არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 შერმადინ ქალდანი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: შერმადინ ქალდანი   Sun May 24, 2009 5:34 pm


Shermadin Kaldani

შერმადინ ქალდანი
(1953, 7 ნოემბერი - 2014)

***
მავანს ვგავდი თუ არავის ვგავდი,
არ მითხოვია სხვის კარზე ყანდი.
მამულის სახელს ზეცაში ვრგავდი,
სამშობლო მქონდა, სამშობლოს ვყავდი.


***
მე მთებს შემოვრჩი...
შენი სახლის ვიწრო სარკმლიდან
არ მოჩანს მთები.
არცა გწვავს ცეცხლი,
უშენობით გულს რომ მდებია.
მარტო ხარ ისევ
ჩაძირული მოგონებებში.

...სადღაც მთებია
და მარტოობით მოზეიმე უცხოდ ირთვები.
მე, მხოლოდმყოფი,
მოწყალებას არვისას ვუცდი,
ვერ დამაჩოქებს ბედი მდევარი.

ვიხსენებ თბილისს,
გაელვებას სახის მაცდურის,
გზებს რომ მინათებს,
ვით მსუბუქი თოვლის მტევანი.

მიაჩხრიალებს ყინვის მარხილს მთებში ზამთარი
და მიმაქანებს უცხო მხარეს შავი მერნითა...
მოვალ შენამდე, ჩემი გზა თუ აქ არ დამთავრდა,
მოვალ შენამდე, უთვალავი ფიფქის ქვეყნიდან.

შენ მოზეიმე მარტოობის ცივ ხავერდებით
კვლავ აენთები ცეცხლით,
შენგან გულს რომ მდებია...
მოვალ შენამდე, ჩემი მთებით, ჩემი ქედებით,
და შენ არ იტყვი:
”რა დროს მთებია”.



წერილი მეგობარს

მშობლიურ მთებზე სისხლიანი მზე იღიმება,
ვერ მოვიპოვე სიმშვიდე ბრბოში.
ზოგი მეფეთა სიცოცხლეზე ლოცვით იღლება,
ზოგი მონაა გაცვეთილ გროშის.
მე ვიცი: გული სადღაც ტყვიით განიგმირება,
არ ვუღალატე რადგან ლირას ამ თახსირ დროში.

ბმულები:
* http://radio1.ge/media-view-old-audio/3012
* http://www.art-ateuli.ge/artbase/char/343/0.jpg
* http://radio1.ge/media-view/13665 -- შერმადინ ქალდანი-60


Last edited by ბობო on Sun May 24, 2009 5:45 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: შერმადინ ქალდანი   Sun May 24, 2009 5:38 pm

საუბარი წყაროსთან

მოდიხარ მთიდან მობარბაცე, ღამენათევი.
ალხენ დამაშვრალთ, მიეგები შენს წილ ქარაფებს.
მოდიხარ მღერით, მოლივლივე, როგორც სანთელი,
დიდ ჩქერთ მიერთვი და შემდეგაც არ წუხ არაფერს.

რადგან შენ ბოლოს ტალღა გქვია ქაფმორეული
შლეგი ენგურის - მზვაობრობის სვანეთის მთების.
ამ ქვეყანაზე მხოლოდ მზე გყავს შენ ორეული
და ქართლის ცაზე მუდამ წმინდა შუქად ენთები.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: შერმადინ ქალდანი   Sun May 24, 2009 5:50 pm

შერმადინ ქალდანი

ვეფხს

„მიღრინავდა და მაწყენდა...“
რუსთაველი

ფიქრი სულეთის ნიავივით ამდევნებია,
შორეულ გზაზე მზე არის და მსუბუქი სევდა.
რისი ღრიალი, ერთი სიტყვაც არ დამცდენია,
ვიხეტიალე და შემთხვევით მოვედი შენთან.
გიმზერ, ტიალო, გულს რომ გიწვავს ეს რა ალია,
წარსულ დიდების დაგრჩა მხოლოდ ჩრდილი გამდნარი,
რაო, რას უღრენ, მიკვირს მაინც, ვეფხო, გალიას,
აღარ გიგრილებს დიდრონ ტორებს სველი შამბნარი.
იქნებ ახლოა ნეტარ დღეთა დასალიერი,
დაბინდული გაქვს სიცოცხლის გზა, ვით მზე სნეულის.
ო, მებრალები, მებრალები, ვეფხო ძლიერო,
ვით ჩემი თავი, ჩემსავ ტყავში გამომწყვდეული.

Arrow

მოისმინეთ:
შერმადინ ქალდანი: "მწუხრის დღიურიდან", და სხვა ლექსები - http://radio1.ge/media-view-old-audio/339

Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: შერმადინ ქალდანი   Sun May 24, 2009 5:59 pm




...სადღაც მთებია
და მარტოობით მოზეიმე უცხოდ ირთვები.
მე, მხოლოდმყოფი,
მოწყალებას არვისას ვუცდი,
ვერ დამაჩოქებს ბედი მდევარი.
...
...
კარგი ბიჭი და კარგი პოეტია შერმადინ ქალდანი,
მაგასთან ერთად თავის დროზე(ჩარბენილი საუკუნის 80-იანი წლები)
ვაკის პარკში ექვსი ტიპი მყავს გალახული. Basketball king king lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შერმადინ ქალდანი   Fri Jan 06, 2012 10:33 am



შერმადინ ქალდანი

"ჩხუმლიანი კლდეს რომ მოსწყდა,
"ლილეოს" მღეროდა, ხელები გაშალა –
გაფრენა ეწადაო"


ქარები ღრიალებენ, ქარები გუგუნებენ,
ზვავებმა ამოავსეს კლდეთა ნაპრალები.
ჰეი, ჩხუმლიანო, რად ხარ უგუნებოდ,
უქმად რად ჰკიდია შენი ჯაბრალები.
დაჯარდნენ თეთნულდი, უშბა და შხარა,
გელიან ახალი გზები.
სივრცეს მიარღვევენ გრიგალზე ჩქარა
არწივთა ძლიერი ფრთები!
სურვილი ქროლვის და ფრენის
თეთრი მზის სხივებად ჩენის,
ზოგს ხომ თვით სიკვდილიც შვენის...
მაგრამ აქ რა უნდა სიკვდილს,
ვითა სძლევს მკერდმაგარ მურყვამს.
ჩხუმლიან, თეთნულდი გიცდის,
გელიან შხარა და უშბა.
ახლა სვანეთში "ლილეოს" გუგუნებენ,
ზვავებმა გადალეკეს კლდეთა ნაპრალები,
და შენც, ჩხუმლიანო, რად ხარ უგუნებოდ,
უქმად რად ჰკიდია შენი ჯაბრალები.



–––
ჩხუმლიანი – მიხეილ ხერგიანის სვანური სახელია. თავის სახელზე ეგრე ამბობდა:
"სამი სახელი მაქვს. ჩემი ნამდვილი სახელი ჩხუმლიანია. ასე დამარქვეს მონათვლისას, ერთი ჩვენი შორეული წინაპრის საპატივსაცემოდ. ჩემი მეორე სახელია – მინანი. ასე მეძახიან შინ მამა, ძმები, დები, უახლოესი ნათესავები. და მესამე სახელი – მიხეილი, მიშა. მიხეილად ინსტრუქტორთა ალპინისტურ სკოლაში მომნათლეს, გაუჭირდათ ჩხუმლიანის გამოთქმა. ჰოდა, ახლა პასპორტში მიწერია: "მიხეილ ხერგიანი".





study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შერმადინ ქალდანი   Sat Feb 09, 2013 10:04 am

შერმადინ ქალდანი

შუაღამისას, ანუ თოჯინა ვიტრინაში

როგორ ბრძანდებით, დედოფალო,
დიდი მინდვრების,
როგორ ბრძანდებით,
ხომ არ მოიწყენს სასახლე თქვენი
ან შეღამებით, ან შებინდებით,
როგორ ბრძანდებით, დედოფალო,
დიდი მინდვრების.
თქვენს საუფლოში სიხარულის
დამწუხრებას
ტახტსა ვინ ჰგიებს.
ხომ არ წარსტაცეს ჟინი მზის და გარდაცვალების
თქვენს საბრძანისში ვარდებს და იებს,
როგორ ბრძანდებით, დედოფალო,
დიდი მინდვრების.
ხომ არ დაკარგეთ ნიჭი ცრემლის და აღტაცების,
მე მახსოვს ადრე ვით გამკობდათ ცრემლი ობოლი.
ხომ არ მოდიან შუაღამით რინდი კაცები,
ხომ არ გკადრებენ რამეს უღვთოს, რამეს მოგონილს,
როგორ ბრძანდებით, დედოფალო,
დიდი მინდვრების.
თქვენს სასახლეში ხვალ იმღერებს ზეცის ორკესტრი,
მოგრთავენ ალბათ ალმასით და იაგუნდებით,
თქვით, დედოფალო, გაგართოთ თუ უკვე მოგბეზრდით,
თქვით, დედოფალო და არასდროს არ მოვბრუნდები.
ნახვამდის, დიდო ქალბატონო, დიდი ველების,
ნუღარ მოიწყენთ, ხვალ გიმღერებთ ზეცის ორკესტრი.


გზა

ვეღარ გავიგე სოფელი ესე,
ჭრიან მუხას და ცვივა ნაფოტი,
ღვარძლის მაგიერ თუ იფქლი თესე
ან ჯილდო გელის,ან ეშაფოტი.
დრემუდამ მზის და სინათლის მძებნელს
ირგვლივ კუპრივით ჩამოგდის ღვარი,-
აქ ხომ ციხის და ტაძრის მსენებელს
ორივეს ჰქვია ხუროთმოძღვარი.
გზაგასაყართა ქვასთან მდგომელი
მეც ვარ და საით,როგორ მისანო,
მითხარი ერთი,გზა სჯობს რომელი,
რომ შემდეგ მხარი აღარ ვიცვალო.
თუმც ანგელოზთა ისმის გალობა,
არდაბრუნების გზა ვერ წავშალე.
სხვასავით ვუცდი მეც ღვთის წყალობას
და დუმილისტვის ვარ დამნაშავე.
არჩევანია რადგანაც გზათა,
ცოდვილი მიწაც სანამ ტრიალებს,
უხილავო და მპყრობელო არსთა
შეუცნობ გზებზე მახეტიალე.


დალაი

მღიმარე უმზერი მზეს,
გინდა სულ მღეროდე და რაა,
ერთ უმშვენიერეს დღეს,-
აღმართზე გეტყვიან:“დალაი“.
ვიღაცა ჩაიცვამს შავებს,
ვიღაცას წუხილი შეშლის.
შერისხავს სიკვდილის ქავებს,
მსუბუქი სიკვდილი შენი.
დაგრჩება უმთვარო ღამე,
დაჭკნება გზის პირად ლელი.
ინატრებს დაგესლილ წამებს
ვინც წარსულს ამაოდ ელის.
რა ძლიერ ეტრფოდი მზეს,
გინდოდა გემღერა და რაა,
ერთ უმშვენიერეს დღეს,-
აღმართზე მოგძახეს „დალაი“.


***
მაღლა მთას მოადგა ნაისრალი
ხარი და ნეტავ რა მოუხდების.
ცოდვა სიკვდილისად ა ის არი,
ვინც მარტო თავის დედას მოუკვდების.
შვიდ სულ,შვიდ მხედარი მოისურვა,
წყალთა მეპატრონემ დიდი მთების.
შავად მოურთიათ შვიდი სურა,
მეშვიდე ნეტავ ვინ იქნების.
შვიდი დღის მთვარეს წაიღებენ
კუპრის მდინარენი არა მშვიდნი,
შვიდ დღეს,შვიდ ღამეს მოილხენენ
სულთა მეუფენი არაგვს შიგნით...
მაღლა,მთას მოადგა ნაისრალი
ხარი და ნეტავ რა მოუხდების.
ცოდო სიკვდილისად ა ის არი,
ვინც მარტო თავის დედას მოუკვდების.


მონატრება

მზე ამოცურდა სიცოცხლით სავსე,
ჯიხვთა ჯოგები მოადგნენ ჯერებს...
ეს მერამდენედ ვიხსენებ სვანეთს
და გული მაინც ვერ შევიჯერე.
ყველა ოცნება ღმერთამდე ადის,
როგორც „ლილეო“და როგორც“რიჰო“
ეს მერამდენედ ვიხსენებ ჰადიშს,
აღარ მცილდება,თავისკენ მიხმობს.
მე მონატრებას გულში ვერ ვმალავ,
სიშორით მისით თუმც აქაც ვთბები
და რუსთაველის პროსპექტზე მავალს
ჩემი ლანდივით მომდევენ მთები.


საქართველოს ბოლო დედოფლის მარიამის მინაწერი „ქართლის ცხოვრებაზე“

დიდთა მეფეთა დიდი ზრახვა წარმოაჩინებს,
მცირეთა-მცირე,-ასე ამბობს მემატიანე.
ვიხსენებ დიდგორს,
სიხარულის ცრემლი იწვიმებს,
კრწანისი ისევ მე მატიალებს.
დავხურავ წიგნს და საქართველოს კვლავაც არბევენ,
(მზე ჩასულა და მე მზეს ველოდი),
რამდენი სისხლიც შეხმობია ციხის ნანგრევებს,
იმდენი ძეგლი მინდა იდგეს საქართველოში.
არვინ წასულა წინაპართაგან,ყველა აქ არი,
მაინც ახლოა თავდავიწყება.
მე დამიტოვეს სამშობლო-ქარი,
და გაძარცული ხატების წყება.
ჩამქრალა შუქი ჩემეული დასტანაგების,
გამქრალან სპანი თმათა ჩემთა უფრო მრავალი.
დაიქცენ ბჭენი მამულისა ტურფად ნაგები
და ვრჩები მარტო მრუმე ღამით უგზოდ მავალი.
ჰეი,სადა ხარ,უნდობელო მგზავრო სულეთის,
მოვედ,წარიღე ცარიელი სულის ხმაური.


study


Last edited by Admin on Sun Jan 12, 2014 3:11 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შერმადინ ქალდანი   Sat Feb 09, 2013 10:05 am

შერმადინ ქალდანი

***

ცირკის ლომივით დავყევ სხვის ნებას,
ხელს ამიქნევენ, წადი, მოდი, შენ.
ცხოვრება რთული როგორ მექნება,
როცა ადვილად წავიბოდიშებ.
ვინც აქ არ არი, ან მიმატოვა
ქალმა, ლექსი რომ ცვალა ბორკილში, _
განუზომელად ვინაც მიყვარხარ,
სიყვარულისთვის დიდი ბოდიში.
არავინ იცის, ტირის, იცინის
ვინც ზის `ჰამერში~ ანდა `ბოინგში~.
ალბათ, გულგრილად მთვლიან ისინიც,
გულგრილობისთვის დიდი ბოდიში.
ვინაც დარდობდა, ნუ დარდობს ახლა,
ძილს ნუ გაიკრთობს ჩემს მოლოდინში.
დიდი ბოდიში, სიონის გლახავ,
ბეჩავთერემო, დიდი ბოდიში.
წლებმა ცხოვრება როგორ გაჯოხა,
ვინ ზეცად კვდება, ვინ კი ლოგინში,
ჩემგან კი ალბათ ამის თქმა სჯობდა.
თუ ვსვამ ბოდიში, ვსუნთქავ? ბოდიში.
გული საგულით ამოსვლას ლამობს,
თუ ეშველება _ სრულ გამოთიშვით.
რა მოგივიდა, ბებერო ლომო,
როგორ ხშირ-ხშირად ამბობ: ბოდიში.
აქ ირონია არაფერს ახლავს
და მაინც უნდა მეთქვა ბოდიში,
თუ კვლავ გაწუხებთ ჩემი დანახვა,
არსებისათვის დიდი ბოდიში.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შერმადინ ქალდანი   Sat Feb 09, 2013 10:06 am

შერმადინ ქალდანი

***

მოლოდინი სჯობ მოსვლასა
ხევსური


ჩემს ცაზე მზე რომ გადადის,
სულ შავ ღრუბელი მოსავსა.
შენ, სიხარულო, ნუ მოხვალ,
მოლოდინი სჯობ მოსვლასა.
ამქვეყნად არცვინ იკითხავს,
გულს ვის სურვილი მოსრავსა.
თუ არ მოდიხარ, ნუმც მოხვალ,
მოლოდინი სჯობ მოსვლასა.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შერმადინ ქალდანი   Sat Feb 09, 2013 10:07 am

შერმადინ ქალდანი

***

როგორც ჭლექიან ფილტვებს ჟანგბადი
ანდა გარიყულ კალამს წყლის წვეთი, _
ისე მწყურია მე შენით სუნთქვა,
ისე მსურს შენი თმების სურნელი.
რა უცნაურად გაქრა ზაფხული,
როგორ უეცრად მოდგა ზამთარი.
ვეღარ გითხარი სიტყვა აქამდე,
როგორც ბალახი ცამდე მართალი.
ვიცი რომ ძლიერ მომენატრები,
მომენატრები _ ბოლო სასჯელი;
როგორც უდაბნოს წვიმებით თრობა
ანდა მეზღვაურს _ მიწის ნაგლეჯი.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შერმადინ ქალდანი   Sat Feb 09, 2013 10:09 am

შერმადინ ქალდანი

***

მოწყალების კარო,
უნდა მოგეკარო.
დავით გურამიშვილი


მწყურვალს წყარო დამეკარგა,
სული დაჭკნა, ხორცი ლაღობს.
ცოდვის მორევს შევერიე,
მოვწყდი ედემ-საბაღნაროს.
უღრან ბნელში ვიარები,
ვერ ვჭვრეტ ნათლის ბაირაღებს,
რომელიც ხარ ცათა შინა,
მოწყალების კარი აღე.
დავგმე მიწიური ზეცა,
თალხი მივაფინე თაღებს.
რომელიც ხარ ცათა შინა,
რომელიც ხარ ცათა შინა,
რომელიც ხარ ცათა შინა,
შენსკენ მოვალ, კარი აღე.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შერმადინ ქალდანი   Sat Feb 09, 2013 10:09 am

შერმადინ ქალდანი

***
კვლავ ახმაურდნენ დღეები ზამთრის
ჩემი წარსულის გადაფარებით.
და მარტოობას სიმძიმეს ართმევს
ლექსი და ღვინო ძველი თასებით.
მოგონებათა წამი ელვარებს,
ჩაუმქრალ ალებს გული ადნება.
გაუტაციათ მოწყენილ ქარებს
უნაზეს ფიფქთა გირლიანდები.
და მაინც შორი დარჩეს არ მჯერა
განაწყენებულ ბაგის სიმთვრალე,
თქვენ მართალი ხართ, მაგრამ ამჯერად
ნუ შემახსენებთ ამგვარ სიმართლეს.


***
წლებმა ცხოვრება როგორ გაჯოხა,
ვინ ზეცად კვდება, ვინ კი ლოგინში,

ჩემგან კი, ალბათ, ამის თქმა სჯობდა:
თუ ვსვამ, ბოდიში, ვსუნთქავ? - ბოდიში.

გული საგულით ამოსვლას ლამობს,
თუ ეშველება - სრულ გამოთიშვით.

რა მოგივიდა, ბებერო ლომო,
როგორ ხშირ-ხშირად ამბობ: ბოდიში...

study


Last edited by Admin on Sun Jan 12, 2014 3:56 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შერმადინ ქალდანი   Sat Feb 09, 2013 10:18 am

ჩალისფერი აგონია
(ერეკლე საღლიანის წინათქმა შერმადინ ქალდანის ლექსების წიგნისათვის "ლექსები მზის გულიდან")

მე-20 საუკუნის სამოცდაათიანი წლები...
მწერლობა განიხილება, როგორც დიდი საბჭოეთის ერთ-ერთი უძლიერესი იარაღი.
ყოველი პოეტი და ყოველი მწერალი კგბ-ს ლუპის ქვეშ ბაქტერიასავით მოჩანს, რომლის განა მხოლოდ კაპილარები, ფიქრებიცა და არსიც გაშიშვლებულია...
კონიუნქტურა, ყალბი და მაჟორული აზრები...
შერმადინ ქალდანი უნივერსიტეტის სტუდენტია. ტოლ-მეგობრებისადმი დიდი სიყვარულის მიუხედავად, "მარტოსული დაიარება".
დადის და თითქოს, თავის მარტოობას უმღერის.
განგებით ტიციან ტაბიძეს ორეულივით ჰგავს...
ისეთივე ცისფერი თვალები, ისეთივე ვარცხნილობა თმისა, მოძრაობაც კი მსგავსი და სწორი.
და ყველაზე მეტად გამაოგნებელი და ჟრჟოლადამკვრელი ისაა, რომ ამ ყველაფერთან ერთად, ლექსებს წერს, იმ დროისთვის მეტად უჩვეულოს და ძარღვიანს.
სიტყვაძუნწია, რადგან დუმს იმაზე, რასაც ღრმად განიცდის. ზოგჯერ დუმილის აღთქმასაც არღვევს. არღვევს და მის გვერდით მდგომი გრძნობს, რომ ამ კაცს სიტყვა პირზე კი არა, გულზე აკერია.
"დავხურავ წიგნს და საქართველოს კვლავაც
არბევენ,
მზე ჩასულა და მე მზეს ველოდი...
რამდენის სისხლიც შეხმობიათ ციხის ნანგრევებს,
იმდენი ძეგლი მინდა იდგეს საქართველოში!"
1979 წელს ჟურნალ "ცისკრის" ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა შერმადინის უბრწყინვალესი ლექსები. როცა მწერალთა კავშირში ამ ნომრის განხილვა იყო, გამომსვლელთაგან არავის გახსენებია ეს ლირიკული ქმნილებანი.
სამაგიეროდ, ძალ-ღონე არ დაუშურებიათ ხოტბა შეესხათ უნიჭოთათვის...
როცა უახლოეს მეგობარზე ვწერ, ასე მგონია, ცასა და მიწას ვაბარებ აღსარებას.
ქართველ მკითხველს კვლავაც ენატრება და აწვალებს ის ჩალისფერი, რაიც საქართველოს თავისუფლებისა და მზისკენ სვლის ფერია.
ამ წიგნში ძველ ლექსებთან ერთად ახალ ლექსებსაც შეხვდებით, რომლებიც უკვე ჩვენი დროის ტკივილითაა გაჯერებული.
და, ალბათ, სიზმრად თუ ცხადად, დავინახავთ ბებრის ციხის იმ მეციხოვნეს, რომელიც დრო- ჟამს არ ეპუება და ხმამაღლა შეძახილით უჟამო ჟამს ჩალისფერ აგონიაში წვავს და ფერფლავს.

ერეკლე საღლიანი.




ლექსები მზის გულიდან / შერმადინ ქალდანი ; [რედ. და წინასიტყვ. ავტ. ერეკლე საღლიანი]. - თბ. : აი ია, 2010 (შპს "რეპროგრაფიული ცენტრი 97"). - 140გვ. ; 20სმ.. - ISBN 978-9941-0-2355-2[MFN: 141565]

შინაარსი: გზა; ***მწყურვალს წყარო დამეკარგა; სამადლობელი; მთებს; სვანეთს; ჩალისფერი აგონია; ***რომ არ ემღერათ წინაპრებს "ლილე"; ***მე მთებს შემოვრჩი; ***კვლავ ახმაურდნენ დღეები ზამთრის; შენა ხარ ყველგან; პოეტი; ვეფხს; წარწერა წიგნზე "მთვარე და ექვსპენიანი"; ხალხური მოტივებიდან; ილოცავს მიქაელ; შუაღამისას ანუ თოჯინა ვიტრინაში; ვარიაციები ქართული კინოფილმებიდან; მონატრება; ***შემოდგომის ქარს მიმოჰქონდა მოწყენა ხეთა; წმიდა გიორგისადმი; ღვთისმშობლისადმი; ვაჟა [და სხვ.]

UDC: 821.353.1-1

23

• საღლიანი, ერეკლე (რედ.);

K 274.574/3 - წიგნთსაცავი
K 274.575/3 - წიგნთსაცავი
F 95.789/3 - საარქივო ფონდი
P 2.282/3 - საარქივო ფონდი



შერმადინ ქალდანი

***
არ შედგა პოეტი! - წარმოთქვამს მავანი, -
მოლიტერატორო, მომწერლო კრიტიკანი.
არაფერია აქ შემზარავი,
თუ არ მომიხსენებს პოეტად ტიპიკონი.
ქოსა მექისეთა ჟამი დგას გორსალური,
ზრიალებს, წრიალებს ცბიერთა კარუსელი.
საქართველოში მოთოვა ნიჭმა,
მოდი და "ვარსკვლავთა" ცვენას გაუძელი.
კამეჩის ქედი მარწუხებს არ ჰგუობს,
მეწამულ ღრუბლებზეც ვერ შევძელ სიარული.
ექვსინის პონტი კვლავ ელის "არგოებს"
ვინ გვიშლის ვიყოთ ჩვენც მუდამჟამ მხიარული.
მე ვერ გამოვდგები მსოფლიო მოენედ,
რადგანაც არ ვიცი "ცწკვ-ებ-სფკეკშპ-ები".
ისედაც ვაწუხებ ქალაქის მოედნებს,
პროვინციული, მძიმე ნაბიჯებით.
არავინ დაგვაიმედებს წარსულის ნახმლევებს
და არც არავინ გვიზომავს ფესვებს.
მეც ვერ ვაერთებ
გარდასულ დროის ნამსხვრევებს
ვერც ლუდხანებში
დაჩეხილ ლექსებს.
ნუ მეპატიჟებით ლირიკის
პანაშვიდზე.
ქაჯობად ნუ ჩამითვლით
წარსულზე აგონიებს.
თქვენსავით მეც ერთი
ფიქრი დამამშვიდებს;
ღმერთო, ამ ბნელში
სამშობლო მაპოვნინე.


25 ნოემბერი. 2002 წ.
გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" - http://www.open.ge/index.php?m=12&y=2011&art=1131

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შერმადინ ქალდანი   Sun Jan 12, 2014 12:10 pm

შერმადინ ქალდანი

ჩალისფერი აგონია

ტიციან ტაბიძეს


ნათება მოჰყვება დაბინდულ აღმართებს,
მთვარე თანდათან ცრემლივით შრება.
-მცხეთასთან ჩალისფერი დროშები აღმართეთ,-
ვიღაც ამაო ძახილით შვრება.
მზე მოდის, მობრძანდა,
დახედა მურყვამთა,
ისრუტავს წარსული ხავსიან კედლებით.
ეს მთები, ეს მთები, ვაჟას რომ უყვარდა,
ამბობენ: ვბერდებით, ვბერდებით.
ჟანგი ჭამს ”ლემსა” და გორდას სალს,
წარსულს კი,-თავხედი სპარსელი.
მარჯვენა დაღლია გორგასალს,
ვის ველი, რას ველი.
რა სველი ჰქონია თვალები მარიამს-
სიზმარი უნახავს ავი.
ამღვრეულ ქარებმა ქართლის ცა არიეს,
სინანულს უგალობს მეფეი დავით.
და ვით დაიჩრდილა ფერი ჩალისა,
მახვილი მესიისა დალბა.
ერთ კონად შეკრულ ისრების ძალაზე
ორბელიანი მოჰყვება საბა.
-აბა, რას მირჩევ, ჩემო მსაჯულო,
წამოდგა მეფე კრწანისის მერე,
მეფევ, ვინ მოგცა მაგის უფლება,
მეფე მეფეა ვის დაუჯერებს.
აგერ, დაისმა წითლად შეღება მთები.
ოქროცურვილი მზე გორი-გორ რა ნელა ჩადის.
ბებრის ციხეზე მე შენს ლანდთან უღმერთოდ ვთვრები.
აწეწილია ყველაფერი, ვით ნინოს თმები
და მეჩვენება ბნელ ღამესაც ფერი აქვს ჩალის.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შერმადინ ქალდანი   Sun Jan 12, 2014 3:02 pm



მიხო მოსულიშვილი

სამოთხეისგავ ჯარ ლაქუნ, შერმადინ...

ამ ცხოვრების საფათერაკო გზებზე თავის მარტოობას დაჰყვებოდა შერმადინ ქალდანი.
შემოგხვდებოდა და გული მაშინვე გიგრძნობდა, რომ ამქვეყნიურ ამაო დიდებას ის არასოდეს გამოედევნებოდა, რაც არ უნდა შეცვლილიყო ჟამი.
იმისი ქორონიკონი მარადიულ საქართველოს დროზე იყო მომართული და ვერანაირი ამქვეყნიური ზადი ახლოს ვერ მიუვიდოდა.
აი, იმ დიდი ჟამიდან უწერდა უღალატო და მართალ ლექსებს თავის წილხვედრ, მარადიულ სამშობლოს, რომლის სიხარულის თუ დარდის გაგება იმ თავისი მარტოობიდან უკეთ შეეძლო და იმისი დაწერილი ლექსები რომელიმე პრემიად ანდა სახელის მოხვეჭის სხვა საშუალებად თუ გამოდგებოდა, არაფრით სჯეროდა ამისი.
ცხოვრებაშიც და მწერლობაშიც ნამდვილის და ნაღდის დაფასების ნიჭი რომ ჰქონდა მომადლებული, ესეც იმისი მარადიული საზომებიდან მოდიოდა...
და ახლა, როცა იმ თავისმა მარტოობამ ზეციური სანახებისკენ წაიყვანა, ამას თუღა დაადევნებ გზად:
ღმერთმა ნათელში გამყოფოს, შერმადინ...
ბოლოს კი, საჩვენოდ, ისევ შენი ლექსი უნდა გავიხსენო:

წერილი მეგობარს

მშობლიურ მთებზე სისხლიანი მზე იღიმება,
ვერ მოვიპოვე სიმშვიდე ბრბოში.
ზოგი მეფეთა სიცოცხლეზე ლოცვით იღლება,
ზოგი მონაა გაცვეთილ გროშის.
მე ვიცი: გული სადღაც ტყვიით განიგმირება,
არ ვუღალატე რადგან ლირას ამ თახსირ დროში.



12. 01. 2014

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: შერმადინ ქალდანი   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
შერმადინ ქალდანი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: