არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გვანცა ჯობავა

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Sep 13, 2009 10:36 pm

(ვუძღვნი ჩემს მეგობრებს: ნინო ნადირაძეს, გიორგი არაბულს, ნინო ნეკერიშვილს, ნუკრი ბერეთელს, თეა თაბაგარს , რომლებმაც გამილამაზეს 3 უმძიმესი და ულამაზესი დღე ტაო-კლარჯეთში...)

საქართველოდან საქართველოში

ჩამოიქცევაო, - მოლამ, - ქართულ გალობაზე
იშხნის კედლები, უნდა გაჩუმდეთო...
და ოშკთან მოლურად აყივლდა,
მიწას გაერთხა და...
კედლები არა, და ძრწოლვით ჩამომექცა
მკლავები, ცრემლი ლოცვა-ლოცვა
დამცვივდა.

იშხნის გუმბათს ვერ ახედავ მშვიდად, მარტივად,
უფლის ზეცისფერი თვალის ფერი აქვს,
გრძნობ, რომ შესციცინებ უფალს თვალებში,
და დღე ემსგავსება ბერულ კელიას.

ოშკის გუმბათს ვერ ასწვდები ასე მარტივად,
კაცის თვალის ჩინი მას ვერ შესწვდება,
უნდა უფალს სთხოვო, რომ დაიჯერო,
მზესთან მიგიშვა და სული გეწვება.

ხახულში ჩაგვირაზა მოლამ კარები,
პარხალშიც ვერ შეაღწევ ასე მარტივად,
შევდივარ ფეხშიშველი (მუსლიმანივით),
და თავს ვაჯერებ, რომ შლეგი მარტი ვარ,

სხვას რას მივაწერო, ტაძარ-მეჩეთში
გვერდიგვერდ ვლოცულობთ მე და მუსლიმი,
ის ალაჰს ადიდებს ხელებაპყრობილი,
მე - ქრისტეს, და ამ სასჯელს სიმწრისგან ვუცინი.

დოლისყანაში თურქი ბავშვები ასპარეზობას მართავენ,
მათთვის არაფრისმთქმელ საკურთხეველში
ველოსიპედებით დაქრიან,
მე კი, კედლებს ვკოცნი, თან ერთს ვუთვალთვალებ,
იქნებ ქართველია, ნეტა, რა ჰქვია?!...

ოთხთა, მომეჩვენა, უფრო მშვიდი იყო,
როგორც ოცნებების ძვალშესალაგი,
გინდა იგალობებ, გინდა ლოცვას იტყვი,
აქ არც მოლა გიშლის და ვერც ალაჰი.

შემდეგ დაბრუნება... საქართველოდან საქართველოში
ჩავდივარ,
მომაქვს ღამე მთების სიგრილით და დილა -
ტაოს სუსხით, ნიავით...
მომაქვს ქვები - სანთლის ნაღვენთივით,
ტაძარს ჩამომწყდარი ცრემლები,
მომაქვს ჩემი ბაგე - მიწანაკოცნია!
მომაქვს სევდა და თავს ვევლები.

თურმე რა ძნელია, როცა არ გინახავს,
უფრო ძნელი - როცა გინახავს,
კლარჯეთს შევატოვე ჩემი თვალები და
ტაძრის ნაპრალებში ინახავს.
როცა დავბრუნდები სულ სხვა დაბრუნებით,
ავაციმციმებ მადლიან ღამეში,
მერე ფეხს მოვირთხამ იშხნის გუმბათის ქვეშ,
კრძალვით ჩავეკვრები უფალს თვალებში.

ამ წამს მინდა უცებ ყველა დავივიწყო,
ვიგრძნო მარტო დავრჩით მე და ღმერთი,

შეშლილს დავემსგავსო, ისე დავიყვირო:

ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი,
ტაო, ტაო, ტაო-კლარჯეთიიიიიიი!...........
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Fri Sep 25, 2009 11:32 am

საქართველოდან საქართველოში
ჩავდივარ...



მიყვარხარ, კოლხეთის ასულო flower
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Wed Dec 02, 2009 4:35 pm

ლაზარე

ჩემი შვილი ხარ,
სახელად ლაზარე.
გაჩნდი სწორედ მაშინ,
როდესაც ცამ და მიწამ ერთ დღეს გაცვალეს როლები,
ამოყირავდა დედამიწა,
და შენც უხმოდ, უცრემლოდ, გამოგორდი ზეცაზე,
სითბო ჩამეღვარა ფეხებშუა,
ჰოდა, შეუცნობლად ავიღე ეს სითბო
და ღრუბელქვეშაგებში გამოვახვიე,
მუხლებზე დავიწვინე და დავაშტერდი.
მაშინ აღმომხდა პირველად,
ჩემი შვილი - ლაზარე...
მერე ტირილიც ისწავლე,
ამ დროს ერთ-ერთ ვარსკვლავში გაწვენდი ხოლმე,
ნიავი კი, ტალღებად ეხლებოდა მას და გარწევდა,
ჩაგჩურჩულებდა, იძინეოო...
გაღვიძება ღრუბელივით ფაფუკი იცოდი,
ახელდი თვალს და ანგელოზების მთელი გუნდი
შენს წამწამებზე ასვენებდა ფახულა ფრთებს.
ძუძუც ღრუბელივით ფუმფულა გიყვარდა,
რძით გაჯერებული,
ტუჩებგამობურცული მიაწყდებოდი ხოლმე,
ანგელოზებიც ახლა იქ ჩამოგისხდებოდნენ
და შემოგყურებდნენ, არ გადასცდესო.
შენ კი ჭამდი და თან ბუთქუნა თითებით
მკერდს წაეტანებოდი ხოლმე,
მეგონა მეფერებოდი, შენ კი, თურმე იქ ჩამომსხდარ
ანგელოზებს ეთამაშებოდი.
ღამით ჩემთან გეძინა, მთვარეზე გავშლიდი ხოლმე
მიწიდან ზეცაში გადმორგულ გვირილებს,
შიგ ჩაგაწვენდი და გვერდით მოგიწვებოდი,
მთვარე რწევას იწყებდა...
ერთ-ერთ ასეთ ღამეს მივხვდი, რომ მე შენ გავხდი...

ყოველ დილით მზესთან მიმყავდი,
სათუთ თავზე გეფერებოდა ხოლმე სხივებით და ამბობდა,
ოქროსფერი კულულები უნდა დავანათლოო ლაზარეს.
მზე ნათლიაა ლაზარესი,
ღმერთზე უყვებოდა ლაზარეს, მე მინახავსო ღმერთი.
ყოველ დილით ნაკურთხ სითბოს მატანსო შენთან,
და ასე ამბობს, დაალევინეო ლაზარეს,
ასე უფრო მალე აიდგამსო ჩემთან მოსასვლელ ფეხს.
კურთხეული იქნებაო ლაზარე, დალოცვილი.

მერე მზე სხვა ნათლულებთან მიდიოდა,
მე კი გულში ჩაკრული მომყავდი
და ყურში ჩაგჩურჩულებდი,
მეც წამიყვანე ღმერთთან, ლაზარე.
ღმერთს შევავედრებდი ხოლმე შენს თავს
და ზევით ავიხედავდი, მერეღა მახსენდებოდა,
რომ ახლა ზევით მიწა იყო,
ბოლოს შევეჩვიე და თავდახრილმა ვისწავლე სიარული.
ერთ დღეს კი, შენ რომ მიგაძინე,
ისევ გამიტაცა მიწისკენ ცქერამ და ოცნებამ.
იმ დღესვე ამობრუნდა დედამიწა.
ისევ მიწაზე აღმოვჩნდი, ლაზარე კი - ცაში,
ლაზარე სიმსუბუქემ მიიზიდა ზეცისკენ,
მე სიმძიმემ დამაბრუნა მიწაზე.

ძალიან მენატრება ლაზარე,
ახლა სულ ზეცისკენ ვიყურები,
უფალს ვეძებ და ლაზარეს...

ლაზარე ცაშია...
მზე ლაზარეს ნათლიაა...
მზე უფლის ნაკურთხ სითბოს ასმევს ყოველდღე
დედის რძის ნაცვლად,
სანამ ისევ ჩემს მუცელში გადმოსახლდებოდეს ლაზარე,
და ისევ ჩამიღვრიდეს სითბოს ფეხებშუა...

მხოლოდ ერთხელ მესიზმრა ლაზარე,
ბალახებში გაგორებულიყო, მზისგულზე,
ოქროსფერი კულულები ჰქონდა.
ლოყებზე შემომაწყო ფაფუკი თათოები
და ასე მითხრა, უჩემობა უნდა დაგავიწყოო...
მალე დავბრუნდებიო, ლაზარემ,
შენი დედამიწა უნდა ამოვატრიალოო...

Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Wed Dec 02, 2009 7:04 pm

აქაც გავიმეორებ, რომ ძალიან მომეწონა ეს ლექსი...
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Thu Dec 03, 2009 11:02 am

მეც გავიმეორებ.. sunny
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Thu Dec 03, 2009 1:57 pm

შემოგევლეთ.. flower sunny flower
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Thu Jan 21, 2010 7:42 pm

ნათლიის ლოცვა

ღმერთო, შეიყვარე ჩემი ნათლული,
და დამიფარე მე, როგორც ნათლია.
მომმადლე ძალა, რომ შევიძინო სიბრძნე,
რომელიც მაკლია,
მომმადლე სიბრძნე, რომ განვიძარცვო ცოდვა,
რომელიც მაცვია,
მომანიჭე სიმტკიცე, რომ მივიღო სასჯელი,
რომელიც მკაცრია.

მაჩუქე რწმენა, რომ ანგელოზები
საცერში გაცრიან
ჩემს გონებას,
რათა ვილოცო ჩემი ნათლულისთვის,
რომ კოკას ჩემს ხელებზე დაცლიან,
რათა სუფთა ხელებით ჩამოვკიდო
ჩემს ნათლულს ჯვარი,
რომ რწმენას ჩემს სულში ჩაღვრიან,
რათა ვაზიარო ჩემი ნათლული,
საკურნებლად სულისა და ხორცისა.

ღმერთო, დაიფარე ჩემი ნათლული,
რადგან დღეიდან ვარ და მქვია
მისი ნათლია,
და მეშინია ყოველი ცოდვის,
რომელიც შეიძლება ელის
მის სულს და სხეულს,
ჩემს სულს და სხეულს.
ღმერთო, დალოცე ჩემი ნათლული,
რომლის ყოველი შეცოდება ახი იქნება
ჩემზე - ნათლიაზე,
თუ ვერ ვილოცებ ჩემი ნათლულისთვის,
და მას ჩემს გარეშე აცრიან
ანგელოზები სულის ცხონებისკენ გზაზე,
თუმცა კი, მაინც აცლიან
გაიზარდოს და მისცემენ შანს,
თავად გადაარჩინოს ნათლია.

ღმერთო, დაიფარე ჩემი ნათლია,
რომელმაც მიტვირთა და მე კი,
დღეს იმდენი ცოდვა მაცვია,
ძლივსღა მიმათრევს...

ღმერთო, დალოცე ჩემი ნათლია,
რათა არ მოეკითხოს ჩემს გამო.
ღმერთო, დალოცე ჩემი ნათლული,
რათა სიბრძნე არ მოაკლდეს ჩემს გამო.
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Thu Jan 21, 2010 7:43 pm

ყველა-ფერზე

ჩემი ამინდია - წვიმიანი,
ზამთარს ფანჯრებიდან გადავყურებ,
ლოყა გავიგრილე ცივ მინაზე...
ალბათ ხვალ ბეღურებს დავაპურებ.

ჩუმი ამინდია - წვიმიანი,
ვიღაც ქალმაც უხმოდ ჩაირბინა,
მანქანის შუქები უკან დაედევნენ,
მერე ქუჩა ისევ გაირინდა.

ფიქრის ამინდია - წვიმიანი,
ფიქრის შენზე? არა, ფიქრის არაფერზე,
უხმოდ საუბრების ამინდია,
მკითხავ: ჩვენზე? გეტყვი: არა, ღმერთზე.

ნინო ქათამაძის ამინდია,
წვიმის მუსიკაზე გათხოვების,
ტერენტი გრანელის ამინდია,
ფრენის და მიწასთან განშორების.

ჩემში ფერებია ცვალებადი,
თითქოს შიგადაშიგ ფერებს ვერც ვარჩევდე,
ამბობ, ამინდია ფერში რომანტიკულ,
კარგი, ვისაუბროთ, მოდი, ყველა-ფერზე.
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Thu Jan 21, 2010 7:43 pm

მოვა იოანე... და მოვა იესო...

მაშ რა აზრი აქვს
"აწმყოს, რომელიც ერთ წამში
უკვე წარსულად გადაიქცევა"...
სჯობს ხელებს ჩავყოფ წყალში,
იქ შევინახავ,
სანამ წყალიც არ დაბინძურდება,
სანამ ჯერ კიდევ მერქმევა ბავშვი,
სანამ სხეული არ აღმზრდის პილატედ -
სიწმინდის ბოლო აგურს არ დავშლი,
და ქვიშად გავშლი მიწაზე უმწეოს,
მზიან მიწაზე - უმზეო ქვიშად,
იქ გავმეფდები მორიგი პილატე,
ნაჭუჭებს თავის დაღწევის ნიშნად.
იქ შევინახავ,
სანამ თავს არ დავაჯერებდე, რომ გავმეფდი,
სანამ ვიწამებდე, რომ თოჯინებად იქცნენ ადამიანები,
სანამ უფსკრულის თავზე თოკს გავაბამდე,
რომელზეც ალბათ ხან ვირბენ, ხან გადავყირავდები.
მექნება ემოცია შიშისმაგვარი,
ემოცია - სინანული, შიშის ნადავლი,
მექნება მწუხარება ცრემლთან ნაზავი,
თავის მოძულება - შედეგი გადაღლის.
გავხდები მათხოვარი
ლუკმის, ხურდის, ძონძების, სითბოს,
სიყვარულის,მეგობრობის, შთაგონების...
და მაინც შემრცხვება... დავმალავ ვითომ.
სანამ არ მოვა კუშტი მენაგვე
და მამხელს ქუჩის ნაგავთან ერთად,
მისი ცოცხის ქვეშ ცრემლებად დაღვრილს,
მე ალბათ იმ წამს მას ჩავთვლი ღმერთად.
მე ალბათ იმ წამს ვიქცევი შლეგად,
მე ალბათ იმ წამს ვიქცევი მონად,
რათა ვიწამო...
მე კი ავირჩევ გზას უფრო შორეულს,
მივემსგავსები ურწმუნო თომას.
მაშინ, სწორედ მაშინ მოვა იოანე,
და წყალში განბანს ჩემს მწირ გონებას
შებილწულს, ტკივილიანს... შეწირულს
მომთაბარე, ძიებების ცხოვრებას.
და მოვა იოანე,
და ეცოდინება, რომ მოვა იესო,
და რომ ჩემი მომთაბარე გონება
ისევ ზედმეტად ბურუსიანია მის დასანახად,
რომ ჩემი მშფოთვარე სული,
ისევ ზედმეტად მძიმეა მასთან მისასვლელად,
რომ ჩემი განძარცვული სხეული
ზედმეტად ცივია მის მიწაში დასამარხად...
დავრჩები მიწაზე,
და დავიწყებ თავიდან...
მაშ, "არ არსებობს აწმყო,
რადგან ის ერთ წამში წარსულად გადაიქცევა"...
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Thu Feb 18, 2010 9:44 pm

gvanc, ramdeni leqsi ar minaxavs turme... ,,lazare" Zalian kargia, momewona:)
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Fri Feb 19, 2010 4:43 pm

didi madloba, keti.. flower
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Fri Feb 19, 2010 4:43 pm

"მონანული შემიწყნარე"

"მივემსგავსე კაენს, მკვლელსა,
ცნობასა, და მოვკალ სულისა სვინდისი
და განუაცხოველენ ხორცნი"...
და შორს ვარ სიმართლისგან,
და უფრო შორს - უფლისგან...

ორი თვალი მაქვს და,
ზოგჯერ თუ ვხედავ,
ორი ფეხი მაქვს და,
არც ერთიც არ მაქვს.
ორი ხელი მაქვს და,
მიწის არ მხვნელად,
ერთი გული მაქვს და,
საჩემოდ დამაქვს.

და რადგანაც მქონდა და არც მქონდა:
ორი თვალი, ორი ფეხი, ორი ხელი
და ერთი გული,
და არ ვიყავი კაცთა ერთგული -
უფლის ერთგული,
მივიღე სასჯელი:

სამი შვილი მყავს და
არც ერთიც არ მყავს,
ვაჩენ და ვკარგავ,
ვაჩენ და ვკარგავ...
თავს ვინუგეშებ,
რომ დარდი დამკლავს,
მაგრამ ამაოდ...

ძმები ამიშენდნენ ზურგსუკან
კედლად... და მოსწყდა ერთი -
აგური. ამცდა მე და გაქრა.
და გაჩნდა ღრიჭო
უბერავს ქარი ღრიჭოდან.
და გამიცივდა მარცხენა ფერდი.

ვაშენე ტაძარი უსაძირკვლოდ.
არ შეწირული ძღვენის ამარას,
ვერ შემილესეს კედლები ქერუბიმებმა.
მოზღვავდა წვიმა და
მას შემდეგ ტაძრის
ნაპრალებიდან მედიდგულება.

მაშინღა ვთქვი:
"უფალო, მილხინე, რამეთუ არავინ არს
ცოდვილი კაცი, რომელსა არა
აღვემატე შეცოდებით"...
და მითხრა უფალმა:
რადგან შენ ვერ მოდიხარ ჩემთან,
მე მოვალ შენთან,
რამეთუ მიხმობ შენი გულით და შენივე ენით...
და მოვიდა, რათა ეთქვა:
ორი ხელი გაქვს, თესე ჩემი სახელით,
და სანამ ნაყოფს არ მოიმკი,
ნუ იჩქარებ ტაძრის შენებას
შიშველი ხელებით.
მოიწიე მოსავალი - სინანული,
და დაურიგე უქონლებს,
ტაძარს ისინი აგიშენებენ
შენივ შეწირულით...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Thu Apr 22, 2010 10:08 pm

მზესთან (მზეს - ნინო ნადირაძეს)

წუხელ გავწვიმდი... დილამდე.
დილით ვარდისფრად შეეორთქლა
ფანჯრები მზეს.
სჩანს ისევ ბუხარმა დაამთქნარა
მისი კერისამ.
ვიცი, მზე ახლა ფრანებს ხატავს
მინაზე თითით,
რიტუალია დილის, და ალბათ
უკვე მერამდენედ ენიშნა,
რომ მე ამ დროს კარის ზღურბლთან
ვდგავარ შხაპუნა ღიმილით,
თმის ძირებიდან მეწყება წვიმა
და მუჭში მიგროვდება შხაპუნა.
ლივლივით.
ვარდისფერია მზის სახლი. შევდივარ.
მუჭიდან მუჭში ვუსხამ წვიმას,
და იბანს მზე თვალებს,ლოყებს,
იბანს და წვიმა სახეზე აშრება,
მასთან ხომ თბილა...
თბილია მზე. ღრუბელი გამოაქვს
თეთრი ოთახიდან, შიგ მაწვენს,
დაგიტევსო. ვწევარ. ვგავარ ჩვილს.
ასე გავყავარ ვარდისფერი ნისლიდან,
მიმაბამს ფრანზე და ფრიიი...
მზეც გვერდზე მომყვება და მარწევს.
მზისფერი სიზმრები დამჩემდა.
ჩვილივით დამჩემდა,
მზეს უნდა ჩავჭიდო ხელი
და ისე დავიძინო. ამ წელს
ბეღურები ამიფრნდნენ გულიდან.
თურმე ერთ დილას ფრანების ნაცვლად
ბეღურები მიუხატავს მინაზე მზეს.
ამიფრინდნენ, მერე დაბრუნდნენ.
ყოველთვის ბრუნდებიან.
აქამდე გვირილებიანი გული დამქონდა,
ახლა ბეღურები ჩამისახლდნენ
გვირილებში.

მზისფერი სიზმრები დამჩემდა...
დამაჩნდა მზე - უფლისგან დამღად...
გუბე დაგვიყენა ჩემფერმა თავსხმამ
(არ გვიყვარს ქოლგა არც მე, არც მზეს),
ჩავკიდეთ ხელი, გავდივართ გაღმა...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Thu Apr 22, 2010 10:09 pm

დაგუბებულ გაზაფხულებს...

"შენ ხარ - აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი."

ოთარ ჭილაძე


წვიმად დაგუბებულ გაზაფხულებს
ფეხებს შფოთიანი ვუტყაპუნებ,
გული შევაღე და ვეღარ ვჯაბნი
შიგნით შემოპარულ უმადურებს.

სულში დაგუბებულ სიჩუმეებს,
ცაზე რიგრიგობით გადმოგიწერ...
მოდი, იწამე, რომ არც ვყოფილვარ,
ჰოდა, უჩემობაც არ მოგიწევს.

ისე უდროოა აქ ღიმილი,
ისე უვადოა ფორიაქი,
ლექსად დაწერილი აღსარება
ალბათ დამიჯდება... ჰო, იაფი.

ლექსის მიღმა სათქმელ სიმართლეებს
შენდობის ლოცვებით დავაპურებ,
მე - დღეს შენს ოთახში ფორიაქი,
მე - ვინც ვერ ასრულებს დანაპირებს.
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Thu Apr 22, 2010 10:10 pm

შენ მე მიღალატე ომთან

"მე შენ გიღალატებ ცოლთან"

ნუკრი ბერეთელი

შენ მე მიღალატე ჩუმად,
წამის მეასედში გაქრი,
მე გამოგეტირე, როცა
ზეცამ გაგიტაცა ისე,
სიტყვაც ვერ გავიგე, რა თქვი.

თუმცა დაგიჯერე, რადგან
ბოლო ამოსუნთქვის ფასად,
მუჭში ჩამიტოვე შვილი.
როცა ვიძინებთ, შენ გვივლი,
როცა ვიღვიძებთ, შეშლილი,
ვკოცნი შენს ნაფერებ თმაზე.
ჰოდა, ჩვენ ოთახში ორნი
უცებ გავსამდებით ხოლმე.
ოღონდ, მხოლოდ ზოგჯერ...

როგორს? დაგხატავდი ისეთს,
რომ შენ კვლავ სიყვარულს მთხოვდე.
მე კი სულს მოგთხოვდი შენსას,
ხელზე მივიბამდი ჯაჭვით,
მერე რომც სიკვდილზე გეთქვა,
სულ არ ვინაღვლებდი წამით.

მაგრამ შემატოვე შვილი,
ჰოდა, მის გამო შეშლილი,
ტყვიას გაყოლილ შენს სისხლს მე
ვეღარ დავადევნებ ჩემსას.
დედა ვარ და ასკინკილით, მორჩა,
ვეღარ, ვეღარ ვივლი...
შენ მე მიღალატე ომთან,
მე შენს დაფლეთილ გულს ვფიცავ,
შვილთან გიღალატებ მხოლოდ,
მერქვას გიჟი დედა, ცოლიც,
ვივლი ხან მიწის, ხან ცისა.

შენ მე მიღალატე ომთან,
ომმა ჩაგვაფურთხა სულში.

Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Thu Apr 22, 2010 10:11 pm

უსახელო პოეტს

ამ დილით ბიჭი გადმოხტა სახურავიდან.
ალბათ ახლა უკვე დასტირის დედა
სხეულს სულის გამმეტებელს.
ცხრამეტი გაზაფხული რომ დაჰყოლია ბედად.

პოეტი ყოფილაო... წვიმასავით გადაესხა
მთელ ქალაქს ახალი ამბავი.
ქალაქმა ქოლგები მოიმარჯვა და აიცილა,
ჩამოცურდა ქოლგებიდან და მიწას შეახმა.
დილით მენაგვემ ცოცხით შეაგროვა და
გადაყარა, როგორც ნაგავი.

ცხოვრობდა პოეტი და დარჩა სიცარიელე.
იყო სიცარიელე და დაივიწყეს.
ან იქამდე ახსოვდა კი ვინმეს?!..

და მეც ერთი უნიჭო, უსახელო არტისტი,
ყოველდღე გამოვდივარ სცენაზე და
სიცარიელეს ვთამაშობ.
ისე, რომ არც კი ვიცი,
სჭირდება კი "არაფერს" შემსრულებელი?!..
ჰოდა, მიმიშვით უსახელო არტისტი,
უსახელო პოეტის ნაცრემლარი დავაშრო...
წასული პოეტის "არაფერი" ვითამაშო...

გუშინ ბიჭი გადმოხტაო სახურავიდან,
ცა ახლა მის სულზე ქარებთან კამათობს,
ხალხი კი უბრალოდ იტყვის, რომ, საბრალო,
ცხოვრებით დათვრა და უდროოდ წავიდა.
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Mon Apr 26, 2010 8:54 pm

miyvarxar sigijemde...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sat Jul 24, 2010 1:13 am

მედღეხვალიე

მეივნისე ვარ, მეწვიმე და მედღეხვალიე,
ალპინისტი ვარ ერთხელ ყოფნის, ერთხელ სიკვდილის.
მათხოვარი ვარ ქუჩის კუთხის მე დღეს, ხვალ ისევ
კაბა მაცვია გულ-ზვიადი. მიწა მიკივის:
მტკენს შენი მძიმე ნატერფალი, წადი, გამშორდი,
სხვაგან გადარგე შენი ნაყოფი, სხვაგან ახარე.
გუთანს შებმული ვევედრები მიწას შენდობას,
აღარც სიკვდილს აქვს თავის ფერი... მოდგა ლაზარე.
ფეხშიშველია. ცხელ მიწაზე მიჰყვება გუთანს,
მიწათმოქმედი ორჯერ ყოფნის, ორჯერ სიკვდილის.
წყალს მაწვდის, ოდესღაც სხვისგან მიწვდილს,როგორც
უქონელს. და მესმის ჩემი ნასახლარი როგორ მიტირის.
ვწევარ გულაღმა ჩემს ქოხმახში. მტკივა ქუსლები.
სისხლმდინარია. ერთ კედელს კი სურს რომ წაიქცეს.
ასე მგონია გულზე მაწევს, მკერდით ვაკავებ,
ჩემი ბადაგი - ჩემი კერა რომ არ დაიქცეს.
მეივნისე ვარ, მეწვიმე და მედღეხვალიე,
დღეს თუ არ, ხვალ რომ უსათუოდ განმიკითხავენ,
ალპინისტი ვარ. ვერ ვიპოვე ჩემი მწვერვალი.
მოვა ღამე და ჩემს გუთანსაც ამიყირავებს.

მოდგა ლაზარე, ფეხშიშველი. თასით წყალს მიწვდის,
როგორც უქონელს...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sat Jul 24, 2010 1:14 am

ოსანა, სტეფანწმინდას!

ბუმბერაზ მთებზე ავიტანე დაღლილი სხეული,
ოსანა, სტეფანწმინდას, გერგეთის სამებას!
თითქოს ბარს შევატოვე გეენა ცეცხლოვანი,
ოსანა, მაღალთა შინა, ოსანა წამებას
უფლისათვის, - გალობდა ზეცით სტეფანწმინდა.
ივნისის ჩაჟამებულ თოვლივით შელახული
სული მომაქვს, უფალო, და შვება მე რად მინდა.
ციცაბო, ქვა-ღორღიან, ხვატიან სავალზე
წვალება შემარგე - ავსება მე თასიდან,
რომელიც ჩემამდეც ათასგზის დაღვრილა.

და მათგან "ვისაც სურს თავის სულს გაუფრთხილდეს,
ის დაკარგავს მას", - თქმულა და წერია.
და მაგთან "ვინც უფლისთვის დაკარგავს სულს,
ის მოიპოვებს მას", - თქმულა და წერია.

ცოდვების მთელი ძნა გერგეთზე ავიტანე,
ვდგავარ და მაგონებს ის თვით გეთსიმანიას,
სამება - დაჩოქილ, მლოცველ მაცხოვარს.
მისთვის დავკარგო სული მე კი ძალიან
მინდა, თუმც არ ძალმიძს. ვხედავ, რომ აქვეა,
და მაინც ვერ ვხედავ... "ელოი, ელოი,
ლამა საბაქთანი?"... და ასე ვეძახი.

ბუმბერაზ მთებზე ავიტანე დღეს ჩემი ჯვარი,
ოსანა, სტეფანწმინდას, არს ზეცით ვენახი!



* (განმარტ.) ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი - ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sat Jul 24, 2010 1:14 am

მასხარა

იცი, როგორი დიდგულაა დედამიწა
ჩემი ფანჯრიდან?!..
ამომიჩემა...
ვხუჭავ ფანჯრებს, დარაბებს, თვალებს,
ვხუთავ ოთახს და ვეღარც ვსუნთქავ,
ვეღარც ვანათებ.
გამომიყენა,
თითქოს ჩემმა არარაობამ
და მომატყუა,
და დამაჯერა,
რომ სიყვარული ანგრევს დარაბებს.
ვერ დავანგრიე.
ძირგახვრეტილი დოქივით დამეღვარა
თურმე მთელი სიყვარული -
რისიც სჯეროდათ.
და შევრჩი ასე შიშველი ხელებით
ჩემს არარაობას.
გამოაძევეს ჩემი გული გრილი ჩეროდან,
გადაუძახეს გამეტებით სადღაც უფსკრულში.
ვეღარც ვდარდობ... და აღარც მტკივა.
ყოველ დილით ვიღებები როგორც მასხარა
და ვიმეტებ ჩემს თავს არარაობისთვის.
არა, დიდებას!
არა, გამარჯვებას!
არა, სიყვარულს!
გავდივარ ქუჩაში. თითოოროლა ნაცნობი თუ
გაიფიქრებს: როგორ გამხდარა...
და ჩაივლის. მე კი მეორე დღეს
უფრო მეტად ვიღებები, რომ ვერავინ მიცნოს,
რომ თავისუფლად ვიმათხოვრო ქუჩის კუთხეში,
ვიმუშავო ზოგჯერ მენაგვედ და არ ვიდარდო.
მერე რა მოხდა, თითქოს
რამე იყოს მარადიული დედამიწაზე.
სამაგიეროდ,
ამ ფულით ვიყიდი ფერად ბურთებს
და ერთ ნომერს მაინც შევასრულებ თვალდახუჭული.
ვიღაც ხომ მაინც გაიცინებს.
ვიღაცას უბრალოდ შევებრალები.
და იცი, მე
არ მეშინია იმის, რომ უიმედოა დასასრული,
რომ მასხარას პირველივე ტრაგიკულ დაცემას
მქუხარე ტაშით შეეგებება მაყურებელი.
მასხარამ იცის,
რომ მაყურებელმა არ იცის
ტაშის მიზეზი...
მაყურებელმა არ იცის, როგორი დიდგულაა
დედამიწა
მისი ფანჯრიდან.
ამოიჩემა...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sat Jul 24, 2010 1:15 am

მზისკენ ამიფრინდნენ თოლიები... (პოეტის ტრაგედიას...)

(ეძღვნება იმ იშვიათ წუთებს ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ვხვდეით როგორი უმნიშვნელო ყოფილა ის წვრილმანები, რომლებსაც აქამდე ასე ვართულებდით და ვამუქებდით...რა უმნიშვნელო ყოფილა იმასთან შედარებით, რაც ახლა...............)



მზისკენ ამიფრინდნენ თოლიები,
მზისკენ ამიკენკეს განაჩენი,
გუშინ ჩემს ბუდეში ვიგულე და,
დღეს კი შემატოვეს გადარჩენას.

ღმერთთან მიიტანეს თოლიებმა
ჩვენი შეწყვეტილი სიმღერები,
მზემ თქვა, მე მფარველი ვიქნებიო
იმ ცის, რომლისკენაც ვიხედები.

ღმერთთან მიიტანეს თოლიებმა
ჩემი შეწყვეტილი პოეზია.
როგორ გადავურჩე წყალდოდობას,
როცა კიდობანი ნოესია.

რისთვის დავიჩემო პოეტობა,
რისთვის დავამღერო ან ფანდურზე,
თქვენი შეწყვეტილი სიცოცხლიდან
თქვენთან შეხვედრამდე გადავფურცლე...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Jan 23, 2011 12:48 am

თავი მიაბრუნე...

ვდუმთ და ... არაფერი,
ვყვირით... არაფერი,
ვცოცხლობთ შერისხულნი,
ვკვდებით დანანებით.

ჩემი ფანჯრებიდან
ომობს შემოდგომა,
შენი ფანჯრებისკენ
უკვე შემოთოვა.

დილა, დილის ლოცვა,
ყავა, თბილი პალტო,
ქუჩა, სამსახური,
მინდა განგიმარტო:

ვდაობთ არაფერზე.
ისევ თბილი პალტო,
ქუჩა, ცივი სახლი,
გვშია. კითხვა: რატომ?

ღამე, ღამის ლოცვა,
მინდა განგიმარტო:
ჩვენ–ჩვენს დარაბებთან
ვომობთ მხოლოდ მარტო.

შენი ოთახიდან
ჩუმი ცრემლის წყარომ,
ჩემთან ჩამოწვიმა,
უნდა დავიხმარო,

რათა განგიმარტო:

ღმერთი კი არ გვართმევს,
მუდამ თავად ვკარგავთ,
ხვალ კი ჩვენს დაკარგულს
მაინც დაგვიბრუნებს,
სხვა გზით დაგვიბრუნებს,
თავი მიაბრუნე...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Jan 23, 2011 12:48 am

ტყუპისცალი

ჩემი ტყუპისცალი არ მასვენებს...
ვერასდროს ვემთხვევით...
მე რომ წინ მივდივარ, ის ყოველთვის უკან ბრუნდება,
მე რომ მიხარია, ის მუდამ ტირის,
მე რომ ბეჯითი ვარ, ის ამ დროს ზარმაცობს.
მე რომ მძინავს, იმას ღვიძავს,
მე რომ ვჩხუბობ, ის საშინლად მშვიდია,
მე რომ ვწვიმ, ის ამ დროს მზეობს,
მე რომ ვქმნი, ის წიხლებით თელავს,
მე რომ დღეებს ვხატავ, ის – ღამეებს,
მე რომ ლექსებს ვწერ, ის ლექსებს მილანძღავს,
მე რომ ვლოცულობ, ის ამთქნარებს,
მე რომ მინდა, იმას არ უნდა,
მე რომ მცივა, იმას სცხელა,
მე რომ მშია, ის ლუკმას არ იდებს,
მე რომ მტკივა, ის საწოლში ნებივრობს,
მე რომ ვკვდები, ის იბადება,
მე რომ მიყვარს, იმას ეცინება,
იმას არ უყვარს...
ან ყველაფერი პირიქით...
ერთმანეთს ვერასდროს ვემთხვევით,
მივდივართ სულ იქით,
სადაც მზენაკლული ვერხვები
სხვადასხვა ფორმის ფოთლებს
ყრიან ყველა ტოტიდან. ვაგროვებთ
ფოთლებს და ჩვენი ფოთლებიც
არასდროს ემთხვევა და მდორე
წყალივით ვტკეპნით კალაპოტს.
ერთმანეთს ვერ გავცდით აქამდე,
ერთმანეთს ვატარებთ დაღლამდე,
არ ვთმობთ და ვპასუხობთ: "რაღა მე?!"
რაღა მე მიყვარდე, – ვამბობ და ხან
მინდა, მიყვარდე, ხან ისევ არ მინდა.
ესეც ჩემს ტყუპისცალს დავაბრალე.
გაოცდი? ჰო, ჩემსკენ აურია ამინდმა.



მზენაკლულ ვერხვებს დასცვენიათ
ბოლო ფოთოლი...
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Jan 23, 2011 12:49 am

განვლილი გაკვეთილი (მარიამს...)

მე თავშესაფარში დავიბადე,
აქვე ავიდგი ფეხი, აქვე გავიზარდე,
ბევრს ალბათ ჰგონია, რომ
იმდენად დავიღალე, მინდა ვქურდობდე,
მქონდეს ფული და სხვებს ამით ვგავდე.
არადა, იმდენად მოვიწყინე, მინდა
ყოველ დღე მოდიოდეს ჩემთან წვიმა,
ჩამყავდეს ჩემს მინდორში, ვისხდეთ,
მიყვებოდეს ამბებს იქეთურს და აქეთურს,
ვკრეფდეთ ყვავილებს, ვიღებდეთ ფოტოებს,
ხელჩაკიდული დავრბოდეთ და წვიმა
ტოვებდეს ჩემს გულში ნაფეხურს.
და ვამბობდე: არა, კი არ დავიღალე,
უბრალოდ მე უკვე გავიზარდე,
და ვისწავლე როგორ შევაგროვო მუჭში წვიმა,
და თუკი არ ვგავდით თავიდანვე,
მე და წვიმა,
დღეს უკვე ვიცი როგორ ვწვიმდე მზიან ამინდში,
როგორ ვბანდე მზეს ხელებს და როგორ
არ მციოდეს,
როცა ჩემს ფანჯრებს ზამთრის პირველი ყინვა
მკლავებს შემოხვევს,
ვისწავლე როგორი არასიტყვაა “მინდა”,
როდესაც ვერაფრით ვერ მოიყვან ზამთარში
გაზაფხულს.
როცა ვერაფერი გშველის მარტოობით
დაზაფრულს,
როცა უბრალოდ გცივა, გშია და აღარც კი გახსოვს,
რომ სულ ორად-ორჯერ თუ გაჭამეს ბამბის ნაყინი,
როცა ათასში ერთხელ შემოყოფენ ცხვირს შენს ოთახში
ამვლელ-ჩამვლელები, გეკითხებიან: რა, მოიწყინე?
შენ კი თვალებს ძირს ხრი, გულში პასუხობ: ალბათ დამცინი...
ხმას კი არ იღებ... ხმას კი არ იღებ...
ისინი ყოველთვის მიდიან, მე მუდამ ვრჩები...
არადა, კი არ დავიღალე,
უბრალოდ მე უკვე გავიზარდე,
ვისწავლე როგორ შევაგროვო მუჭში წვიმა,
და ახლა ამ მუჭში შეგროვილი წვიმის
დალევას ვსწავლობ სულმოუთქმელად.
არადა, კი არ დავიღალე, უბრალოდ მინდა
ყოველ დღე მოდიოდეს ჩემთან წვიმა
და გაწვდილ პეშვებს წვიმით მივსებდეს.
აი, საცაა, ზამთრის პირველი ყინვა
ჩემს ფანჯრებს მკალვებს შემოხვევს,
მე – სითბონაკლული კი ვზივარ და
განვლილ გაკვეთილს ვიხსენებ:
როგორ არ უნდა მციოდეს?!
როგორ არ უნდა მციოდეს?
Back to top Go down
View user profile
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Sun Jan 23, 2011 12:49 am

უთუოდ მოთოვს

თითქოს ამაღამ უთუოდ მოთოვს,
თითქოს დამიგებს ზამთარი ლოგინს,
მეტყვის, რომ გუშინ ავად ვიყავი,
შევეკითხები: მოვრჩები როდის?
თავს ამარიდებს. არ გამცემს პასუხს.
თოვლში დაკარგულებს აწვენენ მხოლოდ,
მაღალი სიცხით, დაბალი წნევით,
ჩვენივე თავთან მუდამ რომ ვომობთ.
თავს ამარიდებს, არ გამცემს პასუხს,
არ მეტყვის, რომ მე გავხდი ბოლო დროს,
რომ ჩემი ლექსის ყველა ტაეპით,
მთლად ვემსგავსები მუნჯის მონოლოგს.
თითქოს ამაღამ უთუოდ მოთოვს,
თითქოს მიპოვის ყველა იარას,
მეტყვის, რომ ხმაურს ნულის ფასი აქვს,
რადგან ზეცა თოვს, მიწა კი არა.
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: გვანცა ჯობავა   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
გვანცა ჯობავა
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: