არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 დავითმეფური საგალობელი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: დავითმეფური საგალობელი   Sun Mar 08, 2009 1:22 am


გელათის ფრესკა

დავით IV აღმაშენებელი (1073 – 24.I. 1125), საქართველოს მეფე 1089 – 1125 წწ, გიორგი II ძე. 16 წლის ასაკში გამეფდა. მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჯუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა. დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს. 1099 წელს დავითმა თურქ-სელჯუკებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა და ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა. იწყება საქართველოს ეკონომიკური და კულტურული აღორძინების ხანა. დავით აღმაშენებლის მეფობის ხანას ეკუთვნის რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევა, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებები გაატარა. ეს ღონისძიებანი ჩამოყალიბებულია კრების მიერ მიღებულ დოკუმენტში ”ძეგლისწერაჲ რუის-ურბნისის კრებისაჲ”. დავით აღმაშენებელს ეკუთვნის სამხედრო რეფორმების ჩატარება, ასევე ხუთიათასიანი პირადი გვარდიის - ”მონა-სპა” შექმნა, რომელმაც 1121 წელს დიდი გამარჯვება მოიპოვა დიდგორთან (ცნობილია დიდგორის ბრძოლს სახელით). დავით აღმაშენებელი დიდად უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. ამის შედეგად, XII საუკუნის I მეოთხედში საქართველოში საქალაქო ცხოვრება განსაკუთრებით დაწინაურდა. დავითმა დიდი ღონისძიებები გაატარა სამონეტო საქმის მოსაწესრიგებლად და რეფორმის შედეგად განამტკიცა ფულის კურსი. მის დროს დიდი მნიშვნელობა მიენიჭა განსაკუთრებულ სასამართლო დაწესებულებას - სააჯო კარს. დავითის სახელთანაა დაკავშირებული გელათის აკადემიის მშენებლობა. მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა - გელათის აკადემია. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები ”გალობანი სინანულისანი”, რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებას წარმოადგენს. დავით IV ეპოქა იყო მწვავე კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლების ხანა. მთელი მისი მოღვაწეობა ემსახურებოდა ფეოდალური საქართველოს გაძლიერება-ცენტრალიზაციას.

თხზ.: ”გალობანი სინანულისანი”, ჩვენი საუნჯე, ტ. I, თბ., 1961.


Last edited by ბობო on Sun Mar 08, 2009 1:56 am; edited 2 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: დავითმეფური საგალობელი   Sun Mar 08, 2009 1:28 am

დავით აღმაშენებელი

გალობანი სინანულისანი



გალობაჲ პირველი
"წამისყოფითა" – ამათ ზედა


რომლისაცა წინაშე
ქედდადრეკილ არს ყოველი,
მუჴლი ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი
შენსა ჴმობს აღსარებასა,
მეცა, სიტყვაო,
აღმსარებელსა მომხედენ!

ხატსა თჳსსა მამსგავსე
და საკრველად გრძნობადისა
და გონიერისა მყოფობისად დამაწესე.
შენებრ არსთა სიტყუებისა
ჩემ შორისცა შეკრებითა,
ხოლო მე უმადლო გექმენ.

ბუნებითნი რაჲ ძალნი
არა სჯულთაებრ ვიჴუმიენ, –
მსგავსებისაგან დავაკლდი და დავჰბადე ბოროტი,
ხოლო ხილულთა–მიერსა
გემოვნებასა ვრცელადრე
განუხუენ გრძნობანი ჩემნი.

ქალწულო, ბრალეულთა
თავსმდებო, რომელმან სიტყუაჲ
განაზრქე ჴორცითა და კარვითა მიწისაჲთა, –
სიზრქე უსასოებისაჲ
განმძარცუე, დედაო, რაჲთა
მონანული შეგივრდე შენ!


გალობაჲ მეორე
"ღმერთო მაცხოვარო" – ამათ ზედა


ბუნებითსა რაჲ პორფირსა
თჳთმფლობელობასა თანა
მეფობისაცა შარავანდნი
მარწმუნენ, ხოლო მე ვნებათა ბილწთა
მონებად მივჰყიდე თავი,
რამეთუ ,,რომლისაგანცა ვინ
ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ".

კაენის მკლველებრი ცნობაჲ,
სეითის ძეთა ლირწებაჲ,
გმირთა სიღოდით მავალობაჲ,
ხუთ–ქალაქელთა შეგინებისა მწჳრე, –
უფროჲსად ვამრავალწილე,
ვითარცა რაჲ აღმართ მსრბოლმან
მდინარემან უკეთურებისამან.

მეგჳპტური გულმძიმობაჲ,
ქანანელთ ჩუეულებანი,
მსხუერპლვაჲ ნაგებთაჲ, ზმნაჲ და სახრვაჲ,
კოწოლი თმათაჲ და სხუანი, რომელთაჲ
შენ ჰბრძანე არა მსგავსებაჲ,
უწარმდებესად მოვიგენ
თჳთ მათ პირმშოთა სახეთასაცა.

ამისთჳის იყო ქალწული
და ჴორც-ქმნაჲ სიტყჳსაჲ, რათა
დედობრივთა ოხათა მიერ
ცხოვნდენ ცოდვილნი, რომელთაჲ პირველი,
საშუალი და დასასრული, –
მე ვარ, ვითარცა უფსკრული,
შესაკრებელი ბილწებისა ღუართაჲ.



გალობაჲ მესამე
"რა ჟამს ესმა" – ამათ ზედა


ისრაელისა მეფეთა
ვჰბაძევდ, გარნა უსჯულოთა,
და რავდენ მეძლო, ვსცთებოდე მაღალთა ზედა
კუმევისა, და წარმართთა აღრევისა მიერ,
და ძალთა ცისათა თაყუანის–ცემისა.

ზენაჲსა მოძრაობისა
ასურასტანული ზმნობაჲ,
და ცთომილთა ვარსკულავთა და უცთომელთა
კრებაჲ და განყრაჲ, სუე და ბედი, და შობის დღე.
ვითარ საღმრთოთა უსმენელმან, ვიჩქურენ.

ელლინთა მიერ ვერ ცნობაჲ
სიბრძნითა ღმრთისაჲთა ღმრთისაჲ
და შემოქმედისაგან შექმნულთა მიმართ
ცვალებაჲ თაყვანის–ცემისაჲ სრულვყავ, რაჟამს
თითოეულისა ვნებისა კერპსა ვჰმსახურე.

ამისთვის ღმერთ-მამაკაცებრ
მოქმედ იქნა ზეშთა ღმერთთაჲ,
რაჲთა კაცებრ უწყოდნის ვნებანი ჩუენნი,
და ღმრთეებრ იხსნიდეს ბრალთაგან, რომელთა
ღმრთისმშობელად ქადაგონ ქალწული დედაჲ.



გალობაჲ მეოთხე
"შენდა აღვიმსთობთ" – ამათ ზედა


სჯულნი დავთრგუნენ
წიგნისაჲ, და ახალი ბუნებითი,
და კუალად სჯულისა შენისა
მოწამე, – სჯული გონებისაჲ, – ცოდვისა
და ჴორცთა სჯულსა დავამონე.

თითოეულთა
მჴეცთაგან შეზავებულსა ვემსგავსე
მრავალ-გუარსა და მრავალ-ხატსა,
და სხუა-ჟამად სხუებრ ხილულსა და მკსენარსა.
ბუნებისაებრ თითოეულისა.

არა შევძრწუნდი
მანგლისაგან მფრინვალისა, რომელი
შურსა სიკუდილისასა მიჰჴდის,
რომელნი ჩემებრ მიმდემად ცრუდ ფუცვიდენ
განსაკრთომელსა სახელსა შენსა.

ამისთჳს სისხლთა
ქალწულებრივთაგან ჴორცნი ღმრთისანი,
და ახალი შეზავებაჲ,
ღმერთი და კაცი, რათა იოხდეს დედაჲ
ჩემებრ განწირვით უსასო-ქმნილთა.


გალობაჲ მეხუთე
"დანთქმული ღელვათა" – ამათ ზედა


სოლომონისაჲსა
წურბლისა მსგავსად ვერ მაძღარი
სხუათა სოფლის –
კიდეთა ვეძებდ დასაპყრობელად, და ღმრთისა საზღვართა ვაბრალობდ.

ვითარცა მცირეთა და უნდოთა, –
ჩემისამდე უძღებებისა და გულის–თქუმისა.

ბოროტად გარდავჴედ
საზღვართა, შევჰრთე სახლი სახლსა,
აგარაკი –
აგარაკსა, და უუძლურესთა მივჰხუეჭე ნაწილი მათი.
და ვიღუწიდ ყოვლად უმეზობლობასა,
ვითარმცა მარტოჲ ვმკჳდრობდი ქვეყანასა ზედა.

მბრძოლ ვექმენ ყოველთა
წესთა შჯულისა შენისათა
და ქორწილთა
მიერ ხენეშთა ვჰმძლავრე საწოლსა, და სახეთა ბოროტთა
მიცემითა ვაცოდვე ერი ჩემი,
ვითარცა მეფეთა მისთა- ისრაელი.

ამისთჴს ქალწული
დედაჲ, და შობაჲ ახალი
სიტყჳსაჲ,
რაჲთა ახალი ხატ-ყოფაჲ კულავ მისცეს ცოდვით განმრყუნელთა მისთა,

დედობრივთა რაჲ ოხათა ბრძმედითა
დაადნოს ყოველი ნივთი შეცოდებისაჲ!



გალობაჲ მეექვსე
"ყრმათა ბაბილონს" – ამათ ზედა


ვეცხლი, ვითარცა
მიწაჲ, და ოქროჲ, ვითარ თიხაჲ უბნისაჲ ვიუნჯენ,
თაყუანის–ვეც ანგაჰრებისა მამონას,
ვითარ იგი ძუელთა მათ –
ბაალს და ასტარტეს
და ქამოსს საძაგელსა.


სიტყვაჲ წმიდაჲ და
ბჭეთა ზედა მამხილებელი მოვიძულენ, ხოლო
მლიქნელთა ძმაცული სივერაგე ვითნე,
და შემასმენელთანი
დავიტკბენ ზრახვანი,
და ცრუნი განვსცენ მსჯავრნი.


ცრემლნი ქურივთანი
და ობოლთა ბრგუნვილი ტირილი არაჲ შევიწყალე,
არა განუხუენ ნაწლევნი მოქენეთა,
უფროჲსღა შენ, ქრისტე,
რომელი იზრდები
მცირედითა ზრდითა მათითა.


ამისთჳს შობაჲ
ღმრთისაჲ ადამეანისაგან დედაკაცისა,
რაჲთა მიწით–შობილთა კაცთა ცთომასა,
ვითარცა ღმრთისა დედაჲ,
დაჰჴსნიდეს ქალწული,
და იოხდეს ცოდვილთა.



გალობაჲ მეშვიდე
"შეუწველმან მაყუალმან" – ამათ ზედა


ესენი ვცოდენ სახარებისა სჯულთა
და მცნებათა შენთა შინა, –
მცემელთა რაჲ ყურიმლისა მიპყრობასა,
და გლახაკთათჳს განშიშულებასა,
და რაჲთურთით არა ფიცსა შენ,
სჯულის-მდებელი ჩემი, ჰბრძანებდი
და გულის–თქუმითა მიმხედველობასა
განსრულებულად მრუშებად დასდებდი.


დაღათუ ესრეთ განვხრწნენ ყოველნი გრძნობანი
და ყოვლად ხრწნილება ვიქმენ,
გარნა არავე აღვიხუენ მე ხელნი,
არცა დავდევ სასოებაჲ ჩემი
ღმრთისა მიმართ უცხოჲსა, არცა
უცხოთესლი ვყავ სარწმუნოებაჲ
საწურთელ სულისა, გარეშე მისსა,
რომელ მასწავეს ღმრთისმეტყუელთა შენთა.


და აწ, მომდრეკელი მუჴლთა გულისათაჲ,
ვჴმობ, ვითარცა სხუაჲ მანასე:
მილხინე, ჰოჲ, მეუფეო, მილხინე,
და ნუ წარმწყმედ მე ცოდვათა შინა,
და ნუ იჴსენებ ძჳრთა ჩემთა,
და ნუ დამსჯი მე ქუესკნელთა თანა,
რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაჲ,
ამაღლებულ ზესკნელს ცათა ძალთაგან.


საკუთრად ღმრთისმშობელად გქადაგებთ, უხრწნელო
ქალწულო, და გურწამს, ვითარმედ
პატივი ხატისა შენისაჲ შენდამო
წიაღმოვალს, ღმრთის–მეტყველთაებრ,
და ცოდვილთა მოქცევასა
ანიშებ მის მიერ, ვითარ ცხად-ჰყოფს
თეატროჲ იგი მრჩობლთა სოფელთაჲ,-
სიკეთე ეგჳპტის ღირსი მარიამ.



გალობაჲ მერვე
"მტვირთველმან გამოუთქმელად" – ამათ ზედა


ჟამი რაჲ წულილთა და ჴმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს,
ზარი მეფობისაჲ წარჴდეს და დიდებაჲ დაშრტეს,
შუებანი უქმ იქმნნენ,
ყვავილოვნებაჲ დაჭნეს,
სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ,
სხუასა შეუდგენ სპანი,
მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!


გან-რაჲ-ეღოს წიგნი დღესა შინა სასჯელისასა
და მე ქედდადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად,
მსაჯული მართალ სჯიდე,
მსახურთა რისხვაჲ ქროდის,
მართალნი ნეტარებდენ,
ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი,
მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო!


ვინაჲთგან აღსაარებით გრძნობად და შეკრებად იწყო
ძუალი ძუალს თანა და ნაწევარი ნაწევარსა,
და განჴმელთა მოჰბერა
სული კუალად გებისაჲ,
მრწამს, ვითარმედ აღვსებაჲ
სრულ-ყოს ღმერთმან ჩემ შორის
ყოვლისავე სინანულით აღდგომისაჲ.


მარტიო, სრულო, სამ მზეო, ერთცისკროვნებაო,
განმინათლე მხედველობითი სულისაჲ, რაჲთა
გიხილო ნათელი
ნათლისა უფლისაჲთა,
სულითა ღმრთისაჲთა ძეჲ
გამოგჳბრწყინვო მაშინ
დაუსრულებელთა საუკუნეთა.


არაჲ უხილავს მზესა ქალწული დედაჲ თჳნიერ შენსა,
არცა ჩემოდნად ბრალეულსა-ნათელი მისი,
გარნა მე შენითა
ოხითა, დედოფალო,
ვესავ ხილვად ნათელსა
ძისა შენისასა
და ნათელსა ზეშთა საუკუნეთასა.


(დასასრული)


Last edited by ბობო on Sun Mar 08, 2009 1:35 am; edited 2 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: დავითმეფური საგალობელი   Sun Mar 08, 2009 1:31 am

გრიგოლ აბაშიძე

აღმაშენებელი
(ნაწყვეტი)

დავით აღმაშენებელმა 16 წლისამ დაიდგა თავს სამეფო გვირგვინი.
მემკვიდრეობად და საპატრონოდ მან აოხრებული ქვეყანა მიიღო. საქართველოს დედაქალაქი უცხო დამპყრობთა ხელთ იყო, ისევე, როგორც რუსთავი, სამშვილდე და დმანისი...
მკვიდრი მოსახლეობა სრული მოსპობის ან გადაგვარების საფრთხის წინაშე იყო, რადგანაც სელჩუკები ,,მოეფინენ პირსა ყოვლისა ქვეყნისა, ვითარცა მკალი..."
თექვსმეტი წლის გვირგვინოსანს ქვეყნის დაკნინებისა და დაცემის შესაფერისი მხედრობის მეთაურობა ხვდა წილად - ,,მცირე გუნდი მხედრობისა და იგინიცა დაჯაბნებულნი, მრავალგზის სილტოლვითა უცხენო და უსაჭურვლონი და თურქთა მიმართ წყობისა უმეცარნი და ფრიად მოშიშნი..."
აი, ასეთი ქვეყანა მიიყვანა დავით აღმაშენებელმა აღშენების, კულტურული აღორძინებისა და სამხედრო ძლიერების იმ საფეხურამდე, როცა ქვეყანაში ორი აკადემია ავრცელებდა სწავლა-განათლებას და, როცა იერუსალიმის ჯვაროსანი მეფე თავის ფეხით მოდიოდა ქართველ გვირგვინოსანთან, რათა მუსულმანთა წინააღმდეგ ომში შეწევნა და თანადგომა ეთხოვა.
დაქვეითებული და დაუძლურებული ბიზანტიის შემდეგ დავით აღმაშენებლის საქართველო ერთადერთი ქრისტიანული სახელმწიფო იყო ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც ძალა შესწევდა წინააღდგომოდა მუსულმანთა მოძალებას.
საქართველო თავს ,,ახალ რომად" აცხადებდა, ხოლო ,,ახალ იერუსალიმად" და ,,ახალ ათენად" წოდებული გელათი დასავლეთის კულტურის კანონიერი მემკვიდრის როლში გამოსასვლელად ამზადებდა ეროვნულ მეცნიერებასა და ხელოვნებას.
,,ქართველნი ვართ ნათესავით მხნენი და მხედრობითა აღზრდილნი და მარადის ჭირვეულსა ცხოვრებასა ჩვეულნი... მცირედნიღა ვინ ჩუენნი მომკუდარ არიან სარეცელსა ზედა თავისსა მშვიდობით", ამბობს დიდი ქართველი მხედართმთავარი გრიგოლ ბაკურიანისძე...
ვახტანგ გორგასლით დაწყებული და ერეკლე მეფით დამთავრებული, ქართულ მხედრულ გენიას არაერთხელ გაუელვებია თვალსმომჭრელი ელვარებით და არაერთხელ განუცვიფრებია აღმოსავლეთი და დასავლეთი... მაგრამ ქართველთა ვერც ერთი გამარჯვება ვერ შეედრება თავისი ისტორიული მნიშვნელობითა და საერთაშორისო რეზონანსით დიდგორის გამარჯვებას, რომელსაც მემატიანემ სამართლიანად ,,ძლევაი საკვირველი" უწოდა. ამ საკვირველი ძლევის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი დავით აღმაშენებელი იყო.
დიდგორის ომი ქართული სამხედრო ხელოვნების მწვერვალია და იგი სამუდამოდ დარჩა იმის მაგალითად, თუ რა სასწაულის ჩადენა შეუძლია სამშობლოს სიყვარულის უძლეველი სულით ანთებულ ერს, როცა მას ბრძენი მეთაური ჰყავს და როცა თითოეულ მებრძოლს შეგნებული აქვს თავისი მოვალეობა ქვეყნისა და მომავლის წინაშე.
დიდგორის გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოსათვის ქვეყნის შიგნითა და გარეთ.
ქართველთა ძლევამოსილების ამბავი მთელმა მსოფლიომ გაიგო. მტერმა და მოყვარემ, ყველამ ირწმუნა, რომ ახლო აღმოსავლეთში საქართველოს სახით გამოდიოდა ახალი უძლეველი ძალა, და რომ ამიერიდან საქართველოსათვის ანგარიშგაუწევლად ამ რეგიონში მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები ვეღარ გადაწყდებოდა.
დავითის მიერ ქვეყნის შიგნით ჩატარებული რეფორმებისა და გარეშე მტრების თავდასხმებისაგან მოსვენების შედეგად საქართველო დამშვიდდა და მოშენდა, მთლიანად განთავისუფლდა და გაერთიანდა. ამ გაერთიანებულ საქართველოს ძალა შესწევდა თავის უშუალო მეზობლებზე ეზრუნა: დავითი სასტიკად ამარცხებს შირვანის დასაპყრობად გალაშქრებულ სულტანს და სომეხთა თხოვნით ათავისუფლებს ანისს.
ქართველთა მეფის ამ გამარჯვებებმა აღაფრთოვანა კავკასიის ხალხები. ისინი ძლიერ საქართველოში თავიანთ ქომაგსა და მფარველს ხედავდნენ და საერთო მტრის წინააღმდეგ ომებში ქართველთა ლაშქრის მხარეზე იბრძოდნენ.
ამას დავით აღმაშენებლის ბრძნული პოლიტიკაც უწყობდა ხელს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ იგი სხვათა სარწმუნოების მიმართ ტოლერანტობას იჩენდა - იგი ისევე კრძალვით დადიოდა მუსულმანთა მიზგითსა და სომეხთა ეკლესიებში, როგორც ქართულ ტაძრებში, მათაც უხვად სწირავდა დახმარებას და მათგან მადლიერებით იღებდა ლოცვა-კურთხევას.
დავითის მიერ აღორძინებულმა და გაძლიერებულმა საქართველომ ერთ საუკუნეს იარსება და მხოლოდ მონგოლთა ყოვლის წამლეკავმა ტალღამ შეწყვიტა ის დიდი აყვავება, რომელიც რუსთაველის ეპოქად იწოდებოდა.
მადლიერმა შთამომავლობამ ქვეყნის აღორძინებაში უდიდესი დამსახურებისათვის მეფეს აღმაშენებელი უწოდა, ხოლო ბრძოლის ველზე არაერთი სახელოვანი გამარჯვება იმით უკვდავჰყო, რომ საქართველოს ძლევამოსილ სახელმწიფო დროშას გორგასალის სახელთან ერთად დავითიანიც შეარქვა და დიდხანს ქართული დროშა ,,გორგასლიან-დავითიანად'' იწოდებოდა.
არაერთხელ, როცა დავითის გამარჯვებებს ასხამს ხოტბას მემატიანე, მას ალექსანდრე მაკედონელს ადარებს: ,,თუ არა ქართველთა ოდენ სპითა ვერც არას ალექსანდრე იქმოდა კარგსა. და თუმცა დავითს სპარსთა ჰქონებოდა მეფობა, ანუ ბერძენთა და ჰრომთა ძალი, ანუ სხვათა დიდთა სამეფოთა, მაშინმცა გენახნეს ნაქმნარნი მისნი, უაღრესნი სხვათა ქებულთანი''.
ამ სტრიქონებში გამოსჭვივის ის მარადიული სევდა მცირერიცხოვანი ერის შვილისა, რომლისთვისაც ვიწროა სამშობლოს საზღვრები უდიდესი ენერგიის მთლიანად გამოსავლენად.
დავით აღმაშენებელი არა მარტო ხმლით დამაშვრალი წასულა ამ ქვეყნიდან. იგი წიგნის დიდი მოყვარული ყოფილა. საყვარელ საკითხავ წიგნებს ლაშქრობაშიც თან ატარებდა თურმე. უფრო მეტიც, იგი შესანიშნავი პოეტიც ყოფილა და თავისი დიდი სეხნიის დავით წინასწარმეტყველის მსგავსად, მასაც, ვითარცა ღვთის წინაშე შემცოდეს, გულმდუღარე აღსარება ლექსისათვის გაუნდვია და ჩვენთვის უაღრესად მაღალი პოეტური ნაწარმოები ,,გალობანი სინანულისანი'' დაუტოვებია.
დავით აღმაშენებლის საქმის გამგრძობი და მისი პირდაპირი სულიერი მემკვიდრე ილია ჭავჭავაძე თავისი დიდი წინაპრის ღვაწლსა და შთამომავლობის წინაშე დამსახურებას რომ აფასებს, დაასკვნის: ,,ამ მართლა დიდებულმა მეფემ ერთად მოუყარა თავი ქართველობას, აოხრებული ქვეყანა ააშენა, მტერი გაუფრთხო და გაუფანტა, და დღეს თუ ჩვენს ბინაზედ ვართ - ეს იქნება იმისი ღვაწლი, იმისი სამსახურიც იყოს."
ძნელია ამაზე უკეთ შეჯამება იმ ადამიანის ღვაწლისა და ცხოვრებისა, რომლის ხსოვნის წინაშე დღეს მოწიწებით ხრის თავს მთელი საქართველო.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: დავითმეფური საგალობელი   Sun Mar 08, 2009 1:40 am

უცნობი ავტორი

,,ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი"
(ნაწყვეტი)

...მას ჟამსა იყო ჰასაკითა თექუსმეტისა წლისა, ხოლო ქრონიკონი სამას და ცხრა. ამას მარტოდ შობილსა გიორგისგან თჳთ მამამან დაადგა გჳრგჳნი მეფობისა და, უჭეშმარიტესი ვთქუათა, ,,თჳთ მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონა თჳსი, და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას რამეთუ ჴელი მისი შეეწეოდა მას, და მკლავმან ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა" ვიდრემდის ,,დავსდვა ზღუასა ზედა ჴელი მისი და მდინარეთა ზედა მარჯუენე მისი." გარნა შრომითა ფრიადითა და ღუაწლითა ძლიერითა მრავალთა დღეთა შემდგომად იქმნა ესე, ვითარცა წინამდებარემან სიტყუამან ცხად ყოს...
ხოლო აქუნდა ამას ყოვლად ბრძენსა მეფესა საქმედ ესე-ცა, რომლითა უმეტეს ყოველთა საშიშად საზარელ იყო ყოველთა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო მის ზედა ნიჭი ესე და საქმე ყოვლად საკჳრველი. არა-რა შორიელი არ-ცა სამეფოთა შინა მისთა, არ-ცა ლაშქართა შინა მისთა მყოფთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, საქმე ქმნილი, კეთილი გინა სიტყუა ბოროტი თქმული, -არა-რა დაეფარვოდა ყოვლად-ვე, არამედ რა-ოდენ-ცა ვის ფარულად ექმნის ანუ თუ ეთქჳს, ყოველი-ვე ცხად იყო წინაშშე მისსა, ვიდრემდის გულის-სიტყუანი-ცა და მოგონებანი ვიეთნი-მე მიუთხრნის მათ, რომელთა ზარ-განჴდილ ყვნის. და მონაზონთა განშორებულთა ეკლესიამდე ზომით იცოდის, და მოთმინებისათჳს აქებდის და ნატრიდის. ნუ ამას ეძიებ, მკითხველო, თუ ვითარ იქმნებოდა ესე, არამედ ამას იცნობდა, თუ რა სარგებელი პოვის ამათ მიერ. რამეთუ არა თუ ცუდად რად-მე და განსაკითხავად საგიობელთა საქმეთად, ანუ საკიცხელად ვიეთთათჳს-მე იქმოდის: ნუ იყოფინ ესე, წარვედ!
არამედ დიდნი საქმენი და ფრიად სასწრაფონი წარმართნა ამით. და მარავალთა კეთილთა მიზეზ იქმნა ესე: პირველად ორგულებასა, და ღალატსა რასა-მე ვერ-ვინ დიდი-ა ანუ მცირეთაგანი იკადრებდა მოგონებად-ცა, არა თუ თქმად ვისდა, არ-ცა თუ მეუღლესა და ცხედრეულსა თჳსსა თანა, ანუ მოყუასსა თჳსსა, გინა ყრმათა თჳსთა თანა, ვინათგან ესე მტკიცედ უწყოდა ყოველმან კაცმან, რომელ პირით აღმოსლვასა-ვე თანა სიტყჳსასა საცნაურ ქმნილ არს უეჭველად წინაშე მეფისა. და მრავალნი განპატიჟებულ-ცა იყვნეს და მხილებულ ესე-ვითართათჳს. ამისთჳს-ცა ვერ ოდეს ვინ განიზრახა ღალატი რაითურთით დღეთა მისთა, არამედ იყო ყოველთაგან საკრძალავ და სარიდო...



ვიკიპედიიდან:

დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073, ქუთაისი ― გ. 24 იანვარი. 1125), საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.

განაგრძე კითხვა - http://ka.wikipedia.org/wiki/დავით_აღმაშენებელი

Exclamation


დავით აღმაშენებლის მონეტა

ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში მუზეუმში დაცულია სპილენძის უნიკალური მონეტა, სავარაუდოდ 1118-1125 წწ. მონეტაზე გამოსახულია გვირგვინოსანი მეფე ბიზანტიურ საიმპერატორო სამოსში და მოცემულია ერთიანი საქართველოს მეფეთა სრული ტიტულატურა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“.

Idea


Last edited by ბობო on Sun Mar 08, 2009 2:09 am; edited 2 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: დავითმეფური საგალობელი   Sun Mar 08, 2009 1:46 am




ილია ჭავჭავაძე


დავით აღმაშენებელი


არ ვიცით, სხვა როგორ ჰფიქრობს და ჩვენ კი ასე გვგონია, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს - ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ, - რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც. ისტორია თავის გულის ფიცარზედ იბეჭდავს მარტო სულისა და გულის მოძრაობას ერისას და ამ დაბეჭდვითა, როგორც სარკე, გვიჩვენებს იმ ღონესა და საგზალს, რომელიც მომადლებული აქვს ამა თუ იმ ერსა დღეგრძელობისთვის და გაძლიერებისთვის.
უკეთესნი და უდიდესნი მოქმედნი ერისა ხომ სხვა არ არიან-რა, თუ არ ერის გულის-ნადების და წყურვილის გამომეტყველნი და გამახორციელებელნი, რომელნიც ამის გამო თითქო შემოქმედობენ, თითქო ჰქმნიან ისტორიასა. ამიტომაც ეს ამისთანა მოქმედნი, ვანბობთ ჩვენ, დაუვიწყარნი უნდა იყვნენ, თუ ერს კიდევ ერობა ჰსურს და დედამიწის ზურგიდამ მტვერსავით ასაგველად არ გადაუდვია თავი. დავიწყება ამათი - საკუთარი ვინაობის დავიწყებაა. და თუ კაცს თავისი ვინაობა არ ახსოვს, რიღას მაქნისია? იგი ნადირია, რომელსაც, რაკი დედის ძუძუს მოჰშორდება, აღარ ახსოვს თავის მშობელი და სიცოცხლის მომნიჭებელი. გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ. ამათ სხვა სამსახურიც მიუძღვით ჩვენ-წინ. ისინი ცხოველი მაგალითებია იმისი, თუ რა სიმაღლემდე შეუძლიან ერს ამა თუ იმ გარემოებაში მიაღწიოს. რამოდენადაც დიდ-ბუნებოვანია ამისთანა მომქმედი, რამოდენადაც ეს დიდ-ბუნებოვნება ხშირია რომლისამე ერის ისტორიაში, იმოდენად უფრო უტყუარი საწყაო გვაქვს ხელთ ერის სიკეთის, ძალ-ღონის და შემძლეობის აწყვისათვის. თუ გუშინ იყვნენ ჩემი სისხლისა და ხორცის დიდებულნი და სახელოვანნი კაცნი, რა მიზეზია, რომ ხვალაც არ გამოჩნდნენ, თუ გარემოების იგივეობას ვიგულისხმებთ.
გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა მნიშვნელობაცა აქვთ ერისათვის. ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონეს და შემძლეობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს, ზოგს დიდ-ბუნებოვნების შარავანდედითა, და თაყვანს-სცემს სასოებით და მადლობითა, ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყარობა.
,,ჩვენთვის, ადამიანებისათვის, საჭიროაო, - ამბობს ბრძენი სენეკა, - იმისთანა კაცი, რომ მის მიხედვით და მაგალითით შევიძლოთ საკუთარის ხასიათის გაწვრთნა და გამტკიცებაო. ოჰ, რა ბედნიერია იგი, ვინც არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის ჩვენ , არამედ მარტო თავისი სახელის ხსენებითაცაო".
ამისთანა ბედნიერი დავით აღმაშენებელია საქართველოს ერისთვის. მისი მიცვალების დღე 26 იანვარია (ახალი სტილით 8 თებერვალი). ხოლო საქართველოს ეკლესია, რომელიც ყოველთვის თავდადებით ჰპატრონობდა ჩვენს ერს და არასდროს დიდებას ერისას დავიწყებას არ აძლევდა, 26 იანვარს აქებს და ადიდებს სახელოვანს დავით მეფეს, რომელსაც უტყუარმა განაჩენმა ერისამ ეკლესიის დალოცვითა და კურთხევით, აღმაშენებლის სახელი დაარქვა საუკუნო სახსენებლად. ამ მართლა-და დიდებულმა მეფემ ერთად მოუყარა თავი ქართველობას. აოხრებული ქვეყანა ააშენა, მტერი გაუფრთხო და გაუფანტა, და დღეს თუ ჩვენ ჩვენს ბინაზედ ვართ, - ეს იქნება იმისი ღვაწლი, იმისი სამსახურიც უფრო იყოს. დიდება სახელსა მისსა!..
ხოლო დავით აღმაშენებელი სადიდებელისა ჩვენგან არა მარტო სახელოვან მეფობითა, არამედ თავის დიდ-ბუნებოვან კაცობითაც. იგი, თავგადადებული მოყვარე თავის ეროვნებისა და მართლმადიდებლობის სარწმუნოებისა, დიდ პატივისმცემელი იყო სხვისი ეროვნებისაც და სარწმუნოებისა. ამისთანა შემწყნარებელი სხვისა მაშინ, როდესაც იგი ყოვლად-შემძლებელ მბრძანებლად შეიქმნა სხვადასხვა თესლის და სხვადასხვა სარწმუნოების კაცისა, ამისთანა სხვა ერის ღირსების თაყვანისმცემელი იმ დროში, როცა კაცი კაცს შესაჭმელადაც არ ჰზოგავდა, ამისთანა კაცთმოყვარული პატივისცემა სხვის ეროვნებისა, სხვის სარწმუნოებისა, ნუთუ საკვირველი და საოცარი მაგალითი არ არის მე-12 საუკუნის კაცისაგან!
...ყოველივე ეს დიდსულოვნება და სულგრძელობა დავითისა მაშინ არის მომხდარი, როცა ძლევამოსილი იგი მეფე სრულად გაბატონდა თავის ქვეყანაში და, მაშასადამე, ამისთანა პატიოსანი და განათლებული ქცევა მარტო იმის დიდ-ბუნებოვან გულს და გონებას უნდა მიეწეროს და არაფერს სხვას. იმას აღარ ვამბობთ, რომ სნეულთა, უღონოთა და საპყართათვის დავითმა ააშენა სამკურნალო, თითონ ხშირად დადიოდა ამ უბედურთა სანახავად და მოსაკითხავად.
აი ეს დიდებული მეფე - რა დიდებულ კაცურ-კაცის სახესაც მოგვივლენს თვალ-წინ და რა თავმოსაწონებელს საბუთს გვაძლევს ხელთა. აი ამისთანა კაცის ხსენებაა გამაცოცხლებელი ერისა და ამისთანა კაცის არ-ხსოვნა მომაკვდინებელ ცოდვად უნდა ჩაეთვალოს ერსა, რომელმაც იგი ჰშვა და თავის ძუძუთი გამოჰზარდა. ჩვენმა დამცველმა ეკლესიამ ეს კარგად იცოდა და ამიტომაც 26 იანვარი დაგვინიშნა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც გავიხსენოთ ეს ქართველთათვის თავმოსაწონებელი დიდებული მეფე, დიდებული კაცი.
კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო - ამბობს ჩვენი ერი: - ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებელია, როგორც დავით მეფესა. აქ აღამშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა - წაიყოლა სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი.

გაზეთი ,,ივერია", #17, 1888 წ.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: დავითმეფური საგალობელი   Sun Mar 08, 2009 1:47 am



გრიგოლ რობაქიძე

დავით აღმაშენებელი

ეს მეფური მართვა-კიდევ უნდა დავლოცოთ გენია ქართული სიტყვისა: "მართვა", ანუ დგინება "მართლისა"-ეს მეფური მართვა, საკრალურად მიჩნეული, გვხვდება არა მარტო ქართულ მითოსში, არამედ ქართულ "ისტორიაშიც".

"რამეთუ თქვენ ხელმწიფენი უფალგყვა ღმერთმა ქვეყანასა განგებასა"-ვკითხულობთ გიორგი მერჩულის უკვდავ ნაწარმოებში: "ცხოვრებაი წმინდა გრიგოლ ხანძთელისა", "სამეფო ტახტი მერწმუნა პირველ ღვთისაგან და მერე მშობელთა ჩემთაგან"-ამბობს დიდი დედოფალი თამარ. კიდევ უფრო საოცარი: საქართველოში ჩვენ გვხვდება თვით "მეფე-ღვდელიც". სახელი მისი აღმაშენებელი დავით, დიდი მხედარი და ნათელმოსილი პიროვნება. ომში მას "საღმთო წერილიც" მიჰქონდა ხოლმე თან. ერთხელ "სამოციქულოს კითხვამ ისე გაიტაცა იგი, რომ კინაღამ წააგო ბრძოლა მან. თავის სახელს იგი სჭრიდა ფულზე ხან როგორც "ხრმალი ქრისტესი" ხან კი როგორც "ყრმა ქრისტესი": ხრმალი აქ მეფეა, ყმა კი "მღვდელი". გავიხსენოთ Saint Bernard და მისი "Règle de l'Ordre du Temple", მის მიერ როგორც "Milice de Dieu", წოდებული. ჯვაროსანთა მიერ დავითი უდიდეს პიროვნებად იყო მიჩნეული. მოვიყვანოთ ის ცნობანი, რომელნიც შესანიშნავად "მონივთა" ზ.ავალიშვილმა თავის ცნობილ ნარკვევში. 1109 წელს პარიზში მიიღეს ჯვარი, რომელზედაც ქრისტე აცვეს გადმოცემით. გამომგზავნი იყო ანსელიუს, წმინდა საფლავის კანტორი იერუსალიმში. ჯვარი დაასვენეს დიდი მოწიწებით ერთ პატარა ბაზილიკაში, რომლის ალაგს შემდგომ აღიმართა ცნობილი ტაძარი "Notre Dame". 1793 წელს, რევოლუციის დროს, ეს ტაძარიც დაარბიეს და ააოხრეს: ჯვარი დაიკარგა უკვალოდ. კანტორი სწერს თავის ეპისტოლეში: მე ეს ჯვარი საქართველოს მეფის დავითის ქვრივისაგან მივიღეო. ნუ გამოვუდგებით აქ ისტორიულ შეცდომას: დავითი იმ დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ჩვენთვის საგულისხმოა ეპისტოლეში ერთი თქმა: დავითმა "გოგსა და მაგოგს" კასპიის ბჭენი გადაურაზა და გზები მოუჭრაო.

ვინ არიან ეს გოგი და მაგოგი? ჰინდოარიულ ტრადიციაში ხშირად იხსენიება "საკრავატრი": მეფე ქვეყნისა, რომლის სამყოფელ ადგილად იგულვებენ ჩრდილო პოლიუსის არეს, საიდანაც იგი ებრძვის ბნელსა და ქაოტურს. "მზე-მეფენი"-გადმოცემათა მიხედვით-ამ "საკრავატრის"-ის მსახიერებელნი არიან, რომელნიც ავსა და უკუღმართთან ბრძოლაში წარღვნას გადაურჩებიან ხოლმე და მაღალ მთებს აფარებენ თავს-გავიხსენოთ ნოე და მისი კიდობანი. ისინი მეფეებად ითვლებიან თორმეტისა: როგორც ზიგფრიდი, კარლოს დიდი და მეფე არტუს. ხალხთა თქმულებაში ამნაირადვე ისახება ალექსანდრე დიდი, აგრეთვე ცეზარიც. ახლოვდება თუ არა ბნელი ხანა, ანუ "ღმერთთა დაბნელება", ეს მზე მეფენი ევლინებიან კვლავ ქვეყანას სხვადასხვა განპიროვნებით, აღვივებენ თავიანთ ქმედებით ძალას ღვთიურისა მოწოლილი ბნელისა და ქაოტიურის წინააღმდეგ. გოგი და მაგოგი, ტრადიციათა ცნობით, ხალხია: ბოროტისა და უკუღმართების მატარებელნი. საკვირველი არაა, თუ ეს რწმენა გაცხოველდა ჯვაროსანთა რიგებში, რომელნიც იბრძოდნენ წმინდა საფლავის განთავისუფლებისათვის. და აი ერთი ჯვაროსანი აღნიშნავს სიხარულით-დავითმა, საქართველოს მეფემ, გოგსა და მაგოგს კასპიის საზღვარზე ბჭენი გადაურაზაო. და ვის შეეძლო ეს, თუ არა "მზე მეფეს", ანუ "მღვდელ მეფეს"?

ხედავ კარდუ, სად ასულა სახელი აღმაშენებლისა? გავყვეთ ქვევით. სირიაში და პალესტინაში საქრისტიანო სამთავროების დაარსებით საგრძნობლად შელახეს მუსლიმის სამფლობელო. ხოლო უკანასკნელი არ თვლის თავის თავს დამარცხებულად: იგი იკრებს ძალას და უცდის ხელსაყრელ ჟამს, რომ შეუტიოს ჯვაროსნებს და უკუაგდოს იგინი. 1119 წელს ნადიმ ედდინ ელღაზმა, ალეპოს სულტანმა, დაამარცხა ანტიოქიის მმართველი როჟერ, ანტიოქიელად წოდებული. მუსლიმთა სამფლობელოს იმედი მიეცა. ხოლო ამ იმედს ჩრდილიც მოადგა: სწორედ იმ დროს მძლავრდება ჩრდილოეთში ერთი საქრისტიანო მხარე: საქართველო. მუსლიმთა წინაშე გეგმა წამოიჭრა: ჯერ საქართველოს მოსპობა და შემდეგ ჯვაროსანთა გარეკვა, გეგმა სწორი და კარგად ნაანგარიშევი. 1121 წლის აგვისტოში, საქართველოს მოადგა ნადინ ედდინ ელღაზის მეთაურობით დიდი ლაშქარი: 600.000 მხედარი-არაბები, სელჯუკები, თურქმენები. აგვისტოს 14-ს დიდგორის ველზე დავით აღნმაშენებელმა დიდი საომარი ოსტატობით დაამარცხა ეს ურდოები. ნადინ ედდინ ელღაზ თავში დაიჭრა და განადგურებული ჯარი უკუიქცა. დავითმა გაანთავისუფლა ტფილისი საემიროსაგან და ძველი ქალაქი სომხეთისა ანი საქართველოს შემოუერთა.

ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა დიდ შთაბეჭდილებას გამოიწვევდა ჯვაროსანთა რიგებში დიდგორის გამარჯვება. დავითმა ამ გამარჯვებით არა თუ იხსნა მხოლოდ საქართველო განსაცდელისაგან, არამედ ამით მან ფასდაუდებელი დახმარებაც გაუწია ჯვაროსნებსაც.

და აი იზრდება მისი სახელი ლეგენდათ კიდითი კიდემდე. ერთი ინგლისური ქრონიკა-როგორც ეს აქვს მოყვანილი ტიტე მარგველაშვილს ერთს ისტორიულ ნარკვევში, აგრეთვე ა. სანდერსს წიგნში "კაუკაზიან"-მოგვითხრობს: დავითმა, საქართველოს მეფემ, დაირქვა სახელი "Presbyter Johannes", გადავიდა აღმოსავლეთში და იქიდან მოდის ეხლა საქრისტიანოს მოსაშველებლადო.

"აი დავით, დიდი მეფე ჩვენი, შენ მიერ კურთხეული კარდუ!"
"იგი მარჯვენაა ჩემი!"
"მარჯი შენს მარჯვენას, კარდუ!"
მინაწერი.
1. წინადადებას ვიძლევი: გადაუშალოს აქ მოყვანილი "მადანი" რომელიმე მკითხველმა რომელიმე მკვლევარს დიდ კულტურათა. დაინახავს: მკვლევარი განცვიფრებული დარჩება.
2. როცა ჩვენ ვაცნობთ ხოლმე საქართველოს უცხოელებს, ზემოთქმულიდან უნდა გამოვდიოდეთ-თორემ "ისე" ჩვენს სიტყვას ზრდილობით მოისმენენ. ეს როგორც "რჩევა."

study
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: დავითმეფური საგალობელი   Sun Mar 08, 2009 1:51 am


დავით აღმაშენებლის საფლავის ქვა

Arrow

ანა კალანდაძე

***
ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით
ფეხი ყოველან,
წყალობა ჰყავით...
საქართველოის ყოველის მპყრობელმან
ვისურვე, დავით...
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით...
- ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო,
მიუტევები?
ღირსმსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი "ნიკოფსიითგან დარუბანდამდე"...
თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოვდილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
- გულზე დამადგით, ფეხი დამადგით,
გულზე ყოველთა...


Idea



***
აღმაშენებელს -
მეფეს და სარდალს
ხედავთ, როს შეხვალთ
გელათის საყდარს:
თვალს არ აშორებს
ის ქართველთ კერას,
სად გული მისი
გუგუნებს ჯერაც!
პირდაპირ მისა
ბიბლიურ დავითს
აღუვლენია
სიმების ჟღერა...
უუძველესი
მზის ქვეშე ხალხი,
ვით შეწყვეტს სუნთქვას
და გულთა ძგერას?!



***
ამხედრებულა თვის ბედაურზე,
მიეჩქარება აღმაშენებელს,
წამოუკეცავს კაბის კალთები...
გულგოროზია ესე ჩვენება...
ჯაჭვი აცვია, უპყრია ხმალი
ბრძოლათა შიგან თანამგრძნობელი...
გეზი აიღო კახეთისაკენ,
კვლავაც... დაიხსნას შვიდი სოფელი,
შვიდი სოფელი კვლავ გამოიხსნას
(მოუსვენარი ფიქრი შთენია):
ჩამოუვლია მათ შარაგზებზე,
ქართული სიტყვა... ვერ უსმენია...
მიეჩქარება აღმაშენებელს...

Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავითმეფური საგალობელი   Sat Dec 18, 2010 10:38 am


გიორგი გეგეჭკორი - "მეფე დავით აღმაშენებელი" (ციკლიდან: "საქართველოს მეფეები").



მურმან ლებანიძე

ეპილოგი პოემისა "ანისის აღება"

ბრუნდებოდა, სპა ანისით ბრუნდებოდა,
სად მახვილით სამართალი ვყავით.
ოცდაათი წელიწადი სრულდებოდა,
აზიაში ხრმალს იქნევდა დავით.

ღმერთს ჭეშმარიტს და ერთადერთს მსახურებდა:
შავს ჰუნეზე ქვიშისფერი ჩაჩქნით
ჯდა, და ბორცვებს სომხეთისას გაჰყურებდა
დამძიმებულს საქართველოს ლაშქრით.

ქმნა მართლისა სამართლისა აღგვამაღლებს,
განგვალაღებს ძლევა მტერთა ჩვენთა,
მაგრამ მეფეთ უცნაური ხმაც განაგებს –
უცებ დავითს მოეძალა სევდა...

სევდა იგი უკვდავი და მარადია,
ნუვინ ჰგონებს – ზადია და ხინჯი!
სევდა იგი პოეტების ტალანტია
და მეფეთა ოდენ დიდთა ნიჭი!

მაგ სევდაში – დაღლაა და სიბერეა!
სხვა რა რჩება უკანასკნელ გზამდე?!
უკვე გქონდა ვებერთელა იმპერია
გადაშლილი, დავით, ზღვიდან ზღვამდე!

რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, მტრიანი,
მაგრამ ქრისტედ, აღდგენილად მკვდრეთით,
უკვე გქონდა საქართველო მთლიანი
და მთლიანზეც ბარე ორჯერ მეტი!

დიდს დიდებას, მოპოვებულს მახვილით,
მათრობელა ბანგი ახლავს ზმირინის;
უკვე გქონდა ხანძარივით სახელი
ჰრომს, აფრიკეთს, ევროპს ხმაგასმენილი!

აღესრულნენ ოცნებანი ფერადნი:
სხვად ათინად და უაღრეს მისად,
უკვე გქონდა, უკვე გქონდა გელათი
საყდრად ქვეყნის და საძვალედ თვისად...

არარაის იყავ, დავით, მთხოველი,
უკვე გქონდა წილად უფლისანი
წყალობანი, წყალობანი ყოველნი,
გალობანიც
სინანულისანი.

1970

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავითმეფური საგალობელი   Sat Dec 18, 2010 12:12 pm




მურმან ლებანიძე

მიჰყვებოდა ლომს აღალი ტონანახევარი წიგნით...

თქვენ თქვენს წარსულს ეფერებით,
თქვენს კერპებთან ქედსაც იხრით,
შევაჯიბროთ მეფეები
რა მხრითაც გსურთ,
იმ მხრით!
სხვას ვის ჰყავდა მეფე დავით,-
მკლავით, გულით, ჯიგრით!
ხასიათით-ომში ავით,
შემწყნარებლით-
შიგნით!
ოცდაათ წელს-უძილობით,
ქვეყნის ხსნაზე ფიქრით,
ჭმუნვით, სევდის უძირობით,
წვერ-ულვაშში-
ჭირხლით!
მიდიოდა ომს მაღალი
(,,მაღალს"-არ ვწერ ლიქნით!)
მიჰყვებოდა ლომს აღალი
ტონანახევარი
წიგნით...
. . . . .
რაკი წიგნი მოჰყვა სიტყვას,
დავით არა მარტო მერჩულს,
სხვათა შორის ესეც ითქვას,
კითხულობდა
ბერძნულს...
კითხულობდა სხვათ ელიტას,
არა მარტო მტბევარს,-
,,ფილასოფოსთ მათ ელინთა
ღრმად სიბრძნეთა
შევალს..."
კითხულობდა სომხურს, სპარსულს,
უკითხავდა ჯალაბს
არაბულად თარგმნილ ჩან-ჯუს,
იბნ-ალასარს-
არაბს...
რაიც თურქულს შეეხება,
თურქის წიგნის მარაგს,
თურქი-ოთხფეხს ერეკება,
ასდევს მტკვარს და
არაგვს,
თურქი-დუმით ნასუქია,
თურქს ჯერ წიგნი არ აქვს...
უკაცრაულ პასუხია,
ცხვარს აძოვებს
ბალახს...
. . . . .
ჩვენ პატარა ხალხები ვართ,
ჩვენც ჩვენს წარსულს ვეფერებით,
იქნებ მართლა ბალღები ვართ,
რომ ვამაყობთ
მეფეებით!
ჩვენ წარსული ჩვენი გვაწყობს,
ვიკვებებით ლეგენდებით,
კი, ბატონო, ვწუნობთ აწმყოს,
ისტორიას
ვეკედლებით.
ეგ მისთვის, რომ ტლუ ვართ ოდეს
და თქვენს თვალში ვჩანვართ ბალღად,
არ გვეძრახვის, ვოცნებობდეთ
ჩვენც ოდესმე
ვიქცეთ ხალხად...
სხვას ვის ჰყავდა მეფე დავით,-
მკლავით, გულით, ჯიგრით!
ხასიათით-ომში ავით,
შემწყნარებლით-
შიგნით!
მიდიოდა ომს მაღალი
(,,მაღალს" არ ვწერ ლიქნით!)
მიჰყვებოდა ლომს აღალი
ტონანახევარი
წიგნით!
. . . . . .
კი, ის დრო სჯობდა,-
იყო შანსი გულის მოფხანის,-
პრობლემა რთული
(შედარებით!)
წყდებოდა მარტივად...
,,აქუნდის ესე ჩვეულებად" აღმაშენებელს,-
გვითხრობს ესრეთ ,,ქართლის ცხოვრება",-
გადვიდოდაო
ზამთრის პირზე განზრახვით აფხაზეთს,
გადაბრძანდებოდა
დავითი ქუთაისს,
მოიხილავდა
გელათს,
გეგუთს,
განისვენებდა...
(მსტოვრების
თვალის ასახვევად იქმოდა ამას!)
ჩამოიტყუებდა ასერიგად
შუა ქართლში
საზამთროდ
თურქმანს...
ხოლო სცნობდნენ რა სიშორეს მისას,
აიძვროდნენ რა
სამხრეთიდან მყრალი ფალანგები
ცხვრით და ხარ-ძროხით,
დედა-წულით,
დედაბუდიანად,
ჩამოდგებოდნენ რა ავჭალას, დიღომს და ბარდავს,
შეესეოდნენ რა ხეობებს
ივრისას,
მტკვრისას,
მოედებოდნენ რა ქვეყანას ვითარცა მკალნი,
,,არა ჰრულოდა მეფესაო",-განავრცობს ესრეთ
მემატიანე დავითისი
მოთხრომას თვისას,
აღისრბოლებოდა ,,ვეფხი ფრთოვანი",
გადმოათხრევინებდა მთას თოვლიანს,
გადმოტოპავდაო
ქედს ლიხისას
გაცეცხლებული,
დახვდებოდა მზაობით სპაი,
ჩამოუქროლებდა ჟანგიან ფალანგებს,
დააცხრებოდა წვირიან თურქმანს,
ააჭყვიტინებდა
კოლტს ღორისას
ვიტარცა ფოცხვერი,
დააყრევინებდა საბრალთ თავებს,
,,აღიღის ტყვე და ალაფი ურიცხვიო",
გამოირეკავდა
ნაალაფარ ცხვარსა და ძროხას...
კი!
ის დრო სჯობდა,-
იყო შანსი გულის მოფხანის,-
პრობლემა რთული
(შედარებით!)
წყდებოდა
ადვილად!



Last edited by Admin on Mon Aug 12, 2013 9:03 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავითმეფური საგალობელი   Sat Dec 18, 2010 12:32 pm




დავით აღმაშენებელი

ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი

ნებითა ღმრთისაჲთა მე, დავითს, მიწყიეს.
ჟამსა ჩემსა შარვანსა ზედა განმართვისასა შევევედრე შეწევნად ჩემდა შესავედრებელსა ჩემსა წმიდასა მამასა შიოს, ვიხილე ეკლესიაჲ ჩემ მიერ აღშენებული, დასრულებულად და მივიღე ლოცვა ყოველთა მამათაჲ.
და სასომან და განმანათლებელმან ჩემმან, ბერმან არსენი, მიბრძანა ამის ანდერძისა დაწერა. ხოლო დაკლებული სისწრაფისაჲ არს.
თუ ინებოს ღმერთმან ჩემი შემოქცევაჲ, უმჯობესად შეიცვალოს, თუ არა, ესე იყოს აწინდელი:
ვინათგან მსთვადმან წყალობად და სულგრძელმან მხედველობათა შინა ცოდვათასა და წყალობითა სიყვარულისა თვისსა მიმართ მიმზიდველმან ღმერთმან ჩემ უღირსსა ზედა აჩვენნა მიუწვდომელნი ქველისმოქმედებანი, რომელთათვის ყოვლად უმადლოჲ ესე, ჯერისაებრ ვერმმადლობელიცა არა მომიძაგა და არა დააცადა ჩვეულებითი წყალობაჲ დღესდღემდე უგბილსა სულსა ზედა, რომელთა კერძოჲ რაჲმე და ურიცხვთაგან ერთი მიზეზად თხრობისავე მივსცე თხრობასა.
თვით იგი ოდეს მარწმუნა მის მიერ განგებულსა მეფობასა, თვისითა რაჲთამე განგებითა არა უღირსმჩენელმა შარავანდსა შინა პატიოსანსა უპატიოებისა ჩემისამან, აქაითგანვე აღიღო ხელი სიტკბოებითა თვისითა განძღებად ჩემდა.
და თვით მეფე მეფეთაჲ იქმოდა საჭირველთა უჭირველად: ცხადთა წინააღმდგომთა განგებულისა თვისისათა მისცემდა მოსასრველად; იდუმალთა, კვალად ზაკვისა თვის შორის მფარველთა, არა შეუნდობდა სიცბილად, რომელთა თანად თვით მიიღეს ზაკვისა მათისათვის საცთური.
და ერთმან მათგანმან, ძაგანმან, შემაწუხებელმან ღმრთისა და მონათა მისთმან, მძლავრებით ღმრთისაცა არამრიდმან, თანავე ძმისა თვისისა მოდისტოს, წინაუკმოჲსა მღვდელთმოძღვრისა, რომელმან ერთმან პატრონთა თვისთა წყალობაჲ მათ ზედა საისრელედ აღმახვა, ხოლო მეორემან ღნერთსადა განკუთვნითა ეკლესიები საზეზთმჩენოდ თავისად მიიტაცა, რომელნი-ესე არა ითნნა ესრეთ ყოფად საშჯელმან გამოუძიებელმან, - ცხად არს, რამეთუ ღმრთისამან, - და არცა მიუშვა კვერთხი ცოდვილთა ნაწილსა ზედა მართალთასა: მწყემსი უკაროჲ ჭეშმარიტთა მწყემსთა მიერ დაემხვა. და ძაგანი, მღვიმეს შელტოლვილი, მომცა ღმერთმან, რომელსა შინა არამცირედი ერთგულებაჲ აჩვენეს ჩვენდა მომართ მამათა მემღვიმეთა, რამეთუ იხარებს მართალი, რაჟამს იხილოს შურისგებაჲ. მადლობად აღუვარე დამბადებელსა ღმერთსა და თაყვანის ვეც ღმერთშემოსილისა წმიდისა მამისა შიოის საფლავსა.
ვიხილე წმიდა მთავარმამა, მემღვიმე მიქაელ, და სულითა ღმრთისაჲთა განათლებულნი მამანი; განვიშვი სულითა საწადელისა მისთვის კრებულისა და მხიარულებით აღვივსე სამოთხის მსგავსისა მის ლავრისათვის.
მყის მოუწოდე არსენის ბერსა და განუცხადე სათნოჲ ჩემი და ვარწმუნე აღშენებად ეკლესიაჲ, საშუალ მონასტრისა, სახელსა ზედა ყოვლა წმიდისა ღმრთისმშობელისასა, და მომადლებითა მისითა სრულად ვიხილე.
მიბრძანა სასომან ჩემმან ბერმან არსენი და თვით სულიერმან ბერმან, მოძღვარმან ჩემმან იოანე, რაჲთამცა წესსა ზედა ავიმონწმიდისასა დავსხენ მონასტრისა მღვიმისა წესნი, რომელნი თვით მათ მიერ აღწერილი ვიხილე ყოვლად შვენიერად, უცთომელი გზა და წესიერი ცხორებაჲ და ანგელოზებრი მოქალაქობაჲ, რათა ღმრთისათვის ოდენ განკუთვნილნი მას მხოლოსა, თვინიერ საწუთოთაჲსა, ზრუნვასა ჰზრახვიდენ და წინაშე ღმრთისა მეოხებად კადნიერ იყვნენ.
შეწევნითა ყოვლა სახიერისა ღმრთისაჲთა და მადლითა ყოვლა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და მეოხებითა შესავედრებელისა ჩემისა წმიდისა შიოჲსითა მიეცინ სიმტკიცე ეკლესიასა ჩემ მიერ აღშენებულსა!
თუ მე ღირს მყოს ღმერთმან ენკენობაჲ მისი ვიხილო, კურთხეულ არს სულგრძელობაჲ მისი, თუ არა - არსენის ბერსა რომელ აქვს კოსტანტი და პერპერაჲ, კალაპოტი გამოუყარონ, მოლესენ, მოხატონ, და ძემან ჩემმან დემეტრე, თანადგომითა კურთხეულის მწიგნობართუხუცესისა და ჩემთა ბერთაჲთა, აკურთხონ ხელითა იოანე ქართლისა კათალიკოზისათა, თანადახვდომითა იმერთა და ამერთა ყოველთა ეპისკოპოსთაჲთა.
ვითარად მამათაჲ და პაპათა ჩემთაგან სიგელნი ჰქონან სოფელთათვის მათთა წმიდასა ამას უდაბნოსა, რაჲცა სიბოროტითა ჟამთათა შეცვალებულ იყო, მე კვლა გამიახლებიან იგი სიგელნი ანუ მეფეთა შეწირულთა, ანუ მთავართა ვიეთმე და თვით ძველი და ძველისძველი ნასყიდი მონასტრისაგან, ყოველი უბეგროდ, უბაჟოდ და უწყენლად კვლა მომიხსენებია წმიდისა მამისა შიოსათვის.
ქალაქს ტფილის რომელი სპარსთა ქონებასა ჰქონებია, და რომელი აწ უყიდია, და რომელი მე მომიხსენებია, იგი, და ანუ წაღმართ მოიგონ, იგიცა, - ყველაჲ უბაჟოდ და უსახრაოდ ყოვლისა სასეფოჲსა გამოსავლისაგან ჰქონდეს.
ვითა წიმანძღვარსა შჯულისა ჩვენისასა, მეუფესა იოანეს, ქართლისა კათალიკოზსა, უბრძანებია და მიუნიჭებია ეკლესიისა ჩემისადა, რომელ საქონებელნი სოფელნი და აგარანი ჰქონან, მღვიმესა, საშჯულოჲ სამრებლოჲ არს, ყოველგან თვით მემღვიმისა დიაკონმან მოისამართლოს და ეკლესიისა ზეთად მოახმაროს; და ამისთვის რომელ მიჰრონსა მოანიჭებდეს ქართლისა კათალიკოზი, ჩემსა ეკლესიასა შინა სახელი მისი მოიხსენებოდეს პირველთა თანა, მღვდელისაგან.
ბროლისა, ბაზიჯისა და მინისა კანდლები, რომელი მე მომიხსენებია და რომელი არსენის დაუდგამს, ნუმცა ვის უკადრებია გამოღებაჲ!
სასანთლეები, სიწმინდის სამსახური და რაჲცა უნდა მისთვის, ოცდაათი ლიტრა ვეცხლი წმიდისა არსენის ხელსა არს.
ცვილი, ვითა გამიჩენიან ვაჭართა ზედა ჟამად-ჟამადი, იგი ამსახურონ.
საზრდელი ძმათა - პური, ხილი ფურნისაჲ, ხუთასისა დრამისა წონი, ნუმცა ოდეს მოაკლდების.
სამდღევროდ ღვინოჲ, ჟამსა სთვლისასა შემსგავსებულად მოსულისა, შინათ მოართვან მსახურთა მონასტრისათა ყოველთა ერთი საწყავი. ეგრეთვე სხვა ყოველი საჭიროჲ სახმარი, შემოსავალთაგან მონასტრისათა.
სხვაჲ: ნაბჭობი, და ქულბაქთაჲ, და საზეთეთაჲ, და წისქვილთაჲ ყოველი შესამოსლად განეყოფოდის.
ოცდაათი ჯორი, რომელი აწ მე მომიხსენებია, ამას ნუ დააკლდების.
ძველითგან ვითა სიგელი შეუვალობისაჲ აქვს ცხვართათვის უსაბანჯრობისაჲ, სამი ათასისა ცხვრისაჲ მთასა და ბარს, აწ მე მომიხსენებია ორი ათასი ცხვარი; და ხუთი ათასი ცხვარი, თვით სასეფოჲ მონასტრისაჲ და მათთა მეცხოვრეთაჲ, უსაბანჯროდ, უბაჟოდ და უწყინელად დგეს და იარებოდის ჩვენსა ჭამბარსა გვერდით. და ამისი გამოსავალი ცხვარი ჯორსა იყიდდეს, მატყლი - მსახურთა მონასტრისათა და წველად ძმათა მიეცემოდის.
ასი ფური მომიხსენებია, რომელი თრიალეთს მთასა, სოფელსა ბჭითს და ბჭითს ზეითს სოფლებს, მათსა საფურესა მუხნარს დგეს. მომეტებული ზროხაჲ ჯორსა და ცხენსა მონასტრისასა სამსახურებელსა იქმოდეს. ხარი სამცხოვრებელთა სამუშაოთა ადგილთა მოახმარონ.
თვალი და მარგალიტი, ჩემისა ხატისათვის რომელი დამიც, და ორნი ბროლისა სასანთლენი, მას ემსახუროს უკლებად.
ბროლისა ბარძიმი და ბაზიჯისა ფეშხვემი სიწმიდისა განახლებისა სამსახურად მოიხმარებოდის.
სხვაჲ ჭურჭელი, იავარი სპარსთაჲ, რომელი არსენისდა და იოანესდა მიმითვალავს, იგი მისსა ჟამსა ჩემსა მონასტერსა გაგზავნოს ძემან ჩემმან დემეტრე.
ძელი ცხოვრებისაჲ და ნაწილნი წმიდათანი, ორი მოთხე სავსე, ესე თვით ამას ჩემსა ეკლესიასა შინა იყოს.
წმიდათა დიდთა მარხვათა ყოველთა პარასკევთა ეკლესიას ტფილსა სეფისკვერსა განუყოფდენ სახსენებლად ჩემდა. და პირველისა შვიდეულისა პარასკევსა თითო კარასეული მიეცეს, სეფისკვერსა და თესლსა თანა შესვან ყოველთა და მილოცონ ესრეთ:
,,უფალო ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცთომილებისანი!"
მემსგეფსე ყოველთა კვირიაკეთა ჩემთვის წირვიდეს ჩემსა ეკლესიასა შინა და მამაჲ მემღვიმე მას დღესა სერსა უყოფდეს.
რომელსაცა დღესა ჩემი განყოფაჲ იქმნეს ხორცთა ამათგან უბადრუკთა და მრავალმცოდველთა, ღამისთევაჲ და ლოცვაჲყონ ყოველმან სიმრავლემან, და მას დღესა ჟამისწირვაჲ ჩემთვის აესრულებოდის.
სოხასტერი, ვითა ბერსა განმანათლებელსა ჩემსა არსენის გაუწესებია და მე ხუდაბუნი შემიწირავს მუხრანს წმიდისა სვიმონ საკვირველმოქმედისადა, რომელმან სამისა დღისა მკვდარი აღმადგინა, იგი, ვითარცა თვით არსენი განაწესის, ეგრე იქნას, გარნა ჩემ მიერ ესეოდენი, რომელი შემდგომად არსენისსა განკრძალული მღვდელი იყოს მახსენებლი ჩემი შეუცვალებელად.
ტფილის საამიდოჲთ, ვითა სხვითაცა ნიშნით თვით ხელითა ჩემითა დამიწერია ასი დრაჰკანი მღდელთა და მგალობელთათვის, ნუვინ დააკლებს. მას დღესა, რომელსა მომიხსენოს ღმერთმან, გაიყონ მღვდელთა და მგალობელთა.
ვითა აწ არსენის გაუწესებია ყოველთა კვირათა ღამე ყოველ ღამისთევაჲ, ნუ ვინ შესცვლის ამას წესსა.
და ტურათის უბანსა რომელ მეზვრენი დაუსხმან და ზვარნი და მიწანი, ამისი პური ეკლესიას მიეცემოდის თითოჲ კვირაჲს ძალითა და თითო კარასეული ღვინო.
ოდეს ზეზადნისა ციხე და მუხრანი ძველითგან ვეცადე მათგან ძებნითა, მაშინცა არა იყო ნებაჲ ჩემი, მამამან ჩემმან უბოძა, მით რომელ სხვათაცა ჰქონებოდა მათთა გვართა და არავის ოდეს ექნა ჩვენი ერთგულობა.
აწ ძაგანმან სადგომად საებისკოპოსოდ, და მცხეთისა საქონებელნი მრავალნი დაემჭირნეს, და წილკანი საყდრისა. მონასტრისა რაცა იყო: მთასა ციხე, მარანი ანუ მატური იგი სოფელი და მღვიმე მონასტერი შიგან ციხედ და სადგომად ჰქონდეს თვით.
ოდეს მოიქცა სალმობა მისი თავსა მისსა, ყოველი ყოვლითავე უკუნეცით ნაქონები მისა მიმართ თვისებული და მღვიმეს ქონებაჲ მისნი საავაზაკონი და წარტყვენილი, ვითა მამისა ჩემისა ბრძანებასა შიგან გაჩენით სწერია. აღარ ოდეს მიგეღოს იგი და არცა ვის სხვასა საქმე უც მღვიმესა თანა და არცა მღვიმისა ქვაბთა.
ვითარ - იგი თვით სანატრელისა მამათა ნათლისა შიოჲს ანდერძში სწერია, უფალი მღვიმისა ღმერთი, მეუფე - წმიდაჲ მამა შიო; და მეფეთათვის ლოცვა აღასრულონ, ვითა თვით წერილნი წმიდანი უმოძღვრებენ და ვითა თვით იგინი თვინიერ მეფეთა საწირავისა არაჲ საქმე ყოფილა მღვიმესა თანა, არცა ვის აწ უც საქმე, თვინიერ ლოცვისა და შეწირვისა.
აწ სვიმეონ ბედიელ-ალავერდელისა იყოს შევედრებულ, რაცა საქმე და საურავი მათი იყოს, იგი იყოფოდის, რომელსა ჩვენ ვერ მივიწინეთ. და სემდგომად მისსა, თუ მისსა ადგილსა ამითვე წესითა სხვაჲ მწიგნობართუხუცესი იყოს, იგი იურვოდის.
და თვით ძველთა და აწინდელთა ქართლისა კათალიკოზტა ხელნი ვითარად ჰქონან, არცა ქართლისა კათალიკოზის საქმე არს მრვიმესა ზედა, არცა ვის სხვასა ეპისკოპოზისა, არცა ზვერი, არცა მეფეთა, არცა მუხრანისა მგეთა; არცა მღვიმისა შედგომად ვის აქვს ხელმწიფებაჲ, არცა მათტა აგარაკთა და საქონებელთა თანა ვის საქმე უც.
და ესე ჩემგან აღშენებული ეკლესია ნიჭად ჩვენობისად კმა ეყოს ყოველთა.
ოდეს მუხრანს ვიყვნეთ, წმიდისა შიოჲს ხატსა შეგვამთხვინენ, სამი სეფისკვერი, ერთი ფილას საზედაშე და ფარჩითა კაპარი გვიევლოგიონ. მთავარმან მემღვიმენ მოასვენოს ჯვარი მისი, მას გვაამბორონ, ჩვენ პატივ ვსცეთ, ვითარცა სულიერსა მამასა ჰშვენის საჯდომელითა და სერითა.
თვინიერ ერთი მიიცვალოს, ვითა თვით წესი არს მის წმიდისა შიოჲს საფლავსა ზედა წილგდებაჲ, ამით სხვაჲ განაჩინონ და ჩვენსა დარბაზსა მოიყვანონ. და ჩვენ არგანი მოვახსენოთ და შევჰვედროთ მონასტერი.
და თქვენ, შემდგომად მომავალნო მეფენო! ჩემსა ეკლესიასა და მონასტერსა ანდერძითა ამით შეჰგვედრებ წინაშე ღმრთისა შეკრებასა ჩვენსა, რომელ არ სირცხვილისა თანამდებად იხილვნეთ ღმრთისა და ანგელოზთა მისთაგან, მოიხსენნეთ ვედრი ჩემი და ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს; ჰნახევდით გულსმოდგინებით ქმნილსა ჩემსა ეკლესიასა და ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს; ჰნახევდით გულსმოდგინებით ქმნილსა ჩემსა ეკლესიასა და ნუ ოდეს ვის გაარყვნეთ კვლა მას დიდებულსა ლავრასა!
და აწ, შემდგომად ამისსა, ანუ მეფემან, ანუ მთავარმან, ანუ ეპისკოპოსმან, გინა მონაზონმან, გინა ხელისუფალმან ვინ, თუნდა გლეხმან და თუნდა გლეხმან და თუნდა აზნაურმან ანუ ანდერძი ესე ჩემი შეცვალებაჲ იურვოს, ანუ ვინ საურავი მოუღოს, ანუ ქრთამისათვის, ანუ თუ თვით იქმოდეს, ანუ მძლავრებით და ანუ თუ ღვთისმსახურებასა რასმე აჩვენებდეს, ანუ მღვიმესა შიგან სადგომად იურვოდეს, ანუ თავისათვის რადმე მოსახმარებელად, ანუ გარეშე მონაზვნისა მწიგნობართუხუცესისა სასაურაობასა ვინმე იკადრებდეს, რაჲ გვარი გინდა ვინ იყოს - პირველად შენ, დაუსაბამოო და დაუსრულებელო ღმერთო, მიაწიე რისხვაჲ შენი დაუსრულებელად მის ზედა! ნუმცა უხილავს ნათელი ღმრთეებისაჲ შენისაჲ, ნუმცა მიეცემის წყალობაჲ შენი ნუცა ცვარისაგან ზეცისა, ნუცა ნაყოფისაგან ქვეყანისა! იყავნ სამკვიდრებელი მისი ოხერ და ნაშობნი მისნი მოსასრველ, მოლოდებასა შინა წყალობისასა რისხვაჲ შენი ეწიენ, გონებისა, ცნობისა და ხედვისაგან ოხერ ყავ იგი, ღმერთო!
ხოლო შენ, ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, განყოფასა მისსა ხორცთაგან განყავ იგი ნაწილისაგან ცხოვნებულთაჲსა და შური იძიე, ვიტარცა მგმობარსა შენსა ნესტორს ზედა!
ხოლო შენ, წმიდაო ღმერთშემოსილო მამაო შიო, ოდეს დაჯდეს ქრისტე ღმერთი განსჯად ყოველთა ტომთა და საქმეთა, წარმოუდეგ და განესაჯე, ვითარცა შემაწუხებელსა შენსა ზედა, ეგრეთ შური იძე პირითა ღმერთისაჲთა!
უკეთუ ჟამი მომცეს ღმერთმან და სხვაჲ უახლესი ანდერძი დავწერო, იგი თქვენ, თქვენმიერითა კანონითა, უჯვარობითა, წყევითა და შეჩვენებითა დაამტკიცეთ, წმიდაო მეუფეო ქართლისა კათალიკოზო და ყოველნო მღვდელთმოძღვარნო!
და თუ სხვისა დაწერად ჟამი აღარ მომხვდეს, თვით ესე დაამტკიცეთ! და რათაცა რას ვინ მღვიმესა დააკლებდეს, კანონითამცა თქვენმიერითა კრული არს გაუხსნელად!
სიმტკიცეო ყოველთაო, ღმერთო, მტკიცე მტკიცედ აქციე!



ანდერძი

გიბრძანებს და მოგახსენებს მეფეთა მეფე დავით, დღეთა შინა სიკვდილისა და სოფლით განსვლისა მისისათა, ჩემ მიერ, უნდოჲსა და უღირსისა, მლოცველისა მათისა ბერისა პირითა, თქვენ, ყოველთა დიდებულთა და წარჩინებულთა სამეფოჲსა მისისათა: კათოლიკოსთა, ეპისკოპოსთა, ერისთავთა და ყოველთა შეწყალებულთა.
უკვდავი და დიდებისა მოყვარე და მეფობისა ტრფიალი მედვა ბუნებაჲ, და არა მიოდეს მოვიხსენებდი დღესა ამას სამარადისოდ საფლავად მისლვისა ჩემისასა, და ვერ უძლე დატევებად საწუთოჲსა, ვიდრე არა დამიტევა მე საწუთომან და დამძიმებული ცოდვათა სიმრავლითა მწუხარედ განმიყვანა წინაშე მსაჯულისა.
რამეთუ მრავალნი წყალობანი ყვნა ჩემ ზედა სოფელსა ამას შინა, რამეთუ მომცა პირველად შვილი ესე ჩემი დიმიტრი, სიბრძნითა, სიწმიდითა, ახოვნებითა და სიმხნითა უმჯობესი ჩემსა, და ნამდვილ ესევითარი ჯერ იყო მეფე, მოცემული ღმრთისა მიერ მკვიდრთათვის სოფლისათა მართლმორწმუნეთა.
მე წარვედ წინაშე მსაჯულისა, მისისაებრ განმგებელი მეფობისა.
რამეთუ მხიარულ ჰყოფდის ყრმაჲ ესე დაფარულთა გულისა ჩემისათა და მენებაცა მოცლა საწუთოჲსაგან მეფეყოფითა მაგისითა, რომელი-ესე ღმერთმან და მე ორის წლითგან მოძღვარმან ჩემმან უწყით.
გარნა მძლო საწუთომან, და წაღმართ ქადებულნი ჟამნი მიმტყვენავე და მომაგო ჩემნი და მამისა ჩემისა ჭირნი, რომელთა მიმიქცევიან ამისგან პირნი და თვალნიცა.
გარნა განბჭო მართლადმსაჯულობამან ღმრთისამან და, ესერა, მიწოდა მე, და უწოდა მაგას მეფობაჲ, მამული და ახლად მოგებული ღვაწლითა ჩემითა და თქვენითა: ნიკოფსითგან დარუბანდისა ზღვადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე.
და მივანდვენ შვილნი და დედოფალნიცა, შუამდგომელობითა ღმრთისაჲთა, რათა ძმაჲ მისი გაზარდოს. და თუ ინებოს ღმერთმან და ვარგ იყოს ცვატა, შემდგომად მისსა მეფე ყოს მამულსა ზედა. და დათა მისთა პატივ სცეს, ვითარ შვილთა ჩემთა საყვარელთა.
ამას ყოველსა თანა წარუძღვანე წმიდაჲ ძელი ცხოვრებისაჲ და მივეც დროშა ჩემი სვიანი, აბჯარნი ჩემნი სამეფონი და საჭურჭლენი ჩემნი ზემონი და ქვემონი.
ხოლო დრაჰკანი, კოსტანტი ცვატას და ჩემნი ლალნი და თვალ-მარგალიტნი ხახულისა ღმრთისმშობლისადა შემიწირავს.
ხოლო დუკატი და პოტინატი ატენისა საჭურჭლისა, იგიცა ჩემითა სისხლითა მოგებული, თუ ელეოდეს მეფე დიმიტრი, ყოველი მისცეს მოძღვარსა ჩემსა, თუ არა, ნახევრისათვის წინაშე ღმრთისა ვესაჯები, რათა რომელნი მონასტერნი მამულისა ჩემისანი განმიმწარებიან, მოძღვარმან ჩემმან უკუნცემითა მათითა ალოცნეს ჩემთვის.
ხოლო დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად, და წარმყვა მისთვისცა ტკივილი სამარადისოჲ.
აწ შვილმან ჩემმან მეფემან დიმიტრი სრულ ყოს ყოვლითურთ საუკუნოდ ჩემთვის და მისთვის და მომავალთა ჩემთათვის, რომელნი მიმიცემიან, მისგან ნურას მოაკლებს.
და ადგილნი, რომელნი მიშოვებიან უმკვიდრონი და უმამულონი, მათგანნიცა, ვითარცა ბერმან არსენი და კათალოკოსმან გამოარჩიონ, მეფემან დიმიტრი მიცემითა წერილთა და სიგელთა განასრულენ ყოვლითურთ უნაკლულოდ.


Last edited by გამრიგე on Tue Dec 21, 2010 11:42 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავითმეფური საგალობელი   Sat Dec 18, 2010 1:06 pm

არსენი ბერი

მეფესა დავითს – მონაზონი არსენი

სიბრძნის-მოყვარეობ, შენ, უფროჲსად ბრწყინვალეო,
თუალო ყოვლისა სოფლისა მეფეთა ერთგუამობისაო,

რომელი-ეგე ჰაეროვან ხარ, ვითარცა სამყაროჲ ხილულსა
სოფელს შორის;
საჩინო, ვითარცა მზე, ვარსკულავთა შორის;
ნათლის-ფერ, ვითარცა აღმოსავალი კერძოთა შორის;

ტკბილ, ვითარცა არე ჟამთა შორის;
ღმრთის სახე, ვითარცა საყუარელი სათნოებათა შორის;
ელვარე, ვითარცა იაკინთი ქვათა შორის;
მაღალ, ვითარცა ფინიკი ნერგთა შორის;

შუენიერ, ვითარცა ვარდი ყუავილთა შორის;
აღმატებულ, ვითარცა სამოთხე ქუეყანასა შორის;
ძლიერ, ვითარცა ლომი მჴეცთა შორის;
მტკიცე, ვითარცა ანდამატი განუკუეთელთა შორის;

ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის;
მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღდელთა შორის;
მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის;
უბრძოლველ, ვითარცა აქილლევ ელლენთა შორის;

ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის;
მშჳდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის;
შურისმეძიებელ, ვითარცა იოსია შარავანდედთა შორის;
უზარო, ვითარცა მაკედონელი მფლობელთა შორის;

განმადიდებელ ფლობისა, ვითარცა ავღჳსტოს კეისართა შორის;
კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის;
ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთ-ქმნულთა შორის;
მჴურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის;

საყუარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის;
მკჳრცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის;
სახის დასაბამ უცთომელის ქრისტეანობისა, ვითარცა დიდი
კონსტანტინე თვითმპყრობელთა შორის;
სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევდოსი
სკიპტრის-მპყრობელთა შორის...
ყოველი ლიტანიობაჲ, ყოველი ერთჴმობაჲ,
ვითარმედ დავით კეთილად მსახურებისა
და ღმრთივ-დაცულისა მეფისა ჩუენისა
მრავალმცა არიან წელიწადნი!..


დავით აღმაშენებლის ეპიტაფია

ვინ ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს,
თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვართა იქით გამეხსნეს,
თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,
აწე ამისა მოქმედსა ხელნი გულზედან დამეხსნეს.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავითმეფური საგალობელი   Sat Dec 18, 2010 1:20 pm

იოანე პეტრიწი – http://ka.wikipedia.org/wiki/იოანე_პეტრიწი

შესხმა დავითისათვის აღმაშენებლისა

იოვანე იტყვის, ჭიმჭიმელი


თუ თალი მილისეველმან სფერო შესახა შამსისი,
მან ისტრულაბსა დასცა და მიდგა დაყიყა ჯამსისი,
დავით, – ვთქვა, – ზედა განდიდნეს, მით ხრმალი ხორცსა სჭამს ისი,
აქილევსებრ ძალითა მპყრობელად ელადს ხამს ისი.


–––
ისტრულაბი – სტროლაბი, ასტრონომიული ხელსაწყო.
დაყიყა – ასტრონომიული წუთი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავითმეფური საგალობელი   Tue Dec 21, 2010 11:10 pm


დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი.

წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ტროპარი

საკვირველება, რომელი შენ ჰქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის, კეთილ-მსახურისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის-მოქმედთასა, რამეთუ ადიდე იგი სახელისათჳს შენისა ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოვლად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დახსნისა სარკინოზთასა დიდებულ-ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.


დავით აღმაშენებლის ჯვარი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავითმეფური საგალობელი   Fri Dec 24, 2010 3:04 am


განძის კარიბჭე დავით აღმაშენებლის საფლავის ქვასთან.

მიხო მოსულიშვილი

დარუბანდისა და განძის კარიბჭეები რომ აირია ერთიმეორეში...
(ჩანახატი სამ ესკიზად)


ესკიზი პირველი: კარიბჭე დარუბანდისა

ერთხელაც არის და, ერთს ქართველს ვაჭარს კასპიის ზღვის ზედ კარიბჭე ალაგზე, შუაგულ დარუბანდში ლეკები დაეცემიან და ტანისამოსსაც აღარ შეარჩენენ, ისე გასცარცვავენ.

რა ვქნა, რა ვუყოო და, ლეკების ბელადთან მივა ის ვაჭარი და შესჩივლებს, – ჩემი საქონელი დამიბრუნეთ, რომ მართალმა სამართალმა პური სჭამოსაო.

ვისი ხარ, ვაჭარო, შენაო, – ჩაეკითხება ირიბად მომღიმარე ლეკთა ბელადი, რახან იცნო, რომ ქართული კაბა–ჯუბა აცვია ისევა და იმასაც ეს უკვირს, – ამ გალოკილი თითივით ოხრად დარჩენილმა კაცმა, ნეტავ, საიდანღა იშოვნა ეგრე სახელდახელოდ ეს ტანისამოსიო...

ვისი ვარ და, არ მეტყობა ჩაცმულობაზე, რომ დავით მეფისა ვარო, – მიუგებს ესეცა ამაყადა.

ჰოდა, რაკიღა დავითისა ხარ, წადი და მართალი სამართალი დავით მეფესა სთხოვეო, – ძალიან ცუდად ჩაიცინებს ლეკთა ბელადი.

ვაჰმეო, – დაიდარდებს გაძარცვული ქართველი ვაჭარი, - დავითს რომ ვუთხრა, ძაან შავად გექნება საქმეო.

შავადა, თორემა, იმანაც დარუბანდის კარი არ ჩამომიხსნასო!.. – ახარხარდება ლეკთა ბელადი, აიყოლიებს თავისს დაახლოებულს მოხელე–კარისკაცებსა და სულ ეგეთა სიცილ–ხარხარით გამოისტუმრებენ იმ ვაჭარს შინა.

დავით მეფემ რო ეს ამბავი შეიტყო, კარგახანს გაჩუმდა, თურმე; გაჩუმდა და მარტო თვალებში აკიაფებული ნაპერწკლებიღა ატყობინებდა გარშემო მყოფებს, რომ კარგს არაფერსა ჰფიქრობდა დარუბანდელ ლეკებზე იმ თავიანთი ბელადიანადა და...

რაღა ბევრი გავაგრძელო, თავის დურგლებს კიდობნები დაამზადებინა დავით მეფემ და ჯორებით, ცხენებით და აქლემებით ჩაიტანა დარუბანდამდე. მერე თითო ეგეთა კიდობანში თითო შეიარაღებული მეომარი ჩაასხმევინა, აქეთ-იქიდან გადააკიდებინა აქლემებზე, ვაჭრულად გამოწყობილ სპასალარებს ის უსამართლოდ დაჩაგრული ვაჭარი დაუყენა წინ და ეგრე გაწყობილი ქარავანი გაისტუმრა ქალაქ დარუბანდში. თანაც შიკრიკი აფრინა ლეკთა ბელადთან, – რა არის, რომ, ვითომცდა ის ვაჭარი უთვლიდა, – ჩემი მაშინდელი წყენა წყალმა წაიღო და აეხლა კიდევა ურიცხვი საქონელი მომაქვს გასაყიდად, ორმოცი აქლემკიდებულიო.

მოგაქვს და მოიტანეო, – გაჰხარებიყო ლეკთა ბელადსა, – ორმოცი კიდობანკიდებული აქლემი ხუმრობა საქმე არ არი, რახან ჩვენთანა თხუთმეტ–ოც აქლემიანი ქარავნები იარებიან ძირითადად და ორმოცი აქლემი – ძაან ქარავანი იქნებისაო და ჩვენაც აქ ყოჩაღად დაგიხვდებითაო.

და ლეკებმაც თავიანთი ჭკუით საამურად დატვირთულ ამთვენ აქლემს ფართოდ განუხვნეს რკინით ნაჭედი კარიბჭე, – "აუჰ, რა კარგი გასაცარცვია და აუჰო, ორმოცდათორმეტი აქლემი დავითვალე უკვეო...", "შენა თვლა არ იცი, შვილოსა, სიხარბით მოგდის, თორემა ორმოცდახუთსა წყალი არ გაუვა, ორმოცდახუთი აქლემია არი სულა, ორმოცდახუთიო...", – გუშაგები დაობდნენ ერთიმეორეშია, თურმე... ითვლიდნენ და ვერც ითვლიდნენ, თავიდან აპირებდნენ დათვლასა...

მერე რაც მოხდებოდა, ძნელი წარმოსადგენი აღარ არის, – კიდობნებკიდებული აქლემების ქარავანი რომ შევიდა ქალაქში და მთავარ მოედანზე შეჩერდა, იმ კიდობნებიდან სულ დარჩეული და ტალიკ–ტალიკი ვაჟკაცები ამოვიდნენ, – ხრმლისა და ჰოროლ–ჩუგლუგის თავის ნებისად მომხმარებელი მეომრები, სულ ოთხმოცი, ალბათა, – რა ვიცი, კაცოო, იმათი გუშაგების შემყურეებსა, ჩვენაც არ აგვერიოსა სათვლავი: ორმოცი აქლემი იყო, თითოზე ორ–ორი კიდობანი ეკიდა და თითო კიდობანში თითო კაცი იმალებოდა და რამდენი გამოდის?.. ჰო, ჰოო, ეგრე ხო მართლა ოთხმოცი დარჩეული მებრძოლი გამოდის, ოთხმოცი და, – აბა, იმათ გაუჭირდებოდათ, რომ ქვიშის საათის ერთი გადაბრუნების ჟამამდე გარეთ ჩადარაჯებული ძირითადი ჯარისთვის ქალაქის კარიბჭე გაეღოთ და მერე, თავიანთი თანამებძოლების შემატებით გაძლიერებულებს მთელი ქალაქი ციმციმ აეღოთ?

აიღეს და ლეკთა ბელადი მიჰგვარეს დავით მეფესა სხვა დატყვევებულ ლეკებთან ერთადა.

მიუყვანეს და, – აბა, რაო, რას ამბობდიო? – ჩაჰკითხვია დავით მეფე, თვალებში ისევ ის ნაპერწკლები უთამაშებდა, რომლებიც კარგს არაფერს უქადდა იქაურებსა, – დარუბანდის კარიბჭე არ ჩამოგიხსნა, არაო?!

ჰოო, ეგრე თქვაო, – დასტური დაუცია გამხიარულებულ ვაჭარსა.

წაიყვანეთ ეხლა ესენიო, – თავისებს უბრძანა დავით მეფემ, – ჩამაჰხსენით დარუბანდის კარიბჭე, აჰკიდეთ აემათა და ქუთაისს ჩამოგვიტანეთო...

რად რა გვინდა, მეფეოო? – გაკვირვებულიყვნენ დავითმეფისები და რაკი ხელმწიფის საბუთიანი კრიტიკაც მოსული და წახალისებული ამბავი იყო დავით მეფის კარზე, ჩაჰკითხვოდნენ, – აემას რო ეთქო, ყურებზე ხახვი არ დამაჭრასაო, ყურები უნდა დაგვეჭრა და ზედ ხახვი მოგვეყარნა, ჩვენი ძველი წესითაო?

მე ვიცი, რადაც გვინდაო, – გასცინებოდა დავით მეფესა, ისე გასცინებოდა, რომ თვალებში მაინც ვერ წაჰშლოდა ბაგრატიონთა მარადიულად თანამდევი სევდა, – ეგეთი შესაკუთრებული სევდა ამ ერთ სვიან გვარზედ, ეგეთი, რო მემატიანეები სწერენ – სევდიანებ არიან ბაგრატივნები, ქალ იქნებისა თუ კაციო, და აღარა ეთქვა რა, – მარტო საქართველოს აღმოსავლეთ მხარეზე მონაპირე ჰერეთელები დაედგინა მეციხოვნეებად დარუბანდშია და გამობრუნებულიყო შინა...

ბაგრატივნებისა არ იყვეს, გზასაც ხო მარადიული სევდა სჭირს, რაკიღა დრო–ჟამის მონაცვლეობისა და ჟამთა სიავისა არა იცის რა, არც რას დაიკლებს თავის სავალსა და არც რას მოიმატებს, – ჰოდა, დარუბანდიდან გელათამდე ხომ კაი შორი გზა–სავალი არის ეხლაც და მაშინაც ხო ზუსტად ეგრევე იქნებოდა და, – სულ ოხვრა–კვნესით და ვაი–ვიშით უტარებიათ ლეკებს იმსიმძიმე კარიბჭე გელათის ტაძრის ეზომდინა...

აი, ეგრე ილაშქრა დავით აღმაშენებელმა დარუბანდის მხარეზე 1124 წელსა, თთუესა აპრილისასა...

მოდით, ისიც ვიფიქროთ, რომ დარუბანდის საამირომ ხარკი ხომ თავისთავად და, პოლიტიკური თანადგომის და მოგზაურ–ვაჭართათვის მშვიდობიანი გზის მიცემის ვალდებულებები იკისრა საქართველოს წინაშე.

ჰოდა, სწორედ ამიტომ აცხადებს დავით მეოთხე აღმაშენებელი ანდერძში:

"გარნა განბჭო მართლადმსაჯულობამან ღმრთისამან და, ესერა, მიწოდა მე, და უწოდა მაგას მეფობაჲ, მამული და ახლად მოგებული ღვაწლითა ჩემითა და თქვენითა: ნიკოფსითგან დარუბანდისა ზღვადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე".



ესკიზი მეორე: კარიბჭე განძისა

1138-1139 წლებში ადარბადაგანსა და ირანში ძალიან მიწისძვრა მოხდა, – მარტო სპარსეთისა კი არა, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის ქალაქები და მათ შორის, – მაშინდელი განძა და ამჟამინდელი განჯაც დაანგრია. ამით ისარგებლა დემეტრე მეფემ, მიმონგრეულ ქალაქზე გაილაშქრა, გაუჭირვებლად აიღო და ნადავლით დაბრუნდა უკანა.

სომეხი ისტორიკოსი, კირაკოს განძაკეცი გვაუწყებს, – გამარჯვებულმა მეფე დემეტრემ ქალაქ განძას ალაყაფის კარიბჭე ჩამოხსნა და საქართველოში წაიღოო.

წამოიღო და, მამამისის არ იყოს, განძის კარიბჭე გელათის მონასტერს შესწირა იმანაც...

კარიბჭეზე ამოკვეთილი იყო არაბული წარწერა:

"სახელითა ხვთისათა ყოვლად მოწყალისა და შემწყალებლისა! ამ კარების დამზადება ბრძანა ჩვენმა მბრძანებელმა ამირამ, სახელოვანმა საიდ შავირ ჰაზლას ძემ. ღმერთმა ახანგრძლივოს მისი მფლობელობა! კადი აბულ ფარაჯ მუჰამედის, აბდ-ალაჰის ძის ხელმძღვანელობით. ღმერთმა ახანგრძლივოს მისი წარმატებები. ნამუშევარი იბრაჰამისა, ძისა ოსმანისა, ძისა მჭედლის ანქაველჰისა, წელსა 455-სა".

455 ჰიჯრით არის და 1068 წელსა ჰნიშნავს ჩვენებურადა.

მეფე დემეტრეს ბრძანებით ამუკვეთავთ ქართული წარწერაც...

ამჟამად უკვე წაშლილი ეს ქართული წარწერა თავის დროზე მარი ბროსეს ამოუკითხავს და თედო ჟორდანიას თავის "ქრონიკებში" შეუტანია, – ქართულად აი, ეგრე წერებულა განძის კარიბჭეზე:

"მეფემან დიმიტრი. . . ნანი დაარღვია და ეს კარი მუნით (მოიტანა) წელსა მეფობასა მისისა იგ: ხოლო დასაბამითგან (ხღ) მ (ბ)".

"იგ" – ნიშნავს ცამეტს, დემეტრე პირველი გამეფდა 1125 წელს და, თუკი ვიყოჩაღებთ და, ამ თარიღს ცამეტს დავუმატებთ, განძაზე ლაშქრობის წელიწადსაც შეუცდომელად გამოვითვლით...


ესკიზი მესამე: კარიბჭეები რომ აირია ერთიმეორეში

ჰოდა, აეს მეფე დემეტრეს ჩამოტანილი განძის კარიბჭე დავით აღმაშენებლის საფლავის ქვის სიახლოვეს, გელათის ტაძრის კედელზე ჰყუდავ ამჟამადა და, თურმე, ამას "დარუბანდის კარად" დიდხანს მიიჩნევდა ხალხი.

იმიტომ, რომ აკი დავით მეფის ბრძანებით გელათსვე იყო შეწირული ლეკების ჩამოტანილი "კარი დარუბანდისა", მაგრამ, როგორც გამოირკვა, განძის კარიბჭისგან განსხვავებით, იმას ჩვენამდე ვეღარ მოუღწევია, – რაკიღა ის უფრო მძიმე იყო, გადაუდნიათ, რკინის მასალად უქცევნიათ და გელათის მონასტრის განსაახლებლად გამოუყენებიათ ხელოსან–ოსტატებსა...

2010 წლის დეკემბერი.

აქ ნახეთ ვიდეო - http://gf.ghn.ge/view.php?post=130


განძის კარიბჭე გელათში.


Last edited by Admin on Mon Aug 12, 2013 1:07 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: დავითმეფური საგალობელი   Tue Dec 28, 2010 8:26 am

ოჰ, რა ძალიან ვისიამოვნე ამ დილაადრიან... მადლობა მიხო, ჯერ ამის აქ შეგროვებას რა სიყვარული სჭირდება...
ეხლა შენ აღმაშენებლით დამაავადებ!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავითმეფური საგალობელი   Wed Dec 29, 2010 1:45 pm

დავით მეფეს ისევა ჰყავს თავისი მხედრობა და ისევ იბრძვის ხოლმე...

ესეც დავით მეფეზე პრესტიჟულ ამერიკულ ჟურნალში – http://www.armchairgeneral.com/miraculous-victory-battle-of-didgori-1121.htm

‘Miraculous Victory:’ Battle of Didgori, 1121
By Alexander Mikaberidze

Published: May 14, 2008 at 8:21 pm




Last edited by Admin on Mon Aug 12, 2013 9:07 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავითმეფური საგალობელი   Mon Jan 03, 2011 12:44 pm


გზა დიდგორისაკენ.


სულ სხვა ჟამკრის იმ ერთი ციდა წამისა...
(ჩანახატი)

მართლა ტყეების მეფე იყო და აკი მოსწერა კიდეც ერთმა სამხრეთელმა გვირგვინოსანმა – შენ ტყეთა მეფე ხარო...
ტყეთა მეფე იყო და გულზე მზე–მთვარესავით ესვენა ლიხის ქედის გაღმა–გამოღმა საქართველო...
სულ სხვა ჟამკრის წამებს დაეძებდა სანთელ–საკმევლით და რომ ვერ პოულობდა ამ მრუდე წუთისოფელში, თავადა ქმნიდა ეგეთა წამებს...
და მაშინაც შექმნა, მაშინაც, – დიდგორთან, ტყეში განაბული იმისი ჯარი რომ დამდგარა და ხმას არ იღებს არც ერთი...
და ამ დროს კიდევ ნეჯმ ედ–დინ ილ–ღაზის ზღვის კენჭებზე და ცის მასკვლავებზედაც კი ურიცხვმა ლაშქარმა ლამის თავზე დაიმხოს მთელი დიდგორი, – ისეთი გნიასი, ჭიხვინი, ყროყინი და ჩარფუზანა გააქვს, – რა არის, რო შევაშინოთ ქართველებიო...
და ჩუმად რო არიან ესენი და მარტო თვალებში დაუხტით ნაპერწკლები. ამ ნაპერწკლებით თუღა გავიგებთ, როგორ მოუჭიმავთ თვითოეული კუნთი და საკუთარი თავიდან გამოუხმიათ სულ უკანასკნელი სულიერი ძალაც კი, სანამ შეტევაზე წავლენ...
და რო დგანან აეგრე, გაჩუმებულები, თავის დედ–მამაზე, ცოლ–შვილზე და ახლობლობზე დაფიქრებულნი...
ერთი, სულ ერთი წამით, სანამ დავით მეფე მაღლა აღმართავას სამკლავიან ხელსა და მოწყვეტით დაიქნევს და სულ პირველი ის წავა შეტევაზე...
და თავიანთ მეფეს დაედევნებიან ესენიც, თან ვეღარც გაარჩევენ, დავით მეფეა თუ წმინდა გიორგი მიუძღვით წინა და გააჩქარებენ ბედაურებსა, – რა არის, რომ როგორმე მიასწრონ მტრამდისა...
ახლა კი დგანან და მხედრების ეს ჩუმი სიკერპე რო გადასდებია იმათ ცხენებსაცა, რასაც მერე დაგვიდგენს და დაგვიზუსტებს ვაჟა–ფშაველა, რო იმათაცა, კაი მხედრების ცხენებსაცა, ლურჯა იქნება თუ თაფლა, ნისლა იქნება თუ სულაც საღარი ანდა ფეხკავშა, ყველასა ხო გრძნობა აქვს, როგორც კაცს, ადამიანსა და ისინიცა გრძნობენ, რო სულ სხვა ჟამში არიან, – ეს ისეთი ჟამია ჩამამდგარი, რომ ტყუილად კაცი არ შააცვდებისა ფუჭს, ცრუს და გაუტანელს წუთისოფელსა, აქა ისეთი ჟამკარ დატრიალდება მალე, რომ ყველა ქართველი გულზე ამოიბეჭდავს აემათს სახელებსა, ვინაც დიდგორში იდგა დავით მეფესთანა...
აესა იმისთანა წამია, იმისთანა სულ სხვანაირი ჟამკრის ერთი ციდა წამი, რო განატრებინებს კაცსა, – ნეტავ, მეაც იქა ვმდგარიყავ და გინდაც მტრის პირველივე ისარს მავეკალიო...
ეგ არი...
ვაჟაიმაც ხერხიანად გამახსენა თავი დავით მეფის ხსენებაზე – აკი ისიც ვერა პოულობდა და ისიც თავად ქმნიდა ხოლმე სულ სხვანაირი ჟამკრის წამებს, როცა იმ თავის შედევრებს წერდა...
სულ სხვანაირი ჟამკრის წამების ძებნამ ადრე იცის კაცის სიკვდილი – დავით მეფე ხომ ორმოცდათორმეტი წლისა აღესრულა და ამაზე ერთი წლით მეტიღა იცოცხლა ვაჟა–ფშაველამ...

მიხო მოსულიშვილი,
2010 წლის დეკემბერის 15.



ვაჟა–ფშაველა

ლურჯას


ლურჯავ, შენც გრძნობა გქონია,
როგორც კაცს, ადამიანსა:
ბარით რო მთაში წამოვალ,
შენ დროს ახანებ გვიანსა,
მუხლში ქარს ჩამაიყენებ,
დაემსგავსები ნიავსა.

არ აბედენებ კლდე-ღრეებს,
მკერდს იქნევ ყალამქრიანსა,
შენც გული გიგებს, ტიალო,
მივალთ სამშობლოს მთიანსა,
კლდეზედაც კარგა მიჰფრინავ,
უგზოს გზასა ჰქმნი გზიანსა.

გულით მაშორვებ ვარამსა,
ვარამსა ათასფრიანსა,
არწივის ფრთეებს შეასხამ
ჩემს ფიქრსა მრავალ-ფრთიანსა.

მაყვარვებ უდაბურს ადგილს,
ჭიდროსა, ნადირ-მგლიანსა,
გვიან ზაფხულის მნახველსა,
მწირსა და მოკლე-სთვლიანსა, -
ადგილს უმთვაროს, უმზეოს,
ჩვენ რომ ვეძახით მზიანსა!


გაზეთი "ივერია", # 261, 1890 წლის 8 ნოემბერი.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: დავითმეფური საგალობელი   Today at 8:41 am

Back to top Go down
 
დავითმეფური საგალობელი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: