არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ნიკო ყიფიანი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნიკო ყიფიანი   Tue Jan 06, 2009 1:08 am



Niko Kipiani (1976–2005)

Quod nihil illi deerat ad regnandum praeter regnum
(ლათ., – მეფობისათვის სამეფოღა აკლდა)

ნიკო ყიფიანი (14.06.1976 – 19.06.2005) – მწერალი და მასწავლებელი. თავისუფლად მოაზროვნე.

გაიზარდა სოფელ ხაშმში. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. ბავშვობიდან წერდა მოთხრობებს, პიესებს, ზოგჯერ ლექსებსაც, საკუთარ მოსაზრებებს. აკეთებდა თარგმანებს და მეგობრებს აცნობდა თავის ნაწერებს, სანამ გამოქვეყნებას დაიწყებდა ჟურნალ “ცისკრისა” და “ლიტერატურული პალიტრის” ფურცლებზე. იყო ზნეობრივად და ვაჟკაცურად ლამაზი ადამიანი, გოლიათურად ძლიერი აღნაგობის და სათუთი სულის მქონე. 2002 წელს მიიწვიეს ხაშმის საშუალო სკოლაში სამხედრო საქმისა და ეკონომიკის მასწავლებლად. იმავდროულად სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ სპეციალობათა ფაკულტეტის ინგლისური ენის განყოფილებაზე. უნდოდა, კვლავ დაბრუნებოდა თავის პირველ პროფესიას და გაეკეთებინა სრულყოფილი ნაშრომი საქართველოს სამხედრო ფინანსების შესახებ. 2005 წლის 13 ივნისს გამოძახებულ იქნა შაქრიანის რეზერვისტთა ბატალიონის 21 დღიან შეკრებაზე, სადაც პატრიოტული სულისკვეთებით და სიხარულით გამოცხადდა 16 ივნისს. 19 ივნისს ნიკო ყიფიანი თავის საწოლზე მკერდში ტყვიით განგმირული იწვა.

ავტორი: ნინო ყიფიანი ninokipiani@hotmail.com

***
გამოძიება მიმდინარეობს რეზერვისტ ნიკო ყიფიანის თვითმკვლელობის ფაქტზეც. ამ ბოლო შემთხვევამ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია საქართველოში, რადგან ნიკო ყიფიანი თავად ასწავლიდა ხაშმის სკოლაში სამხედრო საქმეს, წერდა მოთხრობებს, იყო პატრიოტულად განწყობილი პედაგოგი და კახეთის რეზერვისტთა ბანაკში საკუთარი სურვილით წავიდა. 15 ივნისს - ერთი დღით, ადრე სანამ სამკვირიან შეკრებაზე წავიდოდა - ნიკო ყიფიანს 29 წელი შეუსრულდა. სარეზერვო შეკრებიდან ნიკო ყიფიანმა ორ დღეში დედას, ცარო ხარაშვილს, დაურეკა და სიხარულით უთხრა, რომ ბანაკს საქართველოს პრეზიდენტი ეწვეოდა და ეყურებინა ღამის საინფორმაციო გამოშვებებისათვის. გადის კიდევ ორი დღე და ცარო ხარაშვილი საკუთარ ვაჟს სახლში სულთმობრძავს პოულობს.
[ცარო ხარაშვილის ხმა] “ დაახლოებით 3 საათზე მეზობელთან ვიყავი, პური უნდა გამომეცხო მეზობლის თონეზე. რაღაც 15 წუთში შემოვბრუნდი და კარებში ზონარებგამომძვრალი ტუფლები დამხვდა ჩემი შვილის. დავიძახე, კარები ღია იყო. ხმა არავინ არ გამცა. შემოვედი ოთახში და რას ვხედავ - სისხლში ცურავს ჩემი შვილი, გულში ჰქონდა სანადირო თოფი მორტყმული თურმე. იმ წუთში მე რა ვიცოდი, რა ხდებოდა.”

მოგვიანებით ოჯახს აჩვენეს ნიკო ყოფიანის ხელით დაწერილი უკანასკნელი ბარათი, სადაც იგი დედას და დას ეთხოვება სიტყვებით: “გაუძელით, გიყვარდეთ ერთმანეთი, მე თქვენ არ შემირცხვენიხართ.” გარდაცვლილის დედა იმ დღის შემდეგ საგონებელშია. მას ვერავინ უთხრა, თუ რა მოხდა იმ ხუთი დღის განმავლობაში რეზერვისტთა შეკრებაზე ისეთი, რამაც მის შვილი აიძულა თავი მოეკლა. შვილმოკლულ დედას, რომელთანაც თანაგრძნობის სათქმელად არავინ მისულა, საკუთარი ვერსია აქვს:

[ცირა ხარაშვილის ხმა] “მას კონფლქიტი ჰქონდა ხელმძღვანელობასთან, რომელმაც დამალა ინფორმაცია და არ მისცა არავითარი ჩვენება რეპორტიორებს.” - ივლისი 03, 2005

ბმულები:
* https://www.radiotavisupleba.ge/a/1542070.html
* ნიკო ყიფიანი – http://ka.wikipedia.org/wiki/ნიკო_ყიფიანი
* ორი მოთხრობა – http://literatura.lit.ge/html/index.php?apage=14&author=16189


Stories for on-time reading by Niko Kipiani, 2005

ავტორი – ნიკო ყიფიანი
წიგნის დასახელება – “ერთხელ წასაკითხი მოთხრობები”
წინათქმის ავტორი – ზაალ სამადაშვილი
რედაქტორი – მიხო მოსულიშვილი
დიზაინერი – ლუკა გოცირიძე
მხატვარი – სოსო თევდორაშვილი
ISBN 99940-0-571-5
გვერდების რაოდენობა – 176
გამოცემის წელი – 2005

შინაარსი:

მოთხრობები:
თაზო; კუდი; არამი; ჯადობაზი; მაგარსტარი; მურმანი; ფრთებდამწვარი სულის წივილი; კაფკასეული სამყარო ქართულ სინამდვილეში; მტრის სისხლი; რაგუ; გაუწმინდურებული თოვლი; ივენი; თუ ჩემი სული ცხონდება; კაცად ქცეული; პორონომინარე;

ლექსები:
მარკიზა; ნაპირებს შორის დუდუნებს მტკვარი; შავკანიან ქალს; სერაფიტას ეპიტაფია; მოკისკისე ალი; ღამურა; ვინ იცის?!; თარგმანები: ლორდი როჩესტერი; ლორდი ბაირონი;

ესსე:
საკუთარი მოსაზრება სკოლებში ჰაგიოგრაფიული მწერლობის სწავლების შესახებ.



ნიკო ყიფიანის წიგნიდან “ერთხელ წასაკითხი მოთხრობები” (2005)

შავკანიან ქალს
მიხო მოსულიშვილის "ფრენა უკასროდ" რომანის წაკითხვის შემდეგ დაწერილი ლექსი

გან-გან რატომ გამირბიხარ,
შავო გოგო, გენაცვალე?
მეც შენსავით უთვისობით
და ობლობით დავიღალე.
მეც შენსავით არავინ მყავს,
ვის ვუამბო გასაჭირი,
ვინ გამიგებს გულისნადებს,
სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირი!
მეც შენსავით დამიტყვევეს
და-ძმები და ბიძაშვილი
და კაიროს ბაზრობები
სავსე იყო ქართლის ძირით.
მოდი ჩემთან, შავო გოგო,
ამიდუღე ცივი სისხლი,
შენზე ლამაზს ვერასოდეს
ვერ იხილავს კაცის მისხი.
კბილები გაქვს წკრიალები,
მარგალიტის გიგავს მძივებს
და თვალები, საყვარლები
ვარსკვლავთაებრ გიციმციმებს...
მოდი ჩემთან, შავო გოგო,
გამირბი რად? გამახარე!
მეც შენსავით ობოლი ვარ,
დაგაწყნარებ, დამაწყნარე.

---
http://armuri.4forum.biz/-f15/---t155.htm


წინათქმა
(ნიკო ყიფიანის წიგნისათვის "ერთხელ წასაკითხი მოთხრობები")

სოფელი ხაშმი ჩემს წარმომავლობას უკავშირდება. ხაშმელი იყო დიდედაჩემი - ეფემია ინანიშვილი, ვისაც წიგნის სიყვარულს და კარგ კალიგრაფიას ვუმადლი, ხაშმელი გახლდათ მისი ძმისშვილი და ბიძა ჩემი – რევაზ ინანიშვილი, ვინც ვაჟა-ფშაველას და გიორგი ლენიძის გზა გააგრძელა ქართულ პროზაში.

ხაშმელმა კაცმა ან ქალმა რაიმე საქმეში თავი გამოიჩინა, წარმატებას მიაღწიაო, რომ გავიგებ, ბუნებრივია სხვანაირად, გამორჩეულად გამიხარდება ხოლმე. ასე მოხდა მაშინაც, როცა ნიკო ყიფიანის, მისი ნაწერების ქება მოვისმინე პირველად. თანაც მოვისმინე რიგითი მკითხველისგან კი არა, ვის მოსაზრებასაც ანგარიშს ვუწევ, არამედ ნაღდი პროზის ნაღდი შემფასებლისგან, ვის სიტყვასაც ლამის უყოყმანოდ ვენდობი. ჩემთვის უცნობი ავტორი მიხო მოსულიშვილმა აღმომიჩინა – წამაკითხა მისი მოთხრობები და მოთხრობებთან ერთად ინტერვიუც, მე მგონი, პირველი და უკანასკნელი მის ცხოვრებაში, სადაც რამდენიმე ისეთი მოსაზრება ამოვიკითხე ლიტერატურის შესახებ, ჭარმაგი მწერლის დაწერილი გეგონებოდა. მიხომ ისიც მითხრა, შენი გაცნობა უნდაო. ტრაგიკულ აღსასრულამდე ერთი თვით ადრე მესტუმრა, საავადმყოფოდან ახალი გამოსული ვიყავი და შინ ყავარჯნის დახმარებით ვმოძრაობდი.

ზარი რომ დაირეკა და კარი გავაღე, ჯერ მიხომ შემომღიმა და მერე მის უკან მდგომმა ახალგაზრდა კაცმა, რომლის ფონზე ჩემი ჯირკვივით მეგობარი ერთ ტანმორჩილ ვინმედ მომეჩვენა.

აი, ეს არი ნიკო ყიფიანიო, - მითხრა მიხომ.

ჩამომართვა ხელი ახალგაზრდა კაცმა და წითელი ღვინით სავსე ათლიტრიანი ჩამოდგა იატაკზე, სისხლი ბლომად დაგიკარგავთ და თქვენთვის ეხლა ეს წამალიაო.

ხაშმური საფერავი იყო, “დევის სისხლად” რომ მოიხსენიებენ, ის ღვინო.

დავსხედით, ვილაპარაკეთ. არც საფერავი დაგვილევია, არც სხვა რამ, შინ რომ მეგულებოდა. ვილაპარაკეთ წიგნებზე და მწერლებზე. სკოლაში ახალი მისული ვიყავი სამუშაოდ და ნიკოს მასწავლებლობის ამბავი რომ გავიგე, გავიხარე – მარტო ერთი ძაფი არ მაკავშირებს მეთქი ამ კაცთან.

ეს ძაფები ერთი თვის თავზე გაწყდა.

პირველი, ვინც იმ თავზარდამცემი ამბის შეტყობისას გამახსენდა, ალალე დევიშვილი იყო, რევაზ ინანიშვილის პაწია მოთხრობის გმირი, გოლიათური აღნაგობის, მართლა დევივით ბიჭი, რომელიც საკუთარ ცხოვრებას თავად უსვამს წერტილს ერთი შეხედვით უბრალო მიზეზის გამო – ღატაკი და უპოვარი, ძმის ნიშნობაში ვერ ახერხებს წასვლას, რადგან თავის ზომის ახალუხს ვერ თხოულობს.

პაწია მოთხრობას “ცოდვა დიდისა” ჰქვია.

ზაალ სამადაშვილი

study


Last edited by Admin on Sat May 06, 2017 9:52 pm; edited 16 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: ნიკო ყიფიანი   Thu Mar 12, 2009 11:28 pm

ნიკო ყიფიანი

ივენი

რომ დარწმუნდნენ, მკურნალები ვერ უშველიდნენ, ღვთის მსახურთან მიიყვანეს, მაგრამ არც მოძღვრის სიტყვები იყო მანუგეშებელი: -შენ ქვეყანამ შეგიძულა და რადგან ამ ქვეყნისა აღარ ხარ, შეეცადე, იმ ქვეყანას ეკუთვნოდე. წადი და ეცადე, უფალმა შეგიყვაროს". ამის შემდეგ მისცეს სუდარა შესამოსად, ყავარჯენი დასაყრდნობად, ზანზალაკი ყელზე ჩამოსაკიდებლად და უთხრეს, აქაურობას გაეცალეო.

ისეთ უკაცრიელ ადგილებში დაეხეტებოდა, ავი სულიც რომ არ იხეტიალებდა. სვირინგებმა სახე დაუმახინჯა და შეუცვალა. იტანჯებოდა, მაგრამ სიკვდილს ისევ ტანჯვა ერჩივნა და შიმშილით რომ არ მომკვდარიყო, გზაჯვარედინთან მიდიოდა და მოწყალებას ითხოვდა. ზოგ გამვლელს ეცოდებოდა და საჭმელ-სასმელს აძლევდა, ზოგი კი მის დანახვაზე ყვიროდა და გარბოდა. იყვნენ ისეთებიც, მშვილდს ან შურდულს რომ მოიმარჯვებდნენ და ცდილობდნენ, იგი განეგმირათ.

ერთხელ გზაჯვარედინზე ზურმუხტის კუნძულის ხელმწიფის ქალმა გაიარა. მცირე ხნის წინ ის მამამისმა გამოგზავნა გემით, რათა ამ ქვეყნის მეფეს ცოლად შეერთო. გადმოდგა თუ არა ხელმწიფის ქალმა ხმელეთზე ფეხი, მაშინვე მიეგება მოხუცი მეფე და გაგზავნა განცალკევებულ სასახლეში, რადგან ჯვრისწერამდე დანიშნულთან ერთად ცხოვრება ურიგობად ითვლებოდა. ხელმწიფის ქალს ფერიათა დედოფალივით ოქროსფერი თმა ჰქონდა და ისეთი მშვენიერი იყო, ავადმყოფ მათხოვარს სულ დაავიწყდა თავისი გაჭირვება. ხელმწიფის ქალმაც შეხედა გაჭირვებულს, მის ცოტა ხნის წინათ სიკვდილის შიშჩამდგარ თვალებს. ახლა იმ თვალებში იმდენი ნდომა, იმდენი ლტოლვა იდგა, რომ ხელმწიფის პატარა ქალს შეეშინდა. თავის მხლებელ სარანგს მიუბრუნდა და უბრძანა, სალმობიერი აქედან გააგდეო. სარანგმაც მშვილდ-ისარი მოიმარჯვა და იყივლა: -აქედან დაიკარგე, ივენ, თორემ, წირვის მადლმა, ამ ისარს შენი ზურგის მშვილდიდან გავახედებ!" იცოდა ივენმა, ხელმწიფის ქალისთვის რომ თავი მოეწონებინა, სარანგი მის მოკვლასაც არ მოერიდებოდა, და ილტვოდა. მას შემდეგ სარანგისაკენ მიბრუნებული ხელმწიფის ქალი მუდამ თვალწინ ედგა და სვირინგებზე მეტ ტკივილს აყენებდა.

ხელმწიფის ქალისთვის გამოყოფილი სასახლე ტყის პირას იდგა. ივენმა გამვლელების ლაპარაკიდან გაიგო, სად ცხოვრობდა ხელმწიფის ქალი, ზანზალაკის ენას თითებით დაიჭერდა, მიიპარებოდა სასახლესთან და კენკრასა და ყვავილებს სვირინგებს ადებდა, იქნებ ხელმწიფის ქალმა მოწყვიტოს და დასნეულდესო.

სასახლის მახლობლად წყაროსთვალი მოედინებოდა. მის გარშემო მდგომი შტოგაბანდული ხეები ბუნებრივ თაღს ქმნიდნენ. ერთ დილას ივენმა წყაროსთვალთან გაიარა და ქალ-ვაჟის ლაპარაკი მოესმა. ტოტები გადასწია და დაინახა ხელმწიფის ქალი, რომელიც სამეფოს პირველ რაინდთან ერთად იყო. ისინი ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებოდნენ. ივენის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მას რომ მეფისათვის მიეტანა ამბავი, ხელმწიფის ქალი დაღუპული იყო, მაგრამ მერე ისევ დაღონდა. მეფემდე ვინ მიუშვებდა? ერთხელ მდაბიოებმა შენიშნეს, ყვავილებს სვირინგებს რომ ადებდა, და მშვილდ-ისრებით დევნა დაუწყეს - ასე იმიტომ იქცევა, ჩვენს შვილებს რომ სალმობა გადასდოსო. ივენი უკაცრიელ ადგილზე დაბრუნდა და მისი ტანჯვა კიდევ უფრო გაუსაძლისი შეიქნა. მწარე კენკრით იკვებებოდა.

ერთ დღეს უკაცრიელ ადგილას უცნობი რაინდი მივიდა. ივენმა დაუძახა, პურის ნატეხს ხომ ვერ გადმომიგდებო. უცნობს შეეცოდა და მთელი პური მისცა. პური ხმელი იყო, მაგრამ მწარე კენკრას მაინც სჯობდა. ივენი დაეწია რაინდს და ჰკითხა, ასეთი ძლიერი და ჯანმრთელი კაცი ამ წყეულ ადგილას რამ მოგიყვანაო. რაინდს არავისთვის უამბია თავისი გასაჭირი და განდევნილს გული გადაუშალა. მეფის დისწული იყო და სახელად ჰაინრიხი ერქვა. მის გარდა მეფეს სხვა დისწულიც ჰყავდა, სამეფოს პირველი რაინდი. ის მეფეს ჰაინრიხზე მეტად უყვარდა, რადგან სამეფოს პირველი რაინდი კარგი მოასპარეზე, მონადირე და მოჭადრაკე იყო, ლექსების შეთხზვა და ქნარის დაკვრაც ეხერხებოდა. ჰაინრიხს ეშინოდა, რომ მოხუცი მეფე არასოდეს დაქორწინდებოდა და სიკვდილის წინ ტახტს მის დეიდაშვილს დაუტოვებდა. ბოლოს მეფემ ზურმუხტის კუნძულის ხელმწიფის ქალი დაწინდა და ჰაინრიხის შიშსაც თითქოს ბოლო უნდა მოღებოდა, მაგრამ მეფის დაწინდული და სამეფოს პირველი რაინდი ერთმანეთის ისეთი მყვარებლები შეიქნენ, მათი გრძნობები ყველასათვის თვალში საცემი გახდა. ოჯახის შერცხვენით აღშფოთებულმა და მეტოქის განადგურების მნდომელმა ჰაინრიხმა მეფეს სთხოვა, რაიმე იღონეო. მეფემ კი, ნაცვლად იმისა, რომ ნამდვილი დამნაშავეები დაესაჯა, ჰაინრიხს გამოუცხადა, ჩემი სამეფოდან განდევნილი ხარო. ვისთან წავიდეო, წუხდა ჰაინრიხი.

-აქ შენ კარგ ბედს მოუყვანიხარ, - უთხრა ივენმა და უამბო, როგორ ნახა წყაროსთვალთან ხელმწიფის ქალი და სამეფოს პირველი რაინდი, - სხვა სამეფოში კი არ წახვიდე, დაბრუნდი მეფესთან და შეეცადე, ისევ მოიპოვო მისი კეთილგანწყობა. თუ მას დილით წყაროსთვალთან მიიყვან, სამეფოს პირველ რაინდს დანაშაულს იოლად დაუმტკიცებ".

ჰაინრიხმა მადლობა გადაუხადა და იმ ტყეში წავიდა, სადაც მეფეს უყვარდა ნადირობა. რამდენიმე დღის შემდეგ მეფემ ნახა, როგორ გაჭირვებაში ცხოვრობდა მისი დისწული, შეეცოდა და მეფის სასახლეში წაიყვანა. ჰაინრიხი ისევ მეფის გულითადი გახდა. გავიდა კიდევ რამდენიმე დღე და ჰაინრიხმა მეფე განცალკევებული სასახლის მახლობლად ნადირობაზე დაიყოლია. ნადირობისას დაუღამდათ. ღამე ტყეში გაათიეს. დილით ჰაინრიხმა მეფე წყაროსთან წაიყვანა. წყაროსთვალთან რომ მივიდნენ, დაინახეს ხელმწიფის ქალი და სამეფოს პირველი რაინდი, რომლებიც ერთმანეთს ეხვეოდნენ. მათ დანახვაზე ქალ-ვაჟი გაიქცა.

მეფე გამოუდგა, მაგრამ ვერ დაეწია - გაბრაზებული დარბოდა და სამეფოს პირველ რაინდს სამგზის მოღალატეს უწოდებდა. რადგან, - ამბობდა მეფე, - ის არა მხოლოდ ყმა იყო ჩემი, არამედ ნათესავი და მეგობარიც, ამიტომ პატრონსაც უღალატა, ნათესავსაც და მეგობარსაცო.

ჰაინრიხმა დაარწმუნა, განცალკევებულ სასახლეში წასულიყვნენ. წავიდნენ. მივიდნენ სასახლეში. ხელმწიფის ქალი უკვე დაბრუნებულიყო, მაგრამ სამოსი ჯერ არ გამოეცვალა. მეფეს რომ ეახლა, ჯერ ისევ აწითლებული ჰქონდა ლოყები. როდესაც მეფემ ჰკითხა, სად იყავიო, უპასუხა, ვსეირნობდიო. მეფემ იმ რაინდის დასახელება მოსთხოვა, ვისთან ერთადაც სეირნობდა. კეკლუცმა ზურმუხტისკუნძულელმა განაცხადა, რომ რაინდი თვალითაც არ უნახავს. მეფე უარესად გაბრაზდა და მისი უფანჯრო ოთახში დამწყვდევა ბრძანა. სასახლის დაცვა ოცდაათ სასტიკად მებრძოლს დაავალა, რათა ხელმწიფის ქალი სამეფოს პირველ რაინდს არ მოეტაცა, მცველთა მეთაურად კი ჰაინრიხი დანიშნა. მერე დაიბარა ჰეროლდები და უბრძანა, -რაკი დედოფლობა არ ინდომა, წადით და გამოაცხადეთ, ვისაც უნდა ზურმუხტის კუნძულის ხელმწიფის ქალი, ითხოვოს და ვაყოლებთ-თქო!" ისინიც წავიდნენ და ყველგან გამოაცხადეს მეფის მიერ დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვები, მაგრამ ხელმწიფის ქალის თხოვას რომელი გამბედავი იკადრებდა და რომელი მკადრებელი გაბედავდა?..

ერთი ჰეროლდის ძლიერი ხმა ივენის საზარელი სალმობისაგან შეჭმულ ყურებსაც მისწვდა. გაიხარა ივენმა, ყავარჯენს დაეყრდნო და განცალკევებული სასახლისაკენ წაჩლახუნდა. მიუახლოვდა სასახლეს და დაიძახა: -მე მიბოძეთ ხელმწიფის ქალი, თქვენს ივენს!" გამოიხედა ფანჯრიდან მეფემ და შიშისაგან კინაღამ გული გაუსკდა, როცა დაინახა, ვინც იძახდა, მაგრამ მეფური სიტყვის საჯაროდ გატეხისაც შეეშინდა და მსახურებს უბრძანა, გაიყვანეთ ხელმწიფის ქალი და ივენს გადაეცითო.

ჰაინრიხს ჯერ უნდოდა, მეფე დაერწმუნებინა, რომ ხელმწიფის ქალის ივენისთვის ბოძება უღირსი საქმე იყო, მაგრამ მერე გაჩუმება ამჯობინა. მან იცოდა, ზურმუხტის კუნძულის ხელმწიფის ქალის გულისთვის სამეფოს პირველი რაინდი ივენის ბუნაგში შესვლასაც არ მოერიდებოდა, რადგან სიყვარული ყველა იმ სალმობაზე ძლიერია, რომლებისგანაც სვირინგები გამოდის. ხელმწიფის ქალი თუ დასნეულდებოდა, სამეფოს პირველი რაინდი გვერდიდან არ მოსცილდებოდა და თუ განბორების სალმობა არ გადაედებოდა, განდეგილი მაინც შეიქმნებოდა. მეტოქის ჩამოშორების საშინელი აზრის მოსვლის შემდეგ ჰაინრიხი გაჩუმდა და მსახურებმა ხელმწიფის ქალი სასახლის ეზოში ჩაიყვანეს, ხელები შეუკრეს და ვირზე შესვეს. ივენს რომ ვირიდან არ ჩამოხტომოდა და არ გაქცეოდა, ფეხები ვირზე დაუკრეს. სასახლის გალავანში დატანებული რკინით მოჭედილი კარი გააღეს და ხელმწიფის ქალი ეზოდან გაიყვანეს. ივენიც მათ შესახვედრად წაჩლახუნდა.

-არა! - შეჰყვირა საწყალმა ქალმა, - არა! არა!"

-ჰო, - თქვა ივენმა, რომელსაც ისე სწყუროდა შურისძიება, ვერ ხვდებოდა, მტრად რომ უხდებოდა სამეფოს უძლიერეს რაინდს, - ვირს წინ გავუძღვები და უკაცრიელ ადგილას მიგიყვან. იქ ჯანღი დაგვწერს ჯვარს და ბაყაყები ჩვენი ხელისმომკიდეები იქნებიან. შენი სახე შამბნარის ლომის სახესავით საზარელი გახდება, შენი ტანის ისარი კი ბევრჯერ დამატკბობს, სანამ მშვილდად იქცევა. რომ დავიღლები, კალთაში ჩაგიდებ თავს. დავიძინებ, შენ კი დამხედავ მძინარეს და საკუთარ ბედს დაიტირებ".

მსახურებმა ვირს ხელი უშვეს, სასახლის ეზოში შეცვივდნენ და კარი ისე სასწრაფოდ მოხურეს, თითქოს უკან დაედევნათ ივენის საშინელი სალმობა. ივენი ვირს ტყისკენ გაუძღვა. ცხელი ცრემლი წვიმდა ხელმწიფის ქალის თვალებიდან და ვირს ზურგს უწვავდა. ყველას ეცოდებოდა ხელმწიფის ქალი, ივენის გარდა, მხიარული მიხტოდა ივენი და ზანზალაკის წკარუნი მექორწილეთა საკრავების ხმად უჩნდა.

სამეფოს პირველი რაინდი რაღა იქნა? ხელმწიფის ქალმა მოახერხა და ერთგული მოახლის პირით შეატყობინა, რომ მეფე ეჭვიანობდა და სასახლეში არ უნდა გამოჩენილიყო. როცა ჰეროლდებმა გამოაცხადეს, ვინც ითხოვს ხელმწიფის ქალს, ვაყოლებთო, სამეფოს პირველი რაინდი სანდო ხალხთან ერთად ტყეში დაიმალა და იქიდან უთვალთვალებდა განცალკევებულ სასახლეს. განზრახული ჰქონდა, რომ მას, ვისაც თავხედობა ეყოფოდა და ხელმწიფის ქალს ითხოვდა, წინ დახვედროდა და ქალი წაერთმია. ბიძამისისგან მოელოდა, რომ თავხედს ქალს გამოატანდა, იმას კი ვერ წარმოიდგენდა, რომ ის თავხედი ივენი იქნებოდა. როცა დაინახა, ვინ მივიდა ქალის სათხოვნელად, ბრაზისაგან სისხლი თავში აუვარდა. ივენი რომ ტყეს მიუახლოვდა, წინ გადაუდგა ამხედრებული, პირაელვარებული შუბი მიუშვირა და უყივლა: -გონჯო ქმნილებავ, ახლა შენც დაისვენებ და შენი სნეულებაც!" ივენი კვლავ სიკვდილის შიშმა შეიპყრო და მიბრუნდა გასაქცევად. სამეფოს პირველმა რაინდმა იფიქრა, თავისი გაჭირვებაც ეყოფაო და არ დასდევნებია. ჩამოქვეითდა და ხელმწიფის ქალს ხელებზე შემოხვეული და ფეხებზე გადატარებული თოკები გადაუჭრა. ამ დროს განცალკევებული სასახლის ფანჯარაში გამოჩნდა მეფის ბრაზისაგან დამახინჯებული სახე. ჰაინრიხმა ფანჯრიდან დაინახა ყველაფერი და მას დაუძახა. -ისრები! ისრები!" - იყვირა მეფემ, მაგრამ სამეფოს პირველი რაინდი უკვე ტყეში იყო. მან ცხენზე შემოისვა ხელმწიფის ქალი და წაიყვანა თავისი მეგობარი მრგვალი მაგიდის რაინდის ციხეში. იქ ბროლის მკერდს ეხვეოდა და ხელმწიფის ქალს აღარაფრის შიში აღარ ჰქონდა. მეფე კი სასახლეში იჯდა და თავისი ახალგაზრდობა აგონდებოდა. სამეფოს პირველმა რაინდმა თუ ქალი წაართვა, თვითონ ბიძამისისთვის ტახტი წაერთმია. სამეფოს პირველი რაინდი ტახტს არ წაართმევდა, ამაში ეჭვი არ ეპარებოდა; ჰაინრიხისა ეშინოდა, ბედის უკუღმართობით კი გულშემატკივრად სწორედ ჰაინრიხი ჰყავდა. სამეფოს პირველი რაინდი ახლოს უნდა ყოფილიყო, რომ ჰაინრიხისაგან დაეცვა. ზურმუხტის კუნძულის ხელმწიფის ქალი კი ჰყვარებოდა, რა დაშავდებოდა? მეფეს აღარ დასჭირდებოდა ხელმწიფის ქალის გართობაზე ეზრუნა და სახელმწიფო საქმეებისათვის მეტი დრო ექნებოდა. ზურმუხტის კუნძულის ხელმწიფესაც შეიძლებოდა ომი გამოეცხადებინა. როგორ გაემტყუნებინა ზურმუხტის კუნძულის ხელმწიფის ქალი, როცა სამეფოს პირველი რაინდი თვითონაც ენატრებოდა? იქ ხომ თვით გართობა იყო, სადაც იყო სამეფოს პირველი რაინდი?

ამ დროს მეფეს ართურ ბრიტანელის ელჩები ეახლნენ და თავიანთი მბრძანებლის წერილი მიართვეს. ართური სწერდა, ნაჩქარევი განსჯა მეფეს არ შეეფერებაო. სამეფოს პირველმა რაინდმა ივარგა, თორემ პურის მთხოვნელ ავადმყოფს რომ წაეყვანა ზურმუხტის კუნძულის ხელმწიფის ქალი, ყველა დიდებული შერცხვენილი და თავმოჭრილი ვიქნებოდითო. სამეფოს პირველი რაინდი მხოლოდ მეგობრობს თავის მომავალ ბიცოლასთან, მაგრამ რომც უყვარდეს, ცუდს არაფერს აკადრებს, რადგან რაინდიაო. მე ქვეყანასაც დავასახელებ, სადაც რაინდები იმათზე არ ქორწინდებიან, ვინც უყვართ, რადგან საყვარელს იმას ვერ აკადრებენ, რასაც ცოლსო. მეფემ არ იცოდა, ართურს სჯეროდა თუ არა, რასაც წერდა. მაინც შერიგებაზე თანხმობა განაცხადა, ალბათ ართურს სჯეროდა, რასაც წერდა. ის ხომ არა მარტო მეფე იყო, არამედ რაინდიც. მეფეს ჰაინრიხის უვნებელყოფა უნდოდა და სამეფოს პირველ რაინდს შეურიგდა. სამეფოს პირველმა რაინდმა ხელმწიფეს ქალი დაუბრუნა და დანიშნულებმა ჯვარი დაიწერეს. ჰაინრიხსაც უნდოდა, სამეფოს პირველი რაინდი მეფესთან ახლოს ყოფილიყო, სჯეროდა, რომ ასე უფრო ადვილი იქნებოდა მისი ორგულობის დამტკიცება, მაგრამ როდესაც ქორწილი გადაიხადეს და ღვინონასვამ მეფეს ჩაბნელებულ სანთიობოში ხელმწიფის ქალის შინაბერა გამდელი დახვდა, რათა თავისი უბიწოებით გამოესწორებინა გაზრდილის აღზრდაში დაშვებული შეცდომა და კატამ თაგვი იგემა, როცა ჯეირნის ხორცი ლომს ჰქონდა ნაგემები, სამეფოს პირველმა რაინდმა განაცხადა, ჭორიკანებს რომ ჭორაობის საბაბი არ მივცე, სამეფოდან მივდივარო. მეფეს არ უნდოდა მისი გაშვება, მაგრამ სამეფოს პირველმა რაინდმა არაფერი შეისმინა. წავიდა სასახლიდან და დატოვა ცრემლოვანი ბიძა. ოღონდ სამეფო არ დაუტოვებია, წვერი შეიღება, უბრალო ტანსაცმელი ჩაიცვა და ისევ მეფეს ეახლა. მეფემ ვერ იცნო. რაინდი მას დახელოვნებულ ბაზიერად გაეცნო. მეფემ თავისთან სამუშაოდ მიიღო და ცოტა ხნის შემდეგ ისე შეუყვარდა, უიმისოდ გაძლება აღარ შეეძლო.

იმ ტყეში, სადაც მეფეს უყვარდა ნადირობა, ერთი ციხე იდგა. წავიდა მეფე იმ ციხეში, თან დედოფალი და თავისი გულითადებიც წაიყვანა. ყოველ დილით მიდიოდა სანადიროდ თავის გულითადებთან ერთად. დედოფალი ციხეში რჩებოდა, დაბრუნდებოდა ბაზიერი ციხესთან და დედოფალი სარკმლიდან თოკის კიბეს ჩამოუშვებდა. ავიდოდა ბაზიერი დედოფლის ოთახში და მიჯნურები ისევ ერთად იყვნენ. მაგრამ ხანმოკლეა შვება გაჭირვებულის და ივენსაც კვლავ სძულდა დედოფალი, თუმცა თავისი კადნიერების გამო ისინიც ულმობლები გაუხდნენ, ვისაც ადრე ებრალებოდათ, და ნადირივით ტყეში იმალებოდა. სვირინგები დაუსკდა და დაუწყლულდა, სუდარა შემოეფლითა, იჯდა ბუჩქებში და ციხისკენ სიძულვილით იცქირებოდა. სამალავიდან დედოფალი რომ დაინახა, ციხეს აღარ სცილდებოდა. მონადირეები რომ წავიდოდნენ, მიუახლოვდებოდა ციხეს და დედოფლის ოთახის სარკმელს ბუჩქებიდან ესროდა მზერას, რომელიც დედოფალმა შეურაცხყოფად მიიღო. ნეტავ შეხედვით გადაედოს სვირინგები, რაკი შეხებით არ გადაედო და შეხედვის გამოც გასაგდებად ჩამთვალაო, ფიქრობდა. თოკის კიბით ამავალი ბაზიერი სულაც არ ცვლიდა ივენის აზრს დედოფალზე, ამიტომ ივენს ფიქრადაც არ მოსვლია, რომ სამეფოს პირველი რაინდი შეიძლებოდა გადაცმული ყოფილიყო. ჰაინრიხს დაუხვდა გზაზე და მოახსენა, დედოფალმა მეფის ბაზიერი შეიყვარაო. ჰაინრიხიც ცუდ ხასიათზე იყო, რადგან მოლოდინი გაუცრუვდა. იმის დაჯერება, რომ დედოფალმა მეფის ბაზიერი შეიყვარა, სისულელედ ეჩვენა.

-ასე რატომ გეჯავრება დედოფალი?" - ჰკითხა ივენს.

-იმიტომ, რომ ძალიან ამპარტავანია, იმიტომ, რომ მინდა ისე იტანჯოს, როგორც მე ვიტანჯები. მხოლოდ იმიტომ უბრძანა სარანგს ჩემი გაგდება, რომ მისთვის შეხედვა გავბედე", - უპასუხა ივენმა.

-ამ სალმობიერს სულიც სხეულივით გონჯი ჰქონია", - თქვა ჰაინრიხმა თავის გულში. მერე გაიფიქრა, რომ შესაძლებელი იყო, ივენი არ ცდებოდა და სამეფოს პირველ რაინდს სინამდვილეში სულაც არ დაეტოვებინა სამეფო. წავიდა ციხეში, მოისყიდა მეფის ჯუჯა და დედოფლის ოთახში შეპარვასა და იატაკზე ფქვილის მიმობნევაზე დაიყოლია.

დილით, სანადიროდ რომ წარემართნენ, ჰაინრიხი შეუმჩნევლად ჩამოსცილდა მონადირეებს და მონახა თვალშეუწვდენელი ხე, რომლიდანაც შეიძლებოდა ციხისათვის ეთვალთვალა. ცხენი გაუშვა და თვითონ ხეზე ავიდა. ცოტა ხნის შემდეგ თოკის კიბით ამავალი ბაზიერიც დაინახა. გესლიანი ღიმილი აუთამაშდა ჰაინრიხს ბაგეზე. კატასავით მცოცავ მეფის ბაზიერში საკუთარი დეიდაშვილი შეიცნო. ჩამოვიდა ხიდან და დაუსტვინა. ძაღლივით შეჩვეულმა ცხენმა გაიგონა თუ არა სტვენა, მაშინვე პატრონთან გაჩნდა. შეჯდა ცხენზე ჰაინრიხი და ისევე შეუმჩნევლად შეუერთდა მეფის თანმხლებებს, როგორ შეუმჩნევლადაც ჩამოსცილდა.

საღამოს, ციხეში რომ დაბრუნდნენ, მეფეს სამეფოს პირველი რაინდი გაახსენა. მეფემ შენიშნა, რომ სამეფოს პირველი რაინდის გადახვეწაში ჰაინრიხსაც მიუძღოდა ბრალი. ჰაინრიხმა ბოდიში მოუხადა კადნიერებისთვის და მოახსენა, გადახვეწაში ბრალი არავის მიუძღვის, რადგან სამეფოს პირველი რაინდი ამ ციხეშია გადმოხვეწილიო. მეფე გაოცდა. ჰაინრიხმა ახლა შიმუნვარებზე ჩამოაგდო სიტყვა, თქვა, დედოფლის ოთახს ისე ცუდად გვიან, ყურადღებიანი კაცი ახალ კვალს იოლად მიაგნებსო. მეფე განრისხდა. მიხვდა, ჰაინრიხი რასაც გულისხმობდა. ან შენ განანებ, ან დედოფალსო, დაემუქრა და დედოფლის ოთახში ავარდა. სანამ ჰაინრიხი გულში ლოცულობდა, სამეფოს პირველ რაინდს ფქვილი ნანახი არ ჰქონდეს და არც ოთახი იყოს დაგვილიო, მეფემ შანდალში სანთელი აანთო და დედოფლის ოთახის იატაკს დააკვირდა. სარკმლის მახლობლად ფქვილდაყრილ იატაკზე აშკარად ჩანდა მამაკაცის ფეხსაცმლის კვალი. მეფემ დედოფალი ოქროსფერი თმით ათრია და ჰაინრიხს მისი საკირეში დაწვა უბრძანა. ჰაინრიხს უნდოდა, მეფის ბაზიერიც დაეჭირათ, მაგრამ იგი უკვე გაქცეულიყო.

საკირე განცალკევებით აღმართულ კლდეებთან ახლოს იყო. მეორე დღეს ჰაინრიხმა საკირეში ცეცხლი დაანთებინა და ორმოცდაათი სასტიკად მებრძოლი იახლა იმ შემთხვევისათვის, სამეფოს პირველი რაინდი თუ თავისი ნანდაურის ხსნას მოინდომებდა. სასტიკად მებრძოლებსაც არ დასჯერდა, საკირესთან ოცდაათი მშვილდფიცხელი მაგრიად მოისარი დააყენა და უბრძანა, სამეფოს პირველი რაინდი თუ გამოჩნდა, თვით მას თუ ვერ მოკლავთ, ცხენი მაინც მოუკალითო. ერთი რამ მაინც ვერ გაითვალისწინა - ვერ მოძებნა ჯალათი, რომელიც დედოფლის დაწვას იკისრებდა.

ივენი კლდის ნაპრალიდან უყურებდა საკირეს. ჰაინრიხის გასაჭირი რომ იხილა, კლდის ნაპრალიდან გამოვიდა, საკირესთან მივიდა და განაცხადა, დედოფალს მე დავწვავო.

-ისევ შენ! - შესძახა დედოფალმა, - რა დაგიშავე ასეთი, რომ ასე მდევნი?" -მე რაღა დაგიშავე, სარანგს რომ ჩემი თავი გააგდებინე? - მიუგო ივენმა, - ერთხელ შემოგხედე, მეტი ხომ არაფერი?"

-დიდსულოვნება გამოიჩინე და სიკეთით გადამიხადე!"

-არა, - უთხრა ივენმა, - ახლა გაგახსენდა დიდსულოვნება? საკირის ცეცხლი არაფერი იქნება იმ ცეცხლთან შედარებით, მე რომ მედება. მინდა, შენი ტანჯვა დიდხანს გაგრძელდეს".

-ძალიან კარგად ვქენი, რომ სარანგს შენი თავი გავაგდებინე, - უთხრა დედოფალმა, რომელიც ზურმუხტის კუნძულის ხელმწიფის ქალი იყო და სიამაყე არ აკლდა, იმაზე ფიქრმა კი, რომ მისი ტანჯვა ხანმოკლე იქნებოდა, გულადობა შეჰმატა, - ისეთი თვალებით მიყურებდი, შენ სალმობას უნდა დაებრმავებინე!"

ამ დროს გამოჩნდა სამეფოს პირველი რაინდი თავის ყმებთან ერთად. მოისრებმა ისრები დაუშინეს, მაგრამ ფოლადის ჯავშანი ეცვა და ვერაფერი დააკლეს. მის ცხენსაც ჯაჭვი ჰქონდა გადაფარებული, მუცელში მაინც მოარტყეს ისრები, ერთგული ცხენი მაინც დაქროდა. ასეთი ცხენკეთილობით სამეფოს პირველმა რაინდმა ორმოცდაათივე სასტიკად მებრძოლი მიაწვინა და ჰაინრიხსაც თავი გაუპო.

-საკირეში შენ უნდა დაგწვა, წყეულო, ყოველგვარ კეთროვნებას რომ ავრცელებ!" - უყვირა ივენს. ივენი კვლავ მიბრუნდა სილტოლვად. სამეფოს პირველმა რაინდმა არ იკადრა, დევნა ეყო მისთვის. სხვა ცხენზე გადაჯდა, დედოფალსაც მიჰგვარეს ცხენი მისმა ყმებმა და წავიდნენ მყვარებლები მწვანე ტყეში. იქ დედოფალი წნელისგან დაწნულ ქოხში ცხოვრობდა და გამოჩორკნილ მერხზე ეძინა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო, რადგან ის, ვინც უყვარდა, გვერდით ჰყავდა.

ივენიც ტყეს აფარებდა თავს და ისევ იტანჯებოდა. ერთხელ განდეგილს შეხვდა. წმინდა კაცმა თავისი მოსასხამი მოასხა. ივენმა დალოცა. -შენი სულისთვის ილოცე, უბედურო, - უთხრა განდეგილმა, - დედოფალს სიავეს სიავით რატომ უხდი? რატომ გენანება წუთისოფელი, სადაც სიბრიყვე, სიცრუე, სიხარბე და სისასტიკე გამეფებულა? შენ გქონდა შესაძლებლობა, ამ სოფლიდან გასულიყავი და დარჩენილი სიცოცხლე ლოცვაში გაგეტარებინა, შენ კი უფრო ღრმად შეტოპე, ისეთ დიდებულებს დაუახლოვდი, როგორებსაც ჯანმრთელი არც კი იცნობდი. გადი ამ სოფლიდან, გამოქვაბული პოვე და იქ დაემალე ცდუნებებს. იმედი იქონიე იმ გულუხვი მქონებლისა, რომელიც თერთმეტი საათით და ერთი საათით დაქირავებულთ ერთნაირად უხდის".

განდეგილის სიტყვები რომ მოისმინა, ივენმა გადაწყვიტა, უკაცრიელ ადგილს დაჰბრუნებოდა და ლოცვაში გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე. მადლობა გადაუხადა კარგი დარიგებისთვის და გასწია უკაცრიელი ადგილისკენ.

გზად ერთ წყაროსთან უნდა გაევლო. მოხდა ისე, რომ იმ წყაროსთან სამეფოს პირველ რაინდსა და დედოფალსაც უნდა გაევლოთ. ცოტა ხნის წინ მათთან მივიდა მათი მეგობარი მრგვალი მაგიდის რაინდი და აცნობა, მეფე ართური თავისთან გიწვევთო. მრგვალი მაგიდის რაინდი გმირობათა ჩასადენად წავიდა, სამეფოს პირველმა რაინდმა კი წაიყვანა დედოფალი და გასწია კამელოტისაკენ. იმ წყაროსთან რომ მივიდნენ, დასასვენებლად შეჩერდნენ და ჩაეძინათ დაღლილებს. ამ დროს წყაროსთან ივენმა გაიარა. დაინახა, ჩრდილში ვიღაცებს ეძინათ. თითები ისეთ დღეში ჰქონდა, ზანზალაკის ენის დაჭერა აღარ შეეძლო. ზანზალაკი ძირს დააგდო და მიეპარა მძინარეთ. იცნო და ჩაფიქრდა. აღარ იცოდა, მათთვის წყლულები დაედო თუ დიდი ქვა მოეძებნა, ტაკვია ხელებით აეღო და ორივესათვის თავი დაენაყა. მერე განდეგილის სიტყვები გაახსენდა. რაინდს გვერდით ედო შიშველი მახვილი. რომ გაღვიძებოდა, შეიძლებოდა უკვე აღარ მორიდებოდა ივენისათვის შემოკვრა. ივენს არ შეეძლო, ისინი მათივე იარაღით დაეხოცა, მახვილს ვერ დაიჭერდა. გადაწყვიტა, მიეტევებინა მათთვის, რაკი არ იყო დარწმუნებული, რომ დაამარცხებდა. გაეცალა და გზა გააგრძელა. ცოტა იარა და მხედარი დაინახა. იცნო მეფე. წინათაც მოეკრა მისთვის თვალი. მეფეს ირმისთვის ამაოდ ეყო დევნა და ახლა თავის მხლებლებთან ბრუნდებოდა, უკან რომ ჩამორჩენოდნენ. მის მოახლოებაზე ივენს გაახსენდა, როგორი მშვენიერი იყო დედოფალი და მოუნდა ეყარა მისი მიუხვდომლობის ჯავრი. გაჩერდა და მეფეს ხრინწიანი ხმით შესძახა: -მეფეო, გინდა გითხრა, სად იპოვი დედოფალსა და სამეფოს პირველ რაინდს?" შეხედა მეფემ და უთხრა: -შენ თუ მართალს მეტყვი, იმდენ ოქროს მოგცემ, შენი სენითაც ტკბილად იცხოვრებ". ივენმა მიუგო, წეღან წყაროსთან გამოვიარე და იქ ვნახე, ეძინათო. მეფემ წყაროსკენ გააჭენა ცხენი. წყაროს რომ მიუახლოვდა, ჩამოხდა ცხენიდან და ფრთხილი ნაბიჯით წავიდა. სამეფოს პირველ რაინდსა და დედოფალს ეძინათ. არ იცოდნენ არც ის, თუ რას გადაურჩნენ და არც ის, თუ რა ემუქრებოდათ. მეფეს მახვილი ქარქაშიდან ნახევრამდე ამოღებული ჰქონდა. მიიპარა მძინარეებთან და გაშეშდა. სამეფოს პირველ რაინდს მახვილი იქით დაედო, საითაც დედოფალი ეწვა. ივენმა ეს მხედველობაში არ მიიღო, მეფეს კი გული აუჩუყდა. იფიქრა, მახვილი სულ შუაში უდევთო. -საბრალო ბავშვებო, ვინ იცის, რამდენი გაჭირვება გადაიტანეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთი წმინდა სიყვარულით გიყვარდათ!" დაჰყურებდა მათ და გული სიბრალულით ევსებოდა, მაგრამ რამდენადაც ისინი ებრალებოდნენ, იმდენად ივენს ურისხდებოდა. არ გაუღვიძებია ისინი. იქ დაბრუნდა, სადაც ცხენი ჰყავდა დაბმული. შეჯდა ცხენზე და იქით გააჭენა, საითაც ივენი ეგულებოდა. ივენმა მისი სახე რომ დაინახა, მიხვდა, მე მირისხდებაო და გაქცევა სცადა, მაგრამ მეფემ უნაგირზე დამაგრებული ქამანდით დაიჭირა და ცხენს დეზი ჰკრა. ცხენი წინ გაიჭრა, ივენი გაათრია და ტვინი ხეებსა და ქვებზე მიასხმევინა.

study
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნიკო ყიფიანი   Fri Apr 01, 2011 8:34 pm



ნიკო ყიფიანი

მურმანი


ძველად ტრაპიზონში ცხოვრობდა ჭაბუკი, რომელსაც ნადირობასა და ასპარეზობას ძველთა ფოლიანტთა კითხვა ერჩივნა და როდესაც სხვა ჭაბუკები ქალებს ეტრფოდნენ, ის სინდბადის სიბრძნეს ითვისებდა. ბროლის ციხის მფლობელი გახლდათ, წინათ ის ციხე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმაგრე ყოფილიყო, მერე ნელ-ნელა დანგრეულიყო თავისი მფლობელების ძლიერების დარად და ახლა ერთი კოშკი და გალავნის ნაშთიღა იყო შემორჩენილი. იმ კოშკში ცხოვრობდა მურმანი. ეს სახელი ერქვა აზნაურს. აღმოსავლელი ქალთმოძულე მბრძანებელივით ქალებისაკენ გახედვაც არ უნდოდა მშვენიერი ევდოკიას ნახვამდე.

მშვენიერი ევდოკია სპილოსძვალედ სასახლეს ფლობდა. სასახლე ერთ დიდ ბაღში ედგა. ხეთა ჩრდილები, ყვავილთა სურნელი, ფრინველთა გალობა, შადრევნებიდან ამოსულ და საბანლებში ჩასულ წყალთა ჩუხჩუხი ბაღს მზის საფერად ხდიდა. მზე კი სასახლეში ცხოვრობდა. მშვენიერ ევდოკიას ალვის ტანი და წაბლისფერი დალალები ჰქონდა. ყოველ საღამოს გამოდიოდა ბაღში და გარს ახალგაზრდობა ეხვია. ბაღში იდგა ზურგიანი გრძელი სკამები. დაჯდებოდა ერთ-ერთ სკამზე და მის ირგვლივ მეგობარი ქალები და თაყვანისმცემელი ვაჟები გროვდებოდნენ.

მურმანმა მშვენიერი ევდოკია გაზაფხულის ერთ მზიან დღეს ნახა. თავისი ძიძის სახლში იყო და ძიძიშვილს ელოდა. სახლში ჯდომა მოჰბეზრდა. გარეთ გავიდა და ბუჩქნარიან სერებს გახედა. ამ დროს სასაფლაოსაკენ მიმავალ გზაზე მშვენიერი ევდოკია გამოჩნდა. შიმუნვართან ერთად მშობლების საფლავზე მიდიოდა. ორი შაოსანი იჯდა გზის პირას. საძაგელი იყო მათი ტუჩები. ერთმა მათგანმა ასწია მარჯვენა, ეშმას მახინჯი ხელის დარი, და მშვენიერი ევდოკია დაწყევლა - საჭირბოროტოაო ასეთი სილამაზე, სულებს დაუწვავს ჩვენებურ ახალგაზრდებს. შეშურდათ წყეულებს, რადგან ისინი მახინჯები იყვნენ, მშვენიერი ევდოკია კი ანგელოზს ჰგავდა. მათ ღრჯოლებიანი პირები აღაღეს და მშვენიერი ევდოკია გაჭორეს, რამეთუ თეძოების რხევით ვიდოდა. მურმანი კი იდგა იქვე და ხმის ამოღების ძალი არ ჰქონდა. ის წყევლა მას აუხდა. გაიგო, მშვენიერი ევდოკია სად ცხოვრობდა და ბაღის ხშირი სტუმარი გახდა. მურმანი მას თავის დაწერილ ლექსებს უკითხავდა, ევდოკია კი იცინოდა და დასცინოდა, მაგრამ მურმანს არ სწყინდა, რადგან ფიქრობდა, ყველასათვის ასეთი სასტიკიაო. ევდოკია ხომ ასეთი მშვენიერი იყო, - უფლება ჰქონდა, სასტიკი ყოფილიყო.

ერთხელაც მივიდა მურმანი და ქალი ვეღარ ნახა. ახალგაზრდები სადღაც გამქრალიყვნენ. მივიდა სასახლეში. იქ მარტო შიმუნვარი დახვდა და უთხრა, ჩემი უფალა ბაღში გავიდაო. ოქროვანი ქვიშით დაფარულ გზას გაუყვა. ეს ბაღი, ჯერ კიდევ გუშინ რომ ნამდვილ სამოთხედ მიაჩნდა, დღეს ჯოჯოხეთის მღვიმედ ეჩვენა. არავინ დაუნახავს, არავისი ხმა გაუგონია. განვლო გზა და ზღუდეს მიადგა. ბაღს გარშემო მარმარის კედელი ჰქონდა შემოვლებული. ერთგან კედელი გადმოენგრიათ და ლოდები ერთმანეთზე კიბის საფეხურებივით დაეწყოთ. ლოდებთან ბალახი გათელილი იყო. ჩანდა, გადმონგრეულ კედელზე ვიღაცები გადადიოდნენ. მურმანი ავიდა ლოდებზე და დადგა კედლის ქვედა ნაწილზე. გარეთ ზღუდის მიმდებარე ადგილი შემაღლებული იყო და ფეხი ჩააწვდინა. ბალახი იმ ადგილასაც გაეთელათ. ტყე იწყებოდა ბალახიანი ადგილის იქიდან. მურმანი ბალახზე დატოვებულ კვალს გაჰყვა. კვალმა ტყესთან მიიყვანა. ტყეში შესულს ნაცნობი ხმა შემოესმა ანაზდად. გაჩერდა და ყური დაუგდო. ქალ-ვაჟი საუბრობდა. ხმაზე იცნო ევდოკია. ვაჟიც იცნო - კონსტანტი იყო, მეომარი რაინდი. ახლო-ახლო იდგა ხეები და ვაჟი ვერ ხედავდა, ქალი ხომ მაშინაც ვერ დაინახავდა, ხეები რომ არ მდგარიყო. მთელი მისი ყურადღება მიქცეული ჰქონდა ვაჟს, ვისთან ერთადაც იყო.

- კონსტანტი! - მიმართავდა, - როგორი უნდა იყოს ქალი, რომ წაიყვანო?

- ჩემი ცხენი უნდა უყვარდეს.

- მე მიყვარს შენი ცხენი, - ამბობდა ევდოკია, - ის თოვლისტანიანია და ოქროსფაფრიანი. როცა ვუყურებ, სულ მინდა, რომ ყარყარა ყელზე ყვავილების გვირგვინები წამოვაცვა და ჭკვიანი თვალები დავუკოცნო. ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს უფრო ლამაზი ცხენი!

- ეგ არ არის საკმარისი. ჩემი მწევარიც უნდა უყვარდეს.

- მე მიყვარს შენი მწევარი! მიყვარს იმიტომ, რომ პაჟივით ტანწვრილია და გედივით ყელმოღერებული. თუ მაჩუქებ, ბუმბულის ბალიშებში ჩავსვამ და გარეული ფრინველის შემწვარ ხორცს არ მოვაკლებ!

- არც ეს არის საკმარისი.

- კიდევ რა არის საჭირო? - ეკითხებოდა ევდოკია.

- მე უნდა მიყვარდეს, - იცინოდა კონსტანტი.

ქალი ისე ეხვეწებოდა ვაჟს, როგორც მურმანი - ქალს, ვაჟი კი ისე სასტიკად ექცეოდა, მას, როგორ სასტიკადაც ის - მურმანს. ყელში მაშთობელი ბურთი გაეჩხირა მურმანს. აღარ დაუცდია საუბრის დამთავრებისთვის. მობრუნდა და წამოლასლასდა. ისე იყო, მართლა დამხრჩვალს ჰგავდა. შინ დაბრუნებული თავს ახლიდა კედელს, ვით წყლით ამოსული შხამდაკარგული უნასი ახლის ხოლმე ქვებს და კითხულობდა:

- რა უფრო ჯეროვანი პატივია სილამაზისთვის - უნდა მის წინაშე ქედს ვიდრეკდეთ, თაყვანს ვცემდეთ და ვმორჩილებდეთ, თუ უნდა ვთრგუნავდეთ მას, ვჩაგრავდეთ და ვამცირებდეთ?

რისხვამ შეიპყრო. თითქოს მონა იყო რომაელისა და აჯანყდა იმდენი ხნის მორჩილების შემდეგ. კედელზე დაკიდებულმა ჯვარცმამ წამით დააცხრო მისი რისხვა, მაგრამ მერე ახალი სიძლიერით აღაგზნო. მე რატომ უნდა ვაღმერთებდე მას, ვინც სხვებმა ჯვარს აცვესო, და ჯვარცმა კედლიდან ჩამოგლიჯა, იატაკზე დაანარცხა და ნამსხვრევებად აქცია.

ცოტათი დამშვიდდა დამსხვრეული ჯვარცმის დანახვაზე. ახლა შიშმა შეიპყრო, შიშმა იმისა, რომ გაიგებდნენ მეზობლები და -ხატის გამტეხს" დაუძახებდნენ. ნამსხვრევები წამოკრიფა, ვაშკარანში ჩაყარა და კოშკიდან გავარდა. დიდხანს ირბინა უგზო-უკვლოდ. მას ის ანგელოზად ეჩვენებოდა, სხვამ კი სადუკევლის თვალით შეხედა და თავისად დაიგულა. ის მას ლოცულობდა და ვერ აიტანა, თავისი სალოცავი რომ სხვის წინაშე მუხლებზე დაჩოქილი იხილა. ეგონა, ევდოკია ჭკუითაც ისე უხვად ეყოლებოდა დაჯილდოებული ბუნებას, როგორც სილამაზით. ევდოკიას კი ის უყვარდა, ვინაც ტანჯავდა და მას ტანჯავდა, ვისაც უყვარდა. ბრაზი გვერევა, ოდეს ვიგებთ, რომ ჩვენი კერპი ის არ არის, ვის ვმსახურებდით. ნუ თვალღებით ვსჯით. ხორცი უნჯია, ჟანგი შეჭამს და მპარავი წაიღებს. ვეძიოთ სული... მაგრამ ხშირად მოთვალმარგალიტებული ლუსკუმა აგვიბამს თვალებს და ვერ ვხვდებით, რომ ცარიელია. გამოერკვა. ძველ წიქვილთან მისულიყო. იმ წისქვილს სახელი ჰქონდა გატეხილი. ამბობდნენ, რომ მასში ეშმაკები იყრიდნენ თავს და მთელი ღამე ჩარფუზანა ჰქონდათ გაბმული. სხვა დროს მხარს აუქცევდა. ახლა კი პირდაპირ წისქვილისაკენ წავიდა.

ერთხელ სიზმარი ნახა, ვითომ ძველ წისქვილთან მიიპარა და კარი გამოაღო. წისქვილიდან ყვითელი სინათლე გამოვიდა. სინათლეს თვალი შეაჩვია და დაინახა ფერხულის დამვლელი შავი ჯუჯები. უეცრად ჯუჯებმა მისკენ მიაბრუნეს თავები და ისეთი ყურთასმენის წამღები ხმით აყვირდნენ, შეეშინდა და გამოეღვიძა.

ის სიზმარი გაახსენდა, კარს ცხადში რომ აღებდა, მაგრამ არც ყვითელი სინათლე გამოსულა წისქვილიდან და არც ჯუჯები ცეკვავდნენ. კიდობანი იდგა კარის მოპირდაპირე კედელთან. მთვარის შუქი შემოდიოდა სარკმლიდან. გაჩერებულიყო დოლაბი, ზევით-ქვევით გაბმული იყო აბლაბუდები. კიდობანთან მივიდა ხატის გამტეხი. ახადა სახურავი. ზანდუკში ეტრატის გრაგნილები ეწყო. თითქმის არაცნობიერად გრაგნილები ამოიღო და ლუსკუმაში ჯვარცმის ნამსხვრევები ჩაყარა. ვაშკარანში გრაგნილები ჩააწყო და კოშკში დაბრუნდა.

თავის ბიბლიოთეკაში სანთელი აანთო. ერთ-ერთი გრაგნილი ვაშკარანიდან ამოიღო და გაშალა. პერგამენტზე არაბული ენით ეწერა:

-ოდეს ხაზარან თურიჯანელი მაზენდარანდ წარემართა, შემოვიდა წისქვილსა ამას და ესე გრაგნილნი დააგდო. უკეთუ კაცი გულოვან არს და ზღაპართა ბერდიაცთათა არა ეშინის, შემოვიდეს, წარიღოს გრაგნილნი და ესეთი ხელოვანი შეიქმნეს, თავადმან ტილისმანი ყოველთანი მოშალოს და მისი ვერავინ მოშალოს".

დანარჩენი გრაგნილებიც ამოიღო ვაშკარანიდან და მაგიდაზე დაყარა.


* * *

იმ ხანებში იმპერატორმა ალექსიმ მამამისის ნაჩუქარი თვალი დაკარგა. მრავალი ვარსკვლავთმრიცხველი და მკითხავი მივიდა სასახლეში, მაგრამ თვალი ვერავინ უპოვა. შეწუხდა ალექსი. გაშმაგებულს შეეძლო ერთი ამაოდ მძებნელიც არ განეტევებინა ცოცხალი, თვალს ამით არაფერი ეშველებოდა. შეწუხებული იჯდა ოქროლესულ ოთახში, როცა შევიდა მისი საყვარელი მსახური და მოახსენა:

- იმპერატორო, კიდევ ერთ ყალთაბანდი მოვიდა.

- შემოიყვანე! - უბრძანა ალექსიმ. მის ირონიას ყურადღება არ მიაქცია.

მსახური გამოვიდა თვლის ახალი მძებნელის შესაყვანებლად. ცოტა ხნის შემდეგ შევიდნენ ის და მურმანი, რომელიც იმპერატორს თავის მდაბლად დაკვრით მიესალმა.

- შენ აპირებ ჩემი თვლის ძებნას? - ჰკითხა ალექსიმ.

- სამი დღის ვადა მომეცით და ვიპოვი, - მიუგო მურმანმა.

- ის თუ იცი, არპოვნის შემთხვევაში რა მოგელის? - კვლავ ჰკითხა ალექსიმ.

- თუ ვიპოვე, რა მომელის? - კითხვაზე კითხვით უპასუხა მურმანმა.

ალექსის გაეცინა. ჩანდა, პასუხი მოეწონა.

- იმპერატორო, მხცოვანმა მოგვებმა ვერ შეძლეს თქვენი თვლის პოვნა და ასეთი ახალგაზრდა იპოვის? - ჩაერია საუბარში იმპერატორის საყვარელი მსახური.

ალექსიმ წარბი შეიკრა.

- ამბროსი, შენი საქმე არ არის! - მიმართა და ისევ მურმანს მიუბრუნდა, - თუ იპოვი, რასაც მთხოვ, შეგისრულებ! არპოვნის შემთხვევაში კი სხვა მოგვებთან და მისნებთან ერთად გელის სიკვდილი! წაჰყევ ამბროსის და შენთვის გამოყოფილ ოთახს გიჩვენებს.

მერე ისევ ამბროსის მიმართა, საუკეთესო ოთახი გამოუყავით და საჭმელ-სასმელი არ მოაკლოთო.

მურმანი მსახურს წაჰყვა. რაკი ღამდებოდა, შევიდა თუ არა მისთვის გამოყოფილ ცალკე ოთახში, რომელიც ამბროსიმ უჩვენა, მაშინვე დაწვა და მშვიდად დაიძინა.

მეორე დღეს მარმარილოსსვეტებიან პალატში ამბროსი ნახა და უთხრა:

- ამბროსი, მომიტანე ის თვალი, იმპერატორს რომ მოჰპარე!

- შენ ხომ არ გაგიჟდი, პატარა ყალთაბანდო? - გაღიმება სცადა ერთიანად გაფითრებულმა ამბროსიმ.

- ნუ მათქმევინებ იმპერატორისათვის! მან წამებით იცის ქურდების გამოტეხა.

- შემიბრალე!... - ამბროსი კინაღამ მუხლებზე დაეცა.

- რომ შემებრალე, იმიტომ გითხარი ცალკე, - დაბალი ხმით მიუგო მურმანმა. ისინი ერთ-ერთ სვეტთან იდგნენ, მოშორებული სხვებისაგან, - ის თვალი საბატეში წაიღე. იქ ფრთამოტეხილ ბატს ნახავ, იმას ჩააყლაპე.

ამბროსი დარბაზიდან გავარდა, მურმანი კი იმპერატორთან მივიდა.

- რა გაიგე, ვარსკვლავთმრიცხველო? - შეეკითხა ალექსი.

- ამ საღამოს მოგახსენებთ, - უპასუხა მურმანმა.

ტახტზე დაბრძანებულმა იმპერატორმა დაინახა, მურმანი რომ ამბროსის ელაპარაკებოდა, მაგრამ ეჭვი არ შეუტანია ამ უკანასკნელის ერთგულებაში. იფიქრა, მურმანს რამე სჭირდება და იმას სთხოვსო. იმ საღამოს მურმანმა მოახსენა:

- ის თვალი ერთ მამალ ბატს ჩაუყლაპავს. ახლა ფრთა მოსტეხია და ადვილად იცნობს, ვისაც საბატეში გაგზავნით.

წავიდნენ იმპერატორის გაგზავნილი კაცები, ფრთამოტეხილი ბატი დაიჭირეს, დაკლეს, გაუჭრეს მუცელი და ფასდაუდებელი თვალი იპოვეს.

ენა ვერ აღწერს, ალექსიმ ისე გაიხარა, მაგრამ რამდენადაც თვლის პოვნამ გაახარა, - იმდენად სხვა ვარსკვლავთმრიცხველებსა და მკითხავებზე გაბრაზდა და ყველას სიკვდილით დასჯა დაუპირა. მურმანმა უთხრა:

- ის უნდა შეასრულოთ, რასაც გთხოვთ. ჩემი თხოვნაა, ყველა მოგვი და მისანი ცოცხალი დატოვოთ.

ალექსი ჯერ განურისხდა, მერე აღტაცებაში მოვიდა.

- ყოჩაღ, ჭაბუკო! შენ შეგეძლო ნახევარი იმპერია გეთხოვა, მაგრამ იმპერატორის თანამოსაყდრეობას ადამიანთა სიცოცხლე ამჯობინე!

ვარსვლავთმრიცხველები და მკითხავებიც ცოცხლები დატოვა და მურმანს თავისი საქონლის ნახევარიც უბოძა. მურმანმაც ბროლის ციხის განახლება დაიწყო. ბაღშიც ისევ მიდიოდა. ისევ უკითხავდა ევდოკიას თავის ლექსებს, ევდოკია კი ისევ იცინოდა და დასცინოდა, მაგრამ ამჩნევდა, რომ მურმანი უფრო და უფრო უყვარდებოდა. ერთხელ ვეღარ მოითმინა და უთხრა:

- ვცდილობდი სიცილით და დაცინვით დამემალა, მაგრამ აღარ შემიძლია მეტის დამალვა: მიყვარხარ, მურმან! მაპატიე, რადგან ჩემი მწარე სიტყვები უძლური ქალის თავდაცვის სურვილით იყო ნათქვამი და არა გულით. სიყვარულით გადამიხადე თუ შეგიძლია!

- იქნებ ახლაც დასცინი საბრალო მურმანს? - მიუგო მურმანმა, - შენ თვითონ არ აღიარებ, დაგცინოდიო? რით მიმტკიცებ, რომ ეს გამოტყდომა ახალი დაცინვა არ არის?

- მითხარი, რა გავაკეთო შენ დასარწმუნებლად და გავაკეთებ!

- უპირველეს ყოვლისა, ჩემს კოშკში უნდა წამომყვე!

- ახლავე?

- ახლავე.

ევდოკია წაჰყვა. ბროლისციხეში მივიდნენ. განახლებულიყო ბროლისციხე. მურმანმა ერთ ოთახში შეიყვანა და აჩვენა ერთი დიდი გროვა ოქრო და ხორბალი, ერთმანეთში გადარეული.

- ჩემი მყვარებელი ოქროსა და ხორბალს ერთმანეთს განაშორებს და სხვადასხვა გროვად დადგამს! ოღონდ იცოდე, თუ ოქროს მარცვლებში ერთი ხორბლის მარცვალი გაერევა ან ხორბლის მარცვლებს ერთ ოქროს მარცვალს გადააყოლებ, ჩემს მყვარებლობას ნუღარ დაიჩემებ!

- სამაგიეროს მიხდის! - წარმოთქვა ევდოკიამ, როდესაც მურმანი ოთახიდან გავიდა, - როგორ უნდა გავარჩიო ისე კარგად, რომ არც ერთი მარცვალი არ გადამიყვეს? მე ხომ ჭიანჭველები არ მეხმარებიან?.. რას ვიზამ? აქვს კიდეც მიზეზი, სამაგიერო გადამიხადოს!...

ბევრი იმუშავა, ბევრი იწვალა და ოქრო და ხორბალი ისე გაარჩია, თითქოს მართლა ჭიანჭველები ეხმარებოდნენ, მაგრამ მურმანმა ისე ამოიღო ხორბლის მარცვალი ოქროს გროვიდან, თითქოს შენახული ჰქონდა.

- ასე აპირებ ჩემს დარწმუნებას?

- მურმან, მურმან! - შესძახა ევდოკიამ, - რატომ ხარ ასეთი ულმობელი?

- სოლომონ ბრძენთან ერთ დღეს ერთი მეთევზე მივიდა, - დაიწყო მურმანმა, - სამი პატარა თევზი მიართვა და თითოში ათი ტალანტი ვერცხლი მოსთხოვა. სოლომონ ბრძენმა მისცა ოცდაათი ტალანტი ვერცხლი და ჰკითხა, რატომ აფასებო ასე ძვირად. -ეს ჩვეულებრივი თევზები არ გეგონოს", - მიუგო მეთევზემ, - მძინარეს რომ გულზე დაადო, თავის გულისპასუხს გეტყვის". მეთევზე რომ წავიდა, სოლომონმა გადაწყვიტა, თევზები გამოეცადა. აიღო ერთი და მძინარე ვეზირს დაადო. ვეზირი ალაპარაკდა. -დღეში სამჯერ ჩემს გულში ვიტყვი, მოდი, მოვკლავ სოლომონს და დედოფალიც და სამეფოც მე დამრჩებაო. მაგრამ მერე მივაფურთხებ ეშმაკს და ისევ მეფის ერთგული ვარო". სოლომონმა ააცალა თევზი და ახლა დედოფალს დაადო. დედოფალმა თქვა, მე და კუნძულელს ერთმანეთი გვიყვარსო. სოლომონმა მეჯლისი გამართა. მსახურებს ერთი კოკა გამოატანინა და გამოაცხადა, ვინც ამ კოკაში თავს ჩატევს, დედოფალს იმას მივცემო. მოტყუვდა კუნძულელი. კოკაში ჩაძვრა. სოლომონმა კოკას საცობი დაუცო და ზღვაში გადააგდო. ხუთასი წელი იყო ზღვაში კუნძულელი. მერე თქვა: -ვინც მე გამათავისუფლებს, გავამდიდრებ!" გავიდა ხუთასი წელიც, მაგრამ არავინ გაათავისუფლა. თქვა: -ვინც მე გამათავისუფლებს, ქვესკნელის საიდუმლოებებს გავუმხელ!" ხუთასი წელიც გავიდა, კვლავ არავინ გაათავისუფლა, გაბრაზდა კუნძულელი და თქვა: -ვინც გამათავისუფლებს, მოვკლავ!" ამის მსგავსია ჩემი საქმეც. მარტოობასა და უსიყვარულობაში ვიყავი და ვთქვი: -ვინც მე შემიყვარებს, იმისი ერთგული ვიქნები!" ხანი გამოხდა. არავინ შემიყვარა. ვთქვი: -ვინც მე შემიყვარებს, იმას გავაღმერთებ!" მაინც არავინ შემიყვარა. მაშინ მეც გავბრაზდი და ვთქვი: -ვინც მე შემიყვარებს, ვაწამებ!"

თქვა და ოთახიდან ისევ გავიდა, საბრალო ევდოკია კი იატაკზე დაემხო და მწარედ აქვითინდა.


* * *

ერთხელ, როდესაც მურმანი იმპერატორის სასახლეში იყო, რომლის ხშირი და დაფასებული სტუმარიც გახდა, ბროლისციხესთან კონსტანტი მივიდა, კოშკის საქანლიდან მშვენიერი ევდოკია არე-მიდამოს ათვალიერებდა. კონსტანტიმ დაუძახა:

- რამ დაგარჩინა მანდ, ევდოკია? ჩამოდი, ჩემს ციხე-კოშკში გამომყე! იქ ოცდაოთხი შიმუნვარი გეყოლება და დედაჩემი წაბლისფერ თმას დაგიწნავს!

ევდოკიამ უპასუხა:

- რატომ აქამდე არ მიგყავდი? გახსოვს, რომ გეკითხებოდი, როგორ ქალს წაიყვან-მეთქი? ახლა მურმანი მიყვარს. ის ბაბილონელ ქურუმზე ბრძენია და მისი მაზენდარანელ დევებსაც ეშინიათ!

- ვაგლახ, შენს შიმუნვარს მართალი უთქვამს! მურმანმა მოაჯადოაო რაღაც ლექსებით, რომლებსაც ბაღში უკითხავდა! - შეჰყვირა კონსტანტიმ, - მაგრამ ვფიცავ, დაგიხსნი, შევებრძოლები ჯადოქარს და შუბზე ავაგებ.

- აბა, ერთი სცადე მასთან შებრძოლება! - მიუგო ევდოკიამ, - გირჩევნია, წახვიდე, თორემ თუ აქ დახვდი, შენი ფარ-შუბი ვერას გიშველის! ფაშატად გაქცევს და ულაყთაგან კვიცებს მოიგებ! ან ძუკნად გაქცევს და ლეკვებს დაყრი ხვადებისაგან! ან ლოდად გაქცევს და შენზე ბაყაყები იხტუნავებენ! ან რა საჭიროა ჩემი ხსნა? მე აქლემივით უნდა ვიჩოქებდე და ტვირთს ვითხოვდე, კაცები კი ახალ-ახალ გამოცდებს მიწყობდნენ და ავიწყდებოდეთ, რომ არ უნდა გამოსცადო ღმერთი, რომელიც სიყვარულია!

განრისხდა კონსტანტი, მაგრამ რაკი ევდოკია ასე გულგამოცვლილი ნახა, მურმანს არც მისი ფაშატად ქცევა გაუჭირდებოდა. სიკვდილს რომ უნდა შეხვედროდა, გულადი იყო, სირცხვილისა კი შეეშინდა. შეიკავა თავი და წამოვიდა. თავის ციხე-კოშკში დაბრუნდა. დაუძლურდა სიყვარულით და მურმანის მოურევლობის ჯავრით ლოგინად ჩავარდა. კონსტანტის ავადმყოფობის ამბავმა იმპერატორის დის - ალექსანდრას - ყურამდე მიაღწია. დაიბარა ალექსანდრამ კონსტანტის მესაჭურვლე, რომელსაც მეტსახელად -ხროგს" ეძახდნენ, და რაინდის ავადმყოფობის მიზეზი ჰკითხა.

- ღმერთმა შეაჩვენოს ბოროტი ევდოკია! - მიუგო ხროგმა, - სანამ არ უყვარდა ჩემს უფალს, თავს აწონებდა, ხოლო როდესაც მიზანს მიაღწია ჯადოქრობის საშუალებით, სიყვარულს უარყოფს!

ალექსანდრა მცირე ხნით ჩაფიქრდა.

- ხროგო, გინდა შენი უფალი მორჩეს? - ჰკითხა ბოლოს.

- როგორ არ მინდა!

- მაშინ ერთგან უნდა წამომყვე.

ალექსანდრა თავის საპირფარეშოში შევიდა და მონადირე ბანოვანის ტანსაცმელი ჩაიცვა. მერე სახე პირის საფარველით დაიფარა, ხროგი იახლა და მურმანის ძიძის სოფლისაკენ გასწია. იმ სოფელში რომ მივიდნენ, იარეს, იარეს და ევდოკიას დამაწყევარი შაოსნის სახლთან შეჩერდნენ. სანამ ხროგი უშველიდა, ალექსანდრა ჩამოქვეითდა. აქ დამიცადე, უთხრა მესაჭურვლეს და სახლში შევიდა. ხროგი ცხენებთან დარჩა. რამდენიმე საათის შემდეგ ალექსანდრა გამოვიდა. შაოსანმა გამოაცილა. ხროგმა ცხენზე შეჯდომაში უშველა.

- შენი იმედი მაქვს, ჩემო თებრონია, - უთხრა ალექსანდრამ, როდესაც ცხენზე შეჯდა.

- დამშვიდებული ბრძანდებოდეთ, ბანოვანო, ყველა ღონეს ვიხმარ, რაც ვიცი! - უპასუხა შაოსანმა. ცხენოსნები სოფლიდან წავიდნენ.

მეორე დღეს თებრონიამ მონაზვნის ტანსაცმელი ჩაიცვა, ტომრები თხილით აავსო და ჯორს აჰკიდა. წაიყვანა ჯორი, ბროლისციხესთან მიიყვანა, ტომრები ჩამოყარა და თხილი დააბნია. დაუწყო აკრეფა. გამოიხედა კოშკიდან ევდოკიამ, დაინახა მონაზონი, კიბეზე ჩამოირბინა და აკრეფაში მიეშველა. თებრონიამ მოწამლული ნელსაცხებლით სავსე პატარა ქილა მისცა და უთხრა:

- რაკი ასეთი სიკეთე მიყავი, ეს ნელსაცხებელი გქონდეს. წმინდა ჰაბოს წესით არის დამზადებული.

ევდოკია ნელსაცხებელს ისვამდა და მძიმედ დასნეულდა. თებრონიას ნელსაცხებელი ნელმოქმედი იტალიური საწამლავით შეენელებინა. იწვა ევდოკია ლოგინში და ბოდავდა. უსაზღვრო იყო მურმანის რისხვა. ბაბილონურ სულებს უბრძანა და მათ, როცა იმპერატორის და ნადირობდა, უნაგირიდან აიტაცეს და ხევში გადააგდეს.

მერე თებრონიასთან წავიდა, თებრონიამ გაიგო, მურმანი მოდისო, იქცა ყორნად და გაფრინდა. მურმანი არწივად იქცა და დაედევნა. დაეშვა ყორანი მიწაზე, იქცა მელად და გაიქცა. არწივიც დაეშვა, მწევარ ძაღლად იქცა და მელას დევნა უყო. მელა ტბაში შევარდა და იქცა წითელ თევზად. მწევარი მებადურად იქცა და თევზაობა დაიწყო. ამოხტა თევზი წყლიდან, ტბის იქითა ნაპირზე დაეცა, იქცა მონადირედ და მებადურს ისრები დაუშინა. მებადური მშვილდოსან მეომრად იქცა და მონადირე მოკლა. ისევ მურმანის სახე მიიღო და ბროლისციხეში დაბრუნდა. შევიდა ბიბლიოთეკაში, რომლის გასაღებიც მხოლოდ მას ჰქონდა, ერთ-ერთი გრაგნილი გადმოიღო, გაშალა და კითხვა დაიწყო. ეტრატზე საწამლავთა შესახებ ეწერა. კითხულობდა, ევდოკიას დაავადების ნიშნები ეცნო.

-ხოლო საწამლავისა ამის წამალი ესე არს: რომელსა სნეული უყვარდეს ყოვლითა გულითა თვისითა, აღმოიღოს ნაღველი, სისხლთა თვისთა შერიოს, ცრემლნი თვისნი აწვიმოს და ესე შეასვას. უკეთუ კაცმან თავი თვისი ნებითა თვისითა განწიროს, სნეული მორჩეს, უკეთუ არცა ერთსა კაცსა უყვარდეს, არა მორჩეს".

ეს იყო ევდოკიას მომწამვლელის საწამლავის საწინააღმდეგო საშუალება.

- ისღა დამრჩენია, კონსტანტის გავაგებინო! - წამოიძახა, - მას უყვარს სნეული და ის გასწირავს თავს!... მაგრამ უშველის? აქ წერია, ნებითა თვისითაო. მოჯადოებულს ვინ მისცა საკუთარი ნება?.. ღმერთო ჩემო! ის მოკვდება!.. მოკვდება!.. მოკვდება!..

ერთხანს ფიქრობდა. მერე თქვა:

- ყველაფერი გაითვალისწინე, ხაზარან თურიჯანელო! გრაგნილებს წისქვილში დატოვებდი, ევდოკია მოიწამლებოდა და გრაგნილები მის ხელში აღმოჩნდებოდა, ვისაც უყვარს -ყოვლითა გულითა თვისითა..." ასე აჯობებს მისთვის! მეტოქე მოკლულია, სასურველი მამაკაცი მის ფეხებთან გდია... მე, მეღა დავრჩი ზედმეტი!

ბუხარში ცეცხლი დაანთო და გრაგნილები ცეცხლში შეყარა. მერე კარადიდან ორი მკერდში ნემსგაყრილი თოჯინა გამოიღო, ქალი და ვაჟი. ქალ თოჯინას მკერდიდან ნემსი გამოაძრო და თოჯინებიც ცეცხლში შეყარა. ამოიღო ნაღველი, თავის სისხლში გაურია და თავისი ცრემლები დააწვეთა. ღამე იყო. მურმანი სისხლისაგან იცლებოდა. ერთ ხელში ჩირაღდანი დაიჭირა, მეორეში - დამზადებული წამლით სავსე ჯამი და ევდოკიას ლოგინთან მილასლასდა. ლოგინში სიცხიანი ავადმყოფი ბორგავდა.

- შენ ჩემს თავზე მეტად მიყვარდი, ევდოკია, - ჩაილაპარაკა მურმანმა, - სიამაყემ მაიძულა სხვადასხვა ძნელი დავალება მომეცა!

- შენ ეშმაკს ჰგავხარ, - დაილაპარაკა ევდოკიამ, - თუმცა შენ სიყვარულს მავალებ და მე შეგიყვარებ!

მურმანმა ჩირაღდანი კედელზე მიამაგრა, სნეულს პირი დააღებინა და წამალი ჩაასხა.

დილით ევდოკიამ თვალები აახილა და თავის ლოგინთან კონსტანტი დაინახა. ევდოკია კონსტანტის მოეხვია და უთხრა, რომ ხვდებოდა, მურმანი ის არ იყო, მაგრამ რატომღაც სჯეროდა, მურმანის სიყვარული ისევ მისთვის იყო საჭირო. ახლა, რაკი გრძნეული მკვდარია, ჯადომ ძალა დაკარგაო. კონსტანტიმ აღიარა, რომ გრძნეული მას არ მოუკლავს. ლოგინიდან ადგა და წამოვიდა, რათა ან გრძნეული მოეკლა, ან მისი მსხვერპლი გამხდარიყო. კოშკში რომ შემოვიდა, ქვედა სართულზე ჩირაღდნები ისევ ბჟუტავდა და დაინახა მკვდარი მურმანი, მთლიანად სისხლში მოსვრილი. ალბათ ეშმაკს მიჰყიდა სული, სულის ჩაბარების დრო დადგა და ეშმაკმა თავისი ნაყიდი ჩაიბარაო, მოსაზრება გამოთქვა ქალ-ვაჟმა. მათ იქორწინეს, კონსტანტის ციხე-კოშკში დაბინავდნენ და შვილებიც გაუჩნდათ, სამი ვაჟი და ერთი ქალი...

დიდხანს უჩვენებდნენ მურმანის საფლავს. საფლავი მთლიანად ეკლებით იყო დაფარული. მის გვერდით ჩავლას ყველა ერიდებოდა. მის მახლობლადაც არავინ აძოვებდა საქონელს, თუმცა მაღალი ბალახი იყო. ამბობდნენ, რომ ღამღამობით საფლავიდან ძაღლის ლეკვები ამოძვრებოდნენ ხოლმე და ყმუოდნენ...

study


Last edited by Admin on Sat May 06, 2017 9:53 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნიკო ყიფიანი   Fri Apr 01, 2011 8:36 pm

ნიკო ყიფიანი

დაღესტნური ლეგენდა

ოდესღაც ცხოვრობდა შირვანშას შვილი ალი. მას ასწავლიდნენ არაბეთის განთქმული ვარსკვლავთმრიცხველები. ადიდებდნენ სპარსეთის სახელოვანი მგოსნები, მას ეტრფოდნენ ჩერქეზეთის ტურფა ასულები. ესმა მას, საქართველოს ხან ერეკლეს თავისი გამზრდელის, ნადირ-შაჰის ნაჩუქარი ალმასი აქვს, რომლის მფლობელიც მთელი აღმოსავლეთის მბრძანებელი შეიქმნებაო. ალიმ ირანისა და ადარბადაგანის რჩეული ვაჟკაცები შეკრიბა და საქართველოსაკენ წარემართა. მაგრამ ერეკლე-ხანს ნადირ-შაჰის ნაჩუქარი ალმასი ჰქონდა და მართლმორწმუნე ვაჟკაცები ისე დაამარცხა, შირვანში ამბის წამღებიც არ დარჩენილა, ალი კი ტყვედ ჩაიგდო და ხაროში ჩააგდებინა.

ერეკლე-ხანს სამოთხის ქალწულივით ლამაზი შვილიშვილი ჰყავდა, სახელად თამარი. შეუყვარდა თამარს პირმშვენიერი ვაჟი. კალათს საჭმელ-სასმლით გაავსებდა, სახელურზე თოკს მოაბამდა და ალისთან ჩაუშვებდა. ერთ ღამეს ალიმ უთხრა: -ჩამოშალე შენი მსხვილი ნაწნავი. ამოვალ, შირვანში წაგიყვან და ცოლად შეგირთავ". თამარმა უპასუხა: -მუსლიმები ქალების მოყვარულნი ხართ. სხვა ქალის შერთვაც რომ მოგინდეს, რა ვქნა?" შეჰფიცა ალიმ საშინელი ფიცით, რომ სხვა ქალს ცოლად არ შეირთავდა. მაშინ თამარმა გიშრის ნაწნავი ჩაშალა და ალი ხაროდან ამოიყვანა. გამოიყვანა თამარმა წითლა ცალრქა. გამოიტანა უნაგირი და ცალრქას დაადგა. უნაგირს თავში ნადირშაჰისეული ალმასი ეჯდა. შესხდნენ ცალრქაზე და გაიქცნენ.

დილით ერეკლე-ხანმა რომ ნახა, ქალ-ვაჟი გაქცეულიყო, თამარის ბიძაშვილ დავითს უბრძანა, გაქცეულებს დაედევნეო. ერეკლე-ხანს ლურჯა ცალრქაც ჰყავდა. შეჯდა დავითი ლურჯა ცალრქაზე და გაქცეულებს დაედევნა. მიიხედა ალიმ უკან და თამარს უთხრა, ბუზისტოლად რაღაც მოჩანსო. -ეგ ჩემი ბიძაშვილი დავითი იქნება". თამარი ჯადოქარი იყო. იქცა თვითონ ბაღად, ცალრქა - ზღუდედ, ალი კი მებაღე ბერიკაცად აქცია. დადის ბერიკაცი ბაღში და ვითომ ხეებს მსხმოიარობას უსინჯავს. გამოიარა დავითმა და ჰკითხა: -აქ ცალრქაზე ამხედრებულ ქალ-ვაჟს ხომ არ გამოუვლია?" -ასი წელიწადია, ამ ბაღში ვმუშაობ, მაგრამ ეგეთი არაფერი მინახავს", - მიუგო ბერიკაცმა. შეხედა დავითმა ბერიკაცის თვალებს. არ უნახავს ისეთთვალება ქართველი. ქუთუთოები თითქოს უდაბნოს ქვიშით დამძიმებია. მიხვდა, თამარის მიერ გარდასახული ალიაო, წააქცია და მოკვლა დაუპირა. იქცა ბაღი ქალად, ატირდა და ბიძაშვილს შეევედრა, შეგვიბრალეო. შეეცოდა დავითს თამარი, გაუშვა ალი. დაბრუნდა და პაპამისს მოახსენა, ვერავინ ვნახე, მებაღე ბერიკაცის გარდა, რომელიც ხეებს მსხმოიარობას უსინჯავდაო. თამარს მოუტყუებიხარ, უთხრა პაპამ, ის ბერიკაცი უნდა მოგეკლა, ხეებისთვის კი რტოები დაგეჭრა და წამოგეღოო.

ამასობაში დევნილებმა საქართველოს საზღვარი გადაიარეს და მივიდნენ ომარ-ხანთან. ომარ-ხანმა ალი კარგად მიიღო და საცხოვრებლად კოშკი მისცა. გამოაგზავნა ერეკლემ ჯარი, მაგრამ ქართველებს ნადირშაჰისეული ალმასი აღარ ჰქონდათ და ომარ-ხანმა გაჟლიტა ისინი. თამარი ალის დარჩა და მას ოქროსთმიანი ქალ-ვაჟი უშვა.

ვერ მოისვენა დავითმა. ესიზმრებოდა შირვანშას შვილი. ვითომ ალი საქართველოს ნაყოფიერ მიწაზე მიაბიჯებდა და მარცვლებს აბნევდა. ჩავარდებოდა ხნულში მარცვალი და ამოდიოდა მეომარი, თურანელი, ქუთუთოებდამძიმებული უდაბნოს ქვიშით. ეღვიძებოდა დავითს. მოენატრა თამარი. გადაწყვიტა წასულიყო და ენახა. წავიდა, გადაიარა საქართველოს საზღვარი და მივიდა ალისთან. ალის ახსოვდა, როგორ დაეხმარა მათ დავითი და მისი მოსვლით ძალიან გაიხარა. თავის კოშკში შეიპატიჟა და მონებს უბრძანა, სუფრა გაეშალათ. დავითმა თამარი კიდევ უფრო გამშვენიერებული ნახა. აქ თამარი მუსლიმი ქალებივით ჰარამხანაში ცხოვრობდა და სახეს ჩადრით იფარავდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო, რადგან როცა ვერავინ ხედავდათ, ალი პატარა ფეხებს თავისი ხელით ჰბანდა. ბავშვები დავითს დანახვისთანავე შეუყვარდა. ოქროსთმიანი ქალ-ვაჟი თურქ მეომრებს არ ჰგავდა. მონებმა სუფრა გაშალეს და ალიმ დავითს გულთბილად უმასპინძლა. უთხრა, რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს დარჩიო. დავითი კოშკში დარჩა და თამარსა და ბავშვებთან სულ ახლოს იყო. დაიბარა ომარ-ხანმა ალი და მიმართა: -რატომ გყავს კოშკში უცხო კაცი? განა ვერ ხვდები, რომ მის ბიძაშვილს თამარი უყვარს?" ალიმ მიუგო: -უყვარს, მაგრამ მხოლოდ ძმური სიყვარულით, რადგან სხვაგვარ სიყვარულს მისი სარწმუნოება უკრძალავს". -ვინ გითხრა შენ ეგ?" - ჰკითხა ომარ-ხანმა. -თვითონ". -არ დაუჯერო, - უთხრა ომარ-ხანმა, - აქ იმიტომ დარჩა, შენი ცოლ-შვილი წაყოლაზე დაიყოლიოს. საქართველოში რომ წავა, თამარსა და ბავშვებსაც თან წაიყოლებს". ეჭვმა დააბრმავა ალი. ერთ ღამეს, როცა ყველას ეძინა, მიეპარა დავითს და დანა ჩასცა. ისე მოკვდა დავითი, არც დაუკვნესია. კიდობანი მიიტანა ლოგინთან ალიმ, მოკლული დავითი კიდობანში ჩააგდო, მერე ერთგული მონა გააღვიძა. მისი დახმარებით კიდობანი კოშკის გალავანთან მიიტანა და იქ დამარხა. რა დამარხვას მორჩა, მონას ლოგინის გარეცხვა უბრძანა. დილით თამარმა დავითი მოიკითხა. უთხრეს, უთენია გასწია საქართველოსკენ, არ ინდომა შენი გაღვიძება, რადგან მისი გაცილება დაგაღონებდაო. რაღას იზამდა თამარი? რატომ არ მითხრა, საქართველოში თუ აპირებდა დაბრუნებას, უფრო არ დამაღონაო? ოღონდ კი კეთილად იმგზავროს და არა უშავსო, თქვა. გული კი დამძიმებული ჰქონდა.

იმ ადგილას, სადაც ალიმ დავითი დამარხა, უცნაური ყვავილი ამოვიდა, ვარდს ჰგავდა, ოღონდ ეკლები არ ჰქონდა.

გამოხდა ხანი. ომარ-ხანის საყვარელმა ასულმა სელთანეთამ შეიყვარა ალი და მამას სთხოვა, ალიზე გამათხოვეო. შეუჩნდა ომარ-ხანი ალის, მუსლიმებს ოთხი ცოლის ყოლის უფლება გვაქვს, შენ კი ერთ ცოლს სჯერდები განშორებულივით, მეორე ცოლად ჩემი ქალიშვილი შეირთეო. თამარს შევფიცე, სხვა ქალს არ ვექმროო, უთხრა ალიმ ბოლოს. არ ხარ მოვალე, ქრისტიანი ქალისთვის მიცემული ფიცი არ გატეხოო, მიუგო ომარ-ხანმა. თამარი ჯადოქარიც არის, დაწყევლილია ჯადოქრის შთამომავლობა, თუ მარტო თამარის ქმარი იქნები, შენი შთამომავლები არ გამრავლდებიანო. ალის გაახსენდა, როგორ გარდაისახა თამარი და ისიც და ცალრქაც როგორ გარდასახა. ის შირვანში არ ბრუნდებოდა, ბრძოლაში დაღუპული ვაჟკაცების ნათესავებისა რცხვენოდა, მაგრამ ნადირშაჰისეული ალმასი მას ჰქონდა, ოდისმე მთელი აღმოსავლეთის მბრძანებელი შეიქნებოდა, მისი შთამომავლები კი მბრძანებლები ვერ იქნებოდნენ, რადგან ჯადოქრის შთამომავლებს გამრავლება არ უწერიათო და სელთანეთას შერთვაზე თანხმობა განაცხადა.

გაიგო თამარმა, ალი სელთანეთას ირთავსო. იჯდა კოშკის ეზოში და მწარედ ტიროდა. დაინახა წითლა ცალრქამ და ადამიანის ხმით ჰკითხა: -ჩემო ქალბატონო, რა გატირებს?" -ის მატირებს, რომ ალი ორჯერ ვიხსენი სიკვდილისაგან, ტყვეობისათვის თავი დავაღწევინე, ოქროსთმიანი ქალ-ვაჟი ვაჩუქე, ის კი სელთანეთას ირთავს მეორე ცოლად, თითქოს არ შემოეფიცოს, სხვა ცოლს არ შევირთავო," - უპასუხა თამარმა. -შენ ისე მოიქეცი, როგორც მე დაგარიგებ და დანარჩენი მე ვიცი, - უთხრა ცალრქამ, - ცრემლი შეიშრე და პირი დაიბანე, არ უნდა გაიგონ, რომ ტირი. ალი რომ მოვა, თავი ისე დაიჭირე, თითქოს მის გადაწყვეტილებას იწონებ. უთხარი, რომ მათი ბედნიერება გახარებს და იმისთვის, რომ შენს გულწრფელობაში დარწმუნდნენ, სელთანეთას ჩემს თავს უძღვნი. თავში ალმასი რომ უზის, ის უნაგირი დამადგი და ჩემი თავი საცოლესთან გაატანე". გაუგონა თამარმა ცალრქას, დაიბანა პირი, მოირთო, მოიკაზმა, ღიმილით დახვდა ალის და მიულოცა. ალი ასეთ დახვედრას არ ელოდა. მოუბოდიშა და უთხრა, ეს ჩვენი შვილების გულისთვის გავაკეთე, მინდა მათი და-ძმები ისეთი ძლიერი ხანის შვილიშვილები იყვნენ, როგორიც ომარიაო. თამარმა უპასუხა, -მამაკაცი ხარ და შენ უკეთესად იცი. მინდა სელთანეთას ჩემი შვილები უყვარდეს. შემისრულე ერთი თხოვნა, სელთანეთას ჩემს საჩუქრად წითლა ცალრქა მიჰგვარე, ჩვენ მაინც ერთი ოჯახი ვიქნებით". ალი ისე იყო აღტაცებული თამარის მორჩილებით, საჩუქრის სელთანეთასთვის მიგვრაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ომარ-ხანს თამარის მორჩილება საეჭვოდ ეჩვენა და როდესაც სელთანეთამ ცალრქაზე შეჯდომა მოინდომა, ომარ-ხანმა დაუშალა, ეგ ცალრქა ფერიების გაზრდილია, რაიმე ხიფათს შეგამთხვევსო. არ დაიშალა სელთანეთამ, ბარელმა თამარმა მე როგორ უნდა მაჯობოსო. შეჯდა ცალრქაზე. ცალრქასაც ეს უნდოდა. შეიჭიხვინა, ქარის უმალესად გაფრინდა, კლდიდან გადავარდა და მიწაზე ისე დაენარცხა, ალმასი უნაგირის თავიდან ამოხტა და ლოდებს შორის გაუჩინარდა. დაიღუპა წითლა ცალრქამ თავი და სელთანეთაც დაღუპა. დამწუხრდა ომარ-ხანი, თავი ჩაქინდრა, ხმას აღარ იღებდა, თითქოს დამუნჯდა. შეშინდა ალი. გაგზავნა ერთგული მონა თამართან და დააბარა: -ბოროტო ქალო, მომატყუე და გაიხარე, სელთანეთა დამაღუპვინე. ახლა მაინც დამემორჩილე, ბავშვები დამალე. ომარ-ხანი სულმოკლეა და შეიძლება ჩვენი ბავშვების დახოცვა ბრძანოს, რომ ვნახოთ, როგორია შვილების სიკვდილი". ეახლა მონა თამარს, ყველაფერი უამბო და ბოდიშობით ალის სიტყვები გადასცა. თამარი გაცეცხლდა, დანაბარები რომ მოისმინა: თქვა: -უწინ მე დავხოცავ ჩემს შვილებს, სანამ ცბიერ ომარს დავახოცვინებ!" უცებ ქართული სიმღერა მოესმა. იქით წავიდნენ, საიდანაც სიმღერა მოდიოდა. მოფრენილიყო პატარა ჩიტი, გალავანთან ამოსულ ყვავილზე დამჯდარიყო და ადამიანის ხმით მღეროდა ვაჟზე, რომელსაც თავისი და ენატრებოდა, არ შეუშინდა გზის სიბნელეს და მოვიდა მთაში, რათა დის ოჯახი ენახა, სიძემ კი მძინარეს დანა ჩასცა და ღამით დამარხა. -ამოსულიყო უეკლო ვარდი, სად ვაჟი ემარხა, გიაურყუში მოვედი, რომ მის საფლავზე მეზრახა", - დაამთავრა ჩიტმა სიმღერა და გაფრინდა. თამარს გულმა რეჩხი უყო. მიუბრუნდა მონას და ყვავილის გარშემო მიწის ამოჭრა უბრძანა. ისეთი სახე ჰქონდა, მონამ უარის თქმა ვერ გაბედა, მოიტანა ბარი და კიდობანი ამოთხარა. გახსნა კიდობანი თამარმა და ხრწნისაგან საშინლად დამახინჯებული გვამი პოვა. მაინც იცნო დავითი. არ უტირია, არც უკივლია, როცა მიცვალებული დაინახა. მხოლოდ სახე კიდევ უფრო გაუმკაცრდა, ნახევრად გახრწნილ ცხედარს დანა გამოაძრო და კოშკში შევიდა - ოქროსთმიან ქალ-ვაჟს ეძინა. გულები განუგმირა პატარებს თამარმა, კოშკიდან გამოვიდა და უფსკრულში გადაიჩეხა.

დილისა და საღამოს ბინდბუნდში მწყემსები ხვდებიან მკაცრსახიან ქალს, რომელიც სისხლმწთოლარე დანას უწვდით. ეს მოსისხლე დედაა, რომელსაც ალაჰი მოსვენებას არ აღირსებსო, ამბობენ მოხუცები.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნიკო ყიფიანი   Sat Apr 02, 2011 8:37 am

ნიკო ყიფიანი

კუდი

მეტი მოცდა აღარ შეიძლებოდა. ექიმთან უნდა მივსულიყავი. შინიდან გამოვედი და ამბულატორიისკენ გავწიე. გაზაფხულის გრილი დღე იდგა. ღამე იწვიმა და ცა ახლაც მოღრუბლული იყო. ამოტეხილ, ასფალტდაგებულ შარაზე გუბეები გაჩენილიყო და მე ფრთხილად მივაბიჯებდი, მანქანას რომ არ გავეწუწე. ნელი სიო უბერავდა და, როდესაც ხეების ქვეშ გავივლიდი, მეცემოდა ფოთლებიდან ჩამოცვენილი წყლის წვეთები. ბალახი გაცოცხლებულიყო. ღობეების ძირას ლაპლაპებდა, როგორც ზურმუხტი. ამბულატორიის კიბეს მივადექი. ხარისხები ავიარე და პარმაღზე ავედი. შევედი კორიდორში. თეთრად შეღებილი კარი ოდნავ შეეღოთ იმის ნიშნად, რომ ექიმი იქ იყო, კარის გვერდით, კედელზე შავი დაფა მიეკრათ, რომელზეც ეწერა: ექიმი ანდუყაფარ რუხიშვილი. დავაკაკუნე.
- მობრძანდით, - მომესმა შიგნიდან.
კარი შევაღე და შევედი. წაკითხულმა სახელმა და მოსმენილმა ხმამ ისეთი შთაბეჭდილება შემიქმნა, რომ კაბინეტში დამხვდებოდა მთასავით მამაკაცი, მაგრამ ეს შთაბეჭდილება ერთ წუთსაც არ გაგრძელდა. მაგიდასთან იჯდა დაბალი, გამხდარი, ნაადრევად გაჭაღარავებული ახალგაზრდა კაცი და მიყურებდა დამფრთხალი თვალებით. ჩვენი სოფლის ექიმი აქამდე არ მენახა. დიდი ხანი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც მან ამ ამბულატორიაში დაიწყო მუშაობა. სოფელში ბევრმა არ იცოდა, რომ ახალი ექიმი მოვიდა ძველის ნაცვლად და საერთოდ უექიმოდ არ დავრჩით. თურმე ისე შეიპარებოდა და გომოიპარებოდა ხოლმე, ფუქსავატი ახალგაზრდებიც ვერ ამჩნევდნენ, მიწყივ ამბულატორიის წინ მდგომნი და მსხდომნი. მივესალმე. მომესალმა. მგონი, უსაშინელესი ისენით შეპყრობილი გაწუხებთ-მეთქი. დაჯდომა შემომთავაზა. მისი მაგიდის წინ დადგმულ სკამზე დავჯექი.
- აბა, ახლა მითხარით, რატომ გგონიათ, რომ უსაშინელესმა სენმა შეგიპყროთ? - მკითხა.
მეც ვუთხარი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ეს საოხრე სასქესო ორგანო პათოლოგიურად გამეზარდა და სწორედ ტაბიკივით ზორბა გამიხდა. ერთი პირობა დავაპირე მედიკოსთან მისვლა, მაგრამ ნაიანა ისე დამიტკბა, გადავიფიქრე. ის წყეული კახპა რას არ მომცემდა, რომ ჩემი სამმხრიანი მედალი მისთვის მეთხოვებინა. აქტიურობის მხრივაც თუ არ გამიუკეთესდა არ გამუარესებია. რიღასთვის მივსულიყავი ექიმთან? უზომო პრეზერვატივები სად იყიდებოდა, მეკითხა? ისე მეჯავრებოდა დამცავი რეზინი, საღეჭს არ ვღეჭავდი. მერე შევამჩნიე, კუკუზნაკი მიგრძელდებოდა და ბალნით მემოსებოდა. ჯერ ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ, რა ვნახე, დუნდულებს ჩამოსცდა, ამბულატორიაში წამოსვლა ვიკადრე. ანდუყაფარი ყურადღებით მისმენდა.
- ტკივილს გრძნობთ? - მკითხა, თხრობა რომ დავამთავრე.
არა-მეთქი, მივუგე.
- აბა, რამ შეგაშფოთათ?
- როგორ თუ რამ! - ხმა ავიმაღლე, - ვკუდიანდები! გესმით თუ არა? ვპირუტყვდები!
გაიღიმა.
- ჩვეულებრივი ატავიზმია, - თქვა.
- ატავიზმი დედის მუცლიდან დამყვებოდა. ეს კი ახლა გამომდის.
- შეძენილიც არსებობს. ზოგს რქები ამოსდის და ზოგს ტერფი უფლოქვდება.
- სასქესო ორგანოზე რაღას იტყვით?
- ხელს ხომ არ გიშლით? პირიქით, თქვენი კახპაEყველაფერს გაძლევთ.
- რა გარანტია მაქვს, რომ ტერფიც არ გამიფლოქვდება და იმ გლეხის შვილივით არ დამემართება, რომელიც იზრდებოდა და ჩლიქოსანი ხდებოდა?
- არ გაჩლიქოსნდებით, მაგრამ მაინც, დამშვიდებული რომ იყოთ, დღეში თითო აბი დეკამევიტი მიიღეთ ყოველი შემთხვევისთვის.
- როდემდე?
- ზაფხულის ბოლომდე. ეს ორგანიზმს გააძლიერებს და დაიცავს მომდევნო ატავიზმებისაგან.
ათლარიანი დავუტოვე და ამბულატორიიდან გამოვედი. თქორი წამოსულიყო. დანამულ მოედანზე ჩემს მეტი არავინ ჩანდა. კინოთეატრის ეზოსკენ გავეშურე. ჩვენი სოფელი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლაა. ზაფხულობით დამსვენებლებით გაივსება ხოლმე. წინათ დღე არ გავიდოდა, წელიწადის ამ დროისა, ფილმი რომ არ გაეშვათ. ახალგაზრდას შეეძლო გართობა. ახლა ადგილობრივი მოყვარულები თუ დადგამენ სპექტაკლს. ინდური სიმღერები მომენატრა. კინოთეატრის ეზო გადავჭერი, ავუყევი ფოლორცს და ერთ ჭიშკართან შევჩერდი. ქუჩის კარი შევაღე და ეზოში შევედი. მავთულის ბადეს იქით, ბაღს რომ ჰყოფდა, რამდენიმე ძირი გვირილა დაერგოთ. ყვავილის მოწყვეტა და მისი პირში გაჩრა მომინდა. პარმაღზე ავედი და კარზე დავაკაკუნე.
- ვინ არის? - გაისმა ნაიანას ნამძინარევი ხმა.
უნდა გენახათ ჩემმა დანახვამ როგორ გაახარა. უმალ წამოხტა, შეჰკივლა და ჩემკენ გამოქანდა მხოლოდჩაცმული ღამის პერანგიდან მოსარხევლების ჩენით. იატაკზე გუდაღმა დამცა, ზედ გადამაჯდა და ამუშავდა თავგამეტებით. ბოლოს მაინც ის აღმოჩნდა ზურგზე. მერე მის ლოგინში ვიწექით. შარვალი არ გამიხდია, მხოლოდ ელვა მქონდა გახსნილი. ვლაპარაკობდით.
- კბილებიც რამხელა გქონიაო, - მითხრა უცებ.
უნდა მეთქვა, შენს შესახრამუნებლად-მეთქი, მაგრამ გამახსენდა, რა საძაგელია ხორცი და გადავიფიქრე, წამოვდექი, სარკესთან მივედი და ჩავიხედე. გამწვეტიანებოდა ყურების ზედა ნაწილები. თითქოს ტყის ბინადარი ქაჯი ვიყავი. კბილები დავკრიჭე. ნაიანა არ ტყუოდა. თუ კიდევ გამიდიდრონდებოდა, ვეღარაფერს დავღეჭავდი ბალახის მეტს. ხვალიდან აუცილებლად უნდა დავიწყო დეკამევიტის მიღება-მეთქი, გავიფიქრე.
თქორი თქეშად იქცა. მესმოდა თვითმკვლელებივით როგორ ენარცხებოდნენ წვიმის წვეთები ნაიანას სახლის თუნუქის სახურავს. ლოგინს დავუბრუნდი და განვაგძე მისი პატრონის გართობა. როგორც ცარიელ თუნუქზე ვერ აღმოაცენებ ბალახს, ისე იმ ოხერს ვერ ათქმევინებ `კმარას~, გადაღებამდე არ წამოვსულვარ. კარგა ხანს ერთობოდა ნაიანა. მისი სახლი საკმაო მანძილითაა ჩემისაგან დაშორებული. როცა ჩემს ფლორცში ავუხვიე, ხამლები და შარვლის ტოტები საკმაოდ ამოთუთხნული მქონდა. ნაიანას უბანში ძირითადად დამსვენებლებს უდგათ აგარაკები. ჩემსაში კი ამსოფლელები ცხოვრობენ. ამსოფლელია დიმიც, რომელიც წინ შემომხვდა. მეზობლებიც ვართ. მისი სახლი ჩემის გვერდით დგას. ლეგა კვართი ეცვა. მაღალია და ხეხელა. მაგარი სუნთქვა აქვს. მთელი დღე რომ არბენინო არ დაიღლება. ხეხელაა და იმიტომ, სქელი კაცი უცებ ილექება. დიდი, წვეტიანი ცხვირი თითქოს კიდევ უფრო გაზრდოდა, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან გამხდარიყო. ვუთხარი კიდეც, რა სალამი დავამთავრეთ:
- რაღაც გამხდარი მეჩვენები.
- ხორცს ვეღარ ვჭამ, ყარანს ვენაცვალე, - მიპასუხა. - გაჭირდა ცხოვრბა. მე კი ყოველდღე თუ არ ვჭამე ხორცი, ჩემს თავს აღარ ვგავარ.
გამიკვირდა, გულს რომ არ ურევდა ხორცი და შინ შევედი. მეორე დღეს რაიონის ცენტრში წავედი, რადგან ჩვენი სოფლის აფთიაქში დეკამევიტი არ აღმოაჩნდათ. მოვიმარაგე აბები და იმათი მიღება დავიწყე. ამის მიუხედავად, ყურის ბიბილოები მაინც გამიქრა და ყურები წვეტიანები გამიხდა. მერე პინოქიოს გადავემსგავსე და დავემსგავსე ჰუიჰნჰნმს, რომელიც გულივერმა აღწერა. ორივე ტერფი გამიფლოქვდა, ხელები კი ისე დამიკოტიტდა, კალამი ძლივსღა მიჭირავს. ასოები ვეება, ოკრობოკრო გამომდის და ზოგი მთელ გვერდს იკავებს. ჩანდა, დეკამევიტი არ მშველოდა. გაგულისებული ანდუყაფარის გასალანძღავად გავქანდი. ამბულატორიას მივადექი, კიბე ავირბინე, კორიდორში შევვარდი და თეთრად შეღებილი კარი შევაღე. ჯერ მეგონა, კაბინეტში არავინ იყო. შემდეგ თვალი მოვკარი ვირთხას, რომელიც ექიმის სკამიდან მაგიდაზე ახტა, რათა დამენახა.
- როგორც ხედავთ, მე თქვენზე ადრე დამეწყო ატავიზმების შეძენა, - დაიწრიპინა ვირთხამ, - თქვენი კუდი მნახველებში ზიზღის გრძნობას მაინც არ აღძრავს!
- განა ვირთხაც იყო ადამიანის წინაპარი? - ვკითხე.
- ჩემო კარგო, ვირთხა უფრო ახლოს დგას ადამიანთან, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ერთმა იტალიელმა მეცნიერმა ვირთხის სასქესო უჯრედებისაგან სრულიად ნორმალური ადამიანები მიიღო, - მითხრა ანდუყაფარმა და თათი მაგიდის წინ დადგმული სკამისკენ გაიშვირა - დაბრძანდით. რატომ არ შეიძლება, რომ მისი სასქესო უჯრედებისაგან ადამიანი მილიონი წლის წინათაც მიღებულიყო? ვირთხაც ისეთივე დაავადებებით ავადდება, როგორითაც ადამიანი; ვირთხაც ისევე იკვებება მრავალფეროვანი საკვებით და ისევე მიმართავს გაჭირვების წუთებში კანიბალიზმს, როგორც ადამიანი; ვირთხაც ისეთივე მოყვარულია მაკინტლობისა, როგორიც ადამიანი; ვირთხაც ისევე სარგებლობს კანალიზაციით და ცივილიზაციის სხვა მიღწევებით, როგორც ადამიანი; ვირთხაც ისევე ტკბება ჰომოსექსუალიზმით, როგორც ადამიანი; ვირთხაც ისევე აგროვებს მარად, ამის საჭიროება არის თუ არა, როგორც ადამიანი. დამეთანხმებით, მსაგვსება დიდია. რამდენ ადამიანს მიუგავს ეშვები ვირთხის კბილებს! რატომ არ ჯდებით?
მაგიდას მივუახლოვდი. სკამის ზურგს ხელი მოვკიდე და უკან გამოვწიე, მაგრამ არ დავმჯდარვარ.
- რა თქმა უნდა, - მიპასუხა, - მოხუცი დარვინი ცდებოდა, ადამიანთა წინაპრებად მხოლოდ მაიმუნს რომ მიიჩნევდა. სხვა ცხოველებმაც ისეთივე დიდი როლი შეასრულეს ადამიანების შექმნაში, როგორიც მაიმუნებმა. როდესაც ევოლუციაზე ლაპარაკობდა, დარვინს ნიცშესავით ისიც უნდა ეთქვა, რომ ყოველი მაღლა ატყორცნილი ქვა უეჭველად დაბლა ჩამოვარდება და ადამიანიც, რა მიაღწევს თავის განვითარების გარკვეულ წერტილს, ახლა ქვე დაიწყებს დაშვებას და ისევ ის გახდება, რაც იყო. ჩანს, წინა საუკუნეებში ადამიანმა უკვე მიაღწია განვითარბის უმაღლეს საფეხურს და ახლა უკან ბრუნდება ვირთხისკენ, სახედრისკენ, მაიმუნისკენ და სხვებისკენ.
- თქვენ მე მომატყუეთ! - შევყვირე, რადგან გაოცებამ გამიარა და რისხვა კვლავ დამიბრუნდა,-რატომ მაშინვე არ მითხარით? თავიდანვე რომ გეთქვათ სხვა ექიმს მივმართავდი! იქნებ იმას ეშველა?
- ვერც ის გიშველიდათ, - მომიგო, - ეს დაავადება არ გახლავთ და ამიტომ არც მკურნალობას ექვემდებარება. თქვენ ვერ ხედავთ, თორემ ყველას დაეწყო გაცხოველება. ვინ კუდს მალავს შარვალში და ვინ რქებს ქუდში.
კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ვირთხის ნამდვილი წრიპინიღა აღმოხდა, გადახტა მაგიდიდან და პლინტუსს უკან გაჩენილ ნახვრეტში გაუჩინარდა.
ამბულატორიის პარმაღზე გამოვედი. ჩამოვყარე ყურები და ჩამოვუყევი კიბის ხარისხებს. ჩემს ფოლორცში დიმი დამხვდა შინისაკენ წაჩანჩალებულს.
- სად იყავი? - მკითხა, - ეს-ესაა ერთმა დეკეულმა გიკითხა.
- ვინა?
- შაქმა რა, ახლობელი ვარო. რამე ხომ არ გადავცე-მეთქი. ნუ წუხდებით, კიდევ გამოვივლიო. გათქვირებულ თეძოებზე მოკლე ქვედა კაბა ლამის შემოასკდა. სად პოულობ ეგეთ კუდიანებს, შე ეშმაკო?
თურმე შედარებას აკეთებდა. მე კი მეგონა, ნაიანა ძროხად გადაიქცა-მეთქი.
- მე არ ვპოულობ, კუდიანები თვითონ მპოულობენ, რადგან მათზე დიდი კუდი მე მაქვს, - მივუგე.
გაიცინა.
- შენც დიდი ხუმარა ხარ, - მითხრა, - მოდი, ჩემსას შევიდეთ. კაი ცხვრის ხორცი მაქვს. დავლიოთ.
ცხვრის ხორცი არ მინდოდა. მაგრამ ამ კაცს ჩემი ხუმრობა მოეწონა და უარს ხომ არ ვეტყოდი? შევყევი. აბა, მე ხორცს პირს დავაკარებდი? იმასაც და იმის მჭამელ დიმისაც თვალს ვარიდებდი, მწვანილს მივეძალე. ღვინოს ვსვამდით დიდი ჭიქებით, რომლებსაც მასპინძელი პირამდე ალიცლიცებდა. ვატყობდი, ვთვრებოდი. სად შემეძლო ქონით ყელჩაპოხილი დიმის მიყოლა? როგორ ჭამს-მეთქი ხორცს, მიკვირდა. უცებ ექიმის ნათქვამი გამახსენდა, ყველას რომ დაწყებული აქვს გაცხოველება. დიმის დიდ ცხვირს თვალი შევავლე და იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ რა ცხოველს ეყვარებოდა ლეში ასე ძალიან. მან ამ დროს ძვალს დაუწყო ხვრა. დავინახე მისი ღოჯები და მივხვდი, რა ამბავიც იყო. ჩემს წინ გამგელებადაწყებული იჯდა. გამიხარდა, ასეთი მიხვედრილი რომ ვიყავი. სიხარულს შიში მოჰყვა. შემეშინდა, ამასაც არ ჰქონდეს შეტყობილი რამე და აქ იმიტომ არ ვყავდე შემოყვანილი, რომ დამათროს და შემჭამოს-მეთქი. ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი, თავისთვის როგორ მეშველა. ჩლიქოსანი რომ ვიყავი, ამას წყალი არ გაუვიდოდა, მთავარი იყო, ისეთ ცხოველად ვჩვენებოდი, როგორსაც ვერ მოერეოდა. ასეთი იყო კამეჩი. იმისთვის უნდა მიმებაძა. დავიწყე ქშენა და თვალების ბრიალი. დიმიმ მორიგი სადღეგძელო წამოიწყო:
- ეს იმ ლეკვს გაუმარჯოს, რომელიც საკბილოს შამბნარიდან ლომის ბოკვერივით უთვალთვალებს, დაე, ის საკბილო სუსტი და უჭკუო ყოფილიყოს, ასეთი უკეთესად შეერგება!
- იმ ბატკანს გაუმარჯოს, გზაზე მზირად მჯდომარე გველს რომ ჩლიქით თავს დაუნაყავს! - ვთქვი, თითქოს სწორედ სუსტი და უჭკუო ედღეგრძელებინოს და არა მისი მდევნელი.
ჭიქა დავცალე. პირში მთელი კონა მწვანილი ჩავიტენე და გავიჭიმე, რათა დიდი გამოვჩენილიყავი. მე ხომ კამეჩი ვიყავი? დიმის სადღეგრძელო არ შეუსწორებია. ალბათ, ჩათვალა, რომ ჩხუბის მიზეზს ვეძებ და განგებ იმად გადავაკეთე-მეთქი მისი ნათქვამი. თუ ჩხუბის ეშინოდა, მოგებული მქონდა ის რაუნდი. თავდასხმას ვეღარ გაბედავდა, რადგან ჩემი კამეჩობა ირწმუნა. შევხედე. იღიმებოდა.
- ხორცს რატომ არ ჭამ? - მკითხა.
- ბიჭის გაკეთება მინდა და იმიტომ.
- ხორცის მჭამელი ბიჭს ვერ გააკეთებს?
- ვერა.
- გამოდის, რომ ცხრა ძმა ხერხეულიძის მამა ვეგეტარიანელი ყოფილა, - თქვა დიმიმ.
- აქტის წინ არ უნდა ჭამო ხორცი, - ავუხსენი.
- უხორცოდ რიღას თავი გექნება? ძუ იყოს და, თუ ხვადს არ დავაგდებინებ, ნახავ. დავუშვათ, ეგრეა. ახლა რატომ დაიწყე ძოვა? ამაღამ შავთვალას ჩაეხუტები?
- აბა, მძოვარი ვარ? - მივუგე და სიმღერა შემოვძახე:
`ატირდა შავთვალა ცხვარი:
გიგა - გიორგი მკვდარია.
ვაიმე, ჩვენო პატრონო,
ვიღამ გაგვიღოს კარია?~
შევატყვე, ცხვრის ხსენება ესიამოვნა. გადავწყვიტე, ეს სიმღერა თავიდან დამეწყო. ასეც მოვიქეცი. დიმი გაბადრული მისმენდა. უცებ ჩემი ხმა ვეღარ ვიცანი, დავუგდე ყური და თავზარი დამეცა. სიმღერა ყროყინში გადაზრდილიყო და ვყროყინებდი მონდომებული. გავჩუმდი. დიმი ფეხზე წამოდგა.
- ბრავო, ბრავო, ყარან! მოდი, ერთი, გულში ჩაგიკრა!
საშინელი აზრი მომივიდა, კერძოდ, ის, რომ თუ გადავეხვეოდი, ღოჯებს ყელში ჩამასობდა და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. დიმი უკან მომყვებოდა და მომყვიროდა:
- მოიცადე, წამსვლელ-დამრჩომი არ გვიდღეგრძელებია!
ჩემს ეზოში შევვარდი, პარმაღზე ავირბინე, ზედა სართულზე შევიჭერი და კარი გასაღებით შიგნიდან ჩავკეტე. გული ამოვარდნას ლამობდა. დასასვენებლად ტახტზე ჩამოვჯექი და ჩავფიქრდი. ვვირდებოდი. მართალია, ყველა გაცხოველდებოდა და არავინ დარჩებოდა ჩემი ორთვალაში შემბმელი, მაგრამ მაინც არ მინდოდა ვირობა. ბალახისმჭამელი ვიქნებოდი. მე კი მინდოდა ხორცისმჭამელი ვყოფილიყავი. არ მინდოდა, დათვის ან მგლის ლუკმა გავმხდარიყავი. შევუკურთხე ჩემს წინაპრებს.
ორი დღე ცხვირი არ გამიყვია გარეთ. მერე ნაიანა მოვიდა. ჯერ მეგონა, დიმიმ ხმა დაიწვრილა და ნაიანობას ჩემობს, რათა კარი გავუღო-მეთქი. ხელს ვერ შემოყოფდა, ამიტომ ნაიანამ რამდენიმე წვრილმანი გაიხსნა ჩვენი ინტიმური ურთიერთობებიდან. შემოვუშვი. შემოვიდა თუ არა, მაშინვე ეს მკითხა:
- რა დაგემართა?
ვუთხარი, რომ რაც დამემართა, ახალი არ არის. ჯერ კიდევ ჰერმან ჰესემ დაწერა მოთხრობა, სადაც აღწერილია ადამიანის გადაქცევა საშიშ პრიმატად, მაგრამ ახლა დაწყებული იყო მასობრივი გაცხოველება და, როგორც ირკვევა, მხოლოდ მაიმუნები არ იყვნენ ჩვენი შორეული წინაპრები. ვუამბე, თუ როგორ მივედი ექიმთან კუდის გამოსვლის დაწყებით შეშფოთებული და როგორ გავხდი მოწმე ადამიანის გაცხოველებისა, რადგან იმ საცოდავს თურმე ჩემზე ადრე დასწყებოდა ჩემსაზე უფრო საზიზღარი კუდის გამობმა. ვუთხარი, რომ უდავო იყო ზოგიერთის გახორცისმჭამელება, ამიტომ გარეთ გასულს საფრთხე მელოდა. ნაიანა შეწუხებული მისმენდა. შემდეგ ყელზე ჩამომეკიდა და ტირილით მითხრა:
- წამოდი ჩემსას! ჩაგკეტავ და ისე გაგიფრთხილდები, როგორც მიუწდომელ განძს! არაფერი მინდა შენგან ტრფიალის მეტი!
ჰოი, დედებო, ქვეყნის სახედვლებო! თქვენ რომ არ იყოთ, რა გვეშველებოდა? არ იქნებოდა არც დანდობა, არც მშვიდობა, არც ტრფიალი, არც ხუმრობა და არც ცრემლი იქნებოდა, რომელიც კორიოლანუსისნაირ მხეცსაც გულს მოულბობდა! თქვენ სიყვარულიც იცით და მეგობრობაც, კაცები კი ოდენ თავკერძა ცრუპენტელები არიან და ზარატუსტრას არაფერი გაეგებოდა! უთქვენოდ დედამიწა იმ პლანეტას დაემსგსვსებოდა, რომელზედაც ცოდვებისათვის დასჯილი სულები დაუსხამთ!
ნაიანას სიტყვებმა გული ამიჩუყა და მეც ვიტირე. შემდგომად ამისა ავიღე მცირეოდენი ბარგი და მისას გადავბარგდი. იქ ერთი გოგო დამხვდა. ან მხატვარი იყო, ანდა ფეთხუმი, რადგან ჯინსის შარვლის ტოტზე, მარცხენა მუხლის ზემოთ,წითელი ლაქა ეცხო, საღებავისა თუ სისხლისა. შარვალი კი მუქი ლურჯი ეცვა. რაც შეეხება სილამაზეს, იგი არ აკლდა. მაღალსა და ტანწერწეტს შავი თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა.
- ეს თეაა, - გამაცნო ნაიანამ - ესეც ჩვენთან ერთად იცხოვრებს.
თეამ ვარდივით ბუნჩულა ხელი გამომიწოდა. სიამოვნებით ჩამოვართვი. დავიწყე მათთან ერთად ცხოვრება. ჩემი თავი ოქროს ვირი მეგონა, ფერიების დედოფალმა რომ შეიყვარა. სამწუხაროდ, ვარდის ჭამა ვერ მიშველიდა!
ერთ დღეს ეზოში ვიყავი და ბალახს ვწიწკნიდი. ყურები არა მხოლოდ გამეზარდა, არამედ გამიმახვილდა კიდევაც, ამიტომ ზედა სართულიდან ნაიანას და თეას ხმა მომესმა.
- ნუ ტირი, - ეუბნებოდა ნაიანა, - შენი უშნო ქმარი ამდენ ცრემლის ღვრად არა ღირს.
- ნერვები მეშლება იმ თოხლო პაპაზე, - სლუკუნებდა თეა, - არც დაფიქრებულა, ისე გამომაგდო.
- ნუ იშლი. როგორ ფიქრობ, რისთვის მოვიყვანე ეგ წყეული ულაყი, მთელი ხმით რომ ყროყინებს მეორე სართულზე, მთლად რომ გადაძოვა ჩემი ეზო, რომელიც მაგის მოყვანამდე სიმწვანით იყო დაფარული? თავისი ტვინისთვის. შნოიან კაცებს შევაჭმევთ ჩუმად და ცოლებად დავუსხდებით.
- თუ მაგის ტვინს ასეთი ძალა აქვს, რატომ არ კლავ? რაღას უცდი? - ეკითხებოდა თეა, რომელსაც ხატვისა არაფერი გაეგებოდა.
- მთლიანად გავირებას მაგისას. მაშინ მივეპარებით მძინარეს და ყელს გამოვჭრით.
- ჩემს ქმარს რომ შევაჭამო, რა მოუვა?
- ისეთი მორჩილი გახდება, შენს საყვარლებს სიგარეტის საყიდლად გაეგზავნება. მაგრამ ნუ გავაფუჭებინებთ შენს უშნო ქმარს. არ გირჩევნია, შნოიან კაცს დაუჯდე ცოლად?
- არა, არა, - ამბობდა ფეთხუმი, - შეუბრალებლობისათვის სამაგიერო უნდა გადავუხადო.
- შენი საქმისა შენ იცი მე კი შნოიან კაცს გავყვები.
გაიგეთ, რას მიპირებენ ეს ძუკნა ძაღლები? მართალია, ჯერ კუდები არ გამოსვლიათ, მაგრამ რა დიდი ქადაგ-მკითხაობა უნდა, ორივენი ძუკნები გახდებიან. ოჰ, დედებო! ვინც თქვენ გენდობათ, უარესიც დაემართება! განა თქვენი გულისთვის არ იწყება ომები, ინგრევა ქალაქები და იღვრება სისხლი? თქვენ ძმადნაფიცებს ერთმანეთს გადაჰკიდებთ და სწყალ კაცებს წაჯეუკუჯექის ცეცხლს აუნთებთ, პირმზე ქმარს დუხჭირ საყვარელზე გაცვლით, მერე ამ უკანასკნელსაც მიატოვებთ და თქვენი საუკეთესო მეგობრის მეუღლეს გაჰყვებით! თქვენი კბილები მარგალიტებია, გული კი - ნახშირი!
ახლა ზედა სართულზე ვარ. ნაიანას მიერ გამოყოფილ ოთახში. სახლის უკან შემაღლებული ადგილია. ამ ოთახის ფანჯარა იმ ადგილს გადაჰყურებს. ვისკუპებ ფანჯრიდან და ტყეში გავიქცევი. იქ ბლომად იქნება ბალახი და შეიძლება დედალი ვირიც ვიპოვო, მაგრამ ვაგლახ, ხორცისმჭამელებიც იქნებიან და ვინ იცის, ვინ შემახრამუნებს, მგელი თუ მგლისფერი დიმი!

2000 წ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნიკო ყიფიანი   Sat Apr 02, 2011 8:44 am

ნიკო ყიფიანი

კაცად ქცეული
(მოთხრობა)

წინასიტყვაობასავით

ამ რამდენიმე წლის წინ, როდესაც თბილისში მილო ტემესვარის თხზულების, "ჭადრაკის თამაშისას სარკეთა ხმარებისათვის" დედანს ვეძებდი, უმბერტო ეკო რომ იხსენიებს თავისი "ვარდის სახელის" წინასიტყვაობაში, ხელში ჩამივარდა ერთი ხელნაწერი. მაშინ მის წასაკითხად არ მეცალა. საწერი მაგიდის უჯრაში ჩავტენე და მისი არსებობა კიდეც გადამავიწყდა. მალე ისეთი უცნაური ამბები შემემთხვა, ჩემთვის საინტერესო თხზულების დედნის ძებნა შევწყვიტე. ამას წინათ შემთხვევით ვიპოვე ის ხელნაწერი. წავიკითხე. საოცარია. რუხი ვირთაგვას მემუარები აღმოჩნდა. მემუარების პატივცემული დამწერი ყველანაირად ცდილობს თავისი სიცუდკაცის დამალვას, მაგრამ ვერ ახერხებს. მაგალითად, აცხადებს, კასრში ყოფნისას ჩემს თანამობინადრეებს არ ვჭამდიო. როგორ შეძლო რამდენიმე კვირის უჭმელმა თავის ნაჭამ ამხანაგებზე ყოჩაღად მოქცევა?.. ძალიან რომ არ გამომდგომოდა რამდენიმე ნაწარმოები, ყველაფრის გაგება მაინც გამიჭირდებოდა. ამიტომ არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო ვაჟა-ფშაველას, ნოდარ დუმბაძეს, ჭაბუა ამირეჯიბს, რომან გვენცაძეს, ლევ ტოლსტოის, გუსტავ ფლობერს, ფრანც კაფკას, ბრემ სტოკერს, მერი შელის, ჯეკ ლონდონს, ჰარიეტ ბიჩერ-სტოუს და რადიარდ კიპლინგს. უმნიშვნელო ცვლილებებით, სასვენი ნიშნებიც კი თითქმის უცვლელად დავტოვე, მომყავს მემუარები და გთხოვთ, ოსტატობა არ დამიწუნოთ, რადგან ნაწერს ღირსებაც და ნაკლიც დამწერის წყალობით აქვს.


კაცად ქცეულის მოგონებები

სანავსადგურო ქალაქში დავიბადე. ჩემს მშობლებს თორმეტი და-ძმა ვეყოლეთ. ვეკვროდით ერთმანეთს მიტოვებული ქოხის იატაკის ქვეშ, შეიძლებოდა კიდეც გადავბმოდით ერთმანეთს პატარა, საყვარელი, ლორწოიანი გრძელი კუდებით, მაშინ იღბლიანებად ჩაგვთვლიდნენ, მეფედ გვაკურთხებდნენ და ყოველი მხრიდან წამოვიდოდა ძღვენი და გადასახადი, მაგრამ არ გადავბმულვართ და მოვალენი გავხდით, პატარაობიდან გვებრძოლა ლუკმაპურისთვის და მეფისთვისაც გვეძლია წილი. ჩვენგან სრულწლოვანების ასაკს მხოლოდ ექვსმა მიაღწია. უფროსი, ჩემი საწყალი ძმა, რექსი იყო. სულ მეუბნებოდა, წინდახედულობა გაკლია და ამიტომ კატა შეგჭამსო, მაგრამ კატამ თვითონ რექსი შეჭამა. მე მაშინვე სხვანაირად ცოცხალი და მებრძოლი ვიყავი. ნავსადგურის ბიჭებს დავუახლოვდი და მათთან ერთად პაკჰაუზებში დავრბოდი. იმ ადამიანებთან რომ არ მოვხვედრილიყავი, ვინც კაცად მაქცია, ერთთავად კატის შიშში უნდა მეცხოვრა და რასაც ვიშოვიდი, შუაზე გამეყო - ნახევარი მიმეცა მეფისთვის, ურჩხულისთვის, რომელიც ვერ მოძრაობს და ყველას კბენს, ვინც მიეკარება.
ახლაც გუშინდელ დღესავით მახსოვს ის ღამე, მახეში რომ გავები. შევედით პაკჰაუზში და დავიწყეთ აქეთ-იქით სუნსული. ამ დროს ვნახეთ მახე - მავთულისგან იყო დაწნული და ისეთი ხორცის ნაჭერი მოჩანდა, ისეთი საამო სუნი გამოდიოდა იქიდან, თავბრუ დაგვესხა. მაშინ, რასაკვირველია, არ ვიცოდი, საქმე მახესთან რომ მქონდა. ვიფიქრე, საგანგებო რამ ჭურჭელია, სადაც ხორცის ნაჭრებს ინახავენ, ერთი ნაჭერი დარჩენიათ დაუდევრობითა და სიბელეშით-მეთქი. გარს შემოვუარე. საეჭვო არაფერი მეჩვენა. გადავწყვიტე, შევსულიყავი და ამეღო. დამიშალეს. არ დავიშალე. დავღუნე თავი და გავწიე მახისკენ. ფრთხილი ნაბიჯით მივიპარებოდი. შევდგი ფეხი. არაფერი დამიშავდა. გავთამამდი. მივდექ-მოვდექი. დავრწმუნდი, საშიში რომ არ იყო იქ ყოფნა. ისეთ სურნელებას აფრქვევდა საუკეთესო ხარისხის ხორცის ნაჭერი, რომ სულ დავკარგე სიფრთხილის გრძნობა. მივაშურე თითქოს ბურანში მყოფმა, ჯერ სუსტად მოვქაჩე, უფრო ტკბობის გასახანგრძლივებლად, ვიდრე იმაში დასარწმუნებლდ, რომ არც ხორცის მოტაცება იყო საშიში, მერე ღონივრად და წამსვე რაღაც ხმა გაისმა. სავსებით გამოვფხიზლდი და ხორცის ნაჭრის მოტაცების ყოველგვარი ხალისი დავკარგე. ჩემს თანამონაწილეებს შეეშინდათ და უკანმოუხედავად გაიქცნენ პაკჰაუზიდან. მეც გავიქეცი, მაგრამ მავთულებს დავეჯახე ცხვირით. თურმე, ის ხმა იმისა იყო, რომ მავთულები იქ გაჩნდნენ, სადაც მანამდე არ იყვნენ. მაშინ არც ის არ ვიცოდი, რომ ბედი კარზე მყავდა მომდგარი. შიშისგან წრიპინი დავიწყე. ჭერს ვეცი, კედლებს ვეცი. ჩემი გვარი განთქმულია კბილების სიჯანსაღით, მაგრამ იმ ოხერ მავთულებს ვერაფერი მოვუხერხე. შუა მახეში ჩავცუცქდი და თანამონაწილეებს დავუწყე ძახილი. ხან ვეჩხუბებოდი, ხანაც ვემუდარებოდი, დაბრუნდით-მეთქი. არ ესმოდათ. შორს იყვნენ წასული. მახე წინათაც მენახა, მაგრამ ის სხვანაირი იყო, თავზე დასაცემი. დაეცემოდა და მოკლავდა. ახლა ვნატრობდი, ნეტავ ის მახე დამცემოდა-მეთქი. სიკვდილი არ მერჩივნა, ადამიანის ხელში ჩავარდნას? მაშინ არ ვიცოდი, რა მელოდა. თანაც გაგონილი მქონდა ერთი განთქმული მოთარეშის ამბავი, რომელსაც დასაცემი მახე თავზე კი არა, ფეხზე დაეცა. მოიჭამა ფეხი და წავიდაო. ხომ შეიძლებოდა, მეც ფეხზე დამცემოდა ის მახე? მე ვეღარ მოვიჭამდი ფეხს და გავითქვამდი სახელს? ჩემი კბილებით ქვას გადავღრღნიდი, თუნდაც ფეხები მქონოდა იმისა. იმ ოხერ მავთულებს კი ვერაფრით მოვდე კბილი.
ის ღამე ჯოჯოხეთში გავატარე. ჩემი მტერ-მოყვარე ხორცის ნაჭერიც იქვე იდო. მისი თავი ვისღა ჰქონდა? იმასღა ვნატრობდი, ნეტავ ადამიანები არ შემოვიდნენ-მეთქი. საშინელ რაღაცებს ჰყვებოდნენ მათზე. კეტებს მოიმარჯვებენ და კუთხეში მოგიმწყვდევენო, მდუღარე წყლით დაგფუფქავენო... მათი ხელით სიკვდილს შიმშილით და წყურვილით სიკვდილი მერჩივნა. თანაც იმედი მქონდა, რომ ერთ ღამეს ჩემიანები შემოძვრებოდნენ, მნახავდნენ, ვეტყოდი, ასეთი რამ თქვენც შეიძლება შეგემთხვეთ-მეთქი, იმ წყეულ მახეს წავაღებინებდი, ჩვენს ტერიტორიაზე მივატანინებდი და დავამსხვრევინებდი. არ ამიხდა ნატვრა! დილით კარი გაიღო და პაკჰაუზში ადამიანები შემოვიდნენ. მახის იატაკს გავეკარი, იქნებ ვერ შემამჩნიონ-მეთქი. გავინაბე. როგორ ვერ შემამჩნევდნენ! პირდაპირ ჩემკენ წამოვიდნენ. ოღონდ არც მდუღარე წყალი გადმოუსხამთ და არც მგზნებარე ცეცხლში ჩავუგდივარ. ამწიეს ჩემი მახიანად და ეგრევე, კოხტად, ქალაქგარეთ წამიყვანეს. გზაში სულ მავთულებს ვეხეთქებოდი. ხან ვცდილობდი, მეკბინა მათთვის, ხანაც მინდოდა, გადავმხტარიყავი და გავქცეულიყავი. თან ენა არ გამიჩერებია. ხან ვემუქრებოდი, ხანაც ვეხვეწებოდი, გამიშვით-მეთქი. ვერაფერი გავაგებინე. მათ იცინეს, სიფიცხე შემიქეს და ალექსანდრე დამარქვეს. მერე მიმიყვანეს ჩემი დიოგენეს კასრთან. ასე იმიტომ ვეძახი, რომ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს კაცად ქცევაში. დიდი რკინის კასრი იყო, თორემ ჩემი კბილებით ქვითკირის კედელსაც გავანგრევდი. კასრზე გადაფარებული ფიცრები გასწი-გამოსწიეს, მახე დააყირავეს, ღონივრად დაიქნიეს და კასრში მოვადინე ბრაგვანი. თურმე მავთულები ისე განალაგეს, როგორც ჩემს მახეში შესვლამდე იყო განლაგებული. ფიცრები ისევ მიადეს ერთმანეთს და სიბნელეში დამტოვეს. ავხტი. მსურდა, ფიცრებს მივწვდომოდი, დამეღრღნა და გავსულიყავი, მაგრამ გასაქანი არ მქონდა. რკინას შევასკდი და ისევ კასრის ფსკერზე დავენარცხე. თავშეუკავებელი სიცილი გაისმა. თურმე კასრში მარტო არ ვიყავი. საჩქაროდ წამოვხტი და ვცადე მოცინარნი დამენახა. თავიდან ვერავინ შევამჩნიე. მერე სიბნელეს თვალი შევაჩვიე და გავოცდი - კასრში ჩემიანები ისხდნენ. მათთან მოხვედრას მერჩივნა, პითონთან მოვხვედრილიყავი. ისეთი ულვაშები ჰქონდათ, ისე იყვნენ გასუქებულები გოჭებივით, გავიფიქრე, ესენი დამიბრიყვებენ-მეთქი. თითქოს ჩემი ფიქრი წაიკითხაო, მათ შორის ყველაზე თამამი შემეკითხა, გარეთ კიდევ თუ დარჩა ვინმეო. მივხვდი, რომ დამცინოდა. მაინც გამბედაობა მოვიკრიბე და მივუგე, კი-მეთქი.
- ბევრი? - კვლავ მკითხა იმან.
- ძალიან ბევრი, - ვუპასუხე კბილების კრაჭუნით და მივუახლოვდი, რათა ჩემი კბილები დაენახა.
- რა გქვია? - როგორც იქნა, დამისვა სერიოზული შეკითხვა.
- ალექსანდრე, - ვუთხარი იქ დარქმეული სახელი. აქვე დავძენ, ამის შემდეგ ჩემს თავს სულ ალექსანდრეს დავუძახებ, რადგან ეს სახელი ჩემი მშობლების მიერ დარქმეულ სახელს, ბოქაულს, ათასჯერ სჯობდა. ჩემმა დედ-მამამ ჩემთვის ვერ მოიგონა ნორმალური სახელი და კიდევ ერთი ჩემი დისთვის, რომელსაც მარკიტანტი ერქვა, თორემ ბავშვობაში გადარჩენილ დედმამიშვილებს, რექსის გარდა, გვყავდა გრაფი, ბარონი და მილედი. ახლა როგორ არიან ჩემი და-ძმები, არ ვიცი. კარგა ხანია, მათზე არაფერი მსმენია. კასრიდან ამოსულს მე ისინი აღარ მინახავს: შემთხვევით თუ გავიგებდი ხოლმე მათ ამბავს. ისეთ საქმეებს ვაკეთებდი და იმდენი მტერი მყავდა, მათთვისვე იყო უკეთესი, რომ არ მენახა. ჩემს თანამობინადრეებსაც იქ დარქმეული სახელებით მოვიხსენიებ.
- შენ რაღა გქვია? - მეც ვკითხე იმ ყველაზე თამამს.
- დარჩი აქ და გაიგებ, - მეენავა, - თუმცა, რომც არ გინდოდეს დარჩენა, აქედან მაინც ვერ გახვალ, კედლები ისეთი მტკიცეა.
მერე გავიგე, მისთვის აქილესი დაერქმიათ. ხვრელს დავუწყე ძებნა, ვერ ვიპოვე.
- ჩვენ აქ ვისხდებოდით, ხვრელი რომ იყოს? - მეძახდა აქილესი, - წყალი არ დაღვარო!
ჯამით იდგა წყალი, საჭმელი კი არსად ჩანდა. მივედი და მათთან ჩამოვჯექი. შიმშილმა რომ შემაწუხა, ვიკითხე, საჭმელს არ ჩამოგვიყრიან-მეთქი?
- ჩვენც ეგ გვაინტერესებს, - ჩემკენ არ გამოუხედავს, ისე მიპასუხა აქილესმა.
- ალბათ, წამება მოგვისაჯეს, - ამოიოხრა სენეკამ, - სიკვდილმისჯილებს საჭმელს არ აჭმევენ, დასჯისას ქვეშ რომ არ გაუვიდეთ.
- მორჩი ოხვრას, სენეკა! - შეუღრინა აქილესმა, - სიკვდილმისჯილებს სიკვდილის წინ ერთ თხოვნას უსრულებენ და თუ მოგვისაჯეს, საჭმელიც უნდა ჩამოგვიყარონ და მდედრებიც. თუმცა, საჭმელი თუ იქნება, მდედრს აქაც ვიშოვით, ასე არაა, პომპეუს? - ამ სიტყვებით ერთ ზორზოხ ყმაწვილს მოუთათუნა თათი.
პომპეუსმა მისი თათი მოიშორა და თქვა, ჩემი ბიძაშვილები მომძებნიან, ფიცრებს ამოჭამენ და საჭმელს ჩამოგვიყრიანო.
- თუ შენი ბიძაშვილები მოვლენ და ფიცრებს ამოჭამენ, საჭმლის ჩამოყრას სჯობია, ჩვენი ბიძაშვილებიც მოიყვანონ, ერთმანეთს კუდებში მოეჭიდონ, ცოცხალი კიბე გააკეთონ და აქედან აგვიყვანონ, - შენიშნა სენეკამ.
- ცოცხალი კიბით ერთხელ ჩემი ბიძაშვილი ამოვიყვანეთ ქვევრიდან, - გაიხსენა ცეზარმა, - ნეტავ აქედან ვერ ავალთ, აქ რომ გავაკეთოთ?
- ეგ კიბე კი არა, მატარებელი გამოვა, - ჩაიცინა აქილესმა, - ძალიან გთხოვთ, მე სულ უკან დამაყენოთ! სირცხვილი კია, - დაუმატა სინანულით, - შვიდი კაცი ვართ და აქედან გასასვლელი გზა ვერ მოგვინახავს!
გადიოდა დღეები. საჭმელს არ გვიყრიდნენ. მხოლოდ წყალს ჩამოგვიდგამდგნენ ხოლმე. გასწევ-გამოსწევდნენ კასრზე დაფარებულ ფიცრებს, აიღებდნენ ჯამს და ისევ ერთმანეთს მიადებდნენ. მერე ისევ გასწევ-გამოსწევდნენ, წყლით სავსე ჯამს ჩამოდგამდნენ და ფიცრებს ისევ ერთმანეთს მიადებდნენ. ჯამს რკინებით იღებდნენ და დგამდნენ, თორემ ხელები რომ ჩამოეყოთ, დავეხვეოდით და ძვლებსღა შევარჩენდით. ისევ ის მოთარეშე მახსენდებოდა, ფეხი რომ მოიჭამა. ვხვდებოდი, ფეხი დამჭირდებოდა, მაგრამ რა მოხდებოდა, ისეთი უსარგებლო სხეულის ნაწილი რომ მომეჭამა, როგორიც იყო კუდი? გასასვლელი გზა ვერ მოვნახეთ. აქილესმა ალტრუიზმზე დაიწყო ლაპარაკი.
- ჭიანჭველები წყლით სავსე თხრილზე რომ ვერ გადადიან, მანამდე ხტებიან წყალში და იხრჩობენ თავებს, სანამ თავიანთ უკანა თანამოძმეებს ხიდად არ გაედებიან. ესაა ალტრუიზმი. იმ პატარა მწერებმა როგორ უნდა გვაჯობონ? ჩვენს შორის რომ ალტრუისტი იყოს, თავის ხორცსა და სისხლს პურ-ღვინოდ აქცევდა და სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდა თავის ძმებს.
მივხვდი, რაც ჰქონდა ნაბიჭვარს მხედველობაში. დანარჩენებიც ისე იხედებოდნენ, აშკარა იყო, ვიღაცის ფეხის გადაბრუნებას ელოდნენ, რომ დახვეოდნენ და ძალით გაეხადათ ალტრუისტი. არ შეამჩნიონ, რომ თავს ცუდად ვგრძნობ-მეთქი. გავიბერე, გავიფხორე. კუდის მოჭმაზე აღარ მიფიქრია. იმათაც სისხლის დანახვა უნდოდათ. დამეხვეოდნენ და შემახრამუნებდნენ.
მეათე დღეს პომპეუსს ღებინება დაეწყო. კასრის შუაგულში იჯდა და იბუზებოდა. აქილესმა დანარჩენი ოთხი გარშემო შემოიკრიბა.
- პომპეუსი ავადაა, - მიმართა, - რაკი ჯამში პირს გვიყოფს, ადვილი შესაძლებელია მისი ავადმყოფობა ჩვენც გადაგვედოს. უნდა გავანადგუროთ!
- მართალია! - დაეთანხმნენ სხვები.
ვერ მოვითმინე და შევძახე:
- რას აკეთებთ? კატები ხომ არა ხართ? გაჭირვებულს უტევთ? შველის მაგიერია?..
- გაჩუმდი, თორემ შენ გაგანადგურებთ! - დამემუქრა აქილესი.
შემეშინდა, არ დამჭრან-მეთქი და გავჩუმდი. დაჭრილი რომ დავენახე, ახლა ჩემს განადგურებას მოიწადინებდნენ. ისეც სიფრთხილე მმართებდა. მე მათ საზარელ ღრეობაში მონაწილეობას არ მივიღებდი. თავი კი ისე უნდა დამეჭირა, თითქოს მაძღარი ვიყავი. როგორ მეშველა პომპეუსისთვის, როცა თავი მება მისაშველებელი? საწყალს მისცვივდნენ და გლეჯა დაუწყეს. თვალებს ვხუჭავდი, ვტრიალდებოდი. ცოტა ხნის შემდეგ მისგან არაფერი იყო დარჩენილი, გარდა კუდისა, რომელსაც ცეზარი დაჰპატრონებოდა და წიწკნიდა. კუდიც გათავდა და თავიანთ საქციელზე დაფიქრდნენ. შერცხვათ ერთმანეთისა და შეეშინდათ. სიამოვნებით გაიქცეოდნენ, მაგრამ გასაქცევი არსაით იყო. უნდა მსხდარიყვნენ კასრში და თავიანთი შემზარავი როლების თამაში გაეგრძელებინათ.
მეორე ის თამამი აქილესი შეიჭამა. იხარბა და მუცელი გვრემდა.
- აქილეს, გენაცვალე, ავად ხომ არა ხარ? - ჰკითხავდა სენეკა მალ-მალე, ვითომ მისი ჯანმრთელობის დარდი ჰქონდა.
- არა, კარგად ვარ, ხა, ხა, ხა!.. - ხარხარებდა ნაძალადევად აქილესი.
ვინ დაუჯერა?
- დასცხეთ მაგ გარეწარს, ბიჭებო! - შეჰყვირა სულამ, - ეგ არ იყო, რომ მდედრს აქ ეძებდა?
აქილესმა ცეზარის დაჭრა მოასწრო. ცეზარს ჭრილობა გაუმიზეზდა და ისიც აქილესს მიაყოლეს. მერე რამდენიმე დღე ისე გავიდა, ავად არავინ გამხდარა. წარმოიდგინეთ ჩემი გაჭირვება! მშიერი უნდა ვმჯდარიყავი კაციჭამიათა შორის და ყოჩაღად მოვქცეულიყავი, სუსტად არ ვჩვენებოდი. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის წინ კასრის შუაგულისკენ გაიქცეოდნენ ხოლმე. შემდეგ თავიანთ ადგილებზე ბრუნდებოდნენ, ტუჩებს ილოკავდნენ და ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის სახეში არ შეეხედათ. სენეკამ მე შემიძულა. აქილესი და ცეზარი ისე შეჭამეს, თვალები არ დამიხუჭავს, არც მივტრიალებულვარ, მეშინოდა, ზურგიდან არ დამესხნენ-მეთქი თავს, მაინც დამცინოდა.
- შენ, პაკჰაუზებში კი არა, ტუალეტებში უნდა გერბინა, - მეუბნებოდა.
ადვილი მოსანადირებელი ვეგონე, რაკი საშინელებად მეჩვენა ის, რაც მოხდა. ბოროტი ბებერი იყო. გადავწყვიტე, დავძგერებოდი და დამეგდო. ისევ ჩემს ადგილზე დავჯდებოდი. კალიოსტრო და სულა მისცვივდებოდნენ და შესანსლავდნენ. ამ დროს სულა მოიბუზა. კალიოსტრომ და სენეკამ ბოლო მოუღეს. სენეკაც დაიჭრა, მეორე დღეს კალიოსტრომ დაახრჩო.
- შენთვის, კალიოსტრო კი არა, კანიბალი უნდა დაერქმიათ! - წამომცდა.
თავი აიღო. ამღვრეული თვალები ჰქონდა. ჩემკენ წამოვიდა.
- რა თქვი? - მომმართავდა, - გაიმეორე, რა თქვი!
მისაგებებლად გავემართე. ვუახლოვდებოდით ერთმანეთს. მას ქულაჯა მოძმეთა ქონით გაეპოხა. მე რამდენიმე კვირა იყო, არაფერი მეჭამა. წყლიან ჯამს გავხედე. მასაც იქით გაექცა თვალი. ამით ვისარგებლე. შევახტი და კისერი გამოვღადრე. სისხლმა გული ამირია. კასრის ფსკერზე ვეგდე და პირიდან წყალი და ნაღველი ამომდიოდა. დამარცხებულები იქვე ეყარნენ, მაგრამ მათ შეჭმას ისევ შიმშილით სიკვდილი მერჩივნა... უცებ ფიცრები გაიწ-გამოიწია, ხელი ჩამოყვეს და კასრიდან ამიყვანეს. ადამიანებს ხომ ცდები უყვართ? თურმე ახლაც ცდას ატარებდნენ. რომ ნახეს, დახოცილები არ შევჭამე, მოვეწონე. ეს კაცად ივარგებსო. მომეფერნენ, დამიყვავეს. ცოტა საჭმელიც მაჭამეს. ბევრი რომ ეჭმიათ, უფრო ცუდად გავხდებოდი. მომიარეს. ულუფას თანდათან მიზრდიდნენ. მომაღონიერეს და ჩემი თავი ერთ ყმაწვილს მიაბარეს. დაბალი, გამხდარი ყმაწვილი იყო. ცხვირი მაუზერის ტარს მიუგავდა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მისი დამცირება მინდა, უბრალოდ, მართლა ასეთი გარეგნობა ჰქონდა. მან მასწავლა კურტუმზე ჯდომა და წინა თათების მაღლა აწევა. ჯერ კიდევ სინანთროპი ვიყავი, მაგრამ ანთროპების ლაპარაკი უკვე მესმოდა. მერე კაპიტანი ბოგარტი გავიცანი. მან ჩემში სამოცი ოქრო გადაიხადა. მაღალ, ქერა, ცისფერთვალება, მსხვილ და ჩასხმულ კაპიტან ბოგარტს არწივისებრი ცხვირი და დიდი ულვაშები ჰქონდა. რომი ძალიან უყვარდა. სინანთროპებმა შეაწუხეს. მისი შესანიშნავი შხუნის დიდი ნაწილი ხისა იყო. სინანთროპები ხეს ხრავდნენ და დიდ ზარალს აყენებდნენ. კაპიტანმა შხუნაზე დედალი კატა აიყვანა, ასე მომრავლებულ სინანთროპებს სეირს უჩვენებსო. ეს კატა წინათ სამიკიტნოში ცხოვრობდა. წითური, ფაშფაშა ქალბატონი ბრძანდებოდა, ანჩხლი და მჩხავანა. თავიდან სინანთროპები ძალიან შეშინდნენ. მაგრამ ნახეს, როგორი ძილქუში აწვებოდა იმ ძუკნას და თქვეს, ისეთ საქმეს გიზამთ, შენ და შენ კაპიტან ბოგარტს თავბედს გაწყევლინებთო. მიეპარებოდნენ ხოლმე მძინარეს და ძუძუს სწოვდნენ. გამოიარა კაპიტანმა ერთ ღამეს და რას ხედავს. ჩაცუცქებულა სამი რუხი სინანთროპი და გვერდზე დაწოლილ კატას ძუძუს სწოვს - პირველად კაპიტანმა თვალებს არ დაუჯერა. მერე გაშმაგდა, შეჰღმუვლა და დედამძუძე-ძუძუმტეებისკენ გაექანა. სინანთროპებს რას დაეწეოდა? კატა კი, რომ გამოიღვიძა, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. დაავლო კაპიტანმა ხელი და წყალში გადაუძახა.
ჩემი მშობლიური ქალაქის ნავსადგურში რომ იყო მისი შხუნა, კაპიტანი მაშინ ჰყვებოდა, რა საქმე დამართეს მის კატას სინანთროპებმა. ჩემზე უთხრეს, კასრშია ნამყოფი, ავტორიტეტი აქვს, სინანთროპები მაგას დაუჯერებენო. სულმნათი მამაჩემისგან გამიგონია, ჩემი გვარი ნორვეგიიდანაა. ჩემს წინაპრებს ვიკინგებთან ერთად უცურავიათ ხომალდით. რომ გავიგე, სამოგზაუროდ უნდა წავსულყიავი, გავიხარე. სინანთროპების გაწყვეტა არ მინდა, შემცირდნენ მაინცო, ამბობდა კაპიტანი, მაგრამ მე ავტორიტეტი მქონდა და სინანთროპები დავიყოლიე, ყველანი წყალში გადამხტარიყვნენ. ამ შემთხვევამ კაპიტნის თვალში სულ სხვა ფასი შემმატა. შხუნაზე საქმე აღარაფერი მქონდა და ისღა დამრჩენოდა, თვითგანვითარებაზე მეზრუნა. კაპიტნის კაიუტაში ვნახე რამდენიმე ტომი. იმ წიგნებს ვკითხულობდი. ჩემი კაცად ქცევა უკვე დაწყებული იყო, მაგრამ იმ დროს საოცრად დაჩქარდა - ორ ფეხზე სიარული დავიწყე, გავიზარდე. ბალანი გამცვივდა, გაბზეკილი კუდი გამიქრა, ბრჭყალები დამიშორიშორდა, კბილები დამიბლაგვდა, ტუჩები გამინაზდა, ულვაშები დამიმოკლდა და გამიხშირდა. ცხვირი პირს მოსცილდა, თვალები ერთმანეთს მიუახლოვდა. იუნგას ტანსაცმელი ჩავიცვი. კაპიტანთან მივედი და ხელი გავუწოდე. არასოდეს დამავიწყდება მისი სახე. ხელი ჩამომართვა, დაფრთხა და რომს მიეძალა. კაცად ვიქეცი და ახლა პროფესია უნდა ამერჩია. ზღვაოსნობის შესწავლა დავიწყე. ეს სწორედ საჭირო იყო. მეზღვაურებიც რომს ეძალებოდნენ და ისე თვრებოდნენ, წყალში ცვივდებოდნენ და იხრჩობოდნენ. ნავსადგურში შესულ შხუნაზე მე და კაპიტანიღა ვიყავით. ზღვაოსნობა უკვე საფუძვლიანად ვიცოდი. კაპიტანმა ჩემზე თქვა, ჩემი ძმისწული ელიგზანდერიაო. მათებურად ალექსანდრე ასე გამოითქმის. რომსაც ისევ ისე ეძალებოდა და ერთ დღეს თავჩამოხრჩობილი იპოვეს. შხუნის კაპიტანი მე გავხდი. ზღვის წავებზე ვნადირობდი. ზღვის წავებზე მონადირეებში კაპიტანი კრისი და კაპიტანი ჯერიც ერივნენ. მათზე ამბობდნენ, ამერიკელები არიანო, მაგრამ მგონი, ისინიც კაცადქცეულები იყვნენ. ერთხელ მე და ჩემმა ხალხმა ზღვის წავების თავშესაყარს მივაგენით. რუსეთის წყლებში ვიყავით, მაგრამ ცდუნება დიდი იყო - ორასი ათასამდე ზღვის წავი მაინც იქნებოდა. ხმელეთზე გადავედით. ზღვის ცხოველები დავირეკეთ, მივიმწყვდიეთ, დავხოცეთ და დატყავებას შევუდექით. მუშაობაში გართულებმა ვერ გავიგეთ, როგორ წამოგვეპარნენ კაპიტანი კრისი და მისი ხალხი. მოულოდნელად დაგვესხნენ თავს და ისე შემოგვიტიეს, იძულებული გავხდით იშვიათი ნადავლი დაგვეტოვებინა, შხუნაზე ავმხტარიყავით და უკან მოუხედავად გაგვეცურა. კაპიტანმა კრისმა და მისმა ხალხმა ზღვის წავების დატყავება დაასრულეს და ტყავების ხომალდზე გადაზიდვას აპირებდნენ. ამ დროს ჰორიზონტზე კვამლს მოჰკრეს თვალი. მალე სწრაფად მომავალი გემიც გამოჩნდა და ზარბაზანმაც იქუხა. რაკი თავშესაყარი რუსეთის წყლებში იყო, კაპიტან კრისს და მის ხალხს გემი რუსების კრეისერი ეგონათ და რაკი არ ეხალისებოდათ ციმბირის საბადოებში მუშაობა, წასაღებად გამზადებული ტყავები დატოვეს და ხომალდზე აცვივდნენ. შორდებოდნენ ნაპირს და სინანულით უყურებდნენ რუსების გემს, რომელიც ნაცვლად იმისა მათ დასდევნებოდა, კუნძულისკენ აგრძელებდა სვლას და წვითა და დაგვით მოპოვებულ ტყავებს დაისაკუთრებდა. კაპიტანმა კრისმა დურბინდით გახედა და წყევლა აღმოხდა. გემის ცხვირთან ამაყად გაჭიმული კაპიტანი ჯერი იცნო, რომელმაც სადღაც ნაშოვნი რუსების დროშა აღმართა და მთელი ეს სპექტაკლი გაითამაშა. კრისის შიში რისხვამ შეცვალა. სიამოვნებით დაესხმოდა თავს, მაგრამ ჯერის ხალხიც მეტი ჰყავდა და უკეთესი შეიარაღებაც ჰქონდა. უცებ კრისს ერთი აზრი მოუვიდა და ჩვენ დაგვიწყო ძებნა. არ გასჭირვებია ჩვენი პოვნა. ბრაზისაგან ხმას ვერ ვიღებდით. გულში ვწყევლიდით კაპიტან კრისს და ვემუქრებოდით. ხუმრობა ხომ არ იყო? რამდენიმე ათასი დოლარი წაგვართვა. რომ დავინახეთ, მაშინ კი წყევლა-კრულვა აღმოგვხდა პირიდან. გვეგონა, ჩვენი დახოცვა სურდათ. ფილთა თოფებისა და შაშხანების გარდა, შხუნაზე პატარა ზარბაზნებიც გვქონდა. თავდასაცავად მოვემზადეთ. კაპიტანმა კრისმა როგორღაც და გაგვაგებინა, რაც მოხდა, და ერთად მოქმედებაზე დაგვიყოლია. რაც ჯერის გემზე იქნება, შუაზე გავიყოთო. მისი ნდობა არ შეიძლებოდა, მაგრამ რაკი გვჯეროდა, მათი მტრობა ჩვენთვის სასარგებლო იყო და გვინდოდა, ჩვენი რისხვა ვისმე დასტყდომოდა, წყენა დავივიწყეთ და კუნძულისკენ გავბრუნდით.
ჯერის თავისი გემი ტყავებით დაეტვირთა და კუნძულს უფრო და უფრო შორდებოდა. დავედევნეთ, დავეწიეთ და ზარბაზნების სროლა ავუტეხეთ. ჯერი ორივეს გვესროდა. სამივე ხომალდი დაზიანდა. აბორდაჟებით გადავებით და ჯერის გემზე გადავცვივდით. ის და კრისი ისე იყვნენ გაბრაზებულები და გამძვინვარებულები, მაშინვე ერთმანეთს მისცვივდნენ, ჩაეჭიდნენ და დანებით ორმოც-ორმოცი ჭრილობა მიაყენეს. მალე გემზე რამდენიმე მეზღვაურიღა დარჩა. ჩემი შხუნა ყველაზე ნაკლებად იყო დაზიანებული. გადარჩენილი მეზღვაურები ჩემს შხუნაზე გადავიყვანე, კრისისა და ჯერის ხომალდებიდან ტყავებიც გადავიტანე და წამოვედი.
ზღვის წავებზე ნადირობით, ჩინეთთან იარაღით ვაჭრობით და ამერიკაში ოპიუმის შეტანით ფული ბლომად დავაგროვე და გადავწყვიტე, ხმელეთზე დავსახლებულიყავი და დავოჯახებულიყავი. ცოლად შევირთე ქალი, რომელიც ძალიან ჰგავს თაგვს, და სამი წრუწუნაც შეგვეძინა - ორი ვაჟი და ერთი ქალი. ღირსეული კაცი გავხდი და როდესაც კანიბალიზმზე ლაპარაკობენ, ვამბობ, რომ ასეთი რამ შორეულ წარსულში ხდებოდა, მაგრამ ერთხელ ვეღარ მოვითმინე, როდესაც ჩემმა პატარა ვაჟმა მკითხა:
- მამიკო, ვეშაპის ხორცი იჭმება?
ვუთხარი:
- ვეშაპის ხორციც იჭმება, ვირთაგვისაც და... ადამიანისაც. მთავარია, შიმშილით არ მოკვდე!
ჩემიანებზეც ვზრუნავ. მახეები მაქვს დაგებული, ოღონდ არა მავთულისგან დაწნული, თავზე დასაცემი. მავთულისგან დაწნულ მახეში რომ გაებას რომელიმე ჩემიანი, შეიძლება კაცად ისიც აქციონ და რა საჭიროა მეორე ალექსანდრე?

2005 წ.


Last edited by Admin on Sat Apr 02, 2011 9:26 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნიკო ყიფიანი – მიხო მოსულიშვილი   Sat Apr 02, 2011 9:24 am




არ მინდა, ჰონორარზე დამოკიდებული მწერალი ვიყო
(საუბრობენ ნიკო ყიფიანი და მიხო მოსულიშვილი)

_ რამ გაფიქრებინა, რომ მწერალი გახდებოდი და პირველი ნაწარმოები ვის წააკითხე?

_ არის ერთი ქალბატონი, ლელა ბურდული. ის იყო ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ისე მოსწონდა ჩემი თემები, გადავწყვიტე, რაღაცების შეთხზვაშიც მეცადა ბედი. პირველი მოთხრობაც მას წავაკითხე. მაშინ უკვე მე აღარ მასწავლიდა, თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად (მე ხაშმის საშუალო სკოლა დავამთავრე), მაგრამ მაინც მოვახერხე, შევხვედროდი და ჩემი მოთხრობა წამეკითხებინა. კითხვა რომ დაამთავრა, ტირილი დაიწყო. ძალიან უკუღმართი გმირი მყავდა. შეგეცოდათ-მეთქი, ლელა მასწავლებელო? თვითონ ამისი დამწერი არისო ცოდვა. მერე ის მოთხრობა დავწვი. არ მინდოდა, ვისმე შევცოდებოდი.

_ შენ და რევაზ ინანიშვილი ერთი სოფლიდან, ხაშმიდან ხართ და სხვების მიერ არაერთგზის დასმული შეკითხვა მეც უნდა გაგიმეორო: რატომ არ წერ რევაზ ინანიშვილივით?

_ კი, რევაზ ინანიშვილი ჩემი თანასოფლელი იყო. სხვათა შორის, ბებიაჩემი (მამაჩემის დედა) მის მოთხრობებში ხშირად მოხსენიებული პაპამისის, ლიტრიძირის ნათლული გახლდათ. წერა რომ დავიწყე, მეშინოდა, ჩემი მოთხრობები რევაზ ინანიშვილისას არ დამსგავსებოდა და ყველანაირად ვცდილობდი, ჩემი სამყარო მისი სამყაროსაგან განსხვავებული ყოფილიყო. მეგონა, ქებას დავიმსახურებდი და რა გამოვიდა? თითქოს მოითხოვდნენ, რომ ჩემი სოფლიდან ახალი რევაზ ინანიშვილი გამოსულიყო. თუ ბატონ რეზოსავით დიდი მწერალი გავხდები, ღვთისა და ბედის მადლობელი ვიქნები, მაგრამ მიმბაძველი, არა მგონია, ახალი რევაზ ინანიშვილი იყოს. შეგახსენებთ, რა თქვა ნოდარ დუმბაძემ ერთ იუმორისტზე: „თუ მბაძეო, ქე გახდები დუმბაძეო“. მე ინანიშვილობა არ მინდა, ყიფიანი ვარ.

_ ყიფიანები _ სვანი ხალხი _ გარე კახეთში როგორ მოხვდით?

_ ჩემი დიდი პაპის პაპის თუ დიდი პაპის და გათხოვილი ყოფილა რაჭაში. მისი ქმარი მოუკლავთ. მგონი, მკვლელობაში მოკლულის ძმა თუ ბიძაშვილიც მონაწილეობდა, ზუსტად არ ვიცი, რადგან მამულები მას რჩებოდა. გაბრაზებულა ის ჩემი დიდი პაპიდა და რაჭაში თავისი უმცროსი ძმა ჩაუყვანია, ჩემი ქმრის მიწას ამათ არ დავუტოვებო. ასე რომ, ნელ-ნელა დაგვიწყია ჩამოსვლა. ჯერ რაჭაში ჩავსულვართ, ჩემი დიდი პაპა მეწყერს დაუზარალებია. დიდი ტანისა და ფიზიკურად ძლიერი კაცი ყოფილა. აუკიდია ერთი უშველებელი ქვა და რაჭაში რომ ჰქონდათ, იმ სალოცავის ეზოში აუტანია. ჩემს შთამომავლებს ნუ მოსთხოვ აქ ამოსვლასო, შევედრებია იმ წმინდანს, ვისი სახელობისაც იყო ის სალოცავი, მგონი, წმინდა გიორგის. აი, რამხელა ქვა ამოვიტანე იმათ მაგივრად, აქედან რომ მივდივარ, მაპატიეო. იმ ქვით პაპამ ვითომ ჩვენი მოვალეობანი იტვირთა. ჩამოსულა გარე კახეთში და ჩოლოყაშვილს მოურავად დასდგომია. აქ ჩვიდმეტი წლით უმცროსი ქალი შეურთავს, ალექსანდრა ქოქრაშვილი. დიდი მორწმუნე და კითხვის მოყვარული ყოფილა ალექსანდრა. მაღალფარდოვანი ლაპარაკი ჰყვარებია. ერთმა ჩემმა ნათესავმა ქალმა მითხრა, მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, წვრილშვილის პატრონი ვიყავი და ძალიან მეშინოდა. ალექსანდრამ მანუგეშა _ შვილო, ნუ გეშინია, სტალინსა და უფალს ხელი აქვთ ჩამორთმეულიო. პაპაჩემი მისი მეოთხე ვაჟი იყო. ალექსანდრას ნდომებია, პაპაჩემი ბერი გამხდარიყო. მეორე ვაჟი ფხიანი კაცი ყოფილა და იმას გადაუფიქრებინებია.

_ ის როგორ იყო, პაპაშენს რომ ფორე მოსულიშვილი ეწვია სტუმრად?

_ არ ვიცი, შეიძლება სხვა ფორე მოსულიშვილიც ჰყავდათ ქიზიყში, მაგრამ ბებიაჩემის მიერ აღწერილი ძალიან ჰგავს იტალიის ეროვნულ გმირს, საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, ხშირთმიანი, არც მსუქანი და არც გამხდარი... სანამ ჯარში გაიწვევდნენ, ფორე მოსულიშვილი კოლმეურნეობაში მუშაობდა. პაპაჩემიც კოლმეურნეობის საქმეზე ყოფილა წასული, შეხვედრია ქიზიყელ კაცს და შინ მოუწვევია. იმ მოსულიშვილს კარგი ხარები ჰყოლია. პაპაჩემისთვის ტყიდან მორებიც ჩამოუტანინებია, ერთი მისი ჩამოტანილი კოჭი ჩემს სახლს თავხედ აქვს. ორი ძაღლიც ჰყოლია მოსულიშვილს და პაპაჩემისთვის დაუტოვებია. ერთი ერთი კვირის შემდეგ გაპარულა და პატრონს გაჰყოლია, მეორე პაპაჩემთან დარჩენილა. ოღონდ ბებიაჩემი ამბობდა, ის ფორე მოსულიშვილი 1943 წელს მოვიდა ჩვენთან, პაპაშენი ცოცხალი არ დახვდა, იტირა და წავიდაო. პაპაჩემი 1943 წლის მარტში დაიღუპა. ომიდან გამოუშვეს და აქ მოჰყვა ავტოკატასტროფაში. შეიძლება, ფორე რომ მოვიდა, პაპაჩემი ომში იყო წასული და ბებიაჩემს აღარ ახსოვდა. ფორეც უნდა წასულიყო და რაღაც წინათგრძნობით თავისი თავიც და პაპაჩემიც დაიტირა. ყოველ შემთხვევაში, პაპაჩემი მეგობრობდა ერთ მოსულიშვილთან, რომელსაც ფორე ერქვა და იტალიის ეროვნულ გმირს გარეგნობითაც და ბიოგრაფიითაც ძალიან ჰგავდა.

_ მწერლის ხელოვნებას რომელი მწერლები უფრო გასწავლიდნენ და რატომ?

_ ილია, აკაკი, ვაჟა. დიდი მწერალი რომ გახდე, მარტო კარგად წერა არ არის საკმარისი, მოქალაქეც უნდა იყო. ეს მწერლები მოქალაქეები არიან.

_თანამედროვე ლიტერატურას თუ კითხულობ? ადრე ინგლისურის ლექსიკონებითაც გნახე _ ინგლისურად ხომ არ ეცნობი წიგნებს?

_ თითქმის ყველა თანამედროვე ქართველი მწერლის ნაწარმოები მაქვს წაკითხული, თუ ყველა არა, ერთი მაინც, დაახლოებითი წარმოდგენა მაინც რომ შემექმნას მათზე. ინგლისურად, ჯერჯერობით, კლასიკას ვეცნობი.

_ როგორც გავიგე, ინგლისელებიდან პოეტი ჯონ უილმოტი, იგივე ლორდი როჩესტერი, გიყვარს და მისი ლექსის თარგმნასაც კი აპირებდი.

_ ვიცოდი, რომ იყო ასეთი პოეტი, მერე ხელში ჩამივარდა მისი ბიოგრაფია, რომლის ავტორიც არის გრემ გრინი. ძალიან მინდოდა მისი “ბუალოს მერვე სატირის მიბაძვა” მეთარგმნა, მაგრამ მისი ლექსები ინგლისელებისთვისაც ძნელად ხელმისაწვდომი ყოფილა. “მას სძულდა საგანი, რომელიც უყვარდა, სიყვარულის, ვნების, სიკვდილისა და სიძულვილის აღრევით”, _ წერს გრემ გრინი. ჯონ უილმოტის ზოგიერთი ლექსის თარგმნა ვცადე. საოცარი პოეტია. მის ლექსებში მართლაც სიყვარული, ვნება, სიკვდილი და სიძულვილია აღრეული. რომ დარწმუნდეთ, ერთი ციტატის აქ მოყვანას გავბედავ:

“Let the porter and the groom
Things design’d for dirty slaves,
Drudge in fair Aurelia’s womb,
To get supplies for age and graves”.

ამ სტროფის პწკარედული თარგმანი ესაა: “დაე, მეკარემ და მეჯინიბემ, ბინძური მონებისთვის განკუთვნილმა არსებებმა, იჯაფონ მშვენიერი აურელიას საშოში, რათა აიღონ მარაგი ასაკისა და საფლავებისთვის”. მე დედნისეული კადნიერება შევარბილე და ასე ვთარგმნე:

დაე, მეკარემ და მეჯინიბემ,
მონური შრომა შეჰფერის ვისაც,
მნათ ავრელიას ცნობის მარაგი
გადაუნახონ ასაკს და მიწას.

_ ინგლისში რომ მიდიოდი, იმ ამბის შემსწრე მეც ვიყავი, _ ლატარიის გათამაშება მოიგე, და მერე რა მოხდა?

_ ეს მოთხრობის სიუჟეტია და ოდესმე აუცილებლად დავწერ.

_ შენ, როგორც მწერალი, როგორ აპირებ ცხოვრებას?

_ არ მინდა ჰონორარზე დამოკიდებული მწერალი ვიყო. ვისი ერთადერთი შემოსავალიც ჰონორარია, მისი მართვა უფრო ადვილია. ვეცდები, ისეთ პროფესიას დავეუფლო, ძლიერთა წინაშე ხოხვა რომ არ დამჭირდეს. პროფესია ბევრი მაქვს: ეკონომისტიც ვარ, პედაგოგიც, რეზერვის ოფიცერიც, მაგრამ სხვა პროფესიების დაუფლება მაინც აუცილებლად მიმაჩნია.

2004

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნიკო ყიფიანი   

Back to top Go down
 
ნიკო ყიფიანი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: შეუნდოთ ღმერთმა...-
Jump to: