არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ზაალ სამადაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ზაალ სამადაშვილი   Sun Jan 04, 2009 4:22 pm


Zaal Samadashvili


ზაალ შოთას ძე სამადაშვილი (* 3 ოქტომბერი, 1954, თბილისი, საქართველო), ქართველი მწერალი, ესეისტი, გალა (ლიტერატურული პრემია)–ს დამაარსებელი 2007 წლიდან - http://ka.wikipedia.org/wiki/გალა_(ლიტერატურული_პრემია)

ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში 1954 წლისა 3 ოქტომბერს. დედა - თამარ მიქაძე, მამა - შოთა სამადაშვილი. მეუღლე - ნანა იაშვილი (1954). შვილი - გიორგი (1981).
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
პირველი მოთხრობა "ბაბო დაჭრეს" გამოაქვეყნა 1983 წელს ჟურნალ "ცისკარში".
არის ავტორი სცენარისა სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის "თემო". ასევე დაწერილი აქვს სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის "გარსევანი".
მისი ჰობი ფეხით სიარულია და აქვს ასეთი მრწამსი:
"ვცდილობ განვახორციელო პრინციპი: როცა არ მოგწონს სხვის მიერ გაკეთებული საქმე, შეეცადე შენ თვითონ გააკეთო უკეთესად. კამათში დაღლას შრომით დაღლა მირჩევნია".
ზაალ სამადაშვილმა 2007 წელს დააარსა გალა (ლიტერატურული პრემია), რომელიც წარმატებით გრძელდება წლების განმავლობაში.

გამოცდილება
* 1977 წ. ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ლაბოტრანტი.
* 1978-1980 წწ. გეოლოგიური ექსპედიცია.
კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ინჟინერი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის ასისტენტი.
* 1983-1989 წწ. კინოსტუდია ,,ქართული ფილმის” მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანება.
* 1989-1994 წწ. გაზეთების ,,მამულისა” და ,,ქომაგის” თანამშრომელი, ჟურნალის ,,XX საუკუნე” მთავარი რედაქტორი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ლექტორი.
* 2005-2007 წწ. თბილისის #53 საჯარო სკოლის დირექტორი.
* 2006 წ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი.
* 2008 წლის აპრილიდან ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

წიგნები
* "გიტარაზე ამოთქმულ ხრინწიან სიმღერასავით" (1994) – ISBN 99928-39-04-X
* "როგორც ძველ იტალიურ ფილმებში" (1999) – ISBN 99928-987-9-8
* "ალი გამურულ შუშაში" (2001) – ISBN 99928-39-26-0
* "ბოშები" (2003) – ISBN 99928-987-9-8
* "პლეხანოვური ამბები" (2004) – ISBN 99940-30-23-X
* "როგორ უყვარდათ ერთმანეთი" (2004) – ISBN 99940-817-2-1
* "სანდრო კანდელაკის ჩექმა" (2006) – ISBN 99940-30-82-5
* "მოთხრობები ბიჭებისთვის" (2010) – ISBN 978-9941-15-128-6

წყარო - http://ka.wikipedia.org/wiki/ზაალ_სამადაშვილი

study

ზაალ სამადაშვილი ლიბ.ჯი-ზე - http://lib.ge/authors.php?313


Last edited by Admin on Wed Nov 26, 2014 8:43 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Sun Jan 04, 2009 4:23 pm

ზაალ სამადაშვილი

კვლავაც მოდური სილუეტები

თბილისს მაშინაც ნარიყალას გაყოლებაზე აღმართული “ქართლის დედა” გადმოჰყურებდა...
ქალაქი იზრდებოდა – გარეუბნებში ოთხსართულიანების ნაცვლად რვა და თექვსმეტსართულიან სახლებს აშენებდნენ, მეტროპოლიტენს უკვე შვიდი სადგური ჰქონდა, ტრამვაის ვატმანებად და ტროლეიბუსების მძღოლებად სოფლების მაცხოვრებლებს უხმობდნენ, ქუჩებში “პობედებთან”, “ზიმ-მოსკვიჩებთან” და “ვოლგებთან” ერთად “ჟიგულებიც” და “ზაპოროჟეცებიც” მოძრაობდნენ...
წელიწადში ორჯერ, გაზაფხუილსა და შემოდგომაზე კვლავ იმართებოდა კომუნისტური დღესასწაულები ხალხმრავალი დემონსტრაციებითა და მანიფესტაციებით, კვლავ ხუთად ხუთი გაზეთი გამოდიოდა, აქედან ორი – რუსულ ენაზე; ჯერ არ იყო დანგრეული კაფე “მეტრო”, სადაც მიმტანად მომავალი ექსტრასენსი, ჯუნა დავითაშვილი მუშაობდა; მელიქ-აზარიანცის სახლის პირველ სართულზე, ვერისუბნისა და ზემელის ყველაზე იაფფასიან, “ობლებად” წოდებულ დიეტურ სასადილოში ლუდის დასალევად შესული კაცი იოლად გადაეყრებოდა ავთო ვარაზს ან ნიაზ დიასამიძეს, ან ორივეს ერთად...
“მარტოობის ასი წელი” ახალი გამოქვეყნებული გახლდათ. ჩვენ მას ძნელად მოსაპოვებელ რუსულ ჟურნალ “Иностранная Литература”-ში ვკითხულობდით და ვრცელი ტექსტის დიდი სიამოვნებით შთანთქმის შემდეგ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით პირველი აბზაცის სწორად წარმოთქმაში. გემახსოვრებათ, ალბათ: “გავა მრავალი წელი და პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია, დახვრეტის მოლოდინში, კედელთან მდგარი...”
“ბითლზი” დაშლილი იყო და ბიტლომანები ამბობდნენ, ეს იოკო ონოს “დამსახურებააო”. კვლავ ერთად უკრავდნენ “როლინგები”, “Led zeppelin”და “Deep Purple”; ცოცხლები იყვნენ ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი და ჯიმი მორისონი...
კინოს სახლში რჩეულ საზოგადოებას უჩვენებდნენ ფილმებს, რომელთა მცირე ნაწილს, თანაც გვარიანად დაჩეხილს, ჩვენც გვაყურებინებდნენ კინოთეატრებში. ერთ-ერთი ასეთი ფილმი იყო “Lucky man”, რომელსაც მუსიკალურად ალან პრაისი აფორმებდა...
ბოლშევიკ კალინინის სახელობის ქუჩაზე ცხოვრობდა პოეტი ბაადურ ბალარჯიშვილი, ავტორი სტრიქონისა: “მე ლამაზი აღარა ვარ, ეხლა მშვენიერი ვარ”, ვისთანაც ვინ იცის, რა გზებით ნაშოვნი შოტლანდიური ვისკის ან მექსიკური საწებლების დასაგემოვნებლად და არა მხოლოდ ამისთვის “Under ground”-ის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. მათგან ვიგებდით, რომ ამერიკულ ლიტერატურას ფოკლნერის, ჰემინგუეის და სელინჯერის გარდა, თომას პინჩონი, ჯეკ კერუაკი და ჩარლი ბუკოვსკიც ქმნიდნენ, რომ ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს გენიალური ლექსები ჰქონდა დაწერილი და ჰიპებს თავიანთი საკულტო წიგნი გააჩნდათ, გრძელი და ცოტათი უჩვეულო სახელით – “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა...”
პირველად, საბჭოთა კავშირისა და “NHL”-ის ისტორიაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რუსი და კანადელი ჰოკეისტები. ჰოკეის მატჩები, მართალია, საერთაშორისო, მართალია, ცნობილზე ცნობილი სპორტსმენების მონაწილეობით, მაგრამ მაინც სპორტული პაექრობები ჩვენს მიერ აღიქმებოდა როგორც თავისუფალი სამყაროს ბრძოლა კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში თავისუფალ სამყაროს ვგულშემატკივრობდით. ჩვენი ჯილები იყვნენ ბობი ორი და ფილ ესპოზიტო, გორდი ჰოუ და პიტერ მახოვლიჩი. ეს უკანასკნელი, თანაგუნდელებივით უჩაჩქნოდ მოთამაშე ორმეტრიანი ბიჭი, ახალგაზრდა გარი კუპერს ჰგავდა ფილმ-ვესტერნიდან “ბარის მცხოვრები...”
ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მოპირდაპირე მხარეს ხშირად ვხედავდით შინისაკენ, ნაფარეულის ქუჩის კუთხეში მდგარ სამსართულიანი სახლისკენ მიმავალ გივი მაღულარიას, განუყრელი შავი პორტფელით. ეს ხმელი, ჭაღარა კაცი, ყოფილი კატორღელი, გახლდათ ავტორი პირველი ქართული “ლაგერნი” რომანისა, რომელიც დაწერიდან ოცდაათი წლის შემდეგ, “პერესტროიკის” ეპოქაში უნდა გამოქვეყნებულიყო...
ყოველთვიურ სალიტერატურო ჟურნალ “მნათობში” გაგრძელებებით იბეჭდებოდა რომანი, რომლის ორიგინალურობას თხრობის უკიდურესად არტისტული მანერა, პერსონაჟების ესპანური გვარ-სახელები და მოქმედების ადგილების შორეულ ლათინურ ამერიკასთან მსგავსება განაპირობებდა. მისი დამსწერი გურამ დოჩანაშვილი, მაღალი, ხუჭუჭთმიანი კაცი პირველად ტელეეკრანზე ვნახე, როდესაც მან განაცხადა – რომანს აღარ დავწერო. ეპატაჟი უცხო სიტყვა იყო ჩვენთვის, ნებისმიერ გამონათქვამს ზედმეტად სერიოზულად ვეკიდებოდით და აქედან გამომდინარე – გავბრაზდი. მწერალი იმუქრებოდა, საშუალებას უსპობდა მკითხველს “სამოსელ პირველზე” უკეთესი თუ არა, მასზე არანაკლებ ეფექტური, არანაკლები მიზიდულობის ძალის მქონე წიგნი აეღო ხელში...
სათხილამუროდ, ლამაზი გოგოების მოსახელთებლად და მათთან ერთად ყირაზე გადასასვლელად ბაკურიანში ავდიოდით. ამ პატარა დაბაში, სადაც ბორჯომიდან ცეროდენა ორთქლმავლიანი მატარებლით ვხვდებოდით, ერთი სასტუმრო, რამდენიმე ტურისტული ბაზა და უამრავი იაფფასიანი ღამის გასათევი იყო. ვისაც გაუმართლებდა და სასტუმროს ბინადარი გახდებოდა, იმის ფანჯრიდან თვალწარმტაცი ხედი გადაიშლებოდა. თოვლით გადალესილი თვალუწვდენელი ველი მზის ამოსვლისას იყო განსაკუთრებით შთამბეჭდავი – მაშინ, როცა მთელი ეს სივრცე ოქროსფრად იწყებდა ბრწყინვას. გამთენიისას გადაჭრიდა ხოლმე ამ ველს კოხტაგორისკენ მიმავალი მიტო დანგაძე, ცნობილი ალპინისტი, რომელიც სათხილამურო სეზონის დროს ინსტრუქტორისა და მაშველის მოვალეობას ასრულებდა. თოვლის მოტოციკლზე გადამჯდარს უკან ძუნძულით მიჰყვებოდა უზარმაზარი სენ-ბერნარი. ამბობდნენ, ტიან-შანში თუ პამირზე ამ უერთგულესმა არსებამ გადაარჩინა სიკვდილს – ნაპრალში გადაჩეხილს, ჩაჰყვა და გვერდით მიუწვა, მეგობრების მოსვლამდე რომ არ გაყინულიყოო...
ჩვენი ზღვისპირა კურორტი ლიძავა იყო, აფხაზეთში, გაგრასთან ახლომდებარე, ბიჭვინთაზე გადაბმული სოფელი, რომელსაც დასავლეთის მხრიდან პოლიტბიუროს აგარაკების ბერლინის კედელივით მაღალი, მავთულხლართებიანი კედელი ესაზღვრებოდა, ხოლო აღმოსავლეთის მხრიდან – თევზის გადამამუშავებელი ქარხანა. ზღვა აქ იშვიათად ღელავდა და წვიმაც ორჯერ-სამჯერ თუ წამოვიდოდა მთელი თვის მანძილზე. პლაჟის ზემოთ, გზისპირას, თბილისელი მეცნიერებისა და მწერლების აგარაკები იყო ჩამწკრივებული, მაშინდელი საზომებით მდიდრული, დღევანდელით კი – საკმაოდ მოკრძალებული სახლები. თემო ჯაფარიძე, ფერმწერი და ფილოსოფოსი, ხელოვნებით გატაცებულთათვის უაღრესად საინტერესო გამოკვლევის – “ნახატის სიჩუმის” ავტორი პირველად ლიძავაში ვნახე. ბინა მას ზღვიდან შორს, სოფლის სიღრმეში ჰქონდა დაქირავებული, რა თქმა უნდა, სიიაფის გამო; ვისხედით პატარა, ბნელ ოთახში და აჯიკაწასმულ შავ პურს ვაყოლებდით შინნახად ხილის არაყს. დიდი, გამობურცული შუბლითა და ასევ დიდი, ოდნავ წინწამოწეული ნიკაპით ის ძველი ეპოქების პირქუშ მოაზროვნეს ჰგავდა. იმ დროისათვის მას უკვე დახატული ჰქონდა “საიდუმლო სერობა”, რომელიც სადღაც საბურთალოზე, რომელიღაც გარაჟში ჰქონდა გადამალული და მის სანახავად კინორეჟისორ ოთარ იოსელიანს ჩუმად დაჰყავდა უცხოელი სტუმრები...
მთაწმინდის, სოლოლაკის, ავლაბრის და ჩუღურეთის ვიწრო ქუჩებს, ამ ქუჩებზე გადმომდგარ ძველისძველ სახლებს და სახლების თანატოლ ტოტებგაფარჩხულ ხეებს ბევრი ხატავდა, მაგრამ მოხერხებით ცოტა თუ ახერხებდა იმგვარ ზემოქმედებას, რომლის წყალობითაც ნახატის წინ შეჩერებული ადამიანი ფერწერის სამყაროდან პოეზიის სამყაროში ინაცვლებდა. ამ ცოტათაგან ერთ-ერთის ნამუშევრების ყურებისას ყოველთვის რომელიღაც ლექსი მახსენდებოდა, უმეტესად ოთარ ჭილაძისა – ან “მარინა, მაგრამ როგორ გაიგებ...” ან “ამ სახლში ისევ უკრავენ შოპენს და მავთულები ნაცრისფერ ცაში...” ეს “ერთ-ერთი” ომარ დურმიშიძე გახლდათ, დიდთვალება, ულვაშებაპრეხილი, კაფანდარა კაცი, რომელსაც სახელოსნო სადმე მზიან მანსარდზე კი არა, ნახევარსარდაფში ჰქონდა, თაგვი კუდს რომ ვერ მოიქნევდა, ისეთ მოცუცქნულ, ნესტიან ოთახში, სადაც ვერცხლის ქუჩის დამსკდარი ტროტუარიდან კიბის სამი საფეხურის ჩავლით უნდა მოხვედრილიყავი. დღის შუქი იქ ძლივს აღწევდა და ყველა კუთხე-კუნჭულში არყის, ღვინის და ლუდის ცარიელი ბოთლები ეყარა. როცა არ ხატავდა, ომარი მაგრად, გადაბმით, დღის ჩაუგდებლად სვამდა. ხანდახან, ძალიან რომ გადათვრებოდა, ანდა უსაშველოდ რომ გაუგრძელდებოდა სმის პერიოდი, წელზევით გაშიშვლდებოდა, ტანზე საბანს შემოიხვევდა და რუსთაველის პროსპექტზე გაბოდა ყვირილით. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის ხან მილიციელები იჭერდნენ, ხან სასწრაფო დახმარების ავტომობილი მიაქანებდა სამედიცინო გამოსაფხიზლებლისაკენ, რომელიც რკინიგზის სადგურთან ახლოს, გოგოლის ქუჩაზე მდებარეობდა...
თბილისურ “Under ground”-ს სრულიად განსხვავებული პერსონაჟებიც ჰყავდა. გურამ გეგეშიძეს ვერც კაფე “თბილისში” მოჰკრავდი თვალს კონიაკის ბოთლებითა და ყავის ჭიქებით გადავსებულ მაგიდასთან და ვერც ხელმოკლე ინტელერქტუალების მიერ ამოჩემებულ რომელიმე კურორტზე. ეს დაბალი, ქერა კაცი, რომლის სპორტული აღნაგობა, ძუნწი და სხარტი ჟესტიკულაცია და მწყობრი მსჯელობა დაახლოებამდე, არაერთგზის გასაუბრებამდე მიგახვედრებდა, რომ მამაც, შეუპოვარ, მიზანსწრაფულ ადამიანთან იჭერდი საქმეს, დროის უმეტეს ნაწილს წერასა და საქართველოს მივარდნილ, მიყრუებულ კუთხეებში ხეტიალს ანდომებდა. მისი მოთხრობა “შურისძიება” - ძმების, ორი პატარა ბიჭის ამბავი, დაწერილი უბრალოდ, ყოველგვარი ლიტერატურული ფოკუსების გარეშე, თავდაყირა აყენებდა ქუჩის დაუწერელ კანონს იმის შესახებ, რომ სამაგიეროს გადახდა აუცილებელია და მხოლოდ ამის შემდეგ რომ გრძნობს შვებას დამცირებული, ღირსებაშელახული ადამიანი...
სასურსათო მაღაზიებს “გასტრონომები” ერქვათ. გასტრონომში საჩვენო ღვინო მანეთიანი “საერო” იყო, ხოლო სიგარეტი – ოცდაათკაპიკიანი “მზიური”. “საეროს” მოგვიანებით უფრო იაფი და უფრო მდარე ხარისხის “ალჟირული” დაემატა. “მზიურს” კი იგივე ღირებულების “ლუქსი”. უცხოური სიგარეტებიდან ბულგარულები იყიდებოდა, ორი დასახელების – “ბეტე” და “ტრეზორი”; რუსული “სტალიჩნი”, ცხადია, უცხოურად არ ითვლებოდა...
გვეცვა დაბალწელიანი და ბოლოგანიერი შარვლები, რომლებსაც თხუთმეტ მანეთად ცნობილი ავლაბრელი თერძი, კროპოტკინის ქუჩაზე მცხოვრები ოთარ მატინიანი გვიკერავდა. საგულდაგულოდ მოშვებული გრძელი თმა შუბს და ყურებს გვიფარავდა, ხოლო ფერდებზე მჭიდროდ გვქონდა შემოტმასნილი დიდსაყელოიანი, ტილოს პერანგები...

***
ეს გაურკვეველი ჟანრის ტექსტი დაწერილია თვრამეტიდან ოცდაორ წლამდე ასაკის გოგო-ბიჭებისათვის, მათთვის, ვინც იმეორებს არცთუ ისე შორეული მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების ჩაცმისა და ვარცხნილობის სტილს, ვისთვისაც კვლავ მოდურია იმდროინდელი სილუეტები...

14.07.2008


Last edited by Admin on Mon Feb 21, 2011 1:39 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Sun Jan 04, 2009 4:32 pm

კატარინა გრამკო

თვრამეტი წლის კატარინა გრამკო ძალიან ლამაზი გოგო ყოფილა, ოღონდ სხვა ლამაზი გოგოებისგან განსხვავებით _ სასიყვარულო თამაშებში ნაკლებად პრაგმატული ანუ ისეთი, ვის მონადირებასაც დიდ წარმატებად არ მიიჩნევენ ბიჭები. ბიჭებს კი, მოგეხსენებათ, ბარიერების გადალახვა უყვართ, რაც მეტია წინააღმდეგობა, მით უფრო ძლიერია სიამოვნების განცდა, რომელიც მათ მიზნის მიღწევისას ეუფლებათ. კატარინას კი ბარიერების აგება, მით უმეტეს, ხელოვნურებისა _ არ უყვარდა. ის მხოლოდ და მხოლოდ გულის კარნახით მოქმედებდა, ვისკენაც გული გაუწევდა, მზერასაც მიაპყრობდა, დაელაპარაკებოდა, შეხვდებოდა კიდეც და მოფერების უფლებასაც მისცემდა. ის საცეკვაო მოედნებისა და ხმაურიანი წვეულებების ხშირი სტუმარი გახლდათ და შინ შუაღამეზე ადრე და თან კავალრის გარეშე თითქმის არასდროს ბრუნდებოდა. კავალრებთან ურთიერთობის ხანგრძლივობა ერთი დღიდან ორ კვირამდე მერყეობდა. კატარინა არც ეძებდა, არც უფრთხოდა სიყვარულს, ის ჰგავდა მოგზაურს, რომელსაც სადღაც ჩაღწევაზე მეტად თავად გზაში ყოფნა მოსწონს და არანაირ სტიქიურ მოვლენას, შხაპუნა წვიმა იქნება ეს თუ ძლიერი შტორმი, არ უფრთხის. ქალთა ლიცეუმის ბოლო, დამამთავრებელ საფეხურზე სწავლობდა. მასწავლებლები, უმეტესად შუახანს გადაცილებული, მოზარდებთან ხანგრძლივი ურთიერთობით გაბეზრებული ქალბატონები, აღშფოთებას ვერ ფარავდნენ მისი ქცევის გამო. თუმცა მათ შორის ყველაზე მკაცრი განმსჯელიც კი აღიარებდა, რომ გოგონა სხარტად აზროვნებდა და თანატოლებისგან განსხვავებით, ბევრს კითხულობდა. იმხანად, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნი "თამაში ჭვავის ყანაში" იყო და მისი მთავარი გმირი ჰოლდენ კოლფილდი თითქმის ისეთივე აღტაცებით მოიხსენიებოდა, როგორითაც ლეგენდარული "ბითლზი" ჯონ ლენონი და ასევე ლეგენდარული მეამბოხე ჩე გევარა. კატარინა გრამკომ ლამის ზეპირად იცოდა ეს რომანი, ხოლო მისი ავტორის სახელსა და გვარს ამერიკულ ყაიდაზე გამოთქვამდა _ ჯერი სელინჯა...

(განაგრძე კითხვა)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Sat Jan 10, 2009 2:25 pm


მილან კუნდერა (Milan Kundera)

კუნდერა, 1968

აგვისტოს ბოლომდე ერთი კვირაა დარჩენილი და უკვე შემოდგომის ამინდებია - ხან წვიმს, ხან ქარი უბერავს, ფოთლებს სიყვითლე აქვთ შეპარული.
კაცი, რომელიც შინდისფერ "შკოდას" მართქვს, დედაქალაქიდან ასი-ას ოცი კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქში მიემგზავრება. ორმოცდახუთი წლის იქნება, თუმცა ნაოჭებით დასერილი შუბლი და დაღლილი მზერა ასაკს მატებს. თამბაქოსფერი ველვეტის კეპი ახურავს და ნაჭრის თხელი ქურთუკი აცვია. მწერალია, სამი გახმაურებული რომანისა და მოთხრობების ორი კრებულის ავტორი. პროვინციულ ქალაქში იქაური თეატრის მესვეურთა თხოვნით მიემგზავრება, დირექტორსა და მთავარ რეჟისორს "იდიოტის" დადგმა აქვთ განზრახული და სურთ, რომ ტექსტის პიესად გადაკეთება მას მიანდონ. კაცს დიდად არ ეხალისება ამ სამუშაოს შესრულება, მაგრამ რა ქნას, შემთხვევითი შემოსავლებით უწევს ცხოვრება და არ უნდა, შემთხვევიდან შემთხვევამდე ძალიან დიდი დრო გავიდეს, მიტუმეტეს რომ...
გზაზე, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ორ ნაკადად მოძრაობდნენ ავტომობილები, ხალვათობა სუფევს.
ოკუპაციის პირველ დღეებში მოწყობილ ბლოკ-პოსტებზე მდგარ რუს სამხედროებს დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეული მანქანის გაჩხრეკა თუ უწევთ.
მწერალი შორიდანვე ამჩნევს ქვიშიანი ტომრებით გარშემორტყმულ საველე კარავს, ოფიცერს, რომელიც მის შესაჩერებლად ტრასაზე გამოდის და სვლის შესანელებლად მუხრუჭს აჭერს ფეხს. ოფიცერი ახალგაზრდაა, თუმცა არც ისეთი, რომ უწვერული იყოს. ლოყებავარდისფერებულ ბიჭს ოდნავ შეღინღვლია ზედა ტუჩი და ნიკაპი. დაბალია, დიდი თავი ვიწრო მხრებზე ადგას, ლაპარაკს რომ იწყებს, ფეხებს განზე სწევს, გალაჯული დგება და ტანს ისე ამოძრავებს, თითქოს ტანსაცმლიდან ამოხტომას და სიმაღლეში მომატებას ცდილობდეს.
ჯარისკაცები - სამნი, ავტომატებით - უფრო ჰგვანან მეომრებს. სპორტული აღნაგობით ვერც ისინი დაიკვეხნიან, მაგრამ თავიანთ უფროსთან შედარებით მაღლები არიან და თამაში არ სჭირდებათ, უტიფრობა ძალდაუტანებლად, ბუნებრივად ეწერებათ სახეზე. გულმოდგინედ ჩხრეკენ "შკოდას" საბარგულს, სალონს და სავარძლების შალითებზე დაკერებულ ჯიბეებშიც იქექებიან. ერთ-ერთი კონიაკს პოულობს ბრტყელი ბოთლით და ოფიცერს აჩვენებს იმ იმედით, რომ ის ჩამორთმევის ნებას მისცემს, მაგრამ დიდთავა ლეიტენენტი ხელით ანიშნებს, უკან ჩადეო...
Как себя чувствуешь?.. მწერალი, ჩხრეკის დროს ცას რომ აჰყურებდა, სადაც წვიმის ღრუბლები იყრიდნენ თავს, ვერ ხვდება, შეკითხვას მას რომ უსვამენ და ლეიტენენტისკენ გადააქვს მზერა, ვის მიმართავსო. მას მიმართავენ და კითხვის დამსმელს ოდნავადაც არ ეტყობა, რომ ეს ფრაზა უკმეხი პასუხის წამოსაცდენად, შარის მოსადებად წარმოთქვა.
ჯარისკაცები მანქანის ჩხრეკას ამთავრებენ, ყველა კარს ღიად ტოვებენ და ქვიშის ტომრებით აგებულ კედლის გასწვრივ დგებიან. ლეიტენანტს კი ლაპარაკის საღერღელი ეშლება, ფილოსოფოსობის ხასიათზე დგება, რისი სავალალო მიზეზიც "შკოდას" მძღოლის ინტელიგენტური ქცევა და ასეთივე გარეგნობაა. შესაძლოა, ახალგაზრდა ოფიცერი ეგრეთ წოდებული "კადრის სამხედრო" სულაც არ არის, წითელ არმიაში უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგაა მოხვედრილი და მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყანაში თავისი წრის კაცს გადააწყდა.
"ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება, დიდი გაუგებრობაა... მაგრამ ეს გაუგებრობა დასრულდება, ყველაფერი გაირკვევა... მიხვდებით, უნდა მიხვდეთ, რომ არაფერს გერჩით, პირიქით..."
ლეიტენანტი წინადადების დაბოლოებას აყოვნებს, ალბათ, სიტყვას თუ ეძებს. დროის იმ უმცირეს მონაკვეთში, რასაც პაუზა იკავებს, მწერალიც სიტყვის ძებნას იწყებს, ფიქრობს - ნეტავ, რა უნდა იყოს ამ თავკომბალა ოფიცრის აზრით "გერჩი"-ს ანტონიმი?
გვიყვარხართ, ამბობს გალაჯული თავკომბალა, ჩვენ, რუსებს - გვიყვარხართ... და ამ წინადადების წარმოთქმით კმაყოფილი, ნიკაპს მაღლა სწევს და მედიდურად კუმავს ტუჩებს...
მწერალი საკუთარ ყურებს არ უჯერებს - ქვეყნის დამოუკიდებლობა ფეხქვეშ არის გათელილი, ქალაქებსა და სოფლებში, გზებსა და ხიდებზე წითელი არმიის ათასობით ტანკი დგას, საოკუპაციო ჯარის ოფიცერი კი სიყვარულს უხსნის... ის ოკუპაციას როდი გმობს, არა, როგორ გეკადრებათ?! მისი განწყობილება მოძალადის სადისტურ სიამოვნებას კი არ ემყარება, არამედ სულ სხვა რაღაცას - ცალმხრივ სიყვარულს. რატომ არ უნდა ამ ხალხს (ასე ძალიან რომ გვიყვარს), ჩვენნაირად, ჩვენთან ერთად ცხოვრება? გული გვწყდება, რომ იძულებული ვართ, ტანკებით ვასწავლოთ, რას ნიშნავს სიყვარული!..
გამოწვდილ პასპორტს და მართვის მოწმობას უსიტყვოდ იღებს, პასუხს არც არავინ ელის მისგან... როგორც ჩანს, მხოლოდ მსმენელი იყო საჭირო და არა მოსაუბრე... მანქანისკენ მიდის, ღიად დატოვილ სამ კარს რიგ-რიგობით კეტავს, საჭესთან ჯდება, მეოთხესაც იჯახუნებს და ძრავას რთავს. ხედავს, მაგრამ გონებით ვეღარ აღიქვამს ვერც ოფიცერს, თავისი ჯარისკაცებითა და ქვიშიანი ტომრებით და ვერც გზას, რომელიც ავტომობილის ბორბლებქვეშ მირბის...

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by არჩანდა on Sat Jan 10, 2009 4:49 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Sat Jan 10, 2009 3:17 pm

კუნდერა, 1968
(დასასრული)

"სიყვარული... გრძნობა... როდის ხდება საშიში?.. იმ წუთიდან, როცა მას გარკვეული ქცევის გამართლებად, თავისთავად ღირებულად მიიცნევენ... იმ წუტიდან, როცა ის გონივრული განსჯის ადგილს იკავებს... სწორედ ამის შემდეგ ხდება გრძნობა სრული სიბეცისა და დაუნდობლობის საფუძველი".
ტრიალი მინდვრებიდან გზა უზარმაზარი ცაცხვებით დაბურულ ხეივანში შედის. ქარი აქ უფრო საგრძნობი ხდება - აშრიალებული ფოთლების ხმა სალონში აღწევს და მწერალს ეჩვენება, რომ ეს ხმა რაღაც საშიში, ავი იდუმალების შემცველია...
"იდიოტი" ახსენდება, მოსალოდნელი ჩაყურყუმალავება სამყაროში, სადაც სიყვარულის სახელით ძალადობას სჩადიან. ახლა ეს სამყაროა გადმოსული წიგნის ფურცლებიდან, დაკავებული აქვს სივრცე მის ირგვლივ და ცდილობს, ყველაფერი, აშრიალებული ცაცხვების ჩათვლით, თავის შემადგენელ ნაწილად აქციოს. საშინელ გაუცხოებას გრძნობს ტექსტის მიმართ, იმ პერსონაჟების მიმართ, ვისაც სცენური სიცოცხლე უნდა შთაბეროს...

***
პატარა ქალაქის ირგვლივ, ლურჯ-მწვანე გორებზე ნისლი დგას, ზეცაც ნისლისფერი ღრუბლებით არის დაფარული. არემარეს თითქოს რძისფერი, სიფრიფანა თავშალი გადაახურეს. ქუჩებზე, ტროტუარების გასწვრივ, ღვარად მოედინება წვიმის წყალი...
შინდისფერი "შკოდა" შუქნიშანთან არის გაჩერებული - მოკირწყლული, ძველი სახლებით მომყუდროებულ მოედანთან. საქარე მინა ელვის სიწრაფით იფარება მსხვილი წვეთებით და ასევე სწრაფად იწმინდება. მოედნის მხრიდან შუქნიშნისკენ მიმავალი ქოლგიანი ქალი მორიგი გადაწმენდის დროს ჩნდება მწერლის თვალთახედვის არეში...
მზერა ჯერ სითეთრეს აწყდება, რომელიც ტანზე მჭიდროდ მომდგარი გულისპირიდან ანათებს, შემდეგ მაღალ, ლამაზ ფეხებს მოლურჯო ჯინსებში - და ბოლოს მოძრაობას - კატისებრთა ოჯახის ჯიშიანი წარმომადგენლის მოქნილ და თავდაჯერებულ გადაადგილებას სივრცეში...
შუქნიშანზე ყვითელი ინთება, მაგრამ კაცი დაძვრას არ ჩქარობს. უნდა, რომ ცოტა ხანს კიდევ უყუროს მას, ვინც თვალი მოსტაცა. ქალი ახლოვდება, ორიოდე მეტრიც... ჩაუვლის მანქანას და გაუჩინარდება...
ზეთისხილისფერი, გაშლილი თმა - შავის და თეთრის კონტრასტი. თურმე, რატომ ქათქათებდა თვალისმომჭრელად მისი კანი. მკერდს ჟაკეტი ამოუბურცავს - იოლია მისი წარმოდგენა შიშვლად, მისი სიმკვრივის ლამის ხელშესახებად განცდა...
ისევ "იდიოტი"... ფინალური ეპიზოდი, რომანის უკანასკნელი თავი, სადაც თავადი მიშკინი და როგოჟინი, მეტოქეები და მეგობრები, ღამეს ათევენ საყვარელი ქალის, ერთ-ერთი მათგანის მსხვერპლის - ნასტასია ფილიპოვნას ცხედართან...
როგოჟინის სიტყვები - დანა მკერდს ქვემოთ, გოჯნახევრის სიღრმეზე შევიდა და ჭრილობიდან მახოლოდ ნახევარმა კოვზმა სისხლმა გამოჟონაო...
მწერალი შუბლზე ჩამოიფხატავს კეპს, ბებერ "შკოდას" ადგილიდან წყვეტს პატარა ბიჭივით, ბორბლებიდან ავარდნილი შხეფების შლეიფით წრეს ურტყამს მოედანს და უკან, დედაქალაქისკენ იღებს გეზს... თან ყვირის, საჭეს ხელს ურტყამს და ყვირის:
Adios, Dostoyevsky!

2009


ალექსანდრე სლოვინსკის ილუსტრაცია ამ ნოველისთვის, ჟურნალი "ჩვენი მწერლობა", 2009, 9 იანვარი, #1.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Thu Mar 12, 2009 3:25 pm

"ლიტერატურული პალიტრა "
# 1
2005 წელი - http://www.opentext.ge/05/literaturulipalitra/01/01-4.htm

ზაალი სამადაშვილი

ჭარმაგი მხატვრის პორტრეტი

მოცალეობის ჟამს ჩემმა მეგობარმა გიგი სულაკაურმა მაგიდა გააკეთა, - დაბალ ტაბურეტს წვრილი ლურსმნებით მოგრძო, კიდეებმომრგვალებული ხის დაფა დააჭედა და ამ დაფაზე სიტყვები ამოკაწრა. მე ეს სიტყვები ბლოკნოტში გადავიწერე, მივედი შინ, მოვკალათდი სავარძელში და შევეცადე, განმემარტა თითოეული მათგანი.

E. A. Pოეზია - საუბარი, რა თქმა უნდა, "ედგარ ალან პოეზეა".

Beatles - იმ დროს, როცა ყველა ჯონ ლენონზე, პოლ მაკარტნიზე, ჯორჯ ჰარისონსა და რინგო სტარზე გიჟდებოდა და მათი წაბაძვით კოჭს აცდენილ ვიწრო შარვლებსა და ნიკაპამდე შეკრულ პერანგებს ატარებდა, გიგი "ღოლლინგ შტონეს"-ის "Let it blade"-ს უსმენდა და პერანგსაც მიკ ჯაგერივით ჭიპამდე იღეღავდა.

ვეზდე - სავარაუდოდ, გიგის ამხანაგის მეტსახელი. არიან ადამიანები, რომელთა ყოფნას შენ გვერდით მუდამ გრძნობ, ანდა სადაც უნდა აღმოჩნდე, ყველგან გადაეყრები. ალბათ, ამიტომაც შეარქვეს იმ ვიღაცას "დტპლტ", რაც ქართულად "ყველგან"-ს ნიშნავს.

Paraoz - "ვეზდესი" არ იყოს, ესეც მეტსახელი მგონია. ადრე, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას, რამდენიმე "პარაოზას" ვიცნობდი. ყველა "პარაოზა" ლიდერი იყო. გფჰჯდჯპ ხომ ქართულად ორთქლმავალს ნიშნავს, ინჟინერ სტეფენსონის მიერ გამოგონილ მანქანას, რომლსაც, ლიანდაგებზე შემდგარს, რამდენიმე ვაგონის დაძვრა და წაყვანა შეუძლია გარკვეული მიმართულებით.

ბაზბაზი - ძაღლ "ზანზიბარის" მოსაფერებელ სახელთაგან ერთ-ერთი. "ზანზიბარი" მსხვილი, მოკლეფეხება, ჟღალბეწვიანი ხვადია. გიგის მის შესახებ დაწერილი აქვს ნოველა "ბოლანდიური ნაგაზი".

თბილისი - თბილისი არ არის დიღმის მასივი, გლდანი, მუხიანი, თემქა, სანზონა, ღრმაღელე, ვაზისუბანი, ნუცუბიძის პლატო და ვარკეთილი. თბილისი ერთი პატარა ქალაქია, გაშენებული მთაწმინდისა და მახათას ფერდობებსა და მტკვრის ჩაყოლებაზე. მადათოვის კუნძულის გარდა, ამ ქალაქში გამქრალია უბანი სახელად ზემელი. ზემელი იყო გერმანელი ფარმაცევტი და ვერის საზღვართან ფლობდა აფთიაქს.

London town - შეეძლო, ამოეკაწრა უბრალოდ "ლონდონ", მაგრამ ამოკაწრა "ლონდონ ტოწნ". ეს გიგის სტილია. სტივენსონის პერსონაჟებზე საუბრისას ის არავითარ შემთხვევაში არ მოიხსენიებს მათ მხოლოდ გვარებით, მაგ. ჰეჩი, შელტონი, ანდა სილვერი. იტყვის, თანაც გამოთქმით: - ბენეტ ჰეჩი, დიკ შელტონი, ჯონ სილვერი.

Сеиран - გიგის მეზობელი სტომატოლოგი, სომეხი, რომელსაც პარიკმახერი რობერტა, ასევე, სომეხი, ურჩევს: - გაყიდე, რა, ეგ ოროთახიანი, მეეშვი, რა, ამ საბურთალოს, გადადი ჩემსავით თემქაში, ფულიც დაგრჩება და რამე... სეირანა სტომატოლოგობით თავს ვერ ირჩენს, ბორმანქანით ხან რას ჩარხავს და ხან რას. ამას წინათ კასტანეტები შეუკვეთა ვიღაცამ... თემქაში ვინ შეუკვეთავს კასტანეტებს?!. ამიტომაც ვერ ელევა საბურთალოს...

ლაშა - გიგის ძმა, მხატვარი. შემსწრე ვარ ძმების ასეთი დიალოგისა - ლაშა ამბობს: ქეთი შემხვდა გუშინ, ვერ ვიცანი, როგორ გასუქებულა საწყალი. გიგი პასუხობს: ამ ჩემს ფეხებს... ლაშა სერიოზულად სევდიანდება: რა გენაღვლება რა, შენი მეგობარი ხომ არ არის...

"ლუკა" - ძველი ქალაქის ძველ უბნებსა და პატარა ბიჭის კაცად ქცევაზე დაწერილ წიგნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო. ავტორი - გიგის მამა არჩილ სულაკაური, მკაცრად გაკრიტიკებული მაშინაც და ახლაც ცნობილი საბჭოთა მწერლის მიერ. საბჭოთა მწერლებს, მაშინაც და ახლაც ცნობილებს, ეშინიათ კარგი წიგნების, ბევრი მკითხველი რომ ჰყავს, და ამრეზით მოიხსენიებენ ადამიანებს, ვისაც ასეთი წიგნების წერა შეუძლიათ.

სერ - სერ მებუფეტე იყო. უფრო ჩვენებურად და თბილისურად - დახლიდარი, გნებავთ, მედუქნე. მუშაობდა "ლოკომოტივის" სტადიონის სასადილოში, რომლის შემინული კედლიდან სამთავრობო ლოჟის მუდამ დახურული კარი და კუს ტბის ფერდობები მოჩანდა. სამზარეულოში თვითონ ტრიალებდა, თვითონ ამზადებდა კერძებს. თვალების ვიწრო ჭრილით და დაბერილი ქუთუთოებით გორდონ ბენქსს ჰგავდა, სერ ალფ რამსეის ნაკრების მეკარეს. შევიდოდით მის სამფლობელოში და მივესალმებოდით: გამარჯობა, სერ! მოგვესალმებოდა: გაგიმარჯოთ, ახალგაზრდა სენიორებო! სანამ დავსხდებოდით, გვკითხავდა: რას ინებებთ? რას შემოგვთავაზებთ? - ავყვებოდით ჩვენ. გვაქვს ოლიმპიური "საერო" და ნეკნები მეკლენბურგულად. შევუკვეთავდით. ცოტა ხანში გაგვაგონებდა: პელე, გაუშვი მეორე ლიანდაგზე ნეკნები და "საერო". პელე - სამოცს გადაცილებული ბრინჯაოსფერი ქურთი ქალი - თან დამლაგებელი იყო, თან ოფიციანტი...

John Silver - რთული კაცი, ხისფეხიანი ფლიბუსტიერი "განძთა კუნძულიდან". ბავშვობაში - მან და მოწიფულობისას ბორხესმა შემაყვარეს სტივენსონი. "რობერტ ლუის სტივენსონი..." - წარმოთქვა ერთხელ გიგიმ და სანამ რამეს მოაყოლებდა ამ სიტყვებს, მზერა ჭერს მიაპყრო მოზღვავებულ აზრებს შორის საუკეთესოს ამოსარჩევად. "ეგ რომელი? საბავშვო მწერალი როა?" - იკითხა ჩვენთან ერთად მყოფმა ლიტერატორმა. ლიტერატორი რომ არ ყოფილიყო, ავუხსნიდით, მაგრამ რაკი ლიტერატორი იყო, აღარ ავუხსენით, რომ მწერლები საბავშვოებად და სადიდოებად არ იყოფიან...

SOS - არაჩვეულებრივი, ათასჯერ გამეორების სურვილის აღმძვრელი მოყვანილობა აქვს ამ სამი ასოს ერთობლიობას. ვისაც ირგვლივ ატეხილი ყბედობისგან თავის დასაცავად მრავალგზის უჯღაბნია ხაზიანი თუ უხაზო ფურცელი, ის უთუოდ დაადასტურებს ჩემი მოსაზრების სისწორეს.

Maradona - არ გაგონებთ ამ უკისრო, თმახუჭუჭა არგენტინელის თამაში ეპიზოდს ფორმანის "ამადეუსიდან", სადაც ასევე თმახუჭუჭა, ოღონდ პარიკიანი მოცარტი გულაღმაგადაზნექილი უკრავს კლავესინზე და კისკისებს, კისკისებს გადამდებად?..

Ramires - ტყვეობიდან გამქცევთა შორის გამორჩეულად რისკიანი კუბელი კაცი, სახელად არმანდო... ვინც ასაფრენ ბილიკზე დაიმალა, თვითმფრინავის შასს ჩაეჭიდა და კასტროს ჰავანიდან მადრიდამდე რვასაათ-ნახევარი დაჰყო 9500 მეტრ სიმაღლეზე, უჟანგბადობისა და დაბალი ტემპერატურის პირობებში...

Paris - ქალაქი, რომლის მკვიდრნი ჯერ მეთვრამეტე და შემდეგ მეცხრამეტე საუკუნეში ფიქ-რობ-დნენ ასე: "დღეს პარიზი უმეფოდ, ხვალ მთელი სამყარო - დესპოტების გარეშე". (იხ. ვ. ჰიუგო - "საბრალონი").

Pele - არა მხოლოდ ედსონ არანტეს დო ნასიმენტო, არამედ აღმატებითი შეფასების უმაღლესი ერთეული გიგის ეპითეტთა სისტემაში.
ზალო - ეს მე ვარ, ზაალ სამადაშვილი, და უნდა მოგახსენოთ, რომ დიდ პატივად მივიჩნევ ამ მაგიდაზე ჩემი სახელის ამოკაწვრას...

* * *
რას მივაღწევ ზემოთ ჩამოთვლილი სიტყვების ჩემეული განმარტებებით, რა თქმა უნდა, არ ვიცი. ძალიან კი მინდა, რომ რომელიმე მკითხველმა ჩემი მეგობრის პორტრეტს მოჰკრას თვალი ამ მოკლე ლექსიკონის დახმარებით...
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Thu Mar 12, 2009 11:45 pm

"ლიტერატურული პალიტრა "
# 7 (46)
ივლისი 2008 წელი - http://www.opentext.ge/08/literaturulipalitra/07/07-12.htm


ზაალ სამადაშვილი

"ჩვენთან, მალმიოში"


- ხევსურეთში რომ წავედით, რომელი წელი იყო?..

- სამოცდაჩვიდმეტი, მგონი...

- რა ღლაპები ვიყავით სამოცდაჩვიდმეტში, არა?

- ახლანდელ ოცდაორ-ოცდასამი წლის ბიჭებთან შედარებით, ნაღდად ღლაპები ვიყავით.

- ესენიც ღლაპები არიან და ჩვენც ღლაპები ვიყავით...

- კარგი იქნებოდა, ეგრე რომ იყოს, მაგრამ არ არის ეგრე...

- ვითომ?

- მაშინ, სამოცდაჩვიდმეტში, ბილიკი რომ ჩარეცხა წვიმამ და სხვა ბილიკის მოსაძებნად კლდეზე რომ ავძვერი, გახსოვს?

- როგორ არ მახსოვს... გაეჭედე, ვეღარც წინ მიდიოდი, ვეღარც უკან ჩამოსვლას ახერხებდი...

- მერე?.. ბოლო-ბოლო რომ ჩამოვფხოტიალდი ქვევით, რაზე ვიცინეთ ყველამ ერთად?

- რაზე და... სანამ შენ გაჭედილი იყავი, მამუკა რომ ტიროდა, იმაზე... საშინელებაა, განსაცდელში ჩავარდნილ მეგობარს რომ უყურებ და ვერ ეშველები!

- ჩვენ ტირილი მაინც შეგვეძლო... იმათ ცრემლი აღარ შერჩათ, იმდენი და ისეთი რაღაცები ნახეს...

ოთახში ორნი არიან, ორმოცს გადაცილებული ორი მამაკაცი. ერთი წევს - ჯემპრი აცვია, ნაქსოვი ქუდი წარბებამდე აქვს ჩამოწეული, ხელები საბანზე უწყვია. მეორე, პალტომოხურული, სავარძელში ზის, საწოლის თავთან მდგარი დაბალი ტუმბის გვერდით. ტუმბაზე წამლები, თერმომეტრი და გადაშლილი წიგნი დევს.

- თხილამურებს რომ ვღებავდით, გახსოვს? - ამბობს სავარძელში მჯდომი.

- კი არ ვღებავდით, ახლებს ვაკეთებდით...

- ახლებს არა...

- ახლებს, ახლებს... "როსინიოლები" ვნახეთ და მამუკა ატყდა, ეგეთები უნდა გავაკეთოთო...

- "როსინიოლებს" სად ვნახავდით მაშინ?

- სადა და ჟურნალში... არ მითხრა ახლა, პოლონურ ჟურნალებს რომ ვყიდულობდით ორმოცდაათ კაპიკად, აღარ მახსოვსო...

- არა, ეგ როგორ არ მახსოვს.

- რა ვიცი... ჟან-კლოდ კილის ფოტო იყო შუა, გასაშლელ გვერდზე, ფერადი, ძალიან მაგარი!

- მე ის მახსოვს კარგად, ზეთის საღებავებს რომ ვუსვამდით და ვუსვამდით თხილამურებს... "ბეგუნკები" იყო, მგონი...

- ჰო, "ბეგუნკები" იყო, ოღონდ ჭვინტები ჰქონდა წაჭრილი, მამუკამ წააჭრა.

- იმდენი ფენა დავადეთ, ბაიდარების სისქეები გახდნენ.

- ჰო, ძალიან სასაცილოები გამოგვივიდნენ...

- მამუკას მოსწონდა...

- იხტიბარს არ იტეხდა, თორემ...

- ალბათ... როგორი სახელი დაარქვა? - "ირონდელ"... რითაა "როსინიოლზე" ნაკლები?

- იცი, რას ნიშნავს "ირონდელ"?

- ვიცი... მერცხალს. მეც ხომ ფრანგულს ვსწავლობდი სკოლაში... მამუკასავით.

მერცხლების მოფრენამდე ჯერ ძალიან ადრეა...

მამაკაცების სახეებს კედელზე ჩამოკიდებული მრგვალსარკიანი ლამპა და კორეული ნავთქურის წითლად გავარვარებული ბადე ანათებს.

- კრემიანი ღვეზელები? - ამბობს მწოლიარე.

- ?!

- კრემიანი ღვეზელები, მამუკას დედა საკონდიტროში რომ ყიდულობდა ჩვენთვის... რომ არ ვაცხელებინებდით, ცივებს რომ ვჭამდით ხოლმე...

- სიგარეტები? ყველა მაგიდაზე გახსნილი კოლოფები რომ ეყარა?..

- ძალიან ბევრს ეწეოდა, ძალიან ბევრს... ბევრსაც შრომობდა. წაკითხული გაქვს მისი ნათარგმნი ბრედბერი?

- "ბაბუაწვერების ღვინო"?.. ჯერ კიდევ როდის!..

- როგორია?

- ფანტასტიკური!

- ოდრი ჰეპბერნის ფოტო რომ ედო წიგნის თაროზე?

- ჰო, ოდრი ჰეპბერნი - ნატაშა როსტოვას როლში.

- ჰგავდა არა, ცოტათი?..

- ჰგავდა... თვალებით ნაღდად ჰგავდა.

სავარძელში მჯდომი სათვალეს იხსნის, პალტოს ჯიბიდან ოთხად გაკეცილ ცხვირსახოცს იღებს და მინების გაკრიალებას იწყებს.

- როგორ ველოდებოდი ამ დღეს, მაინცდამაინც ახლა წამაქცია ამ წუნკალმა, - ამბობს მწოლიარე.

- არა უშავს, რაც მთავარია, ვნახეთ ერთმანეთი.

- მთავარი ეგ არის, მაგრამ კონსერვატორიაში მოსვლაც ძალიან მინდოდა.

- არც მაგაზე იდარდო, იმდენი ფირფიტა და კასეტა ჩამოგიტანე, მოგბეზრდება კიდევაც ჩემი მოსმენა...

- ნავთზე თუ იმუშავა მაგნიტოფონმა, მოგისმენ, ისე, რა გითხრა...

ეცინებათ...

სავარძელში მჯდომი სათვალეს იკეთებს და ტუმბაზე დადებულ წიგნში იხედება.

- რას კითხულობ?

- ვკითხულობ არა, რაღაც გამოკვლევის მაგვარს ვწერ ხილის ჩვენებურ ჯიშებზე და ერთი მინიატიურა დამჭირდა მაგ წიგნიდან.

- მინიატიურა?

- ჰო, მინიატიურა - "მოთქმა ძველი ქართული ხილისა გამო"...

- აა, ინანიშვილია?.. ეს კრებული ჩვენცა გვაქვს. გოგოები გიჟდებოდნენ ბავშვობაში ამ წიგნზე. ერთი მოთხრობა ჰქონდათ ამოჩემებული განსაკუთრებულად... ავად რომ ხდებოდნენ - ეგენი ხომ ერთად ხდებიან ავად - სულ იმ მოთხრობას აკითხებდნენ ირინას. არაჩვეულებრივი მოთხრობაა... ახალი ჩასულები ვიყავით და ჩვენზე, უფროსებზე, ისე მოქმედებდა, თვალებში ვეღარ ვუყურებდით ერთმანეთს... ყველაფერს ერთად გვანატრებდა...

- გოგოები დიდები იქნებიან უკვე.

- დიდები?.. ქალები არიან, ლამის დედამისს გაასწრონ სიმაღლეში.

- ირინას თუ ჰგვანან, ალბათ, ვერც გაარჩევ იქაურებისგან...

სავარძელში მჯდომი საწოლისკენ იხრება და გულის ჯიბიდან ამოღებულ ფოტოსურათს მეგობარს უწვდის.

- შენ თვითონ ნახე, ოღონდ არ მკითხო, რომელია ნუცა და რომელი - მარიამი...

ფოტოზე ქერათმიან, ცისფერთვალება, ძალიან ლამაზ ქალს მასავით ქერა და ცისფერთვალება ორი გოგონა ეხუტება აქეთ-იქიდან. გოგონები გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს.

"რამდენ ბიჭს უყვარდა ეს ქალი... რა ქალი, მაშინ, ალბათ, თავის შვილებზე ოდნავ უფროსი გოგო... რამდენ კარგ ბიჭს... უმეტესობა ჩაეშვა... ან დაიღუპა, ან ჩაეშვა... მამუკასაც უყვარდა, ოღონდ არ იმჩნევდა, არავის არ უმხელდა... მე ვატყობდი, მარტო მე ვატყობდი... მამუკაც აღარ არის, მამუკაც წავიდა... დედამისივით - ტანჯვა-წვალებით, აუტანელი ტკივილით..."

- დალევდა რამეს კაცი, - ამბობს მწოლიარე.

- დავაპირე, ხო იცი, წამოღება... ვიფიქრე, ანთებაგადატანილს ცოტა კონიაკი ან არაყი მოუხდება-მეთქი... მერე გამახსენდა, სათოფეზე რომ არ იკარებდი არც ერთს...

- ეგ მაშინ... ახლა ვისა აქვს იმის თავი, ღვინის ჭრას ელოდოს...

- ჩავალ, ამოვიტან რამეს...

- ჩახვალ არა... ისე ვთქვი. მომინდა უცებ და გადამიარა.

- ჩავალ, ჩავალ!

- სად ჩახვალ, ხომ არ გადაირიე...

- კარგი, ჰო, არსად არ მივდივარ.

ჩუმდებიან.

მწოლიარე კვლავ ფოტოსურათს აცქერდება. ქალი და გოგონები ან სასახლის ტერასის, ან ძველისძველი ხიდის ქვის მასიურ მოაჯირზე სხედან.

მათ უკან გადაკრიალებული, უღრუბლო ცა და ლუთერანული ტაძრის მორუხო-მოყავისფრო შპილი მოჩანს.

- ეს ფოტო სად არის გადაღებული? - იკითხავს მწოლიარე, - სტოკჰოლმში?

- არა... ჩვენთან, მალმიოში, - უპასუხებს მეგობარი.

- სადა? - გაიმეორებს შეკითხვას, თითქოს ვერ გაიგონა, თითქოს მხოლოდ ქალაქის სახელი ეუცხოვა პასუხში.

- ჩვენთან, მალმიოში - მიუგებს მეგობარი.


� � � � � � � � � � �
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Sun Jul 05, 2009 12:38 pm



ზაალ სამადაშვილი - თავის დაარსებული ლიტერატურული პრემია "გალას" დაჯილდოებაზე, 2008.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Fri Oct 23, 2009 3:48 pm

ზაალ სამადაშვილი

ერთი პასუხის ამბავი
ციკლიდან: “ხენარო ვალდესის ჩანაწერები”


სიბრაზისგან წონასწორობადაკარგული კაცის მიერ გამბრაზებლისთვის, წონასწორობის დამრღვევისთვის დასმული კითხვა – ვინ ხარ შენ?! მოიცავს კითხვასაც, - რა ხარ ასეთი უტეხი? რატომ არ მემორჩილები?! და პასუხზე, სიტყვიერ ახსნა-განმარტებაზე მეტად, მოითხოვს მოქცევას ისე, როგორც შეკითხვის ავტორს უნდა...

* * *
ქვის კარიერში მუშაობდნენ ტუსაღები – ბაზალტის ქანებს უხათქუნებდნენ წერაქვებს და ჩამომტვრეული ლოდები ცალბორბლიანი ურიკებით აჰქონდათ ტრიალ, გადახრუკულ ველზე. ბიჭი თავის ურიკასაც დაათრევდა და იმ კაცისასაც, რომელიც ურიკის კი არა, წერაქვის სიმძიმესაც ძლივს ერეოდა – მხარიღლივ არ იქნევდა უკან რომ არ გადავარდნილიყო. ყველა გამხდარი და გაძვალტყავებული გახლდათ, მაგრამ ეს კაცი – გამორჩეულად, კუნთებიც კი აღარ ეტყობოდა მკლავებზე...
მზე ზენიტში იყო და ისე ცხელოდა, რომ ზედამხედველებს ყვირილის თავიც კი არ ჰქონდათ – კისრებში ცხვირსახოცჩაფენილები ზეზეულად თვლემდნენ. ერთ-ერთი კარიერიდან ამომავალ ბილიკზე ბიჭის ჩვეულებრივზე უფრო ხშირმა გამოჩენამ გამოაფხიზლა. თვალი ხო მარ მატყუებსო, იფიქრა და ცარიელი ურიკით კარიერისკენ მიმავალ ტუსაღს შორიახლოს აედევნა. არც თვალი ატყუებდა და არც მოდარაჯისა და მაძებრის გეში, დაინახა, ხანმოკლე შესვენების შემდეგ, როგორ წაავლო ბიჭმა ხელი ლანდადქცეული ჭაღარა კაცის სავსე ურიკას და როგორ შეუდგა ხელახლა ძნელ აღმართს...
ბილიკს ჩრდილი რომ დაეცა, იმ მომენტში ბიჭს პატარა ვირუკელა ახსენდებოდა, მოთეთრო-მონაცრისფრო, შავქოჩრიანი ვირუკელა, რომელიც ხის ვეებერთელა ბორბალში იყო შებმული და დილიდან დაღამებამდე ატრიალებდა ამ ბორბალს, რათა ჭიდან სიმინდის ყანის მოსარწყავი წყალი ამოეღო ხისავე ჯამებით. იმ ვირუკელასავით იყო თვითონაც, ქანცს იწყვეტდა ერთფეროვნებისაგან გამომათაყვანებელი შრომით, მაგრამ ეს გარჯა სასიცოცხლოდ ისევე სჭირდებოდა თანამოძმეს, როგორც წყალი გვალვისგან დამსკდარ მიწას...
ჩრდილი ზედამხედველისა იყო, მაღალი, მსხვილი, ფართოსახიანი კაცის, რომელიც რეზინის გრძელ, რკინის ბოლოიან ხელკეტს ავისმომასწავლებლად ირტყამდა ხან ერთ და ხან მეორე ჩექმაზე. გაფრთხილებაც – იმ ჩონჩხზე ზრუნვას თუ არ შეეშვები, მასზე ადრე ამოგხდება სულიო, ავისმომასწავლებლად ჟღერდა. გაფრთხილება კი არა, ბრძანება იყო, ხოლო როგორ ექცეოდნენ ზედამხედველები მათ, ვინც ბრძანებას არ ემორჩილებოდა, ბიჭს არაერთხელ ჰქონდა ნანახი. ტუსაღის ცემით სიკვდილის პირას მიყვანა, ან სულაც მოკვლა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო კატორღაში. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად სხვის სასიკვდილოდ გაწირვას, ვერანაირი ავისმომასწავლებელი და რეალურად სახიფათო ბრძანება ვერ აიძულებდა ბიჭს...
იმ დღეს არა და მეორე დღეს ისევ აედევნა ზედამხედველი და ისევ იგივე სურათის შემსწრე გახდა. უკან დაბრუნებული ბიჭი ჩაცუცქდა, ოღრო-ჩოღრო, წერაქვებით ნაჯიჯგნ კლდეს ისე მიეყრდნო, როგორც კარგად აფუებულ ბალიშს, სული მოითქვა და ისევ იმ ჩონჩხადქცეული კაცის ურიკას წამოავლო ხელი. ასიოდე მეტრის გავლა დააცადა და მერე გადაუდგა წინ. ამჯერად აღარაფერი უთქვამს, პირდაპირ დასცხო. ხელკეტი ბეჭებზე, მხრებზე და სახეზე აფარებულ მკლავებზე ურტყა მთელი ძალით. გული რომ იჯერა, ეხლა გააგრძელე გზაო, უთხრა და ღვარად წამოსული ოფლის შემშრალებას შეუდგა დიდი, ჭრელი ცხვირსახოცით...
მესამე დღეს აღარ ადევნებია, “ჩონჩხის” გამოჩენას დაუწყო ლოდინი. ტუსაღების დათრგუნვაში დაოსტატებულს, ვერაფრით წარმოედგინა, რომ ბიჭი კვლავ გაბედავდა სხვის მაგივრად შრომას. გაბედა – დილიდან ნაშუადღევის ჩათვლით მან ატარა ლოდებით დატვირთული ურიკა ქვევიდან ზევით. ნაშუადღევს გადაუდგა ზედამხედველი ბილიკზე და გუშინდელივით უსიტყვოდ, გამეტებით დაუწყო ცემა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სანამ არ წააქცია – არ გაჩერდა...
ბიჭმა წამოდგომა კი სცადა, მაგრამ არათუ იდაყვებზე დაყრდნობამ – რასაც აპირებდა – არამედ ოდნავმა გატოკებამაც კი, ენით აუწერელი ტკივილი მიაყენა, მოეჩვენა, რომ ყველა ძვალი დამტვრეული ჰქონდა და თვალთ დაუბნელდა...
ბილიკზე მოძრაობა შეფერხდა. ტუსაღები თავდახრილები იდგნენ და თვალის გაპარებასაც კი ვერ ბედავდნენ აბობოქრებული ზედამხედველისკენ. გადაათრიეთ აქედანო, - რომ იღრიალა, მიცვივდნენ ბიჭს, ფრთხილად აიყვანეს ხელში და ფრთხილადვე გადააწვინეს გვერდით. ჭირისუფლებივით მიუცუცქდნენ აქეთ-იქიდან. რაღას უდგახართ, გაინძერითო, - ისევ იღრიალა ზედამხედველმა და უპატრონოდ დარჩენილ ურიკას წიხლი ჰკრა. ურიკა წაიქცა და ლოდები ბილიკზე მიმოიფანტა. ტუსაღები ბრძანებას აღარ დალოდებიან, უმალ დაიწყეს გზის გათავისუფლება...
ზედამხედველი თავზე დაადგა ბიჭს. ქოშინი ჰქონდა ავარდნილი – ცალკე სიბრაზისგან, ცალკე პაპანაქება სიცხეში ხელკეტის ქნევისგან. ბიჭს საღეჭი თამბაქოს მყრალი სუნი ეცა ცხვირში. ამ სუნმა მოიყვანა გონზე. თვალი გაახილა, წითელ სახეს ჰქონდა ეს სუნი, დიდ, წითელ, ოფლიან სახეს, რომელიც ახლოს იყო, ძალიან ახლოს. მერე ეს სახე ამოძრავდა, კიდევ უფრო გაწითლდა და ყვირილი დაიწყო, - ვინ ხარ შენ?!. გეკითხები-მეთქი, ვინ ხარ შენ?!.
ბიჭს ისევ ის ვირუკელა გაახსენდა, მონაცრისფრო, შავქოჩრიანი, ბორბალში შებმული ვირუკელა და შეჩენილი ძალ-ღონის სრულად მოკრეფის შემდეგ, ხმამაღლა, რაც შეეძლო ხმამაღლა ამოთქვა, - ადამიანი ვარ!

***
კატორღაში დაბადებული იგავი იმის შესახებ, რომ კითხვას, - ვინ ხარ შენ?! დასმულს გამომძიებლის, ზედამხედველის ან სხვა რომელიმე “უფროსის” მიერ, მხოლოდ “ბარონები” პასუხობენ ასე, - ადამიანი ვარ! რადგან ოდესღაც, პირველად, სწორედ მათი კასტის წარმომადგენელმა წარმოთქვა ეს ფრაზა, სიმართლეს არ შეეფერება. ვეჭვობ ახალგაზრდა კატორღელი, ცხრამეტი-ოცი წლის ბიჭი, რომელაც ჯოჯოხეთური შრომა გაიორკეცა – დაუძლურებული თანასაკნელის გადასარჩენად – “ბარონი” ყოფილიყო. თუნდაც ერთი მარტივი მიზეზის გამო - “ბარონები” კატორღაშიც კი, არ მუშაობენ. მართალია, ისინი სწორედ ასე პასუხობენ ამ კითხვას, მაგრამ მგონია, რომ მათი პასუხი ამ ამბავთან კი არა, გაცილებით ცნობილ ისტორიასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ათიოდე წლის ნაპოლეონ ბუონაპარტეს შელაპარაკებასთან, რომელიც მას 1779 წელს ბრიენის სამხედრო სასწავლებლის ერთ-ერთ პედაგოგთან მოუვიდა. მომავალი იმპერატორი გაკვეთილს არ უსმენდა, რისთვისაც შენიშვნა დაიმსახურა, ხოლო შენიშვნაზე მისმა გულგრილმა რეაქციამ მასწავლებელი გააბრაზა. გაბრაზების შედეგი გახლდათ შეკითხვა, - ვინ ხარ შენ?! რასაც ჩვენთვის ესოდენ საინტერესო პასუხი მოჰყვა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ორი სიტყვის მისაკუთრება მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე “ბარონმა” ყური მოჰკრა ნაპოლეონის ბიოგრაფიის ამ დეტალს, მოყოლილს რომელიღაც წიგნიერი კატორღელის მიერ. სწორება უკიდეგანო, განუსაზღვრელი ძალაულების მქონე პერსონაზე, მისი ქცევებისა და გამონათქვამების გადმოღება – დამახასიათებელია მბრძანებლობის მოსურნე ყველა ჯურის მოძალადისთვის...
კარიბის ზღვის აუზის იმ პატარა ქვეყანაში, სადაც მე ვცხოვრობ, “ბარონებად” გავლენიან ბოროტმოქმედებს მოიხსენიებენ...
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Fri Oct 23, 2009 3:50 pm

ბალადა ძველი მეგობრებისთვის

ოცდათერთმეტ დეკემბერს დილის ათ საათზე რეკავს ტელეფონი. ლიოხაა, მეუბნება "ინტურისტში" გამოდი, ლუდი დავლიოთო. ოცდათერთმეტი დეკემბრის ლუდის სმით დაწყება მარტო ლიოხას შეუძლია. მარტო ლიოხას შეუძლია ზღვიდან ერთი დღის დაბრუნებულმა ისევ ზღვა მოინატროს, შენც აგტეხოს და ისევ იქ ამოგაყოფინოს თავი, სადაც მომავალ წლამდე არ აპირებდი დაბრუნებას. ოცდაორი წლისა ვარ. წერა ჯერ არ მაქვს დაწყებული. გეოლოგებთან მიკედლებული, თვეობით ვიკარგები ქალაქიდან და ახალი დაძმაკაცებული ვარ ლიოხასთან, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტათია ჩემზე უფროსი, უკვე ისეთ პიესებს წერს, რომლებსაც აკადემიური თეატრები დგამენ.
კინოთეატრ "რუსთაველზე" გადაბმული სასტუმრო "ინტურისტი" ისევე არასაბჭოურად ლამაზია, როგორც სასტუმრო "თბილისი" და მის კაფეს, სადაც უშველებელი გობელენი სახელად "ფიროსმანის სამყარო" ჰკიდია, ისევე ეტანება ქალაქის არტისტული ბოჰემა, როგორც "თბილისისას". ეს ის დროა, როცა კაფეში ლუდის დალევა ლამის უკუღმართობად ითვლება, როცა ლუდს მარტო სახინკლეში, ანდა საბურთალოზე, სპარტაკას დუქანში სვამენ. მაგრამ ლიოხა რისი ლიოხა იქნება, წესისგან გადაცდენა რამედ ჩააგდოს და ის არ მოიმოქმედოს, რაც გულით უნდა.
მარტო არ მხვდება, ბაადურასთან ერთად უზის კედელთან მიდგმულ მაგიდას. ბაადურა ოცდაშვიდი წლისაა და ბიოგრაფია ორმოცდაშვიდი წლის კაცისა აქვს. თავსგადახდენილი ამბების მოყოლისას ისეთ ვითარებას დახატავს, ისეთ გეოგრაფიულ წერტილს, ისეთ ვინმეს გაიხსენებს, გაოცებისგან ყბა ჩამოგივარდება. ლექსებს წერს... სქელი წვერით და მწერლობასთან დამოკიდებულებით სიმუს მელოუნს ჰგავს, თომას ვულფის ერთ-ერთი რომანის პერსონაჟს, მასავით უყვარს ხანგრძლივი და მწარე მონოლოგების წარმოთქმა საყოველთაოდ აღიარებულ წიგნებსა და მათ ავტორებზე...
"... კაცი თავის ბავშვობის ამბებს ჰყვება წყნარად, უფოკუსოდ. ამათ კიდე დაუჩემებიათ, ფოლკნერიაო... იმდენს ილაპარაკებენ, ათქმევინებენ, ფოლკნერს თავისი გზა აქვს, მე – ჩემიო და ატეხავენ გნიასს, ეს რა თქვა, როგორი თავკერძა ყოფილაო... მაგათ აღმოჩენის ჭია ხრავთ... ამოიჩემებენ ვინმეს, აღმოაჩენენ და მერე ამ აღმოჩენას ცხვირში ამოადენენ..."
ბაადურას კონიაკით სავსე სამასგრამიანი გრაფინი უდგას წინ. არც მეკითხება, ისე მისხამს მუცლიან ჭიქაში და მკაცრად მეუბნება, ეს დალიე, ლუდის წრუპვა არ დაიწყო ეხლა ამ ურჯულოსავითო. ურჯულო ბარაქიანი ყლუპით ანახევრებს ნახევარლიტრიან კათხას და ხელის ზურგის იწმენდს ქაფით გათეთრებულ ზედა ტუჩს. ისე გემრიელად აკეთებს ამას, რომ მეც იგივე მინდება. ბაადურას მრისხანე გამომეტყველების გამო ვიფუფქავ გულ-მუცელს. ყველაფერი კი არ უნდა დაუჯერო ამ ბებერ ლოთსო, ეცინება ლიოხას...
"... მწერალი ლოთი უნდა იყოს, ბიჭო... ვისაც შუაღამისას, სადღაც გამომთვრალს, ერთხელ მაინც არ გაღვიძებია ბაღში, ხის სკამზე მოკუნტულს და ჭერის მაგივრად ვარსკვლავებს მიშტერებულს დიდხანს არ უფიქრია, აქ როგორ გავჩნდიო, ის ერთ სტრიქონსაც ვერ დაწერს ჯიგრულს..."
ორი კაცი გვადგება თავზე. ორივე მაღალია, ორივეს გრძელი ხელები აქვს. ერთს მოდური, წელში გამოყვანილი პალტო აცვია, მეორეს მოკლე, ბეწვისსაყელოიანი ქურთუკი. ლიოხა და ბაადურა ისე ეხვევიან და ისე ღონივრად უტყაპუნებენ ბეჭებზე ხელს მოდურპალტოიან კაცს, რომ ძნელი მისახვედრი არ არის – დიდი ხნის უნახავი ჰყავთ. კაცს ლევიკო ჰქვია და როგორც მერე ვარკვევ, სულ ახალი, ერთი-ორი დღის დაბრუნებულია თბილისში, ჩრდილოეთ კავკასიაში თითქმის ორწლიანი გადახვეწის შემდეგ.
"ეს ის ლევიკოა..." ხმადაბლა მეუბნება ლიოხა და ეს ფრაზა იმ დაუჯერებელ ამბებს მახსენებს, რომლებსაც ამ კაცის შესახებ ჰყვებიან. ეს ის ლევიკოა, მსროლელისკენ ზურგით მდგარი მისკენ მთელი ძალით გამოტყორცნილ ვაშლს ან ფორთოხალს ლოყასთან რომ იჭერს, გინდა მარჯვენა და გინდა მარცხენა ხელით...
ფიქრებში წასული გვიან ვამჩნევ, რომ ტყავისქურთუკიანი ისევ თავზე გვადგას, უფრო სწორად, ლევიკოს უკანაა ატუზული, რომელიც ბაადურას და ლიოხას შორის ჩამჯდარა. დაბრძანდი-მეთქი, ვეუბნები და ხრიგინით ვუწევ სკამს მეზობელი მაგიდიდან. სანამ მე არ ვეტყვი, არ დაჯდება, იცინის ლევიკო და ჰყვება, რომ ეს კაცი, რა კაცი – ჩემხელა ბიჭი, მოსისხლეებისგან ჰყავს გადარჩენილი და ეხლა ის უფროს ძმად მიიჩნევს მას. ლეკია, ლეკებში უფროს-უმცროსობა დიდი რამეა, გვიხსნის ლევიკო და садись–ო, ეუბნება ბიჭს...
ბაადურა კონიაკს უკვეთავს, ოღონდ დიდი, შვიდასორმოცდაათგრამიანი გრაფინით. ლიოხაც კონიაკზე გადმოდის. ვსვამთ და ვლაპარაკობთ. ლეკი ბიჭი არც სასმელს ეკარება და არც საუბარში ჩარევის უფლებას აძლევს თავს. ზის ჩუმად, ვეებერთელა ტორები მუხლებზე უწყვია და დროდადრო თუ გამოაპარებს თვალს რომელიმე ჩვენგანისკენ...
ჩრდილოეთ კავკასიური ფათერაკების მოყოლისა და ჩეკისტების გინების მერე დიდი ხნის უნახავი მეგობრების მოკითხვის დრო დგება.
"გიგაშა როგორ არი?.."
"როგორ იქნება... წავა, ინადირებს, ჩამოვა, აიღებს "ზაკაზს" კინოსტუდიაში და გარბის წიწამურში... ეხლაც იქ არი გამაგრებული..."
"ესე იგი წერს..."
"ხან წერს, ხან..." ულვაშებში ეღიმება ბაადურას.
"ეგ ბებერი, ეგა..." ამბობს ლევიკო.
გიგაშა ორმოცი წლის არის. მე წაკითხული მაქვს მისი "დრო და ჟამი", "მაქსიმთან", "ბელკასთან ნადირობის გახსენება" და წიგნი, სადაც ეს მოთხრობებია თავმოყრილი, ყველა ექსპედიციაში თან დამაქვს.
"ხო არ დავადგეთ?.." გვთავაზობს ლიოხა.
"დავადგეთ რა... ოღონდ სასმელი ავიღოთ"... წამსვე ეთანხმება ბაადურა.
"მე ვერ წამოვალ", ამბობს ლევიკო, "კაცი მყავს დაბარებული აქ..."
ლეკი ბიჭი თავს უქნევს თანხმობის ნიშნად.
წასვლა არც მე მინდა. ერთი გოგო მყავს ამოჭრილი გულში, ახალი წლის შესახვედრად მასთან ვარ დაპატიჟებული, არ მინდა მთვრალი მივადგე. წიწამურიდან კი ფხიზელი ვერ დავბრუნდები, ანდა რომელ სიფხიზლეზეა ლაპარაკი, ჯერ შუადღეც არ არის და უკვე კონიაკი დამირბის ძარღვებში...
ცივი და ნესტიანი ამინდია. ვერ გაიგებ, თოვს თუ ახლომახლო მთებიდან წამოღებულ ფიფქებს დააბორიალებს ქარი ჰაერში. ალექსანდრეს ბაღის ჩასახვევთან ვჩერდებით და ხელს ვუქნევთ მანქანებს. ტაქსის გაჩერება ძნელი საქმეა, თუ გააჩერე, უფრო ძნელი – მძღოლის დაყოლიება, იქ რომ წაგიყვანოს, სადაც ეტყვი. მით უმეტეს, როცა ქალაქიდან გინდა გასვლა. ერთი გვეუბნება უარს, მეორე, მესამე, მეოთხეს ვითანხმებთ, ოღონდ იმ პირობით, რომ უკანა გზასაც ავუნაზღაურებთ. "ზემელზე", მელიქ-კაზარიანცის სახლის გასტრონომში ღვინოს ვყიდულობთ, "ტიბაანს", რვა ბოთლს, კაცზე ორი ბოთლის ანგარიშით და ელბაქიძის დაღმართით სანაპიროზე ვეშვებით...
მცხეთაში ხვავრიელად თოვს. წიწამური სულ მთლად გადათეთრებული გვხვდება. მთავარი გზიდან მარჯვნივ ვუხვევთ, აღმართში ავდივართ და ფერდობის ბოლოს, პატარა ეზოში ჩადგმულ ქვის ერთსართულიან სახლთან ვჩერდებით. მანქანიდან გადმოსულები და მკერდზე ბოთლებმიხუტებულები რიგრიგობით ვიძახით – გიგააშ!!!
ფოტო მაქვს ნანახი: თავისი სირთულით ცნობილი ერთი ამერიკელი კაცი ძველისძველ რანჩოს პარმაღზე დგას. ის ფოტო მახსენდება, გიგაშა რომ გამოდის ჩვენს შესაგებებლად. იმ რთული ამერიკელივით მასაც სქლად ნაქსოვი, მაღალყელიანი ჯემპრი აცვია და ულვაშის ბოლოებიც მასავით აქვს აპრეხილი...
ფეხების ბაკუნით, თოვლის ბერტყვით ავდივართ კიბეზე. ვრცელი, ნათელი ოთახი ბუხრით, ფარდაგგადაფარებული ტახტით, ფანჯარასთან მიდგმული საწერი მაგიდით და უბრალო, ვენური სკამებით სოფლურ "ზალას" უფრო ჰგავს, ვიდრე მხატვრის სახელოსნოს. აქ არც ცარიელი ბოთლების გროვები ხვდება თვალს, არც ნამწვავებით სავსე საფერფლეები და არც ბუხრის თავზე შემდგმული ნავთის ლამფას ამშვენებს დიდი ხნის გაუწმენდავი, გამჭვარტლული შუშა. წესრიგი სუფევს საწერ მაგიდაზეც. არც ერთი ზედმეტი ნივთი – ბლოკნოტი, მელნის ავტოკალამი და გადაშლილი წიგნი...
"საჭმელი ვეღარ წამოვიღეთ, გზის ფული აღარ გვრჩებოდა," ბოდიშობს ლიოხა.
"როგორ გგონია, გიგაშას საჭმელი არ ექნება?" ხელებს შლის ბაადურა.
"საჭმელიცა მაქვს და სასმელიც," გვამშვიდებს გიგაშა.
როგორც ყველა მონადირე, გიგაშაც რომ მაგარი მზარეულია, ვიცი. ბაადურას კულინარული ნიჭი მაკვირვებს. ჭრელტარიანი, კარგად ალესილი დანით სწრაფად და მოხერხებულად ჭრის სამწვადეს, ბურვაკის ხორცს. ბარაქიან ნაჭრებს ალუმინის ტაშტში აწყობს, მარილს და პილპილს აყრის და სანამ შამფურებზე წამოაგებდეს, დიდხანს და გულმოდგინედ ურევს. გიგაშასაც ჯამში აქვს ხელები ჩაყოფილი, ცომს ზელს მჭადისთვის. ჯერ აგუნდავებს, მერე აბრტყელებს, მერე ცერა თითით ნაჩვრეტს უკეთებს თეთრ, ფითქინა მასას და ცოტა ხანში, ბებოები რომ აცხობენ, ისეთ სქელ, სურნელოვან და დაბრაწულქერქიან მჭადს იღებს თუჯის დიდი ტაფიდან.
ლიოხასაც უნდება ხელმარჯვეობა. სულგუნს ადგამს თვალს. ჭრის, შამფურზე აცვამს და აგიზგიზებულ ბუხარში ჰყოფს. გიგაშა და ბაადურა მის საქმიანობას რომ ამჩნევენ, უკვე გვიანაა – ყველი დანახშირებულია. ლიოხა იხტიბარს არ იტეხს, ირწმუნება, კარგად არის შემწვარიო და ცდილობს, რაც შეიძლება გემრიელად გაღეჭოს კიდეებჩაშავებული, ყავარივით აგღუნული სულგუნი. მე და გიგაშას სიცილისგან ხველება გვიტყდება. ბაადურა ბრაზდება, საწერი მაგიდიდან წიგნს იღებს და დემონსტრაციულად იწყებს კითხვას. ბოდლერია, "ბოროტების ყვავილები" რუსულად... რომ ვსხდებით და ოდნავ შემთბარი ღვინით რომ ვივსებთ მომცრო, ჩათლილ ჭიქებს, ბაადურა ლიოხას აფრთხილებს, ჩანგალი არ მოითხოვო ეხლა, კეთილი ინებე და მწვადი ხელით მიირთვიო...
გარეთ ისევ თოვს. ვსვამთ "ტიბაანს" და ვისმენთ გიგაშას მოკლე სადღეგრძელოებს. სადღეგრძელოებიც არ ეთქმით ამ სიტყვებს, დახასიათებები უფრო, იმათი ზუსტი პორტრეტები, ვინც ამ წუთას გვახსენდება, ვისაც ვნატრობთ...
ლევიკოს დაბრუნება ახარებს, ამბობს, მაგას ისევ ოცი წლის ბიჭი ჰგონია თავიო და ჰყვება, "აქ ვისხედით და ვსვამდით... ძალიან ადრე კი არა, ეხლახან, ორი წლის წინ. შეყვარებული იყო, როგორც თვითონ თქვა, უიმედოდ და აიტეხა, თავი უნდა მოვიკლაო. დაავლო სუფრის დანას ხელი და იტაკა მკერდში ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... რო აღარ გაჩერდა, ვუთხარი, თუ მართლა გინდა თავის მოკვლა, აგე, ჩემი სანადირო დანა-მეთქი, აიღო და არ დაირტყა?!. ძლივს გადარჩა, მილიმეტრებით ასცდა გულს... სანამ მცხეთაში ჩავიყვანე, ჩემი დამემართა..."
ახალი წლის დადგომამდე ორი საათი რომ რჩება, მაშინ ვიძრებით თბილისისკენ. გიგაშას მანქანით ვბრუნდებით, გვერდებშეჭეჭყილი და ათასგზის გადაღებილი "ფიატით", რომლის სალონი ინგლისური სეტერის ბეწვით არის გაბუნტყლული. აი, ეგეთი, ტანსაცმელზე ბეწვებაკრული და მთვრალი ავდივარ გოგოსთან, რომელსაც წელიწადზე მეტია დავდევ...

* * *
იქ, იმ გაჩირაღდნებულ ბინაში, სადღესასწაულოდ გაწყობილ სუფრასთან ხდება, რაც ხდება, იქ ვატარებ იმას, რაც არც მანამდე და არც მერე არ ჩამიტარებია. ვატყობ თუ არა, რომ არც ჩემი გოგო და არც მისი მეგობრები ქმრებითურთ დიდად არ იხიბლებიან ჩემი ასეთნაირად გამოჩენით, ჭიქას ვითხოვ, შამპანურით ვავსებინებ და დღევანდელი დღის სადღეგრძელოს წარმოვთქვამ. დღისა, რომელიც "ინტურისტის" კაფეში დაიწყო და ეხლა აქ გრძელდება. ვყვები ყველაფერს, წვრილად აღვწერ ყველა ვითარებას და ყველა ადამიანს, ვისთან ერთადაც მიწევს ყოფნა. არც ბაადურას მონოლოგები მავიწყდება, არც გიგაშასი, ლიოხაზე რომ აღარაფერი ვთქვა... მელიქ-კაზარიანცის გასტრონომსაც ვახსენებ, გადათეთრებულ წიწამურსაც, ლევიკოსაც თავის ლეკ ყონაღთან ერთად, სეტერსაც კი ვაქებ, რომელიც ამ დღეს არ მინახავს და დიდ პატივად მივიჩნევ, მისი ბეწვები ტანსაცმელს რომ მიმშვენებენ...
ერთი ამოსუნთქვით წარმოთქმული ტირადა წარმატებას რომ აღწევს, თქმა რად უნდა, უპირველეს ყოვლისა ჩემი გოგოს თვალებით ვხვდები. არაჩვეულებრივად გამოიყურება, ხატავს ანგორის გულამოღებული პულოვერი. მთავარი წარმატება წინა მაქვს, ნაახალწლევს, გვიან ღამით, გამომშვიდობებისას, როცა სადარბაზოში მდგარი საკოცნელად ვიხრები მისკენ და ის ტუჩებს არ მარიდებს. ალუბლის სურნელი გარეთაც მომყვება კარგა ხანს და ღვინოზე მეტად მახვევს თავბრუს...

* * *
იმ ღამეს ბაღში მეღვიძება, ხის სკამზე მოკუნტულს და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას მიშტერებულს, რატომღაც ბაადურას სიტყვები მახსენდება ჯიგრული სტრიქონების დაწერის შესახებ...
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Mon Oct 26, 2009 12:32 pm

ზაალ სამადაშვილი

ინტერტპრეტაცია რეალობის აღდგენის სურვილით

რომენ გარი - სამხედრო მფრინვი, გენერალ დე გოლის თანამებრძოლი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიპლომარიურ სამსახურში ჩამდგარი, არაერთი კარგი წიგნის დამწერი, გონკურების პრემიის ორგზის ლაურეატი, ერთხელ - საკუთარი და მეორედ ემილ აჟარის სახელით, 1974 წელს სიყრმის მეგობარ ფრანსუა ბონდისთან საუბრისას ერთ ძველ ამბავს ასე ჰყვება:
"1943-ში თუ 1944-ში, ზუსტად აღარ მახსოვს, ლონდონს ყოველ ღამე ბომბავდნენ. ერთ-ერთი დაბომბვის დროს მეგობარი დავკარგე. საავადმყოფოდან საავადმყოფოში გადავდივარ. წმინდა გიორგის ჰოსპიტალში ყველგან დაჭრილები წვანან - დერეფნებში, მაგიდებზე. მოჰყავთ და მოჰყავთ ახლები, მომაკვდავები... უცებ - დრამატული სცენა: მოდის საწვიმარში გამოწყობილი, სახეგასისხლიანებული გოლიათი და მას წუხილით აღსავსე ამერიკელი ოციფრები მოაცილებენ. ეს ჰემინგუეია. ავარიაში მოყოლილა ჯიპით, თავი აქვს გატეხილი, დიდი არაფერი. მიიკვლევს გზას მომაკვდავებს შორის და ღრიალებს: "ჰემინგუეი ვარ! ერნესტ ჰემინგუეი! მომხედეთ! დაჭრილი ვარ! მომხედეთ!" ირგვლივ კი მართლა დაჭრილები არიან, თან ბევრნი და თან ისეთები, სულს რომ ღაფავენ. შეადარე ახლა ეს ამბავი იმ კაცს, ვისაც ის მთელი ცხოვრება თამაშობდა, მისი რომანების გმირებს... ექიმი იყო იქ ერთი, როჯერ სეინტ ობინი, დამიდასტურებს, ემახსოვრება, ალბათ... ამის მიუხედავად, "მშვიდობით, იარაღო" საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია სიყვარულზე; თურმე, შეიძლება, დიდი მწერალიც იყო და უბადრუკი ტიპიც ერთდროულად. მარტო ჰემინგუეიზე კი არა, ყველაზე ვამბობ. იმიტომ, რომ ყოველივე საუკეთესოს, რაც გვაბადია, შემოქმედებას ვახმართ, თავად კი ვიღებთ მხოლოდ იმას, რაც რჩება..."
ბორის გრიბანოვი - ჰემინგუეის ბიოგრაფებს შორის მიუკერძოებლობით და დოკუმენტალიზმისადმი ერთგულებით გამორჩეული, - მწერლის ლონდოდნში ყოფნის ამ მონაკვეთს ასე აღწერს:
"1944 წლის გაზაფხულზე ჰემინგუეი დათანხმდა, გამგზავრებულიყო ლონდონში, ჟურნალ "კოლიერსის" სამხედრო კორესპონდენტად. თანხმობის მიზეზი გახლდათ ის, რომ ამ წელს მოკავშირეები, ბოლოს და ბოლოს, გახსნიდნენ მეორე ფრონტს და იგი შეძლებდა მონაწილეობის მიღებას საფრანგეთის გათავისუფლებაში. 17 მაისს ჰემინგუეი ლონდონში ჩაფრინდა და სასტუმრო "დორჩესტერში" დაბინავდა. მისი ნომერი უმალვე მიზიდულობის ცენტრად იქცა. მოდიოდნენ მწერლები, სამხედრო კორესპონდენტები. თურმე, აქ იმყოფებოდნენ ჰემინგუეის ძველი ნაცნობები: გამოჩნდა ფრედ შპიგელი, ვისთან ერთადაც იტალიაში, წოთელი ჯვრის სატრანსპორტო ნაწილში მსახურობდა; შემოიარა გრეგორი კლარკმა, ტორონტოელმა მეგობარმა; ერთ დილას ლუის გალანტიე ესტუმრა, პირველი კაცი, ვინც პარიზში გაიცნო 1921 წელს. ხშირად მოდიოდა ფოტოკორესპონდენტი რობერტ კაპა, ესპანეთის ომისდროინდელი მეგობარი; აქ იყო ერნესტის უმცროსი ძმა ლესტერი; ლესტერთან ერთად სამხედრო კინოქრონიკაში მსახურობდა რიგითი უილიამ საროიანი.
ერთხელ, სოჰოზე მდებარე პატარა რესტორან "თეთრ კოშკში" ჰემინგუეი მწერალ ირვინ შოუს გადაეყარა, რომელიც მინიატურულ ქერა ქალთან, ჟურნალისტ მერი უელშთან ერთად იყო. მერი უელში ამერიკული ჟურნალების - "ტაიმის", "ლაიფის" და "ფორჩუნის" - ბიუროში მუშაობდა და მთელი ომის პერიოდი ლონდონში გაატარა. მისი ქმარი, ნოელ მონსკი, გაზეთ "დეილი მეილის" კორესპონდენტი გახლდათ.
ერნესტი მაშინვე მოიხიბლა ამ ქალით.
მოგვიანებით მერი უელში იხსენებდა, რომ მასაც დანახვისთანაცვე თვალში მოუვიდა ერნესტი. "მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება", - ამბობდა ის.
ლონდონური თავგადასავლები - თავგადასავლებად, მაგრამ ჰემინგუეი არ ივიწყებდა, რისთვის ჩამოვიდა ამ ქალაქში. მან დაიწყო მოლაპარაკება დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობასთან, რათა ნება დაერთოთ, მონაწილეობა მიეღო საბრძოლო გაფრენებში - ინგლისელ პილოტებზე რეპორტაჟებისა და ნარკვევების დასაწერად.
ამ საქმეს უბედურმა შემთხვევამ შეუშალა ხელი. ოცდახუთი მაისის საღამო ერნესტმა სამხედრო კორესპონდენტებთან ერთად, ბობ კაპასთან გაატარა. კარგად მიოლხინეს, ბლომად დალიეს. ლონდონის ჩაბნელებული ქუჩებით შინ რომ ბრუნდებოდნენ, მათი მანქანა წყლით სავსე ცისტერნას დაეჯახა. ჰემინგუეი საქარე მინას შეასკდა თავით, მინა გატეხა და გვარიანად დაიჩეხა. დაიზიანა მუხლებიც. მაშინვე ჰაიდ-პარკში მდებარე წმინდა გიორგის ჰოსპიტლში წაიყვანეს".
როცა კონკრეტულ ადამიანზე საუბრობ, აფასებ მის საქციელს, გამოგაქვს დასკვნა და შემდეგ ამ დასკვნას განაზოგადებ, გინდა თუ არ გინდა, მკითხველი ან მსმენელი შეცდომაში შეგყავს, თუკი იმ რეალობას არ აღადგენ, სადაც შენ მიერ შეფასებული ადამიანი აღმოჩნდა მოცემულ წელს, დღის მოცემულ მონაკვეთში. რეალობის აღდგენის მცდელობა გაცილებით რთული საქმეა, ვიდრე მისი ინტერპრეტაცია. რეალობას ბევრ სხვა რამესთან: ეპოქასთან, ამინდთან, პეიზაჟთან, ინტერიერთან, ხმაურთან, სიჩუმესთან ერთად განწყობილებებიც კვებავს - კონკრეტული ადამიანებისა კონკრეტულ მომენტში. ჩემთვის, რეალობის აღდგენის მოსურნისათვის, მწერალ რომენ გარის განწყობაზე მნიშვნელოვანი - გნებავთ ადრე, როცა ის ექიმ როჯერ სეინტ ობინის გვერდით იდგა, და გნებავთ გვიან, როცა ფრანსუა ბონდის ესაუბრებოდა - იმ ადამიანის სულიერი მდგომარეობაა, რომელიც 1944 წლის 25 მაისს თავპირდასისხლიანებული მოაბიჯებდა წმ. გიორგის ჰოსპიტლის დერეფნებში...
1944-ის მაისი თვეში ჰემინგუეი ორმოცდახუთი წლისაა.
თმა ჯერ არ გასჭაღარვებია ძალიან, წვერი კი სულ მთლად თეთრი აქვს და ჩვეულებრივზე ოდნავ გრძლად მოშვებული.
ჰყავს მესამე ცოლი - მარტა გელჰორნი, ვისთანაც უკვე აწეწილი აქვს ურთიერთობა.
სმით ადრეც სვამდა და ახლაც სხვამს.
მთვრალი იყო, ბობ კაპასგან რომ წამოვიდა და მთვრალია, ჰოსპიტალში რომ შეჰყავთ, მაშინაც...
არა აქვს მნიშვნელობა, მწერალი ხარ თუ მეწაღე, ოთხი უმაგრესი რომანი გაქვს დაწერილი თუ ოთხი ათასი ლანჩაარღვეული ფეხსაცმელი - დაკერებული... მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ორი ომის ვეტერანი ხარ და მესამე ომში გინდა მონაწილეობის მიღება... ცოტაც და, მოხვდები ინგლისურ ბომბდამშენში, კონტინენტისკენ რომ გაფრინდება და ამ დროს შეჯახება, ტრავმა, რომელმაც, შეიძლება, შეგაფერხოს, ხელი შეგიშალოს იმ მიზნის განხორციელებაში, რომლისთვისაც ოკეანე გადმოლახე...
მთვრალი კაცი ისე არ იქცევა, როგორც ფხიზელი კაცი...
მთვრალ კაცს, ფხიზელი კაცისგან განსხვავებით, ხელისშემშლელი მიზეზის გაჩენა ათმაგად აღიზიანებს და ყოველივე, რასაც ამბობს და აკეთებს, ამ მიზეზის უსწრაფესად აღმოფხვრას ემსახურება მისი აზრით. ყვირილით, გნებავთ, ღრიალით წარმოთქმული ფრაზა - "ჰემინგუეი ვარ! მომხედეთ!" სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პაპა ჭრილობებმა დააფრთხო და ეს ჭრილობები სხვისაზე უფრო სახიფათოდ მოეჩვენა. შიში საკუთარი სიცოცხლის გამო და ირგვლივ მყოფ დაჭრილთა ტანჯვის არად ჩაგდება არაფერ შუაშია. მიზეზი ამ ფრაზის წარმოთქმისა გახლავთ უკიდურესად გამძაფრებული სურვილი - რაც შეიძლება, მალე დაუმუშაონ და გადაუხვიონ ჭრილობები, რათა, რაც შეიძლება, მალე დატოვოს აქაურობა - წმ. გიორგის ჰოსპიტლის დაჭრილებით გადავსებული დერეფანი...
მილან კუნდერა ჰემინგუეის მოთხრობის - "თეთრი სპილოებივით მთების" - ერთ-ერთ ინტერპრეტაციას ესეის უძღვნის. ესეის "გაუჩინარებული დროის ძიებაში" ჰქვია და მის ფინალურ ნაწილში ვკითხულობთ:
"ინტერპრეტაცია, რომელიც ყველაფერს კიტჩად აქცევს, ვიღაც ამერიკელი პროფესორის ახირება არ გახლავთ, მხოლოდ. ამგვარ ცთუნებას ბადებს გაუცნობირებელი კოლექტიური ლტოლვა; მეტაფიზიკური სუფლიორის კარნახი; პერმანენტული სოციალური მოთხოვნილებები; რაღაც ძალა. ეს ძალა მიმართულია არა მარტო ხელოვნების, არამედ თავად რეალობის წინააღმდეგ, რასაც ახორციელებდნენ ფლობერი, იანაჩეკი, ჯოისი, ჰემინგუეი. ის ზოგადი სურათის საფარველში ხვევს რეალობას, სახეს უკარგავს მას.
რათა ვერასოდეს შეიტყო, რა გადაიტანე".
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ზაალ სამადაშვილი   Mon Mar 15, 2010 3:26 pm

ქუჩის მუსიკოსები


მტკვრის სანაპიროსთან ახლო მდგარ, იტალიელ არქიტექტორ ანდრეოლეტის მიერ აშენებულ მაღალ, სამსართულიან სასახლეში თავიდან ალბათ ვინმე მდიდარი კაცი ცხოვრობდა. მერე, საბჭოთა ხელისუ-ფლების დროს, აქ ქალაქის ყველაზე დიდი მაღაზია იყო განთავსებული. ამჟამად მისი ერთ-ერთი ფლი-გელია მხოლოდ დაკავებული. ფლიგელში დასავლეთ ევროპიდან შემოტანილი სურსათითა და სასმელებით ვაჭრობენ.

გარეთ, ამერიკული სიგარეტებისა და გერმანულ-სკანდინავიური ლუდის რეკლამებით გადაჭრელებულ ვიტრინასთან, პატარა, დასაკეც სკამებზე გიტარისტი და ფლეიტისტი სხედან. ისინი შუახანს მიტანებული მამაკაცები არიან - გამხდრები, გაუპარსავები. ორივეს გახეხილი, მაგრად ნახმარი ჯინსები აცვია. უკრავენ თითქმის ყველაფერს: კლასიკურ და ჯაზურ კომპოზი-ციებს, როკენროლს, ბლუზებს. ფულის ასაგროვებლად ევროგაერთიანების ემბლემიანი მომცრო მუყაოს ყუთი უდგათ ფეხებთან...

დილაადრიან მოდიან, ფლიგელში მომსახურე გრძელფეხებიანი გოგოების გამოჩენამდე. მოდიან თითქმის ერთდროულად. იშვიათად, რომ ერთ-ერთმა დიდხანს ალოდინოს მეორე. დაკვრის დაწყებისათვის სცენაზე მყოფი ორკესტრანტების გულმოდგინებით ემზადებიან. ჟღერადობა უმოწმდება ხავერდგა-მოკრულ მოგრძო ყუთიდან ამოღებულ ფლეიტას, ეჭიმება და უფომფლოვდება სიმები დიდ, ფორთოხლ-ისფერ გიტარას...

თუ არ ჩავთვლით ორ-სამ წუთიან პაუზებს კომპო-ზიციებს შორის, რომლის დროსაც ოფლიან ხელის-გულებს შარვალზე გასმით იმშრალებენ, შუადღემდე შეუსვენებლად, გაბმულად "უბერავენ". შუადღეზე ისვე-ნებენ, პურითა და წყლით იკლავენ წყურვილსა და შიმშილს. დაბრაწულქერქიან, სურნელოვან პურს იქვე ყიდულობენ, ქუჩის გადაღმა, კერძო საცხობში. წყალიც არ არის შორს, ჭიქების მაგივრობას "კოკა-კოლას" ქილები სწევენ...

მერე ისევ აგრძელებენ "შებერვას". "უბერავენ" შებინდებამდე. ამვლელ-ჩამვლელები, რომლებიც ფულს იმეტებენ მათთვის, ორ ჯგუფად იყოფიან, (სხვათა შორის, ასაკსა და სქესს მნიშვნელობა არა აქვს): ერთნი, წინ რომ უჩერდებიან და ისე ისმენენ და მეორენი, მხოლოდ ფულის დასადებად რომ ყოვნდებიან, მაგრამ თვალს თუ გააყოლებ, შეამჩნევ, როგორ დაუპყრია მათი ნაბიჯი იმ მომენტში ახმია-ნებულ მელოდიას, მის რიტმს...

შებინდებისას, ინსტრუმენტების შალითებში ჩაწყობის, სკამების აკეცვისა და გამომუშავებული ფუ-ლის გაყოფის შემდეგ, დასალევად მიდიან... რათა შინ დაბრუნებულებმა შედარებით რბილად აღიქვან გაანჩხლებული ცოლების საყვედურები და გაგულგრილებული შვილების დამცინავი მზერა...

ერთი სასადილო აქვთ ამოჩემებული - იაფიანი, გვიანობამდე მომუშავე. სვამენ ფალსიფიცირებულ, რომელიღაც ტურტლიან სარდაფში გამოხდილ არაყს და ლაპარაკობენ ყველაფერზე - მუსიკის გარდა. როცა შეთვრებიან, აუცილებლად (ვინ იცის მერამდენედ) იხსენებენ ელია კაზანს, ეროვნებით ბერძენ, გაამერიკელებულ რეჟისორსა და მწერალს, რომელიც დიდად ემადლიერება თავის მშობლებს კონსტანტინოპოლის დროულად დატოვებისა და შორეულ კონტინენტზე გადასახლების გამო. მისი ბიოგრაფიის ეს დეტალია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ დეტალის ირგვლივ მიმდინარეობს ხოლმე საუბარი ბოლო ჭიქის გამოცლამდე...


როგორც მოგახსენეთ, ქუჩის მუსიკოსები თითქმის ყველაფერს უკრავენ: კლასიკას, ჯაზს, როკენროლს, ბლუზს... ისინი, ჯონ ლენონის ტოლები, გამორჩეული მონდომებით ასრულებენ "ბითლზების" რეპერტუარს...

ერთი სიმღერა გამოსდით ამ რეპერტუარიდან ყველაზე უკეთ. სიმღერა, სახელად "Help !"
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Mon Mar 15, 2010 3:27 pm

ოქროსუბანში, რუსულ ეკლესიასთან

ჩემსავით პურის საყიდლად მოსულს ჰგავდა. პალტო ეცვა, კაშნე ეკეთა, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი. სანამ ფულს ვიხდიდი და მოწოდებულ პურებს პარკში ვალაგებდი, უკან მედგა და მოთმინებით ელოდა, როდის მოიცლიდა გამყიდველი მისთვის. იაფზე იაფი, მწვანე ნახევარლიტრიანში ჩამოსხმული მღვრიე პორტვეინი რომ აიღო, მაშინ დავაცქერდი ყურადღებით...

"მამოჩკა, დაღ ლეკარსტვო!" - უთხრა ორიოდ დღის წინ ამავე გამყიდველს მაღაზიის გადაღმა, რუსული ეკლესიის წინ დაბანაკებულ მაწანწალათაგან ერთ-ერთმა და სწორედ ამ დასახელების პორტვეინს მიაშვირა წითელი, ჭუჭყიანი თითი...

კაცმა პორტვეინიანი ბოთლი გულის ჯიბეში ჩაიდო, რის გამოც კაშნე გადაეღეღა და ბოლო ღილამდე შეკრული, რეცხვისაგან გამოთეთრებული პერანგის საყელო გამოუჩნდა. სწრაფად შეიფუთნა ათრთოლებული თითებით...

დიდი ხნის გაუპარსავი ქერა წვერი და ჩაწითლებული თვალები ფერმიხდილ სახეს უფრო უფერმკრთალებდა...

გარეთ თითქმის ერთდროულად გამოვედით. ჯერ მე, ნაბიჯით გვიან - ის. ტრამვაის გაუქმებული ლიანდაგების გასწვრივ მიმავალს თვალი იმიტომ გავაყოლე, რომ დამენახა, სად გაუჩინარდებოდა, სად შედგამდა ფეხს. იქნებ სადარბაზოს, ან ეზოს მიხედვით გამეხსენებინა, ვიცნობდი თუ არა მას ერთ დროს...

არსად არ შესულა. ერთ-ერთ გამხმარ, ტოტებმოხერხილ აკაციასთან შეჩერდა. ხის შავ, დაღარულ ტანთან შუახნის ტანმორჩილი, ნაქსოვქუდიანი კაცი იბუზებოდა...

შორს არ წასულან. გვერდით მიდგნენ, მინებჩალეწილ, მიტოვებულ ჯიხურთან. ჯერ შუახნის კაცმა მიიყუდა ბოთლი, მერე მან, ჩემი ყურადღების ობიექტმა...

ნეტარებისგან თვალებმილულულები სვამდნენ. რიტმულად უმოძრავებდათ ადამის ვაშლები - ზევით-ქვევით, ზევით-ქვევით...

მერე ხელის ზურგებით გაიმშრალეს დასველებული ტუჩები, განახევრებული ბოთლი ჯიხურის ვიწრო რაფაზე შემოდგეს და დამშვიდებული თითებით "ასტრის" ბრტყელ ღერებს დაუწყეს ფშვნა...


ხომ ვიცი, რამდენი დანგრეული ბიოგრაფია, როგორი შემზარავი უიმედობაა სურათის მიღმა, რომლის გადმოხატვაც ვცადე...

მიუხედავად ამისა, არ შემიძლია დიდი მოწიწება არ გამოვხატო ამ ორი ადამიანის მიმართ... არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ მაინცდამაინც ავთო ვარაზს, ან შოთა დედაბრიშვილს ვხედავ რომელიმე მათგანში. თუმცა, არც ესაა გამორიცხული...

ისინი, ალბათ უბრალო ლოთები არიან. მოწიწების აღმძვრელი მათი ჟესტების უკიდურესი სიძუნწეა და უხმაურობა - შვების საგრნობად, აცახცახებული სხეულების დასაწყნარებლად ისინი არავის აწუხებენ გრძელი ზამთრის ამ უჩვეულოდ თბილ და მზიან დილას, ფუნთუშეულის გაყიდვაში ჩაბერებული თეთრთმიანი ქალისა და პურის რიგში მდგარი ჩემნაირი კაცის გარდა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Mon Mar 15, 2010 3:28 pm

"ჩვენთან, მალმიოში"

- ხევსურეთში რომ წავედით, რომელი წელი იყო?..

- სამოცდაჩვიდმეტი, მგონი...

- რა ღლაპები ვიყავით სამოცდაჩვიდმეტში, არა?

- ეხლანდელ ოცდაორ-ოცდასამი წლის ბიჭებთან შედარებით, ნაღდად ღლაპები ვიყავით.

- ესენიც ღლაპები არიან და ჩვენც ღლაპები ვიყავით...

- კარგი იქნებოდა ეგრე რომ იყოს, მაგრამ არ არის ეგრე...

- ვითომ?

- მაშინ, სამოცდაჩვიდმეტში, ბილიკი რომ ჩარეცხა წვიმამ და სხვა ბილიკის მოსაძებნად კლდეზე რომ ავძვერი გახსოვს?

- როგორ არ მახსოვს... გაეჭედე, ვეღარც წინ მიდიოდი, ვეღარც უკან ჩამოსვლას ახერხებდი...

- მერე?... ბოლო-ბოლო რომ ჩამოვფხოტიალდი ქვევით, რაზე ვიცინეთ ყველამ ერთად?

- რაზე და... სანამ შენ გაჭედილი იყავი, ნიკა რომ ტიროდა, იმაზე... საშინელებაა, განსაცდელში ჩავარდნილ მეგობარს რომ უყურებ და ვერ ეშველები!

- ჩვენ ტირილი მაინც შეგვეძლო... ამათ ცრემლი აღარ შერჩათ, იმდენი და ისეთი რაღაცეები ნახეს...

ოთახში ორნი არიან, ორმოცს გადაცილებული ორი მამაკაცი. ერთი წევს - ჯემპრი აცვია, ნაქსოვი ქუდი წარბებამდე აქვს ჩამოწეული, ხელები საბანზე უწყვია. მეორე, პალტომოხურული, სავარძელში ზის, საწოლის თავთან მდგარი დაბალი ტუმბის გვერდით. ტუმბაზე წამლები, თერმომეტრი და გადაშლილი წიგნი დევს.

- თხილამურებს რომ ვღებავდით გახსოვს? - ამბობს სავარძელში მჯდომი.

- კი არ ვღებავდით, ახლებს ვაკეთებდით...

- ახლებს არა...

- ახლებს, ახლებს... "როსინიოლები" ვნახეთ და ნიკა ატყდა ეგეთები უნდა გავაკეთოთო...

- "როსინიოლებს" სად ვნახავდით მაშინ?

- სადა და ჟურნალში... არ მითხრა ეხლა, პოლონურ ჟურნალებს რომ ვყიდულობით ორმოცდაათ კაპიკად, აღარ მახსოვსო...

- არა, ეგ როგორ არ მახსოვს.

- რა ვიცი... ჟან-კლოდ კილის ფოტო იყო შუა, გაშლილ გვერდზე, ფერადი, ძალიან მაგარი!

- მე ის მახსოვს კარგად, ზეთის საღებავებს რომ ვუსვამდით და ვუსვამდით თხილამურებს... "ბეგუნკები" იყო მგონი...

- ჰო, "ბეგუნკები" იყო, ოღონდ ჭვინტები ჰქონდა წაჭრილი, ნიკამ წააჭრა.

- იმდენი ფენა დავადეთ, ბაიდარების სისქეები გახდნენ.

- ჰო, ძალიან სასაცილოები გამოგვივიდა...

- ნიკას მოსწონდა...

- იხტიბარს არ იტეხდა, თორემ...

- ალბათ... როგორი სახელი დაარქვა? - "ირონდელ"... რითაა "როსინიოლზე" ნაკლები?

- იცი, რას ნიშნავს "ირონდელ"?

- ვიცი... მერცხალს. მეც ხომ ფრანგულს ვსწავლობდი სკოლაში... ნიკასავით.

მერცხლების მოფრენამდე ჯერ ძალიან ადრეა...

მამაკაცების სახეებს კედელზე ჩამოკიდებული მრგვალსარკიანი ლამფა და კორეული ნავთქურის წითლად გავარვარებული ბადე ანათებს.

- კრემიანი ღვეზელები? - ამბობს მწოლიარე.

- ?!

- კრემიანი ღვეზელები, ნიკას დედა საკონდიტროში რომ ყიდულობდა ჩვენთვის... რომ არ ვაცხელებინებდით, ცივებს რომ ვჭამდით ხოლმე...

- სიგარეტები? ყველა მაგიდაზე გახსნილი კოლოფები რომ ეყარა?..

- ძალიან ბევრს ეწეოდა საწყალი ლენა დეიდა, ძალიან ბევრს... ბევრსაც შრომობდა. წაკითხული გაქვს მისი ნათარგმნი ბრედბერი?

- "ბაბუაწვერების ღვინო"?.. ჯერ კიდევ როდის!..

- როგორია?

- ფანტასტიური!

- ოდრი ჰეპბერნის ფოტო რომ ედო წიგნების თაროზე?

- ჰო, ოდრი ჰეპბერნი - ნატაშა როსტოვას როლში.

- ჰგავდა არა, ცოტათი?..

- ჰგავდა... თვალებით ნაღდად ჰგავდა.

სავარძელში მჯდომი სათვალეს იხსნის, პალტოს ჯიბიდან ოთხად გაკეცილ ცხვირსახოცს იღებს და მინების გაკრიალებას იწყებს.

- როგორ ველოდებოდი ამ დღეს, მაინც და მაინც ეხლა წამაქცია ამ წუნკალმა, - ამბობს მწოლიარე.

- არა უშავს, რაც მთავარია, ვნახეთ ერთმანეთი.

- მთავარი ეგ არის, მაგრამ კონსერვატორიაში მოსვლაც ძალიან მინდოდა.

- არც მაგაზე იდარდო, იმდენი ფირფიტა და კასეტა ჩამოგიტანე, მოგბეზრდება კიდევაც ჩემი მოსმენა...

- ნავთზე თუ იმუშავა მაგნიტოფონმა, მოგისმენ, ისე, რა გითხრა...

ეცინებათ.

სავარძელში მჯდომი სათვალეს იკეთებს და ტუმბაზე დადებულ წიგნში იხედება.

- რას კითხულობ?

- ვკითხულობ არა, რაღაც გამოკვლევის მაგვარს ვწერ ხილის ჩვენებურ ჯიშებზე და ერთი მინიატურა დამჭირდა მაგ წიგნიდან.

- მინიატურა?

- ჰო, მინიატურა - "მოთქმა ძველი ქართული ხილისა გამო"...

- აა, ინანიშვილია?.. ეს კრებული ჩვენც გვაქვს. გოგოები გიჟდებოდნენ ბავშვობაში ამ წიგნზე. ერთი მოთხრობა ჰქონდათ ამოჩემებული განსაკუთრებულად... ავად რომ ხდებოდნენ - ეგენი ხომ ერთად ხდებიან ავად - სულ იმ მოთხრობას აკითხებდნენ ირინას. არაჩვეულებრივი მოთხრობაა... ახალი ჩასულები ვიყავით და ჩვენზე, უფროსებზე, ისე მოქმედებდა, თვალებში ვეღარ ვუყურებდით ერთმანეთს... ყველაფერს ერთად გვანატრებდა...

- გოგოები დიდები იქნებიან უკვე.

- დიდები?.. ქალები არიან, ლამის დედამისს გაასწრონ სიმაღლეში.

- ირინას თუ ჰგვანან, ალბათ ვერც გაარჩევ იქაურებისგან...

სავარძელში მჯდომი საწოლისკენ იხრება და გულის ჯიბიდან ამოღებულ ფოტოსურათს მეგობარს უწვდის.

- შენ თვითონ ნახე, ოღონდ არ მკითხო, რომელია ნუცა და რომელი - მარიამი...

ფოტოზე ქერათმიან, ცისფერთვალება, ძალიან ლამაზ ქალს მასავით ქერა და ცისფერთვალება ორი გოგონა ეხუტება აქეთ-იქიდან. გოგონები გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს.

"რამდენ ბიჭს უყვარდა ეს ქალი... რა ქალი, მაშინ ალბათ თავის შვილებზე ოდნავ უფროსი გოგო... რამდენ კარგ ბიჭს... უმეტესობა ჩაეშვა... ან დაიღუპა, ან ჩაეშვა... ნიკასაც უყვარდა, ოღონდ არ იმჩნევდა, არავის არ უმხელდა... მე ვატყობდი, მარტო მე ვატყობდი... ნიკაც აღარ არის, ნიკაც წავიდა... დედამისივით - ტანჯვა-წვალებით, აუტანელი ტკივილებით..."

- დალევდა რამეს კაცი, - ამბობს მწოლიარე.

- დავაპირე, ხო იცი, წამოღება... ვიფიქრე, ანთებაგადატანილს ცოტა კონიაკი ან არაყი მოუხდება-მეთქი... მერე გამახსენდა, სათოფეზე რომ არ იკარებდი არცერთს...

- ეგ მაშინ... ეხლა ვისა აქვს იმის თავი ღვინის ჭრას ელოდოს...

- ჩავალ, ამოვიტან რამეს...

- ჩახვალ არა... ისე ვთქვი. მომინდა უცებ და გადამიარა.

- ჩავალ, ჩავალ!

- სად ჩახვალ, ხომ არ გადაირიე...

- კარგი, ჰო, არსად არ მივდივარ.

ჩუმდებიან.

მწოლიარე კვლავ ფოტოსურათს აცქერდება. ქალი და გოგონები ან სასახლის ტერასის , ან ძველისძველი ხიდის ქვის, მასიურ მოაჯირზე სხედან. მათ უკან გადაკრიალებული უღრუბლო ცა და ლუთერანული ტაძრის მორუხო - მოყავისფრო შპილი მოჩანს.

- ეს ფოტო სად არის გადაღებული? - იკითხავს მწოლიარე - სტოკჰოლმში?

- არა... ჩვენთან, მალმიოში - უპასუხებს მეგობარი.

- სადა? - გაიმეორებს შეკითხვას; თითქოს ვერ გაიგონა, თითქოს მხოლოდ ქალაქის სახელი ეუცხოვა პასუხში.

- ჩვენთან, მალმიოში - მიუგებს მეგობარი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Mon Mar 15, 2010 3:29 pm

რივერა


ვეებერთელა, ჭერამდე ასულ ღუმელს კარგად რომ გაავარვარებდა, ნიჩბის ტარს ჩამოეყრდნობოდა და გამოღებულ სარქველში მოგიზგიზე ცეცხლს გაუშტერებდა მზერას, მერეღა იგრძნობდა დაღლას...

ტკივილი კეფიდან წამოვიდოდა, ხელის მტევნებამდე ჩამოაცოცდებოდა და მხრებისა და მკლავების ნაცვლად მძიმე უღელი დაედგმებოდა კისერზე...

სუნთქვა არ უჭირდა, ვეღარც იხსენებდა იმ დროს, როცა სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად წამდაუწუმ გარბოდა გარეთ... ყურები უგუგუნებდა. დღის ბოლოს ყოველთვის ყრუ გუგუნი ჩაესმოდა, როგორც მაშინ, მოგებული, ან წაგებული ბრძოლით გასავათებული, თოკებს მიყრდნობილი, ნეტარებით რომ გასცქეროდა ჩამცხრალ დარბაზს და რიგებს შორის მოქცეულ გასასვლელს...

კრივმა დაკუნთული მკლავები, ყრუ გუგუნი და უცნაური ზედმეტსახელი დაუტოვა სახსოვრად. სხვა არაფერი...


- ლუდიც მოვიდა!..

შუახნის სახედაჭმუჭნულმა კაცმა, რომელსაც იაფფასიანი სპორტული შარვალი და ხანგრძლივი ხმარებისაგან საყელომოფლაშული შავი მაისური ეცვა, მხრით შეაღო გასახდელის კარი და დაორთქლილი ბოთლებით სავსე ცელოფანის პარკი ფრთხილად მოათავსა დაბალ მაგიდაზე. საუნის გასახდელზე უფრო, პატარა, კოხტა სასტუმროს ფოიეს ჰგავდა იქაურობა: რბილი სავარძლები, ქვის იატაკზე - ხალიჩა, კუთხეში, კართან ახლოს ტელევიზორი. სავარძლებში ზეწრებშემოხვეული სამი ბიჭი იყო მოკალათებული, ერთ-ერთი მათგანი, კარგა მაგრად გარუჯული, ზღვიდან ან მთიდან ახლად დაბრუნებულს ჰგავდა. ბიჭები ჯერ ისევ სველები იყვნენ.

- ესეც ხურდა! - თქვა კაცმა და კვლავ მაგიდისკენ დაიხარა მომუჭულ ხელში მოქცეული ფულის დასადებად

- აბა, ეგეთები არ იყოს! - მუჭი არ გააშლევინა გარუჯულმა და პარკიდან ბოთლების ამოლაგებას შეუდგა - დაჯე, სახეზე გატყობ, შენ უფრო მოგიხდება ეხლა ლუდი!..

კაცმა მორცხვად ჩაიდო ფული შარვლის ჯიბეში და მორცხვადვე ჩაილაპარაკა:

- დავითვერი გუშინ.

- რა დალიე, არაყი?

- ჩემი სასმელი ეგ არი, ჩქარა ორთქლდება... ღვინოს რო დავლევ სამდღიანი პახმელია გამოწერილი მაქვს. ორას გრამ არაყს ჩაარტყამ - ორ საათში თავისუფალი ხარ, ვითომ არც დაგილევია. გუშინ ბევრი მოგვივიდა, თანაც გვიანობამდე ვსვამდით. გამოძინება ვერ მოვასწარი...

- სად სვამდით?

- სად დავლევდით?.. აქა. მე და რივერა ვიყავით და კიდევ ერთი, ჩვენი უბნელი... იცნობ შენ იმას...

- რივერაც შენსავით იქნება, აბა!

- რავი მე... დილას რო შევიდა საქვაბეში, გარეთ ცხვირი აღარ გამოუყვია მერე.

- წადი, დაუძახე, ცოდოა...

კაცი წამოდგა და შიშველ ფეხებზე წამოცმული სანდლების ფრატუნით გავიდა გასახდელიდან.

- რივერა ვინ არის, კაცო? - იკითხა გარუჯულის გვერდით მჯდომმა ბიჭმა.

- ცეცხლფარეშია ამათი, ყოფილი ბოქსიორი, რივერა ზედმეტი სახელია, ისე გოგია ჰქვია!

- ეგეთი უცნაური ზედმეტი სახელი რაზე დაარქვეს?

- ჯეკ ლონდონი წაკითხული გაქვს?

- არა.

- შენა? - გახედა გარუჯულმა მის პირდაპირ მდგარ სავარძელში ჩაწოლილ ბიჭს, რომელიც აქამდე ჩუმად იყო. მას არც ახლა ამოუღია ხმა, თანხმობის ნიშნად თავი დააქნია მხოლოდ.

- ჯეკ ლონდონს აქვს ერთი მოთხრობა მექსიკელ ბიჭზე, გვარად რივერაზე. ეს ბიჭი თავისზე მძიმე, თავისზე გამოცდილ ამერიკელ ბოქსიორს გალახავს და დიდ ფულს უშოვის რევოლუციონერებს!

- "კაჩიგარი" გოგიაც რევოლუციონერებს ეხმარებოდა?

- რევოლუციონერებს არა!.. შემოვა და ნახავ, ეგეც ბუზის წონაა იმ ბიჭივით, თანაც, მაგრად ჰგავს მექსიკელს... ეტყობა მაგის ახალგაზრდობაში ვიღაც კვიმატმა ტიპმა ეს მსგავსება მოწვა და გოგია რივერად აქცია.

ერთი ბოთლის გამოცლის მერე შინ წასვლა და ლოგინზე მიგდება ისე მოუნდა რივერას, როგორც არასდროს, მაგრამ ამ გულუხვი ბიჭებისა შერცხვა, რას იფიქრებენ, მარტო დასალევად შემოვიდაო... თვალები ეხუჭებოდა, თავს ძალას ატანდა, რომ არ ჩაეყვინთა. კანტიკუნტად ესმოდა სიტყვები: ნეპალი, კატმანდუ, დაულაგირი, რომლებიც ძალიან უცხოდ და ძალიან ლამაზად ჟღერდნენ, მაგრამ მისახვედრს და ამოსაცნობს იმის გარდა, რომ მათი წარმომთქმელი საიდანღაც შორიდან იყო დაბრუნებული, არაფერს ეუბნებოდნენ...

მერე ვიღაც რუსზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ალპინისტზე, რომელსაც კომუნისტების დროს, მარტოდმარტოს მოუხერხებია ოთხი შვიდიათასმეტრიანი მწვერვალის დაპყრობა...

ერთ-ერთი, პობედა, სასაზღვრო ზონაში ყოფილა, სადაც თურმე ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა უნებართვოდ. ეს რუსი ზონაშიც შეპარულა, მწვერვალზეც ასულა და მესაზღვრეების საგუშაგოზეც თავისი ფეხით გამოცხადებულა. უთქვამს, ჩათქმული მქონდა ოთხივე შვიდიათასმეტრიანზე მარტო ასვლა, ეს ბოლო იყო, ეხლა, რაც გინდათ, ის მიყავითო... დაუჭერიათ...


შებინდებულზე, ნაცემივით მიუყვებოდა შინისაკენ მიმავალ აღმართს რივერა. რაღაც ტანჯავდა, რა - ვერ გარკვეულიყო. ნანობდა, ნეტავ არ შევსულიყავი იმ ოხერი ლუდის დასალევად, ანდა, როგორც კი წამოსვლა მომინდა - გამოვტეულიყავიო. ეჩვენებოდა, რომ ბიჭები აგდებულად გამოემშვიდობნენ. ვინ იცის სხვა დროსაც და სხვებიც რამდენჯერ გამომშვიდობებიან ასე, მაგრამ მაშინ არათუ აფორიაქებულა, ვერც კი მიმხვდარა, არც კი შეუმჩნევია ეს. რა მოხდა დღეს ისეთი, რამაც ააფორიაქა, რამ გაუმძაფრა შეგრძნებები გადაქანცულს და ლუდით მოდუნებულს? იმ რუსის თავგადასავალმა, წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე რომ მოისმინა?..

გამალებით ამუშავდა გონება, რივერამ გოგიას დაუწყო კამათი...

"ახალგაზრდებს იმ რუსისნაირები მოსწონთ!"

"მოსწონდეთ მერე, მე რა შუაში ვარ?"

"რა შუაში ხარ და... ეგენი მარტო იმათ ექცევიან პატივისცემით, ვისაც გმირებად მიიჩნევენ!"

"კლდეზე ბღოტიალია, აუცილებელი?!. დილიდან საღამომდე იმ ბუღში მუშაობა რა, იოლია? გარეთ რომ გამოვდივარ სუფთა ჰაერს ვეღარ ვგუობ, მკლავების მაგივრად უროები მკიდია!"

"რისთვის მერე?"

"რისთვის და ლუკმა-პურისთვის".

"საქმეც ეგ არის. შენ შენს თავს ლუკმა-პურისთვისა ღლი, ისეთი კაცები კიდევ - საკუთარი თავის სრულყოფისათვის!"

"ეგ როგორ გავიგო?"

"როგორ და... ისინი იმიტომ ეომებიან შიშს, სიმაღლეს, სიცივეს და ათას გაჭირვებას, რომ ხვალ უფრო უკეთესები იყვნენ!"

"მეც მინდა, რომ უკეთესი ვიყო და ის ლუკმა-პურიც მარტო ჩემთვის არა მსურს. თვალია ყველაფერი. თვალს მწვერვალებს შეჭიდებული წერტილი ურჩევნია, საქვაბეში ნიჩბის მქნეველ კაცს!"

"შენ რაც გინდა ისა თქვი და, ბიჭები მარტო გმირებს შეჰყურებენ პატივისცემით!"

სამზარეულოდან გამოსულმა ქალმა მაგიდასთან მიმჯდარი, ჩვეულებისამებრ თავჩაღუნული ქმარი რომ დაინახა, გაიკვირვა, - როგორ შემოხვედი ეგრე უჩუმრადო და ისევ უკან შებრუნდა. მომიჯნავე ოთახიდან, რომელიც შვილს ჰქონდა დასაკუთრებული, უცნაური, რივერასათვის გაუგებარი მუსიკის ხმა გამოდიოდა. მატარებლის ბორბლების დაგადუგივით ერთფეროვან, გულისგამაწყალებელ რიტმში ვიღაც კაცი ლაპარაკობდა რომელიღაც უცხო ენაზე.

- მაჭმევ რამეს? - დაიძახა რივერამ

ახლავეო, გააგონა ცოლმა და წვნიანი ლობიოთი სავსე კოვზჩადებული მათლაფა შემოუტანა. სანამ კოვზს აიღებდა, კაცმა ხმადაბლა იკითხა:

- პური?

ქალმა დამნაშავესავით დახარა თავი და გაცრეცილ წინსაფარს აუსვ-ჩამოუსვა ხელი. რივერამ წარბებსქვემოდან ახედა, ცოტა ხანს უყურა, მოტეხილი და საკუთარი წინსაფარივით გამოხუნებული ეჩვენა თავისი პატარა, ერთ დროს ლამაზი ცოლი. ქალი გადაჩვეული იყო ასეთ მზერას და ცოტათი შეშფოთდა.

- რა მოგივიდა?

- არაფერი, - თქვა რივერამ და ლობიო მოხვრიპა

- პური არა გვაქვს?

- არა.

ქალი ჩამოჯდა.

- შინ არის კნიაზი?

- ჰო, შინ არის.

რივერამ კოვზი მათლაფაში ჩაახეთქა, წამოდგა და შვილის ოთახში შევიდა. ეს ერთი ციდა ოთახი ოდესღაც თავისი ხელით მიაშენა სახლს, მოხუც დედას კუთხე მოუწყო. მაშინ იქ საწოლი იდგა და დაბალი ტუმბო. ახლა ტუმბოს ადგილი მაგნიტოფონს ეკავა. კედლებზე ჟურნალიდან ამოჭრილი ფერადი ფოტოსურათები იყო გაკრული. ბიჭი გულაღმა იწვა და მორგვებივით ხელები თავქვეშ ჰქო-ნდა ამოდებული.

- ეე! - ფეხზე წაჰკრა რივერამ.

- რა იყო? - წამოჯდა ბიჭი.

- არ მუშაობ, არ სწავლობ, პური მაინც ამოიტანე ხანდახან!

ბიჭმა ისეთი გაბეზრებული სახით შეხედა, რომ კაცმა მოძალებული ბრაზის დასაოკებლად კბილები გააღრჭიალა.

- სულ ამათ უნდა უყურო? - იყვირა და ხელი ვიღაც თავგადახოტრილი ჯეელის ფოტოს მიაშვირა.

- აბა, შენ გიყურო? - გამოსცრა ბიჭმა და წამოწოლა დააპირა.

რაღაცნაირმა ზანტმა, დაუსჯელობით გათამამებულმა თავხედობამ დაგროვილი ბრაზი ღონივრად შემოკრულ სილაში გადმოანთხევინა ერთიანად აკანკალებულ რივერას და სამი, მხოლოდ სამი მიტყვა ათქმევინა:

- მე უნდა მიყურო!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ტყეზე, მდინარესა და სოფლის ბიბლიოთეკაზე   Thu Feb 03, 2011 4:04 pm

ზაალ სამადაშვილი

ტყეზე, მდინარესა და სოფლის ბიბლიოთეკაზე
(მოთხრობა)

ათას ცხრაას სამოცდახუთი წელი იყო, მე და მამამ მარტოებმა რომ გავატარეთ ზაფხული. მომდევნო წელს დედაც გვახლდა, ინგლისიდან მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ტელერეპორტაჟებსაც გადმოსცემდნენ, მაგრამ გავიდა დრო და აღმოჩნდა, რომ წინა ზაფხული უფრო მკაფიოდ, უფრო ღრმად ჩაიბეჭდა მეხსიერებაში.
იმხანად მამაჩემი სარწყავი არხის მშენებლობაზე მუშაობდა ქართლში და საცხოვრებლად ერთ პატარა სოფელში ჰქონდა ნაქირავები ბინა _ მოზრდილი ოთახი ხის დიდი აივნით, საიდანაც ვრცელ დაბლობზე გაწოლილი მტკვარი და მის გასწვრივ აღმართული მოლურჯო-მომწვანო მთაგრეხილი მოჩანდა.
სახლი ფერდობზე იდგა, ტყის პირას. გახვიდოდი უკანა ეზოში, გადაძვრებოდი ხის ღობეზე და ტყეში იყავი. იქ კიდევ ფიჭვები ცას წვდებოდნენ და მიწა ტოტებიდან ჩამოცვენილი გამხმარი წიწვებით იყო მოფენილი. სიარულის დროს ისეთი გრძნობა გეუფლებოდა, თითქოს კაუჩუკზე მიაბიჯებდი. ჯიბეში მუდამ მედო ბოლომოკაუჭებული და წვეტგაბრტყელებული ლურსმანი, რომლითაც ფიჭვების ტანზე ჩამოღვენთილ ფისის ბურთულებს ვაგროვებდი. ყველაზე მკვრივ და გამჭვირვალე ბურთულებს კოკრებს ეძახდნენ სოფლის ბიჭები. სწორედ კოკრების გაღეჭვით მზადდებოდა ღია ვარდისფერი, სურნელოვანი კევი, რომელიც დიდხანს, თითქმის მთელი დღე ინარჩუნებდა დრეკადობას და გემოს.
ტყეში ხეტიალი თუ მოგბეზრდებოდა და თან ხელ-პირიც მაგრად მოგეთხუპნებოდა წებოვანი ფისით, უეჭველად მტკვრისკენ გაგიწევდა გული. რა უნდოდა იქ ჩასვლას – არც არაფერი. ერთი გრძელი დაღმართის ჩარბენა, გავაკება და ჯერ სარკინიგზო და შემდეგ საავტომობილო გზის გადაკვეთა. გადაჭრიდი მოასფალტებულ გზას და გაერეოდი რიყეზე მოჟრიამულე, ტრუსებისამარა ბიჭებში.
ყველა კარგად ვცურავდით, თუმცა გამორჩეულ მოცურავედ ის ითვლებოდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ ყველაზე შორს აუყვებოდა მდინარეს, ანდა მორევში ჩაყურყუმალავებული, ფსკერიდან ფეხის ერთი დაკვრით ამოყვინთავდა წყლის ზედაპირზე. ორნაირად ვცურავდით, სადაც დინება მდორე იყო – ბაყაყურით, სადაც სწრაფი – მკლაურით. ცურვის ტერმინოლოგიით ბაყაყური – ბრასია, მკლაური კი – კროლი. იშვიათად, მაგრამ ხდებოდა ხოლმე, რომ ნაპირთან ახლოს, რაღაც ცივის და სლიპინას შეხებას იგრძნობდი ფეხზე. შიშისგან ფერდაკარგულს რომ დაგინახავდნენ მზეს მიფიცხებული ბიჭები, უმალ მიხვდებოდნენ, რაც გჭირდა და გამოგძახებდნენ – რა იყო, შემოგეხვია ძია სისოო?! “ძია სისო” გველი იყო, წყლის ანკარა, ხვლიკივით უვნებელი არსება.
კიდევ ერთი ადგილი, საითკენაც ისევე მიმიწვდა გული, როგორც მდინარისა და ტყისაკენ, ძველი ციხე-სიმაგრე იყო, ქონგურებჩამორღვეული კოშკი ალაგ-ალაგ დაბზარული აივნით და გალავნის შიგნით მოქცეული ვეებერთელა ეზოთი, სადაც მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში აგებული ორი შენობა იდგა. ორივე პირქუში, სქელი კედლებითა და გისოსებში ჩასმული ფანჯრებით; ერთი დიდი, ორსართულიანი, მეორე, შედარებით მომცრო – ერთსართულიანი.
ერთსართულიან შენობაში მაღაზია იყო, რომელსაც ყველა “ეფრემას მაღაზიას” ეძახდა. ეფრემა, სურამელი ებრაელი, შუახნის მსხვილი, მელოტი კაცი ამ მაღაზიის გამყიდველიც გახლდათ, საწყობის გამგეც და დირექტორიც. იდგა ხოლმე დახლს მიღმა, დიდჯიბეებიან, ლურჯ ხალათში გამოწყობილი და მისი დანახვა კრძალვას აღგვიძრავდა მის სამფლობელოში მოხვედრილ ბავშვებს. ეფრემასთან ისეთი რამეები იყიდებოდა, როგორებსაც გორისა და ხაშურის კი არა, თბილისის უნივერმაღებშიც ვერ გადააწყდებოდი. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საყიდლად საიდან აღარ ჩამოდიოდა ხალხი. იმ დროს მოდაში იყო ჩინური წარმოების ნეილონის პერანგები და “ცებოს” მარკის ჩეხური “ტუფლები”. ჩვენ, თორმეტი-ცამეტი წლის ბიჭებს სათამაშოები გვიზიდავდა _ პლასტმასის პატარა, ასანთის კოლოფისხელა ავტომობილები, ბრტყელ ბატარეებზე მომუშავე და ორღილაკიანი პულტით წინ და უკან სატარებელი კოსმოსური ყველგანმავლები და პისტოლეტები, ზოგი წყლის ჭავლს რომ ისროდა და ზოგი პინგ-პონგის ბურთს. მამაჩემი ყოველ დილას მანეთს მაძლევდა, მანეთად კიდევ ორი პატარა ავტომობილის ყიდვა შეიძლებოდა, სამ დღეს თუ მოვითმენდი და ფულს არ დავხარჯავდი _ პისტოლეტის, ხოლო უცხოურწარწერებიან, პრიალა ყუთში მოთავსებულ ყველგანმავალს ერთკვირიანი თავშეკავება სჭირდებოდა...
მეორე შენობაში ფოსტა, კლუბი და ბიბლიოთეკა იყო. ფოსტაში მარკების ყიდვაც შეიძლებოდა, წერილების გაგზავნაც და დარეკვაც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. ამისთვის მიხვიდოდი თავსაფრიან, ცხვირზე სათვალედასკუპებულ ბებოსთან, რომელიც ხის თეჯირის მიღმა იჯდა, ეტყოდი სასურველ ნომერს, გადაიხდიდი ფულს; დაატრიალებდა ბებო ძველისძველ, ლამის კარადისხელა აპარატის სახელურს, დაუკავშირდებოდა კომუტატორს და არცთუ ისე ხანმოკლე გადაძახილ-გადმოძახილის შედეგ ახრიალებულ ყურმილს მოგაწვდიდა _ თბილისია ხაზზეო!.
კლუბს ცალკე შესასვლელი ჰქონდა და ვიდრე დიდ, მოგრძო დარბაზში მოხვდებოდი, სადაც კინოებს უშვებდნენ, ვიწრო დერეფანი უნდა გაგევლო. დერეფნის ერთ მხარეს პატარა, გისოსებიანი სარკმელი იყო. სარკმელს ფირნიში ჰქონდა თავზე, წარწერით “სალარო”. ბილეთი ოცი კაპიკი ღირდა, ბავშვებს ათ კაპიკს გვახდევინებდნენ და მხოლოდ დღის სეანსებზე გვიშვებდნენ. დღის სეანსის დროს დარბაზის ფანჯრებს მუქი, ალაგ-ალაგ დალაქავებული ფარდებით აბნელებდნენ. კინოფირები _ თუნუქის მოვერცხლისფრო, მრგვალ ყუთებში ჩალაგებული ლენტები _ რაიონულ ცენტრად წოდებული დაბიდან ამოჰქონდათ. სოფლის აღმართებში შაბათ-კვირაობით ამოარახრახებდა თავის დანჯღრეულ “ვილისს” კინომექანიკოსი, შუახნის სქელი, წითელცხვირიანი კაცი. დავედევნებოდით ბიჭები ყვირილით, _ ქართულია თუ ომზე? ქართულია თუ ომზე?.. და თუ ან ერთი აღმოჩნდებოდა, ან მეორე, ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ყველაზე მეტად “ბაში-აჩუკი” გვახარებდა; “ბაში-აჩუკი” და “გიორგი სააკაძე”, რადგან ორივე ქართული იყო და ორივე ომზე.
ფოსტის მსგავსად, ბიბლიოთეკაშიც ბებო იჯდა და ისიც თეჯირის მიღმა, ოღონდ მას თავშალის ნაცვლად მოლურჯო ბერეტი უფარავდა თეთრ, კეფასთან შეკრულ თმას და სათვალეც უფრო დიდი და სქელშუშებიანი ეკეთა. როცა არ უნდა მივდგომოდი თეჯირს, რომელიც მკერდამდე მწვდებოდა, ბებოს მუდამ გადაშლილი წიგნი ედო პატარა, წვრილფეხებიან მაგიდაზე და კითხულობდა. ფეხის ხმას გაიგონებდა თუ არა, თავს მოატრიალებდა, სათვალის ზემოდან გამომხედავდა და ჩამეკითხებოდა _ ბოლომდე თუ წაიკითხე და თუ მოგეწონა, რაც გაგატანეო. სულ სათავგადასავლო წიგნები მიმქონდა ბიბლიოთეკიდან, ისეთები, სადაც თითქმის ყველა გვერდზე ერთიმეორეზე საინტერესო და სულისშემძვრელი ამბები ხდებოდა, სადაც ბუნების აღწერებს ცოტა ადგილი ეთმობოდა და მეც მეტი რა მინდოდა? მომწონდა რომელია, ზოგიერთის მეორედ გადაკითხვასაც ვასწრებდი ხუთ დღეში. ხუთ დღეზე მეტი ხნით წიგნის შინ წაღება არ შეიძლებოდა და ამ პირობას არ ვარღვევდი.
მაინ რიდი, ჟიულ ვერნი და კონან დოილი მოგვიანებით წავიკითხე, ერთი-ორი წლის შემდეგ. იმ ზაფხულს ბერეტიან ბებოს სხვა წიგნები გამოჰქონდა ჩემთვის თეჯირის გასწვრივ ჩამწკრივებული მაღალი – ზედა თაროდან წიგნის ჩამოღებას კიბე რომ სჭირდებოდა, ისეთი მაღალი _ სტელაჟებიდან. ეს წიგნები გახლდათ: ელიზბარ ზედგინიძის მოთხრობების კრებული, სადაც ერთი მოთხრობა ჩემხელა ბიჭზე იყო, თბილისის ძველ უბანში მცხოვრებ ბიჭზე, რომელიც მამას, თამბაქოს ქარხნის მუშას პაპიროსების გახვევაში ეხმარებოდა. გახვევა-გახვევაში მოწევას ეჩვეოდა, ფილტვებს იავადებდა და ამ დაავადებით იღუპებოდა.
სოსო იორამაშვილის პატარა, თხელყდიან წიგნშიც ბიჭის ამბავი იყო მოთხრობილი, უსამართლოდ დევნილი, უდანაშაულო მამის საძებნელად, მეგობრებთან ერთად მტკვარს რომ დაუყვებოდა ტივით მდინარის შუაწელიდან მინგეჩაურის წყალსაცავამდე. გზაზე ათასი რამ რომ გადახდებოდა თავს და ბოლოს მიზანს რომ მიაღწევდა – მამას იპოვიდა.
,,კლაპზუბის ფეხბურთელთა კლუბის“ ავტორი ვინ იყო, არ მახსოვს. მახსოვს მხოლოდ ის, რომ ჩეხი გახლდათ. ჩეხები იყვნენ კლაპზუბებიც, მამა და თერთმეტი შვილი, ბიჭები, რომლებიც ფეხბურთის თამაშს მშობლიურ სოფელში იწყებდნენ და მამის ხელმძღვანელობით მსოფლიოს ყველა უძლიერეს ნაკრებს ამარცხებდნენ, თანაც, ინგლისელებს - ,,უემბლიზე“, ბრაზილიელებს - ,,მარაკანაზე“, იტალიელებს- ,,სტადიო ოლიმპიკოზე“ და ა.შ.
,,მე, პელეც“ ფეხბურთზე იყო, დაწერილი თავად პელეს – ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს მიერ. ეს გახლდათ ზღაპარივით ამბავი ფეხსაცმელების მწმენდავ მუქკანიან ბიჭზე, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები – ფეხბურთის მეფე ხდებოდა, ჩვეულებრივ მეფეებზე გაცილებით ცნობილი და ზოგიერთ მათგანზე არანაკლებ მდიდარი.
,,საბლიტგამის“ მიერ ათას ცხრაას ორმოცდაცხრამეტ წელს გამოცემული წიგნაკი, რომლის გარეკანსაც ვირზე ამხედრებული ჭილისქუდიანი ყმაწვილი ამშვნებდა, ვინმე ლაზარილიო ტორმესელის ცხოვრებას აღწერდა. ვინაობა ავტორისა, რომელიც შორეულ მეთექვსმეტე საუკუნეში ესპანეთის სამეფოში ცხოვრობდა, დაუდგენელი იყო. მოთხრობა რამდენიმე თავად გახლდათ დაყოფილი და თითოეულ მათგანში ერთიმეორეზე თავშესაქცევ ამბავს ამოიკითხავდი. ყველაზე მეტად ის თავი მომწონდა, სადაც საბრალო ლაზარილიო პურით სავსე კიდობნის გასაღებს ჰპარავდა ძუნწ ბატონს, რომელიც დღეში მხოლოდ ერთ თავ ხახვს იმეტებდა მძიმე შრომით ქანცგაწყვეტილი მსახურისთვის.
წიგნი, რომლის არა მხოლოდ ერთი, არამედ თითქმის ყველა ეპიზოდი დღემდე მახსოვს, ნიკა აგიაშვილს ეკუთვნოდა და ისიც მეთექვსმეტე საუკუნის ესპანეთის ამბებს, უფრო ზუსტად ყველაზე გამოჩენილი ესპანელი მწერლის ბიოგრაფიას მოგვითხრობდა. ამ მწერლის სახელი და გვარი ისე ამაყად ჟღერდა, რომ მისი ხმამაღლა წარმოთქმისას თვალწინ ფათერაკების მაძიებელი უმამაცესი რაინდი წარმოგიდგებოდა. სინამდვილეში ასეც გახლდათ, მიგელ დე სერვანტესი საავედრა ლეპანტოს ომის გმირი იყო, მონაწილე დიდი საზღვაო ბრძოლისა, სადაც ესპანელთა ფლოტმა დონ ხუან ავსტრიელის მეთაურობით თურქეთის არმადა დაამარცხა. ამ დიდ შეტაკებაში სერვანტესი მკერდსა და მარცხენა ხელში დაიჭრა და სამუდამოდ დაინვალიდდა – ხელი გაშეშებული დარჩა. სანამ ,,დონ კიხოტს” დაწერდა, ალჟირელ მეკობრეთა ტყვეობაც იგემა და ენით აუწერელი ტანჯვა-წამებაც, ტყვეობიდან თავის დაღწევის არაერთი წარუმატებელი მცდელობის გამო...
ღამ-ღამობით ვკითხულობდი. მთელი დღის ნაწანწალები სახლში საკმაოდ გვიან, დაბინდებისას ვბრუნდებოდი, ჭრიჭინობელების ხმა რომ გაისმებოდა ორღობეებში, იმ დროს. სასწრაფოდ ვნთქავდი დიასახლისის მიერ დახვედრებულ ვახშამს – დაბრაწულკანიან, სურნელოვან პურს, წვრილნასვრეტებიან კრაჭუნა ყველს, პიტნის ჩაის და საბნის ქვეშ შეგორებული, იდაყვით ბალიშს დაყრდნობილი, გადაშლილ წიგნს ვაპყრობდი მზერას. მამაჩემი ნაშუაღამევს ბრუნდებოდა და შუქის ჩაქრობა ყოველთვის მას უწევდა, რადგან კითხვას მხოლოდ ძილი, ან მისი მოსვლა მაწყვეტინებდა...
როგორც უკვე ვთქვი, იმავე სოფელსა და იმავე სახლში გატარებული მომდევნო ზაფხულისა ბევრი არაფერი მახსოვს, მხოლოდ ის თუ ამოტივტივდება ხოლმე მეხსიერებაში, როგორ ტოვებს მოედანს დამარცხებული ფეხბურთის მეფე – კოჭლობს, მუხლი აქვს შეხვეული და სახეზე ხელებაფარებულს მხრები უცახცახებს. იმ, ათას ცხრაას სამოცდაექვს წელს ხომ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ტელერეპორტაჟებს გადმოსცემდნენ ინგლისიდან.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ბუხრისა და ბორხესისა   Thu Feb 03, 2011 4:06 pm

ზაალ სამადაშვილი

ბუხრისა და ბორხესისა

დალოცვილია ბუხარი, განსაკუთრებით - ძველი, კედლებდამურული... დაანთებ, ააგუზგუზებ, მიიდგამ დაბალ, სამფეხა სკამს, მოიმარჯვებ რკინის საჩხრეკს, მისწევ-მოსწევ ნაკვერჩხლებს, მიუგდებ ყურს ალმოდებული შეშის ტკაცა-ტკუცს და სხვებს რომ უცნაურად მოეჩვენებათ, ისეთ რამეებზე დაიწყებ ფიქრს.

გაგახსენდება ბებოს სახლი მახათას ფერდობზე, ოღრო-ჩოღრო, ქვით მოკირწყლული ეზო, ფოთლებშემოძარცვული ხე, ტოტებზე სათამაშოებივით დაკონწიალებული ხურმები, შემოდგომის მზით განათებული მყუდრო ოთახი, წიგნების კარადა, "ფედერაციისა" თუ "საბლიტგამის" მიერ გამოცემული მონაცრისფრო სამტომეული, წარწერა ყუაზე - ალექსანდრე ყაზბეგი, მეორე ტომის სამასმერამდენეღაცე გვერდი, დასაყისი მოთხრობისა - "ელეონორა", თავად მოთხრობა.

გოროზი თავადის ქალი - მასზე გამიჯნურებული ვაჟკაცების სასიკვდილოდ გამმეტებელი, ლეკთა ნაიბი ასლან-გირეი - თარეშსა და საწადელის ძალით მიღწევას ჩვეული, მოხევე ბიჭი კრეჭიაშვილი - ჯერ მტრისა და მერე საკუთარი თავის დამხანჯლავი...

მიუბრუნდები ისევ იმას, რაც პირველი, მეორე, მესამე წაკითხვისას მოსვენებას გიკარგავდა, რასაც ვერაფრით ვერ უძებნიდი ახსნას ვერც ბავშვობაში, ვერც ყმაწვილკაცობაში, მაინც არ იყო ეს საკუთარი თავის დახანჯვლა, განა შეიძლებოდა ასეთ მაგარ ბიჭს თავი მოეკლა?!

ფრაზა წამოგიტივტივდება მოულოდნელად, ცოტა ხნის წინ ნაცნობის მიერ ნათქვამი - წავა, წამოვა, ბორხესს მიადგებაო... შენც მიადგები...

"შეხვედრას" გაიხსენებ, პატარა მოთხრობას, სადაც დანებით ჩხუბის ბედს თავად მოჩხუბართა კი არა, დანების ადრინდელ მფლობელთა ოსტატობა წყვეტს, სადაც დანების მოძრაობის ტრაექტორიები კარგა ხნის წინათაა განსაზღვრული შფოთისთავ გაუჩოების - ალმეირასა და ალამეირას მიერ...

გუზგუზებს ბუხარი, ალმური გედება სახეზე...

იქნებ კრეჭიაშვილის ხანჯალი ვინმე თვითმკვლელის ნაქონი იყო, იქნებ სწორი ხაზი აღმართვის ბოლო წერტილიდან პატრონის სხეულამდე ერთხელ უკვე გავლილი ჰქონდა იარაღს?

***
ძველი, კედლებგამურული ბუხრისა არ იყოს, დალოცვილია ბორხესიც.

Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Fri Feb 11, 2011 7:36 pm

ზაალ სამადაშვილი

წიგნების გასაყიდად წასვლა

მარკესი წავიღეთ, სარტრი, კამიუ და კორტასარი, კაფკას ორტომეული. ყველა წიგნი თითქმის ახალი, კარგად შენახული. ტომას ვულფისთვის, ბორხესისთვის და ჰემინგუეისთვის ხელი არც გვიხლია, არც სელინჯერისა და ბრედბერისთვის.
საყიდელი გვქონდა პირველ რიგში _ ნავთი, მერე შაქრის ფხვნილი, მარგარინი, ზეთი და ვერმიშელი. თუ ფული დაგვრჩებოდა _ ლობიოც. თავიდან მამას ჩემი წაყვანა არ უნდოდა, _ ვინ იცის, რამდენ ხანს მომიწევს დგომა, დაიღლები და შეგცივდებაო. ნოემბრის ბოლო იყო, ხან წვიმდა, ხან თოვდა, ადამიანები მობუზულები დაიარებოდნენ ქუჩებში, მაწანწალა ძაღლებს ნაგვის გროვებში ეძინათ. დედას სულ არ უნდოდა, ჩვენ რომ ბაზრობაზე წავსულიყავით, _ ნაცნობმა რომ დაგინახოთ ვინმემ, რას იფიქრებსო...
გამთენიისას წავედით.…უშუქობის გამო მეტრო არ მუშაობდა. მტკვრისკენ ჩამავალ, გრძელ დაღმართზე ქარმა კინაღამ წაგვიღო. რომ გვეგონა, პირველები ვიქნებითო, თითქმის ბოლონი აღმოვჩნდით. ყველა ადგილი დაკავებული იყო. ვიარეთ, ვიარეთ და უმოწყალოდ გაჩეხილი ბაღის განაპირას მამას ყოფილ სტუდენტს გადავეყარეთ. მსუქან, სათვალიან ბიჭს, ხაკისფერი ბუშლატის საყელოზე წითელი კაშნე რომ ჰქონდა გამონასკვული, ჩვენი დანახვა არ გაჰკვირვებია, საქმიანად მოგვესალმა და ჭრელი მუშამბის ნაჭერი, რომელზეც მიკროსქემები ჰქონდა საგულდაგულოდ დაწყობილი, გვერდზე ჩააჩოჩა _ ადგილი მოგვიჩინა. მამამ სველ ბალახზე ცელოფანი გაშალა. სანამ მე ჩანთიდან წიგნებს ვიღებდი, ბიჭი გვიყვებოდა, ბაღის რომელ კუთხეში რომელი პროფესორი იდგა და რას ყიდდა. თურმე თითქმის ყველა მათგანს ძველებური ჭურჭელი და მელქიორის დანა-ჩანგალი ჰქონდა გამოტანილი.
“წიგნებს არ ჰყიდიან?” _ დაინტერესდა მამა.
ბიჭმა თითქოს შეკითხვა ვერ გაიგონაო, ხელი გამომიწოდა:
“დიმა.”
“ნიკა”, _ ვუთხარი მე და მომეჩვენა, რომ დიმამ ჩვენთვის რაღაც უსიამოვნო პასუხს აარიდა თავი.



ადრე ამ ბაღში წიგნებით ვაჭრობდნენ, წიგნებით და თვითმფრინავების სათამაშო მოდელებით... უფრო ადრე კი, მამაჩემის ბავშვობაში, აქ სტალინის უზარმაზარი ძეგლი მდგარა. ძეგლთან გამართული მრავალდღიანი მიტინგის მონაწილეები ზევით, რუსთაველის პროსპექტზე დაუხვრეტიათ წითელარმიელებს.


მოჭრას გადარჩენილ ალვის ხეებს დროდადრო მოვარდნილი სუსხიანი ქარი აჭრიალებდა. სუსტად, მოყვითალოდ, ჩვენი ბინის ნათურასავით ბჟუტავდა რუხი ღრუბლებით დანისლული მზე, სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. მამამ ყურებსა და შუბლზე ჩამომაფხატა დედას მოქსოვილი ორმაგი “ნიკოლსონი”. თვითონ ქუდი არ ეხურა, ხელებიც გაყინული ჰქონდა.
დიმამ ფეხებს შორის ჩადგმული ჩანთიდან არყით სავსე ბრტყელი, მათარასავით ბოთლი დააძრო, თავსახური მოხრახნა, შიგ არაყი ჩაასხა და მამას მიაწოდა _ სანამ აქაურობა ხალხით გაივსება და ცოტათი დათბება, ხომ უნდა გავძლოთო.U
“ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოსო”, თქვა მამამ და დალია.
“იღბლიანი ყოფილიყოს დღევანდელი დღეო”, _ ინატრა დიმამ და ბოთლი მიიყუდა.
კიდევ რამდენჯერმე რომ გადაჰკრეს და ბოთლიც ჩაიცალა, დიმა ალაპარაკდა:
“ფილოლოგობა მამაკაცის საქმე არ არის, თუ მაინცდამაინც ფილოლოგობა ამოიჭრი გულში, ან მდიდარი ოჯახის შვილი უნდა იყო, ანდა ისეთი ვინმე, ყველაფერზე წინ საკუთარ საქმეს რომ დააყენებო...”
“მე არც ერთი ვარ და არც მეორე. კიდევ კარგი, რომ პატარაობიდანვე მიყვარდა ჩხირკედელაობა. უთო გინდა, მაცივარი, ტელევიზორი _ ყველაფრის დაშლა, აწყობა და შეკეთება შემიძლიაო...”
“ოფისი მე არ მჭირდება და ტელეფაქსი, ერთი პატარა მაგიდა მინდა და “პაიალნიკი”; ესენი სულ ჩემი გაკეთებულია, ამეებით ვარჩენ ოჯახსო...”
მიკროსქემები _ ლითონის ფირფიტები, რომლებზეც ძაფივით წვრილი მავთულებით ერთი ციდა ფერად-ფერადი ცილინდრები და კუბები იყო მირჩილული, ქარხანაში აწყობილებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე შინ დამზადებულებს.
“კარგი ხელი გქონია”, _ შეაქო მამამ.
ქალმა ჩაგვიარა ტილოგადაფარებული ფანერით ხელში.
“აი, კიდევ ერთი ჩემნაირი”, _ თქვა დიმამ.
ქალი ახალგაზრდა იყო, ძალიან გამხდარი და ფერმკრთალი. დიდ, მამაკაცურ ქურთუკში ჩაფუთნილი მოკლე, სწრაფი ნაბიჯებით მოძრაობდა.
“ლოგინად ჩავარდნილ ქმარს ინახავს და ორ შვილს. ქიმიკოსია, ადრე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა. ახლა ხაჭაპურებს ჰყიდის, ხან აქ ტრიალებს, ხან დიდ ბაზრობაზე, რკინიგზის სადგურთან...”
“ძვირი არ ჯდება ცხობა? რამდენი უნდა გაყიდოს, ანდა რა ფასად, ყველის ფული რომ ამოიღოს?” _ იკითხა მამამ.
“ყველი არა... ყველს რა უნდა მაგაში? _ მარილწყალში ამოვლებული მაკარონი და იმის ჯანი...” _ გაეცინა დიმას.


მამაჩემი მაშინ წამოვიდა უნივერსიტეტიდან, როცა სტუდენტებმა აუდიტორიები მიატოვეს და ქუჩებში გამოვიდნენ ეროვნული დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად. ერთხანს რომელიღაც კერძო სკოლაში იმასწავლებლა. სკოლა რომ დაიხურა, გაზეთში დაიწყო მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ გაზეთი პოლიტიკური იყო, მამაჩემს ერთი სტრიქონიც არ დაუწერია პოლიტიკის შესახებ. ის წერდა პატარ-პატარა, მოწოდებების მსგავს წერილებს. დაახლოებით ასეთებს: “თუ გსურთ, ღირსეულად გადაიტანოთ გაჭირვება, არ გაგაცოფოთ უპურობამ, უშუქობამ და სიცივემ _ იკითხეთ! თქვენ მიგატოვათ მუსიკამ, თეატრმა, კინომ, არ მიუტოვებიხართ მხოლოდ წიგნს, ლიტერატურას!”...
წელიწადნახევრის წინ გაზეთის გამოცემა შეწყდა და მას შემდეგ მამაჩემი უმუშევარია. თავიდან ყოჩაღად იყო, ცოტათი უხაროდა კიდეც, როგორც იქნა, პროფესიონალი მწერლის ცხოვრება დამაწყებინა განგებამო. იმედი ჰქონდა, რომ გამოთავისუფლებულ დროში ბევრი მოთხრობის დაწერას მოახერხებდა და ჰონორარით ჩვენს გამოკვებას შეძლებდა...
ასე არ მოხდა. მოთხრობა და ლექსი _ მარტო მისი კი არა, სხვებისაც, არავის დასჭირდა. დედამ ჯერ საყურე გაყიდა, მერე ბეჭედი, მერე ბებოს ნაქონი ქურქი, რომლის ჯიბეებშიც ნაფტალინით სავეს პარკუჭები ეწყო ხოლმე ზაფხულობით...


“ჭიების წამალს დავეძებ სანჩოსათვის, აქ მომასწავლეს”. _ უთხრა მამაჩემს დაბალმა, ტყავისკეპიანმა კაცმა, რომელმაც, დიმასი არ იყოს, ოდნავადაც არ გაიკვირვა ჩვენი ბაზრობაზე დგომა. კაცს იდაყვებზე საკერებელდადებული, მოკლე პალტო ეცვა და ხის მუნდტუკში ჩამაგრებულ უფილტრო, მყრალ სიგარეტს ეწეოდა.
სანჩო _ მხიარული, ოქროსფერყურებიანი სპანიელი მაშინვე გამახსენდა. კაცი კი, მამას უფროსი მეგობარი, რომელთანაც ერთ დროს ხშირად დავდიოდით სტუმრად, ძლივს ვიცანი _ მაგარი გამხდარი და მობერებული იყო.
“დეკარისი იქ ჰქონდათ გუშინ”, _ ბაღის სიღრმისკენ გაიშვირა ხელი დიმამ.
კაცმა მადლობა გადაუხადა და კორტასარის მოთხრობებს დასწვდა.
“კაი კრებულია...”
“თარგმანსაც არა უშავს...” _ დაეთანხმა მამა.
“ფილმი ვნახე ერთი-ორი წლის წინ, “მდევრის” მიხედვით იყო გადაღებული... ჩარლი პარკერი კალათბურთელს უფრო ჰგავდა, ვიდრე საქსაფონისტს... NBA-ს ვარსკვლავს...” _ თქვა დიმამ.
“წიგნების გაფუჭების უდიდესი სპეციალისტები არიან რეჟისორები”, _ გაიღიმა კაცმა.
“ფორმანის გარდა”, _ დააზუსტა მამაჩემმა.
კაცმა თავი დაუქნია, სწორი ხარო.
“მაგის ავტობიოგრაფიული პროზა წავიკითხე ახლახანს... მშვენივრად წერს”, _ დაამატა ცოტა ხნის შემდეგ.
“ალბათ მაგიტომაცაა, სხვის ნაწერებს რომ უფრთხილდება”, _ თქვა მამამ.
მშვენიერი კრებულიაო, გაიმეორა ტყავისკეპიანმა კაცმა და წიგნის დასადებად დაიხარა, მაგრამ მამამ მაჯაზე წაავლო ხელი, არ დაადებინა, გჩუქნიო, _ უთხრა.
კაცმა ჯერ იუარა, ხომ არ გაგიჟებულხარო, მაგრამ ვერაფერი გააწყო...
წამოწითლებული და უხერხულად გაღიმებული დაგვემშვიდობა.
“ეგრე არაფერი არ გამოვა... თქვენ აქ სავაჭროდ ხართ მოსულები თუU საჩუქრების დასარიგებლად?!” _ გვისაყვედურა დიმამ.
“იცი, რა მწერალია?!” _ უთხრა მამამ.
დიმამ მხრები აიჩეჩა, არ ვიციო, და უცებ შუბლზე მიიკაკუნა საჩვენებელი თითი:
“რიმ ლაპარაკობდა, სულ ვიხსენებდი, საიდან მეცნობა-მეთქი. ჩემ მეზობელთან იყო ამასწინათ, მაშინაც ეგ ლატკებიანი პალტო ეცვა _ პიანინოებს აწყობს...”


ტყუილად გვისაყვედურა დიმამ _ ბაზრობის ვერცერთ გამოცდილ გამყიდველს ვერ გაუმართლებდა ისე, როგორც ჩვენ _ დღის სამ საათზე ყველა წიგნი უკვე გაყიდული გვქონდა.
ჯერ ვიღაც ბიჭები მოგვადგნენ, ლუდს წრუპავდნენ ქილებიდან. “საქონელი” შეგვიქეს, გვკითხეს, ახალი “ინოსტრანკები” ხომ არა გაქვთო. არაო, რომ ვუთხარით, იწუწუნეს, ინტელექტუალურ ვაკუუმში გვამყოფებენო, ქილები გამოცალეს და წავიდნენ.
მათი წასვლა და დიდჩანთიანი, გაურკვეველი ასაკის კბილებშემეჩხერებული ტიპის მოსვლა ერთი იყო. ყველა წიგნი იყიდა. თანაც შეუვაჭრებლად. ამან ეჭვები აღუძრა დიმას, ნაღდად სტაჟიანი წიგნის “ბარიგაა” და იცის, ჩალის ფასად რომ უვარდება ხელში ძვირადღირებული ეგზემპლარებიო...
მამამ დაამშვიდა იგი და სახინკლეში დაპატიჟა. ბიჭმა თავი მოიკლა და არ წამოგვყვა. ფულის შეთავაზება ვერ გავუბედეთ, ვიცოდით _ ეწყინებოდა, არადა, კაციშვილი არ გაკარებია იმ დღეს მის მიკროსქემებს...


მტკვრის სანაპიროზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან ახლოს გახსნილ სახინკლეში ჩავედით. სახინკლეს ფიროსმანის წაბაძვით დახატული აბრა “ამშვენებდა”. სარდაფში თბილოდა. იმის გამო, რომ ერთი ბეწო, გისოსებიან ფანჯრებში დღის სინათლე თითქმის ვერ აღწევდა, კედლებზე ჩამოკიდებული ნავთის ლამპები უკვე აენთოთ. ოთხი თუ ხუთი მაგიდიდან მარტო ერთი იყო დაკავებული. ვიღაცეები არაყს სვამდნენ და ლუდსა და ხინკალს აყოლებდნენ _ იმ კაცებს ჰგავდნენ, რევოლუციებისა და ომების დროს რომ მომრავლდნენ ქალაქში _ წვერ-ულვაშებში ჩამსხდრები, თვალების მოუსვენრად მაცეცებლები, ვიწროშუბლიანები...
ჩვენც ხინკალი ავიღეთ, ოცი ცალი, ერთი კათხა ლუდი და ერთი ბოთლი “კოკა-კოლა”...
ის იყო, ჭამას უნდა შევდგომოდით, რომ ხელებს მოვკარით თვალი, ფანჯრის გისოსებში შემოყოფილ, პატარა, დაწითლებულ ხელებს...
“ძია, ცოტა ხინკალი მოგვეცი რა, ცოტა ხინკალი...” _ ერთდროულად ითხოვდა რამდენიმე ხმა.
“გაატრაკეს საქმე... არ დაგაცლიან პურისჭამას!..” _ ამოიღრინეს არყის მსმელებმა.
სანამ მებუფეტე გაბრაზებული მუშტრების გული მოსაგებად საბელახსნილი ქოფაკივით გამოძუნძულდებოდა დახლიდან, მამამ ხინკლებით სავსე მათლაფას დაავლო ხელი და გარეთ ავიდა. უკან, რა თქმა უნდა, ხელცარიელი ჩამობრუნდა და ხაზგასმულად ხმამაღალა მითხრა, წავიდეთ აქედანო...
მებუფეტე კიბესთაბ გადაგვეღობა.
“თეფშის ფულს ვინ გადამიხდის?!” _ იყვირა მან.
ყველაფერს მოველოდი მამაჩემისგან _ ფულის გადახდას, ახსნა-განმარტების წამოწყებას, მობოდიშებასაც კი, მაგრამ მოულოდნელად მან მუშტი მიუტანა ცხვირთან გადიდგულებულ კაცს და წყნარად უთხრა:
“აი, ეს...”
იქაურობას სანამ ერთი კვარტლით გავშორდებოდით, გული ამოვარდნაზე მქონდა. სიტუაცია რომ დაიძაბა, მე ხომ ქამარში გარჭობილი “ტეტე” დავუნახე ერთ-ერთ არყის მსმელს...


ბაზარში გავიარეთ, რაც საყიდელი გვქონდა, ყველაფერი ვიყიდეთ. ნავთის ფული ცალკე გადავინახეთ. შინ მისულებს დედამ ხახვთან ერთად შემწვარი კარტოფილი დაგვახვედრა. მამამ სწრაფად მოათავა თავისი წილი და სამზარეულოდან გავიდა. ჩავიწერ რაღაცეებს, საინტერესო დღე გადავაგორეთ დღეს მე და შენმა შვილმაო, _ უთხრა დედას.
რა ჩაიწერა მამამ იმ საღამოს თავის სქელ ბლოკნოტში, არ ვიცი. მე კი დაწვრილებით მოვუყევი დედაჩემს ყველაფერი... შევაქე დიმა _ კეთილი ბიჭია, ადგილიI დაგვითმო-მეთქი. ის შეკითხვაც გავიხსენე, მამამ რომ დაუსვა დიმას, როცა იგი ბაზრობაზე მოვაჭრე პროფესორებზე გველაპარაკებოდა. რატომ არ უპასუხა-მეთქი, ვკითხე დედას. მას ცრემლები მოადგა თვალებზე და ხანმოკლე დუმილის შემდეგ მითხრა: “ჩვენნაირ ხალხს წიგნები მაშინ გააქვს სახლიდან, როცა გასაყიდი აღარაფერი რჩებათ... ცოდნია იმ ბიჭს ეს და გული არ გატკინათო”. ახლა უკვე ჩემი ჯერი დადგა რაღაცეების მიხვედრისა...
განა მამამ დიმაზე უკეთესად არ იცოდა, წიგნების გარდა აღარაფერი რომ აღარ გვქონდა გასაყიდი? იცოდა, როგორ არა, მაგრამ ვერ გრძნობდა, რომ წიგნების გასაყიდად წასვლა ძალიან სახიფათო ზღვართან მიახლოებას ნიშნავდა, ზღვართან, რომლის მიღმა რაღაც საშინელება ელოდა. ხმამაღლა რომ იკითხა, _ “წიგნებს არ ჰყიდიან?” და პასუხი რომ ვერ მიიღო მის მიმართ აღძრული სიბრალულის გამო, მხოლოდ მაშინ იგრძნო, უფსკრულის თავზე რომ ქანაობდა. იგრძნო და მეორე სუნთქვა გაეხსნა, იმ ალპინისტს დაემსგავსა, რომელიც მოცურების შემდეგ ტანის აზიდვას ცდილობს სანუკვარ შვერილამდე... საშიში კაცებით ზურგგამაგრებული მებუფეტესთვის მუშტის მოღერება ამის მაჩვენებელი იყო... ამაში მარწმუნებდა მისი წეღანდელი საქციელიც _ “რაღაცეების” ჩასაწერად სამზარეულოდან გასვლა, ადრე ის დაღლილობას მოიმიზეზებდა და ტახტზე მიწვებოდა, პირით კედლისაკენ. დედაჩემისთვის ნათქვამ ფრაზაში _ “საინტერესო დღე გადავაგორეთ დღეს მე და შენმა შვილმაო”... ყველაზე მთავარი სიტყვა იყო _ “გადავაგორეთ”... მამამ ჩემთან ერთად ძალიან მძიმე და ძნელი რაღაც გადააგორა. მოკლედ, გაამართლა წიგნების გასაყიდად წასვლამ...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Fri Feb 11, 2011 7:39 pm

ბუკინისტები
(ჟურნალ "ლიბერალისთვის)

გარევაჭრობის შესახებ დღეს ბევრს ლაპარაკობენ. განსაკუთრებით წიგნით მოვაჭრეებსა და მათ გულშემატკივრებს აფორიაქებთ ადგილის შეცვლა. ეს ალბათ ბუნებრივიცაა _ ადამიანები თავისი ბუნებით კონსერვატიულები არიან და ყოველგვარ სიახლეს ეჭვის თვალით უყურებენ, ფრთხილობენ, აშინებთ გაურკვევლობა. თუმცა ამ შემთხვევაში წიგნის მოვაჭრეების მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახიფათო.
მოდი, დავიწყოთ იმით, რომ ჩვენს ქალაქში საერთოდ არსებობს პარკებსა და ბაღებში ვაჭრობის ტრადიცია. წლების წინ, ჯერ კიდევ “პერესტროიკის” დროს, ბუკინისტები ვერის პარკში იდგნენ, მერე, 90-იან წლებში, მშრალ ხიდთან გადაინაცვლეს, სწორედ იქ, სადაც დღეს სთავაზობენ წიგნების გაყიდვას. ოღონდ მაშინ არც პარკები იყო კეთილმოწყობილი, არც სტელაჟები ჰქონდათ და არც ძელსკამები, გამყიდველებს მიწაზე გაშლილ ცელოფანებზე ელაგათ წიგნები და სახლებიდან ტაბურეტები მოჰქონდათ, რომ მთელი დღე ფეხზე არ ჩამომწყდარიყვნენ. მინდა, გავახსენო იმათ, ვინც მაშინ მშრალ ხიდზე დადიოდა წიგნების საყიდლად, რომ ბაღი ყოველთვის სავსე იყო ხალხით. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ დღეს წიგნით მოვაჭრეებს აშინებთ, დედაენის ბაღში მყიდველი მოგვაკლდებაო. რასაკვირველია, რუსთაველსა და კოსტავას ქუჩაზე გაცილებით მეტი გამვლელია, მაგრამ მოდი, გულწრფელად ვთქვათ _ ამ გამვლელებიდან რამდენია წიგნის მყიდველი? ბუკინისტებს ყველაზე უკეთ მოეხსენებათ, რომ წიგნის მოყვარულები განსხვავებული ადამიანები არიან. ისინი დაუზარლად დადიან ყველგან, სადაც წიგნი ეგულებათ. თან არა მგონია, ორბელიანთუბანი – თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ყველაზე ძველი უბანი წიგნით ვაჭრობისთვი ცუდი იყოს. თუკი ბუკინისტები ქალაქის ცენტრში, დედაენის ძეგლის გარშემო მოიყრიან თავს, ესეც ხომ სიმბოლური იქნება.
ზოგი იმასაც ამბობს, სანაპიროზე ქარია და ნესტიო. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბუკინისტები, მოგეხსენებათ, სენის ნაპირას ვაჭრობენ და არა მგონია, კლიმატური პირობები იქ ვინმეს ხელს უშლიდეს მუშაობაში.
მინდა, ყველას ვუთხრა, ვინც ამ საკითხით არის დაინტერესებული _ ჩაბრძანდნენ დედაენის ბაღში და ნახონ, რას სთავაზობს ქალაქის ხელისუფლება წიგნით მოვაჭრეებს. ნახონ დაჩრდილულ, ქვით მოკირწყლულ, ძალიან ლამაზ სანაპიროზე ჩამწკრივებული სტელაჟები და ძელსკამები, და მე მგონი, დამეთანხმებიან, რომ აქ გაცილებით უკეთესი პირობებია შექმნილი ბუკინისტებისთვისაც და წიგნის მყიდველებისთვისაც. ეგეც არ იყოს, ეს პერსპექტიული ადგილია, ბაღის მეორე მხარეს მხატვრები ჰყიდიან თავიანთ ნამუშევრებს, დროთა განმავლობაში აქაურობა იქცევა ერთგვარ ცენტრად ხელოვნების მოყვარულთათვის. როგორც ვიცი, მერიას ადგილის რეკლამირებაც აქვს დაგეგმილი ადამიანების მოსაზიდად.
მოდი, კიდევ ერთხელ გავიაროთ დედაენის ბაღში, დავრწმუნდეთ, რომ ბუკინისტებისთვის შეთავაზებული ადგილი კარგია და ნუ შეგვეშინდება სიახლის.

study



Last edited by Admin on Thu Nov 03, 2011 9:43 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Fri Feb 11, 2011 7:41 pm

ზაალ სამადაშვილი

ფეხსაცმელების საყიდლად წასვლა

დედამ რომ გამაღვიძა და მითხრა, დროზე ადექი, უნდა წავიდეთო, ამერიკულ კინოსავით მაგარ სიზმარს მოვწყდი, _ ვითომ იალქნებდაბერილი გემის საჭესთან ვიდექი, მხარზე დიდი მოლაპარაკე თუთიყუში მეჯდა და მოწინააღმდეგის ფრეგატს სააბორდაჟოდ ვუახლოვდებოდი. “კაპიტანი ბლადის ოდისეა” ახალი წაკითხული მქონდა და ცხადშიც არაბელა ბიშოპი და კორსარები მაბოდებდა.
წამოვჯექი და ჩაცმა დავიწყე. Aარ მიბუზღუნია, კვირადღეს მაინც მაცალეთ ძილი-თქო. სიზმრის გავლენის ქვეშ ვიმყოფებოდი და ფლიბუსტიერთა ხომალდის მესაჭე კაცი ჩვეულებრივი მეშვიდეკლასელივით ხომ არ მოვიქცეოდი. თუმცა, ჩაცმას რომ მოვრჩი და გემბანიდან ჩვენ პატარა ბინაში გადმოვინაცვლე, ვიკითხე, რა მოხდა, სად მივდივართ-მეთქი. Dდედამ ტუჩებთან მიიტანა თითი, ჩუმად ილაპარაკეო და ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით მითხრა, ბაზრობაზე ვართ წასასვლელები, მამას ფეხსაცმელები უნდა ვუყიდოთო.
აღმოჩნდა რომ გამთენიისას, მორიგეობიდან, კარგი ამბით დაბრუნებულა მამა და დაძინებამდე უთქვამს, შეიძლება, სხვაგან გადავიდე სამუშაოდ, ჩემ ცოდნასა და გამოცდილებას რომ შეეფერება, ისეთ ადგილასო.
მამაჩემი ერთხანს უმუშევარი იყო. თავის დროზე კარგ ფიზიკოსად ითვლებოდა, მაგრამ ლაბორატორიის გაუქმების შემდეგ, სადაც ის ურთულეს ექსპერიმენტებს ატარებდა, ახალი სამსახურის პოვნა ძალიან გაუჭირდა. ბევრი ეძება თუ ცოტა, მორიგე ელექტრიკოსოს ადგილს მიაგნო ერთ-ერთ საგარეუბნო ქვესადგურში. წუთითაც არ უყოყმანია, ისე შეუდგა მუშაობას. სად იყო დაფიქრების, აწონდაწონის და არჩევის დრო. ომებით გაპარტახებულ და დაუძლურებულ ქვეყანას მეცნიერებისთვის ხარჯის გაწევა აღარ შეეძლო. ცუდი დრო იდგა, ელექტროენერგია დღეში ორი-სამი საათით მიეწოდებოდა მოსახლეობას. გამწარებული ხალხი ხან ქუჩებს კეტავდა ცეცხლმოკიდებული საბურავებით და ხან ქვესადგურებში მირბოდა იქ მომუშავე ადამიანებთან საჩხუბრად. ასე რომ, ღამეების ტეხვის გარდა, სხვა სიძნელეებიც ახლდა მამაჩემის სამსახურს.
ღამეების ტეხვა აღარ მოუწევს და მეც ჩემი არ დამემართება მის დაბრუნებამდეო, თქვა დედამ. რომელიღაც კერძო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლობა შეეთავაზებინათ მამასთვის, ოღონდ ჯერ დირექტორს უნდა შეხვედროდა და კარგი შთაბეჭდილება მოეხდინა მასზე. Kკარგი შთაბეჭდილების მოხდენა კი გაჭირდებოდა, თუ მამა ცუდად ჩაცმული გამოცხადდებაოდა შეხვედრაზე.
შარვალი გაირეცხება და დაუთოვდება, ჯემპრი ამოიკემსება, გაცრეცილი პერანგისა _ საყელო გამოჩნდება მხოლოდ; ერთადერთი, რასაც ვერაფერს ვუშველით, ფეხსაცმელებია… ცალს ლანჩა აქვს არღვეული, ცალს _ პირი გადამსკდარი, ახლების ყიდვაა საჭიროო, ამიხსნა დედამ.
თან ჩაის ვხვრეპდი, თან ვფიქრობდი, როგორ უნდა გვეყიდა ფეხსაცმელები, თუნდაც ძალიან უბრალოები, როცა მათ შორის ყველაზე იაფი, სულ ცოტა, ათი დოლარი ღირდა. ათ დოლარად კი, როგორც მშობლებისგან ვიცოდი, კვირიდან კვირამდე გაგვქონდა თავი, შვიდი დღის სამყოფ სურსათ-სანოვაგეს ვყიდულობდით.
გარეთ რომ გამოვედით, მერე შევიტყე, როგორ უნდა განგვეხორციელებინა ეს განზრახვა. სახლს გამოვცდით და ოღროჩოღრო, შემოდგომის წვიმებით ატალახებულ ქუჩას დავადექით, დედამ ხელჩანთა გახსნა, პატარა, მოწითალო ყუთი ამოიღო და მითხრა, ამ ყუთში ოქროს მედალია, სკოლა ხუთებზე რომ დავამთავრე, იმის ჯილდო; მედალს გავყიდით და აღებული ფულით ფეხსაცმელებს ვიყიდითო. პირობაც ჩამომართვა, მედლის გაყიდვის ამბავი მამამ არ უნდა გაიგოს, თორემ მაგრად წაგვეჩხუბება და ფეხსაცმელებს უკან დაგვაბრუნებინებსო…

* * *
შორს რომ არ ვყოფილიყავით წასასვლელები და იქ, ბაზრობაზეც ბევრი რომ არ გვქონოდა სასიარულო, გზას ფეხით გავაგრძელებდით. დედას დახურული სივრცის ეშინოდა და მეტროთი მგზავრობა მოკლე მანძილზეც კი, მისთვის ტანჯვის ტოლფასი იყო. თანაც, მეტრო ისე იყო გადატვირთული, სადგურებზე იმდენი ხალხი გროვდებოდა უწესრიგოდ მოძრავი მატარებლების მოლოდინში, რომ ძალიან ენერგიული და ყოჩაღი მოქალაქეების გარდა, სხვებს, შედარებით მორიდებულებს, სამი-ოთხი შემადგენლობის გაშვება უწევდათ ვაგონში შეღწევამდე. იმის გამო, რომ მუჯლუგუნებით გზის გაკვლევა არ შეგვეძლო, ნახევარ საათზე მეტ ხანს ვიდექით გაჭედილ, აქოთქოთებულ ბაქანზე. მატარებელშიც სადღაც კუთხეში ვიყავით მიჭუჭკნულები. აქაც ფხის გამოჩენა იყო საჭირო, კარიდან შორს რომ არ აღმოჩენილიყავი და სასურველ გაჩერებაზე მოგეხერხებინა ჩასვლა. “ვაგზლის მოედანზე” ბევრნი ჩადიოდნენ და ხალხის ტალღამ ჩვენც გამოგვიყვანა გარეთ. ხელი ხელს გვქონდა ჩაკიდებული, ერთმანეთი რომ არ დაგვეკარგა, ღრმად ვსუნთქავდით, თითქოს წყლიდან ამოგვეყვინთოს. Eესკალატორზე რომ შევდექით, დედამ ქურთუკი დამითვალიერა, ღილი ხომ არ აწყდაო…
ხალვათობა არც მოედანზე დაგვხვედრია. მეტროს სადგურის გასწვრივ, ე.წ. “გადასასვლელ ხიდამდე” ფულის გადამხურდავებლები იდგნენ ჯგუფ-ჯგუფად და მათ შორის გავლა კვლავ ხელიხელჩაჭიდებულებს მოგვიწია. რამდენიმა წლის წინათ აქაურობა მართლა მოედანს ჰგავდა, ახლა კი, ყველაფერი იყო მოედნის გარდა. თავისუფალი სივრცე, რომელიც რკინიგზის სადგურსა და კომუნისტების დროს აშენებულ ხუთსართულიან სახლს შორის იყო, აღარ არსებობდა. ის თითქმის მთლიანად ეკავა არმატურისა და თუნუქის ფურცლებისგან შეკოწიწებულ ათეულობით ჯიხურს…

* * *
რა უბადრუკი ჯიხურებიც ედგათ, საქონელსაც ისეთივეს ჰყიდდნენ მათი მფლობელები, უმეტესად, შუახნის წვერგაუპარსავი, მონჯღრეული კაცები და იმავე ასაკის ბრაზიანი, შუბლზე ხილაბანდწაკრული ქალები. თამბაქო და სასმელი იყო დიდ გასავალში. საყოველთაო გაჭირვება სუფევდა და არავინ დაგიდევდა ან ერთის, ან მეორის მდარეზე მდარე ხარისხს. არაყს და კონიაკად წოდებულ მოყავისფრო სითხეს სარდაფებსა და სააბაზანო ოთახებში მოწყობილ არალეგალურ “საამქროებში” ამზადებდნენ. უფილტრო სიგარეტები კი, ცალობითა და კოლოფებით, დარბევებს გადარჩენილი, ვადაგასულ ნედლეულზე მომუშავე თამბაქოს ფაბრიკებიდან გამოჰქონდათ. სიგარეტ “ასტრას” და არაყ “საშას” გარდა სხვა რამეებიც იყიდებოდა – გამჭვირვალე, ჭრაჭუნა ქაღალდში შეფუთული თურქული ტკბილეულით დაწყებული, ირანული წარმოების ნავთქურებით დამთავრებული. და რაც ყველაზე მთავარი იყო ჩვენთვის, აქ არამარტო ჰყიდდნენ, არამედ ყიდულობდნენ კიდეც; ყიდულობდნენ ყველაფერს, ვისაც რისი შეთავაზება შეეძლო, ვისაც რა ჰქონდა შემორჩენილი გასაყიდად…
კარგა ხანს ვიარეთ ჯიხურებს შორის. ვერ გადაგვეწყვიტა, ვის მივდგომოდით მედლის საჩვენებლად, ერთიმეორეზე პირქუშები ჩანდნენ მოვაჭრეები, ვერც ერთზე ვერ მიგვდიოდა გული. Bბოლოს დედამ თქვა, მივიდეთ რომელიმესთან, ხომ არ შეგვჭამს, გვეტყვის უარს და გვითხრასო. ერთხელ კიდევ ავიარ-ჩავიარეთ რომელიღაც უსწორმასწორო რიგში და იმ იმედით, რომ მსუქნები შედარებით კეთილები არიან, ფანელის პერანგიან სქელ კაცს დავადგით თვალი. მან კეფის ქექვით მოუსმინა დედას, რომელმაც ბოდიშების მოხდით რის ვაი-ვაგლახით უთხრა, ოქროს ნაკეთობას ხომ არ შეიძენთო და ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ხრინწიანი ხმით ამოღერღა, მაჩვენეთ ერთი, რა გაქვთო… დედამ უმალ გაუწოდა ყუთი. კაცმა პერანგის ჯიბიდან სათვალე ამოიღო, ცხვირზე მოირგო და ჯერ ყუთი შეათვალიერა, მერე მასში მოთავსებული ნივთი. ყუთს შიგნიდან თეთრი ატლასი ჰქონდა გამოკრული, მედალზე კი გადაშლილი წიგნი და მოგიზგიზე ლამპარი იყო ამოტვიფრული. თვალიერებას რომ მორჩა, მედალი ხელის გულზე დაიდო, შეათამაშა, თითქოს აწონა და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი. ამჯერად ხანმოკლე პაუზის შემდეგ თქვა, ოქრო დაბალი სინჯისაა, თანაც სუფთა არ არის, სპილენძის მინარევი აქვსო. ამდენი რამე ასე იოლად, ხელით და თვალით როგორ დაადგინა-მეთქი. რას ბრძანებთო, გაიოცა დედამაც. თუ არ გჯერათ, ცოტას გავქლიბავ და დარწმუნდებით, რომ მხოლოდ ზედა ფენაა ოქროსი, ქვეშ კი სპილენძია, ჩვეულებრივი სპილენძიო, სათვალე მოიხსნა კაცმე. Dდედა შეყოყმანდა, გამომხედა, გავაქლიბინოთ თუ არაო. უარის ნიშნად ოდნავ, სულ ოდნავ გავუქნიე თავი და ჟაკეტის კალთაზე დავქაჩე, წავიდეთ-მეთქი…
ვიარეთ, ვირეთ და კიდევ ერთ მეჯიხურეს მივადექით. ამჯერად უფრო ასაკოვანს – მხრებში მოხრილ, ჭაღარა წვერით ყბებდაეკლილ ბერიკაცს. ბერიკაცმა სათვალე არ იკმარა, მედალი ლითონისტარიანი მოზრდილი ლუპით გასინჯა და იგივე თქვა, მინარევებიანი, დაბალი ხარისხის ოქროაო. ცოტა არ იყოს, ეჭვი შემეპარა ნივთის ვარგისიანობაში; მე მგონი დედასაც, რადგან წეღანდელივით კი არ გაიკვირვა, პირდაპირ, მიუკიბ-მოუკიბავად ჰკითხა, იქნებ მითხრათ, რამდენად გაიყიდებაო. გააჩნია, ვინ იყიდისო, უპასუხა კაცმა და რომ შეატყო, ვერ მიმიხვდნენო, განმარტა, ვისაც ძველი ჯილდოები აინტერესებს, მეტს მოგცემთ, ვისაც ძვირფასი ლითონი – ნაკლებსო. მეტი რამდენია და ნაკლები რამდენიო, ბოლომდე ჩაეძია დედა. მეტი – თხუთმეტი დოლარი აღმოჩნდა, ნაკლები – ათი…
გვეცოტავა რომელია, ლამის დაგვენანა მედლის გაყიდვა. როგორც ყველა ღარიბს, ჩვენც ძალიან ძვირი გვეგონა რაც გვებადა, იმის გასასხვისებლად გამეტებული ნაწილი. მეჯიხურეებიც იტყუებოდნენ, შესაძლოა ცოტათი, მაგრამ მაინც იტყუებოდნენ. ვხვდებოდით ამას, მაგრამ არც ის იყო ძნელი მისახვედრი, რომ თუ მედალს ვერ შეველეოდით, ცოტათი მაინც თუ არ მოვტყუვდებოდით – მამას ფეხსაცმელებს ვერ ვუყიდდით…
იმ იმედით, რომ სადმე ძველი ჯილდოების მოყვარულს გადავაწყდებოდით, გზის გაგრძელება გადავწყვიტეთ. ორიოდ ნაბიჯიც არ გვქონდა გადადგმული, ბერიკაცის ხმა რომ დაგვეწია, სად მირბიხართო…


* * *
მედალი მივეცით და ფული მივითვალეთ. თანხის ნაწილი ათდოლარიანით, მეორე ნაწილი კი რუსული რუბლებით გადაგვიხადა. რუბლების მაგივრად კუპონების მოცემა უნდოდა, მაგრამ უარი ვუთხარით. ახლადშემოღებული ფულის ეს ერთეული ელვის სისწრაფით უფასურდებოდა – ერთ დღეს პურს რომ იყიდდი, მეორე დღეს, შეიძლება, ასანთიც არ მოგსვლოდა იმ ფასად.
როგორც შევატყე, გაუჭირდა დედას მედალთან გამოთხოვება. ჯერ იყო და თვალი ვერ მოაშორა წითელ ყუთს, მერე, ფულს რომ ინახავდა ჩანთაში, ხელები აუკანკალდა. კვლავ ავაჩქარე, მკლავზე შევეხე და ახლა საით წავიდეთ-მეთქი, ვკითხე.
თამარ მეფის გამზირისკენ წავედით, გამზირიდან თევდორე მღვდლის ქუჩაზე გავუხვიეთ, დეზერტირების ბაზარს ჩავუარეთ ზედა მხრიდან და “დინამოს” სტადიონთან არმისულები, ყოფილ ტრამვაი-ტროლეიბუსების პარკთან შევდექით. გაუქმებული პარკის ტერიტორიაზე, დაცარიელებული დეპოების ჭერქვეშ ქალაქის ყველაზე დიდი და ხალხმრავალი ბაზრობა ფუთფუთებდა; თბილისის ღარიბი და არამხოლოდ ღარიბი მოსახლეობა აქ დადიოდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაძენად…
აქაც რიგები იყო, ოღონდ ჯიხურების კი არა, დახლების; ერთმანეთის პარალელური, გრძელი, ვიწრო გასასვლელებით, ისეთი ვიწროებით, რომ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავ ადამიანებს გვერდის აქცევა უჭირდათ…
დედამ თქვა, მამას გაღვიძებამდე რომ დავბრუნდეთ შინ, აჯობებსო. ამიტომ ბევრი არ გვივლია, სიღრმეში აღარ შევსულვართ, იქვე, შესასვლელთან ახლოს დავუწყეთ თვალიერება დახლებზე გამოწყობილ ფეხსაცმელებს. ვიცოდით, რომ მამას მრგვალცხვირიანები მოსწონდა სქელ ძირზე, გვაწყობდა კიდეც ასეთების ყიდვა, ზამთარი მოდიოდა და თხელძირიანები არც გამოადგებოდა თოვლსა და ჭყაპში…
ჩვენი ვარაუდი, რომ ათ დოლარად გამძლე, მეტნაკლებად გამძლე ფეხსაცმელებს შევიძენდით, არ გამართლდა. ისეთებს, ოდნავ მაინც რომ შეიხედებოდა, თხუთმეტ დოლარს აფასებდნენ და თუ შეევაჭრებოდი, ერთ ან ორ დოლარს დაგიკლებდნენ. Mმეტი როგორ დავაკლოო, გვითხრა გამყიდველმა, სხარტმა, ენაწყლიანმა კაცმა და ჩვენი შეგულებული ფეხსაცმელი რამდენჯერმე მოხარა, ლამის შუაზე გაკეცა და გაშალა, ნამდვილ კაუჩუკის ძირზეა, არ გადასკდება, პირი დერმატინის კი არა, ტყავის აქვსო. ბოლო ფასიო, ჰკითხა დედამ. შეგვატყო კაცმა მყიდველები რომ ვიყავით, ინგლისური წარწერებით აჭრელებულ ცელოფნის პარკში ჩააწყო ფეხსაცმელები, დახლს ზემოდან გადმოგვაწოდა და მხოლოდ ამის მერე გვითხრა, ცამეტი დოლარი, ან ცამეტი ათასი რუსული რუბლიო. ერთი დოლარი ათასი რუბლი ღირდა…
ბაზრობა ზედა გასასვლელიდან დავტოვეთ. გახარებულები მივაბიჯებდით და ლაპარაკს არ ვაცლიდით ერთმანეთს. დედა ამბობდა, გაგვიმართლა, მედალიც გავყიდეთ, ფეხსაცმელებიც ვიყიდეთ და ცოტა ფულიც დაგვრჩა, შეიძლება, მთელი დღე გვევლო, ვერც ერთი მოგვეხერხებინა და ვერც მეორეო. მე ვეუბნებოდი, ნახე, როგორი პარკი გამოგვატანა იმ კაცმა, მარტო პარკი ეღირება ორასი-სამასი რუბლი მეთქი. უცხოური პარკები იშვიათობა იყო მაშინ, ქალები ლამის ჩანთების მაგივრად იყენებდნენ და სანამ არ გაიცრიცებოდა და არ დაიხეოდა, ვერ ელეოდნენ...

* * *
მატარებელი გვირაბში რომ გაჩერდა, მეტროს სადგურ “თავისუფლების მოედანს” გამოცდენილები ვიყავით. ძაბვის ვარდნის გამო ხშირად ხდებოდა ასე, ვაგონის განათება ბჟუტვას იწყებდა, შემადგენლობა ბორბლების ღრჭიალით სვლას ანელებდა და რამდენიმე შემანჯღრეველი ბიძგის შემდეგ მოძრაობას წყვეტდა, თუმცა, მოიმატებდა თუ არა ძაბვა, მატარებელი გზას განაგრძობდა. Nნუ ნერვიულობ, მალე დაიძრება-მეთქი, ვამშვიდებდი დედას, რომელიც ისე იყო აფორიაქებული, რომ არაფრად აგდებდა მგზავრების ბუზღუნს და მოურიდებლად, ჯიქურ მიიწევდა კარისკენ, რათა მასთან ახლოს დგომით ოდნავ მაინც დაეძლია გვირაბში გაჭედვით გამძაფრებული დახურული სივრცის შიში. ძაბვამ მოიმატა კი არა, კიდევ უფრო დაიკლო და ბოლოს სულ დაეცა. შუქი ჩაქრა, წყვდიადმა დაისადგურა ყველა ვაგონში... ოღონდ რამდენიმე წამით, რადგან ვიღაცამ ასანთს გაჰკრა, ვიღაცამ სანთებელა გააჩხაკუნა. უფრო წინდახედულებიც აღმოჩნდნენ, შინიდან ჯიბის ფარნები რომ ჰქონდათ წამოღებული. დედამ მაგრად მომიჭირა ხელი, არ შეგეშინდესო. არა-მეთქი, ვუთხარი. მართლა არ მეშინოდა, იმაზე ვდარდობდი, დედა არ გამხდარიყო ცუდად. სუნთქვა ჭირდა, კარები მაინც გააღონო, წამოიძახეს აქა-იქ...
Mმემანქანეებმა თითქოს მათი ხმა გაიგონესო, ერთდროულად ორივე მხარეს გააღეს ყველა კარი. ვიღაცამ თქვა, ავლაბრის სადგური აქვეა, ორას-სამას მეტრშიო...
იმ მგზავრებს, შორის, ვინც ლოდინს გზის ფეხით გაგრძელება არჩია, ჩვენც ვიყავით. მათთან ერთად ჩვენც ჩამოვედით მატარებლიდან და გავყევით გვირაბს. შპალებზე ვადგამდით ფეხს, ასე უფრო იოლი იყო სიბნელეში გადაადგილება. ფეხსაცმელებიანი პარკი დედას მოჰქონდა. მივდიოდით ხელიხელჩაჭიდებულები და შპალებს ვითვლიდით. ათასზე რომ ავედით, სინათლე გამოჩნდა. კიდევ ორასი შპალი და ბაქანთანაც მივაღწიეთ. ქვედა სადგური ცარიელი იყო. ჩამოვსხედით ქვის სკამებზე და შევისვენეთ. დაღლილები ვიყავით და თან ესკალატორიც ფეხით გვქონდა ასასვლელი...
* * *
დანაკარგი გვიან აღმოვაჩინეთ. მეტროდან ამოსულები ვიყავით და სომხური თეატრის სვეტებიანი შენობის გასწვრივ მივაბიჯებდით, დედამ რომ თქვა, რაღაც მემსუბუქება ეს პარკიო. შევდექით, კიდეები გავუწიეთ, ჩავიხედეთ და რა დავინახეთ, ძირზე მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი იდო. Dავიხარე და ქვემოდან შევხედე პარკს – ნაკერი იყო გარღვეული. როდის გაირღვა, სად დაგვივარდა ფეხსაცმელი, ღმერთმა უწყის. ჩავებღაუჭეთ იმედს, რომ ეს მეტროს სადგურიდან გამოსვლის შემდეგ მოხდა და გამოვბრუნდით, რათა ხელახლა დაგვევლო რამდენიმე წუთის წინ გავლილი გზა...
დედას ცრემლები მოსდიოდა, ცოტაც და ხმამაღლა ატირდებოდა. როგორც შემეძლო ვამშვიდებდი, ვეუბნებოდი, ქუჩაში თუ დავკარგეთ, აუცილებლად ვიპოვით, ცალ ფეხსაცმელს ვინ წაიღებს-მეთქი. მართლაც, ცალ ფეხსაცმელს, თუნდაც ახალთახალს, ვინ დახარბდებოდა? ვერ ჩაიცმევდა და ვერ გაყიდდა, რატომ დაავლებდა ხელს? ალბათ არც არავის დაუვლია, ალბათ გვირაბში დავკარგეთ, შპალებზე რომ მივაბიჯებდით, მაშინ; ანდა იმ გაწამაწიის დროს, როდესაც დედას მატარებლიდან ჩამოსვლაში ვეხმარებოდი. ამაოდ ვიარეთ, ამაოდ ვათვალიერეთ თითოეული გოჯი...
რა გამოვიდა, მსხვერპლი გავიღეთ, საოჯახო რელიკვიას შეველიეთ და სულ ტყუილად... ასეთ ფასად მოპოვებული ნივთი სახლამდე ვერ მივიტანეთ. ნეტავ ჩანთაში ჩამედოო, ამბობდა დედა. მე კი გამყიდველს ვუბრაზდებოდი, დამპალი ძაფით ნაკერი პარკი მოგვცა, არ გამიკვირდა, ასე იოლად და მუქთად რომ გამოიმეტა-მეთქი. ისიც გავიხსენე, რამდენი დოლარი გადავიხადეთ ფეხსაცმელში, ცამეტი, ზუსტად ცამეტი – თარსი რიცხვი...
რა უნდა გვექნა, რაღა უნდა გვეთქვა ერთმანეთისთვის, რამდენ ხანს უნდა ვმდგარიყავით ქუჩაში, ადრე თუ გვიან ხომ უნდა დავბრუნებულიყავით შინ?.. მამა გაღვიძებული იქნებოდა, დედაჩემის ძველი, ბებოს ნაქონი მაჯის საათი პირველის ნახევარს უჩვენებდა უკვე...
გზად კარტოფილი ვიყიდეთ. დარჩენილი ფული ხუთ კილოგრამზე გვეყო. საკვები საკვებად და თან სათქმელიც გვექნებოდა, სად და რისთვის გავედით შინიდან...

* * *
მიუხედავად იმისა, რომ მამა თავისი ძველი ფეხსაცმელებით წავიდა კერძოO სკოლის დირექტორთან შესახვედრად, მასწავლებლად მაინც აიყვანეს. მისმა მონოლოგმა, თუ როგორ აუხსნიდა ბავშვებს არქიმედესა და ნიუტონის კანონებს, რას უამბობდა გალილეო გალილეის, ედისონისა და ფარადეის აღმოჩენების შესახებ, გაცილებით დიდი ინტერესი გამოიწვია, ვიდრე ლანჩაარღვეულმა და პირგადამსკდარმა ფეხსაცმელმა. ღარიბულმა ჩაცმულობამ ოდნავადაც ვერ გააქარწყლა ყურადღების მშთანთქმელი, გადამდები, თხრობითY მოხდენილი შთაბეჭდილება...
საოჯახო რელიკვიას რაც შეეხება, ახალი სამსახურის დაწყებიდან ერთი თვის სავზე, მამამ სწორედ ის წითელი ყუთი გადასცა დედას სწორედ იმ მედლით, რომელსაც თხუთმეტ ლარად შეველიეთ. მედალი მე და მამამ გამოვისყიდეთ, ფული, რა თქმა უნდა, მამამ გადაიხადა, მე მეგზურობა გავუწიე, ძველი ჯილდოების მოყვარული ბებერი მეჯიხურის მოძებნაში დავეხმარე. Fფეხსაცმელების საყიდლად წასვლის ამბავი კი, რომლის საიდუმლოდ შენახვას დიდი ამბით შევპირდი დედას, პირველი ხელფასის აღებამდე ერთი დღით ადრე მოვუყევი მამას...
მოკლედ, ცოდნის მოპოვებაში მიღებული ჯილდო, ცოდნის გაცემაში აღებული ფულით დავიბრუნეთ. ადრინდელისგან განსხვავებით, ამჯერად საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ჰქონდა მამას, არც მეტი არც ნაკლები – სამოცდაათი დოლარი!...


11.09. 2009.


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Fri Feb 11, 2011 7:44 pm

ზაალ სამადაშვილი

კინო “ოქტომბერში” წასვლა

მეოთხე კლასში ვარ ალბათ, ანდა მეხუთეში. მაცვია ბუკლეს გაქექილი, დამოკლებული პალტო, მუხლებამდე ძლივს რომ მწვდება. მახურავს სასკოლო ფორმის ქუდი, სამხედროებისა და მილიციონრების ქუდების მსგავსი, ოღონდ მათგან განსხვავებით, წითელი არშიის გარეშე. დეკემბერია, თან თოვს, თან ქარი უბერავს. ფანტელები სახეში მეხლება, ლანჩებდამდნარ ფეხსაცმელებში წყალი შემდის, ჯიბეებში ჩაყოფილი ხელები მეყინება. არაფრად ვაგდებ ამ უსიამოვნებებს, რადგან კინოში მივდივარ, თან მამასთან ერთად. მამას არც ქუდი ახურავს და არც პალტოს ღილები აქვს ბოლომდე შეკრული. მიუხედავად ამისა, ჩემზე ყოჩაღად მიაბიჯებს. დედაც რომ მოდიოდეს ჩვენთან ერთად, სულ მთლად კარგი იქნებოდა... მაგრამ არ წამოგვყვა, შინ დარჩა. არ წამოგვყვა კი არა, არც უთქვამს, მეც წამოვალო. მამასთან ხმამაღალი ლაპარაკის შემდეგ სამზარეულოში შევიდა და ისე გამოვიხურეთ კარი, რომ არც გამოუხედავს ჩვენსკენ.
ტრამვაიში ავდივართ. ვაგონში ცოტა ხალხია, სამი თუ ოთხი მგზავრი და კონდუქტორი, სქელ, დალიანდაგებულ ქურთუკში ჩაფუთნული ხნიერი ქალი, რომელსაც გულზე ჩამოკიდებული ტყავის ჩანთიდან მოსახევად გამზადებული ბილეთები აქვს ამოჩრილი. ვსხდებით. მე, რა თქმა უნდა, ფანჯარასთან. ტრამვაიში ფანჯარასთან ჯდომაა კარგი და ახლადნაყიდი ბილეთების გულდასმით ნახვა _ შეიძლება, ბედნიერი შეგხვდეს. ბედნიერად ის ბილეთი ითვლება, რომლის ექვსნიშნა ნომერში პირველი და ბოლო ციფრი ერთმანეთს ემთხვევა. მერგო თუ არა ბედნიერი ბილეთი, ვეღარ ვიხსენებ, მაგონდება ის, რომ კონსტიტუციის ქუჩის კუთხეში ჩამოვდივართ და კარგარეთელის ქუჩას მივუყვებით პლეხანოვისკენ.
კინო “ოქტომბრის” სვეტებიანი შესასვლელი კარგარეთელის და პლეხანოვის კუთხეშია, საბილეთო სალაროები კი ცოტა მოშორებით, ამ ძველისძველი, გუმბათიანი შენობის ნახევარსარდაფში. სალაროების, კედელში გამოჭრილი გისოსებიანი ფანჯრის წინ არავინ არ დგას. იშვიათად ხდება ასე, აქ ყოველთვის ხმაური და ხალხმრავლობაა. ვფიქრობ, ვაითუ ბილეთები აღარ არის-მეთქი, მაგრამ ვცდები. ბილეთები არის და თანაც ასარჩევად. ჩვენც ვირჩევთ _ ორ ადგილს ეკრანთან ახლოს, ოღონდ რიგის შუაში კი არა, განაპირას. სულ განაპირა სკამი კედელს ებჯინება და ფილმის იქიდან ყურებას არაფერი მირჩევნია. ჩამოეყრდნობი სკამის სახელურს იდაყვით, მიადებ თავს კედელს და გგონია, ასე უფრო იოლად გახდები იმ თავგადასავლების მონაწილე, რომლებსაც ეკრანზე იხილავ. დარბაზშიც ხალვათობაა. დიდი-დიდი, ორმოცი-ორმოცდაათი კაცი იჯდეს ოც რიგად ჩამწკრივებულ, ასაკეც სკამებზე. ამ ორმოცდაათ კაცში, მამაჩემის ჩათვლით, ნაყინს მარტო მე შევექცევი. ეს კინოთეატრი ამიტომაც მიყვარს, აქ ნაყინს ზამთარ-ზაფხულ ჰყიდიან. სხვაგან, აქაურობიდან ორასი მეტრით დაშორებულ “ამირანში”, ანდა კიდევ უფრო შორს, მარჯანიშვილის მოედანთან მდებარე “კომკავშირელში” მარტო ფენოვანები და “კორჟიკები” აქვთ, სკოლის ბუფეტში გეგონება თავი.
არ მახსოვს, ფილმის ნახვის შემდეგ დავინტერესდი, რაც არაერთხელ მომხდარა ჩემს ბავშვობაში, თუ უკვე წაკითხული მქონდა “სამი გოდორა”. არ მახსოვს, უკვე არსებობდნენ ჩემს წარმოსახვაში მეიარაღე პროსპერო, გიმნასტი ტიბული, დოქტორი გასპარ არნერი, ტახტის მემკვიდრე ტუტი, მოცეკვავე გოგონა სუოკი, თუ ფილმში მონაწილე მსახიობებმა დაიდეს ბინა ამ სახელებით თერთმეტი წლის ბიჭის მეხსიერებაში. სამაგიეროდ, მახსოვს და თან კარგად წიგნის გარეკანი, რომელზედაც სამი ღაჟღაჟა, უმსუქნესი არსება იყო დახატული და ნახატის თავზე ბეჭდური ასოებით ეწერა _ ოლეშა. ისიც მახსოვს, რა თქვა მამამ, კინოდან რომ გამოვედით და კვლავ კარგარეთელის ქუჩას რომ დავადექით ტრამვაის გაჩერებისკენ. მან თქვა, _ ამ ზღაპრის ავტორს დალევა უყვარდაო...
გაჩერებაზე დიდხანს გვიწევს დგომა, გვიანი საღამოა და ამ დროს იშვიათად დადის ტრამვაი. როდის-როდის მორახრახდება ერთმანეთზე გადაბმული ორი ვაგონი, ორივე თითქმის ცარიელი. მე და მამა ტიხართან, ვატმანის გვერდით ვდგავართ და ლამპიონების შუქზე აპრიალებულ ლიანდაგებს გავცქერით. ლიანდაგები თითქოს შემორბიან ჩვენს ფეხებქვეშ. ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვდივართ, კალინინის ქუჩაზე, რუსულ ეკლესიასთან...
ეკლესიის გადაღმა, კალინინისა და მარჯანიშვილის გადაკვეთაზე პატარა საკონდიტროა, უგემრიელესი ხილფაფიანი და კრემიანი ფუნთუშებით ცნობილი. ამჯერად ფუნთუშებს არა _ ტორტს ვყიდულობთ, რომელსაც თეთრხალათიანი და თეთრჩაჩიანი ქალი ცილინდრის ფორმის მუყაოს ყუთში ათავსებს და ისე გვიწვდის...
თავს ძალას ვატან, მაგრამ სცენის თუ სურათის აღდგენას, რა ხდება შინ დაბრუნების შემდეგ _ როგორ ხასიათზე გვხვდება დედა, ყუთიდან ვიღებთ და ვჭრით თუU არა ტორტს, ვყვები თუ არა ახლად ნანახი ფილმის იმ ეპიზოდს, სადაც ფერად-ფერადი ბუშტების გამყიდველს მოულოდნელად ამოვარდნილი ქარი მიწას მოწყვეტს, გოდორების სამზარეულოში შეაფრენს და თავს ვეებერთელა, სადღესასწაულო ტორტში ამოაყოფინებს _ ვერაფრისდიდებით ვერ ვახერხებ...
თუმცა მგონია, რომ ზამთრის იმ თოვლიან ღამეს ჩვენი პატარა ოჯახის სამივე წევრი ერთად ვუსხედვართ მაგიდას, ლამბაქებზე ვარდისფერი და მწვანე ცუკატებით მორთული ტორტის ნაჭრები გვიდევს, მე შეუსვენებლად ვრატრატებ და მამა, რომელიც შუშხუნა ღვინით ავსებს ჭიქებს, კიდევ ერთხელ ახსენებს “სამი გოდორას” ავტორს და დედას ეუბნება, ასეთ კარგ მწერალსაც უყვარდა დალევა, ჩემი რომ გიკვირსო...
ალბათობა იმისა, რომ ეს მართლაც ასე მომხდარიყო, საკმაოდ დიდია. დიდია იმის გამო, რომ თითქმის ნახევარი საუკუნის წინ მე და მამაჩემი კინოთეატრ “ოქტომბერში” ოცდათერთმეტ დეკემბერს წავედით, ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა ხნით ადრე...

20. 07. 2009.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Fri Feb 11, 2011 7:47 pm

ზაალ სამადაშვილი

ტეოფილო უერტას რომანი
(“ხენარო ვალდესის ჩანაწერებიდან”)

სანამ წმინდა გვადელუპეს ხსენების დღეს რომელიღაც ფერადყდიან ჟურნალში ამბოხებული გენერლების წინააღმდეგ მებრძოლთა ერთ-ერთი წინამძღოლის ინტერვიუს წავიკითხავდი, მის სახელსა და გვარს უკვე კარგა ხნის დადებული ჰქონდა ბინა ჩემს არცთუ ურიგო მეხსიერებაში. ტეოფილო უერტას მარტო ჩვენს პატარა და შფოთიან ქვეყანაში კი არა, მეზობელ, არანაკლებ ბობოქარ სახელმწიფოებშიც კარგად იცნობდნენ. იყო დრო, როცა მისი ფოტოები მრავალტირაჟიანი გაზეთების პირველ გვერდებს არ სცილდებოდა. როგორც წესი, ეს ფოტოები ან მისი სასამართლო პროცესების ამსახველ სტატიებს, ან საპყრობილიდან მორიგი გაქცევის მაუწყებელ კორესპონდენციებს ახლდა თან. ტეოფილო უერტა პოლიტპატიმარი არასოდეს ყოფილა. სანტო-დომინგოსა და ასუნსიონის ციხეებში არასოდეს მჯდარა ტრუხილიოსა და სტრესნერის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გამო. ის გახლდათ თავისუფლებისმოყვარე და მტკიცე ხასიათის კაცი, რომლის თავგადასავლებსაც ერთ-ერთ საპორტო ტავერნაში მთვრალი მეზღვაურების მიერ ატეხილმა ჩხუბმა დაუდო სათავე. “კოლეგიო ნასიონალის” სტუდენტი განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა და სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა დანების ტრიალში მონაწილეობისათვის, მაგრამ ასეთი ხანმოკლე ვადითაც კი ვერ იგუა ოთხ კედელს შორის გამომწყვდევა და როგორც კი ხელსაყრელი მომენტი მოიხელთა, გაიქცა. სასეირნოდ გაყვანილმა ბადრაგს იდაყვი გლიჯა მზისწნულში და კატასავით გადაძვრა რიყის ქვით ნაშენ გალავანზე. ამ გაქცევით დაიწყო მისი დევნის, შეპყრობებისა და პატიმრობებიდან თავდაღწევის თითქმის ოცდაათწლიანი ეპოპეა. არ დარჩენილა კარიბის ზღვის აუზის თითქმის არც ერთი ქვეყანა. რომლის საპყრობილის დილეგის კედელი არ არ დაემშვენებინოს მის სახელსა და გვარს, ამოკაწრულს რამე წვეტიანი საგნით. ვერც ერთმა მეციხოვნემ, სისასტიკით ყველაზე განთქმულმაც კი, ვერ შესძლო მისი არათუ მორჯულება, საკანში ორ წელიწადზე მეტხანს გაჩერება. გარბოდა ხან მარტო, ხან სხვებთან ერთად... თხრიდა გვირაბებს, ერთმანეთზე გადაბმული ზეწრებით ეშვებოდა უფსკრულებზე გადმომდგარი კოშკებიდან, გარდაცვლილი თანასაკნელის მაგივრად წვებოდა ზღვაში გადასაძახებელ ჯვალოს ტომარაში, საპატომროს ტერიტორიიდან გასული სატვირთო მანქანის საბარგულის ძირზე აკრული მიჯაყჯაყებდა კორდელიერებისა და ანდების გზებზე...
რიგით მეათე თუ მეთერთმეტე პატიმრობა ბოლო აღმოჩნდა ტეოფილო უერტასთვის და, წინა პატიმრობებიდან განსხვავებით, გაქცევით არ დასრულებულა. ქვეყნის სათავეში ვინ მოთვლის, მერამდენე გადატრიალების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა და ასეულობით ტუსაღთან ერთად მასაც გაუღეს ციხის კარი. ისეთი მღელვარება, რომელიც მას ზედამხედველის მიერ საკეტზე გასაღების მორგებისას და გაჩხაკუნებისას დაეუფლა, არცერთ, ყველაზე სარისკო გაქცევისას არ დაუფლებია. მისი ფრაზა: სულ სხვა გემო აქვს თავისუფლებას, რომელსაც მდევარი არ უდგას კვალშიო, კვლავ მსხვილი შრიფტით გადაიჭიმა მრავალტირაჟიანი გაზეთის პირველ გვერდზე. ორმოც წელს გადაცილებული კაცი “კოლეგიო ნასიონალში” დაბრუნდა, შვილის ტოლ გოგო-ბიჭებთან ერთად მერხს მიუჯდა და სწავლა განაგრძო. ბაკალავრის დიპლომს არ დასჯერდა, მაგისტრატურაც დაამთავრა და ლექციების კითხვა დაიწყო. მისი სალექციო კურსი გახლდათ “XIX საუკუნის ფრანგული ლიტერატურა”.
სტუდენტები ამბობდნენ, რომ პროფესორი უერტა განსაკუთრებული შთაგონებით ვიქტორ ჰიუგოს შესახებ საუბრობდა. რომანი “საბრალონი” საუკეთესო ნაწარმოებად მიაჩნდა არამარტო მის შემოქმედებაში, არამედ იმ ეპოქის მთელ ევროპულ ლიტერატურაში. მსმენელებს სთავაზობდა ცალკეული ეპიზოდების როგორც ლიტერატურულ, ისე სიტუაციურ ანალიზს. გამორჩეულად საინტერესოდ გამოსდიოდა საბარიკადო ბრძოლებისას ტრაქტირ “კორინთოში” გამოსათრობად შეხეტებული კაცის, გვარად გრანტერის ამბავი, რომელიც ღვინის, პორტერისა და აბსენტის შთანთქმის შემდეგ ლამის ლეთარგიული ძილით იძინებს და თვალს ახელს მაშინ, როცა ჯარისკაცები ამბოხებულთა წინამძღოლის _ ანჟოლრასის დასახვრეტად ემზადებიან. ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ მისი გადაწყვეტილება, მომკვდარიყო ანჟოლრასის გვერდით, “ჭეშმარიტების მომენტის” მოხელთებას მიშნავდა, მომენტისა, რომელიც თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, სულ ცოტა, ერთხელ მაინც დგება სხვადასხვა სახით და რომელსაც უმეტესწილად, ხელიდან უშვებენ ხოლმე შიშის ან რაიმე სხვა სისუსტის ვერდაძლევის გამო...
ტეოფილო უერტას მშვიდობიანმა ცხოვრებამ და პედაგოგიურმა საქმიანობამ საკმაოდ დიდხანს გასტანა. ამასობაში ის დაქორწინდა _ ჯვარი დაიწერა ქალზე, რომელიც ჯერ კიდევ პატიმრობისას აკითხავდა ციხეებში, რჩებოდა მასთან შეხვედრებისთვის განკუთვნილ ოთახებში და ვისგანაც ჰყავდა შვილი, ბიჭი, რომელსაც ასევე ტეოფილო ერქვა, ტეოფილო-უმცროსი. ქვეყნის ცხოვრებაშიც ბევრი რამ მოხდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის, რომ მეოთხედი საუკუნის მანძილზე პირველად ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა და მთავრობაში გენერლების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. შემცირდა კი არა, მინიმუმამდე დავიდა, მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იყო სამხედრო და ამბობდნენ, მალე მასაც სამოქალაქო პირით ჩაანაცვლებენო. სწორედ ეს ჩანაცვლება აღმოჩნდა ბოლო წვეთი სამხედროების მოთმინების ფიალაში და თუ მანამდე ფარული დრტვინვა ყაზარმების კედლებს არ სცილდებოდა, ამ ცვლილების შემდეგ ის გარეთ გამოვიდა და ჯავშანტრანსპორტიორებისა და ტანკების სახით მოევლინა თითქმის ყველა პროვინციული ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს. დედაქალაქისკენ დაიძრნენ კამუფლაჟისფრად შეღებილი სატვირთო მანქანები, რომლებზეც ორ რიგად, ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ მრისხანედ ტუჩებმოკუმული, ავტომატშემართული ჯარისკაცები. ავისმომასწავებელმა სიჩუმემ დაისადგურა ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში, კაფე-ბარები ტელე და რადიოდიქტორებმა დაიპყრეს, მუსიკის ნაცვლად მათი ხმა ისმოდა, ერთიმეორეზე უფრო შემაშფოთებელი უახლესი ამბების მაუწყებელი. მთავრობის ერთგულმა ოფიცრებმა, საკუთარი ძალების მცირერიცხოვნობიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს მოხალისეებისთვის მოეხმოთ და იარაღის დასარიგებლად საწყობები გახსნეს. ტეოფილო უერტას მისმა ახალმა მეგობრებმა, ლიბერალმა ინტელექტუალებმა სთხოვეს დემოკრატიის დამცველთა რიგებში ჩადგომა. მათ კარგად იცოდნენ, რომ ლეგენდად ქცეული ბიოგრაფიის პატრონს, თუკი ის იარაღს აიღებდა ხელში, არამარტო დედაქალაქში, მთელ ქვეყანაშიც მიბაძავდა ბევრი და თანაც არა უბრალო, არამედ გაბედული, თავზეხელაღებული ადამიანი. ასეც მოხდა, ტეოფილო უერტას სატელევიზიო გამოსვლას, სადაც მან საზოგადოების ღირსების გადასარჩენად პიროვნული სიმამაცის გამოვლენის აუცილებლობაზე ილაპარაკა, მყისიერი რეაქცია მოჰყვა. ვინ სანადირო თოფი გამოიღო კარადიდან, ვინ საგულდაგულოდ დამალულ პისტოლეტს ან რევოლვერს შემოაცალა ზეთით გაჟღენთილი ჩვრები, ვინ კიდევ შაქრის ლერწმის სასხეპად განკუთვნილი მაჩეტე შეიბა წელზე. პატარ-პატარა ჯგუფები ერთმანეთს შეერწყა, ერთ დიდ რაზმად ჩამოყალიბდა და ამ რაზმს სახელიც დაერქვა _ “ტეოფილოს გაუჩოები”...

* * *

წმინდა გვადელუპეს ხსენების დღეს ტეოფილო უერტას ინტერვიუს რომ ვკითხულობდი მგზავრებით გადაჭედილ მუნიციპალურ ავტობუსში, “ახალი ეპოქის” ორი ნომერი უკვე გამოშვებული მქონდა და მასალებს მესამე ნომრისთვის ვაგროვებდი. ჟურნალისტს, ალბათ კეკლუც ახალგაზრდა ქალს, უერტასგან სამოქალაქო ომის შედეგებსა და საყოველთაო შერიგების აუცილებლობის შესახებ საუბარზე მეტად, მისი პირადი ცხოვრების დეტალების გამჟღავნება სურდა. საწადელის მიღწევას თამამი, ხანდახან უხერხული შეკითხვების დასმით ცდილობდა, მაგრამ რესპონდენტი იოლად უმკლავდებოდა მის შემოტევებს და ბურუსს ფანტავდა მხოლოდ იქ, სადაც თვითონ თვლიდა საჭიროდ. მანამდე უცნობ ამბავთა შორის ერთი აღმოჩნდა ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი და დავასრულე თუ არა ინტერვიუს კითხვა, ავტობუსიდან ჩამოვხტი და სტამბის ნაცვლად, სადაც ანაწყობების დასახედად მივდიოდი, გილერმო როხასის სახლისკენ ავიღე გეზი. აღმოჩენა, რამაც გეზი შემაცვლევინა, გახლდათ ის, რომ თურმე ტეოფილო უერტას რომანი ჰქონდა დაწერილი. “ლიბერტადორესის” მოედანზე გადმომდგარი სახლისკენ რედაქტორული ჟინი მიმაქანებდა; ყოფილი კატორღელი, ყოფილი პედაგოგი და სამოქალაქო ომში გამარჯვებულთა ერთ-ერთი წინამძღოლი გილერმო როხასის ნათლია იყო და ნათლული თუ არა, სხვა ვინ შემაძლებინებდა ძვირფასი ხელნაწერის ხელში ჩაგდებას.
გილერმო ჭიქა ღვინით ხელში ბოლთას სცემდა. ალბათ ლექსს თხზავდა. ის ყოველთვის ასე ირჯებოდა, როცა სტრიქონს სტრიქონზე აბამდა. ბოდიში მოვუხადე, თუმცა ოდნავადაც არ სწყენია, ხელი რომ შევუშალე, ღვინო დაისხიო, მითხრა და სავარძელში მოკალათდა. “მონტრაშეს” სვამდა, ოღონდ ფრანგულს კი არა, კალიფორნიულს, ფრანგულზე არანაკლები ბუკეტის მქონეს.
ნათლიაშენს რომანი ჰქონია დაწერილი-მეთქი, რომ ვუთხარი და თავად ხელნაწერის თავგადასავალიც მოვუყევი, რომელსაც სამოქალაქო ომის მთელი პერიპეტიები ავტორთან ერთად გადაეტანა, გაოცებისგან თვალები გაუდიდდა, თუმცა ნათლიის ბელეტრისტულ რომანზე მეტად იმან გააკვირვა, რომ ხელნაწერი არათუ მას, მამამისსაც კი, ვინც უერტას უახლოეს მეგობრად და ლამის გულის მესაიდუმლედ ითვლებოდა, არ ჰქონდა წაკითხული. დავავალე, ხელნაწერი უნდა გამოართვა, რაც შეიძლება, სწრაფად და ჩვენთან უნდა დავბეჭდოთ აუცილებლად-მეთქი. იმის ახსნა, როგორი სასარგებლო იქნებოდა ახლადდაარსებული ალმანახისთვის ამ რომანის გამოქვეყნება თუნდაც კომერციული თვალსაზრისით, არ დამჭირვებია, გილერმომ სამი დღის შემდეგ, შუაღამისას დამირეკა, აღტაცებისგან ენა ებმებოდა, შენ არ იცი, რა რომანი დაწერა ამ კაცმა, რა სიღრმეებში ჩააღწია, როგორ გახსნა შიგნიდან ბოროტმოქმედთა სამყაროო, მომაყარა აღელვებულმა. თუმცა, ფორმის თაყვანისმცემელმა და უზადო სტილისტმა საკუთარ თავს არ უღალატა და დაახლოებით სამწუთიანი მონოლოგის ბოლოს მაინც თქვა, ტექსტს მცირეოდენი რედაქტირება სჭირდება, იმედი მაქვს, გააშალაშინებო.
გილერმოს აღტაცება სავსებით საფუძვლიანი აღმოჩნდა. მუყაოს ძველებურ, შინდისფერ საქაღალდეში მოთავსებულ რვაას გვერდს თოთხმეტი საათი ვკითხულობდი, თითქმის შეუსვენებლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემს “საწერ მაგიდასთან”, ანუ ფანჯრის რაფასთან მიმჯდარი მხოლოდ ყავის მოსადუღებლად ვდგებოდი და ერთი-ორჯერ ნავთიც ჩავამატე ლამპას. კითხვა შებინდებისას დავიწყე და გამთენიისას მოვრჩი. სამყარო, სადაც მთელი ღამე ვიმოგზაურე რომანის მთავარ გმირთან, უდავოდ ავტორის პროტოტიპთან ერთად, აღწერილობის, დოკუმენტურობის თვალსაზრისით, უცხო არ იყო ჩემთვის. მართალია, გეტოში არ გავზრდილვარ, განგსტერობაზე არ მიოცნებია და არც რომელიმე დონს მივდგომივარ ოდესმე სამართლის საძიებლად, მაგრამ დოქტოროუსა და ჯონ დიკის, დოროშევიჩისა და ანრი შარიერის წიგნებით საკმაოდ მკაფიო წარმოდგენა მქონდა ბოროტმოქმედთა დაუწერელი კანონების, მათი ურთიერთობებისა და იერარქიის შესახებ. უერტას ტექსტში უცხო და საინტერესო გახლდათ ის, რომ პერსონაჟების ქცევებისა და მათ ირგვლივ განვითარებული მოვლენების გაანალიზებისას დრამატიზმსა და ტრაგიზმა არცთუ იშვიათად ირონია და გროტესკი ანაცვლებდა, რაც ადგილს აღარ უტოვებდა მოსაწყენ სერიოზულობასა და არანაკლებ მოსაწყენ მორალიზმს... და რაც მთავარია, აიოლებდა და მიმზიდველს ხდიდა კითხვის პროცესს.
პირველი შთაბეჭდილებიდან გამომდინარე, ტექსტის რედაქტირება დროებით გვერდზე გადავდე და საკუთარი მოსაზრება რომანის შესახებ სასწრაფოდ ჩავწერე უბის წიგნაკში. ეს ჩანაწერი, სულ სამი აბზაცი, გილერმოს წავუკითხე ტელეფონით. მან არც აცია, არც აცხელა და როგორც სჩვეოდა რაიმეს მოწონებისას, ჩანაწერს უმალ განუსაზღვრა ბედი, გადაწყვიტა, წინასიტყვაობა დაგვერთო მომავალი პუბლიკაციისთვის. ავტორის თანხმობაა საჭირო-მეთქი, რომ შევახსენე, მიპასუხა, ეგ ჩემზე იყოსო და ცოტა ხნის შემდეგ დამირეკა, ხვალ დილით ვხვდები უერტასო...
ტეოფილო უერტა იმხანად თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელობდა და ქვეყნის ხელისუფლებაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირად ითვლებოდა. მისი გაუჩოები ჯერ კიდევ განაგრძობდნენ ბრძოლას მთებსა და ტყეებში გახიზნულ მეამბოხეთა მცირერიცხოვან ჯგუფებთან. მასთან აუდიენციაზე მისულს მკაცრად გამოწმებდნენ _ გულდასმით გისინჯავდნენ საბუთებს, გჩხრეკდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გიშვებდნენ მოსაცდელ ოთახში, სადაც მდივანი ქალის ნაცვლად მასიურ საწერ მაგიდასთან კუბურ ყაიდაზე ბერეტმოგდებული ბრგე ოფიცერი იჯდა. ეს ოფიცერი შეგვიძღვა ვრცელ, ხის პანელებით მოპირკეთებულ კაბინეტში, იქ კი ჩვენს შესახვედრად გამოემართა მაღალი, ჭარმაგი კაცი, რომელსაც ტანზე კოხტად მომდგარი სამხედრო ფორმა ეცვა.
მზერას რომ გაუსწორებდი ტეოფილო უერტას, მოგეჩვენებოდა, რომ თვალებში დამცინავი ღიმილი ედგა, ლაპარაკს რომ დაიწყებდა, იფიქრებდი, არაჩვეულებრივი თემის გაბაიბურებას ცდილობსო, მაგრამ ყველაზე მეტი _ ნახევარი საათი დასჭირდებოდა დაკვირვებულ კაცს იმის მისახვედრად, რომ ყოველივე ეს დიდი ხნის წინ შემუშავებული, ჩვეულებაში გადაზრდილი ხერხი იყო, რომლის მეშვეობითაც ის ბარიერს უქმნიდა და განიზიდავდა ისეთ ადამიანებს, ვინც რაიმეს გამორჩენის მიზნით მუდამ ცდილობდნენ მის გვერდით ტრიალს. ჩვეულება კი, მოგეხსენებათ, რჯულზე უმტკიცესია და ისეთი ახლობლების თანდასწრებითაც კი, როგორიც გილერმო გახლდათ, უცხო კაცთან ურთიერთობას სხვაგავარად ვერ იწყებდა.
გილერმოს აზრი რომანის შესახებ უერტამ უკვე იცოდა და მიიჩნევდა, რომ მისი შეფასება გადაჭარბებული იყო. უთხრა კიდეც, შენი თვალი აღიქვამს ასე, მეეჭვება, უცხოსაც იგივე შთაბეჭდილება დარჩესო. მე არ შევწინააღმდეგებივარ, პიჯაკის ჯიბეში ჩავიყავი ხელი, ოთხად გაკეცილი ფურცელი ამოვიღე, გავშალე და ბოდიშის მოხდით გავუწოდე, იქნებ, წაიკითხოთ-მეთქი. ფურცელზე ის სამი აბზაცი მქონდა გადატანილი, უბის წიგნაკში რომ ჩავწერე ლამის კითხვის დამთავრებისთანავე.
ტექსტის სიმცირის კვალობაზე საკმაოდ დიდხანს დააცქერდა ფურცელს. ალბათ რამდენჯერმე გადაიკითხა, ანდა გადაკითხვის მერე დაფიქრდა, რა ეთქვა ჩემთვის. მშვენიერი მინიატურაა, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს მე არ მეკუთვნისო, მითხრა წყნარად და ღმერთმანი, არ მომჩვენებია, დამცინავი ღიმილი გაუქრა თვალებში. გილერმომ ჩვენს ალმანახზე დაიწყო ლაპარაკი და ჩამოთვალა ავტორები, ვისი ნაწერებიც უკვე დაბეჭდილი გვქონდა. მათ გვერდით მოხვედრა დიდი პატივიაო, კვლავ წყნარად თქვა უერტამ და დაამატა, ლიტერატურაზე საუბარი მომენატრაო.
იმ დღეს ლიტერატურაზე ვერ ვისაუბრეთ. ჯერ ერთი, აუდიენციისთვის განკუთვნილი დრო იწურებოდა და მეორეც, ავტორის თანხმობა რომანის გამოქვეყნებაზე მიღებული გვქონდა და მეც და გილერმოსაც სადმე ტრაქტირში ამ წარმატების აღნიშვნა უფრო გვინდოდა ლუდითა და ტეკილით, ვიდრე წაკითხულ, ანდა მომავალში აუცილებლად წასაკითხ წიგნებზე ლაპარაკი...


* * *

ამ შეხვედრიდან თვენახევრისა და წმინდა გვადელუპეს ხსენების დღიდან თვისა და ცხრამეტი დღის თავზე ალმანახ “ახალი ეპოქის” მესამე ნომერი გამოვიდა, სადაც ტეოფილო უერტას რომანის პირველი თავები იყო დაბეჭდილი. რომანს “ანანასის ქვეყანა” ერქვა და მას წინასიტყვაობა უძღოდა, რომელიც შემდეგი სიტყვებით მთავრდებოდა: “ეს წიგნი მსხვილად გაცრილი ფქვილისგან გამომცხვარ პურს შეიძლება შევადაროთ _ შიმშილის მოკვლა რომ შეუძლია; ანდა მიწის გულიდან წამოსულ ყინულივით ცივ წყალს, ყელს რომ ტკენს, მაგრამ წყურვილს უკვალოდ აქრობს”.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Fri Feb 11, 2011 7:49 pm

ზაალ სამადაშვილი

დელ პიეროს მაისური

არა რა, ზამთარში ღამის ცვლაში ჯობია მუშაობა. არ გძინავს, მაგრამ გარეთ იშვიათად გიწევს გასვლა. ღამე ნავთის საყიდლად არავინ მოდის, მანქანები მოგადგებიან მარტო. ჩაყოფ პისტოლეტის ლულას ავზში, დააჭერ ღილაკს თითს და ნახევარ წუთში თავისუფალი ხარ. არც ძაბრით წვალება გინდა და არც წამდაუწუმ ტოლჩის ჩაპირქვავება ნავთიან კასრში. შეხვალ მერე “ტურბოთი” გაღუღუნებულ ოთახში, წამოგორდები დერმატინგადაკრულ ტახტზე და მიუბრუნდები აკა მორჩილაძეს. ნაღდი მწერალია, ისე გემრიელად ჰყვება, ტყუილიც რომ იყოს – დაიჯერებ. ყველაზე მაგრად “მოგზაურობა ყარაბახში” მომწონს მაგისი. ზუსტად არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ ცოტა რამე გამეგება ომზე. გამეგება მამაჩემის გამო. ის ომობდა. პირველი დესანტი რომ გადასხეს ლესელიძეში, იქიდან მოყოლებული – სოხუმის დაცემამდე. რვა წლისა ვიყავი, რომ დაბრუნდა. ძმაკაცები რომ მოუვიდოდნენ, ისინიც მასავით ნაომრები, სულ აფხაზეთის ამბებს იხსენებენ. მივუცუცქდებოდი ახლოს და ყურებგადიდებული ვუსმენდი. მამახსოვრდებოდა სიტყვები: “აკაესი”, “ბერდეემი”, “ლიფჩიკი”, “პოზიცია”, “სტეჩკინი”... როგორც წესი, სვამდნენ არაყს, უგონოდ თვრებოდნენ და მერე ზოგიერთი მათგანი ტიროდა ხოლმე. ერთი-ორჯერ მამაჩემმაც იტირა. თერთმეტისა ვხდებოდი, ისევ რომ წავიდა სახლიდან. ყოფილ მეომრებს დევნა და დატუსაღება დაუწყეს და მანაც გაქცევა არჩია ციხეში ჯდომას. სწორადაც მოიქცა. ერთი წელი მე და დედაჩემმა არაფერი არ ვიცოდით, სად იყო, რას შვრებოდა. ერთი წლის თავზე ვიღაც კაცი დაგვადგა და კონვერტი მოგვიტანა. კონვერტში წერილი და ფული იდო. წერილიდან გავიგეთ, რომ რუსეთში იმყოფებოდა, ოღონდ რომელ ქალაქში, არ გვატყობინებდა. კარგად ვარო, ცნობილი ბანკირის დაცვაში ვმუშაობ და ჩემზე ნუ იდარდებთო. იმის მერე, ყოველ სამ თვეში ერთხელ, სხვადასხვა კაცები მოდიოდნენ და წერილი და ფული მოჰქონდათ სულ ერთნაირი, მოგრძო კონვერტებით. ასე გრძელდებოდა შარშანწინდლამდე. ბოლოს შარშანწინ, დეკემბრის პირველ რიცხვებში მოვიდა მისი გამოგზავნილი კაცი. მას შემდეგ აღარავინ გამოჩენილა. აგვისტომდე გავუძელი დედაჩემის ცრემლებს და ვალების ასაღებად კარდაკარ სირბილს, აგვისტოში ავდექი და მუშაობა დავიწყე აქ, ამ ბენზინის გასამართ სადგურზე. ფულს ვშოულობ, თვეში ას დოლარზე ცოტა მეტს. ას დოლარს დედაჩემს ვაძლევ, “ცოტა მეტს” ვინახავ...
ვინახავდი... “იუვენტუსის” მაისურის ყიდვა მინდოდა. სკოლის ჩემპიონატზე ვაპირებდი გასვლას. დარწმუნებული ვიყავი, მისი წყალობით გოლებსაც გავიტანდი და ახტომისას, შემართულ ხელსაც ისე გავაშხუილებდი ჰაერში, როგორც დელ პიერო....


***

შობის წინა დღეა – ექვსი იანვარი. ბენზინის გასამართი სადგურის შემინული ჯიხურიდან თოთხმეტი წლის ბიჭი გამოდის. ტყავის ქურთუკი აცვია, ვიღაცის ნაქონი, ოდნავ განიერი და ოდნავ გრძელი. ყელზე მუქი შარფი აქვს გამონასკვული. ჯიხურში დარჩენილი ორი კაცი თვალს აყოლებს ჭუჭყიანი ყინულით დაფარულ აღმართზე მიმავალ ბიჭს. ერთი მეორეს ეუბნება: - რა ტიპია, ტო... მეორე პასუხობს: - მიწას არ ასცილებია და უკვე მაგრობს...
აღმართის მერე ჭყაპია, ტროტუარზე ერთი წერტილიც არ არის მშრალი. ბიჭს წყალი შესდის ფეხებში, ჯერ ერთი წინდის სისველეს გრძნობს, მერე მეორის. მუშტაიდთან, გზაჯვარედინზე ჩერდება. ყოყმანობს, სტადიონს აჰყვეს, თუ მოპირდაპირე მხარეს გადავიდეს. გადადის. ქუჩის ამ მხარეზე სპორტული მაღაზიებია ჩამწკრივებული. ისე დინჯად მიაბიჯებს, თითქოს ბათინკებში აჭყაპუნებული წყლის გამო სიცივეს ერთიანად არ ჰყავდეს აყვანილი. ჯიბეებში ჩაწყობილ ხელებს რაც შეუძლია, ღონივრად მუშტავს. ჩომპეტ-თან ჩერდება. ვიტრინაში ყველა ცნობილი საფეხბურთო გუნდის მაისურია გამოფენილი. ერთს უყურებს მხოლოდ, თეთრს, შავზოლიანს, ათი ნომერი რომ აწერია ზურგზე... მერე სტადიონისკენ ჭრის ქუჩას და წერეთლის პროსპექტს მიუყვება. პროსპექტის დასაწყისში საგიჟეთია. უზარმაზარ, პირთამდე სავსე ნაჭრის ჩანთებს ხვნეშით, ყვირილით, უხმოდ, ორივე ხელებით, ურიკებით მიეზიდებიან ბაზრობაზე იქ მომუშავე კაცები და ქალები. ასიგნალებენ და იგინებიან მიკროავტობუსის, ჩვეულებრივი ავტობუსისა და ტროლეიბუსების მძღოლები. მეტროს სადგურთან სიწყნარეა. სიწყნარეა ფოსტაშიც, სადაც პენსიის მომლოდინე რამდენიმე ბებო ზის. ბიჭი საწერ ქაღალდს და თეთრ, მოგრძო კონვერტს ყიდულობს. ჯდება დაბალ მაგიდასთან და ჯიბიდან პასტის კალამს იღებს. იწყებს წერას. წერს ნელა, გულმოდგინედ გამოჰყავს ასოები, თითქოს ხატავს თითოეულ მათგანს. რომ მორჩება, დგება და თვალებმოჭუტული დასცქერის ნაწერს. თავს აკანტურებს კმაყოფილების ნიშნად. ფურცელს ოთხად კეცავს, კონვერტში ათავსებს და ფრთხილად იდებს გულის ჯიბეში. პანთეონის მიმართულებით განაგრძობს გზას. ეკლესიას რომ ჩაუვლის, პირჯვარს იწერს სამჯერ. შედის სტალინის დროინდელი თაღიანი სახლის ეზოში. იქ უკვე ელოდებიან. ძველი, მაგრამ კარგად მოვლილი Oპელ-იდანPELახალგაზრდა კაცი გადმოდის. ბიჭი ხელს ართმევს და ბოდიშს იხდის დაგვიანებისთვის. კაცი უღიმის ეგ არაფერიო და ეკითხება, მოიტანეო? ბიჭი ჯერ კონვერტს უწვდის მერე შარვლის ჯიბიდან ფულს იღებს, რამდენიმე მწვანე კუპიურას და ესეც მანდ ჩადეო, ეუბნება. სამ საათზე, არა? – კვლავ ეკითხება კაცი. ჰო, სამზე, პასუხობს ბიჭი და თვალს უკრავს, აბა შენ იციო... ეზოდან გამოდის და ტაქსს უწყებს ლოდინს. არც ისე შორია დიდუბიდან ოქროსუბნამდე, მაგრამ მთელი ღამის უძინარია და თAნაც ფეხები აქვს სულ სველი...


* * *

ზუსტად სამ საათზე მივა ბიჭთან და დედამისთან Oპელ-იანი კაცი. კითხვა-კითხვით მიაგნებს მათ ბინას გადაბრეცილ შუშაბანდებიან იტალიურ ეზოში და კარზე დააკაკუნებს. შევა, კონვერტს მაგიდაზე დადებს, აჩქარდება, მელოდებიანო და დაბრუნდება. დედას ტირილი აუვარდება. ცრემლებს რომ მოიწმენდს, როდის-როდის, ხელების კანკალით გახსნის კონვერტს და წერილს ამოიღებს აქამდე დაძაბული ბიჭი კიდევ უფრო დაიძაბება...
და როცა დედის თვალებში სიხარულს ამოიკითხავს, ისეთივე გრძნობა დაეუფლება როგორც DELLE ALPI-ზე პირველად გასულ ალესანდრო დელ პიეროს, რომელსაც ყურებში ტრიბუნების გუგუნი ჩაესმის: FOღძA ჟUVE!!!

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Fri Feb 11, 2011 7:51 pm

ზაალ სამადაშვილი

პიკეტი

ოთხმოცდათორმეტი წლის იანვარია, ათი, ან თერთმეტი რიცხვი. პიკეტზე ვდგავარ ჟინვალის წყალსაცავთან, სამხედრო გზაზე. მე რასა ვდგავარ, ჩემი ძმა დგას. ჩემი სულელი ძმა, თოფი რომ ვერ გავაგდებინე ხელიდან ოცდაორი დეკემბრის მერე...
რუსთაველიდან გამომაგდო.
აქ მაინც დავადექი. მოვაგენი და დავადექი. აქაც ხომ არ ისვრიან-მეთქი. ჯერჯერობით არ ისვრიანო, _ შემომიჯაჯღანა, მაგრამ ისე თავხედურად ვეღარ მომაწვა, როგორც თბილისში, ალმოდებულ სასტუმროსთან... ეტყობა, შევებრალე. შევებრალებოდი, აბა, რა იქნებოდა, ერთი კვირის უძინარს, ფერი აღარ მედო სახეზე და თვალებიც ნაცემივით მქონდა ამოლურჯებული. ალბათ იფიქრა, იქ ნერვიულობისგან ნაღდად მოკვდება, აქ ბოლო-ბოლო, მე მაინც დავიფარავ ტყვიისგანო...
მოპიკეტეები, ჩემი ჩათვლით, თორმეტნი ვართ. გზისპირა დუქანია ჩვენი შტაბი, თავშესაფარი, თუ, რა ვიცი, რა დავარქვა. იქ გვძინავს, იქ ვჭამთ, იქ ვეგულებით აჯანყების მეთაურებს. პიკეტზე მორიგეობით გავდივართ, ყოველ ექვს საათში სამ-სამი კაცი, მანქანებს ვამოწმებთ, ვაჩერებთ და ვჩხრეკთ _ საეჭვო ხალხი და იარაღი არ უნდა გაგვეპაროს არც ერთი მიმართულებით.
მედუქნე ჩემზე ცოტა უფროსი, ორმოცს მიტანებული კაცი, თავს ევლება ბიჭებს, წითელ ღვინოსა და ხორცს არ აკლებს. ესენი კიდევ, ეს ლაწირაკები _ სულ ჩემი ძმის ტოლები არიან, ოცდაორი-ოცდასამი წლისანი _ ეღადავებიან, _ ძალიან ნუ დაიხარჯები, იქნებ ვმარცხდებითო... საცა ვიწროა, იქ გაწყდესო, _ პასუხობს ის. იმ მედუქნეების ანასხლეტია, წინსაფრების მოხსნა, დახლზე დახეთქება და ყაჩაღებთან ერთად ტყეში გასვლა რომ შეეძლოთ...
როგორც ვთქვი, ათი თუ თერთმეტი იანვარია. მე, ჩემი ძმა და მისი ერთი ძმაკაცი, ისინი ავტომატებით და მე _ უიარაღოდ, ბოლთასა ვცემთ ტრასის გასწვრივ.
ჩვეულებრივი სიცივეა, ნესტიანი ქარი უბერავს და სველი თოვლი მოაქვს.
დუქანში სვამენ. ის სამი ბიჭი, ჩვენ რომ შევცვალეთ გამთენიისას და კიდევ სამნი, თორმეტი საათის შემდეგ რომ უწევთ პიკეტზე დგომა; სმით კი სვამენ ყველანი, წინა დღესაც სვამდნენ და იმის წინათაც, მაგრამ არ თვრებიან, გონებას არ კარგავენ... ასეც რომ მოხდეს, რა გინდა უთხრა, მაგათხელას ბარიკადები და ორმხრივი სროლა მარტო კინოში მქონდა ნანახი...
აგვიტანა, მაგრამ რა აგვიტანა სიცივემ, აღარც ფეხების ბაკუნი გვშველის და აღარც ქურთუკის სახელოებში მუშტების შეყოფა. ეტყობა, ჩვენებმა დაინახეს, საცოდავად რომ ვძუძგურებთ და ცოტახანში თოვლის ჭრაჭუნი გვესმის დუქნის მხრიდან...
,,ეხლავე ძმებო, ეხლავე!”...
ხმით ვცნობთ, კასტინგერაა, ხვლიკივით ცქვიტი, კაფანდარა საბურთალოელი. სახეს მკერდზე ახუტებული ღვინიანი შტოფი უფარავს, ქაქანით მოიჩქარის ჩვენკენ...
ნელა რო ევლო, ჯობდა. ათ ნაბიჯში რო მოგვიახლოვდა, აუსრიალდა ფეხი, წონასწორობის შესანარჩუნებლად ხელი აიქნია უნებლიეთ; ჯერ შტოფი დაანარცხა მოყინულ მიწას, მერე თვითონ აიშვირა ფეხები...
დაიღვარა მთელი ღვინო, წამში გადაწითლდა თოვლი...
გაბოროტდა კასტინგერა, გინებითა და ბარძაყებზე მუშტების ცემით აითრია წელი. ჩემმა ძმამ რო უსაყვედურა, _ რა იყო, ბიჭო, მთელ შტოფს რო მიარბენინებდი, ცოტა გადმოგესხა რამეშიო, _ მთლად გაგიჟდა, გადამტვრეული ყელი სადღაც მოისროლა და სულ “უხ, ჩემის” ძახილით წაქაქანდა დუქნისაკენ...
კასტინგერას მარცხის შემყურეებს, სიცივე ლამის გადაგვავიწყდა. ის იყო, ხელახლა უნდა გავთოშილიყავით, რომ მანქანა გამოჩნდა. ქვევიდან მოდიოდა, თბილისის მხრიდან. წინ გადადგომა არ დაგვჭირვებია. დაგვინახა თუ არა იარაღიანი ხალხი, მძღოლმა სვლა შეანელა და თეთრი “ნივა” რბილად გაგვიჩერა. პირველი, რაც თვალში მოგვხვდა, ჩემოდნები იყო: ტყავის დიდი, ქამრებგადაჭერილი ჩემოდნები, ორი _ მანქანის სახურავზე დამაგრებულ საბარგულზე, ოთხი შიგნით – სკამების უკან.
მძღოლის გარდა, ორნი არიან სალონში. კაცი და ქალი, ალბათ ცოლ-ქმარი. ორივენი საკმაოდ დამფრთხლები იყურებიან ჩვენკენ...
_ საიდან მოდიხართ? _ ეკითხება მათ ჩემი ძმა.
_ თბილისიდან, თბილისიდან მოვდივართ! _ პასუხობს მძღოლი და მანქანიდან გადმოდის. ნაქსოვი ქუდი ახურავს, შავი, სწორედ ისეთი, ომამდე მარტო ამერიკულ ფილმებში რო გვქონდა ნანახი, ომის დროს და ომის მერე კი, მთელმა საქართველომ რომ ჩამოიფხატა თავზე. მოძრავი, მოუსვენარი ტიპი ჩანს, ცოტათი კასტინგერას მაგონებს, ოღონდ _ ასაკოვან კასტინგერას.
_ სათ გაგიწევიათ?
_ გუდაურში, გუდაურში მივდივართ!...
_ გუდაურში თუ მიდიხართ, თხილამურები სად არი?!...
_ თხილამურებზე არ დგანან ესენი, არ დგანან ესენი თხილამურებზე. ისე მიდიან გუდაურში, დასასვენებლად მიდიან!... _ სხაპასხუპით პასუხობს მძღოლი.
_ კაცო, გაჩუმდები ბოლო-ბოლო?! ამ ხალხმა რა, ლაპარაკი არ იცის, თუ როგორ არის შენი საქმე?!... _ ღიზიანდება ჩემი ძმის ძმაკაცი.
მძღოლი იბნევა, თვალების ცეცებას იწყებს, მე მიშტერებს მზერას. ეტყობა, ფიქრობს, ასაკით უფროსია და თანაც უიარაღო, ალბათ ამ ავტომატიანი ბიჭების მეთაურიაო. მოდის, ხელკავს მიკეთებს, გვერდზე გავყავარ და ხმადაბლა მეუბნება:
_ იცით, ვინ არი ეს, ეს ვინ არი, იცით?... _ თან თავისი თანამგზავრებისკენ მახედებს. ჩემი ვარაუდით, კაცზე უნდა მელაპარაკებოდეს, რომელიც საზურგეს მიყრდნობია და თვალები მოუხუჭავს. უკან მჯდომი ქალი ლოყით ეხება მის მბზინვარე საგულდაგულოდ გადავარცხნილ თავს.
სანამ ვკითხავდი, ვინ არის-მეთქი, თვითონ მეკითხება, დუქანი თუ მუშაობსო და თანხმობის ნიშნად თავს რომ ვუქნევ, სასწრაფოდ მტოვებს.
ბიჭები გარშემო უვლიან მანქანას. ჩემოდნებს არ ხსნიან, ხელში იღებენ, სიმძიმეს უმოწმებენ, აჯანჯღარებენ და უკან დებენ; იარაღი რომ იყოს რომელიმე მათგანში, ცალი ხელით და თან ასე მსუბუქად ვერ აწევდნენ...
მძღოლი მარტო არ დაბრუნებულა, კასტინგერა მოჰყვა ფეხდაფეხ, წეღანდელზე უფრო გაბოროტებული ჩანდა. ეტყობა, დუქანშიც ბევრი იტლიკინა ამ ტიპმა.
_ რის გუდაური, რა გუდაური?! ვერა ხედავთ, ითესებიან ეს ვირთხები!... მივუშვებ ეხლა ,,ოჩერედს” და დარჩებათ ოხრად ეს ჩემოდნები!... _ აყვირდა კასტინგერა და ტენისის ბურთივით დაიწყო ხტუნვა.
არავინ შეპასუხებია. მძღოლმა დაისრუტუნა და დუქანში დალეული ღვინის წვეთები მოიწმინდა ნიკაპიდან.
მივხვდი, რომ რაღაც უნდა მექნა. საკუთარისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ძმის ავტორიტეტი ნაღდად მაძლევდა ამის საშუალებას... არადა, პატარა ბიჭს ხომ არ ამოვეფარებოდი ამხელა კაცი...
მგზავრებისკენ აღარ გამიხედავს. ის სინაზე და უმწეობა, ორიოდე წუთის წინ რომ დავაფიქსირე მანქანაში, სრულიად საკმარისად მომეჩვენა მათ დასაცავად.
დაქოქე მანქანა-მეთქი, ვუთხარი მძღოლს, და კასტინგერას წინ გადავუდექი; ალბათ ყველაფერს ელოდა კასტინგერა _ მკაცრ მზერას, საყვედურს, ხმამაღალ სიტყვას და ვინ იცის, უფრო მეტსაც კი. გაღიმება და გულში ჩაკვრა, ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის...
მკერდთან მართლა ვიგრძენი სისველე, თუ მომეჩვენა, არ ვიცი, ის კი კარგად მახსოვს, როგორ ვიმეორებდი გაუთავებლად, _ ყველას თავისი გზა აქვს, კასტინგერ, თავისი გზა აქვს!...


***

არ ვიცი, მოვყვებოდი თუ არა ამ ამბავს, ახლახან სალვადორ დალის ავტობიოგრაფიული წიგნი რომ არ ჩამვარდნოდა ხელში. ერთ-ერთ თავში მხატვარი სამოქალაქო ომის პერიოდს იხსენებს და აღწერს ისტორიას, რომელიც მას და მის მეუღლეს გადახდათ თავს ესპანეთიდან საფრანგეთში გაღწევისას. დალი ჰყვება, როგორ გააჩერეს ზღვისპირა გზაზე მათი მანქანა პატრულებმა, როგორ გააღიზიანა ისინი მისი ცოლის ჩემოდნებმა, როგორ უპირებდნენ დახვრეტას და როგორ იყოჩაღა მძღოლმა. ეს არაფერი, დალის თქმით, იქვე ახლოს დუქანი ყოფილა, სადაც მძღოლს ცოტა გადაუკრავს, ხოლო დუქნისაკენ მიმავალ გზაზე ვიღაცის მიერ დაღვრილი ღვინო ლაპლაპებდა თურმე...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Fri Feb 11, 2011 7:53 pm

ზაალ სამადაშვილი

ალი გამურულ შუშაში

როგორც ყოველთვის, შუაღამისას, პირველის წუთებზე ვბრუნდები შინ. როგორც ყოველთვის, ტილოგადაფარებული თეფში მხვდება სამზარეულოს მაგიდაზე, მაგრად მოხარშული ორი კვერცხითა და ორი ნაჭერი რუხი პურით. ქურთუკის გაუხდელად, ხელების დაუბანლად ვჯდები მაგიდასდთან და კვერცხების გაფცქვნას ვიწყებ. თან ვფცქვნი, თან ლამპის გამურულ შუშაში მომწყვდეულ სუსტ, მოცახცახე ალს ვუყურებ. დაღლილი კი არა, არაქათგამოცლილი, გადაქანცული....
ჭამის დროს, ოდესღაც საკუთარი ხელით გაკრულ, გვარიანად გამოხუნებულ, ალაგ-ალაგ დალაქავებულ და სიყვითლეშეპარულ შპალერზე გადამაქვს მზერა. ჩვეულებისამებრ, ჩქარ_ჩქარა, თითქმის დაუღეჭავად ვყლაპავ ლუკმებს და ვგრძნობ, რომ მშია. ნამცეცს არ ვტოვებ მაინც....
ვდგები, ნაჭუჭებს ნაგვის ვედროში ვყრი, თეფშს ონკანის ქვეშ ვდებ და ფეხაკრეფით გამოვდივარ სამზარეულოდან...
პალტოების საკიდთან ვჩერდები, ფრთხილად, ძალიან ფრთხილად, ზედმეტი შარი-შურის გარეშე ვიხდი ქურთუკს, მერე “ბათინკებს” და წინდებისამარა შევდივარ საძინებელ ოთახში...
ჩაძინებული ცოლ_შვილის დანახვა გულს მიჩუყებს, როგორც ყოველთვის, მაგრამ გულის აჩუყება ამჯერად არ მიმძაფრდება, არ მეუფლება უმწეობის შეგრძნება. უკვე საბანწაფარებულს, ძილს მიფრთხობს არა ბუნდოვან მომავალთან გაიგივებულ, აბსტრაქტულ ხვალინდელზე, არამედ კონკრეტულ, კარზე მომდგარ, რამდენიმე საათში მოსასვლელ დღეზე ფიქრი. დღეზე, რომელიც დღესასწაულად უნდა ვუქციო ჩემს გოგოებს, დიდსა და პატარას, ლოყის ქვეშ ერთნაირად მშვიდად რომ სუნთქავენ აქვე, გვერდით, სულ ახლოს...
დილაადრიან ვიღვიძებ. ალბათ სამი, ჰა-ჰა სამსაათნახევარი მეძინა. ტყუილად არ გამიტეხავს ღამე _ დღევანდელი დღის გეგმა შედგენილია. რამდენჯერაც მიოცნებია ამ დღეზე; რამდენჯერაც მინატრია მისი დადგომა, იმდენჯერ მაქვს შედგენილი მისი გეგმა. მაგრამ ოცნება რომ ამიხდა, უფრო სწორად, რომ ავიხდინე, მაინც თავიდან მომიხდა სიხარულებისა და სიამოვნებების დალაგება მოულოდნელობის ზრდის მიხედვით...
დავალაგე...
აეროპორტის დასახლებასა და სარკინიგზო სადგურს შორის მოძრავი დაფეხვილი მიკროავტობუსის შოფერი კი ვარ, მაგრამ ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატიც ხომ ვიყავი ერთ დროს..
მაშ ასე ჯერ “მაკდონალდსი’!...
“ბიგ-მაკებით ვისაუზმოთ და ყავაც იქ დავლიოთ,” _ ვეუბნები ახლად გაღვიძებულ ცოლ-შვილს გაპარსული, ოდეკოლონნაპკურები და ჩემს ერთადერთ გაუწელავ, იდაყვებდაუკემსავ ჯემპრში გამოწყობილი. დიდი ანა გაოცებული მიყურებს, პატარა ანა კი, რომელსაც ვეებერთელა, ამერიკული ბუტერბროდი მხოლოდ ტელევიზორში აქვს ნანახი, ხტუნვას იწყებს საწოლზე...
ხელიხელჩაკიდებულები ჩავდივართ ვიწრო, ქვით მოკირწყლულ დაღმართში. პურისა და ნავთის საყიდლად გამოსული მეზობლები გვხვდებიან გზადაგზა.
“მეტროთი უნდა წავიდეთ?” – მეკითხება პატარა ანა.
“არა, ტაქსით,” – ვპასუხობ მე.
“წითელით?”
“ჰო, წითელით.”
“ნუ გადაირევით ახლა...” – გვირჩევს დიდი ანა.
ამბობენ, დასავლეთში “მაკდონალდსი” იაფფასიანზე იაფფასიანი სასადილოაო. არა მგონია, შვედ ან ფრანგ ბავშვებს ძალიან ანაღვლებდეთ ეს და ჩემს შვილზე ნაკლებად ახარებდეთ საჩუქრები, ურომლისოდაც არცერთ პატარას არ ატოვებინებენ იქაურობას.
“მაკდონალდსის ემბლემიან დროშას აფრიალებს მიკი მაუსის ნიღბიანი ანა, რომელიც პლასტმასის წვრილი, გამჭვირვალე მილიდან “კოკა-კოლას” წრუპვით უფრო იხიბლება, ვიდრე უცნაური ბუტერბროდითა და ლამაზი პარკით მორთმეული ხრაშუნა კარტოფილით. თუმცა, არც ერთს იწუნებს და არც მეორეს. დიდი ანა ამბობს, აღარც მახსოვს, როდის ისაუზმა ასე მადიანადო...
მაღაზიებში შესვლის დრო დგება...
ცუდად აცვიათ ჩემს გოგოებს. ვეღარ გაუძლებენ კიდევ ერთ გადაკეთებას მათი პალტოები. ძაფის მაგივრად ძუა რომ იხმარო, ისიც ვეღარ დაიჭერს სიძველისაგან დამდნარ, გაცრეცილ ნაჭრებს. პატარა ანას ინგლისური მაუდის გრძელი, განიერკალთებიანი პალტო მოუხდება, დიდ ანას კი – ქურქი, დიდსაყელოიანი, წაულას ზურგებით შეკერილი, მბზინვარე ქურქი.
ვაკეში ვართ. ამ უბანში სულ მდიდრული, ერთიმეორეზე უკეთესი მაღაზიებია. შევდივართ ერთ-ერთში, რომლის ვიტრინაც ყველაზე მეტად მჭრის თვალს, სადაც ყველაზე ელეგანტურად ჩაცმული მანეკენები გამოუდგამთ. მანეკენებზე არანაკლებ ელეგანტური გამყიდველები ალმაცერად გვიყურებენ თავიდან. არ ვბრაზდები, ვიცი, როგორ შეეცვლებათ მზერა სულ რაღაც თხუთმეტ-ოც წუთში, როცა ტანსაცმლის მოსაზომი ოთახიდან ჩემი უზომოდ დამშვენებული გოგოები გამოვლენ და მე ჯიბიდან კარგად დატენილ საფულეს ამოვიღებ: უკვალოდ გაქრება მათი მედიდურობა და ჩვენი პარკებით დატვირთულები, პირმოთნე ღიმილით გამოგვაცილებენ თითბრის მასიურსახელურიან, შემინულ კარამდე. პარკებიც სხვანაირები აქვთ ასეთ მაღაზიებში, მაღალი ხარისხის ქაღალდისგან დამზადებულები, ჩანთების მსგავსები...
“ამდენი ფული საიდან... საიდან ამდენი ფული?...” – ჩურჩულით მეკითხება შიშისაგან თვალებგაფართოებული დიდი ანა.
დღევანდელი დღის დაგეგმვისა არ იყოს, პასუხი ამ შეკითხვაზე რახანია, მოფიქრებული მაქვს.
“იყიდეს, როგორც იქნა, იყიდეს ჩემი გამოგონება, ანუკა!...” _ _ მერე ვსეირნობთ. ვსეირნობთ და ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ გავალამაზებთ ჩვენს პატარა ბინას, როგორ გავუმართავთ ხელს გაჭირვებულ ახლობლებს, როგორ დავისვენებთ ზაფხულში ზღვაზე. გვსიამოვნებს ეს ლაპარაკი, ისე გვსიამოვნებს, რომ დასრულება არ გვინდა...
გვშივდება..
კვლავ “წითელ ტაქსში” ვსხდებით და გეზს ვიღებთ რესტორნისკენ, რომლის ფანჯრებიდანაც ყველაზე უკეთ მოჩანს ის თბილისი, რომელიც ჩვენ, მე და დიდ ანას გვიყვარს. ვეღარც კი ვიხსენებთ, როდის ვიყავით უკანასკნელად არათუ ასეთ, არამედ გაცილებით მოკრძალებულინტერიერიან რესტორანში და გვეცინება. დინჯად ვფურცლავთ სამთავრობო ადრესივით სოლიდურ, მუქ, გარეკანში ჩასმულ მენიუს და ისევ ვერ ვიკავებთ სიცილს – ზოგიერთი კერძის არსებობა დავიწყებულიც კი გვქონია. ვუკვეთავთ ყველაფერს, რაც არ გვახსოვდა და რაც გვახსოვს. ვჭამთ აუჩქარებლად, დაგემოვნებით და ვაგრძელებთ საუბარს, რომლის დასრულებაც ასე არ გვინდოდა ქუჩაში. ვაზუსტებთ დეტალებს: რა ფერით შევღებავთ კედლებს, როგორი სარაფანი მოუხდება ანას, რამდენ ხანს ეყოფა ხუთასი ლარი ჩემს უმუშევარ, წვრილშვილის პატრონ ძმაკაცს... სადღეგრძელოების თქმაც მომნატრებია, ისეთების კი არა, არყით სავსე ჭიქის პირში ჩამხობის წინ რომ ჩაიბურტყუნებ უნდილად – ლამაზად გაწელილს. ჰოდა, მეც ვამბობ...
ამასობაში მოდიან ორკესტრანტები და იწყებენ წყნარი, ძალიან წყნარი მელოდიების დაკვრას. ვდგები, დიდ ანას თავს ვუკრავ და საცეკვაოდ გამყავს. პატარა ანა “კოკა-კოლით” სავსე მუცლიან ჭიქას ივიწყებს და ჩვენსკენ იყურება. მაგიდასთან ვბრუნდები, ბავშვს ხელში ვიყვან და ცეკვას უკვე სამნი ვაგრძელებთ. ხარბად ვისუნთქავ საყვარელი არსებების თმის სურნელებებს. ალბათ ასე ყნოსავენ ხანგრძლივი, მაგრამ იღბლიანი ნადირობიდან დაბრუნებული ხვადები თავიანთ ლეკვებსა თუ მგელს...


ვიცი, რომ უნდა გამეძლო და ვერ გავუძელი. ვიცი, რომ არ უნდა გავმწარებულიყავი და გავმწარდი, ვიცი, რომ მოძალადე არ უნდა გავმხდარიყავი და ვხდები. ვდგავარ ჩაბნელებული ქუჩის ბოლოში, ქამარში გარჭობილი იარაღის ტარს ვუჭერ და ვქოქავ საკუთარ თავს....
გამუშავეს ხუთი წელი? გაგაუმჯობესებინეს მზის ბატარეა? გამოგართვეს კოხტად შეფუთული? შეგპირდნენ – აგაშენებთო? აგაშენეს?...
დაგაქციეს – ნაოფლარი წაგართვეს, მშრალზე დაგსვეს, უმუშევარი დაგტოვეს. ხმის ამოღება ვერ გაბედე, დაგემუქრნენ, შავები გამოგიგზავნეს – “ ხუთი წელი გინახავდა ეს ხალხი, მეტს რაღას ითხოვ, ძმაოო,” – გეგონება, ეს ინსტიტუტი, ეს ლაბორატორია სახელმწიფოსი კი არა, მათი იყო – დირექციის... თითქოს ამ მათხოვრულ ხელფასს ბიუჯეტი კი არა, რომელიმე მათგანი გიხდიდა...
მიდიოდი ყოველ კვირადღეს მშრალ ხიდთან, ჰყიდდი მამა- პაპისეულ ნივთებს ჩალის ფასად?
მიდიოდი. მიდიოდი რომელია, მირბოდი. ჰყიდდი და თუკი გთავაზობდნენ, ცვლიდი კიდევაც ლარნაკებს, ვერცხლის ჭიქებს, ფაიფურის სამშვენისებს, ფქვილში, შაქარში, ნავთში...
დაიწყე ვალების აღება ისტერიულად, ყველა კარადა და თარო, რომ გამოაცარიელე?...
ან გალოთდებოდი, ან მევალეების წერა გახდებოდი, შენს ერთ ღვთისნიერ ნათესავს სამარშრუტო ტაქსის ხაზი რომ არ ეყიდა და რომ არ გახსენებოდი.
რა დღეში იყავი თავიდან?
პირველ ორ თვეს უკან, სალონისკენ არ იხედებოდი, მგზავრებს შორის ვინე ნაცნობი არ აღმოჩნდესო. ავტოინსპექტორებთან ურთიერთობა გაგიჭირდა, ვერც მიხვდი, რატომ გაჩერებდა ყოველდღე ერთსა და იმავე ადგილას ერთი და იგივე ლეიტენანტი, სანამ არ აგიხსნეს, რომ ის შენგან წესების დაცვას კი არა, ფულს მოითხოვდა, ერთგვარ გადასახადს, რაკი “მის ტრასაზე” მოძრაობდი. ცვლიდან დაბრუნებულს ხმის ამოღების თავიც არ გქონდა, მოცელილივით ეცემოდი საწოლზე და მკვდარივით იძინებდი...
თითქოს რომ დალაგდა რაღაცეები, თითქოს ალღო რომ აუღე ახალ სიტუაციას, ბრახ!.. და ისევ აინთხლა ყველაფერი..
შარში გაეხვია ის კეთილისმყოფელი ნათესავი. თავის დასაღწევად ფული სჭირდება. ჰყიდის ხაზს თავის მიკროავტობუსიანად.
ჰარი მორგანი გახსოვს? – “არ ვიცი, კანონები ვინ დააწესა, მაგრამ ეს კი ვიცი, რომ იშიმშილეო, ამისთანა კანონი არ არსებობს.”
ამის გამო დგახარ აქ, ამიტომ არ აცილებ თვალს მოპირდაპირე სახლის მეორე სართულზე გაჩახჩახებულ ფანჯარას. ელოდები, როდის ჩაბნელდება ის, რათა გადაჭრა ქუჩა და შეუმჩნევლად მიუახლოვდე ახალთახალ მუქ BMჭ-ს, რომელშიც ორნი უნდა ჩასხდნენ...
ერთი მათგანი ქალი იქნება, მეორე _ კაცი. ქალი კერძო სანოტარო კანტორის მფლობელია, კაცი – მისი ქმარი თუ საყვარელი. თანამზრახველები არიან. რა დალევს ამ ქვეყნად ჩემნაირებს. ვის მემკვიდრეობით დარჩენილი ბინის, ან უძრავი ქონების გაფორმება ავიწყდება საკუთარ სახელზე, ვის წინასწარი ხელშეკრულების დადება მომავალ საქმიან პარტნიორთან. ჰოდა, მიმართავენ სხვისი ქონების ან ნაშრომის მითვისების მოსურნენი ამ წყვილს, უდებენ ჯიბეში კუთვნილზე გაცილებით მეტ ჰონორარს და რჩებიან უსახლკაროდ, ულუკმაპუროდ წინდაუხედავი, მიამიტი ადამიანები.
დღეს ერთი ასეთი საქმე “მოგვარდა” თუ არა, არ ვიცი. გაფიქრებაც არ მინდა, რომ შეიძლება არ გამიმართლოს და წყვილი უფულოდ გამოვიდეს კანტორიდან. უნდა გამიმართლოს, აუცილებლად უნდა გამიმართლოს....
ფანჯარა ბნელდება...
ცოტაც და კიბე ახმაურდება სადარბაზოში, ჩამოსვლას დაიწყებენ...
ადგილიდან ვიძრები...
ნიღბის მაგივრობას წინდაწინ ორ ადგილას ამოჭრილი შავი, ნაქსოვი ქუდი გამიწევს. მანქანის კარის სახელურს რომ წავატან ხელს, მაშინ ჩამოვიფხატავ სახეზე. კარგია, უცხოური მანქანის ოთხივე კარი ერთდროულად, რომ იღება, მძღოლის ჩაჯდომისთანავე. უკნიდან უნდა შევხტე, კეფაზე უნდა დავადო იარაღი ხარისკისრიან ბოდიგარდს და კბილებს შორის გამოვცრა, _ “მაყუთი, თქვე ბოზებო!....”
ისეთი ფოლადი უნდა გავურიო სამ სიტყვაში, ისეთი სიცივითა და დაუნდობლობით უნდა გავჟღინთო მათი თანაწყობა, რომ ბოდიგარდმა, ყოფილმა მილიციონერმა, ორგანოებიდან დათხოვნილმა ფულის გამოძალვის თუ პატარების ცემის გამო, გამმეტებელიაო, იფიქროს და მუდარის თვალით გახედოს თავის არანაკლებ დამფრთხალ ძუკნას, მიეცით ფულიანი კონვერტიო...
გამჭოლი სადარბაზოებით გადავრბივარ ერთი ქუჩიდან მეორეში. შმორის სუნი მცემს დროდადრო. ვერაფერს ვერ ვამჩნევ კიბეების საფეხურებისა და დახეთქილ-გადაკერებული ასაფალტის გარდა. საკუთარი გულის ძგერის ხმა ჩამესმის მარტო _ დაგ-დუგ, დაგ-დუგ... რაც უფრო მაგრად მიძგერს გული, მით უფრო მაგრად ვიკრავ მის მხარეს, მარცხენა მხარეს, მარცხენა ხელით ჩაბღუჯულ, ფულით სავსე მომცრო პარკს...
გამიმართლა. დაფრთხნენ კიდევაც და ფულიც აღმოაჩნდათ...
ჩემი ვარაუდით, სულ ცოტა, სამი-ოთხი კვარტლითა ვარ დაშორებული იმ ადგილს, საიდანაც გამოვრბივარ. მგონი, არ ვცდები. ნაბიჯს ვანელებ. ვმშვიდდები. ბაზრობაზე ნაყიდ სათამაშო “პარაბელუმს”, ნაღდის ზუსტ ასლს, ნიღბად გამოყენებულ ქუდში ვახვევ და მტკვარში ვისვრი. საათზე ვიხედები. თორმეტი ხდება. პირველის წუთებზე შინ ვიქნები, როგორც ყოველთვის, როცა ცვლიდან ვბრუნდები...

* * *

_ ერთი ეგ “მანტიროვკა“ მომაწოდე, თუ ძმა ხარ!
_ დაიჭი..
_ აუჰ!
_ რა იყო, “მანტიროვკასაც“ ვეღარ იჭერ?
_ “მანტიროვკას“ კი არა... კარგი ჰქენი, გუშინ ადრე რომ წახვედი.
_ დიდხანს შერჩით?
_ შენს მერე კიდევ ორი ბოთლი გავჭყლიტეთ..
_ დაგიხოციათ თავები...
_ ნუღარ გამახსენებ!
_ გაახურა “პრაფესორმა”?
_ მა რას იზამდა?!
_ რაო, ისევ დაყაჩაღებას აწვებოდა?
_ ხო... ოღონდ ეხლა ბანკირს აღარ ეცემა, ნოტარიუსს წეწავს..
_ ვა რატო?
_ მე რა ვი..
_ ისე რა გინდა, ძმაო “ჩერესჩურ” საკაიფოდ ჰყვება, რო ვუსმენ, თავი კინოში მგონია.
_ კიდევ რა მოყვა არ იცი?.. ახეულ მაყუთს როგორ დახარჯავს, ახლობლებს როგორ გაუსწორებს...
_ ვა, გაუფრენია და ეგ არი!...
_ შენ შაყირობ და მე მაგრად შემეცოდა.
_ ცოდო მერე იქნება, ხაზს რომ გაყიდიან და მანქანიდან რომ ჩამოსვამენ...
_ არ არის ცუდი კაცი!
_ ცუდი?... ცუდი კი არა.. იცი, რა მაგარი ყოფილა თავის საქმეში?
ხელოსნები ლაპარაკობენ _ ორნი არიან. ჩაფართხუნებული, ზეთით გაპოხილი კომბინიზონები აცვიათ. სანგრის მსგავს სარემონტო ორმოზე შეყენებულ მიკროავტობუსთან დგანან. ეზარებათ მუშაობის დაწყება. ბოქსის აგურით ნაშენ, შეულესავ კედლებზე მანქანის ჯართადქცეული ნაწილები და გაცვეთილი საბურავები ჰკიდია. სიღრმეში, სადაც თითქმის არ აღწევს დღის სინათლე, პატარა მაგიდა დგას. მაგიდაზე არყის ბოთლები და თევზის კონსერვის თავახდილი ქილები აწყვია. ბოთლებს შორის ბჟუტავს ლამფა.
_ ანთებული დაგრჩენია... _ ამბობს ის ხელოსანი, წინადღით ადრე რომ დატოვა აქაურობა.
_ ჩააქრე, თუ ძმა ხარ. _ თხოვს მეორე.
კაცი მაგიდასთან მიდის და პატრუქს ბოლომდე სწევს ქვევით. მოცახცახე ალი ქრება და გამურული შუშის ყელიდან ძაფივით წვრილი, შავი ბოლი ამოდის ზლაზვნით.

study



ალი გამურულ შუშაში
ავტორი: ზაალ სამადაშვილი
კატეგორია: პროზა, დეტექტივი
გამომცემლობა: საარი
გამოცემის თარიღი: 2001
ყდის ტიპი: მაგარი
ყდის ზომა: 125X190
გვ. რაოდენობა: 380
ISBN: 99928-39-26-0
ფასი: 5.00

Arrow


Last edited by Admin on Fri Feb 11, 2011 8:01 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ზაალ სამადაშვილი   Today at 1:38 pm

Back to top Go down
 
ზაალ სამადაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: