არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მამუკა ხერხეულიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: მამუკა ხერხეულიძე   Wed Jul 01, 2009 1:16 pm


Mamuka Kherkheulidze


მამუკა ხერხეულიძე

მამუკა გრიგოლის ძე ხერხეულიძე დაიბადა 1959 წლის 13 ნოემბერს, ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა. 1976-82 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1983-1993 წწ. მუშაობდა საქტელერადიო კომიტეტის საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტად. მისი პუბლიკაციები პერიოდულად იბეჭდებოდა პრესაში. ასევე მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილებაში. 1993 წ. იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

2002 წლიდან არის კომპანია «დავით სარაჯიშვილი და ენისელი»-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და 2003 წლიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, 1995 წლიდან მონაწილეობს ბიზნესში - ფირმა «მილანი». ვარდების რევოლუციის დროს იყო «დაუმორჩილებლობის კომიტეტის» წევრი.

2004 წ. იყო სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელემაუწყელობად გარდაქმნის დროებითი სამეურვეო საბჭოს წევრი. დაარსების დღიდან თანამშრომლობს გაზეთ «24 საათთან».

არის მოთხრობების კრებულის ავტორი.
2005 წლის ივნისიდან არის საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ლიტერატურული კონკურსის ”გალას” ჟიურის წევრო 2010–2011 წლებში.

წიგნები
* დღეს : კრებული / [რედ.: მამუკა ხერხეულიძე]. - [1-ლი გამოც.]. - თბ. : რუსთავი 2 პრინტი, 2003. - 251გვ. ; 20სმ.. - ISBN 99940-739-1-5
* კავკასიური ქრონიკა (მოთხრობები), თბილისი, გამომცემლობა არეტე, 2005. - 93გვ. ; 16სმ.. - ISBN 99940-810-2-0 (შინაარსი: კავკასიური ქრონიკა; ოჩილა; მზე ამოდიოდა, ან ჩადიოდა; ბებე).
* À La Guerre Comme À La Guerre ომში, როგორც ომში (მოთხრობები, ესეები), თბ., ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013, 148 გვერდი - ISBN 978-9941-15-855-1

სცენარი
* http://gnfc.ge/?action=nodes&node_id=273&pageon=118&lang=geo –
"როცა თეთრი ვარსკვლავები გამოჩნდებიან", რეჟისორი ნინო კირთაძე, მამუკა ხერხეულიძის მოთხრობის “კავკასიური ქრონიკის“ მიხედვით. (სინოფსისი: მკვლელობის შურისძიება თავს იჩენს ძალადობის მომაკვდინებელ მექანიზმში. პეტრე, ლუკა და ლილე ჩაკეტილნი არიან ბოროტებისა და ზიზღის წრეში და იბრძვიან, რათა იპოვონ იმედი შეუბრალებელ საზოგადოებაში).

სტატიები
* ომერტა - ქვა პირში, 24 საათი, 2005, 24 ოქტომბერი, N295 (1095)
* ვირის აბანო, 24 საათი, 2006, 20 იანვარი, N11 (1163)
* SECURITI COMES FIRST : თვალსაზრისი, 24 საათი, 2006, 1 აგვისტო, N171(1323)
* გაერო მოუწოდებს ჭუბურხინჯის მინისტერიალს, 24 საათი, 2006, 30 ოქტომბერი, N241 (1383)
* პლატონის დიალოგები, 24 საათი, 2007, 28 მარტი, N67 (1511)
* თავისუფალი დღიურები: ოჩილას და პეტრარკას ერთი დღე, 24 საათი, 2010, 20 მაისი, N18 (053)

კითხულობს ავტორი
* http://208.75.229.66/radio1-v1/AF.aspx?ID=2424 – "მზე ამოდიოდა ან ჩადიდა, ვისთვის როგორ..."
* http://208.75.229.66/radio1-v1/AF.aspx?ID=2423 – "ოჩილა"
* http://208.75.229.66/radio1-v1/AF.aspx?ID=2422 – "კავკასიური ქრონიკა"


ბმულები
* http://ka.wikipedia.org/wiki/მამუკა_ხერხეულიძე
* http://old.press.tsu.ge/GEO/mimdinare%20kartuli/interviu%20mcerlebtan/mcerlebi/mamuka%20xerxeulidze/mamukaindex.html


Last edited by ბობო on Wed Jul 01, 2009 1:25 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა ხერხეულიძე   Wed Jul 01, 2009 1:18 pm

მამუკა ხერხეულიძე

მზე ამოდიოდა, ან ჩადიოდა.
ვისთვის როგორ...


ომში წყნეთიდან წავედი. მაია ჩალაგებაში მეხმარებოდა. ვაკის პარკში გადაღებულ ბავშვების ფერად ფოტოს ცელოფანში სათუთად ახვევდა. ბიჭები პატარები იყვნენ, ხუთის და ერთის. დამშვიდობებისას უფროსს ამერიკული, დათო-“ტარაკანას” გამოგზავნილი სამხედრო ფორმის სუნი დაამახსოვრდა, მე კი ზამთრის აფხაზეთში, სროლების დროს პატარის რძის სურნელი მახსენებდა თავს, ზღვის, ციტრუსების და თოფისწამლის მოტკბო არომატში არეული. თოვლი დნებოდა და შავი ასფალტი ჩნდებოდა. წყნეთში სიმწვანე მაინც იყო, თბილისი კი, ტალახიანი, ჩაბნელებული, ჩაჟამებული და შეშინებული, ნეორეალისტურ შავ-თეთრ ფილმს გავდა. ქუჩები - ცარიელი, ლეგიტიმური მაწანწალა ძაღლები, უბნის ბიჭები, ბეღურებივით მობუზული და მოწყენილი - თავიანთ გასტრონომებთან. ვიმახსოვრებდი ჩემი ქალაქის მანამდე არშემჩნეულ დეტალებს, ფასადებს, ჭიშკრებს, ერთკაციან ქუჩებს, სოლოლაკში სადარბაზოებს საყვირიანი ანგელოზებით, ავლაბარში გამვლელებსაც, რამდენიმე პერსონაჟი უსახური აეროპორტის უბანშიც - ეს სურათები შეიძლება ლევანმა, კოკამ, ირაკლიმ და სხვებმა, უკვე დაღუპულმა ბიჭებმაც ნახეს ბოლო წამს: განვლილი ცხოვრების ქრონიკა - დროის გარეშე, სიზმარივით დაუმონტაჟებელი უცნაური მასალა.
ხო მართლა, მანამდე დედას გავუარე ჩაის სახლთან. ეზოში თოვლ-ჭყაპია, მოხუცი გრაფიკული ხეები და ძველი, ასფალტს შეზრდილი მანქანა, რომელიც არასდროს განძრეულა ბავშვობის მერე - სიურეალისტური ნახატი. გარეთ გამომაცილა, ცრემლებს იკავებს. ცხრა ძმის დედა გავახსენე, უტაქტო ხუმრობა გამოვიდა. ვითომ გავიცინე, ვაკოცე ოდნავ სველ თვალებში და შებრუნდა. ეზოც დავიმახსოვრე და წავედით.
აეროპორტში წამსვლელი ბევრია თითქოს, და მთელს ფრონტზე ოთხიათას კაცზე მეტი არცერთ პერიოდში არ გვყოლია. თვითმფრინავამდე მანქანით მივედით. ეს ჟიგული სულ ასფალტს ეხახუნება, ისეთი აღჭურვილები ვართ. ვინ ვის გააჩერებს, ისეთი ძველები მოძრაობენ. თუმცა გაქაჩვებიც მიდის, ავტომატების გადატენვა, “ჩემი დედას შევეცი.…”
... ერთი საბედისწერო ფრაზით იწყება ყველა სისხლისღვრა. წილი ნაყარია - დაიძახა იულიუს კეისარმა, მდინარე გადალახა, აიღო ქალაქი არიმინუმი და სამოქალაქო ომიც დაიწყო. არძინბა უნდა მოვტყნა - ამოიღნავლა კუს ტბის გენერალმა და რუსეთის დაგეგმილი საშინაო ბრძოლა გაჩაღდა აფხაზეთის მიწაზე. პლუტარქეს მიხედვით, რუბიკონზე გადასვლის წინა ღამით საშინელი სიზმარი ნახა კეისარმა: თითქოს საკუთარ დედას ბუნებისგან აკრძალული კავშირით შეეუღლა. რა ესიზმრა ჩვენს სარდალს ღალინძგაზე გადასვლის წინ, კაცმა არ იცის. მოძმის სისხლით გაბრუებულმა სამხედრო კამპანიამ თბილისიდან სოხუმში რომ გადაინაცვლა, ამის მოწმე თავად გახლდით. ისევ პლუტარქე: რუბიკონის გადალახვის და ქალაქ არიმენუმის აღების შემდეგ ომს ფართოდ გაეღო კარები ყველგან, პროვინციის საზღვრებთან ერთად რომის კანონებიც წაიშალა, ქვეყანაში არა მხოლოდ შიშით ზარდაცემული ლტოლვილები დაძრწოდნენ, არამედ ქალაქებიც კი ფეხზე დგებოდნენ და ერთმანეთისაკენ მიიწევდნენ. ეს პასაჟი მხატვრული მეტაფორა მეგონა, ვიდრე ჩვენს თვალწინ არ ჩამოვიდნენ დედაქალაქში დასავლეთ საქართველოს ქალაქები; ახლა კი თბილისი მიდიოდა სოხუმში - მთელი თავისი გაგებით.
“რა უბნელი ხარ ბიჭო, ვისთან ხარ?” გამხდარ უწვერულ ბიჭს ეკითხება ჩვენი ჯარისკაცი, იმას ვითომ სამხედრო, ხაკისფერი გეოლოგიური თხელი ქურთუკი აცვია, ხელში ცელოფანის პარკი უჭირავს, კანკალებს, თავს იკავებს: “არავინ არ ვარ, ჩემი ძმაა სოხუმში, უნდა ვნახო...” ჩვენ მოგვმართავს, მაგრამ სხვაგან იყურება. ყანყრატოთი ლაპარაკობს თითქოს, ინდაურს ჰგავს. “რამდენი წლის ხარ?” ჰკითხა გია ასათიანმა. აშკარად პატარაა. “ძმას ვფიცავარ, ცხრამეტის გავხდები, ეხლა,” ცელოფანის მწვანე პარკში კბილის პასტა მოსჩანს, ისევ სხვაგან იყურება. “შენს ძმას ჩვენ ვნახავთ და დავარეკინებთ, წადი ეხლა,” უთხრა გიამ გადაჭრით. “ძმას ვფიცავარ, არ გატყუებთ,” იხვეწებოდა ბიჭი, მაგრამ უკვე ტრაპთან გაკეთებულ ცოცხალ ჯაჭვს გარეთ დარჩა. ერთი ბატალიონი (ჩვიდმეტი კაცი თუ იქნება, კლასიკური ფორმით ბატალიონი ხუთასორმოცდათვრამეტი მეომრისგან შედგება) მოვიდა, ნასვამები არიან. თბილისში უცნაური მიზეზით ჩამოსულან, ძმაკაცის ნიშნობა. აბა, რა უნდა ექნათ? დაცვასთან “კაჩაობენ.” "თქვენ კატაობთ, თუ?…” ჯარისკაცი. “ვის ეუბნები, ბიჭო, მეე?” - ჩვიდმეტკაციანი ბატალიონის უფროსი. “ჰო, შენ,” - დაცვის ბიჭი. “ჩემი დედას... ვის, ბიჭო,” და ავტომატს აყენებს ნასვამი მებრძოლი. ჩვენც მივედით - “შენი ბიჭოს დედას...…” ჯარისკაციც ავტომატის ჩამკეტს აჩხაკუნებს, ერთი ხელით სიკვდილებით დატენილ სასროლის ლულას ძირს ვუწევთ, მეორეთი პირზე ვაფარებთ ორივეს - ეს გამოცდილება ბევრჯერ გამოგვადგება. ერთმანეთს დედა არ შეაგინონ, თორემ საკუთარ დედებს ყველა პოზაში ახსენებენ. საერთოდ, აქ რაც ავტოგინებები გავიგე, ამ ჟანრის ფესტივალი მეგონა. თან ყვირილით ვამუნათებთ: “აზრზე მოდი, ბიჭო, ომში მივდივართ, ქართველები ხართ თუ…,” აქ ცოტა ისტერიულ-ისტორიული პათეტიკა, ამერიკული ფორმა და კარგი იარაღიც ჭრის, თორემ ჩვენც არავინ არა ვართ - მოხალისეები, გენერლებს ვიცნობთ “პროსტა”. კიდევ რამდენიმე გარჩევა და შევედით, როგორც იქნა. ტყვია-წამალს ტვირთავენ, სამგზავრო თვითმფრინავმა მგონი ჩაიმუხლა. “ვერ აიღებს ადგილიდან, მიწოლა დაჭირდება, კაკრას ეს ქაჯები მოაწვებიან,” ხუმრობს ერთი გაღმელი, რომელიღაც გენერლის შნირყოფილი, ამჟამად უკვე”სტეჩკინით”. დაწინაურდა ე.ი. სამხედრო განმასხვავებელი ნიშნები აქ ფორმა, იარაღი და ენაა - ”ბაზარი”. აღარ დაადგა საშველი, გარედან ისევ სროლა, ტრაპზე გამოვედით, შავოსანი ქალი არღვევს ცოცხალ ჯაჭვს კივილით და ვეღარც აჩერებენ, “გამოუშვით” - ქალი კი უკვე ტრაპზე ამორბის, თავშალი წაართვა ქარმა, ჩალისფერი თმები გამოუჩნდა. ახალგაზრდა გოგოა, ხმა აღარა აქვს, ხავის “შვილი, მეორე, მიშველეთ, ნიკა!” სალონიდან ინდაურივით ბიჭი გამოვიდა გაფითრებული, ისევ სხვაგან იყურება. ქალი შეშდება, თითქოს შერცხვა, მიტრიალდა და წავიდა, ბიჭი უკან გაჰყვა. ”ერთი თვის წინ ჩამოუსვენებიათ უფროსი შვილი, ეშერაში დაღუპულა, ეს მართლა თხუთმეტის ყოფილა,”- ახალშემოსული გვარდიელი ჰყვება - “როგორ შემოძვრა, მაგარი ტიპი ჩანს.”
დავიძარით, მოწოლა არ დასჭირვებია, გაქანდა და მიგვაკრა სავარძლებს. სულ მალე ოჩამჩირეს გადავუფრინეთ, პილოტებმა სინათლეები გამორთეს. ტამიში ისევ იმათია (პოზიციებს კი ვიღებდით, მაგრამ ვერ ვინარჩუნებდით. ცნობილია, სანგრებსაც ვერ ვთხრიდით), ტყვარჩელი ხომ არც არასდროს აგვაღებინეს ჩვენივე სარდლებმა, აქედან შეიძლება გესროლონ. კიდევ უფრო სწრაფად წითელი წარწერები აინთო “ფასტენ სეატ ბელტს!”- სოხუმის აეროპორტში ვეშვებოდით. ვღელავდი, არასდროს ვყოფილვარ ზამთარში აფხაზეთში, ომშიც პირველად ვარ. ძალიან კარგად დასვა მფრინავმა. ისეთი ქაოსია, გასაკვირია, პილოტი ტრაქტორისტი რომ არ არის; ტანკზე კომბაინერი იჯდა - ამას მერე ვნახავ. გადმოვედით, მშვიდი საღამოა, თბილა, ზღვაც დანახული გვაქვს ილუმინატორიდან და ვიღაცამ “აქ მგონი ბანაობაც მოსულაო.” ისეთი სიწყნარეა, თითქოს არაფერი არ ხდება. “ოდესმე დედაქალაქი აქ უნდა გადმოვიდეს, თბილისი დაბერდა, დამახინჯდა და ვეღარც უძლებს ამდენ ხალხს.” - ვამბობ მე. … ”ქუთაისლებს გაუტყდებათ, მარა თქვენთან იყო უკვე, ბიძია, მცოცავი გრაფიკია თქვა,” ღადაობს საბურთალოელი ზაზა.
მანქანები დაგვხდა. გამოვედით აეროპორტიდან, ციტრუსებით დახუნძლულ ხეივანში შევუხვიეთ, პაწაწინა ხიდის ქვეშ გავძვერით და საბჭოურ უსახურ სანატორიუმს მივადექით. აAგუძერა - ასე ჰქვია ამ ადგილს. გვერდზე გულრიფშია, იქ ნამყოფი ვარ, მწერლებს ჰქონდათ სახლები. ხვალ გავისეირნებ, სადაც მზის ჩასვლისთვის მიცქერია, უდარდელად ქვიშაში წამოწოლილს. იქით კი, სადაც მზე იძირება ყოველ საღამოს, რკინის დიდი კასრი გდია და დილით უკვე მუცელზე დაწოლილი ტყვიამფრქვევის სროლას ვსწავლობთ, ხტის და დგაფუნობს წყალში თეთრი ბალონი, პლიაჟი ”დშკ”-ს მასრებით ივსება, ვიღაც იპოვნის უცნაურ ქვებთან ერთად მშვიდობის ჟამს. ვაკაკანებ უზარმაზარ ”მაშინგანს” და თავს ვიწყნარებ, მზემდე ტყვია ვერ მიაღწევს. ბანაკში ორი ათას კაცამდე მოვგროვდით, სერიოზული ძალაა, მაგრამ სანამ ოპერაცია დაიგეგმება, ყოველღამე ჩხუბები და გარჩევებია, სულ ვიღაცეებს ვაშველებთ, თან სვამენ. დროზე თუ არ დაიწყო, ჩახოცავენ ერთმანეთს. სულ მწვანეა არე-მარე, შორს ციტრუსებში და პალმებში ჩაფლული თეთრი სახლები მოსჩანს, უფრო შორს კი ლურჯი ზღვა ირეკლავს კავკასიონის თეთრ მწვერვალებს, სარეკლამო რგოლია. დღე ისე ცხელა, მაისურით შეიძლება სიარული, ასეც დადიან. გენშტაბში “შნირყოფილი” შემხვდა, შლიოპანცებში ცერაგაყრილი, ჭკვიანი კაცი. ეგრევე შინაურდებიან. აბა, მე ბათინკებით ვარ ამ სიცხეში. ტამიშის გაწმენდა იგეგმება, კარგი ხალხიც შეგვხვდა, იმედი მომეცა. ერთი გარჩევა-გაქაჩვა ამ დონეზეც გაკეთდა და იმ ოპერაციამაც კარგად ჩაიარა, ლოკალურად მოგებული ქართული ბრძოლების ისტორიაში შევა ალბათ, მთლიანად ომი კი წავაგეთ ჩვენც და აფხაზებმაც - როგორც ყოველთვის, საშინაო სისხლისღვრებისას, გაიმარჯვა ისევ რუსეთმა. ამ დაწყევლილ საუკუნეში რა გასაკვირია, ისევ რენეგატი ხელისუფლება გვყავს, ოცდამეერთეში ვნახოთ.…
ბრძოლის წინა ღამით მეუფე დანიელმა აღსარების გარეშე გვაზიარა. ადრეც ასე იყო, ის კი არა, მარაბდაში ჩემს წინაპარ ცხრა ძმასთან ერთად ორი მიტროპოლიტი აღესრულა ხმლით. აგუძერას დიდ კლუბში სიბნელეა, მხოლოდ სანთლები ანათებენ უამრავი უცნობი ცოდვის თავზე ასაღებად გამზადებულ ახალგაზრდა ეპისკოპოსს. ჯგუფებად შევყავართ, იარაღს შესასვლელში ვტოვებთ. ამაღლებული უცნაური მისტერიიდან გამოსულებს ორი ავტომატი მოპარული დაგვხვდა, კარგია არა? მიუხედავად ამისა უაღრესად ბედნიერი ვარ, თბილისში არაეკლესიურად ვცხოვრობ და ზიარებას ბავშვობის მერე არ ვღირსებივარ. ჩამეძინა.
სნაიპერის ჯვრიანი თვალი ვარ, ოპტიკის ქვედა ქუთუთოსთან ქრონომეტრაჟის ციფრები კოსმიური სიჩქარით ბზრიალებენ. ჯვარდასმულ კუნძულზე ბევრი ხალხია, ძირითადად, გარდაცვლილები. კითხვები მქონდა მამასთან, ვერც ვიხსენებ და თან შაშხანის თვალი ვარ, მზერას ვაშორებ. ბიძინაც აქ არის, თეთრი ცვილის ხელებით. ვფიქრობ, რატომ ვუმიზნებ ჩემს ძმას, არ მოხვდეს, და ისიც ქრება. ბავშვობაში ნანახი პერსონაჟები… - მუშტაიდის შემშვებს აკვდება სამიზნე, დიდდება ლურჯი ხალათის გაქექილი ჯიბეები, რუსთაველზე გაზიანი წყლის გამყიდველი, კინოს აფიშა, შავდება გამოსახულება და ძველ ეზოში გრძელდება. შავჯვარდასმული უნივერსიტეტის თეთრი სასახლე, წითელი აგურით მოხრეშილი ცარიელი ბაღი. ნაძვებში ჩაფლული პოსტამენტები შავი ბიუსტებით, ერთს თავი აკლდა. ზღვა გალურჯდა, მრგვალი კუნძული ისევ უკაცრიელი გახდა, პალმები, ციტრუსები, ლევან აბაშიძე დავინახე პროფილში, გრძელი თმებით, თეთრი პერანგით, ბიძინამაც გაიელვა სევდიანი თვალებით. ნაცნობ სურათს ვხედავ, ხარება და გოგიას ფოტო მგონია, შორს კი, ჰორიზონტზე, ზღვიდან ამომავალი წითელი მზე დაისერა ოთხად. ზღვა შავი იყო, ბნელოდა, როცა ბრძოლის წინ სისწრაფეში ვიწერდი სიზმარს, პირველად ცხოვრებაში, ჯიბის “ვეფხისტყაოსნის” ბოლო ცარიელ გვერდზე, არ დამვიწყებოდა, როგორც უამრავი ზმანება-ფილმი, მახსოვრობის სანაგვეში გადაყრილი. არავისთვის მომიყოლია, ფატალური არ გამომდგარიყო.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა ხერხეულიძე   Wed Jul 01, 2009 1:20 pm

მზე ამოდიოდა, ან ჩადიოდა.
ვისთვის როგორ...


(გაგრძელება)

გამთენიისას მთაზე ავედით. უხმაუროდ მივიწევთ წინ, ზღვა ქვევით რჩება. სოფელი გამოჩნდა, მწვანე ხეებში ჩაფლული, როგორც ზაფხულში. აქ გავჩერდით და პირობისამებრ გავიყავით უსიტყვოდ, თორმეტ-თორმეტ კაცად. ჩვენ ზემოდან უნდა შემოვუაროთ სომხურ სოფელს, დაზვერვის მონაცემებით მტრის დაჯგუფება ამ მიდამოებშია. ავცდით თუ არა პატარა მინდორს და ტყეში შევედით, დაგვცხეს. ხეებს ვეფარებით გადარბენებით. ჩვენც ვისვრით სავარაუდო მიმართულებით, ვერაფერს ვხედავთ, ისეთი დაბურული ტყეა. თითო-თითოდ ისვრიან, არაავტომატურად, მაგრამ ძალიან სწრაფად დამიზნებით, სიზმარი გამახსენდა და დაიწივლა კიდევაც ტყვიამ, მერქანი აათალა ჩემს საფარ ხეს - სნაიპერია ეს დედამოტყნული. ზუსტად ასე გადავძახე გვერდით ხესთან აქოშინებულ თანამებრძოლს, თემქელი ბიჭია მგონი, ქურთი მაზუთას ეძახიან კანის ფერის გამო ალბათ, მამუკი - ასე მომმართავს. ზევით მივიწევთ. დაბურულ ხეებს ვესვრით და ამ დროს გადავრბივართ საფარიდან საფარში. შაშხანა არ ჩერდება, ვირტუალური სიკვდილები დაჰქრიან კივილით. დამჭრა ამ ნაბოზვარმა - მომესმა ქვემოდან, მგონი ზაზაა. ძლივს ამოვლილი მანძილი უკან ჩავირბინეთ, არ შემშლია, ის არის. ხესთან მიწოლილა გვერდულად, გაფითრებული და დაბნეული ხელს მუცელზე იდებს, არადა, გარედან არაფერი ემჩნევა. გავუხსენით სქელი ბუშლატა, სვიტრი და მაისური ავუწიეთ და ნეკნთან ძლივს შევამჩნიეთ კალმის წვერისხელა ჭრილობა. არაფერია, ვამშვიდებთ ჩვენ და ისიც ნდობით აღსავსე თვალებით შემოგვჩერებია.ზაზა საბურთალოელია, ბუთქუნა, დიდი ბიჭია, თავის კვარტალს არ გაცილებია, ყველა ამბავი, რასაც ჰყვება, უბანში ლუდის სმის ან კროსვორდების შევსების დროს ხდება. მაგარი იუმორი აქვს, ძმაკაცს წამოყვა, რომელიც სხვა ჯგუფში აღმოჩნდა და ამას დარდობს “ეს ჩემისა მაინც იყოს აქ….” ვამშვიდებთ - ჩვენ რა, არ მოგხედავთ, ბიჭო? გადაწყდა, ორნი ჩაიყვანენ ბაზამდე, იქიდან კი მანქანით სოხუმის საავადმყოფოში. ვინ წაიყვანს - ამაზე პატარა გარჩევა კინაღამ მოხდა, არავის უნდა ბრძოლიდან წასვლა, ბოლოს ძალით გავუშვით. ერთი მათგანი მაზუთაა, ხუთი შვილის მამა, ცოლი ბოლო მშობიარობას გადაჰყოლია. "ზაზა, იზვინი, ძმა, მარა რეიზა მე,” - სასაცილოდ უქცევს ხოლმე იმერულად. მე ვუხსნი: “ეს უფრო საპასუხისმგებლო მისიაა, მაზუთ, თან ეგრევე მობრუნდები. დავაი, დროს ნუ კარგავთ”. - “ხარაშო, მამუკი, ბალნიცაში დავტოვებთ და ეგრევე გამოვგაზამ”. ჩვენ საცეცხლე წერტილისკენ ვისვრით და ამ დროს ესენიც ქვევით მიარბენინებენ გუგებგაფართოებულ ზაზას, რომელსაც ყველაზე მაგრად თავისი ტყუპისცალი და ადარდებს - “ერთ რამეს გთხოვთ, თუ დავიბრიდე, ჩემს დას არ უთხრათ, გაუშვი, დაკარგული ვეგონო, ეგ ვერ გადაიტანს. მზე რომ ჩადის ზღვაში ბოლო წამს უეცრად, ეგრე მოვკვდები?” ”კარგი, ბიჭო, გაკაწრული ხარ,” ვამბობ, მაგრამ მე თვითონ არ მჯერა, ნატყვიარი გარედან ყოველთვის წვრილია. ღმერთმა ქნას, გადარჩეს. მუცელს რომ გაუხსნიან, ეგ ნაღდია.
ისევ ზემოთ დავიძარით, უხილავი სიკვდილებისკენ, გადარბენებით, სროლით, შეკუმშული გულით და პატარა ბიძინას წყნეთიდან გამოყოლილი სუნით. ტყის ბოლოც გამოჩნდა, სნაიპერიც სადღაც აქ არის და ჩვენც დავუშვით ტყვიამფრქვევი უზარმაზარ, ბაობაბივით დაბურულ ხეს. პაუზა - პასუხს აღარ გვაძლევს, მგონი მოხვდა, არ გვატყუებდეს. ერთიც დავცხეთ ყველა იარაღიდან და საფარიდან სროლით დავიძარით.
პირველმა ხაშურელმა თადამ მიირბინა და გაშეშდა, არც ტრიალდება, არც წინ მიდის. ჩვენც მივედით. მოსხეპილ ტოტებზე მწვანექურთუკიანი ქალი წევს, იქვე მოგლეჯილი ხელი აგდია, რომელიც მანიკურებაქერცლილი თითებით ბოლოვდება. გოგო თვალებს ახელს, ოხრავს და რაღაც სიტყვებს ამბობს გაუგებრად. “სხვები გაიქცნენ, ეს რა ნასტირნი ვინმეა, ბოლომდე გვესროდა, ზაზა ამან დაჭრა უეჭველი,” ამბობს თადა, “ხომ არ ვხიო? თვითონაც დაისვენებს,” ავტომატს იმარჯვებს. “არა, მაიცა, იქნებ ენად გამოდგეს,” გია მოგვიახლოვდა ქოშინით, “ჩვენებსაც აუღიათ სიმაღლე, ტყვეები აიყვანეს, რაციამ გადმოსცა, რუსები არიან და ჩეჩნური დროშები აქვთ.” “აAმას რა ვუყოთ?”
ქალი ოცდაათ წლამდე იქნება, წაბლისფერი თმა ბიჭურად აქვს შეკრეჭილი, ჯინსი აცვია მოხარშული, თვითონ ვარიონის იტყოდა ალბათ, დამტვრეული თოჯინასავით მომძვრალ ხელზე ჩეჩნური დროშის სამკლავური უკეთია, ახალი, უფორმო, შავი სამხედრო ბათინკები ინვალიდის ფეხებს ჰგავს. “холоднно, морфи у меня в сумке . . . сделайте ради бога» თქვა უცბად ქალმა, თვალები გაახილა და თავის მოგლეჯილ ხელს დააკვირდა. “замирзаю”. მე მომაჩერდა. ხმას არავინ იღებს. საზარელი სიჩუმეა. მივუახლოვდი, შაშხანა ფეხით გავწიე. წითელი ლაქის ჩანთა ხესთან გდია. ავიღე, ხელის ჩაყოფა მომერიდა, ჩავიმუხლე და მიწაზე გადმოვაპირქვავე. ომისათვის შეუფერებელი ნივთების ჩხრიალმა დაარღვია მყუდროება. უბის წიგნაკი, პომადა, სარკე, პატარა ბოთლუკები, ფანქრები, შპრიცები და სხვა უამრავთან ერთად - სკოჩით საგულდაგულოდ გადაკრული ხუთი ამპულა მორფი. “მე გავუკეთებ,” ამბობს სათვალეებიანი სოსო. ამპულების დამტვრევას შეუდგა, ვიღაცამ ბუშლატი დააფარა აკანკალებულ ცალხელა ქალს. “ამის პროფესიაზე იკაიფე, ერთი თითის გამოკვრა და ვიღაცის ქელეხი, ორმოცი, წლისთავი,” თავისთვის ბუტბუტებს სოსო, თან თავისი უზარმაზარი ლინზებით შპრიცს უყურებს. ვცდილობ სხვაგან ვიყურო, მაგრამ მოგლეჯილ ხელს ვაწყდები. “საავადმყოფოში წავიყვანოთ, თუ რა ვქნათ,” კითხულობს გია. “რა ვიცი, აზრზე არა ვარ, სოფელში ჩავიყვანოთ, მგონი იბრიდება, თვალებს აღარ ახელს და აღარც სუნთქავს”. ყელის არტერიაზე ვადებ თითებს. გარდაიცვალა. სოსო მაინც უწევს მარცხენა მკლავს და მეც არაფერს ვეუბნები. უბის წიგნაკი ავიღე, გადავშალე და პირველ გვერდზე წერია დიდი ასოებით: კატერინა ფედოტოვა, დაბადების წელი რაღაცა, ქ. ლენინგრადი. სისხლის ჯგუფი პირველი.. “წასვლის დროა,” ამბობს გია. “ბაზაში უნდა დავბრუნდეთ, სადაც არის დაბინდდება, ტყვიები აღარა გვაქვს”. “ყველამ თავის მკვდარს მიხედოს,” - გამახსენდა, მაგრამ ამის პატრონი ტურები არიან, მტრის გვამების დამარხვას ვერ ავცდი. სოფელში ჩავიდეს ვინმე, ნიჩბები წამოიღონ. ავტომატის კონდახით მიწა მოვსინჯე, ადვილი გასათხრელია. “სოფლელები მიხედავენ,” მეუბნება გია და სნაიპერის შაშხანას იღებს ხელში. “ტრაფეია... არა, მეზიზღება,” ტყვიებდაცლილ თოფს ლულაში ჰკიდებს ხელს და ბაობაბივით ხეს ურტყამს, დამსხვრეული დეტალები ცვივა აქეთ-იქეთ. სამიზნე ჭოგრიტი ჩემს ახლოს დავარდა, ავიღე და გავიხედე: ოთხად დაყოფილი პანორამა. ქვემოდ მოვატრიალე. შორს, ჰორიზონტზე, ზღვა მოსჩანდა, ზუსტად ისე, როგორც სიზმარში. მზე ჩადიოდა ან ამოდიოდა. ვისთვის როგორ...

(დასასრული)
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა ხერხეულიძე   Fri Oct 30, 2009 9:01 pm

მამუკა ხერხეულიძე

ბებე

დაკვირვებული ვარ, ცუდ ამბებს ყოველთვის ერთი და იგივე ხალხი მატყობინებს. ამათში ყველაზე სწრაფი პროვაიდერი ჩემი ბავშვობის მეგობარი ნუკრია. ერთხელ, რომელიღაც უბნელის წამლით გაპარვა შემატყობინა ტელეფონით _ ეხლა იქ ვარ, საავადმყოფოში, ჯერ კიდევ თბილია… გუშინ რა ქენი, დალიეო? _ პირდაპირ ასე გააგრძელა. იმ დილასაც ასე მოხდა. მობილურმა დარეკა, ნუკრია. ახალი გაღვიძებული ვიყავი, სანამ ვუპასუხებდი, ქუჩაში გადავიხედე, თოვდა, ისე თბილად, თან პირველად ამ ზამთარში, ნუკრის პანდორას ყუთი არც გამხსენებია. _გაიგე?_ ისევ ის იყო. _ ბებემ თავი მოიკლაო…
მარჯანიშვილის თეატრთან ძველი, სამსართულიანი, ლამაზი სახლი დგას. აქ გალაქტიონ ტაბიძე ცხოვრობდა, თუმცა პლეხანოველი ქუჩის ბიჭისთვის, რომელსაც იმ დილით ბებემ დაურეკა, მეფე პოეტის და მისი თვითმკვლელობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. იოჟიკ, ბებე ვარ, დროზე ამოდი, შენთვის მარმელადი მაქვს, მე აბაზანაში შევდივარ, გასღები ფეხსაწმენდის ქვეშ იდება, პირდაპირ შემოდი. მობილური გათიშა:”ახია შენზე, ნაღდად აღარ გაიკეთებ”.
მარმელადი, ანუ წამალი ერთი თვის წინ გადააგდო იოჟიკამ, ნარკოლოგიურში იწვა. კინაღამ გაარეკინა სუბუტექსმა, რა აღარ ელანდებოდა, ცოლზეც ვეღარ ეჭვიანობდა, თვითონ აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა. წინა დღეს თვითონ დაურეკა ბებეს _ რამე არ იცი? ერთი გაკეთება მინდა რა, უძილობით დავიღალე, მთელი დღე ტელევიზორის ყურებამ შემაყლევა, შპრიცი გადავაგდე და პულტზე დავჯექი, ერთი თვე გავიდა და მაინც არ მიდგებაო. საბაჩი პერეულოკიდან მარჯანიშვილამდე თხუთმეტი-ოცი წუთი უნდოდა, ბებეს ბოლო ტაიმი. წამმზომი ჩაირთო _ ამ დროში უნდა ჩატეულიყო. ყველაფერი მზად იყო, შვიდი წერილი მაგიდაზე იდო, რომელთა ადრესატები ზედმიწევნით შეუსრულებენ ყველა თხოვნას, ოღონდ ეს მერე, როცა სახელდახელოდ ნაყიდი ახალი კოსტუმით XX-ლL სასახლეში იწვება თეთრი ბინტით ხელებშეკრული და ალბათ გამაყრუებული ხმაურით ოდნავ შემცბარი, გაყინული, გალურჯებული სახით. იოჟიკა კი უკვე მოქროდა აჟიტირებული, თოვლჭყაპიან “საბაჩიზე” და ჩხეიძეზე ტრავმატოლოგიურის დარაჯს ესალმებოდა, პალტოზე ჭუჭყიანი, ოდესღაც თეთრი ხალათი რომ ჰქონდა მოსხმული. ბებემ გასაღები ფეხსაწმენდის ქვეშ უკვე დადო, თან ფრთხილად, მეზობელს კარის ხმა არ გაეგო, მისი მობილური ლომბარდში ჰქონდა დაზალოგებული და ყოველ შეხვედრაზე ტვინს უჭამდა, როდის მომცემო (ლაშასთვის დატოვებულ წერილში ამ ლომბარდის მისამართი და ქვითარიც იდო). ნაიკის სპორტული პიჟამოც ეცვა, თასმით მოჭერილი კაპიუშონით, გაგლეჯილი თავიდან გამოსხმულ სისხლს კედლები ჭერი და მთელს კედელზე გაყოლებული ტანსაცმლის თეთრი კარადა რომ არ დაესვარა. გარდერობი ერთ დროს სავსე იყო, ახლა კი პლეხანოვზე სუბუტექსის ბარიგებს მისი შმოტკებით ამოიცნობდი _ ძველი წამლის კრიმინალი ბარიგებისგან განსხვავებით, სუბუტექსის დილერები ჩვეულებრივი, “კარგი” ბიჭები იყვნენ, პრესტიჟული პროფესიის წარმომადგენლები და ზოგი საზოგადოებას მორალსაც კი უკითხავდა. მოკლედ, ჩვენს სნობურ ქალაქში მოდური რამე გახდა.
ლოგინთან მდგარ ტელევიზორს ხმა ბოლომდე ჰქონდა აწეული, არა იმიტომ, რომ მეზობლებს სროლის ხმა არ გაეგოთ _ თვითონ ეშინოდა მოულოდნელი ხმაურის, სიჩუმეში შეიძლება კუროკისთვის ვერ გამოეკრა. იმ დღესაც, მეზობლად მშენებარე მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან რომ ვერ გადმოხტა, მგონი სამარისებულმა სიჩუმემ გადააფიქრებინა. ბოლო, მაგრამ მთავარი დეტალი რჩებოდა, იარაღის გატენვა, რომელიც პირველად ეჭირა ხელში. ეს იარაღი ბებესთან ამ ბოლო დროს ჩასახლებულ ერთ პატარა ძველს, ოთოს ედო ბალიშის ქვეშ, წამალზე მოძრაობის დროს ზედ რომ არ ჰქონოდა, ამ დღეებში წავიღებო. ნანახი კი ჰქონდა ბევრჯერ, მაგრამ თვითონ არასდროს უხმარია. არ უყვარდა, ის კი არა, თბილისის ომი რომ დაიწყო და თითქმის ყველა მის მეგობარს იარაღი ეჭირა, ვინმე რომ ამოიღებდა, მაგარ პანიკას აკეთებდა _ გაწიე, შეჩემა, პროსტა რომ გავარდეს, მაინც მე მომხვდება, იმხელა ვარო. იმ წლებში მგონი ამის გამოც წაიყვანა ოჯახი ჰოლანდიაში. თავშესაფარი არ მოუთხოვიათ, პლეხანოვი ენატრებოდა. დეზერტირის ბაზრიდან მშობლების გარდაცვალების მერე სახლი აქ, მარჯანიშვილზე გადმოცვალა, თუმცა მაშინ ბევრი ფულიც ტრიალებდა მის ხელში, მეგობარი ოლიგარქის რამდენიმე მილიონიც ბევრჯერ უტარებია ქეისით მოსკოვში ან თბილისში, ისე, რომ შიგნით არც კი ჩაუხედავს. წელიწადნახევარი ამსტერდამში ვცხოვრობდი და იქ არ გამიკეთებია წამალი, იმ დედამოტყნულ მოსკოვში რამ გამაგიჟა, ეს სუბუტექსი რამ გამაკეთებენა, განწირული ბომჟების წამალი, სანდრიკას დედას რომ შევეციო, ხშირად ამბობდა.
ზატვორი მარცხენა ხელით გამოსწია, სწრაფად, კინოებში რომ უნახავს, ისე, რკინების ჩხაკუნი, ჩახმახი ფეხზე შედგა და ტელევიზორიც ჩაქრა. ეტყობა დენი წავიდა. სიჩუმე ჩამოწვა.
მთელი ღამის ნალომკარი ოფლი სრულიად შეაშრა. დააკვირდა, აღარც ფეხები ტკიოდა, რომლების მოჭრასაც ნატრობდა ღამის აბსტინენციაში, ციებ-ცხელებაც გამქრალიყო, ფიზიკური აღარაფერი აწუხებდა. კედელზე ბავშვობისდროინდელ ფოტოს ახედა: დიდი, მოკლეშარვლიანი, ბუთქუნა ბიჭი კალათბურთის ბურთზე იჯდა და ობიექტივს ენას უყოფდა. მაგიდას გახედა. წერილების დახევა ნიშნავდა სიცოცხლეს ანუ იგივეს: წამლის ფულის ჩალიჩი, თან საიდან, ყველაფერი, რისი დაზალოგებაც შეიძლებოდა, უკვე ჩაბარებულია, მეგობრებს ვეღარ ენახვება, ამდენი შეცდომის მერე, რაც არ უნდა მოიფიქროს, არ დაუჯერებენ, კარგი, ერთხელაც მიადგება გიას, ლაშას ან ლევანს, ზახოდის ფულს გამოართმევს, მაგრამ საღამოს ისევ ლომკა, ისევ მაყუთის ძებნა, უძილობა, ისევ ფეხების ღრღნა და რაც მთავარია, საკუთარ თავთან, ძველ, თავმოყვარე ბებესთან დაშვებული კომპრომისები, აუტანელი სინდისის ტკივილი, რასაც სუბუტექსის გარდა არაფერი შველის, ისიც ცოტა ხნით, მეორე გაკეთებამდე, თან ეს დედაძაღლი აღარც აკაიფებს, ცოტა ხანი ხოდზე მოიყვანს, სიგარეტს მოაწევინებს..… ბავშვის სწავლის ფული იყო შესატანი, სახლი, სადაც მისგან წასული ცოლი და შვილი ცხოვრობდნენ, ბანკში იყო დაგირავებული, ესეც ბებეს ბრალდებოდა, არადა, ამ ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავის დროზე თვითონ იყო, სანამ ის ამბები არ მოხდებოდა _ ამ პრობლემის მოგვარებას რიგით მეორე წერილში ითხოვდა…
ისევ ოფლმა დაასხა, ფეხებიც ნელ-ნელა ღრღნას იწყებდნენ. სიგარეტის მოწევა დააპირა და მარცხენა ხელში პისტოლეტი აღმოაჩინა, რაღაც უცნაური მომჟავო სუნი ჰქონდა პისტოლეტს. წამით ვერ გაიხსენა, რას აგონებდა, მგონი იმას ბავშვობისას რადიოლას ელემენტს ენას რომ დაადებდა.… სიგარეტიც გათავებულიყო, იოჟიკაც ჩელუსკინელების ხიდამდე მოსული იქნებოდა და ავეჯის მაღაზიასთან მარჯვნივ უხვევდა.
მივიდა, აივნის კარი გამოაღო. ბარდნიდა. ბავშვობის დაკვირვება გაახსენდა თოვლთან დაკავშირებით _ სადღაც ზემოთ, ცაში, რაღაც გაფუჭდა და იმიტომ თოვს. ქუჩის ხმაური აღარ ესმოდა, როცა ყავისფერ, მოკლე დუბლიონკიანი, ჩქარი, მოკლე ნაბიჯებით მომავალი იოჟიკა დაინახა. ბოლო ტაიმის უკანასკნელი წამები მიქროდნენ.
კარი მიხურა და ტელესერიალის დამასრულებელი სამხრეთამერიკული სიმღერაც აღრიალდა, დენი მოვიდა. ბებე ლოგინზე ჩამოჯდა, პისტოლეტი კაპიუშონზე, ყურთან მიიბჯინა, ოთახს თვალი მოავლო. ყველაფერი მზად იყო საპანაშვიდედ. თავისი ძმაკაცები წარმოიდგინა, ვინ სად იდგებოდა ან იჯდებოდა, და ბავშვობის დროინდელი, კალათბურთის თამაშის დროს გადამწყვეტი ტყორცნისას გაგონილი ვიღაცის შეძახილი ჩაესმა: “წავიდა!”
იოჟიკა კი უკვე “პალავიკის” ქვემოდან გასაღებს იღებდა _ თვითონ ასე წერდა პოლიციაში, ახსნა-განმარტებაში, სადაც რა თქმა უნდა მარმელადს ანუ სუბუტექსს არ ახსენებდა, _ გულაფრიალებული, უფრო სწორად, ვენებ-აფართხალებული, თუმცა ვენები სადღა ჰქონდა, საათობით წვალობდა ცისფერი კაპილარის ძებნაში, ის კი არა, ერთხელ ასოზეც გაიკეთა, სადაც ვენა შემორჩენილიყო. მერე დაუჩირქდა და კინაღამ მოსაჭრელი გაუხდა, თუმცა ახლა მაინც არაფერში არგოდა. მაღალჭერიან კორიდორში შესულს სახლში მიტოვებული სერიალის, პერსონაჟებს აცხადებდა პათეტიკური მთარგმნელი, ოღონდ ძალიან ხმამაღლა, ალბათ აბაზანაში რომ გაიგოს ბებემ, იმიტომ აუწია ამხელა ხმაზეო, გაიფიქრა და პირდაპირ საძინებელი ოთახისაკენ გასწია. ბებე შეტყუპებულ ლოგინებზე იყო გადაწოლილი, კაპიუშონიანი კეფით კარისკენ. ალბათ ახალი გაკეთებული აქვს, საძილეც შერეული და პრიხოდშიაო, ჩქარი ნაბიჯით გასწია საწოლთან მდგარი ტუმბოსკენ, სადაც ტრადიციულად სუბუტექსის დაფშხვნა და “დერბანკა” ხდებოდა ხოლმე, თავისი ზახოდი იქ ეგულებოდა. ლოგინს შემოუარა, ბებეს ნაჩქარევად დახედა, უცნაურად ეჩვენა ღია, უმეტყველო და შეშინებული თვალები, მარჯვენა ხელი ტანის ქვეშ არაბუნებრივად მოქცეულიყო. მხოლოდ ახლაღა შეამჩნია ოთახში რაღაც ნაცნობი, მოტკბო სუნი, მარჯვენა მხარეს გადაგდებული კაპიუშონიანი თავიდან სისხლი ჟონავდა და ცისფერ საბანზე ლაქა დიდდებოდა… არა, _ წამოიყვირა იოჟიკამ, მაგრამ მისი ხავილი სარეკლამო მუსიკის ხმაში ჩაიკარგა. უცბად მოეჩვენა, რომ ტელევიზორის გამორთვა დაასრულებდა ამ საზარელ სიზმარს, ასე ეგონა, ყველაფერი მორჩებოდა, თუ ხმაური შეწყდებოდა _ ეცა და კარგა ხნის მერე იპოვა გამოსართველი.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. იქნებ ცოცხალია, გაიფიქრა და კინოებში ნანახი დეტალი გაახსენდა, ორი თითი საძილე არტერიაზე დაადო. ახლოს მისულმა ბებეს უზარმაზარ ფეხებთან, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი დაინახა, ჩახმახშემართული, დაიხარა და აღება დააპირა, მაგრამ გაახსენდა, მისი თითის ანაბეჭდები დააჩნდებოდა იარაღს და ეჭვი მასზე გაჩნდებოდა. უცბად შეეშინდა, ისიც გაიფიქრა, ხომ არ გავიქცეო. ბებეს უნაკლო მენეჯმენტში ეს ლოჯისტიკური კვანძი უმნიშვნელოვანესი ლაფსუსი იქნებოდა, სამი საათისთვის სამსახურიდან დაბრუნებულ მის უსაყვარლეს, ერთადერთ დედმამისშვილს, მშობლების გარდაცვალების მერე ყველაზე ერთგულ ადამიანს, დას არ უნდა ენახა ეს სცენა, შეიძლება მასაც თავი მოეკლა. მისთვის და შვილისთვის მიწერილი წერილები მარჯვენა ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული, დანარჩენი ხუთი მაგიდაზე იდო. კიდევ კარგი, იოჟიკამ წერილებს დახედა, _ წინასწარ განზრახული და ეჭვგარეშე თვითმკვლელობა, რაც სრულიად ნათელი იქნებოდა გამოძიებისთვის და საუბედუროდ, ეკლესიისთვისაც. ბებეს ახლობლებისთვის ამ ტრგედიაზე უფრო დიდი შოკი, მისი წესის აუგებლად დაკრძალვა იყო, არა გარდაცვალება, არამედ ჩვეულებრივი და სამუდამო სიკვდილი.
მარჯანიშვილის თეატრთან, გალაქტიონ ტაბიძის სახლის გვერდზე, უცხოური მანქანები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. სოლიდურად შავებში ჩაცმული ახალგაზრდა კაცები საქმიანად შედიოდნენ და გამოდიოდნენ პანაშვიდით გახალისებულ სადარბაზოში. ზოგიერთები შესასვლელში იდგნენ, სიგარეტს ეწეოდნენ სახელდახელოდ დადგმულ “გალუაზის” ურნასთან, ხმადაბლა საუბრობდნენ ძალიან ჩვეულებრივ ამბებზე, ვთქვათ, თოვლი როგორ უდროოდ წამოვიდა თბილისში როცა ზამთარი თითქმის გასული ეგონათ, საბურავები გამოსაცვლელი ჰქონდათ თუ არა, ან “ლევერის” გაყიდულ თამაშზე, მაგრამ რომელიმე ავტორიტეტული ბებეს ძმაკაცის გამოჩენაზე ჩუმდებოდნენ და თავდხრილები, ღრმა ნაფაზებს არტყამდნენ მწუხარე სახეებით. მაღალჭერიანი კორიდორის მარჯვნივ სამზარეულოში “არმანის” ძაძებიანი ქალები ისხდნენ, ყავას სვამდნენ და შეწუხებული სახეებით ყვებოდნენ ქმრის რეაქციას ამ ტრაგედიის შეტყობისას, და რაც მთავარია, თავიანთი მოძღვარის კომენტარებს უბედური ბებეს წესის აგების უშანსობაზე და, შესაბამისად, ჯოჯოხეთში გამგზავრებაზე. _ არადა წინა შაბათს დასაფლავებაზე შემხვდა და წამეკაიფა, შენს ქმარს პარნოიში, რომ დაადექი, კარები რომ გააღებინე, _ ზეწრები გამომართვითო_ მომსახურე პერსონალის მოსომხო ხმით, როგორ ეძახდიო. ვერაფერი ვერ შევამჩნიე, ჩვეულებრივი ბებე იყოო, _ ყვებოდა ერთი ქალი _ ჩაცმულობის მიხედვით თორემ ისე ალბათ გოგო, რომლის მაკიაჟიც ცრემლებს გაეფუჭებინა. კორიდორში ჩამოკიდებულ სარკეს ზეწარს აფარებდნენ ამ ქალებისათვის უცნობი, უპრეტენზიო და უსახელო ჩაქუჩმომარჯვებული ნათესვ მეზობლები. შუა გაჩახჩახებულ დიდ ოთახში, სადაც უზარმაზარი სასახლე იდგა, გარშემო ჩამწკრივებულ სკამებზე კანტიკუნტად მგლოვიარე ადამიანები ისხდნენ და ჩუმად ტიროდნენ ბებეს მუდმივ უბედობაზე. მღვდლის და ეკლესიის გარეშე სიკვდილიც კი არ გამოდიოდა ლეგიტიმური. სუდარაგადაფარებულ მიცვალებულს ამაზე ნაფიქრი ჰქონდა რაც შეიძლება მკაცრად ეძია შური საკუთარ თავზე, ის კი არა, ლაშასათვის მიწერილ წერილში ქელეხს ნუ გამიკეთებთო, წერდა.
მისი ბიჭები ბებეს საძინებელ ოთახში იყვნენ ზარდაცემულები შეწუხებულები საკუთარ თავზე გატეხილები, რომ დროულად ვერ მოიცალეს ბებესთვის და ზუსტად ისე, როგორც მან სასხლეტის გამოკვრის წინ წარმოიდგინა. ყველას თავისი წერილი ედო ჯიბეში. დილითვე შეუსრულეს ყველა თხოვნა, ლაშას უკვე გამოეტანა ლომბარდიდან შვიდი, პატარა, წითელი კანტებით შეკრულ ცელოფანის პარკებში ჩადებული ოქროს ძეწკვები, ბეჭდები, საყურეები, მეზობლის შელახული მობილური, რომელსაც რეზინით ჰქონდა შემოკრული ქაღალდის ქვითარი _ ორმოცი ლარი, და კიდევ რაღაც ოჯახის რელიქვია _ ვითომ ძვირფასი ნივთები. პარკები თემიკოს ეჭირა, შიგნით ქაღალდის ქვითრები იდო, ასათი აშშ დოლარი, მეორეში _ სამოცი ლარი და ასე შემდეგ, სულ ალბათ ათას დოლარამდე. ლოგინზე სადაც ბებემ ბოლოს პისტოლეტის მიბჯენით თავი გაიხვრიტა, ვიღაც მისი ოდნავ “პრიატნი”, დასუბუტექსებული პლეხანოველი ძმაკაცი ჩამომჯდარიყო, ბოხი ხმით უყვებოდა ახალ შემოსულ უბნელს და ენერგიულად აჩვენებდა ცაცია ხელით, როგორ გამოკრა, შემდეგ როგორ გაიარა მაკაროვის ვითომ სუსტმა ტყვიამ თავი _ და აი, აქ შეძვრა _ თეთრ გარდერობზე ნატყვიარს აჩვენებდა. ლაშა, გია, თემიკო, ლევანი, ჩუმად ისხდნენ თავჩაღუნული და ერთი და იგივე რამეს ფიქრობდნენ, რასაც არაფერი ეშველებოდა _ წესს ვერ აუგებდნენ. ეს იყო ყველაზე შეუძლებელი რამ, დანარჩენი მეასეხარისხოვანი იყო ყველაფერი. ამ ბიჭებს ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ ამ ქალაქში, აქ კი სრულიად უძლურები იყვნენ. მიუხედავად საკუთარი გამოცდილებისა _ ამ ქალაქში ძალიან ბევრი თვითმკვლელობა ხდება _ მაინც თავიანთ მოძღვარ, მეგობარ ეპისკოპოსებს მორიდებულად ჰკითხეს და როგორც მოსალოდნელი იყო, უარყოფითი პასუხი მიიღეს, მაგაზე არც იფიქროთო.
და უცბად გია წამოდგა _ შანსი არ არის, პატრიარქთან მე მივალო. ბიჭებმა, შენ ხომ არ გაგიჟდიო, მაგრამ გიას გაჩერება აღარ არსებობდა. ბებეს სულს, რომელიც იქვე, ყველასაგან შეუმჩნევლად კუთხეში იდგა და აღარც ლომკა აღელვებდა და აღარც რვიანით აღნიშნული ოვალური, შუაზე გაყოფილი აბი, გიას სიჯიუტეზე გაეღიმა, რაც ასევე არავის შეუმჩნევია. გია არავის აღარ უსმენდა, უკვე მანქანაში ჯდებოდა. სადარბაზოსთან იმ უბნელმა მხრებში მოხრილმა, გამხდარმა, ტყავისქურთუკიანმა ბიჭებმა შეაჩერეს _ ერთი ორმოცი ლარი დაგვიმატე რა, სუბუტექსზე გვაკლდებაო. გიამ ამოიღო და ორმოცდაათლარიანი მისცა, ისე, რომ იმათკენ არც გაუხედავს, ის უკვე საპატრიარქოს მისაღებში იყო ფიქრით, ისინი კი ბარიგის ტელეფონს კრიფავდნენ, პანაშვიდზე მოსული მათთვის უცხო ადამიანისაგან ნათხოვარი მობილურით, რომელიც ოდნავ შეშინებული იყო _ ტელეფონი არ გაეტაცებინათ და არ გაქცეულიყვნენ _ ამ ქალაქში ასეთი რამეებიც ხდებოდა.

_ თქვენო უწმინდესობავ, ფეხები უკან მრჩებოდა, ვიცი, შეუძლებელ და აბსურდულ რამეს გთხოვთ. რამდენიმე სამღვდელო პირმა და ჩემმა მეგობრებმაც მირჩიეს, ტყუილად ნუ მიხვალ, აზრი არა აქვს, იმ ადამიანსაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებ და შენც ნაწყენი უნდა დარჩეო, იმდენად შეგნებულად აქვს ყველაფერი გაკეთებული. მაგრამ მე, როგორც მისი ბავშვობის მეგობარი, დარწმუნებული ვარ, ეს მკვლელობა იყო… _ გიამ ეს აქვე მოიგონა, წინასწარ არასდროს არაფერს არ გეგმავდა, იმპროვიზაციის და ინტუიციის სჯეროდა. რაც მეგობრებს არალოგიკურად და ხშირ შემთხვევაში სიგიჟედ გვეჩვენებოდა, მისთვის, თუ ერთხელ ამოიჩემებდა, შეუსრულებელი არაფერი არსებობდა. ასე იყო აქამდე, ახლა კი..…
მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო ყველა ერთხმად ამბობდა, არ არსებობსო, მაინც სჯეროდა, პატრიარქისაგან დადებითი პასუხით წამოვიდოდა, რატომ _ ეს თვითონაც არ იცოდა, უბრალოდ, ასე სწამდა.
ნეტარ არიან მორწმუნენი.
უწმინდესი თავის უზარმაზარ ხის სავარძლის საზურგეზე თვალებმილულული მისვენებულიყო. ბოლო ფრაზაზე გასწორდა, სათვალე შეისწორა და ისე შეხედა რომ გიამ უხერხულობისგან წამით ისიც გაიფიქრა, იმას ხომ არ ფიქრობს, ვატყუებო. თბილისში ასეთი რამ ერთხელ მოხდა, თვითმკვლელის თავის ჭკუაში მაგარმა “შენძრეულმა” ძმაკაცებმა ასეთი რამე “დამოზგეს”, მღვდელი მოატყუეს, მოკლულიაო და წესი ისე ააგებინეს. გიას ეს ამბავი გაახსენდა და თავისი სენტენცია სასწრაფოდ გააგრძელა: _ მეუეფეო, ძველმა, კარგმა, ჯიგარმა, სპორტსმენმა, კეთილშობილმა ბებემ ახალი, ცუდი ბებე მოჰკლა.
პატრიარქს შეეტყო, რომ ოდნავ დაწყნარდა, ისევ საზურგეს მიენდო, თვალები დახუჭა, სათვალე მოიხსნა, მაგიდაზე დადო და დიდი პაუზის შემდეგ წყნარად წარმოთქვა: _ შვილო, გიორგი, მიამბე კიდევ რამე მის შესახებ… ბესო, ხომ?
_ დიახ.
საიდან დაეწყო, არ იცოდა, ის ამბები, რაც მისთვის აქ მოსვლამდე დადებითად ახასიათებდა ბებეს, ახლა ძალიან პრიმიტიული და არაფრისმთქმელი გახდა, რომელი ერთი მოეყოლა… და პირდაპირ დაიწყო: მამამისი ქართული კალათბურთის ლეგენდად წოდებული იმ გუნდის წევრი იყო, ევროპის ჩემპიონობა რომ აქვთ მოგებული. თვითონ კი კალათბურთში საქართველოს ნაკრების წევრი, იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დინამოელი, დერიუგინის და იმ პლეადის სპორტსმენი, _ მიღწევების ჩამოთვლასაც აპირებდა, მაგრამ ატყობდა, ეს ოფიციალური ინფორმაცია არაფრისმომცემი იყო. რაღაც სულ სხვას ელოდა მთელი საქართველოს ცოდვების სამართალმემკვიდრე და კიდევ ერთი დაკარგული ცოდვილი სულის უიმედობით შეწუხებული ხანშიშესული ბერ-მონაზონი, უზარმაზარ ხის სავარძელში ყურადღებით მთვლემარე, პანაგიების და სადღესასწაულო მორთულობის გარეშე, უბრალო შავი მოსასხამით _ ასეთი დიდებული და უბრალო სანახავი იყო უწმინდესი ოცდასამ ნოემბერსაც, რევოლუციის ღამეს, როცა უსისხლოდ გამარჯვების საუწყებლად ვეწვიეთ საპატრიარქოს ეზოში; ის ბოლთას სცემდა, ჩვენს დანახვაზე ცრემლი მოადგა და განმარტოვდა. _ კიდევ მიამბე რამე, გიორგი, ბესოს შესახებ, წერილებში რას წერს? _ გაიმეორა პატრიარქმა ისე, რომ თვალები არ გაუხელია.
გიამ შვილისადმი მიწერილი წერილით დაიწყო. _ დედას დაუჯერე ისწავლე, მაპატიე, თუ შეძლებ, მაგრამ იცოდე, ჩემი სიკვდილით მეტს გაგიკეთებ, ვიდრე სიცოცხლითო, _ და გია მიხვდა, ამით უფრო მძიმდებოდა ბებეს საქმე, რადგან ბიჭებმა ყველაფერი შეუსრულეს, ეს ანგარებიანი წინასწარგანზრახული თვითმკვლელობა იყო. _ უწმინდესო, ამ წერილების შინაარსი მე ზუსტად არ ვიცი, მე რაც მომწერა, ჯიბეში მიდევს, თუ ნებას მომცემთ, წაგიკითხავთ. პატრიარქმა თავი დააქნია, კვლავ თვალდახუჭულმა და გიას ამ ბოლო თხოვნას მხოლოდ ფორმალური, მისდამი პატივისცემის გამოხატვის ფუნქცია ჰქონდა. _ ერთი კვირის წინ ვნახე და დავპირდი, ამ თვის ბოლოს გაგიშვებ ბიშკეკში, გიმკურნალებ-მეთქი. გია ჯიბიდან წერილს იღებდა ნერვიულად და თვითონვე ხვდებოდა, როგორც სიკვდილმისჯილს, ბოლო თხოვნას უსრულებდნენ, ვთქვათ, სიგარეტი მოაწევინეს, ვერდიქტი გამოტანილი იყო. ან ეს ბიშკეკი რამ ათქმევინა, რაღაც მხოლოდ მორფინისტებისა და მათი მშობლებისათვის მითოლოგიური სახელწოდება. ამასობაში წერილი უკვე ხელში ეჭირა და დაიწყო პირველად თავის ცხოვრებაში ბორძიკით, უიმედოდ. ტექსტი არ გაუსწორებია, ზუსტად იცავდა სტილს, ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა:

“გრეჩიხ გია (მარტომ წაიკითხე)
გია ძმაო შენ თავზე ნურაფერს ნუ იფიქრებ გთხოვ, რომ დროზე დამეწვინა და იქნებ ეს არ მომხდარიყოო, არა ძმაო ასე არ არის, შენ ჯიგარი ხარ, რომ გულით გინდოდა ჩემი აზრზე მოყვანა, მაგრამ მე მარტო ეგ არ მაწუხებდა, მე ყველაფერი ერთად მაწუხებდა, ბევრი რამ, რაც ჩემს კაცობაზე და ჩემს პიროვნებაზე მოქმედებდა. კარგი წამალს გადავაგდებდი მაგრამ უამრავ შეცდომას და სინდისის ტანჯვას ხომ ვერ გადამაგდებინებდნენ.
გია არის ასეთი ჩემი პატარა ძმა ოთო ჩახავა (მაგთის რაღაც ნომერი) ძალიან კარგი ბიჭია, რაც მე დამპირდი, იმას თუ გაუკეთებ, მაგრად გამიხარდება, იქ ჯოჯოხეთში, იმიტომ რომ კარგი ბიჭია და არ მინდა ცხოვრება დაუმახინჯდეს, თან გულით უნდა გადაგდება.
ცამეტიდან ჩვიდმეტ თებერვლამდე უნდა დაწვეს მერე გვიან იქნება, უფრო სწორედ პრობლემატური და თუ ძმა ხარ თუ გექნა საშუალება აფიშირების გარეშე ჩემგან საჩუქრად გაუკეთე. იცოდე თავმოყვარე ბიჭია და ლამაზად გაუკეთე. მე რასაც ვაკეთებ ვიცი რომ ყლეობაა, ვიცი რომ სუბუტექსმა გამაგიჟა, მაგრამ რა ვქნა გია მაგრად დავიღალე, მომავალი უფრო საშინელი ჩანდა. ვიცი, რომ ჯოჯოხეთში მოვხვდები, მაგრამ აქაც ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის, ამ ბიჭმა მინდა რომ ჩაიტაროს მკურნალობის კურსი, იმიტომ რომ მართლა გულით უნდა. ჩათვალე რომ მე მიკეთებ. ჩემი ძმა ხარ გია და მიდი შეუბერე, მაგრად შეუბერე იცოდე გკოცნი და მაპატიე.

ბებე

P.S. იარაღი ჩემი იყო, იცოდე რომ არ დაიწყონ, საიდან ჰქონდაო და რამე.
სულ მქონდა და იმენნა ეგ იარაღი".


გია ტირილს იკავებდა, მაგრამ ვერ ახერხებდა, როგორც იქნა ჩაათავა წერილი, სახელოთი ცრემლები შეიმშრალა და ეხლაღა ახედა უკვე წელში გამართულ პატრიარქს, რომელიც სათვალეს ირგებდა თუ თვითონაც ცრემლს იწმენდდა, გიამ ვერ გაარჩია. _ გიორგი, შენ იცნობ იმ ყმაწვილს?_
_ არა, უბრალოდ ვიცი, რომ მაგასთან ცხოვრობდა ბოლო ერთი თვე, _ ზლუქუნით, თავჩახრილმა უპასუხა გიამ და წამოდგომა დააპირა. და პატრიარქმა მდივანს უხმო:
_ მამა მიქაელს სთხოვეთ, გიორგის გაჰყვეს და წესი აუგოს. ბესო ხომ? _
ქალი გაკვირვებული, ოდნავ მკაცრი გამომეტყველებით უყურებდა მუხლებზე დაჩოქილ, უკვე მოურიდებლად აღრიალებულ გრეჩიხას, რომელიც პატრიარქის ანაფორის კალთებს კოცნიდა.


(დასასრული)


Last edited by ბობო on Sat Oct 31, 2009 3:08 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა ხერხეულიძე   Sat Oct 31, 2009 1:57 pm



წიგნის დასახელება – "კავკასიური ქრონიკა" (მოთხრობები)
ავტორი – მამაუკა ხერხეულიძე
დიზაინი: გოგა დემეტრაშვილი
ISBN 99940-810-2-0
გვერდების რაოდენობა – 96
ყდა – რბილი
გამოცემის წელი: 2005
გამომცემლობა: “არეტე"


Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: მამუკა ხერხეულიძე - ”ოჩილა”   Wed Nov 04, 2009 1:57 am


სამტრედიის გერბი


მამუკა ხერხეულიძე

ოჩილა

სამტრედია ქალაქია დასავლეთ საქართველოში, ცენტრალური რკინიგზის სადგურით. ტრაფიკების საკვანძო მნიშვნელობით, წესით, როტერდამივით უნდა იყოს. ბგერათა მსგავსებით და ველოსიპედების რაოდენობით კი ამსტერდამს ჰგავს. განსხვავება იმ დროს ასეთი იყო: ამსტერდამში მოახლოვებული სიცივეების გამო ზღვის თოლიების უსაფრთხოების კონცეფციაზე მსჯელობდნენ აღშფოთებული მწვანეები, სამტრედიაში კი ცენტრალურ მოედანზე ახალ შემოგრიალებული ტანკი იდგა დაქოქილი და გარშემო სამხედროები ირეოდნენ. შემოდგომით გაძარცვულ ხეებს აქა-იქ საახალწლო სათამაშოებივით შემორჩენოდათ მწიფე ხურმები თუ კარალიოკები. თუმცა დიდი საგრენადერო ბრძოლები აქ არ მიმდინარეობდა, ადამიანები მაინც იღუპებოდნენ, სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით ქალაქმა კართაგენის ფუნქცია შეიძინა; სამხედრო შენაერთები, რომლებიც გარეგნულად არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან - დროშებიც ერთნაირი ჰქონდათ და ჩაცმულობაც, ახლოს მისულს ძველბიჭური სლენგი ან მეგრული კილო თუ მიახვედრებდა მათ ვინაობას - პერმანენტულად ეპატრონებოდნენ ნეიტრალური სამტრედიელების საყვარელ ქალაქს. აქაურები შეწუხებული სახეებით კითხულობდნენ ახალშემოსული დაჯგუფებების თითქმის იდენტურ განცხადებებს. "მკაცრად დაისჯება”, _ ასე მთავრდებოდა ელექტრობოძებზე გაკრული ტექსტები. მოითხოვდნენ სასწრაფოდ ეცნობებინათ მოწინააღმდეგისადმი ლოიალურად განწყობილი თანამოქალაქეების ვინაობა (შეძლებული ოჯახების “ნაკოლებს” ზეპირსიტყვიერად იგებდნენ). ისეთი სისწრაფით იცვლებოდნენ ქალაქის დამპყრობლები, ჩამშვებისთვისაც ძალიან არასტაბილური ვითარება იყო. შეიძლება, მსხვერპლი თვითონვე გამხდარიყო. ასე რომ, სამტრედიელებს ერთი სული ჰქონდათ დამთავრებულიყო ეს აბსურდული ომობანა, გამოეყვანათ თავიანთი “ველიკები” (მარადიორებს უმალავდნენ), ექროლათ წყნარ ქუჩებში წინდებში ჩატანებული შარვლებით, საღამოს კი განთქმული წიწილებითა და შაქრიანი ღვინით შე.. ნებისმიერი დაბოლოვებით.
გარდა ძველი მეზობლური ქიშპობისა, იყო ერთი გარემოება, რის გამოც “კანონიერები” (ან პირიქით, და ყოველთვის ასე) განსაკუთრებული სიმკაცრით იქცეოდნენ. “პუტჩისტთა” ცნობილი გენერალი აქაური იყო. თუმცა სამტრედიელები ამბობდნენ, “რაის ქალაქელია კაკოია, სადგურს ვერ მიაგნებს, რო გაუშვაო”. გენერალი კაკო სოფელ ჯიხაიშიდან იყო წარმოშობით. მამამისი, მთელს რაიონში განთქმული მეკუბოვე, “თვითონ ეზომებოდა სასახლეს შიგნიდან, მიცვალებულმა დისკომფორტი არ იგრძნოსო”, ისეთი პროფესიონალი ყოფილა, “მკერდზე დაკიდულ მაგნიტზე ებნია ლურსმნები, საძებარი არ გახდომოდაო”. მუთაქაში დაგროვილი ფულით გაუშვა ბიჭი თბილისში, კულტსაგანმანათლებლოზე. დღეებს ითვლიდა, “საცაა დაბრუნდება ნასწავლი _ პატივსაცემი კაცი მთელს რაიონშიო”. თბილისში რომ არეულობები დაიწყო, ესმოდა, მაგრამ რას წარმოიდგენდა, ერთ დილას ტანკის გრუხუნი თუ გააღვიძებდა, იქიდან კი კაკოია გადმოვიდოდა იარაღში ასხმული (სამხედრო ფორმაზე “პარტუპეაც” კი ეკეთა, მაგრამ ტყავის კურტკა ეცვა ზევიდან მაინც,… საეჭვო). “დავამხეთ დიქტატურა და ახლა მე ვარ აქ უფროსიო”. საწყალმა მამამ, - “ჩემთვის გადანახული კუბო დავდგი შენიო”, - და, მგონი, გარდაიცვალა კიდეც. კაკოია დასახვრეტთა სიაში იყო უკვე შეტანილი კანონიერი ხელისუფლების მიერ და ეს განცხადება სამტრედიის მოედანზე ეკიდა, ყველა ბოძზე. ქალაქში ზვიადისტები იდგნენ.
ამ სევდიან პროვინციულ სამხედრო მოქმედებების თეატრში ჩვენი მეგობარი ოჩილა აღმოჩნდა შემთხვევით. მშობლებს ჩააკითხა სამტრედიაში. თვითონ ჩვენს ეზოში გაიზარდა, თბილისის უნივერსიტეტის პირდაპირ. აკადემიკოს ბიძასთან ცხოვრობდა. მეტსახელი ბიძინამ დაარქვა, - ეტიმოლოგია უცნობია. ეზოში სულ აკადემიკოსები და პროფესორები ცხოვრობდნენ, ერთი-ორი უპარტიო დოქტორი თუ გამოერეოდა, და ისინიც პირველ სართულზე იყვნენ გამწესებული, ჩვენი ოჯახიც მათ შორის. ცოტა მერე კი ოჩილას მშობლებმა, ცნობილმა ექიმებმა, რომლებიც დიდი ხანი რუსეთში ცხოვრობდნენ (ზურაბიც იქ დაიბადა), დაბრუნებულებმა რატომღაც სამტრედია აირჩიეს, იქვე, ჩვენს უბანში უყიდეს პატარა სახლი-კასრი - ასე ეძახდა თვითონ. ოჩილა პოეტი-ფილოსოფოსი იყო მოწოდებით, მაგრამ მშობლების ხათრით სამედიცინო დაამთავრა სულ ხუთებზე, მანამდე კი მათემატიკურიც, ცნობილი “კომაროვი”, გახდა რეანიმატოლოგ-ანესტეზიოლოგი, ანუ, როგორც თვითონ მწერდა, “სიცოცხლისა და სიკვდილის დირიჟორი”. მაესტრო, მშობლებთან მუდმივი მიმოწერის გამო, ალბათ, ეპისტოლარული ჟანრის ტრფიალი გახლდათ. თავის თავსაც სწერდა ხანდახან მეორე დღისთვის. სამაგიდო წიგნებში, ჩესტერფილდის, სენეკას, გოეთეს, კაფკას წერილებთან ერთად, შავყდიანი ბიბლია მიგაქცევინებდა ყურადღებას. “ჰაიდელბერგის” ბუთქუნა, შავყდიანი ფოლადის შესაკრავიანი ძველი აღთქმის წითელგულა გამოცემის სიფრიფანა ფურცლებში გაცრეცილი სურათი იდო _ ვენური სტილის სკამთან ახალგაზრდა მღვდელი იდგა და ამ ფოტოსავით გაცრეცილი მზერით უცქერდა ობიექტივს. “ხვრიტავდნენ, უეჭველი, ბოლშევიკები ოცდარვაში”, რუსულ ქალაქს ახსენებდა, რომელიღაც “გორსკით” მთავრდებოდა. ქართველ კომერსანტს გამოუყვანია დილაუთენია ქალაქიდან “შეშის ფეჩით”. ოჩილა ამ ისტორიას ძალიან უფრთხოდა, ფინალს აღარც ჰყვებოდა, მე კი მახსოვს: ჩამოვიდა ის კაცი თბილისში, გაიხადა ანაფორა, გაიკრიჭა წვერი, იჯდა სახლში და ყველა კარის დაკაკუნებაზე კვდებოდა. ფორმიანები რომ არ აღმოჩნდებოდნენ, ცოცხლდებოდა ისევ.
ოჩილაც სიკვდილ-სიცოცხლის პაუზებს დირიჟორობდა, ოღონდ უცხო, ავარიაში დალეწილ-დასახიჩრებული და უკვე საიქიოში გაქანებული მგზავრების. “ძია ბილი ვარ“, - იკეთებდა. ე.ი. პაროლებით მწერდა (ფოლკნერის პერსონაჟი) “რეანიმაცია, ამ პროფესიის ექიმებს თხუთმეტი წლის მერე პენსიაში უშვებენ ამერიკაში. ექსტრემალური დარგია”. თუ “კასრში” იყო, რადიოს, ნახევრად ჩახშობილ თავისუფლებას და ამერიკის ხმას უსმენდა. პოლიტიკურ ანალიზებს, წერილებში რომ წერდა არეულად, ტარანტინოს სტილში, სტრიქონებს შორის პენსიაზე მოტყდომის (ანუ აშშ-ში) სურვილიც იკითხებოდა. ჯიმი კარტერის ფანი იყო და დარჩა ბოლომდე. რეიგანს არაფერს უფასებდა “იმან დაიწყო ამათი პრესიო”, - რონალდს ეს არც გაუგია.
ჰენდრიქსის სიკვდილი ოჩილამ მომისამძიმრა _ წერილობით, რა თქმა უნდა. “ოვერდოუზ. მეფე გაიპარა“, - ასე მთავრდებოდა, და იმ დროს უამრავი ახალგაზრდა გაიპარება ნემსით მთელს სამყაროში. მარტო საქართველოში წამლით დაღუპული ბიჭების რაოდენობა ბევრად აღემატება ომებში ერთად გარდაცვლილებს.
საბჭოთა კავშირიც იპარებოდა, და ოჩილამაც წამალს თავი დაანება, თან პროტესტის ეს ფორმა ანაქრონისტული ხდებოდა. “თვითმკვლელობის ცოდვის გარდა”…წერილში ყოფითი (მეზობელი ზაზაია, ჯინსები, მანქანის ნაწილები) და სოციალური სენტენციები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და წერილი ასე მთავრდებოდა: “ადამიანი ცვალებადია. მონტენი”.
დილას ჩამოივლიდა მუდამ ჩრდილიან კეკელიძის ქუჩას, კაგებეს პოლიკლინიკასთან სუნთქვაშეკრული - ფორმიანებისადმი გენეტიკური შიში მწვავე ფორმებში ვლინდებოდა, ავტოინსპექტორის დანახვაზეც კი ბაბუამისივით კვდებოდა და ცოცხლდებდა, თან ჯიბეში რაღაც ფაქტი სულ ედო (წერილი მაინც); გამოივლიდა და მერე ზურგი ეწვოდა, არ დამიძახონო. რამდენიმე უსახური ჩეკისტის სახე სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში. შემოუხვევდა ჩვენს მზიან ეზოში, ამოისუნთქავდა იუდას ხესთან, ფანჯარაზე დამიკაკუნებდა, წერილს მომცემდა, არეულად იტყოდა რამდენიმე სიტყვას და წავიდოდა უნივერსიტეტისაკენ. გარეგნობით იტალიელ ფეხბურთელს ვამსგავსებდი, უფრო ნახევარმცველს, ვთქვათ, გაეტანო შირეას (ბავშვობაში თვითონაც “ხავბეკი” იყო, მაგარი მჩეხველი).
ჩვენს ეზოში იუდას ხე ყვაოდა, ისე მაცდურად, თავის ჩამოხრჩობა მოგინდებოდა, სამოქალაქო ომი ეშხში შედიოდა. ოჩილას წერილი მისმა დამ მომიტანა. ქალაქში სროლები ისმოდა.
მოკითხვის და მეზობელ ზაზაიას ფილოსოფიური პორტრეტის მერე სერიოზული ტექსტი იწყებოდა: “ისეთი ხელისუფლებები, როგორებიც დღევანდლამდე არსებობდნენ სამყაროში (ჩვენი - მუდამ?), მხოლოდ ერთი მეთოდით თუ მოქმედებდნენ - თანამემამულეთა სულიერების და ზნეობის ფეხქვეშ გათელვის გზით”. აქ დენი არ არის, ცოტა არყებიც შევიყვანე, ბნელა, სანთელი რომ მთავრდება, ეზოში ვკითხულობ მთვარეზე დაკიდებული ხურმების შუქზე. კიდობანის გაკეთების დროა. ომს მოვუტყდი და აქ ჩამომაკითხა. იუდას ხე ყვავის, ალბათ”. არყები არ მომეწონა, მთვრალი ოჩილა “რეკოშეტი” იყო, თან შეძლებულ ოჯახად ითვლებოდნენ სამტრედიაში, მიადგებოდნენ.
ასეც მომხდარა. სამჯერ შევარდნილან და წასღები რომ აღარაფერი იყო, ფანჯარაში ჩამონტაჟებული კონდენციონერი ამოუგლეჯიათ. სწორედ ამ ჯგუფს დახვდა მთვრალი ოჩილა სახლში. ავტომატის ლულაში მოჰკიდა ხელი ახლომდგომ წამალგაჩხერილ, ოდნავ დაყვინთულ მებრძოლს, წართმევა დაუპირა, ”ბეწვი” იყო, წართმეული ჰქონდა თითქმის, იყვირა იმან და სხვა ოთახების “მშმონავები” გამოვარდნენ - ატყდა სროლა, ბრმა ტყვიები დაწუოდნენ ფეხებთან, გაუშვა ოჩილამ ხელი ავტომატს. იმ ტიპმა, - შემოატრიალა და, - კონდახით ხია სახეში. ჯერ ვარსკვლავებმა გაიელვეს, მერე კი დაბნელდა.
რომ გამოერკვა, იატაკზე იჯდა. სახლში აღარავინ იყო. პერანგი სისხლში ჰქონდა მოთხვრილი. ტყვია მომხვდაო, გაიფიქრა, ხელით მოისინჯა. გაახსენდა, რაც მოხდა. წამოდგომა დააპირა. სადგურივით მძიმე და ხმაურიან თავში მეგრული ყვირილი ისმოდა ნაწყვეტებად. პირველი სართულიდან მამა უძახდა. - ”ზურაბ!” - “ცოცხალია”, გაიფიქრა, - “ჰო”, - უპასუხა და ისევ დაჯდა. მეზობლები მოვიდნენ, წამოაყენეს. მამას მიხედეთო, დაბარბაცდა, სააბაზანოში შევიდა და პირსაბანს დაეყრდნო. სარკიდან გაეტანო შირეა კი არა, შაგალის ნახატივით დაჯღანული წითელი კაცი უყურებდა. “განდიზმი”, - ყველა ნაღდი პატრიოტი ეგრე უნდა უნდა იყოს, დედა უნდა ჰქონდეს მოტყნული”. მეზობელ ბიჭს არაყი მოატანინა, სამი ჭიქით დაცალა და სიგარეტი გააბოლა. სადგურის გუგუნი ოდნავ მიწყნარდა. რაღაც დიდი გაახსენდა _ ხარაკირი სამტრედიის მოედანზე, ნებისმიერი სამხედრო ნაწილის თვალწინ. “არა, ესენი ვერ გაიგებენ”, - გაეცინა. “მონარქია მაინც გვქონდეს...”
პირველ სართულზე ჩამოვიდა... მამის ოთახში შეიხედა. ლოგინში კაცი ტიროდა ჩუმად. თავთან მეზობლის ქალი ეჯდა, საფენებს ადებდა შუბლზე. “დედას დაურეკეთ, საავადმყოფოშია, მე მალე მოვალ”. მამას რაღაცის თქმა უნდოდა, ვერ თქვა და ხმამაღლა ატირდა.
გარეთ გამოვიდა. თბილოდა. მოედნამდე რწევით მიდიოდა. რომ არა ხურმები თუ კარალიოკები, ქალაქს მკვდრის ფერი ედო. დაქოქილი “ბეტეერის” თუ ტანკის გარშემო, სამხედროები ჩოჩქოლებდნენ. ნაბიჯი გაასწორა, განაპირა ჯგუფისკენ დაიძრა. ერთ მწითურს მიადგა. იმან მოხედა და ისევ გააგრძელა ლაპარაკი. ხელი მოჰკიდა, მწითური მოტრიალდა, ირონიული ღიმილით შეხედა. ოჩილამ, “ის სად არის, თქვენი უფროსი, ბიბლიური კაცი, თუთაშხიას რომ ბაძავს, მაუზერით და ნაბდით, მაგის შოფერი დედას...” დამთავრება ვეღარ მოასწრო, მწითურმა ავტომატი კონდახით მოატრიალა... და ისევ სახეში და ისევ ვარსკვლავები, და ისევ დაბნელდა.
საკანში გამოეღვიძა სიცივისგან, თავი უსკდებოდა, სველი იყო, “წყალი დამასხეს, მაცოცხლებდნენ, ალბათ”. უფილტრო პაპიროსის, წინდების და რაღაც უცნაური მჟავე გამებით ყარდა ხის ნარებიანი საკანი. ხმებიც ესმოდა, მაგრამ თავში სადგური გუგუნებდა. ვიღაცამ პლასტმასის ბოთლი მიაწოდა. წყალი თბილი იყო, მაგრამ მაინც ეამა, თვალები დახუჭა და ისე, როგორც ბავშვობაში, დიდი სიცხის დროს, საგნები დიდდებოდნენ საზარლად, თვალის გახელა უნდოდა, - გამქრალიყვნენ ისინიც და ის ჩეკისტებიც, კაგებეს პოლიკლინიკასთან რომ უნახავს, უთვალებო, ნაცრისფერი არსებები. ისევ ჩაეძინა.
რკინების ჯახუნმა გააღვიძა. საკნის კარი ღია იყო, ორნი იდგნენ კარებთან. რკინისბადურიანი ნათურა ანათებდა შემოსასვლელს და საკანსაც. ფეხის ხმა გაისმა, შიში მოდიოდა, კარში მდგომი სამხედროები გასწორდნენ თუ ოდნავ გვერდზე გაიწიენ. ოჩილამ ახლაღა მოავლო თვალი დანარჩენ პატიმრებს. თითქოს შველას ეძებდა. ზედა მოპირდაპირე ნარზე ჩაცუცქული ბიჭი ციცინათელასავით აკვესებდა თვალებს. ფეხის ხმა მოახლოვდა. “ლოთი”, - ჩუმად თქვა ვიღაცამ და განათებულ კარებში ქობალია გამოჩნდა, დადგა, დოინჯი შემოიყარა, ხისბუდიანი მაუზერი გამოუჩნდა, “სორე თი კოჩი?”. ოჩილამ პატარა ბიჭს შეხედა. ის უფრო დაპატარავებული და ყურებზე ხელებაფარებული განაბულიყო. წამით წააწყდნენ მზერით... გული ტერფებში უცემდა. საკანში შიში გამეფდა, დრო გაჩერდა და სამხეცეს სუნი გაქრა. ერთი სამხედრო შემოვიდა და ოჩილამდე - ზედა ნარიდან “ქუმორთიმალიას!” უბრძანა ვიღაცას. ზემოდან ხვეწნა-ტირილში არეული ჩქარი მეგრულით ბუტბუტებდა კაცი და ჩამოსვლას აჭიანურებდა.
ოჩილას მოეშვა, სადგური თავიც იგრნო ისევ - საკანში შმორის სუნი დაბრუნდა. ბიჭს შეხედა. იმას ხელები აღარ ჰქონდა აფარებული ყურებზე და აღარც თვალებს აცეცებდა, მსხვერპლს მისჩერებოდა. მეორე სამხედროც შემოვიდა, უკვე ძალით ჩამოათრიეს ფეხშიშველი კაცი და ლოთის ფეხებთან დააგდეს თუ დაეცა, მუხლებში ჩაუვარდა “ქიმაპატისკანი...” - იმეორებდა ტირილით. ქობალიამ ფეხები გაითავისუფლა, მიტრიალდა და წავიდა. მტირალი კაცი ააყენეს და ჯაჯგურით გაათრიეს. ერთი მოტრიალდა კარის დასაკეტად, “შენთან მოვალთ კიდევ”, - ოჩილას უთხრა. კვლავ საკეტების ჭახუნი ატყდა ისევ, ფეხის ხმა და სიჩუმე ჩამოვარდა ბნელ და სუნიან საკანში. “დახვრიტავს უეჭველი”, - ჩახლეჩილი ხმით თქვა ვიღაცამ, მეგრული კილოთი. ოჩილას რაღაცის კითხვა უნდოდა, მაგრამ ვერ თქვა, პირი ჰქონდა გამშრალი, თავსაც ვერ ატრიალებდა. “როგორ, ნაღდად დახვრიტავს?“- ძლივს ამოიხავლა. “დახვრიტავს, აბა, რას იზამს, პირველი კი არაა ეს. გამწარებულია მაგი, არევიათ და, ერთმანეთი დაუხოცავთ ცხენისწყალთან”, - ჩახლეჩილხმიანი უკვე ოჩილას ნართან იჯდა. ხმასთან შედარებით პატარა, მკვირცხლი კაცი გაარჩია სიბნელეში. “მკვდარი მოგიტანეს და წყალი გასხეს მერე”. პატარა კაცი კითხვის ნიშანივით იჯდა ნარის კუთხეზე.
“...რა ვიცი, მხვრიტავენ ლორკასავით”, - ქურდის მეტსახელი ეგონებოდა კითხვის ნიშანს, გაეღიმა, და პატარა კაცს, - “არაყს ვერ ვიჩალიჩებთო?”
“წავიდეს ლოთი ჯერ. არ დარჩება მაინც, ზვიადია ზუგდიდში”.
“ზვიადი”, - გაიმეორა თავისთვის. “ფურცელი არა გაქვთ ვინმეს? ძვიადს მივწერ”. ოჩილამ პატარ კაცს მიმართა.
“მძღოლი კაცი ვარ და ფაქტურა არ მექნება?” - გაიღიმა თხელი, სიფრიფანა, რუსულენოვანი ბლანკები ამოიღო. კალამი ოჩილას თვითონ ჰქონდა.
“რამე სინათლე... ასანთით ან რამით”, - თქვა ზოგადად, გასროლები ისმოდა გარეთ. პატარა ბიჭი ჩამოხტა და კარების ქვედა ღრიჭოსთან ჩაცუცქდა. “აქ შეიძლება, მგონი”, - მორიდებულად, ხმადაბლა თქვა. ოჩილა წამოდგა და კარებთან მილასლასდა - ისე, თითქოს წონასწორობას იცავდა, თავი არ განძრეულიყო. ასეთ მომენტებში ელსადგურად იქცეოდა რკინიგზის სადგური თავი. წამოწოლა იყო საჭირო. მუცლით დაწვა ბეტონის იატაკზე. სამხეცეს სუნი გაქონილი ქვის იატაკიდან იფრქვეოდა. გვერდით ჩაცუცქულ პატარა ბიჭს ჰკითხა: “შენთან რა უნდათ?” ისევ ჩახლეჩილმა დაიწყო: “მანქანა პუტჩისტებს ათხოვე და ჩვენ დაგვიმალეო. ვათხოვე კი არა, კონდახის რტყმით გადმომაგდეს და რომ აიღეს აბაშა ამგენმა, სისწრაფეში დარჩათ ჩემი გრუზავიკი. რას ვიზამდი. დავმალე თივაში; უთხრა ვიღაცამ, ალბათ, და მომივარდნენ, თივის ზვინიდან გამოიყვანეს ოჯახის მარჩენალი გაზიკი. ჩემი ბიჭია ეს, ძალით წამოაყვანინა თავი”. პატარას თითქოს რცხვენოდა მამის ლაპარაკი. “თოფი გამოიტანა სახლიდან და ესროლა იმათ. არ მოხვდა, კიდევ კარგი, არავის. ჩვენზეც დაწერო რამე იქნებ”.
ოჩილამ ბლანკი შეაცურა ღრიჭოში და ყველაზე საპასუხისმგებლო წერილი თავის ცხოვრებაში ასე დაიწყო:
“ბატონო ზვიად!
მე ოჩილა ვარ, (ზურა) კოკა გაწრელიას მეგობარი, გარსია ლორკასავით მხვრიტავენ შუაღამისას სამტრედიაში. ჯვარი გწერიათ. ელენეს კუნძულზე - თქვენც არ გაგიშვებენ... იქნებ ამაცილოთ ეს სასმისი, და თქვენც გაეცალოთ სამშვიდობოს.
“უფალო ღმერთო, რომელმაც მოგვეცი ყველაფერი, მოგვეც მშვიდობაც! სიმშვიდე მოსვენებისა, შაბათის სიმშვიდე; სიმშვიდე, რომლისთვისაც უცხოა მწუხრი, მთელი ეს მშვენიერი მწყობრი ძალიან კარგი ქმნილებისა თავის გზას დაასრულებს და გარდავა. მათ ისევე ექნებათ თავიანთი მწუხრი, როგორც რიჟრაჟი ჰქონდათ”, -გახსოვთ, ალბათ.
რუსეთის ჯარი სანამ საქართველოშია, ჩვენი დამოუკიდებლობა ლორკასეული ლირიკაა. მერაბ კოსტავას ეზოში, სტომატოლოგიურ კაბინეტში, ჩვენ ვახსენებდით “მოჯაჰედებს”, “აჰიმსას” და ბაზალეთით კი დასრულდა, როგორც ყოველთვის - სამოსანი მოწაფის დღიურში ჩაწერილი - იგივე. თქვენ კალმით შეგეძლოთ დაგეპყროთ სამტრედიაც და მთელი მსოფლიოც... უკაცრავად, სიცხე მაქვს და ვბოდავ - (სიცხიანებს არ ხვრიტავენ, მგონი, -გაახსენდა) - დილეგში ვგდივარ, სველი, ნაწერზეც მეტყობა, ალბათ.
ბატონო ზვიად, ბოდიშს გიხდით, რომ ასეთ მდაბიო ქაღალდზე მოგმართავთ, თუმცა საკანში, სადაც მე სრული გაუგებრობის გამო აღმოვჩნდი, სხვა არ მოიპოვებოდა. კიდევ ერთხელ მოგიკითხავთ და იმედია, ყველაფერი დამთავრდება მშვიდობით. ეს სუუნ ეს პოსიბალ.
P.S. ძალიან გთხოვთ, ლოთი ქობალიას გააგებინოთ ჩემი ვინაობა, და ის ფაქტი, რომ მე ექიმი ვარ, შეიძლება, გამოგადგეთ ამ ბრძოლების დროს. მე სამტრედიაში ვიქნები. - (სამუდამოდ, შეიძლება, - სოფლის პატარა რკინის მესრიანი სასაფლაო მოაგონდა) - პატივისცემით”.
ბლანკი დამთავრდა, მაგრამ ისეთი პატარა ასოებით წერდა, იმ მძღოლის და მისი ბიჭის ჩამატებაც შეიძლებოდა სახელის და გვარის ნაცვლად. ასეც მოიქცა. წერილი დაკეცა და ახლა მთავარი იყო, კართან მოსულიყო ვინმე. მძღოლს გახედა: “მიდი, დააკაკუნე, თან მეგრულად დაელაპარაკები, დააბამ”. კაცი კართან მივიდა და დააბრახუნა. პასუხი არ იყო. “მაგრად მიარტყი”, - უთხრა ოჩილამ. “მივარტყამ და მომარტყამენ”, - კითხვის ნიშანმა ჩაიხლიჩინა.
გარედან მანქანების ხმა გაისმა, მერე სროლა. “რა არი, ნეტა”, - იკითხა პატარა ბიჭმა. ”პიკეტზე ისვრიან, ალბათ”, - უცხო ხმამ თქვა.
“დააბრახუნე ერთიც”, - ოჩილა მძღოლს “აბამდა” ისევ.
მკვირცხლი თან მწითური იყო და შეიძლება თარსიაო, იფიქრა. “კარგი, გამოდი, მე თვითონ”. ფეხი დასცხო სამჯერ თუ ოთხჯერ. ხმაური “გაკეთდა” ისეთი, თვითონ შეეშინდა, კორიდორის ბოლოს რკინის კარის გაღების ჩხაკუნი გაისმა, შემდეგ ლაპარაკი და ფეხის ხმა. ოჩილა გამოიწია, კარს მოშორდა.
საკანს მოადგნენ. ორნი იყვნენ, ფეხის ხმის მიხედვით. კარის გაღება დაიწყეს. წერილი ხელში ეჭირა, კარი რომ გაიღო და სინათლე შემოვიდა. “შენ იძახდი, ბიჭო?”. ძველბიჭური ხმა ეცნო ოჩილას. “ეს რა გიჭირავს, იუზგარ”, - სანამ გამოერკვეოდა, ძველმა გამოსტაცა წერილი, ოჩილამ ხელი წაიღო. იმან, - “ხელი გაწი, შე ნაგლოო”, - ხელში ჩაარტყა და სინათლეზე აწია ქაღალდი - ოთხკუთხედ, დაბეჭდილ ბლანკზე დიდი ასოებით ეწერა - “ბატონ ზვიად გამსახურდიას”. “მალადეეეც!” - წააგრძელა ძველმა. “დავაი, მე ამას ავიყვან, ესენი შენ ნახე”. ძველმა უკვე პისტოლეტი გააძრო და მუცლისაკენ მიუშვირა. “დავაი, ბატონო ზვიად, შეუყევიო”, - და წინ წაიგდო.
“მაგარ შარში ვარ. ამ დახვრეტას ვეღარ ავცდები”. მაგრად შეცივდა.
გარეთ გამოვიდნენ. იგივენაირად იდგა დაქოქილი ბეტეერი. სამხედროებიც ისევ ისე ფუსფუსებდნენ, როგორც დილას, ოღონდ ესენი თბლისიდან იყვნენ, ისინი - ზუგდიდიდან, და რატომღაც… სამტრედიაში ოჩილა უნდა დაეხვრიტათ.
“ეს ვინ არი?” - ჰკითხა ძველს მოკლე დუბლიონკიანმა გამხდარმა, რომელსაც ძალიან დიდი ავტომატი ეკიდა. ოჩილა ამათი კილოთი და ჟარგონით მიხვდა, გაღმელები იყვნენ და ამათ შეიძლება ვერელები ან ვაკელები არ ცნობოდათ. თუმცა, ეშლებოდა: ძველი ბიჭები ყველა ერთმანეთს იცნობს, მთელს საბჭოთა სივრცეში.
იმ ძველმა, კაკოიასთან მიმყავსო. აქაურის სახელის ხსენებამ ცოტა იმედი მისცა, დედამისს მაგის ვიღაც ეყოლებოდა ნამშობიარები. ეს ის კაკოიაა, ცნობილი მეკუბოვის შვილი, თორმეტი კაცით სამტრედიის ამღები, ამჟამად გენერალი და სამტრედიის კომენდანტი. ოჩილას ბაბუის გაცრეცილი ფოტო გაახსენდა. ალბათ, ასეთი დილა იყო იქაც, “გორსკით” რომ მთავრდებოდა.
“სიგარეტი მომაწევინე, თუ ძმა ხარ“, - უთხრა ქალაქურად, სანამ მოედანს გადაივლიდნენ, - იქნებ ოდნავ განვაწყოო.
“შენი ძმა თემურაა ქორიძე. დაიჭი”, - და მაინც მიაწოდა “მარლბოროს” ღერი. ძველმა მოუკიდა კიდეც და მიადგნენ რაიკომის შენობას.
კაკოიამ და ვიღაც სამოქალაქომ დაკითხვა დაუწყეს. დახვრეტას ვერ გადარჩები, ინგლისურად რა წერია, იმას თუ არ იტყვიო, თან ხელში “სტეჩკინს” ატრიალებდა. თავი მუხლებიდან არ აუწევია. იატაკის გარდა ვერაფერს ხედავდა. ოჩილამ, ცუდად ვარ, ვერ ვაზრონებ, არაყი მომიტანეთ და ყველაფერს მოგიყვებითო. მოუტანეს, ერთი ბოთლი. თავი აწია, ტყავის კურტკაზე გადაჭერილ პარტუპეასაც მოკრა თვალი სამჯერ, ჩაცალა, და რომ მორჩა, სიგარეტი ამოართვა, მოკიდებული, იმ სამოქალაქოს პირდაპირ თითებიდან. გააბოლა, დამშვიდდა და - “თქვენი ძალათ ჩეგევარა დედებს.. შე..” ისევ კონდახით, ისევ სახეში.
ისევ ვარსკვლავები და ისევ დაბნელდა.

P.S. ოჩილა დედასთან ერთად ცხოვრობს, სამტრედიაში, საგვარეულო ეკლესიაში მსახურობს მედავითნედ, ლოცულობს თავის ოჯახზე, ჩემზეც, თქვენზეც და იმ...
(ბოლო წერილში მონასტერსაც ახსენებს...).
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მამუკა ხერხეულიძე   Fri Sep 23, 2011 11:41 am

მამუკა ხერხეულიძე

თავისუფალი დღიურები ოჩილას და პეტრარკას ერთი დღე

24 საათი 16.05.10


ოჩილა

შუადღისთვის თვალი გავახილე თუ არა, წაგებული ბილეთი გამახსენდა, მოვიშხამე. გავაბოლე, წამოვდექი და აბაზანისაკენ გავწიე. ეს ძველი ჩვევა ვერ მოვიშორე, დილის კონსილიუმისათვის მზადება და თეთრი ხალათის გაუთავება. რომ გავიპარსო, სად წავიდე? ეს დღიურებიც რას შევიტენე, ახლობელმა მთხოვა, თორემ რა დღიურები? რომელი პეტრარკა მე ვარ. უარი ვერ ვუთხარი, თბილისია რა.

დღეს ამოვაგდებ მაგ 20 ლარს. ბუნდეს ლიგაა, ლევერი და ბოჰუმი გამყავს უეჭველი. ბაიერნის ნაკლები, ვერდერის კუთხურები და მოგებული მაქვს, ვაშაკიძე თუ არ შემხვდა... ვაშაკიძე ჩვენი უბნელია, მაღალი, გამხდარი ტიპია, ეგ თუ ტოტალიზატორში შემხვდა, ჩელიაბინსკის ტრაქტორი გადახევს ბარსას. ერთხელ მთვრალმა დავურეკე და ვაგინე, ნასვამი ხარო? ის კი არ მკითხა, რატომ მაგინებო. თვითონაც იცის, რომ თარსია. მე რომ მქონდეს ტოტალიზატორი, მაგას წილში წავიყვანდი უეჭველი.

ამასობაში მოსაღამოვდა. გადმორეკა ძმაკაცმა, შემდეგ ახლობელმა გოგონამ, კიდევ ერთმა, მეორემ, დედამ, დამ... ადუღდა მობილური! "რა ხდება?! ომი დაიწყოო?!" არხები გადავათვალიერე. ამ "იმედმა", ჯერ იყო და სახელმწიფოს ნგრევით დაისამარა თავი, ახლა კი ომი წამოუწყია! თუმცა მაგათ რა წამოუწყიათ? 20 წელი, რაც მე მახსოვს და მანამდე კიდევ 200, სულ ომი არ გვაქვს მაგ დედაძაღლებთან... ისე, სადაც ვიწრო იყოს, იქ გაწყდეს - რუსული კალკია, მაგრამ რას იზამ: რუსული განათლება მაქვს.

ჩემთან ერთად თუ უჩემოდ, რუსეთთან ომი გარდუვალია. ერთი, რომ აფხაზეთს და სამაჩაბლოს უბრძოლველად არავინ დაგვიბრუნებს. მეორე - რაღაც დაუსრულებელი შეიქნა ეს უკანასკნელი ომი, აღარ დამთავრდა. ისევ იქ ყრიან, საიდანაც ერთხელ, 93-ში გამომაგდეს და სისხლიანი ხალათი ჭუბერის უღელტეხილზე გადავაგდე. მაგათი ჯიშ-ჯილაგი!

ბნელდება, ღამე დადგა, მეც ტელევიზორს მივუჯექი. ტოტალიზატორის თამაშმა და ფეისბუქში ვირტუალურ ოდნავ ხანშიშესულ ქალებზე მრავალდღიანმა ჩალიჩმა მთლიანად ჩამომარჩინა პლანეტის ცხოვრებას. ეს რეები ხდებაა! ვუყურებ, თვალებს არ ვუჯერებ: კაცობრიობა გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოჩენილა! დაძრულა საუკუნოვანი, უზარმაზარი ტექტონიკური ფილები, დამანგრეველ მიწისძვრებს ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეუწირავს, აზიის კონტინენტს გამანადგურებელმა ცუნამიმ გადაუქროლა, დედამიწა 8 გრადუსით გადახრილა! არც საქართველოს დასდგომია კარგი დღე. ძლიერი ქარი, თავსხმა წვიმები, დიდთოვლობა! მეწყერი, ჩახერგილი გზები, ნგრევა... ვაა, რამდენი დღე გასულა ჩემს ქველმოქმედებაში!

გადავერთე ოპოზიციურ მედიაზე. გასაკვირია! აქ არც მიწიძვრაა, არც ქარი, და არც პლანეტაა 8 გრადუსით გადახრილი?! გამორჩათ! სულ სხვა რამაა მათი განსჯის და მრისხანების მიზეზი - "მოდელირებული ქრონიკა"! გადაცემის შინაარსზე არავინ საუბრობს.

ისე, სულ აიშვეს ამ არამზადებმა! ერთი ნაწილი მოსკოვში დაფორთხავს კრემლის კორიდორებში, სხვები ჯერ თითქოს მორცხვობენ. ამგვარ ქმედებას მთელ ცივილიზებულ სამყაროში კოლაბორაციონიზმი ეწოდება, ფრანგულად მტერთან თანამშრობლობას ნიშნავს. კოლაბორაციონიზმის ფაქტი კვალიფიცირდება როგორც სახელმწიფო ღალატი, ეს უნდა ახსოვდეთ და, რაც მთავარია, კარგად უნდა გაითავისონ საქართველოს მოქმედმა თუ პოტენციურმა მოღალატებმა. ამას "იმედი" ვერ ბედავს.

თადარიგი მაინც დასჭერია, სანამ ისინი თბილისში გამოჩნდებიან, საჭიროა ამ ნაგვების განადგურება. დასაწერია დასახვრეტების სია, არავის დანდობა არ შეიძლება. 21-ში ასე რომ მოვქცეულიყავით, იმ ჯოჯოხეთს ავცდებოდით. სულ 20 გვარია, ყველაზე აქტიური მოღალატეები. ამ პროცესს არ სჭირდება სახელმწიფოს ჩარევა, ჩვენ უსაქმური პატრიოტები დავკავდებით სანიტარული საქმიანობით. ეს პათეტიკა არ არის, ასეთია ისტორიული ლოგიკა და გამოცდილება, ყველა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთშიც.

თავიდან არც პეტენი იყო მოღალატე. პირველი მსოფლიო ომის გამოჩენილი მხედართმთავარი, მის სახელთანაა დაკავშირებული სამხედრო ისტორიაში ცნობილი გამარჯვება ვერდენთან, 1916 წელს. საფრანგეთის მარშალი იყო და "უკვდავთა აკადემიის" წევრი. 1935 წელს მემარჯვენეების კამპანია ტარდებოდა ლოზუნგით: "ჩვენ გვჭირდება ისეთი, როგორიც პეტენია!" და რა?!

აიღო და გაბოზდა, ვიშიში დაუწვა ჰიტლერს! ისიც, ამათსავით ოფიციალურად ნეიტრალიტეტს ქადაგებდა, მანვე მოუწოდა ფრანგებს გერმანელებთან თანამშრომლობისკენ, რასაც უეჭველად გაიმეორებენ ესენი. მერე? რითი დაამთავრა?

სახელმწიფო მოღალატეს, სამხედრო დამნაშავე პეტენს საზოგადოებამ ღირსება აყარა. მისი ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა, თავად მსჯავრდებულს სიკვდილი მიუსაჯეს. თანამემამულეებმა მეტსახელი პიუტენ შეარქვეს, ფრანგულიდან - პუტაინ, ანუ ბოზი. მოღალატე პეტენი ფრანგული აკადემიის რიგებიდან გარიცხეს. ეს უკანასკნელი არ ემუქრებათ ჩვენებს, საიდანმე რომ გაგრიცხონ, ჯერ უნდა მიგიღონ, ასე რომ უკვდავთა აკადემიიდან ამათი გაძევებაც გამორიცხულია.

იგივე ბედი ეწვიათ კუსინენს და სხვა ფინელ გამყიდველებს, როდესაც რუსული სცენარი ჩავარდა. ათასობით მოღალატე დააპატიმრეს, განსაკუთრებული ბოზები დახვრიტეს. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ. დავით აღმაშენებელმა თბილისის აღების შემდეგ, ხუთი ათასი კოლაბორაციონისტი სარებზე წამოაგო და მთელს მტკვრის სანაპიროზე დიღმის გასასვლელამდე ეკიდნენ ბილბორდებივით. გიორგი ბრწყინვალემ 80 კოლაბორაციონისტ ფეოდალს ერთ ღამეში დააყრევინა თავები ცივგომბორზე და ამით უამრავი ომი ააცილა ქვეყანას. არც თამარი წყალობდა მოღალატეებს, რკინის გალიებით კიდებდნენ ხიდებზე და მთელი ხალხის დასანახად ცოცხლად ალპობდნენ.

შარშანწინ, ქართულმა ჯარმა 90 წლის შემდეგ პირველად გაბედა და რუსებს პირდაპირი დამიზნებით ესროლა. ახლა, მით უმეტეს, ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია. პატრიოტი ხალხისგან ვიცი, ქალაქის გარშემო ფორტიფიკაციებიც გაკეთებულია უკვე, ჯარიც შურისძიების განცდით აღვსილი. ამიტომ ადვილად შემოსეირნება ვეღარ მოხდება. ჯერ თბილისს, მილიონიან ქალაქს, ჩემს ფეხებს აიღებენ, გროზნოს პატარა მოედან "მინუტკას" 6 თვე ვერ იღებდნენ ეგ ბანძები. ჩემნაირად ბევრი ფიქრობს, ათი ათასი მაინც ვიქნებით. ის ათი ათასი, რომელიც შემდგომ თავისი მაგალითით და თავდადებით ასიათასებს წარმოშობს! ქართული წინააღმდეგობის პარტიზანული რაზმები! თავიანთ ჯართ ტანკებში ამოვბუგავთ რუსებს! წინააღმდეგობის ხერხემალი ქართული ჯარი და პოლიცია იქნება, ჩვენ შიდა, "სანიტარულ", შავ სამუშაოს შევასრულებთ.

ყველაზე ცუდი სავარაუდო ვარიანტი: საქართველოს მოკლევადიანი ოკუპაციის მცდელობა. მოდი, გეგმას ჩამოვწერ, რა უნდა ვაკეთოთ ოკუპაციის პირობებში ჩვენ, უსაქმურმა პატრიოტებმა.

1. უნდა მოვილაპარაკოთ თანამოაზრეებმა, ძველმა ჟანგიანმა პატრიოტებმა, ვეტერანებმა, ვინც იმ საღამოს მირეკავდა და ბრძოლისათვის ემზადებოდა. მერე ახალგაზრდებიც შემოგვიერთდებიან. მეგობრებმა და ნაწილობრივ "ფეისბუკის" ხალხმაც უნდა ივარგოს, ვინ რას აკეთებს თბილისისთვის ბრძოლის და შემდეგ ოკუპაციის პირობებში. სად ვიკრიბებით და მერე, რა თქმა უნდა, პატარა ჯგუფებად ვიშლებით. უნდა გავინაწილოთ ფუნქციები: პატარა ამბულატორიების მოწყობა, პროკლამაციების გავრცელება, ტელევიზიების დაცვა, საავადმყოფოები, ხანძრების ჩაქრობა, მოღალატეების დახვრეტები, კვება, ტყვია-წამალი, წყალი, დივერსიული აქტები და სხვა. იარაღს სად გვაძლევენ - ეს ყველა მსურველმა უნდა იცოდეს, რა თქმა უნდა, შერჩევით. მაგ დროს ამაზე ვინმე უნდა ველაპარაკოთ მთავრობის ხალხს, ჯარს ამისთვის არ ეცლება (აგვისტოში სამოქალაქო თავდაცვის გეგმაზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ მიაქცია ყურადღება, აღშფოთებული და ჩვეული პრინციპული პათოსით, იმედი გამიჩნდა. მაგრამ მერე მიავიწყდა და თმების ანალიზით და ვარცხნილობებით დაკავდა მგონი). იარაღის იმედი უნდა გვქონდეს მოქალაქეებს, უნდა გვენდოს ხელისუფლება. უიარაღო, რიგით მოქალაქეს "ფიწლების" ამარა გასაქცევად ვიმეტებთ. ალბათ პოლიციის შენობებში უნდა განთავსდეს შტაბები და იარაღის პირამიდები, სადაც საინფორმაციო ბაზის გამოყენებით მოხდება შერჩევა, რა თქმა უნდა, სანდო ხალხისა",…

2. ჩვენს მსჯავრს გადარჩენილი "ნოღალატეები" დაიწყებენ "პუტანობას" და უბრალო ხალხის აგიტირებას - მტერთან თანამშრომლობისკენ მოწოდებებს. უნდა გაჩაღდეს სააგიტაციო მუშაობა მასებში, რათა ხალხი არ აყვეს მოღალატეების ყბედობას რუსეთის ოკუპაციასთან შერიგების გარდუვალობაზე.

დავიწყე მოწოდების ტექსტებზე ფიქრი და ერთი ვერსია ჩამოვწერე.

ქართველებო! ძმებო და დებო!

საქართველო აგრძელებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას სახელმწიფოებრივი და ეროვნული დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ ვებრძვით დრაკონს, რომელიც 226 წელია ცდილობს დაგვამონოს, წაგვართვას თავისუფლება, ბინძური ჩექმით გათელოს ჩვენი ადამიანურ ღირსება და ეროვნული თვითმყოფადობა, რაც მას არაერთხელ გაუკეთებია. მაგრამ წმინდა გიორგის მფარველობით ქვეყანა უეჭველად დაამარცხებს ურჩხულს.

დღეს ჩვენთან ერთად იბრძვის ზეციური საქართველოც, გვერდით გვიდგანან წინაპართა აჩრდილები და მათი სულები მიგვიძღვიან წინ! ჩვენთან არს ღმერთი! როგორც დიდგორში, ძლევამოსილი მეომრის, წმიდა გიორგის წინამძღოლობით ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!

მონობის ალტერნატივა მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლაა! ყოველივეს თავისი ფასი აქვს და საქართველოზე განსაკუთრებულად გაბოროტებული იმპერია დიდ საზღაურს ითხოვს, მხეცს სისხლი სწყურია.

მათ არ იციან ჩვენი ისტორია. ჩვენი ერი არ დაიჩოქებს, მსხვერპლს გავიღებთ და მაინც გადავრჩებით, ჩვენ, თავისუფალი, ღირსეული ქვეყანა!

სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!

ჩვენთან არს ღმერთი. ჩვენ მხარესაა სიმართლე და ამიტომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ძალა ერთობაშია!

"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია".

დღე სრულდება. ღამის 2-3 საათია. საინტერესოა, ახდება ჩემი ოცნება-პროგნოზი? ომის ქრონიკის მოდელირება თუ რეალობა? ძველი "თაიმის" საუკეთესო ფოტოების ალბომს ვიღებ და ერთ-ერთ შედევრს ვეძებ, აი, ისიც. ახლავე დავდებ ფეისბუკზე.


პეტრარკა

გავიღვიძე 7 საათზე, როგორც ყოველთვის. ეს ჩემი ცხოვრების წესია, ყველა დიდი მოაზროვნე სისხამზე დგებოდა.

სიზმრიდან უცნაური ხილვა გამომყვა:

შიშველ სხეულზე ჟღალი ჩოხა მემოსა, ფეხზე - ნაიკის თეთრი ბოტასი. კუს ტბას, როგორც პანაშვიდზე, მიცვალებულივით ვურტყამდი წრეს ძუნძულით, ოღონდ საპირისპიროდ ანუ მარცხნიდან. წყალი მთლიანად დამშრალიყო და ბაყაყები ყიყინით მომსდევდნენ, მომყიყინებდნენ: სად არიან ტანკები? პასუხს გავურბივარ, ბაყაყები მომსდევენ და მეძახიან, კარგად ვერ ვარკვევ, რას ყიყინებენ, პეტრარკა? თუ პეტრაკე? მინდა ფანტასმაგორიული სიზმარი განვაგდო. ვერ ვისვენებ. რას უნდა ნიშნავდეს? ნუთუ წინასწარმეტყველებაა?

წესისამებრ, დილით მუსიკას ვრთავ. რა თქმა უნდა, ოპერას. ლენინგრადის სიმფონიური ორკესტრი, კონგენიალური შუსევის დირიჟორობით, ბორის გოდუნოვს ასრულებს. ბორისის არიას სრულიად ახალგაზრდა შმაკოვი აგუგუნებს. მე, საერთოდ, ბანების ფანი ვარ. და ისევ - გონებაში უკვე ქოროებად გამეორებული - პეტრარკა - ფარავს ღვთაებრივ მელოდიას. ლოგინში ვნებივრობ და ვფიქრობ დღის განრიგზე.

ჩვენი ლიდერის დავალება მახსენდება - "ღალატომორის" გეგმის რედაქტირება და შტუდირება. 3-ზე სკაიპით უნდა ველაპარაკო მიგრანიანს, საღამოს 9-ზე - დუგინს. მპირდებიან, რომ ბატონ ჟენიას დამალაპარაკებენ "ვეჩეთი". მე მას კარგად ვიცნობ, "ორეხოვო-ზუევოს" გრანდიოზულ, პარტაქტივების კონფერენციაზე ვნახე პირველად, ბრწყინვალე სიტყვა თქვა. საღამოს აგარაკზე მიგვიპატიჟა ნადიმზე, ძლიან ვიწრო წრე. მისი ლექსები ზეპირად ვიცოდი და როდესაც ტაჯიკეთის დელეგაციის შემდეგ სიტყვა ავიღე, მისი ლექსიდან კუპლეტი ვუთხარი. გაოცდა ჟენია, მრგვალი პირისახე გაუნათდა, რომელი უბნელი ხარო? სომხურად მკითხა. გაღმელი მეთქი, მეც თბილისური სომხურით ვუპასუხე. დიდის კეთილგანწყობით მეპყრობოდა. ეს იყო ჩვენი დელეგაციის დიდი გამარჯვება. ფოტოც გადავიღეთ, შემონახული მაქვს, ქოჩორზე მითათუნებს ხელს, ბატონი ჟენია. შემდეგ კი თითქმის ყოველწლიურად ვხვდებოდი, მაშინდელი სახელმწიფოს მეთაურის დავალებით, პირადად ვკურირებდი სოხუმისა და ცხინვალის ოკუპაციის, ეთნოკონფლიქტებად გაფორმების იმპლემენტაციას. "ვლადიკა" კირილესაც შეიძლება გამოვკრა ხელი. "ოდნოებში" ვნახე მისი ფოტოები იახტაზე, საუცხოო ათლეტია და საოცრად ცეცხლოვანი აურა აქვს.

პეტრარკა.. პეტრარკა.. ახშობს გოდუნოვის არიას. რას უნდა ნიშნავდეს ეს პეტრარკა?! მწერლები შემოგვიერთდებიან ალბათ. მაგათზე ნაკლები სახელები იყვნენ 21-ში, მთელი კოჰორტა... ბოლოს კი ყველა დახვრიტეს, მაგრამ მანამდე როგორ იცხოვრეს?! ასე რომ ესენიც სად წავლენ.

შემოვლენ ჩვენი ტანკები, ამუშავდება მოდესტ კოლეროვის, ნორტენ პრომოუშენის გეგმა. ფილანტროპი ებრალიძის ლიტერატურული პრემია არნახულ მასშტაბს შეიძენს და მთელს საქართველოზე ლაივში გავა ყველა ტელეარხით. 30 ათასი იქნება პრემია, მაინცდამაინც ოცდაათი, ასეთია ბატონი ჟენიას დირექტივა. იმავდროულად საგანგებო რეჟიმი, კომენდანტის საათი, პრემია და ხელშეუხებლობის გარანტია.

სად წავლენ?!

- სტრახ ვლუბოვ პრევრაშჩაეტსა - გენიალურია ზაბოლოცკის თარგმანი, შედევრად აქცია ეს პრიმიტიული აღმოსავლური პოემა.

სხვათა შორის, ჩემი ძველი კომკავშირულ-პარტიული სპიჩების გამოცემა შემომთავაზა გამომცემლობა "კრასნაია მოსკვას" რედაქტორმა ოლეგ ჯავაკოვმა, ჩემმა სიყრმის მეგობარმა და კოლეგამ, სპორტსმენმა ინტელექტუალმა.

ავდექი.

მივდივარ აბაზანისკენ, ისევ ბაყაყების ქორო ჩამესმის. ვუშვებ ონკანს, სიზმარს ვუყვები, წყალს მინდა გავატანო. თვალი სარკისაკენ გამირბის, კარგ სპორტულ ფორმაში ვარ. მკერდზე ახლად ამოზრდილი, თეთრი ღინღლი მაქვს სასწრაფოდ გასაპარსი. კორექციაც შესაძლებელია, ნაოჭებსაც გაისწორებდა კაცი. ადგილ ადგილ ბოტექსი ხომ არ შემესხა?.. მაგრამ ჯერ საქმე.. არჩევნებზე ჩვენი პარტიიდან ეროვნული, აგრესიული, ხულიგანი კაცი უნდა დავაყენოთ კანდიდატად, რაც შეიძლება პროვინციული აქცენტით. შერჩეულიც გვყავს, საქართველოს იზოლაციის საქმეში შეტანილი უზარმაზარი ღვაწლით, თვითმფრინავებს უჭრიდა ბორბლებს კოპიტნარის აეროპორტში თავისი ხელით. მისთვის საარჩევნო მესიჯბოქსი მაქვს გასაკეთებელი: ნეიტრალიტეტი და რუსეთთან ცივილიზებული დიალოგის საშუალებით ტერიტორიების დაბრუნება. რაც შეიძლება ბევრი დედის გინება და ფეხების მომტვრევის დაპირებები. რუსეთის ბაზარზე ჩვენი ომბალოს და ოხრახუშის გატანა. უფასო ბენზინი და ვაზელინი. მე ვაყენებ წინადადებას სწორედ ეს, ბოლო დაპირება გამოვიტანოთ მთავარ სლოგანად.. რევოლუციის იმიტირება და შემდეგ - ახდენილი ოცნება, თბილისისაკენ მომავალი წითელვარსკვლავიანი რკინის ცხენები!

პეტრარკა... პეტრაკე... არ მასვენებენ აკვიატებული ფრაზები და მელოდიები. დიდი ადამიანების კიდევ ერთი თვისება მახასიათებს. პარალელურად სრულიად სხვა საქმეს ვაკეთებ და ამ დროს შოსტაკოვიჩი მიგუგუნებს ყურში. ფეხშიშველი გავდივარ სამზარეულოში, ელექტროჩაიდანს ვრთავ, კაკაო შევიმზადე და კომპიუტერი ჩავრთე.

გაიხსნა ჯადოსნური ოცნებების და შეუზღუდავი ფანტაზიების ოდნოკლასნიკებში გუშინ შეწყვეტილ ჩატები. გადავათვალიერე, ბორისის ფანჯარა ციმციმებს, ახალგაცნობილ ოქტუბინსკელ ათლეტსაც არ სძინავს, ისიც სავარჯიშოდ ემზადება. "ლენტა რუ"-ზე საინტერესო სტატიას მითითებს. ფრანგული მისტრალის ყიდვა თითქმის გადაწყვეტილია.

ცალი ხელით სენდვიჩს ვიმზადებ და მეორით ელასტიურ სპორტულ რეიტუზს ვიცვამ, თან "ორტ"-ს დილის გადაცემას ვადევნებ თვალს. ყველაფერი კარგადაა, რუსეთი ზესახელმწიფოა, მას მთელი მსოფლიო უწევს ანგარიშს. სასაცილოა, ეს პატარა უბადრუკი და უმადური ქვეყანა რაღაც ილუზიურ თავისუფლებას მოითხოვს, თან ვისგან? მშობელი ვერ აღზრდიდა შვილს ისეთი მზრუნველობით, როგორც რუსეთმა საქართველო!

ეს არ მოხდება! ამისთვის ვიცხოვრეთ, ამას ვემსახურეთ მთელი თაობები - დიდ რუსულ ცივილიზაციას. ქვეყანას, რომელმაც შექმნა საქართველო როგორც ეთნოსი.

უნდა დავრეკო ცხინვალის კომენდანტ ლევ პავლოვიჩ ხრიკუნთან, ხომ არავინ ჰყავთ მოტაცებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენს ლიდერს რომ დააბრუნებინონ? თუ არა და შეიძლება ღირდეს დავაყენო საკითხი მოსკოვში, პერმანენტულად, შემუშავებული გრაფიკის მიხედვით კვირაში ერთი-ორი მეცხვარე გაიტაცონ და ჩვენს ლიდერს დააბრუნებინონ.

ვარჯიშის შემდეგ სპორტულებითვე შევიარე ოფისში, გზაში ვიღაც კაცი საეჭვოდ მიყურებდა.. არა.. მგონი ცემას მიპირებდა, ველურები. მაგონდება ლერმონტოვის შეფასება. ჩვენები რეგიონებში არიან გასული, რუსული ბაზრის გახსნას, რუსული ბაზების დაბრუნებას და რუს ბოზებზე დაწესებული ემბარგოს მოხსნას პირდებიან მოსახლეობას, ცოტა ფულის დარიგების იმედსაც აძლევენ ხალხს, ოღონდ მერე, მოგვიანებით, როგორც იტყვიან "პოსლეზე".

ჩავუჯექი "ღალატამორის" კონცეფციას ახლიდან. საჭიროა დასავლეთის გინება და ერთმორწმუნე რუსეთის ქება და მისტიფიცირება. დარეკა რადიო "ლიბერალნაია დერჟავას" ჟურნალისტმა, მივეცი ვრცელი ინტერვიუ, სადაც პაროლი "ნეიტრალიტეტი" შვიდჯერ ვიხმარე, როგორც ბატონი ჟენიას გამოგზავნილ მესიჯ-ბოქსშია მითითებული....

სკაიპით ვესაუბრე დუგინს, იდეალისტი კაცია. ძალიან საინტერესო, კულტურული. ეკრანის კუთხეში ბორისის ჩატი აციმციმდა, ჩაქვის ფოტოები მოსწონებია, მესიამოვნა. ვუპასუხე და კიდევ ერთხელ ჩამოსვლა ვთხოვე.

სადილის დროს სახლში დავბრუნდი. არ მიყვარს კოლექტიური კვება. ბორშჩი გავიცხელე და პეტრარკას წიგნი თაროდან გადმოვიღე, იქნებ აქ ვიპოვო რამე, რაც სიზმარს ახსნის. გადავშალე. ტელევიზორი "იმედზე" გადავრთე, რვასაათიანი "ქრონიკა" დაიწყო, ხმა გამორთული მაქვს. პეტრარკამ გამიტაცა, ახლა უკვე მსიამოვნებს ქოროების "პეტრარკაა თუ პეტრაკეე". მობილურმა გამომაფხიზლა. ჩვენი ლიდერია, უმალვე ვპასუხობ.

გისმენთ!

შენა, ომი დაიწყო, რუსული ტანკები ახალგორიდან გამოვიდნენ, იმოქმედეთ ღალატამორის გეგმის მე-3 პუნქტის მიხედვით. მიეგებეთ საკომანდო "კოლხოზნიკს" მცხეთასთან, გენერალის გვარს მოგაწვდით მოგვიანებით. პირველ რიგში აიღეთ ფოსტა-ტელეგრაფი... ტელევიზიებიდან, კავკასია, პირველი სტერეო. რადიოები, ავტორადიო და ჯიპა. იდეოლოგიურ საქმიანობას თქვენ გაბარებთ. დანარჩენს კუზიანი მიხედავს.

ყურმილი გაითიშა. "იმედის" აჟიტირებული დიქტორი რუსული ტანკების თბილისისკენ მსვლელობას გადმოსცემს ისტერიული ტონით. დრო არ ითმენს. შილიფად გადავიცვი გულამოღებული მაისური, ქურთუკი და სულ რაღაც წამებში ოფისისკენ გულამოვარდნილი მივქროდი. ტელეფონით პარტიის წევრებთან ან ცხინვალის დაჯგუფების უფროს პროხოროვთან ვცდილობ დაკავშირებას: როდის გამოვიდნენ ჩვენები და რამდენ ხანში იქნებიან თამარ მეფის ხეივანში? ტელეფონები არ მუშაობს, კავშირი არ არის, ესეც კარგი ნიშანია, სიხშირეები გათიშა "გრუ"-მ. გულისფანცქალით ავირბინე ოფისის კიბე. უცნაურად მეჩვენა დაცვის ბიჭი, რომელიც სრულიად მშვიდად უყურებს მაესტროს, სადაც ლაივში წამყვანს საკონსტიტუციო საბჭოს წევრი უმტკიცებს, მონარქია არ არის ცუდი მოდელიო და საერთოდაცო, ბატონყმობა სრულიად უსამართლოდ იქნა გაუქმებულიო. დაცვის ბიჭს შევძახე, ომი დაიწყო, სხვა არხებზე გადართე-მეთქი, და კაბინეტში შევვარდი. ჩავრთე "ორტ", ტიტრად წერია: "ეკონომიკური ბუმი კრასნოიარსკში". რუსთავზე ჩემი სერიალი გადის "ველური პედრო". პეტრააარკააა, პეტრაააკეეე. გონებაში ქორო აგუგუნდა. ძველ საბჭოთა ღერბიან ტელეფონს ვწვდი და ცხინვალის კომუტატორს კოკოითთან ან თუნდაც გაგლოევასთან დალაპარაკება ვთხოვე. დაიცადეთო, სრულიად მშვიდად მიპასუხა რუსმა ოპერატორმა ჯავიდან. ესეც საეჭვო მეჩვენა. ჩავრთე რუსული საიტები, ერთი სიტყვაც არ არის ომზე. გადავრთე "იმედზე", ობამას განცხადებაა. გული ამიჩქროლდა, ეს ევრონიუსზეც უნდა იყოს წესით. დაგავრთე და არც აქ ისმის არაფერი საქართველოს შესახებ. ჩNN-იც ვნახე, იქ ვიღაც თვალცრემლიანი კონგრესმენი კაცი ბოდიშს იხდის, ცოლს ვუღალატე და მაპატიეთო.

ისევ "იმედი", სტუდიაში "სელებრიტი მოზგები" მშვიდად საუბრობენ. ამ დროს ზარია?! ჩვენი ლიდერის ნომერია კვლავ. აღელვებული ვპასუხობ, იქიდან გამოცდილი პოლიტიკოსის პაუზა და მოწყენილი, სევდიანი ხმით მეუბნება: მოდელირებული თუ რაცხა ყოფილა, 1 აპრილი ხომ არაა დღეს?

ხმა ჩამივარდა. არა, ცამეტი მარტია-მეთქი, და კავშირი გაწყდა. რაღაც ჩამწყდა უკან, კუდუსუნთან. ადგომას ვერ ვახერხებ. შემოვიდა დაცვის ბიჭი, პატივცემულო, ახლა საპატრიარქოს არხზე გიორგი სააკაძე გადის და სპარსელების შემოსევა არ გეგონოთო, გაიცინა და წავიდა. დავცარიელდი და გამოვიფიტე, როგორც დამჯდარი ბატარეა, როგორც დავარდნილი... გონებაში ისევ აგუგუნდა ქორო - პეტრარკაა!

სახლში გადავლასლასდი და კოლეგა ათლეტ ანტი-გლობალისტ ბორიას სკაიპში შემოსვლა ვთხოვე. არ მიყვარს ციფრი 13, მე 25-ის ფანი ვარ, რა თქმა უნდა, 25 თებერვლის გამო.

ტექსტი მოდელირებულია. კვერცხებიანი ხალხი ნუ მიუვარდებით რედაქციას!


გამომცემლობა "ნარცისი" აგრძელებს პროექტს "თავისუფალი დღიურები", რომელიც ტრდიციისამებრ წიგნადაც გამოიცემა. დღეს გთავაზობთ ერთი კონკრეტული დღის - 13 მარტის - შესახებ, ორი სხვადასხვა ცნობიერების მოქალაქის ჩანაწერებს.


სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/news/2010-05-16/6596.html

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მამუკა ხერხეულიძე   Wed Apr 01, 2015 8:47 pm


ბატკა ნავერიანის შექმნილი საბურთალოს სასაფლაოს ეკლესიის შესასვლელი კარი

მამუკა ხერხეულიძე

კავკასიური ქრონიკა

„და ამათ გვართა იციან მესისხლეობა, რამეთუ მოკლას ერთმან, არა დასცხრების მეორე გვარი შვილით შვილამდე უკუნისამდე, თუმცა არ მოკლას მანცა, და მკულელი მოკლულსა მათთვის გვარსა ჩასძახებს საფლავსა შინა „მოვკალო მკულელი შენი“ და რწამთ, ესე საცხონებლად მისად“.
ვახუშტი, XVIII საუკუნე



დაბაში, სადაც ეს ამბავი მოხდა, შურისძიება დღესაც ყველაზე ტრადიციული და ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ღირსეული კაციც ის არის, ვისაც თავისი მოგვარის სისხლი აქვს აღებული. აქაური წესია: საფლავზე ქუდი უნდა დააგდო და სამარეს ჩასძახო, - მოვკალო შენი მკულელი! რაღაც უცნაურად მკაცრი სიმართლე ძევს ამ სხვისი ოჯახის გამაუბედურებელში; მითუმეტეს კავკასიაში და თანაც მთაში, „შენ რომ სხვას მოკლავ, შენც მოგკლავენ, მკვლელს არ შეარჩენს გვარიო“... - ნათქვამი აქვს ვაჟას, თუმცა მოკლულს ხელს აღარ ჭრიან, და მაინც ჩემთვისაც კი თვალშისაცემია შავოსან ქალთა რაოდენობა, რომელთაც მკერდზე ყვავილებით დაუბნევიათ გარდაცვლილთა ფოტოსურათები.

ვთქვი ჩემთვისაც - იმიტომ, რომ ის დაბა ჩემი ნაწილიცაა, გნებავთ მე ვარ იმ დაბის ნაწილი.

ბატკა მხატვარი იყო, ხეში ჭრიდა ფიგურებს, ჩუქურთმებს, ჯვრებს, ჯამებს, ეკლესიის კარებს და კანკელსაც უკვეთავდნენ ხოლმე. კარგი ხელი ჰქონდა, ყველაფერი გამოსდიოდა. მაგრამ მე ყველაზე მეტად მაინც მისი საყვარელი პერსონაჟების ფიგურები მომწონდა, გულმოდგინედ, ნატურალისტურად შესრულებული. ტოლები ვიყავით და გაცნობისთანავე დავმეგბრდით, თუმცა მეჩვენებოდა, რომ ის ბიჭი ძალიან დიდი ხნის წინ გავიცანი, - მაღალი, გამხდარი, სევდიანად მომღიმარე, ვისაც უკვე ჩამოყალიბებული ზნეობრივი კოდექსი და კაცური პრინციპები ჰქონდა. იმ წელს, როცა ეს ამბავი მოხდა, „დონ კიხოტს“ აქანდაკებდა, მშობლიურ გარემოში თავადაც დონ კიხოტივით ცხოვრობდა და გამოირჩეოდა.

ბატკას მამა ცნობილ ყაჩაღს, სტალინ-პეტრეს ჰყავდა მოკლული. ეს მეტსახელი დაუნდობლობის და გარეგნული იერის გამო შეარქვა ხალხმა: ულვაშები, კიტელი, ჩექმები; ამ გულმხეც პეტრეს კიდევ რამდენიმე კაცის ცოდვა ედო კისერზე და, რა თქმა უნდა (ბატკას გარდა), ამავე გვარის ახალგაზრდების მთავარი მიზანი სტალინ პეტრეს მოკვლა იყო. სანამ გავერკვეოდი რა ხდებოდა, მაგრად მიკვირდა: მე მესალმებოდნენ დაბელები, ბატკას - არა.

„ამათი არ მიკვირს, - მითხრა ერთხელ ბატკამ, - კლასელი გოგო მიყვარდა, იმანაც კი მიმატოვა, ოჯახის ჭკუაზე გადავიდა, - ეგ რა კაცი იქნება, მამმისის სისხლზე არ ფიქრობსო“. ის გოგო მეც მინახავს და ვერაფრით წარმოვიდგინე ცისფერთვალება, ლოყებწითელი, ერთი ციცქნა არსება ვინმეს სისხლის ძიებაში გართული. სწორედ ადათის გამო ოჯახს არაფრით გადაუდგებოდა თანაკლასელი.

როცა პატარა ბატკა გავიცანი, მამა კარგა ხნის გარდაცვლილი ჰყავდა, დედა კი - ლოგინად ჩავარდნილი, შვილის დახმარებით თუ ახერხებდა მოძრაობას. დაბის ცენტრში ცხოვრობდნენ, ლამის მთავარ მოედანზე. უსწორმასწორო წრეზე უსახური ადმინისტრაციული შენობები იდგა, მკაცრი ციხე-სიმაგრეებიდან გამოსული ხალხი დღეში რამდენჯერმე კვეთდა, ჭრიდა და სერავდა საყვარელ მოედანს. ეს უმიზნო, ზოგჯერ საქმიანი ან მიზეზიანი სვლა წყლის ჭავლთან - ნილოსის სათავესთან ბოლოვდებოდა. საღამოობით კი ზღვაში ჩასული მზის ანარეკლი, კავკასიონის მარად თოვლიან მწვერვალს აწითლებდა, მერე ბინდდებოდა და მოედანზე შემორჩენილი ხალხის ხორხისმიერი ხმები კიდევ უფრო მკაფიოდ გაისმოდა. ბატკას არ სიამოვნებდა მამისა და სტალინ პეტრეს ამბის გახსენება - ღიზიანდებოდა. ბოლომდე არც მე ჩავცივებივარ, ღვთის მადლით, ისედაც ადვილად დაადგენდი ჭეშმარიტებას - ამ მკაცრ ხალხშიც ბევრი ერია ენაწყლიანი და ამბების თხრობის მოყვარული.

სტალინ-პეტრეს ბატკას ნათესავი გლეხი მოეკლა ხარის გულისთვის. ადამიამიანებზე მეტად თურმე ხარები უყვარდა. ეფერებოდა კიდეცო, - ამბობდნენ თვითმხილველები. არ მიუცია გლეხს თავისი ჯილა ხარი, ანდა რატომ მისცემდა, მეტიც, ხანჯლისკენაც წაუღია ხელი, გაჯიქებულა, გამწყრალა... და ვიდრე ჯავრს საქმესაც მიაყოლებდა, სამი ტყვია მოხვედრია თავში, „კბილები ჰქონდა თავში შერჭობილიო“, - ამ დეტალს ყველა ხაზს უსვამდა. სწორედ ამ კაცის სატირალში ასულა ბატკას მამას დიდთოვლობის გამო ზემო სოფელში საღამოს აუღწევია. ეზოში სეფა: შორიდან მოსულ, დაღლილ სტუმრებს არყით და სამარხვო საჭმლით უმასპინძლდებოდნენ. ბატკას მამას სამი ჭიქა დაულევია, ერთიც მიწაზე წაუქცევია: ასე დაიღვაროს ჩემი სისხლი, თუ ეს პატიოსანი კაცი არ ვისისხლოო, და თითქოს მის სიტყვებს ელოდნენო, - სახლიდან ერთდროულად სროლა და ჭირისუფლის კივილის ხმა გაისმა. ხალხი წამოიშალა, მიმოიფანტა, ზოგმა რა მოიმიზეზა, ზოგმაც - რა. ბატკას მამა კი პიტოლეტით ხელში სახლისაკენ დაიძრა. აივნიდანვე დაუწყია სროლა, ოღონდ გაურკვეველია, რატომ - თავს იმხნევებფა თუ კონკრეტულ სამიზნეს ესროდა. ოთახში ჭირისუფალი დედაკაცების და მიცვალებულის გარდა არავინ დახვდა. როგორც მერე გაირკვა, ქალებს ნიშნის მიცემა უნდოდათ, მაგრამ ვერ მოუსწრიათ - სტალინ-პეტრე ზურგიდან მოდგომია და ქურდულად „აჰა, დაიჭიო“, დაუყვირია და სამი ტყვია დაუხლია მაუზერიდან. კაცი პირქვე წასულა, მიცვალებულის ტახტისათვის ჩამოუკრავს ნიკაპი და იქვე გაცივებულა. სტალინ-პეტრე კი შეტრიალდა, ცხენს მოახტა და გაქუსლა, გაკიდებაც ვერავინ გაბედა, აზრადაც არ მოსვლია თავში, „რაღა ეშმაკს გაკიდებიხარ სიბნელეშიო“ - საშინელ ამბებს ყვებოდნენ პეტრს ნამარდობაზე...

ბატკას მამა მეორე დღეს მარხილით ჩამოუსვენებიათ დაბაში. 11 წლის ბატკას მამის გაყინული, ქვასავით მაგარი სახე, გახეთქილი ნიკაპი, ბოლო კოცნა და უხეში ულვაშების შეხება ჩარჩა მახსოვრობაში. ახსოვდა, შეიარაღებული მილიციელები მიცვალებულს ღამეს რომ უთენებდნენ, - პეტრე არ მოვიდესო (ეს საშინელი კაცი მთვრალი შევარდებოდა თავის მოკლულის პანაშვიდზე და ქალებს ფეხებში ესროდა - იცეკვეთო). კიდევ ახსოვდა ქვებისა და გაყინული მიწის ხათქა-ხუთქი კუბოს სახურავზე, „თითქოს მე მეყრებოდა ტვინშიო“, - ასე მითხრა ბატკამ.

ამის მერე სტალინ-პეტრე გაუჩინარდა. ხალხსაც მეტი რაღა უნდოდა, რას არ ყვებოდა „აქა და იქ მოუკრავთ თვალი პეტრსთვის, დაღესტანში და ყაბარდოში უნახავთო...“ მარტო ბატკა ხუმრობდა: „ყაბარდო არ ვიცი, მაგრამ მე თვითონ ვნახე, ევროპასავით ხარზე გადამჯდარი ცის უკიდეგანო ოკეანეში მიფრინავდაო...“

პეტრემ პირველი მკვლელობა დის გამო ჩაიდინა. მოადგა შორეულ სოფელში გათხოვილი გოგო ძმას, - ნაცემი, თვალჩალურჯებული (როგორც წესი, ასეთ დროს ქალი უეჭველად მზეთუნახავია და ზნეობრივად სრულყოფილი) და გამოუცხადა,- იმასთან აღარ ვიცხოვრებო. პეტრე რაღაცას აშენებდა ეზოში, მიუყრია იქვე ქაფჩა, გონიო და ჩაქუჩი, გადაუკიდია შაშხანა, შემჯდარა ცხენზე და სიძის სოფელში გადასულა. დილა იყო. პირის დასაბანად გამოსულ სიძეს მზის ნაცვლად შაშხანა უყურებდა ყბაში. ტყვიაც გავარდა და კაცი საპნიან გუბეში ჩაეცა პირსახით. პეტრე წამოვიდა და უღელტეხილთან მიხვდა, რომ კანონგარეშე დარჩა. შინ აღარც დაბრუნებულა, ტყეებს აფარებდა თავს. ხანი გამოხდა, სიძის ძმამ და ბიძაშვილებმა პეტრეს სახლს ცეცხლი წაუკიდეს, როცა მეზობლებმა მოუსწრეს, ციხე-სახლის მიშენებული ხის ნაწილი ჩამოშლილი იყო. ნაღვერდალში გონებადაკარგული, ფეხებდამწვარი პეტრეს და ეგდო. ქალი გამოიყვანეს, მოუარს, გონზე მოიყვანეს, მაგრამ ფეხები სამუდამოდ წაერთვა და დამუნჯდა.

ახლა უკვე პეტრეს ჯერი დადგა და მანაც სიძის ძმის სოფლის ახლოს ტყეში დაიდო ბინა. აქედან უთვალთვალებდა, იცოდა: სოფლის კაცს აუცილებლად მოუწევდა ტყეში წასვლა. ასეც მოხდა, ორი კვრის თავზე კაცმა საქონელს მიაკითხა, მონატრებულ ხარებს მოეფერა, თავის ჯილა ხარს ქედი მოუსინჯა, საიდუმლო სიტყვები უთხრა. დროის შერჩევა იცოდა პეტრემ, - თოფმა იგრიალა, კლდეებმა დაიჭექეს, თავსისხლიანი კაცი საყვარელი ხარის ქედზე გადაიკეცა, სისხლით დასვარა და დამფრთხალი პირუტყვის ფეხებთან დაეცა. ფეხით გადააგორა ცხედარი სტალინ-პეტრემ, პირუტყვი წყაროსთან ჩაიყვანა და სისხლი მოჰბანა.

აქედან წამოსული მშობლიურ სოფელში მიბრუნდა, მომჯობინებულ დას ნაბადი შემოახვია, უნაგირზე თოკებით მიამაგრა და თან წაიყვანა. მას შემდეგ საფარიდან საფარში გადაჰყავდა ხეიბარი ქალი, რომელმაც მეტყეველება დაკარგა თუ დუმილის აღთქმა დადო უფალთან, - არავინ იცის; ფეხებს რომ ვეღარ ამოძრავებდა, ნამდვილი იყო...

ბატკა თავის ოთახსაც იხსენებდა, სადაც მუდმივი გლოვა იდგა. გამოციებულ, თეთრ-მონაცისფრო ოთახში მამის თეთრი, გადიდებული ფოტო ეკიდა. ფოტოდან მამის ჩაუდენელი დანაშაულის მონანიება იხედებოდა. მთელი ბავშვობა ამ ფოტოსთან და რკინის ლოგინთან ერთად გაატარა ბატკამ. ლოგინზე მამის გაუთოვებული ტანსაცმელი და ზედ დასვენებული ქამარ-ხანჯალი და პისტოლეტი ეწყო. ამ ნივთებს მხოლოდ სისხლის აღების შემდეგ მიუბრუნდებოდნენ და ჭრაჭუნაკარიან, კუბოსავით კარადაში გარდაცვლილის სხვა ნივთებთან ერთად შეინახავდნენ. როგორც კი წამოიზარდა, ბიჭმა ეს ოთახი გააცოცხლა, ნივთები შეინახა, რკინის ლოგინი დაშალა და კარადასთან ერთად ქვევით ჩაიტანა, დიდ ოთახში, სადაც დედა იწვა. ოთახი ნახატებით, ფიგურებით, წიგნის თაროთი და ძველებური ფარდაგით მორთო. დედას პროტესტი არ გამოუთქვამს, უბრალოდ უთხრა - ადათ-წესის გარეშე გაგიჭირდებაო...

ყველა ტრადიცია შეიძლება კარგი არც იყოსო, - უთქვამ ბატკას. კარგი, დედა დედაა, ერთია; ყველაფრის გამგები, მაგრამ ნათესავებს, მოგვარეებს, მეზობლებს აღარ უყვარდათ ბიჭი, თუ რაიმე არ დასჭირდებოდათ, აღარც კი სცნობდნენ, სალამსაც ვერ იმეტებდნენ. არადა, ყველაფერი გამოსდიოდა ხელიდან, მუყაითი მშრომელი იყო. ხის საჭრეთელები პირველად უცხოელმა ალპინისტმა ჩამოუტანა. ის მანამდეც იყო ბიჭთან ნამყოფი და მისი ხელობა მოსწონდა. ამ ქალაქში ჩასული უცხოელები და კულტურული ქალაქელებიც მასთან ჩერდებოდნენ. ბატკას წიგნებიც სტუმრების დამსახურება იყო - ძალიან კარგი და იმ მხარისთვის უჩვეულო ბიბლიოთეკა ჰქონდა...

იმ დილას ადრე, მზის ამოსვლამდე გაიღვიძა. გაზაფხული იყო, ციოდა. სწრაფად ჩაიცვა გაყინული ტანსაცმელი და გარეთ გავიდა. მამლები უკვე თავს იწონებდნენ, აქა იქ ნაჯახის ხმაც ისმოდა - თემი იღვიძებდა. პირველ სართულზე დაეშვა, იქვე, კიბესთან მიყრილი შეშა ცალ ხელზე დაიწყო, ნაჯახსაც დასწვდა და ფეხით შეაღო კარი. ერთფანჯრიან ტალანში ბნელოდა, მხოლოდ დედის საწოლთან კრთოდა სანთელი. ამ შუქზე გამომშრალი, ვენებით აღნიშნული ხელის მტევანი ფრესკის დეტალივით იკითხებოდა. „დილა მშვიდობისა!“ - მიესალმა დედა და, ალბათ, გაუღიმა, სახე არ უჩანდა, თითქოს ხელი საუბრობდა. „დღეს როგორ ხარ?“ - ბიჭი ღუმელთან ჩაცუცქდა. „როგორ ვიქნები, ადგომა მინდა და...“ - თქვა ხელმა. „ახლავე ცეცხლს დავანთებ“. ბიჭმა ნაჯახით ოსტატურად, უხმაუროდ ჩამოთალა შეშას წვრილი ნაფოტები. ჟანგიან, გაციებულ ღუმელში შეაწყო, ცეცხლი დაანთო და რკინის საკეტი დააცემინა. მერე ქვემოდან ერთიც შეუბერა და აგუგუნდა ძველისძველი „ფეჩი“ (სად არ ვარ ნახეტიალები, რა არ მინახავს, მაგრამ ასე ჯადოსნურად ცეცხლის დანთება მხოლოდ მან იცოდა). „წამოდექი“, - ხელი გაუწოდა დედას. ქალიც თავისი გამხდარი ხელით დაეყრდნო და ოხვრით წამოიწია. „ახლა დაიწყებს“, გაიფიქრა ბიჭმა და დაიწყო კიდეც: „ასე გახადოს მაგათი ჯიშ-ჯილაგი...“ - ეს მოთქმა-მონოლოგი ოცი წლის განმავლობაში ჩაესმოდა ბატკას. ტექსტი უცვლელი იყო, ტაბუდადებული: აუღებელი სისხლი, გვარის გამგრძელებელი მექუდე, უხსენებელი სტალინ-პეტრე... ბატკა აღარც უმენდა, ზეპირად იცოდა ამ წყევლა-შეჩვენების ყველა შესაძლო ვარიანტიც კი. მაგრამ ხანდახან მაინც გაეჩხირებოდა ყელში ბურთი, ბოღმა მოაწვებოდა დედის მოთქმაზე და ბავშვობაში დაღვრილ ცრემლზე, რომელსაც ვერ უწამლა შურისძიებით. ასეთ დროს ზოგჯერ კიდევაც ამართლებდა სისხლის ამღებებს, თუმცა ეს სისუსტე წამიერი იყო, თავისივე ფიქრის შერცხვებოდა ხოლმე და შიშობდა, ხომ არ შევიშალეო. ეს ძალიან იშვიათად ემართებოდა, რადგან ნაღდად იცოდა - კაცს არ მოკლავდა.

ოთახში უკვე მზის შუქი იდგა. ბატკამ დედა ღუმელთან, სავარძელში ჩასვა, მაგიდიდან ლამანჩელის დაწყებული ფიგურა აიღო და გარეთ გავიდა. ეზოში აჩემებულ კუნძზე მოკალათდა და მუშაობას შეუდგა. „ბატკა - მწუხარე სახის რაინდო, ეს შენი ავტოპორტრეტი იქნება, მაინც გამსგავსებს ხერხეულიძე...“ გაეცინა.

ეკლესიის ზარმა ჩამოკრა, მოედანი ხალხით ივსებოდა, ჯგუფ-ჯგუფად თუ სათითაოდ იკრიბებოდნენ, შორიდან ხორხისმიერი ბგერები ისმოდა. მერე სატვირთო მანქანა შემოგრიალდა, ხალხი სწრაფად მიაწყდა მილიციის შენობას, - რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა. ბატკამ ნამუშევარი კუნძზე დადო და ხალხს შეუერთდა. სამხედროფორმიანი მილიციელი სატვირთო მანქანის ძარას ხსნიდა, წვალობდა - დაჟანგებული საკეტი არ ნებდებოდა. მოედანზე დუმილი გამეფდა, მხოლოდ საკეტის ჩხაკუნის და მილიციელის ხვნეშა ისმოდა. ბოლოს, როგორც იქნა, გახსნა საკეტი და მანქანის ხის „ბორტი“ წარმოუდგენელი ხმაურით გადმოვარდა. ძარაზე თმა-წვერ მოშვებული ცხედარი ეგდო. ხალხი აჩოჩქოლდა, შეიკრა და წინ გაიწია. ძარაზე მეორე მილიციელიც ავიდა, გვამს სამხედრო კიტელში ჩაავლეს ხელი და პირდაპირ მიწაზე გადმოაგდეს. ბატკას არაფერი ესმოდა, ხალხი გაარღვია და მოკლულს დააშტრედა. სტალინ-პეტრეს ჩექმები არ ეცვა, ტალახიან, სისხლშემხმარ ფეხებს საშინელი ფოლადის ბუზები ეხვეოდნენ. ბინძური, ძველისძველი სამოსი ეცვა. უკბილო პირი ღიად დარჩენოდა და აქაც ბუზები დასტრიალებდნენ. თეთრი, გაბურდული თმა-წვერიც სისხლით და მიწით ჰონდა მოთხვრილი. ვიღაც მადლიანს გვამისთვის თვალები დაეხუჭა და უკვე ვერავინ წაიკითხავდა, სამუდამოდ რა ჩაიყინა, რა დაიმალა ქუთუთოებს მიღმა, - შიში, წყევლა თუ სინანული... ეს იყო მითად ქცეული სტალინ-პეტრე, მოუხელთებელი ყაჩაღი და მკვლელი. ამ კაცის სახელით აშინებდნენ დედები ბავშვებს, ამ კაცმა მოუტანა ბევრ ოჯახს უბედურება, შურისძიების ჟინით აცხოვრა უამრავი ახალგაზრდა და შეუმდგარ მკვლელებად აქცია...

მილიციელებმა გვამი შენობისაკენ გადაიტანეს და კედელთან დააგდეს. ეს ძველი წესი იყო - ეგდებოდა, სანამ გახრწნას არ დაიწყებდა, ყველას უნდა სცოდნოდა და საკუთარი თვალით ენაცა, როგორ ექცეოდნენ კანონგარეშე დამნაშავეებს. ბატკას წუთით ეს თემიცა და თავისი კლასელი დულსინეაც შეზიზღდა - ყველა, ვინც ამ კაცის ამ მდგომარეობაში ჩაგდებას ითხოვდა თუ ნატრობდა.

ხალხმა დაშლა დაიწყო, - პეტრე მოკლულია, სისხლიანი კომედია დამთავრდა. ბატკა შინ დაბრუნდა, დაღლილი, ბოლომდე დაცლილი. „პეტრე მოუკლავთო“, - გასძახა დედას და კუნძზე დატოვებულ ფიგურას მიუჯდა. „ამ პეტრეს ვიღაც ნათესავი უნდა ჰყავდეს, მახსოვს. მოიპაროს ღამით და დამარხოს ჩუმად - ან მე თვითონ... თუ დამინახეს, ამოთხრიან და ღორების შესაჭმელად დააგდებენ ისევ“.

„ნეტავ გოგო რა იქნა, სად დატოვა ხეიბარი ამ უბედურმაო“. ამას ფიქრობდა ბიჭი, რომელიც კავკასიის ერთ-ერთ, ყველაზე მაღალ და ტრადიციულ თემში ცხოვრობდა, სადაც მოკლულს მარჯვენას აღარ სჭრიდნენ, მაგრამ...

ბატკა ბოლომდე იმ დაბაში ცხოვრობდა. საბურთალოს სასაფლაოს დიდი ტაძრის კარი და კანკელი მისი ნახელავია. მე მას ფხოტრერისას თუ შევადარებ - რა ვიცი, ნახეთ.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მამუკა ხერხეულიძე   Thu Apr 09, 2015 9:59 am

მამუკა ხერხეულიძე

ვაშაკიძე

მოთამაშეები ცრუმორწმუნეები ვართ. გვწამს შავი კატის, რიჟა ხალხის, ცუდი თვალის, მრუდე ხელის, ორშაბათის, აჩემებული ციფრების, თარსი ტიპების, საერთოდ, „პალასაანტიპალასის“ ანუ იღბალ-უიღბლობის.

თუ არ თამაშობ, ვერ გაიგებ.

ძველ სახლში კარის მეზობელი მყავდა, რიჟა კაცი. სახლიდან გასვლისას თუ შემხვდებოდა, იმ დღეს უეჭველი წაგებული ვიყავი. მაგის განრიგიც კი ვიცოდი და ისე მქონდა აწყობილი, წელიწადში ორჯერ თუ გადავაწყდებოდი, და, რა თქმა უნდა, იმ დღეს გადახეული ვიყავი.

ერთხელ ისე მაგრად მეჩქარება, რიჟას განრიგიც კი დავიკიდე. ლიფტის კართან დამხვდა. სახლში შებრუნება დავაპირე, შევყოყმანდი. რიჟა მომესალმა. პასუხი არ გავეცი. დარეტიანებულივით ვდგავარ, მივხვდი, ცუდად ვიქცევი და სალამი დავუბრუნე. გადავწყვიტე, არ შემემჩნია, თან სათამაშოდ მივდივარ, განწყობა მჭირდება. ასეთ დროს, როგორც წესი, ფიქრობ, რომ ეს სულ „რიჟა ბაზარია“ და ამ გალეული ჯაყვასავით კაცს, კოსტიუმი დიდი რომ აქვს და ხელები არც მოუჩანს სახელოებიდან, არაფერი გავლენის მოხდენა არ შეუძლია „რეალისა“ და „ოსასუნას“ მატჩზე, რომელიც მადრიდში საღამოს ცხრა საათზე დაიწყება. ნახევარი სამყარო ადევნებდა თვალს ამ მატჩს, მეორე ნახევარს ფსონი ჰქონდა დადებული. „რეალს“ ფრეც აწყობდა, სახლში თამაშობს ბერნაბეუზე და მოგების შემთხვევაში ჩემპიონი ხდება. ფეხბურთელები მწყობრში არიან, წინა ტურის ყველა თამაში მოგებული აქვთ... მოგების განწყობა დავიბრუნე.

ლიფტიც მოვიდა, კაცმაც შესვლა დაიწყო, მეც მსხვერპლივით მივყევი მის მწითურ კეფას. შევედით კაბინაში. მწითურმა კეფამ, ოჯახში ხომ კარგადო? მკითხა და შემრცხვა. რა იდიოტი ვარ, რას ვებუტები... მეზობელია, რამე რომ დაგჭირდეს, ამაზე ახლობელი ვინ გყავსო, დედაჩემის სენტენცია გამახსენდა და მოკითხვა შევუბრუნე ცოცხლად. არა გვიშავსო.

დამთავრებული არ ჰქონდა და ლიფტი გაჩერდა, ჩაბნელდა, დენი წავიდა. ის წლებია, ჩვენ რომ ვიცით, მაგრამ ზაფხულია და იშვიათად მიდის დენი. კაცმა, ამათ დედებსო, და თავის გოგოს დაუძახა. ისიც ეგრევე გამოეხმაურა, რატომღაც, იქვე იდგა და, ცოტა ნიშნისმოგებით, სართულებს შუა ხართ მოყოლილი, ვერ გამოხვალთ, დენი სანამ არ მოვაო.

ეს გოგო მამაზე უფრო მწითური იყო. გაუთხოვარ, მსუქან გოგოს დიდი, წითელი თმები ჰქონდა გაჩეჩილი, გეგონება, ცეცხლი უკიდია თავზეო. სახლიდან იშვიათად გამოდიოდა. ალა პუგაჩოვას ფანი იყო, მაგისი ოთახი ეზოს მხარეს გამოჰყურებდა და „არლეკინო“ მოისმოდა ბოლო ხმაზე. ახლა გამახსენდა, დილას აივნიდან დავინახე, ნაგავს ყრიდა ზარის რახარუხით მოსულ მანქანაში. მგონი, მთავარი ჯადო ეს გოგოა, გამიელვა და უცბადვე უარვყავი ეს თეორია – კიდე ახალი თარსები მინდა, ისედაც სად ვარ და ვისთან.

სანთებელა ავანთე, სიგარეტს მოვუკიდე და საათსაც დავხედე. ნახევარ საათში ჩემი მაზავშიკი სადღაც მიდის (ტოტალიზატორები ჯერ არ არსებობს, ხელზე ვმაზავთ), არადა, პრისტავკას არ მეთამაშება, მარტო ნაღდ ფულს. ისევ დაბნელდა კაბინაში, მხოლოდ ჩემი ნაფაზების დროს ნათდება მწითური თავი, და ძალაუნებურად აკრძალული ფიქრი გამიელვებს თარსებზე, მაგრამ ვცდილობ, სხვა რამეზე ვიფიქრო. ამ უკუნეთ სიბნელეში ჩემი სიგარეტივით მანათობელი თავი უცბად ამბობს, ამ ლიფტში პირველად გავიჭედეო. დავანაფაზე. მისი მწითური სახე ამომყურებს ეჭვით. უცბად გამიელვა, იქნებ ამისთვის მე ვარ თარსი და მე მაბრალებს დენის წასვლას. შევწუხდი, სინდისის ქენჯნა დამეწყო, ფეხით ვერ ჩავეთრიე, ამ კაცსაც რას ვერჩოდი-მეთქი – და დენიც მოვიდა. ლიფტი დაიძრა. მისი ქალიშვილი დავლოცე, ალბათ თელასში დარეკა და ჩაართვევინა-მეთქი.

გამოვედით ორივე, ბედნიერებისაგან შაქრად ვდნებით, ჭიშკრამდე დავემშვიდობე, ტაქსი გავაჩერე და ფიქრში დავგმე ცრურწმენა. ის კი არა, უეჭველი გადავტეხე ჩემში ეს ბნელური რწმენა, დღეს კი გადავხევ ოსასუნას და ჩემს მაზავშიკს-თქო.

მივედი მუშტაიდში. მთელი მოთამაშეები ბაღში დგანან ჯგუფ-ჯგუფად, ისმის ჯადოსნური იქს 2, ფრე და გავეყარეთ, მეტი გოლი, ჰანდიკაპი, მეტი კუთხური, ვინ დაიწყებს და სხვა. აქ რასაც გინდა გამაზავ, მწვრთნელი ვის გადაკოცნის პირველს ან ტიტველი კაცი თუ გადახტება სტადიონზე, და მამალივით ირბენს თუ არა პოლიციელებისაგან თავის დასაღწევად.

აქ სულ ჩემნაირი მანიაკები არიან, ჩემი თაობის ბიჭები, მაგრამ ეს კახელი გივი მყავს ამოჩემებული. არავინ უმაზავს ჩემ გარდა, მელას თავის მახრჩობელა უყვარსო, ეგრე ვარ, მაგარ ზამასკაში ვყავარ. ისე ყომარბაზია, ლეგენდებს ყვებიან, დიდი თავნები აქვს ჩაბარებული და მიღებულიო. ასეთი წუწკი ტიპი არც მინახავს და არც წამიკითხავს, სასადილოში სულ მარტო გადადის და გულიაშს თქვლეფს. ფეხბურთის აზრზე არ არის და არავის გულშემატკივრობს, ერთხელ საქართველო-რუსეთის მატჩზე რუსების მაზი ეჭირა და მოიგო.

მივედი, სალამი ვთქვი. საერთო აზრი რეალის გამარჯვებაა, არავის არ ეპარება ეჭვი, ზოგი ჰანდი კაპს აწვება. გივი გრძელ ხის სკამზე ზის თავისი ჯინსის ზმეიკიანი ქურთუკით და მუდამ პრიალა შავი მოკასინებით ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, თასმები – წინდებში ჩატანებული, უემოციო, ოდნავ ცინიკური სახით უსმენს მაზავშიკების კომენტარებს. მე ვერც მამჩნევს ან ატრაკებს, დილით არ ველაპარაკე ტელეფონით?

გამოვიხმე, ბიჭებმა თვალი გამომაყოლეს, ჩვენი თამაში იციან და ვეცოდები, რას გადაეკიდე, ხომ ხედავ, უეჭველს გიგებსო. ხო, მაგრამ ლოგიკა სად არის? ზარს ხომ არ ვეთამაშები? ფეხბურთის სპეციალისტი ვარ, ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი თავის დროზე. ლელოს ნომერი არ გამომიტოვებია, რაც თავი მახსოვს, ყველა შენახული მაქვს, კანაფით გადაკრული, გაყვითლებული გაზეთების კიპები. კიროვის ბაღში ჟურნალების ბარიგა მყავდა, არტურა, ინგლისურ „კიკერს“ მიჩითავდა თვეში ერთხელ, მაგარი ფოტოებით და ისეთი ინფორმაციით, რომელიც ათმა კაცმა თუ იცოდა საქართველოში. ისინიც შენახული მაქვს, ოღონდ ვარსკვლავების ფოტოების გარეშე, იმათ ვჭრიდი და ჩემი ოთახის კედლებზე ვაკრავდი. დღევანდელი მსოფლიოს ფეხბურთელები კი არა, მწვრთნელები ვიცი ყველა, ინფარქტი აქვს თუ არა გადატანილი, ისიც ვიცი.

გივიმ, რა გინდა, უეჭველს მიგებ, შენი – ხუთასი, ჩემი – ასიო. დავიწყეთ ვაჭრობა, ეგრე სად არის, ბურთი მრგვალია, შენი სამასი-მეთქი. ცოტაც ვიკაჩავეთ და მოულოდნელად: რა გინდა, ერთნაირი კუშები იყოს, ოღონდ ათას – ათასიო. გული შემიქანდა. დიდი ფულია. თან ბოლო თვეა, სულ მიგებს, ევროსპორტი ახალი შემოსულია ჩვენთან, ხან – ჩოგბურთში, ხან – კალათბურთში, ბოლოს ბალახის ჰოკეიც მომიგო. ერთ კვირაში მოსატანი-მეთქი და გახარებულმა, რომ არ გადაიფიქროს, ხელი დავარტყმევინე.

წამოვედი. სახლში რომ ავდიოდი, მეზობელი გამახსენდა, მაგრამ პირიქით რომ გამოვა დღეს და კახელ გივიას ათას დოლარს გამოვუღებ, მერე ალბათ რიჟას ცდას დავიწყებ ლიფტთან-მეთქი.

თამაში რეალმა წააგო. რაულმა პენალტი ააცილა, ერერომ კი თავის კარში ჩაჭრა უიმედოდ ჩაწოდებული ბურთი და თამაშიც დასრულდა.

ზუსტად კვირის თავზე სამშაბათ დღეს დამიჭირეს. მაგის მერე სამშაბათობით სახლიდან საერთოდ არ გავდივარ დღემდე. მთელი კვირა ვეძებე და ფული ვერ დავიადე. აღარავინ მასესხა. როგორც ჩემი უბნელი გალოთებული ფუფლოშნიკი მაფრთხილებდა, ეგ დღეც დადგება, შაურს არ გასესხებს არავინ; აბა, მე ფუფლოდ კი არ დავბადებულვარ, ათი წელი ვიხადე პატიოსნად და ერთ დღესაც...

12 საათამდე სამი საათი რჩებოდა, შანსი აღარ მქონდა, სარდაფიდან ნაჭერში გახვეული ნაგანი ავიღე და უბანში მცხოვრებ მევახშეს შევუვარდი უნიღბოდ, მაინც მიცნობდა, რა აზრი ჰქონდა, მარტო ამ კვირაში ხუთჯერ დავადექი ვალზე და ხუთჯერვე უარით გამომისტუმრა. დრო აღარ რჩებოდა, ორ საათში ფული უნდა ჩამებარებინა. შევანგრიე ჯაჭვზე გაღებული კარი, იარაღი თავზე დავადე შიშისაგან მუხლებზე დამხობილ პედიკიურშა ზინას, რომელიც ვეღარც ყვიროდა, ხმა ჩაუვარდა მგონი, ადგა და საძინებლისკენ დაიძრა პირზე ხელაფარებული, თრთოდა და ჩუმად ტიროდა, ისე, რომ ხმამაღლა არ გამოსვლოდა. კარადა რომ გამოაღო და ქალის საცვლების ქვევიდან გაზეთში გახვეული ასიანებით გადაკრული დასტები გამოიღო, დავუყვავე, სხვა გზა არ მაქვს, რომ არ მომცე, მოგკლავ, და მერე თავსაც დავიბრიდავ, არადა, ორივე ცოცხლები დავრჩებით, შენს ფულს ამ თვის ბოლოს დაგიბრუნებ-მეთქი. ათასი დოლარი ამოვიღე იმ გაზეთიდან, დანარჩენი, დაახლოებით ათი პრესი, რეზინგადაკრული ასიანები ისე დავუბრუნე, არც დამითვლია. ამ სულგრძელობის იმედზე ვიყავი, არ გამწირავს, არ განაცხადებს, თან თავის ათას დოლარსაც დაიბრუნებს-მეთქი.

გივის მუშტაიდში მივაგენი, ატრაქციონის უკან ჩაცუცქული ყომარს აგორებდა. ფული ისე გამომართვა, არც ამოუხედავს, დიდ ფოსტას თამაშობდნენ, მაგ ოცის ფეშინაო და გააგორა, კამათელი შაშიბეშზე დაჯდა. ორმოცი მოიგო, წამოდგა და – დღეს მოვკალით თამაში, დავიქანცე, ბიჯო, მთელი დღეა პური არ მიჭამიაო. – პლეხანოველი ბიჭი ზარდაცემული იჯდა ჩაცუცქული, კამათელს მოკლედ აგორებდა, თან დედას აგინებდა ძალიან მწარედ, ისტერიკულად, გივის მისამართით აშკარად, რომელსაც მაგრად ეკიდა, საერთოდ არ იმჩნევდა და სკამზე შემოდებულ მოკასინის თასმას წინდაში იტენიდა.

გამთენიისას ამაგდეს. შვიდი წელი მომცეს, მთელი სროკი დაჭერის დღეს ვიხსენებდი, მესიზმრებოდა კიდეც: სახლიდან რომ გამოვდიოდი, მეზობლის რიჟა, ცეცხლთავიანი ქალიშვილი ნაგავს ყრიდა ჭიშკართან დადგმულ დიდ კონტეინერში.

ის სახლი ნაჩქარევად, იაფად გაყიდეს ჩვენებმა, პროკურორს მაქსიმუმი, 12 რომ არ მოეცა. სახლზე გული საერთოდ არ დამწყვეტია, უბრალოდ, მშობლები სოფელში გადავიდნენ საცხოვრებლად, დარჩენილი ცოტა ფულით ჩემს ცოლ-შვილს გარეუბანში ოროთახიანი უყიდეს.

ექვსი წელი მოვიხადე. იქ არ მითამაშია. ერთადერთი, „ლელოს“ ვშოულობდი ყოველდღე და კითხულობდი. რომ გამოვედი, დედ-მამა გარდაცვლილი დამხვდა, იქვე, სოფელში დაუსაფლავებიათ, თვითონ ასე დაიბარესო. ქალაქში არც ჩამოდიოდნენ, სვიდანიაზეც არ მოსულან არც ერთხელ, მეც არ ვაძალებდი, არ მინდოდა იქ, იმ ზოოპარკში ვენახეთ. დიდ წერილებს მწერდა დედა, ჭკვიანი, კარგი ბავშვი რომ ვიყავი, იმ ამბებს მახსენებდა. იმდენს ტიროდა, აღარც ეტყობოდა, ვერც შეამჩნევდა უცხო ადამიანი, ჩვეულებრივ, თვალის უპეები მუდმივად სველი ჰქონდაო, ლალი მომიყვა მერე.

ვცხოვრობ უცხო უბანში, სახლიდან რომ გამოვდივარ, სხვა ქალაქში მგონია თავი. ალბათ, შევეჩვევი. როგორც ვთქვი, აღარ ვთამაშობ, უბრალოდ, პატარა ფოსტებით ვერთობი ტოტალიზატორში. აბა, რა ვქნა, საქმე მე არ მაქვს, ვზივარ ტელევიზორთან და მთელი დღე თამაშის რეკლამაა, ერთ არხზე ლაივში ავსებენ ბილეთებს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ქვევით ტიტრი – შემვსები. გადავრთავ სხვა არხზე და – იქაც ლატარიის რეკლამა გუგუნებს: ხარაგაულში მევიგე... საგარეჯოში მოვიგე... ერთ არხზე მარტო ანგარიშები მიდის, და ასე მთელი დღე.

ჩემთან ნაჯდომია ერთი, ვაშაკიძე. მაღალი, გამხდარი ბიჭია, ჩახლეჩილი ხმით, გრძელი ცხვირით, მაგარი თარსი, ეგ თუ შეგხვდა, მაზი აღარ უნდა დადო, ახალი ბილეთის შევსებასაც არა აქვს აზრი, თუ იქ დგას. ჩემთან სახლშიც იციან უკვე, თუ შუაღამეს ხმამაღლა ვიგინები, შენი დედა, ესე იგი, წავაგე და ვაშაკიძე ბილეთის შეტანის დროს იქ იყო. ხანდახან ვრეკავ ტოტალიზატორში, წავიდაო, რომ მეტყვიან, მაშინ მივდივარ, რომ არ შემხვდეს. ბევრჯერ გვიან დამინახავს და უეჭველი ბილეთი დამიხევია, მოვტრიალებულვარ და წამოვსულვარ, აღარ დამიდია, მაგრამ ხანდახან გამოსავალი არ გაქვს, თან საკუთარი ცრურწმენები ობიექტური არ არის, თან უსაქმურია, ჩემსავით, სულ იქ არის. იმ დღეს ისე გავგიჟდი, ტელეფონის ნომერი გავიგე, დავურეკე და ვაგინე. მთვრალი ხარო? ის კი არ იკითხა, რატომ მაგინებო. ერთისთვისაც შემჩნეული აქვს, რომ მორჩება ბილეთის შევსებას, გუნდების და ფეხბურთელების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას ჩამოთვლის, სათვალეს მოიხსნის და – რა თქმა უნდა, ვაშაკიძე თუ არ შეგვხვდა ტოტალიზატორშიო.

ერთხელ ავდექით და თვითონ შევავსებინეთ ბილეთი. ნაკლები გოლი – მაზია ეგეთი, თამაშში ცოტა გოლი უნდა გავიდეს. ექვსი თამაში გადაება წაგება, „იუვემ“, „რეალმა“ და „მილანმა“ ლამის სულ ხუთით ნოლები წააგეს. ისე, როგორც წესი, ბილეთში ერთი თამაში ტყდება, თუ დაიქცა ქვეყანა, ორი. ექვსივე წავაგეთ.

იმ დღეს ადრე ჩავედი. გახსნილებიც არ იყვნენ. დავუტოვე ბილეთი და ჩქარა წამოვედი, ვაშაკიძე არ მოსულიყო. ბუნდესლიგის თამაშები გავმაზე და ყველა დაჯდა, „ლევერის“ გარდა. ღამე პრიმერა დივიზიონის თამაშებია, თან ზამასკაში ვარ წაგებული. „ლევერის“ სულ არ მეშინოდა და არც სჭირდებოდათ ქულა, რამ გაამხეცათ, არ ვიცი, ბალახის ჭამა დაიწყეს, ფეხები დაამტვრიეს ლიგიდან ფაქტობრივად გავარდნილ გუნდს. იმათაც არაფერი არ შველოდათ და რამ გააგიჟათ, არ ვიცი, სასწაული მოხდა. კი გამკრა, ვაშაკიძეს ექნება ეს მაზიმეთქი, და ერისთავმაც დარეკა, იმას გაყავდა „ლევერიო“.

ღამე ესპანეთის ტურია, უეჭველი ვიცი, მოვიგებ. არადა იმ დღის ფული უკვე წაგებული მაქვს, უნდა ვისესხო. ვიგებ, „ოსასუნას“ იქს დვა ჯდება! ვის ვესესხო? „ლევერის“ და ვაშაკიძის დედა მოვტყან მართლა, ბევრჯერ გულუბრყვილოდ მიფიქრია, რომ გავიგო, თვითონ რას დებს და მე პირიქით დავდო, ვერ მოვიგებ-თქო? შანსი არ არის, ეგ იმისთვის არსებობს, რომ ვერ უნდა მოიგო, მგონი ტოტალიზატორებს წილში ჰყავთ ვაშაკიძე. ათი საათია, თამაშები ერთ საათში იწყება, ბავშვის მასწავლებლის ფული აქვს ლალის, უნდა დავაბა. ეგ ასი დოლარი მომცეს და ორასს ვუბრუნებ დილას, არ დამიბრუნებია თუ რა, გუშინწინ „არსენალის“ კუთხურებით მოვარტყი სამასი, პროსტა ვაშაკიძე არ იდგა იქ. პატარა ჩხუბის და მოსალოდნელი ასპროცენტიანი, პროფესიონალური პროგნოზების შემდეგ ფული გამოვართვი იმ პირობით, რომ მეზობელს გავატან, რომელსაც საერთოდ არ ეცოდინება, ვაშაკიძე ვინ არის. ლალის აჩემებული აქვს, შენ თვითონ გახადე ეგ კაცი თარსი, აბა, როგორ დავიჯერო, ჰამბურგში თამაშს ვაშაკიძე აქედან როგორ თარსავსო. ისე მჭირდებოდა ფული, გავატარე, თორემ რომ მოვყვე, რა სიტუაციებში რა თამაშები აქვს გატეხილი, თმები დაგიდგებათ ყალყზე, ვისაც უნდა გავუმაზავ, ეგ თუ იქ არის, ბილეთს ვერ მოიგებს. რაც არის, არის, და მეზობელი, ქირით მცხოვრები ბიჭი გავაგზავნე, ამაზე ვერაფერი ვერ იმოქმედებს, მაგრად კიდია ფეხბურთიც და ვაშაკიძეც. ჩავაწერინე ბლოკნოტში, ბილეთში იქ გადაიტანდა. მალე მობრუნდა, იქვე, ჩვენს სახლთანაა ტოტალიზატორი, ასლები მოიტანა. ჩავიხედე მაინც და რას ვხედავ: „ოსასუნა“ ნაკლები უწერია. ცოტა ვიჩხუბე, მაგრამ ვეღარ ვენდე, მე თვითონ გამოვცვლი-მეთქი და გამოვედი სახლიდან სპორტულებით, როგორც ვიყავი, შლოპანცებით. ორ წუთში უნდა მოვტრიალდე. მობილური დამრჩა, მაგრამ აღარ შევბრუნდი, მობრუნება ცუდის ნიშანია. კორპუსების უკნიდან ჩაბნელებული მარშრუტით წავედი, ასეთი ჩაცმული რომ არ დავენახე ვინმეს. ჩემს მეზობელს დავცინი, სპორტულებით რომ გადის ხოლმე ქუჩაში და მეც ესე არ ვარ, ორღობეში შინაურულად გამოტანტალებული. ტოტალიზატორს უკნიდან მივადექი, თან დარბაზში თუ არის კიდევაც ის, გვარი არ მინდა ვთქვა, ვერც გავიგებ.

დავაბრახუნე. ვერ გავაგონე. დაკეტვის დროა, ესენიც ლაგდებიან ალბათ. დარბაზში აღარავინაა, ძირს ბილეთები ყრია, სიგარეტის კვამლი ღრუბლებივით დაიზლაზნება, შუქი სანახევროდ ჩამქრალია, მოთამაშეები ბოლო პროფესიონალურ ტერმინებს ამბობენ, მეპატრონის ბიჭი კარებში დგას და ისე აცილებს მანიაკებს. ბევრჯერ მინახავს ეს სცენა. ამ დროს დანარჩენი თანამშრომლები უკანა ოთახში არიან გასულები, ფულის ან კუშების დასათვლელად, ამიტომაც აქედან უფრო ადვილად უნდა გავაგონო.

რკინის კარებს ყური მივადე. ჩამიჩუმი არ ისმის. ამ დროს მოულოდნელმა ფეხის ხმამ შემაკრთო, მოვტრიალდი და ვაშაკიძე არ დგას ბილეთით ხელში?! მოვასწარით, მე მგონიო. გავფუჭდი, მასწავლებლის ასი დოლარი გამახსენდა, მათემატიკის წიგნიდან ამოღებული და მტკიცედ გადავწყვიტე სასწრაფოდ უკან გამომერთმია ფული ტოტალიზატორისთვის. კარებს მოადგა ვიღაც და რომელი ხარო, გამოგვძახა. ვაშაკიძემ, მე ვარო. მე ხასიათზე აღარ ვარ. მაინც ბილეთში ჩავუხედე, სულ პირიქით უწერია „ოსასუნას“ მაზი. გული მომეცა. კარი გაიღო, მე ცარიელი ბილეთი გამოვართვი სასწრაფოდ და კორიდორშივე, კედელზე დავიწყე შევსება, იმას რომ არ დაენახა, რას ვწერდი.

შევავსე, ოთხად გავკეცე და დაფარულად რომ უნდა გადავცე ნიკოს, უკანა, ჩვენ გამო გაღებული კარიდან სახეზე ნიღაბაფარებული ბიჭი შემოვარდა. ერთ ხელში იარაღი უჭირავს, მეორეში – ლიმონკა, დაწექით, თორემ აგწევთ ჰაერში ყველასო, იყვირა. მე იარაღი მომიშვირა, შიგნით, ოფისში შემაგდო. მოლარე გოგომ იკივლა და გონება დაკარგა. მეპატრონემ – ხუთი ათასი მაქვს, წაიღე, ნუ დაგვხოცავ, რას გვერჩიო, თან მოლარეს მაგიდაზე მდგარი ჭიქიდან წყალი აპკურა: ნელი, ნელი, ნუ გეშინია, ჩვენები არიან, გამოიხედე, არ დამღუპოო, ერთი-ორი სილაც გააწნა. ქალმა თვალი გაახილა და ისევ იკივლა, ოღონდ გონება აღარ დაუკარგავს. მძარცველმა, – ჩუმად ეგდე, თორემ გაგიხვრიტავ თავს, გოგო, არ გესმისო? ქალი გაჩუმდა, მხოლოდ თავი მუხლებში ჩარგო და უხმოდ იშენდა ხელებს.

მე საგულდაგულოდ გაკეცილი ბილეთით, ვაშაკიძემ რომ არ დაინახოს, ვდგავარ დაბნეული და ჩემს შლოპანცებს დავცქერი. ყველაზე ძალიან რაც მეზიზღება, ჩუსტებით უბანში გამოსული მოქალაქეები. რა შარში ვარ, ვინმეს დანახვა კი არა, ჩემს თავს ვხედავ ტელევიზორში: მძევლად აყვანილი, ტიტველ ფეხზე ცერგაყრილი, შლოპანცებიანი კაცი, მოკლული თუ განთავისუფლებული – სულ ერთია – ყველა არხზე, მთელი ღამე და ხვალ მთელი დღე, ქვემოთ მინაწერი ტიტრით: შემვსები. არა, თუ არაფერი არ არსებობს, პირველად მივედი უკნიდან და ვაშაკიძესთან ერთად, როგორია?! უხ, „ლევერის“ დედას რომ შევეცი. ხომ ვეგდებოდი ეხლა სახლში, ტელევიზორთან, გამარჯვებული სახით, მათემატიკის პასტით აჭრელებული წიგნი და შიგნით გრძელი ასდოლარიანიც იდებოდა თავისთვის.

ყაჩაღს დავხედე. ფეხებზე ბოტასები აცვია ისეთი, მკვლელი არ უნდა იყოს. თვითონაც მოთამაშეა უეჭველი, თითქოს საიდანღაც მახსოვს კიდეც. ფული, დროზე, თორემ ავფეთქდებით ყველანიო, იყვირა ბოტასებიანმა და ლიმონკას რგოლი მოაძრო. ერთდროულად ამოვიხვნეშეთ მძევლებმა. მეპატრონემ, ექვსი ათასი მაქვს, რატომ გვხოცავ, წაიღე და წადი წყნარად, ღმერთმა შეგარგოსო. სად არის ფული, დროზე! – იყვირა ისევ მძარცველმა და ვაშაკიძეს მიმართა მოულოდნელად: ეს ლიმონკა შენ გამომართვი და გეჭიროს, რამე რომ გაბედო, გესვრი, ისედაც განწირული ვარო. ამანაც ხელი წაიღო გამოსართმევად, და ამ დროს მე ვიყვირე მოულოდნელად, მაგას არა, თუ გინდა, კბილებით დავიჭერ-მეთქი. ბოტასებიანი დაიბნა, ახლა მე მომიშვირა იარაღი. მომეცი, მე დავიჭერ, ვაშაკიძეა, ვერ ცნობ-მეთქი? თითქოს მიხვდა, რასაც ვეუბნებოდი, მიუტრიალდა და შენ ზურგით დადექიო, უყვირა. გეგონება გამინათდაო, მივხვდი, ეს ბიჭი აქაური მაზავშჩიკია, ამის თარსობა გამოცდილი აქვს, და მგონი ისიც მიხვდა, რომ დაიწვა. მეპატრონის პუტკუნა, გაუპარსავი ბიჭი, აქამდე ხელებაწეული რომ იდგა, ისე, რომ არავის უთქვამს, გამოცოცხლდა, ჯიბეში ჩაიყო ხელი და მგონი პატრულის ნომერი აკრიფა მალულად, თან დაიყვირა, რატომ გვკლავ, წაიღე ეს შვიდი ათასი და წადიო. ბოტასებიანი ხან მე მიყურებდა, ხან მიბრუნებულ ვაშაკიძეს და ინიციატივას კარგავდა აშკარად. სიტუაციის განმუხტვა ისევ გამოცდილმა მევახშემ, ნიკომ დააპირა: მოიცა, ნუ გვიშვერ ამ სასროლებს, ხომ იცი, წელიწადში ერთხელ ჯოხიც ისვრის, უარს ხომ არ გეუბნებით, აიღე ეს რვა ათასი და წყნარად წადი, ვისაც შენი რამე შეშურდესო. თან ერთი ხელით ისევ ნელის დაუწყო თმებზე მოფერება: არაფერი აღარ ხდება, გამოიხედე, ჩემო სიხარულოო. გოგო არ ჩერდებოდა, უსიტყვოდ, ისტერიკულად იშენდა ხელებს თავში. პუტკუნა ბიჭი ზიზღით უყურებდა მამის ახლად აღმოჩენილ საყვარელს და სახლში დაბერებული, უთოობით წელმოწყვეტილი, ისედაც ვენების გაგანიერებით დატანჯული დედა ახსენდებოდა. ერთი გაფიქრება ისიც იფიქრა, ნეტა გაუვარდეს იარაღი და ვითომ დასავით მზრუნველ მოლარე ნელის მოხვდეს მაგ უტიფარ თავშიო.

ყაჩაღმა იყვირა ისევ: თქვენ ხომ არ გაგიჟდით, ფული გამოიტანეთ, ჰაერში აგწევთ ყველასო. მე ისევ ფეხებზე დავიხედე. ქირით მცხოვრები მეზობელიც მაგარი თარსი გამოდგა, აბა, ანგარიშები რომ ვერ გადაწერა როგორ დავიჯერო. არადა, რომ მეცვას ფეხზე, ხელში ვეცემოდი ბოლობოლო, მომენტებში ძალიან ადვილი მოსარევია ბოტასებიანი მაზავშჩიკი, მაგრამ – ვაშაკიძე...

ნიკო ნელის ფერებას განაგრძობდა, თან, ფული სახლში მაქვს, აქვე, ორ ნაბიჯზე, ხომ იცით ჩემი სახლი, წასული არ ვიქნები, რომ მოვალო, თან ყველა აქ არ რჩება, ამათ ხიფათში ჩავაგდებ, მაგის კაცი ვარ მეო?

სახლის გაგონებაზე მე გავხდი ცუდად და იმას რა მოუვიდოდა, კანკალი დაეწყო ისეთი, ლიმონკა არ გაუვარდესმეთქი, ვიფიქრე. თქვენ დედებს აგიფეთქებთ, სეიფი გააღე ეხლავეო, ისტერიკულად იყვირა ბოტასებიანმა, აცახცახებულმა ბიჭმა. თავნის ქვეშ არის უეჭველი-მეთქი, გავიფიქრე და ისევ მივამსგავსე ვიღაცას. ცარიელი ბილეთებით გავსებული სეიფი რომ დაინახა, არც დააყოვნა, „ლევერის“ და ჩემი ყლე დედას შევეციო, ამოიხავლა ბიჭმა და ჩაიკეცა.

გარედან პატრულის სირენები მოისმა, მერე მეგაფონით მკაცრად ნათქვამი, იარაღი დაყარე და ჩაგვბარდიო, ექოდ გამეორდა. ბიჭს ცალი თვალით გავხედე. მზად იყო ჩასაბარებლად. ისევ ჩემს შლოპანცებს დავხედე. ბედი არ გინდა? ვაშაკიძე დგას გაუნძრევლად, როგორც უბრძანა თავნის ყაჩაღმა. მეპატრონემ თავჩაქინდრულ, გაფუჭებულ ყაჩაღს – მე არ ვიტყვი არაფერს, ნუ გეშინია, მოიტა, მაგ იარაღს სეიფში დავმალავ, ესენი რისი მთქმელები არიან, ყველას იცნობო. ბიჭმა თავი ასწია, ნიღაბი აღარ ეკეთა. ეგრევე გამახსენდა, ხიდისქვეშელია, იქ დგანან დღე და ღამე. თვალებში – შიში და დაბნეულობა ერთდროულად. მოლარე რიჟა თავში ხელების ჩუმად ცემას არ აჩერებდა. მეც რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ გადავიფიქრე, ეს დაბრედილია, რა უნდა ურჩიო, ყველა შემთხვევაში ჩემს გადარჩენაზე გამომდის ფიქრი... თუ ჩაბარდა, 25 წელი, ყველაზე ცოტა, ხელში უჭირავს, მანამდე კი ერთ ხელში პისტოლეტი და მეორეში – ლიმონკა. მგონი ხვდება, რომ დაენძრა, და გამოსავალს ჩვენგან ეძებს ჯიუტად, შეშინებული ხან ერთს გვიყურებს, ხან – მეორეს, მე თვალს ვარიდებ, როგორც მიცვალებულს. მეპატრონეც ხვდება მის გატეხვას და მშვიდი ხმით იგივე გაუმეორა, მე არ ჩაგიშვებ და ესენი არ გაბოზდებიან, კაი ბიჭები არიან, ხომ იცნობ, აჩიკო, რა მოგივიდა, აზრზე მოდი, იქნებ მართლა მოვასწროთ, ეგენი დავმალოთ და გაუგებრობა მოხდა-თქო, ვიტყვით, დამიჯერე, ბიჭო, თავს ნუ დაიღუპავო.

გარედან ისევ მეგაფონის ხმა მოისმა, იმავე მოთხოვნით: დაგვნებდით, იარაღი დაყარეთ და ხელებაწეული გამოდითო. ეს მრავლობითი აღარ მევასა, ბევრნი თუ ჰგონიათ, შტურმი არ დაიწყონ, მე ისეთი ბედი მაქვს – ვაშაკიძეს გავხედე. იატაკზე დახეთქებულ ჩემს გვამს, ცალ ხელში ბილეთით და ტიტველ ფეხზე შლოპანცებით მიხილავს მთელი საქართველო დღეს ღამე ტელევიზიით, ყველა ნიუსში. ეს ხიდისქვეშა, თავნისქვეშა ყაჩაღი კი პატარძალივით მზად არის ჩასაბარებლად. მეპატრონეს უყურებს და ფეხზე დგება, ფერი არა აქვს. ლიმონკა რამდენწამიანია, კაცმა არ იცის, 1-დან 10-მდეა საერთოდ, მაგრამ 0-იც არსებობს, ხაფანგებისთვის ხმარობენ, მოძვრება თუ არა რგოლი, ფეთქდება. არადა, ფ-1-ია, ყველა მხარეს იშლება, ამ პატარა ოთახში დაგვფლეთს ყველას. კარებისაკენ სამი ნაბიჯია, რომ გავრისკო და მოვხიო, კედელს ამოვეფარებოდი, მაგრამ თუ 0-ია, ვერ ვასწრებ. საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა. ბიჭი იატაკზე იჯდა, თავი ჩაქინდრული ჰქონდა.

გარედან მეგაფონის ხმა გაისმა: შვილო, აჩიკო, მე ვარ, არ დამღუპო, გემუდარები. სხვების ცოდვას ნუ დაიდებ. თავანი ჩაგიბარე, მიტანილია, არ დაგიკატავებია, შვილო! ეს ფრაზა ხმამაღლა თქვა, თითქმის იღრიალა, მტკივნეული სიამაყის რიხით: თავანი ხურუშას და პრუშკოს გავატანე, აჩიკო, მამა, გამოდი, ეს ხალხიც გაითვალისწინებს შენს კეთილგონიერებას, ცოტა ხანიც შეიძლება არ მოგიწიოს ჯდომაო. გაფიცებ, თუ რამე გწამს – და მეგაფონში ხმა აცახცახდა და გაჩუმდა, ეტყობა, გამოართვეს.

აჩიკო გამოცოცხლდა, აფორიაქდა, წამოდგა და მე მიყურებს. რა ვქნაო? მე ჩავბარდებოდი, ფუფლოს გადარჩენილი ხარ, რაც მთავარია. შენი საქმე შენ იცი, სპეცნაზი მოსული იქნება უკვე, სადაც არის, შემოვლენ, შენ უეჭველი დაგბრიდავენ, ჩვენც ავფეთქდებით. რაც მთავარია, თავანი ჩაბარებულია-მეთქი – გამახსენდა მამის მთავარი აქცენტი, – დროც ცოტა გვაქვს. ყველა გასუსული გვისმენს, არ უნდათ, რამე აირიოს, მამისა და ჩემი შეგონების მერე თითქოს გვნებდება. პისტოლეტი დაუშვა, მარცხენა ლიმონკიანი კი წინ გაწია.

დაიძახე, რომ გამოხვალ და ხელები მაღლა გეჭიროსო – მეგაფონმა დაიქუხა ისევ. მე რომ ისევ კარებისკენ ვზომავ მანძილს, თან ჩემს თავს ვხედავ ტელევიზორში, ხელებაწეული, სპორტულებით და ამ დედამოტყნული შლოპანცებით, ისევ აქ ჯობია მგონი, რაც იქნება, იქნება. ელვასავით გამკრთალ ფიქრებში ერთი მუდმივად მახსენებს, რომ ძირს უნდა დავწვე, სადაც არის გავარდება. ჩემს არაბუნებრივად დაგდებულ, დაფლეთილ გვამზე უფრო ცალი შლოპანცით რომ ვეგდები იქვე, პალესტინელი ტერორისტივით, ეს მაგიჟებს.

უცბად ვაშაკიძემ ისკუპა და ნებადაკარგული ბიჭის სხეულს დაახტა, ხელებში ეცა. აფეთქების მოლოდინში, ძირს დავწექით-მეთქი, ვიყვირე. ქალმაც იკივლა და გამაყრუებელი აფეთქების ხმა გაისმა. წამით განათდა.


* * *
ტელევიზორში სპეცგამოშვებაა. აჟიტირებული ჟურნალისტი: „სპეცდანიშნულების რაზმი უკვე ამთავრებს სამუშაოს, მძევლები განთავისუფლებული არიან. ბოროტმოქმედი დაკავებულია. სასიკვდილოდ არავინ დაშავებულა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაჰყავთ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აი, ერთ-ერთი მძევალიც გამოჰყავთ!“

მამაკაცს საკაციდან შიშველი ფეხი აქვს გადმოყოფილი. სანიტარი მის შლოპანცს დასწვდება და ფეხზე ჩამოცმას ლამობს. ოცამდე ნაირფერი მიკროფონი გადარჩენილ მძევალს პირში აქვს ჩათხრილი. კადრსმიღმა მდგომი ჟურნალისტები ერთმანეთს ასწრებენ და ერთი და იგივე შეკითხვა ისმის – რა მოხდა?

შემვსები თავის ფეხებს დახედავს და იღრიალებს: „ვაშაკიძის დედას რო შევეცი!“


study


Last edited by Admin on Thu Apr 09, 2015 3:00 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მამუკა ხერხეულიძე   Thu Apr 09, 2015 10:20 am

მამუკა ხერხეულიძე

სამურაის კანონი

ჩემი მეგობარი ამბობდა, ზამთარი მიყვარსო. არ ორიგინალობდა, ეგეთი ტიპი იყო – დედისერთა, სიტყვაძუნწი, მაღალი, დიდი თმით, მუდამ გაუპარსავი, გაზაფხულის პირველი დღეები იდგა, რომ მოკლეს. ბრმა ტყვია მოხვდა სახლისაკენ მიმავალს.

მე მძულდა ზამთარი. თან ის წლებია, დენი, წყალი, გათბობა არ არის. აფხაზეთიდან ახალი ჩამოსულები ვიყავით და მალევე ვაპირებდით წასვლას, მაგრამ ჩავრჩით თითქმის მთელი თვე. სამჯერ გავედით აეროპორტში. მთელი დღე იქ გავატარეთ და ვერ გავფრინდით. სხვა გზა სოხუმში ჩასაღწევადად არ არსებობდა.

თბილისში სროლა ჩვეულებრივი ამბავი იყო, განსაკუთრებით დაბინდების შემდეგ, პანაშვიდები დილით იმართებოდა, ღამე სახიფათო იყო გარეთ გამოსვლა, დიდი ალბათობით საკუთარ პანაშვიდსაც დილით დაგინიშნავდნენ. ხალხი ისე იყო დაოსტატებული, კარგი სამხედრო ექსპერტივით გეტყოდნენ, რა იარაღის ხმა იყო და საიდან ისროდნენ. დამალვის მაგივრად, ფანჯარასთან მიდიოდნენ, რომ კარგად გაეგოთ ან დაენახათ, რა ხდებოდა, ერთნი – საკუთარი უშიშრობის დასადასტურებლად, მეორენი კი ალბათ ადრენალინის მისაღებად. იმ წყეულ ღამესაც, გაზაფხული ახალი დამდგარი რომ იყო, ხეებს ამოფარებული მოქალაქეები ხმამაღლა უყვიროდნენ ერთმანეთს, ხიდიდან ისვრიან, ორი ავტომატია და სამი პისტოლეტიო. მანქანის უკან დამალული ვიღაც კაცი აზუსტებდა, არა, ქობულეთზე ისვრიან, ერთი ტყვიამფრქვევია, ალბათ ერკაპეაო. ავტომატის ჯერები გუგუნებდა, ხან ზედიზედ მიყრილი პისტოლეტი. ხეებთან ან მანქანებთან ჩაცუცქული მოქალაქეები მაინცდამაინც არ ღელავდნენ, რუტინულად, სპეცრაზმელებივით წელში მოხრილები გადარბოდნენ საფარიდან საფარში. სამოქალაქო ომის დაისი იდგა და ფრონტალურ შეტაკებებში გამოწრთობილი თბილისელებისთვის ეს ლოკალური, ალბათ ბანდიტური დაჯგუფებების გარჩევა ცხოვრების წესად ქცეულიყო. ამ წუთებში, ამ ქუჩაზე, თავის უბანში, სადაც გაიზარდა და სახლზე მეტ დროს აქ ატარებდა, ბირჟიდან მოდიოდა, საერთოდ არ აპირებდა რამეს ამოფარებოდა, ვიღაც ეძახდა დაიმალეო. მაგრამ სროლა არც ისე ახლოს იყო. აფხაზეთშიც ასე იქცეოდა, უდარდელად, გაბედულებს უფრო სწყალობთ ბედი, ომის კანონია ეგეთი, ოღონდ ცოტა ტრაკი უნდა თავიდან, მერე ეჩვევი. – ამათი დედებს შევეცი, ომში იარაღი, ტყვია-წამალი და, რაც მთავარია, მებრძოლები ჭირს, მაგრამ ეს ტურები იქ რას წამოვლენ, დანგრეულ, დაბნელებულ, უპატრონო ქალაქს ძარცვავენო, – გაიფიქრა. შუა ბარნოვზე მოაბიჯებდა, ოდნავ ნასვამი, გაღეღილი ქურთუკით, ცოტა არეული, დიდი ნაბიჯებით, ისედაც მაღალი ბიჭი იყო, უსაშველოდ დიდი ფეხსაცმელი ეცვა ყოველთვის, თავის ზომაზე კიდევ ბევრად დიდი.

იმ დილას, უფრო სწორად შუადღეს, რომ გაიღვიძა, არანაირი წინათგრძნობა არ ჰქონია, ჩვეულებრივი თბილისური დეპრესიული დღე იდგა. ღრუბლებიდან გაცრეცილი მზე ანათებდა ასევე გახუნებულ ოთახის კედლებს, წიგნის კარადას, მეგობრის ნახატს და გაცრეცილ, ჭიკარტებით დახვრეტილკუთხეებიან, გაყვითლებულ მუსიკოსების პლაკატებს. ლოგინთან დედის წერილი დახვდა, როგორც ყოველთვის, საბრალდებო დასკვნასავით. გული შეეკუმშა და გვერდზე გადაბრუნდა, დიდი თაბახის ფურცლები რომ აღარ დაენახა. დაახლოებით იცოდა, რა ეწერებოდა. მთელი თვეა, ლოთობ, გუშინაც დილით მოგიტანეს, ჩაცმულს გეძინა, ძლივს გაგხადე, ელექტრიკი ჯემალასავით ხარ უკვეო. როგორ ფუჭად ხარჯავდა დროს და განუმეორებელ ნიჭს, რისთვისაც მწარედ დაისჯებოდა, და მერე გვიან იქნებოდა იდაყვზე კბენანი. დედა ქართულის მასწავლებელი იყო და ლიტერატურული პასაჟები და ციტატები იქნებოდა ტექსტში, ამას ახლა ვერ წაიკითხავდა, ისედაც მძიმე პახმელიაზე შეიძლება თავი მოეკლა. ლეიბის ქვეშ ხელი შეყო, პისტოლეტი ადგილზე დახვდა, გამოიღო 45 კალიბრის უზარაზარი, შავი კოლტი, მჭიდი შეამოწმა, ექვსივე ოქროსფერი, ბუთქუნა ტყვია ადგილზე იყო. ცოტა დამშვიდდა. ანუ, წინა ღამეს, რომელიც სრულიად აღარ ახსოვდა, საბედისწერო არაფერი მომხდარა. დედის წერილში აუცილებლად იქნებოდა დიდი პასაჟი, ციტატებითურთ, ამ რკინის ქვეწარმავლის შესახებ. მამაშენის სულს ვფიცავ, მტკვარში გადავაგდებ, იცოდეო. დედა ამას არასდროს გააკეთებდა, ასე ემუქრებოდა, წლები იყო, მაგრამ ვერ უსრულებდა. ბიჭისთვის ეს რკინაში მატერიალიზებული ღირსების მტკვარში გადაგდებას ნიშნავდა, თან ამ დროში. ისე, ტყუილად, ქუჩური სახელისთვის არავის ესროდა, აგრესიული საერთოდ არ იყო. იარაღი ოჯახში სულ ჰქონდათ. ათი წლის წინ გარდაცვლილი მამის სანადირო „ზიგ ზაუერის“ თოფი ახლაც შალითაში იდო ძველ კარადაში. ამ „კოლტის“ დასათრევად რამდენი იჩალიჩა, დედამაც იცოდა, ორ იარაღში გაცვალა. სახლში რომ მოიტანა, აჟიტირებული თავის ოთახში შევიდა, ბოლო ხმაზე აწეული როლინგ სტოუნზის ხმაზე ესროლა დიდ რუსულ ენციკლოპედიას, პისტოლეტის გამოსაცდელად. მერე ბიჭებს აჩვენებდა როგორ იყო გამობრდღვნილი უზარმაზარი ლურჯი წიგნი, სხვა სასროლების წვრილ, შუა გვერდებამდე შეღწეულ ნატყვიარებთან შედარებით. – რომ დაგიჭერენ, ამ ენციკლოპედიას შენს საქმეში ჩააკრავენ „სკრეპითო“ – გოგიტა ეკაიფებოდა. დედას მოსმენილი ჰქონდა ბიჭების ეს საუბრები. როგორც წესი, დეიდა ნინოს არ ერიდებოდნენ, ყველაფერს ჰყვებოდნენ, ბიჭის თანდასწრებით, ან მისი არყოფნის დროს აყოლინებდა მის ძმაკაცებს. ყველანი მის ხელში იყვნენ გაზრდილი, სახლზე მეტ დროს აქ ატარებდნენ. წერილში, რა თქმა უნდა, მის დაოჯახებაზეც იქნებოდა ერთი გვერდი. შენს შვილს მომასწარი, ისე ნუ გამისტუმრებ იმქვეყნად, დაურეკე იმ გოგოს, რა იჩხუბეთ ეგეთი, შენი ბრალი იქნება, მე ხომ ზუსტად ვიცი, რა ვირიც ხარო; ომში რომ იყავი, ყოველდღე მირეკავდა, რამე ხომ არ ისმისო? ერთი თვეა აქ ხარ, ვიღაც ლოთებთან გდიხარ დღე და ღამე, ერთხელ არ უნდა დაგერეკა, შე უსინდისოო?

წაუკითხავი წერილი დრამატული ხდებოდა ბოლოსკენ, თან ლამაზი კალიგრაფიით და ლიტერატურული პასაჟებით დაწერილი ტექსტი ბევრად უფრო მძიმე და რაც მთავარია, სამართლიანი იქნებოდა, ბიჭს სირცხვილის თუ სინდისის მძაფრი შეტევა დაეწყო. პარალელურად დაბურანებულ თავში რაღაც იდიოტური მელოდია მეორდებოდა, რომლის გამორთვასაც ვერ ახერხებდა, რაღაც დეტალები ამოტივტივდა გუშინდელი ღამიდან. ეხლა სასწრაფოდ უნდა დაელია, რომ ეს შფოთვა მოხსნოდა, მერე კი ნაღდად აღარ გააგრძელებდა, დღეს სახლში ადრე დაბრუნდებოდა, წერილსაც წაიკითხავდა და დედის თანდასწრებით იმასაც დაურეკავდა. ცივ და ბნელ აბაზანაში შევიდა, ბოცაში დაგროვებული წყალი ცალი ხელით წამოაპირქვავა და მარჯვენათი პირზე შეისხა, ორჯერ, მესამედ თმებზე გადაისვა. თეთრეულის გამოცვლა საღამოსთვის გადადო, ბარემ დედა წყალს გაუცხელებდა, იბანავებდა; შესაბამისად, გაზინტყლულ ჯინსებს და ტანსცმელსაც იმავეს იცვამდა, რომელიც აგერ უკვე მთელი კვირაა ტანზე შეზრდოდა. სამურაის კანონი გაახსენდა – ყოველ დილას ისე უნდა გამოეწყო, როგორც უკანასკნელ დღეს, რომ შენი გაპატიოსნება აღარ გაჭირდეს, სუფთა და მოწესრიგებული შეხვდე სიკვდილს, ხმალსაც განსაკუთრებულად მოხდენილად ირგებდნენ... რაღა დღესო გაიფიქრა, შავი, 45 კალიბრის „კოლტი“ კი, სამურაის კანონის მიხედვით, საგულდაგულოდ გაირჭო ქამარში და სახლიდან გამოვიდა.

ჩემი მეგობარი, ზამთარი რომ უყვარდა, სახლში ბრუნდებოდა, ოდნავ ნასვამი, საღამო გადადიოდა. – ერთი ბოთლი არაყი დავლიეთ სამმა, მერე რამდენიმე ბოთლი ლუდი და კიდევ რამის მოფიქრებას ვაპირებდით – მე აღარ დავლევ, სახლში უნდა მივიდე, თქვა და წავიდა, ოდნავ ნასვამი იყოო – ყვებოდა პანაშვიდზე ჩვენი უბნელი ბირჟის მუდმივი მორიგე „შავი“, სულ შავი ტანსაცმელი რომ ეცვა, ჯინსებსაც კი შავად აღებინებდა სადღაც ავლაბარში. ისიც ცოტა ხანში დაიღუპა, მთვრალმა გაიკეთა და გაიპარა. ჩემი მეგობარი ფეხით გამოუყვა ბარნოვს, მანქანების სავალზე მოდიოდა, შუქები არ ენთო, სროლა და გადაძახებები ისევ ისმოდა, ამ დროის შესაბამისი საუნდტრეკი. სახლებიდან სანთლების თუ ლამფების მკრთალი შუქები ბჟუტავდნენ. მრგვალ ბაღს ქვემოდან შემოუარა, ერთი პაწია ჯიხური უნდა გაევლო, აქ ლტოლვილი ცოლ-ქმარი ვაჭრობდა მორიგეობით. ისეთი პატარა სივრცე იყო შიგნით, ვერ ეტეოდნენ, გარეთ ცეცხლი ენთოთ და ტაბურეტზე ისხდნენ. მთავარი იყო, კაცი დახვედროდა, სიგარეტს ადვილად ესესხებოდა, ქალი პრობლემური იყო, ძველ ვალებსაც გაუხსენებდა და ხვეწნა დასჭირდებოდა, ამის თავი ნაღდად არ ჰქონდა. ტაბურეტზე არავინ იჯდა, ახლოს მივიდა. კაცი ჯიხურში შემძვრალიყო, სროლის გამო, ალბათ, მაგრამ შიგნით როგორ ეტეოდა, ეს იყო ყველაზე უცნაური. შიშისგან ადამიანი პატარავდებაო, ხომ ამბობენ. ალბათ ეგ არისო, გაიფიქრა. სიგარეტი ძალიან ადვილად გამოართვა დაბნეულ დაპატარავებულ ბუშლატიან კაცს, – ძველ ვალს მიაწერეო, მაგრამ ის არ უსმენდა. სროლა რომ მიწყდება და შიში გაგივლის, ნატურალურ ზომას დაუბრუნდები, შეიძლება ვეღარც გამოხვიდე მაქედან, ან საპნის წასმა დაგჭირდება, რომ გამოძვრეო – ხუმრობა ვერ გაიგო ბუშლატიანმა კაცმა, ისე გაიღიმა ხელოვნურად, სმენა სროლის მიმართულებით ჰქონდა მიპყრობილი. სიგარეტი გახსნა, ერთი ღერი ამოაძრო, მოუკიდა და გააბოლა. სროლის ხმა გაჩერდა, ბიჭი ისევ მანქანის სავალზე მიდიოდა. ისევ ყვირილი და ისევ ჯერებით სროლა გაისმა, მცხეთის ქუჩიდან მოდიოდა ხმები. ბაღის გადაჭრა დააპირა, გზის შესამოკლებლად, დიდ ნაძვს მიუახლოვდა და უცბად მუცელი აეწვა, ჯერ ვერ მიხვდა, ან არ უნდოდა ეფიქრა, სროლა აღარ ისმოდა, ვიღაცის ყვირილი კიდევ გაიგონა, მოგვიტყდნენო, მერე მანქანის ხმა და სიჩუმე ჩამოწვა. მუცელში თითქოს ცხელი ლავა ჩაასხეს, დაღრიალება მოუნდა, მაგრამ შერცხვა, ჩუმად ამოიგმინა და ჩაჯდა. თავი ნაძვის ხეს მიაყრდნო, მარჯვენა ხელი მუცელზე მიიდო, ჯინსი ნამიანი იყო და უფრო იჟღინთებოდა. ყველაფერი ნათელი იყო: ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მუცლიდან თითქოს ცხელი შანთით გლეჯდნენ ხორცს. ეხლა მთავარი იყო, გონება არ დაეკარგა. სიგარეტის კაცს გახედა, ჯიხურიდან ვეღარ გამოდის ალბათ, საპონი... უნდა დაეძახა, მაგრამ ამ კაცის სახელი არ ახსოვდა. ეს ცუდი თვისება ეხლა გაახსენდა, თუ ადამიანები რაიმეთი საინტერესონი არ იყვნენენ, სახელს არ იმახსოვრებდა, ბევრჯერ უნანია და ამ ცუდი თვისების გამოსწორებაზეც უფიქრია, მაგრამ უშედეგოდ. აბა, მისი მეგობრები უბნის ყველა მეზობელს, ნოქარს თუ მძღოლს სახელით მიმართავდნენ. ოოო, დაიძახა მაგრამ არ გამოვიდა, ძალა არ ეყო, თითქოს მაშებით გლეჯდნენ შიგნეულობას, გონებას კარგავდა. ტკივილი აღარ იყო და რაღაც სასიამოვნოც კი იყო. მარცხენა ხელი მთლიანად დასველდა, შეცივდა და ნელი წყვდიადი ნისლივით ეფარებოდა გონებას. დედა სამზარეულოში იჯდა და ლამფის შუქზე კითხულობდა წიგნს, თან მდუმარე სადარბაზოს ხმას უსმენდა, მისი ფეხის ხმას იცნობდა შემოსვლისთანავე. თუ წერილი წაკითხული ჰქონდა, უეჭველი უნდა მოსულიყო. ცუდი სიზმარი მაქვს ნანახი, ხომ იცი, ახდომა იცისო. მამის დაღუპვის წინა ღამეს უნახავს რაღაც გიჟური სიზმარი, მატარებელი მიქროდა ლიანდაგის გარეშე და მემანქანე არ იჯდა საჭესთან. მამა ფანჯრიდან დალანდა. სანადიროდან ბრუნდებოდნენ მამა და მისი მეგობრები, ლიანდაგი უნდა გადმოევლოთ, შლაგბაუმი აწეული იყო, ხმა კი ისმოდა, მაგრამ კუნაპეტ ღამეში მატარებელი არ ჩანდა. ძალიან შორს უნდა ყოფილიყო წესით, თორემ შლაგბაუმი დაწეული იქნებოდა. ვილისით იყვნენ, გადავასწრებთო და შედგნენ თუ არა ლიანდაგზე, მანქანა ჩაქრა, დაქოქვა სცადა ორჯერ და გადმოსვლაც ვერ მოასწრეს, ისე მოეპარათ საბარგო ჩამქრალი მატარებელი, რომლის კივილი მერე გაიგონეს; ლიანდაგზე ამოყირავებული მანქანა უკვე რკინის ბორბლებქვეშ იყო მოქცეული. ოთხივენი დაიღუპნენ. არადა მამა ღიზიანდებოდა, ეს სიზმრები რა სიბნელეა, წინა დღის ასოციაციებია ან ქვეცნობიერი ბოდვებიო. დედა მაინც ჰყვებოდა სიზმრებს და დილანდელ წერილშიც იქნებოდა რამე აპოკალიპტური. აკი იყო კიდეც.

ეხლა მთავარი იყო, ჯიხურის კაცი გამოსულიყო, იქნებ გაეგონებინა, მაგრამ სახელი? მანქანამ გაიარა, ბიჭმა დაყვირება დააპირა და ვერა, რაღაც დარღვეულიყო სხეულში, თავის ქვემოთ ვერაფერს გრძნობდა. ჯიხურისკენ თავის მოტრიალება დააპირა და კეფა ისევ უკან მიეხეთქა ნაძვს, ტკივილი არც უგრძნია. კისერიც აღარ ემორჩილებოდა. გონება ჯერ კიდევ მუშაობდა და მთავარი იყო, ეს შეენარჩუნებინა. ხელი მოიცილა მუცლიდან, სულ სველი იყო ჯინსი. ხელი დაემორჩილა, იქნებ წამოდგომა ეცადა, სისხლიანი ხელით დაეყრდნო მიწას და მიხვდა, შანსი არ იყო. პირში სისხლის გემო იგრძნო, გადმოაფურთხა, დახედვა მოუნდა. მართლა სისხლი თუ იყო, სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა, ფილმებში უნახავს. თავის წამოწევა უბრძანა გონებას და ძვრაც ვერ უყო, თითქოს ნაძვს შეზრდოდა რკინასავით დამძიმებული თავი. ჯიხურიდან კაცი უნდა გამოსულიყო, სხვა შანსი აღარ იყო. თავისი ჭუჭყიანი საცვლები გაახსენდა, ასე იპოვიდნენ დილით, მეეზოვე ან სავარჯიშოდ დილაუთენია გამოსული მოძუნძულე კაცი და ეს იყო ეხლა ყველაზე მთავარი საფიქრალი, დაახლოებით იცოდა ვის შეიძლება ეპოვნა მისი გვამი. გაიხსენა რამდენიმე ასეთი ტიპაჟი, ასაკსარშეგუებული ნაოჭკუნთიანი სპორტსმენი კაცი, ან უეჭველი ექიმის დანიშნულებით მორბენალი, ნევროტიკი ბიჭი, თავისთავს რომ ელაპარაკებოდა. ან გასახდომად მოსიარულე, ორი უჟმური ქალი, ესენი წაჰყვებოდნენ საავადმყოფოში და მაგრად შერცხვა, ამ ბინძური საცვლებით რომ ნახავდნენ. ერთი სკოლელი გოგოც ხვდებოდა ხოლმე დილაუთენია სახლისაკენ მიმავალს, რომელიც საერთაშორისო ოფისში მუშაობდა, სადღაც ძალიან შორს და უმანქანობის გამო უთენია გადიოდა სახლიდან. ნეტავ ამ გოგოს არ ეპოვნა, ის უეჭველი წაჰყვებოდა საავადმყოფოში. სკოლაში ამ გოგოს მოსწონდა კიდეც, ამხანაგებისგან იცოდა. ყველაზე კარგი ვარიანტი მეეზოვე იყო, ვისაც მისი საცვლები არც გაუკვირდებოდა და არც საავადმყოფოში წაჰყვებოდა. ჯიხურის კაცი წაჰყვებოდა ალბათ, მაგრამ მას, რაც ეს ჯიხური გახსნეს, სულ ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვა. თან იარაღსაც ბიჭებს მისცემდა, რომელიც მეორე სისხლიან ხელში ეჭირა და მიწაზე ჰქონდა დასვენებული. ხომ არ გავისროლო, იქნებ გამოიხედოს? ერთი კი გაიფიქრა, მაგრამ პირიქით, შეიძლება საერთოდ კონსერვის ქილაში ჩამძვრალიყო ბუშლატიანად, თან კოლტს ხმა აქვს, დათვს აფრთხობს ტყეში. მერე ეს „კოლტი“ არ დაიკარგოს, მამუკას მისცეს ამ ჩემისამ, ის გიჟდება – სამეთაურო იარაღია, ამას რომ გააძრობ, მაღლა შემართავ, მომყევით და შეტევაზე გაუძღვები რაზმს, ეგრევე წამოგყვებიანო – ნეტავ მეჩუქებინა... ბუშლატს ვეტყვი და მისცემს.. მაგრამ რომ არ გამოდიოდა? მუცელში ხანძარი ისევ იგრძნო, შეიძლება არ ვკვდებიო და გონებას უბრძანა, არ გათიშულიყო. დაყვირება სცადა, ისევ ოოოო!

დებილი ვარ, სახელების დამახსოვრება რაღაა.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მამუკა ხერხეულიძე   Fri Apr 10, 2015 11:29 am



წიგნის დასახელება - À La Guerre Comme À La Guerre ომში, როგორც ომში
ავტორი - მამუკა ხერხეულიძე
კატეგორია - ქართული პროზა
ყდის დიზაინერი - თამუნა თათელაძე
დამკაბადონებებლი - გიორგი კევლიშვილი
ISBN 978-9941-15-855-1
გვერდების რაოდენობა - 148
ყდა - რბილი
ფორმატი - 13 X 19,5
გამოცემის თარიღი - 2013

ანოტაცია -
მამუკა ხერხეულიძის ლიტერატურული ტექსტები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში, გამოცემულია კრებულიც – კავკასიური ქრონიკა". "ომში, როგორც ომში" მისი პირველი წიგნია, რომელშიც მოთხრობებთან ერთად პუბლიცისტური ესეებიც შევიდა.
ამ წიგნში მოთხრობილი ამბები XX საუკუნის მიწურულსა და XXI საუკუნის დასაწყისში ხდება. საქართველოს უახლესი ისტორია, პრობლემები, რომლებიც აწუხებს საზოგადოებას და უცხო არავისთვისაა, შეულამაზებლად არის აღწერილი. ავტორი არც მწვავე შეფასებებსა და დასკვნებს ერიდება; ომში ისე იქცევიან, როგორც ომში, ანუ – ბრძოლა გრძელდება.

ბმულები:
* https://saba.com.ge/books/details/2670/ომში-როგორც-ომში
* http://www.sulakauri.ge/books/single/849/
* http://lit.ge/book/134520-omshi,-rogorc-omshi-mamuka-xerxeulidze/


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მამუკა ხერხეულიძე   Fri Aug 28, 2015 11:20 am



მამუკა ხერხეულიძე


ჯართის ქურდები


გამოძახება

გარიჟრაჟზე, უსახური საბჭოთა უბნის ოთხკუთხა ეზოში, ნარინჯისფერქურთუკიანი მეეზოვე ქალი, ცოცხის მონოტონური შრიალით, ბრინჯაოს ბარელიეფურ ბრტყელ თავებს და მემორიალურ დაფებს მიადგა. უცნაური აღმოჩენით აღფრთოვანებულმა და დაბნეულმა ცარიელ ქუჩაში გამოვლილი პატრულის მანქანა გააჩერა. მეეზოვემ პოლიციელები ეზოში შეიყვანა და ჟანგიან გარაჟებს შორის დაყრილი ორმოცდაათამდე ბრტყელი თავი აჩვენა. ვინაიდან ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში არასდროს ჰქონიათ, პატრულის თანამშრომლები ჯერ დაიბნენ, შემდეგ კი პოლიციის ქვეგანყოფილებაში დარეკეს და მორიგეს ამ უცნაური თავების აღმოჩენის შესახებ ამცნეს. ძილბურანიდან ძლივს გამორკვეულმა მორიგემ, აქაოდა, ფხიზელი ვარო, სხაპასხუპით მისცა დავალება: მისამართები ჩაიწერეთო. პატრულის თანამშრომელმა გაუმეორა, რკინის თავებია, რა უნდა თქვანო. მორიგე სულ გამოფხიზლდა და გაბრაზებულმა, მპოვნელი რას ამბობს, თორემ მარტო თავები რომ არ ლაპარაკობენ, მეც ვიციო. მპოვნელი მეეზოვეა, თუ გინდათ, დაგალაპარაკებთო, და იქვე, ცოცხზე დაყრდნობილ ნარინჯისფერქურთუკიან ქალს გამოხედა, რომელიც თავის აღმოჩენილ თავებს შლიმანივით გამარჯვებული დასცქეროდა. მორიგემ, არა, რომელიმე თავს დამალაპარაკეო, წეღანდელი უხერხულობის პასუხად დაუბრუნა პატრულს, უბრალოდ მისი ვინაობა და მისამართი ჩაიწერეთ. თავებს ხელი არ ახლოთ, მოკვლევის ჯგუფს ვაგზავნიო, და ყურმილი დაკიდა.
ჟანგიანი ავტოფარეხების უკან, ერთ დროს გამოჩენილი, პატივსაცემი ადამიანების თავები ეყარა. ეჭვი არ იყო, სადღაც სასაფლაოდან, ან სადარბაზოების გარშემო სახლის კედლებიდან მოპარულ ბარელიეფებს ერთ დროს გვარები და სახელები ექნებოდათ, ახლა კი ჟანგიანი ცხაურის ქვეშ, სიგარეტების ნამწვებს და ერთჯერად შპრიცებს შორის ბრინჯაოს ქანდაკებები ეწყო. ყველა - უხერხულ პოზაში, ცხვირით ასფალტს დახეთქებული, რამდენიმე – კეფით, ზოგი ყურით, პროფილში და, ერთი სიტყვით, ყველანი - სრულიად უპატივცემულოდ. მეეზოვემ დაგვა განაგრძო, ცდილობდა, თავებს შორის ისე გამოესვა ცოცხი, რომ რაც შეიძლება ნაკლებად შეხებოდა პატივცემულ ადამიანებს.
ცოცხის შრიალის გაგონებაზე პატრულის მანქანიდან თანამშრომელი გადმოვიდა, შენი მონაცემები ჩამაწერინეო, მეეზოვეს მიმართა, და ბლოკნოტი მოიმარჯვა, რომელშიც დღეს ღამით ჩემპიონთა ლიგის გასამართი ფეხბურთის მატჩების სავარაუდო ანგარიშები და ნაირნაირი პასუხები ეწერა. ვინაობის და მისამართის ჩაწერის შემდეგ, დაგიკავშირდებითო, მოთელვაზე გამოსული ჰოლანდიელი ფეხბურთელივით მიაძახა უსახელო ნარინჯისფერქურთუკიან მეეზოვეს. მეორე, სოფელში გაზრდილი პატრულის თანამშრომლის ასოციაციით, მეეზოვე ოსტატურად თიბავდა სიგარეტის ნამწვებს და ერთჯერად წითელ თავიან შპრიცებს.
პრესტიჟული სახლებიდან მოქალაქეები გამოდიოდნენ, სამსახურებრივ ან საკუთარ მანქანებში სხდებოდნენ და სადარბაზოების გარშემო ფასადიდან ახეულ, აწ გარდაცვლილ თავიანთი ოჯახის სახელგანთქმული წევრების ბარელიეფებს ან გორელიეფებს ვერ ამჩნევდნენ. არადა, თითქმის ყველა სადარბაზოსთან იყო მიკრული, ზოგიერთთან რამდენიმეც ეკიდა, ადგილიც არ დაუტოვებიათ ჯერ კიდევ ცოცხალი საზოგადო მოღვაწეებისათვის, რომლებიც სასტიკად განიცდიდნენ ამ დაუდევრობას თუ დანაშაულს ქვეყნის წინაშე.


ახალგაზრდა პოეტი

ესენი ერთად რომ გადაადნო, ჩემი ერთი სტროფის ფასი არ ღირანო, ფიქრობდა თავადაც მემორიალურ დაფაზე მეოცნებე, აკადემიკოს სიმამრთან ჩასახლებული ახალგაზრდა პოეტი. პატარა ადგილი, ეგულებოდა, ბუნკერთან, აკადემიკოსი სიმამრის გვერდით, და ამ ადგილს ნამდვილად აღარ დათმობდა, სულ რომ სიცოცხლის ფასად... და აქ გაუნათდა, რითმა უნდა ჩაეწერა სასწრაფოდ. სისხლის ფასად, სახლის ფასადს. გენიალურიააო, გაიფიქრა, და სანამ ლიფტი მოვიდოდა, პატარა ბლოკნოტში ჩაწერა, „ფასად _ ფასად, ბროლის თასად, ხან სად - ხან სად, ალბათ არსად, დასვეს ხასად, დასად, თეატრის ან ოპერის. ხალხის მასად, ქართლის პრასად“. ლიფტის გრუხუნმა გამოარკვია – მესამე-მეოთხე სართულებს შორის დეფორმირებულ ჩარჩოს ედებოდა. ფაქტიურად, ლექსი მზად იყო, სათაურად `ლიფტის მოლოდინში~ დაარქვა იქვე, და ამას წყალი აღარ გაუვიდოდა. რითმები იმდენი მოაგროვა, პოემას ეყოფოდა, არათუ მოკლე ლექსს. საიდღაც გაეგონა, უნიჭოები სათქმელს ვერ ამთავრებენ და იმიტომ გამოსდით გრძელი ლექსებიო, და მას შემდეგ შეძლებისდაგვარად მოკლე ლექსების წერას ცდილობდა. სხვებს ეკითხათ, თორემ მისთვის სულ ერთი იყო, ფორმაც, ზომაც და ჟანრიც კი, ერთნაირად ძლიერი იყო ტრადიციულშიც და ვერლიბრშიც, მოთხრობაშიც, რომანშიც, პიესაშიც, ესსეში და სცენარშიც კი. მოკლედ, კალმით, დღეს კი - კომპით, _ ესეც ჩასაწერი მიგნებააო, გაიფიქრა _ რასაც უნდოდა იმას გააკეთებდა, მაქვს მკერდს მიდებული კომპი როგორც მინდა _ ესეც გენიალურია, უნდა გამოვიყენოო. ფასად, ფასად, და სად? და სად? ქართულ რასად… უკვე თრთოდა, ერთი სული ჰქონდა კომპს მისჯდომოდა. “ლიფტის მოლოდინში”, ასე ერქმევა ლექსს, რომელშიც თანამედროვე სალიტერატურო ენის გამრავალფეროვნება, ინოვაცია, ტექნოლოგიების ეპოქის და ქართული ეთნოგენეზისის კვლევის მისეულ თეორიასაც შეურევდა. ახალი ლექსით აღფრთოვანებული, ავისმომასწავლებელი ღრჭიალით მოხრიგინე, თითქმის ჩამოღწეულ ლიფტს აღარ დაელოდა, შორი გზიდან მოუარე შინ მშვიდობით მიდიო, ეს ქართული ანდაზაც გაიხსენა და ფეხით აუყვა მეცხრე სართულისაკენ.


ცხრათითა ვაჟა

ლიფტს თავისი ისტორია ჰქონდა. მის შესანახად არასდროს ფული არ იკრიბებოდა და მეზობლებს შორის დიდი დაპირისპირების მიზეზი გახლდათ. ამაზე მთელი ეპოსი შეიქმნებოდა. ცხრათითა ხელოსანი ვაჟა, რომელსაც ფრთიანი, ფილოსოფიური ფრაზების თქმა უყვარდა, ქველმოქმედების ასაკიდან გამოვედიო, იმეორებდა, ტექნიკას გული არა აქვსო, ამასაც ხშირად ამბობდა. ეს სენტენციები პოეტს ისე მოსწონდა, რომ ძლივს იკავებდა თავს, ისე გიჟურად უნდოდა გამოყენება. ვაჟას ერთი თითიც ამ საქმისთვის ჰქონდა შეწირული, კიდევ კარგად მოუსწრია ხელის ამოღება და მხოლოდ ერთი თითის შეუტოვებია დაჟანგებული, მოუვლელობით და უზეთობით გაბოროტებული, უზარმაზარი, ავად მოღრჭიალე ფოლადის ბორბლისთვის, თორემ მთელ ხელს ჩაიყოლებდაო, ასე ჰყვებოდნენ მისი შემცვლელი, ამაოდ დამშვრალი ლიფტიორები, რომლებიც მთელი დღე ჯახირობდნენ და საქმეს ვერ აკეთებდნენ. მუნჯის ენა დედამ იცისო, და მაღალი სართულის მობინადრე კეთილსინდისიერ გადამხდელებს ისევ ცხრათითა ვაჟას ძებნა უხდებოდათ, და მათ შორის იყო ჩვენი ახალგაზრდა პოეტიც, თუმცა, რაღა ახლგაზრდა, მაგრამ ესეც ბოროტი, შურიანი მწერლების ძველი ილეთი იყო, თავიანთ რიგებში არ იღებდნენ. აკადემიკოსი სიმამრი გარდაიცვალა უდროოდ, თორემ ახალგაზრდა, რა ხანია, აღარ იქნებოდა, პირდაპირ პოეტს დაარქმევდნენ. მეექვსე სართულზე თოთხმეტსართულიან კორპუსის ბინადარნი, უფულობით, უმთავრესად კი ერთმანეთის ჯიბრით მაზოხისტებად ქცეულნი, ფულს არ დებდნენ. მეხუთე და მეექვსე სართულის მაცხოვრებლები კიდევ როგორღაც ახერხებდნენ ფეხით სიარულს. თავად ლიფტი ძალიან სახიფათო ვინმე გახლდათ, სართულებს შორის ეხეთქებოდა რკინის ჩარჩოს, და პირველად ვისაც უწევდა მგზავრობა, თავბედს იწყევლიდა, რამ შემომიყვანა ამ მოძრავ კუბოშიო. უკან აუცილებლად ფეხით ჩამოდიოდნენ. ამ და, ზოგადად, თბილისის საბჭოთა ლიფტიანი კორპუსის მაცხოვრებლები კლაუსტროფობიისგან ყოველგვარი ფსიქოთერაპიის გარეშე იკურნებოდნენ, იმხელა სტრესს იღებდნენ, ის ფობია საერთოდ ავიწყდებოდათ. უმეტესობა, ფაქტიურად, ექსტრმალად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით შევარდნაძის მეორედ მოსვლის ეპოქაში, როდესაც ბედისწერასავით მოსული დენი ასევე ბედისწერასავით მიდიოდა, სართულებს შორის ცუდ ადგილას გაჭედილი ადამიანები ღამეებს ათევდნენ ბნელ, ძალიან მყრალ, ჩაბნელებულ კაბინაში. გარედან ოჯახის წევრები ან მეზობლები გულშემატკივრობდნენ, მაგრამ ყველა კორპუსს არ ჰყავდა რუსულ ლიფტებთან მებრძოლი ცხრათითა ვაჟა, რომელსაც რაღაც უზარმაზარი ქანჩით უნდა დაეტრიალებინა ის ბოროტი ბორბალი, თითი რომ მართებდა მისი, და კაბინა ისეთ ადგილას გაეჩერებინა, საიდანაც უკვე გაწაფული ოჯახის წევრი ან მეზობელი, ზამბარებიან კარს აღებდა და ისე გამოჰყავდა თავისუფლებაზე წყევლა-კრულვით ან გინებით გადაღლილი ადამიანები. უმეტესად ხალხი თავად აღებდა გახევებულ კარებს და ისე ძვრებოდა სულ მცირე ღრიჭოებში. ექსტრემალური სპორტის მოყვარულებსაც შეშურდებოდათ ეს ტრიუკი, ხანშიშესული ქალბატონის მიერ შესრულებული, თან მთავარი ის კი არ არის, ზამბარიან კარს ფეხით რომ აკავებდა და თან უწვრილეს ხვრელში ძვრებოდა, ნებისმიერ წამს შეიძლება მოსულიყო ის, უხსენებელი, ამ შემთხვევაში მიქელ გაბრიელივით დენი და გილიოტინის ფუნქციას შეასრულებდა.
უტრირებად მოეჩვენება მკითხველსო, ფიქრობდა პოეტი, მაგრამ ქართველი მკითხველი დაიჯერებდა და უცხოლებისათვის ფანტასტიკის ჟანრისთვის შეიძლება გამოეკრა ხელი, რომელიც უაღრესად პოპულარული ხდებოდა და მისი შვილები მამის ტექსტებს ამჯობინებდნენ, და ერთხელ საკუთრი თავი საშინელ აზრში გამოიჭირა - შაინინგის გმირი ნიკოლსონივით უფროსი გოგოს მოშთობა მოუნდა. მისი წიგნის სუპერი ჰქონდა გადაკრული ქართველი გრაფომანი მწერლის, დეტექტივის წიგნზე, რომელიც ასევე უაღრესად პოპულარული ხდებოდა თვალს და ხელს შუა, და უცხოელის წიგნი მაინც სჭეროდა, და არა მაინც და მაინც ის! - გვარის ხსენებაც არ უნდოდა, ისე სძულდა ეს ძალად სტოიკოსი ნაძირალა. ეს საზარელი ფიქრი-გაელვება მეორე დილასვე მოძღვარს მოუყვა, რომელმაც, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგიაო, უთხრა, ანუ შენ ეს ცოდვა უკვე ჩადენილი გაქვს და მეორედ ხომ ვეღარ მოკლავ ვერცერთ ვარიანტშიო.
ბავშვებს რაც შეეხება: უფროსები თხოვდნენ და აკონტროლებდნენ, ლიფტში არ ჩამსხდარიყვნენ. უფროსებიც ზემოდან ფეხით ეშვებოდნენ, ხანშიშესული ადამიანები მაინც სხდებოდნენ, პირჯვარს იწერდნენ და... ლიფტში სარკე ეკიდა, ეს ალბათ იმ შემთხვევისათვის, თუ თავისუფალი ვარდნით წავიდოდა კაბინა, როგორც სუპერექსტრემალურ ატრაქციონებზე შეშინებულ ფოტოებს უღებენ ვიზიტორებს, ასევე შეიძლება საკუთარ შიშზე ან გამომეტყველებაზე გასცინებოდა ან სიმამაცე მოეკრიბა უკანასკნელ გზაზე, ადვილად გადაეტანა ცხოვრების ბოლო წამები. ძალიან საინტერესო კი იქნებოდა ეს ექსპერიმენტი, რომელიც მგონი არავის უწარმოებია. ვიღაცას, უფრო სწორედ კი ცხრათითა ვაჟას, ეფიქრა ამ ფილოსოფიურ საკითხზე, ვინაიდან ეს სარკე აშკარად მუდმივად მთელი იყო, ამ მუდმივი ნგრევის, მოპარვისა და გაფუჭების ეპოქაში.
როგორც აღვნიშნეთ, პოეტი ძალიან ბევრს ფიქრობდა, ლიფტზე რამე დაეწერა, ჟანრს არჩევდა, ახლა კი ყველაფერი თავისით მოხდა. ლიფტის მოლოდინში, ერქვა ლექსს, ახლა კი - პოემას, რომელსაც წყალი არ გაუვიდოდა.. _ სახლის ფასად, ჩალის ფასად, ალბათ არსად, ბროლის ფასად, ვყალიბდებით ისევ რასად?.. თოჯინების დადგმის დასად, თუ ნივრის, ხახვის პრასად.... ეს არა, არა, გოიმობის ეშინოდა ყველაზე მეტად, არადა, თავისით წამოსცდებოდა ხოლმე. ძალიან პატარა წამოვიდა, მშობლები იყვნენ რაიონიდან, იმათაც საგულდაგულოდ უმალავდა სტუმრებს, იქამდე, რომ ცოლის თანდასწრებითაც არ ელაპარაკებოდა, დედ-მამას, ერიდებოდა მათი ლასის დეფექტის, უცნაური სიტყვების: უჯიკა, მეისპო, გადახტენდა, წარმეიდგინეთ, რეამინაცია და ა.შ. იხმარებოდა ხშირად, ვინაიდან უმეტესად ვინმე ახლობლის ავადმყოფობის გამო ჩამოდიოდნენ ქალაქში. და მაინც, მოულოდნელად ეიფორიულ კამათში გართულს, რაღაც სიტყვა წამოსცდებოდა და ვითომ ხუმრობდა, ბიძიკოს დაამატებდა ხოლმე.
ექსტრემალურ ლიფტის შესახებ რამე უნდა შეექმნა. კედლებზე ამოკაწრული თუ სპეციალური პასტელით დაჯღაბნილ სისულელეებს ერთხელ თავისი ლექსი მიაწერა - ცხოვრების ამაოებაზე, და სხვებსაც მიუთითა, რამე სერიოზული, მათთვის საყვარელი სტრიქონები მიემატებინათ კლასიკური ნაწარმოებებიდან. ლიფტი ძალიან ნელა მოძრაობდა, ისე რომ ერთ კუპლეტს თავისუფლად მოასწრებდა ვინმე პოეზიის მოყვარული. დასაშვები იყო აფორიზმებიც, მაქსიმებიც, და ციტატები - თავისთავად. ეს შეთავაზება მეზობლებმა აიტაცეს და ოთხივე კედელი ლექსებით აჭრელდა. მისი ლექსის და მოწოდების შემდეგ პირველი გალაქტიონის “მესაფლავე” გაჩნდა. ეტყობოდა, კარგად უსეირნია ზევით ქვევით ამის დამწერს. დიდი ადგილი მიჰქონდა მთელ ლექსს. იდიოტი. მაშინ მეც მთლიანად დავწერდი ჩემს “პეტროგრადსო”. პოეტმა დიდის პატივისცემით მიუთითა, ეს რა თქმა უნდა, შედევრია, მაგრამ სხვებსაც რომ დარჩეთ ადგილი, თქვენი საყვარელი ლექსებიდან თითო კუპლეტი, აფორიზმები ან ბრძნული გამონათქვამები დაწერეთ და ყველაზე კარგი ის იქნება, საკუთარ ლექსებს თუ დაწერთ, ხომ ვიცი, ლექსების ერთი საერთო რვეული ყველას გაქვთ, ქართველები არ ვართო. მეორე დღეს ლაიქი მიახატა ვიღაცამ მის პოსტს.
ასე დაიწყო და გაგრძელდა, ნელ-ნელა ივსებოდა ყავისფერი ლაქით დაფარული დიქტის კედლები ლექსებით, ციტატებით, აფორიზმებით და, რა თქმა უნდა, ლაიქებით, რომლებიის თვლაც უკვე დაიწყო, და შეჯიბრიც მიმდინარეობდა. პოეტი ამბობდა, რომ სახიფათო მოგზაურობა უიოლდებოდათ მგზავრებს, წასაკითხი ბევრი იყო. კედლები რომ გაივსო, ჭერზე ავიდნენ, აქა-იქ ნახატებიც გაჩნდა, პოეზიის რომანტიკულ გარემოს ვიღაც პირველყოფილი ადამიანის მინაწერი შეაზანზარებდა ჩარჩოს მიჯახებასთან ერთად, და გამოაფხიზლებდა ლიტერატურით დაბანგულებს უხეში ქართლური შაირი: „ეგ არ არის მაგისაო, ვირმა დაგისადგისაო“. უმალ ახსენდებოდათ, რა ტრანსპორტში ისხდნენ, რომელ ეპოქაში, და რა ქვეყანაში ცხოვრობდნენ. პოეტი ძალიან ბრაზდებოდა, ვინაიდან თავის სალიტერატურო ჟურნალადად თვლიდა უკვე ამ კაბინას, ექსტრემალურ, თითქმის კოსმიური ხომალდის რისკს გათანაბრებულ მგზავრობას. ისიც უფიქრია, წესით, ჩაფხუტებიც უნდა ეკიდოს რკინის ტროსით დამაგრებული, თორემ ვიღაც აუცილებლად მოიპარავს და დააგდებს სადმე, სახლში ან სარდაფში.
ლიფტში ცხრათითა ვაჟამ ხურდების რკინის ყულაბა ჩამოკიდა, უსქელესი, უჟანგავი მეტალის ყუთი, უზარმაზარი ბოქლომით. პოეტი ამას შავ ყუთს ეძახდა. ის უეჭველი გაუძლებდა ნებისმიერ კატასტროფას და მისი გახსნის შედეგად, ხურდების მიხედვით, ბევრი რამის დადგენა გახდებოდა შესაძლებელი. ცხრათითას პოეტთან უყვარდა გამოლაპარაკება, ძველ, საბჭოთა ხურდებს ყრიან, ბატონო ჩემოო, სულ მგონია, გაუთავდებათ, მაგრამ ჯერჯერობით ვპოულობო. კიდევ ასეთი ილეთი ჰქონიათ - გახვრეტილ რკინის ჟეტონს ძუას აბამენ, ხურდის ჩასაშვებში ჩაჰყოფენ და ჩაარტყამენ მექანიზმს და უკან იღებენო. ჩვენებმა ახალი დაზღვევა მოიგონეს: რკინის ფირფიტას ადუღებენ რომ ანკესი ვეღარ გამოიყენონო. ერთი, მაგათ ტვინებზე დამაყენებინა ეგ „მოქლომიო“, და ამას ისე საყვარლად ამბობდა, სოფლის ეზოში თავისი ჭიშკარი ახსენდებოდა პოეტს - ვაჟაც დასავლეთ საქართველოდან იყო, ეტყობოდა.
ზუსტად ასე იყო. გენიოსი ვარ, ამათი შურიანი დედებს შემოვევლეო, გაიფიქრა. ბილწსიტყვაობა აკრძალული ჰქონდა თავისთვის, პლებეებს ახასიათებთო - ესეც სადღაც ამოიკითხა და მას შემდეგ აღარ იგინებოდა.
და ჭრიალით გაიღო ლიფტის კარი.


ლაიქემია

სადარბაზოში შესვლისას ხანდახან ასეთი აზრიც გაუნათებდა გონებას: წინასწარ ხომ არ გავაკეთებინო დაფა, ჯერჯერობით გვარსახელის გარეშე, და ეს ადგილი დავიბევოო. ვინაიდან მათ კორპუსში, სულ ცოტა, 5-6 საზოგადო მოღვაწე თავის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა - და ეს ის შემთხვევა იყო, როცა სიამოვნებით დაასწრებდა სიკვდილს ყველა მეზობელს, სავარაუდო კონკურენტს, - მაგრამ დაფა რომ ვერ გაეკეთებინათ მის ბოთე შვილებს, რომლებიც საერთოდ აზრზე არ იყვნენ, რას ნიშნავდა მამისთვის ეს დაფა?! და საერთოდ, დღესვე მოსულიყო მიქელა?! ამათ იმედზე ჩემი მტერი ყოფილიყო, ინტერნეტში საკუთარი ლექსების დამატებას სთხოვდა ხოლმე, ან მისი გვერდი დღეში ორჯერ-სამჯერ გაეხსნათ, სამ-სამი წუთით. დათვლილი ჰქონდა: მის ხუთ შვილს დღეში, სულ ცოტა, სამ-სამჯერ რომ გაეხსნა მამის ბოლო პუბლიცისტური წერილი და სამი წუთი გაეჩერებინა, 1500 თვალი ანუ ნახვა დაემატებოდა იმ 158-ს, და ჯიგრიანები რომ ყოფილიყვნენ 15 ათასამდეც აიყვანდნენ, როგორც მისი მეგობარი ედიშერის შვილები აკეთებდნენ ამას. ისინი ლაიქებსაც ამრავლებდნენ, შეარებსაც და, თავადაც წამოსცდა თამილას, ედიშერის ცოლს, ჩვენი ბავშვები ჩვეულებრივი ჰაკერები არიანო. ბედი არ გინდა! მე კიდე გრძელფეხება რედაქტორი მიშლის ლაიქებს, და შვილების დახმარება მაგაში მჭირდება, რომ ის აღადგინონ, რაც რედაქტრისას ბოროტ ხელამდე იყოო. პოეტს უტყუარი ცნობები ჰქონდა, როგორ ჩადიოდა ღამე გრძელფეხა რედაქტრისა სერვერების ოთახში და თავისი სიმპატია-ანტიპატიის მიხედვით ლაიქებს ზოგს უშლიდა, ზოგს - უმატებდა. მაგრამ ეს ყველაფერი მანამდე იყო, სანამ თავად ისწავლიდა კომპის ხმარებას, შემდეგ ფეისბუქელიც გახდებოდა და ლაიქკონტაქტ კონტრაქტებს ააწყობდა. ახლა აღარავინ სჭირდებოდა, თუმცა რედაქტრისამაც, შესაბამისად, ასეულობით დაიწყო წაშლა, ანუ დაახლოებით 1500 ლაიქი იშლებოდა. მნახველთა რიცხვს კი ვერაფერს უხერხებდნენ, სპეციალური პროგრამა ჩააწერინა თავის ახლადდამეგობრებულ კომპის ხელოსან ვალოდას. ჩართული კომპი თავისით კითხულობდა და კითხულობდა, ემატებოდა და ემატებოდა წამწამებიანი თვალის ნახატი. ღამე დატოვებული კომპი დილაუთენია უკვე სამ ათას ან ოთხს ან მეტს იმატებდა, ტექსტის სიდიდეს გააჩნდა და ფოტოს უღებდა, რომ არ წაეშალათ.
პოეტის ფიცხი ხასიათი რედაქტრისას და მის მონებს უკვე გამოცდილი ჰქონდათ: კორექტორმა მძიმეები დაუსვა, როგორც თვითონ ამბობდა, 1800 წელს გამოცემული მართლწერის სახელმძღვანელოს მიხედვით. იქ ამბავი მოხდა, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. პოეტი ხაოდა, როგორ გაბედეთ მძიმეს დასმა, დაირღვა მთელი ჰარმონიაო. ლეკას, ედოს, პედოს, ჭეკას, ცეკას და ტეკას ხომ ვერ გაუბედავდითო. მერე დაცვის თანამშრომლები შემოვიდნენ.
ის ამბავი, რომელსაც გულწრფელად აღფრთოვანებულმა ლექსიც მიუძღვნა, ვალოდას სახელოსნოში კედელზე ეკიდა: გაზეთიდან ამოჭრილი ლექსი, ავტორთან გადაღებული სელფით. ლექსში ვალოდა სტივ ჯობსის სულიერ ვირტუალურ მეგობრად და მისი საქმის გამგრძელებლად ჰყავდა გამოყვანილი, რომელიც ასევე ვირტუალურად, ფოტოშოპის გამოყენებით ღვინოს უქცევდა მის საფლავს, გარეგნობითაც ჰყავდა შედარებული ლამბერსექსულივით ოდნავ გაუპარსავი წვერით, და ლექსი-მიძღვნა ასე მთავრდებოდა: “ჯვარი ეწეროს ვალოდას, სტივ ჯობსი უხდის მადლობას”.


ჯ. კ. ც. საზ. მოღ.

ელიტური კორპუსის მემორიალური დაფებით მოპირკეთებული ფასადი ხელუხლებელი იყო, ერთი მარტივი მიზეზით: აქ ფერადი ლითონი ან თუჯი გამოყენებული არ ყოფილა, მარმარილოს ან ბაზალტის ქვებზე ამოტვიფრული იყო ძალიან საინტერესო ინფორმაცია, საზოგადო მოღვაწის დაბად. და გარდ. თარიღები და პროფესია, რეგალიები, ზოგიერთის, უფრო პოეტ-მწერალთა ფილოსოფიური ციტატები, ტექნიკური ინტელიგენციის წარმომადგენლებზე კი ციტატები მათდამი მიძღვნილი ნეკროლოგებიდან. სწორედ ამის გამო აღარ იყო დარჩენილი ადგილი, ახალგაზრდა პოეტი ფიქრობდა, სადარბაზოს კრება მოეწვია და ეს საკითხი დაეყენებინა: შემოკლებულიყო ტექსტები მემორიალურ დაფებზე და რაც შეიძლება მეტი აბრევიატურა გამოყენებულიყო. როგორც მაგალ. ბატონ დ. ა. ს და საკუთარი სიმამრის შემთხვევაში, სადაც დაბ. და გარდ. თარიღები, რომელთა შეკვეცაც შეიძლებოდა, და ეს მყარი თეორია დიდ მუყაოზე გადაკრულ პერგამენტზე ჰქონდა გამოხაზული, პრეზენტაციისათვის. ესკიზზე სკურპულოზურად ჰქონდა დატანილი ყველა აწ. გარდ. საზ. მოღ. მემ. დაფები. ამ პროექტზე მუშაობისას აღმოაჩინა, რომ უამრავი სიტყვის და აზრის შემოკლება შეიძლებოდა, და რომ ჩვენ, ქართველები, როგორც ყველაფერში, აქაც არაპრაქტიკული, უყაირათო ხალხი ვართ. ეს დაწერა აბრევიატურის გამოყენებით, ერთი ლექსიც მიუძღვნა და მცირე ბროშურაც. ამას რევოლუციური გადატრიალება უნდა გამოეწვია. ბროშურას ერთმა ცნობილმა აკადემიკოსმა ძალიან დიდი აღმოჩენა უწოდა და სთხოვა, აუცილებლად გაეგრძელებინა მუშაობა ამ მიმართულებით. გაზეთმა „ალავერდი“ უზარმაზარი სადღეგრძელო მიუძღვნა მის ნაშრომს, აბრევიატურით დაწერილ ლექსს ჯორჯ ორუელის „1984“-თან ალუზიას იწვევსო, წერდა სტატიის ავტორი. პოეტს პირკატა ეცა: ნუთუ მისი აღმოჩენა შეიძლებოდა ვინმეს ჰქონოდა... პლაგიატზე თუ გადაჰკრა ავტორმა? სასწრაფოდ გაიგო მობ. ტელ. ნომერი და დაურეკა წერილის ავტორს, რომელმაც უხვად დააყარა ქება მისი ლექსის გამო. უამრავ არგუმენტს შორის იაპონური დამწერლობა და პოეზიის ფორმებიც ერია. ახლა გეგმავდა დიდი, 300 გვერდიანი წიგნის „დადებას“ _ როგორც თვითონ უყვარდა გამოთქმით გამოთქმა. ზოგადად სიტყვათა წარმოშობამ, ერთი სიტყვით, ვერსიფიკაციამ ისე გაიტაცა, რომ ყველა სიტყვას შლიდა, ამოკლებდა და სადაც ვიღაც სიტყ. მფლანგ. ერთ გვერდს მოანდომებდა, ის ახ. ქარ. ენ.-ზე ერთ აბზაცში მოაქცევდა. წმინდა სემანტიკურ ვერსიფიკატორულ გრამატიკულ არგუმენტებს გარდა, სრულიად პრაგმატული ეკონომიკური მოგება, ქაღალდის შესაბამისად, ხე-ტყის ეკოლოგიური ეფექტი დათვლილი ჰქონდა, რა რაოდენობით ხე იჭრებოდა მსოფლიოში საწ. ქაღ.-ის გამო და მისი ახ. ქარ. ენის კაცობრიობის ყველა ენაზე ამ თეორიის გამარჯვების შედეგად, რა რაოდენობით ხე გადაურჩებოდა ბარბაროს ქაღალდის მწარმოებლებს. გლობალური დათბობის პრობლემაც იჭრებოდა და ნობელის პრემია, მისი გამოთვლით, მესამე ნომინაციაშიც გარანტირებული ჰქონდა.
მას გაკეთებული ჰქონდა მაკეტი სახლის ფასადის არსებული ვერსია და მისი ახალი იდეის მიხედვით შესრულებული ვერსია გარითმული აბრევიატურებით, რომელსაც დამატებული ჰქონდა ჯერ კიდევ ცოცხალი, მაგრამ ცალი ფეხით გაღმა გასულთა დაფები, მათი, ვინც კარგა ხანია, აღარ უნახავს გარეთ, ასეთები კი თითქმის იმდენივე გამოდიოდა, რამდენიც უკვე გარდაცვლილები, ანუ დაფიან საზ. მოღ.-ებს გარჩევის შემთხვევაში ჯ. კ. ც. საზ. მოღ.-ები ჯერ მარტო ქვორუმით მოუგებდნენ მემ. დაფ.-იან აწ გარდ. საზ. მოღ.-ებს.


ნათება

უკვე კომპთან იჯდა, ახალი იდეით შეპყრობილი და აცახცახებული. 1265 თვალი. დიდი მადლობა ძვირფას ვალოდას! გული ხარობდა, კომპი გალობდა. ისიც გალოთდა, ისიც გალოთდა... სხვებს ეკითხათ, თორემ მისთვის, ახალგაზრდა პოეტისთვის, სულ ერთი იყო, ფორმაც, ზომაც და ჟანრიც კი, ერთნაირად ძლიერი იყო ტრადიციულშიც და ვერლიბრშიც, მოთხრობაშიც, რომანშიც, პიესაშიც, ესსეში და სცენარშიც კი. მოკლედ, კალმით, დღეს კი – კომპით. სადარბაზოს მაკეტზე სასწრაფოდ უნდა შეესწორებინა თავის ბარელიეფის გამოსახულებაც და ტექსტიც - მაქვს მკერდს მიდებული კომპი როგორც მინდა... პოეტი ლეპტოპით თავის სტროფს შესცქერის.
მაგრამ ჯერ – ამბავი. მოკლე და საყოველთაო. ის, რასაც ბოროტი რედაქტორები და საზ. მოღ.-ების ხსოვნა და ჯართი თავები ვერას დააკლებენ. მაგალითად, პიესა, რომელზეც სულ ანშლაგი იქნება და ბილეთების გაყიდვა დიდ სკანდალს გამოიწვევს, პიესა, რომელიც იქცევა სცენარად, რომელსაც გადაიღებს ჰოლივუდიც და ბოლივუდიც, და სრულიად სამყარო უკვდავყოფს სახელს ახალგაზრდა პოეტისა, და არამარტო მის სადარბაზოსთან, არამედ ყველა, ყველა ქალაქში აღიმართება კომპიანი ახალგაზრდა პოეტის ძეგლი.

აქ დაიდგმევა პოეტის ძეგლი,
ბავშვები მოვლენ შენი წიგნებით,
იქნება, ბევრი რამე იქნება
და შენ ამქვეყნად მაინც იქნები!


ახალგაზრდა პოეტის ლეპტოპში აღმოჩენილი ფაილებიდან

მეეზოვე _ ნარინჯისფერი ქურთუკით, პოლიციელი ვან ბასტენს ექსპერტი ჩინოვნიკი შლიმანს შეარქმევენ.
პოლიციელები - ახალგაზრდა ფორმიანი ბიჭები, ოდნავ დაბნეულები.
ექსპერტ-კრიმინალისტი _ ახალგაზრდა კაცი, ლურჯი პლასტიკატის სპეციალური კეისით, უცნაური ხელსაწყოებით, უცხო ტერმინებით საუბრობს.
ხელოვნებათმცოდნე ექსპერტი _ მაღალქუსლებზე. ოდნავ მოკლე კაბით, ასაკთან მებრძოლი, წითელი პომადით, სექსუალური მიმოხვრებით, მანერული ფეხის ფეხზე გადადებით, ხელზე უზარმაზარი სამაჯურით, სიგარეტს ეწევა მანერულად.
დაზარალებული ქალი _ ერთ-ერთი ბრინჯაოს თავის შვილიშვილი, პუტკუნა, უმიზეზოდ გაბრაზებული.
დაზარალებული მამაკაცი _ სათვალიანი პროფესორი, ანტიგლობალისტი. ცელოფანის პარკებით, სანოვაგით და ტუალეტის ქაღალდებით, ისტერიული მონოლოგებით, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე შეთქმულების გამოვლინებად განიხილავს ამ ვანდალიზმს.
დაზარალებული ბიჭი _ ოდნავ ნასვამი, წვერგაუპარსავი, გორელიეფის შვილიშვილი, სიგარეტს სიგარეტზე უკიდებს.
დაზარალებული თინეიჯერი გოგონა _ მესიჯებს აგზავნის და პასუხებზე სიცილი უტყდება
პარლამენტარი _ ჭაღარა, თეთრი პერანგით, წითელი სვტრით და პიჯაკით, ხმარობს შეუსაბამოდ ინგლისურ სიტყვებს.
ქორო - საზ. მოღ.-ების ბრინჯაოს თავები, რომლებიც ერთხმად ამტკიცებენ და ღრიალებენ, რომ შუაში არიან გაჩხერილები, ვინაიდან ამ დაფებს შეცდომაში შეყავთ მომავალი თაობები და ამიტომ საზვერეებში განსახილველადაც არ ჩასულა მათი საკითხი, მანიაკი შთამომავლების გამო წესიერად ვერ მოკვდნენ და აქაც, დედამიწაზე, საკუთარ სადარბაზოშიც კი კაცმა არ იცის, ვინ იყვნენ და რა საქმეზე.
ქორო _ ჯართის ქურდები.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მამუკა ხერხეულიძე   Today at 1:39 pm

Back to top Go down
 
მამუკა ხერხეულიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: