არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მამუკა წიკლაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: მამუკა წიკლაური   Wed May 06, 2009 10:49 pm



მამუკა წიკლაური

მამუკა წიკლაური დაიბადა 1938 წლის 4 აპრილს დუშეთის რაიონის სოფელ ბურსაჭილში. ეს სოფელი გუდამაყრის ისტორიული ხეობის ბოლო სოფელია. იგი გუდამაყრიდან ხევისკენ (ყაზბეგის რაიონისკენ) გადამავალი უღელტეხილის დასაწყისში მდებარეობს. ბურსაჭილი მაღალი მთებითაა ”შემოღობილი”. ამ მთებს შორის, კი თავისი სიმაღლითა და სილამაზით აშკარად ირჩევა კლდოვანი მწვერვალი, რომელსაც ”საჯიხვის” სახელწოდებით მოიხსენიებს გეოგრაფიული ტრადიცია. იგი გარკვეული სირთულის მწვერვალად ითვლება და ზაფხულობით მასზე ბევრი ალპინისტი ცდის თავის ძალასა და ოსტატობას. აქვე ახლოს, ორი-სამი კილომეტრის დაშორებით იწყება შავი არაგვი. ეს მდინარე ტიპიური მთის მდინარეა და გაზაფხულობით მართლაც დევური ძალით ებრძვის ხეობაში ჩაყუდებულ კლდეებს . . .
ბურსაჭალი მამუკა წიკლაურის დაბადების დროისთვის 20-25 კომლიანი სოფელი ყოფილა. აქაური წიკლაურების მთავარი საგვარეულო სალოცავი პირიმზის ფუძის ანგელოზი იყო, რომელსაც თავისი ხევისბერი ჰყავდა და სადაც ”ხატში გარიეს” მომავალი მწერალი.
დღეისათვის ბურსაჭილი აღარ არსებობს. იგი ნასოფლარად იქცა.
აი, ამ სოფელში გაიარა მამუკა წიკლაურის სიყმაწვილემ. აქ იგრძნო მან ის დიადი გრძნობა, რასაც მშობლიური კუთხის სიყვარული ჰქვია. შემდომ, როცა მან სამწერლო კალამი აიღო, არა ერთხელ და არა ერთ ლექსში გაკრთა სიტყვა ”ბურსაჭილი”, როგორც მისი სულიერი სამყაროს უმთავრესი საყრდენი.
ხეობის ამ განაპირა სოფელს, ცხადია, მტერი არ აკლდა და აქაურებშიც დიდად ფასობდა ცხენი, იარაღი და ვაჟკაცის გული. აქაურ ხალხურ პოეზიაში ხშირად მოიხსენიებიან მამუკა წიკლაურის პაპა მათე და ბიძა ბუთულა, რომელთა ნაკვალევიც ღრსეულად შეუერთდა წინაპართა მიერ გავლილ გზას.
რაც შეეხება მშობლებს - მათ სტუმართმოყვარე, ძლიერი მთიულური ოჯახი ჰქონდათ. ოჯახში დიდ პატივს სცემდნენ ქართულ ხალხურ შემოქმედებას - დედამაც და მამამაც ძალიან ბევრი ხალხური ლექსი იცოდნენ ზეპირად. კლასიკური პოეზიიდან კი რუსთაველი და ვაჟა ფშაველა ითვერლბოდნენ საოჯახო კერპებად.
შვიდი წლისა იყო მამუკა წიკლაური, როცა მისი ოჯახი ბურსაჭალიდან დაბა ფასანაურში გადმოსახლდა და მომავალმა მწერალმა სწორედ ფასანაურის საშუალო სკოლის პირველ კლასში დაიწყო სწავლა 1945 წელს, რომელიც 1957 წელს დაასრულა და სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.
მამუკა წიკლაურის პირველი ლექსები სწორედ სტუდენტობის წლებში გამოქვეყნდა გაზეთ ”ახალგაზრდა კომუნისტში”. ლექსების პირველი წიგნი ” რკინის ფესვები” კი 1969 წლეს გამოვიდა. ამას მოჰყვა ლექსთა კრებული ”თოვლის ქრიზანთემები” (1975 წ. ), ”დიდი ფოთოლცვენა” (91976წ). , ”ლექსები” (1980წ. ), ”თორღვა ძაგანი” (1980წ.), ” აისბერგი სამხრეთისკენ მიდის” (1982წ.), ”წერილები”(1983წ.), ”ფრენის ტრაექტორია” (1985წ. ), ”სტუმარი”(1986წ. ), 1984 წელს რუსულ ენაზე გამოვიდა მამუკა წიკლაურის ლექსების წიგნი ”ყინულის ყვავილები”, რომელიც მთარგმნელმა გიგა ჭელიძემ თარგმნა. წიგნს დართული აქვს გივი ალხაზიშვილის შესავალი წერილი.
ჩამოთვლილი გამოცემებიდან უმთავრეს გამოცემად უნდა ჩაითვალოს 1985 წელს გამოცემული ”ფრენის ტრაექტორია”. ამ ერთტომეულში 1985 წლამდე შექმნილი თითქმის ყველა ლექსია შესული. ერთტომეული იხსნება კრიტიკოს თეიმურაზ დოიაშვილის ვრცელი მომოხილვითი წერილით.
მწერლის ლექსები უმთავრესდად ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში ქვეყუნდებოდა ( ”მნათობი”, ”ცისკარი”, ლიტერატურული საქართველო”, გაზეთი ”ჩვენი მწერლობა”, ”პარნასი”, ჟურნალი ” ჩვენი მწელობა” და სხვა.)
მამუკა წიკლაურს არასოდეს მოჰკლებია კრიტიკის ყურადღება. მის შემოქმედებაზე სხვა და სხვა დროს წერდნენ: ლადო ავალიანი, ჯანსუღ ღვინჯილია, გურამ ასათიანი, სოსო სიგუა, თამარ ბარბაქაძე, თედო ბექიშვილი, დავით მჭედლური, აპოლონ ცანავა, ლერი ალიმონაკი, თეიმურაზ დოიაშვილი, ეთერ ბერიაშვილი, გივი ალხაზიშვილი, მიხეილ ჩიჩუა და სხვა.
ცალკე უნად ითქვას მ.წიკლაურის ლიტერარურული წერილებისა და პუბლიკაციების შესახებ.
მამუკა წიკლაურისა და მისი თაობის რამდენიმე პოეტის სახელს უკავშირდება ვერლიბრის , თავისუფალი ლექსის დამკვიდრება ქართულ პოეზიაში. ვერლიბრი, როგორც სალექსო ფორმა, ცხადია, ახალი არაა. იგი ძველი პოეტების შემოქმედებაშიც გვხვდება, მაგრამ ახალი თაობის პოეტებმა, როგორც იტყვიან, ახალი სული შთაბერეს მას, თანამედროვე ადამიანის სულიერი მოძრაობის გამოხატვის ადექვატურ ფორმად გამოიყენეს იგი.
1976 წელს მამუკა წიკლაური ჩაერთო მწვავე ლიტერატურულ პოლემიკაში, რომელიც ვერლიბრის პრობლემას ეძღვნებოდა. მისი პოლემიკური წერილები გამოქვეყნდა გაზეთ ”ლიტერატურულ საქართველოში” და ჟურნალ ”კრიტიკაში”. ახლა, დღევანდელი გადასახედიდან ეს პოლემიკა ღიმილსაც კი იწვევს, მაგრამ მაშინ ასე არ იყო - ”ქართული კლასიკური ლექსის პატრიოტები” საშინელი გაკაპასებით შეხვდნენ ქართული ლიტერატურის რუკაზე ვერლიბრის გამოჩენას და ”ვერლიბრისტთა” პოზიციების დაცვა აუცილებელი იყო.
მამუკა წიკლაური ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას იღებდა ცოცხალ ლიტერატურულ პროცესში, თამამად გამოთქვამდა თავის შეხედულებებს. ასე დაიწერა მისი წერილები ” ლელთ ღუნიას ჯავრი და იმედი” , ”ქართული პოეზიის დღე”, ”პოეზია და მკითხველი”, ”პოეზიის გზები და მიზნები”, ” ვაჟა ფშაველას დიდი დღე”, ” 70-იანი წლების პროზა”, ჟურნალი ”და ახალგაზრდა მწერალი”, ” კრიტიკის დიდი ამოცანები” . . .
მასობრივი მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია მისმა პუბლიცისტურმა წერილებმა: ”მოხუცთა სოფლები”, ”დაფიქრების ჟამი”, ” იერიშები უკანასკნელ იმპერიაზე”, ” სხვადასხვა დროის ჩანაწერები” და სხვა.
მამუკა წიკლაური სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომცემლობა ” საბჭოთა საქართველოში” რედაქტორად, ჟურნალ ”კრიტიკაში”- პასუხისმგებელ მდივნად, გამომცემლობა ” მერანში” - ჯერ ქართული ლიტერატურის რედაქციის გამგედ, შემდეგ- მთავარ რედაქტორად, გაზეთ ” ლიტერატურულ საქართველოში” - განყოფილების გამგედ, გაზეთ ” საქართველოს სამრეკლოში” მთავარი რედაქტორის მოადგილედ და ა. შ.
გარდაიცვალა 2013 წლის 17 სექტემბერს.

ბმული --
* http://burusi.wordpress.com/literature/mamuka-tsiklauri/
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Wed May 06, 2009 10:50 pm

***
ცოტა შორს დადექ
ეს სიძულვილის ჭაობია,
ეს- სიყვარულის,
მაგრამ ორივე ჭაობია,
შიგ ნუ ჩადგები,
ნუ ჩავარდები წყალში ქვასავით
და მიზანს
კედელს
ნუ მიაჭყლეტ სახეს ბრმასავით . . .
ზოგჯერ ციდანაც გადმოიხედე . . .
ცოტა შორს დადექ,
იქნებ ქალაქიც
მაისის მწვანე ტყესავით ჩანდეს
და არა მტრებით და მეგობრებით,
ჭკვიანებით და სულელებით
სავსე მოედნად.


***
ე, მაგ სიმკაცრემ . . .
ე, მაგ სიმკაცრემ-
ალპინისტის კაპრონის თოკმა,
ე, მაგ სიმკაცრემ-
რკინის სოლმა კლდეს რომ ჰკიდიხარ
არ გიღალატოს,
არ დაგისხლტეს ყინულზე თვალი,
არ დაგიცურდეს კლდეზე გული
ე, მაგ სიმკაცრემ,
შენ რომ გიცავს მესაზღვრესავით,
თვალმოუხუჭველ ძაღლივით რომ გიწევს თეოზე.
და არ განებებს, დაიძინო დაღლილის ძილით,
და არ განებებს, რომ დაჭრილის უფლებით დაწვე-
არ მიგატოვოს,
არ ჩავარდე ამ ბნელ ორმოში,
არ ჩაიჩეხო იმ “ადვილად გასავლელ გზაში”,
რომელიც ცომს ჰგავს-
ერთმანეთში გადაზელილი
ათასი სახე იკითხება ერთ მთავარ სახედ-
ის მოთხრილ ხეს ჰგავს,
იარაღს გავს ჟანგისაგან შეჭმულს,-
ხედავ, დაშლილ ფრთებს-
ჩამქრალ შანდლებს, გაყინულ იებს-
ეგ ფრთები ერთხელ თეთრ მყინვარებს დასტრიალებენ.
ხედავ, ოცნებებს-
მინის ყუთში ჩამწყვდეულ თევზებს,
ეგ ოცნებები მაგელანის გზებზე ცურავდნენ.
შენ უნდა გაძლო , უნდა გაძლო, შენ უნდა გაძლო,
არ აიზილო, ამ ტალახში არ აირიო-
სასაფლაო, ეგ იმათი სასაფლაოა,
ვინც შიშს დანებდა,
ვინც დაეცა,
ვინც ჩამოვარდა.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Wed May 06, 2009 10:51 pm

***
სად მიდის ცეცხლი . . .
ჩემო ლამაზო,
გადაშალეს ფრესკები კირით! . . .
საით წავიდა
ალუბლების ტანის ზრიალი?
ირმების თეთრი მყვირალობა
სად გადავარდა?
სად მიდის ცეცხლი,
თივის ზვინების დაწვის შემდეგ
სად მიდის ცეცხლი?


ხარი

მისდევს ყავლს ჩუმად და მშვიდად უსმენს
ზურგზე მოქნეულ წნელის შხივილს . . .
მომბეზრდა ასე:
აქედან – იქით,
იქედან – აქეთ
გუთნის თრევა და საშინელი ერთფეროვნება:
ღამით – კირკალი,
დღიოსით – უღელი,
„გასწი, გასწიე . . . !“-
პირდაღებული,
დორბლიანი ერთფეროვნება.


***
ყველაზე უკეთ მე ვიცი ახლა,
რას ფიქრობს,
რა ხმა უხუთავს სხეულს . . .
არ გაგიკვირდეთ, თუ რქას აიქნევს
და კედელივით გამოანგრევს ერთფეროვნებას,
და ფიცარივით გადმოაქცევს თავის სიმშვიდეს-
დაიბუბუნებს,
ცას ახედავს
და იალაღებს
დაუბრუნდება უღლის ნატეხით.


დათვი

ტყვიით დალეწილ ფეხს მიითრევდა,
გარბოდა და თან მოისროდა
თვალაუხელელ
ბოკვერს-
მეხივით მოსულ სიყვარულს.
უკან კი
ასი ათასი მკაცრი ხელი სხლეტდა ჩახმახებს.
მერე კლდე დახვდა-
ცივი!
მწარე . . .
დაეცა ფიქრი:
ვეღარსად წავალ . . .
და გაუღუნა ხერხემალი სიკვდილის სუნმა,
გადააფარა შვილს ტოტები
და ღრუბლად ქცეულ
ტანში ტყვიებმა მოიტანეს ბნელი ჟღრიალი,
გათავდა.
. . . და აღტაცებით მოეხვივნენ ვაჟები სიკვდილს
რომელიც მათი ხელებიდან გადმოიღვარა.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Wed May 06, 2009 10:55 pm



"თორღვა ძაგანი"
(ერთი პოემის ანალიზი)

პოემამ "თორღვა ძაგანმა" თავიდანვე მიიქცია მკითხველის ყურედღება. იგი მრავალმხრივ საინტერესო ნაწარმოებია. მამუკა წიკლაური ვერლიბირს ფორმის პრაქტიკული და თეორიული დამცველია, მაგრამ ამ პოემით კლასიკური და ტრადიციული ლექსის ერთგული რჩება. ნამდვილი პოეტი ბუნებრივია უნდა ფლობდეს ლექსის ყოველ, სახეს, მითუმეტეს ტრადიციულს, რომელიც ყოველი სიახლის ფუნდამენტი და საყრდენი წერილია.
ყოველი ერის მითოსში არეკლილია შინაგანი ბუნება და ხასიათი ამავე ერისა. ქართული მწერლობა მუდამ საზრდოობდა ამ სულიერი სალაროთი.
ინტერესი მითებისა და მითოლოგიური სიუჟეტებისადმი კვლავ გაცხოველდა. დღეს სათავეების მოხილვის ჟინი ყველა ხალხის ლიტერატურაში შეინიშნება. მამუკა წიკლაურის "თორღვა ძაგანი" ამ საერთო სწრაფვის გამოხატულებაა. პოეტმა ქართულ მითოლოგიას მიმართა, შედარებით ნაკლებ ცნობლისა და გავრცელებულს, მისთვის მახლობელსა და მშობლიურს.
პოეტის მიზანია უძველეს ყოფაში მარადიულ საყრდენთა პოვნა. ფიქრებს წარმართავს მითოსური პირველწყაროსაკენ, სადაც "ამირანის მკლავი წუხდება" და "სულკალმახის ვაჟები სხედან".
"თორღვა ძაგანს" საფუძვლად უდევს ხევსურული ლეგენდა ხევსურ კაი ყმაზე. ხალხურ სიტყვიერებაში ირკვევა, რომ თორღვა მეფეთა უკანონო შთამომავალი ყოფილა.
თორღვა ძაგანი ჩაბმულია ყოფიერების "უაზრო ომში", სადაც ბატონობენ ძალმომრეობის, დაპყრობის, დთრგუნვის ინსტიქტები.
პოემა ორი ნაწილისაგან შედგება- "თორღვა ძაგანი მუცოში" და "თორღვა ძაგანი ქვესკნელში".
თორღვა პეომაში წარმოდგენილია არა მხოლოდ გმირად, არამედ ბრძენადაც. მას დაბადებიდან თან დაჰყვა ღვთიური ნიშნები-სისხლიანი მარჯვენა, ერთ ბეჭზე მთავრე, მეორეზე მზე და მათ შორის ჯვარი. ამით მითითებულია, რომ იგი ჩვეულებრივი ადამიანი არაა.
სისხლიანი მარჯვენა მოწმობს, რომ იგი მრისხანე და ძლიერი ძალაა, ბოროტისა და კეთილის მიღმა მდგარი. იგი თავადაც გრძნობს, რომ რაღაც უხილავი ძალა განაგებს.
თორღვა თეთრ ყორანს მისდევს, უცებ მყინვარის კარი გაიხსნა და ქვეშეთში ჩავარდა, სადაც ხვდება ვეშაპი, რომელიც გრძნეულ ჯაჭვს აჩუქებს. იგი აისხლეტს ისარს და მახვილს არ იკარებს.
ვაჟა-ფშაველას "გველისმჭამელიდან" ხოგაის მინდიას სახე გვახსენდება . . . როგორც ხოგაის მინდია გველის ხორცის ჭამით იქცა ბრძენად, თორღვა ვეშაპის მეოხებით სრულ ღვთაებად იქცევა. მაგრამ ერთხელ საბანაოდ წყალში ჩავიდა და ჯაჭვი ნაპირზე დატოვა. ჯაჭვი ქვესკნელს დაუბრუნდა. მინდიას დარად თორღვაც ისევ მიწიერ კაცად იქცა, რაც სიკვდილის მოახლოების დასტურია.
რადგან მითოსური პერსონაჟი განუწყვეტლივ მოგზაურობს ხილულ და უხილავ სამყაროს შორის, იღუპება და კვლავ აღდგება, იგი მარადიულ სახედ იქცევა.
ბეჭზე მთავრე და მზე იმიტომ ახატია, რომ ისინი ქართული წარმართული ღვთაებანია. ხევსურეთში ერთ ერთ მთავარ ღვთაებად პირიმზის ხატი ითვლებოდა. მზე მდედრი ღვთაებაა, მთვარე-მამრი. თორღვა მზისა და მთვარის ძეა, ღვთაებებთან წილნაყარი.
თორღვას ფშაველი ჩოთას ისარი მოხვდა მზე და მთვარე ჩაუქრა. თორღვას სიკვდილი ღვთაებრივი ატრიბუტის ჭკნობით დაიწყო და გადადის ჰადესში, სადაც ახალი სიცოცხლით შეიმოსა: "შენი სიკვდილი არ შეიძლება, შენ უნდა იდგე სანიშნო სვეტად, რომ არ გამოლბეს ჯილაგის ყუა, არ დაჭაობდეს წოლით და ჭამით. შენ უნდა იდგე მზე-მთვარის შუა და ფოთოლივით გემუროს ჟამი!"
მზესა და მთავრეს შუა ჩახატული ჯვარი კი ქრისტიანული რწმენის სიმბოლოა (სიმბოლიკაა), ქრისტიანობის ორიგინალური ნაერთი, თორღვა ძაგანი წარმართულ-ქრისტიანული გმირია."თორღვა ძაგანი" გამოირჩევა სადა და ნათელი მეტყველებით.
ორიგინალურია მის მიერ სიტუაციების გააზრება.
" მე წუხილი მჭირს უკანასკნელ ჭირად, ამ წუთისოფლის კედლები მზარავს. ჩვენ ვცხოვრობთ ბებერ ღრუბლების ძირას და ქარი ებრძვის დროებით კარავს. ორმოა ჩვენი წერა და ბედი, ცით დახურული უკუნო ორმო, ორმოში ვჩნდებით, ორმოში ვკვდებით, სულ თავდახურულ ორმოში ვცხოვრობთ". თანამედროვე ლითერატურას ნაკლებად გამოჰყავს აქტიური, ძილერი პიროვნება, ხელოვანს უწევს უკუქცევა ისტორიისაკენ. ამიტომ მიაპყრო თორღვას ყურადღება პოეტმა, გვაჩვენა მითოსური პერსონაჟის ცხოვრება, რათა "თორღვას ფესვის ახალთაობას, თორღვას ვეშაპი უღვივოდეს თვალში!"

"ლიტერატურული საქართველო" 1980წ. , 15 აგვისტო.




მოხუცთა სოფლები
(წერილი დაცარიელებულ სოფლებს, მათ ეხება.)

45 გატიალებული სოფელი, ნანგრევებით სავსე რაჭა, ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი . . . ვინც დარჩა ისინიც სადღაც მიიჩქარიან, წასვლას ფიქრობენ. გუდამაყრის ხეობას მთლიანად დაცლის საშიშროება დაემუქრა, ყველა დარდობს, განიცდის, მაგრამ არავინ იკვლევს მიზეზს, არავინ კითხულობს რატომ?
მ. წიკლაურმა დასვა კითხვა და სცადა კიდეც პასუხი გაეცა მისთვის, დაადანაშაულა იმდროინდელი ეკონომიკური პოლიტიკა, გაუმართლებელი ექსპერიმენტები, რომლებმაც სოფლის მეურნეობას დიდი ზარალი მიაყენა. აბაშაში კულტურები განადგურდა, მთაში-ცხვარი. მშრომელი გლეხი მშიერი დარჩა. მეცხვარე კაცი სარჩოს ძიებამ ქალაქის საყსაბოში მიიყვანა. ასე დაიცალა მთა . . .
მ. წიკლაური წინააღმდეია მთიდან ბარში მასობრივი ჩასახლებებისა, მართალია, მწირი ადგილებიდან მოსავლიან მიწებზე დასახლება მოსახლეობისთვის დიდი შერავათია, მაგრამ ეს ჩვენი ერის ერთ-ერთ უდიდესსა და შეუცვლელ სიმდიდრეს- ეთნოგრაფიული კუთხეების სიმრავლეს, დაემუქრა. "ყოველი კუთხე ხომ ჩვენი სულიერი კულტურის დიდი საგანძურია და თვალისჩინივით მოფრთხილება უნდა" მშორმელ გლეხს კი პირობები უნდა შევუქმნათ, მისი პროდუქციის წარმოებისა და გასარების პრობლემა აღარ უნდა იყოს. სოფლის მეურნეობის გარეშე კი ქალაქი ვერ იარსებებს.

"ლიტერატურული საქართველო" 1976წ., 3 სექტემბერი
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Wed May 06, 2009 10:56 pm



ეს კი მამუკა წიკლაურის ვებ-გვერდია - http://publish.dlf.ge/vaxtangvi/mamukaciklauri/index.htm
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Wed May 06, 2009 11:00 pm



ისევ ჩაიცვი ჭრელი მინდორი

ნამსხვრევებიღა დარჩა, სალომე,
იმ მიწისძვრის დროს დავარდნილ სარკის.
მოდი, შევკრიბოთ ეს ნამცეცები,
წარსული ისევ შევაკოწიწოთ.
მე მინდა ისევ აღგადგინო ნამსხვრევებიდან,
შენც მომეხმარე - აღვსდგე - სარკის ნამსხვრევებიდან.
ისევ ჩაიცვი ჭრელი მინდორი,
თმებში ცის ნამი ჩაიბნიე და გამიცინე.
მე ისევ გეტყვი - დავბრუნდები აუცილებლად!
შენ მიპასუხე - სამუდამოდ დაგელოდები!
. . .
დრო და ჟამი კი კვლავ ამბობენ ათასჯერ ნათქვამს:
- აქ, ჩვენთან ხდება დამსხვრევა და განადგურება,
ხოლო აღდგენა და აღდგომა ზეცაში წყდება...
მე მაინც გეტყვი - დავბრუნდები აუცილებლად!
შენ მიპასუხე - სამუდამოდ დაგელოდები!



როგორც ირემი...

ხედავ, როგორი სიყვარული აქვთ
მუხას და გრიგალს,
რა თავგანწირვით და თავშეწირვით
ეხვევა მუხას აშარი ქარი!
... მე კი სხვაგვარად მიყვარხარ -
შორეული ხარ და შემოგყურებ,
როგორც ირემი შეჰყურებს მთვარეს.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Wed May 06, 2009 11:02 pm

უმარტივესი მეტაფორა

როგორც სინათლე აუნთებელ სანთელში,
როგორც ფოთოლი გაუშლელ კვირტში -

ასეთი იყო ის სიყვარულიც
და სამუდამოდ ასეთად დარჩა.

როგორც სინათლე აუნთებელ სანთელში,
როგორც ფოთოლი გაუშლელ კვირტში...



პრობლემა, 2004 წელი
(იუმორივით)

ისეთი დროა, იმდენ რამეს იგონებენ, რომ,
რა იცი, უცებ უკვდავებაც გამოიგონონ!
ამ შემთხვევაში პრობლემებიც უხვად გაჩნდება -
ჰაერის, მიწის, ენერგიის, წყლის პრობლემები.
ადამიანებს გაუჭირდებათ უკვდავებასთან ადაპტაცია.
აიმართება დიდი პრობლემა:
სიცოცხლით დაღლა და დაქანცვა.
მე, პირადად, ერთი კერძო პრობლემა გამიჩნდება:
სამარადისოდ როგორ ვუყურო
საჭმლის საყლაპავ სისტემაზე მიჯაჭვულ ტიპებს -
თავს რომ ომიდან დაბრუნებულ გმირებად თვლიან?!
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Wed May 06, 2009 11:03 pm

პოეტები, 1998 წელი

დევნილობაში და შერისხვაში,
შიმშილობაში და სიცივეში,
უსასოობის ჯურღმულებში დავიფანტენით.

ჩვენ მხოლოდ მთვარე გვისაკლისებს,
მთვარე დაგვტირის;
ჩვენ მხოლოდ მთვარეს ვეცოდებით,
მთვარეს შევტირით;
მაგრამ ერთმანეთს ხმას ვეღარ ვაწვდენთ -
დავიკარგენით ჩვენს ტკივილებში,
ჩვენს ჭრილობებში დავიკარგენით.

მოწამლულ სისხლით აგვევსო გული,
ფილტვებს მოწამლულ ჰაერით ვბერავთ -
ასე ვიხრჩობით, ასე გავდივართ
ლექსებიდან და მთვარიანი ღამეებიდან.

... ნეტავი, ერთად მაინც დაგვმარხონ
და დააწერონ:
აქ დავმარხეთ მთვარის შვილები.



ჰერბარიუმი

როგორ გავფლანგეთ ერთმანეთი!
რა უმოწყალოდ გავანადგურეთ -
რაც გვაჟრჟოლებდა, რაც გვანთებდა, რაც გვაერთებდა!
ასე მგონია, ჩვენ განვდევნეთ მთვარე მთებიდან
და გავამეფეთ მის ნაცვლად ღამე.
... თუმც ესეცაა -
ვის დაუზოგავს გაზაფხული - ჩვენ დაგვეზოგა?
წვეთ-წვეთობით ვის გამოუზოგავს,
წვეთ-წვეთობით რომ გამოგვეზოგა?
- სალამი ჩვენო განადგურებავ!
აღარც მე ვარ და აღარც შენ ხარ,
ჰერბარიუმში, ერთ ფურცელზე დაგვასაფლავეს -
ჩვენ ახლა მხოლოდ ჰერბარიუმის
ყვავილები ვართ.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Wed May 06, 2009 11:04 pm

ენა, 2002 წელი

ჩვენ შევესწარით - ენა სულს ლევდა
და ანტიენა ბატონდებოდა.

ენას წაერთვა ძალი და მადლი -
სიტყვები ვეღარ ჭრიდნენ გასაჭრელს
და უბრძოლველად გამორბოდნენ ბრძოლის ველიდან.
ენას წაერთვა ძალი და მადლი -
ხალხი ამ ენით ფიცს ვეღარ დებდა,
ვერც სალოცავში ილოცებოდა
და ვეღარც თავის წინაპრებთან ლაპარაკობდა.

გამოაცალეს ჩვენს ენას რკინა
და ტყუილების თავშესაფრად აქციეს იგი,
კაცჭრიჭინები გამოეფინნენ
და ჭრიჭინებდნენ ანტიენაზე.

... ჩამოიარა პაპაჩემის აჩრდილმა გზაზე,
შეჩერდა, ყური დაუგდო ჭრიჭინს
და ეს იკითხა გაოცებულ-გაკვირვებულმა:
- სად წავიდნენ სიტყვები?
- ვინ დახოცა სიტყვები?
- რა ომი იყო ასეთი ომი?!



შეპასუხება

ნუ მეუბნები - წავიდა და აღარ არსებობს.
. . .
მაშ ეს რა არის, ეს ტკივილის ქვები რა არის?
მაშ ეს რა არის, რაც ტკივილის ქვებით შენდება?
. . .
ნუ მეუბნები - რაც წავიდა, აღარ არსებობს.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Wed May 06, 2009 11:34 pm

დღიური, 1994 წელი

გამომძიებლებს უწამებიათ
და გონებიდან გადასული დაბრუნდა სახლში.
როგორც კი გაზაფხულის წყლები აირევა,
ეგაც წყალივით იმღვრევა და საშიში ხდება.

წუხელ მამამისს დასდგომია შიშველი ხანჯლით:
- შესაწირავი ცხვარი ხარ და უნდა დაგკლაო.

... და აი, ახლა თოკით შეკრული სამ კაცს მოჰყავდა -
ორნი აქეთ-იქით ედგნენ, მესამე - ზურგიდან.

რომ დამინახა, ქვას მიადგა ორივე ფეხი,
შემომაცქერდა და შემომტირა:
- აი, ხომ ხედავ, საგიჟეში უნდა შემაგდონ,
ვეღარ გავუძლებ იქაურ მხეცებს -
იმათ რეჟიმს და რეზინის ჯოხებს,
მიშველე რამე, - გადმომამხო მღვრიე თვალები.

... მაგრამ მაშინვე შემატყო, რომ ვერ ვუშველიდი,
ვერ ვიხსნიდი და მოჭრილ ხესავით,
უცებ მოერღვა, ჩაეშალა მთელი სხეული.
დაძრეს. მიაწვნენ. წაიყვანეს.
ჩემი იმედი გამოეცალა -
დამსუბუქდა და ფეხი ვეღარ მოსდო მიწაზე,
დამორჩილდა და ბუმბულივით წაეღებინა.

გულმა მირჩია: მიდი, გადასჭერ
თოკები, რითაც ეგ საწყალი შეუბოჭავთო,
მაგრამ... გული ხომ ყოველთვის მარცხდება
დიქტატორ გონებასთან კამათში.


პატიმარი, 1993 წელი

ჯიქის ღრიალი გამოვარდა ზოოპარკიდან.
თავისუფლება კვნესის ამ ხმაში -
ჯუნგლებისა და ტრამალების თავისუფლება;

მაგრამ მისი ხმა აღარ ისმის ამ ყრუ ქალაქში,
ვეღარ აღვიძებს ჯიქის ხმა იმათ,
ვისაც ყურები შიშისაგან ამოეგმანა
და ენებიდან ამოსჩქეფა თხლემ და ტალახმა.

აკი ჯიქების ქალაქი ვართო?!
ჩვენს სისხლშიც ჯიქის სისხლი ბრდღვინავსო?! -
მაშ, თქვენც იგრგვინეთ და ჯიქივით მიაწყდით ღობეს,
თქვენც გამწარებით ჩააფრინდით კბილებით რკინას...

ჯიქის ხმა შეწყდა, ეს იმას ნიშნავს -
იგი დაეცა მიწაზე და ცრემლები წასკდა;
ის ან ღრიალებს, ეჯახება ფოლადის კედლებს,
არადა - ტირის...
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Wed May 06, 2009 11:35 pm

შენც ხარჯიხვივით შემართე რქები

ფარვანასავით დაიწვაო -
ასე ამბობენ სიყვარულით დახოცილებზე.
. . .
ფრთების ბრალია, გაგიჟებულ ფრთების ბრალია! -
ფრთებს მიაქვთ გული ცეცხლისკენ და აღსასრულისკენ;
ფრთები და ცეცხლი მიიწევენ ერთმანეთისკენ -
ჩახლართვისაკენ, ჩაწვისაკენ, ჩანავლებისკენ;
მათ უნდათ იგრძნონ ერთმანეთი და განადგურდნენ.

ქალის სიცილმა დაგათრო, ალბათ,
შენ ხომ მის სიცილს საშინელი სიხარბით სვამდი;
ქალის ღიმილმა დაგათრო, ალბათ,
შენ ხომ მის ღიმილს საშინელი წყურვილით სვამდი;

შენც ხარჯიხვივით შემართე რქები,
კლდეზე მეტოქის გადასაგდებად;
მაგრამ შენ ისე მთვრალი იყავი,
რომ ვეღარაფერს ვეღარ ხედავდი -
დაბარბაცდი და გადაეშვი მაღალი კლდიდან.
. . .
ფარვანასავით დაიწვაო -
ასე ამბობენ სიყვარულით დახოცილებზე.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Wed May 06, 2009 11:36 pm

იასეს ფოთოლცვენა

დაიღალა სისხლი, გულიც დაიღალა,
დაიღარა შუბლი და მზე დაიხარა,
ჩაიღვარა ტყეში ფოთოლცვენის ხანა.
. . .
ზის ბრმა იასე, წარსულისკენ გაიყურება;
სიბნელით სავსე ოკეანეში
სასწაულებრივ განათებულ კუნძულს გაჰყურებს -
სროლით, ყიჟინით, თქარათქურით
მიაქროლებენ ცხენებს მაყრები.
იასეს ლურჯაც აქ იტოტება,
თვითონ იასეც ყელს აქ იღერებს -
ქარი, იასე და მაყრები ერთად ხვივიან.

ზის იასე და წარსულისკენ გაიყურება.
თუმცა... ხანდახან მისი ბრმა მზერა
მომავლისკენაც გასხლტება ხოლმე -
სასაფლაოსკენ, სიჩუმისკენ და სიბნელისკენ.
ამ დროს იასე თავისსავე თვალს უჯავრდება
და განათებულ კუნძულისკენ აბრუნებს მზერას.
. . .
დაიღალა სისხლი, გულიც დაიღალა,
დაიღარა შუბლი და მზე დაიხარა,
ჩაიღვარა ტყეში ფოთოლცვენის ხანა.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Wed May 06, 2009 11:36 pm

სეხნია უშარიძის დაკარგვა

წავიდა, გაქრა. დაიკარგა.
არ უკივლია თეატრალურად:
გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარო;
არც პატიების წერილები დაუწერია -
თვითმკვლელები რომ ტოვებენ ხოლმე.

წავიდა, გაქრა. დაიკარგა.
არც ყოვლისწამლეკ ზვავს წაულეკავს
და არც უფსკერო უფსკრულს ჩაუნთქამს -
თუ კაცი ვერა,
ყვავ-ყორნები ხომ მიაგნებდნენ
და ყვავ-ყორნების ადათ-წესით დაიტირებდნენ...

წავიდა, გაქრა. დაიკარგა.
ჭორები ჭორებს გადაებნენ - გრძელ ჯაჭვად იქცნენ.

... დანამდვილებით მე და მთვარემ ვიცით, რაც მოხდა:
ის, შუაღამე რომ გადავიდა,
ადგა, აკრიფა ფუნჯები და საღებავები,
მერე აიღო თავისი სევდა, ასწია მძიმედ,
გავიდა გარეთ და შეუერთდა
იმ ყოველივეს, რაც გარეთაა -
ყაყანის, ჯგლეთის, გრიალის და დგრიალის გარეთ.
ის ხომ არ იყო აქაური, სხვაგნელი იყო
და იქ წავიდა, საიდანაც მოვიდა ერთხელ -
აქ "გარეთ" იყო, იქ კი "შინ" არის.
აქ უცხო იყო და უცნაური,
ვერ შეგვეჩვია, ვერ დამკვიდრდა და გაგვეცალა.

გული მიტირის -
რომ გაქრა და ჩვენ აქ დაგვტოვა,
იმაზე ვტირი.



ინფორმაცია

თავი მოუკლავს - ციანიდი დაულევია.
ალბათ, იმაზე მეტს წუხდა და იტანჯებოდა,
ვიდრე გულს ჰქონდა ამის შეძლება.

იმაზე მეტი საფიქრალი თუ დაესია,
ვიდრე ტვინს ჰქონდა ამის შეძლება
და მის სხეულში ურდოსავით შეიჭრა ფიქრი.

ალბათ, იმაზე მძიმე კითხვა მოხვდა მის ციხეს,
რაზეც გათვლილი იყო კედლები
და ურნალებმა შემოლეწეს ციხე-ქალაქი.

ალბათ, იმდენი ტვირთი აიღო,
რომლის ტარებაც ვერ შეიძლეს იმისმა მხრებმა
და ჩაიკეცა... თავი მოიკლა.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Wed May 06, 2009 11:37 pm

დასასრული

გაბრწყინებულა სალომე მზის უკანასკნელ სხივით,
გადაუვლია სიყვარულს, გულების ჟივილ-ხივილს,
გადაუვლია სიყვარულს - დიდი არწივის ყივილს.
. . .
სულ ცოტა დარჩა დასასრულამდე,
ცოტაც და, ჩვენს მზეს სული ამოუვა;
მდინარეებიც გაჩერდებიან, - დავიქანცეთო, -
დაიჩივლებენ;
ჩვენი ქარებიც დაიძინებენ,
ჩვენი სარკმლებიც ჩაღამდებიან.
ყველაფერი ჩათავდება, ჩანავლდება, ჩაქრება...
მეხსიერებაც, რასაც ჟამისგან
განწირულები თავს ვაფარებდით;
მეხსიერებაც - სადაც დევნილნი,
ცივ და წვიმიან ამინდებში ვიყუჟებოდით;
მეხსიერებაც რკინის ფარცხით ჩაიფარცხება.
არ შეგეშინდეს! მზე ჩაქრება, მთვარეც ჩაქრება,
მდინარეებიც გაჩერდებიან,
ვარსკვლავებიდან ძირს ვეშვებით, არ შეგეშინდეს!
. . .
გაბრწყინებულა სალომე მზის უკანასკნელ სხივით,
გადაუვლია სიყვარულს, გულების ჟივილ-ხივილს,
გადაუვლია სიყვარულს - დიდი არწივის ყივილს.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Wed May 06, 2009 11:38 pm

ქრონიკა

ჩვენს ირგვლივ დიდი საიდუმლოს სამფლობელოა,
ვინ შეგვახედებს იმ სამეფოს ჭუჭრუტანაში?!
. . .
დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა.
სამედიცინო ექსპერტებმა მიკაფ-მოკაფეს,
გულიც გაუჭრეს, ფილტვიც, ღვიძლიც, თავშიც ჩახედეს;
სისხლიც გასინჯეს, გამორიცხეს ტრომბის ფაქტორი...
ბევრი ეძებეს, მაგრამ ამაოდ -
სიკვდილის მიზეზს ვერ მიაკვლიეს.
ასეც ჩაწერეს ბოლოს ოქმში -
ვეძებეთ და ვერ ვიპოვეთო.
... წინა დღეებში მეგობრისთვის შეუჩივლია:
ძილში ირინე არა მშორდება,
სულ ხელს მიქნევს და სულ შემომძახის:
- წამოდი ჩემთან, ადე, ვიდრე გათენდებაო;
გამეღვიძება, დამეძინება - კვლავ იმას ვხედავ!..
ირინე მისი მეუღლე იყო -
ათი წლის წინათ დაიღუპა კატასტროფაში.
. . .
ჩვენს ირგვლივ დიდი საიდუმლოს სამფლობელოა,
ვინ შეგვახედებს იმ სამეფოს ჭუჭრუტანაში?!



ზარი დარეკე, სიყვარულო

დააკაკუნე სიყვარულო, ზარი დარეკე,
თუ კიდევ მოსვლას დააპირებ, შეგვატყობინე.

დააკაკუნე სიყვარულო, ზარი დარეკე,
რომ დაგიმალოთ თოფები და შხამის აბები,
რომ დავაბლაგვოთ გალესილი დანის პირები.

ნიშანი მოგვეც, სიყვარულო, გაგვაგებინე,
აყვავილებულ მინდვრებს მოჰყვები,
თუ სიბნელის და სისასტიკის ხეობით მოხვალ;
ცრემლი მოგაქვს თუ მზის ზეიმზე გვეპატიჟები?
ნიშანი მოგვეც, სიყვარულო, შეგვატყობინე,
იის თანხლებით შემობრძანდები,
თუ მეწყერივით მოხეთქილი დატირებებით?

დააკაკუნე სიყვარულო, ზარი დარეკე,
თუ კიდევ მოსვლას დააპირებ, შეგვატყობინე.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Wed May 06, 2009 11:39 pm

იოსების სიკვდილი

აი, ლამპამ ჩაიწია, ნავთი ამოიცალა,
გულსაც ეყო, რაც იგრგვინა, იომა და იწვალა,
ვერ ვიტყვით, რომ იოსები უცებ გარდაიცვალა.
. . .
ჯერ ერთხელ "გააკულაკეს" იგი -
გაირეკეს რქამაღალი ხარები
და დოღებში მონავარდე ცხენები;
ახლა მეორედ "გააკულაკეს" -
გაფხიკეს თევზის ხერხემალივით.
არც ეს აკმარეს, მიუცვივდნენ და დაიჭირეს:
- მტრის მხარეზეა, სტალინის გზას არ მიჰყვებაო.
... ჯოჯოხეთიდან დაბრუნებულს კი
სხვა ჯოჯოხეთი დაუხვდა სახლში:
დედ-მამა მის ჯავრს გადაჰყოლოდა,
ცოლი კი ცოლად იმ კაცს დაესვა,
ვინც გაირეკა ხარები და ლურჯა ცხენები.
... აიღო თოფი და ის ერთი ზუსტი გასროლა
სასამართლოში შეაფასეს ათწლიან ციხედ.
ასე, ხანგრძლივად კვდებოდა იგი,
დღეს კი სიკვდილი სამუდამოდ მიეპატრონა.
. . .
აი, ლამპამ ჩაიწია, ნავთი ამოიცალა,
გულსაც ეყო, რაც იგრგვინა, იომა და იწვალა,
ვერ ვიტყვით, რომ იოსები უცებ გარდაიცვალა.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Wed May 06, 2009 11:40 pm

საბა ჭანგური, 1992 წელი

აქ, მურჯახეთში შემომაღამდა
და ეკლესიას შევეხიზნე ღამის სათევად.
დასავლეთიდან ჩამავალი მზე შემობრწყინდა
და ეს წარწერა გაანათა:
"ქრისტე, შეიწყალე საბა ჭანგური."
საბაც აქაა, მარტო არ ვარ, მასპინძელი მყავს.
ის მეთერთმეტე საუკუნიდან, მე - მეოცედან
ხელს ვუწვდით ერთურთს.
გარდაცვლილები რაღაც ფორმით მაინც ცოცხლობენ,
თუ ყურს დაუგდებ, იმათ ხმასაც კი გაიგონებ,
ოღონდ არა თქვა - მურჯახეთის წყალი ხმაობსო;
ღამის წიაღში სიცილი და ტირილიც ისმის,
მაგრამ არა თქვა - ქარის ხმააო...
- ღვინო მესხური "წრიოხია", ვერ დაიწუნებ,
თაფლი და პური აქაური, ჯავახურია, -
მეუბნება და მთელი ღამე საუბრობს საბა:
როგორ აგებდა ამ ეკლესიას,
როგორ მოჰქონდა ქვა შორეულ კარიერიდან,
როგორ შეაკვდა მისი ვაჟი თურქს შემოსეულს...
ბოლოს მე მკითხა: - შენ რატომ დუმხარ?
რა სროლაა და რა კვამლია თბილისის ცაზე?..
გათენდა კიდეც - მზემ ახლა უკვე
აღმოსავლეთის სარკმელიდან დახედა ნაწერს:
"ქრისტე, შეიწყალე საბა ჭანგური."
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Sun Jun 21, 2009 6:59 pm

მამუკა წიკლაური

სიმღერა

თუ მომკლავ, არაგვზე მომკალ,
იქ დამეწიე, სიკვდილო, -
მარტო არ დავრჩე, ჩემს გვერდით
შავმა არაგვმა იდინოს,
ჟამი-ჟამ ჩვენი ქედების
ქედანმა გადამიფრინოს.

ჟამი-ჟამ ყურში ჩამიდნეს
თოვლი თოვლისფერ მთვარისა,
მეც გავიგონო ჩურჩული
მთების ლამაზი ქალისა -
ათასჯერ აყვავებულის,
ათასჯერ ჩამომდნარისა!

შუაღამისას არაგვზე
ჩამოიარონ დევებმა -
ღამის ძმებმა და შვილებმა,
არაგვის ძუძუმტეებმა,
დადგნენ და დამკრან ბეჭებზე
თავის ტოტები ვეება.

შემოიტყუოს კლდემ ჩრდილი
და გვერდით დაიწვინოსა.
დათხოვდნენ ლაღნი ვარსკვლავნი,
გასცდნენ ცის სანაპიროსა,
მე კი ყველაზე ლამაზმა
ვარსკვლავმა დამიტიროსა.

იმ ვარსკლვლავს ხელი მოვხვიო,
ჩემი ქორწილი მეგონოს,
ჩემი პატარძლის ცრემლები
მთვარემ გვირგვინად შეკონოს
და მექორწინე მაყარმა
დაცლილი ყანწი მესროლოს.

იღრეონ გადასულებმა
ამ ჩვენი ხეობისამა:
შემოაბუქოს ჭალები
თეთრონმა ბუთლაისამა,
ჩაბუქნოს სამხარაულმა,
რყევა დაიწყოს მიწამა.

ამღედნენ ბუბუნაურნი,
ძილი წაჰგვარონ ხეობებს
და ჩემი დეკის ყვავილი
ჩემ გვერდით მოირხეოდეს,
დამიძმობილდეს სიკვდილი
და ჩემ სუფრაზე ღრეობდეს.

თუ მომკლავ, არაგვზე მომკალ,
იქ დამეწიე, სიკვდილო, -
მარტო არ დავრჩე, ჩემ გვერდით
შავმა არაგვმა იდინოს,
ჟამი-ჟამ ჩვენი ქედების
ქედანმა გადამიფრინოს.
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Sun Jun 21, 2009 10:02 pm

შSესანიშნავია მამუკა წიკლაურის პოეზია!

ერთი კიტხვა მაქვს ბატონ მამუკასთან: თუ იცნობს დიმიტრი წიკლაურის შემოქმედებას?
Back to top Go down
View user profile
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Sun Jul 05, 2009 11:52 pm

Smile
ძალიან კარგი პოეტია მამუკა.

მისი ლექსია "გაგა". ამ ლექსმა იმხელა გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ავდექი და დავწერე "გაგას ცხენი" Smile
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Guest
Guest



PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Sat Sep 19, 2009 5:29 pm

მამუკა წიკლაური:

ცხრა შეშლილი სტუმარი

მე ავადა ვარ. დაუდგენელი ავადობა მჭირს. მაღალი სიცხით ვიბუგები. მწარე წამლებით ვარ გათანგული. წამლებს მასმევენ, თუმცა ყველამ იცის, ვერა წამალი ვერ მოარჩენს ჩემს ავადობას. მე ფიქრები მჭირს, ფიქრები მჭამენ და ნაღმებივით დაცურავენ გულში და ტვინში. როცა იქნება, აფეთქდებიან!... ანდა, ვინ იცის, აფეთქდნენ კიდეც...

ავად ვარ. მნახველები ჩვეულებრივ მოდიან. ზოგს მართლა სტკივა ჩემი ტკივილი; ზოგი ახლობელთა რეგისტრაციაში ტარდება, ზოგიც ინტერესს იკმაყოფილებს: მივალ და ვნახავ - მართლა ხომ არ შეიშალაო?..

ჩემს სანახავად შეშლილებიც მოვიდნენ. ცხრანი არიან - ზოგი ჩემი ბავშვობიდან მოვიდა, ზოგი - საიქიოდან, ზოგი კი - აგერ, ამ ქალაქიდან, სადაც დღეს ვცხოვრობ.

"შეშლილებს" ეს წოდება "შეუშლელებმა" მიანიჭეს. შეუშლელები ბევრი არიან, შეშლილები კი ბევრად ცოტანი. ამიტომაა, რომ შეშლილებს სუყველა იცნობს: ბევრს ეცოდება, ბევრი დასცინის, ცოტა ვინმეს კი უყვარს ისინი.

შეშლილებს უკვირთ, რომ იცოდებენ - აპროტესტებენ, შესაცოდები აბა, რა გვჭირსო?! დაცინვაზე არ რეაგირებენ, სიყვარულზე კი პასუხობენ სიყვარულითვე...

...ცხრა შეშლილი შემოვიდა ჩემს სანახავად. შემოვიდნენ და ჩარიგდნენ ჩემს სიცხიან მზერაში. ჩუმად არიან. ხმას არ იღებენ. არ მაწუხებენ - სხვებივით არ მეკითხებიან: რა გტკივა და რა გჭირსო?.. იციან, რაც მჭირს და რაც იციან, ზოგიერთივით იმას აღარ მეკითხებიან...

ლოგინთან ჩამწკრივდნენ ჩემი სტუმრები და სიყვარულით შემომყურებენ - მარტო არ ხარო, აქა ვართო - მაგრძნობინებენ.


კართან რომ ზის და სულ საათზე დაიყურება - ეს გიგოლაა.


1. გიგოლა - გიგო

...ქორწილისათვის ემზადებოდნენ -

არაყებს ხდიდნენ, ლუდს ადუღებდნენ,

მაგრამ... გიგოლას საპატარძლო ზვავმა დაახრჩო.

ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს მიცვალებული,

ურთხლის ხეობის ზვავში ჩარჩა გაზაფხულამდე.

გაზაფხულზე კი, დამდნარ თოვლიდან

ქალის ნაწნავმა ქარვასავით ამოანათა.

ერთი დახედა ამ ნაწნავს გიგომ,

ამოიყვირა ელდიანი ამოყვირებით

და ჩაიკეცა - მუხლებში ჩატყდა.

მას შემდეგ ერთი გიგოლა მოკვდა -

მაგარი ბიჭი, საქორწილოდ დამშვენებული,

ხოლო მეორე, აი, ეს არი:

ხელში ვეება ხორკლიანი ჯოხი უჭირავს,

სულ წუხს, სულ შფოთავს და სულ

სადღაც მიეჩქარება...

- რა იყო, გიგო, რამ აგძრა და აგაწრიალა?

- ურთხლის ხეობის ზვავისაგან მოტაცებული

ქალის ხმა ისმის... იქნებ მივუსწრო

და ქარვისფერი ნაწნავები არ დავანებო

მაგ თეთრ გველეშაპს...


გიგოლას გვერდით ანი უზის.

ანი თეთრია, მთის ბროლივით უელავს სახე.


2. ანი

წყალში ჩავარდნილ ფოთოლს ჰგავს ანი, -

თითქოს წყალს მიაქვს და ვერც მიაქვს

- მიალივლივებს;

ისე მიყურებს, თითქოს მკვდარი ვარ

და შავეთისკენ სევდიანი მზერით მაცილებს -

მემშვიდობება, მეთხოვება დიდრონ თვალებით.

ერთხელ მომიყვა:

- მე და ირაკლი მთაში ვიყავით,

წვიმა მოვიდა და დიდ მუხას შევეფარენით,

ვისხედით ქვაზე და წვიმდა, წვიმდა...

ირაკლიმ მხარზე ხელი მომხვია.

წვიმდა. თბილოდა.

მერე ირაკლი წავიდა და აღარ დაბრუნდა...

არც მერცხლებს მოჰყვა, არც - გუგულებს

წავი - წავიდა...

ანი არცაა "ნამდვილი გიჟი",

სულ ყვავილები უჭირავს ხელში,

კოხტად აცვია, ლამაზად აქვს თმა დავარცხნილი.

ერთი ეგაა, სულ ვიღაცას ელის და უცდის

და სულ ვიღაცას უღიმის კრძალვით...

ეს ლოდინი და ეს ღიმილიც ძლიერ უხდება

ქათქათა ანის -

თითქოს თოვლიდან ყვავილები ამოდიანო...


აი, ის ლურჯი ტასიაა -

თავზე რომ ლურჯი ყვავილების გვირგვინი ადგას,

სილამაზით რომ ლურჯად ქათქათებს.


3. ლურჯი ტასია

ტასიას ცისფერი თვალები აქვს.

ტანზეც ყოველთვის ცისფერებს იცვამს -

ამიტომ ჰქვია მეტსახელად "ლურჯი ტასია".

ისეთი ლამაზია, თვალის გამართვა გაგიჭირდება!

სიმღერა უყვარს,

თუმცა ხატობა-დღეობებში სულ ჩუმადაა.

მარტო როცაა, მხოლოდ მაშინ მღერის ტასია -

ხან ტყიდან ისმის მისი ლურჯი ხმა,

ხან გზაზე მიდის წკრიალ-წკრიალით.

ერთხელ მდინარის ნაპირზე ვნახე -

იჯდა ერთ ლოდზე, თმა გაეშალა

და ისე, ისე, ისე მღეროდა,

იტყოდი, ალბათ, წყალი მღერისო,

ანდა წყლის ქალის ხმა წკრიალებსო.

ახლოს მივედი,

ვთხოვე, კიდევ იმღერე-მეთქი.

უარი არ თქვა - აამღერა მთელი ხეობა,

ის და მდინარე, ის და მთები, ის და ტყეები

ერთად მღეროდნენ.

ამ სიმღერაში ცა და ხმელეთი,

სიყვარული და სინანული შეერთდნენ თითქოს -

თვალი დავხუჭე, გავირინდე და დავინახე,

ცაში, მზის ირგვლივ ფარფატებდა ლურჯი ტასია -

ის აქ კი არა, ცაში მღეროდა.

ხელი მოვხვიე, გავუწოდე ლურჯი ყვავილი.

ტასიას სახე აეფაკლა და ჩუმად მითხრა:

- ვიცი, გიყვარვარ... ცოლად რატომ არ შემირთეო?!


აი, მანათოც! - მოფრენილა პეპელასავით!

სარკმლიდან თეთრი მთებისაკენ გაიყურება.


4. მანათო

მანათო ობოლია. დედ-მამა არ ახსოვს.

- მე აქაური არა ვარო, - გადაჭრით ამბობს

და თავის ამბავს ზღაპარივით ჰყვება მანათო:

- მე ხატაეთის მეფის ქალი ვარ,

მეფეებს ჰქონდათ ცილობა ჩემზე,

მაგრამ ერთ ვაჟკაც დევს შევუყვარდი

და მომიტაცა - ცხრა მთა, ცხრა ზღვა გადამატარა,

შავკლდის არწივმა გადამარჩინა -

დაეწია და ზედ შუაზე გაფატრა დევი.

არწივი ისევ ცაში აფრინდა;

მე კი მივედი - ის ვაჟკაცი დევი ვიტირე

და ველის ქარებს შევეხვეწე, დამარხეთ-მეთქი, -

ჰყვება მანათო და შორეულ მწვერვალებს უმზერს:

- მე აქ ვერ გავძლებ, როცა იქნება,

წავალ აქედან. ამ მთების იქით მელოდებიან,

როცა იქნება, მომაკითხავენ

ჩემი ლამაზი ხატაელები...

- რატომ, მანათო?

რატომ უნდა წახვიდე სხვაგან?!

ყველას უყვარხარ, შენც ყველა გიყვარს, -

ეუბნებიან "შეწუხებულნი".

- გიყვარვართ, მაგრამ მწითურ კოტეს

ვერ ვურიგდები,

ემაგან მოსჭრა ლამაზი ცაცხვი,

ცივწყაროს გვერდით რომ შრიალებდა,

ზედ რომ ქედნები იბუდებდნენ და ღუღუნებდნენ...


მანათოს გვერდით ერეკლე ზის

"ავი ერეკლე" სალ კლდესავით მოღუშულა


5. რერე - იგივე ერეკლე

ზოგი ერეკლეს ეძახის, ზოგი კი - რერეს.

რერე რატომღაც ავკაცს თამაშობს -

იკვეხნის კიდეც - ავკაცი ვარო.

"შესაშინებლად" აბრიალებს უმწიკვლო თვალებს,

აელვებს და აკრაჭუნებს კბილებს.

მოსიარულე ციხე-კოშკსა ჰგავს.

კბილებს "საშიშრად" აკრაჭუნებს;

მაგრამ კეთილზე კეთილია ერეკლე-რერე.

ბავშვები უყვარს - სულ ყმაწვილებს

ასდევს და ჩასდევს -

დაისხამს ხოლმე ბავშვებს კისერზე

და მათ სურვილზე აღმა-დაღმა დარბის ცხენივით,

ხან წყალს გატოპავს, ხან დიდ ლოდებს გადაახტება.

ისე კი... დიდი ავკაცი ვარო, - იკვეხის რერე.

სულ ვიღაც "ბოროტ სარდიონას" უღერებს მუშტებს:

- თუ სადმე შემხვდა, ნიორივით ამოვნაყავო.

- ეგ სარდიონა ვინ არიო? - ჰკითხავენ ზოგჯერ,

- როგორ ვინ არი?! სარდიონა - სარდიონაა,

დიდი "კარტუზი" ახურავს და ჩიბუხს ეწევა...

...ტყვედ ჩავარდნილა რერე ომის დროს,

ომის შემდეგ კი ციხეში ჩასვეს,

ხოლო იქიდან არეული რერე დაბრუნდა.

რო შემოვიდა, ჩამჩურჩულა:

- ნუ გეშინია, მაგ სარდიონას

ხმელი ფიჩხივით მივფშვნი-მოვფშვნიო...


ის კი ტატეა - დაძაბული რომ იმზირება

და ტკივილებით სავსე სახე აქვს.


6. ტატე - იგივე ესტატე

ესტატე უკვე ხანდაზმულია,

თუმცა კი "მგლური სიარული" არ მოიშალა.

რომ შემოგხვდება, მაშინვე გეტყვის:

- გესმის ღავღავი? ისევ მომდევენ!...

- ვინ მოგდევს, ტატე?

- ვინ და, ტურები... ჩემზე კბილებს აკაწკაწებენ...

ძილი რა არი, ძილშიაც კი შემომკივიან.

ჰა, ლომი, ვეფხვი ან თუნდაც მგელი,

მაგრამ მყრალ ტურებს როგორ უნდა შევეჭმევინო?!

"ტურებად" იგი მთავრობის ხალხს მოიხსენიებს -

...ესტატეს მამამ, მესამედ რომ გააკულაკეს,

ვერ მოითმინა და იყვირა:

- საიდან გაჩნდით, ვის გაუჩნდით,

ვის დაემსგავსეთ?!

ძაღლი მიაკვდეს თქვენს ჯილაგს და

თქვენს ლენინსაო!

თოფიც აიღო - მხარში მოხვდა

ტყვია ერთ "ტურას".

აი, ამისთვის გაასახლეს ურალის იქით.

ვეღარ დაბრუნდა ტატეს მამა პატიმრობიდან -

დიდ მყინვარეთში ჩაიყინა მისი ოცნება -

თავის მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნებისა.

მისი სული კი შვილის სულში ახლაც ბორგდება.

შიშის ზვავის ქვეშ გაისრისა ტატეს ბავშვობა -

დედა სულ თრთოდა: სადაცაა ისევ მოვლენ და -

"ხალხის მტრის" ოჯახს

სულმთლიანად დააქცევენო.

მუდმივი შიში შეშლილობად ექცა ესტატეს.


ბუთლა ფეხზე დგას. ვაჟას წიგნი უჭირავს ხელში

და "საქმეშია" - საკუთარ თავს ებაასება


7. ბუთლა

ბუთლა მგოსანია - მიცვალებულთა დამტირებელი.

და ახლომახლო როცა ვინმე გარდაიცვლება,

ისიც დაჯდება, საწერ-კალამს აიღებს ხელში

და ახალგაჭრილ სამარესთან მიმდგარი ბუთლა

სევდიან ლექსით ეთხოვება იმას, ვინც მიდის.

სხვისი ლექსებიც ბევრი იცის ბუთლამ ზეპირად -

გზაზე სულ ლექსის თანხლებით დადის.

- ემაგ ლექსებმა გადარიეს ეგ საწყალიო, -

ჭმუნვით ამბობენ ზოგიერთები.

ბუთლას ისედაც ეტყობა, რომ ლექსის კაცია,

დამამახსოვრდა - ვარსკვლავიან ზეცას შეხედა

და ღიმილით თქვა:

- მითხარით ერთი, ირმის ნახტომს რომ ეძახიან,

ირემი როგორ იფრენდა ცაში?!

ეგ ბილიკები მამაღმერთის ნაკვალევია -

უფალი დადის ღამღამობით ზეციურ გზებზე,

თავს დასტრიალებს, აწესრიგებს ქვეყნიერებას.

...აი, ერთხელ კი, მზიანა რომ გარდაიცვალა,

ბუთლა-პოეტმა უარი თქვა ლექსის შეთხზვაზე;

მიცვალებული სამარესთან რომ მივასვენეთ,

მომიახლოვდა და ჩუმად მითხრა:

- არ დაიჯერო, რომ ლამაზი მზიანა მოკვდა!

ცარიელ კუბოს მარხავენ და მაგათ ჰგონიათ,

შიგ მზიანა წევს.

არა, მზიანა აქ არაა, ქარმა წაიღო;

სულ ასე არი, ლამაზ ქალებს, ლამაზ ყვავილებს

ქარი იპარავს.

ქურდმა ქარებმა შეაგროვეს ეს ვარსკვლავები -

მზიანაც იმათ მიემატება.


ფოთოლას მტკვარი გამოუცურავს,

ჯერ სველი თმები არც გაშრობია.

რა კარგია, რომ ისიც აქაა,

ჩემი ბავშვობა დაბრუნდა თითქოს.


8. ფოთოლა

მე და ფოთოლა ერთ ეზოში ვცხოვრობდით ერთხანს.

ლამაზი, ტანაყრილი გოგო იყო.

სტუდენტობისას ის და მისი ამხანაგები

ზღვაზე წავიდნენ დასასვენებლად.

იქ თურმე ნავი ამოუბრუნდათ და ძლივს გადარჩნენ.

იქიდან დაჰყვა მოჩვენება - მისივე სიტყვით:

სამი, წითლებში ჩაცმული კაცი

სულ თან დასდევდა და დახრჩობით ემუქრებოდა...

ვიდრე "წითლებზე" ლაპარაკს არ ჩამოაგდებდა,

ვერც მიხვდებოდი, ავად რომ იყო.

...ფოთოლამ მტკვარში დაიხრჩო თავი.

გაოგნებული დედა ჰყვებოდა:

- სარკეს ჩახედა, შეტრიალდა-შემოტრიალდა -

რომ გადიოდა, ღიმილით მითხრა:

- დავაგვიანებ, არ შეშინდეო...

რას ვიფიქრებდი?!.

მეზობლისთვის კი პირდაპირ უთქვამს:

- მტკვარზე მივყავარ წითელ კაცებსო...

რას ვიფიქრებდი?! - მეზობელიც ამავეს ამბობს.

...და აი, ახლა, ჩემს ოთახში რომ შემოვიდა,

ვუსაყვედურე, - ეგრე რატომ დაგვზაფრე-მეთქი.

პასუხად ეს თქვა:

- წითელ კაცებს ვერ გავექეცი,

ამიყვანეს და ადიდებულ წყალში ჩამაგდეს;

ნუ შეწუხდები ჩემი გულისთვის,

ჩემთვის აქა სჯობს -

აქ გიჟს მაინც არ მეძახიან.


ეს, რაინდულად რომ შემართულა

და ხელში გრძელი შუბი უჭირავს,

ჯოკია გახლავთ.


9. ჯოკია

...ადრიან დილით გამოდის იგი -

თან ხუთი-ექვსი დაგეშილი ძაღლი მოჰყვება,

და თავს ესხმიან ბუნკერებში შეყუჟულ ვირთხებს.

იწყებს ჯოკია - გამოაღებს ბუნკერის კარებს

და შიგ უეცრად, ელვასავით შეიჭრებიან

მონადირე და მისი ძაღლები...

"ოპერაციის" დასასრულს კი ლხინი იწყება -

ჯოკია ძეხვს და ლუდს ყიდულობს მაღაზიაში.

ძეხვს ნაბრძოლ ძაღლებს უნაწილებს,

ლუდს კი თვითონ სვამს...

რომ შეეკითხო, რატომ ხოცავ ამ ვირთხებსაო, -

ნაწყენი გეტყვის: რა ვირთხები! სადაა ვირთხა?!

მე რუსებს, ჩუქჩებს და ჩინელებს ვანადგურებო.

...და ახლა, ჩემთან რომ შემოვიდა,

ხმადაბლა მითხრა:

- ჩინელები ან მონღოლები თუ გაწუხებენ -

ძაღლებს მოვიყვან და სინსილას გავუწყვეტავო.


შემოვიდნენ და ჩარიგდნენ ჩემს საწოლთან. სიცხისგან ვიწვი, სიზმარ-ცხადი ერთმანეთში მერევა. ჩემ ირგვლივ ბურუსია. ამ ბურუსში კი სანთლებივით ანათებენ ჩემი სტუმრების წმინდა სახეები.

ჩუმად სხედან. მეც ჩუმად ვარ. თითქოს დუმილით ვლაპარაკობთ მე და ისინი. თურმე როგორ მოგვნატრებია ერთმანეთი; როგორ მომნატრებია ეს ანკარა სახეები, ეს უმიზეზო თვალები. როგორ მომნატრებიან "ჭკვიანთა" პლანეტიდან გამოქცეულნი თუ გამორიყულნი...

გული ჩამიწყნარდა. თითქოსდა მწარე ტკივილებმაც გადამიარა, აღარ მეწვის მარღვიელის მახვილით გაფატრული ჭრილობა... ნეტავ არ წავიდნენ, ნეტავი სულ აქ დარჩებოდნენ, ანდა თუ წავლენ, მეც წამიყვანონ, მაგრამ... აგერ, სულ პირველი ტატე წამოდგა: - ტურების ხმა ხომ გესმით! ეგენი ჩემს შესაჭმელად მოდიანო და გავარდა გარეთ; ახლა გიგოლამ დახედა საათს, - ზვავის ხმა მესმის ხეობიდანო. სხვებიც წამოდგნენ, აიშალნენ, ერთმანეთს გაჰყვნენ...

სულ ბოლოს ლურჯი ტასია ადგა, - მეც წავალ ახლა... ჩემს სიყვარულში არ დაეჭვდე, არ გიღალატებ, სამუდამოდ დაგელოდები...

2008
Back to top Go down
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Sat Sep 19, 2009 8:37 pm

მაშ მწარე პოეტიო არა......ლევან ასატიანმა თქვაო. ეს გამონათქვამი ალბათ იმ დროს უხდებოდა. თუმცა გულახდილობა ახლაც არ აკლია ამ პოეტის ლექსებს მაგრამ მწარე არა და ისე ტკბილად ჩამეღვრება ხოლმე......იფ....იფ მაინ რა საოცრია. შავი არაგვის შვილები
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Wed Jun 16, 2010 11:55 am

ფიტულების გამოფენა

მე ფიტული ვარ _ ჟამის ფიტული,
დღეებისა და ღამეების შესაკრებელი;
შენც ფიტული ხარ, სალომე, და მეც ფიტული ვარ _
ჩვენ ჩვენი დიდი სიყვარულის ფიტულები ვართ,
ჩვენ ძირსდაცემულ ფრინველების ფიტულები ვართ;
თითქოს გვაქვს ფრთები,
ბუმბულსაც შლის ზოგჯერ ნიავი,
მაგრამ ეს ფრთები ვერასოდეს აფრინდებიან _
ვეღარასოდეს შეაერთებენ
ცასა და მიწას ფიტულის ფრთები.
ეს ფრინველები ვერ გაშლიან ფრთებს სილურჯეში,
ვეღარასოდეს გაიგდებენ სივრცეს ეს ფრთები
და ის თვალებიც... თუმც რა თვალები?! _
მინის შავი და გამყინავი წერტილებია,
ჩამქრალი ცეცხლი იმზირება ამ თვალებიდან.
თუმც ზოგი ამბობს _ სიბრძნეც ასე იმზირებაო,
ფრთები სიბრძნესაც არა აქვსო, _ ასე ამბობენ.
მოდი, გავშალოთ სურათების ძველი ალბომი,
მოდი, ნისლივით გავეხვიოთ მოგონებებში! _
გეპატიჟებით ფიტულების გამოფენაზე!
მე შენ მიყვარხარ _ შენი მწვანე ფიტული მიყვარს
და ვერ შეღებავს შემოდგომა ამ ფიტულს ყვითლად!


არც დაიღალა, ვერც გაძღა...

ჩამოიქცა წვიმა
ას სევდიან სიმად,
აღარც ზეცა დაიღალა და ვერც გაძღა მიწა.
უსასრულოდ ვჩნდებით,
უსასრულოდ ვქრებით.
არც სიცოცხლე დაილია, ვერც სიკვდილი გაძღა.
მზე სულ მიდის, მიდის,
არ უტყდება ხიდი.
არც სინათლე დაიღალა, ვერც სიბნელე გაძღა.
ხმალი დადნა ლესვით,
ძირს მიგია ძეძვი.
არც იმედი დაიღალა და ვერც გაძღა სევდა.


ჩობალაური

ზამთრის პირია. გავასვენეთ ჩობალაური.
ჩანაღვლიანდნენ, ჩაინისლნენ ხატის ტყეები;
ისაკლისებენ ჩობალაურს, ჩამწუხრდნენ მთები.
მოდის ზამთარი... იმიტომ მოდის,
რომ დაასვენოს ქარებისგან ნატანჯი ტყე და
რომ დააძინოს უძილობით ნატანჯი მთები.
...შენმა სიკვდილმა გამაგებინა,
რატომ და რისთვის მოდის ზამთარი _
შენც დაასვენე ჭინჭრიანში ნათრევი სული
და ცოტა მაინც მოუფონე დაჭიმულ ნერვებს;
დადე წვიმისგან დასველებულ-დამძიმებული
სინანულის და სიყვარულის მაღალი დროშა;
მოვიდნენ შენი წამყვანები, ჩობალაურო!
წუთისოფლისგან დაკეჭნილო, მაღალო ხეო!
მიწა და თოვლი შეგიხვევენ ღია ჭრილობებს,
ქარი კი... ქარი მაგ სიღრმეზე ვეღარ ჩამოვა.
წვიმს უსასრულოდ, აგერ, თოვლიც გამოურია,
ვდგავარ სარკმელთან და გიყურებ თოვლში მიმავალს _
თოვლი მოგყვება, თოვლი ავსებს შენს ნაფეხურებს.
...მაინც რა იყო! _ შენმა წილმა წუთისოფელმა
ასე რად დაგღრღნა, ასე რატომ აგითვალწუნა?!.


ბღაჭიასა და მარღიას მითი _ 2008 წ.

ბღაჭიასა და მარღიას _ ორ ძმას,
ლეგენდები და თქმულებები დაეპატრონენ:
ბღაჭიას ფარზე ლომი იყო გამოსახული
და თუკი ომი მეტისმეტად გაჭირდებოდა _
გადმოდიოდა აღრენილი ლომი ფარიდან
და ბღაჭიაზე წამოსულ მტერს კბილებით ფლეთდა.
ხოლო მარღიას ლომის ფილტვი აჭამეს თურმე
სიყვაწვილეში და მისი ხმა მეხის ხმას ჰგავდა _
ის რომ მღეროდა, ირყეოდა ცა და ხმელეთი
და შიშისაგან მტერი მუხლში იკეცებოდა.
...სხვა ლეგენდები სხვას ამბობენ: ერთხელაც, თურმე,
ვიწრო კლდეებთან შემოჰყრიან მარბიელ თათრებს,
_ გავიქცეთ, ბღაჭო, _ ურჩია ძმამ, _ ბევრნი არიან!
_ არაო! _ ბღაჭომ, _ მე თავის შველა
რბოლით კი არა, ხმლით და თოფით გამიგიაო!
და თათრებს ისე მივარდნიან, მისტევებიან,
ადიდებული მდინარე რომ უტევს ხეობას.
...მათ საფლავებზე ორი დიდი ლოდი დევს ახლა,
გვერდი-გვერდ წვანან ქვები და ძმები.
სოფელი ამბობს: ღამ-ღამობით, თუ ყურს დაუგდებ,
მიწის სიღრმიდან ბღაჭიას ხმლის წივილი ისმის
და ძმა, მარღიაც, ისევ მღერის ლომის ფილტვებით.
ახლახან ვნახე, ორ ლოდს შუა სოლოღა იჯდა,
მთვრალი იყო და ჩასძახოდა მიწაში ბიჭებს:
_ თუ ცოცხლები ხართ, ამოდით და ღვინო დავლიოთ!
_ თუ სიმღერა გსურთ, ამოდით და ვიმღეროთ ერთად!
_ თუკი მანდ ომობთ, საომარი აქაც ბევრია!..


უცხო უცხოთა სოფელში

ჯერ უძრავად დევს ქვა ქვაზე და კითხვა ესევითარი:
_ რა ხნით მაქვს გამოწერილი წერა-მწერელის ქვითარი,
კიდევ რამდენ ხანს ვიქნები ტკივილის ჭვლებით
მდიდარი?..
...
რაც თავი მახსოვს, სიცოცხლეს ვსწავლობ _
მინდა, როგორმე დროის ქარებს შევუწყო ფეხი.
თუმც დროს კი არა... ეს ორი ფეხი
ერთმანეთისთვის ნორმალურად ვერ შემიწყვია.
თითქოს სხვისია, ისე მივათრევ
ქვიანი გზისგან დალეწილ და დაჟეჟილ მუხლებს.
უნდა ვიარო _ მისჯილი მაქვს ეს სიარული,
უნდა ვიწვალო, მეც სხვასავით უნდა ვისწავლო _
სად გადავიდე შეტევაზე, სად მოვითმინო;
სად ვაპატიო, სად არ დავთმო, არ ვაპატიო;
სად მართალი სჯობს, სად _ ტყუილი და სად _ დუმილი;
სად არწივივით ავიმართო მწვერვალებს ზემოთ,
სად მელასავით შევიმალო ჩემს ბნელ სოროში...
უნდა ვიარო, მისჯილი მაქვს ეს სიარული,
თუმცა ვიცი, რომ უაზროა ჩემი წვალება _
იქ ვერასოდეს ვერ მივაღწევ, სადაც მივდივარ.
...ნუ გამამტყუნებთ, ნუ დამცინებთ... ასეთად გავჩნდი,
მე აქ შემთხვევით შემომაგდეს უცხო ქარებმა _
ჩემი საქმე ხომ ვარსკვლავების მომწყემსვა იყო...
...
ჯერ უძრავად დევს ქვა ქვაზე და კითხვა ესევითარი:
_ რა ხნით მაქვს გამოწერილი წერა-მწერელის ქვითარი,
კიდევ რამდენ ხანს ვიქნები ტკივილის ჭვლებით
მდიდარი?..


ბებერი ცაცხვი ჩვენს ნასახლარზე

სახლი აღარაა. ნანგრევებია. ნამოსახლარი _
და ეს ბებერი ცაცხვიღაა ამ მიდამოში,
ვისაც ამ სახლის ბინადართა ამბავი ახსოვს.
და აი, ისიც ხანმორეული მოხუცის დარად,
ერთ და იმავეს ჰყვება და ჰყვება:
...ასე თქვა იმანო, ასე უპასუხა ამანო...
...ასე მიეჭრა ის იმას კარზე
და იმან ტყვია დაახვედრაო...
...სისხლი ემართა, არ შეარჩინეს,
ქუმლისციხესთან წამოეწივნენ
და ფოცხვერაშვილს ჩაულეწეს თავი ქვითაო...
...ჭიდილაშვილის დახვრეტაც მახსოვს:
ესროდნენ, მაგრამ არ იქცეოდა,
მთასავით იდგა, მუხასავით გაიბოტიტა,
შვიდმა ტყვიამ რომ ვერ წააქცია, მერვე ესროლეს.
ბოლოს წაიქცა _ სალი კლდე რომ ჩამოიშლება,
ისე დაეცა
და ისეთ გმინვით ამოიგმინა _
გაიფიქრებდი, დედამიწამ დაიკვნესაო...
...ვეფხვივით იყო ქალი ხვარამზე,
ვეფხვივით ლამაზი, ვეფხვივით საშიში;
სიყვარულითაც ვერვინ შებედა,
გაუთხოვარი დარჩა ხვარამზე...
...ამზეურებს ჩვენი ცაცხვი
დროის სკივრში ჩაობებულ ამბებს,
წვიმას, თოვლს და ქარს ებაასება.
ზოგჯერ მთვარესაც მოიგდებს ხოლმე
ბებერ ხელებში და ეუბნება:
_ შენც ხომ გახსოვსო, _ მთვარეს იმოწმებს;
...მეც არა მტოვებს უყურადღებოდ _
ისღაა ჩემი მასპინძელი და ხმის გამცემი,
ცრემლებს მიმშრალებს ფოთლებით და თან მანუგეშებს.


შორს გაცურა და მერე ვეღარ დაბრუნდა უკან

ასეთი იყო მისი სიყვარული _
ის შეუყვარდა, ვინც არ უნდა შეყვარებოდა,
ვის სიყვარულსაც ადათი და წესი კრძალავდა _
შორს გაცურა და მერე ვეღარ დაბრუნდა უკან.
...სამ დღეს ვეძებეთ.
ბოლოს, ტყის პირას,
ერთი იფნის ქვეშ ვიპოვეთ მკვდარი.
იწვა მინდორში მძინარესავით.
ჭიქაც იქ იყო _ საწამლავი გამოეცალა.
შხამის წვეთიღა შეხმობოდა ბაგეზე ლურჯად.
_ წერილი, წერილიო, _ წერილს ეძებდნენ.
წერილი არ იყო _
ისედაც ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა _
ის შეუყვარდა, ვინც არ უნდა შეყვარებოდა...
შორს გაცურა და მერე ვეღარ დაბრუნდა უკან.
_ გულსაც აღვირი სჭირდებაო,
არც გული უნდა მიუშვაო თავის ნებაზე! _
თქვეს მოხუცებმა ასაკობრივ თავდაჯერებით.
_ მაშინ ისიც თქვით, რა ჯაჭვებით დავაბათ გული! _
ვიფიქრე ჩემთვის და შევხედე გაყინულ ზეცას.


თითქოს ჭინჭარში

რა უდიერად დაიძახეს შენი სახელი! _
მთები დანისლეს, გადაკეტეს უღელტეხილი.
...
ამ ვარსკვლავივით მოკაშკაშე სახეს და სახელს
შხამის და ბოღმის ნიაღვარი გადმოანთხიეს;
რა საშინელი სისასტიკით გამოაცხადეს:
_ გამოვიტანოთ სინათლეზე მათი ცოდვები! _
თითქოს ჭინჭარში ჩაისროლეს ჩვენი გულები,
თითქოს ჩვენს მთვარეს ჭრელი გველი შემოეხვია,
რა უდიერად დაიძახეს შენი სახელი! _
დამბლადაცემულ ტრადიციის ხმა იყო ეს ხმა _
მათ არ იწამეს მთვარის ლოცვა და ენძელების
საგაზაფხულო ამოსვლა და ამომზევება.
როგორც კლდეს მეხი _ მეც არ მიკვირს ეს ქვების
სროლა,
აღარაფერი აღარ მიკვირს! _ მე ხომ იქა ვარ,
სადაც ვარსკვლავებს ხოცავდნენ და დღესაც ხოცავენ...
...
რა უდიერად დაიძახეს შენი სახელი! _
მთები დანისლეს, გადაკეტეს უღელტეხილი.


აბრია გაბიდაური

გაბიდაური შეეზარდა ჩაკეტილ სივრცეს,
სიმარტოვეს შეერწყა და შეეზარდა იგი.
მის კარზე აღარ აკაკუნებენ.
აღარ ჩერდება მის ჭიშკართან ფოსტალიონი.
თავის დღე-ღამეს, როგორც უღელ ხარს,
მიერეკება და მიათრევს თავის სიცოცხლეს.
მიდის და მიდის საკუთარი დასასრულისკენ.
მას არც სიკვდილი გაუჭირდება.
მარტოობიდან _ მარტოობაში,
უკვე შეჩვეულ `ცხოვრებაში~ გადავა იგი.
...ის ახლაც მარტო მისჯდომია სავახშმო სუფრას,
მარტო სვამს არაყს... აქაა და აქაც არაა...
ფიქრობს... ვიღაცას უყურებს და უღიმის ფიქრში.
ვინ იცის, იქნებ, სიყვარული კვლავ ამოდუღდა _
სადღაც სივრცეში მარტოსული ხვდება მარტოსულს,
როგორც ჭრილობა _ ჭრილობას და
ისარი _ მიზანს...
...სახლში ჭოტის ხმა შემოვარდა შავ ისარივით
_ მოხვე მშვიდობით! _ ეუბნება ამ ხმას აბრია
და ჭიქას იღებს: _ გაგიმარჯოს, ბებერო ძმაო,
ცოტა ხანს უნდა ავიტანოთ ეს გასაჭირი,
ცოტა კიდევ და ჩვენი მხსნელის წერილიც მოვა.


სიბრძნე გვრიტია გვრიტიშვილისა
(იუმორივით)

_ ადამიანი როცა კვდება, რა რჩება მისგან?
_ დაცლილი ჭიქა!
ამ სიტყვა-პასუხს მახვილივით დაატარებდა
გვრიტათ გვრიტია.
როდესაც სასმისს ასწევდა და გადიწურავდა,
ლუკმის მაგიერ დააყოლებდა:
_ ადამიანი როცა კვდება, რა რჩება მისგან?
_ დაცლილი ჭიქა!
არავინ იცის, სად გაიგო, სად წაიკითხა
გვრიტამ ეს `სიბრძნე~.
ჩვენთან ამბობდა _ ბერძნებისგან ნათქვამიაო,
სხვასთან კი უთქვამს _ ფრანგებისგან გავიგონეო.
ავტორიცა და შემნახავიც გვრიტია იყო.
...და აი, ახლა გვრიტიშვილი გარდაიცვალა,
უეცრად მოკვდა, ნასმურევზე `გაექცა გული~.
ცოცხლებს მკვდრის მიმართ რაც ევალებათ,
იმას ვაკეთებთ.
პატივს ვცემთ გვრიტას _
ღირსეულად გვსურს გასტუმრება.
თუმცა... კვიმატ ფიქრს რა გამოლევს, გვრიტა, ბატონო?! _
უკვე წასულ კაცს გისტუმრებთ და ვერ გაგვიგია:
შენ არც იქა ხარ, არც აქა ხარ,
აბა, სადა ხარ?!
_ ადამიანი როცა კვდება, რა რჩება მისგან?
_ დაცლილი ჭიქა!..


რას ეუბნება ცა დედამიწას?..

რას ეუბნება ცას დედამიწა,
როცა ნისლები ადიან ზევით?
რას ჩურჩულებენ, რა ამბავი ააქვთ ზეცაში?
რას ეუბნება ცა დედამიწას,
როდესაც მუხას ეგრიხება ელვა ქალივით?
და მუხა კვდება _ სიყვარულის ხელებში იწვის!
რას ეუბნება ცას დედამიწა,
როცა ვულკანი ბოროტების კვირტივით სკდება? _
რა ვერ ეტევა მიწაში და რა ადის ცისკენ?
რას ეუბნება ცა დედამიწას,
როცა ვარსკვლავებს საბანაოდ აგზავნის ტბაში?
რას მიანიშნებს, რას იხსენებს, რას ვერ იხსენებს?
რას ვეუბნებით ჩვენ ერთმანეთს,
რაღა გვაერთებს განშორების დიდ ტრამალებში?
და რაღა ავსებს თავზარდამცემ სიცარიელეს?
_ ცა დედამიწას ეუბნება: მე შენ მიყვარხარ!
_ ცას დედამიწა ეუბნება: მე შენ მიყვარხარ!
...და მეც ჩურჩულით გეუბნები: მე შენ მიყვარხარ!


დიქტატორის მწვერვალი _ 1994 წელი

...და, აი, ისიც! ხომ ააღწიე,
ხომ გადმოხედე მტკვრის ხეობას მაგ მწვერვალიდან,
ხომ დაჩნდნენ ჭიაღუებივით ჭალის სოფლები!
მწვერვალზე დგახარ, გილოცავენ გამწვერვალებას.
დიდი ზეიმის ბურუსით ხარ გარემოცული
და დოლ-გარმონის ხმა გამოდის თავის ქალიდან.
...მაგრამ მუდმივად მაგ მწვერვალზე ვერ გაჩერდები;
რაა მუდმივი, რომ ეგ იყოს სამარადჟამო?
წასვლის დრო მოვა, მაგრამ სად წახვალ? _
ზევით ვერ ახვალ _
ჰაერზე ხომ ვერ ააბიჯებ?!
გვერდზეც ვერ გახვალ _
უფსკრულებში ჩაიჩეხები.
სხვა გზა არაა _ ძირს უნდა ჩაძვრე,
იქიდან როგორც ამოცოცდი, უნდა ჩაცოცდე.
ალტერნატივა ირონიით გიმზერს თვალებში _
ან ჩავარდები, ან ჩაძვრები, ან ჩაგაგდებენ...


"ირმების ღამე"

მოდი, დავარქვათ ჩვენს სიყვარულს `ირმების ღამე~,
`ციცნათელების ამოფრქვევა~ დავარქვათ თუნდაც...
მოდი, დავარქვათ ჩვენს სიყვარულს `დეკის სიმღერა~,
`იების ჩუმი ამოპარვა~ დავარქვათ თუნდაც...
მოდი, დავარქვათ ჩვენს სიყვარულს `აპრილის სუნთქვა~,
`ორი ფრინველის ცაში ასვლა~ დავარქვათ თუნდაც...
მოდი, დავარქვათ ჩვენს სიყვარულს `მთვარის შრიალი~,
`ზევიდან ქვემოთ ჩამოსული ზეცა~ დავარქვათ.
`მწარე ამბავსაც~ დავარქმევდი, `შხამიან გზასაც~,
მაგრამ ცოდვაა სიყვარული,
ამ საზარელი სიტყვებისთვის ნუ გავიმეტებთ,
ნუ გავწირავთ და ნუ გავკიდებთ სახრჩობელაზე,
სიყვარული ხომ... თუკი ზოგჯერ ლომივით ბრდღვინავს,
ზოგჯერ ნავივით იღუპება უეცარ ქარში.
სიყვარული ხომ ისაა, ერთად სამნი რომ
შეჰფარებიან იისფერ ღამეს _
სამნი _ მთვარე და ორი ირემი _
რომ გაჰყურებენ იის სუნით გაჟღენთილ ღამეს...
მოდი, დავარქვათ ჩვენს სიყვარულს `ირმების ღამე~.


ზეცის სტუმრები

ცაში ავყევით ერთმანეთს _ ცად სიყვარულმა გვაქცია
მერე კი წვიმის ღრუბელმა წვიმებად ჩამოგვაქცია.
...
არც ზღაპრები და არც ლეგენდები!
ჩვენ იქ ვიყავით _ იმ ლურჯ გზებზე მიმოვდიოდით,
ჩვენ იქ ვიყავით _ იმ ლურჯ წყლებში მიმოვცურავდით,
ჩვენ დავინახეთ ადამი და იქ იყო ევაც.
ოქროსფერ ცაში და ვარსკვლავებში,
ვერცხლისფერ ნისლში და სიმღერებში,
ქარვისფერ ქარში და სიყვარულში
დავფრინავდით და ვსრიალებდით ქარვისფერ ფრთებით.
არც ის გვახსოვდა, როდის ავფრინდით,
არც ის _ რა ძალამ მოგვწყვიტა მიწას,
არც ის ვიცოდით, ფრენა როდის დასრულდებოდა.
...და როცა მიწას დავეხეთქენით _
ჩვენივე ფრთების ნამსხვრევებმა ჩაკეტეს ზეცა,
ჩვენივე ფრთების ნამსხვრევებმა დაფარეს მიწა.
...სადღაც, ჩვენს ახლო ადამი და ევაც დაეცნენ,
...
ცაში ავყევით სიყვარულს, სიყვარულმა ცად გვაქცია,
მერე კი წვიმის ღრუბელმა მიწაზე ჩამოგვაქცია.


ბურსაჭილი _ 1990 წელი

აღარც ხარი და აღარც მარხილი;
აღარც ხანჯლების და ცელების გამოელვება;
აღარც ცხენების გამონთება მოსახვევებში;
აღარც სიცოცხლე, აღარც სიკვდილი...
მხოლოდ ეს დარჩა _ ქარი და ნისლი,
მხოლოდ ეს დარჩა _ დაღრუბლული დღეების დენა
და... კიდევ შამბი _ ისე ლაღად, ისე უტიფრად
გადაფოფრილი წინაპართა საფლავის ქვებზე,
რომ უცნაური გაფიქრებით, ამასაც იტყვი:
_ ნეტავი წესად შემოიღონ, რომ მკვდარ სოფელსაც,
როგორც გარდაცვლილ ადამიანს, ასაფლავებდნენ!..
ძნელზე ძნელია დაუმარხავ მკვდრის გვერდით ჯდომა,
ძნელზე ძნელია მოყრანტალე ყორნების მზერა,
რომლებიც სიკვდილს ცხრა მთის იქით იგებენ გეშით.


ამ შავეთივით შავ ღამეში...

ეს ხომ ის სიყვარულია, ზეცას რომ შეეხიდება,
რასაც ვერც წყალი წაიღებს, არც ცეცხლი წაეკიდება.
...
ამ წერილს შორი-შორიდან ვგზავნი,
ზღაპრებში როა _ ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ისე შორიდან...
სიშორის ჩემი ნაპირიდან ვგზავნი ამ წერილს
და არც კი ვიცი შენს ნაპირზე მოვა, თუ _ არა.
ამ სიშორეში ქარიშხალი მგელივით დაძრწის
და ამ უკუნი ღამეების ოკეანეში
სინათლის ერთი ნაპერწკალიც არ გაერია;
მხოლოდ და მხოლოდ შავი ისრის სტვენა ისმოდა
და ზარნაშოს ხმა სიკვდილის ხმას ბაძავდა თითქოს...
_ რა უნდა გითხრა ისეთი, რომ ჩემმა ნათქვამმა
ამ შავეთივით შავ ღამეში გამოაღწიოს?
_ ალბათ, ისევ ეს სამი სიტყვა: მე შენ მიყვარხარ! _
ცა-ვარსკვლავეთში ნუგეშივით რომ ავარდნილა;
_ ალბათ, ისევ ეს ორი სიტყვა: არ დამივიწყო! _
ჩემი მუდარა, ჩემი ლოცვა, ჩემი ვედრება...
...
ეს სიყვარული ისაა, ზეცას რომ შეეხიდება,
რასაც ვერც წყალი წაიღებს, არც ცეცხლი წაეკიდება.


ოდე... ოდესღაც

ნუ დამშლი, წუთისოფელო, ამ მზისთვის მაყურებინე;
არადა, რატომ მოვედი _ ის მაინც გამაგებინე!
...
არა, ქედანი არ ღუღუნებს, არც შურთხი უსტვენს _
ეს სალომეა, სალომე მღერის
და ჩემს ბილიკზე გაფენილა მისი თვალები.
სალომე მელის.
მეც მალე მოვალ _ მისკენ ფრთები მიმაქროლებენ,
სათიბებიდან ვბრუნდები და სალომესთვის
წითელი მოცხრის ტოტები და შლიშავი მიმაქვს.
არა, ქედანი არ ღუღუნებს _
სალომე მღერის.
...მაგრამ, ეჰ, ეს ხომ მირაჟია, ეს ხომ ოდესღაც,
ოდე... ოდესღაც და ძალიან ოდესღაც იყო.
...
ნუ დამშლი, წუთისოფელო, ამ მზისთვის მაყურებინე;
არადა, რატომ მოვედი _ ის მაინც გამაგებინე.


სიმღერა
(ასე წავიკაფიავეთ მე და ლეომ, ცოტა
შემთვრალები რომ ვბრუნდებოდით
ილიკოს დაკრძალვიდან.)


_ მიდის ხალხი ზემოთიდან ქვემოთკენ,
ქუხს მიქაელ-გაბრიელის ქვემეხი;
_ გარდაცვლილი ორი `პურისჭამაა~,
ქელეხი და ორმოცი, ორმოცი და ქელეხი;
_ მიდის ხალხი ზემოთიდან ქვემოთკენ,
ქუხს მიქაელ-გაბრიელის ქვემეხი.
_ ჩადის ხალხი ზემოთიდან ქვემოთკენ,
ილექება აუვსებელ ორმოში;
_ გარდაცვლილი ორი `პურისჭამაა~,
ორმოცი და ქელეხი, ქელეხი და ორმოცი;
_ ჩადის ხალხი ზემოთიდან ქვემოთკენ,
ილექება აუვსებელ ორმოში.


კანარის ჩიტი

აი, გალია, რომელშიც ახლაც
ზის სიყვარული _ მოწყენილი კანარის ჩიტი.
...
ზღვაში ტალღების გრგვინვას ჰგავდა ის სიყვარული _
ვერ გავდიოდი ცეცხლისაგან ჩაკეტილ წრიდან
და თვალებიდან _
შენგან დანისლულ ხეობიდან ვერ გავდიოდი...
როგორც ზაფხული, რომელიც ერთი
კარიდან გადის და მეორით _ ისევ შემოდის,
მეც ვერ გტოვებდი _ მივდიოდი და ვბრუნდებოდი;
შენ სულ იყავი _ ხან ღრუბელთან, ხან _ ღია ცაში,
სულ მთვარესავით ილეოდი და ივსებოდი.
დავარქვათ ამას სიყვარული?! ერთი მითხარი
ამ მეხთატეხას სიყვარული როგორ დავარქვა?!
...
აი, გალია, რომელშიც ახლაც
ზის სიყვარული _ მოწყენილი კანარის ჩიტი.


მარადისობის განრიგი

ქალაქის თავზე გიგანტური ღრუბელი დადგა,
თავზე დაგვყურებს სიბრალულით და ირონიით...
მე გავიფიქრე, მარადისობაც
ალბათ, ამგვარად დაგვყურებს-მეთქი.
ღრუბელს რაღაცის თქმა უნდა და ვერ მეუბნება _
რისი თქმა უნდა?
ალბათ, უნდა, რომ პირდაპირ მითხრას:
_ ნუ იყურებით წარსულისკენ, როგორც სიღრმისკენ,
ნუ გგონიათ, რომ სადღაც ძირს დარჩნენ
ბაბილონი და ნინევია, კართაგენი და ალექსანდრია;
უნდა რომ გვითხრას _ გაიხედეთ ჰორიზონტისკენ,
წინ არ მიდიან, მაგრამ სჯერათ, რომ წინ მიდიან,
არადა, მხოლოდ ამოდიან და კვლავ ჩადიან.
ეს ტრამალები მარადიულ ქარებს უპყრიათ
და გუშინდელ დღეს მარადიულ წესის მიხედვით,
ასაფლავებენ, დასტირიან, მიწას აყრიან;
სპარსთა, მონღოლთა ადიდება _ ცხენების თქეში,
ვარიაგების და ჰუნების მტვრიანი გზები
ამ მესაფლავე ქარებმა დაფლეს...
უნდოდა ეთქვა, მაგრამ არა თქვა _
მარადისობის ენა ვის ესმის?!
მარადისობა მარტო იყო და გაჰყურებდა,
როგორ ებრძოდნენ მესაფლავე ქარები გმირებს,
როგორ ებრძოდნენ მესაფლავე ქარებს გმირები...
უდაბნოს გზას მიჰკვალავდა მოსე,
კოლხეთისკენ მიცურავდა `არგო~,
ბაბილონელნი თიხას ზელდნენ ფირფიტებისთვის,
ხოლო პოეტი გილგამეშის პოემას წერდა.
...ახალ-ახალი ბელადები ამოდიოდნენ
და ურდოები ამოჰყავდათ მიწის სიღრმიდან _
აშენებდნენ და კვლავ ანგრევდნენ,
აშენებდნენ და ისევ ანგრევდნენ,
აშენებდნენ და აშენებულს ცეცხლს უკიდებდნენ.
გიგანტურ ბომბებს აკეთებდნენ ასაფეთქებლად _
თან სიყვარულის სიმღერებს წერდნენ...
მომავლიდან მოდიოდა წარსული
და მოსდევდნენ მესაფლავე ქარები...
...უნდოდა ეთქვა, მაგრამ არა თქვა _
აბა, მის ენას და მის ნათქვამს ვინ გაიგებდა?!


ზაფხულის ღამის იეროგლიფი

ღამე აცოცხლებს ვარსკვლავებს და ციცინათელებს _
ღამე დედაა, დღე კი მათი სასაფლაოა.
ღამით იშლება საქორწილო სუფრა ზეცაში
და ღამე ავსებს სიყვარულით მაღალ სასმისებს.
ციდან ლამაზი პატარძლების კისკისი ისმის...
ეს მაშინ, როცა დღე მიდის და ღამე შემოდის
შავი ღვინით და ცეცხლოვანი ფრთების ფრიალით...
ალბათ, არ უყვართ ერთმანეთი დღესა და ღამეს
და ერთმანეთს არ ეხლართება მაგათი გზები,
ვერ ჩატკბებიან ერთმანეთში, ვერ ჩადნებიან
და ერთ ლოგინში ვერასოდეს ვერ ჩათბებიან...
ღამე აცოცხლებს ვარსკვლავებს და იეროგლიფებს _
ვინ წაიკითხავს სიყვარულის ცეცხლში გახვეულ
ზაფხულის ღამის წაუკითხველ იეროგლიფებს?!


cheers
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Sun Jan 23, 2011 2:54 am

მამუკა წიკლაური


***

როგორ გავფლანგეთ ერთმანეთი!
რა უმოწყალოდ გავანადგურეთ -
რაც გვაჟრჟოლებდა, რაც გვანთებდა, რაც გვაერთებდა!
ასე მგონია, ჩვენ განვდევნეთ მთვარე მთებიდან
და გავამეფეთ მის ნაცვლად ღამე.
... თუმც ესეცაა -
ვის დაუზოგავს გაზაფხული - ჩვენ დაგვეზოგა?
წვეთ-წვეთობით ვის გამოუზოგავს,
წვეთ-წვეთობით რომ გამოგვეზოგა?
- სალამი ჩვენო განადგურებავ!
აღარც მე ვარ და აღარც შენ ხარ,
ჰერბარიუმში, ერთ ფურცელზე დაგვასაფლავეს -
ჩვენ ახლა მხოლოდ ჰერბარიუმის
ყვავილები ვართ.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Sun Jun 26, 2011 5:30 pm

მამუკა წიკლაური

მწერლის დემონსტრაცია
(ახალი წიგნიდან: "გაუფილტრავი ფიქრები")

დიდი შვეიცარიელი მწერალი ფრიდრიხ დიურემატი, მიუთითებდა რა მწერლის მოქალაქეობრივ და პატრიოტულ როლზე, წერდა: "მე არასოდეს ვყოფილვარ დემონსტრაციაზე, რადგან მიმაჩნია, რომ მწერალი ვარ და მწერალი თვითონაა დემონსტრაცია".

ამით დიურემატი მიგვანიშნებს, რომ მწერლის და, საერთოდ, შემოქმედებითი ინტელიგენციის უმთავრესი საქმე დემონსტრაციებზე, მიტინგებზე, პარტიულ ყრილობებზე წოწიალი კი არა, საკუთარი პროფესიული საქმიანობა და ამ საქმიანობით გამოვლენილი მოქალაქეობრივი და პატრიოტული პოზიციაა. აი, ამაშია შემოქმედის ძალა და სწორედ ამ ძალმოსილების გამო ვერ ურიგდებიან დიქტატორი მმართველები ნამდვილ მწერალს – ებრძვიან ციხით, მუქარით, უფრო ხშირად კი – იგნორირებით. ყოველმხრივ ცდილობენ, რომ მწერალს დაუმოკლონ "გრძელი ენა".

ამ კონტექსტში ძალიან საინტერესოა სტეინბეკის აზრი, რომელიც, სხვათაშორის, თბილისში, ქართველ მწერლებთან შეხვედრის დროს გამოთქვა: – მწერლის ძალასა და შესაძლებლობაზე როცა ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკის სამოქალაქო ომი ჰარიეტე ბიჩერ-სტოუს "ბიძია თომას ქოხმა" გამოიწვიაო...

ბმული – http://www.mcs.gov.ge/download/Newspaper/51n-50.pdf
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მამუკა წიკლაური   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
მამუკა წიკლაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: