არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ტარიელ ხარხელაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Tue Jun 22, 2010 11:39 am

Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Fri Sep 24, 2010 8:51 am

"ლიტერატურული გაზეთი", 6 აგვისტო - 2 სექტემბერი, 2010


* * *
არაგველებო! სამშობლო გეძებთ! _
გეძებთ და შუბლი ფიქრმა შეთრთვილა,
რად სდუმან მთები მამულის მკერდზე
უფლის ცრემლებად ჩამოკრეფილნი.
არაგველებო! მამული მტკივა _
წამლად დამადეთ მამულის წყლულებს,
მძიმე სენი სჭირს სამყაროს მთლიანს
და ვერ ისვენებს მსოფლიო სული.
არაგველებო! რად გვინდა სისხლი _
თუ არ ბორგავს და შიშმა დანისლა,
თუ არ იქნება სამშობლოს ღირსი
რომ საქართველოდ იქცეს კრწანისთან.
არაგველებო! მოვკივი ქარებს
და მყუდროებას ვურღვევ სასულეთს,
არაგველებო! გაშალეთ მთვარე
და ჩემს სამშობლოს მხრებზე დაჰხურეთ.
არაგველებო! სამშობლო მტკივა _
სამშობლო _ უფლის მუხლთა სასვენი,
არაგველებო! ამინთეთ დილა
და ჩემი ქვეყნის ზეცა გახსენით.
არაგველებო! მწუხრი წევს მყინვარს,
გონებავ ერის _ სიფრთხილე გმართებს,
არაგველებო! სამშობლოს სტკივა,
სამშობლოს სტკივა _ ღვთისმშობლის სანთელს.


* * *
ჩემი გონების ნაშალსა ვღრღნი და
ლექსის ძველისძველ ვისტუმრებ ვალებს
და ვატრიალებ ყოველი მხრიდან
თვალებს _ ცრემლებში გაწრთობილ კალმებს.
ჭექა-ქუხილის ვსაუბრობ ენით,
ჭექა-ქუხილით ბრძანებას ვისმენ
და ყოველდილა გონება ჩემი
მთვარის მკრთალ სხივებს მიჰყვება ცისკენ _
და მიღმიერი სამყაროს ხიბლით
შვებას არ მაძლევს სული წყეული,
წუთისოფელი სიცოცხლით მიბრის
სიკვდილით მიბრის მხოლოდ სხეული
და დავწანწალებ საფლავებს შორის
შავი ნისლივით ლანდი უსახო,
ციდან ვარსკვლავებს მიზიდავს ქარი,
რომ დედამიწას ჩამოუსახლოს.


* * *
ჩემს თავზე უცხო ფრინველი,
ტრიალებს, არა მცილდება,
მივდივარ, მომსდევს _ ჩვენს შორის
მანძილი არა მცირდება.
ხან დამიფარავს მზის სხივებს,
ხან ისევ გამობრწყინდება,
ნეტავი შენა, ფრინველო,
არ გღლის და არა გწყინდება.


* * *
წუხელ ნანახო სიზმარო,
ნეტამც კი ამიხდებოდე,
ჩემს საძვალესთან ყორნები
მოზარეებად სხდებოდნენ.
მე მჭირდეს ყველას ტკივილი
არავინ იტანჯებოდეს,
ჩემს ძვლებზე ტურფა იანი
ყვაოდნენ, არა სჭკნებოდნენ,
გარს მესხდნენ შავნი გველები
ჩემს ფიქრს ლექსებად ჰყვებოდნენ.
სად ჩემი ლანდი ჩადგება
ზეცა იქ ჩაიხსნებოდეს,
იქ მიდგეს ცისკრის ვარსკვლავი
სანთლად იქ დაინთებოდეს,
მთვარე მიკმევდეს საკმეველს
სუნი სამყაროს სწვდებოდეს,
ნაგლოვი მიღმა მხარისა
ცას ცრემლებადა სწყდებოდეს,
დიოდნენ სულნი ნისლივით
ჩემს გულისპირზე წვებოდნენ,
მე ვიდგე ნათელივითა
თვალნი სადამდიც სწვდებოდეს.
სიცარიელეს ვავსებდე
ჩამქრალის ნაკლულისასა,
მივხვეტდე, მკერდით მივრევდე
ფერფლს ჩანაცრული მზისასა,
ოთხივეს კუთხით ვისმენდე
ჩურჩულს ღვთის ზარებისასა,
ვუნთებდე სულთა სამყაროს
ცეცხლს ჩემის თვალებისასა,
მლოკავდნენ ცეცხლის ალები
ფერს ვერ მიცვლიდნენ მგლისასა,
სადაც მუხლს დავცემ ცის ზურგზე
იქ _ დავამჩნევდე ნიშანსა.



* * *
ნეტა რა გეტაშება,
ვის დაკრულზე ცოდვილობ,
როცა ცრემლი არ შრება
გულო კეთილშობილო.
დამცხრალია ჭენება _
როგორც ქართა თამაში,
რაღაც საშინელება
შეფარულა ამაში.
საით გაგიწევია,
ჩემო თალხო აჩრდილო,
ლანდების მისტერია
მზეშიც გამოვაჩინოთ.
ახლა უფრო ხშირია
შემოტევა წამების,
ნაკლებად მეშინია
მძაფრი შემოღამების
და ღრუბლების დინებას
კვალზე ავედევნები,
ქართა აქვითინება _
მთვარე ანაცრემლები.
ნეტავ რა გეტაშება _
ვის დაკრულზე ცოდვილობ,
როცა ცრემლი არ შრება
გულო, კეთილშობილო.


* * *
მოდი ამ ღამით _ ჩემთან მთვარეა,
მთვარე ჩუმი და მიუსაფარი,
მოდი, მზედ მოდი, მზეო მარიამ,
ჩემი სამყაროს ზურგი დასძარი.
მოდი, მდუმარე აჰყარე მთები
ცრემლად ჩამკიდე კლდეებს ფრიალოთ,
მოდი, ჩემს სხეულს შეასხი ფრთები
ქარში გავიდე სახეტიალოდ.
მოდი, ძვირფასო, მთვარის ამარა
ნუ შემატოვებ ამ ცბიერ ღამეს,
თორე ამ სივრცეს _ როგორც სამარეს
ჩემს შესახვედრად ვარსკვლავნი რთავენ.


* * *
ამკივლა, შემაზანზარა,
შევკრთი ორპირი შეთქმული,
ჩემს სახატესთან დამდგარა
მამა ჭაღარაშერთული.
მხრებზე დამაწყო ხელები,
ავკვლევ, მიწისფრად გავშრები,
ვის ხატებს მიეფერები
შე შობელძაღლო, რას შვრები!
ამწია, კედელს მიმანდო,
ჩამომისწორა მაჯანი,
ყელზე სიბრტყელად მიმადო
სამღარიანი ხანჯალი.
ხელი მკრა, იქვე მიმაგდო,
აღარ გნახოვო საჯარეს.
მაღალო ღმერთო, რა მომდის,
ეს რა სიზმრები მტანჯავენ,
სხეული გარეთ გამოვდგი,
გამოვიკეტე საძვალე.


* * *
ცა ისევ ცრემლით მოვცრემლე,
სულს სატკივარი მინაცრავს,
დაჰღლილხარ წუთისოფელო,
შენი დროც ჩამოიმარცვლა.
შენი დროც ჩამოილია
როგორც ყველასი ილევა,
შენს ირგვლივ ჩემი ჩრდილია,
მე შენი ძვლების მღვიმე ვარ.


* * *
სცენა...
სადაც სულს ფრთები დაემტვრა
და სისხლისფერ მტვრად განიმცვრა
უკან,
ქარი _ ღვთაებრივ ჰანგთა მაესტრო
ნისლთა კამერულ ორკესტრთან
უკრავს.
შენ კი ხარხარებ, როგორც ყოველთვის
როცა ნათელი შესცვლის სამთვაროს,
მიწაზე _
გაჩნდი როგორც პოეტი,
შეშლილის მარტივ ნიღაბს ატარებ.


* * *
გავტანჯე მიღმა სამყარო
ცაზე ფიქრების წერითა,
ღეჭვით დამცვდარის ეჭვებით,
გახუნებულის რწმენითა.
სად სჭკნებით, ჩემნო ყვავილნო,
ნათიბნო ჩემის ცელითა,
ჩამობინდული თვალებით
მტვრადქცეულთ ჩამოგცქერითა.
აღარ მხიბლავენ ნისლები
თავისი მშვიდი გალობით,
თქვენგან ვიყავი ჩვეული
მცირედ მხოლოდ თქვენ მწყალობდით.
თქვენ მე მავსებდით, მე თქვენა _
ერთიმეორით ვხარობდით,
ვესწრაფებოდით შეყრასა,
გაყრას აღარა ვჩქარობდით.
ავდევდით დილის ნიავსა,
თავ-თავის ხმაზე ვჩქამობდით,
ვტირი და... ცრემლის მაგივრად
თვალთაგან სისხლი ჩამომდის.


* * *
მ. ჩიტიშვილს

შენს ლექსთან, როგორც ხატის წინ
ქედდადრეკილი ჩავივლი,
ჩავინავლები ცეცხლიდან
ამსხლტარი ნაპერწკალივით,
რომ არ მრცხვენოდეს – კაცობის,
ავტირდებოდი ქალივით.


* * *
ხომ გიკვირს...
დაწყლულებული დამაქვს გული და
ვქვითინებ,
ვიდრე შემეძლო _
ვუძლებდი, ვიდრე შემეძლო _ ვითმინე...
ახლა კი, როცა
ტკივილმა გულის გარედან გაჟონა,
ირგვლივი შეატორტმანა
ჩემი გონების ნაჟრჟოლმა...
ნუ მეტყვი,
ნურაფერს მკითხავ _ აქამდის როგორ ვმაგრობდი,
მტვერში გართხმულმაც ვიარე,
გზის სწორადაცა ვმაღლობდი,
არარა დამრჩა, ვინც მირტყა,
ჩემგან ნათქვამი მადლობით...


* * *
ნათელი სივრცის ნახევარს ფარავს,
ნახევარს მხოლოდ ჩრდილი მოჰფინა,
ღრუბლებით ცერად ჩაჭრილი მთვარე
მარტივი ხედი ჩემი პროფილის.


* * *
დამღალა შენმა ლოდინმა,
ქარაფთა ქართა სმენამა,
როცა ძალიან მწყუროდი
მაშინ არგამოჩენამა.
გულის ეჭვებით ბორგვნამა,
მეტ-ნაკლებობით ტკენამა,
რაც რომ საწუთრომ დამაკლო,
ის დამიმატა ზენამა.
ჩემს მხრებზე შავი ღრუბლების
ხშირ-ხშირად ჩამოფენამა,
დილით ხარივით ბუბუნმა,
ღამით ცრემლების დენამა,
წუთისოფელთან ბრძოლამა,
სულ აქეთ-იქით ფრენამა.
ჩაჰლია გულის კედლები
ჩაგუბებულმა წყენამა,
ახლა გინდ მოდი, გინდ არა _
ფრთები დაჰკეცა ძერამა,
მე თავად გარდავიცვლები,
რომც არ იჩქაროს წერამა.



* * *
თუკი მწადია, ვიტირებ,
ვინ რა დამიშლის ტირილსა?!
ცრემლია _ მადლი უფლისა,
განმბანი ჩვენი ჭირისა.
მადლობა, დამბადებელო,
რომ გვილამაზებ ტკივილსა...


* * *
ეს _ პატარეკას ნასახლარია,
ის _ მგელასი, ტურების ხავილი რო ისმის,
აგერ იქ, ბოლოში, ჩაქცეული სახლი როა _
ღვთისავარის...
მაღალი, მხრებში გასული, მწითური კაცი რო იყო...
შენ ბალღად იყავ...
ამათ კი დიდი ხანია
რაც წუთისოფლის კარები გაიჯახუნეს.
საბძლის სახურავს რომ უყურებ,
ეს ცალთვალა დათასია, მჭედლისა,
ცოლი ჰყავდა?! _ კაბის ბოლოთი
ნახევარ სოფელს ჰგვიდა,
პირველი ქმრიდან რო გერი მოიყოლა _
ისღა ცხოვრობს მაგ საბძელში,
აბა, შენც შემოურბინე თვალით სოფელსა და
მერე გაიკვირვე
დაღრუბლული შუბლის ყურება...


* * *
ნუ შემადარებთ ყვავილის ფოთლებს,
ნურც მთვარეს ცაზე დაგდებულს ზურგით,
მე უფრო ვგავარ ნიადაგ მბრუნავს
მთათა წვერებზე მიფენილ ღრუბელს.
მე ბილიკი ვარ, რომელზეც მგზავრი
რაღაც ფარული სიმშვიდით მიდის
ლანდი ვარ მიწის, არ ვგავარ არვის _
უზომოდ მცირე, საშინლად დიდი,
ქარიშხალი ვარ, არ ვგავარ ქარებს,
დიდება სიკვდილს, სიცოცხლე მიმძიმს,
ცა რომ ტორტმანებს, ეს მე ვხარხარებ _
ჩემი სისხლია _ მიწა რო იძვრის!


* * *
ჩამოვრჩი მგზავრებს, წყლის პირზე
ჩამოვჯექ, ჩამოვისვენე...
ვეჩურჩულები წყლის ტალღებს
არაგულით რამ მისმენენ.
ზევიდან მოდგნენ ქარები
მზის სხივი ჩამომისვენეს,
აუსვეს ენა, ალოკეს
თვალზე მომდგარი სისველე...


* * *
გზებს ვკეტავ საიქაოსთვის,
კლდენი ჩავუდგი კარებად,
თქვენ ჩქარობთ, წუთისოფელო,
მე არსად მიმეჩქარება,
არც არაფერში მჭირდები _ საშენად,
მოსახმარებლად,
ყველა მხრის ვიცი სავალი,
შენგან არ მინდა სწავლება,
მიბრძანდი, ის გიმასპინძლებს,
ვინც ჩამოგმარცვლა წამებად.


* * *
თუ მომწონს, ვიტყვი, რომ მომწონს,
არ მომწონს, ვიტყვი ამასაც...
ვერ იქნა, ვერ დავაჯერე
ჭკვას არც ის ატანს ძალასა.
მერე თვეობით ვალაგებ
ბეჭებზე აშლილ ბალანსა,
ნეტა რა ხელი აუვა
ამის ყურების ბანასა.


* * *
აქ ვერა ვქენი,
ვერ ვიქამ იქაც,
მეშლება საძნედ შეკრული ულო,
ქვეყანა _ ვირთა ფარეხად იქცა,
ვის ვეფერო და ვის ვუერთგულო...


* * *
სად წახვალ, ასეთ ქარბუქში,
ძაღლს არ უშვებენ გარეთა,
რაც ძაღლზე გამოვიგონეთ,
კაცს ნუღარ დააბრალებთა,
შენ კი როდემდის იდგები
თვალცრემლიანი კარებთან...
ვინ მისცა სახლი, საწოლი,
სულს მობუბუნეს ქარებთან?!
რაც უნდა ვიყო, ვინც არა,
ძაღლს ნუღარ დამამგვანებთა,
მიმკერძეთ ღამის აჩრდილებს
ჩემფერათ მოწანწალეთა,
ნურც ვინ ქარბუქით მაშინებთ,
ნურც ნურვინ შემიბრალებთა,
არც არვის დგომა მჭირდება
თვალცრემლიანის კარებთან...
არ დაგიცივდეთ ძაღლები,
ნუ გამოუშვებთ გარეთა.


* * *
ქარი მიწის მტვერსა ჰხვეტავს,
გადაჰფინოს ცასა _ ცდილობს,
როგორ ჰფიქრობ, რატი, ნეტა,
საქმეს სჩადის სასაცილოს...
ამას მხოლოდ გიჟი შვრება,
ჭკვათმყოფი იქამს შვილო?!.


* * *
სისხლმა წალეკა სამყარო,
ცრემლს მიაქვს მთა და ბარია,
სად მხარი გდია ნაკორტნი,
სად დალეწილი მკლავია,
არც არვინ დამმარხავი ჩანს,
მკვდარს ასაფლავებს მკვდარია...
საფლავის კართან ჟანგდება,
ჩამოწყვეტილი ზარია,
არავინ ამბობს ცოდვაა,
არც იმას _ დიდი ბრალია,
აბორგებული მოჰქშინავს
სისხლში ნაბანი წყალია,
ასე რად გაწყრა გამჩენი _
ყველა ერთად რომ დალია.


* * *
მე მიკვირს კაცის _
როცა ასეთ შეკითხვას მაძლევს,
რომლის პასუხიც წინასწარ იცის
და თუ არ ვცდები _
შემეკითხა მხოლოდ იმიტომ,
შუაღამისას _
გაციებულ ბუხართან მიმჯდარს
ამტეხოდა ტვინის ქავილი.


* * *
თუ დააკვირდი, მეგობარო,
მგზავრი რომ გაგცდა _
ჩემი სხეულის რომელ ნაწილს
მიიდევნებდა?!
ახლა მოხვედით?!
უკაცრავად,
ბოდიშს მოგიხდით _
რას ვიფიქრებდი _
თუკი ასე შეწუხდებოდით.


* * *
ნასაკირალთან კუნელი დგას,
შავი კუნელი,
კუნელთან ღორი მიუბიათ
ძალიან ახლოს.
სავსეა ველი ყვავილების
უცხო სურნელით
რომელსაც ღორის შემზარავი
სურნელიც ახლავს.
იქვე მდინარე შემღვრეული,
შეცვლილი ფერით,
ლოდები სველი,
ჭალა სველი, ბალახი სველი,
ნასაკირალთან შაშვი გალობს,
ვიღაცა მღერის,
სიმღერის ტექსტის გარჩევაა
საკმაოდ ძნელი.
მთებიდან ნისლი მძიმე-მძიმედ
დაბლა ეშვება,
როგორც ყოველთვის _
ვატყობ _ ახლაც რაღაც მეშლება.


* * *
რაც უნდა მომიხდეს,
რაც უნდა მოხდეს,
ვერ შემიტყუებთ ვერაფრით სახლში,
ამხედრებული ვარ შვინდის ჯოხზე
მივყვები ღელეს,
ბოლოზე სოფლის,
ქართაგან გავლილ წარაფს რომ ჩასდევს
დგას ხეიბარის მიწური ქოხი
და შავი ბოლი მიცურავს ცამდე.
გავჭერი ცერად ცვრიანი მოლი,
მივუალერსე ყვავილებს გაშლილთ,
დედის მაგიერ ხმა ისმის ცოლის:
_ რას დაწანწალებს, დაეგდოს სახლში!
დაბერდა კაცი, ვერა გრძნობს ასაკს,
ბოლო დროს ვატყობ არ
არის ჭკვაზე _
სახლში ძველ ნივთებს მოიგდებს _ რასაც
გააქვს და აწყობს ნაწვიმარ გზაზე,
გუშინაც პეპლებს დასდევდა შტერი,
სულზე მივუსწარ არაქათგაცლილს
და მთელ სახეზე შეშლილი ფერი
ედო, ხარხარით კვდებოდა კაცი...


* * *
მინდორს გავცდი,
კარგახანი მივყვებოდი ხეთა ჩრდილებს,
გავიხედე _
ტყისპირიდან მოდიოდა გოგო ვინმე.
ახალგათენებულს ჰგავდა,
მზე არ ჩანდა ცაზე კიდევ.
სულ სხვა მხარეს გატრიალდა,
მეც მალულად გავეკიდე,
ვდიე,
ვდიე, ბეჩავ მუხლებს გავაცალე არაქათი,
შენ იარე _
მივაწყევლე _ ჩემი ცოდვის ბარაქათი.


* * *
მე თუ არა ვთქვი,
შენ არა სთქვი,
არა თქვა იმან,
ან ვართ ყრუები, ბატონებო,
ან კიდევ გვძინავს...
ეს რომ ასეა,
ამიტომ გვაქვს თავში საცემი,
სამშობლო,
ცნება რომ გვგონია მზა ტანსაცმელი,
ვისაც სად გვინდა,
როგორც გვინდა, ისე მოვირგოთ,
მტერს ნურა კარგი,
თუ ამ ყოფით რამე მოვიგეთ.
ახლა ხომ მიხვდით, რაც მოგვწია,
რაც ქნა სიყრუემ,
ვით არშემდგარ ერს
არშემდგარი ერი გვიყურებს.
რა ლოდს ვახალო, სად წავიღო
თავი საწყალი,
ყველა სულელი მე მარიგებს,
ჭკუას მასწავლის...


* * *
ცას მომწყდარ ვარსკვლავივითა
ვიფერმკრთალებ და ვიწვები,
ჩემს თავს ტყუილად იფიცავ
მალედვე დაგავიწყდები,
ახლა, მზეს იმას ამგვანებ,
ვისი გვერდითაც იწვები...
დღესავითა ვარ, ვმწუხრდები,
ნათელისაგან ვიცლები.
აღარ მიკითხავ რა მიჭირს,
ჩემს ამბავს, როგორ ვიქნები...
ისევ შენს ირგვლივ იბრუნებს
ჩემი გული და ფიქრები,
თუ რამ მჭირს, ჭირი _ შენგან მჭირს,
რა ვქნა, არ გამესხვისები...


* * *
იორი, არაგვი, ალაზანი,
მთების სინდისი და ნამუსი,
ღმერთო, ამათ ბორგვას ამამგზავრე,
გავიდე მამულში.
შენი ტერფის მტვერი მალოკვინე,
მაყეფე, მაბღავლე, მადიდგულე,
ღმერთო, ბრძოლის ჟინით მაროკვინე,
კიდევ წამოგვშალე სადიდგორედ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Mon Sep 27, 2010 1:20 am

გულო, კეთილშობილო...
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Mon Oct 25, 2010 7:02 pm


შენ გამახსენე,
ჩემო მამულო,
რამე თუ დამრჩეს დაუკოცნავი...
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Fri Oct 29, 2010 5:41 pm

დიდი მადლობა აქაურ ხელმძღვანელობას ტარიელ ხარხელაურის მშვენიერი გვერდისათვის და მეც დავამატებ ერთ ინტერვიუს:



07:17 / 29-10-2010

"საქართველო მარგოს მდგომარეობაშია"

23 ოქტომბრის წვიმიან საღამოს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 კორპუსის სააქტო დარბაზში საზოგადოება მთის სურნელითა და ქვეყნის სიყვარულით გაჟღენთილი პოეზიის სიყვარულმა შეკრიბა ერთად. სცენაზე ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი ტარიელ ხარხელაური იდგა და თავისი ლექსებით გვათბობდა. დარბაზში უმრავლესობა ახალგაზრდობა იყო, თუმცა მსმენელის რეაქციიდან ჩანდა, რომ მათსა და ჭარმაგ პოეტს შორის ასაკობრივი ზღვარი წაშლილი იყო. უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ტარიელ ხარხელაურის პოეზია დროსა და სივრცეში იმგვარადაა დაბინადრებული, რომ კიდევ არაერთი თაობის სათქმელად და გულისფეთქვად იქცევა. პოეზიის საღამოს ორგანიზატორები ახალგაზრდა პოეტები: ნუკრი ბერეთელი, ირაკლი ყალიჩავა და მინდია გოგოჭური იყვნენ. დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი ბატონი ტარიელია.


- ბატონო ტარიელ, მედიასახლი "პალიტრა" აპირებს იმ 50 წიგნის გამოცემას, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ადამიანმა, სანამ ცოცხალია. ასეთად რომელ წიგნებს მიიჩნევთ?
- ჩემი აზრით, ასეთია ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია", ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა, რომელიც პირადად ჩემთვის ბიბლიის ტოლფასია. აუცილებელია გურამ დოჩანაშვილის, ოთარ ჩხეიძის, ძმები ჭილაძეების გაცნობა. ასეთ ავტორებად მიმაჩნია ბალზაკი და ტოლსტოიც... მაგრამ თუ საქმე საყვარელ მწერალზე მიდგება, ვაჟა-ფშაველას დავასახელებ. გამორჩეულად დიდი ნაწარმოებია "გველისმჭამელი". ამ ნაწარმოების ფილოსოფიური სიღრმე და ვაჟას სამყაროს ჭვრეტა, წვდომა უსაზღვრო გაოცებას იწვევს.

- მისი შემოქმედება თქვენს პოეზიასაც ხომ არ კვებავს?
- ვაჟას, მიუხედავად იმისა, რომ ასე ძალიან მიყვარს, გავურბივარ. ტიტანია და ნებით თუ უნებლიეთ შენსას გაკარგვინებს, ამიტომ მხოლოდ მაშინ ვკითხულობ, როცა წერას მოვრჩები. პოეზიისთვის არა, მაგრამ გონებისთვის ვაჟა ძალიან დიდი საზრდოა.

- პირველად როდის იგრძენით, რომ კალამი გიხმობდათ?
- ბავშვობისას, მაგრამ მაშინ მრცხვენოდა. კალამი კაცის საქმედ არ მიმაჩნდა. მთაში ვიყავი გაზრდილი და სხვანაირი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ გასაქანი არ მომცა და მაინც თავისთან მიმიყვანა.

- რთულია ლიტერატურის სამყაროში ადგილის დამკვიდრება?
- თუ მკითხველს გულწრფელად ელაპარაკები, სათქმელს აუცილებლად მიიტან, რაც უნდა დიდი სახელები იყოს შენამდე და შენ შემდგომ.

- ვაჟას გარდა, რომელი პოეტი მოგწონთ?
- გასაკვირი არ იქნება, თუ გალაკტიონს დავასახელებ. ძალიან მიყვარს ტერენტი გრანელი, გიორგი ლეონიძე, ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი...

- ახალგაზრდა მწერლებს თუ ეცნობით?
- აუცილებლად, რადგან თუ თანამედროვე ლიტერატურას, პოეზიას არ კითხულობ, ვერ მიხვდები, ირგვლივ რა ხდება. უამრავ ახალგაზრდა ავტორს ვიცნობ და მიხარია, რომ ნიჭიერი თაობა მოდის. ისინი ქართული ლიტერატურის ისტორიაში თავიანთ სიტყვას იტყვიან.

- როგორ ფიქრობთ, წიგნმა აქტუალურობა ხომ არ დაკარგა?
- სამწუხაროდ, წიგნი დღეს აქტუალური არ არის, მით უმეტეს - ახალგაზრდებში. ისინი ტექნიკური საშუალებებით მიღებულ ინფორმაციას სჯერდებიან, რაც არასწორია... წიგნს ვერაფერი შეცვლის.

- მთა გამორჩეულად გიყვართ, ქალაქში იშვიათად ხართ. როგორც პოეტი, თავს იქ უფრო ლაღად გრძნობთ?
- მთა უავტორო წიგნია, რომელსაც ჩემეულად ვკითხულობ. ბუნება უმთოდ ვერ წარმომიდგენია, ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ მთას ჩემს ლექსებში დიდი ადგილი ეთმობა.

- ჩვენი დღევანდელობა რომელ ნაწარმოებს გაგონებთ?
- დღევანდელი საქართველო მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებს" მაგონებს. საქართველო მარგოს მდგომარეობაშია. საწყენია, მაგრამ რეალობას ვერსად წავუვალთ.

- წიგნიერი ადამიანები დაფასებული თუ არიან?
- სამწუხაროდ, არა. ისინი არ სჭირდებათ, რადგან სხვანაირად აზროვნებენ, ქვეყანას სხვაგვარად ხედავენ.

- რის წაკითხვას გვირჩევს ტარიელ ხარხელაური?
- დავით გურამიშვილი ვიკითხოთ. ჩვენს ქვეყანას დღესაც "ქართლის ჭირი" სჭირს.

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)



წყარო/Source: http://www.ambebi.ge/books/27560-qsaqarthvelo-margos-mdgomareobashiaq.html#ixzz13kry0X5u


ხუმრობა:

ბატონო მიხო, ამ წერილში დაბეჭდილი ტარიელ ხარხელაურის ფოტოსურათი ხომ თქვენი გადაღებულია და აი, აქედან არის წაღებული:



ვიღაცა უჩივის ჟურნალ "გზას" და ხუთი ათასი ლარის გადახდას ითხოვს კომპენსაციის სახით, - ჩემი სურათი უნებართვოდ რატომ დაბეჭდეთო და თქვენ რას ფიქრობთ?

sunny
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Sat Oct 30, 2010 9:48 am

კარგი იქნებოდა, მიეწერათ, ვინც გადაიღო.

თუმცა ჩივილი და სასამართლოში სირბილი მართებული არ მგონია, სანამ ფოტოების საავტორო უფლებების დაცვის რაიმე მექნიზმი არ იარსებებს.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Wed Dec 01, 2010 11:06 am

***
დღეს თუ არ მოვკვდი, ცოცხალი
აღარ ვიქნები ხვალიდან.
ჩამოაბერტყა ცარსკვლავნი,
მზე ჩამოიღო მხარიდან,
შეაღო სულეთის კარი,
დაუკითხავად ჩავიდა...


Last edited by გამრიგე on Wed Dec 01, 2010 11:19 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Wed Dec 01, 2010 11:10 am

***

გზადაგზა ვფინე ნათელი –
გამოყოლილი მზიდანა,
შავიღა დავრჩი აჩრდილი –
დამსხლტარი ღრუბლის ფრთიდანა.
ცრემლებადა მდის – რაც კია
ტკივილად მოდის ციდანა.
ვერ შევქმენ, ვერა ამინდი
სამყაროების ცვლიდანა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Wed Dec 01, 2010 11:12 am

***

მთებო, ნისლები უნდა აგყაროთ, –
არაფერს ვტოვებ, ნისლების გარდა.
გახედეთ ერთი! – არ ჰგავს სამყარო
ფშაველი ქალის მოქსოვილ ფარდაგს...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Wed Dec 01, 2010 11:16 am

***

ვინ თქვა ღრუბლების ტირილი
ან ცრემლი ვინ თქვა ღრუბლისა,
წვეთებად ცნობა ვინა თქვა
შავად დამდნარი შუბლისა...
ეს ვარამია, მსოფლიო,
ჩვენში რომ იწყებს დუღილსა,
დანდობა კაცთა გონების –
დილის, შუადღის, მწუხრისა...
ჩვენ გვიბრუნდება უკანვე
ღამეულ ფიქრთა საქსოვად,
მიწა ხან წვიმად იღვრება,
ციდან ჩამოდის ხან თოვლად.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Wed Dec 01, 2010 11:56 am

მოუსმინოთ და ვნახოთ თუ როგორ კითხულობს ტარიელ ხარხელაური თავის ლექსებს:

http://www.youtube.com/watch?v=df0VpDjZAyE

http://www.youtube.com/watch?v=rFWXGE3HJc0&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=WwNIMgsH-Hs&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=eQEGCpLN6X0&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=HKvOY37ax1g&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=cgzlExfWiS0&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=5Y66Zj5f11k&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=OGTKp9tt8Pw&feature=related



study

***
ჩაქრნენ ვარსკვლავნი,
ზეცა იცლება,
ცვარად ეღვრება
ციდან იელებს.
ვეღარც მზის მოსვლით
ვერ შეივსება
ეს შემზარავი სიცარიელე.
კლდეებს ნაწყლულევთ
ნისლით ვუხვევდი.
ცაო, როგორ მღლი
შენი უფლობით...
წუხელ სიკვდილი
მეწვა მუხლებზე
და მე და ქარი
ვჭირისუფლობდით.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Wed Dec 01, 2010 3:32 pm

***

დღეს?! -
დღეს ნუ იტყვით,
ხვალ თვითონ მოვალ,
მოვალ ქარებით,
მოვალ გვალვებით,
რომ პლანეტათა
დასრულდეს გლოვა -
მე მზესთან ერთად
დავიკრძალები.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Tue Feb 08, 2011 5:59 pm

***
დარდი ფიქრი და ტკივილი
ჩემგან მოედო სამყაროს,
რას ამბობ ნისლო ტირილი
შენ როგრო უნდა მასწავლო,
ეს მე ვარ კლდეთა კალთებზე,
ცრემლად რომ ჩამოვწანწკარობ...



მიყვარს ტკვილამდე ეს ადამიანი.
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Tue Feb 08, 2011 7:09 pm

დადა wrote:



მიყვარს ტკვილამდე ეს ადამიანი


მეც I love you


* * *

ჯავრო,რა ძაან მაჯავრებ,
ჯავრო მამულის ჩემისა,
ხან გამაშიშვლებ საჯარედ,
ხან ფრთას დამკრავ და შემნისლავ.

კრძალვით მიმკეცავ საძვალეს,
შემძრას ხმამ ძვალთა ფშვენისამ,
გაძაღლდა და არ მიწყდება
ნერვი ბოროტის თმენისა
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Mon Feb 21, 2011 7:10 pm

***
(გოდერძი ჩოხელს)




ჩემს ფიქრებს თეთრი ფერი ერევა,
...ფერი, რომელსაც ნიადაგ ვლოკლდი,
თავი მოვიკლა?
სისულელეა!
ვერც ეს გზა აგყრის პოეტის ბორკილს.
არა!
არ არი არც ეს გზა სრული,
ქარებსაც ბევრჯე ვევნე-ვესალმე...
არის სიკვდილი და არის სული,
მაგრამ არსებობს სხვა გზაც - მესამე.
იქ უნდა დადგე,
სადაც მზეების
უზარმაზარი ლანდი დაირხა,
არა?! -
მონა ხარ საშინელების,
თავს რაღად იკლავ, ისეც მკვდარი ხარ.
ძმაო, მოგბღავი,
ძმაო, მოვკივი,
შენს ბებრ სისხლში ჟრჟოლვად გავივლი;
სიცოცხლე მითხარ, თორემ სიკვდილი
წარმოუდგენლად არის ადვილი.
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Tue Mar 01, 2011 11:02 am

ტარიელ ხარხელაური

მაშ ვინ, თუ არა ისინი

ბესიკ ხარანაულს, მის ლევანს, ჯარჯი ფხოველს, ომარ თურმანაულს, ზელიმხან უძილაურს, მიშა ღანიშაშვილს, ტრისტან მახაურს, ცოტნე ალბუთაშვილს და ყველას, ხემწიფე ლაშარის ჯვრის ყმათა...


ქარო, ნუ ამეშარები,
ისეც მტანჯავენ იჭვები,
ვინ სთქვა, ამოწყდნენ ფშავლები,
მხარბრტყელი ლეგა ბიჭები?!
სირცხვილი, შენი სირცხვილი,
სულ იმას ცდილობ, ავცრელმდე.
მაშ ვინ, თუ არა ისინი,
ამ მზეს რომ აბარბაცებენ?
ნუ მაწოკებ ნისლივით,
კლდენი ფიქრს აღარ მიმხელენ,
მაშ ვინ, თუ არა ისინი,
ღრუბლებს რომ მკერდზე იხვევენ?!
სივრცე წითლდება სისხლივით,
სისხლისფრად ათოვს ზმანებებს,
მაშ ვინ, თუ არა ისინი,
ამ მთებს რომ ატორტმანებენ?!
სთქვი, რამდენს მახეტიალებ,
სთქვი, რა გაკლდება გავთენდე,
რომ ისინია, ტიალო,
ღამით რომ მთვარეს ანთებენ...
სთქვი, ჯოჯოხეთის აჩრდილო
და გასაწირი გამწირე,
ვინ ათქრიალებს ამ სერებს,
ვინ აწიოკებს არწივებს?!
და ნუღარ ამეშარები,
ისეც სავსე ვარ იჭვებით,
სთქვი, რომ ღრეობენ ფშავლები,
მხარბრტყელი, ლეგა ბიჭები.
შენ დამამშვიდე მაინცა,
მუხის დახრილო ნაგრილო,
ფშავი რომ ჯერ არ არ წაიქცა,
სიკვდილი გავიადვილო!

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Mon Mar 07, 2011 2:04 am

***

ვერ აგაცილე დაღლა
გბანდი, ცრემლებით გრწყავდი.
ვერ აგიყვანე მაღლა,
ვერ აგამაღლე ცამდის.
სტირი,
უჩემოდ სტირი,
ნანობ უჩემოდ, ნანობ.
ვერ გიმკურნალე ტკივილს,
ჩემი ტკივილის გამო.
მე გაგიხუნე ფერი,
ცრემლი გიქციე წყაროდ.
ვერ შეგაშველე ხელი,
ვერ გაგიფრთხილდი, ქალო.
ისევ გარიდებ თვალებს,
წარბებს ქვემოდან გიმზერ,
ვერ დაგისვენე მთვარე
მკერდთან შებნეულ ღილზე.
ტვირთად გიქციე წლები,
ჩასცქერ ჩაღვენთილ სანთელს.
ვერ გავუმაგრე ფრთები,
შენ რომ მიზრდიდი მართვეს.
ვწუხვარ, ვეღარა ვშველი,
არც სურვილი მაქვს ამის.
ვდგავარ ნისლიან ველის
და გასაყართან ღამის.
გასვლა შენგანაც მინდა,
გავალ ღრუბლების ზემოთ.
მზე მე გიქციე ბინდად,
მე დაგაღამე, ჩემო.
ვერ აგარიდე დაღლა,
გბანდი, ცრემლებით გრწყავდი.
ვერ აგიყვანე მაღლა,
ვერ აგამაღლე ცამდის.


ძალიან ხშირად მენატრება ტარიელ ხარხელაურის მადლიანი დარიგება და მამაშვილურად გულში ჩაკვრა...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Wed Oct 26, 2011 10:10 pm



* 2010 წლის 8 ნოემბერი – ილია ჭავჭავაძის პრემია ტარიელ ხარხელაურს (საგურამო)

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Thu Nov 10, 2011 8:43 pm

ტარიელ ხარხელაური

მეუფე თადეოზს

კლდედ გაუტეხლად მაქცია
არ დასათმენის თმენამა,
ვერ შემძრა, ვერ ჩამომშალა
სულ მუდამ ქართა ფშვენამა,
შიგნით ნახარში ტკივილს
გარეთ ცრემლებად დენამა.
სიტყვა წამცდარი, გონების
უკან აბრუნა ენამა.
მოვედი, შენთან ვიუბნო,
ასე მიბრძანა ზენამა.
ის, რაც მძიმეა ერთისთვის,
ორმა იოლად ზიდოსა,
თავი ფიქრისთვის გვჭირდება,
არა, ბალიშზე იდოსა,
ფეხებზე დასაკიდები
ფეხებზე დაიკიდოსა.
სხეულის მჭლედ ზიდვა გვმართებს,
რო სულმა გაიმინდვროსა!
ლოცვა არც უსანთლოდა მწამს,
არც მარტო სანთლის წვის დროსა.
გონების სულ რყევა გვმართებს,
ობი არ მოიკიდოსა!
ვინ გვკითხავს, სასუფეველი
სად როგორ დავიმკვიდროთა.
შენს წინ ვარ ღირსო მამაო,
მდაბლად დახრილის თავითა,
სიკვდილში გალაღებული,
ვერშედრეკილი ავითა.
სული ვერ ჩამოქცეული,
ჩამოძენძილი გვამითა,
ვერ იქნა სამყაროს რისხვა
ვერ გავანელე ამითა!
არც თავადა მთხოვს მშვიდობას,
არც მე მივდივარ ზავითა,
თუ რამე ცოდვას ჩავდივარ,
ეგებ შენ ამხსნა ჯვარითა.
დღეს ან ხვალ გასვლა მომიწევს
ჩემზე წინ გასულთ გზებითა,
ვალს გავუსტუმრებ სამზეოს
ჯავრისგან დახრულ ძვლებითა.
სხვას ვერც რას მტრობით დავაკლებ,
ვერც გაყრა შერიგებითა.
მცირის კარგის ქმნა გვანაყრებს,
ბევრით სისხლის სმით ვძღებითა,
ხვალ უფალსა ვთხოვთ შენდობას,
დღეს თუ ავს რასმე ვშვრებითა.
ვერც ვნახე კაცი საფლავში
ჩასული თავის ნებითა,
ხდება განგების, უფლის და
ეშმაკთან გარიგებითა.
ეგებ, ცოდვაა მამაო,
შენ წინ რომ გიფენ წუხილსა.
კლდის ჩამოქცევაც მინახავს,
მტვრად, ნაცრად ქცევა მუხისა,
როცა ნაკლებად მჭირდება,
იქ ჩამობერტყვა მუხლისა,
უნდა ბოლავდეს ნიადაგ,
წესი ესაა ბუხრისა.
მიწა მზადაა ავდრისთვის,
ცა როცა იწყებს ქუხილსა.
ვინ მკითხავს ან აბრძანებას,
ანდა ჩამოსვლას მწუხრისას.
არც ჭკვაში მომდის, განვსაჯო
საკეთებელი უფლისა.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Sat Jul 21, 2012 1:59 pm

ტარიელ ხარხელაური


***
როგორ დამყურებ, ცავ,
უსახურო,
შუბლს რომ ეღვრება - შენი
ცრემლია,
ცრემლით გინდა, რომ
ამგლიჯო სურო,
ტანს რომ გველივით
შემომხვევია...
ვერა, ვერ კურნავს
ცრემლი იარებს,
მასნეულებს და უფრო
მაწყლულებს,
ცაო, მაღალო, დააგვიანე,
მე აჩრდილებმა
დამანაკლულეს.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Mon Jul 23, 2012 8:53 am

ტარიელ ხარხელაური

***
‎(თეონა ქუმსიაშვილს)

მუცოს გალობით მიუხველ -
სდუმდა, შენ დუმილს არ გთხოვდა,
მზაკვრობას რად ვერ მიუხვდი -
სიმშვიდეს რომ არ დასთმობდა.
შენი სიმღერა ჭიუხებს
აასხი ვერცხლის მძივებად,
არღუნი - რად ვერ მიუხვდი -
ამას არ გაპატიებდა.
მზიდველნი ბევრი ჭირ-ვარმის
მთები - თალხ ნისლებს იცმევენ,
მოდგნენ კლდეები მტირალნი
და მკერდი ჩამომიცრემლეს.
არწივნი მოთქმით მოდიან,
სისხლს მიმღვრევს გულის ლაჩრობა,
ზოგჯერ ტკივილსაც სცოდნია
თურმე ცრემლების დაშრობა.
ვდუმდი - რო უნდა მებღავლა,
მიმუხლთა ქარმა, არ მემხრო -
შემძრა, ცა და ქვეყანა
უნდა ერთბაშად დამემხო.
ვერ დაგიტირეთ, გავქვავდი,
ჯავრი ჰყეფს ფიქრთა სამრეკვლოს,
მოვწყდი ზვავივით დავქანდი,
მზად ვარ სამყარო წავლეკო.
ცრემლებად უნდა დავშალო,
მთელს პლანეტაზე მოვფინო,
რომ მოჰყვე ციხის ნაშალო -
რაც სჭირს ამ შეშლილ მსოფლიოს,
რომ დაჭკნა და გაიცრიცა,
ტკივილს ვეღარც ეს მიამებს,
ნაბორგვი დედამიწისა -
მაღლა ვერ ააქვთ მყინვარებს.
მთათა სულს მიფრთხობს ქვითინი,
ცაო, შენც მხრები დაუშვი...
სიკვდილი ზეობს ფითრივით -
ჩემს დაობლებულ მამულში.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Fri Oct 19, 2012 8:40 pm

ტარიელ ხარხელაური

***
‎გახსოვს წლები - ?!
ქარი გახსოვს?! - ზათქით მქროლი...
გახსოვს თოვლი?!.და ხეები შენათრთოლი...
ჩვენი სახლის საბუხრედან შავი ბოლი
ადიოდა...
გახსოვს ეზო?!.
და ეზოში დიდი ძაღლი...
სთქვი:
- პატრონმა არ აუშვას...
მომეკარი...
გახსოვს, რომ არ გაგიჯავრდი?!
და მითხარი: - არა უშავს...
გაზაფხულდა... და ფერებით განაოცებთ...
მიეფერე აკაციებს...
მე როგორღაც დამავიწყდა: - არ გაკოცე...
შენ კი ეს არ მაპატიე...
გახსოვს?!წლები...
ქარი გახსოვს?! - ზათქით მქროლი...
ჩვენი სახლი...
საბუხრიდან შავი ბოლი ადიოდა...
სოფელში რომ გიჟი კაცი დადიოდა...
მოკვდა...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
ტარიელ ხარხელაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: