არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნატო ინგოროყვა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ნატო ინგოროყვა   Mon May 25, 2009 10:49 am



ნატო ინგოროყვა

სახლი

ეს სახლი, დაღლილი ერთ ადგილზე დგომით,
დაღლილი ლოდინით, სიკვდილმისჯილების აშენებულია.
ფანჯრებზე გისოსებად შემოსაღებული სიმშვიდე,
რომ აღარაფრის უნდა გეშინოდეს- ილუზიაა,
უმი სურვილებით ნაკვები,
სინედლე რომ შეინარჩუნოს.

ამ სახლში, ცხოვრობს ისტორია, რომელიც
აღარ გახსოვს საიდან დაიწყო, როდის მოვიდა
თუ თვითონვე გამოიგონე, რადგან მას,
უყვები მხოლოდ საკუთარ თავს,
დღემდე იგი არავისთვის გაგიმხელია.

ამ სახლში, შენი ხმა ისე ისმის,
თითქოს იმ ქვეყნიდან საუბრობ, სადაც ზამთარია,
აქ კი ზაფხული, ხოლო ბგერებს ისეთი ჟღერადობა აქვთ,
რომ მეზობელ ოთახში ხარ.
კარადაში დამალული ბავშვივით არ გცემ ხმას,
გულისცემას ვუთვლი სახლს.

ამ სახლში, არაფერი მოგაქვს,
მხოლოდ მოგონებები, ის რისგანაც შედგები.
მხოლოდ ხსოვნა, რომელსაც არასდროს უღალატებ.
აღარ დარდობ ვინ შეავსებს ამ ოთახს,
როცა აღარ იქნები, აქ და ამ ქვეყანად.

ამ სახლიდან მიდიხარ სადღაც, გაურკვეველში,
სადაც შენი აჩრდილი ყოველთვის წინ გისწრებს
და ცხოვრებას, რომელსაც ხსნიდი განმარტებებად,
დროს, რომელსაც ასწრებდი და დიდობას ჩქარობდი,
დარჩა როგორც სადგური, ბოლო მგზავრით დაღლილი,
და სიკვდილით დაღლილი,
და ვიდრე დანგრეულა,
დაანგრიო უნდა.

Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ნატო ინგოროყვა   Mon May 25, 2009 11:23 am

”შენ ჩემი დღესასწაული ხარ!”
(რაინერ მარია რილკე და ლუ ანდრეას სალომე)

მიუკერძოებლობა ალბათ ღირსებას შემატებდა წერილს, ოღონდ, ამ კერძო შემთხვევაში , საამისოდ თავს ვერ გამოვიდებ, რადგან მთხრობელი იმავდროულად შემფასებელიც ვიქნები. ხოლო შეფასების ცდუნებაზე - რასაც უფრო შევეჩეხები, ვიდრე გვერდს ავუვლიდე, - შეგნებულად უარის თქმაა, ვინიცობაა, ამბავის ნამდვილობის გაკოტრების ხარჯზე მოხდეს.
ასეა თუ ისე, საკუთარ წარმოდგენათა მართებულობის დასასაბუთებლად რომ არ გავისარჯები, გულდაჯერებით გპირდებით.
ლუიზა (ლუ) ანდრეას სალომე 1861 წელს პეტერბურგში დაიბდა. მშობლები, რუსეთში გადახვეწილი გერმანელ თუ დანიელ თავად-აზნაურთა შთამომავალნი, თუმცა კი გერმანულად მეტყველებდნენ ოჯახში, თავს რუსებად ასაღებდნენ.
ხუთი ვაჟიშვილის შემდეგ ნანატრი ქალიშვილის შეძენა განსაკუთრებული სიხარულით მამას, რუს გენერალს, ნიკოლოზ პირველთან ფრიად დაახლოებულ საიდუმლო მრჩეველს, გუსტავ ფონ სალომეს აღუნიშნავს.
მამისა და ძმებისაგან განებივრებულ ლუიზას სიყრმიდანვე გამორჩეული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა მამაკაცების მიმართ, ყოველ მათგანში მეგობარსა და ძმას ხედავდა და ქალური კეკლუცობა, ყელყელაობა, ფხუკიანობა და დამატყვევებელი ჭირვეულობა მისთვის უცხო იყო. ბუნებრივია ასეთმა დამოკიდებულებამ შემდგომი შესაფერისი გამოძახილი ჰპოვა.
გოგონა, შინაურობაში ლელია, რუსმა გადიამ და ფრანგმა გუვერნანტმა აღზარდეს.
სიყმაწვილე (მოზარდობაც) ლუ ანდრეას-სალომემ ევროპაში გაატარა.
დოსტოევსკის, ნიცშესა და ცნობილი ”რუსული სულიერების” შესახებ შექმნილმა წიგნებმა ლუს გერმანიაში გარკვეული სახელიც მოუხვეჭა.
როცა რუსულმა რევოლუციამ მისი ქონებაც შეიწირა, ფსიქოანალიზი გაიხადა საქმიანობად.
ყოველივე ეს, მეტ-ნაკლებად სასიამოვნო ცნობები, მხოლოდ და მხოლოდ ლუიზა ლუ ანდრეას-სალომეს ყოფითი სახის ანუ ნიღბის (რისი განცალკევებაც საზოგადოდ უფრო შეუძლებელია, ვიდრე შესაძლებელი) წარმოსაჩენად. და თუ ჩემი ვარაუდი მცდარი არაა და ჩვენი თხრობის საგნისთვის ზემოთ მოყოლილს (მცირე რამ საგულისხმოს გარდა) არსებითი მნიშვნელობა მართლაც არა აქვს, არც იმდენად დაამძიმებდა თქვენს სმენას, საბოდიშოდ მქონდეს საქმე.
კეთილი: ”ძალისაებრ ვიპყროთ წესი თხრობისა.” როგორც ამბობენ, ლუ სალომეს ყველაფერზე მეტად გამოარჩევდა უნარი, ”შემოქმედებითად ემეგობრა” თავისი დროის ნიჭიერეს, ცნობილეს და წარჩინებულეს ადამიანებთან:
ის მეგობრობდა ფრიდრიხ ნიცშეცთან, ”ასე იტყოდა ზარატუსტრა” - გარკვეულწილად სალომეს ”გავლენითაც” შექმნილა (შეუქმნია ავტორს);
მრავალწლიანი მიმოწერა ჰქონია ზიგმუნდ ფროიდთან, რომლის ერთ-ერთი ყველაზე - ასე ამბობენ - ”ახლობელი” და ”საიმედო” მოწაფე ყოფილა:
მასთან გულისხმიერი საუბრები დაუჭერიათ იბსენსა და ტოლსტოის, ტურგენევსა და ვაგნერს....
და კიდევ, ოღონდაც არა ბოლოსდაბოლოს, პაულ რეს, თავის დროზე ცნობილ ფილოსოფოსს თვითმკვლელობასაც მის სახელს (ან იქნებ იმ ”არაქალურ” შეხედულებებს, სიყრმიდანვე რომ ჩამოუყალიბდა ლუიზას) უკავშირებენ...
ლუ ანდრეა-სალომე შთამაგონებელი და ამავდროულად აღმასრულებელი იყო იმ სასჯელისა, რომელიც თითეულმა სათავისოდ აირჩია!
”ორი რამ აღაგზნებს ჭეშმარიტ მამრს: ხიფათი და თამაში. ამიტომაც დაეძებს იგი ქალს- ყველაზე სახიფათო სათამაშოს.”- უთქვამს ნიცშეს.
ლაბირინთებში მოხეტიალე ადამიანი არასოდეს ეძებს გამოსავალს, მაგრამ, ყოველთვის არიადნას, ნებით თუ უნებლიეთ, ლუ სალომემ აჩვენა ნიცშეს, რომ სახიფათო თამაშის გამთამაშებელი არიადნა თვითონვე ხდება ლაბირინთი.
”სახიფათო სათამაშოს” (ხიფათიანი თამაშისაც) ძიებამ მიიყვანა 21 წლის რილკე (ჯერ კიდევ რენე) რაინერად მოგვიანებით, ნაპოვნი ”სათამაშოს” რჩევით (თუ თამაშის გულის მოსაგებად იქცევა) 36 წლის ლუიზასთან, ქალთან, ვისაც, პოეტის წარმოსახვით, ნებელობაც ჰქონდა და, რაც არანაკლებ საყურადღებოა, ძალმოსილებაც ”მიჩუმათებული ზარებისთვის შემოეკრა.” რილკესა და სალომეს უცნაურმა სიახლოვემ, გააოცა თანამედროვენიც და და ბიოგრაფებიც. როგორ შეძლო დაემორჩილებინა ახალგაზრდა რილკეს ქალი, რომელსაც ხელეწიფებოდა ადამიანის დამუნათება, ფხიზელი ჟესტით გრძნობის მოკვლა და განშორება, ყოველგვარი დამშვიდობებისა და ახსნა-განმარტების გარეშე. ქალი, რომელსაც, წლობით ეჭირა შეუბრალებელ დისტანციაზე უამრავი უჩვეულო თაყვანისმცემელი და ორმოცდაათი წლის პროფესორი მეუღლე- ფრიდრიჰ კარლ ანდრეასი. და თუ ნიცშესთვის ანდრიას-სალომე ”აბსოლიტური ბოროტება” და ”იდეალური მეგობარი” იყო, რილკესთვის ერთdროულად საყვარელიც, სულის ბჭეც და დედაც.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ნატო ინგოროყვა   Mon May 25, 2009 11:24 am

”შენ ჩემი დღესასწაული ხარ!”
(რაინერ მარია რილკე და ლუ ანდრეას სალომე)

(გაგრძელება)

ის ვისაც ლოცვებში მიმართავდა.
ის ვისი წყალობითაც აღიქვამდა სამყაროს:
”ჩემო გაზაფხულო, მინდა დავინახო სამყარო შენით, რადგან მე დავინახავ, არა სამყაროს, არამედ შენ, შენ, შენ...
შენ ჩემი დღესასწაული ხარ... მე შენი ვარ, როგორც სკიპტრა, რომელიც დედოფლის საკუთრებაა. თუმც, მე ვერ გაგხდი მდიდარს. შენი ვარ, როგორც უკანასკნელი მომციმციმე ვარსკვლავი, რომელიც ღამეს ეკუთვნის, ღამემ კი არაფერი იცის მასზე და ვერც ამჩნევს მის ელვარებას .”
ლუს მიზეზით მოიპოვა შესაძლებლობა რილკემ ხორცშესხმული ოცნება ან ნაოცნებართან მიახლოვებული სინამდვილე მიენიშნა თავისთვის.
”ოდესმე, თუნდაც საკუთარი სურვილის ჯიბრზე,
ჩავიდენ იმას, რაიც სხვათა კადნიერებას
ვერ გაუბედავს თვით თავგასულ ოცნებებშიც კი!
შემინდე, ღმერთო, ქედმაღლობა თუ ჰქვია ამას!
და თუ ეს მხოლოდ სიამაყეა,
ნება მომეცით, ვიამაყო ჩემი ლოცვებით!”
- მისწერა რილკემ საკუთარი განსხეულების მაძიებელ ოცნებას, ახლო მომავალში ლუ ანდრეას-სალომეს რომ ჩაანაცვლებინებდა, წარადგენინებდა და განასახიერებინებდა:
”დავეხეტებოდი ქუჩა-ქუჩა ვარდებით ხელში თქვენთან შეყრის გაუსაძლისი სურვილითა და შიშით აცახცახებული” - მისწერა რილკემ ახალგაცნობილ ლუს, სავარაუდო ღვთაებას!
”მიყვარხარ უსაგნო სიყვარულით”- წერდა რილკე უკვე საკუთარი ნებით და უნებობით (რაც უფრო ნიშნეულია) გაღმერთებულ ლუს:
სიყვარულის ”უსაგნობა” (აქ), სიყვარულის ჭეშმარიტებას აღნიშნავს, არა, მეჭველ, სხვადასხვა მოსაზრებებით საძირკველგამაგრებულ (რასაც ჩვენი ყოფიერება საკუთარ ბუნებაში გაურკვევლობის გამო ჰგუობს) სიყვარულს, არამედ, იმ რწმენაზეც მეტია და მეტადრე, სიცოცხლის უმიზეზობაზე, რადგან უკვე ”მე” და ”შენ” კი არაა, არც ვითომ ამაღლებული ”ჩვენ,” არც ”ნახევარი” და არც ”მთელი, არამედ ერთიანი ყოველივე!!!
”ადამიანი მოკვდავი ღმერთია, ღმერთი-უკვდავი ადამიანი.” - ამბობდა შეყვარებული რილკე და მისი სიყვარული იყო ნიმუში ჭეშმარიტი მორწმუნეობისა, რადგან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე (იმ ღვაწლით, თავისთავად რომ არსებობს შენში და ყოველგვარ მცდელობას გამორიცხავს) საკუთარი სიყვარულის ილუზიებისაგან, განსაზრვრულობისაგან და თანდაყოლილი თუ შეძენილი წარმომავლობისაგან გამოეთავისუფლებინა.
”გიყვარდეს,”- ბანს აძლევდა რილკეს ანდრიას - სალომე, - ნიშნავს, იცოდე სატრფოზე იმდენი, რომ რჩეული ” სამყაროს ფერი” ანუ საგანთა, ასევე მოვლენათა აღქმის უნარი აღარ იყოს შენთვის არც უცხო, არც უცნაური, არც საზარი, არც გულცივი და არც ცარიელი, არამედ თვინიერი, ვითარცა სამოთხეში დავანებული მხეცი.
ამიტომაცაა სიყვარულით შთაგონებული ყველაზე მშვენიერი სიმღერები უცილობლად შეკაზმული ვნების მარილით და ისეთი ეროტიკით, როცა სატრფო მხოლოდ თავისთავი კი არაა, არამედ მთელი ქვეყნიერება, ვითარცა წყალში მთვარის ნაზი შუქის ლივლივი და ფოთლის თრთოლვა.”
თუ სიყვარულში მხოლოდ საკუთარი არსება, ან საკუთარ თავზე აღმატებულობა, ან თუნდაც საკუთარი სიყვარული გიყვარს, - რილკესეული ხედვით, - სიყვარული კი არაა, მხოლოდ წარმოდგენაა იმ სიყვარულის, რომელიც მხოლოდ შენი მაძიებელი ბუნებრიობის საკუთარ არასრულყოფილებასთან მოსარიგებლად მიიღე.
სიყვარულში, ისევე როგორც ხელოვნებაში, უმჯობესია უარის თქმა, ვიდრე უნიათო არსებობა. უმჯობესია, გჯეროდეს, რომ უმაღლესი ბედნიერებისა და სიყვარულის მონაცველობა, როგორც ხელოვნებაში ბუნებრივია. და მაინც, გრძნობების რხევა, ძნელი გადასატანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი ფაზები, ორ ადამიანში არ ემთხვევა ერთმანეთს.
1926 წლის 29 დეკემბერს, შვეიცარიაში, მონტრეს მახლობლად მიიცვალა რაინერ მარია რილკე. ”მშვიდობით ძვირფასო ჩემო!”- რუსულად მისწერა თავისი უკანასკნელი სიტყვები ლუ ანდრეას სალომეს, ”მოკვდავ ღვთაებას.” მეოცნებე რილკემ საკუთარ არსებობას ერთადერთი მიზანი გამოუძებნა - მის მიერ გამოგონილი თამაშის ყოველი წესის ზედმიწევნით დაცვა, რადგან მხოლოდამხოლოდ წესიერება, ანუ განუსჯელი უშუალობით თამაში მიგვიყვანს საუფევლამდე - თავისთავთან ანუ, პირველსაწყისის ცვალებად შეუცვლელობასთან ერთიანობამდე! არის მრავალი რამ, რისი მეშვეობითაც, შესაძლოა, დაუზავდე, გაურიგდე, გაუთანასწორდე, შეესისხლხორცო კიდეც თავისთავს, რაც საკმარისია, საკუთარი ანარეკლი იხილო, ნამდვილად ტყუპისცალივით მიმსგავსებულიც კი, ოღონდ არა ჭეშმარიტი არსი შენი, როგორც ერთიანი ყოველივესი, ანუ სულიწმიდა. ”მთელი ცხოვრება ვსწავლობდი, ვმუშაობდი... რისთვის?”- წერდა ცხოვრების შემოდგომაზე ლუ თავის მოგონებებში. მას ჰქონდა უბადლო ნიჭი შემოქმედი ადამიანი გაეხსნა და გაეხარჯა ბოლომდე. ოღონდაც, არასდროს მისცემია გრძნობებს, რომლებიც ბობოქრობდა მასში და მის გარშემო. ამიტომაც თავის ბოლო ჩანაწერებში აფრთხილებდა ყველა ქალს, ებრძოლათ იმისათვის, რომ ყოფილიყვნენ უბრალოდ ადამიანურად ბედნიერნი.
კეთილი. გონივრულად მიმაჩნია აქ დავასრულო თხრობა, რათა - უფრო უნებლიედ, ვინემ ნებით - კიდევ უფრო არ გავაბუნდოვნო ის, რაც ჩემი გარჯის გარეშეც საკმარისად გაუგებარია ჭეშმარიტების მისაჩნევად, როგორც ამოუხსნელი ღვთაებრივი ნება - სიყვარული, რომელიც არა პასუხს, არამედ ოდენ იმედს (ან რწმენას) მოითხოვს: ”რომ ვიღაც დიდი მეოცნებე და შერეკილი, შეიყვარებს რა, მადლიერი ნეტარების უმიზეზობით, ლოცვისა, ზე, მთიებისკენ აღაპყრობს ხელებს და არც იკითხავს, სიყვარულს სიხარული მოაქვს თუ ტანჯვა!”

(დასასრული)
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ნატო ინგოროყვა   Mon May 25, 2009 11:27 am

მზეო, დადექ და დაჰგვიანდი


მზეო, დადექ და დაჰგვიანდი,
წამ-წამი მაინც შეიცადე,
საწუთროში ხომ შენი პეშვით
შევსვი, რაც უნდა მსომებოდა.
მაშ, დადექი და დაჰგვიანდი,
სანამ დედა არ შემიცხადებს,
იქნება ბეჩავს აღარ ვეშვი,
რომ კი სიკვდილი ხსომებოდა.

სიკვდილ-სიცოცხლის ვარ რჩეული,
სულში ტკივილმა დაივანა.
ჩემს სოლოს მიეც, მზეო, ბანი,
ვიდრე ლეთას არ წავყოლივარ.
მაცვია ლექსის ვარდეული,
მაფორიაქებს სევდის ნანა,
ვარ სიყვარულის დედოფალი
და სიყვარულზე დამყოლი ვარ.

სულის სავანე სულეთია,
მეც სულეთს სულის გამო ვნახავ,
იქ უფლისწული სიკვდილია,
ცნობისწადილს რომ მიათმაგებს,
როცა იქნება, სულერთია,
ღამის სამანებს გადმოვლახავ
და დავუკოცნი ცივდილიან
ვარდს, ნამძინარევს, ცვრიან ბაგეს.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ნატო ინგოროყვა   Mon May 25, 2009 11:28 am

Arrow

ნატო ინგოროყვა ლიბ-ჯი-ზე - http://www.lib.ge/each_author.php?331

flower
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატო ინგოროყვა   Sat Apr 09, 2011 12:28 am

ნატო ინგოროყვა

ტრიოლეტები წვიმის ნოტებით


***
ვერ ვანაცვალე ცეცხლოვან ლექსს დედოფლის ქოში,
თუმცა მეც სულ სხვას მკარნახობდა ალღო ქალური.
ჩემთვის ლექსია უფლის მზითვი ამ სამყაროში,
ვერ ვანაცვალე ცეცლოვან ლექსს დედოფლის ქოში.
აკრეფილ დარდებს ვეფერები გაყინულ დროში,
შავი წამწამით მიმაქვს ცრემლი მუსიკალური.
ვერ ვანაცვალე ცეცხლოვან ლექსს დედოფლის ქოში,
თუმცა მეც სულ სხვას მკარნახობდა ალღო ქალური.

***
გაქრა ზაფხული, ისე თითქოს არა იყო რა,
შემომრჩა მხოლოდ ბათუმური წვიმის ნოტები.
ჩემმა სურვილმა გორგალივით შენსკენ იგორა,
გაქრა ზაფხული, ისე, თითქოს არა იყო რა.
ეს ღამეც რილკეს ელეგიამ გადაიყოლა,
ვდგავარ სარკმელთან მწყურვალი და შენ გელოდები.
გაქრა ზაფხული, ისე თითქოს არა იყო რა,
შემომრჩა მხოლოდ ბათუმური წვიმის ნოტები.

***
შენს მოლოდინში უსაშველოდ ვარ სულწასული,
ნუ იგვიანებ, ჩქარა კარზე მომიკაკუნე.
არტახებივით მახვევია ირგვლივ წარსული,
შენს მოლოდინში უსაშველოდ ვარ სულწასული.
მთელი ცხოვრება მარტოობის ვიყავ ასული,
მხოლოდ შენა ხარ სანატრელი, ცა რომ მარგუნე
შენს მოლოდინში უსაშველოდ ვარ სულწასული,
ნუ იგვიანებ, ჩქარა კარზე მომიკაკუნე.

***
და მე მეგონა, ყველაფერი იყო მარადი,
როგორც რჩეულის მოლოდინში ქალის იმედი.
საკუთარ თავსაც მეოცნებე ფერებს ვპარავდი...
და მე მეგონა ყველაფერი იყო მარადი.
ადამისათვის წასაკითხი მეც ვარ ბარათი,
ნატიფი გულის სიმსუბუქით და სიმძიმეთი...
და მე მეგონა, ყველაფერი იყო მარადი,
როგორც რჩეულის მოლოდინში ქალის იმედი.

***
გუშინ, ძვირფასო, ინტერნეტში ვიპოვე რილკე
და მე მიხვდი, რომ სხვანაირი არის სამყარო.
მიტოვებული იმედები შემოვირიგე,
გუშინ, ძვირფასო, ინტერნეტში ვიპოვე რილკე.
აღფთოვანება კაბასავით ტანზე მოვირგე,
მინდა ჩიტივით მოგაფრინდე და მოგახარო,
გუშინ, ძვირფასო, ინტერნეტში ვიპოვე რილკე
და მე მიხვდი, რომ სხვანაირი არის სამყარო.

***
იყო რილკე და პასტერნაკი, იყო მარინა,
სამი სხვადასხვა ფერის სევდა და თან ერთფერი.
ნეტა როგორმე მათი ცრემლი მომაპარინა,
იყო რილკე და პასტერნაკი, იყო მარინა.
სამებამ ფიქრი აფარფატა, ანარნარინა,
მშვენიერებით სამჯერ შედგა ჟამი ბებერი.
იყო რილკე და პასტერნაკი, იყო მარინა,
სამი სხვადასხვა ფერის სევდა და თან ერთფერი.

***
აწვიმდა ბათუმს, მიგალობდა წვიმათა დასი,
სევდიან ნოტებს ვუსმენდი და მეც ამეტირა.
მოლოდინია მარტოსულის მაინც მოყვასი,
აწვიმდა ბათუმს, მიგალობდა წვიმათა დასი,
გადავიკითხე "ბედი პავლე ინგოროყვასი",
დიდსულოვნება ადამიანს უნდა მეტი რა.
აწვიმდა ბათუმს, მიგალობდა წვიმათა დასი,
სევდიან ნოტებს ვუსმენდი და მეც ამეტირა.

***
ეს ტრიოლეტი კოპლებიანს ჩემსას ჰგავს კაბას,
რომლის საკინძეს მხოლოდ შენი შეეხო ხელი.
რვავე სტრიქონი ჩვენი ტრფობის ინახავს ამბავს,
ეს ტრიოლეტი კოპლებიანს ჩემსას ჰგავს კაბას.
სახელი სანდო გულისპირზე ამომილამბავს,
როგორც იმედი პირველი და უკანასკნელი.
ეს ტრიოლეტი კოპლებიანს ჩემსას ჰგავს კაბას,
რომლის საკინძეს მხოლოდ შენი შეეხო ხელი.

***
პოეზიისთვის ეს ცივი დრო, ვატყობ, მწყრალია,
ატომურ ზამთარს ნაზი გრძნობა არ ენაღვლება.
თხემით ტერფამდე შეცნობილი ევა-ქალია,
პოეზიისთვის ეს ცივი დრო, ვატყობ მწყრალია.
კაცობრიობამ გულგრილობის აბი დალია,
არყოფნის იჭვი დაალაგა ჟამმა დახლებად.
პოეზიისთვის ეს ცივი დრო, ვატყობ, მწყრალია,
ატომურ ზამთარს ნაზი გრძნობა არ ენაღვლება.

***
თვალთმაქცობასთან გულწრფელობამ წააგო ომი,
უმადურისთვის სასაცილო იყო ორთავე.
ხელებს იბანდა გულწრფელობა პროფილში მდგომი,
თვალთმაქცობასთან გულწრფელობამ წააგო ომი.
ყველა სიმართლეს საკუთარი დააქვს საზომი,
სიცხადით ცხარე ცხოვრებაა ყოვლის მოთავე.
თვალთმაქცობასთან გულწრფელობამ წააგო ომი,
უმადურისთვის სასაცილო იყო ორთავე.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატო ინგოროყვა   Sat Apr 09, 2011 12:32 am

ნატო ინგოროყვა

და თენდებოდა კალანდის ღამე


მიჰქონდათ ქარებს,
მოგონილი წლები მიჰქონდათ.
ხელში ეკავა დედამიწას
იდუმალება
და უსასრულო სივრცის წყვდიადში
აღარსად ჩანდა დეკემბრის ბოლო
და თენდებოდა კალანდის ღამე.
თოვდა,
ძალიან ლამაზად თოვდა
და ფოჩებიან თოვლის საბანში
გაუქმებული გაზაფხულის
ძახილს ეძინა,
რომელსაც სარკედ დაედო თავთან
ხსოვნა უსახო გარდასულისა.
იწვოდა ხსოვნა ცეცხლში ტკივილით
და ჟამთა სრბოლის უფერო თვლაში
აღარსად ჩანდა დეკემბრის ბოლო
და თენდებოდა კალანდის ღამე.


შემოდი ჩემი დუმილის ტევრში

შემოდი ჩემი დუმილის ტევრში
და გაავსე შენი სევდიანი
გული
კაქტუსის ყვავილებით.
ისინი მარტოდმარტო მღერიან,
მარტოდმარტო ფიქრობენ და ოცნებობენ
სიყვარულით
გათანგულ ბარხანებში.
მათი თვალები ჰგავს სუფთა ზეცას,
შენს ფიქრიან შუბლს.
და ჩემნაირ გულწრფელ შეყვარებულს,
რომელიც სათქმელს თვალებით ამბობს
და მარტოობის
მდუმარე ჩრდილში წრფელია,
როგორც სინათლის ალზე
ნაზი ფარვანა.
შემოდი ჩემი დუმილის ტევრში.


მთვარის გზაზე დაფარფატებს...

ამაღამაც რამე ისევ
ღამისთევად მექცა,
მოვიხვიე მარტოობა
ატლასად და დიბადა.
ახლა ისე (ღმერთო ჩემო),
ლამაზია ზეცა,
თითქოს სულაც არ იყო
და ამ წუთში დაიბადა.

სივრცეს შუბლზე შემოუკრავს
ფიქრის რუხი ტილო,
მრუმე ლანდი ვარსკვლავების
სიანცეს ებუტება.
და ოჰ, მთვარე მოყვავილე,
როგორც ცის ღიღილო,
დამფრთხალ ღრუბელს იჭერს ფრთხილად
და გულში ეხუტება.

მთვარის გზაზე დაფარფატებს
ჩემი თეთრი სევდა,
ცისთვის ასე ნაცნობი და
მიწისთვის უალიბო.
ამ სინაზეს ზეცის გარდა
სხვა ვინ დაიტევდა...
და მე მინდა ვარსკვლავების
ნაკვერჩხლები ავკრიფო.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატო ინგოროყვა   Sun Oct 28, 2012 9:14 am

ნატო ინგოროყვა


ამბავი

და ყოველ სამუშაო დღეს

გადის სახლიდან

და ბრუნდება უკან

(თითქმის)

ერთსა და იმავე დროს,

სხვადასხვაფერის ჩანთით

და სევდით,

რომელიც ვერ შეცვალა.

უცვლელია სიმღერის მოტივიც.

მღერის მაინც,

მღერის საკუთარი თავის

დასამკვიდრებლად.

ათასჯერ გადათვალა,

ამდენჯერვე გაზომა,

დარჩა ადგილი - შეცდომებისთვის.

უქმე დღეებში

გამოფენს სხვადასხვაფერის

ტანსაცმელს

და თოკის გავლით,

მეზობლის თვალებთან

ჩამოტარებით,

სახლში შეაქვს მზე და სითბო.

ვერ გადაეჩვია

სანახევროდ ჩრდილში დგომას,

საკუთარ თავთან გარიგებას.

აკრძალული ვერ გახადა

ნება-დართული.

და

არასოდეს ყოფილა

საკუთარ თავზე მეტად ბედნიერი.



ორი სიზმარზე

რა მნიშვნელობა ექნებოდა სიზმარს

რომ არ გამღვიძებოდა.

ძილი ალიბია,

რაც უფრო დიდხანს,

რაც უფრო ღრმად,

უფრო ნაკლები შეგეშლება.

ღრმავდებიან უფსკრულები

სიზმარში,

ეშვები და ბოლო არ უჩანს.

მთავარია, დანარცხებამდე

გაიღვიძო.

დანარცხებამდე გზაა -

ბაგირზე გადასვლას ჰგავს.

იქ საშიშია უკან მოხედვა,

გადასვლაც საშიშია,

გზაში ყოფნაც,

შეჩერებაც,

შიშიც - საშიშია.

წონასწორობა გიცავს.


ცხადში

ნუ გაატან სიზმრებს წყალს,

მაინც არ მიაქვს.

გულის კოვზი ინახავს.



თუ გინდა დაიხსნა თავი

ისეთი ფორმაცვალებადი

ზმნისგან -

როგორიცაა " ყოფნა";



თუ უნდა დაიხსნა თავი

ისეთი ფორმაცვალებადი

ყოფნისგან-

როგორიცაა - ერთად ყოფნა,



ნუ დაელოდები დროს

რომელიც დაგაჯერებს,

რომ ერთს მიუმატოთ ერთი

- ტოლია ორის.

რიცხვი მაინც მხოლობითია.

სადგური



...რომ სარკესთან, შემოსასვლელში,

საკიდის ძირას, -

დაქარგული ჩუსტების გვერდით

არასოდეს უცხოვრიათ

დიდ, მძიმე ფოსტლებს…"



ელა (ს)


შემაჩრე და შემახსენე:

ამ გაჩერებაზე -

მეც ჩამოვდივარ.



გამომიჭირე :

ბავშვობაში როგორ ვმალავდი

ლოგინის ქვეშ ყველა ზედმეტ ნივთს.

(როცა კარზე ვიღაც აკაკუნებდა).



მათქმევინე:

რომ ნაცნობია

ამ ტკივილის ტემპერატურა.



დახედე ჩემს ხელებს,

ზამთრის ღამეებზე

უფრო მეტად დაგრძელებულებს

და გამოკიდულებს ჰაერში .



რა დრო გასულა,

რაც დამარიგეს:

"უკვე დიდი გოგო ხარ,

აღარ იტიროო!"



მომაბარეს საკუთარი თავი,

თავად ვიყავი ბატონ -პატრონი.

(რა მცირეა ეს სამფლობელო).



რაც ერთხელ გაიკვანძა,

ვერც ერთმა ქარმა თუ ქარბორბალამ

ვერ შეძლო და ვერ გამიხსნა.



ამ გაჩერებაზე

ყველა მიმართულების ნაცვლად

ვაწერ შენთვის: "ნუ გეშინია"!

და ვამშვიდებ საკუთარ თავს.



ფრთხილია ჩემი ბედნიერება,

იშვიათად გამოდის გარეთ.

ჩიტის გული აქვს ჩემს სიხარულს,

და მაინც ფრინავს.



ფრენამდე

უფალო,

დღეს ჩემი ფრენა,

ყველა ქარის წინააღმდეგ,

შენ გაბარია.

თუ მოგიყვები:

ვცოდე, რამდენჯერ,

ნუ იფიქრებ,

შვებას მომიტანს,

ცოდვებისგან ვშიშვლდები რადგან.



რაც უფრო ხშირად,

უფრო მეტს ვამბობ,

ყველა სიტყვა ტანსაცმელია,

სამალავი და შესაფუთი.

დამიმახსოვრე.

თუ ისევ უნდა გამაწბილო,

ნუღარ შემხვდები.

დამტოვე მარტო,

შემატოვე მონაპოვარი,

რომ არ ვიდგე ზურგ-შექცეული.

რაც უნდა მეთქვა,

ბოლოს ვინახავ:

რომ უფრო დიდხანს ,

რომ უფრო ბევრჯერ,

ვიქნებოდი მე- შენს გარეშე.

უბრალოდ მახსოვს:

ყველა ჩვენგანი,

ვიღაცისთვის

ერთხელ მაინც ხდება

იუდა.



სიზმარ-ცხადი

...და ყველა სიტყვა,

რითაც აქამდე თავს ვიცავდით,

ჩაიკარგა ქალაქში,

რომელშიც დრო მოგზაურობს.

გადაეშვა ხიდიდან,

სადაც ორი ზღვა ერთმანეთს ხვდება.

და რაც გადარჩა ერთმანეთისთვის,

მოვიდა ღამით, ზუსტად მაშინ,

როცა აღარ გინდა გეძინოს მარტო.

ტუჩი ტუჩზე გადამაფარა

და ხმით,

რომელიც თუკი არსებობდა აღარ მეგონა,

მიჩურჩულა:

უკვე დროა. ვაღიაროთ.



საბანი ფრთხილად შემომიკეცა,

მთხოვა - მაცხოვრე შენს

თვალებში.

გულის ჯიბეში იმედი ჩადო

და ქალაქის ცას,

ახალ მთვარედ მიახატა

მისი სახელი.



მტრედების დაპურება

ქალაქი,

რომელიც ზღაპარს ჰგავს და ჯადოსნურია,

უძლებს ლეგენდებს.

იქ,

თავგანწირულები აღებდნენ ფანჯრებს,

ქალაქი ითმენდა თვითმკვლელობებს.

რამდენჯერ მტრედი შეფრთხიალდა,

იმდენჯერ ჩემთვის გავიფიქრე:

ფანჯარა. ვარდნა.

მათ

ჰქონდათ ილუზია,

რომ სიკვდილს ანგარიში გაუსწორეს,

რომ სიმაღლიდან ხტომით, საკუთარ თავს გაასწრეს

და თვითმკვლელობის ვნება იგემეს.

იმ ქალაქში,

ერთხელ გული გამიჩერდა.

ქალაქში, რომელშიც ვცხოვრობ,

არ აღებენ ფანჯრებს თვითმკლელობისთვის.

აქ ღიმილს მგვრის

და ღიმილს ირგებს - მორჩილება.

აქ შეწირვაა:

ნება - ნება,

დღითი - დღე,

წვეთ - წვეთ.

მ ე - ფრთადაჭრილი,

გამეტებული ფრენისათვის,

მხოლოდ ქვემოთა მიმართულებით.

ზღვა კოვზით დაილია

და ვთქვი:

პრაღა, დრო -წარსული.

თბილისი -ახლანდელი დრო.



არავინ

ასეთი დღეები უნდა შეიყვარო:

თავმიშვებული,

მძიმე,

ხისტი.

ნუ იტყვი უარს:

დაეხმარო მეორეს,

იყოს ის, ვინც არის.

დარჩი ერთით (ან მეტით) ნაკლები,

გაიღარიბე საკუთარი თავი,

( ან როდის იყავი საამისოდ

მდიდარი.)

სანაცვლოდ:

გექნება პასუხი მოტივტივე

კითხვებზე-

მყარი და ზუსტი.

გაიცვლება მდგომარეობა-

გულშიჩაკვრა,

სიტყვაზე-გულისჩაწყვეტა.

ხელჩაკიდებულები -

გაათავისუფლებენ ხელისგულებს.

გაქრება ღიმილი,

რომელიც გაერთიანებდათ.

ჩადგება სიტყვა-

"არავინ"-

თქვენს შორის.

დაგღლიან პასუხები

და დაგაჯერებენ,

რომ

არც ისე მარტივია, გიყვარდეს ის,

ვისაც უყვარხარ.


სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/books/2012-10-28/33214.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატო ინგოროყვა   Fri Sep 18, 2015 6:21 pm

ნატო ინგოროყვა

„ადრესატი“

მისწერე, რომ გიყვარს.
მისწერე საჯაროდ
(რა საჭიროა დახურული წერილები),

უთხარი ტელეეკრანიდან,
გამოუცხადე რადიოთი,
გაავრცელე სოციალურ ქსელში
(ამ უკანასკნელს აქვს თვისება
„დაგილაიქოს“).

გამოგეხმაურებიან,
მოგწერენ პასუხს მის მაგივრად.

ის დუმილს არჩევს
(როგორც ყოველთვის),
მოთმინებით,
ნაჩვევი სიყვარულის გამოცხადების უცნაურ ხერხებს.

ნუ დაიზარებ, მისწერე,
მერე რა, რომ აღარ გიყვარს წერილების წერა.

უთხარი

რომ სინათლეს არ ეყო დრო,
ჩვენამდე მოეღწია.
რომ თავისუფლება მარტოხელების საქმეა.
რომ ღირსება სიცოცხლის თვისებაა
(სიკვდილს ის არ აქვს),
რომ უხერხულობა
(როცა დიდი ხნის უნახავები
ვერ პოულობენ საჭირო სიტყვებს)
ზერელე მოკითხვებით შემოიფარგლება.

მისწერე

რომ ის მხოლოდ მაშინ გახსოვს,
როცა სხვა ადრესატი არ გყავს,
როცა გინდა ვინმეს მისწერო.

გაუმხილე

რა ძნელია სინამდვილეში იქ,
სადაც ასე ჩუმად გვიყვარს ერთმანეთი.

სადაც უბრალოდ შემოდგომაა,
როცა უბრალოდ სამშობლოა.

კრებულიდან – „PORCELLANAE პოეზია“ - http://intelekti.ge/book_ge.php?id=460

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნატო ინგოროყვა   Today at 4:01 am

Back to top Go down
 
ნატო ინგოროყვა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: