არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ერლომ ახვლედიანი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 1:15 pm



ერლომ ახვლედიანი

დაიბადა: 1933-11-23
მოღვაწეობდა საუკუნეში: XX-XXI
დაბადების ადგილი: თბილისი.
ბიოგრაფიული ცნობები

ერლომ ახვლედიანი მწერალი, კონოდრამატურგი. დაიბადა თბილისში 1933 წლის 23 ნოემბერს. დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი (1957), უმაღლესი სასცენარო კურსები (მოსკოვი, 1964). იყო კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ინსპექტორი (1959-60), საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1967-68), "ქართულ ფილმთან" არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი (1971-72), სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1979-87), თსთი სასცენარო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი (1982-87, 1995-99) არის ავტორი წიგნებისა "ზარმაცი თაგუნას ამბავი "ვანო და ნიკო" თარგმნილია და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ, უნგრულ და არაბულ ენებზე) .რის სსრკ პრემიების ლაურიატი.
სცენარის ავტორია ფილმებისა: 1. სულელი ბროწეულის ხე ( 1999); 2. ერთაწმინდა ( 1994); 3. ნოე; ( 1991)
4. ეი, მაესტრო ! ( 1987); 5. ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა ( 1984); 6. ქართლოსიანთა საკურთხეველი ( 1982)
7. ცხელი ზაფხულის სამი დღე ( 1981); 8. ძნელი დასაწყისი ( 1981); 9. გზა შინისაკენ ( 1981); 10. არასერიოზული კაცი ( 1980)
11. რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე ( 1978); 12. ბათა ქექია ( 1978); 13. ამაღლება ( 1977)
14. ივანე კოტორაშვილის ამბავი ( 1974); 15. საერთო კედელი ( 1972); 16. ფიროსმანი ( 1969); 17. უსახელო უფლისციხელი ( 1968)
18. აპრილი ( 1962).
გადაღებულია ფილმებში: 1. დაბრუნება - (1990); 2. სუვენირი - (1986); 3. თეთრი ღამე - (1984);4. ცხელი ზაფხულის სამი დღე (რამაზი) - (1981).

Arrow

მცირე კითხვარი
(ერლომ ახვლედიანი)
dlf.ge

1.როდის შექმენით პირველი ნაწარმოები?

მე სულ ვთვლიდი, რომ ჩემ ჭიას ვახარებ. მე მგონი, 25 წლის ვიყავი ,,ვანო და ნიკო" რომ დავწერე. ჩემ თავს ვთვლიდი კინოდრამატურგად, მწერლად - ნაკლებად.

2. გვიამბეთ თქვენი მეგობრების შესახებ.

პირველი უახლოესი მეგობარი, რომელიც დაიღუპა, იყო გურამ რჩეულიშვილი. ასევე დათო ჯავახიშვილი, რომლესაც შესანიშნავი წიგნი აქვს სევაზე (სევა მისი მეგობარი იყო).

3. სასიამოვნო მოგონება

სასიამოვნო მოგონება, არ ვიცი, როგორც ვთქვი, ისე ძალიან საინტერესო ბიოგრაფია არ მაქვს, გურამს რომ ჰქონდა. მე უფრო სახლში მიყვარდა ყოფნა. ჰობი რა არიო შენი, მკითხეს წიგნში “ვინ ვინ არის”, პირველში ჩაწერეს მოგზაურობა და მეორეში წავაშლევინე და ვუთხარი სახლში ჯდომა.

4. რას უსურვებდით ახალგაზრდობას?

ახალგაზრდობას ვუსურვებდი სიყვარულის განცდას.


Last edited by Admin on Wed Mar 02, 2011 8:58 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 1:46 pm

ოჰო, ნათლია ნათლიმამას სტუმრობს?! Razz
ამისთვის კი დიდი მადლობა, მიხო.
იქნებ "ვანო და ნიკო" და იგავებიც (რაც ლიბ-გე-ზეა) გადმოვიტანოთ(მე ვერ ვახერხებ) და მერე ჩემს წერილებსაც (ერლომზე) აქ დავაწყობ..
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 2:28 pm

არგანი wrote:
ოჰო, ნათლია ნათლიმამას სტუმრობს?! Razz
ამისთვის კი დიდი მადლობა, მიხო.
იქნებ "ვანო და ნიკო" და იგავებიც (რაც ლიბ-გე-ზეა) გადმოვიტანოთ(მე ვერ ვახერხებ) და მერე ჩემს წერილებსაც (ერლომზე) აქ დავაწყობ..

Arrow

მე სამი წელი მარტო სცენარების წერას კი არ მასწავლიდა ბატონი ერლომი, ადამიანობასაც... Smile
ეგ მე ვერ ვივარგე, თორემ... Wink

გადმოვიტან, კი.


Last edited by არჩანდა on Mon Feb 16, 2009 2:43 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 2:40 pm

ერთხელ ახლობლებში ბატონი ერლომი წარვადგენე, ეს ჩემი მასწავლებელია-მეთქი.
-კი, მაგრამ ხომ არ იცი მე რა საგანს გასწავლიო - იკითხა ერლომმა Smile
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 2:46 pm

არგანი wrote:
ერთხელ ახლობლებში ბატონი ერლომი წარვადგენე, ეს ჩემი მასწავლებელია-მეთქი.
-კი, მაგრამ ხომ არ იცი მე რა საგანს გასწავლიო - იკითხა ერლომმა Smile

Arrow

მაგ საგანს ”ერლომახვლედიანობა” ჰქვია, არგანო... და შიგ ყველაფერი შედის - დაწყებული ღვთისმეტყველებიდან და გურამ რჩეულიშვილს რომ უყვარდა, ისეთი ”ბათინკების” ტარებით დამთავრებული.

Laughing
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 2:57 pm

აი, უკვე 27 წელია მაგ "საგანს" ვსწავლობ ერლომისგან და ჯერ "პირველ დაწყებით საკითხავს" ვერ გავცდი... Smile
ერთადერთი, რაც ჩემს ბიოგრაფიაში საამაყოდ დარჩება ეს ერლომთან მეგობრობაა.
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 3:00 pm

ერლომს უსაყვედურეს: - აბა, შენ როგორი ერის ლომი ხარო?!
- როგორი ერიც ხართ, ისეთი ლომი მე გყევართო - უპასუხა ერლომმა. Razz
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 3:23 pm

Arrow
”ცისკარში” რვა წელიწადი ვიმუშავე და ეხლა ”ლიტპალიტრაში” ვარ, 2004 წლიდან, თანაც როგორ - დისტანციურად, ინტერნეტიდან მასალით მომარაგებით... სულ რამდენი გამოდის, თორმეტი წელიწადი.
შემხვდება ბატონი ერლომი და, - სანამ აქა ვარ, რამე მოიტანეთ მეთქი!
აბა, რა მოვიტანო, არაფერი მაქვსო.
როგორ, არაფერს წერთ მეთქი?
და, -
არაფერსო, - ისეთი სახეგაბადრული მეტყვის, რომ პირღიას დამტოვებს ხოლმე.

მოკლედ, ”ნიკო და ვანოსავით” გამოდის ხოლმე ჩვენი ლაპარაკები, ოღონდ ნიკო რომელია და ვანო რომელი - ვერ ვხვდები...

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 3:28 pm


ერლომ ახვლედიანი

გია არგანაშვილი

ერთხელ ერლომ ახვლედიანმა “ვანო და ნიკო” დაწერა

ამ პატარა წიგნს ავსტრიელმა მწერალმა პეტერ ჰანდკემ „არაკების“ კრებული უწოდა, რუსმა მწერალმა ანდრეი ბიტოვმა „თანამედროვე ზღაპარი“, თვითონ ავტორი დღეს უკვე თავს არიდებს ჟანრის დაკონკრეტებას, მკითხველი კი უბრალოდ, შინაურულად „ვანოს და ნიკოს ეძახის.
ერლომ ახვლედიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილ ვრცელ წერილში ანდრეი ბიტოვი იგონებს:
„1960 წელს პროფესორმა ბერკოვსკიმ მკითხა: შენ გსმენია ანეგდოტები ვანოს და ნიკოს, ამ ორი იდიოტის შესახებ? ...თუმცა იდიოტები არც უნდა იყვნენ... ძნელი მოსაყოლია, მაგრამ ანეგდოტები კი ძალიან შესანიშნავია (ბერკოვსკის უყვარდა ასეთი საუბარი „ძალიან შესანიშნავი“). ამბობენ, რომ გამოჩნდა ვიღაც ქართველი, რომელიც მათ თხზავს. დაუჯერებელია. ბერკოვსკის, როგორც ლიტერატურათმცოდნეს მიაჩნდა, რომ არ შეიძლება ანეგდოტებს ავტორი ჰყოლოდა.
თუმცა ამ „ანეგდოტებს“, „არაკებს“ თუ „თანამედროვე ზღაპრებს“ (ზოგიერთი აბსურდსაც უწოდებს), რასაკვირველია, ავტორი ჰყავდა. მაშინაც (ისევე როგორც დღეს) ამ წიგნის ავტორი ერლომ ახვლედიანი იყო.
ეს ასე მოხდა.
ერთხელ ერლომ ახვლედიანმა „ვანო და ნიკო“ დაწერა.
იყო ვანო და ნიკოც იყო. იყო უცნაური სამყარო, სადაც ვანო და ნიკო ხვდებიან და შორდებიან ერთმანერთს, ებრძვიან და უმეგობრდებიან ერთმანერთს. სადაც ტირიან და იცინიან.
„ერთხელ ვანო ნიკოს სიზმარში იყო. დაიძინებდა ნიკო და, იყო მის სიზმარში სამყარო, სადაც ცა ქვისა იყო, მზე – ხისა, ხე – ნისლისა, ნისლი – მიწისა, მიწა – ქარისა, ქარი – ტყვიისა, ტყვია კი აღარ მახსოვს, რისა...
დაიძინებდა ნიკო და მოდიოდა მის სიზმარში ვანო...
მოდიოდა ვანო ნიკოს სიზმარში და ფიქრი მისი ჭიანჭველებისგან იყო, ოცნება მისი ფრინველებისგან იყო, სიმღერა მისი კენჭებისგან იყო...
დადიოდა ვანო ნიკოს სიზმარში: წყალს გაივლიდა და ცეცხლი მოედებოდა; მზეზე გავიდოდა და ყინულად იქცეოდა, აქეთ წავიდოდა და იქით აღმოჩნდებოდა; იქით წავიდოდა და იქვე რჩებოდა; მარჯვნივ გაუხვევდა და ნეტა მარცხნივ გაეხვია.
ხან ღამეში იყო ვანო და ხან ღამე იყო მასში...”
მართლაც, ბევრი რამ იყო უცნაური მკითხველისთვის ამ წიგნში. უცნაური იყო მაშინ, როდესაც ის დაიწერა (1956-58.) და უცნაურია დღესაც, როდესაც “მასობრივ ადამიანს იოლად მისაწვდომი ჰგონია რეალობა, და როცა აღმოაჩენს, რომ თურმე ასე სულაც არ ყოფილა, გაოგნებული აწყდება დახშულ კარიბჭეს” (როსტომ ჩხეიძე “წმინდა გიორგი ძუნწი ჟესტით”)
მეც ერთი ამათთგანი ვარ, ოცი წელია დახშულ კარიბჭეს ვაწყდები, ოცი წელია “ვანოს და ნიკოს” ვკითხულობ.
“ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და უყვარდათ ეს ქვეყანა”
მე კი დახშულ კარიბჭეს ვაწყდები...
„ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და უხაროდათ ეს ქვეყანა“.
მე კი კარიბჭეს ვაწყდები...

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by გამრიგე on Fri May 14, 2010 4:38 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 3:30 pm

გია არგანაშვილი

ერთხელ ერლომ ახვლედიანმა “ვანო და ნიკო” დაწერა

„ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და სძულდათ ეს ქვეყანა“.
მე კი...
მეც ვცდილობ თავი დავაღწიო დროითა და სივრცით აწონილ ობიექტურ რეალობას, რომელიც არ ცნობს ჩვენ – კაცთა უფლებას უთვალავი ფერით შემკულ ქვე-ყანაზე. არ ცნობს იმ უცნაურ სამყაროს (უცნაური – არცნობილი. სულხან-საბა), სადაც ბედნიერება გრძნობათა მონაცვლეობაა და არა გაქვავებული წამი, სადაც სიყვარული (მოჭარბებული სიცოცხლე) ზუსტად იგივე შემადგენლობისაა, როგორც სიცოცხლე, სადაც „ერთხელ ყველაზე ძვირფასი ლურჯთვალა ია იყო“.
რა კარგად არის აწყობილი ის სამყარო, სადაც ვანო და ნიკო ცხოვრობენ. ღმერთმა მოაწყო ის ექვს დღეს. პირველ დღეს ღვთის სიტყვით გამოჩნდა ნათელი; მეორე დღეს ღმერთმა შექმნა ხილული ცა; მესამე დღეს განყო წყალი მიწისგან და უბრძანა მიწას მცენარეთა აღმოცენება; მეოთხე Dდღეს შექმნა მზე, მთვარე და ვარსკვლავნი; მეხუთე დღეს – თევზები და ფრინველები; მეექვსე დღეს – ყოველნი ცხოველნი და კაცი.
ავტორი კი მარწმუნებს, “ვანო და ნიკოს“ რომ ვწერდი, მაშინ ბიბლიას არ ვკითხულობდიო...
შესაძლოა, რადგან მხოლოდ შინაგანი (ინტუიტური) ცოდნა, გულის პირველადი მონაწური იძლევა სამყაროს პირველად გრძნობით აღქმის განსაკუთრებულ უნარს, ჩვეულებრივ მოვლენებში სასწაულის დანახვის სურვილს.
“რა იქნებოდა, _ ოცნებობდა ვანო, _ რა იქნებოდა, რომ ადამიანი იბადებოდეს . . .
და მზე აღმოსავლეთიდან ამოდიოდეს, ხოლო დასავლეთით ჩადიოდეს, _ ოცნებობდა ნიკო, _ ჩადიოდეს და ის იყოს ერთი და ნათელი”.
კაცის შექმნის წინ Yღმერთმა თქვა: “ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა”, და შექმნა კაცის სხეული მიწისგან და შთაბერა მას სული გონიერი და უკვდავი, და იქმნა კაცი ცხოველ არსებად, პირველ კაცს ღმერთმა ადამ დაარქვა. ღმერთმა ადამი სამოთხეში შეიყვანა და იქ დააბინავა...
შემდეგ იყო ვანო და ნიკოც იყო.
„ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და უყვარდათ ეს ქვეყანა. ადიოდნენ მთებზე, მაღალ მწვერვალებზე. მწვერვალებიდან ჩამოდიოდნენ ველად, კრეფდნენ ყვავილებს და უხაროდათ ჭრელ-ჭრელი ყვავილები. გადიოდნენ გაუვალ ტყეებს. უცქერდნენ მზეს და უხაროდათ მაღალი მზე. კრეფდნენ ხეთა ნაყოფს. თესავდნენ პურს. მკიდნენ პურს. შეჰქონდათ წისქვილში და იქ, მთელი ღამე ზღაპრების ნაცვლად მართალს ყვებოდნენ.“
ღმერთმა აკურთხა პირველი კაცნი და უთხრა მათ: აღორძინდით, გამრავლდით, აღავსეთ ეს ქვეყანა და უფლებდით მასზეო.
„ამის შემდეგ სულ ასე ხდებოდა:
გაზაფხული მოვიდოდა. ბუჩქის ძირას ია ლურჯ თვალებს გაახელდა. ნიკო მის წინაშე წაიჩოქებდა. შემდეგ ვანოსთან მივიდოდა და ეტყოდა:
_ ვანო, შეხედე, რა ნაზი ია მაქვს.
ვანოს თუმცა ძალიან სურდა, არ ჰქონდა, არ ჰქონდა ის ია.
- გინდა, შენი იყოს?
_ მინდა, _ უპასუხებდა ვანო.
მაშინ ნიკო ვანოს ეტყოდა:
_ შენი იყოს!
.......................................
შემდეგ იყო წარმტაცი ველი, შემდეგ _ შრიალა ტყე. მზე როცა ჩადიოდა,
ვანომ უთხრა ნიკოს:
_ ნიკო შეხედე, რა მშვენიერია მზის ჩასვლა!
და მზის ჩასვლა ნიკოსი გახდა.
მზე როცა ამოდიოდა, მზის ამოსვლა უკვე ვანოს ეკუთვნოდა.“
ვანომ და ნიკომ ჯერ არ იცოდნენ ვაჟა-ფშაველას „სიმღერა“ და ამიტომ არ მღეროდნენ მას:
მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა,
მთაში – მთა, ბარად – ბარია
ზღვა და ხმელეთი ერთიან,
ცას – ვარსკვლავების ჯარია.
დილით მზე მანათობელი,
ღამის გუშაგი მთვარია,
............................................................
დილით გაფურჩნა ვარდისა
მთელი იმისა გვარია
ია უღრანს ტყეს მოსული
თალხკაბა, ენამტკბარია.
ნიკო კი მიწას ჩასძახოდა: ლურჯთვალა ია! ლურჯთვალა ია!
“ვანოს და ნიკოს” ოცი წლის მკითხველისგან არ უნდა გაგვიკვირდეს ვაჟა-ფშაველას პოეტურ სამყაროსთან სიახლოვის განცდა, თუმცა მას დამწყები მკითხველისთვის მაინც მოუწევს ახსნა-განმარტება, რომ აქ არ იგულისხმება ერთი მწერლის შემოქმედებითი გავლენა მეორე მწერალზე. აი, ისეთი გიორგი შატბერაშვილი “პოეტურ შემღერებას” რომ უწოდებს, არც თემატური ნათესაობაა საძებნი, ნაცნობობის გრძნობას აქ შემოქმედის უფლება-უნარი ღვთისმაძიებლობისა და ღვთისმიმბაძველობისა აღძრავს, პირველ შემთხვევაში – თამამი, ვაჟასებური; მეორე შემთხვევაში – ზომიერად მოკრძალებული, ერლომისებური ან ერლომური (ხასგასმა ჩემია გ. ა.). სწორედ ეს უფლება-უნარი განსაზღვრავს შემოქმედის ინდივიდუალურ სახეს, რომლის ძალითაც, მას ერთადერთს, ხილული სამყაროს გარემოცვაში, შეუძლია შეიცნოს, რომ “მოცემული წამი და მარადისობა, ერთი შემადგენლობისა არიან” (ე. ახვლედიანი “კოღო ქალაქში”); შეუძლია ზევიდან დახედოს აწმყოს, ხელისგულზე დაიტიოს მთელი სამყარო, განჭვრიტოს საგანთა არსი, ფორმა, თვისება, სივრცეში მისი გადაადგილების დროს აღძრული კანონები, გაითვალისწინოს დროის ცვალებადობასთან დაკავშირებული ფორმისა და ხასიათის ცვლილება და ყოველთვის ახსოვდეს, რომ ნებისმიერი წარმავალი მოვლენა თუ ლპობადი საგანი, მიუხედავად მისი მასშტაბურობისა, ხელისგულისოდენა პროპორციებში მოქმედებს ადამიანის გიგანტურ შესაძლებლობებთან შედარებით.
ამ ხელისგულისოდენა სამყაროში ერთხელ ნიკო იჯდა და იცინოდა. ვანოს გაუხარდა, რომ ნიკოს მაგიდა აცინებდა და მაგიდა გარეთ გაიტანა. შემდეგ ნიკოს კარადა აცინებდა და ვანომ კარადაც გარეთ გაიტანა, შემდეგ . . . ვანომ ცარიელი ოთახიც გარეთ გაიტანა.
ნიკო კინაღამ სიცილით მოკვდა.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 3:33 pm

გია არგანაშვილი

ერთხელ ერლომ ახვლედიანმა “ვანო და ნიკო” დაწერა

შემდეგ ნიკოს უნდოდა გაეცინა ღრუბლებზე, ვარსკვლავებზე, ცრემლებზე, ბედნიერებაზე... ნიკოს უნდოდა გაეცინა, მაგრამ მწარედ ატირდა.
იმ დღის შემდეგ ნიკო ხან იცინოდა, ხან ტიროდა.
აქ კი მკითხველს დროულად გაახსენდა სულხან-საბა ორბელიანის არაკი „მოტირალი და მოცინარი“, თუმცა სჯობდა „ლოდის დამგორებელი“ გახსენებოდა.
ეს არაკი მსოფლიო ლიტერატურაში „სიზიფეს მითის“ სახელით არის ცნობილი. ეს ის არაკია, ალბერ კამიუს შემოქმედებაში ახალი ლიტერატურული ჟანრის (აბსურდი) კლასიკურ ნიმუშად რომ იქცა.
თუმცა, ამ ორ სხვადასხვა სახელწოდების „არაკს“ შორის არსებითი განსხვავებაა. სიზიფე, რომელიც ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ეოლოსის და ენარეტეს ძედ იხსენიება, აჩრდილთა სამეფოში უზარმაზარ ლოდს მწვერვალისკენ ეზიდება. ეს მისი სასჯელია, ამიტომ მწვერვალზე ატანილი ლოდი უგორდება და მისი ტანჯვა-წამება მარადიულად გრძელდება.
„ლოდის დამგორებელი“ კი თვითონ, თავისი სურვილით აგორებს ლოდს(!) “მუნ ერთი კაცი ჩაღმართს ჩავიდის, აიკიდის ლოდი მრგვალი, ამოვიდის აღმართ, დააგორის;” (ეს დაკვირვება პირველად ერლომ ახვლედიანისგან და რეზო ყარალაშვილისგან მომისმენია.)
გავიხსენოთ როგორ ხსნის ლოდის დამგორებელი ერთი შეხედვით მართლაც აბსურდულ ქცევას:
“...მე ამ ერთი ქვით ჭირსაც ვნახავ და ლხინსაცა. ერთი ცოტა ქვა მაქვს და ჭირი და ლხინი ორივე დიდი; და მრავალსა კაცსა ათასი ამდენი ოქრო აქვს და ცუდად უცან, მით ვერც ჭირსა ნახავენ და ვერც ლხინსაო.“
არა, ეს ნამდვილად არ არის აბსურდის თემა.
ლოდის დამგორებლისთვის ჭირისა და ლხინის ნახვა მისი საქმიანობის მთავარი შედეგია. მისი ჯაფა სულაც არ არის უნაყოფო, ხოლო არაკის მორალი ქრისტიანული რწმენით (ხე ნაყოფით იცნობა) არის განმტკიცებული.
სიზიფეს მითის მთავარი აზრი (თუ უაზრობა) ამაოებისთვის ზრუნვის მთელი ტრაგედიაა _ უაზრო, უიმედო, უნაყოფო შრომა აბსურდულ გარემოს ქმნის. „ამ გარემოში ყველაფერი ნებადართულია და სულიერ ფასეულობებს ამიტომ დაუკარგავს აზრი და მნიშვნელობა. ამ გარემოში ერთადერთი აზრი, რომელიც არ ცრუობს, უნაყოფო ფიქრია. აბსურდულ სამყაროში ცნების ან ცხოვრების ღირებულება უნაყოფობით იზომება“. (როსტომ ჩხეიძე „ამაოებიდან მარადისობისკენ“)
ახლა კი ისევ „ვანოს და ნიკოს“ დავუბრუნდეთ. ის, რაც ნიკოს აცინებს ან ატირებს _ მაგიდა, ოთახი, ღრუბლები, ვარსკვლავები _ სწორედ ის „ცოტა ქვაა“, რომლითაც ნიკო ჭირსაც ნახავს და ლხინსაც. ის, თუ რაოდენ ღირებულია ეს ნაყოფი, ლოდის დამგორებელი გვიმოწმებს, მრავალ კაცს ათასი ამდენი ოქრო აქვს, მაგრამ ვერც ჭირს ნახავენ და ვერც ლხინსაო. ნიკო ამ ნაყოფს ამაო ზრუნვის გარეშე მოიმკის. ერთი და იგივე საგნის შეცნობით მას შეუძლია იპოვოს „მიზეზი ლხინთა (ჭირთა) ლევისა“ (რუსთაველი). ის არც თესავს, არც მკის, არც ბეღელში აგროვებს და მაინც უზრუნველია გრძნობათა განცდით და ამ განცდათა აღმავალი მონაცვლეობით, რაც თავისთავად ბედნიერების ტოლფასია.
მაგრამ ყველაფერი ხომ ასე ადვილად არ ხდება, არც ეს სამყაროა მარტივად მოწყობილი. უბედურებას ყოველთვის არ მისდევს ბედნიერება, არც სიცილს – ტირილი, არც აღმართს – დაღმართი, ხშირად სიტყვაც არა ჰგავს სიტყვას, აზრი აზრს, ხშირად ხომ ადამიანიც არა ჰგავს მეორე ადამიანს?
ამიტომ მკითხველის წადილი, მოძებნოს ის დამაკავშირებელი ძაფები, რომელიც ერლომ ახვლედიანის შემოქმედებას ქართულ და მსოფლიო ლიტერატურასთან აახლოვებს, ისეთივე ახირებული სურვილია, როგორც ახალშობილი ბავშვის ახლობელთა მცდელობა, მის გარეგნობა-ხასიათში მშობლებთან, ბიძა-ბაბუებთან, მამიდა-დეიდებთან მსგავსება აღმოაჩინონ.
განა ამ დროს ვინმეს ეჭვი ეპარება ბავშვის კანონიერებასა და მშობლების პატიოსნებაში?
არა, მაგრამ თითოეულ მათგანს ხომ ძალიან გაუხარდება, თუ ახლშობილს მას მიამსგავსებენ, მერე რომ თამამად თქვას, მე მგავსო. ეს კი ძალიან ჰგავს იმას, ერთხელ ნიკო შვიდი რომ იყო, ვანო კი ერთი და თანაც პატარა.
“ერთმა ნიკომ ვანო გაზარდა და თქვა – ვანო ჩემიაო.
მეორე ნიკომ ტანთ ჩააცვა და თქვა – ვანო ჩემიაო.
მესამე ნიკომ არც გაზარდა და არც ჩააცვა და მაინც თქვა – ჩემიაო ვანო.
მეოთხე ნიკომ ქუდი დაახურა. ქუდი ცოტა დიდი მოუვიდა ვანოს, რადგან პატარა იყო ვანო, მაგრამ მეოთხე ნიკო ვანოს მაინც იჩემებდა.
მეხუთე ნიკო ყველა ნიკოზე ღონიერი იყო და თქვა – ვანო ჩემიაო.
მეექვსე ნიკო, მართალია არაფერს ამბობდა, მაგრამ ამით ის უნდოდა ეთქვა, რომ ვანო მისი იყო.
მეშვიდე ნიკო მასწავლებელი იყო და ბევრი რამე ასწავლა ვანოს, მაგრამ ბოლოს ისიც უნდოდა ესწავლებინა, რომ ვანო სწორედ მისი იყო.
. .........................................................
ერთხელ ვანო წავიდა და დიდი მუხის ქვეშ წამოჯდა და ჩაფიქრდა:
ვისი ვარ?
მგონი, მე პირველი ნიკოსი არა ვარ. მგონი არც მეორე ნიკოსი ვარ. მესამე ნიკოსი არა ვარ და არა ვარ. მეოთხე ნიკოსი? – არა! მეხუთესი? – არა! მეშვიდე ნიკოსი არა ვარ და აბა, მეექვსე ნიკოსი როგორღა ვიქნები.”
მკითხველს ალბათ ძალიან გაახარებს ვანოს სიხარული, რომ პატარა ვანო არც პირველი ნიკოსი იყო, არც მეორისა, არც მესამისა, არც მეოთხისა, არც მეხუთისა, არც მეექვსისა და არც მეშვიდისა. ვანო თვითონ იყო თავისა.
არავისი არ იყო არც პატარა “ვანო და ნიკო”, არც “არავის”, არც “აბსურდის”, არც “ანეგდოტის”, არც “თანამედროვე ზღაპრისა”...
არც რუსული იყო, არც სომხური, არც ჩეხური, არც გერმანული, არც უნგრული, არც არაბული, (ვანო და ნიკო” ამ ენებზეა თარგმნილი) არც ქართული?
“ამ ზღაპრებში არაფერი არ არის სპეციალურად ქართული, ქართულია მხოლოდ სახელების წარმომავლობა ვანო და ნიკო, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში “ივან და ნიკოლაი”, “ვანია და კოლია”. ზღაპარი ღრმად ნაციონალურია, როგორც ორნამენტის ხაზი” – წერდა ანდრეი ბიტოვი.
1ძლივს . . . აი, ერთი პატარა ლურსმანი, “Yღრმად ნაციონალურიო” – ხომ ბრძანებს ბატონი ანდრეი ბიტოვი, ახლა, ახლა სწორედ ეს პატარა ლურსმანი უნდა დავაჭედო კედელზე და ზედ ჩამოვკიდო დროში და სივრცეში მონავარდე, მოუხელთებელი “ვანო და ნიკო”.
მაგრამ ეს არაა საკმარისი. საჭიროა მორალის მკაცრ ჩარჩოებში მოვაქციოთ მათი მოქმედება, უნდა დაკონკრეტდეს დროის ეს განუსაზღვრელი ფორმაც “ერთხელ”. “ერთხელ ვანო ოცნებობდა...” “ერთხელ ასე თქვეს: ვანო ბრიყვიაო, ხოლო ნიკო არ არის ბრიყვიო...” მორალისთვის აი, ეს ამბავიც გამოგვადგება. (ამ) ერთხელ ნიკო ცუდი ადამიანი იყო და სულ ცუდს უკეთებდა სხვას, ხოლო ვანო კარგი ადამიანი იყო და სულ კარგს უკეთებდა სხვას, ნიკოს მობეზრდა ცუდი ადამიანობა, მობეზრდა ნიკოობა და გავანოვდა, ვანოს არ მობეზრდა ვანოობა, მაგრამ მაინც განიკოვდა.
მერე აღარც განიკოვებულ ვანოს უნდოდა ნიკოობა და არც გავანოვებულ ნიკოს. ამიტომ ორივე გავანოვდა.
თუ ამ ნაწარმოების მორალს ჩავუკვირდებით.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 3:34 pm

გია არგანაშვილი

ერთხელ ერლომ ახვლედიანმა “ვანო და ნიკო” დაწერა

“ნუ შევეცდებით ამ “არაკებში” რაიმე მორალის პოვნას – გვაფრთხილებს წიგნის ბოლოსიტყვაში რეზო ყარალაშვილი – ვთქვათ ვანოში სიკეთისა, ხოლო ნიკოში ბოროტების დანახვა, ვინაიდან ვანო ყოველ წუთს შეიძლება განიკოვდეს, ხოლო ნიკო კი გავანოვდეს. მორალი სოციალური კატეგორიაა, ხოლო ერლომ ახვლედიანის არაკების თემა არაა კონკრეტული საზოგადოება, არამედ ყოფიერებაა მის მთლიანობაში, რაც აღემატება ყოველივე იმას, რასაც ჩვეულებრივ “კარგს” ან “ცუდს” ვუწოდებთ ხოლმე. ვანო და ნიკო ზღაპრული გმირების თარგზე გამოჭრილი თავისებური “სამუშაო ჰიპოთეზებია”, რომლებიც მოწოდებულია წარმოაჩინონ ადამიანთა ურთიერთობის მრავალფეროვნება და შთაგვაგონონ ის უბრალო ჭეშმარიტება, რომ სამყაროს ჰარმონია არ დაირღვევა ცალკეული შეუსაბამობის გამო”.
ისევ აქანავდა ერთ პატარა ლურსმანზე ჩამოკიდებული “სურათი”. ასეთ პირობებში თითქმის შეუძლებელია მის შეფასებაზე ფიქრი.
ნეტავ, რას გვირჩევს “ვანოს და ნიკოს”-ს ოცი წლის მკითხველი? თუმცა სჯობდა ორმოცი წლის მკითხველისთვის გვეკითხა...
მათ, ვისაც ბავშვური აღქმის უშუალობა და გულწრფელი აღტაცების უნარი კიდევ შერჩენიათ, შეუძლიათ ყველგან და ყოველთვის იკითხონ ეს წიგნი. ხოლო განსაკუთრებული ნიჭისა და ღრმა ფანტაზიის მქონე მკითხველს ვურჩევ, “ვანო და ნიკო”-ს კითხვის დროს ცოტათი განზე გადგეთ, დაახლოებით იმ მანძილზე, ნახატის ფერი საღებავის სუნს რომ ჰკარგავს. თუმცა ესეც არაა საკმარისი, საჭიროა უძრავი წერტილის მოძებნა, დროსა და სივრცეში პირობითად უძრავი წერტილიდან ზუსტად აღიქვამთ მასალის ბუნებრიობას, მოძრაობის მიმართულებას და იმ უცნაურ მხატვრულ ფორმას, რომელშიც “ვანო და ნიკოა” ჩამოსხმული.
კითხვა უფრო გაგიადვილდებათ, თუ ზუსტად განსაზღვრავთ, რა მანძილი გაშორებთ იმ ზღაპრულ სამყარომდე, სადაც ვანო და ნიკო ცხოვრობენ.
ამ გზაზე თქვენ უამრავ ადამიანს შეხვდებით, “ერთი იცინის, მეორე ტირის, მესამე მეოთხეს ესაუბრება, მეხუთე დგას, მეექვსე წევს, მეშვიდე ნახევრად წამოწოლილია, მერვე თავის ბაღში ყვავილებს რწყავს, მეცხრე ვარსკვლავებს ითვლის...”
მეათე ოცი წლის მკითხველს ვანო და ნიკოზე უყვება,
მეათე თვითონ ავტორია.
მერე აღარ უყვება...
კარგია, როდესაც ორი ადამიანი არ საუბრობს და დუმილი უხერხული არ არის.
“ერლომ ახვლედიანი ამ უხილავი კავშირების, ურთიერთობებისა და დამოკიდებულებების დანახვის გასაოცარი უნარითაა დაჯილდოებული. მას ჯერაც თითქოს შემორჩა ბავშვური აღქმის უშუალობა და ცნობისმოყვარეობა, ძალუძს სრულიად ჩვეულებრივ საგნებში და მოვლენებში “სასწაულის” ჭვრეტა და, ამავე დროს, ეს მისი გულუბრყვილობა და უშრეტი ფანტაზია გასაკვირადაა შეზავებული ექსპერიმენტისა და ლოგიკური ანალიზის ნიჭთან, რაც უმალ მოაზროვნისა და მეცნიერის თვისებაა, ვიდრე ხელოვანისა”.
ძნელია ერლომ ახვლედიანზე და მის შემოქმედებაზე წერა, უფრო ადვილია საუბარი.
ალბათ, ახლა ერლომი თავის ძველ მამისეულ სახლში ლურჯთვალა კოღოზე წერს, რომელსაც წვიმის წვეთი შეუყვარდა.
თხრობა ისეთი მსუბუქი და ბუნებრივია, როგორც ჯანმრთელი ადამიანის სუნთქვა. სიტყვები კი, თვით დაღლილი სიტყვებიც აქ ისეთი შუქით ბრწყინავენ, რომ ახალთახალი გეგონება:
„ლიას ეცოდებოდა ეს წვიმიანი, სველი დღე, რომელიც თვალსა და ხელს შუა ილეოდა, იხურებოდა, ქრებოდა. მას მოუნდა ეშველა მისთვის და თუ ვერ უშველიდა, და თუ ვერ გადაარჩენდა, გაჰყოლოდა მას. მისთვის წარმოუდგენელი იყო ისიც, რომ იყო ამდღევანდელ დღეში, როგორც აი, ამ ოთახში და მერე აღარ იყო მასში. ანდა დღემ დაგტოვოს, წავიდეს და შენ თან არ წაგიყვანოს.“

(დასასრული)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 4:13 pm

გია არგანაშვილი

სჯობს ჩვენ ვებრძოლოთ ერთმანერთს!

დღემდე იგავების ზღაპრულ სამყაროში გაფუფუნებულ ერლომ ახვლედიანის მკითხველს წინ ცხოვრების მკაცრი რეალობა და შიშველი განცდა ელოდება. მწერალმა პუბლიცისტური წერილების პირველი კრებული "ძველი და ახალი" გამოსცა.
ბიბლიური, ჩინური თუ საკუთარი იგავებით, სახარებისეული ეპიგრაფებით და ფორმის სიახლით ახალ წიგნშიც კარგად იცნობა მწერალი ერლომ ახვლედიანი. იცნობა ერლომისეული (არსებობს ასეთი გამოთქმა) უცნაური სათაურები: "ერიდეთ სიკეთის ქმნას", "ვეძებ სამშობლოს", "ამბავი კაცისა, რომელმაც კარგად ივაჭრა", "მოდით, ერთმანერთს ვებრძოლოთ!" კიდევ უფრო უცნაური შინაარსით, საიდანაც მკითხველი იმასაც შეიტყობს, თუ როგორ ყიდის ავტორი სახლს, რომელსაც არ ყიდის (?!).
ეს წერილები ბოლო ხუთი-ექვსი წლის მანძილზე დაიწერა და "დილის გაზეთის" ფურცლებზე დაიბეჭდა. აქვე გამოქვეყნდა "კოღო ქალაქში", "1001 ცხოვრება", "წიგნი სიყვარულისა". მე არა მხოლოდ ერთი მწერლის აზროვნებაში, დროშიც კი მიჭირს ერლომ ახვლედიანის მხატვრული პროზისა და პუბლიცისტიკის ერთად წარმოდგენა და შეთავსება. თუმცა, შეიძლება სწორედ დღევანდელი საჭირბოროტო თემებისგან გათავისუფლებამ, მწერალს საშუალება მისცა, ნედლი შთაბეჭდილების ერთი წვეთიც არ გაერია მოთხრობებში. ცალ-ცალკე, ფერისა და გემოს მიხედვით, სხვადასხვა ჭურჭელში დაეწურა წლების მანძილზე დაგროვილი სათქმელი.
ესეც ხომ ფუფუნებაა, შემოქმედებითი ფუფუნება. ამაზე ვინმე უმადურმა მკითხველმა შეიძლება ირონიით თქვას: Хорошо живешь, старик!
ამ სიტყვებისთვის ერლომ ახვლედიანმა ერთი უბედური ბომჟი განსაჯა ("სხვისი განკითხვა - თავის გაცემა"), მერე ერლომ ახვლედიანმა ეს სიტყვები სხვას უთხრა და მანაც განსაჯა მერე ის სხვა... თუმცა ურთიერთგანკითხვის ჯაჭვისთვის ორი რგოლი სრულიად საკმარისია.
"მე ამ შემთხვევამ დამარწმუნა, რომ იმ "ვიღაცის" წინაშე მე არაფრით უკეთესი არა ვარ იმ ბომჟზე, იქნებ პირიქითაც" - წერს ავტორი.
მე კი ამ წერილმა დამარწმუნა, რომ ცოდვის ასარიდებლად საკმარისი არ არის მხოლოდ დიდებული შეგონებების გამეორება, რადგან ცოდვაც შემოქმედებითი აქტია და თანდათან რთულდება მისი აღმოჩენა. რაც უნდა "ძველი" და "საკაცობრიო" ჩანდეს გარეგნულად, ის მაინც კერძო შემთხვევაა და პიროვნულ იერ-სახეს ატარებს ("რამეთუ უსჯულოება ჩემი მე ვუწყი" - ფსალმუნი) და მისგან განკურნება მხოლოდ ინდივიდუალური გზით (აღიარება) არის შესაძლებელი.
შემთხვევა, რომელზეც ავტორი ამ წერილში მოგვითხრობს არ ზოგადდება, ამიტომ არც გამოცდილების გაზიარებისთვის გამოდგება, სწორედ თავის განუმეორებლობის გამო იმ გადავლილ წვიმასა ჰგავს, რომელიც არასოდეს დაასველებს მკითხველს.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 4:14 pm

გია არგანაშვილი

სჯობს ჩვენ ვებრძოლოთ ერთმანერთს!

მაშ რატომ (ვისთვის) დაიწერა ეს წერილი? აქ ავტორისადმი პატივისცემა მაიძულებს, ხელახლა დავუბრუნდე ტექსტს, მოვძებნო მკითხველისთვის სასარგებლო დასკვნის საფუძველი, რაც უთუოდ იგულისხმა მწერალმა.
პირველი შთაბეჭდილება, რომელიც ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ეუფლება მკითხველს, ავტორის გულწრფელი განცდითაა სავსე. იგრძნობა შეცდომის აღიარებით გამოწვეული დაუფარავი სიხარული, შვება. მას (ავტორს) თითქოს აშინებს მკითხველის მსჯავრი და ამიტომაც ჩქარობს მოუთხროს საკუთარ ცოდვაზე, სულიერი ცხოვრებისთვის საზიანო ფიქრზე. ამ აღსარებითი ხასიათის განცდების გამჟღავნების შემდეგ, ის თითქოს თავისუფლდება ცოდვისგან. ასრულებს რა აღიარების აუცილებელ რიტუალს, უფრო თამამად აგრძელებს მსჯელობას საკითხის ირგვლივ. ამ დროს ის მაგონებს ადამიანს, რომელმაც სულ ახლახან, სულ მცირე ხნით მოიპოვა სიტყვის თავისუფლება და ცდილობს ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენოს.
შემთხვევითი არც წერილის არქიტექტურული ფორმა და სტრუქტურული აღნაგობაა. ავტორის მიერ ეპიგრაფად გამოტანილი სიტყვები "ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ" (მათე 7,1-5) თუ ცოდვათა მხილებაა და გარდაუვალი სასჯელის შიშს გვინერგავს, წერილის ბოლოს სამადლობელო ლოცვა "აცხოვნე უფალო, და შეიწყალენ მოძულენი და მაჭირვებელნი ჩემნი..." ("დილის ლოცვა") უდიდესი სათნოების და ღვთიური სიყვარულის გამოხატულებაა, რომელიც მხოლოდ ცოდვისაგან გათავისუფლებულ ადამიანს შეუძლია იგრძნოს და განიცადოს.
ამ თვალსაზრისის მიხედვით, წერილში აღწერილი ეპიზოდი არა სიტყვით მაგალითად (იგავი), არამედ ქმედებად (ქმედითი მაგალითი) აღიქმება, რომელიც საიდუმლოს (აღსარება) მთავარ ნიშანს არ ატარებს, მაგრამ პუბლიცისტიკისთვის მაინც შესანიშნავ სიახლედ დარჩება.
ამიტომ ვიკავებ თავს, წიგნში დაბეჭდილი მსგავსი შინაარსისა და ფორმის წერილები ჰომილეტიკის დარგს მივაკუთვნო, თუმცა ისინი მთლიანად ზნეობრივ და მორალურ საკითხებს ეხება. თანაც ვფიქრობ, რომ ვერც ამ შემთხვევაში მივაგნებდი ზუსტ ჟანრობრივ ტერმინს, რადგან ნებისმიერ პრობლემაზე მსჯელობის დროს, ერლომ ახვლედიანის, როგორც პუბლიცისტის, ერთი თავისებურება კიდევ მჟღავნდება. თითქმის ყველა წერილში, ავტორი ცდილობს, საკუთარ თავში აღმოაჩინოს და იქვე უწამლოს საზოგადოებრივ ნაკლსა თუ მანკიერებას. ის პასუხისმგებლობას გრძნობს ნებისმიერი ჩვენგანის ცოდვაზე, რადგან "ის რაც შეუძლია გააკეთოს ერთმა ადამიანმა, შეუძლია გააკეთოს ყველამ უკლებლივ, სწორედ ამიტომ სხვაც ისევე აგებს იმ უსამართლობისთვის პასუხს, როგორც თვითონ ჩამდენი" (გურამ რჩეულიშვილი).
თემები, რომლებზეც ერლომ ახვლედიანი ამ წიგნში საუბრობს, მრავალჯერ არის გადამუშავებული. სამაგალითოდ შეგვიძლია გამოვყოთ "თავისუფლება", რომლის არსი და პირველსახე აბსოლუტურადაა მოცემული იოანეს სახარებაში: "და შეიცნობთ ჭეშმარიტებას, და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ...", თუმცა ავტორი სამართლიანად თვლის, რომ ამ თემას ყოველ ახალ თაობაში და, მით უმეტეს, ახალ სოციალურ გარემოში, ახლებურად სჭირდება გააზრება.
აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ "ახალი", "ახლებური" ხშირად აბნევს მკითხველს. სამწუხარო გამოცდილება მას ახსენებს, რომ წლების (საუკუნეების) განმავლობაში სწორედ "ახლის" საფარქვეშ ხდებოდა გრძნობისა და გონების გაუკუღმართება, ჭეშმარიტი ღირებულებების გაყალბება.
მაგრამ ავტორი ხომ ჩვენგან ამგვარ უნდობლობას არ იმსახურებს, რადგან ის "ახალი", რომელსაც ერლომ ახვლედიანი ამა თუ იმ თემის დამუშავების დროს მიმართავს, საკმაოდ "ძველია" და თითქმის ყველა შემთხვევაში წმიდა წერილს უკავშირდება.
დასაწყისში ჩვენ ვახსენეთ, რომ თითქმის ყველა წერილს ეპიგრაფად სახარების ან ფსალმუნის სიტყვები აქვს დართული, ამ ეპიგრაფებში ერთგვარად ფორმულირდება თემის მთავარი იდეა. მსჯელობის დროს ავტორს ზოგად ფორმულაში კონკრეტული დროისა და გარემოს ძირითადი მონაცემები შეაქვს და ამოცანის ამოხსნის ჩვეულებრივი წესის (ელემენტარული ალგებრა) დაცვით პოულობს ახალ, ზუსტ პასუხს.
რა თქმა უნდა, ავტორის პუბლიცისტურ სტილზე და წიგნის ღირსებაზე უფრო ადამიანურად, გასაგებად შეიძლებოდა მეთქვა.
ჭეშმარიტი არსი არ იცვლება, იცვლება დრო და გარემო, თუ პირველად ქმნილი სამყარო, პირველი ადამიანი სარკესავით სრულად და უდანაკარგოდ აირეკლავდა ჭეშმარიტების სხივს, ცოდვით დაცემული ადამიანის ბუნებამ ვეღარ გაუძლო მის ძალას (როგორც ჩვენს თვალებს არ შეუძლიათ დიდხანს მზეს უცქირონ), უთვალავ ნაწილად დაშლილი გაიფანტა მთელი დედამიწის ზურგზე.
ჭეშმარიტება კი, როგორც ხილული მზე, მთელი დღისა და ღამის განმავლობაში აღმოსავლიდან დასავლამდე დაეძებს ჩრდილში თავწარგულ ყოველ სულდგმულს, რათა აგრძნობინოს თავისი ცხოველმყოფელი სხივის ძალა.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 4:15 pm

გია არგანაშვილი

სჯობს ჩვენ ვებრძოლოთ ერთმანერთს!

ჩვენ კი ჩვენი სულიერი მდგომარეობისდა მიხედვით ხან ვიმალებით, ხანაც თვალებზე ხელს ვიფარებთ, რადგან უკვე ვიცით, რომ შიშველნი ვართ; ვიცით, რომ ჩვენი ადამიანურობის ხარისხიც იმისდა მიხედვით იზომება, რამდენად სრულად და უდანაკარგოდ შევიმეცნებთ ჭეშმარიტებას, რამდენად მცირე მახვილი კუთხით გარდატყდება მისი სხივი ჩვენი დროისა და გარემოების პირობებში.
ამის დადგენას კი დაკვირვებული (გაკვირვებული) მზერა და ფხიზელი გონება სჭირდება, რაც, თუ ამას სხვა მკითხველიც დამიჯერებს, უთუოდ ჩვენ კი ჩვენი სულიერი მდგომარეობისდა მიხედვით ხან ვიმალებით, ხანაც თვალებზე ხელს ვიფარებთ, რადგან უკვე ვიცით, რომ შიშველნი ვართ; ვიცით, რომ ჩვენი ადამიანურობის ხარისხიც იმისდა მიხედვით იზომება, რამდენად სრულად და უდანაკარგოდ შევიმეცნებთ ჭეშმარიტებას, რამდენად მცირე მახვილი კუთხით გარდატყდება მისი სხივი ჩვენი დროისა და გარემოების პირობებში.
ამის დადგენას კი დაკვირვებული (გაკვირვებული) მზერა და ფხიზელი გონება სჭირდება, რაც, თუ ამას სხვა მკითხველიც დამიჯერებს, უთუოდ ჩანს ამ წიგნში.
აქვე ორიოდე სიტყვით ფორმაზე და სტილზეც მინდა ვთქვა.
ფორმის პრობლემა ავტორს ძალზე მარტივად აქვს გადაწყვეტილი. ის ფიქრობს, რომ შინაარსმა თვითონ უნდა იზრუნოს ფორმაზე. მეჩვენება, რომ სტილიც გათავისუფლებულია ავტორის მკაცრი მეურვეობისგან, არ იგრძნობა ფონეტიკური ჟღერა, სიტყვებით ჩანს ამ წიგნში.
აქვე ორიოდე სიტყვით ფორმაზე და სტილზეც მინდა ვთქვა.
ფორმის პრობლემა ავტორს ძალზე მარტივად აქვს გადაწყვეტილი. ის ფიქრობს, რომ შინაარსმა თვითონ უნდა იზრუნოს ფორმაზე. მეჩვენება, რომ სტილიც გათავისუფლებულია ავტორის მკაცრი მეურვეობისგან, არ იგრძნობა ფონეტიკური ჟღერა, სიტყვებით გატაცება, სინტაქსური წყობა იმგვარია, რომ დასრულებული აზრის წასაკითხად საკმარისია ჯანმრთელი ადამიანის სუნთქვის რიტმი (შესაძლოა რიტმის თანაბარი მონაცვლეობის პროცესს ავტორი ხმამაღალი კითხვით აწესრიგებს). ავტორი ბევრს ფიქრობს საკუთარ განცდებზე, გამოცდილებაში კითხულობს ცხოვრებას. იქ კი გულმოდგინედ ნაწერი კარგად იკითხება; ხოლო იქ, სადაც მიზეზთა გამო ასოების მოხაზულობის გარკვევა დიოპტრიის ლინზებსაც კი უჭირს, მატულობს აბზაცები, საკითხზე მსჯელობის ნაცვლად, ჩინური ან საკუთარი იგავები იკავებენ თავისუფალ ადგილს.
წიგნში რამდენიმე წერილი - "ჩემი ბრძოლა", "ბრძოლა გრძელდება" - ავტორის საკუთარ თავთან ბრძოლის ისტორიას გვაცნობს. ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, რომელიც სიკვდილამდე გრძელდება.
ამ ბრძოლის პირველ შედეგებზე მე ვერაფერს ვიტყვი, სამაგიეროდ მოგიყვებით "მეორე ფრონტის" შესახებ, რომელიც წიგნის პირველი ფურცლებიდანვე გაიხსნა მწერალსა და პუბლიცისტს შორის. მწერალს სურს პასიურ მაყურებლად დარჩეს და რეალობის მხატვრულ-იგავური თარგმანი შესთავაზოს მკითხველს, პუბლიცისტი კი რიტორიკულ ჟანრს არჩევს და სცენაზე ასასვლელად ემზადება.
ამ ორთაბრძოლაში გამარჯვება უთუოდ მწერალს დარჩება, რადგან ერლომ ახვლედიანმა ცხოვრებაშიც ეს როლი აირჩია - მაყურებლის როლი. ახლა სცენა განათებულია, რადგან იქ სპექტაკლი მიდის (ამ ეპიზოდში ყველა მსახიობი მონაწილეობს). მაყურებელთა დარბაზში კი ბნელა, ხოლო როდესაც ბნელა და ვერავინ გხედავს, ბუნებრივად ჩნდება ასეთი ფიქრი: "ახლა ჩემთვის სამშობლო ვიღაცეებისგან შეთხზული ლეგენდაა, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს" ("ხალხი, რომელსაც სამშობლო არ უყვარს").
ამ მდგომარეობაში მისი დატოვება იგივეს ნიშნავს, ბნელ დარბაზში ვინმემ ფეხი რომ წამოიკრას, დაეცეს და დასახმარებლად ხელიც კი არ გაუწოდო. გგონია, რომ თვითონვე მოახერხებს წამოდგომას. "ყოველმა ჩვენგანმა სამშობლოს ჯერ თავის თავში უნდა უშველოს ("ბრძოლა გრძელდება"). წამომდგარა. თუმცა, პარტერს ტოვებს და გასასვლელისკენ მიდის. აი, ახლა ის კარებთან დგას (ეს მისი ჩვევაა) და დერეფანში ვიღაცას ელაპარაკება.
"უღმერთოდ მომენატრა შენთან ლაპარაკი" - ეს წერილი გურამ რჩეულიშვილს კი არ ეძღვნება, არამედ ეკუთვნის. იმდენად პირადულია, რომ მისი კითხვის დროს ერთგვარი უხერხულობაც კი ვიგრძენი, ვიდრე გურამის პორტრეტის გარშემო თავისუფლების თემას გაშლიდა ავტორი.
პატარ-პატარა ბარათები სათაურით "ჩემო გურამ" კიდევ რამდენიმე წერილს ერთვის თან. გრძელდება ორმოცი წლის წინანდელი საუბრები (ავტორი აღნიშნავს, რომ ეს საუბრები არასოდეს შეწყვეტილა). გურამ რჩეულიშვილის თემა იმდენად დიდ ადგილს იკავებს, რომ ეს წიგნი მეგობრის ხსოვნისადმი მიძღვნადაც კი ჩავთვალე, მეგობრისა, რომელიც სადღაც ახლოა... ოღონდ ხორციელად მიეფარა თვალს.
ოც წელზე მეტი ხანია, რაც ერლომ ახვლედიანს და მის შემოქმედებას ვიცნობ. უფრო ადრე გავიცანი მწერალი გურამ რჩეულიშვილი. როდესაც "გაუგზავნელი წერილები..." წავიკითხე და ვიგრძენი, თანდათან როგორ მყარდება ამ ორი პიროვნების შეხედულებათა თანხმობა, დავრწმუნდი, რომ მათი შემოქმედებითი სამყაროც იდენტურია, "ეს სამყარო დაუსაბამოა, უსასრულოა, როგორც სიდიდეში, ასევე სიმცირეში. აქ ცის სიმყარე სხვა არა არის რა, თუ არა ზნეობრივი ზღვარი, რომლის იქით ადამიანს არაფერი ესაქმება" ("მყარი და განუყოფელი").
ორივე მათგანმა შემოქმედებას ცხოვრება ამჯობინა ("...ეშმაკმა წაიღოს ახლა ყველა დაწერილი ასო, როცა ცხოვრება შენს გვერდით მიდის" - გურამ რჩეულიშვილი). ეს იყო ძალზე ზუსტი და იმ დროისთვის უჩვეულო არჩევანი. ზუსტი, რადგან ადამიანის შემოქმედებითი უნარი უპირველესად ცხოვრების შექმნას გულისხმობს, რაც თავისთავად საუკეთესო საფუძველია ლიტერატურული შემოქმედებისთვის. უჩვეულო კი იმიტომ იყო, რომ სწორედ იმ პერიოდში ხელოვნების სულიერებასთან გაიგივების სურვილმა ("ხელოვნება უპირველეს ყოვლისა") თავის პიკს მიაღწია.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Mon Feb 16, 2009 4:16 pm

გია არგანაშვილი

სჯობს ჩვენ ვებრძოლოთ ერთმანერთს!

გურამ რჩეულიშვილის და ერლომ ახვლედიანის ლიტერატურული ურთიერთობა გრაფიკულად სამკუთხედის გვერდებს მაგონებს, რომლებიც საერთო სიბრტყის სხვადასხვა წერტილიდან იღებს სათავეს და ერთმანერთის შესახვედრად ისწრაფვიან. სივრცის რომელიღაც წერტილს, სადაც ისინი აუცილებლად გადაიკვეთება, ქართული ლიტერატურული კრიტიკა დაძლეულ წინააღმდეგობად მოინიშნავს, საიდანაც ახალი სიმაღლე უნდა აითვალოს.
ამ რამდენიმე წლის წინ ერლომ ახვლედიანმა გურამ რჩეულიშვილის მოთხრობის "ერთგული" ერთ ადგილს მიმაქცევინა ყურადღება:
"ერთგულმა კისერი გაიგრძელა, უღონოდ ჩაიხვიხვინა და ისევ ველებს გაუსწორა თვალი. სიამოვნებდა, რომ ხმაური მისგან შორს იყო, რომ იდგა მარტო და არავინ აწუხებდა".
"ერთგულის" ხასიათს ყველაზე უკეთ თვითონ ერლომ ახვლედიანი გრძნობს საკუთარ თავში.
"... ხოლო ჩვენ დამარცხებული "ერთგულის" მსგავსად, უკვე დავტკბებით იმ შეუმჩნევლობის განცდით, როდესაც მისთვის ასე ნაცნობი გამარჯვების ხმაური შორს არის მისგან და სიამოვნებს, რომ დგას მარტო და არავინ აწუხებს" ("ვეძებ სამშობლოს").
იგივე შეხედულება ერლომ ახვლედიანს ადრეც გამოუთქვამს:
"... იცხოვრო ისე, თითქოს არა ხარ. ფეხაკრეფით გაიარო ეს ცხოვრება, თითქოს ვიღაცას ძინავს და არ უნდა გააღვიძო" (ინტერვიუ ნინო ჩხიკვიშვილთან).
ძნელია ყოველთვის ერთგული დარჩე შენი სურვილისა, გინდა მარტო იდგე და არავინ გაწუხებდეს, გინდა ფეხაკრეფით გაიარო და არავინ გააღვიძო, მეორე მხრივ - "ბრძოლას უკეთესი აზრისა და ცხოვრების დასამკვიდრებლად არავინ უნდა გაექცეს. პასუხისმგებლობა ამ მხრივ მეტად დიდია და გადამწყვეტად მნიშვნელოვანი".
"მოდით, ვებრძოლოთ ერთმანერთს!" - ასე ჰქვია ამ წერილს.
ვინც ერლომ ახვლედიანს იცნობს, გაუკვირდება ასეთი გამოწვევა.
მე ძალზე ხშირად მეძლევა შემთხვევა, რომ ვეკამათო (ან ვებრძოლო) ერლომ ახვლედიანს იმ შეხედულებებზე და მოსაზრებებზე, რაც ამ წიგნშია გამოთქმული. მიუხედავად იმისა, რომ ეს აზრები სხვადასხვა დროს მოსმენილი მაქვს, ასეთი სურვილი იშვიათად გამჩენია, შეიძლება იმიტომ, რომ ხშირად მათი დაბადების მოწმე ვყოფილვარ და არ მიცდია ამ პროცესისთვის ხელი შემეშალა, ან იქნებ იმიტომ, რომ მე ადამიანს უფრო ვაფასებ, ვიდრე მის აზრებს. ასეა თუ ისე, ახლა, როცა ეს აზრები ცალკეულ იდეათა გარშემო დალაგდა და კრებულად გამოიცა, ჩემთვის ის სრულიად დამოუკიდებელი ერთეული გახდა, რომელზეც მე, მკითხველს, იმდენივე უფლება მაქვს, რამდენიც მის ავტორს.
მე ახლა ყველაფრის უფლება მაქვს.
შემიძლია წავიკითხო ეს წიგნი, შემიძლია არ წავიკითხო, შემიძლია გავაჩუქო ან დავკარგო (არ დავწვავ!). შემიძლია მასზე კრიტიკული წერილი დავწერო და ავტორს გავუგზავნო.
მე გადავწყვიტე არ ვისარგებლო ჩემი უფლებით, რადგან ამის უფლებაც მაქვს.
მირჩევნია ავტორს ვებრძოლო.
ბრძოლა თუ აუცილებელია, სჯობს ჩვენ ვებრძოლოთ ერთმანერთს. ჩვენ ხომ ვიცით, როგორ უნდა შევრიგდეთ.

(დასასრული)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   Wed Feb 18, 2009 5:44 pm

გადმოტანილია აქედან - http://gametv.ge/forum/index.php?showtopic=2831&pid=148141&st=45&#entry148141

ინტერვიუ გურამ რჩეულიშვილის მეგობართან, ერლომ ახვლედიანთან

__ როდიდან გახსოვთ გურამ რჩეულიშვილი?

__ გურამი მაშინაც მომწონდა, როდესაც არ ვიცნობდი .ერთმანეთი პიონერთა სასახლეში ისტორიისა და მხარეთმცოდნეობის წრეზე გავიცანით, VIII-IX კლასში ვიყავით. ვიმოგზაურეთ ხევსურეთში. გურამმა თემად “საბრძოლო იარაღები“ აიღო, მე __ “შრომითი საქმიანობა“. ჩვენს არჩევანშიც იგრძნობოდა განსხვავება და მისი ბუნების სიღრმე.

__ რით გამოირჩეოდა გურამი ხევსურეთის ექსპედიციის სხვა წევრებისგან?

__ გურამს ხევსურული ტანსაცმელი ეცვა და ცხენს აჭენებდა __ ვაჟკაცური იყო ძალიან. მისი ხასიათი ბუნებასთან კონტაქტში უფრო მძაფრად იკვეთებოდა.

__ როდის გადაიზარდა ნაცნობობა უახლოეს მეგობრობაში?

__ სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობდით. გურამს მეცნიერული ინტერესები ჰქონდა, ლურსმულ დამწერლობას სწავლობდა. 1954 წელს ჩვენი ფაკულტეტი დაიხურა, ერთი წელი გამიცდა და ორივე შუასაუკუნეების ისტორიის ფაკულტეტზე აღმოვჩნდით.

1956 წლის 9 მარტს სტუდენტები ლექციებიდან გაჰყავდათ. გურამმა მანიშნა საქმე მაქვსო, იქიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა და ლიტერატურული ურთიერთობა.
მან თავისი მოთხრობები წამაკითხა. ძალიან მეამაყება გურამმა თავისი მოთხრობების პირველ შემფასებლად რომ ამირჩია. მერე წავედით დასალევად. ფული არ გვქონდა და ჩემი საათი დავაგირავეთ.. ამის შემდეგ, ექვსჯერ მაინც მოუწია ჩემს საათს დაგირავება.
__ გურამი თავის ერთ-ერთ წერილში წერს, რომ ნუგზარ წერეთელი და ერლომ ახვლედიანი ჩემი უახლოესი მეგობრები არიანო. რაში გამოიხატებოდა გურამის განსაკუთრებული დამოკიდებულება თქვენდამი?
__ უნდა ვაღიარო, რომ გურამს მაინც ყველაზე ძალიან მეგობრებიდან ნუგზარ წერეთელი უყვარდა. ის უცნაური იყო ჩემ მიმართ. თვლიდა, რომ ღონიერი ვარ, არადა ბუნებით სახლში მჯდომი კაცი ვიყავი. ის ყოველთვის ცდილობდა ჩემ აყოლიებას. მე სულ წესიერებისკენ მოვუწოდებდი, თუმცა მაინც მჯობნიდა თავისი “უწესობით“. მართალია, ბევრი რამ დამავიწყდა, მაგრამ მისადმი გრძნობა არ მინელდება.
გარკვეულ პერიოდში იგი ჩემს სახლში ცხოვრობდა. ერთხელ მთელი ღამე გავათენე მის ლოდინში, ვიჯექი და ანა კალანდაძის ლექსებს ვკითხულობდი. დილით დეიდა მაროსთან (გურამის დედა) ანზორ სალუქვაძე გავგზავნე, აღმოჩნდა, ლადო ქოქიაშვილი მოუკლავთ და იქ გაუთენებია ღამე. ყოველთვის მქონდა განცდა ახლოს ვყოფილიყავი გურამთან. როგორც დედა შვილს, ისე ვეძებდი ხოლმე. ასეთი კაცი ჩემს ცხოვრებაში არ შემხვედრია. მამაჩემსა და ბიძაჩემს ძალიან უყვარდათ. ისინი რომ საუბრობდნენ, გურამი სულ ჩუმად იყო. მეკითხებოდნენ, ის ბიჭი ყრუ- მუნჯი ხომ არ არისო? ის კი გულიანად იცინოდა ამის მოსმენისას.
__ გურამი ჩაცმულობის სტილით მეგობრებზეც ხომ არ ახდენდა გავლენას?
__ გურამი გარეგნობით კარგი იყო. ბერძნული სულისა და ხორცის ერთიანობა ჰქონდა. ჩაცმულობაშიც ვლინდებოდა მისი სული და გემოვნება... მე დღესაც, “ბათინკებით“ დავდივარ.
__ გურამი ცნობილ მოჩხუბრად ითვლებოდა. თავისი საქციელით მტერსაც ხომ არ იჩენდა?
__ “კრივანოსასთან“, დევ ათლეტთან, ცნობილი შემთხვევის შემდეგ ყოველდღე ექვსი შეიარაღებული, დაუნდობელი კაცი ადგებოდა სახლში, მოსაკლავად დასდევდნენ, ჩემ გარდა, არავინ არ იცოდა გურამი შინ რომ იყო. რომელი ძველი ბიჭი მე ვიყავი, მაგრამ თავდაცვის მიზნით პატარა ჯაყვა მომცა, ამაზე მახინჯი დანა ცხოვრებაში არ მინახავს... ბოლოს თვითონ მივიდა “კრივანოსასთან“ და შეურიგდა. გურამს შეეძლო მტერიც მოყვარედ ექცია. არ უყვარდა მტრობა.
გურამის გარდაცვალების დღეს “კრივანოსაც“ მოვიდა მოსასამძიმრებლად.
გურამის საფლავთან ოცი კაცი მაინც ვიკრიბებოდით ხოლმე, სრულიად განსხვავებული ადამიანები ბუნებითაც და სოციალური მდგომარეობითაც. უმეტესობა ჩხუბის შემდგომი შერიგებით ჰყავდა მოპოვებული.
__ როგორ იყო განწყობილი გურამი კომუნისტური რეჟიმის, საერთოდ, იმ პერიოდის მიმართ?
__ ლენინის ძეგლისკენ გამიზნული თოფის სროლა იყო კივილის გამოხატულება. თავის ავტობიოგრაფიაში წერს ფორმულას__ “დამალეთ საქართველო!“ დამალეთ ისე, როგორც ძვირფასი განძი. მრავლისმთქმელია ეს სიტყვა, გურამის გარდა სხვა ვერავინ ვერ იტყოდა ასე.
__ რაიმე კურიოზულ შემთხვევას ხომ არ გაიხსენებდით?
__ ქციაზე ვიყავით წასულები. გურამმა დამიყოლია და ცხენზე დავჯექი. მშვენივრად გავაჭენე, მაგრამ შეჩერდა თუ არ ცხენი, გადმოვვარდი. გურამი საშინლად გაბრაზდა, მხოლოდ ჩემზე კი არა, ცხენზე. შეჯდა სიძულვილით, სიბრაზით სავსე და დაუნდობლად აჭენა დიდხანს.
__ როგორ შეაფასებდით გურამს როგორც შემოქმედს?
__ გურამი ტყუილად არაფერს არ წერდა. არასდროს არ მინახავს მაგიდასთან მჯდომი. სულ დადიოდა, ხან მთაში, ხან ზღვაზე... მიკვირს საიდან მოაგროვა ამდენი, თითქოს სიკვდილის შემდეგაც გააგრძელა წერა. ფენომენალური პიროვნება იყო. წერდა ისეთ რამეებს, რაც ცხოვრებისეულ გამოცდილებას უნდა ესწავლებინა,. გამოცდილებაზე მეტად მისი მოთხრობები მწერლური წვდომის შედეგი იყო. იმ პერიოდში ყველაზე უკეთ გიორგი შატბერაშვილმა შეიცნო გურამი.
__ რომელიმე მოთხრობის პერსონაჟის პროტოტიპი თქვენც ხომ არა ხართ?
__ სხვათაშორის ერთხელ ვკითხე გურამს, “იულონის“ მოქმედ პირებში ვის გულისხმობდა. მითხრა, ამაში ყველა დაუწყებს თავის თავს ძებნასო. მე კი ვფიქრობ, რომ გურამი იღებდა იმპულსებს სხვებისგან, მაგრამ ყველა ნაწარმოების გმირი, ყოველი მათგანი, თვითონ არის. მას მოდელად თავისი თავი ჰყავს, თავისი თვისებები, რომლებიც მოსწონს ან არ მოსწონს და მათ ახორციელებს სხვებში. გურამი თვითმყოფადი კაცი იყო, რაღაც ძალის მქონე. სიკვდილის შემდეგ მან ეს ძალა იმ სახლის კედლებში დატოვა, სადაც გაიზარდა. მე დღესაც იქ ვგრძნობ თავს სამშობლოში.
და ეს მოხლოდ ერთი წამია---ასეთი მდიდარი,ასეთი უსასრულო!
ეს ერთი წამია შეზავებული და შეფერილი ცრემლითა და ალერსით,დარდითა და სიხარულით,ვნებითა და გულგრილობით,შეხვედრებითა და განშორებებით.
ერთი წამია!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ერლომ ახვლედიანი   

Back to top Go down
 
ერლომ ახვლედიანი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: ამაოდ არც მთაწმინდაზე უსეირნიათ - სტუმრად გია არგანაშვილთან-
Jump to: