არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები). * მიხო მოსულიშვილი"ჰელესა" (კინორომანი). * ირაკლი ლომოური"ავტონეკროლოგი" (მოთხრობები).
* კახა ჭაბაშვილი"აქ, თბილისში" (მოთხრობები) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* ლია ლიქოკელი"დევის ცოლის სიცილი" (ლექსები). * ნუციკო დეკანოზიშვილი"ნამსხვრევები" (ლექსები). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები). * მარიამ წიკლაური"მარადისობის რიტუალი" (პოემა).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები). * ირმა რატიანი"ასი უძველესი იაპონური ლექსი" (თარგმანი იაპონურიდან).
* გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული) * ზურაბ სამადაშვილი"ხმაურიანი დღეები" (რომანი)
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - "Camino Real" (პიესა).
* ირაკლი ჯავახაძე – "სამი ძველი მოთხრობა". * მიხო მოსულიშვილი – "ჩემო მეჟოლია" (სევდიანზე სევდიანი კომედია). * ნინო სადღობელაშვილი – "ბამბაზიის სამოთხე" (მოთხრობები).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).
სოსო მეშველიანი 5 5 2
Share | .
 

 სოსო მეშველიანი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3233
Registration date: 09.11.08

PostSubject: სოსო მეშველიანი   Thu Mar 05, 2009 11:48 pm


Soso Meshveniani

ლია ოსაძე

სოსო მეშველიანი: "არ მინდოდა, ესპანელი ქალი ცოლად მომეყვანა"


პოეტი სოსო მეშველიანი, ერთი თვით ესპანეთიდან დაბრუნდა. სადაც ბოლო 10 წელია, ცხოვრობდა.

– ბატონო სოსო, რატომ გადაწყვიტეთ ესპანეთში წასვლა?

– სვანეთში, მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე. სკოლა რომ დავამთავრე, სწავლა ქუთაისში გავაგრძელე, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. მაგრამ ქვეყანაში არეულობა დაიწყო, იქ მხედრიონი დათარეშობდა, იქ შიმშილი იყო, საათობით ვიდექი პურის რიგში. როგორც სხვას, ისე ჩემს ოჯახსაც ძალიან გაუჭირდა, ხუთი დედმამიშვილიდან ყველაზე უფროსი მე ვიყავი, ამიტომ სწავლას თავი დავანებე და რუსეთში სამუშაოდ წავედი. ქალაქ სამარაში ვცხოვრობდი. რუსეთში დაახლოებით 7 წელი ვიყავი, ყველაფერზე ვმუშაობდი, რათა აქ ჩემი ოჯახი გამომეკვება. აუტანელი პირობები იყო, მაგრამ ვითმენდი. საქართველოში რომ ჩამოვედი, ერთი წლის შემდეგ, კვლავ ოჯახის გამო ესპანეთში წავედი სამუშაოდ. ესპანეთი ბავშვობიდანვე მიყვარდა და იქ იმიტომ წავედი. ჩემთვის რუსეთში წასვლა იძულება იყო, ხოლო ესპანეთში წასვლა – ოცნება.

– ლექსების წერა როდის დაიწყეთ?

– დაახლოებით 16–17 წელია. პირველი ლექსი სიყვარულმა დამაწერინა, ჩემი კლასელი გოგონა მომწონდა და მას მივუძღვენი ლექსი, მაგრამ ვერ ვაჩვენე, რადგან მორცხვი ვიყავი. ესპანეთში ლექსებს რომ ვწერდი, ვერ ვამხელდი, რადგან ისეთ ხალხთან მიხდებოდა თანაცხოვრება, რომ ეს ამბავი სიცილად არ ეყოფოდათ. ბოლო 2–3 წელია, რაც ჟურნალებში დავიწყე ჩემი ლექსების ბეჭდვა. პირველად ბაღათერ არაბულმა მომაქცია ყურადღება და ჟურნალ "ცისკარში" რამოდენიმე ლექსი დამიბეჭდა. 2008 წელს როსტომ ჩხეიძემ თავისი ჟურნალის "ჩემი მწერლობა" პრემიის ლაურეატი გამხადა. ესპანეთში რომ ვიყავი, ქალბატონმა მარიამ წიკლაურმა მთხოვა, ბასკური ზღაპრები ქართულად მეთარგმნა. რამოდენიმე ზღაპარი ვთარგმნე და გამოვაგზავნე კიდეც, მაგრამ დროის უქონლობის გამო ამ საქმეს ბოლომდე თავი ვერ მოვაბი.

– წერის გარდა, კიდევ რითი ხართ დაკავებული?

– ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, ძალიან მიყვარს მუსიკა და მხატვრობა, აგრეთვე მოგზაურობა. გზა ისე მიყვარს, რომ შეიძლება ბოშას ასე არ უყვარდეს. ესპანეთში სულ დავდიოდი და ყველაფერს ვათვალიერებდი, ვმოგზაურობდი.

– იქ რატომ არ შექმენით ოჯახი?

– არ მინდოდა, ესპანელი ქალი ცოლად მომეყვანა, რადგან სამუდამოდ იქ დავრჩებოდი და დროთა განმავლობაში ქართველობასაც დავკარგავდი.

– საქართველოში დაოჯახდით?

– დიახ, 2 წელია, რაც დავოჯახდი. ჩემი მეუღლე, თეა პირველი პროფესიით იურისტია, მალე პატარას ველოდებით.

– თეა როგორ გაიცანით?

– მეგობარმა თავის ოჯახში დამპატიჟა, თეაც მოვიდა. ერთმანეთი მოგვეწონა, მაგრამ ერთი წელი მაწვალა, ეს კარგად გამოუვიდა. ბოლოს დავქორწინდით და ჯვარიც დავიწერეთ დიდუბის ეკლესიაში. მონათლული არ ვიყავი და ჯვრისწერის დღეს მომნათლეს კიდეც.

– ახლა თუ გაქვთ მიმოსვლა ესპანეთში?

– დიახ, მაგრამ გული მწყდება, საზღვარგარეთ ქართველები დანაშაულს რომ სჩადიან, ამით ყველა ქართველს სახელი უტყდება. ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთხელ, სამარაში ვიღაცა კრიმინალ ქართველს მიმამსგავსეს და დამიჭირეს, ჩემებმა არაფერი იცოდნენ ჩემ შესახებ. პოლიცია ვერაფრით დავაჯერე, რომ ის ქართველი მე არ ვიყავი. ბოლოს თითების ანაბეჭდები რომ არ დაემთხვა, მაშინ გამომიშვეს. ის ორი კვირა ჯოჯოხეთი გამოვიარე. იმ ქართველს ისეთი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, რომ გავიგე, კინაღამ გავგიჟდი. უარესს გეტყვით, ბასკეთში ვცხოვრობდი, სადაც ჩვენსა და მათ შორის ძალიან დიდი მსგავსებაა, მაგალითად, ბასკების ძველ სოფელში თუ ჩახვალთ, შეიძლება იფიქროთ, რომ საქართველოს ერთ–ერთ სოფელში მოხვდით. სადაც ამჟამად ვცხოვრობ, იმ სოფელს ბედია ჰქვია. ქართველებმა იქ მართლმადიდებლური ეკლესია გავხსენით, მოძღვარიც ქართველია, მაგრამ ისეთი არასასურველი ხალხი იყო ეკლესიას ამოფარებული, რომ გული დამწყდა. საერთოდ, ეკლესიური არ ვარ, მაგრამ ერთხელ სამებაში ხელზე შევეხე პატრიარქს და დღემდე ზარის ენასავით მაქვს აჟღერებული.

– სანამ ქართულ ეკლესიას გახსნიდით, კათოლიკურ ეკლესიაში არ შედიოდით?

– არა, მათ ეკლესიაში სალოცავად არ შევსულვარ. თორემ ისე, როგორც დამთვალიერებელი, შევსულვარ კიდეც და ყველაფერიც დამითვალიერებია. საოცარი ნაგებობები აქვთ, მაგრამ მათი ეკლესია, სხვა გაგებით, არ მომწონს.

– მაინც რა გაგებით არ მოგწონთ?

– თუნდაც იმით, რომ მათ კათოლიკურ ეკლესიაში ნებადართულია სექსუალურმა უმცირესობამ იქორწინოს. კაცი კაცზე ჯვარს რომ დაიწერს, იმ ეკლესიის არ მწამს. ეს კანონი რომ მიიღეს, ესპანეთში მთელი ღამე ზეიმი და დროსტარება იყო. ესპანეთში ეკლესიაში ვინც დადის, ის მართლა მორწმუნეა და სხვის დასანახად არ მიდის, როგორც ჩვენთან ხდება. ხანდახან სამებაში რომ შევდივარ, ასე მგონია ზოგიერთი ადამიანი საჭორაოდ არის მოსული–მეთქი.

– ესპანურ დღესასწაულებზე რას იტყვით?

– ესპანელებს ძალიან უყვართ დღესასწაულები. შეიძლება გამოიგონონ კიდეც. მაგალითად, გამოგონილი დღესასწაული აქვთ ზაფხულში, რომელსაც წყლის დღესასწაული ჰქვია. ადამიანები მიდიან აივნიან ბინებთან და იქ მაცხოვრებლებს ეძახიან, წყალი აივნებიდან რომ გადმოასხან. ისინიც ასხამენ, წუწაობენ და ა.შ. სულ ცდილობენ, რაღაცით გაერთონ.

– შობის დღესასწაულს როგორ აღნიშნავენ?

– ეს მათთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. ჩვენ ხომ შობას ეკლესიაში ვხვდებით, ისინი ეკლესიებიდან გამოდიან და ქუჩაში ხვდებიან. 20 დეკემბრიდან თითქმის ყველა დაწესებულება ისვენებს. ორგანიზაციები, რომლებიც ახალი გახსნილია, ქუჩაში შლიან ალა–ფურშეტის მსგავსად სუფრებს. ეს მათთვის თავისებური რეკლამაც არის. ვისაც უნდა მივა და რასაც უნდა იმას მიირთმევს. თუ ცუდი ამინდია, წვიმს ან თოვს, ორგანიზაციის წინ გადახურავენ და სუფრას ისე გაშლიან.

– მოსახლეობა როგორია?

– შესანიშნავი, ნეტავი ასეთი ნებისმიერი ქართველი იყოს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი მაღალი ქცევის კულტურა აქვთ. მაგალითად, გააჩერე ყავარჯნიანი მოხუცი და რაღაცა ქუჩა ჰკითხე, თუ ის კაცი მიხვდა, რომ ვერ გაგაგებინა ან ვერ მიგახვედრა, რაც არ უნდა შორი მანძილი იყოს, ყავარჯნებით გამოგყვება და იმ ქუჩასთან მიგიყვანს. რამდენჯერ უხერხულობაში ჩავვარდნილვარ, ნუ წუხდებით, გავიგე–მეთქი, მაგრამ მაინც მივუცილებივარ – ჩამოსული ხარ და არ შეგეშალოსო. სადარბაზოში რომ შედიხარ, თუ ვინმე შეგხვდა, გამარჯობას აუცილებლად გეტყვის, ის არ გიცნობს, მაგრამ იცის, რომ მის სადარბაზოში ცხოვრობ და მეზობელი ხარ. ესპანელმა ოჯახში თუ მიგიღო, შენ ხდები მისი ოჯახის წევრი. შეიძლება გითხრას, მაცივარში ლუდია და ერთი შენთვის და ერთი ჩემთვის გამოიღეო, ან მიდი რა, ყავა მოადუღე და ა.შ. ძალიან თავისუფალი ხალხია. სვანეთშიც მყავდნენ ესპანელი ცოლ–ქმარი, ჩემი მეგობრები, დედაჩემმა მითხრა, სანამ მე ავდგებოდი, სტუმარს შემოვლილი ჰქონდა ბოსტანი და პამიდორი დაკრეფილი ჰქონდაო. არადა, სულ 2 დღის ჩასულები იყვნენ. ამას ქართველი არ იზამს. მართალია, ევროპაში ამბობენ, რომ ესპანეთი ევროპას ცხოვრების დონით ჩამორჩებაო (მე არ ვიცი, ამაში რას გულისხმობენ), მაგრამ ვისურვებდი, რომ საქართველო ყველანაირად იყოს ესპანეთის დონეზე.

წყარო - http://sana.ge/index.php?katid=12%20&id=4455

სოსო მეშველიანი

არაფრის გამოხატვა

ნინო დარბაისელს

თევზივით ვგდივარ, უცხო ნაპირზე.
სულის თხევადი უფსკრულიდან გამორიყული
და მშრალ ქვიშაში გამოხვეული.
ოცნებასავით დაჩუტული მთვარე თუ ამჩნევს
მოლუსკივით რომ დასრიალებს ჩემი სხეული.

ჩუმად, წვეთ-წვეთად, დავიცალე არსებობიდან,
დაცარიელდა, გამდინარე ცნობიერებაც.
...
რა მნიშვნელობა შეიძინა?
უცნაურია!
ერთ სიტყვიანმა წარწერამ ”Hebron”
სახელწოდებამ სასტუმროსი,
შუაღამისას,
ამ უკაცრიელ ზღვის ნაპირებ რომ გადმოჰყურებს.
ვეება ლურჯად მოციმციმე ექვსი ასოთი,
“Hebron”
ცარიელ ღრძილში ჩარჩენილი კბილის ნერვივით,
უსამშობლობა ამტკივდა,
თუმცა,
ეს ტკივილი ხომ არაფრისთვის, არაფერია.
ზღვის მლაშე სუნთქვა მეღვრება პირში
და მაინც ისე ვამოძრავებ ლორწოვან ენას,
თითქოს ჩემივე მწიფე ფრაზებს ვაგემოვნებდე…
-ხვდები, რამდენად უსუსური ხარ,
იმ სამყაროში, რომლის გულიც ლავაში ფეთქავს?.....
სისულელეა!
ყველაფერი სისულელეა.
ამას ჯობია უფრო ხშირად გაიმეორო
“ვინაა კიდევ სხვა, მეორე,
რომ ასწორებს თავის ცხოვრებას?
...
განა ბერი?
საბჯე ჯოხით თავისივე აჩრდილს რომ ჩეჩქვავს,
ვინაც ერთგულად მოაცილა საყდრის კარამდე”…..
რომ პირში ისევ გემო იგრძნო შენივე სისხლის.
შენ კი, ნაკვები უცნაური ფანტაზიებით,
მხოლოდ სახეზე სუქდები,
მორჩა!
შეეშვი ჰიჩკოკს,
ამ გენიალურ კოშმარებთან რა გაქვს საერთო?
და ამ არაფრის (თუნდაც კარგად) გამოხატვისთვის,
ხდები პოეტი?
უსამშობლობა აგტკივდა, ვიცი,
ცარიელ ღრძილში ჩარჩენილი კბილის ნერვივით.

Arrow


Last edited by Admin on Sun Feb 06, 2011 10:22 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 681
Registration date: 17.11.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Thu Mar 05, 2009 11:57 pm

ესპანეტში მცხოვრები ემიგრანტი პოეტი.ძალიან საინტერესო.ნიჭიერი.კარგი ადამიანი და კარგი მეგობარი.
ძალიან მიხარია მისი აქ ყოფნა.გამორჩეული პატივისცემა სოსოს.ლამაზ და წარმატებულ შემოქმედებით გზას ვუსურვებSmile
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 681
Registration date: 17.11.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Sun Mar 08, 2009 3:43 pm

ჩემს უსაყვარლეს ქართველ ქალებს

უჟმურობს მარტი,
მე კი მინდა, ცა რომ ვიხილო,
ლურჯი. ეს თქვენთვის მინდა,
მინდა, ია, მინდა, ღიღილო.
ნება მომეცით!
მარტის ნაცვლად, მე გაგიღიმოთ.


პ.ს. მართლა ძალიან მიყვარხართ და მენატრებით
sosom mogviloca yvelas:)
ver shemodis aq:(
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 681
Registration date: 17.11.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Mon Mar 09, 2009 9:10 pm

***
რა არეული ანბანია,
ან ვინ დამარცვლა
ასე ქუჩები?
ირგვლივ ფერადი წარწერების
ნუსხა ციმციმებს,
ერთ რიტმში ფეთქავს
მილიონი ტვინის უჯრედი,
ქალაქის სივრცე ჩამოღუნა მთვარის სიმძიმემ.

ელექტრონული მუსიკაა!
სრული ქაოსი.
სრული კომფორტი,
სიმარტოვის ქაოსში ჩართვა
და გდია ავტო-მობილების სასაფლაოზე,
რომანტიკული შეღამება, ეპოქის ჯართად.

ელექტრონული მუსიკაა!
დიხ მუსიკა.
(აქ ჯონ ლენონის ქუჩაც არის ცნობის გულისთვის)
გრძელ მოსახვევში,სამარშრუტო ავტობუსიდან,
მეძავების რიგს თვალს აყოლებს ზანგი ტურისტი.

2006 წ.(ბარსელონა)
Back to top Go down
View user profile
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 100
Age: 38
Location: ესპანეთი
Registration date: 05.03.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Wed Mar 11, 2009 4:48 pm

***
რად არ მშვიდდებიან კაჭკაჭები?
კვლავ ბნელ ჩირგვებში რომ ფათურობენ.
ეს რა უცნაურად კაშკაშებენ,
იმ ძველ წისქვილებთან ნათურები.

ფიქრი იზრდება და შენც იზრდები,
სხვა-გზა მოჭრილი გაქვს, აქ დარჩები!
იქნებ მინდვრის პეპლებს ესიზმრებათ,
ეს ღამის, პეპლები-ალ-ქაჯები.

მთვარე, ძველდება და იცვითება,
ვითომ და, ამდენი ნათარეში.
იქნებ, მართლა ზეცა ეწვეთებათ
ამ ლურჯ მდინარეებს სათავეში.

ისევ, დავისერე მოგონებით,
ფიქრი დაემსგავსა სამართებელს,
ვხედავ, ყვითელწინწკლა სოკოები,
ნეშომპალებიდან ანათებენ.

აბალახებულა კაკლებს შორის,
ძველი ნანგრევები სასაქონლის,
სადაც, მელოდიებს ჭრიჭინების
ახლავს, ჟღერადობა საქსაფონის.

რა ვქნა? კვლავ ხსოვნაში ვიძირები,
ისე, რომ ვერ მივხვდი, რას ვეძებდი.
ციცინათელებად ციმციმებენ.
ფიქრში, სიყმაწვილის ნამცეცები.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3233
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Wed Mar 11, 2009 5:16 pm

ეს წაიკითხეთ, რომ აქ ქართულად წეროთ - http://armuri.4forum.biz/-f7/--t17.htm
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 174
Age: 27
Location: გადაღმა
Job/hobbies: მეზღაპრე
Humor: ჰორიზონტი სუფთაა
Registration date: 13.12.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Thu Mar 12, 2009 6:40 pm

სოსოს ლექსი მინდა დედაზე
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Thu Mar 12, 2009 11:49 pm

Arrow

სოსო მეშველიანი ჟურნალი ”ლიტერატურულ პალიტრაში” -

უსამშობლო კაცის ღაღადი
Back to top Go down
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 127
Age: 27
Registration date: 27.12.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Sun Mar 15, 2009 1:28 pm

ხმას ბაყაყების,
რა სიმშვიდე დაურღვევია.
მე რაღას შევცვლი,არც კი ვიცი ზოგჯერ რა მინდა.
ეს ჭრიჭინები რა ხანია ასე მღერიან,
ვარსკვლავთა წყობაც ასეთია დასაბამიდან.


ეს ლექსი სოსოს საღამოზე წავიკითხე Like a Star @ heaven

მიყვარს მისი პოეზია!
Back to top Go down
View user profile
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts: 29
Age: 31
Location: ...
Humor: :)
Registration date: 02.02.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Wed Mar 25, 2009 11:20 pm

მგზავრი

(ანდრეს სეგოვიას)

პირქუში მიწაც ახითხითდა, ზეცის ღიმილზე.
ეს, შენი წილი სამოთხეა, ბახს აქ რა უნდა?
ღრუბლის ნამცეცა ცხვარი ბღავის ზეთისხილის ქვეშ,
ხსოვნის უფსკრულში ექოებად რომ ახმაურდა.

ალბათ დასრულდა გრანადაში დიდი კორიდა.
ღამდება, ფიქრიც მოითენთა, ვატყობ, არა და....
ლამპიონებით თავს მახსენებს იმ სიშორიდან,
მთების წიაღში შეხიზნული იგუალადა.

დამშვიდდა სივრცე, ზღვაც დამშვიდდა, აღარ ყრის ცოფებს.
მალე ვარსკვლავი აენთება ცაზე იმდენი...
შემოუფრინეს თოლიებმა ზღვისპირა სოფლებს
და ცის სილურჯეს ისუნთქავენ ჭარხლის მინდვრები.

შორს, ზღვის შორეთში, უკვე ჩამქრალ ჰორიზონტებზე,
ვაყოლებ მზერას, მოციმციმე მოძრავ წერტილებს.
გარს მაკრავს მხოლოდ სიმარტოვე, როგორც პილოტებს
სიცარიელე, მალე ფიქრსაც შემაწყვეტინებს
ღამე, არ მისულს კანტაბრიის სანაპირომდე.



ჩემი "ესპანელი" ძამულია! Smile
Back to top Go down
View user profile
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 100
Age: 38
Location: ესპანეთი
Registration date: 05.03.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Tue Mar 31, 2009 10:07 pm

განცდა მუსიკისგან

ჩვევად დამჩემდა,
ხეტიალი ყოველ ხუთშაბათს,
ვათვალიერებ ღამის ქუჩებს ავტობუსიდან.
ასველებს წვიმა, მოყვითალო სახლის შუშაბანდს,
სადაც სარკმლიდან კვლავ იღვრება ბრამსის მუსიკა.

სადაც ჰაერსაც მუსიკად ქმნის
სუნი კერძების
ამ რესტორნებთან, ბევრ მათხოვარს კრუნჩხავს სიცივე.
ხურდებს აგროვებს ბოშა ქალი, ხოლო მკერდზე კი
ებღაუჭება უსუსური ჩვილი მისივე.

საროსკიპოა, საელჩო რომ იყო ლაოსის,
ასე იცვლება, უცნაურად ქალაქის ხედი.
მომლაშო ღამე, იწრიტება სასაფლაოზე
თითქოს ისევე კმაყოფილი ახალი ცხედრით.

რა ვქნა სიზმრებიც გაიყინენ
და რა ჩატეხავს...
ამ ლურჯ ყინულქვეშ დარჩა სულის კამკამა ფსკერი.
თქვენ კი ჰაერზე მიაბიჯებთ, ისე მჩატე ხართ
ფერქვეშ ფაფუკად გეფინებათ ღრუბელი სქელი.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts: 222
Registration date: 11.11.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Wed Apr 01, 2009 9:50 am

"რა ვქნა სიზმრებიც გაიყინენ
და რა ჩატეხავს...
ამ ლურჯ ყინულქვეშ დარჩა სულის კამკამა ფსკერი.
თქვენ კი ჰაერზე მიაბიჯებთ, ისე მჩატე ხართ
ფერქვეშ ფაფუკად გეფინებათ ღრუბელი სქელი."


სოსო,მოგიკითხე... Smile

ლექსი,ძალიან მომეწონა...Smile
Back to top Go down
View user profile
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 100
Age: 38
Location: ესპანეთი
Registration date: 05.03.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Fri Apr 10, 2009 9:19 pm

არშემდგარი დიალოგი, კუნზულზე


თქვენ მგონი ახსენეთ, მონმარტი,
დონ-მარტინ!
ასე უადგილოდ და ასე უბრალოდ.
(თქვენ ხართ, წარმოშობით აზიატი)
რა თქვენი ბრალი არის, რომ მარტის
დაგყვათ უხეირო ხასიათი,
არ გიყვართ ყველასთან საუბარი.

ვეწევით. ლიმონის ბაღთან ვზივართ.
თქვენ გაქვთ შესაშური ფანტაზია,
ამიტომ თავიდანვე გაფასებდით.
ვერთობით თავბრუდამხვევ ნაფაზებით,
არ გიყვართ არც მხატვრობა, არც მუსიკა
გიყვართ უნამუნო. (ფანჯრის რაფაზე კი
ქოთნით პატარა კაქტუსი დგას).

თქვენ უკვე შეეშვით გალაქტიკებს,
მიწაზე დაეშვით. ჭარხლის და ბოლოკის
მოყვანა დაიწყეთ.
და ეს არც ეპილოგია და არც პროლოგი.
ზოგჯერ უცნაურად მაკვირდებით
ეს ძველი, ცნობილი ასტროლოგი.

ვზივართ და ქარმა ოკეანის.
უსასრულობიდან დაგვიბერა,
ისევ შეარხია ლიმონები.
თქვენი თუთიყუში "მარიბელა"
კენკავს, მაგრამ ვეღარ იმეორებს
სიტყვებს. და ჩიჩახვი ებერება
როგორც თქვენ, დონ-მარტინ-ებერელა.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 100
Age: 38
Location: ესპანეთი
Registration date: 05.03.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Sun Apr 26, 2009 6:27 pm

SITGE 2005


შეცდა ბუნება და ასეთებად გააჩინა.
და ამ შეცდომებს,
დევნილს ბოსხის კოშმარებიდან,
როგორ გულწრფელად უხარიათ,რომ არსებობენ!''
მათ წამიერად, უკუღმა დამანახეს
კაცობრიობის ბოლომდე გაქვავებული სული,
როგორც ფსკერამდე გაყინული და ამობრუნებული ოკიანე.
თქვენ,აზიელო ,ტურისტებო,
პირდაფჩენილნო გაკვირვებით,ეს ხომ სიტგეა.
ქალაქი, სადაც მთელი მსოფლიო შეკრებილა კვირეულზე სექსუალური კენტავრებისა.
მოკლედ, რას არ ნახავთ აქ,
ამდენი სტუმარი კინოფესტივალზეც არ ახსოვს,
ამ პატარა ქალაქს,
ყველაზე საშინელი ფილმების შემდეგ რომ
ყველაზე უცნაურ სანახაობას გვპირდება.
მათი არ მესმის და ვერც მივმხვდარვარ,
რა შუაშუა ახლა ლორკა -
ასე სიმბოლურად რომ მოურთავთ
მისი პატარა ქანდაკება, წმინდა სებასტიანის ბაღში;
გიტარაზე ოდნავ თავჩაქინდრულს
ისეთი მეტყველი სახე აქვს,
შეუძლებელია არ ჩაგესმას:
....."pasas en la tarde luminosa y clara
con la carne oscura de nardo marchito
y el sexo potente sobre tu mirada".
მაგრამ ეს სულ სხვა რამაა.
დავდივარ მოჩვენებებით სავსე ქალაქში
და ამ არსებების გამო გაბერილი ბოღმა,
ყელთან ჩიყვივით გამომებერა.
ეს ისეთივე კოშმარია,
როგორც ძილში გაბუჟებული ფეხი,
რომ არც ტკივილი ჰქვია და
სიზმრებში ჩაყოლილს, უკბილო ძაღლები ღეჭავენ.
ვიცი, ზედმეტი ვარ მათთვის,
ამას არც მალავენ,
ცდილობენ ყველანაირად მაგრძნობინონ,
თანაც ისე უცნაურად,
თითქოს მარტო მათთვის ჟღერდეს "ქუინი"
რომელიც ისე შეზავებია რესტორნის კერძების სუნს,
ჰაერსაც მუსიკად ქმნის.
მე კი არ მქონია გართულება,
როცა მათთან ერთად არღანზე აჟღერებულ ბახს ვუსმენდი,
სან პაულოს ეკლესიაში,
მხოლოდ მუსიკას ჰქონდა სხვანაირი ჟღერადობა,
მხოლოდ მუსიკა გრძნობდა ჩემზე უკეთ ამ ყველაფერს.
მაინც რა მოუსვენრად ფუსფუსებენ,
ყველას რა თანაბარი რიტმი აქვს,
მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა.
აქვე ორი მათგანი უცნაური აღნაგობისა
შავ, მახინჯ ძაღლებს მიასეირნებს
თითქოს მათივე აჩრდილებს დაატარებენ თოკით.
მაინც რა ბედნიერად გრძნობენ თავს,
რა ენერგიულად ავსებენ ერთმანეთს.
მათში ისე იგრძნობა იდუმალი ვნებების სიღრმე,
როგორც მკვდარი თევზის ღია თვალებში
ოკეანის მლაშე სიბნელე.
ვისკითა და ჰაშიშით რეტდასხმულებს,
რხევაზეც ეტყობათ,
რომ მხოლოდ მოჩვენებით არსებობენ რეალურ სამყაროში...
მაინც როგორი ჩანს, ნეტავ,
თავდაყირა ეს სამყარო,
ეს ყველაფერი,
ან თუნდაც ეს ცხენის წაბლის ხეივანი,
რომელიც ასე სურნელოვნად ჰყვავის.
მაინც რა ფერადი კარნავალია
ამ დროებით ცოდვილთა ქალაქში.
ადგილობრივებიც ისე მიჩვევიან ამ ყველაფერს,
თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდეს.
სხვა მხრივ კი
ჩვეულებრივად მიდის ცხოვრება,
ჩვეულებრივად გადადიან ბრმები
მათთვის განკუთვნილ, წრიპინა შუქნიშანზე,
გაუთავებელი ჯოხების კაკუნით.
ჩვეულებრივად ჩამომსხდარან წეროები
ტაძრის აწვეტილ გუმბათზე
შეღამებისას, ყველად შეუმჩნევლად.
ჩვეულებრივად არხევენ ზღვის ქარები
იალქნიანი გემების მოჭრიალე ანძებს
პატარა განათებულ პორტში.
ჩვეულებრივად ციმციმებს ზღვასთან
ღამის სიტგე,
უკვე უჩემოდ.




"ატარებ ღამეს ნათელს და ღიას,
ბნელ ხორცთან ერთად. შენს ყმაწვილურ გამოხედვაში
სექსუალური იმპოტენტი იგრძნობა უკვე".
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 100
Age: 38
Location: ესპანეთი
Registration date: 05.03.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Sun Apr 26, 2009 6:28 pm

აქ ახლოს, ერთი მყუდრო სოფელია,
სპორტ-კლუბით, ერთადერთი შუქნიშანით
და ბანკის პატარა ფილიალით.
მე კი. თვითმარქვია შოპენი ვარ,
დავდივარ პიჯაკით და მუქი შარვლით
ღამე კი ისეთი თბილი არი.....
ახლა ერთი კათხა ლუდი მინდა
და ცოტა გართობა, ბილიარდით.

მე ხომ, თვითმარქვია შოპენი ვარ.
(ვარ და, ამ აბსურდულ თამაშშიაც
მთელი ბავშვობა მაქვს წაგებული)
ახლა გამოვდივარ ოპერიდან,
მინდვრიდან, ყურთასმენა წაღებული.
ურიცხვი ტენორი ჭრიჭინები,
მღერიან იმას რაც მე მომპარეს.
ხმა მიყვარს ამდენი ნიჭიერი,
ერთ წუთში გაჩენილი მეგობარის.

უკვე არ მაწუხებს მარტოობაც,
(ყველა ხმას რა თქმა უნდა არ მოვუსმენ)
ცხოვრება ემსგავსება განტოლებას,
რთულსა და ბოლომდე ამოუხსნელს.

ჰაერი ბგერების ბუსუსებით,
სულივით სუფთა და ჟღერადია.
ცაზე ვარსკვლავები ფუსფუსობენ
და მჩხვლეტენ. რომ დავდუმდე ჯერ ადრეა.


2008.წ. (ალეგრია)
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
 

სოსო მეშველიანი

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 4Go to page : 1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-