არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნინო დარბაისელი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7  Next
AuthorMessage
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Mon Aug 09, 2010 4:41 pm

ნინო დარბაისელი

დანა

მე ვარ დედალი კვერცხისმდებელი
და ღმერთს ავხედე,
რამდენჯერაც წყალი დავლიე.

საკენკისაკენ მივუძღოდი დილით წიწილებს,
შებინდებულზე -
მივაშურებდი საბუდარს,
სადაც მელოდებოდა
კვერცხი სანიშნედ დატოვებული.
მუდამ კრიახით და კაკანით ვიკლებდი არეს.
ნისკარტიც სხვაზე მწარე მქონდა,
ჭრელი მამლისაც
სხვაზე მეტად ვიცოდი გემო.

მერე დაიწყო:
ხარი დაკლეს და,
ღორი დაკლეს და,
ცხვარი დაკლეს და -
- ზედ დააკლეს თითო ქათამი,
და საბოლოოდ ჩემს მამალსაც,
მოფართხალეს
სისხლიანი დანის წვერით
ირგვლივ მიწა შემოუთხარეს.

მერე ვისწავლე გაღვიძება
სხვების მამლების ყივილის ხმაზე,
მერე თავისით მოირღვა ღობე,
მერე არვინ წამოაყენა,
იქნებ გაფრენაც შემეძლო, მაგრამ
განა იზრდება გასაფრენად -
- ვარიობისას
დიასახლისის მკაცრი მაკრატლით
დაჭრილი ფრთები,
ან მიჩვეულებს წასასვლელი სად ეგულებათ?

ცარიელია ეზო ჩემი გადაკენკილი,
ანთია ცეცხლი,
ავად ღუიან ნაკვერჩხლები,
და ზედადგარზე შემოდგმულ ქვაბს
ორთქლი ამოსდის.
მუცელი ისევ ჩაკვერცხილი მაქვს.
ახლა წყალს დავლევ ნაგუბრიდან
და
საბოლოოდ,
ისევ შენკენ ამოვიხედავ,
უკვე მოდიან,
ღმერთო, რა ჩუმი ნაბიჯებია,
ღმერთო,
როგორ ლაპლაპებს დანა!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Mon Aug 09, 2010 5:18 pm

კარგია.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Aug 27, 2013 12:25 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Fri Aug 13, 2010 12:14 pm

ნინო დარბაისელი

გალაკტიონის ,,უცნაური სასახლე''

რას უნდა ნიშნავდეს და მიანიშნებდეს სათაური `უცნაური სასახლე~ - `არტისტულ ყვავილებში~,ამ უცნაურობებითა და საიდუმლოებებით ისედაც გაჯერებულ წიგნში, სადაც `სასახლე~ ერთი უმთავარი ტოპოსია?
სიტყვა უცნაური, პირდაპირი, სალექსიკონო გაგებით, არა-ჩვეულებრივს, გასაოცარსა და საკვირველს ნიშნავს. ლექსში გამოსახული სასახლე, მართლაც, სწორედ ასეთია, მაგრამ მნიშვნელობათა და მინიშნებათა, სახეთა და სიტყვათა ასეთ ფეიერვერკულ თამაშში, სადაც ყველაფერი _ სამჯერადი მაჯამური რითმის წყალობით _ მრავალგვარი ხედვა-აღქმა-ინტერპრეტირებისკენ გვიბიძგებს, სათაურის ასე მარტივად და ერთმნიშვნელოვნად დეკოდირება, ვფიქრობ, მხოლოდ ავტორის მიერ შემოთავაზებული პოეტური თამაშის პირობიდან ამოვარდნა იქნებოდა და სათაურსაც დაეკისრებოდა ძირითადი ფუნქცია _ პოეტური ტექსტის მარკირებისა, კრებულის დანარჩენი ტექსტებიდან გამოსარჩევად.
`არტისტულ ყვავილებში~ კი სათაურის პოეტიკას რომ განსაკუთრებული, სიმბოლისტური მნიშვნელობა ენიჭება, პირველივე განაცხადით – ამ წიგნის უცნაური, დღემდე ბოლომდის აუხსნელი სახელწოდებითა და თანდართული ოთხი ეპიგრაფის ერთობლიობით შექმნილი კონტექსტითაც დასტურდება.
პირველივე, რაც სიტყვა `უცნაურის~ საგანგებო მნიშვნელობაზე დაფიქრებისას უთუოდ გაახსენდება ქართველ მკითხველს, ეს `ვეფხისტყაოსანია~, კერძოდ, `,,ლოცვა ავთანდილისა~: `უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო~.
`უ-ცნაურობა~ – სა-ცნაურობის საპირისპიროდ – მრავალსაუკუნოვანი ქართული აზროვნებითი ტრადიციით, შეუცნობლობას, ცნობიერებით მიუწვდომლობას, თანამედროვე ტერმინოლოგიით, ტრანსცენდენტურობას ნიშნავს.
სიმბოლისტური ინტენციაც ხომ სწორედ ცნობიერების¬მიღმიერი, იდუმალი სამყაროს ინტუიტური წვდომა, ამ წვდომით მიღებული გამოცდილების `თარგმნაა~ _ ტრანსფორმაცია პოეტურ ენაზე.
რაკი სათაურში `უცნაური სასახლე~ ერთიანდება ორი პლანი – არა-ჩვეულებრივი და შეუცნობელი, ჩნდება კითხვა: მაინც რაში გამოიხატება ამ ლექსის ერთდროული არა- ჩვეულებრივობა და შეუცნობლობა, სად შეიძლება ვიგულოთ ზღვარი მისი შეცნობის გზაზე? წინამდებარე წერილი წარმოადგენს ცდას ამ კითხვაზე პასუხის მოძიებისა.
საანალიზო ლექსის პრობლემატიკას აშუქებენ თ. დოიაშვილი, ი. კენჭოშვილი, მის ფორმაზე საგანგებო წერილი აქვს გამოქვეყნებული თ. ბარბაქაძეს, მაგრამ ზ. შათირიშვილის წიგნში, სადაც გალაკტიონის შემოქმედებაში სასახლის, როგორც ერთი მთავარი ტოპოსის შესახებ არის გაშლილი მსჯელობა, `უცნაური სასახლე~ მოხსენიებული არ არის. იქნებ ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ მკვლევარის შემოთავაზებულ კლასიფიკაციას: 1. `აღმოსავლური სასახლე~, 2. `გოტიკური სასახლე~, 3. სასახლე - ვერსალი და 4. `მედიტერანული~ სასახლე (შათირიშვილი 2004: 43), ,,უცნაური სასახლე" ვერ ,,მოერგო" სწორედ თავისი უცნაურობის გამო.
ირაკლი კენჭოშვილი ამ ლექსს ქართული პოეტური ტრადიციის კონტექსტში განიხილავს, უთითებს წყაროებს, რომელთაგანაც უშუალოდ მომდინარეობს `უცნაური სასახლის~ რიტმი და მაჯამური რითმები: რუსთაველს, ბესიკს, ალ.ჭავჭავაძესა და აკ. წერეთელს; შემოწერს ესთეტიკურ კონტექსტსაც, რომელშიც შეიძლება მოთავსდეს ეს ქმნი¬ლება. მკვლევარის აზრით, `უცნაური სასახლე~ `მარტო ტკბილ ხმათათვის~ შექმნილ ნაწარმოებთა რიგს მიეკუთვნება .
თამარ ბარბაქაძეც ყურადღებას, ძირითადად, ლექსის რიტმიკასა და რითმებზე ამახვილებს და მას `რითმათა სასახლეს~ უწოდებს.
ვნახოთ, რა სახით არის გამოქვეყნებული ლექსი `არტისტულ ყვავილებში~:

ამნაირი დარებით,
კიდითკიდე დარებით
ფერის ფერთან დარებით -
შენობების შენება.

ცამაც ქარვად მიქარვა
და ოცნება მიქარვა,
მწუხარებათ მიქარვა...
მტანჯავს მე უშენობა!

მან კოშკების ამალა
ხან ეთერში ამალა,
ხან ქარივით ამალა,
გაქროლება ანაზდა.

ცვივა ლურჯი ფარული,
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული
და ბაღები განაზდა.

ყველაფერი სადაა,
მაგრამ მითხარ, სადაა,
ის, რაც ალერსადაა:
ტრიანონი, შირაზი?

ველი წამით ნაწამებს,
პოეზიით ნაწამებს,
რასაც იტყვის ნაწამებს
ფიქრი ამ სიხშირეზე.

დასთა უცხო დასობა _
თვალთა ქროლვით დასობა
ხანჯლის გულში დასობა...
გულში, გულში ტარება.

ელვარება ამიდის,
ანთებული ამიდის
და ფიქრები ამიდის
აღარ მომეკარება.

შადრევნებმა ათასმა
ლაჟვარდები ათასმა,
მარმარილომ და თასმა
სამუდამოდ დარეკა.

ყრუ ოხვრით და ზარებით,
იდუმალი ზარებით,
განტევება-ზარებით
და ვედრებით : ჰარიქა!

ცვივა ლურჯი ფარული
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული,
აჩონჩხილი შენობა.

ცამან ქარვად მიქარვა
და ოცნება მიქარვა,
მწუხარებათ მიქარვა:
მომკლავს მე უშენობა!


მოყოლებული ე.წ. `ზარნიშიანი წიგნიდან~(1927), სხვადა¬სხვა გამოცემებში ლექსის ტექსტი უცვლელი სათაურით, მაგრამ სხვადასხვა ცვლილებებით ქვეყნდებოდა და ქართველი მკითხველი მას, ძირითადად, ამ სახით იცნობს:

ამნაირი დარებით,
კიდით კიდე დარებით,
ფერის ფერთან დარებით,

დღემ კოშკების ამალა
ხან ეთერში ამალა
და ქარივით ამალა.

ცვივა ლურჯი ფარული,
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული.

ყველაფერი სადაა,
მაგრამ, მითხარ, სადაა,
ის, რაც ალერსადაა?

ველი წამით ნაწამებს,
პოეზიით ნაწამებს,
რასაც იტყვის ნაწამებს:

დასთა უცხოთ დასობას,
თვალთა ქროლვით დასობას,
ხანჯლის გულში დასობას.

მარმარილომ და თასმა,
შადრევანმა ათასმა
ლაჟვარდები ათასმა.

აჩონჩხილო შენობა,
მშვენიერო შენობა,
მომკლავს მე უშენობა!


გალაკტიონის ნახატი



ამ ორი ტექსტის შედარებისას სხვაობა ვიზუალურ დონეზეც აშკარაა. თუ `არტისტული~ `უცნაური სასახლე~ თორმეტი კატრენული სტროფისგან შედგებოდა, თორმეტტომეულით კანონიზებული ტექსტი მაჯამურად გარითმულ სულ რვა ტერცეტს მოიცავს. რაც შეეხება მხატვრულ-კონცეპტუალურ პლანს, იგი ადაპტირებულია, სიმბოლისტური მრავალპლანიანობიდან პირობით ერთპლანიანობამდეა დაყვანილი. მაჯამურ რითმათა სამეულებიც, ძირითადად, ქართული პოეტური ტრადიციის საკუთრებაა და, გარდა ორიოდე მათგანისა, გალაკტიონისათვის ჩვეული კრეატიულობით არ გამოირჩევა. ამ ლექსზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ `მხოლოდ ტკბილ ხმათათვის~ არის შექმნილი, მკითხველსა და მსმენელსაც განაწყობს, ოდენ მისი მუსიკალობით მოგვრილ ესთეტიკურ ტკბობას მიენდოს, ჩვენ კი `არტისტულ~ _ თავდაპირველ ტექსტს მივაპყროთ ყურადღება.
ლექსი შვიდმარცვლედია (4/3). გალაკტიონის შემოქმედებაში შვიდმარცვლედის სხვა, შედარებით ახალი სახეობის ნიმუშიც არაერთია (5/2). მასთან დასტურდება ბიმეტრული შვიდმარცვლედებიც (5/2, 4/3/), რიტმულად დაკავშირებული, ძირითადად, ილიას პოეზიასთან, მაგრამ შვიდმარცვლედის სახეობას, რომელსაც გალაკტიონი ამჯერად იყენებს, ქართულ პოეზიაში არცთუ ხანგრძლივი, თუმცა გამოკვეთილი ტრადიცია აქვს და მისი აქტუალიზაცია, ძირითადად, აკ. წერეთლის ლირიკაში მოხდა.
თავდაპირველი ტექსტის სტროფული სტრუქტურა ასეთია:
სამ მაჯამურად გარითმულ სტრიქონს მოსდევს მეოთხე, რომელიც ერითმება მომდევნო სტროფის ასევე მეოთხე სტრიქონს და სტროფთა ჯაჭვურ ბმას იწვევს.
ფორმის მხრივ ლექსი თითქოს უახლოვდება არაერთ აღმოსავლურ თუ დასავლურ მყარ სალექსო ფორმას, თუმცა საბოლოოდ არ ემთხვევა არცერთ მათგანს, რადგან ანალოგის ძიებისას მუდამ ჩნდება რაღაც, ერთი `მაგრამ~.
`არტისტული ყვავილების~ გამოცემის შემდეგ, გალაკტიონი 1922 წელს, წერდა:
`გასაოცარია, რომ ჩვენში, სადაც ასეთი გატაცება იყო სპარსული პოეზიით, ოდესმე არ არსებობდა ის გარემოება, რომ შესაძლებელი ყოფილიყო გადმოღება უცხო ფორმის და იქ ქართული სულის ჩანერგვა, მაგრამ გადმოტანა სულის, ტემპერამენტის და ანგარიშის არგაწევა ფორმასთან... უმთავრესად ასეთი იყო ჩვენი ბესიკი~ (ტაბიძე 1975: 41).
გალაკტიონის მიერ გამოთქმულ ამ აზრსა და მის პოეტურ პრაქტიკას შორის აქ თითქოს რაღაც წინააღმდეგობა ჩნდება. ყოველ შემთხვევაში, ქართული ლექსმცოდნეობითი გამოკვლევებიდან შეიძლება არაერთი მაგალითის მოხმობა, თუ მის პოეტურ მემკვიდრეობაში აღმოჩენილი რომელიმე უცხოური მყარი სალექსო ფორმის შესახებ მსჯელობისას როგორ ხდება საჭირო ფორმის პირობითი რეკონსტრუირება (რ.ბერიძე და სხვ.).
წინააღმდეგობა, ვფიქრობ, დაიძლევა, თუ სიტყვებს `ანგარიშის არგაწევა ფორმასთან~ - გავიაზრებთ მის იგნორირებად და არა შემოქმედებით ათვისებად, მშობლიურ ლიტერატურულ ტრადიციასთან შერწყმად, გაქართულებად, რაც გალაკტიონისთვის ამ მხრივ ძირითადი პრინციპია (დოიაშვილი 2003: 41-42).


მცირე ტრიანონი

რიცხვების მაგია და ლექსის არქიტექტონიკა

ირაკლი კენჭოშვილი თავისი წიგნის ერთ-ერთ თავში _ `რიცხვების მაგია~ განიხილავს რამდენიმე შემთხვევას, თუ როგორ აისახება რიცხვთა სიმბოლიკა არა მხოლოდ გალაკტიონის ქმნილებათა შინაარსობრივ, არამედ ფორმობრივ მხარეზეც (კენჭოშვილი 1991:235).
თამარ ბარბაქაძემ ამ ლექსისთვის `რითმათა სასახლის~ წოდებით (ბარბაქაძე 2007) მეტი მოტივაცია გააჩინა ვარაუდისათვის, რომ გალაკტიონი არ დასჯერდებოდა მხოლოდ მზა ქართული მასალით _ რითმებითა და ფრაზული ბლოკებით, თუნდაც მათში ჩართული მისეული იდენტური ან ახალი პოეტიკის შესაბამისი კონსონანსური სარითმო წყვილებით _ უცნაური შენობის აგებას და ამ პრინციპულად პოლისემანტიკური ტექსტის სტრუქტურაში რაღაც ფორმობრივი ნიშანი კიდევ უნდა იყოს საძიებელი.
რაკი ამ ქმნილების თემა განსაკუთრებული ნაგებობის შენებაა, ხოლო შენობის, არქიტექტურული ძეგლის გეომეტრია მუდამ რიცხვთა შეფარდების რაღაც წესს, პროპორციას და სიმეტრიას ემორჩილება, ხომ არ არის `უცნაური სასახლის~ ფორმის რიცხობრივ მახასიათებლებშიც ამ მხრივ რაიმე მიმართება?
ლექსის რიტმული ქარგა, შვიდმარცვლედი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის 4/3.
რითმა დაქტილურია ანუ სამმარცვლედი. სტროფი - ოთხსტრიქონედია, აქედან სამი - მჭიდროდ დაკავშირებულია სამმარცვლიანი მაჯამური რითმით. სტროფთა რაოდენობა თორმეტია, ანუ ამ ლექსი-სასახლის ფორმის არქიტექტონიკა რიცხვებს 3 და 4 და მათ კომბინაციებს ეყრდნობა:

3 + 4=7
3 X 4=12


ვფიქრობ, ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს და ეს ლექსი, როგორც კიდევ ერთი ნიმუში, ალბათ, შეიძლება მიემატოს ი. კენჭოშვილის მიერ დასახელებულ იმ პოეტურ ქმნილებებს, რომელთა ფორმის საფუძველშიც რიცხვთა ჰარმონია დევს.
უფრო ღრმად თუ ჩავუყვებით პრობლემას, 3,4,7,12 - რიცხვების საკრალურ და მაგიურ სიმბოლიკამდეც და ამ სიმბოლიკის გამო შუა საუკუნეების ქრისტიანულ არქიტექტურის გეომეტრიაში მათ მნიშვნელობამდეც მივალთ; მაგრამ ამ მაცდური ძიების შედეგად, მოსალოდნელია, ტექსტს თავს მოვახვიოთ გაგება, რომელიც მასში ნაგულისხმევიც არ ყოფილა. ამიტომ აქ შევჩერდეთ.


გოთიკა პარიზის ,, ნოტრ დამი''

[bb]ლექსის ცალკეულ მომენტთა
ინტერპრეტირების ცდა
[/bb]


სიმბოლისტური ნაწარმოების შინაარსის ზუსტი ლოგიცირების ცდა სათავეშივე მარცხისთვის არის განწირული, რადგან ეს წინააღმდეგობაში მოდის სიმბოლიზმის ესთეტიკასთან, მაგრამ ამ ლექსის ცალკეული მომენტების დაზუსტება და თუნდაც პირობითი ინტერპრეტირება მაინც საჭირო და შესაძლებელი მგონია, მაგალითად იმისა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მაჯამურ რითმებში გამოყენებული სიტყვები:

ცვივა ლურჯი ფარული,
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული


ამ ფრაგმენტში ფარული მოგონებების თოვა სიხშირის, სიმრავლის ნიშნით ცხვრის ფარასთან არის მსგავსებით კა¬ვშირში. `ფართან ლანდი ფარული~ კი თითქოს ფარდასთან, ფარდის უკან დამალულ ლანდს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ფარის, სა-ფარ-ველის, რიდის, რეალობისმიღმიერ სამყაროსთან ბუნდოვანი და ნაწილობრივ გამჭვირვალე ბარიერის მნიშვნელობას ატარებს.
თოვლის შედარება ცხვრის ფარასთან სიხშირის ნიშნით მეტნაკლებად გასაგებს ხდის მომდევნო სტროფსაც, რომელშიც მისი ომონიმების მნიშვნელობათა თამაში ისევ გრძელდება:

ველი წამით ნაწამებს,
პოეზიით ნაწამებს,
რასაც იტყვის ნაწამებს
ფიქრი ამ სიხშირეზე.


ომონიმი `ნაწამები~ აქ სამ გაგებას უნდა მოიცავდეს: 1. ის, რაც იწამა ლექსის სუბიექტმა, 2. ის, რაც მას დასწამეს, და 3. ის, რაც წამით მოხდა.
შედარებით ბუნდოვანად გამოიყურება შემდეგი სტროფი:

ელვარება ამიდის,
ანთებული ამიდის
და ფიქრები ამიდის
აღარ მომეკარება.


ამიდის _ სამი ომონიმიდან ერთი გალაკტიონის მიერ მრავალგზის გამოყენებული იმერიზმია სიტყვა `ამინდის~ სანაცვლოდ, მეორე _ ზმნა `ადენას~ პირველი პირის ფორმაა (ამიდის _ მე(ის), აგიდის _ შენ, აუდის _ მას), ხოლო მესამე - პოეტის ბიოგრაფიული რეალიის გამოძახილი უნდა იყოს. აქ ამიდი საწამლავის, კარბოლიუმის ამიდის მნიშვნელობით არის გამოყენებული. ეს ის მჟავაა, რომლითაც გალაკტიონმა თბილისის სემინარიაში სწავლისას თავის მოწამვლა სცადა და გადარჩა, მაგრამ იმავე `ამიდს~ რამდენიმე თვის შემდეგ ვეღარ გადაურჩა მისი მეგობარი დემონი, იგივე ქუჩუ ქავთარაძე. ამის გათვალისწინებით, სტროფის შინაარსი ასე წაიკითხება: ანთებული, ანუ მზით განათებული ამინდის ელვარება ამდის და თვითმკვლელობაზე ფიქრი აღარ მომეკარება.

ყრუ ოხვრით და ზარებით,
იდუმალი ზარებით,
განტევება-ზარებით
და ვედრებით, ჰარიქა!


აქ ომონიმიდან `ზარებით~ ორი მნიშვნელობა ადვილად გასაგებია, მესამე კი პოეტური ლიცენციის, სიტყვი-დან ი- ხმოვნის ამოგდების გამო, შესაძლოა, გაუგებარი დარჩეს _ აქ იგულისხმება განტევება-ზიარება.

ყველაფერი სადაა,
მაგრამ, მითხარ, სადაა,
ის, რაც ალერსადაა:
ტრიანონი, შირაზი?



შირაზის სასახლის ნანგრევები

ტრიანონისა და შირაზის - ფრანგული და სპარსული სასახლეების ერთად ხსენება ადვილი ასახსნელია ლექსში, რომლის ავტორიც დასავლურ-აღმოსავლური კულტურების გზაჯვარედინზე პოეზიის ახალი სასახლის აგებაზე ოცნებობს, მაგრამ აქ გაუგებრობას იწვევს სიტყვა `ალერსადაა~, რადგან თანამედროვე სალიტერატურო გაგება ამ სიტყვისა ვეღარ ერგება მის თავდაპირველ მნიშვნელობას, რომელიც სულხან-საბას ლექსიკონშია დაფიქსირებული. ამ ლექსიკონის მიხედვით, ალერსი `სიტყვით შექცევა~ ანუ თავშესაქცევი საუბარია (ორბელიანი 1991: 46). ამის გათვალისწინებით, აქ ასეთი წაკითხვაა შესაძლებელი: მითხარი, სადაა ის, რაც თავშესაქცევად იყო ნათქვამი ტრიანონისა და შირაზის შესახებ.
სონორებით გაჯერებული ამ მღერადი ლექსის ფინალში დაფიქსირებულია `მძიმე~ სიტყვა `აჩონჩხილი~ ( თუმცა ამ სიტყვას ტექსტში ჟღერადობის მხრივ წყვილისცალიც მოეპოვება `ხანჯლის~ სახით - ჩნჩხ/ხნჯ). მისი შემცველი სინტაგმა `აჩონჩხილო შენობა~ ალბათ, ე.წ `საშინელის ესთეტიკის~ პრინციპზე აგებულ სახედ უნდა მივიღოთ და ჩონჩხადქცეული შენობა წარმოვიდგინოთ, მაგრამ მკითხველისათვის, რომელიც სიმბოლისტურ ტექსტთან ურთიერთობისას თანხმდება პირობას, რომ ვუალირებულ, ჩადრით, რიდით, ნისლით, ბურუსით და ა.შ. დაფარულ, იდუმალად მჟღერ იმაგინაციებს შეაჩვიოს მზერა, მაინც ძნელი წარმოსადგენი მგონია აჩონჩხილი და თანაც მშვენიერი შენობა, თუკი ა-ჩონჩხილობას უკვე ჩონჩხადქცეულობას დაუკავშირებს. გალაკტიონი ლექსებში ოქსიუმორონს არაერთხელ მიმართავს, მაგრამ სიტყვებში `აჩონჩხილო შენობა, მშვენიერო შენობა~, მშვენიერება და ჩონჩხი, ვფიქრობ, უფრო იმ შემთხვევაში შეიძლება მორიგდეს, თუკი სიტყვა ჩონჩხს წარმოვისახავთ საფუძველჩაყრილი შენობის კარკასად, რომელზეც უნდა აშენდეს მომავალი მშვენიერება. ამიტომ ფინალის სიტყვები `მომკლავს მე უშენობა~ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც მომკლავს მე ამ შენობის აუშენებლობა (ანტონიმები: ნაშენი _ უშენი, ნაშენობა _ უშენობა).
`არტისტულ ყვავილებში~ შესული ლექსი `უცნაური სასახლე~ შედეგია გალაკტიონის სწრაფვისა ქართულ პოეზიაში დასავლურ-აღმოსავლურ კულტურათა შენივთების, ,,ტრიანონი - შირაზის" შერწყმისაკენ. როგორც ეს ,,არტისტული ყვავილების~ გამოცემამდე ზუსტად საუკუნით ადრე გოეთემ `დასავლურ-აღმოსავლურ დივანში~ განახორციელა, მაგრამ გოეთესთვის დონორი - აღმოსავლური კულტურა იყო, გალაკტიონის რწმენით კი, აღმოსავლეთთან საუკუნეთა მანძილზე ისედაც მჭიდროდ დაკავშირებული ქართული პოეზიისთვის დონორი დასავლური კულტურული მონაპოვარი უნდა გამხდარიყო (დოიაშვილი ), ოღონდ კულტურათა გზაჯვარედინზე, ქართული პოეტური ტრადიციის მტკიცე ნიადაგზე უნდა აშენებულიყო პოეზიის ახლებური, მშვენიერი სასახლე. პოეზიის, როგორც სიტყვიერი ნაგებობის, სასახლის _ შექმნა გალაკტიონის სანუკვარი ოცნება იყო, მაგრამ თავიდან თუ საძირკველი `უცნაური სასახლისათვის~ გაჭრა და ხარაჩოებიც აღმართა, შემდგომ ნაშენების ბევრჯერაც გადაკეთება მოუხდა. თავსაც თითქოს აჯერებდა: `მაღალ მთაზედა ავაგე სასახლე ახალ-ახალი, ლითონზე უფრო მაგარი, პირამიდებზე მაღალიო~, მაგრამ საბოლოოდ, მაინც პოეზიის ტაძარი `ნიკორწმინდა~ აღმართა.


ნიკორწმინდა


გამოყენებული ლიტერატურა

ბარბაქაძე 2007: ბარბაქაძე თ. რითმების სასახლე. კრ.’’ლიტერატურისმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები(მასალები)’’. თბილისი: გამომცემლობა’’ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2007.
დოიაშვილი 1981: თ დოიაშვილი . ლექსის ევფონია. თბილისი: გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’ ,1981.
დოიაშვილი 1984: დოიაშვილი თ გალაკტიონის პოეტიკის სათავეებთან,კ. ”ჭაშნიკი’’, ქართული ლექსმცოდნეობის საკითხები,თბილისი, გამომცემლობა ’’თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა’’, 1984.
დოიაშვილი 2004 : დოიაშვილი თ. ფრთები და დიადემა.კრ. ’’გალაკტიონოლოგია III’’, თბილისი : შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა, 2004.
კენჭოშვილი 1999 ა: კენჭოშვილი ი. გალაკტიონ ტაბიძის სამყაროში, თბილისი: შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა. 1999.
ტაბიძე 1919 : გალაკტიონ ტაბიძე II, GRANE AUX FLEURS ARTISTIQUES, (1914-1919), MCMXIX ,ტფილისი, 1919.
ტაბიძე 1966 : ტაბიძე გ. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ.II, თბილისი : გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’, 1966.
ტაბიძე 1975 : ტაბიძე გ. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ.12, თბილისი : გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’, 1975.
ორბელიანი 1991 : ორბელიანი სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ 1. თბილისი: გამომცემლობა ’’მერანი’’, 1991.
შათირიშვილი 2004: შათირიშვილი ზ. გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკა.თბილისი: გამომცემლობა ’’ლოგოს პრესი’’, 2004.
ხინთიბიძე 1987 : ხინთიბიძე ა. გალაკტიონის პოეტიკა. თბილისი: გამომცემლობა ,,თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა’’, 1987.

სამეცნიერო ლიტერატურული კრებულიდან
,, გალაკტიონოლოგიაV'', თბ.,, 2010

(საჟურნალო ვერსია)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sat Aug 14, 2010 5:24 pm

ნინო დარბაისელი

დილა

(ეტიუდი: 3/3/2/)

მივდივარ და ენას მისვამს
კანჭებზე ბალახი სველი.
წყაროდან გადმოვდგი კოკა,
ხელადის ავსებას ველი.

-როგო ხარ!- გამვლელმა მკითხა,
ჯორს სახრე გადაჰკრა ოჩანს.
ფერდობი, მდინარე, ხიდი,
ხიდსიქით - ვენახი მოჩანს.

და ხევ-ხევ ჩამირბის ფიქრი
და წყალი იღვრება, როკავს
და ფეხქვეშ სლიპინებს ქვები...
ერთხელაც, - გავტეხავ კოკას.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Fri Aug 20, 2010 12:37 am

ნინო დარბაისელი

გავთხოვდი, საფო!

გავთხოვდი, საფო! კარგი სასიძო
სურდათ მშობლებს და ძმებს.
ქალმა ურჩობა როგორ გაბედოს,
სხვა რა ძალაა, ძლებს.

ზევით აზიდეს ჭერი დურგლებმა,
ხალხი ღრეობს და სვამს.
გამოგვაცილეს საწოლისაკენ,
ჩვენთვის მოწეულ ჟამს.

ტლანქად შემომხსნა წელზე სარტყელი.
როგორ ვეგუო ქმარს!
თვალი ვარიდე, შესაძულებლად
ერთი შეხედვაც კმარს.

გაუზავებელ ღვინოს ითხოვდა,
ცერით იფხანდა წვერს,
ვარდის ფურცლებით სავსე საწოლში
აწ გალეშილი წევს.

იმისი ლურჯი ნათითურები
შიგნიდან მიწვავს ყელს
და შენი მწარე ეპითალამაც
ისევ ყურებში ჟღერს.

მძულს საკუთარი ნორჩი სხეულიც,
- ნელსურნელებით ყარს.
საწოლის მეკრე ბატისფეხება
აღარ შორდება კარს...

ნეტავი იმას, ვინც არ შედრკება,
ტრფობას სიცოცხლით ზღავს,
კლდის წვერზე დგება, დახუჭავს თვალებს
და ენარცხება ზღვას!

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sat Aug 28, 2010 4:05 pm

ნინო დარბაისელი

ჩხვლეტა

დაშნა,
რაპირა,
ესპადრონი,
თეთრი ჟილეტი
და ბიძაჩემის ცერგაცვეთილი ხელთათმანი,
მუჭის ფორმას
ასე საწყლად დაჩირებულიც რომ იმეორებს
და მძიმე ნიღბის რკინის ბადე,
გულჩაჭეჭყილი.
ჟღრიალ-ბუბუნი,-
- თითქოს ბუდეში გამოეღვიძა
სიმებაშლილ ვიოლანჩელოს...

კიდევ რამდენ ხანს შეგვენახა ეს ყველაფერი.
კიდევ რამდენ ხანს გვხსომებოდა:
,,- დგომი!
ჯდომი!
ვარდნა!
წახტომი!",
ან ბრძოლის შემდეგ
ჩალურჯებულ კიდურებზე
როგორ გასხამდით თხევად ყინულს,
ანდა ,, ეფკამონს'' - როგორ გაზელდით.

დგომი!
ჯდომი!
ვარდნა!
წახტომი!...

აღარც შენი დაზრდილები აღარ არიან.
ახლები?
რა ვთქვა!

გავყიდეთ სახლი,
აქედან ფუძის ანგელოზი გადაიკარგა.
ჩვენც - გადავზიდეთ, რაც გვჭირდებოდა,
ახალ პატრონებს ჩვენი წარსულის ნარჩენებისგან
სხვენიც ხომ უნდა გამოვუცალოთ,
მაგრამ რა ვუყოთ
ჩვენი ოჯახის მუდმივ აჩრდილებს,
ვის აურიონ სიზმარ-ცხადი ამიერიდან,
ვინ გააფრთხილონ უიმედოდ,
ხელისჩაქნევით,
დღეიდან ქეჯნა ვის მოჰგვარონ,
ვის ექომაგონ?

შენ გაუძეხი, ბიძაჩემო,
დაე, გამოგყვნენ,
და გაიფანტონ ოთხივ კუთხივ,
სხვებს შეერიონ,
ეს სამყარო მართლა დიდია!

გავატანთ, რასაც გაიტანენ მენაგვეები,
შენსას, - ყველაფერს გარეთ დავდებთ,
იქნება გზაზე
ალალბედად მოხეტიალე მუშკეტერმა ჩამოიაროს.

ჩხვლეტა!
არის!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Sep 01, 2010 10:42 am

ნინო დარბაისელი

ადრიანა

აინგრეს სახლი,
ყველაფერს ასე,
ლაწალუწი გაუდიოდეს!

ჩვენ იატაკზე დაყრილ ბრინჯში
ავურევთ ხელებს,
მიმოვასწორებთ
და რიგრიგობით
ერთმანეთის სახელებს დავწერთ.
მერე გადმოვყრით მთელს ტანსაცმელს,
ფეხსაცმელებსაც,
პლედს გრძლად დავაფენთ პოდიუმად,
ვივლით კატური ნაბიჯებით,
და საძინებლად დავეყრებით დახოცილები.

რა-ა,
სამუშაო?!
აი, დარდი!
თუ კითხვა გინდათ,
ახლა მკითხეთ,
რისთვის ღირს ყოფნა.

მესმის წკრიალი:
,,ნინო ბაბო-უ!
ქენ აი თაჩ ით?''

შემოსასვლელის დიდ სარკეზე
წელამდე მწვდება
პაწაწინა ნათითურები.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Sep 08, 2010 11:11 pm


ნინო დარბაისელი



შემგროვებელი


ფრთადამტვერილებს
ფუნჯის წვერით ვწმენდ სათითაოდ.
თაროზე აღარ მეტეოდნენ
და რომ ესუნთქათ,
მეორე თაროც შემოვაშველე.
პირმრგვალებს
ტუჩზე შეჰყინვიათ ნაზი ღიმილი,
შუქჩამქრალში კი სულ დაობენ,
სულ ზუზუნებენ,
ხანაც: - ა-აა-აააააააააააააააააა -
- ხმაშეწყობით ამღერდებიან.

ეს - კლასელების ნაჩუქარია,
ფეხი რომ მომტყდა
და კლინიკაში
გახვრეტილ კოჭზე
უზარმაზარი გირი დამკიდეს.

- რაო, პატარავ, დაიღალე?
შენ ალბათ მაშინ გამებზარე,
მავთულხლართი რომ გამოგედო,
როცა საშველად მოიჩქაროდი.

შენ, ლურჯფრთიანო,
სულ უდროო დროს იცი ხოლმე
მხარზე დაჯდომა.
ლხინს არ შემარგებ,
რაღაც,
ხიფათი მოგელისო,
ვინ იცის,
იქნებ ცრუობ კიდეც...

ბროლის ნამცეცავ,
შენ ხომ თვითონ მისახედი ხარ!

საყვირიანს ვაიმედებ:
- შენი დროც მოვა!

წეღან ერთი მივარდებოდა
და კიდევ კარგი,
ხელი დროზე შევაშველე.

,,- ეჰ, ამასავით მეც რომ მყოლოდი..."
ეს ვისი ხმაა?
როგორი ცივი ნათება მოაქვს!

მარად მდუმარე
ორჭოფულად მიღიმის მამა.




Last edited by nino darbaiseli on Mon Sep 13, 2010 12:03 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Mon Sep 13, 2010 12:02 pm

ნინო დარბაისელი

პუდინგი შოტლანდიურად


პურის ნაჭრებზე გადავუსვა, რაც მაქვს, კარაქი,
ზედ ფენა-ფენა წავაყარო მუჭით შაქარი,
რძეში ავთქვიფო ერთი კვერცხი,
ცოტა ვანილი და ზედ დავასხა.
(თუ რძე არა მაქვს, წყალი - იმავე ოდენობის,
შიგ ჩაწურული ცოტა ლიმონიც მისწრებაა,
მაგრამ მხოლოდ წყლის შემთხვევაში).
საშუალო ცეცხლზე უნდა ვაცხო
შეწითლებამდე.

როდესაც ავად მიხდები ხოლმე,
ან ვატყობ,
როგორ გეძალება
ჩრდილოეთის ზღვის ნოსტალგია,
შენ - ცნობილ გურმანს
ამ პუდინგს გიცხობ
და შუქანთებულ ღუმელში მოჩანს
შენი პირქუში შოტლანდია
და ხმიანობენ იქაური შორი ლანდები.

აი, დამთავრდა უკვე მეორე მსოფლიო ომი,
სასტუმრო ოთახს მოყვითალოდ ანათებს ლამფა,
უკრავს ფიდელი*,
ჰარმონიკა.
მაღალი სკამი,
სუფრის თავში -- მამას ეკუთვნის,
პუდინგის პირველ,
დიდ ნაჭერსაც მას არგუნებენ,
მერე უფროსი ძმების ჯერია,
დედისთვის მუდამ ბოლო რჩება,
თუ რჩება რამე.
იმასაც, ვითომ დაივიწყებს,
ფუსფუსს განაგრძობს,
რომ ნაბოლარას მეტი ერგოს.
მე დღეს დედაშენს გეთამაშები.

ჩემი ფანჯრიდან ზღვა არ მოჩანს,
მხოლოდ მთებია,
არეულ ცაზე ეჯახება ღრუბელს - ღრუბელი.
- შტორმი იქნება, გასვლა არ ღირს
- ამბობ,
იღიმი.

ბიძგი,
ბრაგუნი...
ეს გულია?
ჩემი თუ შენი?

არც არაფერი.

ნაოსნობიდან დაბრუნებულ,
ძრავაგამორთულ
გემებს პორტისკენ
მუდამ ასეთი გარე ბიძგებით ეზიდებიან.

- - - - - - - - - -- - - -
ფიდელი - სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი, ვიოლინოს მსგავსი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Mon Sep 13, 2010 12:04 pm

ნინო დარბაისელი

საახლობლონი

***
ნუ უხმობ მამას თავგამეტებით.
მას ხომ თვითონვე ეშინია,
არ მიატოვონ.

***
დედაჩემს მოარგეს სხვისი ფეხსაცმელი.
დედაჩემის კაბა სხვას ერგო,
მე - სიჩუმე.

***
როცა სიკვდილმა ჩამოიარა.
ბაბოჩემი მატყლსა პენტავდა,
საპენტელი ბალახში დარჩა.

***
ჩიბუხს ჩაბერა,
მერე მუხლზე დაიბერტყა.
ცას პაპაჩემის დარდის ღრუბელიც მიემატება.


***
და - შინ ვერაგი,
გარეთ - ქომაგი.


***
ძმა - გალავნის კარი
უგალავნო ეზოს წინ.
ნაშალ ყორეს კი რახანია ხავსი ედება.

***
მამიდამ თონე გაახურა.
ობოლს შეერგოს კუტი პური,
მარილიანი.

***
ძალუამ ჭანჭური მომიკითხა.
შავი თავშალი ჭაღარაზე გადაუცურდა.
ძიაჩემი ?! - ქორწინების სურათით ვიცი.

***
დედინაცვალმა რა იცოდა,
რომ დამალული მქონდა ხოლმე
წინასწარვე დარჩეული ფეტვის მარცვალი!

ვინც ზღაპრის გარეთ დარჩენილა ჩიტის იმედად,
ბრალი იმისი!
დარჩეულსაც აუკენკავენ.

***
მეზობელმა ღობე ჩვენკენ გადმოსწია.
ჩვენს ძველ ლეღვამდე ხელს კი არა,
ჯოხსაც ვერ ვაწვდენთ.

***
მეგობარი - მუდამ ერთგული,
გვერდით მდგომი ...
თავისი თავის.

***
ნათლულმა კელაპტარი დამინთო.
ჭირისუფლები დაიღალნენ.
- დრო არის?
- დროა!

***
გამვლელმა ჩემს ქვაზე ჩამოისვენა.
გზა კი მიდის ალაგამდე
შეუსვენებლად.

***
შენ? - მადლობა გაძლებისათვის!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Sep 22, 2010 6:37 pm


ნინო დარბაისელი


ALANINO - FOR SALE *

სიგიჟე იყო თავიდანვე ამისი ყიდვა.
წლები გადის და ხარჯის მეტი არაფერია.
ჟანგი მაშინვე ედებოდა,
ძრავის პრობლემაც -
- ძველ პატრონებს არ დაუმალავთ,
მაგრამ მეფურად განათებულ სხვა იახტებში
იმ საღამოთი ისე იდგა,
შორი ზღაპრიდან მოფრენილი ციცქნა ჩიტივით,
ისე შვენოდა მაკაგონის გემბანი და მოაჯირები,
და შენც ისე თქვი,
ძვირი სულაც არ არისო,
თავს შეინახავს,
თუ მოცურავე კაფეს გავხსნითო,
სიამოვნება, თან - ბიზნესი,
სხვა რა გვინდოდა
ახლადშერთულ შეყვარებულებს!

შემოდგომობით,
როცა ადანას სასტუმროების ფასი ეცემა,
ხოლო რესტორნის მეპატრონენი
ვაშლის ჩაითი ქუჩა-ქუჩა დასდევენ კლიენტს,
ჩვენ ამ ადგილას დავსეირნობთ ბოლო პუნქტამდე.
პორტის ნაპირზე,
სადაც ვარდები ისევ ხარობს ათასფერადი,
ვსხედვართ მარტონი,
ღრმად ვისუნთქავთ მობერილ ჰაერს,
ტალღების ხმაში ძველებურად ერთმანეთს ვისმენთ
და შევცქერით,
როგორ თანდათან გვიხუნდება
ლურჯი სახელი ALANINO,
დიდ, თეთრ ნაჭერზე
ისევ ღუის წითლად - FOR SALE .

ეს რაღა ხმაა?
აქ ეს წყვილი საიდან გაჩნდა,
ან რა იციან ჩვენი თამაში:

- ამას შეხედე, რა ანძა აქვს!
- ამ სპორტულს გჩუქნი, არა, იმას!
- ვაი, გემია თუ სასახლე - ექვსი სართული!
- აი, ის გემიც შენი იყოს!
ხმელთაშუაზღვაც,
ოკეანეც.
- ოო, ეგ ცოტაა!
მე - სულ პატარა,
პაწაწინა,
სულ ერთთვლიანი...
აქ, სხვათა შორის, საუკეთესო ოქროულია.

წამო,
წავიდეთ,
დღეს მათი იყოს ეს ყველაფერი!
ხვალ უთენია ამ ერთხელაც
(ვინ იცის, იქნებ საბოლოოდ)
გავიდეთ ზღვაში!


- - - - - - -- - -
* ALANINO - საკუთარ სახელთა - ალანი და ნინო კონტამინაციის გზით შედგენილი ახალი სიტყვა.
FOR SALE - (ინგლ.) - გასაყიდი.


Last edited by nino darbaiseli on Sat Sep 25, 2010 7:21 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Thu Sep 23, 2010 12:59 pm

ნინო დარბაისელი

მყნობა

გაზაფხულობით,
როცა ისე გათბება მიწა,
რომ სადაცაა,
კენჭმაც კვირტი გამოიტანოს,
დამტოვეთ ასე,
ჭკუა აღარ მომეკითხება.

მარტო ვიყავით:
- გინდა, ნინუცი,
ეს თეთრი ბალი გადავამყნოთ?
ერთი ხე გვედგას
და თითო ტოტზე
თითონაირ ნაყოფს ისხამდეს:
წარმოიდგინე,
თეთრი,
შავი,
ჭროღა,
წითელი,
ადრეულაც და საგვიანოც!

უფროსი ძმისა ტყუილიც კი დაიჯერება.
ჯერ სანამყენე მოვაგროვეთ,
(მგონი, შიგ თუთაც შევურიეთ , -
- სიმრავლისათვის) .
ხერხე და ჩეხე მერე ტოტები.
მე კი ქვემოდან, რაც შემეძლო,
ხელს გაშველებდი:
ხან წყალი მთხოვე,
ხანაც ცული ჩამოგივარდა,
ხან წვრილ-წვრილ ტოტებს
ეზოს კუთხისკენ ვეზიდებოდი.
ძველი ხალათიც
ბრტყელ-ბრტყელ ზოლებად მე დავჭერი,
ქურაზე ჯამით გასადნობად დადგმულ ფიჭასაც
მეთვალყურედ მე დავადექი.

მოკლედ, დავამყნეთ!

რომ ჩამოძვერი,
პირზე ხვითქი გადაგდიოდა
და ის-ის იყო,
გამარჯვებულნი
ქვის კიბისთავზე დასასხდომად ვემზადებოდით,
მოგვადგნენ კიდეც
და რა თქმა უნდა,
შენ - გაასწარი,
მე - მცემეს
და
ბალიც გაგვიხმა.
და ბაბოჩვენის წყევლა-კრულვა ზეცას ქუფრავდა.
(იქნებ ომშიაც იმან გიწია?)

აი, აღდგომაც!
ხვალ ამოვალ და
გულზე წითელ კვერცხს გადაგიგორებ,
ჭიქას წაგიქცევ,
მაგრამ ჯერ მძინავს,
არა, მღვიძავს და თვალებს ვჭუტავ,
რომ არ გამექცეს ძილ-ღვიძილში
ეს ნეტარება:

მოგრძო ფოთლებში მზე ლივლივებს,
სხივებში ჩანხარ,
სავსე კალათას ხეზე მიდგმულ კიბეზე ჰკიდებ,
მე კი პირსახე და ხელები მაქვს გაწებილი.
ყველა იღიმის,
ირგვლივ - ჩიტები გალობენ და იკენკებიან...

მწიფს ერთიანად ჩვენი ბალი,
ათასფერადი!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Sep 28, 2010 12:29 pm

ნინო დარბაისელი

`რკინის საწოლი~

(გალაკტიონის რეცეფციისათვის ოთარ ჭილაძის შემოქმედებაში)


`მე მქონდა შესაძლებლობა, პირადად გავცნობოდი გალაკტიონს, მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი და რამდენიმე ბავშვი გაგვაგზავნეს სკოლიდან რაღაცის გადასაცემად, მაგრამ ბოლო წუთას მაინც ვერ გავბედე მის ბინაში შესვლა, შემეშინდა, ისეთი რამ არ ეკითხა ჩემთვის, რაზეც ვერ ვუპასუხებდი, არ მეცოდინებოდა, ანდა ისე ვერ ვუპასუხებდი, როგორ პასუხსაც ელოდებოდა იმისგან, ვინც მის სამფლობელოში შეჭრას გაბედავდა.~ — წერს ოთარ ჭილაძე თავის მოგონებაში.
ასეთი შესაძლებლობა მას ავბედითი 1959 წლის მარტამდე აღარ მისცემია.
`ჩემს თაობას, ეტყობა, ბედად ეწერა უფრო დიდი შთაბეჭდილების განცდა, ვიდრე ღმერთის წარმოდგენაა, მან ღმერთის სიკვდილი იხილა.~ — ესეც მისი სიტყვებია.
პირველი ლექსიც — `გალაკტიონ ტაბიძის ხსოვნას~ იმავე წელს უძღვნა:

დღესაც გრძელდება, დღესაც ასეა:
ქარი, სიჩუმე და ფოთოლცვენა...
- - - - -
და ისევ ქუჩებს ვუბრუნებ თვალებს,
თითქოს მდინარეს ვუბრუნებ თევზებს,
და ვიცდი, რადგან ვიცი, რომ მალე
ამტკივდებიან ფიქრები შენზე.

`რკინის საწოლის~ გამოქვეყნებამდე ერთი წლით ადრე, უსათაურო ლექსში `ქუჩაში წვიმდა, მე ვიყავ მარტო~, რომელიც ამ პოემის თავისებურ უვერტიურადაც შეიძლება მივიჩნიოთ, შინმყოფი პოეტი ასე იხსენებს გალაკტიონის დაკრძალვის დღეს:

და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს
შეშფოთებული უცქერდა ხალხი,
უცქერდა ჩუმად და სველი კუბო
მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.

ამ ცნობილ ლექსში უკვე გამოიკვეთა ო. ჭილაძის ინტენცია, გადაელახა იმდროინდელ ქართულ კულტურულ ცნობიერებაში დამკვიდრებული სტრეოტიპული რეცეფცია გალაკტიონისა და მისი, როგორც დიდი შემოქმედის არსს ჩასწვდომოდა.
ასეთი ჩანაფიქრის შემთხვევაში ალბათ ყველაზე აპრობირებული გზა იქნებოდა გ. ტაბიძის ცხოვრებისეული რეალიების, მისი ტრაგიკული სიკვდილის ახლებური, ინდივიდუალური პოეტური გააზრება, რომლის არაერთი შესანიშნავი ნიმუშიც მოიპოვება ქართულ პოეზიაში, მაგრამ ო. ჭილაძემ თავისი ქმნილების ტექსტსმიღმა დატოვა ყოველივე ცხოვრებისეული, რაც ასე თუ ისე ნაცნობი იყო ქართველი მკითხველისათვის და საკუთარი წარმოსახვისმიერი სივრცე სრულიად სხვა იმაგინაციებს დაუთმო.


***
სალექსო ფორმის მხრივ ამ პოემაში საყურადღებო თითქმის არაფერია: ათმარცვლედი, შუაში სავალდებულო ცეზურით, ჯვარედინად გარითმული კატრენები ან არაკანონიკური სტროფები, სადაც რითმათა კონფიგურაციის წესი აქა–იქ იცვლება, ორიოდე მოკვეცილი ტაეპი... ქართულ პოეზიაში ამ უკიდურესად გავრცელებულ რიტმულ ქარგაზეა აგებული არა მხოლოდ ოთარ ჭილაძის პოემების უმრავლესობა, არამედ მცირე ქმნილებათა ძირითადი ნაწილიც, მაგრამ ამ ნეიტრალურად ქცეულ რიტმულ ფონზე ოთარ ჭილაძემ ქართული ლექსის ინტონირების ახალი პერსპექტივები გამოავლინა და პოეტურ ტროპთაგან მისთვის რჩეულს - შედარებას ეფექტური მხატვრული ფუნქციონირებისთვის ნიადაგი შეუქმნა.
`რკინის საწოლში~ კომპლექსურად მუშაობს იმ ძირითად ნიშანთა ერთობლიობა, რომელიც ო. ჭილაძის გამორჩეულ პოეტურ იდიოლექტს ქმნის: სადა მეტყველება, ყოფითი ლექსიკა, გარიდებული პათეტიკას, ყოფითი დეტალის პოეტიკა, ზეპირმეტყველებითი ფრაზეოლოგია და სასაუბრო, დაღმავალია ინტონაციები, შეყოვნებული ტემპო-რიტმი; არა მკვეთრი კონტრასტები, არამედ რხევები; ბინარულ ოპოზიციებშიც კი ურთიერთგარდამავალი მომენტების წარმოჩენა; არა ყოვლისწამლეკავი ტრაგიზმი, არამედ სევდა, გრძნობადი ნიუანსები; ტაქტილურ შეგრძნებათა იმგვარი ფაქიზი გადმოცემა, როგორსაც ქართულ პოეზიაში გალაკტიონმა დაუდო სათავე (`შემოდგომაა... ტკივილი ჩუმი და ხელისგულთა ნაზი ქავილი~).


***
`ნეტავ როგორ იწერება პოემა? ეს ჩემთვის ახლა ისეთივე საოცრებაა, როგორც მოლაპარაკე ძაღლი ანდა მფრინავი ძროხა~ — ჟურნალ `ქართულ მწერლობაში~ (2010 #1) გამოქვეყნებული ეს ჩანაწერი ოთარ ჭილაძისა 1968 წლით — იმ დროით თარიღდება, როცა მას უკვე შექმნილი აქვს ათზე მეტი ლირიკულ–ეპიკური და ლირიკული პოემა.
`რკინის საწოლი~ ლირიკულ პოემათა რიგს მიეკუთვნება. დღეს ეს ჟანრი უკვე ტრადიციულად აღიქმება, გასული საუკუნის სამოციან წლებში კი ქართული პოეზიისთვის დიდ სიახლედ მიიჩნეოდა და მის დამკვიდრებაში ო. ჭილაძის პოემებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
ამ პოემის კომპოზიციას კრავს ტემპორალური პლანი: მოქმედება მიმდინარეობს უსასრულო წარსულში — მთვარით განათებული ქარიშხლიანი ღამიდან — მზით განათებულ დილამდე. რაკი პოემას სხვა მხრივ მეტნაკლებად თავისუფალი კომპოზიცია აქვს, მკითხველს საშუალება ეძლევა, საკუთარი მოლოდინის ჰორიზონტიდან სცადოს მისი რთული სახეობრივი სამყაროს მოქცევა ობიექტივში და საბოლოოდ, ინდივიდუალური ინტერპრეტაცია ჩამოაყალიბოს. ჩემეული ინტერპრეტაცია კი, რომელზე დაყრდნობითაც განვაგრძობ ფიქრს ამ ნაწარმოების სხვადასხვა პლანის შესახებ, ამგვარია: `რკინის საწოლში~ გალაკტიონის, როგორც ხელოვანის იდეალის პარადიგმა რეპრეზენტირებულია შინაგანი მონოლოგისა და ცნობიერების ნაკადის მოდერნისტული `ენით~, პოემის საფუძველში კი დევს სიმბოლისტური კონცეპტი, რომ წარმოსახვისმიერი, თუნდაც წიგნისმიერი მხატვრულ–სახეობრივი რეალობა — წარუვალი და ნამდვილია. ეს უფრო დიდი სი–ნამდვილეა, სიცხადეა, ვიდრე ყოფითი რეალობა — ჩვენი ყოფითი წარმოდგენები საგნებსა დ მოვლენებზე, რომელიც წარმავალია და ილუზორული. არსების, საგნის, სამყაროს ნამდვილი, ჭეშმარიტი არსის წარმოსაჩენად კი საჭიროა, იგი გათავისუფლდეს ყოფითი `სინამდვილის~ ამ გარსისაგან.
ღამღამობით, ლუნარულ ხილვათა, შუქ–ჩრდილთა მეუფების ჟამს გალაკტიონის ოთახში, სადაც რკინის საწოლი იდგა, იწერებოდა ცხოვრების წიგნი, რომელიც ყოველდღე ყოფითი, `რეალური~ მზის სინათლის მომძლავრებისას დროებით იფარებოდა, ხოლო გალაკტიონის — პოეტის იდეალი უხილავი ხდებოდა ადამიანთა თვალისთვის:

უბრუნდებოდა ქუჩას სინათლე,
ჩრდილებს — ადგილი,
საგნებს — სიმართლე
და გადაშლილი წიგნიც დროებით
იფარებოდა მწვანე რტოებით,
იჩრდილებოდა ჩიტების ჩრდილით
და ისიც ცოცხალ გულივით თბილი,
ყველა სიკეთის მცოდნე და ღირსი,
კვლავ უხილავი ხდებოდა დღისით.
მზე კი ფანჯრებში ხალხს ახედებდა
და ჩანდა, როგორ იდგა კედელთან
რკინის საწოლი.

რკინის საწოლი, რომელშიც ადგილს ვერ პოულობს `მარადისობის კვალისა და მიზეზის~ მაძიებელი პოეტის ბობოქარი სული, მკაცრი რეალობის სიმბოლოა. ამ სათაურთან ერთად, პოემის პირველსავე სტროფში წარმოდგენილია საწყისი იმაგინაცია, შემცველი იმ ძირითადი `პერსონაჟებისა~ და მოტივებისა, რომელიც შემდგომ მთელ პოემას ჯერ ურთიერთგარდამავალ, შემდგომ კი, ცალკეულ ლაიტმოტივებად გაჰყვება. აქ ძირითადად გალაკტიონისეულ მთავარ სახე–კონცეპტებს — მთვარესა და ქარს ემატება ხეები, ძველი შენობის კედლები და ჩრდილები:

ლაპარაკობდნენ ხეები ძილშიც,
ტოტებში ქარი წიოდა მწარედ
და დაბერებულ კედლების ჩრდილში
კაცივით იდგა დაღლილი მთვარე.

პოემაში გადმოცემულია ის შთაბეჭდილებანი და წარმოსახვანი, ოთარ ჭილაძის თანათაობელ პოეტებს ყრმობისა და ჭაბუკობის ჟამს რომ აღუძრავდა გალაკტიონის პოეზია და მისი მითიური საბურველით მოსილი არსება. იგონებს რა ყოველივე ამას მხატვრულ აწმყოში (ახლა), ავტორი მეტყველებს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ამ ყველას სახელითაც, რაც ნათლად ჩანს ფინალში:

ძვირფასი იყო ის ქუჩა ჩვენთვის,
ჩვენ იმ ქუჩაზე თამამად ვწერდით
ჩვენი პირველი შეკრთომის მიზეზს
და პირველ ღიმილს სამყაროს პირზე,
ხოლო პოეტის მკაცრი ოთახი
თავბრუს გვახვევდა ყველას ცოტა ხნით
და შიშის მაგვარს ვგრძნობდით ყველანი.

ეს წარსული, რომელიც მოგონებაში ლიტერატურული ალუზიების მეშვეობით ცოცხლდება, უკავშირდება არა რომელსამე აქტს, ერთჯერად ამბავს, არამედ დაუსრულებელ პროცესს, რაც ტექსტში გამოხატულია წარსული დროის უსრული ასპექტის ზმნათა მუდმივი გამოყენებით (მათი დიდი უმრავლესობა მიეკუთვნება უწყვეტელის მწკრივს). ზმნათა ბოლოში და სხვა სიტყვებში ,,და’’-მარცვლის მუდმივი გამეორება კი მეორად მარიტმიზებელ საშუალებად იქცევა და ათმარცვლიანი ლექსის მონოტონურ რიტმულ მდინარებასთან ერთად თავისებურ ტრანსულ მდგომარეობაში გადაჰყავს აღმქმელი:


არ უჩიოდა არც ერთ ჭრილობას,
არ უყურებდა დაბალს ზემოდან,
და თან ყველაფრის განცდას ცდილობდა,
ამ ქვეყანაზე რაც არსებობდა.

ამ ფონზე ინტონაციური რეგისტრების ოდნავი მონაცვლეობაც კი მსუბუქად მართავს მკითხველის ცნობიერებას, მის წარმოსახვას, მაგრამ საერთო მდინარებას ერთგან, მოულოდნელად ამძაფრებს ავტორი (სულ 5 სტროფი —მეექვსე თავის ბოლოსა და მეშვიდეს დასაწყისში):

როცა ქარს სტკივა, რაღა თქვას კაცმა,
ხომ არ იკივლოს კაცმაც ქარივით,
ანდა უებარ მალამოს ნაცვლად
ხომ არ დაიდოს წყლულზე მარილი.

გრამატიკული დროის მომენტალური ცვლა, გადასვლა კავშირებით კილოზე იმაგინაციურ ნაკადს წყვეტს, მსჯელობით დისკურსში ჩართული აფირმაციული აქცენტები კი, (უნდა... უნდა... უნდა), ლირიკული პერსონის, როგორც მებრძოლი სულის ადამიანი-შემოქმედის მანიფესტირებას ემსახურება:

როდესაც ჩნდება ადამიანი,
მიწაზე უნდა ადგილი ჰქონდეს,
რომ შეაჩვიოს ხორცი იარას,
გონება — სივრცეს და სული — ცოდვებს.

ცა უნდა ჰქონდეს, რომ კი არ გასძლოს,
იბრძოლოს, ვიდრე ძარღვი ათრთოლებს
და თუ სიცოცხლეს ბუნება აძლევს,
ცხოვრება უნდა შეძლოს თვითონვე.

Aამ მონაკვეთის შემდგომ პოემის დრო კვლავ უწყვეტ წარსულს უბრუნდება, ოღონდ ღამღამობით მიწყივ `მარადისობის კვალისა და მიზეზის~ მაძიებელი გალაკტიონის უმკრთალეს კონტურს დღის შუქზე ოდნავ მკვეთრი `რეალისტური~ – სოციალური შტრიხები ემატება — იგი `ჩვენი~, ანუ იმდროინდელი ახალთაობის თვალით იმგვარად გამოიყურება, როგორც შეეფერება პოეტი–იდეალის პარადიგმას.
ჰიპერბოლა, როგორც მხატვრული ხერხი ასეთ შემთხვევაში, ყველაზე უკეთ გამოხატავს მათ სათქმელს:

და როცა გარეთ ქარი კვნესოდა,,
გამოდიოდა მისაშველებლად,
ვით გოლიათი კურდღლის სოროდან,
რომ ქარის წუხილს ერთი მსმენელი
და ხმის გამცემი მაინც ჰყოლოდა.




***
`რკინის საწოლში~ პოეტი ფრთხილი ნაბიჯებით მიუძღვება მკითხველს ნახევრადურბანისტული თუ წიგნისმიერი ლანდშაფტების გზაზე, თავად მუდამ თავდაპირველ, შიშსა თუ კრძალვაზე დაფუძნებულ დისტანციას ინარჩუნებს გალაკტიონის მიმართ და მკითხველმაც, თუ სურს სრული ესთეტიკური ტკბობა განიცადოს, უნდა მიიღოს ეს პირობა და წარმოსახვა, ცნობიერება ასეთივე დისტანციიდან მიადევნოს ავტორისეული ასოციაციური ბმებით დაკავშირებულ იმაგინაციათა ნაკადებს... და მაინც, ტექსტის რამდენიმე დამაფიქრებელი მომენტი რაღაც ანალიზს მოითხოვს, მაგალითად, რას უნდა ნიშნავდეს ლირიკული პერსონის მიერ გალაკტიონის შესახებ თქმული:

მაგრამ ყოველთვის რჩებოდა ძალა,
რომ არ ექცია ხმა ლაპარაკად
გრძნობა კი სიტყვად [...]

აქ ხმის ლაპარაკად ქცევა—პოეტური, ამაღლებული სათქმელის დამცრობა-დაკნინებას უნდა ნიშნავდეს და თუ გავითვალისწინებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია გალაკტიონის პოეზიაში ხმა, ჟღერადობა, ევფონია, ალბათ აქ გაუგებარიც არაფერი დარჩება, მაგრამ გრძნობის ქცევა სიტყვად, გრძნობის მო–ქცევა სიტყვაში ხომ პოეზიის, როგორც ხელოვნების სიტყვიერი დარგის რთული ამოცანაა. ვფიქრობ, ამ სტრიქონების კონცეპტუალური გასაღები სიმბოლიზმის ესთეტიკაში უნდა ვეძიოთ — სიტყვა უნდა გავიაზროთ არა იმად, რაც ცვლის გრძნობას, იკავებს რა ტექსტში მის ადგილს, არამედ მარტოოდენ ამ გრძნობის მიმანიშნებლად.


***
მთვარის ლაიტმოტივი, რომელიც ათ თავად დაყოფილ ამ პოემას დასაწყისიდან მეცხრე თავამდე გასდევს, ასევე შეიცავს დამაფიქრებელ მომენტს.
სახე -

და დაბერებულ კედლების ჩრდილში
კაცივით იდგა დაღლილი მთვარე.

მეტნაკლებად გასაგებია, პოემის ერთიანი მხატვრულ–კონცეპტუალური კონტექსტის გათვალისწინებით. აქ წარმოდგენილია სამყაროს მისტიკური სურათი, სადაც ყოველი საგანი თავისი ჩრდილითა თუ ანარეკლით, ხმით, რომელსაც იგი გამოსცემს და ა.შ., ერთიანია (`ის ერთდროულად ნიშნავდა ჩრდილსაც, და იმ საგანსაც ჩრდილს რომ ისროდა.~).
მთვარის სხივები, ნათება, რომელიც კედლების ჩრდილში აღწევს, მთვარისავე ნაწილია. შედარება –`კაცივით~ გამოკვეთილად მასკულინურ ნიშანს მიაკუთვნებს მას, პოემის ბოლოს კი მთვარე უკვე ფემინური კონოტაციით შემოდის:

მთვარეს კი თავის თეთრი ფეხები
ძლივს გადაჰქონდა ტრამვაის ხაზზე.

თუ დავუშვებთ ფიქრს, რომ ამ პოემაში არა მხოლოდ ორი, ორგვარი სიმართლე და სიცხადეა, არამედ ორი მზეც — ერთი, რომელიც მარადიულ, წარმოსახვისმიერ სამყაროს ანათებს (პოემის მეხუთე თავში) და რომლის შუქშიც ყველაფერს — მხეცს, კაცსა და ღმერთს ნამდვილი სახე უბრუნდება, ხოლო მეორე — რომელიც ფინალში, გათენებისას, ყოფაში დაბრუნებისას გამოჩნდება ხოლმე, მაშინ აქ ორი მთვარის არსებობაზეც შეიძლება საუბარი.
Pპირველი მთვარე — თვით გალაკტიონის სიმბოლოა, ან მისი `არამიწიერი~ სახე, ამაღლებული, დისტანცირებული რომ დასცქერის საკუთარ თავსა და იმას, რაც ხდება (ხდებოდა) ღამის ქალაქში. ფინალში ფემინური ნიშნით გამოჩენილი მეორე მთვარე კი ის მნათობია, რომელიც მეორე — ყოფიერი მზით იცვლება.


***
პოემის დასაწყისშივე, პირველ თავში, სადაც, როგორც უკვე აღვნიშნე, დაფიქსირებულია ის ძირითადი მოტივები, რომელიც მოგვიანებით ტექსტში ლაიტმოტივებად გაიშლება, ერთი ასეთი უცნაური შედარებაა:

და საიდუმლო, როგორც სერობა,
ტრამვაის ხაზი წყდებოდა უცებ.

ლექსის კონტექსტიდან გამომდინარე, სიტყვა `საიდუმლოს~ გაჩენა აქ სავსებით მოსალოდნელია, მაგრამ რა კავშირშია ერთმანეთთან საიდუმლო სერობა და ტრამვაის ხაზი, რომლებიც თავისი ყველაზე პირდაპირი ნიშნით `რკინობით~ რკინის საწოლს უკავშირდება, მეორე მხრით კი იმავე ნიშნებითაა დახასიათებული (`ბრწყინავდა რკინაც, ცივი და ბასრი~), რითაც დანტეს მიერ ქვესკნელიდან ამოტანილი სიმართლე (`სიმართლე იყო მკაცრი და ბასრი~).
ეს სახე-შედარება ცნობიერ და ქვეცნობიერ დინებათა კონტამინაციის შედეგად გაჩენილი ჩანს და ჩემი ვარაუდით, ასე შეიძლება აიხსნას:
ტრამვაის ხაზი — წყვილი რელსი ნახევარბნელში — არის სერი, ზოლი (და– სერ–ვა – ბასრი საგნით დაზოლვა ზედაპირისა, სერი — სწორი გზა).
სერი - სერ-ობა ჟღერითი ასოციაციური ბმაა სემანტიკურად დაშორებულ ლექსიკურ ერთეულებს შორის.
საიდუმლო სერობის ძირითადი მოტივი სულიერი წინამძღოლის ღალატია `თანამოაზრის~, თანამეინახის მიერ:

მე მიღალატეს ძველმა რითმებმა,
ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს. —

-ეს გალაკტიონია. ცნობიერების ნაკადის მოდერნისტული ტექნიკისათვის ასეთი, ერთი შეხედვით, უცნაური კავშირები — ჩვეულებრივი ამბავია.
გარდა ასეთი შორეული ალუზიებისა, პოემის იმაგინაციური პლანი გალაკტიონის ლირიკიდან სხვა, ადვილად საცნობი უხვი მასალითაა გაჯერებული, ცხადია, ეს უპირველესად ქარს უკავშირდება.
`ტოტებში ქარი წიოდა მწარედ~, `და ღამის ქარით თმაგაწეწილი~ და სხვ. უმალ გალაკტიონის თმაგაწეწილ ქარს აცოცხლებს მკითხველის მეხსიერებაში. სტრიქონები:

და მხოლოდ სული, დროშად ქცეული
ვერტიკალურად იდგა ყოველთვის.

ალუზიურად უკავშირდება გ. ტაბიძის სიტყვებს:

და დროშასავით მე მიმაქვს მაღლა
სანთელი, შენი სული... სანთელი.

ხოლო პოემის ფინალური აკორდი:

და შიშის მაგვარს ვგრძნობდით ყველანი,
როცა ბრწყინავდა შავი მელანი,
ის კი ბრწყინავდა კაცის სისხლივით,
თუ მოხვდებოდა ხოლმე მზის სხივი. -

-ალუზიაა გ. ტაბიძის ლექსისა `ბარათაშვილი~:

მე სისხლით ვწერდი, გულის სისხლით და არა მელნით
აწ ლანდად მდგარი, ფერფლი, როსმე მიმქროლი მერნით...


***
პოემის მეხუთე თავში, სადაც `ტკივილით გაჩენილ ნათელში~ ცოცხლდებიან მსოფლიო ლიტერატურის მარადიული პერსონაჟები: მწუხარე სახის რაინდი, გარგანტუა, ტრისტანი და იზოლდა, ჰამლეტი, ავტორი-პერსონაჟი დანტე და ამით შემოწერილია ის ძირითადი თეზაურუსი, გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ლიტერატურულ ახალთაობას რომ ჰქონდა, ბუნდოვანია წყარო პირველივე ნათელი, შთამბეჭდავი იმაგინაციისა — მამათა მონასტრის ახლო გამოჩენილი სოფლელი გოგოსი, რომელსაც ბერი შესცქერის:

გოგოს ფუტკარი ეჯდა კისერზე
და მიჰყვებოდა ბზუილს მთვრალივით,
და გულუბრყვილო იყო ისევე,
როგორც ფუტკარი, ანდა ყვავილი.

ჩემი ფიქრით, ეს გოგონა ალბინა უნდა იყოს.

ბერს კი ტუჩებზე მიედო თითი
და თავს იღწევდა ღმერთის ჩეროდან.
და სული, როგორც ცისფერი ჩიტი,
ცის გასაგონად სულ სხვას მღეროდა. —

-ეს კი მასზე გამიჯნურებული აბატი მურეა, ემილ ზოლას რომანიდან ,,აბატ მურეს შეცოდება~.
ამავე თავში მსოფლიო ლიტერატურის პერსონაჟთა შორის კიდევ ერთი — უცნობი, თუმცა მშობლიურად ნაცნობი გლეხის სახე ჩნდება:

გლეხი კი ისევ მიწას ბარავდა
და განუწყვეტლივ ლოცავდა გამჩენს,
და თბილი თესლით სავსე კალათას
ხნულებში ცლიდა მშვიდი და გამრჯე.

ძნელი არ არის, აქ ჩვენი ზეპირსიტყვიერების წიაღიდან ოთარ ჭილაძის ქმნილებებში გადასული ქართველი გლეხი შევიცნოთ (,,მინდვრის
ბოლოში ბრწყინავს მდინარე’’) :

გლეხი კი მაინც არ მიდის არსად,
სულში ჩასცქერის გადახნულ მინდორს,
თავისი ვაშლის თუ ჭერმის მსგავსად
მიწაში ფესვი გაუდგამს თითქოს.

ოთარ ჭილაძემ ქართულ ლიტერატურას მრავალი სიახლე შესძინა, მაგრამ ფესვებით მშობლიურ ნიადაგთან, ტრადიციასთან კავშირი მისთვის, როგორც შემოქმედისა და პიროვნებისთვის - მუდამ მთავარი იყო!




***

ოთარ ჭილაძის კრებულში ერთი პატარა, უსათაურო ქმნილებაა. მას მიძღვნა არ აწერია და ვფიქრობ, არც სჭირდება, იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული გალაკტიონის სახესთან, მის ლანდთან და პოემა ,, რკინის საწოლთან”, თუმცა მასზე ორი წლით ადრეა შექმნილი (1961).

მე თოვლში ვეძებ სისხლისფერ ვარდებს
და მიტოვებულ ნუშებს და ატმებს…
თოვლზე ეცემა პოეტის ლანდი
და ქალაქს კიდევ ერთ კივილს ართმევს
და ავსებს შემკრთალ სიცარიელეს
და ისევ თოვლს და მოლოდინს ერთვის,
მაგრამ ბოლომდე რჩება იერი
ბედნიერ ბავშვის და დაღლილ ღმერთის.

ოთარ ჭილაძემდე გალაკტიონმა თავისი წინამორბედი და იდეალი - აკაკი სწორედ ლანდად წარმოადგინა - `ჩუმად... დაღლილი სანთლებით მოდის / მწუხარე ლანდი... მაღალი ლანდი...” (,,აკაკის ლანდი~// ,,პოეტის ლანდი”).
აკაკიმ გალაკტიონის ცხოვრებასა და შემოქმედებას წარუშლელი კვალი დააჩნია.
`მე არ მეგულება ჩვენს თანამედროვეობაში მეტნაკლები შესაძლებლობის, განათლებისა და გაქანების პოეტი (რა თქმა უნდა, ჩემი ჩათვლით) გალაკტიონის გავლენა არ განეცადოს. Gგავლენა, კარგი გაგებით, კეთილშობილური აუცილებლობაა, განვითარებასა და წინ წასვლას გულისხმობს, რადგან სულში ტოვებს კვალს და არა სახეზე.~ - ეს ოთარ ჭილაძის სიტყვებია.
თავად მისი გავლენის კვალი კი თანამედროვე ქართულ პოეზიაში აშკარაა, თუმცა ჯერჯერობით შეუსწავლელი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Oct 12, 2010 7:43 pm

ნინო დარბაისელი


აპოკრიფები

,, აპოკრიფები" - ჩემი პატარა ციკლია ბიბლიურ თემაზე. ეს მცირე ზომისანი შედარებით მოწესრიგებული მომეჩვენა და დავდე. დიდ ნაწარმოებებს სერიოზული ჩაჯდომა უნდა, ჯერ არ მცალია, მოგვიანებით შემოვამატებ.

სოდომი
- - - - - - - - -

აღარც კვამლია,
აღარც ფერფლი,
ქარმა წაიღო წასაღები,
დიდი ხანია.
გვალვები ისევ იცვლებიან
თავსხმა წვიმებით.
შენ კი დნები,
დნები,
დნები
და არ ილევი.
ირგვლივ ისეთი ხრიოკია,
მარილნარევში
ხემ კი არა და,
მთელი ეს ხანი,
სარეველამაც ვეღარ იხარა.

რომელმა ფიქრმა მიგახედა,
რამ გაგაქვავა,
მარილის ლოდო -
- წარსულისკენ მაცქერალო,
უარესი მომავლისათვის
სამუდამოდ ზურგშექცეულო!




აივანი

- - - - - - - -

ის:
- ამ ავდრის მერე
ისე მსუბუქად გაიხსნა ზეცა,
თითქოს გაისმა ხმა,
მამისგან გარდმომავალი
და იღიმება ნათლისმცემელი
და მაცხოვარი შედის მდინარე იორდანეში.

მე:
- სალომეა კი გამოუძვრა სულელ გადიას,
რა ეჩქარება სწავლა!
ცეკვის გაკვეთილს აცდენს,
ჰეროდეს ბაღში
პეპლებს დასდევს ფერადი ბადით.

შენ:
- დარი-ავდარი,
დღე და ღამე,
აღმართ-დაღმართი,
სიკვდილ-სიცოცხლე...
დასაბამიდან დასასრულამდე
ჯამში - ერთია.
აღარ შევიდეთ?

ისინი - ისევ გვიანდებიან.

მარტო ხმა ისმის:
- სადა ხარ, მამა!
რად დაგვიტოვე ეს სამყარო -
- სიტყვით შექმნილი,
მაგრამ ბოლომდე გამოუთქმელი?


- - - - - - - -


Last edited by nino darbaiseli on Sat Oct 16, 2010 11:48 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Thu Oct 14, 2010 1:51 pm

ნინო დარბაისელი

ვიტა ბრევის*

ჰო, ვიცი, ვიცი,
აქ მოწევა აკრძალულია,
მაგრამ მე უკვე დილას გამწერენ,
ბარგიც შევკარი,
ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ,
ჩვეულებრივს,
ადამიანურს.

ჩემი ბრჭყვიალა ტანსაცმელი არ დამჭირდება,
აღარც მათრახი,
ალბათ კედელზე ჩამოვკიდებ,
დიპლომებს შორის,
ანდა ყველაფერს ავიღებ და ერთად გადავყრი.

ნახეთ, როგორი თმახუჭუჭა ბიჭი ვიყავი!
დღეს ასე მელოტს
სურათთან ვეღარც მიმამსგავსებთ.
აი, ჩემი წყვილი ბოკვერიც,
ეს - ძუ, ეს - ხვადი.
ერთად გვეძინა ვოლიერში.
მერე, ხომ იცით,
როგორც ხდება,
ცირკის მენეჯერს
კეთილმოსურნემ შეატყობინა
და ამეკრძალა ღამე დარჩენა.

მხეცი და კაცი ერთნაირად თვინიერდება:
ცდა,
მარცხი,
ცოტა წარმატება,
მოთმინება,
გამეორება,
წინსაფრის ჯიბე - ხორცით სავსე,
ხელში - მათრახი,
ოღონდ დროული უნდა იყოს
ჯილდო-სასჯელი;

დგამიდან დგამზე კამარის შეკვრა,
ცეცხლმოკიდებულ რგოლში გახტომა,
ხახაში - თავი,
ამ რუტინაზე მაყურებელს უკვე ამთქნარებს.
მინდოდა რამე ეფექტური,
მოულოდნელი,
მწვავე და მახვილგონივრული.

გამომივიდა!

შუა ნომერში ვითომ ერთმანეთს დაერეოდნენ,
ჩემკენ ღრიალით მოიწევდნენ,
მეორე მხარეს გავასწრებდი,
შფოთავდა ხალხი,
აღარსად ჩანდნენ მეხანძრეები.
მერე ვიღაცა,
ვითომდამსწრე
გისოსებიდან
ვითომდატენილ თოფს მაწვდიდა.
ძუს ვუმიზნებდი,
წამომართული - ქვავდებოდა,
იკლებდა შუქი თანდათანობით,
ამასობაში ხვადი ზურგიდან მეპარებოდა,
არენა ისევ ნათდებოდა
და სინათლეში
იმის ნაცვლად, რომ თავს დამცხრომოდა,
დინჯად დამდგარი
მაგდებინებდა თოფს ხელიდან,
ტოტს გადამხვევდა,
დამსახურებულ ხორცის ნაგლეჯს პირში ვუგდებდი
და ორი მამრი ვიდექით ასე
და ძუც ფეხებთან ალერსიანად გაგვიწვებოდა.
ჭექდა ორკესტრი,
ტრიალებდა შუქეფექტები
და ზანზარებდა,
ინგრეოდა ტაშით დარბაზი.

მხეცი კი არა,
ბოლომდე კაციც არ ინდობა.
იძიე მერე:
ჩვევა გღუპავს,
უჩვეულობა
თუ მოშურნეთა ვერაგობანი!
ძუს დავუმიზნე,
დავბარბაცდი...
და ესხა სისხლი არენის ნახერხს.

გვიან მიამბეს,
უზარმაზარი რკინის ბადე როგორ გაინგრა,
როგორ აიჭრა ხვადი ლომი მაყურებლებში,
როგორ დაგლიჯა დედა-შვილი,
როგორ გავარდა მერე ქუჩაში
და პოლიციამ როგორ დაცხრილა...

გგონიათ,
ჩვენში ისევ ზოოპარკს აბარებენ
ცხოველებს, ცირკს რომ აღარ სჭირდება?
თავისუფლებას ანიჭებენ
და არ ადარდებთ,
რა უფრო დიდი სისასტიკეა,
მხეცის გაწვრთნა თუ
უკვე გაწვრთნილის დაბრუნება
ისევ ჯუნგლებში.
იქ, თვისტომებში ან სხვა მხეცებში
იქნებ თავიც გაიტანოს,
მაგრამ ერთხელაც,
გული მიგრძნობს,
თუ შორიდანვე სუნი იკრა ადამიანის,
არც დაესხმება და არც სადმე დაემალება
და როცა თოფსაც დაუმიზნებენ,
ნაჩვევი ჯილდოს მოლოდინში
შეხედავს ნდობით
და მკერდს შეუშვერს
ძველებურად წამომართული.

- - - - - --
*ვიტა ბრევის (ლათ.) - სიცოცხლე მოკლეა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun Oct 24, 2010 2:28 am


ნინო დარბაისელი
ჯაზი

მარი, მარი, მარი,
წყნარი, მოღიმარი!
მარის უყვარს ქმარი,
ბევრი უარა.

მერე, მოწყენილი
მაინც, რატომ არი?! -
ვერ გაიგო, იმ ქმარს
უყვარს თუ არა.

ეკითხება ანა:
- მაინც გიყვარს ქმარი?
და პასუხობს მარი:
- ჰო, ანა!

ასეთია მარი,
ქმართან ნაომარი,
რა ქნას, უყვარს ქმარი,
ქმარს კი უყვარს მარი...
მარი...ჰუ....ანააა!

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Oct 26, 2010 10:04 am

ნინო დარბაისელი

თვალი - გახვრეტილ ჭიპზე

ანუ

Occasio praeceps



ქალაქში ერთი გოგო დადის,
მოუჩანს წელი,
გახვრეტილ ჭიპზე უთამაშებს ცისფერი თვალი,
გაღიმებისას ეჩვრიტება ლოყები, ხოლო
თვალები ისე მუქად უელავს, -
- ქილიდან ახლად ამოღებული ზეთისხილივით...

ვაითუ მიცნოს,
შემაჩეროს და ვერ გავექცე,
ვაითუ ვეღარ დავემალო ჯანდაბის იქით,
ჰოდა, თავს დავხრი,
ვითომ ჩანთაში ვიქექები,
და ვიპარები,
მაგრამ სიზმრებში,
სწორედ იმწუთას,
როდესაც ვხარობ,
რომ კოშმარიდან სამშვიდობოს გამოვაღწიე,
უზარმაზარი,
გარუჯული,
შიშველი ზურგით მიახლოვდება,
თვალდახელშუა პატარავდება
და დაკრუნჩხული
ჩემს მკლავებში
წევს გაუნძრევლად ლურჯზე ლურჯი.
ვკბენ ნეკათითზე გამწარებით,
არ მოდის სისხლი,
თითების მაშით ვექაჩები სლიპინა ენას,
რომ სასულეზე არ დაეცოს,
ავრბივარ უცხო კიბეებზე,
თავდება კიბე,
არ ჩანს ექიმი,
არ ჩანს დედა.
ისმის კივილი უნუგეშო
და მე ვმრისხანებ,
ღმერთო ჩემო,როგორ ვმრისხანებ!
მზად ვარ,
ჩემივე ხელით მოვკლა ეს არამზადა,
სიკვდილს რომ ბედავს,
მოვკლა ათასჯერ,
ოღონდ ამ ერთხელ,
ერთადერთხელ გადავარჩინო.

როდესაც ბავშვი ამოასუნთქეს,
დავხუჭე თვალი,
გავიპარე და ვნეტარებდი,
ვნეტარებდი დაუსრულებლად,
ვიდრე ვიგრძენი ყბაში ვიღაცის მწარე ლაწანი.

რა ჭირად მოვხვდი,
ნეტა, იმ ზაფხულს ამათ მეზობლად,
რა ბედად მოვხვდი!

გრძნობათა ამბივალენტობა - ჩემი სენია.

ეს კი, შეხედეთ,
როგორ მოდის დღის სინათლეში! -
მოუჩანს ჭიპი,
ჭიპზე – თვალი,
თვალში - მზის სხივი...
უცნაურია, მხრებს რატომღა ხრის,
რატომღა ცდილობს,
მკლავთა ბუდეში
წამოჩიტული წყვილი ბარტყი თბილად ჩამალოს...

ჩემი თვალი - ქვის ქვეშ!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun Oct 31, 2010 11:42 pm

ნინო დარბაისელი

ჩვენ - ოკულტისტური

ანუ

experimentum periculosum



- იცოდე, უკან გზა არ არის!
უცებ ვიღაცამ ჩამჩურჩულა,
ვიდრე მოვბრუნდი,
ზურგიდან მაგრად ჩამიხუტე.
(აქ - შეკივლება,
ჟრჟოლა შიშით და სიხარულით).

როდესაც ვინმე გეუბნება:
,,სულ არ შეცვლილხარ",
გასაგებია.
საკუთარ თავში
ვერც შენ აგნებ იმ ანაბეჭდებს,
უხსოვარ დროში
უცნაურად რომ განათებდა.

ამბობდნენ ჩვენზე,
რომ განუყრელი წყვილი ვიყავით.
რა მარტივია,
გოგო-ბიჭს შუა კავშირი იგრძნო
და სიყვარულად ჩაუთვალო!
სინამდვილეში სულ სხვა,-
დიდი და საშინელი გვაკავშირებდა,
სხვას ვგულისხმობდით,
როცა ერთმანეთს ვუჩურჩულებდით:
,,იცოდე, უკან გზა არ არის!"
გავუძვრებოდით ყველას ხელიდან,
ვიკეტებოდით სიბნელეში
მხოლოდ პატარა სანთელს ვტოვებდით,
რომ გაგვერჩია ის საიდუმლო ხელნაწერი
და ყველაფერი საკუთარ თავზე გამოგვეცადა.

- გახსენი თვალი!
ხედავ ეკრანს?
გააკრიალე!
გამოჩნდა ვარდი?
რაფერია?
ახლა ფურცლები შეუსწორე,
შეისუნთქე,
ერთიანად ვარდით აივსე!
მზე საით უდგას,
მარჯვნივ, მარცხნივ თუ შუაში?
დაასხივე,
დაასხივე,
შუქში გაადნე,
ნელა გამოდი,
ნელა,
ნელა დახურე თვალი!

ექსპერიმენტებს ვაგრძელებდით,
წინ წავიწიეთ,
ერთმანეთს მუდამ ვამოწმებდით,
ვფრთხილობდით და თავსაც ვმართავდით,
ვიდრე ნაწერში არ მივაღწიეთ რეცეპტამდე
და არ ვიშოვეთ ბალახ-ბულახი,
რაღაც ფესვები.
ეს ყველაფერი
დაბალ ცეცხლზე დიდხანს ვადუღეთ,
გამოგვივიდა ხის წებოსავით აყროლებული,
სითხე მუქმწვანე,
მწარე და ბლანტი.
სულ პაწაწინა ყლუპი მოვსვი,
სულ ერთი ყლუპი
და ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი,
რომ გულისრევამ თავბრუ დამასხა.
-იცოდე, უკან გზა არ არის,გზა აღარ არის!
ჭირის ოფლში მესმოდა ხმები,
მოჩანდი ისე,
თითქოს წყლის ფსკერზე გაწოლილი
და ფართოდ თვალებგახელილი
მზეს ავცქეროდი.

იმ დღეს დამთავრდა ყველაფერი.

ჩვენ აგვეკრძალა ერთმანეთი,
სხვა გზა არ იყო,
ვცადეთ გვეცხოვრა
და შევერიეთ ყოველდღიურ ადამიანებს
და შეხვედრისას
ერთმანეთს მუდამ თვალს ვარიდებდით
და მუდამ ვგრძნობდით,
ორივე ჩვენგანს
ყოფამ როგორ გადაუარა!

იცოდე, უკან გზა არ არის!
წინ?
ვინ რა იცის!
მოდი,
ერთხელაც,
საბოლოოდ გავხსნათ ჩაკრები,
ისევ ავივსოთ მოლისფერით,
ნარინჯისფერით,
დაე, გაგვიწყდეს
მოქანავე თეთრი ძაფები,
დავყაროთ ძველი სხეულები
და მოკრიალე იისფერში მოფარფატენი
ოქროს დინებას შევუერთდეთ სამარადისოდ!



Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun Nov 21, 2010 8:07 am


ნინო დარბაისელი


ბის!


აი, ეს არსება,
ეს საცოდაობა,
საბანქვეშ შემძვრალი
და თავჩამალული...
მწვავე ,,პადაგრებზე"
ყოველღამ რომ ვადებ სალბუნებს,
ახლადგაღვიძებულს
ხერხემლის გამართვაც რომ არ შეუძლია,

ვის გინდათ,
ვის გინდათ,
ვის გინდათ,
ვის!

ვინც შინშემოსული გზადაგზა იშორებს
ფეხსაცმელს, შარვალს და
მიმოყრის ძირს,
და ამბობს ყოველღამ ,,მორჩა, ეს ბოლოა!"
ვინც გადაეჩვია
უწამლოდ ძილს.

ვინც თავის ჩემოდნებს არასდროს ალაგებს,
და აბაზანაში სველ წინდებს ყრის.
რა - რად ღირს,
დღემდე რომ მაინც ვერ გაიგო,
ცნობა რომ არ იცის ღამის და დღის.

ეი, თქვენ, ქალებო,
ლამაზო ქალებო,
ქერა, ლურჯთვალებო,
თქვენ, ტანმოქნილებო
თანაც ფერმკრთალებო,
გეყოთ აღტაცება,
გეყოთ ვნებიანი ვარდნა და დაცემა!
ვის გინდათ
გაძლება
ასეთი ქმრის?

ანდალუზიაში
ახლა საღამოა,
მზე ჩადის,
ფოთლებში
ნიავი ქრის...

აქ, ჩატანუგაში ნელ-ნელა თენდება.
ცოტაც და, ჩავთვლემ სავარძელში,
პლედამდე ხელის გადაწევა კი ძნელია!
ის როგორ იყო?
ჰო!

,,გელი და მგონია, გაჩერდა საათი.
რა ნელა მოძრაობს წუთების ისარი.
მოხვალ და დამათრობ,
მოხვალ და დამათრობ.
მითხარი სიტყვები სიყვარულისანი!"*

მეტი აღარ მახსოვს.
კედელზე კიდია ახალი აფიშა:
შავგვრემან პროფილს
ოდნავ გინათებს თაფლისფერი.
გიელავს თვალი.
მკერდით ზნექ სივრცეს.
აი, აიქნიე შავი მკლავები!
ხელის მტევნები -
- თეთრი მტევნები -
- ფრთები უბუმბულო...
სცენის იატაკი თითქოს წყლის ჭავლია.
ზედ ტერფს არ ისველებ,
ქუსლით არ ეხები
და ამ სიჩუმეში
მაინც რომ ხმა ისმის!
კაკუნი,
კაკუნი,
და კიდევ კაკუნი!

ფეხზე დგას,
ინგრევა
ინგრევა დარბაზი,
გიხმობენ,
ყვირიან:

ფლამენკო,
ფლამენკო,
ფლამენკო,
ბი-იიის!

----
* ფრაგმენტი ფლამენკოს ფოლკლორული ტექსტიდან ,,ბოლო გამოთხოვება" (თარგმ. ინგლისურიდან)



Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Nov 24, 2010 12:14 pm

პროტოტიპი ჩემი ლექსებისა -,,მამა სარკეში'" და ,,მამიანი სურათები'' :

http://www.myvideo.ge/?video_id=1105036+Gi...=clnk&gl=ge


ეს კი ლექსები:
,,მამა სარკეში";
http://literatura.lit.ge/html/index.php?pa...mposition=34565

,,მამიანი სურათები":
http://www.lib.ge/body_text.php?5259
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun Nov 28, 2010 9:44 pm

ნინო დარბაისელი

საჭირო სიტყვები - საჭირო დროს


(შესავალი წერილი კრებულისათვის ,,ვიტა ბრევის",გამ-ბა ,,სიტყვა", თბ.,2010)


ჯერ კიდევ როდიდან ვოცნებობდი სიმარტოვეში, რომ გავიზრდებოდი და მთელს კაცობრიობას ვეტყოდი იმას, რის სათქმელადაც მოვედი ამ ქვეყანაზე. მართალია, ჯერ არ ვიცოდი, რა იყო ეს, მაგრამ ვგრძნობდი, მეჩვენებოდა, რომ იგი არსებობდა და არსებობდა სწორედ ჩემში... ვიტყოდი ლექსად, გამოთქმით, სადღაც, შემაღლებულზე მდგარი და თვალცრემლიანი კაცობრიობა ჯერ ტაშს დასცხებდა, მერე ჩამიხუტებდა გულში, ნარნარად დაეშვებოდა ცაში ასროლილი ვარდები, ფერად-ფერადი ყვავილები და ბუშტები...
მაშინ მე წერა-კითხვაც არ ვიცოდი, ერთი პატარა ლექსი მქონდა მოგონილი ,,ლასიზე", ჩვენი ეზოს ძაღლზე, რომელიც მანქანამ გაიტანა..
ო, ჩვენი გულუბრყვილო ბავშვური ზმანებანი!
თავიდანვე რომ მცოდნოდა, რა ძნელია, გქონდეს სათქმელი და ლექსად აქციო იგი და თანაც ისე, რომ მოიხელთო საჭირო სიტყვები საჭირო დროს, პოეტობას არასოდეს მოვინდომებდი.

***
ეს ჩემი მეხუთე კრებულია.
პირველი ლექსი გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში გამოვაქვეყნე - იმ დროს, როცა იდეოლოგიური წნეხი თითქმის აღარ არსებობდა და მეც არაფერი მრჯიდა, მეწერა ლენინსა თუ დიად საბჭოთა კავშირზე. ჰოდა, ბევრი ჩემი თანატოლივით, ვწერდი ისე, როგორც მინდოდა. მართალია, მუდმივად გაზეთების ,, სარდაფში’’ მედო ბინა , მაგრამ ამას მივეჩვიე და რაღაცნაირად მადლიერიც კი ვიყავი, რომ არა მხოლოდ მიბეჭდავდნენ, ლოდინითაც არ მალოდინებდნენ. წერით ბევრს მაინც არ ვწერდი, წელიწადში ასე, ერთ ან ორ ლექსს. ისიც მსმენია ან წამიკითხავს, რომ უფროსი კოლეგები თანატოლებისაგან რაღაცით გამორჩეულ, განსხვავებულ ავტორად მიმიჩნევდნენ, მაგრამ სადღაც, ოთხმოციანი წლების შუაგულში ვიგრძენი, რომ თანდათანობით საზიარო პოეტურ ველში აღმოვჩნდით. გვეუფლებოდა კოლექტიური პოეტური ცნობიერება, ჩვენი - ახალგაზრდა პოეტი ქალების ცხოვრება, თეზაურუსი, ღირებულებები , მიზნები და ოცნებები, ლექსიკა, გამომსახველობითი
საშუალებები, ...მოკლედ , ყველაფერი იმდენად სტერეოტიპული, უნიფიცირებული ხდებოდა, რომ ხანდახან იდეის ჩანიშვნაც კი მეზარებოდა, ვფიქრობდი, რაღა მე, ბარემ სხვამ აქციოს ლექსად, მაინც სულერთია, რომელი ჩვენაგანი დაწერს-მეთქი.
და მე გავჩერდი!
ახლა ისე ვთქვი, გავჩერდი-მეთქი, თითქოს რაღაც დიდ დინებას დავუდე დასასრული. სინამდვილეში, ხანდახან თუ დამძრავს-ხოლმე ლექსი, მაიძულებს, ძალა შევალიო, დავიღალო. მოკლედ, უნდა გამოვტყდე, რომ ლექსზე მუშაობის პროცესი სიამოვნებას არ მანიჭებს. შედეგი - მუდამ მაეჭვებს. თუმცა მაქვს ლექსები, რომლებიც, როგორ ვთქვა... დავამთავრებ თუ არა, თვითონ მიყურებენ ამრეზით, როგორც ავტორს. ოდნავ მივეკარები და ქედმაღლურად მანიშნებენ, ,, შენი ადგილი იცოდე, ხელი არ მახლოო!", თითქოს დიდი პატივი დამდეს, რომ სწორედ მე დამაფიქსირებინეს ფურცელზე თავი.


***
გავჩერდი მეთქი...
სინამდვილეში, პოეზიას ერთი ნაბიჯითაც არ გავშორებივარ. მივხვდი, რომ ადამიანმა, შემოქმედმა რაც შეიძლება ბევრი უნდა იცოდეს იმ სფეროს შესახებ, რომელსაც თავს მიაკუთვნებს. დავიწყე სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა. ერთ წიგნს მეორე მოყვა, მეორეს - მესამე და ლექსის, პოეზიის არსისა და თავისებურებების ძიებაში ნაშრომი დავწერე თავისუფალი ლექსის შესახებ.
მეგონა, გავარკვიე, რაც მაინტერესებდა და დრო იყო, ამით დამემთავრებინა, მაგრამ ნებისმიერი ადამიანური ცოდნა - ერთი პატარა კუნძულია უცოდნელობის ოკეანეში. მე კი ამ ოკეანის ხმაური, ალბათ, არც არასოდეს მომასვენებს.
ჩემი თაობის პოეტებიდან ცოტანი თუ შემორჩნენ ლიტერატურას, ზოგი უდროოდ დაიღუპა, ზოგმა - სამშობლო დატოვა, ზოგი - სამშობლოშივე იქცა ემიგრანტად, ამას ისიც დაერთო, რომ ჩვენს ეროვნულ მენტალობაში ძირეული ცვლილებები, ღირებულებათა გადაფასების პროცესი მტკივნეულად მიმდინარეობს, ეს ცვლილებები, ბუნებრივია, დაეტყო არა მხოლოდ აზროვნებასა და ენას, არამედ პოეზიასაც . ძველი პარადიგმები არააქტუალური გახდა, ახალი - ჯერ სუსტია. ტრადიცია - თვითგანმეორებით ან ეპიგონური სახით ცოცხლობს. ზოგიერთმა ძველ თხიერში ახალი, უცხო ღვინის ჩასხმაც სცადა; ღირებული ქმნილებების ადგილს უცხოური პოეზიის კოპირებანი და სუროგატები იკავებენ, მოკლედ, ისევე, როგორც ხელოვნების ნებისმიერ სფეროში, ქართულ პოეზიაშიც ამჟამად კარგად მოპირკეთებული ღრმა კრიზისია და პოეტური ნაწარმოებების რაოდენობრივი, რიცხობრივი ზრდა ბეჭდურსა თუ ვირტუალურ სივრცეში ამ კრიზისის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია.
კრებულში წარმოდგენილი ორმოცდაათი ლექსი ჩემ მიერ შემოთავაზებული სხვადასხვაგვარი ორიენტირებია ქართული ლექსის კრიზისის დაძლევის გზაზე. შემეძლო, მასალა თემატურად დამელაგებინა, ან გამემიჯნა ერთმანეთისგან წმინდად ტრადიციული, მოდერნიზებული თუ ნოვაციური ფორმები, მაგრამ იგი იწყება ნაწარმოებით, რომლის სახელწოდებაა ,,უკუსვლით’’ და მთავრდება ლექსით ,,მაისფეისი“, რომლითაც ხუთი წლის წინ სამუდამოდ დავემშვიდობე ქართველ მკითხველსა და პოეზიას.
მაშინ ,,ჩვენი მწერლობის“ მკითხველებმა მიწინასწარმეტყველეს, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი, მაგრამ ამ კეთილ სურვილზე მხოლოდ მეღიმებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ დრო იყო, ახალი, უპოეზიო სიცოცხლით დავმტკბარიყავი. უკან დასაბრუნებელი ყველა ხიდი დავწვი. საბედნიეროდ, ეს დამშვიდობება, მართლაც, ნაადრევი აღმოჩნდა.
კრებულში ლექსები დალაგებულია დაღმავალი ქრონოლოგიით, რათა მკითხველს საშუალება მიეცეს, დღევანდელი გადასახედიდან იხილოს ეტაპობრივი სხვაობა ხუთი წლის მანძილზე შექმნილი ბოლოდან პირველ ნაწარმოებებამდე, რომელნიც ერთგვარად ნეოკლასიცისტური ხასიათისანი არიან.
საიტ ,,ლიტერატურა.ჯისა" და ,,ურაკპარაკის" მკითხველები იცნობენ ჩემს ვრცელ კომენტარებსაც, რომელსაც, წესისამებრ, ყველა ლექსისთვის ვწერ და რომელშიც გაშუქებულია კონკრეტულ ნაწარმოებთან დაკავშირებული კონცეპტუალური, ესთეტიკური თუ პოეტიკური პრობლემატიკა, ასევე თხზვის ტექნოლოგიები. ოდესმე ეს ყოველივე ერთად მოიყრის თავს. ზუსტად როგორ - არ გადამიწყვეტია, რადგან ეს მომავლის საქმეა.
სხვადასხვა თაობისა და გემოვნების ადამიანებისთვის ამ ლექსებში ბევრი რამ იქნება მოულოდნელი, უჩვეულო, დამაბნეველი, სადაო, იქნებ გასაგულისებელიც, - მაგრამ არაფერია შემთხვევითი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მას, ვინც კრებულს გადაშლის და წაიკითხავს, - ჩემს მკითხველს მოწყენა არ დაეუფლოს. წიგნის დახურვის შემდეგ კი გაჰყვეს ავტორთან დიალოგის, თუნდაც კამათის სურვილი.
არიან პოეტები, რომელნიც თავისთვის წერენ.
არიან პოეტები, რომელნიც წერენ ახლობლებისთვის, ან თუნდაც ნაცნობი ან უცნობი პოეტებისთვის.
მე ვწერ მკითხველისთვის, მაგრამ არა უბრალოდ იმათთვის, ვისაც პოეზია უყვარს და სიამოვნებას ანიჭებს, არამედ მათთვის, ვისაც ამავე დროს ესმის, ან უნდა, ესმოდეს პოეზია, როგორც ხელოვნების დარგი.
ვიცი, რომ ასეთი მკითხველი ბევრი არ არის, მაგრამ მუდამ არსებობს.
ჩემი წიგნი ,,ვიტა ბრევის“ მათ ეძღვნება.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Mon Nov 29, 2010 9:38 am

მეზობელმა ღობე ჩვენკენ გადმოსწია.
ჩვენს ძველ ლეღვამდე ხელს კი არა,
ჯოხსაც ვერ ვაწვდენთ.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Mon Nov 29, 2010 1:08 pm

nino darbaiseli wrote:
ნინო დარბაისელი

საჭირო სიტყვები - საჭირო დროს


(შესავალი წერილი კრებულისათვის ,,ვიტა ბრევის",გამ-ბა ,,სიტყვა", თბ.,2010)



Ars longa, vita brevis (est)
L. არს ლონგა, ვიტა ბრევის (ესტ).
ხელოვნება (მეცნიერება) გრძელია, სიცოცხლე – მოკლე.

Source: "უცხო სიტყვათა ლექსიკონი".


ნინო, გილოცავ მომდევნო კრებულს და, კარგი იქნება, თუ შენი წიგნის ყდას გადაიღებ და აქ დადებ, ყდის დამხატავის მითითებით...

სიცოცხლე და წუთისოფელი წუთისაა მართლაც, წუთისა...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Mon Nov 29, 2010 11:09 pm



მიხო, ნიკა, მადლობა, ძვირფასებო!

წიგნი იყიდება ,,პარნასში'' ,,ლიგამუსში', ,,სანტა ესპერანცაში" და კიდევ ორ მაღაზიაში, სახელები ვერ დავიმახსოვრე. ფასი - 6 ლარი. ამას თქვენთვის არ ვწერ.
თქვენთვის სასაჩუქრო ცალები გადავდე.
გასაყიდად გამაქვს მხოლოდ სავალდებულო რაოდენობა, დანარჩენი - ჩემი მეგობრებისთვის დასარიგებლად მინდა.
გადავწყვიტე, პრეზენტაცია არ ჩავატარო. რაღაცნაირად, დისკომფორტულად ვიგრძნობ თავს. განხილვას კი გაზაფხულისთვის ვვარაუდობ.
ძვირფასო ,,არმურელებო". ვისაც გინდათ, საჩუქრად მიიღოთ წიგნი, აქ დამიტოვეთ თქვენი სახელი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Nov 30, 2010 9:09 am

: )


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Aug 27, 2013 12:27 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Today at 1:40 pm

Back to top Go down
 
ნინო დარბაისელი
View previous topic View next topic Back to top 
Page 5 of 7Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: