არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 არჩილ ქიქოძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: არჩილ ქიქოძე   Sun May 31, 2009 6:29 pm


Archil Qiqodze


არჩილ ქიქოძე

1972
არჩილ ქიქოძე ქართველი მწერალი და ფოტოგრაფია. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა არმენოლოგიას, ასევე - თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში -სასცენარო და საოპერატორო ფაკულტეტებზე.
არჩილ ქიქოძე ოთხი წიგნის ავტორია:

* ”ბიჭები”, 1996
* ”ირემი და ლიმონათი”, 2002, – ISBN 99928-39-71-6
* ”სოფელ-ქვეყანა”, 2005 – ISBN 99940-29-44-4
* ”მყუდრო”, 2008 – ISBN 978-99940-60-43-6

2002 წელს თბილისის წიგნის ფესტივალზე მისი მოთხრობების კრებული საუკეთესო წიგნად დასახელდა.
2008 წელს - ლიტერატურული პრემია "გალა" - წლის საუკეთესო წიგნისათვის ("მყუდრო").
მისი სტატიები გარემოსდაცვით, ეთნოგრაფიულ და სოციალურ თემებზე ქვეყნდება სხვადასხვა ჟურნალებში.
არჩილ ქიქოძის ფოტოები გამოქვეყნებულია სხვადასხვა პუბლიკაციებში, ნომინირებული იყო მრავალრიცხოვან ფოტოკონკურსებში. 1999 წელს მესამე ადგილი აიღო გალერეა რეს ფოტოკონკურსში, 2000 წელს - პირველი ადგილი დოკუმენტური პორტრეტისათვის ღია საზოგადოება საქართველოს ფოტოკონკურსში. 2007 წელს - საუკეთესო ჟანრული ფოტო ქოლგას ფოტოკონკურსში, ხოლო 2008 წელს მან პირველი ადგილი მოიპოვა ფოტოკონკურსში ”წყალი საზღვრებს გარეშე”.
იგი ასევე თანაავტორია 2005 წელს კინოფესტივალ ნიამორში გამარჯვებული დოკუმენტური ფილმისა - ”ჯავახეთის გაზაფხული”.



Archil Kikodze

1972
Archil Kikodze is a Georgian Writer and Photographer. He studied Armenian studies at the Tbilisi State University, Faculty of Oriental Studies and screenwriting and photography at the Tbilisi State Institute of Theatre and Cinema.
He is the author of four books - short stories “Guys” 1996, short stories “Deer and the Lemonade” 2002, short stories “Sopel-Kvekana” 2005, shot stories “Cozy” 2008.
2002 he has been awarded for the best book of short stories at the Tbilisi book fair.
2008 he won literature award Gala for the best book of the year.
He wrote articles on environmental, ethnographic and social themes in different magazines.
Archil Kikodze’s photos are included in different publications. He has been nominated for numerous photo competitions. 1999 he won the 3rd place at the Gallery – Re photo competition. 2000 – 1st place for the documentary portrait at the Open Society Georgia photo competition. 2007 – best life style photo at the Kolga photo competition.
2008 – 1st place at the photo competition Water without borders.
He is the co-author of the documentary film Javakheti Spring (2004) _ winner of the film festival “Niamori”.

წყარო – http://www.amuse-all.net/gallery/author.php?id=14



წიგნის დასახელება – "მყუდრო" (მოთხრობები)
ავტორი – არჩილ ქიქოძე
ISBN 978-99940-60-43-6
რედაქტორი – რუსუდან მარგიშვილი
მხატვარი – ნიკოლოზ თაბუკაშვილი
გამომცემლობა – "საარი"
გვერდების რაოდენობა –194
გარეკანი – რბილი
წელი – 2008
პრემია – "გალა"–2008 ნომინაციაში "წლის საუკეთესო წიგნი" – http://ka.wikipedia.org/wiki/გალა_(ლიტერატურული_პრემია)



თეა ყიფშიძე

არჩილ ქიქოძე:
"რასაც წერ, არაფერი იკარგება“ - http://armuri.4forum.biz/-f15/--t319.htm -
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: არჩილ ქიქოძე   Sun May 31, 2009 6:34 pm

წასვლა


_ არი რამე? _ პასუხს არ მაძლევს.

_ ჩინს-მეთქი რამე?

_ ცოტაც მაიცა და გაჩინდების. _ დურბინდს თვალს არ აცილებს, ისე მპასუხობს ჩურჩულით.

მე ჩემი მჭირს. სიარულჩი არა მიშავდა, დავსხედით და ვიყინები. ვზივარ მაბღუნძულ, გაუნძრეველ და ფეხის თითებსღა ვამოძრავებ ვალინკჩი.

_ ქალ მყავს სიზმარჩი ნანახი _ ხელ მაგვემართება, _ ჯიბეში ასანთს და სიგარეტს ვპოულობ.

_ ნუ მასწევ, თუ გინდ, ხელ მაგვემართას _ ჩემსკენ არც გამოიხედავს, ისე მამიგდს მხარუკუღმა, სპიჩკ ჩხრიალ თუ გაიგონ.

რა გინდ რო უთხრა? არ ტყუის. უკან ვმალავ სიგარეტსა და ასანთს. დღეს გრძელ დღე იქნებ, კიდე ბევრს მავსწევ. ლამის შუაღამჩი ვარ გაღვიძებულ და მას მერე მოვდივარ. სულ ნჯღრევით გამაღვიძ და თვალ რო გავახილ, მაგისი ნახვა, რატო არ ვიც, სულ არ გამკვირვებავ. ოღონდ ცოტა კი შემეშინდ. ლამპა თავს მაღლა ეჭირ და ნავთის შუქზე უფრო ჯმუხ, უფრო კუშტ და რაღაცნაირ საშიშ ჩინდ. გამაღვიძ და _ `ჩაიცვიო!~ ჩაცმა დიდ მე არ მინდოდ, გუშინდელ ნამთვრალევს ეგრევე მეძინ ტანისამოსიანს დიდ გეოლოგიურ სპალნიკის ქვეშ მიკუნჭულს. ეტყობ, ძოღან შიგ ჩაძრომა ვერ მამეფიქრ და მთელ ღამე ლოდივით ზედ მედო იმოდონა სპალნიკ. საით მივდივართ-თქო _ არ მიკითხავს. ახლოჩი ხო მაინც მიჭრის თვალ, ზურგზე ვეშჩმეშოკ და ავტომატ დაუნახ. არც ქალიანი სიზმრის გაწყვეტა მწყენია _ რაღაცნაირ დიდ, თეთრ და უკარებ რაღაც ჩინდა ის ქალ. ვალინკებიც იქვე დამეყარ ლოგინსთან და იმათ რო ვიცმევდ, ერთ კი ვიფიქრ ბიძაშვილზე _ მთლად გაგიჟებულა ეს მწერელთტყვე-მეთქი, კაცს ლამის ოთხი თვის უნახავ ცოლ ამაუვიდ ბარიდან და ეს კიდევ სანადიროჩი იწევს ნაშუაღამევჩი...

წვიმას კი გადეღო, მაინც არაფერ ჩინდ. მივჰყევ ბიძაშვილს, იმანაც სულ გუმანით იარა. ჯანი იმდენ მამდევს, რო თითონ ვაჟასაც მხარზე მავიგდებ და ისე ვატარებ აღმართჩი, მაგრამ იმ უჩინ-უკუნეთჩი ვერას ვხედავდი. ზოგან არც ჯოხ მშველოდ და ერთი-ორგან წავიფორთხილ კიდეც ქვიანზე. სულ შუბლით ვეხეთქე ვაჟას ზურგზე ავტომატსა და მეშოკს. ოთხ საათს მაინც ვიარეთ, მანამ აქ ამოვედ და არაფერ დამინახავს. მთელ გზაზე სულ ორად-ორ თეთრ ლაქა დავლანდ ბნელჩი: ერთ _ ჩვენ ეზოსთან დაყუდებულ, მოჩვენებასავით დიდ, კამაზ-კონტეინერი, დღეს ვაჟასა და ჩემი ძმის ოჯახებ ერთიანად რო უნდ ჩაყლაპას, ზედ კიდევ მეც დამაყოლოს; და კიდევ სოფლის თავს, სათიბების ბოლოს, ჩემის ძმის თეთრ ფაშატი ძოვდ, თურმე, ბალახს. რო არ დაეჭიხვინ, ვერც დავინახავდით. კვიციც იქ სადმე ეყოლებ, მაგრამ შავია და არ ჩინდა. დაიჭიხვინ და ჩვენკენ წამოვიდ, ლამის ცხვირ მამადვ. ისევ დაიჭიხვინ და ვაჟამაც შაუკურთხ მაგარ, ჯოხიც გადააწნა ჯავრიანად და თეთრ ლაქაც ჩაითქა უკუნში, ჩაქანდა სოფლისკენ, თავქვეში აჩქამდ, კვიციც თან გაიყოლ, მგონი, ტიალმ...

მთლად გავითოშ და მავიბღუნძ. ვაჟას დურბინდ ჯერ ვერ სჭრის, მაგრამ დღე ეთქმის უკვე, ოღონდ მე ჯერ ბევრს ვერას ვხედავ, ისე კი ვხვდებ, სადაც ვართ...

მონადირე მე არ ვარ. ვერც ვიქნებ, ჩემი მხედველობის პატრონ. ლიშან-პრიცელის და იარაღის მე არა გამეგების. ნადირის მალალვასაც არავინ მანდობს, მაგასაც თვალ სჭირდებ და არც გვერდალში სიარულ მეხერხებ. ჯანი კი დიდ მაქვს და დღესაც ლეშის სათრევად ვყავარ წამოყვანილ ვაჟას. დიდ ნადირობას აპირებს, მაგას ახალგაღვიძებულ მაშინვე მივხვდ, ლამფის შუქზე მოქუფრულ-გაბანჯგვლულს, თავისზე გრძელ შაშხანის მაგივრად, თავისი ძმის აკა-ეს რო ვუცან ზურგზე.

_ აგე, ჯერ არ მათენებულა და უკვე სიმაგრეს მიდიან ტივლები! _ ვაჟა იგინება, ღელავს და დურბინდს იგლეჯს თვალთაგან, თითქოს მე უნდ მამცეს, მაგრამ, ეტყობ, ჩემ სიბრმავე აგონდებ და ისევ თითონ აცხრება თვალებით.

_ ბევრებია? _ გულს გარეთ ვეკითხებ და არც ის მაძლევს პასუხს. ჩემთვის აღარ სცალის უკვე. ცალ ხელით დურბინდს აბრუნებს ბუდეს და მეორეთი ურძნის ჯოხს ეძებს ნაშალზე.

_ აქ იჯედი! არ ადგე, ფეხ არსად მაიცვალო! _ ვაჟა ქრება, ნაშალზე ჩუმად ეფარებ დიდ ლოდებს. კენჭ რო კენჭია, იმას არ აჩქამებს...

მე კი ვიც მაგის ეშმეკები. თუ ხელ მაემართა და ინადირ _ სთქვამს: ალალბედზე ვიყავ წამასულიო. იმით არავის არაფერ უთხარ, რო რის იმედ უნდა მქონოდ ბარჩი წასვლის წინ, ნადირთ შაუკვლევლად წასულს? ამხანიგადაც ლამის ბრმა კაცი წავიყვანეო. თითონ კიდე ეგ ნადირ დიდი ხნის დანახულ ჰყავს, შეიძლებ ერთი კვირაა, რაც ყოველდღე უცქერს, სოფლის თავზე სახედავ გორიდან. სათავისოდ, როგორც წყალჩი ჩადებულ ხორცს, ისე ინახავს უმარილოდ ბარჩი წასაღებად.

თვალს მიეფარებ, თუ არა, მეც ვუკიდებ სიგარეტს. რაც უნდ _ ის ქნას. ესეც მესაზღვრეების ასტრა კი არა _ ნაღდ ფილტრიანი, ბარიდან ამატანილ, გუშინდელ ქეიფს გადარჩენილ ერთ კოლოფი. ეხლა უკვე მიჩინს რაღაც-რაღაცა, ვხედავ, რო უკვე გაუდარებავ და მაგიტომაც ცივა ეგრე. მზე უკვე მიმდგარა ტებულოს მაღალსა და მაისტის ხეობის მიჯნაზე. აქამდე კიდევ ორ საათს არ ჩამაიხედავს, ოღონდ მანამ იქნებ ვაჟამაც დათოფოს რამე და მეც განძრევა შემეძლას, თორო ეს თურქულ რეზინის ვალინკ სულ ვერ იჭერს სიცივეს. ვგდივარ ეგრე გათოშილ, სიგარეტს ვწევ და შურთხს ვუსმენ. სადღაც სულ ახლოჩი სტვენს ჩემდ უჩინარი. სამაგიეროდ, ჩემს თავთ დიდ შავ ქარაფს ვარჩევ და უკვე ტოჩნად ვიც, სადაც ვარ. ეგ გვერდალში შავად მომზირ კლდეა `ბეწუას გადმონავარდნი~. ბეწუა კიდევ ჩვენი ორთავეს, ჩემ და ვაჟას, დიდ პაპა ყოფილ, მაგარ მონადირე. ოღონდ ერთ ზამთარ მაგ კლდის თავიდან გადმოუჩეხავ ზვავს ჯიხვთ მადევარი.

ვაჟა მეფიქრებს, მერე ნადირობა და მერე ის, რო ცოცხალ ნადირის ნახვა ალბათ არ მეღირსებ. დურბინდ რო დურბინდია, იმაშიც ვერასდროს დავინახ. ნახოც კი ბევრ მინახავ და ჩემი ზურგითაც ბევრ მაქვ ნათრევი. დიდ რქიან ჯიხვები, შუნებიც და ჯიხვ-მაზვრებიც, ლამაზ, მაღალფეხება ფსიტებიც და ბოტობისგან მთლად დაშრეტილ-დაშტერებულ ვაცებიც, ტყვიას თითონ რო უშვერდნენ შუბლს თურმე. ხოდა, დახოცილ ნადირს რო ახლოდან ვუცქერ, მუდამ ეგრე მგონავ, რო ეგენი რაღაც სხვა, ახლოჩი მყოფ, მაგრამ ჩემდ უხილავ ქვეყნის შვილნ არიან. იმ ქვეყანას მე ვერ ვხედ და მხოლოდ მესმის მისი: შურთხის დასტვენა, დამფრთხალ ნადირის დაგორებულ ქვის ჩხრიალ, ზვავის ჩქამ ან თოფის დატყვრომა. მე ვერ და სხვა კი ბევრ სტუმრობს ამ ქვეყანას ხორცისა და სახელის მაძებარი. ძველებსაც ხო უთქმავ: `ახალგაზრდა ჯეილსავ დიდი ჯიხვის მოკვლა და ლამაზ ქალთან წოლა უხალისავო...~

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: არჩილ ქიქოძე   Sun May 31, 2009 6:36 pm

წასვლა
(გაგრძელება)

ამ ქვეყანაჩი მონადირენი ნაშალზე გადარბიან, გვერდალჩი ეკიდებიან, შაშხანის ჩახმახებს აწვალებენ და ლულებს ავარვარებენ. დაფეთებულ ნადირ კი მაღლა და მაღლა იწევის სიმაგრეებისაკენ თავის საშველად, ზოგ, რომელთაც არ სჭირთ, უფრო ჩქარად გარბის, დაჭრილნი კიდე _ მძიმედ და ხროტინით, ზოგ _ პირზე სისხლიან ქაფმამდგარ, ზოგ _ ტყვიით გადამსხვრეულ ფეხის მთრეველ. ზოგ თავს შველის, ზოგ იქავ რჩება, უკვე უსულო და გაუნძრეველ. მე მაშინღა ვნახულობ მაგათ, მაშინღა ვუთვალიერებ რქებს, ჩემ ბრუციან თვალებით ვიყურები იმათ უკვე უჩინო, სინათლეგამქრალ თვალებჩი, რომლებშიც აღარაფერი ჩინს, არც მე, აღარც მათი მკვლელი, აღარც ეს ცა და ეს მთები. უსულოები არიან, ჩემ სათრევები, ჩემ სატყავები... მე ვარი მაგათ ერთადერთ ჭირისუფალი.

ჯერ ბალღობაჩი მამაჩემ რო კალთაჩი დამისვის და მეტყოდის: `სანადიროდ უნდ გატაროო~, მაშინვე ვიცოდ, ვგრძნობდ, რო ჯიხვის მაკვლა და დედათა ჯარზეით ადგომა ჩემ წერა არ იყო. აი, ცოცხალ ნადირის დანახვა კი ყოველთვის გულით მინდოდ...

ჩემს მაგიერად ვაჟა ხედავს ეხლა მაგათ, ვაჟა ეპარებ. ახლოს რო არ მიუშვებენ, მაინც სთოფავს, არც მაგათ ტყუილ-უბრალოდ დაფრთხობას მაერიდებ. შუნ-ციკანსაც არ დაინდობს. ვაჟა სახორცედ არის გამაჩენილი, სახორცედ ჰყავს ეგ ნადირი შენახულ. არდოტელ ცოლეურებთან ერთად ორ კვირა იარა ხელმაცარულმა, თივასაც მასცდა და კარტოხას ამათხრასაც. მაჰკოში ნანახ ჯიხვები თუშეთს გადაეხიზნათ ჯანღსა და დელგმაში. არც ბორბალოზე მაემართათ ხელი, ხუთმა თოფეს ერთ მარტოფსიტ, იმან კიდევ შელოცვილივით ხუთივეს სათითაოდ ჩამაურბინ წინ, თითქოს დასცინ და მერეღა ჩაეფარ ისე, რო ერთიც არ სჭირდა. მერე აქაც ყოფილიყვნენ ერთ კვირის წინ ამასულებ. თითონ ვაჟა წასულა მასალალად და ისე დაბრუნებულა _ ერთიც არ გაუსრევავ. არაფერ იყოო _ უთქომს. ეხლა კი ვხვდებ, რო მაშინათვე ჰყავს ნადირი დანახულ, მას მერე ინახავს სათავისოდ, ბარში წასაღებად. საბან-ლოგინთან, კარტოხასთან, ყველთან ერთად, იმათაც კამაზის კონტეინერჩი უპირებს დაბინავებას.

და აჰა! დატყვრა კიდევაც აკა-ეს-ი.

ეხლა მუხლის გაშლა ხომ მაინც შეიძლებ...

ის კიდე ტყვრება და ტყვრება ტიალი, აღარ ჩერდება...

***


სახეზე ოფლ გადმამდის, ჯან-ღონე გამამეცალ, ვეღარც ფეხს ვგრძნობ და ვეღარც ხელს უკვე. მზემამსწრალ ეშმაკივით ვარ. რომელ ცოდვების მოსანანიავებლად შამხვდა ამდენ ტვირთი? უკვე სოფლის თავს გადმავჩინდით და მაინც არავინ გვეგებებ მოსახმარებლად. ჩემ ტვირთი როგორიღაა? _ ერთ ჯიხვ-მაზვერ და ერთიც შუნ, თანაც შუნ ისეთ, რო ჯიხვმაზვერზე ბევრად ნაკლებ არ არის. ერთ დროულ ჯიხვს ვაჟაც მოათრევს თავქვეში და მაინც კუშტობს, ნადირობამაც ვერ გაუკეთ ხასიათი. მაათრევს ჯიხვს და სოფლისკენ იყურება მალი-მალ, თურმე უკვე სტვირთავენ კონტეინერს ჩვენ ბარგით. ეგრე თქვა ვაჟამ, თორო მე მაგსიშორეზე თვალ სად მიჭრის. ჩვენს საქმეს სხვა აკეთებს და აბა ჩვენ ვინღა შაგვეგებებ სოფლის ძაღლების და ბალღების მეტ. ძაღლები კი თავიდან აჯაგრულ-დამფრთხლებ უმზერდნენ ნადირს, მერე ლეშის გეშ აიღეს და ეხლა ზედ გვახვევიან სვავ-ყაჯირივით. გადით, ძაღლებო, თქვე მამაძაღლის ოხრებო! მამწყდით თავიდან! თქვენ ბედ, რო ქვას ვერ ვიხელთებ და ჯოხიც გადავაგდ ლეშის მთრეველმა. წაოხრდით თქვე ლეშიჭამიებო, ისედაც დასძღებით დღეს ფაშვ-ნაწლევით. კარგზე გლოვა არც თქვენ იცით, თქვე ყორნებო, თქვენა...

არც ბალღებისგანაა დიდ ხეირი, მარა ძაღლებს ხო მაინც უშენენ ქვებს. `ხელ მაგემართას!~ _ დიდ კაცებივით ეტყვიან ვაჟას. ამათაც იციან, რო ჩემ მაკლულ არ იქნებ. აგე, ღვთისუკას ლუხუმაც მასულა, ეგ ჩემზე უფრო ბრმა, ეგა. ლამის მიწას ადებს სახეს, ძაღლებზე სასრევი ქვა რო მაიხელთოს. ალბინოს რამეა ლუხუმა და თვალ არც ახლოს უჭრის და არც შორს. ძაღლივით ესეც ლამის დრუნჩით ეცეს ნადირს, მერე შუნის უკანა ფეხს დაიიღლიავებს და თავჩაღმ ეზიდება.

_ მაშორდ, ლუხუმ, არ გინდა! _ განა შეასმენ რამეს, ჯიუტ და კერპია. მოხმარება სწადის და ხელის შეშლა კი გამოსდის. სულ ფეხებში მებლანდებ იმის პატარა, თეთრი თავი. აღარაფერს ვეტყვი, ზიდოს _ თუ უნდ, მაინც აღარაფერ დაგვრჩა. სახლჩი ვართ უკვე.

მაშ, მოვედით და თითქოს ვერც მოვედით. აბა, ეგ რა მოსვლაა, სულ თუ არვინ მოგათქმევინა! ბარგობაც მაგას ქვია. ერთ ბარგის ზიდვას მოვრჩ და ეხლა სხვა მაქვს საზიდ...

რა გინდ თქვი და სოფელჩი ისე შევდივართ, როგორც პარადზე. ჩემ ძმამ და ბიძაშვილებმა ბარგობას თავ დაანებეს, აქამდე ხო არ გვამჩნევდნენ, ეხლა კი გზაშივე დაყარეს კარტოხიან მეშოკები და დაჯარდნენ კამაზთან, ქალ-რძლებიც აქ არიან, ვაჟას ცოლიც _ ჯიშიან, ქალობილ ქალი. გუშინდელ, ლამაზ, ბარულ ტანისამოს სცვავ, გუშინდელივით საღეჭ რეზინას ღეჭს ვაჟაზე ერთი თავით მაინც მაღალი. არას ამბობს, მაგრამ მაინც კმაყოფილ ჩინს, ქმარმა რო უცბად ხორც გააჩინა.

სხვებ რა? კამაზის მარტყოფელ შოფერი ნანადირევს უტრიალებს და უკვე რქებს თხოვს ვაჟას, `თუნდ ამის იყოსო~ _ შუნზე ეუბნებ _ ბუხრის თავზე დავკიდებო. უნდა გამარჩეს რაღაცას თავის შოფრული წესით.

ისე, საქმეც ვერ გაუხანებიათ დიდად. ეტყობ, სპირტმა უსაქმა და მააცდინა. ჩაარტყეს დილიდან. ვაჟას ბარგ ჯერ სანახევროდაა დაწყობილ, ჩემ ძმისა კი სულ ხელუხლებელ ჩინს. ამიტომ, ჩემ უფროს ძმა, მე რომ ველოდ, ისე უკოპოდ არ დამხვედრია: ერთ კი ჩაიბუზღუნ რაღაც, მაგრამ ჩხუბით არ უჩხუბავ, ბარგობას რო მავსცდი. არც მე ვეჩხირებ თვალჩი, მოვკიდ მეშოკს ხელ და წავიდააა. ლეშის თრევას ისევ კარტოხა და სხვა ბარგ სჯობ.

ერთ თხუთმეტ წუთის კარგ მუშაობა და მოვრჩით ვაჟას ბარგს, აღარ გავჩერდით და ჩემ ძმისა დავიწყასთი. რა არ მოაქვთ ქალებს ბარჩი _ არაფერს სწირავენ, ჩრაქვ რო ჩრაქვია, ისიც გამაუტანია ჩემ რძალს. `ბარში უმაგისობა არ იქნებაო?~ _ დასცინებს ვიღაც, მაგრამ რძალს გაგონილ აქვს, იმ ხრიოკჩი ტყე არ არის და ქარსაცავის ხეებმა სულ არ იცის ცეცხლიო, ნავთიც გაძვირებულია და ამიტომაც მოუმარაგებვ ცეცხლთსანთებლად ამოდენ ჩრაქვ. ყოჩაღ ქალია ჩემ რძალი, ტყუილა არაფერს წამოიღებს. ეგ ყველამ ვიცით და ჩრაქვსაც კარტოხასთან, ყველთან, შიბუსთან, ერბოიან ვედრებთან, ცულის სატარეებთან, მატყლთან, ლოგინებთან, ტანისამოსთან, სკამებთან, შავ არყის ხის ცოცხებთან, საარყე ქვაბთან და შიგ ჩასმულ დედლებთან ერთად კონტეინერში ვაბინავებთ. ეს კამაზ კი მართლა ყველაფერს იტევს და ყლაპავს ეს ტიალი. ორ ოჯახ ჩასანსლა და ეგ არის...

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: არჩილ ქიქოძე   Sun May 31, 2009 6:38 pm

წასვლა
(გაგრძელება)

ახალ საფიქრალ გამიჩნდა! `ქათმებ არ დაიგუდონო~ _ ვიღაცამ სთქვა. გადავთვალე წამსვლელები: ჩემ ძმა რჩებ, თავის და ვაჟას საქონი უნდ წამაასხას თვის ბოლოს ერთ ანდაქელთან ერთად. ჩვენს სოფელს კიდე რა უჭირს _ გზა შველის, მარტო ვაჟას ორ ძმა რჩება ოჯახებით და კიდევ სხვები. ანდაქს კი ბოლო მოსახლე სტოვებს მგონავ, თანაც პირდაპირ რუსთავისკენა აქვს გეზი. ხოდა, ვაჟა, იმის ცოლ, ჩემ რძალ ორ ქალით _ ეგენი ყველანი დაეტევიან კაბინაში. ჩემნაირ დაჩუნთვილ თუ ჩაჯდებ მარტო კონტეინერში შიბუს და ყველის წვენით დამბალ მატყლზე და აბა, მე გავიგუდები თუ არა _ ვინმე თუ იკითხავს...?!

კი მივდივართ... და სად მივდივართ?! ჩემთვის იქ საზამთროდ ჩასახლება ახალ არაა და ჩემ რძალმა კი მართლა ვერ იცის, სად მიდის. ჩემ ძმას იქ ძველ სახლ რაღაც უყიდავ და მის მეტს ჯერ თვალით არავის გვინახავ როგორი. მეც ხო გაზაფხულიდან აქეთ ვარ...

ვაჟას ცოლ პირიქით _ უფრო თადარიგიანი ამაჩინდ. გაზაფხულზევე იყიდეს სახლი და მას მერე აქეთ არ ამაჩენილ, სააქაოდ აღარ სცალის. ახალ სახლს აწყობს და ახალ ცხოვრებისთვის ემზადებ. ათენგენამდე იყო ბალღებით ამასულ მარტუა ორ დღით. ხელ არ ემართებათ ცოლ-ქმარს, მაშინ იყო და დასტურობისთვის ემზადებოდ ვაჟა, ცალკე ეძინ, ჩემ ძმის სახლს მიდგმულ პატარა სასტუმრო ოთახჩი, ძოღან იყო და შუაღამისას სანადიროჩი გაექცა ცოლს, `ეგ მგონ შუნებთან ბოტობსო~ _ მაგის ძმა, ღვთისუკა, ამბობს _ `თანაც ეს ბრუციან კაც დაჰყავ, რო არაფერ დაინახასო.~

და აჰა, მავსჩით ბარგის ჩაწყობას და მარტყოფელ შოფერს ჰგონავ, რო ყველაფერს მავსჩით. გუშინ მთვრალ იყო და აქეთ გვარიგებდ ჭკვას, სუყველას ძმისწულებს გვეძახდა, არა და ჩემ სწორ თუ იქნება, ეტყობ გაგონილ რაღაც ჰქონდა _ მთაში ეგრე ამბობენო. ეხლა ჩქარობს _ დღის შუქზე მთა მაინც გადამავლიაო, მაგრამ ჯერ არ იცის რო აქედან ეგრე ადვილად ვერ გააღწევს. მე კი ვიც და ეგ მიხარის _ ცოტა ხან კიდევ მინდ აქ გაჩერება, თორემ ბარჩი ჩრაქვიც მალე დაიწვებ, ჯიხვიც შაიჭმებ და მერე გავხდებით ჩვეულებრივ ბარელ ხევსურები, გვარებიღა შაგვრჩება ჩვენი, კილოსაც შავიცვლით და საზრუნავ-სადარდებელიც სხვა, ბარული, გვექნება. ყველანი ეგრე გავხდებით. ყველანი, ოღონდ ჩემ უფროს ძმა _ არა.

ეგ კიდევ ხელებს იწმენდს შარვალზე და `სახლჩი შევიდეთო.~ ეგრე იცის, რაღაცნაირად უბრალოდ და გემრივლად თქმა. დაულევლად აქედან რო არ წავალთ, ეგეც ყველამ ვიცით და ჩემ ძმის ოჯახ რო ყველაზე პურმარილიანია მთელ გვარჩი და, იქნებ, მთელ მიღმახევშიც _ ეგეც ხო ეგრეა. ხატობას თუ ვინმე ნათესავ ამადის ბარიდან, ისიც ჯერ ჩვენთან მოვა და მერე სხვასთან. არდოტის ხევისბერ ჯამრული რო ამაგვივლის ხოლმე სასმელით თვალებაპრიალებული, ისიც ჯერ ჩვენს სახლზე მოდგმულ სასტუმრო ოთახჩი დაიკავებს სათავისოდ ადგილს, ბალიშის ქვეშ დაკეცილ ცხვირსახოცს და ბებუთს ამასდებს და მერე კი შეიძლება მთელ ღამეც არ შემოვიდეს. ხან სად იქეიფებს და ხან სად; სახლიდან სახლში გადაინაცვლებს...

არა, ჩემ ძმას ვერც ბარ დააკლებს რამეს, ვერც სხვა რამ. ეგ არც ბირჟაზე დადგებ, არც ტოტალიზატორებში გაერევა და არც არჩევნებში. გოგოებ რო არ ყავდეს სკოლაში წასაყვან, აქედან ფეხსაც არ მაიცვლიდა, მარა სადაც არ უნდა წავიდეს, აქაურ წესზე იქნება მაინც. ბარისას არც ხალხს ჩააგდებს რამედ, არც ამბებს. მამაჩემივითაა. ის კიდე ისეთია, რო ბოლო ოც წელ ბარჩი ნაცხოვრებ, ეხლა კიდე ადგილის დედისგან დაბმულ, სხვის დაუხმარებლად ლოგინიდან თავსაც რო ვეღარ სწევს, და მაინც მარტო ძველ ამბებს ჰყვება, თითქოს ჩვენს დიდ, ხრიოკ სოფელჩი, ან თბილისჩი, ზედვე რო გვაქვს მაბმულ, ეს ოც წელი არაფერ მამხდარიყოს. თუ ამბავ რამეს იკითხავს და ისევ აქაურს. ცოლიც სათავისო ჰყავს, იმიტომ რომ დედაჩემ, საქმეც რო არაფერ ქონდეს, ერთს თავს არ აიღებს, რომ ჩვენს გვერდით აეროპორტიდან, ვინ იცის რომელ მხარისკენ აფრენილ, ან საიდან ჩვენსკენ მომავალ თვითმფრინავს გახედოს.

მოკლედ, ჩემ ძმის გარეშე სოფელ მებრალებ და უსოფლოდ კიდე ვაჟა. ეხლაც არ ვიც, მიყვარს თუ არ მიყვარს ჩემ ჯიხვთ დამლევი ბიძაშვილი. ნადირ კი ამოისუმთქავს უმაგისოდ, წელს კარგ, წყნარ ბოტობა ექნებათ დალოცვილებს. მე კი _ რაღაცნაირად მებრალვის ვაჟა, თანაც ისეთია, რო გულის გახსნა არ იცის, რას ფიქრობს ვერას გაუგებ...

ისე, ნეტა კი, ვაჟა უფრო მალე დალევს აქაურ ნადირს, თუ ჩვენ დაგვლევს ეს სპირტი, ახმეტელ სოვდაგრების ამატანილ და ჩვენ ყველ-ერბოში გაცვლილ, შხამია ნამდვილი. ყველამ ვიცით და მაინც ყოველღამ ვეძალებით.

მაგრამ, მგონავ, ტუზ დაეცა მარტყოფელ შოფერს. ჩემ ძმა ჩქარობს, თვითონ რჩებ და ჩვენ დარდი აქვს. სამ ჭიქის მერე გვეუბნებ, მალე უნდა წახვიდეთო და სოფლიდან საიქიოს წასულებისას ამბობს შიოს მასპინძლობით. რა ყოფილა კაცის მახსოვრობა? რა ხანია ქადაგად ვარ მაქცეული და შიო ერთ არ მიხსენებავ. ჯერ ორ წელ არ გასულა იმის სიკვდილიდან და სიზმარში შიოს ხილვა კი არ მიხარის _ მზარავს. მეშინის გულჩი რო მიხუტებს. ვისა მეშინის თანაც? ჩემ სწორის, ჩემ მეზობლის, ჩემ ნათესავის და ჩემ ყველაზე კარგ ძმობილის. იმას კი სხვაც ბევრ ჰყავდა ჩემნაირიც და უკეთესიც, თითონაც კარგ იყო. და მე კი ეგეთ არავინ მყოლია. ბარისახოს ინტერნატჩიც ეგ იყო ჩემ დამცველ და მოსარჩლე, თუმც ჩემ ღონის ნახევარ არ ჰქონდა. ბალღობიდან ყველაფრის მოთავე ეგ იყო _ რაც ჩვენ სგუშონკები და პეჩენიები გვაქვს ნაპარ ინტერნატის საწყობებიდან... ეჰ, სხვებთან ერთად მეც ვუდგები შიოს ფეხზე, რაღაცის თქმაც მინდების, მაგრამ რა უნდა ვთქვა ეხლა მე შიოზე, ესე, ჭიქით ხელში, გზაზე დამდგარმა. ისედაც ყველამ ყველაფერ ვიცით და არც არვინ არაფერი...

ზამთრის გრძელ ღამეებმა უყო თუ სხვა რამემ _ უკვე ვერასდროს გავიგებთ. იმ ზამთარს კი მეც შემოვრჩი სოფელს, მეც მამიწია საქონში მორიგეობა და ნავთის შუქზე ჯოკრის თამაში. დღისით თუ არა, ყოველღამ მაინც ვხედავდი და ვერაფერ დავატყვე სამაგისო. იმ ღამეს კი მე დამტოვა თავისთან, მერეღა მივხვდი, რატომაც: მარტო რო დარჩენილიყო, ცოლთან, მერე იმას დაბრალდებოდა ყველაფერი. ხალხ იტყოდა: ცოლთან იშუღლა და იმად დაიხალა ტყვიაო. ცოლს გაუფრთხილდა და მე გამწირა თავის თვალების დასახუჭავად. გვიანღამ რო გაჰკრა სპიჩკას და ოთახში რო დაიწყო ბორიალ, მე არ მეძინ და: `რას ეძებ?~-მეთქი, _ გავძახე. `არაფერს, დაიძინეო.~ ცოტ კიდე იფათურა ბნელში და გარეთ გავიდა. ეტყობ, დიდხანს იფიქრა გარეთ, იმად, რო თოფ რო გატყვრა, მე უკვე ძილისკენ ვიყავ შაბრუნებული. ბნელჩი ტყვიებს ეძებდა თურმე.

ჩემ ძმა კი უკვე მთისა და ბარის სალოცავებს თხოვს წყალობას, ეტყობ მართლა გვიპირობს გაშობას, ალბათ დროც არის, დაღლილსაც მაგრა მამეკიდ სპირტი.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: არჩილ ქიქოძე   Sun May 31, 2009 6:39 pm

წასვლა
(გაგრძელება)

ისე წავიდ სუფრა, რო არც ჩემ ძმას და არც სხვას, არავის უხსენებავ, ორ ოჯახ რო სამუდამოდ მიდის, თითქოს ჩვეულებრივ ბარგობა იყოს. დავლიეთ, რაც წესით უნდა დაგველია, `გზა, მგზავრისაც~ ვთქვით და გამოვეფინეთ ისევ შუქზე. შოფერიც აქ დაგვიხვდა. კმაყოფილ ჩინს, შუნის რქებიც უჩუქებია ვაჟას და ჯიხვმაზვრისაც. `ეხლა ხო მორჩით ყველაფერსო~ _ მაგის თქმაა და ვაჟაც კივის თავის სახლის ღია კარიდან, ხელს გვიქნევს, საკომურიდან კი ბოლ გასდის სახლს.

`რქებ რო მიგაქვ, ხორც აღარ უნდა გასინჯო, ძმისწულო~-მეთქი _ მხარზე ხელს ვურტყავ შოფერს, გუშინდელს ვაგონებ, მაგრამ იმას სახუმაროდ აღარა სცხელა, უფრო ჩვენს დასაჩქარებლად შემოდის სახლში, ვიდრე საქეიფოდ.

სხვანაირ ქეიფ წავიდა ვაჟასთან, სულ სხვანაირ. პირდაპირ გახურებულ ფეჩზე დაუყრია ბიძაშვილს ნადირის სუკები და იმას აშიშხინებს მწვადად. დაარტყა სპირტი დიდ ჭიქით, ერთ ჭიქაში წამაგვეწია და გაგვასწრო კიდეც მგონი. წყვილ ბალალეიკაც გააჩინა საიდანღაც, ერთს ჯიმშერას სტენებს და მეორეს ჩემ ძმას. ჩემ ძმა უარობს და ვაჟა იმუქრება, ჯიმშერა კი ჩამაჰკრავს სიმებს და ჯერ ქისტურს უკრავს, მერე ჩვენებურს...

_ ლექსი თქვი, ჯიმშერ, ლექსი! _ ღრიალებს ვაჟა და ჯიმშერაც მღერის რაღაცას, მგონი ჯაბუშანურისას, კარგადაც მღერის. მაშინ კი ჩემ ძმას იჭერს ვაჟა კისრით და სპირტს ასხავს, თითქოს იმის ლიშანსღა ველოდითო _ სპირტიან ჭიქებით ვერევით ერთურთს. მარტო ჯიმშერას, სანამ ერთ ლექსს ჩაათავებს, სამჯერ ვასხავთ სპირტს. იმისთვის კიდე, მგონი, სულერთია. ერთმანეთს რო ბევრ ვასხით, ახლა ქალებს გამავერიეთ, ესენიც არ გვებრძვიან დიდად, იციან მაინც არ ასცდებათ. ვაჟას ცოლ კი მაინდომებს თავის დაძვრენას, მაგრამ იმასაც იქავ ვიჭერ კუთხეში, ლამის კარამდე მისულს, და პირთამდე სავსე ჭიქას ვასხამ.

ჯიმშერაც ახალ ლექს მღერის უკვე, ვაჟა სოფლის, ძმა-ბიძაშვილების სადღეგრძელოს გაჰკივის. ბიძაშვილობა როგორებიღა ვართ: ზოგს არაყ გადმაგვდის ნიკაპზე, ზოგ ერბო და ზოგსაც სუკის ნაჟური. `დავგვიანდით ხალხო!~ _ ჩხუბობს შოფერი, მაგრამ იმას არავინ უგდებს ყურს ქალების მეტ. ქალებ კიდე ახლოსაც ვეღარ გვეკარებიან.

ეხლა ნადირის ხორც ჩამაარიგა ვაჟამ. ან ესე მალე გატყავება როგორღა მაასწრო ხელსწრაფმა?! ჩემ წილ ხო უკვე ცალკე ჰქონიყვ გადადებულ. ყველას ჩამაურიგა, ერთ მეშოკ ხორცღა გაწირა თავისთვის. ვინც იმის მარტო ნადირობაზე იყო გამწყრალი, იმათაც მაუბრუნ გული. კამაზის მძღოლსაც მისცა, ოღონდ იმის გულის მოგება უკვე ძნელ საქმეი.

ბოლოს ისევ ჩემ ძმამ გამაგვრეკ გარეთ და ეხლა მაგაზე ატყდა ერთ ამბავი. ჩემ სახლიდან სტუმრებს როგორ მირეკავო _ ვაჟა წაეკიდა, მაგრამ არაფერი, ერთ-ორ დააბრიალეს თვალებ და გამაერიდნენ ერთურთს.

ბეჩავ შოფერი უკვე მერამდენედ, თითქმის სირბილით მიდის კამაზის მასაქოქად. მე უკვე ფეხარეულ მოვდივარ, უზარმაზარ მანქანას თვალს ვერ ვწყვეტ, გვერდით ჯიმშერა მომყვება, ეგეც მაგარ გამძღარი. ხელს ვხვევ, კამაზისკენ ვიშვერ თითს და იმას ვეუბნებ, რაც მთელ დღე მაწვალებს:

_ ორ ოჯახ ერთ კონტეინერჩი, თავის ყველაფრიანად... ეგრე როგორ იქნება ჯიმშერ...

_ ძლიერ მანქანაა. შენ მაგის დარდ ნუ გაქვ, შოფერიც, ახალგაზრდა კია, მაინც გამაცდილ ჩინს. ეგ კიდე ეგეთ მანქანაა, რო ერთ ამდენ ბარგს კიდე დაიდებს და მთასაც მშვიდობით გადავა...

ეტყობ, რაღაც ვერ ვუთხარ, ვერ აუხსენ სწორად, მაგრამ ლაპარაკის ძალა აღარ მაქვს. თანაც რას ვხედავ?! ვაჟას ცოლს ორივ ბალალეიკა ამაუჩრია და კამაზის კაბინისკენ მიაქვს. აქამდე თითი-თითოდ ხან რომელ სახლჩი ეგდო ეგენი, ხან რომელჩი. ხან ვინ აწვალებდა და ხან ვინ. ჩვენიანებსაც დაუკრავთ და ჩვენზე გამოვლილ ჩეჩენ ლტოლვილთა ხელიც შეხებია. ვისები იყო _ არასოდეს მიფიქრებავ და ეხლა კი _ მახსენდებ, რო ორივ ვაჟას აქვს ბევრ წლის წინ გროზნოდან ჩამატანილ. ეტყობ ჩვენ რძალს ჩემზე უკეთეს მახსოვრობ ჰქონია, თუმც არც რძალ იყო მაშინ...

მაშ უბალალეიკოდ რჩებ სოფელი. იმ ზამთრის ტიალ, გრძელ ღამეებშიც უკვე ვეღარავინ ჩამაჰფხანს სიმებს, ცუდ რამე ფიქრების და ეშმაკების გასაყრელად. ეტყობ, ეხლა კი მართლა წავედით...

მაგრამ არა! `მოჩქარეს მაუგვიანდესო:~ ლამის კამაზის კაბინამდე მისულ ცოლს ვაჟა გამაჰგლეჯს ბალალეიკას და თვალების გიჟურ პრიალით საცეკვაოს უკრავს.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: არჩილ ქიქოძე   Sun May 31, 2009 6:41 pm

წასვლა
(გაგრძელება)

აჰაიტ! მაგარ ვინმე ხარ ბიძისშვილო!

მე უკვე ტაშს ვუკრავ და სხვებიც მყვებიან. ჯერ ჩემ რძალ შლის ხელებს და მერე ჩემ ძმის უფროს ქალი. უკვე წრეში ვდგავართ მთელ ბიძაშვილობა და ქალ-ზალი, ბალღებიც გამოიშალნენ სახლებიდან. წრის შიგნით კიდევ დედა-შვილ ცეკვავს ლამაზად, ილეთიანად. საბაროდ გამაწყობილნი უფრო ლამაზები ჩინან ჩვენს ფიქლით ნაშენ, ტოლით დახურულ სახლებთან, წვიმით და საქონით ატალახებულ შარაზე...

_ აბა, ასსს!

_ აჰაიტ, მაარჯიახ!

ვაჟა ბალალეიკის წვერით უბიძგებს ცოლს და ისიც დაუვლის. დაუვლის კი არ, გაცურდება, ლამაზ, უცვლელ სახით _ თან ჩემიანი და თანაც უცხო.

_ გაიწიეთ, ატყდება რამე!

უკვე გვიანია. უკვე გავერიე ცეკვაჩი. ჩემ ძმის მორქენალ, კინდოლა ხარივით თავდაღუნულ გადავხტი. თავ იმიტომ მაქვს დაღუნულ, რო მიწა არ გამექცას. მიწა კი ბრუნავს, ტალახი და ნაკელი ფეხს აღარ იჭერს.

_ მოეცალეთ, ბალღებო, დაგჭყლეტსთ სუყველას!

ისე დამცინიან, თითქოს დოღჩი დამფრთხალ ცხენ ვიყო. მიწა კი ბრუნავს, ბრუნავს ჩემ სოფელი, ჩემიანთა სახეები, ოღონდ რომელი ვისია _ უკვე ვეღარ ვარჩევ, ვერც იმას ვხვდებ, რად მეცლება მიწა ფეხქვეშიდან, მერე სწრაფ მიახლოვდება და პირდაპირ სახით ვვარდები ტალახჩი, ქვეშაც ვიღაცას ვიყოლებ, ვიღაც მიფართხალებს გვერდზე. ვიღაცამ დაახანა, და ვერ მომეცალა გზიდან. ღვთისუკას ლუხუმაა, სხვა ვინ იქნება. ეგ არის, ეგ ბეჩავი, ჩემზე უარესი.

_ შე ჩემნაირო, შენა! _ ბალღს ვიხუტებ და კისერჩი ვკოცნი, დიდხანს არ ვუშვებ, მგონავ რო დიდხანს... ისიც იტრუნება... ეგრე ვართ სანამ არ აგვაყენებენ. მხარჩი არ ამომიდგებიან და მანქანისკენ არ წამათრევენ. ცალ მხარჩი ჯიმშერა მიდგას, მეორეჩი ჩემ ძმა.

_ ჩასვით და წავედით! _ ყვირის შოფერი. მაგას უკვე აღარც ჯიხვის რქებ უხარის, აღარც ფულ. ერთ სულ აქვს _ აქედან გაასწროს. თითქმის გამასდის კიდეც, მაგრამ ისაა _ საშველი აღარ ჩინს, უკვე უნდა შამაგდონ კონტეინერის დაფჩენილ, უძირო პირჩი, რო ხელს მიშვებენ და იქავ მაყუდებენ ღობეს _ ზედ კამაზის გზაზე, თავის ჭიშკართან, შიოს მშობლებს ტაბლა გამაუტანიათ ჩვენ დასალოცად და შვილის მოსაგონრად.

ამათ კიდევ ლუდ გამაუტანიათ. ძლივს მივდივარ ტაბლამდე. შიოს მამას გამაწვდილ ჭიქას ვართმევ, იმის მაგვრად, შიოს ხსენება ვთქო, სულ სხვა რამ ბოდვას ვიწყებ:

_ ისემც გიქნიათ ყველა წასულხართ და დალეულხართ, თქვე გოთვერნებო, თქვენა. მე ამავბრუნდები აქ თქვენ მაგივრად, ქალ თუ არ ვითხოვე, შვილებ თუ არ ვიყოლიე _ მარტო ვასოფლებ სოფელს... მარტო დავხნავ და დავთესავ, საქონსაც მარტო მოვუვლი, იმად რო, აქაურობის მეტ მე სახლი არა მაქვს...

არვინ მაჩუმებს, იმად კი არა, რო ყველამ უწყის _ არსად ამამსვლელ მე არ ვარ. აქედან გარბიან თუ, თორე დაბრუნებით არავინ ბრუნდება. არვინ მაჩუმებს, იმად რო, არც მითქმავ არაფერ, ხმაც აღარ ამამდის პირიდან. ამას ვხვდებ და რატო არ ვიც, ტირილს ვიწყებ, ცრემლ ხო მაინც გადმამდის. ვტირი და არ მცხვენის არავისი, არც შიოს მამის, იმად, რო შიოც არი ამ ცრემლებჩი. მარტო შიო არა, ყველაფერია და თანაც არაფერი. სიკვდილიც არის და სიცოცხლეც _ ერთურთთან ესე გვერდი გვერდ მყოფები, მეცა ვარ და შიოც, წამსვლელებიც და დამრჩომებიც, ოღონდ შიოს მამას, მგონ, ეგ არ ესმის, იმაად რო ყველა თავისას გლოვობს, თავისას ტირის და, თვითონაც ცრემლებმომდგარს, ჩემ ცრემლიც უნდ, რო მარტო შიოსი იყოს, მარტო იმაზე მგლოვიარ ვგონივარ. მაგიტომაც მკიდებს უხმოდ ხელს და ოთახჩი შევყავარ, უკვე ვიც, რაც უნდა მანახას. შიოს ლოგინს საბანს ხდის ერთ ხელის მოქნევით და იმის ქვეშ დაწყობილ, მიცვალებულივით გაშოტილ შიოს ტალავარს მაჩვენებს. ეტყობ, სხვებიც შემოგვყვნენ ოთახჩი, იმად, რო _ მუხლ რო მეკვეთება, ვიღაც მიჭერს უკანიდან, ოღონდ არვინ იცის, რო მე საწოლჩი მკვდარ შიოზე უფრო საშინელ რამ წარმავიდგინე, სხვა რამ ხილვამ დამზარა და მუხლ მამკვეთა, საბან რო გადახად, ეგრე მომეჩვენ, რო ვაჟას დილით მაკლულ ჯიხვ-მაზვერ იწვა თეთრეულჩი.

რა ხელებიც მიჭერენ, იმათვე გავყავარ გარეთ, ისინი და კიდევ სხვები მწევენ მაღლა და კამაზის კონტეინერჩი მატყლზე მაწვენენ. საშველს ვეღარსად ვხედავ. ნელ-ნელა იხურება კონტიენერის მძიმე კარი და სანამ უკუნი ჩამაწვება, ისღა მაფიქრდება: ნეტა ერთხელაც შამავლებინა თვალი ვარალამოს და დაქუეხისთვის, ერთხელ, ბოლოჯერ მიცუსთვის და ჩვენ მამა-პაპის საფლავებისთვის შემახედა-მეთქი. უკვე ბნელჩი ვხვდებ, რო არ მავმკვდარვარ და ჯერ არც მავკვდები. მთვრალ ვარ მხოლოდ, მაგრამ ისიც კარგად ვიც, რომ დღეს სიკვდილი წამამეპარა საიდანღაც. შეიძლებ, მუდამ გვერდით იყო და მე კი ვერ ვხედავდი ჩემ ბრუციან თვალით. დღეს კი დავინახ _ ისე ახლოს მავიდა, იმაზე კიდე ახლოს, ვიდრე იმ ღამეს შიოს შუბლგახვრეტილ თავ რო მეჭირა ხელჩი. დილითვე ჩემ გვერდით იყო, ჩვენ დაგვტრიალებდა. მაგას იმ წუთას უნდა მივმხვდარიყავ, მოკლულ შუნთან მიწოლილ ვაჟას რო წამოვადექ თავზე. შემკრთალმა ამამხედა და: `მამწყურდაო~ _ თითქოს თავ იმართლა. ნიკაპზე კი მკვდარ შუნის რძე ჰქონდ ჩამაღვრილი...

ეხლა უკვე ვიც, რო ეგაც სიკვდილს იყო დაწაფებული.

(დასასრული)
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: არჩილ ქიქოძე   Sun May 31, 2009 6:42 pm

არჩილ ქიქოძე

მწვანე სახლის ყველაზე ცნობილი შვილი

გუშინ გავიგე, რომ მარიო ვარგას ლიოსას ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურის დარგში „ძალაუფლების სტრუქტურის დეტალური აღწერისთვის და აჯანყებული, მებრძოლი და დამარცხებული ადამიანის მკაფიოდ წარმოსახვისთვის“. არ ვიცი და, ალბათ, ვერც ვერასოდეს გავიგებ, რამდენად მოეწონა მწერალს საკუთარი შემოქმედების ამგვარი ფორმულირება. მე ერთი ვიცი, რომ ლიოსასთვის ეს პრემია ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდა მიეცათ, შორეულ სამოციან და სამოცდაათიან წლებში, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნდებოდა მისი საუკეთესო, კრიჭაშეკრული წიგნები („ეს ახალგაზრდა პერუელი სულ კბილების ღრჭიალით წერს“ - აღმოხდა ვიღაცას მისი პირველი რომანის „ქალაქი და ძაღლების“ წაკითხვის შემდეგ), მაგრამ ლიოსამ ბოლო-ბოლო მაინც მიიღო თავის ნობელი და მას მერე, რაც გუშინ ერთ ჭიქა მის სადღეგრძელებლად ავწიე, გადავწყვიტე, რომ მარტო დღეგრძელობა არ კმაროდა და საყვარელ მწერალზე ორიოდ სიტყვის დაწერა ნამდვილად ღირდა.მე ხშირად, ძალიან ხშირად მინატრია ლიოსას ნიჭი და გაქანება და მხოლოდ საკუთარი თავისთვის არა - თუნდაც სხვა ვინმესთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში მომხდარი ან მიმდინარე სრულ აბსურდამდე მისული პოლიტიკური თუ ყოფითი ამბებისგან ერთ, დიდ, მაშტაბურ მოზაიკას შექმნიდა. ხშირად მიგვრძვნია და ხმამაღლაც მითქვამს, რომ ჩვენს თავს დატრიალებული ორომტრიალი სწორედ მის კალამს, მის ნიჭს და მაშტაბს, მის მწერლურ ბრაზს, დაუნდობლობას და იუმორს იმსახურებდა, მაგრამ არა, ვარგას ლიოსა პერუს შვილია და, თუმცა უკვე მრავალი წელია ევროპაში ცხოვრობს, მისი ლიტერატურა არასოდეს გასცდენია ლათინური ამერიკის ფარგლებს. ანდა, რატომ უნდა გასცდენოდა, როცა ეს კონტინენტი ასეთი ნაყოფიერია უცნაური, აბსურდული, ტრაგიკული და კომიკური ამბებით.
ლიოსა მართლაც ბევრს წერდა პოლიტიკაზე, ძალაუფლებაზე და კიდევ იმაზე თუ რას უშვება ადამიანთა ნაწილს ძალაუფლება ან რად აქცევს სხვებს მათი სამსახური და მონობა. 2000 წელს, როდესაც მისი რომანი „ვაცის დღესასწაული“ გამოვიდა, გაბრიელ მარკესს თითქოს დაახლოებით ასეთი რამ აღმოხდენია: მოხუც კაცს ასე არ უნდა მოექცეო! - ლიოსას შექმნილი დიქტატორის სახე (რომანი რეალურ ისტორიულ მოვლენებზეა დაფუძნებული და დომინიკის რესპუბლიკის ისტორიის იმ პერიოდს ეხება, როდესაც მას მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი და გარყვნილი დიქტატორი რაფაელ ტრუხილიო მართავდა) იმდენად სრულყოფილი აღმოჩნდა, რომ მანამდე ყველაზე წარმატებული ლათინოამერიკული ლიტერატურული დიქტატორი - მარკესის „პატრიარქიც“ კი დაჩრდილა... იცით, ვინ მომიყვა ეს ამბავი? ერთმა თბილისში მაცხოვრებელმა პერუელმა. როდესაც ამ კაცს დაახლოებით ექვსი წლის წინ შევხვდი საერთო მეგობრების ოჯახში, უცხო ენების ინსტიტუტში ესპანურ ენას ასწავლიდა. კომუნისტური იდეებით გაბრუებული მოხვედრილა საბჭოთა კავშირში, მერე ქართველი ქალი შეყვარებია, დაოჯახებულა და სამუდამოდ დარჩენილა თბილისში. ის იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი პერუელი ნაცნობი, შვილი ჩემთვის საოცნებო ქვეყნისა, რომლის გეოგრაფია, ისტორია და ბუნება საკმაოდ კარგად ვიცი და რომლის სიყვარული მხოლოდ ერთი ადამიანის - მწერალ მარიო ვარგას ლიოსას დამსახურებაა. ჩვენ ძალიან მაგარი საღამო გავატარეთ, ხინკალს ვჭამდით, არაყს ვაყოლებდით და პერუზე და ლიოსაზე ვლაპარაკობდით. ახალგაზრდობაში იმ კაცს კარგად მოევლო საკუთარი გასაოცარი ქვეყანა და მრავალ ისეთ ადგილას იყო ნამყოფი, სადაც მწერალს საკუთარ პერსონაჟების ერთი შეხედვით უთავბოლო მიმობნევა უყვარს ხოლმე. ნამყოფი იყო მცოცავი ქვიშებით გარშემორტყმულ ქალაქ პიურაში, სადაც ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა ლიოსას „ბიჭური“ მოთხრობების გმირები დანებს უქნევდნენ ერთმანეთს, სადაც პირქუშ და გაუცინარ ჩუნგას ბორდელი ჰქონდა გახსნილი და სადაც ლიოსას მრავალი რომანის გმირი სერჟანტი (შემდგომში ლეიტენანტი) ლიტუმა იყო დაბადებული, ნამყოფი იყო ანდებში და უნაყოფო პუნაში, სადაც ტერორისტები უმოწყალოდ ხოცავდნენ ადამიანებს და ვიკუნიებს, სადაც სასჯელის სახით მიავლინეს პერუს ჯარის მეძავებით მომმარაგებელი პანტელეიმონ პანტოხა და სადაც იგივე ლეიტენანტი ლიტუმა ჯიუტად იძიებდა უკვალოდ გამქრალ მაღაროელთა საქმეს, წინ კი სრულიად შემაძრწუნებელი აღმოჩენა ელოდა.
პერუელი ნამყოფი იყო კაუჩუკის მაძიებელთა მიერ შუა ჯუნგლებში აშენებულ ქალაქ იკიტოსშიც, რომელსაც ლიოსას შექმნილი კიდევ ერთი შეუვალი და ადამიანური სისუსტეებისგან დაცლილი მმართველი - გუბერნატორი ხულიო რეატაგი მართავდა, ნავით დაშვებული იყო მარინიონზეც - უზარმაზარ მდინარეზე, რომლითაც პერუელი ჯარისკაცები ჯუნგლებიდან პატარა ინდიელი გოგონების მოსატაცებლად მიცურავდნენ, რათა შემდეგ სანტა მარია დელ ნევის დედათა მონასტერში მოენათლათ, რომ იქაურ მონაზვნებს ნამდვილ ქრისტიანებად აღეზარდათ და იმავე მდინარით მოხუცი აკილინიო თავის ნავით უკანასკნელი თავშესაფრიკენ მიაცურებდა კეთრით დასნეულებული ბანდიტ და კონტრაბანდისტ ფუსიას და მსოფლიო ლიტერატურაში არ არსებობს მეორე ასეთი საზარელი ანტიოდისეა, როგორც ფუსიას მგზავრობა კეთროვანთა თავშესაფრისკენ და მთელი მისი მონოლოგი, რომელიც რომანი „მწვანე სახლის“ ერთ-ერთი მთავარი ხაზია – ამაზე პერუელი და მე შევთანხმდით. მწვანე პერუს ეროვნული დროშის ფერია, „მწვანე სახლი“ ამ ქვეყნის მოფერებითი სახელია და ასევე ქვია 1966 წელს გამოქვეყნებულ ლიოსას ჩემი აზრით საუკეთესო რომანს, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი, არსაიდან მოსული ანსელმო მითიურ ბორდელს აშენებს და მასაც „მწვანე სახლს“ არქმევს.
შეუძლებელია, ილაპარაკო ლიოსაზე და არაფერი თქვა მის სტილზე, რომლისთვისაც სიტყვა ვირტუოზულიც კი ძალიან ცოტაა. ლიოსა თითქოს მათემატიკური სიზურსტით, ფაზლივით აწყობს თავის რომანებს, უფრო სწორედ, სურათის ფაზლივით აწყობა მკითხველს უხდება. ერთი პერსონაჟის რეპლიკას, ოცდაათი წლით ადრე მეორის მიერ ნათქვამი ენაცვლება და ერთი ამბავი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გრძლედება ათი წლის შემდეგ მომხდარი მეორე ამბით, იმისთვის რომ შემდეგ უკან დაბრუნდეს, მერე ისევ სადღაც გადახტეს დროსა და სივრცეში და ბოლოს ყველა სიუჟეტურმა ხაზმა, ყველა პერსონაჟის დასახიჩრებულმა ბედმა გაუგონარი და სრულიად დაუნდობელი შეუქცევადობით ერთად მოიყაროს თავი. და როგორია „მწვანე სახლის“ ფინალი? ისეთი, რომ წესით ცხოვრება აღარ უნდა მოგინდეს, ყველაფერი ინგრევა, ყველა და ყველაფერი უკვალოდ ქრება, თითქოს არც უცხოვრიათ ამ ადამიანებს და, მაინც, გიპყრობს საოცარი სიმსუბუქე, თუ აღტაცება, თუ არ ვიცი, რა დავარქვა... ამას, მგონი, უბრალოდ დიდი ლიტერატურა ჰქვია...მე წაკითხული მაქვს დიალოგი მარკესსა და ლიოსას შორის. მას ინტერვიუს ფორმა აქვს, ლიოსა კითხვებს სვამს, მარკესი პასუხობს. როგორია? – ძალიან მაგარი. ლათინურ ამერიკული ლიტერატურის ორი ყველაზე მსხვილყალიბიანი კლასიკოსი ისეთ „ტოპკებს“ უწევს ერთმანეთს, ისეთ რამეებს ამბობს, რომ გაგიჟდები კაცი. სხვათა შორის იქ მესამესაც ახსენებენ – არგენტინელ ბორხესს და ორივე აღიარებს, რომ რასაც ეს კაცი აკეთებდა, როგორც წერდა, მათთვის მიუღებელიც კია, მაგრამ მის (ბორხესის) გარდა ასე სხვა ვერავინ გააკეთებდა და ბორხესი მათთვის მიუღებელიც არის და მიუღწეველიც, გაუგებარიც და გენიალურიც. ბორხესი არსებობს და ამას უნდა შევეგუოთ.იმავე ინტერვიუში ლიოსა მარკესს ლიტერატურული გავლენების შესახებ ეკითხება. „როგორ არა?! რამდენიც გინდა,“ – პასუხობს მარკესი, – „მაგალითად „მარტოობის ასი წლის“ ერთ-ერთ ქალ პერსონაჟს შენ დაგესესხე, შენი დედა ანხელიკა გადმოვიტანე ჩემს რომანში. შენთან დაკავშირება და ნებართვის თხოვნაც მინდოდა, მაგრამ ვერ გიპოვე, ვარგიტას, ამ დროს შენ სადღაც ევროპაში იყავი.“მაგარია, არა?“.
ამბობენ, რომ დღეს მარკესი და ლიოსა აღარ მეგობრობენ. ზოგის აზრით განხეთქილება კომუნისტ მარკესსა და ლიბერალიზმით გატაცებულ ლიოსას შორის პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. ისიც გამიგია, ქალის გულისთვის იჩხუბეს და ხელითაც გაიწიეს ერთმანეთზეო. არ ვიცი და არც არის ჩემი გასარჩევი, ოღონდ თუ ეგ ამბავი მართალია, ნეტა რა ქალი იყო ამისთანა? კიდევ ოცი წლის წინ, 1990 წელს ლიოსა პერუს პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს. ამ დროს უკვე კარგა ხნის გამოქვეყნებული ჰქონდა „საუბარი ტაძარში“, რომანი რომელიც თითქმის მთლიანად პოლიტიკის და პოლიტიკოსთა სიბინძურეების აღწერითაა სავსე, სადაც ყველა და ყველაფერი იყიდება ძალაუფლებისთვის, სადაც არჩევნების ბედს სხვადასხვა პარტიების მფარველობის ქვეშ მყოფი ძველი ბიჭების ბანდები ქუჩაში წყვეტენ, სადაც ხდება უამრავი ძალადობა და მკვლელობა... ლიოსამ თამაშის წესები კარგად იცოდა და მაინც მოინდომა პრეზიდენტობა. კენჭი იყარა და წააგო დღეს უკვე კორუფციისთვის გასამართლებულ ფუხიმორთან. 1990 წელს მე არათუ პერუს ამბები, ლიოსას სახელიც კი არ ვიცოდი და ჯერ არც მისი „მწვანე სახლი“ მქონდა უროსავით მოხვედრილი. რომ მცოდნოდა, ფუხიმორისკენ ვიქნებოდი და მწერალს აუცილებლად ვუსურვებდი დამარცხებას. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და რაც ჩემთვის ყველაზე სასიხარულოა, მაგრამ სრულიად აუხსნელია, პოლიტიკაში გარევის (თანაც როგორი გარევის) შემდეგ მწერალმა ისევ გააგრძელა მაგარი რომანების წერა. შეიძლება ამ თავად დალოცვილ ლათინურ ამერიკაშია რაღაც საიდუმლო... მარიო ვარგას ლიოსა ახლა სადღაც სამოცდათოთხმეტი წლისა უნდა იყოს. სიმპატიური და ღონიერი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყველა ასაკში სიმპატიური იყო. ლათინოამერიკელებს სხვანაირი გარეგნობა აქვთ. ჩემს ჯეელობაში წიგნის მოყვარულ ოჯახებში ჰემინგუეის წვერიანი და როლინგიანი პორტრეტი ეკიდა ხოლმე, ასეთ ოჯახებში უბნელი ძმაკაცები რომ მოხვდებოდნენ, „ბაბუაშენიაო?“ – იკითხავდნენ. მე ისეთი თავხედი ვიყავი, რომ ჩემს პატარა ოთახში მთლად ფოლკნერი მეკიდა და იმის ბაბუობაც უკითხავთ. აი, ლიოსა არავის ეგონება ვინმე ჩვენიანის ბაბუა. სხვანაირი იერი აქვთ მაგათ, სხვანაირი სისხლი უჩქებთ ძარღვებში და სხვანაირ სისხლასვსე წიგნებს წერენ – უცნაური და გიჟური ამბებით სავსეს. მაგიური რეალიზმიო და კიდევ რა არ დაარქვეს და, მგონი, ეგ ევროპისთვისაა მაგიური, იქ კიდევ ჩვეულებრივი ამბებია, იქ შეიძლება მოხდეს და ხდება კიდეც ეგეთი რამეები, უბრალოდ ბევრი მაგარი მთხრობელი გამოუჩნდა. იმ მთხრობელებში კიდევ ლიოსა ყველაზე უფრო მიყვარს, მაგიტომაც გამეხარდა გუშინდელი ამბავი... ერთ რაღაცასაც ვიტყვი. მაგარია, როდესაც შენ საყვარელ მწერალთან დროის ერთ მონაკვეთში ცხოვრობ, მაგრამ ძნელიც არის, იმიტომ რომ იცი, ვერასდროს შეხვდები, თუმცა ჩვენი შეხვედრა დიდი ხნის მომხდარია, მაგრამ მაინც...

Friday, November 5, 2010

Arrow

არჩილ ქიქოძე ლიბ.ჯი-ზე - http://www.lib.ge/each_author.php?1180
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არჩილ ქიქოძე   Sun Feb 20, 2011 9:03 pm

არჩილ ქიქოძე

ჩიტი გამოფრინდება

იყო თუ არა იყო რა?

ხშირად ფიქრობ, რომ არც ყოფილა არაფერი. ხანდახან კი, უფრო იშვიათად, დარწმუნებული ხარ, რომ მართლა იყო რაღაც თუ ვიღაც. მაგრამ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამას დაგიდასტურებდა, შენს გვერდით უკვე აღარ არის. ისღა დაგრჩენია, საკუთარი მოგონებების (თუ გამონაგონის) დასტურად მეგობრის სახე მოიშველიო. დრო გადის და ნელ-ნელა უკვე ესეც გიჭირს. წვალებით, მაგრამ მაინც იხსენებ ისეთს, როგორიც გინდა გაიხსენო _ გაღიმებულს, დაბლა დახრილი თვალებით და თითქოს დამორცხვებულს იმით, რომ ამდენი იცის შენს შესახებ, ისეთი რამ დაუნახავს, რაზეც ჯერ საკუთარ თავსაც ვერ გამოტყდომიხარ და მაშინ კი არა, დღემდე ვერაფერს მიმხვდარხარ...

ამ მოგონებას ებღაუჭები, ცდილობ გაწელო წამი, სანამ ბურუსიდან დაწმენდილი სახე, რომელიც თითქოს ბოდიშს იხდის იმისთვის, რომ ასეთი ლამაზია, ამდენ რამეს მიმხვდარა და გაუგია, ისევ ბურუსში გაგეფანტება. არ გემეტება ეს სახე, რომელიც ერთადერთი საბუთია იმისა, რომ ის მეორე სახეც, მეორე ადამიანიც არსებობდა ოდესღაც. ამ სიზმარივით წამს, რომელიც სინამდვილეში წამსაც არ გრძელდება, დანამდვილებით იცი, რომ იყო!

ეს ბიჭი უკვე მაგრად მიშლის ნერვებს. დამღალა და ეგ არის! `აბა, რომელი გავადიდოთ, ეს თუ ესო?~ `ორივე კარგია~-მეთქი და უკმაყოფილოა. `არა, შენ მაინც რომელი უფრო მოგწონსო?~ _ თავის ცოლზე მეკითხება, საკუთარ ცოლზე! იქამდე ჩამაცივდება, სანამ ერთ-ერთს არ ვატაკებ თითს. `მეც ზუსტად ეგრე ვფიქრობდიო~ _ მეტყვის გახარებული და ვადიდებთ: 15 _ 20-ზე ან სულაც 30 _ 40-ზე. `ორი საათი მაცალე და მერე მოდი-მეთქი,~ _ ვეხვეწები და ვერ ითმენს, სადღაც აქვე შორიახლოს დაძრწის, დროდადრო შემოგვიღებს კარს, ანდაც ტელეფონზე გადმორეკავს: `შემთხვევით, უკვე მზად ხომ არ არისო.~ ჯერ კიდევ თბილია სურათი და ეს უკვე პასპარტუსა და ჩარჩოს ურჩევს, უფრო სწორედ, მე მარჩევინებს. ვუსვამ ლამაზ ცოლს ლამაზ ჩარჩოში და იმაზე ვფიქრობ, რომ წესიერი ფოტოს გადაღება ვერაფრით ისწავლა ამ კაცმა. წაიყვანს სადმე ქალაქგარეთ, დასცემენ ის და მისი ძმაკაცები კარვებს, შეწვავენ მწვადს, მერე ჩასვამს ყვავილებში, გააშლევინებს თმებს და უჩხაკუნებს ყოველი მხრიდან. ხურუშიანია _ ერთი სიტყვით. მე კიდევ რაღაც არ მახსოვს, რო ეგ გოგო პიკნიკებზე და მწვადებზე გიჟდებოდეს. მე მინახავს ეგ გოგო ბედნიერი და იმიტომ ვამბობ. სურათებზე მინახავს, სხვაგან სად ვნახავდი?! დიდი ხნის წინათ, სხვა ადგილებზე, სხვასთან ერთად და სხვის გადაღებულ სურათებზე. ფოტო ხომ არასოდეს ტყუის ბედნიერების ამბავში. ადამიანი კიდევ ყოველთვის ცდილობს მოგატყუოს _ იმაზე ბედნიერად ან უბედურად მოგაჩვენოს თავი, ვიდრე სინამდვილეშია.

მოკლედ, მეჩვენება, რომ რაღაცით მასზე მეტი ვიცი მისივე ცოლის შესახებ _ იმაზე, მეტი ვიდრე გარეშე კაცმა უნდა იცოდეს. ეგრე გამოდის, თითქოს ვატყუებდე, ვითომ იმ გოგოს საერთოდ არ ვიცნობ და ამიტომაც მისი ფაცი-ფუცი განსაკუთრებით მიშლის ნერვებს. მაგრამ თვითონაც მაგარია, ვერაფერს ხედავს და ყველაფერს ისხლიტავს პასპარტუს ფერის შერჩევით გართული, საბოლოოდ კი ისე გამოდის, რომ ყოველთვის კმაყოფილს ვისტუმრებ. ერთ ნახვად ღირს, როგორი სახეგანათებული ტოვებს ხოლმე ჩვენს სტუდიას, სტვენა-სტვენით როგორი გახარებული მიუყვება პროსპექტს. იღლიაში კარგად შეფუთული სურათი აქვს ამოჩრილი და მიიჩქარის სახლისკენ. ცოლს სიურპრიზი მოუმზადა. ამ თვეში უკვე მერამდენე? მე კი ცოტა ხნით ამოვისუმთქავ, სანამ ის და მისი ძმაკაცები რომელიმე სხვა ისტორიული ძეგლის სიახლოვეს მოინდომებენ მწვადების შეჭმას...

ჯერ საკუთარი თავი კარგად დააჯერე, რომ მართლა იყო და მერე ძებნაც დაუწყე.

სად არ ეძებე?!

ეძებდი უწყინარ ოჯახურ ალბომებში, აგარაკებზე და ზღვაზე გადაღებულ დაზაგრულ ფოტოებზე. თანაც ზღვა ერთადერთი იყო, რაც ხელმოსაჭიდი გქონდა. გახსოვდა, რომ ზღვა უყვარდა. მაგრამ ზღვა ვის არ უყვარს?! სექტემბრის თვეში ათასობით მზემოკიდებულ სახეს აკვირდებოდი და მათ შორის რომ ვერ მიაგენი, უკვე ამ სახეების უკან, პლიაჟზე დაუწყე ძებნა...

ჯერ საბავშვო ბაღის, მერე კი სასკოლო ზეიმებზე საგანგებოდ გამოპრანჭული და დავარცხნილი ბავშვების მიღმა გაბადრულ მშობლებში დაეძებდი. იმედი გქონდა, რომ ისიც იქ იყო და ფოტოაპარატით, ან ხელის ვიდეოკამერით შეიარაღებული შვილის გამოსვლას ელოდა ამაყი და გულაჩუყებული. ეგ კი არა, ბავშვებშიც კი, განსაკუთრებით გოგონებში, ნაცნობი სახის ნაკვთების ამოცნობას ცდილობდი...

ხან საკუთარ ყოვლისშემძლეობაში გეპარებოდა ეჭვი, ხანაც მის არსებობაში, მაგრამ ძებნაზე ხელის აღება არც კი გიფიქრია...

რა მაგიჟებს ყველაზე მეტად და... `იდიოტი~ ფოტოაპარატები და ქეიფები მაგიჟებს. ერთჯერად `კოდაკებზე~ ხო ლაპარაკიც არ მინდა, არც სხვებია ნაკლები. ოღონდ `იდიოტით~ გადაღებულს ნუ მაბეჭდინებ! `სპიშკით~ დაბრტყელებული ადამიანები სადღაც კადრის სიღრმეში მიკუნჭულან ლილიპუტებივით და ვერ გაიგებ, უხარიათ, თუ სწყინთ რამე. ან არადა ზოგს იმის შეძლებაც აქვს, უკეთესი აპარატი იქონიოს, მაგრამ მაინც ეს ურჩევნია, მარტო თითის დაჭერა უნდაო. მეც ვისთვისაც მეთქმის და ვისაც საშუალება აქვს, განსაკუთრებით _ ნაშებს, ყველას ვეუბნები, ვუხსნი: `იქნება უთხრათ მეუღლეებს და ცოტა უკეთესი აპარატი შეიძინოთ, უბრალოდ რთული ჩანს, მაგრამ იმეებსაც კი აქვთ ავტომატური რეჟიმი და ბევრი ფილოსოფია არ ჭირდება. `ბავშვსაც უკეთეს სურათს გადაუღებდით და არც მე ვიწვალებდი ბევრს~... ხშირად ჭრის. გავიხედავ და ახალთახალი `ნიკონით~ ხელში შემოაღებენ კარს. ცოტა ხანში გავიხედავ და უკვე თავიანთი ბავშვები აღარ ყოფნით _ მათხოვარ ბავშვებს ქუჩა-ქუჩა დასდევენ მანქანებით და მანქანებიდანვე უჩხაკუნებენ. კიდევ გავა ცოტა დრო და პერსონალური გამოფენის მოსაწვევსაც შემომიგდებენ. ერთობიან _ ერთი სიტყვით. იმათ გამოფენებზე მე ვერ დავდივარ მოუცლელობის მიზეზით და ისედაც ხომ ჩემი დაბეჭდილია იქ ყველაფერი. ისე კი მიყვარს ნაშების სურათების ბეჭდვა _ მეც ვერთობი.

ქეიფებს რაც შეეხება, მანდ უარესადაა საქმე. უკვე ვეღარაფრით შეიქცევ თავს _ ძალიან ბევრნი არიან. სულ ერთმანეთს ჰგავს იმათი გადაბიჟვინებული სახეები და მოზვერივით კისრები, გინდა მოჩუქურთმებულ რესტორნებში იყოს გადაღებული, გინდ ქალაქგარეთ ფაცხებში, გინდაც მათ უსახურ თაღებიან სახლებში, შემინულ თაროებზე კანტი-კუნტად, ზრდილობის გულისთვის ჩალაგებული ხელუხლებელი წიგნების ფონზე. საქეიფოდ აქვთ საქმე და ქეიფობენ. არ ექეიფებათGდა მაინც ქეიფობენ _ მტრის ჯინაზე! მაგიდა საჭმლითაა სავსე, ბროლის საფერფლე _ ნამწვავებით. `ცოცხალი ვარ, ცოცხალი!~ _ კი არ მღერიან, ხავიან, ხროტინებენ საცივსა და ღვინოში ჩამხჩვალები, საიდანღაც უეცრად მოსული უჩვეულო დარდით შეპყრობილები. `ცოცხალი ვარ, ცოცხალიიიი!~ ერთმანეთს ლოშნიან, ჩქმეტენ, აღვიძებენ ანთებულ სიგარეტებზე ჩამოძინებულებს, ამოწმებენ, ხომ არ მოკვდა გვერდით მჯდომი _ არა, ვერ მოესწრებიან! ცოცხალი ვარ, ცოცხალი! ჰოდა, თუ ცოცხალი ხარ, იქით გაიხედე, შეხედე _ ჩიტი გამოფრინდება, ჭიტა! ჩხაკ...

მერე ყველანი ჩემთან ხვდებიან და ჩვენი საბეჭდი მანქანაც ყოველგვარი ტკივილისა და ჭინთვის გარეშე ხელმეორედ შობს, კონვეერივით თავზე მაყრის იმათ სიფათებს. ათიდან ცხრა ფირი რომ მაგათი იქნება, ლამის აყმუვლებულს, უკვე აღარც ის მეათე, განსხვავებული, მიხარია. ასე რომ, კისერზე აპარატჩამოკიდებული, არაამქვეყნიურთვალებიანი გოგოშკა რომ მესტუმრება, უკვე იმის გადაღებული რკინის რიკულების და წყლის შხეფების ნერვები აღარა მაქვს.

თუმცა დღეს გოგო ისე უჩვეულოდ თვალებანთებულია, ისე მაგრად დგას მიწაზე, ერთ მუჭა ფირებს ისეთი სერიოზული სახით გადმომცემს და `სასწრაფოაო~ _ მოგიგდებს, რომ მაშინვე ხვდები _ რაღაც მოხდა გარეთ. გოგო ერთ მუჭა ფირებს კიდე ყიდულობს და საჩქაროდ ტოვებს სტუდიას. აღელვებული ხელები გზადაგზა ტენიან აპარატს. მოქეიფე ბიძებს კი საბეჭდი მანქანიდან ხალხის რისხვა და მძვინვარება ატყდებათ თავზე...

სუფრებზე და ქეიფებშიც ეძებდი... რატომაც არა? ერთხელ მოგეჩვენა, რომ მიაგენი, თვალი მოკარი გადაბიჟვინებული სიფათების უკან გვერდით მაგიდაზე ზურგშექცევით მჯდარს. თითქოს მიამსგავსე, მაგრამ დანამდვილებით არ იცი, ის იყო თუ არა. ოდნავ მაინც რომ შენკენ ყოფილიყო შემობრუნებული, სახის პატარა კონტური, ერთი ხაზი მაინც რომ დაგენახა, დანამდვილებით შეგეძლო თქმა. ესე კი ძალიან ძნელია. ალბათ თვითონ რესტორანი გეცნო, ეგ იყო და ეგ _ მაგან აგაფორიაქა. მერე კი ყველაფერი ისე მოხდა როგორც ფილმებში, იმ დროინდელ ფილმებში, როცა კინოც კი უმანკო იყო. ჯერ მუსიკა ჩაგესმა, მერე ადამიანები ამოძრავდნენ, გაცოცხლდნენ და ამ მუსიკის ქვეშ ბედნიერმა და მომავლის იმედით სავსე წყვილებმა ნაცნობი რესტორნის დიდ დარბაზში დაიწყეს ტრიალი, თითქმის დარწმუნებულებმა, რომ მათ ამ პეპლების ფარფატივით ცეკვას ბოლო არასოდეს ექნება...

როგორი ტყუილია ეგ ყველაფერი! შენი ცეკვა ფარფატს კი არა უშნო ბღლარძუნს გავს. შენ თვითონ აქცევ ზურგს იმას, რაც ნამდვილია (თუმცა ეხლა გიკვირს და გწყინს, შენგან ზურგშექცევით რომ ზის და ერთს არ გამოიხედავს აქეთ) და აქვე, ამავე რესტორანში, სულ სხვას ებღლარძუნები. სხვას, რომელთანაც არაფერი გაქვს საერთო, რომლის სხეულთან, თმებთან შეხება არ არის სიხარული და რომლის სუნამოს მძიმე სურნელს ვერასოდეს შეიყვარებ. მაინც კმაყოფილი ბრუნდები მაგიდასთან, რადგან საკუთარი თავი დააჯერე, რომ მარტო აღარ ხარ და სწორედ აქ აწყდები მეგობრის სახეს ისეთს, როგორიც მუდამ გინდა რომ გახსოვდეს _ თვალებდახრილს და ყველაფერსმიმხვდარს...

გარეთ კი მართლა რაღაც იცვლება და ისღა დამრჩენია, მოვლენებს მივადევნო თვალი. მეგზური კარგი მყავს _ ფირები არ ენანება, აპარატჩაბღუჯულს და ცვლილებებს მოწყურებულ ხალხში მოსიარულეს უკვე ჟულიეტ ბინოშად წარმოუდგენია თავი. სახესაც ეგეთს იღებს _ ოდნავ დაბნეულს და აღფრთოვანებულს. აი, პრაღის ქუჩებში რომ დადის და ჩეხ პატრიოტებს და რუს ოკუპანტებს რომ უღებს. ოღონდ იმას კაციც ჰყავს გვერდში, თანაც როგორი კაცი! აი მანდ ცოტა ვერა გვაქვს საქმე კარგად, მაგრამ ესეთ ლამაზ, იმედიან წუთებში ეჩვენება, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეგეც იქნება... აუცილებლად...

ვიღაცეები ავტობუსზე ამძვრალან და დროშებს იქნევენ. გადაწყვეტილებას დაუფიქრებლად იღებს: ავტობუსთან მდგარ ზორბა, ეტყობა რაიონიდან ჩამოსულ ბიჭებს თხოვს: `ამწიეთო~ და ისინიც დიდი სიამოვნებით და მონდომებით უსრულებენ თხოვნას. მამამისი რომ ხედავდეს, როგორ ჩაფრენიან ფეხებში და რა გახარებულები აწვებიან ტრაკზე მის ქალიშვილს სოფლელი მუტრუკები, ალბათ ორ პისტოლეტს ერთდროულად დაიხლიდა. მაგრამ მამა ვერ ხედავს, იმიტომ რომ ქეიფობს. სად არის და ვისთან ერთადაა _ ნუ მკითხავთ! მაინც არ ვიტყვი, პროფესიული საიდუმლოა. ავტობუსის სახურავიდან კი ხელებს უწვდიან, ვიღაც აპარატს ართმევს, ვიღაცა კი ღონივრად ექაჩება თავისკენ და პირდაპირ სახურავზე ასკუპებს.

პირველ ფირს ავტომატივით დააკაკანებს ზევიდან. ყველას და ყველაფერს ჩააპანორამებს გარშემო ისე, რომ ღილაკიდან ერთხელ არ აიღებს თითს, აპარატის ვიზირს თვალს წამით არ მოაცილებს. მისი გულისცემაც ავტომატურ რეჟიმზეა გადასული და ხალხის გულისცემას აყოლია. კიდევ ერთ ფირს დებს აპარატში, ცდილობს დამშვიდდეს და მსხვილი პლანების, პორტრეტების კეთებაზე გადავიდეს. შეუძლებელია. დაძაბულობა უმაღლეს წერტილს აღწევს, ხმაური მატულობს, რაღაცა მოხდა. ვიზირს თვალს აცილებს და გარშემო იყურება. `გაიქცა! გადადგა! გავიმარჯვეთ!~ _ ყურში ჩაჰყვირის მის გვერდით დროშით ხელში მდგარი გაუპარსავი ბიჭი, წამით ყოვნდება, მერე კი ეხვევა და ლოყაზე კოცნის. სულ ეს იყო? ამით დამავრდა ყველაფერი? ნეტა ვინმემ იცოდეს, ვინმე გრძნობდეს თუ როგორ აკლია ამ ჩვენს რევოლუციას რაღაც უფრო სათუთი, ევროპულად ინტიმური. ნუთუ ასეთი გამარჯვება, ამხელა ამბავი ისევ ხორუმზე და შალახოზე უნდა გადავატაროთ?! განა ცვლილებებისთვის არ ვიბრძოდით? არა, ევროპამდე ჯერ მაინც შორს ვართ... და ეს მედროშეც საყვარელი კია, მაგრამ ზუსტად იმდენად ჰგავს ჟულიეტ ბინოშის კაცს, რამდენადაც თბილისური შემოდგომა _ პრაღის გაზაფხულს...

თივის ზვინში ნემსის ძებნას გავს ამდენ ხალხში მისი ძებნა. რის მიტინგი და დემონსტრაცია?! ყველგან შეგიძლია მისი წარმოდგენა, ოღონდ დროშების ფრიალში მუშტმოღერებულის _ არა. მაგრამ აქაურობაც დასაძებნია. სეირი არ იქნება აქ, ამ თავების ზღვაში რომ იპოვო? მაშინ კი კარგად გავიცინებდით, მეგობარო, ან გავიღიმებდით ისე მხოლოდ შენ რომ შეგეძლო. იქნებ, მეც გამომსვლოდა შენნაირად... ხომ გვამსგავსებდნენ ერთმანეთს ვიღაც-ვიღაცეები და თანაც ჩვენ ყოველთვის უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. ჰა, მოდი, გავიღიმოთ, ხომ ვიპოვეთ, მაინც მივაგენით! ის უკვე აღარც ჩემია და არც შენი. ხედავ _ ხალხს ეკუთვნის და ამ ჩვენთვის მუდამ გაუგებარი ერთობის ნაწილია. რატომ აღარ იღიმი? რატომ გაქვს ეგეთი მოწყენილი, საკუთარ სულში ღრმად ჩაბრუნებული თვალები? ის არც აქ არის და მაგას დარდობ? აბა რას? ოღონდ ეხლა ნუ წახვალ! ეხლა ნუ დამტოვებ... ერთად გავაგრძელოთ ძებნა... გული მიგრძნობს უკვე მალე ვიპოვით. ბევრი აღარ დაგვრჩა! უშენოდ გამიჭირდება...

ვერაფერს ხდები, ვერაფერს აკეთებ მის მოსაბრუნებლად. ვერ უფრთხილდები მეგობარს, რომელსაც ყველაფერი ესმოდა შენი, შენ კი ვერაფერი გაუგე. მისი სახე ისევ გეფანტება მეხსიერების ბურუსში და პირისპირ მარტო რჩები ადამიანების ზღვასთან. მათი სიხარულები, იმედები და ტკივილები კი შენთვის უცხოა და გაუგებარი.

თანაც ის არც აქ არის!

აჰა, ნამდვილმა ხელოვანებმაც დაგვდეს პატივი და ჩვენი სტუდია დააფასეს. ამათ არასოდეს აქვთ ფუჭი ილუზიები, აბობოქრებული თავებს ჩხაკუნში არ დახარჯავენ არც დროს და არც ძვირფას ფირებს და, როგორც ნამდვილ მეტრებს შეჰფერით, ქვეყანაც რომ ინგრეოდეს, ესენი ჩუმად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე თავიანთ მყუდრო სახელოსნოებში შექმნიან შედევრებს.

მეტრი დაღლილია და ღირსებით აღსავსე. კარში წინ თავის მშვენიერ მუზას ატარებს, ხელს ჩამომართმევს, გასამჟღავნებელ ფირებს გადმომცემს, დახლს ჩამოეყრდნობა და გააბოლებს, თუმცა კი იცის, რომ სტუდიაში მეც არ ვეწევი. მის უკან მორცხვად ატუზულა მუზა, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ თვითონაც ხელოვნების მსახურია, მაგრამ მაინც ოდნავ ერიდება ჩემი, უფრო კი იმის, რაც ჩვენმა საბეჭდმა მანქანამ სულ რაღაც ერთ საათში უნდა გადმოყაროს. რაღაა მოსარიდებელი? არ ვიცი პირდაპირ! მუზას სხეულის თვითოეული ნაწილი სხვადასხვა დროს სულ მსხვილ პლანებად მაქვს ნაბეჭდი. ამას წინათაც სულ ტალახში თუ მაზუთში ამოგანგლული ვბეჭდე. ეგენი სულ მეტრის ფანტაზიებია. ეს გოგო კი ვერა და ვერ შემეჩვია. ეხლაც ისე მორცხვად ჩაუქინდრავს თავი, რომ ნამდვილად რაღაცაშია საქმე.

მეტრი წასვლას არ ჩქარებს. დახლზე გადმოკიდებული ათას რჩევას და დარიგებას მაძლევს. სიმსუქნისგან და მოწევისგან აქოშინებული რომის გარყვნილ სენატორს გავს (ერთი ტანსაცმელი უნდა რომაული და ეგ არის, მე მოვკვდე!) და ისე ეშმაკურად მიღიმის, ვგრძნობ, ტყუილად არ ალეწილა მუზა _ რაღაც ახალ ოინბაზობას მოიგონებდა.

არც ვცდები.

სანამ ნაშები მათხოვარ ბავშვებს დასდევდნენ, ბიძები ქეიფობდნენ და გოგოშკები რევოლუციონერობდნენ, მეტრს სადღაც ცოცხალი პითონი უშოვია და ერთგული და უშიშარი მუზისთვის შემოუხვევია შიშველ სხეულზე.

არა, ესეთი ჯერ არ ყოფილა... მეტრმა ყველას გადაუჯოკრა, საკუთარ თავსაც კი აჯობა! რამდენიმე საათში უკან მობრუნებული სათვალეს ირგებს და ფოტოების მთელი დასტის თვალიერებას იწყებს. მეტრის მხარზე ნიკაპჩამოდებული მუზაც უხმოდ ადევნებს თვალს სხვადასხვა განათებით, ექსპოზიციითა და რაკურსით გადაღებულ მისა და პითონის ბრძოლასა თუ ალერსს. მეტრი კმაყოფილი ჩანს, შრომას ტყუილად არ ჩაუვლია. შედეგი არის. მუზაც წელში იმართება და სახიდან ნელ-ნელა გადასდის სიწითლე. ყველაზე ძნელი ახლა იწყება. ამდენი კარგი კადრიდან ერთადერთი საუკეთესოს არჩევა არ გინდა?! მეტრი თავს წევს, სათვალის ზევიდან მიყურებს და ხელით მიხმობს. ვხვდები, რომ რთული არჩევნის გაკეთებაში საკუთარი აზრის გამოთქმის პატივი მეც მხვდა...

ოღონდაც ეს არა!

გეგონა ყველაფრისთვის მზად იყავი, მაგრამ ეს მეტისმეტი აღმოჩნდა...

დამთავრდა მოხეტიალე რაინდის თავგადასავალი... ამდენი გასაჭირის მერე სრულიად შემთხვევით იქ მიაგნო სატრფოს სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. თანაც ერთს კი არა _ ოცდათექვსმეტს. სატრფო (თუ სატრფოები) კი ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს ბოროტი ჯადოქრის სამყოფელში და სულაც, ალბათ, თავის ნებით მივიდა იქ. გმირი ხვდება, რომ ბედისწერას წინასწარ ჰყავდა განწირული, ამდენ ხიფათში და გასაჭირში იმიტომ გადაარჩინა, რომ მერე ერთბაშად მოეცელა და საბოლოოდ გადმოეგდო უნაგირიდან. ძირს ჩამოვარდნილს და მიწაზე გართხმულს ფეხზე წამოდგომის უკვე არც ძალაა აქვს და აღარც ხალისი, ციდან კი ღმერთების ხარხარი ჩაესმის...

მაგის სახელოსნოში რამ მიგიყვანა გოგო?!

ეს გინდოდა, ამისთვის წვალობდი? უარესის ღირსი ხარ! ეხლა კი წინ, მაგიდაზე, ერთის ნაცვლად ოცდათექვსმეტი სახე გილაგია იმისა, ვისაც ამდენი ხანია დაეძებ და ელოდები როდის მოვლენ და წაიღებენ. თანაც ვინ? ქსიტინით და ქოშინით ვინ უვლიდა გარშემო, ვინ ანათებდა პროჟექტორებს ყოველი მხრიდან, ვინ ეხუმრებოდა თავისი ბინძური, უწმაწური ხუმრობებით, ვინ უჩხაკუნებდა გაუთავებლად? მისი არსებობის დასტური გინდოდა და აჰა, მიიღე კიდეც! ეხლა კი დამთავრდა ყველაფერი. ისღა დაგრჩენია ამ ოცდათექვსმეტი ლამაზი სახიდან ერთ-ერთი ამოირჩიო და მოიპარო _ სახსოვრად დაიტოვო!

არა, ამას არ იზამ! ეს მართლაც დასასრული იქნება და თანაც ყველაზე უარესი. შენ კი არ გინდა, რომ ეს დასრულდეს. უკვე სხვა, უფრო რეალური საბუთი გჭირდება მისი არსებობისა, ვიდრე ეს ჩასუქებული, აუტანელი კაცის გადაღებული სურათებია. რაღაც სხვა უნდა გააკეთო, რამე უნდა იღონო...

ბედს თავს არ დავაცინინებთ. ესე არ არის, მეგობარო?!

ნაცნობი ბიოლოგები შემოდიან. ექსპედიციიდან ახალი დაბრუნებულები არიან, წვერმოშვებული და მზემოკიდებულები. ამათაც თავიანთი მასალა მიაჩნიათ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვნად. თითქოს იშვიათი ფრინველის კვერცხები იყოს, ისე ფრთხილად ალაგებენ ჩანთიდან ფირებს და დახლზე დამიხვავებენ. ყოველი შემთხვევისთვის მაფრთხილებენ: `მაინც აკურატულად მოექეცი _ გაგვიმართლა და გიურზას მშობიარობა გადავიღეთო~. `თქვენი გიურზა რა არის, აქ ხალხი პითონებს ეჭიდავება-მეთქი~ _ და ვერ გებულობენ. ისე, ამათ არაფერს ვერჩი. ამათი ცხოველებიდან და ჩიტებიდან, რომელიც მომეწონება, თითო კადრს ჩემი ბიჭისთვისაც ვბეჭდავ ხოლმე. ალბომში აკრავს. მაგრად უყვარს ეგეთი რაღაცეები. მაგრამ ცოტა ხანში სხვა ფირის დაბეჭდვა მიწევს და რას ვხედავ?! ის ცხოველი, ჩემი ბიჭის ალბომიდან რომ ყურებდაცქვეტილი იყურებოდა, სამხედრო დაფოთლილ ფორმაში გადაცმულ მოქეიფე ბიძას გაუგორებია პახმელიაზე. მკვდარს თავზე წამოსდგომია და ობიექტივში იღრიჭება. ესე იგი შემდეგი ფირი უკვე იმის მწვადებზე ქეიფისა იქნება...

ცხოველს ვინ ჩივის? აი ადამიანს რომ თითს ატაკებენ და `ეს გაგვიდიდე, პანაშვიდისთვის გვჭირდებაო,~ _ მეტყვიან, მაშინ მთლად მიფუჭდება ხასიათი. მოხუციც რომ იყოს, მაინც ეგრე მემართება. მერე დიდხანს ვუყურებ ჩემივე გადიდებულ სურათს და იმის გახსენებას ვცდილობ, ქალაქიდან მეცნობა გარდაცვლილი, თუ აქ დაბეჭდილი ფოტოებიდან. ალბათ უფრო ფოტოებიდან, თორემ კვირაში შვიდი დღე აქ ვარ და ქალაქში სასიარულოდ სადღა ვიცლი. ესეთ დროს ყველაზე მეტად მეჯავრება ჩემი საქმე და ეს ერთი ბეწო სტუდია, რომლის ტუსაღადაც, მგონი, სამუდამოდ ვიქეცი. მიცვალებულის ფოტო ცალკე მიდევს _ ველოდები, როდის მოვლენ და წაიღებენ. საბეჭდი მანქანიდან კი ისევ ქეიფი და დროსტარება ცვივა და ბოლო არ უჩანს. ათიდან ცხრა ფირი მაგათია. არ გჯერათ? ჩემზე უკეთ ეგ ვინ უნდა იცოდეს?! მკურნალი ექიმივით მე მიჭირავს ყურადღებიანი ხელი ამ ქალაქის პულსზე და მე გეუბნებით, რომ არაფერი იცვლება. ქეიფობენ, კიდევ იქეიფებენ და ყველაფერიც ფეხებზე ჰკიდიათ. ასეთია ჩემი დიაგნოზი...

იწყებ ახალ, უცნაურ თამაშს, რომლისთვისაც სახელი ჯერ არ დაგირქმევია. ტრანსპორტში აღარ ჯდები, ფეხით მიდიხარ სამსახურში და ფეხით ბრუნდები უკან. დილით აკვირდები უამრავ ნაცნობ და ამავე დროს უცხო სახეს და, რა საოცარიც არ უნდა იყოს, ამით სიამოვნებასაც კი იღებ. შენი ქუჩაში დანახვა კი უკვირთ _ არ არიან მიჩვეულები. `რამე ხომ არ დაგიკარგავსო?~ _ ერთი ნაცნობი გეკითხება. `რატო გგონიაო?~ _ უბრუნებ კითხვას და: `ეგეთი სახე გაქვსო~...

დღე ნელ-ნელა მოკლდება და საღამოთი ფეხით დაბრუნებას თითქმის არანაირი აზრი აღარ აქვს. მაინც აგრძელებ შენს თამაშს. იქნება შეგხვდეს, რა იცი? მაგრამ სიბნელეში არავინ გხვდება რესტორნებიდან თუ სასადილოებიდან გარეთ გამოშლილი უკვე რქებამოსული მოქეიფეების მეტი. შეურგებელი ღვინით მთვრალები ხარებივით თავდახრილები მოდიან, მუდამ რაღაცაზე გამწარებულები და გადაჯეგვას, გათელვას გიპირებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გზაზე აღმოჩნდი. მაგრამ შენც მზად ხარ. ახლოს, სულ ახლოს მოუშვებ და მერე მხრის ერთი მოძრაობით ისე ლამაზად აუქცევ გვერდს, ისე ხოშიანად გაატარებ სულ ახლოს, რომ გინდება საკუთარ თავს სულ `ოლეე! ოლეე!~ ეძახო. რაც მთავარია, ნამდვილი ტორეროსავით ამას შენც ყოველგვარი სიძულვილის გარეშე აკეთებ _ ესენი ხომ შენი ძველი ნაცნობები არიან და, სხვა თუ არაფერი, ლუკმა პურს გაჭმევენ...

იშვიათად, მაგრამ მაინც ფიქრობ, როგორი იქნება ამ ყველაფრის ბოლო. რა მოხდება, თუკი თამაში, რომლის მარტივი წესები მხოლოდ შენ იცი, დასრულდება? ერთ მშვენიერ დღეს პროსპექტზე, რომელსაც უსასრულოდ ტკეპნი, სახლიდან მომავალს ან სახლში მიმავალს მართლა შეგეჩეხება სადმე. მაშინ?

არაფერი! ზუსტად იცი, რომ არაფერი! შეხვედრა შემთხვევითი იქნება, შენ კი, როგორც ყოველთვის _ მოუმზადებელი. თუ გიცნო, მაგაზეც მადლობა გექნება სათქმელი, ხოლო ბრიყვული და უკვე დამთავრებული თამაშის გამარჯვებული ვერაფერს მიიღებს ჯილდოდ.

ასე არ შეიძლება!

და მაშინ საკუთარ თავს თვითონ უწესებ ჯილდოს, თანაც ისეთს, მეხის გავარდნასავით რომ იქნება მთელი შენი ოჯახისთვის _ თავისუფლებას. თუ გაიმარჯვე, სამსახურიდან წამოხვალ! მეტისმეტი ხომ არ მოგივიდა? არა, აუცილებლად წამოხვალ, მანდაურობას მოშორდები და მერე იქნება რამე...

ეს ახალი გადაწყვეტილება ცოტათი გაფრთხობს, მაგრამ მაინც გაღიმებული უახლოვდები სახლს...

ჰოდა, ესეთ ფიქრებში რომ ხარ, ამ დროს კარი გაიღება და ჩვენი ქალაქის ყველაზე ბედნიერი ადამიანი შემოაბიჯებს, გაგეხარდება, აბა რა იქნება?! არ გადაყვები ზედ? გაუდიდებ და პასპარტუსა და ჩარჩოსაც ყველაზე შესაფერისს, ყველაზე ლამაზს შეურჩევ. გარეთაც გააცილებ და სიამოვნებითაც გაადევნებ თვალს, სახლისკენ როგორ მიიჩქარის ბედნიერი კაცი. იღლიაში შემოდგომის ფოთლებში ჩაფლული საყვარელი ცოლი ჰყავს ამოჩრილი. ლამაზი კია შობელძაღლი! ჭრელი შარფიც როგორ უხდება! რა გინდა, უსწავლია კაცს გადაღება! გოგოს უკან რაღაც ძველი ნანგრევები ჩანს. კადრში არმოხვედრილი კოცონის კვამლი ლამაზად ეფინება გადაყვითლებულ მიწას. ჰაერი კი ცივია და გამჭვირვალე. და თუ კარგად შეისუნთქე, შეიძლება მწვადის სურნელიც გეცეს ცხვირში. კარგია ბუნებაში...

სანამ ჩვენს სტუდიას, ჩემს კარცერს დავუბრუნდები, ერთხელაც მოვავლებ პროსპექტს თვალს და რას გეტყვით, იცით? მგონი, მარტო მე არ ვარ ესეთ დღეში და ყველა ადამიანი საკუთარ ციხეში იხდის თავის მიერვე მისჯილ სასჯელს. თუ ასე არ არის, მაშინ რატომ ჩამოსტირით ფეხით მოსიარულეებს ცხვირ-პირი? ტროლეიბუსების და მარშრუტკების ფანჯრებიდან რატომ იყურებიან კატორღელებივით მოწყენილი სახეები? ყოველთვის სადღაც ჩქარობენ და მაინც ყოველთვის იგვიანებენ მსუბუქი მანქანები. ყველანი თითქოს ქოფაკი ძაღლებივითGჯაჭვზე გამობმულები ვატარებთ ცხოვრებას. ამ ჯაჭვის გარშემო ვტრიალებთ უსასრულოდ და რაღაც მთავარი და კარგი მუდამ გვერდით გვრჩება...

შეხვედრისთვის მართლა არ აღმოჩნდი მზად... სხვანაირად ვერც მოხდებოდა. და მაინც, უკვე პირისპირ ზიხართ კაფეში და ორივეს ოდნავ გრცხვენიათ იმ დაუფარავი სიხარულისა, რომლითაც ერთმანეთს შეეგებეთ, შემთხვევით შეხვდით...

_ დღეს რაღაც ცოტა ხალხია...

_ ხშირად შემოდიხარ აქ?

_ არა, ხანდახან, სამსახურში როცა მივდივარ.

_ სად მუშაობ?

_ უკვე აღარსად.

_ მაშინ სად მუშაობდი?

_ არ არის საინტერესო...

_ იცი, რო სულ არ შეცვლილხარ?

_ არც შენ, მხოლოდ ოდნავ დეიდაშენს დაემსგავსე...

_ შენ რა იცი დეიდაჩემი?

_ სასაცილოა, მაგრამ სურათებიდან მახსოვს. ალბომში გედო, ალბომი ჩანთით დაგქონდა. ერთად იყავით ზღვაზე გადაღებულები, ზღვიდან ჩამოსულები კიდე სამზარეულოში. ლამაზი ქალი იყო...

_ საიდან გახსოვს ამდენი? კიდე რა გახსოვს?

_ მახსოვს, რო ამბობდი: `ძალიან მინდა დეიდაჩემს ვგავდეო...~

_ მერე?

_ მერე დამსგავსებიხარ და ეგ არის.

_ უყურე შენ, კიდე რა გახსოვს?

_ შენი ტელეფონი.

_ აბა, თქვი!

_ არ გვინდა...

_ რატო?

_ არ გავაფუჭო ყველაფერი...

_ რითი?

_ არ შემეშალოს.

_ მე კიდე, იცი, რა მახსოვს?

_ რა?

_ ტენისს რომ ვთამაშობდი და შენ რომ მიყურებდი. მაშინ არ გიცნობდი, გახსოვს რა მითხარი?

_ მახსოვს.

_ აბა, რა?

_ `ლამაზად მოძრაობ~...

_ არა, შენ მითხარი: `ბევრ ზედმეტ მოძრაობას აკეთებ, მაგრამ ყველაფერს ძალიან ლამაზადო~. გახსოვს?

_ მახსოვს, ოღონდ ეგ მე არ მითქვამს.

_ აბა, ვინ თქვა?

_ ჩემმა ძმაკაცმა...

_ რომელმა?

_ აი, სულ ერთად რომ დავდიოდით, ზოგს ძმები ვეგონეთ. რაღაცით გვამსგავსებდნენ...

_ მე მგონი ვხვდები, ვიზეც ამბობ. ნამდვილად გახსოვს, რო იმან თქვა?

_ კი, ნამდვილად მახსოვს.

_ რას შვება, როგორ არი?

_ ვინ?

_ ის შენი ძმაკაცი.

_ რა ვიცი, მოკვდა...

_ რა უცნაურია, მე კიდე შენი ნათქვამი მეგონა...

_ არა, იმისია.

_ აქ ცივა თუ მე მცივა?

_ უკვე ყველგან ცივა.

_ იცი, ჩემი წასვლის დროა...

_ ალბათ ჩემიც.

_ გავიდეთ?

_ წამო.

_ აბა, კარგად.

_ გნახავ კიდე?

_ არ ვიცი. გამეხარდა შენი ნახვა...

_ მეც ძაან...

_ პაკაა!

_ მოიცა!

_ რა იყო?

_ რო დაგინახე, მივხვდი, რომ მიყვარდი.

_ სულელი ბიჭი ხარ!

_ მე _ არა, ის.

_ ვინ ის?

_ არავინ, დაივიწყე.

დასამშვიდობებლად ლამაზად აქნეული ხელი ხალხის ნაკადში იკარგება, შენ კი უკვე მანქანების უწყვეტი ნაკადის პირას გაჩერებულიღა ხვდები, თუ საიდან გაჩნდა ასე უჩვეულოდ ბევრი შუქი _ მთელი პროსპექტის გაყოლებაზე ყველა ხისთვის დაუჭრიათ საზამთროდ ტოტები და ახლა კიდით-კიდემდე გასხეპილი პროსპექტი უფრო გრძელი, თითქმის უსასრულო ჩანს ზამთრის დაბალი და ცივი მზით გავსებული. და თუმცა ყველაფერი იგივეა _ ქალაქიც, ხალხიც და მანქანებიც, მაინც გეჩვენება, რომ ამჯერად ზამთრისთვის მზად ხარ, თითქოს ჭირნახული დაგებინავებინოს...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არჩილ ქიქოძე   Sun Sep 18, 2011 1:51 am

არჩილ ქიქოძე

მწვანე სახლის ყველაზე ცნობილი შვილი

გუშინ გავიგე, რომ მარიო ვარგას ლიოსას ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურის დარგში „ძალაუფლების სტრუქტურის დეტალური აღწერისთვის და აჯანყებული, მებრძოლი და დამარცხებული ადამიანის მკაფიოდ წარმოსახვისთვის“. არ ვიცი და, ალბათ, ვერც ვერასოდეს გავიგებ, რამდენად მოეწონა მწერალს საკუთარი შემოქმედების ამგვარი ფორმულირება. მე ერთი ვიცი, რომ ლიოსასთვის ეს პრემია ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდა მიეცათ, შორეულ სამოციან და სამოცდაათიან წლებში, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნდებოდა მისი საუკეთესო, კრიჭაშეკრული წიგნები („ეს ახალგაზრდა პერუელი სულ კბილების ღრჭიალით წერს“ - აღმოხდა ვიღაცას მისი პირველი რომანის „ქალაქი და ძაღლების“ წაკითხვის შემდეგ), მაგრამ ლიოსამ ბოლო-ბოლო მაინც მიიღო თავის ნობელი და მას მერე, რაც გუშინ ერთ ჭიქა მის სადღეგრძელებლად ავწიე, გადავწყვიტე, რომ მარტო დღეგრძელობა არ კმაროდა და საყვარელ მწერალზე ორიოდ სიტყვის დაწერა ნამდვილად ღირდა.მე ხშირად, ძალიან ხშირად მინატრია ლიოსას ნიჭი და გაქანება და მხოლოდ საკუთარი თავისთვის არა - თუნდაც სხვა ვინმესთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში მომხდარი ან მიმდინარე სრულ აბსურდამდე მისული პოლიტიკური თუ ყოფითი ამბებისგან ერთ, დიდ, მაშტაბურ მოზაიკას შექმნიდა. ხშირად მიგვრძვნია და ხმამაღლაც მითქვამს, რომ ჩვენს თავს დატრიალებული ორომტრიალი სწორედ მის კალამს, მის ნიჭს და მაშტაბს, მის მწერლურ ბრაზს, დაუნდობლობას და იუმორს იმსახურებდა, მაგრამ არა, ვარგას ლიოსა პერუს შვილია და, თუმცა უკვე მრავალი წელია ევროპაში ცხოვრობს, მისი ლიტერატურა არასოდეს გასცდენია ლათინური ამერიკის ფარგლებს. ანდა, რატომ უნდა გასცდენოდა, როცა ეს კონტინენტი ასეთი ნაყოფიერია უცნაური, აბსურდული, ტრაგიკული და კომიკური ამბებით.
ლიოსა მართლაც ბევრს წერდა პოლიტიკაზე, ძალაუფლებაზე და კიდევ იმაზე თუ რას უშვება ადამიანთა ნაწილს ძალაუფლება ან რად აქცევს სხვებს მათი სამსახური და მონობა. 2000 წელს, როდესაც მისი რომანი „ვაცის დღესასწაული“ გამოვიდა, გაბრიელ მარკესს თითქოს დაახლოებით ასეთი რამ აღმოხდენია: მოხუც კაცს ასე არ უნდა მოექცეო! - ლიოსას შექმნილი დიქტატორის სახე (რომანი რეალურ ისტორიულ მოვლენებზეა დაფუძნებული და დომინიკის რესპუბლიკის ისტორიის იმ პერიოდს ეხება, როდესაც მას მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი და გარყვნილი დიქტატორი რაფაელ ტრუხილიო მართავდა) იმდენად სრულყოფილი აღმოჩნდა, რომ მანამდე ყველაზე წარმატებული ლათინოამერიკული ლიტერატურული დიქტატორი - მარკესის „პატრიარქიც“ კი დაჩრდილა... იცით, ვინ მომიყვა ეს ამბავი? ერთმა თბილისში მაცხოვრებელმა პერუელმა. როდესაც ამ კაცს დაახლოებით ექვსი წლის წინ შევხვდი საერთო მეგობრების ოჯახში, უცხო ენების ინსტიტუტში ესპანურ ენას ასწავლიდა. კომუნისტური იდეებით გაბრუებული მოხვედრილა საბჭოთა კავშირში, მერე ქართველი ქალი შეყვარებია, დაოჯახებულა და სამუდამოდ დარჩენილა თბილისში. ის იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი პერუელი ნაცნობი, შვილი ჩემთვის საოცნებო ქვეყნისა, რომლის გეოგრაფია, ისტორია და ბუნება საკმაოდ კარგად ვიცი და რომლის სიყვარული მხოლოდ ერთი ადამიანის - მწერალ მარიო ვარგას ლიოსას დამსახურებაა. ჩვენ ძალიან მაგარი საღამო გავატარეთ, ხინკალს ვჭამდით, არაყს ვაყოლებდით და პერუზე და ლიოსაზე ვლაპარაკობდით. ახალგაზრდობაში იმ კაცს კარგად მოევლო საკუთარი გასაოცარი ქვეყანა და მრავალ ისეთ ადგილას იყო ნამყოფი, სადაც მწერალს საკუთარ პერსონაჟების ერთი შეხედვით უთავბოლო მიმობნევა უყვარს ხოლმე. ნამყოფი იყო მცოცავი ქვიშებით გარშემორტყმულ ქალაქ პიურაში, სადაც ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა ლიოსას „ბიჭური“ მოთხრობების გმირები დანებს უქნევდნენ ერთმანეთს, სადაც პირქუშ და გაუცინარ ჩუნგას ბორდელი ჰქონდა გახსნილი და სადაც ლიოსას მრავალი რომანის გმირი სერჟანტი (შემდგომში ლეიტენანტი) ლიტუმა იყო დაბადებული, ნამყოფი იყო ანდებში და უნაყოფო პუნაში, სადაც ტერორისტები უმოწყალოდ ხოცავდნენ ადამიანებს და ვიკუნიებს, სადაც სასჯელის სახით მიავლინეს პერუს ჯარის მეძავებით მომმარაგებელი პანტელეიმონ პანტოხა და სადაც იგივე ლეიტენანტი ლიტუმა ჯიუტად იძიებდა უკვალოდ გამქრალ მაღაროელთა საქმეს, წინ კი სრულიად შემაძრწუნებელი აღმოჩენა ელოდა.
პერუელი ნამყოფი იყო კაუჩუკის მაძიებელთა მიერ შუა ჯუნგლებში აშენებულ ქალაქ იკიტოსშიც, რომელსაც ლიოსას შექმნილი კიდევ ერთი შეუვალი და ადამიანური სისუსტეებისგან დაცლილი მმართველი - გუბერნატორი ხულიო რეატაგი მართავდა, ნავით დაშვებული იყო მარინიონზეც - უზარმაზარ მდინარეზე, რომლითაც პერუელი ჯარისკაცები ჯუნგლებიდან პატარა ინდიელი გოგონების მოსატაცებლად მიცურავდნენ, რათა შემდეგ სანტა მარია დელ ნევის დედათა მონასტერში მოენათლათ, რომ იქაურ მონაზვნებს ნამდვილ ქრისტიანებად აღეზარდათ და იმავე მდინარით მოხუცი აკილინიო თავის ნავით უკანასკნელი თავშესაფრიკენ მიაცურებდა კეთრით დასნეულებული ბანდიტ და კონტრაბანდისტ ფუსიას და მსოფლიო ლიტერატურაში არ არსებობს მეორე ასეთი საზარელი ანტიოდისეა, როგორც ფუსიას მგზავრობა კეთროვანთა თავშესაფრისკენ და მთელი მისი მონოლოგი, რომელიც რომანი „მწვანე სახლის“ ერთ-ერთი მთავარი ხაზია – ამაზე პერუელი და მე შევთანხმდით. მწვანე პერუს ეროვნული დროშის ფერია, „მწვანე სახლი“ ამ ქვეყნის მოფერებითი სახელია და ასევე ქვია 1966 წელს გამოქვეყნებულ ლიოსას ჩემი აზრით საუკეთესო რომანს, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი, არსაიდან მოსული ანსელმო მითიურ ბორდელს აშენებს და მასაც „მწვანე სახლს“ არქმევს.
შეუძლებელია, ილაპარაკო ლიოსაზე და არაფერი თქვა მის სტილზე, რომლისთვისაც სიტყვა ვირტუოზულიც კი ძალიან ცოტაა. ლიოსა თითქოს მათემატიკური სიზურსტით, ფაზლივით აწყობს თავის რომანებს, უფრო სწორედ, სურათის ფაზლივით აწყობა მკითხველს უხდება. ერთი პერსონაჟის რეპლიკას, ოცდაათი წლით ადრე მეორის მიერ ნათქვამი ენაცვლება და ერთი ამბავი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გრძლედება ათი წლის შემდეგ მომხდარი მეორე ამბით, იმისთვის რომ შემდეგ უკან დაბრუნდეს, მერე ისევ სადღაც გადახტეს დროსა და სივრცეში და ბოლოს ყველა სიუჟეტურმა ხაზმა, ყველა პერსონაჟის დასახიჩრებულმა ბედმა გაუგონარი და სრულიად დაუნდობელი შეუქცევადობით ერთად მოიყაროს თავი. და როგორია „მწვანე სახლის“ ფინალი? ისეთი, რომ წესით ცხოვრება აღარ უნდა მოგინდეს, ყველაფერი ინგრევა, ყველა და ყველაფერი უკვალოდ ქრება, თითქოს არც უცხოვრიათ ამ ადამიანებს და, მაინც, გიპყრობს საოცარი სიმსუბუქე, თუ აღტაცება, თუ არ ვიცი, რა დავარქვა... ამას, მგონი, უბრალოდ დიდი ლიტერატურა ჰქვია...მე წაკითხული მაქვს დიალოგი მარკესსა და ლიოსას შორის. მას ინტერვიუს ფორმა აქვს, ლიოსა კითხვებს სვამს, მარკესი პასუხობს. როგორია? – ძალიან მაგარი. ლათინურ ამერიკული ლიტერატურის ორი ყველაზე მსხვილყალიბიანი კლასიკოსი ისეთ „ტოპკებს“ უწევს ერთმანეთს, ისეთ რამეებს ამბობს, რომ გაგიჟდები კაცი. სხვათა შორის იქ მესამესაც ახსენებენ – არგენტინელ ბორხესს და ორივე აღიარებს, რომ რასაც ეს კაცი აკეთებდა, როგორც წერდა, მათთვის მიუღებელიც კია, მაგრამ მის (ბორხესის) გარდა ასე სხვა ვერავინ გააკეთებდა და ბორხესი მათთვის მიუღებელიც არის და მიუღწეველიც, გაუგებარიც და გენიალურიც. ბორხესი არსებობს და ამას უნდა შევეგუოთ.იმავე ინტერვიუში ლიოსა მარკესს ლიტერატურული გავლენების შესახებ ეკითხება. „როგორ არა?! რამდენიც გინდა,“ – პასუხობს მარკესი, – „მაგალითად „მარტოობის ასი წლის“ ერთ-ერთ ქალ პერსონაჟს შენ დაგესესხე, შენი დედა ანხელიკა გადმოვიტანე ჩემს რომანში. შენთან დაკავშირება და ნებართვის თხოვნაც მინდოდა, მაგრამ ვერ გიპოვე, ვარგიტას, ამ დროს შენ სადღაც ევროპაში იყავი.“მაგარია, არა?“.
ამბობენ, რომ დღეს მარკესი და ლიოსა აღარ მეგობრობენ. ზოგის აზრით განხეთქილება კომუნისტ მარკესსა და ლიბერალიზმით გატაცებულ ლიოსას შორის პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. ისიც გამიგია, ქალის გულისთვის იჩხუბეს და ხელითაც გაიწიეს ერთმანეთზეო. არ ვიცი და არც არის ჩემი გასარჩევი, ოღონდ თუ ეგ ამბავი მართალია, ნეტა რა ქალი იყო ამისთანა? კიდევ ოცი წლის წინ, 1990 წელს ლიოსა პერუს პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს. ამ დროს უკვე კარგა ხნის გამოქვეყნებული ჰქონდა „საუბარი ტაძარში“, რომანი რომელიც თითქმის მთლიანად პოლიტიკის და პოლიტიკოსთა სიბინძურეების აღწერითაა სავსე, სადაც ყველა და ყველაფერი იყიდება ძალაუფლებისთვის, სადაც არჩევნების ბედს სხვადასხვა პარტიების მფარველობის ქვეშ მყოფი ძველი ბიჭების ბანდები ქუჩაში წყვეტენ, სადაც ხდება უამრავი ძალადობა და მკვლელობა... ლიოსამ თამაშის წესები კარგად იცოდა და მაინც მოინდომა პრეზიდენტობა. კენჭი იყარა და წააგო დღეს უკვე კორუფციისთვის გასამართლებულ ფუხიმორთან. 1990 წელს მე არათუ პერუს ამბები, ლიოსას სახელიც კი არ ვიცოდი და ჯერ არც მისი „მწვანე სახლი“ მქონდა უროსავით მოხვედრილი. რომ მცოდნოდა, ფუხიმორისკენ ვიქნებოდი და მწერალს აუცილებლად ვუსურვებდი დამარცხებას. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და რაც ჩემთვის ყველაზე სასიხარულოა, მაგრამ სრულიად აუხსნელია, პოლიტიკაში გარევის (თანაც როგორი გარევის) შემდეგ მწერალმა ისევ გააგრძელა მაგარი რომანების წერა. შეიძლება ამ თავად დალოცვილ ლათინურ ამერიკაშია რაღაც საიდუმლო... მარიო ვარგას ლიოსა ახლა სადღაც სამოცდათოთხმეტი წლისა უნდა იყოს. სიმპატიური და ღონიერი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყველა ასაკში სიმპატიური იყო. ლათინოამერიკელებს სხვანაირი გარეგნობა აქვთ. ჩემს ჯეელობაში წიგნის მოყვარულ ოჯახებში ჰემინგუეის წვერიანი და როლინგიანი პორტრეტი ეკიდა ხოლმე, ასეთ ოჯახებში უბნელი ძმაკაცები რომ მოხვდებოდნენ, „ბაბუაშენიაო?“ – იკითხავდნენ. მე ისეთი თავხედი ვიყავი, რომ ჩემს პატარა ოთახში მთლად ფოლკნერი მეკიდა და იმის ბაბუობაც უკითხავთ. აი, ლიოსა არავის ეგონება ვინმე ჩვენიანის ბაბუა. სხვანაირი იერი აქვთ მაგათ, სხვანაირი სისხლი უჩქებთ ძარღვებში და სხვანაირ სისხლასვსე წიგნებს წერენ – უცნაური და გიჟური ამბებით სავსეს. მაგიური რეალიზმიო და კიდევ რა არ დაარქვეს და, მგონი, ეგ ევროპისთვისაა მაგიური, იქ კიდევ ჩვეულებრივი ამბებია, იქ შეიძლება მოხდეს და ხდება კიდეც ეგეთი რამეები, უბრალოდ ბევრი მაგარი მთხრობელი გამოუჩნდა. იმ მთხრობელებში კიდევ ლიოსა ყველაზე უფრო მიყვარს, მაგიტომაც გამეხარდა გუშინდელი ამბავი... ერთ რაღაცასაც ვიტყვი. მაგარია, როდესაც შენ საყვარელ მწერალთან დროის ერთ მონაკვეთში ცხოვრობ, მაგრამ ძნელიც არის, იმიტომ რომ იცი, ვერასდროს შეხვდები, თუმცა ჩვენი შეხვედრა დიდი ხნის მომხდარია, მაგრამ მაინც...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: არჩილ ქიქოძე   Thu Dec 08, 2011 8:06 pm



წიგნის სათაური - "ამანათი"
წიგნის ავტორი - არჩილ ქიქოძე
ISSN 2233-3010
ISBN 978-9941-194-21-4
სერია - "ახალი ქართული ლიტერატურა", წიგნი 8
გამომცემლობა - "პალიტრა L"
ტექნიკური უზრუნველყოფა – დათო მოსიაშვილი
გვერდების რაოდენობა - 272
გამოცემის წელი - 2011
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: არჩილ ქიქოძე   Today at 4:02 am

Back to top Go down
 
არჩილ ქიქოძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: