არმურის საფიხვნო

მამუკა ხერხეულიძე

Page 1 of 2 1, 2  Next

View previous topic View next topic Go down

მამუკა ხერხეულიძე

Post  Guest on Wed Jul 01, 2009 1:16 pm



მზე ამოდიოდა, ან ჩადიოდა.
ვისთვის როგორ...


ომში წყნეთიდან წავედი. მაია ჩალაგებაში მეხმარებოდა. ვაკის პარკში გადაღებულ ბავშვების ფერად ფოტოს ცელოფანში სათუთად ახვევდა. ბიჭები პატარები იყვნენ, ხუთის და ერთის. დამშვიდობებისას უფროსს ამერიკული, დათო-“ტარაკანას” გამოგზავნილი სამხედრო ფორმის სუნი დაამახსოვრდა, მე კი ზამთრის აფხაზეთში, სროლების დროს პატარის რძის სურნელი მახსენებდა თავს, ზღვის, ციტრუსების და თოფისწამლის მოტკბო არომატში არეული. თოვლი დნებოდა და შავი ასფალტი ჩნდებოდა. წყნეთში სიმწვანე მაინც იყო, თბილისი კი, ტალახიანი, ჩაბნელებული, ჩაჟამებული და შეშინებული, ნეორეალისტურ შავ-თეთრ ფილმს გავდა. ქუჩები - ცარიელი, ლეგიტიმური მაწანწალა ძაღლები, უბნის ბიჭები, ბეღურებივით მობუზული და მოწყენილი - თავიანთ გასტრონომებთან. ვიმახსოვრებდი ჩემი ქალაქის მანამდე არშემჩნეულ დეტალებს, ფასადებს, ჭიშკრებს, ერთკაციან ქუჩებს, სოლოლაკში სადარბაზოებს საყვირიანი ანგელოზებით, ავლაბარში გამვლელებსაც, რამდენიმე პერსონაჟი უსახური აეროპორტის უბანშიც - ეს სურათები შეიძლება ლევანმა, კოკამ, ირაკლიმ და სხვებმა, უკვე დაღუპულმა ბიჭებმაც ნახეს ბოლო წამს: განვლილი ცხოვრების ქრონიკა - დროის გარეშე, სიზმარივით დაუმონტაჟებელი უცნაური მასალა.
ხო მართლა, მანამდე დედას გავუარე ჩაის სახლთან. ეზოში თოვლ-ჭყაპია, მოხუცი გრაფიკული ხეები და ძველი, ასფალტს შეზრდილი მანქანა, რომელიც არასდროს განძრეულა ბავშვობის მერე - სიურეალისტური ნახატი. გარეთ გამომაცილა, ცრემლებს იკავებს. ცხრა ძმის დედა გავახსენე, უტაქტო ხუმრობა გამოვიდა. ვითომ გავიცინე, ვაკოცე ოდნავ სველ თვალებში და შებრუნდა. ეზოც დავიმახსოვრე და წავედით.
აეროპორტში წამსვლელი ბევრია თითქოს, და მთელს ფრონტზე ოთხიათას კაცზე მეტი არცერთ პერიოდში არ გვყოლია. თვითმფრინავამდე მანქანით მივედით. ეს ჟიგული სულ ასფალტს ეხახუნება, ისეთი აღჭურვილები ვართ. ვინ ვის გააჩერებს, ისეთი ძველები მოძრაობენ. თუმცა გაქაჩვებიც მიდის, ავტომატების გადატენვა, “ჩემი დედას შევეცი.…”
... ერთი საბედისწერო ფრაზით იწყება ყველა სისხლისღვრა. წილი ნაყარია - დაიძახა იულიუს კეისარმა, მდინარე გადალახა, აიღო ქალაქი არიმინუმი და სამოქალაქო ომიც დაიწყო. არძინბა უნდა მოვტყნა - ამოიღნავლა კუს ტბის გენერალმა და რუსეთის დაგეგმილი საშინაო ბრძოლა გაჩაღდა აფხაზეთის მიწაზე. პლუტარქეს მიხედვით, რუბიკონზე გადასვლის წინა ღამით საშინელი სიზმარი ნახა კეისარმა: თითქოს საკუთარ დედას ბუნებისგან აკრძალული კავშირით შეეუღლა. რა ესიზმრა ჩვენს სარდალს ღალინძგაზე გადასვლის წინ, კაცმა არ იცის. მოძმის სისხლით გაბრუებულმა სამხედრო კამპანიამ თბილისიდან სოხუმში რომ გადაინაცვლა, ამის მოწმე თავად გახლდით. ისევ პლუტარქე: რუბიკონის გადალახვის და ქალაქ არიმენუმის აღების შემდეგ ომს ფართოდ გაეღო კარები ყველგან, პროვინციის საზღვრებთან ერთად რომის კანონებიც წაიშალა, ქვეყანაში არა მხოლოდ შიშით ზარდაცემული ლტოლვილები დაძრწოდნენ, არამედ ქალაქებიც კი ფეხზე დგებოდნენ და ერთმანეთისაკენ მიიწევდნენ. ეს პასაჟი მხატვრული მეტაფორა მეგონა, ვიდრე ჩვენს თვალწინ არ ჩამოვიდნენ დედაქალაქში დასავლეთ საქართველოს ქალაქები; ახლა კი თბილისი მიდიოდა სოხუმში - მთელი თავისი გაგებით.
“რა უბნელი ხარ ბიჭო, ვისთან ხარ?” გამხდარ უწვერულ ბიჭს ეკითხება ჩვენი ჯარისკაცი, იმას ვითომ სამხედრო, ხაკისფერი გეოლოგიური თხელი ქურთუკი აცვია, ხელში ცელოფანის პარკი უჭირავს, კანკალებს, თავს იკავებს: “არავინ არ ვარ, ჩემი ძმაა სოხუმში, უნდა ვნახო...” ჩვენ მოგვმართავს, მაგრამ სხვაგან იყურება. ყანყრატოთი ლაპარაკობს თითქოს, ინდაურს ჰგავს. “რამდენი წლის ხარ?” ჰკითხა გია ასათიანმა. აშკარად პატარაა. “ძმას ვფიცავარ, ცხრამეტის გავხდები, ეხლა,” ცელოფანის მწვანე პარკში კბილის პასტა მოსჩანს, ისევ სხვაგან იყურება. “შენს ძმას ჩვენ ვნახავთ და დავარეკინებთ, წადი ეხლა,” უთხრა გიამ გადაჭრით. “ძმას ვფიცავარ, არ გატყუებთ,” იხვეწებოდა ბიჭი, მაგრამ უკვე ტრაპთან გაკეთებულ ცოცხალ ჯაჭვს გარეთ დარჩა. ერთი ბატალიონი (ჩვიდმეტი კაცი თუ იქნება, კლასიკური ფორმით ბატალიონი ხუთასორმოცდათვრამეტი მეომრისგან შედგება) მოვიდა, ნასვამები არიან. თბილისში უცნაური მიზეზით ჩამოსულან, ძმაკაცის ნიშნობა. აბა, რა უნდა ექნათ? დაცვასთან “კაჩაობენ.” "თქვენ კატაობთ, თუ?…” ჯარისკაცი. “ვის ეუბნები, ბიჭო, მეე?” - ჩვიდმეტკაციანი ბატალიონის უფროსი. “ჰო, შენ,” - დაცვის ბიჭი. “ჩემი დედას... ვის, ბიჭო,” და ავტომატს აყენებს ნასვამი მებრძოლი. ჩვენც მივედით - “შენი ბიჭოს დედას...…” ჯარისკაციც ავტომატის ჩამკეტს აჩხაკუნებს, ერთი ხელით სიკვდილებით დატენილ სასროლის ლულას ძირს ვუწევთ, მეორეთი პირზე ვაფარებთ ორივეს - ეს გამოცდილება ბევრჯერ გამოგვადგება. ერთმანეთს დედა არ შეაგინონ, თორემ საკუთარ დედებს ყველა პოზაში ახსენებენ. საერთოდ, აქ რაც ავტოგინებები გავიგე, ამ ჟანრის ფესტივალი მეგონა. თან ყვირილით ვამუნათებთ: “აზრზე მოდი, ბიჭო, ომში მივდივართ, ქართველები ხართ თუ…,” აქ ცოტა ისტერიულ-ისტორიული პათეტიკა, ამერიკული ფორმა და კარგი იარაღიც ჭრის, თორემ ჩვენც არავინ არა ვართ - მოხალისეები, გენერლებს ვიცნობთ “პროსტა”. კიდევ რამდენიმე გარჩევა და შევედით, როგორც იქნა. ტყვია-წამალს ტვირთავენ, სამგზავრო თვითმფრინავმა მგონი ჩაიმუხლა. “ვერ აიღებს ადგილიდან, მიწოლა დაჭირდება, კაკრას ეს ქაჯები მოაწვებიან,” ხუმრობს ერთი გაღმელი, რომელიღაც გენერლის შნირყოფილი, ამჟამად უკვე”სტეჩკინით”. დაწინაურდა ე.ი. სამხედრო განმასხვავებელი ნიშნები აქ ფორმა, იარაღი და ენაა - ”ბაზარი”. აღარ დაადგა საშველი, გარედან ისევ სროლა, ტრაპზე გამოვედით, შავოსანი ქალი არღვევს ცოცხალ ჯაჭვს კივილით და ვეღარც აჩერებენ, “გამოუშვით” - ქალი კი უკვე ტრაპზე ამორბის, თავშალი წაართვა ქარმა, ჩალისფერი თმები გამოუჩნდა. ახალგაზრდა გოგოა, ხმა აღარა აქვს, ხავის “შვილი, მეორე, მიშველეთ, ნიკა!” სალონიდან ინდაურივით ბიჭი გამოვიდა გაფითრებული, ისევ სხვაგან იყურება. ქალი შეშდება, თითქოს შერცხვა, მიტრიალდა და წავიდა, ბიჭი უკან გაჰყვა. ”ერთი თვის წინ ჩამოუსვენებიათ უფროსი შვილი, ეშერაში დაღუპულა, ეს მართლა თხუთმეტის ყოფილა,”- ახალშემოსული გვარდიელი ჰყვება - “როგორ შემოძვრა, მაგარი ტიპი ჩანს.”

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by ბობო on Wed Jul 01, 2009 1:25 pm; edited 1 time in total

Guest
Guest


Back to top Go down

Re: მამუკა ხერხეულიძე

Post  Guest on Wed Jul 01, 2009 1:18 pm

მზე ამოდიოდა, ან ჩადიოდა.
ვისთვის როგორ...


(გაგრძელება)

დავიძარით, მოწოლა არ დასჭირვებია, გაქანდა და მიგვაკრა სავარძლებს. სულ მალე ოჩამჩირეს გადავუფრინეთ, პილოტებმა სინათლეები გამორთეს. ტამიში ისევ იმათია (პოზიციებს კი ვიღებდით, მაგრამ ვერ ვინარჩუნებდით. ცნობილია, სანგრებსაც ვერ ვთხრიდით), ტყვარჩელი ხომ არც არასდროს აგვაღებინეს ჩვენივე სარდლებმა, აქედან შეიძლება გესროლონ. კიდევ უფრო სწრაფად წითელი წარწერები აინთო “ფასტენ სეატ ბელტს!”- სოხუმის აეროპორტში ვეშვებოდით. ვღელავდი, არასდროს ვყოფილვარ ზამთარში აფხაზეთში, ომშიც პირველად ვარ. ძალიან კარგად დასვა მფრინავმა. ისეთი ქაოსია, გასაკვირია, პილოტი ტრაქტორისტი რომ არ არის; ტანკზე კომბაინერი იჯდა - ამას მერე ვნახავ. გადმოვედით, მშვიდი საღამოა, თბილა, ზღვაც დანახული გვაქვს ილუმინატორიდან და ვიღაცამ “აქ მგონი ბანაობაც მოსულაო.” ისეთი სიწყნარეა, თითქოს არაფერი არ ხდება. “ოდესმე დედაქალაქი აქ უნდა გადმოვიდეს, თბილისი დაბერდა, დამახინჯდა და ვეღარც უძლებს ამდენ ხალხს.” - ვამბობ მე. … ”ქუთაისლებს გაუტყდებათ, მარა თქვენთან იყო უკვე, ბიძია, მცოცავი გრაფიკია თქვა,” ღადაობს საბურთალოელი ზაზა.
მანქანები დაგვხდა. გამოვედით აეროპორტიდან, ციტრუსებით დახუნძლულ ხეივანში შევუხვიეთ, პაწაწინა ხიდის ქვეშ გავძვერით და საბჭოურ უსახურ სანატორიუმს მივადექით. აAგუძერა - ასე ჰქვია ამ ადგილს. გვერდზე გულრიფშია, იქ ნამყოფი ვარ, მწერლებს ჰქონდათ სახლები. ხვალ გავისეირნებ, სადაც მზის ჩასვლისთვის მიცქერია, უდარდელად ქვიშაში წამოწოლილს. იქით კი, სადაც მზე იძირება ყოველ საღამოს, რკინის დიდი კასრი გდია და დილით უკვე მუცელზე დაწოლილი ტყვიამფრქვევის სროლას ვსწავლობთ, ხტის და დგაფუნობს წყალში თეთრი ბალონი, პლიაჟი ”დშკ”-ს მასრებით ივსება, ვიღაც იპოვნის უცნაურ ქვებთან ერთად მშვიდობის ჟამს. ვაკაკანებ უზარმაზარ ”მაშინგანს” და თავს ვიწყნარებ, მზემდე ტყვია ვერ მიაღწევს. ბანაკში ორი ათას კაცამდე მოვგროვდით, სერიოზული ძალაა, მაგრამ სანამ ოპერაცია დაიგეგმება, ყოველღამე ჩხუბები და გარჩევებია, სულ ვიღაცეებს ვაშველებთ, თან სვამენ. დროზე თუ არ დაიწყო, ჩახოცავენ ერთმანეთს. სულ მწვანეა არე-მარე, შორს ციტრუსებში და პალმებში ჩაფლული თეთრი სახლები მოსჩანს, უფრო შორს კი ლურჯი ზღვა ირეკლავს კავკასიონის თეთრ მწვერვალებს, სარეკლამო რგოლია. დღე ისე ცხელა, მაისურით შეიძლება სიარული, ასეც დადიან. გენშტაბში “შნირყოფილი” შემხვდა, შლიოპანცებში ცერაგაყრილი, ჭკვიანი კაცი. ეგრევე შინაურდებიან. აბა, მე ბათინკებით ვარ ამ სიცხეში. ტამიშის გაწმენდა იგეგმება, კარგი ხალხიც შეგვხვდა, იმედი მომეცა. ერთი გარჩევა-გაქაჩვა ამ დონეზეც გაკეთდა და იმ ოპერაციამაც კარგად ჩაიარა, ლოკალურად მოგებული ქართული ბრძოლების ისტორიაში შევა ალბათ, მთლიანად ომი კი წავაგეთ ჩვენც და აფხაზებმაც - როგორც ყოველთვის, საშინაო სისხლისღვრებისას, გაიმარჯვა ისევ რუსეთმა. ამ დაწყევლილ საუკუნეში რა გასაკვირია, ისევ რენეგატი ხელისუფლება გვყავს, ოცდამეერთეში ვნახოთ.…
ბრძოლის წინა ღამით მეუფე დანიელმა აღსარების გარეშე გვაზიარა. ადრეც ასე იყო, ის კი არა, მარაბდაში ჩემს წინაპარ ცხრა ძმასთან ერთად ორი მიტროპოლიტი აღესრულა ხმლით. აგუძერას დიდ კლუბში სიბნელეა, მხოლოდ სანთლები ანათებენ უამრავი უცნობი ცოდვის თავზე ასაღებად გამზადებულ ახალგაზრდა ეპისკოპოსს. ჯგუფებად შევყავართ, იარაღს შესასვლელში ვტოვებთ. ამაღლებული უცნაური მისტერიიდან გამოსულებს ორი ავტომატი მოპარული დაგვხვდა, კარგია არა? მიუხედავად ამისა უაღრესად ბედნიერი ვარ, თბილისში არაეკლესიურად ვცხოვრობ და ზიარებას ბავშვობის მერე არ ვღირსებივარ. ჩამეძინა.
სნაიპერის ჯვრიანი თვალი ვარ, ოპტიკის ქვედა ქუთუთოსთან ქრონომეტრაჟის ციფრები კოსმიური სიჩქარით ბზრიალებენ. ჯვარდასმულ კუნძულზე ბევრი ხალხია, ძირითადად, გარდაცვლილები. კითხვები მქონდა მამასთან, ვერც ვიხსენებ და თან შაშხანის თვალი ვარ, მზერას ვაშორებ. ბიძინაც აქ არის, თეთრი ცვილის ხელებით. ვფიქრობ, რატომ ვუმიზნებ ჩემს ძმას, არ მოხვდეს, და ისიც ქრება. ბავშვობაში ნანახი პერსონაჟები… - მუშტაიდის შემშვებს აკვდება სამიზნე, დიდდება ლურჯი ხალათის გაქექილი ჯიბეები, რუსთაველზე გაზიანი წყლის გამყიდველი, კინოს აფიშა, შავდება გამოსახულება და ძველ ეზოში გრძელდება. შავჯვარდასმული უნივერსიტეტის თეთრი სასახლე, წითელი აგურით მოხრეშილი ცარიელი ბაღი. ნაძვებში ჩაფლული პოსტამენტები შავი ბიუსტებით, ერთს თავი აკლდა. ზღვა გალურჯდა, მრგვალი კუნძული ისევ უკაცრიელი გახდა, პალმები, ციტრუსები, ლევან აბაშიძე დავინახე პროფილში, გრძელი თმებით, თეთრი პერანგით, ბიძინამაც გაიელვა სევდიანი თვალებით. ნაცნობ სურათს ვხედავ, ხარება და გოგიას ფოტო მგონია, შორს კი, ჰორიზონტზე, ზღვიდან ამომავალი წითელი მზე დაისერა ოთხად. ზღვა შავი იყო, ბნელოდა, როცა ბრძოლის წინ სისწრაფეში ვიწერდი სიზმარს, პირველად ცხოვრებაში, ჯიბის “ვეფხისტყაოსნის” ბოლო ცარიელ გვერდზე, არ დამვიწყებოდა, როგორც უამრავი ზმანება-ფილმი, მახსოვრობის სანაგვეში გადაყრილი. არავისთვის მომიყოლია, ფატალური არ გამომდგარიყო.

(გაგრძელება ქვემოთ)

Guest
Guest


Back to top Go down

Re: მამუკა ხერხეულიძე

Post  Guest on Wed Jul 01, 2009 1:20 pm

მზე ამოდიოდა, ან ჩადიოდა.
ვისთვის როგორ...


(გაგრძელება)

გამთენიისას მთაზე ავედით. უხმაუროდ მივიწევთ წინ, ზღვა ქვევით რჩება. სოფელი გამოჩნდა, მწვანე ხეებში ჩაფლული, როგორც ზაფხულში. აქ გავჩერდით და პირობისამებრ გავიყავით უსიტყვოდ, თორმეტ-თორმეტ კაცად. ჩვენ ზემოდან უნდა შემოვუაროთ სომხურ სოფელს, დაზვერვის მონაცემებით მტრის დაჯგუფება ამ მიდამოებშია. ავცდით თუ არა პატარა მინდორს და ტყეში შევედით, დაგვცხეს. ხეებს ვეფარებით გადარბენებით. ჩვენც ვისვრით სავარაუდო მიმართულებით, ვერაფერს ვხედავთ, ისეთი დაბურული ტყეა. თითო-თითოდ ისვრიან, არაავტომატურად, მაგრამ ძალიან სწრაფად დამიზნებით, სიზმარი გამახსენდა და დაიწივლა კიდევაც ტყვიამ, მერქანი აათალა ჩემს საფარ ხეს - სნაიპერია ეს დედამოტყნული. ზუსტად ასე გადავძახე გვერდით ხესთან აქოშინებულ თანამებრძოლს, თემქელი ბიჭია მგონი, ქურთი მაზუთას ეძახიან კანის ფერის გამო ალბათ, მამუკი - ასე მომმართავს. ზევით მივიწევთ. დაბურულ ხეებს ვესვრით და ამ დროს გადავრბივართ საფარიდან საფარში. შაშხანა არ ჩერდება, ვირტუალური სიკვდილები დაჰქრიან კივილით. დამჭრა ამ ნაბოზვარმა - მომესმა ქვემოდან, მგონი ზაზაა. ძლივს ამოვლილი მანძილი უკან ჩავირბინეთ, არ შემშლია, ის არის. ხესთან მიწოლილა გვერდულად, გაფითრებული და დაბნეული ხელს მუცელზე იდებს, არადა, გარედან არაფერი ემჩნევა. გავუხსენით სქელი ბუშლატა, სვიტრი და მაისური ავუწიეთ და ნეკნთან ძლივს შევამჩნიეთ კალმის წვერისხელა ჭრილობა. არაფერია, ვამშვიდებთ ჩვენ და ისიც ნდობით აღსავსე თვალებით შემოგვჩერებია.ზაზა საბურთალოელია, ბუთქუნა, დიდი ბიჭია, თავის კვარტალს არ გაცილებია, ყველა ამბავი, რასაც ჰყვება, უბანში ლუდის სმის ან კროსვორდების შევსების დროს ხდება. მაგარი იუმორი აქვს, ძმაკაცს წამოყვა, რომელიც სხვა ჯგუფში აღმოჩნდა და ამას დარდობს “ეს ჩემისა მაინც იყოს აქ….” ვამშვიდებთ - ჩვენ რა, არ მოგხედავთ, ბიჭო? გადაწყდა, ორნი ჩაიყვანენ ბაზამდე, იქიდან კი მანქანით სოხუმის საავადმყოფოში. ვინ წაიყვანს - ამაზე პატარა გარჩევა კინაღამ მოხდა, არავის უნდა ბრძოლიდან წასვლა, ბოლოს ძალით გავუშვით. ერთი მათგანი მაზუთაა, ხუთი შვილის მამა, ცოლი ბოლო მშობიარობას გადაჰყოლია. "ზაზა, იზვინი, ძმა, მარა რეიზა მე,” - სასაცილოდ უქცევს ხოლმე იმერულად. მე ვუხსნი: “ეს უფრო საპასუხისმგებლო მისიაა, მაზუთ, თან ეგრევე მობრუნდები. დავაი, დროს ნუ კარგავთ”. - “ხარაშო, მამუკი, ბალნიცაში დავტოვებთ და ეგრევე გამოვგაზამ”. ჩვენ საცეცხლე წერტილისკენ ვისვრით და ამ დროს ესენიც ქვევით მიარბენინებენ გუგებგაფართოებულ ზაზას, რომელსაც ყველაზე მაგრად თავისი ტყუპისცალი და ადარდებს - “ერთ რამეს გთხოვთ, თუ დავიბრიდე, ჩემს დას არ უთხრათ, გაუშვი, დაკარგული ვეგონო, ეგ ვერ გადაიტანს. მზე რომ ჩადის ზღვაში ბოლო წამს უეცრად, ეგრე მოვკვდები?” ”კარგი, ბიჭო, გაკაწრული ხარ,” ვამბობ, მაგრამ მე თვითონ არ მჯერა, ნატყვიარი გარედან ყოველთვის წვრილია. ღმერთმა ქნას, გადარჩეს. მუცელს რომ გაუხსნიან, ეგ ნაღდია.
ისევ ზემოთ დავიძარით, უხილავი სიკვდილებისკენ, გადარბენებით, სროლით, შეკუმშული გულით და პატარა ბიძინას წყნეთიდან გამოყოლილი სუნით. ტყის ბოლოც გამოჩნდა, სნაიპერიც სადღაც აქ არის და ჩვენც დავუშვით ტყვიამფრქვევი უზარმაზარ, ბაობაბივით დაბურულ ხეს. პაუზა - პასუხს აღარ გვაძლევს, მგონი მოხვდა, არ გვატყუებდეს. ერთიც დავცხეთ ყველა იარაღიდან და საფარიდან სროლით დავიძარით.
პირველმა ხაშურელმა თადამ მიირბინა და გაშეშდა, არც ტრიალდება, არც წინ მიდის. ჩვენც მივედით. მოსხეპილ ტოტებზე მწვანექურთუკიანი ქალი წევს, იქვე მოგლეჯილი ხელი აგდია, რომელიც მანიკურებაქერცლილი თითებით ბოლოვდება. გოგო თვალებს ახელს, ოხრავს და რაღაც სიტყვებს ამბობს გაუგებრად. “სხვები გაიქცნენ, ეს რა ნასტირნი ვინმეა, ბოლომდე გვესროდა, ზაზა ამან დაჭრა უეჭველი,” ამბობს თადა, “ხომ არ ვხიო? თვითონაც დაისვენებს,” ავტომატს იმარჯვებს. “არა, მაიცა, იქნებ ენად გამოდგეს,” გია მოგვიახლოვდა ქოშინით, “ჩვენებსაც აუღიათ სიმაღლე, ტყვეები აიყვანეს, რაციამ გადმოსცა, რუსები არიან და ჩეჩნური დროშები აქვთ.” “აAმას რა ვუყოთ?”
ქალი ოცდაათ წლამდე იქნება, წაბლისფერი თმა ბიჭურად აქვს შეკრეჭილი, ჯინსი აცვია მოხარშული, თვითონ ვარიონის იტყოდა ალბათ, დამტვრეული თოჯინასავით მომძვრალ ხელზე ჩეჩნური დროშის სამკლავური უკეთია, ახალი, უფორმო, შავი სამხედრო ბათინკები ინვალიდის ფეხებს ჰგავს. “холоднно, морфи у меня в сумке . . . сделайте ради бога» თქვა უცბად ქალმა, თვალები გაახილა და თავის მოგლეჯილ ხელს დააკვირდა. “замирзаю”. მე მომაჩერდა. ხმას არავინ იღებს. საზარელი სიჩუმეა. მივუახლოვდი, შაშხანა ფეხით გავწიე. წითელი ლაქის ჩანთა ხესთან გდია. ავიღე, ხელის ჩაყოფა მომერიდა, ჩავიმუხლე და მიწაზე გადმოვაპირქვავე. ომისათვის შეუფერებელი ნივთების ჩხრიალმა დაარღვია მყუდროება. უბის წიგნაკი, პომადა, სარკე, პატარა ბოთლუკები, ფანქრები, შპრიცები და სხვა უამრავთან ერთად - სკოჩით საგულდაგულოდ გადაკრული ხუთი ამპულა მორფი. “მე გავუკეთებ,” ამბობს სათვალეებიანი სოსო. ამპულების დამტვრევას შეუდგა, ვიღაცამ ბუშლატი დააფარა აკანკალებულ ცალხელა ქალს. “ამის პროფესიაზე იკაიფე, ერთი თითის გამოკვრა და ვიღაცის ქელეხი, ორმოცი, წლისთავი,” თავისთვის ბუტბუტებს სოსო, თან თავისი უზარმაზარი ლინზებით შპრიცს უყურებს. ვცდილობ სხვაგან ვიყურო, მაგრამ მოგლეჯილ ხელს ვაწყდები. “საავადმყოფოში წავიყვანოთ, თუ რა ვქნათ,” კითხულობს გია. “რა ვიცი, აზრზე არა ვარ, სოფელში ჩავიყვანოთ, მგონი იბრიდება, თვალებს აღარ ახელს და აღარც სუნთქავს”. ყელის არტერიაზე ვადებ თითებს. გარდაიცვალა. სოსო მაინც უწევს მარცხენა მკლავს და მეც არაფერს ვეუბნები. უბის წიგნაკი ავიღე, გადავშალე და პირველ გვერდზე წერია დიდი ასოებით: კატერინა ფედოტოვა, დაბადების წელი რაღაცა, ქ. ლენინგრადი. სისხლის ჯგუფი პირველი.. “წასვლის დროა,” ამბობს გია. “ბაზაში უნდა დავბრუნდეთ, სადაც არის დაბინდდება, ტყვიები აღარა გვაქვს”. “ყველამ თავის მკვდარს მიხედოს,” - გამახსენდა, მაგრამ ამის პატრონი ტურები არიან, მტრის გვამების დამარხვას ვერ ავცდი. სოფელში ჩავიდეს ვინმე, ნიჩბები წამოიღონ. ავტომატის კონდახით მიწა მოვსინჯე, ადვილი გასათხრელია. “სოფლელები მიხედავენ,” მეუბნება გია და სნაიპერის შაშხანას იღებს ხელში. “ტრაფეია... არა, მეზიზღება,” ტყვიებდაცლილ თოფს ლულაში ჰკიდებს ხელს და ბაობაბივით ხეს ურტყამს, დამსხვრეული დეტალები ცვივა აქეთ-იქეთ. სამიზნე ჭოგრიტი ჩემს ახლოს დავარდა, ავიღე და გავიხედე: ოთხად დაყოფილი პანორამა. ქვემოდ მოვატრიალე. შორს, ჰორიზონტზე, ზღვა მოსჩანდა, ზუსტად ისე, როგორც სიზმარში. მზე ჩადიოდა ან ამოდიოდა. ვისთვის როგორ...

(დასასრული)

Guest
Guest


Back to top Go down

Re: მამუკა ხერხეულიძე

Post  Guest on Wed Jul 01, 2009 1:28 pm

თეა ყიფშიძე

მამუკა ხერხეულიძე:
"მწერალი, ალბათ, ბერია სამოქალაქო ცხოვრებაში"


"დაბაში, სადაც ეს ამბავი მოხდა, შურისძიება დღესაც ყველაზე ტრადიციული და ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა".
- რა არის მთავარი ღირებულება ადამიანისთვის, რომელიც წერს და, შეიძლება თუ არა, შურისძიება გახდეს ერთგვარი მუხტი სამწერლო ასპარეზზე გამოსასვლელად?
- შურისძიებაზე ბევრი მიფიქრია და ამ ნოველით მე, პირადად, ჩემს თავზე ვიძიე შური. ნაწარმოებში ადვილია, მაგრამ დღესაც არ ვიცი, როგორ უნდა მოვექცე ოკუპანტს, რომელმაც ჩემი სამშობლო ამ დღეში ჩააგდო... არ ვიცი, რომ წაეთრევიან, მერე ვნახოთ. ისე დაკვირვებული ვარ, ქართველები მიმტევებლები ვართ. ესეც, არ ვიცი, კარგია თუ ცუდი. ცხოვრების დიდი ნაწილი მთაში, განსაკუთრებით კი - სვანეთში გავატარე, სადაც შურისძიება და სისხლის აღება მთავარი ღირებულებებია. მახსოვს, ერთ პოეტს აქვს ნათქვამი, ყველა გრძნობაზე ძლიერია შურისძიებაო და ამაში მართლაც დევს სიმართლის მარცვალი. ალბათ, ნებისმიერი ჰუმანისტისთვის მთავარია, ამაზე მაღლა დადგეს, დაივიწყოს, რომ ადამიანმა შეიძლება ადამიანზე შური იძიოს. შენ რომ სხვას მოკლავ, შენც მოგკლავენო, ვაჟა-ფშაველაც ხომ ამბობს?! ამას საუკუნოვანი ტრადიცია აქვს და უამრავ მაგალითს ძველი, კლასიკური ლიტერატურაც იძლევა.
ამ მოთხრობის ("კავკასიური ქრონიკა") გმირი (ბატკა) რეალურად არსებობდა. ჩემი მეგობარი მხატვარი იყო. ცხოვრობდა მესტიაში, როგორც მარტოსული. დედ-მამა გარდაეცვალა, ძმა მოუკლეს. დანარჩენი გამოგონილი ან გაგონილი ამბებია, მაგრამ რეალობა იყო მისი მარტოსულობა, რისი ყოველდღიური მოწმეც თავად გახლდით. მას ნათესავებიც კი არ მიიჩნევდნენ სრულფასოვნად მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძმის სისხლი არ აუღია. ადამიანები, ძირითადად, ამ მოტივაციით ცხოვრობენ, თუმცა ვერც გაამტყუნებ. როცა ღირსებას, ოჯახს შეეხებიან, ვერ დადგები ამაზე მაღლა და ჰუმანური პოზიციებიდან ვერ შეხედავ. Kკარგი მაგალითია ჩეჩნები: როცა ძმას, მამას, დედას, დას თუ შვილს მოგიკლავენ, ვერ აპატიებ ანდა მერე ასეთ ცხოვრებას რაღა აზრი აქვს. ალბათ, ამ თემის გაშლა უკეთესადაც შეიძლებოდა და მე აღარ მეყო ნებისყოფა.

(გააგრძელე კითხვა)


Last edited by ბობო on Fri Oct 30, 2009 9:03 pm; edited 1 time in total

Guest
Guest


Back to top Go down

Re: მამუკა ხერხეულიძე

Post  Guest on Fri Oct 30, 2009 9:01 pm

მამუკა ხერხეულიძე

ბებე

დაკვირვებული ვარ, ცუდ ამბებს ყოველთვის ერთი და იგივე ხალხი მატყობინებს. ამათში ყველაზე სწრაფი პროვაიდერი ჩემი ბავშვობის მეგობარი ნუკრია. ერთხელ, რომელიღაც უბნელის წამლით გაპარვა შემატყობინა ტელეფონით _ ეხლა იქ ვარ, საავადმყოფოში, ჯერ კიდევ თბილია… გუშინ რა ქენი, დალიეო? _ პირდაპირ ასე გააგრძელა. იმ დილასაც ასე მოხდა. მობილურმა დარეკა, ნუკრია. ახალი გაღვიძებული ვიყავი, სანამ ვუპასუხებდი, ქუჩაში გადავიხედე, თოვდა, ისე თბილად, თან პირველად ამ ზამთარში, ნუკრის პანდორას ყუთი არც გამხსენებია. _გაიგე?_ ისევ ის იყო. _ ბებემ თავი მოიკლაო…
მარჯანიშვილის თეატრთან ძველი, სამსართულიანი, ლამაზი სახლი დგას. აქ გალაქტიონ ტაბიძე ცხოვრობდა, თუმცა პლეხანოველი ქუჩის ბიჭისთვის, რომელსაც იმ დილით ბებემ დაურეკა, მეფე პოეტის და მისი თვითმკვლელობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. იოჟიკ, ბებე ვარ, დროზე ამოდი, შენთვის მარმელადი მაქვს, მე აბაზანაში შევდივარ, გასღები ფეხსაწმენდის ქვეშ იდება, პირდაპირ შემოდი. მობილური გათიშა:”ახია შენზე, ნაღდად აღარ გაიკეთებ”.
მარმელადი, ანუ წამალი ერთი თვის წინ გადააგდო იოჟიკამ, ნარკოლოგიურში იწვა. კინაღამ გაარეკინა სუბუტექსმა, რა აღარ ელანდებოდა, ცოლზეც ვეღარ ეჭვიანობდა, თვითონ აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა. წინა დღეს თვითონ დაურეკა ბებეს _ რამე არ იცი? ერთი გაკეთება მინდა რა, უძილობით დავიღალე, მთელი დღე ტელევიზორის ყურებამ შემაყლევა, შპრიცი გადავაგდე და პულტზე დავჯექი, ერთი თვე გავიდა და მაინც არ მიდგებაო. საბაჩი პერეულოკიდან მარჯანიშვილამდე თხუთმეტი-ოცი წუთი უნდოდა, ბებეს ბოლო ტაიმი. წამმზომი ჩაირთო _ ამ დროში უნდა ჩატეულიყო. ყველაფერი მზად იყო, შვიდი წერილი მაგიდაზე იდო, რომელთა ადრესატები ზედმიწევნით შეუსრულებენ ყველა თხოვნას, ოღონდ ეს მერე, როცა სახელდახელოდ ნაყიდი ახალი კოსტუმით XX-ლL სასახლეში იწვება თეთრი ბინტით ხელებშეკრული და ალბათ გამაყრუებული ხმაურით ოდნავ შემცბარი, გაყინული, გალურჯებული სახით. იოჟიკა კი უკვე მოქროდა აჟიტირებული, თოვლჭყაპიან “საბაჩიზე” და ჩხეიძეზე ტრავმატოლოგიურის დარაჯს ესალმებოდა, პალტოზე ჭუჭყიანი, ოდესღაც თეთრი ხალათი რომ ჰქონდა მოსხმული. ბებემ გასაღები ფეხსაწმენდის ქვეშ უკვე დადო, თან ფრთხილად, მეზობელს კარის ხმა არ გაეგო, მისი მობილური ლომბარდში ჰქონდა დაზალოგებული და ყოველ შეხვედრაზე ტვინს უჭამდა, როდის მომცემო (ლაშასთვის დატოვებულ წერილში ამ ლომბარდის მისამართი და ქვითარიც იდო). ნაიკის სპორტული პიჟამოც ეცვა, თასმით მოჭერილი კაპიუშონით, გაგლეჯილი თავიდან გამოსხმულ სისხლს კედლები ჭერი და მთელს კედელზე გაყოლებული ტანსაცმლის თეთრი კარადა რომ არ დაესვარა. გარდერობი ერთ დროს სავსე იყო, ახლა კი პლეხანოვზე სუბუტექსის ბარიგებს მისი შმოტკებით ამოიცნობდი _ ძველი წამლის კრიმინალი ბარიგებისგან განსხვავებით, სუბუტექსის დილერები ჩვეულებრივი, “კარგი” ბიჭები იყვნენ, პრესტიჟული პროფესიის წარმომადგენლები და ზოგი საზოგადოებას მორალსაც კი უკითხავდა. მოკლედ, ჩვენს სნობურ ქალაქში მოდური რამე გახდა.
ლოგინთან მდგარ ტელევიზორს ხმა ბოლომდე ჰქონდა აწეული, არა იმიტომ, რომ მეზობლებს სროლის ხმა არ გაეგოთ _ თვითონ ეშინოდა მოულოდნელი ხმაურის, სიჩუმეში შეიძლება კუროკისთვის ვერ გამოეკრა. იმ დღესაც, მეზობლად მშენებარე მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან რომ ვერ გადმოხტა, მგონი სამარისებულმა სიჩუმემ გადააფიქრებინა. ბოლო, მაგრამ მთავარი დეტალი რჩებოდა, იარაღის გატენვა, რომელიც პირველად ეჭირა ხელში. ეს იარაღი ბებესთან ამ ბოლო დროს ჩასახლებულ ერთ პატარა ძველს, ოთოს ედო ბალიშის ქვეშ, წამალზე მოძრაობის დროს ზედ რომ არ ჰქონოდა, ამ დღეებში წავიღებო. ნანახი კი ჰქონდა ბევრჯერ, მაგრამ თვითონ არასდროს უხმარია. არ უყვარდა, ის კი არა, თბილისის ომი რომ დაიწყო და თითქმის ყველა მის მეგობარს იარაღი ეჭირა, ვინმე რომ ამოიღებდა, მაგარ პანიკას აკეთებდა _ გაწიე, შეჩემა, პროსტა რომ გავარდეს, მაინც მე მომხვდება, იმხელა ვარო. იმ წლებში მგონი ამის გამოც წაიყვანა ოჯახი ჰოლანდიაში. თავშესაფარი არ მოუთხოვიათ, პლეხანოვი ენატრებოდა. დეზერტირის ბაზრიდან მშობლების გარდაცვალების მერე სახლი აქ, მარჯანიშვილზე გადმოცვალა, თუმცა მაშინ ბევრი ფულიც ტრიალებდა მის ხელში, მეგობარი ოლიგარქის რამდენიმე მილიონიც ბევრჯერ უტარებია ქეისით მოსკოვში ან თბილისში, ისე, რომ შიგნით არც კი ჩაუხედავს. წელიწადნახევარი ამსტერდამში ვცხოვრობდი და იქ არ გამიკეთებია წამალი, იმ დედამოტყნულ მოსკოვში რამ გამაგიჟა, ეს სუბუტექსი რამ გამაკეთებენა, განწირული ბომჟების წამალი, სანდრიკას დედას რომ შევეციო, ხშირად ამბობდა.
ზატვორი მარცხენა ხელით გამოსწია, სწრაფად, კინოებში რომ უნახავს, ისე, რკინების ჩხაკუნი, ჩახმახი ფეხზე შედგა და ტელევიზორიც ჩაქრა. ეტყობა დენი წავიდა. სიჩუმე ჩამოწვა.
მთელი ღამის ნალომკარი ოფლი სრულიად შეაშრა. დააკვირდა, აღარც ფეხები ტკიოდა, რომლების მოჭრასაც ნატრობდა ღამის აბსტინენციაში, ციებ-ცხელებაც გამქრალიყო, ფიზიკური აღარაფერი აწუხებდა. კედელზე ბავშვობისდროინდელ ფოტოს ახედა: დიდი, მოკლეშარვლიანი, ბუთქუნა ბიჭი კალათბურთის ბურთზე იჯდა და ობიექტივს ენას უყოფდა. მაგიდას გახედა. წერილების დახევა ნიშნავდა სიცოცხლეს ანუ იგივეს: წამლის ფულის ჩალიჩი, თან საიდან, ყველაფერი, რისი დაზალოგებაც შეიძლებოდა, უკვე ჩაბარებულია, მეგობრებს ვეღარ ენახვება, ამდენი შეცდომის მერე, რაც არ უნდა მოიფიქროს, არ დაუჯერებენ, კარგი, ერთხელაც მიადგება გიას, ლაშას ან ლევანს, ზახოდის ფულს გამოართმევს, მაგრამ საღამოს ისევ ლომკა, ისევ მაყუთის ძებნა, უძილობა, ისევ ფეხების ღრღნა და რაც მთავარია, საკუთარ თავთან, ძველ, თავმოყვარე ბებესთან დაშვებული კომპრომისები, აუტანელი სინდისის ტკივილი, რასაც სუბუტექსის გარდა არაფერი შველის, ისიც ცოტა ხნით, მეორე გაკეთებამდე, თან ეს დედაძაღლი აღარც აკაიფებს, ცოტა ხანი ხოდზე მოიყვანს, სიგარეტს მოაწევინებს..… ბავშვის სწავლის ფული იყო შესატანი, სახლი, სადაც მისგან წასული ცოლი და შვილი ცხოვრობდნენ, ბანკში იყო დაგირავებული, ესეც ბებეს ბრალდებოდა, არადა, ამ ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავის დროზე თვითონ იყო, სანამ ის ამბები არ მოხდებოდა _ ამ პრობლემის მოგვარებას რიგით მეორე წერილში ითხოვდა…
ისევ ოფლმა დაასხა, ფეხებიც ნელ-ნელა ღრღნას იწყებდნენ. სიგარეტის მოწევა დააპირა და მარცხენა ხელში პისტოლეტი აღმოაჩინა, რაღაც უცნაური მომჟავო სუნი ჰქონდა პისტოლეტს. წამით ვერ გაიხსენა, რას აგონებდა, მგონი იმას ბავშვობისას რადიოლას ელემენტს ენას რომ დაადებდა.… სიგარეტიც გათავებულიყო, იოჟიკაც ჩელუსკინელების ხიდამდე მოსული იქნებოდა და ავეჯის მაღაზიასთან მარჯვნივ უხვევდა.
მივიდა, აივნის კარი გამოაღო. ბარდნიდა. ბავშვობის დაკვირვება გაახსენდა თოვლთან დაკავშირებით _ სადღაც ზემოთ, ცაში, რაღაც გაფუჭდა და იმიტომ თოვს. ქუჩის ხმაური აღარ ესმოდა, როცა ყავისფერ, მოკლე დუბლიონკიანი, ჩქარი, მოკლე ნაბიჯებით მომავალი იოჟიკა დაინახა. ბოლო ტაიმის უკანასკნელი წამები მიქროდნენ.
კარი მიხურა და ტელესერიალის დამასრულებელი სამხრეთამერიკული სიმღერაც აღრიალდა, დენი მოვიდა. ბებე ლოგინზე ჩამოჯდა, პისტოლეტი კაპიუშონზე, ყურთან მიიბჯინა, ოთახს თვალი მოავლო. ყველაფერი მზად იყო საპანაშვიდედ. თავისი ძმაკაცები წარმოიდგინა, ვინ სად იდგებოდა ან იჯდებოდა, და ბავშვობის დროინდელი, კალათბურთის თამაშის დროს გადამწყვეტი ტყორცნისას გაგონილი ვიღაცის შეძახილი ჩაესმა: “წავიდა!”
იოჟიკა კი უკვე “პალავიკის” ქვემოდან გასაღებს იღებდა _ თვითონ ასე წერდა პოლიციაში, ახსნა-განმარტებაში, სადაც რა თქმა უნდა მარმელადს ანუ სუბუტექსს არ ახსენებდა, _ გულაფრიალებული, უფრო სწორად, ვენებ-აფართხალებული, თუმცა ვენები სადღა ჰქონდა, საათობით წვალობდა ცისფერი კაპილარის ძებნაში, ის კი არა, ერთხელ ასოზეც გაიკეთა, სადაც ვენა შემორჩენილიყო. მერე დაუჩირქდა და კინაღამ მოსაჭრელი გაუხდა, თუმცა ახლა მაინც არაფერში არგოდა. მაღალჭერიან კორიდორში შესულს სახლში მიტოვებული სერიალის, პერსონაჟებს აცხადებდა პათეტიკური მთარგმნელი, ოღონდ ძალიან ხმამაღლა, ალბათ აბაზანაში რომ გაიგოს ბებემ, იმიტომ აუწია ამხელა ხმაზეო, გაიფიქრა და პირდაპირ საძინებელი ოთახისაკენ გასწია. ბებე შეტყუპებულ ლოგინებზე იყო გადაწოლილი, კაპიუშონიანი კეფით კარისკენ. ალბათ ახალი გაკეთებული აქვს, საძილეც შერეული და პრიხოდშიაო, ჩქარი ნაბიჯით გასწია საწოლთან მდგარი ტუმბოსკენ, სადაც ტრადიციულად სუბუტექსის დაფშხვნა და “დერბანკა” ხდებოდა ხოლმე, თავისი ზახოდი იქ ეგულებოდა. ლოგინს შემოუარა, ბებეს ნაჩქარევად დახედა, უცნაურად ეჩვენა ღია, უმეტყველო და შეშინებული თვალები, მარჯვენა ხელი ტანის ქვეშ არაბუნებრივად მოქცეულიყო. მხოლოდ ახლაღა შეამჩნია ოთახში რაღაც ნაცნობი, მოტკბო სუნი, მარჯვენა მხარეს გადაგდებული კაპიუშონიანი თავიდან სისხლი ჟონავდა და ცისფერ საბანზე ლაქა დიდდებოდა… არა, _ წამოიყვირა იოჟიკამ, მაგრამ მისი ხავილი სარეკლამო მუსიკის ხმაში ჩაიკარგა. უცბად მოეჩვენა, რომ ტელევიზორის გამორთვა დაასრულებდა ამ საზარელ სიზმარს, ასე ეგონა, ყველაფერი მორჩებოდა, თუ ხმაური შეწყდებოდა _ ეცა და კარგა ხნის მერე იპოვა გამოსართველი.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. იქნებ ცოცხალია, გაიფიქრა და კინოებში ნანახი დეტალი გაახსენდა, ორი თითი საძილე არტერიაზე დაადო. ახლოს მისულმა ბებეს უზარმაზარ ფეხებთან, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი დაინახა, ჩახმახშემართული, დაიხარა და აღება დააპირა, მაგრამ გაახსენდა, მისი თითის ანაბეჭდები დააჩნდებოდა იარაღს და ეჭვი მასზე გაჩნდებოდა. უცბად შეეშინდა, ისიც გაიფიქრა, ხომ არ გავიქცეო. ბებეს უნაკლო მენეჯმენტში ეს ლოჯისტიკური კვანძი უმნიშვნელოვანესი ლაფსუსი იქნებოდა, სამი საათისთვის სამსახურიდან დაბრუნებულ მის უსაყვარლეს, ერთადერთ დედმამისშვილს, მშობლების გარდაცვალების მერე ყველაზე ერთგულ ადამიანს, დას არ უნდა ენახა ეს სცენა, შეიძლება მასაც თავი მოეკლა. მისთვის და შვილისთვის მიწერილი წერილები მარჯვენა ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული, დანარჩენი ხუთი მაგიდაზე იდო. კიდევ კარგი, იოჟიკამ წერილებს დახედა, _ წინასწარ განზრახული და ეჭვგარეშე თვითმკვლელობა, რაც სრულიად ნათელი იქნებოდა გამოძიებისთვის და საუბედუროდ, ეკლესიისთვისაც. ბებეს ახლობლებისთვის ამ ტრგედიაზე უფრო დიდი შოკი, მისი წესის აუგებლად დაკრძალვა იყო, არა გარდაცვალება, არამედ ჩვეულებრივი და სამუდამო სიკვდილი.
მარჯანიშვილის თეატრთან, გალაქტიონ ტაბიძის სახლის გვერდზე, უცხოური მანქანები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. სოლიდურად შავებში ჩაცმული ახალგაზრდა კაცები საქმიანად შედიოდნენ და გამოდიოდნენ პანაშვიდით გახალისებულ სადარბაზოში. ზოგიერთები შესასვლელში იდგნენ, სიგარეტს ეწეოდნენ სახელდახელოდ დადგმულ “გალუაზის” ურნასთან, ხმადაბლა საუბრობდნენ ძალიან ჩვეულებრივ ამბებზე, ვთქვათ, თოვლი როგორ უდროოდ წამოვიდა თბილისში როცა ზამთარი თითქმის გასული ეგონათ, საბურავები გამოსაცვლელი ჰქონდათ თუ არა, ან “ლევერის” გაყიდულ თამაშზე, მაგრამ რომელიმე ავტორიტეტული ბებეს ძმაკაცის გამოჩენაზე ჩუმდებოდნენ და თავდხრილები, ღრმა ნაფაზებს არტყამდნენ მწუხარე სახეებით. მაღალჭერიანი კორიდორის მარჯვნივ სამზარეულოში “არმანის” ძაძებიანი ქალები ისხდნენ, ყავას სვამდნენ და შეწუხებული სახეებით ყვებოდნენ ქმრის რეაქციას ამ ტრაგედიის შეტყობისას, და რაც მთავარია, თავიანთი მოძღვარის კომენტარებს უბედური ბებეს წესის აგების უშანსობაზე და, შესაბამისად, ჯოჯოხეთში გამგზავრებაზე. _ არადა წინა შაბათს დასაფლავებაზე შემხვდა და წამეკაიფა, შენს ქმარს პარნოიში, რომ დაადექი, კარები რომ გააღებინე, _ ზეწრები გამომართვითო_ მომსახურე პერსონალის მოსომხო ხმით, როგორ ეძახდიო. ვერაფერი ვერ შევამჩნიე, ჩვეულებრივი ბებე იყოო, _ ყვებოდა ერთი ქალი _ ჩაცმულობის მიხედვით თორემ ისე ალბათ გოგო, რომლის მაკიაჟიც ცრემლებს გაეფუჭებინა. კორიდორში ჩამოკიდებულ სარკეს ზეწარს აფარებდნენ ამ ქალებისათვის უცნობი, უპრეტენზიო და უსახელო ჩაქუჩმომარჯვებული ნათესვ მეზობლები. შუა გაჩახჩახებულ დიდ ოთახში, სადაც უზარმაზარი სასახლე იდგა, გარშემო ჩამწკრივებულ სკამებზე კანტიკუნტად მგლოვიარე ადამიანები ისხდნენ და ჩუმად ტიროდნენ ბებეს მუდმივ უბედობაზე. მღვდლის და ეკლესიის გარეშე სიკვდილიც კი არ გამოდიოდა ლეგიტიმური. სუდარაგადაფარებულ მიცვალებულს ამაზე ნაფიქრი ჰქონდა რაც შეიძლება მკაცრად ეძია შური საკუთარ თავზე, ის კი არა, ლაშასათვის მიწერილ წერილში ქელეხს ნუ გამიკეთებთო, წერდა.
მისი ბიჭები ბებეს საძინებელ ოთახში იყვნენ ზარდაცემულები შეწუხებულები საკუთარ თავზე გატეხილები, რომ დროულად ვერ მოიცალეს ბებესთვის და ზუსტად ისე, როგორც მან სასხლეტის გამოკვრის წინ წარმოიდგინა. ყველას თავისი წერილი ედო ჯიბეში. დილითვე შეუსრულეს ყველა თხოვნა, ლაშას უკვე გამოეტანა ლომბარდიდან შვიდი, პატარა, წითელი კანტებით შეკრულ ცელოფანის პარკებში ჩადებული ოქროს ძეწკვები, ბეჭდები, საყურეები, მეზობლის შელახული მობილური, რომელსაც რეზინით ჰქონდა შემოკრული ქაღალდის ქვითარი _ ორმოცი ლარი, და კიდევ რაღაც ოჯახის რელიქვია _ ვითომ ძვირფასი ნივთები. პარკები თემიკოს ეჭირა, შიგნით ქაღალდის ქვითრები იდო, ასათი აშშ დოლარი, მეორეში _ სამოცი ლარი და ასე შემდეგ, სულ ალბათ ათას დოლარამდე. ლოგინზე სადაც ბებემ ბოლოს პისტოლეტის მიბჯენით თავი გაიხვრიტა, ვიღაც მისი ოდნავ “პრიატნი”, დასუბუტექსებული პლეხანოველი ძმაკაცი ჩამომჯდარიყო, ბოხი ხმით უყვებოდა ახალ შემოსულ უბნელს და ენერგიულად აჩვენებდა ცაცია ხელით, როგორ გამოკრა, შემდეგ როგორ გაიარა მაკაროვის ვითომ სუსტმა ტყვიამ თავი _ და აი, აქ შეძვრა _ თეთრ გარდერობზე ნატყვიარს აჩვენებდა. ლაშა, გია, თემიკო, ლევანი, ჩუმად ისხდნენ თავჩაღუნული და ერთი და იგივე რამეს ფიქრობდნენ, რასაც არაფერი ეშველებოდა _ წესს ვერ აუგებდნენ. ეს იყო ყველაზე შეუძლებელი რამ, დანარჩენი მეასეხარისხოვანი იყო ყველაფერი. ამ ბიჭებს ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ ამ ქალაქში, აქ კი სრულიად უძლურები იყვნენ. მიუხედავად საკუთარი გამოცდილებისა _ ამ ქალაქში ძალიან ბევრი თვითმკვლელობა ხდება _ მაინც თავიანთ მოძღვარ, მეგობარ ეპისკოპოსებს მორიდებულად ჰკითხეს და როგორც მოსალოდნელი იყო, უარყოფითი პასუხი მიიღეს, მაგაზე არც იფიქროთო.
და უცბად გია წამოდგა _ შანსი არ არის, პატრიარქთან მე მივალო. ბიჭებმა, შენ ხომ არ გაგიჟდიო, მაგრამ გიას გაჩერება აღარ არსებობდა. ბებეს სულს, რომელიც იქვე, ყველასაგან შეუმჩნევლად კუთხეში იდგა და აღარც ლომკა აღელვებდა და აღარც რვიანით აღნიშნული ოვალური, შუაზე გაყოფილი აბი, გიას სიჯიუტეზე გაეღიმა, რაც ასევე არავის შეუმჩნევია. გია არავის აღარ უსმენდა, უკვე მანქანაში ჯდებოდა. სადარბაზოსთან იმ უბნელმა მხრებში მოხრილმა, გამხდარმა, ტყავისქურთუკიანმა ბიჭებმა შეაჩერეს _ ერთი ორმოცი ლარი დაგვიმატე რა, სუბუტექსზე გვაკლდებაო. გიამ ამოიღო და ორმოცდაათლარიანი მისცა, ისე, რომ იმათკენ არც გაუხედავს, ის უკვე საპატრიარქოს მისაღებში იყო ფიქრით, ისინი კი ბარიგის ტელეფონს კრიფავდნენ, პანაშვიდზე მოსული მათთვის უცხო ადამიანისაგან ნათხოვარი მობილურით, რომელიც ოდნავ შეშინებული იყო _ ტელეფონი არ გაეტაცებინათ და არ გაქცეულიყვნენ _ ამ ქალაქში ასეთი რამეებიც ხდებოდა.

_ თქვენო უწმინდესობავ, ფეხები უკან მრჩებოდა, ვიცი, შეუძლებელ და აბსურდულ რამეს გთხოვთ. რამდენიმე სამღვდელო პირმა და ჩემმა მეგობრებმაც მირჩიეს, ტყუილად ნუ მიხვალ, აზრი არა აქვს, იმ ადამიანსაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებ და შენც ნაწყენი უნდა დარჩეო, იმდენად შეგნებულად აქვს ყველაფერი გაკეთებული. მაგრამ მე, როგორც მისი ბავშვობის მეგობარი, დარწმუნებული ვარ, ეს მკვლელობა იყო… _ გიამ ეს აქვე მოიგონა, წინასწარ არასდროს არაფერს არ გეგმავდა, იმპროვიზაციის და ინტუიციის სჯეროდა. რაც მეგობრებს არალოგიკურად და ხშირ შემთხვევაში სიგიჟედ გვეჩვენებოდა, მისთვის, თუ ერთხელ ამოიჩემებდა, შეუსრულებელი არაფერი არსებობდა. ასე იყო აქამდე, ახლა კი..…
მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო ყველა ერთხმად ამბობდა, არ არსებობსო, მაინც სჯეროდა, პატრიარქისაგან დადებითი პასუხით წამოვიდოდა, რატომ _ ეს თვითონაც არ იცოდა, უბრალოდ, ასე სწამდა.
ნეტარ არიან მორწმუნენი.
უწმინდესი თავის უზარმაზარ ხის სავარძლის საზურგეზე თვალებმილულული მისვენებულიყო. ბოლო ფრაზაზე გასწორდა, სათვალე შეისწორა და ისე შეხედა რომ გიამ უხერხულობისგან წამით ისიც გაიფიქრა, იმას ხომ არ ფიქრობს, ვატყუებო. თბილისში ასეთი რამ ერთხელ მოხდა, თვითმკვლელის თავის ჭკუაში მაგარმა “შენძრეულმა” ძმაკაცებმა ასეთი რამე “დამოზგეს”, მღვდელი მოატყუეს, მოკლულიაო და წესი ისე ააგებინეს. გიას ეს ამბავი გაახსენდა და თავისი სენტენცია სასწრაფოდ გააგრძელა: _ მეუეფეო, ძველმა, კარგმა, ჯიგარმა, სპორტსმენმა, კეთილშობილმა ბებემ ახალი, ცუდი ბებე მოჰკლა.
პატრიარქს შეეტყო, რომ ოდნავ დაწყნარდა, ისევ საზურგეს მიენდო, თვალები დახუჭა, სათვალე მოიხსნა, მაგიდაზე დადო და დიდი პაუზის შემდეგ წყნარად წარმოთქვა: _ შვილო, გიორგი, მიამბე კიდევ რამე მის შესახებ… ბესო, ხომ?
_ დიახ.
საიდან დაეწყო, არ იცოდა, ის ამბები, რაც მისთვის აქ მოსვლამდე დადებითად ახასიათებდა ბებეს, ახლა ძალიან პრიმიტიული და არაფრისმთქმელი გახდა, რომელი ერთი მოეყოლა… და პირდაპირ დაიწყო: მამამისი ქართული კალათბურთის ლეგენდად წოდებული იმ გუნდის წევრი იყო, ევროპის ჩემპიონობა რომ აქვთ მოგებული. თვითონ კი კალათბურთში საქართველოს ნაკრების წევრი, იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დინამოელი, დერიუგინის და იმ პლეადის სპორტსმენი, _ მიღწევების ჩამოთვლასაც აპირებდა, მაგრამ ატყობდა, ეს ოფიციალური ინფორმაცია არაფრისმომცემი იყო. რაღაც სულ სხვას ელოდა მთელი საქართველოს ცოდვების სამართალმემკვიდრე და კიდევ ერთი დაკარგული ცოდვილი სულის უიმედობით შეწუხებული ხანშიშესული ბერ-მონაზონი, უზარმაზარ ხის სავარძელში ყურადღებით მთვლემარე, პანაგიების და სადღესასწაულო მორთულობის გარეშე, უბრალო შავი მოსასხამით _ ასეთი დიდებული და უბრალო სანახავი იყო უწმინდესი ოცდასამ ნოემბერსაც, რევოლუციის ღამეს, როცა უსისხლოდ გამარჯვების საუწყებლად ვეწვიეთ საპატრიარქოს ეზოში; ის ბოლთას სცემდა, ჩვენს დანახვაზე ცრემლი მოადგა და განმარტოვდა. _ კიდევ მიამბე რამე, გიორგი, ბესოს შესახებ, წერილებში რას წერს? _ გაიმეორა პატრიარქმა ისე, რომ თვალები არ გაუხელია.
გიამ შვილისადმი მიწერილი წერილით დაიწყო. _ დედას დაუჯერე ისწავლე, მაპატიე, თუ შეძლებ, მაგრამ იცოდე, ჩემი სიკვდილით მეტს გაგიკეთებ, ვიდრე სიცოცხლითო, _ და გია მიხვდა, ამით უფრო მძიმდებოდა ბებეს საქმე, რადგან ბიჭებმა ყველაფერი შეუსრულეს, ეს ანგარებიანი წინასწარგანზრახული თვითმკვლელობა იყო. _ უწმინდესო, ამ წერილების შინაარსი მე ზუსტად არ ვიცი, მე რაც მომწერა, ჯიბეში მიდევს, თუ ნებას მომცემთ, წაგიკითხავთ. პატრიარქმა თავი დააქნია, კვლავ თვალდახუჭულმა და გიას ამ ბოლო თხოვნას მხოლოდ ფორმალური, მისდამი პატივისცემის გამოხატვის ფუნქცია ჰქონდა. _ ერთი კვირის წინ ვნახე და დავპირდი, ამ თვის ბოლოს გაგიშვებ ბიშკეკში, გიმკურნალებ-მეთქი. გია ჯიბიდან წერილს იღებდა ნერვიულად და თვითონვე ხვდებოდა, როგორც სიკვდილმისჯილს, ბოლო თხოვნას უსრულებდნენ, ვთქვათ, სიგარეტი მოაწევინეს, ვერდიქტი გამოტანილი იყო. ან ეს ბიშკეკი რამ ათქმევინა, რაღაც მხოლოდ მორფინისტებისა და მათი მშობლებისათვის მითოლოგიური სახელწოდება. ამასობაში წერილი უკვე ხელში ეჭირა და დაიწყო პირველად თავის ცხოვრებაში ბორძიკით, უიმედოდ. ტექსტი არ გაუსწორებია, ზუსტად იცავდა სტილს, ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა:

“გრეჩიხ გია (მარტომ წაიკითხე)
გია ძმაო შენ თავზე ნურაფერს ნუ იფიქრებ გთხოვ, რომ დროზე დამეწვინა და იქნებ ეს არ მომხდარიყოო, არა ძმაო ასე არ არის, შენ ჯიგარი ხარ, რომ გულით გინდოდა ჩემი აზრზე მოყვანა, მაგრამ მე მარტო ეგ არ მაწუხებდა, მე ყველაფერი ერთად მაწუხებდა, ბევრი რამ, რაც ჩემს კაცობაზე და ჩემს პიროვნებაზე მოქმედებდა. კარგი წამალს გადავაგდებდი მაგრამ უამრავ შეცდომას და სინდისის ტანჯვას ხომ ვერ გადამაგდებინებდნენ.
გია არის ასეთი ჩემი პატარა ძმა ოთო ჩახავა (მაგთის რაღაც ნომერი) ძალიან კარგი ბიჭია, რაც მე დამპირდი, იმას თუ გაუკეთებ, მაგრად გამიხარდება, იქ ჯოჯოხეთში, იმიტომ რომ კარგი ბიჭია და არ მინდა ცხოვრება დაუმახინჯდეს, თან გულით უნდა გადაგდება.
ცამეტიდან ჩვიდმეტ თებერვლამდე უნდა დაწვეს მერე გვიან იქნება, უფრო სწორედ პრობლემატური და თუ ძმა ხარ თუ გექნა საშუალება აფიშირების გარეშე ჩემგან საჩუქრად გაუკეთე. იცოდე თავმოყვარე ბიჭია და ლამაზად გაუკეთე. მე რასაც ვაკეთებ ვიცი რომ ყლეობაა, ვიცი რომ სუბუტექსმა გამაგიჟა, მაგრამ რა ვქნა გია მაგრად დავიღალე, მომავალი უფრო საშინელი ჩანდა. ვიცი, რომ ჯოჯოხეთში მოვხვდები, მაგრამ აქაც ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის, ამ ბიჭმა მინდა რომ ჩაიტაროს მკურნალობის კურსი, იმიტომ რომ მართლა გულით უნდა. ჩათვალე რომ მე მიკეთებ. ჩემი ძმა ხარ გია და მიდი შეუბერე, მაგრად შეუბერე იცოდე გკოცნი და მაპატიე.

ბებე

P.S. იარაღი ჩემი იყო, იცოდე რომ არ დაიწყონ, საიდან ჰქონდაო და რამე.
სულ მქონდა და იმენნა ეგ იარაღი".


გია ტირილს იკავებდა, მაგრამ ვერ ახერხებდა, როგორც იქნა ჩაათავა წერილი, სახელოთი ცრემლები შეიმშრალა და ეხლაღა ახედა უკვე წელში გამართულ პატრიარქს, რომელიც სათვალეს ირგებდა თუ თვითონაც ცრემლს იწმენდდა, გიამ ვერ გაარჩია. _ გიორგი, შენ იცნობ იმ ყმაწვილს?_
_ არა, უბრალოდ ვიცი, რომ მაგასთან ცხოვრობდა ბოლო ერთი თვე, _ ზლუქუნით, თავჩახრილმა უპასუხა გიამ და წამოდგომა დააპირა. და პატრიარქმა მდივანს უხმო:
_ მამა მიქაელს სთხოვეთ, გიორგის გაჰყვეს და წესი აუგოს. ბესო ხომ? _
ქალი გაკვირვებული, ოდნავ მკაცრი გამომეტყველებით უყურებდა მუხლებზე დაჩოქილ, უკვე მოურიდებლად აღრიალებულ გრეჩიხას, რომელიც პატრიარქის ანაფორის კალთებს კოცნიდა.


(დასასრული)


Last edited by ბობო on Sat Oct 31, 2009 3:08 pm; edited 1 time in total

Guest
Guest


Back to top Go down

Re: მამუკა ხერხეულიძე

Post  nini on Sat Oct 31, 2009 3:11 am

მძიმე წასაკითხი იყო ჩემთვის.


2,არა 3 წლის წინ,ჩემი ოჯახის წევრმა (არ დავაკონკრეტებ)თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე.პირველ ჯერზე არ გამოუვიდა,მესამე დღეს კი.
სხვადასხვა მეთოდით. სცადაSad
და ზუსტად ეგ მომენტი გვქონდა უწმინდესთან შესვლის.ფინალიც მსგავსი იყო.


ერთ გოგონას ვიცნობდი ადრე-ისეთი სიკვდილით მინდა მოვიკლა თავი, ჯერ რომ არავის მოუფიქრებია .მიმბაძველები მინდა გამიჩნდენო.
ვრცელი კომენტარი ავკრიფე და წავშალე.
არანაირი სუბიექტურობა,არ ვიცნობ ავტორს.
უბრალოდ არ მომეწონა.

_________________

”სევდაი ზოგჯერ შვებაა,
არც ზადია და არც ხინჯი…
სადღაცას – უფლის ნებაა,
უფრო კი – სულში ნაბიჯი”.

nini
საფიხვნოზე მჯდომარე
საფიხვნოზე მჯდომარე

Female
Number of posts: 590
Registration date: 2008-11-17

View user profile

Back to top Go down

Re: მამუკა ხერხეულიძე

Post  nini on Sat Oct 31, 2009 3:26 am

ხანდახან მგონია თანამედროვე ქართულ პროზას,ასე რეალისტურს,ერთი ავტორი წერს ..სხვადასხვა გვარ-სახელით.იმდენად ტყუპის ცალივით გავს ეს ნაწერები .
რაღაც კონვეიერია .
საშინლად ერთნაირი .


ბატონი მიხოს აზრი მაინტერესებს.

_________________

”სევდაი ზოგჯერ შვებაა,
არც ზადია და არც ხინჯი…
სადღაცას – უფლის ნებაა,
უფრო კი – სულში ნაბიჯი”.

nini
საფიხვნოზე მჯდომარე
საფიხვნოზე მჯდომარე

Female
Number of posts: 590
Registration date: 2008-11-17

View user profile

Back to top Go down

Re: მამუკა ხერხეულიძე

Post  Guest on Sat Oct 31, 2009 1:57 pm

რევაზ ინანიშვილი

სამაგიდო რვეულიდან

***
თქვენ ლიტერატირო ხართ. თქვენი საბიელი წიგნიდან წიგნამდე მანძილია. ის მწერალი იყო, ნამდვილი მწერალი, და როცა ყინულოვან წყალზე უნდა დაეწრა რამე, თვითონ მიდიოდა, თვითონ დგებოდა იმ ყინულოვან წყალში და თვითონ იჭრიდა ყინულებზე ფეხებს.



Arrow

მე არა მგონია, ვინმეს ჰგავდეს მამუკა ხერხეულიძის მოთხრობები. სხარტი, სადა და ლაპიდარული სტილით წერს და ბატონ რეზოს აქ დამოწმებულ ჩანაწერს რომ დავესესხო, "ლიტერატორი" არ არის, - აი, იმ "ყინულოვან წყალში" ჩადგება ხოლმე ჯერ და მერეღა წერს...
ერთი ღირსებაც აქცთ ამ მოთხრობებს და მათ ავტორს - ესაა კინემატოგრაფიული ხედვა, რაც ძალიან იშვიათია ხოლმე პროზაში.



გამომცემლობა "არეტე", 2005 წელი
დიზაინი: გოგა დემეტრაშვილი
ISBN 99940-810-2-0




"კავკასიური ქრონიკა" და "ოჩილა" არა გვაქვს ჯერ და ამათაც რომ დავდებთ, მერე უფრო კარგად გამოჩნდება ყველაფერი...

Guest
Guest


Back to top Go down

Re: მამუკა ხერხეულიძე

Post  nini on Sat Oct 31, 2009 2:32 pm

რა.ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.

როგორ?.მხატვრულ ტექსთან მუშაობის კულტურა მე პირადად დამაკლდა ამ ნაწარმოებში ,ჩემთვის ეს''ჩერნავიკია''.ჩანაფიქრის სამუშაო მონახაზია... ამის მერე უნდა დაიწეროს ნაწარმოები .
რისთვის .?თანამედროვე კინემატოგრაფიამ და პროზაიკოსებმა იმდენად გაცვეთილად,მოსაწყენად და ტრივიალურად აქციეს ეს''ტემა'',იმდენად გადაღეჭეს ...;(არაფერი ახალი აქ ჩემთვის არ იყო.ზალიან დამაკლდა ფქისოლოფიური სიღმე,ავტორის ინდივიდუალიზმი,(ინდივიდუალური ხელწერა და ინიდივიდუალური ხედვა)

''ესაა კინემატოგრაფიული ხედვა,''ამას უფრო კარგად აკეთებს ჩოხელი.Winkმაშინ შეიძლებოდა კადრების და პერსონაჯების ცვლა სხვადსხვა რაკურსით,კარგი'' ოპერატორი ''დამაკლდა აქ.Smile

მხოლოდ ამ კონკრეტულ ნაწერს განვიხილავ და არა ზოგადად ავტორს
.ამ წუთებში მასთან ინტერვიუ მიდის რადიოშიSmile

_________________

”სევდაი ზოგჯერ შვებაა,
არც ზადია და არც ხინჯი…
სადღაცას – უფლის ნებაა,
უფრო კი – სულში ნაბიჯი”.

nini
საფიხვნოზე მჯდომარე
საფიხვნოზე მჯდომარე

Female
Number of posts: 590
Registration date: 2008-11-17

View user profile

Back to top Go down

Re: მამუკა ხერხეულიძე

Post  nini on Sat Oct 31, 2009 2:42 pm

ხელოვნების ნაწარმოებმა უნდა იმოქმედოს ,ელემენტარულად გულგრილი არ უნდა დაგტოვოს.მიმიტევეთ,მაგრამ როცა პირველად ვნახე ხელგაწვდილი ქართველი ქალი და ბავშვი,შემძრა ,ახლა ჩვეული მოვლენაა ეს ჩემთვისSad საზოგადოებისთვის.მეც ამ სოციუმის ნაწილი ვარSad
როცა უბანში უბრალო შელაპარაკების გამო,ან ერთი ღერი სიგარეტისთვის,ან ტყავის ქურთუკისთვის ,ან სულ უმიზეზოდ ისე ან შემთხვევით ახალგაზდრა ბიჭი პირველად მოკლეს შეძრწუნებულები ვიყავით დღეს ჩვეული მოივლენა გახდა .გულგრილად მოვისმენთ,თუ ახლობელს არ ეხება.
ანუ იმისთვის,რომ ჩემზე იმოქმედო...საზოგადოებაზე ,მკითხველზე...ეტყობა მეტად უნდა''გაისარჯო''.მომიტევოს ავტორმა.
ახლა ძალიან პირადულს დავწერ,ჩემზე ზალიან უნდა ემოქმედა1.ნარკომანია კონკრეტულად მსგავსი ისტორია ჩემი ოჯახის ტრაგედია და იარაა.2.სუიციდი,პატრიარქთან შესვლა...იმქომედა არა ნაწარმოებმა,არამედ ცხოვრების წარსული კადრების გახსენებაამ.არადა საშინლად სუბიექტური მკითხველი გამოვდივარ და უნდა ემოქმედა ამ ნაწერს.აბსოლუტურად გულგრილი დამტოვა.განურჩეველი.არ ვიცი , ეს ჩემი პრობლემა არაა.ემოციური მუხტი,სიწრფელე...დამაკლდა აქ ბევრი რამ.
თანაგანცდა ჩემს,როგორც მკითხველსა და ავტორს შორის არ შდგაSad

_________________

”სევდაი ზოგჯერ შვებაა,
არც ზადია და არც ხინჯი…
სადღაცას – უფლის ნებაა,
უფრო კი – სულში ნაბიჯი”.

nini
საფიხვნოზე მჯდომარე
საფიხვნოზე მჯდომარე

Female
Number of posts: 590
Registration date: 2008-11-17

View user profile

Back to top Go down

Re: მამუკა ხერხეულიძე

Post  Guest on Sat Oct 31, 2009 2:45 pm

რამდენიმე თვეა მე და მამუკა ხერხეულიძე ერთად ვაკეთებთ თავდაცვის სამინისტროს ჟურნალ ”სამხედრო”-ს და თუ ჟურნალი კარგია, ეს მისი დამსახურება არის, იმისი მოგონილი პროექტია, სადაც მე რედაქტორი ვარ...

ეს მოწინავეც მამუკას დაწერილია - http://samkhedro09.blogspot.com/search/label/მოწინავე

მე მომწონს, როგორც მამუკა წერს...

Guest
Guest


Back to top Go down

Re: მამუკა ხერხეულიძე

Post  nini on Sat Oct 31, 2009 2:48 pm

ბატონი მიხო,მე არასდროს მითხოვია რედაქტირება ნაწერის ან გამოქვეყნება(არც ჩემი,არც მეგობრის).ერთადერთხელ იყო,როცა ერთი ლექსის რედაქტირება გთხოვეთ,ისიც იმიტომ რომ ის ადამიანი დამეინტერესებინა,მოსულიყო ამ საიტზე.Smile
და ახლა უმორჩილესად გთხოვთ,ამ კონკრეტული ნაწარმოების მხატვრულ ანალიზს.უარს არ ვიღებSmile
რატომაა ის ღირებული ან გამორჩეული?
მე ''ნიუდავში''ნაწერი მგონია ამ ავტორისSad

_________________

”სევდაი ზოგჯერ შვებაა,
არც ზადია და არც ხინჯი…
სადღაცას – უფლის ნებაა,
უფრო კი – სულში ნაბიჯი”.

nini
საფიხვნოზე მჯდომარე
საფიხვნოზე მჯდომარე

Female
Number of posts: 590
Registration date: 2008-11-17

View user profile

Back to top Go down

Re: მამუკა ხერხეულიძე

Post  Guest on Sat Oct 31, 2009 3:44 pm

nini wrote:ბატონი მიხო,მე არასდროს მითხოვია რედაქტირება ნაწერის ან გამოქვეყნება(არც ჩემი,არც მეგობრის).ერთადერთხელ იყო,როცა ერთი ლექსის რედაქტირება გთხოვეთ,ისიც იმიტომ რომ ის ადამიანი დამეინტერესებინა,მოსულიყო ამ საიტზე.Smile
და ახლა უმორჩილესად გთხოვთ,ამ კონკრეტული ნაწარმოების მხატვრულ ანალიზს.უარს არ ვიღებSmile
რატომაა ის ღირებული ან გამორჩეული?
მე ''ნიუდავში''ნაწერი მგონია ამ ავტორისSad


Shocked

მე ხომ კრიტიკოსი არა ვარ და მარტო იმას ვიტყვი, როგორც მგონია:

მე ამის კითხვას რომ ვამთავრებ, მეტირება...
მეც მყავს ეგეთი მკვდრები და იმიტომ.
ვიცი, ეს ქალაქი და ისიც ვიცი, სუბუტექსის ამბავი როგორ დაიწო, როგორ გრძელდება და იმიტომ.
პატრიარქი რომ დიდი კაცია, იმიტომ.
სულ ეს არის...
ნაწერი არის ღრმად, სადად და ზუსტად - ამიტომ არის ღირებული და გამორჩეული...

ზერელედ, დაღვლარჭნილად და აცდენილად უამრავი წერს. და იმ უამრავს თავისი შესაფერისი, ესე იგი, ჩიტირეკია მაქებარი არ აკლია... და ის ამბავია, სუროგატი რომ სუროგატს შეაქებს, - ძალიან მაგარიაო...

ამასავით და ეგრე - ბევრი ვერა წერს...

Guest
Guest


Back to top Go down

Re: მამუკა ხერხეულიძე

Post  nini on Sat Oct 31, 2009 5:32 pm

''ჩვენ თვითონ ვართ პატარ-პატარა სამყაროები .სარკეშია ღმერთიცა და სატანაც...
ხშირად უნდა ჩახედვა უბრალოდ.მე სიკვდილის მომენტი გამომეპარა ,ვერ მოვკვდი მაშინ როცა უნდა მოვმკვდარიყავი და ვარ ახლა ასე ვითომცოცხალი.დროზე სიკვდილიც ნიჭია ალბათ''ეს ფრაზა ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა უბრალოდ პირად საუბარში თქვა.
სულ სხვათაშორის .
რა ვიცი.მომინდა დამედო ახლა აქ.

იმდენად ღრმა და ფსიქოლოგიური ''მასალაა.''იმდენად როგორ ვთქვა მრავალშრიანი...დაუკმაყოფილების გრძნობა დამიტოვა .
იმდენად ''მომგებიანი'' თემაა ლიტერატურული თვალსაზრისით რომSmileმრავალწახნაგოვანი...
თუ ეს შეიძლება და ავტორს არ გავანაწყენებთ,იქნებ თავისი აზრი ამ კონკრეტულ ნაწარმოებზე სხვებმაც გამოთქვან?



აუტანელი ვარ და საშინლად ჯიუტიSmile ვიციSmile

_________________

”სევდაი ზოგჯერ შვებაა,
არც ზადია და არც ხინჯი…
სადღაცას – უფლის ნებაა,
უფრო კი – სულში ნაბიჯი”.

nini
საფიხვნოზე მჯდომარე
საფიხვნოზე მჯდომარე

Female
Number of posts: 590
Registration date: 2008-11-17

View user profile

Back to top Go down

Page 1 of 2 1, 2  Next

View previous topic View next topic Back to top


Permissions of this forum:
You cannot reply to topics in this forum