არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ინტელექტუალი კატისებრთა ოჯახიდან

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ინტელექტუალი კატისებრთა ოჯახიდან   Sat Mar 07, 2009 5:27 pm



ჰერმან ჰესე

წერილი ნობელიანტების საპატივცემულოდ გამართული საზეიმო ბანკეტის მონაწილეებს
(1946)

გულითადად და პატივისცემით მოგესალმებით რა საზეიმო ბანკეტზე შეკრებილთ, უპირველეს ყოვლისა, გამოვთქვამ სინანულს იმის გამო, რომ საშუალება არ მომეცა ვყოფილიყავი თქვენი სტუმარი, რათა მოგსალმებოდით და პირადად მომეხსენებინა თქვენთვის ჩემი მადლობა. ჯანმრთელობა ყოველთვის სუსტი მქონდა, 1933 წლის შემდგომმა მძიმე კატაკლიზმებმა გარდა იმისა, რომ გერმანიაში მოსპო და გაანადგურა მთელი ჩემი შემოქმედება, ფრიად მძიმე მოვალობანიც დამაკისრა, რამაც დიდი ხნით შემირყია ჯანმრთელობა და ხეიბარი გამხადა. ყოველივეს მიუხედავად, სულიერად გაუტეხელი დავრჩი და ყველა თქვენგანთან უპირველეს ყოვლისა ის იდეა მაკავშირებს, ნობელის პრემიის დაარსებას რომ უდევს საფუძვლად. ესაა ზეეროვნულობის, სულისა და მისი მოვალეობების ინტერნაციონალობის იდეა, რომელიც გვავალდებულებს ვემსახუროთ არა ომსა და ნგრევას, არამედ მშვიდობას და ურთიერთმიმტევებლობას. ჩემთვის მონიჭებული პრემია მსოფლიო კულტურაში გერმანული ენისა და ლიტერატურის აღიარებასაც რომ ნიშნავს, სწორედ ამაში ვხედავ იმ მიმტევებლობისა და კეთილი ნების გამომხატველ ჟესტს, რაც ყველა ხალხის თანამშრომლობის აღორძინების მომასწავებელია.

ჩემი იდეალი სულაც არ არის ეროვნული ხასიათების გაუფერულება, რაც ხელს შეუწყობდა სულიერად ერთგვაროვანი კაცობრიობის ჩამოყალიბებას. არა და არა, გაუმარჯოს მრავალფეროვნებას, დიფერენცირებასა და საფეხურებრიობას ჩვენს ძვირფას დედამიწაზე! ბედნიერებაა, მსოფლიოში ამდენი რასა და ხალხი, ამდენი ენა, მენტალიტეტისა და მსოფლმხედველობის ამდენი სახეობა რომ არსებობს. თუკი მე ომების, დაპყრობებისა და ანექსიების მოძულე და შეურიგებელი მოწინააღმდეგე ვარ, ამის მიზეზი ისიცაა, ამ შავბნელ ძალებს კაცობრიობის კულტურის ისტორიად ქცეული, უაღრესად ინდივიდუალური, უაღრესად იშვიათი მონაპოვარი რომ ეწირება მსხვერპლად; მე მტერი ვარ “დიდი გამმარტივებლებისა” და მოყვარე გახლავართ ხარისხისა, სრულქმნილებისა, განუმეორებლობისა, ამიტომაც მივესალმები, როგორც თქვენი მადლიერი სტუმარი და კოლეგა, თქვენს ქვეყანა – შვედეთს, მის ენასა და კულტურას, მის მდიდარ და საამაყო ისტორიას, მის გამძლეობას თავისი ბუნებრიობისა და ხასიათის შენარჩუნებისა და ჩამოყალიბების საქმეში.

მე ნამყოფი არა ვარ შვედეთში, მაგრამ თქვენი ქვეყნიდან ათწლეულების წინ მომივიდა სიკეთისა და მეგობრობის ნიშნით აღბეჭდილი ერთი ნობათი – ორმოც წელზე მეტი ხნის წინათ მივიღე შვედეთიდან “ქრისტეს ლეგენდების” პირველი გამოცემა, თვით ჰელმა ლაგერლოფისაგან სათანადო წარწერით მოძღვნილი. მას შემდეგ თქვენს ქვეყანასთან არ შეწყვეტილა ასეთი ძვირფასი სამახსოვროების გაცვლა-გამოცვლა და აი, იგი დაგვირგვინდა ამ უკანასკნელი, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი, დიდი საჩუქრით. უღრმეს მადლობას ვწირავ მას ამისათვის.

გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ.


Arrow



ვიკიპედიიდან:

ჰერმან ჰესე (დ. 2 ივლისი. 1877, კალვი, ვიურტემბერგი ― გ. 9 აგვისტო. 1962, მონტანიოლა, შვეიცარია), გერმანელი მწერალი. ნობელის პრემიის ლაურიატი (1946). 1912-იდან ცხოვრობდა შვეიცარიაში.

ჰესე ინტელექტუალურ მწერალთა რიგს განეკუთვნება; მის თხზულებებში ვხვდებით სრულიად განსხვავებული აზრობრივი სფეროდან გამომდინარე იდეებს. ჰესემ რთული შემოქმედებითი ევოლუცია განვლო. ადრინდელი ნაწარმოებები („რომანტიკული სიმღერები“, 1899; „ჰერმან ლაუშერი“, 1901) აღბეჭდილი იყო ესთეტიზმითა და ნეორომანტიკული სულისკვეთებით; მომდევნო წლებში თავი იჩინა რეალისტურმა, სოციალურ-კრიტიკულმა ტენდენციებმა (რომანები „პეტერ კამენცინდი“, 1904; „ბორბლის ქვეშ“, 1906). ჰესეს I მსოფლიო ომის შემდგომ შემოქმედებას ღრმა კვალი დაამჩნია დასავლეთის სამყაროს სულიერ-კულტურის კრიზისის განცდამ. მის მხატვრულ ძიებათა ცენტრში მოექცა თვითმყოფი და ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბების პრობლემა (რომანი „დემიანი“, 1919), რაც მის ნოველისტიკაშიც დამკვიდრდა („კლაინი და ვაგნერი“, 1920; „კლინგზორის უკანასკნელი ზაფხული“, 1920). ჰესეს შემდგომ რომანებსა და მცირე პროზაულ თხზულებებს საფუძვლად უდევს „ტრამალის მგელი“ (1927) სიცოცხლის „ბიპოლარული“ ხასიათი და საპირისპირო პოლუსთა ჰარმონიული ურთიერთშეთანხმების იდეაა წარმოჩენილი. ეს პრობლემა დგას მომდევნო რომანებშიც „ნარცისი და გოლდმუნდი“ (1930), „თამაში რიოში მარგალიტებით“ (1943). დიდ ყურადღებას იმსახურებს ჰესეს ესეისტური ხასიათის თხზულებებიც („მოაგარაკე“, 1925; „ნიურნბერგის მოგზაურობა“, 1927), ნაკლებად მნიშვნელოვანია გამოსახვის ტრადიციულ ფორმებზე დაფუძნებული მისი ლირიკა. ჰესეს პროზისათვის დამახასიათებელია თხრობის ინტელექტუალიზაცია, ესეიზმი, სიმბოლურ-ალეგორიული ელემენტების სიჭარბე და ფილოსოფიური სიღრმე. მის თხზულებებში ორი სინამდვილეა წარმოდგენილი — გარეგანი, ყოფით-ემპირული და შინაგანი, აიმბოლურ-ალეგორიული, რომელსაც თვითონ უწოდებს „მაგიურს“.

ჰესეს მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია — ფონტანეს (1919), გოეთეს (1948), რააბეს (1950), გერმ. წიგნით მოვაჭრეთა მშვიდობისა (1955) და სხვ. 1956 წელს დაარსდა ჰესეს სახელობის პრემია.



ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ჰერმან_ჰესე
* http://www.ludorff.com/ap/hesse/hessee.html - ჰერმან ჰესეს ნახატები

Arrow


Last edited by ბობო on Sat Mar 07, 2009 6:01 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ინტელექტუალი კატისებრთა ოჯახიდან   Sat Mar 07, 2009 5:40 pm

Back to top Go down
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: ინტელექტუალი კატისებრთა ოჯახიდან   Sat Mar 07, 2009 10:04 pm

ჯადოქრის ბავშვობა

ისევ და ისევ შენს წიაღში გული მიმიწევს,
გარდასულ დროთა გადმონაშთო, სათნო თქმულებავ,
შორიდან შენი სიღრმეები გულს მიჩქროლებენ
შენით ვიცინი, შენით ვოცნებობ, შენით ვტირივარ.

დროთა სიღრმიდან ამოთქმული ჯადოსნური ხმა
გულისთქმას ჩემსას იდუმალი ნისლებით მოსავს,
და მეჩვენება სიმთვრალით და ზმანებით მოცულს
შორიდან მიხმობ, უსასრულოდ მიხმობ შორიდან


გერმანულიდან თარგმნა თამარ დვალიშვილმა
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: ინტელექტუალი კატისებრთა ოჯახიდან   Sat Mar 07, 2009 10:10 pm

სიბერე
თარგმანი რუსულიდან - რუსუდან დარჩიაშვილი

სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია, რომელსაც, ისევე როგორც მის სხვა ეტაპებს, აქვს საკუთარი სახე, საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა, საკუთარი სიხარული და დარდი. ჩვენ, ჭაღარა მოხუცებს, ისევე როგორც ჩვენს უმცროს თანამოძმეებს, გვაქვს ამოცანა, რომელიც აზრს აძლევს ჩვენს არსებობას, ისევე როგორც სასიკვდილოდ განწირულ ავადმყოფს, მომაკვდავსაც _ რომლის სარეცლამდეც საეჭვოა, მიაღწიოს ხმამ ამქვეყნიური სამყაროდან _ აქვს თავისი ამოცანა, მანაც უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი და საჭირო საქმე.
იყო მოხუცი _ ისეთივე შესანიშნავი და აუცილებელი ამოცანაა, როგორც იყო ახალგაზრდა, ისწავლო კვდებოდე (სიკვდილი) და სიკვდილი ისეთივე საპატიო ფუნქციაა, როგორც სხვა ნებისმიერი, _ იმ პირობით, თუ ეს სრულდება ყოველგვარი სიცოცხლის აზრისა და სიწმინდის წინაშე მოწიწებით, კრძალვით. მოხუცი, რომლისთვისაც სიბერე, ჭაღარა და სიკვდილის სიახლოვე მხოლოდ საძულველი და საშინელია, ისეთივე უღირსი წარმომადგენელია თავისი ცხოვრების ამ ეტაპისა, როგორიც ახალგაზრდა და ძლიერი ადამიანი, რომელსაც სძულს თავისი საქმიანობა, ყოველდღიური შრომა და ცდილობს მისგან თავი დაიძვრინოს.
მოკლედ რომ ვთქვათ: სიბერეში შენი დანიშნულება რომ შეასრულო და თავი გაართვა შენს ამოცანას, შეთანხმებული უნდა იყო სიბერესთან და იმ ყველაფერთან, რაც მას თან მოაქვს, უნდა უთხრა: `დიახ~. ამ `დიახის~ (დასტურის), იმის მზადყოფნის გარეშე, რომ მივეცეთ მას, რასაც ჩვენგან ბუნება ითხოვს, ჩვენ _ მოხუცები ვართ თუ ახალგაზრდები _ ვკარგავთ ჩვენს დღეთა ფასეულობასა (მნიშვნელობას) და აზრს და სიცოცხლეს ვატყუებთ.
ყოველმა ადამიანმა იცის, რომ სიბერეს ახლავს ათასგვარი ტვირთი და რომ ის სიკვდილით მთავრდება. წლითი წლობით მსხვერპლი უნდა გაიღო და ბევრ რამეზე უარი თქვა. უნდა ისწავლო, აღარ ენდო შენს გრძნობებსა და ძალებს. გზა, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ შენთვის პატარა გასეირნება იყო, გრძელი და რთული ხდება, და ერთ მშვენიერ დღეს ვეღარც შევძლებთ მის გავლას. უარის თქმა გვიხდება საჭმელზეც, რომელიც მთელი ცხოვრება გვიყვარდა. ფიზიკურ სიამოვნებასა და სიხარულს სულ უფრო იშვიათად განვიცდით და ამ სიამოვნებისთვის სულ უფრო ძვირი უნდა გადავიხადოთ. და შემდეგ, ყოველგვარი სნეულება და ავადმყოფობა, გრძნობების დაჩლუნგება, ორგანოების დასუსტება და ათასნაირი ტკივილი, განსაკუთრებით ღამღამობით, ხშირად ასეთი ხანგრძლივი და საშინელი _ ამ ყველაფერს თავს ვერ დააღწევ, ეს მწარე სინამდვილეა. მაგრამ საცოდაობა და სამწუხარო იქნებოდა, რომ მარტოოდენ დაკნინების, დაცემის ამ პროცესს მისცემოდი და ვერ დაგენახა, რომ სიბერესაც აქვს თავისი კარგი მხარეები, უპირატესობა, თავისი სანუგეშო და სასიხარულო. როცა ორი მოხუცი ერთმანეთს ხვდება, მათ მხოლოდ წყეულ ნიკრისის ქარებზე, სხეულზე, რომელიც აღარ გემორჩილება და ქოშინზე, კიბეზე ასვლისას რომ გაწუხებს, კი არ უნდა ილაპარაკონ, არამედ სასიხარულო და სასიამოვნო შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებზე. ასეთები კი მრავლადაა.
როცა შეგახსენებთ მოხუცთა ცხოვრების ამ დადებითსა და შესანიშნავ მხარეზე და იმაზე, რომ ჩვენ, ჭაღაროსნებს, გვსმენია ძალის, მოთმინების, სიხარულის ისეთი წყაროების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდების ცხოვრებაში არავითარ როლს არ ასრულებენ, მე არ შემფერის ვილაპარაკო რელიგიისა და ეკლესიის ნუგეშისცემაზე. ეს მღვდლის საქმეა, მაგრამ შემიძლია, ჩამოვთვალო რაღაც-რაღაც საჩუქრები, რომლებიც ჩვენთვის სიბერეს მოაქვს. მათგან ჩემთვის ყველაზე ძვირფასია საგანძური იმ სურათებისა, რომლებიც ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ გონებაში აღგბეჭდვია და რომლებსაც, როცა შენი აქტიურობა ცხრება, სრულიად სხვა თანაგრძნობით უმზერ, ვიდრე ოდესმე წინათ. იმ ადამიანთა ხატებანი და სახეები, რომლებიც უკვე სამოცი-სამოცდაათი წელია წასულან ამ ქვეყნიდან, ისევ ჩვენთან არიან, გვიცქერენ ცოცხალი თვალებით. უკვე გამქრალ და სრულიად გადასხვაფერებულ სახლებს, ბაღებსა და ქალაქებს ვხედავთ ცოცხალთა და უვნებელთ, როგორც ოდესღაც, და შორეულ წლებში, ზღვისპირეთს, სადაც ათეული წლების წინ ვიმოგზაურეთ, ისევ მთელი თავისი ფერადოვნებით აღვიქვამთ ამ ჩვენს სურათებიან წიგნში.
მზერა, დაკვირვება, ჭვრეტა სულ უფრო მეტად გადადის ჩვევაში და განწყობილება და დამკვირვებლის პოზიცია განსაზღვრავს ჩვენს საქციელს.
...სურვილების, ოცნებების, გატაცებებისა და ვნებებისგან დევნილები, ჩვენც, როგორც ადამიანთა უმრავლესობა, ჩვენი ცხოვრების წლებსა და ათასწლეულებში მივქროდით მოუთმენლად, ცნობისმოყვარეობითა და იმედებით, მტკივნეულად განვიცდიდით წარმატებებსა და იმედგაცრუებებს, დღეს კი ჩვენი საკუთარი ცხოვრების დიდი, ილუსტრირებული წიგნის ფურცვლისას გვიკვირს, როგორი მშვენიერი და საამურია გამოხვიდე ამ რბოლიდან და სწრაფვიდან, და მიეცე Vიტა ცომტემპლატივალ-ს. აქ, მოხუცთა ამ ბაღში, ყვავის უამრავი ყვავილი, რომელთა მოვლაზეც კი არ გვიფიქრია. აქ ყვავის ყვავილი მოთმინებისა, მარცვალი კეთილშობილი, ჩვენ ვხდებით უფრო მშვიდნი, შემწყნარებელნი და რაც უფრო ნაკლები მოთხოვნილება გვაქვს ჩავერიოთ და ვიმოქმედოთ, მით მეტი უნარი გვეძლევა, დავაკვირდეთ და ყური მივუგდოთ ბუნების სიცოცხლესა და ჩვენს თანამოძმეთა ცხოვრებას, კრიტიკის გარეშე ვადევნოთ თვალი მის მსვლელობას და გვიკვირდეს მისი მრავალფეროვნება, ზოგჯერ _ თანაგრძნობითა და ჩუმი სევდით, ზოგჯერ _ სიცილით, ნათელი სიხარულით, იუმორით.
ამას წინათ ბაღში კოცონთან ვიდექი და ცეცხლში ვყრიდი ფოთლებსა და გამხმარ ტოტებს. ეკლიანი ღობის იქით ჩაიარა მოხუცმა ქალმა, რომელიც ალბათ 80 წლის იქნებოდა. იგი შეჩერდა და ყურება დამიწყო. მე მივესალმე, მაშინ მან გაიცინა და მითხრა: `სწორად მოიქეცით, კოცონი რომ გააჩაღეთ. ჩვენს ასაკში დროა, ნელ-ნელა შევეგუოთ ჯოჯოხეთს~. ამან მისცა ტონი საუბარს, რომლის დროსაც ერთმანეთს შევჩივლეთ ათასგვარი ტკივილისა და გაჭირვების შესახებ, მაგრამ სულ ხუმრობით (ხუმრობის კილოთი). საუბრის ბოლოს ვაღიარეთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ საშინლად მოხუცები, სანამ ჩვენს სოფელში ცხოვრობს ყველაზე უხუცესი, რომელიც ასი წლისაა.
როცა სრულიად ახალგაზრდები თავიანთი ძალის უპირატესობითა და გულუბრყვილობით ჩვენს ზურგს უკან იღიმებიან, სასაცილოდ ეჩვენებათ ჩვენი მძიმე სიარული და დაძარღვული ყელი, ჩვენ ვიხსენებთ, როცა ასეთი ძლიერები და ასეთივე მიამიტები ვიყავით, ოდესღაც ჩვენც ვიცინოდით, და სრულიად არ მიგვაჩნია, რომ დამარცხებულები ვართ, არამედ გვიხარია, რომ ცხოვრების ამ საფეხურს გადავაბიჯეთ და გავხდით უფრო ჭკვიანნი და მომთმენნი
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: ინტელექტუალი კატისებრთა ოჯახიდან   Sun Mar 08, 2009 12:53 am



ჰერმან ჰესეს საჯილდაო ქვა მაინც არის - „თამაში ყალბი მარგალიტებით“. ქართულად ჯერ არ არის თარგმნილი და ესეც სახვეწრად არის გამხდარი გერმანისტებთან, რომ იქნებ ვინმემ მოკიდოს ხელი ამის თარგმნას...

Arrow

ჰერმან ჰესეს მრავალი წიგნიდან „თამაში ყალბი მარგალიტებით“ - ყველაზე სერიოზულია ჩანაფიქრისა და მოცულობის მიხედვით. კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ თამაში, რომელზედაც საუბარია მის ფურცლებზე, - მუსიკის გაშლილი მეტაფორაა. ცხადია, რომ ავტორს ბოლომდე არ ჰქონდა ეს თამაში წარმოდგენილი; ასე რომ არ ყოფილიყო, მას უფრო მეტი მკითხველი ეყოლებოდა, ვიდრე მოქმედ პირთა რეპლიკები და შიშებია ანდა მათ გარშემო არსებული სივრცეები.

ხორხე ლუის ბორხესი.



ნაწყვეტი რომანიდან „რიოში მარგალიტებით თამაში“ (გამოქვეყნებულ იქნა ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" 2011 წლის 4 მარტის ნომერში /#5/)

თავი II. მოწოდება
(ფრაგმენტი)


ეშჰოლცთან გამომშვიდობება კნეხტის ცხოვრებაში მნიშვნელოვან მონაკვეთს წარმოადგნდა. თუ მას აქამომდე ბედნიერი ბავშვობა, თავისუფალი და თითქმის უზრუნველად მოწესრიგებული და ჰარმონიული ცხოვრება ჰქონდა, ახლა ბრძოლის, განვითარებებისა და პრობლემატიკის დრო დაუდგა. ჩვიდმეტი წელი უსრულდებოდა, როცა მას და მისი ამხანაგების ერთ ჯგუფს შეატყობინეს, სკოლაში მომდევნო, მაღალ საფეხურზე მალე გადახვალთო, და ახლა ამორჩეულთათვის ცოტა ხნით ეს მნიშვნელოვანი და საკამათო საკითხი აღარ არსებობდა გარდა იმ ინტერესისა, თუ რომელ ადგილზე უნდა დაფუძნებულიყო თითოეული მათგანი. და ამას ტრადიციისამებრ, გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ცალ-ცალკე ატყობინებდნენ და გამოსაშვებ ზეიმსა და სკოლის დატოვებამდე დროის მონაკვეთში არდადეგებს უნიშნავდნენ, სწორედ ამ არდადეგებზე კნეხტს ერთი ლამაზი და ღირსსახსოვარი ამბავი გადახდა. მუსიკის მაგისტრმა თავისთან მიიწვია, სადამდეც იგი ფეხით გაისეირნებდა და რამდენიმე დღით დარჩებოდა მასთან. ეს დიდი და იშვიათი პატივისცემა იყო. იმავე საფეხურზე მყოფ ერთ ამხანაგთან ერთად _ რადგან კნეხტი ჯერ კიდევ ეშჰოლცს ეკუთვნოდა, და ამ საფეხურზე მყოფ მოწაფეებს მარტო მისვლა-მოსვლა ნებადართული არ ჰქონდათ _ ადრიან დილით ტყის გავლით მთებისაკენ მიმავალ გზას გაუდგა. ტყის ჩრდილით, სამი საათის შემდეგ, როცა ორივემ გავაკებულ სიმაღლემდე მიაღწია, მალევე მოჰკრა თვალი ქვემოთ მდებარე თავიანთ პატარა ეშჰოლცს. შორიდანვე გამოარჩიეს სიმუქეში ხუთი გოლიათი ხე, მოჩანდა გაზონებით შექმნილი მართკუთხედი ტბორების სარკისებურ ზედაპირებთან ერთად, სკოლის მაღალი შენობა, დამხმარე ნაგებობები, პატარა სოფელი, ცნობილი იფნარი (*). ორივე ყმაწვილი იდგა და მიდამოს გასცქეროდა. ეს საყვარელი ხედი ზოგიერთ ჩვენგანს მეხსიერებაში შემორჩა, რომელიც დღევანდელისაგან არც თუ ისე ძალიან განსხვავდება, რადგან დიდი ხანძრის შემდეგ შენობები თითქმის უცვლელად იქნა აღმართული და მაღალი ხეებიდანაც სამი გადაურჩა ხანძარს. ისინი დაჰყურებდნენ ქვემოთ მდებარე სკოლას, წლების მანძილზე თავიანთ მშობლიურ ადგილს, რომელსაც ახლა მალე უნდა დამშვიდობებოდნენ და ორივეს გულს უძრავდა ეს ხედი (* შენიშვნა: ეშჰოლცი გერმანულად იფნის ტყეს, იფნარს ნიშნავს):

_ ვფიქრობ, აქმდე ჯერ არ შემიგრძვნია მისი სილამაზე, _ წარმოთქვა იოზეფის თანმხლებმა. _ აჰ, დიახ, ეს ალბათ იმიტომ, რომ პირველად ვხედავ რაღაცას, რაც უნდა დავტოვო და რასაც უნდა დავემშვიდობო.

_ ეს ასეა, _ დაეთანხმა კნეხტი, _ შენ მართალი ხარ, მეც იგივეს განვიცდი. მაგრამ როცა ჩვენ აქედან წავალთ, მართლაცდა, ნამდვილად ხომ არ დავტოვებთ ეშჰოლცს? მას ნამდვილად მხოლოდ ისინი სტოვებენ, ვინც სამუდამოდ წავა, აი, ოტო, მაგალითად, ლათინურად შესანიშნავად რომ თხზავდა სახუმარო ლექსებს, ანდა ჩვენი შარლემანი, წყლის ქვეშ დიდხანს რომ ცურავდა და სხვები. ისინი მართლაც გამოემშვიდობნენ მას და დატოვეს. დიდი ხანია მათზე აღარ მიფიქრია და ახლა გამახსენდნენ ისინი. თუნდაც დამცინო, მიუხედავად ყველაფრისა, ეს სკოლას ჩამოშორებულნი ჩემში რაღაც პატივისცემას იმსახურებენ, ისევე როგორც მიტოვებული ანგელოზი, ლუციფერი, რაღაც დიდს ფლობს. მათ შეიძლება მცდარი რამ ჩაიდინეს, უფრო მეტიც, უეჭველად მცდარი რამ ჩაიდინეს, მაგრამ მათ მაინც რაღაც გააკეთეს, მათ რაღაც სრულჰყვეს, მათ ნახტომი გაბედეს, ამას მხნეობა სჭირდებოდა. ჩვენ სხვებს, ჩვენ გქონდა მუყაითობა და მოთმინება, და გონება, მაგრამ არაფერი გვიქნია, არ გადავმხტარვართ.

_ არ ვიცი, _ დაფიქრებული ამბობდა მეორე, _ ზოგიერთმა მათგანმა არც რაიმე გააკეთა, ვერც რაიმე გაბედა, უბრალოდ გამოისეირნა, მანამდე სკოლა მათ უკანვე გაუშვებდა. მაგრამ შესაძლებელია, მე შენ ბოლომდე ვერ გიგებ. რას გულისხმობ ხტუნვაში?

_ ამაში ვგულისხმობ წასვლის, მიტოვების შეძლებას, სერიოზულად ქმნას, აი, სწორედ რომ _ გადახტომას. მე არ ვისურვებდი, ჩემს უწინდელ სამშობლოში, ჩემს უწინდელ ცხოვრებაში უკან გადახტომას, მე იგი არ მიზიდავს, მე იგი თითქმის დამავიწყდა. მაგრამ ვისურვებდი: ერთხელ, როცა დრო მოაწევს და ეს საჭირო შეიქნება, მეც დავაღწიო იმას თავი და გადახტომა შევძლო, მაგრამ უკან კი არა უფრო მცირედში, წინ და უფრო ზე აღსვლა შევძლო.

_ და აი, მის შესახვედრად მივდივართ კიდეც, ეშჰოლცი საფეხური იყო, შემდგომი უფრო მაღალი იქნება და ბოლოს ჩვენ ორდენი გველოდება.

_ კი მაგრამ, მე ამას არ ვგულისხმობდი, ისევ წინ უნდა წავიდეთ, amice (*) , მოგზაურობა მშვენიერია, მე ის ისევ გამახარებს. ჩვენ ძალზედ დავნაღვლიანდით (* შენიშვნა: მეგობარო /ლათ./).

ამ განწყობასა და ამ სიტყვებში, რაც იმ ამხანაგმა ჩვენ გადმოგვცა, უკვე ვლინდება კნეხტის ახალგაზრდობის ქარიშხლიანი ეპოქა.

ორი დღე დაჰყვეს მოგზაურებმა გზაში, ვიდრე ისინი მუსიკის მაგისტრის მაშინდელ საცხოვრებელ ადგილს, მაღლა მთებში მდებარე მონტეპორტს მიაღწიეს, სადაც მაგისტრი ყოფილ მონასტერში დირიჟორებს სალექციო კურსს უტარებდა. ამხანაგი სასტუმროში მოათავსეს, იმ დროს როცა კნეხტმა მაგისტრის ბინაში პატარა სენაკი მიიღო. ის-ის იყო მან ზურგჩანთა ამოალაგა და დაიბანა, რომ ოთახში მასპინძელიც შემოვიდა. პატივცემულმა კაცმა ყმაწვილს ხელი გაუწოდა, ერთი პატარა ამოიოხრა და სკამზე ჩამოჯდა, ცოტა ხანს თვალები მოხუჭა, როგორც მას სჩვეოდა ხოლმე ზედმეტი დაღლილობისას, შემდეგ კი მეგობრული მზერით გამოელაპარაკა: მაპატიე, მთლად კარგი მასპინძელი ვერ ვიქნები. შენ ხომ ფეხით ნასიარულევი ხარ და დაიღლებოდი, პატიოსნად რომ გითხრა, მეც ასე ვარ, დღევანდელი დღე რაღაც გადატვირთული იყო _ მაგრამ შენ თუ ჯერ მაინც არ გეძინება, ერთი საათით მაინც ჩემს ოთახში შეგიყვან. აქ ორი დღით შეგიძლია დარჩე და ხვალ შენი თანმხლებიც ჩემთან სუფრაზე მოიწვიო. მაგრამ მე ბევრი დრო არა მაქვს შენთვის, სამწუხაროდ, ამიტომ უნდა ვნახოთ, რამდენიმე საათს როგორ გავატარებთ, ეს შენთვის მჭირდება, ესე იგი, ახლა დავიწყებთ, არა?!

მან კნეხტი თაღებიან დიდ ოთახში შეიყვანა, სადაც არანაირი ოთახის მოწყობილობა არ იყო ძველი პიანინოსა და ორი სკამის გარდა, რომლებზედაც ისინი დასხდნენ.

შენ სხვა საფეხურზე მალე გადახვალ, დაიწყო მაგისტრმა; _ იქ ყველაფერს ახალს ისწავლი, მრავალი რამ სასიამოვნოცაა, რიოში მარგალიტებით თამაშის მოსინჯვასაც ალბათ მალე დაიწყებ. ეს ყველაფერი მშვენიერია და მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთი რამ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა დანარჩენი: შენ უნდა ჭვრეტა შეისწავლო. როგორც ჩანს ამას ყველა სწავლობს, მაგრამ ამის შემოწმება ყოველთვის არ შეიძლება. ვისურვებდი, ეს სწორად და კარგად გესწავლოს, ისევე კარგად როგორც მუსიკა; ყველაფერი დანარჩენი მერე მოდის თავისთავად. ამიტომ მინდა ორი-სამი ლექცია მაინც მე თვითონ ჩაგიტარო, რაც შენი მოპატიჟების მიზეზია. ჩვენ, ესე იგი, დღეს, ხვალ და ზეგ თითო საათი შევეცადოთ ჭვრეტას, და კერძოდ, მუსიკაში. შენ ახლა ერთ ჭიქა რძეს მიიღებ, წყურვილმა და შიმშილმა ხელი რომ არ შეგიშალოს; საღამოს ულუფას უფრო მოგვიანებით მოგვიტანენ.

კარზე დააკაკუნეს და ერთი ჭიქა რძე მოართვეს.

_ ნელ-ნელა დალიე, _ აფრთხილებდა იგი, _ დრო გაქვს, ოღონდ არ ილაპარაკო. აუჩქარებლად სვამდა კნეხტი ცივ რძეს, პატივცმული ადამიანი მის პირდაპირ იჯდა და ისევ თვალები ჰქონდა დახუჭული, სახე მართლაც მოხუცისას მიუგავდა, მაგრამ ხალისიანი იყო, სრულიად უშფოთველი შინაგანად იღიმოდა; თავის საკუთარ ფიქრებში ჩაძირული ისეთ შვებას გრძნობდა, როგორსაც გადაღლილი კაცი წყალში ფეხების ჩაყოფისას მოისვენებს ხოლმე. სიმშვიდე მოდიოდა მისგან, კნეხტი მიხვდა ამას და თვითონაც დამშვიდდა.

მაგისტრი ახლა სკამზე შემობრუნდა და ხელი ფორტეპიანოს კლავიატურას შეახო. ის უკრავდა თემას ვარიაციებით. იტალიელი კომპოზიტორის ნაწარმოები ჩანდა. თავის სტუმარს მიანიშნა, ეს მუსიკალური მსვლელობა ცეკვასავით წარმოედგინა, როგორც უწყვეტი რიგი ერთნაირი სიძლიერის სავარჯიშოებისა, როგორც უფრო პატარა, ხან კი უფრო დიდი ნაბიჯების რიგი, სიმეტრიის ღერძის შუაგულიდან რომ გამოდის და სხვა არაფრისთვის მიექცია ყურადღება, გარდა იმ ფიგურებისა, რომელთაც ეს ნაბიჯები ქმნიდა. ის კიდევ და კიდევ იღებდა ტაქტებს, ჩუმი გრძნობიერებით მიჰყვებოდა და უკრავდა, მერე გაჩერდა, ხელები მუხლებზე დაიწყო, მდუმარებით მოცული იჯდა, საოცარი სიწყნარით, თვალები ნახევრად ჰქონდა დახუჭული, ყოველგვარი მოძრაობის გარეშე, თავის თავში წასული მუსიკას რომ კვლავ იმეორებს და აკვირდება. მოწაფე შინაგანად მიყურადებოდა მას, წინ დადებული ნოტების წიგნში ნაწარმოების ნაწყვეტებს დაჰყურებდა და აღიქვამდა რაღაც მოძრაობით, რაღაც ნაბიჯებით, ცეკვითა და რწევით, და ცდილობდა ეს მოძრაობა ამოეცნო და წაეკითხა, როგორც ჩიტის ცაში განავარდების ირიბი ხაზები. ეს ყველაფერი დაებნა და ისევ ჩაიკარგა, მას თავიდან უნდა დაეწყო, ერთი წუთით ვეღარ შესძლო ამის თავმოყრა და იგი აღმოჩნდა სიცარიელეში. ირგვლივ დარცხვენით მიმოიხედა და დაინახა გარინდებული, ფიქრებში ჩაძირული მაგისტრის სახე, სიბნელეში გაფერმკრთალებული რომ ირწეოდა, აი ისევ იპოვნა თავისი სულიერი სივრცე, რომელიც წეღან დაუსხლტა ხელიდან, ისევ მუსიკის ჟღერა ესმოდა იქ, ხედავდა მას ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეს, ხდავდა მას, საკუთარი მოძრაობის ხაზს რომ სტოვებდა, ხედავდა და გრძნობდა უხილავის მოცეკვავე ფეხებს...

ეჩვენებოდა, დიდი დრო გავიდა, როცა სივრცეს ისევ გამოექცა, როცა ისევ შეიგრძნო საკუთარი სკამი, ფარდაგით დაფარული ქვის იატაკი, სარკმელის მიღმა ბინდის მკრთალი შუქი. ის გრძნობდა, ვიღაც უყურებდა, უმზერდა და იქით მიიხედა: მუსიკის მაგისტრის მზერას შეაჩერდა, მას ყურადღებით რომ ათვალიერებდა. მასწავლებელმა ოდნავ შესამჩნევად დაუკრა თავი, იმ იტალიური მუსიკის ბოლო ვარიაცია ერთი თითით პიანისსიმო-თი დაუკრა და გაიმართა.

_ იჯექი, აქ დარჩი, _ მიუგო მას. _ მე ისევ მოვბრუნდები, შენ მუსიკა კიდევ ერთხელ გაიხსენე, ყურადღება მიაქციე ფიგურას! მაგრამ შენ თავი არ აიძულო, ეს ხომ თამაშია. თუ ამის მერე ჩაგეძინება, ეგეც არაფერია!

იგი გავიდა, ერთი სამუშაო კიდევ ელოდებოდა, ამ დატვირთულ დღეს ესეც შესასრულებელი ჰქონდა, სამუშაო არ იყო მსუბუქი და სასიამოვნო, ისეთი არ იყო, ის რომ ისურვებდა. სადირიჟორო კურსის მოწაფეთა შორის იყო ერთი ნიჭიერი, მაგრამ ქედმაღალი და გულზვიადი ადამიანი, რომელთანაც კიდევ უნდა ესაუბრა, რომლისთვისაც სწორი მიმართულება უნდა მიეცა, მისი მანკიერი მხარეების მიუღებლობა ეჩვენებინა, მისდამი ზრუნვა გამოეჩინა, როგორც აღმატებულს შვენოდა და სიყვარული გამოევლინა, როგორც ავტორიტეტს შეჰფეროდა. ის ოხრავდა, რომ არ არსებობდა სრული წესრიგი, რომ არ იყო გამორკვეულობა იმ ადამიანებში, რომლებსაც ეგონათ, რომ საამისო ნიჭი ჰქონდათ! რომ ისევ და ისევ ერთი და იმავე შეცდომის დაძლევა იყო საჭირო, ერთი და იგივე სარეველა ბალახი უნდა მოეშორებინა! ნიჭი ხასიათის გარეშე, ვირტუოზულობა იერარქიის გარეშე, რაც ადრე მუსიკალური ცხოვრების ფელეტონის ხანაში ბატონობდა, მუსიკის რენესანსში ამოიძირკვა და გადასხვაფერდა და აი ახლა მან ისევ გაიხარა, ამწვანდა და ამოიკვირტა.

როცა იგი თავისი საქმიდან მობრუნდა, იოზეფთან ერთად სავარჯიშოდ, ნახა, რომ იგი წყნარად გამოიყურებოდა, მაგრამ ნასიამოვნები და უკვე დასვენებული ჩანდა. _ ძალიან კარგი იყო, _ ოცნებით წარმოსთქვა ყმაწვილმა. _ მუსიკა მთლად გამიქრა, ის გარდაიქმნა.

_ დაე, შენში ეს მუსიკა კვლავ ჟღერდეს, _ უთხრა მასწავლებელმა და პატარა ოთახში შეუძღვა, სადაც პურითა და ხილით გაწყობილი მაგიდა დახვდათ. მათ მიირთვეს და მასწავლებელმა მიიწვია, ხვალ სადირიჟორო კურსზე ცოტა ხნით შემოდიო. ვიდრე იგი უკან მიბრუნდებოდა და სტუმარს თავის სენაკში შეიყვანდა, _ საუბარი გააგრძელა _ შენ ჭვრეტისას რაღაც დაინახე, მუსიკა ფიგურასავით გამოჩნდა შენში. შეეცადე როცა ამისი წადილი გაგიჩნდება, იგი ჩაწერო.

სასტუმრო ოთახში კნეხტმა მაგიდაზე დადებული ქაღალდის ფურცელი და ფანქრები ნახა და ვიდრე იგი მოსასვენებლად წავიდოდა, შეეცადა ის ფიგურა ჩაეხატა, როგორადაც წეღანდელი მუსიკა გადაიქცა. გაუსვა ერთი ხაზი და მისგან რიტმული დაშორებებით ირიბად მიმართული გვერდითი პატარა ხაზები გაიყვანა. ეს კაცს გაახსენებდა ხის ტოტზე ფოთლების განლაგების წესრიგს. ვერ დაკმაყოფილდა იმით, რაც გამოვიდა, და კიდევ ხალისით რამდენჯერმე ეცადა ამის მოხაზვას, და ბოლოს თამაშში ხაზი წრეწირად მორკალა, საიდანაც გვერდითი ხაზები ასხივებდა, მსგავსად გვირგვინის ყვავილებისა. შემდეგ დასაძინებლად გასწია და მალევე ჩაეძინა. სიზმარში ისევ იმ მთის თხემთან მივიდა ტყეების გავლით, სადაც გუშინ თავის ამხანაგთან ერთად დაისვენა, და იხილა ქვემოთ მდებარე საყვარელი ეშჰოლცი და როცა მას დასცქეროდა, სკოლის შენობის მართკუთხედი ოვალურად გაიწელა, შემდეგ მისგან წრე შეიკრა, შემდეგ კი გვირგვინად გადაიქცა და გვირგვინმა ნელ-ნელა იწყო ტრიალი, ტრიალებდა მზარდი სიჩქარით, ბოლოს ძალზედ სწრაფად დატრიალდა და გასკდა და მოკიაფე ვარსკვლავებს შეერია.

გამოღვიძებისას ეს აღარც იცოდა, მაგრამ როცა მასწავლებელმა ჰკითხა მოგვიანებით, დილის გასეირნებისას, რაიმე ხომ არ დაგესიზმრაო, ისე ეგონა, თითქოს სიზმარში რაღაც ცუდი თუ შემაშფოთებელი რამ განიცადა, დაფიქრდა, სიზმარი კვლავ გაიხსენა, მოჰყვა იგი და თავისივე გულგრილობით გაოცებული დარჩა. ოსტატი ყურადღებით უსმენდა.

_ სიზმრებს ყურადღება უნდა მივაქციოთ? _ იკითხა იოზეფმა, _ შეიძლება მათ მნიშვნელობა მივანიჭოთ?

მასწავლებელმა თვალებში ჩახედა და მოკლედ მიუგო: _ ყველაფერს უნდა მიექცეს ყურადღება, რამეთუ ყველაფრის ჩვენება შეიძლება; _ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ კი მამობრივი მზრუნველობით ჰკითხა: _ რომელ სკოლაში გადახვიდოდი დიდი სიამოვნებით? ახლა გაწითლდა იოზეფი. სწრაფად და ხმადაბლა უპასუხა, _ ვფიქრობ, ვალდცელში. _ მასწავლებელმა თავი დაუკრა. _ მე ვფიქრობდი ამაზე. შენ ხომ იცი ძველი გამოთქმა: Gignit autem artificiosam...

კიდევ უფრო შეუწითლდა სახე კნეხტს და ყველა მოწაფისთვის კარგად ნაცნობი გამოთქმა დაასრულა: Gignit autem artificiosam lusorum gengtem Cella Silvestris გერმანულად: „ვალდცელი ხომ წარმოშობს რიოში მარგალიტებით მოთამაშეთა ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებულ ხალხს“.

მოხუცმა თბილი მზერა მიაპყრო: _ ცხადია, ეს შენი გზაა იოზეფ, შენ იცი, რომ რიოში მარგალიტებით თამაშს ყველა არ ეთანხმება. ისინი ამბობენ, ეს ხელოვნების შემცვლელია და მოთამაშენი ბელეტრისტები არიან, მართლაცდა, მათ სულიერ ადამიანებად კი არა, არამედ თავისუფალ, ფანტაზიორ და ხელოვნების მოყვარულ ადამიანებად მიიჩნევენ. შენ ნახავ, რაც აქ სინამდვილეა. იქნებ გაქვს საკუთარი წარმოდგენები რიოში მარგალიტებით თამაშის თაობაზე, რის გამოც შენ მას იმაზე უფრო მეტად მიენდობი, ვიდრე მისგან რამეს მიიღებ. და იქნებ პირიქითაც. თამაშს საფრთხეები გააჩნია, ცხადია. სწორედ ამიტომ გვიყვარს ჩვენ იგი. უსაფრთხო გზებზე მხოლოდ სუსტებს უშვებენ. შენ კი არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს, რასაც მე ასე ხშირად გეუბნებოდი: _ ჩვენი დანიშნულებაა დაპირისპირებათა სწორი გარკვევა, ჯერ მხოლოდ დაპირისპირებათა, შემდეგ კი მათი როგორც ერთიანობის პოლუსების გარკვევა, ასეა რიოში მარგალიტებით თამაშთან მიმართებაშიც. ხელოვანი ბუნების ადამიანები ამ თამაშზე შეყვარებულები არიან, რადგან აქ ფანტაზია შეიძლება. მკაცრი სპეციალისტები ვერ იტანენ ამას _ აგრეთვე ზოგიერთი მუსიკოსიც გაურბის _ რადგანაც მას დისციპლინაში სიმკაცრის ის ხარისხი აკლია, რისი მიღწევაც ცალკეულ მეცნიერებებს შეუძლიათ. კარგი, შენ ამ დაპირისპირებას გაეცნობი და ერთ დროს აღმოაჩენ, რომ ეს ობიექტების დაპირისპირებები კი არაა, არამედ სუბიექტებისა, რომ მაგალითად, ფანტაზიორი ხელოვანი სუფთა მათემატიკასა და ლოგიკას იმიტომ კი არ არიდებს თავს, რომ აქედან რაიმე შეიცნო და რაიმე გამოარკვია, არამედ იმიტომ, რომ ინსტინქტურად იგი სხვა მხარეს იხრება. შენ შეგიძლია ამ ინსტინქტურ და ძლიერ მიდრეკილებებსა და ანტიპატიებს დაკვირვებით მიუხვდე ნაკლები სულიერების მქონე ადამიანთან. სინამდვილეში, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდ ადამიანებსა და აღმატებული სულის ადამიანებში ეს ვნებანი არ არის. თითოეული ჩვენგანი არის მხოლოდ ადამიანი, მხოლოდ მცდელობა, მხოლოდ გზაში მყოფობა. ის კი იქითკენ უნდა იყოს გზაში, საითკენაც სრულყოფილებაა, ის ცენტრისკენ უნდა ისწრაფვოდეს და არა პერიფერიებისკენ. დაიმახსოვრე: შეიძლება მკაცრი ლოგიკოსი ანდა გრამატიკოსი იყო და ამასთანავე ფანტაზიითა და მუსიკით სავსე. შეიძლება მუსიკოსი ანდა რიოში მარგალიტებით მოთამაშე იყო და ამასთანავე კანონისა და წესრიგისაკენ მიმსწრაფი. ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვგულისხმობთ და როგორიც ჩვენ გვსურს გახდეს, ჩვენი მიზანია. თუ მას შეეძლება ყოველ დღე თავისი მეცნიერება თუ ხელოვნება სხვა დანარჩენით შეცვალოს, იგი რიოში მარგალიტებით თამაშში ყველაზე უფრო კრისტალური ლოგიკის გამობრწყინებას შეძლებს და გრამატიკაში ყველაზე უფრო შემოქმედებით ფანტაზიას გამოავლენს. ჩვენ ასეთები უნდა ვიყოთ, უნდა შევძლოთ ყოველ საათში სხვა პოსტზე დადგომა, ისე რომ არ ვეწინააღმდეგებოდეთ და არც რაიმე გვაბნევდეს.

_ მგონია, ვხვდები, _ თქვა კნეხტმა, _ მაგრამ ისინი, რომლებსაც ძლიერი სიყვარული და ზიზღი იპყრობთ, უბრალოდ უფრო მგზნებარენი არ არიან, სხვები კი უფრო მშვიდნი და უფრო დამყოლნი?

_ ისე ჩანს, რომ მართალია, მაგრამ მართალი არ არის, _ გაეცინა მასწავლებელს, _ ადამიანები ყველაფრისადმი გულმოდგინებას, ყველაფერში სამართლიანობას რომ იჩენდნენ, მაშინ ცხადია, მათ სულიერი ძალის, სულიერი აღმავლობისა და სითბოს ნაკლულობა კი არ უნდა ჰქონდეთ, არამედ სიჭარბე. რასაც შენ მგზნებარებას ეძახი, სულიერი ძალა კი არ არის, არამედ სულსა და გარე სამყაროს შორის არსებული ხახუნია. ეს იქ არის, სადაც მგზნებარება ბატონობს, მისწრაფებისა და ლტოლვის ძალა არ არის ჭარბად, არამედ ის მიმართულია განკერძოებული და მცდარი მიზნისკენ, აქედან გამომდინარე ატმოსფეროში დაძაბულობა და სულის შეხუთულობაა. ვინც მისწრაფების უმაღლეს ძალას მიმართავს ცენტრისაკენ, ჭეშმარიტი ყოფიერებისკენ, სრულყოფილებისკენ, იგი ჩანს უფრო მშვიდი, ვიდრე განმცდელი, რამეთუ თავისი ვარვარების ალს მუდამ არ ხედავს, რამეთუ იგი, მაგალითად, კამათისას არ ყვირის და ხელებს არ იქნევს. მე კი გეტყვი შენ: ის უნდა ენთოს და იწვოდეს!

_ აჰ, ვინმემ რომ შეძლოს ამისი ცოდნა! _ წამოიძახა კნეხტმა, _ რომ არსებობდეს სწავლება, რაღაც მაინც, რასაც შეიძლება დასჯერდე! ყველაფრი ერთმანეთს ეწინააღმდგება, ყველაფერი ერთიმეორის გვერდით მიმდინარეობს, არსად არ არის სიცხადე, ყველაფერი შეიძლება ასე განიმარტოს, ანდა პირიქით, ისე. შეიძლება მთელი მსოფლიოს ისტორია როგორც განვითარება და პროგრესი ისე აიხსნას, და ასევე შეიძლება მასში დაცემისა და უაზრობის გარდა არაფერი დაინახოს კაცმა. მაშ, არ არსებობს ჭეშმარიტება? არ მოიპოვება ნამდვილი და კანონზე დაფუძნებული სწავლება?

მასწავლებელს ჯერ არასოდეს მოესმინა მისგან ასეთი მხურვალე საუბარი, მან ცოტა გაიარა და შემდეგ ისევ განაგრძო: _ არსებობს ჭეშმარიტება, ჩემო საყვარელო! მაგრამ „სწავლება“, რომელსაც შენ ელტვი, აბსოლუტური, სრულყოფილი და მხოლოდ განმბრძნობი, ასეთი არ არსებობს. შენც არ უნდა მიესწრაფვოდე მარტოდენ სრულყოფილ ცოდნას, მეგობარო, არამედ შენი თავის სრულყოფილად ქმნას, ღვთაებრიობა შენშია, და არა ცნებებსა და წიგნებში. ჭეშმარიტებით უნდა ცხოვრობდე და არა მხოლოდ მისი სწავლებით იფარგლებოდე. ბრძოლებზე გადაიტანე ყურადღება, სძლიე, იოზეფ კნეხტ, მე ვხედავ, ისინი უკვე დაიწყო.

გერმანულიდან თარგმნა მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილმა

ბმული:
* http://defencegeorgia.blogspot.com/2011/03/blog-post_23.html
* http://defencegeorgia.blogspot.com/2014/01/blog-post_21.html
* http://premieri.ghn.ge/com/news/view/537

Idea
Back to top Go down
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: ინტელექტუალი კატისებრთა ოჯახიდან   Wed Mar 11, 2009 6:34 pm

ჰესეს ერთი არაჩვეულებრივი ზღაპარი-ნოველაც დამამახსოვრდა...,,პოეტი’’...რამდენიმე თარგმანია თუ არ ვცდები...ერთ-ერთი რეზო ყარალაშვილს ეკუთვნის...ჩემი ლექტორი იყო ცხონებული...მოკლედ, შედევრია...ვიპოვი და დავდებ აუცილებლად...
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ინტელექტუალი კატისებრთა ოჯახიდან   Sat Mar 14, 2009 11:08 am

"poeti" hesses arachveulebrivi zgaparia, me is gamoviyene chems nashromshi da paraleli gavatare guram dochanashvilis ""tavfaravnel chabuktan"", romelic damchirda grishashvilis naklebad cnobili leqsisi ""lotosis"" analizisatvis.

da tu aq dadebt "poets", martla dzalian kargi iqneba Smile
Back to top Go down
View user profile
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 53
Age : 43
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: ინტელექტუალი კატისებრთა ოჯახიდან   Thu Dec 24, 2009 1:21 am

nuciko dekanozishvili wrote:
"poeti" hesses arachveulebrivi zgaparia, me is gamoviyene chems nashromshi da paraleli gavatare guram dochanashvilis ""tavfaravnel chabuktan"", romelic damchirda grishashvilis naklebad cnobili leqsisi ""lotosis"" analizisatvis.

da tu aq dadebt "poets", martla dzalian kargi iqneba Smile



პოეტი

ჰერმან ჰესე

თარგმანი ინგლისურიდან - რეზო ყარალაშვილი

როგორც ჰყვებიან, სიჭაბუკეში ჩინელ პოეტს ჰან ფოკს გასაოცარი ლტოლვა ჰქონია ისე ესწავლა და დაუფლებოდა პოეტურ ოსტატობას, სრულქმნილებისთვის მიეღწია. იმხანად, როცა ჰან ფოკი თავის ქვეყანაში, ყვითელი მდინარის პირას ცხოვრობდა, თავისივე სურვილით და დედ-მამის შემწეობით, რომელთაც იგი ნაზად უყვარდათ, ერთი კარგი ოჯახის ქალზე დაინიშნა და ქორწილიც სულ მალე, ერთ-ერთ ბედნიერების მომტან დღეს უნდა გადაეხადათ. ჰან ფოკი მაშინ ოცდაორი წლისა იყო, პირმშვენიერი, მოკრძალებული და საამური ქცევა-თავდაჭერისა, თან ფრიად განსწავლული და სიყმაწვილის მიუხედავად რამდენიმე ჩინებული ლექსითაც თავისი ქვეყნის ლიტერატორთა შორის ცნობილი. ვერ ვიტყვით, რომ სიმდიდრე დიდძალი ჰქონდა, მაგრამ მომავალში მაინც საკმაო შეძლება ელოდა, მეტადრე, რომ საცოლესაც მზითევი მოსდევდა. ამასთან მისი საცოლე ძალიან ლამაზი და სათნო იყო. ისე რომ, შეიძლება გვეფიქრა, მომავალში ჰან ფოკის ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო. და მაინც არ იყო კმაყოფილი, ისე შეეპყრო სრულყოფილ პოეტად გახდომის ჟინს.
ერთ საღამოს, როცა მდინარეზე ფარნების ზეიმი იყო, ჰან ფოკი მარტო დაეხეტებოდა წყალგაღმა. მერე მდინარეზე გადახრილ ერთ ხეს მიეყრდნო და დააცქერდა, წყლის ზედაპირზე როგორ დაცურავდა ათასობით მოციმციმე ლიფლიფა, ნავებსა და ტივებზე როგორ ესალმებოდნენ ერთმანეთს საზეიმოდ მორთულ-მოკაზმული ქალები, კაცები და ნორჩი ასულები, ცოცხალ ყვავილებს რომ ჩამოჰგავდნენ. მოკიაფე წყლის სუსტ დუდუნში მის ყურამდე აღწევდა მომღერალ ქალთა გალობა, ციტრათა სტვენა და ფლეიტების ტკბილი ჰანგები. ზემოთ კი ტაძრის გუმბათივით ლივლივებდა მოლურჯო ღამე. გული აუჩქროლდა თავის გუნება-განწყობას აყოლილ და ამ მშვენიერი სურათის შემყურე ყმაწვილს. მაგრამ რაოდენ დიდიც არ უნდა ყოფილიყო მისი სურვილი გაღმა გასულიყო და თავის საცოლესა და მეგობრებთან ერთად მოელხინა ამ ზეიმზე, უფრო ძლიერი იყო სანუკვარი წადილი ყოველივე ისე აღექვა, როგორც ნატიფი განცდების მქონე მეთვალყურეს, შემდეგ კი უზადო ლექსად გადმოეცა ღამის სილურჯე, წყლის ზედაპირზე სინათლის ათინათინი, ზეიმის მონაწილეთა მოლხენა და წყალზე გადახრილ ხეს მიყრდნობილი ფარული მოთვალთვალის სევდა. იგრძნო, რომ ვერც ამქვეყნიური ზეიმი და მხიარულება მიანიჭებს სრულ ლხენასა და სილაღეს, რომ ამ წუთისოფელში ის მუდამ მარტოსული, მუდამ მოთვალყურე და უცხო დარჩება, რომ სხვა მრავალ და მრავალთა შორის მხოლოდ მისი სულია ისერიგად შექმნილი, რომ ერთსა და იმავე დროს იგრძნოს ამ წუთისოფლის მშვენიერებაც და უცხოსულის იდუმალი სწრაფვანიც. ამის შეგრძნებამ იგი სევდით აღავსო, ხოლო რომ გაჰყვა ფიქრთა ძაფს, ისიც დაასკვნა, ჭეშმარიტ ბედნიერებას და სრულ კმაყოფილებას მხოლოდ მაშინ ეწევა, როცა ამ სამყაროს მშვენიერებას უზადოდ არეკლავს თავის ლექსებში, როცა თვით სამყაროს, განწმენდილსა და უკვდავყოფილს, დაეუფლება მის მიერ არეკლილ სახეებში.
ჰან ფოკი კარგად ვერც გაერკვა, ცხადში იყო თუ სიზმარში, რომ უცებ ჩუმი შრიალი ჩაესმა და ხის გვერდით იისფერ სამოსში გამოწყობილი დარბაისლური იერის უცხო მოხუცი შენიშნა. ჰან ფოკი წელში გაიმართა და ისე მიესალმა, როგორც მოხუცთ და დარბაისელთ ესალმებიან. უცხო მოხუცმა კი ჩაიღიმა და რამდენიმე სტროფი წარმოთქვა. ამ სტროფებში იყო ის ყოველივე, რაც ეს-ესაა განიცადა ყმაწვილმა, ოღონდაც ისე სრულქმნილი და დიდ პოეტთა კანონების მიხედვით ისე სრულყოფილად გამოთქმული, რომ ყმაწვილს გაოცებისგან სუნთქვა შეეკრა.
_ ვინა ხარ, რა კაცი, ჩემს გულში ჩახედვის უნარი რომ გქონია და ისეთი მშვენიერი ლექსები მითხარი, ჩემი მასწავლებლებისგანაც არა მსმენია? _ შესძახა მან და წელში ოთხად მოიკეცა.
უცხოს ხელმეორედ ჩაეღიმა სრულყოფილი კაცის ღიმილით და თქვა:
_ თუ პოეტობა გინდა, მოდი ჩემთან. ჩემს ქოხს ჩრდილო-დასავლეთ მთებში იპოვი, დიდი მდინარის სათავესთან. მე სრულქმნილი სიტყვის ოსტატს მეძახიან.
ესა თქვა, ხის ვიწრო ჩრდილს შეერია და გაუჩინარდა. ჰან ფოკმა ბევრი ეძება იგი, მაგრამ ამაოდ. როცა მისი კვალი ვეღარსად ნახა და დარწმუნდა, ალბათ დაღლილს მეზმანაო, საჩქაროდ გადავიდა გაღმა ნაპირზე და საერთო ზეიმს შეუერთდა, თუმცაღა ხალხის ლაპარაკსა და ფლეიტების რაკრაკში სულ იმ უცხო კაცის იდუმალი ხმა ჩაესმოდა, თითქოსდა მისი სულიც იმ კაცს გაჰყოლოდა უკან. ამიტომაც უცნაურად გალურსული იჯდა მოზეიმეთა შორის თავის ოცნებებში წასული, ისინი კი მის ასეთ ქცევას სულ სხვა რამეს მიაწერდნენ და ეხუმრებოდნენ, შეყვარებული ხარო.
რამდენიმე დღის შემდეგ ჰან ფოკის მამამ ნათესავ-მოყვრების შეყრა დააპირა, ქორწინების დღე დავნიშნოთო, მაგრამ სასიძო მის ნებას არ დაჰყვა და უთხრა:
_ მომიტევე, თუკი მორჩილების ზღვარს გადავალ და იმას არ შევასრულებ, რაც შვილს მოეთხოვება მამის წინაშე. შენ ხომ იცი, რაოდენ დიდია ჩემი სურვილი პოეტურ ხელოვნებაში ვისახელო თავი. მართალია, ზოგი ჩემი მეგობარი კი მიქებს ლექსს, მაგრამ ხომ ვიცი, რომ ჯერჯერობით დამწყები ვარ და ხელოვნების გზაზე მხოლოდ პირველი ნაბიჯი მაქვს გადადგმული. ამიტომ გთხოვ, ნება დამრთო ცოტა ხნით განმარტოებას მივეცე და ვიმეცადინო. ასე მგონია, თუ ცოლსა და ოჯახს მოვეკიდები, ეს ამბავი ყველაფერს მომწყვეტს. ახლა, სანამ ჯერ ყმაწვილი ვარ და არავითარი ვალი არ მაკისრია, მსურს ცოტა ხანს მხოლოდ ამ ხელოვნებას მივსდიო, რაიც მე სიხარულს და დიდებას მომიხვეჭს.
ამ სიტყვებმა გააოცა მამა და თქვა:
_ ვატყობ, ეს ხელოვნება ყველაფერს გირჩევნია, თუკი ამის გამო ქორწილიც გინდა გადადო. ან იქნებ რაღაც მოხდა შენსა და შენს საცოლეს შორის? მაშინ მითხარი და ვინძლო მოვახერხო შეგარიგო, არადა სხვა მოგიძებნო.
მაგრამ ვაჟიშვილმა შეჰფიცა, საცოლე ისევე მიყვარს, როგორც გუშინ და როგორც ყოველთვის, ჩვენ შორის სულ პატარა უთანხმოებაც არ მომხდარაო. ისიც უამბო მამას, ნათურების ზეიმზე როგორ გამოეცხადა ძილში ოსტატი, ვისი შეგირდობაც ოცნებად გადაქცევია და ამქვეყნად უზენაეს ბედნიერებად ესახება.
_ კეთილი, _ უთხრა მამამ, _ გაძლევ ერთი წლის ვადას. ამ დროის მანძილზე შეგიძლია მისდიო შენს ოცნება-სიზმარს. იქნებ სულაც ღვთის მოვლენილი იყო ეგ სიზმარი.
_ რა ვიცი, იქნებ ორ წელსაც გასტანოს, _ უთხრა ჰან ფოკმა ყოყმანით, _ ვინ იცის?
დაღონდა მაშინ მამა და გაუშვა ვაჟი. ყმაწვილმა კი წერილი მისწერა საცოლეს, დაემშვიდობა და იქაურობას გაეცალა.
დიდი გზა გამოიარა ჰან ფოკმა, ვიდრე მდინარის სათავეს მიაღწია. იქ დაინახა განმარტოებით მდგარი ბამბუკის ქოხი. ქოხის წინ კი დაწნულ ჭილოფზე ის მოხუცი იჯდა, რომელიც მაშინ წყლის პირას ნახა ხესთან, და ბარბითზე უკრავდა. მოხუცმა შეამჩნია, როგორ მოკრძალებით უახლოვდებოდა მას სტუმარი, მაგრამ თვით არც წამოდგა და არც მიესალმა, მხოლოდ ჩაიღიმა და ნაზი თითები სიმებზე აათამაშა. როგორც ვერცხლისფერი ღრუბლები გადაუვლის ხოლმე მინდორს, ისე მოეფინა იქაურობას ჯადოსნური მუსიკის ხმები. უტკბესმა გაოცებამ შეიპყრო ყრმა და დაავიწყა ყველაფერი, სანამ სრულქმნილი სიტყვის ოსტატმა განზე არ გადადო ბარბითი და ქოხში არ შევიდა. მოკრძალებით შეჰყვა ჰან ფოკი და დარჩა მასთან, როგორც მისი მსახური და მისი შეგირდი.
განვლო ერთმა თვემ. ჰან ფოკმა მეხსიერებიდან აღმოიფხვრა ყველა ის სიმღერა, რომლებიც აქამდე დაეწერა, რადგან ისწავლა მათი ზიზღი. რამდენიმე თვის შემდეგ კი ის სიმღერებიც დაივიწყა, რომლებიც მასწავლებლებისაგან ესწავლა. მოძღვარი ხმას არ სცემდა ჰან ფოკს, მდუმარედ ასწავლიდა ბარბითზე დაკვრას, სანამ შეგირდის მთელი არსება მუსიკამ არ მოიცვა. ერთხელ ჰან ფოკმა პატარა ლექსი შეთხზა. შიგ აღწერა, როგორ ფრენდა შემოდგომის ცაზე ორი ფრინველი. ძალიან მოეწონა ჰან ფოკს ეს ლექსი. ოღონდ ვერ გაბედა მოძღვრისათვის ეჩვენებინა. საღამოს კი ქოხის მოშორებით დაამღერა იგი. მოძღვარმა მშვენივრად გაიგონა ეს ლექსი, მაგრამ სიტყვაც არ დასცდენია. მხოლოდ უხმოდ ჩამოჰკრა ბარბითის სიმებს, ჩამოჰკრა და უმალ აგრილდა, ჩამოწვა ბინდი, ამოვარდა მძაფრი ქარი, თუმცა შუაგული ზაფხული იყო, და განაცრისფრებულ ცაზე უცხო ქვეყნებში გამგზავრებით დასევდიანებულმა ორმა ყანჩამ გადაიფრინა. ეს ყოველივე კი შეგირდის ლექსზე იმდენად მშვენიერი და სრულქმნილი იყო, რომ დაღონდა ყმა, დადუმდა და თავი არარაობად იგრძნო. მას შემდეგ მუდამ ასე იქცეოდა მოძღვარი.
განვლო ერთმა წელმა და ჰან ფოკი ბარბითზე დაკვრის თითქმის უზადო ოსტატი გახდა. პოეტური ხელოვნება კი სულ უფრო მიუვალ, მიუდგომელ მწვერვალად ეჩვენებოდა.
განვლო ორმა წელმა და ყმაწვილს საოცრად მოაწვა სევდა, მოენატრა სამშობლო, თავისიანები, საცოლე და მოძღვარს შინ წასვლის ნება სთხოვა. ოსტატმა ჩაიცინა, თავი გადააქნია და უთხრა:
_ შენ თავისუფალი კაცი ხარ. შეგიძლია სადაც გინდა, იქ წახვიდე. შეგიძლია აქ მობრუნდე, შეგიძლია იქ დარჩე. ისე მოიქეც, როგორც უფრო მოგეწონება.
გაუდგა გზას შეგირდი, იარა შეუსვენებლივ და გარიჟრაჟზე მშობლიურ ნაპირს მიაღწია. იქ თაღიან ხიდს მიღმა მამისეული ქალაქი იდგა. მალულად შეიპარა ჰან ფოკი მამის ბაღში და ფანჯრიდან მიაყურა ჯერ ისევ მძინარე მამის ფშვინვას, მერე გადაძვრა ხეხილის ბაღში, რომელიც საცოლეს ბაღს ემიჯნებოდა, მსხლის კენწეროზე აძვრა და დაინახა, მისი საცოლე სენაკში თმას ივარცხნიდა. შემდეგ თავისი თვალით ნანახი შეადარა სურათს, რაც სევდამ დაახატვინა, და მიხვდა, რომ იგი პოეტად იყო დაბადებული, მიხვდა, რომ პოეტთა ოცნება-ზმანებაში ისეთი მშვენიერებაა და მომხიბლაობა, რომ მის მსგავსს სინამდვილეში ამაოდ ეძიებს ადამიანი.
ჰან ფოკი ჩამოძვრა ხიდან, საჩქაროდ დატოვა ბაღი, მამისეული ქალაქი, გადავიდა ხიდზე და ისევ მაღალ მთებს მიაშურა. როგორც მაშინ, მოხუცი მოძღვარი ახლაც ქოხის წინ იჯდა სადა ჭილოფზე და თითებს სიმებზე ათამაშებდა. სალამის ნაცვლად მოხუცმა მხოლოდ ორი სტროფი თქვა იმ უღრმეს ბედნიერებაზე, რასაც ხელოვნება ანიჭებს ადამიანს. ისე ღრმა და ისე უზადო იყო ეს სტროფები, რომ შეგირდს თვალები ცრემლით აევსო.
ასე დარჩა ჰან ფოკი სრულქმნილი სიტყვის ოსტატთან. რადგან ბარბითს უკვე კარგად ფლობდა, ახლა ციტრაზე დაკვრას ასწავლიდა მოძღვარი. როგორც თოვლი დასავლეთის ქარში, ისე სწრაფად ილეოდა თვეები. კიდევ ორჯერ სძლია მშობლიური კუთხის სევდამ ჰან ფოკს. ერთხელ შუაღამისას გამოიპარა მალულად. მაგრამ ვინემ ხეობის უკანასკნელ მოსახვევს მიაღწევდა, ღამის ნიავმა შეატოკა ქოხში ციტრა, ააჟღერა სიმები, მისი ხმა წამოეწია ჰან ფოკს და ისეთი ძალით მოუხმო უკან, წინააღმდეგობა ვერ გაუწია ყმაწვილმა. მეორეჯერაც ესიზმრა, თითქოს თავის ბაღში პატარა ხე დარგო, ცოლიც იქვე იდგა, შვილები კი რძითა და ღვინით რწყავდნენ ხეს. გამოეღვიძა ჰან ფოკს, მთვარე მის სენაკს ანათებდა. წამოდგა შეცბუნებული, დაინახა, მოძღვარს ეძინა. ბებრული თეთრი წვერი ნელა ერხეოდა. სიძულვილმა აიტანა ყმაწვილი. ამ ადამიანმა დაუმსხვრია ოცნება, ჩაუფუშა მომავალი, აცთუნა ყალბი იმედებით! სურვილმა შეიპყრო, სცემოდა მოხუცს და მოეკლა იგი. ამ დროს თვალი გაახილა ბერიკაცმა და ისე სევდიანად და უწყინრად გაუღიმა, ფარ-ხმალი დააყრევინა შეგირდს.
_ გახსოვდეს, შენ თავისუფალი ხარ, ჰან ფოკ, _ უთხრა მოხუცმა წყნარად, _ ისე მოიქეც, როგორც მოგესურვოს. გინდა სამშობლოში დაბრუნდი და ხეები დარგე, გინდა შემიძულე და მომკალი. ყოველივე ამას აზრი არა აქვს.
_ ოჰ, როგორ შემეძლო შენი შეძულება, _ მძლავრად შეტოკდა პოეტი... _ ეს ხომ იგივეა, რომ თვით ცის შეძულება მომესურვოს.
დარჩა ჰან ფოკი მოძღვართან. ისწავლა ციტრაზე დაკვრა, დაეუფლა ფლეიტასაც. შემდეგ მოძღვრის დახმარებით ლექსების წერასაც მიჰყო ხელი და ნელ-ნელა გაიწაფა ამ იდუმალ ხელოვნებაში, დაოსტატდა ისე, რომ თითქოს უბრალოსა და ჩვეულებრივის გამოთქმითაც შეეძლო მსმენელის სული ისევე აეღელვებინა, როგორც ქარი ააღელვებს ხოლმე წყლის ზედაპირს. ის წერდა, როგორ ამოდის მზე, როგორ გადმოდგება მთის თხემზე და წამით შეყოვნდება ხოლმე, ჩრდილებივით როგორ უხმოდ დასრიალებენ თევზები წყალში, როგორ არხევს ნორჩ ტირიფს გაზაფხულის ქარი. უსმენდი მის ლექსებს და ხედავდი არა მხოლოდ მზეს, თევზების სრიალს, ტირიფის ჩურჩულს, არამედ ცაცა და სამყაროც ამ დროს წამით ერთ მთლიან სრულქმნილ მუსიკად იქცეოდა და ყოველ მსმენელს სიხარულითა და გულისტკენით აგონებდა იმას, რაც უყვარდა თუ სძულდა: პატარა ბიჭს _ თამაშს, ყმაწვილს _ თავის სატრფოს, მოხუცს _ სიკვდილს.
დაკარგა ჰან ფოკმა წლების ანგარიში, აღარ იცოდა, რამდენი ხანი დაყო მოძღვართან მდინარის სათავესთან. ხშირად ეგონა, თითქოს მხოლოდ წუხელ ამოვიდა აქ, წუხელ შემოეგება მოხუცის ჩანგის ჟღერა, ხშირად კი ისე ეჩვენებოდა, რომ ადამიანთა დრო-ხანს დაჰკარგოდა თავისი აზრი და ფოთლებივით დაცვენილიყო მის უკან.
ერთ დღეს ჰან ფოკს მარტოს გაეღვიძა ქოხში. ბევრი ეძია, ბევრი უძახა მოძღვარს, მაგრამ ვერსად ვერ ნახა. თითქოს ამ ერთ ღამეში შემოდგომა დამდგარიყო. ცივი ქარი აზანზარებდა ძველ ქოხს, ქედების თავზე გუნდ-გუნდად მიფრინავდნენ მძლევარნი, თუმცა მათი გადაფრენის დროს ჯერ არ უნდა დამდგარიყო.
მაშინ ჰან ფოკმა წამოიღო პატარა ბარბითი და თავის სამშობლოში გამოეშურა. სადაც კი არ მივიდოდა, ყველგან ისე კრძალვით ესალმებოდნენ, როგორც მოხუცსა და კეთილშობილს უნდა მიესალმოს კაცი. მიადგა ბოლოს მამისეულ ქალაქს. იქ გაიგო, რომ მამამისი, საცოლე და ყველა ნათესავი მომკვდარიყო და მათ ბინებში სხვანი ცხოვრობდნენ. საღამოს კვლავაც გაიმართა მდინარეზე ფარნების ზეიმი. პოეტი ჰან ფოკი კი იდგა ბნელში ჩაფლულ გაღმა ნაპირზე და ხეს მიყრდნობოდა. მან ჩამოჰკრა სიმებს და ააჟღერა ბარბითი. ამოიკვნესეს ქალებმა და შეშფოთებითა და სევდით გაჰხედეს სიბნელეს. ყმაწვილები კი ხმამაღლა შეეხმიანენ დამკვრელს, რომელიც არსად არ ჩანდა, გასძახეს, ესოდენ საამური ხმები არასოდეს არა გვსმენიაო. ჰან ფოკი კი იღიმებოდა, დასცქეროდა მდინარეს, სადაც ათასობით ლიფლიფა დაცურავდა. ჰოდა, როგორც ახლა ვერ ასხვავებდა, სად იყო ანარეკლი სინათლე და სად ნამდვილი, ასევე თავის გულშიაც ვერ პოულობდა სხვაობას ამ ზეიმსა და იმ პირველ ზეიმს შორის, როდესაც ჯერ სულ ყრმა აი აქ იდგა და უცხო ოსტატის სიტყვებს ისმენდა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ინტელექტუალი კატისებრთა ოჯახიდან   Mon Oct 15, 2012 9:13 am

ჰერმან ჰესე

ტესინური შემოდგომის დღე

იყო წლები, როცა ტესინური ზაფხული ვერ გველეოდა და ჩვენთან დამშვიდობებას არ ჩქარობდა, როცა ცხელ და ჭექა-ქუხილიან წლებში, ხშირად აგვისტოში ან სექტემბრის დამდეგს, უეცრად დაწყებულა და მრავალი დღის მანძილზე უბობოქრია ჭექა-ქუხილსა და კოკისპირულ წვიმებს, მერე ასევე უეცრად გამტყდარა წელში, დაბერებულა და უღიმღამოდ და მორცხვად გაგვშორებია, იმ იშვიათ წლებში კი, მრავალი კვირის მანძილზე არ გვტოვებდა ზაფხული, არც ჭექა-ქუხილი გვაკრთობდა და არც წვიმა, იდგა ალერსიანი, წყნარი, ნამდვილი შტიფტერისეული გვიანი ზაფხული, მხოლოდ ლაჟვარდი და ოქრო, მხოლოდ სიმშვიდე და სინაზე, რომელსაც იშვიათად თუ აამღვრევდა თბილი და მშრალი ქარი, ისიც ერთი-ორი დღე თუ ინავარდებდა ხეებში, ნაადრევად ჩამოყრიდა მწვანე ბუძგიან წაბლს, ლაჟვარდს კიდევ ცოტა სილაჟვარდეს, მთების ნათელ, თბილ იისფერს კიდევ ცოტაოდენ ნათელს შემატებდა და მინასავით გამჭვირვალე ჰაერს ერთი პროცენტით მეტ გამჭვირვალებას შესძენდა ხოლმე. ნელა, ნელა, მრავალი კვირის მანძილზე, ნაწილ-ნაწილ იფერება ფოთლები, ვაზი ყვითლად, ყავისფრად და მეწამულისფრად ღუის, ალუბლები წითლად ხასხასებენ, თუთის ხეები ოქროსფრად ბდღვიალებენ, ხოლო აკაციების მოლურჯო ფოთლებში ისე ციმციმებენ ნაადრევად გაყვითლებული ოვალური ფოთლები, თითქოს ვარსკვლავები აფეთქებულან და ნაპერწკლები სცვივათო.

მრავალი წლის მანძილზე, სულ მცირე, თორმეტჯერ მაინც შევსწრებივარ აქაურ გვიან ზაფხულსა და შემოდგომას, როგორც მოხეტიალე, ჩუმი დამკვირვებელი და მხატვარი. დაიწყებოდა თუ არა რთველი, მოყავისფრო-ოქროსფერ ვაზის ფოთლებსა და მოლურჯო-მოშავო მტევნებში ქალების წითელი თავსაფრები აკიაფდებოდა და იქაურობას ყმაწვილკაცების ყიჟინა აახმაურებდა, უქარო, ოდნავ მოღრუბლულ დღეებში ჩვენს ფართოდ გადაშლილ ტბისპირა ხეობაში ყველგან საშემოდგომო კოცონი ენთო და ცისფერი კვამლის სვეტები ადიოდა, მსუბუქ ნისლში გახვეული არემარე თითქოს შორეთს ერწყმოდა და მე, ყოველივე ამის შვმხედვარეს, არცთუ იშვიათად შური და ნაღველი შემომწოლია, როგორც სიბერეში შესულ ყარიბს ემართება, შემოდგომისას მესერს გადაღმა სხვის კარ-მიდამოში რომ გადაიხედავს და დაინახავს, როგორ იწევენ იქაური მკვიდრნი ყურძნის მოსავალს, როგორ წურავენ თავიანთ ღვინოს, თავიანთ კარტოფილს სარდაფში აბინავებენ, თავიანთ ქალიშვილებს ათხოვებენ, ბაღში თავთავიანთ, პატარ-პატარა, ჭირვეულ კოცონს ანთებენ და ტყისპირებზე აკრეფილ ახლადჩამოცვენილ წაბლს ღადარში წვავენ. განსაცვიფრებლად ლამაზი, შესაშური და სანიმუშო ეჩვენებოდნენ გლეხები და იქაური მკვიდრნი ჩვენს მოხეტიალეს, შემოდგომა რომ დადგებოდა და ისინი თავიანთ ნახევრად სადღესასწაულო სამუშაოებს შეუდგებოდნენ, ასრულებდნენ თავიანთ ბუკოლიკურ და გლეხურ წეს-ჩვეულებებს, მღეროდნენ თაიანთ სიმღერებს, კრეფდნენ თავიანთ ყურძენს, აწესრიგებდნენ თავიანთ კასრებს, ანთებდნენ თავიანთი ჩალამ-კალამის კოცონს, რათა ცეცხლს მიფიცხებოდნენ, წაბლი შეეწვათ და თან ლურჯი, ნაზი კვამლისთვის აეყოლებინათ თვალი, როგორ მიიკლაკნება იგი ზეცისაკენ, ზლაზვნით იფანტება და ზედმიწევნით კრიალა, მინასავით გამჭვირვალე ლანდშაფტს იდუმალებას, გულჩახვეულობას, სითბოსა და იმედს მატებს. ეტყობა, მხოლოდ ამ მიზნით ინთება მინდვრებსა და ბაღებში ცეცხლი, ან იქნებ იმისთვისაც, რომ გაბარდული მაყვლის ბუჩქები და კარტოფილის ფოჩი მოსპონ და ფერფლმა მიწა გააპოხიეროს, ალბათ წაბლის ბუძგებსაც იმიტომ წვავენ, რომ ბალახებში არ ჩარჩეს და პირუტყვს არაფერი ავნოს. ეს ყველაფერი კარგი; მაგრამ ნებისმიერი გლეხი, ვაზის ჭიგოებსა ან გადაბელილ თუთის ხეებს შორის დანთებულ კოცონს მეოცნებე სახით სულს რომ უბერავს, მგონი, სულაც მეოცნებეობის ხათრით სჩადის ამას, ბავშვური, მწყემსური უსაქმურობის ხათრით და იმას ლამობს, შორეთის სილურჯე თავის ფერადოვანი გარემოცვის წითელ-ყვითელ და ყავისფერ ჟღერას რაც შეიძლება სათუთად, გულითადად და მუსიკალურად შეურწყას იმ კვამლის მეშვეობით, რომელიც ოცნებასავით თავის ნებაზე მიიპარება და წელიწადის ამ დროს, დღეებისა და კვირეების მანძილზე, დილიდან ვარდისფერ დაისამდე ჩვენს ფერად-ფერად ლანდშაფტს პირთამდე ავსებს და ბურავს ხოლმე.

ხშირად დავკვირვებივარ იმ კვამლს და ცეცხლთან ჩაცუცქულ მამაკაცებსა და ბიჭებს, შემიმჩნევია, რა დუნედ და ზანტად ჰკიდებენ ხელს ბოლო მინდვრის სამუშაოებს, სიმაძღრისაგან ძილი ერევათ და მთვარეულებივით დაბორიალებენ, მათი მიხრა-მოხრა გველების, ხვლიკებისა და კიდევ მწერის მოძრაობას მაგონებს - შემოდგომის პირველ სუსხს რომ იგრძნობენ, ისინიც ასევე ძილმორეულნი დაიზლაზნებიან, ასევე ნელა და მდორედ ეწევიან თავიანთ ჩვეულ შრომას, ზაფხულით გამაძღარნი, მზით დაღლილები, დასვენების, ზამთრის ძილისა და დაღამებისთვის განწყობილნი. მე ცოტათი ყოველთვის მშურდა მათი, მენახირე ფელიჩესი, თუ მდიდარი გლეხის ფრანჩინისა, რომელსაც ზოგჯერ "ბარონსაც" ეძახდნენ, წაბლს რომ წვავდნენ, იმათიც შემშურებია, მინდორში დანთებულ კოცონს რომ შემოეხვეოდნენ, ბოლოებახრჩოლებული წნელებით ცეცხლს უჩიჩხინებდნენ და შემწვარი წაბლი ღადარიდან ისე გამოჰქონდათ. ამღერებული ბავშვებისაც მშურდა, ფუტკრებისაც, ძილმორეულნი რომ დაღოღავდნენ ყვავილებზე, შურით შევცქეროდი ბუნების დაყურსულ, დასასვენებლად გამზადებულ, უპრობლემო, უხიფათო, მარტივ და ჯანსაღ სამყაროს და პრიმიტიულ, გლეხურ ცხოვრებას. შურის საბაბი კი უხვად მომეპოვებოდა, რადგან მშვენივრად ვიცოდი მინდორში დანთებული პატარა კოცონისა და შემოდგომური სიზანტის სიყვარულით ნასაზრდოები ვეგეტაციური ბედნიერების ფასი, ოდესღაც არა ერთი და ორი წელი მეც შემიწირავს ჩემი საკუთარი ბაღისათვის და ჩემი საკუთარი კოცონიც დამინთია, შემოდგომისას ამიტომაც შემომწოლია ნაღველი იმ დღეების გახსენებაზე და დაკარგული ბედნიერება მომაკვდინებელი თუ არ მომჩვენებია, საკმაოდ ღრმა ნოსტალგიის სხივმფინარე შუქში მაინც დამინახავს. მინატრია სადმე შინ მეგრძნო თავი, ერთი ნაგლეჯი მიწა მყვარებოდა და დამემუშავებინა და არა შორიდან მეცქირა ან მეხატა, უბრალო გლეხებისა და მწყემსის მოკრძალებულ ბედნიერებაში სოფლური კალენდრის ვერგილიუსისეულ, ორი ათასი წლის მანძილზე უცვლელად დარჩენილ რიტმში მეც მდებოდა წილი. აი როგორი ხვედრი მეჩვენებოდა ლამაზი და შესაშური, თუმცა მისთვის, ოდესღაც მეც გამისინჯავს გემო და მივმხვდარვარ, რომ ჩემს გასაბედნიერებლად იგი მაინც არ იკმარებდა.

და აი, შეხეთ, დღეს ხელახლა მერგო ეს მშვენიერი ხვედრი, იგი ისე ჩამივარდა კალთაში, როგორც ტყეში მოხეტიალე კაცს დაეცემა თავზე ხიდან ჩამოვარდნილი მწიფე წაბლი და მას ისღა დარჩენია, გამოარჩიოს და იგემოს ნაყოფი. დიახ, სრულიად მოულოდნელად კვლავ სოფლის მკვიდრი გავხდი და მართალია, საკუთრებად არა, მაგრამ მთელი სიცოცხლის მანძილზე სარგებლობის უფლებით მარგუნეს მიწის ნაკვეთი! ჩვენც ჯერ, ცხადია, სახლი ავიშენეთ, შევსახლდით და ჩემთვის დაიწყო უამრავი მოგონების წყალობით ახლობელი და ნაჩვევი გლეხური ცხოვრების კიდევ ერთი მონაკვეთი. ამჯერად აღარც მიფიქრია სოფლურ ცხოვრებას ჟინიანად და ცხარედ შევბმოდი, ახლა ჩემი ჭკუით, გაცილებით წყნარად და მშვიდად ვიცხოვრებდი, შრომაზე უფრო მოცალეობაზე ვიზრუნებდი, შემოდგომის კოცონსა და კვამლზე უფრო ვიოცნებებდი, ვიდრე ტყის საახოედ გაკაფვასა და ყანის მოხვნა-დათესვაზე. მერე გულმა მაინც არ მომითმინა და კარ-მიდამოს ცოცხალი ღობე შემოვავლე, ბუჩქები და ხეები დავრგე, ყვავილებიც უხვად გავაშენე და გვიანი ზაფხულისა და შემოდგომის დღეებს, მართლაც შეუდარებელ დღეებს, ლამის სულ მინდორ-ველად ვატარებდი, პატარ-პატარა სამუშაოს ვეტანებოდი, ცოცხალ ღობეს გავკრეჭდი, ბოსტანს საგაზაფხულოდ შევამზადებდი, გზებს გავასუფთავებდი, წყაროებს ამოვწმენდდი, რა სამუშაოც უნდა მქონოდა, მიწაზე ცეცხლს მაინც დავანთებდი და სარეველას, გამხმარ ტოტებსა და ეკალ-ბარდებს, წაბლის მწვანე თუ გაყავისფრებულ ბუძგებს შევუკეთებდი.


***
ცხოვრებაში, როგორიც არ უნდა იყოს საერთოდ იგი, არ შეიძლება არ გამოერიოს რაღაც ბედნიერებისმაგვარი, რაღაც ნატვრის ასრულებისა და სისავსის მსგავსი და ალბათ კარგია, იგი დიდხანს რომ არ გრძელდება ხოლმე. რომელიღაც მომენტში იგი საოცრად ტკბილია, ტკბილია დამკვიდრების, სამშობლოს განცდის, ყვავილებთან, ხეებთან, მიწასთან, წყაროსთან მეგობრობის შეგრძნება, ერთი ნაგლეჯი მიწის, ყვავილის რამდენიმე კვალის, ლეღვისა და ატმის ხის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის გაჩენა.

და აი, მეც ყოველ დილით, პირდაპირ ჩემი სახელოსნოს ფანჯრიდან ვკრეფ ლეღვს, რამდენიმე პეშვს ავივსებ, იქვე გეახლებით, მერე ჩალის ქუდს, კალათას, წალდს, ფოცხსა და სასხლავს მოვკიდებ ხელს და შემოდგომის მიდამოს მივაშურებ ხოლმე. ცოცხალ ღობეს მივადგები, მის დამჩაგვრელ, მეტრის სიმაღლე სარეველას მოვაცილებ, დიდ-დიდ გროვებად მოვუყრი თავს ხვართქლასა და მატიტელას, შვიტასა და მრავალძარღვას, მიწაზე ცეცხლს გავაჩაღებ, ცოტაოდენ შეშას შევუკეთებ, ცოტაოდენ მწვანე ფოთლებსაც წავაყრი, რომ ნელ-ნელა ინავლებოდეს, ვუყურებ, რა ნაზად და წყაროსავით უწყვეტად მოედინება კვამლი და ოქროსფერ თუთებში გამომკრთალ ტბის სილურჯეში, მთებს და ზეცას შორის როგორ მიიკლაკნება. ყურს სწვდება ჩემი თანასოფლელების ნაირ-ნაირი მეზობლური, შინაურული ხმები, ჩემს წყაროზე ორი მოხუცი დედაკაცი სარეცხს რეცხავს და ერთმანეთში ჭორაობს, დროდადრო თავიანთ ნაამბობს საამური გამოთქმებით აზავებენ, წამდაუწუმ მესმის: "მაგარი" და "სანტო ციელო", "ღმერთმა ქნასო" და "ღმერთო ჩემოო". ხეობიდან ლამაზი, ფეხშიშველა ბიჭუნა ამორბის, ეს ტულიოა, ალფრედოს ვაჟიშვილი მაგონდება მისი დაბადების დღე, მე მაშინ მოწიფული კაცი ვიყავი და აი ის უკვე თვრამეტი წლისაა. მისი იისფერი, ხშირი რეცხვისგან გამოხუნებული ხალათი მშვენივრად ეხამება ტბის სილურჯეს, ტულიოს საშემოდგომო საძოვარზე ოთხი წაბლა ძროხა ამოჰყავს. ისინი ბუსუსებიანი ვარდისფერი დრუნჩებით ეჭვიანად უსინჯავენ გემოს ნესტოებში შემძვრალ კვამლის ბოლქვებს, თავებს ერთმანეთს ან თუთის ხეებს უხახუნებენ, ოციოდე ნაბიჯით მოგვცილდებიან, რომელიმე ვაზს მიადგებიან, მაგრამ ვაზის ფოთოლს წაკორტნიან თუ არა, პატარა მწყემსები შემოუძახებენ და ისინიც ზანზალაკების წკარუნით ახლა სხვა მხარეს გაუყვებიან ხოლმე. მე მატიტელას ვპუტავ, ძალიანაც მეცოდება, მაგრამ მის თავს ჩემი ცოცხალი ღობე მირჩევნია. ამ დროს ნოტიო მიწაზე, ჩემი გამრჯე ხელების ქვეშ დუღს და გადადუღს ათასნაირი მცენარეული და ცხოველური სიცოცხლე: ერთი ღია ყავისფერი, ლამაზი გომბეშო ხელებქვეშ მიძვრება, ყელს ბერავს და ძვირფასი ქვებივით პრიალა თვალებით მიყურებს. ხან სად და ხან სად მონაცრისფრო კუტკალიები წამოფრინდებიან და ფრენისას ლურჯ და აგურისფერ ფრთებს შლიან, მარწყვს თავის პაწია, საგულდაგულოდ დაკბილული ფოთლები გაუშლია და ყლორტზე ერთი ციცქნა ყვითელვარსკვლავიანი თეთრი ყვავილიც გამოუღია. ტულიო კვლავ თავის ძროხებს მწყემსავს. იგი თერთმეტი წლის ბიჭია, ძილისგუდა ნამდვილად არ ეთქმის, მაგრამ ისიც კი, თავის მჩქეფარე ბიჭური გაზაფხულის წიაღში მყოფი, გრძნობს წელიწადის დროის სუნთქვას, გრძნობს ზაფხულისშემდგომ სიმაძღრეს, მოსავლის აღებისშემდგომ სიზანტეს და კარსმომდგარი ზამთრის წინ ნაოცნებარი დასვენების მოთხოვნილებას. იგი უხმოდ დაიზლაზნება, არცთუ იშვიათად ოციოდე წუთით გაირინდება, იყურება ლურჯ შორეთში თავისი ჭკვიანი, თაფლისფერი თვალებით, გასცქერის იისფერი მთების კალთებზე თეთრად მოკიაფე სოფლებს, მერე ნედლ წაბლს გაკვნეტს და შორიახლოს მოისვრის ხოლმე. ბოლოს დაბალ ბალახებში წამოგორდება, სალუამურს ამოიღებს,ჩაბერავს და მოსინჯავს, რა მელოდია შეიძლება გამოუვიდეს: მის სალამურს ხომ ორად-ორი ტონალობა აქვს, მაგრამ ორი ტონალობა თურმე უამრავ მელოდიას ჰყოფნის, ხისა და ლაფნისგან გამოცემული ხმით შეგიძლია ლურჯ ლანდშაფტს, აბრიალებულ შემოდგომას, ძილნასვამივით ზლაზნია კვამლს, შორეულ სოფლებსა და დაბინდულ სარკესავით მოციაგე ტბას, ძროხებსა და ჭასთან შეკრებილ ქალებს, მათთან ერთად რუხ პეპლებსა და წითელ-წითელ ტყის მიხაკებს უმღერო. აქა-იქ სალამურის ის პირველყოფილი ჰანგი გამოკრთება, ჯერ კიდევ ვერგილიუსს და მასზე ადრე ჰომეროსს რომ მოუსმენია. ეს ჰანგი ღმერთებს სწირავს მადლობას, ხოტბას ასხამს მიწას, მადლიერების ნიშნად აქებს ლურჯ, წითელ და ოქროსფერებს, ტბის ხეობის სიკისკასეს, შორეული მაღალი მთების უდრტვინველობას, აღწერს და ხოტბას ასხამს იმ ცხოვრებას, ქალაქელებს რომ მისი არა გაეგებათ რა. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი არც ისეთი უხეშია და არც ისე სათუთი, როგორც მათ წარმოუდგენიათ, არც სულიერია და არც ჰეროიკული, მაგრამ ყოველ ჰეროიკულ ადამიანს თავის დაკარგული სამშობლოსავით ძალუმად იზიდავს, რადგან იგი ადამიანთა უძველესი და უხნესი მოდგმის ცხოვრებაა, უუბრალოესი და უღვთისმოსავესი მოდგმისა, ეს მიწის მუშის ცხოვრებაა, შრომა-გარჯით აღსავსე ცხოვრება, ოღონდ ყოველგვარი აჩქარებისა და ვაივაგლახის გარეშე, რადგან მისი საფუძველია ღვთისმოსაობა, მიწის, წყლისა და ჰაერის ღვთაებებისადმი ნდობა, წელიწადის დროებისადმი, მცენარეებისა და ცხოველების ძალისადმი ნდობა. ყურს ვუგდებ სალამურის ჰანგს და ჩემს მინავლულ კოცონს ფოთლების გროვას ვაყრი, შემიძლია უსასრულოდ ვიდგე ასე, უსურვილებოდ და მშვიდად და ოქროსფერი თუთის ხეების კენწეროებს მიღმა ფერებით დახუნძლულ ლანდშაფტს გავცქეროდე, ამ წუთში ასე დაწყნარებული და მარადიული რომ გვეჩვენება, თუმცა სულ ცოტახნის წინ ზაფხულის გავარვარებული ნაკადები აფორიაქებდა და ახლაც, სულ მალე ზამთრის თოვლი და ქარბუქი მოაკითხავს და ააწიოკებს.

--------
* იგულისხმება ავსტრიელი მწერლის შტიფტერის რომანი "გვიანი ზაფხული" (მთარგმნ.).

გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ.



დალი ფანჯიკიძე

დაიბადა 1937 წლის 23 მარტს თბილისში.
პროფესია - გერმანისტი.
ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსუ გერმანული ენის კათედრის გამგე.

თარგმანები: თომას მანის "ბუდენბროკები", "ჯადოსნური მთა", "ყალთაბანდ ფელიქს კრულის აღსარება"; მაქს ფრიშის "ჰომო ფაბერ", "ვიქნები თუნდაც განტენბაინი"; გოეთეს "ჩემი ცხოვრების ფურცლები. პოეზია და სინამდვილე"; ჰერმან ჰესეს მცირე პროზა "ფიქრი და განსჯა"; ულრიხ პლენცდორფის "ახალგაზრდა ვ.-ს ახალი ვნებანი"; ჰაინრიხ ბიოლის, ინგებორგ ბახმანის, ალფრედ დობლინის მოთხრობები.

ნაშრომები: "წერილები"; "თარგმანის თეორია და პრაქტიკა", "თარგმანის ახალი თეორიები და სტილის ეკვივალენტობის პრობლემა", "ქართული თარგმანის ისტორიის საკითხები". "ენა. თარგმანი. მკითხველი".

ჯილდოები: ივანე მაჩაბლის პრემია (1985). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია (2001).

ჰყავს სამი შვილი და ექვსი შვილიშვილი.

ბმული:
* http://www.open.ge/index.php?m=57&y=2002&art=9172

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ინტელექტუალი კატისებრთა ოჯახიდან   Tue Oct 16, 2012 9:32 am



ჰერმან ჰესე


ზღაპარი მოწნულ სკამზე

ყმაწვილი კაცი საკუთარ მანსარდაში იჯდა განმარტოებით. სურდა, მხატვარი გამოსულიყო, მაგრამ საამისოდ მნიშვნელოვანი სირთულეების გადალახვა იყო საჭირო. ჯერჯერობით კი იგი მშვიდად ცხოვრობდა სხვენის ოთახში, ასაკი სულ უფრო ემატებოდა და პატარა სარკის წინ ჯდომა და საკუთარი პორტრეტის ხატვის მრავალგზის მცდელობა ჩვევად გადაჰქცეოდა. უკვე მთელი რვეული გაევსო ამგვარი ნახატებით და ზოგიერთი მათგანი ძალიანაც მოსწონდა.
,,იმ კაცისათვის, რომელმაც განათლების მიღება ჯერ ვერ მოასწრო, - უთხრა საკუთარ თავს, - ეს ნახატი მართლაც რომ არ არის ურიგო. როგორი ცნობისმოყვარე ნაკეცია აი იქ, ცხვირთან. აშკარაა, ჩემში არის რაღაც მოაზროვნის, დიახ, რაღაც ამის მსგავსი უდავოდ არის. საკმარისია პირის კუთხე ოდნავ უკან დავწიოთ, რომ მაშინვე, აი, ასეთი განსაკუთრებული გამომეტყველება გაჩნდება, პირდაპირ ტრაგიკული."
მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ, როცა საკუთარ ნახატებს ათვალიერებდა, უმეტესად, სრულებით არ მოსწონდა ისინი. ეს უსიამოვნო რამ იყო, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ოსტატობის მხრივ შეუპოვრად მიიწევს წინ და საკუთარი თავისადმი სულ უფრო მომთხოვნი ხდება.
საკუთარი სხვენის ოთახთან და იმ ნივთებთან მიმართებით, რაც იქ იდგა და ელაგა, ყმაწვილ კაცს არც თუ თბილი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ იმავდროულად - არცთუ ურიგო. იგი უსამართლო იყო მათდამი, მაგრამ არა იმაზე მეტად, ვიდრე სხვა ადამიანები. ის მათ თითქმის ვერც კი ამჩნევდა და ცუდად იცნობდა.
თუ მორიგი ავტოპორტრეტი მას მთლად იღბლიანად შესრულებულად არ მიაჩნდა, იმ წიგნებს მიუბრუნდებოდა ხოლმე, რომლებშიც მოთხრობილი იყო, თუ როგორ ცხოვრობდნენ მასავით მოკრძალებული და ყველასათვის უცნობი ახალგაზრდები, ხოლო შემდეგ კი სახელი გაითქვეს. ამგვარ წიგნებს სიამოვნებით კითხულობდა და მათში საკუთარ მომავალს ხედავდა.
აი, სწორედ ასე იჯდა ერთხელაც, ოდნავ სევდიანი და დათრგუნული და კითხულობდა წიგნს ერთ ძალზე ცნობილ ჰოლანდიელ მხატვარზე. წიგნში ეწერა, რომ ამ მხატვარს ერთადერთი ნამდვილი ლტოლვა ჰქონდა, პირდაპირ შეპყრობილი იყო შეშლილი სურვილით, მთლად მოეცვა ერთადერთ მისწრაფებას - მას სურდა, კარგი მხატვარი გამხდარიყო. ყმაწვილი კაცი თვლიდა, რომ მას ამ ჰოლანდიელთან გარკვეული მსგავსება აკავშირებდა. თუმცა შემდგომი კითხვისას აღმოაჩინა ისეთი რამ, რაც ნაკლებად შესაძლებელი იყო, რომ თავადაც შეხებოდა. სხვა დანარჩენთან ერთად, მან ამოიკითხა, რომ ჰოლანდიელი ცუდ ამინდში, როცა ქუჩაში ხატვა არაფრით შეიძლებოდა, შეუპოვრად და არანორმალური ვნებით ხატავდა ყველაფერს ერთმანეთის მიყოლებით, ნებისმიერ სრულიად უბადრუკ საგანსაც კი, რაც თვალში მოხვდებოდა. ერთხელ ასე დახატა ძველი ხის ფეხსაცმელები, მეორედ - ძველი, მოღრეცილი სკამი, უხეში, მძიმე, სამზარეულოს გლეხური სკამი იაფფასიანი ხისაგან, მოწნული დასაჯდომით, რღვევისპირას მისული ჩალით. და ეს სკამი, რომლისთვისაც სინამდვილეში არც ერთ ადამიანს არ მიუქცევია ყურადღება, მხატვარმა იმგვარი სიყვარულითა და თავდადებით ასახა, იმგვარი ვნებითა და თავდავიწყებით, რომ ეს ნახატი მის შემოქმედებაში ერთ-ერთ უმშვენიერეს ქმნილებად იქცა. ბევრი კარგი, ჭეშმარიტად ამაღლებული სიტყვა მიუძღვნა მწერალმა ამ სკამს. აქ ყმაწვილმა კაცმა კითხვა შეწყვიტა და ჩაფიქრდა. ეს ისეთი რამ იყო, რაშიც სურდა, დაუყონებლივ თავი გამოეცადა. გადაწყვიტა მაშინვე - რადგან უკიდურესად გაბედული ჭაბუკი იყო - დიდი ოსტატის მაგალითისთვის მიებაძა და დიდებისკენ ამ გზით სიარული ეცადა.
მანსარდას თვალი მოავლო და შეამჩნია, რომ თურმე ხეირიანად არც კი შეუხედავს იმ ნივთებისათვის, რომელთა შორისაც რა ხანია ცხოვრობდა. გვერდმონგრეულ სკამს მოწნული ჩალის დასაჯდომით ვერსად მიაგნო, არც ხის ბაჩები ჩანდა სადმე, ამიტომ იგი წამსვე მოიკუნტა და მოიღუშა. თითქმის ისეთივე იმედგაცრუება იგრძნო, რაც არაერთგზის დამართნია დიდ ადამიანებზე მონათხრობის კითხვისას: ფიქრობდა, რომ სწორედაც ის წვრილმანები და მინიშნებანი, ის საოცარი ნიშნები, რომლებიც სხვათა ცხოვრებაში ესოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, რატომღაც მას გვერდს უვლიდნენ და იძულებული იყვნენ, ამაოდ ეცადათ. მაგრამ მალე ისევ შეჯანჯღარდა, გაიაზრა, რომ ახლა მისი მთავარი ამოცანა სწორედ ის იყო, რომ შეუპოვრობა გამოევლინა და დიდებისაკენ მიმავალ მძიმე გზას მიჰყოლოდა. დაკვირვებით შეათვალიერა ოთახში ყველა საგანი და ბოლოს აღმოაჩინა მოწნული სკამი, რომელსაც მშვენივრად შეეძლო მისთვის მოდელის მოვალეობა გაეწია.
სკამი ფეხით თავისკენ ახლოს მიიწია, ფანქარს წვერი წაუმახვილა ესკიზების ბლოკნოტი აიღო, მუხლებზე დაიდო და ხატვას შეუდგა. რამდენიმე ოდნავ შესამჩნევმა პირველმა შტრიხმა, როგორც მოეჩვენა, საკმაოდ ხარისხიანად, ფორმა შემოხაზა, სწრაფად და დამაჯერებლად, უფრო მსუყე შტრიხებით აზუსტებდა მოხაზულობას და შემდეგ ხელი ფორმის გამუქებას მიჰყო. ღრმა სამკუთხედმა ჩრდილმა კუთხეში ყმაწვილის ყურადღება მიიპყრო და მისი დატანა ენერგიულად დაიწყო სურათზე; ასე განაგრძნობდა მუშაობას, ვიდრე არ იგრძნო, რომ რაღაც ხელს უშლიდა.
ერთხანს კიდევ განაგრძო მუშაობა, შემდეგ ბლოკნოტი განზე გასწია და ნახატს გამომცდელი მზერა მიაპყრო. დაინახა, რომ მოწნული სკამი სრულიად არასწორად იყო გამოსახული.
განრისხებულმა კიდევ ერთი ხაზი გაავლო და სკამს აღშფოთებული მზერა სტყორცნა. ნახატი არაზუსტი იყო. ყმაწვილი კაცი განრისხდა.
- არა, შენ სკამი კი არა, გრძნეული ხარ, - მთელი გულით აღმოხდა მას, - ასეთი თავნება ურჩხული არასოდეს შემხვედრია!
სკამმა ოდნავ გაიჭრიალა და მშვიდად განაცხადა:
- შენ კი მაინც შემომხედე! აბა, ნახე, როგორი ვარ და შეცვლას არც ვაპირებ.
მხატვარმა ფეხი ჰკრა. სკამი უკან გაიწია და ისევ სრულიად სხვაგვარად გამოჩნდა.
- რა სულელურად ხარ მოწყობილი! - წამოიძახა ყმაწვილმა, თან სკამს მიმართავდა, - ყველაფერი ცერად გაქვს, მოღრეცილი.
მოწნულმა სკამმა ოდნავ გაიღიმა და ფრთხილად უთხრა:
- ამას პერსპექტივა ჰქვია, ყმაწვილო.
- პერსპექტივა?! - შესძახა გაცოფებულმა, - ეს ერთი ციცქნაც რომ ბედავს, რაღაც მასწავლოს! პერსპექტივა - ეს ჩემი საქმეა და არა შენი, გაითვალისწინე, თუ შეიძლება!
სკამმა არაფერი უპასუხა. მხატვარი ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, ვიდრე გაბრაზებული კაცის ჯოხის კაკუნი არ გაისმა ქვედა სართულიდან. ქვევით მოხუცი მეცნიერი ცხოვრობდა, რომელიც ხმაურს ვერ იტანდა.
ახალგაზრდა კაცი ჩამოჯდა და ხელთ ისევ თავისი ბოლო პორტრეტი აიღო, მაგრამ არ მოეწონა. მოეჩვენა, რომ სინამდვილეში გაცილებით მიმზიდველად გამოიყურებოდა და ეს მართლაც ასე იყო.
წიგნს მიუბრუნდა, სადაც ისევ იმ ჩალის დასაჯდომიან ჰოლანდიურ სკამზე იყო საუბარი, ახალგაზრდა კაცი გაბრაზდა. მიაჩნდა, რომ ამ სკამის ირგვლივ ისედაც დიდი აურზაური იყო ატეხილი...
ყმაწვილმა თავისი შავი ფართოფარფლებიანი ქუდი აიღო - ისეთი, მხატვრებს რომ უყვართ - და გარეთ გავიდა სასეირნოდ. გაახსენდა (რაც ერთხელ, საკმაოდ დიდი ხნის წინ იგრძნო), რომ ფერწერაში არის რაღაც საზიანო. მას მხოლოდ იმედგაცრუება მოჰქონდა და, ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოში საუკეთესო მხატვარსაც ხომ მხოლოდ საგნების ზედაპირის საშუალოდ გამოსახვა შეეძლო. ადამიანისთვის, ვისაც სიღრმეში ყურება უყვარს, საბოლოოდ, ეს პროფესია არ არის. და ის კვლავ, როგორც ადრე არაერთგზის უფიქრია, ახლაც იმ აზრს დაუბრუნდა, თავის ადრინდელ მიდრეკილებას გაჰყოლოდა და ჯობდა, მწერალი გამხდარიყო. მოწნული სკამი მანსარდაში მარტო დარჩა. წუხდა, რომ მისი ახალგაზრდა ბატონი უკვე წასულიყო. იმედოვნებდა, რომ ოდესმე მათ შორის, ბოლოს და ბოლოს, ნამდვილი ურთიერთობა დამყარდებოდა. სკამი დროდადრო უდიდესი სიამოვნებით გადაუკრავდა სიტყვას, თუ ეცოდინებოდა, რომ რაიმეს შეასმენდა ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ ასე ახალგაზრდა იყო, ასწავლიდა რაიმე ფასეულს. მაგრამ, სამწუხაროდ, აქედან არაფერი გამოვიდა.

თარგმნა რუსუდან ბეჟაშვილმა



Last edited by Admin on Tue May 09, 2017 9:16 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ინტელექტუალი კატისებრთა ოჯახიდან   Tue May 06, 2014 3:52 pm



ჰერმან ჰესე

უსმინეთ ხეებს ანუ სად არის ბედნიერება

როგორ შეუძლიათ იცოდნენ ამდენი და ერთ ადგილას იდგნენ? როგორ შეუძლიათ ისაუბრონ სიტყვების გარეშე და იყვნენ ერთად მაშინაც კი, როცა მარტონი დგანან?

ხეები მუდამ გამჭრიახ მასწავლებლებად მიმაჩნდა. პატივს ვცემდი მათ, როცა ტომებად და ოჯახებად ცხოვრობდნენ ტყეებსა და ბუჩქნარებში და მათი პატივისცემა უფრო მეტად მემატებოდა, როდესაც მარტოთ ვხედავდი.

ხეები მარტოსულ ადამიანებს ჰგვანან. ისეთებს კი არა, რომელთაც საზოგადოებას საკუთარი სისუსტის გამო აქციეს ზურგი, არამედ დიად მარტოსულებს, მაგალითად ბეთჰოვენსა და ნიცშეს. მათ წინაშე მსოფლიო იხრის ქედს, მათი ფესვები უსასრულობაში ისვენებენ, ისინი არ კარგავენ საკუთარ თავს და მხოლოდ ერთი მიზნისთვის იბრძვიან: თავიანთი კანონების გამოყენებით შექმნან უნიკალური ფორმა და წარმოაჩინონ საკუთარი თავი.

არაფერია ძლიერ ხეზე მეტად მშვენიერი.

როცა ხეს ჭრიან და მისი სასიკვდილო ჭრილობა მზის სინათლეზე იკვეთება, მის ნათელ ტანზე მთელი მისი ისტორია იკითხება : წლოვანების რგოლები, ჭრილობები, ბრძოლა, ტკივილი და ტანჯვა – ყოველი ბედნიერება და კეთილდღეობა, რომლებიც მოვარდნილ ქარიშხლებს ებრძვიან.

ყველა ახალგაზრდა ფერმერმა ბიჭმა იცის, რომ ყველაზე კეთილშობილსა და ძლიერ ხეს, ყველაზე განიერი რგოლები აქვს და რომ მხოლოდ მაღალ მთებსა და საშიშ ადგილებში იზრდებიან ყველაზე ძლიერი და იდეალური ხეები.

ხეები ტაძრები არიან. ვინც იცის როგორ ესაუბროს მათ და მოუსმინოს, მხოლოდ ის სწავლობს სიმართლეს.
ხე ამბობს: სიმართლე ჩემს სიღრმეში იმალება. ცდა და რისკი, რომელიც მშობელმა ჩემში ჩადო უნიკალურია. განუმეორებელია ჩემი ფორმა, ძარღვები, კანი, უნიკალურია თითოეული ფოთოლი ჩემს ტოტზე და ყველა პატარა ღარი ჩემს ქერქზე.

ხე ამბობს: ჩემი სიძლიერე ნდობაა. მე არაფერი ვიცი ჩემი მშობლების შესახებ, არაფერი მესმის ათასობით ახალი სიცოცხლის შესახებ, რომლებიც ყოველწლიურად ყვავილობენ ჩემში. მე მჯერა უფლის, მე მჯერა ჩემში არსებული ძალისა და შრომის. სხვა არაფერი მადარდებს და ამ სიმართლით ვცხოვრობ.

როდესაც ცხოვრებაზე გულგატეხილნი ხელს ჩავიქნევთ, ხე გვეუბნება: იცხოვრე! იცოცხლე! ცხოვრება ადვილი არ არის, ცხოვრება რთული არაა. ეს ბავშვური ფიქრებია. დაე, ღმერთმა ისაუბროს შენში და შენი ფიქრებიც დადუმდებიან.

თუ შეშფოთებული ხართ, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენი გზა დედისა და სახლის გზას ამცდარა, მაგრამ ყოველ ნაბიჯსა და დღეს ისევ დედის გზაზე მივყავართ. სახლი არც აქაა და არც იქ. სახლი შენშია, ან სხვაგან არსად.

გული ძლიერი გრძობით მევსება, როდესაც მესმის როგორ შრიალებენ ხეები საღამოს ნიავში და თუ ვინმე დიდხანს დაუგდებს ყურს მათ ხმას, აუცილებლად მიხვდება სათქმელს.

ეს იმდენად ვინმეს ტანჯვისგან თავის დაღწევის მცდელობა არაა, რამდენადაც შეიძლება ასე მოგეჩვენოთ. ეს სახლისკენ სწრაფვაა, საკუთარი დედის მონატრებაა. ამ ხმას სახლისკენ მივყავართ. ყველა გზაც ხომ საბოლოოდ სახლისკენ მიდის. ყოველი ნაბიჯი დაბადებაა, ყოველი ახალი ნაბიჯი სიკვდილია.

და როცა ჩვენი საკუთარი ბავშვური ფიქრების წინაშე მდგარნი ხის მოკრძალებულ საუბარს ვუსმენთ, მხოლოდ მაშინღა ვხვდებით რომ მათ დიადი ფიქრები აქვთ, ღრმა და მშვიდი სუნთქვა. ისინი ჩვენზე ჭკვიანები არიან, რადგან ჩვენ არ ვუსმენთ მათ.

მაგრამ როდესაც ვსწავლობთ,როგორ ვუსმინოთ ხეებს ჩვენი გონების შეზღუდულობა, სიჩქარე და ბავშვური სიფიცხე წარმოუდგენელ და შეუდარებელ სიამოვნებად გარდაიქმნება.

და ვინც კი ისწავლა, როგორ უსმინოს ხეებს, მას აღარ სურს იყოს ხე. მას აღარ სურს იყოს ვინმე სხვა, გარდა საკუთარი თავისა.

ეს არის სახლი.

ეს ბედნიერებაა…


თარგმნა თემო ბერიშვილმა

ბმული - http://www.4motivi.com/უსმინეთ-ხეებს-ჰერმან-ჰეს/


Last edited by Admin on Sat Apr 22, 2017 8:44 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ინტელექტუალი კატისებრთა ოჯახიდან   Fri Apr 21, 2017 10:48 am

ჰერმან ჰესე

კითხვის შესახებ

ადამიანთა უმრავლესობამ კითხვა არ იცის, უფრო მეტს კი ბოლომდე ვერ გაუგია, რატომ კითხულობს. ზოგიერთები თვლიან, რომ კითხვა, ძირითადად, მძიმე, მაგრამ აუცილებელი რამაა “განათლებისთვის”, და ნებისმიერი საკითხავი მათ, დიდი-დიდი, “გაანათლებს”. სხვებისთვის კითხვა მსუბუქი სიამოვნებაა, დროის მოკვლის საშუალება, და მათთვის, სინამდვილეში, სულ ერთია, რას წაიკითხავენ, ოღონდ კი არ მოიწყინონ.
ასე, ბ-ნი მიულერი გოეთეს “ეგმონტს” ან მარკგრაფინის ქალის, ფონ ბაიროიტის მოგონებებს კითხულობს, იმის იმედით, რომ უფრო განათლებული გახდება და შეავსებს თავის ცოდნას, რომლის ნაკლებობასაც თავად განიცდის. ის, რომ ცოდნის ნაკლებობას ასე მძაფრად გრძნობს და არ ივიწყებს, უკვე იმის მანიშნებელია, რომ მისი აზრით განათლება რაღაც გარედან მომავალია და იგი შრომით მიიღწევა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ რაც არ უნდა ისწავლოს, მასში ყველაფერი მკვდარ და უნაყოფო ცოდნად დარჩება.
ბატონი მაიერი კი “სიამოვნებისთვის” კითხულობს, ანუ მოწყენილობის ჟამს. დრო ბევრი აქვს, რენტიეა, დრო იმაზე მეტი აქვს, რამდენის გამოყენებასაც შეძლებდა. მაშასადამე, მწერლები მას გრძელი დღის მოკვლაში უნდა დაეხმარონ. იგი ისევე კითხულობს ბალზაკს, როგორც კარგ სიგარას ეწევა, და ისევე კითხულობს ლენუას, როგორც გაზეთს.
არადა, ეს ბატონები, მიულერები და მაიერები (ისევე, როგორც მათი ცოლები, ვაჟები და ასულები), სხვა რამეებში სულაც არ არიან არჩევანსა და დამოუკიდებლობას მოკლებულები. თავიანთ ფასიან ქაღალდებს სათანადო მიზეზების გარეშე არასოდეს ყიდულობენ და ყიდიან, გამოცდილი აქვთ, რომ ძილის წინ მძიმე საჭმელის მიღება არასასურველია, და ფიზიკურად იმაზე მეტად არ იტვირთავენ თავს, ვიდრე ჯანმრთელობისთვის არაა აუცილებელი. ზოგიერთი მათგანი სპორტსაც კი მისდევს და ამ ნიშანდობლივი დროსტარების საიდუმლოშიც ერკვევა, იცის, რომ სპორტით ჭკვიან ადამიანს არამარტო სიამოვნების მიღება, არამედ გაახალგაზრდავება და ჯანზე მოსვლაც შეუძლია.
ჰოდა, ისევე, როგორც ვარჯიშობს ან ნიჩაბს უსვამს, ბატონმა მაიერმა უნდა იკითხოს კიდეც. იმ საათებისაგან, რომლებსაც კითხვას ანდომებს, არანაკლები ხეირი უნდა ჰქონდეს, ვიდრე იმ დროისგან, რომელსაც თავის საქმეს ახმარს, და მას არ უნდა აცდუნებდეს ისეთი წიგნი, რომელიც ცოდნით არ გაამდიდრებს, ოდნავ მაინც უფრო ჯანმრთელს, ერთი დღით უფრო ახალგაზრდას არ გახდის. განათლება მას ისევე ნაკლებად უნდა ადარდებდეს, როგორც პროფესორის წოდების მოპოვება, და რომანების გმირ ყაჩაღებთან და საროსკიპოების მფლობელებთან ურთიერთობა ისევე უნდა რცხვენოდეს, როგორც ნამდვილ ნაძირალებთან საქმის დაჭერა. მაგრამ მკითხველი ასე მარტივად არ მსჯელობს, ის დაბეჭდილ სამყაროს განიხილავს როგორც უდავოდ ამაღლებულ რამეს, ბოროტსა და კეთილს მიღმა არსებულს, ანდა ამრეზით უყურებს ამ სამყაროს, როგორც არარეარულს, მეოცნებეების მიერ გამოგონილს, რომელიც მხოლოდ იმისთვის ვარგა, რომ მოწყენილობის ჟამს მიაკითხო, და საიდანაც არანაირ ხეირს არ უნდა ელოდე, დიდი-დიდი, ის შეგრძნება გამოგყვეს, რომ რამდენიმე საათი სასიამოვნოდ გაატარე.
მიუხედავად ლიტერატურის მცდარი შეფასებისა და დაკნინებისა, ბ-ნი მიულერი და ბ-ნი მაიერი, როგორც წესი, ძალიან ბევრს კითხულობენ. იმ საქმეს, რომელიც მათ, სინამდვილეში, სულ არ ეხებათ, მეტ ყურადღებას და დროს უთმობენ, ვიდრე რამე სხვა საქმეს. შესაბამისად, გუმანით მაინც ხვდებიან, რომ წიგნებში არის რაღაც, არცთუ მთლად უმნიშვნელო. ოღონდ მათი წიგნების მიმართ დამოკიდებულება იმდენად პასიური და თავისუფალ ნებას მოკლებულია, რომ, ბიზნესში იგივე რომ ჭირდეთ, დიდი ხნის გაკოტრებულებულები იქნებოდნენ.
ის მკითხველიც, რომელიც დასვენებასა და დროის გატარებას ცდილობს, და ისიც, ვინც საკუთარ განათლებაზე ზრუნავს, წიგნებში ერთგვარ მაცოცხლებელ და სულიერად ამამაღლებელ ძალას გრძნობენ, თუმცა დანამდვილებით არაფერი იციან და არც რამის შეფასება შეუძლიათ. ისინი უგუნური ავადმყოფებივით იქცევიან, რომლებმაც იციან, რომ აფთიაქში ბევრი კარგი წამალია და ამიტომ იქ ყველა საშუალების გასინჯვას ცდილობენ, ყველა კოლოფის, ყველა შუშის ნახვას. არადა, კარგი იქნებოდა, თუ წიგნის მაღაზიასა და ბიბლიოთეკაში, კარგი აფთიაქის მსგავსად, ყველასთვის მონახულიყო საკუთარი საშუალება, რომ მოწამვლისა და ზედმეტის მოხმარების გარეშე ყველას შეძლებოდა ახალი ძალების მოკრება.
ჩვენ, ლიტერატორებს, გვსიამოვნებს, რომ ხალხი ამდენს კითხულობს, და ალბათ ავტორის მხრიდან არცთუ ჭკვიანურია იმის თქმა, რომ ხალხი მეტისმეტად ბევრს კითხულობს. მაგრამ როცა ეს ამბავი დიდხანს გრძელდება, საყოველთაოდ არასწორად გაგებული და ბოროტად გამოყენებული საქმიანობა სულ უფრო ნაკლებად სასიამოვნო ხდება, და ათი კარგი, მადლიერი მკითხველის ყოლა, ნაკლები მოგების მიუხედავად, ათასი უმადურის ყოლაზე უკეთესიცაა და უფრო სასიხარულოც.
ამიტომ გავკადნიერდი და ვაცხადებ, რომ ხალხი, საზოგადოდ, მეტისმეტად ბევრს კითხულობს და ეს “კითხვადობა” ლიტერატურისთვის პატივი კი არა, ზარალია. წიგნები იმისთვის როდი იწერება, რომ დამოუკიდებლობას მოკლებული ხალხი კიდევ უფრო უნიათო გახდეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ იმისთვის იყენებენ, რომ უსიცოცხლო ადამიანებს იაფად მიაწოდონ რაღაცა, რაც ცხოვრების ილუზიას ქმნის და თითქოს მისი შემცვლელია. არადა, წიგნები ხომ მხოლოდ მაშინაა ფასეული, როცა სიცოცხლეს გვაზიარებს, სიცოცხლეს ემსახურება, და კითხვის ყოველი საათი ფუჭადაა ჩავლილი, თუ მკითხველს ერთი წვეთი ძალა, ახალგაზრდობა, ხალისი მაინც არ შემატა.
გარეგნულად კითხვა ისეთი რამაა, რომელიც კონცენტრაციას მოითხოვს, და “დარდის გასაქარვებლად” კითხვა ტყუილი ამბავია. თუ ადამიანი სულით ავადმყოფი არაა, არაფრის გაქარვება არ სჭირდება, პირიქით, ყველგან ყურადღებით ყოფნა მართებს – სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, რასაც არ უნდა აკეთებდეს, რასაც არ უნდა გრძნობდეს – მთელი არსით მოვლენებში უნდა იყოს ჩართული. ასევე, კითხვის დროს უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი კარგი წიგნი, უპირველეს ყოვლისა, ყურადღების გამახვილებას გულისხმობს, ჩახლართული ამბების ერთ წერტილში კონცენტრირებას და გამარტივებას. ადამიანური გრძნობების ასეთი გამარტივება და კონცენტრირება სულ პატარა ლექსითაც შეიძლება, და თუ მისი კითხვისას იმის ძალა არ შემწევს, რომ ყურადღება მოვიკრიბო, თანამონაწილე და თანამგრძნობი არ გავხდე, ცუდი მკითხველი ვყოფილვარ. ის, რომ ამით ლექსისა თუ რომანის მიმართ უსამართლობას ვიჩენ, შეიძლება არ მაღელვებდეს, მაგრამ ცუდი კითხვით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ ვარ უსამართლო. დროს ისეთ რამეზე ვხარჯავ, რაც ფასეული არაა, მხედველობას და ყურადღებას ჩემთვის უმნიშვნელო რამეს ვახმარ, იმას, რაც – წინასწარ ვიცი – მზად ვარ უმალვე დავივიწყო, გონებას ვღლი შთაბეჭდილებებით, რომლებიც ჩემთვის უსარგებლოა და რომელთა გადახარშვაც არ შემიძლია.
ხშირად იტყვიან ხოლმე, ეს “ცუდი კითხვა” გაზეთების ბრალიაო. მე ასეთი აზრი სრულიად მცდარად მიმაჩნია. შეიძლება ყოველდღიურად იკითხო გაზეთი ან გაზეთები და ამავე დროს კონცენტრირებულად და ქმედითუნარიანად დარჩე, ახალი ამბების ამორჩევა და სწრაფი კომბინაცია ძალიან ჯანმრთელი და ფასეული ვარჯიშიც კია. ამ დროს, სავსებით შესაძლებელია, რომ განათლებას დანატრებულმა მაიერმა თუ სიამოვნებისთვის მკითხველმა იმგვარად წაიკითხონ “არჩევითი ნათესაობა”, რომ ის სრულიად უსარგებლო იქნება.
ცხოვრება ხანმოკლეა, და იმქვეყნად არავის მოეკითხება, რამდენ წიგნთან შეძლო გამკლავება. ამიტომ არცთუ ჭკვიანურია და მეტიც, მავნეა ფუჭ კითხვაზე დროის ხარჯვა. მე ცუდ წიგნებს კი არა, კითხვის ხარისხს ვგულისხმობ. კითხვისაგან, ისევე, როგორც ცხოვრებაში ყოველი ნაბიჯისა და ჩასუნთქვისგან, რაღაცას უნდა ველოდეთ, მას ძალა უნდა დავახარჯოთ, რომ მეტი მივიღოთ, უნდა დავიკარგოთ, რომ უფრო ცნობიერად აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი. ლიტერატურის ისტორიის ცოდნას არანაირი ფასეულობა არ გააჩნია, თუკი ყოველმა წაკითხულმა ტომმა ნუგეში, ან ძალა, ან სულიერი სიმშვიდე არ მოიტანა. უაზრო, დაბნეული კითხვა იგივეა, რაც ლამაზ მიდამოში თვალახვეული სეირნობა. არც იმისთვის უნდა ვიკითხოთ, რომ საკუთარი თავი და ყოველდღიური ცხოვრება დაგვავიწყდეს, პირიქით, უფრო ცნობიერად და გონივრულად უნდა მოვკიდოთ მტკიცე ხელი ჩვენს ცხოვრებას. წიგნებს ისე არ უნდა მივუდგეთ, როგორც შეშინებული მოსწავლეები – ამპარტავან მასწავლებელს, და არც ისე, ფუქსავატები რომ მიადგებიან ხოლმე არყის ბოთლს, – არამედ ისე, როგორც მთამსვლელები უდგებიან ალპებს, მებრძოლები – არსენალს. უნდა ვიყოთ არა დევნილები და ცხოვრების არმოსურნენი, არამედ კეთილი ხალხი, რომელსაც მათთან აქვს საქმე, ვინც მისი მეგობარი და შემწეა. ასე რომ იყოს, ასე რომ მოხდეს, იმის მეათედსაც აღარ წაიკითხავდა ხალხი, რასაც ახლა კითხულობს, და ყველანი ათჯერ უფრო გახარებულები და მდიდრები ვიქნებოდით. ხოლო თუ ეს იმას გამოიწვევდა, რომ ჩვენს წიგნებს არავინ იყიდდა და ჩვენ, მწერლები, ათჯერ ნაკლებს დავწერდით, სამყაროს ამით არაფერი დაუშავდებოდა. ვინაიდან, კითხვისა არ იყოს, არც წერის საქმეა კარგად.

გერმანულიდან თარგმნა ნატო თოთლაძემ

ბმული - http://arilimag.ge/ჰერმან-ჰესე-კითხვის-შესა/

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ინტელექტუალი კატისებრთა ოჯახიდან   

Back to top Go down
 
ინტელექტუალი კატისებრთა ოჯახიდან
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: