არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 თამაზ ბაძაღუა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: თამაზ ბაძაღუა   Thu Apr 09, 2009 8:54 pm

კარმენი


მწიფობის სუნი ასდით ბალახებს,
მწიფობის სუნში თვრება ბალახი,
ამხელს და თითქოს მაინც არ ამხელს,
რომ კიდევ რჩება გადასალახი
ერთი ნაბიჯი -- ყველაზე მძიმე,
ყველაზე ტკბილი და მაცდუნები,
მწიფობის სუნში ჩამოღვრილ წვიმებს
მაღლა აკავებს ალღო ბუნების.
ყველაზე ადრე ღამდება შენთვის,
რადგან შენ იცი სიბნელის ძალა,
რომელსაც მდუღარ ძარღვებში მალავ,
რომელიც ჰაერს შუქივით ერთვის.
შენ შეგიძლია ყველაზე ადრე
იგრძნო ღალატის ჩურჩული გულთან,
რადგან არასდროს დაეძებ საყრდენს
და სისხლში სიტყვებს არასდროს ურთავ.
შენი სიტყვები სისხლია თავად,
ისინი ჰგვანან ეკლის ნაფლეთებს,
ისინი ჰგვანან მდინარეს, რომელიც წავა,
და სიყვარულიც წავა აგრეთვე.

კარმენ, მე მახსოვს, როგორ მელოდი
და როგორ კვნეტდი ბალახის ღერებს,
მკერდს გიწამლავდა ის მელოდია,
ჩემმა თითებმა რომ იგრძნეს მერე.
წვიმები უკვე მხვდებოდნენ გზაში,
დავიწყებოდა გზები წვიმასაც
და მე გუმანით ვგრძნობდი წინასწარ
ჩემს დამარცხებას -- ტკბილსა და საშიშს.
მე მივაღწიე მინდვრის პირამდე,
როგორც მლოცველმა ნესტიან ეკვდერს,
ისიც ვიცოდი,რომ გამწირავდი,
და განწირული ბალახში ვეგდე.
კარმენ, შენ ყველა ქალის სანაცვლოდ
ჩამჭიდე ხელი და გამიტაცე,
წვიმა ვიყავ და წვიმამ დამაზრო,
მიწა ვიყავ ვიქეც მიწაზე.
კარმენ, შენ ყველა ქალის ტუჩებით
მკოცნიდი, როგორც ალი მთუთქავი,
მკერდს მიშიგნავდა ვნება უჩვევი
და ყველა ქალის სუნთქვით სუნთქავდი.
წვიმამაც განაგებ დაიგვიანა,
ღრუბელმაც განგებ რაღაც ანიშნა
და როცა ჩემი იყავ მთლიანად,
შემოეხვიე მინდორს ზარნიშად;
მე ორი მრგვალი სამოთხის გულში
ჩავყვინთე მაშინ, და სამოთხემაც
გაიზიარა ჩემი მოთმენა,
დაკოცნა ჩემი თვალები მრუში.
კარმენ, მე ვგრძნობდი, რომ ვარსებობდი,
რომ მეც ვმღეროდი იმ სიმღერასთან
და ყველა ქალის ვნებით შებორკილ
სხეულს იმათი ხარკიც ემართა.
უმალ იმ მიწის წვიმაც მოვიდა
და ძარღვებივით ლურჯი რუები
თავბრუდამხვევ და გამაბრუებელ
სიზმრებს აფრთხობდნენ სიმარტოვიდან.

იქ ეგდო შენი პატარა ჩანთა,
მრგვალი სარკე და მაღალი წინდა,
და იმ სარკეში თვალნათლივ ჩანდა,
რომ მხოლოდ ჩვენთვის ქუხდი და წვიმდა.
რომ მოდიოდა სიცოცხლე ცალკე,
ჩვენ კი სხვა მხარეს ვეძებდი ნაპირს,
გადაბრუნებულ მიწას და სარკეს
სხვა ვარსკვლავების ეხვია ქაფი.
კარმენ, იქნებ მე გადაგარჩინე,
რომ იმ სარკეში არ ჩამიხედავს,
რადგან სხეული გრძნოდა საშინელ
შუქს, რომ დამფლეთდა ბოლოს ისედაც.

შენ ვერასოდეს დაგაბრუნებენ
იმ ძველ საწოლში, ღმერთო, რატომღაც
შენ ყველა კაცის გვერდით მარტო ხარ
და არასოდეს ებრძვი ცდუნებებს.
შენ ყველა კაცთან ნაწილ და ნაწილ
კვდები ცისკრისას, რომ გადნე სუმთლად,
ჯერ მოუსვლელი წვიმები გაწვიმს,
ჯერ დაუმდგარი ზაფხული გთუთქავს.
შენ არასოდეს ითხოვ შენდობას,
რადგან საკუთარ სიმართლეს ებრძვი,
მხრებზეც არავინ ჩამოგეყრდნობა,
არ დაიჩოქებს არავინ შენს წინ.
და არც გჭირდება ბევრჯერ ნათრევი
ერთგულების და ტრფობის სიტყვები,
ვერ დაისერავ მკლავს სამართებლით,
შენ დამთავრების შემდეგ იწყები.
შენ მართალი ხარ ჭრილობისათვის,
შენი სიტყვები ჰგვანან მეომრებს,
რადგან ცხოვრება რასაც გასწავლის,
შენ უკვე იცი და იმეორებ.
ხან ცხელ ლოყაზე გისვამენ ნახშირს,
ხან გახსენდება, რომ მოკვდი გუშინ
და გადადიხარ ქალიდან ქალში,
როგორც მზის სხივი ხნულიდან ხნულში.

თითქოს ლღვებოდა ეგ თბილი ტანი,
ეგ თბილი წელი, ეგ თბილი ძუძუ,
გახარებული ამხელა ღამით
თვალის გუგებში ვქოლავდი უძლურ
წმინდანის ცრემლს და სინანულს, მაგრამ
როდემდე უნდა ჰგვემო და ჰქოლო
სისხლი, რომელიც გაყვირის მხოლოდ,
რომელსაც ცხელი მზის დაღი აკრავს.
ბოლოს ყველაფერს ფასი დაედო,
რაც ბუნდოვანი იყო აქამდე,
და ვარსკვლავებიც მოკვდნენ საერთოდ
ანდა სამყაროს იქით დაქანდნენ.
შენ მომაწოდე წყალი, რომელსაც
ტუჩებს ვერავინ ვერ აკარებდა,
შენი ხმაც უფრო იქით მომესმა,
უფრო შორიდან და შენს გარედან.
მაინც დავლიე და მოვიწამლე.
რაღაც უკვდავი შხამით ნაკვები,
შორი მანძილი იყო მიწამდე,
ხოლო შენამდე-უფრო ნაკლები.
იქ ანათებდა შენი ბაგენი,
როგორც სამსხვერპლო ქვაზე ნიშანი
და მივხვდი, მაინც რომ მოგაგენი,
შენი სურნელიც რომ შევიცანი.

თენდება... გაბნევს უხი სინათლე
და ქრიზანთემას მინდვრის სუნი სდის,
შენ ვერ გაგწირეს სიყვარულისთვის,
შენ მხოლოდ პეშვი სითბო ინატრე.
თენდება... რბილად ცახცახებს ნეკნი,
რა ქნას სურვილმა, გზადაკარგულმა,
და, როგორც ფოთლს ფოთოლი, ვეკვრი
გრიგალს, რომელიც ტანში დაბრუნავს.
მივფრინავ, თუმცა უმოძრაოდ ვარ,
რაღაცას მცხრალი მთვარეც მანიშნებს
და მოქირქილე სულის საოხად
ხელებს ჯვარივით ვაწყობ ბალიშზე.
შენ იყურები მაღლა და მაღლა
და თითქოს უკვე გარბიხარ ჩენგან,
აგაფარფატებს ცოდვილი ტალღა,
როგორც ნახევარადჩაძირულ გემბანს.
ის შენ დაგეძებს, ის შენ გეძახის
ისე სასტიკად და დამღუპველად,
რომ გრძნობ: თვალებში, გულში, სიზმარში
გაგიჟებული ქარი უბერავს.
მეც შენთანა ვარ! ჩვენ გავასწარით
საკუთარ ნაბიჯს და გზას გვიღობავს
დამიზნებული ყელზე ბაწარი --
მოვალეობა და გულგრილობა.
შენ გაიმარჯვე! მე შენთანა ვარ,
სიკვდილის წრიდან ვცდილობთ გაძვრენას;
შენ გაიმარჯვე! უფრო თამამდ,
არ შეგაშინოს იმ სიმკაცრემაც,
რომელსაც, როგორც სასჯელს, მოველით,
რაც გვიქადაგა ყველა ქადგა,
რა უცნაურად გვტკივა ყოველი
კოცნა და თითზე თითის გადაბმა.
რა ეშველება, მითხარი, კარმენ,
ჩვენს ვნებებს ციცქნა ქალაქის თალწინ,
მოგვიხურავენ დაცინვით კარებს,
ვერ შეგვიფარებს ვერავინ აწი.
ვინ გაიმეტებს ორიოდ ლუკმა
სიმარტოვეს და სიჩუმეს ჩვენთვის,
წყეული მთვარეც ანათებს უქმად,
ყველა ხის ძირთან მიგვასწრებს ღმერთი,
და ყველა სარკმელს ბნელით შებურავს,
რომ ყველა ცაზე ჩაქრეს მთიები;
ჩვენ გავიმარჯვეთ, გამარჯვებულებს
სიყვარულს აღარ გვაპატიებენ.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: თამაზ ბაძაღუა   Thu Apr 09, 2009 10:10 pm

ცხადად მახსოვს ის შემზარავი ტრაგედია, რაც თამაზ ბაძაღუასა და მისი ოჯახის(ორსული მეუღლე და ქალიშვილი), ასევე ბათუ დანელიას მეუღლის დაღუპვასთან არის დაკავშირებული...ეს იყო საშინელი ავტოკატასტროფა...ბათუ მაშინ სასწაულებრივად გადარჩა...ამ ამბავმა თვზარი დასცა მთელ საქართველოს....თამაზ ბაძაღუა იყო უნიჭიერესი პოეტი, მთარმნელი და დრამატურგი...ის სრულიად ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან...თუ არ ვცდები 26-28 წლის...მე ის რამდენჯერმე მინახავს ჯურნალ ,,სისკრის’’ რედაქციაში... დამამახსოვრდა, როგორც საოცრად წყნარი, გაწონასწორებული, ღვთისნიერი და გამორჩეული ადამიანი ...ახლაც თვალწინ მიდგას მისი სახე...ძალიან მნიშვნელოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა...თარგმნა იტალიელი კლასიკოსი ლუიჯი პირანდელოს პოეზია...ასევე პეტრარკას სონეტები...მრავალი ავტორი ერთი სიტყვით...მისი პიესები დღემდე იდგმება ქართულ სცენაზე...მისი პოეზია, ეს არის საოცარი სამყარო...სხავათა შორის, ერთერთ ლექსში იწინასწარმეტყველა მოსალოდნელი ტრაგედიაც...
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
გიო
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 41
Location : Milky way galaxy
Job/hobbies : The tramp-poet
Humor : Moderate...
Registration date : 23.03.09

PostSubject: Re: თამაზ ბაძაღუა   Fri Apr 10, 2009 8:23 pm

ამ რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი, რა სამწუხაროა, ბაძაღუას და კაჭარავას თემები რომ არ არის არმურზეთქო.
გამიხარდა, თამაზის თემა რომ ვნახე გახსნილი.

შენ თითქოს მიხვდი: ბედი რაც არი,
გაკრიალებულ და უნატიფეს
შანდლებზე ცვივა ვნების ნაცარი,
რომელიც ცივი ცრემლით დატვიფრეს.
შენ თითქოს მიხვდი, რომ ბრძოლა არ ღირს,
რომ ჩაფლული ხარ ლაფში ყელამდე,
გამოიწრიტა სისხლისგან ძარღვი,
რადგან დუმილით ებრძვი ყველაფერს.
შენ თითქოს მიხვდი... მაგრამ არ იცი,
რად შერჩა ხელი მწვანე ფასადზე,
შენ დიდხნს დგახარ ღია კარის წინ
და სულ სხვა მხარეს ეძებ გასასვლელს.
Back to top Go down
View user profile http://Haven`t...
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: თამაზ ბაძაღუა   Sat Apr 11, 2009 9:04 pm

ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე..


ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე,
ვერც სიყვარულით და ვერც იმედით,
სად არის ქალი, რომ გამყოლოდეს
იმ გზაზე, სადაც ვეღარ მივედი.
წვიმამ და ქარმა დამსუსხა ერთად,
და საკუთარი წამართვა ლანდიც.
მწყუროდა ღვინო და ვსვამდი ქეძაფს,
მწყუროდა ზეცა და მიწას ვჭამდი.

თან იმ ჭრილობებს სულს ვუბერავდი
ხან ღმუილით და ხანაც სიცილით,
ვერ მოვიტყუე თავი ვერაფრით,
არყოფნის მზერა ვერ მოვიცილე.

შენ-განუწყვეტლივ მიბიძგებ საით?
მარადიული დღეო და ღამევ,
ამოდი ჩემგან, რომ მივხვდე მაინც
ჩემგან შენს გარდა თუ რჩება რამე.
ყველა ცდუნებას გზა მოვუჭერი,
რომ ჩავიღვარო შენში ვით წვენი,
თუ მხოლოდ ეს ვარ-უტყვი ჭურჭელი,
რათა ბოლომდე ავივსო შენით.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: თამაზ ბაძაღუა   Sun Apr 12, 2009 6:30 pm



"ბაძა” - აი, ეგრე ვეძახდით ოთხმოციანი წლების უნივერსიტეტში თამაზ ბაძაღუას...
მე რომ სტუდენტი გავხდი - ეგენი უფროსკურსელი სტუდენტები იყვნენ ან უკვე დამთავრებულიც ჰქონდა ზოგს. და რომ გაიგეს, მეც ვცოდვილობდი რაღაცას, სულ მივლიდნენ და სულ თავიანთ გვერდით მამყოფებდნენ მეც... თანაც ერთი და ორი თვე კი არა, წლები გრძელდებოდა ეს უნივერსიტეტული ძმობა...

ბაძას სიკვდილი რომ გავიგე, ეგრევე ის ამბავი მომაგონდა - 1986 წელს, ბიჭვინთის დრამატურგთა სემინარზე მე და მაგან რომ ჭადრაკი ვითამაშეთ...
გამახსენდა მთელი ის ამბავი და...
დასაწერად რომ დავჯექი, სიტყვა ვეღარ დავწერე - ძალიან იმოქმედა იმან, რომ მთელი თავისი ოჯახიანად წავიდა ამქვეყნიდან ბაძა და ჩემმა აკნკალებულმა ხელმაც უარი თქვა იმ მოგონების დაწერაზე...
ეგრე მომდიოდა მერეც, დიდხანს...
ამ ბოლო დროს კი - მეჩვენება, რომ ვერ შევძლებ ისე დაწერას, ბაძას რო ეკადრებოდა...

რა ვიცი...

http://publish.dlf.ge/vaxtangvi/tamazbazagua/ - ეს თამაზ ბაძაღუას საიტია და თუ თქვენც ჩემსავით გიყვართ მისი ლექსები, აქაც გადმოიტანეთ ხოლმე.

Idea
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: თამაზ ბაძაღუა   Sun Apr 12, 2009 6:47 pm

სიკვდილსამც დავიწყებიან

აბა, მე რა ვიცოდი, რომ გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში უნივერსიტეტის სტუდენტად გახდომა კიდევ იმითაც იქნებოდა ჩემთვის დიდი სიხარული, რომ მწერალთა წრის წევრები, თავადაც უფროსკურსელი უნივერსიტეტელები დამიხვდებოდნენ იქა - ერეკლე საღლიანი, ტარიელ ხარხელაური, მარიკა ბაქრაძე, ნოდარ გრიგალაშვილი, შერმადინ ქალდანი, თამაზ ბაძაღუა, კოტე ჯანდიერი, ირაკლი ლომოური, ირაკლი სამსონაძე, ამირან არაბული, ეთერ თათარაიძე, ანა-მარია (ანა მიქაძე), მიშა ანთაძე, ნოდარ ბერიკაშვილი, ტრისტან მახაური...
ვინმე არ გამომრჩეს, - სიკვდილსამც დავიწყებიან და...
დაგიხვდებოდნენ და, თუკი იმასაც გაიგებდნენ, რომ შენც ცდილობდი რაღაცის წერას, მორჩენილი ამბავი იყო - აბა, იმ საღამოზე წამოდი და აქ თუ მოდიხარო; იმ პოეტზე რას ფიქრობო და ამ პროზაიკოსზე რას გვეტყვიო; საქეიფოდ ავდივართ ამას და ამასთანა, ანდა აქა და აქა და, აბა, ხომ მოდიხარ შენცაო; რადა სწერ ეგრე აკუტაგავასავითა და რატომ შენსას არ დასძებნიო; აბა, ნახე-ნახე, როგორი კაფია დაუწერა ერეკლე საღლიანმა ამ ჩვენ ნოდარ გრიგალაშვილსაო და დაუძახებდნენ ტიტესა, ეგრე ვეძახდით ტრისტან მახაურს, - მოდი, რა, გვითხარიო... ეს ტიტე ხო ნიჭიერი გვყავდა ძალიან - მარტო თავისები კი არა, ჩვენებიც სულ ზეპირად იცოდა - დაგვავიწყდებოდა რომელიმეს საკუთარი სტრიქონი სადმე სუფრაზე და ტიტე უნდა გვყოლოდა იქვე, იმას უნდა შეეხსებენინა და მერე კაფიაც გამოეთქვა ჩვენზე...
მოკლედ, ეგრე იყო - მოგივლიდნენ, მოგეპატრონებოდნენ, გვერდში ამოგიდგებოდნენ, დაგიმეგობრდებოდნენ, თავისიანად მიგიღებდნენ და მერე შენზეღა იყო დამოკიდებული, როგორ გაიგებდი და როგორ მოიქცეოდი...
ოცი-ოცდახუთი წელიწადია გასული იმ დროიდან, აღარა გვყავს თამაზ ბაძაღუა, ჩვენც აქეთ-იქით მიმოგვფანტა ცხოვრებამ, მაგრამ რომელიმე იმათგანის წიგნს რომ გავიგებ, ან სხვა რამ წარმატებას, - გეგონება ჩემი მიღწეულიაო, - ისე მიხარია ხოლმე...
და ეგრე მოხდა გასული წლის ბოლოსკენ, როცა კატო ჯავახიშვილის წიგნის საღამოზე ტიტეს ეს კრებული მაჩუქა მარიამ ხუცურაულმა, იგივე სანათამ...

ამ ჩვენ ტიტეს ჯერ ხომ ჯანმრთელობის ამბავი ვერა ჰქონდა კარგადა, ახლა კიდევ - კომპიუტერს ეომება, რომ ინტერნეტში ნავარდი შეიძლოს...
ჰოდა, როგორც კი "ფრენას" ისწავლის, აქ უნდა მოვიდეს მასპინძლად - დათქმული გვაქვს და... ვნახოთ.


Idea

ეს ტიტეს გვერდიდან მოვიტანე...
Back to top Go down
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: თამაზ ბაძაღუა   Sun Apr 12, 2009 9:23 pm

ძალა ნიჭისა

თამაზ ბაძაღუა თავის სათქმელს დუმილით უფრო ამბობდა. დიდი ცისფერი თვალებით გვაგრძნობინებდა ჩვენდამი სიყვარულს.თუ ამ დუმილს არ დააფასებდი,შეუძლებელიც იყო მისთვის გაგეგო.ვინ იცის, იქნებ ეს ტრაგედიაც იმიტომ მოხდა, რათა რაღაც, ბევრად მეტი,ეთქვა ჩვენთვის და ჩვენც უფრო მეტი გაგვეგო მისგან. დუმილი ყოველთვის იდუმალია.მისი ლექსებიც იდუმალებით არიან მოცულნი, ისინი აწი უფრო გასაგები გახდება ყველასათვის. მან მოახერხა ის, რაც პოეზიის უპირველესი მიზანია: სულს აასხა სიტყვები, რის გამო მისი ლექსები მისი სულივით უსაზღვროა, დაუსრულებელი. სულის სიღრმეში ჩასული პოეტი ყოველთვის გრძნობს თავის ბედისწერას. ამან თუ დააწერინა სრულიად ახალგაზრდას უაღრესად ტრაგიკული ლექსი ,ბოლო გაჩერება”, რომელშიც თითქო იწინასწარმეტყველა თავისი და მისი ოჯახის ნაადრევი აღსასრული; დღეს თავსხმასავით მოაწყდა სხეულს შემზარავი სიტყვა“სიკვდილი”დღეს ლოცვასავით გაიღვიძა ტანში სიკვდილმა და ალისფერი ყვავილივით დააჩნდა ასფალტს. ამ ახალგაზრდა ოჯახის სიკვდილი მართლაც რომ თავსხმასავით შემოვარდა ჩვენს,ახალგაზრდა მწერლების სიცოცხლეში. შემზარავია ამ ლექსის ის ადგილები, რომლებშიც მისი გოგონას და მეუღლის აღსასრულიცაა თითქოს განჭვრეტილი; გათავდა, უკვე აღარ არის ბავშვი, რომელსაც ხვალ ცისფერი მოსასხამი უნდა ეყიდა... გვაგონებეს ციტატაც: იმის მკერდი? მზემ იხილა და ვარსკვლავებმა ოქროს საცერში გაცრილი ოქროს წყალში ამოვლებული. გათავდა. აღარ მიეჩქარება.. არადა სამივენი მართლაცოქროს წყალში იყვნენ ამოვლებულნი ოქროსფერი თმებიქონდა სამივეს. ლექსში ,,მზეო ამოდი!” ისიც განჭვრიტა თითქოს, რომ წყალი იქნებოდა მათი სიკვდილის მიზეზი; გინახავს წყალში დამხვრჩალი გვამი. ბნელი ტალღა რომ აბრუნებს უკანასკნელად, უკანასკნელად დაუვლის სხივი... მე იმ ტალღაზე გატრუნული ვწევარ და ვუცდი... უცდიდა, როდის დაიწყებდა ახალ სიცოცხლეს, უკვე სხეულის გარეშე და ყველაზე ნამდვილ სიცოცხლეს სიცოცხლის ლექსებში, მკითხველებში, მეგობრებში, ყველაში, ვინც მას იცნობდა ისე უეცრად შემოვარდა სიტყვა “სიკვდილი”, თითქოს სიკვდილი არ არსებობდა და დაბნეული მეოცნებე ბიჭუნასავით იდგა ქუჩაში... მეოცნებეც იყო, საოცრად ნიჭიერიც და უაღრესად შრომისმოყვარეც. მის პოეტურ სამყაროში მოექცნენ საქვეყნოდ განთქმული პოეტები პეტრარკა, ჯაკომო ლეოპარდი ტორკვატო ტასო,მარია რაინერ რილკე, რომელთა ბრწყინვალე თარგმანებიც შესთავაზა მან ქართველ მკითხველს. უფრო მეტიც გაკეთება სურდა მაგრამ
დაშორდა ღიმილს შენი ტუჩები
და გაეხვია გაოცებულ
დუმილის ტბაში...

ჩვენც დაგვშორდა მისი ღიმილი, მისი ცხოვრება, ჩვენც გაგვაოცა ასეთი უეცარი განშორებით. ის ხომ თავისსავე ლექსიდან გვეუბნება:

ო, დასასრულის დასაწყისო,
ჩვენი სიცოცხლე განშორებაა,
ჩვენი ცრემლები განშორებაა,
ჩვენი სიყვარული განშორებაა,
ჩვენი რელიგია განშორებაა...

მაგრამ ეს განშორება მხოლოდ მის სხეულს ეკუთვნის, სულით კი მარადიულად დარჩება ჩვენთან, რის საფუძველსაც მისი ლექსები იძლევა.
არ არსებობს თაობა, რომელსაც თავისი მოუშუშებელი ტკივილები არ ქონდეს. ასეთ ტკივილად დარჩება ჩვენთვის პოეტი თამაზ ბაძაღუა.

თამაზ ჭილაძე

ეს მოგონება თამაზ ბაძაღუას საიტიდან გადმოვიტანე
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: თამაზ ბაძაღუა   Sun Apr 12, 2009 9:51 pm

ირმა მებურიშვილი ,თამაზ ბაძაღუა და ...სალიერი

ბავშვობის მეგობრები...
ისინი შეიძლება დაშორდნენ რაღაც გაუგებრობის გამო,ან იმის გამო,რომ დიდობაში შესულები იგრძნობენ ან აღმოაჩენენ,რომ საერთო დიდი არაფერი ჰქონიათ.
შეიძლება არც არასოდეს შეწყვიტონ ურთიერთობა ან ყოფით -რიტუალურ დონეზე მაინც შეინარჩუნონ, ულოცონ ერთმანეთს დაბადების დღეები,შობა-ახალი წელი - ტელეფონით ან პირადად, ერთად იარონ,შეხვდნენ საერთო ნაცნობ-ახლობლების დღეობებსა და პანაშვიდებზე.
შეიძლება ჩანათელმირონდნენ...
ბევრი რამ შეიძლება , სიკვდილი - არა!
...მაგრამ სიკვდილს ეს არ სჯერა.

ირმა მებურიშვილი და თამაზ ბაძაღუა ერთმანეთს მე გავაცანი.ერთი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო,მეორე - თითქმის ბავშვობისა.უჩემოდაც ისე დაახლოვდნენ,ცოტა არ იყოს,ვეჭვიანობდი და კიდევაც ვუბრაზდებოდი,როცა გამომტოვებდნენ რაიმე ''კაი ამბიდან''.
მთავარ უბედურებად მაინც ის მექცა,რომ ირმა,რომელიც აღმოსავლეთმცოდნეობაზე სწავლობდა და, ჩემგან განსხვავებით, ნებისმიერ დასავლურ თუ აღმოსავლურ უცხო ენას ღრუბელივით ისრუტავდა,თამაზს გადაეკიდა,მეგრული მასწავლეო...მოკლედ,ერთად ყოფნისას ნერვებს კიდევ იმით მიშლიდნენ,რომ სულ მეგრულად ლაპარაკობდნენ და არაფერი მესმოდა.
ეს ყოველივე იმით დასრულდა,რომ ადგა ირმა და ერთ დღეს,სრულიად მოულოდნელად ...მეგრელზე გათხოვდა.
სიძე კარგი გამოგვადგა. მე მეჯვარე ვიყავი,თამაზი - მაყარი .
როცა თამაზის სადღეგრძელო დალიეს, სამადლობელში იხუმრა:
- მეტი რა მექნა ჯიმა,რძალი მეგრულში მოგიმზადეთ აბაშელებსო.
მერე ოჯახებით მეგობრობდნენ...
ეს ყველაფერი ირმას ლექსმა გამახსენა:

ირმა მებურიშვილი

თამაზ ბაძაღუას ხსოვნას

წუხელ სიზმრად იყავ ჩემი მეინახე,
ორცეცხლშუა ვიდექ,
ნეტავ არ მენახე.
სადღეგრძელო შენი მწარედ გამოვცალე.
ცოცხლად გიდღეგრძელე ასული და ცოლი...
რომ არა ხარ,
დიდხანს,
დიდხანს გიმალავდი,
ამ წარმავლის შვილი
გახდი იმ მარადის.
მე ვერ გავიხარე შენი ნახვით, ჯიმა,
სულში ჩაწყვეტილო სიჭაბუკის სიმად.





ამას წინათ ერთმა ახალგაზრდა პოეტმა პირადად რომ გამიცნო, მითხრა:
- ქალბატონო ნინო, ცხოვრებაში რა კარგი ადამიანი ყოფილხართ, პორტალზე ყველას ჰგონია, ძალიან მკაცრი ხართ ,პოეზიას ვერ იტანთ და ნიჭიერ პოეტებს არ ახარებთო.
თავიდანვე ასეთი ჩვევა მქონდა : ახლობელიც კი,თუნდაც ჩემდამი მოძღვნილ ლექსს რომ წამაკითხებდა ,დავიწყებდი,ეს ასე აჯობებდა, აქ ეს ზედმეტია, ეს სახე არაზუსტია... და საერთოდაც, არ ვარგა! ...
ამის გამო ხუმრობით,ჯერ ''სალიერი'' შემარქვეს,მერე ჩემს გვარს შეურწყეს და მეგრული აქცენტით ''დარბაისალიერს'' მეძახდნენ.
სულ სხვანაირი იყო თამაზ ბაძაღუა .ცუდი ლექსიც რომ წაგეკითხა ,დაუყოვნებლივ გეტყოდა:ბეთხოვენი ხარ ჯიმა,ბეთხოვენი!
ირმა მებურიშვილმა მაშინ ასეთი ლექსიც დაწერა :''ბეთჰოვენის შეხვედრა მოცარტთან'',ცხადია,ბეთჰოვენად და მოცარტად საკუთარი დიადი თავი და თამაზი ჰყავდა გამოყვანილი ,მე საწყალს კი აბა, მზაკვარი სალიერის სახელს რა ამაცილებდა!
გულისკანკალით წამიკითხა ლექსი .ვიხალისე ,შენიშვნებიც არ დავინანე და ვურჩიე,გამოექვეყნებინა კიდეც ,თან მიეწერა,ვის ეძღვნებოდა .
ირმასი ხომ მართლა ბევრი რამ მშურდა და არც ვმალავდი.მშურდა რომ ულამაზესი იყო, რომ მამა ცნობილი პოეტი ტაგუ მებურიშვილი ჰყავდა,რომ ყველა პოეტს,მე რომ მორიდებით ვესალმებოდი , დაბადებიდან ახლო იცნობდა,ბოლოს და ბოლოს ,ანა კალანდაძის ხელში იყო გაზრდილი,მერე როგორ კითხულობდა საკუთარ ლექსებს,როგორი ხმა ჰქონდა!
დიდხანს იყოყმანა ,დაებეჭდა თუ არა ეს ლექსი და ბოლოს ასეც მოიქცა.

ბეთჰოვენის შეხვედრა მოცარტთან

ნინო დარბაისელს

ბეთხოვენი უკრავს ისე,მუსიკაა იმდარი.
ირხევიან,შრიალებენ ფრთენი სერაბიმთანი,
აღფრთოვანდნენ მუსიკოსნი,საღამოზე წვეულნი,
წამოუდგნენ ფეხზე ტაშით,თურმე აღტაცებულნი,
მაგრამ ყველას გასაოცრად,მოცარტმა არ ინდომა
მისი ქება:'' ბატონებო,ვიცი,ცუდმედიდობად
ჩამეთვლება,მაგრამ თქვენგან ქება მიკვირს ძალიან
შემსრულებლის,ვისაც ჰანგი კარგად დაუსწავლია''.
ყმაწვილ ლუდვიგს,თუმცა წყენით წამოწითლდა,აენთო,
მორიდებით უთხოვია:''რამე დამავალეთო,
რაც ახლახან მოისმინეთ,ჩემი გულის ხმა იყო,
ასე მკაცრი შეფასება ,ეგებ უკან წაიღოთ.''
''შემისრულეთ მაშინ ესო''- უთხრა ამადეუსმა
და თითები კლავიშებზე ჯადოსნურად მოუსვა.
ბეთხოვენი თითებს მისას მიჰყვა,არ დაერიდა
და დარბაზი საოცარი ხმებით გადაირინდა.
როიალის კი არა და,სულის კლავიატურას
ეხებოდა ხელით თითქოს...მყისვე წამომართულა
მოცარტი და ბეთხოვენი განა გაუკილია,
შენიშვნისთვის ბოდიშის თქმაც კი არ უთაკილია.
ო,რა წრფელი იყო ჟესტი,ჟესტი გვირგვინოსნისა,
თაყვანს რომ გამოხატავდა ყმაწვილ მუსიკოსისა.
''სიამაყე იქნებიო,-უთქვამს - ჩვენი ქვეყნისა'',
თუმც,თვით მოცარტს უნიჭოთა ოდენ მტრობა ეღირსა,
ის,ბავშვივით უშურველი,ავი ბედისწერისა,
რატომ იყო,რად იმსხვერპლა ზაკვამ სალიერისა.


ეს ლექსი მოგვიანებით დაიწერა, თამაზი უკვე ცოცხალი აღარ იყო და ჩვენ უკვე გვესმოდა მეგობრობის ფასი.

ირმა მებურიშვილი

ნინო დარბაისელს

მოვიჩქარი შენკენ ,
სახეს ვუშვერ ფიფქებს,
ბედმა შენი ნახვა ასე გამიძვირა,
ადრე გაზაფხულით მოტყუებულ ნუშებს
ჰგვანან ქარში ხენი ...
მომეახლა ცხადად სიქალწულე ჩემი
და ხუნდები ახლა უფრო შევიძულე,
ისე მინდა შენთან,
ისე მომენატრე!
მოვალ თავშიშველი და ქარს სახეს ვუშვერ,
ისე,როგორც მაშინ,ამ ათი წლის წინათ...
დაემგვანენ ხენი მოტყუებულ ნუშებს
და ქარს სახეს ვუშვერ,
და თოვლს სახეს ვუშვერ,
და სველი მაქვს სახე
და არ ვიცი უკვე,
ცრემლია თუ წყალი,-
-ჩემს ცხელ სუნთქვას ფიფქთა წყება შეეწირა.

1990
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: თამაზ ბაძაღუა   Sat Jun 06, 2009 9:32 pm

რას დაიტოვებ ჩემგან, ბალახო,
წვიმავ, რა მიგაქვს ჩემი ცრემლიდან,
მე კიდევ ერთი დღე მინდა,
შუაღამისას მოსულ თემიდას
ჩემი სიმშვიდე რომ დავანახო.

რა ისიზმრებო სიზმრებში ვხრჩოლავ,
ჩემივე კვამლი ნესტოებს მიწვავს,
რა მინერალებს აღაგზნებ, მიწავ,
ჩემგან, სხეულის ჟანგო და ძრწოლავ,
თქვი, რას გპირდება წყვდიადში წოლა.

რადგან სიკვდილი დამთავრდა... იმის
ბოლოდან უკვე იწყება ღმერთი,
შენ დაიტოვებ ჩემს ბოლო ღიმილს,
რომელიც მალე გახდება შენთვის-
შუქი ან სისხლი, ჯვარი ან ქიმი.

თქვი, სანამ ერთი დიდი დღე დარჩა,
სანამ შენს თვალში სამყარო ტირის,
სანამ ჩაჰყურებ წმინდა ქარაფებს,
შენი ფხვიერი და ცივი პირითსანამ ბალახი ილაპარაკებს.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: თამაზ ბაძაღუა   Mon Jan 16, 2012 4:24 pm

• • •

ცრემლი კი როგორც მესამე თვალი
ბნელით ავსებულ ოთახს მინათებს,
მე იმ თვალიდან ამოვყურებ
შენს გულგრილობას.

• • •

ისიც ჩაწერე, სანამ ბოლო წერტილს დავსვამდე,
რომ ახლა უფრო შევეჩვიე სახლში ყოფნას, ნუ გეცინება.
ისიც ჩასწერე, რომ მეშინია, ყველა ახალი დღის გათენება,
ჩემ გვერდით ახლა არავინ არის და იქნებ ვინმემ მაინც გაიგოს,
რომ დამავიწყდა ჩემი სიცოცხლე, რომ დამავიწყდა ყველა სიმღერა,
რომ შუადღეს კარტოფილს ვიწვავ და ორ კაცზე ვაწყობ მაგიდას,
ისიც ჩასწერე, რომ არ ვიცი, რა მემართება,
როცა მზე მოდის, მე კი ფარდებს ვუშვებ ბოლომდე,
რატომ გაჩერდი, სანამ ბოლო წერტილს დავსვამდე,
რომ მესიზმრება, ბაბილონი ინგრევა თითქოს
და ძილში ვხედავ ავარვარებულ წითელ სახეებს,
რომ ჩემ სიკვდილთან ერთად სამყაროც მოკვდება თითქოს,
ისიც ჩასწერე, რომ გავყიდე ძველი ნივთები,
სანამ ბოლო წერტილს დავსვამდე,
რომ ზოგჯერ დანას ვეღარ პოულობ, რომელიც თურმე ხელში მიჭირავს,
რომ მეშინია მისი წკრიალის, მისი ტკბილი მიმზიდველობის,
ისიც ჩასწერე, რა დაგემართა, რომ ღამით აღარ ვაქრობ სინათლეს,
რომ მეშინია, რატომ გაჩერდი, სანამ ბოლო წერტილს დავსვამდე,
ჩასწერე, როგორ მაკლდება თვალში, როგორ დავდივარ პანაშვიდებზე,
ისიც ჩასწერე, ვერაფრით შეძლო, ერწმუნა რამე, თუმც ბევრს ეცადა,
რა დაგემართა, რატომ ცახცაცებ, რომ დავწვი ყველა ძველი სურათი
ისიც ჩასწერე, სანამ ბოლო წერტილს დავსვამდე,
რომ წერტილია ჩემი ბოლო უსასრულობა,
ისიც ჩასწერე,.. რა დაგემართა, რა დაგემართა, რატომ ცახცახებ?
ბალახს ცეცხლივით ეღვრება წვიმა. აქ იწყება შენი საღამო.
აქ იღვიძებენ ანგელოზები ილუზიურ ფრთათა შხუილით.
შენი სნეული ამგელოზები, ბალახს ცეცხლივით ეღვრება წვიმა.
ლითონივით წკარუნებენ მათი სხივები ილუზიურ ფრთათა შხუილში.
შენი მშვიდი და ნამდვილი ცოდვა იფარება ბალახის ცეცხლით
მე შეიძლება მარიამი გიწოდო ახლა-
დედა კი არა, ის მეორე, მაგდალინელი,
სხვა სახელი შენ არ შეგფერის, შენი მშვიდი და ნამდვილი ცოდვა
ცეცხლის ალივით დასრიალებს ნათელ წვიმაში.
შენ უკვდავი ხარ შენი ცოდვით. აქ იწყება შენი საღამო.
და როგორც წვიმა კარგავს ღრუბელს, როგორც ბალახი კარგავს მინდორს
შენ გეკარგება
შენი სნეული ანგელოზების ილუზიურ ფრთათა სიგრილე,
მე შეიძლება მარიამი გიწოდო ეხლა...
რა ჩაიფიქრა შემოდგომამ შენს ღრმა თვალებში:
ლოცვის ნეტარი სიმხურვალე, ნიჰილიზმი, მონანიება
თუ გაძარცვული ბაღის სიჩუმე....


• • •

უკვე მშვიდად ხარ და ელოდები:
შენს ცაზე ერთი მთვარე იგვიანებს,
შენს დროში ერთი გაზაფხული იგვიანებს,
შენს გულზე ერთი ცრემლი იგვიანებს,
შენს საფლავზე ერთი ბალახი იგვიანებს.
სიყვარულზე და მორჩილებაზე
ვერ იმღერებენ შენი ტუჩები,
ვარსკვლავების რბილი სინათლე
ვერ შეგიხორცებს გახსნილ ჭრილობას,
საიდანაც შხამივით წვეთავს
დაუბრუნებელ დღეების შიში.
მადლობა ღმერთს, რომ ამ ეკლებზე იზრდები,
როგორც ტაძარი.

Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: თამაზ ბაძაღუა   Mon Jan 16, 2012 4:25 pm

• • •

შენი ნაბიჯით სიჩუმე დადის
და უხერხულად დაბორიალობს
ოთახში სადაც სიცარიელეს
გაუდგამს ფესვი და სიმარტოვეს,
ეს მერამდენე დღეა სიჩუმე
წვება შენს თბილ და ნაცნობ ლოგინში,
როგორც მდინარის დამშრალ ხახაში
წყალი და თვალებს ტკივილი ხუჭავს.
აკრეფილია შენი ფეხისხმა
და სიჩუმისგან თავბრუდასხმული,
როგორც სისხლიან ჯვარს ქრისტიანი
ვეყრდნობი მძიმე და უხეშ კედელს.


• • •

არა! ხვალაც ვერ დაივიწყებ ცხოვრებას!
ხვალაც ამოვა ის დიდი, მღელვარე მზე
და გულის სარქველს აგილოკავს ცხელი ბაგეებით.
ნუთუ გგონია უკანასკნელ სიყვარულსაც
ასე იოლად გადაურჩები?
შენ აქ ვალს იხდი, მაგრამ დღისით,
შემოდგომის ნაღვლიან წვიმაში
დაინახავ, რომ ხეებს უცნაურად ეცვლებათ ფერი
და შეგაშფოთებს შემოდგომის წვიმის სიცივე.
არა, ხვალაც ვერ დაივიწყებ ცხოვრებას,
თუ ღმერთმა მოგისაჯა, რომ შენს სულში,
როგორც სანაგვე ყუთში,
იყრებოდეს მთელი დღის ჩენჩო.
ღამით ხომ ფრჩხილებივით იზრდებიან ტკივილები.
შენ წახვსლ ტანჯვის ბილიკებით,
ხოლო შენს სახეს გადაფარავს ღიმილის მტვერი,
ღიმილის მტვერი გადაფარავს შენს მწარე ღამეს
და დაობებულ სიზმარიდან გადმოაბიჯებ.
შენ ის კარი ხარ-გრიგალი რომ
აქეთ-იქით კედლებს ახეთქებს,
შენ ის კარი ხარ-სუყველას რომ შეუძლია
გასვლა-გამოსვლა,
შენ ის კარი ხარ-
სამუდამოდ ღია და ცივი.
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: თამაზ ბაძაღუა   Mon Jan 16, 2012 4:29 pm

• • •

როცა თვალები ცრემლებს იშრობენ
და ცრემლი ღამეს გულში ჩაიტანს
ვის შესთხოვ ნუგეშს?!...
მხოლოდ ღვთისშობელს
რომ არაფრიდან და არსაიდან
მომიახლოვდეს შენი სიშორე.

რაღაც სხვა მზერა დაგეძებს მწარედ,
შენ კი დაჰყურებ ცრემლიან თვალებს,
და ცივად გნუსხავს თრთოლვა იმათი
ვინც გაგახედა სინათლის გარეთ,
ვინც მოგატყუა მწარე სიმართლით.

და სხვა სარკმელი იღება თურმე
და შენს კეთილ და ბუნდოვან სურნელს
იმ არარსებულ სარკმლიდან ვყნოსავ?


• • •

როცა დავრწმუნდი,
რომ ვერასოდეს გაიღვიძებ ვარსკვლავის გულში,
რომ ვერასოდეს ჩამოსძახებ
შუა ძილშიო ჩაყვინთულ ფანჯრებს:
გადაიძვრეთ ღამის საბანი,
გადმოფერთხეთ მრუში სიზმრები,
როცა დავრწმუნდი,
რომ ვერასოდეს გაიღვიძებ იმ ქალის ტანში,
და იმ ფიქრებსაც
ვერასოდეს გადაურბენ თავზე ხარხარით,
ვერასოდეს მიიკრავ გულთან
ბედსნიერებას - სულ რომ ასე გეცოტავება,
როცა დარწმუნდი და ხელები გარეთ დაყარე,
შენი ლოგინი ისე შეირხა,
თითქოს ახალი საფლავიდან
მიცვალებული წარმომდგარიყოს.
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: თამაზ ბაძაღუა   Mon Jan 16, 2012 4:29 pm

• • •

მე უკვე ვეღარ მიხსნის ვერავინ,
მე უკვე თოვლში ვწევარ ყელამდე
და როგორც მშიერ ყვავების გუნდი
სიცარიელე მიძიძგნის ძარღვებს.
მე უკვე ვეღარ მიხსნის ვერავინ,
უკვე, შენდობას და მიტევებას
გადაჩვეული, წყვდიადი მიხმობს.
წყვდიადი მიხმობს და სარკმელს იქით
შეშლილ ქალივით როკავს სინათლე,
მე ამ სინათლეს დიდხანს ვმალავდი,
როგორც ნაჩუქარ და ძვირფას ნივთებს.
დიდხანს ბზინავდა ბნელში სხეული
დაღლილი, მთვრალი და შემცივნული.
მერე დამტოვეს შენმა წვიმებმა,
შენმა ქარებმა. მე უხერხულად
ამოვტივტივდი წყვდიადის ქიმზე
და შემეშინდა თვალის გახელის.
მე ვიცი, ის გზაც შენთან დამთავრდა,
რადგან ღმერთებმა ასე ინებეს,
მე ვიგრძენ, ალბათ, აღარასოდეს
შევძლებდი მეთქვა:,,გესმის, მიყვარხარ."
სიტყვები, როგორც ბალახში გველი,
იწვნენ სხეულში და ჩუმად თრთოდნენ
დასრულდა. კედელს ვებღაუჭები
და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ შენგან.
ან იქნებ დროა... ან იქნებ კმარა...
ო, ღმერთო ჩემო, სანამდე...რატომ...
გარეთ ქარია და ოთხ კედელში
გამომწყვდეული ტკბილი ჟონავს,
როგორც გამსკდარი გულიდან სისხლი
მე ეს ცრემლებიც ჩამოვარიგე,
მე ეს ნიღბებიც მტვერს მივანებე
და გადავუსვი ხელისგულები,
როგორც დაჟანგულ, მძიმე იარაღს,
გადასაგდებად რომ ვერ იმეტებ.
გარეთ ქარია. მე თითქოს მძინავს
ან უფრო სწორედ: ასე ჰგონიათ,
გამოვიპარე შენი სიზმრიდან
შეშინებული ჯარისკაცივით.
მე მეშინია, მდუღარე ვნება
მითუთქავს თვალებს. სანამდე... რატომ...
ავადმყოფივით ჩავყურებ ღამეს,
იქნებ მის ფსკერზე ენთოს ცეცხლივით
ტკივილის ლურჯი, ნათელი ფესვი.
ვუმზერ აივნებს და კენწეროებს
დაშეუმჩნევლად ვუახლოვდები,
როგორც სველი და სუსტი ბეღურა
საკუთარ ბუდეს, მე თურმე ვტირი..
მე სულში მიმზერს ათასი თვალი
და მიფათურებს ეკლიან თითებს,
მინდა, გაქცევა, მაგრამ ღამეში
აგდია დაღლილ ვნების ნამსხვრევი
და გმინავს, გმინავს გამთენიამდე.
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: თამაზ ბაძაღუა   Mon Jan 16, 2012 4:30 pm

• • •

ქარით გიყურებ და ყველაზე ჩუმი ვარსკვლავივით
გისმენ, ხეებით გესაუბრები
და ნისლით ვცდილობ გაღიმებას,
ხოლო ზაფხულით გეფერები და მისი ღელვა
ფორმას იძენს შენი მღვივანი მკერდის გარშემო.
გაზაფხული და შემოდგომა
ჩვენს უცვლელ დროში ვერ შემოდიან,
მაგრამ ზამთარი ჩემი გულია,
გული, რომელიც თეთრად სკდება.
რომელიც ჯერ არ დანებებია უიმედობას.
და თუკი მოგვისწრო თოვლმა. მე ვიტყვი,
რომ გადარჩენა არასოდეს არ არის გვიან,
რადგანაც როცა ვამბობ , "თოვლი"-
მე ვგულისხმობ მუდამ სიყვარულს.


• • •

ილაპარაკე ჩუმად, ჩუმად ილაპარაკე
და გაზაფხულის უწყნარეს ფშვინვას მიუგდე ყური,
ილაპარაკე პურზე, მწიფე თავთავებზე, როცა ღამეში
ვარსკვლავით იფურჩქნება წითელი ვარდი.
ილაპარაკე ბალახებზე, რომ მათ ნაღვლიან
ჩურჩულში შენი სუნთქვა დაიხეს,
როგორც საფლავზე ქარიან ღამით მთვარის სხივები.
ილაპარაკე ცაზე, ჩიტებზე, მეგობრებზე, ბავშვებზე, ამინდზე.
ილაპარაკე როგორ დაბერდა შენი სახლის წინ მაღალი ცაცხვი,
ილაპარაკე როგორ აკლდა ტოტები ყოველ შემოდგომაზე,
ილაპარაკე ჩუმად, ჩუმად ილაპარაკე,
შენი ტუჩები გადაირბენენ გაქრობის და დავიწყების მწარე მინდორზე
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: თამაზ ბაძაღუა   Mon Jan 16, 2012 4:30 pm

• • •

ჩემი ცრემლები ამ თვალების იქით გრძელდება,
ჩემი სიმღერა ამ ბგერების იქით გრძელდება,
ჩემი ღიმილი ამ ტუჩების იქით გრძელდება,
სუსხი რომ აზრობს, როგორც ხის ქერქს შემოდგომაზე.
ქერქივით მაკრავს ეგ ღიმილი, იმ ქერქის შიგნით
ნაღველში ბრუნავს სისხლის შესაძლებლობა,
ან იქნებ მხოლოდ ფუჭი ნატვრაა... ჩემი ტკივილი
ამ სხეულის და ამ სიტყვების იქით გრძელდება.


• • •

ხანდახან, როცა ქვაფენილების
ყალბი ხმაური გამომაფხიზლებს
და მხიარული კაცუნების უძლური
მზერა
კაუჭივით მედება გულზე.
ვფიქრობ, დროა დავხურო კარი,
რომ მარტომყოფმა და ბედნიერმა
დაბადების დღე გადაუხადო
ჩემს ახალგაზრდა
ოცდაექვსი წლის ღამეს...


• • •

მე კარგად ვიცი, მეუფეო, რომ არც წვიმა ვარ,
და არც ბალახი, შრიალით რომ მოგვწვდე მუხლამდე,
ადრე გაბზარულს და დუმილით დაღმა მიმავალს
იმ ილუზიის ანარეკლი მახრჩობს, წუხანდელ
ტკივილს რომ დაჰყვა და მადლობაც ვერ მოვუხადე.
რა ვუპასუხო იმ მიხრწნილ და უხიაკ ბებერს,
მთელი სიცოცხლე რომ იცინის ჩემში მაცდურად
და დანასავით უელვარებს თვალები ბასრი
არავინ უყვარს, საკუთარი სიკვდილის გარდა.
ო, მეუფეო, შენს სიღრმეში შემომაცურა
არარაობამ, და უსახურ სხეულით დასვრილს
ის გული მეწვის, დარჩენილი სამოთხის კართან.
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: თამაზ ბაძაღუა   Mon Jan 16, 2012 4:31 pm

• • •

შენმა სიშორემ
საუკუნოვან ღამედ მაქცია,
გატანჯული შავი ხეების ღამედ, რომლებიც
გულისწამღებად კვნესიან ქარებში.
შენმა სიშორემ
ყველა საზღვარი და ნაპირი ჩამომიქცია
და კლდეებიც ვერ აკავებენ
ჩემს მბურღავ მზერას,
რომელიც აალებული სულიდან იწყება…
შენ ვერ აღორძინდი
ჩემ სიცარიელეში, როგორც ვარდი,
შენი სურნელი, გამაბრუები, ვერ მოსწვდა სხეულს,
და მე აღმოვჩნდი მდინარის გზაზე,
მერყევი და გაუნდობელი,
დრო კი, როგორც ქვა. ჩემ გულში იდო
და დიადი კაკუნი მისი შიგნიდან მჭირდა.
მე მეშინია ჩემი სიფხიზლის,
საუკუნოვანი ღამე
არ მანებებს სიზმარს-თავის მოსატყუებლად,
მეშინია ჩემი სიფხიზლის-არაფრად ქცევის.
ჩვენ ერთმანეთისკენ მივდივართ
შენს შორეულ მდუმარებაში
მაგრამ ერთმანეთს უფრო ვშორდებით…
გაქრობის სუნთქვა მეზიდება
მართმადიდებლურ ნათელ წიაღში.
მე დავამტვრიე ჩემი ფესვები,
იმ ფესვებიდან უფრო ახლოს რომ დამენახე,
ქალბატონი ცოდვა იყო ჩემი მეგზური,
ეჭვების, შიშის, უნდობლობის, შემთხვევითობის
საუკუნოვან უძრავ ღამეში.
მე მეშინია ჩემი სიფხიზლის,
რომელიც მოკლე დანასავით ბზინავს ცივ შუქზე…
შენ არ გიცხოვრია
ვარდის ფერისა და ცისაფერი საუკუნეებში,
იამბიკოსა და მაღალი შაირის სამლოცველოში,
არ გიკრეფია ღვთის გულიდან წმინდა ყვავილი,
არ ჩაგიყვინთავს ქრისტიანი ბავშვის სიზმრებში.
შენ ფრთა ხარ-ჩუმი და მოტეხილი,
რომლის ბოლოში განუწყვეტლივ შრიალებენ
ძველი ქარები და დროში,
შენ იმ მიწიდან
ფესვებიანად ამოთხრილი ყვავილი ხარ,
რომელსაც დილით წყალს თუ დაუსხამ,
ოთახშიაც მშვენივრად გაძლებს,
მშვენივრად გაძლებს და აყვავილებს
სანამ ფესვები გულში ამოვა.
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: თამაზ ბაძაღუა   Mon Jan 16, 2012 4:31 pm

• • •

სამოთხის წყლიდან გამოპარულა ეს ნაკადული,
გამოჰყოლია მთვარის გრილ წვიმებს
შენს შესახვედრად,
შენს მაცდურ ტბებში ჩასაკარგავად.
როგორ მღერიან ალუბლები შუაღამისას
უხმოდ, უცრემლოთ - სიხარულის წითელ სიმღერებს,
ან ვის რა ესმის - ცარიელი ქვეყნის ბოლოში
გულჩათხრობილი კაცის ნაბიჯის,
ან ზღვის ნაპირას გამორიყული
ჯოჯოხეთის ორი ნიჩბის ხვეწნა მარადი,
ან ვინ შეჰყურებს
რა მდუღარე სისხლი მოწვეთავს
ჩემი სიტყვების გამსკდარ გულიდან.

• • •

ნუ მიენდობი ჩემს ცრუ ღიმილს, იგი კარია,
რომლის იქით ცივ სიბნელეში
მაგიდას უზის მობუზული კაცი და, როგორც
ჰორიზონტზე ჩამავალ მზე,
მხოლოდ საკუთარ თავს ანათებს.
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამაზ ბაძაღუა   Thu May 23, 2013 10:59 pm



წიგნის დასახელება – "6 პიესა"
ავტორი – თამაზ ბაძაღუა
რედაქტორი - ირაკლი სამსონაძე
გარეკანის დიზაინი - ილია ხელაია
გამომცემლობა - "ინტელექტი"
ISBN 978-9941-446-14-6
გვერდების რაოდენობა – 260
ყდა – რბილი
გამოცემის წელი - 2013


შინაარსი
* ღამე და თუთიყუში
* ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო!
* ძველი როიალი
* იფიგენია
* მარადიული მონები
* ფანჯრებს იქით


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: თამაზ ბაძაღუა   Today at 4:01 am

Back to top Go down
 
თამაზ ბაძაღუა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: