არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* კახა ჭაბაშვილი"აქ, თბილისში" (მოთხრობები) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).
Share | 
 

 ბაო - მარიამ წიკლაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4, 5, 6, 7  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3525
Registration date: 09.11.08

PostSubject: ბაო - მარიამ წიკლაური   Sat Jul 04, 2009 4:00 pm


Mariam Tsiklauri

მარიამ წიკლაური

დაიბადა 1960 წლის 18 მარტს. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მისი პოეზია, საბავშვო ლექსები, თარგმანები, წერილები, ესეები სისტემატურად ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში.
მუშაობდა პედაგოგად, სხვადასხვა გამომცემლობის რედაქტორად.
რადიო ”ივერია”-ში მიჰყავდა ორი საავტორო გადაცემა: ”საუბრები საბავშვო ლიტერატურაზე“ და ლიტერატურული სალონი ”ერთი საათი”.
არის საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი ეგიდით გამომავალი ”საბავშვო ლიტერატურული ალმანახის” რედაქტორი.
მისი ნაწარმოებები შესულია რამდენიმე სახელმძღვანელოში და სხვადასხვა კრებულებში.
არის ლიტერატურული კონკურსის ”შოთაობა“ 2009 წლის გრან-პრის მფლობელი (სანდრა რულოვსის სპეციალური პრემია) და მაყვალა მრევლიშვილის პრემიის ლაურეატი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

mciklauri-2007@yandex.ru

გამოცემული წიგნები:
* ”დედის ნამღერი ლექსი” (საბავშვო წიგნი) - 1997

* ”შეხვედრა” - 2000

* ”შემომძახიან ლექსები” - 2001

* ”წიკო-მიკო” (საბავშვო წიგნი) - 2000

* ”ბრანდი-ბრუნდი” (საბავშვო წიგნი) - 2005

* ”ნისლის ფრთას გავშლი” - 2006

* ”მეფარნე” - 2009

* ”ნატვრისთვლო მზისაო” (საბავშვო წიგნი) - 2009

* ”ნანინები” (აუდიო-დისკით) - 2009

* "თეთრი ხბორები" – 2010


ბმულები:
* http://ka.wikipedia.org/wiki/მარიამ_წიკლაური

* ლიბ. ჯი–ზე – http://lib.ge/authors.php?180

* ლიბო–ზე – http://libofund.com/მწერლები-წიკლაური.php

* 12 სექტემბერი, საგურამო, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი – http://www.youtube.com/watch?v=ssdGv9BCnBs

* Mariam Tsiklauri - http://poetry.com/users/198230





Last edited by Admin on Sat Jan 19, 2013 2:04 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 54
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sat Jul 04, 2009 6:02 pm

სიცოცხლეს

ვერ გისწორფერე, ვერ გიყმე,
ვერ დაგიბრალე ვერც ძმისად,
ვერაფრით გავშინაურდი,
არც მოყვრის ვიყავ, არც _ მტრისა;
ხან სულს გაჭმევდი, ხანაც _ გულს,
ვერ კი გივსებდი მაგ ხონჩას,
მოვა სიკვდილი, გიკმარებს,
ხმელა პურივით გაგღოჯავს.
გგონია, არ გაგიმეტებს,
მტეს _ ხელებს მოგხვევს ღონიერს?..
რაღას მოჰკითხავ სიცოცხლეს,
ლექსზე რომ დაგიყოლიებს.






შემომძახიან ლექსები

შემომძახიან ლექსები,
ვით ყვავილები მინდიას:
მე _ ამისა ვარ, მე _ იმის,
გულში მზეჯვარი მინთია.
ვის შეუძლია ლექსის მეტს
ბედისწერასთან გაგვყაროს,
ბწკარს გამომისკვნის ლაჟვარდი,
დამკიდებს ხსოვნის ავგაროზს.
სხვა თუ არაფრით, მზით მაინც
დაიდაფნება სამყარო...
ვიღაცა ეტყვის დედაჩემს,
პოეტის დედას გავხარო.






პირველად

ყოველი დილა მზის აღდგომაა,
სული თვალს ახელს,
სასწაულს მოწმობს.
და მერამდენედ ვარ ბედნიერი
რომ ყველაფერი მიყვარს და მომწონს _
ჩიტის ხმა,
ფოთლის თრთოლვა და სხივი _
ბედნიერების შემსწრე და მნათე.
თენდება ისე,
როგორც ოდესღაც გავჩნდი და
ღმერთი
პირველად ვნახე.





დრო

მინდორი... მამას ვეჭირე ხელში,
მახსოვს, გვეძახდა დედა შინიდან.
ყველაფერს ერქვა თავის სახელი
და ყველაფერი როგორ გვშვენოდა!
ახლაც მინდვრად ვარ, მარტო, და ვხედავ,
მოდის ნათლია _ დრო უსახელო,
ის არის მოწმე, ჩვილი სამყარო
პირველად თვალებს როგორ ახელდა.
მოდის ნათლია და სახელს არქმევს
ყველაფერს. ნათლავს სხივით ახლიდან,
დიდ სასახლეებს სულ პაწაწინა
ჭვირში მორგებულ სიტყვით გააღებს.
ვყურყუმალაობ დროის ემბაზში,
სხეული _ მიწის, სული _ ჰაერის,
ის ყველას ისეთ სახელს აჩუქებს,
რომელსაც არვინ არასდროს ელის.
მინდორში ისევ ვიხსენებ მამას,
თითქოს გვეძახის დედა სახლიდან,
ვიცი, ყველაფერს ირგვლივ სახელი
რომ დაერქმევა ისევ ახლიდან.
ყვავილს ვკრეფთ, ვისვრით წყაროში კენჭებს,
ჩრდილს ვეფარებით და ვიწყებთ გათვლას.
ვიცი, რომ მერე, ჩვენს მერე მოვა
ის დრო, რომელშიც ვიცხოვრებთ მართლა.






ლექსის ნაჭრელა

"კირკილის უქმეს" დავიჭერ,
უბრად დავართავ სიტყვებს.
ჟამის მოსვლამდე დავმალავ
სულში სვილისფერ მზის ტყვეს.
თხორივით ნახვევ წლეულებს
ჩავბეჭავ ხსოვნის სხივით,
ფიქრი რომ არ დაბეჩავდეს,
სული ჩქეფს, სული ხვივის.
ხან ცის კოშკებში წამიყვანს,
ხან ჩამიყოლებს დარანს,
თავი არ მომეწონება,
თუ აზრით შორს ვერ წავალ.
ჯვრით მოვიწვერავ სტრიქონებს,
შენით დავშიბავ ბწკარებს,
ლექსის ნაჭრელას ვიმზითვებ
ორთავე სოფლის მხარეს.







საარაგვოზე

ნეტავ გვირილებს არ ვენატრები,
არ ვახსენდები მთებს და მდელოებს?
ნეტავ მხედავენ, როგორ ვუზივარ
ფრთებზე იმ თეთრი ნისლის წეროებს?
ან ცას არ სტკივა სილურჯე, როცა
წამოედება მთების წვეროებს?..
"ეჰეი!" - ვყვირი, ხმა არ ამომდის,
ყელში გასჩრია სიჩუმე ტატნობს.
არადა, ვიცი, აქ ხარ, სულ აქ ხარ...
ნუთუ ეს მთებიც ჩემსავით გნატრობს,
რომ ერთხელ მაინც გიხილოს, ღმერთო,
მზედ და ყვავილად კი არა, მარტო...
ხან მზის თვალშიაც გაკრთება ცრემლი,
სივრცეს ყაყაჩოს ბურჯღლი დასცვივა,
ანგელოსები გადაუფრენენ
შენი თვალებით ხევებს, ნაწვიმარს
და ჩემი სევდაც იქით გაყვება,
სადაც საუფლო სიზმრებს არ სძინავთ...
ბალახებიდან ფრთებგალუმპული
მომჩერებია თეთრი პეპელა.
რაო? გავფრინდეთ, სადაც გველიან,
წუთისოფელი ხომ არ გებევრა,
ან შენ რად გაკრთობს, ბაბუაწვერავ,
მარადისობის სულის შებერვა?
იქნებ აქ დავრჩეთ, გულს გავუყუჩდეთ
და ჩავეკრიფოთ ნამად გვირილებს,
მაშინ ვესტუმროთ ცხოვრებას სიტყვად,
როცა სუყველა გადაგვივიწყებს,
ნისლად მოვიდეთ საარაგვოზე,
საღვთო ფიქრივით ცად რომ მიიწევს...



ჭიამაია

ნინო სადღობელაშვილს

მე ვარ წითელი ჭიამაია,
ხელისგულზე რომ დაგიფრინდა.
ისე დაბინდდა, გზას ვერ ვიგნებ.
არც დარის რამე გამეგება,
არც ავდარისა...
თეთრი მთვარეც
ანგელოსის პეშვი მგონია,
შენ ერთმა მაინც არ დამაძალო
მე გაფრენა ჩასული მზისკენ.
ნუ მომატყუებ,
რომ მაპოვნინებ დაკარგულ დედას.
ჩემს წითელ ფრთებში ქრისტეს სისხლია.
ასე დავეშვი მაშინაც ძელზე.
ტიროდა დედა
და რა ვიცოდი,
რომ წითელ ფრთებზე შავი ხალები _
საფლავები _ აყვავდებოდნენ.
წვიმდა და ქუხდა.
როგორ მინდოდა იმ ხელისგულზე ღამის გათევა.
სისხლის წვეთები ჩემი და-ძმა რატომ მეგონა?
ცეცხლში ცვიოდნენ
პაწაწინა ანგელოსები...
იმ დღის მერე
აღარ მინახავს აღარსად დედა.
ვერ მაპოვნინებ...
ნურც მესამე დღეს დამპირდები ქრისტეს აღდგომას.
მე მისი სისხლის სამი წვეთი გამოვიყოლე.
ფრთებით დამაქვს,
რომ დავუბრუნო,
ვერ კი ვპოულობ...
ალბათ დღესაც ვერ გავიგონებ,
როგორ ააფრენს ანგელოსის ხმა
ჩემი ფრთების წითელ ხსოვნას
ხელისგულიდან:
"ჭიავ, ჭიავ, მაპოვნინე,
მე შენ ქრისტეს გაპოვნინებ!"
დაე, მეგონოს ეს ხელისგული ჩემი სამარე
და ჩავიძინო აქვე, ყვავილში _
სიზმარმღვიძარე ღმერთის თვალებში
სამი წვეთი სისხლის ამარა...
ოღონდ მადროვე,
თუნდ ერთი ღამე,
ქრისტეს ლოდინში,
შენს ხელისგულზე მაძინე ტკბილად



ვიყო ყვავილი ველისა

"საგრილსა ქვეშე კლდისასა"
შემოგეფარვი, უფალო.
სულსა შევხსენი ურდული,
რომ შენით დარდი ვუქარვო.
გავიცისკარო ღამისგან,
გავინათელო ქვაბული,
ვიყო ყვავილი ველისა -
უფლის ხელებით დარგული.





ღრუბელო

ღრუბელო, მოხველ, იტირე,
მეც ამატირე გულითა,
ახლა სად მიხვალ ან როდის
მომიხვალ თეთრი ქულითა?
ეგებ ჩემს ყვავილს წააწყდე
და დაუამო წყურვილი,
ენატრები-თქო, უთხარი,
კვდება-თქო შენი სურვილით.
ვეძებ და ვერსად ვპოულობ,
ქცეული ქვად და მიწადა.
იქნებ გენახა, ღრუბელო,
მეტყოდი, რაღა მიშავდა,
უბეში ღამენათევ ცვარს
გამოგატანდა ნიშნადა...





ვითარცა ირემს

ბალახს გაწიწკნის ჩემს გულზე კრავი,
ვგრძნობ, რახანია, დაინგრა ციხე…
ჩემი დაჭრილი და სუსტი მზერა
მაგ თვალებიდან უკანვე იხევს.
ჩამომსხვრეულა ყველა ქონგური.
ისრით გაჭრილა აბჯარი სულის
და ისე გნატრობ ყოველ ცისმარე,
"ვითარცა ირემს წყაროი სურინ".
სახლში კი, ბრძნულად თუხთუხებს ქვაბი
და ღრუბლის ჩვრებით გაწმენდილ სარკმელს
დაორთქლავს ხსოვნა მათი სულების,
ვინც ვერ გაუძლო საკუთარ სათქმელს…




***

კაბა ვარსკვლავით ვუქარგე,
წყაროს ვასმევდი პეშვით,
ეს სიყვარული, ბეჩავი,
მაინც ჩამაკვდა ხელში.


Last edited by bao on Sat Jul 04, 2009 6:24 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 54
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sat Jul 04, 2009 6:05 pm

სინათლის ყვავილი

ოთახში დამწყვდეულ დღეების ექოებს
აქანებს სიჩუმე, როგორც ძველ მარაოს,
ქანაობს, ქანაობს
და ღამის სხეულსაც
უნედლებს კედლების უღიმარ ანარეკლს.
დგას აკვარიუმი _ კამკამა ზანზალაკს
ხანდახან გასცვივა ჩქამივით ფუსფუსი
უფსკრულის.
თევზის ფარფლს, უსუსურს
უსმენ და იოცებ, რომ ნაბიჯს ამღერებს
ნაჟღერებ სიმივით, დღე_ წყლისქვეშ გასუსულს.
წინ მთელი ღამეა.
გაითევს ოთახი
მოცხარის ფერნაკრეფ ცისკრამდე შობასაც.
ობობას _ დუმილის ანგელოზს
შეაჩქვეფს ნიავი სინათლის ნასახლარს
და სხივის ხსოვნასაც შეამსხვრევს იაკინთს.
ღამეში ჩათესილ სინათლის ყვავილებს
ჰკიდიათ აკვნები _
ბიისფერ აბაჟურებს
არწევენ ექოები _
ფიქრები მეგობრების _ მარადი ძიძები…
დაძებნი ოთახში შენსავე მარტოობას,
ნატრობ, რომ სულ გჩხვლეტდნენ წიწვები _
წამები არსებობის!
ნამდვილი არსებობის!
და მაინც არა წამს, ხმას აძლევ
ამ გამძლე მარადისობას,
რომელიც გაიძულებს, ტკივილებს ემონო!
გეგონოს, ასე სჯობს, რომ არც მთლად უმიზეზოდ
ზუიან ფიქრების ფუტკრები _
უტკბილეს ნექტარს გიგროვებენ
ცრემლის ცვილით ამოქოლვილ ღამის თეთრ სკებში,
ღამის თეთრ სკებში,
ღამის თეთრ სკებში,
სადაც მსგეფსია,
სულ მსგეფსია სიყვარულისა.
თავად ხარ მარხვა და აკრძალული,
უკვდავებისთვის!
ბიისფერ აბაჟურთან ყულფივით ქანაობს
სინათლის ყვავილი…



სხვა არაფრისთვის

გამოვიზამთრე ჩიტის ნანებით,
გავხდი დობილი უძინარ ნაძვის.
ბალახის მწვანე მინანქრიანი
ზამთრის თეთრი და მჭვირვალე ხნარცვი
მზის აკვანი რომ ყოფილა თურმე,
ნაძვებო, რატომ აქამდე არ თქვით?
გამოვიზამთრე და ახლა ვიცი
უფრო ბევრი რამ, სამყაროვ, შენზე.
გბაძავ და ვცდილობ, რომ მეც შენსავით
სიკვდილით გავხდე სიცოცხლის შემძლე.
ვხვდები, რომ ცაზე არ ნათობს მხოლოდ
მზე _
მკერდზე უფლის წილად გინთია,
რომ მოჟივჟივე ბეღურაც _ ზამთრის
ანგელოსების ხმა და ფიქრია.
გამოვიზამთრე და იმედებით
გადამწვანებულ ჩემს თვალთა თაღებს
სხვა არაფრისთვის _
შენს საყურებლად
უფალი ფრთხილად და ფართოდ აღებს.






ბალახი

ეს ბალახი ათასჯერ
ამოვა და ჩავა.
გინდ კაჭაჭი ერქვას და
გინდ ერქვას თავშავა,
სულ არ ნაღვლობს.
თავისი აქვს ნირი და წესი.
არც მკით მოგღლის, არც მარგვლით,
არც ხვნითა და თესვით.
ეს ბალახი ათასჯერ ამოვა და ჩავა!
უნდა _ ტყეს მოედება,
უნდა _ კორდს და შარას.
მზე თუ შია,
ლოდს დახრავს პაწაწინა ეშვით,
დედამიწა უჭირავს
თავის ციცქნა ფესვით.
მარადისობს ნებიერ,
ვინ დაუშლის ან კი?!
ორთავ სოფელს ჰკიდია
მწვანე ბწკლით და ჭანგით.





ბრალი რა მედო ეგეთი

სულში _ სიცოცხლე,
გულში _ შენ,
თვალებში _ ცა არ მეტია,
რაგინდ ფრთა შალოს ოცნებამ,
ცხადი ცხრა მტკავლით მეტია.
ეჰ, ჩემო ბედის პეპელავ,
მაინც საიდან სად გდიე,
ჩემი სახელის შროშანზე
ერთი ღამეც არ ათიე...
შენთვის რომ ნამს ვინახავდი,
სხვისთვის ცრემლებად ვანთხიე,
ბრალი რა მედო ეგეთი,
წამს საუკუნოდ გავდიე,
სულში _ სიცოცხლე,
გულში _ შენ,
თვალებში _ ცა ვერ ჩავტიე.



მცხეთა

...და მცხეთა, როგორც იოანე,
უფლისკენ გვიხმობს
დის მოლოდინით ავსილი მტკვარი.
აქ მეცხრე ციდან
სულიწმიდის გადმოდის ძალა
ნათლის მტრედივით,
მთის კორტოხზე ღუღუნებს ჯვარი.
წმიდა სამების გაცხადების
ძეგლია თითქოს
არაგვისა და მტკვრის შესაყარი
ეჰაა, როდიდან...
მარადს სიკვდილის სიო დანებდა
და მეჩევენება,
სვეტიცხოველი,
ვით მაცხოვარი,
დგას ამოსული
იორდანედან..






ვინ არის უფლის მესაიდუმლე?

ერთ მშვენიერ დღეს,
ცის კრეტსაბელს როცა გადავწევ,
ღრუბლის ყყვავილთა გვირგვინს მოვიხსნი,
მიწის ხამლსაც წავიძრობ ტერფზე,
როცა პლანეტის
დიდი დოლაბით
დაფქვილი ჟამი
გამომელევა,
მზის ცხელ კეცზე დამცხვარი პურის
უკანასკნელ ნამცეცებსაც
გადავუყრი
ფიქრების ჩიტებს,
და ტკბილ მარილსღა შეაგროვებენ
ჩემი მწვანე თვალების ფსკერზე,
საკმეველი კი,
სამოთხის სუნით გაჟღინთავს ეთერს,
მაშინ ვიკითხავ _
ვინ არის უფლის მესაიდუმლე?
უნდა გადავცე უკანასკნელი,
რაც კი მებადა,
სულ ერთი სიტყვა _
,,მადლობა~
და ხსოვნას გავუყვე,
რომ იქნებ სადმე გადავაწყდე
ჩემს დაბადებას.






ვაჟა ფშაველას

დაკრძალვიდან 20 წლის შემდეგ
ვაჟას ნეშთი გადაასვენეს მთაწმინდაზე.

ნეტავი იმას, ვინც შენი
ნაცვამი მიწა მოირგო.
ვინც საიქიო ქორწილში
შენი საფლავით მოირთო.
შენი ნამყოფი სამარე,
ვინძლო, საყდრადაც იგულა,
შენზედ ნამთხვევი შავმიწით
ბნელეთი მოიმზიგულა.
ალბათ სიცოცხლემოხდილი
სიკვდილმა სათნოდ დაინდო,
შენზე ნატოლი ბელტები
გულზე ხატივით დაიდო.
ხომ იმავ დღეს მოკვდებოდა,
რომ მისცემოდა ნიშნადა,
ვის საბრძანებელ საფლავში
ელოდა ჩაშლა ქვიშადა.
იქნებ, ვერც მიხვდა, იმ ხნარცვში
ვისი სულის მზე ესვენა,
იქნებ სიკვდილი, ბედნიერს,
ზმანებასავით ეჩვენა.







ქართლი

ცის სადაფი სოსანისფრად
ამწუხარებს ქართლის მინდვრებს.
მესიზმრება _ გზას მივყვებით,
გზა შორს დედამიწას მისდევს.
ხან თამამად,
ხან ბორძიკობს
და ბიბლიურ მუხლებს იყვლეფს.
მზე კეფიდან ჩუმად უმზერს.
არ ჩამორჩეს უნდა. ქართლი
მიიდენის მაკე კამეჩს,
სახრედ იქნევს დროს,
ღვთის გათლილს.
ჯერ არც ნოე გაჩენილა,
არც მაყვლის ბარდს ცეცხლი ასდის.
ყველაფერი არც კი არის,
ორსულია ჟამი რადგან…
არც უდაბნომ იცის, რომ ზღვას
ის მკლავებში უწევს ბალღად,
არც ზღვამ იცის,
რომ უდაბნო
იყვავილებს უფლის სახლად.
რომ ოდესმე მეც აქ მოვალ
და თვალებში ჩავისახლებ
მარადიულ სიზმარივით
ქართლს _ სამოთხის ხილულ სახეს,
სად სიჩუმე მდუმარებით
უფლის მეტყველ სუნთქვას ამხელს.
ჯერ კი მხოლოდ დილაა და
ფეხშიშველი ქართლი მისდევს
სამწყემსავად დროს.
ხრიოკზე,
გზად,
ბიბლიურ მუხლებს იყვლეფს
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 54
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sat Jul 04, 2009 6:28 pm

დედები ადრე დგებიან დილით

დედები ადრე დგებიან დილით.
ხურდა ფულივით ეძებენ საქმეს,
რომ გაამართლონ უსიზმრო ძილი,
დაღლილ თვალებს რომ ვერაფრით აგნებს.
დედები ადრე დგებიან დილით,
აღებენ ცას და ორპირში დგანან,
ანიავებენ დასაფქვავ ტკივილს
და მოჩვენებებს მიჰგვანან თავად.
დედებმა ზუსტად იციან ისიც,
რომ მარტოობა დააქვთ მუცლებით,
და არ აჩენენ ქმარ-შვილის შიშით
და სიკვდილამდე უხმოდ უძლებენ.
თეთრი იის რძე დასდით კერტიდან,
საბრალო დედებს ცრემლებიც რძის სდით,
ცეცხლი გადმოდის მათი მკერდიდან
ტკივილებისგან გულები მისდით.
დედებს ყველაზე მეტად სწამთ ღმერთის,
ყველაზე მეტი ცოდვების გამოც.
ფსალმუნებივით კითხულობს ქმარი
იმათი თბილი სხეულის კანონს.
არც ასაკი აქვთ წლებით მოფენილთ,
შემოიხვევენ გრიგალს ლოდივით,
ზედ დაიდგამენ სახლის ობელისკს,
უღალატობით შუბლს იბლონდავენ.
დედის ფიქრების გაფოთლავს სურო
სამყაროს, მაგრამ არ იცის არვინ,
რატომ დგებიან დედები ადრე
და ლექსებს წერენ ჩუმად და მალვით.
დედები ადრე დგებიან დილით.
სიყვარულის და ომის ბატონებს
არ უყვართ ხოლმე დედების ძილი,
როგორც სიმშვიდე _ ვნების ფანტომებს.
ბედნიერების ალღო აქვთ მაინც,
ძელქვებად დგანან სამყაროს ბაღში
და სიკვდილამდე ელიან რაინდს,
ვისგანაც სურთ, რომ გაუჩნდეთ ბავშვი.
და იქცნენ დედად, ბოლოსდაბოლოს,
და დაილიოს მდინარეც ზღვასთან.
რად ეჩვენებათ დედებს, რომ მათი
ბედნიერება დარჩა სულ სხვასთან?
ნაბიჯს თამამად ადგამენ მაინც,
ზოგი თამამდ ფრენასაც ბედავს.
კაცს ეგონება, ღმერთს უთანხმებენ
ცხად-სიზმრის ყველა წვრილმანს და დეტალს.
დედები ადრე დგებიან დილით,
ხურდა ფულივით ეძებენ საქმეს.
დედობისათვის არც ახსოვთ, თითქოს,
თავისი თავი რა უცებ დათმეს.
აფათურებენ დაძარღვულ ხელებს,
რომ მიაკვლიონ გულს თავის თავში.
საკუთარ თვალთა ნათელზე წერენ
ბნელშიც, გრიგალშიც, ომებშიც, დარშიც




რა გვიან

ჩიტები ნისკარტით ამსხვრევენ აისებს,
ცა უბეს, დამერცხლილს, მზის ვერცხლით აივსებს,
მოსკდება მთის კიდეს ცისფერი ზვავები
და მიეხეთქება კედლებს და აივნებს.
ყოველთვის გაშფოთებს ეს დილა, დაიმონ,
იყუჩე, არ მსურს რომ უცხოთაც გაიგონ,
რად მიღირს, რად მიღირს ეს შფოთვა მარადი,
რომლითაც სიმშვიდის სრა სურთ რომ აიგონ.
ჩამომდებს მხარზე თავს დაღლილი ცა ისევ,
აოცებს ასწლეულს საოცარ წამის სვე.
ჩიფჩიფებს გადია ძველ ზღაპრის სამებას,
ძილის რძის შროშანებს თვალებზე წამისვამს.
მითხარი, გეთაყვა, რა გქვია, რა გქვია?
ივსება სიზმრებით ღამეთა ლაგვინი.
ვარდისფერ ქუსლებით ცა გულზე გამიარს
რა გვიან,
რა გვიან,
რა გვიან,
რა გვიან...


Last edited by bao on Tue Jul 21, 2009 4:44 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 54
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sat Jul 04, 2009 6:35 pm

პატიების დღე

ფარა გამებნა
და პატრონის რისხვისაგან,
ერთადერთი _ სიკვდილი მიხსნის!
მაგრამ სიკვდილს სადა სცალია:
ცოდვა-ბრალი აქვს ასაწონი,
ქვებზე _ საჯღაბნი,
საკურთხები, ლეგენდები,
ეჰ, რა ჩამოთვლის ...
თანაც იქ მიდის, სადაც არასდროს ელოდებიან,
მე, მომლოდინეს, რას მესტუმრება...
თვალებით სიზმრის ხავსს ვეჭიდები.
სიზმარიც რა გალოკილი ძვალივითაა,
აღარც ფერი აქვს შერჩენილი,
აღარც _ სიმბოლო,
ვეღარ ხსნის ჩვენი მოწევნადის
სასახლის ურდულს.
უწინ მისნები, ქურუმები, ფარაონები
ეკითხებოდნენ ჭკუას, ღვთისმოსავს,
ახლა, ბებერი მეძავივით,
ერთი ღამის თავშესაფარს ითხოვს თვალებში...
ჩვენს თვალებში...
ვიცი, მე ერთი ღამითაც რომ არ მესტუმრება,
რადგან სიზმარიც სიკვდილივით
იმასთან მიდის, ვინც არ ელის
და როცა არ ელის...
არც იმას მეტყვის,
სად გამებნა პატრონის ფარა,
რადგან იცის, რომ არც მეფე ვარ და არც ქურუმი,
რაიმედ მაინც რომ მიღირდეს მისი სიმართლე.
ქარს რომ ექროლა,
ხომ მოიტანდა, თუნდაც შორიდან, ერთი კრავის ხმას,
ხომ ჩემს ექოსაც მიაწვდენდა გაბნეულ ფარას,
მაგრამ ქარიც არ არის ახლა...
ახლა წვიმებიც, ცრემლდამშრალნი
სხედან უდაბნოს ოქროვან გვამთან,
ხსოვნის დარანებს გამოღწეულნი,
ელოდებიან მაცხოვრის მოსვლას,
რომ ვინც კი მოკვდა ლაზარეს მერე,
კვლავ აღადგინონ.
არადა, წვიმა რომ ყოფილიყო,
ქარიშხალი,
ჭექა-ქუხილი,
ვიტყოდი, ფარა დამიფრთხა-მეთქი...
ამ სიმშვიდეში თავის მართლება როგორ გავბედო?
ნეტავ ახლა მკვდარი მერქვას
და პატიების მოლოდინი არ მაცდუნებდეს.
სინანულში დაფვლა სულ სხვაა...
ვერც ბალახი მოგიყვება ამაზე და ვერც ბილილები.
ან რა უნდა თქვან,
მე ხომ კენჭიც არ მებადა, წყალში მესროლა და
მეთამაშა...
არც ბადე მქონდა,
არც არგანი,
ფარაც გამებნა.
ისიც არ ვიცი, იყო მართლა თუ
წყლისპირს, ქვებზე
უნანიებელ წარმოსახვას ვმწყემსავდი ჩემსას...
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 54
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sat Jul 04, 2009 6:37 pm

ქვები

მიწის წიაღში ქვის მარცვალი ჩაუპნევიათ.
კარგა ხანია, ამ ქვებს მზე ათბობს,
კარგა ხანია, აწვიმს და ათოვს,
მაგრამ არა და არ ეზრდებათ ფესვები ლოდებს,
არ ღვივდებიან.
თითქოს უჟამო მარადისობა მიაბარეს და დაარწმუნეს,
რომ ადვილია და უმჯობესი ქვად არსებობა.
რომ შეიძლება
იყვავილო და იფერადო გარედან შიგნით,
რომ უბგერო ხმა მიაწვდინო სამყაროს საზღვრებს.
წყალი კი მიდის, მიჩხრიალებს, მიედინება...
შუაღამისას თუ ჩაიძინებს,
სიკვდილივით უსიზმარო ექნება ძილი,
რადგან ირეკლავს ცხოვრებას და წამსუმალ გარბის,
არ შეუძლია, გაგიღოს გული,
გაგიზიაროს სიხარული ან გასაჭირი.
ზღვებისაკენ მიეჩქარება,
ზღვებიდან ხომ ადვილია მოხვედრა ცაში...
და თუ მაინც დაიმორჩილე,
უმალ ჭურჭლის ფორმას მიიღებს,
დადუმდება, გაფერმკრთალდება.
გაქრება მისი კალაპოტის სანდლიანი
ფეხის ხმა და აურზაური.
ქვები რჩებიან ფეხმოუცვლელნი და მდუმარენი.
სამყაროს ერთგულ ჯარისკაცებად რჩებიან ქვები.
მათი სხეული შუბსაც ისხლეტს,
ტყვიასაც, ცრემლსაც,
არც წვიმით და არც მზის ხვატით არა დნებიან.
მათ უსისხლო სიცოცხლის მადლი ებოძათ ქვეყნად.
ათასგვარი სნების მალამოდ გადაექცათ გაძლების ნიჭი,
ცივი ცეცხლი უკრთით თვალებში,
დაჟინებით გვიყურებენ და მოელიან,
როდის ვიგრძნობთ მათი სულის ძახილს და სითბის,
როდის ვირწმუნებთ მათ ერთგულებას
და ჩვენიანად ვაღიარებთ
წყლის ჩხრიალით დაყრუებულნი.
ნუ გეგონება, წყალი შიგნითაც იგივეა, რაც ზედაპირზე,
სარკესავით _ სულის სიღრმე არ გააჩნია,
არ ინდობა მაინც ბოლომდე.
უცხოა წყლისთვის რწმენით ტანჯვის იდუმალება,
უცხოა მისთვის ქვათა ენა, ლოდების ენა.
მაგრამ წყალიც გუმანით ხვდება,
რომ ბოლოს მაინც უმჯობესია
ქვის მძიმე სხეულს ჩამოაყრდნოს თავი დაღლილმა
და ნაპირი შემოიკეთოს,
თუნდაც დროებით...
ქვას შეუძლია შექმნას სამშობლო,
წყალი კი მიდის, მიედინება,
საკუთარი ჩხრიალი უყვარს,
უკან არასდროს მოიხედავს,
გაქცევაზე უჭირავს თვალი,
რადგან შიში აქვს თანდაყოლილი
დაბერების, დაჭაობების.
ყრმასავით რომ ჩაიწვინოს ხელში ლოტოსი,
არაფერი ეშველება,
მყვართა ტაძრად გადაექცევა ლურჯი წიაღი.
ქვებს კი არასდროს უწერიათ დაჭაობება.
ულპოველი არის ქვის სული!
ბერულია ერთგულება ქვისა და ლოდის.
მზის დატოვებულ ღამის სითბოს ინთებენ სულში.
ვარსკვლავებიც მხოლოდ ქვებია,
ებგურივით ჩამდგარნი მწკრივად.
თუმცა არიან ისეთებიც,
ცრემლივით რომ ჩამოწყდებიან უძირო კოსმოსს...
რაც უნდა ითქვას, წყალი ხმაურობს,
ქვა მდუმარებს აქაც და იქაც.
ამიტომაც ქვას არგუნეს, ერქვას სამანი,
ამიტომაც დაიმსახურა საფლავზე დგომა
მეთვალყურედ სიკვდილ_სიცოცხლის!
წყალი კი მიდის, მიდის, მიდის, მიედინება.
რა ლეგენდები აღარ დადის ამ წყლის ძალაზე _
მაცოცხლებელზე, დამანგრეველზე,
რის სიმბოლოდ აღარ იქცა
ზღვა, ჭა, მდინარე...
მიწიდან ცამდე მოგზაურობს წყლის მოციქული,
მაგრამ სიცოცხლეც და სიკვდილიც
ქვას ებარება.
მხოლოდ ქვის კვარცხლბეკს შეუძლია
კერპთა ზიდვა ჟამიდან ჟამში.
ათიოდე მცნება, რომელიც
კაცის გულმა დღემდე ვერაფრით დაიმახსოვრა,
ქვამ დაიწერა თავის გულზე და შეინახა.
წყალი კი მიდის,
მიჩხრიალებს,
თავდაღმართში მიედინება.
რომც შეეცადო, ვერც წააწერ მის ჩქერს და ტალღას
სიტყვებს, რომელიც ყველა ენაზე გამოითქმის თავისებურად:
ღმერთი, ირემი, კაცი, ცხენი, მზე, ქალი, ბავშვი...
ქვაზე ხატია ეს ყველაფერი.
ქვამ კარგად იცის, რაა ცხოვრება.
ქვის მელნითაა ამოკაწრული
კაცთა მოდგმის ისტორია ქაოსის ფრთაზე.
წყალი კი მიდის, მიიჩქარის უცხო მგზავრივით.
გინახავთ სადმე ოკეანის ან ტბის ნატეხი?
გინახავთ სადმე ფშანის, ლეშხის ან ცვრის ეტრატი?
დედოფალთან დამარხული ცისკრული ნიჟი?
ცრემლი ან ნამი _ პალიმფსესტივით გადაწერილი?
ვერც ნახავთ, რადგან თავისი აქვს წყალს გზა-სავალი,
არც გეკითხება, რატომ გინდა ხანდახან კაცს,
თავი დაიხრჩო
და წყლის დინებას გაატანო სიცოცხლე შენი.
ქვას ხომ ამას ვერასოდეს აკადრებ და ვერ გაუბედავ,
როცა მიწად გადაიქცევა ჩვენი სხეული,
მხოლოდ მაშინ გაგვიცხადდება
საიდუმლო ქვაობრიობის,
მხოლოდ მაშინ გვეცოდინება,
რისგან იცავს სამყაროს ჯვარი _
გაფოთლილი დედამიწის ქვა _ ავგაროზი.
მანამდე კი სულ იქნება ქვა მდუმარე და
წყალი ღამით ჩაძინებული,მაგრამ ჩხრიალა.
სულ, გამუდმებით შეგვაწუხებს ფიქრი იმაზე,
რად დაისაჯნენ ეს ლოდები სულარსებობით,
რატომ არ ერგოთ სიხარული გარდაცვალების?
იქნებ ქვები თესლი არის მარადისობის,
ციდან მიწაში ჩამოპნეული?
მსგავსად სულისა,
დროც მანამდე იქნება ასე მოუხელთები,
უპასუხო და უსასრულო,
სანამ მიწაში არ გადგამთ ფესვებს,
არ გაღვივდებით,
ქვებო,
ლოდებო...


რკილივით უხმოდ დამცვივა ლექსი

არ შეტყობია სულს არაფერი.
მისთვის ჩუქურთმა იყო ტკივილი.
ფანჯრებთან ცვივა მზის ანაბელი _
შეშლილ ლაჟვარდის უხმო კივილი.
შემომასკდება დარდი ჭიატით.
ამანთებს მნათე უხილველ კვესით.
გამივლის სულში სევდის ჭია და
რკილივით უხმოდ დამცვივა ლექსი.
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 54
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sat Jul 04, 2009 6:40 pm

სადა მთავრდები სიკვდილო

სადა მთავრდები, სიკვდილო,
სად არის შენი სამარე,
მოვიდე, გულით გიტირო,
მერე დავძახო ჰარალე.
შესანდობარი დავლიო,
თან შეგიკურთხო დედაო,
რა ხარ ეგეთი, ტიალო,
შენს გარდა ყველა კვდებაო.
იქნება გუთნისდედა ხარ,
სიცოცხლედ გვთესავ, ღვთიანო,
მაგ შენ ნაოფლარ-ნაბელტარს
კაცნი სამარედ თვლიანო.
მაშ რისთვის აგითვალწუნეთ,
რად გვზარავს შენი გარჯაო,
მიწად გვთეს, ზეცად _ ამოვალთ,
ვერ კი გვლევ, ვერა გვხარჯავო.
შენი ნაჭირნახულევით
ივსება უფლის ბეღელი,
არც არვინ დაბადებულა
საშენოდ პირისმტეხელი.
პატრონო, სახელდამდებო,
ქვის ყანა გიმზეკაბანებს,
გზად ანგელოზებს გვახვედრებ
და საპატრონოდ გვაბარებ.
გვმოსავ და გვარგებ სხეულზე
მიწის უკერებ კვართსაო,
მირონადა სდის ბალახი
მაგ შენი საყდრის კარსაო.
ნეტა სად დაიმარხები,
სად დამთავრდები, სიკვდილო,
თუ, თავს დაიხრავ, გამოსძოვ,
გარეთ გამოხვალ, მზის მღილო?
მიწად _ ნუგეშო ჭირისა,
ცად _ ვარსკვლავების მკრეფავო.
რა იქნებოდა, სიკვდილო,
მარტო სამოთხე გებაროს.




რა ვუთხრათ შვილებს?

რა ვუთხრათ შვილებს?
როცა ომიდან დავბრუნდებით,
როცა მშვიდობიდანაც დავბრუნდებით,
როცა სიკვდილიდანაც დავბრუნდებით,
რას ვეტყვით შვილებს,
ყველგან სიყვარულს ვეძებდით
და ვერსად ვიპოვეთ,
თავისუფლებას ვეძებდით და
მონობაში მივაკვლიეთო?
ბედნიერებას ვეტრფოდით და
უბედურებაზე ვიქორწინეთო?
რას ვეტყვით შვილებს,
ვერ ვიპოვეთო ღმერთი ცაში,
სახლი _ მიწაზე,
შემოგვერღვაო ჰორიზონტები,
ვერ დავიცავით სიმყუდროვე
ჩვენი ტაძრების?
რას ვეტყვით შვილებს,
რისთვის გაჩენდით? _
თქვენს ჩვილ სულებზე
რომ ვმდგარიყავით,
როგორც კიბის საფეხურებზე,
და გვეხოხა ზევით, ცისაკენ
და მაინც მიწა გვფარებოდა თავზე
საბრალოთ.
აჰა, ტანჯვა _ თქვენი ბეთლემი,
თავად შვით ღმერთი,
რომელიც თქვენი ტოლი იქნება,
უფრო მეტად დაგიდგებათ
მხარში დაღლილებს...




* * *

მე სამ თითს შევკრავ
პირჯვრისათვის,
ღმერთის სახებად
და შიგ მოქცეულს _
ზეთისხილის რტოს
ვამსგავსებ _ კალამს.
არახილულის და ხილულის
საზღვარზე ვდგები
და ვგრძნობ,
უფალი,
არც თუ ისე ბევრ რამეს მალავს.






ოქროს თევზი

ეი, მეთევზევ, სცადე ერთხელაც,
იქნებ, დღეს მაინც ამოვყვე ბადეს.
რა იცი, ეგებ ოქროს თევზი ვარ,
გცდის იღბალი და ფეხდაფეხ დაგდევს.
მიდი, უფრო შორს ისროლე ბადე,
ნაპირთან ახლოს არ მიყვარს ცურვა.
ნატვრის წამია! ახლა დამიჭერ!
მელი და გულში კიდევაც გძულვარ.
იცი, რად მიღირს, მეფურ სურვილებს,
ჩემი ძალა და ნება ვაკმარო?
ეი, მეთევზევ, ერთხელაც სცადე,
ფეხქვეშ გაგიგო ეგებ სამყარო.
მაგრამ გაშინებს სიღრმე და ვიცი,
ლუკმა იშოვო _ ბევრია ეგეც!
გაუტეხელი ფიცივითა ვართ _
ერთმანეთს დღემდე ვერაფრით ვერგეთ.
წყევლაა _ მსურდეს, ეგ სიღატაკე
გიქციო ხელში ჯადოსნურ კვერთხად,
შენ კი კოჭამდე წყალში იდგე და
ერთი სამეფო სურვილიც ვერ თქვა.
მე სასახლეებს ოქროთი ვავსებ,
ვახშმად რომ გექცე, სადა მცალია?!
შედი, მეთევზევ, შედი თამამად,
სადაც უფსკერო ლურჯი წყალია.
ისროლე ბადე! ღმერთს ასე უნდა,
ნატვრა გასწავლო, სანამ ვარ ახლოს.
ოქროს თევზი ვარ! ოქროს თევზი ვარ,
არ შეცდე, ხელი არაფრით მახლო!
ბადეს თავადვე ავცდები დღესაც,
ყველას ვუსხლტები ხელიდან მარჯვედ,
რადგან ღვთის თვალი ზღვის სიღრმეშიაც
ასი ათასი თევზიდან მარჩევს.
ან იქნებ მე ვარ... მე _ მებადური,
შენს მოხელთებას თავად ვაპირებ
და ჩემთვის შენ ხარ ის ოქროს თევზი,
ბადით ხელში რომ ველი ნაპირზე?



თავისუფლების რეფრენი

გინახავთ, როგორ ხედნიან ცხენებს,
როგორ ადგამენ უნაგირს ფაშატს?
რა `მშვენიერი~ ლექსები ვწერე
ჩემი `ლამაზი~ მონობის ფასად.
საკუთარ თავსაც კი არ გავუტყდი,
თავისმართლება რომ იყო ლექსი,
ისე დამქონდა ის უნაგირი,
როგორც სამეფო სკიპტრა და კვერთხი.
სულმა ვირჩიე სიტყვა მსაჯულად,
სიტყვით ვაშენე საუფლო, რადგან
იგი ცვილივით არ დნება მზეზე
და მხრებზე ზეცის სიმაღლე ადგას.
განთიადს ვაწერ გაკრული ხელით
თავისუფლების მშვენიერ რეფრენს
და ვცდილობ ხოლმე, გარედან მონა,
შიგნიდან მაინც რომ დავრჩე მეფედ!
არარსებობის ტკივილი მინდა,
რომ არსებობის ზეიმად მექცეს,
ხუნდები ზარზე მეტად ხმიანობს
და სულთათანად გვიგალობს ლექსებს.
შენ კი, სხეულში მტევ და ვერც ამჩნევ,
რომ გავაპარე ზეცისკენ სული,
მოჩვენებადაც არ დაგანებე
მტკივანი გულის უსიზმრო რული
როცა ცრემლები ფურცლის კიდეზე,
შემოაქუჩებს ლექსის ქარქარაკს,
არმაღანივით წყალობად ვიღებ,
რაც სხვამ უარყო და გადაყარა.
ჩემო სამკვიდრო ცაო და მიწავ,
ჩემო ლამაზო დედაწიაღო,
ნუ დაიმართებ ჭოჭოქს თვალებზე,
კარგად მიმიხვდი, რასაც გიამბობ:
შენა ხარ ჩემი დიდი იმედი,
სულზე რომ მუდამ მადლად მეცხები,
გამომიზამთრე შენს თბილ უბეში
ფრთამოტეხილი ლექსის მერცხლები.



* * *
მე ნაზამთრალზე
ვით ზიარებას,
ყველა გაზაფხულს ისე მოველი.
თითქოს ბალახი ვიყო პატარა,
მზისა და მიწის ცრემლით სოველი.
თითქოს უჩემოდ ვერ იფერადებს
ეს ღაღანა და ჭრელი სოფელი.
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 54
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sat Jul 04, 2009 6:42 pm

ამ შემოდგომას

ამ შემოდგომას, შიშით შემოსილს
და შორეული ტრფიალის ნაჭდევს,
სურს რომ ზაფხულის ჟღალი სიზმრები
შენი თვალების კვესივით მაჩნდეს.
ამ შემოდგომას, შფოთით ნაქარალს,
მშვენიერების შარმი რომ შვენის,
ხმელ ფოთოლივით ავდევნებივარ,
რომ ერთხელ კიდევ შევთხოვო შველა.
ამ შემოდგომას, კვლავ შენით შეშლილს,
ვეთამაშები, როგორც ცეცხლს _ შლეგი,
გადმოალაჯებს მთებზე ზამთარი,
ძილში ჩამყვება სიზმარი ლეგა.
შორს კი, მზისფერი კარავი ბრწყინავს,
ბილიკზე გულის ნამსხვრევებს ვაპნევ,
რომ გამოვაგნო მაგ თვალებიდან
და სახლში დავხვდე უშიშრად აპრილს.




მზიან მინდვრებს და ყვავილებს ვტოვებ

ეტყობა,
ისე ტკბილად გიგონებ,
ვეღარ ვიშორებ
ფიქრის კრაზანებს.
ხან ალუბლიან თასს ვგავარ _
ცეცხლზე,
ხან - დაჭრილებით სავსე
ლაზარეთს.
სიყვარულს უდის
ტკბილი სურნელი...
თუ
სისხლს და ბადაგს დაეძებს ყველა?
მაშინ მე რა ვქნა,
თუ შენს ტუჩებთან
მომისწრებს ვნება და მომთხოვს შველას,
ან შენს მკლავებში გამეწეპება
სიყვარულისგან დამტკბარი ფრთები?
მზიან მინდვრებს და ყვავილებს ვტოვებ
თაფლში ჩამხრჩვალი ფუტკარივით
შენშივე ვრჩები...



შვების ტკივილი

ტყის პალიმფსესტზე გადაეწერა
ზამთრის სითეთრე ოქროვან რტოებს.
ბოლო ფოთოლი ისე ეცემა,
თითქოს სამყაროს პირველად ტოვებს.
ხომ არა სწუნობთ ამ მცირე ტანჯვას,
იქნებ, სხვაგვარი გეწადათ განძი?
ვიგლოვოთ ერთად სული, დაღლილი
მშვენიერების მარადი განცდით,
რომ გლოვის ცრემლი ადამიანში,
გოლეულივით, იმედად დატკბეს,
სულს სიხარული არ დაავიწყოს,
არ დაამსგავსოს სიცოცხლე საქმეს.
თორემ ამოშრა დრო, დაილია,
ლურჯ ჯამში ვარსკვლავთ ნაფიფქი ყრია,
როგორც დასტური იმ სასწაულის,
რასაც, უბრალოდ, სამყარო ჰქვია.
რაც არ იწყება და არ სრულდება,
რაც გაიზომა სულ ერთი წუთით,
სულ მივტიროდით მარადისობას
და მაინც სულ ამ ერთ წუთზე ვწუხდით.
ახლა კი, როცა შრება დრო ჯამში,
ის წუთი მაინც ხომ უნდა გატკბეს,
რომელიც გეტყვის ჩემს სიმართლეს და
გულს სიყვარულით და შვებით გატკენს.


დარდო

ბავშვი სწავლობს სიარულს.
ბარტყი სწავლობს ფრენას.
დარდო, შენ რად ვერ სწავლობ
ჩემგან გადაფრენას.
გამეცალო იქნებ და
სხვაგან უკეთ იყო,
ბუხარს ჩაენაცარო,
ქარი დაიბრიყვო.
იქნებ დილის თავთხელში
დარდო, გასულფონდე,
იქნებ ვეღარ მიაგნო
ჩემი ფიქრის ბონდებს.
ერთხელ მაინც დამტოვე
ცის კიდეზე ცალად,
უშენოდაც სულს იქნებ
მაინც ჰქონდეს ძალა.
დარდო _ სადარდებელო,
წუთისოფლის მნათევ,
დაბადებისთანავე
გიპოვე და გნახე.
იქნებ უდარდელობაც
დიდი დარდი არის,
იქნებ უდარდელობით
შეშლილია ქარი.
ჩემი ლექსის საძვალის
უქრობელო ნიშავ,
დარდო _ სადარდებელო,
ნეტა შენ რა გიშავს...


მე ვარ... არცა ვარ...

საკუთარ თავში სახეტიალოდ
გავიქეცი და დავტოვე სახლი.
მე ვარ ის ქალი, რომელსაც ხიბლავს
სიახლე ძველის!
სიძველე ახლის!
მერე ჩემივე თავიც დავტოვე,
ნიჟარასავით გამრიყა ტალღამ,
მე ვარ თეთრწვერა სევდის ნათლული,
მტყუან-მართალი
საკუთარ თავთან.
აიღეთ ხელში ძველი ნიჟარა,
ყური მიუგდეთ იდუმალ ნამღერს,
მე ვარ სულმოკლე ბრძენი, რომელიც
ღვთის საიდუმლოს
ქარებთან ამხელს.
მე ვარ...
არცა ვარ...
ვით ნიჟარაში
გამომწყვდეული სიცოცხლის ექო,
მსურს, ვიხმაურო
სიჩუმესავით,
ზანზალაკები სულისა ვრეკო.







ვიბადებოდი ვიდრე

თოვლით მომნათლა ცამ და
დამისვებედა სევდა,
გაოცებული ჩანდა
ჩემი ნატანჯი დედა.
მარტის იების მოვი
გადაეფარა ფანტელს,
წერდა მიწაზე თოვლი
ზეცის სევდიან ანდერძს.
თავის ღარიბულ სავალს
მიუყვებოდა მარტო
გახარებული მამა,
ვეღარ იბნევდა პალტოს.
მარადისობის ხსენი
წვეთავდა თეთრი ციდან
და არსებობა შენი
ჩემში მზის ძალას ცდიდა.
დილა დნებოდა დუნედ,
ვღნაოდი თოთო სალამს,
თოვლი მიდებდა თურმე
ბედზე ლექსების სამანს.
სველი დღეების სუნთქვა
დღემდე მოჰყვება კვირტებს.
თოვლს სახელიც კი უთქვამს,
ვიბადებოდი ვიდრე.
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 54
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sat Jul 04, 2009 6:54 pm

სიზმარი აღმოსავლეთზე

მესიზმრა, ჩემს ქოხში მესტუმრა ხელმწიფე.
ავფორიაქდი.
ვარდის ფურცელი არ მქონდა და
რა დამეფინა?
ქვის სკამზე დავსვი,
ჩაი მივართვი, სურნელოვანი.
ვიცი, ტყუილად რომ არ სტუმრობს მეფე მდაბიოს.
რა უნდა ნეტავ?
მომავალს თუ წარსულს წაიღებს,
სიზმარს თუ ცხადს მთხოვს?
ჩემმა პატარა მუხამ მოხიბლა,
მუხამ, რომელსაც არსაიდან არ ჰქონდა ჩრდილი.
ჰაიკუ ვთქვი
(ჩემს წინაპრებს უყვარდათ ხოლმე
მეფეებთან ლექსით ბაასი).
_ ჰაიკუ ხომ პოეზიის ბონსაიაო! _ ბრძანა მეფურად
და კიდევ ერთხელ გახედა მუხას.
ამ პატარა ხის ტოტებში არწივი ბუდეს ვერ გაიკეთებს,
ვერც ჭრელი გველი ჩაიბუდებს იმის ფესვებში,
ვერც იმის ჩეროს შეეფარება დაღლილი მგზავრი.
მაგრამ ბონსაის იდუმალება ადამიანს გაახსენებს,
ღვთის ნებას რომ დათმენა უნდა!
რომ ,,სიდიადე სიმცირეშია"!
მერე მეფის სკამს ხავსი მოედო
და აკაციად გადაიქცა პატარა მუხა.
შიშისაგან გამომეღვიძა.
მთის მწვერვალებზე მოჩანდა თოვლი,
ჩემი წინაპრის თვალით ნანახი.
ბავშვს გადავხედე.
მშვიდად ეძინა თავისსავე ლოყებში ჩაფლულს
და ეტყობოდა,
რომ სიზმარში არ ხედავდა პატარა მეფეს,
რომელსაც მისთვის სათამაშოს წართმევა სურდა.
დედას რომ შვილის სიზმრების ნახვა მაინც შეეძლის,
მაგრამ ანგელოზს უფრო ნახავ,
ვიდრე შენი შვილების სიზმრებს!
სანამ ქუსლით გიჭირავს შვილი და ამზეურებ,
არ დაგავიწყდეს ერთი ჰოკუ მაინც გააწყო
და ბონსაის ბონსაი უთხრა თამაშ-თამაშით:
მზემ დაიძინა, ჩვენც დავიძინოთ.
ხვალ ვითამაშოთ
მინდორში, ჰო, კუ!
არასოდეს დაგიფასდება ეს შრომა, მაგრამ
ბედნიერი იქნება შვილი _
დედის ხელნაწერს ნახავს იგი ასი წლის მერე
და კიდევ ერთხელ დაეძინება მშვიდად, რადგანაც,
პატარა მეფე ვეღარ წაართმევს
სათამაშოს სიზმარში მოხუცს..
წინაპრები ახერხებდნენ ამას მშვენივრად
და გმირობას მარტო ომში არ ჩადიოდნენ.
,,აი ია" _ აი ასეთ გასაოცარ ჰაიკუს ქმნიდნენ.
აღარაფერი დაწერილა
აღმოსავლეთში ამაზე კარგი.
,,მზე ამოდიოდა, მთვარე ჩადიოდა,~ და
ტიანშანის ,,მთების შვილი,~
,,ნაცარა ჩიტს,~ ეკითხებოდა: ,,ვის უგალობო?"
,,შენო, პატარავ! " _ და ბედნიერად ცხოვრობდა ხალხი.
ყოველ ცისმარე რწყავდა ბაღს და ელოდებოდა,
,,დიდი ხე რომ პაწაწინა ყლორტისაგან ამოზრდილიყო~.
ჟამიც კაცივით ბერდება თურმე
და მშვიდობას, ომის ნანებით მოძლიერებულს,
გაუვიდა ყავლი და გაცვდა.
ახალი დრო კი ახალ მთვარეს ჰგავს,
მოიყოლებს ხოლმე ქარაშოტს
და დღეში შვიდგზის გადაგარხევს, ლერწამივით,
წარსულსა და მომავალს შორის.
აღარ იცი, საითაა უმჯობესი ფეხის გადადგმა,
აგერევა ერთმანეთში
აღმოსავლეთი და დასავლეთი,
ცა და მიწა,
და ერთ ადგილზე დაჭაობდები.
მყვართა ყიყინის ხმად იქცევა
ლექსებისთვის შექმნილი ენაც.
შვილი გაიზარდა, დედა მოხუცდა
თვალებზე ლიბრად
შვილის ცხოვრება გადაეფარა.
ჰოდა, ასეა ჩემი ქვეყანაც, სამშობლო რომ ჰქვია სახელად.
მის თვალებსაც ჩვენი ცხოვრების ცოდვა-მადლი გადაჰფარვია.
დაბრმავებული თვალი კი ხედავს,
სიზმრებს ხედავს, საუბედუროდ,
მხოლოდ სიზმრებს,
ცხადის ერთი ორგინალიც რომ არ აქვთ და
აღარც ექნებათ.
სხვის ქვეყნებს რომ ასე გამძლე სახელები დაარქვა ღმერთმა,
რაღა ჩემსას ჰქვია "სამშობლო"?!
რაღა ჩემს მიწას ყლაპავს ხარბად ყველა გამვლელი?
ან სისხლის გემოს რატომ ვერ გრძნობენ
ან ძვლებით რატომ არ იხრჩობიან?
შეიშმუშნა ბავშვი... ვაკოცე.
მაპატიე, ჩემო პატარავ,
დამავიწყდა, რომ
ღრმად ჩაძინებულ გონებასაც აფხიზლებს ლექსი,
რაგინდ დუქნად ექცეს მამული.
ნანა, ნანა, დაიძინე დედის იმედო,
ბევრს ვილოცებ, რომ ეს სამყარო
არასოდეს მოგეჩვენოს შენზე პატარა.
ნანა, ნანა, დახუჭე თვალი,
არ წაიღოს შენი სიზმარი ხელმწიფის შვილმა.
თორემ უსიზმროდ გაზრდილმა კაცმა
როგორ გაიგნოს გზა სამყაროში?
როგორ იფრინოს,
როგორ დაეცეს უმტკივნეულოდ,
იყვიროს უხმოდ,
გარდაცვლილებს ელაპარაკოს
და წინასწარ გარდაიცვალოს,
რომ ყოველი გათენება და მზის ამოსვლა
დაბადება იყოს მისი, იმედიანი!
მეც ჩამეძინა.
დედას ხომ ხშირად ეძინება თავის ნამღერ იავნანაზე,
როგორც პროგრესს _ რევოლუციურ შეძახილებზე.
განმიახლდა მეწამული სიზმრების ხილვა:
ვიზრდებოდით მეც,
ბავშვიც,
ჰოკუც...
თითქოს იგი ბალადად იქცა და დაერქვა
`ვეფხისა და მოყმის ბალადა~!
მერე პოემად გადაიქცა და დაერქვა
უფალივით მარადი სიტყვა
`ვეფხისტყაოსანი~…
სამყარო კი პატარავდებოდა, ილეოდა…
და შიშმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გამომაღვიძა,
ვეფხვის თვალებით გახედა ღამეს.
ბავშვს კარგად ჰქონდა დასწავლილი ,,აი ია" და
მშვიდად ეძინა.
ეძინა მამას, რადგან იცოდა,
,,რომ არ გაცვლიდა სამშობლოს
სხვა ქვეყნის სამოთხეზედა",
მხოლოდ მე მეშინოდა,
რადგან ვგრძნობდი, რომ
არ ეძინა ხელმწიფეს და ფიქრობდა,
როგორ გამოეყვანა სამშობლო-ბონსაი...
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 54
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sat Jul 04, 2009 6:54 pm

სულის ჩრდილივით

სულის ჩრდილივით დამყვება ფიქრი.
ჩავხედო მინდა საკუთარ თვალებს.
მსურს, დავინახო, ბწკარების იქით
წამები თავის ლანდებს რომ წვავენ
და აყვავებულ ცეცხლის ზაფრანებს
მარადისობა წყალს როგორ აკმევს,
არაფრიდან და სუყველაფრიდან
როგორ ამოდის ლექსების აკმე.





***

მარიამ, ვიზე წერ ნეტავი?
არ ვიცი, რა ვუთხრა მეგობრებს...
კრინტსაც არ დავძრავდი, ღმერთმანი,
აქ რომ სიყვარული მეფობდეს...
სევდის ფარვანებით შებურულს,
ეჭვით მაკვირდება მეუღლე.
უფალო, უშველე მარიამს,
შეუნდე,
შეუნდე,
შეუნდე!






ვილაპარაკოთ სიყვარულზე?

- ვილაპარაკოთ სიყვარულზე?
- ვილაპარაკოთ!
სანამ მოსულა,
თორემ მერე რაღას მოვიცლით სიყვარულის მაიკოები.
პეპლების ფრთები გვეგონება აბრეშუმის ფართე სახელო,
ისე დავიქნევთ, როგორც ქარი ყაყაჩოს ფურცელს
და გავშიშვლდებით .
ან, ოკეანე რომ დაიქნევს თოლიების თეთრ მარაოებს
და სანაპიროს პერანგს გაიხდის.
ან სულაც, როგორც ცას დაიქნევენ წეროები
და დასცვივდებათ ფრთის ძირიდან თითო ბუმბული,
მე რომ ვიპოვი, და მის წვერზე შევახვევ ლექსებს,
რომ მზად მქონდეს სიყვარულის მოსვლისას, უკვე,
თორემ მერე რაღას მოვიცლით სიყვარულის მაიკოები.
სანამ თმიდან ცისარტყელებს ჩამოვიხსნიდეთ,
სანამ ვარდისფრად
ალუბლების ყვავილობას მოვისვირინგებთ,
სად გვეცლება სალაპარაკოდ.
ჩვენ ხომ სიჩუმის ჩაის ვაყენებთ,
ისე აგვდის ოხშივარი მწვანე მინდვრების,
ნისლში ჩაწოლილ მეფესაც კი,მზე ესიზმრება,
ჩვენს ტუჩებზე წითლად ჩასული.
ვილაპარაკოთ სიყვარულზე,
ვილაპარაკოთ, სანამ მოსულა,
თორემ მერე რაღას მოვიცლით სიყვარულის მაიკოები.
ყველა ტაძარი უნდა გავაღოთ,
ყველა გალობა შევსვათ ყლუპებით,
ყველა ფანარიც ასანთებია,
სანამ ის მოვა!
თუმც, წესად არ აქვს, არასდროს, მოსვლა.
ეს არმოსვლაა სიყვარულის სულთმოფენობა,
და ჩვენც, ლექსების საკურთხებს რომ ვწერთ,
სიზმრის სარკმლიდან ბილიკებს ვმწყემსავთ,
აყვავებულ წყლის წვეთებს ვმალავთ,
მხოლოდ იმიტომ,
რომ არასოდეს მოვიცალოთ სალაპარაკოდ
სიყვარულის მაიკოებმა
და მდუმარების ლოტოსები გავშალოთ თეთრად...
ზღვები ღელავენ,
ქარები ქრიან,
ალუბლები ყვავილობენ
და წეროები ცას აცეკვებენ
მის მოლოდინში.
-ვილაპარაკოთ სიყვარულზე?
-ვილაპარაკოთ.
ან ვის უკითხავს, შიძლებაო?









დამიმახსოვრე მარიამი

აბა, რით ვერ დამიმახსოვრე?!
მარიამი მქვია სახელად და აქვე ვცხოვრობ…
ჩემს უმძრახ ცრემლებს შენზე ფიქრის ნაცარში გავრევ.
გამაწმინდავე, ტკივილებით მცვარე, ცისკარო!
სულ მეშინია, სიყვარულს რომ წავაწყდე გზაზე,
ვეცოტავო და ახლოსაც კი არ გამიკაროს.
რამდენი გვრიტი ეყოფოდა შენს გამოსყიდვას?
არც გამჩენს სურდა, დალეოდა სევდას სამღერი.
მთელი სამყაროს სახსოვარი მომქონდა გულით_
როცა ვკვდებოდი და სიცოცხლეს შენში ვახელდი.
მე მარიამი მქვია სახელად,
მარიამი, დამიმახსოვრე!
დროშაზე შებმულ ზანზალაკად ხმიანობს სული,
უსაფუვროა, ხმიადივით, ჩემი ლექსები.
საშენო გული გაბორჯილი კვერთხივით დამაქვს,
ხვდება, აღდგომის დადგომამდე, შეიეკლები.
დამიმახსოვრებ?
მარიამი, მარიამი მქვია სახელად და აქვე ვცხოვრობ.
და რამდენჯერაც საუფლო ხსოვნა შენსკენ მომიხმობს,
ქვაცა და წყაროც ერთნაირად მდინდება ცრემლად.
შენს გამო არის ყველაფერი ასე უბრალო,
შენს გამო ვხდები ბედნიერიც ყოველთვის ძნელად.
მოვყვები ბილიკს ტკივილების კვრივისკენ კრავით,
ქარად მომყვება ანგელოზი, ნისლისფრთიანი.
მე რომ ცეცხლს ვანთებ, სიყვარულო, სხვის გასათბობად,
შენ რატომ იწვი იმ კოცონის ალზე ბრიალით?
ამ უდაბნოში უთვალავი ბილილა ჰყვავის,
ვკრეფ და როდესაც ყვავილებით მოვდივარ შენთან,
რაღატომ მხვდები ერთი კოცნით წინასწარ მკვდარი
და ერთი ღერი ყვავილისთვის წასული ღმერთთან.
აბა, რით ვეღარ დამიმახსოვრე,
მარიამი,მარიამი მქვია სახელად!
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 54
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sat Jul 04, 2009 6:57 pm

geek


ეზოში ავი ძაღლია!!!! ნურც მაუს-პეჟოს გააჩერებთ კართან!!!

lol!
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 1308
Location: თბილისი
Job/hobbies: პოეტი
Humor: სანაქებო
Registration date: 09.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sat Jul 04, 2009 8:44 pm


სულის ჩრდილივით

სულის ჩრდილივით დამყვება ფიქრი.
ჩავხედო მინდა საკუთარ თვალებს.
მსურს, დავინახო, ბწკარების იქით
წამები თავის ლანდებს რომ წვავენ
და აყვავებულ ცეცხლის ზაფრანებს
მარადისობა წყალს როგორ აკმევს,
არაფრიდან და სუყველაფრიდან
როგორ ამოდის ლექსების აკმე. queen cheers


flower sunny flower
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 119
Age: 54
Location: Tbilisi
Registration date: 17.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sat Jul 04, 2009 11:05 pm

bao wrote:
geek


ეზოში ავი ძაღლია!!!! ნურც მაუს-პეჟოს გააჩერებთ კართან!!!

lol!


ჩემი სტუმართმოყვარე დიასახლისი-ვინმემ ხომ არ გააბრაზა?
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 54
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sun Jul 05, 2009 2:58 pm

king
ვინ გამაბრაზებდა საკუთარი თავისა და ენის მეტი, რენუარ?
სუ მაბრაზებს ხოლმე ეს ბაო, ერთი ვერ ვასწავლე მაგას ჭკუა Very Happy

ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე, ცოტა სერიოზულად მოვექცე საკუთარ თავს! უფრო სწორედ, საკუთარ ლექსებს, უცებ ისე შემებრალნენ ეს ბეჩავები, ისე... რატოა,რო ბაოს მაგათთვის არა სცალია? Crying or Very sad
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 391
Age: 54
Registration date: 11.12.08

PostSubject: Re: ბაო - მარიამ წიკლაური   Sun Jul 05, 2009 5:37 pm

მოგცლიათ, ერთი!

საქმეს შევყევით,
როგორც ყოველთვის.
სინათლის ზვირთებს რომ შევყოლოდით
ლურჯ ქვაბულებში მიმოქცევისას,
გაგიჟდებოდა ჩვენი ქმარ-შვილი;
ან სად გვცალია, მარგალიტი ვეძიოთ ფსკერზე?!
ჩვენი სამყოფი ჭრელი კენჭები
იმდენი გვაქვს...
ბავშვებს ხშირად მუჭებით ვაძლევთ,
რომ ითამაშონ და ტირილით არ გაგვაბეზრონ.
კოჭის თავამდე გვწვდება ბოსტანშიც მწიფე მარჯანი.
თევზის ფარას და ჩიტების გუნდსაც ყრმები მწყემსავენ,
ჩვენ სად გვცალია სამაგისოდ,
მოგცლიათ, ერთი!
საქმეს შევყევით, ჩვეულებრივად, გამთენიისას,
დედამიწა ჭრიალით რომ შემოტრიალდა
ჩვენი დაღლილი ხერხემლის ღერძზე,
რომ მის პრიალა სარკეებში მზეს ჩაეხედა
და ეკითხა:
“არისო, ვინმე, ჩემზე ლამაზი?”,
საქმეს შევყევით
და ჩვენთვის ჩუმად ჩავილუღლუღეთ:
“მოგცლიათ, ერთი!”… თან გახეხილი ქვაბის პირზე
შევავლეთ თვალი საკუთარი სახის ანარეკლს,
თმა ნაჩქარევად ჩამოვიწენით
და მათრახივით გადავუჭირეთ
თეთრ მთვარეს, შორს რომ გაქცეულიყო,
და მის მოსვლამდე მეტი საქმე მოგვესწრო ქალებს.
არც ვარსკვლავების კაფსულებში
ჩატენილი სიზმრებისთვის არა გვცალია,
ეგ აბები არასოდეს გვიყლაპია სავსემთვარისას,
უსაქმურებმა იმკითხაონ ვარსკვლავის ფეტვზე,
ერთადერთი სიზმრის ფურცელიც,
კაბის ჯიბეში გადანახული,
გვყოფნის დასტურად, რომ ის ვიხილეთ.
ისევ ის დღეა,
პირველად რომ იყო, ისაა.
არ შემეშლება,
ზეპირად ვიცი, მკვდარიც ვიცნობ, მოვიდა ისევ…
საქმეს შევყევით:
ვკემსეთ, ვფერთხეთ, ვხარშეთ, ვალაგეთ,
ვამზეურეთ და ვანიავეთ მთელი სამყარო,
ვაცხვეთ იმედის და ბედის კვერი,
შევფუთეთ და ბალიშის ქვეშ ამოვდეთ, რომ
მზად გვქონოდა თავისმართლებად
სტუმრისა თუ მასპინძლისათვის.
მისი სურნელი მარმაშივით მოვლებია დაგვილ ეზო-კარს,
ზედ ჩამომსხდარან პეპლები და ოქროს ფუტკრები,
თეთრი მერცხლებიც შევიკედლეთ სხვენში გუნდებად,
ღრმა ჭიდან წყალიც ამოვიღეთ იმაზე მეტი,
ვიდრე დოქი დაიტევდა, მგზავრი დალევდა,
ვიდრე ფქვილი შეიზელდა
ან ყვავილის ფესვი შესვამდა.
და როცა ისევ გაიჭრიალებს დედამიწა,
ძროხასავით მიაბღავლებს ჰორიზონტის კარს,
იმ ბალიშზე მივდებთ ხოლმე, დაღლილი, თავებს,
რომლის ქვეშაც კვერის
ტკბილი სურნელია ჩაგუბებული.
დაგვესიზმრება ცხელი უდაბნო,
ბაობაბებზე კონწიალა ფეხშიშველი ქარები და
სიზმრებიდან გამოპარული ციცინათელა.
ნეტავი, სადმე, იმ ცხელ ქვიშაში ჩამადებინა
ეს დაღლილი ტერფები ახლა…
ღამეებიც სავსე გვაქვს ფიქრით,
ვერაფრით რომ დატეულან
ჩვენს ტოტებზე, ფრინველებით სავსე ტოტებზე
ისე ვთვლემთ, თითქოს
ძილშიც სადღაც უნდა გავფრინდეთ,
სამყაროს იქით,
საითკენაც ჩვენი ბედის კვერი მიგორავს,
სადაც მიგველის ბედნიერება.…
დილაადრიან ისევ საქმეს შევყვებით ხოლმე
და ვიტყვით ასე: ”მოგცლიათ, ერთი!”,
გუნდ-გუნდად რომ ჩამოივლიან
მომლოცველები როჭიკობისას,
თან მადიანად ილუკმებიან ჩვენს ნაწყალობევს…
“ნეტაი მაგათ, ეს ბორბლის ღერძი მაინც გაპოხონ,
რა მძიმედ და ჭრიალით ბრუნავს”,
და თავად ვიწყებ ძველ კარდალაში საცხის დუღებას
ბავშვები კი ჭრელი კენჭებით
სათამაშო გოდოლს აგებენ
და ეჩვენებათ,
რომ ჰა, და მისწვდნენ საცაა ზეცას!
ნეტაი თქვენ, მოგცლიათ, ერთი!…
Back to top Go down
View user profile
 

ბაო - მარიამ წიკლაური

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 7Go to page : 1, 2, 3, 4, 5, 6, 7  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) ::  :: -