Subject: ირაკლი ჯავახაძე Wed Mar 04, 2009 11:56 pm
Irakli Javakhadze
ირაკლი ჯავახაძე – http://ka.wikipedia.org/wiki/ირაკლი_ჯავახაძე
დაიბადა თბილისში 1968 წლისა 3 მაისს. მშობლები: დედა - ნანა ჯავახაძე, მამა - ვახტანგ ჯავახაძე. უცოლო. შვილი - მარიამი (1988).
1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
ირაკლი ჯავახაძის პირველი მოთხრობები: "დუელი", "თედორე", "შენ", "ჩვენს მაღაზიაში" დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკრის" 1990 წლის მეხუთე ნომერში.
1999 წელს საქართველოს რადიოში ირაკლი ჯავახაძის მოთხრობის მიხედვით რეჟისორმა ლევან ლორთქიფანიძემ განახორციელა რადიოსპექტაკლი "შავი სიის კავალრები"; ამავე ნაწარმოების მიხედვით რეჟიოსრმა ნუგზარ ლორთქიფანიძემ 2002 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დადგა სპექტაკლი.
ირაკლი ჯავახაძის ჰობი ავტომობილის მართვა და მოგზაურობაა.
2002 წლის თბილისის წიგნის ფესტივალზე ირაკლი ჯავახაძის წიგნმა "კავალერები" გაიმარჯვა ნომინაციაში "საუკეთესო პროზაული კრებული".
პროფესიული სტაჟი:
* 2005 ლიტერატურული გაზეთი "პარნასის” მთავარი რედაქტორი; * 2000 - 2004 გაზეთი "ახალი ეპოქა”, განყოფილების რედაქტორი; * 1996 - 2000 "დილის გაზეთი”, განყოფილების რედაქტორი; * 1993 - 1994 გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი”, მთავარი რედაქტორის მოადგილე; * 1990 - 1993 გაზეთი "მამული”, კორესპონდედნტი; * 2009 - ... გაზეთი ”ლიტერატურული გაზეთი”, მთავარი რედაქტორი.
წიგნები:
* "პირველი”, გამომცემლობა "საქართვერლო"; * 1997 "შავი სიის კავალერები”, გამომცემლობა "საარი"; * 1998 "ალაბამა”, გამომცემლობა "საარი"; * 1999 "კავალერები”, გამომცემლობა "საარი"; * 2002 "ობლიგაცია”, გამომცემლობა "საარი"; * 2010 "სამი ძველი მოთხრობა", გამომცემლობა "ინტელექტი".
ობლიგაცია
პანაშვიდებზე დგომა მამამ აუკრძალა. მამის არგუმენტი ურყევი იყო: „რა უნდა ათი წლის ბავშვს ბაბუამისის პანაშვიდზე? გასვენებამდე თხუთმეტი წუთით ადრე დადგეს ჩემ გვერდით და ყველაფერი დაამახსოვრდება“. მამას არავინ შეჰკამათებია. მამიდებმა უხმოდ გადააქნიეს თავები, დედამ თავისებურად ჩაიბუტბუტა, უფროსმა ძმამ კი გამარჯვებული იერით შეხედა და მეასედ უთხრა: — გასაგებია?! პირველი პანაშვიდის დღეს დეიდამისმა წაიყვანა თავისთან. მშობლების მოთხოვნით იქ უნდა გაეთია ღამე. მისაღებ ოთახში ბებია იჯდა მაგიდასთან და მაწონს თქვლეფდა. ნიკაპი თეთრი სითხით მოეთხვარა, შავი პურის ნატეხს სრესდა თითებით და პირს აწკლაპუნებდა. დაინახა თუ არა, აჩლიფინდა: — რაო ბაბუაშენმა სიკვდილის წინ? არაფერი დამიბარა? ესენი არ მეუბნებიან და შენ მაინც მითხარი. შენ დაგიბარებდა რამეს. ესენი არ უყვარდა. ისე, არც შენ ჰყვარებიხარ. არავინ ჰყვარებია. სულელმა დედაშენმა როგორ იცხოვრა იმ სახლში ოცი წელიწადი? სამჯერ ვნახე ბაბუაშენი სულ და ათასჯერ დამესიზმრა. ეშმაკისეული იყო და წაიყვანა კიდეც ეშმაკმა. რა, არ მოგწონს, რასაც ვამბობ? ჯერჯერობით მე მეკუთვნის ეს სახლი.. — კარგი, დედა, რა ესმის ამას! — უთხრა დეიდამ. — ესმის, ესმის. თუ არა და, დროზე უნდა გაიგოს. ნახე, როგორ მიბღვერს?! ბაბუამისის ასლია ესეც. დედამისს და მამამისს აქ არ მოესვლებათ და რას გამომეცხადა, ნეტავ? დეიდამ ხელი ჩაავლო მკლავში და სასწრაფოდ სახლში მიაბრუნა. პანაშვიდი ახალი დაწყებული იყო. მამამ ერთხელ შეავლო ამღვრეული თვალები: — ჯიუტობს სიდედრი? შევიდეს ეს ჩემს ოთახში და ზეგამდე არ დამენახოს. ძმა ამაყად შეჰყურებდა, მამიდებს თავები ჩაეხარათ, დედა დეიდას ეჩურჩულებოდა. მამის ოთახს უზარმაზარი ყრუ კარი ჰქონდა. იმ კარშიც ატანდა მომსვლელ-წამსვლელთა ხმამაღალი საუბარი. ისმოდა: „ხორცი, ხორცი“... მამა ვიღაცას ამშვიდებდა, ის ვიღაც კი გაუთავებლად იმეორებდა: „ხორცი, ხორცი“... ბოლოს მამამაც თქვა: „ხორცი მთავარია, რომ იცოდეთ“. ის ვიღაც დაშოშმინდა. მერე ნელ-ნელა იკლო ხმებმა. ბოლოს სიჩუმემ დაისადგურა. ოთახში ძმამ შემოყო თავი: — მამა გიხმობს. კუბოსთან კაცები იდგნენ. მამამ საჩვენებელი თითი დაუქნია, მოდიო. ზურგს უკან ამოუდგა, ხელისგულები მხრებზე დააწყო და კუბოს თავთან დააყენა: — იდექი ცოტა ხანს. დაგამახსოვრდება. სამზარეულოდან ქალების ფუსფუსის ხმა გამოდიოდა. მერე შემწვარი ხორცის სუნი დატრიალდა. კაცები გამოცოცხლდნენ. ერთმა ხელები მოიფშვნიტა, მეორემ დაამთქნარა. მამიდებმა და დედამ სამზარეულო კაცებს დაუთმეს. ქალები ლოჯიაში ჩამოსხდნენ და პაპიროსები ჩამოირიგეს. — რამდენ ხანს იდგები? — მიუახლოვდა ძმა. მხრები აიჩეჩა. ძმას ეტყობოდა, ლაპარაკის წამოწყების სურვილი რომ კლავდა, მაგრამ თავმოყვარეობა არ აძლევდა უფლებას, პირველს თავად ეთქვა რაიმე. ხან ერთი მხრიდან უტრიალა, ხან — მეორიდან, მოთმინების ფიალა აევსო და თავმოყვარეობა დროებით დაივიწყა: — ჩემი კლასი იყო პანაშვიდზე, — აქეთ-იქით გააცეცა თვალები და მრავალმნიშვნელოვნად დაამატა, — ისიც მოვიდა. რომ შეატყო, მისმა განცხადებამ სასურველი ეფექტი ვერ მოახდინა, თავი დახარა, ტუჩები ყურთან მიუტანა, ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი და წასჩურჩულა: — დამრიგებელი. აი, სურათი რომ გაჩვენე. და რაკი არც ამ სიტყვებმა იმოქმედა, ლამის შეჰყვირა: — ბოზი როა. ჯერ კუბოში ბაბუას დახედა, მერე ძმას გაუსწორა მზერა. დიდი კითხვის ნიშნები ედგა თვალებში. ძმა აიმრიზა: — რა? მაგას არაფერი ესმის ახლა. შებრუნდა. აღარ უნდოდა ძმის გაოფლილი საულვაშის დანახვა. შებრუნდა და ოთახის ზღურბლზე მოხუცი დაინახა. მოხუცს მშვიდი გამოხედვა ჰქონდა — თითქოს თვალებით იღიმისო. ქალები წამოიშალნენ. ჯერ მამიდები გადაეხვივნენ მოხუცს, მერე დედამ აკოცა. მამაც გამოვიდა სამზარეულოდან — ქაღალდით იწმენდდა ხელებს. — აი, ამას ჩემთან ინახავდა ოცდაათი წელიწადი, — მოხუცმა ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ფერადი ქაღალდები ამოიღო და მამას გაუწოდა. — რაა ეს? — მიაჩერდა მამა. — ობლიგაციები. სჯეროდა, რომ ოდესმე გაუნაღდებდნენ. მამამ ქაღალდები გამოართვა მოხუცს და როიალის თავსახურზე დააწყო. მამიდებმა და დედამ თვალები გააყოლეს ქაღალდებს. — სახლში დამცინებენო და ამიტომაც მომაბარა მე. მენდობოდა ცხონებული, — ამოიოხრა მოხუცმა. — სულ გასულელებულა მამაჩემი, — ჩაიცინასავით მამამ. ყველამ გაიღიმა. მოხუცმაც გაიღიმა და ითხოვა: — წყალი დამალევინეთ. მამა მკლავში ჩააფრინდა სტუმარს: — ვახშამი გვაქვს. სადილობაში გადაგვეზარდა. მოკლედ, წყალს როგორ გაკადრებთ, — და სამზარეულოსკენ წააჩანჩალა. ქალები ლოჯიას დაუბრუნდნენ. ობლიგაციები როიალის თავსახურზე დარჩა. ძველი, გაცრეცილი ქაღალდები უხმობდნენ. უხმობდნენ ჩუმად და ჯიუტად. და როგორც კი ლოჯია დაცარიელდა, როიალს მიუახლოვდა, ერთი ქაღალდი გამოაძრო შეკვრას და შარვლის ჯიბეში ჩაიჩურთა. ცოტა ხანში კორიდორი სამზარეულოდან გამოსული ადამიანებით გაივსო. მამა, მამიდები და დედა მოხუცს აცილებდნენ. — სჯეროდა, რომ გაუნაღდებდნენ, — აქეთ-იქით ირწეოდა მოხუცი, წასასვლელად ემზადებოდა, — მომაწოდე ქუდი. — როგორი ღვინო მაქვს? — თავმომწონედ იკითხა მამამ.
(გაგრძელება ქვემოთ)
Last edited by ბობო on Thu Mar 05, 2009 12:29 am; edited 3 times in total
Guest Guest
Subject: Re: ირაკლი ჯავახაძე Wed Mar 04, 2009 11:58 pm
წიგნის დასახელება – "ობლიგაცია" ავტორი – ჯავახაძე ირაკლი ISBN 99940-29-99-1 გამომცემლობა – "საარი" ყდა – რბილი გვერდების რაოდენობა – 160 წელი – 2006 ფასი – 6.00
ანოტაცია – "ობლიგაცია" თანამედროვე ქართველი მწერლის - ირაკლი ჯავახაძის ახალი მოთხრობების კრებულია. მკითხველი ყოველთვის დიდი ინტერესით ელის მის მოთხრობებს, რომლებიც პერიოდულად იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემებში. ამჯერად, ახალ კრებულში ვიხილავთ მოთხრობებს: "აკრძალული ილეთი", "ობლიგაცია", "გოგო-ბიჭი და მზე", "წინასწარმეტყველების გამოუსადეგარი უნარი" და სხვა. მსუბუქ, იუმორით სავსე მოთხრობებში ყოველდღიური, ცხოვრებისეული ამბებია გადმოცემული. აქ ყველაზე მთავარი ისევ ადამიანებს შორის ურთიერთობებია. წაიკითხეთ ეს არაჩვეულებრივი მოთხრობები და ხელახლა აღმოაჩენთ ცხოვრებისეულ ფასეულობებს!
ობლიგაცია
— დიდებული, ჩემო ბატონო, დიდებული. იცი, რას გეტყვი? სიკვდილის შიშმა შეიძლება თვითმკვლელობამდე მიგიყვანოს კაცი. — სიკვდილზე ფიქრმაც? — ეგ ერთი და იგივეა. გამუდმებით არაფერზე არ უნდა იფიქრო. ეს უკვე ფობიაა. მამა უცნაურ სტუმარს დაემშვიდობა და შუა ოთახში შეაბიჯა: — აბა, დაგამახსოვრდა? დაიძინე ახლა, გვიანია. მეორე პანაშვიდის დღეს ღირსშესანიშნავი არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მამის ბრძანებას: „დაეტიე შენ ჩემს ოთახში“, ძმის მოულოდნელი განცხადება მოჰყვა: „მეც იქ შევალ. მომბეზრდა დგომა, დავიღალე“... მამამ თვალები დააბრიალა: — სულ წადი, შვილო. მამიჩემის მამასთან წადი. — ჩემი კლასი უკვე იყო და... — წამოიკნავლა ძმამ. მამა წამით ჩაფიქრდა: — რომელ კლასში ხარ ახლა შენ? — მეცხრეში. — უნდა მოვიდე ერთი სკოლაში, დამრიგებელს დაველაპარაკო. ძმამ დიდი წვალების შემდეგ გადაყლაპა ნერწყვი. — კაცი ხარ უკვე, გვერდით უნდა დამიდგე, — შეუბღვირა მამამ, — ხვალ შენი ძმაც დადგება. მომსვლელ-წამსვლელთა ხმები უზარმაზარ ყრუ კარშიც ატანდა. ვიღაცამ მამას ახარა: „გადავრჩით, ხორცი ვიშოვე“. მამამ გაიოცა: „სადა, კაცო?“ იმ ვიღაცამ ამაყად თქვა: „შენი გულისათვის მიწიდან ამოვთხრი, მიწიდან“. მამამ დაამშვიდა: „ნუ შეწუხდები ასე. გადი სამზარეულოში და მოისვენე“. მერე მომსვლელთა რიცხვმა იკლო. მამა სამზარეულოში შეკრებილებს შეუერთდა. ისინი გამოცოცხლდნენ. ხმაურმა იმატა. ვიღაც ამბობდა: „ხორცი ვიშოვეთ, ხორცი“... ბოლოს მამამ თქვა: „ხორცი მართლა მთავარი ყოფილა, რომ იცოდეთ. დავიძინოთ ახლა, ხვალ საქმეა მილიონი“... გასვენებამდე თხუთმეტი წუთით ადრე მამამ გვერდით დაიყენა. მომსვლელები მამას კოცნიდნენ. რამდენიმემ ძმასაც აკოცა. მერე კუბოს გარშემო უვლიდნენ და მამიდებსა და დედას ეხვეოდნენ. ქალებს ყვავილები მოჰქონდათ და ბაბუის მკერდზე აწყობდნენ. ბაბუა აღარ ჩანდა — სხვადასხვა ფერის ყვავილების გორა ფარავდა. მამამ დედას ანიშნა: „მოაშორე ეს ყვავილები“. დედამ წაისისინა: „იყოს, ლამაზია“. მამა წამოწითლდა: „გაგალამაზებ მე შენ“. დედამ ყვავილები ვაზებში ჩაალაგა. მერე ვიღაც კაცმა თქვა: „აბა, ქალებმა დაგვტოვონ“. ქალები ნელ-ნელა წამოიშალნენ. მამიდებმა შუბლზე აკოცეს ბაბუას, დედას არ უკოცნია. — სასაფლაოზე უნდა ეკოცნათ, — თქვა ვიღაცამ. — იქაც აკოცებენ, შე კაცო, — დაღლილი მზერა კუბოს შეავლო მამამ, — დაშავდა რამე? ოთახი ქალებისგან დაიცალა. ვიღაც-ვიღაცებმა ყვავილები გაიტანეს. გატანისას ძირს ეყრებოდათ. მთელი იატაკი ყვავილებით დაიფარა. — აქ მიტოვებთ ყვავილებს? — გაოცდა მამა. — ბევრია. სასაფლაოს სამყოფი გატანილია უკვე, — უპასუხა ვიღაცამ. მამამ ხელი ჩაიქნია, არაფერი უთქვამს.
(გაგრძელება ქვემოთ)
Guest Guest
Subject: Re: ირაკლი ჯავახაძე Wed Mar 04, 2009 11:59 pm
ობლიგაცია
— აბა! — თქვა ისევ იმ ვიღაცამ და კუბოსთან ექვსი კაცი მივიდა. წვალებ-წვალებით ასწიეს და სამჯერ მიაჯახუნეს მთავარ კარს. მამას ჩაეღიმა: — ესე იგი, რა? მე ამ სახლიდან არსად გადამსვლელი არ ვარ და დღეიდან უკვდავი გავხდი? — რატომ ამბობ მაგას? — დაინტერესდა მეზობლის კაცი. — სამჯერ მიარტყეს, მეტი კუბო— აბა! — თქვა ისევ იმ ვიღაცამ და კუბოსთან ექვსი კაცი მივიდა. წვალებ-წვალებით ასწიეს და სამჯერ მიაჯახუნეს მთავარ კარს. მამას ჩაეღიმა: — ესე იგი, რა? მე ამ სახლიდან არსად გადამსვლელი არ ვარ და დღეიდან უკვდავი გავხდი? — რატომ ამბობ მაგას? — დაინ არ გავიდეს ამ ოჯახიდანო. — არც მასეა საქმე, — თავი გააქნია მეზობლის კაცმა, — აგერ, ჩემი ბიძაშვილი ომში დაგვეკარგა. არც გაგვისვენებია და არც საფლავი გვაქვს. დალპა სადღაც. — რას მეუბნები, ადამიანო? — შეიშმუშნა მამა, — ეს მეკუთვნის მე შენგან? — კი, ასე იყო. დღემდე ვეძებთ. გადმოსვენების კომისიაც შევაწუხეთ, მაგრამ ჯერ ხომ უნდა ნახონ. — აწი რაღას ნახავენ? — ვერაფერს. არც ჩვენ გვაქვს დიდი იმედი. — ისე, ომში და უბედურებაში რა მინდა მე? — თავის თავს ჩაეკითხა მამა. — შენ რა შუაში ხარ, კაცო, ჯვარი გწერია, — ზურგზე ხელი დაარტყა მეზობელმა. კუბო კიბეზე ჩაჰქონდათ. მამამ ოთახს მოავლო თვალი. როიალის თავსახურზე ობლიგაციების შეკვრა იდო. — ამას რა ვუყო, ჩავატანო? — მართლა რომ გაანაღდონ? — გაეცინა ვიღაცას. — რა უნდა გაანაღდონ, თუ კაცი ხარ. წამოიღე, რამე ხომ უნდა ჩავატანოთ. საფლავზე მამის გვერდით იდგა. დაინახა, როგორ ასწია დედამ სუდარა და როგორ ჩაუდო ბაბუას პიჯაკის ჯიბეში ობლიგაციების შეკვრა. — აბა, ქალებო, დაგვტოვეთ, — გამოაცხადა ვიღაცამ. ქალებმა ცრემლები გადმოყარეს. მამიდები კუბოსთან დაიხარნენ და კიდევ ერთხელ აკოცეს ბაბუას. მამა დედას მიაჩერდა. დედაც გადაეფარა ბაბუას სხეულს და შუბლი დაუსველა ცრემლით. მამამ კმაყოფილებით დააქნია თავი. ქალები სასაფლაოს გასასვლელისკენ დაიძრნენ. მესაფლავეებმა კუბოს თავსახურის დაჭედება დაიწყეს. აუჩქარებლად, დიდი მონდომებით აჭედებდნენ. უცნაურად ყრუ ხმა ისმოდა — თითქოს საუკუნეების მანძილზე დაგუბებულ სიცარიელეს შხუილით აპობდნენ ლურსმნები. საფლავებს შორის დინჯად მიმავალ ქალებს არც ამ ხმაზე მოუხედავთ. ორი კაცი გათხრილ საფლავში ჩახტა, ოთხმა კუბოს ჩაშვება დაიწყო. — სურათი დაგვრჩა, — შეწუხდა მამა. — გავიქცე, მოვიტანო? — იკითხა ვიღაცამ. — სად უნდა გაიქცე? იყავი ჩუმად, — შუბლი შეკრა მამამ, — მაინც სახლში უნდა წაგვეღო, — და გაღიმებულმა დაამატა, — რომ მოგვეტანა, აქ დაგვრჩებოდა. სანამ კუბო ბოლომდე ჩაეშვებოდა, ის ორი კაცი საფლავიდან ამოხტა და ნიჩბები მოიმარჯვა. — მიდი, მუჭით მიაყარე მიწა, — უთხრა მამამ, მხარზე მოხვია მკლავი და საფლავისკენ მისწია. მიწა მშრალი იყო, ფხვიერი. სამი მუჭა მიაყარა კუბოს და ხელისგულზე გრამი არ შერჩენია. ნიჩბიანი კაცები გამალებით ირჯებოდნენ. სულ ცოტაც და კუბოს თავსახური სრულიად დაიფარა. მეზობლის კაცმა ღვინო და სანოვაგით სავსე კალათა მოიტანა საიდანღაც და მესაფლავეებს დაუტოვა. — დავიმახსოვრე, — თავი ასწია და უთხრა მამას. — ჯერ არ დამთავრებულა, — კისერზე ხელი მოუთათუნა მამამ, — ახლა დარბაზში წავალთ. დარბაზი ცუდად იყო განათებული და ადამიანების სახეების გარჩევა ჭირდა. იატაკი ცივი იყო, საჭმელი — უგემური. ძმამ მალე მიატოვა მაგიდა და ქუჩაში გავიდა. ძმას გაჰყვა. ქუჩაში მამა და ის მოხუცი იდგნენ, ობლიგაციები რომ მოიტანა. — აი, ვთქვათ, უმწეო ცხოველები გეცოდება, — უთხრა მამამ მოხუცს და დარბაზიდან გამოყოლებული ბოლოკი მოკბიჩა, — ამიტომაც გყავს ერთი ძაღლი, მერე — მეორე, მესამე. თუ გინდა, კატა იყოს. მთელი სამყაროს ცხოველებს ხომ ვერ მოეფერები? ანუ, მაინც რჩება მილიონობით უმწეო ცხოველი. ადამიანმაც თვითონ უნდა მიხედოს თავს. რომ მოკვდები, ვის ახსოვხარ? რით აიხსნება, რომ ეგოისტები დიდხანს ცოცხლობენ? — სიკვდილს ახსნა არ აქვს. ან რა ახსნა უნდა ჰქონდეს? ახსნა აქვს წვიმას, თოვლს. მეხუთე კლასში ასწავლიან წვიმის და თოვლის მიზეზებს. ადამიანს ყველაფერი აინტერესებს, ყველაფრის ახსნას ეძებს. რას მიძვრები ამ სიკვდილთან? თვითონ მოვა, როცა მოინდომებს. ადამიანი ვერ ისვენებს. სიკვდილს ღმერთს უკავშირებს. ევედრება, ჯერ არაო. რას მიილტვი ღმერთისკენ, ადამიანებთან იყავი და ღმერთი თავად მოვა შენთან. ჭამს იქ ხალხი, სვამს. რა, მერე?! ას მეტრში მამაშენი წევს. მოკლეზე თუ გადახვალ, ოცდაათ მეტრზე მეტი არ იქნება. — ესე იგი, ადამიანებთან ვიყო? — კი, თუ იპოვე ადამიანი, — გაიღიმა მოხუცმა, — კარგად მენახე, — ხელი ჩამოართვა მამას და ქუჩას დაუყვა. მამამ ახლაღა შეამჩნია, მიუახლოვდა და ბოლოკის დარჩენილი ნაწილი მთლიანად ჩაიდო პირში: — აბა, ყველაფერი დაიმახსოვრე? ბიჭმა თავი დაუქნია. — სანამ გაიზრდები, დაგავიწყდება. ბიჭმა შარვლის ჯიბეში ობლიგაციას მაგრად მოუჭირა ხელი.
(დასასრული)
Guest Guest
Subject: Re: ირაკლი ჯავახაძე Thu Mar 05, 2009 12:08 am
მოისმინეთ ირაკლი ჯავახაძის მოთხრობა ”ჩემპიონი” - http://diaspora.ge/ge/kultura/audio.php კითხულობს ავტორი.
Number of posts: 224 Age: 52 Registration date: 14.12.08
Subject: Re: ირაკლი ჯავახაძე Fri May 15, 2009 10:08 pm
სულ წამატებები და წარმატებები ახალ გაზეთს!
ჯავახაძე, ირაკლი
პირველი : [მოთხრობები / წიგნში გამოყენებულია პაბლო პიკასოს ნახატები]. - თბ. : საქართველო, 1997. - 160გვ. ; 10სმ.. - [1ლ.50თ.], 300ც.[MFN: 10741]
შინაარსი: თავიდან ბოლომდე მოგონილი ამბავი; დევნა; შენ; ქალი; შვილი და მამა; ნუთუ კიდევ არსებობენ?!; ბიჭუნა; მხატვარი; ვარდები გაზაფხულზე; უცნაური; პასუხი; შეხვედრა; ბრძოლა; სულ ოდნავ გაღუნული ჩანგალი; ვარიაცია ნაცნობ თემაზე; ჩემპიონი; ჩვენც ქუჩაში გავიზარდეთ; კახპა; ოცდაათი წლის წინათ; ჩვენს მაღაზიაში; კოლია
UDC: 821.353.1-32
K 9.249/1 - საერთო ფონდი F 16.348/2 - ხელუხლებელი ფონდი P 117/1997 - ხელუხლებელი ფონდი
შინაარსი: ადამიანი Zero; შავი სიის კავალერები; თავიდან ბოლომდე მოგონილი ამბავი; კოლია; სულ ოდნავ გაღუნული ჩანგალი; ჩემპიონი; კახპა; Alea jacta est; შენ; ნუთუ კიდევ არსებობენ?!; პასუხი; უცნაური; დევნა; ბრძოლა; ოცდაათი წლის წინათ; საახალწლო შეთანხმება; ჩვენც ქუჩაში გავიზარდეთ; ნოკდაუნი; ალეგია; ალაბამა, ალაბამა,ალაბამა...
UDC: 821.353.1-32
K 58.560/2 - საერთო ფონდი K 62.934/2 - საერთო ფონდი F 16.650/2 - ხელუხლებელი ფონდი P 257/2 - ხელუხლებელი ფონდი
K 273.165/3 - საერთო ფონდი K 273.166/3 - საერთო ფონდი F 94.623/3 - ხელუხლებელი ფონდი
გადმოტანილია აქედან – http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&sf=advanced&qs%5B0%5D%5Bf%5D=700&qs%5B0%5D%5Bq%5D=%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%2C+%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98&qs%5B0%5D%5Bb%5D=and&qs%5B1%5D%5Bf%5D=200&qs%5B1%5D%5Bq%5D=&qs%5B1%5D%5Bb%5D=and&qs%5B2%5D%5Bf%5D=212&qs%5B2%5D%5Bq%5D=&qs%5B2%5D%5Bb%5D=and&qs%5B3%5D%5Bf%5D=213&qs%5B3%5D%5Bq%5D=&qs%5B3%5D%5Bb%5D=and&qs%5B4%5D%5Bf%5D=700&qs%5B4%5D%5Bq%5D=&pft=biblio&rnum=10&kbd=en&submit_btn=%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90
Number of posts: 1266 Location: თბილისი Job/hobbies: პოეტი Humor: სანაქებო Registration date: 09.12.08
Subject: Re: ირაკლი ჯავახაძე Fri May 15, 2009 10:18 pm
ჩვენ გვახსოვს მშვენიერი გაზეთი ”პარნასი”. ეჭვიც არ გვეპარება,რომ ახალი გაზეთიც ნიჭიერი მწერლისა და რედაქტორის მონდომებით საინტერესო იქნება.პირველ რიგში,მკითხველებს ვულოცავთ.
Guest Guest
Subject: Re: ირაკლი ჯავახაძე Sun May 31, 2009 6:17 pm
ირაკლი ჯავახაძე
დევნა
როდესაც გარბიხარ და მოგდევენ, სუსტი ხარ. სამნი რომ გარბოდეთ და ერთი მოგდევდეთ, მაინც ასეა. არა? აბა, რას გარბიხართ?! რამ შეგაშინათ?! ჩაიდინეთ რამე? ეგეც სისუსტის ნიშანია. არა, სანამ ჩაიდენდით, მანამდე შეიძლება ვაჟკაცებადაც მოგქონდათ თავი, მაგრამ როგორც კი ჩაიდინეთ, იმ წუთიდანვე გადედლდით. ჰოდა, გარბიხართ ახლა სამი დედალი და ცოფებს ყრით. დაგაბნიათ შიშმა, გასაქცევად ყველაზე ცუდი გზა აგარჩევინათ და ახლა, სადაცაა ქეჩოში ჩაგავლებთ ხელს ის _ ერთი. თუ გაგიმართლათ, ვერ დაგეწიათ და მშვიდობით გადაურჩით ამ მირბიხართ-მოგდევთს, მაშინ ისევ გავაჟკაცდებით, ალბათ. და, მერე, სადმე რომ გადააწყდეთ თქვენს მდევარს, შეიძლება ყელიც გამოჭრათ აუღელვებლად. მაგრამ, ჯერჯერობით ნურას უკაცრავად, ვერ მოგართვეს! არ დაგავიწყდეთ, თქვენ გარბიხართ კურდღლებივით დაშინებულები და ის მოგდევთ. იქნებ არც არაფერი ჩაგიდენიათ და უმიზეზოდ აგაჩქარეს? და, მაინც გარბიხართ? ეგ უკვე ზედმეტი სისუსტის ნიშანია. თუმცა, ამ სირბილ-სირბილში, თუ მოიცალეთ, იქნებ გულშიც ჩაიხედოთ?! არავის შეუწუხებიხართ ტყუილუბრალოდ; მიჰქარეთ, და ირბინეთ ახლა აქოშინებულებმა, თვალებდაქაჩულებმა, პირზე დუჟმორეულებმა. ახია თქვენზე! იმასაც ვერ მიმხვდარხართ, გაიშალოთ. ერთმანეთს ეპოტინებით ხელებით და საცაა წაიქცევით კიდეც. რომ გაიშალოთ, მაგისიც გეშინიათ, ალბათ. ვიცი რასაც ფიქრობს თითოეული თქვენგანი, მაინცა და მაინც მე გამომეკიდებაო. სამივეს ერთად შიშით გისკდებათ გულები და პირისპირ დარჩენას როგორღა გაბედავთ. თანაც, რა უტიფარია. შიშს რომ თავი დავანებოთ, გაღიზიანებთ როგორ. “ნუთუ არ ეშინია? მარტოა მაინც... იქნებ გულის ჯიბეში ხელი ჩავიყო, იფიქრებს, იარაღი აქვსო და შეგვეშვება”, _ წამის მეათასედში ასწრებს ამის გაფიქრებას ერთ-ერთი თქვენგანი, მაგრამ სირბილისას ქურთუკის გულის ჯიბეში ხელის ჩაყოფასაც მოხერხება უნდა და თანაც, გუმანით გრძნობს, არაფერი გამოვა აქედან _ ის კაცი არ უნდა იყოს მდევარი, ვიღაცის მოძრაობისა და საქციელის, მით უმეტეს ყალბისა, რომ შეეშინდეს. გინდათ გითხრათ, კიდევ რას ფიქრობს ყოველი თქვენგანი?! იქნებ ამ ორი კრეტინიდან ერთს მაინც ჩაავლოს ხელი და მე შემეშვასო. ასეა, ნაღდად. კიდევ ათას რამეს ფიქრობთ. თან გარბიხართ, თან უკან-უკან იხედებით სასოწარკვეთილი თვალებით და თანაც, რაღაც-რაღაცეების გაფიქრებასაც ასწრებთ. ამდენი საქმის ერთად კეთება არასოდეს შეგძლებიათ. იცის შიშმა ფიქრი. თქვენში ყველაზე საზრიანი აქეთ-იქით გახედვასაც ახერხებს, იქნებ რომელიმე აივანზე შეხტომა მოვასწრო და სახლის პატრონი გავაღვიძო, ხალხს მაინც მოერიდება ეს შობელძაღლიო. მეორე, აი ისა, მთავარი დამნაშავე, თავჩაღუნული გარბის და გულში ერთსა და იმავეს იმეორებს, დედა რატომ შევაგინე? თუ დაგვიჭირა, ყველაზე მეტი მე მომხვდება, ეგრევე მიცნობს ეგ დედამო...ლი, შეიძლება, სულაც მარტო მე მომდევსო. მესამე ღმერთს ევედრება, ოღონდ ძაღლი არ აღმოჩნდეს და მირტყას რამდენიც უნდა, გავუძლებ როგორმე, ხომ არ მომკლავსო. შემობრუნებაზე და თავის დაცვაზე ფიქრიც კი არ შეიძლება. მეორეს გარდა, არც გახსოვთ არცერთს, რატომ გარბიხართ. შიში მიგარბენინებთ და მიზეზი, რამ გაგიჩინათ ეს შიში, დავიწყებული გაქვთ. მერე თანდათან წყნარდებით. გონება გინათდებათ და გრძნობთ, აღარ მოგდევთ არავინ. თუმცა, მაინც გარბიხართ. გახსენდებათ სადღაც ყურმოკრული: “სიფრთხილეს თავი არ სტკივა” და კიდევ უფრო ჩქარობთ. თითქოს, როცა არ მოგდევენ, დაღლასაც ნაკლებად გრძნობთ. იცით, აღარაფერი გემუქრებათ, მაგრამ არ ჩერდებით. რომ გაჩერდეთ და დაწყნარდეთ, ერთმანეთსაც უნდა გამოელაპარაკოთ. არადა, გრცხვენიათ. ერთმანეთისა გრცხვენიათ და გარბიხართ. ასეა, თქვენ მუდამ უნდა ირბინოთ, მუდამ ვიღაცას უნდა გაურბოდეთ, თქვენი გაჩერება არც შეიძლება...
Subject: Re: ირაკლი ჯავახაძე Sun Mar 07, 2010 9:24 pm
შენ
შენ სულ ამას მთხოვ, თუ ასე გიყვარვარ, ჩემზეც დაწერე რამეო. რომელი მწერალი მე ვარ, მაგრამ ვიცი, ყველაზე უფრო შენ რომ გჯერა ჩემი. ამიტომ ვასრულებ შენს თხოვნას. ვახსენებ ღმერთს და ვწერ: ზაფხული იყო. ბორჯომის ხეობაში ვისვენებდით. გიომ თუ თემომ მოიტანა ამბავი, ძალიან ლამაზი გოგო ჩამოვიდაო. ჩვენც ავდექით და შენს სანახავად წამოვედით. ცაცხვებთან რომ სკამი იდგა, იქ დავსხედით და კორპუსს თვალს არ ვაცილებდით, აი, ახლა გამოვა და აი, ახლაო. დიდხანს ვისხედით და იმედი რომ გადაგვეწურა, მაშინ გამოჩნდი. კორპუსიდან არ გამოსულხარ, სასადილოს კიბეზე ჩამორბოდი. _ ესაა? _ ვიკითხე და პასუხისათვის ყურადღება არც მიმიქცევია. რა თქმა უნდა, შენ იყავი. მერე სულ ერთად დავდიოდით. სხვებიც გვახლდნენ, მაგრამ ჩვენ ვერავის ვამჩნევდით. სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს და სულ უფრო და უფრო მეშინოდა შენი დაკარგვის. გახსოვს, თბილისში რომ მომიწია წასვლამ სამი დღით? სამი კი არა და, ერთი დღეც ძლივს გავძელი უშენოდ და მეორე დილით უკანვე ჩამოვედი. ჩამოვედი და შენ რომ დაგინახე, მივხვდი, როგორ გაგახარა ჩემმა დაბრუნებამ. მაინც არ გითხარი ის, რაც ყოველ ჩემს სიტყვას წინ უსწრებდა. მეშინოდა, დავკარგავ-მეთქი. მიდიოდა დღეები და ჩემი შიში უფრო და უფრო ძლიერდებოდა _ მალე ისევ თბილისში უნდა დაბრუნებულიყავი. მთელ დღეებს შენს გვერდით ვატარებდი. პატარ-პატარა საჩუქრებსაც გიმზადებდი, მაგრამ მთავარი მაინც უთქმელი მრჩებოდა. ბოლოს თავისთავად გაირკვა ყველაფერი და იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ სულ მარტო მინდოდა ყოფნა. ალბათ, გაგიკვირდება, მაგრამ შენს სიახლოვესაც გავურბოდი იმ დღეს. მერჩივნა, შორს ყოფილიყავი ჩემგან და მე კი შენზე ოცნებაში მარტოდმარტო დავრჩენილიყავი. ამიტომაც დავიკარგე იმ საღამოს. მერე კი, ჩემს საძებნელად წამოსულს შეგხვდი გზაზე. იმაზეც კი ვდაობდით, არა, მე უფრო მიყვარხარ და არა _ მეო. არადა, სულ შემთხვევით ვესტუმრე იმ ზაფხულს ბორჯომის ხეობას. არსებობს რაღაც ძალა ბუნებაში. არ ვიცი, რაც მე ახლა დავწერე, ამას მოთხრობა ჰქვია თუ სიყვარულის ხელმეორედ ახსნა, მაგრამ შენ რომ წაიკითხავ, ვიცი, გაგიხარდება. გაგიხარდება და მარტო ამიტომაც ღირდა გახსენება...
1994-95 წ.წ.
Last edited by გამრიგე on Sun Mar 07, 2010 9:52 pm; edited 2 times in total
Subject: Re: ირაკლი ჯავახაძე Sun Mar 07, 2010 9:25 pm
ნუთუ კიდევ არსებობენ?!
ახალგაზრდა კაცი მეგობართან დარჩა ღამის გასათევად. ჩვეულებრივი ამბავია, უცხო გარემოში ადვილად არ გეძინება კაცს. მეგობარს მალე ჩაეძინა. ზაფხულის ცხელი ღამეა და აივნის კარი შეღებულია. რომელიღაც მეზობელი (მარტოხელა კაცი (ქალი) იქნება) როიალზე უკრავს და ყურს სასიამოვნოდ ხვდება მუსიკის ჰანგები. ასე გრძელდება ათი წუთი, ნახევარი საათი... მეზობელი ისევ უკრავს. ახალგაზრდა კაცი ლოგინიდან დგება, სკამის ზურგზე გადაფენილი შარვლის ჯიბიდან სიგარეტსა და ასანთს იღებს და აივანზე გადის. ვერაფრით არკვევს, რომელი ბინიდან მოისმის როიალის ხმა. ღამის სამი საათია. დგას კაცი აივანზე და უკვირს, ნუთუ კიდევ არსებობენ ადამიანები, ამ შფოთვარე და არეულ დროში როიალზე დაკვრის სურვილი რომ უჩნდებათ?! უკვირს და უხარია. დაღლილობას მაინც თავისი გააქვს და ოთხ საათზე ახალგაზრდა კაცი ლოგინს უბრუნდება. დილით კი, ამ შფოთვარე და არეულ დროში, ავიწყდება, მეგობარს ჰკითხოს, ვინ უნდა ყოფილიყო ის ადამიანი, ღამის მყუდროება რომ “დაურღვია”.
1994-95 წ.წ.
Last edited by გამრიგე on Sun Mar 07, 2010 9:52 pm; edited 1 time in total
Subject: Re: ირაკლი ჯავახაძე Sun Mar 07, 2010 9:27 pm
პასუხი
_ იცით, მაგას რა აქვს ჩემთვის ნათქვამი: “ყოველთვის გულს მირევდნენ ზედმეტი გულჩვილობით გულის გამაწვრილებელი მამაკაცები, მაგრამ ხშირად მინატრია, გვიან ღამით რომ ვბრუნდები სახლში, დამხვდეს ქალი, თუნდაც _ საწოლში, დაძინებული. არ მსურს, ჩემს ლოდინში ფანჯარასთან ამოიღამოს თვალები. მივიდე, ჩამოვჯდე ლოგინის კიდეზე, გადავუწიო ჩამოშლილი თმა, დავადო ყურზე ტუჩები და წავჩურჩულო: _ გძინავს? _ ხო, _ თვალდახუჭულმა მიპასუხოს. _ გააგრძელე ძილი, მეც ახლავე დავწვები, _ და, ლოყაზე ვემთხვიო. გაიღიმოს თვალგაუხელლად და მკითხოს რამე, თუნდაც: _ გცხელა? _ ისე, რა... _ გამოაღე ფანჯარა. _ შენ რომ გაცივდე? _ მე რა გამაცივებს?! _ დუნედ მითხრას ძილს მიბრუნებულმა და საბანში გაეხვიოს”. თქვენ კი გიკვირთ, რატომ დაეხეტება დილიდან დაღამებამდე ქუჩაში და რატომ სვამს არაყს...
1994-95 წ.წ.
Last edited by გამრიგე on Sun Mar 07, 2010 9:51 pm; edited 2 times in total
Subject: Re: ირაკლი ჯავახაძე Sun Mar 07, 2010 9:33 pm
ბრძოლა
ს უ ხ ი ა ს
_ ნაღდი თავისუფლება იქაა, თუა... სულ სხვანაირი გამორჩეული... მეომარზე თავისუფალი არავინაა ამ ქვეყნად. ერთადერთი საფიქრალი აქვს _ ტყვია აიცდინოს როგორმე და თუ ბედმა არ უმუხთლა, მთის არწივივით ლაღი და მძლეთა მძლეა. გინახავთ, როგორ სძინავს ჯარისკაცს, როგორ იცვლება ძილში? რაღაც სხვანაირი, არაამქვეყნიური ნეტარების ღიმილი დასთამაშებს სახეზე და ვერ ნახავ ქვეყნად მეომარს, პირქვე რომ ეძინოს. ანდა, შეტევაზე გადასვლის წამება უნდა განიცადო. მირბიხარ დუჟმორეული, ღრიალებ, ხავიხარ. ირგვლივაც ყურთა გლეჯაა _ გნიასი, ზმუილი, ბრდღვინვა. აკაკანებ ავტომატს, ზუიან ტყვიები, ზრიალ-ზრიალით სკდებიან ჭურვები. არადა, ის ხარ, წუხელ ნეტარი ღიმილი რომ დაგთამაშებდა ტუჩებზე. მაგ დროს ტყვიის აცდენაზე არ ფიქრობ. მაგ დროს შენს ცნობიერებაში სიკვდილი არც არსებობს. გარშემო ხოცვა-ჟლეტა და მომაკვდავთა კვნესა-გოდებაა, სხვები პირქვე ემხობიან მიწაზე, შენთვის მაინც არ არსებობს სიკვდილი; მირბიხარ აზვირთებული, გამხეცებული _ სისხლი გებჯინება ყელში... და მერე, შეტევის მერე, გულაღმა წევხარ ბნელ ტყეში, ბალახზე, მიშტერებიხარ ვარსკვლავებით გადაპენტილ ცას და ფიქრობ, რომ სიკვდილთან თამაშიც ერთგვარი თავისუფლებაა; უფრო მეტიც, სიკვდილსა და სიცოცხლეს შუა არსებობაა ნამდვილი თავისუფლება... _ ჩემი მეგობარი ყვებოდა, თორემ მე რომელი მეომარი ვარ _ ღამ-ღამობით, შეგვიანებულს, ქუჩის ძაღლების წკავწკავზე ელეთ–მელეთი მომდის.
1994-95 წ.წ.
Last edited by გამრიგე on Sun Mar 07, 2010 9:51 pm; edited 3 times in total
Subject: Re: ირაკლი ჯავახაძე Sun Mar 07, 2010 9:34 pm
ჩვენც ქუჩაში გავიზარდეთ...
დგას ჩემი ძმაკაცი და ვიღაცეებს უხსნის: _ ჩვენც ქუჩაში გავიზარდეთ, ოღონდ ისე არა, თქვენ რომ გგონიათ. მთელ დღეებს ვატარებდით ეზოში, მაგრამ არავის ვაწუხებდით. ყველაზე მეტი, რაც მოგვიპარავს _ ბენზინია. ისიც გამოუვალ მდგომარეობაში და თანაც, ნამუსიანად. ზუსტად იმდენს ვიღებდით, რამდენიც გვჭირდებოდა. ყველაზე მეტი, რაც დაგვიშავებია _ გვიჩხუბია. ისიც, სხვა გზა რომ აღარ რჩებოდა და თანაც, მხოლოდ მუშტებით. ეს გაგვიკაწრეს ერთხელ და იმის მერე დანით დაიწყო სიარული. ვუპოვნეთ მე და გიომ და თავ-ბედი ვაწყევლინეთ. მეორე დღეს მოვუყვანეთ ის ვაჟკაცი, ამის გამკაწვრელი. გვეგონა, ყურს მაინც აუწევს-თქო. ამან ერთი შეხედა და, რას მისმევდი იმ დანას, პური ვარ თუ კარაქი, წვეტით ვერ დამარტყიო?! მერე, გაუცინა და, წადიო, გაუშვა. სამი დღის შემდეგ გიო დაგვიჭრეს. რაც ამას ვეჩიჩინე, ხომ ხედავ, ვინ არიან, შენ მაგათ ძმაკაცს ყველაფერი აპატიე და რა იკისრეს-მეთქი, მაინც ვერ დავარწმუნე; სწორად მოვიქეცი, რომ ვაპატიეო. მერე მოვიდა ის ბიჭი და გვითხრა, სამი დღე გასული ვიყავი ქალაქიდან, ჩემს ძმაკაცებს ჩვენი შეხვედრის შესახებ რომ სცოდნოდათ, ამას არ ჩაიდენდნენო. ამან გამარჯვებული თვალებით გადმომხედა. რა უხაროდა, ვერ გავიგე _ გიოს კი ამოაჭრეს ნახევარი კუჭი. რამდენი ასეთი შემთხვევა ყოფილა, მაგრამ არ გავბოროტებულვართ. დანა და იარაღი არ აგვიღია. ერთმა ჩვენმა ძმაკაცმა მოკიდა რევოლვერს ხელი და იმანაც თვითონ დაიხალა შუბლში ტყვია, ქალის გულისთვის. უ, მე იმ ქალის დედა და მამა... ქუჩის გარეშე ვერ ვძლებდით, მაგრამ ღამ-ღამობით სახლებში რომ ვბრუნდებოდით, წიგნებსაც ვკითხულობდით და ტელევიზორსაც ვუყურებდით. თეატრშიც დავდიოდით და ყვავილების საყიდელ ფულსაც ვაგროვებდით. საყვარელი მწერლებიც გვყავდა და საყვარელი ქალებიც. აბა, ამ ზაფხულს ვიყურები ფანჯრიდან, იტალია-ბრაზილიის თამაშის შესვენებაა და, ეზო სავსეა. ფეხბურთიც რომ არ აინტერესებს ახალგაზრდა კაცს, ცუდადაა საქმე, ძალიან ცუდად. არადა, როგორი მიჩვევა იცის ქუჩამ?! ნარკოტიკივითაა. ღამე არ მეძინებოდა, თუ ის საღამო ეზოში არ მქონდა გატარებული. დაბადების დღიდან წამოვსულვარ ადრე, იქნებ ვინმეს მივუსწრო უბანში და ნახევარი საათი მაინც ჩამოვჯდე ბირჟაზე-მეთქი. იმას რა დამავიწყებს: მოვდივარ ერთხელ. კოკისპირულად წვიმს. ცარიელია უბანი. უცებ რას ვხედავ, ჩაუწყვია გიოს ჯიბეებში ხელები და დამდგარა. წამო, ბიჭო, სულ სველი ხარ-მეთქი, დავუძახე. მოიცა, თუ ძმა ხარ, გადაიღებს და ავალ სახლშიო. გესმით?! ხანდახან, ახლაც მენატრება და ორ კვირაში ერთხელ მაინც გავდივარ ბირჟაზე. ბიჭებს ეცინებათ, მაინც ვერ გველევი ბოლომდეო. მეც მეცინება, ეგრეა-მეთქი. მე ეს ხანმოკლე ვიზიტებიც მყოფნის. ვდგავარ ერთი საათი და ვბრუნდები სახლში, ან ჩემს საქმეზე მივდივარ. ქუჩამ ბევრი ისეთი რამე გვასწავლა, რასაც ვერსად ვერასოდეს ვერ ვისწავლიდით. ქუჩასაც გააჩნია თავისი მშვენიერებანი. ჩვენც ქუჩაში გავიზარდეთ, ოღონდ ისე არა, თქვენ რომ გგონიათ...
1994-95 წ.წ.
Last edited by გამრიგე on Sun Mar 07, 2010 9:50 pm; edited 1 time in total
Subject: Re: ირაკლი ჯავახაძე Sun Mar 07, 2010 9:36 pm
კახპა
“არ არსებობს კახპა, რომელსაც არ ჰქონდეს იმედი, გამოჩნდება ვინმე, შევუყვარდები და ცოლად წამიყვანს”, _ წევს გიო და ფიქრობს, _ “ესეც ასეა, ისიც ასე იყო, წინა; შემდეგიც ასე იქნება... ერთი ამათი დედაც... მომავალ მოთხრობას ასე ვიწყებ: “არ არსებობს კახპა”... _ მოგიტანო ყავა? _ სამზარეულოდან ეძახის მაკა. _ ლუდი. “წავა და ეგრევე შევუდგები წერას. ჰო, სიგარეტი... ამას უნდა ვთხოვო, წასვლის წინ ამომიტანოს... ანდა, ჩავაცილებ, მანქანას გავუჩერებ, ქალია მაინც...” ოთახში მაკა შემოდის. შიშველ ტანზე ატლასის ხალათი მოუცვამს, ხელში პატარა ლანგარი უჭირავს, რომლითაც ყავა და ლუდის ქილა შემოაქვს. _ გიო... _ ჰო, _ სწრაფად ტრიალდება გიო და სახე ექუფრება, _ ქალო, ვერ უნდა ისწავლო, ბანკის ლუდს ბოთლის ლუდი ჯობია, ბოთლისას _ ჩამოსასხმელი. კაცმა რომ გკითხოს, დიდი მსმელი ხარ. მაკა ლოგინის კიდეზე ჯდება, ყავის ჭიქა და ქილა პატარა, მოკლეფეხებიან სკამზე გადააქვს და ტუჩებაბუზული ამბობს: _ რას ყიდულობ მერე... _ ეგ შენი მოტანილია. ხუთი დღეა მაცივარში გდია, _ ნელ-ნელა, ზოზინით დგება გიო და შარვალს იცმევს, _ ბოთლები არ იდგა იქვე? რამდენჯერ უნდა გავიმეორო ერთიდაიგივე?! _ და ქილას დასწვდება. _ დაანებე თავი, მაგას მე დავლევ, შენ თუ არ მოგწონს. _ ყავაში ჩაასხი და ისე. _ რა გინდა, გიო, რას მერჩი? _ ტერიტორიებს გართმევ; რას უნდა გერჩოდე?! ყავა და ლუდი არ გამიგია მე, _ სამზარეულოსკენ მიდის გიო. _ მე გამიგია. _ ჰოდა, მაგიტომაც გითხარი, _ გასძახებს მაკას და მაცივრიდან ლუდი გამოაქვს. _ ჰოდა, დავლევ. _ დალიე, თუ გინდა, _ პირზე ბოთლმოყუდებული ბრუნდება ოთახში, მერე სწრაფად იცილებს ბოთლს ტუჩებიდან და უცებ ბრაზდება, _ დალიე! და, მე რომ გეტყვი, ლუდი მომიტანე-მეთქი, ბოთლისას მომიტან, გაიგე?! მაკა ლოგინზე წამოწოლილა და სიგარეტს ეწევა. _ არაფერსაც არ მოგიტან, მე ვალდებული არა ვარ, საჩუქრები მოგართვა. _ ჯერ ერთი, მე სამზარეულოდან საძინებელში მოტანაზე გითხარი, _ სავარძელში კალათდება გიო, _ და მეორეც, ხომ არ გგონია, მე ვარ ვალდებული?! _ როდის რა გიჩუქებია, რო? ჰა-ჰა _ სიგარეტი, შოკოლადი. არც გავალდებულებს არავინ. _ აბა, რა გინდა? _ მე ხომ ვიცი, ხანდახან ჯიბეები გასკდებათ შენ და შენს ძმაკაცებს. გადაბმულად ქეიფობთ, მერე გადაბმულად ფული არა გაქვთ, მერე ისევ ჩაიგდებთ დიდ მაყუთს ხელში და, გეძებ, გეძებ, გირეკავ, ხანდახან როგორ მჭირდები, _ მაკას ცრემლები ადგება თვალებზე, _ შენ კაცი დაგიჭერს მაგ დროს? მერე, დარეკავ და ხმაზე გეტყობა, მორჩა შენი ფულები. მე კიდევ, სულელი; მაკა, გიოს ლუდი უყვარს. მაკა, გიოს სიგარეტის ფული არა აქვს. მაკა, დაუტოვე გიოს ფული, ბენზინს ჩაასხამს, ძმაკაცებში და მეგობარ გოგონებში გაივლის და თუ ერთი ლიტრი დარჩა და თვითონაც ბოლომდე არ გატყვრა, იქნებ შენც შემოგიაროს ღამის თორმეტ საათზე. მოგისიგნალოს, ატეხოს ქვემოდან ყვირილი, გააღვიძოს დედაშენი, მამაშენი, მეზობლები. მაკას მაინც უხარია, ოღონდ გიო მოვიდეს და დედ-მამას დააწყნარებს როგორმე. მერე, სანამ ჩამოვალ, ორი საათი აივნიდან უნდა გეხვეწო, მაგნიტოფონს ჩაუწიე, გაიღვიძეს მეზობლებმა-მეთქი. შენ კიდევ, ქვემოდან ღრიალებ, მეზობლების დედაც, მითუმეტეს _ სხვების მეზობლებისო. თვალებში ვეღარ ვუყურებ უბნელ ბიჭებს. ამას წინათ მხვდება ერთი გოგო, გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს, და იცი, რას მეუბნება? შენთან რომ ბიჭი მოდის, კასეტას ვერ გამოართმევ, ორი სიმღერა აქვს, მე რომ ვგიჟდები და მათხოვოს, გადავიწერო. ისე, მეც მაგარი ვარ, შენ რა იცი-მეთქი, ვკითხე და, როგორ არ ვიცი, ეგ რო მოდის, მთელ ეზოში ისმის მაგნიტოფონის ხმაო და, არ იცი რა ვუპასუხე? მაგნიტოფონი საერთოდ არა აქვს-მეთქი მანქანაში. კინაღამ გაგიჟდა საწყალი. იმის მერე აღარ მესალმება... მერე, ჩამოდის მაკა შენთან, იქნებ როგორ უნდა, რაიმე მოგიყვეს, ანდა სულაც შენ მოუყვე. თვითონ იჯდეს და გისმინოს, შენს მუხლებზე ეწყოს ხელები. შენ კიდევ, კაცმა არ იცის საიდან, ისევ გაგჩენია ფული და, მთვრალი ყოველთვის ცოტა უფრო კეთილი ხარ, გაჭიმული მეკითხები, რომელ სიგარეტს ინებებთ, ქალბატონო? ლუდს მიირთმევთ თუ შამპანურს? მერე უკანა სკამისკენ მახედებ, სადაც სამი ჯიხურის სამყოფი საქონელი ყრია და, რისი დამტკიცება გინდა ამითი, დღემდე ვერ ამიხსნია. მერე მაკას ვინ რას ეკითხება, ქოქავ მანქანას და გიჟივით მიაფრენ ან კუს ტბისკენ ან წყნეთისკენ. გემუდარები, დაბრუნდი, გაგიჟდებიან-მეთქი ჩემები. აბაა... გეცინება და დამცინი, რამდენი წლის ბრძანდებით, მადამ? მივფრინავთ არანორმალური სისწრაფით, შენთვის არც ძაღლი არსებობს და არც _ ყაჩაღი. ათასჯერ გთხოვე, შუაღამისას ტყეში ნუ აჩერებ-მეთქი მანქანას. შენი თავი თუ ფეხებზე გკიდია, მე რას მერჩი? _ უკანასკნელ სიგარეტს აძვრენს კოლოფიდან მაკა. _ დამიტოვე, _ ჩუმად ამბობს გიო. _ გაქანებული რეიდია, ჩიტი ვერ გაძვრება. ეს ვაჟბატონი, ვითომც არაფერი, მიფრინავს. გააჩერე, ვკივივარ მე და სანამ ჰაერში არ დაცალეს მთელი რაჟოკი, მანამდე ვერ მოიფიქრე, მუხრუჭისათვის დაგედგა ფეხი. მგონია, გადავრჩით, დიდი-დიდი სიმთვრალის გამო საბუთები ჩამოართვან-მეთქი და, თურმე ახლა იწყება ცირკი, ხტება მანქანიდან ცოფიანივით და ყვირის: ვის ესროლე, შე ახვარო, გაგთხრი მაგ ავტომატს უკანო. რომელი არსენა შენ მყავხარ, ერთი რომ მოგდოს ვინმემ, ფეხზე ვეღარც ადგები. აქედან მე გადმოვდივარ და ჩვენსკენ წამოსულ ავტომატიანებს ფეხქვეშ ვუვარდები, მთვრალია, აპატიე-მეთქი. შენ კიდევ, მე მიყვირიხარ, ვინაა მთვრალი, შენი ჩამშვები დედა ვატირეო. მე რომ არ მეთქვა, ისე ვერ შეგამჩნევდნენ, აი. დედაჩემი, ალბათ, ფანჯარასთან დგას და ერთი სული აქვს, როდის დავბრუნდები, მე შენი გულისთვის ორ დამპალს ვეხოხიალები ფეხქვეშ და შენ დედას მაგინებ, კარგია, _ მაკა გიოსკენ იხრება და ნახევრამდე დასულ სიგარეტს აწვდის, _ მერე დადიხარ გაჭიმული და უფროსი მანახეთო, იქაჩები. მოდის ის გაბერილიც და გაყავხარ სადღაც, მოფარებულში. ხუთ წუთში ბრუნდები გაღიმებული. ისე მიცინი, გეგონება, ოპერაში დამპატიჟე და ორი წუთია წარმოდგენა დამთავრდა. ას დოლარს მთხოვს ეს ყეყეჩიო, სიცილს ხომ არ მოიცილებ სიფათიდან. მერე? გეკითხები შეშინებული. რა, მერე, ამოვიღე ასდოლარიანი, ცხვირწინ დავუტრიალე და ისევ ჯიბეში ჩავიბრუნე, კაპიკსაც არ მოგცემ-მეთქი, გიხარია. ნორმალური კაცის საქციელია ეს? _ ტირილი ერევა მაკას, _ ახლაც მიკვირს, როგორ არ გცემეს, საოცარი ბედი გაქვს. მერე მივდივარ უფროსთან, ვემუდარები, გაგვატანოს მანქანა. სახლში რომ არ მიმიყვანოს, გაგიჟდებიან ჩემები, ამის საბუთები ხომ თქვენ გაქვთ-მეთქი. ის მეუბნება, შენი ტოლი გოგო მყავს და შენი ხათრითო, გვიშვებს... მეორე დღეს მოდიხარ და იღრიჯები, აი, ნახე, საბუთებიო. მე ხომ ვიცი, ასი კი არა, ორასი დოლარიც დაგიჯდებოდა საბუთების გამოტანა, მაგრამ იქ, იმ წუთში უკან ხომ არ დაიხევდი ვაჟკაცი კაცი... გვიშვებენ და გიჟივით აწყვეტინებ მანქანას. გეხვეწები, სანამ გვიყურებენ, ცოტა ნელა-მეთქი, აბაა... მერე სადმე, ტყეში... და შენ ხომ იცი, ყოველთვის მზად ვარ, შენი ვიყო, მანქანაშიც კი... ხანდახან ისეთი მთვრალი ხარ, კაცადაც არ ვარგიხარ, მაგრამ მაშინაც მაკას ბრალია, კარგად ვერ მოგეფერა... ერთხელ მაინც თქვი, რომ გიყვარვარ, მომატყუე მაინც. აი, მაშინ, იმ წუთებში მაინც მოიტყუე, მაგრამ, არა. გიო ტყუილს არ ამბობს. გიო არასოდეს კარგავს კონტროლს, ლოგინშიც კი. გიო ასეთი და ასეთია, ცოტა უცნაური, ცოტა მკაცრი, ცოტა მხიარული, სავსებით უპრობლემო და თუ არ მოგწონთ, გზა ხსნილია. მერედა, ეს ხომ პოზაა, პოზა. ტყუილსაც მშვენივრად ამბობ. მირეკავ მოსკოვიდან და ურცხვად მიცხადებ, რომ ბორჯომში ბრძანდები. ერთადერთხელ დამირეკე სხვა ქალაქიდან, აბა, იქ მაკას რა გაგახსენებს, და მაშინაც მომატყუე. რატომ? მე გამოწმებ? ფეხებზე არ მკიდია, სად ხარ?! წადი, სადაც გინდა. ოღონდ, აქაური საქმეების მოსაგვარებლად მე ნუ დამირეკავ და გლდანში ნუ გამგზავნი ვიღაც ნიკიტასთან. წადი, წადი და იქნებ შეგემთხვეს რამე. იცი, რამდენჯერ მინატრია, იქნებ მოკვდეს და დავისვენო-მეთქი. ვიცხოვრებ ასე, მოგონებებით. ცოცხალი რომ ხარ, აქ რომ ხარ, ვერ განებებ თავს, რა ვქნა?! შეიძლება, ათი დღე გადაბმულად იქეიფო, მერე გაგახსენდეს, რომ ქალიც არსებობს ამ ქვეყანაზე, დამირეკო, მომიყვანო აქ, აქაურობას კიდევ არა უშავს მანქანის სალონთან შედარებით, შენი გაისწორო და მერე ისევ ძმაკაცებში დაიკარგო ათი დღით? რა ქვია ასეთ ურთიერთობას? გეკითხები. ოფიციალური საყვარელი მაინც ვიყო, მაგრამ არა... ოფიციალური სხვა გყავს, _ მწარედ ეღიმება მაკას, _ ხალხში გამოსაჩენი და გვერდის დამამშვენებელი. მაკა რა, მაკამ კარგად იცის ლოგინის საქმე და ამიტომ გვახსენდება ხანდახან. მაკას ძმაკაცებში თუ გამოვაჩენთ იშვიათად. თანაც, საჭიროა მაინც. ის ქალბატონი რომ პარიზში ან ვენაში მოისურვებს გასეირნებას, მაშინ ხომ უნდა გვყავდეს ვინმე, ქუჩა-ქუჩა ხომ არ დავუწყებთ ქალებს ძებნას?! ერთხელ მაინც თუ გიეჭვიანია ჩემზე?! შენ რომ იკარგები, იქნებ სხვა კაცებში დავდივარ, ჰა? მაკამ უნდა აიტანოს მეორე საყვარლის არსებობა, ყველაფერი უნდა იცოდეს იმის შესახებ, მერსედესში წაგდებულს რომ დაინახავს, თვალი უნდა გააყოლოს შურით და, იმან? ვაი, იმან რომ გაიგოს სხვასთანაც გაქვს საქმე, გაგლახავს, შე უბედურო... გიოს სახე ეცვლება. _ გაგლახავს, შე უბედურო, _ გამოაჯავრებს გაბრაზებული, _ შენ იმდენს იზამ, მართლა გამალახინებ თავს. _ ნეტა იმას თუ გაუბედავ მაგდენს, ჰა? _ თვალებში შეაცქერდა მაკა, _ აბა, ასე თუ ეტყვი: ბოდიში, ქალბატონო სალომე, მაგრამ ახლა უნდა გჟეჟოთ. გინდა დავნიძლავდეთ, ვერ ეტყვი. ერთი მანახა, ლოგინში როგორ ეპატიჟები. ალბათ, ჯერ უფლებას იღებ, შეიძლება აქ გაკოცოთ? ანდა, აქ რომ აგისვათ ენა, თქვენ წინააღმდეგი ხომ არ იქნებით? და ახლა, ძვირფასო, იქნებ თქვენც... _ მოკეტავ? _ არა, არა, _ მოულოდნელად ხალისდება მაკა, ლოგინზე წამოჯდება, ფეხებს შემოიკეცავს და გამოცოცხლებული აგრძელებს, _ ქალბატონო სალომე, იქნებ თქვენი უმსუბუქესი და უბრწყინვალესი ხელი მომისვათ აი, აქ, თორემ გუშინ იმდენი ვისკი გადავყლურწე, რომ... _ მერე უცებ ბეზრდება ყველაფერი ეს და ხელს ჩაიქნევს, _ ერთი იმისიც, შენიც, შენი ძმაკაცებისაც და შენი მეგობარი გოგონებისაც. მეზიზღებით ყველა. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდება და ნელ-ნელა არიდებენ ერთმანეთს თვალებს. _ სულელი ხარ შენ, _ ამბობს ბოლოს გიო. _ ხო, სულელი ვარ. აბა, რა. ქალი იმას ვნატრობ, იქნებ ოდესმე ერთი კონა ყვავილი მაჩუქოს-მეთქი, და... ეს კიდევ, ლუდით და სიგარეტით მასაჩუქრებს ხოლმე. _ მიყვარს ლუდიო და, _ გულწრფელად უკვირს გიოს. მაკას ეღიმება. _ მე შეიძლება სულელი ვიყო, მაგრამ შენ ხე ხარ, ხე, _ გიოსკენ იხრება და ყურში ჩასჩურჩულებს, _ მე კი ასეთი ხე მიყვარს. მერე დგება და ჩაცმას იწყებს. _ ტაქსს გამოვიძახებ, _ ტელეფონს დასწვდება გიო. _ ნუ, _ სარკეში იყურება მაკა და კაბას ისწორებს, _ თუ გინდა, მასიამოვნო, გამაცილე, ოღონდ _ ფეხით. _ მანქანით გაგიყვან. _ არა. არც შენი მანქანით, არც _ ტაქსით, _ მკაცრად ამბობს მაკა, _ ფეხით გავისეირნოთ. თუ არ გინდა, მითხარი, მაკას არაფერი სწყინს, ესეც შენგან ისწავლა. გიო პერანგს იღებს, მაგრამ ჩაცმას გადაიფიქრებს და ხელს შემოირტყამს შუბლზე: _ აუჰ, ხუთ საათზე გივის უნდა შევხვდე ფილარმონიასთან, მანქანით გაგიყვან. მაკას ეღიმება. _ რა, კონცერტზე დაგპატიჟა? _ ისე კითხულობს, თითქოს დაუჯერაო და თავზე უსვამს ხელს, _ ფეხით გავისეირნებ, მირჩევნია. “სიგარეტი?.. წავა და მერე ჩავირბენ, ამოვიტან”. _ მოიცა, _ შემოსასვლელში შეაჩერებს მაკას, ჭუჭრუტანაში გაიხედავს და ისე უღებს კარს, _ არ დამეკარგო, დამირეკე. მერე ოთახში ბრუნდება, კალამს და ფურცლებს იღებს უჯრიდან და სწრაფად წერს: “ არ არსებობს კახპა, რომელსაც...”
Number of posts: 1266 Location: თბილისი Job/hobbies: პოეტი Humor: სანაქებო Registration date: 09.12.08
Subject: Re: ირაკლი ჯავახაძე Mon Mar 08, 2010 10:51 am
[color=blue] ბრძოლა
ს უ ხ ი ა ს
_ ნაღდი თავისუფლება იქაა, თუა... სულ სხვანაირი გამორჩეული... მეომარზე თავისუფალი არავინაა ამ ქვეყნად. ერთადერთი საფიქრალი აქვს _ ტყვია აიცდინოს როგორმე და თუ ბედმა არ უმუხთლა, მთის არწივივით ლაღი და მძლეთა მძლეა. გინახავთ, როგორ სძინავს ჯარისკაცს, როგორ იცვლება ძილში? რაღაც სხვანაირი, არაამქვეყნიური ნეტარების ღიმილი დასთამაშებს სახეზე და ვერ ნახავ ქვეყნად მეომარს, პირქვე რომ ეძინოს. ანდა, შეტევაზე გადასვლის წამება უნდა განიცადო. მირბიხარ დუჟმორეული, ღრიალებ, ხავიხარ. ირგვლივაც ყურთა გლეჯაა _ გნიასი, ზმუილი, ბრდღვინვა. აკაკანებ ავტომატს, ზუიან ტყვიები, ზრიალ-ზრიალით სკდებიან ჭურვები. არადა, ის ხარ, წუხელ ნეტარი ღიმილი რომ დაგთამაშებდა ტუჩებზე. მაგ დროს ტყვიის აცდენაზე არ ფიქრობ. მაგ დროს შენს ცნობიერებაში სიკვდილი არც არსებობს. გარშემო ხოცვა-ჟლეტა და მომაკვდავთა კვნესა-გოდებაა, სხვები პირქვე ემხობიან მიწაზე, შენთვის მაინც არ არსებობს სიკვდილი; მირბიხარ აზვირთებული, გამხეცებული _ სისხლი გებჯინება ყელში... და მერე, შეტევის მერე, გულაღმა წევხარ ბნელ ტყეში, ბალახზე, მიშტერებიხარ ვარსკვლავებით გადაპენტილ ცას და ფიქრობ, რომ სიკვდილთან თამაშიც ერთგვარი თავისუფლებაა; უფრო მეტიც, სიკვდილსა და სიცოცხლეს შუა არსებობაა ნამდვილი თავისუფლება... _ ჩემი მეგობარი ყვებოდა, თორემ მე რომელი მეომარი ვარ _ ღამ-ღამობით, შეგვიანებულს, ქუჩის ძაღლების წკავწკავზე ელეთ–მელეთი მომდის.
1994-95 წ.წ.[/color
სიტყვებს შორის უზუსტესი კავშირი. განცდილის უბრალოდ და მიმზიდველად გადმოცემის უნარი.
Subject: Re: ირაკლი ჯავახაძე Mon Mar 15, 2010 3:33 pm
ავტორი: სერგეი დოვლატოვი თემა: პროზა; ISBN: 978-9941-403-91-0 გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გამოცემის წელი: 2009 გვერდების რაოდენობა: 120 ყდა: რბილი ფასი: 6.00 ლარი
ანოტაცია: ''ჩემოდანი" ქართულ ენაზე პირველად გამოდის. თარგმნა ირაკლი ჯავახაძემ. ამ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში გაცოცხლებული საბჭოთა ყოფის ტრაგი-კომიკური სურათები უდავოდ ღიმილს მოჰგვრის მკითხველს და კიდევ ერთხელ შეახსენებს წარსულად ქცეულ სამარცხვინო რეჟიმს.
გაზეთ "პარნასში" გაგრძელებებით იბეჭდებოდა კვნეტინ ტარანტინოს Quentin Tarantino კინოსცენარის Reservoir Dogs (1992) ირაკლი ჯავახაძისეული თარგმანი რუსულიდან - http://armuri.wordpress.com/2011/02/21/квентин-тарантино-бешеные-псы/
Last edited by Admin on Mon Feb 21, 2011 9:45 am; edited 2 times in total