არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ქიზიყი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: ქიზიყი   Sun Mar 08, 2009 1:40 pm

ქიზიყი- ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, ტერიტორია მდ. მტკვრის ჩრდილოეთით, ყარაიის ველის ქვემოთიდან მოკიდებული, მდინარეების ივრისა და ალაზნის ქვემო წელის აუზი (ახლანდელი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონების ტერიტორია).

ქიზიყის ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის სახელწოდებაა კამბეჩოვანი. სახელწოდება "ქიზიყი" წყაროებში XV საუკუნიდან გვხვდება. გვიანდელი შუა საუკუნეებში ქიზიყი იყო კახეთის ძირითადი ძალა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1616 ირანის შაჰმა აბას I-მა დაარბია მხარე. მოსახლეობა ხორნაბუჯის ციხეში გაიხიზნა და მტერმა ვერ მოახერხა მისი აყრა. XVII საუკუნის 60-70-იან წლებში კახეთში გაბატონებულ ყიზილბაშ ხანებს ქიზიყში, მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, ყარაღაჯში, ჰქონდათ სამხედრო საყრდენი პუნქტი. ქიზიყშივე ჰქონდა საზამთრო (აგრეთვე ყარაღაჯში) და საზაფხულო (მაღაროში) რეზიდენციები კახეთის მეფე დავით II-ს (იმამყული ხანი 1703-1722). XVIII საუკუნის II ნახევარში, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მმართველობის დროს, ქიზიყი მთავარ როლს ასრულებდა დაღესტნიდან და ჭარ-ბელაქნიდან მოძალებული მტრის წინააღმდეგ ბრძოლებში. XVIII საუკუნის II ნახევარში დაწინაურდა და ქიზიყის მთავარი ქალაქი გახდა სიღნაღი.
მეცნიერთა გამოკვლევით, თანამედროვე სიღნაღის რაიონის ტერიტორია, დაახლოებით 30 მილიონი წლის წინათ, ზღვით ყოფილა დაფარული, რომელშიც კუნძულის სახით გამოიყოფოდა ცივგომბორის ქედის ზოლი.
რაიონის თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბება მომხდარა დაახლოებით ერთი მილიონი წლის წინათ.
ამ მიწა-წყალზე მოსახლეობა უხსოვარი დროიდან ცხოვრობს. საერთოდ კახეთი და, მაშასადამე, მასში შემავალი სიღნაღის რაიონიც მიჩნეულია ერთ-ერთ იმ ტერიტორიად, სადაც ადამიანი ფიზიკურად და სულიერად ყალიბდებოდა.
რაიონის ტერიტორიაზე ხშირად პოულობენ პალეოლითურ, ნეოლითურსა და ბრინჯაოს ხანის იარაღებს.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე ტერიტორია შედიოდა იბერიის სამეფოში და იწოდებოდა კამბეჩოვნად.
კამბეჩოვნად (ქიზიყად) იგულისხმება დღევანდელი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონების ტერიტორია (ძირითადად). ქიზიყი მთლიან ერთეულს წარმოადგენდა არა მარტო ტერიტორიულად, არამედ სხვა მხრივაც. იგი ქართლ-კახეთის სხვა კუთხეებისაგან განსხვავდებოდა სოციალურ-ეკონომიკური პირობებით, ზნე-ჩვეულებებით, კილოკავით.
ქიზიყის შესახებ გამოჩენილი ქართველი პოეტი ტიციან ტაბიძე წერს: «ქიზიყი ერთი უძლიერესი ნაწილია კახეთისა. ეს ქვეყანა ბევრით არის შესანიშნავი. სხვათა შორის, იმითაც, რომ იქ არ იციან, რას ჰქვიან ბატონობა. თუ კახელი, საზოგადოდ, მაგარი ხასიათისა არის და უტეხია, ქიზიყელი ამ შემთხვევაში სრული დასრულებაა ამ ტიპისა... ამ მხარეში ხალხი ახოვანი იზრდება და ძლიერი ბუნება არაფერს არ აკლებს ქიზიყელს, რომ იყოს ხელგაშლილი და ზვიადი.
ეს არის მხარე ღვინისა და პურის ბარაქის, თითქოს აქ მთებსაც კარაქი სცხიათ, ისეთი ნოყიერი ბუნებაა და უხვი მოსავალი».
ქიზიყი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ისტორიამ მას დააკისრა, რომ პირველი შეგებებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შემოსეულ მტერს.
ვინ მოთვლის რამდენი მტარვალი მოსდგომია საქართველოს საზღვრებს ამ მხრიდან! რომაელები და სპარსელები, არაბები და მონღოლები, ლეკები და თურქები ერთი წუთით არ ასვენებდნენ ბნელი ეპოქებით ისედაც გაწამებულ საქართველოს.
ქიზიყელები ერთ-ერთი პირველნი იყვნენ იმათ შორის, ვინც მტერთან ბრძოლაში საუკეთესო სამხედრო მომზადებას, ფიზიკურ გამძლეობას, ქედუხრელობას, თავისუფლების სიყვარულსა და სიმამაცეს ამჟღავნებდა, ვინც სამშობლოს მტრებს ყველაზე მეტ ზიანს აყენებდა და, დამარცხების შემთხვევაში, ვისაც ყველაზე მეტი და მძიმე ჭრილობები რჩებოდა.
ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდანვე კამბეჩოვანის (ქიზიყის) მთავარ ქალაქად ხორნაბუჯი ითვლებოდა. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ აქ იჯდა არა მარტო საერო ხელისუფალი, არამედ სასულიერო წოდების წარმომადგენელიც ეპისკოპოსის სახით.
მიუხედავად არაბების ამაოხრებელი შემოსევებისა, ისევე როგორც კახეთში, კამბეჩოვანიც საკმაოდ გაძლიერდა VIII-IX საუკუნეებში.
ამ ხანებში ჩამოყალიბდა ჰერეთის სამთავრო, სადაც შედიოდა კამბეჩოვანიც. ჰერეთის მთავარი ექიშპებოდა და არ ემორჩილებოდა კახეთის ძლიერ მთავარს, რომელიც მუდამ ცდილობდა მდიდარი ჰერეთის დაპყრობას.
მეფე ბაგრატ მესამემ ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის დასაწყისში ჰერეთ-კახეთი გაერთიანებულ საქართველოს სამეფოს შეუერთა. 1104 წელს ეს საქმე დაასრულა დავით აღმაშენებელმა, რომელმაც ლაშქრობა მოაწყო ჰერეთ-კახეთში. ხორნაბუჯის ერისთავებს - საზღვრისპირა სამთავროს მმართველებს დიდი პატივით ღებულობდნენ თამარ მეფის კარზე, რადგან ისინი მამაცურად იბრძოდნენ საქართველოს მტრების წინააღმდეგ და დიდ ერთგულებას იჩენდნენ მეფის მიმართ.
ქიზიყი საკმაოდ გაძლიერდა და წელში გაიმართა XVIII საუკუნეში, ერეკლი II-ის მეფობის პერიოდში. მეფე ერეკლეს ქიზიყი და ქიზიყელები განსაკუთრებით ჰყვარებია. შემორჩენილია უამრავი გადმოცემა, რაც პატარა კახისა და ქიზიყელების გულთბილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ამ ფაქტს თავისი გამართლება და მტკიცე საფუძველი აქვს. მეფე ერეკლე ქიზიყთან დაკავშირებული იყო ბავშვობით, ჭაბუკობით, მთელი თავისი ცხოვრებით. მის მიერ ჩატარებულ ბრძოლებში ქიზიყელები პირველ რიგებში იბრძოდნენ და მეფისადმი არაჩვეულებრივ ერთგულებას იჩენდნენ.
საკმარისია გავიხსენოთ, რომ პატარა კახმა პირველი საბრძოლო ნათლობა ქიზიყში მიიღო, როცა 15 წლისა მამაცურად წარუძღვა ქიზიყელთა ლაშქარს, სასტიკად დაამარცხა ლეკთა ჯარი და გამარჯვებული დაბრუნდა მაღაროს.
სახელწოდება ”სიღნაღი” წარმოდგება თურქული სიტყვისაგან და ნიშნავს თავშესაფარს. აქ ძველთაგანვე ყოფილა ციხე-სიმაგრე, რომელსაც იყენებდენ როგორც მოსახლეობის, ასევე პირუტყვის თავშესაფარებლად.
ქალაქ სიღნაღისა და სიღნაღის ციხე-სიმაგრის ისტორია განუყრელად არის დაკავშირებული მეფე ერეკლე II-ის სახელთან, რომელმაც სხვებთან ერთად ”განაახლა... გალავანი სიღნაღისა” და მას მთავარი როლი დააკისრა ლეკების, ოსმალ-ყიზილბაშებისა და სხვა მტრებისაგან ქიზიყის თავდასაცავად.
ერეკლე II-მ მოახდინა სიღნაღის გალავნის გენერალური რეკონსტრუქცია, გაამაგრა კედლები, გაახშირა ბურჯები და შეუხამა თავისი დროის მოთხოვნებს (სათოფურების დატანება და სხვა).
სიღნაღის ციხე-გალავანი ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია არა მარტო კახეთში, არამედ მთელს საქართველოში. მას თითქმის 40 ჰექტარი ფართობი უჭირავს. გალავნის სიგრძე 4 კილომეტრამდეა. მთელ პერიმეტრზე განლაგებული ყოფილა 23 კოშკი და იმდენივე კონტრფოსტი.
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: ქიზიყი   Sun Mar 08, 2009 1:55 pm


ჯაფარიძის ტბა



http://illiweb.com/fa/pbucket.gif





Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: ქიზიყი   Sun Mar 08, 2009 4:04 pm

Arrow

ნინიიი!
შენი ქმრის პატრონმა როგორ არ იცი, რომ ბევრი ქიზიყელი ერთად - საშიშია ძალიან.
მიიმხრობენ სხვებსაც, მართლა მოგიყვანენ ბაგრატიონს და დაგისვამენ მეფედ...
და სდიეთ მერე...
და ერთი რომელი თავადი მოითხოვს ქიზიყის მიწებს, - ეგეც ვნახოთ!..

lol!
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ქიზიყი   Sun Mar 08, 2009 4:15 pm

ქიზიყელები კარგები არიანSmile მე სულ მიფრთხილდებიან და კარგად მექცევიან Smile
არ არიან ერთად საშიში.Smile
ინტერნეტი არაა ,თორემ ნიჭიერი ახალგაზრდები არიან იქ...
კარგი საქმე იქნებოდა მათი აქ ყოფნა.
Back to top Go down
View user profile
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: ქიზიყი   Mon Mar 09, 2009 12:13 pm

კაი რამე იყო, მიხო...მომინდა პურღვინო...ანზორაული ორაყი, მართლა საკაიფოა...Smile
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: ქიზიყი   Mon Mar 09, 2009 4:40 pm

Elguja Marghia wrote:
კაი რამე იყო, მიხო...მომინდა პურღვინო...ანზორაული ორაყი, მართლა საკაიფოა...Smile

Arrow

”ანზორაული” - ხომ გასინჯე და ხომ ნახე, როგორია და გიო საჯაია უნდა გამოსულიყო, მაგრამ სანამ მამაჩემთან არ წავალ, წვეთი აღარ შემარჩინეს ზოგ-ზოგებმა და მეც...

drunken Wink pirat
Back to top Go down
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 53
Age : 43
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: ქიზიყი   Mon Dec 14, 2009 2:53 am

nini wrote:
ქიზიყელები კარგები არიანSmile მე სულ მიფრთხილდებიან და კარგად მექცევიან Smile
არ არიან ერთად საშიში.Smile
ინტერნეტი არაა ,თორემ ნიჭიერი ახალგაზრდები არიან იქ...
კარგი საქმე იქნებოდა მათი აქ ყოფნა.


აი, კიდევ ერთი ქიზიყის შვილი მოვედი:-)
დიდი მადლობა ამ გვერდისთვის.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქიზიყი   Tue Nov 12, 2013 8:16 pm

გიორგი ჯავახიშვილი


ერთი დატირების ირგვლივ


ერეკლე მეორის გარდაცვალებამ ქართველი ერის საყოველთაო გლოვა გამოიწვია. სახელოვანი მეფისა და გმირის დამტირებელთა შორის გამოირჩეოდნენ სოლომონ ლიონიძე და ქიზიყელი დედაკაცი. დატირების თვითმხილველის თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით: ,,სტიროდეს გოდებითა დიდითა, და ყოველთა მოეპყრათ ყური მისა მიმართ და განუკვირდებოდათ, თუ ვითარ ერთმან მსოფლიომან დედაკაცმან ესრეთ შესაბამისა სიტყვებითა დაიტირა გვამი დიდებულისა მეფისა, ვინაიდგან ძველი არს ჩვეულება, რომელ, რომელინიცა გვამნი, მამითა ანუ მდედრთაგანნი, ჩინებულთაგანი კარისათა არიან და ანუ სხვანი შემეცნებულნი კარისა მეფისასა, აღარჩევენ მათ და იგინი შესაბამისად მეფისა გვამისა ტირილისა ესე გვარითა ხმითა, რომელნიცა დიდსა შინა ლმობიერებასა მოიყვანს მსმენელთა, და წარმოუთხრობენ თვითეულად ყოველთა მათ ღირსსახსოვართა და საქმეთა მოწყალებისა და კაცთმოყვარებისა მეფისათა’’. (თეიმურაზ ბაგრატიონი, დავით ბაგრატიონის ისტორია, თბ., 1972, გვ. 73). ამ ვრცელი ამონაწერიდან ნათელი ხდება თუ როგორი დიდი ტრადიცია აქვს და რა მისია აკისრია დიდებული ადამიანების დატირებას, აქედანვე ჩანს თუ როგორი ინტერესი გამოიწვია ქიზიყელი დედაკაცის დატირებამ. ბატონიშვილს ამავე წიგნში ასეთი საგულისხმო ცნობაცა აქვს მოცემული: ,,თუმცაღა მრავალთა იტირეს გვამი მეფისა შესაბამისად, გარნა ორნი მათ შორის აღემატნეს სხვათა, ერთი მდივანი მეფისა სოლომონ მსაჯული, რომელიც იყო კაცი განსწავლული და პატიოსანი და მეორე ქვრივი იგი ქიზიყელი’’.

ერეკლეს დამტირებელი ქიზიყელი დედაკაცის ვინაობამ ჩვენამდე ვერ მოაღწია. მხოლოდ მეფის გარდაცვალების 100 წლისთავზე თელავის ეკლესიაში ჩატარებულ პანაშვიდზე ითქვა ამ დედაკაცის სახელი ახუა, რომელიც ფიქსირებულია გაზეთ ,,ივერიაში’’ ,,ნადიკვრელის’’ ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში. წერილის ავტორი იყო ილია ჭავჭავაძის ნდობით აღჭურვილი კორესპონდენტი ილია ზარაფიშვილი. აქვე სხვათაშორის ნათქვამია, რომ ქიზიყელ მოზარეთა გუნდს ამშვენებდაო ,,საოცარი მომთქმელი მოხუცებული და წელში მოხრილი ახუა (სახელია). მთელის ხალხის ყურადღებას იპყრობდა თავისი აზრიანისა და გულსაკლავის სიტყვებით’’. (ივერია, 1898, N 47). ითქვა ისიც, რომ დატირების ტექსტი ხალხშია გაბნეულიო.

ვინ იყო ერეკლეს დამტირებელი ქიზიყელი დედაკაცი ახუა? სახელი ახუა გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. გვაქვს გვარიც ახუაშვილი, რომლებიც ქართლის მკვიდრები არიან, მაგრამ კახეთში გავრცელებული თქმულებებით პატარა კახის დამტირებელი ახუა თურმე დატირებაში აყოლებდაო სიტყვებს ,,ახა ვაგლახმეს’’ და იგი გახდა მიზეზი ქიზიყელი დედაკაცისათვის ასეთი ზედმეტი სახელი (უკანსაყივარი, თიკუნი) ეწოდებინათ. ყოველ შემთხვევაში, დატირებისათვის დღესაც ჩვეულებრივია სიტყვები ,,ახა ვაგლახმე’’ და ქართველი პოეტების გურამიშვილის და ალექსანდრე ჭავჭავაძის ,,ახა’’, ,,ახოს’’, ,,ახით’’ ოხვით სამღერალს თუ სატირალს გვახსენებს.

და მაინც საძიებელი იყო ახუას მიერ ერეკლეს დატირების ტექსტი.

ცნობილია, რომ ვასილ ბარნოვისა და ილია ზარაფიშვილის დავალებით თელავის წმინდა ნინოს სასწავლებლის მოსწავლეები ხალხში კრებდნენ ფოლკლორულ მასალებს და აკვირდებოდნენ ერეკლე მეფის დატირების აღნიშნულ ტექსტის ანარეკლს. დაკვირვების ობიექტი იყო კახეთი, ქიზიყი და საინგილო. ჩაწერილი იქნა ასობით ტექსტი, რომელსაც ინახავდა მასწავლებელი ილია ზარაფიშვილი. დატირების ყველაზე სრული ტექსტი ჩაიწერა დარია აბელიშვილმა (1893-1977 წ.წ.), რომელიც დღეს მის საოჯახო არქივშია დაცული.

დარია აბელიშვილი ფოლკლორულ მასალებს კრებდა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან. მისი ჩაწერილი ზღაპრები, ანდაზები და გამოცანები იბეჭდებოდა რევოლუციამდელ ქართულ საბავშვო ჟურნალებში. შემორჩენილია მისი თელავის ხელოსანთა ამქრების საქმიანობაზე ფიქსირებული ვრცელი მასალები.

დ. აბელიშვილს ქიზიყელი დედაკაცის მიერ მეფე ერეკლეს დატირების ტექსტის ვარიანტები ჩაუწერია ასწელს გადაცილებული თეთრი გიორგის მონასტრის ქადაგის ბუჭყიაანთ დარუასაგან, სოფელ კონდოლელ მარიამ ლეონიძისაგან, სოფელ ხორხლელ ნინო თურქესტანიშვილისაგან და სოფელ ოჟიელ თებრო მეზვრიშვილისაგან. ისინი შეუჯერებია და გაერთიანებულმა ტექსტმა მოაღწია ჩვენამდე.

ახუას დატირების ტექსტი რიტმულია და ალაგ-ალაგ მასში რითმის კვალიც შეიმჩნევა. ტექსტში გამოყენებულია იშვიათი პოეტური სახეები. ამ აზრთ სავსე მჭევრმეტყველების ნიმუშის კვალი დიდხანს შეიმჩნეოდა ქართლ-კახელი ქალების დატირებებში.

მოვიტანთ დატირების ტექსტს:


მეფევ! ვაი ჩემს თავს, მეფევ!

ისევ ჩემს ძმას გავარდეს ბრძოლაში

ხელიდან ხმალ-ხანჯალი,

მკათათვეს, სამკალში

ცელ-ნამგალი...

მეფევ, ვაი ჩემს თავს, მეფევ!

შენ შეგრჩეს ხელში გუთანი და საკვეთელი!

მეფევ, ვაი ჩემს თავს, მეფევ!

ისევ ჩემი ძმა ნუ მოეფერება

გაზაფხულზე იას და ფურუსულას,

შენ მოუალერსე ვაზსა და მატიტელას...

მეფევ, ვაი ჩემს თავს, მეფევ!

ისევ ჩემმა ძმამ იაროს

შავეთის მიწა წყალზე ფეხშიშველამ -

იტკინოს ფეხის გული,

შენ ნუ გააღარიბებ საქართველოს

ცალ ფეხზე სიარულით.

მეფევ! ვაი ჩემს თავს, მეფევ!

ისევ ჩემი ძმის ცხენი იყოს

სუდარით დარახტული

უკუღმა შეკაზმული, -

შენ ცხენს სულ ეკიდოს

შვილდ-ისარი დაგზნებული.

მეფევ, ვაი ჩემს თავს, მეფევ!

ისევ ჩემ ძმას ეცვას

მიწის ჩოხა-ახალუხი

შენ კი გეხვიოს

მზისა და მთვარის ყაბალახი.

ახა ვაგლახმე, მეფევ ბატონო.

შვილნო და შვილიშვილნო, -

ცხრა შვილის დედა ვარ და

ფიქრი დამდევს ცხრა გზიანი -

არ გააღარიბოთ მიწა-წყალი

მომკელ-მომხვნელით

მჭამელ-მცოხნელით!


როგორც დატირებიდან ჩანს, ცხრა შვილის დედა ახუა მოთქმას იწყებს საკუთარ თავზე ვაი-ვიშით და შემდეგ დატირების ლოგიკური მახვილი გადააქვს ძმაზე, რომელიც ყველაზე მგრძნობიარე სიმია დამტირებლისათვის. ცნობილია, რომ ჩვენი ხალხის რწმენით ყველაზე მეტად ეგების ,,მკვდარ ძმას ტირილი დისაო’’... ტექსტში გამეორებულია ხუთჯერ ,,ისევ ჩემ ძმას’’ და მოსდევს ძმის ,,გამეტებისა’’ და საყვარელი გმირის მარადიული სიცოცხლის თუ გაუტეხელობის სიმბოლო-შეძახილი: ,,შენ შეგრჩეს გუთანი და საკვეთელი’’, ,,შენ მოუალერსე ვაზსა და მატიტელას’’, ,,შენ ნუ გააღარიბებ საქართველოს’’, ,,შენ ცხენს სულ ეკიდოს შვილდ-ისარი დაგზნებული’’, ,,შენ გეხვიოს მზისა და მთვარის ყაბალახი’’ და სხვ.

ახუა წინასწარ შედგენილ ტექსტს კი არ დასტირის მეფეს, არამედ იმ დღეს მიღებული შთაგონებით და მისთვის ნაცნობი მოვლენების პოეტური წარმოსახვით გვიქმნის დატირების ტექსტს-შთაბეჭდილებას. მაგალითისათვის კმარა ,,ცელ-ნამგალის’’, ,,ხმალ-ხანჯალის’’, ,,გუთნის და საკვეთელის’’ მოხსენიება.

უნაზესი განწყობილების მოხუც დედაკაცს არ დავიწყებია, რომ ,,ისევ ჩემი ძმა ნუ მოეფერება გაზაფხულზე იას და ფურუსულას, - შენ მოუალერსე ვაზსა და მატიტელასო’’... საოცრად დიდი აზრია ჩადებული სიტყვებში: ,,ისევ ჩემმა ძმამ იაროს შავეთის მიწა-წყალზე ფეხშიშველამ, იტკინოს ფეხის გული, შენ ნუ გააღარიბებ საქართველოს ცალფეხზე სიარულით’’... კახეთში ახლაც იტყვიან, ფეხშიშველა ყმაწვილს რომ შენიშნავენ: ,,ფეხშიშველა ნუ დადიხარ, სამშობლო გაგიღარიბდებაო’’... დატირებიდან ჩანს, რომ ერეკლე მეფის სიკვდილი საქართველოსათვის ცალ ფეხზე სიარულს უდრიდა.

ქიზიყელი დედაკაცის ეს დატირება ექსპრომტულია. როგორც ჩანს, ახუა როცა სასახლეში შესულა მას შეუნიშნავს მეფის ცხენი: ,,უკუღმა შეკაზმული, სუდარით დარახტული’’... ეს დეტალი წერილობითი წყაროებითაც დასტურდება, რომ მეფის გარდაცვალების დღესვე დავით რექტორის მიერ შედგენილ დაკრძალვის ,,განწესებაში’’ მითითებულია: შემდგომად ამასთან ცხენი ორი, სწორედ შეკაზმული, ორს ჯალავარდს ეჭიროს, მხარზედ ზიმფუშები დაკეცით ეკიდოსთ, ორნი მილახორნი მიუძღოდესთ წინ, თავშიშველნი და საყელო შეხსნილი; ცხენნი შეკაზმულნი: ერთს ტახტზედ ეკიდოს სამამაცო საჭურვილნი, სამკლავეები და მეორეს ცხენის ტახტს მუზარადნი და სხვანი იარაღნი’’. (ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, 1965, გვ. 535). დატირებაში ამ შთაბეჭდილებით არის ნათქვამი: ,,ისევ ჩემი ძმის ცხენი იყოს სუდარით დარახტული, უკუღმა შეკაზმული; შენ ცხენს სულ ეკიდოს შვილდისარი დაგზნებული’’.

დატირებაში, მხატვრულობის თვალსაზრისით, კულმინაციური ადგილია ის, როდესაც ,,მომთქმელი’’ ამბობს: ,,ისევ ჩემ ძმას ეცვას მიწის ჩოხა-ახალუხი, შენ კი გეხვიოს მზისა და მთვარის ყაბალახი’’...

რაც შეეხება დატირების ბოლო დეტალს, სადაც ნათქვამია ცხრა შვილის დედის ცხრაგზიანი ფიქრი, რომ ,,არ გააღარიბონ მიწა-წყალი, მომკელ-მომხვნელით და მჭამელ-მცოხნელით’’. აქ აზრი და განწყობილება ანასხლეტია სოლომონ ლიონიძის ცნობილი დატირების იმ ადგილისა, სადაც ნათქვამია: ,,ხელმწიფევ მფლობელო, საზოგადოვ მამავ, მეფევ ირაკლი! ვის მივსცე შენის უმაღლესის თავისა და უძლეველის ტანის უზომო ტრფიალება?! ვის დროშას ვემსახურო?! ვინ შევიყვარო?! ვისთვის მოვკვდე?! ვისთვის ვიცოცხლო?! შენს უკან სიცოცხლე საზრახავად გამწარებულმან?! (ს. ლიონიძე, სიტყვა თქმული ერეკლე მეორის დაკრძალვაზე, 1957, გვ. 46).

ქიზიყელი დედაკაცის ოხვრით ნატირალ ტექსტს დიდი ხანია რაც ეძებდა ჩვენი ხალხი. განსაკუთრებულ თავგამოდებას იჩენდა გიორგი ლეონიძე, მაგრამ მის სიცოცხლეში სამწუხაროდ იგი არ იქნა მიკვლეული. პოეტი ქართლ-კახეთში მიმავალ ფოლკლორული ექსპედიციების წევრებს ყოველთვის ავალებდა თვალყური ედევნებინათ დატირებებისათვის ისე, რომ იქნებ რაიმე კვალი ეპოვათ ქიზიყელი დედაკაცის დატირებისა.

და აი, ხელთა გვაქვს მე-20 საუკუნის 10-იან წლებში გარე და შიდა კახეთში, საინგილოსა და ქიზიყში ჩაწერილი დატირებების 15 ვარიანტიდან შეჯერებული ტექსტი, რომელიც ნოტებზე გადაიტანა კომპოზიტორმა დიმიტრი ჯავახაძემ და ახალი სიცოცხლე დაიწყო ამ დატირებამ, როცა ცნობილმა ლოტბარმა კლარა კეჟერაშვილმა თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მომღერალი გოგონებისათვის დაწერა ახალი ნაწარმოების.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქიზიყი   Fri May 06, 2016 5:58 pm

იმ ქვეყანაჲ ჯოჯოხეთში მოვხვდებიო

ვენაჴი ჩვენში ძალან მიღებულია. ჩვენმა კაცმა რო თავი ვენაჴი ღვინო არ დალიოჲ, ეგრე ჲგონია, რომა იმ ქვეყანაჲ ჯოჯოხეთში მოვხვდებიო. მართლაც, ძალან კარგია ვენაჴი. მართალია, ბევრ მუშაობაჲ მაითხოვს, მაგრამ ი დალოცვილი ბოლოჲ რო თავისაჲ გაამართლებს ხოლმე, იმაჲ რა ჲჯობია.
კარგია მოსავალი, თუ ზევიდან არა დეემართა რა. შაშინებული ვართ, შვილო. ჩვენმა ბოლშეიკებმა ყველაფერი გააკეთეჲ, მიუხწეველ მიახწიეჲ და ემ სეტყვაჲ კი ჯერჯერობით არ ეშველა. აი გიდი, რო სეტყვა არა გვღუპამდეჲ ხანდახან!
ვენაჴი მოყვანა, შვილო, არც იგრე ადვილი საქმეა. მოგეხსენება, რო სავენაჴეჲ ჯერ დაბრუნება უნდა ორ ბარი პირზე. დაბრუნები მემრე ჯერ ლერწზე უნდა იზრუნო, მემრე კიდე კვირტი უნა აჲჭრა. გაზაფხულზე, თესვი დრო რო მოა, მაშინ უნდა დაიმყნოჲ. თუ გინდა, რო გოდრები აამსო ხოლმე, ნამყენი ვაზი უნდა ჩაჲყარო. იგეთ მტევნებ მიილაგებს, რო გულ გაახარებს. რქი ჩაყრა კი ტყუილ-უბრალოა.
კარგა აკეთებს კოლექტივი. ცივათ დამყნობილ არც როდის არ ჩაჲყრის და ეგრეც უნდა. როცა ცივათ დამყნობილი ჯერ შკოლკათ არის გაკეთებული და მემრე სავენაჴე ადგილში ჩაიყრება, მაშინ გაცდენაც ნაკლებია. ახალ ჩაყრილ ნამყენ ძალან დიდი მოვლა უნა. იმაჲ არ უნდა მააკლო წამალი, თოჴი, ერთი ორჯერ ან სამჯერ ძირკვი უნდა შეჭრაჲ, ის ძირკვი, რომელიც კვირტიდან არი ჩატანილი. სამყნობი დანა შენ დანახული გექნება: წვერდაბოკოებულია და ძალან მჭრე. ნაკელი თუ გეეშალა, ხო სუ უკეთესია, აი როგორც ჩვენი კოლექტივი აკეთებს ხოლმე.
მეორე წელიწად ადრე გაზაფხულზე საჭიროა აზდილი ტოტების დატოკვა. ყველა ვაზი უნდა დაიტოკოჲ ორ კვირტზე და მეტზე არა. შაიძლება და ჲჯობია კიდეც, რო ბოძები, ტოლბები, და ამოსაყენებლები ჩაიყაროჲ, რო მართული გეებაჲ. მარტო მართულიც არა ჲშველის საქმეჲ, წვრილი ჭიგოც საჭიროა, რო შეედგაჲ. ეს იმიტომ, რო ახლად ამოხეთქილი ყლორტი ჭიგოზე აკვრით მართულებზაც ავიდეჲ. თუ ყოტი ძალან გაიზარდა, წვერი უნდა წეემტვრაჲ, რო უფრო დასქელდეჲ რქა. ამ წელიწადსაც კაი მაგარი ბეჯითობა უნდა ახალშენ ვენაჴსა. ძალან კარგი არი და აგრანომებიც ამაჲ ამობენ, რო შიგ ახალნაშენში არაფერი დაითესოჲ. ცი მანანაჲ სუ ვაზი აიღებს და თამამი გაიზდება.
მესამე წელიწად ეს გაზდილი რქა უნდა დეეჭრაჲ ექვს-შვიდ კვირტზე. პატა-პატა ყურძენსაც გამაიტანს და ამ წელიწადში ვენაჴ დეემგვანება მთლათ.
მეოთხე წელიწად კი ქვევრები გაამზადე. ამდენი წლები შრომაჲ აგინაზღაურებს.
სრულ ვენაჴ ძალან დიდი მოვლა უნდა. დავიწყოთ გაზაფხულიდან. შამადგომაზე საჭიროა დაკრეფილი ვენაჴი მოჴვნა, ხოლო გაზაფხულზე ჲჯობია, რო გადაიჴნაჲ. ხეჲ რო წყალი ჩაუდგება, მანამ ვენაჴი უნდა გაისხლაჲ სასხლავი მაკრატლით. გასხვლი დროჲ უნა მეეჭრაჲ ყველა ტოტი და უნა შაჲრჩეჲ ერთი რქა და ერთი ნეკი. შაიძლება, რო ნეკი სუ არა ჲქონდეჲ. კოლექტივში ეხლა იგეთი ვაზი მაჲყავთ, რო სამ-ოთხ რქაჲ აძლევენ ხოლმე, მაგრამ ჯერჯერობით ძველებური წესი ჲჯაბნის: ერთ რქაჲ ვაძლევთ ხოლმე, როცა კვირტი ჯერ ბუზებივით არ დაჲსხდომია, ვაზი უნა შაიყელოჲ. შასაყელათ ან მხრალია საჭირო ლაფნისა, ან კიდე სიმინდი ფოჩოჩი. იყელება სუ დაბლითა მართულზე.
როცა ყოტი საკმარისათ ამოა და გამაგრდება, მაისი თვეში საჭირო არი პირველი წამლობი ჩატარება. ეს იგეთი დრო არი, როცა ერთმანეთზეა მოწოლილი თოხა, წამლა, ამაჲ მაჲდევს მემრე ფურჩქვნა. ჯერ ყოტებზე ძირი ორი ფოთოლი უნდა გამაჲცალდეჲ, ერთი მოწამლი მემრე კი ქირქა ამოუა და ქირქი გამოცლაა საჭირო. გაფურჩქნა ორჯერ მაინც უნდა. მესამეთ კი წვერი უნა წეემტვრაჲ. წამალი ხუთჯერ-ექვსჯერ უნა დეესხაჲ.
შენ გაინტერესებს, რათა ჲწამლიან ვენაჴებ, წინათ რო ხალხი არა ჲწამლიდა, იგრე არი, როგორც აი ჩვენი აგრანომი ამოფს, რო ავანტყოფობასა ჲშველოსო. თუ არ მაჲწამლე, მოსავალსაც ნუ დეელოდები.
თიბათვი ბოლოჲ, შაიძლება ითქვაჲ, რო საქმეები ვენაჴებში მთავრდება.
პირველი წამალი უნა დეესხაჲ, ყოტი რო პატა წამაიზდება, მემრე მეორე წამალიც უნა მეესწროჲ, სანამ ყვავილში შავა, შაიძლება ყვავილობაშიც შაიწამლოჲ. ხოლოთ ხრიალში რო შავა ვაზი, მაშინ ადამიანი ფეჴი არ უნდა გეეკაროჲ ვაზებთან, თორო კუმში მტევნი მაგივრათ თხელ მტევან გამაიტანს. ხრიალი მემრე ყურძენი იწყებს გამოხვარბლებაჲ. თუ გვალვებია, კარგია, თუ ამ დროჲ ვენაჴი მაირწყვება. მემრე და მემრე ყურძენი დაისვრიმდება და მარიანობითვეში უკვე თვალი შავა. თვალშასვლამდინ ვენაჴი ოთხჯერ მაინც უნდა გაითოჴოჲ. ერთი გათოხა ერთ მორწყვაჲ უდრის.
ვენაჴში თვალი რო შავა, დაიწყებენ ხოლმე ძველი გოდრები ახლით შეცვლაჲ. მაიტანენ შვინდი წნელ და დაიწყებენ გოდრები დაწვნაჲ. საშუალო გოდრათ ითვლება, თუ იმაში თორმეტ-ცამეტი ფუთი ყურძენი ჩავა. დაჲწნავენ აგრეთვე საკრეფელა გოგროხებ და პატრა კალათებ.
დაწვნითვინ ჯერ მანები უნდა ჩეერჭვაჲ ყალიბი გარშემო. მემრე ყალიბი მაღლა აიწევა და დაიწყება წვნა. როცა სამყოფისი სიმაღლე დაიწვნება, მემრე უნდა გადაიქნაჲ წნელები თაღივით ძირი გამოსაწნავათ.
ათასი საქმე ჩნდება, როცა რთველი ახლოვდება. იქ გოდრებია დასაწნავი, იქ გუდებია გასაჟენთი, ეს კრაზანა მაიტა და შაკარი, ქვევრი რეცხვა, ყველაფერი ერთმანეთ მიჲდევს.
ჩვენში, ხო იცი, მოსავალი გოდრებით იზომება, ზოგ-ზოგ ჩვენთან ოზდაათი გოდორი უდგება ხოლმე, ზოგ კიდე ხუთ-ექვსს ძლივ მიახწევს ხოლმე.
რთველში თხაჲ დაჲკლამენ ხოლმე. არ ვიცი, რათ არი წესათ მიღებული ეს, დავკრეფამთ ყურძენ და კრეფი დროჲ ჟრიამული შენც ნახული გექნება, როცა დიდ-პატარა სუ მხიარულობს.
პატარა თვალ მოსავალი და ყურძენი იტაცებს და ის ახარებს, დიდი თვალ კიდე ის ახარებს, რომა მთელი გაზაფხულ-ზაფხული შრომი ნაფასურსა ჲხედამს. თავი ჯაფაჲ რო ამ მონაგრებაში ჲხედამს, გულში უხარიან და ყველაფერ ივიწყებს.
ყურძნი კრეფაჲ რო მორჩებიან, წესათ არი, რო ერთი ან ორი ვაზი უნდა გაისხლაჲ. სწორეთ ვერ გეტყვი, ეგ ჩვეულება რატოა ჩვენში. მე მგონია, იგრე უნა იყოჲ, რო გაზაფხულზე პირცელ რიგში სხვლით იწყება ვენაჴი სამუშაო, ამიტომ ჩვენი გლეხი ამით ცდილობს ახალი მოსავალიც ეგეთი კარგი იყოჲ. სხვანაირად მე არ ვიცი მაგი ასხნა.
ეხლა ჯერი ჯანიან ბიჭებზე მიდგება. გოდრები აწევა იმათი საქმეა. ურემზე ხო დადება უნდა და შინ კიდე ჩამოღება. მემრე დაწურვაც უნდა. ეხლა მაშინით ვწურამთ, ცოტა წინათ კი ნავებში ან საწნეხლებში ვწურამდით. ჩაუფენამდით ჩადს, ჩავყრიდით ექვს-რვა გოდორ და შარვლი ტოტებაკეცილი ბიჭები გადი-გამოდიოდნენ ხოლმე. ეხლა ერთი დაატრიალებს და დანარჩენები დააყრიან ყურძენ. სადუღზე რო მოა ქვევრი, მაშინ იმაში აღარ დაჲწურამენ, საჭირო არი სხვა ქვევრი. თუ პირამდინ აავსე, სუ დეგეღვრება დუღილი დროჲ. ძალან იცის დუღილი, რადგან ჭაჭა და წვენი ერთად არი ჩვენში. გამიგია, რო იმერლებში კიდე წვენ უდედოთ ადუღებენ და ღვინო ტკბილი გამოდის. მაგრამ არა მჯერა, უდედო ღვინო რა უნა იყოჲ. ჩვენ ღვინოჲ ვერა ღვინო ვერ აჯობებს.
დუღილი დროჲ ქვევრ ხშირათ უნა დეერიოჲ ხოლმე, რო არ გადმოიდეჲ. ცხრა ან თორმეტი დღი მემრე დუღილი ნელდება და ბოლოჲ, როცა მთლად შაჲწყდება, ჭაჭაჲ ჩაინაძირებს, ღვინო კი მაღლა დარჩება. დაწურვი დრო, ხო იცი, საბადაქეთ რო ტკბილ აიღებენ ხოლმე, იმაჲ მემრე მაადუღებენ და გამოა ნადუღი ბადაქი, რისგანაც მემრე თათარაჲ გააკეთებენ და ნიგვზი ან ჩამიჩი ჩურჩხელაჲ ამაავლებენ, ჩურჩხლი ასხმა ხო ქალები საქმეა.
ღვინი გადაღება რო დაიწყება და ქვაბებიც ამუშავდება, ღვინო ცალკე ქვევრში ჩეესხმება, თუ ბევრია, და, თუ ცოტაა, ქოცოებში ჩაასხავენ. ჭაჭაჲ კიდე წაიღებენ ქვაბზე და არაყ გამაჲჴდიან. კაი არყი გამოჴდა ქვაბზეც არი დამოკიდებული და გამამჴდელზეც. ამელილი არ უნა იყოჲ არაყი და ღილებ უნა იჭერდეჲ. გამოჴდილი არაყი მაიტა და ჩაასხი ჭურჭელში და შაინახე, რამდენიც გინდა, არ გაფუჭდება. ღვინო კი ფაქიზი შასანახია. ღვინოჲ უთქვამ: მამიარე და მეც მოგივლიო. ჯერ ხო პირველი ლექე უნა გემეეცალოჲ, მემრე მეორეთაც. ლექეჲ არ დაილევს დიდხან, სუ წმინდა ღვინოსაც კი თავი ნახვინაკი აქ. გაზაფხულამდი შანახული ღვინო უნა გადაიღოჲ, ვაზ რო კვირტი გამოუა და ჭყიმი რო ამოა. მეორეთ უეჭველათ უნა გადაიღოჲ, ყურძენი რო ყვავილში შავა, თუ არ გადაიღე, მთლად გადაბრუნდება ღვინო, ეგრე რო სუ ეგემდღვრევა და ვეღარ დააწმინდეებ. მე მინახამ გადაბრუნებული ღვინო, მთელი დურდო და ლექე შიგა აქ არეული და მდღვრიოა. ეგეთ ღვინოზე არავის თვალი არ მიუა.
საფერავი ღვინოჲ უფრო ფაქიზი შანახვა უნდა. ის უფრო მალალია და კარგი მოვლა უნდა. გადაღება მალ-მალა ჲჭირდება.
არი ღვინო გადასაღები მაშინებიც, ვედრებით გადასხმაჲ ეს მაშინა ჲჯობია.
ქვევრში რო ღვინოჲ გადაიღებენ, პირზე სარქველი ქვეშ ან ლაფი უნა დაუგლისო ან კომში ფოთოლი უნა დაუფინო ან კიდე ხავსი, ხოლო დუღილი დროჲ კაკლი ფოთლები უნა დეეფინოჲ.
წინაჲწარ ქვევრ კიდე გოგირდი უნა ჩეებოლოჲ. ღვინო ცივათ უნა ინახებოდეჲ, რო სიცხემ არ დაუკრაჲ. როცა გლეხ დიდხან უნდა, რო შაინახოჲ ღვინო და ერთბაშათ გაყიდოჲ, მაშინ ჩვენში იტყვიან ხოლმე, რო ქვევრზე ქინძი დათესაო, ესე იგი ჯერ ქვევრ არა ჲხარჯამსო.
ღვინი საზიდათ იხმარება ბიჭკები, ტიკები კი შორ საზიდათ. ახლო გადასატანათ, გადაღები დროჲ, ვედრებსა ჴმარობენ.
კარგი ვენაჴი მუშა ზოგჯერ კარგი ღვინი მსმელიც იყო, მაგრამ მუქთახორა ხალხიც ძალან ბევრსა ჲსვამდა, იმიტომ რო ვენაჴები სუ იმათ ეჭირათ წინათ.


ენა / დიალექტი: ქიზიყური (ქართული / კახური)
ჩაწერის ადგილი: ანაგა (საქართველო / კახეთი / სიღნაღი)
გამოცემა: ივანე გიგინეიშვილი, ვარლამ თოფურია, ივანე ქავთარაძე
ქართული დიალექტოლოგია
ჩაწერის წელი: 1953
მთქმელები: ნიკა მჭედლიშვილი
ტექსტის ჩამწერი: ივანე მჭედლიშვილი
კორპუსული გამოცემის ავტორ(ები):ლია ბაკურაძე


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4185
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქიზიყი   Wed Dec 21, 2016 11:00 pm

ილია ფხოველი


ქიზიყელთა გვარ-ტომობის ისტორია, ანუ როგორ დააარსეს შუასაუკუნეების ფშავლებმა შუაგულ კახეთში ავტონომია

დაგპირდით, რომ ქიზიყელთა წარმოშობის ისტორიას გიამბობდით. ქიზიყი, ანუ ისტორიული კამბეჩოვანი - (,,ესე ეწოდა კამბეჩთა სიმრავლისთვის“ - ვახუშტი) .
საქართველოს ისტორიული და ძირძველი პროვინციაა. თუმცა, უფრო ადრეულ ხანაში ეს მხარე კამბისენედ იწოდებოდა. ადვილად მიდგომადი მდებარეობის გამო ეს ტერიტორია გადამთიელთა ინტენსიური თარეშის ობიექტი იყო. ჩვენი მიზანი არ არის სტატიაში ამ მხარის დასაბამისეული ისტორია მოგითხროთ. მხოლოდ უკანასკნელი ხუთი საუკუნის მანძილზე შექმნილ პერიპეტიებზე გავამახვილებთ ყურადღებას , რამაც ქიზიყის გენეტიურ-დემოგრაფიული რუკა ძირეულად შეცვალა.
ბევრმა არ იცის, რომ ქიზიყის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი და დომინანტური წვლილი ფშაველთა ქვეეთნოსმა შეიტანა. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია დოკუმენტი, სიგელი -, რომელიც ერთიანი საქართველოს ერთ-ერთ უკანასკნელ მონარქს - ალექსანდრე პირველს ეკუთვნის ( ეს მეფე ხალხმა სააღმშენებლო ღვაწლისთვის ალექსანდრე დიდად შემოუნახა მატიანეს) მეფე ალექსანდრემ უაღრესად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო - ნათემურლენგარი საქართველო. თუ როგორ შეკრა ამ ხელმწიფემ დაქუცმაცებული და გაპარტახებული ქვეყანა კვლავ ერთ სამეფოდ, ამაზე შეგიძლიათ ,,ქართლის ცხოვრებაში“ წაიკითხოთ, ჩვენ აქ მის ერთ ღონისძიებაზე შევჩერდებით, რომელმაც ნახევრად მკვდარი საქართველოს მობრუნების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. კერძოდ, კახეთის მხარე კამბეჩოვანი დაღუპვას რომ გადაარჩინა - იმაზე. ზემოთნახსენები სიგელით მეფე ალექსანდრე მოუწოდებდა ფშავლებს გადმოსახლებულიყვნენ დღევანდელი ქიზიყის ტერიტორიაზე და გაციებული კერა გაეცოცხლებინათ. მთიელები გამოეხმაურნენ აბსოლუტის თხოვნას და იმავე წელს (1440 წ.) ფშაური მოსახლეობის 1-ლი ნაკადი ბარისკენ დაიძრა. ამ მოახალშენეებმა დაარსეს ახალი სოფლები : საქობო, რაც საქვაბეს ნიშნავს ფშაურად, მაღარო, ( ფშავის უმსხვილესი დასახლების მაღაროს მოსახლე სოფელი. ) ასევე მოგვიანებით ჯუგაანი, რომელიც უკანაფშავიდან წამოსულ ჯუგაშვილებს (ჯუღაშვილებს) დაუფუძნებიათ. საქობოს ძველი სახელი საქვაბე (ქვაბები, გამოქვაბულები) ყოფილა, მაგრამ მთიელთა მოსვლის შემდეგ ფშაური კილოკავის შესაბამისად სახელდებაც გადასხვაფერებულა.
ფშავლები როგორც ჩანს, ქიზიყში შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგაც ჩამოვიდნენ. ეს შესაძლოა იყო მეორე ნაკადი, ან ძველი ჩამოსახლებულების შთამომავლები, რომლებიც მშობლიურ კუთხეს სეფიანთა განუწყვეტელი შემოსევების გამო დაუბრუნდნენ. განსაკუთრებული ზიანი და ქართველი ხალხის გენოციდი მაინც აბას პირველის ლაშქრობებს მოჰყვა. აღნიშნული ოთხი შემოსევის დროს (1614-1617) კახეთმა უდიდესი და გამოუსწორებელი ზარალი ნახა: თავისი მოსახლეობის ორი მესამედი დაკარგა, დარჩენილმა ნაწილმა „ტყეებსა და ჯაგებს“ შეაფარა თავი. ასი ათასამდე მტერს შეაკვდა, 1614 წლის კახელების სპარსეთში გადასახლების შემდგომ მოვლენებზე, იმაზე, თუ როგორი საქართველო დარჩა ირანის ლომის ,,სტუმრობის“ მერე, ბერი ეგნატაშვილის ,,ახალ ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ: „რომელნიმე ლეკთა ამოსწყვიტეს და დაატყვევეს და რომელნიმე მორჩეს თუშეთს, ფშავს და ხევსურეთს“. ანუ მცირე ნაწილი აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობისა გაიხიზნა მთიანეთში და ამ გზით გადარჩნენ. მათ შორის უნდა ყოფილიყვნენ ერთ დროს ფშავიდან ქიზიყს ჩამოსულთა შთამომავლობაც. სწორედ ის ხალხი , რომლებიც თავის დროზე მთიდან ჩამოსახლდა.
ქიზიყური კილო - მოსულ ფშაველთა ენისა და დამხვდური კახური დიალექტის შერევის შედეგად უნდა წარმოქმნილიყო. მეტიც, სიღნაღის რაიონის მცხოვრებთა ( აქ არ ვგულისხმობთ ასი წლის წინ დედოფლისწყაროში ვაჟას მიერ ჩამოსახლებულ ფშავლებს) მეტყველება უფრო ფშაურია, ვიდრე კახური, უბრალოდ გურჯაანულად უქცევენ. სპეციფიკურ გრამატიკულ თავისებურებათა და ლექსიკური ერთეულების სიუხვის საფუძველზე ეს განცხადება თამამად შეგვიძლია გავაკეთოთ.
და ბოლოს , ქიზიყელთა ისტორიულ-სოციალური სტატუსის შესახებ. ეს იყო უბატონო ანკლავი, ავტონომია ფეოდალურ კახეთში. კითხვა ყოველთვის ჩნდებოდა, ისტორიული წინაპირობის არმცოდნეთაგან ეს პარადოქსული და უჩვეულო მოვლენა როგორ უნდა ახსნილიყო. პასუხი ისევ ზემომოყვანილ სიგელშია. - უბატონო მთიელებმა, - ფშავლებმა, რომელთაც ბოლო დრომდე მოჰყვათ უღელდაუდგმელი ქედი, უცვლელად გადმოიტანეს მთაში ცხოვრების წესი, ( ან შესაძლოა სოციალური უკრძალველობის შენახვის პირობით დათანხმდნენ ადგილის გამოცვლას, სადაც თავისუფალ მეთემეებად ცხოვრობდნენ. ფშავი, განსხვავებით სხვა მთიანი კუთხეებისგან, ვერც მრისხანე ფეოდალმა ზურაბ ერისთავმა დაიპყრო დიდი სისხლისღვრის მიუხედავად . შესაბამისად არაგვის საერისთაოში არასდროს შედიოდა).
ჩამოსულთა ერთ ნაკადს, შემდეგ რამდენიმე სხვაც მოჰყვა და ბოლოს ეთნიკური თვალსაზრისით დომინანტური წილი ქიზიყში ფშავლებმა დაინამდვილეს.
ბოლო მასშტაბური გადმოსახლება (რასაც ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ნიკო ბერძენიშვილის მიხედვით მთიელთა ჩამოწოლა ჰქვია) უნდა მომხდარიყო მე-18 საუკუნის 30-40 იან წლებში. ეს ერეკლე მეორის მეფობის ადრეული პერიოდია, ის დრო, როცა ნადირ-შაჰ ავშარის მიერ აღმოსავლეთ საქართველო კიდევ ერთხელ გაპარტახდა.
ბარული ცხოვრების განმაახლებელ ფშაველთა სწორედ ამ მესამე დიდ ტალღას უნდა მოეტანა უკვე მამიშვილობებად დაშლილი ძირგვარ-ქვეგვართა განშტოებები და განაყარი გვარების სისტემა .
გადასვლის პროცესი როგორც ჩანს გვიანობამდე გრძელდებოდა. იმ პერიოდშიც კი, როცა ფშავში ქვეგვარები მამიშვილობებად იშლებოდა. მე-18 საუკუნეში ჩანან გადასულები გოდერძაული ბეროშვილები , ღარიბაშვილები და ხელაშვილები , გოგოჭური ტურაშვილები, ქისტაური ელიზბარაშვილები, უკანაფშაველი კვირიკაშვილები ,ჭიჩოელი ნადირაშვილები და კიდევ სხვა განაყარი ფშაური გვარებისა, რომელთაც ბარული ელფერით განაგრძეს ქიზიყში არსებობა.

---
(ეს არის გამოსაცემი წერილის შავი ვარიანტი, რომელიც განვრცობის შემდეგ დაიბეჭდება)

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ქიზიყი   

Back to top Go down
 
ქიზიყი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ისტორიისათვის-
Jump to: