არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ერლომ ახვლედიანი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 1:18 pm


Erlom Akhvlediani

ერლომ ახვლედიანი - http://ka.wikipedia.org/wiki/ერლომ_ახვლედიანი

დაიბადა: 1933-11-23
გარდაიცვალა: 2012–03–20
მოღვაწეობდა საუკუნეში: XX-XXI
დაბადების ადგილი: თბილისი.

ბიოგრაფიული ცნობები

ერლომ ახვლედიანი მწერალი, კონოდრამატურგი. დაიბადა თბილისში 1933 წლის 23 ნოემბერს. დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი (1957), უმაღლესი სასცენარო კურსები (მოსკოვი, 1964). იყო კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ინსპექტორი (1959-60), საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1967-68), "ქართულ ფილმთან" არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი (1971-72), სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1979-87), თსთი სასცენარო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი (1982-87, 1995-99) არის ავტორი წიგნებისა "ზარმაცი თაგუნას ამბავი "ვანო და ნიკო" თარგმნილია და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ, უნგრულ და არაბულ ენებზე) .რის სსრკ პრემიების ლაურიატი.
სცენარის ავტორია ფილმებისა: 1. სულელი ბროწეულის ხე ( 1999); 2. ერთაწმინდა ( 1994); 3. ნოე; ( 1991)
4. ეი, მაესტრო ! ( 1987); 5. ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა ( 1984); 6. ქართლოსიანთა საკურთხეველი ( 1982)
7. ცხელი ზაფხულის სამი დღე ( 1981); 8. ძნელი დასაწყისი ( 1981); 9. გზა შინისაკენ ( 1981); 10. არასერიოზული კაცი ( 1980)
11. რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე ( 1978); 12. ბათა ქექია ( 1978); 13. ამაღლება ( 1977)
14. ივანე კოტორაშვილის ამბავი ( 1974); 15. საერთო კედელი ( 1972); 16. ფიროსმანი ( 1969); 17. უსახელო უფლისციხელი ( 1968)
18. აპრილი ( 1962).
გადაღებულია ფილმებში: 1. დაბრუნება - (1990); 2. სუვენირი - (1986); 3. თეთრი ღამე - (1984);4. ცხელი ზაფხულის სამი დღე (რამაზი) - (1981).

ბმულები:
* http://www.imdb.com/name/nm0015303/
* http://publish.dlf.ge/vaxtangvi/axvledianierlom/biografia.htm
* http://www.lib.ge/authors.php?161

Arrow

მცირე კითხვარი
(ერლომ ახვლედიანი)
dlf.ge

1.როდის შექმენით პირველი ნაწარმოები?

მე სულ ვთვლიდი, რომ ჩემ ჭიას ვახარებ. მე მგონი, 25 წლის ვიყავი ,,ვანო და ნიკო" რომ დავწერე. ჩემ თავს ვთვლიდი კინოდრამატურგად, მწერლად - ნაკლებად.

2. გვიამბეთ თქვენი მეგობრების შესახებ.

პირველი უახლოესი მეგობარი, რომელიც დაიღუპა, იყო გურამ რჩეულიშვილი. ასევე დათო ჯავახიშვილი, რომლესაც შესანიშნავი წიგნი აქვს სევაზე (სევა მისი მეგობარი იყო).

3. სასიამოვნო მოგონება

სასიამოვნო მოგონება, არ ვიცი, როგორც ვთქვი, ისე ძალიან საინტერესო ბიოგრაფია არ მაქვს, გურამს რომ ჰქონდა. მე უფრო სახლში მიყვარდა ყოფნა. ჰობი რა არიო შენი, მკითხეს წიგნში “ვინ ვინ არის”, პირველში ჩაწერეს მოგზაურობა და მეორეში წავაშლევინე და ვუთხარი სახლში ჯდომა.

4. რას უსურვებდით ახალგაზრდობას?

ახალგაზრდობას ვუსურვებდი სიყვარულის განცდას.

Smile

შურიანი კაცის ამბავი


კაცი იყო შურიანი, ყველასი და ყველაფრის შურდა. შინ იყო და შური აღრჩობდა, შინიდან გავიდოდა და შური თვალებს უბნელებდა და გზა-კვალს უბნევდა.
ადგებოდა და დაწოლისა შურდა. თვალს გაახელდა და თვალის დახუჭვისა შურდა. მარჯვნივ გაიხედავდა და მარცხნივ გახედვისა შურდა. სძულდა შურიან კაცს და სიყვარულისა შურდა...
დიდი შურით იყო შეპყრობილი შურიანი კაცი...
ერთხელ გადაწყვიტა შურზე შური ეძია:
ჯერ თევზისა შურდა და ცურვა ისწავლა.
ფრინველისა შურდა და ფრენა ისწავლა.
ძაღლის ერთგულებისა შეშურდა და ძაღლივით ერთგული გახდა.
ცხვრის თვინიერებისა შეშურდა და ცხვარივით თვინიერი გახდა.
ბოლოს ხისა შეშურდა, ერთ ადგილას რომ იდგა, და რომ მას მაგრილობელი ჩრდილი ჰქონდა და რომ მას ნაყოფი ჰქონდა და რომ მისი ფოთლები შრიალებდნენ და რომ ტოტებზე ფრინველები ისვენებდნენ და ბუდეებს იშენებდნენ.
და შინიდან გავიდა შურიანი კაცი, ბევრი იარა, მრავალი მწვანეშეფოთლილი კორდი გადაიარა და ბოლოს მოანხა მწირი, ხრიოკი ადგილი, ერთიც მოხედა თავის განვლილ გზას და დადგა. დადგა და მიწაში ფესვები გაიდგა, მერე მარადმწვანე ფოთლებით შეიმოსა, ხოლო ნაყოფად ზეთისხილი მოისხა.
ახლაც იქ დგას შურისაგან დამცხრალი შურიანი კაცი. დგას და შრიალებს.

Arrow

სხვა ნაწარმოებები არის აქ - http://www.lib.ge/each_author.php?161


Last edited by Admin on Sat Mar 24, 2012 4:12 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 2:52 pm

ერლომ ახვლედიანი

ვანო და ნიკო

მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემი აღარ არის, არავინ მიყვება ტკბილ ქართულ ზღაპრებს. ამიტომ მე, უკვე რამდენი წელია, ძილისწინა ოცნებითა და წარმოდგენებით ვინაზღაურებ ამ დანაკლისს. გავა დრო და დღისაგან გამოყოფილ ფიქრებში ჩამეძინება.

***
ერთხელ გვიან დავბრუნდი შინ. ჩავწექი ჩემს საწოლში. ვერ იქნა და ვერ დავიძინე. იმდენად ძლიერი იყო სურვილი დაძინებისა, როცა ჩავთვლიმე, იმწამსვე გამომაღვიძა სიხარულმა, რომ ჩავთვლიმე. რა ხერხს არ მივმართე, რა ღონე არ ვიხმარე. ათჯერ დავითვალე ათასამდე. თვალიც დავხუჭე, ვითომ მძინავს-მეთქი, მაგრამ ვის ვატყუებდი, საკუთარ თავს?
შემეშინდა, ვაითუ არასოდეს აღარ დამეძინოს-მეთქი.
რაღა ბევრი გავაგრძელო, ძილზე ხელი ჩავიქნიე და თავი მივეც ოცნებას, მაგრამ ოცნებაც არანაკლებ ჯიუტი აღმოჩნდა — არ იქნა და არ მეოცნებებოდა.
მაშინ კი სასოწარკვეთაში ჩავვარდი. მან ხელგაშლილად მიმიღო. ვიჯექ სასოწარკვეთაში, როგორც მგლისათვის გათხრილ ბნელ ორმოში და ველოდებოდი მგელს. მგელი, სამწუხაროდ, სასოწარკვეთაში არ ჩამოვარდნილა და მე, ღამის სიჩუმეში მოწყენილს, კვლავ არ მეოცნებებოდა და კვლავ არ მეძინებოდა.
უცებ ქუჩიდან გვიანი მგზავრის ნაბიჯის ხმა მომესმა ფილაქანზე. ჩაიარა ჩემი ფანჯრის წინ და სადღაც შორს მიილია.
კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ გონებაში გრძელდებოდა ნაბიჯების ხმის რიტმი: მინდოდა დიდხანს მსმენოდა ეს ხმა, რათა სიჩუმიდან სულ უმნიშვნელო ხმაური გამომეტანა და როგორმე ამეწყო ჩემი ოცნება.
კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.
შემდეგ შორიდან მატარებლის გაბმული კივილი გაისმა. წარმოვიდგინე მატარებელი, წარმოვიდგინე მისი ანთებული ფანჯრები ღამეში და თუნდაც ერთი მგზავრი, მდგარი ფანჯარასთან.
აქ კი ნელ-ნელა ამოძრავდა ჩემი ფანტაზია. ნელ-ნელა დაიძრა იგი, ახმაურდა და აღარ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი უცებ წარმოდგენების უზარმაზარი ტალღის წინაშე.
„უამრავი ადამიანია ქვეყნად! — წამოვიძახე გულში, თითქოს რაღაც ახალი აღმოვაჩინე, — რას აკეთებენ ახლა ისინი? ვინ იცის, რამდენს არ ეძინება ჩემსავით ახლა“.
შემდეგ უფრო მხიარული აზრი მომივიდა: „რამდენი ამწუთას იცინის, კვდება სიცილით“, — და მეც ხმამაღლა გავიცინე.
მაგრამ მე ისევ ბავშვი არ ვიყავი, რომ ჩემი წარმოდგენები მხოლოდ სიხარულის ხმებზე ამეწყო: „უამრავი ადამიანია ქვეყნად და ვინ იცის, რამდენს ჭმუნვა და დარდი შეჰპარვია ახლა გულში“. წამით შევჩერდი მათთან თანაგრძნობით თავდახრილი და შემდეგ კვლავ მივუშვი ჩემი ფერადი ეტლი. „უამრავი ადამიანია ქვეყნად“... და მე ამ ქროლვაში უხვად ვფლანგავდი ვარაუდებს: „ერთი იცინის, მეორე ტირის, მესამე მეოთხეს ესაუბრება, მეხუთე დგას, მეექვსე წევს, მეშვიდე ნახევრად წამოწოლილია, მერვე თავის ბაღში ყვავილებს რწყავს, მეცხრე ვარსკვლავებს ითვლის...“
მიმაქროლებდა იმ ღამით ჩემი წარმოდგენების ეტლი და თვალწინ სულ ახალი და ახალი სურათები ჩნდებოდა.
„სადღაც ახლა საღამოა. მზე ჩადის ნელა. ვიღაც გასცქერის, თუ როგორ აქსოვს ჩამავალი მზე ცისკიდურს სევდასა და სიხარულს.
სადღაც კი ამოდის იგივე მზე და ახალი იმედით ანთებს აღმოსავლეთს...“
სულ ამიფორიაქდა გონება. ჩემს არსებაში რაღაც ძლიერმა განცდამ ჩაიბუდა. ჩემ წინაშე ამოძრავდა უცნაური და თვალუწვდენელი სურათი ცხოვრებისა, სადაც ადამიანებს უყვართ და სძულთ ერთმანეთი, ებრძვიან და უმეგობრდებიან ერთმანეთს — მაღალ მთებში, თვალუწვდენელ ველებზე, მდინარის მყუდროდ ჩაბურულ ნაპირებთან, უზარმაზარ ხმაურა ქალაქებში.
და ეს ხომ მხოლოდ ერთი წამია — ასეთი მდიდარი, ასეთი უსასრულო! ეს ერთი წამია შეზავებული და შეფერილი ცრემლითა და ალერსით, დარდითა და სიხარულით, ვნებებითა და გულგრილობით, შეხვედრებითა და განშორებებით.
ერთი წამია!
დავიღალე თუ მივნებდი ჩემი წარმოდგენების ხილვას, თვალი დავხუჭე, დავხუჭე თვალი, რათა კიდევ უფრო თვალნათლივ დამენახა ყოველივე, რაც იყო ირგვლივ. მინდოდა, მკლავები შემომეხვია, მინდოდა, რამე ამეღო იმ სივრცეებიდან და ხელს ვიშვერდი წინ თოთო ბავშვივით.
...და როგორც მოვიდა, ისევ უცებ გაქრა ყველაფერი. მაგრამ იმდენად ძლიერი იყო სურვილი, გამომეტანა რამე იმ წარმოდგენებიდან, რომ, როცა თვალები გავახილე, დავინახე უცნაური სამყარო, როგორც საჩუქარი ჩემი იმღამინდელი ოცნებისა. ყველაფერი იყო ამ პატარა სამყაროში: იყო მთები, ველებიც იყო, მდინარეებიც, ცაც იყო და მიწაც, მზეც და მთვარეც, ვარსკვლავებიც.
იყო ვანო და ნიკოც იყო.

***
მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემი მოკვდა, არავინ აღარ მიყვება უჩვეულო ამბებს. ამიტომ ძილის წინ ოცნებებითა და წარმოდგენებით ვირთობ თავს. დრო მოვა და დღისაგან გამოყოფილ ფიქრებში ჩამეძინება. ჯერჯერობით კი ყოველღამე უცნაური სამყარო მიდგას თვალწინ, სადაც ვანო და ნიკო ხვდებიან და შორდებიან ერთმანეთს, ებრძვიან და უმეგობრდებიან ერთმანეთს, სადაც ტირიან და იცინიან ისინი.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 2:54 pm

ერლომ ახვლედიანი

ვანო და ნიკო

ერთხელ

ერთხელ ვანო ჩვეულებრივზე გვიან ადგა. ჩვეულებრივზე ჩქარა ჩაიცვა ტანთ, ჩვეულებრივზე ჩქარა ისაუზმა, რათა თავის დროზე მისულიყო სამსახურში.
ქუჩაში გავიდა თუ არა, შეხვდა ნიკო.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.
— გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ და ჩვეულებრივზე ჩქარი ნაბიჯით ჩაუარა ნიკოს, რათა თავის დროზე მისულიყო სამსახურში.
როდესაც ვანო სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს, და ნიკომ გაუღიმა ვანოს. ვანომ ღიმილითვე უპასუხა და ორივემ თავისი გზა განაგრძო.
როდესაც ვანო შინ მივიდა, ნახა, რომ კარადაში პური არ იყო. პურის მაღაზიაში რომ მიდიოდა, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს და ნიკომ მოიკითხა ვანო.
ვანომ მოკითხვითვე უპასუხა და ორივენი თავისი გზით წავიდნენ.
როდესაც ვანო პურის მაღაზიიდან ბრუნდებოდა, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს, და ნიკომ ჰკითხა ვანოს:
— პური მიგვაქვს შინ?
— ჰო, — უპასუხა ვანომ და ორივემ თავისი გზა განაგრძო.
როდესაც ვანომ ისადილა, გაახსენდა, რომ კბილი უნდა ამოეღო. შინიდან გავიდა თუ არა, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს და ნიკომ თვალი აარიდა ვანოს. ვანომ თვალის არიდებითვე უპასუხა და ორივემ თავისი გზა განაგრძო.
როდესაც ვანომ კბილი ამოიძრო და გაბრაზებული ბრუნდებოდა შინ, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს, და ვანომ ბრაზით შეხედა ნიკოს. ნიკომ ბრაზითვე უპასუხა და ორივემ თავისი გზა განაგრძო.
როდესაც ვანო შინ მივიდა, გაახსენდა, რომ ნოტარიუსთან უნდა მისულიყო, საქმე ჰქონდა. შინიდან გამოვიდა თუ არა, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, დღეს დილას რომ მიესალმნენ ერთმანეთს, და ნიკომ შეუბღვირა ვანოს. ვანომაც შეუბღვირა და ორივენი თავისი გზით წავიდნენ.
როდესაც ვანო ნოტარიუსთან მივიდა, საქმე ვერ გააკეთა და ლანძღვა-გინებით წამოვიდა შინ. გზაში ნიკო შეხვდა. ორივეს გაახსენდა, დღეს დილას რომ მიესალმნენ ერთმანეთს, და ვანომ გაარტყა ნიკოს, ნიკომ გარტყმითვე უპასუხა და ორივემ თავისი გზა განაგრძო.
ორივე შინ მივიდა. ორივემ თითო-თითო ჭიქა გადაჰკრა. ორივე ტახტზე წამოწვა და ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს, და ორივე ქუჩაში გამოვიდა, რათა შეხვედროდნენ ერთმანეთს.
ვანომ ეძება ნიკო და ბოლოს, როგორც იქნა, იპოვა.
ნიკომაც ეძება ვანო და ბოლოს, როგორც იქნა, იპოვა.
— ღამე მშვიდობისა! — დაემშვიდობა ვანო ნიკოს.
— ღამე მშვიდობისა! — ნიკოც დაემშვიდობა ვანოს და ორივენი თავისი გზით წავიდნენ.
იმ დღეს ვანო და ნიკო ერთმანეთს აღარ შეხვედრიან, მხოლოდ სიზმარში ორივემ ერთმანეთი თითოჯერ ნახა.


(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 2:55 pm

ერლომ ახვლედიანი

ვანო და ნიკო

ყველაფერი რიგზე იქნებოდა

ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა ხოლმე.
ყველაფერი რიგზე იქნებოდა, ნიკო ვანოს უხეშად რომ არ ელაპარაკებოდეს, მაგრამ ყველაფერი რიგზე არ იყო, რადგან ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა.
მართალია, ვანო და ნიკო იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ, ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა.
ვანოს ეს სწყინდა, ცდილობდა, კარგ ურთიერთობაში ყოფილიყო ნიკოსთან, მაგრამ ნიკო მაინც უხეშად ელაპარაკებოდა ვანოს.
ვანოს ჰყავდა მოხუცი დედა. ვანოს დედა ავად იყო. ვანო უვლიდა დედას. მეზობლებმა იცოდნენ, რომ ვანოს დედა ავად იყო, და, როდესაც ვანო სამსახურში მიდიოდა, მეეზოვე ქალი მუდამ ეკითხებოდა ხოლმე:
— ვანო, დედა როგორ არის?
ვანო ჯერ გაუღიმებდა და მიესალმებოდა მეეზოვე ქალს, ხოლო შემდეგ მოიწყენდა და უპასუხებდა:
— ავადაა, მოხუცდა დედა, — და კიდევ უფრო მოიწყენდა, რადგან გაახსენდებოდა, რომ ნიკო უხეშად ელაპარაკებოდა.
როდესაც ვანო სამსახურიდან ბრუნდებოდა, სკამს დედის საწოლთან მიდგამდა. ავადმყოფს აჭმევდა, ასმევდა, მოეფერებოდა და დააძინებდა, თვითონ კი დიდხანს იჯდა და ოცნებობდა: რა იქნება, მოვიდეს ნიკო და მითხრას, დღეის შემდეგ უხეშად აღარ დაგელაპარაკებიო, მაშინ ხომ ყველაფერი რიგზე იქნება...
გავიდა ხანი.
ერთ დღეს მეეზოვე ქალმა დედის სიკვდილი მიუსამძიმრა ვანოს.
ვანომ ნაღვლიანად გაუღიმა მეეზოვე ქალს და გზა განაგრძო. ვანო მიდიოდა და ფიქრობდა: „მოხუცდა და მოკვდა საცოდავი დედა“... მერე სახე მოეღრუბლა, რადგან გაახსენდა, რომ ნიკო უხეშად ელაპარაკებოდა.
ვანოსთან ერთად მსახურობდა ერთი ქალი. ვანოს მოეწონა ის ქალი და მერე ძალიან შეუყვარდა. ქალსაც შეუყვარდა ვანო.
ვანო ბედნიერი იყო, მაგრამ... „მივალ და ვეტყვი ნიკოს, ნუ დამელაპარაკება უხეშად, მაშინ ხომ ყველაფერი რიგზე იქნება“... ფიქრობდა ვანო და მიდიოდა იმ ქალთან შესახვედრად.
ერთ დღეს ვანომ გაიგო, რომ ის ქალი, რომელიც მას უყვარდა, სხვას გაჰყვა ცოლად. ვანოს ძალზე დაწყდა გული — „ალბათ არ ვუყვარდი, ალბათ სხვა მოეწონა, — ფიქრობდა ვანო, — დღეის შემდეგ მაინც ნუ დამელაპარაკება უხეშად ნიკო“.
მაგრამ ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა.
ყველაფერი რიგზე იქნებოდა, ნიკო უხეშად რომ არ ელაპარაკებოდეს ვანოს, მაგრამ ყველაფერი რიგზე არ იყო, რადგან ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა...




ვანო და ნიკო და სიცილი

ერთხელ ნიკო იჯდა და იცინოდა. იცინოდა ნიკო და იცინოდა.
იცინოდა ნიკო უზმოზე. იცინოდა ნიკო შუადღეზე. საღამოსაც იცინოდა ნიკო. ღამით ხომ სულ კვდებოდა სიცილით.
ვანო უცქერდა და უკვირდა. ნიკო იცინოდა.
ვანო უცქერდა და აღარ უკვირდა. ნიკო მაინც იცინოდა.
ვანომ ირგვლივ მიმოიხედა და გაიფიქრა: „რა აცინებს ნიკოს?“
— ნიკო, ეს არის მაგიდა.
ნიკო იცინოდა.
ვანოს გაუხარდა, რომ ნიკოს მაგიდა აცინებდა და მაგიდა გარეთ გაიტანა.
ნიკო მაინც იცინოდა.
— ნიკო, ეს არის კარადა.
ნიკო იცინოდა.
ვანოს გაუხარდა, რომ ნიკოს კარადა აცინებდა და კარადა გარეთ გაიტანა.
ნიკო მაინც იცინოდა.
— ნიკო, ეს არის საწოლი.
ნიკო იცინოდა.
ვანოს გაუხარდა, რომ ნიკოს საწოლი აცინებდა და საწოლი გარეთ გაიტანა.
ნიკო მაინც იცინოდა.
— ნიკო, ეს არის ცარიელი ოთახი, — და ვანომ ნიკოს ცარიელი ოთახი აჩვენა.
ნიკო იცინოდა.
ვანომ ცარიელი ოთახი გარეთ გაიტანა.
ნიკო კინაღამ მოკვდა სიცილით.
გაბრაზდა ვანო. გავარდა გარეთ, მუხლებზე დაეცა და თქვა:
— ნიკო! ეს არის მზე, ეს ჩრდილებია.
ნიკოს უნდოდა გაეცინა.
— ნიკო! ეს არის საღამო, ეს ღრუბლებია.
ნიკოს უნდოდა გაეცინა.
— ნიკო! ეს არის ცა, ეს ვარსკვლავებია.
ნიკოს უნდოდა გაეცინა.
— ნიკო! ეს არის დარდი, ეს ცრემლებია.
ნიკოს უნდოდა გაეცინა.
— ეს არის სიცოცხლე, ხოლო ეს — ბედნიერება, ნიკო!
ნიკოს უნდოდა გაეცინა, მაგრამ მწარედ ატირდა.
იმ დღის შემდეგ ნიკო ხან იცინოდა და ხან ტიროდა.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 2:57 pm

ერლომ ახვლედიანი

ვანო და ნიკო

ვანო და ნიკო და ასანთი

ვანო უცქერდა ქალს.
— რატომ მიცქერ, მოგეწონე?
ვანო უცქერდა ქალს.
— რატომ მიცქერ, არ მოგეწონე?
ვანო უცქერდა ქალს.
— რატომ მიცქერ... ნუ მიცქერ.
ვანო აღარ უცქერდა ქალს.
ვანომ პაპიროსი ამოიღო და შემდეგ დიდხანს ეძება ასანთი ჯიბეებში.
— რას ეძებ?
ვანო აღარ უცქერდა ქალს. ვანო ასანთს ეძებდა.
— ასანთს?.. აგერ ასანთი, — და ქალმა მიწიდან გამტვერილი ასანთი აიღო და ვანოს გაუწოდა.
ვანომ გაიღიმა.
— რატომ იღიმები?
ვანო აღარ იღიმებოდა. ვანომ გამოართვა ასანთი, კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო და გაჰკრა, მაგრამ ქარმა ჩააქრო.
ვანომ დამწვარი ღერი კვლავ კოლოფში ჩააბრუნა.
გაჰკრა მეორე ღერი და ისიც ქარმა ჩააქრო.
ვანომ დამწვარი ღერი ისევ კოლოფში ჩააბრუნა.
გაჰკრა მესამე ღერი და ქარმა ის არ ჩააქრო, ვანომ პაპიროსს მოუკიდა და ასანთი ქალს გაუწოდა.
— გქონდეს სახსოვრად, — უთხრა ქალმა, — რატომ მიცქერ, შეგიყვარდი?
ვანომ ასანთი გულის ჯიბეში ჩაიდო.
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.
ვანოს ნიკო ისევე უყვარდა, როგორც ნიკოს — ვანო. ვანოს ის ქალიც უყვარდა, რომელსაც უცქირა, უცქირა და მერე ძალიან შეუყვარდა და რომელმაც მას ასანთი უსახსოვრა...
მაგრამ ერთ დღეს ნიკოს ვანოს შეყვარებული შეუყვარდა...
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.
მეორე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და სანთელი სთხოვა.
ვანოს მხოლოდ ერთი სანთელი ჰქონდა, მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა ვანოს, აიღო და მისცა სანთელი ნიკოს...
კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა ნიკომ...
ნიკო წავიდა და სანთელი აანთო და წერილი მისწერა იმ ქალს.
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.
მესამე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და ქუდი სთხოვა.
ვანოს მხოლოდ ერთი ქუდი ჰქონდა, მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა ვანოს, აიღო და მისცა ქუდი ნიკოს...
კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა ნიკომ...
ნიკო წავიდა, ქუდი დაიხურა და პაემანზე შეხვდა იმ ქალს...
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.
ნიკოს ძალიან შეუყვარდა ის ქალი, მაგრამ კიდევ უფრო უნდოდა შეჰყვარებოდა. მეოთხე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და იმ ქალისადმი სიყვარული სთხოვა ვანოს. ვანოს ერთი სიყვარული ჰქონდა იმ ქალისადმი, მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა ვანოს, აიღო და მისცა იმ ქალისადმი სიყვარული ნიკოს...
კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა ნიკომ.
ნიკო წავიდა და კიდევ უფრო შეუყვარდა ის ქალი.
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.
როდესაც კიდევ უფრო ძლიერ შეუყვარდა ის ქალი ნიკოს, უნდოდა, დიდხანს გაგრძელებულიყო ეს სიყვარული და მეხუთე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და სიცოცხლე სთხოვა ვანოს. ვანოს მხოლოდ ერთი სიცოცხლე ჰქონდა. მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა ვანოს, აიღო და მისცა სიცოცხლე ნიკოს...
კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა ნიკომ.
ნიკო წავიდა და იმ ქალს გაუყო ვანოს სიცოცხლე და ისინი დიდხანს ცოცხლობდნენ...
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ...
მეგობრები იყვნენ ვანო და ნიკო და მეექვსე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და ერთგულება სთხოვა მეგობარს. აბა, რა უნდა ექნა მეგობარს, აიღო და მისცა ერთგულება მეგობარს!..
კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა მეგობარმა...
ვანოს აღარ უყვარდა ის ქალი, რადგან აღარ ჰქონდა იმ ქალის სიყვარული. ქალსაც აღარ უყვარდა ვანო, რადგან ვანოს აღარ ჰქონდა არც სანთელი, არც ქუდი, არც მისი სიყვარული, არც სიცოცხლე და არც ერთგულება. იმ ქალს ნიკო უყვარდა...
მეშვიდე დღეს ნიკო და ვანო ქუჩაში იდგნენ. ნიკომ აიღო პაპიროსი და დიდხანს ეძება ჯიბეებში ასანთი.
— რას ეძებ? — ჰკითხა ვანომ.
ნიკო ასანთს ეძებდა.
— ასანთს ხომ არ ეძებ? — შიშით ჰკითხა ვანომ.
ნიკო ასანთს ეძებდა.
ვანომ გულის ჯიბეზე მიიდო ხელი და გაახსენდა:
„— რატომ მიცქერ, მოგეწონე?..
— რატომ მიცქერ, არ მოგეწონე?..
— რატომ მიცქერ... ნუ მიცქერ...
— რას ეძებ?
— ასანთს?.. აგერ, ასანთი...
— რატომ იღიმები?..
— გქონდეს სახსოვრად...“
ნიკო ასანთს ეძებდა.
— ნიკო, მე მაქვს ასანთი და, გთხოვ, ნუ მთხოვ, თორემ მოგცემ... ის სახსოვარია...
ნიკო წავიდა და სხვას სთხოვა ასანთი.
ნიკო და ვანო მეგობრები იყვნენ.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 2:59 pm

ერლომ ახვლედიანი

ვანო და ნიკო

ვანო და ნიკო და ვალი

ერთხელ ვანო ნიკოზე ოცი წლით უფროსი იყო...
ნიკოს ვანოს ვალი ჰქონდა, მაგრამ ნიკო ვანოს სულ ატყუებდა: დღეს ეუბნებოდა, ხვალ მოდიო, ხვალ ეუბნებოდა, ხვალ მოდიო და ყოველდღე ეუბნებოდა, ხვალ მოდიო.
ვანოს სწყინდა, ნიკო რომ ატყუებდა, და ფიქრობდა: „თუ შეუძლია გადამიხადოს — გადამიხადოს, თუ არ შეუძლია გადამიხადოს, რატომ მატყუებს? პირდაპირ მითხრას და გათავდება“.
მაგრამ ნიკო პირდაპირ არ ეუბნებოდა და თუ ეუბნებოდა, ეუბნებოდა, ხვალ მოდიო.
„თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, ავდგები და წყენით შევხედავ. მაშინ ხომ მიხვდება, რომ მწყინს, რომ მატყუებს“.
მეორე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.
— გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.
— რისთვის მოსულხარ? — ჰკითხა ნიკომ.
— შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.
— ხვალ მოდი, — თქვა ნიკომ.
ვანო წამოდგა, წყენით ვერ შეხედა ნიკოს და წამოვიდა.
„ხვალაც მივალ, — ფიქრობდა ვანო, — ხვალაც მივალ და, თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, ავდგები და ვეტყვი, რომ მატყუებს. მაშინ ხომ მიხვდება, რომ ვხვდები, რომ მატყუებს?“
მეორე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.
— გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.
— რისთვის მოსულხარ? — ჰკითხა ნიკომ.
— შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.
— ხვალ მოდი, — თქვა ნიკომ.
ვანო წამოდგა და ვერ უთხრა ნიკოს:
„ნიკო, მე ვხვდები, რომ მატყუებ“, — და წამოვიდა.
„ოცი წლით უფროსია ჩემზე ნიკო, — ფიქრობდა ვანო, — მე რომ ნიკოზე ოცი წლით უფროსი ვიყო, აუცილებლად გადავუხდიდი ვალს. თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, ვეტყვი, რომ უპიროა და არ ეკადრება. ნეტა ნიკო არ იყოს ჩემზე ოცი წლით უფროსი“.
მეორე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო
— გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.
— რისთვის მოსულხარ? — ჰკითხა ნიკომ.
— შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.
— ხვალ მოდი, — თქვა ნიკომ.
ვანო წამოდგა და ვერ უთხრა ნიკოს:
„ნიკო! შენ უპირო ხარ, არ გეკადრება... ოცი წლით ხარ ჩემზე უფროსი“, — და წამოვიდა.
„უჰ, თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, — ფიქრობდა ვანო, — ავდგები და კარგად გამოვლანძღავ, ვეტყვი — შე ასეთო და ისეთოო... უჰ, რად არა ვარ ნიკოზე ოცი წლით უფროსი!“
მეორე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.
— გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.
— რამ მოგიყვანა? — ჰკითხა ნიკომ.
— შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.
— ხვალ მოდი! — თქვა ნიკომ.
ვანო წამოდგა და ვერ უთხრა ნიკოს:
„ხვალ მოვიდე?.. ნეტა შენზე ოცი წლით უფროსი ვიყო... შე ასეთო და ისეთო... უჰ!“ — და წამოვიდა.
„მეტი აღარ შემიძლია, — ფიქრობდა ვანო, — მეტი აღარ შემიძლია, ხვალაც მივალ, ხვალაც მივალ და თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, ქვა მექნება ჯიბეში ხვალ და თუ მითხრა, ხვალ მოდიო, ვეტყვი, ამ ქვას თავში დაგარტყამ-მეთქი და თუ გაიქცა, გამოვეკიდები... მაგრამ ვეცდები, არ დავეწიო, ვეცდები, არ მოვარტყა...“
მეორე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.
ვანომ არაფერი უპასუხა.
— რამ მოგიყვანა?
— ვალი!
— ხვალ...
ვანო წამოდგა და ვერ უთხრა ნიკოს:
„ხვალაო?!. გაიქეცი! ქვა მოვიდა თავში! გაიქეცი!.. ვეცდები, არ დაგეწიო... ვეცდები, არ მოგარტყა... გაიქეცი! ჩქარა!“
ნიკო არ გაიქცა. ვანო არ გამოეკიდა და არ დაეწია. არც ესროლა და არც ააცილა. ვერც გასძახა ნიკოს:
„ხვალ არ მოვალ, მოვალ ზეგ და თუ ჩემი ვალი არ დამიბრუნე, დაგეწევი. ტყუილად კი არ ვარ შენზე ოცი წლით უმცროსი?!“ — და წამოვიდა.
მეორე დღეს ვანო არ მივიდა ნიკოსთან და მთელი დღე დიდ ქვას არჩევდა მისთვის.
მესამე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.
— გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.
— რისთვის მოსულხარ? — ჰკითხა ნიკომ.
— შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.
— ხვალ...
— რაო?!
— ხვალ...
— რაო?!
— ხვალ ნუ მოხვალ... დღეს მოგცემ შენს ვალს.
— ნიკო, მაპატიე, რომ შეგაწუხე... შენ ხომ ჩემზე ოცი წლით უფროსი ხარ...
ნიკომ ვანოს ვალი დაუბრუნა.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 3:01 pm

ერლომ ახვლედიანი

ნიკო და ვანო

ბრიყვი ვანო და ჭკვიანი ნიკო

ერთხელ ასე თქვეს: ვანო ბრიყვია, ხოლო ნიკო არ არის ბრიყვიო.
„რა ვქნა — ბრიყვი ვარ“, ფიქრობდა ვანო და მაინც ბრიყვი იყო.
„ჭკვიანი ვარ!“ — უხაროდა ნიკოს.
— ეჰ, — ეუბნებოდა ნიკო ვანოს, — ერთხელ დაიბადე და ისიც ბრიყვი.
— აბა, — მიუგებდა ვანო, — ერთხელ დავიბადე და ისიც ბრიყვი. შენ კი ყოჩაღ, ბრიყვი რომ არ ხარ და ჭკვიანი ხარ.
წუხდა ვანო, ბრიყვი რომ იყო.
უხაროდა ნიკოს, რადგან ჭკვიანი იყო.
ვანო შინიდან გადიოდა და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო შინიდან არ გადიოდა, რადგან ჭკვიანი იყო.
შინიდან რომ გადიოდა, სულ დადიოდა ვანო და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო შინიდან რომ არ გადიოდა, არ დადიოდა, რადგან ჭკვიანი იყო.
მზე ამოდიოდა...
ვანო უცქერდა, როგორ ამოდიოდა მზე. ამბობდა, რა კარგიაო და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო არ უცქერდა, როგორ ამოდიოდა მზე და არაფერს ამბობდა, რადგან ჭკვიანი იყო.
...და დადგა დღე...
ვანო უცქერდა დღეს და უხაროდა, რომ დღე იყო და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო არ უცქერდა დღეს, რადგან ჭკვიანი იყო.
მზე ჩადიოდა.
მზე ჩადიოდა და დასავლეთი მეწამულ სიზმარს ჰგავდა. ვანო უცქერდა მზის ჩასვლას და ამბობდა, რა კარგიაო და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო ჭკვიანი იყო.
უყვარდა ვანოს. უყვარდა და ტიროდა ვანო. ტიროდა და იცინოდა ვანო. იცინოდა და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო არ იყო ბრიყვი, რადგან არ უყვარდა.
კარგი იყო სიცოცხლე და ვანო ამბობდა: რა კარგიაო — და ნიკო ჭკვიანი იყო.
— ეჰ, — ეუბნებოდა ნიკო ვანოს, — ერთხელ დაიბადე და ისიც ბრიყვი.
— აბა, — უპასუხებდა ვანო, — ერთხელ დავიბადე და ისიც ბრიყვი. შენ კი ყოჩაღ, რომ ჭკვიანი ხარ, რა კარგია!
დღეები გადიოდა და ვანო მაინც ბრიყვი იყო.
დღეები გადიოდა, რადგან ნიკო ჭკვიანი იყო.


ვანო და ნიკო და ნადირობა

ერთხელ ნიკოს ეგონა, რომ ვანო ფრინველია, ხოლო თვითონ — მონადირე...
ვანო წუხდა და ფიქრობდა: „რა ვქნა, არ ვარ ფრინველი, ვანო ვარო“, მაგრამ ნიკოს არ სჯეროდა, იყიდა ერთი ორლულიანი თოფი და ცას დაუწყო ცქერა. უდარაჯებდა, როდის აფრინდებოდა ვანო, რათა მოეკლა, მაგრამ ცა მაინც ცარიელი იყო.
ვანოს ეშინოდა, მართლა ფრინველად არ ქცეულიყო და არ აფრენილიყო. ჯიბით ქვებს ატარებდა, რომ არ აფრენილიყო; ბევრს ჭამდა, რომ არ აფრენილიყო; მერცხალს არ უცქერდა, რათა არ ესწავლა ფრენა; ცას არ უცქერდა, რათა არ მონდომებოდა ფრენა.
— ნიკო, — ეუბნებოდა ვანო ნიკოს, — გადააგდე ეგ თოფი და ნუ იცქირები ცაში. არ ვარ ფრინველი, ვანო ვარ...
— ფრინველი ხარ და მორჩა! აფრინდები და გესვრი. მე მონადირე ვარ!
— ნიკო, — ეუბნებოდა ვანო ნიკოს, — აბა, როგორი ფრინველი ვარ, როდესაც ვანო ვარ.
— ნუ მედავები, — გაბრაზდა ნიკო, — ნუ შემაწუხე, თორემ მიწაზე რომ ხარ, მაშინ გესვრი, ვითომ ეს-ესაა, დაფრინდი.
ვანო გაჩუმდა და წავიდა.
შინ რომ მივიდა, ვანომ კარგად ისადილა, ბევრი ჯიბე დაიკერა, შიგ ქვები ჩაიწყო და ჩაფიქრდა:
„ალბათ ნიკომ არ იცის, რა არის ფრინველი, თორემ მე არ გამაფრინველებდა. მივალ, ავუხსნი, მაშინ თავს დამანებებს და ამდენი ჭამა და ჯიბე არ დამჭირდება“.
ვანო მივიდა ნიკოსთან, რომ აეხსნა, რა არის ფრინველი.
— ნიკო, — დაიწყო ვანომ, — შენ არ იცი, რა არის ფრინველი.
— როგორ არ ვიცი, — გააწყვეტინა ნიკომ, — ფრინველს აქვს ფეხები. შენც გაქვს ფეხები!
— მეც მაქვს ფეხები... — შეწუხდა ვანო.
— ფრინველს აქვს ტანი. შენც გაქვს ტანი!
— მეც მაქვს ტანი...
— ფრინველს აქვს თვალები. შენც გაქვს თვალები!
— მეც მაქვს თვალები...
— ესე იგი, შენც ფრინველი ხარ! — ნიშნის მოგებით მიაძახა ნიკომ.
— კი მაგრამ, მე რომ ფრთები არ მაქვს?
ნიკო ჩაფიქრდა. ნიკო ჩაფიქრდა და მერე, გაბრაზებულმა, დაუყვირა ვანოს:
— გაჩუმდი! ფრთებიც ამოგივა და გაფრინდები კიდეც... და თუ ფრთები არ ამოგივიდა, იცოდე, მიწაზე მოგკლავ, როგორც ფრთებდაცვენილ ფრინველს...
შეწუხდა ვანო და შინისაკენ გაემართა. ჯიბეებიდან ქვებს იღებდა და გზაზე ცრემლებივით ფანტავდა, ხოლო ცრემლები ქვასავით მძიმე იყო.
„რა ვქნა, — ფიქრობდა ვანო და მიდიოდა, ტიროდა და ქვებს ფანტავდა, — რა ვქნა, თუ ფრინველი არ ვარ და ფრენა არ შემიძლია. რა ვქნა, თუ ნიკო მონადირეა და ჩემი მოკვლა უნდა. რა ვქნა, თუ სულერთია, ავფრინდები თუ არ ავფრინდები...“
მზე ჩადიოდა...
ვანომ ცას ახედა. ვანოს ქვები აღარ ეწყო ჯიბეებში და სიმსუბუქე იგრძნო. ვანომ მერცხალს შეხედა და ისწავლა ფრენა. ვანომ ცას შეხედა და მოუნდა ფრენა...
— თუ ფრინველი ვარ, ჯობს, ცაში მოვკვდე, — თქვა და აფრინდა.
ცა აივსო. ნიკომ დაუმიზნა და ესროლა. ესროლა და მოარტყა. მოარტყა და ჩამოაგდო.
— აკი არ ვარო ფრინველი?! — წამოიძახა ნიკომ.
ცა კვლავ დაცარიელდა.

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by არჩანდა on Mon Feb 16, 2009 3:05 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 3:04 pm

ერლომ ახვლედიანი

ნიკო და ვანო

ვანო და ნიკო და სიმაღლე და სიდაბლე

I
ერთხელ ნიკო უსაქმოდ იყო და უთხრა ვანოს:
— მე შენზე მაღალი ვარ.
ვანოს ეწყინა და უპასუხა:
— მე კი შენზე მაღალი ვარ.
ნიკო ფეხის წვერებზე აიწია და უთხრა ვანოს:
— ახლა ხომ ვარ შენზე მაღალი?
— მე რა, არ მაქვს ფეხის წვერები? — უპასუხა ვანომ.
ნიკო სკამზე შეხტა და დაიძახა:
— ახლა?
ვანოც სკამზე შეხტა.
ნიკო გარეთ გავარდა, ხეზე ავიდა და ვანოს გადმოსძახა:
— ვანო, ამომხედე!
ვანომ არ ახედა, სხვა ხეზე ავიდა და არაფერი არ თქვა.
ნიკო ხიდან მთაზე გადავიდა და ვანოს გადმოსძახა:
— ეჰე, ვანო, შემომხედე, რა მაღალი ვარ!
ვანოც ავიდა მთაზე და ნიკოს გადასძახა:
— ეჰე, ნიკო!
ხოლო შემდეგ ვანომა და ნიკომ, რაც ახლომახლო მთები იყო, გაიყვეს, ერთმანეთზე აახოხოლავეს, ზედ შედგნენ... და ისმოდა ყვირილი:
— აუ-უ, ვანო, შემომხედე! რა მა-ღა-ლი ვარ!!!
და ხევებიდან, კლდეებიდან, უფსკრულებიდან ბრუნდებოდა ათასი პასუხი.
— აუ, ვანო, შემომხედე, რა მა-ღა-ლი ვააარ!!!
დაიღალნენ. სიმაღლეებიდან ბილიკ-ბილიკ ჩამოვიდნენ. მთები თავ-თავიანთ ადგილებზე დაალაგეს, მოიტანეს თარაზო, მოასწორეს მიწა და დაეტოლნენ:
თურმე ორივე ერთმანეთზე თითო-თითო სანტიმეტრით მაღალი იყო.

II
ერთხელ კი ვანო იყო უსაქმოდ და უთხრა ნიკოს:
— მე შენზე დაბალი ვარ.
ნიკოს ეწყინა და უპასუხა:
— მე კი შენზე დაბალი ვარ.
ვანო მუხლებზე დაეცა და უთხრა ნიკოს:
— ახლა ხომ ვარ შენზე დაბალი?
ნიკო იატაკზე გაწვა:
— ახლა?
ვანომ მიწა ამოჩიჩქნა და შიგ ჩაწვა:
— ეჰე, ნიკო, რა დაბალი ვარ?
ნიკომაც ამოჩიჩქნა მიწა.
ვანომ ორმო ამოთხარა.
ნიკომაც — ორმო.
ვანომ ჭა გათხარა.
ნიკომაც.
თხარეს და თხარეს და ისმოდა ხმა:
— ნიკო! ნიკო! ჩამომხედე, რა დაბალი ვარ...
მაგრამ ეს ხმა გუბდებოდა მიწის ღრმა სიბნელეში, გუბდებოდა და პეპელასავით სადღაც ახლოს ილეოდა და კვდებოდა.
დაიღალნენ. ამოვიდნენ. მიწა კვლავ მიწას დაუბრუნეს. დატკეპნეს. თარაზოც მოიტანეს. დაეტოლნენ.
თურმე ორივე ერთმანეთზე თითო-თითო სანტიმეტრით დაბალი იყო.

III
ერთხელ ორივეს საქმე ჰქონდა...


ვანო და ყოვლისშემძლე ნიკო
ერთხელ ნიკო ყოვლისშემძლე იყო, ვანო კი — ვანო იყო.
ყოვლისშემძლე იყო ნიკო და რაც უნდოდა, იმას აკეთებდა:
თუ უნდოდა, კურდღელს გამოეკიდებოდა და თუ უნდოდა, დაიჭერდა კიდეც;
თუ უნდოდა, მზეს ჩამოიღებდა და თუ უნდოდა სკივრში შეინახავდა კიდეც.
თუ უნდოდა, არაფერს არ აკეთებდა და თუ უნდოდა, ვერაფერს ვერ აკეთებდა კიდეც.
მოკლედ, რაც უნდოდა, იმას აკეთებდა... ხოლო მერე მაღალ მთაზე გადაჯდებოდა და ხარხარებდა:

ყოვლისშემძლე ნიკო ვარ და
ღამეები გავათენე,
ყოვლისშემძლე ნიკო ვარ და
შავი ფერი გავათეთრე,
ყოვლისშემძლე ნიკო ვარ და
ლუწი იყო, გავაკენტე,
ყოვლისშემძლე ნიკო ვარ და
სხვისი იყო, გავაჩემე...

შემდეგ ისევ ხარხარებდა ნიკო:

ათი იყო, გავაასე,
ნიკო ვარ და ყოვლისშემძლე,
ასი გახდა, გავაერთე,
ნიკო ვარ და ყოვლისშემძლე,
გონჯი იყო, გავამზევე,
ნიკო ვარ და ყოვლისშემძლე,
მზე იყო და დავამხე მე,
ნიკო ვარ და ყოვლისშემძლე.

ხარხარებდა ნიკო და მზე ღრუბელს იფარებდა და ხე გარბოდა. ფრინველი ვერ ფრენდა და ჭიანჭველა ვერ ჭაჭანებდა. აბა, მთვარე როგორღა ამოვიდოდა, — ეშინოდა.
სწორედ მაშინ, როდესაც ნიკო მაღალ მთაზე იჯდა და ხარხარებდა, ვანო დაბალ მთაზე იდგა და ფიქრობდა:
„რა შემიძლია მე?
კურდღელს კი გამოვეკიდები, მაგრამ რას დავიჭერ?
მზეს ვერ მივწვდები და, რომც მივწვდე, რას ჩამოვიღებ?
ფიქრი შემიძლია მხოლოდ და რიგიანად ისიც არ შემიძლია“.
იდგა ვანო დაბალ მთაზე და წუხდა:
„ვანო ვარ და მორჩა და მხოლოდ ის შემიძლია, რომ:

ღამეები დავაღამო,
შავი ფერი გავაშავო,
ლუწია და გავალუწო,
სხვისია და გავასხვისო“.

ისევ წუხდა ვანო:
„ერთია და, აბა, მე რა უნდა ვქნა?!
ვთქვათ, ათი გახდა, მაინც რა უნდა ვქნა?!
გონჯია და მხოლოდ ის შემიძლია, რომ გონჯი დარჩეს... ეჰ!“
მაღლიდან კი ისმოდა ნიკოს გაუთავებელი ხარხარი:
„ყოვლისშემძლე ნიკო ვარ და ნიკო ვარ და ყოვლისშემძლე...“
„ეჰ, — ფიქრობდა ვანო, — მე რომ ნიკოსავით ყოვლისშემძლე ვიყო... — და გაეღიმა ვანოს: ჰო, მე რომ ნიკოსავით ყოვლისშემძლე ვიყო, მაშინ“... და ვანო წამოჯდა დაბალ მთაზე და ღიმილით წაიღიღინა:

„ღამეებს გავათენებდი,
კენტს დავაწყვილებდი,
ათს გავაასებდი,
მკვახეს დავამწიფებდი,
გონჯს გავამზევებდი...
...და ყველაფერს კარგს ვიზამდი!“

მღეროდა ვანო და ბოლოს გადაწყვიტა, ასულიყო მაღალ მთაზე და ნიკოსათვის ესწავლებინა ეს სიმღერა.
მაგრამ სანამ მაღალ მთაზე ავიდოდა, სიმღერის სიტყვები დაავიწყდა.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 3:07 pm

ერლომ ახვლედიანი

ნიკო და ვანო

ვანო და შვიდი ნიკო

ერთხელ ნიკო შვიდი იყო. ვანო კი ერთი იყო და თანაც პატარა. ერთმა ნიკომ ვანო გაზარდა და თქვა — ვანო ჩემიაო.
მეორე ნიკომ ტანთ ჩააცვა და თქვა — ვანო ჩემიაო.
მესამე ნიკომ არც გაზარდა და არც ჩააცვა და მაინც თქვა — ჩემიაო ვანო.
მეოთხე ნიკომ ქუდი დაახურა. ქუდი ცოტა დიდი მოუვიდა ვანოს, რადგან პატარა იყო ვანო, მაგრამ მეოთხე ნიკო ვანოს მაინც იჩემებდა.
მეხუთე ნიკო ყველა ნიკოზე ღონიერი იყო და თქვა — ვანო ჩემიაო.
მეექვსე ნიკო, მართალია, არაფერს ამბობდა, მაგრამ ამით ის უნდოდა ეთქვა, რომ ვანო მისი იყო.
მეშვიდე ნიკო ვანოს მასწავლებელი იყო და ბევრი რამე ასწავლა ვანოს, მაგრამ ბოლოს ისიც უნდოდა ესწავლებინა, რომ ვანო სწორედ მისი იყო.
ვანო პატარა იყო და თანაც ერთი და აბა, საიდან უნდა სცოდნოდა, ვისი იყო. ხან ერთ ნიკოს ეუბნებოდა, შენი ვარ, ხან მეორე ნიკოს ეუბნებოდა, შენი ვარ, ხან მესამე ნიკოს ეუბნებოდა, შენი, და ხან ყველას ერთად ეუბნებოდა, თქვენი ვარო.
ერთხელ ვანო წავიდა და დიდი მუხის ქვეშ წამოჯდა და ჩაფიქრდა:
„ვისი ვარ?
მგონი, მე პირველი ნიკოსი არ ვარ. მგონი, არც მეორე ნიკოსი ვარ. მესამე ნიკოსი არ ვარ და არა ვარ. მეოთხე ნიკოსი? — არა! მეხუთესი? — არა! მეშვიდე ნიკოსი არ ვარ და აბა, მეექვსე ნიკოსი როგორღა ვიქნები“.
მერე წამოდგა, ტყე გაიარა და ველზე გავიდა. ყვავილები დაკრიფა და ცას ახედა. მერე ისევ ტყეში შევიდა. ისევ დიდი მუხის ქვეშ წამოჯდა და უცებ თქვა: „მგონი, ჩემი ვარ“.
ვანო წამოდგა და გაიქცა და თავისი იყო.
ვანო წამოდგა და გამოიქცა და თავისი იყო.
ვანო წამოდგა და გადაიხარხარა და თავისი იყო.
ვანო დაეცა და ატირდა და თვითონ იყო, თავისი.
ტკიოდა და თავისი იყო ვანო.
მღეროდა და თავისი იყო ვანო.
ბედნიერი იყო და თავისი იყო ვანო.
კვდებოდა ვანო და თვითონ იყო თავისი.
კვდებოდა ვანო, პატარა ვანო, ერთი ვანო და უხაროდა, რომ არავისი არ იყო და თვითონ იყო თავისი...
მუხა კი დიდი ყვავილი იყო.



შენი იყოს!

ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და უყვარდათ ეს ქვეყანა. ადიოდნენ მთებზე, მაღალ მწვერვალებზე. მწვერვალებიდან ჩამოდიოდნენ ველად, კრეფდნენ ყვავილებს და უხაროდათ ჭრელ-ჭრელი ყვავილები. გადიოდნენ გაუვალ ტყეებს. უცქერდნენ მზეს და უხაროდათ მაღალი მზე. კრეფდნენ ხეთა ნაყოფს. თესავდნენ პურს. მკიდნენ პურს. შეჰქონდათ წისქვილში და იქ მთელი ღამე ზღაპრების ნაცვლად მართალს ყვებოდნენ...
ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და უხაროდათ ეს ქვეყანა.

ერთხელ მზე ჩავიდა.
— ნიკო, — უთხრა ვანომ ნიკოს, — მე მეძინება და დავიძინებ. როცა მზე ამოვა, გამომაღვიძე.
— ვანო, — უპასუხა ნიკომ ვანოს, — მეც მეძინება და მეც უნდა დავიძინო. როცა მზე ამოვა, მე ვინღა გამაღვიძებს?
— ნიკო, — თქვა ვანომ, — მაშინ ორივემ დავიძინოთ და ვინც პირველი გაიღვიძებს, იმან მეორე გააღვიძოს.
— ვანო, — თქვა ნიკომ, — ასე იყოს.
ორივეს ეძინა. ღამემ, უზარმაზარმა შავმა სინათლემ, მშვიდად გადაუფრინა ნიკოსა და ვანოს და შორს, ქვეყნის ბოლოს ჩაქრა.
მზე ამოვიდა...
ნიკომ გაიღვიძა.
— ვანო, გაიღვიძე, — დაიწყო ნიკომ ვანოს გაღვიძება, — მე უკვე გავიღვიძე.
თუმც ძალიან სურდა, ვანო მაინც ვერ იღვიძებდა.
მაშინ ნიკომ ვანოს ჩასძახა:
— ვანო, აჰა, მიჩუქნია გამოღვიძება, შენი იყოს!
ვანომ გამოიღვიძა და გამოღვიძება მისი იყო.
— ო, რა ლამაზი სიზმარი ვნახე, — დაიწყო ვანომ, — აზურმუხტებულ მთებს შორის წმინდა მდინარე მიედინებოდა. მზე ამ მდინარეში ჩავიდა. წყალმა მზეს გადაუარა. მზე დაცხრა და გამჭვირვალე გახდა. მასში ჩავიხედე და ცა დავინახე. ცაში ოქროსფერი თევზები დაცურავდნენ. შემდეგ კარგად დავაკვირდი და ჩემი თავი დავინახე მათ შორის. თეთრ ცხენზე ვიჯექი და სიმღერას ვმღეროდი. კვლავ დავაკვირდი და შორს, სივრცეში, ვარდისფერ ღრუბელზე სამი ქალი შევნიშნე. ახლოს როცა მიველ, იმ ღრუბელზე მხოლოდ ერთი ქალი იყო და იმასაც ეძინა...
— ო, რა ლამაზი სიზმარი გინახავს, ვანო, — თქვა ნიკომ.
— გინდა, შენი იყოს? — წამოიძახა ვანომ.
— მინდა! — გაუხარდა ნიკოს.
— აჰა! — და ვანომ თავისი სიზმარი ნიკოს მისცა და ის მშვენიერი სიზმარი იმ ოქროს თევზებით, იმ ლურჯი ცით, იმ ვარდისფერი ღრუბლითა და იმ ლამაზი, მიძინებული ქალით ნიკოსი გახდა.
ამის შემდეგ სულ ასე ხდებოდა:
...გაზაფხული მოვიდოდა. ბუჩქის ძირას ია ლურჯ თვალებს გაახელდა. ნიკო მის წინაშე წაიჩოქებდა, შემდეგ ვანოსთან მივიდოდა და ეტყოდა:
— ვანო, შეხედე, რა ნაზი ია მაქვს.
ვანოს თუმც ძალიან სურდა, არ ჰქონდა ის ია.
— გინდა, შენი იყოს?
— მინდა! — უპასუხებდა ვანო.
მაშინ ნიკო ვანოს ეტყოდა:
— შენი იყოს!
ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და ვანო ლამაზ კენჭებს დაინახავდა, ხელში აიღებდა, ააგდებდა და დაიჭერდა, შემდეგ კი ნიკოს ეტყოდა:
— გინდა, შენი იყოს?
— მინდა! — უპასუხებდა ნიკო.
და ფერადი კენჭი უკვე მას ეკუთვნოდა.
ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და ნიკო შველს დაინახავდა. დაინახავდა და დაედევნებოდა. დაედევნებოდა და დაიჭერდა. ხოლო შემდეგ მივიდოდა ვანოსთან და ეტყოდა:
— ვანო, გინდა, ეს შველი შენი იყოს?
— მინდა! — უპასუხებდა ვანო.
შემდეგ იყო წარმტაცი ველი. შემდეგ — შრიალა ტყე. მზე როცა ჩადიოდა, ვანომ უთხრა ნიკოს:
— ნიკო, შეხედე, რა მშვენიერია მზის ჩასვლა!
და მზის ჩასვლა ნიკოსი გახდა.
მზე როცა ამოდიოდა, მზის ამოსვლა უკვე ვანოს ეკუთვნოდა...
ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და სძულდათ ეს ქვეყანა, სძულდათ მთა-ველი, სძულდათ შრიალა ტყე, სძულდათ სიზმრები და შველი, სძულდათ მზე და ჭრელ-ჭრელი ყვავილები...
თესავდნენ პურს, მკიდნენ პურს და როცა წისქვილში შეიყრებოდნენ, პურით სავსე ტომრებს ერთმანეთს აჩეჩებდნენ და ბოლოს, დაღლილ-დაქანცულნი, მთელი ნათელი დღე სიმართლის ნაცვლად ზღაპრებს ყვებოდნენ. ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ...

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 3:10 pm

ერლომ ახვლედიანი

ნიკო და ვანო

ბევრს ნუ ისურვებ, ნიკო!

ერთხელ ვანო ოცნებობდა.
ოცნებობდა ნიკოც.
ორივე ტრიალ მინდორზე იჯდა, ერთმანეთისგან ზურგშექცევით და ორივე სივრცეს გაჰყურებდა.
„რა იქნებოდა, — ოცნებობდა ვანო, — რა იქნებოდა, რომ ადამიანი იბადებოდეს...“
„და მზე აღმოსავლეთიდან ამოდიოდეს, ხოლო დასავლეთით ჩადიოდეს, — ოცნებობდა ნიკო, — ჩადიოდეს და იყოს ერთი და ნათელი“.
— ბევრს ნუ ისურვებ, ნიკო!
ვანო ოცნებობდა.
ოცნებობდა ნიკოც.
„რა იქნებოდა, რომ ადამიანი იზრდებოდეს, — ოცნებობდა ვანო, — იზრდებოდეს და ფეხს იდგამდეს...“
„...და მთვარეც იყოს ცაზე, იყოს ვარსკვლავები, — ოცნებობდა ნიკო, — ვარსკვლავები კი ციმციმებდნენ“.
ვანო ოცნებობდა:
„რა იქნებოდა, რომ ადამიანი დარბოდეს, ხტოდეს, დასდევდეს პეპლებს და ხან იჭერდეს და ხან ვერ იჭერდეს...“
ნიკოც ოცნებობდა:
„და ხან გაზაფხული დგებოდეს, ბუნება ხარობდეს, ყვაოდეს; ხან ზაფხული იყოს, ცხელოდეს; ხან შემოდგომა იყოს, ხეს ფოთოლი სცვიოდეს; ხან ზამთარი იყოს, ცივი და სუსხიანი, თოვდეს თეთრი თოვლით... რა იქნებოდა!“
ორივე ტრიალ მინდორზე იჯდა, ორივე სივრცეს გაჰყურებდა, ორივე ოცნებობდა.
„რა იქნებოდა, ადამიანი ხან ავად ხდებოდეს და ხან კარგად. ხან ეძინებოდეს და იძინებდეს. ხან სიზმარს ხედავდეს. დრო მოვა და შეუყვარდებოდეს ვინმე... დრო მოვა და მასაც შეიყვარებდნენ...“
„და ეს ველიც იყოს. იყოს ვანოც, იყოს ნიკოც, ორივე სივრცეს გაჰყურებდეს. ორივე ოცნებობდეს... რა იქნებოდა!“
— ბევრს ნუ ისურვებ, ნიკო!
ვანო ოცნებობდა.
ოცნებობდა ნიკოც.
„რა იქნებოდა, ადამიანს ჰქონდეს ცრემლები. როცა ეტირებოდეს — ტიროდეს, ეცინებოდეს და იცინოდეს... ქარავანი კი მიდიოდეს...“
„...და იყოს მიწა...“
— ბევრს ნუ ისურვებ, ნიკო!
ვანო ოცნებობდა:
„რა იქნებოდა, რომ ადამიანი კვდებოდეს“.
— ო, ვანო, ბევრს ნუ ისურვებ!

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 3:10 pm

ერლომ ახვლედიანი

ნიკო და ვანო

ვანო ნიკოს სიზმარში

„და გამოვედით, რომ გვეხილა
კვლავ ვარსკვლავები“.
დანტე, „ჯოჯოხეთი“

ერთხელ ვანო ნიკოს სიზმარში იყო.
დაიძინებდა ნიკო და იყო მის სიზმარში სამყარო, სადაც ცა ქვისა იყო, მზე — ხისა, ხე — ნისლისა, ნისლი — მიწისა, მიწა — ქარისა, ქარი — ტყვიისა, ტყვია კი, აღარ მახსოვს, რისა...
დაიძინებდა ნიკო და მოდიოდა მის სიზმარში ვანო...
მოდიოდა ვანო ნიკოს სიზმარში და ფიქრი მისი ჭიანჭველებისაგან იყო, ოცნება მისი ფრინველებისაგან იყო, სიმღერა მისი კენჭებისაგან იყო...
დადიოდა ვანო ნიკოს სიზმარში: წყალს გაივლიდა და ცეცხლი მოედებოდა; მზეზე გავიდოდა და ყინულად იქცეოდა; აქეთ წავიდოდა და იქით აღმოჩნდებოდა; იქით წავიდოდა და იქვე რჩებოდა; მარჯვნივ გაუხვევდა და ნეტავ მარცხნივ გაეხვია.
ხან ღამეში იყო ვანო და ხან ღამე იყო მასში.
აქ თავის წუხანდელ მწუხარებას ნახავდა, იქით ხვალინდელი დარდი ეგდო, მოშორებით თავისი მარტოობა ეგულებოდა.
ვანო ხან ტოტი იყო ხის — ირხეოდა და იტანჯებოდა; ხან კი ფოთოლი იყო — ყვითლდებოდა და დაბლა ვარდებოდა. დაბლა კი ცა იყო.
დაიძინებდა ნიკო და ია კოღოს მისდევდა, კოღო — კალიას, კალია — კალმახს, კალმახი — მერცხალს, მერცხალი — ზვიგენს, ზვიგენი — ირემს, ირემი — მგელს, მგელი — არწივს, არწივი — ლომს, ლომი იას მისდევდა, ია კი არსად გარბოდა, იყო თავისთვის...
დადიოდა ვანო ნიკოს სიზმარში და ყვითელი რუხი იყო, რუხი ნარინჯისფერი იყო, ნარინჯისფერი მწვანე იყო, მწვანე წითელი იყო, წითელი შავი იყო, შავი ცისფერი იყო, ცისფერი კი სულ არ იყო...
დადიოდა ვანო ნიკოს სიზმარში და ჩრდილი მისი, სადაც დაეცემოდა, გაიბერებოდა, გასხეულდებოდა, ქვეწარმავლად გადაიქცეოდა, გახოხდებოდა, გაიკლაკნებოდა და მიწაში ჩაძვრებოდა.
დაიძინებდა ნიკო და მოდიოდა მის სიზმარში ვანო: ხან ბედნიერი და ხან უბედური; ხან მხიარული და ხან მწუხარე; ხან კეთილი და ხან ბოროტი.
ხან ერთი იყო ვანო, ხან ორი იყო ვანო, ხან სამი იყო ვანო და ხან ნახევარიც არ იყო ვანო.
ბევრი ხილი იყო ნიკოს სიზმარში, მაგრამ ყველა ხილი ერთი გემოსი იყო.
დაიძინებდა ნიკო და იყო მის სიზმარში ქვა მწუხარებით სავსე, ქვა ფიქრით სავსე, ქვა სიყვარულით სავსე, ქვა ბედნიერებით სავსე, ქვა შიშით სავსე, ქვა ეჭვით სავსე, ქვა მარტოობით სავსე და ქვა ქვისაგან ცარიელი.
ვანო ნიკოს სიზმარში ხან იბადებოდა, იზრდებოდა, ვაჟკაცდებოდა, ხან კი პატარავდებოდა, ილეოდა და ქრებოდა.
ხან მკვლელი იყო ვანო და ხან თვით ეგდო სადღაც მკვდარი.
დაიძინებდა ნიკო და წამები მუხას მუმლად ეხვეოდნენ; დღეები თავიანთ ღამეებს დაეძებდნენ, წლები შორეულ გზებს დასდგომოდნენ; საუკუნეები კი უსასრულო ველზე წამოწოლილიყვნენ, ყალიონს აბოლებდნენ და საუბრობდნენ.
დადიოდა ვანო ნიკოს სიზმარში და როცა იღვიძებდა — ეძინებოდა, როცა ეძინებოდა — იღვიძებდა.
ხან წვიმაში იყო ვანო და ხან წვიმა იყო მასში.
ხანდახან ნიკოს სიზმარში ვანო თავის სიზმარს ხედავდა. ვანოს სიზმარში მოდიოდა ქალი — დედამისი, კაცი — მამამისი, მისი დები, მისი ძმები, მისი მურა ძაღლი, მისი ხის სახლი, მისი პატარა ეზო, მისი პატარა ბაღი...
დილით კი იყივლებდა მამალი და გაიღვიძებდა ნიკო, გაიღვიძებდა ნიკო და ისიც აღარ იყო, რაც მის სიზმარში იყო.
შემდეგ კვლავ დადგებოდა ღამე, დაიძინებდა ნიკო და მოდიოდა მის სიზმარში ვანო...
ერთხელ ვანო ნიკოს სიზმრის კიდეს მიადგა და ცხადში გადაიხედა. გადაიხედა და დაინახა: ველი ყვავილებით სავსე, ტყე ხეებით სავსე, დღე სინათლით სავსე. ველზე იყო ლამაზი ქალი. ქალი კრეფდა ყვავილებს და მღეროდა.
იყივლა მამალმა და გაქრა ნიკოს სიზმარი და ვანოს ცხადიც გაქრა.
მოვიდა ღამე და კვლავ დაიძინა ნიკომ. კვლავ მოვიდა მის სიზმარში ვანო.
ვანომ წყალში გაიარა და ცეცხლი მოედო; მზეზე გავიდა და ყინულად იქცა, მარჯვნივ გაუხვია და ნეტავ მარცხნივ გაეხვია, აქეთ წავიდა და იქით აღმოჩნდა, იქით წავიდა და იქვე დარჩა. ბოლოს მაინც მიაღწია ნიკოს სიზმრის ზღურბლს და ცხადში გადაიხედა: ცა ცისაგან იყო, მიწა — მიწისაგან, საღამო — საღამოსაგან. ველიც დაინახა ყვავილებით სავსე. ველზე იყო ლამაზი ქალი, რომელიც კრეფდა ყვავილებს და მღეროდა...
კვლავ და კვლავ იძინებდა ნიკო. კვლავ და კვლავ მოდიოდა მის სიზმარში ვანო. კვლავ და კვლავ გაივლიდა წყალს და ცეცხლი მოედებოდა... ბოლოს მაინც მიაღწევდა ვანო ნიკოს სიზმრის ზღურბლს, რათა ენახა: ქვა ქვით სავსე, ია და ზამბახი, წვიმა წვიმისაგან ნაკეთები, ლამაზი ქალი, რომელიც ველად ყვავილებს კრეფდა და სიმღერას მღეროდა...
ერთხელ ვანომ ნიკოს სთხოვა, გაეშვა იგი თავისი სიმზრიდან.
ნიკომ ვანო გაუშვა თავისი სიზმრიდან...
მზიან შუადღეს გამტვერილ გზაზე უნახავთ თურმე დახეულ-დაფლეთილი, მშიერ-მწყურვალი მგზავრი, რომელიც ყავარჯენს ეყრდნობოდა და მიდიოდა.
ეს მგზავრი ვანო იყო.
ვანო შეჩერდა, სახიდან ნამდვილი ოფლი მოიწმინდა, გაიღიმა და განაგრძო გზა...
ლურჯთვალა ია
ერთხელ ყველაზე ძვირფასი ლურჯთვალა ია იყო...
ნიკო მიწას ჩასძახოდა: ლურჯთვალა ია! ლურჯთვალა ია!
ვანო დაიბადა.
ნიკო ცას შესთხოვდა: ლურჯთვალა ია! ლურჯთვალა ია!
ვანო გაიზარდა.
ნიკო კი მიწას ჩასძახოდა: ლურჯთვალა ია! ლურჯთვალა ია!
ვანო დავაჟკაცდა.
ნიკო კი ცას შესთხოვდა: ლურჯთვალა ია! ლურჯთვალა ია!
ვანომ ქალი მოიყვანა.
ნიკო კი — ლურჯთვალაო და ლურჯთვალაო!
ვანომ უღელში ხარები შეაბა.
ნიკო კი — ლურჯთვალა და ლურჯთვალაო!
ვანომ მთელი დღე იმუშავა.
ნიკო კი — ლურჯთვალაო!
ვანომ მეორე დღეც იმუშავა.
ნიკო — ლურჯთვალაო!
ვანომ მესამე დღეც იმუშავა.
ნიკო კი...
ვანომ პირველ შვილს ვანო დაარქვა.
ნიკო...
ვანომ მეორე შვილსაც ვანო დაარქვა.
ნიკო კი...
ვანომ ჭირნახული ქალაქს გაჰყიდა.
ნიკო კი — ლურჯთვალაო!
ვანომ მესამე შვილსაც ვანო დაარქვა.
ნიკო კი — ლურჯთვალაო და ლურჯთვალაო!
ვანომ მეოთხე შვილს ნიკო დაარქვა.
ნიკო კი გაიძახოდა: ლურჯთვალა ია! ლურჯთვალა ია!
დადგა ვანოს უკანასკნელი გაზაფხული. გადნა თოვლი. გამოჩნდა მიწა. ოდნავ გათბა ჰაერი. ოდნავ გაღვივდა მზე. ტოტებს კვირტები ოდნავ დაეტყო.
ვანო შინიდან გამოვიდა.
ნიკო მიწას ჩასძახოდა: ლურჯთვალა ია! ლურჯთვალა ია!
ვანო გამოვიდა შინიდან.
ნიკო ცას შესთხოვდა: ლურჯთვალა ია! ლურჯთვალა ია!
შინიდან გამოვიდა მოხუცი ვანო, მზეს ახედა, ჩიბუხი გააბოლა და ეზო მოიარა...
ღობის პირას ამოსულიყო ლურჯთვალა ია.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 3:12 pm

ერლომ ახვლედიანი

ნიკო და ვანო

ვანო და ნიკო და ნიკო და ვანო

ადრე ნიკო ვანო იყო, ხოლო ვანო — ნიკო. მერე ნიკო ვანო გახდა, ხოლო ვანო — ნიკო. ბოლოს ორივე გავანოვდა.
ეს ასე მოხდა:
ნიკო ცუდი ადამიანი იყო და სულ ავს უკეთებდა სხვას, ხოლო ვანო კარგი ადამიანი იყო და სულ კარგს უკეთებდა სხვას. მაგრამ, რადგან ადამიანს ერთი და იგივე ბეზრდება ხოლმე, ნიკოს მობეზრდა ნიკოობა, ხოლო ვანოს — ვანოობა.
ნიკომ უთხრა ვანოს:
— მოდი, გავვანოვდები!
ვანოს გაუხარდა და უპასუხა:
— მე კი გავნიკოვდები, კარგი?
— კი ბატონო.
და იმ დღის შემდეგ ნიკო გავანოვდა, ხოლო ვანო განიკოვდა.
მზესავით დღე იყო, როდესაც განიკოებული ვანო ქუჩაში გამოვიდა. ხან აქეთ ეცა და ხან იქით. კაცს დაინახავდა და დასცინოდა. ქალს დაინახავდა და შეურაცხყოფდა. ბავშვს დაინახავდა და თავში წამოარტყამდა. ძაღლს დაინახავდა და ჯოხს მოუქნევდა. ბეღურას დაინახავდა და ქვას ესროდა. ქოთნებს ხომ სულ ამსხვრევდა. ხეს ცულს ურტყამდა. აბა, რა უნდა დავარტყაო, ამბობდა.
მოკლედ, ვანო სულ განიკოვდა.
მზესავით დღე იყო და გავანოებული ნიკოც გამოვიდა ქუჩაში. ნაცნობებს კარგ სალამს აძლევდა. ზოგჯერ უცნობებსაც ესალმებოდა. ბავშვებს ეფერებოდა. ბეღურებს საკენკს უყრიდა. აბა, რა უნდა დავუყაროო, ამბობდა. ხანდახან ხეებსაც რგავდა.
მოკლედ, სულ შეიცვალა ნიკო, სულ გავანოვდა.
გავიდა ხანი.
ღრუბელივით დღე დადგა და გავანოებული ნიკო იჯდა და უხაროდა, რომ გავანოვდა. არ ახსოვდა, რომ ოდესღაც ნიკო იყო. ყველას უყვარდა და ყველა უყვარდა, აბა, მეტი რა უნდოდა!
ღრუბელივით დღე დადგა და განიკოებული ვანოც იჯდა და აგონდებოდა, რომ ოდესღაც ვანო იყო. აგონდებოდა, როგორ იცინოდა კაცი, როგორ იღიმებოდა ქალი, როგორ იზრდებოდა ბავშვი, როგორ ფრენდა ბეღურა, როგორი იყო ძაღლის ალერსი, რა ლამაზი იყო ქოთნები, როგორ ხარობდა ხე.
მერე გაახსენდა, რომ განიკოვდა და დაინახა, თუ როგორ წუხდა კაცი, როგორ სწყინდა ქალს, როგორ კვდებოდა ბეღურა, როგორ იმსხვრეოდა ქოთნები, როგორ კვნესოდა ხე.
თქვა:
— ეჰ, — და მივიდა გავანოებულ ნიკოსთან და უთხრა, — გავანოებულო, აღარ მინდა ნიკოობა, დამიბრუნე ვანოობა.
— არა, — უპასუხა გავანოებულმა ნიკომ.
— დამიბრუნე, გთხოვ, ჩემი ვანოობა.
— არა.
— დამიბრუნე, თორემ მე ახლა განიკოებული ვარ და გცემ, გესმის?
მაშინ გავანოებულმა ნიკომ უთხრა:
— ნუ წამართმევ ვანოობას, გთხოვ... ისეთი კარგია ვანოობა, ისე მინდა ვანოობა, რომ... ნუ წამართმევ!
განიკოებული ვანო მოიღუშა და უპასუხა:
— მეც აღარ მინდა ნიკოობა...
გავანოებული ნიკო ჩაფიქრდა, ხოლო მერე თქვა:
— განიკოებულო! რა ვქნათ, იცი? მოდი, შენც გავანოვდი და მაშინ ორივენი გავანოებული ვიქნებით. განა არ შეიძლება, ორი ვანო იყოს?
განიკოებული ვანო ბევრს ეცადა და ბოლოს, როგორც იქნა, გავანოვდა ისევ, მიუხედავად იმისა, რომ წვიმასავით დღე იყო.
ასე განიკოვდა ვანო და გავანოვდა ნიკო, ხოლო ბოლოს ორივენი გავანოვდნენ.

(დასასრული)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Thu Apr 21, 2011 9:07 am

"დილა უცნაური რამ არის – ის არსებობს",
"სუნი უცნაური რამ არის – ის არსებობს",
"სიბრალული უცნაური რამ არის – ის არსებობს",
"იმედი უცნაური რამ არის – ის არსებობს",
"ოთახის დალაგება უცნაური რამ არის – ის შესაძლებელია",
..."გამოჯანმრთელება უცნაური რამ არის – ის არსებობს".

ერლომ ახვლედიანი



"ქვა, რომელიც ეძებს თავის შეყვარებულ ქვას, დიდი ხნის წინათ გაჩერებული საათი, რომელიც "რომელიღაც წარსულს სისხლივით ამოანთხევს", თავისით ფეხადგმული წერტილი, რომელიც არ ემორჩილება არც კალამს, არც მწერალს, – გავადევნოთ თვალი უდროოდ დასმული წერტილის მოძრაობა-თავგადასავალს".

წყარო - http://siestabooks.blogspot.com/2011/04/blog-post_20.html

Exclamation


ერლომ ახვლედიანის წიგნზე "კოღო ქალაქში"
(მისი ყველაზე უხეირო ნასტუდენტარის ნათქვამი)

ამ რომანს ბატონი ერლომი ჯერ კიდევ მაშინ წერდა, როცა გურამ რჩეულიშვილი ცოცხალი იყო, - გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში, ალბათ.
მე რომ იმისი სტუდენტი ვიყავი ოთხმოციანი წლების დასაწყისის უნივერსიტეტში, მაშინაც წერდა...
მერე ხშირად მიფიქრია, - ნეტავ, მე რომ მოვკვდები, მაშინ მაინც არ დაამთავროს, რომ წაკითხვა მოვასწრო მეთქი და...
აი, დაუსრულებია და 2010 წლის წიგნად უკვე გამოუცია გამომცემლობა "სიესტას"!..
ძალიან მიხარია, რომ, თუკი მაინცდამაინც ამ წიგნის საყიდლად მიმავალს საიდანმე აგური არ დამეცა თავში, ამ ნაწარმოების წაკითხვას თავისუფლად მოვასწრებ და მეც შევიტყობ, - თუ რა გადახდა კოღოს ქალაქში...
და ის აგურიც ტყუილ-უბრალოდ რომ არავის დაეცემა თავში, - ესეც ერლომ ახვლედიანმა მასწავლა...

მიხო მოსულიშვილი

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Fri Apr 22, 2011 12:48 pm



წიგნის დასახელება: "კოღო ქალაქში" (რომანი)
წიგნის ავტორი: ერლომ ახვლედიანი
გამომცემლობა: “სიესტა”
გამოცემის წელი: 2010
ISBN 978–9941-414-30-5
ყდა: რბილი
გამოცემაზე პასუხისმგებელი: ჯგუფი "სიესტა"
გამომცემელი: ქეთევან კიღურაძე
რედაქტორები: მზია კურცაძე, გაგა ლომიძე, ელზა ახვლედიანი
ტექნიკური უზრუნველყოფა: მაია მაჩალაძე
მხატვარი: მაია მაჩალაძე
გვერდების რაოდენობა: 244
ფასი: თორმეტი ლარი
ვრცელდება: ყველა წიგნის მაღაზიაში
წინათქმა: ზურაბ კიკნაძის "მე აქ ვარ!.."
ანოტაცია: "აი, მე მთელი ცხოვრება დავდივარ უკუნ ღამეში. ხანდახან შორიდან გამოკრთება რაღაც სინათლე და მე მისკენ მივისწრაფი მწერივით, მაგრამ მერე ამ სინათლესაც წყვდიადი შთანთქავს და მე კვლავ უკუნ ღამეში დავეხეტები", – ერლომ ახვლედიანი.







"მე მგონი"

როგორც ვატყობ, "კოღო ქალაქში" წადგენილია ლიტერატურული პრემია "საბას" მოსაპოვებლად, ნომინაციაში "წლის საუკეთესო რომანი", რაკიღა 2010 წელს არის გამოცემული...
სხვები ვინ არიან კიდევ წარდგენილი, ჯერ არ ვიცი, მაგრამ...
თუკი შარშანდელივით ღირსეული ჟიური ეყოლება წლევანდელ, 2011 წლის "საბასაც", მაშინ შავ დღეში რომ იქნებიან დანარჩენი მერომანე ნომინანტები, – ეს კი კარგად ვიცი...
და, მართალია, მე მიკერძოების გამო ამ წიგნის შემფასებლად, ალბათ, არ გამოვდგები, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ – ეს რომანი მარტო ჩვენსას კი არა, ნებისმიერი ქვეყნის ლიტერატურას დაამშვენებდა...
და როგორც ბატონი ერლომი მასწავლიდა, თავშიც და ბოლოშიც უნდა ვიგულისხმოთ, – "მე მგონი", რასაკვირველია...

მიხო მოსულიშვილი



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Tue Mar 20, 2012 12:53 pm

ერლომ ახვლედიანი გარდაიცვალა

March 20, 2012,


ცნობილი მწერალი და კინოდრამატურგი ერლომ ახვლედიანი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერლომ ახვლედიანი რამდენიმე წიგნის ავტორი და ათზე მეტი ფილმის სცენარის ავტორი იყო. ნათამაშები აქვს რამდენიმე როლი. მიღებული აქვს რამდენიმე პრემია, მათ შორის, ლიტერატურილი პრემია “საბა” წიგნისათვის “კოღო ქალაქში”.

მისი ნაწარმოებები ნათარგმნია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ და არაბულ ენებზე. ერლომ ახვლედიანის დებიუტი 1959 წელს შედგა.

ერლომ სერგოს ძე ახვლედიანი (დ. 23 ნოემბერი, 1933, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი (1957), უმაღლესი სასცენარო კურსები გაიარა მოსკოვში (1964). იყო კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ინსპექტორი (1959-60), საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1967-68), „ქართულ ფილმთან“არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი (1971-72), სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1979-87), თსთი სასცენარო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი (1982-87, 1995-99).

გამოცემული აქვს წიგნები: ზარმაცი თაგუნას ამბავი (1971); ვანო და ნიკო; კოღო ქალაქში (2010)

არის სცენარის ავტორი ფილებისა: “სულელი ბროწეულის ხე” (1999); ”ერთაწმინდა” (1994); ”ნოე” (1991); ”ეი, მაესტრო! (1987); ”ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა (1984}; ”ქართლოსიანთა საკურთხეველი” (1982); ”ცხელი ზაფხულის სამი დღე” (1981); ”ძნელი დასაწყისი” (1981); ”გზა შინისაკენ” (1981); ”არასერიოზული კაცი” (1980); ”რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (1978); ”ბათა ქექია” (1978); ”ამაღლება” (1977);”ივანე კოტორაშვილის ამბავი” (1974); ”საერთო კედელი” (1972); ”ფიროსმანი” (1969); ”უსახელო უფლისციხელი” (1968); ”აპრილი (1962).

ბმული – http://opinion.ge/?p=8779
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Sun Sep 16, 2012 12:37 pm

ერლომ ახლდედიანის "ვანო და ნიკო" ინგლისურად

http://students.washington.edu/mchilds/gis/texts/data/ea/vdan.html

Title: Vano and Niko
Author: Erlom Akhvlediani
Publisher: LINK
City: Tbilisi, 2005
Editor:
Translator: Mary Childs, with Aida Abuashvili Lominadze
Edition: Electronic Version
Responsibility: Georgian in Seattle
Date: Winter, 2009
Copyright: Georgian in Seattle. Non-commercial Use Permitted, With Attribution
Notes:
Text ID: ISBN 99940 730 4 4

study


Last edited by Admin on Sun Dec 23, 2012 1:55 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Sun Dec 23, 2012 1:46 am

ლეილა ბეროშვილი

თქვენ სიზმარი გეგონებათ ეს უბრალო მოგონება

უხსოვარ დროს უნივერსიტეტის წინ გაჩერებაზე ვიდექი. საიდანღაც ერლომი გამოჩნდა. მისი გამოჩენა ყოველთვის ძალიან მიხაროდა. ლამის მომვარდა: იცი, შენი მოთხრობები ვის მოეწონა (ჩემი პირველი და უკანასკნელი მოთხრობები რეზო ინანიშვილის წინასიტყვებით დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში") – შევარდნაძეს!
იდგა სამოცდაათიანი წლები. ცეკას პირველი მდივანი მაშინ ადამიანი არ მეგონა და არა მარტო მე _ თავისუფლების სული ფრინველივით უმისამართოდ დაჰქროდა. ერთი მუჭა დასჯილი ცეკას ნომენკლატურა რას ფიქრობდა არავის აინტერესებდა, მაგარამ ერლომი ერლომი იყო. ლოგიკას ყოველთვის იქ პოულობდა, სადაც სხვა ვერავინ მიაგნებდა. ამიტომაც მომწონდა მისი შემოქმედება და მასთან ურთიერთობაც. სანამ, სანამ გარდატეხის ასაკს თავს დავაღწევდი. წუთში სამი ნაცნობის წინაშე იდრეკდა ქედს, ესალმებოდა და ემშვიდობებოდა...
ერთმა დარბაისელმა მანდილოსანმა ჰკითხა:
_ თქვენი მეუღლეა?
_ არა, ნათლული!
ნათლობაში ჯვარი და იები მაჩუქა. ნეტავ სად იშოვა ამდენი ფული? ისე არაფერი უხდებოდა, როგორც კაპიკების თვლა და მერე ხელიდან ხელში გადატანა (მკითხველს ცნობილ ამბავს შევახსენებ: ერლომს და დათო ჯავახიშვილს დალევა უნდოდათ, მაგრამ ფული არა ჰქონდათ. მოულოდნელად ერლომმა საათი იპოვა. ძალიან გაიხარეს, მაგრამ ასევე მოულოდნელად ერლომმა საათი იქვე დადო, საიდანაც აიღო _ ახლა სხვამ გაიხაროსო).
ჩემთვის ყველაზე ძვირფასი სახსოვარია ის ჯვარი.
მტარვალი იყო. ნათლობაზე მითხრა, დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ყველაფერს სხვა თვალით შეხედავო. იმდენად მჯეროდა მისი, რომ მეორე დღიდანვე ვცდილობდი, ყველაფრისთვის სხვა თვალით შემეხედა. არაფერი რომ არ გამომდიოდა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა აღარ ვიცოდი, რა მექნა.
ერთ დღესაც კარადიდან მტვრიანი საქაღალდე გადმოიღო _ წაიღე, წაიკითხე, ყველა ლექსი აქ არის, რაც დამიწერიაო.
ტაბიძის ქუჩიდან ჩამოვედი და ჭავჭავაძის პროსპექტზე წიგნების მაღაზიაში შევედი. ბევრი ვიბორიალე, წიგნები ვფურცლე და გამოვედი. უნივერსიტეტის წინ გამახსენდა, რომ საქაღალდე წიგნის თაროზე დამრჩა.
ვინც იმ დღეს დამინახა, ჭავჭავაძის პროსპექტზე როგორ გავრბოდი, დღესაც ვემახსოვრები.
ამჯერად ბედმა გამიღიმა. საქაღალდე ადგილზე დამხვდა. შეშინებულმა ყველაზე უკეთესი ლექსები სასწრაფოდ ბლოკნოტში გადმოვიწერე და საქაღალდე ერლომს მივაშავე. ბოლოს დაბადების დღის მეორე დღეს ავედი. ისე შემხვდა, როგორც ციდან ჩამოვარდნილს. ერთადერთ სკამზე, რომელზედაც დაჯდომა შეიძლებოდა, დიდი შავი კატა მოკალათებულიყო.
თვით რუსთხელმწიფე რომ შემოსულიყო, იმ კატას არ ააგდებდა.
სკამისმაგვარ რაღაცებზე ვისხედით მე, ერლომი და ლევან მალაზონია. ვიგრძენი ის, რასაც აღტაცებაში მოვყავდი (მაგალითად, უსკამობას). ახლა აღარ მაღელვებდა.
რამდენჯერმე ბრაზით გავხედე კატას. ერლომმა თავზე მაკოცა (ეს იყო მისი მოფერება), რაც იმას ნიშნავდა, რომ კატაზე ნაწყენი არ უნდა ვყოფილიყავი. აღარ მაინტერესებდა იმის მოსმენაც, რაც ჩემთვის გაუგებარი იყო (მაგ. ცნობილი პოლიტიკოსის მოწამეობრივ ღვაწლზე ერისა და კაცობრიობის წინაშე).
ერლომს, როგორც მასწავლებელსა და სულიერ მოძღვარს ყველა წესით ეს უნდა მოსწონებოდა. "ერთადერთი და განუმეორებელი" – ხშირად ისმოდა მისი მისამართით.
მას არ უყვარდა ეს ფრაზა. ყოველთვის ჩვეულებრივს ელტვოდა, მაგრამ განა ასე ადვილია, იყო ჩვეულებრივი, როცა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ხელი არაფრით გეწყობა.
რაც შეეხება ლექსებს, იმ წლებისა და ერლომისადმი დამოკიდებულების გამო, შეიძლება სუბიექტური ვიყო, "ლიტერატურული გაზეთის" მკითხველმა თავად უკეთ იცის.

Arrow


ერლომ ახვლედიანი


***
ყოველ საღამოს მოდის საღამო
ხან წვიმის საფარით,
ხან ერთგულ ძაღლივით,
ხან ვეფხვის ფერებით,
ხან შავი გემივით,
ხან კოცნად მოვიდა,
ხან გულისტკივილად...


ძველი სურათი

შენ ჩემი გზები ხარ,
შენ ჩემი გზნება ხარ,
შენ ჩემი მზერა ხარ,
მე – ძველი სურათი...

მე შენით ვიწყები,
მე შენში ვმთავრდები,
მე შენში ვინთები,
შენ ჩემში ქრები...

შენ დიდი ველი ხარ,
წვიმისგან შექმნილი,
შენ მწვანე ველი ხარ,
მე – თეთრი ცხენი.

მე თეთრი ცხენი ვარ,
შენ მწვანე ველი ხარ,
შენ ჩემი მზერა ხარ,
მე – ძველი სურათი.


***
დგახარ, როგორც სხივი,
უკვე გამომშრალი,
უკვე არეკლილი
ათასი სარკმლიდან.
დგახარ, როგორც მზე,
უკვე ჩაფერფლილი,
უკვე მოთიბული,
უკვე მოწეული...
დგახარ ბედისწერა,
რომელიც არ ეკუთვნის
უკვე აღარავის...


***
ვიწყებ ნადირობას...
ვიყიდე თოფი და
გამოველ გარეთ.
დავსდევ და ვუმიზნებ
საკუთარ სურვილებს,
ჩემს დარდს და დროს,
უზრუნველ ფრინველებს,
უზრუნველ დღეებს,
ფერებს და სიცოცხლეს.
დავსდევ მოსაკლავად
დაკარგულ ბედს,
დავკარგე რომელიც
ოთახში, საღამოს...

მოვკლავ ჯერ სიბრალულს
(შტოზე დამჯდარ ფრინველს)
და დავკრეფ ყვავილებს.


წავიდა ბავშვობა

ო, რა შორეული სხივთა თამაშია,
წავიდა ბავშვობა,
არაფერი მახსოვს,
ყველა სათამაშო
გზაში დამეკარგა...


ეს უბრალო მოგონება

მაღალ ჭადრებს არხევს ქარი
და ანათებს დიდი მთვარე,
თქვენ სიზმარი გეგონებათ
ეს უბრალო მოგონება.
რომ არ წვიმდეს,
რომ არ თოვდეს,
რომ ცრემლი არ მომდიოდეს,
რომ არ ვიყო ასე მშვიდი
და ასეთი მგრძნობიარე,
მეც სიზმარი მეგონება...
დიდზე დიდი იყვნენ ცაში
მოთამაშე ვარსკვლავები.
იყო ქარში
ძალზე ნაზი
მზე-ყვავილი
მოფარფატე...
მე ვიყავი _ სულ სხვა მაშინ,
ზღვა ვიყავი მაშინ მლაშე,
ზღვა კი არა, თევზი ვიყავ,
ოჰ, ლამაზი ვიყავ ქალზე...
თქვენ სიზმარი გეგონებათ
ეს უბრალო მოგონება.
ვიყავ ერთხელ ვრცელი ველი,
ნავარდობდა ჩემზე დღე და
ერთი ცხენი დღეზე თეთრი...
მე ვიყავი მაშინ მზე და...
მთვარე, მთვარე შემდეგ გავხდი...
ვიყავ მუხა, შემდეგ ცაცხვი,
შემდეგ სულ სხვა, მგონი ფეტვი,
შემდეგ გავხდი დიდი სახლი,
შემდეგ წვიმა, შემდეგ ქარი.
გადავიქეც შემდეგ სეტყვად.
თქვენ სიზმარი გეგონებათ
ეს უბრალო მოგონება.
ახლა ვინ ვარ?
არც კი ვიცი,
ავიარე, დავიარე,
რაღაც სახელს მეძახიან
და ვკრეფ ჩემს თავს – ნაზ-ნაზ იებს...
სიზმარივით მაგონდება
ეს უბრალო მოგონება.


ეკლიანი მცენარე ჩემი ფანჯრის რაფაზე

ჩემი ოთახის კუთხე
ავსებულია ფიქრით,
ჩემი ოთახის კუთხე
ავსებულია ღამით...
და მოგონებით სავსეს
ჩემი ოთახის კუთხეს
უნდა ვაუწყო ერთი
ამ ისტორიის ბოლო:
სარკმელი, ფარდა, რაფაზე ყვავილი,
გარედან სიმწვანე, შიგნით კი შავია,
მცენარე მაღალი და ეკლიანია...
ეს მისი ფიქრია,
ეს მისი ველია,
ეს მისი გზაა და
ეს მისი ღამეა.


ასანთი ძველი

ამოვისუნთქო მინდა ეს ლექსიც...
ასანთი ძველი
და მასზე წერო
ფრთააწეული
მეწამულ ფონზე...
ალბად მზე ჩადის ახლა ასანთში.


***
მე ვცდილობ გადმოვცე განწყობა ჩემი,
ოთახი, ნათურა, მაგიდა ძველი.
ვწერ, ნაწერს მიჩრდილავს აჩრდილი ხელის,
გარეთ ღამეა და ქარი ქრის...
ნახევარმთვარე ჰკიდია ცაზე,
ხან ღრუბლებს იფარებს, იბნელებს თვალებს,
ხან კვლავ გაანათებს ამ გულცივ ღამეს.
ნახევრად ანათებს მთვარე,
ხმაური ამოდის ქუჩიდან ქუჩის,
შრიალებს ფოთლები – შემორჩათ ხეებს,
სცივათ გამვლელებს, ღამესაც სცივა.
დაკარგა სიჩუმემ თავისი თავი.
ფიქრებით მივყვები მე ძველ ღამეებს
(ეს უცხო ღამეა, უცხოა მხარეც).
მივყვები ჩემს სითბოს, რომელიც ახლა
სხვას უთბობს სულსა და სხეულს...
გამვლელებს სცივათ, სცივათ მათ ჩრდილებსაც.
სინაზემ თავის დაკარგა სუნთქვა...
მარტო ვარ... ქუჩას ზემოდან დავცქერ,
ქუჩაში ქარი ქრის და სულს მივსებს მტვრით.


***
ერთი ბნელი ჯურღმულია ჩემში,
ვიღებ სანთელს, გავინათო გზები,
ჩავალ, ვნახო, იმ ჯურღმულში იქნებ
ძვირფასი რამ დამიტოვა ღმერთმა...

ვიღებ სანთელს და ჩავდივარ დაბლა,
უფრო დაბლა მეხუთება სული,
ეს სანთელიც პაწაწინა დღეა
მომწყვდეული მოცახცახე ხელში.

უფრო დაბლა, კიდევ უფრო დაბლა...
თბილი წვეთი, როგორც დედის ცრემლი,
მეღვენთება და ცივდება იქვე.
მე კვლავ დაბლა, მე სულ დაბლა ჩავალ,
იქნებ ვნახო იმ ჯურღმულში ჩემი
გაზაფხული, ან შეგრძნება ძველი,
ან ოცნება, ანდა მთვარის სხივი
გადამტყდარი შუაზე...

ერთი ბნელი ჯურღმულია ჩემში.


სურათი

ფიჭვებს შორის რომ საფლავი არის,
ეს საფლავია უცნობი მხატვრის.
ფიჭვები დგანან, როგორც სანთლები,
და როს სინათლე შემოადნებათ,
საფლავთან მოდის უცნობი ქალი,
შემდეგ ამოდის ფერმკრთალი მთვარე...
მხატვარს ეს ღამე სადღაც უნახავს.


საღამო

როგორ დამღალა ხეტიალმა, ფიქრმა, წუხილმა.
როგორ დამღალა ყველა სურვილმა.
ვდგავარ და ვხედავ.
როგორ მიდის ნისლში წარსული
ეს დღეც მას გაჰყვა
(რა უბრალოდ მიდიან დღენი...).
წავიჩოქები მე ჩემს წინაშე:
რას მოველოდი ამა სოფლად,
რას მოველოდი?!
ნუთუ ეს იყო ყველაფერი,
ნუთუ ეს იყო?!
ნუთუ ამისთვის დავიბადე,
ნუთუ ამისთვის?!
ვიდგე და ვჭვრეტდე, როგორ მიდის
ნისლში წარსული?
ეს დღეც გავიდა...


23 აგვისტო

გ. რჩეულიშვილისადმი

შენი სულია...
რა სიღრმეა, რა სიშორეა...
თევზის მოქნილი გაოცება,
როდესაც ახლო
რაღაც საოცარ და თბილ სუნთქვას
შეასწრო თვალი –
შენი სუნთქვაა...
მას მოეჩვენა, რომ ეს არის
მისი წარსული,
ან მოლივლივე წყალმცენარეში
მიმალული მოალერსება,
ან ეს დღე არის
ჩაძირული,
როგორც ხომალდი...
შენი სულია,
შენი სულია,
სუნთქვაა შენი...


"ლიტერატურული გაზეთი", # 88, 14 - 27 დეკემბერი, 2012
ბმული - http://www.culture.gov.ge/misc/topic/1355910559.pdf

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Today at 8:41 am

Back to top Go down
 
ერლომ ახვლედიანი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: