არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ზაალ სამადაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Fri Feb 11, 2011 7:55 pm

ზაალ სამადაშვილი

ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე

ბოლო ერთი წელია, უცნაურად კითხვას მივეჩვიე...
შინიდან წამოღებულ, ანდა ბუკინისტების დახლიდან პირდაპირ სამუშაო ოთახში მიტანილ წიგნს საწერ მაგიდაზე ვდებ, მერე, როგორც კი თავისუფალ დროს ვიხელთებ, ვშლი და კითხვას იმ გვერდიდან ვიწყებ, რომელზედაც გადაშლისას აღმოვჩნდები. გადაშლით კი წიგნი შეიძლება, სულაც არ გადაგეშალოს მაინცდამაინც პირველ გვერდზე, პირიქით, გაცილებით ხშირად შუა ნაწილისკენ გადაიფურცლება ხოლმე, როგორც საშუალო ზომის, ისე სქელტანიანი ტომი. რომანები იშვიათად ხვდება ჩემ მაგიდაზე, უფრო ბიოგრაფიულ და ესეისტურ ტექსტებს ვეტანები. მათი კითხვა ამგვარადაც დასაშვებია, თუმცა რჩევით არავის ვურჩევ, რომ მომბაძონ და ორი კვირის ან ერთი თვის მანძილზე მეორასე გვერდიდან დაწყებული კითხვა ხან მეთორმეტე და ხან სამასოცდამეშვიდე გვერდიდან გააგრძელონ...
ამჟამად პიტერ აკროიდის ფუნდამენტური, ცხრაასგვერდიანი ნაშრომი მიდევს წინ _ “ლონდონის ბიოგრაფია”, რომელშიც სამოცდათხუთმეტი ლარი, თითქმის ორმოცდაათი დოლარი გადავიხადე. რამდენიმე წლის წინ, როცა ეს წიგნი პირველად გამოჩნდა ინგლისის წიგნის ბაზარზე, ლონდონიდან დაბრუნებულმა ჩემმა ძმობილმა, ჩამთრევი რომანების უბადლო მთხზველმა გიო ახვლედიანმა მითხრა, ძალიან მინდოდა მისი ყიდვა, მაგრამ ვერ შევწვდი, ორმოცდაათი ფუნტი ღირდაო...
სამი დღეა, რაც ამ განძის მფლობელი გავხდი და მხოლოდ ორჯერ მოვახერხე მის წიაღში ჩაყურყუმელავება. პირველად ის თავი წავიკითხე, სადაც ლონდონის ლუდხანებისა და ტავერნების ამბავია მოთხრობილი. 1730 წელს თომას ბრაუნს უთქვამს, აქ იმდენი ლუდხანაა, გეგონება, ღმერთებიდან მარტო ბახუსს ეთაყვანებიანო. შეძლებულები ღვინოს ეტანებოდნენ თურმე _ რაინისას, ბურგუნდიულს, გასკონურს და მადერას, ღარიბები კი _ ელს და ლუდს. ამ თავს მოხდენილი სახელი _ “თითო ყლუპი” _ ჰქვია.
თითო ყლუპისა რა მოგახსენოთ და თითო კათხის გადაყლურწვაზე შეთანხმებული მსმელი ბიჭები, ვთქვათ, ჯეკი, უილი და ტომი, ბარე ათ-ათსაც შთანთქავდნენ რომელიმე “გაი ფოქსში” ან “რკინის ჰერცოგში” და ერთი-ორი საათის შემდეგ, ჭარხლებივით დაწითლებულები და ტიკებივით გაბერილები, მძიმე მუშტებსაც დააყრიდნენ ერთმანეთს...
იმ თავში კი, სადაც საუბარია სახრჩობელებსა და სათოკეებზე, ასეთი რამ ამოვიკითხე _ XV საუკუნეში ჩამოხრჩობით რვა სახის დანაშაული ისჯებოდა, მათ შორის ხანძრის განზრახ გაჩენა და ე. წ. “მცირე ღალატი” (ცოლის მიერ ქმრის მოკვდინება), მაგრამ თუკი სიკვდილმისჯილი ბიბლიის ნაწყვეტის, კერძოდ _ ორმოცდამეათე ფსალმუნის პირველი ლექსის ზეპირად წარმოთქმას შესძლებდა, ის უმალ ბერი ხდებოდა და ეკლესიის განკარგულებაში გადადიოდა. თითქმის ორი ასწლეულის მანძილზე წიგნიერება გახლდათ ღირსება, რომელსაც მისი მფლობელის სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო.
გავარჯიშებული წარმოსახვის მქონე ადამიანს არ გაუჭირდება წარმოიდგინოს ბრბოთი გადავსებული, უბადრუკი შენობებით გარშემორტყმული მოედანი, მოედანზე ეშაფოტი და ეშაფოტზე, სქლად განასკვული ყულფის ქვეშ _ გაძვალტყავებული, სახეჩანაცრისფრებული სიკვდილმისჯილი, რომელიც აკანკალებული ხმოთ იწყებს, _ “მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი...”
თუ არ ვცდები, პატრიკ ზიუსკინდის რომელიღაც პესონაჟი დარდობს, ბევრს კი ვკითხულობ, მაგრამ წაკითხული წიგნებიდან თითქმის აღარაფერი მახსოვსო. ბოლო დროს მეც ასე ვფიქრობდი და მიმაჩნდა, რომ მეხსიერების საქმე ცუდად მქონდა. არ გამოვრიცხავ, რომ მართალიც ვიყავი, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მეხსიერება წაკითხული წიგნების საცავი არ არის მხოლოდ, რომელსაც გამოაღებ, როცა გინდა, გამოიტან სასურველ წიგნს და ხელახლა გადაიკითხავ გონების თვალით. მეხსიერება გაცილებით რთული წარმონაქმნია, ის მარტო ტვინის ხვეულებში არ გახლავთ განთავსებული, ის გაფანტულია ყველგან _ ფეხის თითებიდან მოყოლებული, თვალებით დამთავრებული და გონებასთან ერთად წარმართავს ჩვენი ფიქრების მდინარებას, სხეულის მოძრაობას, ჟესტიკულაციას, მიმიკას. რაც არ ახსოვს გონებას, ახსოვთ კიდურებს, კუნთებს, მხედველობის, სმენის, ყნოსვის ორგანოებს. წაკითხული წიგნების გარდა, მათ ბევრი სხვა რამეც ახსოვთ, თუნდაც საქციელი ან გამონათქვამი პიროვნებისა, რომელსაც ბავშვობაში ან მოწიფულობაში მოწიწებით, სულაც აღფრთოვანებით შევცქეროდით. თავს უფლებას ვაძლევ ვთქვა, რომ ის, რასაც სხვათა მსგავსად, მეც მეხსიერებას ვუწოდებ და მისი გაუმართავი მუშაობის გამო წუხილს გამოვთქვამ, ტრანსფორმირებული სახით განაგრძობს აქტივობას და მისი სახელი _ გამოცდილებაა...
ორხან ფამუქის ესეების კითხვისას შევიტყე, რომ თურმე თურქ მწერალ ოგუზ ატაის უთქვამს, _ ვიღაცის ასლი ვარ, მაგრამ ვისი, აღარ მახსოვსო. ჩემი ბოლო ტექსტი “კვლავაც მოდური სილუეტები” ნაწილობრივ ეხმიანება ამ თემას _ მე ხომ იმ ადამიანებს, იმ სურათებს და იმ ხმებს ვიხსენებ, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს პიროვნების, სახელად “ზაალ სამადაშვილის” ჩამოყალიბებაში. მე ხან ვიღაცასავით ვწერ, ხან ვიღაცასავით ვსაუბრობ, ხან ვიღაცასავით ვიქცევი და მერე გონებას ვძაბავ, რომ დავადგინო _ ვინ არის ის ვიღაც? ჯონ ლენონი, ტომას ვულფი თუ მამაჩემი, ვისაც სულ უფრო და უფრო ვემსგავსები გარეგნულად, დაბადებიდან ორმოცდაათი წლის გასვლის შემდეგ. ულვაში სწორედ ორმოცდაათი წლისამ მოვუშვი; მიკვირს, როგორ ვცხოვრობდი უულვაშოდ და მაგონდება, რომ მაშინ ხასიათიც განსხვავებული მქონდა, უფრო მძიმე, ვიდრე დღეს, თუმცა უჟმური არც მაშინ ვყოფილვარ...

study


წიგნის დასახელება - "დუეტი"
ავტორი - სამადაშვილი ზაალ
ISBN 978-99940-999-3-1
გამომცემლობა - "სულაკაური"
ყდა - თხელი
გვერდების რაოდენობა - 130
წელი - 2008
ფასი - 5.99

ანოტაცია - ახალ კრებულში მწერალი ზაალ სამადაშვილი მოთხრობებს სამ ციკლში აერთიანებს. კრებულში ახალ მოთხრობებთან ერთად შესულია რამდენიმე ძველი მოთხრობაც, რომელთაც უკვე კარგად იცნობს ქართველი მკითხველი.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Fri May 06, 2011 11:17 am

ზაალ სამადაშვილი

“ხაზის რადიოსა” და მზესუმზირის ამბავი

ჩვენ ღუმელს, ფორმით მართკუთხა პარალელეპიპედს, წიბოები, ანუ ჩარჩო _ თუჯისა ჰქონდა, ხოლო გვერდები, იგივე კედლები _ კაფელის ფილების. იგი ისე ზომიერად და თანაბრად ხურდებოდა, გნებავთ შეშით და გნებავთ, ნახშირით, რომ კიდეც მიეყრდნობოდი ზურგით და კიდეც ჩამოჯდებოდი. ოღონდ, ჩამოჯდომისთვის სკამის მიდგმა მჭირდებოდა, რადგან ჯერ არ ვიყავი ისეთი მაღალი, რომ დაუხმარებლად მოვკალათებულიყავი სასურველ ადგილას. ეს გახლდათ კრიალა და მოხდენილი, მხოლოდ და მხოლოდ ბინის გასათბობად განკუთვნილი ღუმელი, რომელიც თუნუქის ფურცლებით შეკრული “ფეჩისგან” განსხვავებით, ვერც წყლის ასადუღებლად, ვერც კერძის მოსახარშად და ვერც მზესუმზირის _ გოგრის თესლსა და მიწის თხილზე გემრიელის, საკნატუნოებს შორის გამორჩეულის _ მოსახალავად გამოდგებოდა. ზამთრის გრძელ საღამოებს კიდევ ისე არაფერი უხდებოდა, როგორც მარილწყალში ამოვლებული, თუჯის ტაფაზე მოხალული მარცვლების კნატუნი და კომოდის თავზე დასკუპებული რადიომიმღების ყურის გდება.

რადიომიმღები _ პლასტმასის მომცრო ყუთი შუაში ნაჭრის ბადით, რომელსაც გარე სამყაროსთან სადენებით კავშირის გამო “ხაზის რადიოდ” მოიხსენიებდნენ _ თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა. ასვე, თითქმის ყველა ქუჩას ჰყავდა მზესუმზირის თუნდაც ერთი გამყიდველი. ამ საქმიანობით უმეტესად ქურთი ბებოები იყვნენ დაკავებულები _ ჭრელხილაბანდიანი და ჭრელქვედაბოლოიანი ხნიერი ქალები, შუბლზე მწვანე ხალით. ისხდნენ ეს ქალები ღრმა, რამდენიმესაფეხურიანი კიბის ჩასასვლელ სარდაფებში, სადაც მრავალრიცხოვან შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობდნენ და ვერცხლის გაშავებული კოვზით ურევდნენ “დეზერტირების” ბაზარში ნაყიდ მზესუმზირას, რომლითაც პირთამდე იყო სავსე გაჭვარტლულ ნავთქურაზე შემოდგმული, ველოსიპედის ბორბლისხელა ტაფა.

ჩვენი ქუჩის მემზესუმზირე სედა ბაბო გახლდათ. მისი სარდაფი, საიდანაც დღენიადაგ მოშუშული ხახვის, ზეთისა და ნავთის მოთბო, მძაფრი სურნელი ამოდიოდა, ჩვენი სახლიდან სულ რაღაც ორი-სამი წუთის სავალზე იყო. მომცემდა დედა ოც კაპიკს, გავყოფდი ხელებს პალტოში, ჩავირბენდი კიბეს, გავიქცეოდი ჩამავალი მზით მკრთალად განათებულ ქუჩაზე და აქოშინებული დავადგებოდი თავზე სედა ბაბოს. ის ამომხედავდა, მეტყოდა, რა იყო, შულო, მოგდევდა ვინმეო? და სულს რომ მოვითქვამდი, ამივსებდა ცხელ-ცხელი მზესუმზირით ძველი გაზეთისგან გაკეთებულ, კონუსისებრ პარკს. მზესუმზირა ნაწილობრივ უკანა გზაზე გრილებოდა, მთლიანად კი მაშინ, როცა შინ მიტანილს მაგიდის შუაგულში საგანგებოდ დადებულ სინზე წამოაპირქვავებდა დედა. დავსხდებოდით, დავიდგამდით წინ პატარა ლამბაქებს ჩენჩოების დასაყრელად და თითებსშუა მოქცეულ მარცვლებს ხან ერთი მივიტანდით პირთან და ხან მეორე. იშვიათად მომხდარა, რომ გვეთქვას, მოხალვა აკლია, ან მძაღეაო; პირიქით, ვამბობდით ხოლმე, მთელი ქალაქი რომ შემოიარო, უკეთეს მზესუმზირას ვერსად გადააწყდებიო.

ამასობაში გარეთ კარგა გვარიანად ჩამოწვებოდა და ჩვენს ბინაშიც შემოაღწევდა ბინდი; სიბნელე დაისადგურებდა ოთახის კუთხე კუნჭულებში,… ყველგან, სადაც ნაკლებად, ანდა სულაც ვერ აღწევდა მაგიდის თავზე დაკიდებული, ნაქსოვი აბაჟურის ქვეშ მოქცეული ნათურის შუქი...…

რადიომიმღებს ჩართვა არ სჭირდებოდა. რაკი ქსელთან იყო მიერთებული, მხოლოდ ხმა უნდა აგეწია, ბადის ქვეშ ჩამაგრებული, დაკბილული ღილაკი უნდა გადაგეტრიალებინა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. საღამოს გადაცემებს შორის ყველაზე ხანგრძლივი “თეატრი მიკროფონთან” გახლდათ. ამ გადაცემაში ცნობილი, გახმაურებული სპექტაკლების ჩანაწერებს გვასმენინებდნენ. თვალები რომ დაგეხუჭა და გარინდულიყავი, გეგონებოდა, მარჯანიშვილის, ან რუსთაველს თეატრში ვზივარო, რადგან მსახიობების ხმებისა და მუსიკის გარდა, დარბაზის ხმაურიც მოედინებოდა რადიომიმღებიდან. ზოგი სპექტაკლი მხიარული იყო, ზოგი ტრაგიკული _ ცუდად რომ მთავრდებოდა, ისეთი... ტრაგიკულებიდან `ანზორი’’ მახსოვს _ მთავარი გმირი საკუთარი სიცოცხლის ფასად მტრის ჯავშანმატარებელს რომ აჩერებდა და ამ დროს მისი საყვარელი ქალი, ზაირა, დაირის თანხლებით რომ ცეკვავდა. მოქმედება ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარდებოდა, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს. სხვადასხვა ეროვნების პერსონაჟებს შორის ჩინელიც ერია, სასაცილო აქცენტით რომ წარმოთქვამდა სიტყვებს და კაპიტანის ნაცვლად კაპიტანას ეძახდა თეთრგვარდიელი რუსების მეთაურს...

"ყვარყვარე თუთაბერიც’’ იმდროინდელი ამბავი იყო, გასული საუკუნის ათიან-ოციანი წლებისა, ოღონდ საქართველოში მომხდარი და შედარებით მხიარული. ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებდა გადიდკაცებას შფოთისა და არეულობის დროს ერთი ბეჩავი და ცრუპენტელა კაცი და ძალაუფლებით თავბრუდახვეული როგორ ექცეოდა სხვა ბეჩავებს, ისეთებს როგორიც თავად გახლდათ სულ ცოტა ხნის წინ. დიალოგებს შორის, რომელთა მოსმენისას მე და დედაც ვიცინოდით დარბაზთან ერთად, ყველაზე საუკეთესო კაკუტას და ქუჩარას დიალოგი იყო, საბრალო, უწყინარი ადამიანებისა, სატუსაღოში რომ გამოემწყვდია აღზევებულ ყვარყვარეს...

სპექტაკლების ჩანაწერებისგან განსხვავებით, რადიოდადგმებში მაყურებლის დაგუდული ხმაური და ტაში არ ისმოდა, თუმცა, მთავარი მაინც მსგავსება იყო _ ერთშიც და მეორეშიც ისეთი მსახიობები მონაწილეობდნენ, რომლებსაც ხმით, მხოლოდ და მხოლოდ ხმით შეეძლოთ პერსონაჟების გაცოცხლება და მსმენელის წარმოსახვაში მათი პორტრეტების დახატვა.

ვუსმენდი "კრაზანას’’ და ვხედავდი ფელიჩე რივარესს – კოჭლ, სახენაიარევ, მრავალტანჯულ კაცს, მგზნებარე მეამბოხეს და როცა ის, სატუსაღოში მის სანახავად მისულ კარდინალ მონტანელის მთრთოლვარე ხმით მიმართავდა _ "პადრე’’, ვხვდებოდი, რა საშინელებაა, მამა და შვილი უცხოები რომ არიან ერთმანეთისთვის, სხვადასხვა პოლუსებზე რომ ცხოვრობენ და ერთ-ერთი მათგანი, ამ შემთხვევაში მამა, პირმშოს გასამართლებისა და დასჯის მომსწრე რომ ხდება. ფელიჩე რივარესი, იგივე არტურ ბერტონი, იგივე `კრაზანა’’ განაჩენის აღსასრულებლად გამწკრივებულ ჯარისკაცებსაც მთრთოლვარე, ოდნავ გაბზარული ხმით მიმართავდა: `მ-მოემზადეთ!.. მ-მესროლეთ!...‘’

პატარა ვიყავი, ცამეტი წლის და როგორც ზღაპრებით გაზრდილ ბიჭუნებს სჩვევიათ, სიკეთეს ხანდაზმულობასთან ვაიგივებდი. რაკი ზღაპრების კეთილ გმირთა უმრავლესობა მოხუცი იყო და ამასთან ერთად ხნიერი მეგონა ყველა, ვინც ორმოცს მიუკაკუნებდა, ან თმაში თუნდაც ერთი ღერი ჭაღარა გამოერეოდა, ბიძია თომა _ რადიოდადგმიდან ‘’ბიძია თომას ქოხი’’ _ ერთ მუქკანიან ბერიკაცად წარმომედგინა; ოღონდ ჯანიან, მხნე ბერიკაცად. ჯანიანი რომ არ ყოფილიყო, ვერც ფერიასავით ლამაზ გოგონას, სახელად ევანგელინა სენკლერს გადაარჩენდა მდინარეში დახრჩობას და ვერც ორი ადამიანის მაგივრად იმუშავებდა ბამბის პლანტაციაში. სწორედ მძიმე შრომით დაუძლურებულ, საბრალო ლუსის დახმარებას, მის მიმართ გამოვლენილ თანაგრძნობას ეწირებოდა თომა, ამ საქციელის გამო სჯიდა მას სასტიკი მონათმფლობელი ლეგრი... თუმცა, მომაკვდავი _ პატიობდა არანაკლებ სასტიკ ზედამხედველებს, სამბოს და კვიმბოს, რომლებიც ბატონის ბრძანებას აღასრულებდნენ და უმოწყალოდ სცემდნენ მას... დიდი ხნის შემდეგ, მადი უოთერსის ბლუზს რომ ვუსმენდი პირველად, მეგონა, რომ ბიძია თომა მღეროდა, არა, კი არ მღეროდა, თავის ამბავს ჰყვებოდა გულის სიღრმიდან წამოსული, გაურანდავი ხმით...

"ხაზის რადიოების’’ ეპოქაში ბლუზს არავინ გვასმენინებდა, მეტიც, ბლუზი რა იყო, საერთოდ არ ვიცოდი. სამაგიეროდ, ხშირად, თითქმის ყოველ საღამოს გადმოსცემდნენ ე.წ. "მსუბუქ მუსიკას’’ და ამას ორი რუბრიკის _ "მუსიკა კინოფილმებიდან’’ და "თქვენი თხოვნით, მეგობრებო’’-ს მეშვეობით ახორციელებდნენ. მზესუმზირის კნატუნისას მოსმენილი სიმღერების უმეტესობა კარგა ხანია, დავიწყებასაა მიცემული, თუმცა მაშინ, მათი შემსრულებლების სახელები და გვარები ყველას პირზე ეკერა.

რობერტინო ლორეტი იტალიელი ბიჭი იყო, ჩემხელა, ან ჩემზე ცოტა უფროსი. ის "სანტა ლუჩიას’’ და `ჯამაიკას’’ მღეროდა კრიალა, ბავშვური ხმით და ამ მელოდიებს ქუჩებსა და მოედნებზე უსტვენდნენ პატარებიცა და დიდებიც. ფოტოც მახსოვს მისი, რომელიღაც ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდილი _ შავგვრემანი, კოხტად თმაგადავარცხნილი მოზარდი მუქი, უსახელო პულოვერით და ქათქათა, თეთრი პერანგით...

ლოლიტა ტორესი ესპანურად მღეროდა; უსმენდი მას და თითქოს ხედავდი კიდეებდაქარგულ, მოკლე ქურთუკებში გამოწყობილ სომბრეროებიან ორკესტრანტებს _ გიტარისტებსა და მევიოლინეებს, ვისი აკომპანირებითაც ულვაშებგაწკეპილი კაბალიეროები და თმაზე ვარდებდასკუპებული სენიორიტები ცეკვავდნენ. სწორედ ასეთი სენიორიტა გახლდათ მომღერალიც _ არგენტინული კინოს ვარსკვლავი, უფრო ზუსტად კი მისი გმირი შავ-თეთრი კინოფილმიდან "ლაურას საქმრო’’.

თუ არ ვცდები იმა სუმაკიც სამხრეთამერიკელი იყო და ისიც ერთ-ერთი ესპანურენოვანი ქვეყნიდან. მასზე ამბობდნენ, ერთდროულად სამ ხმაში მღერისო, რისი დაჯერებაც სხვებთან ერთად მეც მიჭირდა. გაფაციცებული ვუსმენდი ხოლმე მის სიმღერას, რათა დამედგინა, მართლა ერთ ქალს ამოსდიოდა ყელიდან სოპრანო, მეცოსოპრანო და ალტი ერთდროულად, თუ – არა. ვერანაირად ვერ ვახერხებდი ამას, ვერც მზესუმზირის მიტოვება მშველოდა და ვერც რადიოსთან ახლოს მისვლა...

რადიოკონცერტი ჩვეულებრივ, დარბაზში გამართულის მსგავსად მიმდინარეობდა _ პაუზებს დიქტორი ავსებდა, ყოველ მომდევნო სიმღერას აცხადებდა. სიხარულისგან ცმუკვას ვიწყებდი, როცა იტყოდნენ, _ ახლა კი "გაზეთების დამტარებელი ბიჭუნას სიმღერას’’ მოუსმინეთო. მომღერლის ვინაობა არ მახსოვს, ვერც იმას ვიხსენებ, მართლა ბიჭუნა მღეროდა, თუ სხვა ვინმე, სამაგიეროდ, არ მავიწყდება სიტყვა, რომელიც არაერთხელ მეორდებოდა, მისამღერივით იყო _ ოლალიოკი...



* * *

"ხაზის რადიო’’ დიდი ხანია აღარ არსებობს, აღარც სპექტაკლები იდგმება მხოლოდ იმისთვის, რომ უსმინო და ვეღარც მზესუმზირას ხალავენ ქურთი ბებოებივით...

გარდასულ ხანას ვან გოგის ერთ-ერთი, ალბათ ყველაზე ცნობილი ნახატის, უფრო სწორად, მისი რეპროდუქციის დანახვა მახსენებს ხოლმე _ "მზესუმზირები მაიოლიკის ლარნაკში’’. თუმცა, უნდა განვმარტო, რომ ორ დროს _ წარსულსა და აწყმოს სიტყვა "მაიოლიკი’’ უფრო აკავშირებს, ვიდრე მზესუმზირის აქეთ-იქით გადახრილი ყვავილები. დამეთანხმებით ალბათ, ძალიან ჰგავს ეს სიტყვა "ოლალოიკის’’. "მაიოლიკი’’ რა არის, ვიცი _ გამომწვარი თიხაა, დაფარული გაუმჭვირვალე ჭიქურითა და ნახატით, ხოლო "ოლალოიკი’’ რას ნიშნავს ვერ დავადგინე. შესაძლოა, არც არაფერს ნიშნავს, უბრალოდ, ჟღერადობა აქვს კარგი, მისამღერისათვის გამოსადეგი, მხარზე აბგაგადაკიდებულ მეგაზეთე ბიჭუნას ქუჩა-ქუჩა ხეტიალის შესაფერისი...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Mon Sep 19, 2011 12:46 pm



"კალამს მიდევნებით დაწერილების" გამო

ძუიხიცუ (Zuihitsu 随筆 "ფუნჯის კვალდაკვალ" – http://en.wikipedia.org/wiki/Zuihitsu) – ეს იაპონური მოკლე მოთხრობის ჟანრია, სადაც ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი იწერება, რაც ავტორს თავში მოუვა – მოულოდნელი გახსენება იქნება, ყოფითი სცენა, აზრი თუ ბუნების სურათი, მაგრამ ამ დროს მთავარი ის არის, რომ ავტორი შინაგანად არის განათებული ("სატორი") და მთელი ეს მისი მინიატურები ერთ განუყოფელ მთლიანობას ქმნიან.

"სატორი" (Satori (悟り"გასხივოსნება") – იაპონური ძენის მედიტაციურ პრაქტიკაში შინაგანი განცდით ადამიანის, მოვლენის თუ საგნის ჭეშმარიტი ბუნების წვდომაა.

სატორის მედიტაციისას იაპონიაში გამოიყენება ცნებაც "კენშიო" Kenshō (見性) – "საკუთარი ბუნების დანახვა".

ძენის მედიტაციის ოსტატები თვლიან, რომ სატორის მდგომარეობას, გარდა მედიტაციისა, შეიძლება მიაღწიო ტრივიალური, ორდინარული მოვლენების და საგნების მეშვეობითაც...

ძუიხიცუს კლასიკას განეკუთვნება სეი სიონაგონის "ჩანაწერები სასთუმალთან" (მეათე საუკუნის დასასრული), კამო ნო ჩიომეის (1153–1216) "ჩანაწერები სენაკიდან", რომლიც ქართულად თარგმნა ჯუმბერ თითმერიამ – http://armuri.4forum.biz/t622-topic, იოსიდა კენკოს (დაახლოებით 1330) "ჩანაწერები მოწყენილობისაგან", არაი ხაკუსეკის (დაახლოებით 1716–1717) "ფიჩხის მოგროვება და დაწვა".

ძუიხიცუს ქართული ნიმუშებად უნდა ჩაითვალოს რევაზ ინანიშვილის "ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან" (კრებულიდან "მთვარის ასული", თბილისი, მერანი, 1987, გვერდები 217–269).

ზაალ სამადაშვილს "ძუიხიცუს" მშვენიერი და კარგად მორგებული ქართული შესატყვისისთვის მიუგნია: "კალამს მიდევნებით დაწერილები", რომელიც მარტო ამ ჩანაწერების სათაურად კი არა, მთელი ჟანრის აღმნიშვნელ მარჯვე ტერმინად შეიძლება იქცეს ქართულ სინამდვილეში.

მიხო მოსულიშვილი



რევაზ ინანიშვილი - "მთვარის ასული", თბილისი, მერანი, 1987

ზაალ სამადაშვილი

კალამს მიდევნებით დაწერილები


***
ნელ-ნელა, ერთმანეთის მიყოლებით გააღვიძეს ცნობიერებაში დიდი ხნის წინ დამკვიდრებულმა, მის კუთხე-კუნჭულებში ცხოვრებიდან და წიგნებიდან გადმობარგებულმა ფილოსოფოსებმა, სასულიერო პირებმა, პოლიტიკოსებმა, მეომრებმა და მეც ავმოძრავდი. ამას სხვები გუმანს, ალღოს უწოდებენ და სწორად გადადგმულ ნაბიჯებს მათ კარნახს მიაწერენ, მე კი ხსენებულ პერსონაჟებს ვუმადლი რთულად დასაძლევი დაბრკოლებების გადალახვასა და მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელებას. ვფიქრობ, რომ სხვადასხვა დოზით თითქმის ყველა ჩვენგანში ბინადრობენ ბუნებისა და გონების მესაიდუმლეები, ნებისმიერი სახის სტრატეგიისა და ტაქტიკის შემმუშავებლები, ათას ფათერაკგამოვლილი, რისკიანი მოგზაურები, “ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეს” გარიდებული ასკეტები და გამონაკლისი არც მე ვარ.


***
შინიდან წამოვიღე მერაბ მამარდაშვილის სტატიების, მოხსენებებისა და ჩანაწერების კრებული _ “ჩემი გამოცდილება არატიპიურია”. ამ წიგნს გუშინ საღამოს ვკითხულობდი და ვხვდებოდი, რა ზიანს ვაყენებდი გონებას მთელი იმ ხნის მანძილზე, როცა თითქმის მივიწყებული მყავდა ეს ფილოსოფოსი; მისი ლექციების კითხვა ხომ ყოველთვის ზუსტი და ღრმა აზროვნებისთვის განმაწყობდა. მომიწია, გამოვტყომოდი საკუთარ თავს, რომ დიდი ხანია, ასე არ მიაზროვნია. ამიტომ წამოვიღე წიგნი სკოლაში, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ვატარებ. გამახსენდა მერაბის ბიოგრაფია, საქართველოში მოღვაწეობის წლები, ინციდენტი აეროპორტში, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა და თითქოს ყურში ჩამესმა ჩემი მეგობრის, გამოუსწორებელი იდეალისტის გულისტკივილით ნათქვამი ფრაზა: “ჩვენში საზოგადოებრივი აქტივობა ისჯებაო”. ჩემ ბიბლიოთეკაში კიდევ სამი წიგნია მისი: “კარტეზიანული განსჯანი”, “როგორ მესმის ფილოსოფია” და “ლექციები პრუსტზე”.


***
ამას წინათ, ერთ-ერთ აუდიტორიაში, სადაც კარგ გემოვნებაზე პრეტენზიის მქონე პერსონები იყვნენ შეკრებილები, ვინ მოთვლის, მერამდენედ მოვისმინე “ბრძნული” მოსაზრება იმის შესახებ, რომ რომანის დაწერა გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე მოთხრობის; რომ დიდი მოცულობის ტექსტი უფრო მნიშვნელოვანია და ღირებულია, ვიდრე მცირე ზომის. არადა, არ ჭრის ამგვარად მოფიქრალ ადამიანებზე ბორხესის, აკუტაგავას, ჩეხოვის შემოქმედებების მაგალითად მოტანა, შეხსენება იმისა, რომ ლიტერატურა ძალოსნობა არ არის და მწერალი _ შტანგისტისგან განსხვავებით, დასაძლევი სირთულის მოცულობით და შესაბამისად, წონით _ არ ფასდება. მეტიც, ლიტერატურული ამოცანების სირთულეს კუბური სანტიმეტრებითა და კილოგრამებით არ ზომავენ.


***
მაილს დევისის ალბომი _ “ესპანური სკეტჩები” მოუსმენინებიათ ყოფილი ტორეადორისთვის, რომელიც საკორიდე ხარებს ზრდიდა თურმე კარიერის დასრულების შემდეგ. მოსმენა რომ დაუსრულებია, კაცი ამდგარა, მატადორის კოსტიუმში გამოწყობილა, გასულა არენაზე და თავის ერთ-ერთ ხარს შებრძოლებია. ამ საქციელის მიზეზად მაილს დევისის ალბომი დაუსახელებია, უთქვამს, მისმა კომპოზიციებმა განმაწყვეს ორთაბრძოლისთვისო. თან გაოცებაც გამოუხატავს, ესპანეთის კულტურაში ასეთი წვდომა უცხოელმა, თან ამერიკელმა, როგორ შესძლოო. ეს ამბავი ჯაზმენისთვის ნაცნობ ქალს მოუყოლია. მონაყოლი დაუჯერებლად მოჩვენებია მუსიკოსს, სავარაუდოდ, “ესპანურ კულტურაში წვდომა” მოჭრიდა ყურს, რომ აღარაფერი ვთქვათ ვიღაცის, თუნდაც ყოფილი ტორეადორის ამგვარ აღგზნებაზე ჯაზის მოსმენის შემდეგ.


***
სანამ სატელევიზიო გადაცემა “ლიტერატურულ დისკუსიებში” მონაწილეობის მისაღებად მივიდოდი, “წიგნის სახლში შევიარე”. დიდი ხანია, ვეძებ ბენედიქტ ეროფეევის “Москва-петушки”-ს. არც აქ აღმოჩნდა; სამაგიეროდ, ვნახე სტივენსონის “განძთა კუნძული” ქართულად. თარგმანის ხარისხზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა გვერდების თვალიერებისას თვალში მომხვდა წინადადება: “მას შემედეგ ჯონ სილვერი პირწმინდად დაიკარგა.” უკვალოდ, უკვალოდ დაიკარგა, ბატონებო, პირწმინდად შეიძლება, წააგო რამე, მაგალითად, ორთაბრძოლა კრივში ან მაგიდის ჩოგბურთში. კიდევ ვნახე ბორის პილნიაკის რომანისა და რამდენიმე მოთხრობის კრებული, რომლის გარეკანზე “უშანკიანი” კაცია გამოსახული. “უშანკა” კატორღული ქუდია, შიგნიდან ბეწვის, გარედან ნაჭრის. ნაჭერი რუხი ფერის არის _ ასეთი მასალისა და ფერის სასკოლო ფორმები გვეცვა ჩვენი თაობის ბიჭებს. ბებერი მეამბოხეები და ნონკორნფორმისტები რომ ამბობენ, _ საბჭოთა კავშირში ერთი დიდი ლაგერი იყოო, ოდნავადაც არ აჭარბებენ. რუხი ფერი დომინირებდა ყველგან და ყველასთან, გარემოშიც და ადამიანებშიც _ დიდებთანაც და პატარებთანაც.


***
საბჭოთა საქართველოს მმართველთა წრეში მოტრიალე, რიხიანი სადღეგრძელოების წარმოთქმასა და შემდგომ მათ გარითმვაში დაოსტატებულ კაცს აქებენ და ადიდებენ ერთ-ერთ ყოველკვირეულ გამოცემაში. სახოტბო წერილში ფიგურირებს სიტყვა _ “ხერხემალი”...… ხერხემალი, როგორც მოვარდნილი წყლის კალაპოტი, თუ რაღაც ამგვარი. ამ სიტყვამ გამახსენა დიდი ხნის წინათ მოსმენილი მსჯელობა უხერხემლო, ე.წ. “ჩეხოვის ტიპის” ინტელიგენტის ჩანაცვლების შესახებ ხერხემლიანი ინტელიგენტით, რომელსაც ვერავინ ვერ წამოუთაქებს თავში. ეს არ იყო უწყინარი თეორიული განსჯა, ეს გახლდათ საკუთარი ცხოვრების წესის გამართლებისა და სხვათა მოზიდვის არცთუ წარუმატებელი მცდელობა. საჭირო იყო დანერგვა მოსაზრებისა, რომლის თანახმადაც საბჭოთა ხელისუფლებასთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა აუცილებელი გახლდათ მთავარი ღირებულებების გადასარჩენად; რომ ურთიერთობის ეს ფორმა მათ პირად კეთილდღეობას კი არა, ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს ემსახურებოდა. ამ მოსაზრების პროპაგანდამ, რაც ცხადია, ბოლშევიკურ იდეოლოგიაში “ჯდებოდა”, დიდი ზიანი მიაყენა საზოგადოების ცნობიერებას. სინამდვილეში ე.წ. “ხერხემლიანობა” დალხენილ ცხოვრებას ნიშნავდა ბობოლა კომუნისტების ხელშეწყობით და მას არანაირი კავშირი, მეტიც, შეხებაც არ ჰქონდა მოქალაქეობრივ სიმამაცესა და ჰუმანისტური პრინციპების ერთგულებასთან.


***
იმ ქვეყანაში, სადაც დავიბადე, გავიზარდე და პიროვნებად ჩამოვყალიბდი, ეს დღე დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა. ახლა ჩემ ქვეყანაში ვცხოვრობ და შვიდი ნოემბერი კალენდრისთვის ისეთივე მნიშვნელობის თარიღია, როგორც სამი თებერვალი, ანდა ოცდაოთხი ივლისი. ნორმალურ პიროვნებად ჩამოყალიბება ძალიან ძნელი იყო იქ, სადაც გაბატონებული იდეოლოგიისგან განსხვავებული აზრი იდევნებოდა და ასეთი აზრის გამომთქმელი უმკაცრესად ისჯებოდა. თუმცა, თავისუფალი სიტყვა მაინც ცოცხლობდა და ეს იმ ადამიანების დამსახურება გახლდათ, ვინც არც აკრძალვას, არც დევნას და არც მოსალოდნელ სასჯელს უშინდებოდა. რაც უფრო მეტ ასეთ ადამიანს გადაეყრებოდი ჩვიდმეტიდან ოცდახუთი წლის ასაკამდე, იმ პერიოდში, როცა პიროვნების ფორმირება განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს, მეტი შანსი გეძლეოდა, კაცად ქცეულიყავი.


***
ვთარგმნე ბორხესის ესე - ,,ჩვენი საბრალო ინდივიდუალიზმი”, სადაც არგენტინელი მწერალი ოცნებობს ისეთ სახელმწიფოზე, რომლის ხელისუფლებაც ახლოს არის ხალხთან და მინიმალური დოზით მართავს მას. ასეთი სახელმწიფოს შესაქმნელად ის სახავს გზას, რომლის მიხედვითაც ტრადიციული გაგებით ძლიერი სახელმწიფოს შენებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ, საზოგადოების თითოეულმა წევრმა, რათა საბოლოოდ ოცნების საგანი, ინდივიდუალობის დამფასებელი სისტემა ჩამოაყალიბოს. ასეთი მართვა შესაძლებელია მაშინ, როცა პატივს გცემენ, სჯერათ შენი. ნდობის მოსაპოვებლად საჭიროა სხვა ადამიანის ცხოვრებით დაინტერესება, მისი პრობლემების მოწესრიგების სურვილი, მასზე ზრუნვა. თამამად შეიძლება ითქვას იგივე ბავშვებთან, მოზარდებთან ურთიერთობაზეც, რითაც ახლა ვარ დაკავებული.


***
სერგეი დოვლატოვი წერს: ,,ტალანტი ვნებას ჰგავს. მისი დამალვა ძნელია, უფრო ძნელი – სიმულირება.” დასაწყისში, საკუთარი ძალაუფლების დამკვიდრებისა და განვრცობის ხანაში, საბჭოთა რეჟიმი ტალანტებს კლავდა, მერე, როცა მოღონივრდა, მათი ყიდვით დაკავდა, საჭირო რაოდენობა რომ ვერ შეიძინა, ტალანტების სიმულირებას მიჰყო ხელი. ამ საქმეში უდავო წარმატებას მიაღწია. ამ წარმატების ნაყოფს დღემდე ვიმკით – სისტემის, იდეოლოგიის მიერ მწერლებად შერაცხული ასეულობით ადამიანი ბრაზობს, რატომ არ გამოსცემენ ჩვენ წიგნებს, ანდა, თუ გამოსცემს ვინმე, რატომ არ გვკითხულობენო?..


***
სიცოცხლის ბოლო წლებში დედაჩემი იყო ასე, ტელევიზორში ან თვალს მოკრავდა, ან თავიდან ბოლომე უყურებდა ფილმს რომელიმე ისტორიულ პიროვნებაზე და უმალ იწყებდა წიგნის მოძიებას მის შესახებ. შინ თუ არ გვქონდა, მავალებდა მოპოვებას და მიტანას. ამჟამად მეც დედაჩემივით ვარ. ეს ამბავი გუშინ შევატყე ჩემს თავს. მგონი, საპატრიარქოს არხზე აჩვენებდნენ ფილმს ნაპოლეონზე. არკოლის ხიდის გადალახვის ეპიზოდს მივუსწარი, დროშით ხელში რომ მირბის ახალგაზრდა, გრძელთმიანი გენერალი და ტყვიების წვიმა რომ ცელავს მის გვეერდით მყოფებს. გუშინ საღამოს და დღეს დილას დიდი ინტერესით და სიამოვნებით ვკითხულობდი ალბერტ მანფრედის არაჩვეულებრივ წიგნს - ,,ნაპოლეონი”, გამოცემულს სოხუმში, საბჭოთა ეპოქაში. სამხედრო სკოლაში სწავლისას ყმაწვილ ნაპოლეონს მასწავლებელი გაჯავრებია, რაც შეკითხვით გამოუხატავს, - ვინ ხარ შენ? ბიჭუნას პასუხი ასეთი ყოფილა, - ადამიანი ვარ! საინტერესოა, ,,შავების” მიერ თავიანთი თავის ადამიანად მოხსენიება რამე კავშირში თუა კორსიკელი ბიჭის პასუხთან. რომელიმე ნაკითხი ,,შავის” გონებაში ხომ არ ამოტივტივდა ეს ამბავი და მერე ,,სხოდკაზე” ხომ არ მოიწონეს იდეა იმის შესახებ, კითხვაზე, ვინ ხარ შენ?.. ეპასუხათ, ადამიანი... ანდა, ეს პასუხი პირველად იმ ,,შავმა” ხომ არ გასცა, ვინც ზერელედ, მაგრამ მაინც უსმენდა ხნიერი პოლიტპატიმრის მოყოლილ ისტორიებს გამოჩენილ ადამიანებზე - მხედართმთავრებზე, იმპერატორებზე, მეამბოხეებსა და ახალი მატერიკების აღმომჩენებზე.


***
კვირა საღამო დავუთმე უილიამ ფოლკნერს. წავიკითხე მისი მოთხრობა ,,ბიძია ბილი”, ამბავი პატარა ბიჭისა და სამოცი წლის კაცის უგულითადეს მეგობრობაზე და დავასკვენი, რომ დიდი მწერლების ხელახალი გადაკითხვა სხვადასხვა ასაკში, მინიმუმ სამწლიანი ინტერვალით – აუცილებელია. მწარედ ვინანე, ჩემს ერთ-ერთ ოპუსში სწორუპოვარ მემოთხრობეთა შორის ფოლკნერი რომ არ მოვიხსენიე. დღეს რომ ვწერდე იმ ოპუსს, მას სიის სათავეში მივუჩენდი ადგილს.


***
დღეს ჩვენი საფეხბურთო ნაკრები შოტლანდიელებს ეთამაშება. ორი დღეა თბილისის ქუჩებში კილტიანი მამაკაცები დააბიჯებენ ჯგუფ-ჯგუფად, რომლებიც საღამოობით ქიაჩელისა და მიმდებარე ქუჩის პაბებში დეკალიტრობით ლუდს ნთქავენ და გუდასტვირებს უბერავენ გაბრწყინებული სახეებით.


***
ერთი ჯგუფი ადამიანებისა ცხოვრობს და თან წერს. მეორე ჯგუფი კი, ცხოვრობს იმისათვის, რომ წეროს. მე პირველების სიაში ვწერივარ.


***
ღირებულია ყოველივე ის, რაც ადამიანს აძლებინებს და აძლიერებს. ვინც ვერ ახერხებს რაიმე ღირებულის შექმნას, მაგრამ ატანილია ამ სურვილით, არც თუ იშვიათად, იწყებს ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლას და ცდილობს მათ შერყვნას. ეს ბრძოლა მარცხისთვისაა განწირული, თუმცა, გარკვეული დროის მონაკვეთში ,,მებრძოლი” უმეცართა ყურადღება იქცევს.


***
მე და საწყალი მამაჩემი ფეხით რომ ჩამოვედით კუკიის სასაფლაოდან... ორიათასი წლი იყო, შუა გაზაფხული, აპრილის თვე. თავიდან თვითონ თქვა, არ გვინდა ტრანსპორტიო. მერე, ნახევარი გზა რომ გამოვიარეთ, დაღლა დაეტყო, ნაბიჯი შეანელა. ძალიან კარგად მახსოვს, მუქი ყავისფერი, დაწნული ფეხსაცმელები ეცვა და ღია ფერის მოთეთრო-მორუხო კეპი ეხურა, ტილოსი. ცხრა ძმის ქუჩა თითქმის რომ ჩამოვათავეთ და ნაძალადევისკენ მიმავალი აღმართი გამოჩნდა, გაჩერდა და ხელი მომკიდე, ბიჭოო, მითხრა. ნუ გეშინია-მეთქი და მკერდზე მივიკარი. ეს ჩვენი ბოლო ჩამოსვლა იყო კუკიის სასაფლაოდან. ორი წლის შემდეგ მისი ცხედარი ავასვენე იქ, დიდედასთან და პაპასთან - მშობლებთან.


***
დილაადრიან, სულ სხვა წიგნის ძებნისას, კარგა ხნის გამოგლოვილ ,,ყოჩაღ ჯარისკაც შვეიკს” გადავაწყდი, ოთარ გვინჩიძის მიერ თარგმნილს, ნაყიდს 1964 წელს. სამი თუ ოთხი თვე წიგნების მაღაზიებსა და ნაცნობ-მეგობრებში დავეძებდი ამ არაჩვეულებრივ რომანს და თურმე ერთ-ერთ ცენტრალურ თაროზე მედო, თვალსაჩინო ადგილას. საოცარი აპარატია მხედველობა, ტვინთან კავშირის გარეშე არ აღიქვამს იმას, რაც მის არეალში ხვდება. დავჯექი და დავიწყე კითხვა, უფრო სწორად, წიგნის ფურცვლა და მივიწყებული ეპიზოდების გახსენება. როგორც გადაკითხვისას ხდება ხოლმე, ზოგიერთი დეტალი სხვაგვარად გავიაზრე. თუნდაც ის სცენა, სადაც საიდუმლო პოლიციის აგენტ ბრეტშნეიდერთან საუბრის შემდეგ კორიდორიდან ტრაქტირში დაბრუნებული შვეიკი დახლში მდგომ პალივეცს მიმართავს, ხუთი კათხა ლუდი დავლიე და ორი სოსისი შევჭამე, ერთი ჭიქა ქლიავის ნაყენი დამისხი და წავედი, რადგან დაპატიმრებული ვარო. დრამატული და ხშირად ტრაგიკული მოვლენების მიმართ ხაზგასმულად მსუბუქი დამოკიდებულება განუმეორებელ ხიბლს ანიჭებს ყოჩაღ ჯარისკაცს... და კიდევ ერთი, რაც მას სხვა ლიტერატურული პერსონაჟებისგან გამოარჩევს – ფენომენალური მეხსიერებაა. მას უამრავი ამბავი ახსოვს, ახსოვს თითოეული ამბის მონაწილის სახელი, ადგილი, სადაც მოქმედება ვითარდება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყოველივე ამას დაუზარებლად, გემრილად ჰყვება. ბევრს რომ არ ლაქლაქებდეს შვეიკი, სხვებისა რა მოგახსენოთ და პირადად მე, ის არ მეყვარებოდა, როგორც მიყვარს...


***
ამას წინათ, ცნობილი პროზაიკოსის ესეს მაგვარ ტექსტს ვკითხულობდი ფერადყდიან ლიტერატურულ ჟურნალში. ავტორი ამერიკასა და საქართველოში მომხდარ ამბებს შორის პარალელებს ავლებდა და მათ შორის კავშირის დამყარებას ცდილობდა. უნდა ითქვას, რომ დასახულ ამოცანას წარმატებით ართმევდა თავს. ტექსტი ერთი ამოსუნთქვით, დიდი ინტერესით იკითხებოდა... თუმცა, რაც უფრო შორს მივყვებოდი მთხრობელს, მით უფრო მიძლიერდებოდა იმის განცდა, რომ აქაური, თბილისური ფათერაკები თავად კი არ გადახდენოდა, თვითონ კი არ მოხვედრილიყო აღწერილის მსგავს ვითარებებში, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სმენოდა მათ შესახებ. მეჩვენებოდა, რომ მასზე უკეთ ჰყვებოდა, ვისგანაც ამბებს ისმენდა. უკეთაც ჰყვებოდა და უკეთაც აანალიზებდა. არადა, ხელახალი თხრობა, თუნდაც ათჯერ უკეთესად მეორადია. პატივს ვცემ ყველა კარგ მთხრობელს, მაგრამ უფრო მაინტერესებს და მიყვარს ის მწერლები, ვინც საკუთარ შეხედულებებზე, პირად გამოცდილებაზე დაფუძნებულ მხატვრულ რეალობას ქმნიან. როგორც არ უნდა მოიწადინო, განიცადო ის, რაც ოდესღაც სხვამ განიცადა, სასურველ შედეგს ვერ მიაღწევ. ერთადერთი, რაც გამოგივა _ ვარიაციები ცნობილი ამბებისა და პერსონაჟების თემებზე. შენი პერსონაჟები უნდა გყავდეს _ შენი ცოდნიდან, შენი ვნებებიდან აღმოცენებულები, დაქსელილები შენი სისხლძარღვებით და თითოეული მათგანის მკერდში შენი გული უნდა ფეთქავდეს.


***
გამოვედი შინიდან და გავუყევი “ვორონცოვისკენ” მიმავალ გზას. სანაპიროთი ვიარე, ამოვუხვიე მარჯანიშვილის ქუჩაზე, ჩავუარე ყოფილ “ცენტრალურ უნივერმაღს”, ამჟამად ბანკის შენობას და სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე, წიგნის მაღაზია “სანტა-ესპერანსას” მივადექი. ათს ათი წუთი აკლდა და მაღაზია დაკეტილი დამხვდა. შემინულ კართან, ქვის საფეხურებიან კიბეზე, მხარიღლივ ჩანთაგადაკიდებული ბიჭი იჯდა და გადაშლილ წიგნს ჩაჰყურებდა. რომ მივუახლოვდი, წამოდგა და მომესალმა. ხელი კი ჩამოვართვი, მაგრამ ვერ ვიცანი. უხერხულობა რომ გამეფანტა, გამოველაპარაკე, ვუთხარი, ამა და ამ წიგნს ვეძებ-მეთქი. ვიცი ეგ წიგნიო, მითხრა, მე მგონი აქვთო და ცერა თითი გაიქნია უკან, ვიტრინისკენ. გავუღიმე და მანქანაში დავბრუნდი. დავჯექი, ხელები და ნიკაპი საჭეს ჩამოვაყრდნე და მაღაზიას მივაპყარი მზერა. ბიჭი საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა, ოღონდ სანამ დაჯდებოდა ჩანთა მოიხსნა და საფეხურზე დადო სითბოსათვის. კვლავ წიგნს ჩაუკირკიტდა. თნ კითხულობდა, თან პლასტმასის ღეროზე წამოცმულ კანფეტს წუწნიდა გულმოდგინედ. სად იყო და სად არა, თავზე გრძელთმიანი, ჯინსებჩამოჩაჩული მისი ტოლი, ან მასზე ცოტათი უმცროსი ბიჭი წამოადგა. მკითხველი ბიჭი წამოხტა და დიდი ხნის უნახავ მეგობარს რომ გადაეხვევი, ისე გადაეხვია. ერთმანეთი რომ მოიკითხეს, გრძელთმიანმა ბიჭმა ჩანთაზე დადებულ წიგნს დახედა.. დაინტერესდა, რას კითხულობდა მისი მეგობარი. ჩაცუცქდა, გადაშალა, რამდენიმე გვერდს გადაავლო თვალი. ქვედა ტუჩი გამოწია, ალბათ მოწონების ნიშნად და რაღაც თქვა თავის კანტურით. წამოდგა. როგორც მიესალმნენ, ისევე დაემშვიდობნენ ერთმანეთს _ გადახვევით და ბეჭებზე ხელის დატყაპუნებით. ისევ დაჯდა ბიჭი და გააგრძელა კითხვა... წიგნი, რომლის შესაძენადაც ვიყავი მისული “სანტა-ესპერანსაში”, გახლდათ ჟან-კლოდ კარიერისა და უმბერტო ეკოს კრებული, სახელად _ “არც იოცნებოთ უწიგნოდ ცხოვრებაზე”. ამ კრებულს ფასდაუდებელი დახმარება უნდა გაეწია ჩემთვის კომპიუტერის მონიტორზე კითხვის მომხრეებთან კამათისას.


***
1937 წლის თორმეტ აგვისტოს, გამთენიისას, ქვიშხეთის მწერალთა დასასვენებელ სახლში დააპატიმრეს მიხეილ ჯავახიშვილი. ის წამოიყვანეს თბილისში და მოათავსეს შინსახკომის საპატიმროში. საკნის კართან რომ მიიყვანეს და ხელი უბიძგეს, ერთ-ერთმა პატიმარმა, რომელიც ყველაზე ახლოს იყო კართან, დაიძახა, ფეხზე წამოდექით, მიხეილ ჯავახიშვილი მოიყვანეს ჩვენთანო. საკანი გადავსებული გახლდათ _ დასაწოლი კი არა, ფეხზე დასადგომი ადგილი ჭირდა... მაგრამ მწერლისთვის უმალ გამოინახა კუთხე. მას თეთრი ტანისამოსი ეცვა, განუყრელი ხელჯოხი კი, რომელიც ქვიშხეთიდან წამოყვანისასაც ეჭირა, ცხადია, აღარ ჰქონდა. პირველ დაკითხვებს თავად ლავრენტი ბერია ესწრებოდა. ცემა და წამება მისი ბრძანებით, მის თვალწინ მიმდინარეობდა. მიუხედავად ჯოჯოხეთური ტანჯვისა, ჯავახიშვილი მაინც ახერხებდა მხნეობის შენარჩუნებას და დაკითხვიდან დაკითხვამდე თანასაკნელებს ხან რას უამბობდა და ხან რას. ერთხელ, რაღაც საინტერესო ამბავს ჰყვებოდა თურმე, როცა საკნის კარი გაღებულა და დაკითხვაზე გაუყვანიათ. უკან კარგა ხნის შემდეგ დაუბრუნებიათ _ ნაწამები, ძალაგამოცლილი, გონებამიხდილი. პატიმრებს დაუწვენიათ და გარს შემოხვევიან. ცოტა ხანში, მწერალს თვალები გაუხელია და უკითხავს, გეთაყვა, სად გავჩერდი, აღარ მახსოვსო და პასუხი რომ მოუსმენია, თხრობა გაუგრძელებია... მიხეილ ჯავახიშვილი დაპატიმრებიდან თვენახევრის შემდეგ, 1937 წლის ოცდაათ სექტემბერს დახვრიტეს...
ის სცენა, სადაც დაკითხვიდან შემოყვანილი, წამებისაგან გათანგული, ნარზე მიწოლილი მწერალი უკანასკნელ ძალებს იკრებს, თავზე წამომდგარ ტუსაღებს სუსტი ხმით ეკითხება, _ გეთაყვა, სად გავჩერდი, აღარ მახსოვსო და მცირეოდენი პაუზის შემდეგ დაკითხვამდე დაწყებულ თხრობას განაგრძობს _ მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრების სიმბოლოდ, სურათხატად შეიძლება გამოდგეს. Mმას მუდამ აწყვეტინებდნენ თხრობას, მუდამ ატეხდნენ თავს ათასგვარ განსაცდელს, მუდამ აცლიდნენ ენერგიას და ძალას, მაგრამ ეს გამხდარი, სუსტი აღნაგობის სათვალიანი კაცი არც ფიზიკურად იშრიტებოდა და არც სულიერად, ყველა განსაცდელს ღირსეულად უმკლავდებოდა და თხრობას იმ ადგილიდან აგრძელებდა, საიდანაც გაწყვეტას აიძულებდნენ...


"ლიტერატურული გაზეთი", # 58, 16 – 29 სექტემბერი, 2011


study

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Mon Oct 17, 2011 4:53 pm


Dimitri Eristavi - From the series Ghosts rain


ზაალ სამადაშვილი

კალამს მიდევნებით დაწერილები


***
ბავშვობაში პირველ თებერვალს გაზაფხულის დადგომის მაუწყებლად მივიჩნევდი და ეს იმ ხალხური ლექსის დამსახურება გახლდათ, რომელიც “დედა ენაში” წავიკითხე პირველად. ჩემთვის წიგნში დაბეჭდილ სიტყვას გაცილებით მეტი დამაჯერებლობა ჰქონდა, ვიდრე რეალობას; გარეთ ციოდა, ცა გადანაცრისფერებული იყო, თოვლ-ჭყაპს დაეფარა ეზოები და ქუჩები და მიუხედავად ამისა, მაინც არ ვიბუზებოდი, რადგან რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მამხნევებდა და მათბობდა სტრიქონები: “თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო, ჩიტმა-ჩიორამაო საძირკველი გადგაო.” მზე ერთხელაც არ იყო ნახსენები, მაგრამ მაინც მათბობდა.


***
აღდგომას სამების საკათედრო ტაძარში შევხვდი. ციოდა, ძლიერი ქარი უბერავდა და სანთლები წამდაუწუმ გვიქრებოდა. გარეთ ვიდექით, რადგან ეკლესიაში შეღწევა შეუძლებელი იყო მოზღვავებული ხალხის გამო. შინ ნაშუაღამევს, ორის ნახევრისთვის დავბრუნდით. კვირას, სააღდგომო სუფრაზე ოჯახის წევრები შევიკრიბეთ. გიორგიმ მწვადი შეწვა ბუხარში და ძალიან გემრიელი გამოუვიდა. ყველაფერი გემრიელი იყო _ კვერცხი, პასკა, სულგუნი, ლორი, ხაჭაპური და რაც მთავარია, ღვინო, წითელი, მოტკბო "ალაზნის ველი", რომელიც სიამოვნებით მიირთვეს ქალებმაც. ლუდიც გვქონდა, ბელგიური "შტელლა არტოის". ორშაბათს სასაფლაოები ჩამოვიარეთ, ჯერ კუკიაზე ავედით, კუკიიდან ვაშლიჯვარში გადავინაცვლეთ, სულ ბოლოს კი პეტრე-პავლეზე ვიყავით. მივიტანეთ ყვავილები, დავანთეთ სანთლები და გადავაგორეთ წითელი კვერცხები. წინა წლებისგან განსხვავებით არ წვიმდა, მზიანი დღე იყო, თუმცა ქარი ქროდა. საღამოს გიორგის მეგობრები გვესტუმრნენ და მათაც კარგად მოილხინეს. მოვახერხე და თვალი ჩავკარი შაბათს "წიგნის სახლში" ნაყიდ ტომ უეიტსის ინტერვიუების კრებულს. არ გამკვირვებია მის მიერ საყვარელ მწერლებად ჩარლზ ბუკოვსკის, იუჯინ ო’ნილის, ჯეკ კერუაკის და ჰარპერ ლის დასახელება. გამიკვირდა საყვარელი მუსიკოსების სიაში რეი ჩარლზისა და ფრენკ სინატრას ნახვა. ტომ უეიტსი ჩემმა უმცროსმა მეგობარმა აღმომაჩენინა წლების წინ და ერთი პერიოდი მისი სიმღერების გარდა არაფრის მოსმენა არ მინდოდა. მაგიდაზე, სადაც ჩემი ბებერი Hitachi მიდგას, დღესაც დევს კასეტა სახელად _ BIG TIME.

***
ყოფილი კატორღელი, რუსული "ლაგერების" უბადლო მცოდნე ვარლამ შალამოვი წვრილად აღწერს, როგორ ჰყვებოდნენ გულისამაჩუყებელ, ძალადობითა და სისასტიკით გაჯერებულ თავგადასავლებს პატიმრები, რათა ერთი ჯამი ბალანდა, შავი პურის ნატეხი და "შავების" კეთილგანწყობა მოეპოვებინათ. ამ საქმიანობას ჟარგონზე "რომანის მოზელვა" ერქვა და გრძელზე გრძელი ისტორიები, რომლებსაც ხშირად ბულვარული და იშვიათად კლასიკური ტექსტები ედო საფუძვლად, პირველწყაროების ცუდი ანარეკლები, უმდარესი ხარისხის ორეულები გახლდათ. "რომანების მოზელვა" ყველაზე უკეთ ყოფილ ლიტერატორებს გამოსდიოდათ, რაც ლაგერში თავის გატანის, სასჯელის დარჩენილი ვადის მშვიდობიანად გასრულების ერთ-ერთი, არცთუ უმნიშვნელო გარანტია იყო. ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ "რომანების მზელავი" რომელიმე ლიტერატორი, მას შემდეგ რაც თავისუფლება მოიპოვა, უბრუნდება თავის ძირითად საქმიანობას _ წერას და იწყებს თხზვას იმ სტილით, რომელსაც მისთვის წარმატება მოჰქონდა ქურდულ სამყაროში. თუკი მისი მიზანი უბირთა შორის პოპულარობის მოხვეჭაა, მაშინ არა უშავს, მაგრამ თუ ის კლასიკოსობაზე აცხადებს პრეტენზიას და სურს მოექცნენ, როგორც სერიოზულ ავტორს, ამ შემთხვევაში მარცხისათვის არის განწირული. მეორე ვარიანტიც შეგვიძლია განვიხილოთ _ როცა გათავისუფლებული ლიტერატორი ვერაფრით ვერ ელევა მსმენელთა დაკარგვას და იმის მაგივრად, რომ გადაეწყოს ცხოვრების ახალ, ბუნებრივ წესზე, უბრაზდება ლამის მთელ სამყაროს, მიიჩნევს, რომ მისი შესაძლებლობები ჯეროვნად არ ფასდება!


***
დამირეკა დიმა ერისთავმა და მითხრა, შენი წიგნი წავიკითხე და სამყაროს საკუთარი, ინდივიდუალური ხედვა რომ გაქვს, აშკარად დავინახეო; არ მიყვარს, როცა მწერლები უკვე შესწავლილ და გადაღეჭილ თემებს კიდევ ერთხელ გიღეჭავენ და საგნებთან, მოვლენებთან პირდაპირ ურთიერთობას რომ უფრთხიანო; ტიტულზე რაც წამიწერე, მართალი აღმოჩნდა, შენც ჩემსავით თვითონ, შუამავლის გარეშე ეხები იმას, რაც გაინტერესებსო. ამ სიტყვების მოსმენით უსაზღვროდ გახარებულმა, ვუთხარი, თხრობას თქვენგან, რეზო ინანიშვილისგან და ოთარ იოსელიანისგან ვსწავლობდი და დღესაც ვსწავლობ- მეთქი. პრემიების მოყვარული მწერლებისგან განსხვავებით, უკლებლივ ყველა ლიტერატურულ ჯილდოს იმ მხატვრის შეფასება მირჩევნია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ტელეჟურნალისტს უთხრა, _ ღრუბელს ვერ ვხატავ, არ გამომდის და როცა დასახატი მაქვს, სანდროს ვთხოვ, ჩემს შვილს, რომ დამეხმაროსო.


***
ჩვენს ოჯახს, ნინოშვილის ქუჩაზე, ოროთახიან ბინაში, კედლის ღუმელი ჰქონდა. ერთხელაც გაიჭედა ეს ღუმელი, ღუმელი კი არა, საკვამური, საიდანაც ბოლი გადიოდა გარეთ. ისე გაიჭედა, ისე ჩაიკირა მჭვარტლით, რომ ვეღარ გაიწმინდა და დავრჩით ღუმელის გარეშე. კიდევ კარგი, ზამთარი თითქმის გასული იყო, თორემ ერთი კვირა კი არა, გაცილებით მეტი ხანი მოგვიწევდა შინ ქუდებითა და პალტოებით ყოფნა. მშობლებმა გაზაფხულიდანვე დაიჭირეს თადარიგი, ოსტატი დაიბევეს, ფასზე შეუთანხმდნენ და ფულის შეგროვება დაიწყეს. კაფელის ღუმელები ითვლებოდა მაშინ საუკეთესოდ, თუნუქის "ფეჩები" მხოლოდ ღარიბებს ედგათ. შეძლებულები არც ჩვენ ვიყავით, მაგრამ სხვა ხელმოკლეთაგან განსხვავებით, მთელი ძალ-ღონით ვებრძოდით, არ ვეპუებოდით სიღარიბეს. მამაჩემი ჩვეულებრივ სკოლაშიც მუშაობდა ფიზკულტურის მასწავლებლად და სპორტულ სკოლაშიც, _ მწვრთნელად. ზაფხულობითაც საქმდებოდა, ე.წ. "პიონერთა ბანაკებში" მიდიოდა შვებულებების დროს და ბავშვებს დაატარებდა ლაშქრობებში. მე და დედაც თან ვახლდით ხოლმე, ბინას ვქირაობდით ბანაკთან ახლოს და კვებითაც ბანაკის სასადილოში ვიკვებებოდით. იქაურმა სასადილომ შემაყვარა კაკაო, კისელი და გალეტი _ ოთხკუთხა, ფხვიერი ნამცხვარი, რომელსაც ჩაიში თუ ჩააწობდი, პირში დაგიდნებოდა. ფაფები და სუპები არც ბანაკის სასადილოში მიყვარდა და არც შინ, ნინოშვილის ცამეტში. მამაჩემის შრომა რა გასაკვირი იყო, როცა პაპაჩემი გიგო, ოთხმოც წელს მიტანებული ბერიკაცი, ძველებურად იღებდა შეკვეთებს და ჩვეული ოსტატობით ამზადებდა სკამებს, კარადებს და ფანჯრის ჩარჩოებს. სხვათაშორის, ძალიან საინტერესო გახლავთ ერთი რამ _ არასოდეს არ მახსოვს მამაჩემს ან პაპაჩემს ვინმე განეკითხოს სიზარმაცის და უსაქმურობის გამო; ერთიც და მეორეც მუდამ ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს და არ ეკითხებოდნენ მათ, რა იყო გაჭირვების მიზეზი. უცნაური გადასვლა გამომდის, მაგრამ არ მინდა დამავიწყდეს მაისტერ ეკჰარტის განმარტება, რას ნიშნავს "სულიერი სიღატაკე", რომელიც სახარების ტექსტში არის მოხსენიებული. გერმანელი მისტიკოსის აზრით, _ "ღატაკია ის, ვისაც არაფერი არ უნდა, ვინც არაფერი არ იცის და არაფერი არ გააჩნია".


***
კვირადღეობით ხდებოდა ეს ამბავი. მომცემდა დედა ფულს და გამიშვებდა კინოს ბილეთების ასაღებად. სეანსები იწყებოდა თორმეტზე, ოთხზე და რვაზე. თითო სეანსზე ორი ფილმი გადიოდა, ორივე ძველი, ამერიკული, ე.წ. "ტრაფეინი", რაც რუსულიდან ქართულად ნაალაფარს ნიშნავდა. ალაფი წამოღებული იყო გერმანიიდან, რომლის დიდი ნაწილი მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა ჯარებმა დაიპყრეს. ფილმები დუბლირებული არ იყო და რომ გაგეგო, რას ლაპარაკობდნენ გმირები, ტიტრები უნდა გეკითხა რუსულად. ჩავჯდებოდი ათ ნომერ ტრამვაიში და ნახევარსაათიანი ხრიგინისა და ჯაყჯაყის შემდეგ ჩამოვიდოდი დიდუბის ბოლოს, რადიოქარხანასთან, რომლის გვერდით, წერეთლის გამზირიდან ჩამავალ ქუჩაზე, მდებარეობდა კინოთეატრი "კოსმოსი". როგორც წესი, მივდიოდი სეანსის დაწყებამდე ორი საათით ადრე და ვდგებოდი რიგში. სალაროს გაღებას შვიდი-რვა და თუნდაც თორმეტი კაცი თუ ელოდებოდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს იმას ნიშნავდა რომ ბილეთები მეც შემხვდებოდა და შინ ხელცარიელი და ყურებჩამოყრილი არ დავბრუნდებოდი. სალაროების წინ მუდამ ტრიალებდა ერთი მაღალი, ზორბა, გვარიანად თმა-წვერმოშვებული კაცი; ამ კაცზე ამბობდნენ თბილისში ჩამოსული ხრუშჩოვის (საბჭოთა კავშირის მმართველი იყო) გასამასხრებლად, მამაცმა ახალგაზრდებმა ეგ და პლეხანოველი კიკა თავახდილ "პობედაში" ჩასვეს და ცენტრალურ ქუჩებზე გაატარ-გამოატარეს, ვითომ საბჭოთა ლიდერი ფიდელ კასტროსთან ერთად ესალმება მოსახლეობასო. სრულიად უთმო (ასეთი გახლდათ ხრუშჩოვიც) კიკასგან განსხვავებით, რომელიც ვორონცოვის მოედანთან, ტყვიავის ქუჩაზე ცხოვრობდა და ხშირად ვხედავდი სიცივეში ტრუსებისამარა მორბენალს, წვერიან კაცს გონებასუსტობისა არაფერი ეტყობოდა. ჭუჭყისგან გაპოხილი პიჯაკითა და მუხლებზე გამოხეული, ბოლოებშემოძენძილი შარვლით, უსახლკარო მაწანწალას უფრო ჰგავდა. "კოსმოსი" რომ დაკეტეს, ამ კაცს ხან რომელ კინოთეატრთან გადავეყრებოდი, ხან რომელთან. საქმე ის გახლდათ, რომ კუბის რევოლუციის ბელადის თბილისელი ორეული კინოს ბილეთების გადამყიდველი იყო. ოცდაათ-ორმოც კაპიკიან ბილეთებს სულ ცოტა, ორ მანეთად მოგასაღებდა, თუკი რიგში დგომით ფეხზე ჩამომწყდარს, სალაროს ღიობს ცხვირწინ მოგიხურავდნენ.


***
ცნობილი მწერლის შვილიშვილს ჩემი მეგობრისთვის უთქვამს, _ თუ იცით, რას ვკითხულობო. რასო? რას და ჩარლზ ბუკოვსკის "ჩვეულებრივი სიგიჟის ისტორიებსო". მერეო? დაინტერესებულა ჩემი მეგობარი, შეუტყვია, რომ ბიჭს კიდევ რაღაცის თქმა სურდა. პაპაჩემს რომ დაანახა როგორ რამეებს ვკითხულობ, საიქიოდან გამიწყრებაო. მთლად არ ცდება ბიჭი, პაპამისისთვის მოხრობებების წერა თავშესაფრის შენებას ნიშნავდა, სახლისა, სადაც დაღლილი და აფორიაქებული ადამიანი სულს მოითქვამდა, სიმშვიდესა და მყუდროებას მოიპოვებდა. ბუკოვსკი კიდევ პირიქით არის, დარდიან, ტანჯულ კაცს რომ გადაეყაროს სადმე, რომელიც თვალებში შეაცქერდება იმ იმედით, რომ ნუგეშის სიტყვები მოისმინოს მისგან _ უარესად დაზაფრავს, დარდს გაუათმაგებს. იმიტომ კი არა, რომ სასტიკია და გულქვა, მისი აზრით სიმწარე სიმწარითვე ინკურნება და ჭრილობის მალამო _ მარილია.


***
ლიტერატურული ჟურნალის გარეკანზე კარლოს ფუენტესის ფოტოა დაბეჭდილი. ფოტო მისი მოთხრობის – "თოჯინა დედოფლის" მიხედვით გადაღებულ ფილმს მახსენებს. ფილმი გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ვნახე ე.წ. “პლეხანოვის კლუბის” კინოდარბაზში, სადაც მექსიკური კინოს კვირეული მიმდინარეობდა. ფილმმა პირველი კადრებიდანვე “ამიყვანა” და იმ მომენტში, როცა მთავარი გმირი ბოლოს და ბოლოს შეაღწევს იქ, სადაც დაკარგული, დიდი ხნის უნახავი შეყვარებული ეგულება და ულამაზესი ქალის ნაცვლად ხეიბრის სავარძელს მიჯაჭვული, ფერუმარილით გათხუპნული, ხრინწიანი ხმით მოლაპარაკე არსება შერჩება ხელთ, არათუ შევკრთი შიშისგან, არამედ უფრო მეტი – თავზარი დამეცა. მეხსიერება თუ არ მღალატობს, შეშინდნენ ჩემი მამიდაშვილებიც – დათო და სოსო, რომლებიც გვერდით მესხდნენ კინოთეატრის ქანდარაზე. ბიჭები ახალი გადმოსახლებულები იყვნენ სოფლიდან და “პლეხანოვის კლუბთან” ახლოს, ოქტომბრის ქუჩის გადაღმა, ნოვოროსიისკისა და თოფურიძის ქუჩების გადაკვეთაზე ცხოვრობდნენ, პაპისეული, ერთი პატარა ოთახისა და შუშაბანდისგან შემდგარ, მიწისპირა ბინაში. დათო სკოლაში დადიოდა, სოსო კი უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ემზადებოდა და თან კრივშიც ვარჯიშობდა. კვირაში ერთხელ სოფლიდან ჩამოდიოდა მამიდაჩემი კლარა და შვილებისთვის საჭმელი და ცოტაოდენი ფული ჩამოჰქონდა. მაშინდელი წითელწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებიდან მატარებელს მოჰყვებოდა. რაკი ხშირად უწევდა მგზავრობა, სახეზე ყველა გამცილებელი ცნობდა და ყველამ იცოდა, რომ ბევრი ლაპარაკი უყვარდა. გასაბჭოებამდე, ანუ რუსულ ოკუპაციამდე გამარჯვებას უზუნდარა რქმევია და მოხუცები ძველი სახელით მოიხსენიებდნენ სოფელს, სადაც წითელწყაროდან მომავალი მატარებელი კი ჩერდებოდა, მაგრამ ტრიალ მინდორზე, რადგან ბაქანი არ არსებობდა. სამგზავრო ბილეთი კაჭრეთში უნდა გეყიდა, სადაც ორ თუ სამ ვაგონიანი შემადგენლობა ნახევარი საათი ელოდებოდა თელავიდან მომავალ მატარებელს. ნახევარი საათი, _ უფრო ხშირად კი – მეტიც, სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ მატარებლიდან მუხლის გასაშლელად გადმოსულ კაცებს სადგურთან ახლოს მოვაჭრე დედაკაცებთან ორი-სამი ჭიქა ჭაჭა გადაეკრათ, ხოლო მათ თანმხლებ ქალებს – დედას პურები და ჩურჩხელები ეყიდათ ქალაქში ჩასატანად...
P.S. თავისუფალი, გნებავთ ასოციაციური თხრობის შედეგი და ხიბლი – იწყებ მექსიკელი მწერლით და ამთავრებ კაჭრეთის ბაზრობით.


***
მას შემდეგ, რაც ჩემი შვილიშვილი მოევლინა ამ ქვეყანას, შინ როცა ვარ, საწერად კი არა, საწერ მაგიდასთან დასაჯდომადაც ვეღარ ვიცლი. ეს ამბავი დიდად არ მაღელვებს, რადგან მასთან ყოფნა ყველაფერს მირჩევნია. ამას წინათაც დიდხანს მეჭირა ხელში, დავატარებდი ოთახ-ოთახ და ათას რამეს ვებუტბუტებოდი. ვუყვებოდი მისი სათამაშო ჟირაფის ამბავს, რომელმაც მთელ აფრიკას შეატყობინა, როგორ დატოვა საჭმელი სალომემ და როგორ შეიცხადეს ეს ამბავი პატარა ჟირაფებმა, ზებრებმა, ანტილოპებმა და ვეფხვებმა. ერთადერთნი, ვინც არ გაიკვირვეს სალომეს საქციელი, აღმოჩნდნენ მაიმუნები – სხმარტალა, ონავარი მაკაკები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეექცევიან ბანანებს და ქოქოსის კაკლებს, როცა მოეპრიანებათ, აინუნშიც არ აგდებენ დღის რეჟიმს, რომელიც მშობლებმა, მათსავით დიდთვალება და მრგვალყურებიანმა მაკაკებმა დაუდგინეს. თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს პატარებთან რომ ვატარებდეთ, დარწმუნებული ვარ, უფრო სულგრძელები და შემწყნარებლები ვიქნებოდით.


"ლიტერატურული გაზეთი", # 60, 14 - 27 ოქტომბერი, 2011


Dimitri Eristavi - From the series Ghosts rain
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Tue May 01, 2012 5:53 pm




ზაალ სამადაშვილი

მე მთელ თბილისზე არ ვყვები
(მოთხრობა)

ორი მთავარი ქუჩა ჰქონდა თბილისს და თავშეყრის ადგილების უმრავლესობა სწორედ ამ ორ ქუჩაზე იყო განლაგებული.

დრამატული თეატრების რაოდენობით თუ რუსთაველის გამზირი პირველობდა ხუთით სამის წინააღმდეგ, პლეხანოვის პროსპექტზე შვიდი კინოთეატრი იყო შესახვევებსა და ჩასახვევებში მდებარე ორი კინოთეატრის ჩათვლით.
რაც შეეხებოდა ე.წ. "საზკვების ობიექტებს", ანუ იაფფასიან სასადილოებსა და სახინკლეებს, მათ ნაკლებობას არცერთი და არც მეორე გამზირი არ უჩიოდა.

უფრო ცნობილი სახინკლეები რუსთაველს ეკუთვნოდა _ სასტუმრო
"ივერიისა", კომკავშირელ ძნელაძის ქუჩის დასაწყისში და სასტუმრო "თბილისისა", მებომბე ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, სარდაფში. გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებამდე სახინკლეში ქალის ყოფნა ისეთივე წარმოუდგენელი იყო, როგორც იქაურობის მთავარ ატრიბუტ _ ქვის ზედაპირიან მაღალ მაგიდაზე ფერადი ცუკატებით მორთული ტორტის დანახვა. თუმცა, `სლაქსების’’_ ბოლოგანიერი შარვლების თაობამ ტაბუ დაარღვია და ხინკლის ორთქლითა და თამბაქოს კვამლით გაბუღულ კაცების სამფლობელოში გოგოებიც შეუშვა _ მოკლეკაბიანი, თამამი არსებები, რომელთა გამო ხშირად ილეწებოდა ლუდის მძიმე კათხები და ავხორცი მზერის მქონე ტიპების ყბები.

საშაქარლამოები და საკონდიტროები პლეხანოვს უკეთესი ჰქონდა. აბა, სად მილიციის მეექვსე განყოფილების, ე.წ. "შისტოის" გვერდით მდებარე ძვირფასეულობის ზარდახშასავით პატარა და კოხტა კაფე უნაზესი კრემიანი ღვეზელებითა და ქაფქაფა კაკაოთი და სად "ნარგიზი" "ლაღიძის წყლების" გადაღმა, სადაც ქიშმიშიანი კექსების სურნელებას გვერდებდამწვარი ხორციანი ბლინების მძაფრი სუნი ერეოდა და ვერ გაიგებდი, სასადილოში იყავი, თუ საკონდიტროში...

სუნზე თუ მიდგებოდა საქმე, სუნი "ობლებში" იდგა, თუ იდგა _ წყალნარევი, ოდნავ მომჟავო ჩამოსასხმელი ლუდის, ზეთში შემწვარი თევზის და მოშუშული კომბოსტოსი. ეს გახლდათ რუსთაველის გამზირზე, მელიქ-კაზარიანცის ძველ და ლამაზ სახლში განთავსებული ღარიბ – ღატაკთა სასადილო, რომელსაც "ზემელისა" და ვერისუბნის ლოთებიც ეტანებოდნენ ლუდისა და მისაყოლებლის სიიაფის გამო. "ყაზბეგშიც"’ იაფობა იყო, მასაც მელიქ-კაზარიანცის სახლში ედო ბინა, ოღონდ სარდაფში. იქ ყველაფერი ერთი მანეთი ღირდა _ ერთი ბოთლი ღვინოც, "ჰერეთი" ან "საერო", ერთი თეფში მწვანილიც და ერთი ტაფა შემწვარი ღვიძლიც. "ყაზბეგში" უმეტესად სტუდენტები ჩადიოდნენ; ხუთი ბიჭი ოც მანეთს თუ მოიგდებდა ხელში, თხუთმეტ მანეთს ღვინოში ხარჯავდა და მხოლოდ ხუთ მანეთს საჭმელში.

სარდაფები პლეხანოვსაც არ აკლდა, განსაკუთრებით მარჯანიშვილის მოედნიდან ყოფილ ვორონცოვის მოედნამდე მონაკვეთს. იმ სარდაფებს "სასაუზმეები" ერქვათ და თითქმის ყველგან ამზადებდნენ სისხამი დილის წვნიანს, ნაბახუსევის უებარ მალამოს – ხაშს. ნივრიანი წვენით, კარგად მოხარშული საქონლის ჩლიქებითა და ფაშვით სავსე მათლაფა ორმოცდაათი კაპიკი ღირდა, რამდენიმე ნაჭერი პური და ერთი ბოთლი ლიმონათი _ ოცდაათი კაპიკი. ოთხმოც კაპიკად ნაბახუსევის თავის ტკივილსაც მოიშორებდი და კარგად დანაყრებულს საღამომდე აღარ შეგაწუხებდა შიმშილი. ვისაც საღამომდე, ვთქვათ, ნაშუადღევს მოშივდებოდა, გემრიელად დანაყრება საღვეზელეებში შეეძლო. პლეხანოვზე ორი საღვეზელე იყო; ერთი ცნობილი იმით, რომ იქ კინო გადაიღეს, სახელად "გიორგობისთვე", ხოლო მეორე კი იმით, რომ მის საცხობში უგემრიელესი ხორციანი ღვეზელები იბრაწებოდა ცოტა ბრინჯით და ბლომად დაკეპილი ხორცით. ღვეზელი ორივეგან ათი კაპიკი ღირდა. სკოლიდან წამოსულ მერვეკლასელ ბიჭს ხუთი ცალი ჰყოფნიდა იმისათვის, რომ შინ დაბრუნებულს უარი ეთქვა საძულველ "სოუზზე", ან "სუფზე", ხოლო შესვენებაზე გამოსულ მმაჩის ბიუროს, ან სახლმმართველობის თანამშრომელ გოგონას _ სამი ცალი, რათა სამუშაო დღის დასრულებამდე ყურადღებით ეფურცლა სქელი დავთრები და უშეცდომოდ შეევსო ოქმები.

ხელფასის აღების დღეს ეს გოგონები ცოტაოდენ ტკბილეულს ყიდულობდნენ ხოლმე პირის ჩასატკბარუნებლად და ამ სასიამოვნო საქმეს, სამსახურის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ან მარჯანიშვილის, ან თავისუფლების (იმ დროს ბოლშევიკთა ბელადის სახელობის) მოედანზე ახორციელებდნენ; ქალაქის ორ ყველაზე დიდ და კედლებმოჩუქურთმებულ საკონდიტროში. მათი და არამხოლოდ მათი საყვარელი სასუსნავები გახლდათ შოკოლადის გარსიანი სუფლე, სხვადასხვა ფერისა და ფორმის შაქარმოყრილი მარმელადი, თხილის გულებიანი, რეზინასავით წელვადი ნუგა და ლითონის თხელ, მრგვალ ყუთებში მოჩხარუნე საწუწნი კანფეტები – ე.წ. "მომპასი". ეს სახელი ფრანგულ "მონპანსიედან" მომდინარეობდა.

"კონფიტიურიც" ფრანგული სიტყვა იყო და ჩვენებურად ჯემს, ანუ ხილფაფას ნიშნავდა. შუშის უბრალო ქილების ნაცვლად თუნუქისა და ხის გრძელ ყუთებში მოთავსებული, ეგზოტიკური ხილეულისგან დამზადებული ჯემები ე.წ. "ცეკავშირის" მაღაზიებში იყიდებოდა. რუსთაველის "ცეკავშირს", სადაც მანგოს კონფიტიურთან ერთად წებოვანი ფინიკის ბრიკეტებიც ეწყო დახლზე, ყველა მაღაზიისგან განსხვავებული ვიტრინა ჰქონდა. მის სქელ და კრიალა შუშაზე უწყვეტად ჩამოედინებოდა წყალი და გარედან რომ შეხედავდა ვინმე, ეგონებოდა ვიტრინაში გამოდებულ ხილს და ბოსტნეულს საგანგებოდ ასველებენო.

ვიტრინების თვალიერებაზე თუ მიდგებოდა საქმე, ტანსაცმლისა და ნაჭრების მაღაზიებზე მეტად, მრავლად რომ გვხვდებოდა როგორც ერთ, ისე მეორე ქუჩაზე, მოდების ატელიეებსა და მესაათების სახელოსნოებთან ჯობდა ნაბიჯის შენელება. მაღაზიებთან შედარებით, მოდების ატელიეების ვიტრინებში უფრო მოხდენილად გამოწყობილი მანეკენები იდგნენ; ხოლო იმდენი სახეობის საათს, გნებავთ ჯიბისას _ ძეწკვით სატარებელს, გნებავთ მაჯისას და გნებავთ სადგამიანს, _ კომოდზე, ან საწერ მაგიდაზე დასადებს, ქალაქის ყველაზე დიდ, სამსართულიან უნივერმაღშიც ვერ ნახავდით. საუკეთესო მესაათები რუსთაველზე, ოპერისა და ბალეტის თეატრის მოპირდაპირე მხარეს ისხდნენ _ პატარა, მყუდრო სახელოსნოში, სადაც "ვორონცოვის" საღვეზელეს მსგავსად, რეჟისორ იოსელიანის კიდევ ერთი ფილმის ეპიზოდი იყო გადაღებული. ყველაზე მაგარ პულოვერებსა და სვიტერებს ვარციხის ქუჩისა და პლეხანოვის გადაკვეთაზე მდებარე ატელიეში ქსოვდნენ. ისეთ პულოვერებს, ალენ დელონს რომ ეცვა ლუკინო ვისკონტის `როკო და მისი ძმებში’’ და ისეთ სვიტერებს, სქელებს და მაღალყელიანებს, ჰემინგუეის რომ ამშვენებდა კი-უესტში გადაღებულ ფოტოზე.

რაკი დამშვენება ვახსენეთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გამზირებზე სეირნობისას ვერ ნახავდით ვერცერთ კინოთეატრს, რომლის ფასადსაც ხელით დახატული აფიშა არ ამშვენებდა. ნახატების უმრავლესობა გაწაფულ ოსტატების მიერ იყო შესრულებული. ვეებერთელა, ოთხკუთხა ჩარჩოზე გადაჭიმული ტილოების პერსონაჟები თითქმის ყოველთვის ჰგავდნენ ეკრანზე მოქმედ გმირებს. მსგავსების მხრივ საუკეთესო აფიშები გახლდათ; დ’არტანიანი და მილედი – ჟერარ ბარე და მილენ დემონჟო "ამირანის", ამადეო მოდილიანი და ჟანა ებიუტერნი _ ჟერარ ფილიპი და ანუკ ემე "კომკავშირელის" მთავარი შესასვლელის თავზე.

კინოთეატრებს მხოლოდ ფილმების სანახავად არ ეტანებოდა ხალხი. ზოგან მცირე ორკესტრებს იწვევდნენ და სეანსის დაწყების წინ, "მზიური ველის სერენადის" მელოდიებს ასრულებინებდნენ; ზოგან ვაფლის ჭიქიანი ნაყინის საფარქვეშ მალულად ჰყიდდნენ კონტრაბანდულად შემოტანილ "ქემელსა" და "ფილიპ მორისს"; ზოგის ფოიეში კლაისერებით დატვირთული ფილატელისტები იკრიბებოდნენ კვირაობით და სულ რაღაც სამ მანეთად ტოგოს და ბურუნდის საფოსტო მარკების ყიდვა შეეძლო აფრიკის ფაუნით დაინტერესებულ ადამიანს; ზოგს ბუფეტი ჰქონდა არაჩვეულებრივი, სადაც შვეიცარული ყველის, დეფიციტური `შპროტის’’ და მაგრად მოხარშული უქონო ძეხვის ბუტერბროდებს შემოგთავაზებდნენ; კონოთეატრ "ოქტომბერს" კი, ფართოფორმატიან, კედლიდან კედლამდე გადაჭიმულ ეკრანთან ერთად, თავისი, პირადი ლეგენდა გააჩნდა, _ თუ როგორ მოახერხა უბილეთო მაყურებელმა დარბაზში ჩაღწევა შენობის გუმბათიდან სტენლი კუბრიკის "სპარტაკის" სანახავად და როგორ მოულბო გული ამ თავგანწირულმა საქციელმა ადმინისტრაციის მიერ გამოძახებულ მრისხანე მილიციელებს.

ჯაზის ახალგაზრდა მოყვარულის საქციელმა კი, არათუ გული მოულბო, პირიქით, ისე გააბრაზა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველები, რომ ვიწრო ტოტებიან შარვალსა და წითელ-ყვითელ, მკერდამდე ჩაღეღილ პერანგში გამოწყობილ ყმაწვილს, ჯარიმა არ აკმარეს და თხუთმეტი დღით ჩააყუდეს საკანში წვრილმანი ხულიგნობისათვის. სწორედ წვრილმან ხულიგნობად შეფასდა მისი აჭრა ფილარმონიის სცენაზე და მუსიკის რიტმს აყოლილი ცეკვა. სცენაზე კი, არც მეტი, არც ნაკლები _ ლეგენდარული ბენი გუდმენი იდგა და თავისი ჯადოსნური კლარნეტით ასევე ლეგენდარულ კომპოზიციას, სახელად _ SING, SING, SING – ს ასრულებდა. ეს ამბავი ფილარმონიის ლეგენდა გახლდათ, თითქმის მთლიანად ხისგან აგებული ლამაზაივნებიანი შენობისა, რომელიც პლეხანოვზე მდებარე კინოთეატრ "ამირანის" უკან, ჭადრებით და ცაცხვებით დაჩრდილულ ბაღში იდგა...

***
ერთი ძველისძველი, ონავრული სიმღერისა არ იყოს, რომლის ტექსტი კორნეი ჩუკოვსკის, ან ისააკ ბაბელის დაწერილს ჰგავს _ მე მთელ თბილისზე არ ვყვები, რადგან მთელი თბილისი დიდზე დიდია. მასზე საუბარს გაცილებით სერიოზული მთხრობელი სჭირდება, ვიდრე მე ვარ; თუნდაც ისეთი, ვინც მეტნაკლებად დამაჯერებლად ახსნის _ როგორ მოხვდა "რკინის ფარდის" აქეთა მხარეს მუსიკის "ბურჟუაზიული" ჟანრის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ვისი მოსმენაც, "იდეოლოგიურ ხარვეზად", ანუ დიდ ცოდვად მიიჩნეოდა; ანდა რატომ ითვლებოდა დელიკატესად და რატომ არ იშოვებოდა "შპროტი’’ _ ჯერ შებოლილი და მერე ზეთში დაკონსერვებული ზღვის ღორჯო; ანდა კიდევ, რატომ ერქვა შეროზიას ქუჩისა და პლეხანოვის კვეთაზე მდებარე დრამატულ თეატრს "სანკულტურის’’, ანუ "სანიტარული კულტურის"...



"ლიტერატურული გაზეთი", #73, 27 აპრილი - 10 მაისი, 2012

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Sat May 12, 2012 10:57 am



წიგნის დასახელება - "ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე"
ავტორი - ზაალ სამადაშვილი
ISBN 978-9941-11-281-2
გამომცემლობა - "დიოგენე"
რედაქტორი – ანა ჭაბაშვილი
დიზაინერი – ბესო დანელია, ნინო გურული
ყდა - თხელი
გვერდების რაოდენობა - 160
წელი - 2012
ფასი – 7.9 GEL

ანოტაცია – ”ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე” ზაალ სამადაშვილის ბოლო წლების ჩანაწერებს აერთიანებს.

”მე ხომ იმ ადამიანებს, იმ სურათებს და იმ ხმებს ვიხსენებ, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს პიროვნების, სახელად ”ზაალ სამადაშვილის” ჩამოყალიბებაში. მე ხან ვიღაცასავით ვწერ, ხან ვიღაცასავით ვლაპარაკობ, ხან ვიღაცასავით ვიქცევი და მერე გონებას ვძაბავ, რომ დავადგინო - ვინ არის ის ვიღაც? ჯონ ლენონი, ტომას ვულფი თუ მამაჩემი... ”

ბმული – http://diogene.ge/ka/books/book/237


მწერ­ლის ავ­ტო­პორ­ტ­რე­ტი წიგ­ნე­ბის ფონ­ზე


24 საათი 15.05.12


ბო­ლო წლებ­ში მომ­რავ­ლე­ბუ­ლი ახა­ლი თარ­გ­მა­ნი­სა თუ სა­მა­მუ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რის ფონ­ზე კარ­გ­მა მკითხ­ველ­მა თით­ქოს არ უნ­და მო­იწყი­ნოს.

მაგ­რამ ავ­ტო­რე­ბი ათას ექ­ს­პე­რი­მენტს სჩა­დი­ან: ორი­გი­ნა­ლურ­ნი ტექსტს მაქ­სი­მა­ლუ­რად ცლი­ან ემო­ცი­ის­გან და გვიმ­ტ­კი­ცე­ბენ, რომ ჩვენს გულს უფ­რ­თხილ­დე­ბი­ან; უფ­რო ორი­გი­ნა­ლურ­ნი აცხა­დე­ბენ, რომ ყვე­ლა თე­მა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია და ახ­ლა მხო­ლოდ ჰიბ­რი­დებ­სა და მუ­ტან­ტებ­ზე უნ­და წე­რონ; კი­დევ უფ­რო ორი­გი­ნა­ლურ­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტის ნაც­ვ­ლად ხან­და­ხან კუ­ლი­ნა­რი­ულ რე­ცეპ­ტებ­საც გვთა­ვა­ზო­ბენ.

არც ისე ორი­გი­ნა­ლუ­რე­ბი კი ზედ­მე­ტად ჩახ­ლარ­თუ­ლად წე­რენ და თა­ნა­მედ­რო­ვე მკითხ­ველს ავ­ტო­რის ამო­ცა­ნე­ბი­სა და თავ­სა­ტე­ხე­ბის ამო­სახ­ს­ნე­ლად დრო აღარ ჰყოფ­ნის - ჩვენ ისი­ნი გვბეზ­რ­დე­ბა. მწერ­ლე­ბის­თ­ვის შუ­ა­ლე­დის მიღ­წე­ვა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და და მკითხ­ვე­ლი ინ­ს­ტინ­ქ­ტის დო­ნე­ზეც უკ­ვე გრძნობს ამ გა­იშ­ვი­ა­თე­ბულ ხილს, სა­ბო­ლო­ოდ, იმახ­სოვ­რებს - საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბის სი­ა­ში შეჰ­ყავს: "ერთ მშვე­ნი­ერ დღეს აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ოდეს­ღაც წა­კითხულ­თა­გან ბევ­რი წიგ­ნი აღარ მახ­სოვს. შევ­შ­ფოთ­დი, მო­ვი­ძიე ეს წიგ­ნე­ბი, ზო­გი - პი­რად ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ზო­გიც - ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ი­ტებ­ზე. გა­და­ვი­კითხე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მა­თი უმე­ტე­სო­ბა არ არის სა­ინ­ტე­რე­სო. შე­მიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დო, რომ გო­ნე­ბა­ში ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვა მოხ­და და მეხ­სი­ე­რე­ბა­ში უჯ­რე­დე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლ­და იმის­თ­ვის, რომ იქ ახ­ლად წა­კითხულ­მა წიგ­ნებ­მა და­ი­კა­ვოს ად­გი­ლი. თუმ­ცა, გა­მო­ნაკ­ლი­სიც იყო, კვლავ ძა­ლი­ან მიყ­ვარს იბა­ნი­ე­სის "სის­ხ­ლი და ქვი­შა". სა­ერ­თოდ, ტექსტს მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ვა­ფა­სებ, ესე­ნია: სი­სა­და­ვე, სი­ზუს­ტე, სიცხა­დე, გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა. ჰე­მინ­გუეი ჩემ მი­ერ წლე­ბის მან­ძილ­ზე შეთხ­ზუ­ლი ამ­ბის ერთ-ერ­თი პერ­სო­ნა­ჟია. ამ ამ­ბავს სა­ხე­ლად "მა­გა­რი ბი­ჭე­ბი" ჰქვია და "პა­პას" გვერდს უმ­შ­ვე­ნე­ბენ ჩარლზ ბუ­კოვ­ს­კი, ტომ უეიტ­სი, ჟან გა­ბე­ნი და ჯონ ლი ჰუ­კე­რი",- ამ­ბობს ყვე­ლა­ზე სა­და და ნაღ­ვ­ლი­ა­ნი წიგ­ნის ავ­ტო­რი, ზა­ალ სა­მა­დაშ­ვი­ლი. "ავ­ტო­პორ­ტ­რე­ტი წიგ­ნე­ბის ფონ­ზე" ახ­ლა­ხან გა­მოს­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბა "დი­ო­გე­ნემ" და პრე­ზენ­ტა­ცი­აც "დი­ო­გე­ნეს" მა­ღა­ზი­ა­ში 11 მა­ისს გა­ი­მარ­თა. მა­ღა­ზი­ის მე­ნე­ჯე­რის, მწე­რალ გუ­რამ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის აზ­რით, ეს წიგ­ნი ავ­ტო­რის "დიდ ავი­ა­ცი­ა­ში" დაბ­რუ­ნე­ბის ნი­შა­ნია. დიდ ავი­ა­ცი­ა­ში, ცხა­დია, ლი­ტე­რა­ტუ­რა იგუ­ლის­ხ­მე­ბა. თუმ­ცა, ზა­ალ სა­მა­დაშ­ვი­ლის­თ­ვის მოთხ­რო­ბე­ბის წე­რა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ო­ბაა.

თბი­ლი­სის სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნამ დრო­ის უკეთ გა­და­ნა­წი­ლე­ბაც ას­წავ­ლა და გა­ცი­ლე­ბით სა­სარ­გებ­ლოდ იყე­ნებს ნა­ხე­ვარ სა­ათ­საც კი, რო­მელ­საც თა­ვი­სუფ­ლის ნაც­ვ­ლად წე­რის დრო ჰქვია. პრო­ფე­სი­ით მა­თე­მა­ტი­კოსს ციფ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და სი­ზუს­ტის სიყ­ვა­რუ­ლი მოთხ­რო­ბე­ბის წე­რა­ში ძა­ლი­ან გა­მო­ად­გა, რად­გან კარ­გი პრო­ზა­ი­კო­სი მი­ნი­მუმ სა­შუ­ა­ლო დო­ნის მა­თე­მა­ტი­კო­სის უნა­რე­ბით უნ­და იყოს და­ჯოლ­დო­ე­ბუ­ლი და აზ­როვ­ნებ­დეს სხარ­ტად, ზუს­ტად, ლო­გი­კუ­რად: "უნ­და შე­ეძ­ლოს იმის მო­დე­ლი­რე­ბა, რის ხორ­ც­შეს­ხ­მა­საც აპი­რებს. იმის­თ­ვის, რომ მიხ­ვ­დე, წე­რა გე­ხერ­ხე­ბა თუ არა, დი­დი დროა სა­ჭი­რო. მე ამის­თ­ვის მთე­ლი მე­ოთხე­დი სა­უ­კუ­ნე დამ­ჭირ­და. იგი­ვე დრო მო­ვან­დო­მე კარ­გი მკითხ­ვე­ლის გულ­ში ად­გი­ლის მო­პო­ვე­ბას. რაც არ უნ­და გე­ხერ­ხე­ბო­დეს წე­რა, რო­მანს სხვა სპე­ცი­ფი­კა აქვს: კომ­ბ­ლეს ზღაპ­რის არ იყოს, რო­მა­ნის­ტი ის კა­ცია, უნ­და-არ უნ­და, მა­ინც რომ უნ­და წე­როს გრძლად, გა­და­ა­ბას ერ­თ­მა­ნეთს ეპი­ზო­დე­ბი, და­ა­კავ­ში­როს ერ­თ­მა­ნეთ­თან ათე­უ­ლო­ბით პერ­სო­ნა­ჟი და მე­რე ამ­ტ­კი­ცოს, რომ დღე­ვან­დელ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე კარ­გად რო­მა­ნე­ბი იკითხე­ბა. ძვე­ლი რო­მა­ნის­ტე­ბი ასეთ რა­მე­ებს არ ამ­ბობ­დ­ნენ და შე­საძ­ლოა, ამი­ტო­მაც წერ­დ­ნენ "აგ­ვის­ტოს ნა­თელ­თან" ერ­თად "ძია ბი­ლის." გა­მო­დის, რო­მა­ნის­ტე­ბი რო­მა­ნებს წე­რენ, მე­რე წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე აწყო­ბენ და ამ­ბი­ცი­ე­ბიც მე­ტად აქვთ, გა­მო­დის, რო­მა­ნის­ტო­ბა თავ­სა­ტე­ხი საქ­მეა.

"ავ­ტო­პორ­ტ­რე­ტი წიგ­ნე­ბის ფონ­ზე" რო­მა­ნი არ გახ­ლავთ: ეს ესე­ის­ტურ-დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზის ნა­ზა­ვია და მწე­რა­ლი ბავ­შ­ვო­ბის ამ­ბე­ბი­დან დი­დო­ბის ამ­ბე­ბამ­დე ისე­თი ოს­ტა­ტო­ბით ხა­ტავს სა­კუ­თარ პორ­ტ­რეტს, ამ უბის წიგ­ნა­კის ზო­მის წიგ­ნის ბო­ლო, 157-ე გვერ­დ­ზე (სა­დაც შვი­ლიშ­ვილს, სა­ლო­მეს სა­თა­მა­შო ჟი­რა­ფის ამ­ბავს უყ­ვე­ბა, მთელ აფ­რი­კას რომ შე­ატყო­ბი­ნა, რო­გორ და­ტო­ვა საჭ­მე­ლი სა­ლო­მემ და რო­გორ შე­იცხა­დეს ეს ამ­ბა­ვი პა­ტა­რა ჟი­რა­ფებ­მა, ზებ­რებ­მა, ან­ტი­ლო­პებ­მა და ვეფხ­ვებ­მა), უკ­ვე დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ხარ, რომ ზა­ალ სა­მა­დაშ­ვილს სა­უ­კუ­ნეა, იც­ნობ. ანუ 157-ე გვერ­დი და­მე­გობ­რე­ბის გვერ­დია, 13-31 ("ფეხ­საც­მე­ლე­ბის სა­ყიდ­ლად წას­ვ­ლა") ტი­რი­ლის გვერ­დე­ბი, სხვა გვერ­დე­ბი ნაღ­ვ­ლი­ა­ნე­ბი და ნოს­ტალ­გი­უ­რე­ბია, და არ­ცერ­თი გვერ­დი - გა­მო­სა­ტო­ვე­ბე­ლი.

რო­გორ კითხუ­ლობთ წიგ­ნებს? - უმე­ტე­სო­ბა, ალ­ბათ, პირ­ვე­ლი­ვე გვერ­დი­დან. მაგ­რამ არი­ან უც­ნა­უ­რი მკითხ­ვე­ლე­ბიც, აი, მა­გა­ლი­თად, ზა­ალ სა­მა­დაშ­ვი­ლი: "არა­ვის ვურ­ჩევ, რომ მომ­ბა­ძონ და ორი კვი­რის ან ერ­თი თვის მან­ძილ­ზე მე­ო­რა­სე გვერ­დი­დან დაწყე­ბუ­ლი კითხ­ვა ხან მე­თორ­მე­ტე და ხან სა­მა­სოც­და­მეშ­ვი­დე გვერ­დი­დან გა­აგ­რ­ძე­ლონ... ("ავ­ტო­პორ­ტ­რე­ტი წიგ­ნე­ბის ფონ­ზე")," აქ­ვე: "მეხ­სი­ე­რე­ბა არ არის მხო­ლოდ წა­კითხუ­ლი წიგ­ნე­ბის სა­ცა­ვი, რო­მელ­საც გა­მო­ა­ღებ, რო­ცა გინ­და, გა­მო­ი­ტან სა­სურ­ველ წიგნს და ხე­ლახ­ლა გა­და­ი­კითხავ გო­ნე­ბის თვა­ლით. მეხ­სი­ე­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი წარ­მო­ნაქ­მ­ნია, ის მარ­ტო ტვი­ნის ხვე­უ­ლებ­ში არ გახ­ლავთ გან­თავ­სე­ბუ­ლი, ის გა­ფან­ტუ­ლია ყველ­გან - ფე­ხის თი­თე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თვა­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი და გო­ნე­ბას­თან ერ­თად წარ­მარ­თავს ჩვე­ნი ფიქ­რე­ბის მდი­ნა­რე­ბას, სხე­უ­ლის მოძ­რა­ო­ბას, ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ას, მი­მი­კას. რაც არ ახ­სოვს გო­ნე­ბას, ახ­სოვთ კი­დუ­რებს, კუნ­თებს, მხედ­ვე­ლო­ბის, სმე­ნის, ყნოს­ვის ორ­გა­ნო­ებს... იმას, რა­საც სხვა­თა მსგავ­სად მეც მეხ­სი­ე­რე­ბას ვუ­წო­დებ და მი­სი გა­უ­მარ­თა­ვი მუ­შა­ო­ბის გა­მო წუ­ხილს გა­მოვ­თ­ქ­ვამ, ტრან­ს­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სა­ხით გა­ნაგ­რ­ძობს აქ­ტი­ვო­ბას და მი­სი სა­ხე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა". 1994-1995 წლის ჩა­ნა­წე­რე­ბი უფ­რო ჩა­ნა­ხა­ტებ­სა და მი­ნი­ა­ტუ­რებს მი­ა­გავს, მაგ­რამ წიგ­ნ­ში ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და ყვე­ლა­ზე ნაღ­ვ­ლი­ა­ნი მა­ინც "ფეხ­საც­მე­ლე­ბის სა­ყიდ­ლად წას­ვ­ლაა" სა­ო­ჯა­ხო რე­ლიქ­ვი­ის, ოქ­როს მედ­ლის სა­ფა­სუ­რად ნა­ყი­დი ცა­მეტ­დო­ლა­რი­ა­ნი, სადღაც, მეტ­რო­ში და­კარ­გუ­ლი ფეხ­საც­მ­ლით, ბავ­შ­ვუ­რი გულ­წ­რ­ფე­ლო­ბით და მა­მით, რო­მე­ლიც ძვე­ლი, ლან­ჩარ­ღ­ვე­უ­ლი ფეხ­საც­მ­ლი­თაც არ და­ი­წუ­ნეს და სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად მა­ინც აიყ­ვა­ნეს.

მოთხ­რო­ბე­ბის გარ­და, ზა­ალ სა­მა­დაშ­ვი­ლი არის ავ­ტო­რი სცე­ნა­რი­სა სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი­სათ­ვის "თე­მო", ასე­ვე - მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი­სა "გარ­სე­ვა­ნი". ფიქ­რობს, რომ თე­ატ­რის დრა­მა­ტურ­გია ლი­ტე­რა­ტუ­რის ურ­თუ­ლე­სი ჟან­რია, კი­ნოს დრა­მა­ტურ­გია (სცე­ნა­რი) კი - მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მის ტექ­ს­ტუ­რი მა­სა­ლა და არც ერთ მწერალს არ სი­ა­მოვ­ნებს სცე­ნა­რე­ბის წე­რა - შრო­მა კი­ნო­რე­ჟი­სო­რის კარ­ნა­ხით.

კი­ნო­რე­ჟი­სო­რის კარ­ნა­ხით შრო­მის გარ­და, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სიყ­ვა­რუ­ლის კარ­ნა­ხით შრო­მის ერთ-ერ­თი მა­გა­ლი­თი პრე­მია "გა­ლას" არ­სე­ბო­ბაა - მწე­რალ­მა ის 2007 წელს და­ა­არ­სა და პრი­ზე­ბი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად შვიდ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს გა­და­ე­ცე­მა. 2011 წელს წლის სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნე­ბი მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რის""თეთ­რი ხბო­რე­ბი" (ლექ­სე­ბი), სა­უ­კე­თე­სო სა­მა­გი­დო წიგ­ნი მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის""ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა" (ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი), თარ­გ­მ­ნი­ლი წიგ­ნი ხა­თუ­ნა ცხა­და­ძის""ვარ­დის სა­ხე­ლი" (უმ­ბერ­ტო ეკო), ხო­ლო წლის სა­უ­კე­თე­სო სა­ბავ­შ­ვო ნა­ტო და­ვი­თაშ­ვი­ლის "ნის­ლებ­ში და ნის­ლებს მიღ­მა" (ფენ­ტე­ზი) გახ­დ­ნენ. პრე­მი­ე­ბი სა­უ­კე­თე­სო ილუს­ტ­რა­ცი­ებ­ში, კი­ნოს­ცე­ნარ­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ექ­ტ­შიც გა­ი­ცა: "გა­ლას ჟი­უ­რის პრი­ო­რი­ტე­ტი მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბაა. მთა­ვა­რი გახ­ლავთ სა­კონ­კურ­სოდ შე­მო­ტა­ნი­ლი წიგ­ნის მხატ­ვ­რუ­ლი ღირ­სე­ბე­ბი. თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს საქ­მე კონ­კურ­სის ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბაა. რა თქმა უნ­და, ვგულ­შე­მატ­კივ­რობ ხოლ­მე ამა თუ იმ წიგნს, ორი­გი­ნა­ლურს თუ თარ­გ­მ­ნილს, მაგ­რამ არ­ც­თუ იშ­ვი­ა­თად, ჟი­უ­რის წევ­რე­ბი სხვას ანი­ჭე­ბენ ხოლ­მე უპი­რა­ტე­სო­ბას, თუმ­ცა, დამ­თხ­ვე­ვე­ბიც ყო­ფი­ლა: ორ­ჰან ფა­მუ­ქის "მე მქვია წი­თე­ლი" და უმ­ბერ­ტო ეკოს "ვარ­დის სა­ხე­ლის" ქარ­თუ­ლი თარ­გ­მა­ნე­ბი მეც მომ­წონ­და და ჟი­უ­რი­მაც მო­ი­წო­ნა."

ჟი­უ­რი ყო­ველ­თ­ვის მომ­თხოვ­ნი და მკაც­რია, - წიგ­ნებს სხვა­დას­ხ­ვა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ზო­მით ზო­მავს. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ადა­მი­ა­ნე­ბიც მსგავ­სი სა­ზო­მე­ბით ზო­მავ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, მა­გა­ლი­თად, ნა­კითხო­ბით: "სულ სხვა თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას უნ­და ვიგ­რ­ძ­ნო, რომ ან­დე­ბის თავ­ზე გიფ­რე­ნია სა­ფოს­ტო თვით­მ­ფ­რი­ნა­ვით და ეს ხდე­ბო­და მა­შინ, რო­ცა დი­დიე დო­რა­სად­მი მიძღ­ვ­ნილ მოთხ­რო­ბას კითხუ­ლობ­დი, სა­ხე­ლად "ღა­მის გაფ­რე­ნას", და­წე­რილს ან­ტუ­ან დე სენტ ეკ­ზი­უ­პე­რის მი­ერ."

სა­ლო­მე შენ­გე­ლი­ძე

სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2012-05-15/28643.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Wed Nov 26, 2014 8:42 pm

ზაალ სამადაშვილი


„ხაზის რადიოსა“ და მზესუმზირის ამბავი


ჩვენ ღუმელს, ფორმით მართკუთხა პარალელეპიპედს, წიბოები, ანუ ჩარჩო – თუჯისა ჰქონდა, ხოლო გვერდები, იგივე კედლები – კაფელის ფილების. იგი ისე ზომიერად და თანაბრად ხურდებოდა,გნებავთ შეშით და გნებავთ, ნახშირით,რომ კიდეც მიეყრდნობოდი ზურგით და კიდეც ჩამოჯდებოდი. ოღონდ, ჩამოჯდომისთვის სკამის მიდგმა მჭირდებოდა, რადგან ჯერ არ ვიყავი ისეთი მაღალი, რომ დაუხმარებლად მოვკალათებულიყავი სასურველ ადგილას. ეს გახლდათ კრიალა და მოხდენილი, მხოლოდ და მხოლოდ ბინის გასათბობად განკუთვნილი ღუმელი, რომელიც თუნუქის ფურცლებით შეკრული „ფეჩისგან“ განსხვავებით, ვერც წყლის ასადუღებლად, ვერც კერძის მოსახარშად და ვერც მზესუმზირის – გოგრის თესლსა და მიწის თხილზე გემრიელის, საკნატუნოებს შორის გამორჩეულის – მოსახალავად გამოდგებოდა. ზამთრის გრძელ საღამოებს კიდევ ისე არაფერი უხდებოდა, როგორც მარილწყალში ამოვლებული, თუჯის ტაფაზე მოხალული მარცვლების კნატუნი და კომოდის თავზე დასკუპებული რადიომიმღების ყურის გდება.

რადიომიმღები – პლასტმასის მომცრო ყუთი შუაში ნაჭრის ბადით, რომელსაც გარე სამყაროსთან სადენებით კავშირის გამო „ხაზის რადიოდ“ მოიხსენიებდნენ - თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა. ასევე, თითქმის ყველა ქუჩას ყავდა მზესუმზირის თუნდაც ერთი გამყიდველი. ამ საქმიანობით უმეტესად ქურთი ბებოები იყვნენ დაკავებულები – ჭრელხილაბანდიანი და ჭრელქვედაბოლოიანი ხნიერი ქალები, შუბლზე მწვანე ხალით. ისხდნენ ეს ქალები ღრმა, ამდენიმესაფეხურიანი კიბის ჩასასვლელ სარდაფებში, სადაც მრავალრიცხოვან შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობდნენ და ვერცხლის გაშავებული კოვზით ურევდნენ „დეზერტირების“ ბაზარში ნაყიდ ზესუმზირას, რომლითაც პირთამდე იყო სავსე გაჭვარტლულ ნავთქურაზე შემოდგმული ველოსიპედის ბორბლისხელა ტაფა.

ჩვენი ქუჩის მემზესუმზირე სედა ბაბო გახლდათ. მისი სარდაფი, საიდანაც დღენიადაგ მოშუშული ხახვის, ზეთისა და ნავთის მოთბო, მძაფრი სურნელი ამოდიოდა, ჩვენი სახლიდან სულ რაღაც ორისამიწუთის სავალზე იყო. მომცემდა დედა ოც კაპიკს, გავყოფდი ხელებს პალტოში, ჩავირბენდი კიბეს, გავიქცეოდი ჩამავალი მზით მკრთალად განათებულ ქუჩაზე და აქოშინებული დავადგებოდი თავზე სედა ბაბოს. ის ამომხედავდა, მეტყოდა, რა იყო, შულო, მოგდევდა ვინმეო? და სულს რომ მოვითქვამდი, ამივსებდა ცხელ-ცხელი მზესუმზირით ძველი გაზეთისგან გაკეთებულ, კონუსისებრ პარკს. მზესუმზირა ნაწილობრივ უკანა გზაზე გრილდებოდა, მთლიანად კი მაშინ, როცა შინ მიტანილს მაგიდის შუაგულში საგანგებოდ დადებულ სინზე წამოაპირქვავებდა დედა. დავსხდებოდით, დავიდგამდით წინ პატარა ლამბაქებს ჩენჩოების დასაყრელად და თითებსშუა მოქცეულ მარცვლებს ხან ერთი მივიტანდით პირთან და ხან მეორე. იშვიათად მომხდარა, რომ გვეთქვას, მოხალვა აკლია, ან მძაღეაო; პირიქით, ვამბობდითხოლმე, მთელი ქალაქი რომ შემოიარო, უკეთეს მზესუმზირას ვერსად გადააწყდებიო.

ამასობაში გარეთ კარგა გვარიანად ჩამოწვებოდა და ჩვენს ბინაშიც შემოაღწევდა ბინდი; სიბნელე დაისადგურებდა ოთახის კუთხე-კუნჭულებში, ყველგან, სადაც ნაკლებად, ანდა სულაც ვერ აღწევდა მაგიდის თავზე დაკიდებული, ნაქსოვი აბაჟურის ქვეშ მოქცეული ნათურის შუქი...რადიომიმღებს ჩართვა არ სჭირდებოდა. რაკი ქსელთან იყო მიერთებული, მხოლოდ ხმა უნდა აგეწია, ბადის ქვეშ ჩამაგრებული, დაკბილული ღილაკი უნდა გადაგეტრიალებინა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. საღამოს გადაცემებს შორის ყველაზე ხანგრძლივი „თეატრი მიკროფონთან“ გახლდათ. ამ გადაცემაში ცნობილი, გახმაურებული სპექტაკლების ჩანაწერებს გვასმენინებდნენ. თვალები რომ დაგეხუჭა და გარინდულიყავი, გეგონებოდა, მარჯანიშვილის, ან რუსთაველის თეატრში ვზივარო, რადგან დარბაზის ხმაურიც მოედინებოდა რადიომიმღებიდან. ზოგი სპექტაკლი მხიარული იყო, ზოგი ტრაგიკული – ცუდად რომ მთავრდებოდა, ისეთი... ტრაგიკულებიდან „ანზორი“ მახსოვს – მთავარი გმირი საკუთარი სიცოცხლის ფასად მტრის ჯავშანმატარებელს რომ აჩერებდა და ამ დროს მისი საყვარელი ქალი, ზაირა, დაირის თანხლებით რომ ცეკვავდა. მოქმედება ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარდებოდა, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს. სხვადასხვა ეროვნების პერსონაჟებს შორის ჩინელიც ერია, სასაცილო აქცენტით რომ წარმოთქვამდა სიტყვებს და კაპიტანის ნაცვლად კაპიტანას ეძახდა თეთრგვარდიელი რუსების მეთაურს...

„ყვარყვარე თუთაბერიც“ იმდროინდელი ამბავი იყო, გასული საუკუნის ათიან-ოციანი წლებისა, ოღონდსაქართველოში მომხდარი და შედარებით მხიარული. ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებდა გადიდკაცებას შფოთისა და არეულობის დროს ერთი ბეჩავიდა ცრუპენტელა კაცი და ძალაუფლებით თავბრუდახვეული როგორ ექცეოდა სხვა ბეჩავებს, ისეთებს როგორიც თავად გახლდათ სულ ცოტა ხნის წინ. დიალოგებს შორის, რომელთა მოსმენისას მე და დედაც ვიცინოდით დარბაზთან ერთად, ყველაზე საუკეთესო კაკუტას და ქუჩარას დიალოგი იყო, საბრალო, უწყინარი ადამიანებისა, სატუსაღოში რომ გამოემწყვდია აღზევებულ ყვარყვარეს...

სპექტაკლების ჩანაწერებისგან განსხვავებით, რადიოდადგმებში მაყურებლის დაგუდული ხმაური და ტაში არ ისმოდა, თუმცა, მთავარი მაინც მსგავსება იყო – ერთშიც და მეორეშიც ისეთი მსახიობები მონაწილეობდნენ, რომლებსაც ხმით, მხოლოდ და მხოლოდ ხმით შეეძლოთ პერსონაჟების გაცოცხლება და მსმენელის წარმოსახვაში მათი პორტრეტების დახატვა.

ვუსმენდი „კრაზანას“ და ვხედავდი ფელიჩე რივარესს – კოჭლ, სახენაიარევ, მრავალტანჯულ კაცს, მგზნებარე მეამბოხეს და როცა ის, სატუსაღოში მის სანახავად მისულ კარდინალ მონტანელის მთრთოლვარე ხმით მიმართავდა – „პადრე“, ვხვდებოდი, რა საშინელებაა, მამა და შვილი უცხოები რომ არიან ერთმანეთისთვის, სხვადასხვა პოლუსებზე რომ ცხოვრობენ და ერთ-ერთი მათგანი, ამ შემთხვევაში მამა, პირმშოს გასამართლებისა და დასჯის მომსწრე რომ ხდება. ფელიჩე რივარესი, იგივე არტურ ბერტონი, იგივე „კრაზანა“ განაჩენის აღსასრულებლად გამწკრივებულ ჯარისკაცებსაც მთრთოლვარე, ოდნავ გაბზარული ხმით მიმართავდა: „მ-მოემზადეთ!.. მ-მესროლეთ!...“

პატარა ვიყავი, ცამეტი წლის და როგორც ზღაპრებით გაზრდილ ბიჭუნებს სჩვევიათ, სიკეთეს ხანდაზმულობასთან ვაიგივებდი. რაკი ზღაპრების კეთილ გმირთა უმრავლესობა მოხუცი იყო და ამასთან ერთად ხნიერი მეგონა ყველა, ვინც ორმოცს მიუკაკუნებდა, ან თმაში თუნდაც ერთი ღერი ჭაღარა გამოერეოდა, ბიძია თომა – რადიოდადგმიდან „ბი-ძია თომას ქოხი“ – ერთ მუქკანიან ბერიკაცად წარმომედგინა; ოღონდ ჯანიან, მხნე ბერიკაცად. ჯანიანი რომ არ ყოფილიყო, ვერც ფერიასავით ლამაზ გოგონას, სახელად ევანგელინა სენკლერს გადაარჩენდა მდინარეში დახრჩობას და ვერც ორი ადამიანის მაგივრად იმუშავებდა ბამბის პლანტაციაში. სწორედ მძიმე შრომით დაუძლურებულ, საბრალო ლუსის დახმარებას, მის მიმართ გამოვლენილ თანაგრძნობას ეწირებოდა თომა, ამ საქციელის გამო სჯიდა მას სასტიკი მონათმფლობელი ლეგრი... თუმცა, მომაკვდავი – პატიობდა არანაკლებ სასტიკ ზედამხედველებს, სამბოს და კვიმბოს, რომლებიც ბატონის ბრძანებას აღასრულებდნენ და უმოწყალოდ სცემდნენ მას... დიდი ხნის შემდეგ, მადი უოთერსის ბლუზს რომ ვუსმენდი პირველად, მეგონა, რომ ბიძია თომა მღეროდა, არა, კი არ მღეროდა, თავის ამბავს ჰყვებოდა გულის სიღრმიდან წამოსული, გაურანდავი ხმით...

„ხაზის რადიოების“ ეპოქაში ბლუზს არავინ გვასმენინებდა, მეტიც, ბლუზი რა იყო, საერთოდ არ ვიცოდი. სამაგიეროდ, ხშირად, თითქმის ყოველ საღამოს გადმოსცემდნენ ე.წ. „მსუბუქ მუსიკას“ და ამას ორი რუბრიკის – „მუსიკა კინოფილმებიდან“ და „თქვენი თხოვნით, მეგობრებო“-ს მეშვეობით ახორციელებდნენ. მზესუმზირის კნატუნისას მოსმენილი სიმღერების უმეტესობა კარგა ხანია, დავიწყებასაა მიცემული, თუმცა მაშინ, მათი შემსრულებლების სახელები და გვარები ყველას პირზე ეკერა.

რობერტინო ლორეტი იტალიელი ბიჭი იყო, ჩემხელა, ან ჩემზე ცოტა უფროსი. ის „სანტა ლუჩიას“ და „ჯამაიკას“ მღეროდა პირზე ეკერა. მღეროდა კრიალა, ბავშვური ხმით და ამ მელოდიებს ქუჩებსა და მოედნებზე უსტვენდნენ პატარებიცა და დიდებიც. ფოტოც მახსოვს მისი, რომელიღაც ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდილი – შავგვრემანი, კოხტად თმაგადავარცხნილი მოზარდი მუქი, უსახელო პულოვერით და ქათქათა, თეთრი პერანგით...

ლოლიტა ტორესი ესპანურად მღეროდა; უსმენდი მას და თითქოს ხედავდი კიდეებდაქარგულ, მოკლე ქურთუკებში გამოწყობილ სომბრეროებიან ორკესტრანტებს – გიტარისტებსა და მევიოლინეებს, ვისი აკომპანირებითაც ულვაშებგაწკეპილი კაბალიეროები და თმაზე ვარდებდასკუპებული სენიორიტები ცეკვავდნენ. სწორედ ასეთი სენიორიტა გახლდათ მომღერალიც – არგენტინული კინოს ვარსკვლავი, უფრო ზუსტად კი მისი გმირი შავ-თეთრი კინოფილმიდან „ლაურას საქმრო“.

თუ არ ვცდები, იმა სუმაკიც სამხრეთამერიკელი იყო და ისიც ერთ-ერთი ესპანურენოვანი ქვეყნიდან. მასზე ამბობდნენ, ერთდროულად სამ ხმაზე მღერისო, რისი დაჯერებაც სხვებთან ერთად მეც მიჭირდა. გაფაციცებული ვუსმენდი ხოლმე მის სიმღერას, რათა დამედგინა, მართლა ერთ ქალს ამოსდიოდა ყელიდან სოპრანო, მეცოსოპრანო და ალტი ერთდროულად, თუ – არა. ვერანაირად ვერ ვახერხებდი ამას, ვერც მზესუმზირის მიტოვება მშველოდა და ვერც რადიოსთან ახლოს მისვლა...

რადიოკონცერტი ჩვეულებრივ, დარბაზში გამართულის მსგავსად მიმდინარეობდა - პაუზებს დიქტორი ავსებდა, ყოველ მომდევნო სიმღერას აცხადებდა. სიხარულისგან ცმუკვას ვიწყებდი, როცა იტყოდნენ, – ახლა კი „გაზეთების დამტარებელი ბიჭუნას სიმღერას“ მოუსმინეთო. მომღერლის ვინაობა არ მახსოვს, ვერც იმას ვიხსენებ, მართლა ბიჭუნა მღეროდა, თუ სხვა ვინმე, სამაგიეროდ, არ მავიწყდება სიტყვა, რომელიც არაერთხელ მეორდებოდა, მისამღერივით იყო – ოლალოიკი...

„ხაზის რადიო“ დიდი ხანია აღარ არსებობს, აღარც სპექტაკლები იდგმება მხოლოდ იმისთვის, რომ უსმინო და ვეღარც მზესუმზირას ხალავენ ქურთი ბებოებივით...გარდასულ ხანას ვან გოგის ერთერთი, ალბათ ყველაზე ცნობილი ნახატის, უფრო სწორად, მისი რეპროდუქციის დანახვა მახსენებს ხოლმე – „მზესუმზირები მაიოლიკის ლარნაკში“. თუმცა, უნდა განვმარტო, რომ ორ დროს - წარსულსა და აწყმოს სიტყვა „მაიოლიკი“ უფრო აკავშირებს, ვიდრე მზესუმზირის აქეთ-იქით გადახრილი ყვავილები. დამეთანხმებით ალბათ, ძალიან ჰგავს ეს სიტყვა „ოლალოიკის“. „მაიოლიკი“ რა არის, ვიცი – გამომწვარი თიხაა, დაფარული გაუმჭვირვალე ჭიქურითა და ნახატით, ხოლო „ოლალოიკი“ რას ნიშნავს ვერ დავადგინე. შესაძლოა, არც არაფერს ნიშნავს, უბრალოდ, ჟღერადობა აქვს კარგი, მისამღერისათვის გამოსადეგი, მხარზე აბგაგადაკიდებულ მეგაზეთე ბიჭუნას ქუჩაქუჩა ხეტიალის შესაფერისი...



ბმული -
* http://www.culture.gov.ge/topicdetals-4.656.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Tue May 19, 2015 7:54 pm

ზაალ სამადაშვილი

ამერიკული კევი

შავ ბაზარზე საღეჭი რეზინის გამოჩენას წინ უძღოდა დიდი ამერიკული გამოფენა მუშთაიდის ბაღში, სადაც საგანგებოდ აგებულ უზარმაზარ პავილიონში შეგეძლო გენახა და მეტიც, ხელით შეხებოდი ლეგენდარულ ავტომობილს, სახელად `კადილაკს~. მე ვერც ერთს შევძლებდი და ვერც მეორეს, რადგან მამაჩემი არც მაღალი რანგის პარტიული მუშაკი იყო და არც დიდი დაწესებულების დირექტორი. გამოფენის მოსაწვევებს კი მხოლოდ „ხელმძღვანელ“ პირებს აძლევდნენ და მხოლოდ მათ ჰქონდათ უფლება, წაეყვანათ თავიანთი შვილები გემივით დიდი ავტომობილისა და სხვა არაჩვეულებრივი ექსპონატების, მათ შორის, ბურთულიანი ავტოკალმების სანახავად. რატომ ერქვა უახლეს საწერ მოწყობილობას „ბურთულიანი“, ვერ ვიხსენებ; ალბათ იმიტომ, რომ მისი წვერი, რომლითაც ასოები უნდა გამოგეყვანა, მიკროსკოპული ბურთულის მსგავსი იყო და კი არ დასრიალებდა - დაგორავდა ქაღალდზე. გამოფენის მომწყობი მხიარული ამერიკელები ასაჩუქრებდნენ კიდეც დამთვალიერებლებს. სამკერდე ნიშნებთან ერთად, რომლებზეც ვარსკვლავებიანზოლებიანი და წითელი დროშები იყო გამოსახული, ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეულ პატარა, სურნელოვან ფირფიტებსაც არიგებდნენ, განკუთვნილებს _ დასაღეჭად...
კევს მანამდეც ვღეჭავდით. ისიც სურნელოვანი იყო, მასაც ჰქონდა გემო. მოიპოვებოდა ბორჯომის ხეობაში, მზადდებოდა ფიჭვის ტანზე ჩამოღვენთილი წებოვანი მასისგან და იყიდებოდა საკურორტო ქალაქების ბაზრებში. სინოტივისა და
დრეკადობის შესანარჩუნებლად ჩვენებური კევების მოვარდისფრო, ასანთის კოლოფისხელა ნაჭრებს წყლიან ქილაში ათავსებდნენ გამყიდველები...
ლოტკინზე _ ბოშების დასახლებასა და ოპერის უკან მდებარე ძველ კვარტალში მალულად რომ დაიწყეს ამერიკული საღეჭი რეზინის გაყიდვა, ეგრეთ წოდებული „დათბობის ხანა“ დასასრულს უახლოვდებოდა და ყველაფერი, რაც „რკინის ფარდის“ მიღმა იქმნებოდა, კვლავ არალეგალურ მდგომარეობაში, იატაკქვეშეთში გადადიოდა. შავ ბაზარზე საღეჭი რეზინა ერთადერთი დასახელების _ Wrigley’s პროდუქციით გახლდათ წარმოდგენილი. მალულად მოვაჭრეები, სავარაუდოდ, შავი
ზღვის პორტებიდან მარაგდებოდნენ, სადაც თავთავიანთი გემებიდან დატენილი ჩანთებით გადმოსულ, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ზღვაოსან ბიჭებს საბჭოთა მანეთები სჭირდებოდათ მძიმე სპირტიანი სასმელების დიდი დოზებით ჩასანთქმელად. შემდგომში მათ „კულტურის მუშაკებიც“ დაემატნენ, იმ სასიმღერო და საცეკვაო ანსამბლების წევრები, რომლებიც წელიწადში ორჯერ ან სამჯერ მართავდნენ კონცერტებს „კაპიტალისტურ ქვეყნებში“, რა თქმა უნდა, საბჭოთა ხელისუფლების ნებართვით. მათაც გადმოჰქონდათ საზღვარზე სავსე ჩანთები, მათაც სჭირდებოდათ ლენინის პროფილიანი კუპიურები, ოღონდ მეზღვაურებისგან განსხვავებული მიზნით _ ოჯახების სარჩენად...
უცხო ხილს საღეჭ რეზინად არავინ მოიხსენიებდა. როგორც ლუდს _ „პივა“ და ძეხვს _ „კალბასი“, მასაც რუსული სახელი _ „ჟუვაჩკა“ შეერქვა და ათეულობით წლების მანძილზე შერჩა. ჩემნაირი ბიჭუნები, ვისაც სკოლაში საუზმის ფულად
თხუთმეტ-ოც კაპიკს გვატანდნენ მშობლები, ცალობით და კვირაში ერთხელ ვყიდულობდით Wrigley’s-ს. ხუთი-ექვსი დღის შიმშილობა იყო საჭირო საკმარისი თანხის _ ოთხმოცი კაპიკის მოსაგროვებლად...
ფრიად ღირსშესანიშნავი მოვლენა გახლდათ ოპერისა და ბალეტის თეატრამდე ტროლეიბუსით მგზავრობა, რუსთაველიდან ქვევით, ვიწრო ქუჩაზე ჩარბენა, მოცუცქნულ, კიბის ბაქნისხელა ეზოში თავის ამოყოფა, ბნელ სარდაფში ხელის ცეცებით ჩასვლა და მუჭში მოქცეული ლითონის მონეტების გაწოდება ქურთი დედაბრისთვის, რომელსაც ნავთის ლამფის მოფარფატე შუქი უნათებდა დანაოჭებულ, მწვანე ხალით დამშვენებულ შუბლს. რამდენიმე დღით საუზმეზე უარის თქმა და ლოდინი გვირგვინდებოდა იმით, რომ სარდაფიდან ამოსვლისთანავე ქაღალდს აცლიდი ფირფიტას, ორად კეცავდი და პირისკენ იქანებდი. ორად გაკეცვა კბილებს შორის უკეთესად მოსაქცევად და გემოს უკეთ ჩასატანებლად ხორციელდებოდა. აამოძრავებდი თუ არა ყბებს, უმალ ისეთი შეგრძნება გეუფლებოდა, თითქოს მთელი სხეული, ყველა უჯრედი გევსებოდა პიტნის სიგრილითა და მისი მომწარო-მოტკბო არომატით. თავდაჯერებულობაც გემატებოდა თითქოს, უფრო მხნე და ხალისიანი ხდებოდი...
ზნეობის სადარაჯოზე მდგარი, ჭკუის დამრიგებლებად გამწესებული ადამიანები, რომლებსაც აღზრდის ერთადერთ სწორ მეთოდად პიროვნების ჩარჩოებში მოქცევა, მისი შებოჭვა მიაჩნდათ _ მაგრად ბრაზობდნენ. მათი აზრით, „პირის ღლაჭუნსა“ და „ტუჩების წკლაპუნს“ სხვა „უბედურებაც“ შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მაგალითად _ გატაცება იმ მუსიკით, რომლის შემსრულებლებიც სცენაზე დახტოდნენ და ინსტრუმენტებს უდიერად ეპყრობოდნენ. ვის როგორ ეჭირა გიტარა და ვინ როგორ ამოძრავებდა თითებს კლავიშებზე _ ბურჟუაზიული კულტურის ლპობის შესახებ გადაღებულ პროპაგანდისტულ ფილმებში ვხედავდით. ელვის სისწრაფით მონაცვლე კადრებში ყველაზე ხშირად თმახუჭუჭა, კუბოკრულპიჯაკიანი ჩაკ ბერი და ლამის იღლიებამდე პერანგის სახელოებაკაპიწებული ჯერი ლი ლუისი ჩანდნენ...
როკენროლის ვარსკვლავების გახსენებაზე... ერთადერთი ბიჭი, ვინც ამერიკულ საღეჭ რეზინას კევს ეძახდა, ჩემი მეგობარი გიგი სულაკაური იყო. მოგვიანებით, სტუდენტობის დროს, როცა სხვა დასახელების რეზინებიც შემოიტანეს უცხოეთიდან და მათ უკვე ხალხმრავალ ქუჩებსა და მოედნებზე ჰყიდდნენ ბოშა ქალები, გიგი მაინც Wrigley’s-ს ღეჭავდა და ამ არჩევანით თავსაც იწონებდა. ერთხელ, დამწყებ პოეტთა თავყრილობისას, სცენაზე რომ იხმეს ლექსების წასაკითხად, ჯიბიდან ბლოკნოტის ამოღებამდე წამყვანს _ გატლეკილ ლიტერატორ გოგოს ყველას გასაგონად ჰკითხა _ თქვენ რომელ კევს ღეჭავთო? და პასუხის ნაცვლად დაბნეულობა და უხერხული სიჩუმე რომ მიიღო, ხმამაღლა განაცხადა _ პირადად
მე Wrigley’s-სო... საყელოებზე ღილებდაკერებული, დიდჯიბეებიანი პერანგი ეცვა და სულ ცოტა, ორასი გრამი კონიაკი ჰქონდა „ჩარტყმული“... ლექსების წაკითხვას რაც შეეხება _ ბლოკნოტი, რა თქმა უნდა, ამოიღო, თუმცა მას მერე კვლავ უცნაურად გაისარჯა; გადაშალა _ ჩააცქერდა, კიდევ გადაშალა _ კიდევ ჩააცქერდა, კიდევ და კიდევ... თან ბუტბუტებდა _ მე ეხლა წაგიკითხავთ... მე ეხლა წაგიკითხავთო... მაგრამ მას შემდეგ, რაც დარბაზს თვალი მოავლო და შეკრებილთა შორის ვერც ერთი ნონკონფორმისტი ვერ აღმოაჩინა, თავი გადააქნია, ბლოკნოტი დახურა და თქვა, _ მე თქვენ არაფერსაც არ წაგიკითხავთო...


„ლიტერატურული გაზეთი“, #9 (145), 8 – 21 მაისი, 2015

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Tue Mar 22, 2016 1:51 pm

ზაალ სამადაშვილი

კალამს მიდევნებით დაწერილები

***
ბაადური ერქვა, თუმცა მის სახელს ორი „ა“-თი არავინ წარმოთქვამდა და არც „ი“-თი აბოლოებდა, ყველა ბადურას ეძახდა _ მეც, მათ შორის. რომ გავიცანი, მისი ლექსები უკვე წაკითხული მქონდა და რამდენიმე ზეპირადაც ვიცოდი. ერთ-ერთს, სადაც შოთა დედაბრიშვილს, ავთო ვარაზს, ნიაზ დიასამიძესა და შოთა ჩანტლაძეს ახსენებდა, ხმამაღლა, გულჯავრიანად ვკითხულობდი ხოლმე სიმთვრალეში.
ბადურა უცნაური კაცი იყო და რომელ ეპოქაშიც უნდა დაბადებულიყო, ყველგან და ყოველთვის უცნაური, რიგითებისგან განსხვავებული იქნებოდა.
მწერალთა კავშირის წევრი გახლდათ და ამ ორგანიზაციის წიგნაკი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის ჭირდებოდა რომ წიგნების „სპეცმაღაზიით“ ესარგებლა, ისეთი გამოცემები ეყიდა, როგორებსაც ვერის „ჩირაღდანში“ და რუსთაველის „საუნჯეში“ ვერ ნახავდი.
რა ჯურის ხალხი არ ირეოდა მის გვერდით _ მოდისიდენტო ლიტერატორები და მხატვრები, წყალწაღებული ლოთები, სახელიანი სპორტსმენები, გენიალურ პოეტებზე მონადირე ქალები, ქუჩისა და სისტემის
ბობოლებიც კი. თვითონ ნაკლებად, ისინი უფრო ილტვოდნენ მისკენ, მათ უფრო მოსწონდათ, მათ უფრო აინტერესებდათ ამ იმპულსურ, მოულოდნელობებით აღსავსე კაცთან ურთიერთობა. რომელიმე მისი ნაცნობი სპორტსმენი უცხოეთში რომ დააპირებდა გამგზავრებას, ჯერ ბადურას ბუნაგში შეივლიდა კალინინზე _ რა ჩამოგიტანოო? ყველას ერთსა და იგივე რამეს აბარებდა _ ეგზოტიკურ სოუსებსა და სანელებლებს.
კეთება უყვარდა... ერთხელ ხაშმიდან ათლიტრიანი „ბაჩონკით“ „საფერავი“ რომ ჩამოვიტანე და შინ მეგობრები: ლევან ზაქარეიშვილი, დიტო ცინცაძე და კიდევ სამი კაცი დავპატიჟე, ბადურამ ხელი არ გაატოკებინა ნანას, ჩემ მეუღლეს. ყველიც თვითონ დაჭრა, პამიდორიც, კიტრიც, სალათებიც თვითონ შეკმაზა და მჭადებიც დააცხო, მწვადის შეწვაზე არაფერს ვამბობ, რადგან მაყალის გამზადება, ხორცის დაჭრა და შამფურებზე აცმა, ისედაც კაცის საქმეა.
დავსხედით ჩემი ძველი სახლის კედლებდაბზარულ `ზალაში~ და შევუდექით სულთანიშვილების დაყენებულ „დევის სისხლის“ სმას პატარა, წელში გამოყვანილი ჭიქებით. სამი, დიდი-დიდი, ოთხი სადღეგრძელო გვექნებოდა ნათქვამი, ბადურას მოუსვენრობა რომ დაეტყო. ჯერ ფანჯარაში დაიწყო ყურება, მერე ტახტზე გადაჯდა თავის ჭიქიანა, მერე წამოხტა და დურთა თავი გარეთ.
სხვაგანაც ზუსტად ასე რომ მოიქცა რამდენჯერმე, მივხვდი, რომ ათასჯერ ნანახ, მობეზრებულ სიტუაციას გაურბოდა, ერჩივნა, მარტო დაელია, ვიდრე „სუფრის წესებით“ ნაკარნახევი ქება-დიდებებისთვის ესმინა.
შექმნის კაცი იყო და არა _ მოხმარების... არ ადარდებდა, ახსენებდნენ თუ არა მის გვარს ცნობილ პოეტთა ჩამონათვალში, არც იმაზე იჯავრებდა, კინომსახიობად ქცეული ფალავანი „ხარება და გოგიას“ სცენარის რომელიღაც დიალოგს რომ დაუწუნებდა...
ჭუბერის უღელტეხილი რომ გადმოიარა და აფხაზეთის ომიდან დაბრუნდა, თბილისში ვეღარ გაჩერდა და მშობლიურ ქალაქს მიაშურა საცხოვრებლად...
მისი დაკრძალვის დღეს თელავის ქუჩებში თოვლი იდო და ალაგ-ალაგ მოყინულიც გახლდათ. სულ სრიალ-სრიალით მივაღწიეთ ბალარჯიშვილების სახლამდე მე, `სიხომ~ და მამუკამ. ბირჟაზე მდგარ კაცებთან
მისამართს რომ ვაზუსტებდით, თელავურად, წამღერებით გვპასუხობდნენ _ შოთას ბიჭი რო მოკვდაა?..

„ლიტერატურული გაზეთი“, #5 (165), 11 – 24 მარტი, 2016 - http://www.culture.gov.ge/getattachment/Literary-newspaper/literaturuli-gazeti-N165/N-165.pdf.aspx

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Today at 1:39 pm

Back to top Go down
 
ზაალ სამადაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: