არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 გვანცა ჯობავა

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4
AuthorMessage
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 108
Age : 31
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Jan 23, 2011 12:49 am

პატარა ნავი (ხელოვანს)


ამბობ, რომ თამაშობ წვიმას,
ამბობ, რომ ქვიშის ლექსებს წერ...
და მიაქვს ისინი ზღვას...
მე კი მივდივარ ზღვასთან,
ვაგროვებ კენჭებს – შენს ფერს,
და მინდა ზღვამ თვითონვე თქვას,
რომ მეტამორფულია შენი სიტყვები,
რომელსაც პარავს თავის ნაპირებს...
მეტამორფიზმი ხარ მისი ტალღების
მუსიკის. უჩუმრად დამხობას აპირებ
ყველა ხმაურის,
რაც კი დეკემბრის ზღვას აქამდე
ხმაური ეგონა.
ყველა კლავიშის,
რომელზეც ეგონა უკრავდა.
ყველა გზის,
რომელსაც დაადგა,
როგორც მუსლიმი დარვიში.
მეტამორფიზმი ხარ დეკემბრის ზღვის,
და მიჰყვები მას პატარა ნავივით,
შენთვის და ჩუმად,
და იცი, რომ უფრო ნელა მიხვალ
მეორე ნაპირთან...
და ფიქრობ, თუნდაც...
ამბობ, რომ თამაშობ წვიმას...
მე გეტყვი...
გთამაშობს ზღვა
და გთამაშობს დეკემბრის წვიმა...
მე ვიცი, გაცურავ პატარა ნავივით,
შენთვის და ჩუმად...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 108
Age : 31
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Jan 23, 2011 12:50 am

საათის ისრები

მა, ახლა შენ გძინავს...
მე ისევ შენს საწერ მაგიდას ვუზივარ
და ისევე მინთია მაგიდის ნათურა,
როგორც ყოველ ღამე.
ვწერ ყოველ ღამე,
ხან რას, ხან რას,
და შენი სუნთქვა
სივრცეს ასხლეტილი მზის სხივივით
პირდაპირ ჩემს მაგიდას ეცემა,
წუთში ოცდაათჯერ
(გითვლი სუნთქვას ყოველ ღამე),
მელანივით ვაწობ შიგ თითებს
წუთში ათჯერ მაინც
და ვწერ,
ხან რას, ხან რას...
ჰო, ახლა შენ გძინავს.
ბოლო ხანია ჩემზე ადრე იძინებ.
იძინებ, მაგრამ საათში ერთხელ
ჩემი ნათურის შუქს ამოწმებ.
საათში ერთხელ გამომძახებ,
მომიკითხავ...
და როცა შუქს ვაქრობ და
ვემზადები დასაწოლად,
იმ წუთას თვალს ახელ და
მეძახი, მეკითხები,
ვწვები თუ არა.
და იმ წუთას არ მინდა მჯეროდეს,
რომ უკვე გავიზარდე.
ალბათ არც შენ გინდა.
არადა, ბოლო ხანია,
მე და შენ ერთად ვმალავთ
ჩემს პირველ ჭაღარებს
(მაკრატელს გაწვდი და ჭაღარებს
შენვე პოულობ).
მე მაინც ჯიუტად კეტებით დავდივარ,
ვიცვამ ყველაფერს ბავშვურს
და სასაცილოს
(არ ვიცი, შენ ყოველთვის გეცინება,
როცა დილით სახლიდან გავდივარ,
და მაშინაც, როცა უკან ვბრუნდები).
არ მინდა მჯეროდეს, რომ გავიზარდე,
ალბათ არც შენ გინდა.
ყოველ საღამოს მეკითხები,
ამდენ ხანს სად ხარო,
მაშინაც კი, როცა იცი, რომ –
სამსახურში.
ისე მეკითხები, როგორც ადრე.
მე აღარ ვდარდობ პასუხზე ძველებურად,
უბრალოდ გიღიმი,
შენ კი მელოდები - ძველებურად,
საათს შესცქერი ყოველ საღამოს.
მა, შენ ახლაც ისევე წევხარ
და ელოდები ჩემს დაძინებას,
როგორც ყოველ ღამე,
თვალი გაახილე და გამომძახე,
ხომ არ გცივაო, მე მოკლედ
გიპასუხე, რომ არა და წერა გავაგრძელე,
შემეშინდა, სიტყვა არ გამიწყდესმეთქი,
შენც გაჩუმდი, იქნებ ცოტა გეწყინა კიდეც
(არადა, რა იცი, რომ ახლა სწორედ
შენზე ვცდილობ რამე დავწერო)...
მა, ახლა შენს ნაწყენ სუნთქვაში ჩავაწე
ცივი თითები... და დავწერე ბოლო სიტყვები:
მა, იცი, როგორ ვგავართ ისრებს ციფერბლატზე,
შენ – დიდი, მე - პატარა.
მიდიხარ, მოგყვები...
მიდიხარ, მოგყვები...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 108
Age : 31
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Jan 23, 2011 12:55 am

[img][/img]
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Mon Jan 31, 2011 7:06 pm

წიგნი ექვსიდან თორმეტ წლამდე ბავშვებისათვის



ნომერი: 18508
დასახელება: 5 ბავშვი 5 თბილისი
სტატუსი: გაყიდვაშია
გამომცემლობა: "ელფი"
ფასი: 9 GEL
ავტორი: გვანცა ჯობავა
ფორმატი: 13.5/20
გვერდების რაოდენობა: 44
ISBN 9789992861516

აღწერა: წიგნში მოთხრობილია 5 ბავშვის: ემიგრანტი ნიკუშას, ყარაჩოღელის სამოსიანი ლაზარეს, ჩოხოსანი გიორგის, ჭრელწინდებიანი მარიამის და უფლისწული დაჩის ზღაპრები.

წყარო – http://www.elva.ge/index.php?option=com_wsshoppingcart&view=product&Itemid=2&product=8508
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 108
Age : 31
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Tue Feb 01, 2011 8:44 pm

დიდი მადლობა, ბატონო მიხო Smile
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 108
Age : 31
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Jan 15, 2012 1:17 am

ჩვენ ვართ ქოხები

ჩვენ ვართ ქოხები,
ყოველ დილით ჭრიალით ვაღებთ
დაკოჭლებულ კარს და
ვიჯერებთ, რომ სიცოცხლეს
ჩვენ არ მოვცდებით.
არ დაგვრჩება არც ერთ ქვაზე,
არც ერთ გზაზე,
არც გზაგასაყარზე
სხვისთვის გამომდნარი
ცხელი ლოცვები.
და თუ მაინც დაგვრჩა,
მერე ვიტყვით, რომ
გვინდოდა გვეპოვნა,
და რომ ვერ ვიპოვეთ, ესეც მიზეზია,
ლოცვაც თავის ფეხით ვერ მოვა.
ჩვენ ვართ ქოხები და ესეც ქაოსია,
აბლაბუდებივით შემოქსოვილი,
და თუ ხელიც წაგვცდა, ჩამოგვექცევა
და მერე გვქვია
ხან ობოლი, ხანაც ლტოლვილი.
მერე ყრუ გუგუნი, მერე ნატირლები,
მერე ხმალაწვდილი ორატორები,
მერე ხან მლიქვნელნი, ხანაც მქუხარენი,
“მახვილს სცემენ”:
ჩემო სამშობლო!
ჩვენ კი ქოხები ვართ, კბილებჩაცვენილი,
მუდამ უენო და მიუსაფარი,
სამი სიტყვა გვახსოვს, ისიც გაზუთხული:
ღმერთო, არასოდეს დაგვტოვო!
ღმერთო, მოგვანიჭე ტექნოლოგია, რომ,
როცა დაგვძახებენ, მაშინ გავიხსნათ
მოდურ კორპუსების ლიფტის კარივით,
ვიყოთ ხან ვისთვის და ხან ვისთან.
ღმერთო გვცივა, გვცივა გაუსაძლისად,
ღმერთო გვშია, გვშია გაუსაძლისად,
ღმერთო, ლოცვა, ლოცვა სული წმინდისა,
ლოცვა მამისა და თან ძისაც,
გაგვახსენე...
ხიდზე შეძახილი, ვაშა, ფეხის ბაკუნი,
ხიდქვეშ მილასლასებს ენგური,
გზაზე ბერიკაცი მოსთქვამს: შეხეთ,
ჯიბემორღვეული დედა კენგურუ!
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 108
Age : 31
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Jan 15, 2012 1:17 am

თოვლდიდობა

თოვს...
მანქანის შუშის საწმენდები
სულ უფრო ჩქარა ტრიალებენ
იქით-აქეთ,
იქით-აქეთ,
ქუჩაში ნისლია
და გზები, როგორც დენის სადენები
სხვადასხვა მხარეს იკლაკნებიან.
არ ვიცი სად, რომელ ბარში ან იქნებ სახლშიც,
მაგრამ უკრავს მუსიკა,
ისევ ის...
“მოდილიანის” “ავე მარია”
და ჩემი ოთახის მეტრონომიც ითვლის
იქით-აქეთ,
იქით-აქეთ.
და მე მჯერა, რომ შენ...
შენ იყავი ჩემი დაბადება,
ჩემი გარდაცვალება,
ჩემი სიკვდილი.
მე მჯერა, რომ გათენება, რომელიც შენთან ვნახე
ბრჭყალებში ჩასმული ჩემი გათენება იყო,
დაღამება, რომელიც შენთან ვნახე,
ბრჭყალებში ჩასმული ჩემი დაღამება იყო,
სიყვარული, რომელიც შენთან ვნახე,
ზუსტად ჩემი სიყვარული იყო საზღვრების გარეშე,
და ღმერთი, რომელიც შენთან ვნახე,
ის ღმერთი იყო, რომელსაც ასე დიდხანს ვეძებდი.
თოვს...
უმიზეზოა ვიცი ახლა შენი გახსენება,
უმიზეზოა სიტყვები, რომლებიც უტევენ ჩემს გონებას,
როგორც ურიცხვი დამპყრობლის ლაშქარი,
როგორც დამეწყრილ მთებს მორიგი მეწყერი.
ხილვები, რომლებიც ჯერ ფიფქებად,
შემდეგ ფიფქების ფიგურებად,
მერე კი უფრო მკვეთრად, უფრო გარკვევით
ჩნდებიან, როგორც ნათელი
და მე მჯერა შენი ხელების,
მჯეროდა მაშინაც, როცა შენ გეგონა,
არც კი ვიცოდი, რომ სწორედ მათ შეეძლოთ
ჩემი წაკითხვა,
ჩემი განკითხვა,
და ჩემი სიყვარული.
თოვს...
და მე ვიცი, რომ თოვლი, რომელიც
ჩემი სახლის ფანჯრებს ადნება,
შენს ხელის გულებში გროვდება შემდეგ,
როგორც სინანული,
როგორც თვითმკვლელობა,
როგორც გადარჩენა.
წუხელ მთელი ღამე თოვლდიდობა იყო,
მე ამ დროს მშვიდად მეძინა,
შენ კი მოხვედი და სიკვდილს გადამარჩინე,
დღეს კი გგონია, რომ მე ეს აღარ მემახსოვრება...
არადა, როცა ასე მშვიდად მძინავს
თვითმკვლელ ღამეებში,
მჯერა მხოლოდ შენი ხელების
ჩვენი ხილვების,
და ჩვენი თოვლდიდობის,
რომელიც მარადიულია როგორც მარადისობა.
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 108
Age : 31
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Jan 15, 2012 1:19 am

მე და ჩემი მეზობელი

რაც შენ წახვედი,
სრულიად მარტო ვარ.
სულაც არ შემრცხვება,
თუკი დღეს ამას გაიგებ.
ზოგჯერ თუ ვწერ
და ზოგჯერ თუ ვცოცოხლობ,
და ახლა უფრო ხშირად ვფიქრობ
ჩემს მეზობელზე მეზობელ სახლში,
რადგან
მიწაზე ჰაერი უფრო ცოტაა, ვიდრე გვჭირდება,
არ გვყოფნის მე და ჩემს მეზობელს,
და ვტაცებთ ერთმანეთს ნაპოვნი ძვალივით,
ამიტომ არ გვიყვარს ერთმანეთი.
სითბო მიწაზე უფრო ცოტაა,
ვიდრე გვჭირდება,
არ გვყოფნის მე და ჩემს მეზობელს
და ამას ერთმანეთს ვაბრალებთ,
ამიტომ არ გვიყვარს ერთმანეთი.
ფული მიწაზე ცოტა კი არა,
თითქოს საერთოდ არცაა,
ვქექავთ ერთმანეთის ჯიბეებს
მე და ჩემი მეზობელი, მაგრამ ამაოდ,
ამიტომ არ გვიყვარს ერთმანეთი.
მეგობარი მიწაზე ჩამოტარებითაა,
და ვეჯიბრებით ერთმანეთს
მე და ჩემი მეზობელი,
ვინ უფრო დიდხანს შეინარჩუნებს,
და ვინ უფრო მეტს, ვეჯიბრებით და
ამიტომ არ გვიყვარს ერთმანეთი.
დიდების ტახტრევანს ამაოდ მივათრევთ
მწვერვალისკენ მე და ჩემი მეზობელი,
გვავიწყდება, რომ დიდებას თავად
აჰყავს ადამიანი ხელში ატატებული
და არა პირიქით,
ჩვენ კი ერთმანეთის ტახტრევნებს
მივჩერებივართ და სულ უფრო მეტად
არ გვიყვარს ერთმანეთი.
სისხამ დილით საკუთარი ხელით
ვაწყობთ ლამაზ თაიგულებს
საკუთარ კართან მე და ჩემი მეზობელი,
და ერთმანეთს ვაჯერებთ,
როგორ ვუყვარვართ ჩვენს შეყვარებულებს,
ყოველ საღამოს კი ამაოდ დავყურებთ
ჩამქრალ ტელეფონებს, რომლებიც
არასდროს რეკავენ, და არ გვიყვარს
ერთმანეთი,
რადგან ორივემ ვიცით, როგორ ვატყუებთ
საკუთარ თავებს და ერთმანეთს კი _ ვერა.
ყოველ საღამოს ვანთებთ სანთელს
მე და ჩემი მეზობელი, ვდგებით ხატებთან და
ლოცვას ვკითხულობთ, მაგრამ უფალმა იცის,
როგორ არ გვიყვარს ერთმანეთი
და არ სჯერა ჩვენი ლოცვის.
მაგრამ მაინც ბოლომდე გვისმენს
და მაინც ბოლომდე ვუყვარვართ,
რადგან იცის, ეს რომ არა,
დავდგებით მე და ჩემი მეზობელი,
ეს ორი უგუნური არსება, ხიდის მოაჯირთან,
ერთმანეთის ჯიბრით გადავხტებით
და ბოლო უგუნურ სიტყვასაც დავტოვებთ:
ღმერთო, რისთვის?!
რაც შენ წახვედი, სრულიად მარტო ვარ
და ღმერთმა კი იცის,
მას შემდეგ როგორ ვცდილობ, არ გავიხედო
ჩემი მეზობლისკენ,
რომ არ მოუნდეს მაჩვენოს,
როგორი ხალხმრავალია მისი სახლი.
და როცა უბრალოდ ვაქრობ სინათლეს,
და ვწვები,
მჯერა, რომ ისიც აქრობს სინათლეს
და წვება,
და მაშინ ორივე ვხვდებით, რომ
როდესაც ერთმანეთი ასე არ გვიყვარს,
არავინაა ჩვენზე უბედური დედამიწაზე....
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 108
Age : 31
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Jan 15, 2012 1:21 am

დაე, მჯეროდეს...

როცა შებინდება შავ ძაძებს იცვამს
და ნელ-ნელა ეშვება მიწაზე,
კორპუსები ვარსკვლავებივით
აფახულებენ ოთახის ნათურებს,
და ლამპიონები ქუჩებს ეარშიყებიან
გათენებამდე,
სხვანაირი დაღამება იცის სასაფლაოზე.
სხვანაირად ვზივარ შენს საფლავთან,
საუკუნეა ღამით არ მინახავხარ...
როცა ვზივარ და ვფიქრობ იმაზე,
რამდენი სათქმელი დამიგროვდა
და არ ვიცი რითი დავიწყო,
როცა ძალიან მინდა გისაყვედურო
ასე რომ მიატოვე ჩემი უგუნური
სიზმრები. ახლოსაც არ ეკარები,
არ მეხმარები,
რომ ჩემთვის ჩუმად შეგინარჩუნო.
როცა შენ ჯიუტად ჩუმად ხარ
(ისევე როგორც ყველაფერი სასაფლაოზე),
ჭრიჭინები მცემენ პასუხს შენს მაგივრად.
როცა ვდგები
და სანთელს გინთებ,
მაინც ჩუმად ხარ, მაგრამ ვხვდები,
რომ ყოველ ჯერზე
სული გიხდება უფრო ფაფუკი,
ვიცი, რომ გიყვარვარ ამისთვის...
და თუკი
მე მინდა მჯეროდეს ამისი,
დაე, მჯეროდეს...
როცა მე მწყურდება და ჩუმად გეუბნები,
დამისხი...
არ ვიცი,
როგორ მისხამ ასე შეუმჩნევლად
გაწვდილ პეშვებში უცნაურ სითხეს
(იმ წამს მეჩვენება, რომ წყალზე უფრო
გემრიელია),
და ჩუმადვე მპასუხობ: ახლა
გამიშვი...
და მაშინ მახსენდება, რომ შენ ვერ დაეშვები
დიდი ხნით მიწაზე,
შენ უნდა იფრინო...
და მერე მაგონდება,
როცა ჩვენ მხიარული ბავშვები ვიყავით,
ხშირად ვთამაშობდით დაჭერობანას
ხან შენს, ხან ჩემს სახლში
და ყოველი მარცხის შემდეგ
შეუპოვრად ვყვიროდით:
გამიშვი, გამიშვი,
ხელი გამიშვი...
და მაშინ, მახსოვს, დედამიწა ბევრად უფრო
ნელა ბრუნავდა...
ახლა კი,
როცა შებინდება შავ ძაძებს იცვამს
და ნელ-ნელა ეშვება მიწაზე,
სხვანაირად ვზივარ შენს საფლავთან
და ჩურჩულით ჩაგძახი:
ჩამკიდე, ჩამკიდე... ხელი ჩამკიდე...
კიდევ...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 108
Age : 31
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Jan 15, 2012 1:24 am

ივნისი - მემატიანე

ბოლო ხანია უცნაურად ამეკვიატე,
და ძველებურად მინდა მჯეროდეს
შენი...
წვიმს...
ივნისი დგას - ყველა წვიმის
მემატიანე,
ყველა გრძნობის, რომელმაც გამცა,
მერე რა, თუკი დამინახე როგორ დავეცი,
მაშინ მოვიდა სწორედ ლაზარე, თქვა:
მე ავდექი... შენც ადგები,
ადექი გვანცა!
ადექი გვანცა!
ადექი გვანცა!
და რომ მეგონა, ვერ ავდგებოდი,
მაშინ ავდექი,
და რომ მეგონა აღარ მიყვარდი,
მაშინ მიყვარდი ყველაზე
მძაფრად.
როცა მინდოდა აღარ მქონოდა რწმენა,
მაშინ ვიწამე,
რომ სიყვარული ბევრად მეტია,
ვიდრე უბრალოდ
განცდა,
ვიწამე ღმერთის, ვიწამე მიწის, ადამიანის,
სახლის ვიწამე, რომელიც ერთხელ
ავაშენე შენთვის და ჩემთვის...
მერე რა თუკი ვერ დაგვტია ორივე ერთად...
შენიც ვიწამე, სწორედ მაშინ, როცა
ლოდინი ყველა მეცხრე ცას
გასცდა...
მოვა დრო
წავალ ფეხშიშველი მცხუნვარე გზებით
და ყველა მორიგ ჭრილობაზე
შემახსენებს ბუნება კაცის:
იყო დრო,
როცა შემოსილი ვიყავი კარგად
(მე მიყვარს ყველა ტკივილი ჩემი).
შენ კი გეტყვიან, რომ მე ერთხელ,
სულ ერთხელ დამცდა:
ვცხოვრობდი, რადგან,
მიყვარდი, რადგან
იყო დრო
ჩემი თავისაც მწამდა...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 108
Age : 31
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Jan 15, 2012 1:26 am

რაც იყო და არც იყო

მერე იყო ის, რაც იყო,
ახლა არის ის, რაც არის,
ანუ დიდი ვერაფერი,
თავი ცუდად გაგაცანი.

მერე იყო გაზაფხული,
ზაფხული და შემოდგომა,
დეკემბერში ჩემს ბუხართან
შეშა მაინც შემოგქონდა.

მერე იყო იანვარი, მრგვალი
როგორც თოვლის გუნდა,
რა გზით არ მოვუარე და
შენთან მაბრუნებდა მუდამ.

მერე იყო თებერვალი,
ხეში წყალი, წყალი წმინდა,
სიყვარულზე – ჩუმი არა!
გულში – წრფელი მინდა, მინდა!

ახლა არის ის, რაც არის,
ხვალ იქნება უფრო თოვა,
უმნიშვნელო გაზაფხული,
ან უბრალო შემოდგომა.

მერე იყო ის, რაც იყო,
ახლა არის ის, რაც არის,
შენს სიყვარულს ვსწავლობდი და
შენ კი წასვლა დამასწარი.
Back to top Go down
View user profile
გვან.ცა ბახუტაშვილი

avatar

Female
Number of posts : 5
Age : 117
Location : თბილი–სი :))
Job/hobbies : ფოტოგრაფია, პოეზია....
Humor : .......
Registration date : 11.01.12

PostSubject: !!   Sun Jan 15, 2012 5:06 am

გვანციი, უყვარხარ ფლეტჩერს <3 I love you I love you I love you alien
Back to top Go down
View user profile http://www.facebook.com/profile.php?id=100000587441898
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 108
Age : 31
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Jan 15, 2012 4:35 pm

გვანცი, გვანცასაც უყვარხარ Smile :*
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 108
Age : 31
Registration date : 30.12.08

PostSubject: ცაში საკითხავი   Tue Nov 27, 2012 10:15 pm

მე ყოველ ჯერზე, როცა შენკენ
მძიმედ მოვდივარ,
ვიცი, რომ ალბათ კიდევ ერთხელ
ვერ მოვახერხებ
გავარჩიო გზები, ხიდები,
ლამპიონები,
რომ ძვლებურად აღარ მინდოდეს
მოსვლა ტყე-ტყე
ტყეში გაჭრილი ავაზაკივით.
და როცა ვერ ვძლებ,
როცა გეძებ ისე უბრალოდ,
უსიტყვოდ და უიარაღოდ,
როგორც მხოლოდ
ცაში გაშვებულ ფრანებს სჩვევიათ,
მე ვამბობ, რომ ცხოვრებამ
იქ დამამარცხა,
სადაც კი ვეღარ მოვტყუვდი,
რომ ცა არსებობს მეცხრეც
და ჩვენ ოდესღაც იქ გვიცხოვრია.
მე ვამბობ, რომ ცხოვრებამ
იქ დამამარცხა,
სადაც პირველად ვიგრძენი,
რომ ჭრილობა ისე დაცხრა,
ძლიერ ქარში თუ შევნიშნავდი
მსუბუქ ტკივილებს.
მე ვამბობ, რომ ცხოვრებამ
იქ დამამარცხა,
სიყვარულზე რომ საუბარი ისე გაჭირდა,
სიტყვაც ვერაფრით დაგვცდა,
მე კი გაგშორდი...
და მივხვდი, რომ ცხოვრება ისე გავიდა,
მხოლოდ ჩვენივე ნებით ვეწამეთ
და თუკი სადმე ერთი სუნთქვა მაინც დაგვაკლდა,
თავად აღმოვჩნდით ჩვენი თავის დიდი მევალე.
და დღემდე, როცა შენკენ ისევ
მძიმედ მოვდივარ,
როგორ მინდება მჯეროდეს, რომ
ცა არსებობს მეცხრეც,
ვეძებდე და მწამდეს მისი თუნდაც შორიდან.
ჰოდა, მოდი და
სანამ ცხოვრებამ კიდევ ერთი
წამი გვაჩუქა,
ჩვენც ერთ ხმაში გავიმეოროთ:
ცა არსებობს მეცხრე!
ცა არსებობს მეცხრე!
ცა არსებობს მეცხრე!
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 108
Age : 31
Registration date : 30.12.08

PostSubject: მგზავრი   Tue Nov 27, 2012 10:16 pm

ბოლო ხანია უჩვეულო ამინდებია,
უჩვეულო ყინვაა, თოვს.
უჩვეულოა ამ ქალაქისთვის,
სადაც სურვილზე რა ვთქვა,
და მიჩვევით კი მივეჩვიე
მარტო ცხოვრებას.
და, რომ
აღარავის არც ვაღმერთებ,
არც ხოტბას ვასხამ გადარეული
ან უფრო მეტად ბავშვური გზნებით,
რომ აღარ მინდა ბრმასავით ვანდო
ყველაზე წრფელი ან ნათელი,
მართალი სხივი
ჩემს თვალებში ქარს,
რომელიც მოდის და მიდის,
სულაც არ ნიშნავს,
რომ ძველებურად
არ დავდივარ გარდი-გარდმო,
აღელვებული და მერყევი მოძრაობებით,
რომ ძველებურად არ ამბობენ:
არ არის სანდო!
არ არის სანდო!
არ არის სანდო!
ყურთან ჩამყვირის ყოველი სიტყვა,
რომელიც თქვეს და ვერ გამოთქვეს
მორიდებისგან,
ან უბრალოდ თქვეს და წავიდნენ
.ვიცოდი, რომ წელს ასე უხვად
ტყუილად არ თოვს.
თოვლი შენია,
შენ მაჩუქე
და შენვე გითმობ
და ვამბობ, გმადლობ,
ცაო ჩემო, ცის კაბადონო,
რომ შენ ბოლომდე გჯერა იმ თოვლის,
რომლითაც თოვ,
რომ შენ ბოლომდე გჯერა იმ წვიმის,
რომლითაც წვიმ,
რომ შენ ბოლოდე გჯერა იმ ქარის,
რომლითაც ქრი,
გუდასავით რომ აჰკიდებ ხოლმე
ჩემს ვერ შეცნობილ,
გამოტოვებულ,
და დაკარგულ
ჭეშმარიტებებს,
ჩემს დაკარგულ შესაძლებლობებს
ვიყო მეტი, ვიდრე მარტივად არარაობა,
მარტივი მიწა
და მარტივი სული,
მეტი, ვიდრე პირდაფჩენილი დედამიწის
სამარის კარი.
ან კი სად არის,
ჰო, სად არის, სად არის
მგზავრი
წინგამოწვდილი, წყლით სავსე მუჭით
და თუკი ვცოდავ და ეს მე ვარ,
ჰო, მე ვარ მუნჯი
და უბრალოდ ვერ გავაგონე,
მაშინ თავს დავდებ,
ახია ჩემზე!
და თუკი ბრმა ვარ,
და როგორღა დავინახავდი?!
მაშინ თავს დავდებ,
ახია ჩემზე!
და თუკი ყრუ ვარ,
ის მეძახდა და მე
სხვაგან ვიხედებოდი,
მაშინ თავს დავდებ,
ახია ჩემზე!
და თუ არც ბრმა ვარ, არც მუნჯი
და არც ყრუ არა ვარ,
მაშინ რა დამრჩა მეტი სადაო,
მითუმეტეს ახია ჩემზე,
რომ მოსული უკან გავუშვი!
თოვს! და ვიცოდი, რომ ამ ზამთარს
ასე უხვად ტყუილად არ თოვს...
მგზავრმა კი რა ქნას,
მგზავრია და მგზავრად დარჩება.
შორს მიაბიჯებს აღელვებული
და მერყევი მოძრაობებით,
ხან გარდი-გარდმო,
მარტივად მიწა,
მარტივად სული,
მარტივად მგზავრი
ვერგამოთქმული,
ვერდანახული,
ვერგაგონილი
ცხოვრების გავლით.

Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 108
Age : 31
Registration date : 30.12.08

PostSubject: ომის ქრონიკა   Tue Nov 27, 2012 10:17 pm

როგორ მეგონა მარტო ვომობდი,
როგორ მჯეროდა,
არადა, შეხე,
როგორ მომრავლდნენ
ფერად-ფერადი გენიოსები,
ფილოსოფოსნი,
ბრძენნი მომრავლდნენ,
დამიპროექტეს ყველა სანგარი,
ყველამ მოირგო ჩემი ჩაფხუტი
და დატრიალდნენ სარკეების წინ
ისე კეკლუცად,
თითქოს ქორწილის წინ იხდენდნენ
პატარძლის ფატას.
სადღაც მართალიც იყო ალბათ
მათი მცდელობა
ან მართალს გავდა.
რადგან მათ მართლა დაინახეს როგორ დავეცი,
თუმც ადგომაში არასოდეს დამხმარებიან.
რადგან მათ მართლა დაინახეს, როგორ გავეცი,
და მამხილეს პირველივე შემხვედრთან თურმე.
რადგან მათ მართლა დამინახეს, როგორ ვიპარე,
და იმ ღამესვე გადამიწვეს მთელი სახლკარი.
რადგან მათ მართლა დამინახეს, როგორ მოვკალი,
და სხვა მოკლულთა სიმძიმეც მე შემაბეს ზურგზე.

მე კი მეგონა მარტო ვომობდი,
მჯეროდა კიდეც.
არადა, შეხე,
როგორ მომრავლდნენ
ფერად-ფერადი გენიოსები,
ფილოსოფოსნი, თუმც იქვე,
სხვის ომში ბრძენნი
თავთავიანთი ომების
დეზერტირებად იქცნენ.
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 108
Age : 31
Registration date : 30.12.08

PostSubject: ზღვის ღმერთები   Tue Nov 27, 2012 10:17 pm

როცა ჩვენ ვსხედვართ ერთმანეთთან
ერთმანეთისთვის,
ვისთვისაა მარტოობა უარესი, ვერ გაგვიგია.
მე არც არასდროს არ გიყურებ ისე პირდაპირ,
რომ დაინახო ყველა ნაპირი,
და ღია გქონდეს ქუთუთოები ყველა ტალღისთვის,
რომელიც ჩუმად დამისხლტა და გამომექცა
იმ ანძებისკენ,
იალქნებისკენ,
იმ ნავებისკენ,
ასე მდუმარედ რომ ტივტივებენ
შენს მოქუფრულ ხელისგულებზე
(უამინდობას მოელიან მეთევზეებიც
და კეცავენ გაშლილ ბადეს შუაგულ ზღვაში).
მე არ მაქვს შენზე დიდი სიყვარულის უფლება, არა,
უფრო მეტი ზღვის ღმერთებმა
სულ თავისთვის შემოინახეს,
ზუსტად ისეთი, ჩვენ რომ ვინატრეთ,
და რომც გახდეს ოკეანე უფრო მშვიდი ვიდრე ოდესმე,
მაინც ვერ შევძლებ გადმოვცურო ყველა სისხლძარღვი
ჩემი გულიდან ყველა უჯრედს რომ ეხეთქება
ჩემი სხეულის.
ხვეული არისო შენი თმა და რაღაცნაირი, -
სულ მუდამ ასე მიყურებენ შენი თვალები,
და დღემდე ისე ძლიერ მჯერა ამ გამოხედვის,
თითქოს კარს უკან ატუზული გითვალთვალებდე.
და როცა ვცხოვრობთ სხვა ქვეყნებში, ქალაქებში,
უვარსკვლავო სასტუმროებში,
ოკეანეს და ოკეანეს შორის ვტორტმანობთ თითქოს,
კილომეტრებში გვეკარგები ერთმანეთის
ავანჩავანი,
არავინ არის ისე ახლოს, ისე სრულებით,
როგორც სულ ერთი ჩაფიქრება შენს იალქნებზე
კომპასივით რომ გზას მიკვლევენ სინათლისაკენ.
და როცა მერე ვსხედვართ ისევ ერთმანეთისთვის,
ერთმანეთთან თავჩაქინდრული
და თვალებში ყველაზე დიდი მოქცევისას
ვმალავთ სისველეს,
დილის ცვარივით რომ გვეპარება გათენებისას,
აღარ დაგიდევთ ზღვის ღმერთების მოპარულ ნადავლს,
და ვამბობთ,
არ გვაქვს ერთმანეთზე მეტი სიყვარულის უფლება, არა!
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Mar 03, 2013 1:07 pm

გვანცა ჯობავა

ერთჯერადი ადამიანები


ჩვენ ვართ ერთჯერადი ადამიანები,
მრავალჯერადი ცოლებით,
ქმრებით, საყვარლებით,
შეყვარებულებით,
სახლებით, მონებით,
მრავალჯერადი გრძნობებით,
მრავალჯერადი რწმენით და ურწმუნოებით.
ვცხოვრობთ ლატარიაში მოგების
იმედით
და ვკვდებით უიმედობით,
დეპრესიით,
სიყვარულით იმ ერთის,
რომელსაც ხვალ უპატრონოდ
ვტოვებთ ქუჩაში,
და სწორედ მაშინ გვწამს
ყველაზე მეტად ღმერთის,
რადგან დაგვჩაგრეს
და მოყვასს ჩვენსას ჩვენზე უკეთესი
"ის ერთი" არგუნა ბედმა.
და როცა მისკენ თვალი გაგვექცა,
განგვიკითხეს.
და ჩვენ კი ვერ ვთქვით,
რომ ნათქვამზე ასჯერ მეტი
უთქმელი გვეთქმის.
გესმის, ღმერთო,
როგორი გახდა ჩვენი ვენახი,
ჩვენი გული ყველა სისხლძარღვით,
ყველა ნერვით?!
როგორ ამაყად გეძახით,
რომ დაინახო,
ეს სამყარო სხვაგან წავიდა,
სხვა გზით წავიდა,
სულ სხვა სადგურზე ჩამოდგა და
სხვა ბაქანზე დავდგით ფეხი.
აქ მე არ მყავს შეყვარებული,
ამ ბაქანზე სიყვარული სასაცილოა,
აქ მხოლოდ ვდგავართ ქაოსურად,
ყუმბარები კი გვესვრის და გვესვრის,
აქ არსადაა მწკრივში ჩაყრილი ვენახები,
აქ სირცხვილის დერეფნები იციან მხოლოდ.
და თუ ვიგონებთ, რომ ჩართული დავტოვეთ უთო,
მხოლოდ მაშინღა ზერელედ და დარცხვენით ვგლოვობთ.
რადგან ვშიშობთ არ გადაგვეწვას ის ნასახლარი,
სადაც ვიცით, რომ არასოდეს ფეხს აღარ დავდგამმთ.
რა ვქნათ?!
ჩვენ ვართ ერთჯერადი ადამიანები
და გვინდა, რომ ერთჯერადად ვიცხოვროთ "კარგად",
ოღონდ სიყვარულის არაფერი გაგვეგებოდეს,
და, დაე, ყუმბარებმა ერთ დღეს გაგვწყვიტოს.
ჩვენ ვართ ერთჯერადი ადამიანები,
მრავალჯერადი ცოლებით,
ქმრებით, საყვარლებით,
შეყვარებულებით,
სახლებით, მონებით,
მრავალჯერადი გრძნობებით,
მრავალჯერადი რწმენით და ურწმუნოებით.
მრავალჯერადად გაზუთხული და
დავიწყებული მცნებებით:
"არა გული გითქმოდეს ცოლისათვის
მოყვასისა შენისა,
არა გული გითქმოდეს სახლისათვის
მოყვასისა შენისა".

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4288
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Thu Oct 05, 2017 11:17 pm



მიხო მოსულიშვილი

წვეთით რომ ოკეანე შეფასდება ხოლმე
(ჯონ სტაინბეკის ვრცელი მოთხრობა, თუნდაც მიკრო-რომანი „თაგვებსა და ადამიანებზე“ ოცდათერთმეტი წლის წინ და შემდეგ)

ჯონ სტაინბეკის ვრცელი მოთხრობა „ამბავი თაგვთა და კაცთა“ მწერლათა კავშირის მსოფლიო ლიტერატურის ორთვიური ალმანახის „საუნჯის“ 1984 წლის # 2 (59), მარტი-მაისის ნომრიდან გვახსოვს ლიტერატურის სტაჟიან მოყვარულებს, იმ ნომერს ამედეო მოდილიანის „ამორძალი“ ეხატა გარეკანზე. თავად მოთხრობა კი მესამედან სამოცდამეცამეტე გვერდებზე იყო დაბეჭდილი და ინგლისურიდან ქართულად თარგმნილი გახლდათ ვეკა გეგეჭკორის მიერ.
გვანცა ჯობავამ ეს ნაწარმოები თარგმნა სათაურით „თაგვებსა და ადამიანებზე“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2015
მოდით, ვნახოთ, ვინ როგორ თარგმნის ამ ერთ აბზაცს ორიგინალიდან:
George stared morosely at the water. The rims of his eyes were red with sun glare. He said angrily, "We could just as well of rode clear to the ranch if that bastard bus driver knew what he was talkin' about. 'Jes' a little stretch down the highway,' he says. 'Jes' a little stretch.' God damn near four miles, that's what it was! Didn't wanta stop at the ranch gate, that's what. Too God damn lazy to pull up. Wonder he isn't too damn good to stop in Soledad at all.
Kicks us out and says 'Jes' a little stretch down the road.' I bet it was more than four miles. Damn hot day." - Of Mice and Men (a novella) by John Steinbeck, 1937
ბმული -- http://www.nhc.ac.uk/media/2840/steinbeck-john-of-mice-and-men.pdf

ვეკა გეგეჭკორი:
„ჯორჯი კუშტად ჩააშტერდა მდინარეს. მცხუნვარე მზისგან თვალები დაწითლებოდა.
- თავისუფლად შეგვეძლო, რანჩომდეც მივსულიყავით. - თქვა ბრაზმორეულმა. - ავტობუსის შოფერს, იმ ნაბიჭვარს, რომ არ გავებითურებინეთ. აგერ გზას გადახვალთ და აქვე არისო, ასე გვითხრა, გესმის, კაცო, აქვე არისო. ეშმაკმაც დალახვროს, კაი ოთხი მილი კი გამოვიარეთ! მოეპრიანა და არ მიგვიყვანა რანჩომდე, ეგ იყო და ეგ! გაჩერება დაეზარა და მორჩა, ეშმაკსაც წაუღია! სოლედადში მაინც რომ გაგვიჩერა, არ გიკვირს? იქაც ეზარებოდა, ჩამოგვყარა ავტობუსიდან და გვითხრა, გზას გადახვალთ და იქვეაო. ნიძლავსა ვარ, ოთხ მილზე მეტი გამოვიარეთ. არადა, რა ჯოჯოხეთურად ცხელა დღეს!“
ბმული -- http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/5141/1/saunje_1984_N02.pdf, გვერდი 5.

თუკი ინგლისური ვიცით და ქართულად ნათრგმანებში რაღაცამ დაგვაეჭვა, უნდა გავიგოთ, იგივე ეპიზოდი რუსულად როგორ არის თარგმნილი - Переводчик Виктор Александрович Хинкис:
«Джордж, насупившись, глядел на реку. От яркого солнца у него покраснели глаза. Он сказал сердито:
— Могли бы доехать до самого ранчо, если б этот сукин сын, шофер автобуса, не сбил нас с толку. Это, говорит, в двух шагах по шоссе, всего в двух шагах. Куда там к черту, ведь получилось добрых четыре мили, не меньше! Просто ему неохота было останавливаться у ранчо, вот и все. Лень ему, видите ли, притормозить. Небось ему и в Соледаде остановиться неохота. Высадил нас и говорит: «Тут в двух шагах по шоссе». Наверняка мы прошли даже больше четырех миль. Да еще по такой адской жарище!» - Джон Стейнбек - «О мышах и людях», 1989
ბმული -- http://knigger.org/steinbeck/of-mice-and-men/

შევადაროთ ზემოთ მოცემული ქართული და რუსული თარგმნები ერთმანეთს და მივხვდებით, საიდან გაჩნდა ვეკა გეგეჭკორისეულ ქართულ თარგმანში „ავტობუსის შოფერს“ და ასევე „ეშმაკმა დაწყევლოს“ - ორიგინალის „ღმერთმა დასწყევლოს“ მაგივრად. მოკლედ, მთელი ამ აბზაცის კონსტრუქცია რომ რუსულიდან არის გადმოღებული, ყველასთვის ცხადია, ვინც კი თარგმანის საკითხებში ერკვევა.
ასევეა მთელი მოთხრობის თარგმანიც: ეტყობა, რომ რუსულიდან ითარგმნებოდა, თანაც არცთუ ხეირიანად.
იმ წლებში ასე იყო, გასული საუკუნის ოთხმოციანებში, დაღვინებული და ცოტა უკვე დაძმარებული კომუნისტური რეჟიმისას - გადმოთარგმნიდნენ რუსულიდან და ინგლისურადანააო, ამაყად მიაწერდნენ...

ახლა კი გვანცა ჯობავას თარგმნილ იგივე აბზაცს დავაკვირდეთ:
„ჯორჯი გულმოსული მისჩერებოდა მდინარეს. მცხუნვარე მზეზე თვალის უპეები სულ მთლად დასწითლებოდა. გაბრაზებით წამოიძახა:
- იმ ნაძირალა ავტობუსის მძღოლს ყველაფერი რომ არ აერია, პირდაპირ რანჩოსთან მივიდოდით. თქვა, ორ ნაბიჯშია გზატკეცილთან, სულ რაღაც ორ ნაბიჯშიო. ღმერთმა დასწყევლოს, მაგისი ორი ნაბიჯი კაი ოთხი მილი გამოვიდა. უბრალოდ, არ უნდოდა რანჩოს კართან გაჩერება, ეგ იყო მიზეზი. წარმოგიდგენიათ, ავტობუსის გაჩერებაც კი ეზარება. ალბათ, ერჩივნა სოლედადში საერთოდ არ გაჩერებულიყო. ჩამოგვყარა ავტობუსიდან და გვეუბნება, გზატკეცილიდან ორ ნაბიჯშიაო. ალბათ, ოთხ მილზე მეტი გავიარეთ უკვე. თან ამ ჯოჯოხეთურ სიცხეში“. - ჯონ სტაინბეკი „თაგვებსა და ადამიანებზე“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2015, გვერდები 6-7.

ვინც ინგლისურიც იცის და ქართულსაც გრძნობს, ის ამ ერთი აბზაცითაც მიხვდება, რომ ეს ბოლო თარგმანი ორიგინალიდან არის შესრულებული, შუალედური ენის გარეშე და ქართულად მშვენივრად ჟღერს.
წვეთით რომ ოკეანე ფასდება ხოლმე, აქაც ეს ამბავია, ანუ მთელი წიგნი ამ კაი ქართულით აქვს ნათარგმნი გვანცა ჯობავას.
ასე რომ, ალბათ, უკვე ხვდებით, მე რომელი თარგმანის წაკითხვას გირჩევდით...

2017

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   

Back to top Go down
 
გვანცა ჯობავა
View previous topic View next topic Back to top 
Page 4 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: