არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 თორღვა ძაგანი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: თორღვა ძაგანი   Tue Mar 17, 2009 3:34 pm


შოთა არაბული - ”თორღვა ძაგანი”

წუხელ სიზმარში მომაკითხა თორღვამ - რამდენი ხანია რაღაცის დაწერა გინდოდა ჩემზე და აბა, რა გააკეთეო...
მამუკა წიკლაურმა ხო დაწერა პოემა მეთქი, - ვითომ თავს ვიმართლებდი მე...

და შენაო, შენ რას აკეთებო...

მოდით, ამ კაცზეც ვთქვათ, რაც სათქმელია, ჰა?
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: თორღვა ძაგანი   Tue Mar 17, 2009 3:36 pm

წიკლაური მამუკა


დაიბადა 1938 წელს, ფასანაურში. 1962 წელს დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. ავტორია პოეტური კრებულების: "რკინის ფესვები" (1969), "თოვლის ქრიზანთემები" (1975), "დიდი ფოთოლცვენა" (1976), "ლექსები" (1980), "თორღვა ძაგანი" (1980), "აისბერგი სამხრეთისკენ მიდის" (1982), "ფრენის ტრაექტორია"(1985) და სხვა.

Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თორღვა ძაგანი   Tue Mar 17, 2009 3:46 pm

"თორღვა ძაგანი"
(ერთი პოემის ანალიზი)

პოემამ "თორღვა ძაგანმა" თავიდანვე მიიქცია მკითხველის ყურადღება. იგი მრავალმხრივ საინტერესო ნაწარმოებია. მამუკა წიკლაური ვერლიბირს ფორმის პრაქტიკული და თეორიული დამცველია, მაგრამ ამ პოემით კლასიკური და ტრადიციული ლექსის ერთგული რჩება. ნამდვილი პოეტი ბუნებრივია უნდა ფლობდეს ლექსის ყოველ, სახეს, მითუმეტეს ტრადიციულს, რომელიც ყოველი სიახლის ფუნდამენტი და საყრდენი წერილია.
ყოველი ერის მითოსში არეკლილია შინაგანი ბუნება და ხასიათი ამავე ერისა. ქართული მწერლობა მუდამ საზრდოობდა ამ სულიერი სალაროთი.
ინტერესი მითებისა და მითოლოგიური სიუჟეტებისადმი კვლავ გაცხოველდა. დღეს სათავეების მოხილვის ჟინი ყველა ხალხის ლიტერატურაში შეინიშნება. მამუკა წიკლაურის "თორღვა ძაგანი" ამ საერთო სწრაფვის გამოხატულებაა. პოეტმა ქართულ მითოლოგიას მიმართა, შედარებით ნაკლებ ცნობლისა და გავრცელებულს, მისთვის მახლობელსა და მშობლიურს.
პოეტის მიზანია უძველეს ყოფაში მარადიულ საყრდენთა პოვნა. ფიქრებს წარმართავს მითოსური პირველწყაროსაკენ, სადაც "ამირანის მკლავი წუხდება" და "სულკალმახის ვაჟები სხედან".
"თორღვა ძაგანს" საფუძვლად უდევს ხევსურული ლეგენდა ხევსურ კაი ყმაზე. ხალხურ სიტყვიერებაში ირკვევა, რომ თორღვა მეფეთა უკანონო შთამომავალი ყოფილა.
თორღვა ძაგანი ჩაბმულია ყოფიერების "უაზრო ომში", სადაც ბატონობენ ძალმომრეობის, დაპყრობის, დთრგუნვის ინსტიქტები.
პოემა ორი ნაწილისაგან შედგება- "თორღვა ძაგანი მუცოში" და "თორღვა ძაგანი ქვესკნელში".
თორღვა პეომაში წარმოდგენილია არა მხოლოდ გმირად, არამედ ბრძენადაც. მას დაბადებიდან თან დაჰყვა ღვთიური ნიშნები-სისხლიანი მარჯვენა, ერთ ბეჭზე მთავრე, მეორეზე მზე და მათ შორის ჯვარი. ამით მითითებულია, რომ იგი ჩვეულებრივი ადამიანი არაა.
სისხლიანი მარჯვენა მოწმობს, რომ იგი მრისხანე და ძლიერი ძალაა, ბოროტისა და კეთილის მიღმა მდგარი. იგი თავადაც გრძნობს, რომ რაღაც უხილავი ძალა განაგებს.
თორღვა თეთრ ყორანს მისდევს, უცებ მყინვარის კარი გაიხსნა და ქვეშეთში ჩავარდა, სადაც ხვდება ვეშაპი, რომელიც გრძნეულ ჯაჭვს აჩუქებს. იგი აისხლეტს ისარს და მახვილს არ იკარებს.
ვაჟა-ფშაველას "გველისმჭამელიდან" ხოგაის მინდიას სახე გვახსენდება . . . როგორც ხოგაის მინდია გველის ხორცის ჭამით იქცა ბრძენად, თორღვა ვეშაპის მეოხებით სრულ ღვთაებად იქცევა. მაგრამ ერთხელ საბანაოდ წყალში ჩავიდა და ჯაჭვი ნაპირზე დატოვა. ჯაჭვი ქვესკნელს დაუბრუნდა. მინდიას დარად თორღვაც ისევ მიწიერ კაცად იქცა, რაც სიკვდილის მოახლოების დასტურია.
რადგან მითოსური პერსონაჟი განუწყვეტლივ მოგზაურობს ხილულ და უხილავ სამყაროს შორის, იღუპება და კვლავ აღდგება, იგი მარადიულ სახედ იქცევა.
ბეჭზე მთავრე და მზე იმიტომ ახატია, რომ ისინი ქართული წარმართული ღვთაებანია. ხევსურეთში ერთ ერთ მთავარ ღვთაებად პირიმზის ხატი ითვლებოდა. მზე მდედრი ღვთაებაა, მთვარე-მამრი. თორღვა მზისა და მთვარის ძეა, ღვთაებებთან წილნაყარი.
თორღვას ფშაველი ჩოთას ისარი მოხვდა მზე და მთვარე ჩაუქრა. თორღვას სიკვდილი ღვთაებრივი ატრიბუტის ჭკნობით დაიწყო და გადადის ჰადესში, სადაც ახალი სიცოცხლით შეიმოსა: "შენი სიკვდილი არ შეიძლება, შენ უნდა იდგე სანიშნო სვეტად, რომ არ გამოლბეს ჯილაგის ყუა, არ დაჭაობდეს წოლით და ჭამით. შენ უნდა იდგე მზე-მთვარის შუა და ფოთოლივით გემუროს ჟამი!"
მზესა და მთავრეს შუა ჩახატული ჯვარი კი ქრისტიანული რწმენის სიმბოლოა (სიმბოლიკაა), ქრისტიანობის ორიგინალური ნაერთი, თორღვა ძაგანი წარმართულ-ქრისტიანული გმირია."თორღვა ძაგანი" გამოირჩევა სადა და ნათელი მეტყველებით.
ორიგინალურია მის მიერ სიტუაციების გააზრება.
" მე წუხილი მჭირს უკანასკნელ ჭირად, ამ წუთისოფლის კედლები მზარავს. ჩვენ ვცხოვრობთ ბებერ ღრუბლების ძირას და ქარი ებრძვის დროებით კარავს. ორმოა ჩვენი წერა და ბედი, ცით დახურული უკუნო ორმო, ორმოში ვჩნდებით, ორმოში ვკვდებით, სულ თავდახურულ ორმოში ვცხოვრობთ". თანამედროვე ლითერატურას ნაკლებად გამოჰყავს აქტიური, ძილერი პიროვნება, ხელოვანს უწევს უკუქცევა ისტორიისაკენ. ამიტომ მიაპყრო თორღვას ყურადღება პოეტმა, გვაჩვენა მითოსური პერსონაჟის ცხოვრება, რათა "თორღვას ფესვის ახალთაობას, თორღვას ვეშაპი უღვივოდეს თვალში!"

" ლიტერატურული საქართველო" 1980წ. , 15 აგვისტო. - http://publish.dlf.ge/vaxtangvi/mamukaciklauri/semoqmedeba.htm
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: თორღვა ძაგანი   Tue Mar 17, 2009 9:01 pm

Arrow

ის ლექსი მაინც დაედო ვინმეს - ”ობლობით ამაიზარდა თორღვაი ძაგან გვარია...”
მე წიგნი აქ არა მაქვს, რო თავად ამეკრიფა...

თორღვა ქართულ მითოლოგიაში სხვა არის - თორღვა ძაგანი საკუთარ სამართალს ქმნიდა, ბაგრატიონ იყო, და ვინაც კი ყოფილა მუცუში, თორღვას ციხეზე ასული, ყველა მიხვდებოდა, როგორ სისხლში გვყავისა ჩვენ თორღვაი...
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: თორღვა ძაგანი   Wed Mar 18, 2009 8:34 am

ბობო wrote:
Arrow

ის ლექსი მაინც დაედო ვინმეს - ”ობლობით ამაიზარდა თორღვაი ძაგან გვარია...”
მე წიგნი აქ არა მაქვს, რო თავად ამეკრიფა...

თორღვა ქართულ მითოლოგიაში სხვა არის - თორღვა ძაგანი საკუთარ სამართალს ქმნიდა, ბაგრატიონ იყო, და ვინაც კი ყოფილა მუცუში, თორღვას ციხეზე ასული, ყველა მიხვდებოდა, როგორ სისხლში გვყავისა ჩვენ თორღვაი...






თორღვა ძაგანი
-------------------
ობლობით ამაიზარდა თორღვა ძაგანის გვარიო,
ამაეს ამაიყოლა ნავთი და ნაკვერცხალიო;
დიდებულობა დაუთქვეს,ბეჭებს უნახეს ჯვარიო,_
მარჯვნივ მზე წერებულიყო,მარცხნისკე მთვარის ნალიო!
_ფშავლებს უმატეთ ბეგარსა თითო ტარიგი ცხვარიო,
თითო ნაცრიან ტომარა მთაზე დავყარო მშრალიო;
საკარგყმოდ შამიკრიფოდით ლაღის არწივის მხარიო.
"ვინც შენ ეგ მაგცას,თორღვაო,მამა წაუწყმდეს მკვდარიო".
ამაიწვადა ჩოთამა ისარი მჭვარტლიანიო,
გულსა ხკრა,სუკსა უწია,დაეცა ძაგნის გვარიო.
_ჯაჭვი რა უყავ,თორღვაო,ქაჯების ნაჩუქარიო?
_იელოვანზე გავწირე,გაცურდა,როგორც წყალიო.


sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თორღვა ძაგანი   Fri Oct 26, 2012 7:52 pm


მუცო, თორღვა ძაგანის ციხე

ამირან არაბული

ბაგრატიონთა საგვარეულოს „ღვთისნებითობის“თეორია და ხალხური სიტყვიერება


ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის შარავანდედით შემოსვა, არაამქვეყნიური დიდების ატრიბუტებით აღჭურვა და ღვთიური წარმომავლობის აშკარა, თვალხილული ნიშნებით შემკობა და დამშვენება, რაც არ გახლავთ ხშირი, სადაგი და სისტემური ხასიათის მოვლენა ცოდვითდაცემული კაცობრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, იმგვარი გამონაკლისია, რომელიც მეფობის მიწიერ განზომილებაში ცალსახოვნად გამორიცხავს ხაზგასმულ ლტოლვასა და ინტერესს პირადი განდიდებისადმი, პატივმოყვარეობისადმი, მატერიალურ ფასეულობათა მოპოვებისა და დაგროვებისადმი, წარმავალი და, თავისი არსით, ხრწნადი, კვდომადი, ჟამიერი ღირებულებებისადმი...

ნათქვამის ნათელსაყოფად სავსებით საკმარისია მოვიხმოთ ციტატა „ისტორიათა და აზმათა“ ტექსტიდან, სადაც საუცხოო სიცხადით ჩანს ქართველთა „ღმრთისა სწორი“ მეფე-ქალის სახე-ხასიათი: „...და ესეოდენთა დიდებათა და სიმდიდრეთა გარდარეულთა და სიმაღლესა შინა ესრეთ იყო, ვითარცა ყოვლად არა რაი ჰქონებოდა, და უდარეს და უგლახაკეს ყოველთა კაცთასა შეერაცხა თავი თვისი“ (19,28)...

მეფობა, როგორც ადამის მოდგმის ჩვეულებრივი ყოფიერებისა და მოღვაწეობისაგან გარკვეულწილად განსხვავებული სოციალური მოვლენა, მინიჭებული პიროვნული ღირსებებით მასიდან გამორჩეული პერსონისათვის, ძველთუძველესი კულტურის მქონე ქვეყნების მკვიდრთა შეხედულებით, ჩამოსულია ციდან, უნაპირო სამყაროს სივრცეთა უსასრულობიდან და, ამდენად, ის თავისთავად უკვე ღვთიურია, ზებუნებრივია, უკვდავებასთან წილდებულია; მეფის ბედი და მისი მომავალი წარმატება-წარუმატებლობა ცაში დგინდება, წყდება და ირკვევა. ის ცოდვილ მიწაზე მოვლინებულია იმისათვის, რათა უწესრიგობა წესრიგად აქციოს, ქაოსის ადგილას ჯარმონია შექმნას, მოკვდავთა წყვდიადით მოცული სამყოფელი სულიერების შუქით გააცისკროვნოს და ქვეყნის უმჯობეს ხვალინდელ დღეს ჩაუყაროს საფუძველი...

„მეფე ქვეყანაში ღვთის მონაცვლეა, მას მეფობა ღმრთისაგან აქვს რწმუნებული... მეფე სული-წმიდის „მობერვით„მოქმედებს, აქედან ცხადია, მისი მოქმედება უცდომელია“ (8,101).

მეფობის მომდინარეობის განგებისმიერობის ვერსიის მოცემული სქემისა თუ მოდელის მისადაგება ბაგრატიონთა სამეფო გვარის ცალკეული წარმომადგენლების ბიოგრაფიულ მონაცემებთან და დაკვირვების შედეგად მიღებული საგულისხმო დასკვნები არაორაზროვნად მეტყველებს იმაზე, რომ კულტურული ერების ცოდნა და თვალსაზრისი ბევრი რამით იყო ერთურთის მსგავსი თუნდაც ისეთ უნივერსალურ საკითხთან მიმართებაში, როგორიც არის ქვეყნის მმართველ საგვარეულოთა დასაბამი და წარმომავლობა, მათი გენეზისი და ცხოვრების მკვეთრი თავისებურებანი...

მსოფლიო ისტორია იცნობს ზეკაცური სიმაღლით მორჭმულ ინდივიდებს და სამეფო დინასტიებს, რომელთა გაჩენაში, ზრდასა და საამსოფლო მოღვაწეობაში, მემატიანეთა მოწმობით და ხალხური გადმოცემებით, ღვთის ხელი ურევია, ღვთის ნება-სურვილი ცხადდება. მათი საგანგებო,სრულიად განსხვავებული მისია და მოწოდებაც, რასაც დიდი წარმატებით ასრულებენ ომიანობისა თუ მშვიდობიანობის ჟამს, ღვთისმიერი თანხმობა-დასტურის უტყუარი ნიშნებით არის აღბეჭდილი.

ქართულ სინამდვილეში, ამ ასპექტით, ერთო, საჩინო, დაწინაურებული და გამორჩეულია ბაგრატიონთა სამეფო სახლი და გვარ-ჩამომავლობა. ამ გვარის სამეფო დინასტიის არსებობის,ღვწისა და ზეობის ხანა თითქმის თორმეტ ათასწლეულს წვდება და მოიცავს. ისევე, როგორც არაერთ სხვა ქვეყანასა და ამ ქვეყნების ხელისუფალთ, მათაც დასდგომიათ დასუსტების, დაძაბუნების, დაღმასვლის ხანგრძლივი თუ ხანმოკლე პერიოდები, მაგრამ,მთლიანობაში, ბაგრატიონებმა ღონივრად ზიდეს მათზე მინდობილი საპატიო სახელმწიფოებრივი ტვირთი. სხვა საუკუნეებსა თუ ათწლეულებზე რომ აღარაფერი ითქვას, სწორედ მათი უთვალსაჩინოესი წარმომადგენლების, თანამედროვეთა და მადლიერ შთამომავალთა მიერ ღვთაებათა რანგში აყვანილი მეფეების - დავით აღმაშენებლისა და თამარის - უზარმაზარი ღვაწლისა და წყალობის შედეგია შუა საუკუნეების საქართველოს „ოქროს ხანა“; ქვეყნის განმტკიცება, გაძლიერება და მანამდე არნახული აღმასვლა...

მესიანისტური იდეა, როგორც მძლავრი იმპულსი, ბიძგი და სტიმული ერის არსებობის, განვითარებისა და გადარჩენის დიად საქმეში, ამა თუ იმ სახით, ხასიათითა და ოდენობით ყველა ქვეყანაში არსებობს. ხოლო ამ ლამაზი იდეის უმთავრეს მიზანს ეროვნული ხელჩაქნეულობის, უიმედობის, ნიჰილიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და კაცობრიობის კონტრასტებით აღსავსე კონტექსტში თვითდამკვიდრებისაკენ დაუცადებელი სწრაფვა შეადგენს.

აკაკი ბაქრაძე ქართული მესიანისტური იდეის ოთხ არსებით ნიშანს გამოყოფს. ესაა: 1. ქართული ენა -ქრისტეს ენა; 2. ქრისტეს კვართი დაფლულია მცხეთის მიწაში, სვეტის ქვეშ; 3. საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანაა; 4. ბაგრატიონთა სამეფო დინასტია - იესიან-დავითიან-სოლომონიანი (3).

არსებობს დინასტიურ-სახელმწიფოებრივი პოლიტიკური იდეოლოგიის შემადგენელ ნაწილად აღქმული და აღიარებული მესიანისტური იდეის ნიშანთა რამდენადმე განსხვავებული ჩამონათვალიც: 1. უფლის კვართის საქართველოში დავანება; 2. რომლის წინაპირობა იყო ელიას ხალენის ქართულ მიწაზე დამკვიდრება; 3. ქრისტეს წამების სამსჭვალისა და ფიცრის საქართველოში ჩამოტანა; 4. საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვედრილობა; 5. მაცხოვრის თიხაზე დატვიფრული ხელთუქმნელი ხატის საქართველოში დამკვიდრება (16,48).

არ იყო ულოგიკო ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის გარკვეულ პერიოდში ქართველი მეფეები „მესიის მახვილად“ იწოდებოდნენ.

თუ კიდევ ერთხელ გავითვალისწინებთ და გონების თვალით გადავხედავთ საქართველოს შორეულ წარსულს, პერმანენტული მტრიანობისა და განსაცდელის უმძიმეს პერიოდებს, ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, უცხო სჯულისა და მოდგმის მრავალრიცხოვანი ხალხების გარემოცვაში ყოფნას და იმ რეალურ გართულებებს, რაც მათი მხრიდან იყო მოსალოდნელი,კანონზომიერი და აუცილებლობით ნაკარნახევი გამოჩნდება ქართული მესიანისტური იდეის ესოდენი სიფართოვე, განფენილობა და მასშტაბურობა...

გერონტი ქიქოძე წერს: „...ჩვენთვის, ქართველებისათვის, კიდევ უფრო საყურადღებოა, რომ დავით წინასწარმეტყველს, მგონია, იმავე ბერსაბესთან მეორე ვაჟიც ეყოლა, რომლისაგანაც, ჩვენი ნაციონალური გადმოცემის თანახმად, ქართველი ბაგრატიონები წარმოსდგნენ“ (24, 219).

ბაგრატიონთა საგვარეულოს, დაბადებიდან ვიდრე დღევანდლამდე, განუშორებლივ თან სდევს და ხან მკრთალად, კლებადობის ნიშნით და გაქრობისკენ დახრილობით, ხან კიდევ ცხადლივ და მკაფიოდ აჩნია დავლათიანობის, ღვთიურ საწყისთან წილდებულობის, განსაკუთრებულობისა და ერთადერთობის დაღი (შდრ. ხალხური: „დავლათი ღუდუშაურთა ღვთისგნით აქვს ნაბოძვარიო...“).

ბიბლიური დავითის ნათესავად ბაგრატიონთა სამეფო გვარის გამოცხადებით დაედო სათავე და საძირკველი მათი ულუმპიანობისა და სვიანობის საყოველთაოდ ცნობილსა და გავრცელებულ იდეას. ბაგრატიონთა გენეალოგიის ხაზი დავით წინასწარმეტყველიდან იწყებოდა, რაც ქართველი ბაგრატიონებისა და ქრისტეს უცილო ნათესაობაზე მიუთითებდა, მათ სისხლისმიერსა და სულისმიერ სიახლოვეს მოწმობდა და, რაც , საბოლოოდ, ამ სამეფო დინასტიის განუმეორებლობას ქადაგებდა და ცხადყოფდა...

როგორც ქართული, ასევე უცხოენოვანი ზეპირი თუ წერილობითი წყაროები, გარდა დავით წინასწარმეტყველისა, ბაგრატიონების საგვარეულოს წინაპრებად ასახელებენ ჯურიასტანის მეფე სოლომონს, გუარამ კუროპალატს, ებრაელ ტყვე შამბათს და ფარნავაზიანთა სამეფო დინასტიას.

ამჯერად ჩვენთვის განსაკუთრებით ყურადსაღებია ბაგრატიონთა შესაძლო ნათესაური დამოკიდებულების აღნიშვნა და აღიარება ფარნავაზიანებთან (სათანადო საუბარს ამ უკანასკენელის სასარგებლოდ ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაშიც ვხვდებით: „...ბაგრატიონთა სახლი ფარნავაზიანთა დინასტიის განშტოებაა“-14,336), ვინაიდან ქართლის სამეფოს დამაარსებლისა და პირველი წიგნის შემქმნელის1 ფარნავაზ მეფის სახელთან არის დაკავშირებული ლეგენდა, რომელშიაც გარკვევითაა ნათქვამი და გამჟღავნებული მზესთან ანუ ქართველთა უძველეს, მატრიარქატისდროინდელ ღვთაებასთან მისი წილნაყარობა, სხივოსნობა და, ხალხური გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, ქუდბედიანობა.

ფარნავაზის თავგადასავალში ჩართული სახიერი ტექსტი, რომელიც მომავალი მეფის სიზმრის შინაარსს გვაუწყებს, ფოლკლორული წარმომავლობისაა.

მკვლევართა (ზ. ალექსიძე, ზ. კიკნაძე) აზრით, ფარნავაზის ცხოვრება დაწერილია XI საუკუნეზე ადრე და, ამდენად, არ შეიძლება ის ლეონტი მროველის ნაკალმევი იყოს... ბოლოდროინდელი ნაკვლევის თანახმად, „ფარნავაზიანი“ პრექრისტიანულ ეპოქაშია შექმნილი, რომელშიაც „დიდი მხატვრული ოსტატობითაა ასახული ქართული სახელმწიფოს დაარსების ისტორია. ამ მეტად მცირე, ხუთიოდე გვერდის მომცველ მოთხრობაში საოცარი სისრულითაა წარმოსახული ისტორიული სინამდვილე და ასეთივე მომჭირნეობით, მაგრამ შინაგანი სისავსითაა გამოკვეთილი ფარნავაზის მონუმენტური სახე (1,7).

„მცხეთას ქალაქსა შინა“ უკაცურ სახლში მყოფმა „ჭაბუკმა ერთმა“ სიზმრად ნახა, რომ გარეთ გაღწევა უნდოდა, მაგრამ არ ძალუყდა. მაშინ სახლის სარკმლიდან მზის შუქი შემოვიდა, წელზე შემოერტძა, „განიზიდა“ და ჩაკეტილი სივრციდან ცის ქვეშ გაიყვანა. „და ვითარ განვიდა ველად, იხილა მზე ქუე-მდაბლად, მიჰყო ხელი მისი, მოჰხოცა ცუარი პირსა მზისასა და იცხო პირსა მისასა“ (18,187).

მზის ცვარით (შდრ. ხევს. „ზისცვარი“- რძე!) ცხებული, მზის პირის ნაბანთან ზიარებული, მანამდე უჩინარი და უსახელო ჭაბუკი ზეგარდმო მადლს მისწვდა, სხვა სამყაროს მკვიდრად იქცა, სიწმინდითა და ძალმოსილებით აღივსო, რაც პერსპექტივაში მის გამეფებას მოასწავებდა.

უსათუოდ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სწორედ ფარნავაზი ითვლება საქართველოში პირველი სამეფო დინასტიის ხელდამსხმელად და მესაყირკვლედ. ასე, რომ მზიურობის ნიშნით გამორჩეული მეფის მიერ დაწყებულ აღმშენებლობით გზას ძალმოსილი გამგრძელებლები გამოუჩნდნენ მისი შთამომავლების, ე.ი. ბაგრატიონების სახით...

თავის ისტორიულ ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ ვახუშტი ბაგრატიონი (ბატონიშვილი) აღნიშნავს, რომ ბაგრატიონნი ცნობილნი იყვნენ „მხნეობითა, სიბრძნე-ქველობითა და ქვეყნისათვის თავდადებულობითა“ (20,59). და იქვე: „გარნა გლეხთა უწიგნოთაცა უწყიან ძლიერება გორგასლისა, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფისა“ (20,71).

„უწიგნო“ გლეხთა გული და გონება ახლოს არ იკარებს და ხსოვნაში არ ინახავს ისეთ რასმეს, რაც უცხო, უცნობი და მიუღებელია; რაც მის გემოვნებას, გრძნობას და მსოფლმხედველობას არ ეთანადება; რაც არ არის ღირსი „ხელისხელ“ ტარებისა, გაფრთხილებისა და საუკუნეთა ქარცეცხლსა თუ დელგმა-მეხთატეხებში უბით გამოტარებისა, გადარჩენისა და მემკვიდრეთათვის სულიერი სიმაღლის, ზნეობრივი სიწმინდის, ადამიანური კეთილშობილების ნიშანსვეტად აღმართვისა და დატოვებისა...

შესაბამის ფაქტობრივ და თეორიულ პოსტულატებზე დაყრდნობით ქართულ საისტორიო მეცნიერებაში შემუშავებულია შეხედულება, რომლის მიხედვით „ქართველ ბაგრატიონთა ღვთიური წარმოშობის თეორიის შემქმნელის პრიორიტეტი გრიგოლ ხანძთელს ან მისი ცხოვრების აღმწერელს - გიორგი მერჩულეს ეკუთვნის“ (11,20).

მოტანილი თვალსაზრისი, ვფიქრობთ, მთლად ზუსტი არ უნდა იყოს; ზედმიწევნით სწორად არ უნდა ასახავდეს რეალურ ვითარებას, სიმართლესა და სინამდვილეს.

ავტორი იმავე ნაშრომში წერს: „დიდი ხნის განმავლობაში მოარულმა ლეგენდამ ბაგრატიონთა გვარის წარმოშობისა და მისი განსაკუთრებული დანიშნულების შესახებ ოფიციალური აღიარება ჰპოვა, რისი მიღწევა მხოლოდ ეკლესიის თანხმობითა და შეწევნით შეიძლებოდა“ (11,17).

რახან ზემოხსენებული ლეგენდა ბევრად ადრე იყო შექმნილი, გასული და გავრცელებული ხალხში, რაღა თქმა უნდა, ბაგრატიონთა ღვთიური წარმოშობის თეორიაც, თუნდაც ჩანასახოვან, „ემბრიონალურ“ მდგომარეობაში, თავისთავად იარსებებდა და მისი ლეგიტიმაცია, დახვეწა და წერილობითი სახით გამოთქმა, „ეკლესიის თანხმობითა და შეწევნით“, გრ. ხანძთელს ან მისი ცხოვრების აღმწერელს მოუწია.

ხოლო აღნიშნული თეორიის „არქეტიპად“, პირველსახედ, წინამარცვლად ანუ იმ ნოძიერ ნიადაგად, რამაც ბაგრატიონთა გენეალოგიის შესახებ ცალსახა რწმენა-წარმოდგენის ჩასახვა და გაჩენა განაპირობა, დიახაც რომ ფარნავაზის სიზმარი უნდა ვიგულვოთ; სიზმარი, რომლის აზრი და, გნებავთ, მიზანდასახულება გაცილებით ღრმა, ვრცელი და შორსმიმავალია, ვიდრე ამას რიგითი მოკვდავის მიერ ნანახი, ხევსურულ შესატყვისს რომ მივმართოთ, „საოცარი“ გულისხმობს.

ღვთიური მადლით მოსილ, სიმბოლური მინიშნებებით გაჯერებულ, უცნაური „სიგნალებით“დატვირთულ სიზმარს სინჯავს არა მდაბიო, უბირი, სოფლის ჩვეულებრივი მკვიდრი თუ მოსახლე, არამედ თავისი სოციალური სტატუსით მთის მწვერვალზე შესადგომად გამზადებული პიროვნება, ვინც დასაბამი უნდა მისცეს და სამომავლო გზა დაულოცოს პირველ სამეფო დინასტიას საქართველოში...

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება აღინიშნოს, რომ ბაგრატიონთა საგვარეულოს ღვთიური წარმომავლობის იდეა თავდაპირველად ხალხურ სიტყვიერებაში, ამბის ზეპირად თხზვის ტრადიციაში ჩაისახა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღის გავლით მხოლოდღა შემდგომ მოხდა მისი ლიტერატურული ფიქსაცია და ჩამოყალიბება...

ბაგრატიონთა საგვარეულოს ღვთისმიერობის, ანუ ივ. ჯავახიშვილის მიერ მარჯვედ მიკვლეული და გამოყენებული გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, „ღვთისნებითობის“ საკითხი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიასთან.

ეროვნული იდეოლოგიის შექმნა და ქრისტიანული ქვეყნის ხელისუფალთა სამერმისო მოღვაწეობის გონივრული გეგმის შემუშავება უსათუოდ საჭიროებდა ისეთი „ბერკეტების“ მოფიქრებასა და ამოქმედებას, ისეთი თვალსაზრისის დანერგვასა და გავრცელებას, რომელიც სასრული ყოფითობის საზღვრებში კი არ მოაქცევდა ობიექტურ შეხედულებას ადამიანურ შესაძლებლობათა შეზღუდულობაზე, პირიქით, ხელს შეუწყობდა საქართველოს პოლიტიკურ მესვეურთა ხარიზმულობის სანეტარო რწმენის თანდათანობით გაღვივებასა და გამარადიულებას.

აქეთკენ ისწრაფვოდა მართლმადიდებელი ეკლესია; აქეთკენ იყო მიმართული სამეფო კართან ახლომდგომი საერო პირების რუდუნება და ძალისხმევა; ამავე მიმართულებით დუღდა და დიოდა მდაბიოთა თუ დიდგვაროვანთა ფიქრი და აზრი. და ასე, წლიდან წლამდე მყარდებოდა და იკრებდა ღონეს იდეა საქართველოს ხელისუფლების სვიანობისა, საკრალურობისა და განუმეორებელი, არსმენილი, მიუწვდომელი ძლიერებისა.

გამოკვლევაში „ბაგრატიონთა დინასტია და ქართული პოლიტიკური თეოლოგია“ მარიამ კარბელაშვილმა ყურადღება მიაპყრო და გამოწვლილვით განიხილა მეფის ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი ორი ტიტულატურული ფორმულის- „მეფე მადლითა ღვთისათა“და „მეფე ნებითა ღვთისათა“- ჭრილში.

ამ ორ ლაპიდარულ ფორმულას შორის, მკვლევარის სიტყვით, პრინციპული განსხვავებაა და მისი ნაშრომი სწორედ ამ განსხვავების გამოძიებას ეძღვნება.

ისტორიული საბუთებისა და ლიტერატურული მონაცემების გათვალისწინებით მარიამ კარბელაშვილი დაასკვნის, რომ ბაგრატიონთა ტიტულატურის მყარი ფორმულაა „მეფე ნებითა ღმრთისათა“; რომ ეს ფორმულა „დავითიანი ქართული სამეფო საგვარეულოს კანონიერების ის ზღვარია, რომელიც ჰყოფს ბაგრატიონთა დინასტიის მეფობას წინა პერიოდის მეფობისაგან (8,98).

თეოლოგიური ხასიათის სამსიტყვიან ფორმულაში ნათქვამი და ნაგულისხმევია იმდენი რამ, რასაც სხვა შემთხვევაში ვრცელი ახსნა-დასაბუთება, განმარტება და თეორიული პოსტულატებით შემაგრება დასჭირდებოდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ღრმააზროვნებით აღბეჭდილი მზა ფორმულის მისადაგება ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოსთან არავითარ სიძნელეს და სირთულეს აღარ წარმოადგენდა. უაღრესი ლაკონიზმით და ერთგვარად იმპერატიული ინტონაციით გამოიხატა ის, რაც საქართველოს იმდროინდელ სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეესაბამებოდა. ...მადლი ღვთისა ანუ უზენაესის წყალობა უკლებლივ ყველა ხელისუფალის უცილო ხვედრია, ვინაიდან მეფედ არჩეული და კურთხეული პიროვნება „იცვლება, იგი Gemina persona - ორგვამოვანი, ორბუნებოვანი ხდება და მის ადამიანურ ბუნებას ღვთაებრივი ბუნებაც ეძლევა“ (8,117); ხოლო შესიტყვება „ნებითა ღვთისათა“ იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ პერსონისა თუ, მთლიანად, რომელიმე გვარ-მოდენილობის ხარიზმულობა, აღზევება და სამეფო ძალაუფლების ფლობით დაჯილდოება, თავისი არსით, პროვიდენციულია, ღვთისმიერია, რასაც ადამიანი ვერ შეცვლის, ვერ აღუდგება და დაუპირისპირდება. უფლის ნება აუცილებლად უნდა აღსრულდეს. მისი „გადაწყვეტილების“ გაუქმება არ ეგების. მას ადამიანი ვერაფერს მოუხერხებს... მსგავსად მთიელთა საკრალურ ყოფაში დღევანდლამდე არსებული რწმენისა, რაც ხევისბრობის ინსტიტუტის არსებობაში ღვთისშვილთა ნებითობას გულისხმობს, ე.ი. ჯვარ-ხატის უპირველეს მსახურთა ანუ ჯვარის „ხელკაცთა“ დადგინება ლოკალურ ღვთაებათა ნებითა და მოწოდებით ხდება, სხვა საგვარეულოებს შორის ბაგრატიონთა გამოცალკევება და გამორჩევაც ღვთის რწმუნებით, ტრანსცენდენტურ ძალთა „თანხმობით“ მოხდა. ხოლო საღვთო მადლითა და სიკეთით აღვსილი პიროვნება ვალ-დებულია (და ეს მის პირად სურვილზე ნაკლებადაა დამოკიდებული!) მთელი სიწრფოებითა და ძალთა მაქსიმალური დაძაბვით ემსახუროს როგორც საზოგადოებრივი იერარქიის უმაღლეს საფეხურზე გამწესებულ სამყაროს შემოქმედს, ისე თავის სადროშოს, ერს, მრევლსა და ქვეყანას.

აღნიშნულია, რომ ბაგრატიონთა გვარის წარმოშობის და მისი ღვთიურობის თეორია მეცნიერულად ჩამოაყალიბა და დასრულებული სახე მისცა XI საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიკოსმა სუმბატ დავითის ძე ბაგრატიონმა. მან სცადა და შეძლებისდაგვარად გაარკვია კიდეც, „ვინ იყვნენ, საიდან და როდის მოვიდნენ ბაგრატიონები საქართველოში და როგორი იყო მათი ისტორიული მისია“ (11,17).

ბაგრატიონების ღვთიური წარმომავლობის ევროპის მასშტაბით უნიკალური, ხოლო საქართველოში მტკიცედ ფესვმოკიდებული და ფართოდ გავრცელებული თეორია უშურველად უხვ და მრავალმხრივ საგულისხმო უკუფენას პოულობს ქართულ ზეპირსიტყვიერებაში. სანდო ისტორიული ფაქტებისა და რეალიების თავისებური გააზრებით, თვითნებური შესხვაფერებით თუ შევსება-გამოკლებით ფოლკლორული ტრადიცია ქართველ ბაგრატიონთა გენეალოგიის, მათი გვარ-ჩამომავლობის „არამიწიერ“ წარმოშობაზე მიანიშნებდა და ამ გზით, საერთო ეროვნული ტენდენციის კვალობაზე, მის ძლიერებას, ზოგადად, საქართველოს სამეფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის ცნობას, დაცვას და მიზანმიმართულ აღიარებას უმყარებდა ნიადაგს.

ბაგრატიონთა საგვარეულო შტოს რჩეულ წევრთა პიროვნულ, ინდივიდუალურ სახესა და თავგადასავალში, მათი ამქვეყნიური ყოფის ვრცელსა თუ მოზღუდულ არენაზე დროდადრო თავს იჩენს (იგულისხმება, რომ პოტენციურად მუდამ არსებობს!) ისეთი უცნაური ნიშნები და არაორდინარული მოვლენები, რომელთა ახსნა, გაგება და კვალიფიკაცია ლოგიკის ენაზე, კონვენციურობის ფარგლებში, შეუძლებელია.

ზეპური საგვარეულოს წევრთა საწუთროული ყოფის ეს მხარე თუ წახნაგი პირდაპირ კავშირს ავლენს ჩვენი ფოლკლორული შემოქმედებიდან კარგად ნაცნო, ნაწილიანობის, ღვთისნასახობის, ღვთაებასთან წილნაყარობის მოტივთან.

ის, რაც რეალისტური თვალთახედვისთვის ზღაპრისა და ფანტაზიის სფეროა, სულ სხვა აზრსა და განზომილებას იძენს ნაწილიან გმირებთან მიმართებაში.

ნაწილიანი, ღვთიურ საწყისთან წილდებული, სხვაგვარ ეტლზე ნაშობი პერსონა საგრძნობლად სხვაობს მისივე გვარ-მოდგმისა თუ ოჯახის წევრებისაგან. ეს სხვაობა, უწინარეს ყოვლისა, მისი ბედის მკვეთრსა და მკაფიო უჩვეულობაში ვლინდება. მსგავსი კატეგორიის ადამიანი, რომელიც შესაძლოა სახელოვანი სათემო თუ სატომო გმირიც იყოს და სოფლის რიგითი, ჩვეულებრივი მოსახლეც, საკუთარ თავში იტევს და იუნჯებს ისეთ მადლს, რაც პირადად მისთვის მაინცდამაინც სახარბიელო, სიკეთისა და ბედნიერების მომტანი არაა. ის ზვარაკია, ასე ვთქვათ, ბრალუქონელი ტარიგია, რომლის ცხოვრების გზა ბედითი სიმოკლისა და ტრაგიკულობის შეუქცევადი იერითაა დაღდასმული.

ღმერთკაცის უნივერსალური კონცეფციის ეროვნულ ნაირსახეობად გასააზრებელი ფოლკლორული ფენომენი, ცნობილი „ნაწილიანობის“ სახელწოდებით, დადასტურებული საქართველოს ამერ-იმერში, განსაკუთრებული სიცხადით კი აღმოსავლეთის მთიანეთში, იმ ტიპისა და სიძველის რწმენითი პლასტების შემცველია, რომელთა მართებული კვალიფიკაციის გარეშე ძნელია სრულყოფილი წარმოდგენის შექმნა ამ მართლაცდა უიშვიათესი, იდუმალების საფარველდებული მოვლენის ირგვლივ...

ნაწილიან პირთა შესახებ არსებული ძველი ზეპირსიტყვიერი ამბები და თანამედროვე თვითმხილველთაგან მოპოვებული ცნობები თუ გადმოცემები ერთხმად ცხადყოფენ მფარველ ღვთისშვილებთან მათ ბუნებაზიარობას. ლეგენდარული პროტაგონისტი თორღვა ძაგანი, რომელსაც ბეჭებზე ჯვრის, მზისა და მთვარის გამოსახულება „წერებულიყვა“, ხალხურ ლექსში გათანაბრებულია მთიელ მოყმეთა მოწყალე ლოკალურ ღვთაებასთან: “...შამოძუგძუგებს თორღვაი, რო ყუყაური ჯვარიო“ (25,16). ასეთი რამ ჩვეულებრივ ადამიანზე არ ითქმის; უნაწილო კაცის შედარება ჯვარ-ხატში მატერიალიზებულ უზენაეს ძალასთან მკრეხელობა იქნებოდა. ღმერთკაცობის გზაზე შემდგარი გმირის მიმართ (სხვა საქმეა, ამართლებს თუ არა ის თავის მოწოდებას და საგანგებო მისიას!) დასაშვები და სავსებით ბუნებრივი ჩანს აღმატებული ეპითეტისა თუ მხატვრული შედარების მომარჯვება და გამოყენება. ის ხალხის თვალში არაამქვეყნიური თვისებების მქონეა და ამიტომაც არ იგრძნობა უხერხულობა, როცა ტრანსცენდენტური ძალების რიგსა თუ რანგში მოიხსენიებენ...

საბედისწერო საწყისგარეული ღვთიური მადლი დაბადებით დაჰყვება ადამიანს, რაც თავის თვალხილულ გამოხატულებას მისი ზედატანის რომელიმე ნაწილზე (ბეჭები, მკერდი, ძელ-კისერი, თავი, მხარ-მკლავი...) დაჩნეულ მრავლისმეტყველ სიმბოლიკაში ჰპოვებს. ამ კუთხით თუ შევხედავთ, განსხვავებული სურათი გამოიკვეთება ფარნავაზის სიზმარში: ჭაბუკი, როგორც ჩანს, შობითგანვე არაა ნაზიარები ღვთიურ მადლსა და ნათელს. იგი გარედან, პირადი ქმედების მეშვეობით ღებულობს ამ მადლს: პირზე მზის ცვარს იცხებს და, უნდა ვიფიქროთ, იმ წამიდან მისი ბუნება რადიკალურად იცვლება - მიწის ზედაპირიდან სიწმინდის მწვერვალისკენ მიმავალ აღმართს შეუძვება. ფარნავაზის გარდაქმნა და ფერისცვალება გარეგანი აქტის გზით ხდება. ის ცხებულია და, საბედნიეროდ, არსებობს საიმისო პერსპექტივა, რომ შთამომავლობას ფასდაუდებელ მემკვიდრეობად გადასცეს თავისი ეს ცხებულობა ანუ მზისზიარობა.

ცხებულია დავით აღმაშენებელი, ღვთის მორწმუნე და სწორუპოვარი მეომარი, ობოლ-ქვრივთა მეოხი, „სნეულთა თვითმსახური“ და დღემუდამ ქვეყნის გაძლიერებაზე მოფიქრალი, ქართველთა საამაყო და გამორჩეულად საყვარელი მეფე. დავითის შესახებ ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე ამბობს: „ყოვლითურთ ემსგავსა ძირსა კეთილსა დავითიანსა, ხესა ღმრთივ დანერგულსა და ცხებულიანსა“... დავით აღმაშენებლის მეფობის ჟამს „იწყეს ნიავთა ცხოვრებისათა მობერვად“. მის შესახებ შემონახულ საისტორიო წყაროებს ემხრობა, ავსებს და ახალი წახნაგებით ამდიდრებს ხალხური სიტყვიერება, სადაც აქცენტი ქვეყნის მხსნელად მოვლენილი მეფის ზეადამიანურ ბუნებასა და მონაცემებზეა დასმული. დავითს აქვს შემძლეობა და უნარი, მიწრიელი არსება ადამიანის მსახურ შინაურ ცხოველად აქციოს, ანუ, ფართო გაგებით, ბოროტება სიკეთით შეცვალოს. ამ თემას ეხება ლეგენდა, რომლის მიხედვით მავნე ეშმაკს უწყინარ ჯორად გარდაქმნის ბაგრატიონთა გვარის უღირსეულესი გვირგვინოსანი...

გამუდმებით ომში მყოფი მეფის სხეული მტრისგან ნასროლ შუბსა თუ ისარს არ იკარებს. ხდება სასწაული და ლაშქრის წინამძღღოლი უვნებლად გამოდის საორბედო ბრძოლიდან... დაახლოებით ასეთივეა ნაწილიანთა ხვედრი: იმ წუთამდე, სადამდეც ისინი მალულად, უცხო თვალისგან დაფარულად ფლობენ ღვთის ნაწილს, უძლეველნი არიან. საკმარისია მტრული ძალების მხედველობის არეში მოხვდეს მათ სხეულზე „დაწერილი“ ნიშანი მზისა თუ მთვარისა, რომ ისინი მალემოწყვლად რიგით მოკვდავებად იქცნენ და მარცხით დაასრულონ თავიანთი საწუთროული არსებობა... ამ მოტივის მატარებელი ამბის კლასიკური მაგალითია თავგადასავალი და დასანანად პროზაული, არარომანტიკული აღსასრული თორღვა ძაგანისა, ვინც, ფოლკლორული გადმოცემების თანახმად, რომელიღაც ბატონიშვილის (ასახელებენ: ალექსანდრეს, ლევანს, გიორგის, ერეკლე I-ს, კონსტანტინეს) უკანონო შვილი ყოფილა.

დავით აღმაშენებლის უჩვეულო თვისებებზე ამახვილებს მკითხველის ყურადღებას სიმართლის ერთგული მემატიანეც: კერძოდ, ის ხაზგასმით საუბრობს მეფის გულთამხილავობაზე, მის სიახლოვეს თუ შორსმყოფ ადამიანთა ფიქრების ამომცნობლობაზე, სხვათა ზრახვების მიხვედრისა და ამოკითხვის შემძლეობაზე... დავითის შესახებ მისი ისტორიკოსი აღნიშნავს: „...არარა შორიელ არცა სამეფოთა მისთა შინა მისთა, არცა ლაშქართა შინა მყოფთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, საქმე ქმნილი, კეთილი გინა სიტყუა ბოროტი თქმული, - არარა დაეფარვოდა ყოვლადვე, არამედ რაოდენცა ვის ფარულად ექმნის ანუ ეთქუის, ყოველნივე ცხად იყო წინაშე მისსა“ (18,354).

ღვთისშვილთა მოძმეობა თუ ქრისტე ღმერთთან გენეტიკური, არსისმიერი სიახლოვე (ბაგრატიონების პირველმამა დავით წინასწარმეტყველი ხომ ხორციელი წინაპარი იყო იესო ქრისტესი) ქართველ ბაგრატიონთა საგვარეულო ჯაჭვის ურღვევი სიმტკიცის, მათი სამეფო ხელისუფლების მრავალჟამიერობის, გამძლეობისა და საიმედოობის თავისებური გამოხატულებაა და, ამასთან, მისი მოურევლობისა და დაუმარცხებლობის იმანენტური ნიშანი...

და მაინც: ბაგრატიონთა მოდგმის სახელოვან ხელისუფალთაგან ალბათ არავის მშობელი ხალხის იმზომი ხოტბა, რიდი, კრძალვა, სიყვარული და განდიდება არ ხვდომია წილად, რამდენიც „გვირგვინს ყოველთა ხელმწიფეთა“, „ელვარებას და მზეებრ მაშუქებელს სხვათას“, „შარავანდედთა შორის უმეტეს აღმობრწყინებულ“თამარ მეფეს...

„ჩვენი ხალხის ცნობიერებაში თამარი ჩაიწერა, როგორც ზეადამიანური პიროვნება“ (12,334).

მესიანისტურმა იდეამ შეუზღუდავი გაშლა, განვრცობა და ხორცშესხმა ჰპოვა თამარ-ქალის ამაღლებულ პიროვნებასთან მიმართებაში. ამ იდეის უთვალსაჩინოესი და უპრეცედენტო გამოვლინებაა თამარის შერაცხვა ქრისტიანული სამების - მამა-ღმერთი, ძე-ღმერთი, სულიწმიდა - მეოთხე წევრად. მსგავსი რამ ქრისტიანობის ისტორიას არ ახსოვს. გამორჩეული გვარის რჩეული წევრი ღვთისმშობელთან არის გატოლებული საისტორიო ცნობებსა და მეხოტბეთა შემოქმედებაში...

სწორია თვალსაზრისი იმის თაობაზე, რომ „თამარი რუსთველისათვის იყო ღვთის მიწიერი ინკარნაცია“ (5,101). „ვეფხისტყაოსანი“ხომ თამარის უშრეტი შთაგონების ძალით არის შექმნილი!..

შავთელის „აბდულმესიანის“ და ჩახრუხაძის „თამარიანის“, სახოტბო პოეზიის ამ ორი უბადლო ნიმუშის, თითოეული სიტყვა და სტრიქონი გვირგვინოსანი ქალის უსაზომო პატივისცემით არის გამთბარი და გაჯერებული. „მეფის გაღმერთება ანდა სამების მეოთხე ჰიპოსტასად დასახვა მხოლოდ ბაგრატიონთა დინასტიასთან არის დაკავშირებული“ (8,98)... სხვა დინასტიებს ასეთი პატივისა და უმაღლესი აღიარებისთვის არ მიუღწევიათ. ის, რაც ბაგრატიონებმა შეძლეს, სხვათათვის მიუწვდომელი დარჩა...

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Fri Oct 26, 2012 8:00 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თორღვა ძაგანი   Fri Oct 26, 2012 7:59 pm


მუცო, თორღვა ძაგანის ციხე

ამირან არაბული

ბაგრატიონთა საგვარეულოს „ღვთისნებითობის“თეორია და ხალხური სიტყვიერება

(დასასრული)


თამარის სახელთან დაკავშვირებულ სიმღერებსა და თქმულებებს ძველისძველად თვლიდა ვახტანგ კოტეტიშვილი და მიუთითებდა, რომ „ამ თქმულებათა თამარი ზღაპრული არსება არის, რომელიც ბევრად ადრე შექმნილა, ვიდრე ისტორიული და სწორედ ეს პირველი სახეობა არის საძიებელი“ (10,376).

მკვლევარი თამარის ადრინდელ სახეს, მის წარმართულ წინამორბედს ნაყოფიერების ქალღმერთში ხედავდა, ქალღმერთში, „რომელიც ქრისტიანულმა ღვთისმშობელმა დაჯფარა“ და, რომელშიც, ვ. კოტეტიშვილის ფრთხილი ვარაუდით, „შერეული იყო სინათლის (მზის) ღვთაების ელემენტებიც“; ვარაუდის სფეროს კიდევ უფრო აფართოებდა მეცნიერი და საკითხის აღძვრის განზრახვით ამბობდა: „შესაძლებელია, რომ ხახმატის ჯვრის წმ. გიორგის დობილი თამარ-ქალი იყვეს ისტორიული თამარ მეფის წინამორბედი“ (10,378).

თამარის დასახვამ ღმრთისმშობლად, იესოს დედასთან მისმა გათანაბრებამ და გაიგივებამ თავი იჩინა უბიწოდ ჩასახვის ქრისტიანული მოტივის ოსტატურ ვარირებაში, რაც ფხიზელი მემატიანის მხატვრულ წარმოსახვაში სინამდვილის უტყუარობიდან იღებდა დასაბამს და ამ მოვლენის სრულ სიმართლეში იოტისოდენი ეჭვის შეტანაც კი სათაყვანებელი პიროვნების შეურაცხყოფად იქნებოდა გაგებული და შეფასებული.

ლაშა გიორგის შობას ამგვარად წარმოსახავს მემატიანე: „მიუდგა თამარი განწმედილითა გონებითა და ტაძრისა ღმრთისა აღმსჭუალულისა სანთლითა სხეულისათა, მხურვალითა გულითა და განათლებულითა სულითა ტაბახმელისა ბეთლემ-მყოფელმან მუნ შვა ძე სწორი ძისა ღმრთისა“ (19,56).

განსხვვებულია ხალხური ვერსია, რომლის თანახმად, სტეფანწმინდის გამოქვაბულში დაძუდებული ბერი ერთ საღამოს თამარს ეწვევა, დალოცავს, ჯვარს გადასახავს და თანაც ეტრატს მიართმევს, სადაც დიდებულთა გადაწყვეტილება წერია. მეფე ამოიკითხავს ფსალმუნის სიტყვებს ნაყოფიერი და ბერწი ხის შესახებ და დაორსულდება. მეცხრე თვის თავზე ეყოლება ვაჟი, „დაბადებითვე მსგავსი ბრწყინვალე ვარსკვლავისა“ (26,98-99).

და რა გასაკვირია, ასეთი ბუნებისა და ბიოგრაფიის მქონე ქვეყნის ხელისუფალის სხივმოსილ სახელს რეალური საზრისით დასაშვები თუ პირწმინდად სასწაულებრივი მოტივების მთელი კასკადი დაკავშირებოდა, შენივთებოდა და ჩაჯქსოვებოდა, თანაც ისე ორგანიულად, რომ გაძნელებულიყო გარჩევა და გამოცალკევება ნამდვილისა და ნაყალბევისა, მომხდარისა და ფანტაზიით შეზავებულისა.

„თამარის ღვთისსწორობის პოლიტიკური თეორია“ (მ. კარბელაშვილი) ქვეყნის საარსებო იმპულსებიდან მომდინარეობდა. ამ თეორიის გაღრმავება საერთაშორისო არენაზე საქართველოს პრესტიჟის ზრდას უწყობდა ხელს. ამიტომ იჩენდნენ სამანდაუდებელ გულუხვობას თამარის სახელის განდიდების კეთილშობილურ საქმეში ისტორიკოსები, მეხოტბეები, დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები; ამის გამო იქმნებოდა თამარის შესახებ მითიური ელემენტებით ჭარბად მოოჭვილი დაუჯერებელი ამბები, ტიპოლოგიურად ზღაპრულ ეპოსთან ახლომდგომი ფოლკლორული სიუჟეტები, ხალასი ხალხური ლექსები და ლეგენდები...

შორსმიმავალი ხალხური რწმენისა და მდგრადი, განუხრელი შეხედულების თვალსაჩინო დემონსტრირებად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ლაშქრობისას შესასრულებელ ერთ საფერხულო სიმღერაში „ღმერთთან წილდებულად“ იხსენიება თამარი (15,203).

ანალოგიური პასაჟია მოცემული ვაჟა-ფშაველას პოემა „ბახტრიონის“ მეათე თავში, სადაც ფხოველთა გაერთიანებული ლაშქარი ბახტრიონის გასათავისუფლებლად წასვლის წინა ღამეს თავლაშარის ჯვართან ერთად ადიდებს „ღმერთთან წილნაყარ“ დიდ თამარს.

ღმერთთან თუ მის მიწიერ, მატერიალურ საბრძანისებში დავანებულ დარგობრივ ღვთაებებთან წილნაყარობა, უნივერსალური ფოლკლორული კონცეფციით, გმირის დაცულობისა და უკვდავების საწინდარია (გავიხსენოთ: „ზოგთა თქვეს: მაგას ვერ მავხკლავთ, ხატებთან წილნაყარია“). ისტორიკოსის თქმით, მეფე - ქალს დაულეველ მტერთან უთანაბრო ბრძოლებში „ხელი საუფლო და მკლავი მაღალი“შეეწეოდა, რაც მის უეჭველ გამარჯვებას და „წინააღმდგომთა მისთა“ დამხობას, გაცამტვერებას, მიწასთან გასწორებას მოასწავებდა.

უცაბედ განსაცდელში ჩავარდნილსა თუ საომრად მიმავალ ნაწილიან გმირებს, მსგავსად თამარისა და ბაგრატიონთა მოდგმის სხვა მეფეებისა, თან სდევს ღვთის წყალობა, რაც წინწამყღვარებული ნათლის მისტიურ სიმბოლიკაში არის რეალიზებული. ბესარიონ გაბურის ხევსურულ მასალებში ვკითხულობთ: „მამუკა ქალუნდაურ ნაწილიან ყოფილას; როსაც სალაშქროდ სად გეემართებოდ, წინ მასკვლავივით თუ გაუძღვებოდ სვეტი ანუ შუქი“ (4,159).

სინათლის კვალზე შემდგარი გმირი გამბედავია და გულდამშვიდებული, მას მფარველი „ბატონის“ თანადგომის იმედი აქვს და არანაირ სიძნელეს არ უფრთხის, მაგრამ საკმარისია დატოვოს იგი „ნაწილმა“, იგივე დავლათმა, რომ კაცთათვის საკვირველი მონაცემებისგან დაიცალოს, განიძარცვოს და, „მაღლიდამ“ დაბლა ჩამოსული ვაჟას გველისმჭამელის დარად, თემის რიგით, ორდინარულ წევრად იქცეს...

თამარ მეფის კოლოსალური ღვაწლი და დამსახურება მშობელი ქვეყნის წინაშე მარტოდენ მისი გამაგრებისა და გადარჩენისთვის გადახდილი ფიცხელი ომებითა და ეკლესია-მონასტრებისა თუ ციხე-სიმაგრეების მშენებლობით როდი ამოიწურება. თამარს, ერთი ქართული თქმულებით, დატყვევებული ჰყავდა ცისკარი ანუ შუქურვარსკვლავი, ვინაიდან ჩვენთან მისი ძალით მოდიოდა ზამთარი. თამარის უნებართვოდ ცისკარი მოკლებული იყო თავისი ფუნქციის (ზამთრის მოყვანა) შესრულებას და ღვთის წყალობით საქართველოში მარადიული გაზაფხული იდგა, ბუნება მწვანედ ხასხასებდა და იშვებდა ყოველი სულდგმული... ლეგენდები იმასაც გვეუბნებიან, რომ თამარმა ფრთამოტეხილ წეროს უწამლა, მოარჩინა და წყეული რაშად გაიხადა... ხოლო მიუვალ ადგილებში საკულტო დანიშნულების ძეგლთა მშენებლობის დროს მისი უანგარო დამხმარეები იყვნენ მერცხლები და წეროები, რომელთაც ნისკარტით ქვა და ქვიშა მიჰქონდათ...

სინამდვილის უტრირება, ემპირიული მოვლენების შელამაზება, ამბის გაფერადება, ყოფითობის სფეროდან ირეალურ სამყაროში გასვლა და წარმოსახვის უნაპირობა ხალხური სიტყვიერების ბუნებითი მახასიათებლებია, მაგრამ, როგორც დავინახეთ, თამარ მეფის შემთხვევაში პირობითობის ყოველგვარი ზღვარი ირღვევა, იშლება და ღვთაებათა რანგში წარმოდგენილ სახელმწიფოს წინამძღღოლს მიეწერება ისეთი ზე-უნარი თუ განსაცვიფრებელი პიროვნული თვისებები, რომელთა მიღმა ცათა სასუფეველისა და წმინდა ძალთა იერარქიის გარდა ვეღარაფერს მოიაზრებს მოკვდავის გონება.

ალბათ მსგავს ვითარებასაც გულისხმობდა ვაჟა-ფშაველა, როცა თეკლა-ბიჭისადმი მიძღვნილ წერილში - „ორი ამბავი მეფე ერეკლეზე მთაში დარჩენილი“- ამბობდა: „მთაში უბირის კაცისაგან ისეთ რასმე გაიგონებთ ჩვენს სახელოვან ისტორიულ მოღვაწეებზე, რომლის მსგავსს ვერც ერთი ისტორიკოს-არხეოლოგი წიგნების და ნივთების ჩხრეკა-ძიებით ვერ აღმოაჩენს“ (22,370).

თამარ მეფის საფლავის გაუჩინარება და გასაიდუმლოებაც ნიშანდობლივი მოვლენაა. ხალხური თქმულების თანახმად, ციდან ჩამოსულმა ანგელოზებმა ოქროს აკვანი ჩამოიტანეს, შიგ ჩააწვინეს გარდაცვლილი დედოფალი, ზეცას გაფრინდნენ და პირისაგან მიწისა წაშალეს მისი ასავალ-დასავალი... ნალახი საწუთროს ცოდვებისგან თავდახსნილი და განრიდებული უსხეულო არსება წმინდა სამებას მიემატა, ვითარცა ჰუფთი და ღირსი მასთან სამუდამო შერთვისა...

თამარის უმნიშვნელოვანეს საქვეყნო საქმეთა ხმიერი ექო საუკუნეთა შორეთიდან ჩვენამდე აღწევს. ხოლო მისი აღსასრულის შემდგომ ხანას ასე ხატავს მემატიანე: “...თამარის შესხმათა დასწერდეს ბეჭედთა ზედა და დანათა და არგანთა შეამკობდეს... ყრმანი მემროწლენი, განპებასა შინა ორნატთასა, თამარის ქებათა მელექსეობდიან. ერაძს მყოფნი მეებნენი, გინა მეჩანგენი, თამარის შესხმითა მუსიკელობდიან“ (19,146)...

ღვთით ხელდასხმულ ნაწილიან გმირებს მტრის ტყვია არ ეკარებათ; უკვე ითქვა, რომ მათი სხეული შეუვალია მოწინააღმდეგის ხმლისა თუ ისრისთვის. ნაწილიანთა არც მოხელთებაა იოლი და არც განგმირვა. ისინი გარკვეულ დრომდე, განსაზღვრულ ვადამდე მსასოებელ ღვთაებათა მუდმივი მადლისა და მხედველობის ქვეშ იმყოფებიან. აქვთ წინასწარმეტყველების, მოსალოდნელ მოვლენათა წინდაწინ ამოცნობის უცნაური უნარი და მარჯვედ აღწევენ თავს აშკარა, მოულოდნელ განსაცდელს... ყველა ამ ნიშნით ეტლიან-დავლათიან სახალხო გმირებთან ხელშესახებ მსგავსებას ავლენს ერეკლე მეფის ვაჟი, გონებაგამჭრიახი პოლიტიკოსი და განსწავლული პიროვნება, სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირი, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფიგურა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ალექსანდრე ბატონიშვილი. როგორც ბონდო ბარდაველიძე აღნიშნავს, „ალექსანდრეზე ლეგენდები დადიოდა. თითქოს მას ჰყავდა მფრინავი რაში, რომელიც თვალის დახამხამებაში გადაევლებოდა კავკასიის მთებს, გადალახავდა ზღვებსა და ბობოქარ მდინარეებს, უმკლავდებოდა ბუნების ყველაზე სასტიკ სტიქიას. ეს ლეგენდა შეიქმნა იმიტომ, რომ ალექსანდრე მოუხელთებელი აღმოჩნდა ცარიზმის დაქირავებული აგენტებისათვის“ (2,33-34).

და აი, ასპარეზზე ჩნდება თორღვა ძაგანი, დიდგვაროვანის ნაშიერი, ბაგრატიონთა ჰიშის კაცი, ხალხურ გადმოცემათა მეტი წილის მოწმობით, ალექსანდრე ბატონიშვილის ბუში2, ვინც, სავარაუდო მამის მსგავსად, „ბევრჯელ ყოფილ ბრძოლაში, მაგრ სუ საღ გამოდენილ“ (7,129). თორღვა თითქოსდა ღვთით არის მოვლენილი და აღყრული რაღაც საგანგებო ამსოფლიური მოვალეობის აღსასრულებლად, მაგრამ დგება საბედისწერო ჟამი მის ჰეროიკულ ცხოვრებაში და შვიდ წელს ნაავადარი ფშაველი ჩოთას (ვარ.: ჩოთეშა, ჩონთა, ჩოთლა) მჭვარტლიანი ისრით მოეღება ბოლო ურჩი მოყმის გაამპარტავნებულ, თავმეტ, გაბუდაძების გამოვლინებებით აჭრილსა და აჭრელებულ სიცოცხლეს...

თორღვას ბეჭებზე დაჩნეული ხილული პიკტოგრაფიული ნიშნები - ჯვარი, მზე და მთვარე - მისი საგვარეულო დიდებულების უტყუარი „დოკუმენტებია“. ის, როგორც დიდგვაროვანთა ჩამომავალი, გარეგნობითაც სხვაობს თვისტომთაგან და საომარი საჭურველითაც. ძაგანი არ იშორებს ყმობილის (ერთი გადმოცემით, ვეშაპის) ნაჩუქარ მცურავ ჯაჭვის პერანგს, რომელიც მისი უსაფრთხოების გარანტია... თორღვას გენეტიკური კავშირი ბაგრატიონთა საგვარეულოსთან ყრუდ და არასრულყოფილად ჩანს ხალხურ მასალებში. „გიზავე-დ ვერ დაგიზავე, - ბაგრატიონთა ხარიო“,- მიმართავს მას მკვლელი ჩოთა, ხოლო სხვა ლექსი ამგვარად იწყება: „თორღვავ, გიბარებს ბატონი: „აქ ჩამეედი, ბარადა!..“

მემკვიდრეობითობის საჩინო, მძიმე და, ამასთან,საპატიო ტვირთის ბოლომდე ღირსეულად ზიდვა თორღვამ ვერ შეძლო.

საკუთარი უძლეველობის რწმენამ ის, თანამედროვე ტერმინოლოგიას რომ მივმართოთ, დაუსჯელობის სინდრომით დაასნებოვნა და ხალხის მტარვალად აქცია. ბეგარის დაწესება და თანდათანობითი დამძიმება ის მძლავრი და ეფექტური ფაქტორი აღმოჩნდა, რამაც მთიელთა მოთმინების ფიალა პირთამდე აავსო და შეურაცხმყოფელი მოთხოვნების („თითო ტარიგი ცხვარი“, ნაცრიანი ტომრები და „ლაღის არწივის მხარი„) პასუხად წვერმოშხამული ისარი იწვნია სასწაულმოქმედი ჯაჭვის პერანგისგან ბედითად მიტოვებულმა და თავდაცვის უნარს მოკლებულმა გმირმა. საღმრთო სამოციქულოს ენით რომ ვთქვათ, „ბნელსა ცოდვისასა ზიარი ღმრთისა ზიარებისაგან უცხო იქმნა“ (13, 425).

არათუ წლებისა და ათწლეულების, დაბეჯითებით იმ საუკუნის დასახელებაც არ ხერხდება, როცა თორღვა ძაგანს მოუხდა შფოთიანი და დაუდეგარი ცხოვრება. ძნელია დანამდვილებით თქმა, მართლა XIII საუკუნის გმირია, როგორც ამას დ.გოგოჭური აღნიშნავს, თუ ალ. ბატონიშვილის უკანონო შვილი, ე.ი. XIX საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიული პიროვნება...

ასეა თუ ისე, აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა მეხსიერებაში თორღვა ძაგანი ისეა ჩაბეჭდილი, როგორც ბაგრატიონთა საგვარეულო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი და ცხოველი ცნობისწადილის აღმძვრელი პერსონა, თავისი ბურუსოვანი ბიოგრაფიითა და მითიური გმირებისთვის შესაფერისი თავგადასავლით...

ამავე ჯაჭვის საუკუნეთა გამძლე კოლორიტულ რგოლად იკვეთება ხალხურ შემოქმედებაში უმრუმო სახე და ვაჟკაცური ხასიათი ერეკლე მეფისა.

„ხმელეთის ბადალი„ერეკლე ბატონი ქართული საისტორიო სიტყვიერების ერთ-ერთი ცენტრალური, შუაგულური ფიგურაა. რეალურ ისტორიულ პიროვნებას ლეგენდარული იერი თავისმა სიბრძნემ, სიდარბაისლემ და ქველ საქმეთა სიმრავლემ შესძინა...

სანამ სახელმწიფოს თავკაცი და ხელისუფალი თავს გამოიჩენდეს, განსაცდელში გამოიცდებოდეს, სახელს მოიხვეჭდეს და ხალხის ნდობასა და უსაზღაურო სიყვარულს მოიმკიდეს, მან გრძელი, დამქანცველი და, რაც მთავარია, არა-ჩვეულებრივი გზა უნდა გაიაროს, გზა, რომელიც ალაგ-ალაგ სამშობლოსთვის ალალად გაღებული სისხლის მეწამული წვეთებით და ხანგამოშვებით დადენილი სინანულის ცრემლებით იქნება მონამული...

ერეკლე ბატონიშვილის ცხოვრების დასაწყისი იმით იყო გამორჩეული და არაყოველდღიური, რომ უცნობი მიზეზით მიუსაფრობაში მიტოვებულ ახალშობილს ირემმა აწოვა ძუძუ და საჩალეში დაკარგული მონადირემ იპოვა. „ბატონიშვილს ერეკლესა ირმის ძუძუ უწოვნია“, - გვეუბნება ხალხური ლექსი და ღიად მიგვანიშნებს მისი ყოფა-ცხოვრების ფანტასტიკურ სათავეზე, გამჩენისაგან „დაწერილ“ სხვარიგ ბედზე... ეს ნაცნობი სქემა და ნაცადი მოდელია, გნებავთ - ძველთუძველესი რწმენითი პლასტის შემცველი მითოსური პარადიგმა... ხსენებული ლექსის გამო ვ. კოტეტიშვილი შენიშნავს, რომ „სადღაც, ხალხის მეხსიერების სამარაგო ფონდში, ფორმულა მზად იყო“... ეს ფორმულა, ბევრად უწინ გუარამის სიყრმის, ხოლო შემდგომ ლაშა გიორგის ჩვილობის პერიოდს მორგებული და მისადაგებული, უმტკივნეულოდ იქნა მომარჯვებული ერეკლე II-ის ცხოვრებისეული გზის დასაბამის უჩვეულობის საჩვენებლად.

ხალხური ლექსის აქცენტირებული ფრაგმენტის გამო სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია: „ერეკლე ნაპოვნია, როგორც ანდრეზული პატრონი საძმოებისა, მაგრამ მას თავად ჰყავს მოპოვებული საძმო, ის თავად ქმნის თავის საპატრონებელ საძმოს, რაც რეალური ისტორიული ფაქტით არის გაპირობებული“ (9,263).

ცნობილია, რომ ირემი ღვთის წმინდა, ტაბუდადებული ცხოველია, რომელიც ჩვენს ზღაპრულ ეპოსში სკნელთა შორის მედიუმის როლსაც ასრულებს (ზღაპარში „ქალქვა“ ირემი თავისი უზარმაზარი რქებით გახიდულა ცასა და დედამიწას შორის...). რადგან ასეა, ბუნებრივია, რომ მისი რძით დანაძრებული, წამოზრდილი და მოღონიერებული ბავშვი, მსგავსად ფარნავაზისა, ღვთიურ მადლსაა ნაზიარები... თქმულება იმასაც გვაუწყებს, რომ მას აქეთ ბაგრატიონები ირმის ხორცს არ ჭამენო3.

ირმის ძუძუნაწოვი, ალგეთის წყალნასვამი და თრიალეთზე ნაძოვი ერეკლე ისეთი მეომარი დადგა, მემატიანის სიტყვით, „რასაც საქმეს იქმოდა, ფალავანის შესადარისი იქნებოდა“. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ ანუ „ჯასაკით მცირემ“თავისი სიმამაცით განაცვიფრა მხილველნი აჩაბეთის ციხესთან მომხდარ ომში ურუმთა წინააღმდეგ.

პატარა კახს ხალხურ პოეზიასა და გადმოცემებში ჰყავს თავისი ორეულები ნაწილიანთა სახით, ვინაიდან თვითონაც „ას ღთისგან დავლათიანი“ (23,44). ნაწილიან გმირებთან ერეკლე ბატონიშვილს სხვა მხრივაც აქვს საერთო: ისევე, როგორც თორღვა ძაგანს, მასაც მცურავი ჯაჭვი სცმია. კრწანისის ბრძოლის პერიპეტიებზე საუბარს ბეს. გაბური დასძენს: “...ცხენს ვეღარ გაუძლავ სიმძიმისად, შვიდ ფუთ ტყვია დაზდგომივ ერეკლეს ჯაჭვში (მცურავ ჯაჭვ-სცმივ)“- (4, 163).

ჩნდება აზრი: თუკი სწორი და მისაღებია ის ვერსია, რომელიც თორღვა ძაგანს ალექსანდრე ბატონიშვილის ნაბიჭვრად თვლის, ისიც დასაშვებად მიგვაჩნია, „ობლობით ამაზრდილ“, ფიცხსა და გულად გმირს სწორედ თავისი სახელოვანი პაპის ძვირფასი საჭურველი - მცურავი ჯაჭვის პერანგი სცმოდა და ეტარებინა...

ერეკლე მეფეს გარემოცვაც საკუთარი ღირსებისა და მეფური დიდების შესაფერისი ჰყოლია. საისტორიო ცნობებით და საარქივო მასალებით, ერეკლე, გარდა ლაშარის ჯვარისა, გუდანის ჯვარის ნაძმობიც ყოფილა და როცა დიდ „ბატონს“ „პირად“ ელაპარაკებოდა, მიწიდან ერთი ადლით მაღლა იწევდა... მოლაშქრე ღვთისშვილის, სამოგანძუროს საერთო სალოცავის მოძმეობა იმასაც ნიშნავდა, რომ ლევიტაციის იშვიათი უნარის მქონე გვირგვინოსანს ურყევი ნდობისა და ერთგულების იმედი ჰქონოდა გუდანის ჯვრის უნჯი საყმოსი. და რომ მართლაც ასე ყოფილა, ჩანს ხევსურეთიდან გამოსულ სხვა დროის გმირთა იმ დასახელებიდან, რომელნიც უწყვეტი მტრიანობის წლებში ხმალშემართულნი მდგარან მის გვერდით. ესენია: „საძელეს მეომარი“ ხირჩლა ბაბურაული, „მთელი ხევსურეთის თავი“ ხოშურაული, მოკლე ხმლის პატრონი ბერდია მამუკაური, „სამი თემობის კარი“ ბერდიათ გაგა, „ვეფხვივით მეომარი“, მარტოდმარტო შიბუს (ქისტეთისა და ხევსურეთის საზღვარზე) ყარაულად მყოფი ალუდაური...

ანაქრონიზმს გამართლება ეძებნება მთქმელთა სურვილში, საამაყო მეფის მხარდამხარ იგულვონ წინა საუკუნის სახელხმიანი გმირები...

ასპინძის ომში (1770 წ.), სადაც ერეკლემ დაღესტნის წარჩინებული კოხტა ბელადი მოკლა, მას თავგანწირულ თანამებრძოლად ახლდა საარაკო სიმამაცის ჩამდენი შვიდი ხევსური: სუმბატა ლოხაურის შვილი, სუმბატა გუგუაიშვილი, ჯამბათა ივანეური, ჯამშაისძე, ბიტურათ აბა, ღერენა და ლომნი გაგაის შვილი (25,361-362).

ბაგრატიონთა საგვარეულო სახლის, იესიან-დავითიან-სოლომონიანი ჩამომავლობის ცალკეულ წარმომადგენელთა ულუმპიანობის ხაზგასმის განზრახვით, როგორც საისტორიო მწერლობა, ასევე ხალხური სიტყვიერება, არაიშვიათად მიმართავს ნპათლის სიმბოლიკას, ისეთი ტიპის ტროპიკას, რაც პირდაპირ, უქვეტექსტოდ მიანიშნებს შესხმისა თუ დახასიათების ობიექტთა კენტობას და კიდეგანობას სოფლის მრავალრიცხოვან მკვიდრთაგან. „მეფე ერეკლე, ქვეყნის ბატონი, კელაპტარი ხარ, ქვეყნისა მნათი...“ასეთი ლექსიკა, როგორც წესი, გვხვდება იქ, სადაც საუბარი მეფურ სიმაღლესა და დიდებულებას ეხება.

ზურაბ კიკნაძე მკითხველის ყურადღებას მიმართავს თეიმურაზ მეფის შესახებ ნათქვამ პოეტურ სიტყვებზე - „აიმ ადგილის ჭირიმე, სად თეიმურაზ ბზანდება: დაიცემს წითლის კარავსა, ზედ ოქროს სვეტი დადგება“- და შენიშნავს, რომ „თეიმურაზს, როგორც ბაგრატიონ მეფეს და ღვთისშვილის მოყმეს, თან ახლავს ღვთისშვილთა ანუ ჯვართა, „ცით სვეტად ჩამოსულთა“, ატრიბუტები“ (9,258).

ერეკლე მეფის სამოქმედო არეალი, ხალხის თვალთახედვით, გარშემოუწერელი და მოუზღუდავია. ტერიტორიული საზღვრები და სიშორე პირობით შინაარსს იძენს მაშინ, როცა ფოლკლორული ტრადიციის ერთგულ მიმდევრებს სურთ ლექსის ადრესატის ყოვლისშემძლეობა წარმოაჩინონ. „ერეკლე ბატონიშვილი ნაურვალ ცხენზე მჯდარიყო, შამაუვლია ხმელეთი, მაშინ-ღა ჩამომხდარიყო“ (23,59).

სახელოვანი მეფე-გმირის ზეპიროვნული შესაძლებლობების ცხადსაყოფად მელექსე ბუნების სტიქიის დამანგრეველ მოქმედებასთან პოულობს პოეტურ პარალელს და ქმნის ხატს, რომელიც მძაფრ შთაბეჭდილებას ბადებს თავისი ენერგიული დინამიზმით: „ხმალი სჭრის ბაგრატივნისა მეფისა ერეკლისაო, სალეკო შამოამტვრია, ვით ზვავმა წვერი ტყისაო“ (17,112).

ღვთიური მადლი, ხარიზმა, იგივე ნაწილი, ეტლი ან დავლათი მემკვიდრეობით გადადის მამიდან შვილზე, ფართო გაგებით, წინამავლიდან - შთამომავალზე... ალბათ სხვაგვარად არც აიხსნება ბაგრატიონთა საგვარეულოზე ღვთით გადმოსული არაამქვეყნიური მადლის უშრეტობა, მისი ეტლიან-დავლათიანობის უწყვეტობა, განგებისგან კეთილად გამორჩეული გენის უბერებლობა... სარუსეთოდ გამგზავრებულ ლევან ბატონიშვილზე, ერეკლე მეფის მემკვიდრეზე, ხალხურ ლექსში ნათქვამია: „...ხემწიფის კარზე მივიდა, ეტლი თან მიხყვა ღვთისაო (23,62). შდრ.: „ომათა ნათელისძესა ეტლი თან ჩაჰყვა ღვთისაო“ (15,18).

ეტლის თანმყოლობა მოასწავებს იმას, რომ საომრად თუ სახელმწიფოებრივი საქმის მოსაგვარებლად საკუთარი სახლიდან შორს წასული გმირი უკან მშვიდობით შემობრუნდება. მას ეტლი ახლავს და იცავს ავი თვალისგან, მარცხისგან, მტრის რისხვისგან... ბაგრატიონთა კაცი დიპლომატიური მისიით მიდის „დიდ რუსთა“ ხელმწიფის კარზე და რახან ეტლი მიჰყვება, ე.ი. ეული და ბედის ანაბარა მიტოვებული არაა, უსათუოდ უვნებელი ჩამოვა სამშობლოში.

ერეკლე მეფის სიკვდილი „რკინის კარის შეხსნად“ არის გაგებული და გააზრებული ხალხურ პოეზიაში, მაგრამ, მეორეს მხრივ, მისი არყოფნის დაჯერება იმედის გადაწურვისა და დაშრეტის ტოლფასია. ამიტომაც კითხულობს უცნობი მელექსე ერთგვარი უკმაყოფილების, გაკვირვებისა და წყევლა-მუქარის კილოთი: „ერეკლეს სიკვდილ ვინა თქვა? გაუხმეს ენის ტარია!“ და იქვე, მომდევნო სტრიქონებში, კიდევ ერთხელ გაიჟღერებს ქვეყნიერების გამჩენ მაღალ ღმერთთან მისი წილნაყარობისა და სულიერ-სისხლისმიერი სიახლოვის მოტივი:“ არ მოკვდა, ღმერთთან წავიდა, ყმა არის, განაყარია“ (23,61).

ერეკლე ბატონიშვილს, მისი დიდი ღვაწლის სანაცვლოდ, საფერი მესიტყვე გამოუჩნდა სოლომონ ლიონიძის სახით. მისი მოთქმით ტირილი, გამოწვეული ნეტარების ღირსი მეფის გარდაცვალებით, ქართული მჭევრმეტყველების შესანიშნავი ნიმუშია. სოლომონის სიტყვით, ერეკლეს სახელი „ცის კალთებზე იწერებოდა“; „მზე და მთოვარე იმისს ბედნიერს ლაშქრობაში ხანდაზმულნი არიან“; ზეციერ ძალთა „საღმრთო სტუმრის“ საუკუნო სამყოფელში გადაადგილების გამო ლიონიძე დღის მნათობს შემდეგნაირად მიმართავს: „დაბნელდი მზევ, რომელსაც გაქვს მოსასწავებელი დაბნელებით ჭირისუფლობა, რომ მზე მიწიერი ღამიანის ქართლისა - მეფე ერეკლე - შენს ბრწყინვალებას ვეღარ ჰხედავს“ (21,244-245).

რწმენისა და წარმოსახვის ის რაკურსი, ბაგრატიონთა საგვარეულო სახლის ღირს ბინადართა ცხოვრებისეულ გზას, თავდაუზოგავ ღვწასა და მამულიშვილურ ღვაწლს რომ მიესადაგა მათით მადლიერი ერის გულსა და გონებაში, თავისთავად მეტყველებს მეორმოსვლის ქრისტიანული იდეის არადოგმატურობასა და მასშტაბურობაზე, ანუ იმაზე, რომ ეს იდეა არა მხოლოდ ღვთიური არსის, არამედ ხორციელთა ხელახალი გამოცხადების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს და ასეთი რამ მოხდება მაშინ, როცა ქვეყანას უკიდურესი შეჭირვების ჟამი დაუდგება; როცა სასოწარკვეთილ მოკვდავთ ღმერთის გვერდით ცოცხლად წარმოდგენილი მხსნელნი მოენატრებათ...

თამარ-მეფის უბიწოებისა და პატარა კახის მირონმდინარი ძვლების მადლით მოსილი, მათი მეორმოსვლის მომლოდინე საქართველო დღემდე სათუთად ინახავს ხსოვნას იმ რჩეული გვარის უსაჩინოესი წევრებისას, რომელნიც დასაბამითვე ფერუგლელი ღვთიური ინსიგნიებით აღიბეჭდნენ მის შეგნებაში, ხედვასა და მეხსიერებაში.

დამოწმებული ლიტერატურა: 1. ბარამიძე რ., ფარნავაზმან ძლიერ ჰყო ქუეყანა თვისი, თბ., 1992. 2. ბარდაველიძე ჯ., ალექსანდრე ბატონიშვილი და გენერალი პავლე ციციანოვი ქართულ და რუსულ ფოლკლორში, ქართველური მემკვიდრეობა, II, ქუთაისი, 1998. 3. ბაქრაძე აკ., დავიწყებული იდეა, წინასიტყვა წიგნისა „ქართული მწერლობა“, ტ. V, თბ., 1988. 4. გაბუური ბ., ჴევსურული მასალები, ა. შანიძის რედაქციით, ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეული, I, ტფ. 1923. 5. გამსახურდია ზ., წერილები, ესსეები, თბ. 1991. 6. გოგოჭური დ., ხევსურული საგმირო პოეზია და გმირები, თბ., 1977. 7. თუშური ჩანაწერები (ჩაწერილი 1942 წელს კოსტა აზიკურის მიერ), თბ., 1995. 8. კარბელაშვილი მ., ბაგრატიონთა დინასტია და ქართული პოლიტიკური თეოლოგია, ლიტერატურული ძიებანი, XX, თბ., 1999. 9. კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, ჯვარი და საძმო, ქუთაისი, 1996. 10. კოტეტიშვილი ვ., ხალხური პოეზია, თბ., 1961. 11. მამისთვალიშვილი ე., ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გაღვთიურების საკითხისათვის, ალექსანდრე ორბელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული, თბ., 1998. 12. მეტრეველი რ., მეფე თამარი, თბ., 1991. 13. სამოციქულო განმარტება, I, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და წინასიტყვა დაურთო ე. კოჭლამაზაშვილმა, თბ., 2000. 14. სიგუა ს., მარტვილი და ალამდარი, თბ., 2001. 15. სიხარულიძე ქ., ქართული ხალხური საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, თბ., 1949. 16. სულავა ნ., XII-XIII საუკუნეების ქართული ჰიმნოგრაფია და პოლიტიკური იდეოლოგია, ძველი ქართული ლიტერატურის პრობლემები (ეძღვნება პროფ. ლევან მენაბდის დაბადებიდან 75-ე წლისთავს), თბ., 2002. 17. უმიკაშვილი პ., ხალხური სიტყვიერება, ტფ., 1937. 18. ქართლის ცხოვრება, I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1955. 19. ქართლის ცხოვრება, II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1959. 20. ქართული მწერლობა, 8, თბ., 1990. 21. ქართული მჭევრმეტყველება, თბ., 1958. 22. ქართული პროზა, XII, თბ., 1986. 23. ქართული ხალხური პოეზია, XI, თბ., 1984. 24. ქიქოძე გ., წერილები, ესეები, ნარკვევები, თბ., 1985. 25. შანიძე აკ., ქართული ხალხური პოეზია, I, ხევსურული, ტფ. 1931. 26. ხალხური სიბრძნე, III, თბ., 1964.

___________________

1. ეს საკითხი ქართველ მეცნიერთა შორის დღემდე რჩება თვალსაზრისთა ნაირგვარობისა და ურთიერთშეუთავსებლობის სფეროდ (ამასთან დაკავშირებით იხ. თ. ჩხენკელი, ანბანთა შექმნის ტრადიციული ცნობების შესახებ, ლიტერატურული ძიებანი, ;;, თბ., 1999, გვ. 72-79).

2. დავით გოგოჭური საერთოდ უარყოფს თორღვას ბაგრატიონობის შესაძლებლობას და სათანადო ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით დაასკვნის, რომ „თორღვა ძაგან გვარი 1247 წელს დაღუპული პანკისის ერისთავის თორღულ (თორღუ) ძაგანისძის შვილი იყო“ (6,96).

3. ბაგრატიონთა გვარის ხელისუფალთა ცხოვრებაში ირმის რძე, როგორც შვებისა და სიკეთის მომტანი, გაცილებით ადრეც ფიგურირებს: თავის აღმზრდელ არსენთან იყალთოში ჩასულ დავით აღმაშენებელს ირმის რძეში მოზელილ თიხას დაადებენ გადატყავებულ მუხლზე (ნ. ჯავახიშვილი, ლეგენდა ლეგენდებში, გაზ. „სახალხო განათლება“, 28.VI. 1989).

ბმული - http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0---0---0prompt-10---4-------0-0l--11-en-50---20-help---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-10&a=d&cl=CL4.2&d=HASH0122cedaaecfe520de36a3d8.4.fc

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: თორღვა ძაგანი   Today at 1:36 pm

Back to top Go down
 
თორღვა ძაგანი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბალღოო, აეს არი შენ სამშობლო...-
Jump to: