არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სანათა სვილისფერაჲ - თამარ ბურდული

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: სანათა სვილისფერაჲ - თამარ ბურდული   Thu Mar 12, 2009 10:42 am



Tamar Burduli


თამარ ბურდული


გთავაზობთ ჯერ ჩემს წინათქმას თამარ ბურდულის, იგივე სანათა სვილისფერაის (ეს “სანათა სვილისფერაი” იმიტომ მოიგონა, აქ რომ ორი სანათა არ ყოფილიყო) ლექსებისთვის, რომლებიც 2006 წლის “ლიტერატურულ პალიტრაში” დაიბეჭდა (2006 .- N1(16) .- გვ. 46-49) და რომლებსაც თანდათან აქაურ მკითხველსაც შემოგთავაზებთ, რაღაი უკვე გავხსენი სანათა სვილისფერაის გვერდი...

აქვე ნახავთ სანათა სვილისფერაის პირველ ლექსს, მე რომ ტელეფონში წამიკითხა, სანამ მესტუმრებოდა და მერე კი – ამ ბოლო ხანებში დაწერილსაც...

ჭვავის ყანების მახლობლად...
(თამარ ბურდულის ლექსებისთვის)

არ მიყვარს, ავტორი რომ შინ მომაკითხავს თავისი ნამუშევრების სადეკლამაციოდ, თუმცა ვცდილობ, ეს არ შევიმჩნიო და რომ გავაცილებ, მერეღა ამოვისუნთქავ ხოლმე შვებით – კიდევ კარგი, რომანების კითხვა არა აქვთ ჩვევად მეთქი...

თამარ ბურდულსაც სხვა ავტორებივით შევხვდი – აბა, მაშინ რა ვიცოდი, თუ “არც ვის საფერ, სვილისფერა” და “გულზედ შროშანით დაღდასმული” ლექსების ავტორთან მქონდა საქმე.

შევიპატიჟე და არც იმ ნიშანს მივაქციე ყურადღება, ჩემს გერმანულ დოგს, სახელად ფინეგანს ყეფა რომ არ დაუწყია მოსულისთვის – ორივეჯერ თავისი გამოსახედიდან გამოყო თავი და წყნარი მზერა გააყოლ-გამოაყოლა სასტუმრო ოთახისკენ მიმავალ და მერე იქიდან წასასვლელად გამოსულ ჩემს პირღიმილიან სტუმარს.

ყავის ფინჯნებიანი და შოკოლადიანი ლანგრით რომ მოგვაკითხა ჩემმა მეუღლემ, უკვე ვიცოდი, სტუმრად მოსული ფშაველი იყო – ახადელი ლაგაზაური, რომლებიც თავის მხრივ გოდერძაულებიდან მოდიან, გურამ დოჩანაშვილს გამოეგზავნა ჩემთან და რაკი რამდენიმე სეზონი კავკასიონის ამ მშვენიერ მხარეში მიმუშავია გეოლოგობისას, უკვე “თამაროსაც” ვეძახდი და ვაჟა-ფშაველას შვილთან, გულქანთან ჩემს შეხვედრაზე ვუამბობდი.

მერე დაიწყო თამარომ თავისი ლექსების კითხვა და “ცოტა ხნით” ჩვენთან ჩამომჯდარი მეუღლე აღარსად წასულა, ბოლომდე უსმინა სტუმრის ჩინებულ დეკლამაციას და მაშინ უფრო გაუნათდა თვალები, როცა სულ პირველად წაკითხული “არცვისსაფერნი სვილისფერანნი” კიდევ წავაკითხე. მერე “ვის რა ამოსთქომს?..” და სხვებიც ვათქმევინეთ ხელახლა...

იმანაც სასიამოვნოდ შემაცბუნა, რომ ეს ლექსები აქამდე არსად გამოექვეყნებინა – ან თქვენთან დავბეჭდავ ანდა არც არსად და ისევ ჩემთვის მექნებაო.

ჰოდა, ისევ თავისთვის რომ არ ჰქონდეს, ამ საახალწლო ნომერში პირველად გთავაზობ თამარ ბურდულის არც ვის საფერ, სვილისფერა ლექსებს და თუ იქიდან შენც ჩემსავით შემოგესმება ჩვენი წინაპრების გაცოცხლებული ხმები, თუკი შენც მოგაჯადოებს ამ ლექსების შინაგანი, ხალხური პოეზიიდან მომდინარე მარადიული თანხმიერება, თუკი შენც მოიხიბლები იმით, თუ რა საკვირველად დამეგობრებიან აქ ერთიმეორეს მარინა ცვეტაევა და ოფელია, რაინერ მარია რილკე და სამუკათ ხვარამზე, სოკრატე და ხუან რამონ მაინერა, დანიის პრინცი ჰამლეტი, პოლ ვალერი და ვითომცდა უბრალო ფშაველი ბერდედა სანათა – მაშინ ეგებ არც შენ ჩათვალო, ძვირფასო მკითველო, ეს ლექსები მარტოოდენ სადებიუტოდ. “სვილი” არ ვიციო, - ამან არ შეგაშინოს, ეს სიტყვა ხევსურულ, კახურ და ფშაურ დიალექტებზე ჭვავია და ხომ გახსოვს, როგორი ლიტერატურული დღესასწაულების მოწყობა იციან ხოლმე ჭვავის ყანების მახლობლად კარგმა მწერლებმა – შოტლანდიელი რობერტ ბერნსი იქნება, ირლანდიული წარმოშობის ამერიკელი ჯერომ დევიდ სელინჯერი თუ სულაც ქართველი...

მიხო მოსულიშვილი


Arrow

***
ხვნა-თესვას მახლდნენ ციურნი,
ტალღა-ბელტთ ამაჰყრიანო,
ფშანზენით წვიმას აპნევენ,
თავქვენით ჩამამკიანო,
არღა ხანობენ ღვთისანი,
წყალ-წყალას ჩამარცვლიანო,
ცხრა ურემ ნისლიანასა,
თვირთვილად ჩამასცრიანო.


***
“ვერ მიცნა წუთისოფელმა”.
ხალხური


ნუთუ სიტყვებმა იგუეს ფარსი,
მე მხოლოდ შორეთს ვუძღვნიდი ლოცვას,
უნდა მეახლა ვარსკვლავთა დასი,
განვშორებოდი შეჩვეულ ყოფას.
იმ გზას, რომელსაც მზერით ვწვდებოდი,
მტვრად მოექცია ამ სოფლის დარდი,
დასაბამიდან საბედისწერო
მკვდარი სიტყვებით: “მე შენ მიყვარდი”.
აროთ რჩეული მარტოსულები
მაინც არასდროს რჩებოდნენ მარტო,
მათი სულიდან დაძრულ ლემადეს
მარადისობამ დაუთქვა სხვა დრო.
რადგან სიტყვებმა იგუვეს ფარსი,
მე მხოლოდ შორეთს მივუძღვნი ლოცვას,
იქნებ მომერგო მათხოვრის ფლასი,
განვშორებოდი შეჩვეულ ყოფას.


ბმული - http://lomisasi.jimdo.com/ლომისის-ყმები-დღეს/თამარ-ბურდული/

study


Last edited by ბობო on Thu Mar 12, 2009 4:46 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: სანათა სვილისფერაჲ - თამარ ბურდული   Thu Mar 12, 2009 10:47 am

ჯალაის კარი სიპით, ანუ ფიქლით ნაგები სასაფლაო არის და ფასანაურიდან სამ კილომეტრზე, სოფელ ქავთარათას (ქავთარაძეთას) ახლოს მდებარეობს. სოფელსა და სასაფლაოს შუა ჩაუდით ხევი, საიდანაც სასმელი წყალი ამოჰქონდა ხოლმე თამაროს, თამარ ბურდულს, ამ ჯალაისკარული ლექსის ავტორს, როცა პატარა იყო. იმ სასაფლაოს შესავალთან, ბექზე პანტა იდგა, იმ პანტის ძირში მისი მთიული ბებო იჯდა და გაჰყურებდა ხოლმე შორეთს – ძალით გაეთხოვებინათ თურმე ქავთარაძეზე და თითქოს იმ შორეთიდან მოელოდა სულ ვიღაცასო, თამარო იხსენებს.
აი, ასეთი სურათიდან იღებს დასაბამს ეს გულში ჩამწვდომი ლექსი და ავტორის თქმით, რაკიღა ბერდედო ცოცხალი აღარა ჰყოლია, სწორედ იმ პანტის ძირში დაუწერია ეს ჯალაისკარული ლექსი და მერე იმ ხევის წყლისთვის წაუკითხავს პირველად.
და, ალბათ, იმ კამკამა ხევისწყალმა სანათა სვილისფერაის ეს ლექსი ცაში წაუღო ბერდედოს და იქ წააკითხა – მთის კამკამა წყალმა თვითონ იცის, რომელი ლექსი წაიღოს ცაში და რომელი არა...
არაფერი შეშლია იმ ხევის კამკამა წყალსა - ეს ჯალაისკარული ლექსი ისეთია, ერთხელ თუ წაიკითხე, მერე აღარ მოგასვენებს – აგედევნება და რას აღარ გაფიქრებინებს ამ მრუდე წუთისოფელზე და სიკვდილ-სიცოცხლეზე.

Arrow

სანათა სვილისფერაი (თამარ ბურდული-ლაგაზაური)


ვის რა ამოსთქომს?..

“თავისი სულისმიერი ქმედების სიმაღლეზე იმ ერთი კაცის გამო კი არ ვაებდა, რომელმაც მისი მკლავები სამუდამოდ გაშლილი დატოვა, არამედ უკვე შეუძლებელი სატრფოს გამო გოდებდა, მის სიყვარულს რომ შეზრდოდა”.

რაინერ მარია რილკე.



“ან შენი ნანდაური მქნა,
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი;
ძალიან დაწუხებული,
გზაზედამც შაგეყრებოდი”.

სამუკათ ხვარამზე



ვის რა უძლევა სურვილ ჩაჰყოლავ ხევაის წყალსა,
ვის რა უთქმელა დარდა შაუკრავ გზოვანის ძალსა,
ვის რა პირმცინარ ია ამოსთქომს ჯალაის კარსა,
ვის რა უძებნავ თავის ფერაი მასკვლავის დარსა,
ვისა რა ნატვრა უპოვნავ ქარას იალათ გზასა,
ვისა რა სულთქმა დარჩობავ მნათად უძინარ ღამსა,
ვის რა ოხვრაი აავლევს ბეგით ხევაის ჩქამსა,
ვის რა ჩდილაი თამაშობს ბუქვნით პაპიანთ ბანსა,
ვის რა სასთაულ უქცევავ ლოდად უხდინარ ჯავრსა,
ვის რა ცრემლაი უღვენთავ მთორეს აღვსების ჟამსა,
ვის რა მზერაი დაჰკვლევსა აროთ უხელნავ ცალსა,
ვის რა უწირნავ კდესურვილაი კვირიის ხატსა,
ვის რა ჩასჭკბონავ ღარადელაი ხელუხლავ თმასა,
ვის რა გაუგავ სწორფერისაი მეტობდინ ავსა,
ვის რა დარჩობავ, ვის რა წაუღავ სულეთის გზასა,
ვის რა ამოსთქომს ნელსუნნელაი ჯალაის კარსა,
ვის რა ჩდილაი თამაშობს ბუქვნით პაპიანთ ბანსა,
ვის რა დაასხამს სულთპეპელაი ნაკმეჭა ფთასა.


sunny


აქ კი განმარტება არის ლექსისა, რომ ყველამ გაიგოს:

ქვათასწორ – ქვების ხანისა, დიდი ხნისა.
ბერდედა – ბებია
უბნობს – ლაპარაკობს, ამბობს.
დაშიბულ – შიბი ჯაჭვია, აქ ცისკრის ნაქსოვ ორნამენტს ჰქვია მხატვრულად, როგორც წინდაზე გასდევს ხოლმე ბოლოსკენ რამე ორნამენტი, ასევე ტენდება ხოლემ აღმოსავლეტიდან.
სისკრის – ვარსკვლავის. "სისკარი" მთის დიალექტზე ვარსკვლავს ნიშნავს.
ხანზედა – აქ ლაპარაკია დროზე, ჟამზე. დროზეო.
ლემადეთ – ლემადე – სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ჩამომავალი მდინარეა
ფესტემალ – ფესტამალი – ფეშტამალი კიდევ ფართუკი, წინსაფარი.
უკენობისა – უკანა მხრისა.

ესეც ლექსის განმარტება:

ვის რა ამოსთქომს?.. – ვის რა ალაპარაკებს?

1. ვის რა უძლევა სურვილ ჩაჰყოლავ ხევაის წყალსა, – ვის რა დაუძლეველი სურვილი ჩაჰყოლია ხევის წყალზე?
2. ვის რა უთქმელა დარდა შაუკრავ გზოვანის ძალსა, – ვის რა გამოუთქმელი დარდი შეუკრავს (ბოხჩასავით) შორს მდებარე მამულის (იგულისხმება სასაფლაო, ისე კი "გზოვანი" მთიულურად ნიშნავს შორს მდებარე საყანე მიწას, მამულს) ძალით
3. ვის რა პირმცინარ ია ამოსთქომს ჯალაის კარსა, – ვის რა პირმცინარე ია ალაპარაკებს ჯალაის კარზე (ჯალაის კარი ხომ სასაფალოა)
4. ვის რა უძებნავ თავის ფერაი მასკვლავის დარსა, – ვის მოუძებნია თავის შესაფერისი, იმ ვარსკვლავის მსგავსს...
5. ვისა რა ნატვრა უპოვნავ ქარას იალათ გზასა, – ვის რა ნატვრა უპოვნია, როგორც ქარს იელების გზაზე (იალა მთიულურად ნიშნავს იელს, მცენარეს)
6. ვისა რა სულთქმა დარჩობავ მნათად უძინარ ღამსა, – ვის რა ბოლო სულის მოთქმა დარჩენია მანათობლად უძინარ ღამეში.
7. ვის რა ოხვრაი აავლევს ბეგით ხევაის ჩქამსა, – ვისი და რომელი ოხვრა აატარებს ბექით ხევის ჩქამს.
8. ვის რა ჩდილაი თამაშობს ბუქვნით პაპიანთ ბანსა, – ვისი ჩრდილი თამაშობს ბუქნაობით პაპის ბანზე.
9. ვის რა სასთაულ უქცევავ ლოდად უხდინარ ჯავრსა, – ვის გადაუქცია ბალიში ლოდად აუტანელმა ჯავრმა ("სასთაული" ფშურად სასთუმალია)
10. ვის რა ცრემლაი უღვენთავ მთორეს აღვსების ჟამსა, – ვინ რა ცრემლი დაიდინა მთვარის ავსებისას.
11. ვის რა მზერაი დაჰკვლევსა აროთ უხელნავ ცალსა,– ვის რა მზერა დაეძებს, ალბათ ვიღაცის ხელშეუხებელ ცალს ("აროთ" ფშაურად "ალბათ")
12. ვის რა უწირნავ კდესურვილაი კვირიის ხატსა,– ვის რა კლდესავით სურვილი შეუწირავს კვირიას ხატისთვის
13. ვის რა ჩასჭკბონავ ღარადელაი ხელუხლავ თმასა,– ვის დასჭკნობია ხელუხლებელ თმაში ჩაწნული გვირგვინი ("ღარადელა" – ასხმულას ნიშნავს ფშაურად),
14. ვის რა გაუგავ სწორფერისაი მეტობდინ ავსა,– ვის რა გაუგია თავისი სწორფერისა მეტისმეტი ავი
15. ვის რა დარჩობავ, ვის რა წაუღავ სულეთის გზასა,– ვის რა დარჩენია, ვის რა წაუღია სულეთის გზაზე
16. ვის რა ამოსთქომს ნელსუნნელაი ჯალაის კარსა,– ვის რა აქვს ნელსურნელოვანი სათქმელი ჯალაის კარზე
17. ვის რა ჩდილაი თამაშობს ბუქვნით პაპიანთ ბანსა,– ვისი ჩრდილი თამაშობს ბუქნაობით პაპის ბანზე.
18. ვის რა დაასხამს სულთპეპელაი ნაკმეჭა ფთასა.– სულის პეპელა ვის დააჯდება გადახატული ფრთით.

ეგ არი...

sunny


Last edited by ბობო on Thu Mar 12, 2009 11:08 am; edited 2 times in total
Back to top Go down
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: სანათა სვილისფერაჲ - თამარ ბურდული   Thu Mar 12, 2009 11:56 am

gamixarda,bobo,mis axal leqsebs sul male rom wagvakiTxeb.mouTmenlad velodebi...(ar mushaobs convert.ge-i)

da kidev,ase mgonia jalais karsa dabadebidan iq vuzivar...

sunny
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა სვილისფერაჲ - თამარ ბურდული   Mon Jan 30, 2012 3:24 pm

თამარ ბურდული

არცვისსაფერნი სვილისფერანნი


ეძღვნება ჩემს ქალიშვილს ალექსანდრა, ნიტა ბურდულს;
უტკბილეს მეუღლეს იოსებ ბურდულს,
სამუკათ ხვარამზეს,
ილუმენია თეოდორას,
სანუკვარ მეგობრებს, მათ შორის დანიის პრინცს ჰამლეტს:
"მე სახსოვრები რომ მაქვს თქვენგან, დიდიხანია მინდოდა უკან მომერთმია, ხელმწიფისშვილო".




"... მან განანათლა თუალნი გულისა
ჩუენისანი და მოგუმადლა ჩუენ
ცნობაი მისა მიმართ... ვეძიებდეთ მას
დაუკლებლად. ნეტარ არს რომელმან
განჰმზადა თავი თვისი, რაითა
აღივსოს სიყუარულითა მისითა,
რამეთუ სხუაი სიყუარული
სანუკვართ..."
თრთოლვით დაჰკვლევდა, დაჰღიღინებდა
მიღმიერ დრეთა მოსაგონარებს:
პაპიანთ ბატარა ქალას
ცხორი ცას მიუდიოდა,
ცხორი ცად მიუდიოდა...
გულსაგონშიით კიაფობდნენ
მწუხრშემკმარი კამკამღილანი,
ისრივ მათ უნდა დარჩომოდათ
მისი ბავშვობა... მისი სულისთქმა
საწუთროსათვინ დასაწყრულებლად
ერთწამისად გამოხსნილი
წყალშიით შლილი მარადისობა,
უტყვი წარსულის ანარეკლი,
პატარა გოგოს ყოილთვალები _
განხმულ ცისკარი,
სანათას მზერას ენაცვლებოდა _
მანუკვარ შორეთს... უსასრულობას...
შორს... წლების იქეთ... დროის გადაღმა...
მიმწუხრიდან პირაქათ მხარეს,
შებურვილი სევდის პერანგით,
სიკვდილის დღისთვინ სახილველი
ვიდოდა კაცი სვილისფერაჲ...
როგორაც დახსნილ ტკბილსახსოვარნი
ისრე სწყდებოდნენ ხექალას ბაგეთ
დაძრულ სიტყვანი
შესაგებელნი ძმასაქმაროსთვინ:
"შენ მოხველ, მზეც ამოვიდა,
მეც აქ მოვშავდი ქოლვილი...
შენ წახვალ, მზეცა წავალის,
ვარდი დაჭკნება, ყოილი...
ტურფა ბაღი და წალკოტი
ეკლითა ვინემ შენარა,
რკინისა კარი შეაბა,
კლიტე მე მომცა, შენ არა,
სიკვდილსა შენსა სანაცვლოდ
თავსა მე მივცემ, შენ არა!..
ეჰაა, ისიც მამერგოს _
მე მიყვარდე და შენ არა...
თენდები... ნურც რას თენდები,
დიდო ღამეო სთვლისაო...
ამოხვალ ნურც როს ამოხვალ
ცისკარო თენებისაო..."
გაშლილი თითნი გულზედ ესხა,
როგორც შროშანნი
მთვარიანში აყვავებულნი...
მღეროდა ქალი...
წლებს იქათ, სადამ...
მწუხრის გადაღმა
ვიდოდა მოყმე სვილისფერაჲ,
თან მიჰყვებოდა განხმული მზერა _
ულურჯესი ცისკაბადონი...
იშლებოდნენ კამკამღილანი...
შორს წლების იქეთ, ხევის გადაღმა
ხდებოდა მგზავრი სვილისფერაჲ...
სანათა მაინც გაიხსენებდა...
ცისად მანუკვარ ამოსთქომდა
ღრუბლის სიმღერას...
იმ სიმღერისას იუბნებდა
კაცის თვალებზე...
ყვავილმინდვრებზე
გზად რომ იხილა...
თავად ღრუბლებზე... იქავ თვალშიით
რო აშალნეს ჩამამხდარ ფრთენი.
მარტუა იდგა ახოთ ქედაზე,
მარტუა, ერთა, როგორც ხვარამზე,
როგორაც სხვანი, სხივთმოქსოილნი,
არცვისსაფერნი სვილისფერანნი,
დაღდასმულნი გულზედ შროშანით.
მარტუა იდგა ახოთ ქედაზე...
მარტუა სხეპდა ნაფუძვნარშიით
წელამდინ მოსრულ ნამუკმევ ბალახს...
წუხდა სანათა... ეჰაა, ისეთა არღა იდგნენ
სამზეოს ცისქვეშ დაჟამკვრულ კდენი,
ნაშალყორენი... თამაშობისას დაჰკარგვოდა
წაწალს სათითე ტკბილსახსოვარი,
თამაშობისას შემოხსნოდათ
ხელთფსკვნილ ზალტენი...
ეგების არღა წვიმდებოდნენ
თეთრი ღრუმბელნი...
სანათასათვინ ფთებსაც რო შლიდნენ
განხმულ ცისკარზედ...
"ვამე, რა მარხედ მიყორხარ..."
ტიროდა ქალი... თავსამც ერჩივნა!..
ცაჲ თუ მიწა... ხენი თუ ფშანი მურყნოვანნი?..
დაჯავრულ ლოდნი, სიპთნასხეპნი...
სრავალ მასკვლავნი მთოვარენი...
ღრუმბელთ სამწყსონი...
ვით განერჩივნა,
რა მაერქმივნა, ამ წყურვილისთვინ...
თრთოდა სანათა...
ფიქრსაგონშიით უხილველ შემწედ
თვით პასუხი იბადებოდა _ ზესახიერი...
სანუკვარი, კდესურვილაჲ, პირზედ შროშანი,
უტკბილესი თავად სიტყვაჲ _
შემოქმედი კიდით-კიდემდენ...
სიტყვაჲ ქმნიდა... ახმიანებდა
უვრცელეს სამწყსოს...
"რა ვქნისა" ციხე ავაგე,
ჯავრი შავაბი კარადა.
საიქიოდან მოიდენ
ამ ციხის სანახავადა.
ბევრი უარეს ციხესა,
კარ ვერ გატეხეს ძალადა.
მემრე თქვეს დრო რო მოალის
კარ გაიღების თავადა".
ამოსთქომდნენ არცვისსაფერნი,
სხივთმოქსოილნი, სვილისფერანნი,
ღიღინით სთვლიდნენ:
"მთვარეო, მთვარის ნალეო,
ჭიჩოს თავ მოდი მალეო..."
დაუყუჩარი სიტყვისა ძალით
ხელდასხმული ეგებებოდა სანათაჲ
ზეციურსა ძმასაქმაროსა.


study


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა სვილისფერაჲ - თამარ ბურდული   Mon Jan 30, 2012 3:26 pm

თამარ ბურდული

იქ, სადაც...

"ნუ გაიხედავ ფანჯარაში საიდანაც იწყება ღამე"
პოლ ვალერი

იქ, სადაც კარს იქით გვხვდება კარი...
იქ, სადაც ღრუბელთ გარდიტანს ქარი,
იქ, სადაც მუდამ ეძებენ გზას,
იქ, სადაც ვერ პოულობენ ხსნას,
იქ, სადაც კითხვა იშვება მხოლოდ,
იქ, სადაც მე დავიმკვიდრე ბოლოს,
იქ, სადაც... ნუ მიმატოვებ, გთხოვ...
იქ, სადაც გადაივიწყეს დრო.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა სვილისფერაჲ - თამარ ბურდული   Mon Jan 30, 2012 3:30 pm

თამარ ბურდული

***

"მე ვიცი ის რომ არაფერი არ ვიცი".
სოკრატე

"იყავით თავმდაბლები, ამაყად თავმდაბლები, როგორც ნამდვილ ქრისტიანს შეჰფერის, გახსოვდეთ კასტილიური ანდაზა: "არავინ არავინ არ არის". ეხლა მაინც თუ ხვდებით რატომ ვართ დიდი ადამიანები თავმდაბლები?.."
ხუან დე მაინერა


გათენდა დღე ფერდაცლილი
და დღე ცარიელი...
ვერაფერს ვხედავ...
ვერაფერს ვარჩევ...
და რომ ვერ ვხედავ
უხილავს ვამჩნევ.
არარა მესმის,
არარა ვიცი.
და ეს რომ მესმის
და ეს რომ ვიცი
იმიტომ მესმის სულყველაფერი...
იმიტომ ვიცი სულარაფერი.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა სვილისფერაჲ - თამარ ბურდული   Mon Jan 30, 2012 3:35 pm

თამარ ბურდული

ახოთ ქედ ერთა იაჲ

შუქურა მასკვლავთა სთვლისა,
წვრიმათპირ მაცქირალაი
სულწუხად რასმე ღივისა,
ქავთარათ ხიბლით შაძრული
ხვთისა დიდებას იტყვისა.
ვისზედ რა დაწუხებული
გულდალევითა სტირისა...
ახოთ ქედ ერთა იაჲ
მასკვლავთ სთვლის ისავ სძლისპირსა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა სვილისფერაჲ - თამარ ბურდული   Mon Jan 30, 2012 3:41 pm

თამარ ბურდული

მე ვირგებ ნიღაბს

(ჰამლეტს)*


“Розы?..Но ведь это же-тсе! – Будущность!
Рвем - и новые растут! Предали ль
Розы хотя бы раз? Любящих -
Розы хотя бы раз? – Убыли ль?...”

М. Цветаева



და უხილავი, გრძნეული ლანდი
გაკვეთავს სივრცეს... მოხედავს სცენას...
მე ვირგებ ნიღაბს...
ოო, ოფელია, ჩემო ძვირფასო...
წყევლად მოიქცნენ შენეული თეთრი ვარდები,
ღიღილოებმა დამათოვეს შავფიფქთა მტვერად.
მე ვირგებ ნიღაბს...
უნაყოფოა ეს სამყარო და მაინც ვეძებ
დაკარგულ გრძნობებს _ სიკეთეს ჩავლილს,
ვიღაც მეძახის... ახლოდან ისმის:
_ შენ ეი, ჰამლეტ, დანიის პრინცო, ნუღარას ელი!
არარსებულა ლურჯი ზმანება _ საუფლო შენი!
მე ვირგებ ნიღაბს...
ეს გარდუვალი გარდაცვალება
წინასწარ მტანჯავს,
ეს იდუმალი უსასრულობა
სულს რატომ ზარავს?!
ერთბაშად დაჭკნენ შენეული თეთრი ვარდები,
ღიღილოებმა ჩამოთოვეს შავფიფქთა მტვერად.


---
* დაიწერა სპექტაკლ "ჰამლეტის" ნახვის შემდეგ. ჰამლეტს თამაშობდა მსახიობი მერაბ ნინიძე.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა სვილისფერაჲ - თამარ ბურდული   Mon Jan 30, 2012 3:48 pm

თამარ ბურდული

***
ხედ რამა გავხე, რაჲ შამიძლავ?..
მარტუა შავჩი ჩამამკილ ყანას.
წუთისოფლისა ვერცრა გამიგავ,
ღილკილოდ ვისხამ ჩამამწყდარ ნამას.
ფათოლსაგონას ჩავავლევ მიწად,
ჭირად ვუხდები ბილიკზედ მავალს,
ვისამა ხელჩი ვკამკამობ მძივად,
ვისამა ფეხას გავებმი ჯღანად.



მზე დედაა ჩემი, მთვარე მამა ჩემი...

დღისად ღამის გასაყარ
მზე და მთორე სთვლისა:
"ხავსით ნაქარგ სიპსა,
შვიდფერაჲს ღიმსა,
წყაროს ბროლა კბილსა,
შინდის ტკბილა მძივსა,
ციდამ ციმციმ ხსნილსა,
მასკვლავთ ბმულა შიბსა.
პეპელაის თრთვილსა,
ცისნამაჲს ფსკვნილსა.
ბებერაჲს კალათას,
თამარს ვუწყობთ მზითვსა,
სხო არცრაჲ მაჰგონავ,
ქარს ფთედ აჰკროდისა,
მიწას ჩამამცქირალი
ცრემლას ჩაშლიდისა.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა სვილისფერაჲ - თამარ ბურდული   Mon Jan 30, 2012 3:55 pm

თამარ ბურდული

ვუძღვნი ჩემს პაპას, თევდორე ქავთარაძეს

"ნეტარ არიან გლახაკნი სულითა,
რამეთუ მათი არს სასუფეთელი ცათაჲ"
მათე 5,3.

თევდორე მწყემსის თვალთა შიგან გამომავალი ზეციური ნათელი, ამცისქვეშეთში დამკვიდრებულ ყოველ სულიერს ხარებად, მადლად ეფინებოდა, მას არასოდეს არავინ განუკითხავს... ბოროტების წილ ბოროტი არავისთვის მიუზღავს... თანასოფლელები ამ ხვთისნიერ, ცოდვილთა და მტერთა შემწყნარებელ ადამიანს საწყალ თედუას ეძახდნენ...


ნეტა, ვინ გლოცვიდა, თევდორე,
საწყალო, ზეციერო თევდორე?..
"თვალთაგან ლოცვაჲ გხდებოდეს,
პირზედა შროშანი გჩნდებოდეს,
ყოილთა სუნნელით სტკბებოდე,
წვიმისა წყალობით სთვრებოდე,
ყოველსა დაცემულს შველოდე,
ყოველსა მწუხარსა ჰფერობდე,
გაზაფხულ თოვლისად ლღვებოდე,
ცისკარსა გალობით ხლებოდე.
ავთოვლსა, გულლოდსა სწყრებოდე,
სძლისპირსა შენდობად სცხრებოდე.
წმიდითა აღვსებულ ჰკრთებოდე,
უფლისად განდობილ ჰკვდებოდე.
ყოველსა სწყალობდე, თევდორე.
არვისსა ძრახვიდე, თევდორე".
რა ძალი გლოცვიდა, ნეტარო,
სულხსნილო, საწყალო თევდორე?
ცათაშინ მასკვლავნი ზეობდნენ,
ზენა ხმას ზეპურნი* ჰყვებოდნენ:
"თვალთაგან ლოცვაი გხდებოდეს,
პირზედა შროშანი გჩნდებოდეს,
გულლოდსა, უღმრთოსა სწყრებოდე,
სძლისპირსა შენდობად სცხრებოდე".

---
* ზეპური _ ზეცის პურის მტე (სულხან-საბა ორბელიანი).



წვიმის წყლის ძაფებს დავართავ

იოსებ ბურდულს

წვიმის წყლის ძაფებს დავართავ,
ცვარ-ნამს წამოვკრეფ დილბინდზე,
ღრუბლებს ქარებით ავკაფავ,
მზეზე დავაშრობ ფითილებს.
კიოთ მავხელავ მასკვლავებს,
ქედას ჩამამხდარ მნათებსა,
მზესვე გამოვთხოვ საჩეჩელს,
დავკონავ ყოილნართებსა.
შენთვინ ჩამავშლი ცის ბილიკს _
ცის ვარდნარს შვიდფერიანსა,
ჯაჭვის პერანგად ჩამავწნავ
მანანას, იმ სევდიანსა,
უცვეთ საჩერნედ დავძახავ
მატალას თეთრ დარდს ქვიანსა.
აბჯრად აგასხამ ცრემლშიბას.
ბეგთარს დაგიქსოვ მზიანსა.
ვერრა ფრანგული ვერ გასჭრის
ხელთქმნილსა, თილისმიანსა.
მემრე დაგხურავ დღის ნათელს,
სულშიდ დაგირგავ იასა,
გულს აგიყვავებ, დავვარსკვლავ
შენს წუხილს ბნელღამიანსა.
მხრებზედ მოგახვევ ჩემს მკლავებს
დაღალულ სურვილიანსა.
თმას ჩამოგიშლი გულმკერდზედ,
დავყუჩავ ტკივილტიალსა,
ჩემებრ ვერავინ იფარვებს
სალკლდესა სულსიპიანსა.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა სვილისფერაჲ - თამარ ბურდული   Mon Jan 30, 2012 3:56 pm

თამარ ბურდული

***
მოვხელავ ბილიკს ჩაშლილსა,
უნდოსა, ძნელად სავალსა,
გავყვები საცალფეხოსა
თქვენი სულისკენ მავალსა.



ლაზარეს

ღვთისა უტკბილეს რა იქნებოდა,
იყო და არცრა იყო რა, ლაზარე...
ბატონის წყარო დიოდა,
ჩუხჩუხით რასმე ჩიოდა,
ბურვანას ანწლი ღვიოდა
ყელს მძივი ჩამასდიოდა.
პაპიანთ ბატარა ქალას
ცხორი ცას მიუდიოდა,
ცხრა წყაროს, ცხრა მთის ხელმწიფეს
ბანს ია ამასდიოდა.
მგზოვანის წვერის ანგელოზს
კარს მთორე დაუდიოდა,
ნიავწვრილისა მხმობარი
გულსა ერთგულსა ჰკვლიობდა.
იყო და არცრა იყო რა,
მთას იქათ მზე ჩადიოდა,
ღვთის მადლით მანათობარი
მთას აქათ ამადიოდა.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა სვილისფერაჲ - თამარ ბურდული   Mon Jan 30, 2012 4:10 pm

თამარ ბურდული

საზეპურონი


ვუძღვნი ეთერ თათარაიძეს

საუფლო სიტყვით აპურებდნენ დამშეულ ფრთოსანთ.
ასწლოვან ბაღებს, დაკარგულ მცნებებს
ასხივოსნებდნენ ხვთის პურის მტენი - საზეპურონი.

ქვეყანას აქავ გაგვყარა
საზეპუროთა სამკალმა,
საყდრის კართაით დახსნილმა
შუქმა ხევს გადამავალმა.
მწუხრიხან საგონს მოსრულმა
უხსოვარ სიტყვის ნაშალმა,
ფეხადმოარულ ნიავმა,
წვრიმათპირ ჩამომავალმა,
ღრუბლის სათიბად დაძრულმა
მთვარის თავგადასავალმა,
შიბიან შესამოსელმა -
მასკვლავთა გამონაცვალმა.
გულს სიპად დაღირებულმა
სწორფერის შემონათვალმა.
ავდრიან წუთისოფელმა,
ლექსად მოძალულ სამკალმა.
ორწყალზედ გაქვავებულმა
სასისკრო წვიმის ნავალმა.



სანთლის მხედრები

დაწუხებისას, აღვსებისას
ვიგონებ ბერებს.
წუთისოფლიდან გარდამოხსნილ
სინათლის მხედრებს.
სულთმოფენობას თვალხმიერად
მგალობელ ფერებს.
მონაზვნის ხელზე დასვენებულ
თბილ სეფისკვერებს.
მშვიდ მეფსალმუნეთ, საცნაურად
უცდომელ მცნებებს.
დარწეულ სკვნილზე ხელდასხმულთა
უტკბილეს ბგერებს.
მიწისპირიდან ატაცებულ
ცად მომლოცველებს.
საყდრის წერილზე ქერუბიმთა
შესამოსელებს.



შავჩოხოსანი


ხეობის ბოლოს, აბალახებულ მინდორშიით, ნიავქარისაგან ზენაით ატაცებული ჩოხა დაფრინავდა...
შლილნასახლარის შემორჩენილ კედლებს თავგამეტებით ეხლებოდა საგულისპირეს სულჩამდგარი, უკაცრიელი სოფლის უკანასკნელი შავჩოხოსანი.


მარხედ მოძალულ ბალახი
მამულსაც დაითავისებს.
ამომხდარ ნიავჩრდილაი
თავქვენით ცელავს სათიბებს.
უკლოდ ჩახვეწილ არსაით
სულეთის გზასამც გაიკვლევს.
გაწირულ, ნახვევ გულისპირ
მიწის საკინძეთ მაიკვეცს.
ფრენით ჩახდების სახლშიით,
უცვეთ ახალუხს მაიხდენს,
უჩინარ ნიავწვრილაი
ნატირალ ჩოხას ჩაიცმევს.
ვის ბანს გადივლის ბალახი,
ვის მამულს დაითავისებს?
შავჩოხოსანი ნიავი
უდუმლივ ცელავს სათიბებს.



საგონთ ნაწრთობი

ნისლად მივალის შუაფხოს
თანთ წვიმის პერანგ სცვივისა.
ავდრიან თავსამკაული
ორწყალთით აუსხავისა.
მიღმახევ თავად არჩია
სათიბნი ნარეკალისა.
გზად იწრო საცალფეხონი
უკლევ სავალნი ჟამისა.
საგონთ ნაწრთობი სიტყვანი
უხსოვარ წინაპარისა.
ფრთეთ სიპნი - სიპზედ ნაჭდევი
იათა ნატერფალისა.



წვიმაჲ ეღირებოდა

მარიამ ხუცურაულს

წვიმაჲ ეღირებოდა...
თექით შებურვილ ცას ვკვლევდით,
წვიმაჲ ეღირებოდა...
წაწადხევ ორთავ დავსველდით,
წყალ ვეროთ დაგაღონებდა,
სამწუხარს ვისთვის აკმევდი;
„უმძრახსამც დამიტირებავ
ანწლიან ნაფუძვნარები,
მამკვდარ, დაჩეხილ თუნგები,
მიწისთვის ჩამამხვდარები.
უღმრთოდ დაყიდულ ფარდაგნი
სევდიან სახოვანები“.
წვიმაჲ ეღირებოდა,
თექით შებურვილ ცას ვკვლევდით.
უკლოდ დაწვიმეს ჭალანი,
ანწლიან ნაფუძვნარები.



ფიქრთსამკალს

კლდედ მიცნავ, შუქდ მამგონავ,
სიკვდილსამც დავიწყებია.
უდუმლივ ჩამომავალი
საკმიით დამიკვლევია.
სამკალსამც დამიღამებავ,
მკლავთით ქვა შამიხვევია.
სთვლის ღამით დავიწყებული
ფიქრთსამკალს მამიხელვია.



წყალთით

განგებამ წყალთით მასწავლა
ხმობა უმძრახთა ძალისა.
უხდინარ წუთისოფელმა
დათმობა წარმავალისა.
მზემ ჩემი მეგობრისამა
სიტყვით თენება ღამისა.
ცადმოარულთა სურვილმა
მოხელვა უხელნავისა.



მწუხრსაშინ

ხელთუქმნელ ნისლის ფარდაგით
ცას დავალ უნაპიროსა.
ზეპურნი სულთქმას სწირავენ
უჩდილო სხივთა მიმყოლსა:
„მწუხრსაშინ ფრთემოკეცილი
კლდეს ლოცვით დაემკვიდროსა,
თვალს ცრემლი ამოარიდოს,
უმძრახ წყალთ დააწვიმოსა.
ცილისწამების მოწილეთ
სიმდაბლით განერიდოსა.
ჯავრი მზედ ამოიყოლოს
საწუთრო დაითმინოსა“.



სულხან და ლელა ჭიკაიძეებს

ერთსულად აიძრახავენ
შემწე, სანუკვარ სიტყვათა,
ლელას თმა იად ყვავილობს,
სულხანის გასაკვირადა.

კლდის ძირ არაგვი დადგების,
ცალ მურგვალ მთორე დაჩნდება.
გულსუწადინოდ, უღრუბლოდ
უწვიმრად გაავდარდება.

ჭიკათას, სულხანის მზემა,
თავშავა გალობს მინდვრადა.
თმაშიით ყოილს მაიკვეცს
ქარისთვინ შესაწირადა.

ერთსულად აიძრახავენ
მანუკვარ, საღმრთო სიტყვადა.
თვალხმიერ გადააქცევენ
წკვარამს დღედ, ქვიშას მძივადა.


მაია მირზიაშვილს

კვლავ ვუბრუნდები შენეულ სივრცეს -
ლურჯ ზამბახებით დანისლულ ბაღებს.
მწუხრის პეპლებმა ჩამოიარეს,
წუხელ საყდარში ათევდნენ ღამეს.

აცხადებ კვეთავ არქაულ მითებს,
სუნთქვას იწყებენ ფარშევანგები
ვერცხლით მოჭედილ სადაფის ჩიტებს
ცის სახილველად დავემგზავრები.

სიმდაბლისა და სიცრუის მიღმა
აზრით მაღალნი შემოგხვდებიან.
საარაგვოზე დღეს სუფევს მირქმა,
საარაგვოზე მკვდრეთით დგებიან.

თვალნათლივ ვხედავ შენეულ სივრცეს,
მირზიანთ ბაღში დანთებულ ძახველს.
გიშრის პეპლებმა ჩამოიარეს,
საყდრის კედლებზე ათევდნენ ღამეს.



აბსტრაქციიდან ცას შეწყობილი

მიწა ბერწი და ქარი ორპირი,
ამპარტავანთა ბნელი ცდომილი.
მკვდარი ღიმილი,
ყალბი პროფილი,
აბსურდისაგან გამოწრთობილი.
საკუთარ აზრით ბრმა,
შეპყრობილი.
არსით უხამსი -
სათნოდ ცნობილი.
სიცრუე მრწამსით უარყოფილი.
დაღამებულთა მცდარი ცდომილი.

იმავდროულად განსხვავებული,
აბსტრაქციიდან ცას შეწყობილი.
მწუხრის რჩეული, მხოლოდშობილი,
განყენებული ჩემი პროფილი.

study


Last edited by Admin on Mon Jan 30, 2012 4:20 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა სვილისფერაჲ - თამარ ბურდული   Wed Jun 03, 2015 6:05 pm



თამარ ბურდული

ქვათასწორ

ქვათასწორ ჭირით ნალევი
ბერდედა უბნობს ბანზედა:
„მოღალულ სიტყვა მომიდის,
დაშიბულ სისკრის ხანზედა.
მთორე, საფშავლოს დამრჩალი
დამისვენებავ მხარზედა.
ლემადეთ ნაქონ-ნახვევი
ფესტემალ მაცვავ ტანზედა.
ლურჯ პეპლებ გზად მიყოლებენ,
ფთეწვრილთ მაფენენ თვალზედა -
მხლებელნი უკენობისა
სულეთის მისავალზედა
მოვერცხლილ თვირთვილთ მაპნევენ
ტარბიან ჩიქილაზედა.
თენდების...“ - უბნობს ბერდედო,
გარიყულ ნისლის ბანზედა.




Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: სანათა სვილისფერაჲ - თამარ ბურდული   Today at 8:41 am

Back to top Go down
 
სანათა სვილისფერაჲ - თამარ ბურდული
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: