არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გიორგი კეკელიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: გიორგი კეკელიძე   Thu Jun 04, 2009 12:05 am


Giorgi Kekelidze

გიორგი კეკელიძე – http://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_კეკელიძე
პოეტი, focus.ge-ს რედაქტორი.

დაიბადა ქალაქ ოზურგეთში 1984 წლის 10 აპრილს. სწავლობდა ოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის N1 საშუალო სკოლაში. იყო ახლაგაზრდული გაზეთის „რვას + 1“ რედაქტორი.

2001—2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი). 2006—2008 წლებში მუშაობდა რუსთავის № 2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად.

თარგმნილი აქვს რამდენიმე ავსტრიელი პოეტი, მსოფლიოს ლიტერატურული ზღაპრები („ჯადოსნური კარი“), სერგეი დორენკოს „რომანი 2008“. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. შეტანილია ქართული პოეზიის აზრბაიჯანულ ანთოლოგიაში. პრემია ,,საბას' ლაურეატი.
გამოცემული აქვს ლექსების კრებული სახელწოდებით “ოდები”.
გახლავთ ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ლიტერატურ კონკურს lib.ge-ს დამფუძნებელი. ჟურნალ ლ’ილ-ის დამფუძნებელი.




და ტკბილი ტყუილის ოდა


(იქიდან-აქამდე ირონის და იას ხელმეორე საკითხავი)

”ოდესაც ბრძენმან რიტორმან შოთამ რგო იგავთ ხეო და...”
დავით გურამიშვილი

”მე ერთი დღეც არ გამითენდეს უშენოდ ქვეყნად”.
რუდაქი

”ტყეს დატვირთავს წამებული ოდელიოდო ცა”.
სიმონ ჩიქოვანი

”იქით წასულთ, რატომღაც, აქეთ რჩებათ თვალები”.
ედუარდ ესთლინ ქამინგსი



ვთქვი მე არაკი:
აჰა, მდოგვი, ჩემს ბოსტანში ამოწვერილი,
ისე მწარეა,
როგორც სხვის ბოსტნებს მოდებული უხვი სიმართლე
და ეს სამხარიც მხარზე უნდოდ გადავიკიდე,
რომ დაგამშიო
ერთხანს
(წვრილ-შვილ მივიწყებულ წყეულივით აგაწრიალო) –
- მერე შიმშილი შენს თვალებში ქარივით
ჩადგეს.
დაგმარხავ ჩემს ბოსტანში.
და მდოგვს დავთესავ
და ოდელიო დელია,
ოდელიო
და
და
მომიტანეთ კონა ფიჩხი,
მომიტანეთ თივა-ბულული,
მომიტანეთ ასი ყივილი ერთი მამლის..
აქვე დავყრი, მიწას მუცელს გავუზრდი
და ცეცხლს გააჩენს..
დაიწვეს
კონა ფიჩხი,
დაიწვეს
თივა-ბულული
და ასი ყივილი დაიწვეს –
ქვევით შენ იწვები
ღია თვალებით და ნაცარს შეგაყრი
და თვალებში ნაცარს შეგაყრი
და ჩამოგძახებ –
მდოგვი მწარეა,
მწარეა მდოგვი,
როგორც სხვის ბოსტნებს მოდებული უხვი სიმართლე
და ოდელიო დელა,
ოდელიო და
მდოგვი.

Back to top Go down
kekelidze



Male
Number of posts : 5
Age : 32
Location : tbilisi
Job/hobbies : student
Humor : ....
Registration date : 03.06.09

PostSubject: Re: გიორგი კეკელიძე   Thu Jun 04, 2009 9:56 am

დიდი მადლობა გვერდის გახსნისთვის


მამლის ძლისპირი


სანამ ისმენდეთ, იხილეთ იგავი მამლის ქურდზე





–სხეული–

მე ზღაპრის აქეთ დავიბადე –
ტკბილი ბოლო მწამს.
ვზივარ.
კვამლს ჯიუტ სტუმარივით შიგნით ვეწევი
და ხელზე ჭორფლი მეფანტება,
წვიმის წვეთების ფრთხილი ჩრდილი სველი მინიდან
და ოდნავ თბილა, მაზარმაცებს ანუ მზერას
შენს სუფთა საწოლამდე გვიან მივიტან.
უდარდელი ვარ და ზანტი ვარ –
ტკბილი ბოლო მწამს.



–სამშვინელი–

შენ აიკარი ზურგზე გუდა, თვალზე ქუთუთო
და ცხრა ძილს იქით,
ჩემთვის სიზმრის მოსატანად წახვედი და დამიბარე –
მელოდე ექვსი მამლის ყივილი,
თუ არ დავბრუნე,
გლოვის ნიშნად თბილი წითლით შეიმოსე
(დანა სასთუმლის გვერდითაა და ქვა –სალესი)
შენ სანამ უკან მოხვიდოდი,
მე )დრო
მოვკალი(
–საათს ისრები მოვწყვიტე და
ისრით
ხეებს და ხეებზე დახრილ ლოლოებს– გაყინულ ქარს
და დედაჩვენის სახელს
ვფხაჭნიდი.
ასე გავერთე – დრო მოვკალი
და მესამე ყივილისას ვიგრძენი,
რომ ძლიერ მომშივდა.

–სული–

მე ვაჭარი ვარ.
მე სამი დღე მამალს ვყიდდი ლამაზ ბაზარში
და ერთხელაც სხვა ვაჭრებმა, იქურდეო, ცილი დამწამეს
და გზად მამალი გადავმალე ნიფხავ–შარვლაში.
მიმგვარეს პირქუშ მოსამართლეს,
მარჯვნივ ედგა ბროლის თასი, მარცხნივ თიხის და
მომიგო:
–მამლის ქურდობას გაბრალებენ,
ავსა საქმესა გაბრალებენ,
ავი საქმითვე განისჯები,
უნდა მოგაჭრა ორივ ყური,
უნდა დაგთხარო ორივ თვალი.
მე ვუთხარი:
–მამალი თვალით არ მინახავს,
ყურით მსმენია.
ვაჭრებმა უთხრეს:
–დახეთ, შარვლიდან მამლის კუდი, ჭრელი ბოლო ჩანს!
ვფიცავთ ქურდია!
ვფიცავთ ქურდია!
დაუდგინე ჯიუტი მსჯავრი!
და მე მივუგე:
–თუმცა ახლა თქვენს ხელთა ვარ,
ვარ ისევ ზანტი, უდარდელი
და ფიცი მაკვირვებს
და ბოლო მწამს.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: გიორგი კეკელიძე   Sat Jun 06, 2009 6:00 pm

ალბათ ყველაზე თვითმყოფადი პოეტი. თანაც ასეთი ახალგაზდა..........
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
kekelidze



Male
Number of posts : 5
Age : 32
Location : tbilisi
Job/hobbies : student
Humor : ....
Registration date : 03.06.09

PostSubject: Re: გიორგი კეკელიძე   Wed Jun 10, 2009 3:56 pm

ფოთლის ძლისპირი


ამ ლეღვის ხეს უამრავი სარცხვინელი აქვს

და

გაზაფხული ეშმაკივით აუხელს თვალებს
Back to top Go down
View user profile http://lib.ge
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: გიორგი კეკელიძე   Fri Jul 03, 2009 5:27 pm

ხალხო, გიორგის არ მივულოცოთ ,,საბა"? ძალიან გამეხარდა, დიანას და გიორგის ამბავი Very Happy მიმაჩნმია, რონმ ორივე უნიჭიერესი პოეტია sunny
და დიანას გვერდი არ გვაქვს?
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: გიორგი კეკელიძე   Fri Jul 03, 2009 8:45 pm

ვუერთდები კესოს!

ვულოცავ გიორგის king flower flower flower flower

ვულოცავ დიის queen flower flower flower flower flower

ორივეს გკოცნით ჭკვიან შუბლებზე.
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გიორგი კეკელიძე   Sat Jul 04, 2009 11:24 am

მეც ვულოცავ გიორგის და დიანას დამსახურებულ წარმატებაას cheers
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი კეკელიძე   Sun Jan 23, 2011 2:41 am



გიორგი კეკელიძე

აორთქლებული H2SO4 ანუ ქართველი ფუტურისტების საბჭოთა მომავალი

როგორც ქართული წესი და რიგია, ხშირად არც თუ ბუნებრივი პირობით ნაკარნახევი, ფილიპო მარინეტის ფუტურისტულ ქუხილს თბილისში გვიანი ექო ჰქონდა – პარიზულ ჟურნალ ,,ფიგაროს” ფურცლებზე 1909 წლის 20 თებერვალს გამოქვეყნებულ ,,სასიკვდილო ნახტომს” ქართველები 1922 წლის 23 აპრილს გამოეხმაურნენ და კონსერვატორიის შენობაში პირველი ფუტურისტული საღამოც გაიმართა - გამოსცეს ჩვენებური მანიფესტიც - ,,საქართველო-ფენიქსი” - იტალიელი და რუსი კოლეგების ტექსტების ერთგვარი კონპილაცია, თუმცა ჩრდილოელი ლეფელების (სალიტერატურო სკოლა მაიაკოვსკის მეთაურობით) გავლენა უფრო მეტი გახლდათ. ხელმომწერი ავტორები არავის ჩამორჩნენ და მთელ წარსულს განადგურებით დაემუქრნენ, იქვე ქართულ ეროვნული მესიანიზმზე ერთი-ორი სიტყვა მიაქს-მოაქსოვეს (ესეც მსოფლიო თვითდამკვიდრების სურვილით), იმდროინდელი მსმენელ-მკითხველისთვის რამდენიმე ძალიან უცხო ტერმინიც წამოიძახეს, დაიხურეს ქუდი (ალბათ საგანგებოდ უკუღმა) და წავიდნენ.
საერთოდ არა, მეორე დღეს ისევ შეიკრიბნენ.
ისევ მუქარა, არა მარტო ,,დასახიჩრებულ ბებერებს”, არამედ მათ თანამედროვე ,,ცისფერყანწელებსაც”. მუქარა, ქადილი და ხმაური. როგორც თვითონვე ამბობდნენ: ,,ცამდი აღწევდა ალი”.
მათი ყველაზე ცნობილი გამოცემა ,,H2SO4”-ია (1924 წელი), 1924-25 წლებში ალმანახ ,,ლიტერატურა და სხვას” უშვებდნენ, 1925-26 ში გაზეთ ,,ლიტერატურა და სხვას”, იმავე პერიოდში ,,მემარცხენეობას”. ბეჭდავდნენ ლექსებს, ესკიზებს – ძირითადად ზაუმური ენით ან მასთან მიმსაგავსებულით.
მკითხველისთვის უინტერესო არ იქნება, თუ ამ ორდენის წევრთა არასრული სიას მაინც შევახსნებეთ: ნიკოლოზ თავდგირიძე, აკაკი ბელიაშვილი, დავით გაჩეჩილაძე, ბესარიონ ჟღენტი, სიმონ ჩიქოვანი, გრიგოლ ორაგველიძე, პოლ ნოზაძე, ალექსანდრე გაბესკირია, მზია ერისთავი, ნიკოლოზ შენგელაია, ჟანგო ღოღობერიძე, შალვა ალხაზიშვილი, ნიკოლოზ ჩაჩავა.
ალბათ რამდენიმე სახელი და გვარი გეცნოთ, ზოგიერთი მათგანი, ვინც ვერ მოიგონეთ, მანიაკალურ დეპრესიას ემსხვერპლა, ზოგი სოფელში გადასახლდა, ერთი ქარხანაში მოეწყო მუშად. ეს მას მერე, რაც საბჭოთა წყობილებამ ყოველგვარი შემოქმედებითი ორგანიზაციის დამოუკიდებლად არსებობა აკრძალა და ყველას მწერალთა კავშირში ან ,,სურვილისამებრ” ციმბირის მატარებელში უკრა თავი.
კი ნატრულობდნენ რევოლუციას, მაგრამ მათთვის ეგზომ სასურველი ,,თავისუფლების ტაბლის” ფეხისმკვრელი თუ იქნებოდა, ალბათ არ ეგონათ.
ნაწილი ისევ ხელოვნებას ემსახურებოდა.
ნიკოლოზ შენგელაია კოტე მარჯანიშვილმა ქუჩაში ლექსების კითხვისას შემჩნია, ორატორული ნიჭი მოუწონდა და თეატრში გაიყოლა. ოდესღაც პოეტმა მერე კონემატოგრაფს მიმართა და ბევრის აზრით გენიალური ,,ელისო” გადაიღო. მოღვაწეობის მანძილზე რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეც გახდა და სსრკ პრემიის ლაურეატიც.
ნიკოლოზ ჩაჩავა - ქართული პერფორმანსის პიონერი, კაცი რომელიც ელქტროგადაცემის ბოძებზე ადიოდა და იქიდან გაჰკიოდა ლექსებს, ჰალსტუხის ნაცვლად ბოლოკი ეკეთა და პაოლო იაშვილს ერთხელ მოულოდნელად ლაყე კვერცხებიც დაუშინა, ვინაც დაწერა ალბათ იშვიათი ლექსი ქართული ფუტურისტული წარსულიდან, ლიტერატურის ისტორიას ასე თუ ისე რომ შემორჩა - ,,შანდი და შროშანა” – წლების მერე საოცრად მორცხვად საუბრობდა საკუთარ ,,ავანგარდულ წარსულზე”, საშუალო დონის საბავშვო ლექსებს წერდა, გამოსცა წიგნი ,,ვითამაშოთ ერთად” და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიაც დაიმსახურა.
შალვა ალხაზიშვილმა ასევე წყნარად, ეპატაჟ-გაძარცვულმა განაგრძო მოღვაწეობა ე.წ ლიტ-მუშაკად, კონო-დრამატურგიასაც მიმართა – რახანაც საკნები დღეს ესოდენ აქტუალურია, გავიხსენოთ მისი სცენარი ,,საკანი 79”. ავტობიოგრაფიაში ისიც ვერ გაექცა საყოველთაო კონიუქტურას და ხაზგასმით აღნიშნა ფრაზა, რომელიც ფუტურისტულ ეპოქაში დაწერილი ტექსტებიდან ვითომდა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო: `ახალი ხანა _ ლენინიადა, პლანეტა ხდება ლენინის, კოსმიურ სივრცეს გაანათებს ალი კომინტერნის~...
ბესარიონ ჟღენტი, ზემოთხსენებული მანიფესტის ავტორთაგანი, სოციალისტური რეალიზმის მადიდებელი კრიტიკოსთ-კრიტიკოსი და უპირველესი ცენზორი გახდა. საკმაოდ დიდხანს ცეკასთან უაღრესად დაახლოვებული ბესარიონი ლამის მარტო განსაზღვრავდა ქართული ლიტერატურის თამაში წესებს და ეს თავის დროზე ფუტურისტი კაცი იმდენად უკირკიტიკებდა ყველას, რომ ერთხელ კოწია გამსხურდიამ ვეღარ მოითმინა და მიაძახა: ,,შენ ჟღენტი ხარ თუ ჟვინტი ხარო! “ბასარიონ ჟღენტი შრომის წითელი ორდენის კავალერია.
აკაკი ბელიაშვილი ბიბილიოფილებს ალბათ მეორე მსოფლიო ომზე დაწერილი რომან ,,უღელტეხილით” ახსოვთ. შეიძლება ვინმე თავდადებულს რუსთავის მეტალურგიულ ქარხნის მშენებლობაზე დაწერილი ,,ვეფხია ხალიბაურიც” წაგიკითხავთ. თუ კი, მაშინ იოლად დაეთანხმებით საბჭოთა პრესას, რომელის წერდა: ,,პროზაიკოსმა 30-იანი წლებიდან ხელი აიღო ფორმალისტურ ძიებებზე”.
სიმონ ჩიქოვანი, ყველზე ცნობილი სახელი ,,H2SO4”-დან, მალევე შეეშვა საკუთარ ,,ორკესტრულ ლექსალობას”, ,,აიდა-ბაიდებს” და ,,მეკამეჩეების ურმულს”. მუშაობდა რედაქტორად, მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ, წერდა ოსტატურ, მაგრამ ზაუმისგან სრულიად დაცლილ ლექსებს და პოემებს, ძირითად ისტორიულ პერსონაჟებზე და რაელიებზე, ერთი სიტყვით არაფრით გავდა კაცს, რომელიც ამბობს: ,,უარვყოფთ წარსულს, რადგან იგი არის სამლოცველო ბებრების და მომაკვადების”
ასეთი ტრაგი-პარადქოსული ყოფის ნიმუშებითაა სავსე ქართული ფუტრსიტების ბიოგრაფია - ნუ შეადარებთ მათ მეტამორფოზას ოკეანეგაღმელ ბიტნიკ-ჰიპსტერების დახეული ჯინსებიდან მოულოდნელად დაძრობილ ჰალსტუხებს და შეკრეჭილ თმა-წვერს. როგორც ერთ ფილმში ბრედ პიტის პერსონაჟი დაჟინებით იმეორებს – ეს არაა ამერიკული ისტორია. აქ ყველაფერი ქართულია, ან გნებავთ - ქართული საბჭოთა.


© FOCUS.GE – http://www.focus.ge/?action=blog&b_id=29&lang=geo

Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი კეკელიძე   Tue Feb 08, 2011 9:26 pm

გიორგი კეკელიძე

ინტერვიუ

_ გიორგი, შენი წიგნის კონცეფციაზე თვითონ უკეთ ისაუბრებ, რადგან ამ კონცეფციისა და ლექსების ავტორიც თვითონ ხარ. პინდაროსის ბიუსტი გარეკანის მეოთხე გვედზე პირდაპირ მიგვანიშნებს ოდის დამაარსებელზე. შენს წიგნსაც “ოდები” ჰქვია, თუმცა ეს არ არის კლასიკური გაგებით ოდები, უფრო ცრუ-ოდებია. როგორც თვითონ აღნიშნავ და მეც ვხვდები, ახალ წიგნში ერთგვარი პოსტმოდერნული კონცეფციაა განხორციელებული.

_ გეთანხმები, ეს ერთგვარი სიმულაციაა კლასიკური ჟანრისა და მასთან მხოლოდ სახელწოდება აკავშირებს. პოსტმოდერნული თამაშების ხერხებს თუ გავიხსენებთ, ეს კონცეფცია მარტივი და ნაკლებ ეპატაჟურია, თუმცა ორიგინალობის თვალსაზრისით, ალბათ, ოდნავ მაინც გამოირჩევა. თვითონ კრებულში ბევრი ცნობილი ლიტერატორის მცირე რეცენზია-მარგინალიებია ჩართული, რამაც გარკვეულწილად აიძულა ზოგიერთი მკითხველი, ეს კრებული გადაეშალა, თუმცა მათი ნაწილი ამ ხერხმა გააღიზიანა კიდეც.
პინდაროსის CV-ის გარეკანზე გამოტანა და ჩემი სახელის მიჩქმალვაც ერთგვარი ილეთი _ სახალისო და ფსევდოგანმანათლებლური პოზა იყო, რაც, ვინ იცის, ეგებ ვინმეს წაადგა კიდეც.

_ ამ წიგნს დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ვგულისხმობ წიგნში ჩართულ შეფასებებს, სხვადასხვა ცნობილ ავტორს რომ ეკუთვნის და შემდეგ, ამავე წიგნის გამარჯვებას დებიუტის ნომინაციაში “საბას” კონკურსზე. აქვე გავიხსენებდი ზაზა შათირიშვილის წერილს, რომელსაც გაურკვეველი ხმაური თუ განაწყენებული შეძახილები მოჰყვა. რას ნიშნავდა შენთვის ასეთი თავბრუდამხვევი დებიუტი და რას
აპირებ მომავალ წიგნში?

_ თუ ამჟამინდელ კონტექსტს და შესაბამის მასშტაბებს გავითვალისწინებთ, კრიტიკული წერილები იქნებოდა ეს თუ პრემია – დებიუტი მართლაც ეფექტური გამოდგა. ბუნებრივია, წარმატებას ყოველთვის მოსდევს ვინმეს, “მწუხარება შენსა კეთილსა ზედა”. ეს არახალი ამბავია და, ალბათ, ამავე ლოგიკას ეფუძნება ზაზა შათირიშვილის წერილის არაოფიციალური გამოხმაურებები. რომ არა ისინი, შესაბამისი პუბლიკაციის სახეს მიიღებდნენ არგუმენტირებული მოსაზრებები, რომელთა დაძებნაც, ალბათ, არ გაუჭირდებათ, რადგან “ოდებს” მართლაც არაერთი ხარვეზი აქვს.
რაც შეეხება თავბრუსხვევას, ესეც ბუნებრივი მოვლენაა და არავინაა დაზღვეული, მაგრამ დღეს ამ მხრივ თითქმის ყველაფერი წესრიგში მაქვს.

_ ზონტაგის ერთი ესსეს თარგმანზე რას იტყვი? მართლა გადაეჩვივნენ კრიტიკული წერილების წერას მხატვრულ ტექსტზე და ინტერპრეტაცია ამჯობინეს თუ ზონტაგი აჭარბებს? იქნებ, ჩვენებური კრიტიკის გათვალისწინებით მიპასუხო?

_ ეს ესსე კონკრეტული შეკვეთით ვთარგმნე, შემდეგ სწორედ “ლიტერატურულმა გაზეთმა” გამოაქვეყნა. შეიძლება, ზონტაგი ალაგ-ალაგ აჭარბებდეს კიდეც, ვთქვათ კინემატოგრაფზე საუბრისას, მაგრამ ის, რომ ხანდახან კრიტიკა აბსურდული ფეტიშის სახეს იღებს და სხვა გზით მიერეკება – მართალია. ქართული კრიტიკა დღეს საოცრად ფრაგმენტულია _ არსებობენ ფავორიტი ავტორები (ალბათ, მათ შორის მეც) და ძირითადად, ისიც იშვიათად, დადებითი ხასიათის რეცენზიები იწერება. კრიტიკის სიმწირის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშანი მისი აკომერციულობაა, ლიტერატურათმცოდნისთვის ეს შრომა მხოლოდ კეთილი ნების უშურველი გამოვლინება გახლავთ, რასაც, ბუნებრივია, მოცემულ სოციალურ პირობებში სტაბილურად ვერავის მოთხოვ. ყველაზე მწვავედ ეს პრობლემა მაინც ახალ თაობაში დგას და თუ შესაბამისი ინსტიტუტებში არ შემუშავდა წამახალისებელი პროგრამები, სავარაუდოდ, ათიოდ წელიწადში ლიტერატურის პროფესიონალი კრიტიკოსი აღარ გვეყოლება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მგონი, ზოგად ტენდენციებსა და გამოკვეთილ ნიშნებზე საუბარი ზედმეტია.

_ ლიბ.გე-ზე მინახავს შენი პოეტური თარგმანები. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ძველი ინდური პოეზიის ცალკეული ნიმუშები. ხომ არ აგრძელებ თარგმნას?

_ ამ ეტაპზე ჩემთვის თარგმანი ენობრივი გამცდილება უფროა, ვიდრე პროფესიული აქტი. დათო ბარბაქაძის ავსტრიული პოეზიის ტომეულებიდან მოყოლებული ინდური რელიგიური ჰიმნებით დასრულებული, პოეტური ტექნიკის წრთობისთვის გამოვიყენე. ლავანტის, ბუსტას, ვაინჰებერის კონვენციური ტექსტები და ალბერტ ერენშტეინის მონოტონური ვერლიბრი ცივი და ცხელი წყლის მონაცვლეობის ეფექტს ქმნიდა, ხოლო შლოკები, მიუხედავად ტრანსლიტერაციული თარგმანისა, სიმეტრიის ათვისების საუკეთესო სავარჯიშოა. ადრე თუ გვიან, ალბათ, ამ საქმეს პროფესიულად მოვეკიდები, თუმცა მანამდე უცხო ენებისა და თარგმანის თეორიის საფუძვლიანი შესწავლა მმართებს.

_ შენს მიერ მეგობრებთან ერთად დაფუძნებული ელექტრონული ბიბლიოთეკა, მართლაც რეიტინგულია. ბოლო დროს ბევრი სიახლე შეინიშნება. საგრძნობლად გამრავალფეროვნდა რუბრიკები, თემატიკა და ა.შ. თუმცა ზოგი რამ შეიძლება, კიდევ დაემატოს. ამას, ალბათ, ფინანსები და ფანტაზია სჭირდება. რომლის ნაკლებობას განიცდი?

_ ვფიქრობ, ლიბ.გე დღეს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ინტერნეტ-რესურსია და იმედია, ამგვარი ფიქრი ამპარტავნებაში ნამდვილად არ ჩამეთვლება. ლიბ.გე პირველი ქართული ინტერნეტ-ბიბლიოთეკაა, რომელიც მოიცავს ათი ათასზე მეტ ორიგინალურ და ნათარგმნ ტექსტს (პროზა, პოეზია, დრამატურგია, სამეცნიერო, ისტორიული, საბავშვო, ფოლკლორი, ესეისტიკა, ინტერვიუ, სამართალი). ბიბლიოთეკას აქვს ახალი წიგნების, პერიოდიკის, გალერეის, ღია ბლოგის, პრეს-ანონსის, სახელოვნებო აფიშის განყოფილება. ლიბ.გე 2006 წელს დაარსდა “ლ’ილ სინდიკატისა” (მე, ზაალ ჩხეიძე, ნათია ნაცვლიშვილი, ზაქარია ქიტიაშვილი, დიანა ანფიმიადი) და “ექპერტ დიზაინ ჯგუფის” (გიორგი კაცია, ნიკა წიკლაური) მიერ და მიზნად დაისახა ქართული ელექტრონული დისკურსის განვითარება. 2009 წელს ლიბ.გე-მ თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით დააარსა ლიტერატურული კონკურსი ახალგაზრდა ავტორებისთვის, 2009 წლიდან კი ორგანიზატორია თარგმანის კვირეულისა, სადაც ყველა თაობის მთარგმნელი იღებს მონაწილეობას. ლიბ.გე ყველაზე მაღალრეიტინგული ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკაა (კვირაში საშუალოდ 11 000-მდე უნიკალური მომხარებელი ფიქსირდება, აქედან 20 პროცენტი საზღვარგარეთის არაერთი ქვეყნიდან, ტოპ.გე-ს დათვლით ვებგვერდზე ყოველდღე საშუალოდ 4000–ზე მეტი მომხარებელი შედის). მისი პრესტიჟი მხოლოდ მომხარებელთა სიმრავლით არ განისაზღვრება _ ლიბ.გე-სთან თანამშრომლობს თითქმის ყველა თანამედროვე ლიტერატორი თუ ჰუმანიტარი (მიუხედავად ასაკისა), მისი პარტნიორია არაერთი კვლევითი ინსტიტუტი და ცნობილი გამოცემა. 2010 წლიდან ჩვენს ვებგვერდზე გამოჩნდა პირველი სარეკლამო ბანერი (თBჩ ბანკ). ალბათ, ფანტაზიაზე მეტად ფინანსები გვჭირდება, თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, უკვე შეინიშნება კომერციული დაინტერესებაც, რაც მხოლოდ წაადგება ლიტერატურას.

_ ინტერნეტში დროდადრო შენი ახალი ლექსები ქვეყნდება. როგორც თვალი მოვკარი, ცრუ-პოემების წერა დაიწყე. საინტერესო ძიებებია. სიტყვა ცრუ მკითხველს ფიქციისთვის განაწყობს, ამ დროს კი ფიქციის ფონზე საინტერესო და ნამდვილი პოეზია ირეკლება. რატომ დაარქვი ცრუ-პოემა? ისევ პოსტმოდერნული თამაშია თუ სხვა რამ, რასაც მკითხველი ვერ ხვდება ან რასაც მერე დაარქმევს სახელს?

_ მგონი, კონცეპტუალურად, ოდებთან შედარებით, ეს უფრო გააზრებული და ზუსტი სიმულაციაა. პოემაში, რომელსაც მალე გამოვაქვეყნებ, ყველა ლექსი ცალკეული ემოციითა შექმნილი და მოჩვენებით მთლიანობად ტექსტის შედარებით თანმიმდევრული პროზაული ნაწილი კრავს. ძილისპირები, ცრუ-ოდები და მინიმალისტური პოეზია აქ ერთ ქვაბში იხარშება. თხრობით ნაწილში მითის გატრივიალურებას ფიზიოლოგიური მომენტების ჭარბი შემოტანით ვცდილობ, რამაც მოგვიანებით მეც კი გამაღიზიანა, თუმცა ხელი აღარ მიხლია. ენობრივი თვალსაზრისით, ძირითადი იარაღი ისევ ფოლკლორი და იდიომატიკაა, თუმცა უკვე კლასიკური პოეზიის ნაკადიც შეინიშნება. საბოლოო ჯამში, გარკვეულწილად ეს აბსურდისკენ მიბრუნებასაც გავს, მაგრამ ეპოქიდან გამომდინარე, მეტი ცინიზმი ახლავს.

_ ვიცი, რომ დოქტორატურაში სწავლობ. პარალელურად კიდევ მრავალგან საქმიანობ. გრჩება დრო მოცალეობისთვის, ასე რომ სჭირდება პოეტს?

_ მართლაც კატორღული გრაფიკი მაქვს. ამას ერთი მხრივ, ჩემი აქტიური ბუნება, მეორეს მხრივ კი, საჭიროება მოითხოვს. არაერთხელ მითქვამს და ბარემ აქაც გავიმეორებ, დღეს პოეტს აუცილებლად სჭირდება სხვა, შესაძლოა, რამდენიმე პროფესიაც, სხვა მხრივ, ის იძულებული გახდება ან საბჭოთა ტიპის ჩინოვნიკებს მიტმასნილი მწერალი ან მოდონკიხოტო ელემენტის კუბოების მადევარი შეიქნეს. ამ უკანასკნელის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, ეს არ არის ჩემი არჩევანი. რთული რეალობა ამ საკითხთან მიმართებაში ამბივალენტურობისადმი თანდაყოლილ მიდრეკილებას არ კარგავს – ერთი მხრივ საზოგადოების დიდ ნაწილს კვლავაც აქვს სურვილი (ქვეცნობიერი მაინც) პოეტი განყენებულ, გამორჩეულ პოზაში იხილოს, მეორე მხრივ, იგი როგორც თანამედროვე საბაზრო ეკონომიკას (თუნდაც ძალიან სუსტის და არათანმიმდევრულის) ფეხადევნებული, ავტომატურად სთავაზობს მკაცრ კონკურენციას სხვადასხვა ასპარეზზე. თუმცა ამგვარი გაორება ბადებს ახალი ტიპის მითს, რომლის მიხედვითაც, პოეტი, რომელიც პარალელურ რეჟიმში ლექსებსაც წერს და ვთქვათ, კარტოფილსაც ხარშავს (ერთი ნელთბილი და უკვე კარგად მივიწყებული ავტორისა არ იყოს), გმირია. ამგვარი მითწარმოება რაღაც ეტაპზე (და, ალბათ, ახლა სწორედ ეს პერიოდია) პოზიტიურ როლს ასრულებს, მაგრამ თუ პერმანენტული ხასიათი მიიღო, არაფრით განსხვავდება საბჭოური დითირამბებისგან (შესანიშნავი მევენახე, ამავდროულად ჰყავს მოხუცი ბრმა დიდი ბაბუა და სოფლის საბჭოს კლუბის მუსიკალურ ანსამბლში გიტარაზე უკრავს).
დღეს თითქმის ყველა ქართველი შემოქმედი დესაკრალიზირებულია, მაგრამ უმეტესი ნაწილი ამის გამო თავს დაჩაგრულად გრძნობს (ჭარმაგთა თაობაში ყოველივეს ხელი სახელმწიფოს კმაყოფას შეჩვევამ და ამის ნორმად გათავისებამ შეუწყო), რაღაც ნაწილი _ გმირად, მხოლოდ თითო-ოროლა ითვისებს მისაღებ მოცემულობად. სანამ საზოგადოებაც და პოეტიც ფაქტად არ აღიქვამს არსებულ მოდელს, მანამდე იარსებებს ძველი და უსარგებლო სტერეოტიპი, რომელიც ბოლოს, ალბათ, ბრუტალურ სახეს მიიღებს და შარჟათღა თუ გამოდგება. განათლება უმთავრესია, რისთვის დღეს შემოქმედმა უნდა მოიცალო, თუკი ამას მოცალეობა ქვია.

_ ჩემი აზრით, თქვენი თაობა უკვე გამოიკვეთა ლიტერატურულ სარბიელზე: დიანა ანფიმიადი, ნათია ნაცვლიშვილი, გიორგი კეკელიძე, ქეთი ნინიძე, ზაალ ჩხეიძე, პაატა შამუგია, ირაკლი კაკაბაძე _ ერთად სწავლობდით უნივერსიტეტში?

_ ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდით, ოღონდ სხვადასხვა კურსზე. მახსოვს ე.წ. სტუდენტურ დღეებზე როგორ გამოვდიოდით, შემდეგ იყო ჟურნალი “ლ’ილ” და ბოლოს ლიბ.გე. თითოეულ მათგანს გამორჩეული ხელწერა აქვს. თუ 2000-ანელთა თაობა ლიტერატურას შემორჩება, მათ შორის ეს სახელებიც აუცილებლად იქნება.

_ რადგან თაობებზე ჩამოვარდა საუბარი, ისიც მითხარი, რას ფიქრობ, რა სიახლეები შეინიშნება თანამედროვე ქართულ პოეზიაში და თუ არის ეს სიახლეები ღირებული?

_ სიახლეების სიუხვე ნამდვილად არ არის, თუმცა შეინიშნება უფრო მეტი დაახლოვება მითოსთან, ფოლკორთან. სხვა მხრივ, ინერციები გრძელდება, განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას სტერილურ ვერლიბრზე. ლიბ.გე-ზე გასათავსებელ პოეტურ ტექსტთაგან უმეტესი ნაწილი სწორედ ამ ტიპის ლექსებს განეკუთვნება. პრიმიტიულ რითმებს დაწაფებული გრაფომანებიც მომრავლდნენ. ჩვენი პოეზია ვიზუალური ექსპერიმენტების სიმრავლით არც ადრე გამოირჩეოდა და ახლა თითქმის აღარც იქმნება ასეთი ლექსები.

_ ხანდახან თავს წამოყოფს ხოლმე ყოვლად უაზრო დავა ვერლიბრსა და კონვენციურ ლექსზე. აღარ მობეზრდათ. სალექსო ფორმა ხომ ჭურჭელია და მთავარია, რას ჩაასხამ ამ ჭურჭელში…

_ ამ ტიპის დავებს, ძირითადად, ინტერნეტ ფორუმებზე გადააწყდებით. ეს სივრცე იმთავითვე გულისხმობს მოკამათეთა ნონსელექციასა და, შესაბამისად – პროფანიზაციასაც. დავა აზრგაცლილია. ვფიქრობ, ეს პროცესი, არაპროფესიონალურ დავებს ვგულისხმობ, თანამედროვე სივრცეში სრულიად ბუნებრივია, როგორც დღეს ამბობენ, შეუქცევადია და დიდ ღელვად არ ღირს.

_ საქართველოში ლიტერატურული სკოლები ყოველთვის ფორმალურად არსებობდა. ჩვენამდე მხოლოდ ევროპული ექოს სუსტი გამოძახილი აღწევდა, რომელიც გარკვეულ გავლენას ახდენდა აქაურ ლიტერატურულ ცხოვრებაზე. ამ თვალსაზრისით, დღეს როგორ არის საქმე, როცა კავშირები და საინფორმაციო ბანკები აქვეა კომპიუტერში?

_ მიუხედავად ინტერნეტ რესურსების სიმრავლისა, სიტუაცია თითქმის არ შეცვლილა. კომპიუტერი განათლების ნაკლებობას ვერ უშველის. უწიგნური მწერალი დღეს, ისე როგორც არადროს, განწირულია.

ესაუბრა ხათუნა ალხაზიშვილი.

"ლიტერატურული გაზეთი", N25 30 აპრილი – 13 მაისი 2010


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გიორგი კეკელიძე   Sat Feb 19, 2011 11:14 am

გიორგი კეკელიძე

უცხო ჭენება — Вот, что поэт думает за „мерани”


17 თებერვალი 2011


ადრე ერთმა კაცმა ამგვარი რამ მითხრა: ნამდვილ მეძავებს და პოეტებს კოლეგების შური არ აქვთო. სად მითხრა აღარ მახსოვს, სიზმარში თუ მწერალთა სასახლის ალაგ-ალაგ მოკაშკაშე დარბაზში, სადაც ყრმა მოლექსეებს გვაჯილდოებდნენ. მაშინ დავუჯერე, თუმცა მას მერე ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ ეს მოხუცი გუნებაში ჩემს ზნეკეთილ მოქალაქედ აღზრდას ესწრაფვოდა და შესაბამისად – ცრუობდა.

თანამედროვე პოეზიის რომელიმე ცალკე აღებული ტექსტი მერანს ვეღარ დაეწევა, შესაძლოა ათწლეულების მერე სადმე მკვდარს გადააწყდეს და კეთილი ყვავ-ყორნის კოლექტიური როლი წაითამაშოს. სხვა რამეს ვამბობ, იმას არა, რაც თქვენ იფიქრეთ, მაგრამ პოსტმოდერნდეკონსტრუქტინტერტექსტეუალური (ენისმოტეხვის სიცილაკი) სახით ვამბობ და რიზომული გამომეტყველებით და მე თვითონვე ვიბნევი. ისე კი, რა მინდოდა მეთქვა: გალაკტიონის ტომებიდან მე პირადად მხოლოდ რამდენიმე ფურცელს ამოვხევდი და შევინახავდი. ასევე: ბოლო ხანებია, მიკვირს როგორ მოახერხა ბარათაშვილმა „მერანის” დაწერა მისი დანარჩენი ლექსების ფონზე. თანამედროვე პოეტებს ფონი აღარ აქვთ. მათი ლექსები შეუმჩნევი მეტ-ნაკლებობით ან ერთნაირად ძლიერია, ან თანაბრად საშუალო ან მსგავსად მდარე. შედევრების ეპოქა წარსულმა ჩაიბარა (გნებავთ – ჩაბარდა).

„მერანი” შედევრია. თითქმის აბსოლუტური კატეგორიის.

დავივიწყოთ კომპარატივისტიკული სიამტკბილობანი ედგარ პოსთან და ადამ მიცკევიჩთან, ვთქვათ ისე, როგორც იყო. ცხოვრობდა ერთი გაღარიბებული თავადი კაცი , ხეიბარი (ნუ შეადარებთ ბაირონს), სალონური ლაქლაქის და „დამმების” მოყვარული (ნუ შეადარებთ უაილდს, ან კი როგორ შეადარებთ?). კაცი, ზოგის მიერ ახლა უკვე, და შესაძლოა მართებულადაც, კოლაბორაციონისტის სახელ შერქმეული. ხშირად წერდა პირად წერილებს და ნიჭიერი სკოლის მოსწავლესავით დედის და მამის (აქ: ძირითადად ბიძის) გულისგასახარად ლექსებსაც დაურთავდა.

„მერანის” მაგალითი გვარწმუნებს, რომ ცნობა მუზების არსებობის შესახებ გადაჭარბებული სულაც არ გახლავთ. ეს ისე, ოღონდ ხუმრობით არა... ანუ ხანდახან მგონია, რომ პოეტს სიტყვები თავს აძალებდნენ და ტექსტში „გაიპარა” იმ პერიოდისთვის და იმ ადამიანისთვის სუპერრევოლუციური ფრაზები: „საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო, მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!”, „ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის, ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის”... ეს უკვე სხვა არჩევანი იყო, სრულიად უცხო ქართული ლიტერატურისთვის. იმაზე დიდიც, ვიდრე მერე ტერენტი გრანელის „რაღაც სხვა, მესამე” გახლდათ. ეს არჩევანი ნოვატორულობის თვალსაზრისით მისი გვიანდელი გაჯიბრების (როგორც ვალერიან გაფრინდაშვილი წერდა) მცდელობაზე – „ლურჯა ცხენებზე” უპირატესია.

საუნივერსიტეტო რეფერატის ენაზე რომ ვთქვათ: მერანის დრო უფლის დროსთანაა გაიგივებული, თუ კაცის 100 წელი ღვთისთვის წამია, რაშის რბენა აქ მხედრის ფრენას ნიშნავს („მირბის და მიმაფრენს”). მაგრამ გმირისთვის ეს როლი როდი აკმაყოფილებს, მისი სავარაუდო ტრაგიკული ბოლო, სხვა „სიამეთა” მოკლების წილ განღმრთობის უსათუო ნიშანია („სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი”), – ეგებ ლუციფერის მსგავსად, რომელიც თავისი ძალით ყველა მოირას აღემატება – ” მივალალებენ სვავნი მყივარნი!” კარგი, მოვრჩეთ რეფერატს და „გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი, თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!”.

ყოველივე ამის შემდეგ ნიკოლოზ ბარათაშვილს (მისი სახელ-გვარი, ახლა შევამჩნიე, რატომღაც პირველად ვახსენე) უცნაური ბიძისთვის სხვათა შორის მიეწერა:

вот, что поэт думает за Илико:

და მერე, როგორც შესაბამის გამოცემებში აღნიშნავენ:

[ „მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი!

(მოყვანილია მთელი ლექსი) ]

ლექსი, რომელიც კიდევ ერთხელ მარწმუნებს მოხუცი კაცის სიტყვების სიმცდარეში.

study

წყარო - http://www.tabula.ge/article-3106.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nika ciklauri



Male
Number of posts : 5
Age : 26
Location : tbilisi
Job/hobbies : poetry
Humor : poetry
Registration date : 18.03.11

PostSubject: Re: გიორგი კეკელიძე   Mon Mar 21, 2011 9:52 pm

http://lib.ge/body_text.php?9168
Back to top Go down
View user profile http://www.literatura.ge
Sponsored content




PostSubject: Re: გიორგი კეკელიძე   Today at 4:02 am

Back to top Go down
 
გიორგი კეკელიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: