითა ბიბლიური ბოცომკალი.
ლამის ღირსებაზე დაგვაბიჯეს, ლამის წასაბილწი არა დაშთა, ჯავრი დაუგუბდათ ყოჩიბიჭებს ფოხანმოფარფალე ყიზილბაშთა.
ახლა ხალხმა თუ არ გვასახელა, დიდი დღე არ უჩანს საქართველოს. ელმა ბაღ-ვენახი გადაბელა, აწ კი რჯულიც უნდა გადათელოს.
წახდა კახთა ნირი, ლამის უკვე ომიც დაივიწყონ, ქეიფიცა, ჰოდა გაიხსენეს სიჩაუქე, მთელი მთა და ბარი შეიფიცა.
ჩვენი მამა-პაპის სალოცავის ვერვინ ეღირსება გათათრებას და ვერც ალავერდის ბჭე და ქავი კახს ვერ შეაკავებს გათათნებულს.
ვინძლო ჩალმოსანმა ჯერ არ უწყის ფასი ამნაირი გახელების, ციხეს შეასკდება სპაზე უწინ მსუყე შეკურთხება კახელების…
აქეთ საბურველქვეშ ღამის, მრუმის, ბჟუტავს ბახტრიონის გალავანი, პირქუშ იმზირება, როგორც დუმის ქონით გაპოხილი ფალავანი.
მეტივ! გადაფრინდი ქონგურზედა, წუნკალ ყიზილბაშზე გაილაღე,
შენი თეთრონია ახლა ზეზვავ მთიელ მარბიელთა ბაირაღი,
გურგენ! ვაჟოკაცო გულფიცხელო, მტერი ტარაბუად აწრიალე,
მიჰყე ნადირაუ გველისპირულს, ჯავშან-მუზარადზე საწკრიალეს…
* * *
მარგვლის დრომ უწია სარეველებს, მათგან მოსათმენი რა ჭირთ კახებს, ელი ფესვიანად გამოცელეს, სპარსი კახეთიდან აჭიტლაყეს.
დადგნენ, ნაომარით გაიხარეს, ლოცვა შეაგებეს დილასისხამს, მიჯრით მოეფინა არე-მარეს ხმები დაირის და შაირისა:
– შაჰინშაჰო აბასაო, დიდყურავ და თავგასაო,
კურტუმა გაქ ბატისაო, ულვაშები კატისაო,
შენნაირი სახედარი სადმე სხვაც თუ დადისაო,
ღვინის გემო გაშინებს და სუნი ღორის მწვადისაო,
დაგვასიე ელებიო – დავათალეთ ყელებიო,
კახებს ნუ ეკვეხებიო, არ მაჰჭამო… ფეხებიო.
თუკი შაჰებმა და აბასებმა, აღა-მაჰმადებმა და ხანებმა, სულთან-ხვანთქარებმა და ფაშებმა, ჯალალედდინებმა, ხაკანებმა, ჯერაც ვერ გაგვიგეს მუღამი და ჩვენი ვერ ისწავლეს დაფასება, იქნებ ბახტრიონმა შეახსენოთ - კახმა ფინთად იცის გაბრაზება.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:17 pm

მიილია ზამთარი

იწურება ზამთარი, ავდარია ჭოროფა, დარდი, ჭრელი აფთარი ნერვებს ეჯაჯგურება, არის ძნელასატანი შენგან შორი-შორობა, ბუხრისპირას კუნცხვა და მხართეძოზე გორება.
სუსხიან ქარს დაჰყვება სუსხიანი ჭორები – ბუჭუია ხო იცი, უშნოთ რო იფხორება, მისი ბიჭის დანიშნულს თურმე სხვა ნაყვარება და დღე-დღეზე ქალაქში მასთან გეიპარება…
ამნაირ დროს მალიმალ გახსენდება ჭურები, ებრძვის მოწყენილობას სუფრის ენამჭევრობა, თამადა გვყავს ისეთი, ევროპას რომ ემხრობა – სუმთლად ადრე, ბატონო, ჩვენ ვყოფილვართ ევროპა, აქაც მალე გვექნება შეძლებული ცხოვრება, ხრუშოვი და ბრეჟნოვი აღარც გვენახსოვრება…
უნაირო, უჟმური გაიჭიმა ჭოროფა, დაგვიჟია ლოგინი, დაგვიყენა ტბორები, თუმცა აწი, საცაა, მიწაც გაიზმორება, სუსხი გაიპარება, სითბო მოგვეპარება, წყაროდ დაიწურება მთათა თოვლის კირთები, ღირღილით დაგორდება გოჩგოჩანა ზვირთებად, მინდვრები მოირთვება, დაივსება კვირტები…
ნურაფერს შემპირდები!
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:18 pm

ჩემს თაობას

წისქვილის ქვა დასცვეთია თავზე ჩემს თაობას, ჯოჯოხეთში ნაგვემს, თუმცა ზოგი, ჩემი ცოდვით სავსე, იმ დროს ნატრობს, მისტირის და აქებს.
ნუ იფარებთ დოგმებსა და წესებს, ეს დროება ვეღარაფერს გვავნებს მოწრიალეს პაწაწინა წრეზე ნაცრისფერი კარუსელის მგზავრებს.
უცნაური ბედისწერით დაღლილს სული მგლის გვაქვს, მიხვრა-მოხვრა ძაღლის. იქნებ დროა, ნაშიერი ჩვენი, უკეთესი ხედვა რომ აქვს ახლის, წინ გავიგდოთ და მივსდიოთ კვალში, სიცოცხლესთან რომ არ დავრჩეთ ვალში.
და ამგვარად ჩვენც გავტეხოთ ნავსი, ავიქლითოთ უძრაობის ხავსი,
ჯერ კი, ვაზის მონაჟურით სავსე, ეს ჯიხვის რქა შევიგრიხოთ მკლავზე…
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:20 pm

აქ, ვარსკვლავებთან ახლოს

პირგაზაფხულის წვიმა გამოჰპარვია ცას, ალერსით მოციმციმე უფოთლო ტოტებს რთავს, სანაკადულე თოვლი დაგუბებია მთას, ქარი უწეწავს ტინებს ნისლის ჭაღარა თმას.
აქ, ამ ტატანი ცის ქვეშ, განმარტოების ჟამს, ფიქრი იხელთებს თითქოს ჭეშმარიტების ჩქამს და დგება წამი, როცა გამოუტყდები თავს – წუთისოფელი ჩვენი თურმე რარიგად ჰგავს მთიდან დასხლეტილ ზვავს, გზად რომ ყველაფერს ნთქავს…
სულში სხვა განცდა სახლობს აქ, ვარსკვლავებთან ახლოს, სადაც გოროზი შხარა მწყემსავს ღრუბლების ფარას,
ამ მურყვამიდან უკვე ზეცას შეახებ ხელს, მზეს საგალობელს უკმევ, ქვეყნად ყველაზე ძველს, ხოლო მაჩუბის კართან ანგელოზი რომ დგას,
ნურვის დაუთმობ სხვას…
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:23 pm

რა მინდა

ცამ ცრემლი გაიმეტა, ჩაკაწრა ყიამეთი და ბროლს გადაამეტა თქორმა სიკამკამეთი, გაიფანტე ლემადევ, მთვარევ, მალე გამოდი, ნუ მლევ ამ საღამოთი ფიქრით, უსიამოთი.
ირგვლივ უკიდეგანო, პირქუში ავგავანი, ღამე უჩამიჩუმო, ლაღი ფიქრის სავანე, და ბედის ბედაური, შავრა შაისევანი, მეგობარი ჩემი და კენტი ავანჩავანი.
ძიებანი, თევანი, რითმაუხვი მტევანი, ლექსად გასათქერია ურიცხვი უტევანი, არსით ჩანს მოსარები, მხოლოდ ეს მერდევანი, გარნა მაინც იგია საჩემო არჩევანი,
ვილტვი თავისუფალი, ვითა ურა უბელო, ვიდრე ჰხვალო – მკითხოდი დაფუკულო ღრუბელო, შარა-შუკას მიმღერდე შაშვო, შე მგალობელო, რუო, კვალში მომდიე, შე არდასაგუბელო.
მივალ მივეშურები, არ კი ვიცი საითა, რტოთა შარიშურებით ტევრი მემუსაიფა…
იმ დიდი სიჩუმიდან იმდენი დრო გავიდა, აღარც ვიცი თუ მინდა, ან, საერთოდ, რა მინდა…
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:24 pm

სიყვარულისა

მიწიერი ვნებანი უკვალოდ გაქრა,
ვისღა ახსოვს მაშინდელი თავსახალი,
ზღაპარ-ქალაქი აგრაც დაიჩაგრა, მაგრამ
ვით სიყვარულის ქვადქცეული სული მაღალი
დგას ტაჯ-მაჰალი.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:26 pm

სანამ გაზაფხული არი

ვიდრე მეფობს გაზაფხული, ვის ახსოვს მწუხარება, არე-მარე ირთვება და ნაირფერად ენთება, თუმცა, ხანი გაივლის და ჭკნობა შეეპარება, გაფითრდება, გახუნდება და განაცრისფერდება.
ნურც შენ გავიწყდება, რომ მეფობენ დრონი, ყველაფერი ქრება, ეფინება მტვერი, მარადია მხოლოდ ზეცის საფირონი,
მეტი არაფერი.
ჰოდა, იქნებ გაიღიმო, გახსნა გულის კარები, სანამ გაზაფხული არი და დარობენ დარები, თუ ფიქრობ, რომ ბევრი დრო გაქვს და არსად გეჩქარება, ლოდინსა და არჩევანში წლები გაგეპარება.
ჯერ კი სანამ დროა ოცნების და ნატვრის და ვარდისფერ ხანძარს გინთებს ტოტი ატმის, სანამ ეს სიმღერა ემღერება სიმებს,
ნუ დაჰკარგავ იმედს.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:28 pm

ახ ნეტავი

ხარის ქედით გავაცილე საუკუნის ნახევარი, არ დავიკლე ჩემი წილი უღელი და საყევარი, ღობე-ყორეს ვედებოდი, ჭაპანს ისე მივათრევდი, შენ ყოველთვის მენდობოდი, მე ხანდახან გიმართლებდი.
ჭაღარით რომ დავითოვე, საომარიც მოვითავე, ყველაფერი მივატოვე და ერთი გზა მოვიტოვე, მისატევებს მივუტევე, შესადავებს შევედავე, მერანს შუბლი დავუკოცნე, ავხსენ რახტი და სადავე, წავაქეზე, წინ გავტყორცნე ამაყი და გამბედავი…
ახ, ნეტავი მიწას მოვწყდე, ცარგვალს მიღმა გავყო თავი.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: კობა ჭუმბურიძე   Thu Aug 20, 2009 7:30 pm

შემოდგომისა

შხაპუნა, ცეტი და ანაზდი, ფოთლებს, შემოდგომით ნაქარვებს, აქარგავს ათასფერ ანაბზინს, ნაცრისფერ განწყობას აქარვებს. ქურუხა ნოემბრის ჯინაზე ზეციდან ჩამოღვრის აქვარელს, პირველმა წვეთებმა მინაზე ვერცხლის ბილიკები გაკვალეს.
ქალებმა ქოლგები დაანთეს, ტოტებში ნიავი ნავარდობს, ამაღამ რამდენი გაათევს, ეს წვიმა ლექსში რომ ჩაფანტოს.
რითმასთან მარცხდები, რა მალე აცვდება შენს მერანს ნალები, თუ გინდა ცრემლები დამალო, ზეცას შეაგებე თვალები.
ცრის, გრილი ცარგვალი ციმციმებს, ხეები კარგავენ სიმძიმეს,
და ამ დროს, სახლში თუ ჩერდები,
გამოტყდი, ბერდები…
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
Sponsored content




PostSubject: Re: კობა ჭუმბურიძე   Today at 8:43 am

Back to top Go down
 
კობა ჭუმბურიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 3Go to page : 1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: