არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნუგზარ შატაიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნუგზარ შატაიძე   Sat Feb 14, 2009 6:48 pm



Nugzar Shataidze

ნუგზარ შატაიძე

დაიბადა 1944 წლის 9 მარტს, თბილისში. დედა — ელენე, ხიზამბარელების ოჯახიდან იყო; მამა — ვახტანგ შატაიძე; მეუღლე — ელისაბედ ყვავილაშვილი, შვილები — ლალი, თამუნა, ნინო, ვახტანგი.

ნუგზარ შატაიძე სწავლობდა თბილისის ყოფილ ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა 62-ე სკოლა. სწავლობდა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სპეციალობით თბოენერგეტიკოსი იყო.

მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქართველოს ენერგოსისტემაში - ინჟინრად, გაზეთ „ლელო“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა „მერანი“-ს პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ „ომეგა“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად.

დაინტერესება ქართული მწერლობით ადრეულ ასაკში გამოავლინა. გაიტაცა რევაზ ინანიშვილის, გურამ რჩეულიშვილისა და სხვათა შემოქმედებამ, უფრო გაუძლიერა და გაუღვივა ინტერესი და სიყვარული მწერლობისადმი.

მისი პირველი მოთხრობა თეთრი ყვავილები დაიბეჭდა 1968 წელს ჟურნალ „ცისკარში“.

1979 წელს გამოსცა მოთხრობების პირველი კრებული „მოთხრობები“.

არის მრავალი მხატვრული („გაღმა ნაპირი“, „სიმინდის კუნძული“ და სხვ.) და დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი, ასევე ტელესერიალ „ცხელი ძაღლის“ სცენარის თანაავტორი კოტე ჯანდიერთან ერთად.


ბმული - http://ka.wikipedia.org/wiki/ნუგზარ_შატაიძე


Last edited by Admin on Thu Sep 18, 2014 1:34 pm; edited 7 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   Sat Feb 14, 2009 7:00 pm

ნუგზარზე ორი წერილი მაქვს, ერთი ვრცელი და მეორე უფრო პატარა. სამწუხაროდ, ვერც ერთი ვერ დავდე აქ. მიხო, თუ საჭიროდ ჩათვლი გადმოგიგზავნი ერთს ან მეორეს და დადე ან აქ, ან ჩემს გვერდზე. თუ
ს ა ჭ ი რ ო დ ჩათვლი...(მგონი ორივე წერილი მაგ წიგნშია)
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   Sat Feb 14, 2009 7:03 pm

ნუგზარ შატაიძე

კუნძული
(მინიატურა)

ენგური რომ კოლხეთის დაბლობზე გავაკდება, სანამ სვანეთის მაღალი მთებიდან წამოღებულ ლამსა და ქვა-ღორღს პირდაღებულ ზღვაში შეიტანდეს, ხან აქ, ხან იქ აგროვებს, ერთ ადგილზე აქუჩებს და რამდენიმე დღეში, ზოგჯერ სულაც ერთ ღამეში კუნძულს ამეჩეჩებს.
ნიადაგი ასეთი კუნძულისა ფრიად ნოყიერია. ამისი მცოდნე მეგრელი გლეხი ზედ სიმინდს თესავს და ენგურმა თუ დააცადა, ისეთი მოსავალი მოჰყავს, ავ თვალს არ ენახვება.
ზოგიერთი კუნძული რამდენიმე წელიწადს სძლებს, ზოგს კი გადაბმული წვიმებისაგან ადიდებული მდინარე მოარღვევს და საწყალი კაცის ნაოფლართან ერთად ათიოდ წუთში გააქრობს... მაგრამ ქვემოთ, სულ რამდენიმე კილომეტრში, საკვირველი, დაუჯერებელი ამბავი ხდება: ზემოდან წამოღებული ლამი ახლა იქ გროვდება, ახლა იქ მეჩეჩდება. იზრდება ის მეჩეჩი, თვალდათვალ ფართოვდება, მდინარის წყალს სულ უფრო მეტი ქვა-ღორღი მოაქვს და ნელ-ნელა, თანდათანობით ქმნის სრულიად ახალ კუნძულს. დილით კი, როცა მზე ამოვა და მისი სხივები იმ ახლადშობილი კუნძულის ჯერ ისევ სველ ზედაპირს ვეშპის წყლიდან ამოზიდული ნოტიო ზურგივით აალაპლაპებს, მოფრინდება საიდანღაც დედალ-მამალი წყალწყალა ჩიტი და მოჰყვებიან სველ ქვიშაზე სირბილსა და ბოლოების ქანქარს.
გაზაფხულზე იქ ნავით გადავა ისევ ის მეგრელი გლეხი, ჯერ კარგად დაათვალიერებს, მერე წავა, მოიტანს ბარს, სიმინდის ნაქუჩით თავდაცობილ ხელადას, მცირე რამ საგზალს და დაიწყებს ბარვას.
დაბარავს, დაამასმასებს, მერე დათესავს. ერთ კვირაში ამოვა, ამობიბინდება სიმინდი და კუნძულს სასიამოვნოდ გადაამწვანებს. გლეხი მაისში ორჯერ გათოხნის, გათოხნის ივნისშიც და გულისფანცქალით დაელოდება, რადგან არ იცის, რას იზამს ენგური.
ყანა კი თანდათანობით იზრდება, ღონიერდება, ლურჯ ფერს გადაიკრავს. სიმინდი ქოჩორს ამოიღებს. სულ მალე დატაროვდება კიდეც.
თუ დასცალდა და მოიწია, მოვა, კუნძულს ნავით მოადგება გლეხის მთელი ჯალაბი, დიდ, სულ მკლავისსიმსხო ტაროებს დაამტვრევენ, წაიღებენ შინ, გაახმობენ, დაფხვნიან და თაგვმა რომ არ გაუფუჭოთ, ჩაჰყრიან ოცდაორლიტრიან ბოცებში. გაამწკრივებენ იმ ბოცებს ოდაში და უყურებენ, კმაყოფილი ღიმილით უნათდებათ სახეები.
გვიან შემოდგომით სიმინდს წისქვილში დაფქვავენ და მერე, მთელი ზამთრის განმავლობაში აცხობენ მჭადებს, ხარშვენ ღომსა და ელარჯს.
ეს მაშინ, თუ დასცალდათ, თუ არა და...
ჯერჯერობით ნელა მოდუდუნებს ენგური, მშვიდად მოაქვს მომწვანო, თითქმის მდოგვისფერი წყალი, კუნძულის მონისლულ ნაპირებს ელამუნება, დატაროებულ სიმინდებს ძირებს უსველებს და ეტყობა, ჯერ თვითონაც არ იცის, რას იზამს.

1999

წიგნიდან: „ევროპაში რა მინდოდა“, გამომცემლობა „არეტე“, 2004 წელი, გვ. 121-122




Last edited by Admin on Fri Sep 19, 2014 10:28 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   Sat Feb 14, 2009 7:11 pm

ნუგზარ შატაიძე

ადგილის დედა

გუდამაყარში, დიხჩოს ჩამოსწვრივ ერთი ბებერი მუხაა ქედზე გადმომდგარი, მაღალი და ტოტებგაბარჯღული. იმის დახეთქილ, გულგამომწვარ ზროზე ვერცხლის ჯვრები და ვინ იცის როდინდელი ჯიხვის რქებია მიკრული. დაბლითა ტოტებზე კიდევ ზარები ჰკიდია. დგას და ზვიადად ჩასცქერის ქვემოთ, ხევხუვებში ჩაწოლილ ნისლებს, შემოდგომის წვიმებით ჩამბალ ტყეებსა და მიტოვებულ სოფელს. ნაგზაურის ჩაყოლებაზე, კვრინჩხის დაგვალულ ბუჩქნარს ცხვრის მატყლი შერჩენია _ ის ჭუჭყიანი ფთილები აგონებს ადამიანთა არსებობას. წვიმის წვრილი წვეთები წყნარად ფაჩუნობენ იმის შენჭკნარ ფოთლებში. აწვიმს ვაკე წიფლიანში თავმინებებულ, სახურავჩაქცეულ სახლებს, უპატრონო ბაღებსა და უკაცურ ახოებს.

ათასში ერთხელ ამოივლიან მწყემსები, მოიშვლეპენ ქუდებსა და კრძალვით მიეახლებიან, უვლიან გარშემო, თვალებდადიდებულები შესცქერიან ხარჯიხვის დევერხანა რქებს, მდუმარე ზარებსა და მუხის ვეებერთელა, ხმობაშეპარულ ტოტებს. რაღაცნაირად აუჩქროლდებათ სისხლი, უცნაურად უციმციმებთ თვალები. მერე თითო ყანწ ჟიპიტაურს დალევენ, იმათში ყველაზე ხნიერი უხერხულად გადაიწერს პირჯვარს და მიდიან.

დადგება ისევ სიჩუმე და მარტოობის უსასრულო დღეები.

ჩაყვითლებულ ტყეში წითლად ღუიან ტოტებდაზნექილი ტყემლები. ნელა მიიზლაზნება ნისლი. ალბათ თოვლსაც ჩამოჰყრის მალე, თეთრად ჩამოილესება არემარე და გაირინდება გარემო. ჯერ კი ისე შემოდგომაა და ცრის. ხანდახან ამოქროლდება ნიავი, ბებერ ტოტებს აუკვნესებს და ჩანისლულ ტყეს ჟრუანტელივით დაუვლის ზარის უცნაური წკრიალი. აჩურჩულდებიან ფერდობზე ჩაფენილი ნეკერჩხლები, აებურძგლებათ ტანი. დაიჩხავლებს შემკრთალი ჩხიკვი და სველი ფრთების ფართხუნით ჩაიკარგება ხევში.

მუხის ტოტზე ჩამობმული ზარი კი წკრიალებს... მისი ჩუმი, იდუმალი ხმა ნელა ეფინება წვიმისგან გაბეზრებულ გარემოს, ცახცახით ეხლება ჩამომზღვლეულ კლდეებსა და ბოლოს თეთრად აძრულ ნისლებში ჩაყუჩდება.

მერე ღამდება. წვიმა კი მოდის და მოდის _ აღარ აპირებს გადაღებას. ჩამოწვება შავად ჩაბოღმილი ლუსკუმი ღამე. ხევგაღმა, სერზე აჩხავლდებიან ტურები და ახლა იმ უკუნეთში ისმის მუხის მოქანავე ტოტზე ჩამობმული ზარის გულისმომკვლელი, მაგრამ მაინც რაღაც იმედიანი წკრიალი.



Last edited by Admin on Thu Sep 18, 2014 10:55 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   Sat Feb 14, 2009 7:52 pm

გია არგანაშვილი

ნუგზარ შატაიძის “მოგზაურობა აფრიკაში”

ნუგზარ შატაიძის ახალი მოთხრობა “მოგზაურობა აფრიკაში” არა მხოლოდ თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის, არამედ მწერლის შემოქმედებისთვისაც სასიამოვნო თემატური სიახლეა. კარგი თემის მიგნება კი ოქროს ძიებას ჰგავს. ერთი ცნობილი არაკის მიხედვით, ღმერთი კაცს ვიდრე სისხლს არ დაანთხევინებს, არაფერს მისცემს. მე არ ვიცი, რა სიმწარე გადაიტანა მწერალმა ამ მოთხრობის დაწერამდე, რა გამოცდილება შეიძინა. ისიც კი არ ვიცი, თვითონ თუ უმოგზაურია აფრიკაში. არ ვიცი და არც ვკითხულობ. ნუგზარ შატაიძე ისეთი ოსტატია, ტალახიც რომ მოზილოს, მაინც პურს გამოაცხობს. (ეს შედარება უხდება “პურის მოთხრობის” ავტორს) ამ მოთხრობაში ქუჩის მტვერი, უპატრონო ბიჭების ბედი და აფხაზეთის ტრაგედია მუყაოს ყუთშია მოზელილი, და მე ვიტყოდი, მწერლის შემოქმედებისთვის ეს საუკეთესო ნაცხობია.
ამ მოთხრობაში ნუგზარ შატაიძის სადედაენო ქართული სულაც არ უცხოობს ქუჩურ გამოთქმებს: “აცეტონზე შეჯდა”, “ბოლომდე ჩაუშვა”, “მაგარი კაიფია”, გაგჟიმონ”. უცხოობს კი არა, მგონი სწორედ ეს სიტყვები ჰქმნიან ხასიათს, გარემოს, კოლორიტს. მოთხრობაც ძალდაუტანებლად იკითხება, გმირებიც ცოცხლდებიან... მხოლოდ წუპაკაზე დამწყდა გული დასაწყისშივე რომ კვდება, მარტო ეს მეტსახელი რად ღირდა? თუ ოდესმე მწერალი ამ თემას დაუბრუნდება, ვფიქრობ, რომ მასაც გული დაწყდება, იქ წუპაკას რომ ვეღარ ნახავს, თუმცა მწერლის რა ბრალია “წუპაკა აცეტონზე შეჯდა და ბოლომდე ჩაეშვა... ბოლოს მოკვდა. ამბობენ გაიყინაო, მაგრამ ტყუილია, აცეტონით მოიწამლა.”
რამდენჯერ შეიძლება კარგი მოთხრობის წაკითხვა? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რომ დასაწყისისთვის ეს სრულიად საკმარისია, რადგან კითხვის სიამოვნებისგან რომ მოიწყენ, სწორედ მაშინ ჩნდება კრიტიკის (თუ კირკიტის) სურვილი.
რამდენადაც ძლიერია მოთხრობაში აფრიკაში მოგზაურობის შთაბეჭდილება, რამდენადაც ახლოს მოდიან სპილოები, მარტორქები, ანტილოპები, ისე ახლოს, რომ გრძნობ მათ სუნს, სითბოს, იმდენად სუსტია და შორიდან ისმის აფხაზი დაურის ხმა. აფხაზეთში დარჩენილი მამის სახესავით ბუნდოვანია იქაური ცხოვრება. ამიტომ იქ აწმყოს წარსული სჯაბნის, ნანახს და განცდილს მოგონება სჭარბობს, მწერლის მდიდარ ფანტაზიასაც კი უჭირს იმ სიცარიელის ამოვსება, რომელსაც ნაცნობი ადგილების ხელახალი ხილვის სურვილის დაუკმაყოფილებლობა იწვევს ჩვენში.
ჩანს, ჩვენთვის დღეს აფხაზეთი უფრო შორსაა, ვიდრე აფრიკა.
აფხაზეთში მამის საძებნელად წასულ ბიჭს, თავისი გაპარტახებული სახლიდან, უზრუნველი ბავშვობის ერთადერთი ტკბილსახსოვარი ხსოვნა და ნაჭრის დათუნია “გერასიმე” მოაქვს თბილისში. ახლა “გერასიმემ” უნდა გაზარდოს ბიჭი, უნდა გაათბოს, დააპუროს, მოეფეროს, დაარიგოს, დატუქსოს კიდეც. უნდა ასწავლოს, რომ ქვეყნად ბევრი ცუდი და ბოროტი ხალხია, მაგრამ კარგი ადამიანებიც არიან... გაუძლებს “გერასიმეს” დაძენძილი მხრები ამ ტვირთის ზიდვას? მე კი მგონია, რომ თხუთმეტი წლის ბიჭი, რომელმაც უკვე ნახა სიკვდილი და იცის, რომ ზოგი კაცი მოსაკლავია, რომელმაც დედას საქორწილო ბეჭედი მოპარა, ახლა კი აცეტონზე ზის და აფრიკაში მოგზაურობს, “გერასიმეზე” ვეღარ იკაიფებს. არც თავს მოიტყუებს. აი, მკითხველი კი შეიძლება ადვილად მოტყუვდეს, თუ ირწმუნებს, რომ ეს უსახელო ბიჭი (მერე რა, თუ მოთხრობის ფინალში მწერალმა ისიც გაიმეტა: “სულ ბოლოს ორი გიენაც მოვიდა”) რომელიმე წუპაკა ან გოშკა სულ მუდამ პერსონაჟის როლს დასჯერდება და მოთხრობაში დარჩება, რაც არ უნდა უნაკლოდ იყოს იქ მისი პორტრეტი შესრულებული.
ოდესმე ის აუცილებლად გამოძვრება მუყაოს ყუთიდან და საზოგადოებას იქ გატარებული წლების გამო პასუხს მოსთხოვს.
ლიტერატურული კრიტიკა აღნიშნავს ამ ფაქტს, გაიხსენებს, ამ გმირს ჩვენ მოთხრობიდან ვიცნობთ, რომ მწერალმა დიდი ხნის წინათ შენიშნა ის და ქართულ პროზას ძვირფასი მხატვრული ქმნილება შესძინა.
ვითომ მწერლისთვის დიდი პატივი იყოს წინასწარმეტყველების ნიჭი.


Last edited by არჩანდა on Sat Feb 14, 2009 7:56 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   Sat Feb 14, 2009 7:59 pm

დღეს მეცადინების გამო ვეღრ მოვახერხე დიდუბის პანთეონში მოსვლა... არადა ბატონ მიხოს შევპირდი მოვალ და თუ უხერხული არ იქნება ფოტოებსაც გადავიღებ მეთქი

..ისე კი მანდ ხშირად ვარ, გაბრილის საფლავს მიმხედავი არავინ ჰყავს და გული მწყდება ხოლმე, არხოტის მიწა ჩამოვიტანე ერთხელ და საფლავზე დავაყარე გაბრიელს.... მერე მეგობრებიც ვიყავით მისულები, ხევსურულად შანდობა ვუთხარით და ლექსები წავუკითხეთ...
ასეთი წინაპრები არ უნდა დავივიწყოთ, და მეშინია ერთ დღეს ისე არ ჩავუაროთ პანთეონის ეზოს რომ იქითკენ არ გავიხედოთ და ასეთი ადამიანები არ მოვიგონოთ.... ნიშნინიძეც ხომ იქ არის, პაოლოც, ტერენტიც, ლადოც...... "ახლა დავდივარ პანთეონში, ჩემს ლექსებს ვფანტავ და ლადოს საფლავს სიცოცხლეზე ვესაობრები" - მეთქი, ვწერდი შარშან.... ახლა უკვე ვახუშტიც იქაა, ჩუბჩიკაც, აგერ უკვე სამწუხაროდ შატაიძეც.... ჩვენ კიდევ ზოგჯერ ასეთი ამბები ისე გამოგვეპარება ხოლმე.... კიდევ ის გამახსენდა, ბატონმა მიხომ დაწერა ომის დროს ინფაქტი მიიღო შატაიძემო, რეზო ინანიშვილი რო კვდებოდა, აფხაზეთის ომზე ამბებს მოუკრია ყური და ბოლო ტკივილი ამოუთქვამს - "რას ამბობთ, ქართველები ესვრიან ერთმანეთსო" ... აი, ვახუშტიც ეგეთ დროს წავიდა... შატაიძის სიკვდილშიც ეგ ოხერი ამბები ურევია ..... ეჰ, რამდენი რამეა სამწუხარო ამ ქვეყანაზე.... გოდერძიზე რო ლექსი მაქვს, იქ მიწერია "სულ დარდით რატომ კვდება ქართველიო" ... რამდენ რამეზე დაგწყდება გული....

ეს პმ ი იყო, მაგრამ ბატონმა მიხომ აქაც დადეო და.... კიდევ გოდეძიზე ლექსიცო.....



გოდერძი ჩოხელის საფლავზე

აჰა, მოვედი,
ცრემლები,
მცხეთა...
დღეს შენს საფლავზე ტირის სანთელი,
გულში აზეზდა,
ნაფიქრი სევდა:-
სულ დარდით რატომ კვდება ქართველი?!

...გრილი მთის წყარო,
ბუნების შვილი,
შენ ხომ ცაც იყავ, ლურჯი, მზიანი...
მე ახლა მივხვდი,
საფლავთან მივხვდი-
რატომაც ტირის ადამიანი.

მწუხრი...
ეს სევდა გარდასულს არ გავს,
არაგვსაც დარდი გაჰყვა იმ წლების,
შენს საფლავს ერთი სანთელი აკრავს,
ერთი სანთელი-
-არდავიწყების.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   Sun Feb 15, 2009 11:14 am

ნუგზარ შატაიძის ძალიან მომწონს "პურის მოთხრობა".
შედევრია!
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Guest
Guest



PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   Sun Mar 01, 2009 12:29 pm

http://www.nplg.gov.ge/frames.php?url=../authors

ნუგზარ შატაიძე (1944 წლის 9 მარტი)
ცხოვრებისეული კრედო: "სიყვარული"

დაბადების ადგილი - ქ. თბილისი, მშობლები - დედა - ელენე ხიზამბარელი, მამა - ვახტანგ შატაიძე, დაამთავრა საქართველოს სახემწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, მეუღლე ელისაბედ ყვავილაშვილი, ჰყავს შვილ(ებ)ი ლალი, თამუნა, ნინო, ვახტანგი, არის მწერალი, ამჟამად უმუშევარი, მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქ. ენერგოსისტემაში - ინჟინრად, გაზეთ "ლელო"-ს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა "მერანი"-ს პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ "ომეგა"-ს რედაქციის განყოფილების უფროსად , არის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენოსანი, მას მწერალთა კავშირის პრემიის ლაურეატობა მიენიჭა წლის საუკეთესო მოთხრობათა კრებულისათვის 1995 - 1996 წლებში, არის 2005 წლის პრემია "საბა"-ს ლაურეატი, უყვარს ქართული კერძები, ბილიარდი, თევზაობა.

No

ამათ ჯერ არ იციან, რომ ახლახანს გარდაიცვალა ნუგზარი...

Crying or Very sad
Back to top Go down
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   Wed Mar 04, 2009 10:39 pm

როდის გარდაიცვალა, რას ამბობ?
აუჰ... No
როგორ მეწყინა
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Guest
Guest



PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   Wed Mar 04, 2009 10:44 pm

გაგა wrote:
როდის გარდაიცვალა, რას ამბობ?
აუჰ... No
როგორ მეწყინა

Arrow

ორმოცი ჯერ არ არის გასული, რამაზო, რაც ნუგზარაი წაგვივდა საამსოფლიოდანა...

აესა ჰნახე - მედ არგანმა დავუწერეთ და გავიხსენეთ ადრინდელი დაწერილები... - http://armuri.4forum.biz/---f11/-t216.htm
Back to top Go down
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   Sun Mar 22, 2009 7:32 pm

ღმერთმა აცხონოს და დაუმკვიდროს სასუფეველი.


ნუგზარ შატაიძე - ცოფი

ჩვენი ჯერ არ მოგვეკრიფა, ხეივნისა, ჯერ ისევ ესხა და სჭამდნენ ჩიტები. გაუვარდებოდა ჩემი კაცი ყვირილითა და ტაშისცემით, გაეცლებოდნენ ის გასაწყვეტლები, შესხდებოდნენ, შეიხორხლებოდნენ თუთაზე და გამოსცქეროდნენ იქიდან, შინ რო შემოვიდოდა, აიშლებოდნენ, მობრუნდებოდნენ და დაუწყებდნენ ისევ ჭამას. ახლა უნდა გენახა, ქა, ზოგი თავდაყირა ეკიდა, და ისე კიკნიდა მარცვალსა!დატანჯეს კაცი.მე ვუთხარი, ადექი, მოკრიფე და მოიშორე-მეთქი!აბა რას ამბობ, ქალო, მჟავეა ჯერაო.მა ეგ ჩიტები რაღამ დააქიმითა-მეთქი, ქა?!რა ვიცი, გაუწყდათ მაგათ სინსილაო!გაიტანა ბოლოს სკამი, დაჯდა, დაიჭირა ცოცხი და დაუწყო ქშევა. ჯერ ახლო არ ეკარებოდნენ. ისხდნენ ზოგი კაკალზე, ზოგი თუთაზე და უყურებდნენ იქიდან. მერე ნელ-ნელა გაუბედეს – ჯერ ერთი მოფრინდა, მერე – მეორე. სხედან, განა სჭამენ ან რამე, არა, სცდიან, აბა ერთი, რას იზამსო. აიშალა ბოლოს მთელი დუნდგო და წამოვიდა თათრის ჯარივითა!ჯერ ცოცხი ესროლა და გააფრთხო, მაგრამ ისევ რო მოფრინდნენ, ატეხა ერთი ტაშისცემა და ყვირილი – აგინებს, აგინებს, რო მეტი არ იქნება, აღარ შეარჩინა მკვდარი და ცოცხალი, მაგრამ არ ეპუებიან, ქა?!ჩამოიარა ეფრემას ბიჭმა, გადმოეყუდა ღობეზე და უყურებს გაკვირვებული: რა იყო, გოგი, რა მოგივიდაო?!რაღა რა მომივიდა, კაცო, გამაგიჟეს ამ ჩიტებმა, ყურძენს მიჭამენო!მერე, არ იცი მაგათი წამალიო?რა წამალიო?რაიო და კონსერვის კარობკები უნდა დაუკიდოო!რა კარობკები, ბიჯო, რას ამბობო?!მე ვუთხარი – შენი ჭირიმე, კოლა, მოდი, თუ იცი რამე, გვასწავლე, თორე დაიტანჯა კაცი, აი, ქათმები, რომელსაც ხელს დაადებ, იმას დაგიკლამ-მეთქი!წავიდა, მოიტანა საიდანღაც ერთი დიდი კალათა თუნუქის კოლოფი, ჩამოამწკრივა მთელ ხეივანზე და ერთმანეთზე მავთულით გადააბა, მერე უცებ, ჩამოსწია ის მავთული და ისეთი ჟღარუნი აუყენა, რო ძაღლმა კუდი ამოიძუა და ეზოდან წკავწკავით გავარდა. ჩიტებს ხო თვალიც ვეღარსად მოვატანეთ!დავუკალი კარგი ჯაჭვედა დედალი, გავუშალე ლაზათიანი სუფრა, მაგრამ სულ ტყუილად...ჯერ კი ერიდებოდნენ, მაგრამ მერე და მერე ისე შეეჩვივნენ, ისე გაუთამამდნენ, რო აინუნშიც აღარ აგდებდნენ.მოკლედ, სულ გაგალეს მთელი ხეივანი, ერთი საღი მარცვალი აღარსად შეარჩინეს!..დარჩა ეს საწყალი ჩემი ქმარი იმ წელიწადს უღვინოდ და ჩამოყარა ყურები, მაგრამ ჩამოიარეს ერთ მშვენიერ დღესაც ვიღაც ჯეელმა ბიჭებმა ყვირილით – ყურძენი, დასაწური ყურძენიო!გავედით, გავხედეთ – კახელები არიან დიდი მანქანითა.რას აფასებთო?ორმოცდაათ თეთრს კაპიკი არ მოაკლდებაო.მუქთი, ქა?!გავუსინჯეთ გემო – შაქარი!განა შეევაჭრა, ან რამე, არა! ბიჭის ქორწილისთვის რის ვაინაჩრობით შეკოწიწებული ერთი ხუთასი ლარი მქონდა შენახული, მაიტა აქაო! და გამოვუტანე, რაღას ვიზამდი...ჩვენ ახლოს არ მიგვაკარეს – იმ კახელებმა სულ თავისი ზურგით შეზიდეს მარანში ერთი ტონა ყურძენი და გაამსეს საწნახელი. გოგიამ თვალი მიყო – აბაო, დატრიალდი ეხლა შენებურათაო და გავუშალე მეც კარგი სუფრა.დასხდნენ და დაიწყეს პატარა ჭიქებით სმა. ახლა სჭამენ, სჭამენ, საწყლები, რო სულ ერთმანეთსა სტაცებენ ხელიდანა. მშივრები, ქა?!მამიკვდა გული...ცოტა რო დანაყრდნენ, ერთი ეუბნება: გოგია ძიაო, ამ ყურძენს ძაან მაღალი შაქრიანობა აქვს და, იცოდე, წყალი უნდა დაასხაო, ას ლიტრაზე ათი ლიტრა მაინც უნდაო.ხოოვო, ეგრეაო, - უთხრა მეორემაც, შოფერმა, - არ დაასხამ და ცოფი გამოგივაო.დავასხამ, მა რას ვიზამ, კაცოო, მააო! – და ეცინება ულვაშებში თავისებურად.ის ბიჭები რო გააცილა, მობრუნდა და – აბა, დედაკაცო, წყალი გაათბე, ფეხები უნდა დამბანოო!მე ვუთხარი, კაცო, ნასვამი ხარ, დაწექი, დაისვენე, სად გაგექცევა ეგ ყურძენი-მეთქი.არა, თავისნათქვამაა ძალიან...რაღა უნდა მექნა, გავათბე წყალი, ჩავაყრევინე ტაშტში ფეხები და ვბან. რ


Last edited by გაგა on Sun Mar 22, 2009 7:34 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   Sun Mar 22, 2009 7:33 pm

რაღაცას ბურტყუნებს თავისთვის, მივუგდე ყური – წყალი არა, მაგათი ყველაყისამაო, გამომივიდნენ ეგენიც მასწავლებლებიო!..მე ვუთხარი, კაცო, გოგი, ადგილის კურდღლისა ადგილის მწევარმა უფრო არ იცის? რახან გითხრეს, კიდეც უნდა დაასხა-მეთქი.ნეტაი შენა, მოგცლიაო და ჩადგა საწნახელში...პირველი წვენი რო წამოვიდა, მომატანინა ჭიქა და დაილოცა – აბაო, მრავალ შემოდგომას დაგვასწროსო, ბარაქა და დოვლათი არ მოგვაკლოს ღმერთმაო! – მიიყუდა, დალია და გაუნათდა თვალები, - რა არი, რა არიო! გასინჯე შენცაო.დავლიე... ტკბილია, ტკბილი, რო ყელსა სწვამს!კაცო, ძაან ტკბილია-მეთქი...მა როგორ გინდაო, ესაო კახური რქაწითელია, განა ჩვენებური კრიკინააო!ხოო და, იმიტომაც უნდა წყლის დასხმა, კრიკინა რო არ არი-მეთქი.აბა, ყური მიგდე, დედაკაცოო, იმათი ანგარიშით, იცი ამას რამდენი წყალი უნდაო? ორმოცდაათი ლიტრაო!ცოტა არ იყოს, მეც შევფიქრიანდი, ქა – ამდენმა წყალმა ემანდ ღვინო არ წაახდინოს-მეთქი და გავჩუმდი, აღარაფერი მითქვამს.სამი კვირა ჭაჭაზე ადუღა და მერე ბალონებში გადაიღო. ნოემბერში კიდევ გადაიღო და დეკემბერში, მესამედაც რო გადაიღო, ძმისწულები ჩამოუვიდნენ ქალაქიდან. დალიეს, მოილხინეს. უფროსი ბიჭი იძახდა, კახურად დავასხათ, კახურად, თორე დაგვხოცამს ესაო, ძაან მაგარიაო! მაგრამ ვინ დაუჯერა, სუ პირთამდინ ავსებდნენ და ბოლომდინ სცლიდნენ.ჯერ ის საღვინეც არა ჰქონდათ ძირამდინ დაყვანილი, რო უმცროსი ბიჭი აუხირდა – შენაო, ბიძაჩემოო, ჩემი ძმა გიყვარს და მე არაო!აბა, რას ამბობ, კაცოო?!რასაც ვამბობო!არაო, შვილოო, შენც მიყვარხარო!არაო, არ გიყვარვარო!მიყვარხარო!არ გიყვარვარ, შენი ასე და ისეო! – და წამოავლო საღვინეს ხელი.ატყდა ერთი დავიდარაბა და წიოკი.ეს დიდი ბიჭი შუაში ჩავარდა, ეხვეწება, ემუდარება – კარგი, ბიჭო, რა მოგივიდა, ცოფი ხო არ დალიეო! მაგრამ აღარა ქნა, ქა, ისეთი პირით აგინა, ისეთები უთხრა, რო ყურში არ შეიშვებოდა. ბოლოს წამოხტა და გავარდა იმ უკუნეთში გარეთ.ავიღეთ ფარნები და წავედით სამივენი საძებნელად, მაგრამ რაღას ვიპოვნიდით, დაეკრა თურმე ფეხი და ქალაქში წასულიყო.მივბრუნდით შინა. ისეთები ვართ, დანა რო დაგვკრა წვეთი სისხლი არ გამოგვივა, არც მე და არც იმათ.არ უნდა მეთქვა, მაგრამ გაბრაზებული ვიყავი და ვეღარ მოვითმინე – კაცო, ხო გითხრეს და რატო არ დაასხი ის ოხერი წყალი-მეთქი!ჰე, გაგიჟდა, გასულელდა, სუ მილეწ-მოლეწა ყველაფერი. ძმისწული რო იქ არა ჰყოლოდა, უსათუოდ მომკლავდა!არაო, - იმანა თქვა, - ღვინო რა შუაშიაო, პირველად ხო არ აკეთებს, არ იცით, რანაირი ხასიათი აქვსო?ერთი კვირის მერე ჩვენი ბიჭი მოვიდა, ენაცვალოს იმას დედა!ბიჭო, გურამო, ეს ახალი ღვინო რო არ გაგისინჯია შენაო?დასხდნენ და დაიწყეს სმა.გოგია კახურად ასხამს, ლამის ნახევრად ავსებს ჭიქებსა, ის კიდევ: თითო პალტავა არ დავლიოთ, მამიო?ეს პალტავა უნდა ნახოთ, რა არი – ნახევარ ლიტრზე მეტი ჩადის შიგა!არაო, შვილო, ჭიქებითა ვსვათ, ესე აჯობებსო...ეე, გაშრა, კაცო, ყელიო!დამიჯერე, შვილო, სხვანაირი ღვინოა ესაო...რა სხვანაირი, მაგისთანები დამილევიაო?ცოფია, ბიჭოო!მაიტა, დედი, პალტავა მაიტაო!რა ვქნა, გოგი-მეთქი?მოუტანე და ჩაიხეთქოს მუცელიო!მივუტანე.დალია... შენაო, მამიო, რათა ხარ ეგეთი ჟმოტიო?რა ვარო?!რაც გაიგეო!არა, არა, რა არი ეგა, რა სიტყვააო.რაი და ძუნწი ხაარო.ბიჭო, უმაღლესი დაგამთავრებინე, ქალაქში ბინა გიყიდე, გაცმევ, გაჭმევ, გახურავ და კიდე მე ვარ ჟმოტიო?!ჟმოტი ხარ, მა რა ხარ, ერთი მანქანა გენანება რო მიყიდოო!კაცო, სადა მაქ მანქანის ფულიო?!ისე კარგა გააქო, რო!მაშ, მტყუნისაო?მტყუნის დედაო!რაიო?!წადი, შენიო, და წამოავლო იმანაც საღვინეს ხელი, უნდა დაარტყას, ქა?! ჩავვარდი შუაში. ატყდა ერთი გამიშვი და გამოუშვი. ვწივივარ და ვკივივარ, ვწივივარ და ვკივივარ. ესენი იგინებიან, იგინებიან, რო აღარაფერი შეარჩინეს ერთმანეთს. ახლა, ხან აქედან მომხვდება თავში, ხან – იქიდან, იმ გაწევ-გამოწევაში სუ შემომახიეს ხალათი.ძლივს დავაშოშმინე, ქა?!ბიჭს მაღლა გავუშალე ლოგინი, ამას დაბლა, ფეჩთანა.მე შუაღამემდე არ დამეძინა – ვიტირე, ვივაგლახე...დილით რაღაც ლაწა-ლუწის ხმამ გამაღვიძა. ვაიმე?! წამოვხტი და გავვარდი კარში.შესულა ჩემი ქმარი მარანში, შეუტანია დიდი კეტი და ამტვრევს ამ სავსე ბალონებსა!ვეცი ხელებში, რას აკეთებ, კაცო-მეთქი!გამეცა, უნდა დავლეწო სულა, ამისი მამტანის მკვდარი და ცოცხალი, ამისიო!შე კაი კაცო, მაგის მამტანმა არ დაგარიგა, წყალი დაასხიო, რატო არ დაასხი-მეთქი!ოხ, შენი დედა, შენიო და დამიშვა კეტი. აი, ეხლაცა მტკივა მხარი.შემოვარდა ბიჭი და გამოუწია ყელი: ბოდიში, მამი, მაპატიე რა, მე ვარ ყველაფერში დამნაშავეო...არაო, შენ არაო, კახელების ბრალია ყველაფერი, მაგათი ასე და ისეო!გამოვბრუნდი და გამოვედი კარში.აბა ის კახელები რა შუაში იყვნენ, საწყლები, კარდაკარ მოსიარულენი, მშივრები, ქა, მშივრები... ხო უთხრეს, წყალი დაასხი, თორე ცოფი გამოგივაო, რატო არ დაასხა.თავისნათქვამაა და იმიტომა.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Guest
Guest



PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   Fri May 22, 2009 10:12 pm

შენი სულიერი სამშობლო


რევაზ ინანიშვილის შემოქმედებაში ყველაზე მეტად მწერლის მახვილი თვალი და ყური გაოცებს. პატარა, ხელისგულისოდენა მოთხრობებით იგი თითქოს ჩვენც თვალს გვიხელს, სმენას გვიმახვილებს და ჯადოსნური სიცხადით გვიჩვენებს ავკარგიან ქვეყანას, სადაც თავადვე ცხოვრობს_ეს მისი სამშობლოა, რომელიც უკვე მკითხველის სულიერ სამშობლოდ ქცეულა.
ერნესტ იუნგერის აზრით, მწერლის ამოცანა სწორედ სულიერი სამშობლოს შექმნა _”ეს შეიძლება იყოს მოკრძალებული ნიში წმინდანის გამოსახულებით, ჭიშკართან გამოდგმული სკამი, სოფლური ქოხი, სასახლე, ტყეები, მთები ან კოსმოსური სივრცე.. პოეტი ქმნის, რათა ყველაფერი ეს იცნონ და დაიმახსოვრონ, შემდეგ კი სულიერ სამშობლოდ გაიხადონ... იქ, სადაც პოეტები არ არიან, სიცარიელე ისადგურებს”.

მწერლის მიერ შექმნილი სულიერი სამშობლო ხშირად უფრო რეალურია და მიმზიდველი, ვიდრე ნამდვილი. რევაზ ინანიშვლისათვის ეს იყო სოფელი, მინდორი, ივრის ჭალები. მიდიოდა იქ ”დაღლილი, მხრებდაღუნული, იმ იმედით, რომ სოფლურმა მყუდროებამ იქნებ ცოტა მაინც მოუფონოს გულზე, რომელზედაც, აი, მთელი თვეა თითქოსდა მარწუხებს უჭერენ ვიღაცანი”.
ჩვენც, მისი მკითხველებიც, სწორედ ამ იმედით, ამგვარი სასოებით მივდივართ მის მიერ შექმნილ სამყაროში, სადაც მდინარის პირას ერთი ”გამოღრმავებული კბოდეა, შიგ თბილი მზეა ჩამდგარი~, მივალთ მივსხდებით იმ გამოღრმავებულში და საკუთარი სამშობლოს განცდით ვტკბებით.
...ახლა იქაც ზამთარია თებერვლის თრთვილს შეუხორხლია ხეები. ბუჩქები, გადაუთეთრებია მიწა. თხელ გუბეებში წყალი ჩაყინულა. ყინულის თხელი, სიფრიფანა არშია გასდევს მდინარის მთელ ნაპირსაც. ”ხეებზე შავი, ნაღვლიანი ჩიტები სხედან და აბუზული მხრებით ელაპარაკებიან ცას”.
იალნოს მთის ფერდობზე გადმომდგარა ხე ფოთოლგაძარცული, ყინვისგან შეჭირხული ტყე-გაყუჩებულა, თავის მარადიულ ფიქრებში წასულა. და უეცრად, რაღაც სასწაული ძალით, გაიხსნება ზეცა, ღრუბლებიდან მზე გამოიხედავს და ფერდობზე კალოსოდენა ადგილს გაანათებს. კალოზე ხალხი შეყრილა. წამოვა, გამოსცდება იმ ხალხს ”ორი მშვენიერი ქალბატონი”, ერთს თავზე მოხვეული და ბოლოებით მკერდზე გადაჯვარედინებული ქიშმირის შალი ზურგზე აქვს შეკრული. მეორეს მოთხილამურის თბილი ქუდი ახურავს-ყურებზე და შუბლზე ჩამოწეული. ორივე ერთად რვა ან დიდი-დიდი რვანახევარი წლისა იქნება. მოვლენ, ამოგიდგებიან აქეთ-იქიდან, ჩაგკიდებენ პატარა ხელებს და წაგიყვანენ იმ განათებული კალოსკენ.
გაკვირვებული, ცოტა არ იყოს დაბნეული ათვალიერებ ხალხს და ნელ-ნელა ყველას სცნობ. ვინ აღარ მოსულა აქ, იალნოს ბურუსიან ფერდობზე: ანანურელი ულამაზოები – კუშტად მომზირალი, მგლის ლეკვებივით აჯაგრული კომბლებიანი ბიჭები; ირინე თეთრაშვილის აფრია, თვითონ ირინე თეთრაშვილი, გუჯა –აფრიას ძმა და მათი ახოვანი მამის ლანდი, რომელსაც ხელები გულზე დაუკრეფია და ნაღვლიანი თვალებით უყურებს ცოლ- შვილს; უკუღმა დაჭერილი – როგორღაც საშაროდ გალაჯული, დოინჯშემოყრილი ყმაწვილი; გამოვა ბურუსიდან იაკოფა მენახირეც და დაებჯინება თავის გრძელ ჯოხს; გვერდიგვერდ დგანან შიო პაპა და უშიშა პაპა, ჯოხირეცხა იოსება, ძმები დათია და გოგია, ბასა ბურკიაშვილი, მოდიდან გამოსული პოეტი, რუხი პიჯაკის სახელოებზე შავი სატინის სამკლავური რომ უკეთია; კიდევ ვანო ბუჭყიაშვილი და იმისი პატარა ბიჭი მიხო, რომლებსაც შინ არც ავეჯი აქვთ და არც ჯამ-ჭურჭელი, სამაგიეროდ, ერთი დიდი ფარდაგი აქვთ, გაშლიან ძირს და კოტრიალობენ ყველანი ზედ – ვანოც, მიხოც, მამუკაც, იმათი დედიკოც და თუ სტუმარი მოუვათ – ისიც; აქ არიან გოგია და ბახა, ელგუჯა და ჭიჭო, ბიბო, ჩიტების გამომზამთრებელი ბიჭი, ”ვიწროების მგელი” - ჩოფურა შალიკო, ანდრია და, რაც მთავარია, მეტყველე დათიკო; ცოტა იქით მოჩანან : ბარბარე ბადაური, დედა მარიამი, ძველი ქართველი ქალი, გადაბმული ესტატე, თინა და სანდრო, უშიშარი ბიჭი იოსება, პოეტი გიგლია; ხმაურობენ, ჟღავ-ჟღუვობენ უბედენთიანი კოხორაშვილები, ცეტები, ბღუკები... ჩაჩაურს ცალ ხელში გაშიშვლებული ხმალი ჩაუბღუჯავს, მეორეში _ სანთელი; მოკრძალებით, დარცხვენით დგას იმ ხალხში ხორასნელი ჭაბუკი; აქვე დარეჯანი _ ტანად დიდი, დიდად მომზირალი, ღონიერი ქალი; ხელიხელჩაკიდებულნი გზაზე გამდგარან იღლიაში დახვეულ ტიკამოჩრილი გოგია ბატატაშვილი და იმისი მორცხვად მომღიმარი საყვარელი მაყვალა ჯარიაული; იღიმებიან ბალნიანი, ბაყია და მანეთიანი კოლა; აქ არიან ყროლებიც _ ლაფანა, ატაცებული და ბაზარნიკი ჯალიაშვილიც აქვეა და იმათაც სიამის ღიმილი გადასდით სახეზე; ამ ხალხში დსუნსულებს ფაფხაჭელაანთ ძაღლიც.... ხოლო მაღლა, ერთ თოვლიან ბორცვზე, ცალკე დგას კომბალზე დაყრდნობილი, მთლად გადათეთრებული უსინათლო მოხუცი, რომელსაც ქინთა-ქინთად ქცეული ახალუხის ჯიბის პირზე სამი რუსული ძველი მედალი ჰკიდია _ გამურულ ქვაზე დაღვენთილი წმინდა სანთლის ფერისა.
იქით კი, ნისლიანი ტყის პირში, ათასამდე შავი ლანდი შექუჩებულა და რაღაცას ბჭობენ. მერე განცალკევებით მდგომი ანაფორიანი მღვდელი ხელს რბილად ჩამოუსვამს ჰაერს და ვიღაცა სუფთა, მშვენიერი ხმით დაიწყებს:

ზამთარიაო, ჰეე, ჰარალო.ო...
ზამთარი ვარდსა დააჭკნობს,
ფურცელი ჩამოცვივაო...


თვალებგაბრწყიინებული დგახარ და ვერ გაგიგია, ცხადში ხარ თუ სიზმარში, მაგრამ ნელ-ნელა ერკვევი და ხვდები, რომ არც ცხადია და არც სიზმარი _ ეს შენი ქვეყანაა, შენი სულიერი სამშობლო.


ზამთრის სურათი

სუფრას სამნი უსხდნენ: დომბური, კოლა და მაღალი გივია.
დომუფი თამადაა, მაღალი გივია- მასპინძელი და ამიტომაც დიდი, ხუთჩარექიანი ხელადიდან ღვინპს ის ასხამს.
კოლა ამათი ძმაკაცია.
მასპინძლის თხუთმეტი წლის ბიჭს-ვასიკოს ბუხარში შეუყვია თავი და მწვადს წვავს კაცებს საჭმელი მოუნარიკლებიათ-ვასიკოს ბუხარში შეუყვია თავი და მწვადს წვავს. კაცებს საჭმელი მოუნარიკლებიათ-სუფრაზე პური და მწნილიღა უდგათ თეფშებით. დომბური სადღეგრძელოს აჭიანურებს- მწვადს ელოდება, თვალი წამდაუწუმ ბიჭისკენ გაურბის -ჰა, კაცო,გაშრა ყელი! _ამბობს გივია. დომბური სავსე ჭიქას აიღებს, ღვინოში ცერა თითს ჩაყოფს, შიგ ჩავარდნილი პურის ნამცეცი უნდა რომ ამოიღოს, წვალობს, მაგრამ ვერაფერს უხერხებს. ბოლოს ისევ ბიჭისკენ გაექცევა თვალი:
-რად, უნდა ბიჭო, მაგდენი?! მიიდე ლოყაზე, თბილია- მაიტა!
ბიჭი ბუხრიდან გამოიხედავს- სახე წითლად უღუის, კვამლისგან თვალები ეწვის:
-უმია, ძია..
-მგელი სულ უმსა სჭამს და როგორი ბიჭია?
კოლას გაეცინება, მაღალ გივიასაც. დომბური გაკვირვებული უყურებს იმათ.
ბიჭი შამფურებს გადააბრუნებს და ნაკვერჩხალს სულს შეუბერავს. გული გარეთ მიუწევს.
გარეთ კი თოვს, თოვს, რომ მეტი არ იქნება!
თეთრი, ფაფუკი თოვლი დევს ეზოებში, სახლის სახურავებზე, გზაზე, ღობეებზე. თოვლით შესუდრულა სოფლის შემოგარენიც- დიდი, განიერი მინდორი, რომელსაც„ ნაფეტვრებს“ ეძახიან. შორს, ნაფეტვრების ბოლოში მოჩანს განაცისფრებული ტყისპირი.
ბიჭი წარმოიდგენს. რომ ტყის პირიდან მგელი იცქირება- დიდი, აი, ამ დომბურისოდენა ხვადი. გაუნძრევლედ დგას. ხშირ ბალანზე თოვლი დასდის და დაჟინებით უყურებს თოვლში ჩაჩუმქრულ სოფელს, საკვამურებიდან ამომავალ ბოლს, მისდის მწვადის სუნიც.
-მგელი სულ უმსა სჭამსო! - როხროხებს მაღალი გივია.
-ჰო, რა იყო, ტყუილია?! -ბრაზობს დომბური.
-მიიდე ლოყაზე, თბილია- მაიტაო!- იცინის კოლაც.
კაცებს ღვინო მოჰკიდებიათ.
ბიჭს ჩუმად, თავისთვის ეღიმება.
იქ კი ნაფეტვრების ბოლოში, თოვლით ჩამობურულ ტყეში, დათოვლილი ჯაგრცხილის ქვეშ მართლაც დგას დიდი ხვადი მგელი და სოფლისკენ ანთებული თვალებით იცქირება.

::
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   Wed May 27, 2009 11:06 am

წერილი ძმას

ძმაო სერგო! მე კარგად ვარ. ამჟამად ვიმყოფები ფშავში და ამ წერილსაც მაღაროსკარიდან გწერ. ეს არის პატარა, საცოდავი სოფელი თავისი უბადრუკი დუქნითა და ფოსტის შენობით. აქ მე პირიქითა ხევსურეთიდან ჩამოვედი, სადაც ვიმუშავე ძალზედ ნაყოფიერად - გავაკეთე მრავალი ესკიზი და ჩანახატი.
შენ ალბათ გიკვირს და ფიქრობ: რა მინდა მე ამ მივარდნილ მხარეში ან რამ მაიძულა აქ წამოსვლა. ვეცდები ყველაფერი წვრილად აგიხსნა: შენ იცი, რომ ჩემმა გამოფენამ, რომელიც ტფილისის სატუმრო “ორიანტში” ამა წლის მაისში მოეწყო, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეს გასაგებია, ტფილისი ხომ პატარა და ჭორიკანა ქალაქია. უნდა ვაღიარო, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო, ან არ ისურვა გაეგო ჩემი ნახატები. ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა ოფიციალური პრესაც. მაგალითად, გაზეთი “კომუნისტი” 9 მაისის ნომერში წერდა: “გამოფენილი სურათები მნახველთა გაკვირვებას იწვევენ. გასაგებიც არის, რადგან ასეთი გამოფენა, ჩვეულებრივი ევროპიული გაგებით, ტფილისში პირველად ეწყობა და კედლებზე არ ჩანს გართობის, ნუგეშის და მორალის გადმომცემი სურათები. სამწუხაროა, რომ მნახველმა დავით კაკაბაძის შემოქმედებაში ვერ აღმოაჩინა დიდი გემოვნების მხატვარი”. კერძო გამოსვლებში ჩემს შემოქმედებას უწოდეს “უსაგნო”, მე კი - “ფორმალისტი”.
დღევანდელ პირობებში ასეთი შეფასება არა მხოლოდ შეურაცხმყოფელია, არამედ ძალზე საშიშიც. მით უფრო, რომ ბოლშევიკური მთავრობა დიდად მადლიერი არ უნდა იყოს ჩემი ერთი საქციელის გამო: პარიზში ყოფნის დროს, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო განათლების კომისარიატმა დეპეშით სასწრაფოდ დამიბარა ტფილისში და ამასთან სამგზავრო ხარჯისთვის გამომიგზავნა 50 გირვანქა სტერლინგი. ეს ფული მივიღე ჭიათურის შავი ქვის საზოგადოების “ჩემო”-ს წარმომადგენლის ჯაყელისაგან დეკემბრის დამლევს, 1922 წელს. მაგრამ იმხანად საქართველოში დაბრუნება ვერ მოვახერხე და, საუბედუროდ ის ფულიც მალევე შემომეჭამა (მოგეხსენება, რა ძალა აქვს პარიზში 50 სტერლინგს).
შენ იცი, რომ ჩემი საფრანგეთში წასვლის მიზანი იყო მხატვრული საქმის შესწავლა. იმ ხნის განმავლობაში, როდესაც საქართველოს ყოფილი მთავრობა სტიპენდიას მაძლევდა, მე სისტემატურად და გულმოდგინედ ვმუშაობდი მხატვრობაში, მაგრამ როდესაც 1921 წლის მარტში დახმარება აღარ მომივიდა, იძულებული გავხდი მეცადინეობა შემეწყვიტა და მთელი ჩემი ღონე იქით მიმემართა, რომ თავი კერძო მუშაობით დამერჩინა. ამის გამო მხატვრული საქმის, ერთხელ შეწყვეტილის, დამთავრება ვერ მოვახერხე, შეუსწავლელი დამრჩა მხატვრობის ზოგიერთი უმთავრესი საკითხი. დაუმთავრებელი სწავლით კი საქართველოში დაბრუნება არ მივიჩნიე მიზანშეწონილად.
ვფიქრობ, ეს გარემოება საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ საბჭოთა საქართველოს მთავრობა ჩემზედ გაღიზიანებული იყოს. ამიტომ ავიკარ გუდა-ნაბადი, გადავიკიდე მხარზედ ჩემი “ეტიუდნიკი” და აქაურობას მოვაშურე.
მე ნამყოფი ვარ ბრეტანში - საფრანგეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში, ლამანშისპირა რაიონში, სადაც ბატონი ნიკო მარის რჩევით ჩავედი. ეს კუთხე საფრანგეთისა შესანიშნავია, მაგრამ ფშავსა და განსაკუთრებით, ხევსურეთს ვერ შეედრება.
არც კი ვიცი, სიტყვებით როგორ გადმოგცე მისი მშვენიერება. ამაში რომ დარწმუნდე, ერთხელ მაინც უნდა ახვიდე “დათვის ჯვრის” უღელტეხილზე და პირიქითა ხევსურეთს იქიდან გადაჰხედო.
ეს არის მკაცრი და შემაშინებელი სილამაზე, რომელიც სრულიად განსხვავდება ნაზი და თბილი იმერული პეიზაჟისაგან. გამოგიტყდები, იმან, რაც ამ პირველყოფილ ბუნებაში ვიხილე, ჩემს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
მე ფეხით გავიარე ას ვერსზე მეტი მაღაროსკარიდან სოფელ შატილამდე და უკან. მრავალჯერ დავსველდი მთის ჩქარ და ყინულივით ცივ მდინარეში, ზოგჯერ მშიოდა და, შენ წარმოიდგინე, მციოდა კიდეც, ამ გაგანია შუაზაფხულში, განსაკუთრებით, ღამით. ვინახულე ანატორის თავზარდამცემი აკლდამები და აგრეთვე ციხესიმაგრე შატილი, რომლის სახელწოდება, ჩემი ვარაუდით, ფრანგული სიტყვიდან - Chateau-დან (“შატო” - ციხესიმაგრე) უნდა მომდინარეობდეს. ეს აზრი უფრო განმიმტკიცდა, როდესაც შატილში ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა, მაჩვენა მისი წინაპრების ნაქონი ძველი ხმალი, რომელსაც თვითონ ქართულ “დავითფერულს” ეძახდა და რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა შუასაუკუნეების მარსელში დამზადებული იარაღი შესაბამისი დამღით: “David Ferari”.
მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც შემდეგ გადამხდა.
რადგან არც კარავი გამაჩნდა და არც სხვა რამ საძილე საშუალება, იძულებული ვიყავი ღამე რომელიმე სოფელში გამეთია. ერთხელ, როდესაც უკვე ღამდებოდა, სოფელი კი არსად ჩანდა, დავინახე ვიღაც კაცი, რომელიც ბალახს თიბავდა და ვთხოვე, ჩემთვის ღამე გაეთენებინა, რაზედაც იგი სიამოვნებით დამთანხმდა.
ეს კაცი აღმოჩნდა ვინმე ხირჩლა ჭინჭარაული, დაახლოებით ორმოცი წლისა.
ჩემმა მასპინძელმა ბალახის თიბვა მიატოვა და წინ გამიძღვა. ავიარეთ ფერდობი, ავედით ერთ მოშიშვლებულ მთაზე და გამოჩნდა ფუნის უზარმაზარი გროვა, ხოლო იმ გროვას რომ შემოვუარეთ, დავინახე მიწური სახლი, რომლის წინაც, მოტიტვლებულ ეზოში, 5 თუ 6 ბავშვი თამაშობდა. ჩემს დანახვაზე ისინი დაფრთხნენ და გაიქცნენ.
შევედით მიწურში, სადაც დაგვხვდა მასპინძლის ცოლი - ნაადრევად დაბერებული, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ ლამაზი ქალი.
დიასახლისმა დაგვსხა ტახტზე, წინ დაგვიდგა პატარა ტაბლა და შეუდგა ვახშმის სამზადისს.
მე ინტერესით ვათვალიერებდი ოთახს: გაშავებულ, პატარა ბუხარს, მის თავზე შემოდებულ, გამურულ ფანდურს, წყლის რამდენიმე თუნგს და ხის დერგებს, სადაც ჩემი მასპინძლები ყველსა და ერბოს ინახავდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი დამავიწყა ერთმა საკვირველმა თექამ, რომელიც მოპირდაპირე კედელზე იყო გაკრული.
ყოველი ნაწარმოების სიკარგე, ეს იქნება რეალისტური თუ აბსტრაქტული ხელოვნება, ან ორნამენტი, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც გამოსახულია ზედაპირზე, დამოკიდებულია იმაზე, იძლევა თუ არა იგი მაყურებელზე სივრცის განცდის შთაბეჭდილებას. სივრცის განცდა არის ერთი მთავარი მახასიათებელი ხელოვნებისა. თუ ხელოვნების ნაწარმოები ვერ იძლევა სივრცის განცდას, ის არც არის ხელოვნების ნაწარმოები. ცნობილია, რომ გეომეტრიული ანუ ხაზოვანი პერსპექტივა იტალიურმა რენესანსმა აღმოაჩინა და აქედან მოყოლებული ევროპულ მხატვრობაში სიბრტყეზე სამგანზომილებიანი სივრცის ილუზია სწორედ ამ ხაზოვანი პესპექტივით მიიღწევა. მაგრამ ხევსურულ მიწურში ნანახმა თექამ მე დამარწმუნა, რომ სივრცის გადმოცემა ხაზების სისტემის გარეშე, მარტო ფერების საშუალებითაც ყოფილა შესაძლებელი.
ეს იყო ფანტასტიური აღმოჩენა!
მე ამ აღმოჩენამ იმდენად შემძრა, რომ დამავიწყდა სად ვიყავი და ვინ ვიყავი. გონს რომ მოვეგე, უკვე ფეხზე ვიდექი და ჩემი გაოცებული მასპინძლების თვალწინ იმ საკვირველ თექას ხელით ვსინჯავდი.
ის არ ჰგავდა ჩვეულებრივ აბსტრაქტულ ნამუშევრებს - არც ფერით, არც კომპოზიციით და არც, მითუმეტეს, სიუჟეტით, მაგრამ მასში მე ვრძნობდი საქართველოს მიწა-წყალს, ზეცას, ჰაერსა და მის გამაოგნებელ კოლორიტს.
უნდა გითხრა, რომ ჩვენი წარსული ხელოვნების ფორმები ჯერ კიდევ შეუსწავლელია: ვერსად ნახავ დამაჯერებელ აზრს მათი ესთეტიური ღირებულების შესახებ. ჩვენში ყველანაირ სიძველეს ერთნაირ მნიშვნელობას აძლევენ და ხელოვნების ფორმის დაფასება მარტო იმით ისაზღვრება, რომ ის ძველია.
ეს ფარდაგიც ძველი იყო, მაგრამ მთელი ჩემი პარიზში ყოფნის დროს ასეთი ახალი და ორიგინალური არაფერი მენახა. თანდათანობით ვრწმუნდებოდი, რომ მისი ადგილი აქ არ იყო, ეს თექა ლუვრის საუკეთესო დარბაზში უნდა გამოეფინათ, რათა მისი ხილვით დატკბობის საშუალება მილიონობით ადამიანს მისცემოდა.
ამ ფიქრებიდან მასპინძლის ხმამ გამომიყვანა, რომელიც სუფრასთან მეპატიჟებოდა. ტახტზე ჩამოვჯექი თუ არა, ხირჩლამ ჟიპიტაურით სავსე პატარა ყანწი მომაწოდა და მე, როგორც აქ არის მიღებული, დავლოცე მისი ჯალაბი და საქონელი, შემდეგ კი ფრთხილად შევაპარე, რომ თექა ძალიან მომეწონა და რასაც დამიფასებდა, უყოყმანოდ გადავუხდიდი.
მან თავი გააქნია და მთხოვა, რომ ამ საკითხზე აღარ გვესაუბრა.
დავლიეთ კიდევ რამდენიმე ყანწი და ამასობაში დაღამდა კიდეც. არ ვიცი, სასმელის ბრალი იყო თუ კედელში ჩამაგრებული ჭრაქის მოლიცლიცე შუქისა - ხელოვნების იმ ნაწარმოებმა სულ სხვა, იდუმალი ფერი მიიღო და ჩემს თვალწინ სრულიად ახალი ღირსებებით წარმოსდგა.
ქალმა ბავშვები დააწვინა და მალე ჩვენც დასაძინებლად მოვეწყეთ, მაგრამ თითქმის მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, სულ იმ თექაზე ვფიქრობდი და ვგრძნობდი, რომ მის გარეშე აქედან წასვლა ჩემს ძალ-ღონეს აღემატებოდა. გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ეს შედევრი ხელში ჩემეგდო, რისთვისაც, მთელი ღამის განმავლობაში, საკმაოდ მარჯვე და ეშმაკური გეგმა მოვიფიქრე.
მეორე დილით ადრე ავდექით. დიასახლისმა სუფრა გაგვიშალა. ჩვენ დავსხედით და დავიწყეთ იმ საზიზღარი ჟიპიტაურის სმა.
სამ-სამი ყანწი რომ დავლიეთ, მე ისევ თექაზე ჩამოვაგდე ლაპარაკი. მასპინძელმა მითხრა, რომ ის მისი ბებიის დედის, ვინმე გულქან არაბულის ნახელავი იყო.
ჩემის მხრივ მე ვუამბე საკუთარი თავგადასავალი - ვუთხარი, რომ მხატვარი ვიყავი და ამ საქმეს საფრანგეთში ცხრა წლის განმავლობაში ვსწავლობდი. ველაპარაკებოდი, რა თქმა უნდა, მისთვის სრულიად გაუგებარ თემაზე: პარიზის ხელოვნების დღევანდელ მდგომარეობაზე, იქ არსებულ ორ უმთავრეს დაჯგუფებაზე, რომელთაგან ერთი განაგძობს კუბიზმის მონაპოვართა გაღრმავებას, მის ორგანიზაციას, სინთეზს, ახალი პირობების მიხედვით ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას (პიკასოდან დაწყებული ანდრე ლოტამდე), ხოლო მეორე ჯგუფი ან სარგებლობს უკვე მოცემული მხატვრული ფორმულებით (Andre Derain, Risling, Favori, Suzane Valadon, Marie Laurensin, Frie, Waroquier ) ან ფიქრობს ბუნების უშუალო გადმოცემაზე (Dunoger de Segonsas, Gromaire, Van Dongen, Vlamich, Grosz). ამასთან, არ დავუმალე, რომ ეს თექა ძირეულად განსხვავდება ამ ორივე ჯგუფის მიერ შემუშავებული კონცეფციისაგან და წარმოადგენს სრულიად ახალ, ჯერ კიდევ უცნობ მიმდინარეობას, რომელმაც, შესაძლებელია, რევოლუციური გარდატეხა შეიტანოს თანამედროვე ევროპის მხატვრულ რეალობაში. დასკვნის სახით კი ვუთხარი, რომ ჩვენი ვალია, ეს ნამუშევარი უსათუოდ გავაცნოთ ევროპელ მხატვრებს, რაც ორმხრივ სასარგებლო საქმე იქნება - ჯერ ერთი, რომ ისინი სულ სხვა თვალით შეხედავენ არა მხოლოდ საკუთარ შემოქმედებას, არამედ, თვალნათლივ დაინახავენ მხატვრობის განვითარების პერსპექტივებს და მეორეც, ჩვენი პატარა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და საამაყო იქნება ის, რომ ამ პერსპექტივას გენიალური ქართველი შემოქმედი, ანუ მისი დიდი ბებია დაუდებს სათავეს.
ჩემი საწყალი მასპინძელი მთელი ყურადღებით მისმენდა, მაგრამ ვეჭვობ, ჩემი ამ გრძელი ტირადიდან ნიშანდობლივ რაიმე გაეგოს, ამიტომ არც ვაციე, არც ვაცხელე და პირდაპირ ვუთხარი, თექა უნდა მომყიდო-მეთქი.
არაო, - მიპასუხა, - გუშინაც ხო გითხარი, რო ვერ გავყიდიო.
მაშინ, მაჩუქე-მეთქი!
ეს მზაკვრული ხერხი წინასწარ მოვიფიქრე და ჩემი გეგმის კულმინაციად დავსახე, რადგან ვიცოდი, რომ მთიელი კაცი სტუმარს ასეთ თხოვნაზე უარს ვერაფრის დიდებით ვერ ეტყოდა. მართლაც, ჩემს სიტყვებზე ძალიან მოიწყინა, სახე ხელისგულებში ჩამალა და დიდხანს, ძალიან დიდხანს იჯდა ეგრე. მე ვხვდებოდი, რომ მის არსებაში ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს: ვერც თექას ელეოდა და არც სტუმრის წყენინება უნდოდა, რის გამოც, ცოტა არ იყოს, სინდისის ქენჯნამ შემაწუხა, მაგრამ ოღონდაც ის დაუძლეველი სურვილი ამესრულებინა და იმ წუთში ყველაფრისთვის მზად ვიყავი.
ბოლოს, როდის, როდის თავი აიღო და შემომხედა. შევცბი: თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. მერე არაყი დაისხა, დალია და დაახლოებით ასეთი რამ მითხრა: “მე ადრე დავვობლდი. ექვსი წლისას დედა მომიკვდა, რვისას - მამა. ბებია მზრდიდა, მაგრამ თორმეტისა რო შევსრულდი, ისიც მომიკვდა. დავრჩი მარტო. საქონელს ვუვლიდი, თივას ვამზადებდი, ტყიდან შეშას ვეზიდებოდი. აქ მკაცრი ზამთარი იცის - თოვლი, ყინვა, ზვავები. კარგად რომ მოვიზარდე, ეს ჩემსავით ობოლი, ბოგანო ქალი შევირთე და ოჯახი კომლად ვაქციე. ექვსი ბალღი გვეყოლა, სულ ერთმანეთის მიმდევნოები. მამლის ყივილზე ვდგები, ვწვალობ, ვშრომობ, წელებზე ფეხს ვიდგამ, რომ ჯალაბი როგორმე გამოვკვებო, მაგრამ მაინც მშივრები და შიშველ-ტიტვლები ვყრივართ. ზოგჯერ ისე შემჯავრდება ყველაფერი, რო თავის მოკვლა მინდება. მოვალ დაღლილ-დაქანცული და ტახტზე მივეგდები - არ ვიცი, თოფი დავიცე თუ ხანჯალზე დავეგო, მაგრამ ამ თექას რო შევხედავ, გულში ნათელი მიდგება, ყველაფერი მავიწყდება, ისევ კაცი მგონია ჩემი თავი, - ერთხანს იყუჩა, მერე ყანწი ისევ შეავსო და თქვა, - ეხლა, როგორც შენ იტყვი, თუ ეგრე გულით გინდა, ადექი, ჩამოხსენი და წაიღე”.
მე ვეღარაფერი ვაწამე, ერთხანს გაოგნებული ვიჯექი, მერე ავდექი, გადავეხვიე, ორთავ მხარზე ვაკოცე, დავემშვიდობე და წამოვედი.
ახლა მაღაროსკარის ფოსტაში ვზივარ და ამ წერილს გწერ. სრულიად არ ვნანობ, რომ ის თექა არ წამოვიღე. ალბათ, ისევ იმ გამურულ კედელზე ჰკიდია და მის პატრონს, ერთ უბრალო ხევსურს, ცხოვრების ამაოებისაგან აწეწილ სულს უმშვიდებს. ხელოვნების უმთავრესი დანიშნულებაც ხომ ეს არის.
მარად შენი მოყვარული ძმა დავით კაკაბაძე.
4 აგვისტო. 1928 წელი.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   Tue Jun 30, 2009 11:22 pm



მეოთხე ნომერი გამოვიდა ლიტგაზეთის და რაკი მე აქ "სტუმრებში და მასპინძლებში" აღარ მიშვებს და ბექა ფიცხელაურიც არა ჩანს, რომ შევჩივლო, აქა ვდებ ამ ახალი ნომრის სურათებს.

და ამ ნომერში დაბეჭდილია ნუგზარ შატაიზის ლექსები.
არ ვიცოდი, თუ ლექსებსაც წერდა ნუგზარი...

დავბერდი

დავბერდი, დავჩაჩანაკდი,
წვერი შემექნა ჭაღარა,
შინ ჯალაფთ მოვძულებივარ,
გარეს ვუნდივარ აღარა.
ხალხური


მაღლიდან წვიმა მოასხამს -
მიწისა არი, არ ცისა,
სახეს მისველებს ტიალი,
შამღონებელი კაცისა.

ჟამი გასულა რამდენი,
ნურავინ იტყვის - წამია,
გახუნებულა ყოველი,
აქამდე რაც მიწამია.

ვზივარ და ჩუმად ვიგონებ
ჩავლილ-გამოვლილ ყოფასა -
სულ მუდამ ჯაჭვით დაბმულსა
იმ ღრჯოლებიან ქოფაკსა.

ფანდურიც დამძველებია,
ვეღარ გავუბი ლარები,
რა თავში ვიხლი - გამოჩნდა
შავეთის შავი კარები.

უცხონი დამწკრივებულან,
მიაწითლებენ ქვიშასა,
სხვათა სიმღერებს მღერიან,
ლაპარაკობენ სხვისასა.

2008

Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   Wed Mar 24, 2010 9:04 am

ნუგზარ შატაიძე

ორი მეგობარი

დამარცხებული ჯარი დასავლეთისკენ იხევდა. დღე თოვდა, საღამოობით ყინავდა, მაგრამ მტრის შიშით ცეცხლს ვერ ანთებდნენ დ ამიტომ სველები და დაღლილობისგან გასავათებულები ღამითაც ვეღარ ისვენებდნენ.
დილით ხან ვის მოისაკლისებდნენ, ხან _ ვის. გაბეზრებული, გულგატეხილი ჯარი იქსაქსებოდა, დღითი დღე მცირდებოდა. სითბოს და ცხელ შეჭამანდს დანატრებული მებრძოლები შინ დაუკითხავად მიდიოდნენ.
რამდენიმე დღე იავდრა, მერე თითქოს გამოიდარა, დათბა, თოვლი წყლად იქცა, მაგრამ წამოვიდა სულ მალე ჩრდილოეთიდან შავი ღრუბელი, ცა შეკრა და ქვეყნიერება კვლავინდებურად ჩამოაბნელა.
თებერვლის თოვლი მარტის თოვლ-ჭყაპმა შეცვალა. გზები ატალახდა და აილინჭყა.
ბათუმშიც უჟმური ამინდი იდგა. ქალაქი სქელ ბურუსში გახვეულიყო. ირგვლივ აღარაფერი ჩანდა. ჩამუქებული ციდან ნაპირზე გამორიყული მკვდარი მედუზის ნაფლეთებივით ცვიოდა თოვლის სველი, მძიმე ფანტელები და ბულვარსა და მის ჩასწვრივ ჩარიგებულ მაგნოლიებს ზედ ადნებოდა.
ზღვა ავის მოლოდინში გატრუნულიყო.
პორტში იტალიური სამგზავრო გემი "კირალი" იდგა. იქიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. გემბანზე ორიოდ ნათურა ენთო და იქაურობას უსიამო, ყვითელ შუქს ჰფენდა.
შავტუხა, ხუჭუჭთმიანმა იუნგამ სამზარეულოდან ლანგარი გამოიტანა, ხალიჩით მოგებული ვიწრო დერეფანი გაიარა და ერთი კაიუტის კარზე დააკაკუნა.
_ Entrez!! _ მოისმა იქიდან
იუნგამ კარი შეაღო და შევიდა.
მაგიდაზე გაშლილ რუკას სამნი ჩასცქეროდნენ: მაღალი, თეთრწვერა, მედიდური სახის მოხუცი, შავულვაშაპრეხილი, სმოკინგიანი კაცი და მელოტი გენერალი. ეს უკანასკნელი ხელების ენერგიული ქნევითა და გაცხარებით ლაპარაკობდა, ეს ორი კი ჩუმად უსმენდა.
იუნგამ ერთხანს ყური უგდო მისთვის სრულიად უცხო, გაუგებარ ენაზე მოლაპარაკე გენერალს და რატომღაც მოეჩვენა, რომ იმ ორ სინიორს ისევე არ ესმოდა მისი ნათქვამის აზრი, როგორც თვითონ. მერე ლანგარი მომცრო მაგიდაზე დადგა, ფინჯნებში ყავა დაასხა და კაიუტიდან ფეხაკრეფით გავიდა.
ღამეული ქალაქი ავისმაუწყებელ სიჩუმეს მოეცვა. მდუმარედ იდგნენ დარაბებითა და სქელი ფარდებით ფანჯრებდაგმანული სახლები.
ქიაზიმ-ბეის რამდენიმე დღის წინ ართვინი აეღო და ქართველების დახმარების საბაბით ბათუმში დიდძალი ჯარით შემოსულიყო.
ქართველები კი სასტუმრო "ორიენტის" რესტორანში ისხდნენ და ქეიფობდნენ.
ვისაც ომში დამარცხებული ქართველის ქეიფი არ უნახავს, ამ სურათს ძნელად წარმოიდგენს: სვამდნენ უხმოდ, ხარბად და რაღაცნაირი დაჟინებით. სიჩუმეში ისმოდა ჭურჭლის წკრიალი, დანა-ჩანგლის წკარუნი და ორად ორი სიტყვა: "ალავერდი" და "იახშიოლ". სუფრას შუახნის კაცი, ცნობილი თელაველი თამადა ყარანგოზაშვილი უძღვებოდა, დანარჩენები, თითქმის ყველანი, ერთპირად ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ.
სამხედრო სკოლის კურსანტი სანდრო ლომოური ღვინოს არ სვამდა, ისედაც მაღალი სიცხე ჰქონდა, გაბრუებული იჯდა და ეჩვენებოდა, რომ ყველაფერი წყლის ფსკერზე ხდებოდა, _ სუფრასთან მსხდომი მისი ამხანაგები თევზებივით უხმოდ ალამუნებდნენ ტუჩებს, თითქოს თვითონაც რაღაც მღვრიე, ბლანტ სითხეში ჩაძირულიყო და გრძნობდა, როგორ ნელ-ნელა პატარავდებოდა, ილეოდა, ნამცეცდებოდა და ის იყო, უნდა გამქრალიყო, რომ რაღაც სასწაულის ძალით, ისევ იზრდებოდა, თავბრუდამხვევი სისწრაფით დიდდებოდა, ლამის მთელი სამყაროსოდენა ხდებოდა და ასეთ დროს ყურში ცხადად ჩაესმოდა ყოველი ჩქამი, ყველა სიტყვა და ეჩვენებოდა, რომ ამ სიტყვებისაგან შეკოწიწებულ ყველანაირ აზრსაც, განსხვავებული, განსაკუთრებული სიცხადით სწვდებოდა.
ახლა სუფრაზე ჩამოწოლილ თითქმის აუტანელ სიჩუმეში მხოლოდ ყარანგოზაშვილის ხმა ისმოდა. იგი ყვებოდა ბოლშევიკებთან გადახდილი ომის ეპიზოდებს, რომლებსაც იმ ამბების მომსწრე საბჭოთა პაპები, მოგვიანებით, საიდუმლო ხმით უყვებოდნენ ხოლმე შვილიშვილებს, ისინი კი თავიანთ შვილებს. ლაპარაკობდა ისეთი უცნაური გზნებითა და გატაცებით, რომ სანდროს ყურში სულ ერთმანეთს დაჯახებული ხმლების წკრიალი და ზარბაზნების ეშხიანი ქუხილი ჩაესმოდა.
ბოლოს, ყარანგოზაშვილმა გაიხსენა ერთი ძველი შემთხვევა, ჯერ კიდევ მაშინდელი, როცა თბილისს აღამაჰმადხანი შემოესია და შეცბუნებულმა სანდრომ ავადმყოფური სიცხადით დაინახა თაბორის მთის ფერდობზე განლაგებულ მეზარბაზნეთა მცირე რაზმი, რომლისთვისაც ყიზილბაშებს ალყა შემოერტყათ და საშინელი ძალით უტევდნენ. გაიგონა მაიორ გურამიშვილის ხმაც, რომელიც თავის მებრძოლებს ასე მიმართავდა: `ძმებო, ქართველებო, ცხადად ვხედავთ, აუცილებელი სიკვდილია მოსული ჩვენზედ, მაგრამ ისიც შეგვიძლია, რომ მტერს უნამუსოდ დავნებდეთ. აბა, რომელი გირჩევნიათ, სახელიანი სიკვდილი თუ უნამუსო სიცოცხლე?~
ამ სიტყვებზე სანდრო ქვემოთ ჩაქანდა, გლიცერინივით ბლანტ სითხეში ჩაიძირა, დაპატარავდა, დაპატარავდა და სანამ საბოლოოდ გაქრებოდა, თვალი მოჰკრა, იმ მეზარბაზნეებთან ერთად თვითონაც როგორ დაიჩოქა, რანაირად აიღო სამი თითით მიწა და ზიარების ნიშნად როგორ შეჭამა.
გვიან გამოერკვა. დაფიქრებული იჯდა და არეულ სუფრას მიშტერებოდა. ისევ თვალწინ ედგა ბრძოლის სურათები, ყურში სროლისა და აფეთქების ხმა ჩაესმოდა.
თვითონ კოჯრის ბრძოლაში დაიჭრა. ჭრილობა არ იყო მძიმე _ შაშხანის ტყვიამ მუხლს ზემოთ, რბილში გაუარა, მაგრამ სისხლი ბლომად დაკარგა და ვანიჩკა გოგუაძე რომ არა, ვინ იცის, რა მოუვიდოდა. სწორედ მან გამოიყვანა ბრძოლის ველიდან და თბილისელ გოგოებს ჩააბარა, რომლებიც ფრონტზე, მშობლების დაუკითხავად, მოხალისე სანიტრებად წამოსულიყვნენ.
მერე შინ იწვა და სოფი პავლოვნა თურმანიძის მალამოთი მკურნალობდა.
თერთმეტ მარტს წამოდგა კიდეც. ბიძამ სარდაფიდან პაპის ნაქონი, ვერცხლისბუნიკიანი ხელჯოხი ამოუტანა და ოთახებში სიარულისას იმას ხმარობდა. გარეთ არ გაუშვეს, რადგან თბილისი უკვე ბოლშევიკების ხელში იყო.
იმავე საღამოს ვანიჩკა ესტუმრა, ჩაიზე უარი თქვა და ოთახში ბოლთა დასცა.
_ რა იყო, ვანო, რამ აგაღელვა? _ ჰკითხა სანდრომ.
_ ამბობენ, ბოლშევიკები დასახვრეტების სიას ადგენენო...
სანდრომ გაიცინა.
_ იცინე, ხო, იცინე და რო მოგადგებიან ხვალ-ზეგ, ნახავ!
სანდრო მიხვდა, რომ ხუმრობის დრო მართლაც არ იყო და ტახტზე წამოჯდა:
_ მაშ, რა ვქნათ?
ვანიჩკამ სკამი აიღო, მოიტანა და სანდროს წინ ჩამოუჯდა:
_ სანამ დროა, საზღვარგარეთ უნდა გავიდეთ, ჩვენი აქ დარჩენა არ ივარგებს...
ბათუმამდე ჯავშნოსან მატარებელს გამოჰყვნენ, რომელსაც ვანიჩკას ბიძაშვილი, გვარდიის მაიორი ალფეს გოგუაძე მეთაურობდა. ჩამოვიდნენ თუ არა, გაიგეს, რომ სამი დღის შემდეგ იტალიურ გემს მარსელში მიჰყავდა მგზავრები, მათ შორის _ საქართველოს ლტოლვილი მთავრობაც.
ალფესას დახმარებით "კირალზე" მესამე კლასის ორი ბილეთი იშოვეს და გემის გასვლამდე სასტუმრო "ორიენტში" დაბინავდნენ...


ღვინოს გაეჭრა. იუნკრები მღეროდნენ. რესტორნის მოსამსახურეები სამზარეულოს კარს მოსდგომოდნენ და სახეგანათებულები იქიდან იცქირებოდნენ.
სანდროს თვალწინ დაუდგა ტაბახმელას თოვლით შესუდრული მინდორი და იქ გათხრილი სანგრები, სადაც რეზერვისტების მეორე ბატალიონი და იუნკერთა კორპუსი იყო გამაგრებული.
მტერი მათ პოზიციებს ქვემეხებს უშენდა.
ერთი ჭურვი სულ ახლოს გასკდა და თოვლში შავად პირდაღებული უშველებელი ორმო გააჩინა. ჰაერში სველი მიწის სურნელი დატრიალდა და სანდროს ბალღობაში, სოფლად ყოფნის დროს ნანახი და მეხსიერებაში ღრმად ჩარჩენილი ერთი სურათი გაახსენდა: სოსნებითა და გვირილებით მოჩითულ, ბალახიან ფერდობზე ხარებშებმული გუთნეული გაბაწრულიყო და ნიავს იქიდან ტკბილი, ძარღვების დამადუნებელი "ოროველა" და ტოროლების გამაბრუებელი წკრიალი მოჰქონდა... "მალე გაზაფხული მოვა", _ გაიფიქრა მაშინ სანდრომ და უცნაური სიმშვიდე იგრძნო.


ახლა დაკვრის ხმამ გამოაფხიზლა: მედუდუკეთა დასტას ლეკური გაეჩაღებინა. ახალგაზრდა იუნკერი, გოგია ავალიშვილი მაგიდაზე შემხტარიყო და ცეკვავდა, დანარჩენები კი ტაშითა და შეძახილებით ამხნევებდნენ.
სუფრას ახალი სტუმრები შემომატებოდნენ, _ ვიღაც ხნიერი გენერალი და ახალგაზრდა, შავჩოხიანი მაიორი.
ცეკვა დამთავრდა.
ავალიშვილი მაგიდიდან ჩამოხტა, აღტაცებულ ხალხს თავი დაუკრა, დაჯდა და ოფლით გახვითქული თავ-კისერი ჭრელი ბაღდადით შეიმშრალა.
ყარანგოზაშვილს ხელში მოზრდილი სასმისი ეჭირა და სახეჩატეტკილი ამბობდა:
_ ბატონებო, ჩვენს სამშობლოს საბედისწერო ჟამი დაუდგა, ეს წუთია, გავიგეთ, რომ ქიაზიმ-ბეის თავი ბათუმის გუბერნატორად გამოუცხადებია, თავად ჩოლოყაშვილის ცნობით კი ბოლშევიკები უკვე ფოთში ყოფილან და ხვალ თუ არა, ზეგ აქ გაჩნდებიან...
სუფრაზე სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, რომელმაც კარგა ხანს გასტანა.
უეცრად გოგია ავალიშვილს ტირილი წასკდა და გარეთ გავარდა.
დანარჩენები თავზარდაცემულები ისხდნენ და თვალებზე ცრემლი უბრწყინავდათ.


გარეთ არყისფრად ენათა. წვიმას გადაეღო, მაგრამ ქალაქის თავზე გაწოლილი შავი ღრუბელი ისევ საავდროდ ემზადებოდა.
სასტუმროს უკანა ეზოში რომ გამოვიდნენ, ფანჩატურში დაბმული ორი ცხენი შენიშნეს, რომლებსაც ზემოდან ნაბდები ეფარათ.
ვიღაც მოხუცი ბერძენი გრძელტარიანი ცოცხით ეზოს გვიდა.
_ დილა მშვიდობისა, ძიაკაცო! _ უთხრა ვანიჩკამ.
_ აი, გაგიმარჯოს!
_ ეტლს ვერსად ვიშოვით?
_ ჯერ ვერა, ჯერ, აბა, ადრეა...
_ ეს ცხენები ვისია?
_ წეღან რო კნიაზები მობრძანდნენ, იმათი.
ქუჩაში გავიდნენ და პორტისკენ მიმავალ გზას ფეხით გაუყვნენ.


...ერთ საღამოს მამამ გამოაცხადა, _ ხვალ სადილზე აკაკი გვეწვევაო.
დილით დედამ თევზი შეწვა და ღომი მოხარშა, მამამ კი, მიუხედავად იმისა, რომ აკაკი ღვინოს ახლოსაც არ ეკარებოდა, სარდაფიდან ორი ბოთლი კახური ამოიტანა.
სადილად აკაკი მართლაც მობრძანდა.
სიხარულით მიეგებნენ, მაგრამ მოხუცს ერთხელაც არ გაუღიმია, დაღვრემილი სახით შემოვიდა და სავარძელში ოხვრით ჩაჯდა.
_ რა იყო, ბატონო აკაკი, ასე უგუნებოდ რატომ ბრძანდებით? _ ჰკითხა მამამ და წინ ჩამოუჯდა.
_ ეჰ, გული მტკივა, რომ უკანასკნელად გხედავთ... _ ჭაღარით მოსილი თავი უკან გადასწია პოეტმა.
_ როგორ თუ უკანასკნელად?! _ შეწუხდა მამა.
_ ხვალ საჩხერეს მივემგზავრები სამუდამოდ...
მამამ კრინტი ვეღარ დაძრა.
საუბარში დედა ჩაერია:
_ რად ბრძანებთ მაგას, ბატონო აკაკი, ხომ იცით, როგორ უყვარხართ ჩემს ქმარ-შვილს და გულს აგრე რატომ გვტკენთ?
აკაკიმ ამოიოხრა და იქვე, მის მუხლებთან ატუზულ სანდროს უმცროს დას თავზე ხელი დაადო:
_ რა ვქნა, არც მე მინდა მაგის ფიქრი, მარა ვიცი, რომ მეტს ვეღარ გნახავთ და ამიტომ მწყდება გული.
მალე სუფრას შემოუსხდნენ. მამა ცდილობდა, სტუმარი როგორმე გაერთო, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. აკაკი ისევ უგუნებოდ იყო. თევზის ერთი პატარა ნაჭერი დაიდო თეფშზე და ცოტაც ღომი. ის იყო და ის, მეტს არაფერს მიჰკარებია.
ყველას კრიჭა შეეკრა. ბავშვებმაც კი იგრძნეს უხერხულობა და მადა წაუხდათ.
_ რა ამბავია, აკაკი, ხომ არა გტკივა რა? _ ჰკითხა მამამ.
_ არა, ჩემო კარგო, უბედურებაც ეგ არის, რომ არაფერი მტკივა, მარა არ ვიცი... ეს ბოლო დღეებია მოვსხლტი როგორღაც...
ორი კვირის შემდეგ აკაკი წერეთელი სხვიტორში, თავის სახლში, ტვინში სისხლის ჩაქცევისაგან გარდაიცვალა...


...ბათუმის ვიწრო, ტალახიანი ქუჩები გაიარეს და სანაპიროზე გავიდნენ. ზღვა მშვიდად იწვა და სიცოცხლის ნიშანწყალს არ იძლეოდა.
სანდრო პირველად იყო ზღვაზე, ეუცხოებოდა ამდენი წყალი, უცნაური სურნელით გაჯერებული ჰაერი და ახალგაღვიძებული თოლიების გამაბეზრებელი, ყურისწამღები ჭყივილი.
ნავმისადგომის ბაქანზე უამრავი ხალხი ირეოდა. გემზე ასვლა ბევრს უნდოდა, მაგრამ ბილეთი ყველას არ ჰქონდა და ამიტომ ერთი ჯგლეთა და გაწევ-გამოწევა გამართულიყო. წამსვლელ-დამრჩენი ერთმანეთს ემშვიდობებოდა, _ ზოგი ტიროდა, ზოგი იცინოდა, ზოგი კი იდგა და გემბანზე გადმომდგარ მგზავრებს ნაღვლიანი სახით უყურებდა.
სანდრო გემის დასაბმელ, რკინის შავად შეღებილ კნეხტზე ჩამოჯდა და მუხლის ზელვას მოჰყვა. ისევ იმ გაურკვეველი ბურუსის ტყვე იყო და ირგვლივ ყველაფერი გადღაბნილი და ფორმაშეცვლილი ეჩვენებდა.
გოგუაძემ ჟილეტის ჯიბიდან საათი ამოიღო, გახსნა და ციფერბლატს დახედა.
_ რომელია? _ ჰკითხა სანდრომ.
_ ნახევარ საათში გავდივართ.
იყუჩეს.
ვანიჩკა სანდროს მუხლის დაამებას ელოდებოდა, ხალხს ათვალიერებდა, მგზავრებში ნაცნობს ეძებდა, ვიღაცას გაუღიმა კიდეც და შორიდან ქუდის მოხდით მიესალმა.
სანდროს კი გუნება წაუხდა, უცნაურად მოიღვენთა, ახლა აქედან ადგომას და გემზე ასვლას სიკვდილი ერჩივნა.
"ეს ბოლო დღეებია მოვსხლტი როგორღაც", _ გაახსენდა უცებ აკაკის სიტყვები და კნეხტის წიბოებს ისეთი ძალით ჩაეჭიდა, რომ თითები ეტკინა.
მოეჩვენა, რომ ეს რკინის მორგვი მისი სამშობლო იყო.
მისი სამშობლო იყო ეს უზარმაზარი ზღვა, უცნაური სურნელით გაჯერებული გრილი ჰაერი და თეთრი თოლიები, რომლებიც ზღვაში გასულ მეთევზეთა ნავებს თავზე ყივილით დასტრიალებდნენ...
მისი სამშობლო იყო ქართლის ბალახიან ფერდობზე გაბაწრული გუთნეული, ტკბილი ოროველა და ცაში წასული ტოროლების მშვიდი წკრიალი...
ბოლოს და ბოლოს, ის თითო მწიკვი მიწაც მისი სამშობლო იყო, მაიორმა გურამიშვილმა და მისმა მეზარბაზნეებმა სიკვდილის წინ რომ შეჭამეს...
გაფითრებული, ოფლის წვეთებით შებლდაცვარული იჯდა და რკინის ბოძს ისე ჩაბღაუჭებოდა, თითქოს ვიღაცა იქიდან აგლეჯასა და ძალით წაყვანას უპირებდა. თითები სტკიოდა, ფრჩხილებიდან ლამის სისხლი სდიოდა, მაგრამ ხელს არ უშვებდა, რადგან ეს ბოძი ახლა ერთდროულად მისი სამშობლოც იყო და ის ხავსიც, წყალწაღებული რომ ეჭიდება.
_ ნუ გეშინია, სანდრო, _ უთხრა გოგუაძემ და წინ ჩაუცუცქდა, _ გემზე კარგი ექიმი ეყოლებათ, ავალთ თუ არა, გაგსინჯავს და წამალს მოგცემს.
_ მე აღარ მოვდივარ, ვანო...
ეს პასუხი თვით სანდროსთვისაც კი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ელდა ეცა, მაგრამ საკვირველი შვებაც იგრძნო, _ თითქოს იმ მღვრიე სითხიდან ახლაღა ამოყვინთა, ღრმად ჩაისუნთქა და ფილტვები გრილი, მაცოცხლებელი ჰაერით აევსო. უეცრად ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, საგნებმა ჩვეული ფორმა დაიბრუნეს და განცვიფრებულმა აღმოაჩინა, რომ მუხლის ტკივილი დაუამდა და სიცხემაც უკლო.
_ როგორ თუ არ მოდიხარ?! _ გაუკვირდა ვანოს, _ შენ, ეტყობა, სიცხემ აგიწია...
_ არა, კარგად ვარ... _ გაიღიმა სანდრომ.
_ დაგხვრეტენ, ძმაო... იცოდე, კოჯორსა და ტაბახმელას არავინ გაპატიებს...
_ დამხვრეტენ და დამხვრიტონ, მაგის დედაც ვატირე!
ვანიჩკა დარწმუნდა, რომ რაკი ერთი გადაწყვიტა, სანდრო აღარ გადათქვამდა. რა უნდა ექნა, ძალით ხომ ვერ წაიყვანდა? ხელი ჩაიქნია, შებრუნდა და გემისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა.
სანდრომ დაინახა, როგორ მიადგა გოგუაძე ტრაპს, როგორ უჩვენა მორიგე მეზღვაურს ბილეთი და გემზე ისე ავიდა, უკან ერთხელაც არ მოუხედავს.
უეცრად ნავმისადგომის ბაქანზე დარჩენილმა ხალხმა საშინელი ყვირილი და სტვენა ატეხა. გემბანზე სამნი გადმომდგარიყვნენ: თეთრწვერა, მედიდური სახის მოხუცი, შავულვაშაპრეხილი, სმოკინგიანი კაცი და მელოტი გენერალი. ახმაურებულ ხალხს სამივენი დაბნეული ღიმილით გადმოსცქეროდნენ, მაგრამ როცა სტვენა და ყურთასმენის წამღები ღრიანცელი აღარ გათავდა, ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს, მოაჯირს მოსცილდნენ და თვალს მიეფარნენ.
სანდრო ერთხანს კიდევ იჯდა და აღელვებულ, აყაყანებულ ხალხს ათვალიერებდა, მერე წამოდგა, ვიღაც ბავშვიან ქალს, რომელსაც მეზღვაურები ტრაპზე არ უშვებდნენ, თავისი ბილეთი ჩაუდო ხელში, ბაქანი კოჭლობით გაიარა და ქუჩაში გავიდა.
ვანიჩკა გოგუაძემ კი გემზე თავისი ადგილი მოძებნა, ხის გალაქულ სკამზე ჩამოჯდა და თვალები დახუჭა.
სანდროსთან ბავშვობიდან მეგობრობდა, _ გიმნაზიაში ერთად სწავლობდნენ და კლასშიც გვერდიგვერდ ისხდნენ. სოფლიდან რომ ჩამოიყვანეს და სკოლაში მიაბარეს, ვანიჩკა ბიჭებმა დაიბრიყვეს, _ გურული კილოს გამო დასცინოდნენ, მაგრამ იოლად არავის ეჩაგვრინებოდა, ხშირად ჩხუბობდა და ამის გამო ერთთავად თვალის უპეებჩალურჯებული და ცხვირგატეხილი დადიოდა.
მისი ერთადერთი ქომაგი და მეგობარი სანდრო იყო, მაგრამ გავიდა დრო და ვანიჩკა მიხვდა, რომ ქომაგობა და გვერდში დგომა სანდროს უფრო მეტად სჭირდებოდა, ვიდრე თვითონ. ძალიან მგრძნობიარე და უცნაური ბიჭი იყო. ზოგჯერ ისეთ რამეს იტყოდა, კაცი სიცილით მოკვდებოდა, მაგრამ ვანიჩკა არასოდეს დასცინოდა, რადგან აბუჩად აგდების სიმწარე საკუთარ თავზე ჰქონდა ნაწვნევი და გამოცდილი.
სანამ სანდროს დედ-მამა ცოცხალი ჰყავდა, კიდევ არაფერი უჭირდა, მაგრამ როცა ისინი ერთმანეთის მიყოლებით დაეხოცა და დედის ძმამ ის და მისი უმცროსი და თავისთან წაიყვანა, მთლად წახდა. უშვილძირო ცოლ-ქმარი მცირეწლოვან და-ძმას მზრუნველობას არ აკლებდა, მაგრამ სანდრო თავის ობლობას მაინც ძალიან ნაღვლობდა.
ვანიჩკას სინდისი ქენჯნიდა და ახლა სანდროზე კი არა, საკუთარ თავზე უფრო ბრაზობდა, _ აბა, კაცი ვარ ახლა მე ამის მერე, სიყრმის მეგობარი რანაირად მივატოვეო...
სანდრო ლომოური კი ამ დროს სასტუმრო `ორიენტისკენ~ მიიჩქაროდა. გზაში ცარიელი ეტლი წამოეწია, გააჩერა და რამდენიმე წუთში რესტორნის უკანა ეზოსთან ჩამოხტა.
ბერძენი მეეზოვე ძელსკამზე იჯდა და ჩიბუხს აბოლებდა. ფანჩატური, სადაც წეღან ორი ნაბადგადაფარებული ცხენი ება, ცარიელი იყო.
სანდრო მეეზოვესთან მივიდა და თუთუნის გახვევა სთხოვა.
_ ყველა წავიდა, _ უთხრა მოხუცმა, _ მალე `კირალი~ გავა. ეგ ბოლო გემია, მაგის მეტი აღარ იქნება.
_ ესენი? _ თავით ცარიელ ფანჩატურზე ანიშნა სანდრომ.
_ წეღან აქ ვიღაც ცალხელა გენერლის ჯარმა გამოიარა, ეგენიც ცხენებზე შესხდნენ და უკან გაჰყვნენ... ამბობენ, ქიაზიმ-ბეი ბათუმიდან უნდა გააგდონო.
ისევ გაწვიმდა. სანდრო რესტორნის დარბაზში შევიდა და მიიხედ-მოიხედა. იქ კაციშვილი აღარ ჭაჭანებდა. აულაგებელ სუფრაზე ერთმანეთში ალუფხულიყო საჭმლის ნარჩენები, დასვრილი თეფშები და ბოლომდე დაუცლელი ჭიქები.
დარბაზში მქისე სუნი იდგა.
მაგიდაზე წითური კატა აპარულიყო და რაღაცას ჭამდა. სანდრომ ხელი აუქნია, უნდოდა, ძირს ჩამოეგდო, მაგრამ იმან ყურიც არ შეიბერტყა.
სანდრო ისე გაბრაზდა, თითქოს ეს ერთი ჩვეულებრივი, გაქუცული ხვადი კი არა, თითონ ქიაზიმ-ბეი ყოფილიყო, უბიდან ნაგანი ამოიღო და დაუმიზნებლად ესროლა.
დაფეთებული კატა მაგიდიდან გაფრინდა და ღია კარში საშინელი ჩხავილით გავარდა.


`კირალის~ ტრიუმიდან ორთქლის მანქანის ქშენა და სარქვლების ღრჭიალი ისმოდა.
მეზღვაურებს ტრაპი აეღოთ.
ვანიჩკამ ვეღარ მოითმინა, გემბანზე ავიდა და ქვემოთ გადაიხედა, მაგრამ სანდრო ვერსად შენიშნა.
ნავმისადგომის ბაქანზე ხალხი მდუმარედ იდგა. კაცები მოღუშული სახით იყურებოდნენ, ქალები ცრემლით დასველებულ ცხვირსახოცებს ჭმუჭნიდნენ.
მალე საყვირი აგუგუნდა, გემი აძაგძაგდა, დაიძრა და ნაპირს ნელა მოსცილდა.
მგზავრები გემბანზე გამოეფინნენ.
წვიმდა, ალმაცერად უჟაჟუნებდა და წყლის ზედაპირზე უამრავ პაწაწინა წრეს აჩენდა.
უეცრად ვიღაცამ გემიდან ქუდი ისროლა, რომელმაც ბაქნამდე ვერ მიაღწია და წყალში ჩავარდა.
ახლა ვიღაც სხვამ მოიშვლიპა შავი ცილინდრი და გადააგდო.
თითქოს ამას ელოდებოდნენო, ყველანი გემის მოაჯირს მიაწყდნენ. კაცები ქუდებს იხდიდნენ და ზღვაში ყრიდნენ.
მალე წყლის ზედაპირზე უამრავი ქუდი ატივტივდა.
უეცრად ვანიჩკამ იქვე, სულ ახლოს, გემბანზე, ნაცნობი იუნკერების ერთი ჯგუფი შენიშნა და მოეჩვენა, რომ მათ შორის სანდროც იყო.
გულაჩქროლებული მიუახლოვდა, მაგრამ სანდროს ნაცვლად ხელში ავალიშვილი შერჩა.
_ ბიჭო, გოგია, ლომოური ხომ არ გინახავს?
_ ლომოური?! _ გაუკვირდა ავალიშვილს, _ კი მაგრამ, ერთად არ წამოხვედით რესტორნიდან?
_ ეე! _ ხელი ჩაიქნია ვანიჩკამ, ხალხი გაარღვია, მოაჯირზე აიჭრა, ზღვაში გადახტა და ნაპირისკენ ღონიერი მკლავურით გაცურა.


გემის მგზავრები უცნობი იუნკერის ამ საქციელმა მთლად წაახდინა.
ზოგს ცრემლიც კი მოადგა თვალზე.
ცას პირი შეეკრა. მზე არ ჩანდა.
"კირალი" გაშლილ ზღვაში გადიოდა, თანდათანობით პატარავდებოდა, ილეოდა და როცა ბოლოს მკვრივ, ნაცრისფერ ჯანღში შევიდა, საბოლოოდ გაქრა და გაუჩინარდა.
ნავმისადგომის ბაქანთან, წყლის ზედაპირზე მოტივტივე ქუდებს სასოწარკვეთილი კივილით დასტრიალებდნენ შეშფოთებული თოლიები.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   Tue Dec 21, 2010 11:18 am

ბელა ჩეკურიშვილი

24 საათი 20.12.10

შეხვედრა ახალ კრებულში



კრებული, რომელიც ქართველი მწერლისა და დრამატურ­გის - ნუგზარ შატაიძის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ გამოვიდა, მწერლის 40-წლიანი მოღვაწეობის პე­რიოდის გახსენების ერთგვარ მცდელობას წარმოადგენს, სადაც მკითხველი, თავისთვის ნაცნობ მოთხრობებთან ერთად, აქამდე უცნობ, გამოუქვეყნებელ ნაწარმოებებსაც იხილავს.

კრებულში შესულია სხვადასხვა დროს დაწერილი 40 ნა­წარმოები - მინიატურები, ნოველები და მოთხრობები.

მწერლის მეუღლემ და კრებულის რედაქტორმა დოდო შა­ტაიძემ წიგნის სათაურად "შეხვედრა" აირჩია, რაც ჩვენთ­ვის, ნუგზარ შატაიძის შემოქმედების მოყვარულთათვის, მართლაც კიდევ ერთი შეხვედრა იქნება საყვარელ მწე­რალთან. ნუგზარ შატაიძეს ერთი "თვისება" ჰქონდა, მას ყველგან შეხვდებოდით - ჟურნალ-გაზეთების ფურცლებ­ზე, სასკოლო სახელმძღვანელობეში, რადიოპიესებში თუ კინოსცენარებში და მის ნაწარმოებებთან ყოველი შეხვედ­რა გვახსენებდა ჩვენში არსებულ, დაფარულ თუ გამჟღავ­ნებულ მარადიულ ფასეულობებს, პირველ რიგში კი - ადა­მიანურ ღირსებას.

ახლა რომ დავფიქრდი, რით მხიბლავდა ნუგზარ შატაიძე, მივხვდი: მას ჰქონდა იშვიათი უნარი - ის, ავტორი, მკითხველს არასოდეს ეპრანჭებოდა, მისი ემოციებით არ ჟონგლიორობდა და საკუ­თარ პერსონას თავზე არასოდეს ახვევდა. მისი მოთხრობების კითხვისას გრძნობდი, როგორ უყ­ვარდა ის ადამიანები, ვისზეც წერდა და როგორ უყვარდი შენ, ვისაც ამ ყველაფერს გიყვებოდა.

დოდო შატაიძე: "ვინაიდან ერთტომეული იყო, რასაკვირველია, მისი ყველა მოთხრობის შეტანა შეუძლებელი იქნებოდა, ასევე არ შესულა მისი წერილები და რადიოპიესები. შევეცადე, ის მოთხ­რობები შემეტანა, რომელიც თავის დროზე შეიყვარა მკითხველმა, ასევე მოთხრობები "სოფლის" და "ქალაქის" თემატიკიდან, თუმცა კი თვითონ თავისი ნაწარმოებების ამგვარ დაყოფას არ ეთანხ­მებოდა. შევიტანეთ ბოლო დროს დაწერილი გამოუქვეყნებელი 2 მოთხრობა და ასევე ისეთი მოთხრობებიც, რომელიც პერიოდიკაში იყო გამოქვეყნებული და კრებულებში არ მოხვედრილა. კრებულის მიზანი მწერლის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპის სრულად წარმოჩენა იყო."

ნუგზარ შატაიძის ბოლო კრებული "ტრამვაი ნომერი 7" 2005 წელს გამოვიდა, რომელსაც წინ უძღო­და კრებული "ევროპაში რა მინდოდა". მწერლის ბიოგრაფიაში წაიკითხავთ, რომ იგი ღირსების ორდენის კავალერი და მწერალთა კავშირის რამდენიმე ყოველწლიური, სახელმწიფო და «ილიას ფონდის" პრემიების ლაურეატი გახლდათ, იყო ავტორი მოთხრობის, პიესების, რადიოპიესებისა და კინოსცენარებისა. 2005 წელს, კრებულისათვის «ნოემბრის წვიმა", მიიღო ლიტერატურული პრემია «საბა", ხოლო მისი სცენარის მიხედვით გადაღებულმა მხატვრულმა ფილმმა «გაღმა ნაპი­რი" მსოფლიო აღიარება და არაერთი ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, 2009 წელს გონფრევილის (საფრანგეთი) საერთაშორისო კინოფესტივალზე ნუგზარ შატაიძეს გადაეცა პრიზი საუკეთესო სცე­ნარისათვის.

მოთხრობა "მოგზაურობა აფრიკაში", რომელიც გიორგი ოვაშვილმა თავის ფილმს საფუძვლად და­უდო, გასულ წელს ქართული ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოშიც შევიდა. დოდო შატა­იძე იხსენებს, როცა გიორგი ახალი ფილმისათვის სცენარს ეძებდა და ნუგზარმა ეს მოთხრობა შეს­თავაზა, თავიდან ძალიან ემძიმა ეს თემა, განსაკუთრებით კი ფინალი, სადაც მამის საძებნელად წასული და ხელმოცარული პატარა ბიჭი წებოს სუნთქვას იწყებს და ასე კვდება. მართალია, არც საბოლოო სცენარია ოპტიმისტური და იმედიანი, მაგრამ მკითხველიც და მაყურებელიც ერთ რა­მეს კარგად გრძნობს: გაგულგრილებულ სამყაროში მარტოდ დარჩენილი პატარა ადამიანის თემა მწერალსაც და რეჟისორსაც გულწრფელად სტკივათ. ხოლო ნუგზარ შატაიძის მეუღლე ჩვენი გაზე­თის ფურცლებიდან ბოდიშს უხდის აფზახეთიდან დევნილ საზოგადოებას, რომლისთვისაც ფილ­მის გარკვეული დეტალები მიუღებელი აღმოჩნდა. არადა, ნაწარმოების მხატვრული ღირსება სულ სხვა კრიტერიუმებით ფასდება და არა გულზე მჯიღის ცემით და იმის მტკიცებით, ქმარდაკარგუ­ლი ქართველი ქალი სხვა მამაკაცს გვერდზე არ გაიკარებსო!

"ნუგზარს უამრავი ახლობელი ჰყავდა აფხაზეთში, ძალიან კარგად იცნობდა იმ ხალხს, ვისაც დღეს დევნილის სტატუსით უწევს ცხოვრება და ის მათზეც ისეთივე სიყვარულით წერდა, რო­გორც თავის სხვა პერსონაჟებზე. დევნილების თემაზე მას აქვს არაჩვეულებრივი მოთხრობა "სადღეგრძელო", რომელიც ძალიან მხიარული მოთხრობაა და სწორედ მეგრელი ქალის მეოჯახეო­ბაზე და მის შრომისმოყვარეობაზეა, ისე რომ, ცოლით მოხიბლული და ღმერთის მადლიერი მისი ქართლელი ქმარი არძინბას სადღეგრძელოს სვამს," - ამბობს მწერლის მეუღლე.

ნუგზარ შატაიძის მოთხრობების კრებული "შეხვედრა" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა ქართულმა ბიოგრაფიულმა ცენტრმა, სადაც დღეს წიგნის პრეზენტაცია შედგება, ხოლო სულ მალე მას მკითხველი წიგნის მაღაზიებშიც შეხვდება.


სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/books/2010-12-20/12591.html

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   Fri Sep 19, 2014 10:48 am



Admin wrote:
ნუგზარ შატაიძე

კუნძული
(მინიატურა)

ენგური რომ კოლხეთის დაბლობზე გავაკდება, სანამ სვანეთის მაღალი მთებიდან წამოღებულ ლამსა და ქვა-ღორღს პირდაღებულ ზღვაში შეიტანდეს, ხან აქ, ხან იქ აგროვებს, ერთ ადგილზე აქუჩებს და რამდენიმე დღეში, ზოგჯერ სულაც ერთ ღამეში კუნძულს ამეჩეჩებს.
ნიადაგი ასეთი კუნძულისა ფრიად ნოყიერია. ამისი მცოდნე მეგრელი გლეხი ზედ სიმინდს თესავს და ენგურმა თუ დააცადა, ისეთი მოსავალი მოჰყავს, ავ თვალს არ ენახვება.
ზოგიერთი კუნძული რამდენიმე წელიწადს სძლებს, ზოგს კი გადაბმული წვიმებისაგან ადიდებული მდინარე მოარღვევს და საწყალი კაცის ნაოფლართან ერთად ათიოდ წუთში გააქრობს... მაგრამ ქვემოთ, სულ რამდენიმე კილომეტრში, საკვირველი, დაუჯერებელი ამბავი ხდება: ზემოდან წამოღებული ლამი ახლა იქ გროვდება, ახლა იქ მეჩეჩდება. იზრდება ის მეჩეჩი, თვალდათვალ ფართოვდება, მდინარის წყალს სულ უფრო მეტი ქვა-ღორღი მოაქვს და ნელ-ნელა, თანდათანობით ქმნის სრულიად ახალ კუნძულს. დილით კი, როცა მზე ამოვა და მისი სხივები იმ ახლადშობილი კუნძულის ჯერ ისევ სველ ზედაპირს ვეშპის წყლიდან ამოზიდული ნოტიო ზურგივით აალაპლაპებს, მოფრინდება საიდანღაც დედალ-მამალი წყალწყალა ჩიტი და მოჰყვებიან სველ ქვიშაზე სირბილსა და ბოლოების ქანქარს.
გაზაფხულზე იქ ნავით გადავა ისევ ის მეგრელი გლეხი, ჯერ კარგად დაათვალიერებს, მერე წავა, მოიტანს ბარს, სიმინდის ნაქუჩით თავდაცობილ ხელადას, მცირე რამ საგზალს და დაიწყებს ბარვას.
დაბარავს, დაამასმასებს, მერე დათესავს. ერთ კვირაში ამოვა, ამობიბინდება სიმინდი და კუნძულს სასიამოვნოდ გადაამწვანებს. გლეხი მაისში ორჯერ გათოხნის, გათოხნის ივნისშიც და გულისფანცქალით დაელოდება, რადგან არ იცის, რას იზამს ენგური.
ყანა კი თანდათანობით იზრდება, ღონიერდება, ლურჯ ფერს გადაიკრავს. სიმინდი ქოჩორს ამოიღებს. სულ მალე დატაროვდება კიდეც.
თუ დასცალდა და მოიწია, მოვა, კუნძულს ნავით მოადგება გლეხის მთელი ჯალაბი, დიდ, სულ მკლავისსიმსხო ტაროებს დაამტვრევენ, წაიღებენ შინ, გაახმობენ, დაფხვნიან და თაგვმა რომ არ გაუფუჭოთ, ჩაჰყრიან ოცდაორლიტრიან ბოცებში. გაამწკრივებენ იმ ბოცებს ოდაში და უყურებენ, კმაყოფილი ღიმილით უნათდებათ სახეები.
გვიან შემოდგომით სიმინდს წისქვილში დაფქვავენ და მერე, მთელი ზამთრის განმავლობაში აცხობენ მჭადებს, ხარშვენ ღომსა და ელარჯს.
ეს მაშინ, თუ დასცალდათ, თუ არა და...
ჯერჯერობით ნელა მოდუდუნებს ენგური, მშვიდად მოაქვს მომწვანო, თითქმის მდოგვისფერი წყალი, კუნძულის მონისლულ ნაპირებს ელამუნება, დატაროებულ სიმინდებს ძირებს უსველებს და ეტყობა, ჯერ თვითონაც არ იცის, რას იზამს.

1999

წიგნიდან: „ევროპაში რა მინდოდა“, გამომცემლობა „არეტე“, 2004 წელი, გვ. 121-122



ეს მინიატურა დაედო საფძვლად გიორგი ოვაშვილის ფილმს „სიმინდის კუნძული“ -- https://www.facebook.com/pages/Corn-Island%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%AB%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98/242551735807190
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
ნუგზარ შატაიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: