არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 კახა ჭაბაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: კახა ჭაბაშვილი   Sun Jan 04, 2009 11:53 am



Kakha Tchabashvili

კახა ჭაბაშვილი

დაიბადა 1975 წლის 20 ოქტომბერს.

"საგარეჯოში დავბადებულვარ (პირადობაში თბილისი შეცდომით მიწერია). ჯერ ბოდბისხევში ვიზრდებოდი, მერე კაკაბეთში (ოეეე, სოფელიიი)!
არავის ეგონა, ჩემგან რამე თუ გამოვიდოდა და არც შემცდარან... "


ბმულები:
* http://lib.ge/tchabashvili-kaja/
* https://www.facebook.com/kakha.chabashvili


Last edited by Admin on Fri Dec 14, 2012 9:44 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კახა ჭაბაშვილი   Fri Nov 02, 2012 9:15 am

კახა ჭაბაშვილი

მოგზაურობა ქიზიყში

ახლა რა ხდება? ვაჰ, მახლას!
გასულ პარასკევს გათავისუფლება ვითხოვე, ორიოდე საათიღა რო იყო დარჩენილი ექვსამდე და მეთქი, სოფელში წავიდე, ბალღი მთელი კვირაა არ მინახავს. ხელმძღვანელმაც ერთი გამიღიმა მოწყალედა და ჰაიდა, ისნის მეტროსაკენ. მაქედან გადიან "მარშრუტკები" და ტაქსებიც "მარშრუტკის" ფასად. არა, მანქანაცა მყავ, ძველი ადამისდროინდელი, მაგრამა მაგის ბენზინს ყველაზე ცოტა 45 ლარის ბენზინი უნდა, ტაქსი კიდევ სულ რაღაც 7 ლარად ჩაგარბენინებს აქედან და იქიდანაც, ბუნებრივია.
ჰოდა, რა ხდება-მეთქი: ისანში ამოველ და "მარშრუტკა" მეზარება, გული არ ამერიოს. ვხედავ, მაგარი 730 მოდელის ბეემვე (ბი-ემ დაბლიუ) და აწერია "წნორი".
გამეხარდა!
გვერდით მოხუცებული დგას, ყავარჯნებზე, თეთრი ფუმფულა წვერით და ცალი ფეხი არა აქვს. ვეკითხები პაპააა! ესა წნორისკენა? იმანაც კიო, ორი კაცი არის უკვე, აგერა ლუდს დალევენ, მოვლენ და წავალთო!
გამეხარდა!
ავიტუზე და ვიცდი. ერთი 5 წუთში ორი ბრგე კახელი მოვიდა, ცხრა ნომერი "ბალტიკებით". ერთ მათგანს ცალი თვალი არა აქვს. ვაჰ, ვფიქრობ, მძღოლი რომელია? ესენი სპირტნარევ პივასა სვამენ, ამას კიდევ ცალი ფეხი არა აქვს!
აბა წავედით!
სადა კაცო, სად წავედით, მძღოლი სადაა?
ცალფეხა ბებერმა მძღოლის კარი გამოაღო, ყავარჯნები ვაგლახითა და ვაებით შეაწყო და ცალთვალა კაცი კიდევ ჩაჯდომაში ეხმარება.
ლამისაა გავიქცე, მაგრამა მრცხვენია კაცო... აბა, რა ვიცოდი, ეს დაჩმეხილი ბაბუა თუ იყო მანქანის პატრონი.
უკან ჩავჯექი, მარჯვენა მხარეს (მანდ გაცილებით უსაფრთხოა).
არადა, ბე-ემ-ვე არ იქოქება!
გამეხარდა!
ამან, ბალტიკისმსმელმა, მაიმუნისმაგვარი ხელი გაიწოდა და მაიცა, მამა, შენ რა იცი მანქანისაო!
ვაიმე!
`შენ რა იცი მანქანისაო~...
ერთი სამჯეტრ გადაატრიალ-გადმოატრალა გასაღები და ფუუჰ! დაიქოქა!
ახლა რას ვშვრებით?
კისერი წავიგრძელე და მარტო ერთი პედალი აქვს. საჭესთან კიდევ ოხრად რაღაც რკინები და მოსაწევ-მოსაჭიმები. ბაბუა საზარლად ხვნეშის და ხელებს კარგი ბოქსერივით იქნევს.
უცებ სანტიმტრნახევრიანი სისქის სათვალე გაჩითა და ცხვირზე დაიკოსა. ბრმაცა ყოფილა, ვაიმეე!
"სტაიანშჩიკმა" მანქანის დგომის ფული არ გამოართვა და მოწყალე თვალებით გაგვაცილა. ეჰეეე, ფულიც კი არ გამოართვა, შეეცოდა ესე იგი ინვალიდი მოხუცი და მე არა ვარ ცოდო?
სიგნალის ხმამ გამაყრუა! ბებერმა ისე უშნოდ მოუხვია, რომ ლამის მოძრაობა გაჩერა.
პატრული მენატრება!
მე მიცავს ჩემი მილიცია! (იყო ასეთი ლოზუნგი ჩემს ბავშვობაში). სადაა მილიცია, სადა!
კაი, ჯანდაბას!
კახეთის გზატკეცილზე ვართ. ბაბუამ, რამე ცივი ხომ არ დაგველიაო?
პაპიი! იქ არ იდექი, ისანში ამდენი ხანი? დაგელია, ჩაგეცეცხლა და რა ვიცი... მანქანა გააჩერა და ამ ჩემის უკან მჯდომს ეუბნება, მიდი ერთი "ყაზბეგი" ამიღეო!
პივააა?
იქნებ ლიმონათი?
არა, პივა!
ამჯერად მანქანა უპრობლემოდ ჩაიქოქა და ამ პაპას ორი ხელი აქვს. ცალში "ყაზბეგი" უჭირავს და მეორე ხელი კიდევ, გეგონება ათასფეხააო, იქნევს და იქნევს.
თავს აღარ შეგაწყენთ: კაჭრეთს რო გაცდები, გზა იწყება ლარივით სწორი და სპიდომეტრს მივშტერებივარ: 140, 150 და ისარი უკვე ჩემდა საუბედურიდ წელში მოიხარა – 160 კილომეტრი საათში.
პაპა ლაყბობს, პივა ჩაცეცხლა უკვე და მომენტებია, გზას არცკი უყურებს.
ბაბუა, ვეუბნები, - მაღალ სიჩქარეზე ცუდად ვხდები, შეიძლება გულიც კი ამერიოს, ამიტომ იქნებ ცოტა ნელა წახვიდე-მეთქი.
ამან საჭეს თითქმის მთლად შეუშვა დაკოჟრილი ხელები, მომიტრიალდა და – შვილოო, ამ ტრასაზე 190 კილომეტრითაც კი მივლიაო, ზეპირად ვიცი ყველა მოსახვევი და ყველა ორმოო!
მანქანას დაგისვრი, პაპა! – ასე ვუთხარი.
ჰოდა, დააგდო სიჩქარი, - 120-ზე ჩამოვიდა.
ვაქირში (სოფელია ასეთი) რომ შევედით, ლაგოდეხისაკენ (ეს ქალაქია) მიმავალი ტრაილერების უშველებელი რიგი.
შეზარხოშებულმა პაპამ ბევრი არ იფიქრა და მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს არ შევარდა? ერთი 5 "ტრაილერს" კი გადაასწრო, მაგრამ ჩემი მილიცია ხომ მე მიცავს!
"გადააყენე, ბეემვე, გადააყენე, ბიჯოუ!"
გამეხარდა!
მანქანა რომ გაჩერდა და ეს გიჟური რბოლა ცოტა ხნით დამთავრდა. გადმოვედი და ამ პაპას კარი გაუხსნია, მაგრამ თავად გადმოსვლას ვერ ახერხებს, ყავარჯნები უშლის. პატრულის თანამშრომელთან მივედი და ვეუბნები: აპატიე ინვალიდი კაცია, თავს ტაქსაობით ირჩენს. ჩემი ბრალია, ძალიან მეჩქარება და მე ვაიძულე ეგ დარღვევა, მე მაპატიე-მეთქი. თან პირადობის მოწმობას ვაჩვენებ: ყველა ვარიანტში გაჭრის!
პატრულის არწივმა ჯერ კარგად შემათვალიერა, მერე `ქსივა~ ათვალიერა და შენი ხათრით, თორემ მაგას გვარიანად მივაჯარიმებდიო! – ასე თქვა.
ეს მანქანა რამოდენიმეჯერ არის გადმოცემული საკმაოდ სერიოზულ დარღვევებზე, მაგრამ არ გვემორჩილება, მანქანას არ გვიჩერებს და ჩვენ კიდევ დევნას ვერ ვახორციელებთ, ინვალიდია და რამე საშინელება არ ჩაიდინოსო...
მანქანაში დავბრუნდი და, პაპა, ხო ნახე, პატრულის ჯარიმას გადაგარჩინე, ახლა მაინც იარე ცოტა ნელა.
საბჭოთა "გაიდან" მოყოლებული, ჩვენი სახელოვანი პატრულით დამთავრებული, დედ-მამა არავის დაუტოვა საფლავში. ამათ გამოწერილმა ჯარიმებმა, ლამისაა 300 ლარს მიაღწიოსო.
მეთქი-მიაღწევს, მა რას იზამს, თუ ასე გიჟივით...
ჩავედით წნორში.
მე ბედნიერი ვარ!
გადმოვედი და ფული ხო უნდა გადავუხადო: ეს დარტყმული პაპა მეუბნება – ერთი 50-ლარიან ჯარიმასა გადამარჩინე ბიჯო და მე შენ ფულ გამოგართმევოო!
ადგილიდან მკვეთრად მოწყვიტა, საბურავების საზარელი ღრჭიალით და...
ფეხზე გადამიარა! სინდისს ვფიცავარ!
გასიებული მაქვს კოჭი. დიაგნოზი: მძიმე დაჟეჟილობა და ძარღვების აყრა.
მადლობა პაპა!

study


Last edited by Admin on Fri Nov 02, 2012 9:30 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კახა ჭაბაშვილი   Fri Nov 02, 2012 9:29 am

კახა ჭაბაშვილი

უკანასკნელი 100 გრამი სოხუმიდან

რიტორიკაში წერია, ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო, - ილია იწყებს თავისი ერთ-ერთი მოთხრობის ასე წერას. ისე, რიტორიკაც კაი რამაა და შესავალიც, მაგრამ ამბავი, ძმებო, რომელზეც ახლა უნდა მოგითხროთ, არც რიტორიკას საჭიროებს და შესავალს მით უმეტეს.
თბილისში რო ბათქა-ბუთქი იყო და მთავარი ქუჩა რო გადავწვით მთელი თავისი `პრელესტებიანად~, მაგაზე მგონი კიდეც ვიბოდიალე ერთხელ, მაგრამ რაზეც ახლა მინდა გიამბოთ, ეს სულ სხვა თემაა, სულ სხვა.
თბილისი.
საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა #1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. თუ გახსოვს ორი შესასვლელი ქონდა – ერთი `პარადნი~, მეორე უკანა მხრიდან, სპორტული კომპლექსი რო იყო `შევარდენი~ (შეიძლება ახლაც არის, მე არ ვიცი). ჰოდა, ამ უკანა შესასვლელიდან წვერგაუპარსავი ჯეელი, ასე პოლიტრა ექნება დალეული ყველაზე ცოტა – ამ ცხრასართულიან შენობას მისდგომია და ღრიალებს:
-გიაა, გიაა!!! – თან ცხრასართულიან გინებას აყოლებს;
თავდაცვის მინისტრის რეზიდენცია მაშინ მეშვიდე სართულზე იყო.

ფანჯარა გაიღო,
მეშვიდე სართულის და ყარყარაშვილმა გამოიხედა, გიამ. ხელიც კი გაუქნია:
-რა არი, რა გინდაო!
იმან, ჯეელმა – შენ არა, შენ შედი, სხვა გიას ვეძახიო! – ასე მიუგო. ასეთი ჯარი გვყავდა.
სექტემბერი იყო...
ოცდაშვიდში ყველა ქართული შენაერთი სოხუმს დატოვებდა და იქნებოდა მერე
გამუდმებული გლოვა და გოდება ქართულ ტელესივრცეში, შავ ჩარჩოში ჩასმული ყმაწვილები და სამძიმრებიც... ბევრი, ძალიან ბევრი.
იყო ასეთი გენერალი, სახელად გუჯა. ყველაზე ბოლო დაცემულ-დავარდნილი სოხუმიდან ეგ გამოვიდაო. მერე როგორ... თურმე სოხუმი ჩვენებისაგან რო დაიცალა, ამას ძინავს.

ყველამ რივოკით მოხია, ზოგმა მოკლეზე მოუსვა, ზოგმაც ჩერეზ კოდორი, მავანმა სხვანაირად გემით და რამე. ეს გუჯა კიდე, თურმე მაგარი დაღლილია, რამოდენიმე ღამენათევი და ძინავს. ყველამ მოხია ადიუტანტი მადიუტანტი, მუტანტი... ყველამ, ყველამ. მარტო მძღოლი დარჩენილა და ამ ჩემის გენერალს, გუჯას რო გაუღვიძია და - ბიჯო, ბიჯო, სად არი ჯარიო? – უკითხავს, მძღოლს უპასუხია, - ბატონი გენერალო, სოხუმში ქართველებიდან მარტო თქვენ და მეღა ვართ დარჩენილებიო. მერე რა დიალოგი იყო, აღარ არი ცნობილი, მაგრამ სავარაუდოდ, გუჯა ეტყოდა, - მერე, შე ჩემის გადანგრეულო, შოფერი რა ფეხებად მინდოდი აქ, მანქანის ტარება არ ვიცი თუ რაო?
ღმერთმა აცხონოს თემურა ძიას სული! გუჯას ეშლება და მაგის მძღოლსაც ეშლება. ქართულმა ჯარმაც დატოვა, გუჯამაც დატოვა სოხუმი, მაგრამ თემურა ძია იქ იყო.
ღმერთმა აცხონოს თემურა ძიას სული!
თემურა ძიას სმა უყვარდა და კიდე ერთი რაც დამამხსოვრდა იმისაგან – აი, ქალთან ერთად რო ხარ ლოგინშიო, სექსიო და რამე...

ერთი ლაზათიანად რო გაათავებ და იმ ქალის კოცნა მოგინდება, აი იქ დაგენძრევა... ეს იმას ნიშნავს, რო ის ქალი უკვე შეგყვარებია და ფრთხილად იყავიო. მაიცა, თემას არ ავცდე – სმა უყვარდა თემურა ძიას-მეთქი. შემოდგომაც უყვარდა, სექტემბერიც და ზუსტადაც 26 იყო სექტემბრის. თემურას ადგილობრივი შავები, ყველა ცნობდა. მერე რა, ქართველი რო იყო. მაგათთვის ეროვნება არაა, არ არსებობს.

მთავარია, რო გაგება გაქ, მთავარია რო წესიერად ცხოვრობ, ქურდული ცხოვრებით, რაა.
თემურა ქურდი არ იყო, მაგრამ არც არაფერი ეკლდა. გამავლობა და მთელი ამბავი. უბრალოდ სვამდა და მაინცდამაინც არც უნდოდა ქურდობა. ქურდს კიდე მაშინ არ უნდა ესვა, წამალი არ უნდა გაეკეთებინა, ოჯახი არ უნდა ყოლოდა, სახლი არ უნდა ქონოდა და ეგეთი ყლეობები კიდე მილიონი...
ახლა აფხაზები გამარჯვების ქუჩას ეძახიან მგონი და მაშინ სწორედ მაგ ქუჩაზე იპოვა თემურამ ის ოხერი სარდაფი. ქალაქში სროლა იყო გახურებული, ამას კიდე სროლა და ეგეთი სირობები მაგრა არ ეხატებოდა. ჰოდა, სარდაფი იპოვა, უბრალოდ ჩავიდა და...

სამოთხე რა არი იცით?
ერთმანეთზე ახოხოლავებული უამრავზე უამრავი ბოთლი. სულო და გულო: 68 წელში (ათას ცხრაას, რა თქმა უნდა) გამოშვებული `კოლსონის~ ვისკით დაწყებული, ხალხოოო! დაჟე, ალბათ ის ღვინოც იყო `მასტერ ი მარგარიტაში~ აზაზელომ ამათ რო შეასვათ და დახოცა. ვოტ ტაკ!
თემურა ძიას მაგრა არ ეამებოდა ეს საგანძური მავან გამოსირებულ, სირისტიან ლოთს რო ჩავარდნოდა ხელში. ისე, ყველა სასმელს ცნობდა, თუმცა გასინჯული არ ქონდა. ჰოდა, მიაძღა, მიაძღა შენი მოწონებული...
დღე-ღამე თემურა ძიასთვის ერთგვარი რაზმინკასავით გახდა –
დილით 100 გრამი, მიხვდებით რაც, მერე
წულუკიძის თეთრა
მერე ძველშავი
მერე წინანდალი
მერე ტიბაანი
მერე ჩხავერი
მერე შატო-მუტონ-როტშილდი
მერე სვირის ღვინო
მერე ქინძმარაული
მერე ციცქა
მერე ხიხვი
მერე ვაჭევი
მერე ალიგოტე
მერე კოლსონი
მერე ნიკოლსონი
მერე შატო-ბეიშევილი
მერე მუსკატი
მერე მიუსკადელი
მერე ხერესი
მერე მანავის მწვანე
მერე რქაწითელი
მერე შატო-ბორდო
მერე კალონ-სეგურა
მერე პილსენი
მერე ბუდვაიზერი
მერე პერცოვკა
ძაან დიდ ბოდიშს მოვიხდი მაგრამ შანსი არ იყო, არ ჩამომეთვალა, თავი და თავი ხო ეს იყო. ჰოო, სოხუმიდან ყველაზე ბოლოს თემურა ძია გამოვიდა... მერე როგორ გამოვიდა...
წელიწადის ყველაზე კარგი დრო შემოდგომაა.

თემურამაც იცოდა და დასაწყისი და დასასრული ყველაფერს ხო აქ. გათავდა რაღა... საჭმელიც გათავდა და ერთი დილაცაა, რაღაცა, ოქტომბრის მიწურულია და ათოსივით (სამი მუშკეტერი) აძვრა თემურა ძია ბოთლების გროვაზე და უნუგეშოდ ისე ჩამოიშალა ეს გროვა, ერთი სავსე ბოთლიც აღარ იყო. თემურა ყველაფერთან ერთად ნიჭიერი კაცი იყო – ფრანგულიც იცოდა, აი დავაფსი კონფლიქტის მარეგულირებელ კომისიას, სასაუბრო ენად ფრანგული რო გაუხდიათ, ნატო-საც, ევროკავშირსაც – გერმანულსა და ინგლისურსაც მშვენივრად ლაპარაკობდა თემურა და მეგრულსა და აფხაზურსაც, ამ ორ უკანასკნელს ენა თუ შეიძლება ვუწოდოთ, ისე ბაზრობდა, ჯოტია ცაავა და ბაღიანი ფაშა ვერ გაარჩევდნენ – ერთს მეგრელი ეგონებოდა, მეორეს აფხაზი.
მოკლედ, რა... სასმელი გათავდა...
სარდაფიდან ამოსულ თემურა ძიას პირველ რიგში სოხუმისა და შემოდგომის მოკურკლულმა მზემ მოსჭრა თვალი, მერე ის რო, ქართული ლაპარაკი ვეღარ გაიგონა (აფხაზური თითქმის მშობლიურივით იყო მაგრამ...). პირველივე შემხვედრს, რა ხდება, ახალი რა არის, ერთ პივას ვერ დამალევინებო, - რაღაცას მიხვდა და აფხაზურად კითხა.
ნახევარ საათში ყველაფერი გაიგო და ძველი ძმების მოძებნას შეუდგა.

უკვე გითხარით, ხომ რომ ამათ კასტას მაგარი კიდიათ პოლიტიკური მრწამსი და ბაევიკობაც. მაგათთვის სხვა რამეა მთავარზე მთავარი – გაგება რაა...

თემურა ძიას კიდე მაგეთი ხალხი ოხრად ყავდა სოხუმში.
პროცესიაა, ვოეე, უშველებელი პროცესია!
წინ იაგუარია, მგლისოჯახისებრთა ცხოველით კაპოტზე და რამე!
მერსედესი – კატაფალკა – ყვავილებით დაფარული და გაძეძგილი, ან პირიქით – გაძეძგილი და დაფარული
ნისანის ჯიპი, მურანო
ტოიოტა – ლენდ კრუიზერი
მიცუბიშის ჯიპი, შინდისფერი პაჯერო
გოლფ ტრი, ანუ მესამე (მაშინ სად ტრაკში იყო)
ლინკოლნი
ოპელები – ასტრა, ომეგა, ვექტრა, კადეტი... და სხვა
ტოიოტა – დეფენდერი
ჰიუნდაი – სან ტაფე
ჰონდა – სივიკიც და აპპროვედი
ფორდები – სიერა, ფოკუსი, ესკორტი
ეეჰ, ბე-ემ-ვეები ხო იყო და იყო!
სამგლოვიარო პროცესია მაგრად წყნარად გადმოდის ენგურის ხიდზე... სოხუმში დაღუპულ ქართველ ქურდს, მუჟიკს მოასვენებენ და რომელი აფხაზი პოლიციელი ან გვარდიელი გაბედავს... შეხებას არა! რაიმეს გაფიქრებას თუნდაც – ნაწილებად დაფეშხვავდება, ნაღდია!
აქეთ ჩვენს შვებთან იქაურ შავებს იასნია დარეკილი ქონდათ!
მოკლედ, გამოსცდა ეს პროცესია ენგურს, და კიდე კუბოში ვინც იწვა, ოღონდაც ცოცხალი, თან აფხაზურ `ამრას~ აბოლებდა. ალბათ მიხვდებით, მშვენივრად.
ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, ცალიყბით გადაკოცნეს, მტრები გამოდიოდნენ, მაგრამ იმათი გაგებით სულ სირზე ეკიდათ, ძალად აგდებული კონფლიქტი და ბრახაბრუხი.


აფსუს! კარგი კაცი იყო თემურა ძია! აღარ არის...
აღარც სოხუმია...
აბა, ერთი სოხუმში იკითხე თემურა ძია სახელი... ცუდად არ ახსენო, თორე მერსედესის ფირმას კატაფალკების გამოშვება კი არ შეუწყვეტია!
ყველაზე ბოლო სოხუმიდან თემურა ძია გამოვიდა...
ქართველებიდან, მააშ!.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კახა ჭაბაშვილი   Fri Nov 02, 2012 9:32 am

კახა ჭაბაშვილი

ყველაზე ძვირი საჩუქარი - ელემენტი სახელად კრონა

გამოგიტყდებით და, ძალიან დიდი ხანია, ასე ძალიან არაფერი მწყენია... ბოლო საჩუქარი, სათამაშო მანქანა დისტანციური მართვით ისეთი უსარგებლო გახდა, გადასაგდებადაც შემეცოდა.
არადა, მთელი სამყარო იყო ჩემთვის – მაშინ, გასულ საუკუნეში, თორემ ახლა ყველა ბაზრობაზე იყიდი მაგაზე ერთი ასჯერ უკეთესსა და მაგარს. აი, წარმოიდგინე, აქედან სამი ბორბალი, იქიდანაც. მერე ზემოდან ისრები, ციფრები, პაუზები, ბექები, ქენსელები აი, როგორც კლავიატურაზეა.

დიდი არაფერი ხომ? ჩვეულებრივი კლავიატურააო, მეტყვით, მაგრამ არა, ხალხო! ეს ყველაფერი ათას ცხრაას 84 წელში ხდება. დაბადების დღე მაქვს და უკვე 9 წლისა ვხდები და მაგარი გარყვნილი ვარ, ბავშვურად. ჩემი გარყვნილობა, როგორც დედაჩემი ამბობს, ნათლიაჩემის ბრალია, ზურასი!
სტუმრების მოსვლას ბოლო არ უჩანს, თუმცა, ყველა მკიდია, როგორც შეუძლია დაკიდება უკვე 9 წლის გამხდარ, გამხდარ ბავშვს. ნაძალადევად ვუღიმი ყველა სტუმარს და სახლში არც შევდივარ. ვის ველოდები? თავადაც მშვენივრად მიხვდით უკვე – ზურა ნათლიას!
და, აი, ისიც! ეზოში წითელი ფერის `სემი~ ჩერდება. იქიდან საშუალოზე მაღალი, საშუალოზე მსუქანი კაცი გადმოდის და... გული თუ რა ვიცი, იქნებ სხვა ორგანოა – ყელში მაწვება...

რო ვიწამლებოდი ხოლმე ბავშვობაში, მაშინ მქონდა ხოლმე ასეთი შეგრძნებები – სუნთქვა მიჭირს კიდეც რაღაცა უუუდიდესის მოლოდინში. ერთი კი ვიცი – ზურა ნათლია მოვიდა, რაღა თქმა უნდა, უსერიოზულესი საჩუქრით, იმიტო რო რაკი მოვიდა, საჩუქარიც, რა თქმა უნდა, შესაბამისი იქნება.
ნათლიას ძალიან, ძალიან ვუყვარდი და, ალბათ, ისიც იცოდა, რო კარში ველოდი და - `კაცური კაცი~, დაბადების დღეს გილოცავ, დიდი, დიდი კაცი გაიზარდეო და ჩამახუტააა!
მამაჩემმა... მაშინ არ იყო, არ მოდიოდა ეგეთები, - რას იხარჯებოდი, რად გინდოდა, სად იშოვე და ასე შემდეგ, ღირსეულად დაუტყლაშუნა ხელი ზურას და ქეიფიც გაჩაღდა...
ოქროს თევზი დაგიჭერია ოდესმე თავის სამსურვილიანად?
ჯადოსნური, ოქროს გასაღები გიპოვია?
უკვდავების წყაროდან თუ დაგილევია ასი გრამი მაინც?
არა????
ყველა სურვილი ერთად ამიხდა, ხალხო, რაც კი მენატრა აქამდე! უშველებელ ყუთში სწორედ ის იდო, რაზედაც ოცნებაც კი, ოცნებაც არ შეგვეძლო მთელ ჩემს `პაკალენიას~. დისტანციური მართვის სათამაშო მანქანა!
ეეეეჰ! ახლა ვიხსენებ ასე მშრალად, თორე მაშინ ჩემთვის მთელი სამყარო იყო.
ჰოდა, ჩემი სიხარული რაღაცა მომენტში მამაჩემის უკმაყოფილო გამოხედვამ დაჩრდილა, მაგრამ მაგარი მეკიდა, ძმებო! ოცნება აღსრულებული იყო - `ემერიქან დვრიმ~ ამ ჩემს მანქანასთან შედარებით ერთ ძუძუებამოყრილი, ხელმაშხალიანი ქალი იყო, მეტი არაფერი. უკმაყოფილო მამა-მეთქი...
წლების მერე გავიგე, რო, ესა, ნათლიაჩემი და მამაჩემი თურმე ერთმანეთს `უჯოკრავენ~. უფრო-უფრო ძვირ საჩუქარს რომელი მოახერხებს და ასეთები! ძაან, ძაან კი გამიტყდა, მაგრამ მამაჩემიც ხო მთელი სულითა და გულით ჩუქნიდა ზურა ნათლიას, და ისიც იმავე გაქანებით უბრუნებდა საჩუქარს.
სტუმრებს იოლად გავუსხლტი, დავიკიდე ყველა, რა თქმა უნდა, და პირველი, რაც დავინახე, ჩემი ძმის გაფართოებული თვალები იყო – მანქანას შესჩერებოდა და არ დამიჯერებთ, ძმებო! ისეთი ბედნიერი ვიყავი – ძმას, ჩემზე ერთი წლით უფროსს, მანქანა გავუწოდე და შენი იყოს, შენთვის მიჩუქნია-მეთქი – ძაან დიდმა ბედნიერებამ იცის ესეთები! ჩემმა ძმამ – შენი დაბადების დღეა და შენი საჩუქარია, როგორ გამოგართმევ – გავსინჯოთ, როგორ დადისო!
მანქანა ყუთიდან `ამოვიყვანეთ~ და იატაკზე `დავსვით~. დავსვით, იმიტო რო მაშინ ცოცხალი არსება იყო ჩემთვის და სადაც ეწერა `ოფფ~, ანუ ჩართეთ, და, ღილაკი გადმოვწიე...
ღილაკი კი გადმოვწიე, მაგრამ რად გინდა, ჩემი ფეხები! არანაირი გრძნობა.

მანქანა ხმასაც არ იღებს. მინდა ერთი მაინც დაიწკმუტუნოს, ან რამე აინთოს, მაგრამ ჩემი ახალი სათამაშო ზურა ნათლიას ნაჩუქარი სათამაშო ერთობ უგრძნობლად დგას და არანაირი რეაქცია არა აქვს. ხელისგულით თბილად რო ვეფერები და თან ღმერთს ვეხვეწები – ღმერთო, ოღონდ ახლა ჩაირთოს, ოღონდ ახლა ჩაირთოს-მეთქი!
კი, კი! სწორად მიხვდით ძმებო!
ისეთი ღრიალი მოვრთე, ქვედა მეზობელი ამოვიდა, ცუდი ხო არაფერი ხდებაო?!
ყველა წამში მიხვდა და მთლად აჭარხლებულმა ზურა ნათლიამ, ბაზარი არ არი, ხვალვე გექნება მაგის ელემენტებიო, - მარტო მაგის ნათქვამი დამაწყნარებდა.
ის ღამე თეთრად გავათენე....
მერე რა იყო?
მოდი აბა, მოვლენებსა და ფაქტებსაც...
20 ოქტომბერს ჩემი დაბადების დღე ხო იყო – 30-ში ზურა ნათლიას მეუღლის!
- მამაჩემმა, არ ვიცი, საიდან 100 (ასი) მანეთად ნარდი იყიდა, სპილოსძვლის კამათლებითა და კოჭებით, კაკლის ხეში გაწყობილი და რამე!
6 ნოემბერს, ჩემი ბიძაშვილის, ანუ მამაჩემის ძმის შვილის, სოფოს დაბადების დღეა – ჩემმა ნათლიამ ზურამ, ჩეკებზე (იყო მაშინ ასეთი მაღაზიები) ნაყიდი `პანასონიკის~ მაგნიტოფონი მოიტანა.
7 ნოემბერს – დღესასწაული იყო... მამაჩემმა დაასწრო და დილაადრიან დაეცა თავს – ქართული პროზის მთელი ოცდაათტომეული.
7 ნოემბერი – დღესასწაული იყო და ზურა ნათლია რა, ნათლია არ იყო? გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან სპეციალურად ჩემთვის გამოგზავნილი ჯინსები.
24 ნოემბერს ზურა ნათლიას სიდედრის დაბადების დღეა. ქეიფის საბაბი აქვს მამაჩემს, მაგრამ რა წაუღოს? არ დამცინოთ, ძმებო! `ნოლ-სემის~ კარბიურატორის `პრაკლატკის~ შოვნა მაშინდელ (1984წ.) თბილისში ნოვატორობად ითვლებოდა და ქაღალდში შეხვეული, რაღაც უცნაური ნივთი გადასცა მამაჩემმა ზურა ნათლიას. ერთი იმისი სახე გენახათ...

მე ვნახე, მე იქ ვიყავი!
3 დეკემბერს... მამაჩემი თოფების გიჟი ხოა? პაპაჩემის დაბადების დღე საიდან იცოდა ზურა ნათლიამ, დღემდე გამოცანაა! დაგვადგა და რაღაცა უჭირავს, ტყავის შალითაში და რამე! ეს რამე მერე იტალიური, არასერიული წარმოშობის, ორლულიანი თოფი `მაკენა~ გამოდგა, თანაც ოქროს ჩახმახით (მოოქროვილი კი არა, ნაღდი ოქროსი)!
ამან მთლად გააგიჟა მამა!
საახალწლოდ, 31 დეკემბერია! ოღონდაც, ძაან გთხოვთ, არავინ დამაბეზღოთ! სად, ან როგორ იშოვა, არ ვიცი! მამაჩემს ხო თოფები ევასება, ნათლიას კიდე ხმლები! მამაჩემი მაგარი სხარტი ვინმეა, ადგება პირდაპირ, თორმეტს რო წუთები უკლია და ქაღალდში სათუთად შეხვეულ გრძელ რამ ნივთს უწვდის.
– ეს რაააო? – თვალები უფართოვდება ზურა ნათლიას. – გახსენი და ნახავო, – მამა პასუხობს.
შეფუთული ნამდვილი ხმალია და თან აშკარად... ნებისმიერი კოლექციონერი დადებს თავს, რომ ეს ის არი! (სად იშოვე მამა?)
ხმალზე ნათლად, ქართულად წერია - `მე ვარ ავი მუსაიფი, კახთ ბატონის ირაკლისი! – ერეკლე მეფის ნაქონი ხმალი, ხალხო...
მოკლედ, ნამდვილად არ მინდა, თავი შეგაწყინოთ!
მეტი რაღა ჩამოვთვალო:
ამან - ორკასეტიანი `ჰიტაჩი~;
იმან - მთელი ბლოკი `მარლბორო~ (ეს ისე, ვიხადნოიზე);
ამან - დარეჯან დედოფლის ოქროს ყელსაბამი;
იმან - ჩუკოტკაზე მოკლული მურა დათვის ტყავი;
ამან - ზარი ახლობელთან და მაგარი საქმის მოგვარება;
იმან - პიანინო `პეტროფი~;
ამან - საბჭოთა ენციკლოპედიის ყველა ტომი;
იმან – ერთობ უსარგებლო ნივთი - ნამდვილი მობილური ტელეფონი გერმანიიდან (თუმცა, მაშინ არც ჯეოსელი იყო არც მაგთი)
იმან

მეტი საქმე არ გქონდათ, ხალხო, ერთი ცალი `კრონას~ ელემენტი გეჩუქებინათ, ჰა, რა იქნებოდა?!.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კახა ჭაბაშვილი   Fri Nov 02, 2012 9:34 am

კახა ჭაბაშვილი

იმათი დედებიც...

აქ, თბილისში..

_ შენიანი ვარ ძმაო!
_ ვისიანი?

თოვლი სულაც არ იყო იისფერი. ჩვეულებრივი იყო, თეთრი. ერთი ეგ არის, ხანდახან ფერფლი გამოერეოდა ხოლმე, შავი.

ლამაზია შავ-თეთრი თოვლი. ხვეტავდნენ ხოლმე იმ ქუჩას, მთავარს, მაგრამ, რა! ჰო, გვამებიც გაჰქონდათ, თოვლთან ერთად. მოწინააღმდეგეს რომ შეამჩნევდნენ, გამორიცხული არ იყო, დაეფურთხებინათ ზედ და გადაებოტებინათ. ხელები ეყინებოდათ ავტომატზე და ბინძურად იგინებოდნენ, ქართულ-რუსულად იგინებოდნენ. იარაღი ბლომად იყო! ამათაც ჰქონდათ და იმათაც! შეაყენებდნენ და მიდიი! არა, ვერც ვერავის გაამტყუნებ – წამალი გინდა ძმაო? ფული გინდა? ხოშიანი მანქანა გინდა? ჰა, აგერ არის... ოღონდ მამული... გაზაფხული რომ მოვა, ხომ გინდა ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა სირბილი თუ კუნტრუში?!
სულ არ მეძინება, არც მეცინება...

თეთრი ღამეებია, თბილისური თეთრი ღამეები, ლენინგრადისაში არ აგერიოთ. სულელურად ახრჩოლებულ ლამფასთან ვათენებ და ვაღამებ, ხანდახან საჭმელსაც ვჭამ ხოლმე. საზიზღარ ხასიათზე ვარ, მერამდენე დღეა უკვე... წამალიც მომბეზრდა და მოსაწევიც გამითავდა, თუმცა მაინცდამაინც არც მენატრება. გუშინ არკადა იყო ამოსული ჩემთან და მეუბნება, წამოდიო, იცი რას ვკაიფობთო? ავტომატები ყელამდე და მაგარს ვგრიალებთო. თავისდთან მეპატიჟება ნარკომანი ვირიშვილი! მინდა ახლა ეს დავიდარაბა? არადა, ეს დარტყმული სამშობლოს სიყვარულზე მელაპარაკება – პატარატიზმი არა გაქვს შენო... ამათ მხარეზეა, ხო აზრზე ხარ ვის მხარეზე? მე ვერა ვარ აზრზე, იმიტო რო დღემდე ვერ გავარკვიე, იმ დროს ვინ ვის მხარეზე იბრძოდა, თუმცა, ეს უკვე სულ სხვა თემაა.

ჰო, არკადამ წამოდიო და მე კიდევ სამცეცხლშუა ვარ და ძალიანაც დაფიქრებული. არკადას მოტანილი წამალიც ფაფუ! ახლა ვზივარ და ვცდილობ გაწყვეტილი ფიქრი გადავაბა...
მთელი ხროვა ვიყავით. ვინ არჩევდა და ვინ უყურებდა _ ათეული, ოცეული. ერთად ვიყავით და არაფრისა გვეშინოდა. ბეტეერიც გვყავდა და ერთი დანჯღრეული ტანკიც. აიმ სახლთან ვიდექით, მთლიანად დაცხრილული რომ იყო. ტყვიამფრქვევი გვქონდა ერთი, ტანკსაწინააღმდეგოსავით.

რომ აკაკანდებოდა, ცხვირის გამოყოფასაც ვეღარ ბედავდა ვერავინ. დაჟე, ხმაზე სცნობდნენ! ამ ტყვიამფრქვევთან ალესკერა იჯდა, - ქურთი თუ იეზიდი, არ ვიცი, მაგრამ საშინელი ლოთი რაღაცა კი იყო. `რუსსკაია~ უყვარდა ძალიან და ჯიხურებს რომ გავწეწავდით, ყოველთვის მოგვქონდა მისთვის, ლუდიც, რა თქმა უნდა, ფირმა ლუდი `პილზენი~, თუ არ ვცდები. ჩამოიმწკრივებდა ეს ალესკერა და იყო თავისთვის გატრუნული და გამოსირებული.
...ჰოდა ერთხელაც არის და ვდგავართ, ჩვეულებრივ. თან კაცი გვყავდა გაგზავნილი და წამალს ველოდით. გავიხედოთ და, ზემოდან ტალახში ამოსვრილი `შესტიორკა არ მოგრიალებს? გადავტენეთ, ვისაც რა იარაღი გვქონდა და ფრთხილად გავედით გზაზე. ეგეთ ამბებში ყოველთვის ვიბნეოდით და იდიოტურად ვუყურებდით ერთმანეთს.

ჩვენი მხრიდან ვიღაცამ ისროლა კიდეც. მძღოლს კიდევ ვერ გაეგო, რა ექნა, ერთი ეგ იყო სიჩქარეს არ ანელებდა. დაღმართი იყო და მოლიპული გზა. მოკლე ჯერს გრძელი მოყვა. ასე ვიქცეოდით და უცებ ჩვენიანი გამომდგარიყო? მანქანამ ნელ-ნელა დააგდო სიჩქარე და ბოლოს სულ გაჩერდა.
-გააჩერე შენი დედა! – ხმის ჩახლეჩამდე ვბღაოდით.
ავტომატი რატომღაც ხელში აღარ მეტეოდა.
- ნელა გადმოდი შენი დედა! ეგრევე არ გადმოხვიდე, თორე დაგაჭედებ!
მძღოლმა ოდნავ ჩამოსწია ფანჯარა და შეშინებული თვალებით ამოგვხედა. ავტომატი მაშინვე დაადეს თვალებს შუა და ჩვენც მივედით.
-ძმებო, თქვენი ჭირიმეთ, ძმებო! იმათიანი ვარ ვარ
მაგრამ უნდა გამიშვათ! დაჭრილი მიმყავს ძმებო, იქნებ გადარჩეს, შვილია ჩემი!
მანქანაში ჩავიხედე და თფუუ, მაგის დედა ვატირე! ყველაფერი უბედური მე როგორ უნდა დავინახო – შიგ ყელში ქონდა მოხვედრილი და რაღაცა ხორცის ნაგლეჯი უბედურად კონწიალობდა, მუქი ლურჯი იყო და სისხლიანი. სახეც არ უჩანდა, სულ წითელი იყო.

ფეხები რაღაც არანორმალურად გადაგრეხილი და გახეული შარვლიდან ბალნიანი წვივები მოუჩანდა. ამის დანახვაზე სერჟანტი კინაღამ წაიქცა სიცილისაგან. მერე უცებ გაჩუმდა და `რავქნათბიჭები~ თვალებით მოგვაჩერდა.
უცებ მანქანის მძღოლმა რაღაც არანორმალურად შეჰყვირა და ჩემს ზურგს უკან მდგარს შეჰღრიალა:
-შენა, ალმასხანას ბიჭი არა ხარ? ძმაკაცები ვართ, ბიჭო, მე და მამაშენი!
მოკლედ, მაგარი ახლობლები გამოდგნენ. მძღოლს
სითამამე მომატებოდა ამასობაში და დარწმუნებული იყო, რო გავუშვებდით.
-ცოდოა მაგის დედაც, გავუშვათ! წადი შენი დედაც!
მიაგინა კიდეც.
იმან კიდე გაიგო `ცოდოაო~ - ეგრევე ქართველობაზე მოგვაწვა. ჩვენი ბედკრული, ჰმ ბედკრული საქართველო დაგვაფიცა თუ დაგვაგინა და თქვენი ჭირიმეთო, გზა გამითავისუფლეთო როგორმეო! ახლა გზის გათავისუფლება რო მოინდომა! ბუბა, გასძახე ალესკერას, ვეუბნები და ეს კიდევ მთელი ძალით ღრიალებს:
-ალესკეეერ, ამოქოქე, მიდიიი!
ამისი რეზიდენცია კიდე ცოტა ზემოთ იყო, მანქანის ძარაზე. ქვეშ, არ ვიცი სად ნაშოვნი, თივა ეყარა.

წინ ტყვიამფრქვევი ედგა და ცარიელი და სავსე ბოთლები. ზარმაც კატასავით გაახილა თვალები, რაღაც საზიზღრად მოიქექა მთელი კვირის გაუპარსავი თავ-ყბა და რა გაღრიალებთ ხომ არ შეიშალეთო.
-გზა უნდა ჩაკეტო, აბა შენ იცი!
იმან ჯერ ცარიელი ბოთლი მოიყუდა, მერე სავსე. დიდი ყლუპებით სვამდა. სავაზნე გასინჯა და იარაღს მიუცუცქდა. აუუ, რა ხმა ქონდა?! ყველაფერი ზანზარებდა და ხტოდა, გეგონებოდათ მესამედ მოსვლა იწყება მეორის გამოტოვებითო. საით ისროდა, ვის ესროდა, თავადაც არ იყო გაგებაში. გათავდებოდა ერთი ლენტი, მეორე იქ არ ქონდა?
-აბა, შენ იცი, ძმაო, დაუბერე, ღმერთი შენკენ!
`შესტიორკა~ ზმულით მოსწყდა და ქვემოთ დაექანა.

ქუჩაში კაცის ჭაჭანება არ იყო. ყველა ცნობდა ხმაზე `მინამიოტს~ და ცხვირები იქ წაეყოთ, სადაც მოესწროთ. ისინი ალბათ ალესკერას გაბურძგნულ თავს ნატრობდნენ ტვინდანთხეულოს, ამ ვირიშვილს კი არც გაეგებოდა, რისთვის ისროდა, ზედიზედ ცვლიდა ლენტებს.
ამ შემთხვევაში `პილზენის~ ნახევრად დაცლილი ბოთლი გამოდგა მთავარი. ვიბრაციისაგან ბოთლმა საცოდავად ამოიწკარუნა და მანქანის ძარაზე გაგორდა. ალესკერამ სროლას თავი ანება და ლუდის გადარჩენას მიჰყო ხელი. ის იყო ბოთლი წამოაყენა, `ჩვენი შესტიორკა~ არ დაინახა?! – შენი დედა! – იღრიალა და იარაღს ეცა.
-ალესკერ, რას შვრები, შენი მკვდარი და ცოცხალი!
- ახლა მე ავღრიალდი.
`ჩვენი შესტიორკა~ ცეცხლის ალში იყო, გულაღმა ეგდო ხოჭოსავით და ხრჩოლავდა.

ორი ნაფაზიც და ორი წუთის შემდეგ ჩვენს სახელოვან ალესკერასთან ერთად ქართველი და ყაბარდოელი ხალხის ძმობის სადღეგრძელოს ვამბობდი.

...

სახლში რა გამაჩერებდა! ისე, მაინტერესებდა კიდეც რა ხდებოდა! ვიცი, ისტორიაშიც რომ შევა ეს წვირიანი და კაიფით გაგლეჯილი ფურცლები და ჩემი თვალით მინდოდა მენახა. მინდოდა ამბის გამომტანიც არ დარჩენილიყო და მაინცდამაინც მე გადავრჩენიულიყავი. მერე მომეყვანა ცოლი და მთელი ჯოგი ბავშვები მყოლოდა. მერე ვუამბობდი – როგორ ესროლეს ამათ იმათ და იმათ როგორ უპასუხეს სროლითა და დედის გინებით.
საღამოს ბუბასთან შევლა გადავწყვიტე, იქვე ცხოვრობდა, ამბის გაგება მაინტერესებდა და საერთოდაც, მომეწყინა. დაღამებას მაინც დაველოდე და ფრთხილად გამოვყავი სახლიდან ცხვირი. დეკემბრის მურტალი საღამო იყო და ჭიქა არაყი ნაღდად მერჩივნა აზიურს.

ბუბასთან კიდე სითბოც იქნებოდა და ყველაფერიც. სამი ჭიქა დავლიეთ და მერე ბუბამ მოვწიოთო. სულ არ მინდოდა და არც შემომხვეწებია. მაგან მოუკიდა და მაგრად ამყრალდა ჰაერი. მოწია და დაიწყო გახურება – წამოო, ბიჭები ვნახოთო. ნერვები მქონდა აშლილი, მინდოდა, ბუბას პრიალა პარკეტზე დამეფურთხებინა და სახლში წამოვსულიყავი. წამოვსულიყავი და დამეძინა.

თბილად დამეძინა დათვივით და ეგრე მძინებოდა ზაფხულამდე. ბუბა კიდე, ერთს თუ იტყოდა... კარამდე თითქმის ძალით მიმათრია და სიცივემ ძვალი და რბილი გამიერთიანა. მოკლედ მივდივართ და აზრზე არა ვარ, საით. რაღაც ცუდს მეუბნება გული და საერთოდ ბინძურ ხასიათზე ვარ. ამ გამოქლიავებულ ბუბას ეგონა, ძმაკაცებს მალე იპოვიდა. მაგარი უმთვარო ღამეა და რამე...
შესახვევში შევედით, ტუპიკი იყო.

მე კი ვიცოდი, მაგრამ ბუბა მიდოდა მეწვალებინა და გავჩუმდი. ინერვიულებდა და გინებას დაიწყებდა. გინება იცოდა, უკეთესს ვერც ინატრებდი! მაინც ცუდად მენიშნა იქაურობა, რაღაც კარგი სუნი არ უდიოდა, მთლად ჩაბნელებული იყო და საერთოდ! ის იყო, უნდა მეთქვა, აქედან ვერ გავალთ, უკან გავბრუნდეთ-მეთქი, რომ ამ დროს იღრიალა ვიღაცამ – ხელები მაღლაო! გამაცია, ეშმაკმა დალახვროს! ამ შუაღამისას, ამ უბედურ ადგილას ვინ და რანაირი გამოტყვრება.
უბედურ კაიფში იყვნენ, ღრიალებდნენ მხეცებივით, მაგრამ მაინც ვერაფერს აგებინებდნენ ერთმანეთს, ვერც ჩვენ. ის ერთი მაინც რას იჭაჭებოდა - `არ გაინძრეთ, თქვენი დედაო!~
-დავბრიდოთ, სიმონ! – ერთი ყვირის და გონია,
ყრუები ვართ.
-დაიცა, ჯერ გავჩითოთ და მერე დავბრიდოთ!
ბუბას შევხედე, სიბნელეში არ ჩანდა, მაგრამ ვიგრძენი, სიცილით იგუდებოდა, აზრზე ვერ მოდიოდა, ეტყობა კაიფი შეუბრუნდა, თორემ იმ შუაღამისას ავტომატზურგშიმიბჯენილს რა ჯანდაბა გამაცინებდა! ფარანიც მოგვანათეს და რავი, ჩვენი სიფათები არ მოეწონათ თუ რა იყო, ჰაერში ისროლეს გრძელი ჯერი. ბუბა სროლის ხმაზე გამოფხიზლდა და ალბათ მკვდრის ფერიც დაედო:
-აუ, გვბრიდავენ ამათი დედა!
არა, რა ძმაო, ერთად ვიყავით, ერთად ვიბრიდებით,
ეს გამოსირებული ბუბა მამშვიდებს.
ეჰ, ბუბა, შე მართლა გამოსირებულო! გმირობა და სიკვდილი რომ მდომოდა, აფხაზეთი აქ არ იყო, ოსეთი აქ არ იყო ჰა? ახლა იყავი ასე ხელაწეული და ყლაპე ფიფქები, სანამ არ მოგბეზრდება, შეძლება უკანასკნელადაც კი...
ერთი მოგვიახლოვდა, არ გაინძრეთო და საგულდაგულოდ გაგვჩხრიკა.

ლაპარაკზეც შევატყვე, საიდანღაც მეცნობოდნენ, მაგრამ საიდან, სად იყო ბაზარის დრო.
-ესენიც იქ მირეკე, - და მეთვალყურემაც გაგვიგდო
გოგიას ძაღლებივით.
ოთახში შეგვყარეს რაღაც საზიზღარში, დაგლეჯილი, გაწეწილი სავარძლებით და რამე. ერთი თორმეტი კაცი მაინც იქნებოდა, შეშინებული და მოღრეცილი სიფათებით. ერთმანეთს შეჰყურებდნენ და უფრო ეშინოდათ. შეგვრეკეს და კარი მოგვიხურეს. არავისთვის გვცალია და არც ჩვენთვის სცხელა ვინმეს. ბუბა ყველაფერს თავის თავს აბრალებს და ჩუმად იგინება. მომწონს ასეთი.
უცებ კარი გაიღო და ერთი ღრიალი მოისმა.

ვიღაცა იმუქრებოდა, უფრო სწორად ერთი იგინებოდა, მეორე იმუქრებოდა. ერთიც ვნახოთ და ჩემი უბნელი ძმაკაცი არ შემოაგდეს? კაი ბიჭი და რამე! არც ამათ საქმეში ერეოდა და იყო თავისთვის. არავის არაფერს უშავებდა, წყნარი ბიჭი იყო, ახლა კი ისე იგინებოდა, კბილებიდან ნაპერწკლები სცვიოდა. შეუგინებელს არავის ტოვებდა, მგონი ჩვენც გვაგინა, მე და ბუბას. მიკვირს, როგორ არ წამოარტყეს ქეჩოში. ხანშიშესული კაცი ახლდა, მამა იყო, პროფესორო კაცი, კაი კაცი.
-ბიჭებო რატო დაგვიჭირეთ, ბიჭებო. ისედაც
თქვენთან მოვდიოდით, ყველი და პური მოგვქონდა! -
იძახდა პროფესორი და უცებ მართლა არ გაჩითა ყველი და პური? ამის დანახვაზე არანორმალური სიცილი ამივარდა.

ძმაკაცმა პირველად შემომხედა, მიცნო და გადამეხვია.
-ამათი დედა, სიმონ! ჩვენი უბნელები არიან, განგრეულ კაიფში და ვერა მცნობენ, აზრზე ხარ? ელოდე ახლა, როდის გამოვლენ, ან თუ გამოვლენ საერთოდ! ჩვენებმა დაგვიჭირეს, აზრზე ხარ?
ძაღლი საკუთარ პატრონს ვერ ცნობდა და პირიქით. ესეთი ამბები იყო.

ჰო, ერთად ვიყავით მეთქი და არაფრის გვეშინოდა. ვსვამდით, ვჭამდით და დარჩენილ ბუტკებს წეწვას არ ვაკლებდით. ვის უნდა გაეცა ხმა, სამი თავი ვის ქონდა! ბარიგები მაგარ შიში იყვნენ, ზოგი საერთოდაც უარს ამბობდა, წამალი თვალითაც არ მინახავს, როგორია ისიც კი არ ვიციო. მაგრამ გაუყიდია კი არა? ტყავს ვაძრობდით ფეხის ფრჩხილებიანად. სიცოცხლე თუ გინდა, მოიტა, ძმაო! იყო გაბმული კაიფი და ყველა ვხარხარებდით, ვისაც ხარხარი შეეძლო. დაჭრილებიც კი სუსტად, შეძლებისდაგვარად იღიმებოდნენ, მკვდრებსაც რაღაც ღვთაებრივი ღიმილი გადაჰფენოდათ სახეზე.
ჰო, იცინოდნენ-მეთქი, თუმცა ყველას ერთი გული ხომ არ აქვს.

ერთი გვყავდა, სუფთა მანიაკი. მაგრად იჯდა წამალზე, რომ არ გაეჩხირა, ალბათ, გაგიჟდებოდა. ძალიან სუსტი გული ჰქონდა, კაცის წამებას ვერ იტანდა. ერთი უბედურება იყო იმის ბარიგებთან წარგზავნა. წართმევა ეცოდებოდა და სულ შარვალჩამძვრალი ბრუნდებოდა. ბოლო დროს მაგას აღარ აგზავნიდნენ და საერთო წილიდან შეხვედრილი წამალი კიდე არ ჰყოფნიდა. ერთხელაც ამდგარა და პირდაპირ გლდანში გასულა ნაცნობ ბარიგასთან.

ადრეც ბევრჯერ აუღია მისგან და ერთგვარ დავერიაშიც კი იყო, ენდობოდა. მისულა თურმე და ეუბნება – აიღე ძმაო ავტომატი, მაყუთი არა მაქვს, დავიადებ და მერე ამოგიტანო, თანაც შეძლებისდაგვარად ბრაზითა და მუქარით შეუხედია. ბარიგას კიდევ უფგიქრია – ეს კაცი ლომკაშია და რამე არ დამმართოსო. ამდგარა და თავისი ხელით გაუკეთები, თანაც ორმაგი, ავტომატი თავისთან დაუტოვებია. დამჯდარა ეს კაიფარიკი მანქანაზე და წამოსულა. მოვიდა ჩვენთან და რას ვხედავ, ადამიანს აღარ გავს. ფეხზე ძლივს იდგა და რაღაც ურთულეს, ძველქართულ სიმღერას მღერის სამ ხმაში, თანაც მარტოკა.

გავიხედოთ და სწორედ მაშინ არ ატყდა ბათქი? ყველა ჩავწექით და ზოგიერთმა ჩვენი მხრიდანაც ისროლა. ესეც ჩაწვა თავიდან. ვაჰ, ვუყურებ, აღარ ინძრევა, ხომ არ დაიჭრა-მეთქი და ნელ-ნელა გავხოხდი მისკენ. თავს ზემოთ ტყვიებს გააქვს წკმუტუნი, თავი მაღლა ვერ ამიღია. ეს კიდევ წამოხტა, შლეგიანივით იღრიალა და დამუშტული ხელებით სიცარიელე მოიმარჯვა, ვითომ ავტომატია, რაა! დგას გამოსირებული სიფათით და თავისივე სროლას ახმოვანებს – და-და-და-და თან გახარებულია – დავბრიდეე, ბოზიშვილი ვიყო, დავბრიდეეე! ჩაწექი-მეთქი, ვუღრიალე, მაგრამ გვიანღა იყო, - ჩააწვინეს...

ერთხელაც იყო, ბრძანება მოგვივიდა, იმ სახლს დაარტყითო, აი, მთავარი სახლი რომ იყო... საიდან, საიდან უნდა დაგვერტყა? ეკლესიიდან დაარტყითო, იქიდან დასცხეთ, თან სიმბოლურიც იქნებაო და რამე, ღმერთის ნებით გაანადგურებთო და ეგეთები. ჰოდა, ავიყარეთ მთელი ბანდა და და ტაძარს მივადექით.

მამაო გამოგვეგება, კარგი, კეთილი მამაო. `იარაღით ვერ შეგიშვებთ ტაძარში, იარაღი გარეთ დატოვეთ და ისეო. თავისაზე იდგა და ეტყობოდა გადათქმას არც აპირებდა. მივხვდი, რომ რაღაცით უნდა გაგვეტეხა, თორემ ნამდვილად მენანებოდა სასიკვდილოდ კეთილი მამაო. ავტომატი მივუშვირე და აბა, სამამდე ვითვლი-მეთქი. სამ-სამჯერ დავთვალე ყველამ და მამაოს ფეხის არ მოუცვლია და თვალიც არ დაუხამხამებია, კარებში იდგა და დამანამუსებლად შემოგვცქეროდა. გავიხედოთ და ერთმა ჩლუნგმა გვარდიელმა არ წამოყო თავი? იჩალიჩა, რაა! ტყვია რომ მესროლა, ისიც ვერ შეაკრთობდა მამაოს, ეს კიდევ, ნახე, რას ეუბნება: - მღვდელო, შე ტრაკო შენა! ეკლესიაში თუ არ შეგვიშვებ, ხო აზრზე ხარ...

აგე იქ, სატანას მსახური ზის და ის უნდა დავბრიდოთ... შენ თუ ეკლესიაში არ შეგვიშვებ, შე ტრაკო, შენა... ესეთები უთხრა. რაღა გავაგრძელო, შევედით.
სარკმელში გავყავით ლულები და სულ ზრიალი ავუყენეთ იქაურობას, იქიდანაც გვესროდნენ, მაგრამ სქელი კედლები საიმედოდ გვიცავდა. კაიფში ვიყავით, რა თქმა უნდა. ერთი ჩვენიანი საპირისპირო კედელთან მიმდგარა, სარკმელში ლულა გაუყვია და დიდი მონდომებით რაღაცას ცხრილავს. მივედი და რას ვხედავ...

დაცარიელებულ, უფანჯრებო სახლს უშენს ტყვიას. უცებ შემოტრალდა და გახარებულმა იღრიალა – დავბრიდეეე, გავარტყი, ბოზიშვილი ვიყო გავარტყიიი! ვფიქობ, რას გაარტყი, ვის გაარტყი შე ჩემა, ცარიელ სახლს ესვრი შე ქლიავო. ხმამაღლა კი ვეუბნები – საღოლ, ძმაო, შენა ხარ, რაცა ხარ-მეთქი.

დილა იყო, ალიონი...
დაღლილი ვარ, დაქანცული და სახლისკენ მეჩქარება. ავტომატი მხარზე მკიდია და ცხოვრება ფეხებზე. კიბეებზე ჩავდივარ ნელ-ნელა. ეგეთი მომენტია, რო ყველაფერი სულ ერთია – გინდა ეს იყოს, გინდა ის, გინდა კიდე კონსერვის ცარიელი ქილა. ყელში მაქვს ყველაფერი ამოსული, გამწარებული ვარ და ვერც ბოლოს ვხედავ ამ ამბებისას.

უცებ ღრიალი მესმის, გაჩერდიო! არც შემინელებია ნაბიჯი, ისე მივიხედე. ჯერ ისევ ბინდია და კიბის თავში გვარდიელის ფორმით დგას ვიღაცა. არ მეცნაურა, მაგრამ მომენტი იყო ესეთი – მეკიდა.
-გაჩერდი, შენი დედა, ვინა ხარ? –
მიყვირის. არავინაც არა ვარ-მეთქი, ჩემთვის გავიფიქრე და გზა გავაგრძელე. გაჩუმებული ვუყურებ და ნელ-ნელა ვინაცვლებ კიბეებზე.
– გაჩერდი, თორე გესვრი! – კიდევ ღრიალებს. ვცდილობ, გამოვიცნო, ვის მხარეზეა, მაგრამ რას გაიგებ.


–თქვენიანი ვარ შე ნაბოზარო! – ვეხმიანები და გზას ვაგრძელებ.
–ვისიანი ხარ? – მიყვირის. ხმას არ ვცემ და გზას ვაგრძელებ.
–გაჩერდი შენი დედა!
არ გავჩერდები-მეთქი, ჩემთვის ვფიქრობ და არც ვჩერდები.
–გესვრიი! – საზარლად ბღავის.
–არ მესროლო, შე ნაბოზარო! – გულგრილად მივაძახე და საფეხურები დავთვალე, სამი საფეხურიღაა დარჩენილი.
–გესვრიიი!
– არ მესროლო, შე ნაბოზარო, შენი დედა! - ვთხოვე.

იმან კიდევ არ შეისმინა ჩემი თხოვნა და გრძელი ჯერი მომიშვა. რა თქმა უნდა, კაიფში იყო და გახარებულმა იღრიალა დავბრიდეეე, ვოეე! მაინც ვისიანი ხარ შე ნაბოზარო, - სინანულით გავიფიქრე და ფრთხილად დავეცი კიბეებზე.

როგორ ომობდნეეეენ....

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კახა ჭაბაშვილი   Fri Dec 14, 2012 9:50 am




წიგნის დასახელება - "აქ, თბილისში"
ავტორი - კახა ჭაბაშვილი
კატეგორია - ქართული პროზა
გამომცემლობა - დიოგენე
გამოცემის წელი - 2012
გვერდების რაოდენობა - 116
ყდის ტიპი - რბილი ყდა
ISBN 978-9941-11-386-4
ფასი - 5.9 GEL


ანოტაცია - კახა ჭაბაშვილის კრებული ”აქ, თბილისში” ბოლო წლებში დაწერილ თოთხმეტ მოთხრობას აერთიანებს.

ბმული - http://www.diogene.ge/ka/books/book/302



აქ, თბილისში

(ნაწყვეტი მოთხრობების კრებულიდან "აქ, თბილისში" - კახა ჭაბაშვილი)


თოვლი სულაც არ იყო იისფერი. ჩვეულებრივი იყო, თეთრი. ერთი ეგ არის, ხანდახან ფერფლი გამოერეოდა ხოლმე, შავი. ლამაზია შავ-თეთრი თოვლი. ხვეტდნენ ხოლმე იმ ქუჩას, მთავარს, მაგრამ რა!

ჰო, გვამებიც გაჰქონდათ, თოვლთან ერთად. მოწინააღმდეგეს თუ შეამჩნევდნენ, გამორიცხული არ იყო, ზედ დაეფურთხებინათ და გადაებოტებინათ. ხელები ეყინებოდათ ავტომატზე და ბინძურად იგინებოდნენ, ქართულ-რუსულად იგინებოდნენ. იარაღი ბლომად იყო! ამათაც ჰქონდათ და იმათაც! შეაყენებდნენ და მიდიი! არა, ვერც ვერავის გაამტყუნებ _ წამალი გინდა? ფული გინდა? ხოშიანი მანქანა გინდა? ჰა, აგერ არის...

ოღონდ მამული...

ჩვენს ქუჩაზე გაზაფხული რომ მოვა, ხომ გინდა ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა სირბილი და კუნტრუში?!

სულ არ მეძინება, არც მეცინება... თეთრი ღამეებია, თბილისური თეთრი ღამეები, ლენინგრადისაში არ აგერიოთ. სულელურად ახრჩოლებულ ლამპასთან ვათენებ და ვაღამებ, ხანდახან საჭმელსაც ვჭამ ხოლმე. საზიზღარ ხასიათზე ვარ, მერამდენე დღეა უკვე... წამალიც მომბეზრდა და მოსაწევიც გამითავდა, თუმცა მაინცდამაინც არც მენატრება. გუშინ არკადა იყო ამოსული და მეუბნება, წამოდი, იცი, რას ვკაიფობთო? ავტომატები, წამალი და პლანი ყელამდე და მაგარს ვგრიალებთო. თავისთან მეპატიჟება ნარკომანი ვირიშვილი! მინდა ახლა ეს დავიდარაბა? არადა, ეს დარტყმული სამშობლოს სიყვარულზე მელაპარაკება - "პატარატიზმი" არა გაქვს შენო... ამათ მხარეზეა, ხო აზრზე ხარ, ვის მხარეზე?

მე ვერა ვარ აზრზე, იმიტო რო დღემდე ვერ გავარკვიე, იმ დროს ვინ ვის მხარეზე ისროდა და იბრძოდა, თუმცა ეს უკვე სულ სხვა თემაა. ჰო, არკადამ, წამოდიო და მე კიდევ სამცეცხლშუა ვარ და ძალიანაც დაფიქრებული. არკადას მოტანილი მოსაწევიც ფაფუ! ახლა ვზივარ და ვცდილობ, გაწყვეტილი ფიქრი გადავაბა...

მთელი ხროვა ვიყავით. ვინ არჩევდა და ვინ უყურებდა - ათეული, ოცეული. ერთად ვიყავით და არაფრისა გვეშინოდა. "ბეტეერიც" გვყავდა და ერთი დანჯღრეული ტანკიც. აიმ სახლთან ვიდექით, მთლიანად დაცხრილული რომ იყო. ტყვიამფრქვევი გვქონდა ერთი, ტანკსაწინააღმდეგოსავით. რომ აკაკანდებოდა, ცხვირის გამოყოფასაც ვეღარ ბედავდა ვერავინ. ხმაზეც კი ცნობდნენ! ამ ტყვიამფრქვევთან ალესკერა იჯდა, ქურთი თუ იეზიდი, არ ვიცი. საშინელი ლოთი ვიღაცა კი არა, რაღაცა იყო. "რუსსკაია" უყვარდა ძალიან და ჯიხურებს რომ გავწეწავდით, ყოველთვის მოგვქონდა მისთვის. ლუდიც, რა თქმა უნდა, ფირმა ლუდი "პილზენი" გახსოვს? ჩამოიმწკრივებდა ეს ალესკერა და იყო თავისთვის გატრუნული და გამოსირებული.

ჰოდა, ერთხელაც არის და ვდგავართ, ჩვეულებრივ. კაცი გვყავდა გაგზავნილი და წამალს ველოდით. გავიხედოთ და, ზემოდან ტალახში ამოსვრილი "შესტიორკა" არ მოგრიალებს? გადავტენეთ, ვისაც რა იარაღი გვქონდა და ფრთხილად გავედით გზაზე. ეგეთ ამბებში ყოველთვის ვიბნეოდით და იდიოტურად ვუყურებდით ერთმანეთს. ჩვენი მხრიდან ვიღაცამ ისროლა კიდეც. მძღოლს კიდევ ვერ გაეგო, რა ექნა, ერთი ეგ იყო, სიჩქარეს არ ანელებდა. დაღმართი იყო და მოლიპული გზა. მოკლე ჯერს გრძელი მოჰყვა. ასე ვიქცეოდით და უცებ ჩვენიანი გამომდგარიყო? მანქანამ ნელ-ნელა დააგდო სიჩქარე და ბოლოს სულ გაჩერდა.

- გააჩერე, შენი დედა! - ხმის ჩახლეჩამდე ვბღაოდით.

-ნელა გადმოდი, შენი დედა! ეგრევე არ გადმოხვიდე, თორე დაგბრიდე!

მძღოლმა ოდნავ ჩამოსწია ფანჯარა და შეშინებული თვალებით ამოგვხედა. ავტომატი მაშინვე დაადეს თვალებს შუა და ჩვენც მივედით.

- ძმებო, თქვენი ჭირიმეთ, ძმებო! იმათიანი ვარ, მაგრამ უნდა გამიშვათ! დაჭრილი მიმყავს, ძმებო, იქნებ გადარჩეს, შვილია ჩემი!

მანქანაში ჩავიხედე და თფუუ, მაგის დედა ვატირე! ყველაფერი უბედური მე როგორ უნდა დავინახო - შიგ ყელში ქონდა მოხვედრილი და რაღაცა ხორცის ნაგლეჯი უბედურად კონწიალობდა, მუქი ლურჯი იყო და სისხლიანი. სახეც არ უჩანდა, სულ წითელი იყო. ფეხები რაღაც არანორმალურად გადაგრეხილი და გახეული შარვლიდან ბალნიანი წვივები მოუჩანდა. ამის დანახვაზე ჩვენი დაბოლილი სერჟანტი კინაღამ წაიქცა სიცილისაგან. მერე უცებ გაჩუმდა და "რავქნათბიჭებო" თვალებით მოგვაჩერდა.

უცებ მანქანის მძღოლი რაღაც არანორმალურად დაიღრიჯა და ჩემს ზურგს უკან მდგარს შეჰღრიალა:

- შენა, ალმასხანას ბიჭი არა ხარ? ძმაკაცები ვართ, ბიჭო, მე და მამაშენი! მოკლედ, მაგარი ახლობლები გამოდგნენ. მძღოლი მოფერიანებულიყო ამასობაში და დარწმუნებული იყო, რო გავუშვებდით.

- ცოდოა მაგის დედაც, გავუშვათ! წადი, შენი დედაც! - ძმაკაცის შვილმა მიაგინა კიდეც.

იმან კიდე გაიგო "ცოდოაო" - ეგრევე ქართველობაზე დაგვაწვა. ჩვენი ბედკრული, ჰმ, ბედკრული საქართველო დაგვაფიცა თუ დაგვაგინა და თქვენი ჭირიმეთო, გზა გამითავისუფლეთ როგორმეო! ახლა გზის გათავისუფლებაც რო მოინდომა! ბუბა, გასძახე ალესკერას, ვეუბნები და ეს კიდევ ბოლო ხმაზე ღრიალებს: - ალესკეეერ, ამოქოქე, მიდიიი! ამისი რეზიდენცია კიდე ცოტა ზემოთ იყო, მანქანის ძარაზე. ქვეშ, არ ვიცი, სად ნაშოვნი, თივა ეყარა. წინ ტყვიამფრქვევი ედგა, ცარიელი და სავსე ბოთლებიც. ზარმაც კატასავით გაახილა თვალები, რაღაც საზიზღრად მოიქექა მთელი კვირის გაუპარსავი თავ-ყბა და რა გაღრიალებთ, ხომ არ შეიშალეთო.

- გზა უნდა ჩაკეტო, აბა შენ იცი!

ამან ჯერ ცარიელი ბოთლი მოიყუდა, მერე სავსე. დიდი ყლუპებით სვამდა. სავაზნე გასინჯა და იარაღს მიუცუცქდა. აუუ, რა ხმა ქონდა?! ყველაფერი ზანზარებდა და ხტოდა, გეგონებოდათ, მესამედ მოსვლა იწყება მეორის გამოტოვებითო. საით ისროდა, ვის ესროდა, თავადაც არ იყო გაგებაში. გათავდებოდა ერთი ლენტი, მეორე იქ არ ქონდა?

- აბა, შენ იცი, ძმაო, შეუბერე, ღმერთი შენკენ! "შესტიორკა" ზმულით მოსწყდა და ქვემოთ დაექანა. ქუჩაში კაცის ჭაჭანება არ იყო. ყველა ცნობდა ხმაზე "ალესკერას მინამიოტს" და ცხვირები იქ წაეყოთ, სადაც მოესწროთ. ისინი, ალბათ, ალესკერას გაბურძგნილ თავს ნატრობდნენ ტვინდანთხეულს, ამ ვირიშვილს კი არც გაეგებოდა, რისთვის ისროდა, ვის ესროდა...

ზედიზედ ცვლიდა ლენტებს.

ამ შემთხვევაში "პილზენის" ნახევრად დაცლილი ბოთლი გამოდგა მთავარი. ვიბრაციისაგან ბოთლმა ერთი ამოიწკარუნა და მანქანის ძარაზე გაგორდა. ალესკერამ სროლას თავი ანება და ლუდის გადარჩენას მიჰყო ხელი. ის იყო ბოთლი წამოაყენა, "ჩვენი შესტიორკა" არ დაინახა?!

- შენი დედა!.. - იღრიალა და იარაღს ეცა.

- ალესკერ, რას შვრები, შენი მკვდარი და ცოცხალი!..

ახლა მე ავღრიალდი.

"ჩვენი შესტიორკა" ცეცხლის ალში გულაღმა ეგდო ხოჭოსავით და ხრჩოლავდა. ორი ნაფაზიც და ორი წუთის შემდეგ ჩვენს სახელოვან ალესკერასთან ერთად რატომღაც ქართველი და ყაბარდოელი ხალხის ძმობის სადღეგრძელოს ვამბობდით.

ბმული - https://www.facebook.com/notes/გამომცემლობა-დიოგენე-diogene-publishers/ნაწყვეტი-მოთხრობების-კრებულიდან-აქ-თბილისში-კახა-ჭაბაშვილი/389170321167574

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: კახა ჭაბაშვილი   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
კახა ჭაბაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: