არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ოთარ ჭილაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ოთარ ჭილაძე   Thu Mar 12, 2009 11:37 pm


Otar Chiladze

ოთარ ჭილაძე - http://ka.wikipedia.org/wiki/ოთარ_ჭილაძე

ჭრილობაში ჩარჩენილი ტყვია


* * *

რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,

მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:

გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,

მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა...


მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,

ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც

და ამოვწურო ეს სიმარტოვე,

ეს ფორიაქი ამოუხსნელი.


გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,

რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.

მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს -

კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით.

2007


* * *

აღსასრულისკენ სამყარო მიქრის,

ვით პატრონმკვდარი ველზე ქურანი...

ღმერთო, მასწავლე მოთოკვა ფიქრის,

ანდა წამართვი ფიქრის უნარი.

ფიქრისგან ფიქრი ჩნდება, ჭავლივით.

არ წყდება მტანჯველ ფიქრთა ნაკადი,

თითქოს ათასჯერ უკვე ჩავლილი

და ვერჩავლილი მაინც აქამდის.

გზა კი იგივე რჩება მიზნამდი

და ახლა გულშიც ვერ მითქვამს შიშით:

ფიქრი მაწრთობდა ცხოვრებისათვის,

თუ დავემალე ცხოვრებას ფიქრში...

2007


* * *

ვეღარ განკურნავს ჩემს ბებრულ წუხილს

დუმილი ცაცხვის, ფიჭვის თუ მუხის...

ღმერთმა შეარგოს და მიუტევოს,

ვისაც ულხინდა და ახლაც ულხინს.

ცოტაც და, ბნელი სიცივე მწუხრის

წერტილს დაუსვამს ვნებათა დუღილს...

მეც ამ დიდებულ წამს ველოდები,

ვით გაზაფხულის ელვას და ქუხილს.

2006


გულის მეორე მხარე


მინდორში ვდგავარ და ქორებს ვუსტვენ,

მხოლოდ იმიტომ, რომ დაგენახვო,

ზედაზნის ნისლო, ნაზო და სუსტო,

მდინარის თვალო, ტყევ და ვენახო.


მთაზე უბელო ცხენს მივაჭენებ,

რომ მოგაწონო თავი, ბებერო.

და თუ არ ვიცი, თვითონ მაჩვენე,

როგორ შეგხედო და მოგეფერო.


მე იქნებ ვჩქარობ და სიჩქარეში,

რაც დღეს მეკუთვნის, იმასაც ვკარგავ,

მაგრამ მე ვიცი, რომ თქვენს გარეშე

ვერასდროს ვეღარ ვიქნები კარგად.

1960


* * *

ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს,

მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა,

რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ,

შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც.

გადიან წლები და ფიქრით დაღლილს

გადაუხდელი მრჩება ვალები

და მეკარგება მშობლების სახლი:

აუტანელი და საყვარელი.

მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი

და გადმოფინოს თეთრი აფრები

და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით

ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი.


მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,

ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს.

და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,

თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ.

1961


* * *

მე ჩემს საყვარელ სიზმრებად ვთვლიდი

ცაში თანდათან გამქრალ მავთულებს,

გადაქანებულ სვეტებს და ხიდებს,

ნათურებს მკრთალებს და გაფანტულებს.

დღეს კი იფეთქებს შენი სახელი.

მე დილიდანვე ვგრძნობ და მოველი,

როდის იფეთქებს შენი სახელი,

ძლივს მიგნებული და მოგროვილი.

მე მის ნამტვრევებს ავკრიფავ ქარში

და მტვერს და მიწას გადავაშორებ

და დავურიგებ მეზობელ ბავშვებს,

როგორც ბრჭყვიალა სათამაშოებს.

დაიტაცებენ ბავშვები უცებ,

ყაჩაღებივით დაიტაცებენ

და ქარზე უმალ მოსდებენ ქუჩებს

ჩემს ძველ ტკივილებს და აღტაცებებს.

ბნელში იცინის კიოსკის მინა.

ირხევა ტოტი და ტოტის ჩრდილი.

ქალაქს კი სძინავს, სძინავს და ბრწყინავს

მთლად გაჟღენთილი წვიმით და ძილით.

და მავთულებზე შერჩენილ წვეთებს

აღარაფერი აღარ აშინებთ.

მე ვაღებ კარებს და ისევ ვკეტავ

და მერე ისევ ვაღებ მაშინვე.

1960

"ლიტერატურული პალიტრა "
# 4 (43)
აპრილი 2008 წელი - http://www.opentext.ge/08/literaturulipalitra/04/04-3.htm


Back to top Go down
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: . . .   Thu Mar 19, 2009 7:55 pm

ბატონი ოთარი "მსოფლიო დონის" შემოქმედია. გამეხარდა მისი სარკმელი და ლექსები, რომლებიც არ ვიცოდი. იმედია სარკმელს გაამდიდრებენ მისი სულშიჩამწვდომი ლექსებით.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   Thu Mar 26, 2009 1:26 pm

მიყვარს ეს პოეტი.. უბრალო და ნაღდი..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ვიღაცა



Female
Number of posts : 12
Age : 116
Location : თბილისი
Job/hobbies : ნაირ–ნაირი
Humor : რია?
Registration date : 31.05.09

PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   Sat Aug 15, 2009 8:41 pm

ოთარ ჭილაძე

სექტემბერი

ჩემ წინ დაეცა ჭადრის ფოთოლი,
გამოფიტული და დაქანცული,
და ზოოპარკის ცისფერ სკამებზე
ანთია სიცხის ანაბეჭდები.
- გინდა? გაჩუქებ.
თუმცა ამ ფოთოლს
ვინ გააჩერებს შენს გალიაში,
ან ვინ იფიქრებს, რომ ეს ფოთოლი
მე შემოგიგდე და არა ქარმა.
ქარს მხოლოდ მიაქვს,
ქარს სიტყვაც მიაქვს,
მაგრამ ხანდახან განგებ ატანენ,
რომ მოიშორონ სიტყვის სიმძიმე
და ქარს დაბრალდეს ქარში ნათქვამი.
ქარი მოვარდა,
ქარმა მომაგნო,
ქარს გავეკიდე,
ქარის ბრალია,
ქარით დაღლილი,
ქარად ვიქცევი,
ქარო, როდემდის ვიქნები ასე?
მე მთელი ღამე სიტყვას ვეძებდი,
რომელსაც უნდა გადავერჩინე.
ის ცალკე იჯდა და იცინოდა,
მე კი მიყვარდა და ვბრაზდებოდი,
და ვრწმუნდებოდი, რომ ვერასოდეს
ვერ მოვნახავდი საჭირო სიტყვას.
და ყველაფერი გადაწყდა უცებ:
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი კაბა..
და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
გათავდა?
თუმცა ამ სიტყვის გარდა
მე მქონდა გული,
გულიც და ვნებაც.
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი მხრები... და გაიცინა.
გესმის? - გაწვიმდა.
ხედავ? - გაწვიმდა.
მე მიყვარს წვიმა,
წვიმა და ფიქრი.
წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს.
წვიმა მოვიდა,
წვიმამ მომისწრო,
წვიმას წავყვები,
წვიმის წილი ვარ,
წვიმით ავივსე,
წვიმად ვიქცევი,
წვიმავ, როდემდის ვიქნები ასე?
წვიმა კი მოდის,
ხმამაღლა მოდის
და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები,
ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები,
ხის სურვილები და იმედები.
და ტოტებს შორის, დიდი ხნის მერე,
ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი,
ადამიანთა თავშესაფარი,
თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ.
ამასობაში გადიღო კიდეც
და შემოდგომის მზე ამოვიდა,
და შემოდგომის მზე გალიებში
კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად.
შეინარჩუნე თუ შეგიძლია,
ნაწილი მაინც შეინარჩუნე.
რადგან უმზეოდ გაგიჭირდება,
გაგიჭირდება...
გაგიჭირდება...
მზე ამოვიდა,
მზემ გამაბრუა,
მზეს შევეფარე,
მზის იმედი მაქვს,
მზით გავთამამდი,
მზედ მინდა ვიქცე,
მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან!
მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს
მისი გაყოფა და დარიგება,
რადგან ყველაფერს ადვილად ვიტანთ,
როცა სხეული მზითაა სავსე.
ქალმა, რომელიც მიყვარდა ძლიერ,
როგორც მებადურს უყვარს მდინარე,
მდინარეს - ფიქრი, ფიქრს - კი დუმილი,
დუმილს - ხმაური და ხმაურს - სივრცე...
დიდხანს უცადა იმ წყეულ სიტყვას,
უცადა დიდხანს და მოთმინებით,
მერე წამოდგა და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
და აი, უკვე მზეც ამოსულა
და შემოგომის მზე გალიებში
შემოცვენილა ოქროს ფოთლებად.
ზამთარი მოდის და სანამ დროა
შეინარჩუნე ოქროს ფოთლები:
ზამთარში გულზე დაიფენ ხოლმე,
თავქვეშ დაიდებ და განათდები.
მე კი მეყოფა, თუ შენს თვალებში
ვნახავ საოცრად პატარა მზეებს,
პატარა მზეებს ვნახავ თვალებში,
თვალებში ვნახავ უთვალავ მზეებს.
მზე ამოვიდა,
მზემ გაგვაბრუა,
მზეს გავახსენდით,
მზის შვილები ვართ,
მზით მორთულები
მზედ უნდა ვიქცეთ.
მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩვენგან!
Back to top Go down
View user profile http://www.armuri.4forum.biz
ვიღაცა



Female
Number of posts : 12
Age : 116
Location : თბილისი
Job/hobbies : ნაირ–ნაირი
Humor : რია?
Registration date : 31.05.09

PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   Sat Aug 15, 2009 8:43 pm

ოთარ ჭილაძე

***
რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით,
ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების
და მეც ამ დიდი კანონის ნებით
მიყვარხარ!
მაგრამ ამ სიტყვას ახლა
იაფი სცენის სურნელი ახლავს
რაც არც უხდება და არც სჭირდება,
ამიტომ, ალბათ, გამიჭირდება
მისი წარმოთქმა, მაგრამ გახსოვდეს,
მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს
არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,
შენგან მრავალი ტკივილის მნახველს.
და გზა რომელიც გაიყო ორად
და უკვე იქცა ცოდვად და ჭორად
იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი,
თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით
ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი:
ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის,
გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს,
რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ,
რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთთან და მოვიგონე
ეს გრძნობა ჩემთვის,
ჩემს დასაცავად და დასაღუპად
და რისხვა გულმა რაც დააგუბა,
რაც გულს აქამდე ძალით ეკავა,
წვრილმან გრძნობების წასალეკავად
გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით
შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი.
და უსასრულოდ, დღისით თუ ღამით
და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით
იქცეს კოშმარად და მოჩვენებად,
დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება
რომ ფრთებშეკვაცილ ფრინველის მსგავსად
აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად.
მერე რა მოხდა თუ უცხო თვალი
ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი,
ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს
და იმ ღიმილის უხეში ქიმი
გაგვივლის გულში...
შენ კი გახსოვდეს,
რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს,
რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც
და ჩემი სულის ყველა ნაფოტი
იმ კოცონისთვის მზადდება ახლა,
რომელზეც შენი სურვილით ახვალ.
Back to top Go down
View user profile http://www.armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   Sat Mar 27, 2010 1:25 am

ოთარ ჭილაძე

წამსვლელი თვითონ დგება და მიდის

წამსვლელი თვითონ დგება და მიდის -
ზღვებსაც აცოფებთ ზედმეტი წვეთი.
მე ჩემს თავს უფრო ძლიერად ვთვლიდი,
სხვა არაფერი შემშლია მეტი.

აი, შედეგიც… დრომ მეც გამტეხა.
დრო მეც ზარივით დამემხო თავზე.
არადა, ალბათ, კიდევ რამდენ ხანს
უნდა იდინოს ამ მტკვარმა ასე.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   Mon Apr 26, 2010 9:02 pm

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები
მაგრამ ვარ გხედავ,როგორც სიცივეს!
გარეთ კი წვიმითსველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე
და ხმაურს ვიწყებ....
გათავდა..აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე,მხრებზე,მუხლებზე...სულში...
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც,ქუჩაც,ფოთოლიც,წვეთიც...
შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!...........




რავიცი, ვისთვის როგორ, მაგრამ ეს ლექსი უამრავის მთელ შემოქმედებას მირჩევნია...
Back to top Go down
View user profile
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   Fri Apr 30, 2010 6:39 pm

რაც დასახარჯი არსებობს – ვხარჯავ.
რაც სანახავი არსებობს – ვნახე.
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

ვერ დავარბიე ჩემში ველური,
კანდაშაშრული მზით და მარილით,
ვერ მივაჭედე სულს სახელური,
რომ გამოაღოს ყველამ კარივით.

ყველა ზეიმზე დავიგვიანე,
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი,
მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.

მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

ოთარ ჭილაძე

1968
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   Wed May 12, 2010 6:58 pm

მეფეებივით ფიქრობენ მთები...
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს...

ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -
ლამის არაგვის შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.

კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.

ოთარ ჭილაძე
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   Wed May 12, 2010 7:04 pm

დედაა, რასაც პირველად ნახავ.
მამით იწყება გზებზე ფიქრები.
მერე ჩვენ ვძერწავთ საკუთარ სახეს
იმ დღისთვის როცა აღარ ვიქნებით.
ბავშვობა გადის და უცებ გადის.
ჩვენც გვიხარია, რომ უცებ გადის.
აღარ ჩანს-დღემდე რაც ნათლად ჩანდა,
ქრება უხილავ მეტოქის ლანდიც.
ვერც ჩვენ ვახერხებთ იმ განძის პოვნას,
ვცერც ჩვენ ვნახულობთ იმ აშიშ სოროს,
რომელიც დიდხანს მოჰყვება ხსოვნას
და ბავშვობაში არსებობს მხოლოდ.
სამაგიეროდ დღემდე ჩაკეტილს,
დღეს ყველა ქუჩას გვიჩენს ქალაქი
და უკვე ვიცით, ვინ რას აკეთებს
ულაპარაკოდ თუ ლაპარაკით.
ჩვენ აღარ გვაკრთობს ხმაური ქარის და აღარც დედებს არ ვეტირებით,
რადგან ზღაპრების გმირების დარად,
ვართ ბოროტები ან კეთილები.
და ყველა ვცდილობთ რაღაცის შოვნას,
ყველამ ვიღაცას მივეცით ფიცი.
ჩვენ უკვე ვიცით, რას ნიშნავს თოვლი,
ბავშვები როგორ ჩნდებიან ვიცით.
და უცებ სულში შემოდის ქალი:
ვარდებით, ელდით და ჟრუანტელით....
და ტკივილამდე გახელილ თვალებს
ეცოტავებათ ზეცის ნათელი.
ჩვენ ვხურავთ წიგნებს, უჯრებს და ფანჯრებს
და გაბრუებულ ფრინველის მსგავსად
ვაწყდებით კედლებს და უცებ ვამჩნევთ,
რომ წასასვლელი აღარ გვაქვს არსად.
რომ აღარ გვახსოვს, რაც უკვე ვნახეთ,
რასაც ოდესღაც მივწვდით ფიქრებით....
და მაინც ვძერწავთ საკუთარ სახეს
იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით.
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   Sat Oct 02, 2010 12:47 pm

გუბე და ღობე


შენი ლანდია ქუჩის გადაღმა
და ღრუბლის ტოტი, სველი და მძიმე,
და სიჩუმეა, მხოლოდ ხანდახან
ვიღაცა აფრთხობს უჩინარ სიმებს.
და ისევ, როგორც დიდი ხნის წინათ
ოდნავ ბრჭყვიალებს გუბე და ღობე,
ხეებიც ჩრდილებს იქნევენ ფრთხილად
თითქოს მოკლულის ტანსაცმელს ჰყოფენ.
ეს ერთადერთი გზა არის ალბათ,
რომლის გავლასაც ვერ შევძლებ ახლა
სურვილის თოკი, ძველი და ცალფა,
ვერ აიზიდავს ჩემს სხეულს მაღლა.
არ გადმოხვიდე! წადი! იარე!
ჩემს თავშესაფარს რქმევია სორო,
შიში რქმევია ჩემს სიჭკვიანეს,
ცა ტერფის ჩრდილი ყოფილა მხოლოდ.
ქუჩის გადმოღმა ჩრდილივით მდგარი
ისევ ამაოდ აღვიძებ გრძნობებს,
რადგან ჩვენს შორის ღმერთი წევს მკვდარი
და არა მხოლოდ გუბე და ღობე.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ოთარ ჭილაძე მთაწმინდაზეა   Tue Feb 08, 2011 6:57 pm


Otar Chiladze on Mtatsminda pantheon © Photo by Mikho Mosulishvili, 2011

ოთარ ჭილაძე

***
გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი:
სულზე ბორკილად მადევს ასაკი
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი,
თუ გნებავს - შენი გზის ავაზაკი.
მე შენსკენ დიდხანს მოვქონდი ტალღას,
ვით უგრძნობელი ნივთი, საგანი...
და შენი ყველა ცოდვა ვარ ახლა
და არა ერთი იმათთაგანი.
ვერ ჩამოვჯდები სიბერის ქოხთან,
თუმცა, რას ვეძებ, თვითონ არ ვიცი.
რაც დღემდე მოხდა, თავისით მოხდა,
რაც დღემდე ითქვა, ითქვა თავისით.
და ვიდრე შენსკენ მოვქონდი ტალღას,
შემთხვევის მონა და ბედის ურჩი,
წლები ზრიალით გაფრინდნენ მაღლა,
ვით ნამსხვრევები ყამარის ჭურჭლის.
მათ აღასრულეს ბუნების მსჯავრი,
ხუნდად დამადეს სულზე ასაკი...
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი
და მაინც - შენი გზის ავაზაკი.

1997

ნაწყვეტი პოემიდან:
"თიხის სამი ფირფიტა"

***
რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ
და ქვებზე ჩუმად გროვდება მტვერი
და ჩასაფრებულ თვალივით ბრწყინავს.
მაინც არავინ არ გარბის არსად,
ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს
და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,
ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს.
რა უბრალოა ადამიანი!
რა ცოტა ჰყოფნის, რომ იქცეს მიწად
და რა უმწეო ხმებით შრიალებს
რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს.
ხვალ შეიძლება განახლდეს ისევ,
რაც დღეს საოცრად ძველია უკვე
და ისევ გახდეს სიცოცხლის ღირსი
და გაახილოს თვალები უკეთ.
მაგრამ ყველაზე ვრცელდება თურმე,
თურმე სიკვდილი მოგველის ყველას,
რომელიც უკან მოგვყვება ურმით
და გამოფიტულ თვალებით გვზვერავს.
ვინ იცის ისიც სცოდავდა იქნებ
ყველა მოგონილ ღმერთის წინაშე
და სულ ამაოდ მისდევდა ფიქრებს,
ვით დასიცხული კაცი მირაჟებს.
იქნება სცოდავ როდესაც ცდილობ
განდევნო შენგან სიკვდილის შიში,
ან როცა ბედი გარგუნებს წილად
დაიცვა შენი მოდგმა თუ ჯიში.
ახლა კი ჩრდილი და მხოლოდ ჩრდილი,
ოდესღაც ჯანით განთქმულ სხეულის
ყოველ საღამოს და ყოველ დილას
ცისკენ მიფრინავს ლოცვად ქცეული.
მას ურჩევნია გულზე ეყაროს
და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები
და ისევ ქვეყნად დარჩეს ქვეყანა,
ჯიუტი კაცის თუ ღმერთის ნებით.

თურმე არავის არა აქვს ნება,
იცქიროს უცხო ფარდების იქით,
აწონ-დაწონოს ვიღაცის ვნება,
ფანქრით ასწოროს ვიღაცის ფიქრი.
იზრდება სიცხე და ჩრდილის ფასი,
მაგრამ ცოტაა ჩრდილის მარაგი
და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,
ხელში უჭირვს სიცხეს ქალაქი.
და შეუმჩნევლად გაქრება შიშიც,
რმოელიც მოყვა თიხის ფირფიტას
შენ აღმოჩნდები სანატრელ ჩრდილში,
გონებას განგებ გამოიფიტავ.
თუმცა არავის არა აქვს ნება
თუნდაც ცოტა ხნით მოხუჭოს თვალი
და აკივლებულ ფიქრსა და ვნებებს
ხმა ჩაუწიოს, და ჩაკლას ძალით.
ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას.
უბრალო იყოს, ვით მწყემსის დანა,
უფრო უბრალი ვიდრე მარილი,
სულში კი მთელი სიმძიმით წვანან
დღეები უკვე გადატანილი.
წვანან ჩაძირულ გემის ფიცრები...
წვანან ჩაძირულ გემის აფრები...
მაგრამ სიკვდილის წინ შეიძლება,
რომ ერთი სიტყვით თქვა ყველაფერი.
რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ
და უკვე ყოფილ ხმებსა და ფერებს
უნდათ თუ არა მიწაში სძინავთ.
არ უნდა მოხდეს დიდი ხნის მერეც
ის, რაც მომხდარა დიდი ხნის წინათ
რადგან უთვალავ ხმებსა და ფერებს
ჯერ კიდევ მიწის წიაღში სძინავთ

სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის
და შენც გახსენი შენი ფიქრები,
რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდ
იცხოვრო, როცა აღარ იქნები.



Otar Chiladze on Mtatsminda pantheon © Photo by Mikho Mosulishvili, 2011

მიხო მოსულიშვილი

დაუჯერებლად შორეული და დაუჯერებლად ახლობელი…

”ვინ რა იცის, მართლა რითი მთავრდება სიკვდილი?! ვინ რა იცის, რა არის კაცის სიცოცხლე?! არაფერი. წუთი. წამი. შემოჰკრა ქარმან და სწრაფ გააქრო. მაგრამ, თუკი, როგორმე, წარსულში შებრუნება შესძელი, მერე კი წარსულიც გადალახე, მარადისობაში აღმოჩნდები თურმე და აღარასოდეს მოკვდები. განა სულ ამას არ ნატორბს ჩუმის ნატვრითა ადამიანი?!”
ოთარ ჭილაძე, ”მარტის მამალი”


ურუქი – დაუჯერებლად შორეული და დაუჯერებლად მოახლოებული ჩვენთან, მოახლოებული ამ კაცის მიერ, ვისაც დევებით სავსე ქუდი ეხურა…
ასეთად ვხედავდი მაშინაც, როცა ინტერვიუსთვის შინ მივუტანე შეკითხვები და კიდევ ერთხელ ვილაპარაკეთ…
ტელ ასმარის გორაკის მლოცველთა სკულპტურებს მაგონებენ თქვენი პერსონაჟები მეთქი და, გადაჭარბებული შეფასებაა ჩემი შემოქმედებისაო.
მე არ მეჩვენებოდა გადაჭარბებული, არც ახლა მეჩვენება…
“ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” – აი, ამ რომანში გააცოცხლა და გაიხსენა ურუქი – დიდი შუმერების დიდი ქალაქი და მანამდე კიდევ ათას ცხრაას სამოცდაორ წელს დაწერილ პოემაში – “თიხის სამი ფირფიტა”.
ყველა შეკითხვაზე მითხრა თავისი პასუხები, მარტო მე მომიყვა, თუ რას და როგორ ფიქრობდა, მერე თავისი ახლადგამოსული “მარტის მამალი” მისახსოვრა ძვირფასი წარწერით და ისე გამომისტუმრა თავისი სენაკიდან, თუკი სენაკს დავარქმევთ ხილიანზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ოთახს…
ფრანგულად გამოცემული “რკინის თეატრიც” მაშინ ვნახე. გერმანულადაც რომ ჰქონდათ ნათარგმნი მისი ნაწარმოებები, ვიცოდი უკვე. ნობელზე კიდევ ერთხელ რომ იყო წარდგენილი, ესეც ხომ ვიცოდი და, – ნეტავ, აიღოს მეთქი, – ჩუმად ვნატრობდი…
იქიდან რომ მოვდიოდი, ვერ ვხვდებოდი, – მწყენოდა თუ გამხარებოდა, მხოლოდ მე რომ მიპასუხა შეკითვებზე…
ვერც ახლა ვხვდები…
მე მხოლოდ ის ვიცი, სწორედ ტელ ასმარის გორაკის მლოცველებივით სდარაჯობენ თავიანთ გამოცანას ოთარ ჭილაძის პერსონაჟები, იმიტომ სდარაჯობენ, რომ ვერც ერთმა ზერელემ და ზედაპირულმა ვერ შეაღწიოს ავტორის სამყაროში, ჩვენი გრძნობებით შექმნილ ლაბირინთებში და ვინც კი იმ ლაბირინთების მოვლას შეიძლებს, ყველა აამაღლოს, ამ ცხოვრების მადლი თუ ტკივილი დაანახვოს და მიახვედროს, რომ “რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე, ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ”.
ოთარ ჭილაძე დიდი მთაწმინდელი იყო სიცოცხლეშივე, ანუ მარადისობის მკვიდრი გახლდათ და აკი დავადასტურეთ კიდევაც, მთაწმინდაზე რომ მივუჩინეთ განსასვენებელი.
არადა, რამხელა ბედნიერება იყო, ჩვენს გვერდით რომ ცხოვრობდა და ქმნიდა თავის უკვდავ შემოქმედებას…
“თუკი ურუქი უნდა დაინგრეს, მეც დავინგრევი ურუქთან ერთად. მე მირჩევნია, გულზე მეყაროს და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები” – ეს “თიხის სამი ფირფიტიდან” არის და რუსეთის გამძვინვარებული არმია რომ მოიწევდა თბილისისკენ გასულ წელს, მაშინ გამახსენდა და ახლაც ამას ვიტყვი ხოლმე ჩემთვის, მორიგ ქიმუნჯს რომ გვითავაზებს ხოლმე რუსი და, სრული და საბოლოო ოკუპაციით დაგვემუქრება…
ურუქი – დაუჯერებლად შორეული და დაუჯერებლად მოახლოებული ჩვენთან, მოახლოებული ამ კაცის მიერ, ვისაც დევებით სავსე ქუდი ეხურა…
თავადაც ასეთი იყო – დაუჯერებლად შორეული და დაუჯერებლად ახლობელი…

”ლიტერატურული გაზეთი”, #12, 16 – 29 ოქტომბერი, 2009

http://burusi.wordpress.com/2010/03/23/otar-chiladze-20/
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   Sat May 25, 2013 4:18 pm



წიგნის დასახელება - „წათეს წითელი წაღები“
ავტორი - ოთარ ჭილაძე
რედაქტორი - მანანა ბალიაშვილი
მხატვარი - გია ცხადაია
გამომცემელი - პეგასი
ყდა - რბილი
ენა - ქართული
გამოცემის წელი - 2007
ISBN 978-99940-69-44-6
გვერდები - 190

შინაარსი:
* წათეს წითელი წაღები
* ლაბირინთი

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   Thu Aug 22, 2013 8:23 am

ოთარ ჭილაძე

***
ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო,
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი _ ერთ ვერცხლად ფასობს.

მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.

არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის...
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი _ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.

ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   Tue Oct 08, 2013 9:52 am

ოთარ ჭილაძე

შეჩვეულია რუსს და რუსის ჩექმა აწუხებს…

ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – ქართველის ნათქვამია. შეჩვეულს ნუ გადააჩვევ და შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო – ესეც ჩვენი ისტორიული გამოცდილებაა. თავის დროზე ასევე გვიჭირდა ალბათ სპარსული სამყაროსგან მოწყვეტა, მაგრამ თუ არ მოწყდი იმას, რაც გღუპავს, რაც შთანთქმას გიპირებს, დაღუპული ხარ და შეიძლება ახიც იყოს, რადგან იმის მაგივრად, რამე იღონო, კვლავაც გულუბრყვილოდ გჯერა, ვთქვათ, მართლა რომ არსებობს რუსულ-ქართული სახელმწიფოებრივი მეგობრობა, თანაც საუკუნოვანი. მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ კონკრეტული ქართველისა და კონკრეტული რუსის პირადულ ან კოლეგიალურ ურთიერთობას. ბოლოს და ბოლოს, აღაზასა და ზვიადაურის შემქმნელი ხალხი ვართ და სხვაგანაც მრავლად მოიძებნება ამგვარი პიროვნული კეთილშობილების მაგალითები, არამარტო ლიტერატურაში, არამედ ცხოვრებაშიც. მაგრამ პიროვნების სულისკვეთება ერთია, სახელმწიფოს ინტერესი – მეორე. მეორე კი არა, მთავარი! დიახ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი არ შეიძლება საქართველოს მეგობარი იყოს. მას შემდეგ, რაც საქართველო უნებლიე დაბრკოლება აღმოჩნდა სამხრეთისკენ დაძრული რუსეთისთვის, თავისთავად გადაწყდა ჩვენი ურთიერთობის სახეობაც: ჩავყვებით თუ ჩაგვითრევს, დავუჩოქებთ თუ დაგვაჩოქებს, ორივე შემთხვევაში მაინც ერთნაირად უნდა მოგვსპოს, რათა თავად აღორძინდეს, კიდევ უფრო განავრცოს საზღვრები და თუნდაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს საწადელს. რაც მთავარია, იმდენად სჯერა სამართლიანობა საკუთარი მიზნისა თუ სურვილისა, ვეღარ ამჩნევს, დრო რომ იცვლება. მართალია ნელა, მაგრამ იცვლება ფსიქიკაც და დღეს აღარავინ დააპყრობინებს რუსეთს კონსტანტინეპოლს, რაც არ უნდა „ქრისტიანული“ იყოს მისი მისია. მაგრამ ის მაინც ჯიუტად აგრძელებს თავისას, ანუ, ჯიუტად ცდილობს ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა და ჩვენც მლიქვნელური ღიმილითა და კუდის ქიცინით ველოდებით, როდის გადაგვსანსლავს ერთხელ და სამუდამოდ…

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   Fri Feb 21, 2014 10:15 pm

ოთარ ჭილაძე

ტარასი

დნეპრს გადმოჰყურებს ბრინჯაოს კაცი:
ჩაფიქრებული და მოღუშული.
წაბლის ხეები თეთრი სანთლებით
მლოცველებივით მიდიან მისკენ
და უჩინარი ზარის გუგუნი
დნეპრს უერთდება.

გარინდებულა გაღმა სოფელი
და შესდგომია ცას ოწინარი.
მამალი სივრცეს ზვინიდან ზვერავს
და ისე ბზინავს შუადღის მზეში,
თითქოს ახლახან შეღება ღმერთმა.

დნეპრს გადმოჰყურებს ბრინჯაოს კაცი...
წყალს იღებს ჭიდან სოფლელი გოგო,
ვერ ჩატეულა წყალი ჭურჭელში
და, როგორც მწვანე და ბრმა ფრინველი,
დაეძებს გოგოს ფრთების ტყლაშუნით.

დნეპრს გადმოჰყურებს ბრინჯაოს კაცი...
იცინის გოგო და მიაბიჯებს
საკუთარ მზეში,
საკუთარ მზეში და პურის მტვერში -
თავისუფალი და ჯიშიანი.

დნეპრს გადმოჰყურებს ბრინჯაოს კაცი:
მკაცრი და სადა, როგორც ტაძარი.
ფერხთით უნთია წაბლის ყვავილი,
თოვლივით თეთრი და დახუნძლული
მთვრალი ფუტკრებით...

1969

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
ოთარ ჭილაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: