არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნინო დარბაისელი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7
AuthorMessage
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Mon Oct 03, 2011 3:03 pm

ნინო დარბაისელი

გლობუსი

სფეროსებური, ცისფერი ლამპის
დაბალი შუქი,
ოთახში - წყვილი სავარძელი
და მაგიდაზე -
მაღალ ჭიქებში - შავი ღვინო,
მისატანებლად -
- ვერცხლის ლამბაქით -
- ცოტა ყველი.

თითო გვეყოფა,
სისხლსაც უხდება,
არც დაგვამძიმებს ტანინიანი.
ყლუპ-ყლუპად ვსვამთ და
ვმასლაათობთ მთელი საათი:

შენ: - განგება და ბედი მუდამ ბურთს თამაშობენ.
მე: - ამ ორს შუა მუდამ არის თეთრი საზღვარი.

შენ: - საზღვრის თავზე ბადეც მუდამ გაჭიმულია.
მე: - რა ქნას მსაჯმა, თუ წესრიგი მუდამ ირევა,
რადგან განგება - ფრენბურთელია,
ბედი კი ფეხბურთს ეთამაშება.

შენ: - საბოლოოდ, მუდამ ფრეა.
ყველა ვიგებთ ანუ ვმარცხდებით.
მე: - გაგვიმარჯოს!
შენ: - სლონჩე ვა!

ყლუპ!
და ორივე თითქმის ერთად:
- ძილი ნებისა!

თვალდახუჭული ვეღარ ვიხსენებ,
შევინახე თუ მაგიდაზე დამრჩა ლამბაქი.

ამ სიჩუმეში რაღაც შორი
ზუზუნებს,
წუის,
ბრუნავს გლობუსი,
ორბიტაზე ბრუნავს გლობუსი,
და სხივოსანი განსაცდელი გვიახლოვდება.


-----
სლონჩე ვა - გაგვიმარჯოს (ძვ. შოტლანდიური).
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Thu Dec 01, 2011 2:17 pm

ნინო დარბაისელი

ნაპირალი

კიდევ ცოტაც და:
- გკოცნი,
მიყვარხარ!
აბა, კარგად!

მაშინ ისეთი თამამები როდი ვიყავით,
რომ ეს სიტყვები ერთმანეთისთვის ხმამაღლა გვეთქვა,
მაგრამ დიდების მიბაძვით როცა
ჩვენც ვთამაშობდით ბაღის ეზოში ,,ბრის ილი მიაუს",
როცა ერთმანეთს ვერგებოდით,
მაინც, რა იყო ის უცნაური გა-აღ-ტაცება -
- აი, ქარი რომ ყვავილს მოწყვეტს
და მინდვრიდან შორს გააქროლებს...
არა!
შენივე ბატიფეხურის გამგებს რომ ეძებ,
იქნებ სიტყვა გამოგივიდა,
მაგრამ ქარი რომ გამოგტაცებს ფურცელს ხელიდან,
წაიღებს მაღლა,
მაღლა-მაღლა,
ტრიალ-ტრიალით,
მერე ჩიტად გადააქცევს,
შენი ამბავი რომ მიიტანოს იმ ქვეყანაში,
სადაც სახლები ბატიბუტის ცაში კიდია
და ყირამალა ჩამოზრდილ ხეებს
კევითა და შოკოლადით დახუნძლული მწვანე ტოტები
შიგ ფანჯრებში შემოუყვიათ
და უცებ დასცხებს ლიმონათის კოკისპირული,
იატაკისკენ დაიძვრება ფანჯრიდან ქაფი.
მარდად რაფაზე უნდა აძვრე,
თავაწეულმა გაჭყეპამდე ყლაპო და ყლაპო.

იქ ცხოვრობს ყველა, ვინც ოდესმე მოგნატრებია
და ყველაფერი დაკარგულიც იქ ინახება,
რაც მთავარია, იქ ცოცხლდებიან დედოფალები,
მაგრამ ჩიტები ქვავდებიან,
სეტყვად ცვივიან.

სად რა გაუვათ, დიდებზე უკეთ გრძნობენ ბავშვები.
ერთად ვერ მოვხვდით მაგიდასთან.
მეც, დრო ვიხელთე,
როცა ახალი მასწავლებელი შემოგვიყვანეს,
გადმოგიჯექი
და უჭმელობით სახელგანთქმული ფაფას ვეძგერე
და თავჩაღუნულს მიხტოდა გული,
მეწოდა ყურის ბიბილოები.
რაღას იზამდნენ,
დავიმკვიდრე ჩემი ადგილი.
პურის ყუები შენ გიყვარდა,
დესერტი - არა.

- ეს უკვე ჩემი ნაპირალია,
მაგრამ თუ გინდა, შენც დალიე! –
- მითხარი ერთხელ და ჭიქა ნელა მომიცურე.
დავლიე,
დავდგი,
შენც დალიე.
ყველა სიყვარულს სჭირდება რაღაც საიდუმლო,
ჩვენი ეს იყო:
იმიერიდან ერთმანეთის ნაპირალს ვსვამდით.
სხვა დროს რატომღაც გერიდებოდი.
მერე,
(არ მახსოვს, ცხადში? სიზმარში?)
ჩემი ადგილი სხვამ დაიკავა
და დავინახე, ჭიქა როგორ მიუწიე,
მერე - არ ვიცი,
მერე აცივდა,
მერე ბაღში აღარ მოსულხარ,
მერე გავიგე,
რომ სხვა ბაღში გადაგიყვანეს.
მერე ზაფხული,
სკოლა,
ახალი სიყვარული,
ახლის ახალი.

იქიდან დამყვა,
ცხადშიც, სიზმარშიც
ადამიანებს და ყველაფერს,
გაღმა-გამოღმა სამყაროებს
მე ერთდროულად (ან უწესო მონაცვლეობით)
ვგრძნობდე,
მესმოდეს,
მიყვარდეს,
მძულდეს
გოგოს და ბიჭის,
ქალის და კაცის გულისყურით,
ანუ ბოლომდე ვერ გავიგო,
სად დავრჩე ანდა სად წავიდე,
როგორ წავიდე
და როგორც თითი,
მოსრიალე ცარიელი ბოკალის პირზე,
გეზიდან ოდნავ გადაუხვევს და
პომადის კვალს შეუმჩნევლად მოაპრიალებს,
უსასრულო წრეს ვუბრუნდები.
პირი თვალისთვის შეუმჩნევლად გაბზარულია.

შენ?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun Dec 25, 2011 12:53 am

ნინო დარბაისელი

აღარ ამოვალ!


ლურჯი ,,ვიზიტკა" -
უცხო სურნელი -
უძვირფასესი ო-დე- კოლონის
და ოდნავი ნესტის ნაზავი.
თუ დაგჭირდები,
დამირეკეო.
სახეც არ მახსოვს,
მგონი, კარგად არც შემიხედავს.
არც თვითონ უთქვამს, არც მე მიკითხავს,
შენი საფლავის სიახლოვეს რამ მოიყვანა.

უკვე აცივდა,
დღეც დამოკლდა,
სიბნელეში კი არ გაირჩევა
ცოცხლების და მკვდრების ქალაქი.

უკაცრიელი,
უკაცრიელი!

საფლავზე მიწა დაწეულა.
მე რას დავძრავდი ამ ხელებით,
გადახრილ გრანიტს!
გადაყირავდა,
გადამიყოლა,
მაგრად გადავრჩი
(რა უფრო მტკივა:
მუხლი თუ მხარი?)
ეგდო მიწაზე ქვა - ყინულის წიგნად ქცეული.
ყდაზე - სურათი მოღიმარი.
ამ სურათიდან მე ჩამომჭრეს,
მხარზე რომ მედო შენი მკლავი,
მოარეტუშეს.
ორიგინალიც დამიკარგეს.

ყინული დნება მთვარის შუქზე?
დადნა,
გაწყალდა,
დაილია ყინულის წიგნი,
დასველდა მიწა
და მე მიწაში ვურევდი ხელებს
და მე ჰაერში ვურევდი ხელებს
და მე ვურევდი კბილის კაკუნით
სიტყვებს და მარცვლებს
და მარცვლებში - შორისდებულებს.

რა - დენის დარტყმა, რა - სიბნელეში უცხო შეხება!
,,ქალაქისკენ ხომ არ მოდიხართ?“
უსაფრთხოების ღვედი,
მანძილი,
დაღმართი,
სახლი,
კარი,
გმადლობთ,
ნახვამდის,
ძილი!

ნალექიანი ყავისფერია გამოღვიძება,
კვამლიანია ჩემი დილა
და ლურჯ ნაკუწებს
საფერფლეში ცეცხლი ედება.
ერთხელაც კიდევ ვუპატრონებ მანდაურობას,
მუშებს ვნახავ და საკმარისია.
ამიერიდან ნუღარც შენ მოხვალ,
ცოცხლებიც,
მკვდრებიც
და ცოცხალმკვდრებიც
თქვენს გზას ეწიეთ,
ჩემი თავი გამჭირვებია!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun Jan 15, 2012 10:52 pm

ნინო დარბაისელი

გაცემა


აი, ეს ო დე პარფიუმი,
უქმად რომ იდო სარკის წინ და
ჩამოტეხილ კუთხეს ფარავდა!
ეს პერანგები?!
რომელიმეს აიჩემებდი,
დანარჩენები - ისე ეკიდა.
ეს შარვლებიც სულ ახლებია.
ეს ქურთუკი კი მენანება,
როგორ გიყვარდა,
სახელოებიც, ნახე, როგორ გადაჰქექვია.
ჯერ ამ ყველაფერს ვამზეურებ,
წესი ყოფილა.
ხვალ შვილები და ძმები მოგივლენ,
ზეგ - ბიძაშვილებს ველოდებით,
მერე - მეგობრებს.
რაც აქ დარჩება,
მოხუცებულთა თავშესაფარში მიიტანეთ
ან ეკლესიის შესასვლელში ჩააბარეთო.

ახლა ნივთები:
შენი სპინინგი სათადარიგო სატყუარებით -
ვიცი, რომელ მეზობელს უნდა.
წიგნებს რა ვუყო?
ვინღა კითხულობს დღეს მილიტარულ რომანებს ანდა
ეს საქაღალდე - ელვის პრესლის სურათებით და
გაზეთებიდან ამონაჭრებით - ვიღას სჭირდება.

დგამ-ავეჯიდან:
საწოლი უკვე ზედმეტია სამეფო ზომის,
ეს შენი ძველი სავარძელიც - ოთახს კეტავდა.
თეჯირი - დარჩეს!
და ყველაფერი ორმოცამდე უნდა მოესწროს.

ნუ გამიწყრები.
ადრიდანვე ასე დამჩემდა -
როცა გულს მატკენს ახლობელი,
ცრემლს ჩავიბრუნებ,
შევცქერი და
მკვდრად მელანდება,
სასახლეს ვურჩევ ხმაგაკმედილი,
გვირგვინებს ვუწყობ,
სამგლოვიაროს ვკრებ მუსიკებს;
ლოყაზე ლოყის მოკარებით,
ან მხარზე ხელის მოთათუნებით
ვიღებ სამძიმრებს;
ამასობაში მავიწყდება, რა მაწყენინეს.
მე წინასწარვე დავისაჯე ცოდვებისათვის,
გადასატანიც წინასწარვე გადავიტანე...

რა დროს ესაა!

გუგუნებს ღამე,
ყრუდ გუგუნებს;
უგზოუკვლოდ ბრუნავს ტორნადო,
ქრება სინათლე,
ყოველწამიერ გაფრთხილებებს ეჩვევა ყური,
ეჩვევა გული
და აღარც უსმენ მოხრიალე რადიომიმღებს
და ადგილიდან აღარ იძვრი,
უბრალოდ, იცდი,
რომ დარწმუნდე განთიადისას,
რაც უფრო დიდ ხეს ამოთხრის ქარი,
ორმოც მით უფრო დიდი რჩება.
და ცას ასცქერის
მიწა ძრწოლით პირდაფჩენილი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun Jan 15, 2012 10:53 pm

ნინო დარბაისელი

ლინ ფენი

(ჩინურებიდან)

ამ უთენია
პირველი კვალი მე გავიყვანე,
ახლა კი
ნისლის ცივი ფაფის უნდოდ მყლაპავი
და კოჭებამდე ქურქში შემძვრალი
ჩემს ნაკვალევზე
მოვკრაჭუნობ
და თითო ხელით
მე ხუთლიტრიან თითო ბიდონს
მოვაქანავებ.
(რიტმს თუ ავყვები მთელი ტანით,
ეს ყველაფერი
უფრო ადვილი ასატანია).

აქ არც მთა არის,
არც ხეა სადმე,
ყვავიც არ დაფრენს,
არაფერი ჩანს,
მზერამ ზედ რომ ჩამოისვენოს.
არც ვინმე ჩემი ხმის გამგებია
და ერთადერთი ფერადი და მოძრავი ლაქა
სიმწრისაგან ვმღერი,
რომ შევაჩერო ეს ცრემლები
ლოყის მსერავი.

ნეტა მას,
ტვირთი ადგილამდე ვინც მიიტანა
და ასვენია
ახლა მშვიდად პირმოღიმარი!

აქა-იქ ბრწყინავს ალმასები უალმასესი.
შორს, სამშობლოში ზეიმია,
ჩემზეც იტყვიან,
მშვიდობით იყოს,
შობის მადლი შეეწიოსო.

,,გაივლის ესეც.
მოთმინებით უნდა აივსო!’’ -
შენს ანაბარად აქ დარჩენილს
მესმის იესო.
ვდგები,
მოვდივარ,
ისევ ბიდონებს მოვაქანავებ,
თოვლში კი, თურმე,
სისხლის წითელი ყვავილები
ხდება ყვითელი.

იესო!
მართლა სამარეა ეს არემარე,
არ ვიცი, რა მჭირს,
რას დავეძებ,
ან ვის რას ვუწვდი,
სად მე ცოდვილი,
სად - კეთილი სამარიტელი.

,,როცა პატარა სიყვარული
ფეხისწვერებზე აწეული
დიდს ეტოლება,
დიდი -
უჩუმრად მხარს დახრის და
მუხლშიც იხრება''.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun Jan 15, 2012 10:56 pm

ნინო დარბაისელი

ხუთი ტანკა


გაცილება
- - - - -

მიემგზავრები.
მშურს ყველა მგზავრის.
ერთი მათგანი
შურის თვალით
მე შემომცქერის.



ძაღლი
---

თვინიერია,
მაგრამ
ბოლომდე არ ინდობა.
ყველა ხის ძირში მოისაქმებს,
საყელურს თუ ხელი გავუშვი.



სახლი
- - - - -


წუხელ ქარიშხალს
სახურავი გადაუხდია.
დღეს ნაწვიმარზე ორთქლი ასდის.
ადრე დუღდა და გადმოდუღდა
სიცოცხლე სახლში.



დიდედა
- - - - -


შენმა სურათმა გამახსენა:
ოდნავ მიმწვარი ფაფისა და
ზემო უჯრაში დამალული
წამლის სუნი
დაჰკრავს ბავშვობას.



***

დილაადრიან
მეეზოვემ
ფოთლებს და ტოტებს
ზედ ჩიტებიც მიახვეტა.
ადრე დაზამთრდა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun Jan 15, 2012 11:01 pm


ნინო დარბაისელი


თარგმანები
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -


მარინა ცვეტაევა


ცივდება ორი მზე

ცივდება ორი მზე, - ო, ღმერთო, რას მერჩი! -
პირველი - ზეცაზე, მეორე - ამ მკერდში.

მზეები, - ნეტა თვითშენდობას ავიტან? -
მზეები გონს როგორ მირევდნენ თავიდან!

ცივდება ორივე - აღარ მწვავს იმდენად!
მათში უცხელესი - ადრე გაცივდება.


Марина Цветаева
*
Два солнца стынут,- о Господи, пощади!-
Одно - на небе, другое - в моей груди.

Как эти солнца,- прощу ли себе сама?-
Как эти солнца сводили меня с ума!

И оба стынут - не больно от их лучей!
И то остынет первым, что горячей.


1915



მარინა ცვეტაევა

ლოცვა


ქრისტე და ღმერთო! სასწაულს ველი
ახლა, ამ დილას. ვერ მიმიგნია.
ო, გევედრები, ახლავე მოვკვდე,
ვიდრე ცხოვრება ჩემთვის წიგნია.

ბრძენი ხარ. ვიცი, მკაცრად არ მეტყვი :
-,, ითმინე კიდევ! შენი დროც მოვა."
თავად ამავსე წყალობით - მეტით!
მსურს ყოველი გზის ერთბაშად მოვლა!

მსურს ყოველივე: ბოშური სულით
სიმღერ-სიმღერით ვიავაზაკო,
სხვებისთვის მტანჯონ ორგანის ხმაზე,
ვიამორძალო მე საარაკოდ;

შავ კოშკში ვიჯდე ვარსკვლავთ მისანი,
ბავშვებს გავუძღვე, ვსერო ლანდები.
დღე გუშინდელი - იყოს ლეგენდა,
სიგიჟე იყოს - დღე დღევანდელი!

მიყვარს ჯვარი და მოვი და შალი.
წამიერია ეს სული - კვალი.
ტკბილი ბავშვობაც ხომ შენ მომმადლე,
გვედრი, ჩვიდმეტი წლისა მომკალი!


- - - - -- -


Христос и Бог! Я жажду чуда
Теперь, сейчас, в начале дня!
О, дай мне умереть, покуда
Вся жизнь как книга для меня.

Ты мудрый, ты не скажешь строго:
— «Терпи, ещё не кончен срок».
Ты сам мне подал — слишком много!
Я жажду сразу — всех дорог!

Всего хочу: с душой цыгана
Идти под песни на разбой,
За всех страдать под звук органа
И амазонкой мчаться в бой;

Гадать по звёздам в чёрной башне,
Вести детей вперёд, сквозь тень…
Чтоб был легендой — день вчерашний,
Чтоб был безумьем — каждый день!

Люблю и крест и шёлк, и каски,
Моя душа мгновений след…
Ты дал мне детство — лучше сказки
И дай мне смерть — в семнадцать лет!




ალ. ბლოკი

***(ღამე, ქუჩა, აფთიაქი, ფარანი)


ღამე, ქუჩა, აფთიაქი, ფარანი
და ნათება უაზრო და მკრთალი.
საუკუნის მეოთხედიც დაფარო,
ვერას შეცვლი, ხსნა არსაით არის.

მოკვდები და - უბრუნდები გავლილს.
დასასრული აღარაფერს უჩანს:
ღამე, არხის მოყინული ჭავლი,
აფთიაქი, ფარანი და ქუჩა.


Александр Блок

* * *


Ночь, улица, фонарь, аптека,
Бессмысленный и тусклый свет.
Живи еще хоть четверть века -
Все будет так. Исхода нет.

Умрешь - начнешь опять сначала
И повторится все, как встарь:
Ночь, ледяная рябь канала,
Аптека, улица, фонарь.


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun Jan 15, 2012 11:05 pm

ედნა ვინსენ მილეი

ნატირალი



გესმით, შვილებო,
მოგიკვდათ მამა!
იმისი ძველი ლაბადისაგან
შეგიკერავთ ციცქნა ქურთუკებს,
იმისი ძველი შარვლისაგან
გამომივა თქვენთვის შარვლები.
აქ ჩარჩენილა ყველაფერი,
რასაც ჯიბეში ინახავდა:
გასაღებები და ხურდა ფული
დაუფარავს თუთუნის ნაფშვენს.
დენისა იყოს ხურდა ფული,
ბანკში წაიღებს.
ანისა იყოს გასაღებები,
ააჟღარუნებს.
უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც
და მკვდარი უნდა დავივიწყოთ,
უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც,
თუნდაც მოკვდნენ კარგი კაცები.
ანი, საუზმე გელოდება!
დენი, წამალი არ დაგავიწყდეს!
უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც,
მაგრამ რისთვის - გადამავიწყდა.

(ინგლისურიდან თარგმნა ნინო დარბაისელმა)


Edna St. Vincent Millay

Lament

Listen, children,
Your father is dead.
From his old coats
I'll make you little jackets;
I'll make you little trousers
From his old pants.
There'll be in his pockets
Things he used to put there:
Keys and pennies
Covered with tobacco.
Dan shall have the pennies
To save in his bank;
Anne shall have the keys
To make a pretty noise with.
Life must go on
And the dead be forgotten;
Life must go on
Though good men die.
Anne, eat your breakfast;
Dan, take your medicine.
Life must go on;
I forget just why.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun Jan 15, 2012 11:14 pm

რაინერ მარია რილკე

ჰეტერათა სამაროვნები


თმათა ტალღებში წვანან ისინი
და მიწისფერი სახეები ღრმად ჩაქცევიათ.
დახუჭული აქვთ თვალები, თითქოს წინ უსასრულო სავალი ედოთ.
ო, ყვავილები, ძვლები, პირები, პირთა წიაღში -
- ჩამწკრივებული მათი კბილები, როგორც სამგზავრო,
სპილოსძვლისაგან გამოთლილი ჭადრაკის ქვები.
კვლავ ყვავილები, ცვილისფერი მარგალიტები,
წერწეტა ძვლები, ხელები და ჩაშლილ გულებზე დაფენილი
მჭკნარი ქსოვილი სიფრიფანა პერანგებისა,
ამ აურაცხელ ბეჭდებსა და ავგაროზებში,
რომ შერევიათ (საყვარელთა ნასახსოვარი),
თვალებივით ცისფერი თვლები,
კვლავ დგას ურყევად მათი მოდგმის მშვიდი ეკვდერი, თაღამდე სავსე ყვავილებით.
კვლავ ცვილისფერი მარგალიტები
და გამომწვარი თიხის ნატეხზე აღბეჭდილი მათი ხატება
და ყვავილივით სურნელოვანი ნამსხვრევი მწვანე
ფერ-უმარილთა პაწაწინა ლარნაკებისა.
ღმერთთა პატარა ფიგურები, საკურთხევლები,
აღტაცებული ღმერთებით სავსე ცა ჰეტერათა,
შემოწყვეტილი სარტყლები და ბრტყელი გემმები
და პაწაწინა სხეულები დიადი მოდგმის,
მცინარი პირი, მროკავები და მორბენალი,
ოქროს ბალთები, ცხოველ-ფრინველთა ავგაროზებზე -
- სანადიროდ მოზიდული ციდა მშვილდები,
ქინძისთავები, სარჭები და ნატიფ ნივთებში -
- წითელი თიხის მრგვალი ნატეხი
და შესასვლელზე ამოტვიფრული წარწერა შავი -
გაჭენებული ოთხი ცხენის მკვრივი ფეხები,
კვლავ ყვავილები, ჩაბნეული მარგალიტები
და ფერნათელი თეძოები პატარა ქნარის
და ნისლებივით ჩამოწოლილ რიდეთა შორის
ფეხსაცმლიდან, როგორც პარკიდან
გამოსაფრენად გარინდული ტერფის პეპელა.

ასე მდუმარედ წვანან ისინი
ამ საოჯახო ნივთებსა და გასართობებში
და ამ დალეწილ სამკაულებში(რა არ დაჰყრიათ!)
და ასე მშვიდად,
ნელა, მდუმარედ მდინარეთა ფსკერებივით იბინდებიან.

კალაპოტები იყვნენ ისინი,
სადაც მოკლე და ჩქარი ტალღებით,
(უახლოესი სიცოცხლისკენ რომ ისწრაფვოდნენ),
ენარცხებოდნენ სხეულები ჭაბუკებისა
და ბუბუნებდნენ კაცთა უხვი მდინარეები
და როს ბავშვობის მთა-გორებიდან
შიშნეულ ვარდნას ჩამოყოლილი ბიჭები უცებ დაეცემოდნენ,
ცელქობდნენ ფსკერზე ნივთებით და სამკაულებით,
ვიდრე უეცრად მძლავრი ჩქერი მათ გრძნობას არ მოასკდებოდა...
მაშინ ისინი კრიალა წყლებით ალიცლიცებდნენ
ამ ფართო გზათა სიგრძე-სიგანეს და
და სიღრმეებში მორევებსაც ატრიალებდნენ.
მაშინ პირველად ირეკლავდნენ უცხო ნაპირებს
და შორეული ფრინველების უცნაურ ძახილს.
უცებ ნეტარი ქვეყნის ღამე ზე მიიწევდა და ვარსკვლავებით
ცაში ისე ღრმად იჭრებოდა, რომ სამუდამოდ გადახსნილი რჩებოდა ზეცა.


(თარგმნა ნინო დარბაისელმა)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun Feb 05, 2012 8:58 pm

ნინო დარბაისელი

არ დაგავიწყდეს!


ზოგჯერ
შემთხვევით
სადმე,
ხალხმრავალ ქუჩაზე ვხვდებით,
ზოგჯერაც - ვინმეს ჭირში,
ლხინში,
ერთი - თავში და
ერთი - სადღაც,
ბოლოსბოლოში;
ხან ერთი ხელისგაწვდენაზეც,
სალმისგაცვლაზეც,
დანარჩენ დროს კი
ერთმანეთისგან გამომავალი
მრუმე სინათლის ნთება-ქრობით,
ოდნავი ხმებით და
ოდნავი ვიბრაციებით
ორივე ვხვდებით:

-შინაა,
ისევ ჩანაწერს უსმენს,
აი, ღამეს თეთრად ათენებს,
თან, მგონი, ვიღაც ახალი ჰყავს,
აი, გადის უჩვეულოდ დილაადრიან...
ვაი, როგორი უცნაური სიბნელეა,
ჩქამიც არ მოდის!

სხვას რას გავიგებთ ერთმანეთისას
ამ საზიარო ყრუ კედელში
სადღაც,
თავზევით დატანებული
და დაგმანული,
გაუმჭვირვალე მინიანი,
ერთი სარკმლიდან.

და გადის დილა,
შუადღე და საღამოც გადის,
გადის ცხოვრება
ერთდროულად
ორი სხვადასხვა კარიდან და
აღარ ბრუნდება.

რა ჰქვია ამას,
ასე ყალბსა და ასე გულწრფელს,
ასე ახლობელს და შორეულს.
უბრალოდ, გეტყვი:
-მეგულები!

იყოს ლექსისთვის ეს ვერსია,
შენ კი პატარავ,
ნუ იგვიანებ,
თან
პურისა და სიგარეტის ამოყოლება
არ დაგავიწყდეს!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun Feb 26, 2012 8:55 pm

ნინო დარბაისელი

ჰეროსტრატე



1.
ძუკნა ხარ-მეთქი, არტემიდა,
გესმის? - ძუკნა ხარ!
აი, ეს თეთრი ტაძარია შენი სხეული,
ჭაობში დგახარ და
,,ბრეკე-კე-კე კუაქს, კუაქს!“ –
- დღითა და ღამით
გომბეშოები არიან შენი ქურუმები
და ეს ძუ კატა,
გაზაფხულობით
ყოველ ნაბიჯზე რომ ეგლისება ქალაქის ხვადებს,
დაბრუნებული
მარმარილოს ცივ იატაკზე
კნუტებით სავსე მუცელს ძლივს რომ მიეზიდება,
შენზე ათასჯერ მართალი და ზნეკეთილია.
ყველა ტაძარში ეგულება საკბილო კატას.
ალბათ თაგვების სუნი იკრა,
მაგრამ ნახტომი ვერ მოზომა,
აუსხლტა თათი და კრეტსაბმელში გაიხლართა…
კრეტსაბმელმა კი აიტაცა ჩირაღდნის ალი,
ავარდა ცეცხლი და უცხო ქსოვილს,
ჰაეროვანს
ვნებით აუყვა,
უწია კედლებს,
აიხვია ბოლქვებში ჭერი.

შეხედე, კატას, არტემიდა, შეხედე კატას! –
როგორ აწყდება საგნებს და კედლებს,
გზას ვეღარ იგნებს მოქნილ კუდზე ალმოდებული,
სასოწარკვეთით ენაცვლება კნავილს ჩხავილი.

და ჰა, ხანძარი!
მობურბურე ლოკავს კედლებს და
ლოკავს სვეტებს და
ლოკავს იატაკს.
მწყურვალეს როგორ უგუგუნებს
ეს დაკლაკნილი,
მშრალი ენებით სავსე ხახა.
ეცემა თაღი!

იცოდეს ცეცხლმა თავისი საქმე!
არავის ვუხმობ ამ შუაღამით,
არც გავიქცევი,
ვიდგები დოინჯშემოყრილი,
გაქვავებული.
თვალდახუჭულმა ვიცი შენი ყველა კუნჭული,
მაგრამ დაგმანულ კარს ოდნავაც არ შევეხები.

ღმერთების ხელში გაციებული,
გაქვავებული ცეცხლია ოქრო.
გახურდეს,
დადნეს,
დადუღდეს მთელი საგანძური
და კარქვეშიდან იწანწკარონ
მდნარი ოქროს ნაკადულებმა,
იდინონ უხვმა წყაროებმა,
გამოიყოლონ
მხურვალებისგან დამსკდარი ლალი,
ალმასები,
ძოწ-მარგალიტი,
გამოიყოლონ ყველა ვნება!

2.
არ დამკლებია ჭაბუკობიდან სატრფო-მეტრფენი,
მაგრამ შენ გარდა ვინმე ქალი განა მყოლია?
სად არ ვიომე,
სიკვდილს სად არ გავეთამაშე,
გამარჯვებულთა გვერდით ვმდგარვარ
სისხლშეუმშრალი,
დაჭრილიც ვეგდე
იქ, სადაც ვეღარ გაირჩევა
მტერ-მოყვარე და ცოცხალ-მკვდარი
და რას ვეწიე?
რა მივიღე ერთგულებისთვის?
დღეს ვინმე მიცნობს?
ახსოვს ვინმე ჩემი სახელი? .

,, -ეზო დაგავე, მოხუცო, და
წყალიც მოზიდე,
დაჩეხე შეშა,
შეუკეთე!
მიმსვლელ-მომსვლელებს გაერიდე
და შენს სოროში შეიყუჟე
და როგორია,
შეიკავო სასულეზე მოწოლილი ხველება და
მკერდის ხრიალი.
სასთუმლად - ერთი მოკიდება სელის ტომარა,
გვერდს იბრუნებ და
ჩრჩილის პეპლების გამოჭმულიდან
ცვივა დახრული მარცვლეული,
ბეჭქვეშ გედება.

ცხადს ვერ ვერევი,
ჩემი ხილვების სამეფოს კი მარტო განვაგებ.
... სად არ ეხეტე,
კარზე რამდენჯერ მომადექი, შემიფარეო,
როგორ დაგიხვდი,
საბრძანისი როგორ მოგირთე
და სარეცელიც
ერთად რამდენჯერ გავიზიარეთ!
ერთი რამ გთხოვე -
- უკვდავება,
არა იმიტომ, რომ
სოფელი არ მეთმობოდა.
მინდოდა, უტყვად მემსახურა სამარადისოდ,
ესეც გებევრა, არტემიდა?
რისი შესმენა!
პასუხის ღირსიც არ გამხადე,
მარიდე თვალი.
იქნებ სიტყვები დამიწუნე
შენ, კეთილხმოვან ლოცვებსა და ჰიმნებს ნაჩვევმა.
მეომარი ვარ,
მეომრისთვის კი
დროულად თქმული სიმართლეა
ლამაზი სიტყვა.

იცი, რა არის სინამდვილე?
რაა ცხოვრება?
როგორ იშვება წმინდა კვამლი,
ამოღწეული შენს სიფრიფანა ნესტოებამდე?
დამწვარი ძვლების სუნი გიგრძნია?
იცი, როგორ ყარს სამსხვერპლოზე
ცეცხლმოდებული შენი უხვი შესაწირავი?
და როცა კვამლი ამოაღწევს, დაიმახსოვრე,
მე უთვისტომომ,
უარაფრომ
შენთვის გავიღე
ქვეყნად ყველაზე დიდი მსხვერპლი -
შენი სხეული -
- ქვადქცეული.

.3.
თავს უშველეო,
ვინ დამყვირის შეძრწუნებული?
ცეცხლის ფრთაც მირტყამს,
მერეკება გასასვლელისკენ,
მაგრამ ჯერ კატა!
ვიხდი ფლასებს,
მივდევ ტიტველი,
ფლასით ცეცხლს ვგუდავ
და კატით ხელში გამოვრბივარ,
რა გადაარჩენს,
წყარომდე თუ ვერ მივუსწარი...

გაჩუმდა კატა!
გადაეხსნება ალბათ
კნუტებით სავსე მუცელი,
მაგრამ ხამს,
გმირებს დაცემულებს და მათ მონაგარს
კვლავ ღირსეულად პატრონობდეს მხედართმთავარი.
და ვინ ვის ომში იღუპება,
ვინ ვისთვის
ანდა რისთვის იბრძვის
და სად მარცხდება,
რად მარცხდება,
სინამდვილეში
არასოდეს არავინ იცის.

მერე დავდგები ბექობზე და ცქერით დავტკბები,
რა დიდებულად ინაცრება და ცამტვერდება
ცეცხლით ყოველი,
რაც შექმნილა იმავე ცეცხლით.

4.
ის დროა, როცა ერთი პირი წყალსაც კი ჩასთვლემს.
თურმე როგორი სიჩუმეა ყველა ხმაურში!
სასაცილოა,
როცა ღმერთიც კი განსაცდელშია,
გაბანგულივით რა აძინებთ ადამიანებს.
ან ქურუმებს რა ემართებათ!

დილაადრიან,
როცა ეოსი გამურულ ზეცას
ალერსიანად შეეხება ძოწის თითებით,
მოქალაქენი შემიპყრობენ.
რაა წამება ან სიკვდილი,
არ მედარდება.
ვეტყვი ამაყად, რომ გადასწვდეს საუკუნეებს:
დიახ, ეს მე ვარ,
ჰეროსტრატე - გმირი მებრძოლი!
დიახ, მე დავწვი!

და დილის ნამი ამიბრწყინდება მეფურ გვირგვინად
და შეირხევა ჩემი ნისლის შესამოსელი.
კიდევ ცოტაც და,
მოკვდავთა ხელით უკვდავებას შევეგებები.

ო, არტემიდა,
შემოიხსნიან თვალ-მარგალიტს დიდებულები,
ბოლო ლუკმასაც გაიღებენ მოქალაქენი,
მხედართმთავარნი შენ წინაშე დაყრიან ალაფს,
და აგიგებენ ახალ ტაძარს
უფრო მშვენიერს,
ბევრიც კრძალონ და ბევრიც მალონ,
რას გახდებიან!
შენ ჩემთან ერთად გახსენებენ მარად და მარად,
ჩვენი გზები კი აქ იყრება.
ამიერიდან მხოლოდ საკუთარ თავს ვეუღლები.
მშვიდობით დარჩი!

ბრალი იმისი, ვინც ამაღამ დაიბადება
და დასაპყრობად მთელ დედამიწას იპატარავებს.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Fri Jul 13, 2012 8:02 pm


ნინო დარბაისელი


ტირილი - არათემატური, ამეთვისტური



ადგილი - ჩემთან.
დრო - დღეს საღამოს.
დრეს კოდი - რამე თავისუფალი.

არ დაიშვება,
ვისაც ცხოვრება
მწიფე მდოგვივით
ან დაპნეული პილპილივით
ცხვირში არ ურტყამს -
- არ ეტირება,
თუმცა,
რატომაც არ დაიშვება!

ყველა - თავისას.

ვიწყებთ ცალ-ცალკე ანდა ერთად,
როცა ყელში მოგვაწვება,
როცა ხორხი ჩაგვეხერგება,
ან სხვას ავყვებით.

დასაშვებია სულის მოთქმა,
თემის გაცვლა,
ანდა გამოცვლა,
შიგადაშიგ - გახუმრება,
პარტნიორის ცივი თითების მუჭში მოქცევა,
უცხო უბეში თავის ჩარგვაც,
ქანცგაწყვეტილზე
ღრმა მთქნარება და ჩათვლემაც კი დასაშვებია.

მერე - თავიდან.
მთავარია - ხავილამდე,
ხმის ჩახშობამდე,
გულის დაცლამდე
და ცერზე დაპირქვავებამდე.

წყალში თევზის ცრემლი არა ჩანს.

დამშვიდობებას ნურც ეცდებით,
უბრალოდ, წადით,
დაივიწყეთ, ვინ - ვინ იყო,
ვინ - ვინ არ იყო,
ვინ - რაზე - როგორ
და დაიხსომეთ ოქროს წესი:
როგორც ბანკირი თავის კლიენტს -
- ამიერიდან გარეთ ერთმანეთს
თავის დაკვრითაც არ ვესალმებით.
არც ერთი-ერთზე დარჩენას ვცდილობთ.

იქ, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით,
ერთი გზის პირად
ერთი პატარა სასახლეა,
იმ სასახლეში
ერთი ქვა-რკინა შეიჯახუნებს ოთახის კარს,
სიმარტოვეში კედლებს,
კარადებს წაუშენს მუშტებს,
ცას აწყდებიან მიმომსხვრეული სარკეებიდან
დაფეთებული
გამრავლებული ორეულები...

(როგორ იელვა!
მიწის ძირამდე ჩაიკლაკნა!
და მერე დასცხო!)

ის კი ეცემა მოცელვით სკამზე
და ხელისგულთა ბალიშებს იკბენს
და როცა სუნთქვა გაეხსნება,
წყვილი პეშვის ზიარჭურჭლიდან
დაიგემოვნებს ამეთვისტოებს
და ლოყაზე ჩამოგორებულ ბოლო მარცვლებს რომ
ენის წვერით ეთამაშება,
თვალებს მოჭუტავს მონაცვლეობით
და გეგონება, კიდეც იღიმის,
ან იქნებ მართლა ეღიმება.

გამოგეტირე.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Nov 28, 2012 8:40 am

ნინო დარბაისელი


სანიშნებელი

(ციკლიდან -,,მოციონები")


დილის ჰაერი -
- ფილტვებისაკენ
ჩახერგილი გზის ჩამსერავი!
ციდან მიწამდე რამდენია
დილის ჰაერი,
მე კი მაინც მეცოტავება.

ყივის მამალი.
(აქ რა უნდა? - ქალაქის გულში)
რა უთენია გამოსულა ეს დედაბერიც,
ადრე სახეს რომ იბურავდა,
მერე თანდათან
ჯერ თვალები გამოგვიჩინა,
ხელგამოწვდილმა მერე თავშალიც გადაიძრო,
ცოტა არ იყოს,
ხორციც შეისხა,
სახელიც გვითხრა -
- მარო
(იგივე მარიამი),
ჩვენებიც კარგად დაიხსომა,
ჯამიც დაიდგა,
ზოგჯერ ცალობით ან ათად შეკრულს
სანთლებსაც ჰყიდის
და ჩვენს ქუჩაზე უკვე ისე მოიკალათა,
ამბავს ვუბარებთ
ერთმანეთისთვის გადასაცემად.

აი, მიღიმის!
ჯამს პირმოტეხილს
ქვედაბოლოს ჯიბიდან იღებს.
ერთი, რკინისა ვერ მიშოვია,
იმის ძირში რომ ხურდა-ფული გაიწკრიალებს,
იცოდე, ცაში მადლის კარი გაიღებაო.
მერე შიგ ცოტა ხურდას ჩაყრის და დააყოლებს:
- ესეც ჩვენი სანიშნებელი!

სულ ორიოდე მონეტაა,
არც ისე წვრილი,
ვინმე მოჩქარემ
დასამატებლად
ჯიბის მოქექვა დაიზაროს,
და არც იმდენი,
რომ გაიფიქროს: -
- რა უშოვია!
ხელი აქეთ გამიმართოსო.
ყველა საქმეს რომ ცოდნა უნდა!
უსანიშნებლოდ სიკეთისთვის ვინ შეჩერდება.
ასე დედლისთვის
საბუდარში ერთ კვერცხს ტოვებენ.

თურმე, ნუ იტყვი,
დღე თუ გაეჭვებს,
ცოტაც რომ იყოს დილის მადლი,
სულ ერთი ბეწო,
იმედის სანთელს
სანთებელად გამოადგება.
დაანთე? - წადი!
ერთი დაბერვა
და უპატრონოდ ირხევა და ქრება გვირგვინი,
ჰაერს ერევა გვირგვინშიგა უჰაერობა.

ჩვენ ვვარდებოდით თითო-თითოდ,
ვცვიოდით ერთად,
ვერც სხვას ვშველოდით,
ხელიც არავინ შემოგვაშველა.

გადასარჩენი - გადარჩება!

გამთბარი ნისლი
ფილტვებიდან ზეცას ვუწიე.
ვუჩქარებ ნაბიჯს,
შინისაკენ ვუჩქარებ ნაბიჯს,
წითელ-ყვითელი ფოთლების გროვებს
მივაფრიალებ.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Fri Dec 07, 2012 11:19 am

რაინერ მარია რილკე

ჰეტერათა სამაროვნები


თარგმანი ნინო დარბაისელისა




თმათა ტალღებში წვანან ისინი

და მიწისფერი სახეები ღრმად ჩაქცევიათ.

დახუჭული აქვთ თვალები, თითქოს წინ უსასრულო სავალი ედოთ.

ო, ყვავილები, ძვლები, პირები, პირთა წიაღში -

- ჩამწკრივებული მათი კბილები, როგორც სამგზავრო,

სპილოსძვლისაგან გამოთლილი ჭადრაკის ქვები.

კვლავ ყვავილები, ცვილისფერი მარგალიტები,

წერწეტა ძვლები, ხელები და ჩაშლილ გულებზე დაფენილი

მჭკნარი ქსოვილი სიფრიფანა პერანგებისა.

ამ აურაცხელ ბეჭდებსა და ავგაროზებში,

რომ შერევიათ (საყვარელთა ნასახსოვარი),

თვალებივით ცისფერი თვლები,

კვლავ დგას ურყევად მათი მოდგმის მშვიდი ეკვდერი, თაღამდე სავსე ყვავილებით.

კვლავ ცვილისფერი მარგალიტები

და გამომწვარი თიხის ნატეხზე აღბეჭდილი მათი ხატება

და ყვავილივით სურნელოვანი ნამსხვრევი მწვანე

ფერ-უმარილთა პაწაწინა ლარნაკებისა.

ღმერთთა პატარა ფიგურები, საკურთხევლები,

აღტაცებული ღმერთებით სავსე ცა ჰეტერათა,

შემოწყვეტილი სარტყლები და ბრტყელი გემმები

და პაწაწინა სხეულები დიადი მოდგმის,

მცინარი პირი, მროკავები და მორბენალი,

ოქროს ბალთები, ცხოველ-ფრინველთა ავგაროზებზე -

- სანადიროდ მოზიდული ციდა მშვილდები,

ქინძისთავები, სარჭები და ნატიფ ნივთებში -

- წითელი თიხის მრგვალი ნატეხი

და შესასვლელზე ამოტვიფრული წარწერა შავი -

გაჭენებული ოთხი ცხენის მკვრივი ფეხები,

კვლავ ყვავილები, ჩაბნეული მარგალიტები

და ფერნათელი თეძოები პატარა ქნარის

და ნისლებივით ჩამოწოლილ რიდეთა შორის

ფეხსაცმლიდან, როგორც პარკიდან

გამოსაფრენად გარინდული ტერფის პეპელა.



ასე მდუმარედ წვანან ისინი

ამ საოჯახო ნივთებსა და გასართობებში

და ამ დალეწილ სამკაულებში (რა არ აყრიათ!)

და ასე მშვიდად,

ნელა, მდუმარედ მდინარეთა ფსკერებივით იბინდებიან.



კალაპოტები იყვნენ ისინი,

სადაც მოკლე და ჩქარი ტალღებით,

(უახლოესი სიცოცხლისკენ რომ ისწრაფვოდნენ),

ენარცხებოდნენ სხეულები ჭაბუკებისა

და ბუბუნებდნენ კაცთა უხვი მდინარეები

და როს ბავშვობის მთა-გორებიდან

შიშნეულ ვარდნას ჩამოყოლილი ბიჭები უცებ დაეცემოდნენ,

ცელქობდნენ ფსკერზე ნივთებით და სამკაულებით,

ვიდრე უეცრად მძლავრი ჩქერი მათ გრძნობას არ მოასკდებოდა...

მაშინ ისინი კრიალა წყლებით ალიცლიცებდნენ

ამ ფართო გზათა სიგრძე-სიგანეს და

და სიღრმეებში მორევებსაც ატრიალებდნენ.

მაშინ პირველად ირეკლავდნენ უცხო ნაპირებს

და შორეული ფრინველების უცნაურ ძახილს.

უცებ ნეტარი ქვეყნის ღამე ზე მიიწევდა და ვარსკვლავებით

ცაში ისე ღრმად იჭრებოდა, რომ სამუდამოდ გადახსნილი რჩებოდა ზეცა.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Jan 08, 2013 11:16 pm


ნინო დარბაისელი

ჩავლა


(ციკლიდან : ,,ნათავედი“)


პალმა,
ბამბუკი,
ციტრუსები,
მწვანე ნარბილი.
ნარბილზე - ვარდი.
ვარდი - ერთი,
თეთრი,
მაღალი,
უცხო ხეხილიც - ერთი-ორი.
ტბორი
და ტბორში -
წყალმცენარეებს ეხლართვიან ოქროს თევზები
და მზის სხივებში სხმარტალებენ,
ჰაერში ხტიან.
და ნესტოები უთრთის ნიავს...

შენ - ჩაიარე!

არაფერი,
სხვა - არაფერი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Fri Jan 24, 2014 3:01 pm

ნინო დარბაისელი

ელეგია


სოფლის ბოლოს ძილ-ბურანი მორევია მონადირეს.
ხარის ლეში გელის სიბნელეში.
მგელო, დღემდე, იცი, როგორ მოგელოდი?
მაგრამ ნეტა ვეღარ იკრა გეში!
რა ახლო ხარ! პირქარს მოაქვს შენი სუნი,
ნარ-ეკალსაც შერჩენია ბეწვი,
თოვლზე მგლური ნაკვალევი დაგიტყვია.
მეშინია, არ აგცდება ცხელი ტყვია.
გულზე შენი ნაკბილარი მეწვის.

გახსოვს, როგორ ავიწყვიტე?
ყეფა-ყეფით მოვყვებოდი ბილიკს,
ახლო მაინც ვერ გავბედე შენთან მოსვლა,
გიელავდა ალესილი კბილი,
მაგრამ იგრძენ შორიდანვე შენი სერი,
მოგიშვირე უსუსური კისერი,
დამსუნთქე და მერე ლოკვით დამისველე
ეს კისერი, ჯაჭვით გადანაქუცი,
დამავიწყდა შიშიცა და უშიშობაც,
მოვდუნდი და უცებ მოგელაქუცე.
გვერდით გდიე,
მამჩნევდი და ვერც მამჩნევდი,
წინმხედველმა ვეღარც მომიცილე.
ვინ რა იცის მარტო მგლისა,
მგელზე უფრო უმგლესისა
ბურჯღნაობა, თავმიდებით ძილი.

ბოლოს ქანცი გაგვეცალა,
ზედ ზამთარი და შიმშილი დაგვერთო,
ავირიეთ, უკვე ერთად ვეღარ ვძლებდით,
ვეღარ ვძლებდით ვეღარც უერთმანეთოდ
და წამოველ, გადმოვსერე ტყე და ბექი,
ჩავირბინე მინდორი და ბაგები,
გალეული ისევ პატრონს მივადექი,
შენი ცალი, შენთან ნაბუნაგევი.
კუდქიცინას დამიყარეს უხვად ძვლები
და პატრონიც ჩემით კმაყოფილია.
საძაგელო, იცი, როგორ მოგელოდი,
მე, ძუმგლობის ვერშემძლები ფინია?
გატრუნული ლუკმას პირს არ ვაკარებდი,
სალაფავი ჯამში დავაობე.
დე, ყოველღამ ჩაერაზათ ურდული,
მეგულვოდა მორღვეული ღობე.

კისერს მადევს ჯაჭვი, მტკიცედ მონაწნავი.
რაწამს კარი გაიღება,
მავალია ავი ყეფა,
მერიდება მპარავი.
ყმუილისთვის პატრონისგან
ფერდში კავი არ ამცდება,
გაურჩებულს არ დამინდობს არავინ,
მაგრამ რაღამ გამაყუჩოს,
ფათერაკი ახლო თუა?
დამიძახონ უწვრთნელი და ცრუ...

დაიჭექა!!!

იქნებ თოფი გაუვარდა მონადირეს?
შფოთავ, გულო და საგულეს ანგრევ.
არ იქნება, მგელს ის ტყვია მიეკაროს,
ჩადექ, ჩადექ, ნამგლევო და სამგლევ!

მაგრამ რატომ აიშალა არემარე,
თავქვე რატომ ჩამორბიან გაჩქარებით,
რაღას ნიშნავს უეცარი მაშხალები,
ალებისგან რაღად მესხმის ბრუ?

შავნისლიდან გამოცურდი მთვარის კიდევ,
მგლოვიარეს ნუ დამაგდებ, ნუ!
ვინ გაიგოს შენგან კიდე
ჩემი გულის ღვიარება,
ყველა ყრუა,
ყველა უა-უუ-უუუუუ...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sat Apr 19, 2014 7:50 pm

ნინო დარბაისელი


უკუსვლით

შემოანგრიე ზურგით კარები.
სიტყვები პირში შემომიფრინდნენ
და ჩამეყლაპნენ ცრემლებთან ერთად .
წამოიშალნენ ნამსხვრევები იატაკიდან
და აეწყო და
მედიდურად თაროზე დადგა
კერამიკის ლურჯი ლარნაკი .
ოღონდ უკუსვლით
ყველაფერი,
ასე უკუსვლით!
,,შატალოზე" ვარ.
ზამთარია,
ან ადრიანი გაზაფხული.
ჩემი კანჭები უფრო ლურჯია,
ვიდრე ხელში -
- ბოლო რიგის ორი ბილეთი
და იგვიანებს,
ჩემი პირველი შეყვარებული...
და ჩაუმალავს საყელოში გრძელი კისერი,
ჯინსის ჯიბიდან ცერათითი აუშვერია
და
უდარდელად ლაზღანდარობს
სხვასკოლელებთან...
მაგრამ უკუსვლით,
ყველაფერი
ისევ უკუსვლით!
ჩემი მანქანა დამუხრუჭდა .
’’ყვითელზე’’ ვდგავარ.
ქვაფენილიდან წამოხტა და
გაიქცა კაცი..
მხოლოდ უკუსვლით
ყველაფერი ,
ასე უკუსვლით!
ქვა-ღორღის მთიდან
აივანზე ავფრიალდი და
გამიმთელდა ჩემი ცხვირუკა.
მართლა უკუსვლით,
ყველაფერი
ისევ უკუსვლით!
ჩემკენ დაიძრნენ ახლობლები
დაკარგულები,
ცოცხლები,
მკვდრები.
მაინც უკუსვლით
ყველაფერი,
ასე უკუსვლით!
გაქრა სისხლი და
მზიან მინდორზე
ახალამოსულ ბალახს წიწკნის
თეთრი ბატკანი.
მორჩა,
ვჩერდები!

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Sep 16, 2014 4:37 pm

ნინო დარბაისელი

ანგელოსური ბალადა ალანს

(ინგლისურ მოტივებზე)


ხანდახან საქმე, რომ გვგონია, ისე არ არის,
მაგრამ სიმართლე, მცოდნის გარდა, ესმის არავის.

ერთ ღამეს ორი ანგელოზი მდიდრის კარებთან
დაღლილი დაჯდა, ავდრისაგან თავს აფარებდა.

მდიდარმა მათი გასაჭირი რომ გაიგონა,
სადღაც, სარდაფში მიუჩინა ხმელი ლოგინი.

დამწყებ ანგელოზს მიეძინა, ჩათბა ფრთასველი,
გამოცდილმა კი სადღაც, ჭერში შენიშნა ხვრელი.

და მთელი ღამე ხვრელს ქოლავდა, ავსო და ავსო.
დამწყებს უკვირდა, ნეტა რა რჯის ამ საცოდავსო.

გავიდა ხანი. დაუღამდათ ისევ ავდარში,
ღარიბს მიადგნენ, კაცმა უთხრა :- მობრძანდით, დარჩით!

დაუგო რბილი, უსურვა ტკბილი მოსვენება და
დაუშურველად უწილადა, რაც კი ებადა.

დილით მოესმათ: - ო, ღმერთი ხარ თუ საწუთრო ხარ!
რად მოგვიკალი მარჩენალი, ერთგული ძროხა!"

ფრთა- ფრთას შემოკრეს სტუმრებმა და გაფრინდნენ უმალ,
ღრუბელზე დასხდნენ და დამწყებმა მიმართა მდუმარს:

- მადლისმქმნელს რატომ გაუწიე ღარიბს მტერობა,
ან რად მიაგე მადლი მდიდრის უდიერობას?

- იმ მდიდრის ხვრელში დამალული ვიხილე ოქრო
და ამოვქოლე, რომ სამუდამოდ კვალი გამექრო.

მომდგარ სიკვდილის ანგელოზს რომ ღარიბის ცოლი
არ წაეყვანა, ძროხა ვუნაცვლე, ბოსელში მწოლი.

ხანდახან საქმე, რომ გვგონია, ისე არ არის,
მაგრამ სიმართლე, მცოდნის გარდა, ესმის არავის.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Apr 14, 2015 1:05 pm

ნინო დარბაისელი


ვინ დაიჯერებს ახლა

(ციკლიდან: ,,ეტიუდები")

ვინ დაიჯერებს ახლა,
რომ ის მოხუცი კაცი,
შვილიშვილი რომ ახლავს,
კეპი რომ ხურავს ბაცი,
ქუჩის მათხოვარს მქისედ
რომ ჩაუყარა ხურდა,
ერთ დროს მხიბლავდა ისე,
ერთ დროს იმგვარად მსურდა,
სუნთქვა მეკვროდა უცებ,
დავინახავდი რაწამს.
წარსულს კვლავ გული უცემს,
ჩემი სიმშვიდის არ სწამს.
მძულხარ, სიბერევ, ძლიერ,
დაუნდობელო, მწარევ,
წვეთიწვეთ გვიცვლი იერს
და თაფლში ნაღველს არევ.
მე ავარიდე თვალი,
ვეღარ ვიცანი ვითომ,
საფეხურები ვთვალე...
ნეტა თუ მიცნო თვითონ?

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sat Apr 25, 2015 8:15 am

ნინო დარბაისელი

გასაქცევი

(ციკლიდან: ,,ეტიუდები")


.
როცა ჩემი სიყვარული მღერის,
ვგრძნობ შერხევას თმის ყოველი ღერის.
.
ცას ედება მისი ბგერის ექო,
ქებას ვამბობ, დღემდეც უნდა მექო!
.
ანგელოზთა ლხენა-გართობანი
ჟღერს სხვაგვარად, ერთვის მისი ბანი.
.
არ იზიდავს ლაპარაკი, სულაც,
მუდამ უხმოდ აცქერდება სურათს.
.
და მეც უკვე მივეჩვიე ასეთს.
თქვას ,,მიყვარხარ!" თუნდაც მეათასედ,
.
იმას, სიტყვებს ვინც უაზროდ ხარჯავს,
მიჯობს ასე, მე ქალღმერთს და ხარჭას.
.
(თავს აქამდე რა მოქნილად ვთვლიდი...
აღარ გამდის პირფერობა ფლიდი)
.
არ სჯობია გულში ტყვიის დახლა?
ოღონდ, ნუა ასე ჩუმად ახლა,
.
თორემ სიმწრით ნაშენები ბუდე,
თორემ ყოფა - მართალი თუ მრუდე
.
თავს დამექცეს ლამის, დასაქცევი....
...არ დავეძებ. სადმე გავექცევი!

.
თვალში - ცრემლის მოწანწკარე რუა,
მკერდში- მგონი, გულის ნაცვლად ღრუა,
ამ სიჩუმემ არე დააყრუა.
ოღონდ ახლა ნუა ასე ჩუმად!
ოღონდ ახლა ასე ჩუმად ნუა!

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed May 20, 2015 7:31 pm

ნინო დარბაისელი

ვის გაეგება

(ციკლიდან ეტიუდები")


ვინ იცის, ვის გაეგება,
ან ვის ანაღვლებს ახლა,
როგორი ნიშნისმოგება
და სინანული ახლავს,
როცა გაიგებს და როცა
მიხვდება, აღარც ელი,
ახალ სიყვარულს გილოცავს -
- შეყვარებული ძველი.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Mon Aug 03, 2015 10:05 am

ნინო დარბაისელი

მგონი

გთხოვთ, დედაჩემთან არ გამთქვათ და, მგონი, დაბერდა.
უჭირს გარჩევა სახეთა და ხმათა და ფერთა.
ეგ არაფერი, მაგრამ რაღაც დარდიც დასჩემდა,
ბოლო დროს იქცა განუწყვეტელ საფიქრად ჩვენდა.

ამას წინათ კი ცოტა თავიც მოიმკვდარუნა,
შვილები როგორ შეგვაშინა, კითხვა არ უნდა.
თქვა, მოვიფიქრე, რაც უშველის სატკივარს ჩემსო,
წამალი ვიცი, მომაკვდავსაც რომ მომარჩენსო,

ყველანი სახლებს გავყიდით და ვიყიდით მიწას,-
- (ოცნების სხივმა გაუელვა თვალებში იმწამს) -
- სახლს ავაშენებთ საზიაროს, ოღონდაც ოთხი
კარი ექნება - ყველა მხრიდან, დარი სამოთხის

გვექნება ყოფა, სულ თანაბრად თუ გაიყოფა
ეზო-კარი და სიხარულად მუდამ მეყოფა,
ჩემს მთელს მონაგარს მუდამ ერთად ვიხილავ როცა,
ვიტყვი, დედა ვარ ბედნიერი, ამიხდა ლოცვა.

აღარ დამრჩება გულში დარდის მეათასედიც,
აბა, მითხარით, ვის უნახავს ბუდე ასეთი!
(თითქოს გამჩენმა საზრუნავი გამოულია,
მიწის საძებნად თურმე ამის გამო უვლია).
.
მაღალ ბალიშზე - თმა, გულდაგულ ანაფუარი,
მაქმანიანი გულისპირი ლურჯ პენუარის...
რა ქნა, როგორ ქნა! როგორ უთხრა დედას უარი,
თან, მით უმეტეს, მწოლიარე შენ წინ თუ არის!

ვთქვი :- უკვე არის ერთადერთი ქვეყნად ადგილი,
სადაც ყველანი ვეტევით და არის ადვილი
მიგნება მუდამ, განა მართლა დაკარგულია,
და მისამართი, დედაჩვენო, შენი გულია!

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Oct 13, 2015 9:38 am

ნინო დარბაისელი

***
(ციკლიდან ,,ეტიუდები)

არცერთი არ ამცდა,
ვინც რა დამიმიზნა.
შიგ გულში მახლიდა.

აღარც კი მეგონა,
ვინმე შედგებოდა
და მახვილს დახრიდა.

რამდენჯერ დავეცი,
რამდენჯერ დაშლილი
ავეწყვე ახლიდან!

სხვა ძალი რა მქონდა,
კუშტი ანგელოზი
მომდევდა სახრითა.

მაღალ ქედს მივადექ,
დაღლილმა ვიპოვე
მე უფლის სახლი და

გგონია, ვქედმაღლობ?
უბრალოდ, ჩემ თავსვე
დავცქერი მაღლიდან.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
ნინო დარბაისელი
View previous topic View next topic Back to top 
Page 7 of 7Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: