არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სანათა - მარიამ ხუცურაული

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6  Next
AuthorMessage
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Apr 18, 2011 1:30 pm


სოფელი ხომი ფშავში.

* * *

ჩაეშველება თვის ყმათ,
ხან რო არ იყოს მისვლისა...
ხალხური


დღეის დღის მადლი თუ დაჰყვა
დილის ზმანება-ცისკარსა,
გავიბილიკებ ხევდახევ
ნაგროვებ ბროლს და ფიქალსა.

ლიბომორღვეულ სახლებზე
დავთელავ ასკილ-ჭინჭარსა,
ქისტაურთ ნაფუძვარებზე
კერას ავანთებ მიმქრალსა,
მიჯნებზე ცაცხვებს დავირგავ,
წყვილად ძახველებს - წინკარსა…

ჭალებს რომ აამწვანებენ
ძეძვები წვიმანასვამი,
ლაშარის ლურჯო კოტორო,
გინატრებ ოცნებასავით.

ღამენაწვიმარ ცისკარზე
სტუმრად მომიხვალ მამისახლს,
შენი ლურჯაის ნაფლოქვართ
ნათელ ედგებათ მაღლისა.
ვანხევს, ადგილის დედასთან
სანთლებს დაგინთებ თაფლისას.

შაგითქომ საგაისოდა
სამი წლის ნაზარდ კურატსა,
სუფრას შენსახელშედებულს
გაგიშლი ღვინო-პურადსა.

ჯამით დაგიდგამ თაფლერბოს,
ქადებს და ხაჭოს კვერებსა.
დაგიპატიჟებ ღვთისშვილთ და
კაიყმათ შენსაფერებსა,
მხარმარჯვნით ლუკა სულმნათი
სუფრის თავს დაგიმშვენებსა.

შენ სათაყვანოდ მოდგება
პიროფლიანთა ლაშქარი,
მოგიუმცროსებს მწდეობით
პოეტი ნადიაკვანარი.

გკვირვობდეთ სადიაცოში
ქალ-რძალი მრავლის მხილველი,
გეკრძალებოდნენ ბალღები
მხურვალედ მლოცველ-მწირველი,
ლაღობდეთ ხორციელივით
ლაღებშიც გასაკვირველნი.

ცხადება ნატვრა-ოცნების
ბეჩავთ თუ აღარ გვეღირსა,
შენ უფრო იცი დრო-ჟამი,
თავის ყმათ ჩაშველებისა...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Jul 05, 2011 10:14 pm



მარიამ ხუცურაული

დეკან აყვავდნენ არაგვსა...

"ჩემ წაწლის გაკეთებულ დეკის ჩაი მამინდა..."
ცოტათ ფშაველი


აქ ვის იმედად დამტოვე?
მზისა ხუნდება ფერები,
იცი, რო ჩემთავმკვდარასა
ვერც რისად დაგემტერები...
ძილისწინ ჩაი დეკისა
მალიმალ მოგეგონება,
კიოთ განატრებს ჩემ თავსა,
სადაც ქალ მოგეწონება...
მეცა საბრალ ვარ უშენო,
მარტო და ტიელ-ოხერი,
ყოველ ალიონს, სისხამზე
სათიბის ბოლოს მოგელი...
წახველ და გული გაჩერდა,
უშენოდ ელვადახლილი,
შენკე სთნევს, მამივალისო
გზა-მგზავრობაში დაღლილი.…
თუ მართლა მამიხვიდოდე
რიჟრაჟზე, დილაბნელასა,
მზის მადლმა, წაწალყოფილი
მოვიქარგავდი ენასა.…
ახლა, სით გამოგედევნო,
მათურით-ქალაქს ხარ-ლაღსა,
გესმისა, ცოტათ ფშაველო,
დეკან აყვავდნენ არაგვსა...

აქ ვის იმედად დამტოვე?
მზისა ხუნდება ფერები...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Thu Jul 07, 2011 3:10 pm


სურათზე – გულქან ლუკას ასული რაზიკაშვილი


მარიამ ხუცურაული

ნეტაინ საარაგვოზე ერთხელაც გააჩარგალა
(სიზმარ–ცხადი გულქანისა, ვაჟა–ფშაველას ქალიშვილისა)

პირველრიჟრაჟის მთავრევ და
თენების შუქურ-ვარსკვლავო,
შაგვედრებთ სადილაოს და
დაგინთებთ კელაპტართაო.
სახლ-კარს ჯვარს დამიწეროდეთ,
ცხვარ-საქონთა და წისქვილსა,
ზაფხულის შავშუაღამეს
ნათელი ადგას ტყისპირსა.
საცხადა ვხედავ მამასა,
უმისო, მშიერ-მარხული,
მკვდარი კი აღარა მგონავ,
საქმეზე არის წასული.
სიკეთით გამიცხადოდე
სიზმარი ბევრგზის ნახული:
ხან სათიბ-სამკალს დაჰბრუნავს,
ახუნგორის ფერდს გაკრული.
ხან შირაქშია, სიზმრისა
ვერ თუ გამიგავ თავ-გონი.
ჩარგლისკარს ჩავეგებები
წინდა-ჩხირით და საქონით.
მოალის ქალაქშიითა,
არ დაახანებს ნატრული.
ბარში სამოთხეც მიჰკერძონ,
ფშავისკე უწევს თვალ-გული.
ზეცისოფელშიც ირჯება
ვაჟად ნაკურთხის მარჯვენი,
ჟამჟამ აბრწყინებს მის საქმეთ
ცა და ხმელეთის გამჩენი…
უკუნს საცისკროს გავედრებ,
ვარსკვალვიერსა ცარგვალას:
ნეტაინ საარაგვოზე
ერთხელაც გააჩარგალა.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Jul 30, 2011 10:10 pm

მარიამ ხუცურაული

დასიზმრებული

ცელი დააგდო და გაიმართა,
მუჭიც ჩაიმჯიღა ხარხარით,
მერე ცას გახედა, შეცისკრებულს –
იქ იყო დიდი და მაღალი.

მინდვრით ეშვებოდა, ვერ ამჩნევდა,
გზად რომ ვარდკაჭაჭებს თელავდა.
ასკილ–მაყვალს გლეჯდა ხარ–ლაღივით,
ლუკა იცნობოდა ძნელადა.

კარი შეაღო და მწყურვალივით
მიიმარჯვა კალამ–რვეული,
მზე რომ ამოვიდა, წერდა უკვე,
ლექსით საუკუნოდ სნეული.

მარტოა. ჯალაბი სათიბშია.
წერს. ვერ განერიდა ცხად–სიზმარს.
– ქალი ქალია და იტირებდა,
უფრო ქმრის სათქმელი აფიქრებს...

წერს. ცოტაც და ისევ თენებაა.
სათიბს ნისლი ადევს სადარო.
კალამს აჭრევინებს ცელისდარად,
ფერი ემატება სამყაროს.

ეზოს, ოქროს სირმით გადაშიბულს
მაღლით უფლისთვალი დაჰბრუნავს,
მღერით მითავქვეობს არაგვისკე
ფშავის იორდანე – ჩარგლურა.

30 ივლისი, 2011, სიონიდან.


Last edited by Admin on Sat Jul 30, 2011 10:27 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Jul 30, 2011 10:26 pm

მარიამ ხუცურაული

***
შენად ვარ შავედრებული
ძმითა და მამის სახლითა,
ბერდედის ქადა–ჯვრიანით,
ხევისბრის დაქნილ სანთლითა.
მფარველად მეგულებოდე
შენფერ ლაღს უქმე–საქმითა,
ავისგორს დაბრძანებულო,
ჯვარი დამწერე მაღლითა.

2011
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sun Jul 31, 2011 8:57 pm

მარიამ ხუცურაული

აქიმ–დედუფალსაო

ს.კ.

აქიმ–დედუფალსაო,
გვირგვინოსან ქალსაო,
ხმელისგორით დაგლანდავ
ცისკარ–თენებასაო.
შაგიდგები გზასაო,
არ დავაკლებ ცდასაო,
გამოვურევ წყალდაწყალ
არაგვ–წაწადასაო.
შამოვხდები მთასაო,
ძნელ–გრძელ ბილიკასაო,
ვიმეგზურებ ბერდედას,
ქადაგ ხატისქალსაო.
მოვიყოლებ ლაშქარში
ფშავლის ქალს და რძალსაო,
ქადა–პურებს ვისაგზლებ,
თაფლ–ერბოს და მხალსაო.
მოგადგები კარსაო,
დავიდრეკავ თავსაო,
საწირავად მოგართმევ
ფარჩის მანდილასაო.
ლოცვას გეტყვი მზასაო,
გასმენ გულის ხმასაო,
თაფლის სანთლებს აგინთებ,
ხელით დაქნილს, ცხრასაო.
გამოგვედრებ სასწაულ,
საკურნებელ წყალსაო...
ღვთისმშობელის მგვანსაო,
ქალთა ჯარის თვალსაო,
მასკვლავიან ცასაო,
დედასა და დასაო,
გვირგვინოსან ქალსაო,
აქიმ–დედუფალსაო...

2011, 31 ივლისი, სიონიდან

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Oct 18, 2011 9:07 am

მარიამ ხუცურაული

შენ რომ კაცი ხარ


შენ რომ კაცი ხარ,
ცას რომ სწვდები აურზაურით,
ის ზეცა მე ვარ -
შენი ლურჯი დღესასწაული.
შენ რომ კაცი ხარ,
გუთნისდედა – ხნულს რომ ჩაუვლი,
ის მიწა მე ვარ
ნოყიერად პირგაშაული.
შენ რომ კაცი ხარ -
მონადირე შეუდარები,
მე ვარ სამიზნე
გაგირბივარ, თან გეტანები.
შენ რომ კაცი ხარ –
სატევარი პირგაფხაული,
მე ვარ ქარქაში,
ზღუდე შენი და სამკაული.
შენ რომ კაცი ხარ -
ოკეანე შმაგი ზვირთებით,
მე ვარ ქვაბული,
უფსკრული ვარ, სადაც ინთქმები.
შენ რომ კაცი ხარ –
მღვრიე წყლებში ბადით გამგნები,
მე ვარ გრძნეული
ოქროს თევზი შენთვის სარგები.
შენ რომ კაცი ხარ,
უფლის სიტყვა – ძეს ნამსგავსები,
ზედ მეწერები,
ქაღალდი ვარ შენით სავსები.
ისე გამკვიდრებ,
გადუღაბებ, დელგმაც ვერ წაგშლის,
შენ ღვინო ხარ და
მე ჭურჭელი შენი ზედაშის.
შენ რომ კაცი ხარ,
მეც მაჩქამებ სულის ხმაურით,
მადლობა გამჩენს,
აღუვსები გქნა საწყაული.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Oct 25, 2011 3:55 pm

მარიამ ხუცურაული

* * *
ღამეხევას დაგვაღამდეს,
არსად ენთოს ცაზე მთვარე,
ბალიშზე თმა დამიფინო -
ჩემ წასვლაზე მგლოვიარე.
შენუკმარი დილაბნელზე
ბარ-ტიალას დავეშურო,
უმძრახმა და ცრემლიანმა
წაწადამდე მიმეგზურო.
გზა-გზა შენი ტუჩისფერა
ასკილები ვერ დავთვალო,
სახადივით უკურნელო,
დაწყევლილო ფშავლის ქალო.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Oct 25, 2011 9:29 pm

მარიამ ხუცურაული

* * *

ტარიელ ხარხელაურს

დედიძმათას მოხვიდოდე,
ტარიელო, ცაბაურთას,
ლოცვას აქ სულ სხვა მადლი აქვს,
მზეს სხვა საბრძანისი უდგას,
წყალი, მიწა და ჰაერი
ლექსად დის და ლექსით სუნთქავს.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Jan 30, 2012 10:59 am

მარიამ ხუცურაული

წმინდა ალაგი

(ბოლოთქმა მარიამ წიკლაურის წიგნისათვის "მარადისობის რიტუალი")


ამბავი, რომელსაც ადამიანის რაობასა და ამ სამყაროში მის უნიკალურ როლზე დაფიქრებული ადამიანი მარიამ წიკლაურის "მარადიული რიტუალით" ეზიარება, მართლაც მარადიულად, უწყვეტად ხდება ცხოვრებაში. ჩვენი ცხოვრება თუ ზოგადად ცხოვრება დასაბამიდან აქამომდე სულაც ერთი მთლიანი "მარადიული რიტუალია". შემთხვევით ხომ ამ ქვეყანაზე არაფერი ხდება და პირიქითაც კი, მოვლენები რაღაც ერთიან, ჩვენთვის უცნობი კანონზომიერების უხილავ ჯაჭვშია ჩაბმული. ეს ჩვენ გვგონია, ხანდახან რომ სასწაულებრივად უკავშირდებიან ერთმანეთს. არადა, მის დასანახად და აღსაქმელად თვალ-გულ-გონის ფართოდ გახელაა მხოლოდ საჭირო...

მაშინ ამ წიგნის არსებობა მე კი არა, თავად მარიამ წიკლაურმაც არ იცოდა და ამიტომ დღეს ჩემთვისაც გასაკვირად, 2011 წლის შუა ივლისში, წვიმიანი ხატობის ბოლო, გადარებულ დღეს ავისგორიდან შუაფხოსკენ მაცქერალი ზუსტად ამისთანა რამეებს ვფიქრობდი. ვფიქრობდი და თვალით იმ სახლს ვეძებდი, აწ უკვე მისი მობინადრენი და ამჯერად მასპინძლებიც, გუშინ ქალაქიდან ქალ-სიძით ამოსული მარიამ წიკლაური და მისი სტუმრები რომ უნდა ყოფილიყვნენ. ამ სახლს, კაკლისა და ვაშლის ხეებში მიმალულს, მხოლოდ შემაღლებულ ადგილზე ასვლით რომ მოჩანს, წლითი-წლობით ყოველთვის ვხედავდი, როცა აქ ამოვდიოდი. ეგ კი არა, მერე ბარად დაბრუნებული ჩემსა თუ სხვათა მიერ გადაღებულ სურათებშიც დავეძებდი. დროდადრო თავს მახსენებდა და მაფიქრებინებდა თავისთავზე.

ხატიონი უკვე დასაშლელად ემზადებოდა. ავჩქარდი, ერთი ნაბიჯით გამოვასწარი და სოფლისკენ დავეშვი. მარიამის ნახვას ვეშურებოდი, თბილისში გამომგზავრების წინ. არაგვის ხიდზე გადმოვედი, ორივე ჩაქცეულ ნასახლარს გვერდი ავუარე და აღმართს შევყევი. ჩემი ვარაუდით, აქედან უნდა ყოფილიყო იმ სახლთან მისასვლელი.

თხილებითა და წიფლის ნაყარით დაბურული ღელის პირას ჯერ ორწყებად დახვავებული, მამა-პაპურად, წყაროზე დარეცხილი უამრავი ჭურჭელი შევამჩნიე და მხოლოდ ამის მერე - მარიამი. მარიამი კი არა, ქალი დავინახე. თხელ ჩითისკაბაზე კაცის ქურთუკმოსხმული და საშინაოდ თავწაკრული კარატისწვერ-უბისთავისკენ გაიყურებოდა და პირჯვარს ისახავდა. ახლოს მისულმა და მისი შუაფხოში ყოფნის მცოდნემ შევიცანი მარიამი. ისეთი გაცისკრებული სახე ჰქონდა, მომეჩვენა იმ დაბურულ ღელისპირებსაც ანათებდა. ვიდექი და ვუყურებდი. ეს აქამდე არც ვინმესთვის გამიმხელია და არც მარიამისთვისაც მითქვამს, - მაშინაც კი, როცა შუაფხოდან დაბრუნებულმა ამ ციკლის ლექსებზე დაიწყო მუშაობა. არც მაშინ, ამ ლექსების რაღაც უცნაურად, გაუთავებლად წერის პროცესში რომ მითხრა, ერთ წიგნად უნდა გამოვცე და რედაქტორი შენ უნდა იყოო. არც მერე, უკვე რედაქტირებისას, როცა ორივემ ვიგრძენით, ამ წიგნმა კიდევ ერთხელ იდუმალად რომ დაგვაკავშირა.

მაშინ კი ვიდექი, ვუყურებდი და უცებ შევამჩნიე, შემაღლაურებული მზე ისე ატანდა წვრილიანებში და წყაროდან ამავალ ნისლს ისე აბრწყინებდა, სვეტის ილუზიას ჰქმნიდა და ეს სვეტი ზუსტად მარიამს ედგა ნათლად. მერე, ნისლი რომ აიკრიფა, ის სვეტი ზემოთ-ზემოთ წავიდა კარატისწვერისკენ და მეც შევეხმიანე მარიამს. ერთმანეთი გავარჩიეთ და ჩახვეულები რომ ვხარობდით შეხვედრით, იმ წუთას არცერთმა არ ვიცოდით, არცერთს არ გაგვივლია გულსა და გონებაში, თავადაც მარადიული რიტუალის მონაწილეები რომ ვიყავით.

საქისტაუროს მიწა-წყალზე მამისსახლში, “შინ” მობრუნებულ წიკლაურს მე, ქისტაურთა თემის ქალი, ვყავდი დამხვდურად. არც მე ვიცოდი წიკლაურთა გვარის მთელი ეს ისტორია ასეთი სიზუსტით და ფშავში პირველად ამოსული მარიამი აბა, რას მიხვდებოდა, რომ უფლის ნებით და სისხლისა თუ გენის ხსოვნით მაშარა-უბისთავს მიჩერებული იწერდა პირჯვარს, როგორც ეს მის წინაპართ უკეთებიათ საუკუნეების განმავლობაში და რომ ამწამიერად აქ იყო მარადიული რიტუალისათვის ჩვენი შერწყმა-შეზიარების აღთქმული წმინდა ალაგი...

2012 წლის 30 01, ორშაბათი, 10:24-ზე – https://www.facebook.com/notes/mariam-gigauri/წმინდა-ალაგი-ბოლოთქმა/10150630082605269

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Apr 10, 2012 5:10 pm

მარიამ ხუცურაული

ერთ ლექსისსწორა სიცოცხლეს


უძილაურთას მავლივა,
ცის პირს მაცქერნა გახსნილსა,
გაღმე გორს, თხილიანაში
ტყემლებ აჩირთა აპრილსა.
კარატეს ნადნობ თოვლებსა
აგიჟებინა არაგვი,
უბით მაზიდნა წაწლისად
დამბალხაჭო და კარაქი.
აგრე აწვიმა მთელ კვირა,
ღმერთი წურავდეს ღრუბლებსა,
ერთ ლექსისსწორა სიცოცხლეს
რა გვავლევს უფერ-უბრებსა?

2012

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue May 22, 2012 8:26 pm




მარიამ ხუცურაული – "სანათა" (სამი წიგნი ერთად)


2009 წელს მე ვიყავი რედაქტორი მარიამ ხუცურაულის ლექსების კრებულისა "სანათას წიგნი", ხოლო მხატვარი ლევან ხარანაული გახლდათ.

ახლა სწორედ იმავე ფორმატის სამ წიგნს გთავაზობთ გამომცემლობა "საუნჯე" (გამომცემელი ვაჟა წოწკოლაური), რომლებიც გაერთიანებულია საერთო სათაურით "სანათა". მხატვარი ისევ ლევან ხარანაულია, რაღა თქმა უნდა...




სულში რომ ნისლი იცის

(რედაქტორის წინათქმა)


სულში რომ ნისლი იცის, ნამდვილ ნისლზე თეთრია და სპეტაკი, ვერც მზე შეაშრობს...

მერე ის ნისლს ყველაფრად გადაქცევა შეუძლია – ქვადაც, მდინარედაც, გვირილადაც...

ჰო, ყველაფრად გადაიქცევა ხოლმე და თუ დაინახე, ბედნიერი ხარ.

ბედნიერი იმითა ხარ, რომ მერე შენ სხვებსაც დაანახვებ იმ ლამაზ ნისლებს – სულ ტაატით აგზავნი და ახლა ისინიც ხედავნ იმ შენი ნისლის სილამაზეს თავიანთ სულებში.

ძალიან დიდი სისპეტაკე უნდა გქონდეს შენარჩუნებული, რომ ამ შენი ნისლის დანახვა, გამოხატვა და სხვებისთვის დანახვება შეძლო.

რატომ იდგა ვაჟა ფშაველა და ილია ჭავჭავაძის რიდით ვერ შედიოდა “ქოსების დუქანში”? – სპეტაკი სული ჰქონდა და იმიტომ. ისეთი სპეტაკი, რომ ეცინებოდათ სხვებს იმის საქციელებზე.

ეცინათ, მერე რა – ვაჟამ თავის სულში სპეტაკი ნისლი დაინახა და ჩვენც და ჩვენს შთამომავლობასაც დაანახვებს იმ თეთრ ნისლებს.

სულის სპეტაკმა ნისლმა ხომ გაქრობა არ იცის...

სულის სპეტაკი ნისლი ღმერთია, შენთან მოსული ღმერთი.

და ღმერთი არასოდეს გაქრება.

study




ეს ბოლოდროინდელი ლექსების წიგნია და ამას წინათქმა არა აქვს. მაგრამ აქ ერთი ციკლია ვაჟა-ფშაველაზე, მარტო ის ღირს ერთ წიგნად.

study




სკივრში რომ ჩანაწერები იცის...

(რედაქტორის წინათქმა)


კაკლის თუ ანწლის ფოთლების სურნელთან ერთად რაღაც გამოუთქმელი იდუმალება და მიზიდულობა ახლავს ხოლმე ძველისძველ, ჩვენი დიდი ბებიების ანდა, სულაც, იმათი ბებიების ნაქონ, თუნუქით შეჭედილ და ბოქლომით ჩაკეტილ სკივრებს...

სანამ გაზაფხული მოვა, რომ გავამზეუროთ, იქნებ ისიც კი ვიფიქროთ ხოლმე, რომ ეს სკივირი ხომ, ერთის მხრივ, ძვირფასეულობის შესანახი, მომცრო ზარდახშისა და, მეორე მხრივ, მოზრდილი კიდობნის უახლოესი ნათესავ-მოყვარეა...

ურთხმელით აგებულ ნოეს კიდობანზე ანდა სჯულის კიდობანზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამ სკივრებს ისლის ის კიდობანიც კი ახსოვს, რომელიც ჯერ ფისითა და კუპრით შეგოზა, მერე შიგ თავისი სამი თვის ბავშვი ჩასვა დედამისმა და ის კიდობანი მდინარე ნილოსის ნაპირზე, ლელიანში დადო, - ეს იმიტომ, რომ ბალღი მდინარეში არ გადაეგდოთ ფარაონის ბრძანებისამებრ და სწორედ ამ კიდობანში იპოვა ფარაონის ქალიშვილმა...

აი, ეგეთი იდუმალია სანათას სკივრიც...

სტუმრად თუ მიხვალ, ჯერ ხომ თავის ლექსებს დაგახვედრებს და თუ შეეკითხები, - აბა, კიდევ რა გაქვსო, - რამდენჯერმე უარობის მერე თუღა ამოალაგებს იმ სკივრიდან თავის რვეულებს.

თან თავსაც შეიბრალებს, - რას რა სწერდი და შავდღეობდი შე ჩემთავმკვდარო სანათაო...

ვაიმეო, ვაიმეო, როგორ მერცხვინება, ამეებს რომ გაკითხებო.

ჩემთვი ვწერდი ხანდახანაო.

არც კი ვიცი, რად რა ვინახავდიო...

მოდიო, ესენი პოეტის ჩანაწერებად ჩამითვალე, რაც ლექსად ვერ ვთქვიო.

თუ არა, ჩავაბრუნებ ამ სკივრში და იქ იქნება კოხტად და მშვენივრადაო.

იმ ჩემ კარგ ბებიას ხო სანათა ერქვაო და ჩემ შვილიშვილსაც რომ სანათა ექვივნება, ის მაინც წაიკითხავსო...

აბა, ნახეთ, - ფშაური ფარდაგივით დაქარგული, ცინცხალი და კამკამა მოყოლილებია აქ თავმოყრილი, - ზიზილ-პიპილების გარეშე...

ეს ჩანაწერები უცხო შუქით არის შიგნიდან განათებული და ეს სინათლე ისეთივე იდუმალია, როგორიც ჩვენი ბებიების ნაქონი სკივრები, რომლებსაც ისლის ის კიდობანიც კი ახსოვთ, სამი თვის მოსე წინასწარმეტყველი რომ გადაარჩინა.

–––

მიხო მოსულიშვილი


P.S. მაგარი მხატვარია ლევან ხარანაული...

study


Last edited by Admin on Mon Nov 26, 2012 11:17 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sun Jun 10, 2012 6:08 pm


კომპოზიციის ავტორი - ანა მარტი (ფეისბუკიდან - https://www.facebook.com/fshavlis.asuli)



2012 წლის 15 ივნისს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის თეატრის მცირე დარბაზში (აღმაშენებლის გამზ. #99) გიწვევთ "სანათას" წარდგინებაზე.

წიგნის დასახელება -"სანათა"
ავტორი მარიამ ხუცურაული
რედაქტორი მიხო მოსულიშვილი
მხატვარი ლევან ხარანაული
გამომცემლობა "საუნჯე"
2012 წელი

პროექტი აერთიანებს სამ წიგნს:
1."სანათას წიგნი" - ISBN 978-9941-9260-8-2
2."სანათას სახლი" - ISBN 978-9941-9260-9-9
3 "სანათას სკივრი" - ISBN 978-9941-9273-0-0

სამ წიგნს მიიღებთ ერთის ფასად, 10 ლარად და სასაჩუქრე ნაკრებს – 15 ლარად.
გამომცემლობა "საუნჯე".




study


Last edited by Admin on Tue Nov 27, 2012 2:05 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Jul 09, 2012 1:51 pm

მარიამ ხუცურაული

დარდი მქონებია თუ რამის...
(სიმღერა)

დილაადრიანზე, მათურხევით

მუქოს ასდიოდა ნისლები.

მაყვლიანს ბილიკი მიჰყვებოდა,

სიყრმის ოცნებების მიმგნები.

ძროხებს ამოსდევდა ფშავლის ქალა,

ოქროს თმაშიბების ქროლებით,

ლამაზ კოჭმადე ვერ შესწვდებოდნენ

ქალბნელს მთელი ქვეყნის სწორები.

იმის წყვილ ღიღილოთ დამავიწყეს

დარდი მქონებია თუ რამის,

სუნი გაიყოლა ცაცახვების და

ჟოლო-ასკილების მურაბის.

თავი დამაგულა აქაურად,

ამ მწყემს-სამწყემსურის პატრონად,

უცებ შეფრთხიალდა შაშვივით და

ბურან-ოცნებაში დამტოვა.

მალევ გაღმეგორზე მიჰგალავდა

ნისლებს საყაჭისმთით მოწოლილს...

თავიც მაწყევლინა, ტკბილბურანიც,

ფშავიც, ფშავლისქალას მომგონიც...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sun Jul 15, 2012 4:26 pm




Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Nov 10, 2012 10:43 pm

მარიამ ხუცურაული

ფშავი - სამყაროს გამოდარება...

მთებს დაჰფენია მზითვის ფარდაგი,
ცის მადლი დასდის ჭრელნაყშებიანს.
ნისლი აცვია არაგვით ნაკურთხ
ფშავს - ნოემბერში წითელმთებიანს.
მარადისობის უტყვი მოწმენი,
შემოსჯარვიან მთები ჩარგლისკარს.
დგანან და ნისლით ფიქრობენ დღემდე
უფლის რჩეული ფშავლის საფიქრალს.
გაღმა-გამოღმა, ხევის პირებზე
ბრწყინდება ბუსნოც ნათვირთვილარი,
ცად იზიდება მუხის შიმელა
ბერმუხასავით მირონმდინარი.
მუხლებს იბანენ არაგვის წყალში
ლიტა წნორები გრძელი მკლავებით,
ჭალა და ჭალა მწიფან ქაცვები -
ღვთისმშობლის კაბის საქარგავები.
ვანხეურასთან ღვივის ძახველი,
ტყიდან სისხლისფრად გამომჭვირალი,
ლურჯადკამკამა მოჰქუხს არაგვი, -
ჯვარი სწერია, - მუდამ შინ არის.
მერე აშრება სადარო ნისლიც,
მზე რომ დახედავს ცეცხლისთვალება
და იხატება დედამიწაზე
ფშავი - სამყაროს გამოდარება...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sun Nov 11, 2012 8:50 pm

მარიამ ხუცურაული


* * *

ეს საბადურების ტყის ერთი ძელქვის ნათქვამია...
ავტორი



უშაშვობას პირველი
სოპრანოა ბეღურა.
შენებურად გაიგე,
რაც ვთქვი მე ჩემებურად.
გთხოვდი, შენთვის მინდომე
მცირე მინდა სიკეთე,
შენსას ცხრათაუცხოსთვის
ასე ნუ გამიმეტებ.

გთხოვდი, არ გამატანო...
მოზამთრეს თუ გადამფრენს,
მეშინია, გავუძლებ
უშენობის განაჩენს.
ახლა თავზეც მაყარო
მარგალიტი ფითრების,
ვეღარ შემომირიგებ,
მაინც გაგიფრინდები.
სხვაგან გავიფესვები,
სხვაგან გავიკვირტები,
სხვა წალკოტს ავაყვავებ,
შენს ბაღს თუ არ ვჭირდები.
ცხრამთას იქით ვიმზითვებ
შენს ხმებს და შენს ფერადებს,
გულში შენვე გაგივლებ
პირჯვრის გადაწერამდე.
მე რომ მომკლავს, ის ჯავრი
ძნელი მოსათმენია,
ჩემო ციდა სამოთხევ,
“რაზედ მოგიწყენია?”
ერთი ძელქვით ნაკლებო,
ოთხმხრივ ჯვარი გწერია...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Wed Nov 21, 2012 11:12 am

მარიამ ხუცურაული

გიორგობას ავდრიანსა

გიორგობას ავდრიანსა,
შაბათს, დილაადრიანსა,
ფშავლის ქალას ჟღალთმიანსა,
დედმამიანს, და-ძმიანსა,
სამწყაროით ვაზიდვინებ
უმძრახის წყალს ხმაწყლიანსა.
ცომს მოვზილავ მადლიანსა,
შოთს ჩავაკრავ ადლიანსა,
ხარს დაგიკლავ სამწლიანსა,
ორთავ რქაზე სანთლიანსა,
ქვევრ-მარანში დაგახვედრებ
საფერავს ხმამაჭრიანსა…
ცას ჩამოხსნი თაღიანსა,
გიცნობ ნათელ აღიანსა,
ქოხს ინიშნებ სარკმლიანსა,
ეზოს – ბოსელ-საბძილიანსა,
სუფრას შენად სახელდებულს
გავშლი ქადა-საკმლიანსა.
მგზავრს გისტუმრებ გზაგვიანსა,
ნოხს დაგიფენ ნაყშიანსა,
ვაჟს შეგვედრებ ზავთიანსა,
ციცქნა გოგოს თვალმზიანსა,
ცაცხვის აკვანს შემოგწირავ
მზე-ბორჯღლიანს, ცხრაჯვრიანსა.
გიორგობას ავდრიანსა,
შაბათს დილაადრიანსა,
თეთრცხენოსანს, ფარ-ხმლიანსა
მგზავრს გისტუმრებ გზაგვიანსა,
ცასა და ხმელს შეგავედრებ
მაღალსა და მადლიანსა...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Nov 27, 2012 12:17 am




მარიამ ხუცურეული - სანათა (სანათას სკივრი; სანათას წიგნი; სანათას სახლი

ფასი: 7.00 ლარი ~4.22 აშშ
იყიდება სამივე წიგნი ერთად

ეს გახლავთ მარიამ ხუცურაულის ნაწარმოებების სამწიგნედი, რომელიც გამოცემულია საერთო სახელით “სანათა” და შედგება ერთი პროზაული კრებულისაგან “სანათას სკივრი” და ასევე ლექსების ორი კრებულისაგან: “სანათას წიგნი” და “სანათას სახლი”.
წიგნებში შესულია ლექსები, რომლებზეც ავტორი 2009-2011 წლებში მუშაობდა, ხოლო პროზაული კრებული წარმოადგენს ავტორის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი მინიატურების, ჩანახატების და მოთხრობების ნაკრებს.

სანათას სკივრი:
ISBN: 978-9941-9260-6-8
გვერდები: 130
ყდა: მაგარი

სანათას წიგნი:
ISBN: 978-9941-9260-8-2
გვერდები: 158
ყდა: მაგარი

სანათას სახლი:
ISBN: 978-9941-9260-9-9
გვერდები: 140
ყდა: მაგარი
გამომცემლობა: საუნჯე


ბმული - http://books.shops.ge/item/qarTuli-proza/mariam-xucureuli-sanaTas-skivri-sanaTas-wigni-sanaTas-saxli-159119.html

study



Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Fri Nov 30, 2012 3:54 pm



ჯარჯი ფხოველი

სანათა-მარიამს სახსოვრად ეს მცირე ლექსი.
შენი ჯარჯი ფხოველი


* * *
აქ ყველაფერი ღვთით არი:
ეს დილა, როგორც ქვითარი...
დღე, ძილში განაქვითარი...
და ლექსი ესევითარი!
რაც გიანდერძა მიწამა:
დარდი, რომელიც იწამე...
ვინ დარჩება და ვინ წავა:
ვინ დამიტოვა მიწა მე...
ეს დილა როგორც ქვითარი,
დღე, ძილში განაქვითარი
და ლექსი ესევითარი...
აქ ყველაფერი ღვთით არი!

ბმული - https://www.facebook.com/photo.php?fbid=4837475772939&set=a.1578000568096.2086930.1178086978&type=1&theater


Last edited by Admin on Thu Oct 06, 2016 3:35 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Dec 17, 2012 2:14 pm

მარიამ ხუცურაული

კესანეს

ყინვა შემოგიქარგავს
ფანჯრებს მაქმანებითა,
აგევსება სიზმარი
ფერად ვარსკვლავებითა.
თავთან დაგიფრინდება
ანგელოზი ფართქუნა,
მთვარე ახალშობილი
თავის ნათელს დაგხურავს.
დილას გამოგაღვიძებს
ფანტელების ჩურჩული,
ყელში ჩაგისახლდება
ბეღურების ჟღურტული.
თვალებაბრწყინებულო,
მაქმან-ვარსკვლავებითა,
გაახარებ დედ-მამას
გაზრდა-დაქალებითა.

2012
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Mon Dec 24, 2012 2:40 am



Published on Dec 21, 2012

2012 წლის 20 დეკემბერი, 11:00 - 12:00
წამყვანი: მინდელი მარიამ, ჩხიროშვილი ნათია, გიგუაშვილი მარი, ბურდული მარიამ
სტუმარი: პოეტი ხუცურაული მარიამ

- დიდი ხნის განმავლობაში ჩემს დაწერილ ლექსებს არსად ვაქვეყნებდი. როგორც პოეტი, საზოგადოების წინაშე 4-5 წლის წინ გამოვჩნდი.
- ჩემს პირველ კრებულს „სანათას წიგნი“ ერქვა.
- იმდენად ვარ დაკავებული, რომ ვფიქრობ და ვწერ ტრანსპორტში. ხალხმრავლობა ლექსის შექმნაში ხელს არ მიშლის.

http://www.obieqtivi.net
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Jan 08, 2013 8:34 pm

მარიამ ხუცურაული

კვამლის ბილიკი

(ციკლიდან: "სანათას სახლი")


ჟანგისფერ მთებზე დაბალახობს ნისლების არვე,
ტყეს ოქროსფერით აქარგია გიორგობისთვე.
გამოგიტაცებ ქალაქიდან რიჟრაჟზე ხვალვე,
შენ და სევდისფერ უჩემობას სულზე მოგისწრებთ.
იაროს მერე ქარმა ქარში წვიმით თვალსველმა,
გზადაგზა ფანტოს ძოწრეული ქარვის ფოთოლი.
აქ მეყოლები, როგორც ამღამ მთვარის ავსება,
ივრის ბუბუნი ანდა მთაზე ნისლის კოტორი.
მიწიდან ცამდე გამიწვდება ოცნების ქარგა,
ზედ იფრთხიალონ შავშვებმა და წიფლისჩიტებმა,
კენკონ ძახველი, ასკილი და ქაცვების ქარვა,
ჭიკჭიკს დავქარგავ, ვიდრე ყველა ამიფრინდება.
დამიმარაგე ბუხრის შეშა, წყალი და ფქვილი,
შებინდებამდე ღარიბ ვახშამს, ალბათ, მოგისწრებ,
გამოვულოცავ ერთხელ კიდევ ამინდს სათოვლეს,
გადაისისხლა ფანჯარაში უკვე შობის ხეც...

ეგება გიგრძნოს ავდარივით ტანმა - იქ არის,
(იქნება დღესვე ყველაფერი მოხდეს პირიქით)
სიყვარულის და ერთგულების უტყვი ნიშანი -
სათოვლე ცაზე მიხატული კვამლის ბილიკი,
შინ ვარ და გელი...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Tue Mar 05, 2013 12:41 pm



მარიამ ხუცურაული

მაინც გაგიფრინდები


უშაშვობას პირველი
სოპრანოა ბეღურა.
შენებურად გაიგე,
რაც ვთქვი მე ჩემებურად.
გთხოვდი, შენთვის მინდომე,
მცირე მინდა სიკეთე,
შენსას ცხრათაუცხოსთვის
ასე ნუ გამიმეტებ.
გთხოვდი, არ გამატანო
მოზამთრეს თუ გადამფრენს,
მეშინია, გავუძლებ
უშენობის განაჩენს.
ახლა თავზეც მაყარო
მარგალიტი ფითრების,
ვეღარ შემომირიგებ,
მაინც გაგიფრინდები.
სხვაგან გავიფესვები,
სხვაგან გავიკვირტები,
სხვა წალკოტს ავაყვავებ
შენს ბაღს თუ არ ვჭირდები.
ცხრამთას იქით ვიმზითვებ
შენს ხმებს და შენს ფერადებს,
გულში შენვე გაგივლებ
პირჯვრის გადაწერამდე.
მე რომ მომკლავს, ის ჯავრი
ძნელი მოსათმენია,
ჩემო ციდა სამოთხევ,
“რაზედ მოგიწყენია?”
ერთი ძელქვით ნაკლებო,
ოთხმხრივ ჯვარი გწერია...


ბმული - https://www.facebook.com/notes/mariam-xucurauli/ერთი-ძელქვით-ნაკლებო/10151511990695269

study


Last edited by Admin on Sun Dec 27, 2015 12:06 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Sat Mar 09, 2013 7:02 pm

მარიამ ხუცურაული

ნატვრა
(სიმღერა)


”შენ შამოყრილი ვნავარდობ,
წამალს შენ სახელ ჰქვიაო,
ახლაც დაგეძებ გადამრჩომს,
ჩემო სუნთქვავ და ნიავო.”

(თინათინ ჯავახიშვილი)



ნეტა, მალივ გამიცხადოს
დილას ნასიზმრები ღმერთმა.
არაგვმა არ წაიყოლოს
შენი ნახვის გულისხეთქვა.

მიმეგზურონ გვირილებმა,
ასკილებში შაშვმა სტვინოს,
მათურხევას შევიყაროთ
საფეროდ და საგვირგვინოდ.

მკერდზე ჩემი თმა გეყაროს
გამოხუნებული მზითა,
ფშავის ლურჯი ცა გვეფაროს
შენსას მოსატანი მზითვად.

მერე მწყევლოს ქისტის ქალმა
მძივ-კბილების ბროლებითა,
გამაფრინო ცხრამთას იქით
თმაშოლტების ქროლებითა.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: სანათა - მარიამ ხუცურაული   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
სანათა - მარიამ ხუცურაული
View previous topic View next topic Back to top 
Page 5 of 6Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: