არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნელიკო გოგუაძე

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნელიკო გოგუაძე   Fri Nov 21, 2008 9:53 am

მედარდები

ვერ ვიძინებ იმიტომ,
რომ შენზე ვფიქრობ.

შენზე ვფიქრობ იმიტომ,
რომ მენატრები.

მენატრები იმიტომ,
რომ კარგი ხარ და...

კარგი ხარ და
უსაშველოდ მედარდები.

მედარდები იმიტომ,
რომ ძლივს გიპოვე.

გიპოვე და,
დასაკარგად მენანები.

მოდი ჩემთან,
შემოაღე გულის კარი...

მონატრებავ,
უსაშველოდ მენატრები.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Fri Nov 21, 2008 10:59 am

ციფერბლატი

ჰო
ყოველთვის ასეა...
ხშირად მაგვიანდება
ერთი წამი,
ერთი წუთი,
ერთი საათი,
ერთი დღე.
ჰო,
ყოველთვის ასეა,
ხშირად ვაგვიანებ
ერთი წამით,
ერთი წუთით,
ერთი საათით,
ერთი დღით.
და ეს ერთი თავდაყირა აყენებს ყველაფერს.
არ ვიცი რატომ
მაგრამ ყოველთვის მრჩება
საყვარელი ნივთი იქ,
სადაც ვიყავი და
ისევ უნდა დავბრუნდე.
და რატომღაც
ყოველთვის ვკარგავ ადამიანს
რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია.
არ ვიცი რატომ
მაგრამ ჩემი ოცნებები
ყოველთვის სრულდება
ერთი წამის,
ერთი წუთის,
ერთი საათის,
ერთი დღის დაგვიანებით.
და ხშირად ეს ერთი
ძალიან გვიანია.
არ ვიცი რატომ მაგრამ ახლა
შენ - ყველაფერი ხარ ჩემთვის,
ის - უკვე არაფერი.
და ეს ყველაფერი დღეს ხდება
არცერთი წამის,
არცერთი წუთის,
არცერთი საათის,
არცერთი დღის
დაგვიანებით.
და ჩემი სადღაც დარჩენილი საყვარელი წიგნი
ახლა შენთანაა უკანდასაბრუნებლად.
იქნებ იმიტომ, რომ
აღარ დამაგვიანდეს,
ოცნებები დაგვიანებით აღარ ასრულდეს
და ციფერბლატმა
აღარ მამცნოს ჩემი დროის დაგვიანება.
ჰო
ყოველთვის ასეა...
ხშირად მაგვიანდება.
დაბადებით კი
თურმე ზუსტად
ერთი თვით,
ერთი დღით,
ერთი საათით,
ერთი წუთით და
ერთი წამით ადრე დავიბადე.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Sun Nov 30, 2008 11:18 pm

დილიდან დილამდე

არ ვიცი, რატომ
მაგრამ ჩემი ცხოვრება საფეხურებჩატეხილი კიბეა
ძნელად სავალი
და მოაჯირიც არა აქვს
რომ ხელი შემაშველოს,
მხრებზე დაწოლილი ტვირთით
ნაბიჯ-ნაბიჯ ვკეცავ -
არ მინდა უკან მოვიხედო,
წარსულს ვუტოვებ წლებს და
მხრებს ვეძებ
ჩემი დაღლილი სხეულის დასაყრდნობად
მინდა მომეფერო
და ჩემი ცხოვრების კიბე
გაამთელო,
რომელსაც მოაჯირიც კი არა აქვს,
რომ ხელი შემაშველოს.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Mon Dec 01, 2008 2:47 am

დილიდან დილამდე

არ ვიცი, რატომ,
მაგრამ ჩემი ცხოვრება
საფეხურებჩატეხილი კიბეა,
ძნელად სავალი
და მოაჯირიც არა აქვს,
რომ ხელი შემაშველოს;
მხრებზე დაწოლილი ტვირთით
ნაბიჯ-ნაბიჯ ვკეცავ -
არ მინდა უკან მოვიხედო,
წარსულს ვუტოვებ წლებს და
მხრებს ვეძებ
ჩემი დაღლილი სხეულის დასაყრდნობად.
მინდა, მომეფერო
და ჩემი ცხოვრების კიბე
გაამთელო,
რომელსაც მოაჯირიც კი არა აქვს,
რომ ხელი შემაშველოს.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Mon Dec 01, 2008 7:58 pm

თამაში

ჩვენ ყოველ დილით სარკის წინ ვირგებთ როლს
და თამაშს ვიწყებთ,
ვთამაშობთ და ვცდილობთ სარკეს არ ჩავხედოთ
თვალებში.
მთელი ცხოვრება ნიღაბმორგებულები
ვთამაშობთ შვილს
და არ გვინდა უძღები გვიწოდონ,
მეგობარს
და ხშირად თვალს ვარიდებთ -
არც ისე ადვილია,
დას
და ვცდილობთ სიყალბის გარეშე
მისი თვალებით ვუყუროთ სამყაროს,
ვთამაშობთ
ცოლს
და ვგრძნობთ, რომ
დადგენილი თამაშის წესებს ვარღვევთ,
ხშირად არც ვნანობთ -
და ეს
არც ისე ძნელია.
ვთამაშობთ
დედას
და გვინდა თბილ უბეში გამოვაზამთროთ შვილი,
ვთამაშობთ
საყვარელს,
რომელიც არასოდეს გვყოლია,
შეყვარებულს
რომელიც წარსულს დავუტოვეთ,
მორიგეობით ვირგებთ ერთგულების და ღალატის
ნიღაბს
და ხშირად გვეშინია მისი ჩამოხსნის -
არ გაგვაშიშვლონ
რადგან საკუთარი თავის თამაში
ძალიან ძნელია.
ხშირად ვმათხოვრობთ
და ამ ცხოვრებას სიყვარულს ვემათხოვრებით
სიძულვილით შეპყრობილები.
ჰო!
ცხოვრებამ ბევრი როლი გვარგუნა
და ქუჩის ლაბირინთებში მიმავლები ვცდილობთ
არ ჩავიხედოთ ქვაფენილის დიდ თვალებად
ქცეულ წვიმის გუბეებში,
გვეშინია საკუთარი თავის დანახვის,
რომელსაც ხშირად ფეხს ვაბიჯებთ.
ცხოვრება - ჩემი რეჟისორია
და არ ვიცი
რომელი როლისათვის დამადგამს გვირგვინს.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Mon Dec 01, 2008 8:11 pm

გვირილის ყვავილები

წუხელის სარკეში ჩავიხედე და დაგინახე.
შენ ჩემს წინ იდექი დატუქსული ბავშვივით, ხელში გვირილა გეჭირა და მის ფურცლებს ადევნებდი ფიქრს: “ვუთხრა? არ ვუთხრა? ვუთხრა!”
გვირილას ფურცლები, შენს ბაგეს კი სიტყვები სწყდებოდა და ნელ-ნელა უხილავ სივრცეში იკარგებოდა.
ვხედავდი, როგორ ცვიოდა ძირს გვირილას თეთრი და ნაზი ფურცლები, შენი სული კი შიშვლდებოდა და უსახური ხდებოდა.
მერე მე მიწაზე დაყრილი გვირილას დამჭკნარი ფურცლები შევაგროვე და გულში ჩავიხუტე, მოვეფერე, შენს გაყინულ სულს კი ვეღარაფერი ვუშველე, ვეღარ ავკრიფე შენი ბაგიდან მოწყვეტილი ყინულივით ცივი სიტყვები: “ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით, რადგან თავისუფალი მინდა ვიყოო!” - გვირილას ფურცლებივთ!
ხო! წუხელის სარკეში ჩავიხედე და შენ დაგინახე! არა! ვტყუი! ჩემი თვალები დავინახე: ფართოდ გახელილი და ცრემლიანი, რომელშიც შენ იყავი. ეს ალბათ მაშინ ჩასახლდი და ჩაიკირე მათში, როცა დამნაშავე ბავშვივით იდექი ჩემს წინ, გვირილას ფურცლებს აწყვეტდი და . . . ჩემგან მიდიოდი!
ის გვირილა მე ვიყავი!
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Mon Dec 01, 2008 9:07 pm

nel wrote:
გვირილის ყვავილები

წუხელის სარკეში ჩავიხედე და დაგინახე.
შენ ჩემს წინ იდექი დატუქსული ბავშვივით, ხელში გვირილა გეჭირა და მის ფურცლებს ადევნებდი ფიქრს: “ვუთხრა? არ ვუთხრა? ვუთხრა!”
გვირილას ფურცლები, შენს ბაგეს კი სიტყვები სწყდებოდა და ნელ-ნელა უხილავ სივრცეში იკარგებოდა.
ვხედავდი, როგორ ცვიოდა ძირს გვირილას თეთრი და ნაზი ფურცლები, შენი სული კი შიშვლდებოდა და უსახური ხდებოდა.
მერე მე მიწაზე დაყრილი გვირილას დამჭკნარი ფურცლები შევაგროვე და გულში ჩავიხუტე, მოვეფერე, შენს გაყინულ სულს კი ვეღარაფერი ვუშველე, ვეღარ ავკრიფე შენი ბაგიდან მოწყვეტილი ყინულივით ცივი სიტყვები: “ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით, რადგან თავისუფალი მინდა ვიყოო!” - გვირილას ფურცლებივთ!
ხო! წუხელის სარკეში ჩავიხედე და შენ დაგინახე! არა! ვტყუი! ჩემი თვალები დავინახე: ფართოდ გახელილი და ცრემლიანი, რომელშიც შენ იყავი. ეს ალბათ მაშინ ჩასახლდი და ჩაიკირე მათში, როცა დამნაშავე ბავშვივით იდექი ჩემს წინ, გვირილას ფურცლებს აწყვეტდი და . . . ჩემგან მიდიოდი!
ის გვირილა მე ვიყავი!

ნელიკო, ეს გვირილების კარნავალში წამოიღე!..
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Wed Dec 03, 2008 3:34 pm

არა, მამაო!

არა, მამაო,
მე შენდობას არ ვიმსახურებ,
ნუ ცდილობ, სულში ჩამხედო და
შემიმსუბუქო
ამ ქვეყნად ყოფნის ტკივილი,
არა, მამაო,
ჩემს თვალებს სიმშვიდეს
ვერასდროს აჩუქებ,
ნუ ცდილობ, იტვირთო ჩემი ტვირთი
და მხრებზე დამაფინო სიმსუბუქე,
არა მამაო,
ვეღარ ვდგამ შენსკენ ნაბიჯებს,
რადგან ცოდვები
ბორკილად მადევს,
უფრო და უფრო მძიმდება წლები.
არა, მამაო,
მე შენს ნდობას არ ვიმსახურებ,
დიდი ხანია,
სატანას მივყიდე სული,
ამ ქვეყნად ყოფნა
ვისესხე და
ახლა სიცოცხლემისჯილი
ვალებს ვაბრუნებ.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Sun Dec 07, 2008 9:25 am

.

*** /ერთი ნაბიჯია შენიდან - ჩემამდე/

ერთი ნაბიჯია შენიდან - ჩემამდე,
ჩემიდან - შენამდე მანძილი დიდია,
ანი-დან ჰა-ემდე
და ისევ უკანვე
ოცდაცამეტი ბეწვის ხიდია.
ერთი ნაბიჯია,
უსახო ნახატზე
თვალები მაგონებს კატისებრ სიმწვანეს,
აიღე ფანქარი, ფურცელი
დამხატე
ანი-დან ჰა-ეთი
აწყობილ სიტყვებზე.
მე - ერთი ნაბიჯი,
შენ - ორი,
ვერ გწვდები,
ახლოს ხარ და მაინც
შორია შენამდე,
ვერ ვაწყობ,
ქუჩაში ვიღაცას აბოდებს,
ვიღაცა ხმამაღლა ეძახის პილატეს.
სიტყვები წამართვეს.
მე ასე მგონია
ანი-დან ჰა-ემდე
და ნაბიჯ-ნაბიჯით,
დავბრუნდი, უსახო თვალებით დავდივარ
მე - ერთი
შენ - ორი
ჩვენ - ოცდაცამეტი
ანი და ჰაე თი
მოზომილ ნაბიჯით
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Sat Dec 13, 2008 11:18 pm



დრო, რომელიც დიდ დუმილს იტევს

ჩვენს შორის იყო ყველაფერი
და არაფერი,
და ამ უსასრულობით
გაჯერებულ ვეება სამყაროში
დასეირნობდა
პატარა და დამფრთხალი ფიქრი.
ჩვენს შორის იყო დრო,
დრო,
რომელიც დიდ დუმილს იტევდა
და ამ დუმილში იყო
ის არაფერი,
რომელსაც ჩვენთვის ყველაფერი ერქვა.
დროსა და სივრცეში აცდენილი
ნაფეხურები კი
ჯიუტად ეძებდნენ ერთმანეთს
და ფიქრად ქცეულები,
ჩვენი მოგონებების სამყაროში
დასეირნობდნენ.
ზღვის მლაშე გემო
მთრთოლავ ტუჩებზე
ტოვებდა სათქმელს.
და მთვარის ბილიკით
განათებული ზღვა
ზაფხულის ლამაზ და
სიყვარულით სავსე ზღაპარს
უყვებოდა ვარსკვლავებს.
ჰო!
ჩვენს შორის იყო ყველაფერი
და არაფერი,
და ამ უსასრულობით
გაჯერებულ ვეება სამყაროში
დასეირნობდა
ნატვრად ქცეული
პატარა და დამფრთხალი ფიქრი.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Thu Jan 01, 2009 6:11 pm

აკრძალული ფიქრი

ვიცი, გულში ისეთი ტკივილია
მხოლოდ შენ რომ მოგერევა,
სახეზე ფერმკრთალი ღიმილია
და ღამენათევი თვალები უარს ამბობენ სიმართლე გაამხილონ,
მიყურებ,
იღიმი,
თვალები კი სევდისფერი ფერით სავსე ამოუცნობ განტოლებას მთავაზობენ.
მე - შენ
შენ - მე
და ორივენი სიჩუმეს ვირჩევთ,
რადგან ჯობია უხმოდ ილაპარაკონ სადღაც შორეულ ერთ წერტილში
გადატეხილმა ფიქრებმა,
რომლებიც ისეთივე ახლობელია და თან შორეული,
როგორც ჩვენი საკუთარი თავი,
რომელსაც ვუცქერით ერთმანეთის სარკედ ქცეულ თვალებში
და გვეშინია სიმართლის აღიარების.
ეს სიმართლე კი
სითბოთი და სიყვარულით სავსე გულია
აკრძალულ ფიქრებს რომ ეთამაშება.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Wed Feb 18, 2009 8:35 pm

ჩანაწერების სერიიდან

***
იქნებ არ უნდა მეთქვა?
და ჩემი მფეთქავი გული
არ უნდა მომექცია
შენს ხელისგულში
რომელიც ისეთი ცივი იყო
რომ
გულს გაუჭირდა მისი შეხება.
და ფეთქვა შეწყვიტა.

ჩანაწერების სერიიდან

ყავას ვსვამ და შენ გიხსენებ
მე - ყავა
შენ - სიგარეტი
ცხელ ყავას ჩემი ფიქრი მიჰყვება
სიგარეტის კვამლს შენი,
ორივე მათრობელაა
ორივე ჩემთვის...
ყავა დაილია,
ჩაქრა სიგარეტიც,
მე ტუჩებზე ყავის სიტკბო შემრჩა
შენ სიგარეტის მწარე გემო...
ტკბილ მწარე მოგონებები სადღაც აირია, ერთმანეთს შეერწყა და მერე ნისლივით გაიფანტა,
შენც მას გაჰყევი.
ჩემთან ცარიელი ყავის ჭიქაა და ნამწვით სავსე საფერფლე...
გულიც ასე დაცარიელდა..
ჩემი მფეთქავი ბუნაგი

.......
ფიქრად დავიშალე,
ატომური ნაწილაკებივით
ჰაერში გავიფანტე
და ნელ ნელა მფეთქავ ბურთულებად ქცეული დავეშვი დედამიწაზე.
დედამიწამ ჩემი გულივით დაიწყო ფეთქვა...

ოცნებად ავიკინძე
მარგალიტის ყელსაბამივით
და გამჭვირვალე ზღვის ფსკერს მივანდე
აკინძული ყელაბამი
ნიჟარაში შესანახად.

ნაბიჯ ნაბიჯ გავზომე სივრცე
შენიდან ჩემამდე
ისე როგორც
ა-ნიდან ჰ-აემდე
და მივხვდი ერთი ნაბიჯი მაშორებდა,
ერთადერთი ნაბიჯი.

და ვერდასრულებული გზა.
გზა, რომელიც არასოდეს მთავრდება
გზა, რომელიც ასე შორია
გზა, რომელიც მოძრაობის წესებს არ ემორჩილება
გზა, რომელსაც ყოველთვის მოვყავარ შენამდე.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Wed Feb 25, 2009 9:42 pm

ბევრი არაფერი, უბრალოდ ხმამაღლა ვიფიქრე.... Sad

ჰო,
დილამ შემოაღო კარი და დილა მშვიდობისა მითხრა,
გავუღიმე და გულში ჩავიკარი
მისი სითბო არ მეყო და უფრო მეტი მოვთხოვე,
კარგიო, მითხრა და მზე შემოუშვა სულში,
არაო,
ჯიუტად გავუქნიე თავი,
ცრემლი ჩამოგორდა მზის თვალიდან და დილა შორეულ გზას დაადგა,
მეორე დღეს იასამანთან ერთად დაბრუნდა,
ისევ გავუღიმე,
თვალებში მოლოდინი ედგა იასამნის სურნელთან ერთად და
ზამთრის სუსხს ისრუტავდა....
მიხვდა, მოლოდინმა რომ არ გაუმართლა,
სევდაჩამდგარი გაუყვა გზას და ზღვა მომიტანა,
ჩემი მშფოთვარე და მოუსვენარი ზღვა...
ზამთარი კარზე მიკაკუნებდა,
ჩემს ოთახში კი მზე და იასამანი ყვავილობდა,
ზღვა ზღაპარს მიკითხავდა,
სითბო სხეულზე მეფერებოდა და გულამდე მიღწევას ლამობდა,
დილა ღიმჩამდგარი თვალებით მიყურებდა
მელოდა როდის გავშლიდი ხელს
და გულში ჩავიხუტებდი,
მე კი ჯიუტად ვდუმდი
და ყინულის მარგალიტად ვკინძავდი ცრემლებს....
ვერ მიხვდა დილა,
რომ ყველა დილა
შენი თვალების და სხეულის სითბო მოეტანა ჩემთან.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Wed Mar 04, 2009 2:05 am

დღეს დედის დღეა...

დე...მინდა გელაპარაკო....


დილა გათენდა
და მინდა გელაპარაკო
სარკეში არეკლილ სულზე,
გზაგამოვლილ და გადაღლილ ფიქრზე.
ჰო, ფიქრიც იღლება
არ გჯერა?
სული რომ მძიმდება, ფიქრი იღლება და ჩამუხვლას ცდილობს
და ვაი მას, თუ ჩასამუხლი ვერ იპოვა.
აი მაშინ კი ცრემლად იღვრება.
ლაბირინთად დაიქსაქსა ჩემი სავალი გზა,
აღარც თავი აქვს და არც აღარც ბოლო.
დე…მომენატრე,
შენ ხომ ყოველთვის სიმშვიდე გედგა თვალებში,
ახლა კი ისეთი სევდაა, მხოლოდ შენთვის რომაა ნაცნობი.
რატომ მომიხუცდი დე…
დამაბრუნე ბავშვობაში და შენს მხიარულ თვალებში ჩამისახლე
ტკივილი რომ აღარ ვიგრძნო.
დე…
შენთან თავს მშვიდად ვგრძნობ,
არ მიმატოვო.
მტკივნეულია როცა გტოვებენ და მხოლოდ ნათელ ან ბნელ ლაქად რჩები ცხოვრებაში,
ნეტავი ჩემი წასვლა თუ ეტკინება ვინმეს?
არა დე…შენზე არ ვამბობ, შენ ჩემი წასვლით არ გატკენ გულს.
მინდა გელაპარაკო...
ვიცი, შენ გამიგებ.
დე…
არ მიმატოვო, მჭირდები!
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Tue Mar 31, 2009 12:49 am

სარკეში

ჰო, შვილები...შვილები...
აბა ვინ?
და შენით ყირაზე - სამყარო....
თავსაც აჯერებ ხანდახან....
ხანდახან შვილებით თამაშობ.
თამაშობ...
თვალებად ქცეული სამყაროს
დაქსაქსულ ქუჩებში
სადაც არ ანთია სინათლე
სადაც სულშეძრული ბრუნდები.
ბრუნდები....
გგონია, რომ მიხვალ
გვირაბის ბოლოში....წერტილთან,
და დასრულდება ის რასაც
ეძებდი...
და დიდხანს გეძინა.
ჰო....ასე...
შვილები...შვილები...
და შენ... შენ...
ნათელი წერტილი
გვირაბის ბოლოში....
გადავრჩი....
გადავრჩი და შენთან ვმშვიდდები.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Sat Apr 11, 2009 9:22 pm

მასკარადი

სიცოცხლეს ყვირილით ვეგებებით
და ცრემლები ხელშეუხებელი ღაწვებიდან ცვივა მიწაზე,
მიწაზე, რომლადაც უნდა ვიქცეთ....
თვალს ვახელთ და იმ ცხოვრებას ვეჯახებით,
რომელთანაც განუწყვეტლივ უნდა ვიბრძოლოთ ან ვიმეგობროთ...
ვალი ავიღოთ და აღარ დავაბრუნოთ,
მეგობარი ვუწოდოთ და მივატოვოთ....
შევიყვაროთ და მერე შევიძულოთ,
მივინდოთ და ვუღალატოთ,
უპოვარი არ დავაპუროთ,
მათხოვარს თვალი ავარიდოთ,
გამოწვდილ ხელისგულებს სითბო დავუნანოთ,
პატიება გვთხოვონ და არ ვაპატიოთ
შენდობის კვირას....
სინანულს კარი ჩავუკეტოთ
ეკლესიაში კი სანთელი დავანთოთ
და ჩვენს უღმერთოების პატიება ვთხოვოთ ღმერთს ...
მერე კი...
მერე ისევ შევცოდოთ
რამეთუ "უფალი მოწყალეა",
ხშირად დაუნანებლად ვარიგებთ სითბოს
და ტკივილს ვიღებთ....
გაბზარული კი ვერ თუ არ მთელდება,
მდორე ნაბიჯებით მივყვებით ბილიკს უსასრულობისაკენ...
ცხოვრება კი თავისი ცივი და მკაცრი ხელით ხშირად ჩანასახშივე სპობს
და ვეღარ გვაპურებს იმედით...
ჰო...
ჩვენი არსებობა ერთი დიდი წარმოდგენაა
სავსე მსახიობებით...
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Mon May 11, 2009 9:43 pm

მე ისე მტკივა შენი ტკივილი.....

მგლოვიარეა ამინდი
ჩემსავით
მტკივნეული და ცრემლიანი…
ფანჯრებზე წვიმა აბლაბუდას ქსოვს
და გზას მიკეტავს შენთან მოსასვლელს,
მოდი,
ეგება გაათბოს გული შენმა ხელისგულმა
და ტკივილები ქარს გავატანოთ
უკან არდასაბრუნებლად.
მგლოვიარეა ამინდი
ჩემსავით,
მტკივა შენი ტკივილი,
გეძახი.
მინდა მოგეფერო
და ტუჩებით ამოვაშრო ღამე
შენი თვალებიდან.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Mon May 11, 2009 9:44 pm

მოთამაშეს

თვალები ეხუჭებოდა, თრიაქმოწეულივით,
ტუჩებზე სიმშრალეს გრძნობდა,
ალბათ სიგარეტის გამო...
ბევრს ეწეოდა....
ხოჭოებივით ესეოდნენ ფიქრები,
ფეხარეული დააბიჯებდა ცხოვრების ლაბირინთებში
და საკუთარ თავს ეძებდა,
რომელიც დიდი ხნის წინ დაკარგა....
ბედთან შერიგებული ოციოდე კვადრატულ მეტრ ოთახში გამოკეტილი ცხოვრობდა....
და ბევრს ფიქრობდა....

მოთამაშე...
ჰო!
მოთამაშე იყო....

მოთამაშე,
ითამაშე
გააგორე კამათელი ბედთან,
დღეს გახადე სიმხურვალის სამოსელი,
შერიგებაც გადაწყვიტე ღმერთთან,
მოთამაშე,
აზარტია ეს ცხოვრება,
რატომ ცდილობ დაზავებას ბედთან,
ისევ ისე შეურიგდი მრუმე ღამეს?
მაუზერიც მიიტანე მკერდთან?
მოთამაშე,
გააგორე კამათელი
გააგორე კამათელი ბედთან.

ვერა ხედავ? მეც ვთამაშობ....
ღიმილს ვაფენ....
დავივიწყოთ
რომ ცხოვრება მუხთალია ბევრად

მოთამაშე....
გავაგოროთ კამათელი
მოთამაშე...
ითამაშე ჩემთან.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Thu May 14, 2009 10:16 pm

Idea

ნელიკო გოგუაძე ლიბ.ჯი-ზე - http://www.lib.ge/each_author.php?1183

Exclamation
Back to top Go down
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Fri May 22, 2009 9:47 pm

... .......

არ მინდა გული გატკინო,
სიტყვებს ცრემლებად ვყინავ
და სულში ვაბრუნებ....
სადა ხარ?
შიშველი სხეული შენმა მონატრებამ
ვენებად დახაზა
და ხელისცეცებით მივყვები ბილიკებს
ეულად კარდაკარ,
შენ ღიმილს მპირდები...
გიჯერებ,
ვმშვიდდები
ხანდახან.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Sun May 31, 2009 9:42 pm

ე-ლენ გაუგზავნელი წერილების ქრონიკა


საკუთარ თავში ჩაკეტა თავი და დარაბები მჭიდროდ დახურა, მერე იმ ფიქრების აკრეფვას შეუდგა, ასე უხვად რომ მიმოფანტა ერთ დროს.
ოთახი დიდი იყო...ან იქნებ არც....
და ისეთი უწესრიგობა სუფევდა, თავადვე რომ უკვირდა... თუმცა საკვირველი ის უფრო იყო, ამ უწესრიგობაში რომ პოულობდა საკუთარ თავს.
ე-ლენ ერქვა...
აღარ ახსოვს, ვინ და როდის უწოდა ეს სახელი...
ნამდვილი არც ახსოვდა..
იქნებ იმიტომ, რომ სინამდვილე მისგან შორს იყო და მუდამ გამოგონილი ცხოვრებით ცხოვრობდა.
ე-ლენ...
მოსწონდა ეს სახელი
თან არ....
თუმცა მისთვის უკვე სულ ერთი იყო, რას დაუძახებდნენ...
ძახილი უკვე აღარ ესმოდა.
ფიქრებს აგროვებდა,
ამ ფიქრებით დაღლილი.
ჰო..
ოთახი დიდი იყო, იმავდროულად პატარაც...
ნაბიჯებით ზომავდა სივრცეს, ჰაერივით მსუბუქს.
მწვანე კედლები
კედლებზე თაროები,
თაროებზე წიგნები
და მძიმე, უხილავი მტვერი...
ფურცლებად დაწყობილი დამარილებული დღეები
იეროგლიფები მინებზე,
მხოლოდ მისთვის გასაგები
და დახურული დარაბები.
უსარკო ოთახი...
ყველა სარკე დაამსხვრია, და მასთან ერთად მათში მოქცეული ყველა იმედი, რომელიც მისი თვალებიდან გადასახლდა და სარკის მიღმა ცხოვრებაში დაიდო ბინა....
მძიმედ ჩაეშვა კუბოკრულპლედმოსხმული სავარძელში
და მის მოქანავე ზურგს მიაყრდნო წარსული..
ეს სავარძელი ერთგული მეგობარივით უნახავდა ფიქრებს,.
იმაზე ერთგულად, ვიდრე ადამიანები.
თვალები დახუჭა...
სიჩუმის გუგუნი ესმოდა და ცდილობდა, ნაწყვეტ ნაწყვეტ მოტანილი ხმები ერთად შეეკრა..
ცხელი ხელისგულებით ერთ მასად ექცია, უფორმო სხეულისათვის ფორმა მიეცა...
არ თუ ვერ გამოუვიდა...
ფეხებთან ო,ჰენრის წიგნი მარტოობდა....
უკანასკნელი ფოთოლოვით უღონოდ დაუშვა მხრები...
შეკავება არც უცდია,
ისევ დაეფანტა სათუთად ნაგროვები ფიქრები.
ფანჯარასთან მივიდა.
იცოდა, ეს საზღვარი იყო....
დახურული დარაბიდან მზის სხივი ლამობდა შემოჭრას...
ზურგს უკან კი მთელი მისი სამყარო იყო: ვერგამხელილი ფიქრები, აუხდენელი ოცნებები, დამსხვრეული იმედები და სიგარეტის კვმლივით ცაში გაფრენილი ბავშვობა....
დარაბებს იქით ქალაქი ხმაურობდა, დუღდა, თუხთუხებდა, ტიროდა, იცინოდა...
აწვიმდა ქვაფენილს.
იქ სხვა სამყარო იყო....მისთვის უჩვეულო, გაუცხოებული...
ხელის მძიმე მოძრაობით დარაბა გააღო და თვალები დახუჭა,
ფრთების გაშლა სცადა...
შეკრთა
წამწამზე სითბო მოელამუნა...
ცხელი სუნთქვა მისწვდა მის ყელს...
ყურის ბიბილო აუწვა ერთადერთმა ფრაზამ:

"მომენატრე, ჩემო მეგობარო!"


Last edited by nel on Tue Jul 21, 2009 11:44 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Mon Jun 08, 2009 8:21 am

მეგობარს

უკუღმართ ცხოვრებისგან დაღდასმული
და ვალდმძიმებული ბეჭები
გაშალე მეგობარო, გაიღიმე,
იმედებს გაუდგი ფესვები,
ქუჩაში ნოტიო ჰაერია
სულსაც შეპარვია სისველე,
მოვდივარ...დღეები წამებია
რა ვქნა, რომ ვერაფრით გიშველე,
უკუღმართ ცხოვრება დაღდასმული
ბეჭები ფრთებივით გაშალე ...
ბრაუნინგს არასდროს გაურიგდე
ტკივილი აიღე და წაშალე...
იმედებს ყავარჯნად შემოგიდგავ,
ერთად დავაბიჯოთ ცხოვრებას
რომელმაც შენი თავი მაპოვნინა,
და მერე ორივე მოგვთელა.
ქუჩაში ნოტიო ჰაერია
სულსაც შეპარვია სისველე,
ცხოვრებას რა მძიმე ვალები აქვს,
ვაი, რომ ვერაფრით გიშველე.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Thu Jun 18, 2009 6:09 pm

მე მარტოობა ჩავიცვი სამოსად

ჰო, მარტოობა ჩავიცვი სამოსად
ფიქრებს გზადაგზა ვკვებავ იმედით...
მე ორი ქალი ვარ....
ერთ-გული....
და მაინც
თვალებს ვერ ჩავუსხლე იმედი გუგებში,
ვერც ცისარტყელა დავხატე ვერასგზით,
და ვისაც მივენდე
ღალატში გამხვია,
ჰო, ორი ქალი ვარ,
ერთ-გული და გული
საწუთრომ ეკლიან ბილიკით ათრია,
დღეს კი ...
მეგობარმა ჩამკიდა ხელები,
შემიშრო თვალებზე მომდგარი ცრემლები,
ჩემს მარტოობას გახადა სამოსი,
და შემომხვია ერთგული ხელები.
ჰო,
ორი ქალი ვარ
და მაინც . . . ერთ-გული,
ფიქრებს გზადაგზა ვკვებავ იმედით,
დღეს
მეგობარმა შემიშრო ცრემლები
და ცისარტყელის მაჩუქა ფერები.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Tue Jul 21, 2009 11:44 pm

გაგრძელება /ელენ გაუგზავნელი წერილების ქრონიკა/

ისევ ელენ!


და აღარ იყო...
სივრცეს შერწყმოდა
ამ სივრცესავით ჩუმი და უსხეულო.

-----
ეს დასასრულია,
მანამდე კი დაბადება იყო...
ნაადრევად დაიბადა, სუსტი და უსუსური, დაბადებისთანავე დაიწყო არსებობისთვის ბრძოლა...
გაუმართლა,
პირველი რაც დაინახა, დედის ცისფერი თვალები იყო, იმდენად ნათელი და ლამაზი, რომ შეეშინდა და ტირილი დაიწყო...
მას შემდეგ ცრემლი მისი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი გახდა.
პირველი ნაბიჯი არ ახსოვდა,
მხოლოდ ის შემორჩა მის მეხსიერებას, რომ მოჯადოებულ წრეში დადიოდა და ყოველთვის იქ ბრუნდებოდა, საიდანაც იწყებდა.
დასასრული მისთვის დასაწყისი იყო...
ყოველთვის მარტოობდა, ისე როგორც მის ლარნაკში ჩარგული იასამანი, რომლის არსებობა დიდი ხანია გადაავიწყდა...
იქნებ იმიტომ, რომ ლარნაკი იასამანით მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო, ყოველ დილით რომ ეფერებოდა.
ღამე ვარსკვლავებს ითვლიდა და იმ ვარსკვლავს ეძებდა, ღამეს რომ გაუნათებდა, მაგრამ ვერასოდეს პოულობდა...
მტვრით დაფარულ მაგიდაზე დიდი ნიჟარა იდო, ყურთან მიქონდა და მონატრებული ზღვის ხმაურს უსმენდა,
უყვარდა და ეშინოდა ზღვის...
ალბათ იმიტომ, რომ ანდამატივით იზიდავდა მისი მშფოთვარე ტალღები....
მუდამ ზღაპარში ცხოვრობდა და მკაცრ რეალობას შეჯახებული მყარად ვეღარ დააბიჯებდა დედამიწის ცხელ ზედაპირზე...
ღამე უყვარდა...
დღის ხმაური ღლიდა და უსარგებლო ნივთად გრძნობდა თავს,
წლებს ნელ ნელა კეცავდა ფურცლებად და აღარასოდეს შლიდა,
არავის უღებდა მარტოობის კარებს...
იქნებ იმიტომ, რომ ვერავინ უვსებდა ამ მარტოობას
ვერ თუ არ....
გაზაფხული უყვარდა კიდევ....
ნისლიანი შემოდგომაც...
გაზაფხული მისი ბავშვობა იყო, შემოდგომა აწმყო და მომავალი....
და მიდიოდა ნისლიანი გზებით...
საკუთარი დასასრულისაკენ..
ნაბიჯ ნაბიჯ
ნელა ნელა
და დაუნანებლად შლიდა წარსულს.
და აღარ იყო...
სივრცეს შერწყმოდა
ამ სივრცესავით ჩუმი და უსხეულო
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Wed Jul 22, 2009 12:01 am

გაგრძელება ელენ გაუგზავნელი წერილების ქრონიკა

ე-ლენის სიზმრები

ღამე მის სასთუმალთან ელენთან ერთად ათევდა და ალიონს დაღლილი ეგებებოდა.....არა, ღამე არ ღლიდა ელენს, ღამე უყვარდა, ამ დროს ის დროსთან ერთად მოგზაურობდა წარსულში და საზღვრები აღარ ბოჭავდა, შეეძლო ბავშვი ყოფილიყო, ან ფერია ზღაპრიდან, ან უბრალოდ ქალი, რომელსაც ყვავილებს უძღვნიან.....

სიზმრად ისიზმრებდა ფიქრებს.....

სიზმარი პირველი

დაბადება დაესიზმრა, შორეულ კუნძილზე უდღეური ბავშვი დაიბადა, წვრილი თვალებით და საოცრად სუსტი ხმით, ანგელოზები მოჰყვნენ ფეხდაფეხ და თავისი მფარველი კალთა გადააფარს...ბედის წიგნში კი ასე ჩაწერეს:
ნატვრისთვალს დაეძებდესო მუდამ.....

სოფელში ცხოვრობდა და ესიზმრა:

გარეთ თოვს, არეულად, ფარფატით მოდიან ფიფქები, თითქოს ეშინიათ დედამიწასთან შეხების და როგორც არასდროს, ისე ლამაზია თეთრსაბანმოგდებული მთები, ზამთრის ძილს მიცემულნი, გაყუჩებულნი და თითქოს დაბერებულნი.
გარეთ თოვს.
დუმს სოფელი, აქა-იქ საკვამურიდან ცისაკენ მიიკლაკნება ცისფერი კვამლი, ფანჯრის მინაზე მიჭყლეტილი პატარა სახე და ფართო თვალები მისგან თოვლის დედოფლისაკენ მიმავალ გზას საკეთებს, ძერწავს. ბავშვს ეშინია ოცნების გაფანტვის და ნატრობს არასოდეს გადაიღოს თოვამ. ბუხართან მიმჯდარი თეთრწვერა ბაბუა ყალიონს აბოლებს და გრძელი ზამთრის გასვლას ნატრობს, რადგან ის რატომღაც თავის სიბერეს აგონებს. ბებია პატარა წინდებს ქსოვს და თვალებში ისეთი სევდა უკრთის სათვალის მიღმა, რომელიც მხოლოდ მოხუცისთვისაა ნაცნობი.
"ჩამოდი, ბებია, ფანჯრიდან!"
ბავშვი დუმს და ნელა მიჰყვება ზამთრის გრძელ ღამეში გაკვალულ ცისფერ ბილიკს თოვლის დედოფალისაკენ.
თოვს.
და ჩუმად გუგუნებს ბუხარი.
მის გვერდით ყალიონს აბოლებს ცოცხალი საუკუნე და ისიც მიჰყვება ფიქრს, ოღონდ დაუბრუნებელ ფიქრს. ფანჯრის მინაზე მიკრული სახე და თვალები კი კითხულობენ:
"როდის მოვა თოვლის დედოფალი?"

სიზმარი მეორე

ერთი პატარა გოგონა ცხოვრობდა, დიდი, სევდით სავსე თაფლისფერი თვალებით და სიყვარულით სავსე გულით, ყველას ტკივილი სტკიოდა და ყველას სიხარული უხაროდა, თავის ტკივილს კი გულში მალავდა და არავის აჩვენებდა, ტკივილი იზრდებოდა, გული კი არა, სხეული იღლებოდა, სული კი არა, გული ტიროდა, თვალები არა და გოგონა დამალული ცრემლებით ბანდა გულში გაჩენილ ჭრილობებს. წლები გადიოდა და სიყვარულით სავსე გული უსიყვარულოდ იფერფლებოდა, ტირიფის ტოტებივით ნელ-ნელა ეშვებოდა მისი სხეული დედამიწისაკენ და მოსაფერებლად გაწვდილი ხელები შველას ითხოვდა, რატომღაც ვერავინ ამჩნევდა ამ დიდთვალება და სიყვარულით გულავსებულ გოგონას, რომელიც უხვად აბნევდა სიკეთეს, სითბოს და თავად არაფერს ითხოვდა.
“მოითხოვე და მოგეცემაო”, ჩასძახოდა ვიღაც
“სიკეთის სამაგიეროს არ ითხოვენო”, პასუხობდა გოგონა.
“ჰო და არც მოგეცემაო”, ხარხარებდა ვიღაც და მაინც თოვლის თეთრი ფანტელებივით უხვად ეფინებოდა დედამიწას გოგონასაგან გადმოღვრილი სიყვარული.
ერთი ნატვრა ჰქონდა: მის გარშემო მხოლოდ სიხარულით სავსე თვალები და სიკეთით სავსე გულები დაენახა და ისიც ყვარებოდათ ისე, როგორც მას უყვარდა: უსაზღვროდ და უანგაროდ, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ ტირიფის ხე ყოფილიყო მისი საბოლოო ნავსაყუდელი.
დადიოდა ამ ქვეყნად ერთი პატარა გოგონა, რომელსაც ვერავინ ამჩნევდა რატომღაც!


სიზმარი მესამე

ელენის ყველა დილა ეკლესიის ეზოთი იწყებოდა. ფეხაკრეფით მიუყვებოდა გზას თავდახრილი და სევდით სავსე. ეზოში უცნობი მათხოვარი ხვდებოდა ყოველ დილას, თუმცა რატომ უცნობი?!ისინი ხომ ყველა დილით ხვდებოდნენ ერთმანეთს, ის მათხოვრობდა და არაფერს იპარავდა, ელენი კი . . .
ელენი ქურდი იყო,
სიყვარულს იპარავდა, გულში მალავდა და ეშინოდა მისი დაკარგვის, ეკლესიაში შესულს დამწვარი სანთლების სუნი თავბრუს ახვევდა და ეშინოდა
ეშინოდა უღმერთობით გაჩენილი ტკივილის.

სიზმარი მეოთხე

ძილს მიბარებული თვალებმა ჩუმად კითხულობდნენ: ნეტავი ახლა რა დროაო?????????
ირგვლივ კი ყველაფერი თვალისმომჭრელად ბრწყინავდა, ველური გვირილების ზღვა ღელავდა და ვიღაც თავზე ადგავდა მინდვრის ყვავილების გვირგვინს, თვალებხატულა პეპლების კაბა ეცვა ტანთ და ყვითელგულა ჩიტების ამალა დაყვებოდა. გვირილების ზღვის მეორე ნაპირას უფლისწული ელოდებოდა და საოცრად მელოდიური ხმით უკითხავდა ლექსებს . . .
დილა თენდებოდა ....
არ უნდოდა სიზმრის დასრულება ელენს,
მაგრამ
გაღვიძების დროაო
ეუბნებოდა დილა.
და სიზმარიც სრულდებოდა ელენის ნატვრასთან ერთად.

სიზმარი მეხუთე

პატარა ოთახი... ქალი... მაგიდა...
მის წინ ყავის ჭიქას საიამოვნო სურნელი სდის...
ჰაერში თეთრი ღრუბლების გროვაა... რგოლო რგოლში, რგოლი რგოლში
ნაზი მუსიკაა არა?!
ფერებიც ამ მუსიკის ფონზე იცვლება
პირდაპირ ნიღაბი...ორი ობოლი ცრემლი...გვერდით ხის ტოტი ერთადერთი ყვითელი ფოთლით
წითელი სანთელი ნელ-ნელა თავს ხრის, ფანჯარაზე ვიღაც აკაკუნებს
ქალი თავს სწევს
თურმე წვიმის წვეთებია.
უხმოდ დგება და ნიღაბი კედლიდან ქრება
ყველაფერი რჩება . . .
ყავის სასიამოვნო სურნელი, რომელიც თეთრ რგოლებს ერევა
საფერფლეში ნამწვი იწვის მარტოობის ნიშნად.
მაგიდაზე ორი ჭიქაა, ორი თეფში...უწესრიგოს დაყრილი ქაღალდები და სიგარეტის დაცლილი კოლოფი - მეორე მხარეს.
გასასვლელთან დიდი სარკეა
იქ ორი ქალია
კარი იღება და წვიმის წვეთებს ლანდად ქცეული სხეული უერთდება . . .
ყავა ჯერ ისევ ცხელია
და სანთელიც ნელა იწვის
სიგარეტის კოლოფი ცარიელია.


სიზმარი მეექვსე

ვეღარ ისიზმრებდა სიზმრებს
სიზმარიც გაყინულიყო დროში, ეძახდა მაგრამ აღარ მოდიოდა....

ამიტომ აღარ იძინებდა ელენი,
თვალებღია დადიოდა და ნაბიჯებით ზომავდა უკანასკნელ გადასახედამდე მანძილს.

სიზმარი მეშვიდე

ისევ დაბადება დაესიზმრა....
მიხვდა, ყველაფერი თავიდან იწყებოდა...შეშფოთდა, შეეშინდა წარსულში დაბრუნების,
კალენდარს შეხედა...
ერთადერთი თარიღი, რომელსაც დაუნანებლად ხევდა....
ის ერთადერთი თარიღი უყურებდა კედლიდან, დავიწყებოდა ჩამოხევა...
დღე ხვალინდელი.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ნელიკო გოგუაძე   Today at 4:03 am

Back to top Go down
 
ნელიკო გოგუაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: