არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 კობა ცხაკაია

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: კობა ცხაკაია   Sat Jul 25, 2009 6:49 pm


Koba Tskhakaia

კობა ცხაკაია

დაიბადა 1964 წლის 30 მარტს. პროფესიით კინოსა და თეატრის მსახიობი და კინოსა და ტელევიზიის რეჟისორია.
იბეჭდება 1997 წლიდან. გამოსაცემად მზად არის მისი მოთხრობებისა და პიესების კრებული.
1999 წელს მიიღო "ბესტსელერის" პრემია.
მიუნჰენის კინოს საერთაშორისო ფესტივალზე ჟიურის თავმჯდომარის სპეციალური პრიზით აღინიშნა მისი რეჟისურა და სცენარი მხატვრული ფილმისათვის "პილიგრიმი" (1994 წ.).
ბელგრადის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა საპატიო სიგელით (1995 წ.).
მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში" და ტელევიზიაში. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

ბმულები:
* კობა ცხაკაია ფილმოგრაფია ვნახოთ აქ – http://www.geocinema.ge/ge/montaj.php?kod5=587

* კობა ცხაკაია ქართულ სასცენარო პორტალ GeoScript-ზე Koba Tskhakaia

* https://www.facebook.com/kobatskhakaia


კობა ცხაკაია – "დარიალს რომ მოადგები"

Arrow

”მზის ჯარისკაცები” - http://www.litsakhelebi.ge/book.php?id=926



კობა ცხაკაიას ფილმი "პილიგრიმი"

study
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: კობა ცხაკაია   Sat Jul 25, 2009 7:00 pm



დასახელება: ფერები და შიმშილი
ავტორი: კობა ცხაკაია
კატეგორია: პროზა
გამომცემლობა: "საარი"
გამოცემის თარიღი: 2003
გვერდების რაოდენობა: 184
ფასი: 5.00 ლარი
ISBN: 99928-39-86-4
ყდა: რბილი
ყდის ზომა: 140X200

Arrow

კობა ცხაკაია: ”პეპლის დაჟანგული ფრთები” - http://www.opentext.org.ge/01/ae/007/7-9.htm

affraid
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: კობა ცხაკაია   Tue Jul 28, 2009 5:48 pm


დასახელება: ზონაში

ავტორი: კობა ცხაკაია, სოსო მჭედლიშვილი
კატეგორია: პროზა
გამომცემლობა: "საარი"
გამოცემის თარიღი: 2005
გვერდების რაოდენობა: 80
ფასი: 3.50 ლარი
ISBN: 99928-39-57-0
ყდა: რბილი
ყდის ზომა: 135X195


კობა ცხაკაიას შეტყობინება:

გამარჯობა, ჩემო მეგობარო!

ჩემი ადრეული ფილმები შეგიძლიათ ნახოთ საიტზე - www.youtube.com

გვერდზე kobatskhakaia ან kobacxakful –ზე (ყველაფერი ქართულ ენაზეა). ახალ ნამუშევრებს უახლოეს მომავალში განვათავსებ.

კობა


study

Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კობა ცხაკაია   Mon Mar 15, 2010 6:19 pm

კაცი-ობობას დაბადება
(ნგრევის სახელმძღვანელო)

- ადამიანი შინაგანად ფასკუნჯს ჰგავს. მუდმივად ნადგურდება და აღორძინდება სიამოვნებით. სხვანაირად ვერ იქნება ადამიანი?! - ასე უთხრა სიზმარში იმან, ვისაც ყველაზე მეტად ვერ იტანდა. მერე გულთბილად გადაკოცნა და სიცილი დაიწყო. ასეთი ბედნიერი არასოდეს ყოფილა. მაშინაც კი, როცა პირველად იგრძნო მამაკაცობა და ქალისთვის სიამოვნების მინიჭების მადლი... - სიამოვნება, როგორც დაპყრობისა და დამორჩილების ნეტარი საშუალება. რაც უფრო მაგრად დაიტანჯები, მით უფრო მეტად შეეცდები, საკუთარი თავი დააჯილდოვო?!.. ყველაფერ ზემოთ ხსენებულის გაფიქრება მოუნდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა.

აღარ უნდოდა ბავშვთან ჩხუბი. მობეზრდა და, რაც მთავარია, დაიღალა ამ გაუთავებელი ძიძგილაობისა და დავიდარაბისგან. რა თქმა უნდა, ძნელი იყო პატარა არსების ყოველდღე ცემა, ამას დიდი ფიზიკური და სულიერი ენერგია სჭირდებოდა. ბავშვზე ფიზიკური ზემოქმედების დროს, ძლივძლივობით მოპოვებულ შინაგან წონასწორობასაც კარგავდა. ეს განსაკუთრებით იმ დროს ხდებოდა, როცა მისი პატარა დარტყმებისგან თავის დაცვას ცდილობდა... მერე ეს ამაზრზენი ხმაური, ბღავილი და ყვირილი?!. მით უმეტეს, როცა დენი არ იყო, პატარის ტირილს ვერაფერი ახშობდა. სახლში ატეხილი აყალმაყალის შესახებ არა მარტო კარის მეზობლები იგებდნენ და გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს, რომლებიც არავის აინტერესებდა, არამედ ხშირი იყო უცნობი ხალხის რეპლიკები, შემოძახილები და ზარები:

- რა ხდებეა თქვენთან? დახმარება ხომ არ გჭირდებათ? ვინმეს ხომ არ კლავთ? იქნებ, მეც მაყურებინოთ? გაგიჟდით, ხალხნო, უჩემოდ როგორ ბედავთ ბავშვის ცემას? მე ვარ ტანჯვის სპეციალისტი და სადისტური მიდრეკილებებით დაჯილდოებული ადამიანი, დამირეკეთ და გამომიყენეთ! ფულს იქით გადაგიხდით იმ სასიამოვნო წვლილში, რომელსაც თქვენი შვილის აღზრდაში შევიტან...

და კიდევ ათასი ამდაგვარი არამკითხეს პრეტენზიები, სურვილები და მოსაზრებები... რამდენჯერ გაუფრთხილებია პატარა, რომ ხმადაბლა ეტირა, ბოლოსდაბოლოს, სხვების მაინც ხომ უნდა შერცხვენოდა, მაგრამ არ ესმოდა და ჯიუტად, ხმამაღლა და უსირცხვილოდ ტიროდა. ეს იყო დამთრგუნველი, ჭკუიდან გადამყვანი და თანაც გულისამაჩუყებელი ტირილი. ასე შეიძლებოდა ადამიანი გაგიჟებულიყო, მაგრამ მან იცოდა რაღაც, რის მეშვეობითაც ინარჩუნებდა პიროვნულ ხიბლს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეძინა.

- რა ვარ მე?!. ჩემი ცხოვრება რამდენიმე სიტყვაზეა აგებული, რომელთა ენერგიით ჩემში გაჟღენთილია ყოველი მოძრაობა, ყოველი აზრი თუ ლტოლვა, ყოველი ნაწილაკი... იცხოვრე სწრაფად და მოკვდი ახალგაზრდა... აქ სისწრაფე არ ნიშნავს ფიზიკურ ყოფას, ესაა სულიერი მდგომარეობა... სხვა ვერავინ გაუძლებს ამას... იცხოვრე სწრაფად და მოკვდი ახალგაზრდა... ამ რიტმით ვერავინ იცხოვრებს ჩემს გვერდით... ყოველთვის მაქვს იმის ძალა, რომ ვებრძოლო საკუთარ თავს... მე ყველას გავუმკლავდები ჩემი სიცოცხლის გზაჯვარედინზე.

დიახ, ის სასტიკი იყო და დაუნდობელი, მაგრამ ასეთად არ დაბადებულა, ასეთი ახლობლებმა და ირგვლივ არსებულმა სიტუაციამ გახადა. განიცდიდა თავის ამჟამინდელ მდგომარეობას. ხვდებოდა, რომ, მიუხედავად საერთო თანადგომისა, თანაგრძნობისა, თანამოაზრეობისა, თანასიყვარულისა და თანათანხმობისა, არ აკეთებდა და არ ფიქრობდა იმას, რაც უნდა ეკეთებინა და რაზეც უნდა ეფიქრა. ხშირად ვარდებოდა დეპრესიასა და სასოწარკვეთილებაში. ხშირად ყმუოდა და კნაოდა, მაგრამ მისი არავის ესმოდა... ყველას ეგონა, რომ ხვრინავდა და თანაც საშინლად. მასთან ერთად, ერთ ოთახში ძილი შეუძლებელი იყო, ამიტომ მარტო ეძინა. მ-ა-რ-ტ-ო. ამას მტკივნეულად განიცდიდა, რაც ფანჯრების მტვრევასა და სატრფიალო სიტყვების უწმაწური ქვეტექსტებით ყვირილში გამოიხატებოდა.

- მიანდე ღმერთს სევდა შენი! და ნუ იღვწი ხვალინდელი დღისთვის. ეს იმაზეა ნათქვამი, ვინც ცდუნებაშია მოქცეული და ვერ შესძლო, იყოს მომთმენი, არამედ აღეგზნო და გული მწველი სურვილებით აევსო, დაიახლოვა ჯოჯოხეთი!..

...შემოვიდა თუ არა სახლში, ყველაფერს მიხვდა. მოლოდინი და სიჩუმე, რომლითაც გაჟღენთილი იყო კედლები, მხოლოდ ერთზე მეტყველებდა - რაღაც მოხდა... თვალცრემლიანი ცოლი ჩაქუჩით რაღაც ჭრელსა და მჩხავანას აჭედებდა კედელზე, მერე მიხვდა - ეს გვატემალის გასტროლებიდან ჩამოტანილი თუთიყუში იყო, რომელიც შვილის გაჩენამდე ბავშვივით უყვარდა.

თვალცრემლიანი ცოლი ჩაქუჩით რაღაც ჭრელსა და მჩხავანას აჭედებდა კედელზე, ის მერე მიხვდა - ეს გვატემალის გასტროლებიდან ჩამოტანილი თუთიყუში იყო, რომელიც შვილის გაჩენამდე, ბავშვივით უყვარდა. მისი შვილი, პატარა ბავშვუნა კი, მაგიდასთან იჯდა და წიგნებიდან ამოხეულ ფურცლებზე თოფებს, დანებს და თავმოჭრილ ხალხს ხატავდა... ეს ყველაფერი იმის საწინდარი იყო, რომ ბავშვუნა აუცილებლად უნდა დასჯილიყო... ტანზე არც კი გამოუცვლია, ისე ჩამოჯდა გახუნებულ სავარძელზე და სიცივისგან გათოშილი ხელები სახეზე აიფარა. ასეთი დღე პირველად არ გათენებულა მის ცხოვრებაში, ეს მისი უკუღმართი ბედის განუყოფელი ნაწილი იყო...

- სისასტიკე და უმადურობა სიყვარულისა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ქრება ან სადმე მიდის. არამედ იმაში, რომ ეგ დალოცვილი არც ქრება და არც სადმე წასვლას ფიქრობს?!. მახრჩობელასავით შემოგეხვევა. შენი სხეულისა და გრძნობების ყოველ ნაწილს შემოაჭდობს თავის თავს და ხანდახან იმის ელემენტარულ საშუალებასაც კი არ გაძლევს, რომ ადამიანურად მიაფურთხო ყველას... ყვე-ლას, განსაკუთრებით იმათ... და თანაც იმის გამო?!. ჰოო, სწორედ იმათ, ვისზეც ახლა გაიფიქრე... და სწორედ იმის გამო, რაზეც ახლა გაიფიქრე?! - ჩემო კდემამოსილო მკითხველო... ამიტომაც აკრავენ საყვარელ თუთიყუშებს, საყვარელ შპალერს, საყვარელ გრძნობებს, საყვარელ სიცოცხლეს... და საყვარელ ასე შემდეგს...

...ჭაღს ახედა. შეამოწმა, დენი იყო თუ არა. თვითონ და ელექტროენერგია თითქმის ერთდროულად მოსულიყვნენ. შვებით ამოისუნთქა და ოდნავ გახალისებული ყოველ შემთხვევისთვის ხელების დასაბანად გაეშურა:

- ყველანაირი ახალი საქმე სუფთა ხელებით უნდა დაიწყო?!.

დღევანდელი დღის დარჩენილი ნაწილი შეიძლება საკმაოდ საინტერესოდაც კი გაეტარებინა. თუმცა დილიდან არასასიამოვნო შეგრძნებით გაეღვიძა, რადგან ის ვიღაც სხვა, ვინც დიდი ხანია ჩაბუდებოდა ტვინში და მისი თვალებიდან მისსავე ფიქრებსა და საქციელს უთვალთვალებდა, ხანდახან კი ორაზროვან ფრაზებს ჩასჩურჩულებდა, ხ-მ-ა-მ-ა-ღ-ლ-ა ა-ლ-ა-პ-ა-რ-ა-კ-დ-ა:

- ტვინი იგივეა, რაც კუჭი... ოღონდ ფიქრებისა და იდეებისთვის... გაგონილი, მოსმენილი ან თავისით დაბადებული აზრებისგან ღებულობს საკვებს და ცდილობს, ისინი ფიქრებად და იდეებად გადააქციოს. თუკი ეს მოახერხა, პროგრესი ვითარდება, თუკი არა, ემართება ფაღარათი... ან ეწყება შეკრულობა?!. შეიძლება, გაუჩნდეს გაზებიც.

მის გონებაში მკაცრი და პრეტენზიული ტონით წარმოთქმული წინადადებები ირგვლივ არსებულ ბგერებსა და ხმაურებს ახშობდნენ. ამიტომ, ფაქტობრივად დაყრუვდა. ბევრი ფიქრის, უძილობისა და მთელი ღამეების განმავლობაშდი ტელევიზორის ყურებისგან თვალებიც ასტკივდა, რის გამოც ირძულებული გახდა, უმეტესი დრო თვალდახუჭულს გაეტარებინა. ამიტომ ყველასთვის არა მარტო ყრუ, არამედ ბრმაც იყო. თანაც სახლის ჩამტვრეული ფანჯრებიდან შემოსულმა სიცივემ ცოტა ხანში სახსრების ტკივილთან და რადიკულიტთან დაამეგობრა, რის გამოც ამინდის ცვლილებების დროს ვეღარ ინძრეოდა, თითსაც კი ძლივძლივობით ატოკებდა...

გადამეტებული ნერვიულობისა და ყვირილისგან ხანდახან ხმასაც ვერ იღებდა. იმდენად იყო დათრგუნვილი საკუთარი ცხოვრებისა და ბედის სიმძიმისგან, რომ გეკითხათ, რატომ იყო ასეთ სავალალო მდგომარეობაში, უკეთეს შემთხვევაში ხმას არ გაგცემდათ, ხოლო უარესი შემთხვევების მომსწრე რამდენიმე თვითმხილველი, მძიმე ტრამვებით თავისა და გულ-მკერდის არეში, დღესაც იწვა რკინიგზის საავადმყოფოში. აქედან გამომდინარე, ზოგჯერ არა მარტო ბრმა და ყრუ იყო, არამედ მეტყველებაწართმეული და პარალიზებულიც კი...

ერთი ნახვით, უცნობებისთვის, ის ინვალიდი, ბედისგან დაჩაგრული, წყნარი და კეთილშობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ხოლო ოჯახის წევრების, ახლობლებისა და ნაცნობებისთვის კი უკვე დიდი ხანია ნეხვითა და ბოღმით სავსე კასრი იყო...

- მე ის კი არ მიკვირს, აპოკალიფსი და გამოცხადება რომ იქნება, არამედ ის, თუ სად იყო ეგ დალოცვილი აქამდე?! - თავის ქალაზე ეს სიტყვები შიგნიდან უკაკუნებდნენ. იძულებული იყო, ისინი თავის აზრებად ექცია, - ასე სიცრუის ჭეშმარიტებასთან მივდივართ?!

მის ტვინში მოკალათებული ის ვიღაც თუ რაღაც არც იღლებოდა და არც ჩერდებოდა, მასწავლებელივით უყვიროდა. დილით შეეცადა, ყურადღება არ მიექცია მისთვის, მაგრამ წვერის გაპარსვის დროს ტვინში გაჩხერილი ფრაზების ავტომატურად გამეორება დაიწყო. ერთი ყველაზე მეტად დაამახსოვრდა:

- სიყვარული, როგორც საშუალება, იშვიათად უნდა გამოიყენო?!

არ ახსოვს, რამდენჯერ წარმოთქვა ეს ფრაზა. მხოლოდ მაშინ გაჩუმდა, როცა მიხვდა, ზედა და ქვედა სართულის მეზობლების აბაზანებიდან შემოსული სიცილი მას ეხებოდა. რამდენჯერმე მწარედ შეუკურთხა, ჰო, კი არ შეაგინა, არამედ შეუკურთხა. შემდეგ კი გულდაწყვეტილმა პროტესტის ნიშნად სამჯერ ჩაუშვა უნიტაზში წყალი და ხმამაღლა მარცვალ-მარცვალ გაიმეორა:

- სი-ყვა-რუ-ლი, როგ-ორც სა-შუ-ა-ლე-ბა იშ-ვი-ათ-ად უნ-და გამ-ო-ი-ყე-ნო?!. როცა შენს ზემოთ ცისა და ღმერთის მაგივრად მეზობლის დაუბანელი ფეხები ან მისი ფეხსაცმელების გაცვეთილი ძირებია... ხოლო შენს ქვემოთ მიწა კი არა, სხვა მეზობლის ქერტლიანი თავია... შეუძლებელია ნორმალური იყო... - სიცილი საერთო აღფრთოვანებამ შეცვალა... იყო ტაში, ბრავო, შეძახილები და მრავალ, მრავალსართულიანი მილოცვები...

მერე სამსახურში სხვა საფიქრალი გაუჩნდა და ყველაფერი დაავიწყდა, მაგრამ მორჩა თუ არა მუშაობას, ავტობუსის მოლოდინში ერთი ღერი სიგარეტის მოწევით მასში ისევ გაიღვიძა იმ ვიღაცამ და აზრად ქცეული აკვიატებული ფრაზა კვლავ ბგერებად ჩამომარცვლა:

- სიყვარული, როგორც საშუალება, იშვიათად უნდა გამოიყენო?!..

ეს კი თქვა, მაგრამ ცხოვრება მაინც ჩვეულებრივად გაგრძელდა და ლამის გაასწრო კიდეც, მაგრამ ის მაინც დაეწია, ჩამოეკიდა, აძვრა და დაჯდა...

ბოლო ათი წელია, მის უზარმაზარი, გამოუყენებელი ენერგიით დაავადებულ სულს აღარ მოსცილებია მწარე შეგრძნება იმისა, რომ, რაც უკეთებია და რის გაკეთებასაც აპირებდა მომავალში, ფუჭია და სადღაც უკიდეგანო, უძირო ხახაში ან უფსკრულში იკარგება ან, ჯერ თუ არ ჩაკარგულა, აუცილებლად ჩაიკარგება. ამიტომ საჭირო იყო მისი სასარგებლო კალაპოტისკენ მიმართვა. თითქოს იპოვა კიდეც ასეთი კალაპოტი, სამსახური, მაგრამ, რაც უფრო ბევრს მიმართავდა მისკენ ამ ენერგიას, მით უფრო მეტი უგროვდებოდა, ღამეები აღარ აძინებდა. იმდენი ჰქონდა უკვე, აღარ იცოდა სად, რაში, რანაირად, რისთვის და როგორ დაეხარჯა. ბევრჯერ სცადა მისგან თავის დაღწევა, დაწვა, გაფლანგვა, გაჩუქებაც კი, მაგრამ ვერ შესძლო ვერ დაიცალა, ვერ გამოიფიტა. თითქოს უხილავი, მძლავრი გენერატორი მიზანდასახულად გამოიმუშავებდა მასში გადამეტებულ ენერგიას და კანის ფორებიდან ვულკანივით ამოხეთქვას ცდილობდა. ამის გამო ცუდად იყო, ძალიან ცუდად, რადგან არ იცოდა, რისთვის ან რატომ მიანიჭეს თუ აჩუქეს ეს ნიჭი... ცუდად იყო მაშინაც კი, როცა კარგად გრძნობდა თავს.

- მხოლოდ კეთილშობილი საგნებისა და გრძნობების გამოყენება შეიძლება ბოროტად?! - ეუბნებოდა ის ვიღაც და ხმამაღლა იცინოდა... თავს დიდხანს იაკავებდა ათასნაირი სულელური იდეების, აზრების და გრძნობებისგან, მაგრამ უეცრად ყველაფერი მობეზრდა. დაიღალა მუდმივი დაძაბულობისგან და ერთ მშვენიერ დღეს, როგორც იტყვიან, აფრები აუშვა... და თავი მოიკლა. თვალები ისე გადმოკარკლა, გაუკვირდა, როცა მომინდება, ისევ როგორ დავხუჭავო. მერე იყვირა:

- გავიქცეთ ჩქარა გავიქცეთ?! - და გულწასული იმ მეგობრის მკლავებზე მიესვენა, რომელიც თურმე არასოდეს ჰყოლია...

ნეკროლოგში ასე ეწერა - ვეღარ გაუძლო ამდენ უმისამართო და თანაც არალოგიკურ ტკივილს, რომელმაც ვერ ჰპოვა თავისი ადგილი მის სულში და ცხოვრებაში, რადგან არ იცოდა, რატომ იყო მასთან და არა მის მეზობელთან ან ეგერ ქუჩაში მიმავალ ვიღაც ტიპთან, ან შენთან, ჩემო სასიქადულო მკითხველო. ის დიდხანს გაურბოდა ამ ტკივილთან პირისპირ შეხვედრას და ცდილობდა, არანაირად არ გამოეხატა, არ გამოევლინა იგი, თითქოს რაღაც ადგილიც მოუნახა მას თავის გონებაში, სიამოვნების "პახმელია" უწოდა კიდეც (ღმერთო ჩემო, რა მარაზმია). მაგრამ, ბოლოსდაბოლოს, ტანჯვა ზოლებად დასერილ სახედ ამოუტივტივდა გონებაში. და ეს სახე მას კი ჰგავდა, მაგრამ მისი არ იყო. სხვანაირი თვალებით უყურებდა და შესაძლოა დასცინოდა კიდეც... დასცინოდა, აბა რა... გადააფურთხა, გაახილა და დაინახა, ირგვლივ ათასი ცალი თვალი ცნობისმოყვარეობით ანათებდა მისი სულის სიმახინჯეს და სიშიშვლეს:

- ნუ გეშინიათ, თქვენზე უფრო მეტად მე მეშინია?! - როცა ტვინში ჩასახლებული ის ვიღაცა ამ ფრაზას უცხო ხალხით სავსე ავტობუსში რამდენჯერმე ათქმევინებდა და თანაც ხმამაღლა, ამას დაცინვა არ ერქვა?!.

ოჰ, როგორ შერცხვა იმ დღეს საკუთარი გაურკვევლობის და უსუსურობის?!

გაურკვევლობის და უსუსურობის, თუმცა ასეთი რამ პირველად მაშინ იგრძნო, როცა მამა გახდა. საერთო სიხარულის, შეძახილების, მილოცვებისა და ხვევნა-კოცნის დროს შემთხვევით სამშობიაროს მისაღებში დაკიდებულ სარკეში ჩაიხედა და... ის დაინახა, თეთრ პერანგში გამოწყობილი, სუფთად გაპარსული, მოკლედ შეკრეჭილი თმით და ავი ღიმილით. თვალებში უყურებდა... ის, სწორედ ის, ვინც ახლა მის ტვინში ცხოვრობდა. მის ფიქრებსა და სურვილებს აწვალებდა და...

- მშრალი წყალი და ცივი ცეცხლი?! - ეს იყო ის პირველი სიტყვები, რომლებიც მისგან გაიგონა? - მშრალი წყალი და ცივი ცეცხლი?! - სწორედ ამის გამო მოიკლა თავი, ჩემო სასიქადულო და სათაყვანებო მკითხველო...

თვითმკვლელობის შემდეგაც ყველაფერი ფუჭი გამოდგა. სულიერი სიმშვიდე, მეგობრული ნადიმები, მეუღლისგან დაფარული სასიყვარულო თავგადასავლები... ვერაფერმა გადაფარა მის სულში გაჩენილი ბზარი, რომელიც, წესით, მისი არ უნდა ყოფილიყო, რადგან საამისოდ აღარაფერი ჰქონდა ჩადენილი. ამას აღარ იმსახურებდა. გმირად აღარ დაიბადებოდა, წმინდად - მით უმეტეს. ის მხოლოდ მკვდარი იყო, ისეთივე, როგორც ყველა მის ასაკში და მის დროში. მაგრამ ნატვრა მასაც ჰქონდა ისევე, როგორც ყველა მიცვალებულს მის ასაკში და მის დროში. უნდოდა, მხოლოდ მაძღარი და კმაყოფილი ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, საყვარელი ფრაზაც კი მოიგონა, რომელსაც ხშირად წამოიძახებდა ბახუსითა და უცნობი ქალის დუნდულებით აღგზნებული:

- კარგი მწვადის გულიზა სამშობლოს გავყიდიო?! - სიტყვა "გულიზა"-ს სპეციალურად ხმარობდა, ფიქრობდა, ასე უფრო კოლორიტული იქნებაო. მერე კი ისე გადაიხარხარებდა, როგორც იციან ხოლმე ჩვეულებრივ ადამიანებმა, როდესაც ფულს იღებენ და არ, ვერ კი არა, არ ხვდებიან, საიდან... სადაც ტკბილი იყო, იქ მიდიოდა. სადაც ჩრდილი იყო, იქ ჯდებოდა. სადაც თბილი იყო, იქ იზმორებოდა. ჰოდა, რას გადაეკიდა ის რაღაცა, რატომ გადარია ასე, რატომ?!.

- ძალიან ძნელია სიკვდილის მერე გაცოცხლება. ეს არც უნდა და თანაც არც ესმით იმათ, ვინც არ მომკვდარა?! - ფანჯარა - ფარდა. ხელები - რაფა. ჭერი - ჭაღი. სარკმელი - საკეტი. მოქმედება - ენერგია. ჩრდილი - ზედაპირი. იატაკი - მტვერი. მარტოობა... მოქმედება - ენერგია. მას შეეძლო ყოველი სიტყვა აზრად ექცია. ფანჯარა - ფარდა. ხელები - რაფა. ჩრდილი - ზედაპირი. მარტოობა... ყველა პასუხი სახლში დატოვა...

- მტერი განგსჯის დღევანდელი დღისთვის, მოყვარე - ხვალინდელისთვის. შვილები კი ზეგინდელისთვის. ამიტომ შენი საშველი არაა?! - ისევ ჩაესმა იმის შემპარავი და, ამასთანავე, მომთხოვნი ხმა... მუშტი მთელი ძალით დაირტყა მუხლზე.

- იცი, როგორ მრცხვენია ხანდახან, შენი მამა რომ ვარ?! - დააპირა ამის თქმა, მაგრამ თავი შეიკავა. ეს ძალიან ცუდი სიმართლე იყო და იმიტომ. მან იცოდა, სამარცხვინო მამა რომ იყო, მაგრამ არ უნდოდა, ამის შესახებ სხვასაც სცოდნოდა. თვალები დახუჭა და შეეცადა ენერგია რაღაც ახალ კალაპოტში გადაეგდო. ენერგია იყო, მაგრამ კალაპოტი არსად ჩანდა. ღრმად ჩაისუნთქა, სუნთქვა შეიკავა და ისევ ჩაისუნთქა. მერე ისევ, მერე ისევ, მაგრამ ვერ გასკდა...

- მკვდარი ვირი არავის უნახავს. როცა გრძნობს სიკვდილის მოახლოვებას, პატრონისგან დაუკითხავად სადღაც მიდისო. თავისი ფეხით მიდის სიკვდილთან შესახვედრადო. ამიტომაც ძნელია მკვდარი ვირების ნახვაო...

გაიგონა თითქმის, როგორ ჩაუარა უხმოდ ბავშვმა. ალბათ, მის სახეს შეშინებული უყურებდა და ისე მიიპარებოდა თავისი კუთხისკენ, სადაც სათამაშოებს ამოფარებული დაელოდებოდა იმას, რაც ისევ უნდა მომხდარიყო...

...- ცხოვრება ყოველთვის უნდა იყოს ჩვილი ბავშვივით, რომ არ შეგძულდეს.

- თქვენ ძალიან გყვარებიათ ბავშვები.

- მყვარებია?.. მე მათ ვხატავ ხანდახან.

ეს საუბარი მასა და მის მომავალ მეუღლეს შორის ხუთი წლის წინ შედგა. ზოოპარკში. ზაფხულის ცხელ დღეს. ის დადიოდა ვოლიერებს შორის და მორიგ გრძელფეხება გოგონასთან არშემდგარ პაემანზე ფიქრობდა. უეცრად ხის ჩრდილში მდგარი მოლბერტი და მოკლე კაბით ოდნავ დაფარული ლამაზი ფეხები დაინახა. ფეხების პატრონი რაღაცას ხატავდა. მივიდა და სურათს დააკვირდა. მასზე გალია იყო დახატული. ბავშვები გალიის იქიდან დაძაბული და შიშნარევი თვალებით უყურებდნენ მას და იმ გრძელი ფეხების პატრონს, რომელიც შემდეგ მისი შვილის დედა უნდა გამხდარიყო...

- ნურასოდეს გაექცევი გორილას. ის აუცილებლად დაგეწევა! - გაახსენდა იმ ვიღაცის ადრე ნათქვამი ფრაზა, გაეცინა.- თრომპეტე Mარიინე" არის საყვირი, მასზე უკრავენ დედები, რომლებიც გვენატრებიან და რომლებიც აღარ არიან... რომელიც, რომლებიც... რომლებიც...

არსებობს საწამლავი, რომელიც სინამდვილეში წამალია. მას აძლევენ ავადმყოფს ან ძალაგამოცლილს, რათა ადამიანში არსებული მიძინებული ძალები გააღვიძოს და ბრძოლის უნარი გაუღვივოს. მაგრამ, თუ ჯანმრთელი ადამიანი დალევს, მოკვდება. მას დალეული ჰქონდა ეს საწამლავი. და მას ყველაფერი ფეხებზე უნდა ჰკიდებოდა.

ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე - ოცდაცამეტი წელი ფეხზე დგას, ოცდახუთი წელი სძინავს, ზის ჩვიდმეტი წელი, ერთი წელი და ორას სამოცდაათი დღე იცინის, ტანზე ერთი წელი და ას ორმოცი დღე იხდის, ზეიმობს ერთი წელი და ოცი დღე, ტუალეტში ის ოთხმოცი დღე ზის, ხუთასი დღე ტანს იბანს, რიგში შვიდასი დღე დგას, ორასი დღე ტელეფონზე ლაპარაკობს, ას სამოცდაათი დღე კამათობს, სექსზე კი მხოლოდ ასი დღე ეხარჯება. ყველაზე ცოტა დრო და სწორედ მის გამო ყველაზე დიდი პრობლემები აქვს.

- სექსი მთავარია, მაგრამ აუცილებელია, გყავდეს ისეთი ვინმე, ვისაც ომს გამოუცხადებ! თუმცა შიშველი ხელებით ზღარბს ვერ შეაშინებ...

ხელებზე დაიხედა. ისინი კანკალებდნენ. ძალიან მოუნდა ყველაფრის შორს გაგზავნა, მაგრამ ამისთვის იუმორის გრძნობა და კეთილი გული იყო საჭირო. ეს სიმდიდრე კი მან სადღაც დაკარგა...

- გამაგებინე, როდის დაამთავრებ ტყუილების მოგონებას და დაიწყებ სიმართლის მოყოლას?.. როდის?

- არ გატყუებ, მამა, დედას გეფიცები?

- რამდენჯერ გითხარი, ნუ იფიცები, ამას არ გთხოვ?! მითხარი მხოლოდ სიმართლე, მეტი არაფერი... შეიძლება ყველა მოატყუო, მაგრამ მე არასოდეს არ მომატყუო! გაიგე?

- ჰო, გავიგე?!

- თუ სიმართლის თქმას არ ისწავლი, შენს ირგვლივ ყველა გაბოროტდება... ისინი დედინაცვლებად და მამინაცვლებად იქცევიან... ყველა მხოლოდ შენს დასჯაზე იფიქრებს, მოფერებით კი არავინ მოგეფერება...

- არც მოუნდებათ?

- შეიძლება, კი მოუნდეთ, მაგრამ აღარ ემახსოვრებათ, როგორ უნდა მოგეფერონ... ამიტომ არ მოგეფერებიან!

- მე თვითონ მოვეფერები?!

- იცი, რა ფერია მოფერება?- ჰკითხა მან და გადაწყვიტა, დღეს არავინ დაესაჯა.

ბავშვი მას ჰგავდა, ქალისგან მხოლოდ კანის და თმის ფერი გამოჰყოლოდა. მასავით ჯიუტი იყო, თუმცა გულმავიწყობა, გულუბრყვილობა და ბევრი სიყვარული თავისი ჰქონდა.

- ბავშვებისთვის არ არსებობს ბევრი სიყვარული?! - ისევ ჩასჩურჩულა იმან. მას მწარედ გაეცინა და ხმადაბლა რომელიღაცა ფილმიდან გაგონილი ფრაზა წამოილუღლუღა:

- ჩურ-ჩუ-ლი! მწამს შიმშილის შეგრძნებისა და ჩურჩულით ნათქვამი სიტყვებისა?!

- ხანდახან რწმენა წყევლაზე უარესია?! - ესმოდა სხვისი დამცინავი ჩურჩული, - როცა არა გაქვს რუკა, ყოველთვის ურჩხულებით დასახლებულ სამყაროში ხვდები?!.

მის სამყაროში იყო რაღაც, რის გამოც ის უფრო მეტად ახრჭიალებდა კბილებს, გადმოკარკლავდა თვალებს და იწყებდა ზმუილს. ეს იყო მისი სურვილი, თავისი შვილისთვის უფროსი ძმა ყოფილიყო. ასევე დიდი სურვილი და ნატვრა ჰქონდა მეუღლისთვის მეგობარი ყოფილიყო, თანამშრომლებისთვის - პატივსაცემი პიროვნება, მეზობლებისთვის - გაჭირვების ტალკვესი, უცნობი და ნაცნობი ადამიანებისთვის - ისეთი ვინმე, რომლის ყველანაირ მოქმედებას თუ საქციელს (თუნდაც მათ თავებზე მოშარდვას) ისინი სიამოვნებითა და კდემამოსილებით მიიღებდნენ... თვითონ ამას სამოთხის მიუწვდომელ ზმანებას უწოდებდა, ახლობლები - ნევროზს, ხოლო ისინი, ანუ ყველა დანარჩენი - გამოსირებულობას, რომლის პატიება შეუძლებელი იყო.

- მაპატიეთ რა, ყველამ! თითო-თითო რაღაც მაინც მაპატიეთ?! - საშინელი დეპრესიის ჟამს შიშის გრძნობა აიტანდა და თავს სამსჯავროზე წარმოიდგენდა, რომელიც რაღაცით ჩვეულებრივ ვიდეო-ბარს წააგავდა. იქ, სიგარეტის ბოლში გახვეული ეკრანიდან, მისი ფარული ფიქრებისა და ოცნებების, წარმოსახვაში გათამაშებული სცენების და ფარულად ჩასახული სურვილების კინოდემონსტრაცია მიმდინარეობდა. და ამას კახპები, ლოთები, ნარკომანები, ჩათლახები, მკვლელები, აფერისტები, ქურდები და სხვა ათასი ჯურის საზოგადოების ნაგავი უყურებდა. ისინი იცინოდნენ და დროდადრო მას აღტაცებული გადახედავდნენ. ამ დროს ის მართლაც ძალიან პოპულარული იყო, მეზობლებისთვის - პატივსაცემი პიროვნება, თანამშრომლებისთვის - გაჭირვების ტალკვესი, უცნობ-ნაცნობებისთვის - ისეთი ვინმე, რომლის ყვევლანაირ მოქმედებას თუ საქციელს (თუნდაც მათზე მოსაქმებას) სიამოვნებითა და მადლიერებით მიიღებდნევნ - მაპატიეთ რა, ყველამ! თითო-თითო დანაშაული მაინც მაპატიეთ!

- ვისაც საკუთარი თავი ეცოდება, მას დიდი დანაშაულის ჩადენა შეუძლია! - ოვაციებითა და მხიარული შეძახილებით პასუხობდნენ მას, თითქოს მისნაირი არასოდეს ენახოთ.

- წადით რა, შემეშვით?! ჩემს მეტი ვერავინ ნახეთ?! მომშორდით?! - დაახლოებით ამ აზრს გამოხატავდა ის სიტყვები, რომლებსაც თავისი მიზნებისა და სურვილების გამოსახატავად იყენებდა. მათი მოყვანა აქ ძალიან არაკორექტული და სასირცხვილო იქნებოდა. მით უმეტეს, როცა მისი მონოლოგის ძირითადი აზრი უკვე გამოთქმულია.

- რანაირ უაზრო სიტყვებს ბურტყუნებ? - სამზარეულოდან ქალის ხმა მოესმა, - ხომ არ გაგიჟდი.

- ჰო?! არა, დავიღალე... და-ვი-ღა-ლე! რაღაცა მაქვს გასაკეთებელი, მაგრამ დავიღალე?

დიდი ხანია, რაღაცის გაკეთება უნდოდა, რაღაც ისეთის, რაც სამუდამოდ შესწყვეტდა ამ გაუთავებელ, უსასრულო მონოლოგს თუ დიალოგს მის ტვინში, მაგრამ ეშინოდა. არ იცოდა, რა მოხდებოდა იმ რაღაცის გაკეთების შემდეგ. იქნებ, საერთოდ გამქრალიყო და მტვრად ქცეულიყო. და, რაც მთავარია, იმასთან პირისპირ შეხვედრა აშინებდა, რადგან არ იცოდა, ვინ ან რა იყო ეს იმასთან... შიშისგან სასაცილო რომ გამხდარიყო, მაშინ?! ის ხომ, ასე ვთქვათ, ქვეშაფსია იყო. თუმცა შეეძლო ამბრაზურასაც გადაფარებოდა, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა მაყურებელი და შემფასებელი ჰყავდა... სამწუხაროდ, იმდენი ჭკუა არ ჰყოფნიდა, რომ თვითონ შემფასებელი ან მაყურებელი აეძულებინა, ეს გაეკეთებინა, თუნდაც მის მაგივრად, მოკლედ რომ ვთქვათ, ის სარკეში იყურებოდა და ხვდებოდა, რომ მცირე ჭკუის გამო მაგარი განდონი ვერასოდეს გახდებოდა.

- უყურებ საგნებს და ხვდები, რომ ამ ყურებით ცვლი მათ განლაგებას და მნიშვნელობას... მათი ბრუნვისა და მოძრაობის ტრაექტორიას... შენშიც რაღაცა იცვლება... ამას ჰქვია "საგანთა გაურკვევლობა!".

- ამას ჰქვია, მიხვალ სახლში, ჩაჯდები საყვარელ სავარძელში და ხვდები, რომ მარტო ხარ, სახლი კი ცარიელია... - დამცინავად ერთვებოდა ხმა მის ფიქრებში...

- გიყურებ, ვფიქრობ და მეცინება... ახალი გმირობა ჩაიდინე?.. ისევ მასახელე? ისევ გაახარე ჩვენი გულები?! - იკითხა მან და სათამაშოებში ჩამჯდარ პატარას შეხედა. ბავშვმა თავი ასწია და გაუღიმა. კაცსაც მოუნდა გაღიმება, მაგრამ თავი შეიკავა. გაიცინებდა და ყველაფერი დამთავრდებოდა - და - წინასწარ მოფიქრებული სვლებისა და დამსჯელ-აღმზრდელობითი ოპერაციების მთელი კომპლექსი წყალში ჩაეყრებოდა. მას უყვარდა ბავშვი, ძალიან უყვარდა, მაგრამ ახლა არ შეეძლო, ეს გაემხილა. ამის უფლება არ ჰქონდა.

- უყურებ საგნებს და ხვდები, რომ ამ ყურებით ცვლი მათ განლაგებას და მნიშვნელობას?! - ეს სიტყვები მერე უნდა თქმულიყო, სასიქადულო მკითხველო, მაგრამ უკვე ითქვა და რას მიზამ რრროოო?!

ვაგრძელებ...

კაცს უნდოდა, სახლში გვიან მოსულიყო. ფიქრობდა, მივალ და ჩაძინებული დამხვდებიანო. ასე მაინც ავცდები იმას, რაც უნდა მოხდესო, მაგრამ, სანამ ამას გაიფიქრებდა, ფეხებს თურმე თავისით მიუყვანიათ სახლამდე. ბინის კარს ხელი რომ შეახო, ყველაფერი ისევ დაბრუნდა: სიტყვები, ცრემლები, ოფლიანი ხელების შეხება, ცნობისმოყვარე გამოხედვები, ვითომ გაოცებული ნაცნობების გამონათქვამები... და სუნი, ახლადმომზადებული ვახშამის სუნი, რომელიც შიმშილისგან გათანგულ სულში უძვრებოდა და იქ ღორობის, გაუმაძღრობის, ნაყროვანების ფეიერვერკებს აწყობდა.

მოხარშული სოსისის სუნი მთელ სახლში იდგა. მას ელოდნენ მშივრები, უსუსურები და ამის გამო გაბოროტებულნიც კი. ელოდნენ, როგორც მარჩენალს, და მანაც არ დაიგვიანა. ის ყოველთვის მაშინ მოდის, როცა დროა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყოველთვის იგვიანებს... ის მამაა, რომელიც აღასრულებს განაჩენს. მან იცის, ვინაა დამნაშავე და როგორ უნდა დაისაჯოს ის, ვინც აშავებს...- ისევ უაზრო სიტყვებს ბურტყუნებ? - სამზარეულოდან ქალის ხმა მოესმა, - ხომ არ გაგიჟდი?

- ჰო?! არა, დავიღალე... და-ვი-ღა-ლე! რაღაცა მაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ძალიან დავიღალე?

როდის დაიწყო ამ საშინელი როლის თამაში?.. როდის გადააბიჯა ბავშვთან ურთიერთობაში ზღვარს და როდის გახდა... მამა - ლო, მამაკაცი, მამა - დიდი?.. აღარ ახსოვდა. ამას აღარც კი ჰქონდა მნიშვნელობა. მთავარი ის იყო, რომ მისთვის საზღვრები აღარ არსებობდა.

- ეშმაკი ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად. მისთვის არ არსებობს ცუდსა და კარგს შორის საზღვრები... ის მოქმედებაში მრავალფეროვანი და მრავალსახოვანია!.. ღმერთი კი მხოლოდ სამართლიანობას იცავს, ის არასოდეს გადააბიჯებს საზღვარს. ეს არ სჭირდება. ის ღმერთია და მორჩა?! - დახედა თავის ფერგადასულ, დასვრილ ფეხსაცმელებს და არაკეთილი სიცილით გაეცინა.

- ალბათ, დღეს ცუდი არაფერი მომხდარა? - იკითხა და ძალისძალით ფეხსაცმელების გახდა დაიწყო. სიცარიელე და ფუჭი მოლოდინი დასეირნობდა მის სახლში. ქალი სამზარეულოში უკმაყოფილოდ აბუტბუტდა.

- ისევ მასახელე, პატარავ? ნუ გეშინია, სიმართლე მითხარი?! - როგორ ვერ იტანდა ასეთი ტონით ლაპარაკს, მაგრამ ძალიან მიეჩვ ია და თავის შეკავება აღარ შეეძლო. მექანიკურად გამოსდიოდა. შეიძლება ითქვას, ხორხიდან ამოსულ სიტყვებს ერთგული ძაღლივით მისდევდა უკან. ამის გამო პირველ რიგში ყველა და მერე თავისი თავი ეზიზღებოდა. ის ასევე ვერ იტანდა ძაღლებს, მით უმეტეს, ერთგულ ძაღლებს.

- რამდენჯერ გითხარი, ჭკვიანად იყავი? ნურავის მოუშლი ნერვებს... ვერ ხედავ, ირგვლივ რა ხდება?! შენი უჭკუობაღა აკლია ამ სამყაროს?! - დაბალი, შემპარავი ხმით დაიწყო მან. ბავშვი ზურგით იჯდა და თავის ოდნავი მობრუნებით ცდილობდა, მალულად შეეხედა მისთვის. კაცმა ასწავლა ასე ჯდომა, - თუკი არ შეგიძლია თვალებში მიყურო, მაშინ ჯობია, საერთოდ არ მიყურო და ისე მისმინო, თორემ მკაცრად დაგსჯიო. არადა, თავად ეშინოდა ბავშვის თვალებში ჩახედვა. იცოდა, სირცხვილისგან შეიძლება ტირილი დაეწყო, რადგან ცოტა ხნის მერე სასჯელი მაინც აღსრულდებოდა.

კაცს ცრემლებზე გული ერეოდა, სიცილზე ღიზიანდებოდა, სევდაზე ჭკუა ეკეტებოდა და... და ასე შემდეგ. მოკლედ, მაგრა გაეტია, ანუ კრამიტი დასცურებოდა და თან თავში ხანდახან ფეხი ჰქონდა, მაგრამ მაინც პატივსაცემ პიროვნებად ითვლებოდა. რადგან, ჯერ ერთი, დრო იყო ასეთი და თანაც პირობებიც ხელს უწყობდა.

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by გამრიგე on Mon Mar 15, 2010 6:25 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კობა ცხაკაია   Mon Mar 15, 2010 6:24 pm

კაცი-ობობას დაბადება
(ნგრევის სახელმძღვანელო)

(გაგრძელება)

- არ შეიძლება ყველაფერში ბავშვი იყოს დამნაშავე, შენც რაღაცას დააშავებდი? ან დროულად არ მიაქცევდი ყურადღებას! ის კი თავისით ვერ მიხვდებოდა, ცუდს აკეთებდა თუ კარგს! ამიტომ, თუ გინდა, შენც დაგსჯი მასთან ერთად? - ადრე ასე ცდილობდა სასჯელის აღსრულებისგან თავის არიდებას. სიცარიელეც და ფუჭი მოლოდინიც ისევ დასეირნობდნენ მის სახლში. ქალიც ეთანხმებოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბავშვი ისჯებოდა.

- ურტყამ საკუთარ მომავალს, რომლის დადგომისაც გეშინია! - ასე უთხრა ქალმა, რომელიც ვერაფრით შეევსო. სიცარიელეც და ფუჭი მოლოდინიც ისევ დასეირნობდნენ მის სახლში და ამიტომ კაცისთვის ის სიცარიელედ იქცა, ანუ იმად, რასაც ვერასოდეს შეავსებ. კაცი ხშირად აგინებდა სიცარიელეს, რადგან სიცარიელის სინონიმი "უშენი" იყო. "უშენი" კი ყოველთვის კარგად ერგებოდა, ესადაგებოდა ლანძღვა-გინებას, - ურტყამ საკუთარ მომავალს, რომლის დადგომისაც გეშინია!

ის ამის გამოც იტანჯებოდა. იტანჯებოდა, ოჰ, რარიგად იტანჯებოდა. ამას ემატებოდა: - წნევა, ღვიძლის გაგანიერება, გულის არითმია, შაქარი, კონიუნქტივიტი, სტომატიტი, პროსტატა და თანაც მარცხენა ფეხის ცერა თითზე ფრჩხილი ჰქონდა ჩახვეული, რის გამოც სიარულის დროს კოჭლობდა და გოშიასავით კრუსუნებდა. თუმცა, ისე, მგელივით კაცი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტელევიზორის წინ ჩამოეძინებოდა...

ხანდახან კაცი ფიქრობდა, რომ ყველაფერში დამნაშავე მათში ჩაბუდებული უსამართლობის შეგრძნება იყო. ის ვერ იტანდა იმ პატარა კაცის როლს, რომლის თამაშიც რეალურად ცხოვრებაში ხშირად უხდებოდა, მაგრამ მეტის მოთხოვნის და ბრძოლის თავი აღარ ჰქონდა. ამიტომ წაგებული ცხოვრებისთვის ვიღაც უნდა დასჯილიყო, ვიღაც ისეთი, ვინც ვერაფრით შეეწინააღმდეგებოდა, რათა მისი დასჯით გამოწვეულ გულისტკივილსა და სინდისის ქენჯნას კაცში ახალი ძალები გაეღვიძებინა - ბრძოლის დასაწყებად თუ არა, პატარა ქაოტური აჯანყების მოსაწყობად მაინც. როცა ამ აჯანყებაზე ფიქრობდა, გრძნოდა, მტრებისა და მობეზრებული ახლობლების სისხლისგან დათხვრილ ხელებზე თითები როგორ ეწებებოდა. ირგვლივ კი იყო სიცარიელე და საოცარი მყუდროება... აი სწორედ ამ დროს ტკბილად ჩაეძინებოდა ტელევიზორის წინ და მანამ თვლემდა, სანამ არ მოშივდებოდა და ხელების დასაბანად არ გამოეღვიძებოდა. გამოფხიზლებული კი ხვდებოდა, რომ ეს არ იყო სინამდვილე... ხოლო, როცა ოცნება ძალიან განსხვავდება სინამდვილისგან, ჩნდება სასტიკი სირცხვილის გრძნობა, რომელიც გაჯადოებს... მაგრამ, თუ კაცი ბედთან დაწყებულ ომს აგებ, ამ დროს სირცხვილი ეგოიზმის ნაღმზე ფეთქდება და იბადება კოშმარული სიამოვნება, კოშმარული კაიფი, კოშმარებით თრობა, - კაცი ამას ფიქრობდა და იბოღმებოდა... ოო, რარიგად იბოღმებოდა.

- მამა, ამ სათამაშოს ფეხი მოძვრა. გაუკეთებ? - იკითხა ბავშვმა და სათამაშო მაღლა ასწია ისე, რომ კაცისკენ არც კი გაუხედავს.

- ვინც გააფუჭა, იმან უნდა გააკეთოს! - უთხრა მან.

- მე არ გამიფუჭებია?!

- არა, ბიჭო, მე გავაფუჭე?!

- მიყვარს ეს სათამაშო! - თითქოს ტირილი მოუნდა პატარას.

- მერე, რამდენჯერ აგიხსენი, რაც გიყვარს, იმას უნდა გაუფრთხილდე! - კაცმა უკვე იცოდა, რომ ეს იყო იმის დასაწყისი, რისი დაწყებაც აღარ უნდოდა, ამიტომ შეეცადა, გრძნობები მოეთოკა და ენერგია სხვა რამეზე გადაერთო, მაგრამ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და ბავშვს დაუძახა, - მოდი ჩემთან!

მისი სიტყვები მუდარას ჰგავდნენ. პატარამ ეჭვით შეხედა, მერე ფრთხილად წამოდგა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა. ხელში ფეხმოტეხილი ობობა-კაცი ეჭირა.

- გეშინია?! - თვალებში ჩახედა მან და გაღიმება სცადა. ბავშვმაც გაიღიმა.

- მამა, მთვრალი ხარ?

- არა? რაზე შემატყე?

- ოფლიანი ხარ და იმიტომ... ყველა მთვრალი ოფლიანია?! - ბავშვმა გატეხილი სათამაშო მუხლებზე დაუდო და მის წინ იატაკზე დაჯდა. მამამისივით დიდი თაფლისფერი თვალები ჰქონდა...

დიახ, ჩემო გამორჩეულო და თვალისჩინო მკითხველო: კაცმა, როგორც ყოველთვის, დღესაც გვიან დაამთავრა მუშაობა. მიუხედავად ამისა, ვერ იტანდა იმას, რისი კეთებაც ახლა უხდებოდა, თანაც გრძნობდა, რომ ატყუებდნენ და იმდენს არ აძლევდნენ, რამდენიც ეკუთვნოდა და ყველაფერთან ერთად რცხვენოდა იმის კეთება, რასაც აკეთებდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა საკეთებელი მაინც არ იყო და არც თვითონ იცოდა სხვა რამის კეთება.

- კეთება, არკეთება... გაკეთება... ნაკეთობა... მოკეთობა... - აი, ის სიტყვები, რომლებსაც უხმოდ, გამალებით იმეორებდა სამსახურში, რათა ნერვების მომშლელ ფიქრებს მის ისედაც დაძაბულ ტვინამდე არ მიეღწია... დიდი ხანია, იქიდან წამოსვლა უნდოდა, მაგრამ არ იცოდა, სად, როდის, რატომ, რისთვის და როგორ უნდა წასულიყო. ის დრო, როცა სამყარო უსაზღვრო შესაძლებლობებით სავსე, მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, სადღაც გამქრალიყო. ამიტომ არ უნდოდა ამაზე ფიქრი, რადგან არ იცოდა, როგორ გადაეცურა ეს მდინარე...

- სცემე იქ ვინმე? - ჰკითხა ბავშვმა.

- არა, უბრალოდ, ცოტა დავიღალე!

- რატომ არ სცემე? ხომ თქვი, ვცემო?

- ვერ მოვასწარი? - გაახსენდა დილით ქალთან წაკინკლავების დროს ნათქვამი სიტყვები, "სიყვარული, როგორც საშუალება, იშვიათად უნდა გამოიყენო?!"

- გაგექცა?

- ვინ?

- ის, ვინც უნდა გეცემა?

- არა, მეჩქარებოდა სახლში მოსვლა?! შენთან თამაში მომინდა, ძალიან?!

- მაშინ... ბავშვმა მორიდებით შეხედა მამამისს, - მაშინ წამოდი!

ხელი თითებში წაავლო და სათამაშოებისკენ წაიყვანა. კაციც გაჰყვა. არ უნდოდა, მაგრამ გაჰყვა. პატარა კუთხეში კაცუნები, მანქანები, პისტოლეტები, კუბიკები ეყარა. "ჩვენ ის სათამაშოები ვხდებით, რითაც ბავშვობაში ვთამაშობდით" - გაიფიქრა მან.

- მან დამარტყა! - სამზარეულოდან ქალი გამოვიდა.

- ვინ მან?

- მან?! ფეხი დამარტყა მუხლში!

- რატომ?

- თვითონ გითხრას... მე მოყოლის ნერვები არა მაქვს! - ქალი ისევ სამზარეულოში გავიდა.

ბავშვმა თამაშს თავი დაანება და ტირილისთვის მოემზადა.

- აბა, თვითონ რომ მიყვირის, კარგია?

- ეს როგორ გაბედე?!

- აბა, თთვითონ რომ მიყვირის, კარგია?

- შენ დედაშენს ფეხი დაარტყი?

- აბა, თვითონ რომ მიყვირის, კარგია?

- მიპასუხე, რომ გეკითხები!

- აბა?! თვითონ რომ მიყვირის!?

- დაანებე სათამაშოებს თავი და შემომხედე?! ტირილს უაზროდ ნუ იწყებ. ჯერ არავის უცემიხარ. რატომ დაარტყი დედაშენს?

- მომატყუა და იმიტომ. რატომ მატყუილებს, პატარა რომ ვარ, იმიტომ?

- არაფერი არ მომიტყუებია. ვუთხარი, რომ ღირსი არ იყო, დანაპირები შემესრულებინა?

- ვიყავი ღირსი?! ვიყავი?! რატომ არ მიყიდე "სპაიდერმენი"? რატომ?

- ნუ ღრიალებ? - დაემუქრა კაცი, - რა არის "სპაიდერმენი"?

- კაცი-ობობა? არ მიყიდა, მე კიდე ყველაფერი გავუკეთე!

- კაცი-ობობა ხომ გყავს უკვე?

- ამას ფეხი მოტყდა. ის მოკვდა?! აღარ ვარგა?! რატომ არ მიყიდა "სპაიდერმენი"? რატომ?

- არ იყავი მართალი და, ალბათ, იმიტომ?

- რატომ არ ვიყავი, რატომ?

- არ უნდა დაგერტყა?

- რატომ მატყუილებს. პატარა რომ ვარ, იმიტომ?

ის მიხვდა, რომ დანარჩენი ლაპარაკი მხოლოდ ზედმეტ ყვირილსა და დავიდარაბას გამოიწვევდა და თანაც ძნელი იქნებოდა მტყუანისა და მართალის პოვნა, მით უმეტეს, როცა იცი, რომ მტყუანს მაინც ვერ დასჯი, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

- მომიტანე დანა! - უბრძანა ქალს.

- დიდი ხანია, მაგის გაკეთება იყო საჭირო! - თქვა ქალმა და სამზარეულოში გავიდა.

- ახლა გაჩვენებთ კაც-ობობას?! - უმისამართოდ დაიმუქრა კაცი. ბავშვი მიხვდა, რაც ელოდა. შეშინებულმა სათამაშოების გროვიდან საყვარელი პისტოლეტი ამოიღო და მამამისს დაუმიზნა.

- კაცი-ობობა?! არ მიყიდა, მე კიდე ყველაფერი გავუკეთე! - ისევ სცადა თავის მართლება, - მამა, არ მატკინო, თორემ...

- უნდა გავაკეთო ეს, პატარავ, რადგან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ?!

- ყურები უნდა დამაჭრა?! - აკანკალებული ხმით იკითხა ბავშვმა.

- არა, შვილო "ის" უნდა მოგაჭრა, რადგან შენგან კაცი არ დადგება?!

- დადგება.

- როგორ შეიძლება იმისგან, ვინც ქალს, მით უმეტეს დედას სცემს, კაცი დადგეს?

- დაა-დგე-ბაა! არ მომაჭრა, დადგება! დევდას გეფიცები, დადგება! - ისევ ატირდა პატარა. მან ბავშვს დაღლილი ჯალათის თვალებით შეხედა და მისკენ დაიხარა, მაგრამ შემთხვევით თაროზე მდგარ ყვავილების ქოთანს გამოედო. ქოთანი იატაკზე დაეცა და ნამსხვრევებად იქცა.

- შენს გამო, ხედავ რა მოხდა? - უყვირა ბავშვს. შეშინებული პატარა შეეცადა, ფეხებს შორის გაძრომოდა. კაცმა ბავშვს შარვლის ტოტში წაავლო ხელი და მაღლა ასწია. ბავშვმა იკივლა და კაცს მთელი ძალით ჰკრა მეორე ფეხი. დარტყმა საკმაოდ ძლიერი და მოულოდნელი გამოდგა. კაცმა წონასწორობა დაჰკარგა და, რომ არ წაქცეულიყო, ბავშვს ხელი უშვა. პატარა ძირს გაიშხლართა, ფეხზე აუდგომელად საწოლის ქვეშ შესრიალდა და პისტოლეტი მოიმარჯვა.

- არ მოხვიდე, თორემ გესვრი?!

- მე ხომ მხოლოდ მოფერება მინდოდა? - კაცი შეეცადა, რაც შეიძლება თბილად წარმოეთქვა ეს სიტყვები.

- გესვრი?! გესვრი?! - არ ცხრებოდა ბავშვი.

მას გაეცინა და საწოლისკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა.

- დამშვიდდი?!

- არ დავმშვიდდები?! გესვრი?! ვიყავი ღირსი?! ვიყავი?! რატომ არ მიყიდა "სპაიდერმენი"? რატომ? - იყვირა პატარამ.

- კაცი-ობობა?! კაცი-ობობა!? - იღრიალა კაცმა, - დაგავიწყდა ქართული?!

უეცრად საკვირველი ხმა გაისმა. თითქოს რომელიღაცა ფრინველმა, შეიძლება, ძვირფასო მკითხველო, თვით ფასკუნჯმაც, შემოჰკრა ჰაერში ფრთები. კაცმა დაინახა სათამაშო პისტოლეტის ლულა, რომელიც მისკენ იყო მიშვერილი და სხეულში უცნაური სისუსტე იგრძნო.

- მე უხუჭავ თვალებს იმიტომ, რომ დავინახო!? - თქვა, ქოთნიდან გადმოყრილ ყვავილებს დახედა. იგრძნო, როგორ იწყეს მისი სხეულიდან გამოსვლა ათასნაირმა გზებმა და ბილიკებმა. დაინახა, როგორ კვეთდნენ და ეხებოდნენ ისინი მის სულს, სხეულს, გრძნობებს, ფიქრებს, ოცნებებს.

ირგვლივ ყველაფერი ამ გზებითა და ბილიკებით მორთულ ბადეში ჩაიხლართა. კაცი მიხვდა, რომ მისი ცხოვრება სწორედ ეს ლორწოვანი გზები და ბილიკები იყო, ზმანებებითა და განუხორციელებელი კოშმარებით გადანასკვულ-გადაკვანძული. შუაში, ცენტრში კი იჯდა თავად - კაცი-ობობა.

- "სპაიდერმენი"?! კაცი-ობობა?! - თქვა და მოცელილივით დაეცა. იატაკი წყალივით თხევადი გამოდგა... კაცი ჩაიძირა და დაიხრჩო, - უკვე მეორედ. უკვე მეორედ დაიხრჩო. და ამ შუალედური სიკვდილებისგან არ იყო შველა. მკვდარიც კი გრძნობდა, რომ ძალიან უყვარდა პატარა, ქალი, სამსახური, სახლი, ზედა და ქვედა მეზობლები, უცნობი გამვლელები, ტელეფონის ყურმილი, პიჯაკის აწყვეტილი ღილი, ჰაერი, კბილის ჯაგრისზე მიმხმარი პასტა, მონა-ლიზაც კი უყვარდა, რომელიც ორიგინალში არასოდეს ენახა... ყველაფერზე, საკუთარ სირცხვილზე მეტადაც უყვარდა... ამდენი სიყვარულის პატრონს არ შეეძლო, ერთდროულად ეთამაშა მამის, მასწავლებლის, ქმრის, ძმისა და ჯალათის როლი... მაგრამ მაინც თამაშობდა და ასე ცდილობდა იმ სიყვარულის გამოხატვას, რომლისთვისაც სიტყვებს კი არა, ბგერასაც ვერ პოულობდა... თუმცა უნდოდა, მაგრამ უკვე ვეღარ პოულობდა თავის სიყვარულის გამოსახატავ სხვანაირ გზას, იმ გზას, რომელიც მისი სხეულიდან გამოდიოდა და ვერცხლისფერ ბადედ ირთვებოდა მისი სიცარიელისა და მარტოობის ირგვლივ და უგზო-უკვლოდ იკარგებოდა. ის აქ, ამ ბადეში, ქსელში, აბლაბუდაში ცხოვრობდა ისევე როგორც ყველა. მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ის ხედავდა იმ აბლაბუდას, რომელსაც წნავდა...

უცნაური ხმა მოესმა. მონოტონური და დაძაბული. პირველად ეგონა ვიღაც მიხმობსო. მოეჩვენა, თითქოს ხმა მოუწოდებდა ყველაფერს შერიგებოდა და დამშვიდებულიყო... მაგრამ როცა ხმა საბოლოოდ გაქრა, მიხვდა, რომ ეს მისი დაღლილი გულის ხმა იყო. როცა თვალები გაახილა, ბავშვი დაინახა. მისი პატარა ხელი გაუპარსავ სახეზე ეფერებოდა. ბავშვს ცხელი და ოფლიანი ხელისგული ჰქონდა.

- რატომ მატყუილებს, პატარა რომ ვარ, იმიტომ? - ხმადაბლა იკითხა ბავშვმა, - დამნაშავე ვარ... მაპატიებ?

- რაიმე ხომ არ გატკინე?

- არა?! მეე?

- გაგიკეთო სათამაშო?

- არა, არ მინდა?! კარგათა ხარ?

- ჰოო.

- ყვავილი ხომ არ მოკვდება?

- არა. ახალ ქოთანში ჩავდებთ და... არ მინდოდა შენი გალახვა... ხომ იცი, ხანდახან უნდა გაგიბრაზდე.

- ვიცი. მეტს აღარ გესვრი.

- სანამ დედას გაუგია ქოთნის ამბავი, წავიდეთ და ახალი ვიყიდოთ. - მან ორივე ხელით მიიზიდა შვილი.

- მხოლოდ მაშინ გესვრი, როცა ომობანას ვითამაშებთ?! - ისინი ერთმანეთს უხმოდ უყურებდნენ თვალებში.

- ეს სცენა რომელიღაცა კინოს მაგონებს?! - გაიფიქრა კაცმა და ყველაფერი თავიდან დაიწყო. არის მზერა, რომელიც საგნის იქით იხედება. არის სმენა, რომელსაც ხმაურებს იქით ესმის.

... - ადამიანი შინაგანად ფასკუნჯს ჰგავს. მუდმივად ნადგურდება და აღორძინდება სიამოვნებით. სხვანაირად ვერ იქნება ადამიანი?! - ასე უთხრა სიზმარში იმან, ვისაც ყველაზე მეტად ვერ იტანდა. მერე გულთბილად გადაკოცნა და სიცილი დაიწყო. ასეთი ბედნიერი არასოდეს ყოფილა. მაშინაც კი, როცა პირველად იგრძნო მამაკაცობა და ქალისთვის სიამოვნების მინიჭების მადლი... - სიამოვნება, როგორც დაპყრობისა და დამორჩილების ნეტარი საშუალება. რაც უფრო მაგრად დაიტანჯები, მით უფრო მეტად შეეცდები, საკუთარი თავი დააჯილდოვო?!.. ყველაფერ ზემოთ ხსენებულის გაფიქრება ისევ მოუნდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა...

არის მზერა, რომელიც საგნის იქით იხედება, არის სმენა, რომელსაც ხმაურებს იქით ესმის.


აქ კი სიჩუმეა, რომელიც რაღაცას წნავს ან, თუ გნებავთ აბამს...

(დასასრული)

Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კობა ცხაკაია   Tue Mar 30, 2010 10:41 am



ნახეთ კობა ცხაკაიას ფილმი "თამადა"

What a Face



Last edited by Admin on Thu Feb 07, 2013 9:49 am; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კობა ცხაკაია   Tue Mar 30, 2010 10:44 am



ნახეთ კობა ცხაკაიას ფილმი - "პილიგრიმი"

ფილმი ხუთნაწილიანია და მომდევნო ნაწილები თავისით გამოჩნდება, წინა რომ დასრულდება ხოლმე.

What a Face

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კობა ცხაკაია   Wed Feb 06, 2013 6:48 pm



წიგნის დასახელება – „გადააბიჯეთ მკვდრებს გაბედულად“ (რომანი)
ავტორი – კობა ცხაკაია
რედაქტორი – ქეთევან თოდუა
კომპიუტერული უზრუნველყოფა - ნიკა ხვედელიძე
გამომცემლობა - „საუნჯე“
ISBN 978-9941-442-32-2
გვერდების რაოდენობა – 230
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი - 2012
ფასი - 10 ლარი

ავტორი დიდ მადლობას უხდის ბატონ როსტომ ჩხეიძეს ტექსტის რედაქტირებაში გაწეული დახმარებისათვის.

ანოტაცია:
„გადააბიჯეთ მკვდრებს გაბედულად“- აქ წარმოდგენილი ნაწარმოები დოკუმენტურ მასალაზეა აგებული.
ეს დოკუმენტი, ანუ საბრალდებლო დასკვნა "ს.ს. #!!!!!!! საქმეზე", გადასცა ავტორს მისი პირველი პედაგოგის თ.მ. ძმის შვილმა, პოლიციის პოლკოვნიკმა ზ.მ., რომელიც თავის დროზე ქალაქის ერთ-ერთი საგამოძიებო სამმართველოს უფროსად მუშაობდა...
მასალა საინტერესო გახლდათ იმდენად, რამდენადაც ახლოს იყო იმ პრობლემატიკასთან, რასაც 30-45 წლის ადამიანები შეეჯახნენ, 1991-2012 წლების პერიოდში და შექმნეს თანამედროვე საქართველოსათვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი შრე, რომელსაც, სამწუხაროდ, "დაკარგული თაობის" ფენომენი ეწოდა...
ავტორი დიდ ბოდიშს უხდის მკითხველს, ერთი შეხედვით, გაბნეული და კალეიდოსკოპური თხრობისათვის... მან იმიტომ მიმართა თხრობის ასეთ უჩვეულო მანერას, რომ შეენარჩუნებინა "ს.ს#!!!!!!! საქმის" ზუსტი წყობა იმ სახით, რა სახითაც ეს ოთხასფურცლიანი დოკუმენტი მის ხელში აღმოჩნდა.
P.S. იმისათვის, რათა არ მომხდარიყო რეალურ ისტორიასთან სრული იდენტიფიკაცია, ნაწარმოებში შეტანილია მცირედი ცვლილება და განსხვავებანი...



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კობა ცხაკაია   Mon Nov 07, 2016 10:55 am

კობა ცხაკაია

შე-სა-წი-რა-ვი

წარმოიდგინეთ - ხატი, რომელთანაც მიდის მიწათმოქმედი (ან უბრალოდ ადამიანი) და მიაქვს უფლის შესაწირად ის, რაც ყოველდღიურად მოყავს და მოიხმარს, ანუ ის, რაც მას და მის ოჯახს, კეთილ ხალხს, ახლობელს და შორებელს ასაზრდოებს.
ანუ მიაქვს ყოველდღიურ შრომის, თავდახრილ-თავმდაბლობის, სიმშვიდის, მადლით აღსავსე მუშაკობის შე-სა-წი-რა-ვი -- ის, რაც "პომპეზურობის გარეშე" აძლევს შემქნელ-მომყვანსსა და, საერთოდ, საზოგადოებას ჰაერს, წყალს, ჰორიზონტს, გზას, სინათლეს და ღამის ბინდს, განთიადს და ა.შ...
ჰოდა ზუსტად ასეთი შეგრძნება დამეუფლა, როცა ვკითხულობიდ - ჩემი კეთილი ძმის და თანამოაზრის, მიხო მოსულიშვილის წიგნს "არსაიდან არსაითკენ" და ჩემი უფროსი მეგობრის, მრჩევლის და შემოქმედებითი მიზნების მიმნიშებლის, როსტომ ჩხეიძის "ქართული დუელიანა"-ს და "ლეგენდა ისკანდერისა"-ს.
ესაა ლიტერატორის ყოველდღიური ლოცვა უფლის წინაშე - განცდილზე, გადატანილზე, ადრე წაკითხულზე, მოვლენების ანალიზზე და რაც მთავარია - ადამიანობაზე, პატივისცემაზე, ტრადიციაზე და სიყვარულზე...
ლოცვა ხომ საუბარია შემოქმედთან.
ისინიც ასე ესაუბრებიან უფალს ყოველდღიურად და მეც მაიძულეს თავისი ნაწარმოებებით იგივე შემეგრძნო და დავმშვიდებულიყავი.
ხელოვნებით და ნიჭით განათებული ჩუმი სიკეთე და ქართველობა შემეგრძნო...
ამ პოლიტიკურ ბასტი-ბუბუში გავწონასწორებულიყავი.
მადლობთ, ბატონო როსტომ!
მადლობ, ძმაო მიხო!


2012 წლის 7 ნოემბერი


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: კობა ცხაკაია   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
კობა ცხაკაია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: