არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სანათა - მარიამ ხუცურაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sun Jul 31, 2011 8:57 pm

მარიამ ხუცურაული

აქიმ–დედუფალსაო

ს.კ.

აქიმ–დედუფალსაო,
გვირგვინოსან ქალსაო,
ხმელისგორით დაგლანდავ
ცისკარ–თენებასაო.
შაგიდგები გზასაო,
არ დავაკლებ ცდასაო,
გამოვურევ წყალდაწყალ
არაგვ–წაწადასაო.
შამოვხდები მთასაო,
ძნელ–გრძელ ბილიკასაო,
ვიმეგზურებ ბერდედას,
ქადაგ ხატისქალსაო.
მოვიყოლებ ლაშქარში
ფშავლის ქალს და რძალსაო,
ქადა–პურებს ვისაგზლებ,
თაფლ–ერბოს და მხალსაო.
მოგადგები კარსაო,
დავიდრეკავ თავსაო,
საწირავად მოგართმევ
ფარჩის მანდილასაო.
ლოცვას გეტყვი მზასაო,
გასმენ გულის ხმასაო,
თაფლის სანთლებს აგინთებ,
ხელით დაქნილს, ცხრასაო.
გამოგვედრებ სასწაულ,
საკურნებელ წყალსაო...
ღვთისმშობელის მგვანსაო,
ქალთა ჯარის თვალსაო,
მასკვლავიან ცასაო,
დედასა და დასაო,
გვირგვინოსან ქალსაო,
აქიმ–დედუფალსაო...

2011, 31 ივლისი, სიონიდან

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Oct 18, 2011 9:07 am

მარიამ ხუცურაული

შენ რომ კაცი ხარ


შენ რომ კაცი ხარ,
ცას რომ სწვდები აურზაურით,
ის ზეცა მე ვარ -
შენი ლურჯი დღესასწაული.
შენ რომ კაცი ხარ,
გუთნისდედა – ხნულს რომ ჩაუვლი,
ის მიწა მე ვარ
ნოყიერად პირგაშაული.
შენ რომ კაცი ხარ -
მონადირე შეუდარები,
მე ვარ სამიზნე
გაგირბივარ, თან გეტანები.
შენ რომ კაცი ხარ –
სატევარი პირგაფხაული,
მე ვარ ქარქაში,
ზღუდე შენი და სამკაული.
შენ რომ კაცი ხარ -
ოკეანე შმაგი ზვირთებით,
მე ვარ ქვაბული,
უფსკრული ვარ, სადაც ინთქმები.
შენ რომ კაცი ხარ –
მღვრიე წყლებში ბადით გამგნები,
მე ვარ გრძნეული
ოქროს თევზი შენთვის სარგები.
შენ რომ კაცი ხარ,
უფლის სიტყვა – ძეს ნამსგავსები,
ზედ მეწერები,
ქაღალდი ვარ შენით სავსები.
ისე გამკვიდრებ,
გადუღაბებ, დელგმაც ვერ წაგშლის,
შენ ღვინო ხარ და
მე ჭურჭელი შენი ზედაშის.
შენ რომ კაცი ხარ,
მეც მაჩქამებ სულის ხმაურით,
მადლობა გამჩენს,
აღუვსები გქნა საწყაული.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Oct 25, 2011 3:55 pm

მარიამ ხუცურაული

* * *
ღამეხევას დაგვაღამდეს,
არსად ენთოს ცაზე მთვარე,
ბალიშზე თმა დამიფინო -
ჩემ წასვლაზე მგლოვიარე.
შენუკმარი დილაბნელზე
ბარ-ტიალას დავეშურო,
უმძრახმა და ცრემლიანმა
წაწადამდე მიმეგზურო.
გზა-გზა შენი ტუჩისფერა
ასკილები ვერ დავთვალო,
სახადივით უკურნელო,
დაწყევლილო ფშავლის ქალო.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Oct 25, 2011 9:29 pm

მარიამ ხუცურაული

* * *

ტარიელ ხარხელაურს

დედიძმათას მოხვიდოდე,
ტარიელო, ცაბაურთას,
ლოცვას აქ სულ სხვა მადლი აქვს,
მზეს სხვა საბრძანისი უდგას,
წყალი, მიწა და ჰაერი
ლექსად დის და ლექსით სუნთქავს.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Jan 30, 2012 10:59 am

მარიამ ხუცურაული

წმინდა ალაგი

(ბოლოთქმა მარიამ წიკლაურის წიგნისათვის "მარადისობის რიტუალი")


ამბავი, რომელსაც ადამიანის რაობასა და ამ სამყაროში მის უნიკალურ როლზე დაფიქრებული ადამიანი მარიამ წიკლაურის "მარადიული რიტუალით" ეზიარება, მართლაც მარადიულად, უწყვეტად ხდება ცხოვრებაში. ჩვენი ცხოვრება თუ ზოგადად ცხოვრება დასაბამიდან აქამომდე სულაც ერთი მთლიანი "მარადიული რიტუალია". შემთხვევით ხომ ამ ქვეყანაზე არაფერი ხდება და პირიქითაც კი, მოვლენები რაღაც ერთიან, ჩვენთვის უცნობი კანონზომიერების უხილავ ჯაჭვშია ჩაბმული. ეს ჩვენ გვგონია, ხანდახან რომ სასწაულებრივად უკავშირდებიან ერთმანეთს. არადა, მის დასანახად და აღსაქმელად თვალ-გულ-გონის ფართოდ გახელაა მხოლოდ საჭირო...

მაშინ ამ წიგნის არსებობა მე კი არა, თავად მარიამ წიკლაურმაც არ იცოდა და ამიტომ დღეს ჩემთვისაც გასაკვირად, 2011 წლის შუა ივლისში, წვიმიანი ხატობის ბოლო, გადარებულ დღეს ავისგორიდან შუაფხოსკენ მაცქერალი ზუსტად ამისთანა რამეებს ვფიქრობდი. ვფიქრობდი და თვალით იმ სახლს ვეძებდი, აწ უკვე მისი მობინადრენი და ამჯერად მასპინძლებიც, გუშინ ქალაქიდან ქალ-სიძით ამოსული მარიამ წიკლაური და მისი სტუმრები რომ უნდა ყოფილიყვნენ. ამ სახლს, კაკლისა და ვაშლის ხეებში მიმალულს, მხოლოდ შემაღლებულ ადგილზე ასვლით რომ მოჩანს, წლითი-წლობით ყოველთვის ვხედავდი, როცა აქ ამოვდიოდი. ეგ კი არა, მერე ბარად დაბრუნებული ჩემსა თუ სხვათა მიერ გადაღებულ სურათებშიც დავეძებდი. დროდადრო თავს მახსენებდა და მაფიქრებინებდა თავისთავზე.

ხატიონი უკვე დასაშლელად ემზადებოდა. ავჩქარდი, ერთი ნაბიჯით გამოვასწარი და სოფლისკენ დავეშვი. მარიამის ნახვას ვეშურებოდი, თბილისში გამომგზავრების წინ. არაგვის ხიდზე გადმოვედი, ორივე ჩაქცეულ ნასახლარს გვერდი ავუარე და აღმართს შევყევი. ჩემი ვარაუდით, აქედან უნდა ყოფილიყო იმ სახლთან მისასვლელი.

თხილებითა და წიფლის ნაყარით დაბურული ღელის პირას ჯერ ორწყებად დახვავებული, მამა-პაპურად, წყაროზე დარეცხილი უამრავი ჭურჭელი შევამჩნიე და მხოლოდ ამის მერე - მარიამი. მარიამი კი არა, ქალი დავინახე. თხელ ჩითისკაბაზე კაცის ქურთუკმოსხმული და საშინაოდ თავწაკრული კარატისწვერ-უბისთავისკენ გაიყურებოდა და პირჯვარს ისახავდა. ახლოს მისულმა და მისი შუაფხოში ყოფნის მცოდნემ შევიცანი მარიამი. ისეთი გაცისკრებული სახე ჰქონდა, მომეჩვენა იმ დაბურულ ღელისპირებსაც ანათებდა. ვიდექი და ვუყურებდი. ეს აქამდე არც ვინმესთვის გამიმხელია და არც მარიამისთვისაც მითქვამს, - მაშინაც კი, როცა შუაფხოდან დაბრუნებულმა ამ ციკლის ლექსებზე დაიწყო მუშაობა. არც მაშინ, ამ ლექსების რაღაც უცნაურად, გაუთავებლად წერის პროცესში რომ მითხრა, ერთ წიგნად უნდა გამოვცე და რედაქტორი შენ უნდა იყოო. არც მერე, უკვე რედაქტირებისას, როცა ორივემ ვიგრძენით, ამ წიგნმა კიდევ ერთხელ იდუმალად რომ დაგვაკავშირა.

მაშინ კი ვიდექი, ვუყურებდი და უცებ შევამჩნიე, შემაღლაურებული მზე ისე ატანდა წვრილიანებში და წყაროდან ამავალ ნისლს ისე აბრწყინებდა, სვეტის ილუზიას ჰქმნიდა და ეს სვეტი ზუსტად მარიამს ედგა ნათლად. მერე, ნისლი რომ აიკრიფა, ის სვეტი ზემოთ-ზემოთ წავიდა კარატისწვერისკენ და მეც შევეხმიანე მარიამს. ერთმანეთი გავარჩიეთ და ჩახვეულები რომ ვხარობდით შეხვედრით, იმ წუთას არცერთმა არ ვიცოდით, არცერთს არ გაგვივლია გულსა და გონებაში, თავადაც მარადიული რიტუალის მონაწილეები რომ ვიყავით.

საქისტაუროს მიწა-წყალზე მამისსახლში, “შინ” მობრუნებულ წიკლაურს მე, ქისტაურთა თემის ქალი, ვყავდი დამხვდურად. არც მე ვიცოდი წიკლაურთა გვარის მთელი ეს ისტორია ასეთი სიზუსტით და ფშავში პირველად ამოსული მარიამი აბა, რას მიხვდებოდა, რომ უფლის ნებით და სისხლისა თუ გენის ხსოვნით მაშარა-უბისთავს მიჩერებული იწერდა პირჯვარს, როგორც ეს მის წინაპართ უკეთებიათ საუკუნეების განმავლობაში და რომ ამწამიერად აქ იყო მარადიული რიტუალისათვის ჩვენი შერწყმა-შეზიარების აღთქმული წმინდა ალაგი...

2012 წლის 30 01, ორშაბათი, 10:24-ზე – https://www.facebook.com/notes/mariam-gigauri/წმინდა-ალაგი-ბოლოთქმა/10150630082605269

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Apr 10, 2012 5:10 pm

მარიამ ხუცურაული

ერთ ლექსისსწორა სიცოცხლეს


უძილაურთას მავლივა,
ცის პირს მაცქერნა გახსნილსა,
გაღმე გორს, თხილიანაში
ტყემლებ აჩირთა აპრილსა.
კარატეს ნადნობ თოვლებსა
აგიჟებინა არაგვი,
უბით მაზიდნა წაწლისად
დამბალხაჭო და კარაქი.
აგრე აწვიმა მთელ კვირა,
ღმერთი წურავდეს ღრუბლებსა,
ერთ ლექსისსწორა სიცოცხლეს
რა გვავლევს უფერ-უბრებსა?

2012

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue May 22, 2012 8:26 pm




მარიამ ხუცურაული – "სანათა" (სამი წიგნი ერთად)


2009 წელს მე ვიყავი რედაქტორი მარიამ ხუცურაულის ლექსების კრებულისა "სანათას წიგნი", ხოლო მხატვარი ლევან ხარანაული გახლდათ.

ახლა სწორედ იმავე ფორმატის სამ წიგნს გთავაზობთ გამომცემლობა "საუნჯე" (გამომცემელი ვაჟა წოწკოლაური), რომლებიც გაერთიანებულია საერთო სათაურით "სანათა". მხატვარი ისევ ლევან ხარანაულია, რაღა თქმა უნდა...




სულში რომ ნისლი იცის

(რედაქტორის წინათქმა)


სულში რომ ნისლი იცის, ნამდვილ ნისლზე თეთრია და სპეტაკი, ვერც მზე შეაშრობს...

მერე ის ნისლს ყველაფრად გადაქცევა შეუძლია – ქვადაც, მდინარედაც, გვირილადაც...

ჰო, ყველაფრად გადაიქცევა ხოლმე და თუ დაინახე, ბედნიერი ხარ.

ბედნიერი იმითა ხარ, რომ მერე შენ სხვებსაც დაანახვებ იმ ლამაზ ნისლებს – სულ ტაატით აგზავნი და ახლა ისინიც ხედავნ იმ შენი ნისლის სილამაზეს თავიანთ სულებში.

ძალიან დიდი სისპეტაკე უნდა გქონდეს შენარჩუნებული, რომ ამ შენი ნისლის დანახვა, გამოხატვა და სხვებისთვის დანახვება შეძლო.

რატომ იდგა ვაჟა ფშაველა და ილია ჭავჭავაძის რიდით ვერ შედიოდა “ქოსების დუქანში”? – სპეტაკი სული ჰქონდა და იმიტომ. ისეთი სპეტაკი, რომ ეცინებოდათ სხვებს იმის საქციელებზე.

ეცინათ, მერე რა – ვაჟამ თავის სულში სპეტაკი ნისლი დაინახა და ჩვენც და ჩვენს შთამომავლობასაც დაანახვებს იმ თეთრ ნისლებს.

სულის სპეტაკმა ნისლმა ხომ გაქრობა არ იცის...

სულის სპეტაკი ნისლი ღმერთია, შენთან მოსული ღმერთი.

და ღმერთი არასოდეს გაქრება.

study




ეს ბოლოდროინდელი ლექსების წიგნია და ამას წინათქმა არა აქვს. მაგრამ აქ ერთი ციკლია ვაჟა-ფშაველაზე, მარტო ის ღირს ერთ წიგნად.

study




სკივრში რომ ჩანაწერები იცის...

(რედაქტორის წინათქმა)


კაკლის თუ ანწლის ფოთლების სურნელთან ერთად რაღაც გამოუთქმელი იდუმალება და მიზიდულობა ახლავს ხოლმე ძველისძველ, ჩვენი დიდი ბებიების ანდა, სულაც, იმათი ბებიების ნაქონ, თუნუქით შეჭედილ და ბოქლომით ჩაკეტილ სკივრებს...

სანამ გაზაფხული მოვა, რომ გავამზეუროთ, იქნებ ისიც კი ვიფიქროთ ხოლმე, რომ ეს სკივირი ხომ, ერთის მხრივ, ძვირფასეულობის შესანახი, მომცრო ზარდახშისა და, მეორე მხრივ, მოზრდილი კიდობნის უახლოესი ნათესავ-მოყვარეა...

ურთხმელით აგებულ ნოეს კიდობანზე ანდა სჯულის კიდობანზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამ სკივრებს ისლის ის კიდობანიც კი ახსოვს, რომელიც ჯერ ფისითა და კუპრით შეგოზა, მერე შიგ თავისი სამი თვის ბავშვი ჩასვა დედამისმა და ის კიდობანი მდინარე ნილოსის ნაპირზე, ლელიანში დადო, - ეს იმიტომ, რომ ბალღი მდინარეში არ გადაეგდოთ ფარაონის ბრძანებისამებრ და სწორედ ამ კიდობანში იპოვა ფარაონის ქალიშვილმა...

აი, ეგეთი იდუმალია სანათას სკივრიც...

სტუმრად თუ მიხვალ, ჯერ ხომ თავის ლექსებს დაგახვედრებს და თუ შეეკითხები, - აბა, კიდევ რა გაქვსო, - რამდენჯერმე უარობის მერე თუღა ამოალაგებს იმ სკივრიდან თავის რვეულებს.

თან თავსაც შეიბრალებს, - რას რა სწერდი და შავდღეობდი შე ჩემთავმკვდარო სანათაო...

ვაიმეო, ვაიმეო, როგორ მერცხვინება, ამეებს რომ გაკითხებო.

ჩემთვი ვწერდი ხანდახანაო.

არც კი ვიცი, რად რა ვინახავდიო...

მოდიო, ესენი პოეტის ჩანაწერებად ჩამითვალე, რაც ლექსად ვერ ვთქვიო.

თუ არა, ჩავაბრუნებ ამ სკივრში და იქ იქნება კოხტად და მშვენივრადაო.

იმ ჩემ კარგ ბებიას ხო სანათა ერქვაო და ჩემ შვილიშვილსაც რომ სანათა ექვივნება, ის მაინც წაიკითხავსო...

აბა, ნახეთ, - ფშაური ფარდაგივით დაქარგული, ცინცხალი და კამკამა მოყოლილებია აქ თავმოყრილი, - ზიზილ-პიპილების გარეშე...

ეს ჩანაწერები უცხო შუქით არის შიგნიდან განათებული და ეს სინათლე ისეთივე იდუმალია, როგორიც ჩვენი ბებიების ნაქონი სკივრები, რომლებსაც ისლის ის კიდობანიც კი ახსოვთ, სამი თვის მოსე წინასწარმეტყველი რომ გადაარჩინა.

–––

მიხო მოსულიშვილი


P.S. მაგარი მხატვარია ლევან ხარანაული...

study


Last edited by Admin on Mon Nov 26, 2012 11:17 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sun Jun 10, 2012 6:08 pm


კომპოზიციის ავტორი - ანა მარტი (ფეისბუკიდან - https://www.facebook.com/fshavlis.asuli)



2012 წლის 15 ივნისს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის თეატრის მცირე დარბაზში (აღმაშენებლის გამზ. #99) გიწვევთ "სანათას" წარდგინებაზე.

წიგნის დასახელება -"სანათა"
ავტორი მარიამ ხუცურაული
რედაქტორი მიხო მოსულიშვილი
მხატვარი ლევან ხარანაული
გამომცემლობა "საუნჯე"
2012 წელი

პროექტი აერთიანებს სამ წიგნს:
1."სანათას წიგნი" - ISBN 978-9941-9260-8-2
2."სანათას სახლი" - ISBN 978-9941-9260-9-9
3 "სანათას სკივრი" - ISBN 978-9941-9273-0-0

სამ წიგნს მიიღებთ ერთის ფასად, 10 ლარად და სასაჩუქრე ნაკრებს – 15 ლარად.
გამომცემლობა "საუნჯე".




study


Last edited by Admin on Tue Nov 27, 2012 2:05 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Jul 09, 2012 1:51 pm

მარიამ ხუცურაული

დარდი მქონებია თუ რამის...
(სიმღერა)

დილაადრიანზე, მათურხევით

მუქოს ასდიოდა ნისლები.

მაყვლიანს ბილიკი მიჰყვებოდა,

სიყრმის ოცნებების მიმგნები.

ძროხებს ამოსდევდა ფშავლის ქალა,

ოქროს თმაშიბების ქროლებით,

ლამაზ კოჭმადე ვერ შესწვდებოდნენ

ქალბნელს მთელი ქვეყნის სწორები.

იმის წყვილ ღიღილოთ დამავიწყეს

დარდი მქონებია თუ რამის,

სუნი გაიყოლა ცაცახვების და

ჟოლო-ასკილების მურაბის.

თავი დამაგულა აქაურად,

ამ მწყემს-სამწყემსურის პატრონად,

უცებ შეფრთხიალდა შაშვივით და

ბურან-ოცნებაში დამტოვა.

მალევ გაღმეგორზე მიჰგალავდა

ნისლებს საყაჭისმთით მოწოლილს...

თავიც მაწყევლინა, ტკბილბურანიც,

ფშავიც, ფშავლისქალას მომგონიც...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sun Jul 15, 2012 4:26 pm




Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Nov 10, 2012 10:43 pm

მარიამ ხუცურაული

ფშავი - სამყაროს გამოდარება...

მთებს დაჰფენია მზითვის ფარდაგი,
ცის მადლი დასდის ჭრელნაყშებიანს.
ნისლი აცვია არაგვით ნაკურთხ
ფშავს - ნოემბერში წითელმთებიანს.
მარადისობის უტყვი მოწმენი,
შემოსჯარვიან მთები ჩარგლისკარს.
დგანან და ნისლით ფიქრობენ დღემდე
უფლის რჩეული ფშავლის საფიქრალს.
გაღმა-გამოღმა, ხევის პირებზე
ბრწყინდება ბუსნოც ნათვირთვილარი,
ცად იზიდება მუხის შიმელა
ბერმუხასავით მირონმდინარი.
მუხლებს იბანენ არაგვის წყალში
ლიტა წნორები გრძელი მკლავებით,
ჭალა და ჭალა მწიფან ქაცვები -
ღვთისმშობლის კაბის საქარგავები.
ვანხეურასთან ღვივის ძახველი,
ტყიდან სისხლისფრად გამომჭვირალი,
ლურჯადკამკამა მოჰქუხს არაგვი, -
ჯვარი სწერია, - მუდამ შინ არის.
მერე აშრება სადარო ნისლიც,
მზე რომ დახედავს ცეცხლისთვალება
და იხატება დედამიწაზე
ფშავი - სამყაროს გამოდარება...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sun Nov 11, 2012 8:50 pm

მარიამ ხუცურაული


* * *

ეს საბადურების ტყის ერთი ძელქვის ნათქვამია...
ავტორი



უშაშვობას პირველი
სოპრანოა ბეღურა.
შენებურად გაიგე,
რაც ვთქვი მე ჩემებურად.
გთხოვდი, შენთვის მინდომე
მცირე მინდა სიკეთე,
შენსას ცხრათაუცხოსთვის
ასე ნუ გამიმეტებ.

გთხოვდი, არ გამატანო...
მოზამთრეს თუ გადამფრენს,
მეშინია, გავუძლებ
უშენობის განაჩენს.
ახლა თავზეც მაყარო
მარგალიტი ფითრების,
ვეღარ შემომირიგებ,
მაინც გაგიფრინდები.
სხვაგან გავიფესვები,
სხვაგან გავიკვირტები,
სხვა წალკოტს ავაყვავებ,
შენს ბაღს თუ არ ვჭირდები.
ცხრამთას იქით ვიმზითვებ
შენს ხმებს და შენს ფერადებს,
გულში შენვე გაგივლებ
პირჯვრის გადაწერამდე.
მე რომ მომკლავს, ის ჯავრი
ძნელი მოსათმენია,
ჩემო ციდა სამოთხევ,
“რაზედ მოგიწყენია?”
ერთი ძელქვით ნაკლებო,
ოთხმხრივ ჯვარი გწერია...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Wed Nov 21, 2012 11:12 am

მარიამ ხუცურაული

გიორგობას ავდრიანსა

გიორგობას ავდრიანსა,
შაბათს, დილაადრიანსა,
ფშავლის ქალას ჟღალთმიანსა,
დედმამიანს, და-ძმიანსა,
სამწყაროით ვაზიდვინებ
უმძრახის წყალს ხმაწყლიანსა.
ცომს მოვზილავ მადლიანსა,
შოთს ჩავაკრავ ადლიანსა,
ხარს დაგიკლავ სამწლიანსა,
ორთავ რქაზე სანთლიანსა,
ქვევრ-მარანში დაგახვედრებ
საფერავს ხმამაჭრიანსა…
ცას ჩამოხსნი თაღიანსა,
გიცნობ ნათელ აღიანსა,
ქოხს ინიშნებ სარკმლიანსა,
ეზოს – ბოსელ-საბძილიანსა,
სუფრას შენად სახელდებულს
გავშლი ქადა-საკმლიანსა.
მგზავრს გისტუმრებ გზაგვიანსა,
ნოხს დაგიფენ ნაყშიანსა,
ვაჟს შეგვედრებ ზავთიანსა,
ციცქნა გოგოს თვალმზიანსა,
ცაცხვის აკვანს შემოგწირავ
მზე-ბორჯღლიანს, ცხრაჯვრიანსა.
გიორგობას ავდრიანსა,
შაბათს დილაადრიანსა,
თეთრცხენოსანს, ფარ-ხმლიანსა
მგზავრს გისტუმრებ გზაგვიანსა,
ცასა და ხმელს შეგავედრებ
მაღალსა და მადლიანსა...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Nov 27, 2012 12:17 am




მარიამ ხუცურეული - სანათა (სანათას სკივრი; სანათას წიგნი; სანათას სახლი

ფასი: 7.00 ლარი ~4.22 აშშ
იყიდება სამივე წიგნი ერთად

ეს გახლავთ მარიამ ხუცურაულის ნაწარმოებების სამწიგნედი, რომელიც გამოცემულია საერთო სახელით “სანათა” და შედგება ერთი პროზაული კრებულისაგან “სანათას სკივრი” და ასევე ლექსების ორი კრებულისაგან: “სანათას წიგნი” და “სანათას სახლი”.
წიგნებში შესულია ლექსები, რომლებზეც ავტორი 2009-2011 წლებში მუშაობდა, ხოლო პროზაული კრებული წარმოადგენს ავტორის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი მინიატურების, ჩანახატების და მოთხრობების ნაკრებს.

სანათას სკივრი:
ISBN: 978-9941-9260-6-8
გვერდები: 130
ყდა: მაგარი

სანათას წიგნი:
ISBN: 978-9941-9260-8-2
გვერდები: 158
ყდა: მაგარი

სანათას სახლი:
ISBN: 978-9941-9260-9-9
გვერდები: 140
ყდა: მაგარი
გამომცემლობა: საუნჯე


ბმული - http://books.shops.ge/item/qarTuli-proza/mariam-xucureuli-sanaTas-skivri-sanaTas-wigni-sanaTas-saxli-159119.html

study



Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Fri Nov 30, 2012 3:54 pm



ჯარჯი ფხოველი

სანათა-მარიამს სახსოვრად ეს მცირე ლექსი.
შენი ჯარჯი ფხოველი


* * *
აქ ყველაფერი ღვთით არი:
ეს დილა, როგორც ქვითარი...
დღე, ძილში განაქვითარი...
და ლექსი ესევითარი!
რაც გიანდერძა მიწამა:
დარდი, რომელიც იწამე...
ვინ დარჩება და ვინ წავა:
ვინ დამიტოვა მიწა მე...
ეს დილა როგორც ქვითარი,
დღე, ძილში განაქვითარი
და ლექსი ესევითარი...
აქ ყველაფერი ღვთით არი!

ბმული - https://www.facebook.com/photo.php?fbid=4837475772939&set=a.1578000568096.2086930.1178086978&type=1&theater


Last edited by Admin on Thu Oct 06, 2016 3:35 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Dec 17, 2012 2:14 pm

მარიამ ხუცურაული

კესანეს

ყინვა შემოგიქარგავს
ფანჯრებს მაქმანებითა,
აგევსება სიზმარი
ფერად ვარსკვლავებითა.
თავთან დაგიფრინდება
ანგელოზი ფართქუნა,
მთვარე ახალშობილი
თავის ნათელს დაგხურავს.
დილას გამოგაღვიძებს
ფანტელების ჩურჩული,
ყელში ჩაგისახლდება
ბეღურების ჟღურტული.
თვალებაბრწყინებულო,
მაქმან-ვარსკვლავებითა,
გაახარებ დედ-მამას
გაზრდა-დაქალებითა.

2012
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Dec 24, 2012 2:40 am



Published on Dec 21, 2012

2012 წლის 20 დეკემბერი, 11:00 - 12:00
წამყვანი: მინდელი მარიამ, ჩხიროშვილი ნათია, გიგუაშვილი მარი, ბურდული მარიამ
სტუმარი: პოეტი ხუცურაული მარიამ

- დიდი ხნის განმავლობაში ჩემს დაწერილ ლექსებს არსად ვაქვეყნებდი. როგორც პოეტი, საზოგადოების წინაშე 4-5 წლის წინ გამოვჩნდი.
- ჩემს პირველ კრებულს „სანათას წიგნი“ ერქვა.
- იმდენად ვარ დაკავებული, რომ ვფიქრობ და ვწერ ტრანსპორტში. ხალხმრავლობა ლექსის შექმნაში ხელს არ მიშლის.

http://www.obieqtivi.net
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Jan 08, 2013 8:34 pm

მარიამ ხუცურაული

კვამლის ბილიკი

(ციკლიდან: "სანათას სახლი")


ჟანგისფერ მთებზე დაბალახობს ნისლების არვე,
ტყეს ოქროსფერით აქარგია გიორგობისთვე.
გამოგიტაცებ ქალაქიდან რიჟრაჟზე ხვალვე,
შენ და სევდისფერ უჩემობას სულზე მოგისწრებთ.
იაროს მერე ქარმა ქარში წვიმით თვალსველმა,
გზადაგზა ფანტოს ძოწრეული ქარვის ფოთოლი.
აქ მეყოლები, როგორც ამღამ მთვარის ავსება,
ივრის ბუბუნი ანდა მთაზე ნისლის კოტორი.
მიწიდან ცამდე გამიწვდება ოცნების ქარგა,
ზედ იფრთხიალონ შავშვებმა და წიფლისჩიტებმა,
კენკონ ძახველი, ასკილი და ქაცვების ქარვა,
ჭიკჭიკს დავქარგავ, ვიდრე ყველა ამიფრინდება.
დამიმარაგე ბუხრის შეშა, წყალი და ფქვილი,
შებინდებამდე ღარიბ ვახშამს, ალბათ, მოგისწრებ,
გამოვულოცავ ერთხელ კიდევ ამინდს სათოვლეს,
გადაისისხლა ფანჯარაში უკვე შობის ხეც...

ეგება გიგრძნოს ავდარივით ტანმა - იქ არის,
(იქნება დღესვე ყველაფერი მოხდეს პირიქით)
სიყვარულის და ერთგულების უტყვი ნიშანი -
სათოვლე ცაზე მიხატული კვამლის ბილიკი,
შინ ვარ და გელი...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Mar 05, 2013 12:41 pm



მარიამ ხუცურაული

მაინც გაგიფრინდები


უშაშვობას პირველი
სოპრანოა ბეღურა.
შენებურად გაიგე,
რაც ვთქვი მე ჩემებურად.
გთხოვდი, შენთვის მინდომე,
მცირე მინდა სიკეთე,
შენსას ცხრათაუცხოსთვის
ასე ნუ გამიმეტებ.
გთხოვდი, არ გამატანო
მოზამთრეს თუ გადამფრენს,
მეშინია, გავუძლებ
უშენობის განაჩენს.
ახლა თავზეც მაყარო
მარგალიტი ფითრების,
ვეღარ შემომირიგებ,
მაინც გაგიფრინდები.
სხვაგან გავიფესვები,
სხვაგან გავიკვირტები,
სხვა წალკოტს ავაყვავებ
შენს ბაღს თუ არ ვჭირდები.
ცხრამთას იქით ვიმზითვებ
შენს ხმებს და შენს ფერადებს,
გულში შენვე გაგივლებ
პირჯვრის გადაწერამდე.
მე რომ მომკლავს, ის ჯავრი
ძნელი მოსათმენია,
ჩემო ციდა სამოთხევ,
“რაზედ მოგიწყენია?”
ერთი ძელქვით ნაკლებო,
ოთხმხრივ ჯვარი გწერია...


ბმული - https://www.facebook.com/notes/mariam-xucurauli/ერთი-ძელქვით-ნაკლებო/10151511990695269

study


Last edited by Admin on Sun Dec 27, 2015 12:06 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Mar 09, 2013 7:02 pm

მარიამ ხუცურაული

ნატვრა
(სიმღერა)


”შენ შამოყრილი ვნავარდობ,
წამალს შენ სახელ ჰქვიაო,
ახლაც დაგეძებ გადამრჩომს,
ჩემო სუნთქვავ და ნიავო.”

(თინათინ ჯავახიშვილი)



ნეტა, მალივ გამიცხადოს
დილას ნასიზმრები ღმერთმა.
არაგვმა არ წაიყოლოს
შენი ნახვის გულისხეთქვა.

მიმეგზურონ გვირილებმა,
ასკილებში შაშვმა სტვინოს,
მათურხევას შევიყაროთ
საფეროდ და საგვირგვინოდ.

მკერდზე ჩემი თმა გეყაროს
გამოხუნებული მზითა,
ფშავის ლურჯი ცა გვეფაროს
შენსას მოსატანი მზითვად.

მერე მწყევლოს ქისტის ქალმა
მძივ-კბილების ბროლებითა,
გამაფრინო ცხრამთას იქით
თმაშოლტების ქროლებითა.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Mar 21, 2013 5:50 pm

მარიამ ხუცურაული

გაზაფხულის ბუნიობა

(ციცის)

აღარ წვიმს.
თვალივში სუსხია
და ქარი შინდების.
გზად ღანძილს ყიდიან,
ჭინჭარს და თაფლერბოს ქილებით.
დროდადრო მარტის მზე ცრიატობს ნისლებში
ხევგაღმა,
წნორები ქარს ეცეკვებიან თმაგწეწილები.
ზამთარგამოვლილი ძერა მეღირება - ნაღველი,
ვაგებებ შენს სახელს
და მოგონებებში ვრინდდები.
აღარ წვიმს.
თვალივში სუსხია
და ქარი შინდების.
ნუ შემიშინდები!
დიდბუნიობაა ჩემი და ბუნების -
მიყვარხარ,
მინდები.

2013

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Apr 20, 2013 7:45 pm

მარიამ ხუცურაული

ხარება დილის სიზმარ-ცხადი

ეს სიზმარში იყო.კარზე აკაკუნებდნენ და იმან გამაღვიძა. საათისთვის არც დამიხედავს. რაკი გარეთ ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, ესე იგი თენება იყო უკვე. ვიდრე ტანთ ვიცვამდი და კაკუნის განმეორებას ველოდი, ყველა გაოცების ახსნა მოვასწარი - მანსარდის ოთახში იმიტომ მეძინა, რომ ჩემი საძინებელი, ქვედა სართულში, თქვენ დაგითმეთ, ყველაზე საპატიო სტუმარს; დაბალჭერიანი, პატარა ოთახის შიში და ამით შფოთიანი ძილი თქვენი გუშინდელი სტუმრობის უდიდესმა დადებითმა ემოციამ დათრგუნა; პავლიკო ამდენხანს კარს იმიტომ არ აღებდა, რომ სადღეისო ორი-სამი თევზის დასაჭერად უკვე წასული იყო იორზე. ერთი ვერ ავხსენი, ამ დილაადრიანად ვინ უნდა გვსტუმრებოდა... ამაზე, უკვე კიბეზე რომ ჩამოვრბოდი ფეხშიშველი, მაშინ ვფიქრობდი, მახსოვს.
კარი რომ გამოვაღე,სრულიად უცნობი, ახალგაზრდა მამაკაცის წინ აღმოვჩნდი, რომელმაც დასაკაკუნებლად აწეული ხელით პირჯვარი გამოისახა და ოთახში შემოაბიჯა. მეც შემოვყევი და აივნის კარისკენ სავარძელს რომ ვთავაზობდი, თქვენც გამოდიოდით საძინებლიდან. მიღიმოდით და თავს მიქნევდით. სტუმარმა ნაცრისფერ-შინდისფერი ფლასის ხურჯინი ჩამოიღო მხრიდან და მთხოვა, იქნებ ეს დამიკერო, ცოტაოდენი ხორბალი მიმაქვს და გზად არ დამებნესო. ვიდრე მე სიძველისაგან ლამის მტკაველზე გახეული ხურჯინის გაცრეცილ პირებს თავს ვუყრიდი და ვაგვირისტებდი, ის მადლიერი და მშვიდი ღიმილით მიყურებდა. ბოლო ნასკვთან რომ ძაფს დავეხარე და კბილით მივაკვნიტე, ორთავემ გულიანად გაიცინეთ.
მერე ასევე ფეხშიშველი ჩავყევი ეზოში გასაცილებლად. ჩემგან დაგვირისტებული ხურჯინი ჭიშკრის გადაღმა სახედარს გადაჰკიდა და დაუყვა გზას ივრისკენ.
ოთახში რომ შემოვბრუნდი, თქვენ მუხლზე დაჩოქილი იდექით, სადაგი დღეების საფერი კრემისფერი კაბის კალთა აგეკრიფათ, დახეული ხურჯინიდან დაცვენილ ხორბლის მარცვალს აგროვებდით და ღიღინებდით.
ასე გამეღვიძა. ზუსტად ექვსის ერთი წუთი იყო და სრული სიბნელე. ჩიტებიც ჭიკჭიკებდნენ და წყაროს ხევიც მიჩხრიალებდა ივრისკენ. სიზმარში მართლაც ბევრი რამ იყო სიზმრისეული. მანსარდის სართული გაკეთებულ-მოწყობილი, ივრის მხარეს აივანი მოშენებული, თქვენ ჩემი სტუმარი და მე ადრიანი სტუმრისათვის უშიშრად კარის გამღები... რეალობაში კი... ჭიშკრის გადაღმა, უკვე ცხადში, როგორც სახედარზე მჯდომი ადამიანი, იდგა სილუეტი, რომელიც ხან მეტად ხან ნაკლებად, ცისფერ-ნაცრისფრად ანათებდა.
რწმენანაკლულმა ეს სასწაული ჩემს ულინზოდ ცუდ მხედველობას დავაბრალე. ლინზაც გავიკეთე, ეზოშიც ჩავედი და ნათება იდგა და იდგა... მერე რიჟრაჟთან ერთად, როგორც სიზმარში, ნელ-ნელა წავიდა ივრისა და ვანათისკენ...

ხარება დილა გათენდა, მეუფეო...ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლით და წყალობით, მრავალგზის გვეხარებინოს ერთმანეთისათვის მაცხოვრის თანაობა, დასაბამი დაუსაბამო უფლისა... ამინ!


ნეტავ ხარჭიშოს

ნეტავ ხარჭიშოს,
ნატაძრალებსმაღლა, ცისპირზე,
სახარჭაშნოზე შენი ლანდი გადაივლიდეს.



ხევ და ხევ ბილიკებს ამოვყევ,
გზადაგზა მხვდებოდნენ იანი,
ჩემო მიწიერო სამოთხევ,
მხვეწარი მოგიველ გვიანი.
მზენავარაყები მიხვდები,
უფლის აგარაკად გაშლილი,
ღარიბი მოგართვი სამხვეწროც –
სანთლები პოეტის დაქნილი.
მამის ნაოფლარი პურ-ღვინო,
თაფლი და ქადები ხავიწის,
ღირსად ჩამთვალე და მისტუმრე
მადლსაც მაზიარე ამ მიწის.
გაღმა რომ მზე კვლავ ილოგინებს
ოქროვან ბალღებით ორსული,
უფალი დაჰყურებს ნატაძრალს,
აღდგომის ჟამია მოსული.
ჩემო მიწიერო სამოთხევ,
შენსკენ მელეოდა სულ-გული,
უფალო, აღირსე ამ მიწას
ხარჭაშნელ მეუფის ბუბუნი.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue May 21, 2013 9:37 am



მარიამ ხუცურაული

ჩაიარე და დღე წაიყოლე

ერთ ნაწვიმარ დილას, ვაჟიკას ხვარამზეს სოფელზე, მისი სახლის ახლოს ჩაუვლია, -- ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს... ამდგარა ხვარამზე, მისი ცხენის ნაფლოქვარებისთვის ღობე შემოუვლია, ვინმემ ან რამემ არ გადამიშალოსო...

რით მოვიტანე სული აქამდე...
ცავ, რა სიხარულს გაიმეტოდი...
ცხენდაცხენ ყანას ჩამოჰკვალავდი,
ჩემკენ ერთხელ არ მაიხედოდი.

ან რა დღე იყო -- დარ-ავდრიანა,
თავს მზე მენთო და სულში მიწვიმდა,
ან მე აგრე რამ დამაჭკვიანა,
არ ამსხლტომია თვალი ჩხირ-წინდას.

ჩაიარე და დღე წაიყოლე,
სულში დაბინდდა ღამეზე ადრე.
ლექსად ნათლავდა შენზე სტრიქონებს,
მთვარე -- სწორფერთა ჯვარ-ხატის მკადრე.

შუაღამემდე ხელის ცეცებით
ვძებნე და ვღობე შენი ნაკვალი
და ეხლა აქავ მეიმედება
ნაიარევი სულის წამალი.

შეცისკრდა, მაგრამ დღე ჯერ შორს არის,
მთათ აახლიეს ნისლის თვალები.
მკერდზე მიყვავის ყაყაჩოსავით
შენი ლურჯაის ნაფლოქვარები.

study


Last edited by Admin on Sat Jun 13, 2015 12:11 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Fri May 31, 2013 11:44 pm

მარიამ ხუცურაული

მიტირე მერე...
(მიხა ხელაშვილი - თავის დას, სალომეს)


„მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება“.
ვაჟა-ფშაველა



ჩამომაყოლე ხერხემალზე ფერმკრთალი ხელი...
მტკივნეულია... ყვავ-ყორანმა სამ კვირას ფლითა...
ერთ დიდ ხურჯინში ჩაგეტევა ძვალ-ხორცი მთელი,
გზად ჩემი სული გიმეგზურებს უჩინრად ცითა.

საგულდაგულოდ ამომკრიფე სისხლის გუბიდან,
თმიდან თოვლ-მიწა ჩამომყარე სულის შებერვით.
სისხლგაყინულს და სუნთქვაშეკრულს ცრემლი ნუ გინდა.
ნაცადი მყავხარ, ვერ დაგაფრთხობს ღამე თებერვლის.

გადამახვიე დედის ნაქსოვ რუხ-წითელ ფლასში.
მთა-მთა იარე, არ აჩქამდე, ეგ დროც მოგივა.
გუშინ ქარივით ჩიტ-პეპელა, დღეს ქვა-კლდის მსგავსი
მშობელ მიწას რომ ამომიგებ თბილად ლოგინად.

მიტირე მერე, ჩამოიმხე თავზე ცარგვალი...
ისე მიტირე, ცა და ხმელი ცოდვით შეიძრას.
ჭირისუფალი მეყოლება ხვალე ჩარგალი, --
ხვალე პოეტად დაბრუნდება ფშავში შენი ძმა...

study



მიხო მოსულიშვილი

თავადვე...
-----------

ჩე გევარა თავად ხელმძღვანელობდა თავისივე დახვრეტას, ვერ ესროდნენ ჯარისკაცები და თავადვე იმად უხელმძღვანელა...
და აღარც მიხას უნდოდა სიცოცხლე ბოლოს და იცოდა, სიკვდილზე რომ მიდიოდა...
გადახვეწა არ უნდოდა, თორემ გაჰყვებოდა ქაქუცას...
და ფშავში კიდევ -- ვეღარა სძლებდა...
სულ სისხლი სდევდა, მტრებისგან ვერაგულად მოკლული დედამისის სისხლი და სხვებისაც...
ბოლოს იცოდა და ვინც მოკვლას უპირებდა, სწორედ იმასთან მივიდა...
ორივეს მოკვლა შეეძლო და არ მოკლა არც ერთი... პირიც კი გააპარსინა ერთ-ერთს, მაგ დროს ხომ რა ადვილია ყელის გამოჭრა და დაუჯდა...
ეგრეა, ბოლოს აღარ უნდოდა სიცოცხლე მიხასა...
და ეს სალომე კიდევ -- აღაზას ტოლფარდი ტრაგიკული ადამიანია...
ვაჟა-ფშაველას უწერია „ეთერიანში“, რომ სამზეოს სინჯვა აღარ უნდა შერეს (იგივე მურმანს) და თვალებს დაითხრის ბოლოს, -- აი, ამ დღეში იყო ბოლოს მიხა...
თავადაც ბევრი დახოცა, -- გაიგე, ბალღო, და -- ყველა ერთნაირად ვერ უძლებს სისხლსა...
მიხა ძალიან გულიანი იყო, ისე გულიანი, რომ გრძნობდა, სისხლი როგორ სდევდა...
გულიანი რო არა ყოფილიყო, ვერც პოეტი იქნებოდა...
ალუდამ რო სიზმარი ნახა, დევებთან რო იყო და „კაცის ხორც როგორა ვჭამოო“, ვიღაცა რომ კივის იქა, -- აი, ის ვიღაცაა ეს მიხა...
ჰოდა, მე როგორც მგონია, ეს ლექსი "მიტირე მერე..." სიკვდილისთვის თავგადადებული კაცის სიცოცხლისმიღმიერი მონოლოგია და ზუსტად არის მოსმენილი...


study


Last edited by Admin on Mon Apr 28, 2014 7:46 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Jun 08, 2013 8:48 am

მარიამ ხუცურაული

ჩემო სვებნელო...
(სალომეს მიხა ხელაშვილის სხეულის ნაწილები მიაქვს ხურჯინით და თან ელაპარაკება)

ამღამ მეოთხე ღამე გადის, მთა-მთა მოვდივართ,
უნდა მოვასწრო, ხვალ-ზეგ შენი თალხი შევკერო,
უხიფათო გზა ღირდა კიდეც ამდენ ლოდინად...
და გაგითავდეს, და არ გყავდეს, ჩემო სვებნელო...

ტყე გამითავდა კუდოსთავს და გამიშრა ცრემლი.
საამდღეოდ თუ შემაჩვიე თოფ-იარაღი,
შიში აღარ მაქვს ნადირის და უფრო კი მდევრის,
სინამდვილეს ჰგავს ამ გზაძნელზე ჩემი არაკიც:

-- ვითომ შიმშილით დაემუქრა ჯალაბთ ზამთარი,
ჭავჭავაძიანთ მუქთად მივეც ორი ფარდაგი,
ოთხი დღე-ღამე ძილმღვიძარმა ვკვალე ნაქარი
ბედად ნაცნობი დამემგზავრა ჩარგლის კართამდი... --

ჩარგალში ქალი დაგვიხვდება, მის თავს ნატრულო,
დღეს მგლოვიარე გიტირებს და ცრემლსაც დაგაყრის,
ხვალ სხვის კარ-ფუძეს გაალხინებს, -- რა გავამტყუნო,
ბალღიც უმამო გაიზრდება, ვაი-ვაგლახით.

ფშავისხევს გარდა ასეთ თოვნას სადა ნახავდი?!
წელს გაზაფხულიც მარტის თვეში უშენოდ მოვა.
თოვლს რომ აიღებს, გზა რომ გავა მაღალახადში,
შენი სახლ-კარი უპატრონო შაიხდენს გლოვას.

მე გიპატრონებ, ეგრე ცრემლ და ხსოვნამისჯილი,
შიშს დაგიმალავ, აქამდე რომ დარდს გიმალავდი.
ეგებ სვავივით გაუძღები გაძღეს სიკვდილიც,
შენზე დამთავდრეს ეგებ ძმისგან ძმათა ღალატი.

მეჩვენა, ეხლა ჩემ წინ გკლავდნენ, -- წამთვლიმა, ალბათ,
ხანჯალს მოვზიდე, შენ მკვლელს დღე რომ გავუმზეშავო, --
ამათ საჩემოს ვინღა გახდის, ხვალ და ზეგ, აბა?! --
და გაგითავდეს, და არ გყავდეს, ჩემო ბედშავო.

აქ მეგულები ნატანჯი და მკერდშენგრეული,
ვაგლახ! -- ყვავ-ყორნის დაკორტნილი შენი მხარ-მკლავი...
ცოდვით მევსება გულ-ღვიძლი და მთელი სხეული,
ვერც დრო მიწამლებს, ვერც სიგრილე შენი საფლავის.

უნდა მოვასწრო, ხვალ-ზეგ შენი თალხი შევკერო, --
და გაგითავდეს, და არ გყავდეს, ჩემო სვებნელო...


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   

Back to top Go down
 
სანათა - მარიამ ხუცურაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 5 of 7Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: