არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 რევაზ ინანიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: რევაზ ინანიშვილი   Thu Jan 01, 2009 9:18 pm


რევაზ ინანიშვილი მეუღლესთან ერთად, 1954წ.

გია, მე ხო ისე ვარ ამ მიმსვლელ-მომსვლელთა ხელში, რო ვერავის ვეხმიანები ხოლმე საახალწლოდ და აი, ახლახანს დამირეკა ქალბატონმა როზა ინანიშვილმა და ახალი წელი მომილოცა...
ჰოდა, ბატონი რეზო გამახსენდა და ის დღე, ქვემოთ მოყვანილ მინიატურაში რომ არის აღწერილი...


რევაზ ინანიშვილი

და ესეც ბატონი რეზოს საიტია – http://publish.dlf.ge/vaxtangvi/revazinanishvili/
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   Thu Jan 01, 2009 9:35 pm

მიხო მოსულიშვილი

სიღნაღის გადასახვევთან რომ მარტოხეა...

სკოლაში რომ ვსწავლობდი, შემოიტანდა ხოლმე გახარებული დედა "ცისკრის", "მნათობისა" თუ "ლიტერატურული საქართველოს" ნომრებს, - აქ ჩვენი რეზო ინანიშვილის ნოველებიაო! - ნათესავზე რომ იტყვიან ხოლმე, ისე ამბობდა და სწორიც იყო - ეს რანაირად, რა კარგად წერდა! ხოლო მისი წიგნის ჩვენს ოჯახში შემობრძანება ხომ ზეიმი იყო, დასვამდა მამაჩემი დედას და ხმამაღლა აკითხებდა ხოლმე საღამოობით, დაღლილი რომ მოვიდოდა სამუშაოდან და წაიხემსებდა, იმის მერე. სხვათა შორის, ვაჟა-ფშაველასაც ზუსტად ამ მეთოდით ისმენდა...
ფშავის მთებში კლდიდან რომ ჩამოვვარდი და გადავრჩი, მამაჩემმა დაიჟინა - შეთქმული მაქვს, ცხვარი უნდა დავკლა წმინდა გიორგის საყდარში და ჩამოდი, ჩამოიყვანე ვინც გინდაო.
მაშინ დაბეჭდილი მქონდა რამდენიმე მოთხრობა, უკვე ვიცნობდი ბატონ რეზოს; ჯერ დავურეკე, მერე სახლში მივედი და დავპატიჟე, ძალიან გაახარებთ ჩემიანებს თქვენი სტუმრობით-მეთქი.
ავად ვარ, აღარ შემიძლიაო, - დაიჩივლა და თავაზიანად გადამიხადა მადლობა, - ალბათ, ვერ შევძლებო.
რეზო, ნუ ჩავიკეტებით სახლში, გავახაროთ ის ხალხიო, - მხარი დამიჭირა ქალბატონმა როზამაც, - თქვენ ხვალისთვის დამირეკეთ, გადაწყვეტილი გვექნება უკვეო.
შემდეგ უბრალო, სადა ბინის კედლებზე დაკიდული ტილოები დამათვალიერებინა ბატონმა რეზომ, ფანქრით შესრულებული თავისი ნახატებიც მაჩვენა...
მეორე დღეს შევიტყვე, წამოსვლა გადაეწყვიტათ და თქვენს სადარბაზოსთან დაგელოდებით ჩემი მანქანით-მეთქი. მაშინ მწვანე "ჟიგული" მყავდა, იმით გავედი და დიდხანს არ მილოდნია, ბატონი რეზო გამოჩნდა. უმალ გადავედი, მივეგებე, მანქანის კარი გავუღე. თავისი ერთი რჩეული მაჩუქა ძვირფასი წარწერით და სანამ ქალბატონი როზა ჩამოვიდოდა, ერთი პატარა ნოველაც წამიკითხა დაგემოვნებით, დინჯად და მოზომილად...
სასიამოვნო მუსაიფით ჩავედით სოფელში, ჩვენები უკვე საყდარში იყვნენ, სამჯერ შემოვატარე ცხვარი და დავკალით, უცებ ჩამოვატყავეთ - გაიშალა სუფრა...
მართლა ცუდად იყო ბატონი რეზო, შეთავაზებულ კერძებზე უმეტესად უარს ამბობდა, ვეღარც სვამდა და ტკივილის ჩრდილიც გადაურბენდა ხოლმე სახეზე, მაგრამ არ იმჩნევდა და ხარობდა ჩვენების შემყურე - თავისი პერსონაჟები თუ ახსენდებოდა.
მერე შეღამდა, აცივდა.
იჯდა ქურთუკმოხურული ბატონი რეზო და ფოთოლებგაცვენილ ტყეს გასცქეროდა, ბინდში რომ იძირებოდა ნელი-ნელ და ისმენდა, აყურადებდა, იგემოვნებდა ჩვენს საუბარს. წარა-მარა თვალებში შესცქეროდა ძვირფასი მეუღლე, ხომ არ ასტკივდა რამეო.
თბილისში რომ ვბრუნდებოდით, გზაში იმ ადგილების ისტორიას მიამბობდა, სადაც გავივლიდით.
ოცნებად მაქვს, სიღნაღის გადასახვევთან რომ მარტოხეა და გარშემო შავად გადახნული მინდორი - აი, იქ უნდა მოვკვდეო, - მითხრა და თან ერთგვარი შიშითა და საბოდიშო ღიმილით გადახედა განაწყენებულ მეუღლეს.
რა დროს მაგაზე ლაპარაკია მეთქი, - მივუგე და სხვა თემაზე ჩამოვაგდე სიტყვა.
უკვე ღამე იყო, კანდელაკის ქუჩაზე მდებარე კორპუსს რომ მივაყენე მანქანა.
ერთმანეთს რომ ვემშვიდობებოდით, უცებ ვიგრძენი - კახეთიდან დანახული მთელი საქართველო ესვენა გულზე - ამისგან თუ იყო ისეთი დარდიანი და დაღლილი...
ერთი წლის შემდეგ მწერალთა კავშირში ვნახე, უკვე ძალიან ავად იყო...
ეჰო, - მითხრა, - ნეტავი კიდევ თუ წავალთ შენთან, რა კარგი იყო მაშინო, - ის წმინდა გიორგობა გაიხსენა.
დავაიმედე - აუცილებლად წავალთ მეთქი...
მართლაც და, ეჰ!
ვერავის ვეღარ გაახარებს ბატონი რეზო თავისი სტუმრობით - საახალწლოდ ზეციურ საქართველოში გაგვეპარა ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტაში გართულსა თუ სეირის მაცქერალ, დაუნდობლობაში, განუკითხაობაში ჩაფლულ ქართველობას...
და ახლა, ცხოვრების ათასნაირი უკუღმართობით გადაღლილს ხშირად მახსენდება ხოლმე სიღნაღის გადასახვევთან, შავად გადახნულ ველზე მდგარი მარტოხე - ბერტყენას ეძახდა ბატონი რეზო - და ისე ვმშვიდდები, თითქოს ეკლესიაში ამენთოს სანთლები...
უცნაურია, არა?


Last edited by გამრიგე on Thu Nov 04, 2010 11:44 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   Fri Jan 02, 2009 9:34 am

ეს დიდი მწერლის თვისებაა

ჩემი თანამშრომლის (ჟურნალ "ცისკრიდან") _ ირაკლი ბაზაძის სანახავად მივედი "ლეჩკომბინატში". მასთან ერთად პალატაში იწვა რევაზ ინანიშვილიც. იქაც საქმეებში იყო ჩაძირული. ჟურნალ "დილას" მორიგ ნომერს ამზადებდა.
თუ ძმა ხარ, საბავშვო ლექსები გექნება და მომიტანეო, _ მითხრა.
საავადმყოფოში ლექსები როგორ უნდა მოგიტანოთ-მეთქი, დავიბენი.
თუ ძმა ხარ,მასალები ბევრია, მაგრამ, უფრო კარგი მინდაო, _ მითხრა და თან ისე შემომხედა, როგორღა ვიუარებდი.
მეორე დღეს მივუტანე ლექსები _ არადა, მანამდე რედაქციაშიც ვერ გამებედა მისვლა...
რეზომ ჩემი ლექსები აიღო და ხმამაღლა, რიხიანად დაიწყო კითხვა (ირაკლი ინტერესით უსმენდა). მერე ხმას თანდათან დაუწია, თითქოს მოიწყინა, ფურცლები გამომიწოდა და მითხრა: "თქვენებური ბალღები არა ჩანან, კაცო... თქვენებური ბალღები _ ფშავლები და ხევსურები."
გავიდა დრო.
რეზო დაუბრუნდა სამსახურს და ისევ მივუტანე სრულიად ახალი ლექსები...
რეზომ ("დილას" მთავარმა რედაქტორმა) ხმადაბლა (თითქოს პირველი შეხვედრა გრძელდებაო) დაიწყო მათი კითხვა. მერე ხმას თანდათან აუწია...
ძნელია გადმოცემა იმისა, თუ როგორი სიყვარულით ამბობდა ამ სახელებს: უშიშა, აპარეკა, თორნიკე, გამახელა, გაბრიელი, ბერდია...
ჟურნალის უახლოესი ნომერი იმ ლექსებით იხსნებოდა.
ასე დამანახა რეზო ინანიშვილმა ის უმშვენიერესი გზა, რომელიც თურმე ჩემს თვალწინ ყოფილა და მანამდე არ მქონდა შემჩნეული...
მიმიყვანა ერთადერთი სიტყვით: "თქვენებური ბალღები არა ჩანან, კაცო... თქვენებური ბალღები _ ფშავლები და ხევსურები."
ეს დიდი მწერლის თვისებაა _ ერთი სიტყვით გაგრძნობინებს მშვენიერებას.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   Sun Mar 08, 2009 12:07 pm

ალექსი ჭინჭარაული

ცოტა რამ დიდ ადამიანზე


ერთი ხევსური ხმითმატირალი ასე მიმართავს უდროოდ წასულ კაი ყმას:

შენ შენფერნ გინდან მატირალნიო,
შენის კაცობის დამფასავნიო,
წვიმათოდენნი გინდან ცრემლნიო,
სამკვლავოდენნი სათვალავნიო.


მე არ ვიცი, საერთოდ როგორ მუშაობდა რეზო, ის კი მახსოვს, რომ თავის ერთ-ერთ საბავშვო მოთხრობას საჯარო ბიბლიოთეკაში წერდა. წერდა ფანქრით. მეორეჯერ გადაკითხვისას ზოგ სიტყვას ჩააჟინდებოდა, ბოლოს უკეთესს მოძებნიდა, ძველს ამოშლიდა და ახალს ჩაწერდა. იქვე ვიჯექი და ამას ყველლაფერს ვხედავდი. არც არაფერს მალავდა: მუშაობდა, ისე უტრიალებდა ამ თავის საქმეს, როგორც კარგი მევენახე ვაზს. რეზო საკმაოდ კარგად ხატავდა, ლექსის წერა კი არ ეხერხებოდა. ის საბავშვო მოთხრობა ხევსურზე იწერებოდა, და როცა რამდენიმე სტრიქონი უბრალო ლექსი დასჭირდა, მე დამაწერინა… შატილშიაც ერთად ვიმგზავრეთ. იმ მგაზვრობის შემდეგ დაიწერა ”ჩაჩაურის წასვლა”.

რეზოს ”მყვირალა” თემები არ უყვარდა, მაგრამ სრულიად უმნიშვნელო ამბავს ისე ააჟღერებდა, რომ ყველას ყურადღებას მიიპყრობდა. ჩაჩაურის (სახელი, რა თქმა უნდა, შეცვლილია) ~წასვლას~ მე თვითონ… ვესწრებოდი და მე ვუამბე რეზოს. ჩემთვის იქ მხოლოდ ის იყო დიდებული და ამაღლებული, რომ კაცმა სიკვდილის წინ თვითკონტროლის უნარი შეინარჩუნა, ”კარგად სიკვდილის” სიკვდილის სურვილი გაამჟღავნა. რეზომ ამ ამბავს სხვაგვარი ჟღერადობა მისცა, სხვა გმირებიც (მათ შორის – ბავშვებიც) შემოიყვანა და ბრწყინვალე მოთხრობა დაწერა.

ერთხელ გამომცემლობა ”ნაკადულში” მივედი ჰონორარის ასაღებად. ფული არ აღმოაჩნდათ. პოეტ მინდია არაბულთან ვლაპარაკობდი კორიდორში. გამოჩნდა რეზო. მოვიკითხეთ ერთმანეთი. ჩემი მისვლის მიზეზი რომ გაიგო, ჰონორარი არ არი, მგონი, იმდენი ფული კი მიდევს ჯიბეში, რომ ერთ-ერთი საათი რესტორანში თავი შევიქციოთ – ბრძანა რეზომ. ჩვენ უარი ვთქვით რესტორანზე. ერთი ხომ მე დაგითმეთ, მეორე თქვენ უნდა დამითმოთ: სახლში კარგი ღვინო მაქვს, გავიაროთ ბაზარში, ცოტა რამ სურსათს ავიღებ და ჩვენსა ვისადილოთო. დაგვიყოლია. მართლა სასიამოვნო დრო გავატარეთ, გვიანღამემდე ვისხედით. მეორე დილით პიჯაკის ჯიბეში ასი მანეთი აღმომაჩნდა. რა მიხვედრა უნდოდა: ბატონმა რეზომ იფიქრა, ეგება ფული არა აქვთ სახლშიო და ჩუმად ჩადო ჩემი პიჯაკის ჯიბეში ასი მანეთი. ასი მანეთი მაშინ კარგი ფული გახლდათ, - ოჯახს რამდენიმე დღე შეინახავდი.

ერთხელ რეზოს ვუთხარი ძველ ქართულ ხელნაწერში ამოკითხული ერთი ბრძნული ფრაზა: ”ძაღლი, რომელი ჰლოკდეს ქლიბსა, თვისისა სისხლისაგან სუამს”. ძალიან მოეწონა: რა კარგად იცოდნენ ხოლმე დალოცვილებმა თქმაო.

რეზოს რომ უკანასკნელ გზაზე მივაცილებდით, ეს ფრაზა ამეკვიატდა: რუსთაველზე ქართველები ქართველებს ხოცავდნენ. მტერმა თავისუფლების წყურვილის მოსაკლავად ქლიბი მოგვიგდო და ჩვენც ხარბად ვლოკავდით ამ ქლიბ სატყუარას. ვფიქრობდი იმ დიდ ტკივილზე, რაც რეზომ წაიყოლა ”მართალთა საიქიოში”.

ამასწინათ ოთარ ჭილაძის წერილი რომ წავიკითხე ~ლიტერატურულ საქართველოში~ რევაზ ინანიშვილის საფლავის მოუვლელობის თაობაზე, მაშინვე რეზოს მიერ კახეთში გაგონილი და ჩემთვის ნაამბობი ერთი ლეგენდა გამახსენდა: შაჰ-აბაზმა თვითონ კახელებს გააჩეხინა და ამოაძირკვინა ვენახები. ბრძანება გასცა: ვის ვენახშიაც თუნდაც ერთ ძირ ვაზს აღმოაჩენთ, ვენახის პატრონს თავი მოჰკვეთეთო. ერთ-ერთი გლეხის ვენახში მართლა ნახეს ერთი ძირი შემთხვევით ჩარჩენილი ვაზი; პატრონი საჯაროდ დასაჯეს, თავი მოჰკვეთეს და სახელდახელოდ გათხრილ მიწაში ჩააგდეს. იმ საფლავზე მეორე წელლს ვაზის რქამ ამოიყარა: თურმე დასჯილ კახელ გლეხს ხალათის საღილეებში ვაზის ლერწი ჰქონდა გაყრილ-გამოყრილი და ის ამოზრდილიყო… მაშინ რომ ვკითხე, ეგ ლეგენდა არსად გამოგიყენებია-მეთქი? მიპასუხა: ამას რაღა დაწერა უნდა, ეს ხომ თავისთავად ლამაზიაო. არც შემდეგ შემხვედრია რეზოს ნაწერებში ეს ქართული და მართლაც, ლამაზი ლეგენდა.

რეზო ინანიშვილი თვითონ ჰგავდა ფესვმდგარ და ღონიერ ვაზს _ ქართული სიტყვის მადლითა და სიბრძნით იყო დახუნძლული.


Arrow

აი, როგორ კარგად დაწერა ლექსო პაპამა...

sunny
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   Sun Mar 08, 2009 12:09 pm

გოდერძი ჩოხელი

დიალოგი ავტობუსი


- ალბათ, დამარხავდნენ ი ბებერს.
- საწყალი.
- განათლებული.
- მაშა ქალოო, სუყველაი მაიცადა, ქორწილებიც და ხატობებიც, ი განათლებულმა, ტკბილად აჭამა ხალხს პური...
მე აქეთ იქით ვიყურები, რატომღაც მგონია, რომ ავტობუსში რეზო ინანიშვილიც ზის, თვალები კეთილად უბრწყინავს და თბილად ეღიმება.



Idea
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   Sun Mar 08, 2009 12:12 pm

ნუგზარ შატაიძე

საშველი


დღეს, როცა ასე შეგველახა და დაგვიმძიმდა სულები, როცა ლუკმა–პურის ძებნაში დაღლილებს წიგნის წაკითხვის თავიც კი აღარა გვაქვს, როცა აპოკალიფსური ღრუბელი სულთამხუთავივით დაგვწოლია გულზე და ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს, ხშირად ვიგონებთ ხოლმე რევაზ ინანიშვილს _ ჩემს საყვარელ ადამიანსა და მწერალს.
ხანდახან გადმოვიღებ თაროდან მის წიგნსაც, ვათვალიერებ, ვკითხულობ მოთხრობების სათაურებს, ცალკე აბზაცებს:

,,ზამთრის ცრიატ, მოღუშულ დღეებში ტბის წყალი გამდნარ ტყვიას ჰგავს... ავა, სულ ბოლოს მისი ზედაპირიდან აიკრიფება ბინდი და ბურუსი. ახლოს მოიწევენ მთები. უტყეო მთები ამ დროს სულ რუხებია, რუხები და გაფითრებულნი გაშტერებულნი. ის მთები ძლეული ლაშქრის დროშებივით ჩაკიდებულ ტბაში. თავდაყირა ჩაკიდებულან ტბაში თეთრი ხეებიც. თეთრ ხეებზე შავი ნაღვლიანი ჩიტები სხედან და აბუზული მხრებით ელაპარაკებიან ცას. ცა უფრო ნაღვლიანია და ჯერ არ იცის რას იზამს”.

მე მშველის ეს ,,რუხი და გაფითრებული ხეები”, მშველის ნაღვლანი ცაც, რომელმაც ,,ჯერ არ იცის რას იზამს” _ მშველის და მამშვიდებს.

მშველის იმის გახსენებაც, რომ რევაზ ინანიშვილის, ამ მართლაც გენიალურ მწერლის სული ჯერ ისევ დაჰფოფინებს თავის ტანჯულ, დაღუპვის პირზე მიმდგარ ქვეყანას.


Idea
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   Sun Mar 08, 2009 12:17 pm



ნუგზარ შატაიძე

შენი სულიერი სამშობლო

რევაზ ინანიშვილის შემოქმედებაში ყველაზე მეტად მწერლის მახვილი თვალი და ყური გაოცებს. პატარა, ხელისგულისოდენა მოთხრობებით იგი თითქოს ჩვენც თვალს გვიხელს, სმენას გვიმახვილებს და ჯადოსნური სიცხადით გვიჩვენებს ავკარგიან ქვეყანას, სადაც თავადვე ცხოვრობს_ეს მისი სამშობლოა, რომელიც უკვე მკითხველის სულიერ სამშობლოდ ქცეულა.
ერნესტ იუნგერის აზრით, მწერლის ამოცანა სწორედ სულიერი სამშობლოს შექმნა _ ”ეს შეიძლება იყოს მოკრძალებული ნიში წმინდანის გამოსახულებით, ჭიშკართან გამოდგმული სკამი, სოფლური ქოხი, სასახლე, ტყეები, მთები ან კოსმოსური სივრცე.. პოეტი ქმნის, რათა ყველაფერი ეს იცნონ და დაიმახსოვრონ, შემდეგ კი სულიერ სამშობლოდ გაიხადონ... იქ, სადაც პოეტები არ არიან, სიცარიელე ისადგურებს”.
მწერლის მიერ შექმნილი სულიერი სამშობლო ხშირად უფრო რეალურია და მიმზიდველი, ვიდრე ნამდვილი. რევაზ ინანიშვლისათვის ეს იყო სოფელი, მინდორი, ივრის ჭალები. მიდიოდა იქ ”დაღლილი, მხრებდაღუნული, იმ იმედით, რომ სოფლურმა მყუდროებამ იქნებ ცოტა მაინც მოუფონოს გულზე, რომელზედაც, აი, მთელი თვეა თითქოსდა მარწუხებს უჭერენ ვიღაცანი”.
ჩვენც, მისი მკითხველებიც, სწორედ ამ იმედით, ამგვარი სასოებით მივდივართ მის მიერ შექმნილ სამყაროში, სადაც მდინარის პირას ერთი ”გამოღრმავებული კბოდეა, შიგ თბილი მზეა ჩამდგარი”, მივალთ მივსხდებით იმ გამოღრმავებულში და საკუთარი სამშობლოს განცდით ვტკბებით.
...ახლა იქაც ზამთარია თებერვლის თრთვილს შეუხორხლია ხეები. ბუჩქები, გადაუთეთრებია მიწა. თხელ გუბეებში წყალი ჩაყინულა. ყინულის თხელი, სიფრიფანა არშია გასდევს მდინარის მთელ ნაპირსაც. ”ხეებზე შავი, ნაღვლიანი ჩიტები სხედან და აბუზული მხრებით ელაპარაკებიან ცას”.
იალნოს მთის ფერდობზე გადმომდგარა ხე ფოთოლგაძარცული, ყინვისგან შეჭირხული ტყე-გაყუჩებულა, თავის მარადიულ ფიქრებში წასულა. და უეცრად, რაღაც სასწაული ძალით, გაიხსნება ზეცა, ღრუბლებიდან მზე გამოიხედავს და ფერდობზე კალოსოდენა ადგილს გაანათებს. კალოზე ხალხი შეყრილა. წამოვა, გამოსცდება იმ ხალხს ”ორი მშვენიერი ქალბატონი”, ერთს თავზე მოხვეული და ბოლოებით მკერდზე გადაჯვარედინებული ქიშმირის შალი ზურგზე აქვს შეკრული. მეორეს მოთხილამურის თბილი ქუდი ახურავს-ყურებზე და შუბლზე ჩამოწეული. ორივე ერთად რვა ან დიდი-დიდი რვანახევარი წლისა იქნება. მოვლენ, ამოგიდგებიან აქეთ-იქიდან, ჩაგკიდებენ პატარა ხელებს და წაგიყვანენ იმ განათებული კალოსკენ.
გაკვირვებული, ცოტა არ იყოს დაბნეული ათვალიერებ ხალხს და ნელ-ნელა ყველას სცნობ. ვინ აღარ მოსულა აქ, იალნოს ბურუსიან ფერდობზე: ანანურელი ულამაზოები – კუშტად მომზირალი, მგლის ლეკვებივით აჯაგრული კომბლებიანი ბიჭები; ირინე თეთრაშვილის აფრია, თვითონ ირინე თეთრაშვილი, გუჯა –აფრიას ძმა და მათი ახოვანი მამის ლანდი, რომელსაც ხელები გულზე დაუკრეფია და ნაღვლიანი თვალებით უყურებს ცოლ- შვილს; უკუღმა დაჭერილი – როგორღაც საშაროდ გალაჯული, დოინჯშემოყრილი ყმაწვილი; გამოვა ბურუსიდან იაკოფა მენახირეც და დაებჯინება თავის გრძელ ჯოხს; გვერდიგვერდ დგანან შიო პაპა და უშიშა პაპა, ჯოხირეცხა იოსება, ძმები დათია და გოგია, ბასა ბურკიაშვილი, მოდიდან გამოსული პოეტი, რუხი პიჯაკის სახელოებზე შავი სატინის სამკლავური რომ უკეთია; კიდევ ვანო ბუჭყიაშვილი და იმისი პატარა ბიჭი მიხო, რომლებსაც შინ არც ავეჯი აქვთ და არც ჯამ- ჭურჭელი, სამაგიეროდ, ერთი დიდი ფარდაგი აქვთ, გაშლიან ძირს და კოტრიალობენ ყველანი ზედ – ვანოც, მიხოც, მამუკაც, იმათი დედიკოც და თუ სტუმარი მოუვათ – ისიც; აქ არიან გოგია და ბახა, ელგუჯა და ჭიჭო, ბიბო, ჩიტების გამომზამთრებელი ბიჭი, `ვიწროების მგელი~ -- ჩოფურა შალიკო, ანდრია და, რაც მთავარია, მეტყველე დათიკო; ცოტა იქით მოჩანან : ბარბარე ბადაური, დედა მარიამი, ძველი ქართველი ქალი, გადაბმული ესტატე, თინა და სანდრო, უშიშარი ბიჭი იოსება, პოეტი გიგლია; ხმაურობენ, ჟღავ-ჟღუვობენ უბედენთიანი კოხორაშვილები, ცეტები, ბღუკები... ჩაჩაურს ცალ ხელში გაშიშვლებული ხმალი ჩაუბღუჯავს, მეორეში _ სანთელი; მოკრძალებით, დარცხვენით დგას იმ ხალხში ხორასნელი ჭაბუკი; აქვე დარეჯანი _ ტანად დიდი, დიდად მომზირალი, ღონიერი ქალი; ხელიხელჩაკიდებულნი გზაზე გამდგარან იღლიაში დახვეულ ტიკამოჩრილი გოგია ბატატაშვილი და იმისი მორცხვად მომღიმარი საყვარელი მაყვალა ჯარიაული; იღიმებიან ბალნიანი, ბაყია და მანეთიანი კოლა; აქ არიან ყროლებიც _ ლაფანა, ატაცებული და ბაზარნიკი ჯალიაშვილიც აქვეა და იმათაც სიამის ღიმილი გადასდით სახეზე; ამ ხალხში დსუნსულებს ფაფხაჭელაანთ ძაღლიც.... ხოლო მაღლა, ერთ თოვლიან ბორცვზე, ცალკე დგას კომბალზე დაყრდნობილი, მთლად გადათეთრებული უსინათლო მოხუცი, რომელსაც ქინთა-ქინთად ქცეული ახალუხის ჯიბის პირზე სამი რუსული ძველი მედალი ჰკიდია _ გამურულ ქვაზე დაღვენთილი წმინდა სანთლის ფერისა.
იქით კი, ნისლიანი ტყის პირში, ათასამდე შავი ლანდი შექუჩებულა და რაღაცას ბჭობენ. მერე განცალკევებით მდგომი ანაფორიანი მღვდელი ხელს რბილად ჩამოუსვამს ჰაერს და ვიღაცა სუფთა, მშვენიერი ხმით დაიწყებს:


ზამთარიაო, ჰეე, ჰარალო.ო...
ზამთარი ვარდსა დააჭკნობს,
ფურცელი ჩამოცვივაო...




თვალებგაბრწყიინებული დგახარ და ვერ გაგიგია, ცხადში ხარ თუ სიზმარში, მაგრამ ნელ-ნელა ერკვევი და ხვდები, რომ არც ცხადია და არც სიზმარი _ ეს შენი ქვეყანაა, შენი სულიერი სამშობლო.
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   Sun Mar 08, 2009 12:20 pm

ქალბატონი როზა,ჩემს ახლობელს ასწავლიდა-დაწყებითების მასწავლებლად მუშაობდა.
შორიდან ვიცნობდი.
ძალიან თბილი,სადა ,უბრალო და ღირსეული ადამიანია.
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   Thu Nov 04, 2010 3:51 pm



07:17 / 29-10-2010

რეზო ინანიშვილი - ენის დაულევლობის განსახიერება


Ambebi.Ge


"როდესაც რევაზ ინანიშვილს ვკითხულობ, შინაგანი სულიერი სისუფთავის შეგრძნება მეუფლება. მის ლიტერატურულ ენას არანაირი სამკაული არ ესაჭიროება, მშვენიერი რომ ჩანდეს...მისი მეტყველება სისადავითა და მოხდენილობით სულხან-საბას ლიტერატურულ წყობას მაგონებს. ინანიშვილი ენას არასდროს აწვალებს და არც ზედმეტად ეფერება. აზრი და სიტყვა იოლად პოულობენ ერთმანეთს. თხრობა ძალდაუტანებლად მოედინება. მისი ლიტერატურული ენის ბუნებრივი თავისთავადობა ერთგვარ სიამაყეს აღმიძრავს, რადგან კიდევ ერთი განსახიერებაა ჩვენი ენის დაულევლობისა", - აღნიშნავს ნოდარ გაბუნია და იგი არაერთი ადამიანის აზრს გამოხატავს.

მწერალი რეზო ინანიშვილი 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში დაიბადა. ხუთი კლასი მშობლიურ სოფელში დაამთავრა. 1937 წელს ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ომის წლებში (1943-1945) 31-ე ქარხანაში მუშაობდა. იქიდან სასწავლებლად საავიაციო ტექნიკუმში გადავიდა. 1947 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიდა, მაგრამ დის ოჯახის სიდუხჭირის გამო, უნივერსიტეტი მიატოვა და სამუშაოდ სამგორის არხის მშენებლობაზე წავიდა. მოგვიანებით უნივერსიტეტში დაბრუნდა, რომელიც 1956 წელს დაამთავრა. წლების განმავლობაში მუშაობდა გამომცემლობა "ნაკადულში", კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; იყო მწერალთა კავშირის მდივანი. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, ჟურნალ "დილას" რედაქტორობდა. მისი პირველი მოთხრობა 1950 წელს დაიბეჭდა. პირველი წიგნი კი 1953 წელს გამოიცა.

წიგნისთვის - "შორი თეთრი მწვერვალი" რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. მწერალს არაერთი წიგნი აქვს გამოცემული. მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები - "ნატვრის ხე", "ქვიშანი დაერჩებიან", "არდადეგები", "დედუნა", "ჩირიკი და ჩიკოტელა", "კაცები"... ინანიშვილის ნოველები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ და სომხურ ენებზე...

მწერალი 1991 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/books/27551-rezo-inanishvili-enis-daulevlobis-gansakhiereba.html#ixzz14JV3GmOs

Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: რევაზ ინანიშვილი   

Back to top Go down
 
რევაზ ინანიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: ამაოდ არც მთაწმინდაზე უსეირნიათ - სტუმრად გია არგანაშვილთან-
Jump to: