არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გურამ რჩეულიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: გურამ რჩეულიშვილი   Mon Feb 16, 2009 1:27 pm



გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი (დ. 4 ივლისი, 1934, თბილისი ― გ. 23 აგვისტო, 1960, გაგრა), ქართველი მწერალი.

გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი(თსუ) ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში" გამოაქვეყნა 1957 წ. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე.მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: "შემოდგომა ბაბუა კოტესი", "სათაგური", "სიყვარული მარტის თვეში", "ნელი ტანგო", "თვირთვილა", "უსახელო უფლისციხელი" და "სიკვდილი მთაში". მოთხრობათა პირველი კრებული "სალამურა" მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოიცა. რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი გმირების ახალგაზრდულ სიფიცხესა და ქედუხრელობას, ვნების სიმძაფრესა და პირველაღმომჩენის ჟინს ერწყმის დიდი ადამიანური სილბო და შემწყნარებლობა. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე. მას შესანიშნავი წიგნები უძღვნა მეგობარმა ნუგზარ წერეთელმა: "მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ" და ,,აი, მე, გურამი ვდგავარ თქვენს წინ.” მისი სცენარებით გადაღებულია ფილმები – "ალავერდობა”, "უსახელო უფლისციხელი”. გურამის ცხოვრება მისსავე მოთხრობებს ჰგავდა სიმართლით, სისავსით, სიღრმით და თვით ლაკონურობითაც. გ. რჩეულიშვილი თავის თაობაში გამორჩეული ახალგაზრდა იყო თავისი ცხოვრებისეული და მწერლური სტილით, იგი მუდამ განსაცდელს ეჭიდებოდა, თითქოს ეძებდა კიდეც, აკი შეეწირა კიდეც სხვისი სიცოცხლის გადარჩენას... იგი 1960 წ. 23 აგვისტოს 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქ. გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად. გურამ რჩეულიშვილი დაკრძალეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე.


study


ძალიან კარგი წერილი აქვს არგანს გურამ რჩეულიშვილზე ამ წიგნში - ”ამაოდ არც მთაწმინდაზე უსეირნიათ”.
და კარგი იქნება, აქა გვყავდეს ეს მწერალიც.

აი, ბმული, თუ გურამ რჩეულიშვილის მონიტორზე წაკითხვა გვინდა - http://www.lib.ge/each_author.php?301




Last edited by Admin on Wed Mar 02, 2011 9:12 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: გურამ რჩეულიშვილი   Mon Feb 16, 2009 1:50 pm

გადმოგიგზავნი იმ წერილსაც, მიხო და იქნებ ისიც აქ დავდოთ?!
დღეს ძალიან კარგი გვერდები გამიხსენი, ერლომი და გურამი ხომ "ჩემი ბიბლიოთეკის"
თავი ავტორები არიან! sunny
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ რჩეულიშვილი   Mon Feb 16, 2009 2:31 pm

არგანი wrote:
გადმოგიგზავნი იმ წერილსაც, მიხო და იქნებ ისიც აქ დავდოთ?!
დღეს ძალიან კარგი გვერდები გამიხსენი, ერლომი და გურამი ხომ "ჩემი ბიბლიოთეკის"
თავი ავტორები არიან! sunny

Arrow

კი, გამომიგზავნე.

და თუ ერლომზე და გურამზე დაწერე, ეხლა, წესით და რიგით, გურამ გეგეშიძის და ვაჟა გიგაშვილის ჯერია... Wink მე ეგრე მგონია და შეკვეთას იძლევაო, არ იფიქრო...

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ რჩეულიშვილი   Mon Feb 16, 2009 4:31 pm

გია არგანაშვილი

მარტივი ტექსტის ღირსება
პორტრეტის ესკიზი

გურამ რჩეულიშვილის შემოქმედების ახალი, ხუთტომეული კრებულის გამოცემას ნამდვილად არ ახლავს ის საყოველთაო ინტერესი, რომელსაც ეს წიგნი იმსახურებს.
შეიძლება მკითხველი ტყუვდება და ახალი გამოცემა ძველი რედაქციის პოლიგრაფიული განახლება ჰგონია, სინამდვილეში ესაა მწერლის სრულიად ახალი წიგნი. გარწმუნებთ, რომ თვითონ მწერალიც ახლებურად წარმოსდგა მკითხველის წინაშე, თუ არა და რომელი თქვენგანი დაიჯერებს, რომ ღრმა სინანულში ჩავარდნილი, ბერობისკენ მიდრეკილი ახალგაზრდა კაცი ქართველი მწერალი - გურამ რჩეულიშვილია, რომელსაც დღემდე სულ სხვა მხრიდან ვიცნობდით.
საერთოდ თუ საზოგადოებრივი ცნობიერების დონეს და მიმართულებას გავითვალისწინებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გურამ რჩეულიშვილი, როგორც მწერალი, კიდევ დიდხანს ვერ გახდება ჩვენში პოპულარული, მასობრივ მკითხველს არც სურს და არც მოეთხოვება სხვა რიგის სიღრმეების მოხილვა, მკითხველ-ჭკვიანს კი (როგორც მათ გურამ რჩეულიშვილი უწოდებს) ახლა განსხვავებული მიმდინარეობა, პოსტლიტერატურული ძიებები უფრო იტაცებს, ის გრძნობს, რომ ავტორი ისევ რაღაც სახიფათოს ამბობს, ამიტომ მოცდას ამჯობინებს, ეშმაკმა იცის, ახალია, იქნებ კარგია, დაე სხვებმა გამოთქვან აზრი, ჩვენ კი ვიტყვით, რომ ამას უკვე დიდიხანია ვამბობდით, მოწმედ შეგვიძლია პირველივე თანამესუფრე დავასახელოთ... თუმცა სულ წაუკითხაობაც არ იქნება. ცოდოა, იდეოლოგიამდე აყვანილი მორალური და ესთეტიკური პრინციპების არგაგება და არგაზიარება, ინდივიდუალური აზროვნების იმ მაღალი ნიშნულის დაკარგვა, რომელიც მწერლის ახალ გამოცემაში გამოჩნდა.
მე შეიძლება ვაჭარბებ, მხოლოდ არა მწერლის შემოქმედების შეფასებაში. შეიძლება გურამ რჩეულიშვილს ახალ თაობაში იმაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს, ვიდრე ოდესმე ჰყოლია. თუმცა არ ვიცით, რა უფრო იზიდავს თანამედროვე მკითხველს: თხრობის უჩვეულო სილაღე, მარტივი, სადა სტილი, თუ ის არაჩვეულებრივი აზროვნება, რომლის წყალობითაც გურამ რჩეულიშვილს კლასიკური ლიტერატურის მემკვიდრეობა ერგო წილად.
ხუთტომეულის პირველი სამი წიგნის გამოცემამ უკვე დაგვარწმუნა, რომ მოთხრობების ძველი რედაქცია არასრულია. ვგულისხმობ არა მხოლოდ ცალკეულ აბზაცებს, ხშირად ეპიზოდებსაც კი, რომელიც ცენზორმა ამოიღო, ან რედაქტორთა თვითნებობას შეეწირა, არამედ ნაწარმოების მთლიან აგებულებას, შინაგან კომპოზიციას, რომელიც ავტორმა, თავდაპირველად სწორედ ასეთი სახით შემოგვთავაზა. სამაგალითოდ მკითხველისთვის კარგად ცნობილი "ირინა და მე" და "ალავერდობა" იკმარებს, რომლებიც მწერალმა "დღიურთან" ერთად გაიაზრა და რატომღაც, საერთო სათაურის - "ჩემი ლიტერატურული შეხედულებების" ქვეშ გააერთიანა.
საერთოდ ეს გამოცემა, განსაკუთრებით კი მესამე ტომი, უფრო სრულყოფილ წარმოდგენას გვიქმნის მწერლის შემოქმედებაზე რა თქმა უნდა, მხოლოდ მხატვრული ტექსტების განახლებულ ვარიანტებს არ ვგულისხმობ. წიგნის ნახევარზე მეტი მარინე რჩეულიშვილის კომენტარებს და შენიშვნებს ეთმობა, კომენტარები საინტერესო საკითხავია, მკვლევარი ისეთივე თავისუფალი სტილითა და სითამამით გამოირჩევა, როგორიც მხოლოდ გურამ რჩეულიშვილის ტექსტებისთვისაა დამახასიათებელი. მეცნიერული კვლევას შემოქმედებითი ანალიზი ამსუბუქებს, მწერლის ფსიქოლოგიური პორტრეტი კი იმდენად ზუსტია, რომ მონოგრაფიის მოთხოვნასაც აკმაყოფილებს
ნაადრევად მეტს არაფერს ვიტყვი გაწეულ შრომაზე და საბოლოო შედეგზე, დაველოდები მომდევნო ორი ტომის გამოცემას, სადაც პიესები, კინოსცენარები, ლექსები, მინიატურები, დღიურები და პირადი წერილები დაიბეჭდება.
დარწმუნებული ვარ გაკვირვებისა და აღტაცების მიზეზი მომდევნო ტომებშიც საკმარისი იქნება, განსაკუთრებით პიესებსა და პოეზიაში, რადგან ამ უკანასკნელ ჟანრში გურამის მოღვაწეობაზე თითქმის არაფერია ცნობილი.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ რჩეულიშვილი   Mon Feb 16, 2009 4:33 pm

გია არგანაშვილი

მარტივი ტექსტის ღირსება
პორტრეტის ესკიზი

სამაგალითოდ მკითხველს გურამის ერთ-ერთი ლექსიდან ნაწყვეტს შევთავაზებ, სადაც ავტორი დაწესებული მორალური საზღვრის მიჯნაზე, როგორც დანის პირზე, ისე მოძრაობს:
"იმ მიუწვდომელ მშვენიერებას
ბავშვი რომ ხედავს
ქალის სხეულში
თავის პატარა გაურყვნელი, წმიდა ხელებით
როცა დაბერილ თეთრ ძუძუებს
ვნებით უჭყლიტავს,
ვცდილობ მივაგნო,
როგორც ერთი წლის დაბადებიდან
მოურიდებლად თავის დედას გაუხსნის საკინძს
ვარდისფერი ძუძუსთავების დასაწაფებლად,
ისევე წმინდა,
ისევე დიდი,
არის სურვილი ჩემი?
მხოლოდ მორალი დაწესებული გარეშემო
მე შეურაცხმყოფს,
ტყუილ ბრალსა მდებს,
და მეც ბრალდებულს,
ცოდვისთვის შობილს
გულის სიღრმეში მიხარია ეს განაჩენი."
როდესაც ამ ლექსზე საუბრობს, მარინე რჩეულიშვილს ახსენდება ნიკოლოზ ბარათაშვილის „ჩვილის ხმა" და ზუსტად შენიშნავს მსგავსებას ამ ორ ტექსტს, ორ მდგომარეობას შორის... ამ სტრიქონებში მართლაც იგრძნობა ჩვილის პატიოსნება, ფაქიზი, თითქმის მიუღწეველი განცდა, როგორც საუკეთესო სიზმარი, რომელიც „ნათელაში" გაასრულა და სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა გურამმა.
გურამ რჩეულიშვილის ლიტერატურაზე საუბრისას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი შემოქმედებითი სივრცის ცენტრში სწორედ გურამი დგას, ეს ერთადერთი ადამიანია, რომელზეც ღირს საერთოდ წერა ან ლაპარაკი, მისი თვალი შიგნით არის მიმართული, მას განსაკუთრებით, თავისი შიდა სამყარო აინტერესებს, ის სუბიექტურადაა განწყობილი, თუმცა იმავდროულად მისი ინტერესი გარეთ, ობიექტურ სამყაროსაც წვდება. ხასიათის ტიპოლოგიაში ის ერთდროულად ჩაითვლება ინტროვერტულ და ექსტრავერტულ (რა თქმა უნდა, თუ მსგავსი რამ საერთოდ შესაძლებელია იუნგის თეორიაში) პიროვნებად. გარემო აფორმებს და აყალიბებს მის ხასიათს, თუმცა ეს უკანასკნელიც, თავის მხრივ აყალიბებს და აფორმებს განსაზღვრულ ფარგლებში გარემოს.
მე გადავიკითხე გურამ რჩეულიშვილის პიროვნებასა და შემოქმედებაზე მის თანამედროვეთა მოგონებები და წერილები, მაგრამ გურამის ახალ პორტრეტს, ისეთი როგორიც ხუთტომეულის გამოცემაში იხატება, ვერსად წავაწყდი. როგორც ჩანს, მათ ასეთი გურამი არ ახსოვთ, შეიძლება არც არასოდეს ყოფილა, ამიტომ სრულიად უცნობია ის ჩემთვის და ალბათ მკითხველისთვისაც
მასზე სიცოცხლეშივე შეიქმნა ლეგენდა, როგორც გამორჩეულ, აქტიურ სოციალურ ტიპზე, რომელიც დროსტარებისა და ჩხუბისაგან თავისუფალ დროს ძალდაუტანებლად ჰქმნიდა საოცრად საინტერესო მოთხრობებს. საერთოდ ადვილად წერის, ადვილად ხატვის, ადვილად კინოს გადაღების მითი ჩვენში, სწორედ გურამ რჩეულიშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობის არასწორმა ინტერპრეტაციამ დაბადა და დღემდე შემოქმედებითი მუშაობის ყველაზე პოპულარულ მეთოდად ითვლება.
საზოგადოებას გმირზე მეტად არტისტი სჭირდება, რომელიც კარგად შეასრულებს გმირის როლს. ჩვენ გვახსოვს ნამდვილი გმირები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არ მიიღო საზოგადოებამ, რომ თავის თავს არ გავდნენ. გურამ რჩეულიშვილმა ის პერსონაჟი განასახიერა, რომელსაც საზოგადოება ითხოვდა, განასახიერა ისეთი გულწრფელობით, რომ არავის არც ახლობლებს, არც მეგობრებს ეჭვი არ შეპარვიათ, რომ ეს სახე ("რჩეულა") მისთვის მხოლოდ როლი იყო. სინამდვილეში კი მისი შინაგანი ხმა "ნეტარი უსახელობისკენ" მიისწრაფოდა.
გურამ რჩეულიშვილი ადამიანთა განსაკუთრებულ კატეგორიას ეკუთვნის, ბუნებით ლიდერი იყო, გამოირჩეოდა დიდი პასუხისმგებლობით. ეს პასუხისმგებლობა მთელ სამყაროზე ვრცელდებოდა, თავს ქვეყნის ბატონ-პატრონად თვლიდა, ხელმწიფესავით აზროვნებდა და ხელმწიფურ ასპარეზსაც ეძებდა, ცოდვა, რომელიც მას აწვალებდა უფრო ზოგადსაკაცობრიო იყო, ვიდრე პიროვნული. შემოქმედებითად მას შეეძლო მთელი სამყარო ხელისგულზე დაეტია და საკუთარი თავი მსოფლიოსათვის ეგრძნობინებინა, მაგრამ მისთვის ესეც თვითშეზღუდვა იყო, ადრეულ ასაკში უფრო წინ ვარდნის (დიდების) სურვილი იტაცებდა, მაგრამ ამისთვის მას აკლდა პატივმოყვარეობა, რომელიც აუცილებელი იყო მიზნის მისაღწევად, შემდეგ კი უსურვილობამ შეიპყრო, უფრო ზუსტად კი სურვილმა, გამხდარიყო ისეთი გენიოსი, რომელიც არაფრით გამორჩეული არ იქნებოდა სხვებისგან.
ამიტომ მხატვრული შემოქმედება, მისთვის მხოლოდ განუხორციელებელი მიზნების (პოლიტიკური) რეალიზაცია იყო, რადგან მას თანაბარი წარმატებით შეეძლო სხვა ნებისმიერ დარგში ეღვაწა, ლიტერატურა აირჩია, თუმცა ჩვეულებრივი გაგებით "პოეტს" ან "პროზაიკოსს" ვერც ვუწოდებთ და ვერც მის შემოქმედებას შევაფასებთ სტანდარტული საზომით.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ რჩეულიშვილი   Mon Feb 16, 2009 4:34 pm

გია არგანაშვილი

მარტივი ტექსტის ღირსება
პორტრეტის ესკიზი

ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ გურამს არ დასცალდა, ვიხსენებთ მას, როგორც ადრე წასულ მწერალს (საერთოდ, უფრო ადვილია გურამზე საუბარი, ვიდრე მასზე წერა...), მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ გურამი სიბერეს მოესწრო (მე მინდა მკითხველმა ეს აზრი პირდაპირ გაიგოს), გურამი დაბერდა (სიბერის ნიშნები, მეგობრების თქმით, სიცოცხლის ბოლო წლებში განსაკუთრებით დაეტყო), მან შედარებით სწრაფად გაიარა მთელი ცხოვრება, რადგან დროის შესახვედრად მიდიოდა, შესაბამისად იწვევდა განცდებს და ამიტომ მისმა ახალგაზრდულმა ასაკმა ჩვეულებრივი სიბერის ხასიათი შეიძინა.
სხვანაირად შეუძლებელია იმ ასაკობრივი გამოცდილების ახსნა, რომელიც აშკარად იგრძნობა მის ნაწარმოებებში. სამაგალითოდ ისევ "ალავერდობა" მინდა გავიხსენო, გურამმა ამ ნაწარმოებში თავისი ასაკისთვის შეუუფერებელი გონიერებით დაძლია რევოლუციური აზარტი, მეამბოხური საყმაწვილო სენი, რომელიც ზოგიერთ მწერალს ცხოვრების ბოლომდე გაყვა. ამ მხრივ ეს ტექსტი ძალიან ჰგავს ვაჟა ფშაველას "ალუდა ქეთელაურს". შეიძლება მის გამოხმაურებადაც კი ჩავთვალოთ, რადგან გურამის აზრით, მარტო ერთი ადამიანის სურვილს არ შეუძლია სიკეთე მოუტანოს ხალხს, იგივე აზრს ავითარებს ვაჟა ფშაველაც, თუმცა ნაწარმოების სიუჟეტი დაძაბულობის ისეთ ზღვარზე ვითარდება, რომ შეიძლება მკითხველს გამოეპაროს ავტორის დამოკიდებულება პერსონაჟისადმი. "ალავერდობაში" გურამ რჩეულიშვილმა მხოლოდ გააძლიერა ის ანტირევოლუციური, ანტიმეამბოხური პათოსი, რომელიც "ალუდა ქეთელაურშიც" (ავტორის პოზიცია) კარგად იგრძნობა.
მესამე ტომში პირველად დაიბეჭდა "ჩემი ლიტერატურული შეხედულებები". მწერალი აღნიშნავდა, რომ ეს არაა მაღალმხატვრული ნაწარმოები, მაგრამ ის დროული და საჭირო წიგნია, აზრების ემოციებთან კავშირში. მართლაც, როგორც ფილოსოფიურ-იდეოლოგიური შესავალი მწერლის სხვა მოთხრობებისთვის, "ჩემი ლიტერატურული შეხედულებები" საინტერესოა, არა მხოლოდ გურამ რჩეულიშვილის შემოქმედების მკვლევართათვის, არამედ ქართული კრიტიკული აზროვნებისთვის. ამ წერილში ხელოვნების დანიშნულებაზე, კონკრეტულად კი ქართული ლიტერატურის ტრადიციებზე, ეროვნული ხასიათის თავისებურებებზეა საუბარი, გურამ რჩეულიშვილმა მოკლედ ჩამოაყალიბა თავისი კვლევის შედეგები: მე ვამაყობ, რომ ვარ იმ ერის შვილი, რომელსაც არასოდეს არ აკმაყოფილებს თავისი არსებული ფორმა, რადგან არ იცის რომელია ის – დაუკმაყოფილებლობა არსებულით ეს არის ფორმა და ამას ჰქვია ქართველი კაცი. ეს ერთი შეხედვით, საკმაოდ ბუნდოვანი განმარტება, სინამდვილეში ზუსტად გამოხატავდა ჩვენს ეროვნულ ხასიათს და რაც მთავარია, სრულყოფილებისკენ ლტოლვას. ამავე წერილში გურამი შეეხო ქართულ ლიტერატურაში გამეფებულ ტრადიციას ანუ ნაკლს, ზოგ შემთხვევაში ღირსებამდე ასულს, რაც ჩვენს ზედმეტად პოეტურ ბუნებაშია. იგულისხმება ბრძნული ხელოვნებით, სხარტად გამოთქმული სიბრძნეებით, მშვენიერი ბუნებისეული სიბრძნენარევი ლექსებით გატაცება, ანუ ხალხის აფორიზმული თვითგამორკვევა, რომლის მიზეზად მწერალმა პატარა სახელმწიფოს მუდმივად არამდგრადი მდგომარეობა დაასახელა და თანამედროვე პროზის შესაქმნელად, უშნოდ დაჭკვიანებულ მკითხველს სანიმუშოდ მარტივი ტექსტი შესთავაზა.
მე ჩემ, წინასწარ აღვნიშნავ, არამთლიანად მხატვრულ, ერთგვარად პრიმიტიულ ნაწარმოებებს, შეგნებულად ვდებ საზოგადოების წინაშე, ღრმად დარწმუნებული, რომ ქება თუ გაკიცხვა მისი და, რაც მთავარია, მსჯელობა, ფიქრი, სარგებლობას მოუტანს საერთო ლიტერატურული აზრის განვითარებას.
ამ ექსპერიმენტს მწერალმა შეგნებულად მიმართა. მან განაახლა მრავალსაუკუნოვანი დაპირისპირება ქართულ ლიტერატურაში არსებულ ორ მიმართულებას შორის, რომლებიც პირობითად ფორმისა და შინაარსის მომხრებად იყოფიან. გურამ რჩეულიშვილი იმ ჯგუფს მიემხრო, სადაც გურამიშვილი და ბარათაშვილი იდგნენ. ახლა, თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმის შესახებ, რა სარგებლობა მოუტანა ან საერთოდ მოუტანა თუ არა სარგებლობა გურამ რჩეულიშვილის შემოქმედებამ საერთო ლიტერატურული აზრის განვითარებას, შეიძინა თუ არა ის უბრალოება და სიღრმე თანამედროვე ქართულმა ხელოვნებამ, რომელიც ყოველთვის ჩვენი ეროვნული ბუნების ძირითადი მახასიათებელი იყო. ლიტერატურულ პროცესებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მიუხედავად აშკარა ცვლილებებისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში დასავლური ლიტერატურის გავლენა აშკარად გაძლიერდა (ამ პროცესს უნდა მოჰყოლოდა წონასწორობა ფორმისა და შინაარსის მხრივ) მხატვრული ტექსტის გარეგნული ბრჭყვიალება მაინც თვალშისაცემია, სიტყვებზე ძალადობა ისევ გრძელდება, ფორმამ კვლავ დაძლია შინაარსი და მხატვრული სტილი ისევ ბორკილად ექცა მწერლობას, ძველების ადგილი ახლებმა დაიკავეს, რა თქმა უნდა, ნაწარმოებებიც მხოლოდ გენიალური იქმნება, და აღარსად რჩება ადგილი უბრალო, ადამიანური განცდების ადამიანურად გამოხატვისა.
თუმცა მთავარი ეს არაა.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ რჩეულიშვილი   Mon Feb 16, 2009 4:36 pm

გია არგანაშვილი

მარტივი ტექსტის ღირსება
პორტრეტის ესკიზი

ამ პროცესმა მკითხველიც აიყოლია, მხატვრული ტექსტის სირთულე მწერლის ღირსების მაჩვენებელი გახდა, კრიტიკულმა აზროვნებამ საერთო საზომი დაკარგა და ყველაფრის ახსნისა და გამართლების ხელოვნებამ არნახულ სიმაღლეს მიაღწია.
ამ ფონზე თითქმის აღარ იგრძნობა გურამის ერთ-ერთი მარტივი ტექსტის "ბატონო ტელემაყურებლებოს" ღირსება, ეს მოთხრობა პირველად 1985 წელს ნუგზარ წერეთლის მიერ გამოცემულ წიგნში "სად გაექცევი ზამთრის ღამეს" გამოქვეყნდა.
მარინე რჩეულიშვილი ფიქრობს, რომ მოთხრობა მნიშვნელოვანია, როგორც გურამის თითქოს არამხატვრული, პუბლიცისტური სიტყვა თავისი ფიქრებისა და განცდების შესახებ.
ოღონდაც, რომ "თითქოს არამხატვრული", რადგან მასში გურამ რჩეულიშვილმა ადამიანური ვნებების წარმომშობი ფაქტორი, ახალი სოციალური ძრავა - ტელევიზორი შენიშნა და პერსონაჟის ტიპური ნიმუშის (ტელემაყურებელი) განზოგადებული სახე შექმნა, "თითქოს პუბლიცისტური", რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტის მიზანია აქტიური მორალურ-ესთეტიკური ზეგავლენა მოახდინოს ფართო მასებზე და ამისთვის მწერალმა პირდაპირი მიმართვის ჟანრი აირჩია, ნაწარმოების ფორმა (ტელეხედვის პრინციპი) თავისთავად მხატვრული სახეა. მონოლოგი საოცარი დინამიზმითაა დატვირთული, მდიდარია გურამისეული ირონიით, ირონია ხელოვნებისადმი, კონკრეტულად ლიტერატურისადმი, ირონია ტელემაყურებლისა და საკუთარი თავის მიმართ, ამავე დროს საოცარი არტისტიზმი და პიროვნული თვითმხილება.
ამ ნაწარმოების პერსონაჟიც გურამ რჩეულიშვილია, თავისი ნამდვილი სახით, როგორც მწერალი და მოქალაქე, რომელსაც ტელეცენტრის დირექცია 1500 მანეთს უხდის ოცდახუთ წუთში, რათა ტელემაყურებელს თავი შეაქცევინოს.
ბედნიერი ხალხი ხართ ტელემაყურებლებო, თქვენ მიყურებთ, რის საშუალებასაც, სამწუხაროდ, პირადად მოკლებული ვარ, ასეთია ტელეცენტრის პრინციპი, თქვენ გაქვთ ერთი დიდი უპირატესობა, რაც აზრადაც არ მოგდით, საკმარისია გადაატრიალოთ ჩამრთველი, რომ ჩემი გამოსახულება გაქრეს ეკრანიდან, მე კი უნდა ვილაპარაკო ბოლომდე, პროგრამით განსაზღვრული ოცდახუთი წუთი, გინდა ყველა ეკრანი გამოთიშული იყოს, მაგრამ თქვენ ამას არ იზამთ, თქვენ სანახაობას დახარბებულნი, აზრადაც არ მოგივათ, რომ ერთ გადაცემას მაინც არ უყუროთ და მთლიანად არ აინაზღაუროთ აპარატში მიცემული ფული.
ტელევიზიის გამოგონების გარიჟრაჟზე, მწერალმა ზუსტად განსაზღვრა მეცნიერების, ტექნიკის და კულტურის ახალი დარგის შესაძლებლობა და პერსპექტივა, წინასწარ განჭვრიტა მისი გავლენის ძალა და არნახული მასშტაბი. აღმოაჩინა ახალი სოციალურ- ფსიქოლოგიური ხასიათი, ზოგადსაკაცობრიო ტიპი - ტელემაყურებელი, რომელიც სულ მალე შესაძლოა პროლეტარიატის საყოველთაო ლოზუნგის ქვეშ გაერთიანებულიც კი ვიხილოთ.
ტელემაყურებელი - ბუნებით ინტერნაციონალისტი, მრწამსით-ეკუმენისტი, ხასიათით-ნიჰილისტი, ცხოვრების წესით-კონფორმისტი, საზოგადოებრივი ვალდებულებებისაგან თავისუფალი და უსაზღვროდ აგრესიული, თუ ვინმე აიძულებს, ერთ გადაცემას მაინც არ უყუროს ბოლომდე, თუნდაც სულ ერთი წუთით, თვალი მოწყვიტოს ტელევიზორის ეკრანს.
ის წამოწოლილია ტახტზე ან გათხლაშულია სავარძელში, ორივე ყბა გამოტენილი აქვს ხიზილალით, შავი პურით, ბორშჩით, ტორტით... სვამს არაყს, ღვინოს, წყალს, ლაპარაკობს გაუთავებლად, ენის ბორძიკით, უმეტესად სისულელეებს და არავინაა მისი მსაჯული...
მას ჰყავს თავისი ლიტერატურული წინაპარი, ვთქვათ თეიმურაზ ხევისთავი ან ლუარსაბ თათქარიძე... და მრავალრიცხოვანი შთამომავლობა, რომლებიც ვერა და ვერ მოხვდნენ თანამედროვე ქართველ მწერალთა ყურადღების არეალში (ერთადერთი, რაც ამ თემაზე მახსენდება, ირაკლი სამსონაძის ნოველა "ჩიტია"). მიუხედავად ამისა, სულერთია ლიტერატურაში იქნება თუ ცხოვრებაში, დღეს მისი ცნობა ნამდვილად არ გაგვიჭირდება, თუმცა იმ დროს მწერალს შეეძლო მხოლოდ ევარაუდა ამგვარი ტიპის გაჩენა და მათი არნახული სიმრავლე, განსაკუთრებით აქ, ჩვენთან, "კიდესა ქვეყანისასა", სადაც ტელევიზორი მაშინაც კი მუშაობს, როცა ის გამორთულია.
მოთხრობა სავსეა ლიტერატურული სახეებით: აი, ახალი თაობის მხატვრები, იმუქრებიან - ახლავე გვეცით პატივი, სანამ არაფერი გვაქვს გაკეთებული, თორემ გავაკეთებთ და ვაი თქვენი ბრალიო. სალონის სტილნი მატრაბაზები, რომელნიც გიჟდებიან როკ ენ როლზე, რომლებიც შენატრიან იქაურ ბოზობას, ეს ერთადერთია რასაც ისინი ხედავენ საზღვარგარეთულ პროგრესში... ფეხსაცმელების მწმენდავი და მევახშე ბაქარა, რომელიც არყის სმის დროსაც არ ტყუის და ცდილობს მართალი იყოს, ეს სახეები სქემატურია, ოღონდ სქემა კი თავისთავად ნაკლი როდია მხატვრული ნაწარმოებისთვის, თუ ის ავტორის მიერ შეგნებულადაა დაშვებული.
ამავე ტომში, 1958-60 წლებში დაწერილ ნაწარმოებთა შორის, გურამ რჩეულიშვილის რამდენიმე ცნობილი მოთხრობაა შესული, მათ შორის "ალავერდობა", "ნათელა", "ირინა და მე", "ბათარეკა ჭინჭარაული" და "შაშას რევოლუცია..." მკითხველს განსაკუთრებით ამ უკანასკნელზე მივაქცევინებ ყურადღებას.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ რჩეულიშვილი   Mon Feb 16, 2009 4:37 pm

გია არგანაშვილი

მარტივი ტექსტის ღირსება
პორტრეტის ესკიზი

"შაშას რევოლუცია, ანუ რევოლუცია ორთაჭალაში, ბამბის რიგზე" პირველად გასული საუკუნის 90-იან წლებში, ოცდაათი წლის დაგვიანებით დაიბეჭდა, ის მაშინვე აღიარეს გურამ რჩეულიშვილის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად, თუმცა ზოგიერთი მკითხველი ფიქრობდა, რომ გამომცემელს, მწერლის ავტორიტეტის შესანარჩუნებლად, უარი უნდა ეთქვა ამ ნაწარმოების ("შაშას რევოლუცია") გამოქვეყნებაზე, რათა მკითხველს არასწორი შეხედულება არ შექმნოდა ავტორზე.
გურამმა, რომელსაც მკითხველი სამართლიანად აიგივებდა მისი მოთხრობების გმირებთან, "ირინა და მე"-ში დაიწყო და "შაშას რევოლუციაში" გააგრძელა საკუთარი ალტერ ეგოს, გმირის სხეულის დეფორმაცია, მთლიანად ჩამოაცილა მას პოეტურობისა და გმირობის შარავანდედი, ნაწარმოების სივრცე არაორდინარული გმირებით დაასახლა, თუმცა მოკლეფეხა, ჩოლახა შაშა და დიდთავა ძაგანია სინამდვილეში ერთი გმირია და მწერლის სულიერი განვითარების სხვადასხვა ეტაპს გამოხატავს.
შემოქმედების ამ ეტაპზე გურამმა სიმეტრიაც დაარღვია, შაშა იმიტომ ვერ იტანდა სიმეტრიის დარღვევას, რომ თითონ კოჭლი იყო, ასიმეტრიული და მისი გრძნობა ქვეშეცნეულად ცდილობდა ამის შევსებას, ამის შემდეგ კი მწერლის დასკვნა: სწორედ ამ ასიმეტრიულობაშია ბუნების უდიდესი სიმეტრია, ცხადია მხოლოდ ბიოსიმეტრიას არ გულისხმობს, საუბარია ახალ ესთეტიკაზე, თუმცა ეს უკვე აღარ იყო "ახალი რენესანსის" მაუწყებელი და არც დეკადანსის - როგორც ამას თავად ავტორი ფიქრობდა.
მარინე რჩეულიშვილი ქრისტიანული კულტურის გავლენით ხსნის გურამის ესთეტიკურ თუ ეთიკურ ექსპერიმენტს, იმოწმებს გოგი ოჩიაურის წიგნს, "ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის" და საბუთად მის მიერ შექმნილ გურამის ქანდაკებას ასახელებს, სადაც ავტორმა სწორედ სხეულის შეწირვით, ფორმის დემატერიალიზაციის წყალობით მიაღწია პერსონაჟის სულიერებას.
თუმცა ძნელია გურამისთანა მწერალი რომელიმე ლიტერატურული მიმდინარეობის საზღვრებში გამოკეტო, ადვილია იმ მემკვიდრეობითი ნიშნების ძიება, რომელიც მწერალს მკითხველისათვის უფრო ახლობელს გახდის.
ამ მხრივ საინტერესოა ერლომ ახვლედიანისადმი მიძღვნილი წერილი, სადაც გურამი რაღაც ძალზე ნაცნობ აზრს ავითარებს:
...ეს არის უაზრო, უსარგებლო ბრძოლა კვერცხის ნაჭუჭში მოქცეული წიწილისა, რომელსაც, ათასნაირად მომზადებულს გამოსაჩეკად, ვერაფრით ვერ გამოუმტვრევია გამოსასვლელი. მე არ ვეძებ სხვაში ჩემს უმწეობას, მაგრამ "დედის" ვალია (ობიექტური ვალი), სადღაც ოდნავ შეუთხელოს ნაჭუჭს კედელი, მაგრამ ის საზოგადოება, წყობა, ამხანაგები, თვითონ ოჯახი ყველაზე მეტად და ჩემი ბუნებრივი, წმინდად ლიტერატურულ-პოეტური მონაცემები მხოლოდ იმის ცდაში არიან, როგორმე გაასქელონ ეს ნაჭუჭი, საერთოდ გამოუმტვრევლობამდე ისე, რომ კაკუნის ხმაც არ გამოდიოდეს იქიდან.
აქვე მინდა ნიკოლოზ ბარათაშვილის გრიგოლ ორბელიანისადმი მიწერილი წერილიც გავიხსენო:
"ახლა მე იმას ვამბობ, რომ მე შინაგანი ხმა მიწევს საუკეთესოს ხვედრისკენ, გული მეუბნება, რომ შენ არა ხარ ახლანდელი მდგომარეობისთვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არა მძინავს, მაგრამ კაცი მინდა, რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს, და დავდგე გაშლილს ადგილას, ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ, რა ხელმწიფურად გარდავხედავ ჩემს ასპარეზსა!"
გურამ რჩეულიშვილის სულიერი ნათესაობა ნიკოლოზ ბარათაშვილთან სხვაგანაც დასტურდება (ეს საკმაოდ ვრცელი თემაა). თუმცა ამ წერილებში მათი პიროვნული ტრაგედია უფრო იგრძნობა, ისინი ერთნაირ სოციალურ-პოლიტიკურ გარემოში ცხოვრობდნენ. მათთვის პიროვნულ-მოქალაქეობრივი საკითხი ("მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვია, შვილნი სოფლისა...") არნაკლებ საჭირბოროტო გადასაწყვეტი იყო, რადგან დაპყრობილ ქვეყანაში ნამდვილი ტალანტის დაუფასებლობა ჩვეულებრივი ამბავია, საჭიროა განსაკუთრებული უნარის მქონე პიროვნების არსებობა, რომელიც ნიჭს შენიშნავს, ასეთ კაცს მცნობელი ჰქვია, მცნობელი წინ უნდა უსწრებდეს გამორჩეული უნარისა და ინდივიდუალობის მქონე პიროვნების დაბადებას, უიმისოდ გენიოსიც რომ იყოს, მთელი მისი ნიჭი და უნარი მხოლოდ იმაში დაიხარჯება, რომ საკუთარი ფუნქცია და დანიშნულება გაიაზროს, რათა კლდე-ღრეში ხეტიალი არ მოუწიოს (ბარათაშვილი) და კვერცხის ნაჭუჭის გამომტვრევას არ შეალიოს თავისი ხანმოკლე წუთისოფელი (რჩეულიშვილი).
* * *
გურამ რჩეულიშვილი რა მწერალია, თქვა ჩემთან საუბარში ახალგაზრდა გაღიზიანებულმა ფილოლოგმა, მე დავეთანხმე. რა თქმა უნდა, გურამი მწერალი არ არის ჩვეულებრივი გაგებით, რასაც დღეს ჩვენ მწერალს ვუწოდებთ. თვითონაც ასე ფიქრობდა, სულაც არ არის აუცილებელი პოეტი წერდესო, უფრო მეტიც, ცდილობდა იმის უფლებაც მოეპოვებინა, რომ არ ეწერა, მან ცხოვრება არჩია შემოქმედებას და ამით, შესაძლოა მისდაუნებურად, ლიტერატურამ მოიგო (ამის შესახებ ვწერდი ერლომ ახვლედიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილ წერილში), თუმცა შესაძლოა ახალგაზრდა ფილოლოგს ამაზე არ უფიქრია, რადგან ის გაღიზიანებული იყო ძველ თაობაზე, რომელთაც გურამისგან შემოქმედის სახე შექმნეს (ფილოლოგმა თქვა, კერპიო), მხოლოდ ისეთი, როგორიც თვითონ სურდათ ეხილათ და როგორც შეეძლოთ, ისე ცდილობდნენ დამსგავსებოდნენ მას. სხვა საქმეა, თუ რამდენად ჰგავდა ასლი ორიგინალს. ახლა კი, როდესაც გურამის სრულიად ახალი პორტრეტი იწერება, ძველი და ახალი თაობის ფილოლოგები უფრო ადვილად გამოძებნიან საერთო ენას, თუმცა შესაძლოა ეს გაერთიანება გურამ რჩეულიშვილის ავტორიტეტის ხარჯზე მოხდეს.

***ნაწყვეტები მწერლის ტექსტებიდან იბეჭდება დახრილი შრიფტით, ამის გამო მართლწერის ჩვეულებრივი ნორმები დარღვეულია.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გურამ რჩეულიშვილი   

Back to top Go down
 
გურამ რჩეულიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: ამაოდ არც მთაწმინდაზე უსეირნიათ - სტუმრად გია არგანაშვილთან-
Jump to: