არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 კახეთი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: კახეთი   Sat Feb 21, 2009 1:21 pm

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კახეთი   Fri Aug 17, 2012 9:44 am

კახაბერ კენკიშვილი

1812 წლის კახეთის აჯანყება

1810 წლის 3 მარტს პეტერბურგში თითქმის ძალით გაიწვიეს კათოლიკოსი ანტონ II. 1811 წლის 30 ივნისს ძალაში შევიდა რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის დადგენილება, რომლითაც საქარ¬თველოში გაუქმდა ეკლესიის დამოუკიდებლობა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას სათავეში ჩაუდგა წმინდა სინოდის განყოფილება _ დიკასტერია. მის მეთაურად დაინიშნა მიტროპოლიტი ვარლამ ერისთავი, რომელსაც საქართველოს ეგზარქოსის ტიტული ებოძა.

ასე დარჩა ქართლ-კახეთი უმეფოდ და უპატრიარქოდ.

ამას მეორე უბედურებაც დაერთო: 1809-დან 1816 წლამდე საქართველოში შავი ჭირი მძვინვარებდა და უპატრონო, მშიერ-მწყურვალ ქვეყანას მუსრს ავლებდა. ჭირმა იმერეთის მოსახლეობის მეოთ¬ხედიღა დატოვა. არც სამცხისა და ქართლ-კახეთისთვის დაუყრია ხეირი... შეშინებული ხალხი მთასა და ტყეში გაიხიზნა. 1811 წლის მოუსავლიანობამ ხომ სულერთიანად მოუთავა ხელი ისედაც სასოწარკვეთილ ერს...

მაგრამ ქართველებისთვის ყველა ჭირზე უჭირესი მაინც რუსის ჩექმა, რუსის ბატონობა იყო, რომელიც `ისე ეპყრობოდა საქართველოს, როგორც ველურ ტომს, როგორც უმნიშვნელო და გათახსირებულ სახანოს~ (ი. ფრონელი).

მოხელეთა ზღვარგადასული თვითნებობა ჯარისკაცებსაც აგულიანებდა. კახეთის ოლქის უფროსთან, გენერალ პორტიაგინთან, საჩივრით მისული გლეხები ასეთი პასუხით გაისტუმრეს: რომ ჩივით, რას დაგვაკლებთ; გასწით, წაეთრიეთ, სამართალს ვინ გაგიჩენთ, @B ლჯ

შემდგომში, როცა მთავარმართებელმა პაულიჩმა კახელებს აჯანყების მიზეზი ჰკითხა, მიუგეს: `რომელიც კაცს მწუხარება და საჩივარი ქონდის, კარზე არ მიგვიშვიან, კარიდამ გამოგვყრიან და კიდეც გვცემიან: წადით, ბევრი თეთრი მოიტანით და არზა ისე შემოიტანეთო... ჩვენი სამართალი ახოცილი იყო და ბევრის თეთრის მიცემით ჩვენ სამართალს ვერ ვიშოვიდით... თუ ვიჩივლებდით რასმეზედ, ერთი ღორის საჩივარი რომ გვქონოდა, ამთენს ხანს დაგვაგვიანებდის, რომ ორს იმის ფასს დაგვახარჯვინებდის და ვერც სამართალს გამოვიტანდით~.

ასეთი იყო რუსული სამართალი, მაგრამ სასურსათო უწყების მოხელეთა უსაქციელობამ ყველაფერი დაავიწყა კახელებს: კამისარ-ვახტერები ჯარისთვის სურსათის მოგროვებას რომ შეუდგებოდნენ, სათემო პოლიციასთან ერთად კალიასავით მოედებოდნენ ხოლმე სოფლებს და ბდღვირს ადენდნენ. მთავრობამ ერთი კოდი ხორბლის შესასყიდ ფასად თუ ექვსი აბაზი დააწესა, იმდენივე პური ბაზარში 4-5 მანეთამდე ღირდა. მაგრამ ტანჯვა-ვაება ამით არ მთავრდებოდა _ სანამ ქრთამს არ მისცემდი, იმ ხორბალსაც არ იღებდნენ. ჭირმა, შიმშილმა, გვალვამ, მოუსავლიანობამ პურს ფასი მეტისმეტად მოუმატა. ზოგან, ქისა ოქროც რომ გაგეღო, საერთოდ არ იშოვებოდა და ხალხი ბალახ-ბულახით იკვებებოდა. რუს მოხელეებს ეს არ ადარდებდათ; მთავრობას გამოუცხადეს, გლეხებს პური აქვთ, მაგრამ მალავენო, რაც სოფლებისთვის ეგზეკუციებისა და სამხედრო რაზმების შესევის მიზეზი გახდა.

სატრანსპორტო ბეგარამ ხომ წელში გაწყვიტა ქართლ-კახეთი. რუსეთს ირანსა და თურქეთთან ომი გაუგრძელდა და ჯარისთვის სურსათის გადასატანი ურმების, ხარ-კამეჩის გამოყვანა გლეხებს შეაწერეს. ბეგარა უზარმაზარი იყო _ 112 000 ურემი ყოველწლიურად. რამდენიმე წლის განმავლობაში ქართლ-კახეთი გამწევი საქონლისგან დაიცალა. უკან მეოცედიც არ დაბრუნებულა უვნებელი. რუსეთის მთავრობა ანაზღაურებდა ხარ-კამეჩის საფასურს, მაგრამ, ისევე როგორც პურის ფასი, ეს ქირაც სიმბოლური იყო.

საქონელთან ერთად მეურმეებიც ავადდებოდნენ და იხოცებოდნენ. სარჩო რომ გამოელეოდათ, უფროსობა მიწაზე მიუთითებდა _ ეს ჭამეთო. კაცი ავად რომ გახდებოდა, სცემდნენ _ ტყუიო. ხარი რომ დაუვარდებოდათ, მის ნაცვლად უღელში მეურმეს აბამდნენ. ბეგარისთვის ხარის გამოყვანა ორი საათით რომ დაეგვიანებინათ, დედაკაცებს იჭერდნენ და იმათ აბამდნენ ურმებში...

რუსი ჯარისკაცებისა და ოფიცრებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვა-გლეჯას, დასახიჩრებას, ხოცვასა და შეურაცხყოფას ბოლო არ უჩანდა. მირზაანელები სწერდნენ პაულიჩს, თუ როგორ შეკრეს ქამრებით, ცოლები კი თვალწინ გაუუპატიურეს...

აი, რას ჰყვებიან ეგზეკუციაზე გურჯაანელები: `ჩაგვიყენეს ეგზეკუცია _ დრაგუნის ნარვის პოლკის სალდათები, რომელნიცა გვცემდნენ უწყალოდ. მოაბეს ამათ გლახა ჯიყაშვილს წვერზედ თოკი და სოფელი მოატარეს... გვართმევდინ უფასოდ პურსა, ღვინოსა, ქათამსა, ქერსა, ცხვარსა და სხვა სასმელ-საჭმელსა~. ბოდბელები კი ჩიოდნენ: `ყიზილბაშ-ოსმალოს და ლეკსაც ვჭერივართ და მისთანა რისხვა არ მოსდგომია საქართველოს, რომ ახლა დაემატა. ყოველ მწუხარებას ვითმენდით ხელმწიფის ერთგულებისთვის, მაგრამ ცოლის მკლავიდან აყენება ვერ მოვითმინეთო~.

კახელებს ნეტარხსენებული მეფე ერეკლე ენატრებოდათ და მთელი სასოება ალექსანდრე ბატონიშვილისკენ ჰქონდათ მი¬პყრობილი, რომელიც იმ დროს ირ¬ან¬ის შაჰის კარს იყო შეფარებული. ალექსანდრეც წერილს წერილზე უგზავნიდა ქართლ-კახეთის თავადებს და მამულისთვის საბრძოლველად აგულიანებდა ქართველობას.

საგულისხმოა ერთი წერილი, რომელიც ალექსანდრემ მის `გონებაზე მოსვლის~ მოსურნე რტიშჩევს მისწერა. აი, რას ეუბნება ბატონიშვილი რუს გენერალს: `თუ თქვენ მამულისათვის იღვწით, მე რად `მყვედრით მამულისა და ხალხისა ჩემისათვის ერთის ცხენის შემოძუგძუგებასა... ცხოვრება ესე არა არს ცხოვრებად წოდებად, არამედ განგრძელებული ტანჯვა მამულისა ჩემისათვის~.

ყველაფერი მზად იყო აჯანყებისთვის, გლეხიც და თვადიც, ერიც და ბერიც ერთი სურვილით იყვნენ ანთებულნი: როგორმე რუსი საქართველოდან გაედევნათ.

1812 წლის 31 იანვარს, განთიადისას, ახმეტაში მოულოდნელად ეკლესიის ზარებს ჩამოჰკრეს. ეკლესიის ეზოში მისულ ხალხს შეატყობინეს, თელავიდან პურის მოსაკრებად `ზეკუცია~ მოდისო. კახელებმა იარაღს მოჰკიდეს ხელი და მეორე დღეს თელავიდან მოსული დრაგუნები სროლითა და ცემა-ტყეპით გაყარეს. იმავე დღეს თიანეთში ასეთი რამ მოხდა: სოფლისეკლესიის გალავანში შეკრებილი თიანელები თათბირობდნენ, როგორ მოვიშოროთ საეგზეკუციოდ მოსული სალდათებიო. ამ დროს მოთათბირეთა წრე გაარღვია სახე და გონებაარეულმა დედაკაცმა, მივარდა ქმარს, ქუდი მოხადა, დაახურა თავისი მანდილი და დაჰკივლა: `დღეიდან შენ ცოლი და მე ქმარი, ნამუსი ამხადეს და შური უნდა ვიძიოო~, _ დაბნეულ კაცს ხანჯალი წაჰგლიჯა და შეურაცხმყოფელისკენ გაიქცა. გამწარებულ ქალს გაჰყვნენ თიანელნი და იქ დაბანაკებული 150 რუსი ჯარისკაცი ერთიანად ამოწყვიტეს. ამბოხებულები მატანში გადასულან. არაგვისპირელებიც აჯანყებულან, დარევიან ფასანაურსა და ანანურში გამაგრებულ რუსებს და დაუხოცავთ.

აჯანყებას იმთავითვე ორგანიზებული ხასიათი მიუღია. მოჯანყეებს სათავეში ჩასდგომიან სვიმონ და ადამ ბებურიშვილები, ნინია ანდრონიკაშვილი, ოთარ ქართველიშვილი. ერთ-ერთი მეთაურთაგანი გახლდათ ერეკლეს მდივანყოფილი ოთარ ქობულაშვილი (აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მისი ძმა ევგენი, ფშავ-ხევსურეთის პრისტავი, აქტიურად მონაწილეობდა აჯანყების ჩახშობაში).

აჯანყებულებმა თელავს ჩააღწიეს და ციხეში შეხიზნული რუსული გარნიზონი ალყაში მოაქციეს. შეშინებული პორტიაგინი დამხმარე რაზმს ითხოვდა, მაგრამ გომბორიდან წასულმა დამხმარე ძალამ საგრძნობი დანაკარგით ძლივს მიაღწია თელავის ციხეს. ამ ბრძოლაში რუსებს 150 კაცი დაუკარგავთ. აჯანყებულთაგან დაღუპულა ამბოხების ერთ-ერთი ხელმძღვანელი პაატა ჯანდიერი.

მოვლენები სწრაფად და გონივრულად ვითარდებოდა. ქართველებმა გადაკეტეს გზები და რუსებს შეერთების საშუალება არ მისცეს. მეამბოხენი ხუთ თებერვალს სიღნაღს შემოადგნენ. ქიზიყელებმა 5 თებერვალს ქოდალოს ციხე აიღეს, 6 თებერვალს კი სიღნაღი გაათავისუფლეს. პოტო წერდა: `სიღნაღის ეკლესიის გვერდით, რომელიც ოდესღაც გალავანს შიგნით მდებარეობდა, დღესაც ჩანს ყორღანი... ეს რუსების სამარეა, რომლებიც კახეთის აჯანყების დროს დაუხოცავთო~.

უამრავი ხალხი დაუკარგავთ რუსებს. ათამდე კაცს თუ უშველია თავისთვის გაქცევით. ამავე დღეს კახელებმა ოთარ ქობულაშვილის მეთაურობით სოფელ ბოდბისხევში დაბანაკებული, 1801 წელს ავარიის ხანზე გამარჯვებით განთქმული ყაბარდოს პოლკი დაამარცხეს. გადარჩენილმა 40-მა ჯარისკაცმა ყარაღაჯის ციხეს შეაფარა თავი. აქ მოეყარათ თავი დამარცხებული რაზმების ნარჩენებს. ვინ იცის, რა ეშველებოდათ ციხეში შეყუჟულ რუსებს, ყაფლან ყაფლანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო ათასი მეომრით. ამტყდარა საშინელი ბრძოლა. ამ შეტაკებისას მოუკლავთ აჯანყების ხელმძღვანელები სვიმონ მებურიშვილი და ოთარ ინანიშვილი.

აჯანყებულებმა ყარაღაჯის ციხე ვერ აიღეს, მაგრამ სრულ ბლოკადაში მოაქციეს. ბდღვირი ადინეს მანავსა და კაკაბეთში დაბანაკებულ რუსებსაც.

გენერალ პორტიაგინს, კახეთის ოლქის უფროსს, მთლად აერია დავთრები და რვა თებერვალს, ღამით, თბილისში გაიპარა.

35 ჯარისკაციღა ახლდა უძლეველ გენერალს.

ამგვარად, თებერვლის შუა რიცხვებში შიდა და გარე კახეთი თითქმის გაიწმინდა რუსეთის მხედრობისგან. რუსები ახლა თბილისის გამაგრებას შეუდგნენ. ამასობაში აჯანყებულ ფშავ-ხევსურთა და თიანელთა ათასკაციანმა რაზმმა დუშეთი და ფასანაური აიღო და ანანურს შემოერტყა. მთიულებმა, მოხევეებმა, გუდამაყრელებმა მასობრივად იწყეს აჯანყებულთა მხარეზე გადასვლა. მოსალოდნელი იყო, ქართველებს რუსეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაეგდოთ ხელში. ამ დროს რუსებს ისევ ქართველები მოევლინენ მხსნელებად. განსაკუთრებით გასარჯულან კონსტანტინე მუხრანბატონი, გაბრიელ ყაზბეგი და თორნიკე ერისთავი(!). გაბრიელ ყაზბეგი მთაში აჯანყების დაწყებისთანავე ვლადიკავკასში გადასულა და სუზდალის პოლკის ასეული გადმოუყვანია, მუხრანბატონი თბილისში ჩამოსულა დამხმარე რაზმისთვის, კონსტანტინე კი გორში დაბანაკებულ პოდპოლკოვნიკ უშაკოვის ბატალიონს ელოდა.

არაგვის ხეობაში პირველად ქართული პოლკის ოთხი ასეული ავიდა და ღართისკარში დაბანაკდა. ანანურისკენ გაემართა უშაკოვის მეთაურობით გრენადერთა ხუთი ასეულიც. აჯანყებულებმა ბრძოლით დაიხიეს უკან და დუშეთში გამაგრდნენ. უშაკოვმა დუშეთის რკალი გაარღვია და ციხე აიღო. მეამბოხეებიც იძულებულები გახდნენ, ალყა მოეხსნათ და ომში ჩაბმულიყვნენ.

17 თებერვალს რუსებმა აჯანყებულთა საბრძოლო შტაბი გაანადგურეს. ამ ბრძოლებში უშაკოვს გვერდით ედგა მუხრანბატონი, რომელმაც ფიცით მიიტყუა კობიანთკარის არაგველები და რუსებს ამოაწყვეტინა. მანვე გადაწვა კობიანთკარი და დუშეთი. არაგველებს იოსებ სიდამონიშვილის მეთაურობით კახელები მიეშველნენ, მაგრამ უშაკოვის ბატალიონმა 21 თებერვალს ისინიც დაამარცხა. იმავე დღეს გადმოუყვანია ყაზბეგს რუსის ჯარიც, რომელსაც ფასანაური დაუკავებია.

ამასობაში კახელებს მარტყოფის პოსტი დაურბევიათ. შეშინებულ მეთაურობას მარტყოფში ოთხასკაციანი პოლკი გადაუსვრია, რომელთან ერთადაც ყოფილა ქართველ თავადაზნაურთა ჯგუფი: ერეკლეს სიძე, თეკლა ბატონიშვილის მეუღლე ვახტანგ ორბელიანი, მისი ძმა ლუარსაბი და სხვანი. აჯანყებულები ბრძოლას მოერიდნენ. ამასობაში დამხმარე ძალაც მოუვიდათ. შეტაკება 19 თებერვალს მომხდარა ხაშმთან. ბრძოლის შემდეგ ამბოხებულები სამების მხარეს გამაგრებულან.

ბრძოლა თანდათან უთანასწორო ხდებოდა. აჯანყებულებს ორმოცკაციანი დეპუტაცია გაუგზავნიათ ერევანში მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილთან და ჩამობრძანება უთხოვიათ. ალექსანდრე ამ დროს სპარსელთაგან ელოდა დახმარებას. 20 თებერვალს ქართლიდან კახეთში გადავიდა და აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე. ბევრი უცდიათ მეამბოხეებს გაბრიელ ყაზბეგის გადმობირება, ტახტიც კი შეუთავაზებიათ მისთვის, მაგრამ გაბრიელს მაინც რუსული ჩინ-მედლები ურჩევია.

ამასობაში თბილისს დაბრუნებულა საქართველოს მთავარმართებელი მარკიზი ფილიპე პაულიჩი. მას ძალების მობილიზაცია მოუხდენია, მხედრობის ნაწილისთვის არაგვის ხეობის გაწმენდა დაუვალებია, თვითონ კი 1500 ქვეითითა და არტილერიით, ყაზახთა პოლკითა და ქართველ თავადაზნაურთაგან შემდგარი რაზმით ხაშმს შესევია. `მოასრევინა უძალონი ქრისტიანენი მარკიზმან, ვიდრე ასამდე ჩვილითურთ~, _ წერს დავით ბატონიშვილი. ხიშტებზე აუგიათ ოთხმოცდაათი წლის მონაზონი მარიამ აბაშიძე, მეფე ერეკლეს დეიდაშვილი...

ხაშმიდან პაულიჩი ჯერ საგარეჯოში გადასულა, შემდეგ _ მანავსა და კაკაბეთში. სიღნაღისკენ რომ დაძრულა, ლაკბეს ხიდთან ქიზიყელი თავადები დახვედრიან და შენდობა უთხოვიათ, რის გამოც გამწარებულ გლეხებს მათი სახლები გადაუწვავთ.

სიღნაღიდან პაულიჩს თელავისკენ აუღია გეზი, მაგრამ ჩუმლაყთან მოულოდნელად მეამბოხენი დასხმიან თავს და დაუმარცხებიათ. ამ ბრძოლაში მოუკლავთ აჯანყებულებს ვახტანგ ორბელიანი _ ერეკლეს სიძე, ხოლო მარკიზის ადიუტანტი, თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძე, ფეხში დაუჭრიათ.

ბრძოლის შემდეგ მარკიზს ხლებია მარტყოფის მოურავი ნინია ზურაბიშვილი, რომელსაც გარკვეული საზღაურის ფასად მისთვის მეამბოხეთა რაზმის ადგილსამყოფელი უჩვენებია. მარკიზს გაუფანტავს ქართველები, ხუთი მათგანი კი დაუტყვევებია და ჩამოუხრჩვია. კახელებს, ამის სანაცვლოდ, პაულიჩის თვალწინ ხუთი სალდათი ჩამოუკიდიათ თოკზე.

დიდი `ღვაწლი~ გაუწევია ერეკლე მეფის კარის მოძღვარს არქიმანდრიტ ელეფთერ ზუკაკიშვილს _ ვითომდა მოსალაპარაკებლად მისული, კახელთა შეიარაღებაზე ცნობებს აწვდიდა მარკიზს.

პაულიჩმა ხერხი იხმარა და ზავი შესთავაზა კახელებს, დაჰპირდა, მეფის ძეთ მოგგვრით რუსეთიდანო. გახარებულ ხალხს მისთვის სამასი რუსი ტყვე გადაუცია.

მარტის დასაწყისისთვის ბრძოლები, ფაქტობრივად, შეწყდა. მარკიზის ჯარებმა წინააღმდეგობის გარეშე მიაღწიეს თელავს. სამაგიეროდ, თიანელებს სასტიკი ბრძოლა გაუმართავთ უშაკოვისთვის. ხალხი მტრის ხიშტებს ზედ აწყდებოდა, კლდეებზე ცვიოდა და მტერს არ ნებდებოდა. 17 მარტს პაულიჩმა სოფელი არტანი გადაწვა და აჯანყება, როგორც თვითონ ეგონა, საბოლოოდ ჩაახშო.

მალე პაულიჩი საქართველოდან გაიწვიეს. მთავარმართებლად რტიშჩევი დანიშნეს. გამოსვლები თითქოს მიწყდა. ერთი ხანობა ენისელში, გრემში, შილდასა და საბუეში შფოთავდნენ კახელნი, რადგან, მიუხედავად გამოცხადებული ამნისტიისა, აჯანყებულთა ზოგიერთი ხელმძღვანელი მაინც დააპატიმრეს და დასაჯეს, მაგრამ ხელისუფლების გაგზავნილმა დელეგაციამ ს. ავალიშვილისა და არქიმანდრიტ ილარიონის ხელმძღვანელობით მალე დაამშვიდა ისინი.

აპრილის ბოლოს აჯანყებამ ერთდროულად თელავს გაღმა მხარესა და ქიზიყში იფეთქა. დაღესტნიდან გადმოვიდნენ ლეკებიც და სოფელ ართანასთან მეამბოხეებთან ერთად ბრძოლა გაუმართეს რუსებს. 30 აპრილს ქართველებს ბრძოლა წაუგიათ, მეორე დღეს კი სასტიკად დაუმარცხებიათ რუსები. ჯარის გადარჩენილ ნაწილს თელავის ციხისთვის შეუფარებია თავი. აჯანყებულან ანაგელებიც და პურის საწყობებს დასცემიან. ისევ მაზრის უფროსს ორბელიანს უვაჟკაცია, ხორბლის მარაგი სიღნაღში გადაუტანია და შიმშილისგან უხსნია ქიზიყში მდგარი რუსები.

შეშინებულ მთავარმართებელს იმერეთიდან და შიდა ქართლიდან გადმოუყვანია დამატებითი ძალები და მთელ სამხედრო გზაზე სადღეღამისო მორიგეობა დაუწესებია. ქიზიყში გადაისროლეს საჯარისო შენაერთები დიმიტრი ორბელიანის მეთაურობით. 10 მაისს მთავარმართებლის ბრძანებით გენერალი სტალი მეამბოხეთა მეთაურებს ერისთავსა და ჯორჯაძეს შეხვდა და ხელშეუხებლობა აღუთქვა, რის შემდეგაც აჯანყებულნი დაიშალნენ. 20 მაისს დიმიტრი ორბელიანი თელავში ჩავიდა, კახეთის გაღმა მხარის მოსახლეობას ჩამოუარა და აჯანყების მონაწილეებს მთავრობის სახელით შეწყალება აღუთქვა (არ დაგვავიწყდეს _ ამ დროს საგაზაფხულო, სამეურნეო სამუშაოებია გაჩაღებული). აგვიანებდა ალექსანდრე ბატონიშვილი. დიდი დაგვიანებით მოვიდა ლეკთა დამხმარე ჯარი. ენისელის მოურავი ჯორჯაძე მთავრობას შეურიგდა. ასევე მოიქცა რაფიელ ერისთავიც _ მეამბოხეები სახლებში გაუშვა და თვითონაც მორჩილება გამოაცხადა.

ამრიგად, მაისის ბოლოს კახეთი დაცხრა, მაგრამ ბრძოლის ჟინი ჯერ კიდევ არ ჩამქრალიყო. კახელები ალექსანდრე ბატონიშვილს ელოდნენ. მისი წერილები მამულისთვის საომრად აღანთებდა ქართველობას. ერთ-ერთ წერილში ალექსანდრე ასე მიმართავდა კახელებს: `მზეებრ თქვენი სახელი ყოველსა ქვეყანასა მოჰფინეთ და განსვენებული, თქვენ მიერ საყვარელი მეფე ადიდეთ და იმის შვილებსაც თავისუფლებისა გიხაროდენისა ხმასა გვცემთო... მეფის ირაკლის მადლითნო პირმშონო შვილნო და ჩემო უსაყვარლესო ძმანო! თუმცა წერილით გეხმაურებით, მაგრამ ასე მგონია, თქვენში ვზივარ და პირისპირ საყვარლად შემოგფრფენთ და გეხმაურებითო~.

მთის სალოცავებისთვის შესაწირი გაუგზავნია ბატონიშვილს და წყალობა გამოუთხოვია.

მიუხედავად იმისა, რომ საზღვრებზე მუდმივი მეთვალყურეობა იყო დაწესებული, 1812 წლის პირველ სექტემბერს ალექსანდრე საქართველოში შემოპარულა და თიანეთში ასულა. ბატონიშვილის ჩამოსვლით კახელებს გული მიეცათ, იარაღს მოჰკიდეს ხელი და მისკენ გაეშურნენ. მათ შორის იყვნენ თუშეთის მოურავი ედიშერ ჩოლოყაშვილი, მისი ძმა და 50 მხლებელი. ქართლიდან ამოსულან ნიკოლოზ და პავლე ავალიშვილები, ელიოზ და ზაქარია ციციშვილები, საციხურელი მღვდელი იოსებ ელვიძაშვილი და სხვანი.

თიანეთი აჯანყების კერად იქცა. ფეხზე დადგა მთელი კახეთი, ქიზიყი და ფშავ-ხევსურეთი. ბატონიშვილის გვერდით იბრძოდნენ ქართლელებიც.

ალექსანდრემ აჯანყებულები სამად გაყო. პირველმა ჯგუფმა, რომელსაც თადია ჩოლოყაშვილი მეთაურობდა, თბილისიდან კახეთისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. ქართლიდან თიანეთისკენ მიმავალი გზების ჩაკეტვა ომან ჩოლოყაშვილის რაზმს დაევალა, ხოლო მესამე ნაწილს გორჯასპ ნათალიშვილისა და პაპოა აბელაშვილის სარდლობით სამხედრო გზისთვის უნდა ედევნებინა თვალყური და საქართველოში შემოსვლის საშუალება არ მიეცა. ცალკე რაზმი მოქმედებდა საგურამოში, ხოლო მთავარი ძალებით ალექსანდრე ბატონიშვილი კახეთისა და ქიზიყის გათავისუფლებას აპირებდა. მან კიდევ ერთხელ მისწერა წერილი გაბრიელ ყაზბეგს და მის მხარეს გადასვლა სთხოვა, მაგრამ მაინც ვერ მოტეხა.

შეშინებულმა რტიშჩევმა ბორჩალოდან ღართისკარის გასამაგრებლად რაზმი გაგზავნა. იმერეთიდან გენერალი სიმონოვიჩი გადმოიყვანეს და თბილისის სამხედრო მეთაურობა ჩააბარეს, ხოლო უშაკოვი ახმეტიდან თიანეთს გადავიდა.

14 სექტემბერს გენერალი ტიხონოვსკი ყაბარდოს პოლკით ალავერდს გაეშურა _ ფიქრობდნენ, რომ ამ დღეს ალექსანდრე მეფედ ეკურთხებოდა, ბატონიშვილი კი თავისუფლად გადავიდა სოფელ შილდაში, სადაც 1200 ლეკი ელოდა.

მთავრობის ჯარით კახეთისკენ დაძრულა გენერალი ორბელიანი, მოტყუებულ ტიხონოვსკის კი შილდაში დაბანაკებული მეამბოხეებისთვის შეუტევია. პირველი ბრძოლა ქართველებს მოუგიათ, მეორეში კი რუსებს გაუმარჯვიათ და სოფელი გადაუწვავთ. ამასობაში ტიხონოვსკის ორბელიანის ჯარიც შეერთებია. პირველი შეტაკებისას, გურჯაანის ბოლოს, ორბელიანს 200 ჯარისკაცი დაუკარგავს და გაცოფებულს ქიზიყში შეპყრობილი აჯანყების მონაწილე იოსებ მამანაშვილი მეამბოხეთა დასაშინებლად საჯაროდ ჩამოუხრჩვია. 28 სექტემბერს ალექსანდრეს ხალხი დასცემია ორბელიანის ჯარს და ასამდე ჯარისკაცი კიდევ მოუკლავს. განრისხებულ ორბელიანს პასუხად ფაშანი გადაუწვავს. ასევე მოქცევია შილდას, ბატონიშვილის ერთ-ერთ საყრდენ სოფელს.

5 ოქტომბერს ორბელიანსა და ალექსანდრე ბატონიშვილს შორის კიდევ ერთი შეტაკება მომხდარა. სასტიკ ბრძოლაში ალექსანდრეს 70 კაცი დაუკარგავს. მის გაწვრთნილ რეგულარულ ჯარს რუსებთან მასშტაბური ომის წარმოება გაუჭირდებოდა, ამიტომ ბატონიშვილმა პარტიზანული ომი წამოიწყო.



ორბელიანმა ალექსანდრეს დევნაში მრავალი სოფელი გადაწვა და ურიცხვი უდანაშაულო ადამიანი ამოწყვიტა. 10 ოქტომბერს შილდაში ის კიდევ ერთხელ შებრძოლებია კახელთა და ლეკთა ლაშქარს, სადაც ალექსანდრეს მეომრები დამარცხებულან.

აჯანყებულებმა გორჯასპ ნათალიშვილის მეთაურობით სამხედრო გზა დაიკავეს და ფასანაურში მყოფი რუსები ალყაში მოაქციეს, მაგრამ თბილისიდან გაგზავნილმა გენერალ სიმონოვიჩის ბატალიონებმა და რუსის ჯარის სხვა ნაწილებმა, რომელთაც გვერდით გაბრიელ ყაზბეგი ედგა, გზა გაწმინდეს. ამის შემდეგ სიმონოვიჩი თიანეთს გაემგზავრა, უკან დაახევინა ფშავ-ხევსურთა და თიანელთა რაზმს, რომელსაც ომან ჩოლოყაშვილი მეთაურობდა და საგურამო-ხაშმის გზით ორბელიანის რაზმს შეუერთდა.

15 ოქტომბერს ალექსანდრე ქიზიყში გადავიდა. ამ დროს მოვიდა მის დასახმარებლად ლეკთა 5000-კაციანი რაზმიც და ერთობლივად შეუტიეს სიღნაღს. ამ ომში სიღნაღელები უკვე რუსეთის მხარეს იბრძოდნენ. მათ მიეშველა ორბელიანიც ქვეითი ჯარითა და იქაური სომხებით და აჯანყებულები აიძულეს, გასცლოდნენ ქალაქს.

მომდევნო ბრძოლა მელაანთან წაუგია ბატონიშვილს და იძულებული გამხდარა, ჩალაუბნის ტყისთვის შეეფარებინა თავი. ორბელიანი ფეხდაფეხ მისდევდა.

28 ნოემბერს ალექსანდრე თავისი რაზმით ცხენდაცხენ შევარდნილა რუსულ ჯარში და ორასამდე ჯარისკაცი მოუკლავს.

ორბელიანს საჩუქრებითა და ხელშეუხებლობის პირობით მოუსყიდია ლეკები და აჯანყებული ქართველობისთვის ჩამოუშორებია. მტრის მხარეს გადასულა თვით აჯანყების ერთ-ერთი მეთაური ბარძიმ ჩოლოყაშვილი და ორბელიანისთვის მეამბოხეთა საიდუმლო ბანაკამდე გზაც უჩვენებია.

ალექსანდრემ თანამებრძოლები დაითხოვა და მათაც ტყეს შეაფარეს თავი, თვითონ ბატონიშვილი კი ჯერ თიანეთში გადავიდა, სადაც მას ციციშვილები, ავალიშვილები და კახელი თავად-აზნაურები შეუერთდნენ, იქიდან კი ფშავში.

დიმიტრი ორბელიანმა ქიზიყში ცოდვის კალო დაატრიალა. სიღნაღში საჯაროდ ჩამოახრჩო აჯანყების გმირი ჯალია ჯალიაშვილი. შემდეგ კახეთის სხვა სოფლები დაარბია და კახელი თავადები, რომლებიც რუსთა დაპირებებს ენდნენ, რტიშჩევს მიჰგვარა, მან კი ყველა გააციმბირა. ხალხის დაწიოკებაში ორბელიანს ქიზიყის მოურავი იოსებ ანდრონიკაშვილი და ნინია ერასტიშვილი ეხმარებოდნენ. მათ გვერდით იყო არქიმანდრიტი ზუკაკიშვილიც, რომელმაც სოფლის მღვდელ-დიაკვნები შეიპყრო და საკუთარი ხელით ნაცემი თბილისში მიჰგვარა ეგზარქოს ვარლამს. მარტო `მღვდელნი კახეთისა და ქიზიყისა რიცხვით ოცნი გაკრიჭეს და დაჰკარგესო~, _ ბრძანებს ბაგრატ ბატონიშვილი.

ალექსანდრე ფშავიდან ხევსურეთში გადასულა. განრისხებულ მთავარმართებელს ფშავლებისთვის შეუთვლია: თუ ბატონიშვილს არ მომგვრით, ცხვრის საძოვარს ხომ ვერ ეღირსებით, _ უარესსაც ვიზამ, ქვას ქვაზე არ დავტოვებო. ამ მუქარით აღშფოთებული ფშაველ-ხევსურები საომრად მომზადებულან. ოთხი მხრიდან დაძრულა რუსის ჯარი ხევსურეთისკენ. 3000-ზე მეტი იყო რუსი. მათ მხარდამხარ მიაბიჯებდნენ 100 თუში და გენერალი გაბრიელ ყაზბეგი მოღალატე მთიელებითურთ. `ძალიან ღელავდნენ რუსები, _ მოგვითხრობს ა. გელაშვილი, _ ისინი უცხო და ურთულეს გზებზე მიდიოდნენ თავისუფალ და უშიშარ ფშავ-ხევსურთა წინააღმდეგ~.

25 მაისს გუდამაყრის ხეობიდან ასულ ნიჟეგოროდელებს თვალი მოუკრავთ მოწინააღმდეგისთვის: `ერთ უდნობი თოვლით დაფარულ მწვერვალზე იდგნენ ხევსურები. მზის კაშკაშა სხივები ირეკლებოდა მათ ფარებზე, ჯაჭვებსა და მუზარადებზე~ (პიტო).

30 მაისს რუსები ლებაისკარში შეერთებულან და ხელჩართული ბრძოლაც დაწყებულა. პირველივე შეტაკებისას რუსების ოთხივე რაზმს დიდი დანაკარგი განუ¬ც¬დია, მაგრამ 31 მაისს მაინც აუღიათ ბარისახო, 1 ივნისს კი _ სოფელი ღული. ბრძოლის ველზე 700-მდე ხევსური დაეცა.

ამის შემდეგ რუსების 2500-კაციანი ნაწილი შატილს მიადგა. ამ ბრძოლაში 600-მდე ამბოხებული ხევსური და მათ დასახმარებლად გადმოსული ქისტი მეომარი დაღუპულა. ალექსანდრეს თავი ქისტეთისთვის შეუფარებია. რუსებს 6 სოფელი გადაუწვავთ, უკან მობრუნებულებს კი ხევსურეთის ოცზე მეტი სოფელი მიუციათ ცეცხლისთვის.

ასე დასრულდა კახეთის აჯანყება _ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ქართველთა ვაება ამით არ დამთავრებულა; ჯერ კიდევ ღია იყო ერთ დროს სამოყვროდ გაღებული დარიალის კარი, საიდანაც `ჟამითი ჟამად მოჰბერავდა სიკვდილის სუსხი და მოსწყვეტდა თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველებს~.

ჟურნალი ”კარიბჭე”.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კახეთი   Fri Aug 17, 2012 9:58 am



http://saunje.ge/index.php?id=1260&lang=ka - გ.ცინაძე - რუსეთ - საქართველოს ომი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კახეთი   Sat Aug 18, 2012 11:13 am

გიორგი ცინაძე

რუსეთ – საქართველოს ომი

კახეთი 1812 წელი


200 წელი გავიდა რუსეთ - საქართველოს ურთიერთობის ისტორიის მორიგი სისხლიანი ფურცელიდან, 1812 წლის მოვლენებიდან. ეს არ იყო აჯანყება, რადგან: 1.არ იყო კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული შეიარაღებული წინააღმდეგობა, რადგან რუსეთის იმპერიის მმართველობას საქართველოში არ გააჩნდა არავითარი სამართლებრივი საფუძველი, მათ შორის არც რუსეთის იმპერიის უმთავრესი არგუმენტი - საქართველოს სამეფო-სამთავროების მხრიდან გაფორმებული ქვეშევრდომობაში მიღების ხელშეკრულებები. 2.არ იყო გლეხთა აჯანყება და დაპირისპირება სოციალურ ფენებს შორის, რადგან ამ მოვლენებში საქართველოს მოსახლეობის ყველა სოციალური ფენა იყო ჩაბმული, როგორც ყმა-გლეხები, ასევე თავად-აზნაურობა და საეკლესიო პირები. 3.არ იყო აჯანყება ეკონომიკურად გაუსაძლისი პირობების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შავი ჭირი მძინვარებდა, რომელსაც ზედა დაერთო მოუსავლიანობა და რუსეთის საომარი კამპანია ირან-ოსმალეთთან, რომლისათვის საჭირო რესურსების ამოღება საქართველოს მოსახლეობიდან ხდებოდა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით: "ომი ეს არის შეიარაღებული დაპირისპირება რომელიც გრძელდება ერთ წელიწადზე მეტ ხანს და იღუპება ათასსზე მეტი ადამიანი" რუსეთ - საქართველოს შეირაღებული დაპირისპირება, 1812 წლის 31 იანვრიდან – 1813 წლის ზაფხულამდე, 15-თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, განადგურდა ათობით დასახლება და დაიღუპა რამოდენიმე ათასი ადამიანი! ხოლო მისი წარმოშობის უმთავრესი მიზეზი გახლდათ: რუსეთის იმპერიის უსამართლობის, უზნეობისა და არაადამიანური დამოკიდებულების პოლიტიკა საქართველოსადმი - "ისე ეპყრობოდა საქართველოს, როგორც ველურ ტომს, როგორც უმნიშვნელოსა და გათახსირებულს" (ი.ფრონელი).
საქართველოში სამეფო ხელისუფლების გაუქმების და ბაგრატიონთა სამეფო კარის რუსეთის იმპერიის სიღრმეებში განდევნის შემდგომ, ჩვენმა „ერთმორწმუნე“ რუსეთის იმპერიამ, კათალიკოსი ანტონ II რუსეთში ძალით გადაასახლა, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა. ქართველები როგორც საერო ისე სასულიერო ხელისუფლების გარეშე დარჩნენ და რიგითი ქართველისათვის სამართალი მხოლოდ ფარატინა ფუცელზე ნაწერად დარჩა – "რომელიც კაცს მწუხარება და საჩივარი ქონდის, კარზე არ მიგვიშვიან, კარიდამ გამოგვყრიან და კიდეც გვცემიან: წადით, ბევრი თეთრი მოიტანით და არზა ისე შემოიტანეთო… ჩვენი სამართალი ახოცილი იყო და ბევრის თეთრის მიცემით ჩვენ სამართალს ვერ ვიშოვიდით… თუ ვიჩივლებდით რასმეზედ, ერთი ღორის საჩივარი რომ გვქონოდა, ამდენს ხანს დაგვაგვიანებდის, რომ ორს იმის ფასს დაგვახარჯვინებდის და ვერც სამართალს გამოვიტანდით" უსამართლობას თან სდევდა, ქართველისათვის ყველაზე მიუღებელი – აბსოლიტური უზნეობა, ქალისა და ოჯახის შეურაცხყოფა, რუსი მოხელეები არაადამიანურად ექცეოდნენ უდანაშაულო მოსახლეობას, მათრახებით სიკვდილის პირამდე სცემდნენ, უღელში აბამდნენ ქალებს, ქმრების თვალწინ ნამუსს ხდიდნენ მათ ცოლებს,არ ინდობდნენ არც ბავშვებსა და მოხუცებს. სამუშაოზე ძალით მირეკილ მოსახლეობას შიმშილზე დაჩივლებისას მიწაზე მიუთითებდნენ ეგ ჭამეთო. და სხვა უამრავი ამგვარი ფაქტი: მირზაანელები შეკრეს ქამრებით, ცოლები კი თვალწინ გაუუპატიურეს… გურჯაანელები: "ჩაგვიყენეს ეგზეკუცია, დრაგუნის ნარვის პოლკის სალდათები, რომელნიცა გვცემდნენ უწყალოდ. მოაბეს ამათ გლახა ჯიყაშვილს წვერზედ თოკი და სოფელი მოატარეს… გვართმევდინ უფასოდ პურსა, ღვინოსა, ქათამსა, ქერსა, ცხვარსა და სხვა სასმელ-საჭმელსა". ბოდბელები: "ყიზილბაშ-ოსმალოს და ლეკსაც ვჭერივართ და მისთანა რისხვა არ მოსდგომია საქართველოს, რომ ახლა დაემატა. ყოველ მწუხარებას ვითმენდით, მაგრამ ცოლის მკლავიდან აყენება ვერ მოვითმინეთო". 1812 წლის 31 იანვარს განთიადისას, ახმეტაში ეკლესიის ზარების რეკვით ამცნეს მოსახლეობას თელავიდან პურის მოსაკრებად მოსული "ზეკუციის" შესახებ, ეს გახდა განაწამებ ქართველთა მომინების ფიალის ბოლო წვეთი. სახელდახელოდ, კეტებითა და ბარ-თოხებით შეიარაღებული ახმეტელები რუს მოხელეებს დაერივნენ და იფრინეს. იმავე დღეს თიანეთში ასეთი რამ მოხდა: სოფლის ეკლესიის გალავანში შეკრებილი თიანეთელების წრე გაარღვია სახე და გონება არეულმა დედაკაცმა, იგი რუს სალდათებს გზაში დაეჭირათ და ნამუსი აეხადათ, (ესეც კი არ ეკმარებინათ საშოში ძაბრი ჩაედგათ და შიგ ძმარი ჩაესხათ) მივარდა ქმარს, ქუდი მოხადა, დაახურა თავისი მანდილი და დაჰკივლა: "დღეიდან შენ ცოლი და მე ქმარი, ნამუსი ამხადეს და შური უნდა ვიძიოო". ქმარს წელზე დაკიდებული ქარქაშიდან ხანჯალი გასტაცა და გალავნიდან გავარდა, ერთხმად დაიგრიალეს შეკრებილმა თიანეთელებმა და დედაკაცს უკან მიჰყვნენ, რუსთა ყაზარმებს დაეცნენ და 150 რუსი ჯარისკაცი ერთიანად ამოწყვიტეს. ომის ცეცხლმა ელვის სისწრაფით დაიწყო გავრცელება, ფშავ-ხევსურთა და თიანელთა ათასკაციანმა რაზმმა დუშეთი და ფასანაური აიღო და ანანურს შემოერტყა. მთიულები, მოხევეები და გუდამაყრელები მასიურად ჩაერთვნენ სამშობლოს განსათავისუფლებლად ბრძოლაში. მოჯანყეებს სათავეში ედგნენ: სვიმონ და ადამ ბებურიშვილები, ნინია ანდრონიკაშვილი, ოთარ ქართველიშვილი და მეფე ერეკლეს მდივანყოფილი ოთარ ქობულაშვილი. თელავის ციხეში რუსული გარნიზონი ალყაში მოაქციეს. შეშინებული კახეთის ოლქის უფროსი გენერალ პორტიაგინი დამხმარე რაზმს ითხოვდა, გომბორიდან წასულმა რუსთა დამხმარე ძალამ საგრძნობი დანაკარგით ძლივს მიაღწია თელავის ციხეს. ამ ბრძოლაში რუსებმა 150 კაცი დაკარგეს. აჯანყებულთაგან დაიღუპა ამბოხების ერთ-ერთი ხელმძღვანელი პაატა ჯანდიერი. ქართველებმა გადაკეტეს სამიმოსვლო გზები და რუსებს შეერთების საშუალება არ აძლევდნენ. ქიზიყელებმა 5 თებერვალს ქოდალოს ციხე აიღეს, 6 თებერვალს კი სიღნაღი გაათავისუფლეს - "სიღნაღის ეკლესიის გვერდით, რომელიც ოდესღაც გალავანს შიგნით მდებარეობდა, დღესაც ჩანს ყორღანი… ეს რუსების სამარეა, რომლებიც კახეთის აჯანყების დროს დაუხოცავთ" (პოტო). კახელებმა ოთარ ქობულაშვილის მეთაურობით სოფელ ბოდბისხევში დაბანაკებული, 1801 წელს ნავარის ხაზზე გამარჯვებით განთქმული, ყაბარდოს პოლკი დაამარცხეს. გადარჩენილმა 40-მა რუსმა სალდათმა ყარაღაჯის ციხეს შეაფარა თავი, ყარაღაჯის ციხე სრულ ბლოკადაში მოაქციეს ქართველებმა, ბდღვირი ადინეს მანავსა და კაკაბეთში დაბანაკებულ რუსებს. გენერალ პორტიაგინი შერჩენილი 35 ჯარისკაცით 8 თებერვალს, ღამით თბილისში გაიპარა. თებერვლის შუა რიცხვებში შიდა და გარე კახეთი თითქმის მთლიანად გაიწმინდა დაპყრობლებისაგან. საქართველოს განსანთავისუფლებლად რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ წამოწყებულ ომში ქართველს მისი ყველაზე დიდი მტერი – ქართველი დაუპირისპირდა, რუსულ ჩინ-მედლებს დახარბებული დიდებულები, ოთარ ქობულაშვილის ძმა ევგენი, ფშავ-ხევსურეთის პრისტავი, კონსტანტინე მუხრანბატონი, გაბრიელ ყაზბეგი, თორნიკე ერისთავი, ყაფლან ყაფლანიშვილი და სხვანი(!). გაბრიელ ყაზბეგმა ბრძოლების დაწყებისთანავე ვლადიკავკაზიდან სუზდალის პოლკის ასეული გადმოიყვანა და მთელი ომის მანძილზე შეურიგებლად იბრძოდა საკუთარ თანამოძმეთა წინააღმდეგ, მისი გადმობირება არაერთგზის სცადეს, ტახტიც კი შესთავაზეს, მაგრამ გაბრეილ ყაბზეგს ქართულს რუსული ერჩინვა. კონსტანტინე მუხრანბატონი თბილისში ჩამოვიდა დამხმარე რაზმისათვის, ხოლო თორნიკე ერისთავი კი გორში დაბანაკებულ პოდპოლკოვნიკ უშაკოვის ბატალიონს ელოდა. კვლავ ამუშავდა საუკუნეების მანძილზე ისფაჰანში მჭექარე დოქტრინა: "წესადამც არს წინამბრძოლობით ქართველთა“ და უკვე რუსთა ჯარების წინამბრძოლებად იდგნენ ქართველნი, საქართველოს განთავისუფლებისათვის მებრძოლ თანამოძმეთა წინააღმდეგ. არაგვის ხეობაში ყველაზე პირველი, ქართული პოლკის ოთხი ასეული ავიდა და ღართისკარში დაბანაკდა, ხოლო ანანურისკენ გაემართა უშაკოვის მეთაურობით გრენადერთა ხუთი ასეული.
განმანთავისუფლებლებმა ბრძოლით დაიხიეს უკან და დუშეთში გამაგრდნენ, უშაკოვმა დუშეთის რკალი გაარღვია და ციხე აიღო. "არავის ძალუძს ქართველის მოსპობა ქართველზე უკეთ" - 17 თებერვალს, რუსებმა "გარუსებულ" ქართველთა წინამძღოლობით აჯანყებულთა საბრძოლო შტაბი გაანადგურეს, უშაკოვს ამის გაკეთებაში დაეხმარა კონსტანტინე მუხრანბატონი, რომელმაც ფიცით მიიტყუა კობიანთკარის არაგველები და რუსებს ამოაწყვეტინა. მანვე გადაწვა კობიანთკარი და დუშეთი. არაგველებს იოსებ სიდამონიშვილის მეთაურობით კახელები მიეშველნენ, მაგრამ უშაკოვის ბატალიონმა 21 თებერვალს ისინიც დაამარცხა. იმავე დღეს გადმოიყვანა გაბრიელ ყაზბეგმა რუსის ჯარი და ფასანაური დაიკვა.ყაფლან ყაფლანიშვილმა ათასკაციანი კაციანი რაზმით, იხსნა ყარაღაჯის ციხეში შეკეტილი რუსები განადგურებისაგა. ამ ბრძოლაში მოკლეს განმანთავისუფლებელთა მეთაურები: სვიმონ მებურიშვილი და ოთარ ინანიშვილი. კახელებმა მარტყოფის პოსტი დაარბიეს, შეშინებულმა რუსებმა მარტყოფში ოთხას კაციანი პოლკი გადაისროლეს. მათ ახლდა გარუსებულ ქართველ თავადაზნაურთა ჯგუფი: ერეკლეს სიძე, თეკლა ბატონიშვილის მეუღლე ვახტანგ ორბელიანი, მისი ძმა ლუარსაბი და სხვანი. განმანთავისუფლებლები ბრძოლას მოერიდნენ. შეტაკება 19 თებერვალს მოხდა ხაშმთან. ბრძოლის შემდეგ განმანთავისუფლებლები სამების მხარეს გამაგრდნენ. 20 თებერვალს ქართლიდან კახეთში გადავიდა და აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე. რომელის რუსეთში გადასახლება რუსებს "გამორჩათ". თბილისს დაბრუნდა საქართველოს მთავარმართებელი მარკიზი ფილიპე პაულიჩი.. პაულიჩმა სასწრაფოდ მოახდინა ძალთა მობილიზება, მხედრობის ნაწილს არაგვის ხეობის გაწმენდა და სამხედრო გიზ კონტროლი დაავალა, თვითონ კი 1500 ქვეითითა და არტილერიით, ყაზახთა პოლკით და უმთავრესი დამრტყმელი ძალის ქართველ თავადაზნაურთაგან შემდგარი რაზმით ხაშმს შეესია: "მოასრევინა უძალონი ქრისტიანენი მარკიზმან, ვიდრე ასამდე ჩვილითურთ" (დავით ბატონიშვილი) ხიშტებზე ააგეს ოთხმოცდაათი წლის მონაზონი მარიამ აბაშიძე, მეფე ერეკლეს დეიდაშვილი… ხაშმიდან პაულიჩი ჯერ საგარეჯოში გადავიდა, შემდეგ – მანავსა და კაკაბეთში. "კვლავ ბარტყობდა ღალატი საქართველოში" სიღნაღისკენ დაძურლ პაულიჩს, ლაკბეს ხიდთან ქიზიყელი თავადების ნაწილი დახვდა შენდობის თხოვნით. ღალატზე საპასუხოდ განმანთავისუფლებლებმა თავადების მამულები გადაწვეს. სიღნაღიდან პაულიჩი თელავისკენ გაემართა, მაგრამ ჩუმლაყთან მოულოდნელად დაესხნენ თავს და დაამარცხეს. ამ ბრძოლას შეეწირა რუსთა მსახური ვახტანგ ორბელიანი, ხოლო მარკიზის ადიუტანტი, თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძე, ფეხში დაიჭრა. ბრძოლის შემდეგ პაულიჩს ეახლა მარტყოფის მოურავი ნინია ზურაბიშვილი მეამბოხეთა რაზმის ადგილსამყოფელი მიჰყიდა. პაულიჩმა გაფანტა მოწინააღმდეგე, 5 დაატყვევა და ჩამოახრჩო.
კახელებმა სანაცვლოდ, პაულიჩის თვალწინ ხუთი სალდათი ჩამოკიდეს თოკზე. რუსეთის იმპერიის გამაჯრვებისთვის დიდი "ღვაწლი“გასწია ერეკლე მეფის კარის მოძღვარმა არქიმანდრიტ ელეფთერ ზუკაკიშვილმა – ვითომდა მოსალაპარაკებლად მისული, კახელთა შეიარაღებაზე დეტალურ ცნობებს აწვდიდა მარკიზს. პაულიჩმა ხერხი იხმარა, კახელებს მეფის ძის ჩამოყვანას რუსეთიდან დაჰპირდა, პასუხმაც არ დააყოვნა და კახელებმა პაულიჩს დატყვევებული 300 რუსი სალდათი გადასცეს და მარტის ბოლოს ომის ცეცხლი თითქოს მინელდა, მარკიზის ჯარებმა წინააღმდეგობის გარეშე მიაღწიეს თელავს. 17 მარტს პაულიჩმა სოფელი არტაანი გადაწვა და აჯანყება, როგორც თვითონ ეგონა, საბოლოოდ ჩაახშო. სამაგიეროდ, თიანელები მედგრად ებრძოდნენ უშაკოვსა და გარუსებულ ქართველ თავადებს, ხალხი მტრის ხიშტებს ზედ აწყდებოდა, კლდეებზე ცვიოდა, მაგრამ მტერს მაინც არ ნებდებოდა. მალე პაულიჩი საქართველოდან გაიწვიეს. მთავარმართებლად რტიშჩევი დანიშნეს. ბრძოლები თითქოს მიწყდა. ერთი ხანობა ენისელში, გრემში, შილდასა და საბუეში შფოთავდნენ კახელნი, რადგან, მიუხედავად გამოცხადებული ამინისტიისა, აჯანყებულთა ზოგიერთი ხელმძღვანელი მაინც დააპატიმრეს და დასაჯეს, მაგრამ რუსების გაგზავნილმა დელეგაციამ ს.ავალიშვილისა და არქიმანდრიტ ილარიონის ხელმძღვანელობით შეძლო მათი გარკვეული პეიოდით მოტყუება მდიდარი დაპირებებით აპრილის ბოლოს ბრძოლებმა ახალი ძალით ერთდროულად თელავს გაღმა მხარესა და ქიზიყში იფეთქა. დაღესტნიდან გადმოვიდნენ ლეკებიც და სოფელ ართანასთან ქართველებთან ერთად ბრძოლა გაუმართეს რუსებს. 30 აპრილს განმანთავისუფლებლებმა ბრძოლა წააგეს, მეორე დღეს კი სასტიკად დაამარცხეს მტერი. რუსთა ჯარის გადარჩენილმა ნაწილმა თელავის ციხეს შეაფარა თავი. ანაგელები პურის საწყობებს დაეცნენ, "იყოჩაღა" რუსთა კიდევ ერთმა მოამაგემ, მაზრის უფროსმა ორბელიანმა, ხორბლის მარაგი დროულად გახიზნა სიღნაღში და შიმშილისაგან იხსნა ქიზიყში დაბანაკებული რუსეთის იმპერიის.
შეშინებულმა რტიშჩევმა იმერეთიდან და ქართლიდან სასწრაფოდ გამოიხმო რუსული გარნიზონები, სამხედრო გზაზე სადღეღამისო მორიგეობა დააწესა. ხოლო ქიზიყში გადაისროლა საჯარისო შენაერთები რუსული ჩინ-მედლების კიდევ ერთი მაძიებელი დიმიტრი ორბელიანის მეთაურობით. რის შემდეგაც განმანთავისუფლებლები დროებით დაიშალნენ. 20 მაისს დიმიტრი ორბელიანი თელავში ჩავიდა, კახეთის გაღმა მხარის მოსახლეობას ჩამოუარა და აჯანყების მონაწილეებს მთავრობის სახელით შეწყალება აღუთქვა.განმანთავისუფლებლების მდგომარეობა უარესდებოდა, ალექსანდრე ბატონიშვილი ირანიდან დაბრუნებას აგვიანებდა(ორმოც კაციანი დელეგაცია მოქმედებების დასაწყისშივე აფრინეს მასთან ირანში, ჩამოსვლა და განმანთავისუფლებელი მოძრაობის სათავეში ჩადგომა სღხოვეს), თუმც წერილს წერილზე აგზავნიდა: "მზეებრ თქვენი სახელი ყოველსა ქვეყანასა მოჰფინეთ და განსვენებული, თქვენ მიერ საყვარელი მეფე ადიდეთ და იმის შვილებსაც თავისუფლებისა გიხაროდენისა ხმასა გვცემთო… მეფის ირაკლის მადლითნო პირმშონო შვილნო და ჩემო უსაყვარლესო ძმანო! თუმცა წერილით გეხმაურებით, მაგრამ ასე მგონია, თქვენში ვზივარ და პირისპირ საყვარლად შემოგფრფენთ და გეხმაურებითო". 10 მაისს მთავარმართებლის ბრძანებით გენერალი სტალი განმანთავისუფლებელთა მეთაურებს ერისთავსა და ჯორჯაძეს შეხვდა მოსალაპარაკებლად, ენისელის მოურავი ჯორჯაძე რუსებს შეურიგდა. ასევე მოიქცა რაფიელ ერისთავიც, შემოკრებილი ხალხი სახლებში გაუშვა, თვითონ კი მორჩილება გამოაცხადა. მაისის ბოლოს კახეთი თითქოს დაცხრა. 1812 წლის პირველ სექტემბერს ალექსანდრე ბატონიშვილი რუსების დიდი მონდომებისა და სა ზაღვრების ჩაკეტვის მცდელობის მიუხედავად, საქართველოში შემოიპარა და თიანეთში ავიდა. ბატონიშვილის ჩამოსვლით განმანთავისუფლებლებსგული მიეცათ, იარაღს მოჰკიდეს ხელი და ალექსანდრეს მიაშურწს, მათ შორის იყვნენ თუშეთის მოურავი ედიშერ ჩოლოყაშვილი, მისი ძმა და 50 მხლებელი. ქართლიდან – ნიკოლოზ და პავლე ავალიშვილები, ელიოზ და ზაქარია ციციშვილები, საციხურელი მღვდელი იოსებ ელვიძაშვილი და სხვანი. ალექსანდრე ენერგიულად შეუდგა მოქმედებების წარმართვას, არსებული ძალები სამ ნაწილად გაყო: ერთ რაზმს თადია ჩოლოყაშვილის მეთაურობით – თბილისიდან კახეთისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა დაევალა. მეორეს – ომან ჩოლოყაშვილის მეთაურობით – ქართლიდან თიანეთისკენ მიმავალი გზის, ხოლო გორჯასპ ნათალიშვილსა და პაპოა აბელაშვილს სამხედრო გზისთვის უნდა ედევნებინათ თვალყური და რუსების დამატებითი ძალებისათვის საქართველოში შემოსვლის საშუალება უნდა არ მიეცათ. ცალკე რაზმი მოქმედებდა საგურამოში. მთავარი ძალებით ალექსანდრე ბატონიშვილი კახეთისა და ქიზიყის გათავისუფლებას აპირებდა. მთავარმართებელმა რტიშჩევმა ბორჩალოდან ღართისკარის გასამაგრებლად სასწრაფოდ რაზმი გაგზავნა.
იმერეთიდან გენერალი სიმონოვიჩი გადმოიყვანა და თბილისის სამხედრო მეთაურობა ჩააბარა, ხოლო უშაკოვს უბრძანა ახმეტიდან თიანეთში გადასვლა. 14 სექტემბერს გენერალი ტიხონოვსკი ყაბარდოს პოლკით ალავერდს გაეშურა, რუსები ფიქრობდნენ, რომ ამ დღეს ალექსანდრე მეფედ ეკურთხებოდა, ამით ისარგებლა ალექსანდერმ და თავისუფლად გადავიდა სოფელ შილდაში, სადაც 1200 ლეკი ელოდა. მოტყუებულმა ტიხონოვსკიმ შილდაში დაბანაკებულ განმანთავისუფლებლებს შეუტია. პირველი ბრძოლა ქართველებმა მოიგეს, მეორეში კი რუსებმა და სოფელი მიწასთან გაასწორეს. რუსთა ჯარებით კახეთისკენ დაიძრა გენერალი დიმიტრი ორბელიანი - კიდევ ერთი "მჭედელი უცხო თესლთა ისტორიისა", ტიხონოვსკის შეუერთდა და მონდომებით შეუდგა საკუთარი სამშობლოს მიწაზე რუსთა ისტორიის ჭედვას, საკუთარ თანამოძმეთა სისხლითა და ცრემლით. პირველი შეტაკებისას, გურჯაანის ბოლოს, ორბელიანმა ორასი სალდათი დაკარგა და გაცოფებულმა ქიზიყში შეპყრობილი ერთ-ერთი განმანთავისუფლებელი – იოსებ მამანაშვილი საჯაროდ ჩამოახრჩო. 28 სექტემბერს ალექსანდრეს ხალხი დაეცა ორბელიანის ჯარს და ასამდე სალდათიკიდევ მოუკლეს. განრისხებულმა ორბელიანმა პასუხად ფაშანი და შილდა გადაწვა. 5 ოქტომბერს ორბელიანსა და ალექსანდრე ბატონიშვილს შორის კიდევ ერთი შეტაკება მოხდა. სასტიკ ბრძოლაში ალექსანდრემ სამოცდაათი კაცი დაკარგა, ბატონიშვილმა ტაქტიკა შეცვალა და პარტიზანულ ომზე გადავიდა. მის დევნაში ორბელიანმა ცოდვის კალო დაატრიალა, მრავალი სოფელი გადაწვა და ურიცხვი უდანაშაულო ადამიანი ამოწყვიტა. 10 ოქტომბერს შილდაში ორბელიანმა კახთა და ლეკთა გაერთიანებული ლაშქარი დაამარცხა. განმანთავისუფლებლების პოზიციები თანამოძმეთა ღალატის გამო თანდათან სუსტდებოდა. გორჯასპ ნათალიშვილმა სამხედრო გზა დაიკავა და ფასანაურში მყოფი რუსები ალყაში მოაქცია, მაგრამ თბილისიდან გაგზავნილმა გენერალ სიმონოვიჩის ბატალიონებმა, გაბრიელ ყაზბეგის დახმარებით, გზა გაწმინდეს. შემდეგ სიმონოვიჩი თიანეთში გადავიდა და უკან დაახევინა ომან ჩოლოყაშვილის ფშავ-ხევსურელთა და თიანეთელთა რაზმს და საგურამო-ხაშმის გზით ორბელიანის ნაწილებს შეუერთდა. 15 ოქტომბერს ალექსანდრე ქიზიყში გადავიდა და 5000 კაციანი ლეკთა დამხმარე რაზმით შეუტია სიღნაღს. ამ ომში სიღნაღელები უკვე რუსეთის მხარეს იბრძოდნენ. მათ მიეშველა ორბელიანი ქვეითი ჯარითა და იქაური სომხებით, ალექსანდრე იძულებული გახდა გასცლოდა ქალაქს. დამარცხდნენ მომდევნო ბრძოლაშიც მელაანთან და იძულებული გახდა ჩალაუბნის ტყისთვის შეეფარებინა თავი.
28 ნოემბერს ალექსანდრე თავისი რაზმით, მოულოდნელად ცხენდაცხენ შევარდა რუსული არმიის რიგებში და ორასამდე ჯარისკაცი გაანადგურა. ორბელიანმა საჩუქრებითა და ხელშეუხებლობის პირობით მოისყიდა ლეკები და განმანთავისუფლებელთა რიგებს ჩამოშორა. რუსეთის იმპერიის მხარეს გადავიდა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური ბარძიმ ჩოლოყაშვილი, ორბელიანი მეამბოხეთა საიდუმლო ბანაკამდე მიაცილა და გაანადგურებინა. განმანთავისუფლებელთა მდგომარეობა სწრაფად უარსედებოდა, პოზიციები ფაქტიურად დაკარგული იყო, ძალები კი დაშლილი, ალექსანდრემ თანამებრძოლები დაითხოვა, თვითონ კი ჯერ თიანეთში ავიდა, სადაც მას ციციშვილები, ავალიშვილები და კახელი თავად-აზნაურები შეუერთდნენ, შედეგ კი ფშავში. დიმიტრი ორბელიანმა სიღნაღში საჯაროდ ჩამოახრჩო განმანთავისუფლებელთა გმირი ჯალია ჯალიაშვილი. შემდეგ კახეთის სხვა სოფლები დაარბია და კახელი თავადები, რომლებიც რუსთა დაპირებებს ენდნენ, რტიშჩევს მიჰგვარა, მან კი ყველა გააციმბირა. ხალხის დაწიოკებაში ორბელიანს გულმოდგინედ ეხმარებოდნენ ქიზიყის მოურავი იოსებ ანდრონიკაშვილი და ნინია ერასტიშვილი. მათ გვერდით იყო არქიმანდრიტი ზუკაკიშვილიც, რომელმაც სოფლის მღვდელ-დიაკვნები შეიპყრო და საკუთარი ხელით ნაცემი თბილისში მიჰგვარა ეგზარქოს ვარლამს. „მარტო მღვდელნი კახეთისა და ქიზიყისა რიცხვით ოცნი გაკრიჭეს და დაჰკარგეს“ (ბაგრატ ბატონიშვილი) ქართლ-კახეთში წინააღმდეგობის კერები განადგურდა, მხოლოდ აღმოსავლეთის მთაშიღა დარჩა განმანთავისუფლებელთა ძალები და მუხტი. ფშავ-ხევსურეთში მყოფი ალექსანდრეს შესაპყრობად და წინააღმდეგობის კერების საბოლოოდ გასანადგურებლად ოთხი მხრიდან დაიძრა რუსის ჯარი ხევსურეთისკენ. 3000-ზე მეტი იყო რუსი და მათ მხარდამხარ 100 თუში და გენერალი გაბრიელ ყაზბეგი მოღალატე მთიელებითურთ. "ძალიან ღელავდნენ რუსები, ისინი უცხო და ურთულეს გზებზე მიდიოდნენ თავისუფალ და უშიშარ ფშავ-ხევსურთა წინააღმდეგ" (პოტო).
25 მაისს გუდამაყრის ხეობიდან ასულ ნიჟეგოროდელები: "ერთ უდნობი თოვლით დაფარულ მწვერვალზე იდგნენ ხევსურები. მზის კაშკაშა სხივები ირეკლებოდა მათ ფარებზე, ჯაჭვებსა და მუზარადებზე" (პოტო). 30 მაისს რუსები ლებაისკარში შეერთდნენ და ხელჩართული ბრძოლაც დაიწყო. 31 მაისს – ბარისახო, 1 ივნისს კი – სოფელი ღული აიღეს რუსებმა, ბრძოლის ველზე დარჩა სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი შვიდასი ხევსურის სიცოცხლე. რუსების 2500 - კაციანი ჯარი შატილს შემოეწყო, ლომებრ შემართებით ბოლომდე იბრძოდნენ ხევსურები და მათ დასახმარებლა გადმოსული ქისტები, მაგრამ უშედეგოდ, დაიღუპა ექვსსი ხევსური და ქისტი, რუსებმა შატილი აიღეს და მიწასთან გაასწორეს. ალექსანდრე – ქისტეთმა შეიფარა. რუსებმა ქისტების 9 – სოფელი გადაწვეს, უკან მობრუნებულებმა კი ხევსურეთსი 22 – სოფელზე მეტი. ალექსანდრე ქისტეთიდან დაღესტანში გადავიდა, მთავარმართებელმა რტიშცევმა 20 000მანეთი დააწესა ალექსანდრეს ჩამბარებლისათვის, მარგრამ ბევრი ქართველისაგან განსხვავებით დაღესტნელები ფულმა ვერ აცდუნა, პირიქით მოკლე ხანში ალექსანდრე ბატონიშვილს გვერდით 6000 მებრძოლი ედგა, 1813 წელს შილდის გზით ბატონიშვილი კახეთში დაბრუნდა, მაგრამ საბუესთან რუსებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს და იძულებული გახადეს უკან გაბრუნებულიყო. 1818 წელს ალექსანდრე დაღესტნიდან ახალციხეში გადაიპარა, იქედან კი ირანში დაბრუნდა. ალექსანდრე ბატონიშვილის ირანში დაბრუნებით, რუსეთ – საქართველოს ომის 1812 წელს დაწყებული მორიგი ბრძოლა საბოლოოდ დამთავრდა, განმანთავისუფლებელთა რიგებს შორის მოღალატეების მომრავლებამ და კოლაბორაიონისტა აქტიურმა მოქმედებამ განაპირობა მარცხი, რომელიც საქართველოს ათობით განადგურებული სოფელად და ათასობით ქართველის სიცოცხლედ დაუჯდა. ალექსანდრე ბატონიშვილს სიცოცხლის ბოლომდე იღწოდა საქართველოს გასანთავისუფლებლად. ალექსანდრე 1844წ. თავრიზში გარდაიცვალა, დაკრძალულია წმ.თადეოზ და ბართლომეს სახელობის სომხური ეკლესიის ეზოში.


http://saunje.ge/index.php?id=1260&lang=ka - გ.ცინაძე - რუსეთ - საქართველოს ომი[/quote]
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კახეთი   Tue Sep 25, 2012 11:36 am

კახეთის აჯანყება 1659, კახეთის მოსახლეობის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობელთა წინააღმდეგ.

კახეთის საკითხის საბოლოოდ მოსაგვარებლად სპარსელმა დამპყრობლებმა გადაწყვიტეს კახეთიდან ადგილობრივი მოსახლეობის გასახლება და იქ მომთაბარე-მეჯოგე ტომების ჩასახლება. ყიზილბაშებმა დაიწყეს კახეთში ციხეების აგება (ბახტრიონი, ალავერდის მონასტერი ციხესიმაგრედ გადააკეთეს), რომელთა გარნიზონებს ჩასახლებული თურქმანები ქართველთა თავდასხმისაგან უნდა დაეცვა. კახეთის ტერიტორია ორად გაყვეს: სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ყარაბაღის ბეგლარბეგს გადასცეს, დანარჩენი — ნახჭევანის მმართველს, რომელთაც მათზე დაქვემდებარებული ელები კახეთში უნდა დაესახლებინათ. ამ ღონისძიების შედეგად კახეთის ბარში 80 ათასამდე თურქმანი ჩაასახლეს.

კახეთი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თურქმანთა ჩასახლების წინააღმდეგ დაიწყო სახალხო მოძრაობა, რომელშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაება. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ზაალ არაგვის ერისთავი. უშუალო ორგანიზატორები იყვნენ ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა ქსნის ერისთავი და მისი ძმა ელიზბარ ერისთვისშვილი. აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს თუშ-ფშავ-ხევსურებმა ზეზვა გაფრინდაულის, ნადირა ხოშარაულის, გოგოლაურის მეთაურობით.

ქართველები გაერთიანებული ძალით თავს დაესხნენ ბახტრიონისა და ალავერდის ციხეებს და მთლიანად ამოწყვიტეს იქ გამაგრებული თათრები. შემდეგ გაანადგურეს კახეთის სხვა ადგილებში მყოფი თათრები. აჯანყებულთა გათიშვისა და დაქსაქსვის შედეგად მტერმა შეძლო აჯანყების შეჩერება, მაგრამ შაჰი იძულებული გახდა ხელი აეღო თავის გეგმაზე. ზაალ არაგვის ერისთავი მტრის დავალებით თავისივე ძმისწულებმა მოკლეს, მისი შვილები კი შაჰს გაუგზავნეს. ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა ქსნის ერისთავი და ელიზბარ ერისთვისშვილი შაჰს მიუვიდნენ და პატიება ითხოვეს. შაჰმა ისინი იმ ტომებს გადასცა, რომელთა თანამოძმენი კახელებმა გაჟლიტეს. გმირები წამებით დახოცეს. ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა. აჯანყების მოთავე მთიელებს ხალხმა მრავალი ლექსი და სიმღერა უძღვნა. ამ ამბებისადმია მიძღვნილი აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკი“ და ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“.

კახეთის აჯანყების შედეგად კახეთის მოსახლეობა ფიზიკურ გადაშენებას გადაურჩა, მაგრამ სპარსელთა ბატონობის საბოლოოდ მოსპობა ვერ მოხერხდა. განთავისუფლებისათვის ბრძოლა ისევ გრძელდებოდა.


ბმული - http://ka.wikipedia.org/wiki/კახეთის_აჯანყება_(1659)

Arrow

ბერი ეგნატაშვილი

ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი


მაშინ უსჯულოთა აგარიანთა მიიმძლავრეს სრულიად კახეთი და მრავალსა ბოროტსა უყოფდენ მკჳდრთა კახეთისათა, მოაოჴრეს და განრყუნეს წმიდანი ეკლესიანი. მაშინ მგზავრი ვინმე ერთი კახი ხუცესი მარტო მივიდოდა გზასა თჳსსა კახეთში, ხოლო დამთხუევით შეემთხჳვა გზაზედა მღდელსა მას თათარნი რაოდენნიმე. და შეიპყრეს უსჯულოთა მათ ხუცესი იგი მტერთა მათ და მოშურნეთა ქრისტეს სჯულისათა. შეკრეს ხუცესი იგი მძლავრებითა და შეამთხჳეს საქმე სიბილწისა, რომელ არს ცოდვა სოდომურ და განუტევეს. ხოლო წარვიდა ხუცესი იგი და მივიდა დუშეთს. ზოგად ისხდენ ზაალ ერისთავი და ცოლი მისი, დაუჩოქა ხუცესმან და შესჩივლა: „შენ ზაალ ერისთავი ხარო და კახეთის გამგებელიო, გააოჴრეს სრულიად კახეთი უსჯულოთა აგარიანთა და მე გზაზედ შემიპყრეს და შემამთხჳვეს საქმე უშუერი და ჴელშეკრულ განმხრწნეს და ყვეს ჩემ ზედა საქმე სათქმელადაც უშუერი. და აწ ამისი მაგიერი პასუხი ღმერთს შენ მიეც და შენ უნდა გასცე, ვინათგან უძნდა რწმუნებულ არს კახეთი“.

ხოლო, რა ესმა საქმე ესე ზაალ ერისთავსა, დიდად მწუხარე იქმნა, და იყო მას ჟამად ზაალ ერისთავი ყაენის მომდურავი. მაშინ შემოიფიცა ქსნის ერისთავი შალვა და ელიზბარ და კახი სუფრაჯი ბიძინა ჩოლაყაშვილი. და შემოიფიცეს მთის კაცნი თუშნი, რამეთუ შალვა ქსნის ერისთავი სიძე იყო მისი. ამათ გაატანა თანა ზურაბ, ძე თჳსი, და წარვიდენ ღამესა ერთსა. დაესსნენ თავსა სულტანსა ბახტრიანს და ამოსწყჳტეს, და მოსრნეს ბახტრიანის ციხეში მდგომნი ელნი, და რაც იყვნენ, მიჰყვნენ იქიდამე ჴოცითა, ჩავიდნენ ალავერდს და, რომელნიცა მუნ იყვნენ, თათარნი და ელი, რაც ესახლა, ყოველი მოსრეს პირითა მახჳლისათა. და ამოსწყჳტეს დედაწულითურთ და, აკუანში რომელნიც ყრმანი იწვნენ, იგინიცა დაჴოცნეს. სადაც კახეთს თათარი და ელი ესახლა, ყოველივე ამოსწყჳტეს და არა სადა დაშთა, რომ ყოველივე არ მოკლეს. და რომელნიმე ივლტოდეს. წარვიდეს და განაძეს. კახეთში თათარნი აღარსად იპოებოდენ, თჳნიერ ყარაღაჯისა. მაშინ ყარაღაჯს იჯდა მურთუზალი-ხან, და გაემარჯუათ და იშოვეს მრავალი საშოვარი. და განათავისუფლე კახეთი თათართაგან და არა სარა იპოვებოდა თათარი. წარმოვიდნენ და მოვიდნენ გამარჯუებულნი ზაალ ერისთავთანა.

ხოლო ესმა რა ესე ამბავი შააბაზს ყაენსა, იწყინა დიდად. მაშინ ყაენმანცა მოსწერა წაჴდენა და სიკუდილი ერისთვისა ზაალისა და, რომელნიცა ერივნეს თათართა სისხლსა შინა, იგინიცა დაჴოცეთო.

მაშინ ოთარი და მისი ძმები იმარჯუებდენ საქმესა და ცდილობდენ ღალატსა ზაალ ერისთვისასა. დღესა ერთსა იყო ზაალ ერისთავი დუშეთს, სუბად ფანჩატურში იჯდა, არავინ ახლდა. მოიპოვეს დრო და მივიდნენ. ერისთავი ნარდს შეექცეოდა. მაშინ უღალატეს ოთარმან და ძმებმან მისმან და მოკლეს ზაალ ერისთავი, ხოლო ძენი მისნი ივლტოდეს და წარვიდენ სამცხეს. ხოლო მეფემან შანავაზ გაუყენა უკანა კაცები. მოეწივნეს ტბისყურზედა, კაცები დაუჴოცეს და ორნი ძმანი, ზურაბ და ნაბერალი, შეიპყრეს და მოჰგვარეს მეფესა, და მან გაუგზავნა ყაენსა.

ხოლო შალვა ერისთავი და ელისბარ, ძე მისი, და სუფრაჯი ბიძინა ჩოლაყასშვილი არა მივიდეს მეფესა შანავაზთანა, არამედ წარვიდეს ყარაღაჯში მურთუზალყულიხანთანა. მან შეიპყრა და ყაენს გაუგზავნა.

ხოლო ზურაბ ძემან ზაალ ერისთავისამან დაჰყო რამე მცირედი ხანი ისპაანს და მოკუდა. უმცროსი ძმა მისი გაათათრა ყაენმან და ამყოფა თჳსთა თანა.

მაშინ ჩოლაყაშვილი ბიძინა, სუფრაჯი შალვა და ელისბარ ესენი მისცეს მკუდრის პატრონთა, ვითარცა წესი და ჩუეულება არს თათართა, რამეთუ მკულელს ჴელში მისცემენ მოსისხარსა, და ყვეს სამართალი ჩუეულებისაებრ მათისა. ხოლო დაჰპატიჟეს სჯული მაჰმადისა ბიძინა სუფრაჯს ჩოლაყაშვილსა და შალვასა და ელისბარს. მაშინ დიდად მჴნედ გამოჩნდეს სამნივე ესე მოწამენი და უმეტესად ბიძინა ჩოლაყაშვილი სუფრაჯი წადიერად იღუწიდა წამებისათჳს: განბასრეს მათ და გინებულ ჰყვეს სჯული მაჰმადისა. მაშინ ბიძინა ჩოლაყაშვილი განამჴნობდა შალვასა და ელისბარს, და ეტყოდა: „ნუ მოვმედგრდებით და ნუ შეუშინდებით, არამედ მივსცეთ თავი ჩუენი ქრისტესთჳს სიკუდილსა, რამეთუ სიკუდილი უნებელად თანაგუაც და ვერვინ წინააღუდგების სიკუდილსა. აჰა, ჟამი ესე არს შესვლად სასუფეველსა შინა“ ერთჴმობით სამთავე აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება და უარჰყვეს სჯული მაჰმადისა, ხოლო მათ მახჳლებითა დაჭრეს იგინი ასოეულად და დაჴურიტეს რომელიმე თოფითა და რომელიმე მახჳლებითა დაჭრნეს. და აღსასრული სარბიელი წამებისა მიიღეს და იქმნეს, ვითარცა სხუანი პირველნი მოწამენი, გჳრგჳნოსან და აწ იხარებენ ზეცისა სასურველსა შინა.

წყარო:
ქართლის ცხოვრება, ტომი მესამე, ბერი ეგნატაშვილი "ახალი ქართლის ცხოვრება", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2012, გვერდები 148-151

ბმული - http://www.orthodoxy.ge/istoria/qartlis_tskhovreba/egnatashvili9.htm

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კახეთი   Mon Dec 14, 2015 5:57 pm

თამარ ბაბუაძე

ქაქუცისტები. IV თაობა


ნოე ჟორდანიამ საქართველო ბათუმის პორტიდან 1921 წლის 17 მარტს დატოვა. რუსეთის წითელმა ლაშქარმა საქართველო დაიკავა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი საქართველოში დარჩა. პირველი მებრძოლი ჯგუფის შედგენას თითქმის ერთი წელი მოანდომა. ეს მაშინ, როცა საქართველოში მძაფრი ტერორი მძვინვარებდა. იჭერდნენ ყველას და დასაჭერთა სიაში ჩოლოყაშვილი პირველი ეწერა. დაგვიანება აღარ შეიძლებოდა და 1922 წლის 12 მარტს „საქართველოს შეფიცულებით“ ის ტყეში გავიდა. პირველი შეტაკება ბოლშევიკებთან ივნისში მოხდა. მალევე „ხევსურეთის აჯანყებაც“ მარცხით დამთავრდა. წითელმა ჯარებმა ხევსურეთი გადაწვეს, მაგრამ ჩოლოყაშვილის რაზმი ვერ მოსპეს... შეტაკებები შემოდგომაზე გაგრძელდა. ერთ-ერთ ბრძოლაში მოკლეს ჩოლოყაშვილის ძმა სიკო. მან ძმა ტყეში დამარხა და ბრძოლა განაგრძო... შემდეგი შეტაკების შემდეგ, დაატუსაღეს ქაქუცას მეუღლე და ორი პატარა ასული. გაშმაგებული ბოლშევიკები მისი ასულის ცოცხლად დამარხვას ითხოვდნენ. ეს აღარ მოხდა. სამაგიეროდ, დააპატიმრეს ჩოლოყაშვილის დედა, სიდედრი და სიმამრი. ეს უკანასკნელი 1924 წლის აჯანყების დროს დახვრიტეს კიდეც... ჩოლოყაშვილმა და მისმა რაზმებმა საქართველო მხოლოდ მაშინ დატოვეს, როცა 1924 წლის აჯანყება საბოლოოდ დამარცხდა. 1930 წელს ქაქუცა გართულებული ჭრილობისგან გარდაიცვალა.

შალვა ამირეჯიბის წერილის მიხედვით.

„აი, სწორედ მაშინ დამიბარა ანდერძად, რომ დაგვეწვა მისი ნეშტი... რადგან ასე საქართველოში მისი ჩამოსვენება გაგვიადვილდებოდა.“

ალ. სულხანიშვილი, „ჩემი მოგონებანი“, სან ფრანცისკო, 1981 წ.



ანდერძი მხოლოდ 75 წლის შემდეგ, 2005 წლის 20 ნოემბერს შესრულდა. ლევილის საძმო სასაფლაოდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს. ქაქუცისტებმა ამოისუნთქეს. ოჯახის შინაგანი კომპლექსები მოიხსნა. უმძიმესი წარსულის კომპენსაციად, მათ ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენა ერგოთ.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის პირველი ფოტო სახლში 30-ოდე წლის შემდეგ გაჩნდა. თავიდან შიშით, მალულად და წამიერად გაელვებული აზრით: „ეს ის არის, ვინც...“ - ფოტოსთან განცდების მთელი ჯაჭვის და დიდი წარსულის იდენტიფიკაცია ხდებოდა.

შემდეგ მისი პორტრეტი კედელზე ჩამოკიდეს, სხვა ფოტოებიც მოიძიეს, წიგნები დააგროვეს, ერთმანეთის და წინაპრების მოგონებები შეკრიბეს. რეფლექსადქცეული შიშიც შემცირდა, მერე თითქმის ბოლომდე გაქრა. მხოლოდ ხუმრობის სახით თუ იჩენდა თავს საგვარეულო შეკრებებზე: „რამდენნი ვართ, არ დაგვიჭირონ!“

როდესაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის ოჯახში მესამე თაობა გაჩნდა, ტაბუ უკვე გაუქმებული იყო. გური ხუნწარია თითქოს ჩვეულებრივ ბავშვად დაიბადა. ყოველი შემთხვევისთვის, გვარი - ხუნწარია ამაზე მიუთითებდა. მაგრამ ამ ოჯახში ხომ მთავარი გვარი სულ სხვა იყო. სიძეებისთვისაც და ბავშვებისთვისაც, ფარულადაც და ღიადაც, 1924 წელსაც და 2005-საც აქ ყველაფერი „ქაქუცისტობით“ იზომებოდა.

ამიტომ გური ხუნწარიამ თავიდანვე იცოდა, რომ მისი დიდი პაპა ჩვეულებრივი პაპა არ ყოფილა. ის ყველაზე მაგარი კაცი იყო, ხმალსაც ყველაზე ღონივრად იქნევდა და ცხენითაც ყველაზე სწრაფად დაქროდა. დიდი პაპა ბავშვის წარმოსახვაში რეალურ სათავგადასავლო კინოდ და გამითებულ სინამდვილედ იქცა.

„ქაქუცა იმ დროიდანვე მახსოვს, როცა ბავშვის მეხსიერება გარემოს აღქმას იწყებს. თავიდან ბოლომდე მის შესახებ ბავშვობაში არაფერი მოუყოლიათ. ალბათ, უბრალოდ მითხრეს, შენი პაპა ქაქუცა, იცი, რა მაგარი კაცი იყოო? მერე მეც რაღაცეებს მოვკარი ყური და ქაქუცა ასე ამოვიჩემე. ბავშვობიდანვე მახსოვს ოვალური ფორმის ჩარჩოში ჩასმული გრაფიკული პორტრეტი, ოთახის კედლიდან რომ დამყურებდა. ჩამრჩა უფროსების დიალოგებიც ქაქუცას უფროს შვილთან, თამართან გამართული თავყრილობებიდან და დიდი პაპა ჩემთვის გმირად იქცა“.

გური ხუნწარია ქაქუცა ჩოლოყაშვილის უმცროსი ქალიშვილის ქეთიას შთამომავალია. უფროსის, ციცნას შვილიშვილი დავით კილაძეა.

ქეთია ერმილე ყირმელაშვილზე გათხოვდა, მისი ქალიშვილი მეგი - ხუნწარიაზე. როცა გური გაჩნდა, უკვე ის დრო იდგა, როცა 1924 წლიდან დაწყებული დევნითა და ტანჯვით, შიშითა და კომპლექსებით გაჩენილი საშინელი ტკივილი ქაქუცას სამ ქალს - მეუღლეს ნინოს და ქალიშვილებს თამარს (ციცნას) და ქეთევანს (ქეთიას) უკვე უშუშდებოდათ.

ნინო მეღვინეთუხუცესი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ვაჟკაცი პაპის მესამე თაობაში გაჩენილი ბიჭი ვერ ხვდებოდა, რამ გადაიარა დედის, ბებიების და დიდი ბებიის ზურგზე, სამაგიეროდ იცოდა, რომ კედლიდან მომზირალი ულვაშიანი და ხანჯლიანი კაცი ყველაზე ძლიერი იყო.

„სულ ვცდილობდი, აქა-იქ ყურმოკრული ქაქუცას ცოლთან გადამემოწმებინა. წამდაუწუმ შევრბოდი მის ოთახში და ვეკითხებოდი: ბუბა, მითხარი, ცხენზე მაგრა იჯდა? ხმალს მაგრა იქნევდა? მახსოვს უფროსების რეაქციაც ამ კითხვაზე - გულიანად იცინოდნენ. ბუბა კი არაფერს მეუბნებოდა. ფეხები წართმეული ჰქონდა, იწვა ზამბარებიან საწოლზე, ეწეოდა უამრავ ტარიან სიგარეტს და თავისი ბოხი ხმით, ძირითადად რუსულად ლაპარაკობდა. ქაქუცაზე არაფერს მეუბნებოდა. მე კი დავხტოდი მის საწოლზე, ზამბარები ჭრიალებდა, და ვყვიროდი, მითხარი, მითხარი, როგორი პაპა იყო... როცა ზედმეტი მომივიდოდა, ოთახიდან გამომიყვანდნენ და გზაში მეწეოდა ანას ბოხი ხმა: „Оставьте ребёнка в Покое“. დაახლოებით ექვსი წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. მახსოვს, რომ გავიგე ცუდად არისო, ალბათ, არ მინდოდა მისი არსად გაშვება და ოთახში მცველად დავუდექი. სტაფილოსფერი პლასტმასის ხმალი მქონდა, ამ ხმლით მის საწოლთან ვიდექი. ისიც მახსოვს, როგორ ძლივს დაიძახა ერთხელ, გაიყვანეთ ბავშვიო. ზუსტად არ მახსოვს, იმ ღამეს თუ მეორე დილას გარდაიცვალა. ქაქუცაზე ათი წლით უმცროსი იყო, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა“.

ნინო ერთ-ერთი უკანასკნელი რელიქვია იყო. შემდეგ ოჯახში დარჩა ორი ქალი - ორი შვილი, ციცნა და ქეთია და მათი გოგონები. მათგან უფროსს, მეგის დედის, დეიდის და ბებიის ტანჯვიდან უმცირესი, მაგრამ მაინც თავისი წილი ერგო. უფროსებისგან განსხვავებით, მეგიმ არც იცოდა, ვის გამო ხდებოდა ეს ყველაფერი. მას არათუ არ ახსოვდა პაპა, მისი ფოტო პირველად 13 წლის ასაკში ნახა, როცა ოჯახის ახლობელმა მზია ბაქრაძემ ის საფრანგეთიდან ჩამოიტანა. მიუხედავად ამისა, მეგიც „ქაქუცისტად“ გაიზარდა.

ოჯახში არც წერილები ინახებოდა. თავის დროზე, თითოოროლა, ალბათ, მოდიოდა, მაგრამ მაშინვე ანადგურებდნენ. ფოტოებს კი არათუ ახლო ნათესავები, იმ შორეული ნაცნობების ოჯახებშიც წვავდნენ, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამო, წესით, დასაკითხად არც უნდა მისულიყვნენ.

„ამ ტაბუირებული წარსულის წყალობით, კომპლექსიც კი გამიჩნდა: როგორ, ასეთი მაგარი პაპა მყავდა და კაციშვილმა არ იცოდა მის შესახებ. ჩემი მეგობრები გაკვირვებულები მიყურებდნენ, როცა ქაქუცაზე ვყვებოდი. როცა პირველი წიგნები გაჩნდა, ყიდვა დავიწყე. მნიშვნელოვანი ლიტერატურაც არაფერი იყო, თუმცა, ამბების გაგების, სიტუაციების აღდგენის თვალსაზრისით, ძალიან მეხმარებოდა.

შოკისმომგვრელი იყო, როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო და ერთ-ერთ დემონსტრაციაზე ქაქუცას ბაირაღი და პორტრეტი გამოფინეს. ხალხი იძახდა, ეს კაცი ვინ არისო. მე კი ვიდექი ჩემს მეგობრებთან ერთად და გადამეტებული სიხარულისგან სახეზე ხელი მქონდა აფარებული. ხალხის ცნობისმოყვარეობას მეგობრები აკმაყოფილებდნენ: „ვინ არის და ბაბუამისიაო“. სახელი და გვარი გვითხარითო - ისმოდა მერე. ვიღაცამ ვერსიაც შემოგვთავაზა, ალექსანდრე ბატონიშვილიაო. ვიღაცამ თქვა - არა, ქაქუცა ჩოლოყაშვილიაო. ეგ ვინღა არისო... ასე იყო - ძალიან ბევრმა არ იცოდა და ცოტამ იცოდა“.

შემდეგ ეს სიტუაციაც გამოსწორდა. 1989 წელს ქაქუცას პაპის სამოსახლოში, სოფელ მატაანში, პირველი ქაქუცობაც გაიმართა.

„ამ სოფელში ძალიან ლამაზი ჩოლოყაანთ ციხე დგას; დიდი ციხე დამრეც ფერდობზე, რომელიც ძალიან შორიდან, თითქმის ახმეტიდანაც ჩანს. გალავნის შიგნით ღვთისმშობლის შობის პატარა ეკლესია დგას, იქვე ცხოვრობდა ბოლოს ქაქუცას პაპიდა... ჩოლოყაშვილების სახლიდან კი ხელუხლებლად ერთადერთი კედელია დარჩენილი, დანარჩენი შემდეგ მიაშენეს, განაახლეს“.

ქეთიას ქალიშვილის, მეგის ოცნება - ბაბუის საფლავი ენახა პარიზში, პირველად მისმა ვაჟმა, გურიმ აისრულა. 1990 წელს გური ხუნწარია ლევილში ჩავიდა. ქაქუცას ნეშტის გადმოსვენების საკითხი, 1924 წლის შემდეგ, პირველად ასე რეალურად მაშინ დადგა. თუმცა, ემიგრანტების ნაწილი უარზე იყო. შვილიშვილს ბაბუის ნეშტი არ გამოატანეს. შემდეგ თემა 1997 წელსაც წამოტივტივდა, 2005 წელს კი ჩოლოყაშვილის შთამომავლების ოცნების ასრულებას წინ ვეღარაფერი დაუდგა. ამჯერად პარიზში ქალბატონი მეგი გაემგზავრა.

ალექსანდრე სულხანიშვილი, რომელიც ქაქუცას გვერდიდან ბოლო წუთამდე არ მოშორებია, მის სიკვდილს ასე იხსენებს:

„...სადილი ვაჭამე ქაქუცას. ერთი ბეწო შეჭამა... მერე გავედი და გარეთ დავჯექი... სულ ორმოცდაათმა წუთმა თუ გაიარა, რომ დამიძახა. მაშინვე შევედი. საშინლად აღშფოთებული და გაჯავრებული დამხვდა. სავარძლის თავსაყუდზე მიმითითა, სადაც ორ თუ სამ ოქროს წმინდანთან ერთად, ოქროს ჯაჭვზე ეკიდა ჯვარი და ჩემის ხელით ტყავში გამოკერილი საქართველოს მიწა, რომლებსაც განუყრელად თან ატარებდა ქაქუცა. ჩამოხსენიო, - მითხრა, როგორც კი შევედი... „შეხსენი საქართველოს მიწა, დადე აი, აქ, პატარა მაგიდაზე. ეს ჯვარი და წმინდანები ჩემს შვილს მიუტანე; ხომ იცი, იმისიაო. თურმე ორმოცდაათი წუთი რომ ჩაიძინა, თავისი უფროსი შვილი უნახავს სიზმარში და მას უთქვამს: „მამაჩემო, მომეცი ჩემი ჯვარი“-ო, ამაზე იყო იგი შეშფოთებული: „ახლა კი გათავდა ჩემი ცხოვრება“-ო...

იქნებოდა დაახლოებით თერთმეტი საათი, რომ მე და ვახტანგი მის პალატაში შევედით. მან რაღაც დაილაპარაკა. ჩვენ მაშინვე მივცვივდით. ხელით წამოვუწიე თავი ქაქუცას. მან კიდევ დაიხრიალა. აი, ის იყო უკანასკნელი ხმა ამ დიდი მებრძოლისა, რომელიც თვით სიკვდილსაც კი ვეფხვივით ებრძოდა!“

ალექსანდრე სულხანიშვილის ეს მოგონება მხოლოდ ერთერთია, რომელიც გური ხუნწარიას სახლში გაყვითლებულგაცრეცილ წიგნებში ინახება. აქ არ აქვთ ქაქუცას ნაქონი ნივთები (ერთადერთ ნივთს - მის ნაქონ ქამარ-ხანჯალს ალექსანდრე სულხანიშვილმა ძლივს მოუყარა თავი და 1988 წელს პაატა ნაცვლიშვილს სან ფრანცისკოდან თბილისში გამოატანა. ახლა რელიქვია ხელოვნების მუზეუმში ინახება). სამაგიეროდ, უკვე ბლომად აქვთ წიგნები, ფოტოები და ერთმანეთის მოგონებები, რომელთაც ყველაზე სათუთად უფრთხილდებიან. ამ ოჯახში დღემდე რეკავენ მოხუცი ახლობლებიც, განვლილი ცხოვრებიდან ახლად წამოტივტივებულ დეტალებს იხსენებენ და ქაქუცას პორტრეტს ახალ-ახალი შტრიხებით ამდიდრებენ: ოთახში ქალბატონი მეგი შემოდის, გურის გაიხმობს და ეუბნება: ახლა მარინა მხეიძემ დარეკა (სუხიშვილების პირველი ანსამბლის მოცეკვავემ) და ასეთი რამ მიამბო: „ქაქუცა უბადლოდ ცეკვავდა ქართულ ცეკვებს. სახლგანთქმული მოცეკვავე იყო. ჩვენ ერთადაც გვიცეკვია. წლების შემდეგ, პარიზში შევხვდი, იქაც გვთხოვეს, ერთად გვეცეკვა, ქაქუცამ კი მოგვიბოდიშა და უარი ამ მიზეზით გვითხრა: „Мои ноги только в Грузии танцуют“.

ასე შეგროვებული ეპიზოდებით, გური ხუნწარიამ ყველა იმ კითხვას გასცა პასუხი, რომელთაც ბოხხმიანი დიდი ბებო, ნინო, მდუმარედ ხვდებოდა. მაგიდაზე მიმოფანტული ყავისფერი ფოტოების ფონზე, მესამე თაობის შვილიშვილი ქაქუცას პორტრეტს ჩართული დიქტოფონისთვის სპონტანურად ასე აღადგენს:

„მისი ნივთებიდან არაფერი შემოგვრჩა. საშა სულხანიშვილის მოგონებიდან ვიცი ასეთი რამ: საშა გაჭირვებაში ჩავარდნილა, სწავლისას ბინის ქირას ვეღარ იხდიდა. ქაქუცას ერთი ძვირფასი სათუთუნე ჰქონია. საშას ამბავი რომ გაუგია, დაუბარებია, სათუთუნე მიუცია და უთქვამს: - აიღე ეს და სახლის პატრონს მიეცი; სანამ სწავლას დაამთავრებ, თავისთან გაცხოვრებსო.

...პაპაჩემი აჯანყების დამარცხებისთანავე არ გაქცეულა. დაახლოებით ათი დღე, თავისი რაზმით თბილისს უტრიალებდა, რითაც, ფაქტობრივად, სიკვდილს ეძებდა. ბოლშევიკებიც ღიად ვერ ებრძოდნენ, გააფთრებულ ხალხთან შეჯახებას ყველა ერიდებოდა. ბოლოს ქაქუცას შეუთვალეს, გაგატარებთ და შენ ოჯახის წაყვანის უფლებას მოგცემთო. ქაქუცამ პირობა წაუყენა, რომ მაშინ ყველა მისი თანმხლებისთვის ოჯახის წევრები უნდა გაეყოლებინათ. ბოლშევიკებმა წინადადება არ მიიღეს და ქაქუცამაც თავისი შვილი და ორი გოგონა - 7 წლის თამარი და 3 წლის ქეთევანი თბილისში დატოვა. დედა და შვილები, ქაქუცას სიდედრთან ერთად, მეტეხის ციხეში ჩასვეს, დაკითხვაზე სიარული პატარებსაც უწევდათ“.

ორი-სამი წლის შემდეგ, ოჯახის წაყვანის თემა დღის წესრიგში კვლავ დამდგარა. მაგრამ ამ ჯერზე ნინოს დედა გამხდარა ცუდად და მარტო ვერ დაუტოვებია. 1930 წელს ქაქუცაც გარდაიცვალა და ასე შერჩა მისი ცოლ-შვილი საქართველოს.

ომის პერიოდში ნინო და ციცნა აიყვანეს და ყაზახეთში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს. ამ დროს ქეთია უკვე გათხოვილი იყო. სანამ ერმილე ყირმელაშვილი შეირთავდა ცოლად, სხვა საქმრო ჰყოლია, რომელსაც ქეთია ბოლო წუთს მიუტოვებია - გვარის და მამის გამო. ერმილე კი დიდი ქაქუცისტი ყოფილა. ამის გამო, იოსების მამა, ანუ, ქეთიას მამამთილიც დაუჭერიათ. ქეთიამ ამდენს ვეღარ გაუძლო, მოჰკიდა ხელი თავის ექვსი წლის მეგის და დედასთან და დასთან წავიდა. ოჯახი იქაც მძიმედ ცხოვრობდა. ერთხელ ციცნა ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილა, რომ საჭმელში საწამლავი ჩაიყარა, თავსაც იკლავდა და დედას, დას და პატარა დისშვილსაც კლავდა. ბოლო წუთს უყვირია, არ ჭამოთო.

ოჯახი ექვსი წლის შემდეგ შეიწყალეს და დააბრუნეს. ნაქირავებ სახლებში ცხოვრობდნენ. ნინო ქარგავდა, ციცნა კერავდა და ამით გაჰქონდათ თავი. ზამთარში, როცა ძალიან ციოდა, დედაჩემი ბებიის მოქსოვილი და წელზე ჯვარედინად გაკრული შალით დადიოდა. ყველაფრის მიუხედავად, ქაქუცას არცერთ ქალს, არც მეუღლეს, არც ქალიშვილებს და არც შვილიშვილებს საყვედური არასდროს დასცდენიათ.

ეჭვქვეშ ქაქუცას არჩევანი არათუ მის ცოლს, სიმამრ-სიდედრსაც არასდროს დაუყენებიათ. ყველამ კარგად გაიგო, რომ ქაქუცამ, უბრალოდ, ამ საქმისთვის გადადო თავი. ერთხელ თურმე მეგობრებმა უთხრეს, რას აკეთებ, ბავშვები ცოდოები არ არიანო? ქაქუცას უპასუხია: არა უშავს, კერკეტი კაკლები გამოვლენო. ალბათ, როგორ უკვდებოდა გული, მაგრამ ხმამაღლა არაფერს ამბობდა. გმირად იყო დაბადებული. გმირი ან ხარ, ან - არა. მთელი ამ ამბიდან მისი სარგებელი მინუსებში თუ გაიზომება. არაფერი დარჩენია, მაუზერების ზუზუნის, მიწაზე ძილის, ტყეში კენკრით კვების, ჭრილობების, ცოლის და შვილების მუდმივი მონატრების, მათ წინაშე დანაშაულის გრძნობის და დამარცხების გარდა. მიუხედავად ამისა, ყველა მის გვერდით მყოფი ამტკიცებდა, რომ ქაქუცას ენერგია გადამდები იყო. ლაჩარიც რომ შესულიყო მასთან, უკან ლომივით გამოდიოდა - ისეთ ენერგიას ასხივებდა თურმე.

ერთი მოხუცის ნაამბობი მახსოვს. აჯანყება უკვე დამარცხების პირას ყოფილა. შეთქმულთა იმედგადაწურული ჯგუფი ღამით ერთ სახლში იმალებოდა. კრიჭაშეკრულები ისხდნენ, ცახცახებდნენ და ქაქუცას ელოდებოდნენ. თან ვარაუდობდნენ, ალბათ გაბურძგნული წვერით მოვა, მოუვლელი და დაღლილიო. უცებ ჩოჩქოლი ამტყდარა, ვიღაცამ დაიძახა, ქაქუცა მოვიდაო და შემოსულა გაწკიპინებული, ევროპულ სმოკინგში გამოწყობილი, სუფთად გაპარსული წვერით და ხელჯოხით, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ხმლად გადაკეთდებოდა ხოლმე და ფარიკაობისთვის იყენებდა... თავისი გარეგნობითაც კი ამხნევებდა სხვებს. თვალებაციმციმებული, სიხარულით დადიოდა, სხვანაირად ამდენ რამეს ვერ გაუძლებდა.

კეთილი კაცი ყოფილა. დანარჩენები ტყვეების დახვრეტას ითხოვდნენ ხოლმე. ქაქუცა კი იცავდა, არავის ხვრეტდა.

სამართლიანიც იყო. ერთ კნიაზს ასე უხუმრია: მუშა დაიქირავა, ზურგზე გადააჯდა და მეოთხე სართულზე, ერთ-ერთი თავადის სახლში გამართულ წვეულებაზე ასე გამოცხადდა. ქაქუცამ რომ ეს დაინახა, კნიაზს ჩამოსვლა უბრძანა, მუშას კი უთხრა, მოაჯექი ზურგზე შენს ბატონს და ქვევით ჩააყვანინე თავიო, მერე გაოგნებულ თავადს მიაძახა - უკან შენი ფეხით ამოდიო.

როგორც მიყვებიან, კარგი გარეგნობის კაცი ყოფილა. წვრილი წელი ჰქონია და განიერი მხრები. ყოველთვის წელში გამართული იჯდა. სიმღერა, ცეკვა და კარგი ქეიფი უყვარდა. ბებიაჩემი ნინო იხსენებდა, ქალები სულ თვალებს უჟუჟუნებდნენო. წავიდოდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სადმე მეჯლისზე. ქაქუცა მაშინვე ყურადღების ცენტრში მოექცეოდა. ნინო იტყოდა, „Какуц, мне плохо“-ო, ეს გახედავდა გოროზი მზერით, არაფერს ჰკითხავდა, გარეთ გავიდოდა, „Кучер“-ო, გასძახებდა და ცოლს სახლში გააგზავნიდა. თვითონ, მეგობრებთან ერთად, ორი-სამი დღით დაიკარგებოდა, მაგრამ გართობის გამო, საქმეს არასდროს ღალატობდა. როცა აჯანყებისთვის მზადება დაიწყო, „საქართველოს შეფიცულებს“ ორი მთავარი მუხლი შეუდგინა: მთელი ამ დროის განმავლობაში, მათ არ ჰქონდათ დათრობის და ქალებთან გართობის უფლება.

1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა საქართველო ბოლომ დატოვა.

სამშობლოს 2005 წლის ნოემბერში დაუბრუნდა. ანდერძი 75 წლის თავზე ასრულდა. წარსულიც ნაწილობრივ მეორდება - დღესაც, მის ოჯახში ორი პატარა გოგო იზრდება, ანა და ელისაბედი, ოღონდ გვარად ხუნწარიები. გურის კიდევ უფროსი ქალიშვილი, ქეთევანი ჰყავს - პირველი ქორწინებიდან. ორ ნაბოლარაზე ასე ამბობს: „ამ ბავშვებს რომ უყურებთ, ერთი ბაბუა ქაქუცა ჰყავდათ, მეორე, დედის მხრიდან - ქრისტეფორე კათოლიკოსი“.

გოგოებმა ეს ყველაფერი იციან. რეალური ლეგენდებითა და გამითებული ისტორიული ფაქტებით, მათი ბავშვური შთაბეჭდილებები თვითნებურად იქმნება. დიდი პაპა კვლავაც კედლიდან იყურება, ოღონდ ძველი დროებისგან განსხვავებით, პატარებს ქაქუცას სახელით თავმოწონება აღარ ეკრძალებათ.

ასეთი მაგარი გოგოები არიან ქეთევანი, ელისაბედი და ანა - ქაქუცისტების მეოთხე თაობიდან.

ინტერვიუს ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.

ბმული - http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1----0-10-0---0---0direct-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&cl=CL2.28&d=HASH76145d74daf9bbb28b38fe.8&gt=2

Arrow

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კახეთი   Tue Apr 05, 2016 2:07 pm

ვის სანახავად დადიოდა ილია ჭავჭავაძე და ვის ეტრფოდა ტიციან ტაბიძე ხაშმელი ჩოლოყაშვილების „ყარაბულახში“

ორშაბათი, 06 მაისი 2013 09:59


ვისაც ხაშმის ბოლოზე, მდინარე ივრის შუა წელის მარცხენა სანაპიროზე ჩაუვლია, არ შეიძლება მისი ყურადღება ზღაპრულ ბუნებაში ჩაფლულ ქონგურებიან, გალავანშემორტყმული აივნიანი სასახლისა და ციხე– კოშკების ულამაზეს გარემოს არ მიეზიდოს. ბუნებრივია, გაკვირვებული ადამიანი დაინტერესდება, თუ ვის ეკუთვნოდა ეს სასახლე და ციხე–კოშკები, ან რატომ არის მიტოვებული, ვინ იყო მისი პატრონი, ან რა დანიშნულება აქვს ამ ისტორიულ კარ–მიდამოს?

ისტორიკოსი ალექსანდრე ელერდაშვილი ხაშმელი ჩოლოყაშვილებისა და მათი საგვარეულო რეზიდენციის შესახებ.

ეს ისტორიული კარ–მიდამო ეკუთვნოდა კახეთის უძლიერეს ფეოდალურ საგვარეულოს გარე კახეთის შტოს – ყარაბულახელ ჩოლოყაშვილებს. მინდა ამ ულამაზესი ძეგლის ისტორია გაგაცნოთ, რომელიც ოდესღაც რაინდული ბუნების მქონე ჩოლოყაშვილების რეზიდენცია იყო.

როგორც საარქივო წყაროები გვაუწყებენ, ივრისპირეთში ჩოლოყაშვილები გაჩნდნენ 1665 წლის შემდეგ და მათ ეკუთვნოდათ სართიჭალიდან დაწყებული თითქმის ბოჭორმამდე მთელი ივლისპირეთის ნაყოფიერი მიწები და ტყეები.

დღიდან ივლისპირეთში გადმოსახლებისა, საქართველოში რუსული მმართველობის შემოღებისა და პროვინციების რუსული ადმინისტრაციული დაყოფისა, საგარეჯოს სამოურაოს ძირითადად ყარაბულახელი ჩოლოყაშვილები განაგებდნენ.

დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ჯერ კიდევ ერეკლე მეორის მეფობის დროს სასახლის კარზე დიდი ტანამდებობა ეკავა ერთ–ერთ ყარაბულახელ ჩოლოყაშვილს. ეს იყო გიორგი ჩოლოყაშვილი. იგი იყო ერეკლე მეფისა და დარეჯან დედოფლის ასულ ეკატერინეს მეუღლე და მეფის კარზე სახლთუხუცესის თანამდებობა ეკავა.

ყარაბულახელი ჩოლოყაშვილების ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო საგარეჯოს მოურავის გიორგი ჩოლოყაშვილის ვაჟი თადია ჩოლოყაშვილი. დედამისი იყო ეკატერინე დიმიტის ასული ორბელიანი.

თადია მამა გიორგი ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი მეთორმეტის მეფობისას იყო ასევე მეფის სახლთუხუცესი და ამავე დროს საგარეჯოს მოურავი, ამიტომ მისი გარდაცვალების შემდგომ საგარეჯოს მოურაობა მემკვიდრეობით ერგო მის მცირეწლოვან შვილს თადიას, რომელიც მაშინ თექვსმეტი წლის იყო. ამიტომ საგარეჯოს მოურაობა დროებით მის ბიძას, დედის მხრივ, ვახტანგ დიმიტრის ძე ორბელიანს გადაეცა.

რატომ ჰქვია ხაშმელი ჩოლოყაშვილების რეზიდენციას თურქული სახელი ყარაბულახი? ესეც ჩვენი სამშობლოს ბედკრულ ისტორიათან არის დაკავშირებული. ერთი შემთხვევის დროს მტერს ალყაში მოუქცევის თავადის კარ–მიდამო. თავადის ეზოში ერთი საუკეთესო წყაროს წყალი გამოედინებოდა. ალყა დიდხანს გაგრძელებულა და ალყაში მყოფთა შორის შავი ჭირი გავრცელებულა. ამ წყაროს წყალს სვამვდნე მოალყეები, რის გამოც შავი ჭირი – ხორველა მათაც გადასდებიათ, პანიკამოცულებს ალყა მოუხსნიათ და იქაუობას გასცლიან, ამიტომ შემორჩა ამ კარმიდამოს ყარაბულახის სახელი (ყარა შავს ნიშნავს, ხოლო ბულახი – წყაროს).

ხაშმელი ჩოლოყაშვილები ისტორიას შემორჩნენ, როგორც საუკეთესო მამულიშვილები. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, ისინი ხომ საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდნენ სამშობლოს უსაზღვროდ ერთგული და თავდადებული მამულიშვილების ეტალონებს. მათ თავის ყოფილ ყმებშიც კარგი სახელი დაიმსახურეს. მათი მამულები მთელს ივრისპირეთში იყო გაბნეული და თავის ყმებთან ერთად შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ.

აქვე მინდა ერთი ამონარიდი მოვიყვანო პროფესორ გაიოზ იმედაშვილის წიგნიდან „იოსებ იმედაშვილის ცხოვრების გზაზე“.

„კიკო ჩოლოყაშვილის ოჯახი (კიკო, ანუ ნიკოლოზი იყო თადია ჩოლოყაშვილის შვილი ავტ.) არა მხოლოდ კულტურით გამოირჩეოდა, არამედ იმითაც, რომ ქართულის გარდა რუსულ–ფრანგულ ენებზე მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდათ. ამასთან ერთად – ძველი ქართული სიგელ–გუჯრებიც. კიკოს ქალიშვილს ეკატერინეს ჰქონდა კონსერვატორია დამთავრებული. ხაშმელი ჩოლოყაშვილები გამოირჩეოდნენ ლიბერალობით, გლეხებთან გულისხმიერი დამოკიდებულებითა და „ერთობის მოძრაობისათვის“ ხელის შეწყობით. ისიც საგულისხმოა, რომ ამ ოჯახთან ილია ჭავჭავაძეს ახლო მეგობრობა აკავშირებდა და იყო კიკოს ქალიშვილის მელიტას ნათლია, მასთან მიწერ–მოწერა ჰქონდა, ყარაბულახის მამულში ხშირად სტუმრობდა და მის ეზოში წყაროსთან სამახსოვრო სურათიც ჰქონდა გადაღებული“.

ეზო კაკლისა და ცაცხვის უზამაზარი ხეებიტ იყო დაჩრდილული. მას ამშვენებდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელიც ჩოლოყაშვილების საგვარეულოს კარის ეკლესიას წარმოადგენდა. აქ ინათლებოდნენ და ჯვარს იწერდნენ ჩოლოყაშვილები და მათი ყმები.

ჩოლოყაშვილების ოჯახში იკრიბებოდნენ მთელი საქართველოს მაშინდელი ელიტარული საზოგადოების წარმომადგენლები. ამ ოჯახის ხშირი სტუმარი იყო დიდი ილია, მასთან ერთად ვანო მაჩაბელი და სხვები.

როგორც ვთქვით, მელიტა ჩოლოყაშვილი, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის ულამაზესი ასული, ილია ჭავჭავაძის ნათლული იყო. მისი სილამაზე მთელ საქართველოში იყო ცნობილი. მელიტას თავის დროზე შესტრფოდა ტიციან ტაბიძე. ტიციანმა მელიტას ორი ლექსიც მიუძღვნა. იგი ხშირი სტუმარი ყოფილა ყარაბულახის. მელიტამ ხომ აქ ლიტერატურული სალონი მოაწყო, რომლის მუდმივი სტუმრები იყვნენ კონსტანტინე ბალმონტი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, კონსტანტინე პაუსტოვსკი, ძმები ზდანევიჩები, სიგიზმუნდ ვალიშევსკი, გრიგორ რობაქიძე, ცისფერყანწელები – ტიციან ტაბიძე, ლელი ჯაფარიძე, ნიკოლოზ მიწიშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, გოგლა ლეონიძე, პაოლო იაშვილი და სხვები.

უზარმაზარ მარანში და ცაცხვების ჩრდილში გაშლილი მრავაფეროვანი სუფრის ირგვლივ ისმებოდა ერის, მამულის სადღეგრძელო, იმართებოდა პაექრობა პოეზიაში, მუსიკაში და სიმრერებში.

ყარაბულახი, ქართული პოეზიის მუზის სამყარო მალე ჯოჯოხეთად აქციეს ბოლშევიკებმა. 1921 წლის ადრიან გაზაფხულზე დაარბიეს ჩოლოყაშვილების კარ–მიდამო. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან გამოიტანეს ხატები, სახლიდან კი წიგნები და უამრავი ხელნაწერი სიგელ–გუჯრები, დაყარეს ეკლესიის წინ და ცეცხლი წაუკიდეს.

ყარაბალახის კანონიერი ბინადარნი გარეთ გამოყარეს. მხოლოდ მელიტამ მოასწრო თავის მეუღლესთან, ცნობილ ადვოკატ კონსტანტინე ზელინსკინსთან ერთად ემიგრაციაში წასვლა. მელიტამ დიდხანს იცოცხლა ემიგრაციაში და 1993 წელს გარდაიცვალა.

ხაშმის ბოლოს, ნასოფლარ ყარაბულახში დღეს ისევ დგას ეულად გალავანშემორტყმული აივნიანი სასახლე თავისი დიდებული მარნით. ეკლესიით, ციხე კოშკებით და გადაჰყურებს ედემადქცეულ, ბაღ–ვენახებით დამშვენებულ ივრის ხეობას.


ბმული - http://mediatori.ge/index.php?option=com_content&view=article&id=216:2012-11-06-10-02-47&catid=9:2011-03-28-17-32-58&Itemid=10

Arrow

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კახეთი   Tue Apr 05, 2016 2:47 pm

როგორ გადასცეს აზერბაიჯანს 1921-1924 წლებში ქართული მიწები.


დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მხოლოდ თურქეთთან არის შეთანხმებული. დანარჩენ მოსაზღვრე ქვეყნებთან, მათ შორის აზერბაიჯანთან, მოლაპარაკებები დღემდე გრძელდება. საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში რამდენიმე სადავო უბანია. 2012 წლის დასაწყისისთვის ამ ორი ქვეყნის საერთო საზღვრის 480 კილომეტრიანი მონაკვეთიდან მხოლოდ 310 კილომეტრი იყო მხარეებს შორის შეთანხმებული. ერთ-ერთ შეუთანხმებელ მონაკვეთზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის სამი უმნიშვნელოვანი ძეგლი: ჩიჩხიტურის, უდაბნოსა და ბერთუბნის სამონასტრო კომპლექსები მდებარეობს. ამათგან დღეის მდგომარეობით ბერთუბანსა(იგი აზერბაიჯანის სიღრმეში საზღვრიდან 2 კმ-ზე მდებარეობს) და ჩიჩხიტურის კოშკს აზერბაიჯანი აკონტროლებს, დანარჩენს კი საქართველო. სხვათაშორის ჩიჩხიტურის კოშკი 2007 წ. დაიკავეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა. (ამაზე მაშინ განგაში ტელეგადაცემა "დროებამ ატეხა, მაგრამ მოსახლეობამ ხმა არ ამოიღო და...). სამივე მათგანი დავითგარეჯის ერთიანი სამონასტრო კომპლექსის განუყოფელია ნაწილია. ის ტერიტორია, რომლზეც ზემორე მონასტრები მდებარეობენ, ისტორიულად ყოველთვის საქართველოს კუთვნილება იყო. აზერბაიჯანის მფლობელობაში ის de facto მხოლოდ 1921 წლის 8 ნოემბერს, ხოლო de jure – 1924 წლის 20 ნოემბერს გადავიდა. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მოლაპარაკებებზე ქართული მხარე ამ სასაზღვრო ტერიტორიის სხვა ტერიტორიაზე გაცვლის წინადადებით შევიდა. არსებითია, რომ გარეჯის მონაკვეთზე საზღვრის კორექცია რაიმე დემოგრაფიულ, ან ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ შექმნის, რადგან განსახილველი უბნის ფარგლებში თუ მის სიახლოვეში არცერთი დასახლებული პუნქტი, ან სამრეწველო თუ სასოფლო-სამეურნეო ობიექტი არ მდებარეობს. განსახილველი ტერიტორია ნახევარუდაბნოა, რომელიც მხოლოდ საძოვრად გამოიყენება. აზერბაიჯანის მხარე ტერიტორიული გაცვლის წინააღმდეგია და ერთ-ერთ არგუმენტად ის მოჰყავს, თითქოს, დავითგარეჯის მონასტრები ქართული კი არა, ალბანური ძეგლები ყოფილიყოს. დავითგარეჯის მონასტრების ალბანური კულტურის ძეგლად გამოცხადება რაიმე ისტორიული საბუთის მოტანის გარეშე ხდება. ეს გასაგებიცაა, რადგან აზერბაიჯანული ჰიპოთეზის დამამტკიცებელი არანაირი საბუთი არ არსებობს. საქართველოს ისტორიული საზღვრების დროში ცვლილებისთვის თვალის მიდევნება შეიძლება "საქართველოს ისტორიის ატლასის" მეშვეობითაც (მუსხელიშვილი, 2003), რომელიც სანდო ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობითაა შედგენილი და ავტორიტეტული გამოცემაა. დავითგარეჯის უმთავრესი მონასტრის – წმ.დავითის ლავრის დაარსების დროისთვის (VI საუკუნის შუა წლები) უდაბნოს მთისა და მიმდებარე ყარაიის ველის ქართლის ფარგლებში ყოფნის ცნობა წმ.დავით გარეჯელის ცხოვრებაშიცაა დაცული. ჰაგიოგრაფიული თხზულებაში მოთხრობილია, თუ როგორ წააწყდა ნადირობისას რუსთაველი დიდებული, სახელად ბუბაქარი, უდაბნოს მთაზე სალოცავად ასულ წმ.დავითს (აბულაძე, 1964:234). წინამდებარე სტატიაში ისტორიული დოკუმენტებისა და წერილობითი წყაროების მოხმობით შევეცდებით ნათელი მოვფინოთ საქართველოს ტერიტორიის გარეჯის მონაკვეთის აზერბაიჯანის მფლობელობაში გადასვლის ისტორიას, იმ მიზეზების აქცენტირებით, რომლებმაც ამ უბნის მფლობელის შეცვლა განაპირობეს. აზერბაიჯანს ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოს მიმართ რუსეთის რევოლუციის მოხდენიდან მოკლე ხანშივე გაუჩნდა. ამიერკავკასია ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა, როცა 1917 წლის 15 ნოემბერს ადგილობრივი დროებითი ხელისუფლება – ამიერკავკასიის კომისარიატი შეიქმნა. ორი თვის თავზე, კერძოდ 1918 წლის 10 იანვარს, აზერბაიჯანის ხელისუფალთა მიერ წაქეზებული აზერბაიჯანელი მწყემსები, რომლებიც ცხვარს იმ დროს საქართველოს მფლობელობაში არსებულ ყარაიის ველზე აძოვებდნენ, აგრეთვე სხვა შეიარაღებული პირები, ყაჩაღურად თავს დაესხნენ და ააოხრეს წმ. დავითის ლავრა და უდაბნოს მონასტერი. აი რას წერდა ამის შესახებ დავითგარეჯის უდაბნოს წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი გერმოგენი: "იანვრის ათს დავით-გარეჯის უდაბნოს დაეცა თათრების (იგულისხმება "აზერბაიჯანელების" - ლ.მ.) შეიარაღებული რაზმი. რაზმს თან ახლდნენ უიარაღონიც. მთლად გაძარცვეს უდაბნო, გახრწნეს, ბერები დალახეს, ყარაულს იარაღი აჰყარეს და უწყალოდ სცემეს, დაამტვრიეს და მილეწ-მოლეწეს კანდელები, ტრაპეზები, ხატები. ისე გახრწნეს რო, უბრალო სკამიც კი არ დაუტოვებიათ. მოგეხსენებათ, რომ დავით-გარეჯის უდაბნო შესანიშნავი ისტორიული ნაშთია, აღსავსე ფასდაუდებელი ისტორიულის მნიშვნელობის საღმრთო ნივთებითა. ასეთი დღე ამ უდაბნოს არ დასდგომია შაჰაბაზის დროსაც კი. გაძარცვა არ აკმარეს, შენობებს ცეცხლი წაუკიდეს ყოველი მხრივ. ხალხი ჩაეშველა უდაბნოს და ცეცხლი ჩააქრო, მაგრამ დარჩა მხოლოდ ცარიელი დამწვარი ფიცრები..."(გერმოგენი (ა), 1918: 2). „სიმდიდრე ხომ წაიღეს, შეაგინეს, შეურაცხყვეს და წაბილწეს ისტორიული სიწმინდენი და ძეგლნი – ეს არ აკმარეს. აიღეს ჩვენივე, ბერების წერაქვები და ჩვენ თვალ წინ დაანგრიეს, დალეწეს, ლუკმა-ლუკმა აქციეს ტაძრების კანდელები, ტრაპეზები, ხატები, გააფუჭეს გამოკვეთილებში მხატვრობა, თითქოს განგებ შემოსევია ვინმე და დაუვალებია, ყოველივე ნიშან-წყალი გაექროთ ძველის ქართული კულტურისა. შეუბრალებლად სცემეს ბერებს, დაატიტვლეს და ღვთის-ანაბარად დატოვეს. ეს ადგილები ჩვენია, - გვიყვიროდნენ ისინი შეკითხვაზე, - მთავრობამ ჩვენ გვაკუთვნა, როგორც გვსურს, ისე მოვიხმართო; გვნებავს – დავანგრევთ, გვნებავს - დავწვამთო. მე მგონი, ქართველი ერი მოვალეა, ხმა ამოიღოს და მოსთხოვოს თათართა საეროვნო საბჭოს, ალაგმონ თავისი ხალხი, ნუ იწვევენ უსიამოვნობის და გადახდის ჟინსა" (გერმოგენი (ბ), 1918: 4). თავდამსხმელთა ქცევიდან აშკარა გახდა, რომ მათი ამოცანა არა იმდენად მონასტრის საგანძურისა და სხვა ღირებული ნივთების დაუფლება, არამედ სამონასტრო ქონების სრული განადგურება იყო. ამგვარ ქმედებას კონკრეტული დატვირთვა ჰქონდა: თუ ბერები მონასტრების განახლებას ვერ შესძლებდნენ, ყარაიის დაუსახლებელი ველი ქართველთა მეთვალყურეობის გარეშე დარჩებოდა და აზერბაიჯანელები ჩვენს საძოვრებს ადვილად დაისაკუთრებდნენ. თავდამსხმელები ამას დაუფარავად აცხადებდნენ კიდეც: „მთავრობამ ჩვენ გვაკუთვნა, როგორც გვსურს, ისე მოვიხმართო". ამიერკავკასიის კომისარიატს დავითგარეჯში მომხდარ ვანდალობაზე არანაირი რეაქცია არ მოუხდენია. დამნაშავეები არ დაუსჯიათ. 1918 წლის 26 მაისს დაიშალა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციული რესპუბლიკა და მასში შემავალმა სამმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დაახლოებით ერთ კვირაში, 1918 წლის 4 ივნისს, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ გაავრცელა საპროტესტო განცხადება აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ თურქეთთან წარმოებული მოლაპარაკებების გამო, რომლებიც აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული საზღვრების კორექციასა და დადგენას ეხებოდა. საქართველოს მთავრობის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სადავო საკითხები აზერბაიჯანსა და სომხეთს თბილისში უნდა დაესვათ, თურქეთის ჩარევის გარეშე, ხოლო საქართველოს მონაწილეობის გარეშე თურქეთთან რაიმე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ქართული მხარისთვის ის მისაღები და სავალდებულო ვერ გახდებოდა. მოგვყავს აღნიშნული განცხადების ტექსტი: "№180

Заявление Правительства Грузинской Республики по поводу переговоров Азербайджана и Армении с Турцией. Тифлис, 4 июня 1918 года.

Правительство Грузинской Республики, осведомившись, что представители Азербайджана и Армении ведут с Оттоманским Правительством переговоры об установлении и исправлении границ этих стран, постановило указать Национальным Советам последних, что исправление и установление границы между Грузией, Азербайджаном и Арменией составляет компетенцию Правительств означенных стран, и что Правительство Грузинской Республики может вести с представителями Азербайджана и Армении непосредственные переговоры по означенному вопросу в Тифлисе, без вмешательства Турции. В случае же, еслибы оказался какой-либо по сему предмету договор между Оттоманской Империей, с одной стороны, и Азербайджаном и Арменией, с другой, или с одной из них, то таковой договор Правительство Грузинской Республики ни в коем случае не может признать для себя приемлемым и обязательным”
აზერბაიჯანული მხარე თურქეთთან ცალმხრივი მოლაპარაკებებით არ დაკმაყოფილდა და საქართველოს სრულიად გაუგონარი ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა. 1918 წლის 14 ივნისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი მ. გაჯინსკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავდა: „#221-I - საქართველოს მთავრობამ, მიაჩნია რა, რომ ბორჩალოს მაზრა მისი ტერიტორიაა, იქ ქართული ჯარი და გერმანული რაზმი შეიყვანა, თითქოსდა, მაზრის ყაჩაღური ბანდებისგან გასაწმენდად. . . იმის გათვალისწინებით, რომ მთლიანად მუსლიმებით დასახლებული ბორჩალოს, თბილისისა და სიღნაღის მაზრების წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოთქვეს სურვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე, ჩემი მთავრობა პროტესტს გამოთქვამს საქართველოს მთავრობის ზემონახსენები განკარგულების წინააღმდეგ..." (Документы, 1919: 436). 17 ივნისს ნოე რამიშვილის ხელმოწერით გაგზავნილ საპასუხო წერილში ეწერა: „#221-II -ბორჩალოს მაზრა ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიას და არასდროს გამხდარა კამათისა და ეჭვის საგანი... იმედს გამოვთქვამ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა მომავალში არ დაუშვებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობას" (Документы, 1919: 437). საქართველოსადმი ტერიტორიული პრეტენზიების წაყენების პროვოცირებას, არცთუ იშვიათად, თავად ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა იწვევდა: იზიარებდა რა ლ.ნათაძის წინადადებას საქართველოში მცხოვრები თემების ეროვნული ნიშნით გამიჯვნის შესახებ, 1917 წლიდან მოყოლებული მენშევიკური მთავრობა მეზობელ ქვეყნებს ჰპირდებოდა, რომ საქართველოში სხვა ეროვნების წარმომადგენელთა მიერ კომპაქტურად დასახლებული ტერიტორიებს გადასცემდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით წერდა მიხეილ ადამაშვილი (მ.ჯავახიშვილი): "ჩვენი ბრმა და ყრუ მთავრობა ხელზე იხვევს ყოვლად უაზრო და ხალხის დამღუპველ რეალ მოსახლეობას და აპირებს უცხოელებს დაუთმოს საქართველოს ყელი და მთავარი ძარღვები. ყარაიაზის ამბები, დავით გარეჯა, აბასთუმანი და დარიალი მხოლოდ ცდა იყო ჩვენი ძალისა" (ადამაშვილი, 1918: 2). აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის მიტაცების მცდელობა ქვეყნის ხელისუფლების სათავეში "წითლების" მოსვლის შემდეგაც გაგრძელდა. ამასთან დაკავშირებით თავის გულისტკივილს რ.ინგილო შემდეგნაირად გამოთქვამდა: „ამას წინად ჩვენ ვწერდით იმ ანორმალ დამოკიდებულების შესახებ, რომელიც არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და აღვნიშნავდით, რომ ეს მოვლენა უმთავრესად გამოწვეულია ტერიტორიული საკითხის მოუწესრიგებლობით. ჩვენ აგრედვე ვამბობდით იმასაც, რომ რესპუბლიკის საზღვრები ოთხსავე მხრით შესწორებას მოითხოვენ სახელმწიფოს საციცოცხლო ინტერესების მიხედვით. საქართველოს მთავრობა მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიანობის სურვილით არის აღსავსე, მაინც ვერ ახერხებს ამ საკითხების სათანადოდ გადაჭრას და თავიდანვე მოემწყვდია ერთგვარ მოჯადოებულ წრეში, რომელსაც ვერ იქნა და ვერ მოსცილდა. მთავრობამ ამ ზაფხულს სამშვიდობო ხელშეკრულება დასდო აზერბაიჯანთან და იმედოვნებდა, რომ ამ აქტს მოჰყვება ძველ გაუგებრობისა და შუღლის უკუგდება. მთავრობა სასტიკად მოტყუვდა! „წითელი" აზერბაიჯანი ისეთივე უპირობო კონტრაგენტი გამოდგა, როგორც მისი წინამორბედი _ მუსავატელი" (ინგილო, 1920: 1). 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციიდან ორი თვის შემდეგ, 1921 წლის 2 მაისს, ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ტერიტორიული საკითხების მოგვარების მიზნით, რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს პლენუმის დადგენილებით შეიქმნა სპეციალური კომისია სერგეი კიროვის თავმჯდომარეობით. სერგეი კიროვი, იგივე კოსტრიკოვი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების სათავეში მენშევიკების ყოფნის ბოლო წელს თბილისში რუსეთის ელჩი იყო, ფაქტიურად კი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ძირგამომთხრელ საქმიანობას ხელმძღვანელობდა, ამ კომისიის თავმჯდომარეობის დროს აზერბაიჯანის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი გახლდათ. საქართველოს მხრიდან კომისიაში შედიოდნენ სახალხო კომისრები ალექსანდრე სვანიძე და სილვესტრ თოდრია. 1921 წლის 26 ივნისს თბილისში გამართულ სხდომას, რომელზეც ზაქათალის ოლქისა და ყარაიის ველის სადავო საკითხი განიხილებოდა, კომისიის წევრებს გარდა ესწრებოდნენ გრიგორი (სერგო) ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი და შალვა ელიავა (თოიძე, 1990: 25). აზერბაიჯანის მხარის მიერ (გუსეინოვი, გაჯინსკი, რასულ-ზადე, ომარ ფაიკი) შემოთავაზებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილების პროექტი: „პოლიტიკური მოსაზრებებით აზერბაიჯანის სსრ პრეტენზიას არ აცხადებს, რომ აღნიშნული რაიონები (ზაქათალის ოლქი და ყარაიის უბანი – ლ.მ.) მას შეუერთონ, მაგრამ მოითხოვს, საქართველომ იურიდიულად ცნოს და დაუმტკიცოს თათარ გლეხებს, რომ მათ უდავო უფლება აქვთ ფაქტობრივად ისარგებლონ იმ მიწებით (საძოვრებითა და სხვა სავარგულებით), რომლებსაც მეფის და მენშევიკების რეჟიმის დროს ფლობდნენ. ამასთან, საქართველო მთელ ადგილობრივ ძალაუფლებას ყარაიაზელ გლეხებს გადასცემს და ვალდებულებას კისრულობს ყაზახის გვერდის ავლით არანაირი განკარგულება არ გამოსცეს. იმ მიწების ზუსტად გამიჯვნისთვის, რომლებითაც აზერბაიჯანელმა გლეხებმა უნდა ისარგებლონ, ინიშნება საგანგებო შერეული კომისია" (თოიძე, 1990: 26). 27 ივნისის სხდომაზე ქართულმა მხარემ პროტესტი განაცხადა წინა დღეს აზერბაიჯანის წარმომადგენელთა მიერ გადაწყვეტილების პროექტის ტექსტში შეტანილი ერთი ფრაზის გამო: „მთელ ადგილობრივ ძალაუფლებას ყარაიაზელ (ანუ `აზერბაიჯანელ~ - ლ.მ.) გლეხებს გადასცემს", რასაც მწვავე კამათი მოჰყვა. საბოლოოდ, ზემოთ დამოწმებულ ტექსტში შემდეგი ცვლილება შეიტანეს: „მთელ ძალაუფლებას, გარდა პოლიტიკურისა" და დადგენილება შესწორებული სახით მიიღეს (თოიძე, 1990: 27). 1921 წლის 5 ივლისს თბილისში გაიმართა საქართველოს სსრ და აზერბაიჯანის სსრ წარმომადგენელთა კონფერენცია, რომელზეც შემდეგი დადგენილება მიიღეს: „1.პოლიტიკური საზღვრები აზერბაიჯანის სსრ-სა და საქართველოს სსრ-ს შორის რჩება უცვლელი. 2.საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ყარაიას ველის საკითხის შესახებ კონფერენციამ შემდეგი დაადგინა: ა) ცნობილ იქნეს სრული განსაკუთრებული მფლობელობა და სარგებლობა ყაზახის მაზრის გლეხების მიერ ყარაიას ველისა, დაახლოებით ქვემონახსენებ საზღვრებში, ამასთან დაცული იქნეს არსებული სახელმწიფო საზღვარი აზერბაიჯანის სსრ და საქართველოს სსრ-ს შორის" (მირიანაშვილი, 2000: 93) ამ ფრაზის შემდეგ, განსაზღვრული იყო ტერიტორიის ფაქტიური მფლობელობის საზღვარი. დადგენილებას თან ერთვოდა ორპუნქტიანი შენიშვნა, რომელშიც მითითებული იყო შემდეგი: „ა) ყაზახის გლეხების მფლობელობის ზუსტი საზღვრების დადგენა ევალება განსაკუთრებულ შერეულ კომისიას, რომელიც მუშაობას შეუდგება წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან ორი კვირის ვადაში. ბ) ყაზახის მაზრის გლეხები, რომლებიც არიან ფაქტიური მფლობელნი და მოსარგებლენი ამ ველით, ყველა შემთხვევაში იხელმძღვანელებენ აზერბაიჯანის სსრ კონსტიტუციითა და დაემორჩილებიან ყაზახის მაზრის აღმასკომს" (იქვე). კონფერენციის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა სპეციალური შერეული კომისია, რომლის პირველი სხდომა 1921 წლის 27 ივლისს აღსტაფაში გაიმართა. საქართველოს მხრიდან კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ პავლე ინგოროყვა, იმ დროს საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის მრჩეველი, და ვახტანგ მაჩაბელი. პავლე ინგოროყვამ ქართული მხარისთვის მიუღებლად მიიჩნია კონფერენციის დადგენილების მეორე პუნქტის ბ)-შენიშვნაში მოცემული ფორმულირება, რამდენადაც მისი ტექსტი გაცილებით მეტს გულისხმობდა, ვიდრე უბრალოდ ყაზახის რაიონის გლეხების ყარაიას ველის საძოვრებზე მფლობელობის ზუსტი საზღვრების დადგენას. მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა გადაწყდა, რომ ზუსტი საზღვრების დადგენამდე ყაზახის მაზრის გლეხებს უფლება მიეცემოდათ დაუბრკოლებლად ესარგებლათ ყარაიას ველის ყველა იმ საძოვრითა და სავარგულით, რითაც ისინი ადრე სარგებლობდნენ. 1921 წლის 8 ნოემბერს თბილისში გამართულ შერეული კომისიის სხდომაზე (თავმჯდომარეები – ვ.კანდელაკი და ა.აბასოვი, წევრები – დ.ვექილოვი, ა.ბერიძე და მ.შიხლინსკი) დადგინდა ყაზახის მაზრის გლეხების ფაქტიური სარგებლობისა და მფლობელობის საზღვრები ყარაიას ველზე. ამ დადგენილებით ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტრების ტერიტორიები მთლიანად აზერბაიჯანელ გლეხთა ფაქტიურ მფლობელობაში აღმოჩნდა; მათსავე სარგებლობაში გადავიდა ტერიტორია ჩიჩხიტურის მონასტრის იმ ნახევრით, რომელიც უდაბნოს მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს, მეორე, ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე განთავსებული ნაწილი კი საქართველოს დარჩა. მომდევნო სხდომაზე, 1921 წლის 15 ნოემბერს, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს სსრ და აზერბაიჯანის სსრ ადმინისტრაციული საზღვრის გატარების შესახებ, თუმცა ყარაიას ველის ზამთრის საძოვრების მფლობელობის საკითხი კვლავ სადავო დარჩა. ამ დოკუმენტზე საქართველოს მხრიდან ხელი მოწერილი აქვს რევკომის თავმჯდომარეს ბუდუ მდივანს, აზერბაიჯანის მხრიდან კი – ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს მუხტარ გაჯი ზადეს. აღნიშნული დოკუმენტით აზერბაიჯანის ხელში გადადიოდა ზაქათალას ოლქი (3564 კვ კმ - 75000 კაცით), ყარაის სექტორი(658 კვ კმ) და ელდარის ველი(546 კვ კმ) ჯამში 17600 კაცით, ანუ ჯამში 4768 კვ კმ 92600 კაცით. მომდევნო პერიოდში აზერბაიჯანს ყარაიის ველის საძოვრების დე ჯურე გადაცემის საკითხი აღარც დაუსვამს, რადგან ამის აუცილებლობა არც არსებობდა: საქართველოს საძოვრების ფაქტიურ მფლობელებად აზერბაიჯანელი გლეხები გვევლინებოდნენ. ამგვარი მდგომარეობა 1924 წლის ნოემბრამდე გაგრძელდა. საქართველო-აზერბაიჯანის ადმინისტრაციული საზღვრის დემარკაციისადმი დამოკიდებულება მას შემდეგ შეიცვალა, როცა საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ამბოხება მოხდა. საქართველო თავისუფლებისადმი სწრაფვის გამო მკაცრად დაისაჯა: ამიერკავკასიის ცაკთან არსებული ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში შემავალ რესპუბლიკებს შორის არსებული, მიწის, ტყის და წყლით სარგებლობის სადავო საკითხთა მომგვარებელი კომისიის სხდომის 1924 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით, შერეული კომისიის მიერ 1921 წლის 8 ნოემბერსა და 1922 წლის 28 იანვარს დადგენილი საზღვრები „ნატურაში განმტკიცდა" (მირიანაშვილი, 2000: 124). ამ დადგენილების საფუძველზე აზერბაიჯანის იურიდიულ მფლობელობაში გადავიდა საკმაოდ ვრცელი ტერიტორია, რომელზეც აღმოჩნდა ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტრები მთლიანად, აგრეთვე ჩიჩხიტურის მონასტრის ის ნაწილი, რომელიც უდაბნოს ქედის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს. დავითგარეჯის მიდამოებში სასაზღვრო დავასთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტების გაცნობისას ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ ოფიციალურ წერილებსა თუ დადგენილებებში საუბარია მხოლოდ საძოვრებზე. აზერბაიჯანული მხარის მიერ საქართველოს ბოლშევიკური მთავრობისთვის საზღვრის საკითხთან დაკავშირებით მიწერილ ერთ-ერთი პირველი წერილი, ფაქტიურად, არის თხოვნა საძოვრების გადაცემაზე იმ საბაბით, რომ ყაზახის მაზრის აზერბაიჯანელ გლეხებს საძოვრების ნაკლებობის გამო საქონელი ეხოცებათ და მძიმე მდგომარეობაში არიან ჩავარდნილნი. ამ წერილზე დადებითი რეზოლუციაა წაწერილი, ეს იმ დროს, როცა სიღნაღის მაზრის ქართველი გლეხები თავად განიცდიდნენ ზამთრის საძოვრების ნაკლებობას. დავითგარეჯი, როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელი ნაწილის ოფიციალურ დოკუმენტებში მხოლოდ 1922 წელს გაჩნდა, რასაც 1921 წელს ხელოვნებათმცოდნე გიორგი ჩუბინაშვილის მიერ გარეჯის მონასტრებში მოწყობილ კომპლექსურ ექსპედიციას უნდა ვუმადლოდეთ. ექსპედიციის პროცესში მოპოვებული მასალების შესწავლის შემდეგ გიორგი ჩუბინაშვილმა საქართველოს ხელისუფლებას მოხსენებითი ბარათი წარუდგინა, რომელშიც ხაზი გაუსვა გარეჯის მონასტრების განსაკუთრებულ ადგილს საქართველოს ისტორიასა და კულტურაში. სამწუხაროდ, იმდროინდელმა საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული ტერიტორიის ბედი პარტიული შეხედულისამებრ გადაწყვიტა. ასე მიაღწია აზერბაიჯანმა თავის საწადელს.

სხავთაშორის ქართველმა კომუნისტებმა 70 წლის მანძილზე კიდევ არაერთხელ გადასცეს ქართული დაუსახლებელი სასაზღვრო ტერიტორიები აზერბაიჯანელებს. ქართველები ამით იმედოვნებდნენ, რომ აზერბაიჯანი ამით ინამუსებდა და სადავო ქართულ მონასტრებს დაგვიბრუნებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად. კომუნისტების მიერ აზერბაიჯანისათვის გადაცემული ყველა ტერიტორია სტატიის ქვემოთ № 5 სურათზე მწვანე ფერით არის აღნიშნული.

ბმული - http://gardaqmna.do.am/news/rogor_gadastses_azerbaijans_1921_1924_ts_39_lebshi_kartuli_mits_39_ebi/2012-05-20-140

Arrow

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კახეთი   Wed Apr 26, 2017 6:10 pm

ნონა დათეშიძე

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
2010-09-24



ჩომახაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩომახი.

ამავე ძირისაა გვარები ჩომახიძე, ჩომახია, ჩომახიშვილი.

„ღოუბნელი ნინია ჩომახაშვილი, 1818 წელს ნათლავს შიოს ვაჟს, მიმრქმელია პეტრე გოგოლაშვილი”.

ჩომახაშვილები ქვემო ქართლში მემამულე აზნაურები იყვნენ და ორბელიანთა შტო-გვარად მიიჩნევიან.

საქართველოში 455 ჩომახაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 172, გურჯაანში – 111, თეთრი წყაროში –105. არიან სხვაგანაც.

ჩომახიშვილი – 69. ჩომახიძე – 689. ჩომახია – 60.



შაყულაშვილი

გვარი შაყულაშვილი ენათესავება გვარ შახულაშვილს. როგორც შაყულაშვილის, ასევე, ბახულაშვილის ადრინდელი გვარი იყო ჭილიმუზაშვილი.

გვარი შაყულაშვილი გვხვდება ონისა და ბორჯომის რაიონის ტერიტორიებზე, არიან სხვაგანაც, ხოლო საკუთარი სახელი შაყულა მომდინარეობს სპარსულიდან „შაჰყული”. ის შაჰის მონას აღნიშნავს.

შაყულაშვილები იყვნენ ქვემო ქართლის მემამულეები. ასევე, ვანში იყვნენ უყმო აზნაურები.

საქართველოში 984 შაყულაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 396, ბორჯომში – 300, გორში – 153. არიან სხვაგანაც.

45 შახულაშვილი: თბილისში – 43, მცხეთაში – 2.



ყალანდრიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყალანდარი. სავარაუდოდ, სახელი ნაწარმოები უნდა იყოს სიტყვიდან ყალანი, რაც გადასახადს, ბეგარას ნიშნავს.

ყალანდარ თუმანიშვილი 1666 წელს ყმის წყალობის წიგნში მოიხსენიება, რომელიც გიორგი ბატონიშვილს მანუჩარ თუმანიშვილისთვის უბოძებია.

1721 წელს ენაგეთში მოიხსენიება ვინმე ყალანდარიშვილი.

საქართველოში 37 ყალანდარიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 12, თელავში – 22, ახმეტაში – 3.



ხოჯაშვილი-ხოჯავა

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხოჯა. ის სპარსული წარმოშობისაა და ქართულად საპატიო წოდების აღმნიშვნელია.

ამავე ძირისაა გვარები: ხოჯავანიშვილი, ხოჯივანიშვილი, ხოჯევანიშვილი, ხოჯვანიშვილი და ხოჯავა.

ისტორიული გადმოცემის მიხედვით, ხოჯივანიშვილის საგვარეულოს წინაპარი, სახელად იოანე, მასწავლებელი ყოფილა. მესხეთში თურქთა ბატონობის დროს იოანეს ხოჯას ეძახდნენ, რაც გვარის წარმოშობას დაედო საფუძვლად.

ავთანდილ და სულხან ხოჯაშვილები, ისტორიული საბუთების მიხედვით, მებატონეები იყვნენ და ჰყავდათ ყმები.

1721 წელს მაწევანში მოიხსენიება უყმო აზნაური ხოჯაშვილი.

საქართველოში 110 ხოჯაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 55, თიანეთში – 18, ქუთაისში – 14. არიან სხვაგანაც.

ხოჯავა – 505.



ფრიდონაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფრიდონი, რომელიც ირანული წარმოშობისაა. ამ სახელის ეტიმოლოგია დაუდგენელია. მისი შემოკლებული ფორმაა ფიდო, რომელიც გვხვდება ქართლში. ძველად, ასევე, გვხვდება საკუთარი სახელი აფრიდონი და მისგან ნაწარმოები გვარი აფრიდონიძე.

ამავე ძირისაა გვარი ფრიდონაშვილი.

1721 წელს მოიხსენიება ოთარა მერმანოზიშვილის ყმა ოქრუა ფრიდონაშვილი.

ასევე, 1721 წელს მოიხსენიება ბეჟანა აბულვათიშვილის ყმა სამნუა ფრიდონაშვილი.

საქართველოში 647 ფრიდონაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 208, თბილისში – 161, თუშეთში – 110. არიან სხვაგანაც.

163 ფრიდონიშვილი: თბილისში – 87, რუსთავში – 25, ლაგოდეხში – 20. არიან სხვაგანაც.



ყირიმელაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყირიმი, ყირიმია.

ბესო ყირიმელაშვილი მოიხსენიება 1843 წელს დიდ თონეთში, მოსახლეობის აღწერის დროს.

1885 წელს, სვიმონ მჭედლიძის თავმდებად მოიხსენიება ბერუა ყირიმელაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები ყირომელი, ყირიმლიშვილი, ყირიმელიშვილი.

საქართველოში 47 ყირიმელაშვილი ცხოვრობს.

ყირიმელი – 126. ყირიმლიშვილი – 138. ყირიმელიშვილი – 72.



ჯოიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯოია.

ვახუშტის მიხედვით, ჯოიას უცხოვრია სოფელ ტბისის ეკლესიის გვერდით, სულ მარტოს. როგორც ჩანს, ის იქ ეკლესიის განძს იცავდა. ერთხელ, ლაშქრობიდან მიმავალ მეფე ერეკლეს ამ ეკლესიის მახლობლად დაუსვენია. მამაცი მეფის წვევით გახარებულ ჯოიას ერეკლესთვის საკუთარი ოქროს ჯამი მიურთმევია. მეფეს ესიამოვნა ასეთი ძღვენი და უკითხავს, რით გადაგიხადო ეს პატივისცემა, რას მთხოვ სამაგიეროდო. ჯოიას უთქვამს, არაფერს გთხოვთ, მხოლოდ ერთი მეზობელი კაცი დამისახლე გვერდით, რომ ხმა გავცეო. შემდეგ ირკვევა, რომ ჯოიას მარტოდმარტო ვერ გაუძლია, ალგეთის პირას, უფრო დაბლა ჩამოუნაცვლია და ხალხის გვერდით, დიდ ენაგეთში დასახლებულა.

1906 წლის 31 მარტამდე ცნობილი გვარი იყო ჯოიაშვილი. 1 აპრილს, მეფის ჟანდარმერიამ გენერალ გრიაზნოვის მკვლელის გვარად დაასახელა ჯარიაშვილი. ორი დღის შემდეგ, ის შეიცვალა გვარით ჯავიაშვილი, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ კი – ჯორჯიაშვილით. ასე გაჩნდა ჯოიაშვილიდან გვარი ჯორჯიაშვილი.

ჯორჯიაშვილების რამდენიმე ოჯახი გადავიდა მეტეხში და იქ ბოგველებად დაეწერნენ.

ჯორჯიაშვილების სოფელს ადრე ბოგვი ერქვა.

საქართველოში 92 ჯოიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 63, თეთრი წყაროში – 28, ახალგორში – 1.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით.

ბმული - http://tbiliselebi.ge/?mas_id=5869&year=2009&rubr_id=16&jurn_id=35

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: კახეთი   

Back to top Go down
 
კახეთი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ისტორიისათვის-
Jump to: