არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 არჩილ ქიქოძე - თეა ყიფშიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: არჩილ ქიქოძე - თეა ყიფშიძე   Thu Mar 05, 2009 1:47 am


არჩილ ქიქოძე

თეა ყიფშიძე

არჩილ ქიქოძე:
"რასაც წერ, არაფერი იკარგება“


დრო მისთვის კალენდარია.მუდმივად ცდილობს, წინასწარ დაგეგმოს ყველაფერი, მაგრამ არაფერი გამოსდის. თავშეკავებული და სიტყვაძუნწია. პატარა ქალ-ვაჟსაც კი ზედმეტს არაფერს ეტყვის. ჩანს, მკაცრი მამა არ არის, თუმცა აშკარაა, ყველაზე მეტად მათი ბედნიერებისთვის იბრძვის. მშვიდი და გაწონასწორებულია. იშვიათად თუ გამოჩნდება ხოლმე მწერლების თავშეყრის ადგილას. მუდამ საქმეებშია ჩაფლული, რომელთაგან ყველაზე დიდ სიამოვნებასა და ბედნიერებას წერა ანიჭებს. სურს, ამბები უსაშველოდგრძელი, დაუსრულებელი იყოს, მაგრამ ხშირად კალამი არ ემორჩილება. ის სვამს წერტილს და მუზისგან ორკვირიან შვებულებას იღებს.
ვსხედვართ ოთახში, რომლის აივანიც მდინარე ვერეს გადაჰყურებს. თითქოს თბილისში არც ვართ. აქაურობა წალკოტს უფრო ჰგავს და ამ წალკოტში ნელ-ნელა იშლება ის სამყარო, რომელიც არჩილ ქიქოძეს ეკუთვნის.

"ჯერ ინდიელებს რა უყვეს?! არა ,ესენი ხალხი არ არიან. ჩვენი გადაჯიშება უნდათ. ეგრეც იქნება ერთ ათ წელიწადში..."
-ამბობენ, პოლიტიკა პოლიტიკოსების საქმეაო, თუმცა, ნებსით თუ უნებლიედ, თითოეული ჩვენგანი მაინც ებმება ამ თამაშში. ცოტა ხნის წინ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ესტუმრა. როგორ აღიქვი ეს ფაქტი და ფიქრობ თუ არა, რომ მისი აქ მოგზაურობის ამბავი ოდესმე გადაგეღობება სამწერლო ასპარეზზე?
- ალბათ, ვერაფერში გადამეღობება. რაში უნდა გადამეღობოს?! თუმცა იმ დღეებში ისეთი საინტერესო ამბებიც ხდებოდა, აღსაწერად რომ ღირს. ეს ფაქტი შემეხო იმდენად, რამდენადაც ჩემგან ფოტოები იყიდეს და რაღაც ხეირი ვნახე. ისე კი, სიმართლე გითხრა, ბუში არ მიყვარს, ამიტომაც არა მგონია, ეს დღეები ოდესმე ჩემი მოთხრობის ნაწილად იქცეს. არ გეგონოს, ამერიკელების საწინააღმდეგო მქონდეს რამე, უფრო იმ ხალხზე ვწერ, მათთან რომ მუშაობს.

"ძნელად იღებდნენ სიახლეს ან ახალ ადამიანს..."
-მწერალთაგან ბევრი კარჩაკეტილი, უკარებაა. მავანისთვის ეს კარგად მორგებული ნიღაბიცაა. თავად როგორ ეგუები სიახლეს, ადვილად შედიხართ კონტაქტში თუ ეს მართლა სამწერლობო სენია?
- სიახლეს ძნელად ვეგუები და ადამიანებთან კონტაქტში შესვლაც მიჭირს. საერთო სენზე რომ მეკითხები, არც ვიცი, რა გიპასუხო. ჩემი უახლოესი მეგობარი, გაგა ნახუცრიშვილიც მწერალია და შესანიშნავად ახერხებს ადამიანებთან ურთიერთობას. როცა წერას იწყებ, ალბათ, მთლად დალაგებულიც არ ხარ, ყოველ შემთხვევაში, ჩემი თავიდან გამომდინარე, ასეთ დასკვნამდე მივდივარ. ამისგან დისკომფორტს ნამდვილად არ ვგრძნობ. პირიქით, ხანდახან მეხმარება კიდეც, რადგან ამის გამო ბევრი რამე თავიდან ამიცილებია. არც ვიცი, არის კი ასეთი სენი?

"გვანადირებს, გვათევზავებს, წუთით არ გვშორდება, უფრო სწორად, არ გვიშორებს და ნებას გვაძლევს, მისი ცხოვრებით ვიცხოვროთ..."
- ალბათ, ხშირად გიწევს სხვისი (შენი გმირების) ცხოვრებით ცხოვრება. ყველაზე უკეთ შენ გეცოდინება, რა უყვართ და სძულთ მათ?
- ვიზეც ვწერ - გვანადირებს, გვათევზავებს-მეთქი, რეალური პიროვნებაა, რომელთანაც მართლაც კარგ დროს ვატარებდი. იგი დღესდღეობით აღარ ცხოვრობს ჯავახეთში. რაც შეეხება ჩემი გმირების ცხოვრებას, რა გითხრა. სხვის ტყავში ნამდვილად არ ვჯდები. ასეთი რამ არ მჩვევია. თუ ჩემს გმირს ვერ მივაკვლიე, თუ მისი სახე არადამაჯერებელი გამომივიდა, წერას აღარც ვაგრძელებ და მას სამუდამოდ ვივიწყებ. ძირითადად, პერსონაჟები ჩემი ნაცნობები არიან, ან ამ ნაცნობთა კრებული. მართალი გითხრა, ამაზე არც მიფიქრია. უპირველესად, ალბათ, მაინც საკუთარ თავსა და განცდებზე წერ.

"ვადიკა იმ ერთადერთ და განუმეორებელ ასაკშია, როცა ადამიანი ღირსეულად, ამპარტავნობის გარეშე, იღებს ალერსს და თაყვანისცემას."
- შენი დებიუტი სამი წლის წინ შედგა. მანამდე რატომ არ ჩანდი, როდის დაიწყე წერა და გადაწყვიტე, ნაფიქრი სააშკარაოზე გამოგეტანა?
- სხვათა შორის, მანამდე მქონდა ერთი წიგნი გამოცემული, მგონი, 1996 წელს. მას "ბიჭები" ერქვა. წერა კი ზუსტად მახსოვს როდის დავიწყე - 1993 წლის 4 თუ 5 ნოემბერს. ასე კარგად იმიტომ მახსოვს, რომ მეორე დღეს ჩემი ძმაკაცის დაბადების დღე იყო და რაღაც ისე გამოვიდა, თითქოს საჩუქარი გავუკეთე, თუმცა მისთვის ნამდვილად არ დამიწერია. ასე დაემთხვა. ერთი მეგობარი მყავს, სულ ჩამჩიჩინებდა, შენ წერას დაიწყებო და, აჰა, დავიწყე კიდეც. მანამდე კი ვცხოვრობდი დანარჩენებივით, ჩვეულებრივად. ვიყავი, რა.

"...ქუჩური ესმოდა და უყვარდა. შებერტყილიც იყო და შემყვანიც. როცა ჭირდებოდა, კილომეტრიან ენას გადმოაგდებდა ხოლმე."
- გესმის და გიყვარს ქუჩური? და საერთოდ, უფრო ხშირად წერ იმაზე, რაც გიყვარს და გესმის თუ, რაც არ გიყვარს და არც გესმის?
-შეიძლება, მართლა არ მიყვარდეს რამე, მაგრამ თუ არც მესმის და არ ვიცი, იმაზე ნამდვილად ვერაფერს ვერასოდეს დავწერ. თუ მაინცდამაინც ქუჩურზე მეკითხები, გეტყვი, რომ მეც ვიდექი ქუჩაში, მაგრამ ამას რომ მოვაყოლო, ასეთი და ისეთი ვიყავი-მეთქი, ნამდვილად მოგატყუებ.

აქ განაგრძე კითხვა
Back to top Go down
 
არჩილ ქიქოძე - თეა ყიფშიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: